You are on page 1of 57

ირაკლი ხვადაგიანი, ქეთევან სიხარულიძე, ბადრი ოყუჯავა

საჯარო სკოლებში საბჭოთა ისტორიის სწავლების ანალზი


ეროვნული სასწავლო გეგმაზე, სტანდარტსა და გრიფირებული სახელმძღვანელოებზე
დაყრდნობით

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია

2021
სარჩევი

შესავალი - 3

ეროვნული სასწავლო გეგმა, საბაზისო საფეხურის სტანდარტი ისტორიაში და პროგრამა - 4

გრიფირებული სახელმძღვანელოების შესაბამისობა სტანდარტთან - 13

გრიფირებული სახელმძღვანელოების ავტორთა პრფესიული ფონის ანალიზი - 26

გრიფირებული სახელმძღვანელოებში საბჭოთა პერიოდის ასახვის ანალიზი - 29

2
საქართველოს საჯარო სკოლებში საბჭოთა ისტორიის სწავლების პრობლემები და
გამოწვევები განათლების სფეროს სპეციალისტებისათვის დიდი ხანია, ნაცნობ და
გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენს, ფართო საზოგადოება კი მას მხოლოდ მაშინ
აღმოაჩენს, როდესაც სახელმძღვანელოების შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებით რაიმე
მოყვითალო სკანდალი წარმოიქმნება, ან მორიგი სოციოლოგიური კვლევა აჩვენებს ხოლმე
კატასტროფულ შედეგს - რამდენად პოზიტიურად არის განწყობილი საქართველოს
მოქალაქეთა მნიშვნელოვანი ნაწილი საბჭოთა წარსულის მიმართ.

თავისთავად, საბჭოთა ისტორიის სწავლების პრობლემის ცალკე განხილვა, საერთოდ


ისტორიის საგნისა და საშუალო განათლების სფეროს ზოგადი პრობლემატიკისაგან
განყენებულად, ნაკლებად სასარგებლო ნაბიჯად შეიძლება ჩავთვალოთ, თუმცა ამ
კონკრეტული საგნის მაგალითზე ასევე შეგვიძლია საერთო გამოწვევების აღქმა და თუნდაც
მე-9 და მე-12 კლასების სახელმძღვანელოებში, საბჭოთა პერიოდის სწავლების პრობლემების
იდენტიფიკაცია და მისი დაძლევის გზების განსაზღვრა გარკვეულ ნიმუშადაც შეიძლება
გამოდგეს სხვა ჰუმანიტარული საგნების სწავლების გაუმჯობესებისათვის.

დასაწყისშივე აუცილებელია იმ გარემოების ხაზგასმა, რომ საკითხის კვლევას ართულებს ის


გარემოება რომ - პარალელურად მიმდინარეობს საშუალო საფეხურის სტანდარტის დადგენა,
„ახალი სკოლის“ მოდელის დამუშავება, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის
დანერგვის სამზადისი და შესაბამისად, კვლევის დასრულების მომენტისათვის სფეროში
ცვლილებები დაიწყება და ჯერჯერობით რთულად პროგნოზირებადი სურათი შეიქმნება.

წარმოდგენილი კვლევა რამდენიმე კომპონენტს ეფუძნება:

 ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული - ისტორიის სტანდარტის და


პროგრამის ანალიზი
 ისტორიის გრიფირებული სახელმძღვანელოების (მე-9 და მე-12 კლასები) ანალიზი
 პედაგოგთა გამოცდილების და საჭიროებების სიღრმისეული კვლევა (იხ. ცალკე
დანართად).

ამ კომპონენტთა ანალიზი პრობლემის კომპლექსურ სახეს აჩვენებს. დაწყებული -


პროგრამაში გატარებული პოსტსაბჭოური „პატრიოტული“ დღის წესრიგიდან, უახლესი და
საბჭოთა პერიოდის ისტორიის კვლევევისა და ცოდნის დეფიციტით შექმნილი ვაკუუმით -
რაც ავტორთა კომპეტენციებსა და სახელმძღვანელოთა შინაარსზე აისახება, მოვლენათა
სხვადასხვა პერსპექტივით აღქმის საშუალების ფაქტობრივად გამორიცხულობით და
პედაგოგისა თუ მოსწავლისათვის ხელმისაწვდომი წყაროებისა და დოკუმენტების ბაზების
არარსებობით დასრულებული, რაც სასწავლო გეგმით და სტანდარტით დეკლარირებულ,
კვლევითი უნარების გამომუშავებასა და დამოუკიდებელ დასკვნებამდე მისვლას
შეუძლებელს ხდის.

3
ეროვნული სასწავლო გეგმა, საბაზისო საფეხურის სტანდარტი ისტორიაში და პროგრამა

ამჟამინდელი ეროვნული სასწავლო გეგმა აგებულია პიროვნების განვითარებაზე


ორიენტირებული კონსტრუქტივისტულ საგნმანათლებლო კონცეფციაზე, რომელიც სწავლა-
სწავლების პროცესს აფუძნებს მოსწავლის მიერ მიღებული ცოდნის გადამუშავებით
გათავისებაზე, ინფორმაციის (ცოდნის) თანმიმდევრულად - ეტაპობრივად მიწოდებაზე,
სხვადასხვა ცოდნას შორის ურთიერთკავშირის აღქმასა და თავად სწავლის პროცესში
შემეცნების ხერხებისა და მეთოდების გაცნობიერებაზე.

გეგმის მიხედვით, სწავლების პროცესში უზრუნველყოფილი უნდა იყოს ცოდნის სამივე


კატეგორიის მიღება - დეკლარატიულის (ფაქტები, თეორიები. პასუხობს კითხვას - რა
ვიცი?), პროცედურულის (გამოყენებითი ასპექტი; როგორ გავაკეთო?) და პირობისეულს
(კონტექსტის აღქმა; როდის, რატომ ვიყენებთ?).

დღეისათვის, ჩვენთვის საინტერესო პრობლემის კვლევის ჩარჩოში, არსებობს მხოლოდ


საბაზისო საფეხურის (VII-IX კლასები) ისტორიის სტანდარტი, რომლის კრიტიკული
ანალიზი საშუალებას გვაძლევს გამოვავლინოთ პოლიტიკის დონეზე არსებული გარკვეული
იდეოლოგიური და ღირებულებითი ხარვეზები, რომელიც გავლენას ახდენს სწავლის
პროცესზე (გეგმისა და სტანდარტის რეალიზება პრაქტიკაში) და სახელმძღვანელოების
შინაარსობრივ დიზაინზეც.

კერძოდ; ისტორიის საგნის სწავლა-სწავლების მიზნებში პირველ პუნქტად წარმოდგენილია,


რომ მისი მიზანია:

 ხელი შეუწყოს მოსწავლის ჰუმანურ, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, პატრიოტ


მოქალაქედ ჩამოყალიბებას.

ერთი შეხედვით მსგავსი დეკლარირებული მიზანი, ნორმალურ პირობებში ნაკლებად


პრობლემური შეიძლება ჩანდეს, თუმცა პოსტ-ტოტალიტარულ სახელმწიფოსა და
საზოგადოებაში, რომელსაც 30 წლის განმავლობაში ბევრი არაფერი გაუკეთებია სამოქალაქო
ცნობიერების განვითარებისათვის, სახელმწიფოსა და მოქალაქის თანამიმართების
დასავლური, დემოკრატიული კულტურის გაღრმავებისათვის, ამგვარი დათქმა ერთი მხრივ
იდეოლოგიზაციის ჩარჩოდ შეიძლება ჩანდეს და ამავე დროს ბევრ კითხვას ტოვებს, თუ რა
ღირებულებებს ათავსებენ სტანდარტის ავტორები ამ სიტყვის უკან? ანალოგიურ კითხვებს
აჩენს - პატრიოტიზმის აქცენტირებაც, რომელიც ოფიციალური ჩარჩოს ნაწილად
გადაქცევისას ასევე სახიფათო მოთხოვნად მოჩანს, თუკი ის მთელი საგანმანათლებლო
პროგრამებიას და სამოქალაქო აღზრდის გრძელვადიან შედეგად არ მოიაზრება.

ჩვენი შეფასებით, საბაზისო საფეხურზე (დიდი ალბათობით, სამომავლოდ საშუალო


საფეხურისთვისაც არსებითი განსხვავება ამ ნაწილში არ იქნება) სწავლების მიზნებში
მსგავსი კონსტრუქციის წარმოდგენა, მხოლოდ ფორმალური ელემენტი არ არის და იგი
ნამდვილად ახდენს გავლენას როგორც საგნისათვის სახელმძღვანელოების შემუშავებაზე
ასევე სწავლების პროცესზე; ეს კონსტრუქცია სწავლების ცენტრში აყენებს სახელმწიფოს

4
პრიმატს, აწესებს ქცევის სასურველ მოდელს - პატრიოტობას და სხვა ღირებულებებიდან
მხოლოდ - ჰუმანურობას ანიჭებს „უფლებას“ ფიგურირებდეს მიზანთა ამ ჩამონათვალში.

საზოგადოებაში, რომელსაც უახლესი ისტორიის ძირითადი დროის განმავლობაში


კოლონიური დაქვემდებარებისა და ტოტალიტარიზმის ქვეშ მოუწია არსებობა, ისტორიის
სწავლების პროცესის მთავარ ამოცანად, წესით - ინდივიდუალურ თავისუფლებაზე,
წარსულის კრიტიკულ გააზრებაზე ორიენტირებული მოქალაქის აღზრდა უნდა იყოს,
რომელიც ადამიანის ფუნდამენტური, სამოქალაქო უფლებების და კოლექტიური -
პოლიტიკური და კულტურული თვითმყოფადობის პრიზმაში შეძლებს წარსულის
შესწავლასა და ანალიზს და თავად, დამოუკიდებლად ორიენტირდება თანამედროვე
გარემოში, რა აკავშირებს მას - სახელმწიფოსთან და რაში გამოიხატება ინდივიდუალურად
მისი სამოქალაქო და ნაციონალური „ვალი“.

სხვა მხრივ, საბაზისო საფეხურის სტანდარტის მიზნები კრიტიკას ნამდვილად არ


იმსახურებს. მასში აქცენტირებულია ეპოქების კონტექსტის აღქმის, მათი სხვადასხვა
პერსპექტივით დანახვის და კომპლექსური ანალიზის ელემენტები და ცალკე ხაზგასმულია
მოსწავლისათვის კვლევითი უნარების განვითრება - წყაროებთან კრიტიკული მუშაობა და
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით სარგებლობისა და ინტელექტუალური
პროდუქტის შექმნის სასურველობა, თუმცა რამდენად აძლევს ამის საშუალებას მოსწავლეს
სასკოლო სახელმძღვანელოები და ჩვენი რეალობა, ამაზე შესაბამის თავში შევაჩერებთ
მკითხველის ყურადღებას.

საბაზისო საფეხურის პროგრამის საერთო მიმოხილვა ჩვენი კვლევის საგნისათვის


რელევანტურია, რამდენადაც მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა პერიოდის ისტორიას
მხოლოდ მცირე ნაწილი (IX კლასის რამდენიმე გაკვეთილი) აქვს დათმობილი, მთელი
პროგრამის სტრუქტურაში და განსაკუთრებით უახლესი ისტორიის პერიოდის საკითხების
წყობასა და აქცენტებში ნათლად ჩანს პოსტ-საბჭოური ტრენდი, რომელიც სოციალური
შინაარსისაგან დაცლილი, „პატრიოტული“ ნარატივის დამკვიდრებას ცდილობს, რომლის
ღერძი - უწყვეტი სახელმწიფოებრიობა, „გმირული წინააღმდეგობა“, სწორება - ძველ,
ფეოდალური ეპოქის ისტორიაზე და გმირული წარსულისათვის საჩითირო და რთული
საკითხების უკანა პლანზე გადატანაა. მართალია, ამ ნარატივს თანამედროვე სახლემწიფო
პოლიტიკისა და საზოგადოებრივი კონსენსუსით განპირობებული დათქმაც ემატება -
ევროპასთან/დასავლეთთან კულუტურული სიახლოვისა და პოლიტიკური მისწრაფების
აქცენტების გამოკვეთაც, თუმცა ჯამში, მაინც ფრიად პრობლემურ ჰიბრიდს ვიღებთ.

საბაზისო საფეხურზე ისტორიის პროგრამის ქრონოლოგიური წყობა შემდეგნაირად არის


განაწილებული:

 VII კლასი - უძველესი დროიდან ანტიკური ხანის ჩათვლით


 VIII კლასი - ფეოდალური ხანა (შუასაუკუნეები და „გვიანი შუა საუკუნეები“)
 IX კლასი - მოდერნული ხანიდან XX საუკუნის ჩათვლით.

რამდენადაც, დროის უმთავრესი მონაკვეთი ძველი ისტორიის სწავლებას ეთმობა და არც


კვლევის ფოკუსი და არც კომპეტენცია გვაძლევს საშუალებას მას დეტალურად

5
ჩავუღრმავდეთ - თუ რა ნარატივის კონტურებს გვთავაზობს პროგრამა და როგორ არის ეს
სახელმძღვანელოებში წარმოდგენილი, ზემოთთქმულის საილუსტრაციოდ მხოლოდ ერთ
მაგალითს მოვიყვანთ.

VIII კლასის პროგრამის თემასთან - შუა საუკუნეები, დაკავშირებულ „მკვიდრ


წარმოდგენებში“ (სწავლის შედეგად ჩამოყალიბებული ხანგრძლივი მეხსიერება)
აღნიშნულია:

 შუა საუკუნეებისათვის დამახასიათებელია ფეოდალიზმი („სამწევროვანი


საზოგადოება“ ევროპაში, პატრონ-ყმობა საქართველოში).

ეს კლასიკური ნიმუშია, როგორც ცდილობდა „პატრიოტულ“ ნოტაზე აწყობილი ქართული


ისტორიოგრაფია შუა საუკუნეების რეალობის - ქართულ სამეფო სამთავროებში
ფეოდალიზმის, ფეოდალური ჩაგვრის სისტემის არსებობის საკითხიდან ყურადღების
გადატანას, მის შერბილებას და გამოგონილი - ადგილობრივი სპეციფიკური და რბილი
მოდელის „პატრონ-ყმობის“ რეალურობის მტკიცებას. ეს ტენდენცია XIX-XX საუკუნეების
მიჯნაზე გაჩნდა და მას ძველი ისტორიის თანამედროვე ნაციონალური იდენტობის საშენ
ელემენტად გამოყენება განსაზღვრავდა, რადგან ისტორიას გამაერთიანებელი ფუნქცია
ენიჭებოდა და შიდა და კლასობრივი წინააღმდეგობის სურათის გამიზნული იგნორირება
ხდებოდა, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით რომ ფეოდალიზმის მემკვიდრეობა და
კლასობრივი უთანასწორობა ჯერ კიდევ მწვავედ იდგა იმდროინდელ საზოგადოებაში. ეს
ტენდენცია განახლებული ენერგიით შეითვისა გვიან-საბჭოურმა და პოსტ-საბჭოურმა
ქართულმა ისტორიოგრაფიამ რადგან ეს „ფორმულა“ კომფორტულია ფეოდალური ხანის
ისტორიის არსებული ნარატივისთვის, გამოთიშავს საერთო სურათიდან მოსახლეობის
უმრავლესობას - გლეხობას, მათ კვალს, პერსპექტივას, პრობლემატიკას და გზას უხსნის
მეომარი ფეოდალური კასტის ჰეროიზებული ისტორიის დომინაციას. ამავე დროს, XIX
საუკუნის ისტორიის სწავლების ნაწილშიც, ეს მითიური წარმოდგენა ხელს უშლის ამ დროის
სოციალური პრობლემატიკის სრულფასოვნად და კრიტიკულად აღქმას და ანალოგიურად
ეხმარება ნაციონალური იდენტობის საკითხის დომინანტურად წარმოჩენას.

ანალოგიური პრობლემებია XIX საუკუნის თემატიკასთან დაკავშირებულ მკვიდრ


წარმოდგენებშიც. მაგალითად აღნიშნულია, რომ:

 „ხანგრძლივი XIX საუკუნის“ პერიოდში საქართველომ სახელმწიფოებრიობა დაკარგა


და რუსეთის გუბერნიად იქცა.

მიუხედავად იმისა, რომ წინა თემებში თავისთავად აღნიშნულია რომ ამ დროისათვის ჩვენ
საქმე ქართულ ფეოდალურ სამეფო-სამთავროებთან გვაქვს, მკვიდრი წარმოდგენების ამ
ნაწილში მექანიკურად თუ გამიზნულად ხდება ამ ელემენტის იგნორირება და საქართველოს
წარმოდგენა ერთიანი სახელმწიფოდ ხდება, რომელიც რუსეთის იმპერიის გუბერნიებად
გადაიქცა.

ამ პერიოდთან დაკავშირებულ მკვიდრ წარმოდგენებში იგნორირებულია XIX საუკუნის


პირველი ნახევრის რეალობა - სამეფო-სამთავროთა მიყოლებით ანექსია რუსეთის მიერ; ამ

6
ტენდენციის განმაპირობებელი ფაქტორები, ამ ახალ რეალობასთან საზოგადოების
ადაპტაციის პროცესი და სირთულეები, რასაც შემდგომში, მოსდევს მკვიდრი წარმოდგენა:

 თერგდალეულები მეფის რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდნენ და საზოგადოებაში


ევროპულ ლიბერალურ ღირებულებებს ამკვიდრებდნენ.

შესაბამისად, ერთი მხრივ საერთოდ გამოირიცხება სხვადასხვა თაობის და მიმართულების


ჯგუფების მიერ ქართულ საზოგადოებაში მოდერნიზაციის და ნაციონალური იდენტობის
მშენებლობის პროცესის მრავალაქტორიანობა, ეს ექსკლუზიურად მიეწერება
„თერგდალელულებს“ და ეს პროცესისც ჰეროიკულ-გმირული ტერმინოლოგიით იხატება -
„მეფის რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა“, როდესაც 1860-იანი ლწებიდან (ხსენებული
„თერგდალეულების“ ხანა) ძირითადად ჩვენ საქმე კულტურული ნაციონალიზმის
მშენებლობასა და სამოქალაქო ღირებულებების დამკვიდრებასთან გვაქვს და არა
შეიარაღებულ წინააღმდეგობასთან. ასევე სრულიად იგნორირებულია XIX საუკუნის
განმავლობაში მიმდინარე სოციალური ტრანსფორმაციის, ახალი მასობრივი სოციალური და
პოლიტიკური მოძრაობების წარმოშობა („ხალხოსნები“, სოციალ-დემოკრატები/“მესამე
დასი“) მათი წვლილი საზოგადოების განვითარებაში და რეალური პოლიტიკური ბრძოლის
პერიპეტიები.

ამ „დუმილის ზონას“ აგვირგვინებს შემდეგი მკვიდრი წარმოდგენა:

 XX საუკუნის დასაწყისი მემარცხენე და მემარჯვენე იდეოლოგიების დაპირისპირების


ხანაა. ილია ჭავჭავაძე ამ დაპირისპირებას შეეწირა.

რა თქმა უნდა, ფაქტობრივი გაუმართაობის გარდა (XIX- XX საუკუნეები ამ იდეოლოგიების


რადიკალური მიმართულებების წარმოშობის, განვითარებისა და დომინაციის, ამავე დროს
კონკურენციის ეპოქაა), ამ ფორმულაში მკაფიოდ არის წარმოდგენილი პოსტ-საბჭოური
ნარატივის ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო ელემენტი - ილია ჭავჭავაძის მკვლელობის სოციალ-
დემოკრატიული პარტიისათვის მიწერა, რაც უახლესი ისტორიის საბჭოური
ფალსიფიკაციის, სტალინური ნაციონალური პოლიტიკის ფარგლებში ილია ჭავჭავაძის
გაფეტიშების და გვიან და პოსტ-საბჭოურ საჯარო დიკურსში და ისტორიოგრაფიაში ამ
კლიშეს უკრიტიკოდ მიღების სიმბოლოა.

შესაბამისად, ისტორიის - როგორც მოვლენათა მიზეზ-შედეგობრივი ჯაჭვის წინა რგოლებში


არსებული მსგავსი გამიზნული მანიპულაციები თუ ინერციით არსებული დრომოჭმული
წარმოდგენები, საბოლოოდ, უშუალოდ - უახლესი ისტორიის აღქმაზეც ახდენს გავლენას,
ასუსტებს მემკვიდრეობითობის შეგრძნებას, იგნორირებას უკეთებს რიგ საკვანძო საკითხებს
და ეპოქისა და პრობლემატიკის ტენდენციურ ასახვას უწყობს ხელს.

ძალზე სუსტად გამოიყურება უშუალოდ საბჭოთა პერიოდის ამსახველი მკვიდრი


წარმოდგენების ნაწილიც. გვხვდება, ზერელე - ფაქტობრივ უზუსტობამდე მისული
ფორმულები:

 საბჭოთა კავშირი მას შემდეგ შეიქმნა, რაც რუსეთში რევოლუციების შედეგად მეფის
ხელისუფლება დაემხო.

7
საბჭოთა კავშირი 1922 წლის დეკემბერში ჩამოყალიბდა. 1917 წელს, თებერვლის
რევოლუციის შემდეგ, 1917 წლის ნოემბერში ბოლშევიკური სამხედრო გადატრიალება და
ხელისუფლების უზურპაცია მოხდა. შეიქმნა რუსეთის საბჭოთა ფედერაციული
სოციალისტური რესპუბლიკა. ცხადია, მსგავსი ფუნდამენტური ღირებულებითი აცდენისა
და დროში და კონტექსტში დაშორებული მოვლენების მარტივად შეკუმშვის შემხედვარე,
რთულია ამ ნაწილში პროგრამის ადეკვატურობის შეფასება.

მკვიდრ წარმოდგენებში არსადაა აქცენტირებული 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ


საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია.

სამაგიეროდ ნათქვამია, რომ:

 საქართველომ 70 წელი საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში გაატარა.

შესაბამისად, პროგრამის თანახმად, მოსწავლეს მკვიდრ წარმოდგენად არა 1921 წლის


საბჭოთა რუსული ოკუპაცია უნდა დარჩეს, არამედ უბრალო ფორმულა, რომ საქართველო
საბჭოეთის ნაწილი იყო, იმის მიუხედავად - როგორ მოხდა ეს, რამ განაპირობა, საკუთარი
ნებით თუ ძალით და აშ.

საბჭოთა პერიოდის ამსახველ მკვიდრ წარმოდგენებში არსად გვხვდება სიტყვა -


ტოტალიტარიზმი (ეს მხოლოდ თემის სათაურში ფიგურირებს).

ამ ფორმაციის არსის ჩვენებას, პროგრამა ცდილობს - „მოქალაქეთა ცხოვრების ყველა სფეროს


კონტროლის“, „რეპრესიების“, „კერძო საკუთრების შეზღუდვის“ , „რელიგიის დევნის“ და
„ბელადის კულტის“ ელემენტების აქცენტირებით. მიუხედავად ამისა, ამ ბლოკში, ქვეყანაში,
ტოტალიტარული რეჟიმის პირობებში მიმდინარე პოლიტიკური და სოციალური
პროცესების მხოლოდ ერთი კონკრეტული მოვლენა - მეორე მსოფლიო ომი ფიგურირებს და
არაფერია ნათქვამი 1920-1930-იანი წლების წინააღმდეგობის მოძრაობაზე, ძალდატანებით
კოლექტივიზაციაზე, დიდ საბჭოთა ტერორზე, ეთნიკურ დეპორტაციებზე და აშ.
ფაქტობრივად იგნორირებულია ისეთი საკითხები, როგორიცაა ტოტალიტარიზმის ეფექტი
საზოგადოებაზე, მისი სტრუქტურების და პრაქტიკის დამკვიდრების ლოგიკა, კოლაბორაცია,
კომპარტიის - როგორც ტოტალიტარიზმის მთავარი აქტორის ადგილი ისტორიაში, პოსტ-
სტალინური და გვიანი პერიოდის საბჭოეთის რეალობა.

მეორე მსოფლიო ომთან დაკავშირებით შემოთავაზებულია შემდეგი ფორმულა:

 მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირი ნაცისტურ გერმანიას დაუპირისპირდა. ამ


ომში ბევრი ქართველი დაიღუპა.

რთულია მოცემული მყარი წარმოდგენის სერიოზული კრიტიკა, იმდენად პრობლემურ და


უსუსურ ფორმულას წარმოადგენს. მასში სრული სისავსითაა არეკლილი საბჭოური
ისტორიოგრაფიის კლიშე, რომელიც მეორე მსოფლიო ომს „დიდ სამამულო ომად“ ნათლავს
და მხოლოდ საბჭოეთისა და ნაცისტური გერმანიის დაპირისპირებად წარმოაჩენს. მეორე
მსოფლიო ომის გაჩაღებაში ნაცისტური გერმანიის და საბჭოთა კავშირის პარტნიორობის

8
იგნორირება და ამ მსოფლიო ომში ბრიტანეთის, აშშ-ს და სხვა მოკავშირეთა როლის
გამორიცხვა, კომენტირებას აღარ საჭიროებს.

ანალოგიურად, უკიდურესად გამარტივებულია „ცივი ომის“ საკითხის ფორმულირება:

 „ცივი ომის“ დროს ერთმანეთს კაპიტალისტური და სოციალისტური ბანაკის ქვეყნები


უპირისპირდებოდნენ.

რაც კვლავინდებურად, ყველაზე უკეთეს შემთხვევაში, საბჭოური ტერმინილოგიის და


წარმოდგენების მექანიკურ გადმოღებად თუ შეგვიძლია მივიჩნიოთ.

საბჭოთა პერიოდის სწავლების ბლოკის დასასრულს, ზემოთ განხილული „ჰეროიკული“


კონსტრუქციის ნაწილად გვევლინება შემდეგი მკვიდრი წარმოდგენა:

 დისიდენტები საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოდნენ.

რა თქმა უნდა, ფორმულის სიმარტივის გამო, შეუძლებელია განსაზღვრა, რა შინაარსი არის


ჩადებული მასში, მაგრამ თავისთავად ცხადია, რომ იგნორირებულია „დისიდენტობის“
კონტექსტის კომპლექსურობა, მათი მრავალფეროვანი სპექტრი - წინააღმდეგობის იდეური
საფუძვლებისა და ფორმების და მიზნების თვალსაზრისით და ასევე დისიდენტური
მოძრაობების ნაციონალური შემადგენელი და მათი არამასობრივობის ელემენტი.

პროგრამაში და მკვიდრ წარმოდგენებში საბჭოური ისტორიის პრობლემური ასახვა არ


სრულდება უშუალოდ საბჭოთა პერიოდით. საბჭოეთის დაშლისა, საქართველოს
დამოუკიდებლობის აღდგენისა და 1990-იანი წლების თემატიკასთან ვხვდებით შემდეგ
ფორმულირებას:

 გარე ძალების ჩარევით XX საუკუნის 90-იან წლებში საქართველოში გაღვივდა


ეთნოკონფლიქტები, რომელმაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დაარღვია
და ქვეყნის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის გაუცხოება გამოიწვია.

ერთი მხრივ, „გარე ძალებზე“ აქცენტირება ზემოთ მრავალჯერ განხილული, კომფორტული


და ჰეროიკული ნარატივის ნაწილის მანიფესტაციას წარმოადგენს, თუმცა ამავე დროს, უნდა
ითქვას, რომ მთელი პროგრამის უახლესი ისტორიის ნაწილში ზედმიწევნითაა
იგნორირებული ყველა ის თემები და პროცესები, რომლებიც ამ ეთნოკონფლიქტების
წარმოშობას განაპირობებდნენ, ასევე „გარე ძალად“ არის მონათლული (1990-იანი წლების
პერსპექტივიდან) ის „შიდა ძალა“, რომელიც უდავოდ ზემოქმედებდა ამ კონფლიქტების
განვითარებაზე - რუსული იმპერიალიზმი და კოლონიალიზმი და საბჭოური ნაციონალური
პოლიტიკა. მეორე მხრივ, უხეში ფაქტობრივი უზუსტობაა ამ კონფლიქტების გაღვივების
1990-იან წლებში მოქცევა, რამდენადაც კონფლიქტების წინა სიმპტომები გვიან საბჭოთა
პერიოდში ცხადად ჩანდა და მათი ცხელი ფაზა უკვე 1980-იანი წლების ბოლოს, საბჭოთა
რეჟიმის კრიზისის პარალელურად დაიწყო.

9
რამდენადაც საშუალო საფეხურის სტანდარტი ჯერჯერობით გაწერილი არ არის, სწავლების
პროგრამული ნაწილის კრიტიკული ანალიზისათვის, მხოლოდ XII კლასისათვის
სავალდებულო შინაარობრივ საკითხთა პროგრამით უნდა შემოვიფარგლოთ.

პროგრამაში კომბინირებულად არის წარმოდგენილი XVIII-XX საუკუნეების მსოფლიო


ისტორიის მთავარი პროცესები და საქართველოს ადგილი ამ განზომილებაში, თუმცა
როგორც ზემოთ განხილული საბაზო საფეხურის პროგრამაში, აქაც ცხადად ჩანს ხსენებული
კლიშეებისა და ზედაპირულობის კვალი.

კერძოდ, მე-3 საკითხად წარმოდგენილია - იმპერიალიზმი და კოლონიალიზმი, რაც საბაზო


საფეხურთან შედარებით მკაფიოდ გამოკვეთს XIX საუკუნის რეალობებს საქართველოში;
ტერმინოლოგიის დონეზე სწორადაა მითითებული ქართული სამეფო-სამთავროები,
აღნიშნულია იმპერიის მმართველობასთან ადაპტაციის სირთულის ელემენტი - აჯანყებები
1800-იანი წლების პირველ ნახევარში, თუმცა აქცენტირებულია - „მ. ვორონცოვის
რეფორმები“, რაც ასევე კლიშეს დონეზე არსებული წარმოდგენის ნაწილია, რამდენადაც
მიხეილ ვორონცოვის 9 წლიანი მეფისნაცვლობის პერიოდის თანამედროვე კვლევა, მისი
პოლიტიკის არსის და ზეგავლენის რეალური განზომილების ამსახველი ცოდნა,
ფაქტობრივად არ მოგვეპოვება.

მე-4 საკითხში გამეორებულია საბაზისო საფეხურის პროგრმამაში უკვე განხილული კლიშე -


„ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობების ხასიათი XIX საუკუნის მსოფლიოში -
თერგდალეულების ბრძოლა მეფის რუსეთის წინააღმდეგ“.

საბაზისო საფეხურის პროგრამისაგან განსხვავებით, მე-7 საკითხის ქვეთავად


წარმოდგენილია - „ახალი პოლიტიკური იდეები და საქართველო“, თუმცა იგნორირებულია
იდეების პრაქტიკული განხორციელების ელემენტი, სოციალური და პოლიტიკური
მოძრაობის კონკრეტული შედეგები, მოდერნიზაცია, კულუტურული და სამოქალაქო
პროგრესი, რუსეთის პირველი რევოლუცია და აშ.

პროგრამის შემდეგ ბლოკში მთავარ პრობლემას ქრონოლოგიური აღრევა და გათიშვა


წარმოადგენს:

ჯერ, მე-9 მე-10 და მე-11 საკითხებში მიმდევრობით არის წარმოდგენილი - პირველი


მსოფლიო ომი, თებერვლის რევოლუცია (მეორედება საბაზისო საფეხურის პროგრამაში
მითითებული შეცდომა - თებერვლის რევოლუციის და ოქტომბრის ბოლშევიკური
გადატრიალების თანასწორად - რევოლუციებად დასახელება), საქართველოს
დემოკრატიული რესპუბლიკის დაფუძნება, განვითარება და მისი ოკუპაცია (ტექსტში -
ანექსია) საბჭოთა (ტექსტში - ბოლშევიკური) რუსეთის მიერ. შემდეგ კი მე-12 საკითხად
განხილულია - პირველი მსოფლიო ომის დასრულება, პარიზის კონფერენცია და მასზე
საქართველოს საკითხი.

პროგრამაში ხანგრძლივი პერიოდის და მსოფლიოს და საქართველოს ისტორიის


კომბინირებულად მოთავსების გამო, თავისთავად შეზღუდული მოცულობის

10
გათვალისწინებით საბჭოთა ტოტრალიტარიზმის საკითხები ძალზე მოკრძალებულად არის
წარმოდგენილი. იგი ასახულია შემდეგი საკითხებით:

 ტოტალიტარიზმი მსოფლიოში. ა) სტალინი - საბჭოთა კავშირი (საქართველო


საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში).
 მეორე მსოფლიო ომის დასაწყისი - საბჭოთა კავშირი მეორე მსოფლიო ომში,
ქართველები მეორე მსოფლიო ომში (ორივე მხარეს).
 საქართველოს საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში - ეროვნული მოძრაობა
საქართველოში XX საუკუნის 20-იან და 70-იან წლებში.
 პერესტროიკა, საბჭოთა კავშირისა და სოციალისტური ბანაკის დაშლა -
დამოუკიდებელი საქართველო.

ერთი მხრივ, პროგრამას ამ ნაწილშიც ახასიათებს ზემოსხსენებული ქრონოლოგიური


აღრევა; საქართველოს საბჭოური ისტორია საკითხად წარმოდგენილია მეორე მსოფლიო
ომის, ცივი ომის და აშ. პერიოდების მიმოხილვის შემდეგ.

ასევე, პროგრამაში გვხვდება სამწუხარო ზედაპირული და გაუაზრებელი კონსტრუქცია


მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდის საკითხში (15), სადაც მიუხედავად იმისა რომ
დასახელებულია მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი, აქცენტი კეთდება „გერმანიის აგრესიაზე
ევროპაში“ და არსად ჩანს სსრკ თანამონაწილეობა. თუკი ჩავთვლით, რომ აქ პოლონეთზე
თავდასხმამდე განხორციელებული ექსპანსია იგულისხმება, მაშინ სასურველი იქნებოდა
ზემოხსენებული ფორმულა უშუალოდ მეორე მსოფლიო ომის ნაწილში გვეხილა. ამასთანავე,
მოცემული თავის ნაწილად არის წარმოდგენილი სსრკ-ფინეთის ომი, რომელიც რატომღაც
პროგრამის ავტორებს მსოფლიო ომისწინა სურათის ნაწილად წარმოუდგენიათ;
სავარაუდოდ საქმე გვაქვს საბაზისო საფეხურის პროგრამის მაგალითზე განხილულ
საბჭოურ კლიშესთან, რომელშიც მეორე მსოფლიო ომი ნაცისტური გერმანია-სსრკ
დაპირისპირებით აითვლება.

საშუალო საფეხურის პროგრამას, საბჭოთა ისტორიის ნაწილში ასევე ახასიათებს


„ჰეროიკული“ ნარატივის ჩარჩო და უცნაურად აჯგუფებს „ეროვნულ მოძრაობას“ 20-იანი
წლებიდან პირდაპირ 70-იან წლებთან. რა თქმა უნდა, ტერმინოლოგიური დონეზე სრული
აცდენაა 20-იანი წლების რეალობასთან, სადაც საქმე გვაქვს ოკუპირებულ ქვეყანაში არსებულ
წინააღმდეგობის მოძრაობასთან, მისი კლასიკური გაგებით, რომელიც არ მთავრდება 20-იან
წლებში და საბჭოთა ტერორის უწყვეტი კამპანიების გათვალისწინებით შესუსტებული და
მილევადი სახით 40-იანი წლების ბოლომდეც კი არსებობს. თავისთავად იგნორირებული
რჩება 50-60-იანი წლები და აქცენტი კეთდება მხოლოდ 70-იან წლებზე. თავისთავად,
პროგრამის დონეზე არსადაა აქცენტირებული ტოტალიტარიზმის რეალობის საკვანძო
ელემენტები - ტერორის კამპანიები, რეჟიმის და იდეოლოგიის გავლენა კულტურაზე,
ეკონომიკაზე, ყოველდღიურ ცხოვრებაზე და აშ. პროგარამაში მხოლოდ გამოკვეთილია -
„საზოგადოება და კულტურა XX საუკუნის პირველ ნახევარში“.

11
ამ ყოველივეს გათვალისწინებით, ცხადია, რომ საშუალო საფეხურის პროგრამაც, როგორც
ორიენტირი სახელმძღვანელობის შექმნისა და სწავლების პროცესისათვის, მიუხედავად
ობიექტური მიზეზებისა, საკმაოდ პრობლემურია და უკეთესის სურვილს ტოვებს.

12
გრიფირებული სახელმძღვანელოების შესაბამისობა სტანდარტთან.

თავიდანვე უნდა ითქვას, რომ მიუხედავად სტანდარტით კლასების მიხედვით


განსაზღვრული ისტორიის პერიოდების განაწილებისა (იხ. გვ 5), მე-9 კლასის გრიფირებულ
სახელმძღვანელოებში წარმოდგენილია არა მოდერნული ხანის საქართველოს ისტორია,
არამედ გაერთიანებულად - უძველესი დროიდან XX საუკუნის ბოლომდე. მართალია, რომ
მე-7 და მე-8 კლასის სახელმძღვანელოებში, ასევე მე-10 კლასშიც მსოფლიო ისტორიის
საკითხებთან ერთად ფრაგმენტულად ასევე წარმოდგენილია საქართველოს პერსპექტივაც,
თუმცა, რატომღაც სწავლების სისტემა უფრო მომგებიანად თვლის ერთი კლასის
განმავლობაში ასწავლოს სამიათასწლოვანი ისტორია, ვიდრე დააკომბინიროს იგი შესაბამის
გლობალურ სურათთან, რაციონალურად განაახლოს ეს პროგრამა და მეტი დრო
გამოათავისუფლოს ბოლო ორი საუკუნის - დღევანდელობისათვის უმნიშვნელოვანესი
პროცესების დაწყებისა და განვითარების დროის კომპლექსური სწავლებისათვის.

საბაზისო საფეხურის არსებული სტანდარტით, მოსწავლეს ისტორიაში საბაზო საფეხურის


ბოლოს უნდა შეეძლოს:

● ისტორიული ინტერპრეტაცია და კვლევა - გულისხმობს ისტორიული მოვლენებისა


და პროცესების, ასევე ისტორიული პიროვნებების მრავალმხრივად შეფასებას;
ისტორიული შინაარსის ტექსტების წაკითხვა-გააზრებასა და გაანალიზებას.
● ისტორიული ეპოქის აღქმა/ანალიზი - გულისხმობს სხვადასხვა ისტორიული
ეპოქების არსებითი მახასიათებლების გამოკვეთას, თანამედროვეობასთან
პარალელების გავლებას.
● ღირებულებები და დამოკიდებულებები - გულისხმობს ისტორიის სწავლა-
სწავლების პროცესის ღირებულებების (პატრიოტიზმი, სახელმწიფოებრივი
აზროვნება და კულტურული მრავალფეროვნება) განვითარებაზე ორიენტირებულად
წარმართვას.

ამასთან:

თითოეულ თემაში წარმოდგენილი უნდა იყოს საკითხები როგორც მსოფლიო, ისე


საქართველოს ისტორიიდან; საკითხების შერჩევისას აქცენტი უნდა გაკეთდეს საქართველოს
ისტორიისთვის საკვანძო მოვლენებისა და პიროვნებების წარმოჩენაზე.

თემა: საბჭოთა პერიოდი (მეცხრე კლასი)

13
შეფასების ინდიკატორები – მოსწავლემ უნდა შეძლოს: წერილობით წყაროებზე (საარქივო
მასალები), აუდიო-ვიდეო მასალებზე, ზეპირ ისტორიებზე დაყრდნობით საბჭოთა ეპოქის
საზოგადოების დახასიათება.

საბჭოთა ეპოქის არსებითი მახასიათებლების (ინდუსტრიალიზაცია, კოლექტივიზაცია,


რეპრესიები, ათეიზმი, ტოტალიტარიზმი) გამოკვეთა;

საბჭოთა ეპოქის საზოგადოების (რეჟიმი, მსოფლმხედველობა, ინდივიდი/კოლექტივიზმი)


თანამედროვე და/ან სხვა ისტორიული ეპოქის საზოგადოებასთან შედარება;

ინდუსტრიალიზაციის, კოლექტივიზაციის, რეპრესიების, მეორე მსოფლიო ომისა და


„პერესტროიკის“ შედეგად გამოწვეული ცვლილებების დახასიათება, საქართველოზე მათი
ზეგავლენის გაანალიზება; სხვა ისტორიულ მოვლენებთან მათი შედარება.

საკითხები ზოგადად:

1. რეპრესიები
2. მეორე მსოფლიო ომი და საქართველო
3. “პერესტროიკა”

საკვანძო შეკითხვები:

● როგორ ცხოვრობდნენ ადამიანები საბჭოთა პერიოდში?


● როგორი იყო მათი საზოგადოება?
● რატომ იდევნებოდა საბჭოთა კავშირში კერძო საკუთრება და ინიციატივა?
● რატომ განხორციელდა საბჭოთა კავშირში ინდუსტრიალიზაცია და
კოლექტივიზაცია?
● რატომ დასჭირდა საბჭოთა სახელმწიფოს რეპრესიების განხორციელება?
● რატომ იდევნებოდა თავისუფალი პრესა/ მრავალპარტიულობა/განსხვავებული აზრი
საბჭოთა კავშირში?
● რით განსხვავდებოდა საბჭოთა პერიოდი თანამედროვეობისგან და/ან სხვა
ისტორიული ეპოქებისგან?
● როგორ აღიქვამდა საბჭოთა პერიოდის ადამიანი სამყაროს?
● რატომ ახასიათებს ,,პიროვნების კულტი’’ ტოტალიტარიზმს?
● რატომ იყვნენ ქართველები აქტიურად ჩართულნი მეორე მსოფლიო ომში? რატომ
დაუპირისპირდნენ ერთმანეთს კაპიტალისტური და სოციალისტური ქვეყნები ,,ცივი
ომის’’ დროს?
● რატომ არ უშვებდნენ საბჭოთა მოქალაქეებს საზღვარგარეთ?

14
● რატომ იყო დამკვიდრებული საბჭოთა ხელოვნებაში სოციალისტური რეალიზმი? რა
ფორმებით იბრძოდნენ საქართველოში კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ? რატომ
დაიწყო „პერესტროიკა“? რატომ დაიშალა საბჭოთა კავშირი?

რამდენად ახერხებს სასკოლო სახელმძღვანელოები ამ სტანდარტით დათქმული პირობების


შესრულებას განვიხილავთ მოცემული სახელმძღვანელოს მაგალითზე - მე-9 კლასი
(კიღურაძე, გაჩეჩილაძე, სანიკიძე), ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, გრიფი 2012).

წარმოდგენილ სახელმძღვანელოში საბჭოთა კავშირი, როგორც პოლიტიკური პროექტი, XIX


საუკუნის 70-80-იანი წლების ისტორიულ კონტექსტში შემოდის. კონკრეტულად,
სახელმძღვანელოს 69-ე ქვეთავში განხიულია გლეხთა მოძრაობა და ხალხოსნები. სწორედ
აღნიშნული ქვეთავის პირველივე გვერდზე გვხვდება ახალგაზრდა სტალინისა და ავლაბრის
არალეგალური სტამბის ფოტოები, რასაც შინაარსობრივი და ფაქტობრივი კავშირი არ აქვს
ქვეთავში განხილულ ისტორიულ ეპოქასთან, თუმცა ავტორები ცდილობენ მათი
ერთმანეთისთვის დაკავშირებას.

გაუგებარია, რაში დასჭირდათ ავტორებს ამ ქვეთავში მსგავსი ვიზუალური მასალის


გამოყენება ან როგორ შეიძლება XIX საუკუნის 70-80-იანი წლები მოსწავლემ/მასწავლებელმა
დაუკავშიროს ახალგაზრდა სტალინსა (სტალინი დაიბადა 1878 წელს, შესაბამისად, მას
ვერანაირი კავშირი ვერ ექნებოდა ამ პროცესებთან) და ავლაბრის არალეგალურ სტამბას,
რომელსაც გაცილებით გვიან იყენებდნენ იატაკქვეშეთში მყოფი პოლიტიკური ძალები
საკუთარი იდეების გავრცელებისათვის.

ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ ამავე ქვეთავის ბოლო გვერდებზე ნამდვილად არის
ხსენებული როგორც იოსებ ჯუღაშვილი, ასევე ავლაბრის არალეგალური სტამბა, თუმცა
სახელმძღვანელოს იმ ნაწილში, სადაც ეს ვიზუალური მასალა გვხვდება არაფერია მათზე
ნათქვამი. დროითი აცდენა ვიზუალურ მასალასა და ტექსტს შორის საბაზო საფხეურის
მოსწავლეებს მცდარ შეხედულებებს უქმნის როგორც ისტორიული ეპოქის, ისე ისტორიული
ფიგურების შესახებ, რაც წინააღმდეგობაში მოდის ისტორიის საბაზო საფეხურის
სტანდარტის რიგ ქვეპუნტებთან, მათ შორის ისტორიული ეპოქის ადეკვატურ აღქმასთან და
ანალიზთან.

15
რუსეთშის იმპერიაში მომხდარი ორი, 1905 და 1917 წლის რევოლუციებს შორის მოქცეული
პერიოდი სახელმძღვანელოს ერთ ქვეთავშია გაერთიანებული, რომელსაც წინ უსწრებს
ისეთი საკითხები, როგორიცაა საკუთრივ 1905-1907 წლების რევოლუცია და პარტიათა
ფორმირება რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე. ნიშანდობლივია რიგი ხარვეზები, რაც
სახელმძღვანელოს აღნიშნულ თავებში გვხვდება, კონკრეტულად:

ა) სახელმძღვანელო არანაირ ინფორმაციას არ გვაწვდის პოლიტიკური იდეოლოგიების


შესახებ და განსაზღვრებების გარეშე მსჯელობს ისეთ პოლიტიკურ მიმდინაროებებზე,
როგორებიც არის სოციალ-დემოკრატია, სოციალიზმ-ფედერალიზმი, ეროვნული
დემოკრატია და სხვ.

ბ) სახელმძღვანელოში წარმოდგენილი დამატებითი წყაროები არ შეიცავს არანაირ


ბიბლიოგრაფიულ მონაცემს.

გ) უმეტესწილად არ ჩანს ისტორიულ მოვლენებს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი.

დ) გამოკვეთილია სახელმძღვანელოს ავტორთა ტენდენციური დამოკიდებულება


სხვადასხვა საკითხის, მათ შორის პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მესვეურთა
მიმართ (გაჟღერებულია დაუსაბუთებელი ვარაუდი, რომ თითქოს ილია ჭავჭავაძის
მკვლელობას საფუძველი შეუქმნა სოციალ-დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელი
პირების ცილისმწამებლურმა განცხადებებმა).

16
ე) „დ“ პუნქტის გათვალისწინებით, სახელმძღვანელოში გაჟღერებულია მრავალი
წინააღმდეგობრივი აზრი, რაც მოსწავლეს აიუძლებს ბრმად ენდოს მსგავს მოსაზრებებს.
არის შემთხვევები, როდესაც კონკრეტული მოსაზრების გარშემო არსებული დამატებითი
წყაროების მოშველიება შესაძლებელია, თუმცა სახელმძღვანელო არ გვთავაზობს ასეთ
დამატებებს.

ყოველივე ზემოთ თქმულის გათვალისწინებით, ისტორიის საბაზო საფეხურის სტანდარტით


გათვალისწინებული რამდენიმე პუნქტი დგება კითხვის ნიშნის ქვეშ, მათ შორის:

ა) წყარო, ისტორიული ინტერპრეტაცია და კვლევა

სახელმძღვანელოში არეულია ისტორიული ფაქტები და მათი ავტორისეული


ინტერპრეტაციები. ამ პრობლემის აღმოფხვრა შესაძლებელია დამატებითი წყაროების
მოხმობით, რომელსაც მასწავლებელი და მოსწავლეები საგაკვეთილო აქტივობების
ფარგლებში გაანალიზებენ და თვითონ მივლენ კონკრეტულ დასკვენებამდე.

ამასთან, კონკრეტული ქვეთავის ბოლოს დართული ისედაც მწირი ისტორიული წყაროები


არ შეიცავს ბიბლიოგრაფიულ მონაცემებს, რაც ართულებს მათ მოძიებას და
მოსწავლის/მასწავლებლის მიერ მის შემდგომ გამოყენებას.

ბ) ისტორიული ეპოქის აღქმა/ანალიზი

ისტორიულ მოვლენებს შორის ბუნდოვანი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ართულებს


ისტორიული ეპოქის ადეკვატურ აღქმასა და მის სიღრმისეულ ანალიზს.

გ) ღირებულებები და დამოკიდებულებები

ამ კონკრეტული ქვეთავის შემთხვევაში გვაქვს რიგი წინააღმდეგობები, მათ შორის


სახელმძღვანელოს ავტორების ტენდენციური დამოკიდებულება პირველი რესპუბლიკის
მესვეურთა მიმართ და მათი დადანაშაულება ილია ჭავჭავაძის მკვლელობაში. ერთი მხრივ,
ილია ჭავჭავაძე წარმოდგენილია როგორც უმნიშვნელოვანესი ფიგურა XIX საუკუნის 60-80-
იანი წლების ქართული კულტურული და ეროვნული იდენტობის ფორმირების პროცესში,
ხოლო, მეორე მხრივ, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებლების მის
მკვლელობაში ირიბი დადანაშაულება ქმნის ამბივალენტურ დამოკიდებულებას

17
საქართველოს თანამედროვე სახელმწიფოებრიობის იდეური საფუძვლის (პირველი
დემოკრატიული რესპუბლიკა, კონსტიტუცია) მიმართ.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეს არის ნიმუშად მოყვანილი ერთი კონკრეტული მაგალითი და
ამდენად მისი მთელ სახელმძღვანელოზე განზოგადება არ გვაქვს მიზნად, თუმცა, ქვემოთ -
სახელმძღვანელოების უშუალოდ შინაარსობივ ანალიზში ვრწმუნდებით, რომ მსგავს
ხარვეზებს სისტემატიური ხასიათი აქვს.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა

აღნიშნული საკითხი აერთიანებს სახელმძღვანელოს ორ ქვეთავს. პირველი ქვეთავი მოიცავს


ისტორიულ კონტექსტს, რომელშიც ჩამოყალიბდა საქართველოს დემოკრატიული
რესპუბლიკა, ხოლო მეორე ქვეთავი ეძღვნება დემოკრატიული რესპუბლიკის სხვადასხვა,
მათ შორის საშინაო, ეროვნულ, საგარეო და განათლების პოლიტიკას.

ქვეთავის ძირითადი ტექსტი გადატვირთულია გაურკვეველი ტერმინოლოგიით, მათ შორის,


ერთ-ერთი საკვანძო მნიშვნელობის ტერმინია „მეჟრაიონელი“ (ტერმინის განმარტება
ქართულ ენაზე ინტერნეტში არ იძნებნება, სახელმძღვანელო კი ინფორმაციას არ გვაწვდის ამ
პოლიტიკური ჯგუფის შესახებ), რომლის დანიშნულება და მნიშვნელობა გაუგებარი რჩება.

ამავე ქვეთავის ბოლოს გვხვდება წინა თავებში წარმოდგენილ მოსაზრებებთან ლოგიკურად


შეუთავსებელი ფაქტები. სახელმძღვანელოში აღნიშნულია:

„17 საათსა და ათ წუთზე ნოე ჟორდანიამ მოკლე შესავალი სიტყვის შემდეგ წაიკითხა
“საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი”, რომლითაც საქართველოს დემოკრატიული
რესპუბლიკის შექმნა ცხადდებოდა. მაშინვე ამ ისტორიული დოკუმენტის რუსულენოვანი
ვარიანტი გრიგოლ ვეშაპელმა წაიკითხა, ხოლო გრიგოლ რცხილაძემ ქართული ტექსტი
სასახლესთან მოზღვავებულ ხალხს გააცნო. აღტაცებული ხალხი ვლასა მგელაძის
მეთაურობით მთაწმინდაზე ავიდა და ილია ჭავჭავაძეს საფლავში ჩასძახა: “გიხაროდენ
დიდო ილიავ, შენი ოცნება აღსრულდა!“

სახელმძღვანელოს ძირითად ტექსტში წარმოდგენილი ეს ისტორიული ფაქტი


შეუთავსებელია წიგნის წინა ქვეთავებში გაჟღერებულ იმ მოსაზრებასთან, რომ ილია

18
ჭავჭავაძის მკვლელობაში საბედისწერო როლი სოციალ დემოკრატიის ლიდერების
ცილისმწამებლურმა განცხადებებმა შეასრულა. ამასთან, გაუგებარია რატომ ულოცავს ასეთი
ფონის მქონე ხალხი ილია ჭავჭავაძეს საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის
აღდგენას. ამდენად, ძირითად ტექსტში წარმოდგენილი ეს ისტორიული ამბავი წარსულის
ინსტრუმენტალიზაციის ნიშნებს შეიცავს.

რეკომენდაციისთვის: სახელმძღვანელოში წარმოდგენილი ეს ისტორიული ფაქტი შეიძლება


გადატანილი იქნას დამატებითი წყაროების ნაწილში, რაც მოსწავლეებსა და მასწავლებლებს
საშუალებას მისცემს კრიტიკულად გააანალიზონ ეს მოვლენა და შეაფასონ როგორც
ილიასადმი იმ პერიოდის საზოგადოების დამოკიდებულება, ასევე ილიას შესაძლო
დამოკიდებულებას საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისადმი.

შემდეგ გვერდებზე კვლავ გრძელდება მსგავსი ნარატივი. ავტორებს ისევ შემოჰყავთ ილია
ჭავჭავაძე. სახელმძღვანელოში აღნიშნულია:

„საშინაო პოლიტიკის დარგში მენშევიკები პარადოქსულ მდგომარეობაში აღმოჩდნენ.


ეროვნული ნიჰილიზმის საფუძველზე აღმოცენებულ პარტიას (გავიხსენოთ მათი
შეურიგებელი ბრძოლა ილია ჭავჭავაძესთან) ახლა ეროვნული სახელმწიფო უნდა ემართა.“

აქაც გაუგებარია, რომელ „შეურიგებელ ბრძოლაზე“ მიანიშნებენ ავტორები. ფაქტია, რომ


სახელმძღვანელო არ გვთავაზობს არცერთ ისტორიულ წყაროს, რომელიც ამ „ბრძოლის“
შესახებ არსებით ინფორმაციას მიაწვდის მოსწავლეებს.

დასასრულს, კვლავ შეგვიძლია მოვიყვანოთ ისტორიის საბაზო საფეხურის სტანდარტის


რამდენიმე პუნქტი, რომელიც აღნიშნული სახელმძღვანელოს მიერ ვერ კმაყოფილდება, მათ
შორის უკვე აღნიშნული:

ა) წყარო, ისტორიული ინტერპრეტაცია და კვლევა

ბ) ისტორიული ეპოქის აღქმა/ანალიზი

გ) ღირებულებები და დამოკიდებულებები

19
მნიშვნელოვანია, რომ საბაზო საფეხურის ისტორიის სტანდარტი გვთავაზობს სასწავლო
თემის აგების 6 ნაბიჯიან სტრუქტურას:

გაანალიზებულ რამდენიმე ქვეთავზე დაყრდნობით შეიძლება ვთქვათ, რომ კითხვის ნიშნის


ქვეშ დგება სასწავლო თემის აგების მინიმუმ ორი, პირველი და მეხუთე ნაბიჯი. ბუნდოვანია,
როგორ და რა სახით შეიძლება მოხდეს მოსწავლეებში მკვიდრი წარმოდგენების დადგენა,
როდესაც სახელმძღვანელოს ავტორების მიერ შემოთავაზებული ძირითადი ტექსტი შეიცავს
რიგ წინააღმდეგობრივ მოსაზრებებს, ისევე როგორც გაურკვეველ ტერმინოლოგიას. ამასთან,
ავტორების მიერ ტენდენციურად შეფასებული ისტორიული მოვლენები ქმნის საფრთხეს,
რომ მოსწავლეების შეხედულებები და წარმოდგენები კონკრეტული ისტორიული
მოვლენებისა და პიროვნებების მიმართ ვერტიკალურად ყალიბდება (ავტორი, ისტორიკოსი,
როგორც ავტორიტეტი, მოსწავლეები, როგორც ინდოქტრინაციის ობიექტები). ბუნებრივია,
განათლება და მათ შორის ისტორიის დისციპლინა თავისთავად შეიცავს თვისებრივ
ვერტიკალურობას, თუმცა აუცილებელია, ისტორიის სახელმძღვანელომ მოსწავლეებს
შესთავაზოს ალტერნატიული წყაროები, რაც მათში განავითარებს კრიტიკულ აზროვნებას
და შექმნის თავისუფალ სადისკუსიო სივრცეს საკლასო ოთახში.

რაც შეეხება მეხუთე ნაბიჯს. ამ შემთხვევაშიც პრობლემა ნათელი და ხელშესახებია.


სახელმძღვანელო შეიცავს მწირ ისტორიულ ფაქტებს, რომლებიც უმეტესწილად ავტორების
პოზიციებს ემყარება და არ არის შეთავაზებული დამატებითი რესურსები, რაც

20
მასწავლებელს საშუალებას მისცემს შეძლებისდაგვარად მიუახლოვდეს ისტორიის
სტანდარტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

საქართველო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში

1. საბჭოთა რუსეთის მიერ დემოკრატიული საქართელოს დაპყრობა

სახელმძღვანელოს მეათე თავიდან იწყება საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მყოფი


საქართველოს ისტორია. ტექსტის ერთი გადაკითხვაც კი საკმარისია, რომ ამ ქვეთავებში
შეგნებულად თუ მექანიკურად მოხვედრილი ფაქტობრივი შეცდომები აღმოვაჩინოთ.
ნიშანდობლივია, რომ ზოგიერთი ასეთი შეცდომა არა იმდენად შეცდომაა, რამდენადაც
პოსტ-საბჭოთა ლიტერატურიდან პირდაპირ გადმოტანილი ფორმულები. მაგალითად,
სახელმძღვანელოში აღნიშნულია:

„22 თებერვალს რუსული ტაძრის (“სობორის”) ეზოში, სადაც ახლა მთავრობის სასახლე დგას,
მიწას მიაბარეს სამშობლოსთვის თავდადებული გმირები.“

ეს წინადადება ფაქტობრივად გამართული იქნებოდა, მაგალითად 1990 წელს, როდესაც


„სობოროს“ ადგილზე ნამდვილად იდგა მთავრობის სასახლე, თუმცა დამოუკიდებლობის
აღდგენიდან დღემდე ამ შენობას ძირითადად საპარლამენტო სასახლის დანიშნულება აქვს.

ნიშანდობლივია, რომ ისტორიული და სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებით


მნიშვნელოვანი ეს ქვეთავი მხოლოდ და მხოლოდ ორ დამატებით წყაროს შეიცავს (იხ.
ფოტო).

21
ამასთან, ქვეთავის ბოლოს მოსწავლეებისთვის შეთავაზებულია დავალება - „საქართველოს
გასაბჭოება“.

როგორც დამატებითი წყაროები, ასევე შესასრულებელი დავალება საკუთარ თავში შეიცავს


წინააღმდეგობას ისტორიის საბაზო საფხურის სტანდარტთან მიმართებით.

პირველ რიგში, მოყვანილი წყაროები მწირი და არარელევანტურია. მოსწავლის დავალებაში


გამოყენებული ტერმინი „გასაბჭოება“ კი საბჭოთა კავშირში, დადებით კონტექსტში
აქტიურად გამოყენებადი სიტყვაა, რომლის თანამედროვე ალტერნატივადაც „საბჭოთა
ოკუპაცია“, ან „საქართველოს ოკუპაცია“ უნდა იყოს გამოყენებული.

არზს მოკლებულია ამ ქვეთავის ისტორიის სტანდარტთან თავსებადობის დადგენა, ვინაიდან


ფაქტობრივი თვალსაზრისითაც კი უამრავ ხარვეზს შეიცავს.

2. საბჭოთა რეჟიმის დამყარება, ქართველი ხალხის ბრძოლა რუსეთის წინაამღმდეგ 1921-


1930 წლებში

სახელმძღვანელოში წარმოდგენილი აღნიშული ორი ქვეთავი წინა თავების მსგავსად მწირ


ინფორმაციას გვაწვდის როგორც განხილული ეპოქის, პიროვნებებისა და ისტორიული
კონტექსტის შესახებ. სახელმძღვანელოს ავტორები არ გვთავაზობენ სხვასხვა ხასიათის
ისტორიულ წყაროებს და პროცესებისა და ფაქტების მშრალი აღწერით შემოიფარგლებიან.

22
ამასთან, წიგნი გვთავაზობს ისტორიული პროცესების ისეთ გაგებას, რომელშიც არ ჩანს
ქართველი ბოლშევიკების პოზიციები. ნარატივი იმგვარად არის კონსტრუირებული,
თითქოს ბოლშევიკები საიდანღაც მოსული „უცხო ტომები“ იყვნენ და მათ ქართულ
საზოგადოებასთან კავშირი და გადაკვეთა არ ჰქონდათ, რამაც ანტისაბჭოთა, ეროვნულ-
განმანთავისუფლებებლი ძალების გაძლიერება და ქვეყნის მასშტაბით აჯანყებები გამოიწვია.
მსგავსი მიდგომა ამარტივებს ისტორიულ სურათს და ეპოქის შესახებ ისეთ პერსპექტივას
სთავაზობს მოსწავლეებს, სადაც ტოტალიტარული რეჟიმის მთლიანი ბრალეულობა და
პასუხისმგებლობა ცენტრსა (მოსკოვი) და ადგილობრივად - რამდენიმე წამყვან
ბოლშევიკზეა გადანაწილებული.

3. საქართველო და მეორე მსოფლიო ომი, საქართველო სსრკ-ში მეორე მსოფლიო ომის


შემდეგ

წარმოდგენილ ქვეთავებში წინა თავების მსგავსი ხარვეზებია თავმოყრილი. მწირია


ფაქტობრივი მასალა, ამასთან, ფაქტები იმგვარად არის გადმოცემული, რომ ხშირად
ბუნდოვანია მათ შორის არსებული მიზეზ-შედეგობრივი კავშირები. ავტორები კვლავ არ
გვთვაზობენ საჭირო ოდენობის დამატებით წყაროებს, რაც სასწავლო პროცესის
განმავლობაში ისტორიული პერიოდის ადეკვატურ რეკონსტრუქციისა და გააზრების
საშუალებებს მისცემს მოსწავლეებს.

მნიშვნელოვანია, რომ ქვეთავის ბოლოს წარმოდგენილი დავალება დაკავშირებულია


ქართული ლიტერატურის იმ ნაწარმოებებთან, რომლებშიც მეორე მსოფლიო ომია ნახსენები.
ამდენად, ძალაუნებურად, წყაროების სიმწირის გამო „მაშველ რგოლად“ ლიტერატურული
ნაწარმოებები შემოდის, თუმცა - პროგრამისა და მულტიდისციპლინური მიდგომის კუთხით
სწავლების პროცესში ამ საკითხს ყურადღება არ ეთმობა.

ომის შემდგომი პერიოდი სახელმძღვანელოში დაყოფილია რამდენიმე ქვეთემად


(საქართველო ხრუშჩოვის მმართველობის პერიოდში, 1956 წლის 9 მარტის ტრაგედია
თბილისში, საქართველო “უძრაობის” პერიოდში, ეროვნული მოძრაობის აღმავლობა. 1978

23
წლის აპრილის ამბები თბილისში) და დართული აქვს მხოლოდ 2 დამატებითი წყარო (იხ.
ფოტო).

წყაროები შესაბამისობაში არ არის განხილულ ისტორიულ ეპოქასთან და მხოლოდ


რამდენადმე უკავშირდება ქვეთავში წარმოდგენილ ისტორიულ პერიოდს. წყაროდ
წარმოდგენილი ორი ამონარიდი ისტორიის საბჭოთა და პოსტ-საბჭოთა პერიოდის
სახელმძღვანელოებიდან, ერთი მხრივ ნარატივის ცვლილებისა და იდეოლოგიზებული და
კრიტიკული ისტორიის შეპირისიპირების ილუსტრაციას წარმოადგენს, თუმცა იმავე
ეფექტის მიღწევა რეალური - დოკუმენტური მასალების გამოყენებით უფრო დამაჯერებელი
იქნებოდა, რადგან ისტორიის სახელმძღვანელოში მხოლოდ შეფასებითი მსჯელობის
ამონარიდი, ფაქტობრივი დასაბუთების გარეშე მოსწავლისათვის დიდად სანდო ვერ იქნება
და შეიძლება პირიქით - კონსტრუქციის მსგავსება დაანახოს საბჭოურ
სახელმძღვანელოსთან, როგორც - ორი საპირისპირო პოლუსი, რომლებიც არსობრივად
ერთმანეთს უახლოვდებიან.

4. საქართველო გარდაქმნის (“პერესტროიკის”) პერიოდში

ეს არის ბოლო ქვეთავი, რომელიც აერთიანებს მიხეილ გორბაჩოვის ხელისუფლებაში


მოსვლასა და საბჭოთა კავშირის დაშლას. ამასთან, ამავე თავშია მოქცეული 1989 წლის 9

24
აპრილის მოვლენები (მისი გამომწვევი შედეგები და მისგან გამოწვეული შედეგები).
ქვეთავში მოკლედ არის მიმოხილული „პერესტროიკის“ ძირითადი მახასიათებლები და
საბჭოთა კავშირის დაშლის გამომწვევი ზოგიერთი მიზეზი. ქვეთავი არ შეიცავს დამატებით
წყაროებს.

დასკვნა

განხილული სახელმძღვანელოს 6 ქვეთავში მოქცეულია საბჭოთა პერიოდი, მისი შექმნიდან


დაშლამდე. სახელმძღვანელოში არსებული სხვადასხვა ტიპის ხარვეზის გათვალისწინებით
(მათ შორის მრავლად არის ფაქტობრივი უზუსტობები, შეუსაბამო ლექსიკა, დამატებითი
წყაროების არარსებობა), წარმოუდგენელია მოსწავლემ სრულად გასცეს პასუხი სტანდარტით
დადგენილ საკვანო კითხვებს და დააკმაყოფილოს სტანდარტით გათვალისწინებული
სხვადასხვა მოთხოვნები.

25
გრიფირებული სახელმძღვანელოების ავტორთა პრფესიული ფონის ანალიზი.

ისტორია, მე-9 კლასი, „კლიო“

ოთარ ჯანელიძე - ახალი და უახლესი ისტორიის მკვლევარი. შეისწავლის ობიექტი:


პოლიტიკური პარტიები, ემიგრაცია, საგარეო და საშინაო პოლიტიკა. გორის უნივერსიტეტის
ლექტორი.

აპოლონ თაბუაშვილი - ძირითადად შეისწავლის ერეკლე მეორის დროინდელ საქართველოს


(XVIII საუკუნე) ეკონომიკას, კონკრეტულად ეკონომიკური კუთხით. რეფორმებს,
პოლიტიკურ პროცესებს, საქართველოს სოციალურ ისტორიას. თსუ ლექტორი.

ლერი თავაძე - შეისწავლის საქართველოს ისტორიას და ბიზანტიის ისტორიას შუა


საუკუნეებში. თსუ ლექტორი.

ნანა ირემაშვილი - სკოლის პედაგოგი.

ისტორია, მე-9 კლასი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ნოდარ ასათიანი - იკვლევდა ფეოდალური საქართველოს სოციალური, ეკონომიკური და


პოლიტიკური ისტორიის საკითხებს, საქართველოს საგარეო–პოლიტიკურ ურთიერთობებს,
მონაწილეობდა საქართველოს ისტორიის საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოს
მომზადებაში.

მარიკა ლორთქიფანიძე - ისტორიკოსი. შეისწავლიდა ადრეფეოდალური და ფეოდალური


ხანის საქართველოს ისტორიას.

ფარნაოზ ლომაშვილი - მუშაობდა მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის თბილისის


ფილიალში. იკვლევდა კომპარტიის ისტორიას; იყო რამდენიმე პროპაგანდისტული
დანიშნულების „ისტორიული ნაშრომის“ ავტორი. იყო ისტორიის კათედრის და
მიმართულების ხელმძღვანელი სხვადასხვა სასწავლებელში. 1990-იან წლებში
მონაწილეობდა ისტორიის სახელმძღვანელოების ახალი რედაქციების გამოცემაში.

როინ მეტრეველი - ისტორიკოსი. საქართველოს სსრ კომპარტიის კომკავშირის ყოფილი


მდივანი, კომპარტიის ცეკას წევრი. თსუ რექტორი 1991-2004 წლებში. კვლევის ობიექტი შუა
საუკუნეების საქართველო, კონკრეტულად თამარ მეფისა და დავით მეოთხის მოღვაწეობის
პერიოდი, რეფორმები, პოლიტიკური პროცესები.

გიორგი ოთხმეზური - ისტორიკოსი. ძირითადი სფერო - წყაროთმცოდნეობა, ქართული


ეპიგრაფიკა და პალეოგრაფია. თსუ პროფესორი. ძირითადად მუშაობდა და შეისწავლიდა
პალეოგრაფიულ ძეგლებს.

26
ისტორია, მე-12 კლასი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ნინო კიღურაძე - კვლევის სფერო - ისტორიოგრაფია. ძირითადად ცნობილია უფრო მეტად


ისტორიის სახელმძღვანელოების ავტორობით. თსუ-დან გაათავისუფლეს, რადგან მისი
დისერტაცია შეფასდა პლაგიატად.

რევაზ გაჩეჩილაძე - აღმოსავლეთმცოდნე, კვლევის სფერო - ეკონომიკა, პოლიტიკა,


გეოგრაფია, საზოგადოებრივი ცხოვრების სოციალურ და ისტორიულ კონტექსტები. მისი
ნაშრომები შეეხება ევროპის და ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოების შესწავლას.

გიორგი სანიკიძე - აღმოსავლეთმცოდნე. მისი ნაშრომები შეეხება ახლო აღმოსავლეთს და


საქართველოში მუსლიმების თანადროულ ყოფას. იკვლევს ისლამს.

ისტორია, მე-12 კლასი, გამომცემლობა „დიოგენე“

გვანცა აბდალაძე - ისტორიკოსი. შეისწავლის შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიას.


სადისერტაციო ნაშრომი შეეხებოდა ლაშა-გიორგის მეფობის ხანას.

ბონდო კუპატაძე - ისტორიკოსი. კვლევის სფერო: საქართველოს ახალი და უახლესი


ისტორია, საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი მმართველობის ისტორია,
სამართლის ისტორია. თსუ ლექტორი. ახალი და უახლესი ისტორიიდან ძირითადად
შეისწავლის მე-19 საუკუნეს.

ნატა ახმეტელი - ისტორიის სახელმძღვანელოების, სკოლის მოსწავლეების,


აბიტურიენტებისთვის დამხმარე რესურსების ავტორი (ტესტების კრებული დ აშ.).

ნიკოლოზ მურღულია - არქეოლოგი. დაცული აქვს დისერტაცია თემაზე „ეგრისის სამეფოს


თავდაცვითი სისტემა IV-VI საუკუნეებში (არქეოლოგიური მასალებისა და წერილობითი
წყაროების მიხედვით).

წარმოდგენილი მონაცემები მკაფიოდ მიუთითებს სასკოლო სახელმძღვანელოებში საბჭოთა


პერიოდის ასახვის პრობლემების ერთ-ერთ მთავარ მიზეზს: ავტორთაგან ფაქტობრივად
არავინ არაა პროფესიულად დაკავშირებული უშუალოდ ამ პერიოდის კვლევასთან. 4
სახელმძღვანელოს 16 ავტორიდან, მხოლოდ 2 ავტორს (ჯანელიძე, კუპატაძე. რაც შეეხება -
ლომაშვილს, პარტისტორიის სპეციალისტი ძნელად შეგვიძლია თანამედროვე
ისტორიისათვის რელევანტურ ავტორად მივიჩნიოთ) აქვს შეხება საბჭოთა პერიოდის
კვლევასთან და ასევე, სწორედ ეს ორი ავტორი სპეციალიზდება XIX და XX საუკუნის
დასაწყისის საქართველოს ისტორიის გარკვეულ ელემენტებზე. შესაბამისად,
სახელმძღვანელოებში საბჭოური ტოტალიტარიზმის და ამ მოცემულობაში საქართველოს
განზომილების სიღრმისეულ ანალიზზე დაფუძნებული ცოდნის დეფიციტის პირობებში,

27
ვერანარიად ვერ მოხერხდებოდა მისი ადაპტაცია სასკოლო სახელმძღვანელოს მოთხოვნების
შესაბამისად.

28
გრიფირებული სახელმძღვანელოებში საბჭოთა პერიოდის ასახვის ანალიზი.

გრიფირებული სახელმძღვანელოები უმთავრესად იცავენ და ითვალისწინებენ საბაზისო


საფეხურის სტანდარტით და საშუალო საფეხურის პროგრამით გაწერილ თემატურ ჩარჩოს,
მცირედი ცვლილებებითა და ტერმინოლოგიური მოდიფიკაციებით. ამავდროულად,
სტანდარტისა და პროგრამის განხილვისას მითითებული ქრონოლოგიური აღრევები და
თემების პრობლემური ფორმულირებები გავლენას ახდენენ სახელმძღვანელობში
წარმოდგენილი ნარატივებზე.

მე-9 კლასი

შავი შრიფტით - ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

წითელი შრიფტით - გამომცემლობა „კლიო“

საბჭოთა რუსეთის მიერ დემოკრატიული საქართველოს დაპყრობა

საბჭოთა რეჟიმის დამყარება / საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის


ჩამოყალიბება

ქართველი ხალხის ბრძოლა საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ 1921-1930 წლებში / ბრძოლა


საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ საბჭოთა ხელისუფლების პირველ წლებში

საბჭოთა რეჟიმი საქართველოში XX საუკუნის 20-30-იან წლებში

პოლიტიკური რეპრესიები XX საუკუნის 20-30-იან წლებში

საქართველო მეორე მსოფლიო ომში / მეორე მსოფლიო ომი და საქართველო

საქართველო სსრკ-ში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ

საქართველოს მოსახლეობის საპროტესტო გამოსვლები 1956 და 1978 წლებში

ეროვნული მოძრაობის აღმავლობა

ქართული კულტურა საბჭოთა პერიოდში / ქართული კულტურა XX საუკუნის მეორე


ნახევარში

საქართველო გარდაქმნის („პერესტროიკის“) პერიოდში

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება და საომარი კონფლიქტები / საქართველოს


დამოუკიდებლობის გამოცხადება. 1991-1992 წლების სახელმწიფო გადატრიალება

29
მე-12 კლასი

შავი შრიფტით - ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

წითელი შრიფტით - გამომცემლობა „დიოგენე“

საქართველოს ანექსია ბოლშევიკური რუსეთის მიერ

საბჭოთა კავშირის შექმნა

საბჭოთა ტოტალიტარიზმი - სტალინიზმი / საბჭოთა ტოტალიტარული სისტემა

მეორე მსოფლიო ომის დასაწყისი - საბჭოთა კავშირი მეორე მსოფლიო ომში, ქართველები
მეორე მსოფლიო ომში

საქართველო XX საუკუნის 20-იან წლებში / ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის მოძრაობა


საქართველოში

პოლიტიკური რეპრესიების ხანა საქართველოში

საქართველოს პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური განვითარება საბჭოთა პერიოდში

საქართველოს საზოგადოება და კულტურა XX საუკუნის პირველ ნახევარში

ეროვნული კულტურა და ეროვნული მოძრაობა XX საუკუნის 50-იან-80-იან წლებში /


ბრძოლა საქართველოს თავისუფლებისთვის

პერესტროიკა. საბჭოთა კავშირის დაშლა / პერესტროიკა და ცივი ომის დასასრული

სოციალისტური ბანაკის დაშლა

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება და სამოქალაქო ომი / საბჭოთა კავშირის


დაშლა და საქართველოს დამოუკიდებლობა

საბჭოთა პერიოდის მოცულობითი მაჩვენებელი გრიფირებულ სახელმძღვანელოებში:

„ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ (9) - 37 გვ. 422-დან, 8,76 %

„კლიო“ (9) - 25 გვ. 378-დან, 6,61 %

„დიოგენე“ (12) - 37 გვ. 370-დან, 10 %

„ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ (12) - 53 გვ. 310-დან, 17,09 %

30
თემატური სქემისა და მოცულობის შეფარდების სტატისტიკით იმთავითვე ნათელია, რომ
ასეთ ჩარჩოში და ამ მასშტაბში, საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის ისტორიის არათუ
სრულფასოვანი სწავლება, ძირითადი აქცენტების გამოკვეთაც კი წარმოუდგენლად რთული
ამოცანაა. ამავე დროს, წინა თავში კონკრეტულ მაგალითებზე განხილული პრობლემაც
თვალში საცემია - ნარატივის შეზღუდულობას ვერ აკომპენსირებს მარვალფეროვანი
წყაროების არსებობა, ვერც სახელმძღვანელოში და რა თქმა უნდა, არც სახელმძღვანელოს
გარეთ; XXI საუკუნის სკოლის სახელმძღვანელოზე საუბრის მიუხედავად, ჩვენს რეალობაში
სახელმძღვანელოების ავტორებს და გამომცემლებს ვერ წარმოუდგენიათ, წიგნი როგორ
შეიძლება უკავშირდებოდეს შეუზღუდავ ელექტრონულ რესურსებს და წყაროებს.
პრობლემათა ამ რიგს ემატება ზემოთ განხილული, ავტორთა კომპეტენციის საკითხი -
მათგან საბჭოთა ტოტალიტარიზმის საკითხებზე (მეტიც - უახლეს ისტორიაზე)
ფაქტობრივად არავინ მუშაობს და სახელმძღვანელოში მოყვანილი ნარატივი (ყველა
გრიფირებული წიგნის მაგალითზე), ღიად ხელმისწვდომი, ზედაპირული, ფრაგმენტული
და ნაკლებად სანდო „ცოდნების“ მექანიკურ ნაზავს წარმოადგენს და ზოგჯერ პირდაპირ
საბჭოური ლიტერატურიდან გაუაზრებლად ნამემკვიდრევი კლიშეებიც გამოერევა ხოლმე.

ამ ტრაგიკული მოცემულობის საილუსტრაციოდ გთავაზობთ ხსენებული 4 გრიფირებული


სახელმძღვანელოს მიმოხილვას, ამათგან - ერთი მათგანის დეტალურ ანალიზს, სადაც
ყურადღებას უშუალოდ საბჭოთა პერიოდზე და ძირითადად საქართველოს კონტექსტზე
შევაჩერებთ, თუმცა ამ ნაწილში არსებული მდგომარეობა სახელმძღვანელოების საერთო
დონესაც წარმოაჩენს.

მე-9 კლასი „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“

თავი X - საქართველო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში.

75. საბჭოთა რუსეთის მიერ დემოკრატიული საქართველოს დაპყრობა.

„სოციალისტური საბჭოთა რუსეთი ფაქტობრივად ფეოდალურ-ბატონყმური რუსეთის


ტრადიციულ კოლონიზატორულ პოლიტიკას განაგრძობდა. სოციალიზმისა და
ინტერნაციონალიზმის დროშით ის, უპირველეს ყოვლისა „ერთიანი და განუყოფელი“
რუსეთის იმპერიის შენარჩუნებას ცდილობდა“.

წარმოდგენილი მსჯელობა ერთი მხრივ არასამეცნიერო ზედაპირულობის ნიმუშია, რადგან


წარმოუდგენელია საბჭოთა სახელმწიფო, მისი სისტემა და კოლონიზატორული პოლიტიკა
„ფეოდალურ-ბატონყმურ რუსეთის ტრადიციულ კოლონიზატორულ“ პოლიტიკას
დაუკავშირო. ეს გამხსნელი ფრაზა მიზნად ისახავს კატეგორიულ ფერებში წარმოადგინოს
განწყობა საბჭოთა სახელმწიფოს მიმართ, მიუხედავად იმისა, რამდენად დასაბუთებული და
სერიოზული არგუმენტაციით აღწევს ამას. ნიშანდობლივია, რომ მთელ სახელმძღვანელოში
საბჭოთა პერიოდის ნაწილში ხშირად საუბარია - „რუსეთის იმპერიაზე“ რაც, მიუხედავად
სსრკ-ში იმპერიალიზმის ელემენტის რეალურობისა, მაინც ხელოვნურ აქცენტირებად

31
შეგვიძლია ჩავთვალოთ, მითუმეტეს, რომ ხსენებული იმპერიალიზმის მკაფიოდ
დასაბუთებას და ასახვას სახელმძღვანელო ვერ ახერხებს.

„1920 წლიდან ლენინის მთავრობამ ამიერკავკასიის დაპყრობის საქმეს სათავე(sic) ჩაუყენა


სერგო ორჯონიკიძე ... მთავრობის შემადგენლობიდან კი მას ეროვნების(sic) საქმეთა სახალხო
კომისარი - იოსებ ჯუღაშვილი (სტალინი) კურატორობდა. ასე რომ, საქართველოს ხელახალი
დაპყრობა და ანექსია ქართველებისავე ხელმძღვანელობით ხორციელდებოდა.“

აღნიშნული მონაკვეთი იმეორებს პოსტ-საბჭოთა ტრენდს, რომელიც აქცენტირებდა


ქართველი ბოლშევიკების როლს ოკუპაციაში, მათ და ადგილობრივ ბოლშევიკურ ძალებს
მთავარ და ძირითად ფაქტორად წარმოადგენდა საქართველოს დაპყრობაში („შიდა
გამცემები“, „მოღალატეები“ - ტრადიციული კლიშეს შესაფერისად). ამ ფორმულის
უცვლელად და ზედაპირულად გადმოტანა და აქცენტის გაკეთება - „ქართველობაზე“,
რომელიც მოსწავლემ უნდა გაიგოს ისე, რომ ხსენებული პირები მაშინ ისევე აღიქვამდნენ
საკუთარ თავს ქართველებად, როგორც ჩვენ დღეს, თანამედროვე სახელმძღვანელოების
პრობლემურობის ერთ-ერთი მკაფიო ილუსტრაციიაა.

„... 1 მაისს თბილისის ბოლშევიკ-ლენინელთა შეიარაღებული რაზმი თავს დაესხა იუნკერთა


სასწავლებელს, რომელიც ქალაქის ცენტრში, ოპერის შენობის მახლობლად მდებარეობდა...“

საქართველოს სამხედრო სკოლა (ე.წ. „იუნკერთა სასწავლებელი“) განთავსებული იყო


ამჟამინდელი აღმაშენებლის (ყოფილი მიხეილის, 1920 წლისათვის - პლეხანოვის)
პროსპექტის განაპირას, ყაზარმებში.

„... მაგრამ საქართველო ამჯერად თვით საბჭოთა მთავრობის შეცდომამ იხსნა. საქმე ისაა, რომ
სამხრეთ კავკასიის დაპყრობის პარალელურად, მან პოლონეთის დაპყრობაც გადაწყვიტა...
ევროპული დემოკრატიის ერთ-ერთი ბურჯი აშკარა საფრთხის წინაშე აღმოჩნდა... 4 მაისს
ლენინმა მიიღო ინგლისის მთავრობის მეთაურის - ლორდ კერზონის ულტიმატუმი წითელი
არმიის შეტევის დაუყოვნებლივ შეჩერების თაობაზე. იმავე დღეს რკპ(ბ) ცენტრალური
კომიტეტის პოლიტბიურომ და საბჭოთა მთავრობამ ეს კატეგორიული მოთხოვნა
დააკმაყოფილეს...“

ავტორთა ინტერპრეტაციით კავკასიის კამპანია დგება ყურადღების ცენტრში და თითქოს ის


იყო საბჭოთა რუსეთისათვის მთავარი პრიორიტეტი, როდესაც ამ დროს პოლონეთის
კამპანიაა ნომერ პირველი ამოცანა, რამდენადაც მისი დაპყრობით უშუალოდ უნდა
გაჭრილიყო კომუნისტური „არხი“ ცენტრალურ ევროპაზე - გერმანიაზე. ღიმილის
მომგვრელია ახლადაღდგენილი პოლონეთის სახელმწიფოს გამოცხადება „ევროპული
დემკრატიის ბურჯად“ და ასევე, მოყვანილი ციტატიდან ჩანს, რომ თითქოს პოლონეთის
კამპანია კერზონის ულტიმატუმმა შეაჩერა და არა წითელი არმიის კატასტროფულმა მარცხმა
ვარშავასთან - პოლონეთის არმიის „სასწაულმა ვისლაზე“. არაფერს ვიტყვით კერზონის
„ინგლისის მთავრობის მეთაურად“ გამოცხადებაზე. ლორდი კერზონი ბრიტანეთის
იმპერიის მთავრობის საგარეო მდივანი იყო ამ დროისათვის.

32
წითელი არმიის საქართველოზე ახალი შეტევის მომზადება.

„საქართველოზე წითელი არმიის ახალი შეტევის მზადება პირველი შეტევის ჩაშლის მეორე
დღესვე დაიწყო. საქართველოს კომუნისტური პარტიის შექმნა სწრაფად განხორციელდა.
შეიქმნა მისი საქალაქო და რაიონული ორგანიზაციები. დაინიშნა პარტიის ცენტრალური
კომიტეტი. დაიწყო მისი ბეჭდვითი ორგანოს - გაზეთ „კომუნისტის“ - გამოცემა. გაიშალა
აგიტაცია და პროპაგანდა საბჭოთა ხელისუფლების სასარგებლოდ.

საქართველოს „გასაბჭოების“ მომზადებაში დიდ როლს ასრულებდა საბჭოთა რუსეთის


ფართო წარმომადგენლობა სერგეი კიროვის მეთაურობით. ეს წარმომადგენლობა
საქართველოში „მეხუთე კოლონის“ მომზადების ნამდვილ შტაბად იქცა.“

მოცემული მონაკვეთი ერთი მხრივ გაუგებარია მოსწავლისთვის, რადგან გამოტოვებულია


1920 წლის 7 მაისის შეთანხმებაში საქართველოში კომპარტიის ლეგალიზაციის საკითხი.
მეორე მხრივ, ციტატაში წარმოდგენილი სურათი იმეორებს პოსტ-საბჭოთა ფორმულას,
რომელიც ოკუპაციის ერთ-ერთ მთავარ განმსაზღვრელ „შეცდომად“ სწორედ ამ
ლეგალიზაციას და კომპარტიის და „მეხუთე კოლონის“ გაძლიერებას წარმოადგენდა.
რეალურად კომპარტიის ლეგალიზებამ მისი ფაქტობრივი განადგურება მოიტანა - პარტია,
რომელიც აქამდე იატაკქვეშეთში არსებობდა (შდრ. ტექსტს) ლეგალურად გამოსვლის შემდეგ
მითუმეტეს ღია სამიზნე გახდა საქართველოს სპეცსამსახურებისათვის, რომელთაც სწრაფად
და მეთოდურად გაანადგურეს მისი ორგანიზაციები და ბოლშევიკთა უმრავლესობა
ლეგალიზაციიდან მალევე დააპატიმრეს და ციხეებში შეაბრუნეს ან საზღვარგარეთ გააძევეს.
შესაბამისად ციტატაში მოყვანილი „ფაქტები“ და მსჯელობა ძალზე აცდენილია
რეალობისაგან. ასევე გადაჭარბებითაა შეფასებული საბჭოთა საელჩოს მნიშვნელობაც,
რომელიც რა თქმა უნდა, კლასიკურად, ასრულებდა სადაზვერვო და დივერსიული
საქმიანობის მაკოორდინირებელ ფუნქციას, თუმცა ამ მოქმედებებს ქართული
სპეცსამსახურების გამართული მუშაობის გამო რეალური შედეგები არ ჰქონია.

თავის მხრივ, არსადაა განმარტებული ტრემინის - „მეხუთე კოლონა“ მნიშვნელობა და


წარმოშობა.

წითელი არმიის მიერ საქართველოს ოკუპაცია და ანექსია

პრობლემურია უშუალოდ ქვეთავის სათაური - ცალკე არმია ქვეყნის ოკუპაციას ვერ


მოახდენს, მითუმეტეს ანექსიას. უნდა იყოს - საბჭოთა რუსეთის მიერ ...

„XX საუკუნის მეორე ოცწლედის დასაწყისისათვის საერთაშორისო ვითარება არსებითად


შეიცვალა. „მსოფლიო წონასწორობის“ აღდგენისა და სტაბილიზაციის მიზნით, უპირატესად
კი საკუთარი ეროვნული ინტერესებისათვის მთავარმა კაპიტალისტურმა ქვეყნებმა რუსეთის
„საშინაო საქმეებში“ ჩარევაზე უარი თქვეს და მასთან მოლაპარაკებები დაიწყეს. ასეთ
პირობებში რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობა დიდ საერთაშორისო გართულებას,
ცხადია, არ გამოიწვევდა“.

33
მოცემული ციტატა ნიმუშია „ბოროტი დასავლეთის“ პოსტ-საბჭოური ხატის, რომელსაც
„ჩვენი პრობლემები“ არ აინტერესებს და მხოლოდ საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნავს.
მსჯელობაში აბსოლუტურად ზედაპირულად და ტენდენციურად არის წარმოდგენილი ამ
დროის მსოფლიოს საერთაშორისო მდგომარეობა, პირველი მსოფლიო ომის შედეგების
გავლენა და აშ. შეიცავს ფაქტობრივ უზუსტობებს - ამ დროსთვის მხოლოდ ბრიტანეთის
მთავრობის პოზიცია შეიცვალა საბჭოთა რუსეთის მიმართ. აშკარაა, ავტორის ქვეცნობიერი
მოცემულობა, რომელიც მსოფლიოს - „კაპიტალისტური და სოციალისტური ქვეყნების“
ჭრილში ხედავს. ამავე დროს, იგნორირებულია ფაქტობრივი მხარე, რომ 1921 წლის
დასაწყისისთვის უკვე დემოკრატიული საქართველოსთვის საიმედო პარტნიორი გამოჩნდა
საფრანგეთის სახით, თუმცა მის მიერ რეალური დახმარების აღმოჩენას დაასწრო საბჭოთა
რუსულმა აგრესიამ.

„... საქართველოს ჯარმა და მოსახლეობამ აგრესორებს გმირული წინააღმდეგობა გაუწიეს. 18


თებერვალს მარტო იაღლუჯთან საქართველოს ჯარებმა 1600 წითელარმიელი დაატყვევა...“

18 თებერვლის, ღამით ქართულმა არმიამ დედაქალაქის დაცვისას პირველი მასირებული


შეტევა მოიგერია თბილისის მისადგომებთან. ფრონტის ცხელი მონაკვეთი სოღანლუღთან
(ფონიჭალა) იყო. იაღლუჯის ქედი ამ დროისათვის მტრის ზურგში იყო და მასთან აქტიური
საბრძოლო მოქმედებები არც წინა დღეებში წარმოებდა, მხოლოდ მზვერავთა რაზმების
მცირე შეტაკებები.

„22 თებერვალს საქართველოსთან ომში თურქეთიც ჩაება. ზედემტი სისხლისღვრის თავიდან


აცილების მიზნით საქართველოს მთავრობამ თბილისი დატოვა...“

არ არის განმარტებული თურქეთის ფაქტორი - ქემალისტური თურქეთისა და ოსმალეთის


განსხვავება ამ დროისათვის; არც ქემალისტებისა და საბჭოთა რუსეთის მოკავშირეობა.
მეორე მხრივ, სრულიად გაუგებრად არის ახსნილი თბილისის დატოვების გადაწყვეტილება.
როგორ უნდა გავიგოთ - „ზედმეტი სისხლისღვრის თავიდან აცილების მიზნით“ როდესაც
საქმე ქვეყნის დამოუკიდებლობის დაცვისთვის მიმდინარე ომს ეხება. ასევე ციტატაში
მოსწავლეს შთაბეჭდილება შეექმნება, რომ თბილისის დატოვება მთავრობის
გადაწყვეტილება იყო და არა მთავარსარდლის.

„... 1921 წლის 18 მარტს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობისა და


პარლამენტის წევრები, სხვა გამოჩენილ მოღვაწეებთან ერთად, საფრანგეთისკენ
გაემგზავრნენ.“

ემიგრაციაში, ბათუმში ხელახლა დაკომპლექტებული, შემცირებული მთავრობის


შემადგენლობა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმი წავიდა. მათ თან დამფუძნებელი
კრების (და არა პარლამენტის) დეპუტატთა მცირე ნაწილი (30-მდე) გაჰყვა. ემიგრაციაში
წავიდა პოლიტიკოსთა ის მცირე ნაწილი, რომელსაც დაუყოვნებლივი ფიზიკური
განადგურების საფრთხე მოელოდა საოკუპაციო ძალებისაგან და რამდენიმე ათასამდე
მოქალაქე, რომელთაც ასევე აშინებდათ ბოლშევიკური რეჟიმისათვის ჩვეული რბევა და
ანგარიშსწორება. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი 1921 წლის განმავლობაში ისევ უკან
დაბრუნდა სტამბოლიდან.

34
76. საბჭოთა რეჟიმის დამყარება.

„...ყველაზე აბსურდული ის იყო, რომ გასაბჭოებული საქართველოს საბჭოები საერთოდ არ


არსებობდა. საბჭოების არჩევნებს ვერ ნიშნავდნენ, რადგან ქართველი ხალხი მათ ხმას არ
მისცემდა. საოკუპაციო რეჟიმის წლისთავზე საბჭოების I ყრილობის დელეგატთა არჩევნები
ღია კენჭისყრით, ე.ი. საოკუპაციო ჯარის მეთვალყურეობით ჩატარდა. შედეგიც შესაბამისი
იყო. 380 დელეგატიდან 272 კომუნისტი აღმოჩნდა.“

მოყვანილ ციტატაში ფაქტობრივი უზუსტობებისა და კონტექსტის არცოდნის გამო


მცდარადაა გაშუქებული პირველი საბჭოური „არჩევნების“ საკითხი. დებულებით,
„არჩევნებში“ მონაწილეობა ეზღუდებოდა მოქალქეთა მნიშვნელოვან ნაწილს, ვინც კერძო
კაპიტალს, ბიზნესს და აშ. ფლობდა, დემოკრატიული რესპუბლიკის ყოფილ მოსამსახურეთა
ნაწილს და აშ. ამავე დროს, თემის დონეზე „საარჩევნო კომისიას“ უნდა გადაეწყვიტა რა
წესით ჩატარდებოდა კენჭისყრა, ბარათებით თუ ხელის აწევით. არმიას არჩევნების
პროცესზე დაკვირვება არ შეეძლო, თუმცა საბჭოთა რუსული საოკუპაციო არმიის საკითხი
სხვაგვარად დადგა; საქართველოს პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებიც უკვე
წინააღმდეგობის ფრონტს მეთაურობდნენ მოქალაქეებს საბჭოური „არჩევნების“
ბოიკოტისაკენ მოუწოდა, რაც დიდწილად შესრულდა კიდევაც. ამის გათვალისწინებით,
რევკომმა „იშვილა“ რსფსრ წითელი არმია, რომლის პირად შემადგენლობასაც, როგორც
საქართველოს სსრ-ს მოქალაქეობის არმქონეთ - არჩევნებში მონაწილეობა ეკრძალებოდა და
მათ საარჩევნო უფლება მიანიჭა. შედეგად, ძირითადად წითელი არმიის ჯარისკაცების
ხმებით შეივსო სტატისტიკა და არჩევნები ჩატარებულად გამოცხადდა - საოკუპაციო არმიამ
აირჩია საოკუპაციო „ლეგიტიმური ხელისუფლება“. კომპარტიისათვის საქართველოს
მოსახლეობაში საყრდენი ბაზის არარსებობის და პოლიტიკური კონიუნქტურის ნიმუში იყო,
რომ რეჟიმი იძულებული იყო არჩევნებში „უპარტიოებიც“ და მოკავშირე
კოლოაბორაციონისტი „მემარცხენე ესერების“ და „მემარცხენე ფედერალისტების“
დეპუტატებიც გაეყვანა და ამიტომ არ იყო საბჭოების დელეგატთა უმრავლესობა ბოლშევიკი.

„...ყოველი საფეხურის საბჭოთა ორგანო უსიტყვოდ ემორჩილეობდა ზემდგომ საბჭოებს,


ხოლო რესპუბლიკური საბჭოები - საიმპერიო საბჭოებს“.

შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს საბჭოები რეალურ და ქმედით ორგანოებს


წარმოადგენდნენ, როდესაც ისინი ხელისუფლების ფორმალური გამოხატულება იყვნენ და
რეალური მმართველი ორგანო - კომპარტია იყო. საბჭოური ტოტალიტარიზმის არსის ამ
მომენტიდანვე განმარტების მაგიერ, სახელმძღვანელო ფორმალურად ეკიდება რეჟიმის
რეალური არქიტექტურის გადმოცემას.

აჭარის, აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ ავტონომიური ერთეულების შექმნა.

მოცემული ქვეთავის სულისკვეთება პირველივე ფრაზით ხდება ცხადი:

35
„საქართველოს საბჭოთა ხელისუფლების უპირველესი ამოცანა ავტონომიური ერთეულების
მოწყობა იყო“.

რთულია ამ მტკიცების სერიოზული კომენტირება. 1921 წლიდან, საბჭოთა საოკუპაციო


რეჟიმს კომპლექსური ამოცანები ედგა წინ საკუთარი ძალაუფლების დამყარებისა და
ერთპიროვნული მართვის უზრუნველსაყოფად. ამ ამოცანებში თავისი ადგილი ჰქონდა
„ნაციონალური პოლიტიკის“ გატარებას, რომლის გაგება რთულია, თუკი
სახელმძღვანელოში ცხადად არ იქნება მოცემული საქართველოს დემოკრატიული
რესპუბლიკის პოლიტიკა ეროვნული უმცირესობების მიმართ და 1918-1921 წლებში საბჭოთა
რუსეთის მიერ წარმოებული კამპანიები აფხაზეთში, „მთის ოსეთში“ და აჭარის
მიმართულებით. შესაბამისად, ქვეთავის მთელი ნარატივი აგებულია არა რეალური
მოცემულობის ანალიზზე, არამედ იმეორებს გვიან და პოსტ-საბჭოურ ფორმულას, რომ
ავტონომიების საკითხი „შენელებული მოქმედების ნაღმად“ იქნა დაგეგმილი საბჭოთა
რეჟიმის მიერ და არა ბოლშევიკებისათვის 1920-იან წლებში აქტუალური ნაციონალური
პლიტიკის შესაბამისად და ასევე დემოკრატიული რესპუბლიკის მემკვიდრეობის კონტრ-
მოდელად. ქვეთავში მოყვანილია ზედაპირული და რეალობას აცდენილი მტკიცებებიც,
მაგალითად:

„...რევკომის დეკრეტში ნათაქვამი იყო, რომ „აჭარის ავტონომიური სოციალისტური


რესპუბლიკა“ იქმნებოდა, „როგორც ნაწილი საქართველოს სოციალისტური საბჭოთა
რესპუბლიკისა“. აჭარის მოსახლეობა საკითხის ასეთ გადაწყვეტას კმაყოფილებით შეხვდა -
მისთვის მთავარი სამშობლოს წიაღში დამკვიდრება იყო“.

რა თქმა უნდა ძირეულადაა იგნორირებული ის მდგომარეობა რაც მთელი 1920-იანი წლების


განმავლობაში იყო აჭარაში - ქართული ნაციონალური იდენტობის ჩამოყალიბების პროცესი
ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული. არსებობდა საკმაოდ ძლიერი პრო-ოსმალური
განწყობები. პოლიტიკურ ჯგუფებში იყვნენ როგორც პრო-ქართული ასევე პრო-
ქემალისტური ძალები. ძალზე ქმედით ფაქტორს წარმოადგენდა - რელიგიური
მიკუთვნებულობა ისლამთან და აშ. ამასთანავე ძალზე რთულია საბჭოური ოკუპაციის
პირობებში ამ მტკიცების წარმოდგენა - „აჭარის მოსახლეობა საკითხის ასეთ გადაწყვეტას
კმაყოფილებით შეხვდა“. ქვეთავში ძალზე ზედაპირული და არასანდო მსჯელობებია
მოყვანილი აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით.

საქართველოს ძალდატანებით შეყვანა ამიერკავკასიის ფედერაციაში და საბჭოთა კავშირში.

ზედაპირულობის და ისტორიულ რეალობასთან აცდენის ნიმუშს წამროადგენს პირველივე


ფრაზა:

„როგორც უკვე ვიცით, ამიერკავკასიის ფედერაციის იდეა XIX ს-ის 70-იანი წლებიდან
მიმდინარეობას. იგი თერგდალეულების „მეორე დასმა“ ილია ჭავჭავაძის ეროვნული
ავტონომიის იდეის საწინააღმდეგოდ წამოაყენა.“

36
სახელმძღვანელოს შესაბამის თავში არაა წარმოდგენილი ინფორმაცია XIX საუკუნის მეორე
ნახევარში რა იდეები ვითარდებოდა საქართველოს საზოგადოებაში მომავლის
სახელმწიფოებრივი მოწყობის შესახებ. ციტატაში მოყვანილი მტკიცება ფედერალიზმის
„მეორე დასთან“ დაკავშირების შესახებ, ასევე დაუსაბუთებელია. სავარაუდოდ, ავტორები
„მეორე დასს“ და - სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიას ურევენ ერთმანეთში, რომელიც
1902-1903 წლებიდან იქმნება. ასევე, სრულიად უადგილოა ამ წანამძღვარების მოტანა 1922
წლის საბჭოური ამიერკავკასიის ფედერაციის თემასთან.

მთელი ქვეთავი 1920-იანი წლების პოლიტიკური რეალობის დამახინჯებულ


ინტერპრეტაციას წარმოადგენს. ავტორებს არ ესმით განსხვავება „ავტონომიზაციის“
სტალინურ მოდელსა და ფედერაციის პროექტს შორის. შესაბამისად, მცდარადაა
ინტერპრეტირებული ქართველი „ნაციონალ-უკლონისტების“ მოძრაობის არსი და მათი
პოზიციები და ცენტრის პოლიტიკსათან დაპირისპირების მთელი პერიპეტიები. გვხვდება
კონტექსტს სრულიად აცდენილი მტკიცებებიც:

„...ფედერაციაში გაერთიანება აშკარად ლახავდა ამიერკავკასიის ხალხთა ინტერესებს. ისინი


კარგავდნენ არა მარტო მოჩვენებით „დამოუკიდებლობას“, არამედ ეროვნულ
სახელმწიფოებრიობასაც, რადგან საერთაშორისო სამართლის სრულფასოვან სუბიექტებად
აღარ ჩაითვლებოდნენ“.

ავტორები ერთ წინადადებაში უშვებენ ორ არსობრივ შეუსაბამობას - „მოჩვენებითი


დამოუკიდებლობის“ პირობებში, როგორ შეგვიძლია ვისაუბროთ საერთაშორისო
სამართლის სუბიექტობაზე? ამასთანავე, ამ დროისთვის, როგორც ასეთი - „საერთაშორისო
სამართალი“ არ არსებობს, მხოლოდ მისი პირველი კონტურების გამოკვეთა იწყება და თავად
საბჭოეთი, მისი ფაქტობრივი თუ „იურიდიული“ მოცემულობით არაფრით არ არის რაიმე
„სამართლის სუბიექტი“.

ამავე ქვეთავში ნახსენებია „ნაციონალ-უკლონისტთა“ დაპირისპირება „კავბიუროსთან“,


რომელიც პირველად გვხვდება სახელმძღვანელოში და არაა განმარტებული მისი
მნიშვნელობა, რაც ასევე აბუნდოვნებს საკითხის აღქმას - რეალური მმართველობის და
ძალაუფლების რა სქემას ეყრდნობოდა საბჭოთა რეჟიმი ამიერკავკასიაში.

77. ქართველი ხალხის ბრძოლა საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ 1921-30 წლებში.

თემის მიმოხილვაში აქცენტი კეთდება „პარტიზანულ მოძრაობაზე“ და არა რეალურ


წინააღმდეგობის ორგანიზებულ იატაკქვეშა ქსელზე, რომელსაც საქართველოს
პოლიტიკური პარტიები და ამთი გაერთიანებული ორგანო - „დამოუკიდებლობის
კომიტეტი“ ხელმძღვანელობდა 1922 წლის აპრილიდან. ტექსტში შეცდომითაა მოყვანილი
მისი დასახელება - „ინტერპარტიული დამოუკიდებლობის კომიტეტი“, რეალურად -
ინტერპარტიული კომიტეტი საზღვარგარეთ, პარტიათა წარმომადგენლობებს შორის
შექმნილ საკოორდინაციო ორგანოს ერქვა. ასევე შეცდომითაა დაკავშირებული ერთმანეთთან

37
დამოუკიდებლობის კომიტეტი და „სამხედრო ცენტრი“, რომელიც რეალურად მისგან
დამოუკიდებელ, პარალელურ ორგანიზაციას წარმოადგენდა.

1924 წლის აჯანყება

„საზოგადოების ყველა ფენა და კლასი უკმაყოფილო იყო რუსეთის მიერ საქართველოს


ხელახალი ოკუპაციითა და ანექსიით. თავადაზნაურობას 70 ათას ჰექტარი მიწა ჩამოართვეს.
ბურჟუაზია გაანადგურეს. გლეხობას არნახული გადასახადები დააკისრეს. მუშათა კლასის
ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა. სამღვდელოება ლიკვიდაციის წინაშე დადგა.“

მოცემულ ციტატაში უადგილოდაა მოთავსებული მიწის საკითხი და იგი თავად-


აზნაურობასთანაა დაკავშირებული, საბჭოური სტერეოტიპული ტრადიციით. რეალურად
მიწის რეფორმა დამოუკიდებელი საქართველოს დროს განხორციელდა და თავად-
აზნაურობას სწორედ მაშინ ჩამოერთვა გლეხთა სასარგებლოდ მიწის ძირითადი რესურსი.
1921 წლის შემდეგ მიწის კერძო მფლობელობა საოკუპაციო რეჟიმმა საერთოდ აკრძალა, ასე
რომ იგი თანაბრად ეხებოდა ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ფენებს.

ქვეთავში, გენუის მემორანდუმზე თხრობისას ფაქტობრივი დამახინჯებით არის


წარმოდგენილი კათოლიკოს-პატრიარქის - ამბროსის ისტორია. ტექსტში აღნიშნულია:

„...სასამართლო იძულებული გახდა პატრიოტი პატრიარქი გაეთავისუფლებინა. მისი


ქადაგებანი სიონისა და ქაშვეთის ეკლესიებში ანტისაბჭოურ დემონსტრაციებად გადაიქცა...“.

ამბროსი 1922 წელს დააპატიმრეს, მემორანდუმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების


შემდეგ. 1924 წელს იგი და მაღალი რანგის სამღვდელო იერარქთა ჯგუფი, რეჟიმმა ერთად
გაასამართლა - 1921 წელს საეკლესიო საგანძურის გადამალვის და ანტისაბჭოთა სამქიანობის
ბრალდებით. კათოლიკოს-პატრიარქი საპატიმროში 1927 წლამდე იმყოფებოდა. ამნისტიით
გათავისუფლების შემდეგ, მძიმედ დაავადებული, იგი მალევე გარდაიცვალა.

„საქართველოს ემიგრანტული მთავრობის მიმართვები ევროპისა და ამერიკის


მთავრობებისადმი არავითარ პრაქტიკულ შედეგს არ იძლეოდა. არც ერთა ლიგა და არც
ცალკეული სახელმწიფოები საქართველოს გულისთვის რუსეთთან ურთიერთობის
გაფუჭებას არ აპირებდნენ. საჭირო იყო ქართველი ხალხის საყოველთაო გამოსვლა,
რომელიც სხვა ქვეყნების ყურადღებას მიიპყრობდა...“

მოყვანილ აბზაცში მეორდება 1921 წლის ნაწილში განხილული „ბოროტი დასავლეთის“


სტერეოტიპი. ამავე დროს ავტორები ფაქტობრივად უცვლელად იმეორებენ საბჭოთა
ნარატივს, რომ 1924 წლის აჯანყება დასავლეთის ყურადღების მისაქცევად მოწყობილი
„ავანტიურა“ იყო და ამისთვის „გაწირეს“ ათასობით ადამიანი და არა რეალურად, საერთო
მასობრივი შეიარაღებული აჯანყება საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმისაგან საქართველოს
გასათავისუფლებლად.

„განსაკუთრებით აქტიური მუშაობა საქართველოში გაიშალა. როგორც უკვე ვნახეთ, აქ


შეიქმნა „დამოუკიდებლობის კომიტეტი“ („დამკომი“), რომელსაც „პარიტეტული

38
კომიტეტიც“ ეწოდებოდა, რადგან მის შემადგენლობაში თანაბარი რაოდენობით შედიოდნენ
ძირითადი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები...“

სახელს - „პარიტეტული კომიტეტი“ ძირითადად საბჭოური ისტორიოგრაფია და


პორპაგანდა იყენებდა კომიტეტის სახელიდან „დამოუკიდებლობის“ მისაჩუმათებლად. ამავე
დროს, ავტორებს არ ესმით პარიტეტის მნიშვნელობა; იგი არა თანაბრობას, არამედ
გარკვეულ პროპორციას გულისხმობს. დამოუკიდებლობის კომიტეტში პარტიები მათი
გავლენის შესაფერისი წევრების რაოდენობით იყვნენ წარმოდგენილი. საქართველოს
სოციალ-დემოკრატიულ პარტიას მეტი წევრი ჰყავდა, მაგრამ პარიტეტის შეთანხმებული
ფორმულით სხვა პარტიების წარმომადგენლობები იმ რიცხვით იყო განსაზღვრული, რომ
ს/დ პარტიას კენჭისყრისას მარტოს ვერ მიეღო გადაწყვეტილება, თუკი მას რომელიმე ერთი
პარტია არ მიემხრობოდა.

უშუალოდ აჯანყების შესახებ წარმოდგენილ თხრობას აღარ ჩავუღრმავდებით, იმდენად


ზედაპირული და ფრაგმენტულია.

ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა 1925-1930 წლებში.

„... ამ პერიოდის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ძირითად


თავისებურება ის იყო, რომ იგი ძირითადად ანტისაბჭოთა პარტიებში გაერთიანებული
ინტელიგენციის ფრთხილი საქმიანობით გამოიხატა და მასობრივ შეიარაღებულ აჯანყებაში
არ გადაიზარდა.“

შეფასება და მსჯელობა სრულიად აცდენილია 1920-იანი წლების მეორე ნახევრის


რეალობისაგან. ამ დროის იატაკქვეშა მოძრაობა ისევ აქტიურია; გრძელდება მობილიზება -
რეჟიმიც აძლიერებს პოლიტიკურ რეპრესიებს. არის კრიტიკული განმუხტვები 1927 წელს.
სრულიად უადგილოა „ინტელიგენციის“ ხაზგასმა, როდესაც ჩვენ საქმე გვაქვს
იატაკქვეშეთში მომუშავე მასობრივ დემოკრატიულ პარტიებთან, სადაც ყველაზე აქტიური
და მოქმედი ელემენტები მუშები და გლეხები იყვნენ.

„აჯანყების დამარცხებამ სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში მწვავე უთანხმოება გამოიწვია.


პარტიის წევრთა ნაწილი შეიარაღებული ბრძოლის გაგრძელებას, მეორე კი მის შეწყვეტას
მოითხოვდა. უმრავლესობა მხარს უჭერდა „ცენტრისტულ“ ტაქტიკას, რომელიც
მშვიდობიანი და შეიარაღებული ბრძოლის შეხამებას გულისხმობდა...“

ანალოგიურად, მსჯელობა არანაირად არ ასახავს 1924 წლის აჯანყების შემდეგ ს/დ პარტიაში
არსებული დისკუსიის რეალურ არსს, არ აჩვენებს პოზიციათა მრავალფეროვენებას და
მოყვანილი მტკიცება სრულიად გამოგონილია, ისევე როგორც ტერმინი „ ცენტრისტული
ტაქტიკა“, რომელიც ამ პერიოდის პოლიტიკური აზრის ისტორიაში, კონკრეტულ
პროცესებში და მათ ამასახველ წყაროებში არსად ფიგურირებს.

39
„მალე ემიგრაციის „ერთიანი ფრონტიც“ დაიშალა და სამ ძირითად მიმდინარეობად გაიყო.
ზოგიერთი მათგანი კი პარტიულ მოღვაწეობას მთლიანად ჩამოსცილდა.“

პირველ რიგში, არსადაა განმარტებული რა იყო - „საერთო ფრონტი“. ამასთანავე, „ფრონტი“


არ დაშლილა, იგი არსებობას განაგრძობდა 1930-იანი წლების პირველ ნახევრამდე.
გაურკვეველია, რა სამ მიმდინარეობაზეა საუბარი ან საიდან მოიტანეს ავტორებმა ეს
მტკიცება, რომელსაც რეალობასთან არაფერი აკავშირებს.

„ამ ვითარებით კარგად ისარგებლა საბჭოთა ხელისუფლებამ, რომელმაც თავისი აგენტურის


დამხარებით ემიგრაციაში მოაწყო მოძრაობა „სამშობლოში დაბრუნებისათვის“. მოძრობას
სათავეში ჩაუდგა გრიგოლ ვეშაპელი, რომელმაც დაიწყო გაზეთ „ახალი საქართველოს“
გამოცემა. პარიზსა და ევროპის ქალაქებში შეიქმნა ქართველ ემიგრანტთა „კოლონიები“,
რომლებიც თანდათანობით საქართველოში ბრუნდებოდნენ.

ამ მონაკვეთში აღრეულია მოვლენათა მიმდევრობა; ჯერ დაიწყო გაზეთის გამოცემა და


შემდეგ ემიგრანტთა დარწმუნება დასაბრუნებლად. არავითარი მოძრობა სახელად
„სამშობლოში დაბრუნებისათვის“ არ არსებობდა. პროცესი შემდეგ იყო - გადაბირებული
ემიგრანტებისაგან აარსებდნენ „საბჭოთა მოქალაქეების კოლონიებს“ (შდრ. ტექსტს),
რომლებიც გმობდნენ ემიგრანტულ მთავრობას და საბჭოთა დიპლომატიურ
წარმომადგენლობას დაბრუნების ნებას სთხოვდნენ. კამპანია 1925-1926 წლების
განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა მან დასახულ მიზანს ვერ მიაღწია - „საბჭოთა
მოქალაქეების კოლონიები“ მცირერიცხოვანი და არასაიმედო იყო; მასში ემიგრანტების
ნაწილი მხოლოდ ფინანსური გამორჩენის ინტერესით შედიოდნენ. დაბრუნების სურვილიც
მხოლოდ რამდენიმე ათეულმა ადამიანმა გამოთქვა, რაც „ემიგრაციის გახრწნის“
კამპანიისთვის საკმარისი არ იყო. ემირგანტიული მთავრობა და პარტიები აქტიურად
მუშაობდნენ საბჭოთა საგარეო დაზვერვის აგენტურის წინააღდმეგ და მათ მოქმედების
საშუალებას უსპობდნენ. თავად ოპერაციის საკვანძო ფიგურა - ვეშაპელი, კამპანიის
დასრულების შემდეგ საეჭვო ვითარებაში მოკლეს; ბოლო თვეებში, ისიც აპირებდა
საქართველოში დაბრუნებას, რაც საბჭოთა რეჟიმს არ აწყობდა, რადგან მისი მკვეთრი
ნაციონალისტური იდეების და გაუწონასწორებელი ქცევის გამო პრობლემური გახდებოდა.
1926 წელს იგი პარიზში მოკლა საბჭოთა სპეცსამსახურებთან დაკავშირებულმა ქართველმა
ემიგრანტმა.

„30-იანი წლების დასაწყისიდან უაღრესად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა საქართველს


ემიგრანტული მთავრობაც. საბჭოთა კავშირთან ეკონომიკური ურთიერთობის გაფართოების
კვალობაზე, ევროპისა და ამერიკის სახელმწიფოტა ინტერესი მისდამი თანდათან
კლებულობდა. საფრანგეთ-საბჭოთ კავშირის თავდაუსხმელობის პაქტის დადების შემდეგ კი
(1935 წ.) იგი იძულებული გახდა არსებობა შეეწყვიტა.“

მოცემულ აბზაცში კვლავ მეორდება უკვე მრავალგზის განხილული ანტიდასავლური


სტერეოტიპი. ამავე დროს, როგორც ზემოთ, ასევე აქ ხდება - ამერიკის მონაწილეობის
ხაზგასმა, როცა რეალურად 1919 წლის შემდეგ აშშ წარმომადგენლობა საერთაშორისო
არენაზე უმნიშვნელო ხდება იზოლაციონისტურ პოლიტიკასთან დაბრუნების გამო და

40
მთელი 1920-1930-იანი წლების მანძილზე აშშ ფაქტობრივად არ ერევა ევროპის კონტინენტზე
მიმდინარე პროცესებში. სსრკ-საფრანგეთის პაქტის ფარგლებში საქართველოს
ემოგრანტული მთავრობის გაუქმება არ მომხდარა; პაქტის პირობებით საფრანგეთი
იძლებული გახდა გაეუქმებინა საფრანგეთში საქართველოს საელჩოს ლეგალური სტატუსი.
საელჩო 1921 წლიდან 1935 წლამდე ოფიციალურად და ლეგალურად მუშაობდა
საფრანგეთში. საქართველოს ემიგრანტულ მთავრობას არსებობა არ შეუწყვეტია 1950-იან
წლებამდე.

ფაქტობრივ შეცდომათა და დამახინჯებული ინტერპრეტაციების ამ კასკადს აგვირგვინებს


შესაფერისი დასკვნა:

„ამრიგად, 30-იანი წლებიდან ქართველი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელი


მოძრაობა ადგილობრივი და ემიგრანტული ხელმძღვანელი ცენტრების გარეშე დარჩა. რაც
მთავარია, გამუდმებული რეპრესიების გამო, მან მასობრივი ხასიათი დროებით დაკარგა და
საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ ჯგუფური თუ ინდივიდუალური პროტესტის ფრომა მიიღო.“

სადაც, ფაქტობრივად არცერთი მტკიცება - რეალობას არ შეესაბამება.

78. საქართველო და მეორე მსოფლიო ომი

საქართველო ომის წინ. მასობრივი რეპრესიები

ქვეთავის დასაწყისში, მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის განხილვას და ომის დასაწყისის


აღწერას მოსდევს შემდეგ მსჯელობა:

„... ამრიგად, ეს შეთანხმება ორივე მხრიდან აგრესიულ ხასიათს ატარებდა. მართალია,


საბჭოთა კავშირმა ომისათვის უკეთ მოსამზადებლად ორი წელი მოიგო, მაგრამ, საბოლოო
ჯამში, მან მოსალოდნელი მსოფლიო კატასტროფა დააჩქარა.“

რაც სრულიად ალოგიკურ და რეალობასთან შეუსაბამო მტკიცებას წარმოადგენს. ავტორები


ისე წარმოაჩენენ ომის სურათს, რომ თითქოს სსრკ-მ პაქტით გერმანიასთან მშვიდობას
მიაღწია, მისგან თავდასხმა 2 წლით გადაავადა და მთელი ეს ხანი მშვიდად ემზადებოდა
მომავალი „თავდაცვისათვის“, როდესაც რეალურად იგი ნაცისტურ გერმანიასთან ერთად
ჩაება საომარ კამპანიებში - მოახდინა პოლონეთის ნაწილის, ბალტიისპირეთის ოკუპაცია და
ცდილობდა ფინეთის დაპყრობასაც. ტექსტში ეს მოვლენები აღწერილია ძალზე
ნეიტრალური ფორმით - „...რუსეთს ერგო ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, დასავლეთ უკრაინა,
დასავლეთ ბელორუსია და მოლდავეთი“. ხსენებული - „დასავლეთ უკრაინა და დასავლეთ
ბელორუსია“ პოლონეთის სახელმწიფოს ტეროტორია იყო, ხოლო მოლდავეთი (ბესარაბია) -
რუმინეთის.

სრულიად კატასტროფულია, ერთი მხრივ, დიდი საბჭოთა ტერორის (1937-1938) ომისწინა


პერიოდის მიმოხილვაში მოთავსება და ცალკე, შესაფერის კონტექსტში განუხილველობა,
ასევე წარმოდგენილი მსჯელობა:

41
„ასეთივე წინააღმდეგობრივი აღმოჩნდა საბჭოთა კავშირში ჩატარებული 30-იანი წლების
მასობრივი პოლიტიკური რეპრესიები. მან საბჭოთა კავშირის თავდაცვისუნარიანობა
განამტკიცა და ე.წ. „მეხუთე კოლონის“ შექმნა გამორიცხა. მაგრამ მანვე ცხადყო საბჭოთა
სისტემის მორალურ-პოლიტიკური გადაგვარება და იმპერიის დაშლის ერთ-ერთ ძირითად
მიზეზად იქცა.“

დიდი საბჭოთა ტერორის, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი ამ დანაშაულისათვის


მსგავსი შეფასების მიცემა, როგორც სამეცნიერო მიდგომის სრული იგნირორება, ასევე
უკიდურესად არაეთიკური ნაბიჯია და ავტორთა სრულ არაკომპეტენტუობას და
ქვეცნობიერ საბჭოურობას ადასტურებს. ყველაზე მასობრივი ტერორის მსხვერპლთა
პოტენციურ „მეხუთე კოლონად“ წარმოჩენა, თავის დროზე, ღიად - საბჭოთა პროპაგანდასაც
კი არ უკადრია.

ქვეთავში, დიდ ტერორთან დაკავშირებით არის ტერმინოლოგიური შეცდომებიც:

„... ადამიანთა სიკვდილ-სოცოცხლის პრობლემა (sic) ყოველგვარი გამოძიებისა და


გასამართლების გარეშე, ადმინისტრაციულად წყდებოდა. საგანგებო კომისარიატის
„სამეულები“ რეპრესირებულთა ოჯახის წევრებსაც, მათ შორის ქალებს და ბავშვებსაც , არ
ინდობდნენ.“

უნდა იყოს - შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატთან არსებული „განსაკუთრებული


სამეული“ ე.წ. „ტროიკა“.

ქვეთავში მოყვანილია ძალზე სპეციფიკური და სახასიათო მსჯელობა:

„რეპრესიებმა განსაკუთრებით ფართო ხასიათი საქართველოში მიიღო. „მემარცხენეობასა“ და


„მემარჯვენეობას“ აქ „ნაციონალისტობის“ ბრალდება ემატებოდა. ამ უსაფუძვლო
ბრალდებით 30 ათასზე მეტი კაცი დახვრიტეს ან გადაასახლეს. თუ გავითვალისწინებთ, რომ
თითოეულ ოჯახში 4-5 სულზე მეტი ითვლებოდა, უნდა დავასკვნათ, რომ რეპრესიები აქ
თითქმის 200 ათას კაცს შეეხო.“

საქართველოს სსრ-ში 1937-1938 წლების ტერორის მსხვერპლთა სრული სტატისტიკა


დაზუსტებული არაა; მაქსიმუმ იგი შეიძლება უახლოვდებოდეს 30 000, აქედან 12-13 000
არის დახვრეტილი. მსხვერპლთა სტატისტიკის გაზრდა ოჯახის წევრთა საშუალო
რაოდენობის ცვლადად შემოტანით, ფრიად უცნაური მეთოდია; რა თქმა უნდა,
ტოტალიტარული რეჟიმის მიერ კონკრეტული ადამიანის რეპრესია მძიმე მდგომარეობაში
აყენებდა მთელ ოჯახს და განსაკუთრებით დიდი ტერორის დროს „ხალხის მტრის ოჯახის
წევრის“ იარლიყს აკერებდა და მის იზოლაციას უწყობდა ხელს, თუმცა, ამის განმარტების
მაგიერ - რიცხვებით მანიპულირება ვერ ჩაითვლება მოსაწონ მიდგომად. მითუმეტეს,
როდესაც მოსახლეობის რაოდენობასთან მსხვერპლთა პროცენტული თანაფართობით
საქართველოს სსრ ერთ-ერთი პირველი გამოდის სსრკ მასშტაბით და ამას დამატებითი
გაბუქება არ სჭირდება. ამავე დროს, აბზაცში დაშვებულია ფაქტობრივი შეცდომა -
„მემარცხენეობის“ ბრალდება თითქმის არასოდეს ყოფილა საბჭოთა ტერორის აპარატის მიერ
მსხვერპლთა წინააღმდეგ გამოყენებული, მათ შორის დიდი ტერორის დროსაც.

42
დიდი ტერორის კამპანიის მსხვერპლზე საუბრისას ექსკლუზიურად აქცენტია გაკეთებეული
„ინტელიგენციის“ განადგურებაზე, რაც პოსტ-საბჭოური კლიშეა და ტერორის კამპანიის
მთავარ სამიზნე ჯგუფები - გლეხობა, სახელმწიფო მოსამსახურეთა ფენა, წინააღმდეგობის
მონაწილე პარტიათა წევრები, სამხედრო მოსამსახურეები, თავად კომპარტიის წევრები,
ყურადღების მიღმა რჩებიან.

საქართველო ომის დასაწყისში

„... მალე ომში სხვა ქვეყნებიც ჩაერთნენ. მაგრამ საყოველთაო ხასიათი მან მიიღო 1941 წლის
22 ივნისიდან, როცა ფაშისტური გერმანია ომის გამოუცხადებლად თავს დაესხა საბჭოთა
კავშირს...“

ეს ფრაგმენტი ნათელი ილუსტრაციაა პროგრამის ნაწილში განხილული მეორე მსოფლიო


ომის მენტალურად საბჭოური აღქმის, რომელიც მას სსრკ-ნაცისტური გერმანიის
დაპირისპირების პრიზმაში წარმოაჩენს. ავტორებს გერმანიის მხოლოდ სსრკ-ზე
თავდასხმით გამოჰყავთ ომი გლობალურ დაპირისპირებად და ასევე იგნორირებას უკეთებენ
იმ მოცემულობას, რომ 1939 წლიდან სსრკ ასევე ჩართული იყო ომში ნაცისტური გერმანიის
და მისი მოკავშირე სახელმწიფოების პარტნიორის სახით.

ომის მთელი ისტორიის აღწერა კონცენტრირებულია სსრკ-გერმანიის დაპირისპირების


ელემენტზე. გამეორებულია ზეპირი მეხსიერებიდან წამროებული სტატისტიკა,
საქართველოს სსრ-დან 700 000 ჯარისკაცის გაწვევის შესახებ. აქვე ნათქვამია:

„... რესპუბლიკის სახალხო მეურნეობამ ათეულ მილიარდობით ზარალი განიცადა“.

რაც, ტერმინოლოგიის გათვალისწინებით აშკარად საბჭოთა დროის ტექსტიდანა რის


გადმოკოპირებული, ან ავტორისათვის ბუნებრივ ენობრივ კონსტრუქციას წარმოადგენს.

ომის გარშემო წარმოდგენილ ნარატივში კონკრეტული უზუსტობებისა და დაუსაბუთებელი


მტკიცებების განხილვა შორს წაგვიყვანს. მხოლოდ უკანასკნელ აბზაცზე შევაჩერებთ
ყურადღებას:

„ომის პერიოდში ქართველმა ხალხმა დიდი გმირობა გამოიჩინა. 240 ათასი ქართველი
მეომარი ორდენებით დაჯილდოვდა. ფრონტზე გაწვეულ 165 კაცს საბჭოთა კავშირის გმირის
წოდება მიენიჭა. ბევრი მათგანი დღესაც ქართული პოეზიის და ხელოვნების გმირად რჩება,
ზოგმა კი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. სამარადისოდ უკვდავყო თავისი სახელი
პოლკოვნიკმა დიმიტრი ამილახვარმა, რომელიც საფრანგეთის ეროვნულ გმირად
გამოაცხადეს. იტალიის ეროვნული გმირის სახელი დაიმსახურა ფორე მოსულიშვილმა,
რომელმაც ტყვეობას თავი დააღწია და იტალიელ ფაშისტებთან ბრძოლას სიცოცხლე
შესწირა. მასობრივი გმირობის ნიმუშად დარჩება კუნძულ ტექსელზე მოხვედრილ ქართველ
ტყვეთა თავგანწირული აჯანყება“.

ტექსტის პირველი ნაწილი ანალოგიურად საბჭოთა სახელმძღვანელოდან გადმოწერილის


შთაბეჭდილებას ტოვებს. შემდგომ მონაკვეთში მოსწავლისათვის სრულიად გაურკვეველი

43
შეიძლება დარჩეს რატომ და როგორ გახდა ქართველი ამილახვარი საფრანგეთის გმირი.
საერთოდ იგნორირებულია ქართველების ომის მონაწილე სხვადასხვა ქვეყნების მხარეზე
(მათ შორის ნაცისტური გერმანიის) ყოფნის ფაქტები და მნიშვნელობა. ტრადიციული
საბჭოური ნარატივითაა წარმოდგენილი ფორე მოსულიშვილის ამბავი, რომელიც
რეალურად ვერმახტის ქართველი მებრძოლების სპეციალური ბატალიონის „ბერგმანის“
მებრძოლი იყო და შემდეგ გადავიდა იტალიელ პარტიზანთა მხარეს. ასევე ტექსელზე მყოფი
„აჯანყებულები ტყვეები“ - ვერმახტის ქართული ლეგიონის ბატალიონის ჯარისკაცები
იყვნენ და ეს აჯანყებაც მძიმე, ტრაგიკული მოვლენაა და ჰეროიზმთან ნაკლებად შეიძლება
ასოცირდებოდეს.

79. საქართველო სსრკ-ში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ

საქართველო ხრუშჩოვის მმართველობის პერიოდში

ქვეთავი მოჭრილად იწყება კატეგორიული დასკვნით:

„საბჭოთა წყობილების რღვევის პირველმა სიმპტომებმა თავი იჩინა სტალინის მოღვაწეობის


ბოლო წლებში. მისი გარდაცვალების (1953 წლის 5 მარტი) შემდეგ ამ სიმპტომებმა აშკარა
პოლიტიკური კრიზისის ფორმა მიიღო...“

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სსრკ საგარეო და შიდა სტაბილიზაციის მანამდე არნახული
ფაზაა, რაც ავტორთა ინტერპრეტაციით „რღვევის სიმპტომებია“. „პოლიტიკურ კრიზისადაა“
წარმოჩენილი სტალინის სიკვდილის შემდეგ პოლიტბიუროში გაჩაღებული
ძალაუფლებისათვის ბრძოლა.

„...ნიკიტა ხრუშჩოვმა მოხერხებულად გზიდან ჩამოიშორა ქვეყნის ხელმძღვანელ მუშაკთა


მთელი ჯგუფი (ბერია, მალენკოვი, მოლოტოვი, კაგანოვიჩი და სხვები), რომელმაც
სახელმწიფო ხელისუფლების პარტიული მეურვეობისაგან გათავისუფლება გადაწყვიტა...“

წარმოდგენილი მსჯელობით - ბერია და სტალინის ნდობით აღჭურვილი ჯგუფი,


ფაქტობრივად, ანტისაბჭოთა რეფორმატორებად არიან გამოყვანილი, რადგან ისინი თითქოს
საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის ძირითადი ელემენტის - პარტიული დიქტატურის
დასრულებას გეგმავდნენ.

მთელი ქვეთავი სავსეა დაუსაბუთებელი და გაუგებარი მტკიცებებით სახელმწიფო


სისტემისა და ეკონომიკის შესახებ ხრუშოჩოვის დროს. მაგალითად:

„...მაგრამ როგორც კი პოლიტიკური და სამეურნეო რეფორმები „სოციალისტური სისტემის“


საფუძვლებს მიუახლოვდა, ყველაფერი უკუღმა დატრიალდა.

დარგობრივი სამინისტროების გაუქმებამ და ტერიტორიული სახალხო მეურნეობის


საბჭოების შექმნამ ვერც დაგეგმვის ცენტრალიზაცია და ვერც მატერიალური დაინტერესების
გაზრდა ვერ უზრუნველყო.

44
...განსაკუთრებით აბსურდული აღმოჩნდა სარაიონო, საოლქო და რესპუბლიკური
პარტიული ხელმძღვანელობის სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო კომიტეტებად დაყოფა.
სახალხო მეურნეობას ერთდროულად ორი ხელმძღვანელი გაუჩნდა. მათ შორის უნაყოფო
მეტოქეობა გაჩაღდა.“

რთული დასადგენია რომელი სამინისტროების გაუქმებას გულისხმობს ავტორი. სახალხო


მეურნეობის საბჭოები სსრკ-ში 1920-იანი წლებიდან მოყოლებული არსებობდნენ და 1930-იან
წლებში გაუქმდნენ. შემდგომ პერიოდში ისინი აღარ აღუდგენიათ. სრულიად აბსურდულია
პარტიის ორგანოებთან დაკავშირებული მტკიცება - რადგან, პირველ რიგში
წარმოუდგენლად მცდარი ფორმულირებაა „სარაიონო, საოლქო და რესპუბლიკური
პარტიული ხელმძღვანელობის სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო კომიტეტებად
დაყოფა“ - რადგან ეს სხვადასხვა დონის პარტორგანიზაციები პარტიული პროფილიდან
ვერაფრით გადაფორმატდებოდნენ სხვა ტიპის უწყებებად და ამავე დროს - სოფლის
მეურნეობის, მრეწველობის და აშ. სექტორები კომპარტიის ცეკაში 1930-იანი წლებიდან
არსებობდნენ.

შესაბამისად, მთელ ქვეთავში ბუნდოვნად და ხშირად აბსურდულადაა წამოდგენილი


სტალინის სიკვდილის შემდეგ ხრუშჩოვის მიერ გატარებული კურსი - თავისი დადებითი და
პრობლემური მხარეებით.

1956 წლის 9 მარტის ტრაგედია თბილისში.

ქვეთავში თავდაპირველად მკაფიოდ არის აღნიშნული, რომ საქართველოში და თბილიში


ახალგაზრდების აღშფოთება ხრუშჩოვის მიერ სტალინის კულტის დაგმობამ გამოიწვია.
იგნორირებულია ამ პროცესის საკვანძო ელემენტი, რომ XX ყრილობის შესახებ
გავრცელებული ჭორებით ხრუშჩოვმა სტალინის კრიტიკა მის ქართველობას დააფუძნა და
ქართველი ერი შეირაცხყო, რამაც დამატებით კატალიზატორის როლი შეასრულა
საპროტესტო ემოციების აფეთქებაში. ტექსტის ავტორები, ამის მიუხედავად მაინც
ცდილობენ 9 მარტის პროტესტი, როგორმე ეროვნული იდეების და გრძნობების იმ მოდელს
დაუკავშირონ, რაზე სწორებასაც ცდილობს სახელმძღვანელოს მთელი ნარატივი:

„მოძრაობა პირველ ხანებში წინააღმდეგობრივ ხასიათს ატარებდა. ერთი მხრივ, ის


მიმართული იყო „რევიზიონისტი“ ხრუშჩოვის წინააღმდეგ და ფაქტობრივად, ლენინისა და
სტალინის მიერ შექმნილი საბჭოთა იმპერიის შენარჩუნებას ემსახურებოდა. მეორე მხრით კი
იგი ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის გამოცოცხლების რეალურ საფუძველს
ჰქმნიდა. წლების განმავლობაში დაგროვილმა ბოღმამ ძალუმად ამოხეთქა.“

„...მალე მოძრაობა მთელი საქართველოს ყველა სოციალურ ფენას მოედო. თბილისის ქუჩები
დემონსტრანტებითა და მანიფესტანტებით დაიფარა.“

რეალურად საპროტესტო გამოსვლები ძირითადად თბილისში, გორში და ქუთაისში იყო.


დემონსტრანტთა აბსოლუტურ უმრავლესობას ახალგაზრდობა წარმოადგენდა.

45
ქვეთავში ასევე ვხვდებით კონტექსტის არცოდნის ნიმუშს:

„...“მშობლიური საბჭოთა არმიის“ მიერ ჩადენილი სისხლიანი აქტი მთლიანად გაამართლეს


და მთელი პასუხისმგებლობა დემონსტრანტებს დააკისრეს. ქართველ ხალხს ნაციონალიზმი
და შოვინიზმი დასწამეს.“

9 მარტის მიტინგის დარბევისა და დახვრეტის შესახებ საბჭოთა რეჟიმს ოფიციალურად


არასოდეს გამოუცხადებია, შესაბამისად არც დემონსტრანტთა დადანაშაულება და აშ.
მომხდარა. თუკი ავტორები დემონსტრაციის მონაწილეთა დაპატიმრებას და გასამართლებას
გულისხმობს, ამ შემთხვევაშიც მცდარ ინტერპრეტაციასთან გვაქვს საქმე; რეჟიმმა დარბევის
შემდეგ ვითარება აღარ გაამწვავა - დაპატიმრებულთა საქმეების უმრავლესობა მარტივად
შეწყვიტა და პირობითი სასჯელებით დაკმაყოფილდა.

საქართველო „უძრაობის“ პერიოდში

მოცემული ქვეთავი აგრძელებს ხრუშჩოვის პერიოდის ამსახველი თავის „ტრადიციას“ და


სავსეა აბსურდული მტკიცებებით.

„პირველ ხანებში ბრეჟნევის ხელმძღვანელობამ სტალინური ეპოქისათვის დამახასიათებელ


„სტაბილურობას“ მიაღწია. გენერალური მდივნის თანამდებობა აღადგინეს ... ქვეყნის მთავარ
ამოცანად მიღწეული შედეგების შენარჩუნება გამოაცხადეს. ამიტომ ეს ეპიზოდი საბჭოთა
იმპერიის ისტორიაში უძრაობის („ზასტოი“) სახელით შევიდა.“

გაურკვეველია, რაში სჭირდებათ ავტორებს 1953-1966 წლებში გენერალური მდივნის პოსტის


ცეკას პირველი მდივნის ტერმინით ჩანაცვლების ხაზგასმა, როცა პარტიის სისტემისთვის და
მართვის მოდელისთვის ამით არაფერი იცვლებოდა. სრულიად აცდენილია რეალობას
ტერმინ „ზასტოის“ გარშემო მსჯელობა. მისი შემოტანა „პერესტროიკის“ პერიოდს
უკავშირდება და მნიშვნელობაც - სტაგნაციას, განვითარების შეწყვეტას - უძრაობას
გამოხატავდა და არა „არსებულის შენარჩუნებას“, რომელიც, ასევე - არასოდეს ყოფილა
საბჭოური სახელწმიფო იდეოლოგიის და პროპაგანდის ლოზუნგი.

ქვეთავში ძალზე ზერელედ და არაკომპეტენტურადაა მიმოხილული სსრკ საგარეო


პოლიტიკური პოზიციები 1960-1970-იან წლებში. კარიბის კრიზისიდან ნახტომი კეთდება
ჰელსინკის კონფერენციაზე. წინა პერიოდი სსრკ „საგარეო იზოლაციის“ ხანადაა
გამოცხადებული. მთელს სახელმძღვანელოში სრულიადა იგნორირებული „ცივი ომის“
საკითხი. სახელმძღვანელოსათვის ტრადიციულად ამ ქვეთავშიც გვხვდება დაუსაბუთებელი
და ალოგიკური მსჯელობები სსრკ ეკონიმიკაზე. მოსწავლისათვის სრულიად გაუგებარი
რჩება ამ სფეროში არსებული პრობლემების არსი და მასშტაბი.

სამაგიეროდ, სსრკ ეკონომიკური კრიზისისა და დაცემის ფონზე, გვხვდება საქართველოს სსრ


სოციალური და ეკონომიკური რეალობის თბილ ფერებში წარმოჩენა:

„უძრაობის პერიოდში საქართველო შედარებით უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდა.


რესპუბლიკის განახლებულმა ხელმძღვანელობამ (1972 წლის სექტემბერში საქართველოს

46
კპ(ბ) ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის პოსტზე ვასილ მჟავანაძე ედუარდ
შევარდნაძემ შეცვალა) სცადა, „ნეგატიურ მოვლენებთან უკომპრომისო ბრძოლა“ გაეჩაღებინა
და ხალხის კეთილდღეობა აემაღლებინა. სამწუხაროდ, ვერც ერთი ეს ამოცანა ბოლომდე
მთლიანად ვერ გადაიჭრა.

კადრების რაციონალურად გამოყენებისა და დისციპლინის განმტკიცების შედეგად,


რესპუბლიკის ჩამორჩენილობა საერთო-საკავშირო დონისაგან დაძლეულ იქნა.
საქართველომ 11-ჯერ ზედიზედ გაიმარჯვა საკავშირო სოციალისტურ შეჯიბრებაში და
სათანადო დროშების მფლობელიც გახდა. მაგრამ სამაგიეროდ საიმპერიო სალაროში მისი
შენატანიც გაიზარდა. საქართველოს მანამდე არასოდეს ჩაუბარებია იმდენი ყურძენი, ჩაი,
ხილი და ციტრუსები, რამდენიც „უძრაობის“ წლებში. მაგრამ რესპუბლიკის მოსახლეობის
კეთილდღეობის დონეზე ეს უშუალოდ არ ასახულა, რადგან საფასო პოლიტიკითა და სხვა
საშუალებებით საიმპერიო მთავრობა „მოწინავე“ რესპუბლიკების „გაკრეჭას“ მაინც
ახერხებდა.“

მოყვანილი ვრცელი ციტატა საბჭოური ენის, შინაგანი წინააღმდეგობრიობის და


სტერეოტიპების გარდა ერთ მკაფიო ქვეტესტსაც შეიცავს - იგი დადებით და პროგრესულ
საბურველში ათავსებს ედუარდ შევარდნაძის ცეკას მდივნობის პერიოდს. მის მიერ
მჟავანაძის კლანის დამარცხების, მათი განადგურებისა და საკუთარი ნდობის ქსელით
ჩანაცვლებას „კადრების რაციონალურად გამოყენებასა და დისციპლინის განმტკიცებად“
ნათლავს. უკრიტიკოდ იმეორებს „სოციალისტურ შეჯიბრებებში“ საქართველოს სსრ-ს
გამარჯვებას, როგორც წარმატების საზომს, ამ უკანასკნელის არსის განმარტების გარეშე და
თავისთავად იმ მოცემულობის იგნორირებით - რამდენად პოლიტიზებული და
კორუფციული იყო ეს პროცესი. ასევე გამეორებულია საბჭოური პროპაგანდა წარმოების
ზრდის შესახებ - რაც რეალობაში მხოლოდ ქაღალდზე არსებობდა და მთელი სსრკ და
საქართველოც დეფიციტისაკენ მიექანებოდა, ხსენებული პროდუქციის ხარისხი კი კრიტიკას
ვერ უძლებდა და მასშტაბური ფალსიფიკაცია ყოველდღიურობის ნაწილი იყო.
მიჩქმალულია საქართველოს სსრ ეკონომიკის რეალური წილი საკავშირო ეკონომიკაში და
იგი დადებითი ბალანსით არის ნაჩვენები, როდესაც რესპუბლიკა „წაგებაზე მუშაობდა“ და
დოტაციური იყო და წინა მტკიცებების მიუხედავად, მოსახლეობის კეთილდღეობის
არარსებობა - ცენტრის მიერ რესურსების მითვისებითაა ახსნილი და არა საბჭოური
ეკონომიკის წამგებიანი არსით, ტოტალური კორუფციითა და პროდუქციის დატაცებით.

ამავე ქვეთავში გვხვდება ასევე კონტექსტის და ფაქტების არცოდნის მკაფიო ნიმუშიც:

„სათანადო შედეგები ვერც მშრომელთა დაინტერესების გაზრდის მიზნით გატარებულმა


ღონისძიებებმა გამოიღო. თვით ყველაზე გაბედულმა და რადიკალურმა „აბაშის
ექსპერიმენტმაც“ (კოლმეურნეებს მიწის ცალკე ნაკვეთები გამოუყვეს) ვერ გაამართლა.
ეკონომიკური ეფექტურობით კვლავ დამხმარე საკარმიდამო ნაკვეთები გამოირჩეოდნენ,
რადგან კერძომესაკუთრულ მეურნეობებს ისინი უფრო უახლოვდნებოდნენ.“

„აბაშის ექსპერიმენტის“ არსი, რეალურად სრულიად სხვაგვარი იყო: კოლმეურნეობის


წევრებს მეურნეობის მიწები პირობითად გაუნაწილდათ, რომელზეც საკუთარი გრაფიკითა

47
და ინტენსივობით შეეძლოთ ემუშავათ და ნაცვლად მთლიანი მოსავლის შეკრებისა და
იქედან „შრომადღეების“ მიხედვით პროდუქტის წილის მიღებისა, სახელმწიფო მათგან
კონკრეტული დაწესებული რაოდენობის პროდუქტის ჩაბარებას ითხოვდა, ხოლო მის
ზემოთ მოწეული მოსავალი კოლმეურნეს კერძო საკუთრებაში რჩებოდა. ექსპერიმენტმა
მოულოდნელი შედეგები აჩვენა - მოსავლის ჯამური ოდენობა რამდენჯერმე გაიზარდა,
რადგან მეურნეები დაინტერესებული იყვნენ მოთხოვნილი მინიმუნის ზემოთ ლეგალურად
მოეწიათ რაც შეიძლება მეტი მოსავალი, მისი კერძო საკუთრებაში შესანარჩუნებლად.
სწორედ ეს გახდა ექსპერიმენტის სასწრაფოდ შეწყვეტისა და დახურვის მიზეზი, რადგან ამან
არსებულ „სოციალისტურ“ მოდელზე კერძო ინტერესისა და საბაზრო ურთიერთობის
უპირატესობა აჩვენა. ექსპერიმენტი, თავის მხრივ, არახალ მიდგომა ეფუძნებოდა - ამ
ნაბიჯით აბაშის ზონაში რეჟიმი, ფაქტობრივად 1920-იანი წლების „ნეპის“ რეალობას
დაუბრუნდა სოფლის მეურნეობაში („სასურსათო გადასახადი“) და რა თქმა უნდა,
ოფიციალური იდეოლოგიისათვის მითუმეტეს მიუღებელი იყო ამ ფორმაციის
უპირატესობის ჩვენება იმ დროს, როდესაც პროპაგანდა მოახლოებულ კომუნისტურ
ფორმაციაზე საუბრობდა.

წარმოდგენილი „ლოგიკის“ კვალდაკვალ ქვეთავი შესაფერისი დასკვნით მთავრდება:

„... „უმოძრაობის“(sic) პერიოდში საქართველოში გატარებულ ღონისძიებებს მაინც


გარკვეული დადებითი მნიშნელობა(sic) ჰქონდა. ისინი მომავალი გორბაჩოვული
„პერესტროიკის“ ერთგვარ პრელუდიად იქცა.“

ეროვნული მოძრაობის აღმავლობა. 1978 წლის ამბები თბილისში.

სსრკ-ში და საქართველოში დისიდენტური მოძრაობის ტრაფარეტული მიმოხილვის გარდა,


ქვეთავში, 1978 წელს თბილისში, ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის გამო
მომხდარი სტიქიური, მასობრივი დემონსტრაციის ეპიზოდში ყურადღებას იქცევს შემდეგი
მტკიცება:

„...განსაკუთრებით აქტიურობდა პროფესურის მიერ „დამუშავებული“ სტუდენტობა, მთელი


სამეცნიერო-პედაგოგიური და შემოქმედებითი ინტელიგენცია...“

საბჭოური ენის გარდა, მნიშვნელოვანია პროტესტის - „პროფესურის მიერ დამუშავებულად“


წარმოდგენა, როდესაც ამ დროისათვის აქტიური, რეჟიმის წინააღმდეგ ღიად მოქმედი და
სტუდენტთა მობილიზაციის ავტორიტეტის მქონეები - ერთეულები იყვნენ და
„პროფესურის“ ბევრი წარმომადგენელი დემონსტრაციის შეფერხებასაც კი ცდილობდა
სხვადასხვა მოტივით - როგორც სასწავლებლის „რეპუტაციის“ დასაცავად, ასევე
ახალგაზრდების მოსალოდნელი დარბევისაგან გადასარჩენად. რეალურად, პროტესტის
ტალღა, ერთეული გაბედული და პრინციპული მოღვაწეების, მაგალითად - აკაკი ბაქრაძის
საპროტესტო სიგნალებით დაიწყო და სტუდენტთა სტიქიური, თვითორგანიზებული
მასობრივი აქცია იყო.

48
80. ქართული კულტურა საბჭოთა პერიოდში

მთელი ამ თავის ფუნდამენტურ პრობლემას წარმოადგენს მსჯელობის შინაგანი


წინაღმდეგობა, ზედაპირული მიდგომა და ტენდენციური ინტერპრეტაციები. ავტორები
ცდილობენ ერთი მხრივ საბჭოთა პერიოდში ქართული კულტურის აყვავებას, წინსვლას,
“საერთაშორისო აღიარებას” გაუსვან ხაზი, როცა ამავე დროს ახსენებენ ტოტალიტარული
რეჟიმის მიერ სახელოვნებო სფეროს მიმართ გატარებულ მკაცრ და შემზღუდავ პოლიტიკას
და გვთავაზობენ ნარატივს, რომ ეს პოლიტიკა მაინც ვერ უშლიდა ხელს კულტურის
წინსვლას, ნაცვლად იმისა, რომ - კრიტიკულად იყოს განხილული, თუ რა კვალი დატოვა
ტოტალიტარიზმმა კულტურაზე და რამდენად შემაფერხებელი იყო იგი ყველა სფეროს
განვითარებისათვის. როგორ განაპირობა ამ ძალადობრივმა პოლიტიკამ და
გარესამყაროსაგან იზოლაციამ ხელოვნებისა და მეცნიერების ყველა სფეროს ჩამორჩენილობა
და კრიზისი საბჭოეთის არსებობის განმავლობაში. მთელს თავში ვერ ნახავთ ინფორმაციას
სახელმწიფო ცენზურის შესახებ - რა მექანიზმებით და როგორ აკონტროლებდა საცენზურო
აპარატი „მთავლიტი“ ხელოვნებისა და მედიის ყველა სფეროს და როგორ აისახებოდა ეს
კულტურაზე.

უგულვებელყოფილია ის ლოგიკური ელემენტიც, რომ 1920-1940-იან წლებში საქართველოში


და სხვა საბჭოურ რესპუბლიკებში ხელოვნების და კულტურის სფეროში ის თაობა
ლიდერობდა, რომელიც თავისი განათლებით და პროფესიული გზით - დასავლური,
ევროპული ღირებულებების მქონენი იყვნენ და შესაბამისად, ოკუპაციისა და
ტოტალიტარიზმის პირობებში კომპრომისების, შეზღუდვების და აშ. მიუხედავად, მაინც
ცდილობდნენ ამ ღირებულებების შესაბამისად ემუშავათ მეცნიერებისა თუ კულტურის
სფეროს განვითარებისათვის; სწორედ ამ ადამიანებმა შექმნეს „სკოლები“ მეცნიერებასა თუ
კულტურაში, ხოლო ამ თაობის გაქრობის შემდეგ, საბჭოეთის პირობებში დაბადებულმა და
გაზრდილმა, იზიოლაციაში მოქცეულმა მათმა მემკვიდრეებმა სხვა ღირებულებები
შეითვისეს და სხვაგვარი „პროდუქტი“ შექმნეს.

„კულტურული რევოლუცია“ საქართველოში. „პროლეტკულტი“ და ქართული მწერლობა.

ქვეთავში ბუნდოვნად და არასწორადაა განმარტებული „სოციალისტური რეალიზმის“


დოქტრინა ხელოვნებაში:

„მეორე მსოფლიო ომის მოახლოებასთან დაკავშირებით კულტურის ეროვნული ფორმის


მნიშვნელობა აღიარეს, მაგრამ იმ პირობით, თუ ის ნაწარმოების სოციალურ შინაარსს
დაემორჩილებოდა. კიდევ უფრო თვალმაქცური იყო ე.წ. „სოციალისტური რეალიზმის“
მეთოდი, რომლის თანახმად, ლიტერატურას და ხელოვნებას უნდა აესახა არა სინამდვილე,
არამედ ის, რაც პარტიისა და სახელმწიფოსათვის სასურველი იყო. ამ მეთოდის დამრღვევთ
მწერალთა კავშირი თავის რიგებიდან გარიცხვითა და ზემოხსენებული სანქციებით
ემუქრებოდა.“

49
„სოცრეალიზმის“ დოქტრინის შემოტანას და სახელოვნებო სფეროს მკაცრ ცენტრალიზაციას
და ადმინისტრირებას ომის მოახლოებასთან კავშირი არ ჰქონდა; ეს პროცესი 1932 წლიდან
იწყება და საერთო კურსის - კლასიკური ტოტალიტარიზმის დამყარების ნაწილია. თავად
„სოციალისტური რეალიზმის“ დოქტრინა კი მარქსისმ-ლენინიზმის დოგმებიდან
გამომდინარე ოფიციალურად უწესებდა ჩარჩოებს ხელოვანებს, რომ - რეალობა აესახათ,
„რევოლუციური გარდაქმნების“ ნაწილი გამხდარიყვნენ და ფორმალისტური მიდგომები
დაეძლიათ, უარი ეთქვათ „ხელოვნება - ხელოვნებისთვის“ პრინციპზე. რა თქმა უნდა, ამ
ფრიად ზოგადი, იდეოლოგიზებული და ბუნდოვანი ფორმულის უკან ხელოვნების მკაცრი
კონტროლი და პარტიული იდეოლოგიისათვის დაქვემდებარების მექანიზმი იდგა, მაგრამ
ქვეთავში ეს ვერაა სათანადოდ განმარტებული და წარმოჩენილი. მითუმეტეს, ხსენებული -
ცენზურის შესახებ ინფორმაციის არარსებობის ფონზე.

განათლება, მეცნიერება, ხელოვნება და ხელოვნება ომამდელ ხანაში.

„მიუხედავად უმკაცრესი პოლიტიკური და იდეოლოგიური რეჟიმისა, ქართული კულტურა


მაინც ვითარდებოდა. საშუალო და უმაღლესი განათლება გაფართოვდა და უფასო გახდა.
შეიქმნა სპეციალური სასწავლებლებიც, რომლებიც მაშინდელ მოთხოვნებს ასე თუ ისე
აკმაყოფილებდნენ. შეიქმნა მთელი რიგი სამეცნიერო სკოლებისა, რომლებმაც საკავშირო და
საერთაშორისო აღიარება ჰპოვეს.“

მოყვანილი ციტატით მოსწავლეს შეექმნება შთაბეჭდილება, რომ თითქოს უფასო განათლება


საბჭოთა რეჟიმის მიღწევა იყო და მანამდე არ არსებობდა, როცა რეალურად საქართველოს
დემოკრატიულმა რესპუბლიკამ დაამკვიდრა საყოველთაო, უფასო და სავალდებულო
ზოგადი განათლების სისტემა და უმაღლესი საგანმანათლებლო ქსელი. ამავე დროს,
სრულიად გაუაზრებელია საბჭოური მოდელის პირობებში „უფასოობის“ ხაზგასმა.
ციტატაში კვლავ თვალშისაცემია საბჭოური ენა - „საკავშირო აღიარება“.

„კომუნისტურ იდეოლოგიას არც ქართული სახვითი ხელოვნების აღმავლობის შეჩერება


შეეძლო. სწორედ „სოციალისტური მშენებლობის“ წლებში მთელი ძალით გაიშალა იაკობ
ნიკოლაძის, დავით კაკაბაძის, გიგო გაბაშვილის, მოსე თოიძის, ლადო გუდიაშვილისა და
სხვათა შემოქმედებითი ნიჭი და უნარი.

ასევე არავითარ რეპრესიას არ შეეძლო შეეჩერებინა ქართული მუსიკის განვითარება და


პოპულარიზაცია, რაც ჯერ კიდევ საბჭოთა ანექსიამდე დიმიტრი არაყიშვილის, ზაქარია
ფალიაშვილისა და სხვათა უკვდავმა ნაწარმოებებმა დაიწყო. სწორედ ამ წლებში მღეროდა
ვანო სარაჯიშვილი. ამ წლებში გამოვიდა ასპარეზზე დიდი დირიჟორი ევგენი მიქელაძე.“

წარმოდგენილი მონაკვეთი ზემოთ განხილული შეუთავსებელი მსჯელობისა და დასკვნების


ტიპური ნიმუშია. ძნელია სერიოზულად შეაფასო ავტორთა მტკიცება რომ ხსენებულ
ხელოვანთა ნიჭი და შემოწმედება ტოტალიტარიზმის პირობებში გაიფურჩქნა, როდესაც
ამავე თავში სხვა მონაკვეთებში ავტორებს ჩამოთვლილთაგან რიგი ხელოვანების დევნისა და
შევიწროვების აღნიშვნაც უწევთ. სრულიად გაურკვეველია ფორმულირება ვანო
სარაჯიშვილის შესახებ; ძნელია დაზუსტებით თქვა, მის მოღვაწეობას ტექსტი რესპუბლიკის
პეიროდს უკავშირებს თუ საბჭოურს? ბოლო წინადადების შესაბამისად, აშკარად საბჭოურში

50
აქცევს, რაც - ფაქტორბივ შეცდომას წარმოადგენს, რადგან ვანო სარაჯშვილი 1924 წელს
გარდაიცვალა - მისი შემოქმედება კი არაფრით უკავშირდება საბჭოურ პერიოდს.
სარაჯიშვილმა აღიარებას მანამდე მიაღწია და უკანასკნელ წლებში კი სცენაზე ვეღარ
გამოდიოდა ხმის დაკარგვის გამო.

„ლიტერატურის, თეატრის, მუსიკისა და სხვა დარგების განვითარებამ ხელი შეუწყო


ქართული კონოხელოვნების ჩამოყალიბებას და სწრაფ აღმავლობას. სწორედ ომამდელ
წლებში შეიქმნა კინოხელოვნების შესანიშნავი ნიმუშები: „ნარინჯის ველი“, „არსენა“,
„დაკარგული სამოთხე“ და სხვა.“

სავარაუდოდ, ამ შემთხვევაშიც საქმე გვაქვს საბჭოური წყაროდან მექანიკურ კოპირებასთან,


რადგან დასახელებული ფილმების უმრავლესობა საბჭოური პროპაგანდის ნიმუშებს უფრო
წარმოადგენენ, ვიდრე კინოხელოვნების შედევრებს, მაშინ როდესაც ამავე პერიოდში
მიუხედავად ცენზურისა და იდეოლოგიური ჩარჩოების ზეგავლენისა მოძებნება ისეთი
ფილმები, რომლებიც ნამდვილად არიან აღიარებული საეტაპო მნიშვნელობის
ნაწარმოებებად, მაგალითად - „ჩემი ბებია“, „ელისო“, “ჯიმ შვანთე“ და აშ.

40-იანი წლების იდეოლოგიური რეპრესები.

ქვეთავში ბუნდოვნად და ფაქტობრივი მტკიცებულებების გარეშე არის წარმოდგენილი 40-


იანი წლების რეალობა კულტურის სფეროში და იგი გაშუქებულია უფრო მძიმე პერიოდად,
ვიდრე 1930-იანი წლები.

„1946-1948 წლებში კულტურის თითქმის ყველა დარგში მიღებულ იქნა სპეციალური


დადგენილებები, რომლებიც თავისუფალი აზროვნების დათრგუნვის სულისკვეთებით
გამოირჩეოდა. ამ დადგენილებათა საფუძველზე დაიხურა მრავალი გაზეთი და ჟურნალი,
აიკრძალა მრავალი სპექტაკლი და კინოფილმი, დაიწვა მრავალი წიგნი და ბროშურა.“

მოცემული ციტატა, ლირიული ფორმის გარდა, ვერაფერს არსებით ვერ სთავაზობს


მკითხველს და აუცილებლად მოითხოვს დაკონკრეტებას, რა დადგენილებებზეა საუბარი,
რომელი გამოცემების დახურვასა და კინოფილმების აკრძალვაზე და „წიგნების დაწვაზე“, რა
თქმა უნდა, თუკი მსგავსი რამ ნამდვილად მოხდა.

ქართული კულტურა საბჭოთა წყობილების რღვევის პერიოდში.

„ასეთ ვითარებაში ქართული კულტურის განვითარებაც ფერხდებოდა. მაგრამ მისი


მთლიანად შეჩერება არაფერს შეეძლო, იდეოლოგიური ზეწოლა საპროტესტო ენერგიას
წარმოშობდა“.

მოყვანილი მონაკვეთი დასაწყისში განხილული „ჰეროიზაციის“ ნიმუშს წარმოადგენს


კულტურის მაგალითზე. როგორც აქ, ასევე მთელს ქვეთავში იგნორირებულია
იდეოლოგიზებული ხელოვნების რეალური გავლენისა და მასშტაბის აღწერა, რაც
ტოტალიტარული რეჟიმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელია.

51
ქვეთავში გვხვდება კატეგორიული და დაუსაბუთებელი მტკიცებები:

„წარუმატებელი რეფორმების უარყოფითი გავლენა განსაკუთრებით მკვეთრად უმაღლესი


განათლების დარგში იგრძნობოდა. 1945-55 წლებში საქართველოში მომზადდა 110 ათასი
სპეციალისტი, ე.ი. უფრო მეტი, ვიდრე მთელს ადრინდელ პერიოდში, მაგრამ მათი
უმრავლესობა მაშინდელ საერთაშორისო სტანდარტებს ვერ პასუხობდა. ამის ერთ-ერთი
ძირითადი მიზეზი ის იყო, რომ რესპუბლიკის უმაღლეს სკოლებში სასწავლო დროის 40
პროცენტი ე.წ. „იდეოლოგიურ“ (მარქსისტული ფილოსოფია, პოლიტეკონომია, ეთიკა,
ესთეტიკა და სხვა) დისციპლინებს ეთმობოდა.“

ეს მონაკვეთი აუცილებლად ითხოვს კონკრეტული მაგალითის ჩვენებას და წყაროებით


გამყარებას, რეალურად როგორ იყო უმაღლესი განათლების სფეროში დისციპლინათა
ბალანსი. ამავე დროს, გულუბრყვილო მიდგომაა იდეოლოგიზებულ საგნებზე აქცენტის
გაკეთება, როდესაც კადრების არაპროფესიონალიზმის მიზეზი სწორედ დარგობრივი
განათლების უხარისხობაში შეგვიძლია ვეძებოთ. ბუნდოვანია ასევე რას გულისხმობენ
ავტორები „საერთშორისო სატანდარტში“ და რა გათვლებსა და სტატისტიკას ეყრდნობიან
ისინი.

ანალოგიურ ბუნდოვან მტკიცებასწ არმოადგენს შემდეგი ფრაზა:

„ქართული სამეცნიერო აზროვნების განვითარებაზე უარყოფით გავლენას ახდენდა


სამეცნიერო და სასწავლო დაწესებულებათა ერთმანეთისაგან გათიშვა. სამეცნიერო-
კვლევითი დაწესებულებები - მეცნიერებათა აკადემიის, ხოლო უმაღლესი სასწავლებლები
სახალხო განათლების სისტემაში შედიოდა. ამიტომ მეცნიერების უახლესი მიღწევები
საშუალო და თვით უმაღლეს სასწავლებლებშიც დაგვიანებით ინერგებოდა.“

ავტორები კატეგორიულად და მექანიკურად ანაწილებენ კვლევით და საგანმანათლებლო


უწყებებს, როდესაც რეალობაში კვლევითი ინსტიტუტები უმაღლესი განათლების
სისტემაშიც იყვნენ ინტეგრირებულები. ამავე დროს, ლოგიკა - რატომ და როგორ შეიძლება
მოეხდინა შემაფერხებელი ეფექტი ავტორთა წარმოდგენილ სისტემურ განაწილებას, ასევე
დასაბუთებას საჭიროებს.

81. საქართველო გარდაქმნის („პერესტროიკის“) პერიოდში.

სახასიათოა, რომ წინა - კულტურის თავში ავტორთა მიერ დახატულ სურათს, მოსდევს
შემდეგი აღწერა:

„80-იანი წლების დასასრულისათვის საბჭოთა წყობილების კრიზისმა საყოველთაო ხასიათი


მიიღო. კრიზისმა თანაბარი ძალით მოიცვა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფერო:
პოლიტიკა, ეკონომიკა, კულტურა და იდეოლოგია.“

შესაბამისად, იმავე კულტურის მაგალითზე, რომელიც ავტორთა მტკიცებით წინა პერიოდში


აღმავლობას განიცდიდა, საიდან გაჩნდა ასე უეცრად კრიზისი - გაურკვეველი რჩება.

52
გარდაქმნის („პერესტროიკის“) მიმდინარეობის შესახებ თხრობისას, ვხვდებით ასეთ
მსჯელობას:

„სწორედ ამ შინაგანმა წინააღმდეგობამ განაპირობა ის, რომ „გარდაქმნის“ პრაქტიკული


განხორციელების პროცესი ქვეყნის მაშინდელ ხელმძღვანელობას ხელიდან გაექცა და
მოსალოდნელზე უფრო ფართო ხასიათი მიიღო. მმართველი ელიტა თითქმის ყველგან
შეიცვალა. ცენზურა შეიზღუდა. გამოცხადდა საჯაროობა და გამჭირვალობა, პლურალიზმი
და სიტყვის თავისუფლება. დაიწყო საზოგადოებრივ ორგანიზაციათა ჩამოყალიბება.“

ფაქტობრივი უზუსტობის (მმართველი ელიტის შეცვლის შესახებ, როცა ამას რეალურად


1990-1991 წლამდე ადგილი არ ჰქონია), ცნებათა უსარგებლო გამეორების (ცენზურის
შეზღუდვა, სიტყვის თავისუფლება, საჯაროობა - პირველი ორი მათგანი „საჯაროობის“
(„გლასნოსტ“) კამპანიის ნაწილი იყო) გარდა, მსჯელობა ისეთ შთბეჭდილებას ტოვებს, რომ
ჩამოთვლილი ცვლილებები „გარდაქმნის“ პროექტის გვერდით და უკონტროლო ეფექტს
წარმოადგენდნენ, როდესაც რეალურად ყველა მათგანი პროექტის ნაწილს წარმოადგენდა,
უბრალოდ როგორც მსჯელობის დასაწყისშია ნათქვამი, ამ თავისუფლებების დაშვებამ არა
თუ საბჭოური სახელმწიფოს მოდერნიზება და რეანიმაცია, არამედ მისი სრული
დეზინტეგრაცია და დაცემა დააჩქრა.

1989 წლი 9 აპრილის ტრაგედია თბილისში.

„ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აღსაკვეთად საბჭოთა ხელმძღვანელობამ


„გათიშე და იბატონეს“ ნაცად ხერხს მიმართა. გაღვივდა სეპარატისტული განწყობები.“

მოყვანილ მონაკვეთში ძალზე გამარტივებულადაა წარმოდგენილი 80-იანი წლების ბოლოს


სსრკ-ში გამწვავებული ეთნიკური კონფლიქტების საკითხი. ერთი მხრივ, არაა ახსნილი
როგორ ახდენდა სსრკ ცენტრალური ხელისუფლება სხვადასხვა მცირე ერების ასევე
აღმავალი ნაციონალიზმის გამოყენებას მათთან ერთად ერთ რესპუბლიკაში მცხოვრები
რიცხობრივად ძირითადი სხვა ერების წინააღმდეგ და ასევე მთელი წიგნის შიგნით
იგნორირებულია საბჭოური ნაციონალური პოლიტიკის საკითხი. აქ ნაჩვენებ ციტატაში კი
აქცენტი კეთდება, რომ თითქოს „სეპარატიზმის“ (რეალურად - ეთნიკური და ეროვნული
კონფლიქტების) პრობლემა უეცრად გაჩნდა 1980-იანი წლების ბოლოს და მას წინ სხვა
ხანგრძლივი პროცესები და სიმპტომები არ უძღოდა.

„... საიმპერიო ცენტრს უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, მიტინგი შეიარაღებული ძალის


გამოყენებით დაერბია. ეს გადაწყვეტილება პოლიტბიურომ ეგორ ლიგაჩოვის
თავმჯდომარეობით მიიღო. მიხეილ გორბაჩოვი და ედუარდ შევარდნაძე ამ დროს ინგლისში
იმყოფებოდნენ.“

გაიგებარია, რაში სჭირდებათ ავტორებს 9 აპრილის ტრაგედიაზე პასუხისმგებლობისაგან


გორბაჩოვისა და შევარდნაძის დაცვა? მოცემული ინტერპრეტაციით, შეიძლება ვირწმუნოთ,
რომ პოლიტბიურო იმდენად მრავალაქტორიანი, კოლეგიალური და დემოკრატიული
ორგანო იყო რომ გენერალური მდივნის და თუნდაც საქართველოს სსრ-დან

53
დაწინაურებული ერთ-ერთი საკვანძო პოსტის მფლობელი შევარდნაძის ინფორმირებისა და
კონსულტაციის გარეშე მიიღებდა მსგავს გადაწყვეტილებას.

„... 3 საათსა და 30 წუთზე ტრიბუნაზე გამოვიდა კათალიკოს-პატრიარქი, ილია II და


შეკრებილებს ურჩია, ქაშუეთის ტაძრისათვის შეეფარებინათ თავი. სამწუხაროდ, აქციის
მესვეურებმა ეს რჩევა არ გაიზიარეს.“

ილია II-მ დემონსტრანტები მოსალოდნელი საფრთხის შესახებ გააფრთხილა და ურჩია


დაშლილიყვნენ და ქაშუეთის ეკლესიაში გადასულიყვნენ, რაზეც მასამ (და არა
„მესვეურებმა“) მაშინვე უარი განაცხადა.

„...ისროდნენ მომწამლავი აირით დატენილ ხელყუმბარებს და სასტიკად ეპყრობოდნენ


მომიტინგეებს, რომელთა დიდ ნაწილს ქალები შეადგენდნენ. უიარაღო ხალხი სწრაფად
გაიფანტა...“

დემონსტრაციის დარბევას მოყოლილი დიდი მსხვერპლი დარბევის დანაშაულებრივმა


ტაქტიკამ განაპირობა - შემტევმა ნაწილებმა ალყაში მოაქციეს მომიტინგეთა მნიშვნელოვანი
ნაწილი, მთავრობის სახლის შესასვლელისაკენ მიჭყლიტეს და ცდილობდნენ ამით
მთავრობის სახლზე შტურმის იმიტაცია მოეხდინათ. შედეგად ჭყლეტაში, ქიმური
მოწამლავი გაზის ზემოქმედებითა და დარბევისას მიყენებული ტრავმებით დაიღუპნენ
დემონსტრანტები. შესაბამისად, ფორმულირება - „უიარაღო ხალხი სწრაფად გაიფანტა“
ფორმალური და უზედაპირულესი დამოკიდებულების ნიმუშია ამ ტრაგიკული
ისტორიული მოვლენის აღწერისათვის.

საბჭოთა კავშირის დაშლა.

ამ ქვეთავშიც მეორდება ზემოთ განხილული ნარატივი ეთნოკონფლიქტებთან


დაკავშირებით:

„რუსეთის მიერ 1988-1989 წლებში პროვოცირებულმა ქართულ-აფხაზურმა, ქართულ-


ოსურმა, სომხურ-აზერბაიჯანულმა, უზბეკურ-ტაჯიკურმა კონფლიქტებმა იმპერიის ღღვევა
ვერ შეაჩერა.“

როგორ უნდა შეეჩერებინა კონფლიქტებს რღვევა, როდესაც ეს კონფლიქტები თავად იყვნენ


რღვევისაგან გამოწვეული და მისი თანმდევი ელემენტები?

ქვეთავში ასევე ზედაპირულად და კონტექსტს აცდენილადაა გაშუქებული მოკსოვის


აგვისტოს პუტჩი:

„...ამასობაში რუსეთის ხელმძღვანელობის ბირთვმა, რომელსაც საბჭოთა კავშირის


უცვლელად შენარჩუნება სურდა, გორბაჩოვს შეთქმულება მოუწყო... კრიტიკულ მომენტში
სწრაფი და გადამწყვეტი მოქმედების უნარი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბორის
ელცინმა გამოამჟღავნა. თავის მომხრეებთან ერთად მან შეძლო შეთქმულთა დამარცხება და
„გეკაჩეპე“ კანონგარეშედ გამოაცხადა.“

54
პუტჩის ორგანოზატორები კომპარტიის (და არა „რუსეთის ხელმძღვანელობის“) შიგნით
არსებული რეაქციონური ჯგუფი იყო, რომელთაც არა - „საბჭოთა კავშირის უცვლელად
შენარჩუნება“, არამედ „პერესტროიკით“ დაწყებული ყველა პროცესის შეჩერება და ძველი -
მკაცრი რესპრესიული კურსისაკენ დაბრუნება სურდათ საბჭოთა რეჟიმის გადასარჩენად. რაც
შეეხება მსჯელობის ბოლო ნაწილს, მასში სიტუაცია ისეა დახატული თითქოს პუტჩის
დამარცხება ელცინმა და მისმა მომხრეებმა მარტომ შეძლეს, როდესაც მოსკოვში მასობრივმა
სამოქალაქო პროტესტმა და დაუმორჩილებლობამ გამოაცალა საფუძველი პუტჩის
წარმატებას და ელცინი და სხვა პოლიტიკური ლიდერები ამ მოქალაქეთა ფართო სპექტრის
ნებას წარმოადგენდნენ.

82. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება და საომარი კონფლიქტები

„1991 წელს საქართველომ XX საუკუნის მანძილზე მეორეჯერ მოიპოვა დამოუკიდებლობა.


პირველი რესპუბლიკისაგან განსხვავებით, ამჯერად საქართველო დამოუკიდებელ
სახელმწიფოდ მთელმა მსოფლიომ აღიარა.“

სახელმძღვანელოს ბოლო და ყველაზე ახლო ნაწილი, სწორედ მსგავსი ფუნდამენტური


უზუსტობითა და ინტერპრეტაციით იწყება. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის
დამოუკიდებლობა 1918-1921 წლების განმავლობაში დე-ფაქტო და დე-იურედ სცნო
მაშინდელი მსოფლიოს დამოუკიდებელი ქვეყნების უმრავლესობამ. 1991 წელს
დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ მის იურიდიულ აღიარებას კი ასევე, ხანგრძლივი
დრო და მუშაობა დასჭირდა. საქართველოს რესპუბლიკა გაეროს წევრადაც მხოლოდ 1992
წლის ივლისში მიიღეს.

„მოსკოვში აგვისტოს პუტჩის მარცხის შემდეგ მდგომარეობა დაიძაბა პრეზიდენტ


გამსახურდიასა და ეროვნული გვარდიის მეთაურს, თენგიზ კიტოვანს შორის. მოსახლეობა
ორ ნაწილად გაიყო და დაპირისპირება მალე სამოქალაქო ომში გადაიზარდა.“

ასე ტრაფარეტულად და ტენდენციურადაა წარმოდგენილი უახლოესი ისტორიის ერთ-ერთი


ყველაზე მძიმე და ტრაგიკული მომენტი. მოსწავლისათვის აბსოლუტურად გაურკვეველი
რჩება რა შუაშია მოსკოვის პუტჩი ადგილობრივ სიტუაციასთან, რა იყო დაპირისპირების
მიზეზი და ასევე შეექმნება შთაბეჭდილება, რომ 1991 წლის დეკემბერში ადგილი
სამოქალაქო ომს ჰქონდა და არა კლასიკურ - სამხედრო გადატრიალებას. ამ ფორმულას
უფრო აზუსტებს შემდგომი მტკიცება:

„21 დეკემბერს, როდესაც ალმა-ათაში შეიკრიბნენ მოკავშირე რესპუბლიკების


ხელმძღვანელები, რათა კანონის ძალით დაშლილად გამოეცხადებინათ საბჭოთა კავშირი,
თბილისში რუსთაველის პროსპექტზე დაიწყო შეიარაღებული შეტაკება ხელისუფლებასა და
ოპოზიციის მომხრეებს შორის. 1992 წლის 6 იანვარს ზვიად გამსახურდია იძულებული
გახდა, დაეტოვებინა თბილისი.“

სსრკ-ს დაშლა 1991 წლის 8 დეკემბერს, ბელოვეჟის ტევრში გაფორმდა. 1991 წლის 21
დეკემბერს ალმა-ათაში მიწვეული იყვნენ ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკების

55
წარმომადგენლები რომ სსრკ-ს მოდერნიზებულ ვარიანტისთვის - „დამოუკიდებელ
სახელმწიფოთა თანამეგობრობის“ (დსთ) დაფუძნებისათვის დაეჭირათ მხარი. საქართველოს
რესპუბლიკის მთავრობამ ამ პროცესში მონაწილეობაზე უარი თქვა, რისი შედეგიც გახდა
რუსეთის აქტიური ჩარევა თბილისში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისში და სამხედრო
გადატრიალებისათვის ქმედითი მხარდაჭერა.

●●●

ამ დეტალურად განხილული სახელმძღვანელოს ფონზე შეუდარებლად კარგ


შთაბეჭდილებას ახდენს გამომცემლობა „კლიოს“ საქართველოს ისტორიის მე-9 კლასის
სახელმძღვანელო. საბჭოთა პერიოდის შედარებით უკეთ და ინფორმატიულად წარმოდგენის
მიზეზს წიგნის ავტორებში უახლესი ისტორიის მკვლევრის - ოთარ ჯანელიძის ყოფნა
წარმოადგენს. ჩვენ ფორმატის შეზღუდულობის გამო ვერ შევუდგებით სახელმძღვანელოს
დეტალურ კრიტიკულ ანალიზს. საბჭოთა პერიოდის ამსახველი ნარატივის მთავარი
პრობლემებია: 1920-იანი წლების წინააღმდეგობის მოძრაობის კონტექსტისა და ძირითადი
პროცესების სუსტი და მცდარი ინტერპრეტაციები. კრიტიკას ვერ უძლებს 1920-1930-იანი
წლების ეკონიმიკის სფეროში მიმდინარე პროცესების აღწერა. ნაკლებადა განმარტებული და
აქცენტირებული ტოტალიტარიზმის მექანიზმები და კომპარტიის ადგილი ამ
მოცემულობაში. ტრაფარეტულად და სტერეოტიპულადაა წარმოდგენილი დიდი ტერორის
შესახებ ინფორმაცია; მეორე მსოფლიო ომში აქცენტირებულია ქართველების მონაწილეობა
სხვადასხვა მეომარი მხარეების რიგებში, თუმცა - ზედაპირულად. პოსტ-სტალინური და
გვიანი საბჭოეთის განხილვისას უგულვებელყოფლია ეკონომიკური და სოციალური
საკითხები და აშ.

მე-9 კლასის სახელმძღვანელოებზე გაძილებით მძიმე და კატასტროფული მდგომარეობაა მე-


12 კლასის სახელმძღვანელოებში, სადაც, რადგან საქართველოს უახლესი ისტორია
მსოფლიო ისტორიის კონტექსტში ისწავლება და ამით მე-9 კლასში ისედაც მოკლედ და
ზედაპირულად წარმოდგენილი ნარატივი უფრო იკუმშება.

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მე-12 კლასის სახელმძღვანელოში კატასტროფული


ფაქტობრივი შეცდომებითა და ტიპური საბჭოური ინტერპრეტაციებითაა წარმოდგენილი
1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის თავი. მე-9 კლასის
სახელმძღვანელოსთან შედარებით ნორმალურადაა განხილული საქართველოს სსრ-ს
ავტონომიების, ამიერკავკასიის ფედერაციის და „ნაციონალ-უკლონისტების“ საკითხები.
მძიმე ფაქტობრივი შეცდომებითა და მცდარი ინტერპრეტაციებითაა გაშუქებული 1920-იანი
წლების წინააღმდეგობის მოძრაობისა და 1924 წლის აჯანყების საკითხი. ზედაპირული და
ტრაფარეტულია ნარატივი ინდუსტრიალიზაციისა და კოლექტივიზაციის შესახებ.
ფაქტობრივად მიფუჩეჩებულია დიდი ტერორის საკითხი. უკიდურესად მწირია
საქართველოს პერსპექტივა მეორე მსოფლიო ომის ნაწილში. გვიანი საბჭოეთის სოციალური
პოლიტიკური და ეკონომიკური მიმოხილვის ნაწილში მდგომარეობა - მე-9 კლასის

56
სახელმძღვანელოს მსგავსია. ასევე მეორდება ედუარდ შევარდნაძის მმართველობის
განდიდების ტენდენცია. შედარებით ვრცლად და უკეთაა წარმოდგენილი „პერესტროიკის“
პროცესები.

განსხვავებულ შთაბეჭდილებას არ ახდენს გამომცემლობა „დიოგენეს“ მე-12 კლასის


სახელმძღვანელოც; რიგი საკითხები მასში უკეთაა გაშუქებული, ხოლო თემების
უმრავლესობაში ასევე მრავლადაა წარმოდგენილი ფაქტობრივი შეცდომები და მცდარი
ინტერპრეტაციები. ამავე დროს ყურადღებას იქცევს დაკაბადონების ცუდი ხარისხი - ხშირად
სიტყვები გადაბმულია და ტექსტის აღქმას ართულებს.

შეჯამება

სტანდარტისა და პორგრამის, შემდეგ კი გრიფირებული სახელმძღვანელოების სისტემური


და შინაარსობრივი ანალიზი ცხადად გვაჩვენებს თუ რაოდენ მძიმე და კრიტიკულ
მდგომარეობაშია სკოლებში უახლესი ისტორიის და საბჭოთა პერიოდის სწავლება:

არსებული სასწავლო გეგმა და უახლესი ისტორიის სწავლებისათვის განკუთვნილი დროის


რესურსი, სკოლას და პედაგოგს ფაქტობრივად შანსს არ უტოვებს მოსწავლეს, როგორც
ახალბედა მოქალაქეს, ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი ცოდნა - თანამედროვე სამყაროს
მოცემულობა, მისი მოწყობის და განვითარების ლოგიკა, პიროვნულად და საერთო-
ეროვნული და სახელმწიფოებრივი პერსპექტივით საკუთარი ადგილის განსაზღვრა ამ
გარემოში, გადასცეს და შეუძლებელს ხდის, სწავლება ფორმალურად მაინც მიუახლოვდეს
თანამედროვე რეალობისათვის შესაფერის დონეს.

პრობლემურია თავად სტანდარტით განსაზღვრული აქცენტები, რომლებიც არ ეფუძნება


უახლესი ისტორიის კრიტიკულ და ცხად ცოდნას და იმთავითვე მცდარ ორიენტირებს
უწესებს სახელმძღვანელოებსა და შესაბამისად - სასწავლო პროცესს.

ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს თავად სახელმძღვანელოებიც; უახლესი ისტორიის


პერიოდი მომზადებულია ადამიანების მიერ, რომელთაც უშუალო შეხება არა აქვთ
სფეროსთან ან ძალზე ფრაგმენტული ცოდნით არიან წარმოდგენილი, შესაბამისად -
სახელმძღვანელოებში მოცემული ნარატივი წარმოადგენს ამ ზედაპირული ცოდნების,
პირადი დამოკიდებულებების, საბჭოთა და პოსტსაბჭოთა კლიშეების ტოქსიკურ ნაზავს,
რომელიც ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეძლებს მოსწავლეს ცხადი ცოდნა მისცეს უახლესი
ისტორიის ამ უმნიშვნელოვანეს პერიოდზე და ვერც კრიტიკული ანალიზის უნარს
განუვითარებს. მხოლოდ საბჭოთა პერიოდის ნარატივის მიმოხილვის მაგალითზე
გამოვლენილი კატასტროფული სურათი ასევე გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ
არანაკლებ მძიმე მდგომარეობაა არათუ XIX საუკუნის ისტორიასთან, ან გლობალური
ისტორიის საკითხებთან მიმართებაში, არამედ, ასევე გვიბიძგებს ვიფიქროთ, თუ რამდენად
კრიტიკული და ფხიზელი დამოკიდებულებაა საჭირო საქართველოს ძველი ისტორიის
სწავლების მიმართაც.

57

You might also like