Professional Documents
Culture Documents
ბაიათი თარზე
ბაიათი თარზე
ბაიათი თარზე
- დაუნდობელი კი იყო.
- მოერიდე მაგათ.
- ერთი მაგათი.
- მე მითქვამს.
დათუნას ჯერ ჩაეღიმა, მერე სავარძელში უფრო ქვევით ჩაცურდა. “ჩემი ძმაკაცი რო არ იყოს,
ტრაბახი მეგონებოდა”, გაიფიქრა თავისთვის.
- დათო, - დაიწყო ვაჟამ, - გახსოვს, შარშან მატარებელში მთვრალებს ორი დანა წავართვი.
ვაჟა განაგრძობდა: - ხო გახსოვს, არა? ერთი წუთით არ შემშინებია, - მან პაპიროსი გააბოლა,
ბოლი ნელა წავიდა ლამფისაკენ და ზევით გაიშალა. პატარა ოთახში ქულები ჩაეწყო. ორივენი
დუმდნენ. “სხვამ რო გაიგონოს, ტრაბახი ეგონება, თუმცა, სხვასთან არც იტყოდა; ვერ გამიგია,
ჩხუბის არც მე მეშინია, დანას კი გავურბივარ”, ფიქრობდა დათო. სიჩუმე არ ირღვეოდა.
მხოლოდ გაზეთილ თაროზე საათი ტიკტიკებდა. დათომ ერთხანს ყური მიუგდო ხმაურს;
ისევ გაერთო ფიქრებში, საათის ხმა აღარ ესმოდა.
ვაჟას ჩამქრალი პაპიროსი ედო პირში. უკვე მეათე მოსწია: უზომოდ სიამოვნებდა ბოლი.
კიდევ უნდოდა მოწევა, მაგრამ თამბაქო მეორე ოთახში იყო და გასვლა დაეზარა.
საათი ტიკტიკებდა.
არც ერთს არ ესმოდა მისი ხმა. დათო არაფერზე აღარა ფიქრობდა. ვაჟას ჯერ ბუნდოვნად
მოაგონდა წინა დღის ამბავი, მერე ნათლად დაუდგა თვალწინ.
წინა დღეს აისრულა ორი წლის ნატვრა. ორი წელი უყვარდა ლეილა. ვინ იცის, რამდენჯერ
დააპირა მისვლა, მაგრამ ვერ გაბედა. გაეღიმა: დანის არ შინებია, ის გოგო კი, წაბლისფერი
თმითა და დიდი, გაკვირვებული თვალებით, ყოველთვის აშინებდა. გუშინაც როგორ გაბედა,
ის იყო საკვირველი. სწორედ მისვლამდე ორი საათის წინ იმავე ქუჩაზე ძველ მტრებთან
მოუვიდა ჩხუბი. ისინი ოთხნი იყვნენ. ერთი ძლივს იდგა ფეხზე. სამნი დაეხვივნენ
მოულოდნელად. ვაჟა პირველი დარტყმისაგან ცოტა დაიბნა, მიხვდა, რომ მარტო ღონით
ვერაფერს გახდებოდა: ერთს გაქნეული ფეხი დაუჭირა, ნიკაპში მოარტყა. რამდენიმე
ნაბიჯით უკან დაიხია. გამოუდგნენ. წინ მაღალი მორბოდა. ვაჟამ მოქნეული მუშტი აიცილა
და ცხვირში დაარტყა, მერე მეორეს მიუბრუნდა, იმას ნიკაპში უმარჯვა. ის წაიქცა. მესამემ
მთელი ძალით მოუქნია, კედელთან მდგარმა ჩაბუქნა მოასწრო. მუშტი აგურს მოხვდა. მან
დაბნეულობით ისარგებლა: ერთი მუცელში დარტყმით იქვე დააგდო. მაშინ მაღალმა ნაგანი
დააძრო. ვაჟამ ფეხსაცმლის წვერი აარტყა მაჯაში: იარაღი ჟღარუნით დაეცა ქვაფენილზე.
სწრაფად დასწვდა: იკადრეს მთვრალებმა გაქცევა. ვაჟა იდგა და სიამოვნებდა, რომ მათ ასე
ადვილად სცემა. ტუჩიდან სისხლი სდიოდა, როგორც იყო, შეიშრო ცხვირსახოცით, მერე
გახეთქილი ადგილი მოილოკა. სისხლი ისევ წამოუვიდა. იარაღი ჯიბეში ჩაიდო.
სიბნელეს დააკვირდა.
ახლა უკვე ეჭვი აღარ იყო: მეორე ქვაფენილზე ის მოდიოდა. ვაჟამ იარაღი მოსინჯა, ლეილა
თითქმის გაუსწორდა, როცა უნებლიეთ მისკენ წავიდა. აღარაფერი აღარ ახსოვდა, მხოლოდ
გრძნობდა, რომ გახეთქილი ტუჩიდან ჩამოსული მლაშე სისხლი პირში ჩასდიოდა და
სიამოვნებდა.
მივიდა.
- მე, - ვაჟამ ენით მოიწმინდა ჩამოღვრილი სისხლი, - ჯანდიერი ვაჟა ვარ, თქვენ, ალბათ, არც
კი მიცნობთ.
- დიახ, დიახ, მე ჯანდიერი ვარ, - ისევ დაიბნა, - არა, მე თქვენ მიყვარხართ, დიახ.
გოგონა ოდნავ აიწია თითის წვერებზე, გრძელი წამწამები დაახამხამა. ვაჟმა ბოდიში
მოუხადა, მერე გაჩუმდა. ლეილა ცოტა ხანს დაბნეული იდგა.
- ნახვამდის, - თქვა მან და ქუჩაზე დაეშვა. დიდხანს უყურა ვაჟამ დაცარიელებულ ქვაფენილს,
ძლივს იგრძნო, რომ ის იქ აღარ იყო. აღელდა: როგორც იყო, აისრულა ორი წლის ნატვრა,
მივიდა, ელაპარაკა, მერე ვის? ლეილას.
უზომოდ მოუნდა მოძრაობა, ყვირილი, ჩხუბი. ახლა ფეხარეული ჩაუყვა ქუჩას: წინიდან ისევ
ის მთვრალები მოდიოდნენ. ერთს დანა ეჭირა ხელში. ვაჟამ ნაგანი ამოიღო. გაჩერდნენ. მან
იარაღი შორს მოისროლა, მერე ნელი ნაბიჯით წავიდა მათკენ. ისინი არ იძვროდნენ. უცებ
ბებუთიანმა ისკუპა. ვაჟამ მარცხენათი დანა აიცილა და მარჯვენა უმარჯვა ყბაში.
დაიშალნენ.
თვითონაც გააბოლა.
საათი ტიკტიკებდა.
- სიკვდილის არ მეშინია.
- ომის?
- არ ვიცი.
- დანის? ჰო.
- მე არ მეშინია.
- ვიცი.
ერთხანს ისევ სიჩუმე ჩამოვარდა. დათო სულ ქვევით ჩაცოცდა სავარძელში. ფეხები გაჭიმა.
ახლა იგი თითქმის იწვა.
საათი ტიკტიკებდა.