მისი ახსნილი, აზატი სული თუ გულისხმობდა ამ სანახებში
შეყოვნებას სულ უმოქმედოდ. რადგან ჯერ ისევ სუფევდა ირგვლივ
მოვლენა – მისი მოწამეობა. ზენაარ სრულქმნად მიიჩნევდა
საგანთ ღამეულ არსებობას და მათ ზეგარდმო ეფინებოდა,
ვით მგლოვიარე სივრცის თავანი.
მიწამ კი, მისი ჭრილობებით მწყურვალ-დამშრალმა,
პირი ქნა – შუა გაიპო და… ხმობდა ქვესკნელი.
იგი, მცნობი მარტვილობისა, ყურს უგდებდა ამოყმუილს
ჯოჯოხეთისა, ცნობის წყურვილით, რომ ჩასწვდომოდა
აწ აღსრულებულს წამებას თვისას: რომ ჯოჯოხეთის მედინი ტანჯვა
მისი (უსაზმნო) ტანჯვის წინაშე, შიშით შეძრული, უკუმდგარიყო.
და იგი სული, ქანცგაწყვეტის მთელი სიმძიმით
ჩაეშვა ქვესკნელს, მიისწრაფის ჩქარი მიხვრით
უცხოდ მზირალ, მორიალე აჩრდილებს შორის,
ადამს შეავლო თვალი უმალ, სწრაფად დაეშვა,
გაუჩინარდა, აკიაფდა და ჩაიკარგა ვარდნისას
ველურ სიღრმეებში. უეცრივ (მაღლა, უფრო მაღლა)
აზვირთებული კიჟინის ქიმზე, მისი დათმენის
უმაღლეს კოშკზე, წამოიმართა: უსუნთქველი,
დგა უსაყრდენოდ, ტკივილთმფლობელი და მდუმარებდა.
მარტოობა
მარტოობა როგორი წვიმამორეულია!
ებრძვის ზღვის საღამოებს, თითქოს ორეულია სივრცეების, რომელიც ასე შორეულია, მიდის ცად, რაც სავსეა მარტოობის თავაზით და ზეციდან გადმოდის მხოლოდ თავის ქალაქზე.
როცა წვიმის ეშვები ჟამის მრუდში ეშვება,
როცა დილას მოუხმობს მოსახვევთა ტორები, როცა გაწბილებულნი, რომ ვერ პოვეს ვერც შვება, სხეულები ერთმანეთს უნდოდ მიატოვებენ და თუმც ერთიმეორის ნახვას არ ინდომებენ, მაინც ერთად წვებიან, როცა მიეძინებათ: და შემდეგ მარტოობა ჩუმად მიედინება.