Professional Documents
Culture Documents
ასვლა
ასვლა
ასვლა
ახლა ისევ ვაჟა ჯანდიერი და ჯემალ სვანი წავიდნენ წინ. შუადღე გადასული იყო. შორს,
ქვევით, ხეობაში, მზისგან განათებული ბაქსანის ხეობა გამოჩნდა. ზევით კი მუდმივი
თოვლის ზვავებსა და უზარმაზარ ყინულის ლოლუებს მოეკიდებინათ ფეხი. უმეტესად
დონღუზ-ორუნის ჩრდილოეთი ფერდა, საიდანაც უნდა ასულიყვნენ, პიტალო იყო. აქ
თოვლი ვერ იკიდებს ფეხს.
ვაჟა და ჯემალი დამხმარე თოკს მიათრევდნენ. ვაჟა იცავდა ქვევიდან. კაპრონის თოკი
შეუმჩნევლად გამოწეულ კლდის ქიმს მოსდო და მკერდი მიაბჯინა, მერე ხელები დაისრისა,
სველი წინდები ჩამოიცვა, რომელიც დაკარგული ხელთათმანების მაგივრობას უწევდა.
- მზადა ვარ. - ნელა დაუძახა ქვემოდან. თოკის მოძრაობაზე ეტყობოდა, რომ ჯემალი დაიძრა.
იგი დიდი სიფრთხილით მიდიოდა წინ, სისწრაფისთვის თავისი ზურგჩანთა ვაჟას მისცა.
თოკი გაჩერდა, მერე მოეშვა. ჯემალმა უკან დაიხია. წინ გლუვი კლდე დახვდა, გადაწყვიტა
ქვემოდან შემოვლა; თითქოს დაინახა კიდეც თითების მოსაჭიდი. სცადა ასვლა, მაგრამ
მოყინულმა ხელებმა არ გაუშვეს, თანაც შიმშილისგან ძალა ჰქონდა გამოცლილი, რასაც ვერა
გრძნობდა. ხელები დაიზილა, დასიებული თითებიდან სისხლი ჟონავდა; თავის თავზე
ბრაზი მოუვიდა, “რას მოვეხეტებოდი,” გაიფიქრა გულში, მაგრამ აშკარად თავსაც არ
გამოუტყდა და მარჯვენა ხელი ჩასჭიდა ქიმს, შემდეგ სამკავიანი ფეხსაცმელი მოსდო კლდის
ხაოს და მთელი ნაბიჯით აიწია ზევით. აქ გაჩერება არ შეიძლებოდა. დიდი სიფრთხილით
გადადგა კიდევ რამდენიმე ნაბიჯი და ისევ ხელების გათბობას შეუდგა.
ქვევით ვაჟა ჯანდიერი დარჩენილ თოკს უყურებდა. ხელები მასაც მოეყინა, მაგრამ
სიფრთხილის შენელება მთაში ერთი წამითაც არ შეიძლება. ვინ იცის, რომ მოწყდეს,
თვითონაც დაიღუპება, შენც დაგღუპავს და უკან მომავალთაც ავნებს. ვაჟამ ქვევით
გადაიხედა. შორს, მთის ძირთან ღრუბლები მოჩანდა, მერე ყოველივე იკარგებოდა.
ყველაფერი ღრუბლებში იყო გახვეული. შემოუბერა ქარმა და თითებმა მტვრევა დაუწყო, თან
ორი ზურგჩანთა სისხლის მოძრაობას უჩერებდა ხელებში. ქარმა ნისლი გარეკა. კედლის
ბოლოს ერთმანეთს მიკრული კანკალებდა ექვსი თანაჯგუფელი. ვაჟა ანგარიშობდა. ექვსი თუ
შვიდი საათი იყო, რაც გამოვიდნენ და მხოლოდ ორასიოდე მეტრი კლდე აიღეს,
დაღამებამდე, ალბათ, ას მეტრზე მეტს ვეღარ გაივლიან, რადგან კლდის მოსაჭიდები
მოყინული იყო, ან ნამქერით დაფარული. მათ პოვნას და გასუფთავებას დიდი დრო
მიჰქონდა. ქარი გაძლიერდა. ხეობიდან ნისლი დაიძრა და მთელი ქედი მოაქცია შიგ.
გარეშემო აღარაფერი ჩანდა. თოკის მოძრაობაზე მიხვდა, რომ ჯემალი წინ მიიწევდა. ვაჟა
გამაგრდა. თოკი ნელ-ნელა მიდიოდა ზევით, მერე გათავდა.
ჯემალი ცოტა გახურდა მოძრაობით, ახლა ხელმოსაჭიდი ვერაფერი ნახა და კლდის პალოს
ჩასობას შეუდგა. ამან წაიღო დაახლოებით თხუთმეტიოდე წუთი. თითოეული მოძრაობა
მოზომილი ჰქონდა; ოდნავი გადახრა უკან და - უფსკრული. როგორც იყო, გაამაგრა პალო,
თვითონ ჩაება შიგ და ვაჟას გამოეხმაურა.
ორი ზურგჩანთა ემძიმა თოკზე დაკიდულს, სისხლის მოძრაობა შენელდა. მარჯვენა ხელი
უბუჟდებოდა. ფეხები განდაგან მიაბჯინა კლდეს. კიდევ სამი ნაბიჯი ვერტიკალურ კლდეზე,
თოკი დაიჭიმა და ნისლში ცუდად მოდებული კლდეზე მოცქვრა. კაპრონმა საათის ქანქარის
მოძრაობა გააკეთა. ბოლოში კაცი ეკიდა. ვაჟა დაიმანჭა ტკივილისაგან, თოკი კლდეს
გაეხახუნა და დაწითლებული თითებიდან სისხლი გადმოსკდა. სისხლი სწრაფად მიეყინა
თითებს. იგი გრძნობდა რომ ხელებიდან ძალა ეცლება, ცოტაც და მოსწყდება კლდეს, მერე,
შეიძლება, ჯემალიც წამოიყოლოს, მაგრამ ახლა ამაზე არა ფიქრობდა. ძალა სულ გამოელია.
უცებ კბილებით ჩაეჭიდა გაყინულ კაპრონს, ფეხები ოდნავ მოსდო ყინულის ლოლუებს და
ხელები ჩამოუშვა. რამდენიმე ხანი ასე იდგა, მერე სითბო იგრძნო თითებში და ფორთხვა
განაგრძო.
ამ ადგილას ასე დაკიდული დიდხანს გაჩერება შეუძლებელი იყო. ჯემალმა ასვლა დაიწყო,
იმის ადგილას ვაჟა ჩაება.
- ჩვენებს რა ვუყოთ?
- არაფერი.
- როგორ?
- მოიცა, გავიდეთ ზემოთ, იქ მოვიფიქრებთ, არა და, ქვევით ერთი კარავი მაინც გაიშლება
როგორმე, იქ დაიძინონ.
- ხვალე რა უნდა ქნან მერე. მართლა, აქედან გავძახოთ, რომ უკან დაეშვან, ჩვენ კი ბარემ
გავაკეთოთ მწვერვალი.
- გავაკეთოთ, მა რა.
ჯემალმა ფორთხვა განაგრძო. თან ფიქრობდა, ღამის გათენება ცის ქვეშ მოგვიწევსო. კარავი
ქვევით დატოვეს, გინდაც კარავი იყოს, სად გაშლი, ფეხის დასადგმელი ადგილი რომ იპოვონ,
ისიც კარგია. ცივი ღამისთევის გახსენებაზე გააჟრჟოლა. ოთხმოცი პროცენტი ასეთი
შემთხვევებისა ამ პირობებში დაღუპვა ან ხელ-ფეხის მოყინვა იყო.
- რა?
ვაჟა ჩქარა შეუდგა ასვლას. ნახევარი საათის შემდეგ ზევით იყო. აქ კლდე იყო ამოღებული და
პატარა ქვაბს აკეთებდა, შიგ ჩაყრილი თოვლი ჯემალს უკვე გაეტკეპნა. ორივემ შვებით
ამოისუნთქა.
დაღლას ვერცერთი ვერა გრძნობდა. ვაჟა კლდეზე გადმოდგა და ადრევე დაწყობილი გეგმა
გადასცა დიდი ყვირილის მერე ქვემოთ დარჩენილებს. იქ თვითონაც მოეფიქრებინათ და
კარავი გაეშალათ, რომლის ქვედა მხარეც უფსკრულში იყურებოდა.
- მიაფურთხე.
- მიმიფურთხებია.
- აბა, კაცო!
- მაშ რაღას მოდიოდი? - ვაჟა გაცხარდა. არ მოეწონა არც ჯემალის დასტური, არც თავისი
ნათქვამი.
ორივენი გაჩუმდნენ. თავიანთ ფიქრებს მიეცნენ ბიჭები. “მაინც რა არის,” ფიქრობდა ვაჟა.
“მართლა და რა მაგრად მიყვარდა ნანა, უღმერთოდ, მთელი სამი წელი უშედეგოდ, მთელი
ლექსები მაგაზე მაქვს: მართლა, რა საინტერესოა, წერ გოგოს სიყვარულზე, უფრო სწორედ ეგ
სიყვარული გაწერინებს და გამოდის ათასნაირი რამე, თუნდაც ალეგორიები რომ მაქვს
სამშობლოს თავისუფლებაზე. იმაზეც ხომ სიყვარულმა მომცა ბიძგი. ნოველები რომ გავაკეთე
ზღვაზე, მაშინაც სულ ნანა მედგა თვალწინ, იწერებოდა კი მარტო ბიჭებზე, ან ზღვაზე და
მეზღვაურზე, მერე გამოვიდა ნელ-ნელა ნანას კულტი. უკვე ისე დავიწყე წერა.”
- აბა, აბა, მეც მაგაზე ვფიქრობდი, თუმცა არა, - გაახსენდა, რომ სხვა რაღაცაზე ფიქრობდა.
- სწორედ გითხრა, მეც სხვაზე ვფიქრობდი, არასოდეს მყვარებია ბებო ასე ძალიან.
- აბა რა.
სიცივემ იმატა. ბიჭები ერთმანეთს ჩაეკვრნენ. ერთხანს ასე კანკალებდნენ, მერე ვაჟამ
ნახვრეტში ზურგჩანთა ჩატენა, შედარებით დათბა. ვაჟამ დაიწყო:
- ღმერთმა დაგვიფაროს!
ბიჭები გაჩუმდნენ. “საწყალი ბებო”, ფიქრობდა ჯემალი. მას გაგიჟებით უყვარდა მოხუცი.
მართლაც არაჩვეულებრივი ადამიანი იყო, მცოდნე, გამრჯე. მერე მოშივდა. ახლა ისევ
ბებიამისის დამზადებულ შეჭამანდზე ფიქრობდა. ჯემალმა სიჩუმე ვეღარ აიტანა:
ვაჟამ ხმა არ გასცა. თავი მოიმძინარა. მართლაც, ორი თვის წინათ საშინელ ხასიათზე იყო.
იარაღი რომ ჰქონოდა, თავს მოიკლავდა, თანაც მიზეზი არ იყო არავითარი ასეთი ხასიათის.
გამოცდები ახალი ჩაბარებული ჰქონდა ფრიადებზე, სწორედ მაშინ აისრულა თავისი დიდი
ხნის წადილი და კალთაში ჩამჯდარ ნანას ეალერსებოდა ხოლმე გვიან ღამემდე. ოხ, როგორ
უყვარდა ერთ დროს. ბოლოს გაიგო, რომ იმასაც უყვარდა. მერე პირველი კოცნა ლიას
დაბადების დღეზე. იმ საღამოსვე დაამთავრა თავისი უსაყვარლესი პოემა “ლექსი
გაზაფხულზე”. ახლა რამდენიმე სტრიქონი მოიგონა ზეპირად და იგრძნო, თუ რა ძვირფასი
იყო მისთვის თავისი შემოქმედება. ძალიან მოუნდა საწერკალამი. საძილე ტომარაში სიცივისა
და წერის ჟინისაგან ტრიალი დაიწყო. მთელი კვირა ასე ბედნიერად გაატარა მაშინ ვაჟამ.
შაბათს სადღაც დაითრო და დილით თავი სტკიოდა, დამ ბორჯომი მოუტანა, ტკივილმა
ცოტა გადაუარა. იმ დილას მოაგონდა, რომ დღეს მისი გარდაცვლილი ამხანაგის წლისთავი
იყო. პანაშვიდზე ადრევე წავიდა. სანამ სხვები მოვიდოდნენ, დიდხანს უყურა ლევანის
მოღიმარ სახეს, რომელიც ირონიით უყურებდა საფლავზე დადგმული კვარცხლბეკიდან.
უნებლიედ მოაგონდა თავისი ნანა, ოჯახი, რომელიც ბედნიერი იყო მამის წარმატებებით,
მერე თავისი პოემა დასაბეჭდად გამზადებული, და ლევანი უფრო შეებრალა. რაღაც ჭირად
თავში მოუვიდა, რომ ლევანი ბედნიერია. მორჩა და მოისვენა, აღარც უხარია, აღარც სწყინს,
მას კი რაღაც სისულელეები ახარებენ. “სიყვარული”, “პოემა”, “ოჯახი”, - რა არის ყველაფერი
ეს. თავის მოტყუება, დროებითი სიხარული და ბოლოს სიკვდილი, გარდაუვალი სიკვდილი.
მორჩა. აღარ იქნება ვაჟა. მან პანაშვიდის დაწყებას აღარ დაუცადა, წყნეთისაკენ წავიდა
მარტო.
- ვაჟა, გძინავს?
- ჰო და არა.
- აბა, ბიჭო.
- რა გინდა?
- შენი ნებაა.
სინდისით ან რა მოეთხოვება;
დამადეთ გულზე ტყვია ცამეტი,
- ვაჰ, რა კარგია, გენაცვალე სულში, დამილიე, - ჯემალმა გაიცინა. ვაჟამ გადაიხარხარა. ღამე
მთამ საშინელი ექო გამოიღო. ორივე შეზარა მათი ხმის გამოძახილმა და ერთხანს გაჩუმდნენ.
ორივენი გათოშილები ისხდნენ კლდის ქიმზე. შორს მკაფიოდ მოჩანდა უშბა, რომელსაც
ზევიდან დაჰყურებდა მზე.
ხეობებიდან ნისლი დაიძრა. უშბამ ბოლვა დაიწყო, მის რქებშუა შესული ნისლი სამხრეთის
მწვერვალს უვლიდა და ისევ შუაში შემოდიოდა. ნისლმა იმატა. ბიჭებმა უმოკლეს გზაზე
გაჭიმეს დამხმარე თოკი და ქვევით დარჩენილი ამხანაგების მიღებას შეუდგნენ. უჭმელობა
აღარცერთს არ ახსოვდა. ჯერჯერობით ამინდს კარგი პირი უჩანდა.
ჯემალმა დამატებითი კლდის პალო ჩაასო და მიღება დაიწყო, ხოლო ვაჟა წინ წავიდა. ორი
საათის მერე ძლივს ამოვიდა პირველი. ომარმა ამბავი მოიტანა, ორივე გოგო თავს კარგად
გრძნობსო, მაგრამ არნოლდი გახდაო ავად. ნახევარი საათის შემდეგ პირველი გოგო ამოვიდა.
ლიდა იღიმებოდა. ისეც ღაჟღაჟა ლოყები დილის სუსხს სულ დაებრაწა.
მეთორმეტე საათი დაიწყო. ომარი ჯემალის ადგილას ჩაება, ხოლო უკანასკნელი გამყოლზე
გაუშვა. შორს უშბას ღრუბელი მოეხვია, მერე შხელდაც გაუჩინარდა. ქარმა დაუბერა.
ხეობიდან მძიმედ დაიძრა ნისლი. თორმეტ საათზე ამინდი გაფუჭდა.
- წრიაპები გაიკეთე?
- ჰო, ვამთავრებ.
ხმა შეწყდა, ჩახაჩუხი ატყდა. ჯემალს ყინულები თავზე დაეყარა. დაიწყო ურთულესი
მონაკვეთი, ყინულის კედელი. ვაჟა უცებ გახურდა, ტანში ჩხვლეტაც იგრძნო, ფეხები კი
კვლავ უგრძნობლად ჰქონდა. ყინულის ჭრამ ცოტა გაართო და კარგ გუნებაზე დააყენა.
უზომოდ მოუნდა გავლა თავისი შავი კოსტუმით, თეთრი პერანგით და შავი მაღალყელიანი
ფეხსაცმელებით რუსთაველის გამზირზე. იქნევდა წერაქვს და ოცნებობდა. მოაგონდა პატარა
გოგონა კრავაი, წამოსვლის წინ რომ შეხვდა ლაღიძესთან; ერთად ჩავიდნენ და მთელი საათი
სვეს ერთი ბოთლი წყალი. მერე რუსთაველზე ხელკავით გამოატარა, თან ამხანაგებს
ესალმებოდა. ახლა ის საღამო ედგა თვალწინ. უფრო ენერგიულად დაიწყო მუშაობა.
გრძნობდა, რომ თითოეული საფეხური აახლოვებდა საყვარელ ქალაქსა და ხალხს. “დედასაც
ვნახავ”, გაიფიქრა, “ახლა კარგ ხასიათზე ვიქნები, გაუხარდება საწყალს, ან რა არის მოსაწყენი,
ამდენი კარგი და საინტერესოა.” ცოტა შეისვენა. “კაცმა უნდა მთელი სულით იცოცხლო,”
განაგრძობდა ფიქრს წერაყინით ხელში “ან რა არის მუდმივობა, სისულელე. ყველა ადამიანი
მუდმივად ცხოვრობს, ყოველ შემთხვევაში, მისი მარადიულობა ის წლებია, რომელსაც
გაატარებს ამ ქვეყანაზე. კაცმა რომ თქვას, არცა კვდება კაცი, იბადება სხვა, რომელსაც
გარდაცვლილისა აქვს ყველაფერი ცოტა შეცვლილი.” ვაჟას გაეღიმა, “რა დროს ამიტყდა
ფილოსოფია”, დაასკვნა და ახალი ძალით შეუტია ყინულს. კედელი უფრო დამრეცი გახდა,
ახლა მეტი სიფრთხილე იყო საჭირო. კიდევ სამი საფეხური გაჭრა ყინულში და დიდი
წვალებით დაასო პირველი ყინულის პალო, შემდეგ გამყოლით თოკი ჩააბა. საღამოვდებოდა.
შიმშილმა თავისი ქნა და მთამსვლელს ძალა გამოაცალა. თითქმის ხუთიათასიან სიმაღლეზე
სუნთქვა ჭირდა. თოკი ვაჟამ მარჯვნივ გადმოაგდო, მაგრამ შემთხვევით ფეხი დაადგა და
ყინულზე მოცურდა. ერთი წამი წერაყინით შეიკავა თავი, ოფლმა დაასხა, ცალი თვალი
ქვევით გააპარა. ნისლი იყო გაპობილი და ძალიან შორს მთის ტბა მოჩანდა. ვაჟას შეეშინდა.
ბედზე, ახლად დარჭობილმა ყინულის პალომ სამიოდ ნაბიჯზე ჩამოცურებული ვაჟა შეაჩერა.
იგი მუხლის კანკალით წამოდგა და კიდევ ათიოდე საფეხური გაჭრა, ყინული გარბილდა,
ჩქარა თოვლი გამოჩნდა. მწვერვალი ახლოს იყო. ვაჟამ ქვევით მეორე პალოც დაამაგრა და
სპორტულით ჯემალის მიღებას შეუდგა. მალე სიცივისგან გალურჯებული ამხანაგიც
ამოვიდა.
- ვაჟა, შენი ჭირიმე, მაგრა იმუშავე, აი, ეგ არის ძმაო, მაგარი გული.
- ჰა?
- ამირანი ატირდა, ხელ-ფეხს ვეღარ ანძრევს, იდგა ჩუმად ცალ ფეხზე, მეორე ვერსად დადგა
და ცრემლები სდიოდა.
- რას მეუბნები.
- მართალს.
- ალბათ.
ქვევიდან ძახილი მოისმა. ომარი მოდიოდა სპორტულით. ახლა გაყინული ჯემალი წავიდა
მთელ დამხმარე თოკზე წინ, ხოლო ვაჟა ადგილზე დარჩა ხალხის მისაღებად, თან თოვლსა
ჭამდა მადიანად. დაღამების წინ ბუნება დაწყნარდა. ქარი შეწყდა და მოიწმინდა. ბაქსანის
ხეობაში საქართველოს აკადემიის დასახლების თეთრი სახურავები მოჩანდა. ვაჟამ ნატვრით
შეხედა შენობებს, უზომოდ მოუნდა თბილი სახლი და საჭმელი, მერე შიშმა შეიპყრო - კიდევ
ხუთი კაცი იყო მისაღები, თანაც მათგან ორი სუსტი, ბოლოს ჯგუფის უფროსი მოდიოდა,
გამოცდილი მთამსვლელი მირიანი. ორივე გოგონამ ამოჭრა ყინული და თოვლზე გავიდნენ,
შორიდან ჯემალის ხმა გაისმა, მწვერვალზე საკარვე ადგილებს მივაგენითო. ამოსულები
საიმედო თოვლში უთოკოდ წავიდნენ ზევით. დამხმარე კაპრონი ვაჟამ თავისთან დაიტოვა.
უკვე ღამდებოდა, როდესაც ამირანმა ამოყო თავი კლდიდან, ვაჟამ დამხმარე თოკიც ჩაუშვა
ქვევით. ამირანმა მკერდზე მიიმაგრა. იგი ძლივს იდგა ფეხზე, ნამტირალევი თვალები
დაწითლებული ჰქონდა. ვაჟა მთელი ძალით ქაჩავდა, თვითონაც მოეხმარა ამირანი, ამ დროს
ჯემალიც ჩამოვიდა. მან დაღლილს ზურგჩანთა გამოართვა და ხელჩაკიდებული წაიყვანა.
პირდაპირ ბედად იწყებოდა იქვე ღრმა თოვლი. ქვევით რჩებოდნენ არნოლდი და მირიანი.
ჯემალი ისევ მობრუნდა.
- ადგილები როგორია?
- ზვავი არ იქნება?
- მოიტა, ჩავებმები.
- რას ამბობენ?
ქვემოდან ყვირილის მსგავსი ხმები ისმოდა. ბიჭებმა კიდევ ერთი ყინულის სოლი ჩაასვეს,
მერე ვაჟა ჩაეშვა ქვევით. ყინულის ბოლოს წრიაპები მოიხსნა. მოძრაობა შედარებით ადვილი
იყო მისთვის. ზევით ჯემალი საიმედოდ იცავდა. თანაც სამკერდე თოკისგან საჯდომი
გაეკეთებინა და რეგულირებას თვითონ ახდენდა მისი ხმის მიხედვით. ვაჟამ დაუძახა,
ყინული მორჩა, კლდეზე გადავდივართო. ჯემალმა ორი მეტრი გაუშვა, თოკმა უცებ დაქაჩა.
ქიმზე ხელი აიხლიჩა კიდევ, მაგრამ კარგად ვერც იგრძნო. ზედ, ყინულის დასაწყისთან
არნოლდი იყო გაჩხირული. ვაჟამ ხელი მოჰკიდა. არ ინძრეოდა. იგი ძირითად თოკს და ვაჟას
მიერ კლდეზე ჩასობილ სოლს შორის ეკიდა, მის ქვევით მირიანი იყო. სიჩუმე მირიანმა
დაარღვია.
- მოიცა, შენ როგორა ხარ, მოკვდი, ალბათ, ამ ყინვაში ცდით ეს ორი დღე, ჩვენ მაინც
ვხურდებოდით.
- ხედავ არნოლდს?
- არ შემიძლია, - ყრუდა თქვა და ისევ გაჩუმდა. ვაჟამ დამხმარე პატარა თოკისგან, რომელიც
თან წამოეღო, რვიანის მსგავსი ჩამოსაჯდომი გააკეთა, მერე ფეხებზე ამოაცვა და
სამკერდესთან მიუტანა.
- არა მაქვს.
- რა ვქნათ, მაშ?
- საით?
თოკი ამოძრავდა.
ბედზე ყინულს ვარსკვლავები ანათებდნენ. ვაჟამ ახლა მირიანი გაუშვა. ისე იყო გაყინული,
ძლივს დაიძრა ადგილიდან. მარტოდ დარჩენილი ვაჟა უსიამო ფიქრებმა შეიპყრო. მოყინულ
ხელზე იკბინა; ვერაფერი იგრძნო. დაიწყო დაზელვა, როგორც იყო აამოძრავა, მერე თოკს
მოჰკიდა ხელი და აიწია, მაგრამ უშედეგოდ. დაღალული მკლავები არ ემორჩილებოდნენ.
სიბნელეში კლდეს ძლივს არჩევდა. ხელით მოსინჯა მოსაჭიდი და ერთი ნაბიჯით აიწია.
ყინულამდე ორიოდე მეტრი რჩებოდა. შეისვენა. ზევიდან ჯემალის ძახილი მოესმა. ვაჟამ
ასვლას დაუჩქარა და ფეხი გაუფრთხილებლად გადადგა. სიბნელეში ხელი ვერაფერს
მოჰკიდა და ჩამოცურდა. თოკმა გაქანება მისცა, მერე უფსკრულში ჩაეკიდა. ზევიდან კვლავ
გაისმა ჯემალის ძახილი, ვაჟამ ამაოდ სცადა კუნთებზე აწევა, გაყინული ხელები თოკს ვერც
კი ჩასჭიდა. ახლაღა იგრძნო ნამდვილი შიში. ასე დარჩენილს გაყინვით სიკვდილი ელოდა.
როგორ არ უნდოდა, ეს რომ მომხდარიყო. მოაგონდა, რომ სულ ორიოდე თვის წინ სიკვდილს
ნატრობდა, აქ კი, როცა შეუძლია, თვალის დახამხახებაში, მხოლოდ გამოეხსნას თოკს,
ოდნავი ბიძგი და მორჩა - აქ ყველა კიდურით, მთელი სულით შეებრძოლა სიკვდილს.
ნანობდა, მართლა გულით ლანძღავდა თავს მთაში წამოსვლისთვის. პირობას აძლევდა
ყველას, იწყევლებოდა გულში, რომ ღმერთს, თუ იყო ასეთი, ან რაიმე განგებას, შემთხვევას,
დაესაჯა მაგრად, უარესად, თუ კიდევ წამოვიდოდა. ან როგორ იფიქრა მაშინ სიკვდილზე,
როცა სიცოცხლე ასე ტკბილი ყოფილა.
- ორი?
- ჰო.
მერე ჯემალმა შავი დღისთვის შემონახული ორცხობილის ნატეხი გაუწოდა. ვაჟამ ჩაიდო
პირში, მაგრამ ვერ დაღეჭა.
დატოვებულ თოკს უხმოდ აუყვნენ ღრმა თოვლში ორივენი. გზაზე მირიანი და ომარი
შეხვდათ. უკან დაბრუნდნენ. ყინვა უჭერდა და უჭერდა, ცოტა ხნის შემდეგ ქარიც ამოვარდა.
იმ ღამეს კარვებში არავის სძინებია.
მეორე დღეს, დღის თორმეტ საათზე თავდებოდა ალპური ბანაკი “ნაკრას” მიერ მიცემული
საკონტროლო ვადა. ამ ვადის გადამცილებელს მწვერვალზე ასვლა არ ეთვლებოდა და
შეიძლებოდა სპორტული წოდებაც ჩამოერთმიათ. უთენია ჯემალი და ვაჟა დაეშვნენ
ბანაკისაკენ.
ნისლში გახვეულ მწვერვალზე ორი ნაბიჯის იქით აღარაფერი ჩანდა. დიდი სიფრთხილით
მიიწევდნენ წინ. ნისლი უფრო გახშირდა. მოძრაობა შეუძლებელი ხდებოდა. ყინვამ დილით
იმატა. ბიჭები გაჩერდნენ, მერე ნისლში ოდნავ შეიპარა სხივი, დაუბერა სამხრეთიდან ქარმა
და თოვლის ფიფქებთან ერთად გარეკა ნისლი. დაიწყო ციცაბო ფერდობი. წინ ვაჟა წავიდა,
უკან ჯემალი თოკის მთელ სიგრძეზე აკეთებდა დაცვას, ქვევით ვაჟა იცავდა და ახლა ჯემალი
იწყებდა მოძრაობას ვაჟამდე, შემდეგ თოკის გათავებამდე - ქვევით. სამთო ფეხსაცმლის
სამკავები კლდეზე იყო გაცვეთილი. წრიაპები ზევით დატოვეს, ფეხი უსხლტებოდათ. ახლა
უკვე გაყინულ თოვლზე მიდიოდნენ. ვაჟამ დაცვა მოხსნა და წერაყინის ამოღებისას ფეხი
დაუცდა, ჯემალმა მთელი ძალით სცადა წერაყინის ჩასობა, მაგრამ ყინულმა არ მიიღო, თოკმა
დაქაჩა და ორივენი გააქანა ქვევით; ასიოდე ნაბიჯის მერე ნაპრალები დაიწყო. ჯემალი
გადააფრინდა ზევიდან, ხოლო ვაჟა შიგ ჩავარდა, ზევიდან თოვლი დაეყარა.
ნაპრალში მოხვედრილმა ვაჟამ განძრევა სცადა, მაგრამ უშედეგოდ. ზევიდან თავისი
ზურგჩანთა და თოვლი ეყარა, ახლა სუნთქვის აუცილებლობამ შეაწუხა, სველი თოვლით
გამოევსო პირი. მარცხენა ხელი ოდნავ გაითავისუფლა და საიდანღაც შეისუნთქა ცოტა ჰაერი.
მერე გრძნობა დაკარგა. დაცემის შემდეგ პირველი ჯემალი გამოერკვა და წვალებით წამოდგა,
თავბრუ ეხვეოდა. მექანიკურად მიჰყვა თოკს და ნაპრალში ჩაიხედა; თოკის ბოლო თოვლში
იყო ჩაფლული, მოქაჩა, ახლაღა შეიგრძნო, რომ თოკის მეორე მხარეს ვაჟა უნდა ყოფილიყო
მობმული. უფრო ძლიერად მოქაჩა თოკს, მერე ნაპრალში ჩაეშვა. ზურგი მაგრად მიაბჯინა
ერთ მხარეს, ხოლო ფეხები მეორეს. წერაყინით დაიწყო თხრა. პირველი შეგრძნება ვაჟასი იყო,
რომ ჰაერი ღრმად შეისუნთქა და მარჯვენა ხელმა ჩხვლეტა დაუწყო. რატომღაც გაეღიმა. უცებ
ისევ მოეღუშა სახე, შეეშინდა გაგიჟების. როგორც იყო, ამოვიდა ზევით. უხმოდ გადაეხვივნენ
ერთმანეთს.
ამოვიდა მზე. ხეობაში ჩამოცხა. მოყინულმა ნაწილებმა ტკივილი დაუწყეს. ათი საათი გახდა.
თითქმის მირბოდნენ ორივენი. ვაჟას ნაპრალში ნატკენი ფეხი ასტკივდა. გაოფლიანდნენ.
ახლა სისველე ზურგს ღარივით ჩაჰყვა და საცვალი ამოეკრო ლაჯებში. ძლივს სუნთქავდნენ
სიმაღლედაკარგულები. ვაჟას ფეხი აეწვა, კანმა დაუწყო ოფლისაგან გადაქლეშა. ახლა გზა
ტყეში შევიდა. ქინქლები ოფლიან შუბლზე ეკრობოდნენ, კისერში ტყის ქერცლი უცვივოდათ.
ვაჟა დაიმანჭა, ფეხი უფრო ასტკივდა. გულში ბრაზობდა, რომ ამდენი სიძნელის მერე
წესიერად, ნელი ნაბიჯით მისვლაც კი არ შეეძლოთ ბანაკში. სიცხემ იმატა. ოფლში
გაიღვარნენ, საშინლად მოსწყურდათ. ჯემალმა წყაროსკენ გაიწია, მერე საათს დახედა და
ნაბიჯის შეუნელებლივ წინ გასწია; უკან ვაჟა მიჰყვებოდა. საშინლად მოსწყინდა ყველაფერი
და ძალიან მოუნდა ხახვი; მესამე დღე იყო, რაც არ ეჭამათ. მან სიჩუმე ვეღარ აიტანა.
- ჯემალ, ბიჭო!
- რა?
- თხუთმეტი წუთი.
ბიჭებმა უკანასკნელი ძალები მოიკრიბეს. ფეხის ტკივილს ვეღარა გრძნობდა ვაჟა. მხოლოდ
ხუთი წუთი დააგვიანდათ ბანაკში შესვლა. მთელი ხალხი გამოეგებათ გზაზე. დიდი
სიხარული იყო. ვაჟამ ანგარიში ჩააბარა ბანაკის უფროსს, მერე ორივენი ამხანაგებმა გაიტაცეს.
ვაჟა სიამოვნებით წამოწვა და ფეხები საწოლის თავზე შეაწყო. არ ეძინებოდა. ექიმმა ხახვი და
პური მოუტანა სხვა გემრიელ საჭმელთან ერთად. მალე კარავი დაცარიელდა, მხოლოდ
ბარიდან ამოსული მისი მთამსვლელი მეგობარი დარჩა, რომელმაც სიხარულით დაიწყო:
- რო არ მორჩეს?
- რას ამბობ.
ვაჟამ ხახვი ჩაკბიჩა, მერე პური დააყოლა და მჟავე წყალი სიამოვნებით მოწრუპა.