You are on page 1of 2

გიორგი ოთიაშვილი

20.02.2023

მომავლის წინაშე ვალდებულება სწორად უნდა განისაზღვროს

ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში, დგება მომენტი, როდესაც ის ასრულებს საკუთარ


ცხოვრებაზე და საკუთარ თავზე ზრუნვას და იწყებს თავისი შვილის მომავალზე ფიქრს. ამ
დროს, აუცილებელია სწორად განისაზღვროს ვალდებულებები, სწორად მოხდეს
რესურსების ინვესტიცია, სწორად გადანაწილდეს პრიორიტეტები და ა.შ. ამ პერიოდში
გადადგმულ თითოეულ ნაბიჯს სერიოზული გავლენა ექნება ახალგაზრდას მომავალზე და
მის ცხოვრებაზე. ამიტომ სავალდებულოა ზომიერება, ბავშვის აზრის გათვალისწინება.
დაუშვებელია გადამეტებული სიმკაცრე, თუმცა, ასევე მიუღებელია თავისუფალი წესით
მოზარდის აღზრდა. ამ ოქროს ბალანსის დაჭერას, მომავლის წინაშე ვალდებულების სწორად
განსაზღვრა ეწოდება.

ჩვენი მოსაზრების დასამტკიცებლად, განვიხილოთ ნაწყვეტი გურამ დოჩანაშვილის


მოთხრობიდან „ძნელი“. მოცემული მონაკვეთის მიხედვით, ნაწარმოების პროტაგონისტი,
გაქართველებული უცხოელი, უშანგი, ქართველ ბავშვს იშვილებს და მის ნამდვილ
პატრიოტად აღზრდას განიზრახავს. უშანგს, თავისივე სიტყვების მიხედვით: „ენერგია
აწუხებდა“. ამას ჩვენი გმირი მოთხრობის მეორე პერსონაჟს, დეიტერაგონისტს ეუბნება და
თან დიდი სიამაყით სთავაზობს თავისი მძინარე შვილის გამოფხიზლებას, რათა თავისი
თავის „ჭეშმარიტი ქართველობა“ დაამტკიცოს. მიუხედავად დეიტერაგონისტის უარისა,
უშანგი უკან არ იხევს, პირიქით, ამბობს რომ „გავაღვიძებ, რადგან ბურანშიც უნდა ახსოვდეს
(რასაც ახლა იტყვისო)“. უშანგი თავის შვილს გააღვიძებს და ისიც მორჩილად ადგება, სკამზე
დაჯდება და მოჰყვება დუტუ მეგრელის ლექსს „მე პატარა ქართველი ვარ“. აღნიშნული
მონაკვეთი მიგვითითებს იმაზე, რომ უშანგი მსგავს საქციელს პირველად არ სჩადის, არამედ
აშკარად მრავალჯერ. ფაქტია რომ უშანგისთვის, პატრიოტობა, მხოლოდ ლოზუნგებსა და
ლექსებში გამოიხატება. ნამდვილი პატრიოტობა, ილია ჭავჭავაძის თანახმად, ქვეყნისთვის
საქმის კეთებაშია - „საქმე იმაშია, რომ საქმე საქმეშია“. ილია ჭავჭავაძის ფიქრთა გრეხილი
„მგზავრის წერილებიდან“ ზუსტად ადასტურებს ჩვენს მოსაზრებას რომ პატრიოტობა და
ქვეყნის სიყვარული ლექსების დაზეპირებით და „ჩაის სმით“ არ გამოიხატება. შესაბამისად,
უშანგი სწორად ვერ განსაზღვრავს ვალდებულებას მომავლის მიმართ. ის ვერ აღზრდის
პატრიოტს, და ასევე არღვევს ჩვენ მიერ ნახსენებ ოქროს ბალანსს. იგი თავის შვილს მკაცრად
ზრდის, რაც რა თქმა უნდა მომავლში შეიძლება მასვე დაუბრუნდეს ცუდად. როგორც
ამერიკის ერთ-ერთმა ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, ნელსონ როკფელერმა თქვა: „ხალხი
ზუსტად ისე მოგექცევათ თქვენ, როგორც თქვენ მოექცევით მას“.

დასკვნის სახით, შეიძლება ითქვას, რომ მომავლის წინაშე ვალდებულების სწორად


განსაზღვრა აუცილებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში მომავალი გაუცნობიერებლად
სწრაფად მოვა და ნებისმიერი ადამიანს, ვინც დაუგეგმავად შეხვდა, გაანადგურებს. გურამ
დოჩანაშვილის ნაწარმოების მაგალითზე, ვხედავთ იმას თუ როგორ არ უნდა აღვზარდოთ
შვილი, როგორ არ უნდა გადავანაწილოთ პრიორიტეტები. საუკეთესო გზა მომავლის წინაშე
ვალდებულებბის სწორად განსაზღვრისა ოქროს ბალანსის დაჭერაა.

You might also like