You are on page 1of 27

განმანათლებლობა და ქრისტიანობა

27/04/2015
By Orthodox Theology

ავტორი: თეიმურაზ ბუაძე

(სტატია -ჟურნალ “გული გონიერის” ნომრიდან)

ტერმინით – „განმანათლებლობის ეპოქა“ – აღნიშნავენ დასავლური


ცივილიზაციის ისტორიის პერიოდს, რომელიც დაახლოებით XVII–XVIII
საუკუნეებს მოიცავს. განმანათლებლობა უშუალოდ რენესანს მოსდევს და
ამ უკანასკნელის სულისკვეთების ისტორიული განვითარების შედეგია.
აქედან გამომდინარე, მათ ბევრი რამ აქვთ საერთო, თუმცა გარკვეული
ასპექტებით განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. რენესანსული
სულისკვეთების უმნიშვნელოვანესი გამოხატულება ჰუმანიზმი და
ინდივიდუალიზმია. ჰუმანისტებს სურდათ, ხაზი გაესვათ ადამიანის
ავტონომიურობისა და თვითკმარობისთვის. ამ მიზნით, ისინი
ცდილობდნენ მათი თანამედროვეების ემანსიპაციას შუა საუკუნეების
კათოლიკური ეკლესიისაგან, რაც, უპირველეს ყოვლისა, სქოლასტიკური
ღვთისმეტყველებისა და კლერიკალების პოლიტიკური გავლენისაგან
განთავისუფლებას გულისხმობდა. ჰუმანისტები ასევე ამტკიცებდნენ, რომ
შუა საუკუნეების ქრისტიანული მორალი დაფუძნებული იყო წმინდანთა
მიბაძვაზე, რაც, მათი აზრით, ხელს უშლიდა ადამიანის ინდივიდუალური
თავისებურებების თავისუფალ გამოხატვას. ზემოთქმულის მიუხედავად,
ისინი დეკლარირებულად არასოდეს დაპირისპირებიან ქრისტიანობას,
თვით კათოლიკურ ეკლესიასაც (ზოგიერთი პაპი თავს ჰუმანისტადაც კი
მიიჩნევდა). ჰუმანისტების (ფიჩინო, მირანდოლა და სხვ.) მიზანი იყო,
კლასიკური ავტორების გაიდეალების საშუალებით, შუა საუკუნეების
კლერიკალური, საკრამენტალური ქრისტიანობა გარდაექმნათ ახალ,
ოკულტური ელემენტებით გაზავებულ, „პლატონურ ქრისტიანობად“,
რომელიც დაფუძნებული იქნებოდა ანტიკური ეპოქის სამოქალაქო
სათნოებებსა და ესთეტიკურ ღირებულებებზე.

შუასაუკუნეობრივი ქრისტიანობის გარდაქმნის ჰუმანისტური სურვილი


განმანათლებლებთან ანტიეკლესიური, ანტიქრისტიანული პათოსით
შეიცვალა, რომელიც განსაკუთრებული ინტენსივობით „ფრანგ
ენციკლოპედისტებთან“, ეგრეთწოდებულ „ფილოსოფოსებთან“
გამოვლინდა. განმანათლებლობას „გონების ეპოქასაც“ (Age of Reason)
უწოდებენ, რადგან ამ ეპოქაში, ისე როგორც არასდროს მანამდე,
უსაზღვროდ განადიდებდნენ ადამიანურ გონებას, რომელსაც შეცდომით
აიგივებდნენ მხოლოდ რაციონალურ აზროვნებასთან. განმანათლებლობა
ეტიმოლოგიურად „სინათლის ეპოქასაც“ (time of illumination) ნიშნავს. ამ
ეპოქის მოაზროვნეებს პრეტენზია ჰქონდათ, რაციონალური გონების
ნათელზე დაყრდნობით, არსებითად გარდაექმნათ სამყარო, შეეცვალათ
მათი თანამედროვეების მსოფლმხედველობა, გაეთავისუფლებინათ ისინი
ცრურწმენებისა და „სულიერი სიბნელისაგან“. ამ მიზნით, ისინი
დეკლარირებულად, განსაკუთრებული სიმძაფრით უპირისპირდებოდნენ
ქრისტიანულ ეკლესიას, რადგან მიაჩნდათ, რომ ეს უკანასკნელი
გაუმართლებლად ბატონობდა ადამიანთა გონებასა და სულიერ
ცხოვრებაზე და მათი მოძრაობისთვის ყველაზე სერიოზულ
წინააღმდეგობას წარმოადგენდა. განმანათლებლები ან უბრალოდ
უარყოფენ ღმერთის არსებობას, ან დეისტური იდეების პროპაგანდისტებად
გვევლინებიან, ანუ ისეთი ღმერთის არსებობას აღიარებენ, რომელიც
სამყაროს შექმნის შემდეგ აღარ ინტერესდება სამყაროსა და ადამიანების
ბედით და არ ერევა ამ უკანასკნელთა ცხოვრებაში. დეისტები უარყოფდნენ
გამოცხადებას, წმინდა წერილის ავტორიტეტს, სასწაულებს, კერძო
განგებულებას (კონკრეტულ პიროვნებებსა და მოვლენებთან
დაკავშირებულ ღვთაებრივ განგებულებას), საეკლესიო იერარქიას,
ეკლესიის საკრამენტალურ ცხოვრებას და ა. შ. განმანათლებლები
უაღრესად სეკულარიზირებული რელიგიურობის მომხრეები იყვნენ, ისინი
ფაქტიურად ღმერთს ადგილს აღარ უტოვებდნენ საკაცობრიო ისტორიის
პროცესში და ამ ქვეყნიერების ერთადერთ პატრონად და მეურვედ
ადამიანები მიაჩნდათ. ცნობილია, რომ განმანათლებლურმა იდეებმა
გარკვეული გავლენა მოახდინეს ამერიკის დამფუძნებელ მამებზე,
რომლებმაც დემოკრატიულ და ლიბერალურ ფასეულობებს
კონსტიტუციონალური, პოლიტიკური განხორციელება შესძინეს. ამის გამო,
თავად განმანათლებლურ მოძრაობას, არაიშვიათად, შეცდომით აიგივებენ
დემოკრატიულ და ლიბერალურ პოლიტიკურ იდეალებთან (აქ
იგულისხმება რეპრეზენტაციული ანუ არჩევითი მთავრობა, მოქალაქეების
თანასწორობა კანონის წინაშე, სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში
მონაწილეობის თანაბარი შანსი, განათლების მიღების საყოველთაო
შესაძლებლობა, თავისუფლება და ა. შ.). ეს გაიგივება პრობლემატური
ხდება, თუ გავითვალისწინებთ, რომ განმანათლებლობა, ისევე როგორც
რენესანსი, იდეოლოგიურ ფენომენს წარმოადგენს, მაშინ როდესაც
დემოკრატია და ლიბერალიზმი მათი წარმოშობის დროს პოლიტიკურ
ფენომენებად გვევლინება და მათი დაბადება არც ისტორიული და არც
ლოგიკური აუცილებლობით არ უკავშირდება განმანათლებლობის
მოძრაობას (ამ შეცდომის თავიდან ასაცილებლად უპრიანი იქნებოდა
ფრანგული რევოლუციის სისხლიანი ტერორის გახსენება, რომელიც
ძალიან შორს იდგა დემოკრატიული და ლიბერალური პრინციპებისაგან).
რაც შეეხება დემოკრატიას, მართალია, ერთნი დემოკრატიული ცხოვრების
წესს მორალურ აუცილებლობად წარმოსახავენ, მეორენი კი მას ზნეობრივი
დეგრადაციისა და ანარქიიდს, ანუ ბოროტების წყაროდ მიიჩნევენ,
სინამდვილეში დემოკრატია ისტორიულად სახელმწიფო ინსტიტუტების
არსებობისა და ფუნქციონირების ერთ–ერთ ფორმას წარმოადგენს,
რომელიც, როგორც პოლიტიკური მექანიზმი, საშუალებას იძლევა,
სხვადასხვა სოციალური ჯგუფების ინტერესები წარმომადგენლობითად
იყვნენ დაცულნი აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებაში. ამ
თვალსაზრისით ბევრი დემოკრატიას სოციალური თანასწორობისა და
თავისუფლების გარანტად მიიჩნევს, თუმცა ის, როგორც პოლიტიკური
ინსტრუმენტი, აუცილებლობით არ უკავშირდება განმანათლებლობას,
რადგან დემოკრატიულ პრაქტიკას უკვე ანტიკური საბერძნეთის
პოლისებში ჰქონდა ადგილი.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ლიბერალიზმიც პოლიტიკურ ფენომენებს


განეკუთვნება. ის ეფუძნება შეხედულებას, რომლის მიხედვით
პოლიტიკური ძალაუფლების წყაროს ხალხი წარმოადგენს და არა
ღვთაებრივი უფლებებით აღჭურვილი მონარქი, ან რომელიმე
თეოკრატიულ პრინციპზე დაფუძნებული პოლიტიკური ინსტანცია. აქედან
გამომდინარე, ლიბერალური შეხედულებების მიხედვით სახელმწიფოს
წარმოშობისა და არსებობის ერთადერთ მიზანს მოქალაქეების ინტერესების
დაცვა წარმოადგენს, ამავე დროს ლიბერალები ფიქრობენ, რომ საერთო
ინტერესების დაცვის საბაბითაც სახელმწიფოს უფლება არა აქვს, თავისი
მოქალაქეების კერძო ცხოვრებაში ჩაერიოს. მოქალაქეების პრივატული
სფეროს ხელშეუხებლობის პრინციპს ეფუძნება ფუნდამენტური
სამოქალაქო უფლებები: თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები,
სიტყვისა და სინდისის თავისუფლება, კერძო საკუთრების დაცულობა,
ეკონომიკური სფეროს თავისუფლება მერკანტილური ხასიათის
სახელმწიფო რეგულაციებისაგან და ა. შ. ზემოთქმულიდანაც შეიძლება
დავინახოთ, რომ გაუმართლებელია პოლიტიკური ლიბერალიზმისა და
განმანათლებლობის ღირებულებების გაიგივება. გარკვეული
თვალსაზრისით, პოლიტიკური ლიბერალიზმი თანხმობაშია
ქრისტიანობასთან, რადგან ქრისტიანობა ადამიანს, როგორც ცათა
სასუფევლის მოქალაქეს, უფრო მაღლა აყენებს, ვიდრე სახელმწიფოს, მის
პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინსტიტუტებს, ეროვნულ და კულტურულ
ღირებულებებს და ა. შ. ქრისტიანობაც იცავს ადამიანის პრივატულ სფეროს,
მისი სინდისის თავისუფლებას სახელმწიფოს უხეში ჩარევისაგან, იცავს
ადამიანების ოჯახურ, კულტურულ, ეროვნულ და ა. შ. ღირებულებებს
კოლექტიურ–კორპორაციული ინტერესებზე დაქვემდებარებისაგან, მაშინ
როდესაც კლასიკურ ანუ პოლიტიკურ ლიბერალიზმს საერთო ინტერესების
გარკვეული სფერო გააჩნია ქრისტიანობასთან, განმანათლებლობას
პრინციპულ საკითხებში ანტიქრისტიანული პოზიცია უკავია.

განმანათლებლობა, ისევე როგორც ყველა მნიშვნელოვანი ისტორიული


მოძრაობა, არაერთგვაროვან, კომპლექსურ ფენომენს წარმოადგენს. აქედან
გამომდინარე, არაერთგვაროვანი იყო მისი აღქმა მისივე წევრების მიერაც
კი. განმანათლებლობის რაობის შესახებ ერთ–ერთი ძალიან ცნობილი
მოსაზრება ეკუთვნის გერმანელ ფილოსოფოსს, ემანუელ კანტს. მან 1784
წელს საჯაროდ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ გამოაქვეყნა მოკლე ესსე –
„პასუხი კითხვაზე: რა არის განმანათლებლობა?“ (Beantwortung der Frage:
Was ist Aufklärung?). კანტი ამ ნაშრომის დასაწყისშივე ამტკიცებს, რომ
განათლებულობა, უპირველეს ყოვლისა, ადამიანის უმწიფრობის
მდგომარეობიდან გამოსვლას გულისხმობს. კანტის აზრით, ეს
„უმწიფრობა“ (Unmündigkeit) იმაში გამოიხატება, რომ ადამიანი ვერ ბედავს
მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული ამოცანების გადაჭრისას მხოლოდ
საკუთარ გონებას დაეყრდნოს და თანახმაა ცხოვრება საჯარო
ინსტიტუტების, სახელმწიფო ხელისუფლებისა და თვით ეკლესიის
ტუტელაჟს, ანუ ხელმძღვანელობას დაუქვემდებაროს. კანტი ასევე
ამტკიცებს, რომ ეს „უმწიფრობა“ ადამიანებმა თავადვე მოახვიეს საკუთარ
თავს, რადგან იგი მას ინტელექტუალურ განუვითარებლობას კი არ
მიაწერს, არამედ სიმამაცის ნაკლებობასა და სიზარმაცეს. იგი ფიქრობს, რომ
განმანათლებლობის ეპოქამ ყველა წინაპირობა შექმნა, რათა ადამიანები
თვითონვე გამოვიდნენ ამ მდგომარეობიდან, გახდნენ ავტონომიურნი, ანუ
თავადვე დაუწესონ ცხოვრების წესი საკუთარ თავს. ამ მიზნით, მან ისევ წინ
წამოწია ჰორაცისეული ანტიკური, ლათინური მოწოდება – „Separe aude“,
რაც ქართულად ნიშნავს: „გაბედე იცოდე“, ან „გაბედე, გახდე ბრძენი“.
კანტი, როგორც ნამდვილ რაციონალურ მოაზროვნეს შეეფერება, თვით
ეკლესიასაც არ აძლევს იმის უფლებას, რომ მისი წევრებისაგან რელიგიური
დოგმების აუცილებელი აღიარება მოითხოვოს. ეს მით უფრო გასაკვირია,
რომ მისივე „წმინდა გონების კრიტიკის“ თანახმად, ადამიანის გონება
უძლურია, ლოგიკური განსჯის დახმარებით უპასუხოს მეტაფიზიკურ, მათ
შორის ფუნდამენტალურ რელიგიურ კითხვებს და ითხოვს, რომ ამ დროს
გონებამ რწმენას დაუთმოს ადგილი. რელიგიური დოგმებისადმი
კრიტიკული დამოკიდებულების მიუხედავად, კანტი მორწმუნე ქრისტიანი
იყო, იგი პიეტისტურ[1], პროტესტანტულ ოჯახში აღიზარდა და ცხოვრების
ბოლომდე შეინარჩუნა ღმერთის არსებობის რწმენა, რითაც დიდად
განსხვავდება ბევრი განმანათლებელი მოაზროვნისაგან. ამ
თვალსაზრისით, განმანათლებლობას ორ – ადრინდელ და მოგვიანო
პერიოდად ყოფენ. პირველი პერიოდი ინგლისსა და ჰოლანდიას
უკავშირდება. ამ პერიოდის განმანათლებელი მოაზროვნეები (ბეკონი,
დეკარტი, ლოკი) დიდი ფილოსოფოსები იყვნენ, რომლებზეც დიდი
გავლენა მოახდინა ემპირიული მეცნიერების ჩამოყალიბებამ და
განვითარებამ. ამ ფილოსოფოსების ნააზრევმა მათი თანამედროვეების
მსოფლმხედველობრივი საფუძვლების ცვლილება გამოიწვია. მანამდე
ტრადიციული ევროპული მსოფლმხედველობა დაფუძნებული იყო
ქრისტიანულ რწმენაზე, განმანათლებლური მსოფლმხედველობა კი
რაციონალური გონების ავტორიტეტსა და ემპირიული მეცნიერების
პრინციპებს ეფუძნება. ადრინდელ სტატიაში – „მოდერნულობის
რელიგიურ – ფილოსოფიური საფუძვლები“[2] – ჩვენ უკვე ვისაუბრეთ
ზემოხსენებული მოაზროვნეების იმ ფილოსოფიურ შეხედულებებზე,
რომლებიც განმანათლებლურ მსოფლმხედველობას დაედო საფუძვლად და
მათზე დაწვრილებით ახლა აღარ შევჩერდებით, უბრალოდ შევნიშნავთ,
რომ მათი განმანათლებლური სულისკვეთების მიუხედავად არც ერთი
მათგანი არ დაპირისპირებია ეკლესიას. რაც შეეხება განმანათლებლობის
მეორე პერიოდს, რომელიც უმთავრესად ეგრეთწოდებული „ფრანგი
ფილოსოფოსებითაა“ წარმოდგენილი, აგრესიული ათეიზმით და
ანტიკლერიკალიზმით ხასიათდება. ამ „ფრანგ ფილოსოფოსებში“
იგულისხმება დიდრო, დალამბერი, ჰოლბახი, ჰელვეციუსი, კონდორსე და
სხვები, რომელთაგან არც ერთი ზემოხსენებული რეპუტაციის მიუხედავად
არ გახლდათ ნამდვილი ფილოსოფოსი (ჩვენს დროში თითქმის აღარავინ
სწავლობს სპეციალურად მათ ფილოსოფიურ ნააზრევს). ამ ხალხმა სახელი
გაითქვა უფრო, როგორც განმანათლებლური იდეების
პოპულარიზატორებმა, რომელიც ცნობილი ფრანგული ენციკლოპედიის
გამოცემით გააკეთეს. ისინი ფიქრობდნენ, რომ რელიგიურობა უვიცობაზე
დაფუძნებული ცრურწმენების შედეგი იყო, რომელსაც კლერიკალები
მოხერხებულად იყენებდნენ ხალხზე გავლენის შესანარჩუნებლად.
„ენციკლოპედისტები“ დარწმუნებულები იყვნენ, რომ ადამიანების
რწმენის, აქედან გამომდინარე, ქრისტიანული ეკლესიის გავლენისაგან
განთავისუფლება, მეცნიერული მიღწევების პროპაგანდით იყო
შესაძლებელი. მათ ზუსტად ამიტომ გადაწყვიტეს ენციკლოპედიის
გამოცემა. ფრანგმა ფილოსოფოსებმა, კანტთან, დეკარტსა და ლოკთან
შედარებით, გაცილებით პრეტენზიული ამოცანა დაისახეს. მათი მიზანი
იყო კაცობრიობის ცნობიერების რადიკალური გარდაქმნა, ისინი
ფიქრობდნენ, რომ შეეძლოთ ადამიანებისთვის ახალი გონებრივი ნათელი
მოეტანათ, ამიტომ უწოდებდნენ თავიანთ დროს „სინათლის ეპოქას“ (les
lumières).

განმანათლებლობის მსოფლმხედველობისათვის დამახასიათებელია


რამდენიმე ფუნდამენტური თვისება, რომლებზეც ახლა შევეცდებით
საუბარს:

1. განმანათლებლობისთვის ნიშანდობლივია სიენტისტური


მსოფლმხედველობა, რომლის თანახმად, მხოლოდ მეცნიერული,
ემპირიული მეთოდია გამოყენებადი ნებისმიერი ცოდნის მოსაპოვებლად,
ნებისმიერი რეალობის შესასწავლად. ემპირიული მეცნიერების კულტი იმ
დროს ნიუტონის ფიზიკის წარმოშობამ განაპირობა. ყველაზე უზარმაზარი
გავლენა მოახდინა იმ ფაქტმა, რომ უამრავი, თითქოსდა ერთმანეთთან
აბსოლუტურად დაუკავშირებელი მოვლენების ახსნა და
წინასწარმეტყველება გახდა შესაძლებელი ნიუტონის მიერ აღმოჩენილი
მსოფლიო მიზიდულობისა და სხვა მექანიკური კანონების გამოყენებით. აქ
საქმე ეხებოდა ციური სხეულების მოძრაობას, ზღვისა და ოკეანის წყლების
მიქცევა–მოქცევას, უამრავი სახის მექანიკურ მოძრაობას და ა. შ. ნიუტონის
ფიზიკის ძლევამოსილმა წარმატებამ განმანათლებელ მოაზროვნეებს
მცდარი წარმოდგენა შეუქმნა, თითქოს ფიზიკური კანონების დახმარებით
მათ შეეძლოთ სამყაროს მდგომარეობის განსაზღვრა დროის ნებისმიერ
მომენტში. მათ სამყარო უსასრულოდ ბრძენი მესაათის მიერ შექმნილ
საათის მსგავს მექანიზმად წარმოედგინათ, რომელშიც ყველაფრის წვდომა
და გაგება ღმერთის გარეშე, მხოლოდ მეცნიერული კანონების გამოყენებით
იყო შესაძლებელი. განმანათლებლობისთვის დამახასიათებელი
სიენტისტური მსოფლმხედველობის ერთ–ერთ თვალსაჩინო
გამოხატულებას დიდი ინგლისელი ემპირისტი ფილოსოფოსის – ლოკის
ეგრეთწოდებულ ევიდენციალისტურ თეოლოგიაში ვხედავთ. ლოკი
ფიქრობდა, რომ ადამიანის დაბადებისას მისი გონება ცარიელია
ყოველგვარი მენტალური შინაარსისაგან; ის „ცარიელი დაფაა“ (Tabula rasa)
და ყველანაირ ცოდნასა და პრინციპებს მხოლოდ გამოცდილებით იღებს.
აქედან გამომდინარე, იგი ფიქრობს, რომ ფილოსოფიური და თვით რწმენის
საკითების შესწავლას ისევე უნდა მივუდგეთ, როგორც ბუნების
მეცნიერულ კვლევას. თუ ჩვენ ბუნების ემპირიული მეთოდების კვლევისას
ორი სავარაუდო თეორიიდან იმას ვირჩევთ, რომლის სასარგებლოდ უფრო
მეტი მოცემულობა, მოწმობა არსებობს, ასევე უნდა მოვიქცეთ რწმენის
შემთხვევაშიც, ანუ მხოლოდ ისეთი რწმენა უნდა ავირჩიოთ, რომლის
სასარგებლოდ უფრო მეტი რაციონალური არგუმენტი, მტკიცებულება
(evidence) გაგვაჩნია. აქედან ჩანს, რომ ევიდენციალიზმი ღმერთის შესახებ
ცოდნის მიღების ერთადერთ ლეგიტიმურ წყაროს ბუნებაზე მეცნიერულ
დაკვირვებას მიიჩნევს. ცხადია, ასეთი მიდგომა უაღრესად აღარიბებს
ცოცხალი ღმერთის შეცნობის შესაძლებლობას. განმანათლებლები ძალიან
მალე მივიდნენ ღმერთის კონცეპციამდე, რომელიც მათ აწყობდათ. ეს იყო
დეიზმი, რომლის დროს შემოქმედსა და ქმნილებას შორის ერთადერთი
დამაკავშირებელი რგოლი ბუნების კანონებია. შემოქმედის თითქმის
ბუნების კანონებთან გაიგივება ძალიან ახლოს დგას თვით ღმერთის
უარყოფასთან. ეს ასეც მოხდა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფრანგი
განმანათლებლების უმრავლესობა ათეისტები იყვნენ. ცხადია, ისინი
სულის არსებობასაც უარყოფდნენ და ადამიანს რთულ მექანიკურ
მექანიზმთან აიგივებდნენ. ამას ამტკიცებდნენ დიდრო, ჰოლბახი და
ჰელვეციუსი.

2. ლოკს ეკუთვნის, ასევე, „ბუნებრივი კანონის“ კონცეპცია, რომელიც


ძალიან პოპულარული იყო განმანათლებლობის ეპოქის მოაზროვნეებს
შორის. იგი იმედოვნებდა, რომ როგორც ნიუტონმა აღმოაჩინა
რაციონალური კანონები, რომლებიც ბუნებას განაგებენ, ასევე
შესაძლებელია, აღმოჩენილი იქნას რაციონალური კანონები, რომლებიც
ადამიანისა და საზოგადოების ცხოვრებას აწესრიგებს. ლოკი ფიქრობს, რომ
რელიგიის, პოლიტიკის, ეკონომიკის და სხვა სფეროების შესაბამისი
ბუნებრივი კანონების აღმოჩენით ადამიანს შეეძლება სამყაროს სრული
ცოდნა. რაც ყველაზე მთავარია, ლოკი აბსოლუტურად აიგივებდა
ერთმანეთთან ბუნებრივ და რაციონალურ კანონებს. აქედან გამომდინარე,
ის, რაც რაციონალური გონებისთვის გაუგებარი, მიუწვდომელი იყო, იგი
არაბუნებრივად, ადამიანებისთვის უსარგებლოდ და საზიანოდ მიიჩნევდა.
ასეთი მკაცრად რაციონალური მიდგომა, ცხადია, ძალიან აზარალებს
რელიგიურ სფეროს, რადგან გამოცხადება, სასწაულები, მთლიანად
მისტიური სფერო არარაციონალურ, მიუღებელ ფენომენებად ცხადდება.
ასეთი მიდგომის შეზღუდულობა იქიდანაც კარგად ჩანს, რომ თვით ისეთი
ურწმუნო ადამიანი, როგორიც ფროიდი იყო, ჩვენი ქმედებების, განცდების
და მოტივების მნიშვნელოვან ნაწილს არარაციონალურ იმპულსებს
მიაწერდა. ლოკის ბუნებრივი კანონის კონცეფციამ განსაკუთრებული
როლი სოციალურ–პოლიტიკურ სფეროში ითამაშა, რადგან
რევოლუციურად განწყობილი განმანათლებლები მას მონარქიის
საწინააღმდეგოდ იყენებდნენ. მაგალითად, კონდორსე, მის თანამედროვე
ბევრ სხვა განმანათლებლებთან ერთად, ფიქრობდა, რომ მონარქია
არაბუნებრივი წყობა იყო, რადგან მეფეებსა და იმპერატორებს
კოლოსალური ადმინისტრაციული და სამხედრო ძალისხმევა
სჭირდებოდათ, რათა ძალაუფლება შეენარჩუნებინათ. კონდორსე მხოლოდ
ფილოსოფოსობით არ ყოფილა დაკავებული, იგი განათლებით
მათემატიკოსი იყო და განსაკუთრებით ალბათობის თეორიით
ინტერესდებოდა. ამ უკანასკნელზე დაყრდნობით, მან შეიმუშავა
პოლიტიკური თეორია, რომლის მიხედვით, მთავრობა მით უფრო ნაკლებ
შეცდომას უშვებს, მასში რაც უფრო მეტი ხალხი მონაწილეობს. აქედან
გამომდინარე, იგი ემხრობოდა ისეთი პოლიტიკური წყობის დამყარებას,
რომლის დროსაც ყველას თავისუფლად მიუწვდებოდა ხელი ინფორმაციასა
და განათლებაზე, ყველა თანაბარი იქნებოდა კანონის წინაშე და რაც
შეიძლება ბევრი ადამიანი მიიღებდა მონაწილეობას სახელმწიფოს
მართვაში. კონდორსეს პოლიტიკურმა იდეებმა გავლენა მოახდინა
„ფედერალისტური წერილების“, „დამოუკიდებლობის დეკლარაციის“
ერთ–ერთ მთავარ თანაავტორსა და ამერიკის დამფუძნებელ მამაზე –
ჯეფერსონზე. კონდორსე ამ უკანასკნელმა მაშინ გაიცნო, როდესაც იგი
საფრანგეთში ჩამოვიდა, რათა ლუი XVI–ისგან ფული ეთხოვა
ინგლისელების წინააღმდეგ ბრძოლაში დასახმარებლად. მაგალითად,
კონდორსეს გავლენითაა შეტანილი „დამოუკიდებლობის დეკლარაციაში“
სიცოცხლის, თავისუფლებისა და ბედნიერების უფლების მოთხოვნა. საქმე
იმაშია, რომ ამ ფორმულის პირველი ვარიანტი ლოკს ეკუთვნის, მან
ადამიანის ფუნდამენტალურ უფლებად სიცოცხლე, თავისუფლება და
კერძო საკუთრება გამოაცხადა. ეს იყო კონდორსე, რომელმაც ლოკის
ფრაზაში „კერძო საკუთრება“ „ბედნიერებით“ ჩაანაცვლა, რადგან
ფიქრობდა, რომ კერძო საკუთრება ერთ–ერთი საშუალება იყო ბედნიერების
მისაღწევად. ახლა ჩვენს მიზანს არ წარმოადგენს, ვისაუბროთ რამდენად
გამართლებული იყო ეს ჩანაცვლება, თუმცა გაკვრით შევნიშნავთ, რომ
ლოკისთვის კერძო საკუთრება ლიბერალური პოლიტიკური
მმართველობის საფუძველი უფროა, ვიდრე ბედნიერების მიღწევის
უეჭველი საშუალება. ამ ისტორიაზე იმიტომ ვსაუბრობთ, რომ ის ფრანგი
განმანათლებლების ამერიკის დამფუძნებელ მამებზე უშუალო გავლენის
თვალნათელ ილუსტრაციას იძლევა. ფრანგი განმანათლებლების გავლენას
უნდა მიეწეროს ის ფაქტიც, რომ ჯეფერსონს ორგანიზებული რელიგიისაგან
(ცხადია, აქ ქრისტიანული ეკლესია იგულისხმება) თავის დაღწევა
თავისუფლების ერთ–ერთ საფუძვლად მიაჩნდა. მას სურდა,
ქრისტიანობისაგან მხოლოდ ეთიკური მოძღვრება დაეტოვებინა, ამიტომ
1804 წელს მისი ხელმძღვანელობით დაბეჭდეს ახალი აღთქმა, რომელშიც
მხოლოდ ეთიკური ხასიათის მქონე წინადადებები იყო დატოვებული (ამ
გავლენის თვალსაზრისით, ნიშანდობლივია ისიც, რომ ნიუ იორკის
ცნობილი თავისუფლების ქანდაკება ფრანგების საჩუქარია
ამერიკელებისადმი. აქვე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ფრანგული
განმანათლებლური იდეებისადმი ერთგულება ჯეფერსონს ხელს არ
უშლიდა, მონობის ინსტიტუტის მომხრე ყოფილიყო. იგი ამტკიცებდა, რომ
ზანგებს ინტელექტუალური ცნობისმოყვარეობის უნარი არ გააჩნდათ და
ამიტომ თეთრკანიანებზე დაბლა იდგნენ. მისი აზრით, შეუძლებელი იყო,
ორი ერთმანეთისაგან განსხვავებული ადამიანები – ზანგები და
თეთრკანიანები – ერთნაირი მმართველობის ქვეშ ყოფილიყვნენ, ამიტომ
ბუნებრივად მიაჩნდა პირველის დაქვემდებარებული მდგომარეობა
მეორეზე).

საფრანგეთის სამეფო კარზე ნანახმა ამბებმა, ალბათ, ჯეფერსონს კიდევ


უფრო მეტად განუმტკიცა მონარქიული წყობის „არაბუნებრიობის“
განმანათლებლური განცდა. საქმე იმაშია, რომ ვერსალის სასახლეში –
სადაც ჯეფერსონი ლუი XVI–ს შეხვდა ფულის სათხოვნელად – 10 000
კარისკაცი ცხოვრობდა და მათ პომპეზურ ცხოვრებასა და უსარგებლო
გართობებს საფრანგეთის ბიუჯეტის მიახლოებით 7 პროცენტი
ხმარდებოდა. მეფეს კიდევ სხვა რამდენიმე სასახლეც ჰქონდა და მხოლოდ
სამეფო კარის შენახვისთვის ბიუჯეტის 10 პროცენტი იხარჯებოდა, ამავე
დროს გასათვალისწინებელია, რომ გადასახადებს თავად არისტოკრატები
არ იხდიდნენ და მათი სიმძიმე მთლიანად უბრალო ხალხს აწვებოდა. ამ
გარემოებებს დაემატა ისიც, რომ საფრანგეთმა გადაწყვიტა, ფინანსურად
დახმარებოდა ამერიკელებს ინგლისის წინააღმდეგ ომში, რამაც საბოლოოდ
გააღატაკა მოსახლეობა და საფრანგეთის რევოლუციის დაწყებას შეუწყო
ხელი. დასაწყისში განმანათლებლები ფიქრობდნენ, რომ რევოლუცია მათ
საშუალებას მისცემდა, თავისუფლების, თანასწორობისა და საყოველთაო
სოციალური ჰარმონიის მათეული იდეები რეალურად დაენერგათ
ცხოვრებაში. სინამდვილეში რევოლუციამ მანამდე არნახული სისხლიანი
ტერორი მოიტანა. ფრანგი რევოლუციონერების ყველაზე რადიკალური
ფრთის – იაკობინელების ტერორის დროს, რომელსაც არისტოკრატებისა და
უბრალო ხალხის გარდა თავად უამრავი რევოლუციონერიც შეეწირა,
კონდორსე რამდენიმე თვე იმალებოდა პარიზში, მანამდე, სანამ მასაც
საბოლოოდ გილიოტინით არ მოჰკვეთეს თავი. უაღრესად ტრაგი–
კომიკურია ის ფაქტი, რომ კონდორსე გადამალვის პერიოდში,
განმანათლებლური იდეების მიმდევარი რევოლუციონერების მიერ
მოწყობილი ტერორით თავზარდაცემული, წერდა წიგნს – „ადამიანის
სულის პროგრესის ისტორია”, სადაც მგზნებარედ ამტკიცებს, რომ იმავე
განმანათლებლური იდეების პრაქტიკული განხორციელება საზოგადოებას
სრულ ჰარმონიასა და ბედნიერებამდე მიიყვანს.
3. განმანათლებლობის წარმმართველი პრინციპია ასევე სეკულარიზმი.
განმანათლებლები ფიქრობენ, რომ განათლების, მსოფლმხედველობისა და
მორალის საფუძველი უნდა იყოს სეკულარული, რაციონალური
პრინციპები და არა ტრადიციული რელიგიური შეხედულებები. ისინი
მთლიანად ორიენტირებული არიან ამსოფლიური ღირებულებებისაკენ და
არასოდეს საუბრობენ საიქიო ცხოვრებასა და ცათა სასუფეველზე. ისინი
ეკლესიას არსებითად არ განასხვავებენ სხვა ამქვეყნიური
ინსტიტუტებისაგან და მასზე ამსოფლიური კატეგორიების გამოყენებით
საუბრობენ. ამ თვალსაზრისით, ძალიან საინტერესოა წიგნები, რომლებიც
უაღრესად პოპულარული იყო ამ ეპოქაში.

ამ ეპოქის ყველაზე პოპულარული წიგნი, რომელიც განმანათლებლობის


იდეებს შეიცავდა, გახლდათ ჩვენ მიერ უკვე ნახსენები ენციკლოპედია,
რომელიც თავიანთი ათეისტური რეპუტაციით მოამაყე დიდროს,
დალამბერის, ჰოლბახის, ჰელვეციუსის ხელმძღვანელობით და აქტიური
თანამშრომლობით შეიქმნა.

მე – 18 საუკუნის მეორე განმანათლებლური იდეებით გაჟღენთილი


ბესტსელერი გახლდათ ჟაკ ბერნარდ პიკარდის შრომა – „მსოფლიოს
რელიგიური ცერემონიები”, რომელიც 7 უხვად ილუსტრირებული
ტომისაგან შედგებოდა. ამ ტომებში აღწერილი იყო სხვადასხვა ქვეყნების
რელიგიური ტრადიციები, დოქტრინები და რიტუალები. ეს შრომა
რელატივისტური ხასიათისაა, ავტორის აზრით, რელიგიებს შორის
რეალური განსხვავება არ არსებობს, რადგან იგი ფაქტიურად თითოეულ
მათგანში რიტუალების გარდა არსებითს სხვას ვერაფერს ხედავს. ნაშრომის
მთავარი იდეის მიხედვით, ადამიანებს რელიგია და რელიგიური
ინსტიტუტები მხოლოდ იმიტომ სჭირდებათ, რომ მათი ცხოვრების
უმნიშვნელოვანესი მომენტების – ქორწილი, შვილის დაბადება, ახლობლის
სიკვდილი, დიდი ბედნიერებისა და უბედურების მომენტები და ა. შ. –
თანამდევი სიხარული, მწუხარება, იმედი, შიში და ა. შ. საუკუნეების
განმავლობაში განმტკიცებული ტრადიციების ძალით, რელიგიურ
რიტუალებში მოითხოვენ გამოხატულებას.

ასევე ძალიან პოპულარული იყო ანონიმი ავტორის მიერ დაწერილი


თხზულება – „სამი იმპოსტორი“ (Trois Imposteurs). საფრანგეთში 1753 წელს
ამ წიგნის 300 000 ეგზემპლარი დაბეჭდეს და გაყიდეს, რაც იმ ეპოქისთვის
წარმოუდგენლად დიდი ტირაჟი იყო. წიგნი ეხება მოსეს, იესო ქრისტესა და
მუჰამედს. სიტყვა „იმპოსტორი“ თვითმარქვიას ნიშნავს. წიგნის
სათაურიდან კარგად ჩანს მისი ავტორის სურვილი. მისი მიზანია,
მკითხველები დაარწმუნოს, რომ ქრისტე, მოსე და მუჰამედი ცრუობდნენ,
როცა ხალხს ვითომდა ღვთივჩაგონებულ ჭეშმარიტებებს უცხადებდნენ,
სინამდვილეში მათ პოლიტიკური მიზნები ამოძრავებდათ და ხალხზე
რელიგიური გრძნობებით მანიპულირებდნენ. ავტორი იესო ქრისტეს
დანარჩენ ორზე დაბლა აყენებს, რადგან, მისი აზრით, მან (ქრისტემ),
სხვებისაგან განსხვავებით, წარმატება ვერ მოიპოვა პოლიტიკური მიზნების
მშვიდობიანი გზით მიღწევის მცდელობის გამო.

მოულოდნელი არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ განმანათლებლობის ეპოქაში


განსაკუთრებით პოპულარული იყო ვოლტერის შრომები, კერძოდ, მისი
წიგნი – „ფილოსოფიური ლექსიკონი”. ამ შრომაში ვოლტერი უამრავ
რელიგიურ საკითხს ეხება, მაგალითად, იქ ვხედავთ სტატიებს: „დოგმა“,
„ფანატიზმი“, „ინკვიზიცია“, „რელიგიური დევნა“ და „ტოლერანტობა“. ამ
სტატიებში ვოლტერი განსაკუთრებული სიმძაფრით აკრიტიკებს ვითომდა
ქრისტიანული ეკლესიისთვის დამახასიათებელ თვისებებს: ფანატიზმს,
არატოლერანტობასა და დოგმატურ აზროვნებას. ღარიბი ადამიანებისადმი
თანაგრძნობის საბაბით, იგი საშინლად აკრიტიკებს მარხვის ტრადიციას;
წერს, რომ არაადამიანური სისასტიკეა, ღარიბ ადამიანს, რომელიც მთელი
წლის განმავლობაში ისედაც შიმშილობს, კიდევ მარხვა მოსთხოვო.
ვოლტერი განსაკუთრებული მონდომებით და სარკაზმით კათოლიკური
ეკლესიის მაღალ იერარქიას აკრიტიკებს. ვოლტერის დროს და მანამდეც,
საფრანგეთში არისტოკრატიული სოციალური წყობის შენარჩუნების
მიზნით, საყოველთაოდ გავრცელებული იყო მაიორატის პრინციპი,
რომლის მიხედვით, უმაღლესი არისტოკრატიული ტიტულები და
მამულები მემკვიდრეობით მხოლოდ უფროს ვაჟზე გადადიოდა.
კეთილშობილი ოჯახების უმცროსი ვაჟები, როგორც წესი, სასულიერო ან
სამხედრო კარიერას ირჩევდნენ, ან კიდევ სამეფო კარზე ეწყობოდნენ
სპეციალურად მათთვის შექმნილ, ფაქტიურად უფუნქციო
თანამდებობებზე. ამის გამო, ფრანგული კათოლიკური ეკლესიის
არქიეპისკოპოსები, ეპისკოპოსები და დიდი მნიშვნელობის მქონე
მონასტრის აბატები ძალიან ხშირად უმაღლესი არისტოკრატული
ოჯახების ახალგაზრდა, რელიგიურ მოწოდებას მოკლებული, დაბალი
მორალური ღირსებების მქონე შთამომავლები ხდებოდნენ. სარგებლობდა
რა ამ ეკლესიისათვის არაბუნებრივი, შეუფერებელი გარემოებით,
ვოლტერი ბევრი განმანათლებელი ავტორისათვის დამახასიათებელი
ზედაპირულობით აცხადებდა, რომ ორგანიზებული რელიგია დაბალი
სოციალური ფენის არისტოკრატებისადმი დაქვემდებარებული
მდგომარეობის შესანარჩუნებლად იყო შექმნილი. იგი ამ გარემოებას
ფრანგული კათოლიკური ეკლესიის ფანატიზმსა და არატოლერანტულ
პოზიციას უკავშირებდა.

უნდა ითქვას, რომ ვოლტერს საერთოდ არ გააჩნია ქრისტიანობის


საკრამენტალური აღქმა. მისთვის ეკლესია ერთ–ერთი სოციალური
ორგანიზმია და მეტი არაფერი, რომელმაც ისტორიაში არსებითად
რეაქციული როლი ითამაშა. რელიგიის დესაკრალიზებული ხედვის
შედეგი იყო, რომ ვოლტერმა პირველად დაიწყო ამ ფენომენზე წმინდა
სოციალური და ეკონომიკური კატეგორიებით საუბარი. ამ კონტექსტში მან
სიტყვა „ტოლერანტობას“ სხვა პოზიტიური მნიშვნელობა შესძინა, ვიდრე
მას მანამდე ჰქონდა. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით საინტერესოა
ვოლტერის შრომა – „ფილოსოფიური წერილები“, რომელზეც ახლა
ვისაუბრებთ.

„ფილოსოფიური წერილები“ ინგლისში დაიწერა. ვოლტერი ერთი


პერიოდი იძულებული იყო, საფრანგეთიდან გაქცეულიყო და
ინგლისისთვის შეეფარებინა თავი, რადგან თავის სამშობლოში ციხეში
ჯდომა ემუქრებოდა. მიზეზებმა, რომლებმაც ვოლტერს უბიძგა
საფრანგეთიდან გაქცეულიყო, არსებითად განსაზღვრა ამ შრომის შინაარსი
და სულისკვეთება. ვოლტერის ნამდვილი გვარი არუე გახლდათ. მან
ძალიან ახალგაზრდამ გაითქვა სახელი თავისი ლიტერატურული შრომების
გამო და მიღებული იყო არისტოკრატულ წრეებში. ამ დროს მან
გადაწყვიტა, თავისი გვარი უფრო არისტოკრატულით შეეცვალა და არუეს
მაგივრად ვოლტერი დაირქვა. ამის გამო ერთმა არისტოკრატმა
ქედმაღლურად დასცინა. როცა დაცინვით შეურაცხყოფილმა ვოლტერმა
მისთვის ჩვეული სარკაზმით უპასუხა არისტოკრატს, ამ უკანასკნელმა
დიდი მწერალი თავის ლაქიებს აცემინა. როცა ვოლტერმა მის
შეურაცხმყოფელს სასამართლოში უჩივლა, არისტოკრატები აღშფოთდნენ
და პირიქით მას დაემუქრა ციხეში მოხვედრა. იმ დროის საფრანგეთში
კეთილშობილი და უბრალო ადამიანები თანასწორნი არ იყვნენ კანონის
წინაშე, ამიტომ ერთნაირ დანაშაულად არ აღიქმებოდა არისტოკრატისა და
უბრალო ადამიანის შეურაცხყოფა და, აქედან გამომდინარე, ვოლტერი
დაადანაშაულეს. ამის გამო გახდა ის იძულებული, ინგლისში
გადასახლებულიყო. აქედან გამომდინარე, მოულოდნელი არ არის, რომ
ვოლტერი „ფილოსოფიურ წერილებში“, ძირითადად, საფრანგეთს
აკრიტიკებს, ადარებს რა მას ინგლისს და ყოველთვის ხაზს უსვამს ამ
უკანასკნელის უპირატესობას. ის, პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე,
გულნატკენი წერს, რომ როცა ინგლისში დიდ პატივს სცემენ გამოჩენილ
მეცნიერებს, ფილოსოფოსებს, მწერლებსა და ხელოვანებს, რომლის ნათელ
ილუსტრაციად ნიუტონიც გამოდგება, საფრანგეთში ნამდვილად მხოლოდ
პოლიტიკურ და სამხედრო გმირებსა და ლიდერებს მიაგებენ პატივს.
ვოლტერი ამტკიცებს, რომ ფილოსოფოსები უფრო მნიშვნელოვანი ხალხია,
ვიდრე პოლიტიკური და სამხედრო გმირები, რადგან ეს უკანასკნელნი
ძალადობით ცვლიან სამყაროს, ფილოსოფოსები კი ჭეშმარიტების ძალით.
იგი ამტკიცებს, რომ ალექსანდრე მაკედონელი და იულიუს კეისარი
ყველაზე ძლევამოსილი ადამიანები იყვნენ, მათ მთელი მსოფლიო
დაიპყრეს, მაგრამ ნიუტონმა უფრო მეტი გააკეთა, რადგან თავისი
შრომებით მთელი კაცობრიობა გაანათლა. როგორც მოსალოდნელია,
ვოლტერი საფრანგეთს მხოლოდ ამ ასპექტით არ აკრიტიკებს, იგი
განსაკუთრებულად უსვამს ხაზს, რომ მისი სამშობლო პოლიტიკურად
აბსოლუტისტური, სოციალურად არისტოკრატული და რელიგიურად
არატოლერანტული იყო.

ვოლტერამდე სიტყვა „ტოლერანტობას“ მხოლოდ რელიგიურ კონტექსტში


განიხილავდნენ და ის უარყოფითი მნიშვნელობით მოიაზრებოდა.
მაგალითად, თომა აკვინელი წერდა, რომ თუ სიკვდილით ისჯება მეფის
შეურაცხმყოფელი და ყალბის ფულის ჩამომსხმელი, რატომ ასევე არ უნდა
დაისაჯოს ერეტიკოსი, რომელიც ღვთის სიტყვას აყალბებს და ამით
შემოქმედს შეურაცხყოფს. ამ კონტექსტში ტოლერანტობა რელიგიური
რწმენისადმი ინდიფერენციის სინონიმად განიხილებოდა.

ვოლტერი, რომელიც რელიგიას მხოლოდ სოციალურ, კულტურულ


ფენომენად აღიქვამდა, ტოლერანტობაზეც მხოლოდ ეკონომიკური და
სოციალური კატეგორიების გამოყენებით საუბრობს. მის დროს ევროპა
კათოლიკური და სხვადასხვა პროტესტანტული აღმსარებლობის მქონე
ხალხით იყო დასახლებული, ამავე დროს ყველას ახსოვდა რელიგიური
ომების საშინელება და არავის არ სურდა ევროპა რელიგიურ ნიადაგზე
ახალი პიროვნული და სოციალური მასშტაბის მქონე ტრაგედიების
მომსწრე გამხდარიყო. ამის მიუხედავად, ფრანგული მონარქია და
კათოლიკური ეკლესია ანტიტოლერანტული პოზიციის მატარებლები
იყვნენ. ამ კონტექსტში ვოლტერის მიერ ტოლერანტობის ქადაგება
უაღრესად პოზიტიური მოვლენა გახლდათ. ვოლტერის ნაწერებში ბევრი
საეჭვო ღირსების, ზედაპირული შეხედულებები გვხვდება, მაგრამ
ტოლერანტობის ქადაგებამ და რელიგიური არატოლერანტობის რამდენიმე
მსხვერპლის საქვეყნოდ ცნობილმა დაცვამ (კალასის და სირვანის ოჯახების
შემთხვევა) მის პიროვნებას, ნაწერებს და ზოგადად განმანათლებლურ
იდეებს მანამდე არნახული მხარდაჭერა მოუპოვა. ეს კარგი მაგალითი უნდა
იყოს ეკლესიისთვის; ის პირველი უნდა ქადაგებდეს ქრისტიანულ
რწმენასთან ბუნებრივად დაკავშირებულ ტოლერანტობის, სოციალური
თანასწორობის და პიროვნული თავისუფლების იდეებს. წინააღმდეგ
შემთხვევაში, ამას მისი მოწინააღმდეგები გააკეთებენ, მისივე (ეკლესიის)
ავტორიტეტის საზიანოდ.

ზემოთქმულის კარგ ილუსტრაციას პოლიტიკური ლიბერალიზმიც იძლევა.


ეს უკანასკნელი მხოლოდ ქრისტიანულ წიაღში შეიძლება
ჩამოყალიბებულიყო. ქრისტიანული რელიგია ადამიანს ღვთის ხატებისა
და მსგავსების მატარებელ, ცათა სასუფევლის პოტენციურ მოქალაქედ
განიხილავს და ამიტომ მას ყველა სახელმწიფო ინსტიტუტსა და თავად
სახელმწიფოზე მაღლა აყენებს თავისი ღირსებით. ამ თვალსაზრისით,
ქრისტიანობა თანხმობაშია ლიბერალურ პოლიტიკურ შეხედულებებთან,
რომელიც სახელმწიფოს ფუნქციას ადამიანის სამსახურში ხედავს და არა
პირიქით. ქრისტიანული წარმოშობისაა ლიბერალური პრინციპი, რომლის
მიხედვით სახელმწიფოს უფლება არა აქვს, ადამიანის პრივატულ სფეროში
ჩაერიოს, რაც, ცხადია, სინდისის თავისუფლებასაც გულისხმობს.
წარმართული სამყარო არ ცნობდა სინდისის სახელმწიფოსაგან
თავისუფლებას, რომში იმპერატორისადმი ღვთაებრივი თაყვანისცემა
პოლიტიკური ლოიალობის გამოხატულებასაც გულისხმობდა, ამიტომაც
იდევნებოდნენ პირველი ქრისტიანები; ისინი იესო ქრისტეს რწმენის გამო
კი არ იდევნებოდნენ, არამედ წარმართული ღვთაებების, კერძოდ,
იმპერატორის კულტის უარყოფის მიზეზით. ანტიკურ სამყაროში ადამიანი
მთლიანად შთანთქმული იყო სახელმწიფოს მიერ. არისტოტელე ადამიანს
პოლიტიკურ ცხოველს უწოდებს და ამით სიტყვებს: „ადამიანურ
ინდივიდსა“ და „მოქალაქეს“ სინონიმებად აღიქვამს. მისი სწავლებით,
ადამიანი ზნეობრივი განვითარებისთვის აუცილებლად საჭიროებს
პოლიტიკურ და სოციალურ ჩართულობას, მისივე საყოველთაოდ ცნობილი
ფრაზის მიხედვით, პოლისის (ქალაქი, სახელმწიფო, პოლიტიკური
ერთობა) გარეთ მცხოვრები არსებები ან ღმერთები შეიძლება იყვნენ, ან
ცხოველები, რადგან პირველნი არ საჭიროებენ ზნეობრივ სრულყოფას,
მეორეთ კი ამის უნარი არა აქვთ. პლატონიც თავის „სახელმწიფოში“
სულისა და ქალაქის ანალოგიის პრინციპის განვითარებით ამტკიცებს, რომ
ადამიანზე ღრმა საუბარი მხოლოდ პოლიტიკური კატეგორიებითაა
შესაძლებელი და პირიქით, პოლიტიკური ცხოვრების არსი მხოლოდ
ანთროპოლოგიურ ტერმინებში გამოიხატება. ასე რომ, ანტიკური სამყარო
ადამიანს სახელმწიფოსაგან დამოუკიდებელ პრივატულ სფეროს არ
უტოვებდა და ამ კონტექსტში შეუძლებელი იყო პოლიტიკური
ლიბერალიზმი ჩასახულიყო. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური
ლიბერალიზმის წარმოშობა ქრისტიანული რელიგიის არსებობამ
განაპირობა, დასავლეთის კათოლიკურმა ეკლესიამ კონსერვატორული
პოლიტიკური ტენდენციების გამო ვერ შეძლო, გარკვეულ ისტორიულ
პირობებში მხარი დაეჭირა იმ ეპოქისთვის პროგრესული ლიბერალური
იდეებისთვის, ამით ისარგებლეს ანტიეკლესიურმა ძალებმა და
პოლიტიკური ლიბერალიზმი ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ
ლიბერალურ იდეოლოგიად გარდაქმნეს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ვოლტერი „ფილოსოფიურ წერილებში“


ტოლერანტობას მხოლოდ სეკულარული თვალთახედვით განიხილავს. ამ
კონტექსტში იგი ლუი XIV–ის რელიგიურ რეფორმაზე საუბრობს. ლუი
XIV–მ გააუქმა ჰენრი IV–ის დროს მიღებული ნანტის ტოლერანტული
ედიქტი, რომელმაც კათოლიკეებისა და პროტესტანტების უფლებები
გაათანაბრა საფრანგეთში. ამ ედიქტის გაუქმების შემდეგ
პროტესტანტიზმის ქადაგება სიკვდილით ისჯებოდა და თავად
პროტესტანტებიც კანონისგან დაუცველნი აღმოჩდნენ. ამან ისინი აიძულა,
ჰოლანდიაში, პრუსიასა და ინგლისში გადახვეწილიყვნენ საცხოვრებლად.
ფრანგი ჰუგენოტები პროტესტანტიზმის კალვინისტურ შტოს
მიეკუთვნებიან და, აქედან გამომდინარე, ერთ–ერთ უმთავრეს
ქრისტიანულ სათნოებად დისციპლინირებული, დაუღალავი შრომა
მიაჩნდათ. ამან ისინი ძალიან გაამდიდრა. ვოლტერი ირონიულად
აღნიშნავს, რომ ნანტის ედიქტის გაუქმებამ საფრანგეთის გაღარიბების
ხარჯზე მისი ტრადიციული მტრების: ინგლისის, პრუსიის და ჰოლანდიის
გაძლიერება გამოიწვია ფრანგი პროტესტანტების ხელით მათთან შესული
სიმდიდრის გამო. ცხადია, ვოლტერს ამ მაგალითით იმის ჩვენება სურს,
რომ არატოლერანტობა წამგებიანია ეკონომიკური და პოლიტიკური
თვალსაზრისით. იგი ენერგიულად ეწინააღმდეგება საფრანგეთში მის
დროს ფართოდ გავრცელებულ აზრს, რომლის მიხედვით ქვეყანაში
სოციალური წესრიგის და მშვიდობის დასამყარებლად ერთი რელიგიის
არსებობა იყო აუცილებელი. პირიქით, იგი ამტკიცებს, რომ სახელმწიფოს
ბუნებრივი პოლიტიკურ–ეკონომიკური აყვავების ერთ–ერთ მნიშვნელოვან
ფაქტორს სწორედ მოქალაქეების რელიგიური მრავალფეროვნება
წარმოადგენ. ამ აზრის საილუსტრაციოდ იგი ინგლისის ტოლერანტულ
რელიგიურ პრაქტიკას განიხილავს, უპირისპირებს რა მას ფრანგული
კათოლიკური ეკლესიის არატოლერანტულ პოლიტიკას. ამ კონტექსტში
ვოლტერი კვაკერების შესახებ იწყებს საუბარს. ეს ქრისტიანული სექტა
ინგლისში XVII საუკუნეში წარმოიშვა. ისინი უარყოფდნენ საეკლესიო
იერარქიას, არ გააჩნდათ ყველა წევრისთვის აუცილებელი მრწამსი და არც
რეგლამენტირებული რელიგიური კულტი. ერთდროული ლოცვითი
შეკრებების დროს ხმამაღლა კითხულობდნენ წმინდა წერილის გარკვეულ
ადგილებს და გალობდნენ. ამ მსახურების დროს ბევრი მათგანი მათში
ვითომდა მოქმედი სულიწმინდის ნიშნად ირხეოდა და კანკალს იწყებდა.
ერთ–ერთი ვერსიის თანახმად სწორედ ამიტომ ეწოდათ მათ კვაკერები
(Quakers, ინგლისური ზმნა quake ქართულად რხევას, კანკალს ნიშნავს).
ვოლტერი მისთვის დამახასიათებელი მახვილი ირონიით აღწერს
კვაკერებთან ურთიერთობის ისტორიას. ისინი მკვეთრად გამოხატული
სექტანტური მენტალიტეტით გამოირჩეოდნენ; შეუძლებელი იყო მათი
რაიმეში გადარწმუნება; ნებისმიერი გონივრული არგუმენტის
საწინააღმდეგოდ, ფანატიკური სიჯიუტით იმეორებდნენ წინასწარ
აკვიატებული აზრების შესაბამის კონტექსტიდან ამოგლეჯილ ბიბლიურ
ფრაზებს. კვაკერები უარს ამბობდნენ ინგლისის მონარქისადმი
ერთგულების ფიცზე, არ შედიოდნენ სახელმწიფო სამსახურში და
ყველასაგან იზოლირებული ცხოვრების წესს მისდევდნენ. ვოლტერი წერს,
რომ ყველაფრის მიუხედავად, ინგლისის ხელისუფლება მათ მშვიდობიანი
ცხოვრების საშუალებას აძლევს, რასაც უდავოდ მოკლებულნი იქნებოდნენ
საფრანგეთში იქ გამეფებული არატოლერანტობის გამო. ვოლტერი,
როგორც ვთქვით, კვაკერების მაგალითზე რელიგიური ტოლერანტობის
მომგებიანობას აჩვენებს ეკონომიკური და სოციალური თვალსაზრისით. ამ
მიზნით იგი მათი ევოლუციის წმინდა სეკულარულ, სოციოლოგიურ
ანალიზს აკეთებს. იგი წერს, რომ კვაკერებს მონარქისადმი ერთგულების
ფიცის, ოფიციალური ინგლისის ეკლესიის წევრობისა და სახელმწიფო
სამსახურის უარყოფის გამო მხოლოდ კომერციულ სფეროში შეეძლოთ
საქმიანობა. სექტანტებისადმი დამახასიათებელი უბრალო ცხოვრების
წესისა და პურიტანული მორალის გამო ისინი მალე მდიდრდებოდნენ.
კვაკერული ოჯახებიდან გამოსულ ახალგაზრდობას სიმდიდრე კარგი
განათლების მიღების, გარე კულტურასთან ზიარების და სექტანტების
მსოფლმხედველობის და ცხოვრების წესის შეზღუდულობის დანახვის
საშუალებას აძლევდა, ეს კი მნიშვნელოვნად ამცირებდა რელიგიურ
ფანატიზმს. ამის გამო რამდენიმე თაობის შემდეგ, კვაკერების
შთამომავლობის დიდი ნაწილი თავისთავად, ყოველგვარი ძალდატანების
გარეშე ხდებოდა ინგლისურ საზოგადოების სრულყოფილად
ასიმილირებული, წარმატებული და საპატიო წევრი. ვოლტერი წერს, რომ
ლონდონის სავაჭრო ცენტრებში, ბირჟებზე, სხავადასხვა კომერციულ
საქმიანობაში უამრავი სხვადასხვა რელიგიური აღმსარებლობის ხალხია
ჩაფლული. მათ სულაც არ აღიზიანებთ განსხვავებული რელიგიური
მრწამსის მქონე ხალხის არსებობა, დაინტერესებულნი არიან პირადი
ქონების გაზრდით, აწყობთ მშვიდობა და საბოლოოდ სიკეთე მოაქვთ
ქვეყნისთვისაც. ვოლტერი ფიქრობს, რომ სახელმწიფოში ერთადერთი
რელიგიის არსებობა კლერიკალიზმის, რელიგიური ცენზურისა და
ხელისუფლების მიერ ეკლესიის კერძო პოლიტიკური მიზნებისთვის
გამოყენების საშიშროებას შეიცავს, მხოლოდ ორი რელიგიური
აღმსარებლობის არსებობა რელიგიური და სამოქალაქო ომების რისკს
წარმოშობს, ბევრი რელიგიური დენომინაციების თანაარსებობის
შემთხვევაში კი ყველას, ყოველ შემთხვევაში უმრავლესობას,
ტოლერანტული რელიგიური პოლიტიკა აწყობს, რაც ქვეყნის მშვიდი
ეკონომიკური და სოციალური განვითარების წინაპირობას წარმოადგენს.

ვოლტერის ახლახან მოყვანილი ბოლო შეხედულება მისი და, ზოგადად,


განმანათლებლობის მოაზროვნეების აბსოლუტური უმრავლესობის
ანტიეკლესიური ტაქტიკის კარგ მაგალითს იძლევა. როგორც ვნახეთ,
ვოლტერი კათოლიკურ ეკლესიას, და საერთოდ ყველა ეკლესიურად
ორგანიზებულ რელიგიურ დენომინაციას, არსობრივად კლერიკალიზმის,
რელიგიური ცენზურის, არატოლერანტობის საშიშროების შემცველ
ნეგატიურ სოციალურ ფაქტორად მიიჩნევს. აქედან გამომდინარე, მისთვის
ტოლერანტობა, რომელიც სხვადასხვა რელიგიური ჯგუფების
თანაარსებობას გულისხმობს, თითოეულ მათგანისთვის დამახასიათებელი
ნეგატიური ტენდენციების ჯამური ურთიერთგაბათილების მექანიზმია და
სხვა არაფერი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მისთვის ტოლერანტობა იმიტომ კი
არ არის კარგი, რომ ის სხვადასხვა რელიგიურ ტრადიციასთან შეხების,
კულტურული თვალსაზრისით გამდიდრების შესაძლებლობას იძლევა,
არამედ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ის რელიგიური დენომინაციებისთვის
დამახასიათებელი ნეგატიური ტენდენციების გამოვლენის შესაძლებლობას
ზღუდავს. სწორედ ამაში მდგომარეობს ვოლტერის „ანტიეკლესიური
ტაქტიკა“, როცა იგი ყველასათვის სასურველ ტოლერანტობას ქადაგებს,
ამაში, უპირველეს ყოვლისა, ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლას გულისხმობს
და არა სხვადასხვა კულტურული, რელიგიური და ა. შ.
ფასეულობებისადმი გახსნილობას.

მეტწილად განმანათლებლების, განსაკუთრებით ვოლტერის გავლენას


უნდა მივაწეროთ, რომ რელიგიური დევნების მთავარ ინსტიგატორად,
არატოლერანტობის წყაროდ ეკლესია მიიჩნევა. ამ აზრს განსაკუთრებულად
უსვამდნენ ხაზს განმანათლებლობის პერიოდში და ის იდეოლოგიური
მიკერძოებულობის გამოხატულება უფროა, ვიდრე ისტორიული
სინამდვილის. ისტორიულად რელიგიური შეუწყნარებლობის, დევნების
ინიციატორად სახელმწიფო გვევლინება და არა უშუალოდ ეკლესია.
ავიღოთ თუნდაც საფრანგეთის ისტორია: ეკატერინე მედიჩის მიერ
ორგანიზებულ წმინდა ბართლომეს ღამე; ხანგრძლივი რელიგიური ომი
ფრანგ კათოლიკეებსა და კალვინისტებს (ჰუგენოტებს) შორის, რომელიც
1598 წელს ნანტის ედიქტით დასრულდა, მას შემდეგ რაც კალვინისტმა
ჰენრი ნავარელმა პოლიტიკური მოტივების გამო მიიღო კათოლიკობა და
ჰენრი IV–ის სახელით გამეფდა; ასევე ლუი XIV –ის მიერ ამ ნანტის
ედიქტის გაუქმება. ყველა ამ ფაქტების უკან ნათლად გამოკვეთილი
პოლიტიკური მოტივები ჩანს. ეს მოვლენები გარეგნულად ატარებენ
რელიგიურ ხასიათს, სინამდვილეში კი რელიგიურ ტერმინოლოგიას
ამოფარებულ წმინდა პოლიტიკური მოტივების შედეგებია. იმავეს ვხედავთ
ინგლისის შემთხვევაშიც, ჰენრი მერვედან დაწყებული ინგლისელი
მონარქები თავად დაუფარავად ასახელებდნენ კერძო ნაციონალურ
ინტერესებთან დაკავშირებულ პოლიტიკური და ეკონომიკური ხასიათის
მქონე მოტივებს, რათა ინგლისის ტერიტორიაზე კათოლიკური ეკლესიის
დევნა გაემართლებინათ. პოლიტიკური მოტივები ასაზრდოებდა ასევე მე–
17 საუკუნის ევროპის ოცდაათწლიან რელიგიურ ომს კათოლიკებსა და
პროტესტანტებს შორის. ეს იქიდანაც კარგად ჩანს, რომ ამ ომის ბოლო
ეტაპზე, კარდინალ რიშელიეს რჩევით (რომელიც, ცხადია, არარელიგიური
პოლიტიკური მოტივებით იყო განპირობებული) საფრანგეთის კათოლიკე
მეფე ლუი VIII შვეციის პროტესტანტ მეფეს შეეკრა კათოლიკე ავსტრიელი
იმპერატორის წინააღმდეგ.

ერეტიკოსები და ერეტიკული მოძრაობები მხოლოდ ეკლესიისთვის არ


წარმოადგენდნენ საშიშროებას, არამედ – სახელმწიფისთვისაც.
წინამოდერნულ პერიოდში ყველა მნიშვნელოვანი პოლიტიკური და
სოციალური ფენომენი რელიგიურ ხასიათს იძენდა. ერეტიკული
მოძრაობები ხშირად სოციალური დესტაბილიზაციის ფაქტორი ხდებოდა
(გლეხთა აჯანყებები, თომას მიუნცერი და სხვა), ამიტომ ძველად
სახელმწიფო ყოველთვის მტრულად იყო მათდამი განწყობილი. თვით
ინკვიზიციის პერიოდში ერეტიკოსების წამებასა და სიკვდილით დასჯას
სახელმწიფო მოხელეები აწარმოებდნენ, რადგან მღვდელმსახურებს
სისხლის დაღვრა ან ვინმეს მოკვდინება ეკრძალებოდათ; სასულიერო
პირების ფუნქციას მხოლოდ ერეტიკული შეცდომების აღმოჩენა
წარმოადგენდა. ცხადია, კათოლიკური ეკლესიაც გამოდიოდა
ერეტიკოსების მასიური დევნის ინიციატორად, მაგრამ ამ დროს
გასათვალისწინებელია კათოლიკური ეკლესიის სპეციფიკა – რომის პაპი
სულიერთან ერთად ავტონომიური პოლიტიკური ძალაუფლების
მატარებელიც იყო.

ბიზანტიის ისტორიაც ერთ–ერთი თვალსაჩინო მაგალითია იმისა, რომ


ერეტიკოსების დევნის, მათი შევიწროების ინიციატორად თავად იმპერია
გვევლინება. ბიზანტიელ იმპერატორებს მიაჩნდათ, რომ ქრისტიანული
ეკლესიის ერთიანობა მათი იმპერიის ერთიანობისა და სიძლიერის
საფუძველი იყო. ეს პოლიტიკური მოტივი ნათლად იკვეთება უკვე
კონსტანტინე დიდის ეპოქიდანვე. ამის გამო იყო, რომ თავად
იმპერატორები იწვევდნენ მსოფლო საეკლესიო კრებებს, სახელმწიფო
ხაზინიდან აფინანსებდნენ, ორგანიზებას უკეთებდნენ და თვალყურს
ადევნებდნენ მათ მსვლელობას, შემდეგ კი თავის თავზე იღებდნენ
კრებების გადაწყვეტილებების უარმყოფელი ერეტიკოსების ფიზიკურ
დასჯას, გადასახლებას, მათვის ეკლესიების ჩამორთმევას, ერეტიკული
ლიტერატურის განადგურებას და ა. შ. იმპერიის პოლიტიკური ერთიანობის
ყველაზე მაღლა დაყენება იმპერატორებს არცთუ იშვიათად არასწორ
არჩევანამდეც უბიძგებდა. ამის მაგალითებია იმპერიული ხელისუფლების
მიერ არიანული, მონოთელიტური და ხატმებრძოლური ერესების
მხარდაჭერა. ბიზანტიის იმპერატორების რელიგიურ საკითხებში
ჩართულობასა და ერეტიკოსების წინააღმდეგ ბრძოლას სხვა
ადმინისტრაციული და სოციალური ხასიათის მოტივებიც
განაპირობებდნენ. საქმე იმაშია, რომ კონსტანტინე დიდმა, თეოდოსი
დიდმა და იუსტინიანემ ეპისკოპოსებს მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული
და იურიდიული ძალაუფლება მიანიჭეს. მაგალითად, ბიზანტიის
იმპერიაში ეპისკოპოსებს ევალებოდა საჯარო ფინანსების ხარჯვასა და
გარკვეული ტიპის სასამართლო პროცესებზე ზედამხედველობა. ეს კიდევ
უფრო გასაგებს ხდის იმპერატორების სურვილს, ერთიან, განუყოფელ,
ოფიციალურ ეკლესიას დაქვემდებარებოდა იმპერიის მთლიანი
ტერიტორიის ქრისტიანი მოსახლეობა; აბსოლუტურად დაუშვებელი იყო,
ერთმანეთთან მოქიშპე სხვადასხვა სქიზმატურ ან ერეტიკულ ეკლესიებს
ჩავარდნოდა ხელში იმპერიული ადმინისტრაციის გარკვეული სფერო.
იულიანე განდგომილის მეფობის ძალიან ხანმოკლე, სამწლიანი პერიოდი
ნათელ მაგალითს იძლევა იმისა, რომ თავად ეკლესია სულაც არ
საჭიროებდა იმპერიის დახმარებას დოგმატური და ეკლესიური
პრობლემების გადასაჭრელად. იულიანე განდგომილის გამეფებამდე
იმპერიას კონსტანტინე დიდის არიანელი შვილი, კონსტანციუსი მართავდა,
რომელიც მთელი იმპერიული ძალაუფლების გამოყენებით ცდილობდა
არიანელობის დამკვიდრებას. ამ მიზნით დევნიდა და ასახლებდა
მართლმადიდებელ ეპისკოპოსებს და მათ ადგილზე არიანელებს სვამდა.
იულიანე განდგომილმა გამეფებისას გადასახლებულ მართლმადიდებელ
ეპისკოპოსებს ნება დართო, დაბრუნებულიყვნენ და იმ იმედით, რომ
ქრისტიანი ეპისკოპოსები თავად „შეჭამდნენ ერთმანეთს“, გადაწყვიტა,
პირადად არ ჩარეულიყო ეკლესიის საქმეებში. წმინდა ათანასე დიდის
ცხოვრებიდან ვიცით, რომ იმპერიული წნეხისაგან განთავისუფლებულმა
მართმადიდებელმა ეკლესიამ ძალიან მოკლე ხანში უკან დაიბრუნა
დაკარგული ეკლესიები და ისეთი წარმატებით ამარცხებდა ისტორიულად
მის ყველაზე მრავალრიცხოვან და ძლიერ მტერს – არიანულ ერესს, რომ
შეშფოთებული იულიანე განდგომილი იძულებული გახდა, ისევ
გადაესახლებინა წმინდა ათანასე ალექსანდრიელი. ყველაფერი
ზემოთქმული კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ არატოლერანტული
რელიგიური პოლიტიკის ინსტიგატორად სახელმწიფო უფრო გვევლინება,
ვიდრე უშუალოდ ეკლესია.
ვოლტერისა და განმანათლებლობის პოპულარობა უმეტესწილად მათ მიერ
ტოლერანტობის საკითხის წინ წამოწევამ განაპირობა. მართალია,
ვოლტერის და სხვა განმანათლებლების ტოლერანტული პოზიცია,
არსებითად, მათი რელიგიისადმი ინდიფერენციის გამოხატულება იყო,
მათმა მოთხოვნებმა მაინც დიდი როლი ითამაშეს, რადგან იმ ეპოქაში
ევროპაში ყველა გრძნობდა ტოლერანტობის აუცილებლობას, რადგან ის
სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის ერთ–ერთ მთავარ ელემენტად
გადაიქცა. ეს კარგად ჩანს ფრიდრიხ დიდის პრუსიის მაგალითზე.
ფრიდრიხ დიდმა პრუსია ევროპის ერთ–ერთ უძლიერეს სახელმწიფოდ
გადააქცია, ამას მან მოსახლეობის გაზრდითა და ძლიერი არმიის შექმნით
მიაღწია. ორივეს მიღწევა მას მხოლოდ რელიგიურად ტოლერანტული
პოზიციის საშუალებით შეძლო. ამ დიდმა მონარქმა პრუსიის
ტერიტორიაზე უზარმაზარი ჭაობები ამოაშრობინა. ახალი ტერიტორიების
ხალხით შესავსებად მან იქ დასახლება ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან
დევნის გამო გამოქცეულ, რელიგიურ უმცირესობებს შესთავაზა. ასევე, რაკი
საკუთარი აუცილებელი მუშახელის სიცოცხლეს უფრთხილდებოდა, არმია
უცხოეთიდან ჩამოყვანილი დაქირავებული ჯარისკაცებისაგან შეადგინა.
აქედან კარგად ჩანს, რომ ფრიდრიხ დიდისთვის ტოლერანტობა
სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის, სტაბილური, მშვიდობიანი
სოციალური გარემოს შენარჩუნების აუცილებელი ელემენტი იყო. მსგავს
აუცილებლობას, ცხადია, სხვა ქვეყნებშიც ჰქონდა ადგილი. ამ გარემოებას
კარგად იყენებდნენ განმანათლებლები უფრო კონსერვატული, ნაკლებად
ტოლერანტული კათოლიკური ეკლესიის წინააღმდეგ.

4. განმანათლებლობისთვის დამახასიათებელი შემდეგი ფუნდამენტალური


თვისება რაციონალური გონების უმაღლეს ავტორიტეტად გამოცხადებაა.
ეკლესიის გავლენის წინააღმდეგ წარმატებული ბრძოლისათვის მათ
ავტორიტეტების კრიზისი სჭირდებოდათ. ამიტომ ეჭვის ქვეშ აყენებდნენ
ყველა ტრადიციულ ავტორიტეტს, იქნებოდა ეს წმინდა წერილი,
არისტოტელე თუ სხვა რომელიმე ძველი ავტორი, რომელსაც შუა
საუკუნეების სქოლასტიკა და მეცნიერება ეფუძნებოდა. რაციონალური
გონების აღზევება, ცხადია, დეკარტეს, მის კარტეზიანულ ფილოსოფიას
უკავშირდება, მაგრამ იგი თავად მორწმუნე და კათოლიკური ეკლესიის
ერთგული წევრი იყო. დეკარტისთვის ეჭვი რაციონალური გონების ის
ინტელექტუალური ინსტრუმენტია, რომლის საშუალებითაც იგი ძველი
ტრადიციული შეცდომებისა და ცრურწმენებისგან განთავისუფლებას
ცდილობს, გვიანდელი განმანათლებლები კი ყველას ზემოდან უყურებენ.
მაგალითად, პიერ ბეილმა 1695 წელს დაწერა ცნობილი წიგნი –
„ისტორიული და კრიტიკული ლექსიკონი“. ამ შრომაში ბეილი
უმეტესწილად იმითაა დაკავებული, რომ გვერდიგვერდ ალაგებს ძველი
ავტორიტეტების შეხედულებებს გარკვეულ კონკრეტულ საკითხებზე. იგი
ამას აკეთებს, რათა ხაზი გაუსვას მათ შორის განსხვავებებსა და
წინააღმდეგობებს. ამ გზით, მას უნდა აჩვენოს, რომ რაკი ავტორიტეტები
განსხვავებულად ფიქრობენ ერთსა და იმავე საკითხზე, ხან კი პირდაპირ
ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს, არც ერთი არ არის სანდო. ბეილის აზრით,
ადამიანი მხოლოდ საკუთარ გონებას უნდა დაეყრდნოს. იგი რატომღაც
ფიქრობს, რომ ძველი მოაზროვნეებისაგან განსხვავებით, თვითონ და მისი
მსგავსი განმანათლებლები დაცული იქნებოდნენ შეცდომებისაგან.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, რაციონალური გონების უმაღლეს ავტორიტეტად


გამოცხადება გამოცხადებითი რელიგიებისადმი სკეპტიკურ
დამოკიდებულებასაც გულისხმობდა. განმანათლებლები ამ სკეპტიციზმის
აუცილებლობას პროტესტანტიზმის წიაღში წარმოშობილი მრავალი
დენომინაციების არსებობით ასაბუთებდნენ. თითოეული მათგანი
ამტკიცებდა, რომ მხოლოდ თვითონ შეიცავდა სრულ ჭეშმარიტებას და
მხოლოდ მისი წევრები მოხვდებოდნენ ცათა სასუფეველში. ამ
მდგომარეობიდან გამოსავალს განმანათლებლები ყველა გამოცხადებული
რელიგიის უარყოფაში ხედავდნენ. მათი აზრით, ღმერთი ადამიანებს
ყველასათვის ერთნაირად გასაგები ენით – ბუნებით – უცხადებს თავის
თავს. ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ ბუნებრივმა თეოლოგიამ
განმანათლებლები დეიზმამდე მიიყვანა. რაციონალური გონების კულტმა
და ექსპერიმენტული მეცნიერებიც შთამბეჭდავმა განვითარებამ
განმანათლებლებში ოპტიმისტური მსოფლმხედველობა გააჩინა.
მაგალითად, დიდი რაციონალისტი ფილოსოფოსის – ლაიბნიცის სახელს
უკავშირდება „ოპტიმისტური ფილოსოფია“. ლაიბნიცი ასწავლიდა, რომ
რაკი სამყარო ყოვლისშემძლე და ბრძენმა ღმერთმა შექმნა, ის საუკეთესო
ანუ ყველაზე ოპტიმალურია ყველა შესაძლო სამყაროებს შორის.
მეცნიერებების სწრაფი განვითარება და ახალი ტექნოლოგიების წარმოშობა,
რომლებიც ერთი–ორად ზრდიდა ადამიანის ძლიერებას, მისი ქმედებების
ეფექტურობასა და შრომის ნაყოფიერებას, კიდევ უფრო გააძლიერა ეს
ოპტიმიზმი. ჩვენთვის არცთუ ისე ცნობილი, მაგრამ თავის ეპოქაში საკმაოდ
ავტორიტეტული მეცნიერი და განმანათლებელი ბერნარდ დე ფონტენელი
ამტკიცებდა, რომ მისმა თანამედროვეებმა უფრო მეტი იცოდნენ, ვიდრე
ძველებმა კაცობრიობის მიერ საუკუნეების განმავლობაში
აკუმულირებული ცოდნის გამო; ისინი არამარტო ძველების ცოდნასა და
გამოცდილებას ფლობდნენ, არამედ ისეთსაც, რაც აბსოლუტურად უცნობი
იყო ამ უკანასკნელთათვის. აქ მას მხედველობაში, უპირველეს ყოვლისა,
ნიუტონის ფიზიკა ჰქონდა. ფონტენელს სწამდა, რომ კაცობრიობა
წარმატებით შეძლებდა მის მიერ დაგროვებული ცოდნის საზოგადოების
გასაუმჯობესებლად გამოყენებას, რაც მას მომავალში ოქროს საუკუნის
დამყარების რწმენას უსახავდა. მომავალი პროგრესის იდეა
განმანათლებლების კრედოდ იქცა.

5. განმანათლებლობისთვის დამახასიათებელია ასევე ევროცენტრიზმის


უარყოფა, რაც რელიგიური და კულტურული რელატივიზმის წარმოშობამ
მოიტანა. ევროპელები ყოველთვის ფიქრობდნენ, რომ მათი კულტურა და
ცივილიზაცია, მორალიც კი უნიკალური იყო მსოფლიოში. ამას ისინი
აფუძნებდნენ რწმენაზე, რომ ქრისტიანობა ერთადერთი სწორი რელიგია
იყო. საზოგადოდ, ასეთი მიდგომა არამართებულია. რელიგია უფრო მეტია,
ვიდრე კულტურა, ცივილიზაცია და მორალი, ამიტომ მათი გაიგივება არ
შეიძლება. წინაქრისტიანულ ეპოქაში მხოლოდ ძველ ებრაელებს ჰქონდათ
სწორი რელიგია, მაგრამ კულტურული და ცივილიზაციური
თვალსაზრისით გაცილებით ჩამორჩებოდნენ ბერძნებს, რომაელებსა და
კიდევ ბევრ სხვა ხალხს; მორალი ადამიანებს შორის ურთიერთობას
არეგულირებს, ჭეშმარიტი რელიგია კი ღმერთისაკენ მიმავალი გზაა;
ამიტომ რელიგია მორალს მოიცავს, მაგრამ მასზე არ დაიყვანება. ამ
არამართებულმა გაიგივებამ არასწორი დასკვნები მოიტანა, რომელიც
განმანათლებლებმა ქრისტიანობის საწინააღმდეგოდ გამოიყენეს. ამ ეპოქაში
ბევრი ევროპელი მოგზაური და მისიონერი გაეცნო სხვადასხვა ხალხებსა
და მათ კულტურას. ისინი ბევრს წერდნენ თავიანთი შთაბეჭდილებების
შესახებ. ასეთი წიგნები უაღრესად პოპულარული იყო მკითხველებში.
ევროპელებმა თავიანთდა გასაკვირად აღმოაჩინეს, რომ არაქრისტიანმა
ჩინელებმა, რომლებსაც სიტყვა „ღმერთი“ არც კი გააჩნდათ თავიანთ ენაში,
ძალიან დახვეწილი კონფუციანური მორალური სწავლება შექმნეს და
ძალიან ძველი შთამბეჭდავი ცივილიზაციისა და კულტურის მემკვიდრეები
გახდნენ. განმანათლებლები რიტორიკულად კითხულობდნენ: „თუ
ჩინელებმა ქრისტიანობის გარეშე მოახერხეს მორალური ცხოვრება,
უზარმაზარი, მშვიდობიანი ცივილიზაციისა და კულტურის შექმნა, ჩვენ
რაღაში გვჭირდება ქრისტიანული ეკლესია?“

ვოლტერი და მონტესკიე მათთვის დამახასიათებელი გონებამახვილობით


ავრცელებდნენ რელიგიურ და კულტურულ რელატივიზმს. ამტკიცებდნენ
რა, რომ ყველა რელიგია და კულტურა არსებითად ერთიდაიგივე იყო.
ვოლტერი მთელ თავის ლიტერატურულ ტალანტს იმის დასაბუთებას
ახმარდა, რომ ყველა ორგანიზებული რელიგია ერთნაირად რეაქციული
იყო, თუმცა ამ მხრივ განსაკუთრებით ქრისტიანულ ეკლესიას
ადანაშაულებდა, რადგან დოგმებისა და საკრალური ცხოვრების წეს–
ჩვეულებებისადმი ერთგულებას არსად ისეთი მნიშვნელობა არ ენიჭება,
როგორც ამ უკანასკნელში.

რელატივიზმის მიუხედავად, განმანათლებლები ყველანაირად


ცდილობდნენ ქრისტიანობის დამცირებას სხვა რელიგიების ხარჯზე.
მონტესკიე საუბრობს ერთ ჩინელზე, რომელმაც წაიკითხა რა სახარება,
გადაწყვიტა, ევროპაში ჩამოსულიყო, რათა საკუთარი თვალით ენახა
ხალხი, რომელიც მარჯვენა ლოყას უშვერდა მარცხენაში გამრტყმელს,
მაგრამ ამის მაგივრად მისთვის წარმოუდგენლად ამაყი, გულღრძო,
უკეთური და უღმერთო ხალხი ნახა. „სპარსულ წერილებში“ მონტესკიეს
სპარსი მოგზაური რომის პაპს მაგად მოიხსენიებს, რომელიც ყოველგვარი
მორიდების გარეშე უცხადებს ხალხს, რომ სამი ერთის ტოლია (ცხადია, აქ
მონტესკიეს სამების დოგმატი აქვს მხედველობაში). როდესაც ვოლტერმა
უნივერსალური ისტორიის დაწერა გადაწყვიტა, მისი „ესსე ჩვეულებათა
შესახებ“ ბიბლიური თხრობით კი არ დაიწყო, როგორც ამას ყველა
აკეთებდა მის ეპოქაში, არამედ ჩინეთის ისტორიით. იგი ჩინურ
ქრონოლოგიას უფრო ენდობოდა, ვიდრე ბიბლიურს და პირველი მეორის
სიცრუის დასასაბუთებლად მოჰყავდა. ვოლტერისა და სხვა
განმანათლებლების ნაწერების ანალიზისას აშკარა ხდება, რომ მათი ერთ–
ერთი უმთავრესი მიზანი ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა იყო, რადგან
მიაჩნიათ, რომ განმანათლებლობის პროგრამის განხორციელება მხოლოდ
ეკლესიის გავლენის შესუსტებისა და მისი საბოლოო ამოძირკვის
პირობებში ხდებოდა შესაძლებელი.

სტატიის დასასრულს გვინდა დასკვნის სახით მისი მთავარი იდეა


ჩამოვაყალიბოთ: პოლიტიკური ლიბერალიზმისა და დემოკრატიისაგან
განსხვავებით, რომელთა მემკვიდრეობასაც განმანათლებლობა იჩემებს, ეს
უკანასკნელი წმინდა იდეოლოგიური ფენომენია, რომელიც მკვეთრად
ანტიქრისტიანულ, ანტიეკლესიურ ხასიათს ატარებს. განმანათლებელ
მოაზროვნეთაგან თუ ყველასი არა, მათი დიდი უმრავლესობის სურვილი
ქრისტიანული ღირებულებების რღვევა და მათი საზოგადოებრივი
ცხოვრებიდან განდევნა იყო. განმანათლებლობა მოხერხებულად
სარგებლობდა დასავლური ქრისტიანული ეკლესიის ინერტულობით
სოციალური პრობლემებისადმი, მისი პოლიტიკური კონსერვატიზმით,
რელიგიური შეუწყნარებლობით; მან (განმანათლებლობამ)
იდეოლოგიებისათვის დამახასიათებელი მიკერძოებულობით გამოაცხადა
საკუთარი თავი თავისუფლების, სოციალური თანასწორობის,
ექსპერიმენტული მეცნიერული მეთოდის, მეცნიერული პროგრესისა და
რაციონალური გონების ღირსების ერთადერთ დამცველად.
მრავალსაუკუნოვანი ისტორია გვიჩვენებს, რომ ქრისტიანობას ყველა
პოლიტიკურ ფორმაციასთან, პოლიტიკურ ინსტიტუტთან შეუძლია
თანაარსებობა, ის თავისი ბუნებით ზეპოლიტიკურია, ამიტომ
წინააღმდეგობაში არ მოდის პოლიტიკური ლიბერალიზმისა და
დემოკრატიის პრინციპებთან, მაგრამ არსებითად არათავსებადია
განმანათლებლური მსოფლმხედველობის საფუძვლებთან.

განმანათლებლობის ფუნდამენტალური პრინციპები, რომლებიც


არსებითად ეწინააღმდეგებიან მართლმადიდებლურ მსოფლმხედველობას,
ღმერთის დეისტური კონცეფცია და რაციონალური გონების, კერძოდ,
მეცნიერების კულტია. დეისტური კონცეფცია, როგორც უკვე ვნახეთ,
ამტკიცებს, რომ ღმერთი არ ერევა სამყაროს ცხოვრებაში. მე–17 საუკუნეში
ინგლისში დეისტებს ხშირად ათეისტებად მოიხსენიებდნენ. ეს, რაღაც
აზრით, გამართლებულიცაა, რადგან გარეგნული სხვაობის მიუხედავად,
ათეიზმი და დეიზმი ერთნაირად შეუძლებელს ხდის რელიგიის არსებობას.
დეიზმი ათეიზმის მსგავსად, უარყოფს ადამიანის პიროვნულ კავშირს
ღმერთთან, მასზე სასოებას, ღვთაებრივ გამოცხადებას, სასწაულებს,
ეკლესიასა და მის საკრამენტალურ ცხოვრებას. უარყოფს რა ღვთაებრივ
გამოცხადებასა და წმინდა წერილის ავტორიტეტს, დეიზმი ამტკიცებს, რომ
უკლებლივ ყველა მსოფლმხედველობრივი და ზნეობრივი ღირებულებები
მხოლოდ რაციონალური გონების ავტორიტეტსა და გამოცდილებას
ეფუძნება. ეს, ცხადია, ადამიანური ყოფის ფუნდამენტალურ ფასეულობებს
რელატიურ ანუ პირწმინდად ისტორიულ, კულტურულ, პიროვნულ და
სხვა კერძო გარემოებებზე დამოკიდებულ რეალობად აქცევს. ასევე,
ქრისტიანული ღვთისმეტყველების თანახმად, ადამიანს ღვთაებრივი
გამოცხადების გარეშე, მხოლოდ საკუთარ გონებაზე დაყრდნობით არ
შეუძლია ღმერთის ჭეშმარიტ შემეცნებას მიაღწიოს. გაუმართლებელია
ასევე განმანათლებლური ოპტიმიზმი, რომელიც ყველა საკაცობრიო
პრობლემის გადაჭრას, მეცნიერების განვითარებასა და მასთან
დაკავშირებულ ტექნოლოგიურ პროგრესს უკავშირებს.

[1]პიეტიზმი ლუთერანულ წიაღში ჩაისახა, ის განსაკუთრებულ


მნიშვნელობას ანიჭებს რელიგიურ გრძნობებს, ღმერთის სიახლოვის
განცდას, პირად ღვთისმოსაობას.

[2]იხ. რელიგიურ-საგანმანათლებლო ჟურნალი „გული გონიერი“, N 8/2014,


გვ. 115-159.

You might also like