You are on page 1of 4

სიკვდილით დასჯა ჩამოხრჩობით

ბირმაში წვიმების სეზონი იდგა. ნესტიან დილას სუსტი, ყვითელი ფოლგისფერი


სინათლე მაღალკედლებიანი ციხის ეზოში ირიბ სხივებად ეშვებოდა.
წინა კედლების ნაცვლად წნელის ორმაგი რიგით გადაღობილ, ფარდულის
უჯრედების მსგავს სიკვდილმისჯილთა საკნებთან ვიდექით და ველოდით. თუ
ფიცრულ ნარებს და წყლის ტოლჩებს არ მივათვლით, დაახლოებით ათი ათზე
ფუტის ზომის ეს საკნები თითქმის ცარიელი იყო. აქა-იქ, წნელების შიდა რიგის
გასწვრივ, საბნებში გახვეული მდუმარე შავგვრემანი ადამიანები ჩაყუნცულიყვნენ.
მათ ჩამოხრჩობა ჰქონდათ მისჯილი. ორიოდე კვირის სიცოცხლეღა თუ
დარჩენოდათ.
ერთ-ერთი მათგანი საკნიდან უკვე გამოეყვანათ. ეს იყო თავგადაპარსული,
გაურკვეველი ფერის წყალწყალათვალებიანი გალეული ინდუსი. კომედიური ჟანრის
კინომსახიობივით, პატარა სხეულთან შედარებით სასაცილოდ უზარმაზარი
გაბურძგნული ულვაში ამშვენებდა. მისი დაცვისა და სიკვდილით დასჯის
მომზადებასთან დაკავშირებული ყველა მოვალეობა ექვს ინდუს ჩაფარს ეკისრებოდა.
ორი მათგანი, ხელში ხიშტიანი შაშხანით, იდგა და თვალყურს ადევნებდა, სანამ
დანარჩენები მსჯავრდებულს ხელებზე ხუნდებს დაადებდნენ, შიგ ჯაჭვს
გაატარებდნენ, მერე იმ ჯაჭვს ქამრებზე მიიმაგრებდნენ და ხელებს თეძოებზე ყრუდ
მიუხრახნიდნენ.
ჩაფრები მსჯავრდებულს მჭიდრო რკალად შემოერტყნენ. ხელები მისთვის
ფრთხილად, დაყვავებით, მაგრამ მტკიცედ ჩაეჭიდათ. თითქოს უნდოდათ
საბოლოოდ დარწმუნებულიყვნენ, რომ არსად დაეკარგებოდათ. ჩვეულებრივ, ასე
ექცევიან ნაპირზე ამოგდებულ მოფართხალე თევზს, უკან, წყალში გადახტომა რომ
სწადია. განსასჯელი თითქოს ირგვლივ ვერაფერს ამჩნევდა: წინააღმდეგობის
ნიშანწყალს არ ამჟღავნებდა, უძლური ხელები თოკს მორჩილად მიჰყვებოდა.
რვა საათმაც ჩამოჰკრა. ნესტიან ჰაერში შორეული ყაზარმებიდან წამოსული
ბუკის სუსტი, უნუგეშო ხმა დაირხა. ციხის უფროსმა, ჩვენგან განცალკევებით რომ
იდგა და ხელის ჯოხით ქვიშაში იჩიჩქნებოდა, ამის გაგონებაზე თავი ასწია. ეს იყო
კაცი ხრინწიანი ხმითა და ჭაღარაგარეული ჯაგარა ულვაშით, განათლებით –
სამხედრო ექიმი. ,,ფრენსის, იჩქარე, თუ ღმერთი გწამს, – გაღიზიანებული ტონით
თქვა მან, – მსჯავრდებული კარგა ხანია მკვდარი უნდა იყოს. თქვენ რა, ჯერაც მზად
არა ხართ?”
უფროსმა ზედამხედველმა ფრენსისმა, ტვიდის კოსტიუმში გამოწყობილმა და
ოქროსსათვალეებიანმა სქელმა დრავიდმა1 მზედაკრული ხელი გაიქნია და სწრაფად
წაიჩლიფინა: ,,არა, შერ, არა, – ჩვენთან ყველაფერი შშრულ მჟადყოფნაშია. ჯალათი
გველოდება. შეგვიჯლია ჭავიდეთ”.
,,მაშინ საქმეს დროზე მიხედეთ. სანამ ამას არ მოვრჩებით, პატიმრები საუზმეს
ვერ მიიღებენ”.
სახრჩობელისკენ დავიძარით. პატიმრისგან მარცხნივ და მარჯვნივ მხარზე
შაშხანაგადებული ორ-ორი ჩაფარი მიაბიჯებდა. კიდევ ორი უკან მისდევდა, ძალიან
ახლოს, ერთდროულად ამხნევებდნენ და ზურგში მუჯლუგუნებსაც ჰკრავდნენ.
მოსამართლეები და სხვები შორიახლო მიჰყვებოდნენ. ათი იარდის შემდეგ პროცესია

1
უცბად, ყოველგვარი ბრძანებისა და გაფრთხილების გარეშე ერთბაშად შედგა. მოხდა
რაღაც შემაძრწუნებელი: ერთმა ღმერთმა უწყის საიდან, ციხის ეზოში ძაღლი
გამოჩნდა. ჩვენთან ხმამაღალი ყეფით მოვარდა, ირგვლივ გვირბენდა და ამდენი
ხალხის დანახვისგან სიხარულით გაგიჟებული, მთელი ტანით იგრიხებოდა. ეს იყო
გრძელი, ხშირი ბალნით დაფარული ზორბა ძაღლი, ერდელ-ტერიერისა და ეზოს
ქოფაკის ნაჯვარი. ერთხანს აღფრთოვანებული დაქროდა ჩვენ გარშემო, მერე კი,
ვიდრე ვინმე მისთვის გზის გადაღობვას მოიფიქრებდა, განსასჯელისკენ გაქანდა,
ახტა და შეეცადა, მისთვის სახე აელოკა. ყველა გაშეშებული ვიდექით. ისე ვიყავით
შეძრული, რომ ძაღლის დაჭერაც კი არავის უცდია. ,,ვინ შემოუშვა აქ ეს ეშმაკის
კერძი ცხოველი?! – ამოიხრიალა გაავებულმა ციხის უფროსმა. – ახლავე დაიჭირეთ!”
ერთი ჩაფარი ესკორტს გამოეყო და საკმაოდ მოუქნელად ძაღლის დაჭერა სცადა.
ძაღლი ხტოდა და ტრიალებდა, ჩაფარს სულ ახლოს უშვებდა, მაგრამ ხელში არ
უვარდებოდა, ეტყობა, ყველაფერი ეს თამაშად მიაჩნდა. ახალგაზრდა ინდუსმა
ჩაფარმა პეშვით ხრეში აიღო და ძაღლის გაგდება კენჭებით სცადა, მაგრამ მან
მოხერხებულად აიცდინა ნასროლი და ისევ ჩვენკენ გამოქანდა. მისი მხიარული
წკავწკავი ციხის კედლებიდან ექოდ ბრუნდებოდა. განსასჯელი ორ ჩაფარს მაგრად
ჩაებღუჯა. მისი მზერიდან ძველებურად განურჩევლობა გამოსჭვიოდა. თითქოს ის,
რაც ახლა ხდებოდა, სიკვდილით დასჯის წინამორბედი მორიგი ფორმალობა
ყოფილიყოს. ვიდრე ძაღლს დაიჭერდნენ, რამდენიმე წუთი გავიდა. ბოლოს შეიპყრეს,
საყელურზე ჩემი ცხვირსახოცი მივაბი და გაჯიუტებულ და საწყალობლად
მოწკმუტუნე ცხოველთან ერთად ისევ გზას გავუდექით.
სახრჩობელამდე ორმოციოდე იარდი რჩებოდა. ჩემ წინ მიმავალი განსასჯელის
გაშიშვლებულ, შავგვრემან ზურგს მივჩერებოდი. ხელებშეკრული, ერთი შეხედვით
მოუქნელი, ინდუსებისთვის ჩვეული სიარულით – მუხლების გაუმართავად, –
მაგრამ მტკიცედ მიდიოდა. ფეხის ყოველ გადადგმაზე კუნთები იდეალურად
ასრულებდნენ თავიანთ საქმეს, თმის კულული თავზე ზევით-ქვევით ხტოდა, ფეხებს
სველ ქვიშაზე აბიჯებდა. ჩაფრებს მხრებით მაგრად გაეკრათ, მაგრამ, ამის
მიუხედავად, გზაზე შემხვედრი გუბისთვის რომ აექცია, გვერდზე ფეხის გადადგმა
მაინც მოახერხა.
იქნებ უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ამ მომენტამდე არ მესმოდა, რას ნიშნავს
ჯანმრთელი, სავსებით საღ გონებაზე მყოფი ადამიანის მოკვლა. როცა დავინახე,
გუბის შემოსავლელად სიკვდილმისჯილი როგორ დგამდა ნაბიჯს გვერდზე,
თითქოს თვალი ამეხილა. მაშინ გავაცნობიერე, რომ ადამიანს არა აქვს მეორე
ადამიანის სიცოცხლის მოსპობის არავითარი უფლება.
განსასჯელი სასიკვდილო სარეცელს მიჯაჭვული არ ყოფილა, მისი სიცოცხლე
თითოეული ჩვენგანის სიცოცხლესავით მიედინებოდა. ყველა ორგანო მუშაობდა:
კუჭი გადაამუშავებდა საკვებს, ახლდებოდა კანის საფარი, იზრდებოდა ფრჩხილები,
ყალიბდებოდა ქსოვილები. ახლა კი ამ ორგანიზმის გამართული მუშაობა აშკარა
უაზრობად იქცა. ფჩხილები მაშინაც გააგრძელებს ზრდას, როცა ის სახრჩობელაზე
ავა, როცა სიკვდილის დადგომიდან მეათედი წამის შემდეგ ძირს დაენარცხება. მისი
თვალები ჯერ კიდევ ხედავს მოყვითალო ხრეშსაც და ციხის რუხ კედლებსაც, ტვინი
ჯერ კიდევ ჭვრეტს, სჯის, ფიქრობს – თვით გუბეზეც კი. ის და ჩვენ ერთად
შევადგენდით ერთი და იმავე სამყაროს მოძრავი, დამნახავი, მომსმენი, მგრძნობელი,
გამგები ადამიანების ერთიან ჯგუფს. ორიოდ წუთის შემდეგ კი მჭახე ტკაცანი
გვაუწყებს, რომ ერთ-ერთი ჩვენგანი აღარ არის – ერთი გონით, ერთი სამყაროთი
ნაკლები დავრჩით.
სახრჩობელა ციხის მთავარი ეზოდან მოშორებით, მაღალი ეკალ-ბარდებით
დაფარულ პატარა მოედანზე იყო მოწყობილი. ეს იყო სამკედლიანი ფარდულის
მსგავსი აგურის შენობა ფიცრის ეშაფოტით. ბოძებზე ძელი იყო გადებული. ძელზე
თოკი ქანაობდა. მექანიზმთან იდგა ჯალათი – ციხის თეთრ ფორმაში ჩაცმული
ჭაღარა პატიმარი. ჩვენ რომ მივედით, მისალმების ნიშნად მონურად მოიდრიკა.
ფრენსისის ნიშანზე ჩაფრები პატიმარს კიდევ უფრო მაგრად ჩაეჭიდნენ, მიიყვანეს
თუ მიაგდეს სახრჩობელამდე და რაღაც მოუხერხებლად მიეხმარნენ კიბეზე ასვლაში.
მერე ეშაფოტზე ჯალათი გამოჩნდა და კისერზე მარყუჟი ჩამოაცვა.
ჩვენ ხუთიოდე იარდში ვიდექით და ველოდით. ჩაფრებს სახრჩობელის ირგვლივ
რაღაც წრის მსგავსი გაეკეთებინათ. მარყუჟი რომ ჩამოაცვეს, სიკვდილმისჯილმა
თავისი ღმერთისადმი ხმამაღალი მიმართვა წამოიწყო. ეს არ ყოფილა ლოცვა, არც
გოდება, არც დახმარებისთვის მოწოდება, არც სასოწარკვეთილი და შეძრწუნებული
კაცის ვაი-ვიში. ეს იყო მწყობრი, რიტმული, ზარების რეკვის მაგვარი გამყინავი
ძახილი: ,,რამა! რამა! რამა!”
ამის გაგონებაზე ძაღლი საბრალოდ აწკმუტუნდა. ეშაფოტზე მდგარმა ჯალათმა
ჯიბიდან ბამბის პატარა ტომსიკა ამოიღო. აი, ისეთი, ფქვილის ჩასაყრელად რომ
ხმარობენ და განსასჯელს თავზე ჩამოაცვა. მაგრამ ნაჭრისგან დახშული ხმა მაინც
ისმოდა: ,,რამა! რამა! რამა!” ციხის უფროსს თავი დაეხარა და ხელის ჯოხით მიწას
დინჯად ხაზავდა. შესაძლოა, სიკვდილმისჯილს წინასწარ განუსაზღვრა ძახილის
ლიმიტი და ითვლიდა – იქნებ – ორმოცდაათამდე, იქნებ – ასამდე. ყველას სახე
შეცვლოდა. ინდუსები ისე განაცრისფრდნენ, როგორც ცუდი ყავა. ორიოდე ხიშტი
კანკალებდა. ვხედავდით ეშაფოტზე მდგარ ხელფეხშეკრულ და თავზე
ტომარაჩამოცმულ ადამიანს, გვესმოდა მისი ყრუ შეძახილები: ყოველი შეძახილი –
სიცოცხლის კიდევ ერთი წამი. თავში ყველას ერთი აზრი გვიტრიალებდა: მოკალით,
ბოლოს და ბოლოს; ჩქარა მოკალით, რამდენ ხანს უნდა გააჭიანუროთ, შეწყვიტეთ ეს
საზარელი ძახილი...
როგორც იქნა, ციხის უფროსმა გადაწყვეტილება მიიღო. მკვეთრად თავაღერილმა
ხელის ჯოხი დაიქნია. ,,ჩელო”, – დაიყვირა თითქმის გაავებით. გაისმა ღრჭიალი.
მერე სიჩუმე ჩამოვარდა. განსასჯელი გაქრა. თოკი თითქოს თავისთვის ირხეოდა.
ძაღლი გავუშვი და ისიც დაოთხილი გაექანა სახრჩობელისკენ. როცა იქამდე
მიირბინა, ელდანაცემი შედგა. დაიყეფა, ეზოს კუთხეში მიიკუნჭა და ბარდებში
მიმალული შიშით გვითვალთვალებდა. სხეულის დასათვალიერებლად
სახრჩობელას შემოვუარეთ. ნელ-ნელა მოტრიალე თოკზე ჩამოკიდებული
მსჯავრდებული უეჭველად მკვდარი იყო.
ციხის უფროსმა ხელის ჯოხი ასწია და შიშველ ზეთისხილისფერ სხეულს ატაკა.
სხეული ოდნავ გაქანდა. ,,ამასთან დაკავშირებით, ყველაფერი წესრიგშია”, – დაასკვნა
ციხის უფროსმა. მისი სახიდან როგორღაც წამიერად გაქრა პირქუში გამომეტყველება.
მზერა მაჯის საათზე გადაიტანა. ,,რვა საათი და რვა წუთია. მადლობა ღმერთს,
დილისთვის, მორჩა”. ჩაფრებმა შაშხანებს ხიშტები მოხსნეს და იქაურობას
გაშორდნენ.
ძაღლი, ეტყობა, მიხვდა, რომ ცუდად მოიქცა და ყურებჩამოყრილი მათ
ძუნძულით აედევნა. ჩვენც დავტოვეთ იქაურობა, სადაც სახრჩობელა იდგა.
საკუთარი დასასრულის მომლოდინე სიკვდილმისჯილთა საკნებს ჩავუარეთ და
ციხის ცენტრალურ ეზოში შევედით. რკინისბუნიკიანი ბამბუკის ჯოხებით
შეიარაღებული გუშაგების ზედამხედველობით პატიმრებს საუზმეს უკვე
ურიგებდნენ ისინი. გრძელ რიგებად, ხელში თუნუქის ჯამებით ალაზე ისხდნენ. ორი
გუშაგი მათ შორის დადიოდა და ვედროებიდან ბრინჯს უნაწილებდა. სიკვდილით
დასჯის შემდეგ ამ სცენის აღქმა სასიამოვნო და სიხარულის მომგვრელი აღმოჩნდა.
ახლა, როცა საქმე უკვე მოთავებული იყო, წარმოუდგენელი შვება ვიგრძენით –
გინდოდა გემღერა, გერბინა, გეცინა. ყველა ერთბაშად მხიარულად ავლაპარაკდით.
ახალგაზრდა მეტისმა, გვერდზე რომ მომყვებოდა, მრავალმნიშვნელოვანი
ღიმილით გადააქნია თავი იმ მხარეს, საიდანაც მოვედით: ,,იცით, სერ, ჩვენმა საერთო
მეგობარმა (ჩამოხრჩობილს გულისხმობდა), მისი აპელაციის უარყოფის ამბავი რომ
გაიგო, საკანში პირდაპირ იატაკზე ჩაიფსა. შიშისგან. სიგარეტს ხომ არ ინებებთ, სერ?
ჩემი ახალი ვერცხლის პორტსიგარი ნახეთ, სერ! ურიგო არ არის, არა, სერ? ორი რუპია
და რვა ანი დავდე. მშვენიერი ნივთია, ევროპულ სტილში”.
რამდენიმე კაცი იცინოდა, ეტყობა, თვითონაც არ იცოდნენ, – რაზე. ციხის
უფროსის გვერდზე მიმავალი ფრენსისი გაუთავებლად ლაქლაქებდა, ,,იჩით, შშერ,
ყველაფერმა იშშე ჩაიარა, შაყვედური არ გვეთქმიშ. ერთი, ორი და – მორჩა.
ყოველთვიშ აშე არ ხდება, არა – არა, შერ! მახშოვშ, ერთხელ ექიმი იჯულებული
გახდა შახრჩობელიშ ქვეშ შშემჯვრალიყო და ჩამოხრჩობილშ ფეხებზე დაკიდებოდა.
უეჭველი რომ ყოფილიყო. უმაღლეშ დონეჟე უშიამოვნო ამბავია!”
,,ფართხალი... კარგი რა უნდა იყოს!” – თქვა ციხის უფროსმა. ,,არა, შერ, ბევრად
ჩუდია, თუ უჩებ გაჯიუტდება. მახშოვშ, მივედით ერთხელ ერთ შშაკანში. იშ კიდე
გიშოშებიშ წნელებშ ჩააფრინდა. არ დაიჯერებთ, შშერ: იქიდან რომ აგვეგლიჯა, ექვში
ჩაფარი დაგვჭირდა. – შამ-შამი თითო ფეხჟე. ვეხვეჭეთ, ჭკუაჟე მოშულიყო, –
ჯვირფაშო, – ვეუბნებოდით, – რამდენ ტკივილშ და უშიამოვნებაშ გვაყენებ. არაფრიშ
შეშმენა არ უნდოდა! ჰოო, იმაჟე მართლაჩ ბევრი ვიჭვალეთ!”
უცებ აღმოვაჩინე, რომ ძალიან ხმამაღლა ვიცინოდი. ირგვლივ ყველა
ხარხარებდა. თვით ციხის უფროსიც კი მოწყალედ ულვაშებში იღიმებოდა. ,,წავი-
დეთ, დავლიოთ, – ალალად შემოგვთავაზა მან, – მანქანაში ერთი ბოთლი ვისკი მაქვს.
არ გვაწყენდა”.
ციხის უზარმაზარი, ორფრთიანი კარით გზაზე გავედით.
,,ფეხებზე დაეკიდაო!” – წამოიყვირა უცებ ბირმელმა მოსამართლემ და ხმამაღალი
სლოკინი ამოუშვა. ჩვენ ისევ გადავიხარხარეთ. იმ მომენტში ფრენსისის ნაამბობი
უზომოდ სასაცილო გვეჩვენებოდა. ადგილობრივმა ბირმელებმაც და ევროპელებმაც,
– ყველამ ერთად, – ძმაკაცურად შევსვით.

დაწერეთ თხზულება თემაზე: ადამიანს სხვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობის უფლება


არანაირი მიზეზით არ აქვს.

იმსჯელეთ, როგორ არის ეს საკითხი წარმოჩენილი ტექსტში და რამდენად აქტუალურია ის

You might also like