Professional Documents
Culture Documents
ბავშვებო! - ბოხი, გულთბილი ხმით..
ბავშვებო! - ბოხი, გულთბილი ხმით..
- დღეს ჩვენს საბავშვო ბაღს, რომელიც დამსახურებულად ატარებს გ.მ. მალენკოვის სახელს,
წილად ხვდა უდიდესი ბედნიერება, რომლის ღირსნიც ზოგიერთი ჩვენს რიგებში მდგომნი
არ არიან.
- დიახ, დიახ, თქვენ უკვე პატარები აღარა ხართ და მე პირდაპირ გეტყვით: ჩვენმა საბავშვო
ბაღმა პარტიის მეოცე ყრილობის გენიალური, ისტორიული გადაწყვეტილებების
გამოხმაურების მიზნით იკისრა ვალდებულება თბილისის ზღვაზე დარგოს 251 ხე და 311
ბუჩქი, ურა! ურა! ურა! პატარებო!
როდესაც სიმღერის დიდებული ჰანგები შეწყდა, სიტყვა მეეზოვის ბიჭმა ბუხრუშამ აიღო,
რომელსაც საკუთარი მოთხოვნით ერთი თვის წინათ მისთვის საძულველი სახელი
სტალბერი წინ მოხსენებულით გადაუკეთეს.
- ვაშა, ვაშა. - საცოდავი ხმით დაიწრიპინა პატარა ბუხრუშამ და დადუმდა, დიდი თავი
ძაფივით წვრილ კისერზე ჩამოჰკიდა. “ნამდვილი ბინძული მეეზოვის ბიჭია, დედა სწორს
ამბობდა”, გაიფიქრა მის წინ მდგარმა ლეილამ, რომელმაც თანაჯგუფელის ჩამოკიდებულ
თავზე ამოკორტნილი ადგილები დაინახა, მერე კოხტად შეკრეჭილი თმა შეისწორა და
მარკლენს ფარულად გახედა. “какое уравнение,” დააბოლოვა თავისი ფიქრები და შეწყვიტა
აზროვნება. ახლა იგი პელო მასწავლებელს უსმენდა:
- ვინ არის მომხრე, რომ ნაცვლად გეგმით დადგენილი 251 ხისა - ორატორობდა პელო - და 311
ბუჩქისა დარგულ იქნას 293 ხე და 393 ბუჩქი, აქ მან ხმას აუწია. მისი ხმა ლაღადა ჟღერდა.
ბავშვები აღფრთოვანებით ყვიროდნენ და ორივე ხელსა სწევდნენ მაღლა, ბუხრუშას ვაშას
ყვირილისგან თვალები დაუწითლდა. მარკლენმა ივიკოს და მანანას გადახედა. ორივენი
დუმდნენ, მერე მანანამ ივიკოს თვალი ჩაუკრა. ორივემ ნელა ასწია ხელები. “საქმისთვის ასე
ჯობია,” გადაულაპარაკა მანანამ ივიკოს.
(1956 წ. აპრილი)