Professional Documents
Culture Documents
თავისუფლება
მაშ ასე, სივრცეების პატარა ბინადარო, შენ მხოლოდ მშვენიერი სიმბოლო ხარ იმ
თავისუფლების, ამ ბნელ საკანში რომ იწყო აღმოცენება. ოდესღაც მტრედისფერი
დაარქვეს რიჟრაჟს, როცა კაცობრიული ცხოვრების გარიჟრაჟზე პატრიარქთა დიდმა
წინაპარმა ნოემ წარღვნისეულ სტიქიათა დაცხრომისას გამოგტყორცნა კიდობანიდან,
როგორც მაცნე გადარჩენილი კაცობრიობის ახალ საფეხურზე აღზევებისა, და შენ
მაშინ ცნობიერების გარიჟრაჟის სიმბოლოს იქეცი. სპეტაკზე უსპეტაკესად გიხილა
ზეცით გარდამოსული იორდანეზე წინამორბედმან უფლისამან და
ნათლისმცემელმა, როცა ლაჟვარდოვანი სიწმინდის მისაღებად მოიწიფა
კაცობრიული გონი, და ამ ახალი განწმენდილი ცნობიერების სიმბოლოდაც შენ
შეიქმენ. ცნობიერება მიგვაახლებს ჭეშმარიტებას, ხოლო ჭეშმარიტება
თავისუფლების ძალუმი ფრთებით გვაუნჯებს. ანგელოსის ორი ფრთა ფრესკაზე
მაღალი ცნობიერების ხატია, ხოლო ქერუბიმის ექვსი ფრთა - ხატი განუსაზღვრელად
უფრო მაღალი ცნობიერებისა. და ვინ უნდა გაგიმართოს მზერა შენ, უფალო, რომელი
ყოველგან ხარ და ყოველივეს აღავსებ მადლითა შენითა. ეს შენ მოგვივლინე
სულიწმიდის ხატად ელვარე ნიმბით მოსილი პატარა მტრედი, სხეულისმიერი
საკნის წიაღში რომ აღგვინთებს ცნობიერების კანდელს და გვაზიარებს ანგელოსურ
ბუნებას შენსას, უკვდავებისა და თავისუფლების საწინდარს. ჭეშმარიტად არსებობს
შენგან დადგენილი ცით დედამიწამდე დამავალი და მიწით ზეცამდე აღმავალი
ანგელოსური კიბე ცნობიერების ხარისხებისა, შენგან რჩეული ერის ნუგეშად რომ
იხილა ოდესღაც ბიბლიურმა იაკობმა. შენა ხარ, მტრედო, ხატი ცნობიერების ამ
სიმაღლეთა ერთიანობისა. ვიმზერ სივრცეში შენს დაუსრულებელ ნავარდს, როგორც
ჩემი სულის პროექციას გარე სამყაროში და ვტკბები მშვენიერი სიმბოლოთი,
რომლის ჭეშმარიტმა არსმა ჩემშივე იწყო აღმოცენება.