You are on page 1of 5

ძველი ტექსტის თარგმანი ტექსტის არა მარტო და არა იმდენად ერთი ენიდან მეორეში, არამედ

ერთი ეპოქიდან და კულტურიდან სრულიად განსხვავებულ ეპოქასა და კულტურაში


გადმოსახლებას ნიშნავს. ეს ცხადია. დასადგენია ამგვარი გადმოსახლების პირობები. აქ
გავიხსენოთ სიტყვა „კონგენიალური“, რომელიც თავისთავად საკმაოდ საეჭვო წარმომავლობისა
და ხარისხის ტერმინია, მით უმეტეს, რომ იშვიათად იყენებენ სწორად, მაგრამ ახლა მეჩვენება,
რომ მნიშვნელოვნად აადვილებს გადმოცემას.

მაშ ასე, „კონგენიალური თარგმანი“ დავარქვათ ისეთ თარგმანს, რომელიც „მხატვრული


ღირსებით“ თუ არ უტოლდება, ახლოს მაინც დგას ორიგინალთან. „მხატვრული ღირსებაც“
საკმაოდ საეჭვო ტერმინია და ამ შემთხვევაში ვგულისხმობთ იმ როლს, რომელსაც ნათარგმნი
ტექსტი ასრულებს ახალ კულტურაში, სადაც იწყებს ცხოვრებას. ასეთ თარგმანებს მიეკუთვნება,
მაგალითად, სპარსულიდან გადმოქართულებული „ქილილა და დამანა“, ლათინურიდან
ევროპულ ენებზე ნათარგმნი „ოქროს ლეგენდა“ და ა. შ. ამ თარგმანების შესაძლო ნაკლოვანებები,
რომლებსაც ალბათ შეამჩნევდა თანამედროვე ლინგვისტი, სრულიად გაბათილებულია
ტექსტების ისტორიული მნიშვნელობით, მათ მიერ გაწეული სამსახურით.

ეს არის მზერა აწმყოდან წარსულისკენ. მაგრამ თუ საპირისპირო ამოცანას დავსვამთ, მაშინ


როგორ უნდა მოვიქცეთ? — ამოცანა ასეთია: როგორ უნდა განვახორციელოთ დღეს ძველი
ტექსტის „კონგენიალური თარგმანი“?

ოდნავი დაფიქრება საკმარისია იმის გასაგებად, რომ „მხატვრული ღირსება“ კრიტერიუმად არ


გამოდგება. მართლაც, შეიძლება ვიკითხოთ: როგორ უნდა შევქმნათ ჰომეროსის „ილიადას“
ტოლფასი მხატვრული ღირსების ტექსტი? ეს კითხვა ძალზე ძნელი შეიძლება გვეჩვენოს, ვიდრე
არ დავსვამთ კიდევ ერთს: რას ნიშნავს და რისთვის არის საჭირო დღეს შექმნილი ასეთი ტექსტი?
შესაძლებელია თუ არა ის?

მართლაც, „ილიადას“, „ენეიდას“, „ვეფხისტყაოსნის“, „ღვთაებრივი კომედიის“, „კენტერბერიული


მოთხრობების“ და სხვათა „მხატვრული ღირსება“ წარმოუდგენელია იმ წვლილის გარეშე,
რომელიც მის აღმოჩენასა და, წარმოიდგინეთ, შექმნაში მიუძღვის არა მხოლოდ ავტორებს,
არამედ მკითხველებს.

ამიტომ „კონგენიალური თარგმანი“ დღეს სხვას არაფერს ნიშნავს, თუ არა ტექსტის ადეკვატურ
წაკითხვას. რას ნიშნავს ადეკვატური?

ყველაზე მარტივად და კომიკურად, მაგრამ ამავე დროს ზუსტად, ამ კითხვას მაგალითით


შეიძლება ვუპასუხოთ: თუ ადრექრისტიანულ ლათინურ ტექსტში შეგვხვდა სახელი
„ფორტუნატუსი“, ის არ უნდა ვთარგმნოთ ქართულად როგორც „იღბალა“. მაგალითი მართლაც
კომიკურია, მაგრამ მასთან კამათი ძნელია: ჯერ ერთი, ნათქვამი ნიშნავს, რომ უნდა დავიცვათ
მრავალი წლის განმავლობაში დამკვიდრებული წესები (არ ვთარგმნოთ საკუთარი სახელები),
უნდა შევინარჩუნოთ სათარგმნი საზრისის ისტორიულ-კულტურული ადგილი კონტექსტში (ეს
საკუთარი სახელია და არა მეტსახელი ან თიკუნი), უნდა აღვადგინოთ ორიგინალის ატმოსფერო
(ფორტუნატუსი წარმართული სახელია, ამიტომ, სავარაუდოდ, მისი მფლობელი ახლად
მოქცეული ქრისტიანია და განათლებულ მკითხველს ამის მიხვედრის შესაძლებლობა უნდა
მიეცეს).

მეორე პუნქტი ყველაზე ძნელია მთარგმნელისათვის, რადგან სერიოზულ მომზადებას,


ერუდიციას და ხშირად ინტუიციასაც მოითხოვს. მეორე მხრივ, მაშინაც კი, როდესაც სამივე ეს
პირობა საუკეთესოდაა წარმოდგენილი, ეს მთარგმნელის ხელში შეიძლება იდეოლოგიურ
იარაღად იქცეს.
ვნახოთ, როგორ ითარგმნა ფრანჩესკო პეტრარკას ერთი ლათინური ტექსტის ერთი ადგილი
იტალიურ ენაზე. ვგულისხმობ იტალიელი პოეტის ავტობიოგრაფიულ და ამავე დროს
ფილოსოფიურ თხზულებას Secretum (საიდუმლო). აქ გადმოცემულია, რომ სულიერ კრიზისში
მყოფ პოეტს გამოეცხადა ჭეშმარიტება მშვენიერი ქალის სახით და შესთავაზა პრობლემების
მოგვარება ერთ კაცთან საუბრის მეშვეობით. ამ კაცში პეტრარკა მაშინვე იცნობს ავგუსტინე
ავრელიუსს და ამაში ორი ნიშანი დაეხმარება. რა ნიშნებია ეს?

ორიგინალში წერია: habitus afer sed fecundia romana. ბოლო სამი სიტყვა ზუსტად ითარგმნება:
„მაგრამ რომაული მჭევრმეტყველება“. პრობლემას პირველი ორი სიტყვა წარმოადგენს. ერთი
(habitus) ქართულად ნიშნავს ხასიათს, გარეგნობას და შესამოსელს. მეორე სრულიად ცხადად
ნიშნავს აფრიკულს (ავგუსტინე ეთნიკური ბერბერი იყო).

მუსოლინის მმართველობისას შესრულებულ იტალიურ თარგმანში ვკითხულობთ: „საღვთო


შესამოსელი და რომაული მჭევრმეტყველება“. იდეოლოგიური მოთხოვნები უკრძალავდა
მთარგმნელს იმის აღნიშვნას, რომ ქრისტიანობის უდიდესი ღვთისმეტყველთაგანი არიული
წარმოშობისა არ ყოფილა. ამიტომ შეიცვალა წინადადების გრამატიკული სტრუქტურა („მაგრამ“
კავშირი იქცა „და“-დ) და მეორე ზედსართავის სემანტიკა, თითქოს habitus afer ნიშნავდა
სამღვდელო სამოსს.

ბოლო იტალიური თარგმანიც ვერ სძლევს ბოლომდე პირველის გავლენას. აქ ვკითხულობთ:


„აფრიკული შესამოსელი, მაგრამ რომაული მჭევრმეტყველება“. თითქოს ყველაფერი რიგზეა და
მთარგმნელს აქვს უფლება აირჩიოს სიტყვის სასურველი ვარიანტი (habitus მართლაც ნიშნავს
შესამოსელს), მაგრამ განა შესამოსელი უპირისპირდება მჭევრმეტყველებას? განა ეს ტოლფასი
თვისებებია, რომ პეტრარკას სიმაღლის ავტორს მათ შორის „მაგრამ“ კავშირი დაესვა? ცხადია,
რომ სწორი თარგმანი ასეთია: „აფრიკული გარეგნობა, მაგრამ რომაული მჭევრმეტყველება“.

შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მთარგმნელი არ ელოდა პეტრარკასგან დეტალებისადმი ასეთ


ყურადღებას. მართლაც, როდესაც ევროპულ მხატვრობაში წარსულის ადამიანებს საუკუნეთა
განმავლობაში აცმევდნენ თანამედროვე სამოსს და ასახლებდნენ თანამედროვე შენობებში, არ
არის ადვილი ვივარაუდოთ, რომ მე-14 საუკუნის პოეტს ეყო ისტორიული პერსონაჟის ასეთი
სიზუსტით წარმოდგენის უნარი.

მით უფრო ძვირფასია ფრანჩესკო პეტრარკას ეს გამოცდილება და ეს ტექსტი. ამიტომ არის, რომ
მესამე პუნქტი — ატმოსფეროს აღდგენა — ყველაზე სახიფათოა თარგმანისათვის. მთარგმნელები
ხშირად ისეთი გაქანებით „აღადგენენ“ წარსულს, რომ ეს წარსული იმაზე უფრო ბნელი გამოდის,
ვიდრე სინამდვილეში იყო.

ატმოსფეროს აღსადგენი ყველაზე ძლიერი და, ამავე დროს, „იაფი“ საშუალებაა ენობრივი
სტილიზაცია. მთარგმნელს შეიძლება ეგონოს, რომ თუ quia გადმოგვაქვს როგორც „რამეთუ“,
ხოლო sed როგორც „გარნა“, ამით უკვე ვაღწევთ ორიგინალის საკადრის ამაღლებულ ხასიათს და
ზუსტად ავსახავთ ეპოქას. საბედნიეროდ, საქმე არ არის ასე მარტივად, მაგრამ მით უფრო ძნელია
ენობრივი სტილიზაციის მახიდან გამოსვლა.

საილუსტრაციოდ ავირჩიოთ თედო სახოკიას მიერ გასული საუკუნის დასაწყისში ქართულად


თარგმნილი „დეკამერონი“, კერძოდ, ჯოვანი ბოკაჩოს ამ შედევრის წინათქმა. პირველი
წინადადება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ცხადად გვიჩვენებს, რომ საქმე ჰუმანიზმის
ერთგვარ მანიფესტთან გვაქვს. ქართულად ეს დასაწყისი ასეა გადმოტანილი:

„მწუხარეთა შებრალება ადამიანის ბუნებას იმავ თავითვე დასტანებია“.


იტალიური ტექსტი გვეუბნება: Umana cosa è aver compassione degli afflitti [ადამიანური რამაა
თანაგრძნობა შეჭირვებულთა მიმართ].

ქართულ თარგმანში არის კონცეპტუალური უზუსტობა. ჯერ ერთი, ლაპარაკია არა


„შებრალებაზე“, არამედ „თანაგრძნობაზე“ (ეს ზუსტი სიტყვაა — cum passione), რაც არსებითი
ცნებაა არა მარტო „დეკამერონის“, არამედ მთელი ჰუმანიზმის მასშტაბით. ბოკაჩო არ ლაპარაკობს
„ადამიანურ ბუნებაზე“ და აქ ცნობილი ტერმინის (natura humana) გამოტოვებასაც ასეთივე
კონცეპტუალური აზრი აქვს: ბოკაჩო ინტიმურ აღსარებას გვთავაზობს და არა ფილოსოფიურ
ტრაქტატს. Afflitto (afflictus) არ არის „მწუხარე“. ეს არის რაღაც ზიანით, სნეულებით ან
უბედურებით მოცული, შეპყრობილი, ასევე შეიძლება იყოს სასოწარკვეთილი. სიტყვა ძნელია
სათარგმნად, ამიტომ ავირჩიე „შეჭირვებული“ როგორც ერთგვარი წინასწარი მინიშნება წიგნის
კონკრეტულ შინაარსზე. თანაც ბოკაჩო არაფერს ლაპარაკობს იმაზე, რომ ეს „თანაგრძნობა“
პირველადი და თანდაყოლილი თვისებაა, როგორც ამას გვაუწყებს მთარგმნელი იმისათვის, რათა
ფრაზას არქაული რიტმი მიანიჭოს.

ამგვარი „თვითშემოქმედება“ სხვაგანაც შეინიშნება:

„იმიტომ რომ ჩემი ნორჩი სიყრმიდან დღევანდლამდე უსაზომოდ აღვინთებოდი ხოლმე


ამაღლებული და კეთილშობილი სიყვარულით. ზოგიერთმა, ვისთვისაც ამ სიყვარულის ამბავი
უნდა მეამბნა, შეიძლება თქვას: სად სიყვარული და სად შენი დაბალი წოდების ჩამომავლობაო!“

ეს საკმაოდ ძნელი ადგილია, რადგან გაუგებარია, რა კავშირშია გრძნობათა სიძლიერე სოციალურ


წარმოშობასთან. ბოკაჩოს ტექსტი მინიშნებას შეიცავს:
Per ciò che, dalla mia prima giovinezza infino a questo tempo oltre modo essendo acceso stato d’altissimo e
nobile amore, forse più assai che alla mia bassa condizione non parrebbe… [რადგანაც ჩემი პირველი
სიყრმიდან დღევანდლამდე უზომოდ აღვინთებოდი ხოლმე მაღალი და კეთილშობილი
სიყვარულით, შესაძლოა, უფრო მეტადაც, ვიდრე ჩემს მდაბალ მდგომარეობას შეეფერებოდა…]

გარდა იმისა, რომ ორიგინალი ბევრად უფრო ლაკონიურია, აქ გვაქვს აშკარა ბინარული
ოპოზიცია: მაღალი სიყვარული — მდაბალი მდგომარეობა. მართლაც, სიყვარული (მიჯნურობა)
ბოკაჩოს დროს აღნიშნავდა არა ფსიქოლოგიურ აფექტს, არამედ მაღალი სოციალური ფენისათვის
დამახასიათებელ, როგორც ახლა იტყვიან, სტატუსურ ქცევას. ამიტომ არისტოტელეს
ესთეტიკური კატეგორია („ამაღლებული“) აქ სრულიად უადგილოა და თვით თარგმანის
რიტორიკას ზედმეტი მსუბუქი ლაზღანდარობის ელფერი შემოაქვს.

განვაგრძოთ ქართული თარგმანის კითხვა:

„მაინც ამ სიყვარულმა დიდი მწუხარება გამომატარა არა იმიტომ, თითქოს საყვარელი ქალი
გულქვა ყოფილიყოს, არამედ იმიტომ, რომ მე თვითონ ვიყავ უზომოდ ფიცხი გულისა და ამ
სიფიცხის მიზეზი იყო ჩემი თავშეუკავაბელი სურვილები“.

იტალიურად ეს ადგილი ასე გამოიყურება: mi fu egli di grandissima fatica a sofferire, certo non per
crudeltà della donna amata, ma per soverchio fuoco nella mente concetto da poco regolato appetito. [ამ
სიყვარულის დათმენა ძალიან მიძნელდებოდა, ცხადია, არა საყვარელი ქალის სისასტიკისა გამო,
არამედ იმ გარდარეული ცეცხლის მიზეზით, რომელსაც მოუწესრიგებელი გულისთქმა
წარმოშობდა ჩემს გონებაში].

ბოკაჩოსათვის უცნობი იყო ფსიქოლოგიის ენა და გრძნობათა რომანტიკული აღწერები.


ერთადერთი წყარო, რომლითაც მას სარგებლობა შეეძლო, იყო ქრისტიანული ასკეტიზმი. ამიტომ
ორიგინალში „ფიცხი გული“ კი არ წერია, არამედ „გარდარეული ცეცხლი“ და „თავშეუკავებელი
სურვილების“ (ალბათ უფრო სწორი იქნებოდა „შეუკავებელი“) ადგილას დგას „მოუწესრიგებელი
[ან სუსტად მოწესრიგებული — ნ. ლ.] გულისთქმა“. თანაც ბოკაჩო არა გამოვლილ მწუხარებაზე
ლაპარაკობს, არამედ დათმენის სიძნელეზე.

ჩვენი მთარგმნელი ყოველთვის როდი ართულებს ტექსტს, ხშირად ამარტივებს კიდეც:

„ … მეტად ღრმად არ ჩაეშვება მის ჩაბნელებულ უფსკრულში“.

ამის ნაცვლად იტალიურ ტექსტში დგას: chi troppo non si mette né suoi più cupi pelaghi navigando
[ვინც ზომაზე მეტად არ შეუდგება მის ყველაზე მრუმე მორევში ნაოსნობას].

მსგავსი ტიპის უზუსტობები კიდევ ბევრია და თითოეული მათგანის მიზეზი ის არის, რომ
ავტორი ცდილობს ძველი და მხატვრული ტექსტის ატმოსფეროს შექმნას ისე, რომ მისმა
თარგმანმა დააკმაყოფილოს ის წარმოდგენა, რაც თვით მას შეჰქმნია ძველსა და მხატვრულზე.
ასეთი ტენდენცია ძალიან ხშირად გვხვდება და მისი მიზეზით ყოველთვის იკარგება
ორიგინალის სწორედ ის მომენტები, რომლებმაც ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა კულტურის
შემდგომ განვითარებაზე და რომელთა წყალობით ყველაზე ადვილია აწმყოსთან
დამაკავშირებელი ხიდის გადება.

არც თედო სახოკიას თარგმანია თავისუფალი ამ ნაკლისაგან. „დეკამერონის“ წინათქმა არ არის


ფორმალურად დაკავშირებული რომანის შინაარსთან — ეს კავშირი შინაარსობრივია, რადგან
ბოკაჩო, გარდა იმისა, რომ აყალიბებს ჰუმანისტურ მანიფესტს, განმარტავს წიგნის მიზანს:
„დეკამერონი“, — გვამცნობს ის, — არის ჩაფიქრებული ქალების სანუგეშოდ, რადგან კაცებს
ცხოვრება ისედაც ბევრ საშუალებას აძლევს დარდის გასაქარვებლად და გულის
გადასაყოლებლად. ამ განმარტებისას ავტორი ისეთ სიტყვებს იყენებს, რომლებსაც დისკურსის
არსებით ცნებებად ქცევის ძლიერი პოტენციალი აქვთ. სწორედ ეს სიტყვები იკარგება თარგმანში.
ვნახოთ:

„ქალები, როგორც მოკრძალებულნი და კდემამოსილნი, თავიანთ ნაზ გულში იმარხავენ


დაფარულად სიყვარულის ალს, ხოლო დაფარული ალი რომ უფრო ძლიერია გამოჩინებულზე, ეს
იცის ყველამ, ვისაც კი განუცდია მისი ძალა თავის თავზე; გარდა ამისა, ესენი ემორჩილებიან
თავიანთი მამების, დედების, ძმებისა და ქმრების სურვილს, ქეიფს, ბრძანებას და რადგან ამიტომ
უმეტეს ხანს დამწყვდეულებივით არიან თავიანთ ოთახებში და უსაქმურად ატარებენ დროს,
უნებლიეთ გაივლებენ გულში სხვადასხვა ფიქრსა, და ეს ფიქრიც, შეუძლებელია, სულ მუდამ
მხიარული იყოს“.

ორიგინალში წერია: Esse dentro à dilicati petti, temendo e vergognando, tengono l’amorose fiamme
nascose, le quali quanto più di forza abbian che le palesi coloro il sanno che l’hanno provate: e oltre a ciò ,
ristrette dà voleri, dà piaceri, dà comandamenti de’padri, delle madri, de’fratelli e de’mariti, il più del tempo
nel piccolo circuito delle loro camere racchiuse dimorano e quasi oziose sedendosi, volendo e non volendo in
una medesima ora , seco rivolgendo diversi pensieri, li quali non è possibile che sempre sieno allegri [ისინი
ნაზ მკერდში შიშითა და კდემით ინახავენ ფარულ სასიყვარულო ალს, რომელსაც ბევრად მეტი
ძალა აქვს, ვიდრე გამოჩინებულს, როგორც ეს ყველამ იცის, ვისაც კი განუცდია; ამის გარდა,
მამების, დედების, ძმებისა და ქმრების სურვილებით, ახირებებითა და ბრძანებებით
შეზღუდულნი ბინადრობენ ისინი თავიანთი დახშული ოთახების ვიწრო სივრცეში, თითქმის
უსაქმოდ სხედან, უნდათ თუ არ უნდათ მოცემულ დროს ასე ჯდომა და თავიანთ თავს
მიმართავენ სხვადასხვა აზრებით, რომლებიც შეუძლებელია, სულ მუდამ მხიარული იყოს].

როგორც ვხედავთ, ბოკაჩო არ გვიმტკიცებს, რომ მოკრძალება და კდემამოსილება ქალების


არსებითი თვისებებია, ის უბრალოდ ამბობს, რომ ქალები შიშით (temendo) და კდემით ფარავენ
თავიანთ სურვილებს. ეს შიში და კდემა, ცხადია, გარედან არის მოხვეული. „ნაზ მკერდში (petto)“
— წერს ბოკაჩო და სინაზე აქ წმინდად ფიზიკური თვისებაა; „ნაზ გულში“ — თარგმნის სახოკია
და არ ითვალისწინებს, რომ გულს (cuore) ყველა ენაში ბევრად უფრო ზოგადი და ვრცელი
სემანტიკა აქვს და სინაზეც ქალის თანდაყოლილ, როგორც ახლა ამბობენ, როლურ თვისებად
ჩანს. ბოკაჩოს თანახმად, ქალები კი არ „ემორჩილებიან“ სხვათა ახირებებსა და ბრძანებებს,
არამედ „შეზღუდულნი არიან“.

ქართულ თარგმანში საერთოდ არ არის ნახსენები „დახშული ოთახების ვიწრო სივრცე“. აქ წერია,
რომ ქალები „უმეტეს ხანს დამწყვდეულებივით არიან თავიანთ ოთახებში და უსაქმურად
ატარებენ დროს“. სინამდვილეში ბოკაჩო ორ შემასმენელს იყენებს — „ბინადრობენ“ და „სხედან“.
პირველით მართული წინადადება ზოგადად აღნიშნავს, რომ ქალები „თავიანთი დახშული
ოთახების ვიწრო სივრცეში“ ბინადრობენ. გარდა იმისა, რომ „ვიწრო სივრცე“ აშკარად
კონცეპტუალური პოტენციალის მქონე კონსტრუქციაა, „დახშული ოთახი“ მკითხველს
საშუალებას აძლევს, გაიხსენოს სახარება, სადაც ნათქვამია, რომ ლოცვა დახშული ოთახის
ინტიმურობაში უნდა წარმოითქვას. მეორეთი მართული წინადადება უფრო კონკრეტულია:
ქალები უსაქმოდ სხედან ვიწრო ოთახებში, უნდათ თუ არ უნდათ ეს მოცემულ დროს.

არც უნებლიეთ მოსდით აზრად ის მწუხარე აზრები. სიტყვა, რომლის თარგმნას ასე
შევძლებდით, საერთოდ არ არის იტალიურ ტექსტში. მწუხარე აზრები ერთადერთია, რაც ამ
პირობებში დარჩენიათ ქალებს.

შედეგად გამომდინარეობს დასკვნა: ქალების ინტიმური სივრცე იმდენად ვიწროა, იმდენად


იძულებითია, რომ ისინი, ღმერთსაც კი ვერ მიმართავენ, არამედ მხოლოდ თავიანთ თავს, რადგან
მხოლოდ თავიანთ თავს სწვდებიან. ასეთ დასკვნას ვერ გამოვიტანთ თედო სახოკიას ქართული
თარგმანიდან.

რა დასკვნა შეგვიძლია გამოვიტანოთ ზემოთქმულიდან?

თარგმანი ყოველთვის კომენტარია. ეს კი თარგმანის მომხმარებელს მოულოდნელ უპირატესობას


აძლევს ორიგინალის ენის მფლობელთან შედარებით, რადგან თარგმანის წამკითხველს არ უნდა
სჭირდებოდეს იმ გზის გავლა, რაც ორიგინალის მკითხველებმა გაიარეს, თარგმანის მკითხველი
მეთერთმეტე ჟამის მუშაკია, რომელიც გვიან უერთდება საქმეს, მაგრამ სრულად იღებს
გასამრჯელოს.

დღეს, როდესაც სულ უფრო მკრთალდება ძველი ტექსტების კავშირი თანამედროვეობასთან,


თარგმანის „კონგენიალობის“ გაგებაც უნდა შეიცვალოს: ეს აღარ უნდა იყოს „ტოლფასი
მხატვრულობის“ უზრუნველყოფა, არამედ ორიგინალის იმ შესაძლებლობათა გახსნა, რომელიც
მის საზრისებს კვლავინდებური ძალით ააჟღერებს და წარსულსა და აწმყოს შორის მონგრეულ
ხიდებს აღადგენს.

You might also like