You are on page 1of 388

1

მამაჩემის გვარი პირიპი იყო, ნათლობისას კი ფილიპი დამარქვეს და ჩემმა


ბავშვურმა ენამ ამ გვარ-სახელს სხვა რომ ვერაფერი მოუხერხა, "პიპი"
წარმოთქვა. ჰოდა, რაკი საკუთარ თავს პიპი შევარქვი, სხვებიც პიპს მეძახდნენ.

მამის ხაზით პირიპი რომ ვიყავი, ამას ადასტურებდა მისი საფლავის ქვის
წარწერა და ჩემი და, მისის ჯო გარჯერი, რომელიც მჭედელზე დაქორწინდა. რაკი
თვალით არ მენახა არც მამა, არც დედა და არც მათი რამე პორტრეტი (მაშინ
სად იყო ფოტოგრაფია!), მშობლების გარეგნობაზე პირველი წარმოდგენა მათივე
სამარის ქვების მიხედვით შევიქმენი, ცხადია, სრულიად უსაფუძვლოდ. როცა
მამის საფლავის ქვაზე ამოტვიფრულ ასოებს ვუყურებდი, წარმოვიდგინე, რომ
მამაჩემი ზორბა, მხარბეჭიანი, შავგვრემანი და ხუჭუჭთმიანი კაცი უნდა
ყოფილიყო. ხოლო ამ მინაწერის მოყვანილობის საფუძველზე: აგრეთვე
ჯორჯიანა, მეუღლე ზემოთმოხსენიებულისა – ბავშვურმა გონებამ დედაჩემი ჩია,
ყორფლიან ქალად დამიხატა. დედ-მამის საფლავის გვერდით კოხტად
ჩამწკრივებულ, ერთ-ნახევარი ფუტი(ფუტი – 1 ფუტი უდრის 30,48
სანტიმეტრს.)
სიგრძის ხუთ ფილას კი, რომლებიც ჩემი ხუთი პატარა ძამიკოს ხსოვნას
ინახავდა (ხუთივემ ძალზე ადრე შეწყვიტა ამ წუთისოფელთან შერკინება) იმის
უმტკიცეს რწმენას ვუმადლი, რომ ჩემი ძმები ამ ქვეყანას გულაღმა, შარვლის
ჯიბეებში ხელებჩაყოფილნი მოევლინნენ და ისე დატოვეს ეს წუთისოფელი,
ხელების ამოღება არცერთს არ დასცალდა.

ვცხოვრობდით ჭაობიან ადგილას, მიხვეულ-მოხვეული მდინარის პირას, ოცი


მილის(მილი – 1 მილი უდრის 1609,36 მეტრს.) მოშორებით იქიდან, სადაც
მდინარე ზღვაში ჩაედინებოდა. სამყაროზე პირველი მძაფრი და ფართო
წარმოდგენა, ვფიქრობ, ერთ საბედისწერო, სუსხიან მოსაღამოებულზე
შევიქმენი. იმწამს უეცრად გავაცნობიერე ის, რომ ჭინჭრით დაბურული ეს
პირქუში ადგილი ეკლესიის სასაფლაო ყოფილა; ისიც, რომ ამ სამწყსოს წევრი
ფილიპ პირიპი და აგრეთვე ჯორჯიანა, მეუღლე ზემოთმოხსენიებულისა,
გარდაცვლიდლნნი იყვნენ და აქ ესვენნენ; და რომ ხსენებულთა ჩვილი ვაჟები –
ალექსანდრე, ბართოლიომიუ, აბრაჰამი, ტობიასი და როჯერი – ასევე
გარდაცვლილნი იყვნენ და აქვე ესვენნენ; ხოლო ჯებირებით, მიწაყრილებითა
და რაბებით დასერილი უღიმღამო დაბლობი, სადაც აქა-იქ საქონელი ძოვდა,
ჭაობებს წარმოადგენდა; მის პირს შემოვლებული თუთიისფერი რკალი მდინარე
იყო; ის შორეული და შიშის მომგვრელი ბუნაგი, საიდანაც ქარი მოექანებოდა –
ზღვა; ამ ყოველივეს წინაშე დამფრთხალი, მოცახცახე და ასლუკუნებული ციცქნა
არსება კი – პიპი.

– ენა ჩაიგდე! – ეკლესიის კარიბჭიდან შემზარავი ხმა მომესმა და საფლავის


ქვებს შორის უცხო კაცი წამოიმართა, – გაჩუმდი, შე ჭინკა, თორემ ყელს
გამოგჭრი!

საშინელი კაცი იყო, რუხი ძონძები და დაფლეთილი ფეხსაცმელი ეცვა.


კოჭებზე დიდი რკინა ეკეთა. ქუდი არ ეხურა, თავზე გაცრეცილი ქსოვილის
ნაგლეჯი ჰქონდა შემოხვეული. თავით ფეხამდე გალუმპული და ტალახიანი იყო,
ტერფები ქვაღორდისგან ჰქონდა დახეთქილი, კანი – ეკლებით დაკაწრული და
ჭინჭრით დასუსხული. კოჭლობდა, ცახცახებდა, თვალებს აბრიალებდა და
ხროტინებდა. კბილების კაწკაწით წამავლო ნიკაპზე ხელი.
– ოღონდაც ყელს ნუ გამომჭრით, სერ, – შევეხვეწე დამფრთხალი, –
გევედრებით, სერ, ამას ნუ იზამთ.

– შენი სახელი მითხარი! – მიბრძანა კაცმა, – სწრაფად!

– პიპი, სერ.

– გაიმეორე! – მომაჩერდა კაცი, – ხმა ამოიღე!

– პიპი, სერ, პიპი.

– მაჩვენე, სად ცხოვრობ! – მითხრა, – ხელი გაიშვირე!

თითით ვანიშნე სანაპიროს ტაფობისკენ, ეკლესიისაგან ერთი მილის


მოშორებით, სადაც წნორისა და მურყნის ხეებს შორის ჩვენი სოფელი იყო.

კაცმა ერთხანს მიყურა, მერე თავდაყირა ამომატრიალა და ჯიბეები


მომიჩხრიკა. შიგ ერთი ნაჭერი პურის გარდა ვერაფერი იპოვა. როდესაც ეკლესია
კვლავ თავის ადგილას დადგა – კაცი ისეთი ღონიერი იყო, რომ ჩემ თვალწინ
გუმბათი წამში დააპირქვავა და სამრეკლო ფეხებს შორის მომიქცია... მაშ, ასე,
როდესაც ეკლესია თავის ადგილას დაბრუნდა, ერთ მაღალ საფლავის ქვაზე
აღმოვჩნდი ჩამომჯდარი და მთელი სხეულით ვცახცახებდი, ის კი პურს ხარბად
შეექცეოდა.

– შე ლეკვო, – თქვა და ტუჩები მოილოკა, – რა მსუქანი ლოყები გაქვს.

ვფიქრობ, მართლაც მრგვალლოყება უნდა ვყოფილიყავი, თუმცა ჩემი


ასაკისათვის ტანდაბალი და სუსტი მეთქმოდა.

– ლამისაა გადაგსანსლო! – ამოიხრიალა კაცმა და თავი შემზარავად გააქნია,


– დასწყევლოს ეშმაკმა, რა იქნება, მართლაც რომ გადაგსანსლო!

დიდი იმედი მქონდა, ამას არ იზამდა. ორივე ხელით მოვეჭიდე იმ სამარის


ქვას, რომელზედაც შემომსვა, რათა არ გადმოვვარდნილიყავი და ტირილისგან
თავი შემეკავებინა.

– აბა, შემომხედე! – მითხრა კაცმა, – დედაშენი სადაა?

– იქ არის, სერ, – ვუპასუხე.

კაცი შეკრთა, გვერდით საფლავისკენ გადაირბინა, შეჩერდა და უკან


მოიხედა.

– იქით, სერ, – თავმდაბლად ავუხსენი, – "აგრეთვე ჯორჯიანა" რომ წერია,


ისაა დედაჩემი.

– აჰ, – კაცი უკან დაბრუნდა, – ეს კი მამაშენია მის გგერდით?

– დიახ, სერ, – ვუთხარი, – ისიც იქ მარხია. "ამ სამწყსოს წევრი".

– აჰა, – ამოილუღლუღა ჩაფიქრებულმა, – მაშ, ვისთან ერთად ცხოვრობ? თუ,


რა თქმა უნდა, წყალობა მოვიღე და ცოცხალი დაგტოვე, ეს კი ჯერ არ
გადამიწყვეტია.

– ჩემს დასთან, სერ, მისის ჯო გარჯერისთან, მჭედელ ჯო გარჯერის


მეუღლესთან.

– მაშ, მჭედელიო? – გაიმეორა და ფეხზე დაიხედა.


ხან თავის ფეხს დასცქეროდა პირქუშად, ხან მე მიყურებდა, მერე
მომიახლოვდა, ამიყვანა, ხელები რაც შეიძლებოდა შორს გაიშვირა და
ამომაყირავა, რათა ზევიდან მრისხანედ ჩამოეხედა, მე კი უმწეოდ ავყურებდი.
მითხრა:

– ახლა ყური მიგდე. საკითხი ასე დგას: ცოცხალი დაგტოვო თუ მოგკლა.


ქლიბი იცი, რაც არის?

– დიახ, სერ.

– საჭმელი რა არის, ესეც ხომ იცი?

– დიახ, სერ.

თითოეული შეკითხვის შემდეგ მანჯღრევდა, რათა უმწეობა და საფრთხე


კიდევ უფრო მეტად განმეცადა.

– ქლიბი მომიტანე, – შემანჯღრია, – და საჭმელიც მომიტანე, – ისევ


შემანჯღრია, – ორივეს მომიტან, – ისევ შემანჯღრია, – თუ არა და გულ-ღვიძლს
ამოგაცლი, – ეს თქვა და კვლავ ძლიერად შემანჯღრია.

საშინლად ვიყავი შეშინებული და რეტდასხმული, ორივე ხელი ჩავჭიდე და


შევევედრე:

– სერ, თუ მოწყალებას მოიღებთ და სწორად დამაყენებთ, მაშინ იქნებ


ცუდად არ გავხდე და უკეთ მოგემსახუროთ.

პასუხად ისეთი ძალით ამომაყირავა, რომ ეკლესია საკუთარ ფლუგერს


გადაახტა. მერე ორივე მკლავში ხელები ჩამავლო და საფლავის ქვაზე სწორად
დამაყენა, თან მრისხანე ხმით გამიმეორა განკარგულება:

– დილაუთენია მომიტან ქლიბსაც და საჭმელსაც აი, იქით, ყოფილ სამხედრო


სანგართან. ამ ყველაფერს მომიტან და, იცოდე, ხმის ამოღება არ გაბედო, არც
მინიშნება იმაზე, რომ შეგხვდი, ან საერთოდ ვინმე თუ გინახავს, და მაშინ
ცოცხალს დაგტოვებ. მაგრამ თუ არ დამიჯერებ, ან ჩემს ნათქვამს მცირედით
მაინც გადაუხვევ, იცოდე, გულ-ღვიძლს ამოგაცლი, შევწვავ და შევსანსლავ.
იქნებ აქ მარტო გგონივარ, მაგრამ ასე არ არის. ჩემთან ერთად კიდევ ერთი
ახალგაზრდა კაცი იმალება და იმ ახალგაზრდასთან შედარებით მე ნამდვილი
ანგელოზი ვარ. მას ახლა ჩემი სიტყვები ესმის. ამ ახალგაზრდას პატარა ბიჭის
მოხელთებისა და მისთვის გულ-ღვიძლის ამოცლის თავისი ხერხები აქვს.
ვერცერთი ბიჭი მას ვერ დაუსხლტება, რაგინდ ეცადოს. ბიჭმა შეიძლება კარი
ჩარაზოს, საწოლში შეიყუჟოს, საბანი შემოიკეცოს, თავზეც წამოიფაროს და თავი
სრულიად უსაფრთხოდ იგულოს, მაგრამ ეს ახალგაზრდა კაცი მივა, უხმოდ
მიეპარება და შუაზე გაგლეჯს. ამ წუთასაც დიდი გაჭირვებით ვაკავებ, ემანდ
რამე არ დაგიშავოს. ძალიან მიძნელდება, მაგრამ ვცდილობ, შენს შიგნეულზე
ხელი არ მიუწვდეს. გესმის? აბა, რას იტყვი?

ვუპასუხე, რომ ქლიბსაც მოვუტანდი, საჭმლის ნარჩენებსაც, რასაც კი


ვიპოვიდი, და დილით ადრე სანგართან მივიდოდი.

– დაიფიცე, ამას თუ არ ვიზამ, ღმერთმა დამლახვროს-თქო! – მოითხოვა


კაცმა.

მისი სიტყვები გავიმეორე და ძირს ჩამომსვა.

– აბა, – უკანასკნელად შთამაგონა, – ხომ გახსოვს, რასაც დამპირდი, ის


ახალგაზრდა კაციც ხომ გახსოვს? ახლა კი შინ წადი!

– მ-მშვიდობიან ღა-ღამეს გისურვებთ, სერ, – ამოვილუღლუღე.

– მშვიდობიანს, აბა რა! – თავის ცივ და ნესტიან სამალავს გადახედა, –


ბაყაყი მაინც ვიყო. ან გველთევზა!

ეს რომ თქვა, აცახცახებულ ტანზე ორივე ხელი ისე მაგრად შემოიხვია,


თითქოს შიშობდა, არ დავიშალოთ, და ეკლესიის დაბალ გალავანს კოჭლობით
მიაშურა. გავცქეროდი, როგორ მიიკვლევდა გზას მწვანე ბორცვებზე გაბარდულ
ႫႨႬႥႠႰႱႠ ႣႠ მაყვალში და ასე მეგონა, გარდაცვლილებს გაურბოდა;
გარდაცვლილებს, რომლებიც საფლავებიდან ხელებს უხმოდ იშვერდნენ და
ლამობდნენ, მისთვის კოჭებში ჩაევლოთ და მიწაში ჩაეთრიათ.

დაბალ გალავანზე მძიმედ გადავიდა, ეტყობოდა, რომ ტერფები დაბეჟილი


ჰქონდა. გალავნის იქიდან გამომხედა. იმწამსვე სახლისკენ მივტრიალდი და,
რაც ძალი და ღონე მქონდა, გავიქეცი. მაგრამ ბოლო წამს მაინც მივბრუნდი და
დავინახე, მდინარისკენ როგორ მიაბიჯებდა, ისევ ისე ტანზე
მკლავებშემოხვეული; მტკივან ფეხებს როგორ ადგამდა დაჭაობებული წყლიდან
ამოშვერილ ქვებზე, რომლებიც ადგილ-ადგილ დაეყარათ, რათა თქეშის ან
მოქცევის დროს გავლა შესაძლებელი ყოფილიყო.

იმ ადგილიდან, სადაც ვიდექი, ჭაობი გრძელ, მუქ, განივ ზოლად მოჩანდა;


ასეთივე, ოღონდ უფრო ვიწრო და ღია ფერის ზოლად მდინარე შემოვლებოდა;
ცაზე კი მრისხანე, გრძელი, წითელი ზოლები შავ ზოლებს ენაცვლებოდა.
მდინარის პირას გავარჩიე ორი მუქი საგანი, რომლის გარდა მთელ ამ მიდამოში
სხვა არაფერი მოჩანდა ვერტიკალურად აღმართული. ერთი მათგანი შუქურა
იყო, რომლითაც მეზღვაურები გეზს იკვლევდნენ – სარზე წამოცმულ კასრს
ჰგავდა და ახლოდან მეტად უშნო სანახავი იყო; მეორე – სახრჩობელა, ზედ
ჯაჭვის ნაგლეჯებით, რომელზეც ოდესდაც მეკობრე ჩამოუხრჩვიათ. კაცი
კოჭლობით მიიწევდა ამ უკანასკნელისაკენ, თითქოს თვითონ ყოფილიყო
გაცოცხლებული და სახრჩობელიდან ჩამოსული მეკობრე, რომელიც კვლავ ზედ
ჩამოკიდებას აპირებდა. ამის გაფიქრებამ შემზარა. როდესაც ძროხებმაც ასწიეს
თავები და თვალი გააყოლეს, ვიფიქრე, ნეტავ, მათაც იგივე აზრი ხომ არ
დაებადათ-მეთქი. მივიხედ-მოვიხედე, იმ საშინელ ახალგაზრდა კაცს ვეძებდი,
მაგრამ მისი კვალი ვერსად შევნიშნე. ამასობაში შიშმა კვლავ ერთიანად
ამიტანა და შინ უკანმოუხედავად მოვკურცხლე.
2
ჩემი და, მისის ჯო გარჯერი, ოცზე მეტი წლით იყო ჩემზე უფროსი და
მეზობლებისა და თავის თვალში პატივისცემა იმით მოიპოვა, რომ "საკუთარი
ხელით", ანუ უდედოდ გამზარდა. იმ დროისათვის ჯერ კიდევ ბუნდოვნად
მესმოდა ამ გამოთქმის მნიშვნელობა და რაკი ვიცოდი, ჩემს დას რა მძიმე და
მწარე ხელიც ჰქონდა და რა ხშირადაც გვირტყამდა მეც და თავის ქმარსაც,
ამიტომ ჯო გარჯერიც ჩემსავით მისი ხელით გაზრდილი მეგონა.

ჩემს დას სასიამოვნო გარეგნობის ქალი არ ეთქმოდა და, საერთოდაც, ჩემი


დასკვნით, ჯო გარჯერი ასევე "საკუთარი ხელით" აიძულა, ცოლად შეერთო. ჯო
ქერა, ზორბა კაცი იყო, გლუვ სახეზე ჩალისფერი ხუჭუჭა ბაკენბარდები
ეზრდებოდა, თვალები კი ისეთი გაურკვეველი ცისფერი ჰქონდა, რომ ლამის
თვალის კაკლის თეთრონს შერეოდა. მეტად რბილი, კეთილი, გულჩვილი,
დამყოლი და მოსულელო ჭაბუკი იყო, ნაკლოვანებებითა და ძალ-ღონით –
ნამდვილი ჰერაკლე.

ჩემი და, მისის ჯო, შავი თმისა და თვალ-წარბის პატრონი, კანის ისეთი
მკვეთრი სიწითლით გამოირჩეოდა, რომ ხშირად მიფიქრია, საპნის ნაცვლად
პირს ჯავზის სახეხით ხომ არ იბანდა. მაღალი და მსხვილძვალა ქალი იყო და
თითქმის უცვლელად ეკეთა უხეში ქსოვილის წინსაფარი, რომელიც უკან
თასმებით იკვრებოდა, გულისპირი კი კვადრატული ფორმისა ჰქონდა და ზედ
მუდამ უამრავ ქინძისთავსა თუ ნემსს იბნევდა. წინსაფრის ასე ხშირი ხმარება
დიდ დამსახურებად მიაჩნდა და ეს ჯოს მიმართ გამუდმებული საყვედურის
საბაბადაც აქცია. თუმცა იმის ვერანაირ მიზეზს ვერ ვხედავდი, რომ წინსაფარი
ასე ხშირად ჰკეთებოდა და, თუკი ეკეთა, ნებისმიერ დროს მის მოხსნაში ხელს
ნამდვილად არაფერი უშლიდა.

ჯოს სამჭედლო სახლთან მიჯრით იდგა, სახლი კი, ჩვენს მხარეში


იმდროინდელ საცხოვრისთა უმრავლესობის მსგავსად, ხისა იყო. სასაფლაოდან
შინ რომ მივირბინე, სამჭედლო დაკეტილი დამხვდა, ხოლო ჯო მარტოდმარტო
იჯდა სამზარეულოში. რაკი მე და ჯო ერთი გასაჭირის თანაზიარნი ვიყავით და
ერთმანეთს ყველაფერს ძმურად ვანდობდით, მანაც იმავე წამს გამანდო, რაც
იცოდა, როგორც კი ურდული ავწიე და სამზარეულოში შევიჭყიტე; ჯო კარის
პირისპირ, ბუხართან მოკალათებულიყო.

– პიპ, მისის ჯო, სულ ცოტა, თორმეტჯერ მაინც გავიდა გარეთ შენ
საძებნელად. ახლაც დაგეძებს, ცამეტი კი, ხომ იცი, თარსი რიცხვია.

– მართლა დამეძებს?

– ჰო, პიპ, – მიპასუხა ჯომ, – ყველაზე უარესი კი ის არის, რომ საღიტინოც თან
აქვს წაღებული.

ამ სამწუხარო ამბის გაგონებაზე ქურთუკის ერთადერთ ღილს დავუწყე


წვალება და ბუხრის ცეცხლს ნაღვლიანად მივაჩერდი. საღიტინო გაცვილულ
ჯოხს ერქვა, ჩემი ზურგის ხშირი ღიტინისაგან გვარიანად გაპრიალებულს.

– აგერ იჯდა, – მომახსენა ჯომ, – მერე წამოხტა, საღიტინოს ხელი დაავლო და


გამძვინვარებული გავარდა, – ჯომ ბუხრის დაბალ გისოსებს შორის შეყოფილი
საჩხრეკით ნაკვერჩხლებს აუქექა, – ადგა და გავარდა, პიპ.

– რამდენი ხანია, რაც წავიდა? – ჯოს მუდამ ისე ვეპყრობოდი, როგორც დიდი
ტანის ბავშვსა და ჩემს ტოლსა და სწორს.

– რა გითხრა, – ჯომ კედელზე ჩამოკიდებულ გერმანულ საათს ახედა, –


ბოლოს, ასე, ხუთი წუთის წინ გავარდა, პიპ. მოდის! კარს უკან დაიმალე,
ძმობილო, და პირსახოცი აიფარე.

მისი რჩევა მაშინვე ყურად ვიღე. ჩემმა დამ, მისის ჯომ მრისხანედ შემოაბიჯა.
კარი ძნელად გაიღო, ამის მიზეზი წამსვე იეჭვა და საღიტინოთი ვარაუდის
შემოწმებას შეუდგა. ბოლოს და ბოლოს, კარს უკნიდან გამომათრია და ჯოსკენ
გამტყორცნა – ხშირად მიყენებდა სატყორცნ იარაღად – ხოლო ჯო ყოველთვის
მზად იყო ჩემ მისაღებად, ახლაც ჩამავლო, ბუხრის კუთხეში დამსვა და თავისი
ვეება მუხლი უსიტყვოდ ამაფარა.

– სად იყავი, შე მაიმუნო? – ფეხი დააბაკუნა მისის ჯომ, – ახლავე მითხარი,


სად იყავი და რას აკეთებდი, ვიდრე მე აქ შიშით ლამის ჭკუიდან გადავედი;
იცოდე, მაგ კუნჭულიდან მაინც გამოგათრევ, თუნდაც ორმოცდაათი პიპი და
ხუთასი გარჯერი იყოთ!
– სასაფლაოზე ვიყავი, – სლუკუნით გამოვძახე ჩემი კუთხიდან, თან
ნატკენებს ვისრესდი.

– სასაფლაოზე? – გაიმეორა ჩემმა დამ, – მე რომ არა, უკვე დიდი ხანია,


სასაფლაოზე იქნებოდი, თანაც სამუდამოდ. ვინ გაგზარდა უდედმამოდ?!

– თქვენ, – ვუპასუხე.

– მერე, ისიც გამაგებინე, ეს რისთვის გავაკეთე? – შეჰკივლა ჩემმა დამ.

– არ ვიცი, – ამოვიწრიპინე.

– ჰოდა, არც მე ვიცი! – იღრიალა, – და, რომ მცოდნოდა, ამ დღეში


ჩავვარდებოდი, ამას არ ვიზამდი. ის კი დანამდვილებით ვიცი, შენი გაჩენის
დღიდან ეს წინსაფარი არ მომიხსნია. თითქოს ის გასაჭირი არ მაკლდა,
მჭედლის (თანაც გარჯერის!) ცოლობა რომ მერგო, ამასთან ერთად შენი
დედობაც უნდა მეტვირთა!

ჩემი ფიქრები ამ საკითხს დაუსხლტა და ბუხრის ცეცხლს სევდიანად


მივაჩერდი. რადგან მრისხანე ნაღვერდლებს შორის თვალწინ წარმომიდგა
ჭაობებში დამალული, ფეხზე ბორკილდადებული პატიმარი, იდუმალი
ახალგაზრდა კაცი, ქლიბი, საჭმელი და ის შემზარავი ფიცი, საკუთარი სახლის
გაქურდვას რომ მაიძულებდა.

– ჰმ! – წამოიძახა მისის ჯომ და საღიტინო თავის ადგილზე დადო, –


სასაფლაოზეო! მაშ, სასაფლაოზეოთ, მეუბნებით? – სიმართლე თუ გინდათ,
ჩვენგან ერთ-ერთს საერთოდ ხმა არ ამოუღია, – თქვენს ხელში მალე მე თვითონ
მოვხვდები სასაფლაოზე და მერე ვნახავ, უჩემოდ ერთიცა და მეორეც რა დღეშიც
ჩაცვივდებით!

ვიდრე ქალი ჩაისთვის სუფრას შლიდა, ჯომ თავის მუხლზემოდან


გადმომხედა, თითქოს ცდილობდა, წარმოედგინა, ამ სამწუხარო
წინასწარმეტყველების ახდენის შემთხვევაში რა დღეში ჩავცვივდებოდით. მერე
მისის ჯოს მოძრაობებს ააყოლა თვალი, თან მარჯვენა, ჩალისფერ ბაკენბარდს
იწიწკნიდა – ასე იქცეოდა ხოლმე, როცა შინ ავდარი მძვინვარებდა.

ჩემმა დამ, როცა ბუტერბროდებს გვიმზადებდა, უცვლელი ღვარძლით იცოდა


პურის დაჭრა. მარჯვენა ხელით ჯერ მაგრად მიიკრავდა მთლიან პურს მკერდზე –
პურში ხშირად ესობოდა წინსაფარზე მიბნეული ნემსი თუ ქინძისთავი, რომელიც
მერე პირში გვხვდებოდა; შემდეგ დანით ცოტაოდენ (ძალზე ცოტაოდენ) კარაქს
იღებდა და პურს ჩამოჭრილი მხრიდან აფთიაქარივით უსვამდა, გეგონებოდათ,
საფენზე მალამოს უსვამსო. თან დანას მარჯვედ უტყაპუნებდა და პურის
ზედაპირზე კარაქის ფენას აბრტყელებდა. მერე ამ საფენის ნაპირს საბოლოო,
ზუსტი მოძრაობით შეაწმენდდა დანას და ძალიან სქელ ნაჭერს ჩამოახერხავდა.
ვიდრე ამ ნაჭერს მთლიან პურს მოაცილებდა, შუაზე ჭრიდა და ერთ ნახევარს
ჯოს აძლევდა, მეორეს – მე.

მშიოდა, მაგრამ ჩემს ნაჭერს არ მივკარებივარ. რაღაც ხომ უნდა შემომენახა


ჩემი შიშის მომგვრელი ნაცნობისა და მისი თანამზრახველის, კიდევ უფრო
საშიში ახალგაზრდა კაცის, დასაპურებლად. ვიცოდი, მისის ჯოს შინ ყველაფერი
უზუსტესად ჰქონდა აღნუსხული და ეჭვი მეპარებოდა, ქურდული ჩხრეკისას
საკუჭნაოში რამე გამოსადეგი მეპოვა. ამიტომაც გადავწყვიტე, ჩემი წილი
კარაქიანი პური შარვლის ტოტში ჩამემალა. ამისათვის კი ისეთი შინაგანი
ძალისხმევა დამჭირდა, თვითონვე შემზარა – თითქოს მაღალი შენობის
სახურავიდან უნდა გადავმხტარიყავი, ანდა ღრმა წყალში გადავშვებულიყავი.
ჯო, რომელსაც ამ ყველაფერზე წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, კიდევ უფრო
მირთულებდა საქმეს. ჩვენმა ხსენებულმა თანატანჯულთა შეთქმულებამ და
ჩემდამი მისმა სოლიდარობამ ჩვევად გვიქცია, ყოველი ვახშმისას ერთიმეორეს
შევჯიბრებოდით პურის კბეჩაში: დროდადრო მდუმარედ ვიწონებდით თავს
ჩვენი მიღწევებით და ეს ორივეს ახალი შემართებით გვავსებდა. ამ საღამოსაც
ჯომ რამდენჯერმე გამომიწვია ამხანაგურ შეჯიბრებაში, მიჩვენა თავისი პურის
ნაჭერი, რომელიც უსწრაფესად პატარავდებოდა; მაგრამ რამდენჯერაც
შემომხედა, ცალ მუხლზე ჩაის ყვითელი ფინჯანი მედგა, მეორეზე კარაქიანი
პური მედო, რომელსაც არც კი ვკბეჩდი. ბოლოს და ბოლოს, სასოწარკვეთამდე
მისულმა გავიფიქრე, რაკი ჩანაფიქრის განხორციელება, ასე თუ ისე, მაინც
მომიწევდა, ეს, ვითარებიდან გამომდინარე, ჩემ სასარგებლოდ უნდა
შემომეტრიალებინა. ამიტომაც შევარჩიე წამი, როდესაც ჯო აღარ მიყურებდა და
პური შარვლის ტოტში ჩავიძვრინე.

ჯომ ჩემი საქციელი უმადობას მიაწერა, შესამჩნევად დაღონდა და


დაფიქრებულმა დიდი ლუკმა მოკბიჩა, თუმცა აშკარად აღარ ეგემრიელა.
ჩვეულებრივზე დიდხანს აგლახავა პირში, თითქოს რაღაცას უკვირდებაო და
ბოლოს აბივით გადაყლაპა. მორიგი ლუკმის მოკბეჩა დააპირა, როდესაც
უცაბედად კვლავ შემომხედა და ჩემი კარაქიანი პური ვეღარ შენიშნა.

ჯოს პურიანი ხელი პირთან გაუშეშდა, ისეთი შიშითა და გაოცებით


მომაცქერდა, რომ შეუძლებელი იყო, ეს ჩემს დას გამოჰპარვოდა.

– ამჯერად რაღა მოხდა? – მკვირცხლად იკითხა ქალმა და ფინჯანი მაგიდაზე


დაუშვა.

– იცი რა, პიპ, – ამოილუღლუდა ჯომ და ძალზე სერიოზული შეგონების ნიშნად


გააქნია თავი, – იცი რა, პიპ, ძმობილო! ასე შეიძლება რამე დაიშავო. სადმე არ
გაგეჩხიროს. შეუძლებელია, წესიერად ႣႠႣႤႬႤႡႠ ‚ ႩႨႠ
– ახლა რაღა მოხდა? – უფრო მკაცრად გაიმეორა ჩემმა დამ.

– თუკი შეგიძლია, მცირე ნაწილი მაინც უკან ამოიღო, პიპ, გირჩევ, ასე მოიქცე,
– განაგრძო შეშფოთებულმა ჯომ, – ზრდილობა ზრდილობად, მაგრამ შენი
ჯანმრთელობა უფრო მნიშვნელოვანია.

ამასობაში ჩემი და სულ მთლად გაცხარდა, წამოხტა, ჯოს ბაკენბარდებში


ჩაავლო ხელები და ერთი-ორჯერ თავი კედელზე მიარტყმევინა, მე კი, კუთხეში
შეყუჟული, დამნაშავე სახით შევყურებდი.

– ბოლოს და ბოლოს, არ იტყვი, რა ხდება? – ამოიხრიალა ქალმა, – შე


გასიებულო თვალებდაჭყეტილო ღორო!

ჯომ მისკენ უმწეოდ გააპარა თვალი, მერე უგერგილოდ მოკბიჩა პური და ისევ
შემომხედა.

– ხომ იცი, პიპ, – საზეიმო კილოთი წარმოთქვა ლოყაგამობერილმა ჯომ,


თანაც ისე განდობილად, თითქოს მე და ის მარტონი ვყოფილიყავით, – მე და
შენ მუდამ მეგობრები ვიყავით და არავითარ შემთხვევაში არ გაგცემდი, მაგრამ
ასეთი... – სკამი უკან გასწია და ჩვენ შორის იატაკი მოათვალიერა, მერე კი ისევ
ამომხედა, – ...ასეთი ვეებერთელა ნაჭერი?..

– რაო?! ვეებერთელა ნაჭერი გადაყლაპა?! – შეჰყვირა ჩემმა დამ.

– იცი, ძმობილო, – ჯერ ისევ ლოყაგამობერილი ჯო თავისი ცოლის ნაცვლად მე


მიყურებდა, – შენს ასაკში მეც შევჯიბრებივარ ჩემს კბილა ბიჭებს და არაერთ
ყლაპიასაც ვაჯობე, მაგრამ არასოდეს შემინიშნავს, ამოდონა ნაჭერი
გადაგეყლაპოს, პიპ, და ღმერთს მადლი უნდა შევწიროთ იმისათვის, რომ ამ
ნაჭერმა არ დაგახრჩო და სული არ გაგაფრთხობინა.
ჩემმა დამ კუნჭულში ხელი მოაფათურა, თმაზე მომქაჩა და საზარელი
სიტყვები წარმოთქვა:

– წამოდი, წამალი დაგალევინო.

იმხანად რომელიდაც გულქვა ექიმს წყალგარეული კუპრი უებარ წამლად


გამოეცხადებინა და მისის ჯოს სამზარეულოს კარადაში მუდამ ჰქონდა
მომარაგებული. სჯეროდა, რომ ეს ნარევი იმდენადვე სასარგებლოა,
რამდენადაც საზიზღარი. ჩვეულებრივ დღეებში ამ წამალს ისეთი დოზით
მაწვდიდა, თვითონვე ვგრძნობდი, რომ მისი დალევის შემდეგ ახალშეღებილი
ღობესავით ვყარდი. მაგრამ ამჯერად საგანგებო შემთხვევა ითხოვდა, მთელი
პინტა დამელია, რაც დაუყოვნებლივ ჩამასხეს კიდეც ყელში, თანაც მისის ჯოს
ჩემი გადაწეული თავი იღლიის ქვეშ ისე ამოედო, როგორც მეწაღე ამაგრებს
ფეხსაცმელს გირაგის მარწუხებში. ჯო ნახევარი პინტით გადარჩა; დიახ, წამალი
მასაც მიესაჯა (რის შემდეგაც ნირწამხდარი და ღრმად ჩაფიქრებული, მდუმარედ
იჯდა ბუხართან და პურის ბოლო ლუკმებს ღეჭავდა), რადგან, ჩემი დის თქმით,
"ელდა ეცა". ჩემი გამოცდილებით თუ ვიმსჯელებთ, ელდა წამლის მიღებამდე კი
არა, მის შემდეგ ეცა.

სინდისი საშინელი რამაა, სულ ერთია, კაცს შემოუტევს თუ ბიჭს; ხოლო თუ


ბიჭის შემთხვევაში ამ ფარულ ტვირთს მეორე ფარული ტვირთიც დაერთვის,
შარვლის ტოტში რომ აქვს ჩამალული, ეს, დამერწმუნეთ, ნამდვილი სასჯელია.
იმ დანაშაულის განცდას, რომ მისის ჯოს გაძარცვას ვუპირებდი – წამითაც კი არ
გამიფიქრებია, ჯოს ვძარცვავ-მეთქი, რადგან სახლი და ავლა-დიდება ჯოს
საკუთრებად არასოდეს მიმაჩნდა – შარვალში ჩამალული პურის ცალი ხელით
გამუდმებით ჭერის აუცილებლობაც დაემატა, მაშინაც, როცა ვიჯექი, და მაშინაც,
როცა სამზარეულოში ამა თუ იმ დავალებას ვასრულებდი. ამან ლამის ჭკუიდან
შემშალა. მოგვიანებით, ჭაობებიდან მონაბერი ქარი საკვამურში რომ აყმუვლდა
და ბუხარში ცეცხლი კინაღამ ჩააქრო, მეგონა, გარედან იმ ფეხშებორკილი კაცის
ხმა მესმოდა, რომელმაც დუმილი დამაფიცა, ახლა კი თითქოს მომძახოდა,
ხვალამდე მოთმენა არ მსურს, ახლავე დამაპურეო. მერე იმასაც ვფიქრობდი,
ვაითუ ის ახალგაზრდა კაცი, რომელსაც ამხანაგი ჩემი განადგურებისაგან
გაჭირვებით აკავებდა, თავის ბუნებრივ მოუთმენლობას დაჰყვეს, ანდა დრო
აერიოს და ჩემი გულ-ღვიძლის გაფატვრა ხვალის ნაცვლად დღეს ჩაეთვალა
ნებადართულად? თუკი შიშისაგან ვინმეს ოდესმე მართლაც ედგა თმა ყალყზე,
ეს უთუოდ მე ვიყავი, თუმცა ძალზე შესაძლებელია, ჩემისთანა შიში ქვეყნად
არც არავის განეცადა!
შობის წინა საღამო იყო და მეორე დღისთვის პუდინგის ცომის გაბრტყელება
მევალებოდა. ჩვენი გერმანული საათის მიხედვით, შვიდიდან რვა საათამდე
უნდა მომემზადებინა ხის სქელი ჯოხით, რომლითაც დიდ გობში სარეცხს
ვურევდით. ვცადე, ეს საქმე ფეხზე ჩამოკიდებული ტვირთით მეკეთებინა (ამან
კვლავ მომაგონა ფეხებშებორკილი პატიმარი) და აღმოვაჩინე, რომ კარაქიანი
პურის ჩემი კოჭისკენ ჩაცურების ურყევ მიდრეკილებას ვერაფრით ვაჩერებდი.
კიდევ კარგი, მოვახერხე და გავიპარე სხვენში, ჩემს საძინებელში, სადაც ეს
ერთი ტვირთი მაინც ჩამოვიხსენი.

– გაიგონეთ? – ვიკითხე, როცა ცომის გაბრტყელებას მოვრჩი და დაწოლის წინ


ბუხართან ვთბებოდი, – გასროლის ხმები იყო, ხო, ჯო?

– ჰო, – მიპასუხა ჯომ, – ისევ პატიმარს დასდევენ.

– ვის დასდევენ, ჯო? – ჩავეკითხე.

მისის ჯომ, რომელიც ყველა განმარტებას საკუთარ თავზე იღებდა, უმალ


ჩაურთო:

– პატიმარია გაქცეული, – განმარტება მუდამ კუპრნარევი წყალივით ჰქონდა


გამზადებული.

ვიდრე მისის ჯო თავდახრილი რაღაცას კემსავდა, ჯოს ტუჩების უხმო


მოძრაობით ვკითხე: "პატიმარი რა არის?" ჯომ მსგავსი მანერითვე ისე რთულად
მიპასუხა, რომ მხოლოდ ჩემი სახელი გავარჩიე.

– წუხელ ციხიდან პატიმარი გაიქცა, – ხმამაღლა თქვა ჯომ, – მზის ჩასვლის


შემდეგ მოსახლეობა ამის შესახებ ზარბაზნის ბათქით გააფრთხილეს. ახლა კი,
ჩანს, კიდევ ერთი გაქცეულა, რაკი ისევ ისვრიან.

– საიდან ისვრიან? – ვიკითხე.

– გული შეაწუხა ამ ბიჭმა, – ჩემმა დამ საკერავიდან თავი ასწია და თვალები


დამიბრიალა, – ამდენი შეკითხვა გაგონილა?! რაც ნაკლებ კითხვას დასვამ, მით
ნაკლებ ტყუილს მოისმენ.
გავიფიქრე, იმაზე თუ მიმითითებს, რომ ჩემს შეკითხვებს ტყუილით
პასუხობს, ამით არც საკუთარ თავს სცემს-მეთქი პატივს. თუმცა თავაზიანობა
არასოდეს სჩვეოდა, თუკი უცხო არავინ უგდებდა ყურს.

ამასობაში ჯომ ცნობისმოყვარეობა კიდევ უფრო გამიღვივა: პირს დიდად


აღებდა და უხმოდ ცდილობდა რაღაცის წარმოთქმას, რაც სიტყვა "გუნებას"
მივამსგავსე. ცხადია, მაშინვე ვიფიქრე, რომ მისის ჯოს უგუნებობას
გულისხმობდა, ამიტომ ჯოს მასზე მივუთითე, მაგრამ იმან დაჟინებით მანიშნა,
რომ მისის ჯო არაფერ შუაში იყო და კვლავაც იმავე სიტყვის გამოსახვას
შეეცადა. თუმცა ვერაფრით მივხვდი, რას ამბობდა.

– მისის ჯო, – მივმართე უკანასკნელ საშველს, – ძალიან თუ არ შეწუხდებით,


იქნებ მითხრათ, საიდან ისროდნენ?

– ღმერთო, შენ დალოცე ეს ბავშვი! – ისეთი კილოთი ამოიხვნეშა მისის ჯომ,


თითქოს ამ სიტყვებში სრულიად საპირისპირო აზრს დებდა, – საიდან და
გემებიდან!

– აჰ, გემებიდან! – გავიმეორე და ჯოს გადავხედე.

ჯომ საყვედურით ჩაახველა, თითქოს უნდოდა ეთქვა, მეც ხომ ამას


გეუბნებოდიო.

– და რომელი გემებიდან? – არ მოვეშვი.

– აი, სულ ასე იცის ამ ბავშვმა! – შესძახა მისის ჯომ, თავი გააქნია და
ძაფგაყრილი ნემსი გამოიშვირა, – ერთ კითხვაზე თუ უპასუხე, ათ ახალ კითხვას
მოგახლის. ძველი გემებიდან, რომლებზეც საპყრობილეებია მოწყობილი, აგერ,
ჭაობების გაღმა რომ დგას.

– ნეტავ ვის სვამენ ამ საპყრობილეში და რატომ? – დაუდევრად


ჩავილაპარაკე, უფრო ზოგადად, ვიდრე ვინმეს მისამართით.

მისის ჯოს მოთმინების ფიალა აევსო, ადგა და გამომიცხადა:

– იცი რას გეტყვი, ყმაწვილო, იმისთვის არ გამიზრდიხარ, შეკითხვებით სული


ამომხადო. და თუ ასეა, სიკეთის ნაცვლად სამარცხვინო საქმე ჩამიდენია. ამ
გემებზე მკვლელებს ამწყვდევენ, მძარცველებს, ან იმ ხალხს, ვინც ათასნაირ
ბოროტებას სჩადის; და ყველა ეს ბოროტება ზედმეტი კითხვების დასმით
იწყება. ახლა კი საწოლში მოუსვი!

საძინებელში სანთელს არასოდეს მატანდნენ და ახლა, როცა ბნელ კიბეზე


ავდიოდი, თავბრუ მეხვეოდა, რადგან მისის ჯომ თავისი სიტყვების დასტურად
თავში სათითე ჩამკრა. თან მთელი შემზარაობით ვაცნობიერებდი, რომ მცურავი
ციხეების სიახლოვე ჩემ შემთხვევაში მართლაც იღბლიანი დამთხვევა უნდა
ყოფილიყო. ეჭვი აღარ მეპარებოდა, რომ სწორედ იქ ამოვყოფდი თავს –
კითხვების დასმით დავიწყე, მალე კი მისის ჯოს გაძარცვასაც ვაპირებდი.

მას მერე დიდი დროა გასული და ძალზე ხშირად მიფიქრია იმაზე, თუ რაოდენ
გულჩათხრობილი შეიძლება გახდეს შეშინებული ბავშვი. ეს შიში, რაგინდ
უსაფუძვლო იყოს, განუზომელი ძალით მართავს მას. იმ წუთებში
სულისშემძვრელად მეშინოდა იმ ახალგაზრდა კაცის, რომელიც ჩემს
გულ-ღვიძლს ემტერებოდა. ასევე შიშის ზარს მცემდა ჩემი ფეხბორკილიანი
თანამოსაუბრე. არანაკლებად მზაფრავდა ჩემივე თავი, რაკი შემზარავი პირობა
გამომძალეს და, ამგვარად, ბოროტის თანაზიარად მაქციეს. ჩემი ყოვლისშემძლე
დის თანადგომის მცირედი იმედიც კი არ მქონდა – ის ხომ ყოველ ნაბიჯზე
მიწასთან მასწორებდა. ახლაც კი მზარავს იმის გაფიქრება, თუ რა შეიძლებოდა
ჩამედინა ასე შეშინებულს, გულჩათხრობილსა და სრულიად მარტოს.

იმ ღამით წუთით თუ ჩავთვლიმე, მაგრამ ზღვის სწრაფი მიქცევა სიზმრადაც


კი მცურავი ციხეებისკენ მიმაქანებდა; როცა სახრჩობელას ჩავუარე, მეკობრის
აჩრდილმა რუპორით მომაძახა, სჯობს, თვითონვე გადმოხვიდე და თავი
ყულფში გაყოო. ჩაძინებისა მეშინოდა, რადგან ვიცოდი, როგორც კი
ირიჟრაჟებდა, საკუჭნაო უნდა გამეძარცვა. ღამით ამას ვერ მოვახერხებდი,
სანთლის ასანთებად ტალ-კვესი იყო საჭირო, ხოლო ტალის ფოლადზე დაკვრით
ღამის სიჩუმეში ისეთ ხმაურს ავტეხდი, გეგონებოდათ, ის ჩამომხრჩვალი
მეკობრე ჯაჭვებს აჟღარუნებსო.

როგორც კი ჩემი პატარა სარკმლის შავი ფარდა მორუხო შუქით გაიმსჭვალა,


საწოლიდან ავდექი და კიბე ჩავიარე. ყოველი საფეხური ჭრიალით მომძახოდა:
"სდექ, ქურდო!", კიოდა: "გაიღვიძე, მისის ჯო!", მაგრამ მაინც მშვიდობით
მივაღწიე საკუჭნაომდე, რომელიც, დღესასწაულის წყალობით, ჩვეულებრივზე
უხვ მარაგს იტევდა. ძალზე შემაშფოთა უკანა თათებით ჩამოკიდებულმა
კურდღელმა – მომეჩვენა, რომ როგორც კი გვერდზე მივიხედე, თვალი
ეშმაკურად ჩამიკრა. ამის დაზუსტების დრო არ იყო, არც ნადავლის შერჩევისა –
დრო საერთოდ არ მქონდა. ცოტაოდენი პური, ყველის ნარჩენები და ნახევარი
ქილა ფარში მოვიპარე. ამ ყველაფერს ჩემი წუხანდელი ულუფაც დავუმატე და
ცხვირსახოცში გამოვკარი. თიხის ბოთლიდან ცოტაოდენი ბრენდიც ჩამოვასხი
შუშის ჭურჭელში, რომელიც ჩემს ოთახში მქონდა გადანახული მათრობელა
სასმლის – ესპანური ძირტკბილას ნაყენის – დასამზადებლად, თიხის ბოთლში
კი დოქიდან წყალი ჩავუმატე. ასევე ავიღე საქონლის მოზრდილი ძვალი,
რომელსაც ზედ ძალზე ცოტა ხორცი შერჩენოდა და ღორის ხორცის მშვენიერი
მრგვალი ღვეზელი – უკვე გასვლას ვაპირებდი, როცა ზედა თაროზე შედგმული
ჯამი დავინახე; ცნობისმოყვარებამ მძლია, ნეტავ ასე სათუთად რას ეფარა კეცი,
ავძვერი და ღვეზელი აღმოვაჩინე. იმ იმედით ავიღე, რომ უახლოესი
მომავლისათვის არ იქნებოდა გათვალისწინებული და მის გაქრობას მხოლოდ
მოგვიანებით შეამჩნევდნენ.

სამზარეულოს ერთი კარი სამჭედლოში გადიოდა. ურდული გადავწიე და ეს


კარი გავაღე. ჯოს ხელსაწყოებში ქლიბი ვიპოვე. მერე ყველა ურდული და საკეტი
ისევე შევწიე, როგორც იყო, გარეთ გასასვლელი კარიდან გავიპარე და
ჭაობებისკენ გავეშურე.
3

პირქუში და ძალზე ნესტიანი დილა იყო. ჩემს პატარა სარკმელზე ნამის


მსხვილი წვეთები ეყარა, თითქოს რომელიმე ჭინკას მთელი ღამე
გულამოსკვნით ეტირა და ფანჯარა ცხვირსახოცად გამოეყენებინა. გარეთ
შიშველ ღობეებსა და მეჩხერ ბალახზე თრთვილი ეფინა, სქელი აბლაბუდის
მსგავსად. ტოტიდან ტოტზე, ბალახის ღეროებზე, ყოველ გისოსსა და ჭიშკარზე
ბლანტი წვეთები გადაკიდებულიყო. ჭაობის ნისლი კი ჰაერში ისე სქლად იდგა,
ვიდრე სულ ახლოს არ მივედი, ვერაფრით გავარჩიე ბოძზე დამაგრებული
საჩვენებელი, თითგამოშვერილი ხის ხელი, რომელიც მგზავრებს ჩვენი სოფლის
გზას მიასწავლიდა, თუმცა რჩევას არავინ ითვალისწინებდა და ჩვენს სოფელს
არ აკითხავდა. გზის მაჩვენებელს ავხედე – წყალი წურწურით ჩამოსდიოდა და,
სინდისის ქენჯნით გატანჯულს, ისიც იმ ულმობელ აჩრდილად მეჩვენა, რომელიც
მცურავი საპყრობილისკენ მამწესებდა.

ჭაობებთან კიდევ უფრო სქელი ნისლი დამხვდა. ასე მეგონა, ამა თუ იმ


საგანს მე კი არ ვუახლოვდებოდი, თვით საგანი მოდიოდა და მეხლებოდა. ჩემს
ბრალეულ გონებას ესღა აკლდა! ჭიშკრები, ჯებირები და ბორდიურები თითქოს
უეცრად ამოყვინთავდნენ ხოლმე ნისლიდან და მკაფიოდ ამბობდნენ: "ამ ბიჭმა
ხორცის ღვეზელი მოიპარა! შეაჩერეთ!" ასევე მოულოდნელად შევეფეთე ნახირს
და ძროხებიც დიდრონი თვალებითა და ორთქლადენილი ნესტოებით
მესალმებოდნენ: "გამარჯობა, პატარა ქურდო!" ერთი შავი ბუღა, რომელსაც
კისერზე თეთრი ზოლი დაუყვებოდა და ჩემს მგრძნობიარე სინდისს წამით
მღვდლადაც კი მოეჩვენა, ისე დაჟინებით მომაჩერდა, რომ დამფრთხალმა
ამოვილუღლუღე: "სხვა გზა არ მქონდა, სერ. ჩემთვის არ მომიპარავს!" პასუხად
თავი დახარა, ნესტოებიდან ორთქლის ღრუბელი გამოუშვა, მერე უკანა ფეხები
მიწას დაჰკრა, კუდი მოიქნია და ნისლში გაუჩინარდა.

მდინარისკენ მივდიოდი. სწრაფად კი მივაბიჯებდი, მაგრამ ფეხები მაინც


ვერაფრით გავითბე. სუსხი თითქოს ისე გამომება კოჭებზე, როგორც – რკინის
ბორკილი იმ კაცს, ვისთან შესახვედრადაც გავრბოდი. ძველი სანგრის გზა
ზედმიწევნით ვიცოდი, რადგან ერთ-ერთ კვირა დღეს იქ ჯოსთან ერთად ვიყავი.
ძველ ზარბაზანზე ჩამომჯდარმა ჯომ მითხრა, როცა ცოტაც წამოიზრდები და,
წესითა და რიგით, ჩემი შეგირდი გახდები, აი, მერე ვიცით, რასაც ვიზამთო. ამ
ნისლში გზა ამებნა და მარჯვნივ გადავუხვიე, ამიტომაც იძულებული გავხდი,
ნაპირ-ნაპირ დავბრუნებულიყავი, შლამიანი ქვებისა და ხიმინჯების გასწვრივ,
რომლებიც მოქცევისას წყალს აკავებდნენ. ვცდილობდი, რაც შემეძლო სწრაფად
მევლო. თხრილი მარჯვედ გადავკვეთე, იქიდან კი, როგორც ვიცოდი, სანგრამდე
სულ ცოტაღა რჩებოდა და, როგორც კი თხრილის მოპირდაპირე ფერდზე
ავბობღდი, ძირს მჯდომი კაცი დავინახე. ჩემკენ ზურგით იყო შექცეული,
მკლავები ტანზე შემოეხვია და, ძილით დამძიმებული, წინ გადახრილიყო.

მეგონა, რაკი საჭმელი მოვუტანე, ჩემი მოულოდნელი გამოჩენა გაახარებდა.


უხმოდ მივუახლოვდი და მხარზე ხელი შევახე. ელვისებურად წამოხტა და სულ
სხვა კაცი აღმოჩნდა! მართალია, ამასაც რუხი, დაკონკილი სამოსი ეცვა, კოჭზეც
რკინის სალტე ეკეთა, იმ პირველი კაცივით კოჭლობდა და მასავით
ხმაჩახლეჩილი და გათოშილი იყო, მაგრამ სულ სხვანაირი სახე ჰქონდა, თანაც
ფართოფარფლებიანი, რბილი ქუდი ეხურა. ეს ყველაფერი წამში შევნიშნე,
რადგან მხოლოდ წამიერად შევძელი მისთვის თვალის შევლება. კაცმა წყევლა
ამოანთხია; უნდოდა, ჩემთვის დაერტყა, მაგრამ ხელი ამაცილა და წაბარბაცდა.
მერე გაიქცა, ორჯერ დაუცდა ფეხი და ლამის ძირს დაენარცხა, ბოლოს კი
ნისლში გაუჩინარდა.

"ეს ის ახალგაზრდა კაცი უნდა იყოს!" მივხვდი და გულმა რეჩხი მიყო. ალბათ,
ღვიძლიც ამტკივდებოდა, ზუსტად რომ მცოდნოდა, რა ადგილას მქონდა.

მალევე მივადექი სანგარს, სადაც ის ჩემი კაცი დამხვდა. მასაც შემოეხვია


ტანზე მკლავები და კოჭლობით სცემდა ბოლთას, გეგონებოდა, რაც წუხელ
დავშორდი, მას მერე წამითაც არ გაჩერებულა და სულ ასე ბოლთის ცემით
მელოდა. ეტყობოდა, საშინლად იყო გათოშილი. ისეთი დაუძლურებული ჩანდა,
მეგონა, ყოველ წამს შეიძლებოდა, ჩემს თვალწინ დაცემულიყო და
მომკვდარიყო. თანაც, როცა ქლიბი გამომართვა, ისეთი მშიერი თვალებით
იცქირებოდა, გავიფიქრე, ცხვირსახოცში გამოკრული საჭმელი რომ არ დაენახა,
ალბათ, ქლიბის ჭამას შეეცდებოდა-მეთქი. ამჯერად თავდაყირა არ
დავუჭერივარ, არც ჩემი ჯიბეები გაუჩხრეკია. ვიდრე ტომარას ვხსნიდი და
ჯიბეებს ვიცარიელებდი, იდგა და მიყურებდა. მერე მკითხა:

– ბოთლში რა არის, ბიჭო?

– ბრენდი, – ვუპასუხე.
ამასობაში ღვეზლის მოზრდილ ლუკმებს უკვე ხახაში იტენიდა, თანაც
ყოვლად უცნაურად – თითქოს კი არ ჭამდა, სამალავში სწრაფად ინახავდა,
თუმცა ბრენდის დასალევად მაინც შეჩერდა. ისე ძლიერად ცახცახებდა, აშკარა
იყო, ყბების შეკავება უჭირდა, ბოთლის ყელი ლამის კბილებით ჩაემსხვრია.

– მგონი, გაციებთ, – ვუთხარი.

– მეც ასე ვფიქრობ, ბიჭო, – დამეთანხმა კაცი.

– აქაურობა ჯანმრთელობისთვის ცუდია, – ავუხსენი, – სველ მიწაზე წოლით


ციების გარდა შეიძლება რევმატიზმიც აიკიდოთ.

– ვიდრე ან ერთი მომკლავდეს, ან მეორე, ჭამას ხომ მაინც მოვასწრებ, –


მიპასუხა, – თუნდაც ახლავე, აგერ, იმ სახრჩობელაზე ჩამომახრჩონ, მანამდე
მაინც მოვიკლავ შიმშილს. ამაში ციებაც კი ვერ შემიშლის ხელს, დამიჯერე.

ისევ ხარბად დააცხრა ხორცის ღვეზელსაც, ძვალსაც, ყველსაც და პურსაც –


ყველაფერს ერთად, თანაც დანისლულ მიდამოს ეჭვით აკვირდებოდა,
დროდადრო იტრუნებოდა, წამით ყბების ცახცახსაც კი იკავებდა და მიდამოს
ყურს უგდებდა. უეცრად რაღაც ხმამ შეაკრთო, არ ვიცი, მართლა გაიგონა, თუ
მოეჩვენა – იქნებ მდინარეზე რაღაცამ გაიჟღარუნა, ან ჭაობის რომელიმე
ცხოველმა ამოიოხრა. კაცი მომიბრუნდა:

– ხომ არ მომატყუე, ჭინკავ? ვინმე ხომ არ წამოიყოლე?

– არა, სერ! არა!

– არც არავისთვის დაგიბარებია, უკან გამოგყოლოდა?

– არა!

– მაშ, კარგი, – მაშინვე დაშოშმინდა, – შენი მჯერა. მართლაც ქოფაკი უნდა


იყო, შენს ასაკში ჩემისთანა საცოდავი ტუსაღის მდევრებს რომ დაეხმარო,
ისედაც ლამის სული ამომხდეს!

ამის თქმაზე მის ყელში რაღაცამ დაიწკაპუნა, თითქოს იქ საათის მექანიზმი


ჰქონოდა, რომელიც სადაცაა რეკვას ატეხდა. სახელოს დაკონკილი ბოლოთი
თვალები მოიზილა.
საშინლად შემებრალა და როცა შევნიშნე, რომ თანდათან მთელი ყურადღება
კვლავ ღვეზელზე გადაიტანა, გავბედე და ვუთხარი:
– მიხარია, რომ საჭმელი გეამათ.

– რა თქვი?

– მიხარია, რომ საჭმელი გეამათ-მეთქი.

– გმადლობ, ჩემო ბიჭო. მართლაც მეამა.

ხშირად მიდევნებია თვალი ჩვენი დიდი ძაღლისთვის, როცა ის საჭმელს


შეექცეოდა და ახლა ამ კაცსა და ძაღლს შორის უცნაური მსგავსება შევნიშნე.
ისიც ძაღლივით სულმოუთქმელად და ხარბად კბეჩდა დიდრონ ლუკმებს და
თითქმის დაუღეჭავად თვალის დახამხამებაში სანსლავდა. აქეთ-იქით
გაფაციცებით იცქირებოდა, თითქოს ყოველი მხრიდან საფრთხეს ელოდა, ანდა
იცოდა, სადაცაა, ვიღაც მოვიდოდა და ღვეზელს წაართმევდა. გავიფიქრე, რომ
იმდენად იყო დამფრთხალი და აფორიაქებული, მშვიდად ვერ დანაყრდებოდა
და ამ დროს ვინმესთან ერთად სუფრასთან რომ აღმოჩენილიყო, გვერდით
მჯდომს, ალბათ, უნებლიეთ კბილებით ეცემოდა. ამ ყველაფრით მართლაც
წააგავდა ძაღლს.

– ვშიშობ, მას აღარაფერი დარჩება, – ვუთხარი მოკრძალებით, მას მერე, რაც


ერთხანს ვიყოყმანე, ამგვარი შენიშვნა თავაზიანი თუ იქნებოდა, – ეს საიდანაც
მოვიტანე, იქ, სამწუხაროდ, სხვას ვეღარაფერს ვიშოვი, – ამაში სრულიად ვიყავი
დარწმუნებული და ამის თქმაც ამიტომ გავბედე.

– მას აღარ დარჩება? ვის მას? – ჩემმა ახალმა მეგობარმა ყბები გააჩერა,
პირი ღვეზლის ხრაშუნა ქერქით ჰქონდა გამოტენილი.

– იმ ახალგაზრდა კაცს, რომელიც ახსენეთ. თქვენთან ერთად რომ იმალება.

– ოჰ! – კაცმა უხეშად ჩაიცინა, – ჰო, აბა რა! მაგრამ მას საჭმელი არ
სჭირდება.

– მე კი მგონია, სჭირდება, ასე შევატყვე, – ვუპასუხე.


კაცმა ჭამა შეწყვიტა და გაოგნებული მომაცქერდა.

– შეატყვე? როდის?

– ეს წუთია.

– სად?

– იქით, – ხელი გავიშვირე, – იქ შევეფეთე, ძირს იჯდა და თვლემდა, თავიდან


თქვენ მეგონეთ.

პატიმარი საყელოში მწვდა და ისეთი თვალებით შემომხედა, წამით მეგონა,


თავისი თავდაპირველი განზრახვა მოაგონდა და ყელის გამოყრას მიპირებდა.

– ისიც თქვენსავით იყო ჩაცმული, მხოლოდ ქუდი ეხურა, – ამოვილუღლუღე


აკანკალებულმა, – და... და... – ვეცადე, ეს, რაც შეიძლებოდა, თავაზიანად
გამომეთქვა, – მასაც იგივე მიზეზით სჭირდებოდა ქლიბი. წუხელ ზარბაზნების
სროლა არ გაგიგიათ?
– ესე იგი, სროლა არ მომჩვენებია! – ჩაილაპარაკა თავისთვის.

– მიკვირს, რომ ამაში ეჭვი გეპარებათ, – ვუპასუხე, – რადგან ჩვენ შინ


გავიგონეთ, ჩვენი სახლი კი უფრო შორსაა, თანაც კარი ჩაკეტილი გვქონდა.

– საქმე ისაა, – ამიხსნა მან, – როდესაც კაცი ამ მიდამოში მარტოდმარტოა,


თანაც უძილობისგან თავბრუ ესხმის, შიმშილისგან კუჭი უხმება და სიცივისა და
დაღლილობისგან ლამის სული გააფრთხოს, მთელი ღამე ზარბაზნების ჭექა და
ყვირილი ესმის. და განა მარტო ესმის? ხედავს კიდეც წითელფორმიან
ჯარისკაცებს, ჩირაღდნებით ხელში ალყას რომ არტყამენ. ესმის, მის ნომერს
როგორ გაჰყვირიან, განაჩენს უცხადებენ; თოფების ტკაცანიც ესმის და
ბრძანება: "მოემზადეთ! დაუმიზნეთ! ცეცხლი!" ეჩვენება, თითქოს ხელს
სტაცებენ; გაიხედავს და – არაფერია! ამაღამ ერთხელ კი არა, ასჯერ მეგონა,
მდევართა რაზმი დავინახე, მესმოდა კიდეც მათი ჩექმების ბაგაბუგი. სროლას
ხომ ნუღარ იკითხავ! როცა ირიჟრაჟა, მაშინაც კი მეგონა, ნისლი ზარბაზნის
გასროლისაგან ლივლივებდა. ჰო, მაგრამ ის კაცი, – გონს მოეგო პატიმარი, მას
მერე, რაც ეს ყველაფერი უფრო საკუთარ თავს უამბო, – რამე განსაკუთრებული
თუ შეატყვე?
– სახეზე საშინელი ნაჭრილობევი აქვს, – გამიკვირდა კიდეც, წამიერად
ნანახი როგორ მომაგონდა.

– აი, ასეთი? – კაცმა უმოწყალოდ ჩამოისვა თითები მარცხენა ლოყაზე.

– დიახ, ასეთი!

– სად არის? – საჭმლის ნარჩენები უბეში ჩაიყარა, – მაჩვენე, საით წავიდა.


ძაღლივით მივახრჩობ! ოჰ, ღმერთმა დასწყევლოს ეს ჩემი მტკივანი ფეხი!
მომაწოდე ქლიბი, ბიჭო.

ხელი იმ მიმართულებით გავიშვირე, სადაც მეორე კაცი ნისლში გაუჩინარდა.


ერთხანს ნისლს აკვირდებოდა, მერე სველ ბალახზე ჩამოჯდა და გამალებით
შეუდგა ბორკილის ქლიბვას. შეშლილს ჰგავდა, აღარც მე მამჩნევდა და აღარც
საკუთარ ფეხს, რომელიც ისე იყო გადატყავებული, სისხლი სდიოდა, მაგრამ,
ამის მიუხედავად, ისე უხეშად ეპყრობოდა, თითქოს ისიც ქლიბივით უგრძნობი
საგანი ყოფილიყო. ასე გაშმაგებულმა კვლავ შიში მომგვარა. ისიც ძალიან
მაშინებდა, შინიდან დიდი ხნის წამოსული რომ ვიყავი. ვუთხარი, წასასვლელი
ვარ-მეთქი, მაგრამ ყურიც არ მათხოვა და ვიფიქრე, ჩუმად წასვლა ყველაფერს
აჯობებდა. უკანასკნელად რომ შევავლე თვალი, ცალ მუხლზე დაჩოქილიყო და
ისევ ბორკილს ხერხავდა, თან მასაც და საკუთარ ფეხსაც მოუთმენლად
ებუზღუნებოდა. როცა მოშორებით ნისლში შევჩერდი, ქლიბის ხმას
უკანასკნელად მოვკარი ყური.
4

სრულიად ვიყავი იმაში დარწმუნებული, რომ სამზარეულოში ჩემ წასაყვანად


მოსული კონსტებლი(კონსტებლი – დაბალი რანგის პოლიციელი ინგლისსა და
ამერიკის შეერთებულ შტატებში.) დამხვდებოდა. მაგრამ არამცთუ კონსტებლი
არ დამხვედრია, ჩემი ქურდობაც ჯერ არავის აღმოეჩინა. მისის ჯო ლამის ყირაზე
დამდგარიყო, სახლს სადღესასწაულოდ ამზადებდა; ხოლო ჯო აქანდაზისათვის
რომ მოერიდებინა, სამზარეულოს პარმაღზე გააძევა, რადგან, როცა ჩემი და
იატაკის გამძვინვარებით ხეხვას იწყებდა, ჯო გარდუვალად ნაგვით სავსე
აქანდაზში აბიჯებდა ფეხს.
– სად ჯანდაბაში იყავი? – ამ სიტყვებით მომილოცა მისის ჯომ შობა,
როდესაც ჩემს დამძიმებულ სინდისთან ერთად გამოვეცხადე.

ვუპასუხე, საშობაო გალობის მოსასმენად გარეთ გავედი-მეთქი.

– ჰო, კარგი, – მითხრა და დასძინა, – ამაზე უარესიც შეიძლებოდა ჩაგედინა, –


რაც, მოგეხსენებათ, სრული სიმართლე იყო.

– მჭედლის ცოლი რომ არ ვიყო, ეს კი მონობის ტოლფასია; ჩემი დღე და


მოსწრება სულ წინსაფრით რომ არ მიწევდეს შრომა და ჯაფა, იქნებ მეც
მქონოდა საშობაო გალობის მოსმენის დრო და ხალისი, – ჩაილაპარაკა მისის
ჯომ, – ისე გულით მიყვარს საღვთო გალობა, რომ, ჩანს, ამიტომაც ვერა და ვერ
ვეღირსე მის მოსმენას.

ჯო გაუბედავად შემომყვა სამზარეულოში, რაკი აქანდაზს თავისი საქმე


მოემთავრებინა; და, როცა მისის ჯომ განმგმირავი მზერა ესროლა,
შემრიგებლური ჟესტით მოისვა ცხვირზე ხელი. ხოლო როგორც კი ქალმა
გვერდზე გაიხედა, ჯომ შუა და საჩვენებელი თითები გადააჯვარედინა და
მალულად მიჩვენა, რაც ჩვენს საიდუმლო ენაზე იმას ნიშნავდა, რომ მისის ჯო
კვლავაც ბრაზიან გუნებაზე იყო. რაკიდა ეს მის თითქმის მუდმივ მდგომარეობას
წარმოადგენდა, მე და ჯო ხანდახან მთელ კვირებს თითებგადაჯვარედინებულნი
ვატარებდით, რითიც ვემსგავსებოდით ჯვაროსან რაინდთა ქანდაკებებს,
რომლებიც სამარის ქვებზე ფეხებგადაჯვარედინებულნი განისვენებენ.

დიდებული სადილი გველოდა – დამარილებული ღორის ბარკალი


ბოსტნეულის გარნირით და ორი შემწვარი, სატენიანი დედალი. მშვენიერი,
ტკბილი ღვეზელი გუშინ დილიდანვე იდგა გამზადებული. პუდინგიც ცეცხლზე
ცხვებოდა. ამიტომაც ხორცის ღვეზლის გაუჩინარება არავის შეუმჩნევია. ამ
სადღესასწაულო მზადების გამო საუზმე მოურიდებლად გამოგვიტოვა.

– იცოდეთ, – გამოგვიცხადა მისის ჯომ, – ისედაც ყველაფერი თავზე მაყრია


და თქვენთვის საუზმის მზადებისა და ჭურჭლის რეცხვისათვის არ მცალია!

თითო ნაჭერი პური ისე შეგვაჩეჩა, თითქოს ფორსირებული მარშით მოძრავი


ლაშქარი ვყოფილიყავით, და არა საკუთარ სახლში მსხდომი მამაკაცი და ბიჭი.
ამ პურს დამნაშავე სახეებით დავაყოლეთ წყალგარეული რძე, რომელიც
კარადაზე შემოდგმულ დოქში ესხა. ამასობაში მისის ჯომ ფანჯრებზე
გაქათქათებული ფარდები ჩამოკიდა, ბუხრის თავზე ძველი გადასაფარებელი
კოხტა ყვავილებიანი ქსოვილით შეცვალა და დერეფნის ბოლოში პატარა,
გაწკრიალებული და მუდამ ჩარაზული სასტუმრო ოთახის კარი გამოაღო.
იქაურობას მთელი წლის განმავლობაში ვერცხლის ქაღალდივით მდუმარე და
ცივი ბრდღვიალი გაუდიოდა, რასაც ბუხრის თავზე შემოდგმული ფაიფურის ოთხი
ფინიაც ირეკლავდა, ოთხივე – ზუსტად ერთნაირი, თეთრი, შავი დრუნჩითა და
კბილებში ყვავილებიანი კალათით. მისის ჯო სისუფთავის მოყვარული
დიასახლისი იყო, თუმცა გასაოცრად შეეძლო სისუფთავე ნებისმიერ ჭუჭყზე
უფრო უსიამო და მოუხერხებელ რამედ ექცია. სისუფთავე ერთგვარად
ღვთისმოსაობას ჰგავს და ზოგიერთი ადამიანი თავის რწმენასაც იმავეს
უხერხებს.

ჩემი და, რაკი ამდენი საქმე ჰქონდა, ეკლესიაში დაუსწრებლად დადიოდა;


რაც იმას ნიშნავდა, რომ მის ნაცვლად მე და ჯო დავდიოდით. სამუშაო
ტანისამოსში ჯო ნამდვილი ბრგე და ზორბა მჭედელი იყო; აი, გამოსასვლელად
გამოწყობილს თუ ნახავდით, უეჭველად იტყოდით, კარგად მოვლილი
საფრთხობელააო. რაც კი ეცვა, ზომით არაფერი ერგებოდა; ყველაფერი უჭერდა,
აწუხებდა, თითქოს სხვისი გამონაცვალი ჩაუცვამსო. ამჯერადაც, როცა ზარების
საზეიმო რეკვის თანხლებით თავისი ოთახიდან გამოვიდა, უთუოდ გული
მოგიკვდებოდათ, საკვირაო შავებში გამოკრულს რომ დაინახავდით. მე კი,
ვფიქრობ, ჩემი და ზოგადად ისე მიყურებდა, როგორც ნორჩ ბოროტმოქმედს,
რომელიც მეან პოლიციელს დაბადებისთანავე აღრიცხვაზე აეყვანა და მისის
ჯოსთვის ჩაებარებინა, თანაც ებრძანებინა, კანონის მთელი სიმკაცრით
მოექეციო. ისიც მუდამ ისე მეპყრობოდა, თითქოს ყოველგვარი საღი აზრის,
რელიგიისა თუ ზნეობის საპირისპიროდ და საუკეთესო მეგობრების რჩევის
გაუთვალისწინებლად დავიჟინე, გინდა თუ არა, ამქვეყნად უნდა გავჩნდე-მეთქი.
მაშინაც კი, როცა ახალი კოსტიუმის შესაკერად მივყავდი, მკერავს ისეთ სამოსს
აკერვინებდა, რომელიც ხუნდებივით მიბოჭავდა კიდურებს.

ამ ყველაფრის გამო, ეკლესიისაკენ მიმავალი მე და ჯო ძალზე შესაბრალისი


და გულჩვილი ადამიანისათვის გაუსაძლისი სანახავები ვიყავით. მაგრამ ჩემი
გარეგნული ტანჯვა-წამება იმასთან რა მოსატანი იყო, გულის სიღრმეში რასაც
განვიცდიდი. ის შიში, რომელიც მისის ჯოს ოთახიდან გასვლისას და
საკუჭნაოსთან მიახლოებისას მეუფლებოდა, მხოლოდ ჩადენილის გამო ჩემსავე
სინდისის ქენჯნას თუ შეედრებოდა. ჩემი ბრალიანი საიდუმლოს ტვირთით
დამძიმებული ვფიქრობდი, ნეტავ ეკლესია თუ შეძლებდა ჩემ დაცვას
ახალგაზრდა კაცის შურისძიებისგან, თუკი მომხდარს აღსარებისას გავამხელდი?
გულში გადაწყვეტილი მქონდა, მას მერე, რაც მღვდელი კათაკმევას
წაიკითხავდა და განაცხადებდა: "ვისაც რამის თქმა სურს, ახლა თქვას!" ფეხზე
ავმდგარიყავი და აღსარების ჩაბარების უფლება მომეთხოვა. ეს რომ შობა კი
არა, ჩვეულებრივი კვირა დღე ყოფილიყო, დიდად შესაძლებელია, ჩვენი
მცირერიცხოვანი მრევლი მართლაც შემეშფოთებინა ამ უკიდურესი ზომის
მიღებით.

ამ დღეს ეკლესიის მეფსალმუნე მისტერ უოპსლი სადილად გვყავდა


მოპატიჟებული, ასევე – მებორბლე მისტერ ჰაბლი მეუღლითურთ და ბიძია
პამბლჩუკი – ჯოს ბიძა, რომელიც მისის ჯომ მიისაკუთრა. ეს უკანასკნელი
შეძლებული კაცი იყო, მეზობელ ქალაქში ცხოვრობდა, ხორბლით ვაჭრობდა და
საკუთარი ორთვალა ფაეტონით უნდა ჩამობრძანებულიყო. სადილი ორის
ნახევრისთვის იყო დანიშნული. როცა შინ დავბრუნდით, მე და ჯოს სუფრა
გაშლილი დაგვხვდა. მისის ჯო საზეიმოდ გამოწყობილიყო, სადილი თითქმის
გამზადებული ჰქონდა, მთავარი კარი სტუმრების მისაღებად გაეღო (სხვა დროს
მუდამ ჩაკეტილი იყო) და ყველაფერი საუცხოოდ მოეწესრიგებინა. ჩემი ქურდობა
კვლავაც არავის უხსენებია.

დრო ისე გავიდა, ჩემი შეჭირვებული გრძნობებისათვის შვება არ მოუტანია,


და სტუმრებიც გამოჩნდნენ. მისტერ უოპსლი რომაული ცხვირისა და მბზინავი,
მელოტი თავის პატრონი გახლდათ, მგრგვინავი ბანით საუბრობდა და ამ თავისი
ხმით დიდად ამაყობდა. მისი ნაცნობ-მეგობრები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ
თუკი წირვის აღსრულების საშუალება მიეცემოდა, მღვდელს აჯობებდა.
თვითონაც არაერთხელ განუცხადებია, ეკლესიის კარი "მსახურებას
მოწყურებულთათვის ღია რომ იყოს", ჩემს ნიჭს სათანადოდ გამოვავლენდიო.
რაკიღა ეკლესიის კარი ყველასათვის "ღია არ იყო", მისტერ უოპსლი, როგორც
მოგახსენეთ, მეფსალმუნის წოდებას ჯერდებოდა, თუმცა "ამინს" ისე
დააგუგუნებდა, გუმბათს ლამის ზანზარი გაუდიოდა, ხოლო ფსალმუნის
გამოცხადებისთანავე პირველ ხაზს მუდამ სრულად წაიკითხავდა და მერე
დამსწრეთ ისეთი იერით გადახედავდა ხოლმე, თითქოს ამბობდა: "კათედრიდან
ჩემი მეგობრის ხმა ყველამ მოისმინეთ, აი, ამაზე რაღას იტყვით?"

სტუმრებს მთავარი კარი ისე გავუღე, თითქოს ამ კარით სარგებლობა


ყოველდღიურ ჩვევად გვქონოდა. ჯერ მისტერ უოპსლს შევეგებე, მერე მისტერ და
მისის ჰაბლებს, სულ ბოლოს კი ბიძია პამბლჩუკს. სხვათა შორის, სასტიკად
მეკრძალებოდა მისთვის "ბიძიას" დაძახება.

– მისის ჯო, – განაცხადა ბიძია პამბლჩუკმა (შუახნის ზანტმა, ზონზროხა,


ქოშინა კაცმა, რომელსაც თევზის პირი; დაჭყეტილი, უფერული თვალები და
აყალყული, ჩალისფერი თმა ჰქონდა; გეგონებოდათ, ეს-ეს არის, ახრჩობდნენ
და სული ჯერაც ვერ მოუთქვამსო), – ქალბატონო, დღესასწაულის აღსანიშნავად
მიიღეთ ჩემგან ეს ძღვენი: ერთი ბოთლი ხერესი და, აგრეთვე, ქალბატონო,
ერთი ბოთლი პორტვაინი.

ყოველ შობა დღეს ისე გვეცხადებოდა, თითქოს დიდ სიურპრიზს გვიწყობსო,


ზუსტად ერთი და იმავე სიტყვებითა და ხელში ჰანტელივით აწეული ბოთლით.
ყოველ შობა დღეს მისის ჯო იმავე პასუხს სცემდა, რაც დღეს უთხრა:

– ოჰ, ბი-ძი-ა პამ-ბლ-ჩუკ, როგორ გვანებივრებთ!

ისიც იმავე სიტყვებით გამოეხმაურა, რასაც ყოველ წელს იმეორებდა:

– სწორედ იმდენია, რამდენსაც იმსახურებთ. აბა, ხომ ხართ ყოჩაღად?


ექვს-ნახევარი პენსი როგორ ბრძანდება? – ეს უკანასკნელი შეკითხვა მე
მეხებოდა.

საზეიმო დღეებში სამზარეულოში ვსადილობდით და მერე, თხილის,


ფორთოხლისა და ვაშლის საჭმელად, სასტუმრო ოთახში გავდიოდით. ეს კი
ისეთივე თვალში საცემი ცვლილება იყო, როგორც სამუშაო ტანსაცმლის
ნაცვლად საკვირაო კოსტიუმში გამოწკეპილი ჯო. ამ დღეს ჩემი და ხალისიან
გუნებაზე დგებოდა, მისის ჰაბლის საზოგადოებაში კი საერთოდ იფურჩქნებოდა
ხოლმე. მისის ჰაბლი ჩია, გამხდარ, თმახუჭუჭა ქალად დამამახსოვრდა;
ცისფერი კაბა ეცვა და ცდილობდა, ახალგაზრდული იერი შეენარჩუნებინა,
რაკიღა ოდესღაც – ზუსტად არ ვიცი, როდის – მისტერ ჰაბლს გაჰყვა ცოლად,
რომელიც მასზე ბევრად უფროსი იყო.

მისტერ ჰაბლი კი მაღალ, მხარბეჭიან, ოდნავ მოკუზულ კაცად


დამამახსოვრდა; მუდამ ნახერხის სურნელი უდიოდა და ფეხებს ისე უჩვეულოდ
ფართოდ ადგამდა, პატარაობაში ჩვენი სოფლის ქუჩაზე როცა მხვდებოდა, მის
ფეხებს შორის მთელ მიდამოს ვხედავდი.

სულ რომ არაფერი მომეპარა, ამ პატიოსან საზოგადოებაში თავს მაინც


უადგილოდ ვიგრძნობდი. არა იმიტომ, რომ მაგიდის კუთხეში ვიყავი გამოჩრილი,
ეს კუთხე მკერდში მერჭობოდა, პამბლჩუკის იდაყვი კი – თვალში; არც იმიტომ,
რომ ხმის ამოღების უფლება არ მქონდა (არც მსურდა რამის თქმა) და არც
იმიტომ, რომ მხოლოდ ქათმის ბარკლის ძვალი მარგუნეს და ხორცის ისეთი
ბნელი კუნჭულები, რომლითაც ღორი სიცოცხლეში ნამდვილად ვერ იამაყებდა.
ამ ყოველივეს კიდევ რა უშავდა, უფროსებს ჩემთვის თავი რომ დაენებებინათ.
მაგრამ ისინი თავს არ მანებებდნენ. არცერთ შემთხვევას არ უშვებდნენ
ხელიდან, საუბარი წამდაუწუმ ჩემზე წამოეწყოთ. თავს ესპანურ არენაზე
გამოყვანილ საბრალო, პატარა ხარად ვგრძნობდი და ყველა მხრიდან მათი
გალესილი მახვილები მესობოდა.

ეს იმ წუთიდანვე დაიწყო, სუფრას რომ მივუსხედით. მისტერ უოპსლმა


სამადლობელი ლოცვა თეატრალური კილოთი აღავლინა – რამდენადაც ახლა
ვიხსენებ, ეს ჰამლეტის მამის აჩრდილისა და რიჩარდ მესამის მონოლოგების
რელიგიური ნაირსახეობა იყო – დასასრულს კი იმის იმედი გამოთქვა, რომ
ყველანი მართლაც ვემადლიერებით უფალს არსობის პურისათვის. ამ სიტყვების
გაგონებისთანავე ჩემმა დამ თვალი დამადგა და ხმადაბლა, საყვედურის
კილოთი მითხრა:

– გაიგონე? მადლობელი უნდა იყო!

– განსაკუთრებით კი, – ჩაურთო მისტერ პამბლჩუკმა, – განსაკუთრებით კი,


ჩემო ბიჭო, მათი მადლობელი უნდა იყო, ვინც საკუთარი ხელით გაგზარდა.

მისის ჰაბლმა თავი გააქნია და ისეთი დარდიანი მზერით შემათვალიერა,


თითქოს წინდაწინ ჭვრეტდა, ჩემგან სიკეთე რომ არ გამოვიდოდა, მერე კი
იკითხა:
– ეს ახალგაზრდები მუდამ ასე უმადურნი რატომ არიან?

ამ ზნეობრივი საიდუმლოს ამოხსნა შეკრებილთაგან ვერავინ შეძლო, ვიდრე


მისტერ ჰაბლმა მოკლედ არ დაასკვნა:

– ბუნებით ბოროტნი არიან.

რასაც ყველანი "მართალია, მართალიას!" ბუტბუტით დაეთანხმნენ და


ყოვლად უსიამოდ და მტრულად მომაჩერდნენ.

სტუმრიანობისას ჯო კიდევ უფრო ნაკლები უფლებით სარგებლობდა, ვიდრე


ჩვეულებრივ დროს (თუკი ასეთი რამ საერთოდ შესაძლებელია). რითაც შეეძლო,
მაინც მუდამ ცდილობდა ჩემ გამხნევებას, სუფრასთან კი იმით გამოხატავდა
მხარდაჭერას, რომ, როცაკი გვქონდა, საწებელს მიმატებდა. ამ დღეს საწებელი
უხვად იყო და ჯომაც ლამის ნახევარი პინტა გადმომისხა თეფშზე.

სადილობისას მისტერ უოპსლმა უმკაცრესად გააკრიტიკა დღევანდელი


ქადაგება და, ჩვეულებისამებრ, გვამცნო, თავად როგორ იქადაგებდა, "ეკლესიის
კარი ღია რომ ყოფილიყო". დამსწრეთ თავისი წარმოსახვითი სიტყვის მთავარი
პუნქტები გააცნო და დასძინა, რომ, მისი აზრით, ქადაგების თემაც არასწორად
იყო შერჩეული, ეს კი უკვე ყოვლად არასაპატიოა, როდესაც გარშემო თემები
თავსაყრელად არისო.

– გეთანხმებით, – კვერი დაუკრა ბიძია პამბლჩუკმა, – სწორედ მიზანში


გაარტყით, სერ! თემები მართლაც თავსაყრელად არის, მთავარია, მათი
მოხელთება, კუდით დაჭერა და მარილის მოყრა მოახერხო. აი, ესაა რთული.
თემის საძებნელად შორს წასვლა საჭირო არ არის, მთავარია, მარილი გქონდეს
მომარჯვებული, – ხანმოკლე ფიქრის შემდეგ მისტერ პამბლჩუკმა განაგრძო, –
თუნდაც ღორის ხორცს შეხედეთ. აი, თემაც! ჰო, თუკი თემას ეძებთ, ღორის
ხორცს დახედეთ!

– მართალს ბრძანებთ, სერ. ეს თემა ახალგაზრდებისათვის ზნეობრივ


შეგონებას შეიცავს, – მიუგო მისტერ უოპსლმა და, ვიდრე სიტყვას
დაასრულებდა, უკვე ვიცოდი, ისევ მე გადმომწვდებოდნენ.

– ყური კარგად დაუგდე, – მრისხანედ ჩამსისინა ჩემმა დამ.

ჯომ საწებელი დამიმატა.


– ღორი, – დაიგრგვინა მისტერ უოპსლმა და ჩემი ალეწილი სახისაკენ
ჩანგალი ისე გამოიშვირა, თითქოს ჩემს სახელს წარმოთქვამდა, – ღორი
ოდითგანვე შეცდომილთ ემეგობრებოდა. ღორის გაუმაძღრობა თვალსაჩინო
ნიმუშად გვიძევს, რათა ახალგაზრდა არ შეცდეს, – მისი ეს სიტყვები, ცოტა არ
იყოს, მეუცნაურა მას მერე, რაც თვითონვე აქო ღორის ხორცი, რა წვნიანი და
ცხიმიანიაო, – ის, რაც ღორის შემთხვევაში ამაზრზენად გვეჩვენება, ბიჭის
შემთხვევაში ასმაგად უფრო ამაზრზენია.

– გოგოს შემთხვევაშიც, – ჩაურთო მისტერ ჰაბლმა.

– რაღა თქმა უნდა, გოგოს შემთხვევაშიც, – მოუთმენლად დაეთანხმა მისტერ


უოპსლი, – მაგრამ გოგოს ჩვენ შორის ვერ ვხედავ.

– თანაც დაუფიქრდი, – უცბად დამაცხრა თავზე მისტერ პამბლჩუკი, –


დაუფიქრდი, ბედის როგორი მადლობელი უნდა იყო, შენ რომ ღრუტუნა გოჭად
დაბადებულიყავი...

– სწორედ ასეთად დაიბადა, – დაჟინებით ჩაურთო ჩემმა დამ.

ჯომ ისევ დამიმატა საწებელი.

– ჰო, მაგრამ მე ოთხფეხა გოჭი ვიგულისხმე, – განაგრძო მისტერ პამბლჩუკმა,


– ასეთად რომ დაბადებულიყავი, განა შეძლებდი ახლა აქ ყოფნას? ვერა...

– მხოლოდ ამ ფორმით, – შენიშნა მისტერ უოპსლმა და თავი ლანგრისკენ


გააქნია.

– მაგრამ მე ეს ფორმა არ მიგულისხმია, – მისტერ პამბლჩუკი ამდენი


გაწყვეტინებით უკმაყოფილო ჩანდა, – ის ვიგულისხმე, რომ ასეთ შემთხვევაში
თავისი კეთილისმყოფელი უფროსების საზოგადოებით ვეღარ დატკბებოდა,
მათი ბრძნული საუბრის მოსმენით ჭკუას ვერ ისწავლიდა და ვერც ფუფუნებაში
იცხოვრებდა. ხომ ვერ შეძლებდა ამას? ვერა. მაშ, რაღა იქნებოდა შენი ხვედრი?
– კვლავ მომიბრუნდა ბიძია, – საბაზრო ფასის შესაბამისად ამდენ და ამდენ
შილინგად გაგყიდდნენ, თივაზე დაგსვამდნენ, მერე ყასაბი დანსტეიბლი
მოვიდოდა, მარცხენა მკლავის ქვეშ მოგაქცევდა, მარჯვენათი წინსაფარს
აიწევდა ჯიბიდან დანის ამოსაღებად, შენს სისხლს დაღვრიდა და შენს
სიცოცხლესაც წამში გაათავებდა. განა ვინმე გაგზრდიდა საკუთარი ხელით? არა,
არავითარ შემთხვევაში!

ჯომ საწებლის დამატება შემომთავაზა, მაგრამ მეტის გადმოღება ვეღარ


გავბედე.

– წარმომიდგენია, რამდენ საზრუნავს გაგიჩენდათ, ქალბატონო, –


თანაუგრძნო მისის ჰაბლმა ჩემს დას.

– საზრუნავსო?! – გაიმეორა ჩემმა დამ, – საზრუნავსო?! – და ჩამოჰყვა მთელ


იმ ავადმყოფობათა თუ უძილო ღამეთა საზარელ ნუსხას, რაც კი გაჩენის
დღიდან ჩემს სინდისზე იყო. ჩამოთვალა ყველა შემაღლება, საიდანაც
გადმოვვარდნილვარ და ყველა ის ორმო, რომელშიც ჩავვარდნილვარ. გაიხსენა
ყველა შემთხვევა, როცაკი რამე მიტკენია და ის წუთებიც, როცაკი ჩემი სამარეში
ჩასვლა უნატრია, მე კი ჯიუტად ვეურჩებოდი.

მგონია, რომაელებს ერთიმეორის ცხვირები აღიზიანებდათ. იქნებ ასეთ


მოუსვენარ ხალხადაც სწორედ ამიტომ ჩამოყალიბდნენ. ყოველ შემთხვევაში,
ვიდრე ჩემს დანაშაულთა ჩამონათვალს ვისმენდი, მისტერ უოპსლის რომაულმა
ცხვირმა იმდენად გამაღიზიანა, სიამოვნებით მოვქაჩავდი მთელი ძალით, ისე,
რომ ყმუილი აეტეხა. თუმცა ის, რისი ატანაც მთელი ამ ხნის განმავლობაში
მიწევდა, არაფერი იყო იმ შიშის ზართან შედარებით, რომელიც მაშინ
დამეუფლა, როცა ჩემი დის მონოლოგის შემდეგ სუფრაზე ხანმოკლედ
ჩამოწოლილი დუმილი დაირღვა (ამ სიჩუმის დროს ყველა დამსწრემ ზიზღითა
და აღშფოთებით სავსე მზერა მომაპყრო).

– დიახ, – მისტერ პამბლჩუკი მშვიდად შეეცადა, საუბარი კვლავ ძველ


კალაპოტში დაებრუნებინა, – არადა, მოხარშული ღორი დიდებული რამაა.

– ბრენდის ხომ არ ინებებთ, ბიძია? – უთხრა ჩემმა დამ.

ღმერთო დიდებულო, აი, ახლა კი დავიღუპე! როგორც კი მოსვამს, აღმოაჩენს,


რომ წყალწყალაა, ამას ხმამაღლა გამოაცხადებს კიდეც და დავიღუპები! სუფრის
ქვევიდან მაგიდის ფეხს ორივე მკლავი შემოვხვიე და ჩემი ბედის აღსრულებას
დაველოდე.

ჩემი და გავიდა, თიხის ბოთლით შემობრუნდა და ბიძიას ბრენდი ჩამოუსხა.


დანარჩენმა სტუმრებმა ეს სასმელი არ ისურვეს. საბრალო მსხვერპლმა ჭიქა
ხელში ოდნავ შეათამაშა, ასწია, სინათლეზე გახედა და კვლავ მაგიდაზე დადგა,
რითაც ჩემი ტანჯვა გაახანგრძლივა. მთელ ამ ხნის განმავლობაში ჯო და მისის
ჯო ფაციფუცით ათავისუფლებდნენ სუფრას ღვეზლისა და პუდინგისათვის.

თვალს ვერ ვწყვეტდი საცოდავ ბიძია პამბლჩუკს და არც მაგიდის ფეხს


ვუშვებდი ხელს. შევცქეროდი, ჭიქაზე თითებს როგორ აბრაგუნებდა. ბოლოს
აიღო, გაიღიმა, თავი გადასწია და ერთბაშად გამოცალა. მეორე წამსვე ყველა
წარმოუდგენლად შეძრა მისმა მოულოდნელმა წამოხტომამ. ბიძია ადგილზე
დატრიალდა, სულშეხუთულმა, ხველებითა და ქშენით ყოვლად უცნაური ცეკვა
შეასრულა და კარში გავარდა. ფანჯრიდან დავინახე, როგორ იფურთხებოდა,
ადგილზე ხტოდა და ისე იმანჭებოდა, უსათუოდ იტყოდით, შეიშალაო.

მაგიდას კიდევ უფრო მაგრად ჩავეჭიდე, როცა მისის ჯო და ჯო მისკენ


გაექანნენ. დარწმუნებული ვიყავი, რაღაცნაირად მოვწამლე, მაგრამ არ ვიცოდი,
როგორ. სასოწარკვეთილმა ნამდვილი შვება ვიგრძენი, როცა, როგორც იქნა,
შემოიყვანეს. დამსწრეთ ისეთი მზერა შეავლო, თითქოს გაბედეს და რაღაცაში
არ დაეთანხმნენ. მერე სავარძელში ჩაესვენა და ერთადერთი სიტყვა
ამოიხავლა:

– კუპრი!
თიხის ბოთლი კუპრნარევი წყლით შემივსია. ვიცოდი, მალე თავს კიდევ
უფრო უარესად იგრძნობდა და ისე ძლიერად მოვეჭიდე მაგიდას, დღესდღეობით
ასე გავრცელებული მედიუმების მსგავსად, სხვებისათვის უხილავი ზეწოლით,
სულ ოდნავ ადგილიდანაც კი დავძარი.

– კუპრი?! – გაოცებით შესძახა ჩემმა დამ, – კი მაგრამ, ბრენდიში კუპრი


საიდან მოხვდა?

მაგრამ ბიძია პამბლჩუკმა, სამზარეულოს სრულუფლებიანმა მბრძანებელმა,


წამოიყვირა, კუპრი აღარ მიხსენოთო და ცხელწყალგარეული ჯინი მოითხოვა.
ჩემს დას, რომელიც ამ წუთებში საგანგაშოდ ჩაფიქრდა, ჩემდა საბედნიეროდ,
საქმე გამოუჩნდა. სასწრაფოდ დაფაცურდა და ჯინი, ცხელი წყალი, შაქარი და
ლიმონი ერთმანეთში აურია. თუნდაც დროებით, გადავრჩი. მაგიდის ფეხს ისევ
ვეხვეოდი, თუმცა ამჯერად მადლიერი გზნებით.

თანდათან იმდენად დავმშვიდდი, რომ ჩემს ხელმოსაჭიდს თავი ვანებე და,


როგორც იქნა, პუდინგს მივაპყრე ყურადღება. მისტერ პამბლჩუკმა და
დანარჩენებმაც მთელი ყურადღება პუდინგზე გადაიტანეს. ჭამა დავასრულეთ
და ბიძია პამბლჩუკიც, ცხელი ჯინის წყალობით, გაიბადრა.

უკვე მეგონა, ამ დღეს გადავიტანდი, ჩემმა დამ ჯოს რომ გადაულაპარაკა:

– სუფთა თეფშები მოიტანე, შეთბობა არ უნდა.

მაშინვე ისევ მოვეხვიე მაგიდის ფეხს და გულში ისე ჩავიკარი, თითქოს ჩემი
ბავშვობის ამხანაგი და გულითადი მეგობარი ყოფილიყო. წინდაწინ ვიცოდი,
ამას რაც მოჰყვებოდა და ვგრძნობდი, ამჯერად ვეღარაფერი გადამარჩენდა.

– სადილის დასასრულს... – გულითადი ღიმილით მიმართა ჩემმა დამ


სტუმრებს, – სადილის დასასრულს გასინჯეთ ბიძია პამბლჩუკის უმშვენიერესი
და უგემრიელესი ძღვენი!

დიდად შემეპარა იმაში ეჭვი, რომ მის გასინჯვას მართლაც შეძლებდნენ!

– ახლავე გეტყვით, ეს რაც არის, – ჩემი და ფეხზე წამოდგა, – ეს ღორის


მშვენიერი ღვეზელია.

სტუმრები კმაყოფილებით აზუზუნდნენ. ბიძია პამბლჩუკმა თანამეინახეთა


დაფასება შეიფერა და ხალისიანი კილოთი განაცხადა:

– მისის ჯო, ვფიქრობ, არცერთი ჩვენგანი ღონეს არ დაიშურებს! ღვეზლის


თითო ნაჭერს ყველანი მივირთმევთ.

ჩემი და მის შემოსატანად გავიდა. ნაბიჯების ხმაზე მივხვდი, საკუჭნაოსკენ


მიდიოდა. დავინახე, მისტერ პამბლჩუკმა ჰაერში დანა როგორ შეათამაშა.
დავინახე, მისტერ უოპსლს კვლავ გაღვივებულმა მადამ რომაული ნესტოები
როგორ აუთრთოლა. გავიგონე, მისტერ ჰაბლმა როგორ შენიშნა, ასეთ დიდებულ
სადილს კარგი, ცხიმიანი ღორის ღვეზელი მხოლოდ დაამშვენებს და არავითარ
შემთხვევაში არ გვაწყენსო, ხოლო ჯომ გადამილაპარაკა, პიპ, შენც მოგიჭრით
ერთ ნაჭერსო. დღემდე არ ვიცი, უკიდურესი ძრწოლით ატანილმა, ყველას
გასაგონად შევკივლე თუ მხოლოდ გულში, ის კი ვიცი, რომ ამ ყველაფერს ვეღარ
გავუძელი, მაგიდის ფეხს ხელი ვუშვი და მოვკურცხლე.

თუმცა კარის იქით ვეღარსად წავედი, რადგან კარში მუშკეტებმომარჯვებული


ჯარისკაცების მთელი რაზმი შემეფეთა. ერთ-ერთს ხელბორკილი ეჭირა,
გამოწვდილი ხელები შემაგება და შესძახა:
– დაგიჭირე თუ არა!
5

ჯარისკაცების გამოჩენამ და პარმაღზე მათი მუშკეტების ჟღარუნმა


საზოგადოება სუფრიდან წამოახტუნა, ხოლო საკუჭნაოდან შემობრუნებული
ხელცარიელი მისის ჯო – რომელსაც ის-ის იყო, ვაი-ვიში წამოეწყო: "ღმერთო
დიდებულო, ნეტავ სად გაქრა... ღვეზელი..." – სამზარეულოს ზღურბლზე
გააშეშა.

სახტად დარჩენილი მისის ჯო მე და სერჟანტს მოგვაშტერდა და ამ ახალმა


ელდამ გონს მომიყვანა. რომ გამომელაპარაკა და ხელი წამავლო, სწორედ
სერჟანტი ყოფილა და ახლა ის დამსწრეთ მარჯვენა ხელით ხელბორკილს
უწვდიდა, თითქოს ეპატიჟებაო, მარცხენა ხელი კი ჩემს მხარზე ჰქონდა
ჩამოდებული.

– მომიტევეთ, ქალბატონებო და ბატონებო, – თქვა სერჟანტმა, – როგორც ამ


ყმაწვილს მოვახსენე (არაფერიც არ მოუხსენებია!) მეფის სამსახურში ვარ,
საგანგებო ბრძანებას ვასრულებ და სასწრაფოდ მჭირდება მჭედელი.

– და იქნებ მითხრათ, რისთვის გჭირდებათ? – აქოთქოთდა ჩემი და,


რომელსაც ის ფაქტი უფრო აშფოთებდა, რომ ჯო შეიძლებოდა ვინმეს
დასჭირვებოდა.

– ქალბატონო, – მიუგო თავაზიანმა სერჟანტმა, – მხოლოდ ჩემი სახელით


რომ გესაუბრებოდეთ, გეტყოდით: მისი სანდომიანი და მშვენიერი მეუღლის
გასაცნობად-მეთქი, მაგრამ, რაკი მეფის სამსახურში გახლავართ, მოგახსენებთ:
მცირე სამუშაო უნდა დავავალო.

ამგვარი ენაკვიმატობა სერჟანტს ყველამ მოუწონა, მისტერ პამბლჩუკმა კი


წამოიძახა:

– კარგია!

– იცით, რა ხდება, მჭედელო, – სერჟანტს დამსწრეთა შორის ჯო უკვე


გამოერჩია და მას მიმართა, – აი, ეს ხელბორკილი გაგვიფუჭდა, ბოქლომი
გაიჭედა და არც ჯაჭვი მუშაობს. იქნებ შეავლოთ ხელი, რადგან დაუყოვნებლივ
შეიძლება დაგვჭირდეს.

ჯომ ხელბორკილი დაათვალიერა და თქვა, შეკეთებას სამჭედლო ღუმლის


გახურება დასჭირდება და, სულ ცოტა, ორ საათს მაინც გასტანსო.

– მართლა? მაშინ იქნებ ახლავე შეუდგეთ ამ საქმეს, მჭედელო? – დაჟინებით


სთხოვა სერჟანტმა და დასძინა, – რადგან ეს მისი უდიდებულესობის საქმეს
სჭირდება. და თუკი ჩემი ჯარისკაცები რამეში გამოგადგებიან, დაიხმარეთ, –
ჯარისკაცებს მოუხმო და სამზარეულოში სათითაოდ შემოლაგდნენ, იარაღი
კუთხეში ააყუდეს და ისე დადგნენ, როგორც ჯარისკაცებს სჩვევიათ: ზოგმა
მკლავები დაუშვა, ზოგმა ცალი მუხლი მოკეცა ან მხრით კედელს მიეყუდა, ზოგიც
ქამარს თუ ზურგჩანთის თასმას ისწორებდა. დროდადრო რიგრიგობით აღებდნენ
შემოსასვლელ კარს, მაღალ საყელოში მომწყვდეულ კისრებს იგრძელებდნენ და
ეზოში აფურთხებდნენ.

ამ ყოველივეს სრულიად უგონოდ შევყურებდი, რადგან შიშმა აღქმის უნარი


დამაკარგვინა. როგორც იქნა, ვიაზრე, რომ ხელბორკილი ჩემთვის არ იყო
განკუთვნილი და რომ სამხედროთა მოულოდნელმა გამოჩენამ ღვეზლის
გაქრობა მეორეხარისხოვანი გახადა. თანდათან არეული გრძნობა-გონება
მოვიკრიბე.

– იქნებ მითხრათ, რომელი საათია? – იკითხა სერჟანტმა. მისტერ პამბლჩუკს


მიმართა, რადგან, როგორც ჩანს, მისი ღირსეული იერის შემხედვარემ
გადაწყვიტა, ამ კაცს ჭკუა მოეკითხება, მათ შორის, დროსთან
დაკავშირებითაცო.

– ზუტად სამის ნახევარია.

– არც ისე ურიგოა, – ჩაფიქრდა სერჟანტი, – აქ ორი საათიც რომ გავჩერდე,


მაინც მოვასწრებ. თქვენგან ჭაობებამდე რა მანძილია? ერთი მილი იქნება, ხომ?

– ზუსტად ერთი მილია, – უპასუხა მისის ჯომ.

– კარგია. დაღამებამდე ალყას შემოვარტყამთ.

– პატიმრებს ეძებთ, სერჟანტო? – მცოდნე კაცის კილოთი შეეკითხა მისტერ


უოპსლი.
– დიახ, – დაუდასტურა სერჟანტმა, – ორია გაქცეული. დანამდვილებით
ვიცით, რომ ჯერ კიდევ ჭაობებში იმალებიან და ვიდრე არ ჩამობნელდება,
იქაურობის დატოვებას ვერ გაბედავენ. ვინმე თქვენგანს რამე საეჭვო ხომ არ
შეუნიშნავს?

ჩემ გარდა, ყველამ დარწმუნებით იუარა, მე არავის გავხსენებივარ.

– ასე თუ ისე, – დაასკვნა სერჟანტმა, – გონს მოსვლასაც ვერ მოასწრებენ,


რომ ალყაში აღმოჩნდებიან. ახლა კი, მჭედელო, თუკი მზად ხართ, მისი
უდიდებულესობა მეფე თქვენგან სამსახურს ელის.

ამასობაში ჯოს სერთუკი და ჟილეტი გაეხადა, ჰალსტუხი მოეხსნა და ტყავის


წინსაფარი შემოეცვა. სამჭედლოში შევიდა. ჯარისკაცებიც შეჰყვნენ. ერთმა
დარაბები გააღო, მეორემ ღუმელი დაანთო, მესამე საბერველს მიუბრუნდა,
დანარჩენები გარს შემოერტყნენ ცეცხლს, რომელიც მალე გაჩაღდა. მერე კი ჯომ
გრდემლზე ურო ააგრიალა და რკინა ააჟღარუნა. ჩვენ, ყველანი, კი მის მუშაობას
თვალს ვადევნებდით.

გაქცეულთა მოსალოდნელმა დევნამ არამარტო საყოველთაო ყურადღება


მიიპყრო, არამედ ჩემს დას გულუხვობაც კი გამოაჩენინა – ჯარისკაცებს
კასრიდან ლუდი ჩამოუსხა, სერჟანტს კი ბრენდი შესთავაზა, მაგრამ მისტერ
პამბლჩუკმა მკაცრად ურჩია:

– ჯობია, ღვინო დაალევინოთ, ქალბატონო, ღვინოში კუპრი ნამდვილად არ


ურევია, ამაზე თავს დავდებ, – რაზეც სერჟანტმა მადლი მოახსენა და აღიარა,
რაკი კუპრის დალევის არავითარი სურვილი არ მაქვს, ღვინო მირჩევნიაო.
როდესაც დაუსხეს, ჯერ მისი უდიდებულესობის სადღეგრძელო დალია, მერე
დამსწრეთ შობა მიულოცა და ბოლოს ტუჩები გემრიელად მოილოკა.

– ხომ კარგი ღვინოა, სერჟანტო? – თავმომწონედ ჰკითხა მისტერ


პამბლჩუკმა.

– ერთ რამეს გეტყვით, – მიუგო სერჟანტმა, – ვფიქრობ, ეს ღვინო თქვენი


შერჩეული იქნება.

– ასე ფიქრობთ? რატომ? – ჩუმი სიცილით ჩაეკითხა მისტერ პამბლჩუკი.


– იმიტომ, რომ, – სერჟანტმა მხარზე ხელი მოუთათუნა, – მცოდნე კაცი
ჩანხართ.

– მართლა? – ისევ თვითკმაყოფილი სიცილით ჩაეკითხა პამბლჩუკი, – კიდევ


ერთი ჭიქა დალიეთ.

– თქვენთან ერთად. ჭიქები მივაჭახუნოთ, – უთხრა სერჟანტმა, – კიდევ


ერთხელ: თქვენი ზევიდან, ჩემი ქვევიდან, ახლა – ჩემი ზევიდან, თქვენი
ქვევიდან, ესეც – მუსიკალური ჭიქების მელოდია! თქვენ გაგიმარჯოთ! ათას
წელიწადს გეცოცხლოთ და სწორი არჩევანის უნარი ნურასოდეს დაგეკარგოთ.

სერჟანტმა ისევ გამოცალა ჭიქა. ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, კიდევ


ერთზე ნამდვილად არ იტყოდა უარს. შევნიშნე, მისტერ პამბლჩუკს სრულებით
დაავიწყდა, რომ ღვინო გააჩუქა, მისის ჯოს ბოთლი გამოართვა და
მოზღვავებული გულუხვობით გაუმასპინძლდა ყველას. ცოტაოდენი მეც მარგუნა.
სასმელს ისე დიდსულოვნად არიგებდა, მალე მეორე ბოთლიც მოითხოვა და
ისიც, პირველივით, დაცალა.

თვალს რომ ვადევნებდი, ყველანი სამჭედლოს კართან როგორ


ტრიალებდნენ და რა ხალისით საუბრობდნენ, გავიფიქრე, ჩემმა პატიმარმა
მეგობარმა მაინც როგორ დაუმშვენა მათ სადილი. სად იყო მანამდე ის
მხიარულება და საამო აღელვება, მისი გაქცევის ამბავმა რომ შემოიტანა. და
ახლა – როცა ყველა აღტყინებით ელოდა "იმ ორი ჯიბგირის" დაჭერას; როცა, ასე
მეგონა, საბერველიც მათ მოსძახოდა, ცეცხლიც მათ გამო გუგუნებდა, კვამლიც
მათ გამოსადევნებლად მოქროდა, ჯოც მათთვის ურტყამდა უროს ჟღარუნა
რკინას და კედლებზე აწოწილი შავი ჩრდილებიც ალის მოძრაობაზე სულ მათ
უქნევდნენ თავებს, თითქოს ემუქრებიანო – მათი სიბრალულით გული ისე
მომეწურა, ჩემს ბავშვურ წარმოსახვაში დღეც ამ პატიმრების საცოდაობით
ჩამობნელდა და მოიქუფრა.

როგორც იქნა, ჯომ საქმე დაასრულა და გრგვინვა და ჟღარუნი შეწყდა. კვლავ


სერთუკით რომ შეიმოსა, გაბედული წინადადება წამოაყენა, მამაკაცები რაზმს
გაჰყოლოდნენ და გაქცეულების დაჭერისათვის თვალი ედევნებინათ. მისტერ
პამბლჩუკმა და მისტერ ჰაბლმა ჩიბუხი და ქალბატონების საზოგადოება
ამჯობინეს, მისტერ უოპსლმა კი განაცხადა, რომ თუკი ჯო აპირებდა წასვლას,
ისიც გაჰყვებოდა. ჯომ წასვლის სურვილი გამოთქვა და ჩემი თან წაყვანაც
მოინდომა, თუკი მისის ჯო ამის ნებას დართავდა. ჩემი და არცერთს არ
გაგვიშვებდა, ცნობისმოყვარეობას რომ არ აეტანა – ერთი სული ჰქონდა, გაეგო,
საქმე როგორ წარიმართებოდა და რით დამთავრდებოდა, ამიტომ ერთადერთი
პირობა წაუყენა:

– იცოდე, ბიჭს თუ ტყვიამ თავი გაუხეთქა, მერე მე ნუ მომთხოვ მის


გამთელებას.

სერჟანტმა ქალბატონებს თავი დაუკრა, მისტერ პამბლჩუკს კი ისე


გამოემშვიდობა, როგორც ძველ მეგობარს. თუმცა მეეჭვება, სასმლის გარეშე ამ
ჯენტლმენის ღირსებები ჯეროვნად დაეფასებინა. მისმა ჯარისკაცებმა მუშკეტებს
ხელი დაავლეს და მწყობრად დაეწყვნენ. მისტერ უოპსლმა, ჯომ და მე მკაცრი
მითითება მივიღეთ, რაზმის უკან უნდა გვევლო და როცა ჭაობებს მივაღწევდით,
ხმამაღლა არ გველაპარაკა. როდესაც ყველანი ღია ცის ქვეშ აღმოვჩნდით და
გზას გავუდექით, ჯოს შეთქმულის კილოთი ჩავჩურჩულე:

‒ ჯო, იმედი მაქვს, ვერ ვიპოვით.

– შილინგს არ დავიშურებ, ოღონდაც უკვე გაქცეულები იყვნენ, პიპ, –


ჩურჩულითვე მიპასუხა ჯომ.

სოფლიდან მოხალისე არავინ გამოგვყოლია, რადგან დღე სუსხიანი და


პირქუში იყო, ღამდებოდა, ოღროჩოდრო გზა მოიყინა, შინ კი ყველას ბუხარი
ენთო და შობას ზეიმობდა. ერთი-ორი ცნობისმოყვარე სახე მოაწყდა განათებულ
ფანჯრებს, მაგრამ გარეთ არავინ გამოსულა. საჩვენებელთითიან საგზაო ნიშანს
ჩავუარეთ და პირდაპირ სასაფლაოსაკენ გავემართეთ. იქ სერჟანტმა გვანიშნა,
შევჩერებულიყავით, ვიდრე რამდენიმე ჯარისკაცი საფლავებს შორის დაეძებდა
რამე კვალს, ეკლესიის კარიბჭეც გულდაგულ მოათვალიერეს, მაგრამ ვერაფერს
მიაგნეს. სასაფლაოს გვერდითი ჭიშკარი გავიარეთ და ჭაობებზე გავედით. აქ
აღმოსავლეთის ქარმა სველი თოვლით დაგვცხრილა და ჯომ ზურგზე შემისვა.

როცა იმ უდაბურ ადგილებში გავედით, სადაც რვა თუ ცხრა საათის წინათ


ვიყავი და ორივე გაქცეული ვნახე (დანარჩენები რას წარმოიდგენდნენ?!),
მაშინღა შემაცია იმის გაფიქრებაზე, რომ, თუკი მართლაც მივაგნებდით, ჩემს
პატიმარს უსათუოდ ეგონებოდა, ჯარსკაცების რაზმი მე მივაყენე! ხომ მკითხა,
მომატყუე თუ არა, ჭინკავო; ისიც მითხრა, ნამდვილი ქოფაკი იქნები, ჩემს
მდევრებს თუ შეუერთდებიო. მაშ, ახლა რა გამოდიოდა? ხომ მართლაც ჭინკა და
ქოფაკი ვეგონებოდი და ეჭვიც არ შეეპარებოდა, რომ სწორედ მე გავეცი?

ამ შეკითხვების დასმას აზრი აღარ ჰქონდა. მეც აქ ვიყავი, ჯოს ზურგზე, ჩემს
ქვემოთ კი ჯო, რომელიც გუბეებს შორის მონადირესავით მიაბიჯებდა და მისტერ
უოპსლს დროდადრო ხელს აშველებდა, რათა თავისი რომაული ცხვირით
წუმპეში არ ჩარგულიყო, ან არ ჩამოგვრჩენოდა. გრძელ მწკრივად გაშლილი
ჯარისკაცები წინ მიგვიძღოდნენ, ერთმანეთს შორის თანაბარ მანძილს
ინარჩუნებდნენ. სწორედ იმ გზას მივუყვებოდით, რომლიდანაც გამთენიისას
ნისლში გადავუხვიე. ამჯერად ნისლი არ ჩამოწოლილა, ან იქნებ ქარს გაეფანტა.
ჩამავალი მზის ქვეშ გაწოლილ წითელ სხივებში მკაფიოდ მოჩანდა შუქურაც,
სახრჩობელაც, სანგრის ბორცვიცა და მდინარის გაღმა ნაპირიც, და ყველაფერს
მრუმე ტყვიისფერი გადაჰკვროდა.

ჩემი გული ჯოს ფართო ზურგს ისე გამალებით ეხლებოდა, როგორც მჭედლის
ურო – გრდემლს. გაფაციცებით ვიყურებოდი აქეთ-იქით, მაგრამ პატიმრები
არსად ჩანდნენ, არც რამე ხმა ისმოდა. მისტერ უოპსლმა ცხვირის ხმაურიანი
მოხოცვითა და ქოშინით რამდენჯერმე გული გამიხეთქა, მაგრამ ამ ხმებს
თანდათან შევეჩვიე და ჩვენი ძიების საგნისაგან უკვე შეუცდომლად ვარჩევდი.
ერთხელაც ძლიერად შევკრთი, ისევ ქლიბის ღრჭიალი რომ მომეჩვენა, მაგრამ
ცხვრის ყელზე ჩამოკიდებული ეჟვანი ყოფილა. ცხვრებმა ძოვა შეწყვიტეს და
თვინიერად მოგვაჩერდნენ. ძროხები კი ქარსა და თოვლს დრუნჩებს
არიდებდნენ და ისეთი მომდურებული თვალებით გვიყურებდნენ, თითქოს
ქარიცა და წვიმაც ჩვენი ბრალი ყოფილიყო. ამას გარდა, მხოლოდ მომაკვდავი
დღე თრთოდა ბალახის თითოეულ ღერში, სხვამხრივ კი ჭაობების პირქუშ
გარინდებას არაფერი არღვევდა.

ჯარისკაცები სანგრისაკენ მიიწევდნენ, ჩვენც მცირე შუალედით მივყვებოდით


უკან. უცბად ყველანი ადგილზე გავჩერდით. ქარმა ჩვენამდე წვიმასთან ერთად
გაბმული ყვირილი მოაწვდინა. ისევ. აღმოსავლეთიდან, კარგა შორიდან ისმოდა,
ხმამაღალი და უწყვეტი. თუმცა, შესაძლოა, ორი ან მეტი ადამიანიც ღრიალებდა,
რამდენადაც ქარი იძლეოდა დაზუსტების საშუალებას.

მე და ჯო რომ წამოვეწიეთ, სერჟანტი უახლოეს ჯარისკაცებს ამის შესახებ


ხმადაბლა ელაპარაკებოდა. წამით ყველამ მიაყურადა და ჯო (რომელიც ამგვარ
რამეებში ერკვეოდა), დაეთანხმა, ხოლო მისტერ უოპსლმა (ამაში სრულებით
რომ ვერ ერკვეოდა) კვერი დაუკრა. სერჟანტი შეუპოვარი კაცი ჩანდა – ბრძანება
გასცა, ყვირილისთვის პასუხი არ გაეცათ, კურსი შეეცვალათ და უფრო სწრაფად
განეგრძოთ სვლა. ასე რომ, მარჯვნივ (ანუ აღმოსავლეთისაკენ) გავქანდით და
ჯოს მაგრად ჩავეჭიდე, მისი ზურგიდან ბრაგვანი რომ არ მომედინა.

სწრაფად გავრბოდით და აქოშინებული ჯო ორადორ სიტყვას იმეორებდა:


– ნამდვილი დოღია!

ბორცვებზე აღმა-დაღმა მივხტოდით, გუბეებში ვაჭყლაპუნებდით, დამბებს


ვახტებოდით, ხისტ ლელიანს მივაპობდით, გზა-კვალს აღარავინ არჩევდა. როცა
მივუახლოვდით იმ ადგილს, საიდანაც ხმაური ისმოდა, ცხადი გახდა, რომ ერთზე
მეტი ადამიანი ღრიალებდა. დროდადრო სიჩუმე ისადგურებდა და ჯარისკაცები
ადგილზე შეშდებოდნენ. ხელახლა ატეხილ ყვირილზე გაორმაგებული სიჩქარით
მიიწევდნენ წინ და ჩვენც მივყვებოდით. ცოტა ხანში იმდენად მივუახლოვდით,
რომ გავარჩიეთ ერთი ხმა, რომელიც სასოწარკვეთილი ბღაოდა: "მკლავენ!",
მეორე კი ყვიროდა: "პატიმრები! გაქცეული პატიმრები! დაცვა! აქეთ!" მერე
ორივე
ხმა ჩხუბის გაურკვეველმა ბგერებმა ჩაახშო, ხოლო როცა კვლავ გავიგონეთ
იგივე შეძახილები, ჯარისკაცები ირმებივით გაქანდნენ და არც ჯო ჩამორჩა.

სერჟანტი წინ გარბოდა, ორი ჯარისკაცი ფეხდაფეხ მიჰყვებოდა; და როცა


წამოვეწიეთ, თოფები უკვე მოემარჯვებინათ და დაემიზნებინათ.

– ორივე აქ არის! – იყვირა აქოშინებულმა სერჟანტმა და თხრილში ჩახტა, –


დაგვნებდით ორივე! მხეცები ხართ თუ ადამიანები? ჩხუბი შეწყვიტეთ!

თხრილიდან წყლის დგაფუნი, ტალახის შხეფები, დარტყმის ხმები და


კბილებს შორის გამოცრილი გინება ამოდიოდა, ვიდრე რამდენიმე ჯარისკაცი არ
მიეშველა სერჟანტს და სათითაოდ არ ამოათრია ჯერ ჩემი პატიმარი, მერე –
მეორე. ორივე დასისხლიანებული იყო, ბრძოლისაგან ქანცგამოცლილი; თუმცა
თავდამსხმელებს მაინც გამალებით იგერიებდნენ და ლანძღავდნენ. რა თქმა
უნდა, ორივე იმწამსვე ვიცანი.
– გაითვალისწინეთ! – ჩემმა პატიმარმა დაძენძილი სახელოთი სისხლიანი
სახე მოიწმინდა და ამოგლეჯილი თმის ბღუჯა თითებიდან ჩამოიბერტყა, – მე
დავიჭირე! ეს კაცი მე ჩაგაბარეთ! გაითვალისწინეთ!

– ამას დიდი მნიშვნელობა არა აქვს, – უთხრა სერჟანტმა, – ვერც რამეს


გარგებს, რაკი შენც მის მდგომარეობაში ხარ. ხელბორკილები!

– არანაირი სარგებელი არ მინდა, არანაირ სიკეთეს არ მოველი, გარდა იმისა,


რასაც უკვე მივაღწიე, – საზარელი სიცილით უპასუხა პატიმარმა, – სწორედ მე
დავიჭირე და ეს თვითონაც იცის. ჩემთვის ესეც კმარა.
მეორე პატიმარი სულ მთლად გალურჯებულიყო. ცალი ყვრიმალის ძველ
ნაიარევს ურიცხვი ახალი ნაკაწრ-ძრილობა დამატებოდა და მთელი სახე
დაეფარა. სული ვერაფრით მოითქვა, ვიდრე ორივეს ხელბორკილები არ დაადეს.
ფეხზეც ძლივს იდგა და, რომ არ დაცემულიყო, ერთ-ერთ ჯარისკაცს მიეყუდა.

– გაითვალისწინეთ, სერჟანტო, ეს კაცი მოკვლას მიპირებდა, – ეს პირველი


სიტყვები იყო, რაც წარმოთქვა.

– გიპირებდი? – ზიზღით გადახედა ჩემმა პატიმარმა, – გიპირებდი და არ


მოგკალი? იცოდეთ: მე დავიჭირე და ჩაგაბარეთ. და არამარტო ჭაობებიდან
გაქცევის საშუალება არ მივეცი, აქამდეც მოვათრიე, გემებთან ახლოს. ეს
არამზადა, თქვენი ნებართვით, ჯენტლმენი გახლავთ. ჰოდა, ჩემი
დამსახურებით, ციხე თავის ჯენტლმენს დაიბრუნებს. მოკვლა? მისი მოკვლა
რად მინდოდა, თუკი შემეძლო, უარეს დღეში ჩამეგდო და ციხეში
დამებრუნებინა?

მეორემ უღონოდ გაიმეორა:

– ეს კაცი... მოკვლას... მ-მიპირებდა... დამემოწმეთ...

– აქეთ მომხედეთ, – მიმართა ჩემმა პატიმარმა სერჟანტს, – ციხიდან მარტო


გავიქეცი, არავინ დამხმარებია. ამ ნესტისა და სიცივის ბუდიდანაც იოლად
გავიქცეოდი, ფეხზე დამხედეთ, ბორკილი აღარ მადევს. მაგრამ როგორც კი
შევიტყვე, რომ ესეც გაქცეულა... ამის საშუალებას ვერ მივცემდი. როგორ? ჩემ
მიერ ნაპოვნი გასაქცევი გზით ესარგებლა? ისევ გამოვეყენებინე, როგორც უკვე
არაერთხელ უქნია? არა, არავითარ შემთხვევაში! სულიც რომ გამეფრთხო აი, იმ
ორმოში, – შებორკილი ხელები თხრილისკენ შთამბეჭდავად გაიქნია, – მაინც არ
გავუშვებდი ხელს, ვიდრე არ დავრწმუნდებოდი, რომ იპოვეთ და ციხეში
დააბრუნებთ.

აშკარა იყო, მეორე პატიმარს თავისი ამხანაგის შიშით აზანზარებდა. ისევ


ამოილუღლუღა:

– ჩემი მოკვლა სცადა. თქვენ რომ არა, ახლა ცოცხალი აღარ ვიქნებოდი.

– ტყუის! – მრისხანედ შესძახა ჩემმა პატიმარმა, – მატყუარა გაჩნდა და


მატყუარადვე მოკვდება. შეხედეთ, ყველაფერი სახეზე აწერია! თვალი
გამისწოროს, თუ კაცია, თვალებში ჩამხედოს!
მეორემ დამცინავად გაღიმება სცადა, მაგრამ ტუჩები ნერვიულად უთრთოდა
და არაფერი გამოუვიდა. ჯარისკაცებს გადახედა, მერე ჭაობებსა და ცას მოავლო
თვალი, მაგრამ თავისი ამხანაგისკენ არც მიუხედავს.
– ხედავთ? – არ ცხრებოდა ჩემი პატიმარი, – ხედავთ ამ ნაძირალას?
თვალები როგორ დაურბის და უთამაშებს? ერთად რომ გვასამართლებდნენ,
მაშინაც ასე იცქირებოდა, ერთხელაც არ გაუსწორებია ჩემთვის თვალი.

მეორემ, რომელსაც გამშრალი ტუჩები განუწყვეტლივ უთრთოდა და


თვალებსაც შორ და ახლო საგნებზე აცეცებდა, თანამოსაუბრეს წამით გადახედა
და ჩაილაპარაკა:

– რა შესახედი შენ ხარ, – რის შემდეგაც დამცინავი მზერა შებორკილ


ხელებზე ჩამოატარა. ამან ჩემი მეგობარი ისე გააცეცხლა, შეშლილივით წაიწია
მისკენ და, ჯარისკაცებს რომ არ დაეკავებინათ, ეცემოდა.

– ხომ გეუბნებოდით? – თქვა მეორე პატიმარმა, – რომ შეეძლოს, მომკლავდა!


– ყველამ ცხადად დაინახა, შიშით როგორ ცახცახებდა და ტუჩის კუთხეებში
თეთრი თრთვილივით მოადგა დუჟი.

– კმარა ლაპარაკი! – ბრძანა სერჟანტმა, – ჩირაღდნები აანთეთ!

ერთი ჯარისკაცი კალათის, რომელიც თოფის ნაცვლად ეკავა, გასახსნელად


დაიხარა. ჩემმა პატიმარმა ამ ხნის განმავლობაში პირველად მიმოიხედა და
თვალი მომკრა. თხრილის პირას როცა მივედით, ჯოს ზურგიდან ჩამოვცოცდი და
მას მერე ადგილიდან არ დავძრულვარ. როდესაც დამინახა, მეც დაჟინებით
შევხედე, ხელები ოდნავ ავწიე და თავი გავაქნიე. ველოდებოდი, როდის
შემნიშნავდა, რათა ჩემ უდანაშაულობაში დამერწმუნებინა. ისიც კი ვერ გავიგე,
მიმიხვდა თუ არა, რადგან რაღაც გაუგებრად შემომხედა, თანაც მხოლოდ წამით.
მაგრამ ერთი საათის განმავლობაშიც რომ ეცქირა, უფრო მეტი გაფაციცებით ვერ
შემომხედავდა.

კალათიანმა ჯარისკაცმა მალევე აანთო ცეცხლი, ჩირაღდნებს სათითაოდ


მოუკიდა და ამხანაგებს დაურიგა. მანამდე თუ ბინდი იყო, ახლა სიბნელემ
იმატა, მერე კი უკუნეთი ჩამოწვა. ვიდრე ადგილიდან ფეხს მოვიცვლიდით, ოთხი
ჯარისკაცი წრეში ჩადგა და ჰაერში ორ-ორჯერ გაისროლა. უეცრად დავინახეთ,
რომ ჩვენ უკან, მოშორებით, სხვა ჩირაღდნებიც აინთო, მერე მდინარის მეორე
ნაპირზეც აბრდღვიალდა სინათლეების გუნდი.

– ყველაფერი რიგზეა! – განაცხადა სერჟანტმა, – ნაბიჯით იარ!

ბევრი არ გაგვევლო, როცა ჩვენ წინ ზარბაზანმა სამჯერ დაიქუხა, თან ისე
ძლიერად, ასე მეგონა, ყურში რაღაც ჩამწყდა-მეთქი.

– ბორტზე გელოდებიან, – უთხრა სერჟანტმა ჩემს პატიმარს, – იციან, რომ


მობრძანდები. წინ! რიგი შეკარით!

დაკავებულები ცალ-ცალკე მოჰყავდათ. თითოეული საკუთარი ბადრაგის


თანხლებით მიაბიჯებდა. მე ჯოს ჩავკიდე ხელი, მეორე ხელში მასაც ჩირაღდანი
ეჭირა. მისტერ უოპსლმა შინ დაბრუნება შემოგვთავაზა, მაგრამ ჯოს უნდოდა, ეს
ამბავი ბოლომდე ენახა, ამიტომაც ჯარისკაცებს გავყევით. ახლა კარგად
გაკვალულ ბილიკს მივუყვებოდით, რომელიც დროდადრო რომელიმე დამბას
უვლიდა, ზედ დადგმული ციცქნა წისქვილითა და შლამმოდებული რაბით. უკან
მივიხედე და დავინახე, ჩირაღდნებიანი მეორე რაზმი კვალში მოგვყვებოდა.
ჩვენს ჩირაღდნებს ბილიკზე ცეცხლის ნაღვენთები სცვიოდა. სიბნელეში
ვამჩნევდი, ეს წვეთები როგორ ბოლავდა და ინავლებოდა. საერთოდ,
წყვდიადის გარდა სხვას ვერაფერს ვხედავდი. ჩვენი ჩირაღდნების
ცეცხლმოკიდებული ფისი გარშემო ჰაერს ათბობდა და გათოშილ პატიმრებს,
მგონი, სიამოვნებდათ კიდეც. მუშკეტების ტევრში ფეხათრევით მიაბიჯებდნენ.
მათ გამო სწრაფად ვერ მივდიოდით. იმდენად იყვნენ ქანცგაწყვეტილნი, რომ
რამდენჯერმე ცოტა ხნით შეჩერებაც კი მოგვიხდა, რათა დაესვენათ.

ერთსაათიანი მარშის შემდეგ ნავსადგომთან უხეში ფიცრებით ნაგებ ქოხს


მივადექით. ქოხიდან გუშაგი შეგვეხმიანა და სერჟანტმა პასუხი გასცა. ქოხში
შევედით, იქ თამბაქოსა და კირის სუნი იდგა, ბუხარში ცეცხლი გიზგიზებდა,
მაგიდაზე ლამპა იდგა, იქვე გავარჩიე მუშკეტების დგარი, დოლი და დაბალი
ფიცრული საწოლი, რომელიც მექანიზამოცლილ, ვეება საჯანდრავს ჰგავდა და
რომელზედაც ათზე მეტი ჯარისკაცი დაეტეოდა. ზედ მწოლიარე სამი-ოთხი
მაზარაგადაფარებული ჯარისკაცი ჩვენით დიდად არ დაინტერესებულა,
წამოიწივნენ, ნამძინარევი მზერა შეგვავლეს და მაშინვე ისევ დაწვნენ.
სერჟანტმა ვიღაცას ანგარიში ჩააბარა, წიგნაკში რაღაც ჩაიწერა, მერე კი ის,
ვისაც მეორე პატიმარს ვუწოდებ, ბადრაგთან ერთად მცურავ ციხეში გაამწესა.

ჩემს პატიმარს მას მერე ჩემკენ აღარ გამოუხედავს. სულ ცეცხლთან იდგა და
ჩაფიქრებული ჩაჰყურებდა. ხან ერთ ფეხს შემოსდებდა ბუხრის გისოსზე, ხან
მეორეს და ისე დაჰყურებდა, თითქოს მათი ბოლოდროინდელი
თავგადასავლების გამო უზომოდ ებრალებოდა. უეცრად სერჟანტს მიუბრუნდა
და მიმართა:

– ჩემ გაქცევასთან დაკავშირებით რაღაც მინდა განვაცხადო. იქნებ ამით


ზოგიერთ პიროვნებას ჩემთან ერთად ეჭვქვეშ მოქცევის საფრთხე ავაცილო.

– რაც გსურს, ის შეგიძლია განაცხადო, – სერჟანტმა გულზე ხელები დაიკრიფა


და მშვიდად გადახედა, – მაგრამ აუცილებელი არ არის, ეს აქ ქნა. თავის დროზე
მოგეცემა ლაპარაკისა და მოსმენის სრული შესაძლებლობა.

– ვიცი, მაგრამ აქ სხვა ამბავია. კაცი შიმშილს ვერ იტანს, ყოველ


შემთხვევაში, მე ვერ ავიტანე, ჰოდა, საჭმელი ავიღე აი, იქითა სოფლიდან, ზედ
ჭაობების პირას ეკლესია რომ მოჩანს.

– გინდა თქვა, რომ მოიპარე, – შეუსწორა სერჟანტმა.

– იმასაც გეტყვით, ვისაც მოვპარე. ვის და მჭედელს.

– ოჰო! – სერჟანტი ჯოს გაკვირვებით მიაჩერდა.

– ოჰო, პიპ! – გაიკვირვა ჯომაც და შემომხედა.

– ნარჩენები იყო, ბევრი არაფერი, კიდევ – ერთი ბოთლი ბრენდი და ხორცის


ღვეზელი.

– მჭედელო, შინ ხორცის ღვეზელი ხომ არ მოისაკლისეთ? – მომთხოვნი


კილოთი შეეკითხა სერჟანტი.

– ჩემმა ცოლმა სწორედ იმ წუთებში მოისაკლისა, თქვენ რომ შემოხვედით.


გახსოვს, პიპ?

– მაშ, – პატიმარმა ჯო მღვრიე თვალებით შეათვალიერა, ჩემკენ წამითაც არ


გამოუხედავს, – მაშ, მჭედელი თქვენ ხართ? თუ ასეა, ვწუხვარ, მაგრამ თქვენი
ღვეზელი მე შევჭამე.

– ღმერთმა შეგარგოს, თუკი მართლაც ჩემი იყო, – უპასუხა ჯომ, რომელსაც,


როგორც ჩანს, მისის ჯოზე ფიქრი მხსნელად მოევლინა, – რა დანაშაული გაქვს
ჩადენილი, ეს არ ვიცით, მაგრამ სულაც არ გვსურს, შიმშილით მოკვდე, საბრალო
ადამიანის შვილო. ასე არ არის, პიპ?

პატიმარმა ისევ ის ბგერა ამოუშვა ყელიდან, გამთენიისას რომ მეუცნაურა, და


სწრაფად შეგვაქცია ზურგი. ამასობაში ნავი დაბრუნდა და ჯარისკაცებმა
წასაყვანად მოაკითხეს. ჩვენ ქვებისა და უხეში მორებისაგან შეკრულ
ნავსაბმელამდე მივაცილეთ და ვნახეთ, როგორ ჩასვეს ნავში, რომელსაც
მისნაირი პატიმრები მართავდნენ. დაბრუნებული ამხანაგის დანახვაზე მათგან
არცერთს არ გამოუხატავს გაკვირვება, ინტერესი, სიხარული თუ წყენა, ერთი
სიტყვაც კი არავის დასცდენია, მხოლოდ ნავში მჯდომთაგან ერთ-ერთმა ისე
იღრიალა, თითქოს ძაღლებს მიმართავსო:

– ნიჩბები მოუსვით! – და ნავი ნელა გაცურდა.

ჩირაღდნების შუქზე ნაპირის მოშორებით ვეება, შავი გემი ნოეს უკეთური


კიდობანივით აღმართულიყო. ფიცრებით აჭედილი და მძიმე ჯაჭვებშემოხვეული,
ციხედ ქცეული გემი ჩემს ბავშვურ თვალში თვითონაც შებორკილი პატიმარი იყო.
დავინახეთ, ნავი ბორტს როგორ მიადგა, პატიმარი ზედ ავიდა და თვალს
მიეფარა. ამის შემდეგ ჩირაღდნები ნაპირიდან წყალში ისროლეს და ცეცხლი
შიშხინით ჩაქრა, თითქოს ამ კაცის აღსასრული დამდგარიყო.
6

მას მერე, რაც ქურდობის ბრალდება ასე მოულოდნელად მომეხსნა,


ყველაფრის გულწრფელად აღიარება მაინც არ მიფიქრია. თუმცა იმედი მაქვს,
ამას, გარკვეულწილად, კეთილი განზრახვაც ედო საფუძვლად.

არ მახსოვს, ოდნავი სინდისის ქენჯნა მაინც განმეცადოს მისის ჯოს წინაშე –


მთავარი იყო, რომ ჩემი დის სასჯელს ავცდი. მაგრამ ჯო მიყვარდა – შესაძლოა,
მხოლოდ იმის გამო, რომ ეს მართლაც გულკეთილი კაცი უფლებას მაძლევდა,
მყვარებოდა – ამიტომ ჯოს წინაშე სინდისი არ მასვენებდა. თავში მიტრიალებდა
აზრი, მისთვის ყველაფერი მეთქვა (განსაკუთრებით მაშინ, როცა ქლიბის ძებნას
შეუდგა), მაგრამ ხმა არ ამომიღია, რადგან არ მინდოდა, ჯოს იმაზე ცუდი
ვგონებოდი, ვიდრე სინამდვილეში ვიყავი. მისი ნდობის დაკარგვისა მეშინოდა.
ძრწოლას მგვრიდა იმის წარმოდგენა, ბუხრის კუნჭულში როგორ ვიჯდებოდი და
ამაოდ ვეცდებოდი, ჩემი სამუდამოდ დაკარგული მეგობრის მზერა დამეჭირა.
ამაზე ფიქრმა ენა დამიბორკა. რამდენჯერაც თავისი ქერა ბაკენბარდების
წიწკნას შეუდგებოდა, იმდენჯერ გარდუვალად უნდა მგონებოდა, ჩემს
საქციელზე ფიქრობს-მეთქი და გული ტკივილისგან შემკუმშვოდა. ჯოს რომ ეს
სცოდნოდა და სუფრასთან მოტანილი გუშინდელი ხორცისა თუ პუდინგისათვის
თუნდაც წამით შეევლო თვალი, თავში აუცილებლად გამიელვებდა: ალბათ,
ეჭვობს, საკუჭნაოში ხომ არ შევპარულვარ. ჯოს რომ ეს სცოდნოდა, საკმარისი
იქნებოდა, სამომავლოდ ჩვენი შინაურული თანაცხოვრების ნებისმიერ წამს
გაკვრით შეენიშნა, ლუდი უგემური ან მეტისმეტად სქელიაო, სირცხვილით
ავილეწებოდი, ვაითუ ეჭვობს, შიგ კუპრი თუ ურევიაო. ერთი სიტყვით, რაც
სწორად მიმაჩნდა, იმის გასაკეთებლად ისევე არ მყოფნიდა გამბედაობა,
როგორც იმის არგასაკეთებლად არ მეყო, რასაც დანაშაულად ვთვლიდი.
იმხანად სამყაროს სრულად მოწყვეტილი ვიყავი და მის მრავალფეროვან
მცხოვრებთაგან არავისთვის მიმიბაძავს; როგორც ჭეშმარიტ თვითნაბად
მოაზროვნეს, სამოქმედო გეზის არჩევა დამოუკიდებლად მიწევდა.

მცურავ ციხეს როცა ოდნავ მოვშორდით, უკვე ისე მეძინებოდა, ჯომ კვლავ
ზურგზე შემისვა და სახლამდე მატარა. მისთვის ეს ძალზე დამღლელი გზა
გამოდგა, რადგან მისტერ უოპსლს სრულიად გამოეცალა ძალა და ისე წაუხდა
გუნება, "ეკლესიის კარი ღია რომ ყოფილიყო", ალბათ – ჯოთი და ჩემით
დაწყებული – ექსპედიციის უკლებლივ ყველა მონაწილეს განკვეთდა. რაკი მისი
შესაძლებლობები ასე შორს არ ვრცელდებოდა, იმას დასჯერდა, არცერთი გუბე
ისე არ გამოეტოვა, შიგ რომ არ ჩავარდნილიყო. ეს სისხლის სამართლის
დანაშაული რომ ყოფილიყო, ჩამოხრჩობა არ ასცდებოდა. როცა ჩვენს
სამზარეულოში შესვლისთანავე სერთუკი გაიხადა და ბუხართან გასაშრობად
მიაფინა, შარვლის ტოტებზე საკმარისზე მეტი მამხილებელი ნივთმტკიცება
აღმოაჩნდა.

ამასობაში ჯომ სამზარეულოს იატაკზე ჩამომსვა. ლოთივით ვბარბაცებდი,


რადგან გზაში ღრმად ჩამეძინა, ახლა კი სითბომ, სინათლემ და ლაპარაკმა
გამომაფხიზლა. როცა გონს მოვედი (რაშიც ჩემი დის მიერ ბეჭებზე სათითის
ძლიერად დაკვრა და მისი შეძახილი: "ოჰ, გამაგიჟებს ეს ბავშვი!" – დამეხმარა),
ჯო უკვე პატიმრის მიერ აღიარებული ქურდობის შესახებ ჰყვებოდა. შემდეგ
ყველა სტუმარმა სათითაოდ წამოაყენა ვერსია, რანაირად შეიძლებოდა ქურდს
საკუჭნაოში შეეღწია. მისტერ პამბლჩუკმა ჩვენი საცხოვრისი გულდაგულ
მოათვალიერა და დაასკვნა, ქურდი ჯერ სამჭედლოს სახურავზე აძვრებოდა,
იქიდან სახლის სახურავზე გადაძვრებოდა და თოკივით დაგრეხილი ზეწრით
სამზარეულოს ბუხრის მილში ჩაძვრებოდაო. რაკი მისტერ პამბლჩუკი ამაში
მტკიცედ იყო დარწმუნებული და რაკი დამსწრეთაგან საკუთარი ოთხი თვალით
სხვა ვერავინ დაიკვეხნიდა, ყველა დაეთანხმა, სხვანაირად ვერ მოხდებოდაო.
მართალია, ქანცგაწყვეტილი მისტერ უოპსლი ღვარძლით ყვიროდა "არას",
მაგრამ, რაკიღა არც თავისი თეორია გააჩნდა და არც სერთუკი ეცვა, ყური
არავინ ათხოვა; ამ ყველაფერთან ერთად, ზურგით ბუხართან იდგა და
ღრუბელივით ასდიოდა ორთქლი, რაც მისდამი ნდობას კიდევ უფრო ამცირებდა.

იმ საღამოს მეტი აღარაფერი მომისმენია, რადგან ჩემმა დამ ხელი დამავლო,


აქაოდა, ძილმორეული სახით პატიოსან საზოგადოებასთან ნუ მარცხვენო, და
საძინებელში ისეთი ძალით ამათრია, მეგონა, წყვილის ნაცვლად ორმოცდაათი
ფეხსაცმელი მეცვა და ერთი საფეხურიც არ გამომიტოვებია, თითოეულის ცხვირი
ზედ რომ არ წამომეკრა. ჩემი გუნება-განწყობა, რომლის მდგომარეობაც ზემოთ
უკვე აღვწერე, მანამ შეიცვალა, ვიდრე დილა გათენდებოდა და კიდევ დიდხანს
გაგრძელდა მას მერეც, რაც ეს შემთხვევა თანდათან დავიწყებას მიეცა და
მხოლოდ ათასში ერთხელ თუ გაიხსენებდნენ.
#

იმ დროისათვის, როდესაც სასაფლაოზე ვიდექი და ჩემი ოჯახის სამარის


წარწერებს ვკითხულობდი, წერა-კითხვა მხოლოდ იმდენად ვიცოდი, ეს
წარწერები ძლივძლივობით რომ გამერჩია. თუმცა მათი მარტივი მნიშვნელობაც
კი არასწორად მესმოდა, რადგან "მეუღლე ზემოთმოხსენიებულისა" მამაჩემის
საპატიო მდგომარეობისა და სასუფეველში დამკვიდრებაზე მინიშნებად
ჩავთვალე, ხოლო ჩემს რომელიმე ნათესავზე რომ წამეკითხა –
"ქვემოთმოხსენიებული", მასზე უსათუოდ არასახარბიელო წარმოდგენა
შემექმნებოდა. არც კატეხიზმოდან ნასწავლ რელიგიურ დოგმებზე მქონდა
მკაფიო და სწორი წარმოდგენა; მაგალითისათვის, კარგად მახსოვს, მითითება
"სიცოცხლის ბოლომდე მუდამ ამ გზით მევლო" მეგონა, იმას მაიძულებდა,
სოფელში ჩვენი სახლიდან სულ ერთი და იმავე გზით მევლო, ხოლო მებორბლის
სახლისაკენ ან წისქვილისაკენ არავითარ შემთხვევაში არ გადამეხვია.

თავის დროზე ჯოს შეგირდად უნდა მივბარებოდი, მანამდე კი, ვიდრე ეს


პატივი მერგებოდა, მისის ჯო ფიქრობდა, რომ ჩემი განებივრება ან, როგორც ის
ამბობდა, "ლოლიავი" არ ღირდა, ამიტომ ჯოსაც ვეხმარებოდი სამჭედლოში და
მეზობლებიც, თუკი რომელიმეს ბოსტნიდან ფრინველების გაყრა, ქვების
აგროვება თუ მსგავსი საქმე გამოუჩნდებოდა, რასაც ჩემხელა ბიჭი მოერეოდა,
პატივს მდებდნენ და მასაქმებდნენ. ცხადია, ოჯახს საზოგადოების წინაშე
ღირსება რომ არ შელახვოდა, ბუხრის თავზე საგანგებო ყულაბა დაიდგა, სადაც,
როგორც საქვეყნოდ იქნა გამოცხადებული, ჩემი ჯამაგირი იყრებოდა. ეყვი მაქვს,
ეს ფული, საბოლოოდ, სახელმწიფო ვალის დასაფარად იყო განკუთვნილი,
ყოველ შემთხვევაში, ამ საგანძურის ოდესმე ხელში ჩაგდების არანაირი იმედი
არ მქონდა.

მისტერ უოპსლის ბებიდას სოფელში საღამოს სკოლა ჰქონდა გახსნილი. ეს


ახირებული დედაბერი ფრიად შეზღუდული გონებითა და აუარება სნეულებით
გამოირჩეოდა. ყოველ საღამოს, ექვსიდან შვიდ საათამდე წესად ჰქონდა,
ათიოდე ყმაწვილის საზოგადოებაში გამოეძინა, რომელთაგანაც თითოეული ამ
შემეცნებითი სანახაობისათვის კვირაში ორ პენსს იხდიდა. ქალი პატარა კოტეჯს
ქირაობდა, რომლის მეორე სართულზეც მისტერ უოპსლი ცხოვრობდა. მოწაფეებს
გვესმოდა, კაცი თავის ოთახში ხმამაღლა და მჭექარედ როგორ კითხულობდა,
ზოგჯერ კი ფეხის ბრაგუნით ჭერსაც აზანზარებდა. წესით, კვარტალში ერთხელ
მისტერ უოპსლს მოწაფეები უნდა "გამოეცადა". სინამდვილეში კი ასე ხდებოდა –
მკლავებს იკაპიწებდა, თმას იჩეჩდა და მარკუს ანტონიუსის მიერ კეისრის
ცხედართან წარმოთქმული მონოლოგით გვატკბობდა. ამას აუცილებლად
მოსდევდა კოლინზის ოდა "ვნებანი" – აქ მისტერ უოპსლი ყველაზე მეტად
შურისძიების როლში მომწონდა, როდესაც მეხის ხმაზე ძირს ანარცხებდა
მახვილს სისხლიანს და მქუხარე ბუკით ომსა და ჟლეტას მოასწავებდა.
მოგვიანებით, როცა ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ ნამდვილ ვნებებს
შემახვედრა და ისინი კოლინზისა და უოპსლის შეხედულებებს შევადარე, შედეგი
ამ ორი ჯენტლმენისათვის სახარბიელო ნამდვილად არ აღმოჩნდა.

გარდა საგანმანათლებლო დაწესებულებისა, მისტერ უოპსლის ბებიდას იმავე


ოთახში მცირე შერეული მაღაზიაც ჰქონდა. გასაყიდი საქონლის რაგვარობასა და
ფასზე თვითონ წარმოდგენა არ გააჩნდა, მაგრამ კარადაში ხარჯთაღრიცხვის
გაქონილი წიგნაკი იდო, რომელიც ფასების კატალოგის როლსაც ასრულებდა და
მისი მიხედვით ბიდი ვაჭრობის საქმეებსაც აწარმოებდა. ბიდი მისტერ უოპსლის
ბებიდის შვილიშვილი იყო. გამოგიტყდებით, მიჭირს იმის დაზუსტებით თქმა, თუ
რანაირ ნათესავად ერგებოდა ეს გოგო მისტერ უოპსლს. ჩემსავით ობლად და
"ხელით", ანუ უდედოდ გაიზარდა. ყველაზე მეტად თავისი გარეგნობით
გამოირჩეოდა, რადგან მისი თმა მუდამ დავარცხნას ითხოვდა, ხელები –
დაბანას, ფეხსაცმელს კი შეკეთება სჭირდებოდა. თუმცა ეს – სადაგ დღეებში.
კვირაობით ეკლესიაში სრულიად შეცვლილი და გაკოხტავებული დადიოდა.
მისტერ უოპსლის ბებიდისა რა მოგახსენოთ, უფრო საკუთარი და ბიდის
ძალებით ისე დავძლიე ანბანი, როგორც კაცი გაძვრება გაუვალ ჯაგნარში –
თითოეული ასო დიდი გაჭირვებისა და სისხლიანი ნაკაწრების ფასად
მიჯდებოდა. ამის შემდეგ ცხრა ავაზაკის, ცხრა ციფრის ხელში აღმოვჩნდი,
ყოველ საღამოს შენიღბვის ახალ-ახალ ხერხს რომ პოულობდნენ, რათა მათი
ამოცნობა გამჭირვებოდა. ბოლოს და ბოლოს, რის ვაივაგლახით, ავად თუ
კარგად წერა-კითხვა და ანგარიში ავითვისე. თუმცა ვერ ვიტყვი, სხაპასხუპით
ვიცოდი-მეთქი.

ერთ საღამოს ბუხრის კუნჭულში ვიჯექი და მთელი გულმოდგინებით


ვთხზავდი ჯოსთვის განკუთვნილ წერილს. ჭაობებში ჩვენი მაშინდელი
სირბილიდან ერთი წელი იქნებოდა გასული, რადგან ისევ ზამთარი იდგა და
ყინავდა. ბუხრის გისოსზე ანბანი მქონდა მიყუდებული – შიგ ვიხედებოდი და
ერთი თუ ორი საათის წვალების შემდეგ, ბეჭდური ასოებით ასეთი ბარათი
შევადგინე:
"ჩმო ზვირფასო ჯო იმედი მაქ კარგათ ხარ მე დიდდი იმეთი მაქს რო სუ მალე
შენტს გასშავლი შერას ჯო და მაგარი იქნება და მერე ჯო როცა წენი შეგირთი
ვიქნები რა ბედნიერება იქნება სიყვარულიდ პიპი".

ჯოსთან მიმოწერის არანაირი აუცილებლობა არ მქონია, რადგან გვერდით


მეჯდა და სამზარეულში მარტონი ვიყავით. მიუხედავად ამისა, ჩემი წერილი
(ცხადია, დაფითვე) საკუთარი ხელით გადავეცი და მანაც, როგორც
მწიგნობრობის საოცრება, ისე გამომართვა.

– ყოჩაღ, პიპ! – შესძახა ჯომ და ცისფერი თვალები დააჭყიტა, – ძმობილო,


ნამდვილი მწიგნობარი ხარ, ნამდვილი!

– ჯერ კიდევ ბევრი მიკლია, – ამოვიოხრე და დაფას ეჭვით შევხედე. როცა ჯოს
ეჭირა, აშკარად დავინახე, რა აცაბაცა ნაწერიც გამომსვლოდა.

– აგერ "ჯ" გიწერია, – ჩააკვირდა ჯო, – ეს კიდევ უეჭველად "ო" უნდა იყოს.
ჯ-ო, პიპ! ესე იგი – ჯო!

ამ ერთმარცვლიანი სიტყვის გარდა არასოდეს გამიგონია, ჯოს რამე


ხმამაღლა წაეკითხა. წინა კვირას ეკლესიაში შევნიშნე, რომ თურმე ჩვენი
ლოცვების წიგნი შემთხვევით თვადაყირა მეჭირა და ჯოს ამით ხელი არ შეშლია.
რაკიღა გადავწყვიტე, დღევანდელი შემთხვევა იმის გასარკვევად
გამომეყენებინა, ჯოს მეცადინეობას ანბანიდან უნდა შევდგომოდი თუ არა,
წავაქეზე:

– მიდი, კითხვა განაგრძე, ჯო.

– განვაგრძო, პიპ? – ჯომ ნაწერს გულდაგულ გადახედა, – ერთი, ორი, სამი. აქ


სამი "ჯ" გაქვს და სამი "ო", ესე იგი, სამჯერ გიწერია "ჯო".

ჯოს მხარს უკნიდან დავეყრდენი და საჩვენებელი თითის გაყოლებით მთელი


წერილი წავუკითხე.

– საოცარია! – შესძახა ჯომ, როცა დავასრულე, – ნამდვილი მწიგნობარი ხარ.


– გარჯერის როგორ წერ, ჯო? – ვკითხე მოკრძალებულ-მფარველური კილოთი.
– საერთოდ არ ვწერ, – მომიგო ჯომ.

– მაგრამ, ვთქვათ, დაგჭირდეს?

– არ მჭირდება, – თავი გააქნია ჯომ, – თუმცა, ისე, კითხვა ძალიან მიყვარს.

– მართლა, ჯო?

– აბა! ძალიან, – დამიდასტურა, – კარგი წიგნით ან გაზეთით ხელში ბუხართან


ჯდომას არაფერი მირჩევნია, – განაგრძობდა ჯო და თან მუხლებს ოდნავ
ისრესდა, – იქაც რომ "ჯ"-სა და "ო"-ს მიაგნებ და იტყვი: აი, "ჯო" ვიპოვე,
მაშინ
ხომ სულ მთლად საინტერესო ხდება კითხვა!

მისი ამ ნათქვამიდან მივხვდი, რომ ჯოს განათლება, ორთქლის ძალის


გამოყენებისა არ იყოს, ჯერ კიდევ ჩანასახში იყო. ბოლოს მაინც ჩავეკითხე:

‒ არასოდეს გივლია სკოლაში, ჯო, ჩემხელა როცა იყავი?

– არა, პიპ.

– და რატომ არ გივლია სკოლაში, როცა ჩემხელა იყავი, ჯო?

– რატომ და, – ჯომ საჩხრეკი აიღო და გისოსის ძირში ნაკვერჩხლების


ჩხრეკას შეუდგა. ეს მისი ჩვეული საქმიანობა იყო, როცაკი რამეზე
ჩაფიქრდებოდა, – გიამბობ, რატომაც. მამაჩემი სვამდა, ბევრს სვამდა და როცა
თვრებოდა, დედაჩემს ყოვლად უმოწყალოდ ურტყამდა. უროს ისე ხშირად და
ისე ძლიერად არ ურტყამდა გრდემლზე, მე და დედაჩემს როგორც გვირტყამდა.
მიგდებ ყურს, პიპ? გესმის, რასაც ვამბობ?

– ჰო, ჯო.

– ჰოდა, მე და დედა ამის გამო მამას რამდენჯერმე გავექეცით. დედა


სამუშაოს იშოვიდა და მეტყოდა: "ჯო, ღვთის შეწევნით, ამიერიდან ისწავლი
კიდეც, შვილო" და სკოლაშიც მიმაბარებდა. მაგრამ მამაჩემი ისეთი გულკეთილი
კაცი იყო, უჩვენოდ სულ ვერ ძლებდა. მოგვადგებოდა, ხალხს შეყრიდა და
სახლთან ისეთ ალიაქოთს ატეხდა, რომ დიასახლისი იძულებული ხდებოდა,
თავიდან მოვეცილებინეთ. ჩვენ თავს მამას ატანდა, მას კი შინ მივყავდით და
ისევ ძველებურად გვირტყამდა. ჰოდა, ამის გამო, პიპ, – ჯომ თავისი ფიქრიანი
საქმიანობა შეწყვიტა და ამომხედა, – სწავლაში ძლიერ მეშლებოდა ხელი.

– რა გასაკვირია, საბრალო ჯო!

– ოღონდაც ეს იცოდე, პიპ, – ჯომ ორჯერ მკაცრად მიუკაკუნა საჩხრეკით


გისოსს, – თითოეული კაცი სამართლიანად უნდა განისაჯოს და, სამართლიანად
თუ ვიმსჯელებთ, მამაჩემი ძალზე გულკეთილი კაცი იყო, გესმის, პიპ?

ეს ვერ გავიგე, მაგრამ ხმა არ ამომიღია.

– ჰო, – განაგრძო ჯომ, – მაგრამ ვიღაცამ ხომ უნდა შემოდგას ცეცხლზე ქვაბი,
პიპ, სხვანაირად სადილი არ მომზადდება, ხომ გესმის?
ეს კი მესმოდა და დავუდასტურე კიდეც.

– ამიტომაც მამაჩემი იმის წინააღმდეგი არ ყოფილა, მუშაობა რომ დამეწყო,


ჰოდა, მეც ჩემს დღევანდელ ხელობას დავეუფლე, რომელიც მისი ხელობაც იყო,
თუმცა თითქმის არც გამოუყენებია. ვმუშაობდი და მერე როგორ ვმუშაობდი, პიპ!
მოგვიანებით, მამასაც ვარჩენდი და მანამ ვარჩინე, ვიდრე ეპილეფსიის შეტევამ
არ იმსხვერპლა. მინდოდა, მის საფლავზე ასეთი წარწერა ამომეტვიფრა: "თუმცა
იყო ცოდვით კრული, მას კეთილი ჰქონდა გული".

ჯომ ეს ლექსი ისეთი სიამაყითა და გამოთქმით წარმოთქვა, რომ ვკითხე,


თვითონ ხომ არ შეუთხზავს.

– მე თვითონ, – დამიდასტურა ჯომ, – თვითონ, თანაც ერთ წამში. აი, ნალს


რომ ერთადერთი დარტყმით გამოყედავ, ისე. ცხოვრებაში ასე არაფერი
გამკვირვებია, უცებ ვერც კი დავიჯერე, ეს როგორ გამომივიდა. ჰოდა, იმას
გეუბნებოდი, პიპ, მისი საფლავის ქვაზე ამ წარწერის ამოტვიფვრა მინდოდა,
მაგრამ ლექსს ფული სჭირდება, რაგინდ წვრილი ასოებით წააწერო; ჰოდა, ამ
საქმიდან არაფერი გამოვიდა. დაკრძალვა ისედაც ძვირი დამიჯდა, დარჩენილი
ფული კი სულ დედაჩემს მოვახმარე. უსაშველოდ ავადმყოფობდა, მთლად
მოტეხილი იყო და დიდი დრო არ გასულა, საბრალო ქალმაც თავისი წილი
სიმშვიდე ჰპოვა.

ჯოს ცისფერი თვალები ოდნავ დაენამა. ჯერ ერთი მოისრისა, მერე – მეორე,
თანაც ყველაზე შეუფერებლად და მოუხერხებლად – საჩხრეკის ტარის მრგვალი
ბოლო ამოისვა.
– ამის შემდეგ აქ მარტო დავრჩი, – განაგრძო ჯომ, – სულ მარტო. მერე კი შენი
და გავიცანი. და უნდა გითხრა, პიპ, – ისე დაჟინებით შემომხედა, თითქოს
წინდაწინ იცოდა, არ დავეთანხმებოდი, – შენი და დიდებული ქალია.

უნებლიეთ ცეცხლს ჩავაშტერდი, რადგან ამაში, ცოტა არ იყოს, ეჭვი


მეპარებოდა.

– სულ ერთია, ნათესავებსა თუ ხალხს ამაზე რაც უნდა ეთქვათ, – ჯომ


ყოველი სიტყვის წარმოთქმისას საჩხრეკი გისოსს დაჰკრა, – შენი... და...
დიდებული... ქალია!..

სხვა ვერაფერი მოვიფიქრე და ეს ვთქვი:

– მიხარია, ასე რომ ფიქრობ, ჯო.

– მეც, – მაშინვე ამყვა ჯოც, – მეც მიხარია, რომ ასე ვფიქრობ, პიპ. ცოტაოდენი
სახის სიწითლე თუ აქა-იქ მსხვილი ძვალი – ამას ჩემთვის არავითარი
მნიშვნელობა არა აქვს.

ამაზე ღრმააზროვნად შევიშნე, თუ შენთვის არ აქვს მნიშვნელობა, მაშ,


ვიღასთვის უნდა ჰქონდეს-მეთქი.

– რა თქმა უნდა! – დამიდასტურა ჯომ, – სწორედაც რომ ასეა, მართალი ხარ,


ძმობილო! როცა შენი და გავიცანი, ყველა იმაზე ლაპარაკობდა, როგორ გაჭმევდა
და გზრდიდა საკუთარი ხელით. ხალხი ამას შენს დას დიდ სიკეთედ უთვლიდა
და მეც ასე ვფიქრობდი. შენ კი, – ისეთი სახით განაგრძო ჯომ, თითქოს რაღაც
ყოვლად ამაზრზენი დაანახესო, – რომ გენახა, რა უდღეური და შეუხედავი იყავი,
მერწმუნე, შენს თავზე ძალიან არასახარბიელო აზრი შეგექმნებოდა!

ამგვარი შეფასებით არც თუ კმაყოფილმა, ვუთხარი:

– მე რა სახსენებელი ვარ, ჯო.

– მაგრამ სწორედაც რომ გახსენეთ, პიპ, – ჯოს ხმაში გულუბრყვილო ალერსი


გაუკრთა, – როდესაც შენს დას ჩემთან ერთად ცხოვრება შევთავაზე – და, როცა
სამჭედლოში გადმოვიდოდა, ჯვარი უნდა დაგვეწერა – ესეც ვუთხარი: საბრალო
ბავშვიც თან წამოიყვანე, ღმერთმა დალოცოს პატარა ობოლი, სამჭედლოში
მისთვის ადგილი უსათუოდ გამოიძებნება-მეთქი.

ტირილი ამივარდა, ჯოს შემოვეხვიე და პატიება ვთხოვე, მანაც საჩხრეკი


დააგდო და გულში ჩამიკრა, თან ბუტბუტებდა:

– ჩვენ ხომ საუკეთესო მეგობრები ვართ და მუდამ მეგობრებად დავრჩებით,


პიპ, ნუ ტირი, ძმობილო!

ამ ხანმოკლე შეფერხების შემდეგ ჯომ დაასკვნა:

– აი, ასეა საქმე, პიპ, ჰო, ასეა ჩვენი საქმე. ოღონდაც, ეგ არის, პიპ, როცა ჩემ
მეცადინეობას შეუდგები (მე კი, წინასწარ გეუბნები, სწავლაში სუსტი ვარ, ძალზე
სუსტი), აჯობებს, მისის ჯომ ჩვენს წამოწყებაზე არაფერი იცოდეს. ეს როგორდაც
ეშმაკურად უნდა მოვაწყოთ, პიპ, და ახლავე გეტყვი, რატომაც.

საჩხრეკი ისევ აიღო; ვფიქრობ, მის გარეშე ახსნა-განმარტებას ვერ


მოახერხებდა.

‒ შენი და ხელისუფალი ქალბატონია.

– როგორ თუ ხელისუფალი, ჯო? – თავზარი დამეცა, რადგან წამით


ბუნდოვანმა აზრმა (და იმედმაც) გამიელვა, ჯო თავის ცოლს ხომ არ გაეყარა და
ხელისუფლების წარმომადგენელს, რომელიმე ადმირალს თუ ხაზინის ლორდს
ხომ არ მიათხოვა-მეთქი.

– ხელისუფალს რომ ვამბობ, – ამიხსნა ჯომ, – იმას ვგულისხმობ, რომ ის ჩემი


და შენი ხელისუფალია.

‒ ႭჃ

– ჰოდა, შინ ნასწავლი ხალხის ყოლა დიდად არ გაუხარდება, – განაგრძო


ჯომ, – განსაკუთრებით კი ჩემი განათლების წინააღმდეგი იქნება, შეშინდება, არ
ავუჯანყდე, ხომ გესმის?

ამ დროს შეკითხვა გამიჩნდა, მაგრამ მხოლოდ ამის თქმა მოვასწარი:

– კი, მაგრამ, რატომ?..


– წამით მოიცადე, პიპ, ვიცი, რისი თქმაც გინდა, მაგრამ მოიცადე. არ
უარვყოფ, შენი და ზოგჯერ ნამდვილი ტირანივით გვეპყრობა. არც იმას უარვყოფ,
ჩვენ ცემა-ტყეპას რომ არ თაკილობს და ზოგჯერ გვარიანადაც გვალილავებს
ხოლმე. რა დასამალია, შენი და თუ გაცეცხლდა, – ჯო ჩურჩულზე გადავიდა და
თვალი კარისკენ გააპარა, – მაშინ ნამდვილი ურჩხული ხდება.

ეს სიტყვა ისეთნაირად წარმოთქვა, თითქოს წინ, სულ ცოტა, ათი


ასომთავრული "უ" ჰქონოდა.

– რატომ არ ვუჯანყდები? ხომ ეს უნდა გეკითხა, როცა შეგაწყვეტინე?

– ჰო, ჯო.

– ჰმ, – ჯომ საჩხრეკი მარცხენა ხელში გადაიტანა, რადგან მარჯვენით


ბაკენბარდის მოწიწკნას აპირებდა. ვიცოდი, მისი ამ უწყინარი ჟესტისაგან კარგი
არაფერი იყო მოსალოდნელი, – შენი და ჭკუის კოლოფია. ჭკუის კოლოფი.

– ეგ რას ნიშნავს? – ამ შეკითხვით ჯოს კუთხეში მიმწყვდევას ვიმედოვნებდი,


მაგრამ მას, ჩემდა მოულოდნელად, პასუხი გამზადებული ჰქონია, თანაც ისეთი,
რომელსაც ვერანაირი არგუმენტით ვეღარ შევუტევდი.

დაჟინებით შემომხედა და მითხრა:

– რას და შენს დას, – მერე მზერა მომაცილა, კვლავ თავის ბაკენბარდს


მიუბრუნდა და მსჯელობა განაგრძო, – მე კი ჭკუით მაინცდამაინც ვერ
დავიკვეხნი. და, რაც მთავარია, პიპ, ამას ძალიან სერიოზულად გეუბნები,
ძმობილო, საბრალო დედაჩემი სულ თვალწინ მყავდა, თავისი დღე და მოსწრება
წვალობდა, წელზე ფეხს იდგამდა, ათას განსაცდელს უძლებდა და წამითაც არ
ჰქონია მოსვენება. ჰოდა, ძალიან ვშიშობ, ისეთი რამ არ ჩავიდინო, მამაკაცმა
ქალს რომ არ უნდა აკადროს. ამიტომაც მირჩევნია, ისევ მე დავიჩაგრო. ეჰ,
ნეტავ მხოლოდ მე ვიყო ამ დღეში, პიპ; ნეტავ შენ მაინც აგცდენოდა საღიტინოთი
ცემა-ტყეპა, ძმობილო. რომ შემეძლოს, შენს წილ განსაცდელსაც ჩემს თავზე
ავიღებდი. მაგრამ რაც არის, არის. ასეა და ვეღარაფერი გაეწყობა. ასე რომ,
ეცადე, ამ უსიამოვნებებს ყურადღება არ მიაქციო, პიპ.

პატარა კი ვიყავი, მაგრამ საღამოდან მოყოლებული ჯოს უწინდელზე მეტი


აღტაცებით დავუწყე ცქერა. ცხადია, ამის შემდეგ ჩვენ შორის ისევ ძველებური
თანასწორობა სუფევდა, მაგრამ მშვიდ წუთებში, როცა ბუხართან ვიჯექი და ჯოს
ვუყურებდი, მუდამ მახსოვდა, რომ მას ჩემს გულში განსაკუთრებული,
აღმატებული ადგილი დაემკვიდრებინა.

– ამასობაში, – ჯო ცეცხლში შეშის შესაკეთებლად წამოდგა, – ჩვენი


გერმანული საათი სულ მალე რვას ჩამოჰკრავს, ის კი შინ არ დაბრუნებულა!
ვაითუ მისტერ პამბლჩუკის ცხენს ყინულზე ფეხი დაუსხლტა და წაიქცა?

მისის ჯო ბაზრობის დღეებში მისტერ პამბლჩუკს დაჰყვებოდა და ისეთი


საქონლის შეძენაში ეხმარებოდა, ქალის რჩევას რომ მოითხოვდა. მისტერ
პამბლჩუკი უცოლო იყო, თავის შინამოსამსახურეს კი არ ენდობოდა. ეს დღეც
ბაზრობისა იყო და მისის ჯო თავის მორიგ მოგზაურობაში იყო წასული.

ჯომ ცეცხლი გააჩაღა, ბუხრის წინ იატაკი მოგავა და მერე ორივენი გარეთ
გავედით, რათა ყური დაგვეგდო, ორთვალა ხომ არ მოდიოდა. მშრალი და
სუსხიანი ღამე იდგა, ყინვისაგან ყველაფერი თეთრი და გაფიჩხული იყო.
გავიფიქრე: ამაღამ ვინმე ჭაობების გარშემო რომ იმალებოდეს, უეჭველად
გაიყინება და მოკვდება-მეთქი. მერე ვარსკვლავებს ავხედე და წარმოვიდგინე,
რა შემზარავი იქნებოდა გულაღმა წოლა, როცა ყინვისაგან სული ამოგდის, ამ
მოციმციმე წერტილების გუნდს აჰყურებ და მათში ვერც წყალობას ხედავ, ვერც
თანაგრძნობას.

– აი, ცხენიც მოდის, – თქვა ჯომ, – გეგონება, ზარები წკრიალებსო.

ცხენის ფლოქვების ხმა მართლაც მელოდიურად ჟღერდა, ეტყობოდა,


ჩვეულებრივზე უფრო სწრაფად მოაჭენებდა. მისის ჯო ორთვალადან ადვილად
რომ გადმოსულიყო, გარეთ სკამი გავიტანეთ. სამზარეულოში კი სინათლეს
მოვუმატეთ, რათა მგზავრებს განათებული ფანჯრისაკენ აეღოთ გეზი და შინ
საბოლოოდ მიმოვიხედეთ, შევამოწმეთ, ყველაფერი წესრიგში თუ იყო. ამ
სამზადისს მოვრჩით თუ არა, თვალებამდე შეფუთნილი მგზავრები კარს
მოადგნენ. მისის ჯო სწრაფად ჩამოქვეითდა, ბიძია პამბლჩუკიც ორთვალადან
ჩამობობღდა, ცხენს ქსოვილი გადააფარა და მალე ყველანი სამზარეულოში
შევედით, თან იმდენი სუსხიანი ჰაერი შემოგვყვა, ბუხრის სიმხურვალე საერთოდ
აღარ იგრძნობოდა.

– მაშ, ასე, – წამოიწყო მისის ჯომ, თან ნაჩქარევად და აღელვებით შემოიხსნა


თბილი მოსასხამი, ქუდი კი მხრებზე გაიდო, სადაც ის ბაწრებით ჩამოეკიდა, –
თუკი ეს ბიჭი ამ საღამოს ჩემი მადლიერი არ იქნება, მთლად უმადური ყოფილა!
შევეცადე, შეძლებისდაგვარად მადლიერი იერი მიმეღო, თუკი იმას
გავითვალისწინებთ, რომ წარმოდგენაც კი არ მქონდა, ჩემგან მადლიერებას
რატომ ითხოვდნენ.

– ერთადერთ რამეს ვშიშობ, ვაითუ ლოლიავი დაუწყონ, – განაგრძო ჩემმა


დამ.

– არ დაუწყებს, ქალბატონო, – დაამშვიდა მისტერ პამბლჩუკმა, – ისეთი


ქალია, მსგავსი რამ არ შეეშლება.

ქალი? ვინ ქალი? ჯოს გავხედე და წარბებისა და ტუჩების მოძრაობით


შევეკითხე: "ქალი?" მანაც ზუსტად იმავე მოძრაობებით იგივე კითხვა დამისვა.
როგორც კი მისის ჯომ ჩვენ უსიტყვო დიალოგს თვალი მოჰკრა, ჯომ ჩვეული
შემრიგებლური ჟესტით მოისვა ცხვირზე ხელი და ცოლს თვალი გაუსწორა.

– რაო? – ანჩხლი კილოთი ჩაეკითხა ჩემი და, – რას მომშტერებიხარ? ცეცხლი


მიკიდია თუ?

– აქ ახლახან ვიღაცამ "ქალი" ახსენა, – თავაზიანად შეახსენა ჯომ.

– ჰო, ქალი ქალია, რა გიკვირს? – შეუტია მისის ჯომ, – აბა, მის ჰევიშემზე
"კაციო" ხომ ვერ ვიტყოდი. ასეთ სისულელეს შენგანაც კი არ მოველი.

– მის ჰევიშემი? ქალაქში რომ ცხოვრობს? ‒ იკითხა ჯომ.

– რაო, ჩვენს სოფელშიც იცნობ ვინმე მის ჰევიშემს? – მიუგო მისის ჯომ, – მის
ჰევიშემს სურს, ამ ბიჭმა მასთან იაროს და იქ ითამაშოს. ივლის კიდეც, ამაზე
ორი აზრი არ არსებობს. და, ერთი გაბედოს და არ ითამაშოს, – ამ სიტყვებზე
თავის მრისხანე კანტურით ლაღი და ხალისიანი თამაშისკენ მომიწოდა, – თუ
არა და ვუჩვენებ სეირს.
ქალაქში მცხოვრები მის ჰევიშემის შესახებ მსმენოდა – მის შესახებ
რამდენიმე მილის მანძილზე ყველას სმენოდა. ვიცნობდით, როგორც ძალზე
მდიდარ და პირქუშ ქალბატონს, რომელიც მძარცველებისაგან ნამდვილი
ბარიკადებით დაცულ, დიდ და ბნელით მოცულ სახლში კარჩაკეტილ ცხოვრებას
ეწეოდა.

– მართლა? – გაიკვირვა ჯომ, – კი მაგრამ, პიპს საიდან იცნობს?


– ბრიყვო! – შეჰყვირა ჩემმა დამ, – ვინ თქვა, იცნობსო?!

– ვიღაცამ ახსენა, – ისევ თავაზიანად მიანიშნა ჯომ, – უნდა, მასთან იაროს


და იქ ითამაშოსო.

– მერე? განა არ შეეძლო მის ჰევიშემს ბიძია პამბლჩუკისთვის ეკითხა, ისეთ


ბიჭს ხომ არ იცნობ, ჩემთან სიარული რომ შეეძლოსო?! ნუთუ ასე ძნელია, მაგ
სულელი თავით დაუშვა, რომ ბიძია პამბლჩუკი მისი მოიჯარეა და ზოგჯერ,
ყოველ კვარტალში ან წელიწადში ორჯერ, ამას აღარ დავაზუსტებ, ამდენს რა
მოგაფიქრებს... მაგრამ ზოგჯერ მასთან ქირის გადასახდელად დადის? და რომ
მის ჰევიშემმა ერთხელაც ჰკითხა, ისეთი ბიჭი ხომ არ ეგულება, მის სახლში
სიარული და თამაში რომ შეეძლოს? ჰოდა, ბიძია პამბლჩუკმა, რომელიც ჩვენზე
სულმუდამ ფიქრობს და ზრუნავს, თუმცა, შესაძლოა, შენ ასე არ ფიქრობდე,
ჯოზეფ, – ქალმა ისეთი საყვედურით შეხედა ჯოს, თითქოს მასზე უმადური
დისშვილი ქვეყნად მეორე არ დაიარებოდა, – აი, ეს ბიჭი უხსენა, გაყოყოჩებული
რომ დამდგარა (გეფიცებით, ასე სულაც არ ვიდექი!) და რომელსაც ყურმოჭრილ
მონასავით ვემსახურები!

– მართალია! – კვერი დაუკრა ბიძიამ, – სწორედ ასე იყო ყველაფერი,


სიმართლე ზუსტად გადმოეცით! ახლა ხომ გაიგეთ, რაც ხდება, ჯოზეფ.

– არა, ჯოზეფ, – ისევ საყვედურის კილოთი ჩაურთო მისის ჯომ, ვიდრე ჯო


ისეთი სახით ისრესდა ცხვირს, თითქოს ბოდიშს იხდისო, – ჯერ ყველაფერი არ
გაგიგია, თუმცა, შეიძლება, გგონია, საქმის არსს ჩასწვდი. მე კი არა მგონია,
შენი
ჭკუით მიმხვდარიყავი იმას, რომ ბიძია პამბლჩუკმა, რომელიც ისეთი
მზრუნველი და მგრძნობიარეა, ჩვენ რომ ვერც კი წარმოვიდგენთ, გაიფიქრა, ეგებ
ბიჭი იქ ბედს ეწიოსო და შემომთავაზა, ჩემი ორთვალათი ამაღამვე ქალაქში
წავიყვან, ღამით ჩემთან მეყოლება და დილით მის ჰევიშემს ჩემივე ხელით
მივუყვანო. მაგრამ, ღმერთო დიდებულო, მე აქ ვდგავარ და ვლაყბობ, ბიძია
პამბლჩუკი კი იცდის, ცხენი იმ ყინვაში ითოშება, ეს ბავშვი კი თხემიდან
ტერფამდე ჭუჭყშია ამოთხვრილი!

ამ სიტყვებით თავს ისე დამაცხრა, როგორც არწივი ბატკანს. სახით ხის


ვარცლში ჩამაყუდა, თავით – წყლის ჭავლქვეშ და იმდენ ხანს მსაპნა, მხეხა,
მზილა, მჯიჯგნა და მამშრალა, რომ გონზე აღარ ვიყავი (უნდა შევნიშნო,
დღესდღეობით მცხოვრებ ყველა ბრძენზე უკეთ გავეცანი ადამიანის პირისახეზე
ჯვრისწერის ბეჭდის უსიამო ზეგავლენას).
განბანის დასრულებისთანავე ფიცარივით გახამებული თეთრეული და
საშინლად ვიწრო, ყველაზე მტანჯველი კოსტიუმი ჩამაცვეს, რომელშიც თავს ისე
ვგრძნობდი, როგორც ნორჩი პატიმარი ჯვალოში. ამის შემდეგ ჩემი თავი მისტერ
პამბლჩუკს გადასცეს, მანაც ისეთი ოფიციალური გამომეტყველებით მიმიღო,
გეგონება შერიფი ყოფილიყო და საგანგებოდ ჩემ გასაგონად წარმოთქვა
შემდეგი სიტყვა (ვიცოდი, მთელი ამ ხნის განმავლობაში ერთი სული ჰქონდა,
ამის საშუალება მისცემოდა):

‒ ყმაწვილო, მუდამ მადლიერი იყავი შენი ყველა კეთილისმყოფლისა,


განსაკუთრებით კი მათი, ვინც საკუთარი ხელით გაგზარდა!

– ნახვამდის, ჯო!

– ნახვამდის, პიპ, ძმობილო!

მანამდე ჯოს არასოდეს დავშორებივარ და ორთვალაში მჯდარი,


მოზღვავებული განცდებისა და თვალში ჩასული საპნის გამო თავიდან
ვარსკვლავებს სულ ვერ ვხედავდი. მაგრამ ბოლოს ისინი ერთმანეთის
მიყოლებით მაინც აციმციმდნენ, თუმცა ჩემს გონებაში წამოჭრილ შეკითხვებს
ნათელი ვერ მოჰფინეს, რატომ უნდა მეთამაშა მის ჰევიშემთან, ან რის თამაშს
მოელოდნენ ჩემგან.
8

მისტერ პამბლჩუკის სამფლობელოში, რომელიც ჩვენი სავაჭრო ქალაქის


მთავარ ქუჩაზე მდებარეობდა, წიწაკისა და ფქვილის სურნელი ტრიალებდა, რაც
ხორბლეულითა და მცენარის თესლით მოვაჭრისათვის ბუნებრივად მეჩვენა.
ასევე ეჭვი არ შემპარვია იმაში, რომ მისტერ პამბლჩუკი ძალზე ბედნიერი კაცი
უნდა ყოფილიყო, რადგან მაღაზიაში უამრავი ციცქნა უჯრა ჰქონია. როცა ერთ-ორ
ასეთ უჯრაში ჩავიჭყიტე, რომლებიც იატაკთან იყო ახლოს, და შიგ
ბაწარშემოხვეული ყავისფერი ქაღალდის შეკვრები დავინახე, გავიფიქრე,
ყვავილების თესლებსა და ბოლქვებს, ალბათ, მზიან დღეს როგორ
ენდომებოდათ საპყრობილიდან გამოსვლა და ღია ცის ქვეშ თავისუფლად
გაზრდა.

ამ დაკვირვებისათვის ქალაქში ყოფნის მეორე დილით მოვიცალე, წინა


ღამით კი პირდაპირ დასაძინებლად ამგზავნეს სხვენში, სადაც დამრეცი ჭერი
კუთხეში, საწოლის თავზე, ისე დაბლა ჩამოწეულიყო, რომ, როგორც ვივარაუდე,
ჭერის კოჭს ჩემი წარბებისაგან ერთადერთი ფუტი აშორებდა. იმავე დილით
შევნიშნე მცენარის თესლებსა და ხავერდს შორის კავშირი. მისტერ პამბლჩუკსა
და მის გამყიდველს ხავერდის შარვლები ეცვათ. ამ ხავერდის იერი და სურნელი
რაღაცნაირად მივამსგავსე მცენარის თესლებს; თესლების იერი და სურნელი კი
რატომღაც ხავერდს მაგონებდა და საბოლოოდ უკვე ვეღარ ვარჩევდი, რომელი
რომელი იყო. იქვე ასეთი რამეც აღმოვაჩინე – მისტერ პამბლჩუკის მთავარი
საქმე ქუჩის გადაღმა უნაგირებით მოვაჭრეზე გამუდმებით თვალის ჭერა
ყოფილა, უნაგირებით მოვაჭრე კი, თავის მხრივ, ეტლების ოსტატს
უთვალთვალებდა, ხოლო ამ უკანასკნელის მოვალეობაში, როგორც ჩანს,
ჯიბეებში ხელებჩაწყობილი დგომა და მცხობლის საქმიანობისათვის დაკვირვება
შედიოდა. გულხელდაკრეფილი მცხობელი კი ბაყალს აკვირდებოდა, ხოლო ის
თავისი მაღაზიის კართან იდგა და ისე ამთქნარებდა, თითქოს აფთიაქარის
გადაყლაპვას აპირებსო. მთავარ ქუჩაზე ერთადერთი ადამიანი, რომელსაც
მთელი ყურადღება საკუთარი ხელობისათვის მიეპყრო, მესაათე იყო – ცალ
თვალში გამადიდებელი შუშით თავის პატარა სამუშაო მაგიდას ჩაჰკირკიტებდა,
მას კი ვიტრინასთან უცვლელად შეჯგუფებული, ტილოს სერთუკიანი ხუთიოდე
მოცლილი ფერმერი მისჩერებოდა.
მე და მისტერ პამბლჩუკმა დილის რვა საათზე მაღაზიის უკან, სასტუმრო
ოთახში ვისაუზმეთ. მისი გამყიდველი კი მაღაზიაში, მუხუდოს ტომარასთან,
მოკალათდა და ჩაი და კარაქიანი პური იქ შეჭამა. მისტერ პამბლჩუკი ძალზე
ცუდი თანამოსაუბრე გამოდგა. თავი ვანებოთ იმას, რომ ისიც ჩემი დის იდეით
აღმოჩნდა შეპყრობილი – საჭმელი მხოლოდ ჩემი ხორცის მოკვდინებასა და
დასჯას უნდა ემსახურებოდეს – და ცდილობდა, რაც შეიძლება მეტი ქერქი და
ნაკლები კარაქი მრგებოდა, რძე კი იმდენი თბილი წყლით გამიზავა, ბევრად
პატიოსნად მოიქცეოდა, თუ საერთოდ არ დამისხამდა. სუფრასთან არითმეტიკის
გარდა სხვა არაფერზე მელაპარაკებოდა. ყოვლად თავაზიანად რომ ვუსურვე
მშვიდობიანი დილა, პასუხად საზეიმოდ მომახალა:

– შვიდჯერ ცხრა, ყმაწვილო!

არადა ასეთი წნეხის ქვეშ, უცხო ადგილას, თანაც მშიერ კუჭზე ასეთი რთული
კითხვისათვის რანაირად უნდა მეპასუხა? ძალიან მშიოდა, მაგრამ ვიდრე
ლუკმის გადაყლაპვას მოვასწრებდი, მიმატება-გამოკლების მაგალითები
მომაყარა და საუზმის ბოლომდე არ მომასვენა: შვიდს მივუმატოთ ოთხი? და
კიდევ რვა? და შვიდი? და ათი? – და ასე შემდეგ. თითოეული პასუხის მერე
ერთადერთი ლუკმის მოკბეჩას ან ყოუპის დალევას ვასწრებდი, ვიდრე მორიგი
კითხვა დამაცხრებოდა. მასპინძელი კი არხეინად იჯდა, ჩემს ტანჯვას არ
იმჩნევდა და ლორსა და ცხელ ფუნთუშას, მომიტევეთ და, ღორმუცელურად
ჭამდა.

ამიტომაც ვიგრძენი შვება, როდესაც ათი საათი შესრულდა და მის


ჰევიშემთან წასვლის დრო მოვიდა, თუმცა წარმოდგენაც კი არ მქონდა, თუ
როგორ უნდა მოვქცეულიყავი ამ ქალბატონის ჭერქვეშ. თხუთმეტ წუთში
მივადექით მის ჰევიშემის სახლს – ძველი აგურით ნაშენებ, უამრავი რკინის
გისოსით დაცულ პირქუშ შენობას. სახლის წინ ეზოსაც გისოსი ჰქონდა
შემოვლებული, ჭიშკრის ზარი დავრეკეთ და კარგა ხანს ველოდეთ, ვიდრე
გაგვიღებდნენ. სანამ ვიცდიდით, შიგნით შევიჭყიტე. მისტერ პამბლჩუკმა არც აქ
მომასვენა და მკითხა, ამას თოთხმეტი რომ მივუმატოთ, რამდენი იქნებაო,
მაგრამ თავი ისე დავიჭირე, თითქოს არ გამიგონია. ეზოს სიღრმეში მოზრდილი
ლუდსახდელი შევნიშნე, თუმცა ეტყობოდა, რომ დიდი ხანი იქნებოდა გასული,
რაც იქ ლუდი არ მოეხარშათ.

სახლის ერთ-ერთი ფანჯარა გაიღო და იქიდან წკრიალა ხმამ გამოგვძახა:


"გვარი?" რაზეც ჩემმა მეგზურმა უპასუხა: "პამბლჩუკი". იმავე ხმამ მიუგო:
"სწორია". ფანჯარა დაიკეტა, სულ ცოტა ხანში კი ეზოს ბილიკზე
გასაღებმომარჯვებული ქალიშვილი გამოჩნდა.

– ეს პიპი გახლავთ, – უთხრა მისტერ პამბლჩუკმა.

– მაშ, ეს არის პიპი? – გამოეხმაურა ქალიშვილი, რომელიც ულამაზესი


აღმოჩნდა და ძალზე მედიდურიც ჩანდა, – შემოდი, პიპ.

მისტერ პამბლჩუკმა ჩემთან ერთად შემოსვლა დააპირა, მაგრამ ქალიშვილმა


ჭიშკართან შეაჩერა:

– მის ჰევიშემის ნახვა გინდოდათ?

– თუკი მის ჰევიშემს სურს ჩემი ნახვა, – უპასუხა, ცოტა არ იყოს,


დარცხვენილმა მისტერ პამბლჩუკმა.
– გასაგებია, – მიუგო ქალიშვილმა, – არა, არ სურს.

ეს ისე გადაჭრით და შეუვალად წარმოთქვა, რომ მისტერ პამბლჩუკმა,


აშკარად შელახული თავმოყვარეობის მიუხედავად, ვეღარაფერი უპასუხა.
სამაგიეროდ მე განმგმირა ისეთი მრისხანე მზერით, თითქოს მე მივაყენე
შეურაცხყოფა და წასვლისას საყვედურით სავსე შეგონება მომაძახა:

– ყმაწვილო, გახსოვდეს, შენი საქციელით ისინი უნდა ასახელო, ვინც


საკუთარი ხელით გაგზარდა! – ერთხანს კიდევ ვერ მოვიცილე იმის ბუნდოვანი
მოლოდინი, რომ მისტერ პამბლჩუკი მობრუნდებოდა და ჭიშკრის იქიდან
მკითხავდა: თექვსმეტიც რომ მივუმატოთ? მაგრამ ის აღარ მობრუნებულა.

ჩემმა ახალგაზრდა მეგზურმა ჭიშკარი დაკეტა და ეზოს ბილიკზე გამიძღვა.


ქვაფენილი სუფთად იყო მოხვეტილი, მაგრამ ქვებს შორის ყველგან ბალახი
ამოწვერილიყო. ბილიკი ორად იყოფოდა და ცალ მხარეს ლუდსახდელისაკენ
უხვევდა. ამ მეორე ბილიკის ხის ჭიშკარი ფართოდ იყო გაღებული. თვით
ლუდსახდელის ყველა კარიც ბოლომდე ღია დაეტოვებინათ და ამიტომ შენობის
უკან აღმართული გალავანიც მოჩანდა. ყველგან სიცარიელე და გავერანება
სუფევდა. ფარღალალა შენობაში მქროლავი ქარი იმაზე სუსხიანი მეჩვენა,
გალავანს გარეთ რომ უბერავდა; თანაც ისე ყმუოდა, როგორც ღია ზღვაში გემის
ანძებს შორის.
გოგომ ჩემი მზერა შენიშნა და მითხრა:

– რაც ახლა აქ ლუდი იხარშება, სულ მთლიანად დალევდი და არაფერი


დაგიშავდებოდა, ბიჭუნავ.

– მეც ასე მგონია, მის, – მორიდებულად ვუპასუხე.

– ახლა რომ აქ ლუდი მოხარშონ, უთუოდ მჟავე გამოდგება, როგორ ფიქრობ,


ბიჭუნავ?

– ალბათ, ასე იქნება, მის.

– თუმცა ამას არც არავინ აპირებს, – განაგრძო გოგომ, – ამ ლუდსახდელის


საქმე წასულია, ასე იდგება, ვიდრე არ ჩაინგრევა. კარგი ლუდი კი სასახლის
სარდაფებში საკმაოდ მოიძევება.

– ამ სახლს სასახლეს უწოდებთ, მის?

– ზოგჯერ სხვანაირადაც ვუწოდებთ.

– ესე იგი, რამდენიმე სახელწოდება აქვს, მის?

– მეორე სახელწოდებაც აქვს: "სატის", რაც ბერძნულად, თუ ლათინურად, თუ


ძველებრაულად, თუ სამივე ენაზე – ჩემთვის სულ ერთია – "კმარას" ნიშნავს.

– სახლი "კმარა"? უცნაური სახელწოდებაა, მის.

– ასეა, – მიპასუხა, – მაგრამ თავის დროზე ის იმაზე მეტს ნიშნავდა, ვიდრე


გგონია. ასე იმიტომ დაარქვეს, რომ ვინც ამ სახლში იცხოვრებდა, სხვა
აღარაფერს მოისურვებდა. როგორც ჩანს, წინათ ადამიანები ძალზე მცირედით
კმაყოფილდებოდნენ. წამოდი, ნუღარ ყოვნდები, ბიჭუნავ.
ბიჭუნას მიწოდებდა, თანაც ფრიად დამამცირებელი დაუდევრობით, არადა
თვითონ დაახლოებით ჩემი ასაკისა იქნებოდა. თუმცა ჩემზე ბევრად უფროსის
შესახედაობა ჰქონდა, რადგანაც გოგო იყო, თანაც ლამაზი და თავდაჯერებული.
ისეთი დაუფარავი ზიზღით მეპყრობოდა, თითქოს ოცდაერთი წლის დედოფალი
ყოფილიყო.
სასახლეში გვერდითი კარით შევედით. ფართო მთავარი შესასვლელი წინ
ორი სქელი ჯაჭვით იყო გადაღობილი. მაშინვე თვალში მეცა, რომ დერეფანში
სრულიად ბნელოდა. ქალიშვილს იქვე, გასასვლელთან ანთებული სანთელი
დაეტოვებინა; აიღო და წინ გამიძღვა. ახალ-ახალი დერეფნები გავიარეთ, კიბე
ავიარეთ, ყველგან კვლავ უკუნი სუფევდა, მხოლოდ ჩვენი სანთელი კვეთდა
ბნელს.

როგორც იქნა რომელიღაც ოთახის კარს მივადექით და ქალიშვილმა მითხრა:

– შედი.

– თქვენ შემდეგ, მის, – ვუთხარი უფრო გაუბედაობის, ვიდრე თავაზიანობის


გამო.

– რა სასაცილო ხარ, ბიჭუნავ, – მიპასუხა მედიდურად, – მე არ შევდივარ, –


რის შემდეგაც გამშორდა და, რაც ყველაზე უარესი იყო, სანთელი თან გაიყოლა.

ეს არ მესიამოვნა, ცოტა არ იყოს, შევშინდი კიდეც. მაგრამ სხვა რა გზა


მქონდა, კარზე დავაკაკუნე და შიგნიდან გამომძახეს, შემოდიო. თაფლის
სანთლებით გაკაშკაშებულ, დიდ ოთახში აღმოვჩნდი. დღის სინათლის
მისხალიც კი არ შემოდიოდა. ავეჯის მიხედვით დავასკვენი, რომ ეს საძინებელი
უნდა ყოფილიყო, თუმცა არაერთი ნივთის ფორმა და დანიშნულება მეუცნაურა.
თვალში მეცა ძვირფას ქსოვილგადაფარებული მაგიდა, ზედ დიდი სარკით,
რომლის ჩარჩოც მოოქრულს ჰგავდა და გავიფიქრე, ეს კეთილშობილი
ქალბატონის ტუალეტის მაგიდა იქნება-მეთქი.

არ ვიცი, მაგიდის დანიშნულებას მაშინვე თუ მივხვდებოდი, მის წინ სწორედ


ის კეთილშობილი ქალბატონი რომ არ მჯდარიყო. ქალი სავარძელში იჯდა,
იდაყვები მაგიდაზე ჩამოეყრდნო და თავი ხელისგულზე ჩამოედო. მასზე
უცნაური არაფერი მენახა არც მანამდე და არც მას შემდეგ.

თავიდან ფეხებამდე თეთრით იყო შემოსილი. ტანისამოსი ძვირფასი


ატლასის, აბრეშუმისა და მაქმანისაგან ჰქონდა შეკერილი. ფეხსაცმელიც კი
თეთრი ეცვა. თავზე გრძელი, თეთრი ფატა ეფარა, თმაში საპატარძლო
ყვავილები ჩაეწნა, მაგრამ სულ მთლად ჭაღარა იყო. ყელსა და მაჯებზე
პატიოსანი თვლები უბზინავდა, მაგიდაზეც ძვირფასი სამკაულები ელაგა. რაც
ტანთ ეცვა, შედარებით იმაზე მოკრძალებული კაბები და სანახევროდ
ჩალაგებული ჩემოდნები მთელ ოთახში იყო მოფანტული. ქალს ჩაცმა ჯერაც არ
დაესრულებინა – მხოლოდ ცალი ფეხსაცმელი ეცვა, მეორე იქვე, მაგიდაზე იდო.
ფატაც სანახევროდ ჰქონდა თმაზე მიბნეული. არც ძეწკვიანი საათი ეკეთა,
ხოლო გულზე მისაბნევი მაქმანი, ცხვირსახოცი, ხელთათმანი, ყვავილები და
ლოცვების წიგნი სარკის წინ უწესრიგოდ ეყარა.

ყოველივე ეს ერთბაშად არ შემინიშნავს, თუმცა პირველივე წუთში იმაზე


ბევრად მეტი წვრილმანი მეცა თვალში, ვიდრე შეიძლება წარმოიდგინოთ. იმას
კი იმთავითვე მივხვდი, რომ ყველაფერი, რაც თეთრი უნდა ყოფილიყო,
ოდესღაც მართლაც თეთრი იყო, მაგრამ უკვე დიდი ხანია, სისპეტაკე დაეკარგა
და მჭკნარი ყვითელი ელფერი ედო. ისიც შევნიშნე, რომ საპატარძლო კაბისა და
ყვავილების მსგავსად, თვით პატარძალიც მომჭკნარიყო, გადაფითრებულიყო
და ერთადერთი, რაც შემორჩენოდა, ჩაცვენილი თვალების სიკაშკაშე იყო. მის
კაბას ეტყობოდა, რომ ოდესდაც ახალგაზრდა ქალს სრულ ტანზე მოარგეს, ახლა
კი ძვალსა და ტყავზე ჩვარივით ეკიდა. ერთხელ ბაზრობაზე წამიყვანეს ცვილის
ყოვლად შემზარავი ფიგურის სანახავად, რომელიც კუბოში მწოლიარე
რომელიდაც ლეგენდარულ პიროვნებას განასახიერებდა. ერთხელაც ჩვენს
ჭაობებზე ერთ-ერთი აკლდამიდან ამოთხრილი ჩონჩხი მიჩვენეს, რომელსაც
ოდესღაც მდიდრული სამოსი გახრწნილ ნაფლეთებად ეკიდა. ახლა მეგონა,
ცვილის ფიგურა და ჩონჩხი გაცოცხლებულიყვნენ და მუქი თვალებით
მომჩერებოდნენ. შიშით ლამის შევკივლე, მაგრამ ხმა წამერთვა.

– ვინ არის აქ? – იკითხა მაგიდასთან მჯდომმა ქალბატონმა.

– პიპი, მემ.

– პიპი?

– მისტერ პამბლჩუკის ბიჭი, მემ. აქ... სათამაშოდ მოვედი.

– ახლოს მოდი, შეგხედო. აქეთ.

მივუახლოვდი. მის მზერას თვალს ვარიდებდი. წინ მიმოფანტულ ნივთებს


უკეთ დავაკვირდი და შევნიშნე, მისი მაჯის საათი ცხრის ოც წუთზე იყო
გაჩერებული. კედლის საათიც ასევე ცხრის ოც წუთს აჩვენებდა.

– აბა, შემომხედე, – მითხრა მის ჰევიშემმა, – არ გეშინია ქალის, რომელსაც


მას მერე, რაც შენ დაიბადე, მზის სინათლე არ უნახავს?
სინანულით უნდა ვაღიარო, რომ იმ უდიდესი ტყუილის თემა არ შემშინებია,
რასაც ჩემი მოკლე "არა" შეიცავდა.

– იცი თუ არა, რას ვეხები ახლა? – ქალმა ხელისგულები გადააჯვარედინა და


მკერდის მარცხენა მხარეს მიიდო.

– დიახ, მემ, – უნებურად ჩემი პატიმრის ახალგაზრდა ამხანაგი მომაგონდა.

– რა მაქვს აქ?

– გული.

– ეს გული გაბზარულია, – დაჟინებით, დიდი გზნებით, იდუმალი და თითქოს


თავმომწონე ღიმილით წარმოთქვა ქალმა.

ამის შემდეგ ერთხანს კიდევ იფარებდა გულზე ხელებს, ბოლოს ნელა


დაუშვა, თითქოს ძალიან დამძიმებოდა.

– დავიღალე, – მითხრა მის ჰევიშემმა, – რამე თავშესაქცევი მჭირდება,


ქალები და კაცები კი უკლებლივ მძულს. ითამაშე!

ალბათ, ჩემი ყველაზე უფრო მოკამათე მკითხველიც კი დამეთანხმება, რომ


ამ წუთებში შეუძლებელი იყო, საბრალო ბიჭისაგან ამაზე რთული რამ
მოეთხოვა.

– ზოგჯერ ავადმყოფური ფანტაზიები მეწვევა ხოლმე, – განაგრძო ქალმა, –


ჰოდა, ახლა ეს ავადმყოფური ფანტაზია გამიჩნდა: მინდა, ვინმეს თამაშს
თვალი ვადევნო. ჰა, რაღას უცდი? – მარჯვენა ხელის თითები მოუთმენლად
ამიქნია, – ითამაშე, ითამაშე!

ჩემი დის მუქარა, თუ არ ითამაშებ, სეირს გიჩვენებო, იმდენად ცხადად


მახსოვდა, რომ წამით შეშლილი აზრი მომივიდა: ოთახისათვის სირბილით წრე
დამერტყა და მისტერ პამბლჩუკის ორთვალაში შებმული ცხენი
განმესახიერებინა, მაგრამ მაშინვე ვიგრძენი, რომ ამგვარი წარმოდგენა ჩემს
ძალებს განუზომლად აღემატებოდა. ამის გაკეთება არც მიცდია, კვლავაც
უძრავად ვიდექი და მის ჰევიშემს იმ გამომეტყველებით მივჩერებოდი, როგორც
ჩანს, ჯიუტობაში რომ ჩამითვალა, რადგან მას მერე, რაც ერთმანეთის ცქერით
გული ვიჯერეთ, მკითხა:
– შენ, ალბათ, ბუტია და თავნება ბიჭი ხარ?

– არა, მემ, ძალიან ვწუხვარ თქვენ გამო და იმის გამო, რომ ახლა ვერ
ვთამაშობ. ჩემს დასთან თუ მიჩივლებთ, ცუდ დღეს დამაწევს. მერწმუნეთ, რომ
შემეძლოს, ვითამაშებდი, მაგრამ აქაურობა ისე მეუცხოება, აქ ჩემთვის
ყველაფერი ისე უცნაური, დიდებული და... ნაღვლიანია... – უმალ დავდუმდი
შიშით, ვაითუ ზედმეტი წამომცდეს ან უკვე წამომცდა-მეთქი, რის შემდეგაც
კვლავ ერთმანეთს მივაჩერდით.

ქალმა, ვიდრე კვლავ ალაპარაკდებოდა, თვალი მომწყვიტა და კაბას,


ტუალეტის მაგიდასა და სარკეში თავის ანარეკლს გადახედა.

– მისთვის უცნაური, ჩემთვის ნაცნობი, მისთვის უცხო, ჩემთვის ჩვეული, –


ჩაილაპარაკა თავისთვის, – და ორივესთვის ნაღვლიანი! ესტელას დაუძახე.

რაკი ისევ ანარეკლს მისჩერებოდა, ჩავთვალე, კვლავაც საკუთარ თავს


ელაპარაკებოდა და ადგილიდან არ დავძრულვარ.

– ესტელას დაუძახე, – გაიმეორა და თვალები დამიბრიალა, – ეს ხომ


შეგიძლია. კართან მიდი და დაუძახე.

უცხო სახლის იდუმალ, ჩაბნელებულ დერეფანში დგომა და "ესტელას"


ძახილი მედიდური ქალიშვილისათვის, რომელიც არც ჩანდა და არც პასუხს
მცემდა, თანაც იმის განცდა, რომ მისი სახელის ასე მოურიდებლად წარმოთქმა
დაუშვებელ უტიფრობად ჩამეთვლებოდა, თითქმის ისევე მიმძიმდა, როგორც
შეკვეთით თამაში. მაგრამ, როგორც იქნა, გამომეხმაურა და მისი სანთლის შუქმა
ბნელ დერეფანში ვარსკვლავივით გამოანათა.

მის ჰევიშემმა ანიშნა, ახლოს მისულიყო. მერე მაგიდიდან სამკაული აიღო და


ქალიშვილის ნორჩ ყელსა და მბზინავ, წაბლისფერ თმას მოარგო.

– ერთ მშვენიერ დღეს ეს ყველაფერი შენი იქნება, შენ მაინც ხომ შეძლებ ამ
ყველაფრის საუკეთესოდ გამოყენებას. ახლა კი მინდა, ამ ბიჭს ბანქო ეთამაშო,
მე კი გიყურებთ.
– ამ ბიჭს? ეს ხომ უბრალო სოფლელი ბიჭია!
მეგონა მომეყურა, იმდენად უცნაურად ჟღერდა მის ჰევიშემის პასუხი:

– რა უჭირს, ხომ შეგიძლია, გული გაუბზარო!

– რისი თამაში იცი, ბიჭუნა? – უკიდურესი ზიზღით მომიბრუნდა ესტელა.

– მხოლოდ "მათხოვრის", მის.

– ჰოდა, გაამათხოვრე, – უთხრა მის ჰევიშემმა ესტელას.

მე და ის ბანქოს მივუსხედით.

სწორედ ამ წუთებიდან მოყოლებული, თანდათან ჩავწვდი, რომ ამ ოთახში,


საათის მსგავსად, ყველაფერი დიდი ხნის წინათ გაჩერებულიყო. შევნიშნე, მის
ჰევიშემმა სამკაული ზუსტად იმავე ადგილას დადო, საიდანაც წეღან აიღო.
ვიდრე ესტელა ბანქოს ჩეხავდა, ტუალეტის მაგიდას გადავხედე და თვალი
ვკიდე მასზე შემოდგმულ ცალ ფეხსაცმელს, ოდესღაც თეთრს, ახლა კი
გაყვითლებულს, რომელიც უხმარი იყო. მერე ქალს იმ ფეხზე დავხედე,
რომელზეც ეს ფეხსაცმელი უნდა სცმოდა, და შევნიშნე, ოდესღაც თეთრი, ახლა
კი გაყვითლებული აბრეშუმის წინდა სულ მთლად გაცვეთილიყო. ოთახში
ყველაფერი უძრაობას რომ არ მოენუსხა, მთელი ეს მჭკნარი, გახუნებული
ნივთები თავ-თავის ადგილას რაღაც ჯადოს სამუდამოდ რომ არ მიეჯაჭვა, ქალის
მომჩვარული კაბა მაინც ასე ძლიერ ემგვანებოდა მკვდრის პერანგს,
ჩამოკონკილი ფატა კი – სუდარას.

ვიდრე ვთამაშობდით, მის ჰევიშემი გვამივით იჯდა. კაბის მაქმანები და


არშია თითქოს მოყვითალო-მორუხო ქაღალდისგან ჰქონდა გამოჭრილი.
იმხანად არაფერი ვიცოდი საუკუნეების წინათ დამარხული გვამების შესახებ,
რომლებიც აღმოჩენისთანავე მტვრად იშლებიან; მაგრამ მას მერე ხშირად
მიფიქრია, ეს ქალი ისე გამოიყურებოდა, თითქოს რაწამსაც მზის შუქი
მოხვდებოდა, მაშინვე ნაცარტუტად იქცეოდა.

– ეს ბიჭუნა მეფეებს პაპებს ეძახის! – დამცინავად შენიშნა ესტელამ, ვიდრე


პირველ თამაშს დავასრულებდით, – თანაც რა მოუვლელი ხელები აქვს! რა
უხეში ფეხსაცმელი!

მანამდე არასოდეს მიფიქრია, რომ ჩემი ხელებისა უნდა შემრცხვენოდა.


ახლა კი მართლაც მომეჩვენა, რომ ხელები არ მივარგოდა. ესტელას ზიზღი
იმდენად ძლიერი იყო, მალევე მეც გადმომედო.

პირველი თამაში მომიგო და ამიტომ მე უნდა დამერიგებინა. არასწორად


დავარიგე, რაც სრულიად ბუნებრივი იყო, რადგან ვხედავდი, გოგო ჩასაფრებული
ელოდა, როდის შემეშლებოდა. მერე მაშინვე გამოაცხადა, რომ მისი აზრით,
ყოვლად ბრიყვი და ხეპრე გლეხის ბიძი ვიყავი.

– შენ რომ ესტელაზე არაფერს ამბობ? – მომიბრუნდა მის ჰევიშემი, რომელიც


მთელი ამ ხნის განმავლობაში ყურადღებით გვადევნებდა თვალს, – ის შენზე
ბევრ უსიამოს ამბობს, შენ კი?... რა აზრის ხარ მასზე?

– ამის თქმას არ ვისურვებდი, – ამოვილუღლუღე.


‒ ყურში მითხარი, – ქალი ჩემკენ დაიხარა.

– მგონია, ძალიან ამაყია, – ჩავჩურჩულე.

– კიდევ?

– მგონია, ძალიან ლამაზია.

– კიდევ?

– მგონია, ძალიან ბოროტია, – ქალიშვილმა სწორედ ამ დროს მტყორცნა


განმგმირავი მზერა.

– კიდევ?

– კიდევ შინ მინდა.

– და აღარასოდეს მოგინდება მისი ნახვა, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი


ლამაზია?

– არ ვიცი, შესაძლოა, ოდესმე მომინდეს კიდეც, მაგრამ ახლა შინ მინდა.

– შინ მალე წახვალ, – ხმამაღლა მიპასუხა მის ჰევიშემმა, – ოღონდ ჯერ


თამაში დაასრულე.
რომ არა ის პირველი, უცნაური ღიმილი, დარწმუნებით გავიფიქრებდი, მის
ჰევიშემი სამუდამოდ გადაეჩვია-მეთქი ღიმილს: სახეზე მრუმე და გაფაციცებული
ნიღაბი ეფარა – როგორც ჩანს, იმ წუთიდან, როცა მის გარშემო ყველაფერი
გაქვავდა – და ამ ნიღაბს, ალბათ, აღარასოდეს მოიხსნიდა. მკერდი
ჩავარდნოდა, რის გამოც ბეჭებში მოხრილიყო. ხმაც ერთხელ და სამუდამოდ
ჩაწყვეტოდა და მას მერე დაბალ, ყრუ და მკვდარ ბგერებს გამოსცემდა. ისეთი
შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს უძლიერესმა, გამანადგურებელმა დარტყმამ
მთელი მისი არსება, სულიცა და სხეულიც, დასცა და გასრისა.

ბოლომდე ვითამაშეთ, ესტელამ კვლავ მათხოვრად დამტოვა. როგორც კი


გაიმარჯვა, ბანქოს ქაღალდი ისეთი ზიზღით დაყარა მაგიდაზე, თითქოს ჩემთან
ერთად თამაშით წაიბილწა.

– შემდეგში როდისთვის დაგიბარო? – იკითხა მის ჰევიშემმა, – აბა,


დავფიქრდე.

შევახსენე, დღეს ოთხშაბათია-მეთქი, მაგრამ ქალმა კვლავ თითების


მოუთმენელი მოძრაობით გამაწყვეტინა.

– არა, არა! კვირის დღეებზე არავითარი წარმოდგენა არ მაქვს. არც თვეებზე


თუ წლებზე. ექვსი დღის შემდეგ ისევ მოხვალ, გასაგებია?

– დიახ, მემ.

– ესტელა, ქვედა სართულზე ჩაიყვანე. რამე აჭამე, თან შეუძლია,


გაიარ-გამოიაროს და იქაურობა მოათვალიეროს. წადი, პიპ.

სანთლის შუქს კიბეზე ჩავყევი, მერე მაღლა ავყევი, ბოლოს გოგომ ის იმავე
ადგილას შემოდგა, სადაც შემოსვლისას დაგვხვდა. ვიდრე კარი არ გააღო, უკვე
დაღამებული მეგონა. მაგრამ მერე მზის კაშკაშა სინათლე უეცრად თავს
დამატყდა და გამაბრუა. ასე მეგონა, იმ უცნაურ ოთახში, სანთლის შუეზე,
მრავალი საათი გავატარე.

– აქ დამელოდე, ბიჭუნავ, – მითხრა ესტელამ და მეორე კარში შევიდა.

ეზოში მარტოდ დარჩენილმა დრო ვიხელთე და ჩემს მოუვლელ ხელებსა და


უხეშ ფეხსაცმელს დავაკვირდი. ფრიად არასახარბიელო შთაბეჭდილება
დამრჩა. მათი შეზიზღება წინათ თავში არ მომსვლია, ახლა კი ჩემმა მდაბიურმა
იერმა ძალიან შემაწუხა. გადავწყვიტე, ჯოსთვის მეკითხა, რატომ მასწავლა
ბანქოს მეფეების პაპებად მოხსენიება. გული დამწყდა: ნეტავ ჯო უფრო
დახვეწილად აღეზარდათ და ეს მეც გამომადგებოდა-მეთქი.

ესტელამ პური, ხორცი და მომცრო ტოლჩით ლუდი გამომიტანა. ტოლჩა ეზოს


ქვაფენილზე დადგა, პური და ხორცი კი ისე გამომიწოდა, ჩემკენ არ
გამოუხედავს, თითქოს დამნაშავე ძაღლი ვყოფილიყავი. თავი იმდენად
შურაცხყოფილად, ნაწყენად, გულნატკენად, გაწბილებულად ვიგრძენი –
მხოლოდ ღმერთმა უწყის, ჩემი განცდისათვის რა უნდა მეწოდებინა – რომ
თვალები ცრემლით ამევსო. როგორც კი გოგომ ეს შენიშნა, იმწამსვე მომაპყრო
მზერა, თითქოს ესიამოვნა, მის გამო რომ ავტირდი. ამან ძალა მომანიჭა.
ცრემლი უკან შევიბრუნე და თვალი გავუსწორე. მან კი აგდებით აიქნია თავი,
თუმცა, მგონი, მიხვდა, გამარჯვება ნაადრევად რომ იზეიმა და წავიდა.

მაშინვე თავის შესაფარებელ ადგილს დავუწყე ძებნა, ლუდსახდელის


ჭიშკარს მოვეფარე, ქვის კედელს მკლავით დავეყრდენი, სახე ხელებში ჩავრგე
და ავტირდი. ვქვითინებდი, კედელს ფეხს ვურტყამდი, თმას ვიწიწკნიდი,
იმდენად დამძიმებული მქონდა გული, იმდენად მწარე იყო ის უსახელო
ტკივილი, რომელიც ჩემი არსებიდან გარეთ გამოღწევას ლამობდა.

ჩემი დის მბრძანებლობამ გრძნობები მეტისმეტად გამინატიფა. სულ ერთია,


ვინც უნდა ზრდიდეს ბავშვს, ის თავის ციცქნა სამყაროში არაფერს ისე მძაფრად
არ განიცდის, როგორც უსამართლობას. თუნდაც ეს უსამართლობა ძალზე პატარა
იყოს, მაგრამ ბავშვიც ხომ პატარაა, მისი სამყაროც პატარაა და ხის საქანაო
ცხენიც ბავშვისათვის ისეთივე ვეებერთელაა, როგორც ჩვენთვის ირლანდიური
სანადირო რაში. ჩვილობიდან მოკიდებული, განუწყვეტლივ ვებრძოდი
უსამართლობას. მას მერე, რაც ენა ამოვიდგი, მესმოდა, რომ ახირებული და
უმოწყალო დესპოტიზმით შეპყრობილი ჩემი და უსამართლოდ მექცეოდა. მუდამ
ღრმად ვიყავი იმაში დარწმუნებული, რომ, თუკი საკუთარი ხელით მაყმევდა, ეს
იმის უფლებას არ აძლევდა, მუჯლუგუნებით გავეზარდე. ეს მტკიცე რწმენა ყველა
სასჯელის, დამცირების, შიმშილის, უძილობისა და სხვა გამოსასწორებელ
ღონისძიებათა ქარცეცხლში გამოვატარე. დარწმუნებული ვარ, მარტოსულ და
დაუცველ ბავშვს რაკი ასე ხშირად მიწევდა უსამართლობაზე ფიქრი, ამიტომაც
გავხდი გაუბედავი და მგრძნობიარე ყმაწვილი.

ამჯერად ჩემი შეურაცხყოფილი განცდებისაგან იმით გავთავისუფლდი, რომ


ეს განცდები ლუდსახდელის კედელში ჩავტკეპნე, თმასთან ერთად ამოვიძრე,
მერე სახელოთი თვალები შევიმშრალე და სამალავიდან გამოვედი. პური და
ხორცი მეამა, ლუდმაც სასიამოვნოდ გამათბო და გამამხნევა. სულ მალე
იქაურობის დათვალიერების ხასიათზეც მოვედი.
ეს ადგილი მართლაც მიტოვებული იყო, ეზოც და ლუდსახდელის სიახლოვეს
აღმართული სამტრედეც, რომელიც ოდესღაც ძლიერ ქარს მოერყია და ახლა
ჭოკის კენწეროზე ისე ირწეოდა, შიგ მტრედებს რომ ეცხოვრათ, უთუოდ თავს შუა
ზღვაში, ტალღებზე მოქანავე ხომალდზე იგრძნობდნენ. მაგრამ სამტრედეში
მტრედები არ ბინადრობდნენ, არც საჯინიბოში – ცხენები, არც ფარდულში –
ღორები. საკუჭნაოში მარცვლეულის ნასახიც კი არ ჩანდა. ქვაბებიდან ლუდის
სუნიც კი არ ამოდიოდა. თითქოს მთელი სურნელი და სიცოცხლე ლუდსახდელს
კვამლის უკანასკნელ ქულასთან ერთად სამუდამოდ მოსწყდა. გვერდით
მდებარე ეზოში ცარიელი კასრები იყო დახვავებული – უკეთესი დღეებიდან ჯერ
კიდევ შერჩენოდათ მომჟავო სუნი, თუმცა ამ სუნის მიხედვით მათში ოდესღაც
ჩასხმულ ლუდზე წარმოდგენას ვერ შეიქმნიდით – ვფიქრობ, განდეგილის ყოფაც
სწორედ ასევე განსხვავდება მისი განვლილი ცხოვრებისაგან.

ლუდსახდელის მეორე კედლის იქით გავერანებული ბაღი შევნიშნე, რომლის


გალავანიც დაბალი იყო, ამიტომ ავხტი და ზედ მკლავებით ჩამოკიდებულმა
მიდამო მოვათვალიერე. ეს სახლის გარშემო ოდესღაც გაშენებული ბაღი
აღმოჩნდა, ახლა მაღალი სარეველებით დაბურული, თუმცა ამ ტევრებში
გაკვალული ბილიკიც დავინახე, რამაც მაფიქრებინა, რომ ამ ბაღში ვიღაც მაინც
მიმოდიოდა. სწორედ ამ ბილიკის ბოლოში დავლანდე ესტელა, რომელიც
კვლავაც ჩქარი ნაბიჯით მშორდებოდა. თუმცა ასე მეგონა, ესტელა ყველგან იყო.
რადგან, როცა ცდუნებას დავყევი და კასრებზე დავიწყე სიარული, შემოღობილი
ეზოს ბოლოში დავინახე, ისიც კასრებზე დააბიჯებდა. ჩემთვის ზურგი შეექცია და
ულამაზესი წაბლისფერი თმა ორივე ხელით აეწია. მერე ისე მოეფარა თვალს,
უკან ერთხელაც არ მოუხედავს. იგივე განმეორდა ლუდსახდელის შიგნითაც –
ქვის იატაკიან ფართო სათავსოში, სადაც ოდესღაც ლუდი იხარშებოდა და სადაც
ზოგიერთი მოწყობილობა თუ ჭურჭელი დღემდე შემორჩენილიყო. როცა შიგნით
შევედი, მრუმე სიბნელემ დამაფრთხო, კართან შევჩერდი, მერე კი დავინახე,
ესტელამ ჩამქრალ ქურებს შორის როგორ გაიელვა, ლითონის მსუბუქი კიბე
აირბინა და მაღლა გალერეაზე ისე გაიარა, თითქოს ცაში ასვლას აპირებდა.

სწორედ იქ, იმ ადგილას, ჩემმა წარმოსახვამ ერთი უცნაურობა ჩაიდინა. რაც


ვნახე, მაშინვე ძალიან უჩვეულო მოვლენად ჩავთვალე, მაგრამ წლების შემდეგ
ბევრად უფრო უჩვეულოდ მივიჩნიე. თვალები სუსხიან სივრცეში ცქერით ჯერაც
დაბინდული მქონდა და ჩემს სიახლოვეს შენობის დაბალ თაღს რომ ავხედე,
კოჭზე კისრით ჩამოკიდებული ფიგურა დავინახე. ქალის ფიგურა იყო, სულ
მთლად მოყვითალო თეთრი ქსოვილით შემოსილი, ცალი ფეხსაცმლით. ისე
ახლოს ეკიდა, რომ ცხადად გავარჩიე კაბის დაძენძილი მაქმანი, რომელიც რუხ
ქაღალდს მიუგავდა. თვითონ კი სახით ზედგამოჭრილი მის ჰევიშემი იყო და
ყველა ნაკვთი ოდნავ უთრთოდა, თითქოს მიხმობდა და მემუდარებოდა. შიშმა
შემიპყრო, განსაკუთრებით იმის გამო, რომ ფიგურა წამის წინ იქ არ ეკიდა,
ადგილს მოვწყდი და გავიქეცი, მაგრამ მაშინვე ისევ მისკენ გავწიე. ძრწოლა
გამიასმაგდა, როცა ის ადგილი ცარიელი დამხვდა.

სუსხმა, ქუჩიდან შემომავალმა ხმებმა და ჩემი ხემსისა და ლუდის


ნარჩენებმა ცოტათი გონს მომიყვანა. თუმცა ეს ვერაფერს მიშველიდა, სწორედ
ამ დროს ჩემ გასაცილებლად გასაღების ასხმით ხელში ესტელა რომ არ
მოსულიყო. ვიფიქრე, თუკი დამფრთხალს მნახავდა, ჩემი შეზიზღებისათვის
სამართლიანი მიზეზი მიეცემოდა და გადავწყვიტე, ამის საფუძველი არ მიმეცა.

გვერდით ჩამიარა და გამარჯვებული მზერა შემავლო, თითქოს ჩემი


მოუვლელი ხელები და უხეში ფეხსაცმელი ახარებდა. მერე ჭიშკარი გამიღო და,
ვიდრე გავიდოდი, ხელით ეკავა. ჭიშკარში გასვლისას მისთვის თვალი არ
გამისწორებია, მაგრამ თვითონ გამომწვევად შემახო ხელი.

– რატომ არ ტირი?

– იმიტომ, რომ არ მინდა.

– გინდა, – ჯიუტად მიპასუხა, – თვალები სულ მთლად აწითლებული გაქვს და


ახლაც სადაცაა, ატირდები.

ღვარძლიანად გადაიხარხარა, ხელი მკრა და ჭიშკარი მომიკეტა. პირდაპირ


მისტერ პამბლჩუკთან მივედი და, რადგან არ დამხვდა, დიდი შვება ვიგრძენი.
გამყიდველს დავუბარე, მის ჰევიშემთან შემდეგში როდის უნდა მივსულიყავი და
ჩვენი სამჭედლოსაკენ ოთხმილიან გზას დავადექი. გზაში ყოველივე
ნანახ-განცდილზე ვფიქრობდი და გამუდმებით ვუბრუნდებოდი იმ აზრს, რომ
თურმე უბრალო სოფლელი ბიჭი ვყოფილვარ; ხელები მოუვლელი მქონია,
ფეხსაცმელი კი – უხეში; რომ თურმე მეფის პაპად წოდების ყოვლად უღირსი
ჩვევა მომდევდა; რომ იმაზე ბევრად უმეცარი გამოვდექი, ვიდრე ჯერ კიდევ
გუშინ მეგონა და, საერთოდაც, არაფერი მეშველებოდა.
9

როცა სახლში მივედი, ჩემმა დამ მოინდომა, მის ჰევიშემის შესახებ


ყველაფერი სცოდნოდა, ამიტომ უამრავი შეკითხვა მომაყარა. მაშინვე ქეჩოშიც
მირტყა და ბეჭებზეც, შუბლიც არაერთხელ მიმახლევინა კედელზე, რაკიდა ამ
შეკითხვებზე სათანადოდ ვრცლად ვერ ვუპასუხე.

ყველა ბავშვი, რომელიც ჩემსავით ძლიერი შიშითაა შეპყრობილი, ფიქრობს,


ვაითუ ვერ გამიგონო (მე კი თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ მხრივ
გამონაკლისს არ წარმოვადგენდი) და ხშირად ბავშვის გულჩათხრობილი და
უტყვი ხასიათი სწორედ ამით შეიძლება აიხსნას. ვგრძნობდი, მის ჰევიშემი ისე
რომ აღმეწერა, როგორც ის ჩემმა თვალებმა დაინახა, ჩემს მონათხრობს
ვერავინ გაიგებდა. მეტიც, დარწმუნებული ვიყავი, რომ არც მის ჰევიშემს
გაუგებდნენ. მართალია, ეს ქალბატონი ჩემთვისაც სრულიად ამოუცნობი იყო,
მაგრამ მაინც ერთგვარ უღირს ღალატად მივიჩნიე ჩემი დის განსასჯელად მისი
(მის ესტელაზე რომ აღარაფერი ვთქვათ) პიროვნების გამოყვანა. შედეგად, რაც
შემეძლო, ნაკლები მოვუყევი და ამიტომაც სამზარეულოს კედელზე არაერთხელ
მახლევინა თავი.

თითქოს ეს გაჭირვება არ მეყოფოდა, აბეზარა ბებერი პამბლჩუკიც შეაწუხა


ცნობისმოყვარეობამ და თავისი ორთვალათი პირდაღებული, ქოშინით მოგვადგა
ჩაიზე. გინდა თუ არა, მეც ყველაფერი წვრილად მომახსენეო. ამ ჩემს
მტანჯველს თვალი შევავლე. მისმა თევზის თვალებმა, დაფჩენილმა პირმა,
კითხვის ნიშნებივით მოკაუჭებული წითური თმის ღერებმა და არითმეტიკული
მაგალითებით გამოტენილმა ჟილეტმა კიდევ უფრო ჯიბრიან ხასიათზე დამაყენა.
მის ჯინაზე გადავწყვიტე, სულ არაფერი მომეყოლა.

– აბა, ყმაწვილო, – წამოიწყო ბიძია პამბლჩუკმა, როგორც კი ბუხართან


საპატიო სავარძელში მოკალათდა, – ქალაქში დრო როგორ გაატარე?

‒ კარგად, სერ, – ვუპასუხე, ჩემმა დამ კი მუშტი მომიღერა.


– კარგად? – გაიმეორა მისტერ პამბლჩუკმა, – ეს რა პასუხია: კარგად?
გვითხარი, "კარგად" რას ნიშნავს, ყმაწვილო.

შესაძლოა, მოკირულ კედელზე შუბლის ხშირი მიხლა ტვინს აქვავებდეს და


სიჯიუტესაც აძლიერებდეს. ყოველ შემთხვევაში, შუბლი კირით მქონდა
გათეთრებული და ჩემს სიჯიუტეს უკვე გაალმასება ეთქმოდა. ერთხანს
ჩაფიქრებული ვდუმდი, ბოლოს კი ისეთი კილოთი ვუპასუხე, თითქოს ახალი
აზრი მომსვლოდა:

– "კარგად" ნიშნავს "კარგად".

ჩემმა დამ მოუთმენლად შეიცხადა და უკვე მზად იყო, თმაში მწვდომოდა –


არც არავინ მყავდა მოსარჩლე, რადგან ჯო ამ დროს სამჭედლოში მუშაობდა –
მაგრამ უეცრად მისტერ პამბლჩუკი წინ გადამეღობა.

– არა, გთხოვთ, მოთმინებას ნუ დაკარგავთ. მომანდეთ ეს ბიჭი, მემ,


მომანდეთ, – ამ სიტყვებით მისტერ პამბლჩუკმა ჩემი სახე თავისკენ ისე
მიაბრუნა, თითქოს თმის შეჭრას მიპირებდა, და მითხრა, – აბა, უპირველეს
ყოვლისა გონება მოვიწესრიგოთ. ორმოცდასამი პენსი რამდენია?

ოთხასი გირვანქა სტერლინგი-მეთქი, უნდა მეპასუხა, მაგრამ წინასწარ


გავთვალე, შედეგი ჩემთვის არასახარბიელო იქნებოდა, ამიტომ
შეძლებისდაგვარად სწორად ვუპასუხე, სულ რაღაც რვა პენსით შევცდი. მაშინ
მისტერ პამბლჩუკმა პენსების მთელი ტაბულა გამამეორებინა – დაწყებული
"თორმეტი პენსი ერთ შილინგს შეადგენსით", დამთავრებული "ორმოცი პენსი
სამი შილინგი და ოთხი პენსიათი", საბოლოოდ კი ისეთი გამარჯვების კილოთი
მკითხა, თითქოს, როგორც იქნა, მომერია:

– აბა! მაშ, ორმოცდასამი პენსი რამდენია? – რაზეც კარგა ხნის ფიქრის


შემდეგ ვუპასუხე, არ ვიცი-მეთქი.

იმდენად ვიყავი გაღიზიანებული, ვფიქრობ, პასუხი მართლაც არ ვიცოდი.

მისტერ პამბლჩუკმა თავი კორპსაძრობივით დაატრიალა, თითქოს პასუხი


საცობივით უნდა ამომაძროსო, და თქვა:

– ორმოცდასამი პენსი შვიდ შილინგსა და ექვს პენსს ხომ არ შეადგენს?

– დიახ! – ვუპასუხე და, თუმცა ჩემმა დამ მაშინვე ამიწია ყური, მაინც
კმაყოფილი ვიყავი იმით, რომ მისტერ პამბლჩუკს ხუმრობა ჩავუშალე და
დავადუმე.

‒ ყმაწვილო! მის ჰევიშემი როგორ გამოიყურება? – ისევ წამოიწყო მისტერ


პამბლჩუკმა, როგორც კი გონს მოვიდა, თან გულზე ხელები დაიკრიფა და ისევ
თავისი "კორპსაძრობი" აამუშავა.

– ძალიან მაღალი და შავგრემანია, – მივუგე მაშინვე.

– მართალს ამბობს, ბიძია? – ჰკითხა ჩემმა დამ.

მისტერ პამბლჩუკმა დასტურის ნიშნად თვალი ჩაუკრა, საიდანაც დავასკვენი,


რომ მის ჰევიშემი არასოდეს ენახა, რადგან მას ჩემს აღწერასთან საერთო
არაფერი ჰქონდა.

– ძალიან კარგი! – თვითკმაყოფილი კილოთი წარმოთქვა მისტერ


პამბლჩუკმა, – აი, როგორი მიდგომა სჭირდება! მგონი, გასაღები მოვუძებნეთ,
არა, მემ?

– რა თქმა უნდა, ბიძია! – უთხრა მისის ჯომ, – ნეტავ, უფრო ხშირად უწევდეს
თქვენთან ყოფნა! ამ ბავშვს მხოლოდ თქვენ თუ მოარჯულებთ.

– მაშ, კარგი, ყმაწვილო, – განაგრძო მისტერ პამბლჩუკმა, – რას აკეთებდა


მის ჰევიშემი, როცა მასთან მიხვედი?

– შავი ხავერდის ეტლში იჯდა, – ვუპასუხე.

მისის ჯო და მისტერ პამბლჩუკი ერთმანეთს მიაჩერდნენ და ერთხმად


გაიმეორეს:

– ეტლში იჯდაო?

– დიახ, – დავუდასტურე მაშინვე, – და მის ესტელა (მგონი, მისი დისშვილია)


ეტლის ფანჯრიდან ოქროს ლანგრით ნამცხვარსა და ღვინოს აწვდიდა. ყველანი
ოქროს თეფშებიდან მივირთმევდით ნამცხვარს; ღვინოსაც ვსვამდით. მე ჩემი
ნამცხვრით ეტლის უკან, სატერფულზე შემოვჯექი, იმიტომ, რომ მის ჰევიშემმა
ასე მიბრძანა.
– კიდევ ვინმე თუ იყო იქ? – მკითხა მისტერ პამბლჩუკმა.

– ოთხი ძაღლი, – ვუპასუხე თვალის დაუხამხამებლად.

– დიდი თუ პატარა?

– ვეებერთელა. ვერცხლის კალათიდან ხბოს კატლეტებს ჭამდნენ და ამ


კატლეტის გამო წაიჩხუბნენ.

მისტერ პამბლჩუკი და მისის ჯო ისევ ერთმანეთს მიაჩერდნენ, უკიდურესად


გაოცებულნი. მე კი სრულ ქკუაზე აღარ ვიყავი – რაც თავში მომდიოდა, იმას
ვამბობდი იმ მოწმესავით, რომელსაც ჩვენებას წამებით სძალავენ.

– კი მაგრამ, ღვთის გულისათვის, მაინც სად იდგა ეს ეტლი? – იკითხა ჩემმა


დამ.

– მის ჰევიშემის ოთახში, – კვლავ გაოგნებული მომაჩერდნენ, – ოღონდ


ცხენების გარეშე, – მაშინვე დავურთე ეს მხსნელი შესწორება, თუმცა წამით
დავაპირე, ამ ეტლში ოთხი ჯიშიანი, შეკაზმული ცხენი შემება.

– ასეთი რამ შესაძლებელია, ბიძია? – დაეჭვდა მისის ჯო, – ეს ბიჭი რაღაც


სისულელეს ამბობს.

– მე გეტყვით, მემ, – უპასუხა მისტერ პამბლჩუკმა, – ჩემი აზრით, ეს


პორტშეზი(პორტშეზი – მსუბუქი, ხელით სატარებელი სავარძელი, რომელშიც
ადამიანს შეუძლია გადაწვეს.) უნდა იყოს. ხომ იცით, ახირებული ქალია, ძალზე
ახირებული და ფრიად შესაძლებელია, დილიდან საღამომდე პორტშეზში იჯდეს.
– ოდესმე გინახავთ, შიგ რომ მჯდარიყოს, ბიძია? – დაინტერესდა მისის ჯო.

– არა, რანაირად? – გამოუტყდა მისტერ პამბლჩუკი, – სიცოცხლეში არ


მინახავს! თვალიც კი არ მომიკრავს!

– არ გადამრიოთ, ბიძია! აკი, მისაუბრიაო?

– ნუთუ არ იცით, – უკმაყოფილოდ აუხსნა ბიძიამ, – როცაკი მასთან


შევსულვარ, მისი ოთახის კართან მაცილებდნენ, კარი ღია იყო და შიგნიდან
მესაუბრებოდა. ნუ მეტყვით, ეს არ ვიცოდიო, მემ. ასე თუ ისე, ეს ყმაწვილი იქ
სათამაშოდ იყო მისული. რა ითამაშე?

– დროშებით ვითამაშეთ, – იძულებული ვარ, აღვნიშნო, რომ თვითონაც


მიკვირს, ასეთი საოცარი ტყუილები რამ მომაფიქრებინა.

– დროშებით? – გაიმეორა ჩემმა დამ.

– ჰო, – თამამად განვაგრძე, – ესტელამ ლურჯი დროშა აიქნია, მე – წითელი,


მის ჰევიშემს კი ციცქნა ოქროსფერი, ვარსკვლავებით მოჭედილი დროშა ეჭირა
და ეტლის ფანჯრიდან იქნევდა. მერე კი ყველამ ჩვენ-ჩვენი ხმლები მოვიქნიეთ
და "ვაშა" დავიძახეთ.

– ხმლები?! – შეიცხადა ჩემმა დამ, – ხმლები საიდანღა გქონდათ?

– კარადიდან, – განვუცხადე, – და იქ პისტოლეტებიც შევნიშნე, და კიდევ


მურაბა და წამლები. თან ოთახში დღის სინათლე არ შედიოდა, სამაგიეროდ,
უამრავი სანთელი ენთო.

– ეს სრული სიმართლეა, მემ, – სერიოზულად დამიკრა თავი მისტერ


პამბლჩუკმა, – სწორედ ასეა, ეგ მაინც ჩემი თვალით მაქვს ნანახი, – ამის
შემდეგ ორივე გაფაციცებით მომაჩერდა, მეც გულწრფელი გამომეტყველებით
გავუსწორე თვალი, თან მარჯვენა ხელისგული შარვალზე გადავისვი.

კითხვების დასმა რომ განეგრძოთ, უთუოდ გავცემდი თავს, რადგან უკვე


მოვიფიქრე მეთქვა, რომ მის ჰევიშემის ეზოში ვეება საჰაერო ბურთი ება. თუმცა
ჯერ არ მქონდა გადაწყვეტილი, ხომ არ ჯობდა, მსმენელები ლუდსახდელში
დამწყვდეული ცოცხალი დათვით გამეოცებინა. მხოლოდ იმან გადამარჩინა, რომ
ჩემ მიერ უკვე მოყოლილზე მსჯელობით გაერთნენ. ამ საუბარმა მანამ გასტანა,
ვიდრე ჯო საქმეს მოამთავრებდა და ჩაის დასალევად შემოვიდოდა. ჩემმა დამ –
უფრო საკუთარი განცდების ამოსაფრქვევად, ვიდრე ჯოს ცნობისმოყვარეობის
დასაკმაყოფილებლად, ჩემი გამოგონებული თავგადასავლები წვრილად
ჩაუკაკლა.

ჯომ ცისფერი თვალები ჭყიტა და, თითქოს შველას დაეძებსო, გაოცებით


შემოავლო მთელ სამზარეულოს. აი, მაშინ კი შემაწუხა სინდისმა. თუმცა –
მხოლოდ ჯოს მიმართ, დანარჩენ ორს ეს არანაირად არ ეხებოდა. მხოლოდ და
მხოლოდ ჯოს წინაშე, თავს პატარა ურჩხულად ვგრძნობდი. ამასობაში კი
უფროსები იმაზე ბჭობდნენ, თუ რა სარგებელს მომიტანდა მის ჰევიშემთან
სიარული. ეჭვი არ ეპარებოდათ, რომ მის ჰევიშემი ჩემთვის "რამეს გააკეთებდა".
მაგრამ რა ფორმით გამოხატავდა თავის წყალობას, ამასთან დაკავშირებით
აზრები გაიყო. ჩემი და "ქონებაზე" ლაპარაკობდა, მისტერ პამბლჩუკი კი იმ
აზრისკენ იხრებოდა, რომ დამასაჩუქრებდა დიდძალი თანხით, რომლითაც რამე
ღირსეულ ხელობას – თუნდაც ხორბლეულით ვაჭრობას – შევისწავლიდი. ჯომ
ორივეს მხრიდან უსასტიკესი წყრომა დაიმსახურა, რადგან თავისი მოსაზრება
გამოთქვა, შესაძლოა, საჩუქრად მხოლოდ იმ ძაღლებიდან ერთ-ერთი ერგოს,
რომლებმაც კატლეტის გამო ჩხუბი ატეხესო.

– თუკი შენი სულელი ტვინით უკეთესი ვერაფერი მოიფიქრე, – მკაცრად


განუცხადა ჩემმა დამ, – და თუკი საქმე გაქვს გასაკეთებელი, გიჯობს, წახვიდე
და მიხედო, – ჯოც წავიდა.

როცა მისტერ პამბლჩუკიც გაემგზავრა, ხოლო ჩემი და სარეცხის რეცხვას


შეუდგა, მე ჯოსთან სამჭედლოში შევიპარე და საღამომდე მასთან დავრჩი. საქმე
დაასრულა თუ არა, ვუთხარი:

– ვიდრე ქურაში ცეცხლი ჩაქრება, რაღაც უნდა გითხრა, ჯო.

– მართლა? – ჯომ ცეცხლთან დაბალი სკამი მიაჩოჩა, – მაშ, მითხარი, რა


ხდება, პიპ.

– ჯო, – მის აკაპიწებულ სახელოს ორი თითით გრეხა დავუწყე, – ხომ გახსოვს,
მის ჰევიშემზე რაც მოგიყევით?

– აბა, მაშ, როგორ? – გაოცდა ჯო, – როგორ არ მახსოვს! სასწაულია!

– საშინელი რაღაც უნდა გითხრა, ჯო. ეს ყველაფერი სიმართლე არ არის.

– რას ამბობ, პიპ? – კიდევ უფრო გაოცდა ჯო, – იმის თქმა გინდა, რომ...

– ჰო, ჯო, ტყუილია.

– მაგრამ სულ ტყუილი ხომ არაა? ნუთუ შავი ეტლი იქ საერთოდ არ ყოფილა?
– პასუხად მხოლოდ მდუმარედ გავაქნიე თავი, – მაგრამ ძაღლები მაინც ხომ
იყვნენ? პიპ, კარგი, რა, – ჯო თითქოს ჩემ დაყოლიებას ცდილობდა, –
კატლეტი,
შესაძლოა, არ ყოფილიყო, მაგრამ ძაღლები ხომ იქნებოდნენ?
– არა, ჯო.

– არცერთი? – ჩამეკითხა ჯო, – ლეკვი მაინც? არა?

– არა, ჯო, მსგავსი არაფერი ყოფილა.

ვიდრე უიმედო სახით შევყურებდი, სახტად დარჩენილი ჯო თავს აქნევდა.

– პიპ, ძმობილო, ასე არ ვარგა! თავადვე დაფიქრდი, ასე შორს ვერ წახვალ!

– საშინელებაა, ხომ, ჯო?

– საშინელება? აბა, რა არის! – შესძახა ჯომ, – ეს რამ მოგაფიქრებინა, პიპ?

– თვითონაც არ ვიცი, ჯო, – მის სახელოს ხელი ვუშვი, ნაცარში ჩავჯექი და


თავი ჩავქინდრე, – ეს კი ვიცი: ნეტავ ბანქოში ჩემთვის მეფეების პაპებად
ხსენება არ გესწავლებინა. და ნეტავ ხელები სუფთა მქონოდა და ფეხსაცმელიც
უკეთესი მცმოდა.

მერე კი ჯოს ვუამბე, თავს უბედურად რომ ვგრძნობდი და განცდილ-ნანახს


მისის ჯოსა და მისტერ პამბლჩუკს ვერ გავუზიარებდი, რადგან ორივე უხეშად
მეპყრობოდა; რომ მის ჰევიშემთან ძალზე ლამაზი, მაგრამ
გულისდამთუთქველი, ამაყი გოგო გავიცანი, რომელმაც მდაბიო მიწოდა და
ახლა თვითონაც დარწმუნებული ვიყავი ჩემ მდაბიოობაში, მაგრამ ყველაზე
მეტად იმას ვნატრობდი, მდაბიო არ ვყოფილიყავი; რომ ტყუილი ამ ყველაფერმა
მათქმევინა, თუმცა არ ვიცოდი, როგორ და რატომ.

ეს რთული მეტაფიზიკა ჯოსთვის ისეთივე აუხსნელი აღმოჩნდა, როგორც


ჩემთვის. მაგრამ ჯომ ჩემი შემთხვევა მეტაფიზიკის სფეროს მთლიანად
მოაცილა და სწორედ ამგვარად დაძლია.

– ერთ რამეში შეგიძლია დარწმუნებული იყო, პიპ, – მითხრა ერთხანს ფიქრის


შემდეგ, – ტყუილი ტყუილია. რითაც არ უნდა იყოს გამოწვეული, მაინც ცუდია,
რადგან სიცრუის მამისაგან მოდის და მასვე უბრუნდება. ამიტომ ტყუილი აღარ
თქვა, პიპ. ამით მდაბიოობას ვერ გაექცევი, დამიჯერე. თავისთავად მდაბიოობას
რაც შეეხება, ეს კი სულაც არ მესმის. ბევრ რამეში სულაც არ ხარ მდაბიო,
პირიქით, გამორჩეული ხარ. მაგალითად, გამორჩეულად პატარა ხარ. და
გამორჩეულად განსწავლულიც!
– არა, ჯო, უსწავლელი და უნიჭო ვარ.

– რას ამბობ! გაიხსენე, გუშინ რა წერილი დაწერე. თანაც ბეჭდური ასოებით!


იცი, რამდენჯერ მინახავს კეთილშობილი ხალხის ნაწერი, რომელსაც, გეფიცები,
ბეჭდურის არაფერი ეცხო!

– თითქმის არაფერი მაქვს ნასწავლი, ჯო. მეტისმეტად დიდი წარმოდგენის


ხარ ჩემზე, სულ ეს არის.

– ასეა თუ ისე, პიპ, მცირედით უნდა დაიწყო, რათა მერე დიდს მიაღწიო. აი,
თუნდაც მეფე, რომელსაც გვირგვინი ადგას და ტახტზე ზის, განა შეძლებდა
კანონების ბეჭდურით წერას, თავის დროზე, ჯერ კიდევ უსწავლელ უფლისწულს,
ანბანით რომ არ დაეწყო და თითოეული ასო ანიდან ჰაემდე ძირფესვიანად არ
შეესწავლა? – ჯომ მრავალმნიშვნელოვნად გააქნია თავი, – მე კი ვიცი, ეს რა
რთულიცაა და გულწრფელად ვერ ვიტყვი, ეს გზა ბოლომდე დავძლიე-მეთქი.

მისმა ამ ბრძნულმა ნათქვამმა ოდნავ გამამხნევა და იმედი ჩამისახა.

– მაინც მგონია, აჯობებდა ჩვენისთანა უბრალო ადამიანები, რომელთაც


მდაბიოს უწოდებენ, – ჩაფიქრებული სახით განაგრძო ჯომ, – თავისნაირებთან
დარჩნენ და კეთილშობილებთან სათამაშოდ არ იარონ. ჰო, მართლა, პიპ, იქ
დროშა ხომ მაინც იყო?

– არა, ჯო.

– ეჰ, დროშის გამო ძალიან მწყდება გული. ყოველ შემთხვევაში, შენი იქ


სიარულის თუ არსიარულის ამბავს უკვე ვეღარ შევცვლით: შენი და
გამძვინვარდება, ეს კი ისეთი რამაა, ჯობია, ამის საბაბი არ მივცეთ. მაგრამ
ერთს გირჩევ, როგორც ერთგული მეგობარი. ჰო, მოისმინე შენი ერთგული
მეგობრის რჩევა: თუკი მდაბიოობას პატიოსანი გზით ვერ დააღწევ თავს, ამას
ვერც უპატიოსნო გზით გაახერხებ და ნურც ეცდები. ამიტომ ტყუილი აღარ თქვა,
პიპ, მართალ კაცად იცხოვრე და სიკვდილამდე ბედნიერი იქნები.

– ჩემზე არ ბრაზობ, ჯო?

– არა, ძმობილო. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რა უცნაურობები მოიგონე –


განსაკუთრებით, კატლეტებსა და ძაღლების ჩხუბზე – გულწრფელი
კეთილისმსურველი გირჩევდა, პიპ, შენს საძინებელში როცა ახვალ, ძილის წინ
ყველაფერ ამას კარგად დაუფიქრდე. სულ ეს არის, ძმობილო, და ასეთი რამ
აღარასოდეს გაიმეორო.

ჩემს ოთახში ძილისპირული ლოცვები წავიკითხე და საწოლში ჩავწექი. ჯოს


რჩევა არ დამვიწყებია, მაგრამ ისეთ აღტყინებულ და უჟმურ გუნებაზე ვიყავი,
რომ დიდხანს ისედაც ვერ მოვხუჭე თვალი. ვფიქრობდი, რა მდაბიოდ
გამოჩნდებოდა ესტელას თვალში ჯო, უბრალო მჭედელი – რა ბინძური და
მოუვლელი ხელები ჰქონდა, რა უხეში ფეხსაცმელი ეცვა. არც იმაზე ფიქრი
მასვენებდა, რომ იმ წუთებში ჩემი და და ჯო სამზარეულოში ისხდნენ; მეც
იქიდან ამოვედი ჩემს ოთახში. ესტელა და მის ჰევიშემი კი უთუოდ არასოდეს
მსხდარან სამზარეულოში და მსგავს მდაბიო ყოფაზე განუზომლად მაღლა
იდგნენ. ბოლოს და ბოლოს, იმაზე ფიქრში ჩამეძინა, რასაც მის ჰევიშემთან
ვაკეთებდი და ამას ისეთი განცდა ახლდა თან, თითქოს იქ ორიოდე საათი კი
არა, დღეები გამეტარებინოს; თითქოს ეს ყოველივე ამავე დღის კი არა, ძალზე
დიდი ხნის ამბავი და ხანგრძლივი ფიქრის საგანი ყოფილიყოს.

ის დღე ძალზე სამახსოვრო აღმოჩნდა ჩემთვის, რადგან ძირფესვიანად


შემცვალა. ყველას ცხოვრებაში დგება მსგავსი გამორჩეული დღე, რომელიც
ყველაფერს ცვლის. თქვენც, ვინც ამას კითხულობთ, დაფიქრდით – საკუთარი
ცხოვრების გზაზე ხომ უსათუოდ გეგულებათ რკინისა თუ ოქროს რგოლებით
შეკრული, ანდა ეკალ-ვარდშენაცვლებული უგრძესი ჯაჭვი, რომელიც არ
შეგბოჭავდათ, ოდესღაც, ერთ საბედისწერო დღეს, ამ ჯაჭვის პირველი რგოლი
რომ არ შეკრულიყო.
10

ორიოდე დღის შემდეგ, ერთ მშვენიერ დილას, ბედნიერი აზრით გამომეღვიძა:


მდაბიო უმეცრებისაგან თავის დაღწევის საუკეთესო საშუალება ის იქნებოდა,
ბიდისგან ყველაფერი შემესწავლა, რაც კი თვითონ იცოდა. როცა საღამოს
მისტერ უოპსლის ბებიდასთან ამ მხსნელი აზრით გონებაგანათებული მივედი,
ბიდის მაშინვე განვუცხადე, საგანგებო მიზეზი მაქვს, რათა ცხოვრებაში წინსვლა
ვინატრო-მეთქი და ვთხოვე, მთელი თავისი ცოდნა ჩემთვის გაეზიარებინა.
ბიდის კეთილი გული ჰქონდა და მუდამ მზად იყო, დამხმარებოდა, ამიტომ ხუთ
წუთში შეუდგა ჩემი თხოვნის შესრულებას.

მისტერ უოპსლის ბებიდის მიერ შემუშავებული გეგმა თუ კურსი შეიძლება


შემდეგნაირად შევაჯამოთ: მოწაფეები ვაშლებს ხრავდნენ და ერთმანეთს
ზურგში ჩალის ღერებს ურჭობდნენ, ვიდრე მისტერ უოპსლის ბებიდა ძალ-ღონეს
იკრებდა, რათა განურჩევლად ყველას არყის ხის წკეპლით მოგვდგომოდა.
ამგვარ შემოტევას მოწაფეები აგდებით ხვდებოდნენ, მაგრამ მაინც მწკრივად
სხდებოდნენ და რიგრიგობით გადასცემდნენ ერთმანეთს დაფლეთილ
სახელმძღვანელოს. წიგნში მოცემული იყო ანბანი, ამოსახსნელი სავარჯიშოები
და ცოტაოდენი საკითხავი ტექსტი, უფრო სწორად, ეს ყველაფერი მასში
ოდესღაც ეწერა. როგორც კი წიგნი ხელიდან ხელში გადასვლას იწყებდა, მისტერ
უოპსლის ბებიდა ერთგვარ კომაში ვარდებოდა, რომელსაც ხან ძილი იწვევდა,
ხან რევმატიზმის შეტევა. ამის შემდეგ მოწაფეები შეჯიბრებას წამოიწყებდნენ
ხოლმე, თუ ვის უფრო მძიმე ფეხსაცმელი ჰქონდა, ანუ ვინ უფრო მტკივნეულად
დააბიჯებდა ფეხს თავის თანაკლასელს. ეს ქაოსი მანამდე გრძელდებოდა,
ვიდრე ბიდი თავს არ დაგვაცხრებოდა და სამ დაფლეთილ ბიბლიას არ
ჩამოგვირიგებდა – ისეთი ფორმისას, თითქოს მორს ნაჯახით ჩამოათალესო, და
იმაზე უფრო გაურკვევლად ნაბეყდს, ვიდრე ნებისმიერი ანტიკვარული წიგნი, რაც
კი მას მერე მინახავს. ობის ნაირფერი ლაქებით დამშვენებულ ფურცლებს შორის
მწერთა სამყაროს ათასნაირი წარმომადგენელი იყო გასრესილი. გაკვეთილის ამ
ნაწილს ბიდისა და ურჩ მოწაფეებს შორის დროდადრო ატეხილი
ორთაბრძოლები ამრავალფეროვნებდა. ეს დავიდარაბა რომ მოთავდებოდა,
ბიდი გვერდის ნომერს აცხადებდა, საიდანაც ყველანი ერთხმად და
გულისგამაწვრილებლად ვკითხულობდით, რასაც ვარჩევდით და რასაც ვერ
ვარჩევდით. ბიდი ჩვენს გუნდს წვრილი, მონოტონური ხმით უძღვებოდა. არცერთ
ჩვენგანს არავითარი წარმოდგენა არ გვქონდა იმაზე, თუ რას ვკითხულობდით,
არც წაკითხულის მიმართ განვიცდიდით მოწიწებას. ეს საზარელი გნიასი კარგა
ხანს გრძელდებოდა, ბოლოს მისტერ უოპსლის ბებიდას ეღვიძებოდა, რომელიმე
ბიჭს თავს აცხრებოდა და ყურს უწევდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ იმ დღისათვის
მეცადინეობა დასრულდა. ჩვენც სუფთა ჰაერზე გავრბოდით, თან განათლების
განსადიდებლად ყურისწამღებად ვყვიროდით. სამართლიანობისთვის უნდა
ითქვას, რომ მოწაფეებს არ ეკრძალებოდათ გრიფელის დაფითა და მელნით
თამაში (თუკი ეს უკანასკნელი მოიძევებოდა).

ზამთარში სწავლა ძალიან რთულდებოდა, რადგან წვრილმანების მაღაზია,


სადაც ჩვენი საკლასო ოთახი და, ამასთან, მისტერ უოპსლის ბებიდის
საძინებელი და სასტუმრო ოთახიც იყო განლაგებული, ერთადერთი მბჟუტავი
სანთლით ნათდებოდა, რომელსაც დაგროვებულ ნამწვსაც კი არავინ აცლიდა.

მალევე მივხვდი, რომ ამგვარ პირობებში მდაბიოობისგან თავის დაღწევას


ძალიან დიდ დროს მოვანდომებდი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, გადავწყვიტე,
ბედი მეცადა. იმავე საღამოს, მას მერე, რაც ბიდისთან საგანგებო შეთანხმება
დავამყარე, ცოტაოდენი ცნობა მივიღე მისი ფასების კატალოგიდან, კერძოდ,
ქვეგანყოფილებიდან "შაქრის ხსნარი". გარდა ამისა, ბიდიმ შინ გამოსაწერად
დამავალა ძველებური ასომთავრული "დ", რომელიც თვითონ რომელიდაც
გაზეთიდან გადაეხატა, მე კი თავდაპირველად ქამრის ბალთას მივამსგავსე.

სოფელში ტრაქტირი(ტრაქტირი – სასტუმრო; ღამის გასათევი, რომელსაც


ჰქონდა სასადილო.) გვქონდა და ჯოს დროდადრო იქ ჯდომა და ჩიბუხის
გაბოლება უყვარდა. იმ დღეს ჩემი დისაგან მკაცრი მითითება მქონდა
მიღებული, სკოლის შემდეგ ჯოსთვის "სამ მხიარულ მეზღვაურში" გამევლო და,
რადაც უნდა დამჯდომოდა, შინ წამომეყვანა. ამიტომაც ახლა პირდაპირ "სამი
მხიარული მეზღვაურისაკენ" გავწიე.

ტრაქტირში ხის დახლის უკან, კედელზე, ცარცით შემაშფოთებლად გრძელი


სია იყო ჩამოწერილი ნისიად გაცემული შეკვეთებისა, რომლის დაფარვასაც,
მგონი, არავინ არასოდეს აპირებდა. ასე იმიტომ ვფიქრობდი, რომ ეს სია, რაც
თავი მახსოვდა, მუდამ ეწერა და წლების განმავლობაში ჩემზე უფრო სწრაფად
იზრდებოდა. თუმცა ჩვენს მხარეში ცარცი ბლომად მოიპოვება და, ალბათ,
ადამიანები მას ნებისმიერი შესაძლებლობისთანავე იყენებდნენ.
შაბათი საღამო იყო და მეპატრონე მოღუშული სახით უცქერდა ჩანაწერებით
დაფარულ კედელს, მაგრამ რაკი საქმე მასთან კი არა, ჯოსთან მქონდა,
მხოლოდ სადამო მშვიდობისა ვუსურვე და დერეფნის ბოლოში მდებარე საერთო
ოთახში შევედი. იქ ბუხარი გიზგიზებდა. ჯო მისტერ უოპსლისა და ვიღაც უცხოს
საზოგადოებაში ჩიბუხს აბოლებდა. იგი, როგორც სჩვეოდა, გულითადად
შემეგება:

– სალამი, პიპ, ძმობილო, – როგორც კი ეს სიტყვები წარმოთქვა, უცხო მაშინვე


მომიბრუნდა და მომაცქერდა.

ამ ფრიად იდუმალი იერის მქონე კაცს პირველად ვხედავდი. თავი გვერდზე


ჰქონდა გადაგდებული და ცალი თვალიც ისე მოეჭუტა, თითქოს უხილავი თოფით
რაღაცას უმიზნებდა. პირში ჩიბუხი ედო, როცა დამინახა, გამოიღო და კვამლი
ნელა გამოუშვა, ბოლოს კი თავი დამიკრა. პასუხად მეც თავი დავუკარი. მან
კვლავაც დამიკრა თავი, გვერდით მერხზე ადგილი გამითავისუფლა და მანიშნა,
დაჯექიო.

რაკი აქ მუდამ ჯოს გვერდით ჯდომას ვიყავი მიჩვეული, უცხოს ვუპასუხე:

– არა, გმადლობთ, სერ, – და მოპირდაპირე მერხზე ჯოს მივუჯექი. უცნაურმა


კაცმა ჯოს გადახედა და როცა დარწმუნდა, სხვაგან იყურებოდა, კვლავ თავი
დამიკრა და ხელი წვივზე მოისვა – როგორც მომეჩვენა, ძალზე უცნაურად.

– თქვენ ამბობდით, – მიუბრუნდა ჯოს, – მჭედელი ვარო, ხომ?

– დიახ, ასე ვთქვი, – მიუგო ჯომ.

– რას დალევთ, მისტერ?.. სხვათა შორის, თავი არ წარგიდგენიათ.

ჯომ თავი წარუდგინა და უცნაურმა კაცმა ამჯერად გვარით მიმართა:

– მაშ, რას დალევთ, მისტერ გარჯერი? პირველ ჭიქაზე გპატიჟებთ.

– მართალი გითხრათ, – უპასუხა ჯომ, – სხვის ხარჯზე სმას შეჩვეული არ ვარ.

– შეჩვეული შეიძლება არც იყოთ, – მიუგო უცნობმა, – მაგრამ გამონაკლისის


დაშვებით არაფერი დაშავდება, თანაც შაბათ საღამოს. სასმელი დაასახელეთ,
მისტერ გარჯერი.
– არ მსურს, გაწყენინოთ, – დაუთმო ჯომ, – რომი.

– რომი, – გაიმეორა უცნობმა, – მეორე ჯენტლმენი რას ისურვებს?

– რომი, – უპასუხა მისტერ უოპსლმა.

– სამი რომი! – გასძახა უცნობმა მეპატრონეს, – ჭიქები ჩამოარიგეთ!

– ეს მეორე ჯენტლმენი ჩვენი ეკლესიის მეფსალმუნეა, – ჯომ უცნობს მისტერ


უოპსლი გააცნო, – ნეტავ წირვისას მისი ხმა მოგასმენინათ.

– აჰა, – მაშინვე თავი დაუქნია უცნობმა და მოულოდნელად თვალი ჩამიკრა,


– ეს ის ეკლესიაა, სოფლის განაპირას, ჭაობებზე რომ დგას და გარშემო
საფლავის ქვები ახვევია?

– სწორედ ისაა, – დაუდასტურა ჯომ.

უცნობმა კმაყოფილების ნიშნად ჩიბუხში ჩაახველა და ფეხები მერხზე


შემოაწყო, რომელიც მის სრულ განკარგულებაში აღმოჩნდა.
ფართოფარფლებიანი სამგზავრო ქუდი ეხურა, მის ქვემოთ კი, თავზე
ცხვირსახოცი ჰქონდა წაკრული ისე, რომ თმა არ უჩანდა. როცა ცეცხლს
მიაშტერდა, სახეზე თითქოს ეშმაკური ელფერი გაუკრთა, მერე ჩაიცინა და თქვა:

– ამ მიდამოებს ცუდად ვიცნობ, ჯენტლმენებო, მაგრამ ასე მგონია, მდინარის


სანაპირო ძალზე უდაბური ადგილი უნდა იყოს.

– ჭაობები მეტწილად უდაბურია, – დაუდასტურა ჯომ.

– ჰო, ეჭვი არ მეპარება. აქ ახლომახლო ბოშები, მაწანწალები ან მათხოვრები


თუ შეგხვედრიათ?

– არა, – უპასუხა ჯომ, – მხოლოდ გაქცეული პატიმრები, ისიც იშვიათად.


თუმცა მათთან შეხვედრა ადვილიაო, ამას ვერ გეტყვით. ასე არ არის, მისტერ
უოპსლ?

მისტერ უოპსლმა მოწყალედ, თუმცა თავშეკავებით დაუდასტურა, რაკიღა ჯოს


შეკითხვამ არასასიამოვნო მოგონება გაუღვივა.
– ისე ამბობთ, თითქოს რომელიმე მათგანის დაჭერა გიცდიათ, – ჩაეძია
უცნობი.

– დიახ, ერთხელ, – მიუგო ჯომ, – ალბათ, გესმით, ჩვენ თვითონ კი არ


ვიჭერდით, სეირის სანახავად წავედით მე, მისტერ უოპსლი და პიპი. ჰო, პიპ?

– ჰო, ჯო.

უცნობმა კვლავ ცალი თვალი მოყუტა და ისე დამაკვირდა, თითქოს უხილავ


თოფს მიმიზნებსო, მერე ჩაილაპარაკა:

– კარგი ბიჭი გყავთ. რას ეძახით?

– პიპს, – უპასუხა ჯომ.

– ეს ნათლობის სახელია?

– არა, სახელი არ არის.

– მაშ, გვარია?

– არა, – აუხსნა ჯომ, – ოჯახური მეტსახელია, თვითონ შეირქვა და ჩვენც ასე


ვეძახით.

– თქვენი ვაჟია?

– რა გითხრათ, – ჩაფიქრდა ჯო. ამ კითხვაზე პასუხს ბევრი ფიქრი არ


სჭირდებოდა, მაგრამ "სამ მხიარულ მეზღვაურში" წესად ჩამოყალიბდა, ჩიბუხის
მოწევისას ნებისმიერ საკითხზე დინჯად და დაფიქრებით ესაუბრათ.

– არა, არ არის.

– ძმისშვილია? – არ მოეშვა უცნობი.

– რა გითხრათ, – კვლავ ორმა განსჯის კილოთი უპასუხა ჯომ, – არა, რომ არ


მოგატყუოთ, გეტყვით: არც ძმისშვილია.

– მაშ, თქვენი ვინ არის, ეშმაკმა დალახვროს? – ჩემი აზრით, სრულიად


გადამეტებული სიფიცხით შესძახა უცნობმა.

მისტერ უოპსლმა ახსნა-განმარტება ითავა, რაკი ნათესაურ კავშირებში


ზედმიწევნით ერკვეოდა და პროფესიაც აიძულებდა, სცოდნოდა, თუ რომელ
ნათესავებს არა აქვთ ერთმანეთთან დაქორწინების უფლება. ზუსტად ამცნო, მე
და ჯო ერთმანეთის ვინ ვიყავით. რაკიღა სიტყვა აიღო, ამით ისარგებლა კიდეც
და "რიჩარდ მესამიდან" ძალზე შთამბეჭდავი ციტატა დასჭექა, ბოლოს კი,
როგორც პოეტს უთქვამსო, დასძინა.

აქვე მოგახსენებთ, რომ, როცაკი მე მახსენებდა, მისტერ უოპსლი მუდამ თავს


ვალდებულად მიიჩნევდა, ჩემთვის თმა აეჩეჩა და თვალებზე ჩამოეშალა.
წარმოდგენა არ მაქვს, ისიც და ყველა, ვინც სტუმრად მოდიოდა, რატომ
მიტარებდნენ ამ პროცედურას, მაგრამ არ მახსოვს, ბავშვობაში ჩემზე
ჩამოვარდნილიყო ლაპარაკი და ვინმე ვეება ხელის პატრონს ჩემი თვალები
ამგვარ დღეში არ ჩაეგდო და ამით არ გამოეხატა ჩემდამი მფარველობა.

მთელი ამ ხნის განმავლობაში უცნაური კაცი მხოლოდ მე მიყურებდა, თანაც


ისეთნაირად, თითქოს, როგორც იქნა, მაინც გადაეწყვიტა ჩემთვის დაემიზნებინა
და სასიკვდილოდ ესროლა. თუმცა მას მერე, რაც ეშმაკი ახსენა, ხმა არ
ამოუღია, ვიდრე მეტრაქტირემ სამი ჭიქა წყალგარეული რომი არ მოიტანა. აი,
მაშინ კი მართლაც გაისროლა, თანაც სრულიად გასაოცრად.

კვლავ არ ამოუღია ხმა, მხოლოდ მუნჯური მინიშნება გააკეთა, თანაც


საგანგებოდ ჩემ დასანახავად – ჭიქაში რომი და წყალი აურია და ისე მოსვა,
რომ მე შემემჩნია, თუმცა სითხეს კოვზით კი არ ამოურია, არამედ – ქლიბით. ეს
ისე მარჯვედ ჩაატარა, ქლიბი ჩემ გარდა არავის შეუნიშნავს. მაშინვე კალთაზე
შეიმშრალა და გულის ჯიბეში შეინახა. როგორც კი ხელსაწყოს თვალი მოვკარი,
იმწუთას ჯოს ქლიბი ვიცანი და მივხვდი, რომ უცნობი იმ ჩემი გაქცეული
პატიმრის ნაცნობი უნდა ყოფილიყო. მონუსხული შევყურებდი. ის კი საზურგეზე
არხეინად გადაწვა. ამის შემდეგ ჩემთვის ყურადღება აღარ მოუქცევია და
მეტწილად პირუტყვის საჭმელ თალგამზე საუბრობდა.

შაბათი საღამო ჩვენს სოფელში მუდამ ის საამო და მშვიდი დრო იყო,


როდესაც ყველა საქმე დასრულებულია, ყველაფერი მოწესრიგებულია და, ვიდრე
ცხოვრება ჩვეული რიტმით გაგრძელდება, შეიძლება ცოტა ხნით სული მოითქვა.
ამიტომ ჯო შაბათობით თავს უფლებას აძლევდა, ტრაქტირში ჩვეულებრივზე
ნახევარი საათით დიდხანს დარჩენილიყო. როცა ეს ნახევარი საათი და
წყალგარეული რომი ერთდროულად ამოიწურა, ჯო წამოდგა, ხელი ჩამჭიდა და
შინ წასვლა დააპირა.

– ერთი წუთით მოიცადეთ, მისტერ გარჯერი, – უთხრა უცნობმა, – თუ არ


ვცდები, ჯიბეში ახალთახალი ბრყყვიალა შილინგი მიგდია და, თუ მართლაც
ასეა, თქვენი ბიჭი მას ახლავე მიიღებს.

წვრილი ხურდიდან მართლაც გამოარჩია შილინგი, რაღაც დასრესილ


ქაღალდში გაახვია და გამომიწოდა.

– ეს შენ! გესმის? მხოლოდ შენია.

მადლობა გადავუხადე, თან ჯოს მთელი ტანით მივეკარი, და იმაზე უფრო


დაჟინებით მივაჩერდი, რის უფლებასაც ზრდილობა იძლეოდა. უცხომ ჯოსა და
მისტერ უოპსლს – რომელიც ჩვენთან ერთად წამოდგა – მშვიდობიანი ღამე
უსურვა, მე კი წამიერი მზერა მესროლა. თუმცა ამას მზერასაც ვერ ვუწოდებ,
რადგან მხოლოდ ცალი, მოჭუტული თვალით მომიბრუნდა, მაგრამ, როგორც
დავრწმუნდი, თვალის მოხუჭვითაც კი გამაოგნებლად მეტყველი იერის მიღება
შეიძლება.

შინისაკენ გზად საუბრის ხასიათზე რომ ვყოფილიყავი, ხელს ვერავინ


შემიშლიდა, რადგან მისტერ უოპსლი "მხიარულ მეზღვაურთა" კართან
დაგვემშვიდობა, ჯო კი მთელი გზა პირღია მიაბიჯებდა, რათა რომის სუნი
შეძლებისდაგვარად გაენიავებინა. მაგრამ მე ჩემი დიდი ხნის ცოდვისა და
ძველი ნაცნობობის კვლავ გამოჩენით იმდენად ვიყავი თავზარდაცემული, სხვა
ვერაფერზე ვფიქრობდი.

როცა სამზარეულოში შევედით, ჩემი და არცთუ ისე ცუდ გუნებაზე დაგვხვდა,


ამიტომ ჯო გაგულადდა და მას შილინგის ამბავი უთხრა.

– ყალბი იქნება! – გამარჯვების კილოთი შესძახა მისის ჯომ, – აბა, ისე რატომ
აჩუქებდა? აბა, მაჩვენე!

ქაღალდში გახვეული შილინგი ამოვიღე. ყალბი არ აღმოჩნდა.

– მაგრამ ეს რაღაა? – ჩემმა დამ შილინგი დააგდო და ქაღალდს წაეტანა, –


ორი, გირვანქასტერლინგიანი კუპიურა?!

დიახ, ორი კუპიურა, თითოეული – ერთი გირვანქა სტერლინგის


ღირებულებისა და ისეთი გაქონილი, თითქოს ჩვენი საგრაფოს ყველა საქონლის
ბაზრობა შემოევლო. ჯომ კვლავ დაიკოსა თავზე ქუდი და "სამ მხიარულ
მეზღვაურში" გაიქცა, რათა ეს ფული პატრონისათვის დაებრუნებინა. ვიდრე
წასული იყო, სკამზე ვიჯექი და ჩემს დას ვაშტერდებოდი. დარწმუნებული ვიყავი,
რომ ჯოს უცნობი იქ არ დახვდებოდა.

მართლაც მალევე მობრუნდა და თქვა, რომ უცნაური კაცი იქ აღარ დახვდა,


თუმცა ჯომ მეტრაქტირეს ფულთან დაკავშირებით ამბავი დაუბარა. ჩემმა დამ
ფული ქაღალდში გაახვია და სასტუმრო ოთახში, ბუფეტის თავზე შემოდგმულ
დეკორატიულ ჩაიდანში, ვარდის ხმელი ფურცლების ქვეშ ჩამალა. ამ სამალავში
მრავალი დღე-ღამის განმავლობაში ინახებოდა და კოშმარად მექცა.

იმ ღამით საწოლში ვერაფრით მოვისვენე, სულ იმ უცნაურ კაცზე ვფიქრობდი,


თავის უხილავ თოფს რომ მიმიზნებდა და იმაზეც, რა ამაზრზენი დანაშაულია
პატიმრებთან საიდუმლო ურთიერთობა – ბოლო დროს ჩემი ბიოგრაფიის ეს
მონაკვეთი სრულიად დამვიწყებოდა. ქლიბიც საზარელ კოშმარად მექცა. მას
მერე მუდმივი შიში დამჩემდა. ეს ქლიბი კვლავ სწორედ მაშინ გამოჩნდებოდა,
როცა ყველაზე ნაკლებად მოველოდი. როგორც იქნა, თავი იმით ვაიძულე,
ჩამძინებოდა, რომ შემდეგ ოთხშაბათს მის ჰევიშემთან წასვლაზე დავიწყე
ფიქრი. დამესიზმრა, ქლიბი ღია კარიდან ჩემკენ როგორ მოიწევდა ისე, რომ არ
ჩანდა, თუ ვის ეჭირა. ძრწოლით ატანილმა ვიკივლე და გამომეღვიძა.
11

დანიშნულ დღეს კვლავ მის ჰევიშემის ჭიშკარს მივადექი და მორიდებულად


დავრეკე ზარი. მალე ესტელა გამოვიდა. შევედი თუ არა, ჭიშკარი ჩაკეტა და
კვლავ ბნელ დერეფანში შემიძღვა, სადაც სანთელი დაეტოვებინა. ვიდრე
სანთელი არ აიღო, ჩემთვის ყურადღება არ მოუქცევია. მერე კი თავი მოაბრუნა
და მხარს უკნიდან მითხრა, დღეს აქეთ უნდა წამოხვიდეო, და სახლის სულ სხვა
ნაწილისკენ წამიყვანა.

ისეთი გრძელი დერეფანი გავიარეთ, ჩავთვალე, რომ ის კვადრატული


ფორმის ვეება სახლის მთელ ფართობს მიუყვებოდა, თუმცა ჩვენ ამ კვადრატის
მხოლოდ ერთი მხარე გავიარეთ. გოგო დერეფნის ბოლოს შეჩერდა, სანთელი
გვერდით დადგა და კარი გააღო. კვლავ დღის სინათლე ვიხილე და
ქვაფენილიან პატარა ეზოში აღმოვჩნდი, რომლის ბოლოშიც განცალკევებით
იდგა ფლიგელი – თავის დროზე, ალბათ, მოურავის თუ ლუდსახდელის
ზედამხედველის საცხოვრებელი. ამ შენობის გარეთ, კედელზე, საათი ეკიდა.
ისიც, როგორც მის ჰევიშემის კედლისა და მაჯის საათები, ცხრის ოც წუთზე იყო
გაჩერებული.

ღია კარში შევედით და დაბალყჭერიან, ქვის იატაკიან ოთახში აღმოვჩნდით,


სადაც რამდენიმე ადამიანი დაგვხვდა. ესტელამ მითხრა:

– ბიჭუნა, წადი და იქ დადექი, ვიდრე დაგიძახებენ.

"იქ" ამ შეთხვევაში ფანჯარას ნიშნავდა. მეც ოთახი გადავკვეთე, იქ დავდექი


და მერე, რაკი თავი ძალიან უხერხულად ვიგრძენი, გარეთ გავიხედე.

ფანჯრიდან მიტოვებული ბაღის ყველაზე უბადრუკი კუნჭული მოჩანდა, სადაც


კვლებიდან ნახევრად დამპალი კომბოსტოები ამოშვერილიყო და ერთიც ბზის
ბუჩქი იზრდებოდა. ის ოდესღაც პუდინგის ფორმით შეეკრიჭათ, მაგრამ მას მერე
ახალი ყლორტები ამოზრდოდა, რომლებიც ფორმის მთლიანობას არღვევდნენ
და ფერითაც განსხვავდებოდნენ, თითქოს ამ ადგილას პუდინგი კეცს მიჰკვროდა
და მიმწვარიყო. ბზის შემხედვარეს ეს გულუბრყვილო შედარება მომაფიქრდა.
ღამით სულ ოდნავ მოეთოვა, მაგრამ, რამდენადაც შევნიშნე, თოვლი სხვა
ყველგან დამდნარიყო; ბაღის ამ კუნჭულში კი ჩრდილის გამო შერჩენილიყო.
ახლა კი ქარი ფანტელებად შლიდა და ფანჯარას აყრიდა, თითქოს
მიბრაზდებოდა, აქ მოსვლა როგორ გაბედეო.

მივხვდი, ოთახში მყოფთ ჩემი გამოჩენით საუბარი შევაწყვეტინე. ყველანი


მომჩერებოდნენ. ფანჯრის მინაზე არეკლილი ბუხრის ცეცხლის გარდა, სხვა
ყველაფრის გარჩევა მიჭირდა, თუ რა ხდებოდა ოთახში, მაგრამ ყველა მხრიდან
დაჟინებულ მზერას ვგრძნობდი და ამის გამო მთელი არსებით დავიძაბე.

ოთახში სამი ქალი და ერთი მამაკაცი ისხდნენ. ხუთ წუთში შევატყვე, რომ
ყველა მათგანი მლიქვნელი და ვიგინდარა იყო, მაგრამ თითოეული თავს
იკატუნებდა, თითქოს დანარჩენების მლიქვნელობა და ვიგინდარობა ფიქრადაც
არ გაევლო, წინააღმდეგ შემთხვევაში იმის აღიარება მოუწევდა, რომ თვითონაც
არანაკლები მლიქვნელი და ვიგიდარა ბრძანდებოდა.

ყველას ისეთი იერი ჰქონდა, თითქოს ვიღაცის წყალობის მოლოდინში


მოწყენილობით სული სძვრებოდათ და ქალებიდან ყველაზე ენაჭარტალა
მთქნარების დასაფარად განგებ წელავდა სიტყვებს. ამ ქალმა, სახელად
კამილამ, ძალიან მომაგონა ჩემი და, ოღონდაც მასზე უფროსი იყო და ნაკლებად
ტლანქი ნაკვთები ჰქონდა (თვალი რომ შევავლე, მაშინ შევნიშნე). თუმცა, როცა
უკეთ გავიცანი, ვიფიქრე, კიდევ კარგი, ნაკვთები საერთოდ რომ აქვს-მეთქი,
თორემ სახე მთლად ყრუ კედელს მიუგავდა.

– საცოდავი! – სწორედ ჩემი დის მსგავსი ანჩხლი კილოთი წარმოთქვა ამ


ქალმა, – საკუთარი თავის მტერია!

– ამას აჯობებდა, ვინმე სხვას გადაემტეროს, – კვერი დაუკრა კაცმა, – ეს


ბევრად უფრო ბუნებრივიც იქნებოდა.

– კუზენო რეიმონდ, – შეაგონა მეორე ქალმა, – მოყვასი უნდა გვიყვარდეს.

– სარა პოკეტ, – მიუგო კუზენმა რეიმონდმა, – ადამიანი, პირველყოვლისა,


თვითონაა საკუთარი თავის მოყვასი.

მის პოკეტმა გაიცინა, კამილამაც გაიცინა და მთქნარების ჩასახშობად თქვა:

– ეს რა ახირებული აზრია! – თუმცა ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს


სინამდვილეში ეს აზრი ყველას ძალიანაც მოეწონა. მესამე ქალმა, რომელსაც
მანამდე ხმა არ ამოუღია, დაჟინებული სერიოზულობით წარმოთქვა:

– სრული სიმართლეა!

– საცოდავი! – ხანმოკლე დუმილის შემდეგ (ვიცოდი, ამ დროს ყველანი მე


მომჩერებოდნენ) განაგრძო კამილამ, – ისეთი უცნაურია! არ დაიჯერებთ, როცა
ტომის ცოლი გარდაიცვალა, ვერაკაცმა ვერ შეაგნებინა, რომ გოგონებს შავ
კაბებზე აუცილებლად უნდა ჰქონოდათ სამგლოვიარო რუშები! ასე მითხრა:
"ღმერთო დიდებულო! კამილა, ამას რა მნიშვნელობა აქვს? მთავარია, საბრალო
ობლებს შავები ეცვათ!" ეს მეთიუს ზედმიწევნით ახასიათებს. ახირებული!

– კარგი თვისებებიც აქვს, უდავოდ, უდავოდ აქვს, – თქვა კუზენმა


რეიმონდმა, – ამის დავიწყებისაგან ღმერთმა დამიფაროს! ოღონდ ეს კია,
არასოდეს ჰქონია და არც ოდესმე ექნება ზრდილობაზე თუნდაც ოდნავი
წარმოდგენა.

– წარმოიდგინეთ, იძულებული გავხდი, – განაგრძო კამილამ, – იძულებული


გავხდი, სიმკაცრე გამომეჩინა და მეთქვა: "არა, ასე არ გამოვა. ამას ოჯახის
ღირსება მოითხოვს", ავუხსენი, რომ დაკრძალვაზე სამგლოვიარო რუშის გარეშე
გამოჩენა ოჯახის შერცხვენას უდრის. საუზმიდან ვახშმამდე ამას ვუჩიჩინებდი,
ისე ავღელდი, ლამის ტვინში სისხლმა ამასხა და, ბოლოს და ბოლოს,
გაცხარებული წამოხტა, უხამსად შეიკურთხა და მითხრა, რაც გინდა, ის გიქნიაო.
ღმერთს მადლობას ვწირავ იმისათვის, რომ საშუალება მომეცა, იმწამსვე,
თავსხმა წვიმაში გავსულიყავი და, რაც საჭირო იყო, მეყიდა.
– ფული მან გადაიხადა, ხომ? – იკითხა ესტელამ.

– მნიშვნელობა არა აქვს, ვინ გადაიხადა, შვილო, – მიუგო კამილამ, –


მთავარია, რომ მე ვიყიდე. და ღამღამობით, როცა მეღვიძება, ამაზე ფიქრი
უდიდეს ნუგეშს მგვრის.

ამ დროს შორიდან ზარის რეკვა გაისმა, რასაც ძახილიც მოჰყვა იმ


დერეფნიდან, საიდანაც აქ შემოვედით. საუბარი შეწყდა და ესტელამ მითხრა:

– დროა, ბიჭუნავ, წამოდი! – გასვლისას შევნიშნე, ყველამ უკიდურესი ზიზღით


რომ გამაყოლა თვალი, და გავიგონე, სარა პოკეტმა როგორ ჩაილაპარაკა:
– ამას დამიხედეთ! ეს უკვე მეტისმეტია!

კამილამ კი კვერი დაუკრა:

– რა ახირებაა! მაინც რამ მოაფიქრა!

ბნელ დერეფანში სანთლის შუქზე მივაბიჯებდით, როცა ესტელა უეცრად


შემობრუნდა, სახე მომიახლოვა და თავისი დამცინავი კილოთი მკითხა:

– აბა, რაო?

– რას გულისხმობთ, მის? – მოულოდნელობისაგან ლამის შევეჯახე, თავი


ძლივს შევიკავე.

უძრავად მიცქერდა და, ცხადია, მეც ვუყურებდი.

– ლამაზი ვარ?

– დიახ, მგონი, ძალიან ლამაზი ხართ.

– და ბოროტიც ვარ?

– ისეთი არა, როგორც პირველ დღეს.

– ისეთი არა?

– არა.

ბოლო კითხვა გაცხარებით წარმოთქვა და მთელი ძალით სილა გამაწნა.

– ახლა რას იტყვი, პატარა მახინჯო? ახლა როგორი ვარ?

– არ გეტყვით.

– რატომ? იმიტომ, რომ მაღლა რომ ავალთ, იქ იტყვი, ხომ?

– არა, არც იქ ვიტყვი.


– რატომ აღარ ტირი, უბადრუკო?

– იმიტომ, რომ თქვენ გამო აღარასოდეს ვიტირებ, – ვუთხარი. ეს უდიდესი


ტყუილი იყო, რადგან იმწუთას გულში სწორედ მის გამო ვტიროდი და მას მერეც
ამ გოგომ არაერთხელ უმწარესად მატკინა გული.
ამ ეპიზოდის შემდეგ კიბეს ზედა სართულისაკენ ავუყევით. ვიღაც ჯენტლმენი
შემოგვხვდა, რომელიც ჩამოდიოდა.

– ეს ვინ გვყავს აქ? – იკითხა ჯენტლმენმა, თან შეჩერდა და შემომხედა.

– ბიჭი, – უპასუხა ესტელამ.

ჩასკვნილი კაცი იყო, თვალში საცემად შავგვრემანი, ძალიან მსხვილი


თავითა და ასეთივე მსხვილი ხელებით. ეს თავისი ვეება ხელი ნიკაპზე წამავლო
და სახით სანთლის შუქისაკენ მიმაბრუნა, რათა უკეთ დავეთვალიერებინე.
თხემი ნაადრევად გამელოტებოდა. შავი, აბურძგნილი წარბები თითქოს ყალყზე
ედგა. თვალები ძალიან ღრმად ჰქონდა ჩამჯდარი; უსიამოვნოდ გამჭოლი და
ეჭვიანი მზერით იცქირებოდა. გულის ჯიბიდან საათის სქელი ძეწკვი ეკიდა, სახე
შავი წერტილებით ჰქონდა დაფარული იქ, სადაც წვერ-ულვაში ამოუვიდოდა,
რომ არ გაეპარსა. ეს კაცი სრულიად უცხო იყო ჩემთვის და რას ვიფიქრებდი,
ჩემს ცხოვრებაში ოდესმე რამე როლს თუ ითამაშებდა, მაგრამ შემთხვევამ მისი
ზედმიწევნით დათვალიერების საშუალება მომცა.

– ადგილობრივი ბიჭი, ხომ? – მკითხა კაცმა.

– დიახ, სერ, – ვუპასუხე.

– აქ როგორ მოხვდი?

– მის ჰევიშემმა დამიძახა, სერ, – ავუხსენი.

– აბა, შენ იცი, კარგად მოიქეცი. ბიჭებთან დიდი გამოცდილება მაქვს და


შემიძლია ვთქვა, რომ არ ხართ მთლად რიგიანი ხალხი. მაშ, იცოდე! – კაცმა
ვეება საჩვენებელ თითზე იკბინა და წარბშეკრულმა გამიმეორა, – კარგად
მოიქეცი!

ამ სიტყვებით ხელი მიშვა და მეც დიდი შვება ვიგრძენი, რადგან ხელზე


საპნის სუნი ასდიოდა. გავიფიქრე, ექიმი ხომ არ არის-მეთქი, მაგრამ მერე
გავიაზრე, ექიმი ვერ იქნებოდა, მაშინ უსათუოდ უფრო რბილი და მშვიდი
კილოთი ისაუბრებდა. თუმცა ამაზე ფიქრის დრო აღარ მრჩებოდა. მალე მის
ჰევიშემის ოთახში შევედით, სადაც თვითონაც და ყველაფერიც მის გარშემო
ზუსტად ისეთივე იყო, როგორც პირველად. ესტელამ კართან დამტოვა და იქ
მანამ ვიდექი უძრავად, ვიდრე მის ჰევიშემმა თავისი ტუალეტის მაგიდიდან არ
მოიხედა და თვალი არ მომკრა.

– მაშ, – ყოველგვარი გაკვირვების გარეშე მკითხა ქალმა, – მაშ, დღეები


მიილია, ხომ?

– დიახ, მემ, დღეს უკვე...

– არა, არა, არა! – თითების მოუთმენელი აქნევით შემაჩერა მის ჰევიშემმა, –


არ მინდა ვიცოდე, რა დღეა! მზად ხარ სათამაშოდ?

– არა მგონია, მემ, – მორიდების მიუხედავად, გამოვუტყდი.

– არც ბანქო? როგორც პირველ დღეს? – ჩამეკითხა და მომლოდინედ


შემომხედა.

– დიახ, მემ, თუკი მიბრძანებთ.

– თუკი ეს სახლი შენთვის მეტისმეტად ბებერი და პირქუშია, – მოუთმენლად


თქვა მის ჰევიშემმა, – და რაკი აქ ვერ თამაშობ, იქნებ მუშაობა გინდოდეს?

ამ შეკითხვაზე მეტი ხალისით ვუპასუხე და ვუთხარი, სიამოვნებით


ვიმუშავებ-მეთქი.

– მაშინ აი, იმ მოპირდაპირე ოთახში შედი, – ქალმა დამჭკნარი ხელით ჩემს


ზურგს უკან მდებარე კარზე მიმანიშნა, – და იქ დამელოდე.

კიბის ბაქანი გადავკვეთე და მეორე ოთახში შევედი, სადაც ასევე ბნელოდა


და ნესტის მომგუდავი სუნი იდგა. დიდ, ძველებურ ბუხარში ცოტა ხნის წინ
დაენთოთ ცეცხლი, მაგრამ ის უფრო ჩაქრობას აპირებდა, ვიდრე გაჩაღებას.
ცეცხლის თავზე ზანტად დაკიდებული კვამლი ოთახის ჰაერზე ცივიც კი ჩანდა და
ჩვენი ჭაობის ნისლს უფრო ჰგავდა. ბუხარზე შემოდგმულ, ზამთრის შიშველი
ტოტების მსგავს შანდალში რამდენიმე სანთელი ენთო და ოთახს სულ ოდნავ
ანათებდა, უფრო სწორი იქნება, თუკი ვიტყვით: მის წყვდიადს სულ ოდნავ
ფანტავდა. ესეც დიდი ოთახი იყო, ოდესღაც ულამაზესად მორთული, მაგრამ
ახლა ყველა საგანი მტვრითა და ობით დაფარულიყო და, ალბათ, მალე
სიძველისაგან დაიშლებოდა. ოთახის შუაგულში მდგარი მაგიდა ყველაზე მეტად
მეცა თვალში. მას მდიდრული სუფრა ეფარა, რაც იმაზე მიანიშნებდა, რომ
იმწამს, როდესაც ამ სახლში დრო სამუდამოდ გაჩერდა, აქ დიდებულ
წვეულებაზე სტუმრებს ელოდნენ. შუა მაგიდაზე ლანგრის მსგავსი რაღაც საგანი
იდგა, რომელსაც აბლაბუდა ისე სქლად შემოხვეოდა, რომ მისი ფორმის გარჩევა
შეუძლებელი გამხდარიყო. გაყვითლებულ სუფრას დავაკვირდი, რომლიდანაც ეს
საგანი თითქოს ვეება შავი სოკოსავით ამოზრდილიყო, და უამრავი დიდი,
დაწინწკლულთათებიანი და გაბერილტანიანი ობობა დავინახე – ზოგი
აბლაბუდის გორგალში შერბოდა, ზოგი გამორბოდა და ისე საქმიანად
მიმოდიოდა, თითქოს ობობების საზოგადებაში რაღაც ძალზე მნიშვნელოვანი
ამბები ხდებოდა.

კედლის პანელებს მიღმა თაგვების ფხაჭუნიც მესმოდა, თითქოს ეს ამბები


მათაც ეხებოდა. აი, შავი ხოჭოები კი ამ ალიაქოთს არანაირ ყურადღებას არ
აქცევდნენ – ბუხრის წინ დინჯად დაბორიალებდნენ, იმ მოხუცებივით, თვალთ
და ყურთ რომ აკლიათ და თან ერთმანეთსაც მთლად კარგად ვერ ეწყობიან.

ამ მოფუთფუთე არსებებმა ჩემი ყურადღება მთლიანად მიიპყრეს. მათ


საქმიანობას მონუსხული მივჩერებოდი, როცა მის ჰევიშემი მომიახლოვდა და
მხარზე ხელი დამადო. მეორე ხელში კაუჭა სახელურიანი ჯოხი ეჭირა და
აქაურობის მფარველ კუდიანს წააგავდა.

– აი, იქ, – თავისი ჯოხით გრძელ მაგიდაზე მიმითითა, – ვიწვები, როცა


მოვკვდები და აქ უამრავი ხალხი მოვა ჩემ სანახავად.

ბუნდოვანი შიში დამეუფლა, ვაითუ ამწუთასვე გაწოლილიყო მაგიდაზე და


მაშინვე მომკვდარიყო. მერე კი საბოლოოდ დაემსგავსებოდა ბაზრობაზე ნანახ
ცვილის ფიგურას და მისი შეხებისაგან გამაჟრჟოლა.
– როგორ ფიქრობ, რა არის ის? – კვლავ ჯოხი გაიშვირა ქალმა, – აი, ის, სადაც
აბლაბუდებია?

– არ ვიცი, მემ.

– უზარმაზარი ტორტი. საქორწინო ტორტი. ჩემი.


ცეცხლოვანი თვალები ოთახს მოავლო და მერე მთელი ძალით დამეყრდნო,
მხარში ლამის ფრჩხილები ჩამასო.

– აბა, წამოდი! მატარე, მატარე, მატარე!

ამ სიტყვებიდან დავასკვენი, რომ ჩემი შრომა სწორედ ის იქნებოდა, მის


ჰევიშემი ოთახის გარშემო მეტარებინა. ბრძანება დაუყოვნებლივ შევასრულე.
ქალი მხარზე მეყრდნობოდა და ისეთი ჩორთით მივაბიჯებდით, რომ მავანს
შეიძლებოდა მისტერ პამბლჩუკის ორთვალას მიბაძვად ჩაეთვალა (პირველი
აზრი, რაც ამ ჭერქვეშ დამებადა, სწორედ ეს იყო).

ეტყობოდა, მალევე გამოელია ძალა, რადგან, შეანელეო, მითხრა და მხარზე


კიდევ უფრო ძლიერად ჩამებდაუჭა. ღია პირით ხაპავდა ჰაერს, თითქოს
საკუთარი თავისა და ჩემ დარწმუნებას ცდილობდა, რომ იმავე სისწრაფით
მივრბოდით, როგორითაც მისი ფიქრები მიქროდა. რამდენიმე ხანში მითხრა,
ესტელას დაუძახეო, მეც კიბის თავზე დავდექი და, ჩემი პირველი სტუმრობის
მსგავსად, ეს სახელი ხმამაღლა დავიყვირე. როცა ბნელში მისი სანთლის შუქი
დავინახე, მის ჰევიშემთან დავბრუნდი და ისევ მოვყევით ოთახში წრეზე
სიარულს.

ამ ჩვენი სრბოლის მოწმე მხოლოდ ესტელა რომ გამხდარიყო, ისედაც


საკმაოდ უხერხულად ვიგრძნობდი თავს; მაგრამ რაკი მას ის სამი ქალი და ერთი
კაცი ამოჰყვნენ, რომლებიც ქვევით იცდიდნენ, აღარ ვიცოდი, სირცხვილისაგან
სად წავსულიყავი. ზრდილობის გამო შეჩერება დავაპირე, მაგრამ მის ჰევიშემმა
წინ მიბიძგა და სვლა განვაგრძეთ. თან სირცხვილით ვიწვოდი იმის
გაფიქრებაზე, რომ სტუმრებს შეიძლებოდა ჰგონებოდათ, თითქოს ეს ყველაფერი
მე წამოვიწყე.

– ძვირფასო მის ჰევიშემ, – მიმართა მის სარა პოკეტმა, – რა შესანიშნავად


გამოიყურებით!

– სულაც არა, – მიუგო მის ჰევიშემმა, – ძვალი და ტყავი ვარ და ყვითელი


ფერი მადევს.

მის პოკეტის ამ მარცხის გამო კამილა გაბრწყინდა, მერე კი მის ჰევიშემს


თანაგრძნობით სავსე მზერა შეავლო და ჩაილაპარაკა:
– საბრალოვ! ცხადია, ამ დღეში კარგად როგორ უნდა გამოიყურებოდეთ! რა
ახირებული აზრია!

– თქვენ როგორ ხართ? – მიმართა მის ჰევიშემმა კამილას და, რაკი ამ დროს
სწორედ მის წინ აღმოვჩნდით, საუბრის უკეთ გაგრძელების საბაბით შეჩერება
დავაპირე, მაგრამ მის ჰევიშემმა არ გამაჩერა. ისევ წრეზე სიარული განვაგრძეთ
და ვიგრძენი, ამით კამილას სიძულვილი დავიმსახურე.

– გმადლობთ, მის ჰევიშემ, – უპასუხა კამილამ, – იმდენად კარგად ვარ,


რამდენადაც ეს ჩემს მდგომარეობაშია შესაძლებელი.

– მაინც რა ხდება თქვენს თავს? – მკვახედ ჩაეკითხა მის ჰევიშემი.

– ისეთი არაფერი, ხსენებად რომ ღირდეს, – უპასუხა კამილამ, – მაგრამ


ბოლო დროს ღამღამობით იმდენს ვფიქრობ თქვენზე, შეუძლებელია, ეს ჩემს
ჯანმრთელობაზე არ აისახოს.

– ჰოდა, ნუ ფიქრობთ ჩემზე, – მოუყრა მის ჰევიშემმა.

– ადვილი სათქმელია! – გულითადად წარმოთქვა კამილამ და ქვითინის


შეჩერება სცადა, მაგრამ ზედა ტუჩი აუთრთოლდა და ცრემლები წასკდა, –
რეიმონდი დამემოწმება, რამდენი ჯანჯაფილისა და საყნოსი მარილის
მომარაგება მიწევს საწოლთან. რეიმონდი დამემოწმება, რა ხშირად მემართება
ფეხის კრუნჩხვები. მაგრამ სპაზმებიცა და კრუნჩხვებიც ჩვეულ ამბად მექცა,
რადგან ჩემი საყვარელი ადამიანების გამო ვდარდობ. ნაკლებად მგრძნობიარე
და უზრუნველი რომ ვყოფილიყავი, აღარც საჭმლის მონელების პრობლემები
შემაწუხებდა და ნერვებიც რკინისა მექნებოდა. ნეტავ, მართლაც ასე იყოს.
მაგრამ შეუძლებელია, თქვენზე არ ვიფიქრო ღამღამობით. რა ახირებაა! – ქალი
ატირდა და ცრემლებად დაიღვარა.

მივხვდი, რომ ხსენებული რეიმონდი აქ მყოფი ერთადერთი მამაკაცი იყო და


იმასაც მივხვდი, რომ კამილას ქმარი იქნებოდა. ახლა ცოლს შეეშველა და
რბილი, მანუგეშებელი კილოთი უთხრა:

– კამილა, ძვირფასო, ყველასათვის ცნობილია, რომ ნათესაური გრძნობები


იმდენად გაქვს გამძაფრებული, დარდისაგან უკვე ცალი ფეხიც კი დაგიმოკლდა.

– არა მგონია, ჩემო კარგო, – წარმოთქვა სერიოზულმა ქალმა, რომლის ხმაც


აქამდე მხოლოდ ერთხელ გავიგონე, – ვინმეზე ფიქრი იმის მიზეზი იყოს, რომ ამ
პიროვნებისაგან უცილობლად რამეს მოელი.

მის სარა პოკეტმა – როგორც ახლა გავარჩიე, ხმელმა, ყავისფერსახიანმა ჩია


დედაბერმა, რომლის მუჭისოდენა სახე თითქოს ნიგვზის ნაჭუჭებისგან
ყოფილიყო შეკოწიწებული; დიდი პირი კი კატისას მიუგავდა, მხოლოდ ულვაშები
აკლდა – კვერი დაუკრა:

– სწორედაც! სრულებითაც არ არის, ჰმ!

– ფიქრი ყველაზე ადვილია, – დასძინა სერიოზულმა ქალმა.

– ამაზე ადვილი არც არაფერია, – დაუდასტურა მის სარა პოკეტმა.

– ჰო, რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა! – შესძახა კამილამ, რომლის განცდები


თითქოს, ზღვის ზვირთებივით, ფეხებიდან ათრთოლებულ მკერდში ამოდიოდა,
– ეს სრული სიმართლეა! ასეთი მგრძნობიარე როცა ხარ, ეს სისუსტეა, მაგრამ
თავს ვერაფერს ვუხერხებ. სხვანაირი ხასიათი რომ მქონდეს, ალბათ,
ჯანმრთელობაც უკეთესი მექნებოდა, მაგრამ რომც შემეძლოს, მაინც არაფერს
შევცვლიდი. მართალია, ძალიან მტანჯავს, თუმცა, როცა ღამით მეღვიძება,
მანუგეშებს კიდეც იმაზე ფიქრი, რომ ასეთი ხასიათი მაქვს, – ამის თქმა იყო და
კამილა კვლავ გრძნობებს აჰყვა და აქვითინდა.
ამ დროის განმავლობაში მის ჰევიშემი და მე წუთითაც კი არ
შევჩერებულვართ. ოთახს გაუთავებლად ვარტყამდით წრეს. ხან ჩავუვლიდით
და კაბის კალთებზე ვეხახუნებოდით სტუმრებს, ხან იმ პირქუში ოთახის მეორე
ბოლოში გავდიოდით.

– აი, მეთიუ სულ სხვაა! – არ ცხრებოდა კამილა, – ნათესაური


პასუხისმგებლობის განცდა წამითაც კი არ აწუხებს! ერთხელ არ მოვა მის
ჰევიშემის მოსანახულებლად! ხშირად გული მიწუხდება, კორსეტშეხსნილი
საათობით ვწევარ ტახტზე, თავი გადაგდებული მაქვს, თმა ჩამოშლილი, ფეხები
არც კი ვიცი, სად მაქვს... – (ბევრად უფრო მაღლა, ვიდრე თავი, ძვირფასო, –
ჩაურთო მისმა ქმარმა), – საათობით ვვარდები ასეთ ყოფაში მეთიუს ყოვლად
უცნაური და მოულოდნელი საქციელის გამო და მადლობასაც კი არავინ
მეუბნება.

– ამაში საკვირველს ვერაფერს ვხედავ, – შენიშნა იმ ქალმა, სერიოზულად


რომ ეჭირა თავი.

– საქმე ისაა, ჩემო კარგო, – მიმართა კამილას მის სარა პოკეტმა, ჩუმჩუმელა,
ღვარძლიანმა ქალბატონმა, – საკუთარ თავს უნდა დაუსვა კითხვა: მაინც ვისგან
მოველი მადლიერებას?

– არავისგან არ ველი მადლიერებას, არავისგან, – მიუგო კამილამ, – ასეთ


მდგომარეობაში საათობით, საათობით ვარ და რეიმონდია მოწმე, ამასწინათ რა
საშინლად შემეხუთა სული, აღარც ჯანჯაფილის ნაყენმა მიშველა და ჩემი გმინვა
ქუჩის გადაღმა, პიანინოს ამწყობის სახლშიც კი გაიგონეს. მის უმწიკვლო
ბალღებს კი ეგონათ, სახურავზე მტრედები ღუღუნებენო. და მერე კიდევ
მეტყვიან... – კამილამ ყელზე წაივლო ხელი და იქიდან უკიდურესად რთული და
გაურკვეველი ბგერები ამოუშვა.

მეთიუს ხსენებისთანავე მის ჰევიშემი შეჩერდა, მეც გამაჩერა და მოსაუბრეს


შეაცქერდა. ამ ცვლილებამ კამილაზე სათანადო შთაბეჭდილება მოახდინა –
წამსვე შეწყვიტა გაურკვეველი ბგერების გამოცემა.

– მეთიუ მაშინ მინახულებს, როდესაც ამ მაგიდაზე ვიწვები, – პირქუშად


განაცხადა მის ჰევიშემმა და მაგიდას ჯოხი დაარტყა, – აი, აქ იქნება მისი
ადგილი – ჩემ თავთით! თქვენი კი – აქ! თქვენი ქმრის კი – აქ! სარა პოკეტის –
აქ!
ჯორჯიანასი – აქ! ხომ ყველამ დაიმახსოვრეთ, სადაც უნდა დადგეთ, როცა ჩემი
აღსასრულით დატკბებით? ახლა კი წადით!

თითოეული სტუმრის სახელის წამოყვირებაზე ჯოხს ახალ-ახალ ადგილას


ურტყამდა. მერე მომიბრუნდა და მითხრა, წამიყვანე, წამიყვანეო, და ისევ წრეზე
სიარული განვაგრძეთ.

– მგონი, სხვა აღარაფერი დაგვრჩენია, – ამოიკვნესა კამილამ, – ბრძანებას


დავემორჩილოთ და აქაურობას გავეცალოთ. როცა ადამიანი გიყვარს და მასზე
გული შეგტკივა, მისი ცოტა ხნით მონახულებაც კი შვებაა. ღამით როცა
გამომეღვიძება, ამ შეხვედრაზე ფიქრი სევდიან ნუგეშად მექცევა. მეთიუს მთელი
გულით ვუსურვებ მსგავს განცდას, მაგრამ ის ამას თვითონვე ისხლეტს. მუდამ
ვცდილობ, ჩემი გრძნობები არ გავამჟღავნო, მაგრამ, მერწმუნეთ, ძალზე მძიმეა,
როდესაც გეუბნებიან, შენი ნათესავის აღსასრულით უნდა დატკბეო – გეგონება,
უსულგულო კაციჭამია ვიყო – და გარეთ გაძევებენ. ო, რა ახირებული აზრია!

კამილამ ხელი მკერდზე მიიჭირა, რაც ახალი სპაზმის მომასწავებელი იყო,


მაგრამ მეუღლემ დაასწრო და ხელი ჩასჭიდა. ქალს სახეზე უკიდურესი
თავშეკავება აღებეჭდა, რომლის მიღმაც უტყუარად ამოვიკითხე მისი
გადაწყვეტილება, გარეთ გასვლისთანავე უგონოდ დაცემულიყო. ის მაინც
მოასწრო, მის ჰევიშემისთვის ჰაეროვანი კოცნა გაეგზავნა, და ქმართან ერთად
თვალს მიეფარა. სარა პოკეტმა და ჯორჯიანამ ერთმანეთში გაჯიბრება
დააპირეს, თუ ვინ გავიდოდა ოთახიდან ბოლო. სარა უფრო ეშმაკი გამოდგა,
ჯორჯიანას მარჯვედ აუქცია გვერდი და აიძულა, უფრო ადრე გასულიყო კარში.
მერე კი სარა პოკეტმა სრულიად ორიგინალური შთაბეჭდილების მოხდენა სცადა
და თვინიერად წარმოთქვა:

– ღმერთმა გიშველოთ, ძვირფასო მის ჰევიშემ! – და ნიგვზისფერ სახეზე


დანარჩენების თავშეუკავებლობისადმი მოწყალე მიტევება აღებეჭდა.

ვიდრე ესტელა სტუმრებს გასასავლელ გზას უნათებდა, მის ჰევიშემი კვლავ


ჩემს მხარზე დაყრდნობილი დადიოდა წრეზე, მაგრამ სულ უფრო ანელებდა
ნაბიჯს. ბოლოს ბუხრის წინ გაჩერდა, რამდენიმე წამს რაღაცას ბუტბუტებდა,
მერე კი თქვა:

– დღეს ჩემი დაბადების დღეა, პიპ.

ის-ის იყო, მილოცვა დავაპირე, რომ ჯოხი აღმართა:

– ოღონდ ამაზე ლაპარაკს ყველას ვუკრძალავ. მათაც, ვინც ახლა აქ იყო, და


სხვებსაც. ამიტომაც მოვიდნენ დღეს აქ, ყოველ წელს მოდიან, მაგრამ მოსვლის
საბაბის ხსენებას ვერ ბედავენ.

ცხადია, აღარც მე მიცდია ამ თემაზე ლაპარაკი.

‒ შენ დაბადებამდე დიდი ხნით ადრე აი, ეს სიდამპლის ბუდე, – ჯოხით


მაგიდაზე აღმართულ აბლაბუდების გროვაზე მიმითითა, თუმცა არ შეხებია, – აქ
მოიტანეს და დადგეს. მას მერე ისიც და მეც ვიხრწნებით. ის თაგვებმა დახრეს,
მე კი - თაგვისაზე უფრო ბასრმა კბილებმა.

ჯოხის სახელური გულზე მიიკრა. ასე იდგა – თავისი ოდესღაც თეთრი, ახლა
კი გაყვითლებული კაბით, ერთიანად დამჭკნარი – და მაგიდას უცქერდა. მის
გარშემო კი ყველაფერი ოდნავი მიკარებისთანავე მტვრად იქცეოდა.

– როცა ხრწნა და ნგრევა დასრულდება, – შემზარავი მზერით წარმოთქვა


ქალმა, – როცა ჩემს საქორწინო სუფრაზე დამასვენებენ... დაე, ეს საბოლოო
წყევლად ექცეს!.. უმჯობესია, ესეც ჩემს დაბადების დღეს თუ მოხდება!

მაგიდას ისე უცქერდა, თითქოს მასზე დასვენებულ საკუთარ ნეშტს


დაჰყურებსო. ხმას არ ვიღებდი. ის-ის იყო ოთახში შემოსული ესტელაც
მდუმარედ იდგა. მომეჩვენა, თითქოს ძალიან დიდხანს ვიდექით ასე. ამ ბნელ
და ნესტიან ოთახში ისეთი განწყობა დამეუფლა, უნებურად გავიფიქრე, ვაითუ მე
და ესტელასაც ხრწნა შეგვეპაროს და არარად ვიქცეთ-მეთქი.

კარგა ხნის შემდეგ, მის ჰევიშემი ერთბაშად მოეგო გონს და გვითხრა:


– თქვენ ბანქო ითამაშეთ, მე კი გიყურებთ. რატომ არ იწყებთ?

მის ოთახში დავბრუნდით და მაშინდელივით მაგიდას მივუსხედით.


მაშინდელივით წავაგე. მის ჰევიშემიც კვლავ ცდილობდა, ჩემი ყურადღება
ესტელას სილამაზეზე გაემახვილებინა – ამას სიტყვიერადაც სჩადიოდა და
იმითაც, რომ თავის სამკაულებს ესტელას მკერდსა და თმაზე აზომებდა.

თავის მხრივ, ესტელაც ძველებურად მეპყრობოდა, იმ სხვაობით, რომ


საუბრის ღირსადაც აღარ მაგდებდა. ხუთი-ექვსი ხელი ვითამაშეთ. მერე
მომდევნო მისვლის დღე დამინიშნა. ბოლოს ესტელამ ეზოში ჩამაცილა და
მაშინდელივით ძაღლივით დამაპურა. ამჯერადაც უფლება მომცა, ეზოში ჩემს
ნებაზე მესეირნა.

მნიშვნელობა არა აქვს, ჩემ პირველ მისვლაზე ღია იყო თუ დაკეტილი იმ


გალავნის ჭიშკარი, სადაც ავბობღდი, რათა ბაღში გადამეხედა. მთავარი ისაა,
რომ მაშინ ჭიშკარი საერთოდ ვერ შევნიშნე. რაკი ახლა ღია დამხვდა და რაკი
ვიცოდი, რომ ესტელამ სტუმრები უკვე გააცილა – ზევით ამოსულს, გასაღებების
ასხმა თან ჰქონდა – ჭიშკარში შევაბიჯე და ბაღში გავისეირნე. იქაურობა
სრულიად გავერანებული იყო: გოგრისა და კიტრის ძველისძველ სათბურებში
ახლა გაცვეთილი ფეხსაცმლებისა და ქუდების მოსავალი ამოსულიყო. აქა-იქ კი
მიწაში ჩაფლული ქვაბის ყურიც მოჩანდა.

ბაღი რომ მოვილიე და მოვინახულე ბოლო სათბური, სადაც წაქცეული,


გამხმარი ვაზისა და რამდენიმე ძველი ბოთლის გარდა ვერაფერს მივაგენი,
ბოლოს იმ ჩაჟამებულ კუნჭულში ამოვყავი თავი, რომელიც წეღან ფანჯრიდან
დავინახე. დარწმუნებული ვიყავი, სახლში არავინ იყო, ამიტომ თამამად
შევიჭყიტე ერთ-ერთ ფანჯარაში და მოულოდნელად შევეფეთე ვიღაც
ფერმკრთალი, თვალებდაწითლებული, ქერა ჭაბუკის მზერას.

ბიჭი წამსვე მოეფარა თვალს და მერე ერთბაშად ჩემ გვერდით გაჩნდა. როცა
მის ფანჯარაში შევიხედე, წიგნებს უჯდა და ახლა შევნიშნე, ხელები მელნით
ჰქონდა მოთხვრილი.

– გამარჯობა, მეგობარო! – მითხრა ახალგაზრდამ.

რაკი "გამარჯობის" საუკეთესო პასუხი, ჩემი გამოცდილებით, ისევ


"გამარჯობა" იყო და სხვას აღარაფერს მოითხოვდა, ასევე ვუპასუხე და
"მეგობარო" აღარ დამიმატებია.

– ვინ შემოგიშვა? – მკითხა მან.

– მის ესტელამ.

– აქ სიარულის უფლება ვიღამ მოგცა?

– მის ესტელამ.

– წამოდი, ვიჩხუბოთ, – მითხრა ახალგაზრდამ.

სხვა რა გზა მქონდა? დავემორჩილე. მოგვიანებით ამ ეპიზოდს რომ


ვიხსენებდი, ხშირად მიკითხავს ჩემი თავისთვის: სხვა გამოსავალი თუ მქონდა?
ეს ისე გადაჭრით მითხრა და მეც იმდენად ვიყავი გაოგნებული, მონუსხულივით
დავემორჩილე.

– არა, მოიცადე, – ორიოდე ნაბიჯის შემდეგ შეჩერდა, – ჩხუბის საბაბი ხომ


უნდა მოგცე. ესეც შენ! – ამ სიტყვებით მარჯვედ შემოჰკრა ტაში, ცალი ფეხი
უკან
აიქნია, თმაზე მომქაჩა, მერე კვლავ ტაში შემოჰკრა და თავი მუცელში
დამარტყა.

ეს ხარისებრი გამოხდომა, ჯერ ერთი, მიუღებელ სითამამედ ჩავთვალე,


მეორეც, პურითა და ხორცით დანაყრების შემდეგ სრულებით არ მესიამოვნა.
ამიტომაც ხელი დავარტყი და მეორედ დარტყმაც დავაპირე, რომ შეჰყვირა:

– აჰ, ეგრე?! – და ისეთი სისწრაფით დაიწყო წინ და უკან ხტომა, ჩემს მწირ
საბრძოლო გამოცდილებას რომ აღემატებოდა.
– თამაშის წესები! – შესძახა და მარცხენა ფეხიდან მარჯვენაზე გადახტა, –
წესების დაცვით ვიბრძოლოთ! – ახლა მარჯვენა ფეხიდან მარცხენაზე გადახტა, –
საბრძოლო მოედანზე დავდგეთ და მოსამზადებელი მოქმედებები ჩავატაროთ! –
ამის შემდეგ მონაცვლეობით წინ და უკან გადახტა და კიდევ უამრავი ისეთი
ილეთი ჩაატარა, ვიდექი და პირდაღებული ვუყურებდი.

მისმა ამგვარმა სიმარჯვემ გვარიანად შემაშინა; მაგრამ დარწმუნებული


ვიყავი იმაში, რომ მის ქერა თავს ჩემს მუცელთან არაფერი ესაქმებოდა და
სრული უფლება მქონდა, ამგვარი შეწუხების გამო პასუხი მომეთხოვა. ამიტომ
უსიტყვოდ გავყევი ბაღის მიყრუებულ კუნჭულში, სადაც ორი კედლის კუთხეს
უცხო თვალისაგან ნაგვის გროვა ფარავდა. მერე მკითხა, მომწონს თუ არა მისი
შერჩეული ადგილი და, როცა დასტურით ვუპასუხე, ცოტა ხნით წასვლის უფლება
მთხოვა.

მალევე დაბრუნდა და წყლით სავსე ბოთლი და ძმრით გაჟღენთილი


ღრუბელი მოიტანა.

– ორივესთვის ხელმისაწვდომი, – მითხრა და კედელთან დააწყო. ამის


შემდეგ გახდას შეუდგა. ერთდროულად უდარდელი, საქმიანი და სისხლს
მოწყურებული იერით გაიძრო ქურთუკი და ჟილეტი, ბოლოს პერანგიც მიაყოლა.

დიდად ჯანღონიან ვინმეს არ ჰგავდა – სახეზე მუწუკები ეყარა, ტუჩიც


გამონაყარით ჰქონდა შესიებული – მაგრამ ამ შიშის მომგვრელმა სამზადისმა
მაინც ძალიან დამაფრთხო. ჩემი თანატოლი კი იქნებოდა, მაგრამ ჩემზე ბევრად
მაღალი იყო, თანაც ძალზე მარჯვედ ეხერხებოდა საკუთარი ღერძის გარშემო
ტრიალი. სხვა მხრივ კი რუხ კოსტიუმში გამოწყობილი ჩვეულებრივი ჭაბუკი იყო
(ცხადია, ვიდრე საბრძოლველად გაშიშვლდებოდა), ოღონდაც იდაყვებში,
მუხლებში, მაჯებსა და ტერფებში დანარჩენ სხეულზე ბევრად უფრო გაზრდილი.

გული გამიჩერდა, როცა ჩემკენ წამოიწია და მცოდნე კაცის იერით თავიდან


ფეხებამდე ისე შემათვალიერა, თითქოს დასარტყმელ ადგილს ეძებდა. მერე
რაც მოხდა, იმაზე მეტად ამქვეყნად ვერაფერი გამაკვირვებდა – ჩემი პირველივე
დარტყმის შემდეგ ზურგზე გაიშხლართა, ერთბაშად უცნაურად შეცვლილი სახით
ამომხედა, ცხვირიდან კი სისხლი სდიოდა.

თუმცა მაშინვე წამოხტა, სახე ღრუბლით მოიწმინდა და ისევ შემომიტია. ჩემს


ცხოვრებაში მეორე უდიდესი გაოცება მაშინ მხვდა წილად, როცა კვლავ გულაღმა
დაცემული ვიხილე, ამჯერად – ჩალურჯებული თვალით.

მისმა შეუპოვრობამ მისდამი დიდი პატივისცემით აღმავსო. სუსტი ჩანდა,


ყოველ შემთხვევაში, ძლიერად არცერთხელ დაურტყამს, ჩემგან კი გვარიანად
მოხვდა. მაგრამ ყოველი დაცემის შემდეგ შემართებით წამოხტებოდა ხოლმე –
სახეზე ღრუბელს მოისვამდა, ანდა ბოთლიდან წყალს მოსვამდა, თან
უკიდურესად კმაყოფილი ჩანდა იმით, რომ ყველა საბრძოლო წესს ასრულებდა
– და მეორე წუთში კვლავ ისეთი მრისხანებით მიტევდა, ყოველ ჯერზე
დარწმუნებული ვიყავი, როგორც იქნა, ყველაფერს მაზღვევინებს-მეთქი.
საკმაოდ დავალილავე, რადგან სინანულით უნდა ვაღიარო, რომ, რაც მეტს
ვურტყამდი, მით უფრო ძლიერი დარტყმები გამომდიოდა. მაგრამ ისევ და ისევ
ფეხზე დგებოდა, ვიდრე საბოლოოდ მორიგი დაცემისას კეფით ძლიერად არ
მიეხალა კედელს. თუმცა საქმის ამგვარი შემობრუნების შემდეგაც კი ბარბაცით
წამოდგა და ადგილზე დატრიალდა, რადგან ვეღარ მომძებნა. ბოლოს მუხლის
ჩოქზე მიღოღდა ღრუბელთან, ჰაერში ააგდო და ქოშინით შემატყობინა:

– ეს ნიშნავს, რომ შენ გაიმარჯვე.

იმდენად მამაცი და ალალი კაცის შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომ,


მართალია, ეს ჩხუბი მე არ წამომიწყია, მაგრამ არც გამარჯვებით დავრჩი
დიდად ნასიამოვნები. მეტიც, როცა ტანისამოსს ვიწესრიგებდი, თავი ნორჩ
მგლად ან რომელიმე სხვა მტაცებლადაც კი წარმოვიდგინე. ასე თუ ისე, ტანთ
ჩავიცვი, რამდენჯერმე პირქუშად მოვიწმინდე აწითლებული სახე, მერე კი
ვკითხე, რამით ხომ არ დაგეხმარო-მეთქი. რაზეც მიპასუხა, არა, გმადლობო.
მაშინ მშვიდობიანი დღე ვუსურვე და მანაც იგივე მისურვა.

ეზოში დავბრუნდი. ესტელა გასაღებების ასხმით ხელში მელოდებოდა. არც


ის უკითხავს, სად ვიყავი, არც იმის გამო უთქვამს საყვედური, რომ ვალოდინე.
სახე კმაყოფილებით შეფაკლოდა, თითქოს ის-ის იყო, რაღაცამ ძალიან
ასიამოვნა. ნაცვლად იმისა, პირდაპირ ჭიშკრისკენ წასულიყო, კუთხეს მიეფარა
და, მომყევიო, ხელით მანიშნა.

– აქ მოდი. თუ გინდა, შეგიძლია მაკოცო.

ლოყა მომიშვირა და ვაკოცე. ვფიქრობ, მისთვის ლოყაზე კოცნისათვის ბევრს


გავიღებდი. მაგრამ მაშინვე იმასაც მივხვდი, რომ ეს კოცნა მდაბიო სოფლელ
ბიჭს ისევე მიუგდო, როგორც მათხოვარს უგდებენ ფულს და ამიტომ ფასი არ
ჰქონდა.
დაბადების დღის სტუმრიანობა, ბანქოს თამაში, ჩხუბი – მოკლედ, ჩემი
იმდღევანდელი სტუმრობა ისე დიდხანს გაგრძელდა, სახლს როცა
მივუახლოვდი, ღამეული ცის ფონზე, ჭაობებს იქით, ქვიშიან ზოლზე აღმართული
შუქურა უკვე ენთო. გზაზე კი ჯოს სამჭედლოს ღია კარიდან გამოსული სინათლის
ზოლი დაფენილიყო.
12

იმ ფერმკრთალი ახალგაზრდა ჯენტლმენის გამო ძალიან ვღელავდი. რაც


მეტს ვფიქრობდი ჩვენს ორთაბრძოლაზე, რაც უფრო ხშირად მაგონდებოდა ძირს
გართხმული, სახედალილავებული და დასისხლიანებული, მით უფრო
ვრწმუნდებოდი იმაში, რომ ამის გამო აუცილებლად დავისჯებოდი. ვგრძნობდი,
ფერმკრთალი ჭაბუკის სისხლი ჩემს სინდისზე იყო და კანონი ამას
მაზღვევინებდა. წარმოდგენა არ მქონდა, რა სასჯელს ვიმსახურებდი, ის კი
ნამდვილად ვიცოდი, რომ სოფლის ბიჭებს არავითარი უფლება არ ჰქონდათ,
ქალაქში ეპარპაშათ, კეთილშობილთა სახლებში შეცვენილიყვნენ და ინგლისის
მოწაფე ახალგაზრდები ეცემათ. ცხადია, ეს დაუსჯელად ვერ ჩაივლიდა. ამის
შემდეგ, რამდენიმე დღის განმავლობაში, სახლიდან გასვლასაც კი ვერიდებოდი,
ხოლო თუკი გარეთ აუცილებელი საქმე მქონდა, ჯერ დიდი სიფრთხილით
ვიყურებოდი სამზარეულოს ფანჯრიდან, ემანდ საგრაფოს ოფიცრები ხომ არ
მდარაჯობენ-მეთქი.

შარვალზე ფერმკრთალი ჭაბუკის ცხვირიდან წამოსული სისხლი მომეცხო და


გამთენიისას მისი ამორეცხვა ვცადე. მისმა კბილებმა თითები დამისერა. ტვინს
ვიჭყლეტდი ათასგვარი მიზეზის გამოგონებით, რომელთა წყალობითაც, ამ
სამხილს გავამართლებდი სასამართლოს წინაშე.

როცა დანაშაულის ადგილზე დაბრუნების დღე მოახლოვდა, შიშმა ერთიანად


დამრია ხელი. ვინ იცის, იქნებ ჭიშკრის მიღმა, ბუჩქებში, ლონდონიდან
საგანგებოდ გამოგზავნილი მართლმსაჯულები ჩასაფრებულიყვნენ და ჩემ
მისვლას ელოდნენ? ან იქნებ მის ჰევიშემს სურდა, თავის სახლში ჩადენილი
სისასტიკისათვის თავადვე ეძია შური, იქნებ, იმ სუდარა-კაბით შემოსილი, ზეზე
წამომდგარიყო, რევოლვერი ამოეღო და ჩემთვის დაეხალა? ან იქნებ ბიჭების
მთელი ბანდა დაექირავებინა, რომლებიც ლუდსახდელში თავს
დამესხმებოდნენ და ცემით სულს ამომხდიდნენ. იმ ფერმკრთალი ჭაბუკის
კეთილშობილ დიდსულოვნებას იმდენად ვენდობოდი, თავად მთელი ამ
სადამსჯელო ღონისძიებების მონაწილედ არ წარმომედგინა; ჩემს წარმოსახვაში
ამას მისი რომელიმე უგუნური ნათესავი სჩადიოდა, რომელსაც გულს შემოეყარა
ამ ბიჭის დალეწილი სახის შეხედვისას და საგვარეულო ნაკვთების დაზიანება
ვერ აიტანა.

ასე იყო თუ ისე, მის ჰევიშემთან მისვლას ვერ ავცდებოდი და მივედი კიდეც.
და, ჰოი, საოცრებავ! ჩვენს მაშინდელ ჩხუბს არანაირი შედეგი არ მოჰყოლია.
არც ვინმეს უხსენებია და ვერც ფერმკრთალი ჭაბუკის კვალს მივაგენი სადმე. ის
ჭიშკარი კვლავაც ღია დამხვდა, ბაღი მოვათვალიერე და ფლიგელის ფანჯარაშიც
შევიხედე, მაგრამ მას ყრუ დარაბები ფარავდა და არც ირგვლივ ჩანდა
სიცოცხლის ნიშანწყალი. ჭაბუკის არსებობის კვალი მხოლოდ იმ კუნჭულში
აღმოვაჩინე, სადაც ორთაბრძოლა გვქონდა. მიწას შედედებული სისხლის
წვეთები ემჩნეოდა, იმ ადგილს მაშინვე სილა და ხმელი ფოთლები მივაყარე და
კაცის თვალს ამგვარად მოვარიდე.

კიბის ფართო ბაქანზე – მის ჰევიშემის საძინებელ ოთახსა და იმ მეორე


დარბაზს შორის, სადაც ოდესღაც სუფრა იყო გაშლილი – სასეირნო სავარძელი
დამხვდა: ბორბლებიანი მსუბუქი სკამი, რომელსაც გასაგორებლად უკნიდან
უნდა მისწოლოდი. ეს სავარძელი აქ ჩემი ბოლო მისვლის შემდეგ გაჩნდა და
იმავე დღეს შევუდექი ახალი მოვალეობის შესრულებას – როცა ჩემს მხარზე
დაყრდნობილი მის ჰევიშემი სიარულით იღლებოდა, ბაქნის გავლით ორივე
ოთახში ამ სავარძლით წრეზე დავატარებდი. ჩვენი სეირნობები ზოგჯერ
შეუჩერებლად სამ საათსაც გრძელდებოდა. ეს სეირნობები მრავლობით რიცხვში
იმიტომ ვთქვი, რომ ამ დღეს გადაწყდა, ამ მოვალეობის შესასრულებლად
დღეგამოშვებით, შუადღით, მივსულიყავი და იმიტომაც, რომ ახლა ვაპირებ,
რვა-ათთვიანი პერიოდი ზოგადად შევაჯამო.

ერთურთს როცა შევეჩვიეთ, მის ჰევიშემი უფრო მეტს მესაუბრებოდა,


კითხვებსაც მისვამდა, თუ რა მისწავლია და მომავალში რას ვაპირებდი.
ვუპასუხე, მგონი, ჯოს შეგირდი გავხდები-მეთქი. აქვე ხაზგასმით ვამცნე, რომ
არაფერი ვიცოდი და ყველაფრის სწავლა მწყუროდა. ვიმედოვნებდი, იქნებ ქალი
ამ მხრივ როგორმე დამხმარებოდა, მაგრამ ამაზე არაფერი მიპასუხა და
ჩავთვალე, რომ ერჩივნა, გაუნათლებელი დავრჩენილიყავი. არც ოდესმე მოუცია
ჩემთვის ფული თუ სხვა რამ, გარდა უკვე ჩვეული ხემსისა, და არც ის უხსენებია,
ჩემი საქმიანობის რამე სახით ანაზღაურებას მომავალში თუ აპირებდა.

ესტელა გამუდმებით იქვე ტრიალებდა, ჭიშკარს უცვლელად მიღებდა და


წასვლის დროსაც მაცილებდა, მაგრამ კოცნის უფლება არცერთხელ აღარ
მოუცია. იყო წუთები, როცა ჩემ იქ ყოფნას ცივად ეგუებოდა; ზოგჯერ მცირე
წყალობას გაიღებდა; სხვა დროს სრულიად უბრალოდ და ლაღად მეპყრობოდა;
ზოგჯერ კი პირში მახლიდა, მძულხარო. მის ჰევიშემს არაერთხელ უკითხავს
ჩემთვის ჩურჩულით ან, როცა მარტონი ვრჩებოდით, ხმამაღლა:

– ხომ სულ უფრო და უფრო ლამაზდება, პიპ? – და, როდესაც ვეთანხმებოდი,


რადგან მართლაც ასე იყო, მუდამ რაღაც ხარბ კმაყოფილებას ვატყობდი.

ბანქოს თამაშისას მის ჰევიშემი სიამოვნებით აკვირდებოდა ესტელას


ჭირვეული გუნების ცვალებადობას. ზოგჯერ, როცა გოგო მეტისმეტად
თავნებობდა და იმდენად უცნაური გამოხდომები ჰქონდა, რომ აღარ ვიცოდი,
როგორ მოვქცეულიყავი ან რა მეპასუხა, მის ჰევიშემი მას აღტყინებული
სიყვარულით ეხვეოდა; თან ყურში რაღაც ამდაგვარს ეჩურჩულებოდა: "გულები
დაუმსხვრიე, ჩემო სიამაყევ და იმედო, უმოწყალოდ დაუმსხვრიე გულები!"

ჯო სამჭედლოში მუშაობისას ხშირად ღიღინებდა ერთი სიმღერის ნაწყვეტს,


რომლის მისამღერიც იყო: "ბებერო კლემ"(წმინდა კლემენტი მჭედელთა
მფარველ წმინდანად მიიჩნეოდა.). კაცმა რომ თქვას, ეს სიმღერა მფარველი
წმინდანისადმი პატივის მიგების უხეში ხერხი იყო, მაგრამ, როგორც ჩანს, ბებერ
კლემს მჭედლებთან სწორედ ამგვარი ახლობლური ურთიერთობა უნდა
ჰქონოდა. სიმღერის რიტმი გრდემლზე უროს დარტყმების ხმას წააგავდა და
ბებერი კლემის პატივსაცემი სახელის მოხსენიებას, ლირიკული თვალსაზრისით,
ესეც ამართლებდა: "ბიჭებო, ურო დაარტყით მარჯვედ – ბებერო კლემ! –
ძლიერად დასჭექეთ და გაისარჯეთ – ბებერო კლემ! – ლამაზად მორკალეთ –
ბებერო კლემ! – ცხენისთვის ნალი – ბებერო კლემ! – კარგად გააჩაღეთ – ბებერო
კლემ! – ღუმელში ალი – ბებერო კლემ!"

ერთხელაც, სავარძლით რომ ვატარებდი, მის ჰევიშემმა მოულოდნელად,


თითების ჩვეული მოუთმენელი აქნევით მიბრძანა: "იმღერე, სწრაფად, იმღერე!"
და, ჩემდა გასაოცრად, ეს მოუხეშავი მელოდია წამოვიწყე. მის ჰევიშემი
სიმღერამ იმდენად გაიტაცა, დაბალ ხმაზე, ნაღვლიანად ამყვა და ისე
ღიღინებდა, თითქოს ძილ-ბურანში მღერისო. ამის შემდეგ, სავარძლით
სეირნობისას ეს სიმღერა ჩვევად გვექცა და ხშირად ესტელაც აგვყვებოდა
ხოლმე. მიუხედავად იმისა, რომ სამნი ვმღეროდით, ჩვენი ხმები ვეება, პირქუშ
სახლში ისე სუსტად ისმოდა, ქარის ოდნავი ქროლვაც კი, ალბათ, უფრო
ხმამაღალი იქნებოდა.

აი, ასეთ გარემოცვაში ნეტავ როგორი ადამიანი უნდა დავმდგარიყავი? განა


შეიძლება, ამ ყველაფერს ჩემი ხასიათის ჩამოყალიბებაზე არ ემოქმედა? რა
გასაკვირია, რომ ჩაბნელებული ოთახებიდან დღის სინათლეზე გამოსულს
თვალებიც მიჭრელდებოდა და ფიქრებიც მერეოდა?
ალბათ, ჯოს იმ ფერმკრთალი ახალგაზრდის ამბავს მაინც ვუამბობდი,
მანამდე ამდენი ტყუილი რომ არ შემეთხზა მის ჰევიშემთან პირველი სტუმრობის
შესახებ და ამაში თვითონვე რომ არ გამოვტყდომოდი. ამის გამო ვშიშობდი, ჯოს
ესეც ეჭვით არ მიეღო და ფერმკრთალი ჭაბუკი შავი ხავერდის ეტლის ღირსეულ
მგზავრად არ ჩაეთვალა. ამიტომ მისთვისაც კი არაფერი მითქვამს. გარდა ამისა,
თუკი სულ თავიდან არ მსურდა, მის ჰევიშემი და ესტელა სხვების სჯა-ბაასის
საგნად მექცია, ეს განცდა დროთა განმავლობაში გამიასმაგდა. ერთადერთი,
ვისაც ჩემს შთაბეჭდილებებს ვანდობდი, ბიდი იყო. საბრალო ბიდის სულ, სულ
ყველაფერს ვუამბობდი. მისთვის განდობა ასე ბუნებრივად რატომ გამომდიოდა
და ისიც ასე გაფაციცებით რატომ მისმენდა, ამას მაშინ ვერ ვხვდებოდი, ახლა
კი, მგონი, ვხვდები.

ამასობაში ჩვენს სამზარეულოში საბჭოს შეკრებები გრძელდებოდა, რაც,


მუდამ გაღიზიანებულს, კიდევ უფრო მიხუთავდა სულს. დროდადრო ყეყეჩი
პამბლჩუკიც შემოივლიდა და მისის ჯოსთან ჩემს მომავალზე მსჯელობდა.
გეფიცებით (მაშინ ამ ფიქრის გამო სინდისი მქენჯნიდა, ახლა კი – სრულებით
აღარ), რომ შემძლებოდა, მის ორთვალას უსათუოდ ამოვაცლიდი ჭილიბს. ამ
არარაობას ჩემს მომავალზე საუბარი ისე არ შეეძლო, თვალწინ რომ არ
ვყოლოდი. ამიტომაც ბუხართან მოწყობილ ჩემი მყუდრო კუნჭულიდან
გამომათრევდა ხოლმე – ხშირად ქეჩოში ხელის წავლებით – და ცეცხლის პირას
თვალსაჩინო ადგილას ისე დამაყენებდა, თითქოს სადილად მოხარშვას
მიპირებდესო. ამის შემდეგ წამოიწყებდა:

– აი, ეს ბიჭი, ქალბატონო. ეს ის ბიჭია, რომელიც საკუთარი ხელით


გამოზარდეთ. თავი მაღლა ასწიე, ყმაწვილო, და სიცოცხლის ბოლომდე
ემადლიერე მათ, ვისაც შენზე ამაგი აქვს. მაშ, ასე, ქალბატონო, ამ ბიჭს რაც
შეეხება... – ამის შემდეგ უცილობლად მიჩეჩავდა თმას, თანაც ყოვლად
უსიამოდ, რაც, როგორც უკვე აღვნიშნე, ქვეყნიერებაზე არცერთი სულიერის
უფლებად არ მიმაჩნდა; თან სახელოთი მაკავებდა, რაც იმდენად ბრიყვულ
სანახაობად მაქცევდა, სიბრიყვით მხოლოდ თვითონ მას თუ შეედრებოდა.

ამის შემდგომ ჩემს დასთან ერთად ყოვლად უგუნურ მსჯელობას


წამოიწყებდა იმის თაობაზე, თუ, მათი აზრით, რას მიპირებდა მის ჰევიშემი –
თან იმდენად ჩერჩეტულს, ბოღმის ცრემლებს ძლივს ვიკავებდი და ლამის იყო,
მისტერ პამბლჩუკს მივვარდნოდი და შუაზე გამეგლიჯა. ამ თათბირების დროს
ჩემი და ისეთნაირად მელაპარაკებოდა, თითქოს ყოველ ჯერზე თითო კბილს
მაძრობდა, ხოლო მისტერ პამბლჩუკი, ჩემი თვითმარქვია მფარველი, ისე
მომდურავად მაკვირდებოდა, თითქოს ჩემი ბედის არქიტექტორობა დიდად
არასახარბიელო და სანანებელ საქმედაც კი მიაჩნდა.

ამ საუბრებში ჯო არ ერეოდა. თუმცა ბევრ რამეს მისი მისამართითაც


ამბობდნენ, მაგალითად, ჩემი დის აზრით, ჯო სამჭედლოდან ჩემი წასვლის
წინააღმდეგი იყო. ასაკით უკვე იმხელა ვიყავი, შეგირდობას შევძლებდი. ჯო
ბუხართან ჯდებოდა და გისოსების ქვეშ შეყოფილი საჩხრეკით ნაკვერჩხალს
ქექავდა, ჩემს დას კი, როგორც ჩანს, სწორედ ეს უწყინარი საქმიანობა მიაჩნდა
პროტესტის გამოხატვად – დროდადრო საბრალო ჯოს მივარდებოდა, საჩხრეკს
ხელიდან გამოსტაცებდა, მოუქნევდა და გვერდზე გადააგდებდა. უკლებლივ
ყველა ეს თათბირი ცუდად მთავრდებოდა. ჩემი და მთქნარების შეტევას
იკავებდა, მერე ისე შემომხედავდა, თითქოს ახლაღა შემთხვევით მომკრა
თვალიო და დამიტატანებდა:
– მორჩა! გეყოფა აქ დგომა! წადი, დაწექი, ისედაც ქვეყნის საზრუნავი
გაგვიჩინე! ერთი საღამოსათვის საკმარისია! – თითქოს ჩემს ცხოვრებაში უხეშად
ცხვირის ჩაყოფა მე ვთხოვე.

ასე კარგა ხანს გაგრძელდა. ვინ იცის, კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდებოდა,
ერთ მშვენიერ დღეს ჩემს მხარზე დაყრდნობილ მის ჰევიშემს ჩვენი ჩვეული
წრიული სიარული უცბად რომ არ შეეწყვიტა, ადგილზე არ გაჩერებულიყო და
უკმაყოფილოდ არ შეენიშნა:

– რამსიმაღლე გაზრდილხარ, პიპ!

საუკეთესო გამოსავლად იმაზე მინიშნება ჩავთვალე, რომ ზრდის ტემპი


სულაც არ იყო ჩემზე დამოკიდებული.

იმ დღეს ამასთან დაკავშირებით აღარაფერი უთქვამს. მხოლოდ დროდადრო


ჩერდებოდა, კვლავ უკმაყოფილოდ მათვალიერებდა და მთელი დანარჩენი დრო
უგუნებოდ ჩანდა. მომდევნო მისვლაზე, როცა ფეხითა და სავარძლით
გასეირნება დავასრულეთ და კვლავ თავის მაგიდასთან, სარკის წინ დავსვი,
თითების მოუთმენელი მოძრაობით მიხმო და მკითხა:

– ერთი, იმ შენი მჭედლის გვარ-სახელი შემახსენე.

– ჯო გარჯერი, მემ.
– ეს ის ოსტატია, რომლის შეგირდიც უნდა გახდე?

– დიახ, მის ჰევიშემ.

– მაშინ, აჯობებს, დაუყოვნებლივ მიებარო შეგირდად. როგორ ფიქრობ,


გარჯერი აქ მოსვლასა და შენი საბუთების მოტანას თუ შეძლებს?

დავარწმუნე, მისთვის ეს დიდი პატივი იქნებოდა.

– მაშინ მოვიდეს.

– რა დროს მოვიდეს ზუსტად?

– ოჰ, არა, არა! დრო მე რაში მადარდებს?! მალე მოვიდეს, შენთან ერთად
მოვიდეს.

იმ საღამოს შინ მისულმა მის ჰევიშემის დანაბარები ჯოს გადავეცი. ამან ჩემი
და ისე გააცეცხლა, მგონი, მანამდე რომ არ დამართვია. მე და ჯოს გვკითხა,
ფეხის საწმენდი ტილო ხომ არ გგონივართო, როგორ ბედავთ, ასე რომ
მეპყრობითო და იქნებ კეთილი ინებოთ და ამიხსნათ, კეთილშობილთა
საზოგადოებაში გამოჩენის ღირსად მაინც რატომ არ მთვლითთო. მსგავსი
კითხვების კორიანტელი დააყენა და, როცა, როგორც იქნა, კითხვები ამოეწურა,
ჯოს შანდალი ესროლა. ხმამაღლა აქვითინდა, მერე აქანდაზს დასწვდა – რაც
ყველაზე საგანგაშო ნიშანი იყო – უხეში ქსოვილის ის თავისი წინსაფარი
გაიკეთა და მრისხანედ შეუდგა სახლის დალაგებას. მშრალად დალაგება რომ
არ იკმარა, სათლი და ჯაგრისი მოიმარჯვა და იატაკის ხეხვა-ხეხვით სახლიდან
გაგვაძევა. დღის ბოლომდე ეზოში ვითოშებოდით. მხოლოდ საღამოს, ათ
საათზე, გავბედეთ და შინ შევიძურწეთ. ჩემმა დამ მაშინვე მიახალა ჯოს, რატომ
თავიდანვე ზანგი მონა ქალი არ შეირთეო. საბრალო კაცმა ამაზე ვერაფერი
უპასუხა, თავისი ბაკენბარდების წიწკნა დაიწყო და ისეთი დაღვრემილი მზერა
მესროლა, მგონი, ეს მართლაც უკეთეს გადაწყვეტილებად მიაჩნდა.
13

ჩემს გრძნობებს უმძიმესი გამოცდა ერგოთ წილად, როდესაც ორი დღის


შემდეგ ჯო საკვირაო კოსტიუმში გამოეწყო და მის ჰევიშემთან წამომყვა. რაკიღა
თვითონ ეჭვი არ ეპარებოდა იმაში, რომ ამგვარი შემთხვევა საზეიმოდ
გამოწყობას მოითხოვდა, მეც აღარ მიცდია, დამერწმუნებინა, სამუშაო
ტანსაცმელი ბევრად უფრო გიხდება-მეთქი. ტანჯვას ის მიასმაგებდა, რომ
მშვენივრად ვიცოდი, ამ უსიამო და მოუხერხებელ კოსტიუმში ჩემი გულისათვის
ჩაეჭედა და პერანგის საყელოც უკან სწორედ ჩემთვის აიპრიხა ისე მაღლა, რომ
კეფაზე თმა ქათმის ბოლოსავით ყალყზე დაუდგა.

საუზმისას ჩემმა დამ ქალაქში ჩვენთან ერთად წამოსვლისა და მისტერ


პამბლჩუკთან დარჩენის სურვილი გამოთქვა; თან დაგვიბარა: კეთილშობილ
ქალბატონებთან სტუმრობას რომ მოათავებთ, გამომიარეთო. აშკარა იყო, ჯო
მისი გეგმისაგან სიკეთეს არ მოელოდა. იმ დღისათვის სამჭედლო დაიკეტა და
ჯომ (როგორც მუდამ აკეთებდა იმ უიშვიათეს შემთხვევებში, როცა არ მუშაობდა)
კარზე ცარცით მოკლედ წააწერა: "გავედი" და ისარიც მიახატა, რომელიც მის
მიერ არჩეულ მიმართულებას უჩვენებდა.

ქალაქში ფეხით წავედით, ჩემი და წინ მიაბიჯებდა წავის ბეწვის ვეებერთელა


ქუდითა და კალათით, რომელიც ჩალისაგან დამზადებულ ინგლისის დიდ
სახელმწიფო ბეჭედს მოგაგონებდათ. თან წამოიღო ხის ქოში, გამოსაცვლელი
შალი და ქოლგა, მიუხედავად იმისა, რომ მზიანი ამინდი იყო. არ ვიცი, მთელი
ეს
ბარგი რისთვის დასჭირდა: თვითგვემისათვის თუ თავის მოსაჩვენებლად.
თუმცა, ვფიქრობ, საკუთარი ქონებით ტრაბახი უნდოდა – კლეოპატრა ან
რომელიმე სხვა მბრძანებელი ქალი განრისხების ჟამს თავის ძვირფასეულობას
საზეიმო პროცესიაზე ასე გამოამზეურებდა.

პამბლჩუკის სახლს მივადექით თუ არა, ჩემი და შიგნით შევარდა, ჩვენ კი შუა


ქუჩაში დავრჩით. უკვე თითქმის შუადღე იყო და მე და ჯომ დაუყოვნებლივ მის
ჰევიშემის სასახლეს მივაშურეთ. ესტელა ჩვეულებისამებრ შეგვეგება. როგორც
კი გოგო გამოჩნდა, ჯომ ქუდი მოიხადა, ფარფლის კიდეში ორივე ხელი ჩაავლო
და ისე ეჭირა, თითქოს წონიდა – რაღაცისთვის ქუდის უზუსტესი წონა
აინტრესებდა და შეცდომის დაშვება უნციის მერვედშიც კი არ სურდა.

ესტელას არცერთი ჩვენგანისათვის ყურადღება არ მიუქცევია. ჩემთვის ასე


კარგად ნაცნობი გზით გაგვიძღვა, მე უკან გავყევი, ხოლო ჯო სულ ბოლოს
მოდიოდა. ბნელ დერეფანში ჯოსკენ მივიხედე, ქუდს ორივე ხელით კვლავაც
სათუთად წონიდა და დიდი ნაბიჯებით, თითის წვერებზე მომყვებოდა.

ესტელამ მითხრა, რომ ორივენი უნდა შევსულიყავით. მეც ჯოს სახელოში


ჩავჭიდე ხელი და მის ჰევიშემთან შევიყვანე. ქალი სარკიან მაგიდასთან იჯდა
და მაშინვე მოგვიბრუნდა.

– მაშ, ასე! – მიმართა ჯოს, – თქვენ ამ ბიჭის დის მეუღლე ხართ?

ამას ვერაფრით წარმოვიდგენდი – ჩემი ძვირფასი ჯო ამ წუთებში სრულებით


არ ჰგავდა საკუთარ თავს და თითქოს რაღაც უცნაურ ფრინველად ქცეულიყო.
სახტად დარჩენილი იდგა, ქოჩორი ბუმბულებივით ჰქონდა აბურძგნილი და პირს
ისე აფჩენდა, თითქოს ელოდება, ჭიას როდის ჩაუდებენო.

– თქვენ ამ ბიჭის დის მეუღლე ხართ, ხომ ასეა? – გაუმეორა მის ჰევიშემმა.

ამის შემდეგ სამწუხაროდ ისე მოხდა, რომ ჯო მთელი საუბრის განმავლობაში


მის ჰევიშემის ნაცვლად მე მომმართავდა.

– მოკლედ რომ ვთქვა, საქმე ისაა, პიპ, – წამოიწყო ჯომ ისეთი კილოთი,
ერთდროულად გონივრულ განსჯასაც რომ შეიცავდა, მეგობრულ ნდობასაც და
უკიდურეს თავაზიანობასაც, – მოკლედ, შენს დას ხელი ვთხოვე და ვიქორწინეთ
კიდეც, მანამდე კი, თუ შეიძლება ასე ვთქვათ, უცოლო კაცი ვიყავი.

– კარგი! – უთხრა მის ჰევიშემმა, – ეს ბიჭი გაზარდეთ, რათა მომავალში


თქვენი შეგირდი გამხდარიყო, ასეა, მისტერ გარჯერი?

– ხომ იცი, პიპ, – უპასუხა ჯომ, – მე და შენ მუდამ მეგობრები ვიყავით და


სულ
იმ დროს ველოდებოდით, ერთად მუშაობა რომ შეგვძლებოდა და სულ
ვამბობდით, ეს რა კარგი დრო იქნებაო, მაგრამ შენ თუ ამ ხელობის წინააღმდეგ
რამე მოსაზრება გექნება – ვთქვათ, ბინძური და ჭვარტლიანი საქმეა, ან კიდევ
რამე მისთანა – იცოდე, არავინ არაფერს გაძალებს!

– ბიჭს ოდესმე გამოუთქვამს რამე ამის საწინააღმდეგოდ? – ჩაეკითხა მის


ჰევიშემი, – მოსწონს თქვენი ხელობა?

– შენც ხომ კარგად იცი, პიპ, – ჯომ გონიერების, გულწრფელობისა და


თავაზიანობის ნაზავი კიდევ უფრო ხაზგასმით გამოხატა, – რომ ეს თავიდანვე
მთელი გულით გინდოდა, – ვიდრე ლაპარაკს განაგრძობდა, სახეზე შევატყვე,
რომ ამ თავის განცხადებას გაიმეორებდა, – ამის საწინააღმდეგოდ არაფერი
გამოგითქვამს და ეს მუდამ მთელი გულით გინდოდა!

სულ ამაოდ ვცდილობდი მიმეხვედრებინა, რომ ჩემთვის კი არა, მის


ჰევიშემისთვის უნდა მიემართა. რაც მეტად ვანიშნებდი სახითა თუ ხელით
დიასახლისზე, მით უფრო გონივრული, მეგობრული და თავაზიანი კილოთი
განაგრძობდა ჯო ჩემთან საუბარს.

– მისი საბუთები თან გაქვთ? – ჰკითხა მის ჰევიშემმა.

– პიპ, ხომ იცი, – ჯომ ისე გაიღიმა, თითქოს ეს შეკითხვა, ცოტა არ იყოს,
ეზედმეტა, – ხომ შენ თვითონ ნახე, ქუდში როგორ ჩავიდე და, მაშასადამე,
გეცოდინება კიდეც, თან რომ მაქვს, – ამ სიტყვებით ქაღალები ამოიღო და მის
ჰევიშემის ნაცვლად ისევ და ისევ მე გამომიწოდა. ვშიშობ, ჩემი ძვირფასი
მეგობრის გამო იმ წუთებში ძლიერად მრცხვენოდა – კი არ ვშიშობ,
დარწმუნებული ვარ – რადგან შევნიშნე, მის ჰევიშემის სავარძლის უკან მდგარ
ესტელას თვალები დამცინავად უბრწყინავდა.

– ბიჭისთვის ხელობის სწავლებაში გასამრჯელოს მიღებას თუ მოელოდით? –


ჰკითხა მის ჰევიშემმა, მას მერე, რაც საბუთებს გადახედა.
– ჯო! – შევაგონე, რადგან იდგა და ხმას არ იღებდა, – რატომ არ პასუხობ?..

– პიპ! – ნაწყენი კილოთი გამაწყვეტინა ჯომ, – აბა, ჩვენ შორის ამ კითხვაზე


რა პასუხი უნდა გაიცეს, თუ არა უარყოფითი? არა – აი, ჩემი პასუხი და ამის
თქმა რაღა საჭიროა?

მის ჰევიშემმა ისე შეხედა, თითქოს იმაზე უკეთ მიხვდა, ჯო რასაც


წარმოადგენდა, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო, თუკი გავითვალისწინებთ, რომ
აქ მოსვლისთანავე ჯო თავისი ჭკუა-გონების შეუსაბამოდ იქცეოდა. ქალმა
მაგიდიდან ქისა აიღო.

– პიპმა აქ თავისი სწავლის საფასური გამოიმუშავა, – თქვა მის ჰევიშემმა, –


აგერ. ამ ქისაში ოცდახუთი გინეაა. შენს ოსტატს გადაეცი, პიპ.

ამ ყოვლად უცნაური ქალისა და ოთახის შემხედვარე ჯოს, როგორც ჩანს,


გონება სულ მთლად აერია, რადგან ამის შემდეგაც კი მე მომმართა:

– ეს შენი მხრიდან დიდი გულუხვობაა, პიპ, და დიდად მოხარული და


მადლობელიც ვარ, თუმცა, ღმერთია მოწმე, მსგავსს არაფერს მოველოდი, არც
თავში მომსვლია, ახლა კი, ძმობილო, – ამ მეტისმეტად ახლობლური
მიმართვისაგან ჯერ შემახურა, მერე შემაცია, რადგან წამით გამიელვა, მის
ჰევიშემს ხომ არ მიმართავს-მეთქი, – ჩვენს მოვალეობას მივხედოთ! ჩვენი ვალი
პირნათლად მოვიხადოთ ერთმანეთის წინაშე და მათ წინაშეც, ვინც შენი
გულუხვი საჩუქარი... გადმოგვცა... ჩვენდა სასიხარულოდ, ვისაც... აზრადაც კი
არ... – აქ ჯოს შეეტყო, საშინელ სირთულეებში რომ გაიხლართა, მაგრამ თავი
მარჯვედ დაიძვრინა და დაასრულა, – ...და მეც ღმერთმა მაშოროს ამისგან! – ეს
ბოლო ფრაზა იმდენად სრული და თვითკმარი მოეჩვენა, რომ ერთხელაც
გაიმეორა.

– ნახვამდის, პიპ, – მითხრა მის ჰევიშემმა, – ესტელა, გააცილე.

– მეტად აღარ უნდა მოვიდე, მის ჰევიშემ? – ვკითხე.

– არა, ამიერიდან გარჯერი შენი ოსტატია. გარჯერი! კიდევ ერთი სიტყვა!

უკვე ოთახიდან ვიყავი გასული და გავიგონე, უკან მიბრუნებულ ჯოს მკაფიოდ


და ხაზგასმით როგორ უთხრა:

– ბიჭი აქ კარგად მოიქცა და გასამრჯელოც ამით დაიმსახურა. დარწმუნებული


ვარ, როგორც პატიოსანი კაცი, მომავალში ამაზე მეტს აღარასოდეს მოითხოვთ.

ჯო ოთახიდან როგორ გამოვიდა, ვეღარ გავიგე, ის კი დავინახე,


გამოსვლისთანავე საჩქაროდ ზედა სართულზე ასვლას რომ შეუდგა, ნაცვლად
იმისა, ქვევით ჩასულიყო; ვიდრე არ გავეკიდე და ხელი არ ვტაცე, ვერანაირმა
ძახილმა ვერ შეაჩერა. წუთის შემდეგ ჭიშკართან ვიყავით, მაგრამ ის ჩაკეტილი
იყო, ესტელა კი არსად ჩანდა.

დღის სინათლეზე მარტონი აღმოვჩნდით. ჯო ზურგით კედელს მიეყუდა და


ამოთქვა:
– სასწაულია! – და იმდენ ხანს გაჩერდა ასე უძრავად და ეს "სასწაულია!"
იმდენჯერ გაიმეორა, შევშინდი, ვაითუ გონს ვეღარასოდეს მოვიდეს-მეთქი.
რაღაც დროის შემდეგ ეს წამოძახილი სიტყვა განავრცო:

– ეს რა იყო, პიპ! გეუბნები, სასწაულია! – და თანდათან ალაპარაკდა, მერე კი


განძრევაც შეძლო.

ვეჭვობ, ამ თავზარდამცემმა შეხვედრამ ჯოს გონება გაუნათა და


მოხერხებული გეგმაც დაებადა. ამის საფუძველს მისტერ პამბლჩუკის სასტუმრო
ოთახში მომხდარი საუბარი მაძლევს, სადაც ჩემი და ამ საძულველ ვაჭართან
ერთად დაგვხვდა.

– აბა? – ჩემმა დამ ორივეს ერთად მოგვმართა, – რა ამბები გადაგხდათ


თავს? ძალიან მიკვირს, ასეთი მაღალი საზოგადოების შემდეგ უბრალო
მოკვდავნი რომ გვიკადრეთ!

– მის ჰევიშემმა, – წამოიწყო ჯომ და თვალმოუშორებლად მომაჩერდა, რათა


გახსენებაში დავხმარებოდი, – ხაზგასმით გვთხოვა, ჩემი... როგორ თქვა, პიპ?
მილოცვა თუ მოკითხვა?

– მოკითხვა, – ვუკარნახე.

– ჰო, ასეც ვფიქრობდი, – დაეთანხმა ჯო, – გვთხოვა, ჩემი მოკითხვა


გადაეცით მისის ჯ. გარჯერისო.

– მერედა, მისი მოკითხვა რაში გამოვიყენო? – ვითომდა გულგრილად


შენიშნა ჩემმა დამ, თუმცა ფრიად ნასიამოვნები ჩანდა.

– და ისიც თქვა, – ჯომ კვლავ დაძაბული მზერა მომაპყრო, ვითომდა, კვლავ


გახსენებას შეეცადა, – ვისურვებდი, ჩემი ჯანმრთელობა იმის საშუალებას
მაძლევდეს... რაო, როგორ თქვა, პიპ?

‒ ვისიამოვნოო, – ვუკარნახე.

– ჰო, ქალბატონების საზოგადოებით ვისიამოვნოო, – როგორც იქნა,


დაასრულა ჯომ და ღრმად ამოისუნთქა.

– ჰმ, – მისის ჯომ მისტერ პამბლჩუკს გადახედა, აშკარად ნაამები დარჩა, –


მისი მხრიდან უფრო თავაზიანი იქნებოდა, ამას თავიდანვე თუ დამიბარებდა,
თუმცა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ამ სალახანას რა აჩუქა?

– არაფერი უჩუქებია, – უპასუხა ჯომ.

მისის ჯომ ყვირილის ატეხა დააპირა, მაგრამ ჯომ დაასწრო.

– რაც აჩუქა, ის მისი ახლობლებისთვისაა განკუთვნილი, – თქვა ჯომ და


მაშინვე განმარტა, – ახლობლებში კი, პირველ რიგში, მისი და, მისის ჯ.
გარჯერი,
იგულისხმება. სწორედ ასე თქვა: "მისის ჯ. გარჯერი", როგორც ჩანს, – ახსნა
ჯომ,
– არ იცოდა, ჯო უნდა ეთქვა თუ ჯორჯი.

ჩემმა დამ პამბლჩუკს გადახედა, იმან სავარძლის სამკლავურებს


ხელისგულები გადაუსვა, მერე თავი დაუქნია და ცეცხლს ისეთი სახით
შეაცქერდა, აქაოდა, ეს ყველაფერი წინდაწინ ვიცოდიო.

– მაშ, რამდენი მოგცა? – სიცილით ჰკითხა ჯოს ჩემმა დამ. გეფიცებით,


მართლაც იცინოდა!

– რას იტყვის პატივცემული საზოგადოება ათ გირვანქა სტერლინგზე? –


იკითხა ჯომ.

– იტყვის, კარგიაო, – მედიდურად უპასუხა მისის ჯომ, – კარგია, არც ძალიან


ბევრია, მაგრამ მაინც არა უშავს.

– ჰოდა, ამაზე მეტია, – განუცხადა ჯომ.

ამ ამაზრზენმა, თვალთმაქცმა პამბლჩუკმაც მაშინვე თავის დაკვრით


გაიმეორა:

– დიახ, ამაზე მეტია, მემ! – და კვლავ გადაუსვა სამკლავურებს ხელი.

– ნუთუ იმის თქმა გინდათ, რომ... – წამოიწყო ჩემმა დამ.

– დიახ, სწორედ ამის თქმა მინდა, მემ. მაგრამ მადროვეთ. განაგრძე, ჯო.
ყოჩაღ შენ! განაგრძე!

– პატივცემული საზოგადოება ოც გირვანქა სტერლინგზე რაღას იტყვის? –


განაგრძო ჯომ.

– მშვენიერია, აი, რას ვიტყვი! – უპასუხა ჩემმა დამ.

– ჰოდა, ოც გირვანქა სტერლინგზე მეტია, – ისევ ახარა ჯომ.

ამ გულისამრევმა, ფარისეველმა პამბლჩუკმაც თავის დაკვრითა და


მიმტევებლური ღიმილით გაიმეორა:

– მეტია, მეტი! მიდი, ჯოზეფ, თქვი!

– დიდხანს აღარ გავაგრძელებ და ვიტყვი, – ჯომ კმაყოფილი სახით გაუწოდა


ჩემს დას ქისა, – ოცდახუთი გირვანქა სტერლინგია.

– ოცდახუთი გირვანქა სტერლინგია, – ექოსავით გაიმეორა ვიგინდარა


პამბლჩუკმა, წამოდგა და ჩემს დას ხელი ჩამოართვა, – არც მეტია და არც
ნაკლები, ვიდრე გეკუთვნით – და ასეც ვთქვი, როცა რჩევა მკითხეს. ღმერთმა ეს
ფული სიხარულში მოგახმაროთ!

ამას რომ დასჯერებოდა, ისედაც საკმაოდ მძიმე დანაშაული შერჩებოდა,


მაგრამ უარესიც ჩაიდინა. ჩათვალა, რომ სრული უფლება ჰქონდა, ჩემთვის
მფარველობა გაეწია და ამით ყველა თავის წარსულ დანაშაულს გადააჭარბა.

– ყური დამიგდეთ, ჯოზეფ მეუღლითურთ! – იდაყვს ზემოთ ხელი ჩამჭიდა და


განაგრძო, – იმ ადამიანთა რიცხვს ვეკუთვნი, დაწყებული საქმე მუდამ ბოლომდე
რომ მიჰყავთ. ბიჭი დაუყოვნებლივ შეგირდად უნდა ჩავწეროთ. ასე ვფიქრობ.
დაუყოვნებლივ.
– ღმერთია მოწმე, ბიძია პამბლჩუკ! – ჩემმა დამ ფულს მაგრად ჩასჭიდა
ხელი, – თქვენი მოვალენი ვართ.

– არაფერია, მემ, – მიუგო ამ ხორბლეულით მოვაჭრე სატანამ, – სხვას რომ


ასიამოვნებ, თვითონაც ნასიამოვნები დარჩები. მაგრამ ეს ბიჭი დაუყოვნებლივ
უნდა ჩავწეროთ. ამას ბოლომდე მივხედავ-მეთქი, ვთქვი, და ჩემს პირობას
შევასრულებ კიდეც.

სასამართლო მოხელეები იქვე, ქალაქის რატუშაში, ისხდნენ და იმწამსვე


იქით გავეშურეთ, რათა ჯოსთან ჩემი შეგირდობა ოფიციალურ პირთა
თანდასწრებით გაგვეფორმებინა. გავეშურეთ-მეთქი, ვამბობ, თორემ
სინამდვილეში პამბლჩუკი ისე მიმათრევდა, თითქოს ის-ის იყო, ვინმეს ჯიბე
გამექურდა ან თივის ზვინისათვის ცეცხლი წამეკიდებინა. მართლაც,
სასამართლოს შესასვლელთან ყველას ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, თითქოს
დანაშაულზე წასწრებული და დაჭერილი ქურდი მოეყვანათ. ხალხში რომ
გამომატარა, აქეთ-იქიდან მომესმა: "რა დააშავა?" ზოგმა კი ჩაილაპარაკა:
"პატარა კია, მაგრამ კოჭებში ეტყობა, რა სალახანაც იქნება!" ხოლო ძალზე
თვინიერი და გულკეთილი შესახედაობის ერთმა კაცმა ბროშურაც კი
გამომიწოდა, რომლის ყდაზეც სოსისის ასხმასავით ბორკილებშემოხლართული,
ბოროტმოქმედი ახალგაზრდა ეხატა და სათაურად ეწერა: "ციხის საკანში
საკითხავი".

რატუშა უცნაურ ადგილად მომეჩვენა. აქ ხის სკამები ვნახე, იმაზე უფრო


მაღალი ბარიერით, ვიდრე ეკლესიაში. და ამ ბარიერს ზემოდან ვიღაცის თავები
იცქირებოდნენ. ყოვლისშემძლე მოსამართლენი (ერთს დაპუდრული პარიკიც კი
ეხურა) სავარძლებში ისხდნენ. ზოგი ხემსს მიირთმევდა, ზოგი თვლემდა, ზოგიც
რაღაცას წერდა ან გაზეთს კითხულობდა. კედლებზე შავი, მბზინავი
პორტრეტები ეკიდა, რომლებიც ჩემს გაუწაფავ თვალს კარამელისა და წებოვანი
სალბუნისაგან გაკეთებულად ეჩვენა. აქვე, კუთხეში, ერთ-ერთმა
თანამშრომელმა ჩემი მონაცემები ჩაიწერა და ყველაფერი წესისამებრ
გააფორმა, რის შემდეგაც უკვე ოფიციალურად "ჩამწერეს შეგირდად". მთელი ამ
ხნის განმავლობაში პამბლჩუკს ისე მაგრად ვყავდი ჩაბღუჯული, თითქოს აქ
გზად შემოგვევლო, მცირეოდენი ფორმალობების მოსაგვარებლად და მერე
სახრჩობელასაკენ წავიდოდით.

როცა კვლავ გარეთ გამოვედით, თავი ძლივძლიობით დავაღწიეთ ქუჩის


ბიჭებს, რომლებიც აღფრთოვანდნენ იმის მოლოდინით, რომ ჩემ საჯაროდ
დასჯას შეესწრებოდნენ. თუმცა სასტიკად გაუცრუვდათ იმედი, როდესაც
აღმოაჩინეს, რომ გარს მეგობრები მეხვივნენ. ამის შემდეგ კვლავ პამბლჩუკის
სახლში დავბრუნდით. იქ ჩემი და ისე აღტყინდა ოცდახუთი გინეას
მოულოდნელი მიღების გამო, რომ დაიჟინა, გინდა თუ არა, "ლურჯ ტახში" უნდა
ვისადილოთო. მერე პამბლჩუკს სთხოვა, თავისი ორთვალათი ჰაბლებისა და
მისტერ უოპსლის მოსაყვანად წასულიყო.

შეთანხმდნენ, სწორედ ასე მოქცეულიყვნენ. ეს ჩემთვის ფრიად


მომაბეზრებელი დღე აღმოჩნდა. რაღაც გამოუცნობი მიზეზით, ყველას
დღესასწაულის სრულიად ზედმეტ დანამატად მივაჩნდი. ყველაზე უარესი კი ის
იყო, რომ დროდადრო – როცაკი სხვა სალაპარაკო გამოელეოდათ – სათითაოდ
მეკითხებოდნენ, რატომ არ მხიარულობო. სხვა რა გამოსავალი მქონდა?
ვმხიარულობ-მეთქი, ვპასუხობდი, მაშინ, როდესაც ასე სულაც არ იყო.
ასე თუ ისე, უფროსები იყვნენ და იმით სარგებლობდნენ, რომ შეეძლოთ,
თავიანთ ნებაზე მოქცეულიყვნენ. თავხედმა პამბლჩუკმა მთელი ამ საღამოს
გულმოწყალე ინიციატორის როლი მოირგო და სუფრის თავში დაბრძანდა. მერე
სიტყვით გამოვიდა შეგირდად ჩემი აყვანის თაობაზე; თან შეკრებილთ
იქედნურად მიულოცა ის ამბავი, რომ ამიერიდან დამაპატიმრებდნენ, თუკი
აზარტულ თამაშებს ვითამაშებდი, ალკოჰოლურ სასმელს დავლევდი,
ღამღამობით ვიყიალებდი, დროს შეუფერებელ კომპანიაში გავატარებდი ან სხვა
რამეს დავაშავებდი – ჩემი ხელშეკრულება კი მსგავს მოვლენებს ისე
ითვალისწინებდა, როგორც რაღაც თავისთავად ცხადს. და ამ თავისი
მონოლოგის დროს თვალსაჩინოებასავით დამაყენა დაბალ სკამზე.

ამ დიდი დღესასწაულიდან კიდევ ის მახსოვს, რომ დაძინების საშუალებას


არ მაძლევდნენ – როცაკი დაღლილს ჩამთვლემდა, მაშინვე მაფხიზლებდნენ და
მეუბნებოდნენ, იმხიარულეო. უკვე გვარიანად მოსაღამოვდა, როდესაც მისტერ
უოპსლმა კოლინზის ოდა წაგვიკითხა და სისხლიანი მახვილი ძირს დაანარცხა –
თანაც, ისეთი ხმაურით, რომ ერთ-ერთი მიმტანი მოგვიახლოვდა და გვამცნო,
ქვედა სართულზე დაბინავებული კომერსანტები მოკითხვას გითვლიან და
შეგახსენებენ, აქ კომედიანტების ბანაკი არ გახლავთო. უკანა გზაზე ყველანი
შესანიშნავ გუნებაზე იყვნენ და "ო, მშვენიერო ქალბატონოს!"(ირლანდიელი
პოეტის, თომას მურის (1779-1852) ლექსზე დაწერილი სიმღერა.) მღეროდნენ.
მისტერ უოპსლი დანარჩენებს ბანს აძლევდა და მგრგვინავი ხმით აცხადებდა
(სოლისტის გულისგამაწვრილებელი შეკითხვის პასუხად, რომელიც ამ სიმღერაში
ყველა შემხვედრის პირადი ცხოვრების გაგებას ცდილობს), ოქროს კულულები
თავზე მაყრია და, სიმართლე რომ გითხრათ, ნორჩი ყარიბი, ძნელ გზას
ვადგავარო.

სულ ბოლოს ესღა მახსოვს – როცა, როგორც იქნა, ჩემს ციცქნა საძინებელში
აღმოვჩნდი, ისე ვიყავი გატანჯული, მტკიცედ მწამდა, რომ ჯოს ხელობა
აუცილებლად შემძულდებოდა. ოდესღაც მომწონდა, მაგრამ ის დრო სამუდამოდ
წასულიყო.
14

უბედურია კაცი, რომელსაც მშობლიური სახლი ეთაკილება. იქნებ ეს


სამართლიანი სასჯელიც იყოს სასტიკი უმადურობისათვის, მაგრამ მაინც
უსასრულოდ მწარეა, თანაც საკუთარ ტყავზე მაქვს გამოცდილი.

ჩემი დის ხასიათის გამო სახლი ჩემთვის სასიხარულო ადგილი არასოდეს


ყოფილა. მაგრამ ჯომ ის გააკეთილშობილა და მისი მუდამ მჯეროდა. მწამდა,
რომ ჩვენი ერთი ბეწო სასტუმრო ოთახი დახვეწილი სალონი იყო; მწამდა, რომ
ჩვენი სახლის კარი ტაძრის კარიბჭეა და მისი გაღება შემწვარი ქათმების
მსხვერპლშეწირვით აღინიშნება; მწამდა ჩვენი სამზარეულოს სიმდიდრის თუ
არა – მისი პატიოსნებისა; ჩვენი სამჭედლო კი ვაჟკაცობისა და დამოუკიდებელი
ცხოვრებისაკენ ცეცხლოვან გზად წარმომედგინა. ჩემი ეს წარმოდგენები ერთ
წელიწადში სრულიად შეიცვალა. ყველაფერი უბადრუკი და მდაბიო გამხდარიყო.
ვერაფერი მაიძულებდა, აქაურობა მის ჰევიშემისათვის ან ესტელასათვის
მეჩვენებინა.

ჩემი ეს მტანჯველი მდგომარეობა რამდენად იყო ჩემი ბრალი, რამდენად –


მის ჰევიშემისა და რამდენად – ჩემი დის, ამას დღესდღეობით ვეღარავინ
იტყვის. ძირფესვიანად შევიცვალე. სულ ერთია, კარგი იყო ეს ფერისცვალება თუ
ცუდი – ის განხორციელდა და მისი შედეგი შეუქცევადი გახდა.
ერთ დროს მეგონა, როგორც კი მკლავებს დავიკაპიწებდი და სამჭედლოში
უკვე ჯოს შეგირდად შევაბიჯებდი, გული სიამაყითა და ბედნიერებით
ამევსებოდა. როცა დიდი ხნის ნატვრა ამიხდა, იმასღა ვგრძნობდი, რომ
ერთიანად ვიყავი ამოგანგლული ნახშირის მტვერში, გულზე კი მოგონებათა
ისეთი ტვირთი მაწვა, რომელთან შედარებითაც გრდემლი ბუმბულივით მსუბუქი
ჩანდა. ჩემს შემდგომ ცხოვრებაში (ალბათ, ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა
ცხოვრებაში) ყოფილა წუთები, როცა მეგონა, ჩემსა და ყოველივე მიმზიდველს,
სათუთსა და ხალისიანს შორის მძიმე ფარდა ჩამოეშვა; უღიმღამო რუტინის
გარდა აღარაფერი დამრჩენოდა. მაგრამ ფარდა ასე ყრუდ დახშული და მძიმე
არასოდეს ყოფილა, როგორც მაშინ, როდესაც, ჯოს ხელმძღვანელობით,
მუშაობას შევუდექი.
მახსოვს, ჩემი შეგირდობის პერიოდში, კვირასაღამოობით, არაერთხელ
ვმდგარვარ სასაფლაოზე და ჭაობების ქარიანი მიდამოსათვის მიყურებია.
აქაურობასა და ჩემს სამომავლო შესაძლებლობებს შორის ბევრ საერთოს
ვპოულობდი – ორივე ბრტყელი, უღიმღამო და ერთფეროვანი მეჩვენებოდა;
ორივეს შავი ნისლი ბურავდა; ყველაფრის მიღმა კი პირქუში ზღვა გაწოლილიყო.
პირველი დღიდანვე მძიმედ და უხალისოდ ვიყავი; მაგრამ ბედნიერი ვარ იმით,
რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ჯოსთან ჩურჩულითაც კი არ დამიჩივლია. ეს
ერთადერთი რამაა, რასაც იმ პერიოდიდან კმაყოფილებით ვიხსენებ.

ის, რის თქმასაც ახლა ვაპირებ, მთლიანად ჯოს დამსახურებაა. სახლიდან


რომ არ გავიქეცი და ჯარისკაცი ან მეზღვაური არ გავხდი, ეს ჩემმა კი არა, ჯოს
პატიოსნებამ განაპირობა. ამის მიზეზი მოვალეობის განცდა და შრომისადმი
პატივისცემა არ ყოფილა, მაგრამ სწორედ ჯოს ამ თვისებებმა შემაძლებინა
თუნდაც უხალისოდ, მაგრამ მაინც მემუშავა. შეუძლებელია იმის განსაზღვრა, თუ
რა კვალს ტოვებს ამქვეყნად გულკეთილი, პატიოსანი და მშრომელი კაცი,
მაგრამ მის გვერდით ყოფნისას ცხადად შეიგრძნობ მის ზეგავლენას შენს
პიროვნებაზე. მეც დარწმუნებული ვარ, რომ, თუკი შეგირდობის პერიოდს თან
ახლდა რამე კარგი, ეს ყველაფერი ჯოსგან მოდიოდა, რომელიც უბრალო იყო და
მცირედით კმაყოფილდებოდა, და არა – ჩემგან, რადგან გამუდმებით
უკმაყოფილო ვიყავი, ბუნდოვანი მოლოდინი მოსვენებას არ მაძლევდა.

ვინ იტყვის, მაინც რა მსურდა? ან მე თვითონ განა შემიძლია ავხსნა, რასაც


ბოლომდე ვერ ჩავმწვდარვარ? ის კი ვიცი, ყველაზე მეტად რა მაშინებდა –
გამუდმებით იმაზე ვფიქრობდი, ოდესმე, ჩემს ყველაზე ბედკრულ წუთებში,
როცა უმძიმეს შრომაში ვიქნებოდი, ესტელა სამჭედლოს ხის დარაბებიან
ფანჯარას მოადგებოდა და შემოიხედავდა. მოჩვენებასავით თან მდევდა იმაზე
ფიქრი, რომ, ადრე თუ გვიან, გამურულსა და ბინძურს, ჩემი დამამცირებელი
საქმიანობისას წამასწრებდა და ზიზღითა და ძრწოლით გადმომხედავდა.
არაერთ ბნელ საღამოს, როდესაც ჯოსთვის საბერველს ვამუშავებდი და მე და ის
"ბებერ კლემს" ვღიღინებდით, მაგონდებოდა, როგორ ვმღეროდით ამ სიმღერას
მის ჰევიშემთან და ცეცხლში ესტელას სახე გამომეცხადებოდა ხოლმე – ლამაზ
თმას ქარი უფრიალებდა, თან მკაცრად მიმზერდა. ასეთ დროს ფანჯრის ღიობში
ღამის წყვდიადს გავყურებდი და მეჩვენებოდა, თითქოს ფანჯრის წინ იდგა და
ჯერ მიყურებდა, მეორე წუთში კი თავი მიაბრუნა. წამით მართლაც მჯეროდა,
რომ, როგორც იქნა, მოსულიყო.

ამის შემდეგ, როცა სავახშმოდ ვსხდებოდით, სამზარეულოცა და საჭმელიც


ჩვეულებრივზე უფრო მდაბიურიც კი მეჩვენებოდა; უმადურ გულს ჩვეულებრივზე
უფრო მეტად მიწვავდა ჩემი სახლისა და ოჯახის გამო სირცხვილი.
15

როდესაც მისტერ უოპსლის ბებიდის კლასისათვის მეტისმეტად გავიზარდე,


ამ უცნაურ ქალთან ჩემი განათლებაც დასრულდა. თუმცა მანამდე ბიდიმ მთელი
ცოდნა გადმომცა, რაც კი თვითონ გააჩნდა, დაწყებული ფასების წიგნაკითა და
დამთავრებული იმ იუმორისტული სიმღერის ტექსტით, რომელიც ოდესღაც
ნახევარ პენსად ეყიდა. თუმცა ამ ლიტერატურულ ნაწარმოებს რაც შეეხება,
მასში მხოლოდ პირველი სტროფი იყო მეტ-ნაკლებად გასაგები:

"ერთხელ გავემგზავრე ლონდონს, ბატონებო,

თუ-როლ, ლუ-როლ,

თუ-როლ, ლუ-როლ,

იქ არ შემარჩინეს ერთი გროშიც, ბატონებო!

თუ-როლ, ლუ-როლ,

თუ-როლ, ლუ-როლ!"

განათლებას იმდენად ვიყავი მოწყურებული, ეს ღირსშესანიშნავი


ნაწარმოებიც კი მთელი სერიოზულობით დავიზეპირე. მის მხატვრულ
ღირებულებაში ეჭვი არ შემიტანია, თუმცა ამდენი "თუ-როლ-ლუ-როლი" დიდი
პოეზიისათვის, ცოტა არ იყოს, შეუფერებლად მიმაჩნდა. იმდენად ვესწრაფოდი
ცოდნას, რომ მისტერ უოპსლსაც კი ვთხოვე, წიგნიერების ერთი-ორი ნამცეცი
ჩემზეც გადმოეფრქვია და ისიც მოწყალედ დამთანხმდა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ
მხოლოდ თეატრალურ სტატისტად ვჭირდებოდი – რეპლიკების მისაწოდებლად,
ასევე – გულში რომ ჩავეკარი, გულამოსკვნით დავეტირე, ჩავებღუჯე, მახვილით
განვეგმირე და კიდევ ათასნაირ ყაიდაზე აქეთ-იქით ვეთრიე. სწავლების ამგვარ
მეთოდზე მალევე ვთქვი უარი; თუმცა მანამდე მისტერ უოპსლმა თავისი
პოეტური რისხვა თავზე დამაფრქვია.
ვცდილობდი, რასაც ვსწავლობდი, ყველაფერი ჯოსთვისაც გამეზიარებინა. ეს
სიტყვები მეტისმეტად კეთილშობილურად ჟღერს და აუცილებელია, უკეთ
განვმარტო. მინდოდა, ჯო მდაბიო უმეცრების ჭაობიდან ამომეყვანა, რათა უფრო
მეტად გამხდარიყო ჩემი მეგობრობის ღირსი და ესტელას ზიზღი ნაკლებად
დაემსახურებინა.

ჭაობებზე მდებარე ძველი სანგარი მეცადინეობის ადგილად ვაქციეთ,


გაბზარული გრიფელის დაფა და ფანქრის მოკლე ნატეხი ჩვენი ერთადერთი
სასწავლო საშუალებები იყო, რასაც ჯო მუდამ თამბაქოთი გატენილ ჩიბუხს
ამატებდა. არ მახსოვს, ჯოს ერთი კვირა დღიდან მეორემდე რამე
დამახსოვრებოდა, ან, საერთოდ, ჩემი ხელმძღვანელობით რამე ცოდნა მიეღო,
სამაგიეროდ, სანგარში თავის ჩიბუხს ბევრად უფრო ღრმააზროვნად ეწეოდა,
ვიდრე რომელიმე სხვა ადგილას. ამ დროს, შეიძლება ითქვას, განსწავლულის
სახეც კი ჰქონდა, თითქოს გრძნობდა, რომ დიდად მიიწევდა წინ. ძვირფასი
გულუბრყვილო ჯო! იმედი მაქვს, თავს მართლაც ასე გრძნობდა!

აქ საამო სიმშვიდე სუფევდა. ნაპირის გასწვრივ, მიწაყრილის იქით,


მდინარეზე, თეთრიალქნიანი გემები დაცურავდნენ. მიქცევისას მეჩვენებოდა,
თითქოს ჩაძირული გემები იყვნენ, რომლებიც ფსკერზე ისევ განაგრძობდნენ
სრიალს. როცაკი გემების გაშლილ თეთრ აფრებს ვხედავდი, რატომღაც მუდამ
მის ჰევიშემი და ესტელა მაგონდებოდნენ. ამასვე განვიცდიდი, როდესაც მზის
ირიბი სხივი ღრუბელს ან იალქანს ეცემოდა, ანდა – შორეულ მწვანე ფერდობს
ან წყლის მოლივლივე ზოლს. მის ჰევიშემი და ესტელა, ის უცნაური სახლი და
უცნაური ცხოვრების წესი ჩემთვის რაღაცნაირად ყოველივე წარმტაცსა და
მშვენიერს უკავშირდებოდა.

ერთ კვირა დღეს, როცა ჯო თავისი ჩიბუხით ტკბებოდა, მე კი ამჯერად მასზე


ხელის ჩაქნევა ვარჩიე, რაკი დაჟინებით გამომიცხადა, სუსტი ვარ და თავში
არაფერი შემდისო, მუშტზე ნიკაპჩამოყრდნობილი, კარგა ხანს ვიწექი
მიწაყრილზე. ჩემ წინ გადაშლილ მიდამოში, ცასა და წყალზე მის ჰევიშემისა და
ესტელას კვალს დავეძებდი. ბოლოს და ბოლოს, გავბედე მათთან
დაკავშირებით ის აზრი გამომეთქვა, რომელიც გამუდმებით მიტრიალებდა
თავში.

– ჯო, როგორ ფიქრობ, მის ჰევიშემი არ უნდა მოვინახულო?

– რა გითხრა, პიპ, – დაფიქრების შემდეგ დინჯად მიპასუხა ჯომ, – მაინც


რისთვის?
– რისთვის? ადამიანებს რისთვის მოვინახულებთ ხოლმე?

– ზოგჯერ ეს სრულიად უმიზეზოდაც ხდება, პიპ. მაგრამ მის ჰევიშემი სხვაა.


ვაითუ იფიქროს, მისგან რაღაც გსურს, რაღაცას ელოდები?

– კი მაგრამ, ხომ შემიძლია ვუთხრა, რომ არაფერი მსურს და ამისთვის არ


მივსულვარ, ჯო?

– როგორ არ შეგიძლია, ძმობილო, – მიპასუხა ჯომ, – შეიძლება დაიჯეროს


კიდეც. ან არც დაიჯეროს.

ორივემ ვიგრძენით, რომ უნებლიეთ სწორედ მიზანს მოახვედრა და ჯომ


მაშინვე გამალებით გააბოლა ჩიბუხი, რათა ნათქვამის გამეორებით
შთაბეჭდილება არ შეესუსტებინა.

– ხომ გესმის, პიპ, – განაგრძო ჯომ, როცა ეს საფრთხე უკვე ჩავლილად


ჩათვალა, – მის ჰევიშემმა დიდი სიკეთე გიყო და ამის შემდეგ, როცა
ვემშვიდობებოდით, თავისკენ მიხმო და მითხრა, ამის მეტს ნურაფერს
ელოდებიო.

– ვიცი, ჯო, მისი ეს სიტყვები გავიგონე.

– ნურაფერსო, – ხაზგასმით გამიმეორა ჯომ.

– ვიცი, ჯო, ხომ გითხარი, გავიგონე-მეთქი.

– ჰოდა, ჩემი აზრით, ამით ის იგულისხმა, რომ ყველაფერი დამთავრდა.


ერთხელ და სამუდამოდ! მე ჩრდილოეთისკენ წავალ, თქვენ კი –
სამხრეთისკენო! თვალითაც ნუ დამენახვებითო!

ეს აზრი მეც გამჩენია და ჯოც ზუსტად ასე რომ ფიქრობდა, ამან კიდევ უფრო
შემაშფოთა, რადგან ამით ეს აზრი უფრო დამაჯერებელი ხდებოდა.
– კი მაგრამ, ჯო...

– რაო, ძმობილო?
– შეგირდობის თითქმის მთელი წელი გავლიე და ამ ხნის განმავლობაში მის
ჰევიშემი ერთხელაც არ მომიკითხავს, არც მადლობა მითქვამს და არც რამით
გამომიხატავს, რომ მისი სიკეთე არ დამვიწყებია.

– მართალი ხარ, პიპ; მაგრამ, მაგალითად, ნალების სრული კომპლექტიც რომ


მიართვა საჩუქრად, სრული ოთხი ცალი, ესეც, ალბათ, უსარგებლო ძღვენი
იქნება, რადგან იქაურობას ჩლიქი, კარგა ხანია, არ გაჰკარებია...

– ასე არ მიფიქრია მადლიერების გამოხატვა, ჯო. საჩუქრის მირთმევას არ


ვაპირებდი.

მაგრამ ჯოს საჩუქრის აზრი ღრმად ჩაუჯდა თავში და უკვე აღარ ეშვებოდა.

– ანდა, ვთქვათ, ჩემი დახმარებით, მთავარი შესასვლელისთვის ახალი


ჯაჭვიც რომ გამოუჭედო, ან, ვთქვათ, შინ მოსახმარებელი სჭვალების
კომპლექტი, ანდა ბუხრის სამთითა, ფუნთუშების ამოსაღებად... კიდევ მაყალიც
შეიძლება, თუკი თევზის შეწვას დააპირებს...

– არანაირი საჩუქრის ჩუქება არ მიფიქრია, ჯო, – გავაწყვეტინე.

– ჰოდა, – ისეთი დაჟინებით განაგრძო აკვიატებული თემა ჯომ, თითქოს


თანხმობა გამომეთქვას, – შენს ადგილას, პიპ, ამას არც ვაჩუქებდი. იმიტომ,
რომ, აბა, ჯაჭვი რაში არგია, თუკი ჭიშკარი ისედაც სულ ჩარაზული აქვს?
სჭვალები კიდევ – ვინ იცის, როგორ გაიგებს. სამთითასთვის სპილენძია საჭირო,
ამას შენ ვერ მოერევი. აი, მაყალის გამოჭედვისას დამწყები ოსტატიც კი ვერ
დაუშვებს შეცდომას, იმიტომ, რომ მაყალი მაყალია, – ხაზგასმით მითხრა,
თითქოს ჩემში ფესვგადგმული ცდომილების აღმოფხვრა სურდა, – და, რომც
მოგინდეს, მისგან სხვა რამეს მაინც ვერ გააკეთებ, გინდა თუ არ გინდა, მაინც
მაყალი გამოგივა...

– ჯო, ჩემო კარგო! – შევყვირე და ქურთუკზე მოვქაჩე, – გთხოვ, შეწყვიტე!


ერთი წამითაც არ მიფიქრია, მის ჰევიშემისთვის რამე მეჩუქებინა!

– მართალი ხარ, პიპ, – ისეთი კილოთი დამიდასტურა ჯომ, თითქოს მთელი


თავისი მსჯელობა სწორედ ამ დასკვნისაკენ მიჰყავდა, – მეც ამის თქმა მინდა,
არ ღირს.

– ჰო, ჯო. მაგრამ მე ამის თქმა მინდა: ამ დღეებში ხომ არც ისე ბევრი საქმე
გვაქვს და ხვალ ნაშუადღევს შვებულებას თუ მომცემდი, ქალაქში გავიქცეოდი
და მის ესტ... ჰევიშემს მოვინახულებდი.

– ჰო, მაგრამ ესტჰევიშემი არ ჰქვია, პიპ, – სერიოზულად მომიგო ჯომ, – თუ,


რა
თქმა უნდა, ამასწინათ არ გადაურქმევიათ.

– ვიცი, ჯო, ვიცი. შემეშალა. მაშ, რას იტყვი?

მოკლედ, ჯოს აზრით, თუკი ამგვარი გეგმა სწორად მიმაჩნდა, მაშინ ის


მისთვისაც მისაღები უნდა ყოფილიყო. ოღონდაც პირობა წამიყენა – თუ
გულითადად არ მიმიღებდნენ, ანდა შემდგომი სტუმრობისათვის არაფრით
წამაქეზებდნენ და ჩემ მისვლას მხოლოდ და მხოლოდ გაღებული
წყალობისათვის მადლიერების გამოხატვად ჩათვლიდნენ, მაშინ ჩემი ეს
სტუმრობა უკანასკნელი იქნებოდა. მეც სიტყვა მივეცი და არ გავტეხდი.

უნდა გითხრათ, რომ ჯოს ერთი მუშა ჰყავდა – გვარად ორლიკი – რომელსაც
ყოველკვირა უხდიდა ჯამაგირს. იგი ამტკიცებდა, ნათლობის სახელად
დოლჯი(პერსონაჟის სახელი და გვარი ჟღერადობით ჭუჭყის, ტალახის
ასოციაციას ბადებს. ბინძურთან და ამაზრზენთან იგივდება.) მქვიაო, რაც
წარმოუდგენლად მიმაჩნდა. თავადაც მშვენივრად მოეხსენებოდა, რომ არავინ
დაუჯერებდა ნათქვამს. უბრალოდ, ჯიუტი და ახირებული ზნე ჰქონდა და მსგავსი
სახელი სოფლის გასაჯავრებლად დაირქვა. მოუქნელი, ძალიან ღონიერი, ზორბა,
შავტუხა კაცი იყო. თავის დღე და მოსწრება არ აჩქარებულა და ყველაფერს
მუდამ ზლაზვნით აკეთებდა. სამუშაოზეც ყოველთვის ისე მოიზლაზნებოდა,
თითქოს ამას არც აპირებდა და სრულიად შემთხვევით შემობორიალდა. როცა
სადილად "სამ მხიარულ მეზღვაურში" მიდიოდა, ანდა საღამოს შინ
მიემართებოდა, მაშინაც ისე უაზროდ გაეხეტებოდა სამჭედლოდან, გეგონება,
კაენისა თუ მარადი ურიასი არ იყოს, არც მან უწყოდა, საით მიდიოდა, ან უკან
თუ მობრუნდებოდა. ჭაობებზე, ერთ მეჯებირესთან ქირაობდა საცხოვრებელს.
სამუშაო დღეებში იქიდან ჯიბეებში ხელებჩაყოფილი მოიზლაზნებოდა,
თოფრაში(თოფრა – მცირე ტომარა.) გამოკრული სადილი კისერზე დაუდევრად
ჰქონდა ჩამოკიდებული და ზურგს უკან უკონწიალებდა. კვირაობით კი დილიდან
საღამომდე რაბთან გულაღმა წამოწვებოდა ხოლმე, ანდა რომელიმე ფარდულის
კედელსა თუ ზვინთან იდგა აყუდებული. ქუჩაში მუდამ ერთი და იმავე ნელი
ნაბიჯით დადიოდა, თან ფეხქვეშ იყურებოდა. თუკი ვინმე დაუძახებდა ან რამე
სხვა მიზეზით წამოსწევდა თავს, ისეთი ღვარძლითა და გაღიზიანებით
იცქირებოდა, ალბათ, გულში სულ ამას ამბობდა: ვითომ რაო? გეგონათ, მე არ
შეიძლება ფიქრებში ვიყო წასულიო?
ეს უჟმური მუშა დასანახავად ვერ მიტანდა. სულ პატარა და გულუბრყვილო
რომ ვიყავი, მითხრა, ეშმაკი სამჭედლოს ბნელ კუთხეში ცხოვრობს და კარგადაც
ვიცნობო. ერთხელ ისიც მამცო, შვიდ წელიწადში ერთხელ სამჭედლოს ქურაში
ცოცხალი ბიჭი უნდა დაიწვასო, და დამარწმუნა, ჩათვალე, რომ საწვავი ხარო.
მას მერე, რაც ჯოს შეგირდი გავხდი, ორლიკს, შესაძლოა, ეჭვი გაუჩნდა, ადრე
თუ გვიან, მის ადგილს დავიკავებდი, რის გამოც კიდევ უფრო შევძულდი. თუმცა
ჩემდამი სიძულვილი ღიად არასოდეს გამოუხატავს. შევნიშნე, როცაკი უროს
გრდემლს ურტყამდა, ნაპერწკლებს განგებ ჩემკენ ყრიდა, ხოლო საკმარისი იყო,
"ბებერი კლემი" წამომეწყო, ისიც ამყვებოდა, ოღონდ მუდამ მირევდა ტაქტს.

მეორე დღეს, როცა ჯოს ჩემი შვებულების ამბავი შევახსენე, დოლჯ ორლიკიც
იქვე იყო და მუშაობდა. იმ წუთას არაფერი უთქვამს, რადგან ჯოსა და მას
გავარვარებული რკინის ნაჭერი ედოთ შუაში, მე კი საბერველთან ვიდექი;
მაგრამ მოგვიანებით უროს ჩამოეყრდნო და თქვა:

– ოსტატო, მხოლოდ ერთ ჩვენგანს ხომ არ მიანიჭებ უპირატესობას? თუკი


ახალგაზრდა პიპს შუადღის შემდეგ ასვენებ, მაშინ ბებერი ორლიკიც უნდა
დაასვენო, – ჩემი ვარაუდით, ოცდახუთი წლის იქნებოდა, მაგრამ საკუთარ თავს
მხცოვან ადამიანად მოიხსენიებდა.

– შენ რად გინდა ნაშუადღევს დასვენება? – ჰკითხა ჯომ.


– როგორ თუ რად მინდა? მას რაღად უნდა? მეც ისევე გამოვიყენებ ამ
დასვენებას, როგორც პიპი! – გაცხარდა ორლიკი.

– პიპი ქალაქში მიდის, – მიუგო ჯომ.

– ჰოდა, ბებერი ორლიკიც წავა ქალაქს, – ღირსებით სავსე კილოთი


შეეკამათა მუშა, – რატომაც არ შეიძლება, ორნი წავიდნენ ქალაქს? განა მარტო
ერთს შეიძლება ქალაქში საქმე ჰქონდეს?

– ნუ გაფიცხდები, – შეაჩერა ჯომ.

– თუ მომინდა, გავფიცხდები კიდეც, – აყვირდა ორლიკი, – ქალაქს წასვლა


მომინდომა! არა, ოსტატო. ამ სახელოსნოში ვიღაც-ვიღაცების გამორჩევა არ
ივარგებს. სიმკაცრე გამოიჩინე!
ჯომ უთხრა, ვიდრე არ დამშვიდდები, ამ საკითხზე აღარ დაგელაპარაკებიო,
რის შემდეგაც ორლიკი ქურას ეცა, იქიდან რკინის გავარვარებული ძელი
გამოაძრო და ჩემკენ ისე მძვინვარედ დაიძრა, თითქოს უნდა განვეგმირე.
თავზევით გადამატარა, გრდემლზე დააგდო და ისეთი ბრაზით ურტყა და ურტყა
ვეება ურო, ალბათ, წარმოედგინა, თითქოს მე მირტყამდა, ნაპერწკლები კი ჩემი
სისხლის წვეთები იყო. ბოლოს, როცა გული იჯერა, თვითონ გავარვარდა, რკინა
კი გააცივა და მოსასვენებლად კვლავ უროს ჩამოეყრდნო. მერე ხელახლა
წამოიწყო:

– ოსტატო!

– აბა, ახლა როგორ ხასიათზე ხარ? – ჰკითხა ჯომ.

– შესანიშნავ ხასიათზე ვარ, – აბურდღუნდა ბებერი ორლიკი.

– მაშ, რაკი სხვა დროს პატიოსნად შრომობ, – უთხრა ჯომ, – ნაშუადღევს შენც
შვებულებას გაძლევ.

ჩემი და იქვე ეზოში იდგა. ეს საუბარი გაიგონა – მიყურადებასა და


თვალთვალში ბადალი არ ჰყავდა – და მაშინვე ფანჯარაში შემოიხედა.

– რა გენაღვლება, შე ბრიყვო! – შეუტია ჯოს, – ასეთ მუქთახორას შვებულებას


აძლევ. ღმერთმანი, მდიდარი კაცი ხარ, გასამრჯელოს მუქთად რომ უხდი! მე
რომ ვიყო ამის ოსტატი...

– შენ რომ კაცმა ნება მოგცეს, ყველას ოსტატი იქნებოდი! – ღვარძლიანი


ღიმილით შეეკამათა ორლიკი.

– თავი დაანებე, – ხმადაბლა უთხრა ჯომ.

– დიახაც, ყველა ბრიყვსა და უსაქმურს ტყავს გავაძრობდი, – უკვე გვარიანად


გაცხარდა ჩემი და, – სხვებზე წინ კი – შენს ოსტატს, რადგან მასზე უგუნური
ქვეყნად არავინ დაიარება. შენისთანა უსაქმურსა და ვიგინდარას კი, აქედან
საფრანგეთშიც რომ ჩახვიდე, ვერსად იპოვი!

– დიდი აშარი ვინმე კი ხარ, დედილო გარჯერი! – შეუტია მუშამაც, – ეჭვიც არ


მეპარება, ქვეყნის ყველა ვიგინდარას ზედმიწევნით რომ იცნობ: თვითონაც მათ
რიცხვს ეკუთვნი!
– თავი დაანებე-მეთქი, – გაუმეორა ჯომ.

– რაო? რა მითხარი? – აკივლდა ჩემი და, – რა მითხარი? გაიგონე, რა მიწოდა


ამ ორლიკმა, პიპ? ეს რა მაკადრა ჩემი მეუღლის თანდასწრებით?! ოჰ! ოჰ! ოჰ! –
ამ შეძახილთაგან თითოეული ყურისწამღები შეკივლება იყო. და უნდა შევნიშნო
ის, რაც ჩემი დის გარდა ყველა სხვა კაპას ქალს ახასიათებს: მათი სიფიცხე
ვნებიანი ბუნებით ვერ აიხსნება; მათ განგებ მიჰყავთ საკუთარი თავი ბრმა
რისხვის მდგომარეობამდე, თანაც ამას თანდათან სჩადიან, – რა მიწოდა იმ
კაცის თანდასწრებით, რომელმაც ღმერთს შეჰფიცა, რომ მფარველობას
გამიწევდა?! ოჰ! დამაკავეთ! ოჰ!

– ეეჰ! – კბილებს შორის გამოცრა ღვარძლიანმა მუშამ, – ჩემი ცოლი რომ იყო,
კარგადაც დაგაკავებდი, ცივი წყლის ონკანის ქვეშ თავს რომ ჩაგაყოფინებდი,
მაშინვე დაშოშმინდებოდი!

– რა გითხარი, თავი დაანებე-მეთქი? – გაუმეორა ჯომ.

– ოჰ! ერთი ამას მოუსმინეთ! – კივილით ტაში შემოჰკრა ჩემმა დამ, რაც იმას
ნიშნავდა, რომ გამძვინვარების მომდევნო საფეხურზე გადავიდა, – ყური
დაუგდეთ, რას მკადრებს! ეს ვიგინდარა ორლიკი! თანაც – ჩემს სახლში?
გათხოვილ ქალს! ჩემი ქმრის თანდასწრებით! ო! ო! ო! – ამ შეძახილებით
მკერდსა და მუხლებზე ირტყამდა ხელებს, თავსაფარი ჩამოიძრო და თმა
გაიჩეჩა, რაც მისი ჭკუიდან გადასვლის უკანასკნელ ფაზას წარმოადგენდა. როცა
გამძვინვარების მწვერვალს წარმატებით მიაღწია, კარს ეცა, მაგრამ,
საბედნიეროდ, მისი ჩარაზვა მოვასწარი.

საბრალო ჯოს სხვა რაღა დარჩენოდა; რაკი მუშამ მისი რჩევები არ შეისმინა,
მისდგა და პასუხი მოსთხოვა, როგორ ბედავ, ჩემსა და მისის ჯოს შორის რომ
დგებიო. ამის შემდეგ კი გამოიწვია – გამოდი და დამიმტკიცე, რომ ვაჟკაციც
ხარო. ორლიკი მიხვდა, უკან დასახევი გზა არ ჰქონდა, "გამოსვლას" ვერ
ასცდებოდა, და თავდაცვითი პოზა მიიღო. არცერთს დამწვარ-დალაქავებული
წინსაფარიც კი არ შეუხსნია, ისე შეებნენ ერთმანეთს, გეგონებოდათ, ორი
გოლიათი იბრძვისო. მაგრამ ჩვენ შემოგარენში ერთი კაციც კი არ შემხვედრია,
ჯოს დიდხანს რომ გამკლავებოდა. ძალიან მალე ორლიკი – თითქოს იმ
ფერმკრთალ ჭაბუკზე მეტი ძალა არ ჰქონოდა – უკვე ნაცარში გორაობდა და
წამოდგომას აშკარად არ ჩქარობდა. მერე ჯომ კარი გააღო და ჩემი და, რომელიც
გულწასული ძირს ეგდო (თუმცა, ვფიქრობ, ბრძოლას ბოლომდე ადევნა თვალი),
ხელში აიყვანა, შინ შეიყვანა, საწოლზე დააწვინა და ეხვეწა, გონს მოდიო. ის კი
წინააღმდეგობას უწევდა და ცდილობდა, თმაში ჩაფრენოდა. ამის შემდეგ იმ
ნეტარმა სიწყნარემ დაისადგურა, მუდამ დიდ ქარტეხილებს რომ მოსდევს.
ამგვარ მშვიდ წუთებში მუდამ ისეთი განცდა მეუფლებოდა, თითქოს კვირა დღეა
და ვიღაც გარდაიცვალა. ჩემს ოთახში ავედი და ტანთ გამოვიცვალე.

სამჭედლოში რომ დავბრუნდი, ჯო და ორლიკი იატაკს გვიდნენ. მათ


წეღანდელ შეტაკებაზე მხოლოდ ორლიკის გახეთქილი ნესტო მოწმობდა, რაც
მის სახეს არც ამშვენებდა, არც სანდომიან იერს მატებდა. "მხიარული
მეზღვაურებიდან" დოქით ლუდი მოეტანათ და რიგრიგობით, ძალზე
მშვიდობიანად მოიყუდებდნენ ხოლმე. სიმშვიდის დამყარებამ ჯო
ფილოსოფიური განსჯის ხასიათზე დააყენა – შარაგზაზე რომ გამაცილა,
გამოთხოვებისას, ბრძნული სიტყვა მითხრა:
– გამძვინვარება და დამშვიდება – ესაა ცხოვრება, პიპ!

უკეთესი იქნება, აქ ის აბსურდული განცდები აღარ აღვწერო (რადგან ის


გრძნობები, რომლებიც ზრდასრული მამაკაცის შემთხვევაში არავის აკვირვებს,
ბიჭისთვის სასაცილოა), რაც მის ჰევიშემის სახლისაკენ გზად დამეუფლა. არც
იმას ვიტყვი, რამდენჯერმე როგორ ჩავუარე ჭიშკარს, ვიდრე ზარის დარეკვას
გავბედავდი. კიდეც დავაპირე, ზარის დაურეკავად შინ გამოვბრუნებულიყავი და,
ალბათ, ასეც მოვიქცეოდი, სხვა დროს მოსასვლელად თავისუფალი დრო რომ
მქონოდა.

ესტელას ნაცვლად ჭიშკართან მის სარა პოკეტი გამოვიდა.

– შენ ხარ? ისევ მოხვედი? – მკითხა, – რა გინდა?

როცა ვუთხარი, მხოლოდ მის ჰევიშემის მოსანახულებლად მოვედი-მეთქი,


სარა აშკარად დაფიქრდა, უკან ხომ არ გავებრძანებინე. მაგრამ ეს
პასუხისმგებლობა ვეღარ იტვირთა და შემიშვა. ერთხანს მალოდინა, მერე კი
მკვახედ გადმომცა დანაბარები: ამოვიდესო.

ყველაფერი უცვლელად დარჩენილიყო, მის ჰევიშემი მარტო იჯდა.

– აბა? – დაჟინებით შემომხედა, – იმედია, არაფერი გინდა. მაინც ვერაფერს


მიიღებ.
– არა, მერწმუნეთ, მის ჰევიშემ. მხოლოდ იმის სათქმელად მოვედი, რომ ჩემს
ხელობას გულმოდგინედ ვსწავლობ და რომ თქვენი უსასრულოდ მადლიერი ვარ.

– კარგი, კარგი! – დამჭკნარი თითები ჰაერში ააფართხალა, – შემომიარე


ხოლმე; შენს დაბადების დღეს მოდი... ჰეი! – უეცრად სავარძლიანად
შემომიბრუნდა, – ესტელას დაეძებ? ხომ ასეა?

მართლაც აქეთ-იქით ვიცქირებოდი, იქნებ ესტელას მოვკრა-მეთქი თვალი.

– იმედია, კარგად არის... – ამოვილუღლუღე.

– საზღვარგარეთაა, – მამცნო მის ჰევიშემმა, – განათლებას იღებს, რათა


დახვეწილი ლედი შეიქნას. ყოვლად მიუწვდომელია. უწინდელზე უფრო ლამაზი.
ვინც კი ხედავს, ყველა ეთაყვანება. ფიქრობ, რომ სამუდამოდ დაკარგე?

მის შეკითხვაში იმდენი ნიშნის მოგება იგრძნობოდა, მის სიცილში კი –


იმდენი ღვარძლი, რომ აღარ ვიცოდი, რა მეპასუხა. ამ თავგზააბნეულობისაგან
თვითონვე იმით გადამარჩინა, რომ დამემშვიდობა. როცა კაკლის
ნაჭუჭისფერსახიანმა სარამ ზურგს უკან ჭიშკარი მომიკეტა, უწინდელზე უფრო
მტკივნეულად მომაწვა უკმაყოფილება ჩემი სახლის, ჩემი ხელობისა და,
საერთოდ, ყველაფრის გამო. სულ ეს იყო, რაც იმ სტუმრობისაგან შემრჩა.

მთავარ ქუჩაზე იმედგაცრუებული მივლასლასებდი, თან მაღაზიების


ვიტრინებს ვათვალიერებდი და იმაზე ვოცნებობდი, რას ვიყიდდი, ჯენტლმენი
რომ ვყოფილიყავი. უცბად წიგნის მაღაზიიდან გამოსული მისტერ უოპსლი არ
შემეფეთა?! ხელში ჯორჯ ბარნუელის(ჯორჯ ლილოს (1693-1739) ნაწარმოები
"ჯორჯ ბარნუელის ამბავი, ანუ ლონდონელი ვაჭარი". მასში მოთხრობილია
შეგირდის ამბავი, რომელიც მეძავმა მილვუდმა შეაცდინა; მისი წაქეზებით ის
თავის ოსტატს ძარცვავს, შემდეგ კი საკუთარ ბიძას კლავს. ბოროტმოქმედები
წაიჩხუბებენ, ერთიმეორეს დაასმენენ და ორივე სიკვდილით ისჯება.) გულის
გამგმირავი ტრაგედია ეჭირა, რომელიც, ის წუთი იყო, ექვს პენსად შეეძინა და
აპირებდა, ამ თხზულების თითოეული სიტყვა გადმოეფრქვია პამბლჩუკის
თავზე, რომელთან ერთადაც ჩაი უნდა დაელია. როგორც კი დამინახა, მაშინვე
გადაწყვიტა, რომ ბედისწერამ საგანგებოდ გაუგზავნა შეგირდი, რათა მისთვის
ეს ნაწარმოები წაეკითხა. ხელი მტაცა და პამბლჩუკის საცხოვრისისაკენ
წამათრია. რაკი ვიცოდი, რომ შინ თავს უბედურად ვიგრძნობდი, საღამო ბნელი
და ღრუბლიანი იყო, მარტო სიარულს კი ნებისმიერი თანამგზავრი მერჩივნა,
დიდი წინააღმდეგობა არ გამიწევია. დანიშნულების ადგილს მაშინ მივადექით,
როცა ქუჩასა და მაღაზიებში სინათლეები აინთო.

"ჯორჯ ბარნუელის" დადგმა არასოდეს მინახავს და ზუსტად არ ვიცი, რამდენ


ხანს გრძელდება. ის კი დანამდვილებით ვიცი, რომ მაშინ მხატვრულმა კითხვამ
საღამოს ათის ნახევრამდე გასტანა და როდესაც მისტერ უოპსლი ნიუგეიტის
ციხეში(ნიუგეიტის ციხე იყო ლონდონში, ნიუგეიტისა და ოლდ-ბეილის ქუჩების
კუთხეში, სადაც მანამდე მდებარეობდა ნიუგეიტი (ახალი ბჭე) – ლონდონის
რომაულ გალავანში დატანებული ბყე. საპყრობილე XII საუკუნეში აშენდა და
1904 წელს დაინგრა.) მოხვდა, მეგონა, მისი სიკვდილის დასჯას ვერასოდეს
ვეღირსებოდი, რადგან ეს ეპიზოდი თავისი სამარცხვინო კარიერის სხვა
დანარჩენ ეპიზოდებზე უფრო მეტად გაწელა. ცოტა არ იყოს, გადამტებულად
მეჩვენა მისი გოდება, ჩემი ცხოვრება გაფურჩქვნის ჟამს უმალ ხმებაო, მაშინ,
როდესაც თავიდანვე ფოთოლ-ფოთოლ ხმებოდა. მაგრამ წარმოდგენა მხოლოდ
გრძელი და მოსაწყენი რომ ყოფილიყო, ამას კიდევ აიტანდა კაცი. ბევრად
უარესი ის იყო, რომ დამნაშავე პერსონაჟი ჩემს უწყინარ პიროვნებასთან
გააიგივეს. როცა ბარნუელმა პირველი ცოდვა ჩაიდინა, პამბლჩუკი ისეთი
აღშფოთებით მომაჩერდა, ლამის ავდექი და ბოდიში მოვიხადე. არც უოპსლი
იშურებდა ძალ-ოონეს, რათა ყოვლად არასახარბიელოდ წარმოვეჩინე. მისი
წყალობით, გაუთავებელი წუწუნის მიუხედავად, მაინც უმოწყალოდ მოვკალი
ბიძაჩემი, რისთვისაც არანაირი შემარბილებელი გარემოება არ გამაჩნდა.
მილვუდი თავის ნებაზე მატრიალებდა; ხოლო ოსტატის ქალიშვილის ჩემდამი
სიყვარული მხოლოდ მისივე გონებრივი შეზღუდულობით თუ აიხსნებოდა. იმ
საბედისწერო დილას კი, რომელიც ჩემთვის უკანასკნელი უნდა ყოფილიყო,
იმდენი ვიღნავლე და ვიკვნესე, ჩემი სიმხდალე საბოლოოდ დავამტკიცე. მას
მერეც კი, როცა, როგორც იქნა, დამსახურებულად ჩამომახრჩვეს და უოპსლმა
წიგნი დახურა, პამბლჩუკმა მაინც საყვედურით შემომხედა და თავის კანტურით
ისე მითხრა: "გაფრთხილდი, ყმაწვილო, გაფრთხილდი", თითქოს დამტკიცებულ
ფაქტად მიაჩნდა, რომ იმ უახლოესი ნათესავის მოკვლა მქონდა განზრახული,
რომელიც შეცდებოდა და თავის წყალობას გადმომაფრქვევდა.

როცა ყველაფერი დასრულდა და მისტერ უოპსლთან ერთად სახლის გზას


გავუდექი, უკვე გვიანი ღამე იყო. ქალაქიდან გასვლისთანავე სქელ ნისლში
ამოვყავით თავი და მაშინვე დავსველდით. შლაგბაუმის ნათურა გადღაბნილად
მოჩანდა და თითქოს ჩვეული ადგილიდან დაძრულიყო, მისი სხივები კი ნისლში
მკვრივ ძელებად მოჩანდა. სწორედ იმას ვამბობდით, ჭაობებიდან მოსულმა
ქარმა ნისლი მოიტანაო, რომ უცებ დარაჯის სახლის კედელთან, რომელიც ქარს
აკავებდა, აყუდებული კაცი შევნიშნეთ.
– გამარჯობა, – გავძახეთ, – ორლიკი ხარ?

– ჰო, – ზლაზვნით მოგვიახლოვდა, – ვიდექი და ვიცდიდი, ვინმე ხომ არ


გამოივლის, მარტომ რომ არ ვიარო-მეთქი.

– გვიან ბრუნდები, – შევნიშნე.

– შენც გვიან ბრუნდები, – სრულიად ბუნებრივად მომიგო ორლიკმა.

– ჩვენ, მისტერ ორლიკ, – უთხრა მხატვრული კითხვით აღტყინებულმა მისტერ


უოპსლმა, – ჩვენ ლიტერატურული საღამო გვქონდა.

ბებერმა ორლიკმა რაღაც ჩაიბურტყუნა, როგორც ჩანს, გვარიანი პასუხი ვერ


მოიფიქრა, და ყველანი გზას გავუდექით. ცოტა ხნის შემდეგ ვკითხე,
თავისუფალი დრო ქალაქში თუ გაატარა.

– ჰო, – მიპასუხა, – შენ რომ წახვედი, მეც მოგყევი. არ დამინახიხარ, მაგრამ,


მგონი, ფეხდაფეხ მოგყვებოდი. სხვათა შორის, დღეს ისევ ზარბაზნების სროლა
ისმის.

– გემებიდან? – ვკითხე.

– ჰო. ისევ რომელიღაც ჩიტუნა გაფრინდებოდა გალიიდან. რაც ჩამობნელდა,


დროდადრო ისვრიან. ახლავე გაიგონებ.

მართლაც, სულ რამდენიმე იარდი რომ გავიარეთ, ნისლიდან ნაცნობი, ყრუ


და ბუნდოვანი გვრინი მოგვესმა, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია; მერე მდინარის
ნაპირებს გაჰყვა, თითქოს იქ გაქცეულთა ძებნას შეუდგაო.

– გასაქცევად მართლაც ზედგამოჭრილი ღამეა, – შენიშნა ორლიკმა, – ასეთ


ამინდში ჩიტუნას გალიაში დაბრუნება გაუჭირდებათ.

ამ სიტყვებმა ბევრი მოგონება გამომიღვიძა და ჩავფიქრდი. მისტერ უოპსლი


ჯერ კიდევ ტრაგედიის პერსონაჟის ვერაგულად მოკლული ბიძის როლს ვერ
შელეოდა და კემბერუელის ბაღში ხმამაღალ განსჯას მოჰყვა. ჯიბეებში
ხელებჩაყოფილი ორლიკი ჩემ გვერდით მოიზლაზნებოდა. დროდადრო ისევ
ზარბაზნის ხმა გვწვდებოდა და ისევ მრისხანედ იღვრებოდა ნაპირის გასწვრივ.
ფიქრებში ვიყავი წასული. მისტერ უოპსლმა თვინიერად დალია სული
კემბერუელში; ბოსუორთის ბრძოლის ველზე დაეცა და შემზარავი ტანჯვით
მიიცვალა გლასტონბერში(ბოსუორთის ველზე რიჩარდ მესამე დაიღუპა, ხოლო
გლასტონბერის ხსენება, შესაძლოა, მეფე ჯონის გარდაცვალებას გულისხმობდეს
– ორივე ეს ისტორიული პიროვნება შექსპირის ტრაგედიების პერსონაჟია. ).
ორლიკი დროდადრო ღიღინებდა: "ლამაზად მორკალეთ ცხენისთვის ნალი –
ბებერო კლემ! დაარტყით, დასცხეთ წკრიალა რკალს – ბებერო კლემ!" მეგონა,
ქალაქში დასალევად იყო წასული, მაგრამ მთვრალს არ ჰგავდა.

ასე მივაღწიეთ სოფელს. გზად "სამ მხიარულ მეზღვაურთან" უნდა ჩაგვევლო.


ჩვენდა გასაკვირად, იქაურობა ღია და განათებული დაგვხვდა, თუმცა უკვე
თერთმეტი საათი იყო. გზისპირას სიბნელიდან უჩვეულოდ ციმციმებდა აქა-იქ
მობორიალე ფარნები. მისტერ უოპსლი ამბის გასაგებად შევიდა (მისი ვარაუდით,
გაქცეული პატიმარი ეყოლებოდათ დაჭერილი), მაგრამ მეორე წამს
შეშფოთებული უკან გამოვარდა.

– რაღაც უბედურება დატრიალდა შენს სახლში, პიპ. სწრაფად გაიქეცი! –


გადმომძახა ისე, რომ სვლა არ შეუჩერებია.

– რა მოხდა? – სირბილით წამოვეწიე. ორლიკიც გამოიქცა.

– კარგად ვერც მე გავიგე. ვიდრე ჯო გარჯერი შინ არ იყო, სახლს თავს


დაესხნენ. როგორც ჩანს, გაქცეული პატიმრები უნდა ყოფილიყვნენ. ვიღაც
დაშავდა კიდეც.

ისე სწრაფად მივრბოდით, ლაპარაკის თავი აღარ გვქონდა და, ვიდრე ჩვენს
სამზარეულომდე მივირბინეთ, წამითაც არ გავჩერებულვართ. იქაურობა ხალხით
იყო სავსე. მგონი, მთელი სოფელი შეყრილიყო. ექიმიც იქვე იყო, ჯოც და
რამდენიმე ქალიც – ყველას სამზარეულოს იატაკზე ჩაემუხლა. ჩემი
დანახვისთანავე უქმი მაყურებლები გაიწ-გამოიწივნენ და ძირს უგონოდ
გართხმული ჩემი და დავინახე, რომლისთვისაც, სანამ ბუხართან იყო დახრილი,
ვიღაცას კეფაში საბედისწეროდ ჩაერტყა; და, ვიდრე ამქვეყნად ჯოს მეუღლე
ერქვა, გამძვინვარება აღარ ეწერა.
16

თავში ჯერაც ჯორჯ ბარნუელი მიტრიალებდა და პირველ წუთებში ლამის


ვირწმუნე, რაღაცნაირად დამნაშავე რომ უნდა ვყოფილიყავი ჩემს დაზე
თავდასხმაში. ყოველ შემთხვევაში, როგორც მისი უახლოესი ნათესავი და,
როგორც ყველასათვის ცნობილი იყო, მისგან სამუდამოდ დავალებული, პირველი
ეჭვმიტანილიც სწორედ მე ვიქნებოდი. თუმცა მეორე დილით, როცა უფრო საღად
დავფიქრდი და სხვების მსჯელობაც მოვისმინე, მომხდარი გონივრულად
შევაფასე.

ჯო ცხრის თხუთმეტი წუთიდან თითქმის ათ საათამდე "სამ მხიარულ


მეზღვაურში" იჯდა და ჩიბუხს აბოლებდა. ამ ხნის განმავლობაში გამვლელმა
მოჯამაგირემ ჩემი და სამზარეულოს კართან დაინახა და მიესალმა კიდეც. ამ
კაცმა ზუსტი დრო ვერ დაასახელა (როცა ამას ეცადა, საშინლად დაიბნა),
მხოლოდ თქვა, რომ ეს ცხრა საათამდე უნდა მომხდარიყოო. ათს ხუთი წუთი
აკლდა, როცა ჯო შინ დაბრუნდა და ცოლი უგონოდ, ძირს დაგდებული დახვდა.
მაშინვე დამხმარეებს უხმო. ბუხარში ცეცხლი არ ჩამწვარიყო, არც სანთელს
მოჰკიდებოდა დიდი ნამწვი; თუმცა სანთელი ვიღაცას ჩაექრო.

სახლიდან არაფერი წაეღოთ. მხოლოდ მაგიდაზე დადგმული სანთელი იყო


ჩამქრალი. მაგიდა კარსა და ჩემს დას შორის იდგა. მისის ჯოს მაგიდისთვის
ზურგი ჰქონდა შექცეული, როცა ბუხარს დასტრიალებდა. სამზარეულოს
არეულობის კვალი არ ეტყობოდა, გარდა იმისა, რაც ჩემმა დამ თვითონვე
დაამჩნია, როცა სისხლიანი ჭრილობით ძირს დაეცა. ამ ყოველივეში ერთი
უცნაურობა კი იყო – ჩემს დას თავსა და კეფაში რაღაც ბლაგვი და მძიმე
ჩაარტყეს. ამ ჩარტყმების შემდეგ, როცა უკვე პირქვე ეგდო, სავარაუდოდ, იგივე
საგანი დიდი ძალით ზედ დაანარცხეს. როცა ჯომ ცოლი ხელში აიყვანა, მის
გვერდით პატიმრის ფეხის ბორკილი აღმოაჩინა, ქლიბით გადაჭრილი.

ჯომ ბორკილს გამოცდილი მჭედლის თვალი შეავლო და დარწმუნდა, რომ ის


საკმაოდ დიდი ხნის წინ გადაეჭრათ. იმავე საღამოს საპყრობილე გემებზე
ატეხილმა განგაშმაც და ბორკილის შესამოწმებლად იქიდან მოსულმა
სამხედროებმაც იმავე დაადასტურეს. მართალია, ის არ უთქვამთ, თუ ვის ეკეთა
ეს ბორკილი ოდესღაც, მაგრამ ცალსახად აღნიშნეს, რომ იმ ორი პატიმრიდან,
რომლებიც წინა ღამით გაიპარნენ, არც ერთს არ ეკუთვნოდა. გარდა ამისა,
ერთ-ერთი უკვე დაეჭირათ ისე, რომ ბორკილისაგან თავის გათავისუფლება ვერ
მოესწრო.

მე ჩემი ცოდნით ყველასაგან დამოუკიდებელ დასკვნამდე მივედი.


იმთავითვე ვირწმუნე, რომ ეს იყო ჩემი პატიმრის ბორკილი, რომელიც ჩემს
თვალწინ გადახერხა. ამასთან, წამითაც არ მიფიქრია, რომ ჩემი პატიმარი ამ
ბორკილით დანაშაულს ჩაიდენდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ მას ორი სხვა
პიროვნებიდან ერთ-ერთი დაეპატრონა და ამ შემზარავი დანაშაულისთვისაც
გამოიყენა – ეს ან ორლიკი იქნებოდა, ან ის უცნაური კაცი, რომელმაც ქლიბი
მაჩვენა.

ორლიკი მართლაც იყო ქალაქში, როგორც მაშინ გვითხრა, როდესაც


შლაგბაუმთან წამოვეწიეთ; იმ საღამოს ქალაქში ბევრმა ნახა, არაერთ
ლუდხანაში სხვადასხვა ჯგუფთან მოასწრო ჯდომა და შინ ჩემთან და მისტერ
უოპსლთან ერთად დაბრუნდა. მის წინააღმდეგ მხოლოდ იმდღევანდელი ჩხუბი
მეტყველებდა. თუმცა ჩემს დას მასთან და ყველა სხვასთან ათასჯერ მაინც
უჩხუბია. ის უცნაური კაცი კი თუ თავისი ორი ბანკნოტისათვის დაბრუნდა, ამაზე
არ შეკამათდებოდნენ, რადგან ჩემი და მათ დასაბრუნებლად ისედაც მზად იყო.
შელაპარაკება არც მომხდარა – ბოროტმოქმედი ისე უხმაუროდ შესულა
სამზარეულოში, ჩემი და მისკენ არც კი მიბრუნებულა.

მზარავდა იმაზე ფიქრი, რომ მკვლელს იარაღი, მართალია, უნებლიეთ,


მაგრამ მაინც მე მივაწოდე და ამაში ეჭვი აღარც მეპარებოდა. მაწამებდა ის
აზრი, რომ ბოლოს და ბოლოს, ხომ არ გამერღვია ჩემი ბავშვობის ეს ჯადო და
ჯოსთვის მთელი ამბავი მომეთხრო. მომდევნო თვეების განმავლობაში ამ თემას
ყოველდღიურად უარყოფითად ვწყვეტდი, მაგრამ მეორე დილით ხელახლა
ვუბრუნდებოდი და კვლავაც განვიხილავდი. საკითხს ამგვარად ვსვამდი: ეს
საიდუმლო იმდენი ხნის იყო, იმდენად შევისისხლხორცე, რომ უკვე ჩემ ნაწილად
იქცა და ჩემი არსებიდან ვეღარ ამოვიგლეჯდი. იმის შიშს, რომ თუკი ჯო ამ
ამბავს დაიჯერებდა, ასეთი მძიმე დანაშაულის გამო აუცილებლად
გამიუცხოვდებოდა, ბევრად უფრო დიდი შიში ემატებოდა, ვაითუ არ დამიჯეროს,
გაუგონარ ტყუილად ჩამითვალოს და ესეც იმ ზღაპრული ძაღლებისა და
კატლეტის კატეგორიას მიაკუთვნოს-მეთქი. საბოლოოდ, რა თქმა უნდა, საკუთარ
სინდისს დავუთმე – რადგან, როგორც მსგავს შემთხვევებში მუდამ ხდება,
სიკეთესა და ბოროტებას შორის ვმერყეობდი – და გადავწყვიტე, როგორც კი
შევნიშნავდი, რომ ჩემი ცოდნა გამოძიების შედეგზე გადამწყვეტ გავლენას
მოახდენდა, მაშინვე ყველაფერი მეღიარებინა.

დაახლოებით ორი კვირით ჩვენი სახლის მიდამოები ადგილობრივი


კონსტებლებითა და ლონდონიდან საგანგებოდ ჩამოსული ბაუსტრიტელი
გამომძიებლებით(1749 წელს ლონდონში ბაუ-სტრიტზე პირველი საპოლიციო
საგამომძიებლო ბიურო დაარსდა, რომლის თანამშრომლებსაც წითელი
ჟილეტები ეცვათ.) გაივსო – ეს ჯერ კიდევ წითელჟილეტიანი პოლიციელების
ეპოქა იყო, რომლებსაც ახლა ვეღარსად ნახავთ. ისინი მეტწილად იმით იყვნენ
დაკავებულნი, რაც მათი საქმიანობის შესახებ მსმენია თუ წამიკითხავს:
რამდენიმე აშკარად უდანაშაულო ადამიანი დააკავეს, მცდარი იდეებით
იცხელებდნენ თავებს და ცდილობდნენ, გარემოებები ამ თავიანთი მცდარი
იდეებისათვის მოერგოთ, ნაცვლად იმისა, რომ გარემოებებიდან გამომდინარე
გასჩენოდათ იდეები. გარდა ამისა, ისეთი იდუმალად მცოდნე იერით იდგნენ
"მხიარულ მეზღვაურთა" შესასვლელ კართან, ყველა ადგილობრივი აღტაცებით
შეჰყურებდა. სასმლით სავსე ჭიქა ისე მრავალმნიშვნელოვნად ეჭირათ, ეჭვი არ
შეგეპარებოდათ, რომ დამნაშავესაც იოლად დაიჭერდნენ. მაგრამ მთლად ასეც
არ ყოფილა საქმე – დამნაშავე ვერა და ვერ დაიჭირეს.

მას მერე, რაც სახელმწიფო მოხელეები ჩვენი სოფლიდან წავიდნენ, ჩემი და


კიდევ დიდხანს იყო მძიმედ. მხედველობა დაუზიანდა, საგნებს გაორებულად
ხედავდა და ნამდვილის ნაცვლად სულ წარმოსახვით ფინჯნებსა და ღვინის
ჭიქებს სტაცებდა ხელს. ძლიერად დაუქვეითდა სმენაცა და მეხსიერებაც.
გაუგებრად მეტყველებდა. როცა ისე მომჯობინდა, რომ ჩვენი დახმარებით ქვედა
სართულზე ჩამოსვლა შეძლო, ყოველწუთს გვერდით ედო ჩემი დაფა, რათა,
რასაც სიტყვით ვერ გვაგებინებდა, დაეწერა. რაკიღა (საშინელ ხელწერას რომ
თავი ვანებოთ) მართლწერაში მოიკოჭლებდა, ხოლო ჯო, როგორც
მოგეხსენებათ, მასზე არანაკლებ მოიკოჭლებდა კითხვაში, ურთიერთგაგებისას
დიდ სირთულეებს აწყდებოდნენ და საშველად მე მეძახდნენ. მეც არაერთხელ
გავხვეულვარ გაუგებრობაში, ხან წამლის მაგივრად წინდას მივურბენინებდი, ხან
ხორცის ნაცვლად ხერხს, ხანაც "ჯოს" ნაცვლად "ჩაი" წავიკითხე – ეს ჩემი
შედარებით უმნიშვნელო შეცდომები იყო.

ერთი კია – ხასიათი გამოუკეთდა, უფრო თვინიერი გახდა. ყველა კიდურის


მუდმივი ცახცახის გამო მოძრაობები გაუბედავი გაუხდა და ორი-სამი თვის
გამოშვებით კიდევ დიდხანს ემართებოდა უეცარი შეტევები: თავზე ხელებს
აიფარებდა და შემდეგ ერთი კვირით სრულიად ებინდებოდა გონება. მისთვის
მომვლელის ძებნას ამაოდ გადავყევით, ვიდრე იღბლიანმა შემთხვევამ არ
გვიხსნა. მისტერ უოპსლის ბებიდამ, როგორც იქნა, მოიშალა ცხოვრების მავნე
ჩვევა, მასში ეგზომ მყარად რომ იყო ფესვგადგმული, რის შედეგადაც ბიდი ჩვენი
ოჯახის წევრი გახდა.

ჩემი დის სამზარეულოში დაბრუნებიდან ერთი თვე იქნებოდა გასული, როცა


ბიდი პატარა, ჭრელი სკივრით გამოგვეცხადა, რომელიც მთელ მის
ავლადიდებას იტევდა, და სახლს ღვთის კურთხევად მოევლინა.
პირველყოვლისა, ჯოს მოევლინა მხსნელად, რადგან ცოლის სავალალო
მდგომარეობის მუდმივი ცქერა საბრალო კაცს სრულიად ანადგურებდა. როცა ჯო
საღამოობით ჩემს დას ეხმარებოდა, გამუდმებით მაპყრობდა თავის
აცრემლებულ ცისფერ თვალებს და მანიშნებდა: "არადა, რა დიდებული ქალი
იყო ერთ დროს, პიპ!" ბიდიმ სნეულს თავიდანვე ისე ჭკვიანურად აუღო ალღო,
თითქოს ბავშვობიდანვე ჰყოლოდა შესწავლილი, რამაც ჯოს მეტი თავისუფლება
და სიმშვიდე მიანიჭა. ის დროდადრო, გულის გადასაყოლებლად, "სამ მხიარულ
მეზღვაურში" მიდიოდა, რაც მისთვის მარგებელი აღმოჩნდა. პოლიციელების
მხრიდან სულაც არ მიკვირს, მეტ-ნაკლებად ყველამ საბრალო ჯოზე რომ მიიტანა
ეჭვი (მას ეს, მადლობა ღმერთს, არ გაუგია) და უკლებლივ ყველას უკიდურესად
გულჩათხრობილ, ვერაგ კაცად მიაჩნდა.

ბიდის ახალი საქმიანობის პირველ დიდ წარმატებად იმ პრობლემის გადაჭრა


იქცა, რომელმაც ჩიხში მომამწყვდია. კარგა ხანს ვიმტვრიე მასზე თავი, მაგრამ
ვერაფერს გავხდი. ეს საქმე ასე იყო:

ჩემი და დაფაზე გამუდმებით წერდა ასო I-ს მსგავს უცნაურ ფიგურას და


ისეთი დაჟინებით ცდილობდა, ამ ნაწერისთვის ყურადდღება მიგვეპყრო, აშკარა
იყო, ძალიან სჭირდებოდა. სულ ტყუილად მიმქონდა მასთან ყველაფერი, რაც კი
თ-თი იწყებოდა და რაზეც ხელი მიმიწვდებოდა. კარგა ხნის შემდეგ დამებადა
აზრი, რომ გამოსახულება, შესაძლოა, ჩაქუჩს გულისხმობდა. როცა ეს სიტყვა
ჩემს დას ყურში ჩავძახე, გაუხარდა და ხელით მაგიდაზე კაკუნი დაიწყო. რაც კი
დიდ-პატარა ჩაქუჩები გვქონდა, ყველა სათითაოდ ვუჩვენე, მაგრამ უშედეგოდ.
ბოლოს ყავარჯენი მომაფიქრდა, რადგან ფორმით ცოტათი წააგავდა ჩაქუჩს.
სოფელში მოქძებნე, ვითხოვე და ჩემს დას ერთგვარი სიამაყით წარვუდგინე.
მაგრამ მან ისე გამალებით გააქნია თავი, ძალიან შევშინდით, ისედაც
დასახიჩრებულს, კისერიც არ ეღრძო.

როგორც კი ჩემმა დამ შენიშნა, რომ ბიდის მისი საუკეთესოდ ესმოდა,


დაფაზე ისევ ის იდუმალი ნიშანი გაჩნდა. ბიდიმ ერთხანს ჩაფიქრებულმა
უცქირა, ჩემი ახსნა-განმარტება მოისმინა, დაჟინებით შეხედა ჯერ ჩემს დას,
მერე ჯოს (რომელიც დაფაზე მუდამ თავისი სახელის ინიციალით იყო
წარმოდგენილი), მერე წამოხტა და სამჭედლოში გაიქცა. მე და ჯო უკან
მივყევით.

– რა თქმა უნდა! – გაბრწყინებული სახით შესძახა ბიდიმ, – როგორ ვერ


მიხვდით? ისაა!

უეჭველია, ორლიკი! ქალმა სახელი ვეღარ მოიგონა და მის სამუშაო იარადზე,


უროზე მიგვითითა. როდესაც ავუხსენით, რატომ უნდა წამოგვყოლოდა
სამზარეულოში, ორლიკმა ურო ნელა გადადო, შუბლი ჯერ სახელოთი შეიწმინდა,
მერე – წინსაფრით და თავისი დუნე, ზოზინა ნაბიჯით ადგილიდან დაიძრა.

ვაღიარებ, დიდი მოლოდინი მქონდა იმისა, რომ ჩემი და მას დანაშაულში


ამხელდა. თუმცა, როცა საქმე სხვაგვარად დატრიალდა, იმედგაცრუებაც კი
ვიგრძენი. ქალმა მისდამი აშკარა კეთილგანწყობა გამოამჟღავნა, არაერთხელ
ანიშნა, რომ მისი ნახვა გაუხარდა და როგორღაც გაგვაგებინა, მოსულს სასმლით
გავმასპინძლებოდით. თან დაჟინებით აკვირდებოდა სახეზე, როგორც ჩანს,
დიდად აღელვებდა ის, თუ როგორ შეაფასებდა ორლიკი მის დახვედრას და
ყველა საშუალებით ცდილობდა, მასთან შერიგების სურვილი გამოემჟღავნებინა.
მისი პირფერობა მკაცრი მასწავლებლის წინაშე ლაციცს მოგაგონებდათ. ამის
შემდეგ დღე არ გავიდოდა, ქალს გრიფელის დაფაზე ურო არ გამოესახა, ორლიკი
სამზარეულოში არ შემოპრატუნებულიყო და მის წინაშე ისეთი დაბნეული სახით
არ აყუდებულიყო, აქაოდა, ნუ მკითხავთ, ეს ყველაფერი რას უნდა ნიშნავდესო.
17

ამასობაში მთლიანად ჩავიძირე შეგირდის ერთფეროვან საქმიანობაში. ჩვენი


სოფლისა და ჭაობების საზღვრებს არ ვცილდებოდი. ერთადერთი
ღირსშესანიშნავი თარიღი ჩემი დაბადების დღე იყო, როცა მის ჰევიშემს
ვესტუმრე. მის სარა პოკეტი ისევ ჭიშკარს დარაჯობდა; მის ჰევიშემიც
ძველებურად დამხვდა და ესტელას ამბებიც უწინდელი კილოთი, ლამის იმავე
სიტყვებითაც კი მომითხრო. სულ ორიოდე წუთს ვილაპარაკეთ. როცა წასვლა
დავაპირე, ქალმა ერთი გინეა გამომიწოდა და მითხრა, შემდეგ დაბადების
დღეზე ისევ მოდიო. აქვე ვიტყვი, რომ ამის შემდგომ ეს ყოველწლიურ
ტრადიციად იქცა. ამჯერად ფულის გამორთმევა არ მინდოდა, მაგრამ მის
ჰევიშემმა ძალზე გაღიზიანებით მკითხა, ამაზე მეტს ხომ არ ელოდებოდიო.
მაშინღა გამოვართვი და მას მერე ყოველ წელს ვართმევდი.

ძველი მრუმე სახლი, ყვითელი მკრთალი შუქით მქრქალად განათებული


ოთახი, ტუალეტის მაგიდასთან სავარძელში მისვენებული ფერმკრთალი
აჩრდილი – ყოველივე იმდენად უცვლელად დამხვდა, რომ, ასე მეგონა, ამ
იდუმალ ადგილას საათების გაჩერებით თვით დროც გაჩერებულიყო. ვიდრე მე
და მთელ გარე სამყაროს წლები გვემატებოდა, აქაურობა თითქოს
გაქვავებულიყო. დღის სინათლე არასოდეს აღწევდა არც ამ სახლში და არც
მასზე ჩემს ფიქრებსა თუ მოგონებებში. ამ ფიქრებით მონუსხულს, ისევ ისე
მძულდა ჩემი ხელობა და ჩემი უბადრუკი სახლისა მრცხვენოდა.

თანდათანობით ბიდის ოდნავშესამჩნევი ცვლილება შევატყვე. მის


ფეხსაცმელს ქუსლის სიმაღლე მოემატა, თმა მუდამ სუფთა და დავარცხნილი
ჰქონდა, ხელებიც – კოხტად მოვლილი. ლამაზი არ ეთქმოდა – უბრალო გოგო
ესტელას როგორ შეედრებოდა? – მაგრამ სათნო გარეგნობით გამოირჩეოდა,
ჯანღონიანი და მუდამ კეთილგანწყობილი იყო. უკვე ერთი წელიწადი იქნებოდა,
რაც ჩვენთან ცხოვრობდა (სამგლოვიარო სამოსი ახალი გახდილი ჰქონდა) და
ერთ მშვენიერ საღამოს შევნიშნე, რომ საოცრად ფიქრიანი და ყურადდებიანი
თვალები ჰქონდა, თანაც, ძალიან ლამაზი და კეთილი.

ეს მაშინ შევამჩნიე, როცა ჩემი სამუშაოდან უეცრად ავწიე თავი – წიგნიდან


ამონარიდებს ვიწერდი და ამგვარი მეთოდით ორ კურდღელს ვიჭერდი:
კითხვაშიც ვვარჯიშობდი და წერაშიც. უეცრად წერა შევწყვიტე და დავინახე, რომ
ბიდი თვალს მადევნებდა. კალამი გადავდე და გოგომაც შეწყვიტა კერვა, თუმცა
საკერავი ხელიდან არ გაუშვია.

– ბიდი, – შევეკითხე, – მითხარი, ამას როგორ ახერხებ? ან მე ვარ


მეტისმეტად სულელი, ან შენ ხარ ძალიან ჭკვიანი.

– რას ვახერხებ? არ მესმის, – ღიმილით მომიგო მან.

მთელ ჩვენს საოჯახო საქმეებს საუკეთესოდ აგვარებდა, მაგრამ ახლა ეს არ


მიგულისხმია; თუმცა ეს ფაქტი კიდევ უფრო გასაოცარს ხდიდა იმას, რაც
ვიგულისხმე.

– ბიდი, როგორ ახერხებ ყველაფერ იმის სწავლას, რასაც მე ვსწავლობ,


თანაც ისე, რომ არაფერში ჩამომრჩე?

იმ დროისათვის ჩემი ცოდნით დიდად ვამაყობდი, მით უმეტეს, რომ მას


არამხოლოდ დაბადების დღეებზე მიღებულ გინეებს ვახარჯავდი, არამედ მთელ
ჩემს ჯიბის ფულსაც, თუმცა დღევანდელი გადასახედიდან შემიძლია ვთქვა, რომ
ჩემი მოკრძალებული მიღწევები მეტისმეტად ძვირად მიჯდებოდა.

– მეც შემიძლია გკითხო, ამას როგორ ახერხებ-მეთქი, – მომიგო ბიდიმ.

– არა, რადგან, როცა მე საღამოს სამჭედლოდან შემოვდივარ, ყველა ხედავს,


სამეცადინოდ რომ ვჯდები, შენ კი არასოდეს მეცადინეობ, ბიდი.

– ალბათ, რაღაცნაირად თავისით მედება, ხველებასავით, – მშვიდად თქვა


ბიდიმ და ხელსაქმეს მიუბრუნდა.

ხის საზურგეს მივეყუდე და გვერდზე თავგადახრილი ბიდის ცქერისას მასზე


ფიქრი განვაგრძე. პირველად გამკრა თავში, განსაკუთრებული გოგო რომ იყო.
მან სწრაფად და ზედმიწევნით დაიმახსოვრა ჩვენი ხელობისათვის
დამახასიათებელი სიტყვებიცა და ჩვენი ხელსაწყოების სახელწოდებებიც. ერთი
სიტყვით, ყველაფერი, რაც მე ვიცოდი, ბიდიმაც იცოდა. თეორიულად ბიდი უკვე
ჩემი დონის მჭედელი იყო, ან იქნებ ჩემზე უკეთესიც.

– შენ იმ ადამიანებს მიეკუთვნები, ბიდი, სწავლის არანაირ შესაძლებლობას


ხელიდან რომ არ უშვებენ. აქამდე ამის საშუალება არ მოგცემია, ახლა კი ნახე,
რა შორს წახვედი!

ბიდიმ წამიერად ამომხედა და კვლავ კერვას მიუბრუნდა.

– არადა, მე ხომ შენი პირველი მასწავლებელი ვიყავი, – ჩაილაპარაკა


თავაუღებლად.

– ბიდი! – შევყვირე თავზარდაცემულმა, – რატომ ტირი?

– არ ვტირი, – სიცილით ასწია თავი გოგომ, – ეგ რამ გაფიქრებინა?

იმან მაფიქრებინა, რომ მის საკერავზე დაცემულმა ცრემლმა ჰაერში


გაიბრწყინა. მდუმარედ ვიჯექი და ვფიქრობდი, თუ რა სატანჯველი ერგო წილად,
ვიდრე მისტერ უოპსლის ბებიდა ცხოვრების მავნე ჩვევას არ დაიშლიდა – ამ
ჩვევას ზოგიერთმა მართლაც დროულად უნდა ანებოს თავი! მომაგონდა იმ
უბადრუკი მაღაზიისა და ხმაურიანი საკლასო ოთახის გაუსაძლისი პირობები,
სადაც ბიდი ცხოვრობდა და სადაც ყოველ წუთს, ყველა წვრილმანში უწევდა
ყოვლად უსუსური, მიხრწნილი დედაბრისათვის ხელის გამართვა. ახლაღა
გამახსენდა, იმ სრულიად არასახარბიელო ვითარებაშიც კი ბიდი უკვე ფლობდა
ყველა იმ უნარს, რომელიც მერე განუვითარდა და გაჭირვებისთანავე სწორედ
მისთვის რომ უნდა მიმემართა, ამაზე ჩემთვის ორი აზრი არ არსებობდა. ბიდი
მშვიდად კერავდა, მის თვალს კურცხალი აღარ მოსწყვეტია. ამ ყველაფერზე
ფიქრმა იმ დასკვნამდე მიმიყვანა, რომ მისი ჯეროვნად მადლიერი არასოდეს
ვყოფილვარ. იქნებ მეტისმეტად გულჩათხრობილი ვიყავი და მეტი
გულახდილობით უნდა დამესაჩუქრებინა (თუმცა ჩემს ფიქრებში ეს სიტყვა არ
გამომიყენებია).

– ასეა, ბიდი. ჩემი პირველი მასწავლებელი იყავი, – ვუთხარი, როცა ამ


ფიქრებს თავი მოვუყარე, – რას ვიფიქრებდით მაშინ, ოდესმე სამზარეულოში
ასე ერთად თუ ვისხდებოდით?

– აჰ, საბრალო ქალი! – ბიდიმ ჩვეული მიუკერძოებლობით გადაიტანა საუბარი


ჩემს დაზე, მაშინვე წამოხტა და მის გარშემო ფუსფუსს მოჰყვა, – ეს ნაღვლიანი
სიმართლეა!

– ჰო, მაგრამ კარგი იქნება, თუკი ძველებურად უფრო მეტს ვისაუბრებთ.


მინდა, წინანდებურად გაგიზიარო ჩემი საფიქრალი. მოდი, შემდეგ კვირა დღეს
ჭაობებისკენ გავისეირნოთ და ვისაუბროთ, ბიდი.

ჩემს დას მარტოს არასოდეს ვტოვებდით, მაგრამ იმ დღეს ჯო სიხარულით


დაგვთანხმდა, მასთან დარჩენილიყო.

მე და ბიდი სასეირნოდ გავეშურეთ. ზაფხული იყო და შესანიშნავი დარი


იდგა. როცა სოფელს, ეკლესიასა და სასაფლაოს გავცდით და ჭაობებიდან
ზღვაზე მოფარფატე თეთრი აფრები დავინახეთ, ამ ხედმა, ჩვეულებისამებრ, მის
ჰევიშემსა და ესტელასთან დაკავშირებული მოგონებები ამომიტივტივა.
მდინარის პირას დავსხედით. ჩვენს ტერფებთან წყლის ჩხრიალი იმ მშვიდ
გარემოს უფრო მეტ სიმყუდროვეს სძენდა. გავიფიქრე, რომ ბიდისთვის ჩემი
განცდების გასანდობად ამაზე უკეთეს დროსა და ადგილს ვერ ვიხელთებდი.

– ბიდი, – წამოვიწყე მას მერე, რაც საიდუმლოს შენახვის პირობა


ჩამოვართვი, – მინდა ჯენტლმენი გავხდე.

– ოჰ, ეგ რად გინდა, პიპ? – გაოცდა გოგო, – შენს ადგილას ამაზე არც კი
ვიფიქრებდი!

– ბიდი, – მტკიცედ ვუპასუხე, – საამისოდ განსაკუთრებული მიზეზი მაქვს.

– შენ უკეთ იცი შენი ამბავი, პიპ, მაგრამ განა რაც ახლა გაქვს, იმით
ბედნიერი არ ხარ?

– რას ამბობ, ბიდი?! – უნებურად შევყვირე, – ახლა სულაც არ ვარ ბედნიერი.


მძულს ჩემი ხელობაც და ჩემი აქაური ცხოვრებაც, ვერცერთს ვერ შევეგუე იმ
დღიდან, რაც შეგირდობა დავიწყე. რა სისულელეს ლაპარაკობ!

– სისულელე ვთქვი? – ბიდიმ მშვიდად აზიდა წარბები, – თუ ასეა, მაპატიე, არ


მინდოდა. მხოლოდ ის მინდა, კარგად იყო და წარმატებას მიაღწიო.

– მაშინ ერთხელ და სამუდამოდ გაიგე, რომ კარგად და ბედნიერად


ვერასოდეს ვიქნები და უბადრუკზე უბადრუკი დავრჩები. მართლა, ბიდი!.. თუკი
სრულიად არ შევცვლი ჩემს ცხოვრებას.

– რა დასანანია! – დარდიანად გააქნია თავი გოგომ.

ეს ჩემი აზრითაც დასანანი იყო და გამუდმებული შინაგანი ბრძოლით


დაქანცული, ლამის ავტირდი, როცა ბიდიმ ჩემი უდიდესი სატკივარი გამოთქვა.
ვუთხარი, რომ მართალს ამბობდა და ეს ყველაფერი მართლაც უმძიმესი იყო,
მაგრამ ამას მაინც არაფერი ეშველებოდა.

– აქაურ ცხოვრებასთან შეგუება რომ შემეძლოს, – წამოვიწყე, თან დაბალი


ბალახის ამოგლეჯას შევუდექი სწორედ ისე, ოდესღაც, გაწბილებული, თმას რომ
ვიგლეჯდი და ლუდსახდელის კედელს ვაყრიდი, – ჩვენი სამჭედლო იმის
ნახევრად მაინც რომ მიყვარდეს, როგორც ბავშვობაში, ვიცი, ეს საუკეთესო
გამოსავალი იქნებოდა. ასე რომ იყოს, მე, შენ და ჯოს ერთად არაფერი
გაგვიჭირდებოდა, შესაძლოა, მომავალში მე და ჯო პარტნიორებიც
გავმხდარიყავით. იქნებ შენთვის ხელიც კი მეთხოვა და ერთ მშვენიერ კვირა
დღეს, აი, აქ სულ სხვანაირად ვმსხდარიყავით; სულ სხვა ადამიანებიც
ვყოფილიყავით. ხომ ვიქნებოდი შენი შესაფერისი, ბიდი?

ბიდიმ ამოიოხრა, გემებს გახედა და მიპასუხა:

– ჰო, დიდად მომთხოვნი არ ვარ.

ეს, ცოტა არ იყოს, საეჭვო ქათინაურად მეჩვენა, მაგრამ ვიცოდი, კარგი


გაგებით მითხრა.

– მე კი ნაცვლად ამისა, – ისევ ამოვძირკვე ბალახი და ორიოდე ღერი პირში


ჩავიდე, – სულ სხვა რამ მიზიდავს. ჩემი ბედით უკმაყოფილო და უბედური ვარ.
ტლანქი და მდაბიო კი ვარ, თუმცა სულ არ ვიდარდებდი, ეს რომ ჩემთვის არავის
ეთქვა!

ბიდი უეცრად მომიბრუნდა და იმაზე დაჟინებით ჩამხედა სახეში, ვიდრე


წეღან გემებს გაჰყურებდა.

– ასეთი რამის თქმა არც სიმართლეს შეესაბამება და არც დიდად


თავაზიანია, – მერე ისევ გემებს მიაპყრო მზერა, – მაინც ვინ გითხრა?

დავიბენი, რადგან საუბარი ისე წამოვიწყე, იმაზე არ მიფიქრია, თუ სადამდე


მიმიყვანდა. მაგრამ უკან დახევას აღარ ვაპირებდი და ვუპასუხე:

– იმ მშვენიერმა ახალგაზრდა ლედიმ, მის ჰევიშემთან რომ ცხოვრობდა.


მასზე მშვენიერი ქვეყნად არავინ მეგულება, ვაღმერთებ და ჯენტლმენობაც
სწორედ მის გამო მსურს, – ამ ყოვლად შეშლილი ადსარების შემდეგ ისეთი
გამალებით დავიწყე ბალახის ღერების მდინარეში სროლა, თითქოს მინდოდა,
ჩემი დარდებიც მათთვის გამეტანებინა.

– მისი ჯიბრით გსურს ჯენტლმენი გახდე თუ მისი გულის მოსაგებად? –


დუმილის შემდეგ მშვიდად მკითხა ბიდიმ.

– არ ვიცი, – ვუპასუხე პირქუშად.

– თუკი ეს მისი ჯიბრით გსურს, – განაგრძო ბიდიმ, – ჩემი აზრით, თუმცა შენ
უკეთ იცი, უფრო ღირსეული იქნება, მის სიტყვებს ყურადღება არ მიაქციო. ხოლო
თუ მისი გულის მოგება გინდა, ვფიქრობ, თუმცა შენ უკეთ გაგეგება, მისი გულის
მოგება გაწეულ შრომად არ ღირს.

მეც სწორედ ეს მიფიქრია, თანაც რამდენჯერ! ჩემთვის ბიდის სიტყვების


ჭეშმარიტება ამ წუთშიც ცხადი იყო. მაგრამ, აბა, უბრალო სოფლელი ბიჭი
როგორ ავცდებოდი იმ შინაგან გახლეჩილობას, რომელსაც ჩემზე ბრძენი
ათასობით ადამიანი ყოველდღიურად მსხვერპლად ეწირება?

– ყველაფერი ეს იქნებ მართალიც იყოს, – ვუთხარი ბიდის, – მაგრამ ვერა და


ვერ ვივიწყებ.

ეს რომ ვთქვი, მიწაზე პირქვე დავემხე, ორივე ხელით საკუთარ თმას ვწვდი
და ძლიერად მოვქაჩე. დარწმუნებული ვიყავი, ასეთი შეშლილი და ახირებული
გრძნობებით შეპყრობილი, ვიმსახურებდი, ჩემივე თავი თმით მეთრია და სახით
სანაპიროს ქვიშასა და ღორდზე მიმეხეთქებინა – ჩემისთანა სულელი მეტის
ღირსიც იყო!

ბიდისნაირ ბრძენ გოგოს მეორეს ვერსად ნახავდით. მიხვდა, ჩემთვის რამის


მტკიცებას აზრი რომ აღარ ჰქონდა. თავისი საოცრად ალერსიანი, თუმცა
მუშაობით გაუხეშებული ხელი თითებზე დამადო და თმიდან სათითაოდ
ამაშვებინა. მერე მხარზე ნაზად და მანუგეშებლად მისვამდა ხელისგულს, მე კი
მკლავზე სახედამხობილი ავსლუკუნდი – ზუსტად ისე, როგორც წლების წინათ
ლუდსახდელის ეზოში – და იმ ბუნდოვან დასკვნამდე მივედი, რომ ცხოვრებაში
ვიღაც, ან იქნებ ყველა (ზუსტად ვერ გავერკვიე), ძალიან უსამართლოდ მომექცა.

– ერთი რამ მახარებს, – მითხრა ბიდიმ, – ის, რომ ჩემთან გულახდილობა


შეძელი, პიპ. და ისიც მახარებს, რომ მომავალშიც მუდამ შეგიძლია გამენდო და
ჩემი მხარდაჭერის იმედი გქონდეს. შენი პირველი მასწავლებელი (ეჰ, თვითონაც
რამდენი რამ მაქვს სასწავლი!) ახლაც რომ შენი მასწავლებელი იყოს, მგონი,
ვიცი, რა გაკვეთილსაც შეგასწავლიდა. თუმცა ის რთული ასათვისებელი
იქნებოდა და რაკი შენს მასწავლებელს ცოდნაში გაუსწარი, ამაზე ლაპარაკს
აზრი მაინც აღარ აქვს, – ბიდიმ ხმადაბლა ამოიოხრა, მერე წამოდგა და საამოდ
გახალისებული ხმით მკითხა, – ცოტა კიდევ გავისეირნოთ თუ შინ დავბრუნდეთ?

– ბიდი! – მკლავი შემოვხვიე და ვაკოცე, – ყოველთვის ყველაფერს მოგიყვები.

– ვიდრე ჯენტლმენი არ გახდები, – შენიშნა ბიდიმ.

– ხომ იცი, ეს ვერასოდეს მოხდება, ასე რომ, ყოველთვის. თუმცა მოსაყოლიც


აღარაფერი დარჩა, რადგან, როგორც იმ საღამოს გითხარი, რაც მე ვიცი, შენც
ყველაფერი იცი.

– აჰ, – ოდნავ გასაგონად ამოიოხრა ბიდიმ და ისევ გემებს გახედა. მერე


კვლავ ხალისიანი კილოთი გამიმეორა, – კიდევ გავისეირნოთ თუ შინ წავიდეთ?

ვუთხარი, ცოტა კიდევ გავისეირნოთ-მეთქი და ასეც მოვიქეცით, ვიდრე


ზაფხულის მშვენიერი დღე მშვიდად და ულამაზესად არ დაღამდა. თითქმის
დავრწმუნდი იმაში, რომ ჩემი ახლანდელი მდგომარეობა ბევრად შემეფერებოდა
და ასე ბევრად უკეთ ვგრძნობდი თავს, ვიდრე მაშინ, როდესაც სანთლების
შუქზე ბანქოს ვთამაშობდი და ესტელა ზიზღით მეპყრობოდა. ვიფიქრე, რა კარგი
იქნებოდა, მასზე ფიქრი მთელ მოგონებებსა და ფანტაზიებთან ერთად
სამუდამოდ ამომეგდო თავიდან, მთელი გულისყური საქმისათვის მიმეპყრო და
ჩემს ბედს დავჯერებოდი. საკუთარ თავს ვეკითხებოდი, ამ წუთებში ბიდის
ნაცვლად გვერდით ესტელა რომ მყოლოდა, განა თავს უბედურად არ
მაგრძნობინებდა? იძულებული ვიყავი, მეღიარებინა, რომ უეჭველად ასე
იქნებოდა და ჩემს თავს შევუძახე: "რა ბრიყვი ხარ, პიპ!"

სეირნობისას ბევრი ვისაუბრეთ და, რაც კი ბიდიმ მითხრა, ყველაფერი


გონივრულად მეჩვენა. ბიდი არასოდეს იყო გესლიანი, არც ჭირვეული, არასოდეს
იცვლიდა ზნეს. ვიცი, ჩემი გულისტკენა მასაც ტკივილს მიაყენებდა და არავითარ
შემთხვევაში – სიამოვნებას. ჩემთვის ჭრილობის მოყენებას, ალბათ, ისევ
საკუთარი თავის ტკენას არჩევდა. მაშ, რატომ იყო, რომ ამ ორიდან ბიდი უფრო
მეტად არ მიყვარდა?

– ბიდი! – ვუთხარი, როცა უკვე შინისაკენ მივაბიჯებდით, – ნეტავ შეგეძლოს


ჩემი დახმარება!
– ეს მეც მთელი გულით მინდა! – მიპასუხა ბიდიმ.

– ნეტავ შენი შეყვარება შემეძლოს! ხომ არ გწყინს, ასე გულახდილად რომ


ვლაპარაკობ? ჩვენ ხომ ძველი მეგობრები ვართ.

– არა, რას ამბობ! – მითხრა ბიდიმ, – ჩემზე ნუ იდარდებ.

– შენი შეყვარება რომ შემეძლოს, ჩემი საშველიც ეს იქნებოდა.

– მაგრამ ამას ვერასოდეს შეძლებ, – მითხრა ბიდიმ.

იმ საღამოს ეს ისე შეუძლებლად არ მომეჩვენა, ვიდრე ორიოდ საათის წინ


შეიძლებოდა მომჩვენებოდა. ვუთხარი, ამაში მთლად დარწმუნებული რომ არ
ვიყავი, მაგრამ მან გადაჭრით მითხრა, ეს შეუძლებელიაო. გულის სიღრმეში
დავეთანხმე, მაგრამ, ამავდროულად, არ მესიამოვნა, ამგვარი შესაძლებლობა
ასე გადაჭრით რომ უარყო.

სასაფლაოს როცა მივუახლოვდით, ერთ-ერთ ჯებირთან ღობეზე გადაძრომა


გვიწევდა. უეცრად ღობიდან, თუ ლელიანიდან, ან იქნებ სულაც შლამიდან (რაც
მისი დაჭაობებული ხასიათის შესაფერისი იქნებოდა) ბებერი ორლიკი წამოდგა
და წინ გადაგვიდგა.

– სალამი! – ჩაიბურდღუნა, – საით გაგიწევიათ?

– როგორ თუ საით? რა თქმა უნდა, შინისაკენ.

– მაშ, დამლახვროს ეშმაკმა, მე გაგაცილებთ.

ეშმაკის ლახვრის ხსენება ერთგვარ თვალისამხვევ ჩვევად ჰქონდა.


რამდენადაც ვიცი, ამ სიტყებში, ისევე, როგორც თავის გამოგონებულ სახელში,
არავითარ აზრს არ დებდა, გარდა კაცთა მთელი მოდგმის წინააღმდეგ
მიმართული ბუნდოვანი მუქარისა. ბავშვობაში წარმომედგინა, რომ, თუკი
თვითონ მოისურვებდა ჩემს დალახვრას, ამას აუცილებლად ბასრი და
დაკლაკნილი კაუჭით იზამდა.

ბიდის შეეტყო, ორლიკის საზოგადოება გულზე რომ არ ეხატებოდა,


ჩამჩურჩულა კიდეც, არ მინდა, რომ წამოგვყვეს, არ მომწონსო. რაკი არც მე
მომწონდა, გამბედაობა მოვიკრიბე და ვუპასუხე, რომ მადლობლები ვართ,
მაგრამ შინ მიცილება არ გვჭირდება-მეთქი. ამ სიახლეს ორლიკი უხეში
ხარხარით გამოეხმაურა და უკან დაიხია, თუმცა მერე, გარკვეული მანძილის
მოშორებით, მაინც ჩვენ უკან მოფრატუნებდა.

მაინტერესებდა, ბიდიც ხომ არ ეჭვობდა, რომ ჩემს დაზე იდუმალი


თავდასხმა ორლიკის ნახელავი იყო და ვკითხე, თუ რატომ არ მოსწონდა.

– ოჰ! – გოგომ ჩვენ უკან მოტორტმანე კაცს გახედა, – იმიტომ, რომ, ვშიშობ,
მოვწონვარ.

– ეს თვითონ გითხრა? – ვკითხე აღშფოთებით.

– არა, – ბიდიმ ისევ უკან მიიხედა, – ეს არასოდეს უთქვამს; მაგრამ, როცაკი


თვალს ვუსწორებ, მელაქუცება.

სიმპათიის ამგვარი გამოვლინება უცხოდ და უცნაურად მეჩვენა, მაგრამ


ბიდის შეფასებაში ეჭვი არ შემპარვია. ძალიან გამაბრაზა იმან, რომ ორლიკს
ბიდი მოსწონდა; ისე ძალიან, თითქოს პირადად ჩემთვის მოეყენებინოს
შეურაცხყოფა.

– მაგრამ შენთვის ამას რა მნიშვნელობა აქვს? – მშვიდად მომიბრუნდა ბიდი.

– არავითარი, ბიდი, უბრალოდ ეს არ მომწონს; ამას ვერ შევეგუები.

– ეს არც მე მომწონს, – თქვა ბიდიმ, – მაგრამ შენთვის არც ამას უნდა


ჰქონდეს რამე მნიშვნელობა.
– ზუსტადაც, თუმცა, უნდა გითხრა, რომ შენზე აზრი წამიხდება, ბიდი, თუკი
შენი ნებართვით დაგიწყებს ლაქუცს.

იმ დღიდან ორლიკზე თვალი მეჭირა. როგორც კი ბიდისთან ლაქუცისათვის


ხელსაყრელი ვითარება შეექმნებოდა, მაშინვე გზას ვუღობავდი და ყველა
ხერხით ვუშლიდი ხელს. ალბათ, ძალ-ღონეს არ დავიშურებდი, რომ ჯოს ეს კაცი
სამჭედლოდან დაეთხოვა, რომ არა ჩემი დის უეცარი სიმპათია მისდამი.
ორლიკი ამ კეთილ განზრახვას მშვენივრად მიმიხვდა და მალევე სამაგიეროს
გადახდასაც შეეცადა.
თითქოს მანამდე დალაგებული გონებით მევლოს, ამიერიდან ასგზის უფრო
ვიხლიჩებოდი შუაზე იმის გამო, რომ დროდადრო ცხადად ვხედავდი, ბიდი
განუზომლად სჯობდა ესტელას. ხოლო პატიოსანი შრომა და ცხოვრების
სისადავე სულაც არ იყო სამარცხვინო, თანაც ადამიანურ ღირსებასა და
ბედნიერებასაც სრულად მთავაზობდა. ასეთ დროს მეჩვენებოდა, რომ საბრალო,
საყვარელ ჯოსა და ჩვენს სამჭედლოზე გული აღარ მქონდა აცრუებული; რომ
დროთა განმავლობაში ჯოს პარტნიორიც გავხდებოდი და ბიდის ღირსიც
შევიქნებოდი. მაგრამ უეცრად ჰევიშემის სახლთან დაკავშირებული ესა თუ ის
მოგონება ჭურვივით მეტაკებოდა და გონებას კვლავაც ათას ნაკუწად მიხლეჩდა.
აფეთქებული გონების გამთელება-შეკოწიწებას კარგა ხანს ვუნდებოდი და
ხშირად, ვიდრე ყველა ფიქრს თავს მოვუყრიდი, მათ შორის ერთი გზააბნეული
ფიქრი შეიჭრებოდა და ისევ ყველას მიფანტ-მოფანტავდა – იქნებ მის ჰევიშემს,
ბოლოს და ბოლოს, გადაწყვეტილი ჰქონდა, შეგირდობის დასრულების შემდეგ
ჩემთვის ქონება ეწყალობებინა?

ვფიქრობ, სწავლის დამთავრების შემდეგაც კი ამ ბუნდოვან მოლოდინს


შევრჩებოდი, მაგრამ მოხდა ისე, რომ უეცარმა მოვლენებმა, რის შესახებაც
ქვემოთ მოგახსენებთ, ხელობის შესწავლა დროზე ადრე შემაწყვეტინა.
18

ეს ჯოსთან ჩემი შეგირდობის მეოთხე წელიწადს, ერთ შაბათ საღამოს მოხდა.


"სამ მხიარულ მეზღვაურში" ბუხართან რამდენიმე კაცი შეკრებილიყო და
ყურადღებით უსმენდა მისტერ უოპსლს, რომელიც გაზეთს ხმამაღლა
კითხულობდა. მეც იქ ვიყავი.

იმ დღეებში ყველა გაზეთი ერთი გახმაურებული მკვლელობის შესახებ


იუწყებოდა და მისტერ უოპსლიც ყურებამდე სისხლში იყო ამოსვრილი.
თითოეულ შთამბეჭდავ ზედსართავ სახელს ნეტარებით აგემოვნებდა და
გამოძიებაში ჩართულ სათითაოდ ყველა მოწმესთან აიგივებდა თავს.
მსხვერპლთან ერთად განწირულად ამოიკვნესა: "ვიღუპები...", მკვლელთან
ერთად კი მრისხანედ დაიღრიალა: "სეირს გიჩვენებ!" სამედიცინო დასკვნა ჩვენი
ადგილობრივი ექიმის კილოთი წაიკითხა; ხოლო როცა შლაგბაუმის დარაჯს
განასახირებდა, რომელმაც გასროლის ხმა გაიგონა, ისე ჩიფჩიფებდა და მთელი
ტანით ისე ძიგძიგებდა, რომ გაიფიქრებდით, ამ ჭკუიდან გადასული,
დამბლადაცემული ბერიკაცის ჩვენება სარწმუნო ვერ იქნებაო. მისტერ უოპსლის
ხელში გამომძიებელი ტიმონ ათენელად("'ტიმონ ათენელი" უილიამ შექსპირის
პიესაა, რომელიც, არსებული ვარაუდის თანახმად, თომას მიდლტონთან ერთად
დაწერა. მისი მთავარი პერსონაჟის, ათენის მოქალაქე ტიმონის შესაძლო
პროტოტიპად ძველბერძენ ფილოსოფოს ტიმონ პლიუნტელს ასახელებენ.) იქცა,
სასამართლოს ბოქაული კი – კორიოლანუსად("კორიოლანუსი" – უილიამ
შექსპირის პიესა, რომლის მთავარი გმირიც არის ლეგენდარული რომაელი
მხედართმთავარი გნეუს მარციუს კორიოლანუსი.). ეს წარმოდგენა მასაც უდიდეს
სიამოვნებას ჰგვრიდა და ჩვენც – მყუდროდ ვისხედით და კარგადაც
ვერთობოდით. ამ ლაღ მდგომარეობაში ერთხმად დავასკვენით, რომ საქმე
განზრახ მკვლელობასთან გვქონდა.

მერე და მერეღა შევნიშნე ჩემ პირდაპირ, მერხის საზურგეს მიყრდნობილი


უცხო ჯენტლმენი, რომელიც თვალყურს გვადევნებდა. სახეზე ზიზღი
აღბეჭდვოდა და როცა შეკრებილთა სახეებს ათვალიერებდა, თან სქელი
საჩვენებელი თითის ნუნას იკვნეტდა.
– მაშ, ასე! – მიმართა მისტერ უოპსლს, როცა ამ უკანასკნელმა კითხვა
დაასრულა, – როგორც თქვენ მოგეპრიანათ, ისე გადაწყვიტეთ საქმე, ხომ?

ყველანი შეკრთნენ და ისე მიაჩერდნენ, თითქოს თვით მკვლელი


გამოეცხადათო. მან კი ყველას ცივი და დამცინავი მზერა შეაგება.

– მაშ, დამნაშავეა? – იკითხა, – მიპასუხეთ!

– სერ, – გამოეპასუხა მისტერ უოპსლი, – მართალია, არ გიცნობთ, მაინც


გეტყვით, რომ ეჭვმიტანილი დამნაშავედ მიმაჩია, – რის შემდეგაც ჩვენც
გავბედეთ და იგივე აზრი გამოვთქვით.

– ასეც ვიცოდი, – თქვა უცნობმა, – ვიცოდი, რომ ამას იტყოდით. ახლა კი


კეთილი ინებეთ და კითხვაზე მიპასუხეთ. იცით თუ არა, რომ ინგლისის კანონის
თანახმად, ნებისმიერი ადამიანი უდანაშაულოა, ვიდრე მისი ბრალი არ
დამტკიცდება – არ და-მტკი-ცდე-ბა – გესმით?!

– სერ, – წამოიწყო მისტერ უოპსლმა, – მეც ინგლისელი გახლავართ და...

– კმარა! – გააწყვეტინა უცნობმა და კვლავაც თითზე იკვნიტა, – შეკითხვას ნუ


გაურბიხართ. ეს ან იცით, ან არ იცით. რას მეტყვით?

თავი გვერდზე გადახარა, თვითონაც მრისხანედ, მომთხოვნი იერით წინ


გადაიხარა და, ვიდრე კვლავ მოიკვნეტდა, თითი მისტერ უოპსლისკენ ისე
გაიშვირა, თითქოს რაღაცაში სდებდა ბრალს.

– მაშ, როგორ? იცით ეს თუ არა?

– ცხადია, ვიცი, – დაუდასტურა მისტერ უოპსლმა.

– ცხადია, იცით. მაშ, თავიდანვე რატომ არ მიპასუხეთ? ახლა მეორე კითხვას


დაგისვამთ, – ეტყობოდა, მისტერ უოპსლისთვის თავის დანებებას არ აპირებდა,
თითქოს მისი დაკითხვის უფლება ჰქონოდა, – ის თუ იცით, რომ ეჭვმიტანილის
ადვოკატს ამ მოწმეთაგან ჯერ არცერთი არ დაუკითხავს?

– მხოლოდ იმის თქმა შემიძლია... – წამოიწყო მისტერ უოპსლმა, მაგრამ


უცნობმა ისევ გააწყვეტინა.
– რაო? ისევ არ აპირებთ ცალსახა პასუხის გაცემას? კარგი, ხელახლა ვცდი, –
თანამოსაუბრისაკენ კვლავ საჩვენებელი თითი გაიშვირა, – ყურადღებით
მომისმინეთ. იცით თუ არა, რომ დაცვის მხარეს ამ დანაშაულის ჯერ არცერთი
მოწმე არ დაუკითხავს? თქვენგან ერთადერთ სიტყვას ველოდები: ჰო თუ არა?

მისტერ უოპსლი შეყოვნდა და ჩვენც მასზე თანდათან არასახარბიელო


წარმოდგენა შეგვექმნა.

– კარგი! – არ ცხრებოდა უცნობი, – დაგეხმარებით, თუმცა დახმარებას არ


იმსახურებთ. ხელში რომ გიჭირავთ, იმ გაზეთს დახედეთ. რა არის ეგ?

– რა არის? – გაიმეორა დაბნეულმა მისტერ უოპსლმა.

– არის თუ არა ეს ის გაზეთი, რომელსაც წეღან კითხულობდით? – უკიდურესი


სარკაზმით ჩაეკითხა უცნობი.

– უეჭველად.

– უეჭველად. ახლა კი მაგ გაზეთს ჩახედეთ და მითხარით, სადმე თუ წერია,


რომ დამნაშავემ, თავისი კანონიერი ადვოკატების რჩევით, სასამართლო
სხდომამდე დაცვაზე უარი განაცხადა?

– ეს წუთია წავიკითხე... – მუდარით ამოილუღლუდღა მისტერ უოპსლმა.

– რაში მაინტერესებს, ეს წუთია რა წაიკითხეთ? ამას არ გეკითხებით. ისემც


გიქნიათ, "მამაო ჩვენო" უკუღმა წაგიკითხავთ და იქნებ ამას ყოველდღიურადაც
სჩადიხართ. გაზეთს ჩახედეთ. არა, არა, არა, მეგობარო. გვერდის თავში არა,
ნურას უკაცრავად; სულ ძირში, – ყველას მოგვეჩვენა, რომ მისტერ უოპსლი
თაღლითობდა, – აბა? მიაგენით?

– აგერ არის, – აღიარა მისტერ უოპსლმა.

– ახლა ამ მონაკვეთს თვალი გააყოლეთ და მითხარით, წერია თუ არა, რომ


ბრალდებულმა განაცხადა, ადვოკატების რჩევით, ამ ეტაპზე დაცვისაგან თავს
ვიკავებო? აბა, გისმენთ!

– ზუსტად ამ სიტყვებით არ წერია, – უპასუხა მისტერ უოპსლმა.


– აჰ, ზუსტად ამ სიტყვებით არ წერია! – მწარედ ამოიხვნეშა უცნობმა, –
მაგრამ აზრი ხომ იგივეა?

– დიახ, – დაუდასტურა მისტერ უოპსლმა.

– დიახ, – უცნობმა მოწმისკენ, ანუ მისტერ უოპსლისკენ, ხელი გაიშვირა და


დამსწრეთ მრავალმნიშვნელოვნად გადმოგვხედა, – ახლა ეს მითხარით, რა
ნამუსი უნდა ჰქონდეს კაცს, ან მშვიდად როგორ უნდა დადოს თავი ბალიშზე მას
მერე, რაც თანამოძმე დამნაშავედ სცნო, ისე, რომ მისთვის არც კი მოუსმენია?

ყველანი დავეჭვდით, იყო კი მისტერ უოპსლი მართლაც ის კაცი, როგორადაც


თავს გვაჩვენებდა? და მისი მხილების ჟამი ხომ არ დამდგარიყო.

– და ნუ დაგავიწყდებათ, რომ სავსებით შესაძლებელია, სწორედ ეს


ადამიანი, – მან დაუნდობლად გასტყორცნა საჩვენებელი თითი მისტერ
უოპსლისაკენ, – სწორედ ამ საქმის განსახილველ სასამართლო სხდომაზე ნაფიც
მსაჯულად მიიწვიონ და ისიც, ასეთი მძიმე დანაშაულის შემდეგ, ოჯახურ
გარემოს დაუბრუნდება და მშვიდად დადებს თავს ბალიშზე. არადა, მანამდე
ნებაყოფლობით დადო ფიცი, რომ პატიოსნად და ყველა ჩვენების საფუძველზე
შეეცდებოდა ჩვენს მეფესა და განსასჯელს შორის დავის გადაწყვეტას, რაშიც
შემწედ თვით უფალი ღმერთი მოიხმო!
ამ სიტყვებმა ყველანი ღრმად დაგვარწმუნა იმაში, რომ ბედკრული უოპსლი
მეტისმეტად შორს წავიდა და, სანამ დროა, თავისი დამღუპველი კარიერა უნდა
შეეწყვიტა.

უცნაურ ჯენტლმენს ავტორიტეტული იერი ჰქონდა. თავი მედიდურად ეჭირა,


თითქოს ყველა ჩვენგანის შესახებ ისეთი რამ იცოდა, რისი გამჟღავნებითაც
შეეძლო, ჩვენი ცხოვრება საგრძნობლად შეეცვალა. ის მერხის საზურგიდან
წამოიწია, ბუხრის წინ, ერთმანეთის პირისპირ მდგარ ორ მერხს შორის დადგა,
მარცხენა ხელი ჯიბეში ჩაიყო, მარჯვენის საჩვენებელ თითს კი ისევ იკვნეტდა.

– როგორც მამცნეს, – ყველას ერთად მოგვმართა, ვიდრე დამფრთხალნი


შევცქეროდით, – თქვენ შორის მჭედელი უნდა იყოს, სახელად ჯოზეფ – ან ჯო –
გარჯერი. სად არის ეს კაცი?

– ეს კაცი აგერ არის, – უპასუხა ჯომ.


უცნობმა ხელით თავისკენ მოიხმო და ჯო წამოდგა.

– თქვენ გყავთ შეგირდი, – განაგრძო უცნობმა, – რომელსაც ყველა პიპს


ეძახის. ისიც აქ არის?

– აქ ვარ! – გამოვეხმაურე.

უცნობმა ვერ მიცნო, მე კი ვიცანი – ის ჯენტლმენი იყო, მის ჰევიშემთან


მეორედ მისვლისას კიბეზე რომ შევეფეთე. იმწამსვე ვიცანი, როგორც კი
საზურგეს მიყრდნობილი დავინახე და ახლა, როცა მის წინ დავდექი და მანაც
მხარზე ხელი დამადო, დაწვრილებით მომაგონდა მისი დიდრონი თავი,
შავგვრემანი სახე, ღრმად ჩამჯდარი თვალები, ხშირი შავი წარბები, საათის
სქელი ძეწკვი, წვერ-ულვაშის ადგილას მკვეთრი შავი წერტილები და საპნის ის
სურნელიც კი ვიცანი, ვეება ხელზე რომ ასდიოდა.

– თქვენ ორს პირისპირ უნდა გესაუბროთ, – თქვა მას შემდეგ, რაც


აუჩქარებლად შემათვალიერა, – საუბარი საკმაოდ ხანგრძლივი იქნება და,
ვფიქრობ, ჯობია, თქვენს საცხოვრებელ ადგილას გადავინაცვლოთ. აქ არაფრის
თქმა არ მსურს. მოგვიანებით, თქვენივე სურვილისამებრ, შეგიძლიათ, ჩემგან
მოსმენილი თქვენს მეგობრებს გაუზიაროთ; მე ამასთან არაფერი მესაქმება.

"მხიარულ მეზღვაურთა" გაოცებულმა სტუმრებმა დუმილით გაგვაცილეს და


ჩვენც მდუმარედ გავუყევით გზას შინისაკენ. უცნობი ჯენტლმენი დროდადრო
გადმომხედავდა ხოლმე და ისევ ნუნას იკვნეტდა. როცა სახლს მივუახლოვდით,
ჯომ, რაკი ბუნდოვნად ხვდებოდა, რომ ოფიციალური საუბარი გველოდა, წინ
გაგვისწრო და მთავარი კარი გააღო. ერთადერთი სანთლით მკრთალად
განათებულ სასტუმრო ოთახში ვილაპარაკეთ.

უცნობი მაგიდას მიუჯდა, სანთელი ახლოს მიიდგა და უბის წიგნაკში


ჩანაწერებს გადახედა. მერე წიგნაკი შეინახა, სანთელი ოდნავ განზე გასწია და
სიბნელეში მე და ჯოს დაგვაკვირდა, თითქოს იმაში დასარწმუნებლად, თუ ვინ
რომელი ვიყავით.

– ჯეგერსი მქვია, ლონდონელი ადვოკატი ვარ, – დაიწყო კაცმა, – საკმაოდ


კარგად ვარ ცნობილი. უცნაური ამბავი უნდა გამცნოთ და იმის ახსნით დავიწყებ,
რომ აქ ჩემი სურვილით არ მოვსულვარ. ვისაც ჯერ არს, ჩემი რჩევა რომ
გაეთვალისწინებინა, აქ არ ვიქნებოდი. რაკი არ გაითვალისწინა, თქვენ წინაშე
ამიტომაც მხედავთ. მხოლოდ სხვა პიროვნების ღირსეული წარმომადგენლის
როლში გამოვდივარ. არც მეტი, არც ნაკლები.

რაკი თავისი ადგილიდან კარგად ვერ გვხედავდა, წამოდგა, ცალი ფეხი


სკამის საზურგეზე შემოდო და ზედ ჩამოეყრდნო, ისე, რომ ცალი ტერფი სკამის
დასაჯდომს დააბჯინა, მეორით ძირს იდგა.

– ჯოზეფ გარჯერი, დავალებული მაქვს, შემოგთავაზოთ, თუკი თქვენი


სურვილი იქნება, თქვენი ახალგაზრდა შეგირდისაგან გათავისუფლდეთ.
წინააღმდეგი ხომ არ იქნებით, თავისდა სასიკეთოდ, თქვენთან ხელობის
სწავლა შეწყვიტოს? რამეს ხომ არ მოითხოვთ ამის სანაცვლოდ?

– ღმერთმა დამიფაროს, პიპის სიკეთის სანაცვლოდ ჩემთვის რამე


მოვითხოვო! – შეიცხადა ჯომ.

– ღვთის ხსენება მორწმუნე კაცად წარმოგაჩენთ, მაგრამ აქ არ გამოდგება, –


მიუგო მისტერ ჯეგერსმა, – საკითხი ასე დგას: ითხოვთ თუ არა რამეს ამის
სანაცვლოდ? რამე გინდათ?

– ჩემი პასუხია: არა, – მტკიცედ უთხრა ჯომ.

მომეჩვენა, თითქოს მისტერ ჯეგერსმა ისეთი სახით გადახედა ჯოს, აქაოდა,


მსგავსი უანგარობა ნამდვილი სიბრიყვეაო. თუმცა მოლოდინითა და გაოცებით
იმდენად ვიყავი თავზარდაცემული, რომ, შესაძლოა, შევცდი კიდეც.

– ძალიან კარგი, – თქვა ჯეგერსმა, – გახსოვდეთ ეს თქვენი განცხადება და


სხვაგვარად მოქცევას ნურასოდეს შეეცდებით.

– რატომ გგონიათ, რომ შევეცდები? – აუხირდა ჯო.

– ასე არ მგონია. ძაღლი თუ გყავთ?

– დიახ, მყავს.

– მერედა, არ გაგიგონიათ ანდაზა, ყეფია ძაღლს მკბენარი ჯობსო? ეს ნუ


დაგავიწყდებათ და ნაკლები ილაპარაკეთ, – მისტერ ჯეგერსმა თვალები მოხუჭა
და ჯოს ისეთი სახით დაუკრა თავი, თითქოს რაღაცას პატიობსო, – ახლა კი ამ
ახალგაზრდას დავუბრუნდეთ. უნდა გამცნოთ, რომ მის წინაშე დიდი იმედები
იშლება.
მე და ჯომ შევიცხადეთ და ერთმანეთს გადავხედეთ.

– დავალებული მაქვს, მოვახსენო, რომ მას საკმაოდ დიდი სიმდიდრე


გადაეცემა. გარდა ამისა, უნდა ვამცნო, რომ სიმდიდრის ამჟამინდელი
მფლობელის მოთხოვნაა, ამ ახალგაზრდამ დაუყოვნებლივ თქვას უარი თავისი
ახლანდელი ცხოვრების წესსა და ადგილზე, რათა ჯენტლმენისათვის
შესაფერისი აღზრდა და განათლება მიიღოს – როგორც დიდი იმედების მქონე
ახალგაზრდამ.

ოცნება ამიხდა. ჩემი ახირებული ფანტაზია ცხად სინამდვილეს გადაეკვეთა.


მის ჰევიშემმა ჩემი გამდიდრება გადაწყვიტა!
– ახლა კი, მისტერ პიპ, – მომიბრუნდა მისტერ ჯეგერსი, – დანარჩენი
სათქმელით უშუალოდ თქვენ მოგმართავთ. თქვენი კეთილისმყოფლის
დავალებით უნდა გაცნობოთ, რომ მისი მოთხოვნაა, მთელი ცხოვრების
განმავლობაში სახელი "პიპი" ატაროთ. ვფიქრობ, დიდი მომავლის ფასად ასეთი
იოლი პირობის შესრულება არ გაგიჭირდებათ. მაგრამ თუ სამომავლოდ სახელის
შეცვლა გსურთ, გთხოვთ, ეს ახლავე მომახსენოთ.

გული ისე გამალებით მიცემდა და ყურებში ისეთი გუგუნი მედგა, რომ ძლივს
ამოვილუღლუღე, არ ვაპირებ-მეთქი.

– ასეც ვფიქრობდი! მეორე, რაც უნდა გაითვალისწინოთ, მისტერ პიკ, ისაა,


რომ თქვენი გულუხვი მწყალობლის ვინაობა საიდუმლოდ უნდა დარჩეს, ვიდრე
ის თვითონ არ ისურვებს მის გამჟღავნებას. უფლებამოსილი ვარ გამცნოთ, რომ
ეს პიროვნება პირადად აპირებს თქვენთვის ამის თქმას; თუმცა სად და როდის,
ამას ვერ მოგახსენებთ. ამას ვერავინ გეტყვით. შესაძლოა, ეს მრავალი წლის
შემდეგაც მოხდეს. მკაცრად გეკრძალებათ ამასთან დაკავშირებით ჩემი
გამოკითხვა, ასევე რამე ვარაუდის გამოთქმა, ანდა ამა თუ იმ პიროვნებაზე
მინიშნება. თუკი გულის სიღრმეში რამე ეჭვი ან ვარაუდი გაქვთ, გთხოვთ, გულის
სიღრმეშივე დაიტოვოთ. ამ აკრძალვის მიზეზებზე ფიქრით თავს ნუ
გაიცხელებთ; ეს, შესაძლოა, ძალზე საფუძვლიანი მიზეზებიც იყოს, შესაძლოა –
უბრალო ახირებაც. ეგ თქვენ არ გეკითხებათ. პირობა პირობაა და თქვენი
მხრიდან მისი მიღება და მომავალშიც მისდამი პასუხისმგებლობით მოკიდება –
აი, ესაა ბოლო პუნქტი, რასაც ის პიროვნება ითხოვს, ვისი დავალებითაც
ვმოქმედებ და ვის წინაშეც ამის გარდა სხვა პასუხისმგებლობა არ მაკისრია. ეს
ის პიროვნებაა, რომელსაც თქვენ სამომავლო იმედებს უნდა უმადლოდეთ. მისი
ვინაობა საიდუმლოდ დარჩება მასა და ჩემ შორის. ასეთ დიდ ქონებასთან
შედარებით არც ეს მგონია რთული პირობა, მაგრამ თუ რამე გაქვთ ამის
საწინააღმდეგო, უმჯობესია, ახლა განაცხადოთ. გისმენთ.

ისევ გაჭირვებით ამოვილუღლუღე, რომ საწინააღმდეგო არაფერი მქონდა.

– მეც ამ აზრის ვარ! მაშ, ასე, მისტერ პიპ, ამით პირობების ჩამოთვლას
მოვრჩი, – მართალია, მისტერ პიპს მიწოდებდა და პატივისცემით მეპყრობოდა,
მაგრამ მაინც ვერ მოიშალა მკაცრი კილო, დროდადრო ისევ ხუჭავდა თვალებს
და თითს ისე მიშვერდა, თითქოს, რომ ნდომებოდა, ჩემზე არაერთ სამხილს
გამოამზეურებდა, – ახლა სახელდობრ შეთანხმების წვრილმანებზე გადავიდეთ.
უნდა იცოდეთ, რომ, მართალია, არაერთხელ ვახსენე იმედები, თუმცა თქვენ
განკარგულებაში მხოლოდ იმედები როდია. ამჟამად უკვე ხელთ მაქვს ისეთი
თანხა, თქვენი განათლებისა და ცხოვრების ხარჯებს სავსებით რომ დაფარავს.
შეგიძლიათ, თქვენს მეურვედ მიგულოთ. ოჰ, – წამოიწყო, რადგან მისთვის
მადლობის თქმა დავაპირე, – აქვე გეტყვით, რომ თქვენი მფარველობისათვის
გასამრჯელოს ვიღებ, სხვა შემთხვევაში ამას არ ვიზამდი. თქვენს
კეთილისმყოფელს სურს, თქვენი ახალი მდგომარეობიდან გამომდინარე,
საუკეთესო განათლება მიიღოთ და, იმედი მაქვს, გესმით, რაოდენ
მნიშვნელოვანიცაა, ეს შესაძლებლობა დაუყოვნებლივ გამოიყენოთ.

ვუპასუხე, სწავლას მუდამ ვეშურებოდი-მეთქი.

– მნიშვნელობა არა აქვს, მუდამ რას ეშურებოდით, მისტერ პიპ, – მომიგო


კაცმა, – ეს დაიმახსოვრეთ. მთავარია, ახლა ეშურებოდეთ. ნიშნავს თუ არა
თქვენი პასუხი იმას, რომ მზად ხართ, დაუყოვნებლივ მიებაროთ კარგ
მასწავლებელს? ასეა?

დასტურით ვუპასუხე.

– კარგი. ახლა თქვენი მიდრეკილებების შესახებ უნდა გკითხოთ. ეს დიდად


გონივრულად არ მიმაჩნია, მაგრამ სწორედ ასეთი მითითება მივიღე. ხომ არ
გეგულებათ რომელიმე მასწავლებელი, ვისკენაც განსაკუთრებით გიწევთ გული?

ბიდისა და მისტერ უოპსლის ბებიდის გარდა, არცერთ სხვა მასწავლებელს არ


ვიცნობდი, ამიტომ უარყოფითი პასუხი გავეცი.

– მე კი მეგულება ერთი მასწავლებელი, რომელიც, ვფიქრობ, ამ შემთხვევაში,


გამოგვადგება, – შენიშნა მისტერ ჯეგერსმა, – გაითვალისწინეთ: მას
რეკომენდაციას არ ვუწევ, არასოდეს არავის ვუწევ რეკომენდაციას. ჯენტლმენი,
რომელსაც ვგულისხმობ, ვინმე მისტერ მეთიუ პოკეტი გახლავთ.

ეს სახელი მაშინვე მეცნო. მის ჰევიშემის ნათესავი. ის მეთიუ, ვისზეც მისის


კამილა და მისი ქმარი ლაპარაკობდნენ. სწორედ ის მეთიუ, რომელიც მის
ჰევიშემის გარდაცვალების შემდეგ, როცა მას პატარძლის კაბით საქორწინო
სუფრაზე დაასვენებდნენ, მის თავთით უნდა დამდგარიყო.

– ეს სახელი გეცნობათ? – გამჭოლი მზერა მესროლა მისტერ ჯეგერსმა, მერე


კი ჩემს პასუხს თვალდახუჭული დაელოდა.

ვუპასუხე, რომ ეს სახელი ადრეც მსმენოდა.

– ესე იგი, გსმენიათ! მაგრამ მე გეკითხებით, ამასთან დაკავშირებით თქვენ


რას გადაწყვეტთ?

ვუპასუხე, უფრო სწორად, ვცადე, მეპასუხა, რომ მისი დიდად მადლობელი


ვარ ამ რეკომენდაციისათვის...

– არა, ჩემო ნორჩო მეგობარო! – გამაწყვეტინა და დიდრონი თავი ძალიან


ნელა გააქნია, – აბა, გონება მოიკრიბეთ!

გონება არ მომიკრებია, ისე წამოვიწყე თავიდან, ამ რეკომენდაციისათვის


მადლობელი ვარ-მეთქი...

– არა, ჩემო ნორჩო მეგობარო! – ისევ თავის ქნევით გამაწყვეტინა, თან


შუბლი შეკრა, თან გაეღიმა, – არა, არა და არა. კარგია, მაგრამ არ გამოდგება.
ჯერ მეტისმეტად ახალგაზრდა ხართ და ვერ გამაცურებთ, სიტყვა
"რეკომენდაცია" აქ არ გამოდგება, სხვა სცადეთ.

მერეღა გამოვასწორე შეცდომა და ვთქვი, მადლობელი ვარ, რომ მისტერ


მეთიუ პოკეტი ახსენეთ-მეთქი...

– აი, ეს სხვა საქმეა! – შესძახა მისტერ ჯეგერსმა.

დავძინე, რომ ამ ჯენტლმენს სიამოვნებით გავესაუბრებოდი.


– კარგია. აჯობებს, ეს მისივე სახლში სცადოთ. საამისო ნიადაგს შევამზადებ,
თავდაპირველად კი შეგეძლებათ, ლონდონში მის ვაჟიშვილს შეხვდეთ.
როდისთვის მოახერხებთ ლონდონში ჩამოსვლას?

ვუპასუხე (თან პირდაღებულ და თავზარდაცემულ ჯოს გადავხედე), რომ, ჩემი


ვარაუდით, ამას დაუყოვნებლივ შევძლებდი.

– უპირველესად, – მითხრა მისტერ ჯეგერსმა, – ახალი ტანისამოსი


დაგჭირდებათ და ეს ხელოსნის ტანისამოსი არ უნდა იყოს. ასე რომ, ერთ
კვირაში. ფული გენდომებათ. ოც გინეას დაგიტოვებთ.

უკიდურესი გულგრილობით ამოიღო მოგრძო საფულე, მონეტები მაგიდაზე


გადათვალა და ჩემკენ გამოაცურა. მთელი საუბრის განმავლობაში ახლა
პირველად ჩამოიღო სკამიდან ფეხი. როცა ფული გამომიცურა, სკამს, როგორც
უნაგირს, ისე გადააჯდა და საფულე ჰაერში აიქნია.

– რაო, მისტერ გარჯერი? გაოგნებული ჩანხართ.

– ვარ კიდეც, – დაჟინებით უპასუხა ჯომ.

– თქვენი სიტყვები ხომ არ დაგვიწყებიათ, სამაგიეროდ არაფერს ვითხოვო?

– არ დამვიწყებია. და არც არასდროს დამავიწყდება, – უთხრა ჯომ.

– იმაზე რას იტყოდით, – მისტერ ჯეგერსმა კვლავ აიქნია საფულე, –


დავალებული რომ მქონოდა, თქვენთვის რამე მეჩუქებინა, ერთგვარი საზღაური
გადამეხადა?

– საზღაური რისთვის? – ჩაეკითხა ჯო.

– შეგირდის დაკარგვისათვის.

ჯომ ნაზად დამადო მხარზე ხელი. შემდგომში, ამის გახსენებისას, ხშირად


მიფიქრია, რომ ძალისა და სისათუთის შეხამებით ჯო ორთქლის უროს ჰგავს,
რომელსაც ადამიანის გასრესაც ძალუძს და კვერცხის ნაჭუჭთან დაუზიანებლად
შეხებაც.

– თუკი პიპს შეგირდობის შეწყვეტა სურს, მისი წარმატება და გამდიდრება


უსაზღვროდ გამიხარდება. მაგრამ თქვენ თუ გგონიათ, ფული შემიცვლის იმ
ციცქნა ბავშვს, ოდესღაც სამჭედლოში რომ მივიყვანე... და მას მერე საუკეთესო
მეგობრად მექცა!..

ეჰ, ჩემო ტკბილო ჯო, რა ადვილად დაგთმე და რა უმადურად მოგექეცი!


ახლაც თვალწინ მიდგახარ: მჭედლის მძლავრი ხელი თვალებზე აგიფარებია,
ფართო მკერდი გითრთის და ხმა გიწყდება. ძვირფასო, ერთგულო და სათუთო
ჯო, სიყვარულით აცახცახებული შენი ხელის შეხება ახლა ანგელოზის ფრთის
შეხებასავით სპეტაკად მესახება!

იმ წუთებში კი ჯოს ნუგეშის ცემას შევეცადე. მართალია, მომავალი


კეთილდღეობის ლაბირინთში თავგზააბნეულმა, იმ ბილიკებს ვეღარ მივაგენი,
სადაც ოდესღაც ერთად დავაბიჯებდით, თუმცა მაინც ვთხოვე,
დამშვიდებულიყო, რადგან (როგორც თვითონ თქვა) საუკეთესო მეგობრები
ვიყავით და (ეს უკვე მე ვთქვი) მუდამ მეგობრებად დავრჩებოდით. ჯომ
თავისუფალი ხელით ისე მაგრად მოისრისა თვალები, თითქოს მათ ამოგდებას
აპირებდა, მაგრამ ხმა აღარ ამოუღია.

მისტერ ჯეგერსი ისე გვადევნებდა თვალს, გეგონება ჯო გიჟი ყოფილიყო, მე


კი – მისი მომვლელი. ამ სცენის დასრულების შემდეგ საფულე აღარ მოუქნევია,
მხოლოდ ხელში აწონ-დაწონა და თქვა:

– ჯოზეფ გარჯერი, გაფრთხილებთ, ეს თქვენი უკანასკნელი შანსია. უკან აღარ


დავიხევ. თუკი აპირებთ, მიიღოთ საჩუქარი, რომლის თქვენთვის გადმოცემაც
დამევალა, ახლავე თქვით და მიიღებთ კიდეც. ხოლო თუ პირიქით, იმის თქმა
გსურთ, რომ... – მაგრამ უეცრად ჯომ სიტყვა გააწყვეტინა, რადგან ისეთი იერით
წაიწია მისკენ, უეჭველი იყო, ჩხუბს აპირებდა.

– მე იმის თქმა მსურს, – იყვირა ჯომ, – თუკი ჩემს სახლში იმისთვის


მოსულხართ, რომ დამცინოთ და მასხრად ამიგდოთ, ჯობია, აქედან დაიკარგოთ!
მე იმის თქმა მსურს, რომ, თუ კაცი ხარ, მოდი და დამიდექი! მე რისი თქმაც
მსურს, იმას ვამბობ კიდეც და ჩემს სიტყვას აღარ გადავთქვამ!

ჯო უკან გავწიე. დაცხრა. მერე მომიბრუნდა და ყველას გასაგონად, ვისაც კი


ეს ეხებოდა, თავაზიანი გაფრთხილების სახით ერთხელაც მამცნო, ჩემს სახლში
ჩემ დაცინვასა და მასხრად აგდებას ვერ მოვითმენო. ჯოს ამ გამოსვლისას
მისტერ ჯეგერსი ადგა და კარისკენ დაიხია. ოთახში დაბრუნებას აშკარად აღარ
აპირებდა, კარიდანვე მომაწვდინა გამოსამშვიდობებელი სიტყვები:
– ვფიქრობ, მისტერ პიპ, რაკი ჯენტლმენობა გაქვთ გადაწყვეტილი, აჯობებს,
აქაურობას, რაც შეიძლება, დროულად მოშორდეთ. მაშ, ერთ კვირას ნუღარ
გადააცილებთ, მანამდე კი ჩემს მისამართს გამოგიგზავნით. ლონდონში,
ფოსტის სადგურზე შეგიძლიათ, ეტლი აიყვანოთ და მაშინვე ჩემთან
მობრძანდეთ. კარგად შეიგნეთ, რომ თქვენს მეურვეობასთან დაკავშირებით
ჩემს აზრს არ გამოვთქვამ, მხოლოდ იმას ვასრულებ, რისთვისაც მიხდიან. ეს
კარგად გაიაზრეთ, გესმით?

ამ სიტყვებით რამდენჯერმე გამოიშვირა ჩვენკენ თითი და, შესაძლოა,


სიტყვა გაეგრძელებინა კიდეც, მაგრამ, როგორც ჩანს, ჯო საშიშად ჩათვალა,
გატრიალდა და წავიდა.

უეცარმა აზრმა მაიძულა, უკან დავდევნებოდი "სამი მეზღვაურისკენ"


მიმავალს, სადაც დაქირავებული ეტლი ელოდა.

‒ მომიტევეთ, მისტერ ჯეგერს!

– დიახ! – მომიბრუნდა, – რა ხდება?

– მინდა, თქვენი მითითებები უშეცდომოდ შევასრულო, მისტერ ჯეგერს,


ამიტომაც გეკითხებით. წინააღმდეგი ხომ არ იქნებით, წასვლამდე ყველა აქაურ
ნაცნობს რომ დავემშვიდობო?

– არა, – ისეთი სახით მიპასუხა, ეტყობოდა, მთლად ვერ მიმიხვდა.

– მხოლოდ ჩემს სოფელში კი არა, ქალაქშიც?..

– არა, – დამიდასტურა, – არ ვიქნები წინააღმდეგი.

მადლობა გადავუხადე და შინ რომ მივირბინე, ჯოს მთავარი შესასვლელი


უკვე დაეკეტა, სასტუმრო ოთახიც მიელაგებინა, სამზარეულოს ბუხართან იჯდა,
ხელები მუხლებზე დაეკრიფა და ცეცხლს ჩაჰყურებდა. მეც ბუხარს მივუჯექი და
მუგუზლებს ჩავაცქერდი. კარგა ხანს არცერთს არ ამოგვიღია ხმა.

ჩემი და თავის კუთხეში ბალიშებიან სავარძელში იჯდა. ბიდი ბუხრის წინ


კერავდა. ჯო ბიდის გვერდით იჯდა, მე კი – ჯოს გვერდით, ჩემი დის
საპირისპირო
კუთხეში. რაც მეტს ვუცქერდი ალმოდებულ მუგუზლებს, მით უფრო შეუძლებლად
მესახებოდა ჯოსთვის თვალის გასწორება; რაც უფრო გრძელდებოდა დუმილი,
მით უფრო მიჭირდა საუბრის წამოწყება. როგორც იქნა, ამოვთქვი:

– ჯო, ბიდის უკვე უთხარი?

– არა, პიპ, – ჯოს ცეცხლისათვის თვალი არ მოუცილებია და მუხლებსაც ისე


მაგრად ჩაფრენოდა, თითქოს შეიტყო, რომ სადღაც გაპარვა ჰქონიათ
განზრახული, – ეგ საქმე შენ დაგიტოვე, პიპ.

– მირჩევნია შენ უთხრა, ჯო.

– მაშ, კარგი: პიპი დღეიდან მდიდარი ჯენტლმენია, – თქვა ჯომ, – და


ღმერთმა ხელი მოუმართოს ამაში!

ბიდის ხელსაქმე კალთაში ჩაუვარდა, მომაჩერდა. მუხლებზე


ხელებდაკრეფილი ჯოც მომჩერებოდა. მე ორივეს მივჩერებოდი. დუმილის
შემდეგ ორივემ ერთხმად მომილოცა, მაგრამ მათ აღტაცებულ სიტყვებს
ნაღვლიანი ელფერი დაჰკრავდა, რამაც გული მატკინა.

მთელი პასუხისმგებლობით შევეცადე, ბიდისთვის (მისი მეშვეობით კი


ჯოსთვისაც) შთამეგონებინა, რომ ჩემს ყველა მეგობარს უმკაცრესად
ეკრძალებოდა ჩემი მწყალობლის ვინაობის დადგენა თუ გამომჟღავნება. ჩემი
აზრით, თავის დროზე ყველაფერი გაირკვეოდა, მანამდე კი მხოლოდ იმის თქმა
შეგვეძლო, რომ იდუმალმა პიროვნებამ ცხოვრებაში დიდი იმედები გამიჩინა.
ბიდიმ ჩაფიქრებული სახით დაუქნია თავი ბუხრის ცეცხლს, კვლავ ხელსაქმეს
მიუბრუნდა და მიპასუხა, ამას გავითვალისწინებო. ჯომაც, მუხლებიდან ხელის
აუღებლად, კვერი დაუკრა:

– ჰო, მეც, მეც გავითვალისწინებ, პიპ, – რის შემდეგაც ისევ მოლოცვებით


ამავსეს და ისეთი გაოცებით ალაპარაკდნენ ჩემ მომავალ ჯენტლმენობაზე, თავი
უხერხულად ვიგრძენი.

ამის შემდეგ ბიდიმ უსაშველო ძალისხმევა დაახარჯა იმას, რომ ჩემი


დისთვის ახალი ამბავი გაეგებინებინა, თუმცა, დარწუნებული ვარ, მისმა
მცდელობებმა სულ ფუჭად ჩაიარა. ქალმა გულიანად იცინა, თავსაც უქნევდა და
კიდეც გაიმეორა ბიდის წარმოთქმული სიტყვები: "პიპი" და "ქონება". მაგრამ არა
მგონია, მათ მისთვის იმაზე მეტი აზრი ჰქონოდა, ვიდრე საარჩევნო შეძახილებს
– და არ მახსენდება, მისის ჯოს გონება ოდესმე ამაზე უფრო სავალალო
მდგომარეობაში ყოფილიყო, ვიდრე იმ საღამოს.

ეს რომ თვითონვე არ გამომეცადა, ვერ დავიჯერებდი, თუმცა, ჯო და ბიდი რაც


უფრო გახალისდნენ, მე უფრო და უფრო წამიხდა გუნება. ცხადია, ჩემი ბედით
უკმაყოფილო ვერ ვიქნებოდი, მაგრამ სავსებით შესაძლებელია,
გაუცნობიერებლად, საკუთარი თავით ვყოფილიყავი უკმაყოფილო.

ასე თუ ისე, მუხლზე იდაყვჩამოყრდნობილი და ხელისგულზე


ნიკაპდადებული ვიჯექი და ცეცხლს მივშტერებოდი, ვიდრე იმაზე საუბრობდნენ,
როცა წავიდოდი, უჩემოდ რას იზამდნენ. და, როცაკი ჩემკენ მომართულ მათ
კეთილგანწყობილ მზერას ვიჭერდი (განსაკუთრებით ხშირ-ხშირად ბიდი
გადმომხედავდა ხოლმე), თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობდი, თითქოს
უნდობლობას ვამჩნევდი, თუმცა, ღმერთია მოწმე, მსგავსი გრძნობა არცერთს არ
გაუვლია გულში.

ასეთ წუთებში ვდგებოდი, კართან მივდიოდი და გარეთ ვიყურებოდი. ჩვენი


სამზარეულოს კარი პირდაპირ ეზოში გადიოდა და ზაფხულში, საღამოობით ღიას
ვტოვებდით ოთახის გასანიავებლად. ვაღიარებ, ახლა, ზღურბლიდან რომ
ავყურებდი, ვარსკვლავებიც კი მდაბიოდ და უბადრუკად მეჩვენებოდა, რაკიღა
ჩემს მშობლიურ, სოფლურ საგნებსა და გარემოს დაჰნათოდნენ.

– შაბათ საღამოს, – ვთქვი, როცა ყველ-პურითა და ლუდით ვახშმობას


შევუდექით, – ხუთი დღეღა რჩება და... მერე უკვე ზეგ იქნება! ეს ხუთი დღე
მალე
ჩაივლის.

– ჰო, პიპ, – ყრუდ ჩაილაპარაკა ლუდის კათხაში სახეჩარგულმა ჯომ, – მალე


ჩაივლის.

– მალე, მალე ჩაივლის, – დაგვეთანხმა ბიდიც.

– იცი, რა ვიფიქრე, ჯო? ორშაბათს ქალაქში რომ წავალ და ახალ ტანისამოსს


შევუკვეთავ, მკერავს ვეტყვი, რომ პირდაპირ ლონდონში გამგზავრების წინ
გავუვლი და მასთან ჩავიცვამ, ანდა ვთხოვ, მისტერ პამბლჩუკთან
დამახვედროს. აქ რომ ახალი ტანსაცმლით გამოვჩნდე, ყველა თვალიერებას
დამიწყებს და ეს არ მესიამოვნება.

– მისტერ და მისის ჰაბლებს შეიძლება ნახვა მოუნდეთ, ჯენტლმენის როლში


როგორ გამოიყურები, პიპ, – მითხრა ჯომ, რომელიც მარცხენა ხელისგულზე
დადებულ ყველსა და პურს ოსტატურად ჭრიდა, თან ჩემი ხელუხლებელი
ულუფისკენ აპარებდა თვალს, თითქოს იმ დროს იხსენებდა, როცა პურის ჭამაში
ერთურთს ვეჯიბრებოდით, – ასევე, უოპსლსაც. "სამ მეზღვაურშიც" თუ შეივლი,
ამას პატივისცემად ჩაგითვლიან.

– სწორედ ეს არ მსურს, ჯო. ერთ ამბავს ატეხენ, იყაყანებენ, ამას ვერ ავიტან.

– მაშ, კარგი, პიპ, – დამეთანხმა ჯო, – თუკი ვერ აიტან, რა გაეწყობა...

ბიდიმ, რომელსაც ჩემი დის თეფში ეკავა, მკითხა:

– იმაზე თუ იფიქრე, ჩვენ როდის გვეჩვენები – მისტერ გარჯერის, შენს დასა


და მე? ხომ გვეჩვენები ახალ კოსტიუმში გამოწყობილი?

– ბიდი, – ვუპასუხე ერთგვარი გაღიზიანებით, – შენ ისე საოცრად სწრაფი ხარ,


ვერ გეწევი.

– თავის დღეში ასეთი სწრაფი იყო, – შენიშნა ჯომ.


– კიდევ ერთ წუთსაც რომ მოგეცადა, ბიდი, ვიტყოდი, რომ რომელიმე
საღამოს ახალ ტანსაცმელს ფუთით მოვიტან – ალბათ, უფრო ჩემი წასვლის წინა
საღამოს.

ბიდიმ აღარაფერი მიპასუხა. მეც დიდსულოვნად მივუტევე, მალე ხალისიანად


ვუსურვე ორივეს ძილი ნებისა და ჩემს პატარა საძინებელს მივაშურე. ჩამოვჯექი
და ერთხანს ვათვალიერებდი ამ ღარიბულ ოთახს, რომელსაც სულ მალე
სამუდამოდ მივატოვებდი. ო, რა განუზომლად ავმაღლდებოდი მასზე! მაგრამ,
რაკი ის ჩემი სიყრმის ჯერაც ცოცხალი განცდებით იყო სავსე, მაშინვე გაორება
დამეუფლა მასა და მომავალ კეთილმოწყობილ ოთახებს შორის, ზუსტად ისევე,
როგორც მანამდე სამჭედლოსა და მის ჰევიშემის სახლს ანდა ბიდისა და
ესტელას შორის ვიხლიჩებოდი.

ჩემი სხვენის სახურავს მთელი დღე მზე აჭერდა და ოთახში ცხელოდა. როცა
ფანჯარა გამოვაღე და გარეთ გავიხედე, დავინახე, ჯო ნელა როგორ გამოვიდა
კარში და ეზოს ორიოდე წრე შემოუარა. მერე ბიდიც გამოვიდა, ჩიბუხი გაუწოდა
და ცეცხლიც მოაკიდებინა. ჩვეულებრივ ჯო ასე გვიან არასოდეს ეწეოდა. ამან
მაფიქრებინა, აღელვებული იქნება და ამით თავს თუ იმშვიდებს-მეთქი.
ერთხანს ზუსტად ჩემ ქვემოთ იდგა ზღურბლზე ჩიბუხით ხელში, ბიდიც
გვერდით ედგა. ვიცოდი, ჩემზე საუბრობდნენ, რადგან არაერთხელ მომესმა ჩემი
სახელი, რომელსაც ორივე ალერსიანად წარმოთქვამდა. ყურის გდებას არ
ვაპირებდი, თუმცა სიტყვები არც კი მესმოდა. ფანჯარას მოვცილდი და საწოლის
გვერდით, სავარძელში ჩავჯექი. საშინლად მეუცნაურა, ჩემი ახალი,
გაცისკროვნებული ცხოვრების ამ პირველ საღამოს თავს ასე უსაშველოდ
მარტოდ რომ ვგრძნობდი.

ღია ფანჯარას გავხედე, ჯოს ჩიბუხისგან ამოსული მსუბუქი კვამლი დავლანდე


და მომეჩვენა, რომ ამგვარად დამილოცა გზა – მისი დალოცვა ხმამაღალი არ
ყოფილა, არამედ კვამლივით იმ ჰაერს შეერია, რომელსაც ორივე ვსუნთქავდით.
სანთელს სული შევუბერე და საწოლში შევძვერი. ძველებურად მყუდრო აღარ
მეჩვენა და ამ საწოლში ბავშვობის ტკბილი ძილი აღარ მღირსებია.
19

დილამ ცხოვრებაზე შეხედულებები შემიცვალა და ყველაფერს ისეთი


ნათელი შუქი მოჰფინა, ერთიანად ვიცვალე ფერი. ახლა ყველაზე მძიმედ ის
მაწვა გულზე, გამგზავრებამდე კიდევ ექვსი დღე რომ მრჩებოდა. გამუდმებით
მხრავდა დარდი, ვაითუ ამასობაში ლონდონს რამე დამართოდა და ჩემი იქ
ჩასვლისათვის ან მის ბრწყინვალებას მოჰკლებოდა რამე, ან იქნებ სრულიადაც
გამქრალიყო მიწის პირიდან.

როცაკი ჩვენი განშორების შესახებ საუბარს წამოვიწყებდი, ჯო და ბიდი


სიხარულითა და თანაგანცდით ამყვებოდნენ ხოლმე, მაგრამ ამ თემას თვითონ
არასოდეს ეხებოდნენ. საუზმის შემდეგ ჯომ სასტუმრო ოთახის კარადიდან ჩემი
შეგირდობის ხელშეკრულება გამოიტანა და ბუხარში დავწვით. ამის შემდეგ
სრულიად თავისუფლად ვიგრძენი თავი. ამ უჩვეულო დამოუკიდებლობის
განცდით აღვსილი, ჯოსთან ერთად ეკლესიაში წავედი. როცა მღვდელს
ვუგდებდი ყურს, გამეფიქრა, მას რომ ჩემი ამბავი სცოდნოდა, ალბათ, მდიდარსა
და ცის სასუფეველზე აღარაფერს იტყოდა-მეთქი.

ადრეული სადილის შემდეგ მარტო გავედი სასეირნოდ. გადაწყვეტილი


მქონდა, ახლავე გამოვთხოვებოდი ჭაობებს და მეტად აღარ დავბრუნებოდი.
ეკლესიას როდესაც ჩავუარე, ისევ ის დიდსულოვანი სიბრალული ვიგრძენი,
რასაც წირვის განმავლობაშიც განვიცდიდი ამ უბედური ხალხისადმი, მთელი
ცხოვრება, კვირიდან კვირამდე აქ სასიარულოდ რომ იყვნენ განწირულნი და
საბოლოოდ, სრულიად მივიწყებულთ, აქაურ მწვანე ბორცვებქვეშ მოუწევდათ
განსვენება. საკუთარ თავს შევპირდი, მათთვის რამეს გავაკეთებდი. გავიფიქრე
კიდეც, რომ თითოეულ სოფლელს მოწყალების დიდი ულუფით
გავუმასპინძლდებოდი – როსტბიფით, ქიშმიშიანი პუდინგითა და თითო პინტა
ლუდით.

თუკი წინათ სირცხვილით ვიხსენებდი ამ საფლავებს შორის კოჭლობით


შემოპარულ პატიმართან შეხვედრას, ადვილი წარმოსადგენია, რა გრძნობა
დამეუფლებოდა იმ კვირა დღეს, აქაურობამ კვლავ ის აცახცახებული,
ჩამოკონკილი, ფეხზე ბორკილშებმული გლახაკი რომ მომაგონა! ისღა
მანუგეშებდა, ეს ყველაფერი დიდი ხნის წინათ რომ მოხდა, მას უეჭველად
სადმე შორს წაიყვანდნენ; ამდენად, ჩემთვის მკვდარი იყო და, შესაძლოა,
მართლაც უკვე იმ ქვეყნის გზას დასდგომოდა.

მორჩა! აღარც ეს ტალახიანი გზები, აღარც რაბები და ჯებირები, აღარც ეს


მუდამ მცოხნავი ნახირი – თუმცა ამჯერად ძროხები, მართალია, ძველებური ტლუ
იერით, მაგრამ თითქოს მეტი მოწიწებით შემომყურებდნენ, თავს აბრუნებდნენ,
რათა ასეთი დიდი იმედების პატრონი უკეთ შეეთვალიერებინათ. მშვიდობით,
ჩემო ბავშვობის ერთფეროვანო თანამგზავრებო, წინ ლონდონი და დიდება
მელის. მჭედლის ხელობა და თქვენთან გაბაასება აღარ მეკადრება!
ფრთაშესხმულმა მივაღწიე ძველ სანგარს, იქ მივწექი და იმაზე ფიქრში
ჩამეძინა, მის ჰევიშემი ესტელაზე დაქორწინებას თუ მიპირებდა.

გაღვიძებულს გამიკვირდა, როცა ჩემ გვერდით ჩამომჯდარი ჯო დავინახე.


ჩიბუხს ეწეოდა. თვალი როგორც კი გავახილე, თავისი მშვიდი ღიმილი მომაგება.

– რაკი ეს ბოლო გასეირნებაა, პიპ, გადავწყვიტე, მეც გამოვსულიყავი.

– რა კარგი ქენი, ჯო!

– გმადლობ, პიპ.

ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით, მერე კი დავარწმუნე:

– წუთითაც არ იფიქრო, ჯო, რომ ოდესმე დაგივიწყებ.

– არა, პიპ, რას ამბობ! – მანუგეშებელი კილოთი მიპასუხა, – ამაში ეჭვი არ


მეპარება. აბა, მაშ, როგორ, ძმობილო! უბრალოდ, კაცის გონებას ცოტაოდენი
დრო სჭირდება ამ ყველაფრის გადასახარშად. ამხელა სიახლე სულ
მოულოდნელად დაგვაცხრა თავს, ასე არ არის?

რატომღაც დიდად არ მესიამოვნა ის, რომ ჯო ჩემში ასე ძალიან იყო


დარწმუნებული. მერჩივნა, ოდნავ მაინც დაეჭვებულიყო, ანდა ეთქვა: "ეს
საუკეთესოდ გახასიათებს, პიპ", ან კიდევ რამე მსგავსი. ამიტომაც ჯოს პირველი
მოსაზრებისათვის პასუხი არ გამიცია, მეორეზე კი მივუგე, მოვლენები მართლაც
მოულოდნელად კი განვითარდა, მაგრამ ჯენტლმენობა მუდამ მსურდა და იმაზეც
ხშირად მიფიქრია, ნატვრა რომ ამხდენოდა, რას მოვიმოქმედებდი-მეთქი.
– ნუთუ მართლა? – შეიცხადა ჯომ, – საოცარია!

– განა დასანანი არ არის, ჯო, ჩვენი აქაური მეცადინეობისას უფრო მეტად


რომ არ გარჯილხარ?

– აბა, რა გითხრა, პიპ. საშინლად სულელი ვარ. ჩემი ხელობის გარდა სხვა
არაფერი გამეგება. ჩემი სისულელე სულმუდამ დასანანი იყო, მაგრამ განა ახლა
უფრო მეტადაა დასანანი, ვიდრე, ვთქვათ, შარშან ႠႫ ႣႰႭႱ € „

მე ის ვიგულისხმე, რომ ახლა, როდესაც ბედს ვეწიე და ჯოსთვისაც სიკეთის


ქმნას შევძლებდი, ბევრად აჯობებდა, ის ამ სოციალური წინსვლისათვის უკეთ
ყოფილიყო შემზადებული. მაგრამ ჯო იმდენად გულუბრყვილოდ შორს იყო
მსგავსი აზრისაგან, ვარჩიე, ამ თემაზე ბიდისთან მელაპარაკა.

ასე რომ, შინ დაბრუნებულმა, ჩაის შემდეგ ბიდი ჩვენს პატარა ქუჩისპირა
ბაღში გავიყვანე. თავდაპირველად გავამხნევე და მხურვალედ დავარწმუნე,
არასოდეს დაგივიწყებ-მეთქი, მერე კი ვუთხარი, რომ მასთან ერთი სათხოვარი
მქონდა.

– აი, ჩემი თხოვნა, ბიდი, როცა წავალ, როცაკი შეძლებ, ჯოს დაეხმარე.

– რაში დავეხმარო? – მკითხა ბიდიმ და დაჟინებით შემომხედა.

– მოკლედ, ხომ გესმის, ჯო კარგი ვინმეა და, მგონი, მასზე უკეთესს არც
არავის ვიცნობ, მაგრამ ბევრ რამეში ჩამორჩენილია, ბიდი. განსაკუთრებით, რაც
წერა-კითხვასა და ქცევის წესებს შეეხება.

მართალია, ლაპარაკისას ბიდის დაჟინებით ვუყურებდი, მასაც თვალები


ფართოდ ჰქონდა გახელილი, მაგრამ მზერას მაინც მარიდებდა.

– ქცევის წესები? განა უწესოდ იქცევა? – მკითხა და შავი მოცხარის ფოთოლი


მოწყვიტა.

– ბიდი, ჩემო კარგო, მისი ქცევები აქაურობისთვის კი ივარგებს, მაგრამ...

– მაშ, აქაურობისთვის ივარგებს?.. – ხაზგასმულად გაიმეორა ბიდიმ და


ფოთოლს დაჟინებით ჩააკვირდა.
‒ ყური დამიგდე, როცა ჯოს მაღალ საზოგადოებაში შევიყვან (მე კი ამას
აუცილებლად ვიზამ, როგორც კი ჩემს ქონებას სრულად დავეპატრონები), მისი
ქცევის წესები მას მთლად სახარბიელოდ არ წარმოაჩენს...

– და, როგორ ფიქრობ, მან ეს თვითონ არ იცის? – მკითხა ბიდიმ.

ამ შეკითხვამ სახტად დამტოვა, რადგან მსგავსი რამ აქამდე თავშიც კი არ


მომსვლია, და, ცოტა არ იყოს, უხეშადაც კი ვკითხე:

– ამით რას გულისხმობ, ბიდი?

ბიდიმ ამასობაში თითებით ფოთოლი დასრისა და შავი მოცხარის ბუჩქის


სურნელი მას მერე მუდამ იმ ქუჩისპირა ბაღში გატარებულ საღამოს მაგონებს.

– იმაზე თუ გიფიქრია, რომ მასაც თავისი სიამაყე აქვს? – მკითხა ბიდიმ.


– სიამაყე? – გავიმეორე ლამის აგდებით.

– ოჰ! სიამაყე ბევრნაირია! – ბიდიმ დაჟინებით შემომხედა თვალებში და


თავი გააქნია, – ქვეყნად მხოლოდ ერთი სახის სიამაყე როდი არსებობს...

– ჰო, რაღას გაჩუმდი? – ჩავეკითხე.

– ის სხვადასხვანაირია, – განაგრძო ბიდიმ, – ჯოს სიამაყემ შეიძლება ვერ


აიტანოს, ვინმემ რომ თავის ჩვეულ გარემოს მოაცილოს, სადაც მას საკუთარი
ადგილი ღირსეულად უკავია და პატივისცემასაც იმსახურებს. ვფიქრობ, ასეც
არის, მაგრამ ჩემი მხრიდან ამის თქმა კადნიერებაა: შენ მას ჩემზე ბევრად უკეთ
იცნობ.

– ბიდი, ძალიან მწყდება გული, ამას რომ ამბობ. ამას შენგან არ მოველოდი,
ბიდი. ამას შური და ბოღმა გალაპარაკებს. ჩემი წინსვლა შეგშურდა და ამას
ვერც კი მალავ.

– თუკი მართლაც ასე ფიქრობ, თქვი, – მიპასუხა ბიდიმ, – ერთხელაც


გაიმეორე, თუკი შენი სინდისი ამის უფლებას მოგცემს.

– თუკი შენი სინდისი გაძლევს ამის თქმის უფლებას, ესე იგი, ასეცაა, –
პატიოსანი აღშფოთების კილოთი ვუპასუხე, – ამის ჩემთვის გადაბრალებას ნუ
ეცდები. შენში ასეთ თვისებას რომ ვხედავ, გული მტკივა. ეს ადამიანის ბუნების
ძალიან ცუდი მხარეა. მინდოდა, მეთხოვა, ჩემი წასვლის შემდეგ ჩემი ძვირფასი
ჯოსთვის ჭკუა დაგერიგებინა, მაგრამ ამიერიდან აღარაფერს გთხოვ. ძალიან
მტკივა გული, ამას შენში რომ ვამჩნევ, – გავიმეორე, – ეს ადამიანის ძალიან
ცუდი თვისებაა.

– გინდ დამძრახო, გინდ მაქო, მაინც მუდამ შეგიძლია, ჩემი იმედი გქონდეს
და, რაც კი აქ ძალმიძს, ყველაფერს ვიღონებ, – მითხრა საბრალო ბიდიმ, – და
რასაც არ უნდა ფიქრობდე ჩემზე, იცოდე, შენზე აზრს არასოდეს შევიცვლი. ერთი
რამ კი დაიმახსოვრე: ჯენტლმენს უსამართლობა არ უხდება, – დასძინა და
მიტრიალდა.

აღელვებულმა კიდევ ერთხელ ჩავაგონე, შური ადამიანის ბუნების ცუდი


მხარეა-მეთქი (ამ მტკიცების სისწორეში მას მერე არაერთხელ დავრწმუნდი,
თუმცა ამჯერად ის არასწორი მიმართულებით გამოვიყენე). მერე ბიდი დავტოვე
და ბილიკს გავუყევი, ის კი შინ შევიდა. ბაღის ჭიშკარში გავედი და ვახშმამდე
უმიზნოდ ვიხეტიალე. ისევ გულისტკენით გავიკვირვე, რატომ იყო, რომ ჩემი
დიდი გაბედნიერების მეორე საღამო პირველივით მარტოსული და მწარე
გამოდგა.

თუმცა დილამ კვლავ გამახალისა, ბიდი გულკეთილად შევიწყალე და ეს


შემთხვევა ორივემ დავივიწყეთ. ჩემი საუკეთესო ტანსაცმელი ჩავიცვი, ქალაქში
შეძლებისდაგვარად ადრე წავედი, თან ისე, რომ მაღაზიებიც ღია დამხვედროდა,
და მკერავ მისტერ ტრებს გამოვეცხადე. ის თავისი მაღაზიის უკანა ოთახში
საუზმობდა და, რაკი იმის ღირსად არ ჩამთვალა, რომ ჩემთან გამოსულიყო,
თავისთან მიმიპატიჟა.

– აბა! – ძმაბიჭურად აგდებული კილოთი მომმართა მისტერ ტრებმა, – როგორ


გიკითხო და რით გემსახურო?

ცხელ-ცხელი ფუნთუშა სამ ფენად დაეჭრა და ამ ფენებს შორის კარაქს


ისვამდა. ტრები შეძლებული, ჭარმაგი ბერბიჭა იყო. მისი ოთახის ღია ფანჯარაში
მშვენივრად მოვლილი ხეხილის ბაღი და ეზო მოჩანდა, ხოლო ბუხრის გვერდით,
კედელში კარგა გვარიანი რკინის კარადა იყო ჩაშენებული, რომელშიც, ეჭვი არ
მეპარება, სახლის პატრონი მსუქან-მსუქანა ტოპრაკებით ფულს ინახავდა.

– მისტერ ტრებ, – წამოვიწყე, – მერიდება ამის თქმა, რადგან თავის


ქებასავით გამომდის, მაგრამ უნდა მოგახსენოთ, რომ დიდი ქონების პატრონი
გავხდი.

მისტერ ტრებს სახე ეცვალა. ცხელ ფუნთუშაში ჩამდნარი კარაქი


გადაავიწყდა, საწოლის კიდიდან წამოდგა და ხელი სუფრას შეაწმინდა.

– ღმერთო დიდებულო! – შესძახა თავზარდაცემულმა.

– ლონდონში ჩემს მეურვესთან მივემგზავრები, – ავუხსენი, თან, ვითომც აქ


არაფერიაო, ჯიბიდან რამდენიმე გინეა ამოვაძვრინე და მერედა დავხედე, –
გასამგზავრებლად საუკეთესო კოსტიუმი მჭირდება და მინდა, წინასწარვე
გადაგიხადოთ, – წინასწარ გადახდა იმიტომ გადავწყვიტე, ვაითუ არ მენდოს და
შეკვეთის შესრულებას ტყუილუბრალოდ შემპირდეს-მეთქი.

– ძვირფასო სერ, – მისტერ ტრები მოწიწებით დაიხარა, მკლავები გაშალა და


თავს უფლება მისცა, ორივე იდაყვზე სულ ოდნავ შემხებოდა, – გთხოვთ, ამით
ნუ მაწყენინებთ. ნება მიბოძეთ, მოგილოცოთ! პატივი დამდეთ და მაღაზიაში
შემობრძანდით.

მისტერ ტრების ხელქვეითი ბიჭისთანა უტიფარს ჩვენს მიდამოებში მეორეს


ვერ ნახავდით. მაღაზიაში თავდაპირველად როცა შევედი, იატაკს გვიდა და
თავის შესაქცევად ტერფებზე ნაგავი მომაყარა. როცა მისტერ ტრებთან ერთად
შევბრუნდი, ისევ გვიდა და განგებ ხმამაღლა უბრახუნებდა ცოცხის ტარს ყველა
შესაძლო კუთხესა თუ ავეჯის ფეხს, აქაოდა (ყოველ შემთხვევაში, მე ასე
მივუხვდი), არცერთ მჭედელზე, ცოცხალსა თუ მკვდარზე ნაკლები არა ვარო.

– აბა, შეწყვიტე ხმაური, – უმკაცრესად შეუძახა მისტერ ტრებმა, – თორემ


თავს წაგაცლი! პატივი დამდეთ და დაბრძანდით, სერ. აი, ეს, – თაროდან
ქსოვილის რულონი გადმოიღო, დახლზე გაშალა, მის ქვეშ ხელის შეძვრენაც
დააპირა, რათა ეჩვენებინა, თუ როგორ ბზინავდა, – ძალზე სასიამოვნო ნაჭერია.
სწორედ თქვენი მიზნისთვისაა შესაფერისი და მშვიდად გირჩევთ, რადგან
მართლაც უმაღლესი ხარისხისაა. თუმცა რამდენიმე სხვასაც გიჩვენებთ. ჰეი,
ნომერი ოთხი მომაწოდე! – გასძახა ბიჭს, თან საშინლად დაუბრიალა თვალები,
რაკი ვარაუდობდა, ნორჩ ვიგინდარას ვითომდა შემთხვევით შეეძლო რულონი
ჩემთვის გაეხახუნებინა, ანდა სხვაგვარად გამოეხატა უპატივცემულობა.

მისტერ ტრებს ბიჭისთვის მკაცრი მზერა არ მოუშორებია, ვიდრე მან ნომერი


ოთხი დახლზე არ გადაფინა და საიმედო მანძილით არ დაგვშორდა. ამის მერე
ნომერი ხუთისა და ნომერი რვის მოტანაც დაავალა.
– და მაიმუნობა არ დამიწყო, – დაუტატანა, – თორემ სიცოცხლის ბოლომდე
სანანებლად გაგიხდი საქმეს! – ამის შემდეგ მისტერ ტრები ნომერი ოთხისკენ
დაიხარა და ამიხსნა, რომ მას ზაფხულის მსუბუქი სამოსისთვის მირჩევდა, რომ
ეს ნიმუში კეთილშობილ საზოგადოებაში განსაკუთრებული მოწონებით
სარგებლობდა, რომ თავისი წარჩინებული თანამოქალაქის (თუკი ნებას
დავრთავდი, თავის თანამოქალაქედ ჩავეთვალე) ასეთი ქსოვილით შემოსვას
უდიდეს პატივად მიიჩნევდა.

– მოგაქვს თუ არა ნომერი ხუთი და რვა, შე მაწანწალავ? – უყვირა ამის


შემდეგ ბიჭს, – თუ მაღაზიიდან გაგაპინტრიშო და თვითონ მოვიტანო?!

მისტერ ტრების რჩევით, კოსტიუმისათვის ქსოვილი შევარჩიე, რის შემდეგაც


ზომების ასაღებად ოთახში შევბრუნდით. მისტერ ტრებს ჩემი ზომები ჩაწერილი
კი ჰქონდა და აქამდე მშვენივრად სჯერდებოდა, მაგრამ ახლა მომიბოდიშა,
ამჟამინდელ ვითარებაში ეს აღარ გამოდგება, არავითარ შემთხვევაში არ
გამოდგებაო. თავის ოთახში ისე გულდაგულ ამზომ-ჩამზომა, თითქოს მიწის
ნაკვეთი ვყოფილიყავი, ის კი – პირველხარისხოვანი მიწის მზომავი. ისე
ირჯებოდა, გავიფიქრე, ვერცერთი კოსტიუმის საფასური ამგვარ წვალებას ვერ
აუნაზღაურებდა. როცა, როგორც იქნა, დაასრულა და შევთანხმდით, რომ
გამზადებულ ტანსაცმელს ხუთშაბათ საღამოს მისტერ პამბლჩუკთან
გადაგზავნიდა, ოთახის კარის სახელურს ხელი ჩასჭიდა და მითხრა:

– კარგად მესმის, სერ, რომ ლონდონელი ჯენტლმენი ადგილობრივი


პროდუქციით ვერ დაკმაყოფილდება, მაგრამ თუკი დროდადრო, ძველი
ნაცნობობის ხათრით, შეკვეთას მომცემთ, ამას დიდად დაგიფასებთ.
მშვიდობიან დილას გისურვებთ, სერ, ძალიან დამავალეთ. კარი!

უკანასკნელი სიტყვა ხელქვეითს ეკუთვნოდა, თუმცა მან ამ სიტყვას ვერც


თავი გაუგო, ვერც ბოლო. სამაგიეროდ, პირდაღებული მისჩერებოდა თავის
ბატონს, რომელმაც, ხელების ფშვნეტითა და ლაქუცით, კარამდე მიმაცილა.
ფულის ყოვლისშემძლე ძალასთან დაკავშირებული ჩემი პირველი
გამოცდილებაც იმაში მდგომარეობდა, რომ მან ტრების ხელქვეითი ბიჭი,
გადატანითი მნიშვნელობით, ორივე ბეჭზე დასცა.

ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის შემდეგ მექუდესთან, მეწაღესა და საცვლით


მოვაჭრესთან შევიარე. თავი დედილო ჰაბარდის ძაღლადიიგულისხმება სარა
კეტრინ მარტინის 1805 წელს გამოცემული საბავშვო წიგნი "ბებერი დედილო
ჰაბარდისა და მისი ძაღლის სახალისო თავგადასავალი".) ვიგრძენი, რომლის
ჩაცმა-დახურვაზეც მთელი რიგი ნაირ-ნაირი ხელოსანი ზრუნავს. ფოსტის
ეტლების კანტორაშიც ვიყავი და შაბათ დილას შვიდსაათიან ეტლში დავიკავე
ადგილი. სულაც არ იყო აუცილებელი, ყველგან ჩემი გამდიდრების ამბავი
გამომეცხადებინა, მაგრამ გამყიდვლები თუ მოხელეები მხოლოდ მაშინ
წყვეტდნენ ფანჯარაში მთავარი ქუჩის თვალიერებას და გულისყურით სავსე
მზერას მაპყრობდნენ, როცა ამაზე ლაპარაკს წამოვიწყებდი. როცა ყველაფერი
შევუკვეთე, რაც მჭირდებოდა, პამბლჩუკის მაღაზიისკენ გავეშურე. ეს
დარბაისელი ჯენტლმენი კართან შემეგება.

ეტყობოდა, დიდი მოუთმენლობით მელოდა. დილით თურმე თავისი


ორთვალათი სამჭედლოში შეუვლია და ახალი ამბავიც შეუტყვია. სასადილო
ოთახში, სადაც ოდესღაც "ჯორჯ ბარნუელის" მხატვრული კითხვა გაიმართა,
საგანგებოდ ჩემთვის გაეშალა სუფრა. მისტერ ტრებისა არ იყოს, მანაც თავის
ნოქარს მკაცრად დაუყვირა, სტუმარს გამოეცალე, ფეხებში ნუ ედებიო, როცა,
მისთვის უეცრად ლამის წმინდანად ქცეულმა, მაღაზიაში შევაბიჯე.
– ჩემო ძვირფასო მეგობარო! – მომეგება მისტერ პამბლჩუკი და, როდესაც მე
და ის სუფრასთან მარტონი აღმოვჩნდით, ორივე ხელი მაგრად ჩამჭიდა, –
ბედის საოცარ წყალობას გილოცავთ. ეს დამსახურებულია, ნამდვილად
დამსახურებული!

მისი ეს შენიშვნა სავსებით დროულად და გონივრულად მივიჩნიე.

– რას წარმოვიდგენდი, – დაიწყო პამბლჩუკმა მას მერე, რაც რამდენიმე წუთს


აღტაცებული ხვიხვინით მიცქირა, – რას წარმოვიდგენდი, ამ ბედნიერების
მოკრძალებული შემწე თუ აღმოვჩნდებოდი! ამგვარი პატივი ნამდვილი
ჯილდოა...

მაშინვე ვთხოვე, არ დაევიწყებინა, რომ ამასთან დაკავშირებით ყოველგვარი


მინიშნება დაუშვებელი იყო.

– ჩემო უმცროსო მეგობარო! – შესძახა მისტერ პამბლჩუკმა, – თუკი ნებას


დამრთავთ, ასე გიწოდოთ...

– რა თქმა უნდა, – ამოვილუღლუღე და მისტერ პამბლჩუკმა ისევ ჩამჭიდა


ორივე ხელი, თან ჟილეტის ქვეშ ერთგვარი ცახცახი თუ თამთამი შევატყვე,
როგორც ჩანს, ემოციური ხასიათის, თუმცა საამისოდ მეტისმეტად დაბლა
ხდებოდა.

– ჩემო უმცროსო მეგობარო! ჩემი იმედი გქონდეთ: თქვენ არყოფნაში ამას


ჯოზეფს ჩავაგონებ! აჰ, ჯოზეფ! – თანაგრძნობითა და საყვედურით გაიმეორა, –
ჯოზეფ! ჯოზეფ! – თავი გააქნია და შუბლზე თითი მიიკაკუნა, რითაც,
სავარაუდოდ, ჯოზეფის მთავარ ნაკლზე მიმანიშნებდა.

– მაგრამ, ჩემო უმცროსო მეგობარო! – კვლავ წამოიწყო მისტერ პამბლჩუკმა, –


უეჭველია, მშიერი და დაქანცული იქნებით. დაბრძანდით. აგერ "ტახიდან"
მოტანილი ქათამი, აგერ ენა – ესეც "ტახიდანაა", ესეც – კიდევ ორიოდ კერძი,
ასევე "ტახიდან", რომლებსაც, იმედი მაქვს, არ იუკადრისებთ. მაგრამ ნუთუ, –
დაჯდომისთანავე კვლავ ფეხზე წამოხტა, – ნუთუ ჩემ წინაშე ისაა, ვისი
ბავშვობის უდარდელი თამაშების თანამოზიარეც ვიყავი? მაშ, ნება მიბოძეთ...
ნება მიბოძეთ...

ეს "ნება მიბოძეთ" იმას ნიშნავდა, რომ ჩემთვის ხელის ჩამორთმევა სურდა.


მეც ვუბოძე ნება, რითაც მხურვალედ ისარგებლა და ისევ დაჯდა.

‒ ღვინოც მაქვს, მოდით, დავლიოთ, – შესძახა პამბლჩუკმა, – ბედს მადლი


შევწიროთ, დაე, მან მუდამ ღირსეულნი გამოარჩიოს! მაგრამ მე არ შემიძლია...
ჩემ წინაშე ვიხილო ის, ვინც... და შევსვა მისი საღეგრძელო, ვინც... არ
შემიძლია,
არ გამოვხატო... ნება მიბოძეთ... ნება მიბოძეთ...

კვლავ ნება ვუბოძე, კვალავაც ჩამომართვა ხელი, მერე ჭიქა დაცალა და


მაგიდაზე დააპირქვავა. მეც ასე მოვიქეცი და ჭიქის ნაცვლად თვითონვე რომ
ამოვპირქვავებულიყავი, ღვინო ამაზე მეტად ვერ დამკრავდა თავში.

მისტერ პამბლჩუკმა ქათმის ცვრიანი ფრთა და ენის საუკეთესო ნაჭრები


გადმომიღო (ის დრო წავიდა, როცა ლორის ყველაზე ბნელი კუნჭულები
მერგებოდა!), საკუთარი თავი კი, ჩემთან შედარებით, უგულებელყო.

– ფრინველო, ფრინველო, – მხურვალე სიტყვით მიმართა მასპინძელმა სინზე


დასვენებულ ქათამს, – რას წარმოიდგენდი, რომ ამ მოკრძალებულ ჭერქვეშ ის
მიგირთმევდა, ვინც... ოჰ, თუკი გნებავთ, ამას სისუსტე უწოდეთ... – მისტერ
პამბლჩუკი კვლავაც წამოდგა, – მაგრამ ნება მიბოძეთ... ნება მიბოძეთ...

ყოველ ჯერზე ნების დართვა უკვე ზედმეტი გამხდარიყო, ამიტომაც ამას აღარ
დალოდებია. ვერ გამიგია, როგორ ახერხებდა ჩემთვის ასე ხშირ-ხშირად ხელის
ჩამორთმევას ისე, რომ დანაზე ხელი არ გაუჭრია.

– ოჰ, და თქვენი და! – წამოიყვირა მას შემდეგ, რაც ერთხანს მშვიდად


შევექცეოდით, – თქვენი და, რომელსაც პატივი ერგო, საკუთარი ხელით
გაეზარდეთ! რა გულსაკლავი სანახავია, რომ აღარ ძალუძს, ამგვარ პატივს
სრულად ჩასწვდეს! ნება...

კვლავ ჩემკენ რომ წამოიწია, შევაჩერე:

– მოდით, მისი სადღეგრძელო დავლიოთ!

– ოჰ! – აღფრთოვანდა მისტერ პამბლჩუკი და საზურგეზე გადაწვა, – ამით


წამსვე ამოიცნობთ, სერ! – ამ "სერით" ვის მიმართავდა, წარმოდგენა არ მაქვს,
მე ნამდვილად არა, ხოლო ოთახში სხვა არავინ იყო, – ამით წამსვე ამოიცნობთ,
რა კეთილშობილი ვინმეცაა, სერ! მუდამ მიმტევებელი და გულითადი. შესაძლოა,
– ლაქუცა პამბლჩუკმა ხელუხლებელი ჭიქა მაგიდაზე დადგა და ისევ წამოიწია, –
მავან მდაბიოს ეს გადამეტებულ გამეორებად მოეჩვენოს, მაგრამ ნება
მიბოძეთ...

როცა წადილი აისრულა, თავის ადგილს დაუბრუნდა და, როგორც იქნა, ჩემი
დის სადღეგრძელოც შესვა.

– თვალს ნუ დავხუჭავთ, – შენიშნა მისტერ პამბლჩუკმა, – მისი ხასიათის


ნაკლოვანებებზე, მაგრამ უნდა გვჯეროდეს, რომ მუდამ კეთილი განზრახვა
ამოძრავებდა.

ამ დროისათვის შევნიშნე, სახე როგორ შეეჭარხლა; მე თვითონაც თითქოს


ერთიანად ღვინით გაჟღენთილ და ალეწილ სახედ ვიქეცი.

როდესაც ვუთხარი, ჩემს ახალ ტანისამოსს შენს სახლში მოიტანენ-მეთქი,


მისტერ პამბლჩუკი ასეთი პატივის გამო აღტაცებული დარჩა. ვუთხარი, ამის
მიზეზი ისაა, არ მსურს, სოფელში ყველა მე მომაშტერდეს-მეთქი და ჩემი ეს
ბრძნული გადაწყვეტილება ცამდე აიყვანა. საზეიმოდ გამანდო, რომ მის გარდა
სხვა არავინ იყო ჩემი ნდობის ღირსი და... მოკლედ, ნებას ხომ ვუბოძებდი? მერე
ალერსიანად მკითხა, მახსოვს თუ არა, პატარა ბიჭი როცა ვიყავი, რა
მხიარულად ვთამაშობდით მიმატება-გამოკლებას, მერე ერთად როგორ წავედით
ჩემი შეგირდობის ხელშეკრულების გასაფორმებლად, ერთი სიტყვით, მუდამ
ჩემი საუკეთესო მეგობარი რომ იყო? რაც დავლიე, იმაზე ათჯერ მეტიც რომ
დამელია, მაინც ვერ ვირწმუნებდი, ამ კაცთან ოდესმე ასეთი ურთიერთობა თუ
მქონდა და მსგავს აზრს მთელი გულით უარვყოფდი. მიუხედავად ამისა,
მახსოვს, იმ წუთებში დავიჯერე, რომ აქამდე მასთან დაკავშირებით
შევმცდარვარ და სინამდვილეში გამორჩეულად კეთილი, გონიერი და
მგრძნობიარე კაცი ყოფილა.

თანდათანობით ჩემდამი ისეთი ნდობით განიმსჭვალა, თავის საქმეში


რჩევაც კი მკითხა. მამცნო, რომ ხორბლეულის კომპანიის გაფართოების
შემთხვევაში ისეთი საქმის დატრიალება შეიძლება, როგორიც არც ჩვენ და არც
მეზობელ რეგიონებს არ ახსოვთო. ერთადერთი, რაც ამ ბრწყინვალე წამოწყებას
სჭირდება, კაპიტალის ჩადება არისო. ამ ორ, თითქოს უმნიშვნელო სიტყვას –
კაპიტალის ჩადება – საგანგებოდ გაუსვა ხაზი. პამბლჩუკის აზრით, თუკი ამ
კაპიტალს მის საქმეში ეგრეთ წოდებული მძინარე პარტნიორი დააბანდებდა, ეს
კარიერის ღირსეული დასაწყისი იქნებოდა ახალგაზრდა, გონიერი და
შეძლებული ჯენტლმენისათვის. აქვე დასძინა:

– ამ მძინარე პარტნიორს არაფრის კეთება არ მოუწევს, სერ, გარდა იმისა,


რომ პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით (როგორც ენებოს) მობრძანდეს
და შესავალ-გასავლის დავთრები შეამოწმოს, წელიწადში ორჯერ კი მთელი
მოგების ორმოცდაათი პროცენტი ჯიბეში ჩაიდოს.

მაშ, რა აზრის ვიყავი ყველაფერ ამაზე? ჩემს აზრს მისთვის განსაკუთრებული


მნიშვნელობა ჰქონდა, ასე რომ, ჩემს სიტყვას ელოდა. ვუპასუხე, სავსებით
გეთანხმებით, თუმცა ყველაფერს თავისი დრო აქვს-მეთქი. ამ მოსაზრების
მასშტაბითა და სიზუსტით აღტაცებულ პამბლჩუკს ჩემთვის ხელის
ჩამოსართმევად ნებართვა აღარ უთხოვია, მტკიცედ განაცხადა, ამის
არგაკეთება არ შემიძლიაო და ეს შეასრულა კიდეც.

რაც კი ღვინო ჰქონდა, სულ დავლიეთ და პამბლჩუკმა ბარე მეათედ


საზეიმოდ შემომფიცა, ჯოზეფს შევაკავებო (არ ვიცი, რისგან უპირებდა
შეკავებას). იმასაც მიმეორებდა, მუდამ თქვენ სამსახურში მიგულეთო (თუ რა
სამსახურს გულისხმობდა, არც ეგ ვიცი). გარდა ამისა, ისეთი რამ გამიმხილა,
რასაც ჩემ დღეში ვერ წარმოვიდგენდი და რასაც, აშკარა იყო, წლების
განმავლობაში საიდუმლოდ ინახავდა – თურმე ჩემთან დაკავშირებით მუდამ
ამას ამბობდა: "ეს ჩვეულებრივი ბიჭი არ გეგონოთ და დაიმახსოვრეთ ჩემი
სიტყვები: სრულიად არაჩვეულებრივ ბედს ეწევა!" გულაჩუყებულმა დასძინა, რა
საოცარია, რომ ამას ადრევე გუმანით ჩავწვდიო და მეც დავუდასტურე, ეს
მართლაც საოცარია-მეთქი. ბოლოს, როგორც იქნა, გამოვეთხოვე და ქუჩაში
გავედი. ისე მივაბიჯებდი, გზას ძლივს ვარჩევდი და თან ბუნდოვანი ეჭვი
მხრავდა, თითქოს მზე რაღაც ყოვლად უცნაურად ანათებდა. ასეთ ძილბურანში
მივაღწიე შლაგბაუმამდე.

აქ მისტერ პამბლჩუკის შეძახილმა შემაჩერა. მზიანი ქუჩის ბოლოში იდგა და


იქიდან ხელის გაცხარებული ქნევით მემუდარებოდა, შევჩერებულიყავი.
შევჩერდი და აქოშინებულმა მოირბინა.

– არა, ძვირფასო მეგობარო! – შესძახა, როგორც კი სული მოითქვა, – არ


შემიძლია. ამ დღემ ისე როგორ უნდა ჩაიაროს, კიდევ ერთხელ არ დამდოთ
პატივი! ნება მიბოძეთ, როგორც ძველ მეგობარსა და კეთილის მსურველს... ნება
მიბოძეთ...

უკვე მეასედ რომ ჩამოვართვით ერთმანეთს ხელი, პამბლჩუკმა უდიდესი


მედიდურობით მიაძახა ვიღაც ახალგაზრდა მეფორნეს, განზე გადი, გზა მიეციო.
გზა რომ გამითავისუფლა, დამლოცა კიდეც და მანამ მიქნევდა ხელს, ვიდრე
მოსახვევში არ გავუჩინარდი. მერე მინდორში გავედი, ღობის ძირას მივწექი და
მხოლოდ კარგა ხნის ძილის შემდეგ ავითრიე წელი და წავედი შინ.

ლონდონში წასაღებად ბევრი ბარგი ნამდვილად არ მქონდა, რადგან ისედაც


ცოტა რამ მებადა, იქიდან კი უფრო ცოტა რამ იმსახურებდა ახალ ცხოვრებაში
თან წაღებას. მიუხედავად ამისა, იმავე დღეს შევუდექი ბარგის ჩალაგებას და
ისეთი რამეებიც კი ჩავალაგე, მეორე დილითვე რომ დამჭირდებოდა. რატომღაც
დარწმუნებული ვიყავი, ამის გადადება აღარ შეიძლებოდა.

სამშაბათმა, ოთხშაბათმა და ხუთშაბათმა ჩაიარა, პარასკევ დილით კი


მისტერ პამბლჩუკთან წავედი ჩემი ახალი კოსტიუმის ჩასაცმელად, რათა მის
ჰევიშემს დავმშვიდობებოდი. მისტერ პამბლჩუკმა ტანთ გამოსაცვლელად
საკუთარი ოთახი დამითმო, რომელიც ამ ღირსშესანიშნავი შემთხვევისათვის
სუფთა გადასაფარებლებითაც კი გააწყო. ახალმა სამოსმა, რა თქმა უნდა,
იმედი გამიცრუა. ალბათ, მას მერე, რაც ტანსაცმელი გამოიგონეს, ყველა ახალი
და ნანატრი კოსტიუმი მეტ-ნაკლებად ჩამოუვარდება მფლობელის მოლოდინს.
თუმცა დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ, ყველა ღონე რომ ვიხმარე, რათა
მისტერ პამბლჩუკის ხელის სარკეში როგორმე საკუთარი ფეხები
შემეთვალიერებინა, მომეჩვენა, თითქოს სამოსი ცუდად არ მქონდა. მისტერ
პამბლჩუკი ათიოდე მილის მოშორებით მეზობელ ქალაქში ბაზრობაზე
წასულიყო. ჩემი ლონდონში წასვლის ზუსტი დრო მისთვის არ მითქვამს და
კიდევ ერთხელ ხელის ჩამორთმევასაც არ ვაპირებდი. აქაურობასთან საქმე
აღარ მქონდა და ქუჩაში გავედი. როცა ნოქარს ჩავუარე, სირცხვილით ლამის
დავიწვი და საერთოდ, ეჭვი მქონდა, რომ მთლად სახარბიელოდ არ
გამოვიყურებოდი – როგორც ჯო თავის საკვირაო კოსტიუმში.

მის ჰევიშემის სახლისაკენ შემოვლითი გზით, უკაცური ქუჩებით გავემართე


და გაჭირვებით დავრეკე ჭიშკრის ზარი. სქელი და გრძელი ხელთათმანები
თითებს მიბოჭავდა. ჭიშკართან გამოსული სარა პოკეტი ლამის ადგილზე შეხტა,
ამგვარად შეცვლილი რომ დამინახა. ნიგეზისფერ სახეზე მწვანე და ყვითელი
ფერი დაედო.

– შენ ხარ? – შეჰყვირა, – შენ ხარ? ღმერთო! რისთვის მოსულხარ?

– ლონდონში მივემგზავრები, მის პოკეტ, – ვუპასუხე, – და მის ჰევიშემთან


დამშვიდობება მინდა.

რადგან არ მელოდნენ, ეზოში ჩამკეტა და ჩემი შეშვების ნებართვის


საკითხავად სახლში შევიდა. ძალზე მოკლე ხანში გამობრუნდა და შინ შემიძღვა,
თან მთელი გზა მაშტერდებოდა.

მის ჰევიშემი თავის კაუჭიან ჯოხზე დაყრდნობილი იმ ოთახში სეირნობდა,


სადაც გრძელ მაგიდაზე სუფრა იყო გაშლილი. იქაურობა ძველებურად
სანთლებით გაენათებინათ, ქალმა ჩვენი ნაბიჯების ხმები გაიგონა და
მოგვიბრუნდა. დამპალი საქორწინო ტორტის წინ იდგა.

– დარჩი, სარა, – უთხრა დამხმარეს, – რას მეტყვი, პიპ?

– ხვალ ლონდონში მივემგზავრები, მის ჰევიშემ, – სიტყვებს განსაკუთრებული


სიფრთხილით ვარჩევდი, – და ვიფიქრე, არ მიწყენდით, თუკი
დასამშვიდობებლად გესტუმრებოდით.
– კოხტად გამოიყურები, პიპ, – მის ჰევიშემმა თავისი კაუჭა ჯოხის წვერი
ჰაერში გარს შემომატარა, თითქოს, როგორც ჭეშმარიტ გრძნეულ ნათლიას
შეეფერება, თავისივე ჯადოსნობა ამით საბოლოოდ დაეგვირგვინებინოს.

– მის ჰევიშემ, ჩვენი ბოლო შეხვედრის შემდეგ დიდი ქონების პატრონი


გავხდი, – ლამის ჩურჩულით ამოვთქვი, – და ამისთვის უსასრულოდ მადლობელი
ვარ!
– ვიცი, ვიცი! – მიპასუხა და სიამოვნებით შეხედა სარა პოკეტის დაბნეულ და
შურით დაბრეცილ სახეს, – მისტერ ჯეგერსს შევხვდი. ასე რომ, ვიცი შენი
ამბავი,
პიპ. მაშ, ხვალ მიემგზავრები?

– დიახ, მის ჰევიშემ.

– მაშ, შეძლებული მფარველი გამოგიჩნდა?

– დიახ, მის ჰევიშემ.

‒ თავისი ვინაობა არ გაუმხელია?

– არა, მის ჰევიშემ.

– მისტერ ჯეგერსი კი შენ მეურვედ დასახელდა?

– დიახ, მის ჰევიშემ.

ამ კითხვა-პასუხით აშკარად ტკბებოდა, რადგან სარა პოკეტს უფრო და უფრო


იპყრობდა ეჭვი და შფოთი.

– მაშ, კარგი, – დაასკვნა ბოლოს, – წინ მრავლისმთქმელი კარიერა გაქვს. ეს


წყალობა დაიმსახურე. გონივრულად იცხოვრე და მისტერ ჯეგერსის რჩევები
გაითვალისწინე, – მე და სარას რიგრიგობით გადმოგვხედა, ქალის
გამომეტყველებამ ღვარძლიანი ღიმილი მოჰგვარა. კვლავ მომიბრუნდა, –
მშვიდობით, პიპ! ხომ მუდამ ეს სახელი გერქმევა?

– დიახ, მის ჰევიშემ.

– მშვიდობით, პიპ.

ხელი რომ გამომიწოდა, დავიჩოქე და ხელზე ვემთხვიე. ასეთი ფორმით


მასთან დამშვიდობებას არ ვაპირებდი, ეს თავისთავად გამომივიდა. ქალმა ისევ
გახედა სარა პოკეტს და შეშლილ თვალებში გამარჯვების ნაპერწკლებმა
გაუელვა. ასე დავტოვე ჩემი გრძნეული ნათლია – ოდნავ განათებულ საქორწინო
დარბაზში, აბლაბუდებში გახვეული დამპალი ტორტის გვერდით, ორივე ხელით
კაუჭა ჯოხს ჩამოყრდნობილი.
სარა პოკეტმა ისეთი სახით გამაცილა, თითქოს სახლში შემოხეტებული
აჩრდილი ვყოფილიყავი. ჩემს გარეგნობას ვერა და ვერ შეეგუა და ბოლომდე
თავზარდაცემული მიყურებდა. როცა დავემშვიდობე, პასუხი არ გაუცია, ისე
მომშტერებოდა, აშკარა იყო, ჩემი სიტყვების შინაარსსაც კი ვერ ჩასწვდა.
იქიდან წამოვედი, მისტერ პამბლჩუკთან დავბრუნდი, ახალი ტანისამოსი
გავიხადე და ფუთაში შევახვიე. შინ ძველი ტანაცმლით დავბრუნდი, რომელშიც,
რა დასამალია, თავს ბევრად უფრო ლაღად ვგრძნობდი, მიუხედავად იმისა, რომ
ფუთაც მქონდა სატარებელი.

ასე რომ, ის ექვსი დღე, რომელიც, მეგონა, უსასრულოდ გაიწელებოდა, სულ


შეუმჩნევლად გაილია და ხვალინდელმა დღემ იმაზე ბევრად თამამად
გამისწორა თვალი, ვიდრე მე ვუსწორებდი. ექვსი საღამო თანდათანობით
მიილია: თავიდან ხუთი რჩებოდა, მერე ოთხი, სამი, ბოლოს ორი და ამ
საღამოების განმავლობაში სულ უფრო მეტად დავაფასე ჯოსა და ბიდის
საზოგადოება. უკანასკნელ საღამოს მათი გულისათვის ახალი კოსტიუმი
მოვირგე და დაძინებამდე გამოპრანჭული ვიჯექი. ჩემი გაცილების აღსანიშნავად
ცხელი ვახშამი მივირთვით – უცვლელი შემწვარი ქათმითა და ცხელი პუნშით
დაგვირგვინებული. სამივენი ძალზე ნირწამხდარნი ვიყავით და არცერთს იმის
ძალაც კი არ გვქონდა, ერთმანეთის გასამხნევებლად თავი ხალისიანად
დაგვეჭირა.

სოფლიდან დილის ხუთ საათზე უნდა გავსულიყავი ჩემი მომცრო


საკვოიაჟით. ჯოს ვთხოვე, არ გამომყოლოდა, რადგან მინდოდა, დილიჟანსის
სადგურამდე მარტო მივსულიყავი. ვშიშობ – უსაშველოდ ვშიშობ – ამგვარი
სურვილი იმ აზრმა შთამაგონა, რომ ქალაქში ერთად თუ გამოვცხადდებოდით,
ჩვენი სხვადასხვაგვარი ჩაცმულობა ძალზე თვალში საცემი იქნებოდა. თავი
დავირწმუნე, რომ მსგავსი არაფერი მიგულისხმია, მაგრამ როცა ჩემს პატარა
საძინებელში ავედი, ვაღიარე, რომ სწორედ ასე იყო. მაშინვე მინდოდა, ჯოსთან
ჩავსულიყავი და მეთხოვა, დილით გავეცილებინე. მაგრამ არ ჩავსულვარ.

მთელი ღამე არეულ სიზმრებს ვხედავდი: ეტლები მცდარი გზით მიქროდნენ,


ლონდონის გარდა ნებისმიერი მიმართულებას ირჩევდნენ, მათში ხან ძაღლები
იყვნენ შებმულნი, ხან – კატები, ხან – ღორები და ხანაც – ადამიანები, ოღონდაც
ცხენები არა. მოგზაურობის ფანტასტიკური ფათერაკები დილის რიჟრაჟამდე
მაფორიაქებდა, ვიდრე ფანჯრიდან ჩიტების ჭიკჭიკი არ შემომესმა. ავდექი,
სანახევროდ ჩავიცვი და ფანჯარას მივუჯექი, რათა უკანასკნელად მენახა
მშობლიური მიდამო, და იქვე, ფანჯარასთან, მომცელა ძილმა.
ბიდი უთენია წამოხტა, რათა ჩემთვის საუზმე მოემზადებინა. ფანჯარასთან
ერთი საათიც კი არ მიძინია, მაგრამ ბუხრის კვამლი რომ ვიყნოსე, დამფრთხალი
წამოვვარდი, რადგან მეგონა, უკვე შუადღე იყო. კარგა ხნის გამზადებული ვიყავი
და სამზარეულოდანაც უკვე ჩაის კოვზების ჟღარუნი მესმოდა, მაგრამ ქვედა
სართულზე ჩასვლას ვერა და ვერ ვბედავდი. მანამ ვიჯექი და მანამ ვხსნიდი და
ვკეტავდი ჩემს პატარა საკვოიაჟს, ვიდრე ბიდიმ არ შემომძახა, გაგვიანდებაო.

ნაჩქარევად ვისაუზმე და გემო ვერ ჩავატანე. ბოლოს სუფრიდან წამოვდექი


და მოჩვენებითი სილაღით, ვითომდა, ახლაღა მომაგონდაო, გამოვაცხადე:

– მგონი, ჩემი გამგზავრების დროა! – ჩემს დას ვაკოცე, რომელიც, როგორც


ყოველთვის, სავარძელში ჩასვენებული, ცახცახით შემომცინოდა და თავს
მიკანტურებდა. მერე ბიდის ვაკოცე და ჯოს მაგრად გადავეხვიე. ამის შემდეგ
ჩანთა ავიღე და გავტრიალდი. ორივეს უკანასკნელად მაშინ შევავლე თვალი,
როცა ზურგს უკან უეცარი ხმაური გავიგონე, კარისკენ მივიხედე და დავინახე,
ჯოს
ჩემკენ ცალი ძველი ფეხაცმელი გადმოეგდო, ბიდის კი მეორე. გავჩერდი, ქუდი
დავუქნიე, კეთილმა ჯომაც თავისი ვეება ხელი დამიქნია და ხრინწიანი ხმით
შესძახა: "ვაშა!", ბიდიმ კი სახეზე წინსაფარი აიფარა.

სახლს სწრაფი ნაბიჯით გავშორდი, თან ვფიქრობდი, რომ წასვლა უფრო


გამიადვილდა, ვიდრე მოველოდი და ისიც გავიფიქრე, როგორი სანახავი
იქნებოდა მთელი ქალაქის თვალწინ ეტლს დადევნებული ძველი ფეხსაცმელი.
სტვენა-სტვენით არხეინად მივაბიჯებდი. მაგრამ ამ დილას სოფელი ისე მშვიდი
იყო, მსუბუქი ნისლიც ისე საზეიმოდ ადიოდა მიწიდან, თითქოს სურდა, ჩემთვის
უკანასკნელად ეჩვენებინა მშობლიური მიდამო, სადაც პატარა და უცოდველი
ვიყავი. მიდამოს მიღმა კი ყველაფერი ისე უცხოდ და თვალუწვდენად მეჩვენა,
უეცრად გულამოსკვნით ამოვიოხრე და ცრემლები წამსკდა. სოფლის ბოლოს,
სწორედ ხელის ფორმის გზის მაჩვენებელთან ვიდექი, ბოძს ხელით შევეხე და
ვუთხარი:

– მშვიდობით, ძვირფასო ძველო მეგობარო!

ღმერთია მოწმე, ჩვენი ცრემლის არ უნდა გვრცხვენოდეს, რადგან ის


წვიმასავით გვასუფთავებს წუთისოფლის იმ მტვრისაგან, რომელიც გულს
გვიქვავებს. ერთხანს ვიტირე და წეღანდელთან შედარებით შვება ვიგრძენი –
სინანულსაც უფრო მეტად განვიცდიდი და საკუთარ უმადურობასაც. გული
მომილბა. მანამდე რომ მეტირა, ჯოს სადგურამდე თან წავიყოლებდი.
გზაშიც ვტიროდი და საკუთარმა ცრემლმა ისე ამიჩუყა გული, დილიჟანსში
როცა ჩავჯექი და ლონდონისაკენ დავიძარით, გავიფიქრე, პირველივე სადგურზე
ჩავსულიყავი, ფეხით შინ დავბრუნებულიყავი და იქ ერთი საღამოც
გამეტარებინა, რათა ჩემიანებს უფრო გულითადად დავმშვიდობებოდი. ცხენების
გამოსაცვლელად როცა შევჩერდით, გადმოსვლა ვერ გავბედე და თავი იმით
დავიმშვიდე, რომ ფეხით შინ დაბრუნებას მომდევნო სადგურიდანაც შევძლებდი.
ამ ფიქრებში გართულმა, უეცრად ქუჩაში მიმავალი ვიღაც კაცი წამით ჯოს
მივამსგავსე და გული ამიფანცქალდა, თითქოს შეიძლებოდა, ჯო მართლაც იქ
ყოფილიყო!

ისევ და ისევ შევჩერდით და კვლავაც ვირწმუნებდი თავს, ეტლიდან


გადმოსვლა და შინ დაბრუნება ჯერაც გვიანი არ არის-მეთქი. ასე განვაგრძობდი
გზას, დილის ბურუსი კი ამასობაში სულ მაღლა ასულიყო და ქვეყანა ჩემ წინ
საზეიმოდ გადაიშალა.

აქ მთავრდება პიპის იმედების პირველი ეტაპი.


20

ჩვენი ქალაქიდან ლონდონამდე მგზავრობა ხუთიოდე საათს გაგრძელდა.


შუადღეს ოდნავ იყო გადაცილებული, როცა ოთხცხენიანი დილიჟანსი,
რომლითაც ვმგზავრობდი, დედაქალაქში ჩავიდა და ვუდ-სტრიტისა და
ჩიპსაიდის კუთხეში მდებარე სასტუმროს, "ჯვარედინა გასაღებებს", მიადგა.

იმხანად ბრიტანელებმა უკვე საბოლოოდ დავადგინეთ – სხვებს ყველაფერში


ვჯობივართ და ამაში ეჭვის შეტანა სამშობლოს ღალატია. ასე რომ არ
ყოფილიყო, ლონდონის უკიდეგანობით თავგზააბნეულს, ვფიქრობ, ბუნდოვნად
მაინც გაუელვებდა ის აზრი, რომ დედაქალაქის ქუჩები მახინჯი, მრუდე, ვიწრო
და ბინძურია.

მისტერ ჯეგერსმა, დაპირებისამებრ, თავისი მისამართი გამომიგზავნა:


ლიტლ-ბრიტანზე(ლონდონში პატარა ქუჩის სახელწოდება.) ყოფილა. სავიზიტო
ბარათს ხელით მიაწერა: "დილიჟანსების სადგურთან ახლოს,
სმითფილდამდე(ხორცის ყველაზე დიდი ბაზარი ლონდონში.) არმისული". თუმცა
ქალაქის მეფაეტონემ, რომლის გაქონილ მოსასხამსაც, მგონი, იმდენი
პელერინა(პელერინა – მოკლე მოსასხამი, რომელიც, ჩვეულებრივ, წელამდე არ
სწვდებათ.) ჰქონდა, რამდენი წლისაც თვითონ იყო, ისე დიდი ამბით შემსვა
თავის ფაეტონში და ისე გულდაგულ ამიკეცა ჟღრიალა საფეხური, თითქოს
ორმოცდაათი მილი გვქონოდა გასავლელი. კარგა ხანს მოუნდა თავის კოფოზე
აბობღებას, რომელსაც გახუნებულ-გაცრეცილი და ჩრჩილისაგან შეჭმული მწვანე
ქსოვილის ფანჩატური ამშვენებდა. ეს მართლაც საკვირველი ეკიპაჟი იყო:
გვერდებზე ექვსი გვირგვინი ჰქონდა გამოსახული, უკან ჩამოკონკილი ღვედები
ეკიდა, ლაქიათა მთელ რაზმს რომ ეყოფოდა ხელის მოსაკიდებლად. თუმცა იქვე
ეკლიანი ზღუდეც ჰქონდა აღმართული, რათა მოყვარული ლაქიები სატერფულზე
ვერ ამოსკუპებულიყვნენ.

სავარძელში მოვკალათდი და გავიფიქრე, ეს ფაეტონი საბძელს


წააგავს-მეთქი, თუმცა ამაზე მეტად მეძველმანის მაღაზია მომაგონა. წამით
გავიკვირვე, ცხენების საჭმლის აბგებს აქ რაღა უნდა-მეთქი, როცა შევნიშნე, რომ
მეფაეტონემ ძირს ჩამობობღება დაიწყო და თითქოს გაჩერებაც დააპირა.
მართლაც, მაშინვე გავჩერდით ერთ პირქუშ ქუჩაზე, რაღაც შენობის ღია კართან,
რომლის გვერდითაც ეწერა: "მისტერ ჯეგერსი".

– რამდენია? – ვკითხე მეფაეტონეს.

– შილინგი, თუ მეტის გადახდის სურვილი არ გაქვთ.

ბუნებრივია, ვუპასუხე, რომ მეტის გადახდა არ მსურდა.

– ჰოდა, ერთი შილინგი იყოს. საქმის გართულება არ მჭირდება. ამ კაცს


ვიცნობ, – მეფაეტონემ პირქუში იერით ჩამიკრა თვალი და მისტერ ჯეგერსის
კარისკენ თავი გააქნია.

როცა შილინგი მიიღო, ისევ კოფოზე შემოჯდა და (აშკარა შვებით) გაშორდა


ჯეგერსის სამუშაო ადგილს, მე კი ჩემი პატარა საკვოიაჟით ღია კარში შევედი და
ვიკითხე, მისტერ ჯეგერსი ადგილზე თუ იყო.

– არ არის, – მიპასუხა კლერკმა, – სასამართლოშია. მისტერ პიპს ვესაუბრები?

დავუდასტურე, რომ მართლაც მისტერ პიპს ესაუბრებოდა.

– მისტერ ჯეგერსმა დაგიბარათ, რომ მის ოთახში დაელოდოთ. რაკი დღეს


პროცესი აქვს, ზუსტად არ იცის, როდის გათავისუფლდება, მაგრამ, რაკი მისი
დრო ძვირფასია, სავარაუდოდ, აუცილებელზე მეტხანს არ გაჩერდება.

ამ სიტყვებით კლერკმა კაბინეტის კარი გამიღო და შემიპატიჟა. შიგნით ერთი


ცალთვალა ჯენტლმენი იჯდა, რომელსაც ხავერდის ქურთუკი და მოკლე შარვალი
ეცვა. როცა შევედით, სახელოთი ცხვირის წმენდა შეწყვიტა და გაზეთიდან
ამოგვხედა.

– გარეთ გადი და იქ დაელოდე, მაიკ, – უთხრა კლერკმა.

წამოვიწყე, ხელის შეშლა არ მსურს-მეთქი, მაგრამ კლერკმა ჯენტლმენი


უცერემონიოდ გააბრძანა ოთახიდან, მისი ბეწვის ქუდიც გააყოლა და მარტო
დამტოვა.

მისტერ ჯეგერსის კაბინეტში სინათლე მხოლოდ ჭერის ფანჯრიდან


შემოდიოდა და ძალზე ბნელი და უსიხარულო ოთახი იყო. ფანჯრის მინა
ჩამტვრეულ თავის ქალას ჰგავდა და ყოვლად უცნაურად იყო დაწებებული, მის
იქით მეზობელი სახლები თითქოს ერთურთს ეკვროდნენ და კისრებს
იგრძელებდნენ, რათა ოთახში შემოეჭყიტათ და ჩემთვის ეთვალთვალათ.
მეგონა, კაბინეტში ბევრი საბუთი დამხვდებოდა, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა.
სამაგიეროდ, აქ არაერთი მოულოდნელი და უცნაური ნივთი შევნიშნე,
მაგალითად, ძველი დაჟანგული დამბაჩა, ქარქაშიანი ხმალი, უცნაური ფორმის
რამდენიმე კოლოფი და თაროზე შემოდგმული ორი ქანდაკება – ყოვლად
შემზარავი, შეშუპებული და ცხვირმონგრეული სახეებისა. მისტერ ჯეგერსის
მაღალზურგიან სავარძელს უხეში შავი ქსოვილი ჰქონდა გადაკრული და
გვერდებზე კუბოსავით იყო დაჭედებული სპილენძის ლურსმნებით.
წარმოვიდგინე, მისი პატრონი საზურგეზე როგორ გადაწვებოდა და კლიენტებს
ნუნების კვნეტით დაელაპარაკებოდა. ოთახი მომცრო იყო, კლიენტებს კი,
როგორც ჩანს, უსიამო ჩვევად ჰქონდათ ზურგით კედელზე გახახუნება, რადგან
ყველა კედელი, განსაკუთრებით მისტერ ჯეგერსის სავარძლის პირდაპირ,
გახეხილი იყო. მომაგონდა, რომ ცალთვალა ჯენტლმენის გაძევების უნებლიე
მიზეზი როცა გავხდი, ისიც კედელ-კედელ ხახუნით გავიდა ოთახიდან.

მისტერ ჯეგერსის სავარძლის პირდაპირ დავჯექი და ოთახის დამთრგუნველი


ატმოსფერო თანდათან სრულიად დამეუფლა. მომაგონდა, კლერკიც თავისი
პატრონივით ყველას მამხილებელი და გამჭოლი მზერით უყურებდა. ვიფიქრე,
ნეტავ მეორე სართულზე კიდევ რამდენი კლერკი საქმიანობს და ისინიც
მოყვასზე ასეთივე გამანადგურებელი გავლენით თუ სარგებლობენ-მეთქი.
იმაზეც ვიმტვრიე თავი, მთელი ეს უცნაური საგნები რას ნიშნავდა და ოთახში რა
მიზეზით მოხვდა. ნეტავ ის ორი შეშუპებული სახე მისტერ ჯეგერსის
ნათესავებისა თუ იყო; და თუკი არ გაუმართლა და ოჯახში ასეთი მახინჯები
ჰყავს, მაშ, რისთვისღა გამოფინა კაბინეტის თაროზე, სადაც ბუზები
ასხდებოდნენ და იმტვერებოდნენ. განა უფრო უპრიანი არ იქნებოდა, მათი
გამოსახულებები შინ დაედგა?

ცხადია, ლონდონური ზაფხულის სიცხე და ჩახუთულობა მანამდე არ


გამომეცადა, ამიტომ უჰაერობამ და ყველაფერზე სქლად დადებულმა მტვერმაც
გამიფუჭა გუნება-განწყობა. მაინც მოთმინებით ვიჯექი ჩახუთულ ოთახში და
კარგა ხანს ვიცდიდი. მისტერ ჯეგერსის სავარძლის ზემოთ დადგმული იმ ორი
მახინჯი სახის ცქერა უკვე აღარ შემეძლო, ამიტომ ავდექი და გარეთ გავედი.

როდესაც კლერკი გავაფრთხილე, ვიდრე ვიცდი, ცოტა ხანს სუფთა ჰაერზე


გავისეირნებ-მეთქი, მირჩია, იქვე სმითფილდი დამეთვალიერებინა. მეც
სმითფილდს მივაშურე. ეს ამაზრზენი ბაზარი – ერთიანად მყრალი ოხშივრით
გაჟღენთილი, სისხლში, ქონსა და სიბინძურეში ამოთხვრილი – თითქოს უმალვე
მომეწება და შევეცადე, ჩამომებერტყა, ამიტომ სასწრაფოდ იმ ქუჩისკენ
გადავუხვიე, სადაც წეღან წმინდა პავლეს ტაძრის ვეება, მუქი ფიგურა შევნიშნე;
მის წინ კი ქვის პირქუში შენობა აყუდებულიყო. გამვლელისგან შევიტყვე, რომ ეს
ნიუგეიტის ციხე იყო. ციხის კედელს გავუყევი, ცხენებისა და ეკიპაჟების ხმაურის
დასახშობად ქუჩაზე თივა იყო დაფენილი; ამან და გარეთ მდგარმა დიდძალმა
ხალხმა, რომელთაგანაც ბევრი არყისა და ლუდის სუნს აფრქვევდა, მიმახვედრა,
რომ სასამართლო პროცესი სწორედ აქ და ამ წუთებში მიმდინარეობდა.

ვიდრე ვიდექი და იქაურობას ვათვალიერებდი, სასამართლოს მოხელე –


უსაშველოდ ბინძურ ტანისამოსში გამოწყობილი და გვარიანად ნასვამი –
მომიახლოვდა და პროცესზე დასწრება შემომთავაზა. მამცნო, რომ ნახევარ
კრონად წინა რიგში მომიჩენდა ადგილს, საიდანაც პარიკიან და მანტიიან
მთავარ მოსამართლეს შევათვალიერებდი. ეს შიშის მომგვრელი პერსონაჟი ისე
წარმომიდგინა, თითქოს ცვილის ფიგურა ყოფილიყო, მეორე წამსვე დამიკლო
ფასი და თვრამეტი პენსი შემომთავაზა. ეს შემოთავაზება იმ მიზეზით ვიუარე,
რომ შეხვედრა მქონდა დანიშნული. მაშინ ეზოში შემიძღვა და სახრჩობელები
მაჩვენა, ასევე ის ადგილი, სადაც დამნაშავეებს საჯაროდ როზგავდნენ,
დაბოლოს, "მოვალეთა კარი" დამანახვა, საიდანაც სიკვდილმისჯილები
გამოჰყავდათ. ჩემი ინტერესის გასამძაფრებლად ისიც მომახსენა, რომ ზეგ,
დილის რვა საათზე ამ კარიდან ოთხ დამნაშავეს გამოიყვანდნენ და ერთ რიგად
ჩამწკრივებულ სახრჩობელებზე ჩამოახრჩობდნენ. ეს შემზარავად მეჩვენა და
ლონდონზე უმძიმესი წარმოდგენა შემექმნა, მით უმეტეს, რომ მთავარი
მოსამართლის ამ გამქირავებელს ქუდიდან ფეხსაცმლამდე, უბის ჯიბიდან
ამოჩრილი ცხვირსახოცის ჩათვლით, ობმოდებული და აშმორებული ტანისამოსი
ეცვა, რომელიც აშკარად სხვისგან ერგო; და, როგორც ელვისებურად გამკრა
თავში, ჯალათისაგან იაფად ექნებოდა ნაყიდი. შილინგი შევაჩეჩე, რათა
თავიდან მომეშორებინა და ამით, მგონი, იოლად დავაღწიე თავი.

კანტორაში შევიარე და ვიკითხე, მისტერ ჯეგერსი ხომ არ დაბრუნებულიყო


და, რაკი უარყოფითი პასუხი მივიღე, სეირნობა განვაგრძე. ამჯერად,
ლიტლ-ბრიტანზე გავიარე და ბართოლომიუ-ქლოუზამდე მივედი. ახლაღა
შევნიშნე, რომ იქვე, ქუჩაში მდგარი სხვა ადამიანებიც ჩემსავით ჯეგერსს
ელოდებოდნენ. ბართოლომიუს კუთხეში ორი კაცი იდუმალი გამომეტყველებით
სცემდა ბოლთას; ქვის ფილებს შორის ღარებში ფრთხილად აბიჯებდნენ და,
როცა გვერდით ჩამიარეს, ერთმა მეორეს უთხრა, თუკი ეს ადამიანის ძალებს არ
აღემატება, ჯეგერსი ამას უსათუოდ შეძლებსო. მეორე კუთხესთან სამი მამაკაცი
და ორი ქალი შეკრებილიყო. ერთ-ერთ ქალს გაცვეთილი თავსაფრის ბოლო
სახეზე აეფარებინა და ტიროდა, მეორე თავის თავსაფარს მხრებზე აფარებდა
და ამშვიდებდა, ჯეგერსი იცავს და ამაზე მეტი, აბა, სხვა რაღა უნდა ვიღონოთო.
ვიდრე ქუჩაში დავეხეტებოდი, იქ ერთი ჩია, თვალებჩაწითლებული ებრაელი
მოვიდა, თან მეორე, ასეთივე ჩია ებრაელი ახლდა, რომელიც ამ პირველმა
რაღაც დავალებით გაგზავნა. სანამ ეს მეორე წასული იყო, პირველი ქუჩის
ნათურის ქვეშ აღელვებული ცქმუტავდა, ტერფებით ერთგვარ ცეკვასაც კი
ასრულებდა და თან თავდავიწყებით, სიმღერასავით ღიღინებდა: "ო, ჯეგეოს,
ჯეგეოს, ჯეგეოს! მის გაღდა ყველა მძოღია, ვენდობი მხოლოდ ჯეგეღსს!" ჩემი
მეურვის სახელგანთქმულობის ამ თვალსაჩინო საბუთებმა დიდი
შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე და მისდამი უწინდელზე უფრო დიდი
მოწიწებით აღმავსო.

კიდევ რამდენიმე ხანს გავცქეროდი ბართოლომიუ-ქლოუზიდან ლიტლ-


ბრიტანს, როდესაც ქუჩის მეორე მხრიდან ჩემკენ მომავალი მისტერ ჯეგერსი
დავინახე. იქვე მდგარმა ადამიანებმაც მაშინვე შენიშნეს და ყველა
ერთდროულად მიაწყდა. მისტერ ჯეგერსს ერთი სიტყვაც არ უთქვამს ჩემთვის,
ისე მომხვია მხარზე ხელი და წამიყვანა, თან უკან დადევნებულებს რიგრიგობით
მიმართა.

თავდაპირველად განზე მდგომ ორ კაცს მიუბრუნდა და საჩვენებელი თითი


მათკენ გაიშვირა.

– თქვენთვის არაფერი მაქვს სათქმელი. არ მსურს, იმაზე მეტი ვიცოდე, რაც


უკვე შევიტყვე. შედეგს რაც შეეხება, ორმოცდაათი ორმოცდაათზეა. თავიდანვე
გითხარით, ორმოცდაათი ორმოცდაათზეა-მეთქი. უემიკს გადაუხადეთ?

– ფული ამ დილით მოვაგროვეთ, სერ, – მლიქვნელური კილოთი უპასუხა


ერთმა, ვიდრე მეორე მისტერ ჯეგერსს სახეში შესციცინებდა.

– სულ არ მადარდებს, როდის, სად ან რა მანქანებით შეაგროვეთ. მთავარია,


უემიკს თუ მიუტანეთ.

– დიახ, სერ, – ცხარედ დაუდასტურა ორივემ.

‒ ძალიან კარგი, შეგიძლიათ წახვიდეთ. არა, ასე არ გამოვა! – ორივე ხელი


აუქნია, ნუ წამომყვებითო, – იცოდეთ, ერთი სიტყვაც და საქმეს ხელს აღარ
მოვკიდებ!
– მისტერ ჯეგერს, ვიფიქრეთ... – წამოიწყო ერთ-ერთმა კაცმა და ქუდი
მოიხადა.

– სწორედ ეგ არ უნდა გექნათ, ხომ გაგაფრთხილეთ! – გააწყვეტინა მისტერ


ჯეგერსმა, – უყურე ერთი, იფიქრეს! თქვენ მაგივრად მე ვფიქრობ, ეს იკმარეთ.
თუ დამჭირდით, ვიცი, სადაც მოგძებნოთ. თქვენი მოსვლა საჭირო აღარ არის.
კმარა! აღარაფერი გამაგონოთ!

ორმა კაცმა ერთმანეთს გადახედა, მისტერ ჯეგერსმა ისევ აუქნია ხელი და


ისინი საბოლოოდ ჩამოგვრჩნენ, ვეღარც ხმის ამოღება გაბედეს.

– ახლა კი თქვენ რაც შეგეხებათ! – მისტერ ჯეგერსი იმ ორ თავსაფრიან ქალს


მიუბრუნდა, ვისი თანმხლები მამაკაცებიც თავმდაბლად გადგნენ განზე, – ოჰ!
ამელია, ხომ?

– დიახ, მისტერ ჯეგერს.

– ის თუ გახსოვთ, მე რომ არა, აქ ვერც იქნებოდით და არც იქნებოდით? –


ტლანქად შეუტია მისტერ ჯეგერსმა.

‒ ო, დიახ, სერ! – შესძახა ორივე ქალმა, – ღმერთმა დაგლოცოთ ამისთვის!

– მაშ, აქ რატომღა მოსულხართ?

– ჩემი ბილი, სერ! – მუდარით ამოიკვნესა ქალმა.

– ერთ რამეს გეტყვით! – მიუგო მისტერ ჯეგერსმა, – დაიმახსოვრეთ ერთხელ


და სამუდამოდ. თქვენ თუ ვერ ხვდებით, რომ თქვენი ბილი საიმედო ხელშია,
სიტყვაზე მაინც მენდეთ. კიდევ ერთხელ თუ მოხვალთ და ღნავილით
შემაწუხებთ, იცოდეთ, თქვენც და თქვენს ბილსაც სამაგალითოდ დაგსჯით: თავს
დავანებებ და რაც უნდა, ის აკეთოს. უემიკს თუ გადაუხადეთ?

– როგორ არა, სერ! უკანასკნელ ფარტინგამდე!

– ძალიან კარგი. მაშ, რაც შეგეძლოთ, ყველაფერი გაგიკეთებიათ. კიდევ


ერთი სიტყვაც – ერთადერთი – და უემიკი თქვენს ფულს უკლებლივ უკანვე
დაგიბრუნებთ.
ამ საშინელმა მუქარამ ქალებს მაშინვე უკან დაახევინა. მისტერ ჯეგერსის
გვერდით მხოლოდ აღტყინებული ებრაელიდა დარჩა, რომელმაც უკვე
რამდენჯერმე ასწია მისი სერთუკის კალთა და მოწიწებით ემთხვია.

– ეს კაცი ვინღაა? – ჩვეული აგდებით იკითხა ჯეგერსმა, – რა უნდა ჩემგან?

– ძვიღფასო მისტერ ჯეგეოს. აბღაამ ლაზაღუსის ღვიძლი ძმა გახლავაღთ.

– ეგ ვინაა? – ჩაეკითხა მისტერ ჯეგერსი, – სერთუკს ხელი უშვით.

მთხოვნელი უკანასკნელად ემთხვია მის კალთას, ვიდრე ხელს შეუშვებდა.

– აბღაამ ლაზღუსი, ვეოღცხლის ლანგღის მოპაღვაში ეჭვმიტანილი.

– დაიგვიანეთ, – მკვახედ უპასუხა მისტერ ჯეგერსმა, – საწინააღმდეგო მხარეს


წარმოვადგენ.

– ღმეღთო დიდებულო, მისტეოღ ჯეგეოს! – შესძახა ჩემმა ნერვიულმა ნაცნობმა


და გადაფითრდა, – ოღონდაც ნუ მეტყვით, ღომ აბღაამ ლაზაღუსის წინააღმდეგ
ხაღთ!

– ვარ და ამით დამთავრდა, გზიდან ჩამომეცალეთ.

– მისტეღ ჯეგეღს! სულ ეღთი წამით! ჩემი ბიძაშვილი ამ წუთას მისტეღ


უემიკთან იმყოფება და მზადაა ნებისმიეღი პიღობები შესთავაზოს. მისტეღ
ჯეგეღს! ეღთი წამით! თუ წყალობას გაიღებთ და დაგვთანხმდებით, თქვენი თავი
საპიღისპიღო მხაღისაგან გამოვისყიდოთ... ნებისმიერ ფასად! ფასს
მნიშვნელობა ადა აქვს!.. მისტეღ ჯეგედს!.. მისტეღ!..

ჩემმა მეურვემ აცახცახებული მთხოვნელი სრულიად გულგრილად მიატოვა


და ისიც, უიმედოდ დარჩენილი, ისე აცქმუტდა, თითქოს ქვაფენილი
გავარვარებული ყოფილიყო. ამის შემდეგ დაუბრკოლებლად მივაღწიეთ
კანტორის წინკარს, სადაც კლერკი და ბეწვისქუდიანი, ხავერდისკოსტიუმიანი
კაცი დაგვხვდნენ.

– მაიკია მოსული, – კლერკი მერხიდან წამოდგა და მისტერ ჯეგერსს შეეგება.

– ოჰ! – მისტერ ჯეგერსი ბეწვისქუდიანს მიუბრუნდა, რომელიც იქვე იჯდა და


ისე იქაჩავდა ქოჩორს, როგორც "მამალი რობინის" საბავშვო ლექსში ხარი
ექაჩება ზარის ბაწარს, – თქვენს მეგობარს დღეს უწევს ჯერი. რას იტყვით?

– მისტერ ჯეგერს, – ქრონიკულად გაცივებული კაცის ხმით მიმართა მაიკმა, –


კარგა ხანს ვეწვალეთ და, როგორც იქნა, ისეთი კაცი მოვძებნეთ, უეჭველად
ივარგებს.

– რა ჩვენების მიცემა შეუძლია?

– მისტერ ჯეგერს, – კაცმა ამჯერად ქუდით მოიწმინდა ცხვირი, – რაც კი


საჭირო იქნება, ყველაფერს დაიფიცებს.

– რაო? – უეცრად გაცხარდა მისტერ ჯეგერსი და შეშინებულ კლიენტს თითი


მიუშვირა, – ხომ გაგაფრთხილეთ, ასეთ რამეს აქ ერთხელაც თუ იტყვით, შავ
დღეს დაგაყრით-მეთქი?! თქვე თაღლითო, როგორ ბედავთ ჩემთან ამის
პირდაპირ აღიარებას?

კლიენტი შეშფოთებულიც ჩანდა და გაოგნებულიც, აქაოდა, ვერ გამიგია, რა


დავაშავეო.

– ბრიყვო! – ხმადაბლა ჩაილაპარაკა კლერკმა და კაცს გვერდში იდაყვი


გაჰკრა, – ჭკუათხელო! ასეთ რამეს ხმამაღლა ვინ ამბობს!

– ყური დამიგდეთ, გამოთაყვანებულო! – უკიდურესად მკაცრი კილოთი უთხრა


მისტერ ჯეგერსმა, – უკანასკნელად გეკითხებით, რა ჩვენების მიცემა შეუძლია იმ
კაცს, რომელიც აქ მოიყვანეთ?

მაიკი ისე გულმოდგინედ მიაჩერდა ჩემს მეურვეს, თითქოს მისი სახიდან


ცდილობსო სწორი პასუხის ამოკითხვას და ნელა უპასუხა:

– მოკლედ... ან მის პატიოსან ხასიათზე ილაპარაკებს, ან კიდევ იტყვის, რომ


იმ ღამით გვერით ჰყავდა და დილამდე მისთვის თვალი არ მოუცილებია.

– კარგი, ახლა ფრთხილად მიპასუხეთ. თქვენი მოწმე რა ხელობის კაცია?

მაიკმა ჯერ ქუდზე დაიხედა, მერე ჭერსა და იატაკს ახედ-ჩახედა, კლერკს


გადახედა და ჩემკენაც კი გამოაპარა თვალი, ბოლოს აღელვებით წამოიწყო:
– როგორც შეგვეძლო, წესიერად გამოვაწყვეთ... – მაგრამ ჩემი მეურვე ისევ
აფეთქდა:

– რაო? ისევ?!.

– ბრიყვი! – ჩაილაპარაკა კლერკმა.

– მცხობლის ტანისამოსი აცვია. კონდიტერსაც წააგავს, – უმწეო მცდელობების


შემდეგ, როგორც იქნა, ამოთქვა მაიკმა.

– აქ არის? – ჰკითხა ჩემმა მეურვემ.

– აქვე, ქუჩის კუთხეში დავტოვე, სახლის კიბეზე ზის.

– ფანჯარასთან ჩამოატარეთ და დამანახვეთ.

სამივენი კანტორის გისოსებიან ფანჯარასთან დავდექით და წუთის შემდეგ


დავინახეთ ქუჩაზე არხეინი ნაბიჯით მომავალი მაიკი, რომელსაც მხეცური იერის
მქონე ვიღაც ზორბა კაცისათვის ხელკავი გამოედო და მოჰყავდა. ამ ვითომდა
უწყინარ კონდიტერს თეთრი ქურთუკი ეცვა, შუბლზე მზარეულის თეთრი ჩაჩი
ჰქონდა ჩამოფხატული და ფხიზელი ნამდვილად არ ეთქმოდა, ყველა
სიკეთესთან ერთად, რამდენიმე დღის წინ ჩალურჯებული, ახლა უკვე მომწვანო
ფერის თვალი თეთრი ფერით ჰქონდა ნაჩქარევად შეღებილი.

– უთხარი, ეს თავისი მოწმე აქედან მომაცილოს, – ზიზღით გადაულაპარაკა


მისტერ ჯეგერსმა კლერკს, – და, ერთი, ისიც ჰკითხე, ნუთუ არ რცხვენია, ასეთი
გარეწარი რომ მოათრია?

ამის შემდეგ ჩემმა მეურვემ თავის ოთახში შემიყვანა და ჩემთვის დასახული


გეგმები მამცნო, თან ზეზეულად საუზმობდა კოლოფიდან ამოღებული
სენდვიჩებით (რომლებსაც ისევე უხეშად ეპყრობოდა, როგორც თავის
კლიენტებს) და მათარიდან ხერესს აყოლებდა. მისგან ბერნარდის ფუნდუკში
უნდა წავსულიყავი, ახალგაზრდა მისტერ პოკეტის ბინაში, სადაც ჩემთვის
საწოლი გაემზადებინათ. მისტერ პოკეტთან ორშაბათამდე უნდა
დავრჩენილიყავი. ორშაბათს კი ამ ახალგაზრდა მისტერთან ერთად მის მამას
უნდა ვწვეოდი სახლში და იქაურობას გავცნობოდი. ასევე შევიტყვე,
ყოველთვიურად რა რაოდენობის თანხას მივიღებდი – ეს კარგა გვარიანი თანხა
აღმოჩნდა; გარდა ამისა, მეურვემ უჯრიდან ამოიღო ნაირნაირი ვაჭრების
სავიზიტო ბარათები, რომლებთანაც ტანისამოსისა და სხვა საჭირო ნივთების
ყიდვას შევძლებდი.

– როგორც ნახავთ, მშვენიერი შემოსავალი გექნებათ, მისტერ პიპ, – მითხრა


მისტერ ჯეგერსმა და მათარას თავი მოხადა. ხერესის ისეთი სუნი ამოიფრქვა,
გეგონებოდათ, მთელი კასრი ყოფილიყო, – თუმცა გახსოვდეთ, თქვენს ხარჯებს
გულდაგულ შევამოწმებ და, თუკი დაშვებულს გადააჭარბებთ, ამაზე
მიგითითებთ კიდეც. რა თქმა უნდა, ადრე თუ გვიან ფული მაინც ჭკუიდან
გადაგრევთ და ფლანგვისგან თავს ვერ შეიკავებთ, მაგრამ ეგ უკვე ჩემი ბრალი
აღარ იქნება.

წუთით ამ ბოლო გამამხნევებელ შენიშვნას დავუფიქრდი, მერე ვკითხე,


ფაეტონის აყვანა თუ დამჭირდებოდა. მიპასუხა, რომ არ ღირდა, იმდენად
ახლოს ვიყავი წასასვლელი. ისიც დაუმატა, თუ გნებავთ, უემიკი მიგაცილებთო.

უემიკი სწორედ გვერდით ოთახში მჯდომი კლერკი აღმოჩნდა. დროებით მისი


ადგილის დასაკავებლად მეორე სართულიდან სხვა კლერკი გამოიძახეს და, მას
მერე, რაც ჩემს მეურვეს ხელი ჩამოვართვი, უემიკთან ერთად ქუჩაში გავედი. იქ
მომლოდინე ხალხის ახალი ჯგუფი შეგროვებულიყო, მაგრამ უემიკმა სათითაოდ
ყველანი გასწი-გამოსწია და მშვიდად, მაგრამ მტკიცედ უთხრა:

– აზრი არა აქვს, დამიჯერეთ; არცერთს არ დაგელაპარაკებათ, – რის


შემდეგაც გაგვეცალნენ და ერთმანეთის მხარდამხარ გავუდექით გზას.
21

სიარულისას მისტერ უემიკს თვალი შევავლე, რადგან დღის სინათლეზე ჯერ


არ მენახა. ხმელ-ხმელი, საშუალოზე დაბალი ტანის კაცი იყო. კუთხოვან სახეზე
უხეში ნაკვთები ჰქონდა, თითქოს ბლაგვი სატეხით გამოეთალათ ხისგან. ამ
სახეზე იყო ისეთი ადგილები, იარაღი მეტად ბასრი რომ ყოფილიყო, იტყოდით,
ლოყები სასიამოვნოდ აქვსო დასვრეტილი, მაგრამ ახლა ნაყვავილარს უფრო
ჰგავდა. სატეხს მისი ცხვირის ფუძესთან სამი-ოთხი ამგვარი მცდელობა
გაუკეთებია და, ხელმოცარვით გაღიზიანებულს, შუა გზაზე მიუტოვებია.
გაცრეცილი პერანგის გამო ვიფიქრე, უცოლო უნდა ყოფილიყო. ისიც შევატყვე,
არაერთი მწუხარება რომ უნდა ჰქონოდა გადატანილი, რადგან, სულ ცოტა, ოთხი
სამგლოვიარო ბეჭედი მაინც ეკეთა; მათ გარდა, კიდევ – გულსაბნევი, რომელზეც
ქალის პორტრეტი და საფლავთან ტოტებჩამოხრილი ტირიფი იყო გამოსახული.
უემიკს საათის ძეწნკვიც ბეჭდებითა და მედალიონებით ჰქონდა დახუნძლული –
შეიძლება ითქვას, გარდაცვლილი მეგობრების სახსოვართა მძიმე ტვირთი აწვა.
პატარა, მბზინავი შავი თვალები და წვრილტუჩა, დიდი პირი ჰქონდა. ჩემი
ანგარიშით, ამ სახის პატრონი ორმოციდან ორმოცდაათ წლამდე უნდა
ყოფილიყო.

– მაშ, ლონდონში პირველად ხართ? – მკითხა მისტერ უემიკმა.


– დიახ, – ვუპასუხე.

– ერთ დროს აქაურობა ჩემთვისაც უცხო იყო, – შენიშნა, – ეს ახლა


დაუჯერებლადაც კი მეჩვენება.

– მას მერე ლონდონი კარგად გაიცანით?

– ნამდვილად, – მიპასუხა მისტერ უემიკმა, – მის მაჯისცემასაც კი ვგრძნობ.

– ძალიან საშიში ადგილია? – უფრო სიტყვის მასალად ვკითხე, ვიდრე


სიმართლის დასადგენად.
– ლონდონში შეიძლება მოგატყუონ, გაგძარცვონ ან მოგკლან. მაგრამ ამის
ჩამდენს ნებისმიერ სხვა ადგილასაც მრავლად იპოვით.

‒ თუკი ეს ადამიანები თქვენ მიმართ მტრულად არიან განწყობილნი, – ეს


მისი სიტყვების შესარბილებლად ვთქვი.

– მტრობის რა მოგახსენოთ, – მიპასუხა მისტერ უემიკმა, – აქ დიდად არავინ


არავის მტრობს. დანაშაულს მაშინ სჩადიან, როცა ამისგან რამე სარგებელს
მოელიან.

– ეს კიდევ უარესია.

– ასე ფიქრობთ? – მომიგო მისტერ უემიკმა, – მე კი ვფიქრობ, განსხვავება არ


არის.

ქუდი კეფაზე ჰქონდა გადაგდებული და იმისთანა თავდაჯერებული იერით


მიაბიჯებდა, აქაოდა, გზაზე ისეთი არაფერი მხვდება, ჩემს ყურადღებას რომ
იმსახურებდესო. რაკიღა პირი საფოსტო ყუთის ჭრილივით ფართო ჰქონდა,
თავისთავად ტოვებდა ღიმილის შთაბეჭდილებას. ჰოლბორნ-ჰილზე როცა
ავბობღდით, მაშინღა მივხვდი, ეს მხოლოდ მექანიკური შთაბეჭდილება რომ იყო
და სინამდვილეში სულაც არ იღიმებოდა.

– იცით, სად ცხოვრობს მისტერ მეთიუ პოკეტი? – ვკითხე.

– დიახ, – თავის აქნევით მიმართულება მიჩვენა, – ჰემერსმითში, ლონდონის


დასავლეთით.

– აქედან შორსაა?

– ხუთი მილი იქნება.

– მისტერ მეთიუ პოკეტს იცნობთ?

– რამდენი კითხვის დასმა გყვარებიათ! – მოწონებით მომიბრუნდა მისტერ


უემიკი, – დიახ, ვიცნობ. როგორ არ ვიცნობ!

უკანასკნელი სიტყვები ისეთი ათვალწუნებით წარმოთქვა, არ მესიამოვნა.


ჯერაც მის კუთხოვან სახეს მივჩერებოდი, იმ იმედით, რომ კიდევ რამე
განმარტებას მივიღებდი, როცა ერთბაშად გამომიცხადა, ბერნარდის ფუნდუკს
მივადექითო. ამ განცხადებამ უსიამო განწყობა ვერ გამიფანტა, რადგან მეგონა,
სასტუმრო დამხვდებოდა, რომელიც ვინმე მისტერ ბერნარდს ეკუთვნოდა და
რომელთან შედარებითაც ჩვენი ქალაქის "ლურჯი ტახი" ბინძურ სამიკიტნოდ
მომეჩვენებოდა. მაგრამ ბერნარდი უსხეულო აჩრდილი ან სულაც ფიქცია
აღმოჩნდა, ხოლო მისი ფუნდუკი – ერთურთზე მიტმასნილი,
გადატყავებულ-წაქცეული სახლების რიგი, ქუჩის კატების შეკრების ადგილი.

ამ სავანეს პატარა ჭიშკრის მხრიდან მივადექით, ვიწრო დერეფანი გავიარეთ


და თავი ერთი ბეწო, უღიმღამო ეზოში ამოვყავით, რომელიც ცარიელ
სასაფლაოს მივამსგავსე. ჩემი შთაბეჭდილებით, სხვაგან ვერსად ნახავდით
ისეთ მრუმე და გაუხარელ ხეებს, ბეღურებს, კატებს, ისეთ უღიმღამო სახლებს
(სულ ექვსიოდე იქნებოდა), როგორიც აქ დამხვდა. სახლები ცალკე ბინებად იყო
დაყოფილი და ამ ბინების ფანჯრები ნაირ-ნაირად დაკონკილი ფარდების,
ყვავილის დამტვრეული ქოთნების, დაბზარული მინების, მტვრისა და ათასნაირი
ნაგვის გამოფენას წარმოადგენდა. ყველა ფანჯრიდან თვალში მეცა
განცხადებები: "ქირავდება!", "ქირავდება!", "ქირავდება!" – თითქოს აქაურობამ
ახალ-ახალი მსხვერპლი ვეღარ შემოიტყუა და ბერნარდის შურისმაძიებელი
აჩრდილი იმით იყრიდა ჯავრს, რომ თანდათანობით ყველა მდგმური
თვითმკვლელობამდე მიიყვანა და ეზოს ფილებქვეშ გაუპატიოსნებლად
დამარხა. ბერნარდის ეს ღვთივმივიწყებული ნაშიერი ჭვარტლისა და კვამლის
ძაძებით შეიმოსა, თავზე ფერფლი მოიყარა და სანაგვე ორმოს დამამცირებელ
ხვედრს თვინიერად შეეგუა. აი, ასეთი განცდა დამეუფლა. ამავდროულად,
ნესტოებში უხმაუროდ მეცა ყოველგვარი მშრალი თუ სველი სიდამპლის,
გახრწნილი ვირთხის, თაგვისა თუ ხოჭოს სიმყრალე და ახლომახლო
ფაეტონების სადგურის სუნი – ყველაფერი ეს უღონოდ მომეძალა და
შემომკვნესა: "შეიყნოსე ბერნარდის ნარევი!"

ჩემი დიდი იმედების ეს პირველი ასრულება იმდენად საზარელი აღმოჩნდა,


მისტერ უემიკს გაოგნებულმა შევხედე. მან ჩემი განცდები მცდარად გაიგო:

– აჰ, ეს ბინები, ალბათ, მშობლიურ პროვინციას გაგონებთ? მეც იგივე


გრძნობა მეუფლება.

ეზოს კუთხეში ხის კიბეზე ამიყვანა, რომელიც, როგორც მომეჩვენა, სულ მალე
ნახერხის გროვად ჩაიფშვნებოდა: ერთ მშვენიერ დღეს ზედა სართულის
მობინადრეები თავიანთი კარიდან გამოიხედავდნენ და ქუჩაში ვეღარ
გავიდოდნენ. სულ ზედა სართულის ბინასთან შევჩერდით. "მისტერ პოკეტ უმცრ".
– ეწერა კარზე, საფოსტო ყუთზე კი ბარათი ეკიდა: "მალე დავბრუნდები".

– როგორც ჩანს, არ ეგონა, ასე ადრე თუ ჩამოხვიდოდით, – ამიხსნა მისტერ


უემიკმა, – მეტად აღარ გჭირდებით?

– არა, გმადლობთ, – ვუპასუხე.

– რაკი ნაღდი ფულის გაცემა მე მაბარია, ვფიქრობ, ერთმანეთს ხშირად


შევხვდებით. კარგ დღეს გისურვებთ.

– თქვენც კარგ დღეს გისურვებთ.

ხელი გავუწოდე, მაგრამ მისტერ უემიკმა ისე დახედა, თითქოს ეგონა, მისგან
რაღაცას ვითხოვდი. მერე, როგორც ჩანს, მიმიხვდა და ამომხედა.
– ახლა მესმის. ხელის ჩამორთმევა ჩვევად გაქვთ, ხომ ასეა?

ძალიან დავიმორცხვე; გავიფიქრე, ეს ჩვევა ლონდონში მოდიდან


გადასულია-მეთქი, მაგრამ მაინც დასტურით ვუპასუხე.

– მე კი სულ მთლად გადავეჩვიე, – აღიარა მისტერ უემიკმა, – სხვა საქმეა,


როცა ვინმეს სამუდამოდ ეთხოვები. მაშ, მიხარია თქვენი გაცნობა. კარგ დღეს
გისურვებთ!

ერთურთს ხელი ჩამოვართვით და მისტერ უემიკი წავიდა. მე სადარბაზოს


ფანჯარა ავწიე და ლამის უთავოდ დავრჩი, რადგან დამპალი რაფა
გილიოტინასავით ჩამოეშვა. საბედნიეროდ, ეს ისე სწრაფად მოხდა, ფანჯრიდან
თავის გაყოფა ვერ მოვასწარი. ამგვარად ბეწვზე გადარჩენილი, მტვრის ფენით
მოჩუქურთმებულ მინაში გახედვას დავჯერდი. სასოწარკვეთილი გავყურებდი
ეზოს და ვფიქრობდი, ლონდონს ნამდვილად უსამართლოდ აქებენ-მეთქი.

როგორც ჩანს, მისტერ პოკეტ უმცროსი სიტყვა "მალეს" ჩემგან განსხვავებული


აზრით ხმარობდა, რადგან სადარბაზოში ნახევარსაათიანი დგომით ლამის
ჭკუიდან შევიშალე. ყველა ფანჯრის ყველა დამტვერილ მინაზე მოვასწარი ჩემი
სახელის ამოკაწრვა და მერე, როგორც იქნა, კიბიდან ნაბიჯების ხმა ამომესმა.
თანდათან ჩემ წინ ჩემივე საზოგადოებრივი ფენის წარმომადგენლის ჯერ ქუდი
ამოიზარდა, მერე – თავი, ჰალსტუხი, ჟილეტი, შარვალი და ფეხსაცმელი. ორივე
იღლიაში ქაღალდის პარკი ჰქონდა ამოჩრილი, ხელში კი პატარა კალათით
მარწყვი ეჭირა და აქოშინებული ამოდიოდა.

– მისტერ პიპ? – მკითხა.

– მისტერ პოკეტ? – ვკითხე მეც.

– ღმერთო! – შესძახა, – საშინლად ვწუხვარ; მაგრამ რაკი ვიცოდი, რომ


თქვენი მხრიდან დილიჟანსი შუადღეზე მოდიოდა, მეგონა, მას გამოჰყვებოდით.
სიმართლე გითხრათ, თქვენ გამო გავედი, თუმცა ეს არანაირად არ
მამართლებს, მაგრამ ვიფიქრე, შორი მგზავრობის შემდეგ ხილი
გესიამოვნებოდათ და კარგი ხილის ასარჩევად კოვენტ-გარდენის ბაზარში
წავედი.

სრულიად მართებული მიზეზით, გაოცებისაგან თვალები ლამის


გადმომცვივდა. დაბნეულმა გამოვუთქვი ჩემი მადლიერება ასეთი
ყურადღებისათვის და თითქმის დავრწმუნდი, რომ ეს ყველაფერი
მესიზმრებოდა.

– ო, ღმერთო! – შესძახა მისტერ პოკეტ უმცროსმა, – კარი გაიჭედა.

იღლიებქვეშ პარკებამოჩრილი კართან ჭიდაობას შეუდგა და თავის ხილს,


სადაც იყო, ფაფად აქცევდა, ამიტომაც ვთხოვე, ტვირთი ჩემთვის გადმოეცა.
გულღია ღიმილით დამითმო ქაღალდის პარკები და კარს ისე ეკვეთა, თითქოს
ველურ მხეცს ერკინებოდა. ბოლოს კარი ისე უეცრად დანებდა, ჩემი მასპინძელი
ზურგით მე დამეტაკა, მე კი – მეზობლის კარს და ორივეს სიცილი აგვიტყდა,
მაგრამ თვალები ჯერაც გადმოცვენაზე მქონდა და თავიც ისევ სიზმარში მეგონა.

– გთხოვთ, შემობრძანდით, – მითხრა მისტერ პოკეტ უმცროსმა, – ნება


მიბოძეთ, შეგიძღვეთ. საკმაოდ მოკრძალებულად ვცხოვრობ, მაგრამ იმედი
მაქვს, ორშაბათამდე აქ ასე თუ ისე მყუდროდ იქნებით. მამაჩემმა გადაწყვიტა,
რომ ხვალინდელ დღეს ჩემთან ერთად უფრო სასიამოვნოდ გაატარებდით,
ვიდრე მასთან. თანაც ლონდონშიც ხომ უნდა გაისეირნოთ. დიდი სიამოვნებით
დაგათვალიერებინებთ ლონდინს. ჩვენს საჭმელს რაც შეეხება, იმედი მაქვს,
ურიგო არ მოგეჩვენებათ: ჩვენი ახლომახლო კაფედან ამოგვიტანენ კერძებს და,
სამართლიანობის გულისათვის დავუმატებ, მისტერ ჯეგერსის განკარგულების
თანახმად, ეს თქვენი ხარჯით მოხდება. ბინა ნამდვილად არ არის მდიდრული,
რადგან ჩემი შრომით მიწევს პურის ფულის შოვნა, მამაჩემი ვერ მეხმარება და
ეს რომც შეეძლოს, არაფერს გამოვართმევდი. ეს ჩვენი სასადილო ოთახია,
ხედავთ? რაც კი შინ არ დასჭირდათ – სკამები, მაგიდები, ხალიჩა – იმით
გავაწყვე. სუფრის, კოვზებისა და ლანგრებისთვის ნუ შემაქებთ, ჩემი არ არის,
თქვენთვის კაფედანაა ამოტანილი. ეს ჩემი ციცქნა საძინებელია – საკმაოდ
ნესტიანია, მაგრამ ბერნარდი საერთოდ ნესტიანია. ეს კი თქვენი საძინებელია.
ავეჯი საგანგებოდაა ნაქირავები, თუმცა, ვფიქრობ, გამოდგება. თუკი რამე
დაგჭირდებათ, წავალ და მოგიტანთ. მყუდრო ბინაა და აქ ჩვენ ორის გარდა
არავინ იცხოვრებს, მაგრამ, ვფიქრობ, არ ვიჩხუბებთ. ოჰ, მაპატიეთ, ეს ხილი
ამდენ ხანს ხელში რომ დაგაკავებინეთ. გთხოვთ, მომეცით პარკები. მართლა
ძალიან მრცხვენია.

როცა მისტერ პოკეტ უმცროსის პირისპირ ვიდექი და ერთმანეთის მიყოლებით


გავუწოდე პარკები, მის თვალებში იგივე გაოცება ამოვიკითხე, რაც, ცხადად
ვგრძნობდი, ჩემს თვალებშიც ეწერა. მან უკან დაიხია და შესძახა:

– კი მაგრამ, თქვენ ის ეზოში მოხეტიალე ბიჭი არა ხართ?!

– თქვენ კი – ფერმკრთალი ახალგაზრდა ჯენტლმენი!


22

მე და ფერმკრთალი ახალგაზრდა ჯენტლმენი ერთხანს ბერნარდის


ფუნდუკში ასე ვიდექით და ერთმანეთს გაოგნებულნი შევცქეროდით, ვიდრე,
ბოლოს და ბოლოს, ორივეს სიცილი არ აგვიტყდა.

– წარმოუდგენელია! თქვენ ხართ? – წამოიძახა.

– თქვენ ხართ? მართლაც წარმოუდგენელია! – შევძახე მეც. ერთმანეთი ისევ


შევათვალიერეთ და ისევ გულიანად გაგვეცინა.

– მაშ, კარგი! – გულთბილად გამომიწოდა ხელი, – იმედი მაქვს, იმ ჩხუბს


დაივიწყებთ და დიდსულოვნად მომიტევებთ, მაშინ ასე რომ გირტყით.

ამ სიტყვებმა მაფიქრებინა, რომ მისტერ ჰერბერტ პოკეტს (ფერმკრთალ


ახალგაზრდას ჰერბერტი ერქვა) დღემდე ვერ განესხვავებინა საკუთარი სურვილი
მისი ასრულებისაგან. მაგრამ ეს არ ვაგრძნობინე, მოკრძალებული პასუხი გავეცი
და ერთმანეთს გულითადად ჩამოვართვით ხელი.

– მაშინ ჯერ არ იყავით მდიდარი, ხომ ასეა? – მკითხა ჰერბერტ პოკეტმა.

– არა, – ვუპასუხე.

– მართალია, – დამიდასტურა, – როგორც შევიტყვე, ეს სულ ცოტა ხნის წინ


მოხდა. სამაგიეროდ, იმხანად მე მქონდა გამდიდრების იმედი.

– მართლა?

– დიახ. მის ჰევიშემმა გასაცნობად გამომიძახა. მაგრამ, როგორც ჩანს, არ


მოვეწონე, ყოველ შემთხვევაში, არაფერი მარგუნა.

თავაზიანობის გულისათვის შევნიშნე, ეს ძალზე საკვირველად


მეჩვენება-მეთქი.
– რას იზამ, ცუდი გემოვნება აღმოაჩნდა, – ჩაიცინა ჰერბერტმა, – ასე თუ ისე,
საცდელი ვადით მასთან სტუმრად ვიყავი და ეს გამოცდა წარმატებით რომ
ჩამებარებინა, ახლა ყველაფრით უზრუნველყოფილი ვიქნებოდი. შესაძლოა,
ესტელას ისიც ვყოფილიყავი...

– რა? – სერიოზული კილოთი ჩავეკითხე.

საუბრისას ხილს თეფშებზე აწყობდა, რის გამოც ყურადღება გაეფანტა და


უცებ საჭირო სიტყვა ვეღარ გაიხსენა.

– საქმრო, – ამიხსნა ისევ ხილით გართულმა, – დანიშნული, რა ვიცი, რას


უწოდებენ.

– მერედა, ეს იმედგაცრუება როგორ გადაიტანეთ?

– ფუჰ! – შესძახა, – სულაც არ მიდარდია. ნამდვილი ტარტაროზია.

– ვინ? მის ჰევიშემი? – გამოვთქვი ვარაუდი.

– ვერც ამას უარვყოფ, თუმცა ესტელა ვიგულისხმე. ეს გოგო უკიდურეს


ზღვრამდე უგულო, კუდაბზიკა და ჭირვეული ვინმეა. მის ჰევიშემმა ის მამაკაცთა
მთელი მოდგმის წინააღმდეგ ცოცხალ შურისძიებად აღზარდა.

– მის ჰევიშემის როგორი ნათესავია?

– არანაირი, უბრალოდ იშვილა.

– კი მაგრამ, რაში სჭირდებათ ან ერთს, ან მეორეს მამაკაცთა მთელ


მოდგმაზე შურისძიება?

– ღმერთო დიდებულო, მისტერ პიპ! – გაოცდა ჩემი მასპინძელი, – ნუთუ


არაფერი იცით?

– არა, – ვუპასუხე.

– არ გადამრიოთ! ეს გრძელი ამბავია და ჯობია, სადილისათვის


შემოვინახოთ. ახლა კი გავბედავ და გკითხავთ: როგორ მოხვდით იმ დღეს მის
ჰევიშემის ეზოში?

ჩემი ამბავი ვუამბე. ყურადღებით მისმენდა და როცა დავასრულე, ისევ


ახარხარდა. მერე მკითხა, ჩხუბში ძალიან ხომ არ დავშავდი. მისთვის იმავე
შეკითხვის დასმა ზედმეტად ჩავთვალე, რადგან პასუხი ისედაც ცხადი იყო.
– როგორც მივხვდი, მისტერ ჯეგერსი თქვენი მეურვეა? – მკითხა ბოლოს.

– დიახ.

– ის თუ იცით, რომ მის ჰევიშემის იურისტი და ნდობით აღჭურვილი პირია და


ყველა სხვა ადამიანზე მეტადაა მის საქმეებში ჩახედული?

ეს, როგორც ვიგრძენი, ჩემთვის სახიფათო ტერიტორიაზე გადმოსვლას


ნიშნავდა. ხაზგასმული თავშეკავებით ვუთხარი, რომ სწორედ ჩვენი
ორთაბრძოლის დღეს ვნახე მისტერ ჯეგერსი მის ჰევიშემთან, თუმცა მას მერე
არასოდეს მინახავს და, ვფიქრობ, ჩვენი მაშინდელი შეხვედრა აღარც კი
ახსოვდა.

– ძალზე გულითადად მოიქცა, მამაჩემი მასწავლებლად რომ შემოგთავაზათ.


ამაზე მოსალაპარაკებლად პირადადაც კი ეწვია მამას. რა თქმა უნდა, მამაჩემის
შესახებ მის ჰევიშემისგან სმენია. თუმცა ეს იმას როდი ნიშნავს, რომ მამას მის
ჰევიშემთან თბილი ნათესაური ურთიერთობა აქვს; საერთოდ, თვალთმაქცობა
არ სჩვევია და მის წყალობას არ დაეძებს.

ჰერბერტ პოკეტს საუბრის ისეთი გულწრფელი და მსუბუქი მანერა ჰქონდა,


იმთავითვე სიმპათიით განგაწყობდათ. არც მანამდე და არც მას შემდეგ არ
შემხვედრია მეორე ადამიანი, რომელზეც ასეთივე დარწმუნებით შეიძლებოდა
მტკიცება, რომ ტყუილი ან მზაკვრობა უბრალოდ არ შეუძლია. მთელ მის იერში
რაღაც საოცრად იმედიანი გამოსჭვიოდა და, ამავდროულად, გუმანით
ვგრძნობდი: მდიდარი ან წარმატებული ვერასოდეს გახდებოდა. თუ როგორ და
რატომ, ამას ვერ ავხსნი. ეს განცდა პირველივე საუბრისას დამეუფლა, ვიდრე
სადილად დავსხდებოდით, თუმცა ამის მიზეზს თვითონაც ვერ ჩავწვდი.

ისევ ის ფერმკრთალი ახალგაზრდა ჯენტლმენი იყო და მთელი სიმხნევისა და


ენერგიულობის მიუხედავად, ერთგვარი დაუცველობის შთაბეჭდილებას
ტოვებდა, რომელიც მის სუსტ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე მიგანიშნებდათ.
ლამაზი ნაკვთებით არ გამოირჩეოდა, თუმცა სილამაზეზე უკეთესი რამ გააჩნდა:
ძალზე სანდომიანი და ხალისიანი სახე ჰქონდა. აღნაგობითაც ისევ ისეთი იყო –
ოდნავ მოუხეშავი – როგორიც ჩვენი პირველი შეხვედრისას ვნახე.
ამავდროულად, იფიქრებდით, სულმუდამ ასე მსუბუქად და ახალგაზრდად
დარჩებოდა. ჩემი პროვინციელი მკერავის, მისტერ ტრების ქმნილებას ჩემზე
უკეთ თუ მოიხდენდა, ეს სხვა საკითხია; ის კი ცხადად დავინახე, თავისი
საკმაოდ გაცვეთილი სამოსი იმაზე კოხტად რომ ეცვა, ვიდრე მე – ჩემი
ახალთახალი.

რაკი სრულიად გულღია იყო და თანაც თანატოლები ვიყავით, ვიფიქრე, ჩემი


მხრიდან გულჩათხრობილობა არ ივარგებდა. ამიტომ მეც ვუამბე ჩემი
მოკრძალებული ამბავი, თან საგანგებოდ გავუსვი ხაზი იმას, რომ ჩემი
მწყალობლის ვინაობაზე რამე ვარაუდის გამოთქმა მეკრძალებოდა. მერე ისიც
დავუმატე, რომ, რაკი სოფელში ვიზრდებოდი და მჭედლის ხელობას
ვსწავლობდი, საზოგადოებაში ქცევის წესებისა დიდად არა გამეგებოდა რა.
ვთხოვე, როცაკი რამე შეცდომას დავუშვებდი, შესაბამისი მითითება მოეცა.

– სიამოვნებით, – მიპასუხა, – თუმცა გავბედავ და გიწინასწარმეტყველებთ,


რომ ძალზე ცოტა მითითება დაგჭირდებათ. ვფიქრობ, ხშირად მოგვიწევს ერთად
ყოფნა და არ მინდა, ჩვენ შორის ზედმეტი მორიდება იყოს. დასაწყისისათვის
გთხოვთ ჰერბერტი დამიძახოთ.

მადლობა გადავუხადე და დავპირდი, რომ ასეც მოვიქცეოდი. საპასუხოდ


ვთხოვე, ჩემთვის ფილიპი დაეძახა.

– ფილიპი დიდად არ მეხატება გულზე, – მიპასუხა ღიმილით, – ფილიპი


სახელმძღვანელოში ჭკუის სასწავლებელი მოთხრობების პერსონაჟ ბიჭს
მაგონებს, რომელიც იმდენად ზარმაცი იყო, ტბორში ჩავარდა, ან ისეთი მსუქანი,
თვალებში ვეღარ იხედებოდა, ან ისე ძუნწი, რომ ნამცხვარი კარადაში ჩაკეტა და
თაგვებმა შეუჭამეს, ან ისე უმოწყალოდ ანადგურებდა ჩიტის ბუდეებს, რომ,
საბედნიეროდ, იქვე მცხოვრებმა დათვებმა შეჭამეს. გეტყვით, ეს წუთია, რაც
მომაფიქრდა. რაკი ჩვენ შორის ასეთი ჰარმონია დამყარდა და რაკი წინათ
მჭედელი იყავით... წინააღმდეგი ხომ არ იქნებით?

– რაც უნდა შემომთავაზოთ, წინააღმდეგი არ ვიქნები, მაგრამ არ მესმის, რას


გულისხმობთ, – ვუპასუხე.

– რას იტყვით, შინაურულად ჰენდელი რომ დაგიძახოთ? ჰენდელს ერთი


მშვენიერი მუსიკალური ნაწარმოები აქვს, რომელსაც "ჰარმონიული მჭედელი"
ეწოდება.

– ეს აზრი ძალიან მომწონს.

– მაშინ, ძვირფასო ჰენდელ, – კარის გაღების ხმაზე მიტრიალდა ჰერბერტი, –


აგერ, სადილიც მოგვიტანეს და უნდა გთხოვოთ, სუფრის თავში დარძანდეთ,
რადგანაც ფაქტობრივი მასპინძელი სწორედ თქვენ ბრძანდებით.

რაკი სასტიკად ვიუარე, სუფრის თავში თვითონ დაიკავა ადგილი, მე კი მის


პირისპირ დავჯექი. კარგი, კოხტა სადილი გვქონდა, თუმცა მაშინ თვით
ლორდ-მერის(ლორდ-მერი – ინგლისში ლონდონისა და ზოგი სხვა
მუნიციპალიტეტის მეთაური (ქალაქის თავი).) საკადრის ნადიმად მომეჩვენა,
დამატებით სიხარულს ისიც მანიჭებდა, რომ უფროსების გარეშე, ლაღად და
თავისუფლად ვსადილობდით და გარს ლონდონი გვერტყა. ყველაფერთან
ერთად, ჩვენი პურობის ერთგვარმა ბოშურმა ხასიათმაც გამახალისა: სუფრა
ისეთი გვქონდა, მისტერ პამბლჩუკი იტყოდა, ჩიტის რძეც არ აკლიაო –
უკლებლივ ყველაფერი კაფედან იყო მოტანილი – სუფრის გარშემო ტერიტორია
კი იმდენად უდაბური იყო, რომ მიმტანი იძულებული გახდა, ქვაბის ხუფები ძირს
დაელაგებინა (და მათთვის მაშინვე ფეხი წამოეკრა), მდნარი კარაქი –
სავარძელზე დაედო, პური – წიგნის თაროზე, ყველის თეფში ნახშირის
აქანდაზში ჩაედგა, მოხარშული დედალი კი გვერდით ოთახში, ჩემს საწოლზე
დაებრძანებინა, სადაც დაწოლისას მისი ცხიმი დამხვდა გაგლესილი. ამ
ყველაფერმა გამამხიარულა და, როდესაც მიმტანი არ მიყურებდა, ჩემს
სიამოვნებას სულ აღარაფერი აფერხებდა.

სადილის დასრულებისას ჰერბერტს შევახსენე, მის ჰევიშემის ამბის


მოყოლას რომ დამპირდა.

– მართალია, – მიპასუხა, – ამას ახლავე გამოვასწორებ. ვიდრე თხრობას


დავიწყებდე, ჰენდელ, უნდა გითხრა, რომ ლონდონში დანის პირში ჩადება წესი
არ არის, შეიძლება დაშავდე. საამისოდ ჩანგალი არსებობს, თუმცა
აუცილებელზე ღრმად არც მისი ჩადება ვარგა. ამას დიდი მნიშვნელობა კი არა
აქვს, მაგრამ ხალხს ასე მიაჩნია სწორად. კოვზს კი ჯობია, ზევიდან კი არ
მოვავლოთ თითები, არამედ ქვევიდან. ამას ორი უპირატესობა აქვს: ჯერ ერთი,
პირს ასე უფრო ადვილად მისწვდები (ეს კი, დამეთანხმები, ჩვენი მთავარი
მიზანია), მეორეც ის, რომ მარჯვენა იდაყვი ისე აღარ გვაქვს წინ გამოშვერილი,
თითქოს ხამანწკებს ვხსნიდეთ.
ამგვარ მეგობრულ რჩევებს ისე მსუბუქად და უშუალოდ მაძლევდა, ორივეს
გულიანად გვეცინებოდა.

– ახლა კი, – განაგრძო საუბარი, – მის ჰევიშემს რაც შეეხება. უნდა


მოგახსენო, რომ მის ჰევიშემს ბავშვობიდანვე ანებივრებდნენ. დედა ჩვილობაში
გარდაეცვალა და მამა უარს არაფერზე ეუბნებოდა. მამამისი, თქვენ მხარეში
მცხოვრები ჯენტლმენი, ლუდის მწარმოებელი იყო. არ ვიცი, რითია ლუდის
წარმოება განსაკუთრებით კეთილშობილური, მაგრამ ყველას რატომღაც ასე
სწამს: კეთილშობილური წარმომავლობის ადამიანს ცხობა არ ეკადრება, ლუდის
ხარშვა კი სრულიად შესაფერის საქმიანობად ეთვლება. ასეა.

– მაგრამ ჯენტლმენს ლუდხანის ქონა არ შეუძლია, ხომ ასეა? – დავაზუსტე.

– ნამდვილად ასეა, – დამიდასტურა ჰერბერტმა, – სამაგიეროდ, ლუდხანამ


შეიძლება არჩინოს ჯენტლმენი. მოკლედ, მისტერ ჰევიშემი ძალიან მდიდარი და
ამაყი იყო. ქალიშვილიც სწორედ მამას ჰგავდა.

– მის ႮႤႥႨႣႤႫႨ დედისერთაა? – ვეღარ მოვითმინე.

– წუთით მოიცადე, აქამდეც მივალ. არა, დედისერთა არ ყოფილა;


ნახევარ-ძმა ჰყავდა. მამამ საიდუმლოდ იქორწინა, მგონი, თავისივე მზარეულზე.

– ხომ თქვი, ამაყი იყოო, – ჩავურთე.

– ჩემო ჰენდელ, ასეც იყო. ამაყი რომ იყო, ამიტომაც მეორე ცოლი ისე
შეირთო, ეს ამბავი არ გაუხმაურებია და მოკლე ხანში ეს მეორე ცოლიც
გარდაეცვალა. როგორც მივხვდი, ამ ქალის სიკვდილის შემდეგდა ამცნო
ქალიშვილს, რაც ჩაიდინა. მისი ვაჟი ოჯახის წევრად მხოლოდ ამის შემდეგ
მიიღეს და შენთვის ნაცნობ სახლში დაასახლეს. წამოზრდილმა ვაჟმა ურჩი,
მერყევი, უწესო ხასიათი გამოავლინა, ერთი სიტყვით, უზნეო ახალგაზრდად
ჩამოყალიბდა. მამამ მემკვიდრეობაზე უარი უთხრა. მაგრამ მერე, სიკვდილის
წინ, გული მოულბა და კარგა გვარიანი ქონებაც დაუტოვა, თუმცა ის მის
ჰევიშემის ქონებასთან ახლოსაც ვერ მივიდოდა. კიდევ ერთი ჭიქა ღვინო დალიე
და ერთ რამესაც აგიხსნი: საზოგადოებაში აუცილებელი არ არის, ჭიქა ცხვირზე
მიიჭირო და ბოლო წვეთამდე დაცალო.

სწორედ ამას ჩავდიოდი, ვიდრე მის თხრობას გულდასმით ვუგდებდი ყურს.


შენიშვნისათვის მადლობა ვუთხარი და მოვუბოდიშე კიდეც. არაფერიაო,
მიპასუხა და თხრობა განაგრძო.

– მთავარი მემკვიდრე მის ჰევიშემი იყო და, ხომ წარმოგიდგენია, მისი


ცოლად შერთვა რამდენს ენდომებოდა. მისი ნახევარ-ძმაც ახლა უკვე
შეძლებული გახდა, მაგრამ იმდენი ვალი დაუგროვდა და იმდენ ახალ-ახალ
ცდუნებას აჰყოლოდა, რაც კი ჰქონდა, სულ მალე გაფლანგა. და-ძმას შორის
ბევრად უფრო ღრმა განხეთქილება მოხდა, ვიდრე მანამდე მამასა და ვაჟს
შორის. საფიქრებელია, რომ ძმას დაზე კარგა ხნის ბოღმა დაუგროვდა, რადგან
ეჭვობდა, მამა მის წინააღმდეგ სწორედ მის ჰევიშემმა განაწყო. ახლა კი, ვიდრე
ამბის ყველაზე საშინელ ნაწილზე გადავიდოდე, გაკვრით გეტყვი, რომ
ხელსახოცს ჭიქაში არაფერი ესაქმება.

ვერაფრით აგიხსნით, რისთვის ვტენიდი ხელსახოცს ჭიქაში. მხოლოდ ის


ვიცი, რომ ამას მართლაც ვცდილობდი, თანაც ყოვლად დაუფიქრებლად და
ისეთი გულმოდგინებით, ბევრად უკეთეს მიზანს რომ იმსახურებდა. კვლავ
მადლობა ვუთხარი და მოვუბოდიშე, მანაც კვლავ მხნედ მიპასუხა, არაფერიაო
და თხრობა განაგრძო.

– ამ დროს სცენაზე გამოჩნდა კაცი, რომელმაც მის ჰევიშემს არშიყი დაუწყო.


არ ვიცი, დოღზე გაიცნო, მეჯლისზე თუ სხვაგან სადმე. ის არასოდეს მინახავს,
ეს
ხომ ოცდახუთი წლის წინათ მოხდა, ვიდრე მე და შენ გავჩნდებოდით, ჰენდელ,
მაგრამ მამასგან მსმენია, იგი ფრიად წარმოსადეგი და გარეგნულად
ყველაფრით მოსაწონი კაცი იყოო. მაგრამ აი, ჯენტლმენად ამ კაცს მხოლოდ
უმეცრების ან მიკერძოების გამო თუ ჩათვლიდი – ამას მამა მუდამ ხაზგასმით
ამბობს, რადგან მტკიცედ სწამს: ის, ვინც გულით არ არის ნამდვილი ჯენტლმენი,
ვერც ქცევა ექნება ჯენტლმენური. მამაჩემის თქმით, ხის ბოჭკოს ვერანაირი
ლაქით ვერ დაფარავ და, რაც მეტ ლაქს გადაუსვამ, ხის ზედაპირი უფრო
მკაფიოდ გამოჩნდება. მოკლედ, ეს ადამიანი მის ჰევიშემის მიმართ უერთგულეს
გრძნობებს ამჟღავნებდა. ქალს მანამდე, ვფიქრობ, არავის მიმართ ჰქონია
გრძნობა და, რაც კი რამ გააჩნდა, ახლა ამოაფრვვია. ეს კაცი სიგიჟემდე
შეუყვარდა. აღმერთებდა კიდეც, ეს უეჭველია. კაცი იმდენად უნამუსოდ
სარგებლობდა მისი სიმპათიით, რომ მისგან დიდძალ ფულს იღებდა და
დაარწმუნა კიდეც, თავისი ნახევარ-ძმისაგან ლუდსახდელის წილი გამოესყიდა
(რომელიც მამამ სიკვდილის წინ დაუტოვა), რათა მას მერე, რაც
დაქორწინდებოდნენ, სიძე ლუდსახდელის სრული მფლობელი გამხდარიყო.
იმხანად შენი მეურვე მის ჰევიშემის საქმეებს არ განაგებდა, ქალი კი იმდენად
ქედმაღალი და იმდენად შეყვარებული იყო, არავის რჩევას ყური არ ათხოვა.
ყველა ნათესავი ღატაკი და მლიქვნელი ჰყავდა, მამაჩემის გამოკლებით. მამაც
გაჭირვებული იყო, მაგრამ პირფერობა და მზაკვრობა არ სჩვეოდა და, რაკი მათ
შორის ერთადერთი გულწრფელი ადამანი იყო, მის ჰევიშემს პირდაპირ
განუცხადა კიდეც, რომ თავისი საქმროსათვის მეტისმეტად ბევრს აკეთებდა და
სრულიად დაუფიქრებლად ანიჭებდა ამდენ უფლებამოსილებას. მის ჰევიშემმა
ამ მიზეზით დაუყოვნებლივ ისარგებლა და საქმროს თანდასწრებით მამაჩემი
თავისი სახლიდან გააძევა. მას მერე მამა მასთან აღარასოდეს მისულა.

მომაგონდა მის ჰევიშემის სიტყვები, მეთიუ სულ ბოლოს მოვა და მაშინ


მნახავს, მაგიდაზე როცა ვიწვებიო. ჰერბერტს ვკითხე, მამამისი დღემდე თუა მის
ჰევიშემზე ნაწყენი.

– არა, მაგრამ მან თავისი მომავალი მეუღლის თანდასწრებით ბრალი დასდო


მამას, ანგარება გალაპარაკებს და თვითონვე გსურს ჩემი ქონებით
სარგებლობაო. ამის შემდეგ მასთან რომ მივიდეს, ეს მის ჰევიშემსაც და თვით
მასაც სიმართლედ მოეჩვენებათ. მაგრამ იმ კაცს დავუბრუნდები და მასზე
თხრობას დავასრულებ. ქორწილის დღე დაინიშნა, საქორწინო კაბებიც მზად იყო
და საქორწინო მოგზაურობაც დაიგეგმა. სტუმრებსაც დაეგზავნათ მოსაწვევები.
ის დღეც დადგა, საქმრო კი არ გამოჩნდა. წერილი მისწერა...
– ...და მის ჰევიშემმა ის მაშინ მიიღო, ქორწილისათვის როცა ირთვებოდა?
ცხრის ოც წუთზე, ხომ? – უეცრად გამინათდა გონება.

– სწორედ ასეა, – თავი დამიქნია ჰერბერტმა, – და ზუსტად ამ დროზე გააჩერა


ყველა საათი. თუ რა ეწერა წერილში, გარდა იმისა, რომ კაცმა ქორწინების
პირობა ყოვლად სასტიკად დაარღვია, ეს მე არ ვიცი, წერილი არ წამიკითხავს.
მის ჰევიშემი მძიმედ დაავადდა; და მერე, როცა გამოჯანმრთელდა, მთელი
სახლი იმ უსიცოცხლო მდგომარეობაში მოიყვანა, რაშიც დღესაა და მას მერე
დღის სინათლე აღარ უნახავს.

– ეს ამბავი ამით დასრულდა? – ვკითხე ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ.

– სულ ეს არის, რაც ვიცი; და ესეც ჩემით დავასკვენი, რადგან მამაჩემი ამ


თემაზე საუბარს ერიდება. მის ჰევიშემმა როცა თავისთან მიმიპატიჟა, მამამ
მაშინაც მხოლოდ აუცილებელი ცნობები შემატყობინა. მაგრამ ერთი რამის თქმა
დამავიწყდა: საფიქრებელია, რომ ის კაცი, რომელიც დაუმსახურებლად
სარგებლობდა მის ჰევიშემის ნდობით, თავიდანვე ქალის ნახევარ-ძმასთან იყო
შეკრული და სარგებელს მას უნაწილებდა.
– მიკვირს, ცოლად რად აღარ შეირთო: მაშინ ხომ ბევრად მეტ სარგებელს
მიიღებდა, – შევნიშნე.

– შესაძლოა, უკვე ცოლიანი იყო და ქალის ამგვარი უსასტიკესი დამცირება


მისი ძმის გეგმის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენდა, – მიპასუხა ჰერბერტმა, –
მაგრამ დანამდვილებით არაფერი ვიცი.

– ამ ორ კაცს რა ბედი ეწია? – ისევ დაჟინებული ფიქრის შემდეგ ვკითხე.

– უფრო უარეს ზნედაცემულობასა და ვალში ჩაეფლნენ, თუკი ამაზე უარესის


წარმოდგენა შეიძლება.

– ცოცხლები არიან?

– არ ვიცი.

– შენ მითხარი, ესტელა მის ჰევიშემის ნათესავი არ არისო. როდის იშვილა?

ჰერბერტმა მხრები აიჩეჩა.

– რაც მის ჰევიშემის შესახებ ვიცი, ესტელა მუდამ მასთან არის. მეტი
არაფერი ვიცი. ახლა კი, ჰენდელ, – ისე მომმართა, მივხვდი, თხრობა
საბოლოოდ დაასრულა, – ჩვენ შორის ყველაფერი გარკვეულია. რაც მე ვიცი მის
ჰევიშემის შესახებ, ის იცი შენც.

– და პირიქით: რაც მე ვიცი, შენც იცი, – მივუგე მეც.

– დარწმუნებული ვარ, ასეა. ამგვარად, ჩვენ ორს შორის რამე მეტოქეობა ან


გაუგებრობა გამორიცხულია. შენს ცხოვრებისეულ წინსვლას რაც შეეხება – იმას
ვგულისხმობ, რომ უფლება არ გაქვს, დააზუსტო, თუ ვის უნდა უმადლოდე ამას

ეჭვი ნუ შეგეპარება, არც მე და არც რომელიმე ჩემი ახლობელი ამ თემას
არასოდეს შევეხებით, – ეს იმდენად მტკიცედ და მოწიწებით მითხრა, მართლაც
დავრწმუნდი, რამდენი წელიც უნდა გამეტარებინა მისი მამის ჭერქვეშ, ამ თემას
არასოდეს ახსენებდნენ. ამავდროულად, თავის სიტყვებში იმდენი ფარული აზრი
ჩადო, დავრწმუნდი, მასაც კი არ ეპარებოდა ეჭვი იმაში, რომ ჩემი მწყალობელი
მის ჰევიშემის გარდა სხვა ვერავინ იქნებოდა.

მანამდე არ მომსვლია თავში, რომ ამ თემის ერთხელ და სამუდამოდ


ამოწურვა იმისთვის იჩქარა, რათა მას ჩვენი ურთიერთობისათვის ხელი აღარ
შეეშალა. მაგრამ ამის შემდეგ ორივემ, მართლაც, იმდენად უფრო ლაღად
ვიგრძენით თავი, მივხვდი, მისი მიზანი სწორედ ეს იქნებოდა. მხიარულად და
გულღიად განვაგრძეთ ლაპარაკი და ვკითხე, თუ რას საქმიანობდა.

– კაპიტალისტი ვარ. გემების დაზღვევით ვარ დაკავებული, – რაკი შენიშნა,


ოთახს თვალი როგორ მოვავლე, მაგრამ მისი საქმიანობის ვერანაირ
ნიშანწყალს ვერ მივაგენი, დაუმატა, – სიტიში ვმუშაობ.

მსმენია სიტიში მომუშავე გემების სადაზღვევოს თანამშრომელთა


სიმდიდრესა და იმაზე, ეს საქმიანობა რამდენად საპატიოდ მიიჩნეოდა, თავად
მათ კი რაოდენ აფასებდნენ; ამიტომ ერთგვარმა შიშმაც კი დამრია ხელი იმის
გამო, რომ ერთ-ერთი მათგანი ბეჭებზე დავანარცხე, შორსმჭვრეტელი თვალი
ჩავულურჯე და პასუხისმგებლობით აღვსილი თავი გავუხეთქე. მაგრამ მეორე
წუთში ისევ იმ ბუნდოვანმა შთაბეჭდილებამ მომგვარა შვება, რომ ჰერბერტ
პოკეტს წარმატება და სიმდიდრე არ ეწერა.

– მხოლოდ იმას არ დავჯერდები, ჩემი კაპიტალი გემების დაზღვევაში


დავაბანდო. სიცოცხლის დაზღვევის რომელიმე მსხვილი კომპანიის წილს
შევისყიდი და მმართველობის წევრი გავხდები. ცოტაოდენს მადნის
მოპოვებაშიც დავაბანდებ. თუმცა ეს ხელს არ შემიშლის, ჩემი ხარჯით, ვთქვათ,
აღმოსავლეთ ინდოეთიდან რამდენიმე ათასი ტონა საქონელი ჩამოვიტანო, –
სკამის საზურგეზე გადაწვა და განაგრძო, – ვფიქრობ, აბრეშუმით,
თავსაფრებით, სანელებლებით, საღებავით, ნარკოტიკებითა და ძვირფასი ხის
მასალით ვივაჭრებ. საინტერესო საქმიანობაა.

– მოგებიანიცაა? – ვკითხე.

– წარმოუდგენლად!

ისევ ეჭვმა ამიტანა და გავიფიქრე, ჩემი დიდი იმედები ამასთან რას


მოვა-მეთქი.

– გარდა ამისა, ვფიქრობ, დასავლეთ ინდოეთთანაც ვივაჭრო, – ჰერბერტმა


ცერა თითები ჟილეტის ჯიბეებში ჩაიწყო, – იქიდან შაქარს, თამბაქოსა და რომს
ჩამოვიტან. ასევე, ცეილონშიც გავგზავნი ექსპედიციას, ძირითადად, სპილოს
ძვლისთვის.
– საამისოდ ბევრი გემი დაგჭირდება, – შევნიშნე.

– მთელი ფლოტი, – თავი დამიკრა იმანაც.

ამ გეგმის მასშტაბმა ჩემზე დიდი შთაბეჭილება მოახდინა და ვკითხე, თუ


საით დაცურავდნენ ის გემები, რომელთა დაზღვევითაც ამჟამად იყო
დაკავებული.

– გემების დაზღვევა ჯერ არ დამიწყია, – მიპასუხა, – ჯერ გამოცდილებას


ვიკრებ.

მაშინვე მომეჩვენა, ამგვარი საქმიანობა ბერნარდის ფუნდუკისათვის ბევრად


უფრო შესაფერისი რომ იყო და, ერთგვარად დაკმაყოფილებულმა, ვუპასუხე:

– აჰ, გასაგებია.

– ჰო, ფინანსურ კანტორაში ვმუშაობ და გამოცდილებას ვიკრებ.

– კანტორა მოგებიანია? – ვკითხე.

– ვისთვის? ჩემისთანა ახალბედასთვის? – კითხვითვე მიპასუხა.

– ჰო, შენთვის.

– ჰმ... არა, ჩემთვის არა, – ეტყობოდა, პასუხის გაცემისას ყველა დადებითი


და უარყოფითი მხარე აწონ-დაწონა, – უშუალო მოგება არ მაქვს. სხვაგვარად
რომ ვთქვათ, ხელფასს არ მიხდიან და... ჩემივე ხარჯით მიწევს ცხოვრება.

ეს მოგებიანად ნამდვილად არ მომეჩვენა და თავი გავაქნიე იმის ნიშნად,


რომ ამ გზით სამომავლო კაპიტალის დაგროვება რთულად მიმაჩნდა.

– მაგრამ მთავარი ისაა, – დასძინა ჰერბერტ პოკეტმა, – რომ გამოცდილებას


იძენ. ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ფინანსურ კანტორაში ზიხარ და, ხომ
გესმის, ვითარებას სწავლობ.

ცოტა არ იყოს, უცნაურად მომეჩვენა, რატომ არ შეიძლება, კაცმა ფინანსურ


კანტორაში ჯდომის გარეშე შეისწავლო ვითარება; თუმცა მის გამოცდილებას
ვენდე და არ შევკამათებივარ.
– ადრე თუ გვიან ხელსაყრელი დრო დადგება, საკბილოს მოიხელთებ,
კაპიტალს იშოვი და მორჩა! როდესაც კაპიტალი შენს ხელთაა, სხვა არაფრის
კეთება არ გჭირდება: სხვადასხვა საქმეში დებ და მოგებას ნახულობ.

ეს ძალიან ჰგავდა იმ შემართებას, რომლითაც მის ჰევიშემის ეზოში მეკვეთა.


ჩემი შთაბეჭდილებით, სიღარიბეს ისევე არ ეპუებოდა, როგორც მაშინდელ
დამარცხებას. ბედის ყველა დარტყმას იმავე შეუპოვრობით იღებდა, როგორც იმ
დღეს ჩემს დარტყმებს. ცხადი გახდა, რომ ყველაზე აუცილებელი ნივთების
გარდა არაფერი გააჩნდა, რადგან ყველაფერი, რაზეც ყურადღება შევაჩერე,
საგანგებოდ ჩემ გამო აღმოჩნდა კაფედან მოტანილი ან კიდევ საიდანმე
ნაქირავები.

იმის მიუხედავად, რომ ჰერბერტმა წარმოსახვაში უკვე იშოვა დიდძალი


კაპიტალი, თავი უკიდურესად თავმდაბლად ეჭირა და ამის გამო მის მიმართ
მადლიერებითაც კი გავიმსჭვალე. ეს მის თბილ ხასიათს კიდევ ერთ სასიამოვნო
შტრიხად დაემატა და ერთურთს შესანიშნავად შევეწყვეთ. იმავე საღამოს
სასეირნოდ გავედით და ნახევარ ფასად სპექტაკლიც ვნახეთ. მეორე დილით
უესტმინსტერის სააბატოში წირვას დავესწარით, ნაშუადღევს კი პარკში
ვიხეტიალეთ, სადაც, ამდენი ცხენის შემხედვარემ, გავიფიქრე, ნეტავ ვინ
ჭედავს-მეთქი ნალებს და ვინატრე, ეს ჯოს გაეკეთებინა.

ასე მეგონა, მას მერე, რაც ჯოსა და ბიდის დავშორდი, თუნდაც ყველაზე
მოკრძალებული გამოთვლებით, რამდენიმე თვე იყო გასული. ამ განცდას ჩვენ
შორის გაწოლილი დიდი მანძილი განაპირობებდა. ჩვენმა ჭაობებმა ჩემთვის
ახლა ცხრა მთას იქით გადაინაცვლა. ის, რომ ჯერ კიდევ წინა კვირას ჩვენი
სოფლის ეკლესიაში ვიყავი და ჩემი ძველი საკვირაო კოსტიუმი მეცვა,
ყოველგვარ – გეოგრაფიულ თუ სოციალურ, მზიურ თუ მთვარეულ –
შეუძლებლობად მეჩვენებოდა. მაგრამ, ამის მიუხედავად, ლონდონის
ხალხმრავალ ქუჩებში, საღამოხანს ასე თვალისმომჭრელად რომ იყო
გაკაშკაშებული, ყოველ ნაბიჯზე ნაღვლიან საყვედურს ვაწყდებოდი იმის გამო,
რომ ჩვენი ღარიბული, ძველი სამზარეულო ასე შორს მოვიტოვე. ხოლო უკუნეთ
ღამეში ბერნარდის ფუნდუკის გარშემო მოხეტიალე უსაქმური დარაჯის ნაბიჯების
ხმა გულს მიმძიმებდა.

ორშაბათ დილით, ცხრას რომ თხუთმეტი წუთი აკლდა, ჰერბერტი თავის


კანტორაში უნდა გამოცხადებულიყო – სავარაუდოდ, ვითარება უნდა შეესწავლა
– და მეც გავყევი. ერთ-ორ საათში გათავისუფლდებოდა და ჰემერსმითში ერთად
წავიდოდით, მანამდე კი უნდა დავლოდებოდი. როგორც აღმოვაჩინე, ის
კვერცხები, საიდანაც დაზღვევის მომავალი გიგანტები იჩეკებოდნენ,
სირაქლემას კვერცხებივით, სიცხესა და მტვერში ინახებოდა, რადგან სწორედ
ასეთი იყო მათი სამუშაო ადგილი, რომლისკენაც ორშაბათს, დილაობით
ეშურებოდნენ. ჰერბერტის ფინანსური კანტორა არც გამოცდილების
დაგროვებისა თუ ვითარების შესწავლის მხრივ ჩავთვალე ხელსაყრელ ადგილად
– ის რომელიდაც შენობის შიდა ეზოში, მეორე სართულზე იყო; ფანჯრები სხვა,
ასევე შიდა ეზოს გადაჰყურებდა და იქიდან ვითარების რაიმე კუთხით შესწავლა
ყოვლად გამორიცხული იყო.

შუადღემდე ველოდე, მერე კი ბირჟა მოვინახულე, სადაც გემების


განცხადებების ქვეშ ვიღაც უწესრიგოდ ჩაცმული ადამიანები ისხდნენ,
რომლებიც თავიდან ბობოლა ვაჭრები მეგონნენ, თუმცა მათმა დაღვრემილმა
იერმა, ცოტა არ იყოს, დამაეჭვა. როცა ჰერბერტი გათავისუფლდა, ერთად
ვისაუზმეთ ძალიან ცნობილ რესტორანში, რომლითაც მაშინ აღვფრთოვანდი,
ახლა კი მთელ ევროპაში მასზე უფრო გაბერილი ტყუილი არ მეგულება. თუმცა
პირველ მისვლაზეც კი შევნიშინე, რომ სუფრები, დანა-ჩანგალი და მიმტანთა
ტანისამოსი ბევრად ცხიმიანი იყო იმ ხორცზე, რომელიც მოგვიტანეს. საკმაოდ
ნორმალურ ფასად დავნაყრდით (მადლობა ღმერთს, ზედმეტ ცხიმში
დამატებითი თანხა არ მოუთხოვიათ). მერე ბერნარდის ფუნდუკში მივბრუნდით,
იქიდან ჩემი პატარა საკვოიაჟი წამოვიღეთ და დილიჟანსით ჰემერსმითში
გავემგზავრეთ. ნაშუადღევს, ორ თუ სამ საათზე ჩავედით და სადგურიდან
მისტერ პოკეტის სახლამდე მოკლე მონაკვეთი გავიარეთ. ჭიშკარი გავაღეთ და
პირდაპირ მდინარის პირას, პატარა ბაღში შევაბიჯეთ, სადაც მისტერ პოკეტის
ბავშვები თამაშობდნენ. შესაძლოა, მცდარი შთაბეჭდილება შემექმნა, რადგან
მსგავსი საკითხის მიმართ არც ინტერესი გამაჩნდა და არც ცოდნა, მაგრამ
მომეჩვენა, რომ მისტერ და მისის პოკეტების ბავშვებზე ვერ იტყოდით,
იზრდებიანო – ვერც იმას იტყოდით, მათი მეცადინეობით იწუხებსო თავს ვინმე –
არამედ ისეთი შთაბეჭდილება დაგრჩებოდათ, თითქოს ეს ბავშვები დილიდან
საღამომდე მხოლოდ ყირაზე გადადიანო.

მისის პოკეტი ბაღის სავარძელში იჯდა და წიგნს კითხულობდა, ფეხები მეორე


სავარძელზე დაესვენებინა. ვიდრე ბავშვები თამაშობდნენ, ორი ძიძა ბაღში
უსაქმოდ დაეხეტებოდა.

– დედა, – უთხრა ჰერბერტმა, – ეს ახალგაზრდა მისტერ პიპია, – ქალმა


ღირსებით აღსავსე გულთბილი სალამი მომიძღვნა.
– მასტერ ალიკ და მის ჯეინ! – გასძახა ერთ-ერთმა ძიძამ ორ ბავშვს, – მაგ
ბუჩქებში თუ იძრომიალებთ, მდინარეში ჩავარდებით და დაიხრჩობით! რას
იტყვის მერე თქვენი მამიკო?

ამავე ძიძამ მისის პოკეტის ცხვირსახოცი მიწიდან აიღო და გაუწოდა:

– უკვე მეექვსედ მაინც გივარდებათ, მემ! – რაზეც მისის პოკეტმა სიცილით


უპასუხა:

– გმადლობთ, ფლოპსონ, – მერე სავარძლიდან ფეხები ჩამოიღო და კითხვა


განაგრძო. ცოტა ხანში ამომხედა – ისეთი ჩაფიქრებული და გულისყურიანი
გამომეტყველება მიიღო, თითქოს ერთი კვირის განმავლობაში წიგნიდან თავი
არ აუღიაო, მაგრამ ათი ხაზიც არ ექნებოდა წაკითხული – და მკითხა:

– იმედი მაქვს, თქვენი დედიკო კარგადაა? – ამ მოულოდნელმა შეკითხვამ


იმდენად დამაბნია, ყოვლად ბრიყვულად ავლაპარაკდი იმის თაობაზე, რომ,
ასეთი პიროვნება მართლაც რომ არსებობდეს, ის უეჭველად კარგად იქნებოდა,
უეჭველად დიდად მადლობელიც იქნებოდა ჩემი მოპატიჟებისათვის და
გულითად მოკითხვასაც დამაბარებდა... საბედნიეროდ, ძიძამ შემაწყვეტინა და
მისის პოკეტს ძირს დავარდნილი ცხვირსახოცი კიდევ ერთხელ მიაწოდა.

– ოჰ, უკვე მეშვიდედ გივარდებათ, მემ! დღეს მაინც რა გემართებათ?

მისის პოკეტმა ცხვირსახოცი ისეთი გაოცებით გამოართვა, აქაოდა,


პირველად ვხედავო, მეორე წუთში გამოერკვა და გაეცინა.

– გმადლობთ, ფლოპსონ, – უთხრა ძიძას. ამასობაში მე გადავავიწყდი და


ისევ კითხვას დაუბრუნდა.

როცა ნაირ-ნაირი პატარა პოკეტების დასათვლელად მოვიცალე, აღმოვაჩინე,


რომ, სულ ცოტა, ექვსნი მაინც იქნებოდნენ; და ყველა თავისებურად გადადიოდა
ყირაზე. იმავე წამს საიდანღაც მეშვიდის გულისგამხეთქავი კივილიც მოისმა.

– პატარამ გაიღვიძა! – შესძახა ამ ამბით რატომღაც გაოგნებულმა


ფლოპსონმა, – ჩქარა აირბინეთ, მილერს!

მეორე ძიძა მილერსი სახლში შევიდა და ნორჩი მუცლითმეზღაპრის კივილი


თანდათანობით მიცხრა – როგორც ჩანს, პირში რაღაც ჩასჩარეს. მისის პოკეტი
მთელი ამ ხნის განმავლობაში თავაუღებლად კითხულობდა და ძალიან
დავინტერესდი, ასეთი რა წიგნი უნდა ყოფილიყო.

ჩემი ვარაუდით, მისტერ პოკეტს ველოდებოდით, რომელიც გარეთ უნდა


გამოგვგებებოდა; ასე თუ ისე, რაღაცას ველოდით და ამასობაში ერთ უცნაურ
ოჯახურ ფენომენს დავაკვირდი: როცაკი რომელიმე ბავშვი მისის პოკეტს
მიუახლოვდებოდა, მაშინვე ფეხი უცდებოდა და მისის პოკეტს ზედ ეცემოდა, რაც
ამ უკანასკნელის წამიერ გაოცებას იწვევდა. თვით დავარდნილი კი
გულამოსკვნილ ტირილს ატეხდა. ამ უცნაურ გარემოებაზე კარგა ხანს ვიმტვრიე
თავი, მაგრამ ვერაფრით ავხსენი, ვიდრე მილერსი ბავშვით ხელში არ გამოვიდა
და ეს ბავშვი ფლოპსონს არ გაუწოდა. ფლოპსონი ბავშვით ხელში მისის
პოკეტთან მივიდა, რათა, თავის მხრივ, პატარა მისთვის მიეწოდებინა და ისიც
ბავშვიანად ლამის თავდაყირა გადაევლო სავარძელში მჯდომს; მე და
ჰერბერტმა ხელი შევაშველეთ და როგორღაც შევაკავეთ.

– ღმერთო ჩემო, რა ამბავია, ფლოპსონ! – მისის პოკეტმა სულ ერთი წამით


ამოიხედა წიგნიდან, – ყველა რატომ მეტაკება?

– ღმერთო ჩემო, მემ! – შესძახა აჭარხლებულმა ფლოპსონმაც, – ეს რა გაქვთ


აქ?

– მე მაქვს, ფლოპსონ? – გაიკვირვა მისის პოკეტმა.

– თქვენი ფეხების დასაწყობი მერხია! – აღმოაჩინა ფლოპსონმა, – და ასე,


კაბის კალთის ქვეშ თუ გედგმევათ, აბა, ვინ არ წაიქცევა! აგერ, ბავშვი
გამომართვით, მემ, და ეს წიგნი მომეცით!

მისის პოკეტმა დაუჯერა და ჩვილი კალთაში უგერგილოდ დაარწია, ვიდრე


დანარჩენი ბავშვები მათ გარშემო თამაშობდნენ. ეს ძალზე ცოტა ხანს
გაგრძელდა, რადგან მისის პოკეტმა თითქმის მაშინვე გასცა განკარგულება, რომ
ძიძებს ბავშვები დასაძინებლად წაეყვანათ. ამგვარად, პირველივე დღეს მეორე
დასკვნაც გამოვიტანე: ნორჩი პოკეტების აღზრდა მონაცვლეობით ყირაზე
გადასვლასა და დასაძინებლად წაყვანაში გამოიხატებოდა.

ფლოპსონმა და მილერსმა ბავშვები ცხვრის ფარასავით შინ შერეკეს. მისტერ


პოკეტი კი ჩემ გასაცნობად სახლიდან გამოვიდა. სულაც არ გამკვირვებია, რომ
მეტად თავგზააბნეული სახე და აბურძგნილი თმა ჰქონდა. ჩანდა, თავის
მოსაწესრიგებლად არ ეცალა.
23

მისტერ პოკეტმა მითხრა, რომ ჩემი ნახვით მოხარულია და იმედოვნებს, მისი


ნახვა არც მე მწყენია.

– რადგანაც, – დაუმატა და თავისი ვაჟის ღიმილით შემომღიმა, – ნამდვილად


არ ვარ საშიში პიროვნება, – თავგზააბნეული იერისა და ჭაღარის მიუხედავად,
ახალგაზრდულად გამოიყურებოდა. თავი ძალზე ბუნებრივად ეჭირა.
ბუნებრიობაში მის შინაურულ ქცევას ვგულისხმობ. ამ კაცის თავგზააბნეულობაში
რადაც იყო ისეთი სასაცილო, რაც ახირებულობადაც მოგეჩვენებოდათ, თავად
რომ არ ჰქონოდა გაცნობიერებული, თუ როგორ გამოიყურებოდა. ცოტა ხანს
მელაპარაკა, მერე მისის პოკეტს მიუბრუნდა, შავი და ლამაზი წარბები
მოუსვენრად აათამაშა და ჰკითხა:

– ბელინდა, მისტერ პიპს ხომ გაესაუბრე? – რაზეც მისის პოკეტმა წამით


ამოიხედა წიგნიდან და "ჰოთი" უპასუხა. მერე ქალმა მე შემომხედა, დაბნეულად
გამიღიმა და მკითხა, ფორთოხლიანი წყალი თუ გიყვართო. რაკი ამ კითხვას
წინა მოვლენებთან არანაირი, თუნდაც მიახლოებითი, კავშირი არ ჰქონდა, ისიც,
პირველის მსგავსად, ყურადღების გამომჟღავნების მოწყალე მცდელობად
ჩავუთვალე.

ორიოდე საათში შევიტყვე და აქვე გიამბობთ, რომ მისის პოკეტი მავანი,


მეორეხარისხოვანი რაინდის ერთადერთი ქალიშვილი იყო. ქალმა თავი
დაირწმუნა, რომ მამამისი ბარონეტი გახდებოდა, რომ არა ვიღაც გავლენიანის
გამიზნული და ყოვლად მიკერძოებული წინააღმდეგობა – თუ ვინ იყო ეს
პიროვნება, ან დამავიწყდა, ან ვეღარ გავარკვიე: მონარქი, პრემიერ-მინისტრი,
ლორდ-კანცლერი თუ კენტერბერის არქიეპისკოპოსი. ასეა თუ ისე, ამ სავარაუდო
ფაქტის საფუძველზე, მამამ თავი ამქვეყნის დიდგვაროვანთ მიაკუთვნა.
თვითონ კი, მგონი, რაინდად იმისთვის აკურთხეს, რომ ინგლისურ გრამატიკაზე
მიიტანა იერიში და ფურცელზე დაწერილი მგზნებარე სიტყვა წარმოთქვა
რომელიღაც შენობის საძირკვლის საზეიმო ჩაყრისას, სადაც წილად ერგო
პატივი, სამეფო ოჯახის რომელიღაც წარმომადგენლისათვის ნიჩაბი თუ კირით
სავსე სათლი მიეწოდებინა. ყოველ შემთხვევაში, ამ რაინდის განკარგულებით,
მისის პოკეტი აკვნიდანვე ისე აღზარდეს, როგორც კეთილშობილური
წარმომავლობის ქალიშვილს ეკადრება, რომელიც ასევე თავადიშვილს უნდა
გაჰყოლოდა ცოლად და ოჯახური საქმიანობის მდაბიურ ცოდნაზე განუზომლად
მაღლა მდგარიყო. ამ წინდახედულმა მშობელმა იმდენი მოახერხა, ქალიშვილი
ყოველმხრივ დახვეწილ, თუმცა ასევე ყოვლად უსარგებლო და უსუსურ არსებად
აღზარდა. ასეთი ბედნიერად ჩამოყალიბებული ხასიათის პატრონმა
ყმაწვილქალობაში მისტერ პოკეტი გაიცნო, რომელიც იმხანად ასევე ყმაწვილი
კაცი გახლდათ და ჯერაც ვერ გადაეწყვიტა, ლორდ-კანცლერის ტახტზე ასულიყო
თუ ეპისკოპოსის მიტრა დაედგა თავზე. რაკი ერთიცა და მეორეც მხოლოდ
დროის საკითხი იყო, მან და მისის პოკეტმა დრო ქოჩრით ითრიეს (რაკი
ეგრძელათ და შემოკლება დაუპირეს) და წინდახედული მშობლის დაუკითხავად
იქორწინეს. რაკი წინდახედულ მშობელს არც გასაცემი არაფერი გააჩნდა და არც
არგასაცემი, გარდა თავისი დალოცვისა, ხანმოკლე ბრძოლის შემდეგ ესეც
გაიმეტა და მისტერ პოკეტს გამოუცხადა: შენი ცოლი უფლისწულის საკადრისი
განძიაო. მისტერ პოკეტმა ეს განძი მრავალმხრივ ცხოვრებისეულ საქმეში
დააბანდა, მაგრამ ფრიად უმნიშვნელო მოგება ნახა. მისის პოკეტი კი მაინც
დღემდე ყოვლად უცნაური, მოწიწებით აღვსილი სიბრალულის საგნად დარჩა
იმის გამო, რომ თავადიშვილს არ გაჰყოლია; ხოლო მისტერ პოკეტი ასევე
ყოვლად უცნაურ მიმტევებლურ საყვედურს იმსახურებდა, რაკი თავადიშვილი
არასოდეს ყოფილა.

მისტერ პოკეტმა შინ შემიყვანა და მაჩვენა ჩემი ოთახი, რომელიც ძალზე


სასიამოვნოდ იყო მოწყობილი, თანაც ისე, რომ სასტუმრო ოთახადაც
გამოვიყენებდი. შემდეგ ორი ასეთივე ოთახის კარზე დააკაკუნა და გამაცნო
მათი ბინადრები – ერთი გვარად დრამლი იყო, მეორე – სტარტოპი. დრამლი
ბრგე ახალგაზრდა გახლდათ, სახით უფრო ასაკოვანს ჰგავდა. როცა მასთან
შევიხედეთ, უსტვენდა. სტარტოპს, რომელიც წლებითაც და გარეგნულადაც
დრამლზე უმცროსი ჩანდა, კითხვისას თავი ორივე ხელით ისეთნაირად ეკავა,
თითქოს ეშინოდა, ზედმეტი ცოდნისაგან არ აფეთქებულიყო.

მისტერ და მისის პოკეტები იმდენად შეუცდომლად ტოვებდნენ იმ


ადამიანების შთაბეჭდილებას, რომლებიც საკუთარ თავებს არ ეკუთვნიან, რომ
კარგა ხანს ვიმტვრიე თავი იმაზე ფიქრით, სინამდვილეში ვინ იყო მათი სახლის
მფლობელი და ვისი ნებართვით ცხოვრობდნენ აქ. ბოლოს კი აღმოვაჩინე, რომ
ამ იდუმალ ძალას მათივე მსახურები წარმოადგენდნენ. ეს, შესაძლოა,
ხელსაყრელი გამოსავალიც ყოფილიყო, რადგან ცოლ-ქმარი ყოველგვარი
საზრუნავისაგან თავისუფლდებოდა; მაგრამ აშკარად ძვირი უჯდებოდათ,
რადგან მსახურები თავს ვალდებულად მიიჩნევდნენ, შეუზღუდავად ეჭამათ და
ესვათ, სტუმრებიც მიეღოთ. მართალია, არც მისტერ და მისის პოკეტებს
აკლებდნენ რამეს, მაგრამ მაინც მეგონა, რომ სახლის ყველაზე საინტერესო
ადგილი სამზარეულო იყო, თუმცა, თუკი იქ ყოფნა გსურდა, თავის დაცვაც უნდა
შეგძლებოდა; მაგალითად, ჩემი ჩამოსვლიდან ერთი კვირაც არ იქნებოდა
გასული, ერთმა მეზობელმა ქალმა, რომელსაც პოკეტები არც კი იცნობდნენ, მათ
წერილი მისწერა, რომ თავისი თვალით ნახა, მილერსი პატარას როგორ
ურტყამდა. ამ წერილმა მისის პოკეტი მწარედ აატირა: გულმოკლული
იმეორებდა, ნეტავ რატომ უყვართ მეზობლებს სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფაო.

თანდათანობით, ძირთადად, ჰერბერტისგან შევიტყვე, რომ მისტერ პოკეტი


ჰეროუსა და კემბრიჯში სწავლობდა და გამორჩეული სტუდენტიც იყო; მაგრამ
სწავლის დასრულების შემდეგ – რაკი კარიერის დაწყებამდევე ეღირსა
ბედნიერება, მისის პოკეტი ცოლად შეერთო – იძულებული გახდა, სამომავლო
გეგმებზე უარი ეთქვა და კერძო მასწავლებლის ხვედრს დასჯერებოდა.
თავდაპირველად დიდი ძალისხმევა შეალია რამდენიმე მოწაფის ბლაგვი
გონების გალესვას, რომელთა გავლენიანი მამები პროფესიულ წინსვლაში
დახმარებას ჰპირდებოდნენ, მაგრამ თავიანთი დაპირებები წამსვე
ავიწყდებოდათ, როგორც კი მათი ალესილი პირმშოები სალეს ქვას
ემშვიდობებოდნენ. ბოლოს და ბოლოს, ამ ფუჭი გარჯით დაღლილმა, ლონდონს
მიაშურა. აქ პატივმოყვარე იმედებს გამოემშვიდობა, სხვა რაღა დარჩენოდა, და
იმ ახალგაზრდებს "ამზადებდა", რომელთაც მანამდე სწავლის საშუალება არ
მიეცათ, ანდა ეს საშუალება არ გამოიყენეს, ანდა მათ, ვისაც საგანგებო
შემთხვევისათვის სჭირდებოდა მომზადება. არც ლიტერატურული ცნობების
შეგროვებასა თუ ტექსტების შესწორებას თაკილობდა. ამ მწირი შემოსავლითა
და ძალზე მოკრძალებული ოჯახური დანაზოგით, ავად თუ კარგად, ახერხებდა იმ
სახლის რჩენას, სადაც დამხვდა.

მისტერ და მისის პოკეტებს ერთი ქლესა მეზობელი ჰყავდათ – ქვრივი


ქალბატონი, რომელიც, უკიდურესად მგრძნობიარე ბუნების გამო ყველას
ეთანხმებოდა, ყველას ლოცავდა და, ვითარების შესაბამისად, ყველაფერს
ღიმილითა თუ ცრემლით ხვდებოდა. ამ ქალბატონს მისის კოილერი ერქვა და
ჩემი ამ სახლში დამკვიდრების პირველივე დღეს სუფრასთან მის გვერდით
ჯდომის პატივი მხვდა წილად. ვიდრე სასადილო ოთახში ვაცილებდი, კიბეზევე
გამიზიარა თავისი უდიდესი სინანული იმის გამო, თუ რაოდენ დიდი დარტყმაა
ძვირფასი მისის პოკეტისთვის ის ამბავი, რომ ძვირფას მისტერ პოკეტს
მატერიალური მდგომარეობა აიძულებს, ახალგაზრდა ჯენტლმენები მოამზადოს.
სიყვარულითა და ნდობით გამსჭვალუდლმა, იმწამსვე დამარწმუნა, ეს თქვენ არ
გეხებათო (იმ დროისათვის ხუთი წუთი არ ყოფილა გასული, რაც ერთმანეთს
ვიცნობდით) და დასძინა, ყველა თქვენისთანა რომ იყოს, სულ სხვა ამბავი
იქნებოდაო.

– მაგრამ ძვირფასი მისის პოკეტი, – განაგრძობდა მისის კოილერი, – თავისი


პირველი იმედგაცრუების შემდეგ (თუმცა ამაში ძვირფას მისტერ პოკეტს ბრალი
არ მიუძღვის) მოფრთხილება და სისათუთე სჭირდება...

– გეთანხმებით, მემ, – გავაწყვეტინე, რადგან შევშინდი, მალე ატირდებოდა.

– თანაც ისეთი კეთილშობილური მიდრეკილებები აქვს...

– გეთანხმებით, მემ, – ვუპასუხე იმავე მოსაზრებით.

– ...მალიან-ძალიან მძიმეა, ძვირფას მისის პოკეტს მეუღლის ჯეროვანი


ყურადღება რომ აკლია.

უნებლიეთ გამეფიქრა, უფრო მძიმე იქნებოდა, ძვირფას მისის პოკეტს,


თუნდაც, ყასბის ყურადღება რომ მოჰკლებოდა, მაგრამ არაფერი მითქვამს;
მთელი გულისყური სუფრაზე ქცევის წესებისათვის მქონდა მიპყრობილი.

მთელი მონდომებით ვხმარობდი დანა-ჩანგალს, კოვზს, ჭიქასა და სხვა


საშიშ ნივთებს, თან მისის პოკეტისა და დრამლის ლაპარაკს ვუგდებდი ყურს.
შევიტყვე, რომ დრამლი, რომელსაც ნათლობის სახელად ბენტლი ერქვა, რიგით
მეორე კანდიდატი ყოფილა ბარონეტის წოდების მისაღებად; ის წიგნი კი,
რომელსაც მისის პოკეტი სულმოუთქმელად კითხულობდა, თავად-აზნაურობის
წოდებებს ეხებოდა და ამ ქალმა ზუსტად იცოდა ის თარიღი, როცა მისი ბაბუა ამ
წიგნში უნდა მოხვედრილიყო, ავბედით გარემოებებს მისთვის ხელი რომ არ
შეეშალა. დრამლი ბევრს არ ლაპარაკობდა (საერთოდ ერთობ უჟმურ
ახალგაზრდად მომეჩვენა), თუმცა, როცაკი ხმას იღებდა, მუდამ საკუთარ
აღმატებულებას უსვამდა ხაზს და მისის პოკეტსაც თავის თანასწორად
აღიარებდა. თემა, რომლის შესახებაც საუბრობდნენ, მხოლოდ მათ და ქლესა
მეზობელ მისის კოილერს აინტერესებდათ; ჰერბერტი კი აშკარად იტანჯებოდა.
ლაპარაკს კიდევ დიდხანს არ მორჩებოდნენ, მოულოდნელად მსახური რომ არ
შემოსულიყო. მან ოჯახს ყოფითი უსიამოვნების შესახებ ამცნო, მზარეულმა
ხორცი დაკარგაო. პასუხად მისტერ პოკეტმა უცნაური მეთოდით ჰპოვა შვება –
მაშინ პირველად გავხდი ამ საოცრების მოწმე, თუმცა დროთა განმავლობაში მის
ამ მანერას სხვებივით მეც შევეჩვიე – დანა-ჩანგალი გადადო და ორივე ხელი
აბურძგნილ თმაში წაივლო, თითქოს თავის ჰაერში აწევას ცდილობსო. ამას
ერთხანს, ცხადია, უშედეგოდ ეცადა, მერე ერთბაშად ანება თავი და წეღანდელ
საქმეს მიუბრუნდა.

ამის შემდეგ მისის კოილერმა თემა შეცვალა და ქათინაურებით ამავსო.


ორიოდე წუთის განმავლობაში ეს მსიამოვნებდა კიდეც, მაგრამ მისი
ქათინაურები იმდენად მსუყე იყო, სულ მალე გულზე დამადგა. გველურად
მელაქუცებოდა და როცა ვითომდა ცხოველი ინტერესით ახლობლებსა და
მშობლიურ მხარეზე მეკითხებოდა, მეგონა, ორკაპა ენა დავინახე და სისინიც კი
ჩამესმა. ერთი-ორჯერ სტარტოპსაც მიეტმასნა, რომელიც ძალზე იშვიათად
სცემდა ხმას, და მერე დრამლსაც, რომელიც საერთოდ არაფრად აგდებდა.
ორივეს შურით გადავხედე, რადგან მაგიდის მოპირდაპირე მხარეს ისხდნენ.

სადილის შემდეგ ბავშვები მოიყვანეს გასაცნობად. მისის კოილერმა


აღტაცებით შეაფასა მათი თვალები, ცხვირები თუ ფეხები – მოგეხსენებათ, ეს
ბავშვების აღზრდის საუკეთესო მეთოდია. ჩემ წინ ჩამწკრივდა ოთხი გოგონა და
ორი ბიჭუნა; კიდევ ყველაზე უმცროსი, რომელსაც "პატარას" ეძახდნენ და
შეიძლებოდა, ბიჭიც ყოფილიყო და გოგოც; ასევე, მათი მომდევნო ბავშვიც,
რომელიც ჯერ არ იცოდნენ, გოგო იყო თუ ბიჭი. ფლოპსონმა და მილერსმა
ბავშვები ისეთი სახეებით შემორეკეს, თითქოს სერჟანტები ყოფილიყვნენ და,
ის-ის იყო, ახალწვეულთა ახალი ჯგუფი შეედგინათ, მისის პოკეტი კი ისე
უცქერდა ამ არშემდგარ არისტოკრატებს, გეგონებოდათ, მანამდე არასოდეს
ენახა და ჯერ კიდევ ვერ გაეაზრებინა, რა მოეხერხებინა მათთვის.

– აგერ! ჩანგალი მომაწოდეთ, მემ, და პატარა გამომართვით! – მიმართა


ფლოპსონმა, – არა, ასე ნუ აიყვანთ, თორემ თავი მაგიდის ქვეშ ექნება!

მისის პოკეტმა რჩევა გაითვალისწინა, ბავშვი სხვანაირად აიყვანა; შედეგად


მისი თავი მაგიდაზე აღმოჩნდა, რაც ყველა დამსწრემ საშინელი ბრაგვანით
შეიტყო.
– ო, ღმერთო დიდებულო! დამიბრუნეთ ბავშვი, მემ, – შესძახა ფლოპსონმა, –
თქვენ კი, მის ჯეიმ, მოდით და პატარა გაართეთ, დროზე!

ერთ-ერთი გოგონა, სულ მთლად ციცქნა, რომელმაც, როგორც ჩანს, სხვებზე


დედობრივი მზრუნველობა ნაადრევად იტვირთა, პატარის წინ აცეკვდა და მანამ
ართობდა, ვიდრე ტირილი არ შეწყვიტა და კისკისს არ მოჰყვა. ყველა ბავშვი
აკისკისდა და მისტერ პოკეტმაც (რომელმაც ამასობაში უკვე ორჯერ სცადა
საკუთარი თავის თმით აქაჩვა) გაიცინა; ჩვენც გავიცინეთ და ყველა კმაყოფილი
იყო.

ფლოპსონმა პატარა ხის თოჯინასავით მოკეცა და, როგორც იქნა, მშვიდობით


ჩაუსვა კალთაში მისის პოკეტს. მერე სათამაშოდ კაკლის სამტვრევი მისცა, თან
ქალბატონს ამცნო, შეიძლება თვალში გაიყაროსო; ჯეინიც მკაცრად
გააფრთხილა, ბავშვი ამ საფრთხისაგან დაეცვა. მერე ორივე ძიძა ოთახიდან
გავიდა. კიბიდან მაშინვე მათი ყვირილი მოისმა – აყალმაყალი აუტეხეს
უთავბოლო მსახურ ბიჭს, რომელიც სუფრასთან გვემსახურებოდა და რომელსაც
ქურთუკის ღილების უმეტესობა, აშკარად, ბანქოში ჰქონდა წაგებული.

ძალზე უსიამო განცდა დამეუფლა, როდესაც მისის პოკეტმა დრამლთან


ვიღაც ორი ბარონეტის შესახებ საუბარი გააბა, თან ღვინოში ჩამბალ დაშაქრულ
ფორთოხალს მიირთმევდა, ბავშვი კი მის კალთაში კაკლის სამტვრევს ძალზე
შემაშფოთებლად იქნევდა. ბოლოს, როგორც იქნა, პატარა ჯეინმა მოისაზრა,
ჩვილის თავის ქალას საფრთხე რომ ემუქრებოდა, მიუახლოვდა და გამჭრიახი
ხრიკებით იარაღი გამოართვა. მისის პოკეტმაც დაახლოებით ამ დროისთვის
შეწყვიტა ფორთოხლის ჭამა და გოგონას თავნებობა არ მოუწონა:

– ცუდო ბავშვო, როგორ ბედავ? ახლავე წადი და შენს ადგილას დაჯექი!

– დედიკო, ძვირფასო, – ატიკტიკდა გოგონა, – რომ არ წამერთმია, პატარა


თვალებს ამოითხრიდა!

– როგორ მიბედავ ჭკუის სწავლებას? – კიდევ უფრო გაცხარდა მისის პოკეტი,


– წადი და ამწუთასვე შენს სკამზე დაჯექი!

მისის პოკეტი ისეთი ღირსებითა და აღშფოთებით ღაღადებდა, ვიფიქრე, მეც


ხომ არ დავაშავე-მეთქი რამე.

– ბელინდა, – მაგიდის მეორე ბოლოდან შეაგონა მისტერ პოკეტმა, – რატომ


ხარ ასე დაუფიქრებელი? პატარას რომ არაფერი დაშავებოდა, იმიტომ ჩაერია
ჯეინი.

– ვერავისგან მოვითმენ ჩემს საქმეში ჩარევას, – უპასუხა მისის პოკეტმა, –


მაოცებს, მეთიუ, ასეთ შეურაცხყოფას როგორ მაყენებ!

– ღმერთო დიდებულო! – წამოიძახა უკიდურესად სასოწარკვეთილმა მისტერ


პოკეტმა, – ნუთუ ბავშვებმა კაკლის სატეხით თავი უნდა გაიხეთქონ და მათი
მშველელი არავინაა?!

– ჯეინს უფლებას ვერ მივცემ, ჩემს საქმეში ჩაერიოს, – ნორჩ დამნაშავეს


მედიდურად გადახედა მისის პოკეტმა, – ჩემი საბრალო ბაბუის შვილიშვილს ეს
არ მეკადრება. ჯეინმა უნდა მასწავლოს ჭკუა?!
მისტერ პოკეტმა ისევ თმაში იტაცა ხელები და ამჯერად მართლაც ოდნავ
აიწია სკამიდან.

– გესმით თქვენ? – უმწეოდ შეჰღაღადა ქვეყნიერებას, – ვიღაცის საბრალო


ბაბუის გულისთვის ბავშვებმა თურმე კაკლის სატეხით უნდა მოისწრაფონ
სიცოცხლე! – ამის შემდეგ ისევ სკამზე დაესვენა და დადუმდა.

ამ დიალოგის განმავლობაში ყველანი უხერხულად დავყურებდით სუფრას.


ჩამოწოლილ დუმილს ჩვილი არღვევდა, რომელიც, გეგონებოდათ
სამართლიანობის გამო, შეუპოვრად ცდილობდა ჯეინთან მიცოცებას. იგი
(მსახურებს თუ არ ჩავთვლით), მგონი, ერთადერთი ადამიანი იყო ოჯახში,
ვისთანაც პატარას რამე აკავშირებდა.

– მისტერ დრამლ, – თქვა მისის პოკეტმა, – თუ არ შეწუხდებით, ფლოპსონი


გამოიძახეთ. ჯეინ, შე გაუგონარო ბავშვო, წადი, დაწექი. შენ კი, პატარავ,
წამოდი
დედიკოსთან ერთად!

პატარა ამ განცხადებას მთელი ღირსებით აუჯანყდა. მისის პოკეტის


მკლავქვეშ ამოდებული, გამალებით იბრძოდა: ორად მოიკეცა, გაიზნიქა და
ფუმფულა სახის ნაცვლად ნაქსოვი ფაჩუჩები და მსუქანა ფეხები გვიჩვენა.
ბოლოს მაინც თავისი გაიტანა, რადგან ორიოდე წუთის შემდეგ ფანჯარაში
დავინახე, პატარა ჯეინი როგორ ათამაშებდა.

ამასობაში ისე მოხდა, რომ დანარჩენი ხუთი ბავშვი სუფრასთან უპატრონოდ


დარჩა, რაკი ფლოპსონს რაღაც საქმე გამოუჩნდა, სხვას კი არავის ევალებოდა
მათი მიხედვა. ამის გამო ჩემთვის ნათელი გახდა შვილებთან მისტერ პოკეტის
ურთიერთობა, რომელიც შემდეგნაირად გამოიხატა – მისტერ პოკეტი
ჩვეულებრივზე უფრო დაბნეული სახითა და აბურძგნილი თმით კარგა ხანს
მდუმარედ აკვირდებოდა შვილებს, თითქოს ვერაფრით გაეგო, როგორ
აღმოჩნდნენ მის სახლში, მის კმაყოფაზე და ბუნებამ სადმე სხვაგან რატომ არ
მიუჩინა ადგილი. მერე შორიდან დაუსვა შეკითხვები ისე, როგორც მისიონერი
ესაუბრება პატარა ველურებს, მაგალითად, დაინტერესდა, პატარა ჯოს რატომ
აქვს მანჟეტი დახეული, რაზეც უპასუხეს: მამი, ფლოპსონს დრო როცა ექნება,
დამიკერებს. ან რატომ აქვს პატარა ფანის თითი დაჩირქებული. ამაზე უპასუხეს:
მამი, ფლოპსონი ზედ საფენის დადებას აპირებდა, მაგრამ სულ ავიწყდება. ამის
შემდეგ მამას შვილებისადმი სიყვარულის ბუშტი გაუსკდა, ყველას თითო
შილინგი ჩამოურიგა და უთხრა, წადით, ითამაშეთო. როცა ბავშვები გარეთ
გაცვივდნენ, მამა ერთი ძლიერი მოქაჩვით შეეცადა, თავი თმით აეწია, მაგრამ
ეს ფუჭი გარჯა მაშინვე მიატოვა.

საღამოს მდინარეზე ნავებით გავისეირნეთ. დრამლსა და სტარტოპს


საკუთარი ნავები ჰქონდათ, ამიტომ გადავწყვიტე, მეც მეყიდა და ნიჩბოსნობაში
მათთვის მეჯობნა. ფიზიკური მონაცემებით არცერთ სოფლელ ბიჭს არ
ჩამოვუვარდებოდი, მაგრამ რაკი ჩემი მოძრაობის სტილი ტემზასათვის – სხვა
წყლებზე რომ აღარაფერი ვთქვათ – არცთუ ისე მომხიბვლელად ჩავთვალე,
მაშინვე გადავწყვიტე, მოწაფედ მივბარებოდი ერთ ჩემპიონს, რომელმაც თავისი
ნავი ჩვენს ნავსაბმელთან მოაყენა და რომელიც ახალმა ამხანაგებმა გამაცნეს.
ამ სპორტულმა ავტორიტეტმა ძალზე შემაშფოთა, როცა გამომიცხადა, ნამდვილი
მჭედლის ხელები გაქვთო. რომ სცოდნოდა, ეს ქათინაური ლამის მოწაფის
დაკარგვად დაუჯდა, თქმისგან ნამდვილად შეიკავებდა თავს.

შინ დაბრუნებულებს ლანგრით ვახშამი მოგვართვეს და, ვფიქრობ, ყველანი


სასიამოვნოდ გავატრებდით საღამოს, რომ არა ერთი ოჯახური უსიამოვნება.
მისტერ პოკეტი მშვენიერ გუნებაზე იყო, როცა ერთ-ერთი მოახლე მიუახლოვდა
და მიმართა:

– თქვენი ნებართვით, სერ, უნდა დაგელაპარაკოთ.

– ბატონს უნდა დაელაპარაკო? – მისის პოკეტმა ჩათვალა, რომ მისი ღირსება


კვლავაც შეილახა, – ეგ რამ გაფიქრებინათ? შეგიძლიათ, ფლოპსონს
დაელაპარაკოთ, ანდა მე – ოღონდაც სხვა დროს.

– მომიტევეთ, მემ, – უპასუხა მოახლემ, – მაგრამ სწორედ ბატონთან მსურს


ლაპარაკი და თანაც ახლავე.

ამის შემდეგ მისტერ პოკეტი ოთახიდან გავიდა, ჩვენ კი როგორღაც


გავიყვანეთ დრო მის დაბრუნებამდე.

– გადასარევი ამბავია, ბელინდა! – შემოვარდა სასოწარკვეთილი მისტერ


პოკეტი, – მზარეული უგონოდ მთვრალი აგდია სამზარეულოს იატაკზე, ბუფეტში
კი გასაყიდად გამზადებული კარაქის ნაჭერი უდევს!

მისის პოკეტი მაშინვე ძალზე გულისამაჩუყებლად აღელდა და განაცხადა:

– ეს ყველაფერი იმ საზიზღარი სოფიას ბრალია!

– რას გულიხმობ, ბელინდა? – გაოგნდა მისტერ პოკეტი.

– ეგ ხომ სოფიამ გითხრა, – განუმარტა მისის პოკეტმა, – ხომ ეს წუთია, ჩემი


თვალით დავინახე, ოთახში როგორ შემოვიდა და შენთან ლაპარაკის უფლება
ითხოვა.

– კი მაგრამ, მან ხომ სამზარეულოში ჩამიყვანა, – უპასუხა მისტერ პოკეტმა, –


ქალიც მიჩვენა და შეფუთული კარაქიც!

– როგორ არ გრცხვენია, მეთიუ, – შეაგონა მისის პოკეტმა, – ყველანი


აგვაწიოკა, შენ კი ამართლებ!

მისტერ პოკეტმა მწარედ ამოიგმინა.

– ნუთუ მე, ასეთი ბაბუის შვილიშვილი, ჩემს სახლში სულ არაფერს


წარმოვადგენ? – აღმოხდა მისის პოკეტს, – თანაც მზარეული მუდამ სანდომიანი
და მორიდებული ქალი იყო და, ჩვენს სახლში პირველად რომ მოვიდა, მაშინვე
მითხრა, ჰერცოგინიად ხართო დაბადებული!

მისტერ პოკეტი ტახტის წინ იდგა და ახლა ამ ტახტზე მომაკვდავი


გლადიატორივით ჩაიკეცა. ამგვარად მისვენებულმა, ყრუდ ამოთქვა:

– მშვიდობიან ღამეს გისურვებთ, მისტერ პიპ, – რითაც მიმახვედრა, რომ ჩემი


აქედან წასვლისა და დაწოლის დრო მოსულიყო.
24
ორი-სამი დღის შემდეგ, როცა ჩემს ოთახში მოვეწყვე, ლონდონშიც ჩავედი
და ჩემს ვაჭრებს, რაც კი მჭირდებოდა, ყველაფერი შევუკვეთე. მე და მისტერ
პოკეტმა ბევრი ვილაპარაკეთ. როგორც აღმოჩნდა, ჩემს სამომავლო
საქმიანობაზე მას უფრო მეტი სცოდნია, ვიდრე მე. მითხრა, თუ რას ფიქრობდა
მისტერ ჯეგერსი ჩემზე: არცერთი პროფესიისათვის არ გამოდგება და მისთვის
საუკეთესო განათლება ის იქნება, თუკი შეძლებული ახალგაზრდისათვის
შესაფერის დონეს მიაღწევს და "თავს არ შეირცხვენსო". რაკი საპირისპირო
ვერაფერი ვუთხარი, ყველაფერში დავეთანხმე.

მისტერ პოკეტმა ლონდონში იმ რამდენიმე ადგილის მონახულება მირჩია,


სადაც მცირეოდენ საჭირო ცოდნას მივიღებდი; საკუთარი თავი კი ჩემს
განმანათლებლად და მოძღვრად შემომთავაზა. იმედი გამოთქვა, რომ თუკი მის
რჩევებს გონივრულად მივყვებოდი, სირთულე არ შემექმნებოდა და მალე მისი
მითითებების გარდა სხვა აღარაფერი დამჭირდებოდა. ეს ყველაფერი
ისეთნაირად მითხრა, რომ იმთავითვე ჩემი სრული ნდობა დაიმსახურა. აქვე
ვიტყვი იმასაც, რომ ეს ადამიანი ძალზე გულმოდგინედ და პატიოსნად შეუდგა
ჩემ წინაშე დაკისრებული მოვალეობის შესრულებას და ამით მეც მაიძულა,
ასევე გულმოდგინედ და პატიოსნად შემესრულებინა საქმე. ჩემს
მასწავლებლობას გულგრილად რომ მოჰკიდებოდა, ალბათ, მეც გულგრილი
მოწაფე ვიქნებოდა. მაგრამ მოდუნების საშუალება არ მომცა, ამიტომაც
ერთმანეთს თავიდანვე პატივისცემით ვეპყრობოდით. თანაც, როგორც
მოძღვარი, არასოდეს მომჩვენებია სასაცილოდ – მუდამ სერიოზული,
გულწრფელი და კეთილგანწყობილი იყო.

როცა ურთიერთობა მოვაგვარეთ და მერე მეცადინეობასაც შევუდექით,


აზრად მომივიდა, რომ თუკი ბერნარდის ფუნდუკში ჩემს ოთახს
შევინარჩუნებდი, ამით ცხოვრებას სასიამოვნოდ გავიმრავალფეროვნებდი,
ჰერბერტთან ურთიერთობა კი ჩემ აღზრდაზე მხოლოდ დადებით გავლენას
მოახდენდა. მისტერ პოკეტს ამის საწინააღმდეგოდ არაფერი უთქვამს, ოღონდაც
დაჟინებით მთხოვა, ვიდრე რამე ნაბიჯს გადავდგამდი, ჩემი მეურვისათვის
მემცნო. ვფიქრობ, ეს იმიტომ მთხოვა, რომ ჩემი გადაწყვეტილება ჰერბერტს
საგრძნობლად შეუმცირებდა საყოფაცხოვრებო ხარჯებს. მეც ლიტლ-ბრიტანისკენ
გავემართე და ჩემი სურვილი მისტერ ჯეგერსს გავუზიარე.

– იქნებ ის ავეჯი შემესყიდა, რომელიც ჩემთვის იქირავეთ, – ვუთხარი, – და


ერთი-ორი მცირე ნივთიც დამემატებინა, ამ ბინაში თავს ისე ვიგრძნობდი,
როგორც საკუთარ სახლში.

– მაშ, ასეც მოიქეცით! – გადაიხარხარა მისტერ ჯეგერსმა, – ხომ ვამბობდი,


ალღოს მალე აუღებთ-მეთქი. აბა, რამდენი გინდათ?

ვუპასუხე, რომ არ ვიცოდი, საამისოდ რამდენი დამჭირდებოდა.

– მაინც? – არ მეშვებოდა მისტერ ჯეგერსი, – რამდენი? ორმოცდაათი


გირვანქა სტერლინგი?

– არა, ამდენიც არა.

– მაშ, ხუთი გირვანქა სტერლინგი?


სხვაობა იმდენად დიდი იყო, რომ დავიბენი:

– ოჰ, არა, მეტი!

– ესე იგი, მეტი? – მისტერ ჯეგერსი საზურგეზე გადაწვა და თავი გვერდზე


გადასწია; ჯიბეებში ხელებჩაყოფილი, ჩემ უკან კედელს გაჰყურებდა და აშკარად
ჩემი დაბნეულობით ტკბებოდა, – რამდენად მეტი?

– ზუსტი თანხის დასახელება მიჭირს, – ამოვილუღლუღე.

– ერთად მოვიფიქროთ, – მითხრა მისტერ ჯეგერსმა, – ორჯერ ხუთი გეყოფათ?


სამჯერ ხუთი? ოთხჯერ ხუთი?

ეს სავსებით საკმარისია-მეთქი, ვუპასუხე.

– მაშ, ოთხჯერ ხუთი სავსებით საკმარისია, ხომ? – მისტერ ჯეგერსმა წარბები


შეკრა, – და რამდენია ეს ოთხჯერ ხუთი?

– რამდენია?
– ჰო, რამდენია? – მოთმინება დაკარგა მისტერ ჯეგერსმა.

– ოცი გირვანქა სტერლინგი უნდა იყოს, თქვენც ხომ ასე ფიქრობთ? –


ღიმილით ვკითხე.

– მე რას ვფიქრობ, ამას მნიშვნელობა არა აქვს, – მკვეთრად გააქნია თავი


მისტერ ჯეგერსმა, – მთავარია, თქვენ რას ფიქრობთ.

– რა თქმა უნდა, ოცი გირვანქა სტერლინგია.

მისტერ ჯეგერსმა კარი გააღო და გასძახა:

– უემიკ! მისტერ პიპს მოთხოვნა დააწერინეთ და ოცი გირვანქა სტერლინგი


გადაუხადეთ!

საქმისადმი ასეთმა მკვეთრმა მიდგომამ ჩემზეც მკვეთრი შთაბეჭდილება


მოახდინა, თუმცა არცთუ დადებითი ხასიათისა. მისტერ ჯეგერსი არასოდეს
იცინოდა. მძიმე, ლაპლაპა, ჭრაჭუნა ფეხსაცმელი ეცვა. როდესაც დიდრონ თავს
ხრიდა, წარბებს ჭმუხნიდა, თან ტერფებზე წინ და უკან ქანაობდა და
თანამოსაუბრისაგან პასუხს ელოდა, მისი ფეხსაცმელი ზოგჯერ ისეთნაირად
ჭრაჭუნობდა, თითქოს პატრონის ნაცვლად იცინისო, მშრალი და ეჭვნეული
ხმით. რადგანაც მისტერ ჯეგერსი გავიდა, ხოლო უემიკი მხნე და მოლაპარაკე
კაცი იყო, ჩემი შთაბეჭდილება გავუზიარე და ვუთხარი, მისტერ ჯეგერსის ქცევის
მანერა არ მესმის-მეთქი.

– ეს რომ უთხრათ, ქათინაურად ჩაგითვლით, – მიპასუხა უემიკმა, – მას


სულაც არ სურს, თავისი ქცევით რამე გაგაგებინოთ. ოჰ! – მაშინვე დამამშვიდა,
რადგანაც გაოცებული მივაჩერდი, – ამაში პირადული არაფერია. ეს
პროფესიონალური მანერაა, მხოლოდ პროფესიონალური.

უემიკი თავის მაგიდასთან საუზმობდა – ხრაშუნით ამტვრევდა ხმელ


ნამცხვარს და ნაპრალივით პირში ნაჭერ-ნაჭერ ისე იყრიდა, თითქოს საფოსტო
ყუთში წერილებს ყრისო.
– მუდამ მგონია, – ამიხსნა უემიკმა, – თითქოს ადამიანებისათვის ხაფანგი
აქვს დაგებული და ჩასაფრებული იცდის. უეცრად: წკაპ! და დაჭერილი ხარ!
ის აღარ მითქვამს, რომ ადამიანისათვის ხაფანგის დაგება ვერაფერი
სიკეთეა, მხოლოდ ის შევნიშნე, როგორც ჩანს, თავისი საქმის უბადლო
მცოდნეა-მეთქი.

– მისი ცოდნა ავსტრალიასავით ღრმაა, – დამიდასტურა უემიკმა და კალმის


წვერით იატაკისკენ მიმითითა. როგორც ჩანს, ის იგულისხმა, რომ, გამოთვლების
თანახმად, ავსტრალია ზუსტად დედამიწის სფეროს საპირისპირო მხარეს
მდებარეობს, – და რამე რომ არსებობდეს ამაზე უფრო ღრმა, იმასაც
ჩასწვდებოდა, – თქვა და კალამი ფურცელზე დააბრუნა.

ვარაუდი გამოვთქვი, მისტერ ჯეგერსს, ალბათ, კარგი შემოსავალი


აქვს-მეთქი, რაზეც მიპასუხა:

– დი-დე-ბუ-ლი!

ისიც ვკითხე, ბევრი კლერკი თუ ჰყავდა დასაქმებული. უემიკმა მიპასუხა:

– ბევრი კლერკი არ გვჭირდება, რადგან ჯეგერსი მხოლოდ ერთია და ყველა


კლიენტს მასთან პირადად სურს საქმის დაჭერა. სულ ოთხნი ვართ. გინდათ,
დანარჩენები გაგაცნოთ? თქვენ ხომ, ასე ვთქვათ, ჩვენიანი ბრძანდებით.

ამ შემოთავაზებას თანხმობით ვუპასუხე. უემიკმა მთელი ნამცხვარი


საფოსტო ყუთში ჩაუშვა, მერე რკინის სეიფიდან ფული აიღო და მომცა. სეიფის
გასაღებს სადღაც ზურგზე ინახავდა და საყელოდან რკინის კიკინასავით
ამოიძვრენდა ხოლმე. ამის შემდეგ მასთან ერთად მეორე სართულზე ავედი.
მთელი შენობა ჩაბნელებული და ძველისძველი იყო. ასე მეგონა, ის გაქონილი
მხრები და ზურგები, რომლებმაც მისტერ ჯეგერსის ოთახის კედლებზე თავიანთი
კვალი დატოვეს, მთელი სახლის კედლებს წლიდან წლამდე ეხახუნებოდნენ.
მეორე სართულის წინა ოთახში ერთი ზორბა, ფერმკრთალი,
გასიებულ-გაბერილი კლერკი – მიკიტნისა და ვირთხიჭერიას ნაზავი – ოთხ
ჩამოკონკილ მოქალაქეს ესაუბრებოდა, თანაც ისეთივე აგდებით ეპყრობოდა,
როგორც მისტერ ჯეგერსის ყველა ხელქვეითს სჩვეოდა ადამიანებთან მოქცევა.

– ჩვენებებს ართმევს ბეილისთვის(ბეილი – ლონდონის ცენტრალური


კრიმინალური სასამართლო.), – ამიხსნა მისტერ უემიკმა, როგორც კი ოთახიდან
გავედით.

ერთი სართულით მაღლა ერთი ჩია, გაჩეჩილი კაცი იყო, რომელიც იმ


ტერიერს წააგავდა, ლეკვობის შემდეგ რომ აღარ გაუკრიჭავთ. ისიც კლიენტს
ესაუბრებოდა – ახლომხედველ კაცს, რომელიც მისტერ უემიკმა მდნობელად
გამაცნო და მითხრა, თავის ქვაბს მუდამ ათუხთუხებს და რაც კი შენს გულს
გაუხარდება, ყველაფერს გადაგიდნობსო. კაცს ღვარად ჩამოსდიოდა ოფლი და
გავიფიქრე, საკუთარი თავის გადადნობასაც ხომ არ ცდილობს-მეთქი. ერთ-ერთ
უკანა ოთახში ბეჭებში მოხრილი კაცი იჯდა, გასიებული ლოყა ჭუჭყიანი ძონძით
ჰქონდა აკრული და შავი სერთუკი ისე გაქონვოდა, გეგონებოდათ, ცვილი უსვიაო.
ეს კაცი ნაწერზე იყო დახრილი და პირველი ორი კლერკის ჩანაწერებს მისტერ
ჯეგერსისთვის ათეთრებდა.
სულ ესენი იყვნენ კანტორის თანამშრომლები. როცა ქვედა სართულზე
დავბრუნდით, უემიკმა ჩემი მეურვის ოთახში შემიყვანა და მითხრა, აქაურობა
უკვე ნანახი გაქვთო.

– გეთაყვა, ეს ვისი გამოსახულებებია? – ვკითხე, როდესაც იმ საზარლად


დაკრეჭილ ნიღბებს მოვკარი თვალი.

– ეს? – უემიკი სკამზე ავიდა და, ვიდრე ჩამოიღებდა, საშინელ ქანდაკებებს


სულის შებერვით მტვერი მოაცილა, – ეს ორი სახელგანთქმული პიროვნებაა,
ჩვენც რომ გაგვითქვა სახელი. აი, ამ ვაჟბატონმა (შენ რა, ღამით მაგიდაზე
ჩამოხვედი და სამელნეში ჩაიჭყიტე, წარბზე ლაქა რომ გამჩნევია, შე ბებერო
არამზადავ?) თავისი ბატონი სიცოცხლეს გამოასალმა და, თუ იმას
გავითვალისწინებთ, რომ მამხილებელი საბუთები ვერ აღმოაჩინეს, ეს
დიდოსტატურადაც გაახერხა.

– ჰგავს? – უნებლიეთ უკან დავიხიე ჯოჯოსებრი სახის წინაშე, რომელსაც


უემიკმა წარბზე დაანერწყვა და ლაქა სახელოთი მოსწმინდა.

– ჰგავს კი არა, თვითონაა. ეს ნიღაბი ნიუგეიტში დაამზადეს, როგორც კი


სახრჩობელიდან ჩამოიღეს. მე კი განსაკუთრებით შეგიყვარდი, ხომ ასეა,
ბებერო ვიგინდარავ? – ამ გულითადი მიმართვის ხაზგასასმელად თავის
გულსაბნევს შეახო ხელი, რომელზეც საფლავთან მგლოვიარე ქალი, ურნა და
მტირალა ტირიფი იყო გამოსახული, – ეს საგანგებოდ ჩემთვის დაამზადებინა.

– ეს ქალი ვინ არის? – ვკითხე.

– არავინ, – მიპასუხა უემიკმა, – მისი ფანტაზიის თამაშია (თამაში ხომ


გიყვარდა, მეგობარო?). არა, მისტერ პიპ, ამ საქმეში ქალი თუ ერია, ასე წერწეტა
და კეთილშობილური აღნაგობისა ნამდვილად არ იქნებოდა და ურნასთან
მისვლასაც მხოლოდ იმ შემთხვევაში აიძულებდით, შიგ რამე სასმელი რომ
ჩაგესხათ, – რაკი უემიკის ყურადღება გულსაბნევმა მიიპყრო, მან ნიღაბი
გადადო და გულსაბნევის წმენდას შეუდგა.

– ამ მეორე არსებამაც მსგავს ვითარებაში დაასრულა სიცოცხლე? – ვკითხე, –


მასაც ასეთივე სახე აქვს.

– მართალს ამბობთ, – დამიდასტურა უემიკმა, – ტიპური სახეა. გეგონებათ,


ცალ ნესტოში ძუაზე გამობმული ანკესის კაუჭი გაუყარეს და მაღლა აუქაჩესო.
დიახ, ისიც მსგავს ვითარებაში აღესრულა და, გარწმუნებთ, ეს მის შემთხვევაში
ფრიად მოსალოდნელიც იყო. ეს ჯეელი ანდერძებს აყალბებდა და, სავარაუდოდ,
ამ ანდერძების ვითომდა შემდგენლებსაც ასალმებდა სიცოცხლეს.
ჯენტლმენობდი კიდეც, ხომ ასეა? – კვლავაც ნიღაბს მიმართა უემიკმა, –
იფიცებოდი, ბერძნულად ვიციო წერა. მკვეხარავ! ოჰ, რა მატყუარა იყავი!
შენისთანა მატყუარა ჩემს დღეში არ მინახავს! – ვიდრე გარდაცვლილ მეგობარს
თაროზე დააბრუნებდა, უემიკმა თავის ყველაზე მოზრდილ სამგლოვიარო
ბეჭედს გადაუსვა თითი, – სწორედ წინა დღეს შეუკვეთა ეს ჩემთვის.

სანამ მეორე ტვიფრსაც თაროზე დებდა და სკამიდან ძირს ჩამოდიოდა,


გონებაში გამიელვა აზრმა, რომ მთელი მისი სამკაულები მსგავსი გზით უნდა
ყოფილიყო მოპოვებული. რაკი ჩანდა, ამ თემაზე სრულიად გულღიად
საუბრობდა, მეც გავბედე და, როცა ჩემ წინ დადგა და ხელებიც დაიბერტყა,
სწორედ ეს კითხვა დავუსვი.

– დიახ, ეს სულ მსგავსი საჩუქრებია, – მიპასუხა, – ერთს მეორე მოჰყვება,


ხომ გესმით. ასეა მუდამ. მე მათ ყოველთვის ვიღებ. ჯერ ერთი, სუვენირებია.
მეორეც, ქონებაა. მაინცდამაინც, ძვირად ღირებული არ არის, მაგრამ, ასეა თუ
ისე, მოძრავი ქონებაა. თქვენ შესაშურ მდგომარეობაში ეს, შესაძლოა,
წვრილმანები იყოს, მე კი ასეთი დევიზი მაქვს: "მოძრავი ქონება ხელიდან არ
უნდა გაუშვა!"

როცა ამგვარი შემართება მოვუწონე, გულითადად მითხრა:

– თუკი ოდესმე უკეთესი საქმე არაფერი გექნათ, იქნებ უოლუორთში


მეწვიოთ, საგანგებო საწოლს შემოგთავაზებთ და სტუმრობას დიდ პატივადაც
ჩაგითვლით. ბევრი კი არაფერი მაქვს საჩვენებელი, მაგრამ იქნებ ერთი-ორი
ასეთი სუვენირის დათვალიერებამ დაგაინტერესოთ. თანაც სასიამოვნო პატარა
ბაღი და საზაფხულო ფლიგელიც მაქვს.

ვუთხარი, რომ მის მოპატიჟებას სიამოვნებით მივიღებდი.

– გმადლობ, – მიპასუხა უემიკმა, – მაშ, თქვენთვის როცა იქნება მისაღები,


მაშინ იყოს. მისტერ ჯეგერსთან ერთად უკვე ისადილეთ?

– ჯერ არა.

– მაშ, ასე, – განაგრძო უემიკმა, – ის ღვინოს დაგალევინებთ. კარგ ღვინოს. მე


კი არცთუ ურიგო პუნშით გაგიმასპინძლდებით. და ერთ რამეს გეტყვით: როცა
მისტერ ჯეგერსს ესტუმრებით, მის მოსამსახურეს დააკვირდით.

– რამე უცნაურს ვიხილავ?

– როგორ გითხრათ, მოთვინიერებულ მხეცს იხილავთ. შესაძლოა მითხრათ,


ამაში დიდად უცნაური არაფერიაო, მაგრამ აქ მხეცის პირვანდელ სიველურესა
და მორჯულების ხარისხს აქვს მნიშვნელობა. ეს მისტერ ჯეგერსის
ძალაუფლებაში კიდევ უფრო დაგარწმუნებთ. ყურადღებით იყავით.

აღვუთქვი, რომ ასეც მოვიქცეოდი, რაკი მისმა შემზადებამ


ცნობისმოყვარეობა აღმიძრა. როცა წასვლა დავაპირე, მკითხა, ხუთ წუთსაც ხომ
არ გავიმეტებდი, რათა მისტერ ჯეგერსი "საქმეში" მენახა.

მრავალი მიზეზით – თუნდაც იმის გამო, რომ ცხადად ვერ წარმოვიდგინე, თუ


რა "საქმეში" უნდა მედევნებინა თვალი მისტერ ჯეგერსისათვის – თანხმობით
ვუპასუხე. მაშინვე სიტის ორომტრიალში ჩავყვინთეთ და ხალხით გადატვირთულ
საპოლიციო სასამართლოში ამოვყავით თავი, სადაც გულსაბნევების
გარდაცვლილი მოტრფიალის ღვიძლი ძმა (დანაშაულებრივ ძმობას ვგულისხმობ)
დამნაშავის მერხთან იდგა და რაღაცას უგერგლოდ ღეჭავდა. ამ დროს ჩემი
მეურვე ვიღაც ქალის დაკითხვით თუ რამდენიმე პირის ჯვარედინი დაკითხვით
იყო დაკავებული – კარგად ვერ გავიგე; თანაც ქალიცა და მოსამართლეებიც
ძრწოლითა და აღტაცებით შეჰყურებდნენ. როგორც კი ვინმე, ვინც უნდა
ყოფილიყო, რამე ისეთს იტყოდა, რაც მისტერ ჯეგერსისათვის მიუღებელი
აღმოჩნდებოდა, ის მაშინვე ამ სიტყვების "ჩაწერას" ითხოვდა. როდესაც ვინმე
ამა თუ იმ ქმედების აღიარებაზე უარს ამბობდა, ჯეგერსი უყვიროდა: "მაინც
ამოგაცლით!" ხოლო აღიარების შემთხვევაში მიახლიდა: "აი, ახლა კი
მოგიხელთეთ!" საკმარისი იყო, თითზე ეკბინა, მოსამართლეები შიშით
ცახცახებდნენ. მისი სიტყვის წინაშე ქურდებიც ძრწოდნენ და
სამართალდამცავებიც. ის, ვისკენაც წარბის თუნდაც ერთ ბეწვს მიაბრუნებდა,
მაშინვე უკუკრთებოდა. თუ რომელ მხარეს იცავდა, ვერა და ვერ გავიგე, რადგან
ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს ყველა იქ მყოფის გაცამტვერება
განეზრახა. ყოველ შემთხვევაში, იმ წუთებში, როცა ფეხაკრეფით გამოვედი
დარბაზიდან, მსაჯულთა მხარეს არ უნდა ყოფილიყო – თავმჯდომარის
სავარძელში მჯდომ ხნიერ ჯენტლმენს მაგიდის ქვეშ ფეხები უცახცახებდა,
რადგან მისტერ ჯეგერსი მას კანონისა და მართლმსაჯულების დამცველისათვის
ყოვლად უღირსი საქციელის გამო კიცხავდა.
25

ბენტლი დრამლი იმდენად მედიდური ახალგაზრდა იყო, წიგნსაც კი ისე


იღებდა ხელში, თითქოსდა ავტორმა საშინელი შეურაცხყოფა მიაყენაო;
შესაბამისად, არც ახალ ნაცნობებს სწყალობდა. ტანითაც მძიმე და ზორბა იყო,
მოძრაობები და აზროვნებაც მძიმე ჰქონდა; ენასაც ისე ზანტად ატრიალებდა
პირში, როგორც თვითონ სცემდა ოთახში ბოლთას; ამპარტავანი იყო, ამაყი,
ძუნწი, ფრთხილი და ეჭვიანი. სომერსეტშირში, მდიდარ ოჯახში იზრდებოდა,
რომელმაც ჩამოთვლილ სათნოებათა ნაზავი მანამ ზარდა, ვიდრე ერთ დღესაც
არ აღმოაჩინა, რომ უკვე ზრდასრულია და, ამასთან, გვარიანი ბრიყვიც.
ამგვარად, როცა ბენტლი დრამლი მისტერ პოკეტთან მივიდა, უკვე ამ
ჯენტლმენზე ერთი თავით მაღალი იყო და მეტწილ სხვა ჯენტლმენებზე
რამდენიმე თავით უფრო სულელიც გახლდათ.

სტარტოპი სუსტი ხასიათის დედამ გაანებივრა – როდესაც, წესით, სკოლაში


უდა ევლო, მშობელმა შინ გამოკეტა; ამ ახალგაზრდას დედა მთელი არსებით
უყვარდა, შეიძლება ითქვას, აღმერთებდა კიდეც. ნაკვთებში ქალური სინატიფე
გამოუკრთოდა და, როგორც ჰერბეტრმა მითხრა, მერე რა, რომ დედამისი
თვალით არ გინახავს, მაინც არ დაეჭვდები იმაში, რომ შვილი ძალიან ჰგავსო.

ბუნებრივია, მასთან უფრო გამოვნახე საერთო ენა, ვიდრე დრამლთან და


ჩვენი ნიჩბოსნობის პირველი დღეებიდანვე შინ ერთად ვბრუნდებოდით და გზად
ვსაუბრობდით. დრამლი კი ნაპირ-ნაპირ, ლელიანით მოგვყვებოდა; მაშინაც კი,
როცა დინება მდინარის შუისკენ მიაქანებდა, რაღაც უსიამო ქვეწარმავალივით
ნაპირს ეკვროდა. მუდამ ასე წარმომიდგება ხოლმე: ჩვენ უკან ბნელ ტბორებში
მცურავი, მაშინ, როდესაც ჩვენი ორი ნავი შუა წყალზე ჩამავალი მზის თუ
მთვარის ნათელ ანარეკლს მიაპობდა.

ჰერბერტს ძალიან დავუახლოვდი და დავუმეგობრდი. ჩემი ნავი საზიაროდ


მივეცი, ამის გამო ჰემერსმითში ხშირად ჩამოდიოდა ხოლმე; მე კი ლონდონში
დავდიოდი მალ-მალე, რადგან მან ბინა დამითმო საზიაროდ. ამ ორ ადგილს
შორის დღე-ღამის ნებისმიერ დროს მიმოვდიოდით ფეხით. ის გზა ახლაც
მიყვარს (თუმცა მაშინდელივით სასიამოვნო აღარ არის), რადგან მასთან ერთად
ჩვენი ახალგაზრდობა და იმედები მაგონდება.

უკვე ერთი-ორი თვე იყო, რაც მისტერ პოკეტთან ვცხოვრობდი, როცა ჩემს
მასპინძელს კამილა და მისი მეუღლე ესტუმრნენ. კამილა მისტერ პოკეტის და
აღმოჩნდა. მოგვიანებით მის სახლში ჯორჯიანაც გამოჩნდა, მის ჰევიშემთან
იმავე დღეს რომ ვნახე. ის მისტერ პოკეტის ბიძაშვილი ყოფილა – ყოვლად
აუტანელი შინაბერა, თავის სიხისტეს რელიგიით რომ ხსნიდა, გესლს კი –
მოყვასის სიყვარულით. ამ ადამიანებს გაწბილებული სიხარბის გამო ვძულდი,
რაკი თვითონ პირში ჩალაგამოვლებულნი დარჩნენ. თუმცა, რასაკვირველია,
ჩემი იღბლიანობის გამო ყოვლად ამაზრზენად მელაქუცებოდნენ. მისტერ
პოკეტს მოწყალე მედიდურობით ეპყრობოდნენ, როგორც ზრდასრულ ბავშვს,
რომელსაც თავის დაცვა არ შეუძლია. მისის პოკეტს სულ არაფრად აგდებდნენ;
თუმცა იმას არ უარყოფდნენ, რომ ამ საბრალო არსებამ ცხოვრებაში დიდი
იმედგაცრუება იგემა, რაკი ამ იმედგაცრუების მკრთალი შუქი მათ ცხოვრებასაც
ეცემოდა.

აი ასეთ გარემოში მიწევდა ცხოვრება და განათლების მიღება. მალევე


შევიძინე ძვირად ღირებული ჩვევები და იმდენ ფულს ვხარჯავდი, რის
დახარჯვაც სულ ორიოდე თვის წინათ წარმოუდგენლად მომეჩვენებოდა. ერთი
კია: რაც უნდა მომხდარიყო, წიგნებისთვის თავი არ მიმინებებია. ამაში ჩემი
დამსახურება ნაკლებად იყო, უბრალოდ, საიმისოდ მყოფნიდა ჭკუა, რომ ჩემი
უმეცრება გამეცნობიერებინა. მისტერ პოკეტი და ჰერბერტი უცვლელად მედგნენ
გვერდში. ამ ორიდან ერთი მუდამ მზად იყო, ჩემი გზიდან ყველა დაბრკოლება
მოეშორებინა და, ჭეშმარიტად, მეც დრამლისთანა ბრიყვი უნდა ვყოფილიყავი,
წარმატებისთვის რომ ვერ მიმეღწია.

მისტერ უემიკი რამდენიმე კვირის განმავლობაში არ მენახა. გადავწყვიტე,


მისთვის ბარათი მიმეწერა და შემეთავაზებინა, როცაკი თავად ისურვებდა,
კანტორაში შევუვლიდი და მერე შინაც ვესტუმრებოდი. მიპასუხა, რომ
სიამოვნებით მიმასპინძლებდა და ექვსი საათისთვის კანტორაში
დამელოდებოდა. მეც დანიშნულ დროს მივედი, სწორედ მაშინ, საათმა ექვსჯერ
რომ ჩამორეკა და შევესწარი, სეიფის გასაღებს ზურგს უკან როგორ ინახავდა.

– უოლუორთამდე ფეხით მისვლას თუ ისურვებთ? – მკითხა.

– დიახ, – ვუპასუხე, – თუკი საწინააღმდეგო არაფერი გაქვთ.

– სწორედაც რომ არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, – მიპასუხა მისტერ უემიკმა,


– რადგან მთელი დღეა მაგიდას ვუზივარ და ფეხების გაშლა მეამება. ახლა კი
გეტყვით, ვახშმად რა გველოდება, მისტერ პიპ. შინ მომზადებული შემწვარი
ხორცი და ცივი შემწვარი ქათამი – მაღაზიიდან მოტანილი და ვფიქრობ, რბილი,
რადგანაც ამ მაღაზიის მეპატრონე სასამართლოში ნაფიც მსაჯულად გვყავდა და
ამ მოვალეობისაგან მალევე გავათავისუფლეთ. ქათამს როცა ვყიდულობდი, ეს
შევახსენე: კარგი ქათამი შემირჩიე, ბებერო ბრაიტონო-მეთქი, რადგან
თავისუფლად შეგვეძლო, ჩვენი სურვილისამებრ, კიდევ რამდენიმე დღეს
სასამართლოში დაგვეტოვებინე. ამაზე მიპასუხა, პატივი დამდეთ და საუკეთესო
ქათამი ინებეთო. მეც, ცხადია, დავდე პატივი. ასე განსაჯეთ, ესეც მოძრავი
ქონებაა. იმედი მაქვს, მოხუცი მშობლის საწინააღმდეგო არაფერი გექნებათ?
მეგონა, ისევ ქათამზე საუბრობდა, მაგრამ მაშინვე ამიხსნა:

– რადგან შინ მოხუცი მშობელი მყავს, – და მეც, რასაც თავაზიანობა


ითხოვდა, ის ვუპასუხე.

– მაშ, მისტერ ჯეგერსთან ჯერ არ გისადილიათ? – მკითხა, როცა უკვე გზას


გავუდექით.

– ჯერ არა.
– დღეს თვითონაც ასე მითხრა, როცა ვუთხარი, რომ გელოდებოდით.
ვფიქრობ, მისგან მოწვევას ხვალ მიიღებთ. თქვენ ამხანაგებსაც პატიჟებს, სამნი
არიან, ხომ ასეა?

მართალია, დრამლს ამხანაგად არ მივიჩნევდა, თუმცა მაინც დასტურით


ვუპასუხე.

– მოკლედ, მთელ ხროვას პატიჟებს, – განაგრძო, რაც ნამდვილად ვერ


ჩავუთვალე ქათინაურად, – და რითაც უნდა გაგიმასპინძლდეთ, მერწმუნეთ,
ურიგო არ იქნება. მრავალფეროვნებას ნუ ელოდებით, ხარისხს კი გპირდებით.
უნდა გითხრათ, მის სახლში კიდევ ერთ უცნაურობას წააწყდებით, – ეს
ხანმოკლე დუმილის შემდეგ თქვა: როგორც ჩანს, მოსამსახურის შესახებ
უწინდელი შენიშვნა იგულისხმა, – მისტერ ჯეგერსი ღამით არც ფანჯრებს და არც
კარს არასოდეს კეტავს.

– მერე, არ ძარცვავენ?
– საქმეც ესაა! – მიპასუხა უემიკმა, – საჭაროდ აცხადებს, იმ კაცის ნახვა
მინდა, ჩემ გაძარცვას რომ გაბედავსო. ღმერთმანი, ასჯერ მაინც გამიგონია,
პირწავარდნილი მძარცველებისთვის რომ უთქვამს: "ხომ იცით, სადაც
ვცხოვრობ? იცით, რომ ჩემს სახლში არცერთი ურდული არ იკეტება. რატომ არ
გინდათ, ჩემთან სცადოთ ბედი? ვერ უნდა გაცდუნოთ?" მაგრამ მერწმუნეთ, სერ,
ამას, რაც გინდა შესთავაზო, ვერაკაცი ვერ გაბედავს.

– ასე ეშინიათ მისი? – ვკითხე.

– ეშინიათო? მართალს ამბობთ, სწორედაც რომ ეშინიათ. მართალია,


აქეზებს, თუმცა ამაშიც ეშმაკობს. ვერცხლს შინ არ აჩერებს, სერ. უკანასკნელ
კოვზამდე სულ ყველაფერი ბრიტანული ლითონისა აქვს.

– მაშ, ბევრს მაინც ვერაფერს გამორჩებოდნენ, – შევნიშნე, – რომც გაებედათ


და...

– აჰ! სამაგიეროდ ის გამორჩებოდა! – გამაწყვეტინა უემიკმა, – და მათ ეს


იციან. მათი და ათასი მათნაირის სიცოცხლე მის ხელშია და რასაც უნდა, იმას
უზამს. საერთოდ არ მეგულება ისეთი რამ, სურვილის შემთხვევაში რომ ვერ
მიაღწიოს.

ჩემი მეურვის ყოვლისშემძლეობაზე ღრმა ფიქრებში წავედი, როცა უემიკმა


შენიშნა:

– რაც შეეხება იმას, რომ ვერცხლის ჭურჭლით არ სარგებლობს, ეს მისი


ბუნების გამოუცნობ სიღრმეზე მიუთითებს. მდინარესაც ხომ აქვს თავისი
სიღრმე, ჰოდა, მასაც აქვს. აი, მისი საათის ძეწკვი ხომ გინახავთ? ის
ნამდვილია.

– და საკმაოდ მასიურიც, – შევნიშნე.

‒ მასიურიო? – გაიმეორა უემიკმა, – მართლაც ასეა. ზედ კი ოქროს საათი


უკიდია, რომელიც, სულ ცოტა, ასი გირვანქა სტერლინგი ღირს. მისტერ პიპ, ამ
ქვეყანაში შვიდასამდე ისეთი ქურდია, ზედმიწევნით რომ იციან ამ საათის
ამბავი. მათ შორის ვერ ნახავთ ვერცერთ კაცს, ქალსა თუ ბავშვს, ამ საათის
ძეწკვის თუნდაც უმცირესი რგოლის შეუცდომლად ამოცნობაც რომ არ შეეძლოთ;
მაგრამ ყველა მათგანი მასთან შეხებისას ისე გააგდებს ხელიდან, გეგონებათ,
გავარვარებული იყოს და კანს უწვავდესო.
თავდაპირველად ამგვარი დიალოგით, შემდეგ კი უფრო ზოგადი საუბრით
შევიმოკლეთ გზა, ვიდრე მისტერ უემიკმა არ მამცნო, რომ უოლუორთის უბანს
მივაღწიეთ.

ეს – ვიწრო ქუჩების, თხრილებისა და მომცრო ბაღების თავყრილობა –


მშვიდი, მაგრამ საკმაოდ მოსაწყენი გარეუბანი აღმოჩნდა. უემიკი ბაღში
ჩაფლულ, პატარა ფიცრულ კოტეჯში ცხოვრობდა. სახლს ფასადის თავზე ხისგან
გამოჭრილი სამხედრო სანგარი ჰქონდა, საიდანაც ხისავე თოფების ლულები
გამოჩრილიყო.

– ჩემი ნაკეთობაა, ხომ ლამაზია? – მკითხა უემიკმა.

მეც აღტაცებით შევუქე. მგონი, ამაზე ციცქნა სახლი ჩემს სიცოცხლეში არ


მენახა. ყოვლად უცნაური ისრული ფანჯრები ჰქონდა (მათი უმეტესობა მხოლოდ
ფასადის მორთულობას წარმოადგენდა) და იმდენად ვიწრო ისრული კარი, შიგ
მხოლოდ გაჭირვებით თუ შეეტეოდა კაცი.

– ხედავთ, აქ ნამდვილი ფლაგშტოკი(ფლაგშტოკი – დროშის აღსამართავი


ლატანი (გემზე, შენობაზე და სხვა)) მაქვს, – მითხრა უემიკმა, – და კვირაობით
ზედ ნამდვილ დროშას აღვმართავ ხოლმე. ახლა კი აქ შეხედეთ. ამ ხიდს
გადავივლი, მაღლა ვწევ და ამით გარე სამყაროსთან კავშირს ვწყვეტ.

ხიდის მაგივრობას ფიცარი სწევდა, რომელიც ოთხი ფუტის სიგანისა და ორი


ფუტის სიღრმის თხრილზე იყო გადებული, მაგრამ უემიკმა ის ისეთი სიამაყით
მაჩვენა, მნახველსაც რომ სიხარულს ჰგვრიდა, თანაც ამ დროს ძალად კი არა,
სრულიად გულწრფელად იღიმებოდა.

– ყოველ საღამოს, გრინვიჩის დროით ცხრა საათზე, ეს ზარბაზანი ისვრის, –


განაგრძო უემიკმა, – აგერ არის, ხედავთ? ხოლო მის ხმას რომ გაიგონებთ,
იტყვით, ნამდვილი მეხიაო.

იარაღი, რომელიც უემიკმა ახსენა, ფიცრისაგან საგანგებოდ აგებულ მომცრო


ციხესიმაგრის თავზე იდგა, წვიმისაგან კი ბრეზენტის უცნაური, ქოლგისებური
ნაგებობა იცავდა.

– გარდა ამისა, – მიამბო უემიკმა, – სახლის უკან, მოფარებულში, რათა


ციხესიმაგრის საერთო იდეამ არ იზარალოს, რადგან წესად მაქვს, ჩემი იდეა
ყველაფერში და ბოლომდე გავატარო, არ ვიცი, დამეთანხმებით თუ არა...
ვუპასუხე, რომ სავსებით ვეთანხმებოდი.

– ...სახლის უკან ღორები, ქათმები და ბოცვრები მყავს; აგრეთვე თვითონ


ავაგე პატარა სათბური და ბადრიჯანი მომყავს. სუფრაზე გასინჯავთ ჩემი
ბოსტნის სალათს. ასე რომ, სერ, – ღიმილით, თუმცა ფრიად სერიოზული
კილოთი დაასკვნა უემიკმა, – თუკი წარმოვიდგენთ, რომ ჩემს პატარა ციხე-კოშკს
ალყა შემოარტყეს, სურსათ-სანოვაგე იმდენი მაქვს, კარგა ხანს გავძლებ.

ამის შემდგომ ბაღის სიღრმეში ჩაფლული ტალავრისაკენ წამიყვანა,


რომელიც სულ რაღაც თორმეტიოდე იარდში მდებარეობდა, თუმცა ისეთი
მიხვეულ-მოხვეული ბილიკით ვიარეთ, რომ დიდხანს მოვუნდით მისვლას. ამ
მყუდრო კუნჭულში ჩვენთვის უკვე მოემზადებინათ ჭიქები. პუნში
გასაგრილებლად ტალავრის წინ დეკორატიულ ტბორში იყო ჩადგმული. ტბორი
(მის ცენტრში კუნძული მოჩანდა, რომელიც პირველ წამს სადილისათვის
განკუთვნილ სალათად ჩავთვალე) მრგვალი იყო და უემიკს მასში შადრევანი
დაემონტაჟებინა, რომელიც – ციცქნა წისქვილს თუ აამუშავებდით და ონკანიდან
საცობს გამოაძრობდით – ისეთ ჭავლს უშვებდა, მთელ ხელისგულს
დაგისველებდათ.

– აქ ინჟინერიც მე ვარ, დურგალიც, მეწყალსადენეც, მებაღეც, მოკლედ,


ყველა ხელობა მეხერხება, – მითხრა უემიკმა, როცა მისი ნახელავი შევაქე, –
იცით, ეს ძალიან კარგია. ნიუგეიტის მთელ აბლაბუდას გაცლის, თანაც მოხუცსაც
სიამოვნებს. ხომ არ იქნებით წინააღმდეგი, მოხუცს ახლავე რომ გავაცნო თქვენი
თავი? ძალიან ხომ არ შეგაწუხებთ?

საამისო მზადყოფნა გამოვუთქვი და ციხესიმაგრეში შევაბიჯეთ. ბუხართან


ღრმად მოხუცებული, ფლანელისქურთუკიანი კაცი იჯდა – სუფთა, მოღიმარი,
მომყუდროვებული და კარგად მოვლილი, ოღონდაც საშინლად დაყრუებული.

– აბა, მოხუცო მშობელო, – უემიკმა გულითადი და ხალისიანი იერით


ჩამოართვა ხელი, – როგორა ვართ?

– კარგად, ჯონ, კარგად! – უპასუხა ბერიკაცმა.

– ეს მისტერ პიპია, მოხუცო მშობელო, – უთხრა უემიკმა, – ნეტავ მისი სახელი


გესმოდეს! თავი დაუკარით, მისტერ პიპ, გთხოვთ, ეს სიამოვნებს. ბევრჯერ
დაუკარით თავი.

– ჩემს შვილს აქაურობა შესანიშნავად აქვს მოწყობილი, სერ, – ამომძახა


ბერიკაცმა, ვიდრე, რაც ძალი და ღონე მქონდა, თავს ვუქნევდი, – ნამდვილი
ბაღნარი გააშენა, სერ. ეს ადგილი და მისი ნაკეთობები სახელმწიფომ შემდგომ
თაობებს უნდა შემოუნახოს, ხალხის გასახალისებლად.

– ამით დიდად ამაყობ, ხომ, მოხუცო? – უემიკი მოხუცს დაჰყურებდა და სხვა


დროს გაქვავებული ნაკვთები გულწრფელი სითბოთი მოულბა, – აი, თავს გიქნევ,
ხედავ? კიდევ გიქნევ, – ამას რომ ამბობდა, სულ უფრო მკვეთრად უქნევდა თავს,
– ხომ გიხარია? თუ არ დაღლილხართ, მისტერ პიპ, თუმცა ვიცი, უცხოთათვის
ეს
როგორი დამღლელიცაა, იქნებ კიდევ დაუკრათ თავი? ვერ წარმოიდგენთ, ეს
როგორ უხარია!

კიდევ რამდენჯერმე დავუქნიე თავი და მოხუცი სიხარულით ცას ეწია. ამის


შემდეგ დავშორდით: ის ქათმების დასაპურებლად გაემართა, ჩვენ კი
ტალავერში პუნშს მივუსხედით. იქ უემიკმა ჩიბუხი გააბოლა და მომახსენა,
თავისი სამფლობელოს ამ დიდებულ მდგომარეობაში მოსაყვანად მრავალი
წელი რომ დასჭირვებია.

– ეს თქვენი პირადი საკუთრებაა, მისტერ უემიკ?

– დიახ, – მიპასუხა მასპინძელმა, – თანდათანობით შევისყიდე. შეიძლება


ითქვას, ჩემი მამულია!
– მართლა? იმედი მაქვს, მისტერ ჯეგერსს აქაურობა ძალიან მოსწონს?

– არასოდეს უნახავს, – მიპასუხა უემიკმა, – არც კი გაუგია. არც მოხუცი


უნახავს. არც მის შესახებ სმენია რამე. არა, სამსახური ერთია, პირადი ცხოვრება
კი სულ სხვაა. როცა იქ მივდივარ, ციხესიმაგრეს უკან ვტოვებ, ხოლო როცა შინ
ვბრუნდები, სამსახურს ვივიწყებ. თუკი ეს თქვენთვის უსიამოვნო არ იქნება,
გთხოვთ, თქვენც ასე მოიქცეთ. არ მსურს სამსახურში ჩემი სახლის შესახებ
ისაუბრონ.

რა თქმა უნდა, თავი ვალდებულად მივიჩნიე, მისი თხოვნა შემესრულებინა.


პუნში ძალზე სასიამოვნო გამოდგა და ცხრა საათამდე თან ვსვამდით, თან
ვსაუბრობდით.
– ზარბაზნის ბათქის დროა, – მითხრა უემიკმა და ჩიბუხი გადადო, – მოხუცი
სულმოუთქმელად ელოდება.

კვლავ ციხესიმაგრეში შევედით, სადაც მოხუცი უკვე საჩხრეკს ცეცხლში


აცხელებდა და ანთებული თვალებით ელოდა საღამოს რიტუალს. უემიკი
მომარჯვებული საათით იდგა, ვიდრე გადამწყვეტი წამი არ დადგა, როცა
მოხუცისათვის საჩხრეკი უნდა გამოერთმია და ბატარეისკენ დაძრულიყო. ასეც
მოიქცა, გარეთ გავიდა და მალე ყურისწამღებმა ბათქმა ისე შეარყია მთელი ეს
გიჟური ხუხულა, მეგონა, ნაკუწებად დაიშლებოდა. ყოველი ფანჯრის მინა თუ
ფინჯანი ჟღარუნით გამოეხმაურა. ამ გრგვინვამ მოხუცი, ვფიქრობ, მხოლოდ
იმიტომ ვერ გადმოაგდო სავარძლიდან, რომ ორივე ხელით სამკლავურებს
ჩაბღაუჭებოდა; მან აღტაცებით შეჰყვირა: "გაისროლა! გავიგონე!" და მეც ისეთი
გულმოდგინებითა და სიხშირით დავუქნიე თავი, ბოლოს უკვე ვეღარაფერს
ვხედავდი.

ვახშმამდე დარჩენილ დროში უემიკმა თავისი სუვენირების კოლექცია


დამათვალიერებინა. მათი უმრავლესობა დანაშაულებრივ სამყაროს
უკავშირდებოდა. კალამი, რომლითაც ერთ სახელგანთქმულ საბუთზე
ხელმოწერა გააყალბეს; ორიოდე ასევე სახელგანთქმული სამართებელი; თმის
დალალები; რამდენიმე ხელნაწერი აღიარება, რომელიც დამნაშავეებს
სიკვდილით დასჯამდე სულ ცოტა ხნით ადრე დაუწერიათ – ამათ მისტერ უემიკი
განსაკუთრებულად აფასებდა, რადგან, როგორც მითხრა, "აქ ყოველი სიტყვა
ტყუილია, სერ". ეს ნივთები ლამაზად იყო შემოწყობილი ფაიფურისა თუ მინის
სამშვენისებს, თვით მუზეუმის მეპატრონის ნაკეთობებსა და მოხუცის მიერ
დამზადებულ ჩიბუხის დასატენ ჩხირებს შორის. ეს ყველაფერი ციხესიმაგრის იმ
ოთახში იყო გამოფენილი, სადაც სულ პირველად შევედით და რომელიც, ჩემი
ვარაუდით, სასტუმრო ოთახის გარდა სამზარეულოს მაგივრობასაც სწევდა,
რადგან ბუხარში თუნგი და, უეჭველად, შამფურის დასამაგრებელი,
მოჩუქურთმებული კაუჭი ეკიდა.

შინ პატარა, კოპწია ქალიშვილი ემსახურებოდა მათ. დღის განმავლობაში


მოხუცს უვლიდა. მას მერე, რაც სუფრა გააწყო, უემიკმა ხიდი ჩამოუშვა და
მოახლე შინ გაისტუმრა. შესანიშნავად ვივახშმეთ. მართალია, სასახლის
კედლები ფუტურო იყო, საჭმელს მძაღე კაკლის გემო დაჰკრავდა და ღორი,
ჯობდა, ცოტათი უფრო მოშორებით ჰყოლოდათ, მაინც ძალიან ვისიამოვნე. არც
ციხესიმაგრის კოშკურაში განლაგებულ ჩემს ციცქნა საძინებელს დაეწუნებოდა
რამე, იმას თუ არ ჩავთვლით, რომ ფლაგშტოკისგან ისეთი სიფრიფანა ჭერი
მაშორებდა, მეგონა, მთელი ღამის განმავლობაში შუბლით უნდა მჭეროდა.
უემიკი დილით ადრე ადგა და ძალიან მეუხერხულა, როცა გავიგონე,
ფეხსაცმელს როგორ მიწმენდდა. ამის შემდეგ ბაღში საქმიანობას შეუდგა და
ისრული სარკმლიდან დავინახე, მოხუცის დასაქმებას როგორ ცდილობდა და
თან გულთბილად უკრავდა თავს. ჩვენი საუზმე არაფრით იყო ვახშამზე უარესი.
შემდეგ კი, ზუსტად ცხრის ნახევარზე, ლიტლ-ბრიტანისაკენ გავუდექით გზას.
სიარულისას უემიკმა თანდათანობით მშრალი და უგრძნობი გამომეტყველება
მიიღო, პირიც ნელ-ნელა საფოსტო ყუთის ნაპრალივით დაუვიწროვდა. ბოლოს,
როცა მის სამუშაო ადგილს მივადექით და საყელოდან გასაღები ამოაძვრინა,
ვერაფრით იტყოდით, უოლუორთის მამულთან რამე აკავშირებსო, თითქოს
ციხესიმაგრეც, ასაწევი ხიდიც, ტალავერიც, ტბორიც, შადრევანიცა და მოხუციც
ზარბაზნის უკანასკნელ ბათქთან ერთად სივრცეში გაიფანტა.
26

სწორედ ისე მოხდა, როგორც უემიკმა მიწინასწარმეტყველა – მალევე მომეცა


საშუალება, ჩემი მეურვის სახლი მისი კლერკისა და ხაზინადარის სახლისთვის
შემედარებინა. როცა უოლუორთიდან კანტორაში მივედით, მისტერ ჯეგერსი
თავის ოთახში იყო და სურნელოვანი საპნით ხელებს იბანდა. დამიძახა და,
როგორც უემიკმა მამცნო, მართლაც, მიმიწვია სადილზე მეგობრებთან ერთად.

– არავითარი ცერემონია, – გამაფრთხილა ჩემმა მეურვემ, – არც საგანგებო


ჩაცმულობაა საჭირო. ხვალ მოდით, – ვკითხე, სად უნდა მივსულიყავით, რადგან
წარმოდგენა არ მქონდა, თუ სად ცხოვრობდა. როგორც ჩანს, პირდაპირ არაფრის
თქმა არ უყვარდა, რადგან მიპასუხა, – აქ მოდით და აქედან წაგიყვანთ.

ამ შემთხვევას გამოვიყენებ და შევნიშნავ, რომ კლიენტებთან შეხვედრის


შემდეგ ხელებს ისე იბანდა, თითქოს ქირურგი ან კბილის ექიმი ყოფილიყო.
თავის ოთახში საგანგებოდ ამისთვის შემოტიხრული კუთხე ჰქონდა, საიდანაც
ისეთი სურნელი გამოდიოდა, როგორც პარფიუმერიის მაღაზიიდან. კარზე
უჩვეულოდ დიდი პირსახოცი ეკიდა, რომლითაც საგულდაგულოდ იწმენდდა
ხელებს, როცაკი საპოლიციო სასამართლოდან ბრუნდებოდა, ანდა თავისი
კაბინეტიდან კლიენტს ისტუმრებდა. მეორე დღეს, ექვს საათზე, მეგობრებთან
ერთად კანტორაში რომ შევუარე, სავარაუდოდ, ის-ის იყო, ჩვეულზე უფრო
შავბნელი საქმე მოეთავებინა, რადგან პირსაბანთან დახრილი არა მხოლოდ
ხელებს იბანდა, არამედ წყალს პირზეც ისხამდა და ყელშიც ხმაურით ივლებდა.
არც ეს აკმარა და, მას მერე, რაც ხელ-პირი პირსახოცით შეიმშრალა, ვიდრე
სერთუკს ჩაიცვამდა, ჯიბის დანა ამოიღო და ჭუჭყი ფრჩხილებს ქვემოდანაც
გამოიწმინდა.

როცა ქუჩაში გამოვედით, ჩვეულებისამებრ იქ მოწრიალე ადამიანები


დაგვხვდნენ. ჩემს მეურვესთან საუბარი სწყუროდათ, მაგრამ საპნის სურნელი,
რომელიც შარავანდედივით ერტყა გარს, როგორც ჩანს, იმდენად დამაჯერებლად
მოქმედებდა, რომ ამ დღეს მასთან ახლოს მისვლა ვერავინ გაბედა.

ქალაქის დასავლეთით წავედით. დროდადრო ზოგიერთი გამვლელი მისტერ


ჯეგერსს ცნობდა და ასეთ შემთხვევებში ის ჩემთან ხმამაღალ საუბარს იწყებდა;
არც ნაცნობს აქცევდა ყურადღებას და არც უცნობს.

სოჰოში, გერარდ-სტრიტზე, ქუჩის სამხრეთ მხარეს მდებარე სახლში


მიგვიყვანა. სახლი მართლაც შთამბეჭდავად გამოიყურებოდა, ოღონდაც
ფასადს საღებავი აქერცლოდა, ფანჯრები კი გასაწმენდი ჰქონდა. ჯეგერსმა
გასაღები ამოიღო, კარი გააღო და ყველამ ქვის პირქუშ და ცარიელ დარბაზში
შევაბიჯეთ, რომელსაც, აშკარა იყო, არავინ იყენებდა. ყავისფერი ხის
ჩაბნელებული კიბე ავიარეთ და მეორე სართულზე ასევე მუქი ყავისფერი ხით
გაწყობილი სამი ოთახი გავიარეთ. კედლებზე ყვავილწნულები იყო ამოკვეთილი,
მაგრამ მისტერ ჯეგერსი მათ ფონზე რომ დადგა და მასპინძლურად მოგვესალმა,
მაშინღა მივხვდი, ამ ჩუქურთმებმა რომელი ყულფები მომაგონა
დანახვისთანავე.

სუფრა სამი ოთახიდან საუკეთესოში გაეშალათ; მეორე საგარდერობო ოთახი


იყო, მესამე კი – საძინებელი. როგორც გვითხრა, მთელი სახლი მას ეკუთვნოდა,
მაგრამ დანარჩენ ოთახებს არ იყნებდა. სუფრა მოსახერხებლად იყო გაშლილი,
თუმცა ვერცხლის ჭურჭელი მართლაც არსად ჩანდა. მასპინძლის სკამთან კი
საგორებელი ურიკა იდგა – ზედ ნაირნაირი ბოთლით, გრაფინითა და ხილის
ოთხი ლარნაკით. დავაკვირდი, რომ ჩემს მეურვეს უყვარდა, ყველაფერი
თვითონ ჰქონოდა ხელთ და სხვებისთვისაც თვითონ მიეწოდებინა.

ოთახში წიგნის კარადაც შევნიშნე და ყუებს რომ დავაკვირდი, სულ


გამოძიების, სისხლის სამართლის, დამნაშავეთა ბიოგრაფიებისა და
პარლამენტის საქმიანობისადმი მიძღვნილი წიგნები აღმოვაჩინე. ავეჯი ისეთივე
მასიური და ძვირად ღირებული ჰქონდა, როგორც საათის ძეწკვი. თუმცა
ყველაფერს შინაური სიმყუდროვე აკლდა და რამე მოსართავი არსად ჩანდა.
კუთხეში ქაღალდებით დახუნძლული პატარა საწერი მაგიდა იდგა, აბაჟურიანი
ნათურით: როგორც ჩანს, სამუშაო შინ მოჰქონდა, საღამოობით მაგიდას
კუთხიდან გამოაგორებდა და მუშაობდა ხოლმე.

რაკი ჩემი ამხანაგები მანამდე წესიერად არც ჰყავდა ნანახი – მე და ის


ქუჩაში წინ მივდიოდით – ბუხრის წინ, ხალიჩაზე, დადგა, მოსამსახურის ზარი
დარეკა და სტუმრები შეათვალიერა. ჩემდა გასაოცრად, თავიდანვე
განსაკუთრებულად და, შეიძლება ითქვას, გამორჩეულად დაინტერესდა
დრამლით.

– პიპ, – ვეება ხელი მხარზე გადამხვია და ფანჯრისაკენ გამიყვანა, – ვერ


ვარჩევ, რომელი რომელია. ამ ობობას რა ჰქვია?

– ობობას? – გავოცდი.

– იმ ზორბა, მუწუკებიან, გაბღენძილ ჯეელს.

– ეგ ბენტლი დრამლია, – ვუპასუხე, – ნატიფი სახე რომ აქვს, ის სტარტოპია.

ჯეგერსმა ნატიფსახიანს არავითარი ყურადღება არ მიაქცია და მითხრა:

– ესე იგი, ბენტლი დრამლი ჰქვია? მომწონს ეგ ჭაბუკი.

მაშინვე დრამლთან წამოიწყო საუბარი: იმის ზანტმა, მოუხეშავმა ლაპარაკმა


სრულებით არ დააბნია, პირიქით, როგორც ჩანს, საიმისოდ უფრო მეტად
წააქეზა, ეს ტლუ ახალგაზრდა აელაპარაკებინა. სწორედ მათ ვადევნებდი
თვალყურს, როცა წინ ჩვენი მასპინძლის მოსამსახურე გადამეღობა და სუფრაზე
პირველი კერძი შემოდგა. ჩემი დაკვირვებით, ორმოციოდე წლის იქნებოდა,
თუმცა შეიძლება, უფროსიც ყოფილიყო. ქალი მაღალი და ტანადი იყო; მოძრავი,
ჩამქრალი თვალები და ძალზე გრძელი თმა ჰქონდა. შესაძლოა, გარდასული
უიღბლო სიყვარული აიძულებდა, ბაგე ისე ჰქონოდა გახსნილი, თითქოს სული
ეხუთებაო, სახეზე კი სიფრთხილე და შიში აღბეჭდვოდა. ის კი ვიცი, რომ
ორიოდ
დღის წინათ სცენაზე "მაკბეტი" ვნახე და ამ ქალის სახეზეც იმ ალების მსგავი
ანარეკლი ვიხილე, კუდიანთა ქვაბის თავზე ამოსულ, კვამლში გახვეულ სახეებს
რომ ანათებდა.

ქალმა კერძი მაგიდაზე დადგა, ჩემს მეურვეს უხმოდ შეეხო მკლავზე იმის
ნიშნად, რომ სადილი მზად იყო, და უხმაუროდვე გავიდა. მრგვალ მაგიდას
მივუსხედით: მასპინძელმა დრამლი გვერდით მიისვა, სტარტოპი კი მეორე
მხრიდან მიუჯდა. მოსამსახურემ რომ სუფრაზე დადგა, საუცხოოდ მომზადებული
თევზი აღმოჩნდა, რის შემდეგაც არანაკლებ საუცხოო ბატკნის ხორცი, ბოლოს კი
ფრინველიც გავსინჯეთ. საწებელი, ღვინო და მსგავსი რამ, ყოველივე უმაღლესი
ხარისხის, მასპინძლის გვერდით, ბორბლებიან ურიკაზე იდო და ის ამ
ყველაფერს სუფრას შემოატარებდა, მერე კი მუდამ პირვანდელ ადგილზე
დგამდა. თითოეული კერძისათვის ახალ-ახალ თეფშებსა და დანა-ჩანგალსაც
გვირიგებდა, დასვრილს კი ურიკის ძირში მდგარ ორ კალათაში ალაგებდა. იმ
ქალის გარდა სხვა მსახური არ გამოჩენილა; ყველა კერძი მას შემოჰქონდა და
მის სახეში მუდამ კუდიანის ქვაბიდან ამოსულ სახეს ვხედავდი. წლების შემდეგ
მის სახესთან მსგავსებამ მაშინ შემზარა, როდესაც ბნელ ოთახში პუნშით სავსე
თასს ცეცხლი მოვუკიდე სულ სხვა ქალის წინ, რომელიც მხოლოდ გრძელი თმით
ჩამოჰგავდა ამ ქალს.

რაკი ჩემზე იმოქმედა მისმა უცნაურმა გამომეტყველებამაც და უემიკის


გაფრთხილებამაც, მასზე ყურადღება გამემახვილებინა, გულდასმით
ვაკვირდებოდი და შევნიშნე, რომ, როცაკი შემოდიოდა, ჩემს მეურვეს თვალს არ
აცილებდა და ლანგრისათვის ხელის გაშვებას არ ჩქარობდა, თითქოს შიშობდა,
ვაითუ წასვლისას მომიხმოსო და ერჩივნა, თუკი რამე ჰქონდა სათქმელი, იქვე
ეთქვა. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს კაცმა ეს კარგად იცოდა და
ახერხებდა კიდეც, გამუდმებით დაძაბული ჰყოლოდა.

ნადიმმა ხალისიანად ჩაიარა. ჩემი მეურვე საუბარს თითქოსდა თვითონ არ


წარმართავდა, მაგრამ ის კი ვიცი, რომ თითოეული ჩვენგანის სისუსტის
გამომზეურებას ახრეხებდა. ჩემი მხრივ, მალევე აღმოვაჩინე, რომ
მფლანგველურ ჩვევებს ვამჟდავნებდი, ჰერბერტს მფარველურად ვეპყრობოდი
და ჩემი სამომავლო შესაძლებლობებით მომქონდა თავი. ყველა ჩვენგანი ასევე
გამოიყვანა სააშკარაოზე, ყველაზე მეტად კი დრამლი – ვიდრე თევზის ჭამას
მოვრჩებოდით, უკვე გამოჩნდა, ადამიანების ფარულად, თითქოს უნებლიეთ,
დაცინვა რომ უყვარდა.

სულ ბოლოს, როდესაც ყველზე გადავედით და ჩვენს ნიჩბოსნობაზეც


ჩამოვარდა საუბარი, დრამლი მასხრად ავიგდეთ იმის გამო, რომ მუდამ უკან
მოგვყვებოდა და ამფიბიასავით ნაპირს ეკვროდა. ამის პასუხად დრამლმა
მასპინძელს ამცნო, რომ ჩვენთან ურთიერთობა სულაც არ ეპიტნავებოდა,
ნიჩბების მოსმაში ყველას გვჯობნიდა, ხოლო ღონეს რაც შეეხება, ყველას
ნაფოტებივით გაგვფანტავდა. ჩემმა მეურვემ რაღაც შეუმჩნეველი მანქანებით
აიძულა, ასე წარმოეჩინა თავი, რის შემდეგაც ყველამ ბრიყვულად დავიკაპიწეთ
მკლავები და კუნთების დაჭიმვას შევუდექით.

ამ დროისათის მოსამსახურე სუფრას ალაგებდა. ჩემი მეურვე მისკენ არც კი


იყურებოდა, გვერდზე მიბრუნებული საზურგეზე გადაწოლილიყო, ჩაფიქრებული
იკვნეტდა თითს და დრამლს ჩემთვის ყოვლად გაუგებარი ინტერესით
მისჩერებოდა. უეცრად ვეება ხელი მაგიდაზე გაწვდილ ქალის ხელს ჩაავლო,
თითქოს ხაფანგში მოიმწყვდიაო. ეს იმდენად ზუსტი და უეცარი მოძრაობა იყო,
ყველანი გავშრით.

– თუკი ღონეზე მიდგა საქმე, – გვითხრა მისტერ ჯეგერსმა, – ღონეს


დაგანახვებთ. მოლი, ხელი უჩვენეთ.
ქალს მომწყვდეული მაჯა მაგიდაზე ედო, მაგრამ მეორის ზურგს უკან
დამალვა მოასწრო.

– არა, ბატონო, – ხმადაბლა შეევედრა ქალი, თან დაჟინებულ მზერას არ


აცილებდა, – გთხოვთ.

– ახლავე გაჩვენებთ ღონეს, – გაიმეორა მისტერ ჯეგერსმა და, თუმცა არ


განძრეულა, აშკარა იყო, გადაწყვეტილებას არ შეიცვლიდა, – ხელი აჩვენეთ,
მოლი.

– ბატონო, – კვლავ დაიჩურჩულა ქალმა, – გთხოვთ!

– მოლი, – კაცი მის ნაცვლად ოთახის მოპირდაპირე კედელს უცქერდა, –


ორივე ხელი აჩვენეთ. გესმით? ახლავე!

ამ სიტყვებით ხელი უშვა. ქალმა მეორე ხელიც მაგიდაზე ჩამოიღო და მაჯები


შეატყუპა. ცალი მაჯა საშინელი ნაიარევებით ჰქონდა დასახიჩრებული. მისტერ
ჯეგერსს თვალი მოაშორა და შეშფოთებული მზერა შემოგვატარა.

– აი, ღონე სად არის, – მისტერ ჯეგერსმა ქალის ძარღვებს გულგრილად


ჩამოუსვა თითი, – მამაკაცების უმრავლესობას შეშურდება ისეთი ღონიერი
ხელები, ამ ქალს რომ აქვს. მართლაც საოცარი ძალა აქვს. ბევრი ხელი
მინახავს, მამაკაცის თუ ქალის, მაგრამ ამისთანა – არასოდეს.

ამ სიტყვებს აუჩქარებლად და დაფიქრებით წარმოთქვამდა, ქალი კი


კვლავაც სათითაოდ იმ თანმიმდევრობით შემოგვცქეროდა თვალებში, როგორც
ვისხედით. როცა მისტერ ჯეგერსი გაჩუმდა, ქალი ისევ სახეში შეაცქერდა.

– საკმარისია, მოლი, – თავი ოდნავ დაუკრა მისტერ ჯეგერსმა, – ყველა


დატკბა თქვენი ცქერით, ახლა შეგიძლიათ, წახვიდეთ, – ქალმა მაგიდიდან
ხელები ჩამოიღო და გავიდა, მისტერ ჯეგერსმა კი ურიკიდან გრაფინი გადმოიღო,
ღვინო ჩამოისხა და სუფრაზე ჩამოატარა.

– ჯენტლმენებო, – გამოგვიცხადა, – ათის ნახევარზე ერთურთს უნდა


დავშორდეთ. გთხოვთ, დროს უქმად ნუ დაკარგავთ. თქვენთან შეხვედრამ
დიდად გამახარა. თქვენ გაგიმარჯოთ, მისტერ დრამლ.
თუკი დრამლის გამორჩევით მისი ხასიათის სააშკარაოზე გამოტანა სურდა,
ამას მიაღწია კიდეც. დრამლი უწინდელზე მეტად გაიბღინძა და ბოლოს ისე
თავხედურად გვეპყრობოდა, მისი ატანა სულ მთლად შეუძლებელი გახდა.
დრამლის გამოხდომებს მისტერ ჯეგერსი უცვლელი ინტერესით აკვირდებოდა.
როგორც ჩანს, დრამლი ის ქიშმიშის მარცვალი იყო, რომლის გარეშეც ღვინოს
ვერ დააგემოვნებდა.

ყველას ყმაწვილური თავშეუკავებლობა გვახასიათებდა, ამიტომაც, ვგონებ,


ზედმეტი დავლიეთ და ბევრიც ვილაყბეთ. მახსოვს, განსაკუთრებით გაგვაცხარა
დრამლის ტლანქმა ნათქვამმა, აქაოდა, არცერთმა თქვენგანმა ფულის ყადრი
არ იცისო. ამაზე მეტისმეტი სიფიცხით ვუთხარი, თქვენი მხრიდან ფულზე
ლაპარაკი ცოტა არ იყოს, უხერხულია-მეთქი, რადგან ერთი კვირის წინ ჩემი
თანდასწრებით რაღაც თანხა სტარტოპისგან ისესხა.

– მერედა რა, – მომიგო დრამლმა, – დავუბრუნებ კიდეც.

– არ ვამბობ, არ დაუბრუნებთ-მეთქი, – ვუთხარი, – მაგრამ, ვფიქრობ, ამის


გამო მაინც ჩვენს ფულზე ლაპარაკისგან თავი უნდა შეგეკავებინათ.

– თქვენ ასე ფიქრობთ? – აიმრიზა დრამლი, – ღმერთო ჩემო!

– დარწმუნებული ვარ, – ძალიან მკაცრი კილოთი განვაგრძე, – რომელიმე


ჩვენგანს რომ უჭირდეს, ფულს არცერთს არ გვასესხებდით.

– მართალს ამბობთ, – მითხრა დრამლმა, – ერთ გროშსაც არ გასესხებდით


არცერთს. არც არავის ვასესხებდი.

– თუკი ასეა, სხვებისაგან სესხის აღება უღირსობად მიმაჩნია.

– თქვენ ასე მიგაჩნიათ? – კვლავ ამრეზით გაიმეორა დრამლმა, – ღმერთო


ჩემო!

ამან იმდენად აღმაშფოთა, რომ დრამლის სულელურ ამპარტავნობას სხვა


რომ ვერაფერი მოვუხერხე – მართალია, ჰერბერტი მაჩერებდა, მაგრამ ყური არ
ვათხოვე – პირდაპირ მივახალე:

– მაშ, რაკი ამაზე ჩამოვარდა საუბარი, მისტერ დრამლ, გეტყვით, მე და


ჰერბერტმა რაზე ვისაუბრეთ, როდესაც თქვენ ის ფული ისესხეთ.
– სულაც არ მადარდებს, თქვენ და მაგ ჰერბერტმა რაზე ისაუბრეთ, –
ჩაიბუზღუნა დრამლმა. მომეჩვენა, უფრო ხმადაბლა დაუმატა, ისემც გიქნიათ,
ორივე ეშმაკს წაუღიხართო.

– თუნდაც არ გადარდებდეთ, მე კი მაინც გეტყვით, – არ ვცხრებოდი, – როცა


კმაყოფილი სახით ფული ჯიბეში ჩაიდეთ, ერთმანეთში ვთქვით, რომ სტარტოპის
სისუსტით ტკბებით, რაკი თქვენი გაიტანეთ და ფულის გასესხება აიძულეთ.

დრამლმა გულწრფელი თავხედობით გადაიხარხარა. ჯიბეებში


ხელებჩაყოფილი იჯდა და პირში დაგვცინოდა, მთელი გამომეტყველებით იმას
გვატყობინებდა, რომ მართალს ვამბობდი, ყველანი ბრიყვებად მივაჩნდით და
არაფრად გვაგდებდა.

ამის შემდეგ საუბარში სტარტოპი ჩაერთო და ჩემზე ბევრად ზრდილობიანად


ურჩია, მეტი თავაზიანობა გამოეჩინა. მაგრამ რაკი სტარტოპი ხალისიანი და
ცოცხალი ახალგაზრდა იყო, დრამლი კი სრულიად საპირისპირო, ეს უკანასკნელი
მის სიტყვებს მუდამ პირად შეურაცხყოფად იღებდა. ახლაც უხეშად უპასუხა,
სტარტოპმა კი ვითარების განსამუხტად ხუმრობა სცადა, რაზეც ყველამ
გავიცინეთ. მოწინააღმდეგის ამ მცირედმა წარმატებამ დრამლი განარისხა;
ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე ხელები ჯიბეებიდან ამოიღო, ფართო
მხრები გაშალა, შეიგინა და სტარტოპს ჭიქა მოუქნია. უსათუოდ დაარტყამდა
კიდეც, ჩვენს მასპინძელს წარმოუდგენელი სიმკვირცხლით რომ არ წაევლო
ხელი და არ შეეჩერებინა.

‒ ჯენტლმენებო, – მისტერ ჯეგერსმა ჭიქა უდრტვინველი სახით დადგა


მაგიდაზე და ჯიბიდან თავისი ოქროს საათი ამოაძვრინა, – ძალზედ ვწუხვარ,
მაგრამ უნდა გაცნობოთ, რომ უკვე ათის ნახევარია.

ამ განცხადებისთანავე ყველანი წამოვიშალეთ. ვიდრე სახლიდან ქუჩაში


გავიდოდით, სტარტოპი დრამლს უკვე ისე გულითადად ესაუბრებოდა და
"ძმობილოთი" მიმართავდა, თითქოს მათ შორის არაფერი მომხდარიყო. მაგრამ
"ძმობილი" იმდენად შორს იყო ამგვარი გულითადობისაგან, ჰემერსმითამდე
მასთან ქუჩის ერთ მხარეზე სიარულიც კი არ ისურვა. ასე რომ, მე და ჰერბერტმა,
რაკი ქალაქში ვრჩებოდით, თვალი გავაყოლეთ და დავინახეთ, ქუჩის აქეთ-იქით
როგორ მიაბიჯებდნენ: სტარტოპი ცოტათი წინ უსწრებდა, დრამლი კი სახლების
ჩრდილში ისევე მიზოზინებდა, როგორც ნავით მოგვყვებოდა ხოლმე
ნაპირ-ნაპირ.
სახლის კარი ჯერ ბოლომდე არ გამოგვეხურა, ამიტომ ვიფიქრე, ჰერბერტს
წუთით გარეთ დავტოვებ და ჩემი მეურვისათვის ორიოდ სიტყვის სათქმელად
ავირბენ-მეთქი. მისტერ ჯეგერსი წიგნების დასტებით დახუნძლულ საგარდერობო
ოთახში დამხვდა; უკვე საქმეს შესდგომოდა – ჩვენი წასვლის შემდეგ გულდაგულ
იბანდა ხელებს.

ვუთხარი, ბოდიშის სათქმელად შემოვბრუნდი-მეთქი; რადგან საუბარი


მისთვის ფრიად უსიამოვნო უნდა ყოფილიყო და იმედს ვიტოვებდი, ჩემზე არ
ბრაზობდა.

– ფუჰ! – ის-ის იყო, პირზე წყალი შეესხა და წვეთებიდან მიპასუხა, –


არაფერია, პიპ. მაგრამ ეგ ობობა მაინც მომწონს.

მომიბრუნდა, ფრუტუნით აქნევდა თავს და სახეს პირსახოცით იმშრალებდა.

– მიხარია, რომ მოგწონთ, სერ, – ვუპასუხე, – მე კი არ მომწონს.

– არა, არა, – ამიხსნა მეურვემ, – აჯობებს მისგან თავი მართლაც შორს


დაიჭიროთ, რაც შეიძლება შორს. მაგრამ მე მაინც მომწონს ეგ ჯეელი, პიპ;
ტიპური სახეა. მე რომ მისანი ვიყო...

პირსახოციდან გამოიჭყიტა და თვალი გამისწორა.

– მაგრამ მისანი არ ვარ, – სახე ისევ პირსახოცში ჩარგო და ახლა ყურების


გამომშრალებას შეუდგა, – ვინც ვარ, თქვენც იცით, ხომ ასეა? ღამე მშვიდობისა,
პიპ.

– ღამე მშვიდობისა, სერ.

ამის შემდგომ დაახლოებით ერთ თვეში ობობამ მისტერ პოკეტთან სწავლა


დაასრულა და, მისის პოკეტის გამოკლებით, ყველა ჩვენგანის სასიხარულოდ,
თავის მშობლიურ სოროს მიაშურა.
27

"ჩემო ძვირფასო მისტერ პიპ,


ამ წერილს მისტერ გარჯერის დავალებით გწერთ და გატყობინებთ, რომ ის
მისტერ უოპსლთან ერთად ლონდონში მოდის და ძალზე გაიხარებს, თუ მისი
ნახვის წინააღმდეგი არ იქნებით. ის ბერნარდის სასტუმროში სამშაბათს, დილის
ცხრა საათზე, მოგაკითხავთ, ხოლო თუ ეს დრო თქვენთვის ხელსაყრელი არაა,
გთხოვთ, შეგვატყობინოთ. თქვენი საბრალო და თავს ისევე გრძნობს, როგორც
თქვენ გამგზავრებამდე. სამზარეულოში ყოველ საღამოს თქვენზე ვსაუბრობთ,
სულ იმას ვფიქრობთ, ნეტავ რას საქმიანობთ და რას ლაპარაკობთ. თუკი ეს
ახლა უტიფრობად მოგეჩვენებათ, გთხოვთ, ერთად გატარებული ძველი დროის
ხათრით მოგვიტევოთ. მეტად თავს აღარ მოგაბეზრებთ, მისტერ პიპ,

მუდამ თქვენი ერთგული და მოსიყვარულე

ბიდი.

P.S. მისტერ გარჯერი დაჟინებით მთხოვს, დავამატო: "რას გავიხარებთ!".


ამბობს, რომ მიხვდებით, რასაც გულისხმობს. იმედი მაქვს და დარწმუნებულიც
ვარ, მასთან შეხვედრა გაგახარებთ, მიუხედავად იმისა, რომ ჯენტლმენი
გახდით, რადგან გული კეთილი გაქვთ, ის კი ძალიან, ძალიან ღირსეული კაცია.
ყველაფერი წავუკითხე ამ ბოლო წინადადების გარდა, და კვლავაც დაჟინებით
მთხოვს, კიდევ ერთხელ დავწერო: "რას გავიხარებთ!"

ეს წერილი ორშაბათ დილით მივიღე ფოსტით, რაც იმას ნიშნავდა, რომ


მომდევნო დღეს უნდა შევხვედროდი. გულახდილად ადგიწერთ იმ გრძნობას,
რომლითაც ჯოს ჩამოსვლას ველოდი. მართალია, მასთან ამდენი რამ
მაკავშირებდა, მაგრამ ჩემს გრძნობას სიხარულს მაინც ვერ ვუწოდებდი; ეს
უფრო აფორიაქება იყო, ერთგვარი უხერხულობა და ამგვარი შეხვედრის სრული
ზედმეტობის განცდაც. ფულის გადახდით მისი თავიდან აცილება რომ
ყოფილიყო შესაძლებელი, უეჭველია, გადახდას ვამჯობინებდი. ერთადერთი,
რაც მანუგეშებდა, ის იყო, რომ ჰემერსმითში კი არა, ბერნარდის ფუნდუკში უნდა
მწვეოდა და, შესაბამისად, დრამლთან შეხვედრა არ მოუწევდა. ჰერბერტის ან
მისი მამის წინაშე ჯოს გამოჩენა არ მაშინებდა, რადგან ორივე ჩემიანად
მიმაჩნდა; მაგრამ, რაკი დრამლი მძულდა, ჯოსა და მისი შეხვედრა ჩემთვის
აუტანელი იქნებოდა. ასეა, ცხოვრებაში ყველაზე ლაჩრულ და უღირს ნაბიჯებს იმ
ადამიანების გამო ვდგამთ, რომლებიც ყველაზე მეტად გვძულს.

ბოლო დროს გამუდმებით ვცდილობდი, ჩვენი ბინა ათასნაირი, ყოვლად


ზედმეტი და გამოუსადეგარი ნივთით მომერთო, თანაც ბერნარდთან ამგვარი
შერკინება საკმაოდ ძვირადაც მიჯდებოდა. ამ დროისათვის ჩვენს ოთახებს
აღარაფერი ჰქონდა საერთო იმასთან, რაც პირველად დამხვდა. შემიძლია
დავიკვეხნო, უახლოესი მომფარდაგებლის შესავალ-გასავლის წიგნში მთელი
რამდენიმე გვერდი სულ მე დავიკავე. იქამდეც კი მივედი, ჩექმიანი მსახური
ბიჭიც ავიყვანე, რის შემდეგაც ცხოვრება, შეიძლება ითქვას, მის ყურმოჭრილ
მონობად მექცა. რაკიღა ეს ურჩხული ჩემივე ხელით შევქმენი (ჩემი მრეცხავი
ქალის ოჯახური ნარჩენებიდან) და ლურჯი ქურთუკით, ბაცი ყვითელი ჟილეტით,
თეთრი ჰალსტუხით, კრემისფერი შარვლითა და უკვე ხსენებული ჩექმით
შევმოსე, გამუდმებით მიწევდა მისი დასაქმება და უხვად დაპურებაც; ამ ორი
მოთხოვნით წამითაც კი არ მასვენებდა და ცხოვრება ჯოჯოხეთად მიქცია.

ამ შურისმაძიებელ აჩრდილს დაევალა, სამშაბათს, დილის რვა საათზე


შემოსასვლელ კართან მდგარიყო (ეს შემოსავლელი, როგორც ხალიჩის
შეკვეთისას დადგინდა, ზუსტად ოთხ კვადრატულ ფუტს შეადგენდა). ჰერბერტმა
კი საუზმისათვის რამდენიმე კერძის შეკვეთა ითავა, რაც, მისი აზრით, ჯოს უნდა
მოსწონებოდა. ასეთი ყურადღებისათვის მისი გულწრფელად მადლობელი
ვიყავი, თუმცა მალული, ბუნდოვანი ეჭვიც მხრავდა: ჯო ჩემთან კი არა, მასთან
რომ მოდიოდეს, ასეთი მზრუნველობა იქნებ არც გამოეჩინა-მეთქი, ვფიქრობდი.

ასე თუ ისე, ორშაბათ საღამოს ლონდონში ჩავედი, რათა ჯოს დავხვედროდი,


მეორე დილით უთენია ავდექი, სასტუმრო ოთახი და სუფრა უზადოდ
მოვაწესრიგე. საუბედუროდ, წვიმიანი დილა გათენდა და მფარველი ანგელოზიც
კი ვერ გააუქმებდა იმ ფაქტს, რომ ფანჯრებს მიღმა ბერნარდი, საკვამურის
მწმენდავივით, ჭვარტლიან ცრემლებს ღვრიდა.

როცა სტუმრობის დრო მოახლოვდა, გაქცევა მომინდა, მაგრამ


შურისმაძიებელი აჩრდილი, ბრძანების თანახმად, შემოსასვლელში იდგა
სადარაჯოზე და მალე კიბეზე ჯოს ნაბიჯების ხმაც გავიგონე. მაშინვე მივხვდი, ჯო
იყო, რადგან ფეხსაცმელი მუდამ დიდი ჰქონდა ხოლმე და ფრატუნით დადიოდა,
თანაც ქვედა სართულების კარებზე გვარების ამოკითხვას ჯოს მეტი ამდენ ხანს
სხვა ვინ მოუნდებოდა. როგორც იქნა, ჩვენი კარის წინ გაჩერდა და ასე მეგონა,
გავიგონე, ზედ დაწერილ ჩემს გვარს თითი როგორ გააყოლა, მერე კი უკვე
დანამდვილებით მომესმა მისი ქოშინი. კარზე ერთადერთხელ ხმადაბლა
დააკაკუნა და პეპერმა – ასე ერქვა ჩემს ნორჩ შურისმაძიებელ აჩრდილს –
გამოაცხადა: "მისტერ გარჯერი!" ამის შემდეგ კიდევ უსასრულოდ ველოდი,
ვიდრე
ჯო შემოსასვლელში ფეხებს გაიწმენდდა. უკვე მის შემოსაყვანად გასვლას
ვაპირებდი, როცა, როგორც იქნა, თვითონ შემოვიდა.

– ჯო, როგორ ხარ, ჯო?

– პიპ, შენ როგორ ხარ, შენ?!

ჯოს კეთილი და წრფელი სახე უბრწყინავდა, ქუდი მოიხადა და ჩვენ შორის


ძირს დადო, მერე ორივე ხელი ჩამჭიდა და ისე ძლიერად მომქაჩა, თითქოს
ახალი მოდელის საბერველი ვყოფილიყავი.

– როგორ მიხარია შენი ნახვა, ჯო. შენი ქუდი მომეცი.

მაგრამ ჯომ ქუდი ორივე ხელით ისე სათუთად ასწია, თითქოს კვერცხებით
სავსე ფრინველის ბუდე ყოფილიყო და იმის გაგონებაც კი არ ისურვა, თავისი
ქონება ხელიდა გაეშვა; ყოვლად უხერხულად იდგა და ქუდს ზემოდან
მელაპარაკებოდა.

– როგორ გაზრდილხარ, მოსუქებულხარ და... გაკეთილშობილებულხარ! – ამ


ბოლო სიტყვის წარმოთქმამდე ჯო ერთხანს დაფიქრდა, – და, დარწმუნებული
ვარ, მეფესა და ქვეყანას უთუოდ ასახელებ!

– შენ კი, ჯო, შესანიშნავად გამოიყურები!

– მადლობა ღმერთს, – მიპასუხა ჯომ, – არაფერს ვუჩივი; არც შენი დაა იმაზე
უარესად, ვიდრე იყო. ბიდი კი ისევ ისეთი ყოჩაღი და გამრჯეა. დანარჩენებიც
როგორც ცხოვრობდნენ, ისევე ცხოვრობენ. თუ არ ჩავთვლით უოპსლს, რომელიც
დაეცა.
მთელი ამ ხნის განმავლობაში ჯოს ისევ ისე სათუთად ეკავა ფრინველის
ბუდე, თან თვალებს ხან შპალერისაკენ აცეცებდა, ხანაც ჩემი ყვავილებიანი
ხალათისაკენ.
– როგორ თუ დაეცა, ჯო?

– მართლაც ასეა, – ხმას დაუწია ჯომ, – ეკლესია მიატოვა და მსახიობობა


დაიწყო. ჰოდა, სწორედ ამ მსახიობობამ ჩამოიყვანა ჩემთან ერთად ლონდონში.
და მისი სურვილი იყო, – ჯომ ფრინველის ბუდე წამით მარცხენა იღლიაში
ამოიდო, მარჯვენა ხელი კი შიგ შეაძვრინა კვერცხის ამოსაღებად, – თუკი
შეურაცხყოფილი არ დარჩები, შენთვის ეს გადმომეცა.

რასაც ჯო მაწვდიდა, გამოვართვი. ეს დედაქალაქის ერთ-ერთი მცირე


თეატრის განცხადების დასრესილი ფურცელი აღმოჩნდა, რომელიც ამავე
კვირაში "განთქმული პროვინციელი მოყვარულის, ახალი როსციუსის(კვინტუს
გალუს როსციუსი – სახელგანთქმული ძველრომაელი მსახიობი.) პირველი
წარმოდგენის" შესახებ იუწყებოდა, ვინც "ჩვენი ეროვნული მგოსნის
მაღალტრაგიკულ შედევრში მონაწილეობით, ადგილობრივ დრამატულ წრეებში
სენსაცია მოახდინა".

– შენ უკვე ნახე მისი წარმოდგენა, ჯო? – ვკითხე.

– დიახ, ვნახე, – პათეტიკური გზნებით მიპასუხა ჯომ.

– მართლა დიდი სენსაცია მოახდინა?

– აბა, რა გითხრა, – მიპასუხა ჯომ, – ფორთოხლის ქერქები ბლომად


ესროლეს, რაც მართალია, მართალია. განსაკუთრებით, აჩრდილი როცა ნახა.
თავად განსაჯე, განა შეიძლება, სერ, კაცი აჩრდილს ხედავდეს, შენ კი ამ დროს
სიტყვა გააწყვეტინო და ყოველწუთს უყვირო: "ამინ!"? კი, ბატონო, კაცი,
შესაძლოა, შეცდა და წლების განმავლობაში ეკლესიაში იმსახურა, – ჯომ ხმას
დაუწია და შემპარავად დაჟინებული კილოთი განაგრძო, – მაგრამ ამის გამო
ასეთ დროს ხელი როგორ უნდა შეუშალო? თუკი საკუთარი გარდაცვლილი მამის
აჩრდილთან საუბარს არ აცლი, მაშ, სხვა რაღაზე ვილაპარაკოთ? თან, როცა,
ყველა სიკეთესთან ერთად, ქუდი ისე პატარა შეუკერეს, შავი ბუმბულების
სიმძიმე ძირს ქაჩავს და, რაგინდ ეცადოს, ამ ქუდს თავზე მაინც ვერ იჩერებს...

უეცრად ჯოს ისეთი სახე გაუხდა, თითქოს თვითონაც აჩრდილი დაინახა და


ამით მივხვდი, ოთახში ჰერბერტი რომ შემოსულიყო. ჯო გავაცანი და ჰერბერტმა
ხელი გაუწოდა, მაგრამ ჯომ უკან დაიხია და ფრინველის ბუდეს უწინდელზე
მაგრად ჩააფრინდა.
– თქვენს სამსახურში მიგულეთ, სერ, – უთხრა ჯომ, – და დიდი იმედი მაქვს,
რომ თქვენ და პიპი, – ამ დროს შურისმაძიებელს მოჰკრა თვალი, ტოსტით სავსე
თეფში სუფრაზე რომ შემოიტანა, და აშკარად დააპირა, ისიც ოჯახის წევრად
ჩაეთვალა, მაგრამ საშინლად დავუბღვირე, რითაც საბოლოოდ ავუბნიე თაგგზა,
– მინდოდა მეთქვა, იმედია, თქვენ, ჯენტლმენებო, ჯანმრთელად ბრძანდებით,
მიუხედავად იმისა, რომ ასეთ სივიწროვეში ცხოვრობთ. რადგან ეს, შესაძლოა,
ლონდონის კვალობაზე კარგი ბინა იყოს, მე კი, გამოგიტყდებით, აქ ღორსაც კი
არ ვაცხოვრებდი, თუკი, რა თქმა უნდა, ისეთნაირად არ დავუპირებდი გასუქებას,
მისგან სანელებლებიანი შაშხი დამემზადებინა.

ჩვენი საცხოვრებლის მისამართით გამოთქმული ამგვარი ქათინაურის


შემდეგ, რომლის დროსაც, ვატყობდი, გამუდმებით უნდოდა, ჩემთვის "სერით"
მოემართა, ჯო სუფრასთან მივიპატიჟეთ. მან ოთახს ისევ მოავლო თვალი,
ქუდის დასადებად შეასფერის ადგილს ისე ეძებდა, თითქოს ამგვარი საგანი
მხოლოდ გამორჩეულ ადგილას თუ დაიდებოდა და, საბოლოოდ, ბუხრის თავზე,
ზედ ნაპირზე შემოდო, საიდანაც, საუზმის განმავლობაში, რამდენჯერმე
გადმოვარდა.

– ჩაის დალევთ თუ ყავას, მისტერ გარჯერი? – ჰკითხა ჰერბერტმა, რომელიც


დილაობით მუდამ უძღვებოდა სუფრას.

– გმადლობთ, სერ, – უპასუხა თხემით ტერფამდე გაქვავებულმა ჯომ, – თქვენ


რაც გირჩევნიათ, იმას დავლევ.

– ყავაზე რას იტყვით?

– გმადლობთ, სერ, – უპასუხა ამგვარი არჩევნით აშკარად უკმაყოფილო ჯომ,


– თუკი პატივს მდებთ და ყავას მთავაზობთ, თქვენს აზრს არ შევეკამათები.
მაგრამ ყავა მეტისმეტად მძაფრი ხომ არ გეჩვენებათ?

– მაშინ ჩაი აჯობებს, – უთხრა ჰერბერტმა და ჩაი დაუსხა.

ამ დროს ჯოს ქუდი ბუხრიდან ჩამოვარდა, სტუმარი მის ასაღებად წამოხტა


და ზუსტად პირვანდელ ადგილას შემოდო. თითქოს ზრდილობის წესები
უმკაცრესად ითხოვდა, სულ ცოტა ხანში მისი ქუდი კვლავაც ძირს
გადმოვარდნილიყო.

– ქალაქში როდის ჩამობრძანდით, მისტერ გარჯერი?


– მგონი, გუშინ ნაშუადღევს, – ვიდრე უპასუხებდა, ჯომ მუჭში ისეთი ძალით
ჩაახველა, თითქოს ჩამოსვლისთანავე ყივანახველა შეყროდა, – არა, გუშინ არა.
თუმცა არა, სწორედ გუშინ. დიახ, გუშინ ნაშუადღევს, – საბოლოოდ დაასკვნა
ერთდროულად ბრძნულად, შვებითა და მკაცრი მიუკერძოებლობით.

– ლონდონში რამის დათვალიერება თუ მოასწარით?

– როგორ არა, სერ, – მიუგო ჯომ, – მე და უოპსლი მაშინვე წავედით და


ფეხსაცმლის ვაქსის ქარხანა მოვინახულეთ. მაგრამ სულაც არ მოგვეჩვენა იმ
შენობის მსგავსი, რომელიც მაღაზიებში გაკრულ იმ წითელ აფიშებზე გვინახავს.
მე ვიტყოდი, სერ, – განმარტების სახით დასძინა ჯომ, – ამ აფიშებზე ის ბევრად
უფრო არქიტექტურულურულია.

ეჭვი არ მეპარებოდა, ჯო ამ სიტყვას (რომელიც, ჩემი აზრით, გარკვეული


ტიპის შენობებს ზედმიწევნით ზუსტად ახასიათებს) კიდევ უფრო გააგრძელებდა
და ერთგვარ სიმღერასაც კი დაამსგავსებდა, მისი ყურადღება კვლავაც ქუდს
რომ არ მიეპყრო. ეს ქუდი მართლაც ლამის კრიკეტის კარში დგომაზე მეტ
დაკვირვებას, სისწრაფესა და სიმკვირცხლეს მოითხოვდა. თუმცა ჯომ ქუდთან
მოპყრობაში ნამდვილი სპორტული ოსტატობა გამოავლინა – ხან მივარდა და
ჰაერში დაიჭირა, ხან, შუაგზაზე დაჭერილი, მაღლა ააგდო და სათითაოდ ყველა
კედელს სტყორცნა, ვიდრე, ბოლოს და ბოლოს, ტყლაშუნით არ ჩააგდო
პირსაბანში, საიდანაც მისი ამოღება უკვე ჩემს თავზე ავიღე.

რაც შეეხება მისი პერანგისა და ქურთუკის საყელოებს, ორივე ამოუხსნელ


საიდუმლოდ მესახებოდა. რა აუცილებელია კაცმა, თავი ჩაცმულად რომ
ჩათვალოს, ასე სასტიკად დაიფხაჭნოს მთელი კისერი? რა აუცილებელია,
სადღესასწაულო სამოსი ტანჯვით გამოისყიდოს? გარდა ამისა, ჯო ისე
აუხსნელად შეშდებოდა თეფშსა და პირს შორის გაჩერებული ჩანგლით, ისე
მოულოდნელი მიმართულებით უშტერდებოდა თვალი და მაგიდისგან ისე შორს
იჯდა, საჭმელი უფრო ძირს უცვიოდა, ვიდრე პირამდე აღწევდა, თუმცა
ცდილობდა, ეს არ შეემჩნია, ასე რომ, უსაზღვრო შვება ვიგრძენი, როდესაც
ჰერბერტმა, როგორც იქნა, დაგვტოვა და სიტიში სამუშაოზე წავიდა.

ერთხელაც კი არ მომსვლია თავში აზრად, რომ ეს ყველაფერი ჩემივე ბრალი


იყო – მე თვითონ რომ არ ვყოფილიყავი ასე დაძაბული, ჯოც უფრო ლაღად და
თავისუფლად იგრძნობდა თავს. ნაცვლად ამისა, მისმა საქციელმა გამაღიზიანა
და გამაბრაზა; მანაც ცეცხლზე ნავთი დაასხა.
– რაკი ახლა მარტონი დავრჩით, სერ... – წამოიწყო, მაგრამ უკმაყოფილოდ
გავაწყვეტინე:

– ჯო, "სერს" რატომ მეძახი?

ჯომ წამიერი, როგორც მომეჩვენა, საყვედურით სავსე მზერა მესროლა. მისი


ჰალსტუხისა და საყელოს სასწაული სიუშნოვის მიუხედავად, მის ამ
გამომეტყველებაში ერთგვარმა ღირსებამაც კი გაიელვა.

– რაკი ახლა მარტონი ვართ, – ხელახლა დაიწყო ჯომ, – და რაკი ორიოდე


წუთზე დიდხანს ვეღარც დავრჩები და აღარც ვაპირებ დარჩენას, იმის მიზეზს
მოგახსენებ, რატომაც დავიდე პატივი და გესტუმრე. რადგან, – ჩვეული
განსჯისეული კილოთი შეუდგა ახსნას, – საქმე რომ არა, დამიჯერე,
ჯენტლმენებთან ერთად სუფრასთან ჯდომის პატივს ნამდვილად არ დავიდებდი.

ამაზე აღარაფერი ვუთხარი, რადგან ძალიან არ მინდოდა, ჯოს სახეზე იგივე


გამომეტყველება კიდევ ერთხელ მენახა.

– მოკლედ, სერ, ასეთი ამბავია, – განაგრძო ჯომ, – ამასწინათ საღამოს


"მეზღვაურებში" ვიჯექი, პიპ, – როცაკი ჩემდამი სითბო მოეძალებოდა, პიპს
მეძახდა, ხოლო თავაზიანობა როცა ახსენდებოდა, კვლავ "სერ"-ზე გადადიოდა,
– და ამ დროს თავისი ორთვალათი პამბლჩუკი მოვიდა. უნდა ვაღიარო, –
თხრობიდან გადაუხვია ჯომ, – ეს პიროვნება ზოგჯერ გვარიანად მაბრაზებს,
რადგან ქალაქში კარდაკარ დადის და ყველასთან იკვეხნის, პიპი პატარაობიდან
მე გავზარდე და მისი ბავშვობის უახლოესი მეგობარი ვარო.

– სისულელეა, ჩემი ბავშვობის მეგობარი შენ ხარ, ჯო.

– სავსებით მჯერა, რომ ასეც არის, პიპ, – ჯომ ოდნავ დამიკრა თავი, – თუმცა
ამას ახლა მნიშვნელობა აღარ აქვს, სერ. მოკლედ, პიპ, სწორედ ეს მოლაყბე
პამბლჩუკი მომიახლოვდა, როცა "მეზღვაურებში" ვიჯექი (მშრომელმა კაცმა
ხანდახან ჩიბუხითა და კათხა ლუდით თუ შეიქცია თავი, ამაში ხომ დასაძრახი
არაფერია) და მითხრა: "ჯოზეფ, მის ჰევიშემს შენი ნახვა უნდა".

– მის ჰევიშემს, ჯო?

– სწორედ ასე მითხრა: შენი ნახვა უნდაო, – ჯომ თვალები ჭერისკენ აზიდა.
– მერე, ჯო? განაგრძე, გთხოვ!
– მეორე დღეს, სერ, – ჯომ ისე შემომხედა, თითქოს მისგან ძალზე შორს
ვმჯდარიყავი, – მოვწესრიგდი და მის ჰ.-ს ვეახელი.

– მის ჰ.-ს, ჯო? თუ მის ჰევიშემს?

– დიახ, სერ, – ისეთი ოფიციალური კილოთი მითხრა ჯომ, თითქოს ანდერძს


ადგენდა, – მის ჰ.-ს, ანუ, სხვაგვარად, მის ჰევიშემს. მან შემდეგი რამ მკითხა:
"მისტერ გარჯერი, გაქვთ თუ არა კავშირი მისტერ პიპთან?" რაკიღა შენგან
წერილი მქონდა მიღებული, ვუპასუხე, მაქვს-მეთქი (შენი და ცოლად რომ
შევირთე, მაშინაც პირდაპირ ვთქვი, თანახმა ვარ-მეთქი, სერ, და ახლაც
პირდაპირ ვთქვი, მაქვს-მეთქი). მითხრა: "მაშინ იქნებ გადასცეთ, რომ ესტელა
შინ დაბრუნდა და მისი ნახვა გაუხარდება".

ჯოს ავხედე და ვიგრძენი, სახე როგორ ამელეწა. იმედი მაქვს, ამ აღტყინების


მიზეზი ნაწილობრივ მაინც იმაზე ფიქრი იყო, ჯოს სათქმელი წინასწარ რომ
მცოდნოდა, მას უფრო გულითადად გავუმასპინძლდებოდი.

– შინ რომ მოვბრუნდი, – განაგრძო ჯომ, – და ბიდის ვთხოვე, შენთვის ბარათი


მოეწერა, რატომღაც შეიშმუშნა, მერე მითხრა, ვიცი, უფრო გაუხარდება, თქვენ
თვითონ თუ ეტყვით, რაკი სწორედ უქმე დღეები მოდის და თქვენ მისი ნახვა
ძალიან გინდათ, გაემგზავრეთო. ჰოდა, ამით დავასრულებ, სერ, – ჯო სკამიდან
წამოდგა, – და კიდევ, პიპ, ყველაფერ საუკეთესოს და კიდევ და კიდევ მეტ
წინსვლას გისურვებ.

– უკვე მიდიხარ, ჯო?

– დიახ, მივდივარ, – მიპასუხა ჯომ.

– მაგრამ სადილად ხომ მოხვალ, ჯო?

– არა, არ მოვალ, – მიპასუხა ჯომ.

ერთურთს თვალი გავუსწორეთ და, ხელი რომ გამომიწოდა, ჩვენ შორის


ყველანაირი სიცივე გალღვა, მანძილი კი უეცრად გაქრა.
– პიპ, ჩემო ძმობილო, ეს ცხოვრება იმდენი განშორებისაგან შედგება, ვერც კი
აღგიწერ. ზოგი მჭედელია, ზოგიც – ოქრომჭედელი. ერთს მეორისაგან ზღვარი
უნდა ჰყოფდეს და ამ გაყოფას მშვიდად უნდა შევხედოთ. თუკი დღეს ჩვენ
შორის რამე უხერხულობა ჩამოვარდა, ეგ მხოლოდ და მხოლოდ ჩემი ბრალია.
ლონდონში ჩვენ ორის შეხვედრა არ შეიძლება; არც სხვაგან, შინაურული
გარემოს გარდა – იქ ჩვენიანებთან ვართ და ჩვენ შორის ყველაფერი ცხადზე
ცხადია. ამაყი ნუ გეგონები, მხოლოდ ის მინდა, რაც ვარ, ის ვიყო. ამ
ტანისამოსით კი რადაც სულ სხვა ვარ და აღარ მსურს, ასე გამოწყობილი მნახო.
ჩემი სამჭედლოს, სამზარეულოსა და ჭაობების გარდა ჩემი ადგილი არსად არის.
ნამდვილი მხოლოდ მაშინ ვარ, როცა სამუშაო ტანისამოსი მაცვია, ხელში ურო ან
თუნდაც ჩიბუხი მიჭირავს. ჩემი ნახვა თუ მოგინდა, მოდი, სამჭედლოს
ფანჯარაში შემოიჭყიტე და იქ მნახავ ნამდვილს – მჭედელ ჯოს, ჩემი ძველი
გრდემლის წინ, ჩემი დამწვარი წინსაფრით, ნიადაგ ძველი ხელობით
დაკავებულს. ძალიან სულელი კი ვარ, მაგრამ, მგონი, რაც მინდოდა, იმის თქმა
მაინც შევძელი. ასე რომ, ღმერთმა დაგლოცოს, პიპ, ძმობილო, ღმერთმა
დაგლოცოს!
არა, არ შევმცდარვარ, როდესაც მის სახეზე სადა ღირსება ამოვიკითხე. ამ
სიტყვებს როდესაც ამბობდა, მის უგემოვნო, აცაბაცა ტანისამოსს ისევე
დაეკარგა რამე მნიშვნელობა, როგორც ნებისმიერი სამოსი კარგავს
მნიშვნელობას ცათა სასუფეველში. ამის შემდეგ შუბლზე სათუთად შემეხო და
გავიდა. როცა გონს მოსვლა მოვახერხე, დავედევნე, ქუჩაში ვეძებდი, მაგრამ ჯო
აღარსად ჩანდა.
28

გადაწყდა, მეორე დღეს ჩვენს ქალაქში ჩავსულიყავი. მოძალებულმა


სინანულმა თავდაპირველად ცხადად დამანახვა, რომ ჯოსთან უნდა
დავრჩენილიყავი. მაგრამ როცა დილიჟანსზე ადგილი დავჯავშნე და მისტერ
პოკეტთან წავედ-წამოვედი, ამ გადაწყვეტილებაში დავეჭვდი. ყოველგვარი
საბაბისა და საპატიო მიზეზების ძებნა დავიწყე საიმისოდ, რათა "ლურჯ ტახში"
გავჩერებულიყავი: ჯოსთან ყველას შევაწუხებ; ჩემი ჩამოსვლა მოულოდნელი
იქნება და, ამიტომაც, ჩემი საწოლიც არ ექნებათ გამზადებული; მის ჰევიშემის
სახლისგან შორს ვიქნები, ის კი, ალბათ, დაუყოვნებლივ მელოდება და
დაგვიანებას არ მაპატიებს. თავის მოტყუებას ამქვეყნად ვერანაირი სხვა
ტყუილი ვერ გაუტოლდება და მეც ამგვარი ილუზიებით ვცდილობდი ჩემი თავის
გაბითურებას. მართლაც საოცარია. ის, რომ სხვისი წარმოების ყალბი გროში
შეიძლებოდა დაუფიქრებლად ამეღო, ეგ კიდევ არაფერი, მაგრამ ჩემივე
შეთითხნილი მონეტა თვალახელილმა ნამდვილ ფულად როგორდა მივიჩნიე?!
ვთქვათ, ვინმე უცხომ, აქაოდა მზრუნველობას ვიჩენო, შეიძლება მირჩიოს,
ქაღალდის ფული უსაფრთხოების გამო ჯიბეში ჩავიდო და თვითონვე გამიხვიოს
ფურცელში ფულის ნაცვლად კაკლის ნაჭუჭები; მაგრამ ის მაინც სიცრუეში ვერ
შემედრება, თუკი თვითონვე შევახვიე ქაღალდში კაკლის ნაჭუჭები და საკუთარ
თავს მივასადე!

როგორც კი საბოლოოდ გადავწყვიტე "ლურჯ ტახში" გაჩერება, ჩემ წინაშე


მეორე საკითხი დადგა – შურისმაძიებელი აჩრდილი თან წამეყვანა თუ არა.

მაცდურად მიზიდავდა იმაზე ფიქრი, ეს ძვირად ღირებული ლაქია "ლურჯი


ტახის" ეზოში თავისი ჩექმით როგორ გამომზეურდებოდა. ნამდვილ
დღესასწაულად მომევლინა იმის წარმოდგენა, მასთან ერთად როგორ
შევაბიჯებდი მკერავის სახელოსნოში და ტრების უტიფარ ხელქვეით ბიჭს
სახტად როგორ დავტოვებდი. მეორე მხრივ, ტრების ბიჭს შეიძლებოდა
როგორდაც მისი ნდობა მოეპოვებინა და ჩემ შესახებ არასახარბიელო რადაცები
დაეცინცლა; ანდა, რაკი ვიცოდი, რომ ეს ხელქვეითი თავზე ხელაღებული და
თავხედი იყო, ისიც დავუშვი, შეეძლო, ჩემი ლაქიისთვის მთავარ ქუჩაზე სტვენა
აეტეხა. თანაც ჩემი მწყალობელი მის შესახებ თუ შეიტყობდა, ეს შეიძლებოდა
არ მოსწონებოდა. საბოლოოდ გადავწყვიტე, აჩრდილი ლონდონში
დამეტოვებინა.

ნაშუადღევის დილიჟანსით უნდა გავმგზავრებულიყავი და, რაკი უკვე


ზამთარი იყო, დანიშნულების ადგილს დაბნელებიდან ორი-სამი საათის შემდეგ
მივაღწევდი. ლონდონიდან ორ საათზე გავდიოდით. თხუთმეტი წუთით ადრე
ჩემი აჩრდილის თანხლებით ადგილზე მივედი – თუკი შეიძლება ასე მოვიხსენიო
არსება, რომელსაც, პირიქით, მე ვახლდი და თუკი თავის დაძვრენა შეეძლო,
არასოდეს მემსახურებოდა.

იმხანად მიღებული იყო სანაპირომდე პატიმრების საზოგადოებრივი


დილიჟანსით გადაყვანა. რაკი ეს არაერთხელ მსმენია და მინახავს კიდეც,
დილიჟანსის სახურავიდან ჩამოშვებულ ბორკილებიან ფეხებს როგორ
აქანავებდნენ, წესით, არ უნდა გამკვირვებოდა, როდესაც ჩემ გასაცილებლად
მოსულმა ჰერბერტმა მითხრა, რომ ჩემთან ერთად ორ პატიმარს უნდა ემგზავრა.
მაგრამ ჩემი ძველისძველი მიზეზი მქონდა საიმისოდ, რომ სიტყვა "პატიმრის"
გაგონებისთანავე უნებლიეთ შევმკრთალიყავი.

– ეს შენთვის უსიამოვნოა, ჰენდელ? – მკითხა ჰერბერტმა.

– არა, რას ამბობ!

– მომეჩვენა, თითქოს ამის გაგონება გეწყინა.

– ვერ გეტყვი, გამიხარდა-მეთქი და არა მგონია, შენც გიხაროდეს მათი ნახვა,


მაგრამ, მაინცდამაინც, არც მწყენია.

– ნახე! აგერ, მოდიან კიდეც. რა უბადრუკი და შემზარავი სურათია!

პატიმრები, როგორც ჩანს, თავიანთ ბადრაგს, ის-ის იყო, სასმლით


გაუმასპინძლდნენ, რადგან ზედამხედველი ახლდათ და სამივენი პირს ხელით
იწმენდდნენ. პატიმრები ხელბორკილებით ერთმანეთზე იყვნენ მიჯაჭვულები და
ფეხებზეც ბორკილები ედოთ, რომელთა ფორმაც მეცნობოდა. მათი ტანისამოსიც
მეცნო. მცველი დამბაჩებით იყო შეიარაღებული და იღლიაში სქელი ხელკეტიც
ჰქონდა ამოდებული, თუმცა ჩანდა, პატიმრებთან მეგობრული ურთიერთობა
დაემყარებინა და ახლა ისეთი სახით იდგა და ცხენების აღკაზმვას უცქერდა,
თითქოს პატიმრები დროებით დაკეტილი, საინტერესო გამოფენის ექსპონატები
ყოფილიყვნენ, ის კი – ექსკურსიამძღოლი. ერთ-ერთი პატიმარი ზორბა,
მხარბეჭიანი კაცი იყო, რომელსაც ციხესა და მის გარეთ მოქმედმა ყოვლად
აუხსნელმა წერამ შეუფერებლად მცირე ზომის ტანისამოსი არგუნა. მძლავრი
ხელ-ფეხი ბალიშებივით ჰქონდა ტანსაცმლიდან ამობერილი, რაც საგრძნობლად
უცვლიდა იერსახეს. თუმცა მისი მოჭუტული თვალი მაინც წამსვე ვიცანი. ჩემ წინ
ის კაცი იდგა, ერთ კვირა საღამოს "სამ მეზღვაურში" რომ შემოვიდა და უხილავი
თოფის ლულა დამიმიზნა!

ადვილი გასაგებია, ამჯერად რატომაც ვერ მიცნო და ისე შემავლო თვალი,


თითქოს ცხოვრებაში არასოდეს ვუნახივარ. საათის ძეწკვზე შემფასებლურად
დამხედა, მერე ძირს დააფურთხა, ამხანაგს რაღაც გადაულაპარაკა და ორივე
ხარხარითა და ჯაჭვის ჟღარუნით სხვა მიმართულებით გატრიალდა. ზურგზე
ორივეს, როგორც სახლის კარს, დიდი ციფრები ჰქონდათ მიკრული. უხეში,
აქერცლილი კანით რაღაც ამაზრზენ ცხოველებს უფრო ჰგავდნენ, ვიდრე
ადამიანებს. შიშველი ტერფები ცხვირსახოცებით ჰქონდათ გადახვეული. მათი
იერი, ჰერბერტის თქმისა არ იყოს, მართლაც უბადრუკ და შემზარავ
შთაბეჭდილებას ტოვებდა.

მაგრამ ეს კიდევ არ იყო ყველაზე უარესი. როგორც აღმოჩნდა, დილიჟანსის


ზედა მხარე მთლიანად დაეკავებინა ლონდონიდან გადაბარგებულ ოჯახს და
პატიმრების ადგილი მხოლოდ მეეტლის ზურგს უკან, წინა სავარძლებზე
რჩებოდა. ამაზე ერთმა ფიცხმა ჯენტლმენმა, რომელსაც ამავე რიგში მეოთხე
სავარძელი ეკავა, საშინელი ალიაქოთი ატეხა – გაჰყვიროდა, რომ ასეთი
დამნაშავეების გვერდით მისი დასმა შეთანხმების დარღვევაა, რომ ეს
გაუგონარია, მომწამვლელია, გამაოგნებელი, სამარცხვინო და ღმერთმა უწყის
კიდევ როგორია. ამ დროისათვის დილიჟანსი მზად იყო გასამგზავრებლად,
მეეტლესაც მოუთმენლობა დაეტყო და ჩვენც, ყველანი, ჩასხდომას ვაპირებდით.
პატიმრები თავიანთ ზედამხედველთან ერთად მოგვიახლოვნენ და ცხელი
პურის, უხეში ქსოვილის, თოკისა და კირის უცნაური სუნი შემოგვაფრქვიეს,
ციხისათვის რომაა დამახასიათებელი.

– ასე ნუ აღელდებით, სერ, – სთხოვა ზედამხედველმა განრისხებულ


ჯენტლმენს, – გვერდით მე დაგიჯდებით. ამათ რიგის განაპირას დავსვამ და
სულაც არ შეგაწუხებენ. მათ აქ ყოფნას ვერც კი შენიშნავთ.

– და, გთხოვთ, ნურაფერს დამაბრალებთ, – ხრინწიანად დასძინა იმ


პატიმარმა, რომელიც ვიცანი, – ჩემთვის არავის უკითხავს, თორემ სულ არ
გავემგზავრებოდი და სიამოვნებით აქვე დავრჩებოდი. ვისაც გაგიხარდებათ,
იმან დაიკავოს ჩემი ადგილი.
– ჩემიც, – ამოისისინა მეორემ, – ჩემი ნება რომ იყოს, არც მე შეგაწუხებდით,
– ამის შემდეგ ორივენი ახარხარდნენ და თხილის კნატუნს მოჰყვნენ. ნაჭუჭებს
იქვე აფურთხებდნენ და ისე გამომწვევად იქცეოდნენ, როგორც, ალბათ, მეც
მოვიქცეოდი მათ ადგილას, ყველა ასეთი ზიზღით რომ მომპყრობოდა.

საბოლოოდ გადაწყდა, ბრაზიან ჯენტლმენს სხვა გზა არ ჰქონდა: ან შექმნილ


ვითარებას უნდა შეჰგუებოდა, ან ქალაქში დარჩენილიყო. როგორც იქნა,
კვლავაც ბუზღუნით დაჯდა თავის ადგილზე. ზედამხედველი გვერდით მიუჯდა,
პატიმრები კი განაპირას დასხდნენ. ჩემი ძველი ნაცნობი ზუსტად ჩემს ზურგს
უკან აღმოჩნდა, კეფაზე მის სუნთქვას ვგრძნობდი.

‒ ნახვამდის, ჰენდელ! ‒ დამიძახა ჰერბერტმა, როცა დილიჟანსი დაიძრა და


იმ წამს გავიფიქრე, რა კარგია, ჰერბერტმა პიპის ნაცვლად ეს მეტსახელი რომ
შემარქვა-მეთქი.

ვერ აღგიწერთ, რა სიმძაფრით შევიგრძნობდი პატიმრის სუნთქვას მხოლოდ


კეფით კი არა, მთელი ხერხემლის გაყოლებაზე. თითქოს მთელ სხეულს რაღაც
მომწამვლელი მჟავა მიმსჭვალავდა და კბილებსაც მტკენდა. ასე მეგონა, ეს კაცი
ყველა სხვა ადამიანზე უფრო ხშირად და ხმაურიანად სუნთქავდა. მისგან
როგორმე თავის დასაცავად მხრები ავიწურე და მოვიბუზე.

ცივი, ნესტიანი ამინდი იყო და პატიმრები სუსხის გამო ლანძღვა-გინებას არ


იშურებდნენ. ამინდმა და გზამ ყველანი დაგვქანცა. როცა შუაგზის სადგური
გამოვიარეთ, ხმას უკვე აღარავინ იღებდა; ყველანი გათოშილნი ვთვლემდით.
მეც იმაზე ფიქრში ჩამთვლიმა, ამ კაცისათვის მისგან ოდესდაც მიღებული ორი
გირვანქა სტერლინგი ხომ არ დამებრუნებინა და ეს საუკეთესოდ როგორ
მომეხერხებინა. უეცრად წინ გადახრილს, თითქოს ცხენების გავებს შორის უნდა
გამეცურა, შემფრთხალს გამომეღვიძა და ისევ ის ფიქრი ამეკვიატა.

თუმცა, როგორც ჩანს, კვლავაც ამომივარდა გონებიდან. არც კი ვიცი,


რამდენი ხანი გავატარე ძილბურანში, რადგან, ადრე თუ გვიან, მართალია,
ეტლის მბჟუტავი ფარნების გარდა ვერაფერს ვხედავდი, მაგრამ ნოტიო ქარის
მობერვამ ჩვენი ჭაობების სიახლოვე მამცნო. მობუზული პატიმრები ქარსა და
სიცივეს ემალებოდნენ და, ამგვარად, ჩემკენ უწინდელზე ახლოსაც კი
დაიხარნენ. როგორც კი გონს მოვედი, მათ საუბარში სწორედ ის სიტყვები
გავარჩიე, ჩემივე ფიქრებში რომ ჟღერდა:
– ორი ერთგირვანქასტერლინგიანი ბანკნოტი.
– სად იშოვა? – იკითხა ჩემთვის უცნობმა პატიმარმა.

– აბა, რა ვიცი, – მიუგო მეორემ, – სადღაც ჰქონდა გადანახული. მეგობრები


მისცემდნენ.

– ამაზე არც მე ვიტყოდი უარს, – ჩაილაპარაკა პირველმა და სიცივეს მორიგი


წყევლა გაუგზავნა.

– რაზე? ფულზე თუ მეგობრებზე?

– ფულზე. მეგობრებს, ვინც კი ოდესმე მყოლია, სულ ერთ გირვანქა


სტერლინგად გავყიდდი და მოგებულიც დავრჩებოდი. მერე, რა გითხრა?..

– რა მითხრა და... – თხრობა განაგრძო ჩემმა ნაცნობმა, – ეგ ყველაფერი სულ


ერთ წუთში ვილაპარაკეთ სანაპირო საგუშაგოსთან. მაშ, გიშვებენო, მკითხა.
ჰო-მეთქი. მაშინ მთხოვა, ის ბიჭი მომეძებნა, რომელმაც საჭმელი მიუტანა –
მისი საიდუმლო შეინახა – და ეს ორი გირვანქა სტერლინგი მისთვის გადამეცა.
კარგი-მეთქი, ვუთხარი და ასეც მოვიქეცი.

– ბრიყვი ყოფილხარ, – ამოიხროტინა მისმა ამხანაგმა, – მე მაგ ფულს


ნამდვილად დავხარჯავდი. ისიც გვარიანი სულელი ყოფილა. სულ არ გიცნობდა,
ხო?

– არა. სხვადასხვა ჯგუფში ვიყავით, სხვადასხვა გემზე. ციხიდან გაქცევის


გამო ხელმეორედ გაასამართლეს და სამუდამო მიუსაჯეს.

– და ეგ საქმე... ფუჰ, რა ცივა!.. ერთადერთი იყო, რაც ამ მიდამოებში


გაახერხე?

– ჰო, მას მერე აქეთ არ ვყოფილვარ.

– როგორი ადგილებია?

– ყოვლად უვარგისი. ხევები, ნისლი, წუმპე და შრომა. შრომა, წუმპე, ნისლი


და ხევები.
ორივემ უშვერი სიტყვებით მოიხსენია აქაური ადგილები და, როცა წყევლით
გული მოიოხეს, დადუმდნენ.

დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ კაცმა ჩემი ვინაობა არ იცოდა, წინააღმდეგ


შემთხვევაში, პატიმრების დიალოგის მოსმენისთანავე, დაუფიქრებლად
გადავხტებოდი ეტლიდან და სრულ სიბნელეში შარაგზაზე აღმოვჩნდებოდი.
მართლაც, ამ ხნის განმავლობაში ბუნებრივად იმდენად შევიცვალე, ჩემი
ჩაცმულობაცა და სოციალური მდგომარეობაც იმდენად გადასხვაფერდა,
შეუძლებელი იყო, სხვისი დახმარების გარეშე ამოვეცანი. მიუხედავად ამისა,
ჩვენი ერთ დილიჟანსში მოხვედრა იმდენად უცნაურ დამთხვევად ჩავთვალე,
რომ შიშით აღარც იმას გამოვრიცხავდი, რამე სხვა დამთხვევის წყალობით, მას
ჩემი პიროვნება ჩემს ნამდვილ სახელთან დაეკავშირებინა. ამიტომ
გადავწყვიტე, როგორც კი ქალაქს მივადგებოდით, მაშინვე ჩამოვსულიყავი და ამ
კაცს გავცლოდი. ასეც მოვიქეცი. პატარა საკვოიაჟი ფეხქვეშ, სატვირთო
განყოფილებაში მედო, მისი ამოღება არ გამჭირვებია, ჯერ ის ჩავაგდე გზის
პირას, მერე თვითონაც ჩავედი ქალაქის პირველ ფარანთან, ქვაფენილის
დასაწყისში. პატიმრები კი დილიჟანსს მდინარისაკენ გაჰყვნენ და თვალწინ
დამიდგა შლამიან საფეხურებთან მათი მომლოდინე ნავი, რომლის ნიჩბებიც
სხვა პატიმრებს ეკავათ, ისევ გავიგონე თითქოს ძაღლებისათვის გადაგდებული
ბრძანება: "ნიჩბებს მოუსვი!"; ისევ დავინახე შორს, მუქ წყალზე მოქანავე
შავბნელი კიდობანი.

ვერც კი აღგიწერთ, მაინც რისი შემეშინდა, მაგრამ, ბუნდოვანების


მიუხედავად, ეს აუხსნელი შიში უმძლავრესად მომეძალა. როცა სასტუმროსკენ
მივაბიჯებდი, ვიგრძენი, რომ ამ შეხვედრამ მხოლოდ უსიამოვნო მოგონებით
როდი მომგვარა ძრწოლა. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს ბუნდოვანი
განცდა მოკლე ხნით გაცოცხლებული ჩემი ბავშვური შიში იყო.

"ლურჯი ტახის" სასადილო ოთახი ცარიელი დამხვდა. მიმტანმა, როგორც


იქნა, მიცნო. ამასობაში სადილიც შევუკვეთე და სუფრასაც მივუჯექი.
მომიბოდიშა, მეხსიერება არ მივარგაო და მაშინვე მკითხა, მსახური მისტერ
პამბლჩუკთან ხომ არ გავგზავნოო.

– არა, არავითარ შემთხვევაში, – ვუპასუხე.

მიმტანი (სწორედ ის იყო, ჩამოსული კომერსანტების საყვედური რომ


გადმოგვცა იმ საღამოს, როცა აქ ჩემ შეგირდად გაფორმებას ვზეიმობდით)
გაკვირვებული დარჩა და, როცაკი ხელსაყრელი შემთხვევა მიეცა, ცხვირწინ
ადგილობრივი გაზეთის ბინძური, გაცვეთილი ნომერი მომიჩოჩა, სადაც ეს
წერილი წავიკითხე:

"ჩვენი მკითხველებისათვის, შესაძლოა, საინტერესო აღმოჩნდეს ერთი


ფაქტი, რომელიც უშუალოდ უკავშირდება ჩვენს სამეზობლოში მცხოვრები
რკინის ახალგაზრდა ოსტატის სოციალურ კიბეზე ბოლოდროინდელ, ეგზომ
რომანტიკულ ზეასვლას (ო, რა თემაა ჩვენი ჯერაც უღიარებელი თანამოქალაქის,
ტუბის, ჯადოსნური კალმისათვის, ვისი ლექსებიც ჩვენი გაზეთის ფურცლებზე
არაერთხელ დაგვიბეჭდავს) და აღნიშნული ფაქტი გახლავთ ის, რომ ამ
ახალგაზრდის პირველი მფარველი, მოძღვარი და უფროსი მეგობარი ყოფილა
დიდად პატიოსანი პიროვნება, ვისაც მეტნაკლები კავშირი აქვს ხორბლეულითა
და მარცვლეულით ვაჭრობასთან და ვისი ვრცელი და კეთილმოწყობილი
კომერციული დაწესებულებაც მთავარი ქუჩიდან ასიოდე მილის მოშორებით
მდებარეობს. ჩვენი ჭაბუკი ტელემაქეს მენტორად(ტელემაქე – ოდისევსისა და
პენელოპეს ვაჟიშვილი. როდესაც ოდისევსი ტროელებთან საბრძოლველად
წავიდა, ტელემაქეს აღზრდა მენტორს მიანდეს.) სწორედ ამ დარბაისელ
პიროვნებას ვასახელებთ და ამით ერთგვარად ჩვენსავე თავმოყვარეობას
ვრგებთ, რადგან ვამაყობთ იმით, რომ ჩვენმა ქალაქმა ამ გმირის აღმომჩენი
შობა. ადგილობრივი ბრძენის ფიქრიან სახეზე თუ ადგილობრივი მშვენების
მოელვარე თვალებში ვკითხულობთ შეკითხვას: ვინ არის ეს გმირი? თუ არ
ვცდებით, კვენტინ მასეისიც(კვენტინ მასეისი (1465/1466-1530) – ფლანდრიელი
მხატვარი.) ანტვერპენელი მჭედელი იყო. V6Iხ. 580.((ლათ.) "გამგები გაიგებს",
სიტყვა სიტყვით: "სიტყვა ბრძენთა გასაგონად". )"

უხვი გამოცდილების საფუძველზე შემიძლია ვამტკიცო, რომ ჩემი


გამდიდრების შემდეგ ჩრდილოეთ პოლუსზეც რომ გავმგზავრებულიყავი, იქაც
ვინმეს გადავეყრებოდი – მომთაბარე ესკიმოსსა თუ ცივილიზებულ ადამიანს –
ვინც მამცნობდა, რომ პამბლჩუკი ჩემი აღმზრდელი, უფროსი მეგობარი და
აღმომჩენი ყოფილა.
29

დილით უთენია ავდექი და საგულდაგულოდ გავემზადე. მის ჰევიშემთან


მისასვლელად ჯერ ძალიან ადრე იყო, ამიტომ მისი სახლის შორიახლოს,
ქალაქგარეთ გავისეირნე – ეს ჯოს სახლის სრულიად საპირისპირო მხარე იყო;
ჯოსთან მისვლას მეორე დღესაც მოვასწრებდი – თან ჩემს მწყალობელზე
ვფიქრობდი და ჩემთან დაკავშირებით მისი გეგმები ზღაპრულ ფერებში
წარმომედგინა.

ესტელა მისი შვილობილი იყო, მეც, შეიძლება ითქვას, მიშვილა და


შეუძლებელია, ჩვენი ერთად ყოფნა არ დაესახა მიზნად. სწორედ მე მარგუნა ეს
ზღაპრული როლი: გავერანებული სახლისათვის სიცოცხლე დამებრუნებინა,
ბნელ ოთახებში მზის სინათლე შემომეშვა, გაჩერებული საათები დამექოქა და
ცივი ბუხრები დამენთო, აბლაბუდები ჩამომეგლიჯა, ობობები მომეშთო – ერთი
სიტყვით, რომანტიკული რაინდის მსგავსად, სასახლე განმეჯადოვებინა და
ცოლად პრინცესა შემერთო. როცა სახლს ჩავუარე, შევჩერდი და დავაკვირდი –
წითელი აგურის მუქი კედლები, აჭედილი ფანჯრები, მწვანე სუროს ხვიარა,
მიჯრით მიწყობილი ყლორტები, რომლებიც საკვამურებსაც კი შემოხვეოდნენ
მოხუცის ძარღვიანი ხელებივით, მომნუსხველ საიდუმლოს იტევდნენ ჩემთვის
და მათი გმირი თავად ვიყავი. ესტელა, რაღა თქმა უნდა, ამ საიდუმლოს სული
და გული გახლდათ. მან მთელი ჩემი არსება მოაჯადოვა და ყოვლისშემძლე
ძალით დაეუფლა ჩემს ბავშვურ ცხოვრებასა და ხასიათს. ოცნებებით მთვრალს,
არც იმ ნეტარი დილით მიმიწერია მისთვის ის სათნოება, რაც არ გააჩნდა. ამას
აქ განგებ ვახსენებ, რადგან სწორედ ესაა ის ძაფი, რითაც შეიძლება, ბედკრულ
ლაბირინთში ჩემს ხეტიალს თვალი მიადევნოთ. გამოცდილების საფუძველზე
შემიძლია ვთქვა, შეყვარებულებზე გავრცელებული წარმოდგენები მუდამ როდია
მართებული. სინამდვილეში კი ესტელა იმიტომ შევიყვარე ისე, როგორც კაცმა
ქალი, რომ თავს ვერ მოვერიე. ერთხელ და სამუდამოდ ვამტკიცებ – ჩემდა
სავალალოდ, ცხადად ვხედავდი, რომ ჩემი ეს სიყვარული საღ აზრს
ეწინააღმდეგებოდა, არასოდეს მარგუნებდა იმედს, სიმშვიდესა და
ბედნიერებას, მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, მაინც მიყვარდა. ერთხელ და
სამუდამოდ ამასაც ვიტყვი – ეს ყოველივე ვიცოდი, მაგრამ მაინც ისევე ძლიერად
მიყვარდა, თითქოს ყველა ადამიანური ღირსებით სრულყოფილად ყოფილიყო
შემკული.

ისეთ მანძილზე ვსეირნობდი, რომ ჭიშკართან ჩვეულ დროს მივსულიყავი.


ათრთოლებული ხელით დავრეკე ზარი. ვიდრე ვიცდიდი და აჩქროლებული
გულის დაოკებას ვცდილობდი, ჭიშკარს ზურგი შევაქციე. უეცრად გვერდით
მდებარე კარის გაღებისა და ეზოში ნაბიჯების ხმა გავიგონე, მაგრამ ეს მაშინაც
არ შევიმჩნიე, როცა ჭიშკრის ჟანგიანი ანჯამები აჭრიალდა.

როგორც იქნა, მხარზე შეხება ვიგრძენი, შევკრთი და მივტრიალდი. კიდევ


უფრო მეტად შემაკრთო სადა რუხ კოსტიუმში გამოწყობილი კაცის დანახვამ.
ყველაზე ნაკლებად ამ ადამიანის დანახვას მოველოდი მის ჰევიშემის
ჭიშკართან, მისი კარის მცველის როლში.

– ორლიკ!

– დიახ, ახალგაზრდა ბატონო, როგორც ხედავთ, მხოლოდ თქვენს


ცხოვრებაში როდი მოხდა ცვლილებები. მაგრამ მობრძანდით, მობრძანდით.
ნაბრძანები მაქვს, ჭიშკარი დიდი ხნით ღია არ დავტოვო.
ეზოში შევაბიჯე, მან კი ჭიშკარი მიაჯახუნა, გასაღები კლიტეში გადაატრიალა
და გამოიღო.

– დიახ! – მომიბრუნდა მას მერე, რაც რამდენიმე ნაბიჯით გამიძღვა


სახლისაკენ, – როგორც ხედავთ, აქ ვარ!

– აქ როგორ მოხვდი?

– როგორ და, ჩემი ფეხით მოვედი, – მიპასუხა, – ჩემი სკივრი კი ურიკით


გამოვაგორე.

– მაშ, გატყობ, აქ კარგად დამკვიდრებულხარ.

– ცუდად რად უნდა დავმკვიდრებულიყავი, ახალგაზრდა ბატონო?

ამასთან დაკავშირებით ბუნდოვანი ეჭვები მაწუხებდა. ვიდრე ამაზე


ვფიქრობდი, ორლიკმა მძიმე მზერა მიწას მოსწყვიტა და ხელ-ფეხზე, მერე კი
სახეზე შემომატარა.
– მაშ, სამჭედლოდან წამოხვედი? – ვკითხე.

– განა აქაურობა რამით ჰგავს სამჭედლოს? – ორლიკმა გარშემო


შეურაცხყოფილი მზერა შემოატარა, – ჰგავს თუ არ ჰგავს?

ვკითხე, რამდენი ხანია, რაც გარჯერის სამჭედლოდან წამოხვედი-მეთქი.

– აქ ერთი დღე მეორეს ჰგავს, ერთბაშად ვერც კი დავითვლი. თქვენ რომ


გაემგზავრეთ, მას მერე წამოვედი.

– ეგ ხომ ისედაც ვიცი, ორლიკ.

– ჰო, – მიპასუხა მშრალად, – თქვენ ხომ ნასწავლი ბრძანდებით.

ამ ლაპარაკ-ლაპარაკში შინ შევედით. თავის ოთახში შემიყვანა, რომელიც


გვერდით კართან ახლოს იყო და რომლის ფანჯარაც ეზოში გადიოდა. ეს პატარა
ოთახი პარიზის სახლებში პორტიეს ოთახებს წააგავდა. კედელზე გასაღებები
ეკიდა და ორლიკმა ჭიშკრის გასაღებიც იქვე დაკიდა. ცალკე განყოფილებაში თუ
ნიშში საწოლი იდგა, რომელზეც ჭრელი ნაჭრებისგან შეკერილი საბანი იყო
გადაფარებული. აქ სივიწროვე, უწესრიგობა და რაღაცნაირი ძილქუში სუფევდა,
თითქოს ოთახი კი არა, ადამიანისხელა ვირზაზუნას ბუდე ყოფილიყო.
ფანჯარასთან, ბნელ კუთხეში დაყუდებული ოთახის ბინადარიც მთვლემარე
ვირზაზუნას ჩამოჰგავდა და, კაცმა რომ თქვას, იყო კიდეც.

– ეს ოთახი არასოდეს მინახავს, – შევნიშნე, – თუმცა წინათ აქ არც კარისკაცი


ყოფილა.

– არა, – მიპასუხა, – ვიდრე არ გადაწყდა, რომ ჭიშკრის უპატრონოდ


დატოვება არ შეიძლება, საშიშია, გაქცეული პატიმრები და ათასი ჯურის
ნაძირალა დაძრწის. ჰოდა, დადებითად დამახასიათეს, როგორც კაცი, რომელიც
ყველა მოსულს იმას შეაგებებს, რასაც იმსახურებს. გრდემლზე უროს დარტყმას
ეს ბევრად მირჩევნია, უფრო ადვილია... ეგ დატენილია, – დასძინა, როცა
თვალი
ჩემს მზერას გააყოლა, მე კი ბუხრის თავზე ჩამოკიდებულ, სპილენძით მოჭედილ
თოფს ვუცქერდი.

– მაშ, კარგი, – მასთან საუბრის გაგრძელება აღარ მსურდა, – ალბათ, მის


ჰევიშემთან უნდა ავიდე, ხომ?
– მომკალით, თუ ვიცოდე, – ორლიკი მთელი ტანით გაიჭიმა, მერე კი
შეიბერტყა, – ჩემი მოვალეობები აქ მთავრდება, ახალგაზრდა ბატონო. აი, ამ
ზარს აგერ, ამ პატარა ჩაქუჩს დავკრავ, თქვენ კი დერეფანს გაუყევით და მანამ
იარეთ, ვიდრე ვინმე არ გამოგეგებებათ.

– ნამდვილად მელოდებიან?

– კიდევ მომკალით, თუ ვიცოდე, – მიპასუხა.

ამის შემდეგ დერეფანს გავუყევი, რომელშიც სულ პირველად ჩემი მძიმე,


უხეში ფეხსაცმლით შევაბიჯე, მან კი ზარს ჩამოჰკრა. მისი ხმა ჯერ კიდევ
ჟღერდა, როცა დერეფნის ბოლოში სარა პოკეტს შევხვდი. ჩემი დანახვისას
სახეზე მწვანემ და ყვითელმა ფერმა გადაჰკრა.

– ო! – მითხრა, – ეს თქვენ ხართ, მისტერ პიპ?

– მე ვარ, მის პოკეტ. მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ მისტერ პოკეტი


ოჯახითურთ ჯანმრთელადაა.

– თქვენ ის მითხარით, ჭკუა თუ მოემატათ? – ნიშნის მოგებით გააქნია თავი,


– უჯობთ, ჭკუა მოემატოთ, ვიდრე ჯანმრთელობა. ოჰ, მეთიუ, მეთიუ! ხომ
იცით,
საითაც უნდა შებრძანდეთ, სერ?

რაღა თქმა უნდა, ვიცოდი, რადგან არაერთხელ ამივლია ეს კიბე უკუნეთში.


ახლაც ავიარე, ოღონდაც უწინდელზე მსუბუქად, ფეხაცმელიც მაშინდელზე
მსუბუქი მეცვა. მის ჰევიშემის კარზე კი ძველებურად დავაკაკუნე.

– პიპი აკაკუნებს, – მაშინვე გავიგონე მის ჰევიშემის ხმა, – შემოდი, პიპ.

ისევ თავის სავარძელში იჯდა, თავის ძველ მაგიდასთან, თავის ძველ კაბაში,
ჯოხზე გადაჭდობილ ხელებზე ნიკაპჩამოდებული, და ბუხრის ცეცხლს უშტერებდა
თვალს. მის გვერდით ჩემთვის უცნობი, ძალზე დახვეწილი ქალბატონი იჯდა,
რომელიც არასოდეს მენახა, და ხელში ის ცალი, სულ უხმარი თეთრი
ფეხსაცმელი ეჭირა.

– შემოდი, პიპ, – ხმადაბლა განაგრძო მის ჰევიშემმა ისე, რომ ჩემკენ არ


მობრუნებულა და არც ამოუხედავს, – შემოდი. როგორ ხარ, პიპ? ხელზე ისე
მკოცნი, გეგონება, დედოფალი ვიყო? მაშ, რაო, პიპ?
უეცრად მხოლოდ თვალებით ამომხედა, სხვა მხრივ არ განძრეულა, და
ეშმაკურად გამიმეორა:

– რაო, პიპ?

– მის ჰევიშემ, – ვუთხარი, ცოტა არ იყოს, დაბნეულმა, – მითხრეს, რომ ჩემი


ნახვა გსურდათ და მაშინვე გეახელით.
– მართლა?

ჩემთვის უცნობმა ქალბატონმაც ეშმაკურად ამომხედა და მაშინღა დავინახე,


რომ ესტელას თვალები ჰქონდა. მაგრამ ისე შეცვლილიყო, იმდენად
დამშვენებული, დახვეწილი, ქალური მეჩვენა, ყველა თვალსაზრისით იმდენად
ემჩნეოდა წინსვლა, რომ საკუთარი ცვლილება წამში არარად მექცა. მას რომ
ვუყურებდი, ასე მეგონა, უიმედოდ წავედი უკან-უკან და ისევ იმ უბრალო,
მდაბიო ბიჭად ვიქეცი. სასოწარკვეთილებამ გამჭოლა: თ, რა შორს ვიგრძენი
მისგან თავი და რა მიუწვდომელი მეჩვენა!

ხელი გამომიწოდა. რაღაც ამოვილუღლუღე იმის შესახებ, თუ რა მოხარული


ვიყავი და რომ ამ შეხვედრას ძალიან დიდი ხანია ველოდი.

– რას იტყვი, პიპ? ხომ ძალიან გამოიცვალა? – მის ჰევიშემმა ხარბი მზერა
მომაპყრო და ჯოხის წვერი მათ შორის მდგარ სკამზე დააკაკუნა იმის ნიშნად,
რომ ზედ დაჯდომას მიბრძანებდა.

– მის ჰევიშემ, როდესაც შემოვედი, ასე მეგონა, არაფრით – არც სახით, არც
ტანით არ ჰგავდა ესტელას, მაგრამ ახლა – საოცარია! – ვხედავ, ისევ ის
ძველი...

– რაო? არ მითხრა, ისევ ის ძველი ესტელააო! – გამაწყვეტინა მის ჰევიშემმა,


– აღარ გახსოვს, რა ამაყი და სასტიკი იყო, როგორ ნატრობდი, აღარასოდეს
გენახა?

დარცხვენილმა ვუპასუხე, რომ ეს დიდი ხნის წინ იყო, მაშინ ბევრი რამ არ
მესმოდა და მისთანები. ესტელამ უდრტვინველად გამიღიმა და მითხრა, ალბათ,
არ შემცდარხართ და იმხანად მართლაც ყოვლად აუტანელი ვიყავიო.

– მასზე რაღას იტყვი? შეიცვალა? – ჰკითხა მის ჰევიშემმა.


– ძალიან, – უთხრა ესტელამ და თვალი გამისწორა.

– ისეთი უხეში და მდაბიო აღარ არის, ხომ მართალია? – ჰკითხა მის


ჰევიშემმა და მის თმას შეეთამაშა.

ესტელამ გაიცინა, ფეხსაცმელს დახედა, რომელიც ხელში ეკავა, კვლავ


გაიცინა და ფეხსაცმელი მაგიდაზე დადო. ისევ იმ პატარა ბიჭივით მეპყრობოდა,
ოღონდაც ახლა აშკარად ჩემ შეტყუებას ცდილობდა.

ძველი ზმანებებით სავსე ოთახში ვისხედით, რომელიც წინათ ასე ღრმა


შთაბეჭდილებას ახდენდა ჩემზე. ესტელასგან შევიტყვე, რომ ის-ის იყო,
საფრანგეთიდან დაბრუნდა და სულ მალე ლონდონში გაემგზავრებოდა.
ძველებურად ამაყი და ქედმაღალი იყო, მაგრამ ახლა ეს თვისებები საკუთარ
სილამაზეს ისეთნაირად შეუხამა, ასე მეგონა, მისი სილამაზისაგან მათი
გამიჯვნა შეუძლებელი და არაბუნებრივიც კი იქნებოდა. ყოვლად
წარმოუდგენელი გახდა ჩემთვის, მის სიახლოვეს კვლავ უმძაფრესად არ
მომგონებოდა ფულსა და სოციალურ მდგომარეობაზე ის უღირსი ოცნებები,
რომლებმაც სიყმაწვილის წლები მომიწამლა და საკუთარი სახლი და ჯო
შემაძულა; ის ხილვები, რომლის დროსაც მისი სახე ხან უროსა და გრდემლს
შორის გაკვესებულ ნაპერწკლებში მელანდებოდა, ხანაც ღამის წყვდიადიდან
სამჭედლოს ფანჯარაში იხედებოდა და წამის შემდეგ უჩინარდებოდა. ერთი
სიტყვით, ჩემი ცხოვრების უსანუკვარესი არსისაგან ესტელას გინდ წარსულში,
გინდ აწმყოში განცალკევება ყოვლად შეუძლებლად მექცა.

შევთანხმდით, რომ მის ჰევიშემის სახლში მთელი დღით დავრჩენილიყავი,


სასტუმროში ღამით ავბრუნებულიყავი, ხოლო მეორე დილით ლონდონში
გავმგზავრებულიყავი. ერთხანს კიდევ ვისაუბრეთ, მერე კი მის ჰევიშემმა მე და
ესტელა მიტოვებულ ბაღში სასეირნოდ გაგვიშვა და მთხოვა, დაბრუნების
შემდეგ, ძველი ჩვეულებისამებრ, ოთახში სავარძლით გამეტარებინა.

მე და ესტელა ბაღში იმავე ჭიშკრით გავედით, რომელიც იმ დღეს გამოვიარე,


როდესაც ფერმკრთალ ახალგაზრდა ჯენტლმენს, ახლა კი ჰერბერტს, შევერკინე.
ესტელას გვერდით ათრთოლებული მივაბიჯებდი და მისი კაბის კალთასაც კი
ვეთაყვანებოდი, ხოლო ის მშვიდი და თავდაჯერებული ჩანდა და,
რასაკვირველია, სულაც არ ეთაყვანებოდა ჩემი სამოსის კალთას. როდესაც
ორთაბრძოლის ადგილს მივუახლოვდით, მითხრა:
– უცნაური ბავშვი უნდა ვყოფილიყავი, რაკი იმ დღეს დავიმალე და თქვენ
ჩხუბს ვუთვალთვალე, მაგრამ თქვენმა ცქერამ დიდად გამახალისა.

– უხვადაც დამაჯილდოვეთ.

– მართლა? – მკითხა დაუდევრად, აქაოდა, არაფერი მახსოვსო, – მახსოვს,


თქვენ მოწინააღმდეგეზე ძალიან ვიყავი გაბრაზებული; არ მომწონდა, აქ რომ
ჩამოიყვანეს და მასთან ურთიერთობა მომახვიეს თავს.

– მე და ის ახლა საუკეთესო მეგობრები ვართ, – ვუთხარი.

– მართლა? აჰ, მგონი, გამახსენდა: მისი მამა გასწავლით, ხომ?

– დიახ.

ამის აღიარება დიდად არ მესიამოვნა, რადგან ის ფაქტი, რომ ჯერ კიდევ


ვსწავლობდი, უფრო მეტ საფუძველს აძლევდა, პატარა ბიჭივით მომქცეოდა.

– მას მერე, რაც მატერიალური და სოციალური მდგომარეობა გამოიცვალეთ,


მეგობრების წრეც უნდა გამოგეცვალათ, – მითხრა ესტელამ.

– რასაკვირველია, – ვუპასუხე.

– ეს ყოვლად აუცილებელიცაა, – ხაზგასმით მითხრა, – ვინც წინათ თქვენი


ტოლი და სწორი იყო, ახლა სრულებით შეუფერებელი გახდა თქვენთვის.

თუკი ჩემს სინდისს დავეკითხები, დიდი ეჭვი მაქვს, ამ დროისათვის ოდნავ


მაინც შემრჩენოდა ჯოს ნახვის სურვილი; მაგრამ რომც შემრჩენოდა, მისმა ამ
შენიშვნამ ეს სურვილი საბოლოოდ მომიშთო.

– მაშინ ჯერ კიდევ წარმოდგენა არ გქონდათ იმაზე, რომ მომავალში


გამდიდრდებოდით, ხომ ასეა? – ხელის მსუბუქი აქნევით მკითხა ესტელამ.
ჰერბერტთან ჩემი ორთაბრძოლის დრო იგულისხმა.

– არანაირი.

ჩემ გვერდით ისეთი მედიდური აღმატებულობითა და თავდაჯერებით


მოაბიჯებდა, მე კი მის გვერდით თავი იმდენად მცირედ, უმეცრად, მასზე
დაქვემდებარებულად მიმაჩნდა, რომ ჩვენ შორის უფსკრულს უმძაფრესად
შევიგრძნობდი. ეს განცდა უფრო მტკივნეულადაც მომეძალებოდა, რომ არა იმის
რწმენა, რომ, ამ უფსკრულის მიუხედავად, ბედმა ცხოვრების თანამგზავრად
სწორედ ჩემი თავი არგუნა.

ბაღი ისე იყო დაბურული, სიარული ჭირდა, და მას მერე, რაც ორი თუ სამი
წრე შემოვუარეთ, კვლავ ლუდსახდელის ეზოში დავბრუნდით. ესტელას ის
ადგილი ვუჩვენე, სადაც სულ პირველ მოსვლაზე დავინახე, თუ როგორ
დააბიჯებდა, მან კი გულგრილად გაიხედა იქით და ასევე გულგრილად მკითხა,
მართლა დავაბიჯებდიო? ის კარიც შევახსენე, საიდანაც გამოვიდა და ხემსი
გამომიტანა.

– არ მახსოვს, – მითხრა.

– არც ის გახსოვთ, თქვენ გამო რომ ვიტირე?

– არა, – თავი გააქნია და აქეთ-იქით მიმოიხედა. მისი გულმავიწყობისა და


გულგრილობის გამო შინაგანად ახლაც ვტიროდი, ეს კი ყველაზე უფრო მწარე
ტირილია.

– მინდა იცოდეთ, – ლამაზი ქალის მოწყალე კილოთი მითხრა ესტელამ, –


რომ მეხსიერებას რაც შეეხება, შეიძლება ითქვას, სრულიად უგულო ვარ.

გავბედე და შევეკამათე, ეს შეუძლებელია, მე უკეთ ვიცი, რადგან გულის


გარეშე ასეთი სილამაზე ვერ იარსებებდა-მეთქი.

– ცხადია, გული მაქვს იმ თვალსაზრისით, რომ გულში შეიძლება დანა


დამასონ და, თუკი ის ძგერას შეწყვეტს, ვეღარც მე ვიცოცხლებ. მაგრამ ხომ
მიმიხვდით: გულში სილბო მაკლია, გრძნობა – მსგავსი სისულელე.

რა იყო ეს – რამაც გონებაში გამიელვა ამ წუთებში, როცა იდგა და დაჟინებით


მიყურებდა? რაღაც, რაც მის ჰევიშემის პიროვნებაში შევნიშნე? არა. რამე ხომ არ
გამოკრთა მის იერსა თუ მოძრაობებში, რასაც, შესაძლოა, გაუცნობიერებლად
დაესესხა მის ჰევიშემს – ისე, როგორც ბავშვები უნებლიეთ ემსგავსებიან იმ
უფროსებს, ვისთან ერთადაც დიდხანს ცხოვრობენ განმარტოებით და ვისი იერიც
დიდობაშიც დროდადრო გაუელვებთ ნაკვთებში, თუმცა სხვა მხრივ მათ
არაფრით ჰგვანან. მაგრამ არა, მის ჰევიშემი არაფერ შუაში იყო. ისევ
დავაკვირდი და, თუმცა კვლავაც მიცქერდა, ის ჩემი წამიერი მოლანდება უკვე
გამქრალიყო.

მაინც რა იყო?

– ამას სერიოზულად ვამბობ, – განაგრძო და წარბი არ შეუკრავს (რადგან


შუბლი ისევ გადასწორებული ჰქონდა), მაგრამ სახე თითქოს მოექუფრა, – თუკი
ერთად ყოფნა მოგვიწევს, ჯობია, ეს თავიდანვე ირწმუნოთ. არა! –
მბრძანებლურად შემაჩერა, როგორც კი ბაგე ავამოძრავე, – ეს იმას როდი
ნიშნავს, თითქოს ჩემი გრძნობები სხვაგან მქონდეს მიმართული. უბრალოდ,
არანაირი გრძნობა არ მაქვს.

წუთის შემდეგ დიდი ხნის წინათ მიტოვებულ ლუდსახდელში ვიდექით. ხელი


იმ გალერეისკენ გაიშვირა, სადაც პირველ დღეს დავინახე და მითხრა, იქ რომ
ავედი, თქვენ კი ქვევიდან შეშინებული ამომცქეროდით, ეს მახსოვსო. მის
ქათქათა ხელს თვალი რომ გავაყოლე, კვლავ წეღანდელი ბუნდოვანი განცდა
დამეუფლა. უნებლიეთ შევკრთი და ხელი მხარზე დამადო. ზმანებამ წამით
კიდევ გამიელვა თვალწინ და გაქრა.

მაინც რა იყო?

– რა დაგემართათ? – მკითხა, – ახლაც შეშინებული ხართ?

– თქვენი ნათქვამი რომ დავიჯერო, მართლაც, შემეშინდება, – ვუპასუხე.

– ესე იგი, ჩემი არ გგერათ? ძალიან კარგი. ასეა თუ ისე, ეს ჩვენ შორის მაინც
უნდა თქმულიყო. მის ჰევიშემი ელოდება, თქვენ ძველ მოვალეობებს როდის
შეუდგებით, თუმცა, ვფიქრობ, წარსულის დანარჩენ მოგონებებთან ერთად ესეც
შეიძლება გვერდზე გადავდოთ. მოდით, ერთხელაც შემოვუაროთ ბაღს, მერე კი
შევიდეთ. წამოდით! იმედი მაქვს, ჩემი სისასტიკის გამო დღეს აღარ იტირებთ.
ჯობია, ჩემი პაჟი იყოთ, მე კი მხარზე დაგეყრდნობით.

ლამაზი კაბა ძირს ეთრეოდა. სიარულისას კალთა ცალი ხელით ასწია, მეორე
კი მხარზე მსუბუქად დამაყრდნო. გავერანებულ ბაღს კიდევ ორჯერ თუ სამჯერ
შემოვუარეთ; მე ის აყვავებულ წალკოტად მომეჩვენა და გალავნის ბზარებიდან
ყვითელ-მწვანე სარეველების ნაცვლად უმშვენიერესი ყვავილებიც რომ
ამოზრდილიყო, ეს გასეირნება ჩემთვის უფრო ძვირფასი ვერ იქნებოდა.

ჩვენ შორის ასაკობრივი სხვაობა თითქმის არ ყოფილა, თუმცა ის მაინც ჩემზე


უფროსს ჰგავდა. მაგრამ შეუვალობას ასაკი კი არა, სილამაზე და ქედმაღლობა
ანიჭებდა და ამის გაცნობიერება აღუწერლად მტანჯავდა, მიუხედავად იმისა,
რომ დარწმუნებული ვიყავი, ჩვენს მწყალობელს ჩვენი შეუღლება უკვე
გადაწყვეტილი ჰქონდა. საბრალო ბიჭი!

როგორც იქნა, შინ შევბრუნდით, სადაც, ჩემდა გასაოცრად, შევიტყვე, რომ


ჩემი მეურვე საქმეზე ჩამოსულიყო და ჩვენთან ერთად ისადილებდა. ვიდრე
გარეთ ვიყავით, ობმოდებული სუფრის გარშემო, ზამთრის შიშველი ტოტების
მსგავს შანდლებში სანთლები დაენთოთ. მის ჰევიშემი სავარძელში იჯდა და
მელოდა.

ჩაფერფლილი საქორწინო ნადიმის გარშემო ნელა რომ დავიძარით, ასე


მეგონა, სავარძელს გარდასულ დროში მივაგორებდი. მაგრამ ესტელა ამ
მგლოვიარე ოთახში უწინდელზე უფრო კაშკაშებდა და მეც უწინდელზე მეტად
მაჯადოვებდა.

დრო შეუმჩნევლად გავიდა. ადრიანად დანიშნული სადილიც მოახლოვდა და


ესტელამ გამოსაცვლელად წასვლა დააპირა. მოგრძო მაგიდასთან შევჩერდით
და მის ჰევიშემმა მჭკნარი ხელი გაყვითლებულ სუფრაზე ჩამოდო. როდესაც
ესტელამ კარიდან უკან მოიხედა, ქალმა ეს ხელი ბაგესთან მიიტანა და ისეთი
აღტყინებით გაუგზავნა ჰაეროვანი კოცნა, უნებურად შემზარა.

როცა ესტელა წავიდა და მარტონი დავრჩით, მის ჰევიშემმა ამომხედა და


ჩურჩულით მკითხა:
– ხომ გაიზარდა, დამშვენდა, დაიხვეწა? ხომ აღმერთებ?

– ნებისმიერი გააღმერთებს, ვინც კი ნახავს, მის ჰევიშემ.

ქალმა კისერზე მკლავი შემომხვია, თავი დამახრევინა და ახლოს მიმიზიდა.

– გიყვარდეს, გიყვარდეს, გიყვარდეს! როგორ გეპყრობა?

ვიდრე პასუხის გაცემას მოვასწრებდი (თუკი ასეთ რთულ შეკითხვაზე


საერთოდ შესაძლებელია პასუხის გაცემა), გამიმეორა:

– გიყვარდეს, გიყვარდეს, გიყვარდეს! თუ გწყალობს, გიყვარდეს. ტკივილს თუ


გაყენებს, მაინც გიყვარდეს. თუკი გულს გიფლეთს – ხოლო ასაკთან ერთად ეგ
ტკივილიც უფრო მწვავდება – მაინც გიყვარდეს, გიყვარდეს, გიყვარდეს!

მანამდე არასოდეს ვყოფილვარ მომსწრე ისეთი გზნებისა, როგორითაც ეს


სიტყვები წარმოთქვა ქალმა. როცა ამას ამბობდა, ვიგრძენი, გამხდარი მკლავი
აღტყინებისგან უცახცახებდა.

– გესმის, პიპ? ეს გოგონა სიყვარულისათვის ვიშვილე. სიყვარულისთვის


გავზარდე და განათლებაც მივეცი. იმად ვაქციე, რასაც დღეს ხედავ, და ეს
ყველაფერი სიყვარულისთვის. გიყვარდეს!

გიყვარდესო, იმდენჯერ გაიმეორა, ეჭვი არ იყო, სწორედ სიყვარულს


გულისხმობდა, მაგრამ მისი ბაგიდან გადმოსული ეს სიტყვა უფრო მეტად ჰგავდა
წყევლას, ვიდრე მის ნაცვლად სიძულვილის, შურისძიების ანდა სიკვდილის
ხსენება.

– მე გეტყვი, – კვლავაც ნაჩქარევად და ცხარედ ჩამჩურჩულა, – რა არის


ნამდვილი სიყვარული. ბრმა ერთგულება, თავის უპირობო დამცირება, სრული
მორჩილება, რწმენა, რომელიც შენს გონებასა და მთელ მსოფლიოს
ეწინააღმდეგება, მთელი გულისა და სულის შენი მკვლელისათვის შეწირვა ‒
სწორედ ასე მიყვარდა!

ეს სიტყვები შეშლილი კივილით რომ დაასრულა და სავარძლიდან წამოდგა,


წელზე ხელი შემოვხვიე, რადგან წინ ისე წამოიწია და წაბარბაცდა, თითქოს
სურდა, კედლისთვის თავი ერტყა და ამგვარად განეტევა სული.

ამ ყველაფერმა სულ ორიოდე წამს გასტანა. როდესაც ქალი კვლავ


სავარძელში ჩავსვი, ნაცნობი სურნელი ვიგრძენი და მივხვდი, ოთახში ჩემი
მეურვე შემოსულიყო.

მგონი, ჯერ არ მიხსენებია ის, რომ მისტერ ჯეგერსს მუდამ თან ჰქონდა
ძვირფასი აბრეშუმის დიდი ცხვირსახოცი, რომელიც პროფესიულ საქმიანობაში
ძალზე ეხმარებოდა. არაერთხელ მინახავს, როგორ დაუფრთხია კლიენტი ან
მოწმე ამ ცხვირსახოცის ამოღებით, თითქოს ცხვირის მოხოცვას აპირებდა,
მაგრამ მანამ ყოვნდებოდა, ვიდრე თანამოსაუბრისაგან სასურველ აღიარებას არ
მიიღებდა. მისი ეს მოლოდინი იმდენად საშინლად მოქმედებდა, რომ აღიარება,
როგორც თავისთავად ცხადი რამ, არასოდეს აყოვნებდა. როცა ოთახში
შემოსული დავინახე, ორივე ხელით სწორედ ეს თავისი შთამბეჭდავი
ცხვირსახოცი ეკავა და გვიყურებდა. თვალი გამისწორა, წამით გაშეშდა და
უსიტყვოდ მითხრა: "ჰმ, ასე? უცნაურია!" მერე კი ცხვირსახოცი თავზარდამცემი
ხმაურით დანიშნულებისამებრ გამოიყენა.

მისი შემოსვლა მის ჰევიშემმაც მაშინვე შენიშნა, რაწამსაც – მე, და ისევე


შეკრთა, როგორც ყველა კრთებოდა მის დანახვაზე. დიდი ძალისხმევით შეიკავა
თავი და ამოილუღლუღა, როგორც ყოველთვის, დროულად მობრძანებულხართო.

– როგორც ყოველთვის, დროულად, – გაიმეორა ჩემმა მეურვემ და


მოგვიახლოვდა, – სალამი, პიპ. ხომ არ გაგასეირნოთ, მის ჰევიშემ? ერთი წრე
ოთახის გარშემო. მაშ, ჩამოხვედით, პიპ?

ვუამბე, თუ როდის ჩამოვედი და რომ მის ჰევიშემმა ესტელასთან შესახვერად


მომიწვია. ამაზე მიპასუხა:

– მართლა? მშვენიერი ქალიშვილია, – მერე კი ცალი ხელით მის ჰევიშემის


სავარძელი წინ გააგორა, მეორე კი ისე ჩაიდო ჯიბეში, თითქოს ჯიბე
საიდუმლოებებით ჰქონოდა სავსე.

– პიპ, წინათ რამდენად ხშირად გიწევდათ მის ესტელასთან შეხვედრა?

– რადენად ხშირად?..

– ჰო! რამდენჯერ შეხვედრიხართ? ათი ათასჯერ?

– ოჰ, ასე ხშირად ნამდვილად არა.

– მაშ, ორჯერ?

– ჯეგერს, – ჩემდა სასიხარულოდ, გააწყვეტინა მის ჰევიშემმა, – ჩემს პიპს


თავი ანებეთ, ჯობია, მასთან ერთად სასადილოდ წახვიდეთ.

ჯეგერსმა თავი დაუკრა და ჩაბნელებული კიბე ერთად ჩავიარეთ. ვიდრე ეზოს


ქვაფენილზე განცალკევებული ფლიგელისაკენ მივაბიჯებდით, მკითხა,
რამდენჯერ მინახავს, მის ჰევიშემს რამე ეჭამოს ან დაელიოს და, თავისი
ჩვეულებისამებრ, არჩევანი ერთსა და ასს შორის შემომთავაზა.

– არც ერთხელ, – ვუპასუხე ხანმოკლე დაფიქრების შემდეგ.


– ვერც ოდესმე დაინახავთ, პიპ, – მითხრა წარბშეკრულმა, თანაც ჩაცინებით,
– მას მერე, რაც ამჟამინდელ ცხოვრებას ეწევა, არასოდეს აძლევს თავს
უფლებას, სხვების თვალწინ ჭამოს ან სვას. ღამღამობით დაბორიალებს და,
სადაც რამეს მოიხელთებს, იმით საზრდოობს.

– გეთაყვა, სერ, – მივმართე, – შემიძლია შეკითხვა დაგისვათ?

– შეგიძლიათ, – მითხრა, – მე კი შემიძლია, პასუხზე უარი გითხრათ. ბრძანეთ


თქვენი შეკითხვა.

– ესტელას გვარი ჰევიშემია თუ?.. – ვეღარაფერი დავუმატე.

– თუ რა? – ჩამეკითხა.

– ჰევიშემია?
– დიახ, ჰევიშემი.

ამ დროს სასადილო მაგიდას მივადექით, რომელთანაც ესტელა და სარა


პოკეტი გველოდნენ. მისტერ ჯეგერსი სუფრის თავში დაჯდა, ესტელამ მის წინ
დაიკავა ადგილი, მე კი ჩემი ბოღმისაგან გამწვანებულ-გაყვითლებული
მეგობრის პირისპირ დავჯექი. სადილი შესანიშნავი იყო, სუფრასთან ქალი
გვემსახურებოდა, რომელიც ჩემი აქ სიარულის განმავლობაში არასოდეს მენახა,
თუმცა სავსებით შესაძლებელია, მთელი ეს წლები ამ იდუმალ სახლში
გაეტარებინა. როცა სუფრა აალაგა, ჩემს მეურვეს წინ რჩეული პორტვაინის
ბოთლი დაუდგა (ჩანდა, სტუმარი ღვინის ამ სახეობას კარგად იცნობდა და
უპირატესობასაც ანიჭებდა), რის შემდეგაც ქალბატონებმა დაგვტოვეს.

იმის მსგავს იდუმალ თავშეკავებას, რაც ჩემმა მეურვემ ამ სახლში გამოიჩინა,


თვით მისგანაც კი არ მოველოდი. სადილის დროს თვალსაც კი გვარიდებდა,
ესტელასთვის თითქმის არცერთხელ არ შეუხედავს. როცა ქალიშვილი
მიმართავდა, ჯეგერსი ყურს უგდებდა და წამიერი პაუზის შემდეგ პასუხობდა,
მაგრამ არცერთხელ არ შემინიშნავს, მისთვის თვალი გაესწორებინა. ესტელა,
პირიქით, ხშირ-ხშირად ცნობისმოყვარედ და ერთგვარი ეჭვითაც კი
აკვირდებოდა, მაგრამ კაცი ამას სრულებით არ იმჩნევდა; სადილის
განმავლობაში თავს იმით იქცევდა, რომ გამუდმებით ჩემს ბრწყინვალე
სამომავლო იმედებზე საუბრობდა, რის გამოც სარა პოკეტი ბოღმით კიდევ უფრო
მწვანდებოდა და ყვითლდებოდა. მაგრამ ჯეგერსი ამასაც ისეთნაირად
ახერხებდა, თითქოს განგებ კი არ სჩადიოდა, უფრო სწორად, არც არაფერს
სჩადიოდა და მთელი ეს ბაქიბუქი ჩემი გულუბრყვილო პიროვნებისაგან
მოდიოდა.

როცა სუფრასთან ორნი დავრჩით, საფარში ჯდომის მისი მუდმივი იერი,


რასაც სათქმელის დატყუებისა და გამოძალვის მიზანი ჰქონდა, უკვე მეტისმეტი
აღმოჩნდა ჩემთვის. სხვა რომ აღარავინ შერჩა ხელთ, საკუთარ ღვინის ჭიქას
მოუწყო ჯვარედინა დაკითხვა. წინ დაიდგა, უკან სანთელი მიუდგა, მოსვა, პირში
გამოივლო, დააჭაშნიკა, გადაყლაპა, ჭიქას დააკვირდა, ღვინო დაყნოსა, ისევ
მოსვა, ბოლომდე დაცალა, მეორედ დაისხა და მანამ განაგრძო ჭიქის დაკითხვა,
ვიდრე თავი ისე უსიამოდ არ ვიგრძენი, თითქოს დანამდვილებით მცოდნოდა,
ღვინომ ჩემზე რაღაც ფრიად არასახარბიელო რომ გაუმხილა. სამჯერ თუ
ოთხჯერ გაუბედავად დავაპირე საუბრის წამოწყება, მაგრამ ყოველ ჯერზე ჭიქით
ხელში ისე მომაცქერდა, თან ღვინის ყლუპს პირში აქეთ-იქით ისე აგორებდა,
თითქოს მამცნობდა, შეკითხვის დასმას აზრი არ აქვს, მაინც ვერ გიპასუხებო.

ვფიქრობ, მის პოკეტმა გააცნობიერა, რომ ჩემთან პირისპირ შეყრას სიგიჟის


ისეთ ზღვრამდე მიჰყავდა, შეიძლებოდა, ქუდიც კი მოეძრო თავიდან (ეს
უკიდურესად მახინჯი ქუდი მუსლინისაგან დამზადებულ იატაკის ჯაგრისს
წააგავდა), თმაც დაეპუტა (თუმცა ამ თმის არცერთი ღერი მისი საკუთარი არ
ყოფილა) და იატაკზე მიმოეყარა. ალბათ, ამიტომაც აღარ შემოგვიერთდა,
როდესაც სადილის შემდეგ ვისტის სათამაშოდ მის ჰევიშემის ოთახში
დავბრუნდით. თამაშის შუალედებში მის ჰევიშემი თავისი მაგიდიდან ულამაზეს
ბრილიანტებს იღებდა და ესტელას თმას, მკლავებსა და ყელს ამ სამკაულებით
უმშვენებდა. ვხედავდი, ჩემი მეურვე სქელი წარბების ქვემოდან როგორ უცქერდა
და ცისარტყელას ფერებით აბრდღვიალებული მისი მშვენების დანახვაზე
წარბებს ოდნავ მაღლა სწევდა.
იმაზე აღარ ვლაპარაკობ, მისტერ ჯეგერსი რა თავხედურად გვართმევდა
ყველა კოზირს, მერე კი ყოვლად უბადრუკ წვრილ-წვრილ ბანქოს ჩამოდიოდა,
რომლის წინაშეც ჩვენი მეფე-დედოფლების დიდება ხუნდებოდა; არც იმ მუდმივ
შთაბეჭდილებაზე, ჩვენდამი მისმა მოპყრობამ რომ დამიტოვა – თითქოს სამი
სასაცილო, უმარტივესი გამოცანა ვყოფილიყავით, რომელთაგან თითოეული
რახანია ამოხსნილი ჰყავდა. ყველაზე მეტად ის მაწამებდა, მისი მზერა
ესტელასადმი ჩემს გრძნობებს სრულიად რომ უპირისპირდებოდა. თავისთავად
ცხადია, რომ მისტერ ჯეგერსთან არასოდეს ვისურვებდი ესტელაზე ლაპარაკს; და
ვერც იმას ავიტანდი, მისი თანდასწრებით თავისი ფეხსაცმელი აეჭრაყუნებინა,
ანდა ესტელას გასვლის შემდეგ ხელები გულდაგულ დაებანა; მაგრამ თვით იმის
განცდა, რომ ესტელასადმი ჩემს თაყვანისცემას მისტერ ჯეგერსისგან სულ
რაღაც ორიოდე ფუტი აშორებდა, რომ ჩემი გრძნობებიც მასთან ერთად იყო
ოთახში – აი, რა მტანჯავდა გაუსაძლისად.

ცხრა საათამდე ვითამაშეთ, შემდეგ შევთანხმდით, რომ ესტელას ლონდონში


ჩამოსვლის დროს წინდაწინ შემატყობინებდნენ და მის დილიჟანსს
დავხვდებოდი. ბოლოს ესტელას დავემშვიდობე, ხელზე შევეხე და იქაურობა
დავტოვე.

ჩემი მეურვე "ლურჯ ტახში" ჩემი ნომრის გვერდით დაბინავებულიყო.


შუაღამისას ისევ მის ჰევიშემის სიტყვები ჩამესმოდა: "გიყვარდეს, გიყვარდეს,
გიყვარდეს!"

ეს სიტყვები ჩემებურად შევატრიალე და ათასჯერ მაინც ვუთხარი ბალიშს:


"მიყვარს, მიყვარს, მიყვარს!" მერე მადლიერების განცდამ წამლეკა – მჭედლის
ყოფილ შეგირდს ეს მშვენება უნდა მრგებოდა. მერე იმაზე დავფიქრდი, თუკი,
როგორც ვშიშობდი, ის ერთ მეათასედადაც კი არ იზიარებდა ჩემს მადლიერებას,
მაინც როდის უნდა გასჩენოდა ჩემდამი ინტერესი? როდის და რა გზით
შევძლებდი მის მკერდში მშვიდად მთვლემარე გულის გამოღვიძებას?

მაინც რა ბეცი ვიყავი! მეგონა, ამაღლებული განცდები მავსებდა, მაგრამ


წუთითაც არ ჩამითვლია ნაძირლობად ის, რომ ჯოს სათოფეზე არ გავკარებივარ,
რაკიღა ესტელას ეს მეგობრობა უღირსად მიაჩნდა. არადა, სულ რაღაც წინა
დღეს ჯომ ცრემლი მადინა! ღმერთო, შემინდე, რა უცბად შემაშრა ეს ცრემლი, რა
უცბად!
30

"ლურჯ ტახში" დილით, როცა ტანთ ვიცვამდი, კარგად დავფიქრდი და


გადავწყვიტე, ჩემი მეურვისათვის მეთქვა, რომ, ჩემი აზრით, ორლიკი იმ
საპასუხისმგებლო მოვალეობას არ შეეფერებოდა, როგორიც მის ჰევიშემის
სახლის დაცვაა.

– რა თქმა უნდა, არ შეეფერება, პიპ, – მიპასუხა ზოგადად ყველაფერში


გათვითცნობიერებულმა ჯეგერსმა, – არ არსებობს ადამიანი, საპასუხისმგებლო
მოვალეობას რომ შეეფერებოდეს, – როგორც ჩანს, იმის ცოდნამ, რომ არც ეს
კონკრეტული შემთხვევა იყო გამონაკლისი, უაღრესად ხალისიან გუნებაზე
დააყენა და კმაყოფილი სახით მოისმინა მთელი ის ცნობები, რაც კი შევძელი
ორლიკის შესახებ მიმეწოდებინა, ბოლოს კი დაასკვნა, – ძალიან კარგი, პიპ.
ახლო მომავალში ჩავალ, ჩვენს მეგობარს ანგარიშს გავუსწორებ და დავითხოვ, –
ასეთი უეცარი გადაწყვეტილებით შეშფოთებულმა, ვთხოვე, ცოტა დაეცადა და
იმაზეც მივანიშნე, რომ, შესაძლოა, ამ ადამიანთან შეთანხმება არცთუ ისე
ადვილი ყოფილიყო, – არავითარ შემთხვევაში, პიპ, ამაზე ნუ იდარდებთ, – ჩემმა
მეურვემ ხაზგასმული ჟესტით ამოიღო ჯიბიდან ცხვირსახოცი, – იმასაც ვნახავ,
ჩემთან კამათს როგორ გაბედავს.

რაკი ლონდონში შუადღის დილიჟანსით ერთად უნდა დავბრუნებულიყავით,


მე კი საუზმისას ხელში ფინჯანი ძლივს მეკავა იმის შიშით, ვაითუ პამბლჩუკი
დამცხრომოდა თავს, შემთხვევით ვისარგებლე და ჩემს მეურვეს ვამცნე, ვიდრე
ის საქმეებს მორჩებოდა, ლონდონის გზას ფეხით გავუყვებოდი და ვთხოვე,
დილიჟანსი რომ წამომეწეოდა, მეეტლისათვის გაჩერება ებრძანებინა. ამგვარად
მოვახერხე, "ლურჯი ტახიდან" საუზმობის დასრულებისთანავე გავქცეულიყავი.
ქალაქიდან ღია მინდვრებში გავედი, რათა მისტერ პამბლჩუკის
საბრძანებლისათვის რამდენიმე მილით ამევლო გვერდი და მთავარ ქუჩაზე მას
მერე დავბრუნდი, რაც ეს საშიში ადგილი საკმაო მანძილზე უკან მოვიტოვე. ამის
შემდეგ უკვე შედარებით უსაფრთხოდ ვიგრძენი თავი.

ძველ, მიყრუებულ ქალაქში დაბრუნება ერთგვარად საინტერესოც იყო და


უსიამოვნოც, რადგან შემხვედრნი დროდადრო მცნობდნენ და მაშტერდებოდნენ.
ზოგიერთი გამყიდველი მაღაზიიდანაც კი გამოდიოდა და გარკვეულ მანძილზე
მისწრებდა წინ, რათა უეცრად უკან მობრუნებულიყო, აქაოდა, რაღაც
დამავიწყდაო, და პირისპირ შემხვედროდა. ასეთ შემთხვევებში არ ვიცი, ვინ
უფრო მეტ თვალთმაქცობას იჩენდა – ისინი თუ მე. ისინი ვითომდა ამ
ყველაფერს განგებ არ სჩადიოდნენ, მე კი ვითომდა ვერ ვამჩნევდი. თუმცა ვერ
ვიტყვი, ყურადღების ცენტრში ყოფნა არ მსიამოვნებდა-მეთქი, ყოველ
შემთხვევაში მანამ, ვიდრე იმ არამზადას, ტრების ხელქვეით ბიჭს არ
გადავეყარე.

ქუჩას თვალი შევავლე და ჩემ წინ მხრებზე ცარიელ ტომარამოკიდებული


ტრების ბიჭი დავინახე. გადავწყვიტე, ჩემი ამჟამინდელი მდგომარეობისათვის
და მისი უზნეო და ცელქი ხასიათისათვის ყველაზე შესაფერისი ის იქნებოდა, ამ
აბეზარისათვის მკაცრი და უდრტვინველი მზერა შემევლო. ასეც მოვიქეცი და
საკუთარ თავს უკვე მივულოცე ეს წარმატება, როცა ბიჭს უეცრად მუხლები
მოეკვეთა, თმა ყალყზე დაუდგა, ქუდი ძირს გადმოუვარდა და, ყველა კიდურის
ცახცახით, თვითონაც მიწაზე გაგორდა. ხალხს საშველად უხმობდა ყვირილით:
"დამაკავეთ! მეშინია!" – აქაოდა, ჩემი დიდებული იერის დანახვაზე ნერვული
შეტევა დაემართა. როცა გვერდით ჩავუარე, კბილების კაწკაწითა და უკიდურესი
თვითდამცირების გამომეტყველებით განერთხა მტვერში.

მართალია, ეს მძიმე ასატანი იყო, მაგრამ მხოლოდ დასაწყისი ყოფილა. ამის


შემდეგ ორასი იარდიც არ მქონდა გავლილი, როცა ტრების ბიჭის კვლავ
გამოჩენამ ყოვლად გამოუთქმელი შიში, გაოცება და აღშფოთება მომგვარა.
ვიწრო შესახვევიდან გამოვიდა, ტომარა ისევ ზურგზე მოეკიდებინა, სახეზე
პატიოსანი გულმოდგინება და ტრების მაღაზიისკენ ყოჩაღად მსვლელობის
გადაწყვეტილება აღბეჭდვოდა. ჩემმა დანახვამ თავზარი დასცა და "შეტევა"
გაუმეორდა. ოღონდაც ამჯერად ჩემ გარშემო მკლავებაპყრობილი წრიულად
ტორტმანებდა, ისე, თითქოს შეწყალებას ითხოვსო. მისმა ვნებებმა მოცლილ
გამვლელთა ჯგუფის მხიარული შეძახილები გამოიწვია, მე კი სირცხვილით
ლამის დავიწვი.

ფოსტამდე მისვლაც ვერ მოვასწარი, რომ მორიგი შესახვევიდან კვლავ


ტრების ბიჭმა გამოანათა, ოღონდ ამჯერად სრულიად შეცვლილიყო. თავისი
ტომარა ჩემი სერთუკის მსგავსად მხრებზე მოესხა, ქუჩის მოპირდაპირე მხრიდან
გაბღენძილი იერით ჩემთან შესახვედრად მოაბიჯებდა, უკან ხალისიანი
მეგობრების გუნდი მოჰყვებოდა, რომლებსაც დროდადრო ხელის აქნევით
მიუგდებდა ხოლმე: "ვინ ხართ? არ გიცნობთ!" ენით ვერ აღგიწერთ, რა სიმწარე
და დამცირება მაგემა ტრების ბიჭმა, როცა საყელოაწეულმა, შუბლზე
ქოჩორჩამოშლილმა, დოინჯშემოყრილმა ცხვირწინ ჩამიარა, თან მთელი ტანით
იგრიხებოდა და თავის დამქაშებს უმეორებდა: "არ გიცნობთ! ვინ ხართ?
ღმერთმანი, არ გიცნობთ!" ჩემი შეურაცხყოფის დასაგვირგვინებლად მამალივით
ყივილსა და კრიახს მოჰყვა – თითქოს ეს უსამართლოდ უგულებელყოფილი
ფრინველი ჯერ კიდევ იმხანად მიცნობდა, როცა მჭედელი ვიყავი – და ასე
გამაცილა ქალაქიდან, უფრო სწორად კი, ტრიალ მინდორში გამაძევა.

დღესაც კი არ ვიცი, ტრების ბიჭისთვის მაშინ რა შეიძლებოდა


მომეხერხებინა, გარდა იმისა, რომ ადგილზევე სიცოცხლეს გამომესალმებინა.
მასთან ქუჩაში წაჩხუბება, ანდა მისგან გულის სისხლზე უფრო მცირედი
ანაზღაურების აღება თავის დამცირება იქნებოდა. თანაც ამ ბიჭს ზრდასრული
მამაკაციც კი ვერაფერს დააკლებდა; გველივით სხარტი და სლიპინა იყო,
კუთხეშიც რომ მოემწყვდიათ, დამცინავი კივილით ფეხებს შორის
გაუსხლტებოდა. თუმცა მეორე დღესვე მისტერ ტრებს მივწერე, მისტერ პიპი
ყველანაირ ურთიერთობას წყვეტს იმ პიროვნებასთან, ვინც საზოგადოებას
იმდენად უპატივცემულოდ ეპყრობა, რომ ასეთი ამაზრზენი ბიყი ჰყავს
დასაქმებული-მეთქი.

დილიჟანსი, რომელშიც სხვა მგზავრებს შორის მისტერ ჯეგერსიც იჯდა,


დროულად წამომეწია, კოფოზე შევჯექი და ლონდონში მშვიდობით, თუმცა ვერ
ვიტყვი, რომ მშვიდად ჩავედი – გული საგულეში აღარ მქონდა. ჩასვლისთანავე
ჯოს სინანულის ნიშნად ვირთევზა და ერთი კასრი ხამანწკები გავუგზავნე
(თითქოს ამით მასთან მიუსვლელობას გამოვასწორებდი), რის შემდეგაც
ბერნარდის ფუნდუკს მივაშურე.

ჰერბერტი მაგიდასთან იჯდა და ცივ ხორცს ჭამდა. ჩემი დაბრუნება


გაუხარდა. შურისმაძიებელი მაშინვე კაფეში გავგზავნე სადილის ამოსატანად და
გადავწყვიტე, ჩემი უახლოესი მეგობრისათვის ამავე დღეს გადამეშალა გული.
რაკი შურისმაძიებლის წინკარში დგომისას (წინკარი კი სხვა არაფერი იყო, თუ
არა კარის ჭუჭრუტანის დანამატი) გულახდილი საუბარი გამორიცხული იყო, სხვა
რომ ვერაფერი მოვიფიქრე, თეატრში გავუშვი. ეს ფაქტი თვალსაჩინოდ
ცხადყოფს დაქვემდებარების იმ დონეს, რაც ამ მჩაგვრელთან მაკავშირებდა.
მისი დასაქმების პრობლემა ისეთ სასოწარკვეთილებაში მაგდებდა, ზოგჯერ
ჰაიდ-პარკის ჭიშკართანაც კი ვგზავნიდი საათის გასაგებად.

სადილის შემდეგ ბუხრის გისოსზე ფეხებშემოდებულნი მყუდროდ ვისხედით


და მაშინ ვუთხარი:
– ძვირფასო ჰერბერტ, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი უნდა გაგანდო.

– ჩემო ჰენდელ, – მიპასუხა, – შენს გულახდილობას პატივისცემითა და


გაგებით მოვეპყრობი.

– ჰერბერტ, ეს მე და კიდევ ერთ პიროვნებას გვეხება.

ჰერბერტმა ფეხი ფეხზე გადაიდო, თავი ჩემკენ მოაბრუნა, თუმცა ერთხანს


ცეცხლისთვის თვალი არ მოუცილებია, მაგრამ რაკი სიტყვა აღარ
გამიგრძელებია, შემომხედა.

– ჰერბერტ, – ხელი მუხლზე დავადე, – ესტელა მიყვარს... ვეთაყვანები.

გაოცების ნაცვლად ჰერბერტმა ძალიან სერიოზულად მკითხა:

– გასაგებია. მერე?

– რას ჰქვია – მერე, ჰერბერტ? სულ ესაა, რაც შეგიძლია მიპასუხო?

– რას აპირებ-მეთქი, ვიგულსხმე, თორემ ეგ ისედაც ვიცოდი.

– კი მაგრამ, საიდან იცოდი? – გავიკვირვე.

– საიდან და შენგან, ჰენდელ.

– ეს შენთვის არასოდეს მითქვამს.

– თქმა რა საჭიროა? თმას როცა იჭრი, არც ამას მატყობინებ, მაგრამ მაინც
ხომ ვამჩნევ. რაც გიცნობ, ესტელას სულ ეთაყვანები. ეგ გრძნობა აქ
საკვოიაჟთან ერთად ჩამოიტანე. არ მითქვამსო! სულ ამას არ მეუბნებოდი?
თავიდან, როცა შენი ამბავი მიამბე, მაშინვე გამაგებინე, რომ როგორც კი ნახე,
პირველივე დღიდან, შეიძლება ითქვას, ბავშვობიდან ეთაყვანები.

– მაშ, ძალიან კარგი, – ამ ჩემთვის სრულიად მოულოდნელმა ვითარებამ


შვება და სიხარული მომგვარა, – მთელი ამ წლების განმავლობაში გულიდან ვერ
ამოვიგდე, ცოტა ხნის წინათ კი დაბრუნდა და გუშინ ვნახე. მასზე მშვენიერი და
დახვეწილი ქვეყნად არავინ მეგულება. თუკი მანამდე ვეთაყვანებოდი,
გუშინდლის შემდეგ ასმაგად ვეთაყვანები.
– მაშ, იღბალი გქონია, ჰენდელ, – მითხრა ჰერბერტმა, – რაკი ის შენთვისაა
განკუთვნილი. მგონი, აკრძალულ თემას არ შევეხები, თუკი ვიტყვი, რომ ჩვენ
ორს შორის ეს ამბავი ერთხელ და სამუდამოდაა გარკვეული. ის თუ იცი, ესტელა
როგორ უყურებს შენს თაყვანისცემას?

– ოჰ, – უსასოოდ გავაქნიე თავი, – ის უსასრულოდ შორსაა ჩემგან.

– მოთმინება, ჩემო ძვირფასო ჰენდელ; ყველაფერს დრო უნდა. მგონი, კიდევ


რაღაც გაქვს სათქმელი?

– ამის თქმა მრცხვენია კიდეც, – გამოვუტყდი, – თუმცა გაფიქრება არანაკლებ


სამარცხვინოა. იღბლიანს მიწოდებ. რა თქმა უნდა, ასეცაა. ჯერ კიდევ გუშინ
მჭედლის შეგირდი ვიყავი; დღეს კი... რა ვთქვა? რა ვუწოდო თავს?

– ვთქვათ ასე: კარგი ახალგაზრდა, თუკი დახასიათება გჭირდება, –


ჰერბერტმა ღიმილით დამკრა ხელი ხელზე, – კარგი ახალგაზრდა, ვისშიც
უცნაურად ერწყმის გზნება და გაუბედაობა, სითამამე და სიმორცხვე, ქმედითობა
და ოცნება.

წუთით დავუფიქრდი იმას, ეს ნაზავი მართლა თუ შემესაბამებოდა. ამ


დახასიათებაში ჩემი თავი ვერაფრით ამოვიცანი, მაგრამ ჩავთვალე, რომ ამაზე
კამათი არ ღირდა.
– როდესაც გკითხე, დღეს რა ვარ-მეთქი, ჰერბერტ, – განვაგრძე, – ჩემს
ფიქრებს ვგულისხმობ. მეუბნები, იღბალი გაქვსო. მე კი ვიცი, რომ ჩემი
დაწინაურებისათვის არაფერი გამიკეთებია, ბედმა თვითონ იზრუნა ჩემზე და,
ალბათ, იღბალიც სწორედ ეს უნდა იყოს. მაგრამ როცა ესტელაზე ვფიქრობ...

– განა როდისმე არ ფიქრობ? – ჩაურთო ჰერბერტმა ისე, რომ ბუხრისათვის


თვალი არ მოუცილებია, რაც მისი მხრიდან ტაქტიან საქციელად ჩავთვალე.

– ...ასეთ დროს, ჩემო ჰერბერტ, ვერ აღგიწერ, რა უსუსურად ვგრძნობ თავს,


როგორ მაშინებს ის საფრთხე, რასაც ათასგვარი შემთხვევითობა მიქმნის.
შენსავით მეც თავს ავარიდებ აკრძალულ თემას, მაგრამ იმას მაინც ვიტყვი, რომ
ჩემი იმედები მთლიანად ერთადერთი პიროვნების ნებაზეა დამოკიდებული,
თუმცა ამ პიროვნებას არ დავასახელებ. საუკეთესო შემთხვევაშიც კი ეს ჩემი
იმედები უკიდურესად ბუნდოვანი და არამდგრადია და ეს გულს მიკლავს, – ამ
სიტყვებით მეგობარს ჩემი ხანგრძლივი, უფრო სწორად, მუდმივი დარდი
გავანდე, თუმცა ის მეტწილად გუშინდლის მერე გავაცნობიერე.

– ჩემო ჰენდელ, – თავისი მხნე და იმედიანი კილოთი მომმართა ჰერბერტმა,


– ჩემი აზრით, ნაზი გრძნობებით დადარდიანებულნი ხშირად ნაჩუქარ ცხენს
გამადიდებელი შუშით ვუსინჯავთ კბილებს და ამ დაკვირვებისას ამ ცხოველის
ერთ-ერთ საუკეთესო თვისებას უგულებელვყოფთ. ხომ მითხარი, რომ შენი
მეურვე მომავლის იმედების გარდა რაღაც რეალურსაც დაგპირდა? და ეგ რომც
არ ეთქვა – თუმცა ეს უკვე ძნელი წარმოსადგენია – მერწმუნე, ლონდონის
მთელი მცხოვრებლებიდან მისტერ ჯეგერსი უკანასკნელი კაცია, ვინც შენთან
ამჟამინდელ ურთიერთობას მყარი გარანტიების გარეშე დაამყარებდა.

ვუპასუხე, ასეთი საფუძვლიანი არგუმენტის უარყოფა მართლაც


ძნელია-მეთქი. ეს ისეთი კილოთი ვთქვი (ადამიანები ასე ხშირად იქცევიან),
თითქოს ჩემი სურვილის საპირისპიროდ მხოლოდ იმიტომ დავეთანხმე, რომ
ჭეშმარიტებაზე თვალს ვერ დავხუჭავდი, მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად
სწორედ ამის დაჯერება მსურდა.

– ეს მართლაც საფუძვლიანი არგუმენტია, – მითხრა ჰერბერტმა, – უკეთესის


მოგონება გაგიჭირდებოდა. სხვა მხრივ კი, შენმა მეურვემ იცის, რომ ყველაფერს
თავისი დრო აქვს და შენც მოცდა მოგიწევს. როცა ოცდაერთი წელი
შეგისრულდება, დანარჩენს მერე შეიტყობ, ყოველ შემთხვევაში, დიდხანს
მოცდა აღარ დაგჭირდება, რადგან საბოლოოდ ხომ ყველაფერი ირკვევა.

– რა ოპტიმისტი ხარ! – ვუთხარი გულწრფელად აღტაცებულმა და მადლიერმა.

– სხვა რა დამრჩენია, – მიპასუხა ჰერბერტმა, – თუმცა უნდა გითხრა, რომ ეს


ოპტიმიზმი დიდწილად ჩემი კი არა, მამაჩემისაა. ერთადერთი შენიშვნა, რაც შენ
ამბავთან დაკავშირებით მისგან მსმენია, ეს იყო: "ეს საქმე ერთხელ და
სამუდამოდაა გადაწყვეტილი, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯეგერსი მასში
მონაწილეობას არ მიიღებდა". მაგრამ ვიდრე კიდევ რამეს ვიტყოდე მამაჩემის ან
მისი ვაჟის შესახებ და გულახდილობას გულახდილობითვე გადაგიხდიდე,
შენთვის ფრიად უსიამოვნო ერთი რამ უნდა ვთქვა – ცხადია, ისევ შენდა
სასარგებლოდ.

– არა მგონია, შენი სიტყვები ჩემთვის უსიამოვნო იყოს, – ვუთხარი.


– ამაში ეჭვი ნუ შეგეპარება. ერთი, ორი, სამი, ვიწყებ: ჰენდელ, ჩემო კარგო, –
თითქოს მსუბუქად ლაპარაკობდა, მაგრამ სრულიად სერიოზული
გამომეტყველება ჰქონდა, – მას მერე, რაც აქ, ბუხრის წინ საუბარს შევუდექით,
ერთი ფიქრი არ მასვენებს: შეუძლებელია, ესტელა შენი მემკვიდრეობის
უპირობო ნაწილს წარმოადგენდეს, თუკი შენს მეურვეს ის შენთან არასოდეს
უხსენებია. ხომ არ ვცდები? რამდენადაც შენგან ვიცი, ამაზე არასოდეს უსაუბრია
არც პირდაპირ, არც მინიშნებით; არც გაკვრით უთქვამს, რომ შენს მწყალობელს
თქვენი დაქორწინება აქვს გადაწყვეტილი, ასეა?

– არა, არასოდეს უთქვამს.

– ჩემო ჰენდელ, პატიოსან სიტყვას გაძლევ, რომ უმწიფარი ყურძნის სურნელი


ნამდვილად არ მაწუხებს!(ალუზია ეზოპეს იგავ-არაკიდან "მელა და ყურძენი".)
თუკი მასთან არაფერი გაკავშირებს, იქნებ არც დაუკავშირდე? ხომ
გაგაფრთხილე, რომ უსიამოვნო რამ უნდა მეთქვა.

თვალი მოვარიდე და გვერდზე გავიხედე, რადგან უეცარმა სუსხმა ისევე


დამაზრო, როგორც ჭაობის ქარმა იმ დილით, როდესაც ჩემს სოფელს სამუდმოდ
ვეთხოვებოდი – მიდამოს პირქუში ნისლები ფარავდა და გულში ასეთივე უსიამო
განცდამ დამიარა, მერე კი, როცა გზის მაჩვენებელს ხელით შევეხე, კვლავ
მომეძალა. ერთხანს ორივე ვდუმდით.

– ჰო, მაგრამ, ძვირფასო ჰენდელ, – კვლავ წამოიწყო ჰერბერტმა ისე, თითქოს


საუბარი არ შეგვიწყვეტია, – თუკი ამ გრძნობამ ასე ღრმად გაიდგა ფესვი იმ
ბიჭის გულში, რომელიც ბუნებამ და ცხოვრებამ რომანტიკოსად აქცია, მაშინ ეს
ძალზე სერიოზულია. დაფიქრდი იმაზე, თუ რა პირობებში აღიზარდა ესტელა,
მის ჰევიშემზეც იფიქრე. იმაზეც, თუ რას წარმოადგენს ესტელა, როგორც
პიროვნება. ვიცი, ამის თქმით შეიძლება საბოლოოდ შეგაძულო თავი, მაგრამ
შედეგი შეიძლება ყოვლად სავალალო იყოს.

– ვიცი, ჰერბერტ, – ვუპასუხე ისე, რომ მისკენ არ მივბრუნებულვარ, – მაგრამ


თავს ვერაფერს ვუხერხებ.

– მისი დავიწყება არ შეგიძლია?

– არა, ეს შეუძლებელია!

– რომ სცადო, ჰენდელ?


– შეუძლებელია!

– კარგი! – ჰერბერტი წამოდგა და ისე შეიბერტყა, თითქოს ძილისგან თავს


იფხიზლებსო, – ამიერიდან კვლავ ვეცდები, გასიამოვნო.

ამის შემდეგ ოთახს ჩამოუარა, ფარდები გაასწორა, სკამები, წიგნები და სხვა


ნივთები მიალაგ-მოალაგა, წინკარში გაიხედა, საფოსტო ყუთში ჩაიხედა, კარი
მოხურა და ბუხართან თავის სავარძელს დაუბრუნდა: მარცხენა ფეხი მარჯვენაზე
გადაიდო და ორივე მკლავი შემოხვია.

– ორიოდე სიტყვის თქმა მსურს, ჰენდელ, მამაჩემისა და მისი ვაჟის შესახებ.


ვშიშობ, ზედმეტიც კია, მამაჩემის ვაჟმა ამტკიცოს, რომ მამაჩემის სახლში
ფრიად არასახარბიელო მატერიალური მდგომარეობაა.
– ყველას სამყოფი ხომ მაინც არის, ჰერბერტ, – მხოლოდ იმისთვის ვთქვი,
რათა როგორმე მენუგეშებინა.

– რასაკვირველია! დარწმუნებული ვარ, საკუთარ ფინანსებზე იმავეს იტყვის


მენაგვეცა და მეძველმანეც. ამას სერიოზულად ვამბობ, ჰენდელ, რადგან ეს
საკითხი მართლაც სერიოზულია და ჩვენი მდგომარეობა შენც კარგად
მოგეხსენება. ვფიქრობ, იყო დრო, როდესაც მამაჩემს ჯერ კიდევ ყველაფერზე არ
ჰქონდა ხელი ჩაქნეული, მაგრამ, ასე თუ ისე, ეს დრო წავიდა. შეიძლება
გკითხო? შენს მშობლიურ მხარეშიც თუ შეგინიშნავს ასეთი თავისებურება:
არცთუ სვეკეთილი ოჯახების შვილებს განსაკუთრებულად ეჩქარებოდეთ
დაოჯახება?

ეს კითხვა იმდენად მეუცნაურა, რომ კითხვითვე ვუპასუხე:

– მართლაც ასეა?

– არ ვიცი, – მომიგო ჰერბერტმა, – სწორედ ამის გარკვევას ვცდილობ. ყოველ


შემთხვევაში, ჩვენს ოჯახში ასეა. ჩემი საბრალო და შარლოტი, უშუალოდ ჩემ
შემდეგ რომ დაიბადა და მანამ გარდაიცვალა, ვიდრე თოთხმეტი წელი
შეუსრულდებოდა, ამის აშკარა მაგალითი იყო. პატარა ჯეინიც ასეა. გათხოვება
ისე მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, თითქოს თავისი ხანმოკლე ცხოვრების
განმავლობაში ოჯახური ბედნიერების გარდა არაფერი უნახავს. პატარა ალიკს კი
ჯერ კაბა არ გაუხდია, მაგრამ უკვე იზრუნა კიუში მცხოვრებ მავან გოგონასთან
სამომავლო შეუღლებაზე. მოკლედ რომ ვთქვა, სულ პატარას თუ არ ჩავთვლით,
მგონი, ყველანი დანიშნულები ვართ.

– ესე იგი, შენც? – ვკითხე.

– ჰო, – მიპასუხა ჰერბერტმა, – მაგრამ ეს ჯერ საიდუმლოა.

დავარწმუნე, რომ მის საიდუმლოს შევინახავდი და ვთხოვე, თავისი ამბავი


უფრო დაწვრილებით მოეთხრო. ჩემს სისუსტესთან დაკავშირებით ისე
გონივრულად და მგრძნობიარედ მესაუბრა, მომინდა, მისი ძალის შესახებაც
გამეგო რამე.

– შეიძლება მისი სახელი გკითხო?

– კლარა ჰქვია, – მიპასუხა ჰერბერტმა.

– ლონდონში ცხოვრობს?

– დიახ. ვფიქრობ, ისიც უნდა ვახსენო, – ამ საინტერესო თემას როგორც კი


მიადგა, რაღაცნაირი ნაღვლიანი თვინიერება დაეტყო, – რომ მისი
წარმომავლობა ოჯახზე დედაჩემის ახირებულ წარმოდგენებს ვერ შეესაბამება:
მამამისი სამგზავრო გემების მომარაგებაზე მუშაობდა. შეიძლება ითქვას, გემის
ხაზინადარის მსგავსი ვიღაც იყო.

– ახლა რას საქმიანობს? – ვკითხე.

– ახლა ინვალიდია, – მიპასუხა.


– და ცხოვრობს..?

– მეორე სართულზე, – ჰერბერტის ეს პასუხი სულაც არ იყო ის, რასაც


ველოდი, რადგან მე ამ ადამიანის მატერიალური უზრუნველყოფა ვიგულისხმე, –
თვითონ არასოდეს მინახავს, რადგან რაც კლარას ვიცნობ, ქვედა სართულზე
ერთხელაც არ ჩამოსულა. მაგრამ მისი ხმა გამუდმებით მესმის: ღრიალებს და
თან საშინელი ძალით ურტყამს იატაკს რაღაც ინსტრუმენტს, – ჰერბერტმა
შემომხედა, გაეცინა და წუთით თავისი ხალისიანი იერი დაიბრუნა.

– არც მომავალში ელოდები მასთან შეხვედრას? – ვკითხე.


– როგორ არა, გამუდმებით ველოდები, – მომიგო ჰერბერტმა, – რამდენჯერაც
მისი ბრაგვანი მესმის, იმდენჯერ ველოდები, რომ იატაკს ჩაანგრევს და ქვემოთ
ჩამოვარდება. უბრალოდ, არ ვიცი, ფიცრები კიდევ რამდენ ხანს გაუძლებს.

ორივემ კვლავ გულიანად გავიცინეთ, მერე კი ისევ დადარდიანდა და მამცნო,


როგორც კი კაპიტალის რეალიზებას დავიწყებ, მაშინვე ვაპირებ ამ ქალიშვილზე
დაქორწინებასო. იქვე თავისი დარდის მიზეზიც განმიმარტა:

– ვიდრე გამოცდილებას იკრებ, ცოლის შერთვა გამორიცხულია.

ერთხანს ცეცხლს ვაკვირდებოდით. იმაზე ვფიქრობდი, რომ კაპიტალის


რეალიზება, როგორც ჩანს, ერთობ რთული საქმე უნდა ყოფილიყო, ჯიბეში ხელი
ჩავიყავი და ხელში ქაღალდის დაკეცილი ფურცელი შემრჩა. გავშალე და ჯოს
მოცემული თეატრალური განცხადება ვიცანი, პროვინციელი ვარსკვლავის, ახალი
როსციუსის სპექტაკლის შესახებ რომ იუწყებოდა.

– ღმერთმანი, – შევყვირე უნებურად, – ეს ხომ დღეს საღამოსაა!

ამან ჩვენი საუბრის თემა წამში შეცვალა და სასწრაფოდ გადაგვაწყვეტინა


თეატრში წასვლა. მას მერე, რაც ჰერბერტს საზეიმოდ აღვუთქვი, რომ გულის
დარდების საქმეებში ყველა შესაძლო თუ შეუძლებელი ხერხით დავეხმარებოდი;
მან კი მამცნო, რომ მისი დანიშნული უკვე დაუსწრებლად მიცნობდა და სულ
მალე პირადადაც გავიცნობდი; ბოლოს კი ორმხრივი ნდობის ნიშნად ერთმანეთს
თბილად ჩამოვართვით ხელი, ოთახში სანთლები ჩავაქრეთ, ბუხარს
შევუკეთეთ, კარი გამოვიკეტეთ და მისტერ უოპსლსა და დანიას მივაშურეთ.
31

დანიაში მისულებს, ამ სახელმწიფოს მეფე და დედოფალი სამზარეულოს


მაგიდაზე შემოდგმულ სავარძლებში დაგვხვდნენ დაბრძანებულნი, მათ გარშემო
კი დანიის დიდგვაროვანნი შეკრებილიყვნენ. მათ შორის იყო დარბაისელი
ყმაწვილი, რომელსაც რომელიღაც გოლიათი წინაპრის ჩექმა ემოსა; აგრეთვე –
სახეგამურული მხცოვანი თავადი, რომელიც, როგორც ჩანს, მდაბიო ფენიდან
უკვე მხცოვან ასაკში გამოსულიყო. იქვე იყო თმაში სავარცხელგარჭობილი და
თეთრწინდიანი დანიელი რაინდი, რომელშიც მდედრობითი სქესის
წარმომადგენელს ამოიცნობდით. ჩემს ნიჭიერ თანამოქალაქეს ხელები მკერდზე
გადაეჭდო და განზე გამდგარიყო. მისტერ უოპსლის შემხედვარემ გავიფიქრე,
რომ მის მაღალ შუბლსა და კულულებს დამაჯერებლობა აკლდა.

მოქმედების მსვლელობისას არაერთმა უცნაურმა და სასაცილო გარემოებამ


იჩინა თავი. როგორც აღმოჩნდა, ქვეყნის გარდაცვლილ მეფეს თურმე
არამხოლოდ სიკვდილამდე აწუხებდა ძლიერი ხველა, არამედ სამარეშიც
ჩაჰყოლია და არც საიქიოდან მობრუნებულს მოსცილებია. გარდა ამისა,
ხელმწიფის აჩრდილს თავისი კვერთხის გარშემო ერთგვარი მისტიკური
გრაგნილი ჰქონდა შემოხვეული, რომელსაც დროდადრო ჩახედავდა ხოლმე,
ამასთან მოკვდავისათვის დამახასიათებელ მღელვარებასა და გულმავიწყებას
იჩენდა, რადგან საჭირო ადგილს ვერა და ვერ პოულობდა. ალბათ, სწორედ ეს
იყო იმის მიზეზი, რომ გალერეიდან ჩამოსძახეს: "უკანა გვერდზე ნახე!" – თუმცა
ამ რჩევამ გარდაცვლილი მეფე უკიდურესად განარისხა. ყოველ გამოჩენაზე
ისეთი იერი ჰქონდა, თითქოს უსასრულო დროით გამქრალიყო და კვლავ
არსაიდან გაჩენილიყო, არადა ძნელი მისახვედრი არ ყოფილა, კედლის ვიწრო
ჭრილიდან რომ გამოდიოდა. ამის გამო შიშის ნაცვლად დაცინვას იწვევდა.
დანიის დედოფალი კი ძალზე სანდომიანი ქალბატონი გახლდათ, თუმცა,
ისტორიული ჭეშმარიტება ითხოვდა, ის ურცხვად ჩაგვეთვალა; მაგრამ
მაყურებლები უფრო იმის გამო ემდუროდნენ, რომ მეტისმეტად ბევრი
სპილენძით დახუნძლულიყო. დიადემა ამ ლითონის ფართო ზოლით ნიკაპზე
ჰქონდა მიმაგრებული (გეგონებოდათ, კბილი სტკივაო), ასეთივე სარტყლები
წელზე და ორივე მაჯაზეც ეკეთა, რის გამოც მაყურებლებმა "დაფდაფი"
შეარქვეს. წინაპრის ჩექმაში გამოწყობილი დარბაისელი ყმაწვილი ძალზე
მრავალსახოვანი აღმოჩნდა, რადგან ლამის ერთდროულად ახერხებდა
განესახიერებინა გამოცდილი მეზღვაური, მოხეტიალე მსახიობი, მესაფლავე,
სასულიერო პირი და ყოვლად შეუცვლელი პიროვნება, რომელსაც სამეფო კარზე
გამართული ორთაბრძოლებისას გაწაფული თვალი და გამჭრიახობა საუკეთესო
დარტყმების შეფასების უფლებას აძლევდა. ამან მის მიმართ შეუწყნარებლობა
გამოიწვია და როდესაც სამღვდელოების ნიღაბს ამოეფარა და დაღუპული
ასულისათვის წესის აგებაზე უარი განაცხადა, ეს ვეღარ მოუთმინეს და კაკლები
დააყარეს. დაბოლოს, ოფელიას შეშლილობის სცენა ისე დიდხანს და ისეთი
მოსაწყენი მუსიკის თანხლებით მიმდინარეობდა, როდესაც, როგორც იქნა,
თეთრი თავშალი მოიხსნა, სათუთად დაკეცა და მიწაში ჩაფლა, გალერეის წინა
რიგში მჯდომმა პირქუშმა კაცმა, რომელიც მოაჯირის გისოსზე უკვე რახანია
მოუთმენლად იგრილებდა ცხვირს, ამოიღრინა: "ბავშვმა დაიძინა, ახლა
შეიძლება ვივახშმოთ კიდეც!" – რაც, სხვა თუ არაფერი, ყოვლად უადგილო
შენიშვნა იყო.

მთელი ეს უცნაურობები ჩემს საბრალო თანამოქალაქეს დაატყდა თავს.


როცაკი ამ თავგზააბნეულ უფლისწულს შეკითხვის დასმა ან ეჭვის გამოთქმა
უწევდა, მაყურებლები მაშინვე დახმარებას სთავაზობდნენ. მაგალითისათვის,
როცა იკითხა, "სულდიდ ქმნილებას რა შეჰფერის – ის, რომ იტანჯოს?.." –
მაყურებელთაგან ზოგმა "ჰო" იღრიალა, ზოგმაც "არა", სხვებმა კენჭისყრა
შესთავაზეს და, საბოლოოდ, გაცხოველებული კამათი ატყდა. როდესაც იკითხა:
"რა საჭიროა, ჩემისთანა არსება ცასა და მიწას შუა ცოცავდეს?" – ხმამაღალი
შეძახილებით წააქეზეს "მართალია! მართალი!"; ხოლო ჩამოკეცილი წინდით
რომ გამოგვეცხადა (უფრო სწორად, წინდა ძალზე კოხტად ჰქონდა ჩაკეცილი,
რაც, ვფიქრობ, უთოს დამსახურება იყო), გალერეაზე საუბარი გაიბა – ზოგმა
ფეხის კანის სითეთრე შეუქო, ზოგმა კი ვარაუდი გამოთქვა, მამის აჩრდილის
მიერ მოგვრილმა შოკმა გააფითრაო. როდესაც ხელში საკრავი აიღო – ძალიან
ჰგავდა იმ პატარა შავ ფლეიტას, რომელსაც წუთის წინ ორკესტრში უკრავდნენ,
მერე კი გვერდით, კარში ვიღაცას გადააწოდეს – მაყურებლებმა ერთხმად
სთხოვეს, "იმეფე, ბრიტანეთო!" შეესრულებინა. როდესაც მოხეტიალე მსახიობს
ურჩია, მკლავებით ჰაერს ნუ გასერავო, გალერეის პირქუშმა ბინადარმა ჩასძახა:
"შენს თავს მიხედე, შენ თვითონ მასზე უარესი ხარ!" საბრალო მისტერ უოპსლის
სავალალოდ უნდა აღვნიშნო, რომ ყოველ მსგავს შენიშვნას გამაყრუებელი
ხარხარი მოსდევდა.

მაგრამ უდიდესი განსაცდელი მაინც სასაფლაოზე მოელოდა. სასაფლაო


პრეისტორიულ ტყეს უფრო ჰგავდა. ერთ მხარეს სამრეცხაოს მაგვარი ციცქნა
შენობა იდგა, რომლის სახურავზე ჯვარი იყო აღმართული და ამის გამო, როგორც
ჩანს, ეკლესიად უნდა ჩაგვეთვალა. მეორე მხარეს ჭიშკარი მოჩანდა. როცა ამ
ჭიშკარში უკიდეგანო შავი მოსასხამით შემოსილმა მისტერ უოპსლმა შემოაბიჯა,
იქვე მყოფმა მესაფლავემ მაშინვე გაფრთხილება მიიღო: "კარგად თუ არ
იმუშავებ, ძმობილო, აგერ მეკუბოე მოდის და, იცოდე, შავ დღეს დაგაყრის!"
ჩემი
აზრით, ნებისმიერ ცივილიზებულ მოქალაქეს უნდა სცოდნოდა, რომ მას მერე,
რაც მისტერ უოპსლი თავის ქალის მისამართით ფილოსოფიურ მოსაზრებებს
გამოთქვამდა, თავის ადგილას ისე ვერ დააბრუნებდა, ხელები უბიდან
ამოღებული თეთრი ხელსახოცით რომ არ გაეწმინდა; მაგრამ ამ უწყინარ და
თავისთავად ცხად ქმედებასაც კი ისე არ ჩაუვლია, რომ დარბაზიდან არ
დაეყვირათ: "ოფი-ციანტო!". ღია საფლავთან ცხედრის მისვენებამ (მოგრძო შავი
კოლოფით, რომელსაც თავსახური ცუდად ეფარა) დაუოკებელი სიხარულის
ახალი ტალღა ააგორა, მით უმეტეს, როდესაც კუბოს მზიდავებს შორის ვიღაცამ
თავისი ნაცნობი აღმოაჩინა. მისტერ უოპსლი იძულებული გახდა, ასეთივე
სიხარულის თანხლებით შებრძოლებოდა ლაერტს, თანაც ორკესტრისა და
სამარის პირას. შემდეგ კი ჯერ თავისი ბიძა სამზარეულოს მაგიდიდან ძირს
ჩამოამხო და მერე თვითონაც, ისევ იმ შეძახილების ფონზე, თანდათანობით –
კოჭებიდან ზევით – მიიცვალა.

მე და ჰერბერტმა მისტერ უოპსლისთვის ტაშის დაკვრის სუსტი მცდელობა


წამოვიწყეთ, მაგრამ სრული უიმედობის გამო მაშინვე ვანებეთ თავი.
მიუხედავად იმისა, რომ გულწრფელად თანავუგრძნობდით, ჩვენ თვითონაც
ყურებამდე ვიცინოდით. სანახაობა იმდენად კურიოზული იყო, მთელი
სპექტაკლის განმავლობაში ჩემდაუნებურად ვხარხარებდი. და მაინც, მთელი ამ
ხნის განმავლობაში არ მტოვებდა შთაბეჭდილება, რომ მისტერ უოპსლის
მხატვრულ თქმაში იყო რაღაც ამაღლებული და ეს ძველი ნაცნობობით არ
ყოფილა გამოწვეული, არამედ იმით, რომ სიტყვებს ძალიან ნელა,
გულისშემძვრელად, გაწელვით, ხმის უეცარი აწევ-დაწევით წარმოთქვამდა, რაც
სრულებით არ ჰგავდა ნებისმიერი ადამიანის მიერ სიცოცხლესა თუ სიკვდილის
ჟამს გამოხატულ გრძნობებს. წარმოდგენის დასრულების შემდეგ, როდესაც
მისტერ უოპსლი გამოიძახეს და სტვენით აიკლეს, ჰერბერტს ჩავჩურჩულე:

– ჩქარა წავიდეთ, არ შეგვნიშნოს.

კიბე, რაც შეგვეძლო, სწრაფად ჩავიარეთ, მაგრამ გაპარვა მაინც ვერ


მოვასწარით. კართან ვიდაც ებრაელი კაცი იდგა, რომელსაც წარბები ძალზე
სქლად ჰქონდა მოხატული; როგორც კი შორიდან დამინახა, თვალი აღარ
მოუცილებია და, რომ მივუახლოვდით, მომმართა:
– მისტერ პიპი და მისი მეგობარი ბრძანდებით?

ვაღიარეთ, რომ, მართლაც, მისტერ პიპი და მისი მეგობარი ვიყავით.

– მისტერ ვალდენგარვერი ძალზე მოხარული იქნება, თუკი პატივს დასდებთ,


– მითხრა კაცმა.

– ვალდენგარვერი? – გავიკვირვე, მაგრამ ჰერბერტმა ჩამჩურჩულა, ალბათ,


უოპსლიაო.

– ოჰ, რა თქმა უნდა, – გამოვერკვიე, – გაგვიძღვებით?

– სულ რამდენიმე საფეხურია, გეთაყვა, – მითხრა და როდესაც დერეფანში


აღმოვჩნდით, მოგვიბრუნდა და გვკითხა, – რას იტყვით, როგორ
გამოიყურებოდა? მე ჩავაცვი!

გულახდილად რომ ვთქვა, ჰამლეტის ჩაცმულობა მხოლოდ დაკრძალვისთვის


თუ გამოდგებოდა. ყველაფერთან ერთად, გულზე ლურჯი თასმით ვეებერთელა
დანიური მზე ეკიდა, რომელიც ყველაზე მეტად სადაზღვევო ბირკას წააგავდა და
მისტერ უოპსლსაც ხანძრისაგან დაზღვეულ შენობას ამსგავსებდა. თუმცა
ხმამაღლა ისდა ვთქვი, საუკეთესოდ გამოიყურებოდა-მეთქი.

– საფლავთან რომ მივიდა, – აგვიხსნა მეგზურმა, – მოსასხამის კალთები


ულამაზესად ააფრიალა. მაგრამ, ჩემი აზრით, იმ სცენაში, სადაც დედოფლის
ოთახში აჩრდილი გამოეცხადა, შეეძლო, წინდა უკეთ გამოეჩინა, ყოველ
შემთხვევაში, კულისებიდან ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა.

მის განსჯას თავმდაბლურად დავეთანხმე და ამის შემდეგ ორფრთიან,


ბინძურ კარს მივადექით, რომლის იქითაც რაღაც ცხელ და ვიწრო კოლოფში
მისტერ უოპსლი დანიურ სამოსს იხდიდა. რაკიღა შიგნით ჩვენთვის ადგილი არ
იყო, კარი ღია დავტოვეთ და ზღურბლზე გავჩერდით.

– ბატონებო, – მოგვმართა მისტერ უოპსლმა, – თქვენთან შეხვედრა ჩემთვის


დიდი პატივია. მისტერ პიპ, იმედი მაქვს, მომიტევებთ, რომ მოგიწვიეთ. წინათ
თქვენი ნაცნობობის ბედნიერება მქონდა, თეატრი კი ყველა დროში შეძლებული
და გავლენიანი ადამიანების მფარველობის ხარჯზე არსებობდა.

ამას რომ ამბობდა, მისტერ ვალდენგარვერი ამაოდ ცდილობდა უფლისწულის


სამოსისაგან თავის გათავისუფლებას და ისე ირჯებოდა, შუბლი ოფლითაც კი
დაეცვარა.

– ფრთხილად ჩამოქაჩეთ წინდა, მისტერ ვალდენგარვერ, თორემ გაიხევა, –


მიმართა კოსტიუმის მეპატრონემ, – ეს კი ოცდაცამეტი შილინგის გახევას უდრის.
შექსპირს ასეთი წინდა ჯერ არასოდეს ღირსებია. ჯობია, მშვიდად დაჯდეთ, მე
გაგხდით.

ამ სიტყვებით დაიჩოქა და თავისი მსხვერპლის გატყავებას შეუდგა. ცალი


წინდის ჩამოძრობისთანავე უფლისწული ნამდვილად სკამიანად
გადაყირავდებოდა, საამისო ადგილი რომ ჰქონოდა.

აქამდე წარმოდგენის შესახებ ხმის ამოღება ვერ გავბედე, მაგრამ მისტერ


ვალდენგარვერმა თვითკმაყოფილი სახით ამოგვხედა და გვკითხა:

– ჯენტლმენებო, სპექტაკლი როგორ მოგეწონათ? დარბაზიდან რა


შთაბეჭდილებას ტოვებს?

ჰერბერტმა უკნიდან იდაყვი გამკრა და წარმოთქვა:

– დიდებულია.
მეც გავიმეორე:

– დიდებულია.

– პერსონაჟის ჩემეულ გარდასახვაზე რას იტყვით? – თითქმის მოწყალე


კილოთი გვკითხა მისტერ ვალდენგარვერმა.

ჰერბერტმა კვლავ იდაყვი გამკრა და უკნიდან შემაშველა სიტყვა:

– შთამბეჭდავი და მძლავრი იყო.

მეც ისეთი კილოთი გავიმეორე, თითქოს ორიგინალური აზრი დამებადა და


მის დასაბუთებას ვცდილობდი:

– შთამბეჭდავი და მძლავრი იყო.


– მახარებს თქვენი შეფასება, ბატონებო, – ძალზე ღირსეული კილოთი
წარმოთქვა მისტერ ვალდენგარვერმა, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ იმ დროს
კედელზე იყო მიჭეჭყილი და ორივე ხელით სკამის საზურგეს ჩაფრენოდა.

– მე კი ერთ რამეს გეტყვით, მისტერ ვალდენგარვერ, – მიმართა ძირს


დაჩოქილმა კაცმა, – არის ერთი რამ, რაშიც ჰამლეტის სახე მცდარად გესმით და
ვინც გინდათ, ის შემეკამათოს. ამას მე გეუბნებით. მეტისმეტად ხშირად დგებით
ისე, რომ დარბაზს ფეხებს პროფილში უჩვენებთ. უკანასკნელი ჰამლეტი,
რომელსაც ჩავაცვი, რეპეტიციებზე მსგავს შეცდომას უშვებდა, ვიდრე არ ვურჩიე,
მუხლების ქვევით თითო დიდი წითელი ორცხობილა მიემაგრებინა და მომდევნო
რეპეტიციაზე (ეს კი უკანასკნელი რეპეტიცია იყო) პარტერის ბოლო რიგში
დავჯექი; საკმარისი იყო, პროფილით შემობრუნებულიყო, მაშინვე ვუყვიროდი:
"ორცხობილებს ვერ ვხედავ!" ამის შემდეგ პრემიერაზე პერსონაჟი ბრწყინვალედ
წარმოადგინა.

მისტერ ვალდენგარვერმა ისეთი იერით გამიღიმა, აქაოდა, ერთგული


დამხმარეა, ამიტომაც ვპატიობ ახირებებსო, ხმამაღლა კი ეს უპასუხა:

– აქაური მაყურებლისათვის ჩემი ხედვა ცოტათი კლასიკური და ღრმაა,


მაგრამ, ადრე თუ გვიან, მიიღებენ.

მეც და ჰერბერტიც ერთხმად დავეთანხმეთ, რომ, უეჭველია, მის ხედვას,


ადრე თუ გვიან, მიიღებდნენ.

– ის თუ შენიშნეთ, ბატონებო, – გვკითხა მისტერ ვალდენგარვერმა, –


გალერეიდან ვიდაც კაცი წირვის... მინდოდა მეთქვა, სპექტაკლის მასხრად
აგდებას რომ ცდილობდა.

ორივემ თვალთმაქცურად ვუპასუხეთ, მგონი, ასეთი კაცი მართლაც


შევნიშნეთო. მე კი დავძინე:

– ვფიქრობ, მთვრალი უნდა ყოფილიყო.

– არა, რას ამბობთ, – მიპასუხა მისტერ უოპსლმა, – მთვრალი ვერ იქნებოდა.


ამას მისი დამქირავებელი არ დაუშვებდა.

– იცნობთ მის დამქირავებელს? – ვკითხე.


მისტერ უოპსლმა თვალები დახუჭა, მერე კი გაახილა; ორივე ცერემონია ნელა
და საზეიმოდ შეასრულა.

– უთუოდ შენიშნავდით, ჯენტლმენებო, იმ ტლუ და უმეცარ ვირს, ჩახლეჩილი


ხმით ვითომდა ბოროტ ზრახვებს რომ აფრქვევდა, სინამდვილეში კი მხოლოდ
აფუჭებდა პერფორმანსს (ხომ მომიტევებთ ფრანგულ გამოთქმას?), და – დანიის
მეფეს, რომელიც კლავდიუსის როლს ვერ ვიტყვი, ასრულებდა-მეთქი, უფრო
კითხულობდა. ის კაცი სწორედ მისი დავალებით მოქმედებდა. რას იზამ, ასეთია
ჩვენი პროფესია!

არ ვიცი, უფრო მეტად თუ შემეცოდებოდა მისტერ უოპსლი იმ შემთხვევაში,


თუკი სასოწარკვეთილებაში ჩავარდებოდა, მაგრამ ამის გარეშეც ისე ძლიერ
შემეცოდა, რომ დრო ვიხელთე, ვიდრე ის შარვლის აჭიმებს იწევდა (რათა
მისთვის ხელი არ შეგვეშალა, კარიდან დერეფანში უკან დავიხიეთ) და
ჰერბერტს ვკითხე, წინააღმდეგი ხომ არ იყო, მისტერ უოპსლი ვახშმად
მოგვეწვია. ჰერბერტმა მითხრა, ეს ნამდვილად კეთილი საქმე იქნებაო, და მეც
ჩვენი ჰამლეტი ბერნარდის ფუნდუკში მივიპატიჟე. ხალისით წამოგვყვა, თუმცა
ქუჩაში თვალებამდე აიფარა კაშნე. რაც კი შევძელით, საუკეთესოდ
გავუმასპინძლდით და ღამის ორ საათამდე გვიზიარებდა თავის წარმატებებსა
და სამომავლო გეგმებს. ახლა ვეღარ ვიხსენებ, ეს გეგმები რას ეხებოდა,
ზოგადად კი მახსოვს, კარიერის დაწყებას დრამის აღორძინებით რომ აპირებდა,
დასრულებას კი – განადგურებით, რადგან არავითარ ეჭვს არ იტოვებდა, რომ მის
გარდაცვალებასთან ერთად, როგორც ასეთს, დრამასაც მოეღებოდა ბოლო.

ამ ყოველივეს შემდეგ, ესტელაზე მტკივნეული ფიქრით გულმოკლულს


დამეძინა და მესიზმრა, რომ ჩემი სამომავლო იმედები ერთბაშად განქარდა და
ცოლად ჰერბერტის კლარა უნდა მომეყვანა, ანდა მის ჰევიშემის აჩრდილთან
ერთად ოცი ათასკაციანი დარბაზის წინაშე ჰამლეტი განმესახიერებინა, თუმცა
მთელი როლიდან ოცი სიტყვაც კი არ მახსოვდა.
32

ერთ დღეს მისტერ პოკეტთან ვმეცადინეობდი, როდესაც ფოსტით ბარათი


მივიღე. კონვერტის დანახვისთანავე ცახცახი ამიტყდა. უცნობი ხელით იყო
ნაწერი, თუმცა გამომგზავნი მაშინვე ამოვიცანი. წერილის დასაწყისში არც
"ძვირფასო მისტერ პიპ" ეწერა, არც რამე ჩვეული მიმართვა – "ჩემო ბატონო" თუ
მისთანა. პირდაპირ ასე იწყებოდა:

"ზეგ შუადღის დილიჟანსით ვაპირებ ლონდონში ჩამოსვლას. მგონი,


შევთანხმდით, რომ დამხვდებოდით? ყოველ შემთხვევაში, მის ჰევიშემს ასეთი
შთაბეჭდილება დარჩა და მეც მისი დავალებით გწერთ. მის ჰევიშემი მოკითხვას
გითვლით.

თქვენი ესტელა".

დრო რომ მქონოდა, ამ შემთხვევისათვის, ალბათ, რამდენიმე ახალ


კოსტიუმს შევუკვეთავდი. რაკი დრო აღარ რჩებოდა, რაც მქონდა, იმით უნდა
დავკმაყოფილებულიყავი. ერთბაშად დავკარგე მადა და, ვიდრე ეს დღე არ
დადგა, მოსვენებას ვერ ვპოულობდი. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ნანატრმა დღემ
მოსვენება დამიბრუნა. დათქმულ დღეს კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში
ჩავვარდი და ჩიპსაიდის ვუდ-სტრიტზე მდებარე დილიჟანსების სადგურს მანამ
მივადექი, ვიდრე ესტელას დილიჟანსი ჩვენი ქალაქიდან გამოსვლას
მოასწრებდა. თუნდაც ხუთი წუთით დილიჟანსების სადგურისათვის თვალის
მოცილება დაუშვებელ კატასტროფად მიმაჩნდა. ამგვარად, სადარაჯოზე ჩემი
ოთხ- თუ ხუთსაათიანი დგომის პირველი ნახევარი საათი გასულიყო, როდესაც
უეცრად უემიკი შემეფეთა.

‒ სალამი, მისტერ პიპ! – შესძახა, – როგორ გიკითხოთ? არ მეგონა, ამ


მიდამოებში თუ სეირნობდით!

ავუხსენი, რომ დილიჟანსზე ნაცნობს უნდა დავხვედროდი, მერე კი


ციხესიმაგრე და მოხუცი მოვიკითხე.
– ორივე შესანიშნავადაა, გმადლობთ, – მიპასუხა, – განსაკუთრებით მოხუცი.
სულ მალე ოთხმოცდაორი წელი შეუსრულდება და გადაწყვეტილი მაქვს, ამ
დღეს ოთხმოცდაორჯერ გავისროლო ზარბაზანი, თუკი მეზობლები არ
დამემდურებიან და თვით ზარბაზანმაც გაუძლო ამგვარ დატვირთვას. მაგრამ
ლონდონში არ ღირს ამაზე ლაპარაკი. როგორ ფიქრობთ, საით მივდივარ?

– კანტორაში? – ვივარაუდე, რადგან სწორედ ეს მიმართულება ჰქონდა


არჩეული.

– თითქმის გამოიცანით, – მომიგო უემიკმა, – ნიუგეიტში მივდივარ. ამჟამად


ბანკის გაძარცვის საქმეზე ვმუშაობთ. ეს წუთია, გზად დანაშაულის ადგილზე
შევიარე და ამასთან დაკავშირებით ჩვენს კლიენტთან რამდენიმე შეკითხვა
გამიჩნდა.

– თქვენმა კლიენტმა ბანკი გაძარცვა? – ვკითხე.

– რა თქმა უნდა, არა, ეგ რამ გაფიქრებინათ? – უკიდურესად ცივად მიპასუხა


უემიკმა, – მაგრამ სწორედ ამას სდებენ ბრალად. ასე შეიძლება თქვენზეც ან
ჩემზეც მიიტანონ ეყვი.

– მაგრამ არცერთ ჩვენგანზე ეჭვი არ მიუტანიათ, – ფრთხილად შევნიშნე.

– დიახ! – უემიკი საჩვენებელი თითით მკერდზე შემეხო, – ძალზე გამჭრიახი


ბრძანდებით, მისტერ პიპ. ხომ არ ისურვებდით ჩემთან ერთად ნიუგეიტში
წამოსვლას? თავისუფალი დრო თუ გაქვთ?

თავისუფალი დრო იმდენი მქონდა, ეს შემოთავაზება ნამდვილ ხსნად


მომევლინა, მიუხედავად ჩემი დაუოკებელი სურვილისა, დილიჟანსებზე
განუწყვეტლივ მჭეროდა თვალი. ახლავე დავაზუსტებ-მეთქი, ჩავილაპარაკე და
კანტორაში შევედი. იქ მჯდომი, ჩემგან ისედაც შეწუხებული კლერკი კიდევ უფრო
გავაღიზიანე იმით, რომ დაზუსტება ვთხოვე, ყველაზე ადრე როდის შეიძლებოდა
მოსულიყო დილიჟანსი, თუმცა პასუხი წინდაწინ და ლამის მასზე უკეთ ვიცოდი.
ამის შემდეგ უემიკს დავუბრუნდი, გზადაგზა ვითომდა საათს ვაკვირდებოდი და
მიღებულ პასუხს მოჩვენებითი გაოცებით ვიაზრებდი.

ნიუგეიტს ხუთ წუთში მივადექით. გავიარეთ სადარაჯო, რომლის კედლებზე,


საპატიმროს განაწესების გვერდით, ხელბორკილები ეკიდა, და შიდა ეზოში
შევედით. იმხანად საპატიმროები ძალზე მოუვლელი იყო. ჯერ კიდევ არ ჩანდა ის
დრო, როდესაც ყოველ საზოგადოებრივ უსამართლობასთან დაკავშირებით
ხმამაღალი პროტესტი გამოითქმებოდა. ამიტომაც მაშინ პატიმრების
საცხოვრებელი პირობები და კვება ჯარისკაცებისაზე დიდად უკეთესი არ
ყოფილა (რომ აღარაფერი ვთქვათ ქუჩის მათხოვრებზე). სხვათა შორის,
პატიმრებიც იშვიათად უკიდებდნენ ციხეს ცეცხლს საპატიო მიზეზით, აქაოდა,
წვნიანის სურნელი არ მოგვეწონაო. უემიკმა შეხვედრების დროს მომიყვანა.
ლუდის გამყიდველი წრეზე დადიოდა. ეზოში გამავალ გისოსებს მიღმა მდგარი
პატიმრები ლუდს ყიდულობდნენ და მეგობრებს ესაუბრებოდნენ, რაც ძალზე
ნაღვლიანი, ზიზღის აღმძვრელი და მძიმე საყურებელი იყო.

გამეფიქრა, რომ უემიკი პატიმრებს შორის ისე დადიოდა, როგორც მებაღე


თავის მცენარეებში. ეს შედარება პირველად მაშინ დამებადა, როცა მან
წუხანდელ ყლორტს მიაქცია ყურადღება: "ოჰ, კაპიტანო ტომ! შენც აქ ხარ? რა
სიურპრიზია!" მერე სხვას მიმართა: "ეს ვინაა ცისტერნის უკან? შავი ბილი? ეს
ორი თვეა ვფიქრობდი, სად დაიკარგა-მეთქი. აბა, როგორ ხარ?" ზოგიერთ
გისოსთან ჩერდებოდა და თანამოსაუბრეთა შეშფოთებულ ჩურჩულს უგდებდა
ყურს, ასეთ დროს თავის საფოსტო ყუთს მკვრივად და უძრავად ხურავდა და
მათი საუბრიდან თითქოს იმის გაგება სურდა, ბოლო ნახვიდან რამდენად
გაიზარდნენ და სასამართლოს დღეს თუ აყვავდებოდნენ.

ყველა დიდის ამბით ხვდებოდა და მივხვდი, რომ აქაურებისათვის უემიკი


მისტერ ჯეგერსთან დამაკავშირებელ ძაფს წარმოადგენდა. მისტერ ჯეგერსის
დიდება მცირედ მასზეც ვრცელდებოდა და ეს ავალდებულებდა, თავი გარკვეულ
ჩარჩოებში მოექცია. თითოეული კლიენტის ამოცნობისას უხმოდ უკრავდა თავს,
საფოსტო ყუთს ხურავდა, თავზე ქუდს ორივე ხელით ისწორებდა, რის შემდეგაც
ხელებს ჯიბეებში იყოფდა. ორჯერ არასაკმარის გასამრჯელოსთან
დაკავშირებით სირთულე შეიქმნა – თავისკენ გამოწვდილ ნაკლულ თანხაზე
უემიკი ხელებს ასავსავებდა და ამბობდა:

– აზრი არა აქვს, მეგობარო. მე მხოლოდ დაქვემდებარებული პირი ვარ და


ვერ გამოგართმევთ. დაქვემდებარებულ პირთან კამათს აზრი არა აქვს. სრულ
თანხას თუ ვერ აგროვებთ, გიჯობთ, სხვა ვექილს მიმართოთ; ხომ იცით,
ლონდონში უამრავი ვექილია და, თუკი ერთს ეს თანხა გარჯად არ უღირს, სხვას,
შესაძლოა, უღირდეს კიდეც; ამას გირჩევთ, როგორც დაქვემდებარებული პირი.
ტყუილად ნურც ეცდებით. რა აზრი აქვს?! აბა, შემდეგი?

ასე გავიარეთ უემიკის სათბური, ვიდრე არ ჩამჩურჩულა, იმ კაცს მიაქციეთ


ყურადღება, რომელსაც ახლა ხელს ჩამოვართმევო. ამას მისი გაფრთხილების
გარეშეც ვიზამდი, რადგან იქ მყოფთაგან ჯერ ხელი არავისთვის ჩამოერთმია.

თითქმის მაშინვე დავინახე გისოსს მიღმა წელში გასწორებული ზორბა კაცი


(ამას რომ ვწერ, ახლაც თვალწინ მიდგას), რომელსაც გაცვეთილი, წენგოსფერი
ქურთუკი ეცვა, ეტყობოდა, ფერიანი სახის პატრონი უნდა ყოფილიყო, მაგრამ
ახლა რაღაც უცნაური სიფითრე გადაჰკვროდა, მზერას ვერაფერზე აჩერებდა,
რაგინდ ეცადა. ის გისოსებს მოუახლოვდა და სამხედრო სალმის ნიშნად
გაგლესილი ბულიონივით გაქონილ ქუდზე ხუმრობანარევი მოწიწებით მიიდო
ხელი.

– პოლკოვნიკს ვახლავარ! – მიესალმა უემიკი, – როგორ გიკითხოთ,


პოლკოვნიკო?

– არა მიშავს, მისტერ უემიკ.

– რაც კი შეიძლებოდა, ყველაფერი ვიღონეთ, მაგრამ ჩვენ წინააღმდეგ


მეტისმეტად ძლიერი მოწმეები გამოვიდნენ, პოლკოვნიკო.

– დიახ, მეტისმეტად ძლიერი, სერ, თუმცა... არაფერს ვნანობ.

– რასაკვირველია, – მშვიდად დაუკრა თავი უემიკმა, – თქვენ არაფერს


ნანობთ, – მერე კი მომიბრუნდა, – ეს კაცი მის უდიდებულესობა მეფეს
ემსახურებოდა. მამაცი მეომარი იყო და სამხედრო სამსახურიდან თავი
გამოისყიდა.

– მართლა? – აღტაცება გამოვხატე და კაცმა წამით მომაპყრო უცნაურად


მოხეტიალე თვალები, შემდეგ ჩემ თავზევით აიხედა, ბოლოს მზერა გარს
შემომატარა, პირზე ხელი გადაისვა და გაიცინა.

– ვფიქრობ, აქაურობას ორშაბათს დავაღწევ თავს, სერ, – უთხრა უემიკს.

– შესაძლოა, – მიუგო ჩემმა მეგობარმა, – მაგრამ ეს დანამდვილებით არავინ


იცის.

– მიხარია, რომ თქვენთან დამშვიდობების საშუალება მომეცა, მისტერ უემიკ,


– კაცმა გისოსებს შორის ხელი გამოუწოდა.

– გმადლობთ, – უემიკმა ხელი ჩამოართვა, – ეს მეც მიხარია, პოლკოვნიკო.


– ჩემი დაკავებისას რაც თან მქონდა, ნამდვილი რომ ყოფილიყო, – განაგრძო
კაცმა და თან უხალისოდ შეუშვა ხელი, – თქვენი ზრუნვისათვის მადლიერების
ნიშნად უსათუოდ გთხოვდით, ჩემთვის პატივი დაგედოთ და ერთი ბეჭედი ჩემ
სახსოვრადაც გეტარებინათ.

– ჩათვალეთ, რომ ასეც მოიქეცით, – ანუგეშა უემიკმა, – სხვათა შორის, თქვენ


ხომ მტრედების მოყვარული იყავით, – კაცმა ცას ახედა, – მითხრეს, ტრიალა
ჯიშის შესანიშნავი მტრედები გყოლიათ. თუკი სხვა აღარაფერში დაგჭირდებათ,
იქნებ რომელიმე მეგობარს დაავალოთ, ერთი წყვილი მომიყვანოს?

– ამას გავაკეთებ, სერ.

– კარგი, – თავი დაუკრა უემიკმა, – მათ კარგად მოვუვლი. კარგ დღეს


გისურვებთ, პოლკოვნიკო! მშვიდობით! – ერთმანეთს ისევ ჩამოართვეს ხელი და
როცა გავშორდით, უემიკმა მითხრა, – ყალბი ფულის მჭრელია, ძალზე გაწაფული
ოსტატი. ბრძანებას დღეს მოეწერა ხელი და ორშაბათს უეჭველად
ჩამოახრჩობენ. ხომ ხედავთ, ასე თუ ისე, წყვილი მტრედი მაინც მოძრავი
ქონებაა, – ამ სიტყვებით უკან მიბრუნდა და თავის გამხმარ მცენარეს თვალი
შეავლო. მერე კი მის გარშემოც მიმოიხედა, თითქოს იმას ფიქრობდა, თუ
რომელი ქოთნის დადგმა ჯობდა მის ადგილას.

როცა საპატიმროდან ისევ სადარაჯოს გავლით გამოვდიოდით, იმაში


დავრწმუნდი, რომ ჩემი მეურვის გავლენა ციხის ზედამხედველებზეც ისევე
ვრცელდებოდა, როგორც პატიმრებზე.

– მისტერ უემიკ, – წვეტიანი გისოსის ორი კარის შუალედში შეგვაჩერა ერთმა


ზედამხედველმა და, ვიდრე ერთ კარს გაგვიღებდა, მეორე საგულდაგულოდ
ჩარაზა ჩვენს ზურგს უკან, – მაინც რას უპირებს მისტერ ჯეგერსი იმ სანაპიროზე
მომხდარ მკვლელობას? საქმეს არაგანზრახ მკვლელობისკენ შეატრიალებს თუ
სხვა რამეს იღონებს?

– თვითონ მას რატომ არ ჰკითხავთ ამის შესახებ? – ჰკითხა მისტერ უემიკმა.

– აბა, რას ამბობთ! – შეიცხადა იმან.

– აი, ასე იქცევა ყველა, მისტერ პიპ, – მომიბრუნდა უემიკი და თავისი


საფოსტო ყუთის ჭრილი გაწელა, – მე, ხელქვეითს, მოურიდებლად მაყრიან
კითხვებს, ჩემს უფროსს კი შეკითხვის დასმას ვერ უბედავენ.

– ეს ახალგაზრდა ჯენტლმენი თქვენი კანტორის პრაქტიკანტია? – ჰკითხა


ზედამხედველმა, თან გაიკრიჭა, აქაოდა, მისტერ უემიკის იუმორს ვაფასებო.

– აი, ხედავთ? იგივეს სჩადის! – შესძახა უემიკმა, – ჯერ პირველი კითხვა


პირზე არ შეშრობია, რომ უკვე მეორეს მისვამს. ვთქვათ, მისტერ პიპი მართლაც
ჩვენი პრაქტიკანტია, მერედა რა?

– თუკი ასეა, – კვლავ გაიკრიჭა ზედამხედველი, – მაშინ ეცოდინება, მისტერ


ჯეგერსი რასაც წარმოადგენს.

– ამას დამიხედე! – ხუმრობით დაჰკრა ხელი უემიკმა, – ჩემს უფროსთან


თქვენი გასაღებებივით დამუნჯდებით ხოლმე, ჩემთან კი დიდი გული გაქვთ.
ახლავე გარეთ გაგვიშვი, ბებერო მელავ, თორემ მისტერ ჯეგერსს ვეტყვი,
თავისუფლების უკანონო აღკვეთაში დაგდოს ბრალი.

ზედამხედველს გაეცინა, დაგვემშვიდობა და, ვიდრე კიბე არ ჩავიარეთ და


ქუჩაში არ გავედით, იდგა და გისოსებს იქიდან შემოგვცინოდა.

– იცით, მისტერ პიპ, – ყურში მითხრა უემიკმა და მეტი ნდობისათვის ხელკავი


გამიყარა, – მისტერ ჯეგერსმა აბსოლუტურად მართებულად გადაწყვიტა, რომ ამ
ხალხთან დისტანცია დაეცვა. თავი მუდამ მათზე მაღლა უჭირავს და ეს მის
მაღალ ნიჭსა და შესაძლებლობებს უკავშირდება. ის პოლკოვნიკი ისევე ვერ
გაბედავდა მისტერ ჯეგერსთან დამშვიდობებას, როგორც ზედამხედველი ვერ
უბედავს ზედმეტი კითხვების დასმას. და ამ ვითარებაში, მათსა და საკუთარ
სიმაღლეს შორის მისტერ ჯეგერსს თავისი ხელქვეითები შემოჰყავს და – ხომ
გესმით? – მთლიანად ხელში ჰყავს მომწყვდეული, გინდ სულით, გინდ ხორცით.

ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა, როცა ჩემი მეურვის გამჭრიახობამ ჩემზე


ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა. გამოგიტყდებით, არც ის იყო პირველი
შემთხვევა, რომ სხვა, უფრო მოკრძალებული შესაძლებლობების მფარველი
ვინატრე.

მისტერ უემიკს ლიტლ-ბრიტანში, კანტორის შესასვლელთან დავემშვიდობე,


სადაც ჩვეულებისამებრ ტრიალებდნენ მისტერ ჯეგერსთან შეხვედრის
მსურველები; ამის შემდეგ დილიჟანსების სადგურზე ჩემს საგუშაგო ადგილს
დავუბრუნდი. კიდევ სამიოდე საათი უნდა მომეცადა. დარჩენილი დრო იმაზე
ფიქრს მოვანდომე, მაინც რა უცნაური იყო, გამუდმებით ციხისა და დანაშაულის
ელფერი რომ მეხვია გარს. რად უნდა შევხვედროდი მას პირველად ჯერ კიდევ
ბავშვობაში, ზამთრის სუსხიან დღეს, ჩვენს უდაბურ ჭაობებში; და რას ნიშნავდა
მისი ორგზის დაბრუნება, თითქოს გახუნებული, მაგრამ ბოლომდე მაინც
ვერგამქრალი ლაქა ისევ დააჩნდა ქსოვილსო; და რომ ეს სფერო ჩემს
ცხოვრებაში იმჟამადაც, თუმცა ახლებურად, მონაწილეობდა. ამავდროულად,
ვფიქრობდი მშვენიერ, გოროზ და დახვეწილ ესტელაზე, რომელსაც სულ მალე
ვიხილავდი; და მასა და საპატიმროს შორის სრული წინააღმდეგობა აღუწერელი
ზიზღით მავსებდა. ვნანობდი, უემიკს რომ გადავეყარე და თან წაყოლაზე
დავთანხმდი, რადგან სწორედ ამ დღეს არ მინდოდა, ჩემი სუნთქვა და
ტანისამოსი ნიუგეიტის ჰაერით ყოფილიყო გაჟღენთილი. ბოლთის ცემისას
ფეხსაცმლიდან ციხის მტვერი ჩამოვიბერტყე, ტანისამოსიც დავიბერტყე, ღრმად
ჩავისუნთქე-ამოვისუნთქე და ფილტვებიც გავისუფთავე. იმის გათვლისწინებით,
თუ ვის უნდა დავხვედროდი, თავს იმდენად წაბილწულად ვგრძნობდი, რომ,
ბოლოს და ბოლოს, როცა დილიჟანსი მოვიდა, მისი გამოჩენა ნაადრევად
ჩავთვალე. ვგრძნობდი, მისტერ უემიკის სათბურის ჭუჭყი ჯერაც არ მქონდა
ბოლომდე მოცილებული, როცა ფანჯარაში ესტელას სახე დავინახე და მანაც
ხელი დამიქნია.

რა იყო ის უსახელო ჩრდილი, იმავე წამს უეცრად და უკვე მერამდენედ რომ


გადამეფარა?
33

ბეწვით გაწყობილ სამგზავრო კაბაში ესტელა იმაზე ნაზი და მშვენიერიც კი


მეჩვენა, ვიდრე მანამდე. ამჯერად უწინდელზე უფრო მოწყალედ მეპყრობოდა
და ამ ცვლილებაში მის ჰევიშემის ზეგავლენა ვივარაუდე.

სასტუმროს ეზოში ვიდექით, ესტელამ თავისი ბარგი მაჩვენა და, როცა


ყველაფერი ჩამოვიღეთ, მაშინღა მომაგონდა – მის გარდა ყველაფერი
დანარჩენი კი ერთბაშად გადამავიწყდა – რომ ესტელას მოგზაურობის მიზანი
ჩემთვის სრულიად უცნობი იყო.

– რიჩმონდში მივდივარ, – მითხრა ესტელამ, – როგორც ვიცით, ორი


რიჩმონდი არსებობს: ერთი – სარიში, მეორე – იორკშირში. ჰოდა, მე სარის
რიჩმონდი მჭირდება. მანძილი ათი მილია. ეტლი უნდა ვიქირავო, თქვენ კი
მეგზურობა უნდა გამიწიოთ. ეს ჩემი საფულეა და ჩემს ხარჯებს აქედან
დაფარავთ. არა, გამომართვით! მე და თქვენ სხვა გამოსავალი არ გვაქვს,
მითითებებს უნდა დავემორჩილოთ. საკუთარი ნებით მოქმედების უფლება არც
მე და არც თქვენ არ გაგვაჩნია.

როცა საფულე გამოვართვი, იმედი გამიჩნდა, რომ ამ სიტყვებში რაღაც


ფარული აზრი ჩააქსოვა. მან ეს დაუდევრად, თუმცა მაინც კეთილგანწყობილად
წარმოთქვა.

– ეტლს გამოვიძახებ, ესტელა. იქნებ მანამდე აქ მოისვენოთ?

– დიახ, აქ მოვისვენებ და ჩაისაც დავლევ, თქვენ კი ამ ყველაფერზე


იზრუნებთ.

ხელკავი ისე გამიყარა, თითქოს ამითაც მითითებას ასრულებდა. მე კი


ვუბრძანე იქვე მდგარ მიმტანს, რომელიც დილიჟანსს ისე პირდაღებული
უცქერდა, თითქოს ცხოვრებაში პირველად ხედავსო, ცალკე ოთახში
შევეცილებინეთ. როგორც კი მივმართე, მიმტანმა თეთრი ხელსახოცი
ამოაძვრინა და მკლავზე ისე გადაიკიდა, თითქოს ამ ჯადოსნური საგნის გარეშე
გზას ვერ გაიგნებდა, რის შემდეგაც რაღაც ბნელ სოროში შეგვიძღვა. შიგნით
გავარჩიე: დამაპატარავებელი სარკე (რომელიც, თუკი დერეფნის ზომებს
გავითვალისწინებთ, აქ სრულიად უადგილო იყო), ანჩოუსის საწებლით სავსე
ჭურჭელი და ვიღაცის ხის ფეხსაცმელი. მას მერე, რაც ეს ოთახი დავიწუნე,
მეორეში შეგვიყვანა, სადაც ოცდაათკაციანი სასადილო მაგიდა იდგა, ბუხარში კი
ნაცრის გროვიდან გამოჩრილი რვეულის დაჭმუჭნილი ფურცელი მოჩანდა.
მიმტანმა ამ ნაცეცხლარს უკმაყოფილო მზერა ესროლა და თავი გააქნია, შემდეგ
ჩემგან შეკვეთა მიიღო და, რაკი მხოლოდ და მხოლოდ "ქალბატონისათვის ჩაი"
მოვითხოვე, უკმაყოფილო სახით დაგვტოვა.

მაშინაც დარწმუნებული ვიყავი და ახლაც ასე ვფიქრობ, რომ ამ ოთახის სუნი


– ერთმანეთში შერეული ცხენებისა და ხორცის ნახარშის – ნებისმიერს
აფიქრებინებდა, დილიჟანსების სადგურს საქმე მთლად კარგად არ უნდა
მისდიოდესო და, ყოჩაღი მეპატრონის განკარგულებით, მგზავრებისათვის
წვნიანს ცხენის ხორცისგან ამზადებენო. მაგრამ რაკი გვერდით ესტელა მეჯდა,
ოთახსა და გარემოცვას ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა.
გავიფიქრე, მასთან ერთად აქ მთელი ცხოვრებაც კი ბედნიერი ვიქნები-მეთქი
(თუმცა, უნდა შევნიშნო, იმ წუთას სულაც არ ვყოფილვარ ბედნიერი და ეს
შესანიშნავადაც ვიცოდი).

– რიჩმონდში ვისთან მიემგზავრებით? – ვკითხე ესტელას.

– იქ ერთ ქალბატონთან უნდა ვიცხოვრო, – ამიხსნა ესტელამ, – თანაც


საკმაოდ ძვირიც ვუხადო; მას იმხელა გავლენა და კავშირები აქვს (ყოველ
შემთხვევაში, თვითონ ასე ამტკიცებს), რომ შეუძლია საზოგადოებაში მატაროს,
ხალხი გამაცნოს და ჩემი თავი ხალხს უჩვენოს.

– ვფიქრობ, მრავალფეროვანი გარემო და ხალხის აღფრთოვანება


გესიამოვნებათ.

– დიახ, მეც ასე ვფიქრობ.

ეს ისე უგულისყუროდ თქვა, რომ შევნიშნე:

– საკუთარ თავზე ისე ლაპარაკობთ, როგორც ვიღაც სხვაზე.

– თქვენ სად ისწავლეთ სხვებზე ლაპარაკი? აბა, დაფიქრდით, – კმაყოფილი


ღიმილით მომიგო ქალიშვილმა, – განა თქვენგან რამე მესწავლება? როგორც
მინდა, ისე ვილაპარაკებ. ჰო, მართლა, მისტერ პოკეტს როგორ შეეგუეთ?

– მასთან ძალიან კარგად ვცხოვრობ, ყოველ შემთხვევაში... – ეს


შესაძლებლობა დროულად გამოვიყენე და დავდუმდი.

– რა... ყოველ შემთხვევაში? – ჩამეკითხა ესტელა.

– ყოველ შემთხვევაში იმდენად, რამდენადაც შეიძლება თქვენ გარეშე


კარგად ვიცხოვრო.

– სულელო ბიჭო, – სრულიად მშვიდად თქვა ქალიშვილმა, – მსგავსი


სისულელე რამ გათქმევინათ? მგონი, თქვენი მეგობარი მისტერ მეთიუ თავის
დანარჩენ ნათესავებს ჯობია, ხომ?

– ნამდვილად ჯობია. თუნდაც იმიტომ, რომ არავის ერჩის...


– ოღონდაც ნუ დაუმატებთ, საკუთარი თავის გარდაო. ასეთებს ვერ ვიტან.
თუმცა, რამდენადაც ვიცი, მართლაც უანგაროა და მდაბიო შურსა და ბოღმაზე
მაღლა დგას, ასეა?

– დიახ, სრული დარწმუნებით შემიძლია ვამტკიცო, რომ ასეა.

– ჰო, მაგრამ მისი ოჯახის დანარჩენ წევრებზე ამას ნამდვილად ვერ


ამტკიცებთ, – ესტელამ სერიოზულად და, ამავდროულად, დამცინავად დამიკრა
თავი, – რადგან ისინი მის ჰევიშემს გამუდმებით ჭორებითა და ჩივილით
აწუხებენ და ყოველ ღონეს ხმარობენ, მის თვალში უარყოფითად წარმოგაჩინონ.
ყოველ ნაბიჯზე გითვალთვალებენ, გაფაციცებით ეძებენ თქვენში
ნაკლოვანებებს და თქვენ შესახებ წერილებს წერენ (ხშირად ანონიმურსაც).
შეიძლება ითქვას, მათი ცხოვრების მთავარი სატანჯველი და უმთავრესი საქმე
სწორედ თქვენ ხართ. ვერც კი წარმოიდგენთ, ამ ადამიანებს რაოდენ
სძულხართ.

– იმედი მაქვს, ვერაფერს დამიშავებენ? – ვკითხე.

პასუხის ნაცვლად ესტელამ გადაიხარხარა, რაც ძალზე მეუცნაურა და


გაოცებული მივაჩერდი. ბოლოს, სიცილს რომ მორჩა – დიდხანს არ უცინია,
თუმცა ეს გულიანი სიცილი იყო – ვკითხე ისევე გაუბედავად, როგორც მუდამ
მივმართავდი:
– იმედია, არ გსურთ, რამე დამიშავონ?

– არა, არა, ამაში ეჭვი ნუ შეგეპარებათ, – მითხრა ესტელამ, – მერწმუნეთ,


სწორედ იმიტომ ვიცინი, რომ მათი მარცხი გარდუვალია. ო, ვერ წარმოიდგენთ,
რა ტანჯვას იტანენ ეს ადამიანები მის ჰევიშემისგან! – კვლავ გაიცინა და მას
მერეც კი, რაც ამ სიცილის მიზეზი შევიტყვე, არანაკლებ უცნაური მომეჩვენა,
რადგან აშკარად ვხედავდი, გულწრფელი რომ იყო, მაგრამ ამ შემთხვევისათვის
მაინც გადამეტებული მომეჩვენა. ვიფიქრე, ამის უკან რაღაც ჩემთვის უცნობი
იმალებოდა. ესტელა მიმიხვდა და ამის მიზეზიც ამიხსნა:

– თქვენთვისაც კი ძნელი გასაგებია, თუ რა სიამოვნებას მანიჭებს ამ


ადამიანების მარცხი, ანდა რა გულიანად მეცინება, როდესაც თავს სასაცილო
მდგომარეობაში იგდებენ. რადგან თქვენ კი არა, მე ვიზრდებოდი პატარაობიდან
იმ უცნაურ სახლში. თქვენ კი არა, მე გამეწაფა ბავშვური გონება და ალღო,
რადგან გამუდმებით ჩემ წინააღმდეგ ხლართავდნენ ინტრიგებს; უმწეოსა და
მარტოსულს ყალბი სიმპათიითა და სიბრალულით მგესლავდნენ. თქვენ კი არა,
მე მიფართოვდებოდა თვალები იმ თვალთმაქცი ქალის ცქერისას, რომელიც
ღამითაც კი იმ ფიქრით იღვიძებს, უკეთ როგორ გაითამაშოს მოყვასის
სიყვარული.

ესტელას აღარ ეცინებოდა. ცხადი იყო, ეს მოგონებები ძალზე ამძიმებდა.


სახეზე ისეთი დარდი აღებეჭდა, მთელ ჩემს სამომავლო იმედებს ერთბაშად
გავცვლიდი მხოლოდ იმაში, ამ დარდის მიზეზი მე რომ ვყოფილიყავი.

– ორი რამ შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, – განაგრძო ესტელამ, –


პირველი ისაა, რომ, მიუხედავად ცნობილი ანდაზისა, შეძახილმა ხე გაახმოო,
შეგიძლიათ მშვიდად იყოთ: ეს ადამიანები მის ჰევიშემს თქვენზე აზრს
ვერასოდეს შეაცვლევინებენ – ვერც დიდში, ვერც მცირეში. მეორეც: თქვენი
მადლობელი ვარ იმისთვის, რომ მათი ბოღმისა და ამაო გარჯის მიზეზი გახდით
და ამისთვის მინდა ხელი ჩამოგართვათ, – ეშმაკური ღიმილით გამომიწოდა
ხელი, რადგან დარდი მალევე გაეფანტა. მისი თითები ტუჩებთან მივიტანე, –
მაინც რა სასაცილო ბიჭი ხართ. რამდენჯერ უნდა გაგაფრთხილოთ? თუ ახლა
იმავე გრძნობით მკოცნით ხელზე, რითაც მე ოდესღაც ლოყაზე გაკოცნინეთ?

– რა გრძნობას გულისხმობთ? – ვკითხე.

– უნდა დავფიქრდე... თვალთმაქცობისა და მზაკვრობისადმი ზიზღი.


– ჰო-მეთქი, რომ გითხრათ, ისევ მაკოცნინებთ ლოყაზე?

– ეს მანამდე უნდა გეკითხათ, ვიდრე ხელზე შემეხებოდით. მაგრამ თუკი ასე


გინდათ, შეგიძლით მაკოცოთ.

მისკენ დავიხარე. მისი სახე ქანდაკებასავით მშვიდი და გლუვი მეჩვენა.

– ახლა კი, – იმავე წამს გამისხლტა, როგორც კი კანზე შევეხე, – იქნებ იმაზე
იზრუნოთ, რომ ჩაი მომიტანონ და მერე რიჩმონდისკენაც დავიძრათ.

ისევ იმ კილოს დაუბრუნდა, თითქოს ეს შეხვედრა თავს მოგვახვიეს და სხვის


ნებას თოჯინებივით ვემორჩილებოდით; ამან ტკივილი მომაყენა. ჩვენი
ურთიერთობა ნებისმიერ შემთხვევაში მტკივნეული იყო ჩემთვის. სულ ერთია, რა
კილოთიც უნდა მოემართა, ბოლომდე ვერასოდეს ვენდობოდი და ვერც
ვიმედდებოდი. მაგრამ რწმენისა და იმედის გარეშეც მიყვარდა. რა საჭიროა ამის
გამეორება? მუდამ ასე იყო.

ზარი დავრეკე, რათა ჩაი დაეჩქარებინათ და მიმტანი კვლავ თავისი


ჯადოსნური ხელსახოცით გამოგვეცხადა. თანდათანობით სუფრაზე
ორმოცდაათამდე საგანი დააწყო, თუმცა ჩაის კიდევ კარგა ხანს ვერ ვეღირსეთ.
წინ დაგვილაგა: სინი, ფინჯნები და ლამბაქები, თეფშები, დანა-ჩანგლები (მათ
შორის კბილანებიანი დანებიც), ყველა ზომის კოვზი, სამარილეები, რკინის
ხუფის ქვეშ სათუთად დამალული ერთადერთი მოკრძალებული ნამცხვარი,
ლელიანში მწოლიარე მოსესავით ოხრახუშის ბარდებში ჩამალული ნახევრად
გამდნარი კარაქის ნაჭერი, პუდრმოყრილი ფერმკრთალი ფუნთუშა, ბუხრის
გისოსის ანაბეჭდიანი ორი სამკუთხა ნაჭერი პური და სულ ბოლოს საგვარეულო
ურნა: მსუქანი ჩაიდანი. ეს ყველაფერი მიმტანმა ტორტმანითა და ტანჯული
სახით შემოზიდა. ამის შემდეგ წარმოდგენა კარგა ხნით შეწყდა და ბოლოს,
როგორც იქნა, ძვირფასეულობის ზარდახშის მსგავსი რაღაც შემოგვიტანა,
შიგნით კი ხმელი ტოტები ეყარა. ამ ტოტებს მდუღარე დავასხი და ამდენი
მზადების შედეგად ესტელას ფინჯნით რადაც ყოვლად გაუგებარი სასმელი
გავუწოდე.

ამის მერე ანგარიშიც გავასწორე, მიმტანიც მცირე თანხით დავაჯილდოვე, არც


მეჯინიბესა და მოახლე გოგონას ვაწყენინე; მოკლედ, იმდენი ქრთამი გავეცი,
მთელი სასტუმროს აღშფოთება და ზიზღი დავიმსახურე, ესტელას საფულე კი
საგრძნობლად შევამსუბუქე. ბოლოს, როგორც იქნა, საფოსტო ეტლში ჩავსხედით
და დავიძარით. როცა ჩიპსაიდზე შევუხვიეთ და ნიუგეიტის ქუჩაზე აღმოვჩნდით,
სულ მალე გავუსწორდით იმ კედლებსაც, რომელთა სიახლოვემაც აღუწერელი
სირცხვილით აღმავსო.

– ეს რა ადგილია? – მკითხა ესტელამ.


თავი ბრიყვულად მოვიკატუნე, აქაოდა, ვერ ვცნობ-მეთქი, მერე კი
დავუსახელე. ერთხანს უცქირა, შემდეგ თავი ეტლში შემოყო და ჩაილაპარაკა,
უბედურებიო. ამის შემდეგ ვერასგზის ვეღარ გამოვუტყდებოდი, რომ ცოტა ხნის
წინ იქ ვიყავი.

– როგორც ამბობენ, მისტერ ჯეგერსი, – შევეცადე აქაურობასთან კავშირი


ჩემგან სხვა პიროვნებაზე გადამეტანა, – ამ უსიხარულო ადგილის
საიდუმლოებებში ლონდონის ყველა სხვა მცხოვრებზე უფროა ჩახედული.

– ის, ვფიქრობ, ყველა ადგილის საიდუმლოებებშია ჩახედული, – ხმადაბლა


მიპასუხა ესტელამ.

‒ მასთან შეხვედრა ხშირად გიწევთ, ხომ ასეა?

– რაც თავი მახსოვს, ხშირად მიწევდა მასთან შეხვედრა, მაგრამ ვერ ვიტყვი,
რომ ახლა უკეთ ვიცნობ, ვიდრე მაშინ ვიცნობდი, ენა რომ ავიდგი. თქვენ
როგორი ურთიერთობა გაქვთ მასთან? დაუახლოვდით?

– მას მერე, რაც მის გულჩათხრობილ ხასიათს შევეჩვიე, კარგად


ვურთიერთობთ.

– რამდენად ახლო ურთიერთობა გაქვთ?

– სადილად შინ მიმიწვია.

– წარმომიდგენია, – მხრები აიჩეჩა ესტელამ, – რა უცნაური სახლი ექნება.

– მართლაც უცნაური სახლი აქვს.

თვით ესტელასთანაც კი არ მეკადრებოდა ჩემი მეურვის შესახებ ასე


თავისუფლად საუბარი, თუმცა, ალბათ, მასთან გერარდ-სტრიტზე სტუმრობის
ამბავს წვრილად ვუამბობდი, ფანჯარაში უეცრად გაზის კაშკაშა სინათლე რომ
არ შემოჭრილიყო. ვიდრე შუქ-ჩრდილის ციმციმი გაგრძელდა, ისევ დამეუფლა ის
ყოვლად აუხსნელი განცდა, უკვე რამდენჯერმე წამიერად რომ გამიელვა. კვლავ
სიბელეში როცა შევედით, ორიოდე წუთს ელვანაკრავივით ვიჯექი.

ამის შემდეგ სხვა თემებზე დავიწყეთ საუბარი, კერძოდ კი ჩვენი


მოგზაურობის ეტაპებსა და იმაზე, თუ გზის პირებზე რომელი დასახლებული
პუნქტები იყო. ქალიშვილის თქმით, დედაქალაქს თითქმის არ იცნობდა, რადგან
მის ჰევიშემის სახლიდან შორს არასოდეს წასულა, ვიდრე საფრანგეთში არ
გაემგზავრა, ლონდონი კი ორივე გზაზე მხოლოდ გავლით ნახა. ვკითხე, ვიდრე აქ
დარჩებოდა, ჩემს მეურვესთან რამე საქმიანი ურთიერთობა ხომ არ ექნებოდა,
რაზეც მხურვალედ მიპასუხა, ღმერთმა დამიფაროსო.

ცხადი იყო, რომ ჩემ მოხიბლვას ცდილობდა. რა თქმა უნდა, რაც უნდა დიდი
ძალისხმევა დასჭირვებოდა, საბოლოოდ მიზანს მაინც მიაღწევდა, მაგრამ ამით
ოდნავადაც კი ვერ გამაბედნიერა. ესტელას ამ კილოს გარეშეც – აქაოდა, ჩვენი
ერთად ყოფნა სხვათა განკარგულებით ხდებაო – მშვენივრად ვგრძნობდი, ჩემი
გული იმიტომ ეპყრა ხელთ, რომ ასე უნდოდა, და არა იმიტომ, რომ ჩემ მიმართ
რამე ნაზი გრძნობა გააჩნდა. შესაბამისად, ყოველ წამს შეეძლო, ჩემი გული
თითებით გაესრისა ანდა მოესროლა.
როდესაც ჰემერსმითს ჩავუარეთ, მისტერ მეთიუ პოკეტის სახლი დავანახვე
და ვუთხარი, რიჩმონდი არც ისე შორსაა და იმედი მაქვს, დროდადრო თქვენ
ნახვას შევძლებ-მეთქი.

– დიახ, როგორ არა; უნდა მინახულოთ. როცაკი შესაძლებლად ჩათვლით,


უნდა მოხვიდეთ. ჩემს მასპინძლებს თქვენი თავი უნდა გავაცნო. თქვენ შესახებ
უკვე გაგონილი აქვთ.

ვიკითხე, დიდ ოჯახში თუ მოუწევდა ცხოვრება.

– არა, მხოლოდ ორნი არიან: დედა და ქალიშვილი. დედას საკმაოდ მაღალი


ადგილი უკავია საზოგადოებაში, თუმცა დამატებით შემოსავალზე უარს მაინც არ
ამბობს.

– მიკვირს, მის ჰევიშემი კვლავ ასე მალე როგორ შეგელიათ.

– ეს ჩემთან დაკავშირებით მის ჰევიშემის გეგმების ნაწილია, პიპ, – ესტელამ


ისე ამოიოხრა, თითქოს ძალზე დაღლილი იყო, – ვალდებული ვარ, მუდმივად
მივწერო, ხანგამოშვებით ვინახულო კიდეც და ჩემი და ჩემი სამკაულების ამბები
წვრილად მოვახსენო – რადგან მისი სამკაულები ახლა თითქმის მთლიანად
ჩემი გახდა.

ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც სახელით მომმართა. ცხადია, ესეც


განგებ ჩაიდინა და ისიც კარგად იცოდა, რაოდენ ძვირფასიც იქნებოდა ეს
ჩემთვის.

მომეჩვენა, რომ რიჩმონდში მეტისმეტად მალე ჩავედით და მწვანე მდელოს


წინ მდებარე სახლთან გავჩერდით. ამ გოროზ, ძველისძველ სახლს არაერთხელ
უნახავს კრინოლინიცა და დაპუდრული პარიკებიც, მიწებებული ხალებიც,
დაქარგული კამზოლებიც, მაღალი წინდებიცა და დაშნებიც. სახლის წინ ძველი
ხეები იმ არაბუნებრივ მოდაზე იყო გაკრეჭილი, რომლითაც ისევ იმ პარიკებს,
კრინოლინებსა და აფუებულ კაბებს წააგავდა; თუმცა სულ მალე მათაც
მოუწევდათ გარდაცვლილთა რიგში ჩადგომა და არყოფნაში გადასვლა.

მთვარის შუქზე, ძველებურ ხმაზე ჩამორეკა პირქუშმა ზარმა – რომელმაც


გარდასულ დროში არაერთხელ ამცნო სახლს: მწვანე ფაშფაშა კაბა მობრძანდა,
ანდა: ბრილიანტებით მოოჭვილი დაშნა მობრძანდა, ანდა: წითელქუსლიან
ფეხსაცმელსა და ლურჯ გულსაბნევს კარი გაუღეთ – და ორი
ალუბლისფერლოყება მოახლე ესტელას დასახვედრად გამოქანდა.

მისი ბარგი სულ მალე კარის ჭრილში გაუჩინარდა. ქალიშვილმა ხელი


გამომიწოდა, მშვიდობიანი ღამე მისურვა და თავის ბარგს შეჰყვა. მე კი ისევ
სახლის წინ ვიდექი და იმაზე ვფიქრობდი, რა ბედნიერი ვიქნებოდი, მასთან
ერთად რომ მეცხოვრა, თუმცა ვიცოდი, რომ მასთან ერთად ბედნიერი არასოდეს
ვყოფილვარ – მუდამ ტკივილით მეკუმშებოდა გული.

ეტლში ჩავჯექი და ჰემერსმითში დავბრუნდი. გადმოსვლისას გულისტკივილი


იმაზე მეტად მტანჯავდა, ვიდრე ჩაჯდომისას. ჩვენი სახლის წინ პატარა ჯეინ
პოკეტს შევეფეთე, რომელიც პატარების ზეიმიდან თავისმა სატრფომ შინ
მოაცილა. როგორ შემშურდა ამ ციცქნა სატრფოსი, მიუხედავად იმისა, რომ
იძულებული იყო, ფლოპსონს უსიტყვოდ დამორჩილებოდა.
მისტერ პოკეტი კერძო გაკვეთილზე იყო წასული. საუკეთესო მასწავლებლად
მიიჩნეოდა ეკონომიკისა და საშინაო მეურნეობის დარგებში, ასევე – ბავშვებისა
და მსახურების განკარგვაში. მისი გაკვეთილები ამ სფეროებში წამყვან
სახელმძღვანელოებსაც კი ცვლიდა.
მისის პოკეტი შინ იყო და იმით გახლდათ შეწუხებული, თურმე მილერსის
რიგგარეშე არყოფნისას (ქვეითთა გარნიზონში ნათესავი ჰყოლია) პატარისთვის
სათამაშოდ ნემსების ყუთი მიუციათ. მერე კი აღმოაჩინეს, რომ ყუთიდან იმაზე
მეტი ნემსი გამქრალიყო, ვიდრე ასეთ ადრეულ ასაკშია მიზანშეწონილი
პაციენტისათვის, გინდ საჩხვლეტად და გინდ გადასაყლაპად.

რაკი მისტერ პოკეტი პრაქტიკული რჩევების მიცემაში ნამდვილ დიდოსტატად


იყო აღიარებული, მინდოდა, ჩემი მწვავე გულისტკივილი მისთვის
გამეზიარებინა. მაგრამ როდესაც მისის პოკეტს შევავლე თვალი, რომელმაც
პატარისათვის საუკეთესო წამლად დაძინება ჩათვალა, თვითონ კი თავადურ
ღირსებათა შესახებ წიგნის კითხვას შეუდგა, პირვანდელი გადაწყვეტილება
შევიცვალე და ვიფიქრე, არ ღირს-მეთქი.
34

ჩემს იმედებს თანდათან შევეჩვიე და გაუცნობიერებლად შევნიშნე, რომ ეს


ჩემზეც და ჩემ გარშემო მყოფებზეც ძლიერ გავლენას ახდენდა. საკუთარ თავს
ვუმალავდი მათ ზეგავლენას ჩემს ხასიათზე, თუმცა შესანიშნავად ვიცოდი,
მარგებელს სრულებით ვერ ვუწოდებდი. ჯოს რომ ყურადღებას არ ვაქცევდი, ამის
გამო გამუდმებით მქენჯნიდა სინდისი. არც ბიდისთან დაკავშირებით ვიყავი
მთლად მშვიდად. ღამღამობით, კამილასი არ იყოს, მეც ხშირად მეღვიძებოდა
და დაქანცულ გონებაში ის აზრი მიტრიალებდა, რომ ასგზის უფრო ბედნიერი –
და უკეთესი ადამიანიც – ვიქნებოდი, თუკი მის ჰევიშემს არ გადავეყრებოდი და,
უკვე კაცობაში შესული, ჩვენს ძველისძველ, პატიოსან სამჭედლოში ჯოს
მხარდამხარ ვიმუშავებდი. ბუხართან მჯდომს რამდენჯერ მიფიქრია, ჩვენი
სამჭედლოს ქურისა და სამზარეულოს ბუხრისთანა ცეცხლი სხვაგან არსად
გიზგიზებს-მეთქი.

თუმცა შინაგანად ესტელას გამო ვშფოთავდი და უკვე თავგზა მქონდა


არეული. აღარ ვიცოდი, საქმე მხოლოდ ჩემში თუ იყო. სხვაგვარად რომ ვთქვა,
არა მგონია, უკეთ მეგრძნო თავი, ყოველგვარი იმედების გარეშე რომ მეფიქრა
ესტელაზე. რაც შეეხება სხვებზე ჩემი მდგომარეობის ზეგავლენას – ამ მხრივ
ნაკლებად ვიყავი გაუგებრობაში. მართალია, ბუნდოვნად, მაგრამ მაინც
ვხვდებოდი, რომ ის არავისთვის ყოფილა სახარბიელო, პირველ რიგში კი
ჰერბერტისათვის. რაკი დამყოლი ხასიათი ჰქონდა, ჩემი მფლანგველური
ჩვევების გამო ისეთ ხარჯებში გადავარდა, რომლის უფლებასაც თავს ვერ
მისცემდა. ჩემმა ფუფუნებამ ყოფის სისადავე წაუბილწა და სულის სიმშვიდე
სინანულით აუმღვრია. მისტერ პოკეტის სხვა ნათესავების გამო არ ვწუხდი,
თუმცა ათასგვარი უბადრუკი ხრიკის ჩადენისკენ ვუბიძგე; მაგრამ ეს სიმდაბლე
მათი ბუნების ნაწილი იყო და, ადრე თუ გვიან, სხვა მიზეზითაც იჩენდა თავს.
ჰერბერტი კი სრულიად განსხვავდებოდა და ხშირად თავს იმაში
ვიდანაშაულებდი, რომ დათვური სამსახური გავუწიე, რადგან სანახევროდ
ცარიელი ბინა ზედმეტი საგნებით ავუვსე და ბაცი ყვითელჰალსტუხიანი
შურისმაძიებელი კართან დავუყენე.

როგორც მუდამ ხდება, ამის შემდეგ საქმე უარესობისკენ წავიდა. უამრავი


ვალი დავიდე. დავიწყე თუ არა, ჰერბერტმაც მაშინვე მომბაძა. სტარტოპის
რჩევით, გაწევრებაზე განაცხადი შევიტანეთ ერთ კლუბში, რომელსაც "კორომის
სკვინჩები" ერქვა. ამ კლუბის დანიშნულებას ვერაფრით ჩავწვდი; მხოლოდ ის
გავიგე, რომ მის წევრებს ორ კვირაში ერთხელ ევალებოდათ, ძვირად ღირებული
სადილი მოეწყოთ, რომლის დასასრულსაც ერთურთს შეძლებისდაგვარად
ცხარედ უნდა წაჩხუბებოდნენ და ექვსი მიმტანისათვის საშუალება მიეცათ,
სამზარეულოს კიბეზე სასმლით გალეშილიყვნენ. ეს სასარგებლო
საზოგადოებრივი წამოწყება მუდამ ამ უცვლელი სიუჟეტით მიმდინარეობდა,
ამიტომაც მე და ჰერბერტმა სწორედ ამ აზრით გავიგეთ ყველა სადილის
პირველი სადღეგრძელო: "ჯენტლმენებო, დაე, "კორომის სკვინჩებს" შორის
მუდამ ასეთი კეთილი ურთიერთგაგება სუფევდეს!"

"სკვინჩები" ფულს ყოვლად ბრიყვულად ფლანგავდნენ (კოვენტ-გარდენში


მდებარე სასტუმროში ვსადილობდით), ხოლო პირველი "სკვინჩა", რომელიც
ვიხილე, როცა "კორომის" წევრობის ღირსი გავხდი, ბენტლი დრამლი იყო. იმ
დროისათვის ლონდონში საკუთარი კებით(კები – ერთცხენიანი ეტლი ინგლისში.)
დაბრძანდებოდა და ქუჩის კუთხეებში მდგარ გუშაგებს აწიოკებდა. ზოგჯერ
თავისი კებიდან თავდაყირა ეშვებოდა და ერთი-ორჯერ ისე შეიტანეს "კორომში",
თითქოს ნახშირის ტომარა ყოფილიყო. თუმცა მოვლენებს ცოტათი წინ
გავუსწარი: ჯერჯერობით არ ვიყავი "სკვინჩა" და, კლუბის წმინდა კანონების
თანახმად, ვიდრე სრულწლოვანი არ გავხდებოდი, ვერც გავწევრდებოდი.

რამდენადაც ჩემს შეძლებაზე მქონდა წარმოდგენა, თავისუფლად შემეძლო,


ჰერბერტის ხარჯებიც მეტვირთა, მაგრამ ჰერბერტი ამაყი იყო და ასეთი რამის
შეთავაზებას ვერ გავუბედავდი. ამის გამო ყოველმხრივ სირთულეები გაუჩნდა,
რადგან ჯერ ისევ გამოცდილებას იძენდა. თანდათან სულ უფრო გვიანობამდე
ვისხედით სუფრასთან საზოგადოებაში და, როგორც შევნიშნე, საუზმისას
ჰერბერტის გამოცდილებას სრული უიმედობის იერი დაჰკრავდა. შუადღისთვის
ცოტა მოიკეთებდა ხოლმე, სადილად მთლად ყურებჩამოყრილი ჯდებოდა, ხოლო
სადილის დასრულების შემდეგ ჰორიზონტზე ბუნდოვნად ელანდებოდა
კაპიტალი; შუაღამის მიდამოებში ეს კაპიტალი თითქმის ხელთ ეპყრა, მაგრამ
ღამის ორი საათისათვის კვლავ ისეთი უსასოობა ეუფლებოდა, თოფის ყიდვასა
და ამერიკაში გამგზავრებაზე ფიქრობდა – ბიზონების დახმარებით თუ აპირებდა
იქ გამდიდრებას.

ნახევარ კვირას ჰემერსმითში ვატარებდი და, როცაკი იქ ვიყავი, სულ


რიჩმონდისკენ მიწევდა გული. იქ სტუმრობაზე უფრო მოგვიანებით
მოგითხრობთ. ჰერბერტი ჩემ სანახავად ჰემერსმითში ხშირად ჩამოდიოდა.
ვფიქრობ, ასეთ დროს მამამისს უნდა გასჩენოდა აზრი, რომ მისი უფროსი ვაჟის
მიერ ეგზომ ნანატრი იღბლიანი შემთხვევა არა და არ ხდებოდა. თუმცა მათ
ოჯახში ყველა და ყველაფერი თავდაყირა იდგა და, როგორც ჩანს, მის წევრებს
ჰერბერტის უეცარი და თავისთავადი ზეასვლაც მხოლოდ დროის საკითხად
მიაჩნდათ. ამასობაში მისტერ პოკეტს თმა კიდევ უფრო გაუთეთრდა და ის უფრო
ხშირ-ხშირად ცდილობდა, სირთულეების ჭაობიდან საკუთარი თავი თმით
ამოექაჩა. მისის პოკეტი კი ფეხის შემოსადებ სკამს ყველას ისევ ისე ფეხქვეშ
უდგამდა, თავად-აზნაურების ღირსებათა შესახებ კითხულობდა, ცხვირსახოცებს
ფანტავდა და ნორჩ თაობას იმით მოძღვრავდა, რომ, როგორც კი რომელიმე
მათგანი თვალში მოხვდებოდა, მაშინვე დასაძინებლად გზავნიდა.

რაკი სამომავლო თხრობისათვის გზის გასაკაფავად ჩემი ცხოვრების მთელი


პერიოდი უნდა აღგიწეროთ, ამიტომ, ვფიქრობ, პირველყოვლისა, ბერნარდის
ფუნდუკში ჩვენი ყოფისა და ჩვევების შესახებ უნდა მოგითხროთ.

რაც შეიძლებოდა ბევრ ფულს ვხარჯავდით, მის სანაცვლოდ კი, რაც


შეიძლებოდა მცირედს ვიღებდით – იმდენს, რამდენის მოცემაც ადამიანებს
თავად მოეგუნებოდათ. გამუდმებით თან გვდევდა უსიამო გრძნობა – მეტად თუ
ნაკლებად – და ჩვენი ნაცნობების უმრავლესობა მსგავს მდგომარეობაში იყო.
ყველანი ილუზიას ვიქმნიდით, თითქოს სულმუდამ ვერთობოდით, მაგრამ
თითოეული ჩვენგანი სიმართლეს ჩონჩხივით კარადაში მალავდა – გართობისა
და მოლხენის არაფერი გვეცხო. მგონია, რომ საერთო წესის გამონაკლისს არ
წარმოვადგენდით.

ჰერბერტი ყოველ დილით ახალი შემართებით ეშურებოდა სიტისკენ


გამოცდილების შესაძენად. ხშირად მივდიოდი სტუმრად უფანჯრო უკანა ოთახში,
სადაც ის სამელნის, ტანსაცმლის საკიდის, ნახშირის ყუთის, კანაფის შეკვრის,
დაფლეთილი ალმანახის, სკამის, საწერი მაგიდისა და სახაზავის გარემოცვაში
იჯდა. არ მახსოვს, რამე ეკეთებინოს და წარმოდგენა არ მაქვს, იქ რა
გამოცდილება უნდა მიეღო. ყველა ჩვენგანს ისევე პირნათლად რომ
შეესრულებინა თავისი მოვალეობა, როგორც ჰერბერტი ასრულებდა, უეჭველია,
ყოველგვარი სათნოების რესპუბლიკაში ვიცხოვრებდით. საბრალო ბიყს სხვა
არაფერი ჰქონდა გასაკეთებელი, გარდა იმისა, რომ ყოველდღიურად ერთსა და
იმავე დროს მისულიყო ლლოიდის სადაზღვევო კომპანიაში – ისიც, ვფიქრობ,
მხოლოდ სამსახურებრივი რიტუალის შესასრულებლად, ანუ უფროსის
სანახავად. ლლოიდის კომპანიაში სხვა არაფერი ესაქმებოდა, გარდა იმისა, რომ
იქიდან კვლავ თავის კანტორაში დაბრუნებულიყო. როცა განსაკუთრებული
სიმძაფრით გრძნობდა, რომ ასე გაგრძელება აღარ შეეძლო და კარიერა
როგორმე უნდა დაეწყო, დგებოდა და ყველაზე საქმიან საათებში ბირჟას
მიაშურებდა. იქ ბობოლა მაგნატებს შორის ისე ტრიალებდა, თითქოს ერთგვარ
სევდიან ცეკვას ასრულებდა.

– რადგან, – როგორც ერთ-ერთი ასეთი დღის შემდეგ სადილად შინ მოსულმა


ჰერბერტმა ამიხსნა, – ერთ ჭეშმარიტებას მივხვდი, ჩემო ჰენდელ:
კარიერისათვის ხელსაყრელი შემთხვევა თავისით არ მოვა, შენ უნდა მიხვიდე
მასთან. ჰოდა, ასეც მოვიქეცი.

ერთმანეთი ძალიან რომ არ გვყვარებოდა, დარწმუნებული ვარ, ყოველ


დილით ერთმანეთის მიმართ სიძულვილს ვიგრძნობდით, რადგან სინანულის ამ
ჟამს მთელი არსებით მძაგდა ჩვენი ოთახებიცა და შურისმაძიებლის ლივრეაც,
რომელიც ასეთ დროს იმაზე უფრო ძვირად ღირებულად და უსარგებლოდ
მეჩვენებოდა, ვიდრე დღე-ღამის სხვა საათებში. რამდენადაც ღრმად
ვეფლობოდით ვალებში, ჩვენი საუზმეც უფრო ღარიბდებოდა. ერთხელაც,
საუზმისას, წერილობითი გაფრთხილება მივიღე დაწესებულებისაგან,
რომელსაც, ჩემი ქალაქის გაზეთის ენით თუ ვიტყვი, ძვირფასეულობასთან
"მეტნაკლები კავშირი" ჰქონდა; ამან იმდენად გამომიყვანა წყობილებიდან, რომ
შურისმაძიებელი საყელოთი ვითრიე და ჰაერში ავწიე – რის გამოც წამით
ჩექმიან კუპიდონს დაემსგავსა – მხოლოდ იმიტომ, რომ თავხედობა ეყო და
გვკითხა, ფუნთუშა ხომ არ მოგიტანოთო.

გარკვეულ წუთებში, უფრო სწორად, სრულიად გაურკვეველ წუთებში,


რომლებიც მხოლოდ ჩვენს განწყობაზე იყო დამოკიდებული, ჰერბერტს
განსაკუთრებულ აღმოჩენასავით გამოვუცხადებდი ხოლმე:
– ჩემო ჰერბერტ, ჩვენი საქმე ცუდადაა.

– ჩემო ჰენდელ, – გულწრფელად მეთანხმებოდა მეგობარი, – თუ დამიჯერებ,


ამ წუთას სწორედ ეს სიტყვები მიტრიალებდა ენაზე. რა უცნაური დამთხვევაა,
ხომ?

– თუ ასეა, ჰერბერტ, – ვპასუხობდი, – მოდი, ჩვენს ფინანსებს გადავხედოთ.

და როცა ამაზე შევთანხმდებოდით, ორივენი უდიდესი კმაყოფილებით


ვივსებოდით. ყოველ ჯერზე ვფიქრობდი, სწორედ ეს იყო პრობლემისადმი
საქმიანი მიდგომა, როდესაც მოწინააღმდეგეს მტკიცე ხელით უგრეხ კისერს.
ვიცი, ჰერბერტიც ამ აზრზე იყო.
ამ გადაწყვეტილების შემდეგ სადილისათვის რამე განსაკუთრებულს
ვუკვეთავდით და ერთ ბოთლ ძვირფას სასმელსაც ვაყოლებდით. ასეთი საქმის
შესასრულებლად გონების დაწმენდა გვჭირდებოდა. სადილს მოვრჩებოდით თუ
არა, მთელ შეკვრა კალმებს, სავსე სამელნესა და საწერი და საშრობი
ქაღალდის სქელ-სქელ დასტებს ვიმარაგებდით, რადგან საკანცელარიო
საგნების სიუხვე უცნაურ სიმშვიდეს გვანიჭებდა.

ამის შემდგომ ვიღებდი ფურცელს და სათუთი ხელით ვაწერდი სათაურს:


"პიპის ვალების სია", არც "ბერნარდის ფუნდუკისა" და თარიღის მიწერა
მავიწყდებოდა. ჰერბერტიც იღებდა ფურცელს და ასეთივე ფორმალური
სისათუთით აწერდა: "ჰერბერტის ვალების სია".

მომდევნო ეტაპზე ყოველი ჩვენგანი იწყებდა სხვადასხვა დროს ყველგან


გაბნეული ფურცლების მოძებნას – ზოგი უჯრაში იყო ჩაკუჭული, ზოგიც გახეული
ჯიბეებიდან სარჩულში ჩავარდნილიყო, ზოგს სანთლებისგან კუთხე ჰქონდა
მომწვარი, ზოგი კი კვირაობით გვქონდა სარკის უკან გარჭობილი. მათ შინაარსს
სიაში ვიწერდით და კალმების ჭრაჭუნი წარმოუდგენლად გვამხნევებდა –
იმდენად, რომ ზოგჯერ ამ პროცესსა და ვალის გადახდას შორის სხვაობას ვერც
კი ვამჩნევდი. ჩემს მეხსიერებაში ეს ორი მოქმედება ერთმანეთს ერწყმოდა.

ერთხანს ორივე თავაუღებლად ვწერდით, მერე ჰერბერტს ვეკითხებოდი,


საქმე როგორ მისდიოდა. ჰერბერტი ამ დროისათვის უკვე კეფას იფხანდა და
რიცხვების სიმრავლეს დაბნეული დასცქეროდა.

– იმდენია, ჰენდელ, – მიპასუხებდა თავის ქნევით, – იმდენია, რომ ბოლო არ


უჩანს.

– მტკიცედ მიუდექი, ჰერბერტ, – ვურჩევდი და, ჩემი მხრივ, მეც გულმოდგინედ


ვამოძრავებდი კალამს, – სირთულეებს ნუ შეუშინდები, თვალებში უცქირე! მანამ
უცქირე, ვიდრე არ ამოძირკვავ.

– მეც ეგ მინდა, ჰენდელ, მაგრამ, მგონი, მანამდე ისინი ამომძირკვავენ.

ჩემი შემართება მაინც მარგებელ ზეგავლენას ახდენდა ჰერბერტზე და ისიც


საქმეს უბრუნდებოდა. თუმცა მალევე ყრიდა ფარ-ხმალს იმ მიზეზით, რომ ამ
წუთას ხელთ არ ჰქონდა კობზის, ლობზის, ნობზის თუ ვინმე მსგავსის ქვითარი.
– მაშინ დაამრგვალე, ჰერბერტ; მაქსიმუმამდე დაამრგვალე, – ვურჩევდი.

– რა ტვინი გაქვს! – აღტაცებით მეუბნებოდა ჰერბერტი, – საქმოსნობაში


ნამდვილად გამორჩეული ნიჭის პატრონი ხარ.

მეც ვეთანხმებოდი. მსგავსი მეცდინეობისას გულის სიღრმეში საკუთარ


თავზე დიდი წარმოდგენა მქონდა, როგორც საქმიან, ურყევ, ფხიზელ და
უკომპრომისო პიროვნებაზე. მას მერე, რაც ჩემს ყველა ვალდებულებას ერთ
ფურცელზე ჩამოვწერდი, რიცხვებს კიდევ ერთხელ ვუდარებდი ქვითრებს და
გადამოწმებულ რიცხვებს "ჩიტუნებით" ვნიშნავდი. ყოველი "ჩიტუნას" დასმისას
ჩემი თვითშეფასება ერთიორად მაღლდებოდა, რაც აღუწერელ ნეტარებას
მგვრიდა. როდესაც ყველა "ჩიტუნა" დასმული იყო, ჩეკებს ერთ დასტად
ვაგროვებდი, თითოეულს უკანა მხრიდან განმარტებას ვაწერდი და ბაწრით
კოხტად ვკრავდი. შემდეგ ჰერბერტისთვისაც იმავეს ვაკეთებდი (მან
მოკრძალებულად აღიარა, შენისთანა ადმინისტრაციული ნიჭი არ გამაჩნიაო) და
იმის განცდით ვტკბებოდი, რომ მეგობრის საქმეები მოვაწესრიგე.

ჩემი საქმიანი ჩვევები კიდევ ერთ ილეთს შეიცავდა, რომელსაც "მარაგის


დატოვებას" ვუწოდებდი. მაგალითისათვის, თუკი ჰერბერტის ვალები ას
სამოცდაოთხ გირვანქა სტერლინგს, ორ შილინგსა და ორ პენსს შეადგენდა,
ვეუბნებოდი, მარაგი დატოვე და ორასამდე დაამრგვალე-მეთქი. ანდა, თუკი ჩემი
ვალი ჰერბერტისას ოთხჯერ აღემატებოდა, ამ შემთხვევაშიც მარაგს ვიტოვებდი
და თანხას შვიდასამდე ვამრგვალებდი. მართალია, მარაგის იდეა უაღრესად
ბრძნულ მიგნებად მიმაჩნდა, თუმცა დღევანდელი გადასახედიდან იძულებული
ვარ ვაღიარო, რომ მისი განხორციელება დიდ ხარჯს უკავშირდებოდა, რადგან, ამ
"მარაგის" გათვალისწინებით, დაუყოვნებლივ ახალ ვალებში ვეფლობოდით;
ხშირად კი, მის მიერ მონიჭებული თავისუფლებისა და გადახდისუნარიანობის
განცდას ისე ავყვებოდით ხოლმე, რომ მარაგს გადავაჭარბებდით და ახალი
მარაგის აღებაც გვიწევდა.

მიუხედავად ამისა, ჩვენი ფინანსების გადასინჯვა ისეთ სიმშვიდესა და


ვალმოხდილობის განცდას მანიჭებდა, რომ ცოტა ხნით ჩემი თავით უაღრესად
კმაყოფილი ვიყავი. როცა მაგიდაზე ორ სიმეტრიულ შეკვრად ჩემი და ჰერბერტის
ვალები მედო – გაწეული შრომით, ჩემი უნიკალური მეთოდითა და ჰერბერტის
შექებით ნუგეშცემულს – თავი ერთეული პიროვნება კი არა, მთელი ბანკი
მეგონა.

ასეთი სერიოზული საქმიანობისას ხელი რომ არავის შეეშალა, ბინის კარს


მუდამ ვკეტავდით. ერთ საღამოს, როდესაც მსგავს უშფოთველ გუნებაზე ვიყავი,
კარის ჭრილში წერილი შემოგვიგდეს. როცა ჰერბერტმა წერილის ძირს დაცემის
ხმა გაიგო, გავიდა და მაშინვე შემობრუნდა.

– შენს სახელზეა, ჰენდელ. იმედია, ცუდი არაფერი მომხდარა, – ეს შენიშვნა


კონვერტის შავ არშიასა და შავ ბეჭედს ეხებოდა.

წერილი "ტრებისა და კომპანიის" მიერ იყო ხელმოწერილი და მოკლედ


იუწყებოდა, რომ დიდად პატივცემული ბატონი ვარ და რომ პატივი აქვთ
შემატყობინონ, მისის ჯ. გარჯერი წინა ორშაბათს, საღამოს შვიდის ოც წუთზე,
გარდაიცვალა და მომავალ ორშაბათს, დღის სამ საათზე, დაკრძალვაზე
მეპატიჟებოდნენ.
35

ეს იყო პირველი სამარე, რომელიც ცხოვრების გზაზე ჩემ წინაშე გაიხსნა და


საოცარია, რაოდენ ღრმა აღმოჩნდა ეს უფსკრული. სამზარეულოს ბუხართან
თავის სავარძელში მჯდომი ჩემი და დღედაღამ მელანდებოდა. ვერაფრით
დამეჯერებინა, რომ ის თავის ადგილას აღარ დამხვდებოდა. მართალია, ბოლო
ხანებში მასზე სულ უფრო ნაკლებს ან საერთოდ არ ვფიქრობდი, მაგრამ ახლა
წუთითაც არ მტოვებდა უმძაფრესი განცდა, თითქოს სადაც იყო, ქუჩაში უნდა
შემფეთებოდა ანდა კარზე მოეკაკუნებინა. ჩემს ოთახშიც კი, რომელთანაც ჩემს
დას არაფერი აკავშირებდა, სიკვდილის სიცარიელეს დაესადგურებინა. ყველა
კუთხეში მისი სახე თუ ფიგურა მელანდებოდა, თითქოს ცოცხალი ყოფილიყო და
ამ კედლებში ხშირად ევლო.

სულ ერთია, ჩემი ცხოვრება როგორც უნდა წარმართულიყო, არა მგონია, ჩემი
და განსაკუთრებული სიყვარულით მომგონებოდა. თუმცა, ვფიქრობ, ისეთი
თავზარდამცემი სინანულიც არსებობს, სიყვარულს ნაკლებად რომ უკავშირდება.
ალბათ, მისი გავლენა იყო, ერთბაშად (იქნებ უფრო ნაზი გრძნობის საპირწონედ)
მთელი არსებით შემძულდა ის ბოროტმოქმედი, რომელმაც ჩემს დას ამდენი
სატანჯველი არგუნა. ვიგრძენი, საკმარისი დამამტკიცებელი საბუთები რომ
მქონოდა, შურს ვიძიებდი ორლიკზე ან სხვაზეც, ვინც უნდა ყოფილიყო.

ჯოს წერილი მივწერე, ვეცადე, მენუგეშებინა და დავარწმუნე, რომ


დაკრძალვაზე ჩავიდოდი. მანამდე დარჩენილი დღეები იმ უცნაურ
მდგომარეობაში გავატარე, რაც ზემოთ აღვწერე.

იმ დილით ადრე ჩავედი, "ლურჯ ტახში" დავბინავდი და მაშინვე


სამჭედლოსაკენ ფეხით გავეშურე.

კვლავაც ზაფხულის მშვენიერი დარი იდგა და ცხადად წარმომიდგა ის დრო,


როდესაც პატარა, უმწეო არსება ვიყავი, ჩემი და კი უმოწყალოდ მეპყრობოდა.
მაგრამ ის ამჯერად უფრო შემწყნარებლურად გავიხსენე, მოგონებას საღიტინოც
კი დაერბილებინა. ახლა თვით არჯაკელისა და სამყურას სურნელიც კი
მეჩურჩულებოდა, ოდესმე ის დღეც დადგება, როდესაც შენც გეამება, თუკი მზით
განათებულ მინდორში გავლისას ვიღაცა ლმობიერად გაგიხსენებსო.

როგორც იქნა ჩვენს სახლს მივუახლოვდი. შორიდანვე გავარჩიე, რომ "ტრებსა


და კომპანიას" სამგლოვიარო ცერემონია ჩაეტარებინა და იქაურობას სრულიად
დაპატრონებოდა. კარის აქეთ-იქიდან ორი სრულიად უაზრო ფიგურა
აყუდებულიყო. თითოეულს შავ ქსოვილში გახვეული ჯოხი ეკავა, თითქოს ამით
ვინმეს ოდნავ მაინც ანუგეშებდნენ. ერთი მათგანი ვიცანი,
ფორეიტორი( ფორეიტორი – წინა ცხენზე მჯდომი მეეტლე (ეტლში ცხენების
ერთიმეორის მიყოლებით შებმისას)) იყო, რომელიც "ლურჯი ტახიდან" გააგდეს,
რადგან ახალდაქორწინებული წყვილი ოთხთვალადან თხრილში გადააყირავა –
მაშინ ისე იყო გალეშილი, რომ უნაგირზე თავის შესამაგრებლად ორივე ცხენს
კისრებზე მკლავები შემოხვია და ასე მიაჭენებდა. სოფლის ბავშვებისა და
ქალების უმრავლესობა ამ გუშაგების, სახლისა და სამჭედლოს ჩარაზული
დარაბების სანახავად შეკრებილიყო. როგორც კი მივუახლოვდი, ერთ-ერთმა
შავოსანმა გუშაგმა (ყოფილმა ფორეიტორმა) კარზე დააკაკუნა – როგორც ჩანს, იმ
მოსაზრებით, რომ მე, გლოვით დაქანცულს, საამისო ძალა აღარ შემრჩებოდა.

მეორე შავოსანმა გუშაგმა (დურგალმა, რომელმაც ერთხელ ნაძლევზე ორი


ბატი შესანსლა) კარი გამიღო და სასტუმრო ოთახში შემიპატიჟა. მისტერ ტრებს
იქ საუკეთესო მაგიდა დაეკავებინა, გაეშალა და შავი ქინძისთავების მეშვეობით
ერთგვარი შავი ბაზარი გაემართა. როცა შევედი, ის-ის იყო დაემთავრებინა
ვიღაცის ქუდის შავი ქსოვილით შეფუთვა, გეგონებოდათ, აფრიკელი ჩვილი
გაახვია საფენებშიო. მეც გამომიწოდა ხელი ქუდის გამოსართმევად. მე კი ისე
ვიყავი თავგზააბნეული, რომ განზრახვას ვერ მივუხვდი და ამიტომ უკიდურესად
გულთბილად ჩამოვართვი ხელი.

საბრალო, საყვარელი ჯო ვიწრო, შავ მოსასხამში იყო მომწყვდეული. მისი


თასმები ყელზე დიდ, შავ ბაფთად ჰქონდა წაჭერილი. ეტყობა, მისტერ ტრებს
დაესვა ოთახის ბოლოში, ტახტზე, როგორც მთავარი ჭირისუფალი. როცა მისკენ
დავიხარე და ვკითხე:

– ჯო, ჩემო კარგო, როგორ ხარ?

მხოლოდ ეს მიპასუხა:

– პიპ, ძმობილო, შენ იმ ხანებში იცნობდი, როცა ჯერ კიდევ დიდებული... –


სიტყვა "ქალი" ვეღარ ამოთქვა, ხელზე ხელი მომიჭირა და დადუმდა.
ბიდი სადა შავ კაბაში ძალზე კოხტად გამოიყურებოდა, ოთახებში
მიმოდიოდა და მარჯვედ საქმიანობდა. მივესალმე. მერე, რაკი გადავწყვიტე,
რომ ახლა მასთან საუბრის გასაბმელად შესაფერისი დრო არ იყო, ისევ ჯოსთან
დავბრუნდი და გვერდით მივუჯექი. მაშინვე იმაზე დავფიქრდი, ის, ანუ ჩემი და,
სახლის რომელ ნაწილში ესვენა. დერეფანში ტკბილი ნამცხვრის სუსტი სურნელი
ტრიალებდა და ხემსის მაგიდას დავუწყე ძებნა. ვიდრე სიბნელეს თვალი არ
მივაჩვიე, ვერაფრით დავლანდე, მერე კი გავარჩიე, რომ მომცრო მაგიდაზე
ელაგა ქლიავის დაჭრილი ნამცხვარი, დაჭრილი ფორთოხალი, სენდვიჩები,
ბისკვიტები და ორი გრაფინი, რომლებიც მთელი ცხოვრება თვალწინ მქონდა,
მაგრამ ერთხელაც არ მინახავს, ვინმეს ეხმარა. ერთში პორტვაინი ესხა, მეორეში
– ალუბლის ბრენდი. ამ მაგიდასთან გადავეყარე ქლესა პამბლჩუკს, რომელიც
შავ კოსტიუმში იყო გამოწყობილი, ქუდზეც კილომეტრობით შავი ქსოვილი
ჰქონდა შემოხვეული და ხემსით იყორავდა მუცელს, თან ყველანაირად
ცდილობდა, ჩემი ყურადღება მიეპყრო. როგორც კი ეს გამოუვიდა, მაშინვე
მომიახლოვდა (თან ბრენდისა და ბისკვიტის სუნი მომასუნთქა) და
მლიქვნელურად მომმართა:

– ნება მიბოძეთ, სერ!.. – და მეც ძალაუნებურად ვუბოძე. მაშინვე მისტერ და


მისის ჰაბლებს მოვკარი თვალი. ეს უკანასკნელი, შემთხვევის შესაფერისად,
დარდისაგან გაქვავებული, კუთხეში აყუდებულიყო. ყველანი სამგლოვიარო
პროცესიაში უნდა ჩავმდგარიყავით, რისთვისაც მისტერ ტრები უმსგავსო და
სასაცილო გუნდებად დაწყობას გვიპირებდა.

– ჩემი ნება რომ ყოფილიყო, პიპ, – ჩამჩურჩულა ჯომ, როდესაც დერეფანში


ორ-ორად ჩაგვამწკრივეს, რამაც შემზარავი სახით რაღაც ცეკვისათვის მზადება
მომაგონა, – ჩემი ნება რომ ყოფილიყო, სერ, ეკლესიაში მე თვითონ
წავასვენებდი სამ-ოთხ ახლობელთან ერთად, ვისაც ეს მართლაც რომ სურს და
გული შესტკივა, მაგრამ ასე გადაწყდა, რადგან ყველამ თქვა, მეზობლები რას
იტყვიან, მეტი პატივისცემა სჭირდებაო და...

– ყველამ ცხვირსახოცები ამოიღეთ! – დაიძახა ამ დროს მისტერ ტრებმა


შეწუხებულ-საქმიანი კილოთი, – ცხვირსახოცები! გავდივართ!

ყველამ ცხვირსახოცები ისე მივიფარეთ სახეზე, თითქოს ცხვირიდან სისხლი


გვდიოდა, და ორ-ორად დავეწყვეთ. მე და ჯო; ბიდი და პამბლჩუკი; მისტერ და
მისის ჰაბლები. ჩემი საბრალო დის ნეშტი სამზარეულოს კარიდან გამოასვენეს.
დაკრძალვის რიტუალი მოითხოვდა, კუბო ექვს ადამიანს ეტარებინა და
თეთრარშიიანი შავი ხავერდის ქვეშ გაგუდულიყვნენ. საბოლოოდ ისინი
დაემსგავსნენ თორმეტფეხა ბრმა ურჩხულს, რომელიც ტაატითა და გაჭირვებით
მიიკვლევდა გზას, თან იმ ორი გუშაგის – ფორეიტორისა და მისი ამხანაგის –
თანხლებით.

თუმცა, უნდა ვთქვა, რომ სამეზობლოში ამ ცერემონიამ მაღალი შეფასება


დაიმსახურა და როცა სოფელში გავიარეთ, ყველა აღტაცებით გვადევნებდა
თვალს. სოფლის ნორჩი მცხოვრებლები დროდადრო გზას გვიჭრიდნენ, რათა
პროცესიას წინ დახვედროდნენდ; მოსახვევებში გვისაფრდებოდნენ, ჩვენი
გამოჩენისას კი ყვიროდნენ: "მოდიან! მოდიან!" – ცოტაც აკლდათ და "ვაშას!"
დაიძახებდნენ. მთელი გზა გულს მიწუხებდა აუტანელი პამბლჩუკი, რომელიც
ჩემ უკან მოაბიჯებდა და გამუდმებით გამოხატავდა სათუთ ყურადღებას იმით,
რომ ხან ქუდზე შავ ქსოვილს მისწორებდა, ხანაც მოსასხამს მიბერტყავდა.
თუმცა მასზე მეტად მისტერ და მისის ჰაბლების თვითკმაყოფილი იერი
მაღიზიანებდა – ასეთ საპატიო პროცესიაში მონაწილეობა ძალზე დიდ რამედ
მიაჩნდათ.

წინ ჭაობიანი მიდამო გადაგვეშალა, ჰორიზონტზე გემების აფრებითა და


მდინარის შესართავით. სასაფლაოს გალავანში შევაბიჯეთ, სადაც ჩემი უცნობი
მშობლები – ფილიპ პირიპი და აგრეთვე ჯორჯიანა, მეუღლე
ზემოთმოხსენიებულისა – განისვენებდნენ. ჩემი დაც ამ მშვიდ ადგილას
მიაბარეს მიწას. სამარის თავზე ტოროლები გალობდნენ. ხეებისა და ღრუბლების
ჩრდილებს ნელი ნიავი არხევდა.

პატივმოყვარე პამბლჩუკთან დაკავშირებით მხოლოდ ამის თქმა მინდა –


ყოველწამს ცდილობდა, მთელი ცერემონია ისეთნაირად წარმოეჩინა, თითქოს
ყველაფერი მხოლოდ ჩემთვის ხდებოდა; თვით იმ საზეიმო სიტყვების სმენისას,
კაცთა მოდგმას წუთისოფლის წარმავალობას რომ შეახსენებს და მიუთითებს,
მიწა ხარ და მიწად იქეც და იმქვეყნად თან არარას წარიტანო, მოულოდნელად
მისი მრავლისმთქმელი ხველა გავიგონე, რომელიც დამსწრეთ იმ გამონაკლისზე
მიანიშნებდა, რასაც ერთი უეცრად გამდიდრებული ახალგაზრდა ჯენტლმენი
წარმოადგენდა. უკანა გზაზე კი იმის ახსნა დამიწყო, თუ რა დასანანია, ჩემი და
რომ ვერ ხედავს იმ დიდ პატივს, რომელიც დავდე, და რომ ასეთი პატივისათვის
სიკვდილი არცთუ ძვირი საფასურია. შემდგომ ამისა დარჩენილი ალუბლის
ბრენდი სულ მთლად დაცალა, მისტერ ჰაბლი კი პორტვაინს სვამდა და
ერთმანეთში ისე ბაასობდნენ (რაც მას მერე სხვებთანაც არაერთხელ
შემინიშნავს), თითქოს გარდაცვლილისაგან სრულიად განსხვავებული, უკვდავი
მოდგმის წარმომადგენლები ყოფილიყვნენ. საბოლოოდ მისტერ და მისის
ჰაბლებთან ერთად წავიდა და, დარწმუნებული ვარ, "მხიარულ მეზღვაურებს"
მიაშურებდა, რათა იქ მთელი საღამოს განმავლობაში იმის თაობაზე ექადაგა,
რომ ჩემი პირველი კეთილისმყოფელი და გამდიდრებისკენ მეგზური თავად იყო.

როდესაც ყველანი წავიდნენ, ტრებმა და მისმა ხელქვეითებმა (მისი ბიჭი


არსად ჩანდა, საგანგებოდ ვეძებე) თავიანთი გუდა-ნაბადი აკრიფეს და
გაგვშორდნენ. სახლში სიმშვიდემ დაისადგურა. ცოტა ხნის მერე ჯოსა და
ბიდისთან ერთად ცივი სადილი მივირთვი. ოღონდ, ჩვეულების
საწინააღმდეგოდ, სამზარეულოს ნაცვლად სასტუმრო ოთახში ვსადილობდით
და ჯოც ისეთი სიფრთხილით ხმარობდა დანა-ჩანგალს, რომ ძველებური
სიმყუდროვე ვერ განვიცადე. სამაგიეროდ, სადილის შემდეგ დავიყოლიე, ჩიბუხი
მოეწია და სამჭედლოში ერთად შეგვეხედა. მერე კი გარეთ დიდ ქვაზე
ჩამოვსხედით და თავი ბევრად უკეთ ვიგრძენით. შევნიშნე, როგორც კი
დაკრძალვიდან მოვბრუნდით, ჯომ ტანთ ისე გამოიცვალა, რომ თავის საკვირაო
და სამუშაო სამოსს შორის ერთგვარი კომპრომისისთვის მიეღწია და ახლა
ბუნებრივად გამოიყურებოდა – ისევ ის ჯო იყო.

სიხარულით ცას ეწია, როდესაც ნებართვა ვთხოვე, ჩემს ძველ, პატარა


ოთახში დამეძინა. ამან თვითონაც გამახარა, რადგან დარწმუნებული ვიყავი, ამ
დათმობით დიდ საქმეს ვაკეთებდი. საღამოს ბინდი რომ ჩამოწვა, დრო
ვიხელთე და ბიდი სასაუბროდ ბაღში გავიხმე.

– ბიდი, – ვუთხარი, – ვფიქრობ, დროულად უნდა მოგეწერა ჩემთვის ამ


სამწუხარო ამბის შესახებ.

– ასე ფიქრობთ, მისტერ პიპ? საჭიროდ რომ ჩამეთვალა, მოგწერდით.

– ნუ გეგონება, რომ გიბრაზდები, ბიდი, მაგრამ მგონია, საჭიროდ უნდა


ჩაგეთვალა.

– ასე გგონიათ, მისტერ პიპ?

თავი იმდენად მშვიდად ეჭირა, მისი სანდომიანი და საღი მშვენების


შემხედვარეს არ მსურდა, ჩემ გამო ისევ ეტირა. ერთხანს მდუმარედ
მივაბიჯებდი ბიდის გვერდით და მის დახრილ თვალებს დავყურებდი, მერე
გადავწყვიტე, ამაზე აღარაფერი მეთქვა.

– ვფიქრობ, ახლა ამ სახლში ვეღარ დარჩები, ძვირფასო ბიდი.


– რა თქმა უნდა, ვერა, მისტერ პიპ, – სინანულით, თუმცა თავისებური მშვიდი
სიმტკიცით მიპასუხა ბიდიმ, – მისის ჰაბლს უკვე მოველაპარაკე და ხვალ მასთან
გადავბარგდები. იმედი მაქვს, ერთად შევძლებთ მისტერ გარჯერიზე ზრუნვას,
ვიდრე თანდათან არ აიწყობს ცხოვრებას.

– რით აპირებ ცხოვრებას, ბიდი? ფული თუ გჭქი...

– ცხოვრებას რით ვაპირებ? – გამაწყვეტინა ბიდიმ და ერთბაშად აილეწა, –


მოგახსენებთ, მისტერ პიპ. ვაპირებ მასწავლებლად მოწყობა ვცადო ახალ
სკოლაში, რომლის მშენებლობაც თითქმის დასრულდა. ყველა მეზობელი კარგ
დახასიათებას მომცემს. იმედი მაქვს, გულმოდგინედ და მოთმინებით
ვიმუშავებ. სხვების სწავლებასთან ერთად მეც ბევრ ახალს ვისწავლი. იცით,
მისტერ პიპ, – ღიმილით ამომხედა, – ახალი სკოლები ძველებს არა ჰგავს,
მაგრამ სკოლის შემდეგ ბევრი რამ თქვენგან ვისწავლე და მას მერეც საკმაო
დრო მქონდა ცოდნის გასაღრმავებლად.

– მგონი, ნებისმიერ ვითარებაში შეძლებდი ცოდნის გაღრმავებას, ბიდი.

– ოჰ, მაგრამ როდესაც ხასიათში ცუდი თვისება გაქვს, ამას ვეღარაფერი


ეშველება...

ეს იმდენად საყვედურს არ ჰგავდა, რამდენადაც აზრის უნებლიე გამოთქმას.


მაშ, კარგი! ამ თემასაც თავი ვანებე. კიდევ ცოტა ხანს მდუმარედ ვიარეთ და
დახრილ თვალებზე ვაკვირდებოდი.
– ჩემი დის გარდაცვალების წვრილმანებზე ჯერ არაფერი ვიცი.

– ბევრს ვერაფერს გიამბობთ. საბრალო ქალი ბოლო ოთხი დღის


განმავლობაში ისევ უგონოდ იყო, თუმცა უკანასკნელ ხანებში ამგვარი შეტევები
იშვიათად მოსდიოდა. საღამოს, სწორედ ჩაის დროს, გამოერკვა და მკაფიოდ
წარმოთქვა: "ჯო". რადგან დიდი ხანია, ერთი სიტყვაც კი არ ეთქვა, იმწამსვე
გავიქეცი და მისტერ გარჯერი სამჭედლოდან მოვიყვანე. თქვენმა დამ მანიშნა,
რომ სურდა, მისი მეუღლე გვერდით დაჯდომოდა და უნდოდა, მისთვის ყელზე
მკლავები შემოეხვია. დავეხმარე და მისი მკლავები მისტერ გარჯერის ყელზე
შემოვხვიე. მაშინვე თავი მხარზე დაადო და გაყუჩდა. კარგა ხანს ასე იყო, კიდევ
რამდენჯერმე წარმოთქვა "ჯო", ერთხელ – "მაპატიე" და ერთხელაც – "პიპ". ისე
მიიცვალა, თავი მეუღლის მხრიდან არ აუწევია. ერთი საათის შემდეგ ჩვენვე
დავადებინეთ თავი ბალიშზე, როდესაც მივხვდით, რომ ცოცხალი აღარ იყო.
ბიდი ტიროდა. მეც გადღაბნილად ვხედავდი ჩაბნელებულ ბადს, ბილიკსა და
აკაშკაშებულ ვარსკვლავებს.

– გამოძიებამ ვერაფერი დაადგინა, ბიდი?

– ვერაფერი.

– ორლიკის შესახებ რამე თუ იცი?

– მისი ტანისამოსის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ქვის სამტეხლოში მუშაობს.

– ესე იგი, ნახე?.. ბილიკის ბოლოში იმ მუქ ხეს რატომ უყურებ?

– თქვენი დის გარდაცვალების ღამეს იმ ხის ქვეშ ვნახე.

– და ეს ბოლო ნახვა არ ყოფილა, არა?

– არა. რაც გამოვედით, მას მერეც იმ ხის ქვეშ დავინახე. აზრი არა აქვს, –
მკლავზე ხელი დამადო და შემაჩერა, რადგან წინ გაქცევა დავაპირე, – ხომ
იცით, არ მოგატყუებთ. მხოლოდ წამით გამოჩნდა და წავიდა.

უწინდელივით განმარისხა იმან, რომ ეს ამაზრზენი კაცი ბიდის უკან


დაჰყვებოდა. ორლიკი კიდევ უფრო შემძულდა. ჩემი განცდა ბიდის გავუზიარე და
ისიც ვუთხარი, რომ არც ფულს, არც ძალისხმევას არ დავიშურებდი, ოღონდაც ეს
კაცი აქაურობისათვის მომეცილებინა. ბიდიმ საუბარი დაიწყო და შეეცადა,
დავემშვიდებინე. მითხრა, რომ ჯოს ძალიან ვუყვარდი, არასოდეს დაუჩივლია
(არ უთქვამს, მაგრამ მივხვდი, ჩემს უყურადღებობას გულისხმობდა) და მუდამ
გულმოდგინედ ასრულებდა თავის მოვალეობას; ხელი მუდამ მტკიცე ჰქონდა,
ენა – შეკავებული, გული კი – ლმობიერი.

– მართალი ხარ, ჯო ყველანაირი საუკეთესო სიტყვების ღირსია, –


დავეთანხმე, – და კიდევ, ბიდი, უფრო ხშირად უნდა ვისაუბროთ ამ
ყველაფერზე, რადგან, რა თქმა უდა, ამიერიდან მალ-მალე ჩამოვალ. საბრალო
ჯოს მარტოს არ დავტოვებ.

ბიდის პასუხად ერთი ბგერაც კი არ გაუღია.


– ბიდი, გაიგონე, რაც ვთქვი?

– დიახ, მისტერ პიპ.


– "მისტერ პიპით" რომ მომმართავ, ამაზე აღარაფერს ვამბობ, თუმცა ეს
უგემოვნოდ მიმაჩნია, მაგრამ რას გულისხმობ?

– როგორ თუ რას ვგულისხმობ? – მშვიდად ჩამეკითხა ბიდი.

– ბიდი, – კეთილშობილი აღშფოთების კილოთი მივმართე, – მინდა ვიცოდე,


ამით რას გულისხმობ!

– ამით? – გაიმეორა ქალიშვილმა.

– არა, ჩემს სიტყვებს ექოსავით ნუ იმეორებ! – გავცხარდი, – წინათ ასე არ


მპასუხობდი, ბიდი.

– წინათ! – აფეთქდა ბიდიც, – ო, მისტერ პიპ! წინათ!..

რა მექნა? ეს თემაც უნდა მიმეტოვებინა. მას შემდეგ, რაც ბაღს კიდევ


ერთხელ მდუმარედ შემოვუარეთ, ნულიდან დავიწყე.

– ბიდი, წეღან ვთქვი, დღეიდან ჯოს მოსანახულებლად ხშირად


ჩამოვალ-მეთქი და ხაზგასმული დუმილით მიპასუხე. კეთილი ინებე და
მითხარი, რა იგულისხმე, ბიდი.

– მართლა დარწმუნებული ხართ, რომ ხშირად ჩამოხვალთ? – ბიდი ბაღის


ბილიკზე ვარსკვლავებქვეშ გაჩერდა და წრფელი და მართალი თვალები
მომაპყრო.

– ო, ღმერთო ჩემო! – ისე შევიცხადე, თითქოს ბიდი ყოვლად უიმედო


შემთხვევა ყოფილიყოს, – ეს მართლაც ხასიათის ძალზე ცუდი თვისებაა! გთხოვ,
ამაზე აღარაფერი თქვა, თორემ გული მიწუხს.

ამ საპატიო მიზეზით ვახშმის დროს ბიდისთან თავი ცივად მეჭირა და, ვიდრე
ჩემს პატარა საძინებელში ავიდოდი, ძილი ნებისაც მთელი სიმკაცრით ვუსურვე,
რის საშუალებასაც სინდისი და დღევანდელი დაკრძალვა მაძლევდა. ღამით
რამდენჯერაც გამომეღვიძებოდა – ეს კი დაახლოებით თხუთმეტ წუთში ერთხელ
ხდებოდა – იმდენჯერ ვფიქრობდი, რა უგულოდ, უსამართლოდ და
შეურაცხმყოფელად მომექცა ბიდი.

დილით ადრე უნდა წავსულიყავი. უთენია უხმაუროდ გავედი და სამჭედლოს


ერთ-ერთ ფანჯარაში შევიხედე. ჯო უკვე შრომობდა, სახეზე ცეცხლის
ანარეკლები და ჯან-ღონე უკრთოდა; თითქოს თვით სიცოცხლის მზე დაჰნათოდა
და ახალ-ახალი ენერგიით ავსებდა. რამდენიმე წუთს მდუმარედ ვადევნე
თვალი.

– ნახვამდის, ჯო! არა, ნუ შეიწმენდ, თუ ღმერთი გწამს, გამურული ხელი


გამომიწოდე! იცოდე, მალე და ხშირად ჩამოვალ!

– რაც მალე, მით უკეთესი, სერ! – მითხრა ჯომ, – და, რაც ხშირად, მით
უკეთესი, პიპ!

ბიდი სამზარეულოს კართან რძის კათხითა და პურის ნაჭრით მელოდა.


– ბიდი, – ხელი გავუწოდე დამშვიდობებისას, – არ ვბრაზობ, მაგრამ
გულნატკენი ვარ.

– გთხოვთ, გულნატკენი ნუ იქნებით, – შემევედრა ბიდი, – ჯობია, მხოლოდ მე


ვიყო გულნატკენი, თუკი უსამართლოდ მოგექეცით.

ყველაფერი ისევ ისე იყო – მინდვრებს ნისლი ებურა და მე სოფლიდან


მივდიოდი. თუკი ეს ნისლი ჭეშმარიტებას მიჩვენებდა – რომ აღარ
დავბრუნდებოდი და ბიდი მართალი აღმოჩნდებოდა – მაშ, რაღას ვიტყოდი,
გარდა იმისა, რომ ეს ნისლიც მართალი აღმოჩნდა.
36

მე და ჰერბერტი სულ უფრო ვირთულებდით საქმეს, რადგან მეტ და მეტ ვალს


ვიღებდით. დროდადრო ისევ ვანგარიშობდით, ახალ-ახალ "მარაგებს"
ვიტოვებდით და მსგავს საზიანო ფინანსურ ოპერაციებს ვასრულებდით. დრო კი,
როგორც ყოველთვის, გადიოდა და ჰერბერტის წინასწარმეტყველებაც ამიხდა:
ვერც კი შევამჩნიე, ისე გავხდი სრულწლოვანი.

რვა თვით ადრე ჰერბერტსაც შეუსრულდა ოცდაერთი წელი. მაგრამ რაკიღა


ასაკის გარდა სხვა არაფერი მომატებია, ამ თარიღმა ბერნარდის ფუნდუკში
განსაკუთრებული მღელვარების გარეშე ჩაიარა. ჩემს სრულწლოვანებას კი
მოუთმენლად ველოდით, მასთან დაკავშირებით უამრავი ვარაუდი და
მოლოდინი გვქონდა, რადგან ორივე ვფიქრობდით, რომ ჩემს მეურვეს ამ დღეს
მაინც უნდა მოეწოდებინა რამე კონკრეტული ცნობები.

წინდაწინ ვიზრუნე იმაზე, რომ ლიტლ-ბრიტანის კანტორაში ჩემი დაბადების


დღის თარიღი არ გამოჰპარვოდათ. წინა დღეს უემიკისგან ოფიციალური წერილი
მივიღე. მწერდა, რომ მისტერ ჯეგერსი ამ ღირსშესანიშნავ დღეს ხუთ საათზე
თავის ოთახში დამელოდებოდა. ამან საბოლოოდ დაგვარწმუნა იმაში, რომ
რაღაც განსაკუთრებული უნდა მომხდარიყო. ზუტად დანიშნულ დროს მივედი.
გული მიფანცქალებდა.

კანტორის წინკარში უემიკმა დაბადების დღე მომილოცა და ვითომდა


შემთხვევით მოიფხანა ცხვირი ორად დაკეცილი გრავირებული ქაღალდით,
რომელმაც ცნობისმოყვარეობა აღმიძრა, მაგრამ მის შესახებ არაფერი უთქვამს.
ნაცვლად ამისა, ჩემი მეურვის კაბინეტში შემიძღვა. ნოემბერი იყო და ჩემი
მეურვე ცეცხლთან იდგა, ზურგით ბუხრის ფიცარს მიყრდნობოდა და ხელები
სერთუკის კალთებქვეშ ამოედო.

– მაშ, ასე, პიპ, – წამოიწყო, – დღეს მისტერ პიპით უნდა მოგმართო.


დაბადების დღეს გილოცავთ, მისტერ პიპ!

ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით – ძალზე ხანმოკლე ხელის ჩამორთმევა


სჩვეოდა – და მადლობა გადავუხადე.

– დაბრძანდით, მისტერ პიპ.

დავჯექი, მაგრამ ის არ დამჯდარა, თავი დახარა და შუბლშეჭმუხნილი


დააჩერდა საკუთარ ჩექმას. თავი ისეთივე არასახარბიელო მდგომარეობაში
ვიგრძენი, როგორც დიდი ხნის წინათ, როდესაც საფლავის ქვაზე შემომსვეს.
თაროდან ორი შემზარავი ნიღაბი დაგვყურებდა, თითქოს ამაოდ და ბრიყვულად
ცდილობდნენ ჩვენს საუბარში ჩარევას.

– მაშ, ასე, ჩემო ნორჩო მეგობარო, – მომმართა, როგორც პროცესზე


გამოძახებულ მოწმეს, – ორიოდე სიტყვა მაქვს თქვენთვის სათქმელი.

– ბრძანეთ, სერ.

– თქვენი აზრით, – კვლავ წამოიწყო თავდახრილმა და იატაკზე


თვალებმიპყრობილმა მისტერ ჯეგერსმა, მერე კი უეცრად თავი უკან გადააგდო
და ჭერს ახედა, – თქვენი აზრით, რა თანხა გეხარჯებათ წელიწადში?

– რა თანხა, სერ?

– რა... თანხას... ხარჯავთ... წელიწადში? – დამიმარცვლა მისტერ ჯეგერსმა.


ისევ ჭერს ახედა, მერე ოთახს შეავლო თვალი და ცხვირისკენ წაღებული
ცხვირსახოცი ჰაერში გააჩერა.

იმ დროისათვის ჩემი ფინანსები უკვე მრავალჯერ მქონდა დათვლილი და


მაინც თავი და ბოლო ვერ გამეგო. გავაცნობიერე, რომ ამ კითხვაზე პასუხი არ
მქონდა, რაც მისტერ ჯეგერსისთვის სრულიად მისაღები აღმოჩნდა და მითხრა,
ასეც ვფიქრობდიო. მერე კმაყოფილი სახით ცხვირი მოიხოცა.

– მე კითხვა დაგისვით, ჩემო მეგობარო, – მითხრა მერე, – თქვენ ხომ არ


გაქვთ ჩემთან შეკითხვა?

– რა თქმა უნდა, რამდენიმე შეკითხვაზე პასუხს თუ გამცემდით, გულზე


მომეშვებოდა, მაგრამ თქვენი გაფრთხილება მახსოვს...

– ერთი დამისვით, – მითხრა მისტერ ჯეგერსმა.


– ჩემი მწყალობლის ვინაობას დღეს შევიტყობ?მ?

– არა, სხვა დამისვით.

– ამას მალე შევიტყობ?

– მოცდა მოგიწევთ, – მიპასუხა მისტერ ჯეგერსმა, – სხვა დამისვით.

მიმოვიხედე, მაგრამ საბოლოოდ ამ შეკითხვას გვერდი ვერ ავუარე:

– მე... რამეს მივიღებ, სერ?

რაზეც მისტერ ჯეგერსმა გამარჯვებული სახით მიპასუხა:

– როგორც იქნა, ამასაც მივადექით! – მაშინვე უემიკს დაუძახა და ის ქაღალდი


მოსთხოვა, წეღან რომ შევნიშნე. კლერკმა გაუწოდა და გავიდა.

– ახლა კი, მისტერ პიპ, – კვლავ მომმართა ვექილმა, – გთხოვთ, ყურადღებით


მომისმინოთ. საკმარისად თავისუფლად იღებდით ჩვენგან კრედიტს. თქვენი
სახელი ხშირად ფიგურირებს მისტერ უემიკის ხარჯთაღრიცხვის წიგნში. რა თქმა
უნდა, ვალიც გაქვთ?

‒ ვშიშობ, დადებითად უნდა გიპასუხოთ, სერ.


– დარწმუნებული ხართ, რომ დადებითად უნდა მიპასუხოთ, ხომ ასეა? –
ხაზგასმით ჩამეკითხა ჯეგერსი.

– დიახ, სერ.

– არ გეკითხებით, რამდენი გაქვთ ვალი, რადგან ეს არ იცით და, რომც


იცოდეთ, მაინც ნაკლებს მეტყოდით. ასეა, ასეა, მეგობარო, – მისტერ ჯეგერსმა
თითის გაშვერით შემაჩერა, რადგან შეკამათება დავაპირე, – გასაგებია, რომ
გგონიათ, ასე არ მოიქცეოდით, მაგრამ მერწმუნეთ, მე უკეთ ვიცი. მომიტევეთ,
ამას რომ ვამბობ. ახლა კი ეს ფურცელი გამომართვით. გიჭირავთ? ძალიან
კარგი. გაშალეთ და მითხარით, რა არის.

– ბანკნოტი, – ვუპასუხე, – ხუთასი გირვანქა სტერლინგი.


– ბანკნოტი, – გაიმეორა მისტერ ჯეგერსმა, – ხუთასი გირვანქა სტერლინგი. და
მშვენიერი თანხაცაა. თქვენც ასე ფიქრობთ?

– სხვაგვარად როგორ უნდა ვიფიქრო?

– ჰო, მაგრამ პასუხი მჭირდება.

– უეჭველად ასეა.

– მაშასადამე, ეს უეჭველად მშვენიერ თანხად მიგაჩნიათ. ჰოდა, პიპ, ეს


მშვენიერი თანხა თქვენ გეკუთვნით. ერთგვარი ძღვენია დღევანდელი
დღისათვის თქვენი სამომავლო იმედების ხარჯზე. და, ვიდრე თქვენი
მწყალობელი გამოჩნდება, მოგიწევთ, ყოველწლიურად ამ მშვენიერ თანხას
დასჯერდეთ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, დღეიდან თქვენი ფინანსური საქმეები
მთლიანად თქვენვე გეძლევათ ხელთ. უემიკისგან კვარტალში ას ოცდახუთ
გირვანქა სტერლინგს მიიღებთ მანამ, ვიდრე შუამავლის ნაცვლად ფულის
პირველწყაროს არ დაუკავშირდებით. როგორც ადრევე გითხარით, მე მხოლოდ
შუამავალი ვარ. მითითებებს ვასრულებ და ამისათვის გასამრჯელოს ვიღებ. ეს
მითითებები გონივრულად სულ არ მიმაჩნია, მაგრამ იმისათვის როდი მიხდიან,
მათთან დაკავშირებით ჩემი აზრი გამოვთქვა.

ასეთი გულუხვობის გამო ჩემი მწყალობლისათვის სამადლობელი სიტყვები


წამოვიწყე, მაგრამ მისტერ ჯეგერსმა ცივად გამაწყვეტინა:

– არც იმისთვის მიხდიან, პიპ, თქვენი სიტყვები ვინმეს გადავცე, – ამის


შემდეგ სერთუკის კალთები ისე აიკრიფა ორივე ხელით, როგორც ცნობების
შეკრება იცოდა ხოლმე, და თავის ფეხსაცმელს ისე დააცქერდა, თითქოს რაღაც
ვერაგულ ქცევაში სდებდა ბრალს.

დუმილის შემდეგ მივანიშნე:

– წეღან ერთ კითხვასთან დაკავშირებით მითხარით, მოცდა მოგიწევთო.


შეიძლება ეს კითხვა განმეორებით დაგისვათ, მისტერ ჯეგერს?

– და რა კითხვა იყო ეს?

მივხვდი, რომ მისტერ ჯეგერსი არ დამეხმარებოდა; უცნაურად გამიჭირდა


ერთხელ წარმოთქმული კითხვის გამეორება.
– შესაძლებელი თუა, – დავიწყე ხანმოკლე ყოყმანის შემდეგ, – რომ ჩემი
მწყალობელი, ის პირველწყარო, რომელიც ახსენეთ, მალე... – აქ მორიდებულად
შევჩერდი.

– მალე... რა? – ჩამეკითხა მისტერ ჯეგერსი, – ეს კითხვა არ არის.

– მალე ჩამოვიდეს ლონდონში, – საჭირო სიტყვების ძიებაში თვალები


აქეთ-იქით ვაცეცე, – ან სადმე სხვაგან გამომიძახოს?

– ყური დამიგდეთ, – მისტერ ჯეგერსმა პირველად დამიმიზნა ღრმად ჩასმული


შავი თვალები, – იმ საღამოს დავუბრუნდეთ, როცა მე და თქვენ ერთმანეთს
თქვენს სოფელში პირველად შევხვდით. გახსოვთ, რა გითხარით მაშინ?

– მითხარით, რომ შეიძლება წლები გავიდეს, ვიდრე ეს პიროვნება


გამოჩნდება.

– სწორედ ასეა, – დამიდასტურა ჯეგერსმა, – ჩემი პასუხიც ეს იქნება.

ერთმანეთს თვალი გავუსწორეთ და სუნთქვა ამიჩქარდა, იმდენად მომეძალა


სურვილი, მისგან რამე მაინც გამეგო. მაგრამ როგორც კი ეს შევნიშნე, მივხვდი,
მანაც შენიშნა და იმწუთას რამის გაგების ბევრად ნაკლები შანსი მქონდა,
ვიდრე ოდესმე.

– როგორ ფიქრობთ, ამას კიდევ წლები დასჭირდება, მისტერ ჯეგერს?

მისტერ ჯეგერსმა თავი გააქნია, ოღონდ უარყოფითი პასუხის ნიშნად კი არა,


არამედ ზოგადად ნებისმიერი პასუხის უარსაყოფად. სწორედ ამ დროს
უნებლიეთ მოვკარი თვალი საზარელ ნიდღბებს, რომლებიც ისე იმანჭებოდნენ,
თითქოს სადაცაა დააცემინებენო.

– კარგი, – მისტერ ჯეგერსმა ფეხის კუნთებზე ცეცხლთან გამთბარი ხელის


მტევნები ჩამოისვა, – პიპ, ჩემო მეგობარო, გულახდილად გეტყვით: ეს ის
შეკითხვაა, რომელიც არ უნდა დამისვათ. იქნებ ამას უკეთ ჩასწვდეთ, თუკი
გეტყვით, რომ ამ შეკითხვის დასმა ჩემთვის სახელის გატეხას ნიშნავს. კარგი!
კიდევ უფრო შორს წავალ და ოდნავ მეტსაც გაგიმხელთ.

ისე დაბლა დაიხარა, რომ საუბრის შუალედში ფეხსაცმლისგან თვალის


მოუცილებლად წვივები მოისრისა.

– როდესაც ეს პიროვნება თავს გამოიაშკარავებს, – განაგრძო მისტერ


ჯეგერსმა და წელში გასწორდა, – შენ და ის ყველა საქმეს ერთმანეთში
მოაგვარებთ. როგორც კი ის გამოჩნდება, ჩემი მოვალეობებიც იქვე
დასრულდება. როცა ის გამოჩნდება, სულაც არაა აუცილებელი, მე ამის შესახებ
რამე ვიცოდე. მეტს აღარაფერს გეტყვით.

ერთმანეთს მანამ ვუყურეთ, ვიდრე თვალი არ მოვარიდე და იატაკს არ


ჩავაშტერდი. ამ ბოლო განმარტებიდან დავასკვენი, რომ მის ჰევიშემმა,
გარკვეული მიზეზით თუ უმიზეზოდ, საჭიროდ არ ჩათვალა, ესტელასა და
ჩემთან დაკავშირებული გეგმები მისტერ ჯეგერსისთვის გაეზიარებინა; რომ ჩემი
მეურვე ამის გამო ბრაზობდა; ანდა, რომ თვით ამგვარი გადაწყვეტილების
წინააღმდეგი იყო და არ სურდა, მასთან რამე საერთო ჰქონოდა. თავი როცა
ავწიე, მივხვდი, მთელი ამ ხნის განმავლობაში მაკვირდებოდა. ახლაც
მიყურებდა.

– თუკი აღარაფერი გაქვთ სათქმელი, სერ, – ვუთხარი, – აღარც მე მსურს


რამის თქმა.

მან თავის დაკვრით დასტური მომცა, მერე ქურდების სანატრელი საათი


ამოაძვრინა და მკითხა, სად ვაპირებდი სადილობას. ვუთხარი, ჩემს ბინაში
ჰერბერტთან ერთად-მეთქი. ზრდილობა მოითხოვდა, მეკითხა, ჩემთან
სადილობით პატივს თუ დამდებდა და ისიც მაშინვე დამთანხმდა, თან
დაჟინებით მოინდომა ჩემთან ერთად წამოსვლა, რათა მის გამო საგანგებოდ
არაფერზე შევწუხებულიყავი. მანამდე კი ორიოდე წერილი ჰქონდა დასაწერი და
(რაღა თქმა უნდა) ხელებიც ექნებოდა დასაბანი, ამიტომაც შევთავაზე, რომ
შესასვლელში, უემიკთან, დაველოდებოდი.

საქმე ის იყო, რომ, როგორც კი ხუთასი გირვანქა სტერლინგი ჩემს ჯიბეში


აღმოჩნდა, ერთი აზრი მომივიდა, რომელიც მანამდეც არაერთხელ მომსვლია,
და ვიფიქრე, ამასთან დაკავშირებით რჩევის სათხოვნელად საუკეთესო
პიროვნება უემიკი იყო.

მას სეიფი უკვე ჩაეკეტა და შინ წასასვლელად ემზადებოდა – თავისი


მერხიდან ამდგარიყო, ორი ჩამოღვენთილი შანდალი ჩამოედო და სანთლის
საჩხრეკთან ერთად კარის გვერდით დაედგა, რათა გასვლის წინ ჩაექრო.
ბუხარში ცეცხლიც გაენელებინა, ქუდი და მოსასხამი ჩამოეღო და ერთფეროვანი
სამუშაო დღის შემდეგ მოსათელად სეიფის გასაღებს მკერდზე იკაკუნებდა.

– მისტერ უემიკ, – მივმართე, – თქვენი აზრი მაინტერესებს. დიდი სურვილი


მაქვს, ერთ მეგობარს დავეხმარო.

უემიკმა საფოსტო ყუთი მოკუმა და თავი ისე გააქნია, აქაოდა, ამგვარ


სისუსტესთან დაკავშირებით, აბა, რა აზრი უნდა მქონდესო.

– ეს მეგობარი, – განვაგრძე, – კომერციული საქმიანობის წამოწყებას


ცდილობს, მაგრამ სახსრები არ გააჩნია და ამის გამო საქმეს ვერ იწყებს.

– მის ნაცვლად გსურთ წილის შეტანა? – ივარაუდა უემიკმა. ეს სიტყვები


ნახერხივით მშრალი კილოთი გამოცრა.

– ნაწილობრივ, – დავაზუსტე, რაკიღა სინდისმა იმწამსვე ამომიტივტივა


მეხსიერებაში ჩემს მაგიდაზე კოხტად შეკრული ჩეკების დასტა, – წილს
ნაწილობრივ შევიტანდი და, შესაძლოა, ნაწილს ჩემი მომავალი იმედების
გათვალისწინებით ვალში ავიღებდი.

– მისტერ პიპ, – მითხრა უემიკმა, – მოდით, ერთად ჩამოვთვალოთ თითებზე,


რამდენი ხიდია განლაგებული აქედან ჩელსი-რიჩამდე. მაშ, ასე: ღონდონის
ხიდი – ერთი; საუთვორკი – მეორე; ბლეკფრაიერსი – მესამე; ვატერლოო –
მეოთხე; უესტმინსტერი – მეხუთე და ვოქსოლი – ესეც თქვენი მეექვსე, –
თითოეული ხიდის დასახელებისას გასაღების ყუნწით თითებს იკეცავდა, –
ხედავთ? თქვენ განკარგულებაში მთელი ექვსი ხიდია, აირჩიეთ!

– ვერ მიგიხვდით, – ვუპასუხე.


– ამოირჩიეთ ნებისმიერი ხიდი, მისტერ პიპ, – მომიგო უემიკმა, – ზედ
გაიარეთ და ამ ხიდის შუა თაღიდან თქვენი ფული ტემზაში მოისროლეთ: ასე
დანამდვილებით გეცოდინებათ, რა ბედიც ეწია. მეგობარს თუ ფულით
დაეხმარებით, მაშინაც გეცოდინებათ, ოღონდაც ეს ცოდნა ბევრად უსიამოვნო
და უსარგებლო იქნება.

ეს რომ თქვა, პირი იმსიგანეზე გაწელა, შიგ დაკეცილი გაზეთი შეეტეოდა.

– ცივი წყალი გადამასხით, – ამოვილუღლუღე.


– სწორედ ეგ მინდოდა, – მიპასუხა მშვიდად.

– ესე იგი, თქვენი აზრით, – შევეცადე, აღშფოთება დამემალა, – ადამიანმა


არასოდეს უნდა...

– ...არასოდეს უნდა დააბანდოს მოძრავი ქონება მეგობარში? რა თქმა უნდა,


არა. თუკი მეგობრის თავიდან მოშორება არ გადაუწყვეტია. მაშინ საკითხი ასე
დგას: რამდენად უღირს მას ამ მეგობრის მოშორება?

– და ეს, – ვეღარ მოვითმინე, – თქვენი საბოლოო აზრია, მისტერ უემიკ?

– ეს ჩემი საბოლოო აზრია ამ კანტორაში.

– აჰ, ასე? – ჩავეძიე, რადგან შევნიშნე, რომ თავის დასაძვრენი ხვრელი


მოემზადებინა, – უოლუორთშიც ამავე აზრისა იქნებით?

– მისტერ პიპ, – უკიდურესი სერიოზულობით მიპასუხა, – უოლუორთი ერთია,


ეს კანტორა კი – სულ სხვა. ისევე, როგორც ჩემს მოხუცს მისტერ ჯეგერსთან
სრულიად არაფერი აქვს საერთო. მათი გვერდიგვერდ დაყენებაც კი არ
შეიძლება. ჩემი უოლუორთული გრძნობები თუ გაინტერესებთ, უოლუორთში
უნდა მომაკითხოთ. კანტორაში მხოლოდ ოფიციალურ გრძნობებს გაგიზიარებთ,
სხვას ვერაფერს.

– ძალიან კარგი, – შვებით ამოვისუნთქე, – მაშინ, დარწმუნებული


ბრძანდებოდეთ, სულ მალე უოლუორთში გესტუმრებით.

– მისტერ პიპ, გამიხარდება თქვენი ნახვა, თუკი მესტუმრებით.

მთელი ამ ხნის განმავლობაში ხმადაბლა ვსაუბრობდით, რადგან ვიცოდით,


ჩემს მეურვეს რა სმენაც ჰქონდა. როცა ის პირსახოცით ხელში ოთახიდან
გამოვიდა, უემიკმა მოსასხამი მოირგო და სანთლების ჩაქრობას შეუდგა. ქუჩაში
სამივე ერთად გავედით, უემიკმა კიბიდან ერთ მხარეს გაუხვია, ჩვენ კი – მეორე
მხარეს.

იმ საღამოს არაერთხელ ვინატრე, ნეტავ მისტერ ჯეგერსსაც ჰყოლოდა მოხუცი


მშობელი თავის გერარდ-სტრიტზე, ანდა ზარბაზანი ჰქონოდა, ან რამე, ან ვინმე
მაინც ყოფილიყო ქვეყნად ისეთი, რის გამოც წამით მაინც გახსნიდა შუბლს.
საკმარისად მძიმე ასატანია, როცა ოცდამეერთე დაბადების დღეზე აღმოაჩენ,
რომ ისეთ არასანდო და ვერაგ სამყაროში, როგორსაც მისტერ ჯეგერსი
ყოველწამს გვიხატავდა, არც სრულწლოვანება ღირს და არც საერთოდ
ცხოვრება. ჯეგერსი უემიკზე ათასჯერ უფრო ჭკვიანი და მცოდნე იყო, თუმცა
ათასჯერ უფრო მერჩივნა, უემიკთან ერთად მესადილა. მისტერ ჯეგერსმა
მხოლოდ მე როდი წამიხდინა გუნება. მისი წასვლის შემდეგ ბუხრის ცეცხლს
მიშტერებულმა ჰერბერტმა გამომიცხადა, მგონი საშინელი დანაშაული ჩავიდინე,
ოღონდაც ვეღარ ვიხსენებ, რა – თავს იმდენად უღირსად და ბრალეულად
ვგრძნობო.
37

კვირა დღე საუკეთესოდ ჩავთვალე მისტერ უემიკის უოლუორთული


გრძნობებისათვის, ამიტომ გადავწყვიტე, მომდევნო კვირასვე მის ციხესიმაგრეს
ვწვეოდი.

გალავანს მივადექი. სახელმწიფო დროშა აფრიალებული დამხვდა, ხიდი –


აწეული, თუმცა ამ თავდაცვით ღონისძიებებს არ შევუშინდი, ზარი დავრეკე და
მოხუცმა ფრიად მშვიდობიანად შემიშვა. მას მერე, რაც ასაწევი ხიდი კვლავ
უსაფრთხო მდგომარეობაში დააბრუნა, მითხრა:

– ჩემი ვაჟი, სერ, ვარაუდობდა, რომ მობრძანდებოდით და დაგიბარათ, ცოტა


ხანს დაელოდოთ, ვიდრე ნაშუადღევის სეირნობიდან მობრუნდება. სეირნობის
საათებს უზუსტესად იცავს. საერთოდ, ჩემს ვაჟს ყველაფერში სიზუსტე უყვარს.

მოხუც ჯენტლმენს ისე დავუქნიე თავი, როგორც უემიკი უქნევდა, რის


შემდეგაც შიგნით შემიძღვა და ბუხართან დავსხედით.

– ჩემი ვაჟი, ალბათ, სამსახურში გაიცანით, ასე არ არის? – მკითხა მოხუცმა,


თან ცეცხლთან ხელებს ითბობდა, – მსმენია, ჩემი ვაჟი თავისი საქმის
საუკეთესო მცოდნეა, – პასუხად გამალებით დავუქნიე თავი, – დიახ! ასე
მეუბნებიან. მისი საქმე სამართალია, ხომ? – კვლავ თავი დავუქნიე, – ჩემი ვაჟი
იმიტომაც უფრო მაკვირვებს, რომ სამართალმცოდნედ კი არა, ღვინის მეკასრედ
ვამზადებდი.

დავინტერესდი, თუ რა იცოდა მოხუცმა მისტერ ჯეგერსის რეპუტაციის შესახებ


და ეს გვარი ყურში ჩავყვირე. მან კი უწინდელზე მეტად დამაბნია იმით, რომ
ჯერ
გულიანად გაეცინა, მერე კი ეშმაკური ღიმილით მითხრა:

– ოჰ, რას ბრძანებთ! ეგ მართალია! – დღემდე ვერ ვხვდები, ამით რა


იგულისხმა და ჩემს სიტყვებში რა ხუმრობა მოესმა.

რაკი გამუდმებით თავის კანტური აღარ გამოდიოდა და მეც უნდა მეთქვა


ერთი-ორი სიტყვა, კვლავაც ჩავყვირე, თქვენ თვითონაც მეკასრე ხომ არ
ბრძანდებოდით-მეთქი. მას მერე, რაც რამდენჯერმე ამოვთქვი ეს სიტყვა
ტუჩების ენერგიული მოძრაობითა და მოხუცსაც რამდენჯერმე დავუკაკუნე
მკერდზე თითი, იმის ნიშნად, რომ შეკითხვა უშუალოდ მას ეხებოდა, როგორც
იქნა, სასურველ შედეგს მივაღწიე.

– არა, – მიპასუხა მოხუცმა ჯენტლმენმა, – მე მეკუჭნავე ვიყავი, მეკუჭნავე.


ჯერ იქით, – საკვამურისკენ მიმითითა, თუმცა, სავარაუდოდ, ლივერპული
იგულისხმა, – მერე კი აქეთ, ლონდონში. მაგრამ მერე, სნეულება რომ მომეძალა
– თანდათან ყურთ დამაკლდა, სერ...

მიმიკით უკიდურესი გაოცება გამოვსახე.


– ...დიახ, სერ, ყურთ დამაკლდა, ჰოდა, ჩემმა ვაჟმა სწორედ ამის შემდგომ
დაიწყო სამართლის სფეროში საქმიანობა, თავის კმაყოფაზე ამიყვანა და
რამდენიმე წელიწადში ეს დახვეწილი და მშვენიერი სახლიც ააშენა. მაგრამ ისევ
იმას დავუბრუნდები, წეღან რაც ბრძანეთ და, იცით, – ბერიკაცმა კვლავ
გულიანად გაიცინა, – ეგ მართალია, ღმერთმანი, მართალია!

თავმდაბლად გავიფიქრე, თავიც რომ მემტვრია, ისეთ რამეს მაინც


ვერაფრით მოვიგონებდი, ისე ვერ გავახალისებდი, როგორც ამ წარმოსახვითმა
ხუმრობამ გაახალისა. უეცარმა ტკაცანმა შემაკრთო – ბუხრის გვერდით,
კედლიდან თითქოს აჩრდილის ხელმა გადმოშალა ხის პატარა ფილა, რომელზეც
"ჯონი" ეწერა. ბერიკაცმა ჩემს მზერას თვალი გააყოლა და გამარჯვებული
კილოთი შეჰყვირა:

– ჩემი ვაჟი შინ მობრუნდა! – რის შემდეგაც ორივენი ასაწევ ხიდთან გავედით.

ერთ რამედ ღირდა უემიკის ნახვა, როცა მან თხრილის მეორე ნაპირიდან
ხელი დამიქნია, თუმცა სულ ადვილად შეეძლო, ხელი ჩამოერთმია. ბერიკაცს
ეტყობოდა, ისე მოსწონდა ხიდის ჩამოშვება, დახმარება არც მიცდია; იქვე
ვიდექი და უემიკის შემოსვლას ველოდი, რომელმაც თავისთან ერთად მოსული
მის სკიფინზი გამაცნო.

მის სკიფინზი ფიცარივით გამოიყურებოდა და, თავისი კავალერისა არ იყოს,


ისიც საფოსტო უწყებას მიეკუთვნებოდა. ორი-სამი წლით იქნებოდა უემიკზე
უმცროსი და, როგორც დავასკვენი, გარკვეულ მოძრავ ქონებასაც ფლობდა.
ისეთნაირი თარგით შეკერილი კაბა ეცვა, რომ წელზევით, წინა და უკანა
მხრიდან, ფრანს მოგაგონებდათ, ამასთან, ქსოვილი მეტისმეტად მჭახე
ნარინჯისფერი მომეჩვენა, ხელთათმანი კი მკვეთრი მწვანე. კარგი მეგობარი
ჩანდა და მოხუცის მიმართაც უკიდურეს მოწიწებას ავლენდა. მალევე
დავრწმუნდი, რომ მის სკიფინსი ციხესიმაგრეში ხშირად მოდიოდა სტუმრად,
რადგან როცა სახლში შევედით, უემიკს ქათინაური ვუთხარი იმ მარჯვე
მოფიქრების გამო, რითაც მოხუცს შინ მოსვლას ამცნობდა, რაზეც მან მთხოვა,
ბუხრის მეორე მხარეს დავკვირვებოდი და გაუჩინარდა. წუთის შემდეგ მეორე
კედელზეც ციცქნა კარი გაიღო, რომელზეც "მის სკიფინზი" ეწერა; მერე "მის
სკიფინზი" დაიკეტა და "ჯონი" გაიღო; ახლა ორივე გაიღო და ბოლოს ორივე
დაიხურა. ამ მექანიკური ოპერაციების ჩატარების შემდეგ მობრუნებულ უემიკს
აღტაცებით შევხვდი. მან კი ამიხსნა:

– მოხუცს ეს გამოგონება სჭირდება და ართობს კიდეც. თანაც ვინც


ჭიშკართან მოდის, მათგან არავინ იცის ამ ღილაკების შესახებ, მხოლოდ
მოხუცმა, მე და მის სკიფინზმა ვიცით!

– გარდა ამისა, – დასძინა მის სკიფინზმა, – მისტერ უემიკმა ეს თვითონ


გამოიგონა და საკუთარი ხელით გააკეთა.

ვიდრე მის სკიფინზი ქუდს იხდიდა (ხელთათმანი მთელი საღამო არ


მოუძვრია, რაც იმას უსვამდა ხაზს, რომ სახლში სტუმარი იყო), უემიკმა თავის
მამულში გასეირნება და იმის ნახვა შემომთავაზა, კუნძული ზამთარში როგორ
გამოიყურებოდა. რაკი ეს მინიშნებად ჩავთვალე, რომ მისი უოლუორთული
აზრები და გრძნობები გამომეკითხა, მაშინვე ვისარგებლე შემთხვევით და
წუთის შემდეგ უკვე გარეთ ვიყავით.
გულდაგულ მოვემზადე ამ საუბრისათვის და ახლა იგივე თემა ისე
წამოვჭერი, თითქოს მანამდე უემიკთან არასოდეს მეხსენებინოს. ვუთხარი, რომ
ძალიან მინდოდა ჰერბერტ პოკეტს დავხმარებოდი; ვუამბე, ერთმანეთს
პირველად როგორ შევხვდით და როგორ ვიჩხუბეთ. ჰერბერტის ოჯახი და მისი
პიროვნებაც დავახასიათე, არც ის დამიმალავს, რომ სხვა შემოსავალი არ
გააჩნდა, გარდა იმ მცირედი, არამუდმივი დახმარებისა, რასაც მამისაგან
იღებდა. ის კეთილისმყოფელი ზეგავლენაც ვახსენე, რომელიც ჩემზე, უხეშ და
გაუნათლებელ ყმაწვილზე, მასთან ურთიერთობამ იქონია და ვაღიარე, რომ,
ვშიშობდი, სიკეთე ბოროტად გადავიხადე, რადგან ჩემი და ჩემი სამომავლო
იმედების გარეშე საქმე ბევრად უკეთ წაუვიდოდა. მის ჰევიშემი არ მიხსენებია,
მაგრამ მაინც ფრთხილად შევეხე იმას, რომ, შესაძლოა, ჩემ გამო ჰერბერტს
მომავალი გაჰფუჭებოდა; ამავე დროს უემიკი იმაშიც დავარწმუნე, რომ
ჰერბერტის დიდსულოვანი ბუნება ყოველგვარი შურის, ბოღმისა და
ინტრიგებისაგან უსასრულოდ შორს იყო. ბოლოს დავასკვენი, რომ ყველა ამ
მიზეზის გამო და იმიტომაც, რომ ჰერბერტი ჩემი მეგობარი და ამხანაგია და
მთელი გულით მიყვარს, მსურდა, ჩემი იღბლის ერთი სხივი მასაც მოხვედროდა.
სწორედ ამისთვის ვთხოვდი უემიკს, საქმისა და ადამიანების ღრმა მცოდნეს,
რჩევა მოეცა, საუკეთესოდ როგორ მომეხერხებინა, ჩემი საშუალებებით
ჰერბერტი ჯერჯერობით მუდმივი შემოსავლით – ვთქვათ, ყოველწლიურად ასი
გირვანქა სტერლინგით – უზრუნველმეყო, რათა თავი მშვიდად და სტაბილურად
ეგრძნო, მოგვიანებით კი მისთვის რამე საქმეში წილიც მეყიდა. უემიკს ისიც
ვთხოვე, ჰერბერტს არაფერი სცოდნოდა ჩემი მხარდაყჭერის შესახებ და
დავარწმუნე, რომ მის გარდა ქვეყნად სხვა სანდო მრჩეველი არ მეგულებოდა.
დასასრულს მხარზე ხელი დავადე და ვუთხარი:

– თავი ვერ შევიკავე და ჩემი განცდები გაგანდეთ, თუმცა ვიცი, ჩემი თხოვნა
თქვენთვის შემაწუხებელია. მაგრამ ამაში თქვენვე გდებთ ბრალს: აქ რომ არ
მოგეყვანეთ და აქაურობა არ გეჩვენებინათ, ასე ვერასოდეს მოგენდობოდით.

უემიკი ცოტა ხანს დუმდა, მერე უცნაური კრთომით მითხრა:

– მისტერ პიპ, იცით, ერთი რამ უნდა გითხრათ. ძალიან მადლიანი საქმე
ჩაგიფიქრებიათ.

– ჰოდა, დამეხმარეთ ამ მადლიანი საქმის განხორციელებაში, – ვუთხარი.

– არაფერი გამოვა, – თავი გააქნია უემიკმა, – ეგ ჩემს პროფესიულ სფეროში


არ შედის.

– ჰო, მაგრამ არც ესაა თქვენი სამსახური, – ვუპასუხე.

– მართალს ბრძანებთ. ათიანში მოახვედრეთ. მისტერ პიპ, დავუფიქრდები


და, მგონია, ყველაფერი, რაც ჩაიფიქრეთ, დროთა განმავლობაში გაკეთდება.
სკიფინზი (ეს მის სკიფინზის ძმაა) ბუღალტერი და გაყიდვების აგენტია.
გავესაუბრები და რამეს მოგიხერხებთ.

– თქვენი უსასრულოდ მადლობელი ვარ.

– პირიქით, – მიპასუხა, – ეს მე ვარ თქვენი მადლობელი, რადგან, მართალია,


მე და თქვენ ახლა სრულიად კერძო საუბარი გვაქვს, ნიუგეიტის აბლაბუდა სულს
მაინც მეტისმეტად ეკვრის და ამგვარი რამ მის ჩამობერტყვას ეხმარება.
კიდევ ხანმოკლე საუბრის შემდეგ ციხესიმაგრეში შევბრუნდით. მის სკიფინზს
ამასობაში ჩაი მოემზადებინა. ტოსტების შებრაწვის საპასუხისმგებლო
მოვალეობა მოხუცმა იკისრა და ისე გულმოდგინედ მიუდგა, ლამის თვალები
ამოიწვა. ნორმალური კი არა, კარგა ნოყიერი ხემსი გველოდა. კეთილშობილ
ბერიკაცს კარაქწასმული, ჯერაც შიშხინა ტოსტების იმსიმაღლე ზვინი
აეკოკოლავებინა, მის უკან ძლივსღა მოჩანდა. ამასობაში მის სკიფინზმა
სურნელოვანი ჩაი იმხელა ჩაიდანში დააყენა, ფარდულიდან ღორმაც კი
მოგვაწვდინა ხმა – როგორც ჩანს, წვეულებაზე დასწრება მოესურვებინა.

დანიშნულ დროს დროშაც ჩამოუშვეს, ზარბაზანმაც დასჭექა და ასე მეგონა,


უოლუორთი გარე სამყაროსაგან ისე იყო მოწყვეტილი, თითქოს თხრილი
ოცდაათი ფუტის სიგანისა და ასეთივე სიღრმის ყოფილიყო. ციხესიმაგრის
სიმშვიდეს არაფერი არღვევდა, იმას თუ არ ჩავთვლით, რომ ხან "ჯონი", ხან
"მის
სკიფინზი" დროდადრო ტკაცანით ჩამოიშლებოდა. ამ ფილებს რაღაც წუნი
ჰქონდათ და გვარიანად მაშფოთებდა, ვიდრე არ შევეჩვიე. მის სკიფინზი ისე
მარჯვედ ფუსფუსებდა, მივხვდი, აქ ყოველ კვირას ჩაის მომზადება ჩვევად
ჰქონდა. ასევე ვივარაუდე, რომ ის კლასიკური გულსაბნევი, რომელზეც
შეუხედავი, სწორცხვირა ქალის პროფილი და თხელი, ნამგალა მთვარე იყო
გამოსახული, მისტერ უემიკისგან ძღვნად მიღებული მოძრავი ქონება უნდა
ყოფილიყო.

ტოსტები სულ გადავსანსლეთ, ჩაიც დავლიეთ და ყველანი საამოდ გავთბით


და გავცხიმიანდით. განსაკუთრებით, მოხუცი დაემსგავსა ველური ტომის კოხტად
მოვლილ ბელადს, რომელსაც ის-ის იყო ლოყებზე ზეთი წაესვა. ხანმოკლე
შუალედში მის სკიფინზმა – რაკი მოახლე, როგორც ჩანს, კვირა დღეებს
საკუთარი ოჯახის წიაღში ატარებდა – ისე დახვეწილად და ბუნებრივად გარეცხა
ჩაის ჭურჭელი, რომ არავის გვიგრძნია თავი უხერხულად. მერე ისევ წამოიცვა
ხელთათმანი და ყველანი ბუხარს მოვუსხედით. უემიკმა თქვა:

– აბა, მოხუცო მშობელო, გაზეთი წაგვიკითხე.

ვიდრე მოხუცი სათვალეს ირგებდა, უემიკმა ამიხსნა, რომ ესეც ჩვეულების


ნაწილი იყო, რადგან მოხუცს ახალი ამბების ხმამაღლა კითხვა სიამოვნებას
ანიჭებდა.

– არ მინდა, ამჯერად გამონაკლისი დავუშვა, რადგან ისედაც არცთუ ბევრი


სიამოვნება აქვს, ხომ ასეა, მოხუცო?

– კარგი, ჯონ, კარგი! – მიუგო ბერიკაცმა, რაკი შენიშნა, რომ მას


მიმართავდნენ.

– ოღონდ გაზეთიდან რამდენჯერაც ამოიხედავს, იმდენჯერ დაუკარით თავი, –


მთხოვა უემიკმა, – და მაშინ ხელმწიფესავით კმაყოფილი იქნება. ყურადღებით
გისმენთ, მოხუცო.

– ჰო, კარგი, ჯონ, კარგი, – უთხრა გახარებულმა მოხუცმა და ისეთი ხალისით


დაფაცურდა, მართლაც გულისამაჩუყებელი სანახავი იყო.

მოხუცის კითხვამ მისტერ უოპსლის ბებიდის გაკვეთილები მომაგონა, იმ


სასიამოვნო განსხვავებით, რომ ამჯერად თითქოს კარის ჭუჭრუტანიდან
ვადევნებდი თვალყურს. რაკი მოხუცმა სანთლების ახლოს დადგმა მოითხოვა
და რაკი ყოველ წამს ხან თავს ყოფდა სანთლის ალში და ხანაც გაზეთს,
დენთის ქარხანასავით განუწყვეტელი მეთვალყურეობა სჭირდებოდა. მაგრამ
უემიკი ისე დაუზარლად და სათუთად ედგა სადარაჯოზე, რომ ბერიკაცი მშვიდად
კითხულობდა და უფრო ხშირად ვერც კი ამჩნევდა, ხანძრისგან თუ გადაარჩინეს.
როცაკი ამოგვხედავდა, ყველანი ინტერესსა და გაოცებას გამოვსახავდით და
ისიც კმაყოფილი უბრუნდებოდა კითხვას.

უემიკი და მის სკიფინზი გვერდიგვერდ ისხდნენ, მე კი ჩაბნელებულ კუთხეში


მოვეწყვე, საიდანაც შევნიშნე, უემიკს პირი თანდათან როგორ გაუფართოვდა,
მკლავი კი შეუმჩნევლად წაიღო უკან და მის სკიფინზს წელზე შემოხვია.
გარკვეული დროის შემდეგ მისი ხელი მის სკიფინზის მეორე მხარეს გამოჩნდა,
მაგრამ ქალმა მწვანე ხელთათმნიანი ხელით იმწამსვე შეაჩერა, მისი მკლავი
ქამარივით შეიხსნა და ხაზგასმული სიმტკიცით თავის გვერდით, მაგიდაზე
დადო. მის სკიფინზის თავშეკავებაზე გასაოცარი რამ მანამდე არასოდეს მენახა
და რომ შეიძლებოდეს, ამგვარი ქცევა დაუდევრობას დავაბრალოთ,
ვიფიქრებდი, მექანიკურად მოქმედებდა-მეთქი.

ცოტა ხანში უემიკის მკლავი თანდათან უკან გასხლტა და მის სკიფინზის


ზურგს უკან გაუჩინარდა, მერე კი მეორე მხრიდან მიეპარა, მაგრამ ქალმა
მოკრივესავით მარჯვედ და წარბშეუხრელად აიცილა და კვლავ მაგიდაზე დადო.
თუკი მაგიდას პატიოსნების გზად შევრაცხავთ, შეიძლება ითქვას, რომ მთელი
საღამო, ვიდრე მოხუცი გაზეთს გვიკითხავდა, უემიკის ხელმა პატიოსნების
გზიდან არაერთხელ გადაუხვია, მაგრამ მის სკიფინზი კვლავ სწორ გზაზე
აყენებდა.

ბოლოს და ბოლოს, მოხუცმა კითხვა-კითხვაში ჩათვლიმა. უემიკმა გამოიღო


მომცრო ჩაიდანი, სინზე დაწყობილი ჭიქები და თიხისსაცობიანი შავი ბოთლი,
რომელზეც ლოყებღაჟდაჟა და მხიარული ბერი იყო გამოსახული. ამ ნივთების
მეშვეობით თბილი სასმელი მოგვიმზადა – მათ შორის მოხუცსაც, რომელიც
მალევე გამოფხიზლდა. მის სკიფინზმა პუნშს მოურია და ისიც შევნიშნე, ის და
უემიკი ერთი ჭიქიდან რომ სვამდნენ. ცხადია, ყოველივე იმის შემდეგ, რისი
მომსწრეც გავხდი, ტაქტი გამოვიჩინე და მის სკიფინზს შინ მიცილება აღარ
შევთავაზე. ნაცვლად ამისა, იქიდან პირველი მე წამოვედი, მანამდე კი მოხუცს
გულითადად გამოვეთხოვე და სასიამოვნო საღამოს შემდეგ მშვიდად გავემართე
შინისაკენ.

მას მერე ერთი კვირა არ გასულიყო, რომ უემიკმა უოლუორთიდან ბარათი


გამომიგზავნა. ჩვენს პირად და კონფიდენციალურ საქმესთან დაკავშირებით
ერთგვარი წინსვლის შესახებ მატყობინებდა და მთხოვდა, სალაპარაკოდ
მივსულიყავი სტუმრად. მეც კვლავ ჩავედი უოლუორთში. ეს შემდეგ არაერთხელ
განმეორდა, ასევე არაერთხელ დავთქვით საქმიანი შეხვედრა სიტიში, მაგრამ
არასოდეს განგვიხილავს ეს თემა ლიტლ-ბრიტანსა და მის მიდამოებში. ბოლოს
და ბოლოს, მივაგენით ახალგაზრდა და ღირსეულ კომერსანტსა და გემების
ბროკერს, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინათ დაეწყო საქმიანობა, ახლა კი
მხარდაჭერა და ცოტაოდენი კაპიტალი ესაჭიროებოდა, ხოლო გარკვეულ ხანში
გონიერი მეწყვილეც დასჭირდებოდა. მე და მან ჰერბერტთან დაკავშირებულ
საიდუმლო შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი, ჩემი ხუთასი გირვანქა სტერლინგის
ნახევარი გადავუხადე და ვალდებულება ავიღე, რომ მოგვიანებით გარკვეულ
თანხას კიდევ შევიტანდი – ნაწილობრივ განვადებით, ჩემი შემოსავლის ხარჯზე
და ნაწილობრივ მას მერე, რაც ჩემი ქონების სრულუფლებიანი მფლობელი
გავხდებოდი. მის სკიფინზის ძმამ ჩვენი შეთანხმება გააფორმა. უემიკი მთელი
მოლაპარაკებების განმავლობაში გვეხმარებოდა, მაგრამ ღიად არაფერში
მიუღია მონაწილეობა.

მთელი ეს საქმე ისე ჭკვიანურად დაიგეგმა, რომ ჰერბერტს მცირედი ეჭვიც კი


არ გასჩენია, მასში ჩემი ხელი თუ ერია. არ დამავიწყდება მისი
გაცისკროვნებული სახე, როცა ერთ მშვენიერ დღეს აღტაცებული შემოვარდა და
გაოცებული სახით მამცნო, ვინმე კლერიკერი გავიცანი – ეს იმ ვაჭრის გვარი იყო
– და ჩემდამი უკიდურესი ნდობით განეწყოო. დარწმუნებული იყო, რომ
იღბლიანი მომენტი, როგორც იქნა, დადგა! დღითი დღე იმედები
უმართლდებოდა, სახეც სულ უფრო ებადრებოდა და, ალბათ, ჩემს
მეგობრობაშიც სულ უფრო რწმუნდებოდა, რადგან მისი ბედნიერების
შემხედვარე სიხარულის ცრემლებს ვერ ვმალავდი.

იმ ღირსშესანიშნავ დღეს, როცა პირველად შეუდგა კლერიკერის ფირმაში


მუშაობას, მთელი საღამო თავის წარმატებაზე მიამბობდა. ღამით, როცა
ერთმანეთს დავცილდით, თავს ვეღარ მოვერიე და ავტირდი, რადგან ჩემმა
იმედებმა, როგორც იქნა, ვიღაც მართლაც გააბედნიერა.

ახლა კი ჩემ წინ ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი და გარდამტეხი მოვლენა


იშლება. მაგრამ ვიდრე მის შესახებ თხრობას შევუდგები და ყველა იმ
ცვლილებას აღვწერ, რომელიც მომიტანა, ერთი თავი ესტელას უნდა დავუთმო.
ვაი, რომ არცთუ ბევრი მაქვს მოსათხრობი იმის შესახებ, რაც ნიადაგ მივსებდა
გულს.
38

თუკი რიჩმონდის იმ დიდებულ, ძველ სახლში ოდესმე, ჩემი გარდაცვალების


შემდეგ, აჩრდილი დაივანებს, ეს ჩემი აჩრდილი იქნება. ო, რამდენი დღე და
რადენი ღამე დასტრიალებდა ჩემი მბორგავი სული ამ სახლს, ვიდრე იქ ესტელა
ცხოვრობდა! სადაც უნდა ყოფილიყო ჩემი სხეული, სულით ისევ და ისევ ამ
სახლს ვუვლიდი გარს.

მისის ბრენდლი – ის ქალბატონი, რომელთანაც ესტელა ცხოვრობდა – ქვრივი


იყო და ესტელაზე უფროსი ქალიშვილი ჰყავდა. დედა ასაკთან შედარებით
ახალგაზრდულად გამოიყურებოდა, ქალიშვილი კი – პირიქით. დედას სახეზე
ვარდისფერი გადაჰკრავდა, ქალიშვილს – ყვითელი. დედა გართობის
მოყვარული იყო, ქალიშვილი კი – ღვთისმეტყველების. საკმაოდ შეძლებულნი
იყვნენ, უამრავი სტუმარი მისდიოდათ და თვითონაც ხშირად დადიოდნენ
სტუმრად. დედა-შვილს ესტელასთან შინაგანად თითქმის არაფერი ჰქონდა
საერთო. მაგრამ ისინიცა და ესტელაც შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთი
სჭირდებოდათ. მისის ბრენდლი მის ჰევიშემთან მეგობრობდა მანამ, ვიდრე ეს
უკანასკნელი შინ ჩაიკეტებოდა.

მისის ბრენდლის სახლში თუ მის გარეთ, ესტელა ყველანაირ შესაძლო


ტანჯვას მაყენებდა. ფამილარულად მეპყრობოდა და თან არაფრად მაგდებდა,
რაც პირდაპირ უფსკრულისკენ მიმაქანებდა. ესტელა სხვა თაყვანისმცემლების
გასაჯავრებლად მიყენებდა. ჩვენი მეგობრული სიახლოვე მისი მხრიდან
თავისთავად ნიშნავდა ჩემი სიყვარულის უგულებელყფფას. მისი მდივანი,
ნახევარძმა ანდა გაჭირვებული ნათესავი რომ ვყოფილიყავი – თუნდაც მისი
საქმროს უმცროსი ძმა – ძნელად თუ ვიგრძნობდი თავს მისგან იმაზე შორს,
ვიდრე მაშინ, როცა ყველაზე ახლოს ვიყავი. მისთვის სახელით მიმართვისა და
იმის უპირატესობა, რომ თვითონაც სახელით მომმართავდა, ჩემ მდგომარეობას
მხოლოდ აუარესებდა. დარწმუნებული ვარ, ეს მის დანარჩენ თაყვანისმცემლებს
ჭკუიდან შლიდა, მაგრამ რა ხეირი? – ეს მეც მშლიდა ჭკუიდან!

ურიცხვი თაყვანისმცემელი ჰყავდა. ცხადია, ვეჭვიანობდი და ნებისმიერში


მის თაყვანისმცემელს ვხედავდი, მაგრამ უამისოდაც მრავლად იყვნენ.
ესტელას მალ-მალე ვხვდებოდი რიჩმონდში; ქალაქშიც ხშირად მაწვდენდა
ხმას. ნავითაც არაერთხელ გამისეირნებია ის და ბრენდლები. თან ვახლდი
პიკნიკებზე, დღესასწაულებზე, თეატრში, ოპერაში, წვეულებებზე, ყველანაირ
გასართობ ღონისძიებაზე – და თითოეული მათგანი ნამდვილი სატანჯველი იყო
ჩემთვის. მის გვერდით ერთი საათითაც კი არ მღირსებია ბედნიერება, მაგრამ
დღე-ღამის ოცდაოთხი საათის განმავლობაში სიკვდილამდე მასთან ერთად
ყოფნის ბედნიერებაზე ვოცნებობდი.

ჩვენი ურთიერთობის ამ პერიოდში – ის კი, როგორც მაშინ მეჩვენებოდა,


დიდხანს გაგრძელდა – ესტელამ ჩვევად გაიხადა ისევ ის კილო, თითქოსდა
ყველაფერი, რაც ჩვენ შორის ხდებოდა, გარეშე მითითება იყო, რომელსაც თავს
ვერ ავარიდებდით. დროდადრო ამ კილოსაც, როგორც საერთოდ იცოდა ხოლმე,
სრულიად მოულოდნელად ცვლიდა და სიბრალულით მეტყოდა:

– პიპ, პიპ, – მითხრა ერთი ასეთი ახირებისას, როდესაც რიჩმონდში საღამო


ხანს ფანჯარას ვუსხედით, – ნუთუ არასოდეს გამოიჩენთ სიფრთხილეს?

– სიფრთხილეს? რას გულისხმობთ?

– ჩემს თავს ვგულისხმობ.

– იმის თქმა გინდათ, რომ თქვენით მოხიბლული არ უნდა ვიყო, ესტელა?

– თუ ვერ ხვდებით, რისი თქმაც მინდა, ბრმა ყოფილხართ!

ვეტყოდი, სიყვარული მუდამ ბრმაა-მეთქი, მაგრამ ჩემი გრძნობის ხმამაღლა


გამოთქმისგან თავის შეკავება მიწევდა (მერწმუნეთ, ეს ჩემი უდიდესი
სატანჯველი არ ყოფილა!), რადგან ვეჭვობდი, სხვა გზა არ ჰქონდა, მის
ჰევიშემის ნებას უნდა დამორჩილებოდა; ამდენად სულმდაბლობად მიმაჩნდა,
მისთვის თავი მომებეზრებინა. და ეს მექცა კოშმარად – ვალდებულება,
რომელიც მის სიამაყესა და მეამბოხე ხასიათს ჩემ წინააღმდეგ განაწყობდა და
მისი შინაგანი ბრძოლის უნებლიე მიზეზად მაქცევდა.

– ასე თუ ისე, ამჯერად სიფრთხილეს ვერ გამოვიჩენდი. თქვენ მომწერეთ და


მეც გეახელით, – მხოლოდ ესღა ვუთხარი.

– მართალი ხართ, – მომიგო ჩვეული გულგრილი ღიმილით, რომელიც მუდამ


სასოწარკვეთილებაში მაგდებდა.

ერთხანს ჩამოწოლილ ბინდს გავყურებდით ფანჯრიდან, მერე კი მითხრა:

– ერთი დღით მის ჰევიშემს უნდა ვესტუმრო სატისში. თუ გინდათ,


გამაცილეთ. მარტო მგზავრობა არ მიყვარს, ჩემი მოახლის მიღება კი არ სურს,
რადგან საშინლად აშინებს იმაზე ფიქრი, ვაითუ მდაბიოებმა მასზე ილაპარაკონ.
მაშ, წამომყვებით?

– რა თქმა უნდა, ესტელა!

– თუკი ასეა, მოდით, ზეგ გავემგზავროთ. ყველა ხარჯს ჩემი საფულიდან


დაფარავთ. მხოლოდ ამ პირობით წამოხვალთ, გესმით?

– და გემორჩილებით, – ვუპასუხე.

ამ და სხვა მსგავს სტუმრობებთან დაკავშირებით სხვა გაფრთხილება არ


მიმიღია. მის ჰევიშემს ჩემთვის არასოდეს მოუწერია, მეტიც, მისი ხელნაწერიც
კი არ მინახავს. მესამე დღეს გავემგზავრეთ და ისევ იმ ოთახში შევხვდით,
სადაც პირველად ვიხილე. ზედმეტიც კია იმის აღნიშვნა, რომ სატისში იმ
დროისათვის არაფერი იყო შეცვლილი.

მის ჰევიშემს ახლა იმაზე ბევრად უფრო სულის შემძვრელად უყვარდა


ესტელა, ვიდრე მაშინ, როდესაც პირველად შევხვდი. სულის
შემძვრელად-მეთქი, განგებ ვამბობ, რადგან მის ანთებულ მზერასა და იმ
გზნებაში, რითაც ქალიშვილს ეხვეოდა, რაღაც ავადმყოფურად შემზარავს
ვამჩნევდი. თვალს ვერ აცილებდა ესტელას სილამაზეს, მის სიტყვებს იჭერდა,
მის მოძრაობებს გაფაციცებული უცქერდა, თან თავდავიწყებით იფშვნეტდა
ხელებს, თითქოს ვერ იჯერებდა, ეს მშვენიერი არსება თვითონ თუ გაზარდა.

ესტელასგან მზერა ჩემზე გადმოიტანა და კუდიანის თვალით გულის


სიღრმეში ჩამხედა, თითქოს ჩემი იარების დათვლა სურდა.

– როგორ გეპყრობა, პიპ? როგორ გეპყრობა? – დაჟინებით ჩამეკითხა, არც


იმას მორიდებია, ესტელა იქვე რომ იდგა და მისი სიტყვები ესმოდა.
განსაკუთრებით კი მისი ქცევა საღამოს მეუცნაურა, როდესაც ბუხრის მბჟუტავ
ცეცხლს ვუსხედით – ესტელას ხელი მკლავქვეშ ამოიდო, თითები ჩასჭიდა და
ყველა იმ სახელისა თუ ვითარების გახსენებას შეუდგა, რასაც ესტელა თავის
წერილებში უამბობდა, და იმ მამაკაცების ჩამოთვლას, ვინც მოაჯადოვა. როცა
მის ჰევიშემი ამ ამბებს ავადმყოფური ყურადღებით ჩაჰკირკიტებდა, მეორე
ხელით ჯოხს დაყრდნობოდა, ზედ ნიკაპი ჩამოედო და შეშლილი, დაჭყეტილი
თვალებით მომშტერებოდა, ნამდვილ მოჩვენებას ჰგავდა.

მიუხედავად იმისა, რომ ეს საუბარი განუზომლად მტანჯავდა, თან


ნარკოტიკივით მიზიდავდა და, ამავდროულად, საშინლად მამცირებდა, სწორედ
მან მიმახვედრა, რომ მის ჰევიშემს ესტელა მამაკაცებზე შურის საძიებლად
სჭირდებოდა, ამისათვის ამზადებდა და მანამ არ დამითმობდა, ვიდრე მისი
მეშვეობით ბოლომდე არ ამოიყრიდა ჯავრს. ქალიშვილი საზოგადოებაში გაუშვა,
რათა თავისი ბრწყინვალებით მამაკაცები მიეზიდა, გაეტანჯა და
გაეუბედურებინა. ეს ღვარძლიანი სიხარულითა და იმის ურყევი რწმენით
ჩაიდინა, რომ ესტელა ყველასათვის მიუწვდომელი ხდებოდა და ყველა
თაყვანისმცემელი მარცხისთვის იყო განწირული. ამაში ვხედავდი ჩემი წამების
ავხორც სურვილსაც, რის შემდეგაც საბოლოოდ მაინც მარგუნებდნენ უძვირფასეს
ჯილდოს. ამაშივე მოვძებნე პასუხი იმაზე, თუ ასე დიდხანს რატომ მიმალავდნენ
სიმართლეს და ჩემს ყოფილ მეურვესაც თავი ისე რატომ ეჭირა, თითქოს ამ
გეგმის შესახებ არაფერი იცოდა. ერთი სიტყვით, მთელი ჩემი ბედისწერის მიღმა
მის ჰევიშემს ვხედავდი – ისეთს, როგორიც ამ წამს წარმომიდგა. და ჩემს ბედს
ის უკეთური წყვდიადი ფარავდა, რომელიც მის ჩარაზულ სახლში მზის სხივებს
ახშობდა.

სანთლები მაღლა დამაგრებულ კედლის შანდლებში ენთო და ჩახუთული


ჰაერით სავსე ოთახს მკვდარ, არაბუნებრივ შუქს ჰფენდა. ავყურებდი ამ
სანთლებს და მათ მქრქალ შუქში ვხედავდი გაჩერებულ საათს, მაგიდასა და
იატაკზე საპატარძლო მორთულობის ყავლგასულ ნაფლეთებს, ქალის დამჭკნარ
ფიგურას. ამ ყველაფრის ვეება, შემზარავ ჩრდილებს ბუხრის ცეცხლი ჭერსა და
კედელს ახლიდა. და ამ ყოველივეში ჩემი ფიქრისა და ვარაუდის დასტურს
ვხედავდი. გონებით გადავინაცვლე გვერდით დარბაზში, სადაც ოდესღაც
საზეიმოდ მორთული მაგიდა იდგა და შუა მაგიდაზე დახვავებული აბლაბუდის
ხლართებში, სუფრაზე მოფუთფუთე ობობების კვალში, პანელის უკან მიმალული
ციცქნა, გულაჩქროლებული თაგვების ფხაჭუნში თუ იატაკზე ხოჭოების რბოლაში
ისევ და ისევ ჩემი ბედისწერა ამოვიკითხე.

ამ სტუმრობისას მის ჰევიშემი და ესტელა წაკამათდნენ. მანამდე მათ შორის


არანაირ უთანხმოებას არ შევსწრებივარ.

ბუხართან ვისხედით, მის ჰევიშემს ესტელასთვის ისევ ხელკავი ჰქონდა


გაყრილი, მისი თითები კი აღტყინებით ჩაებღუჯა. ესტელა თანდათანობით
ხელის გათავისუფლებას შეეცადა. მანამდეც უსიტყვოდ გამოუხატავს
მოუთმენლობა და ეტყობოდა, ამ მგზნებარე ალერსს არამცთუ არ პასუხობდა,
არამედ იძულებით იტანდა.

– რაო? – თვალები დაუბრიალა მის ჰევიშემმა, – ხომ არ მოგბეზრდი?

– არა, უბრალოდ სულ ცოტათი ჩემივე თავი მომბეზრდა, – უპასუხა ესტელამ


და მკლავი გაითავისუფლა, წამოდგა, ბუხართან დადგა და ცეცხლს დააშტერდა.
– თქვი, აღიარე, უმადურო! – უფრო გაცხარდა მის ჰევიშემი და ჯოხი იატაკს

დაჰკრა, – ჩემი ალერსი მოგბეზრდა!

ესტელამ უდრტვინველი თავდაჭერით შეხედა და კვლავ ცეცხლისკენ დახარა


მზერა. მოხდენილი მიხრა-მოხრითა და ლამაზი სახით ქალის ცხარე
რისხვისადმი ისეთ გოროზ გულგრილობას გამოხატავდა, რომელიც სისასტიკის
ზღვარს აღწევდა.

– რა ცივი და უგრძნობი ხარ! – შესძახა მის ჰევიშემმა, – გულის ნაცვლად ქვა


გიძევს მკერდში!

– რაო? – ბუხრის გვერდს მიყრდნობილი ესტელა არ განძრეულა, ქალს


მხოლოდ მზერა მიაპყრო, – თქვენ მსაყვედურობთ გულცივობას? თქვენ?

– არ ხარ გულცივი?! – მრისხანედ შეუტია დედაბერმა.

– უნდა გესმოდეთ, რომ მე ის ვარ, რადაც მაქციეთ, – უთხრა ესტელამ, –


კარგიც და ცუდიც, წარმატებაც და მარცხიც, ერთი სიტყვით, ყველფერი, რაც
ჩემშია, თქვენი დამსახურებაა.

– ამას უყურეთ! უყურეთ! – მწარედ მოთქვამდა მის ჰევიშემი, – ნახეთ, რა


ხისტი და უმადურია! როგორ დამდგარა იმ კერასთან, სადაც გავზარდე! სადაც ამ
დაფლეთილ მკერდში ჩავიკარი, თუმცა ჯერაც სისხლი მდიოდა, მას მერე, რაც
ლახვარი ჩამცეს, და სადაც ამდენი წელი სიყვარულით ვზრდიდი!

– ამ თქვენს გადაწყვეტილებაში არანაირი წვლილი არ მიმიძღვის, – მიუგო


ესტელამ, – რადგან იმხანად, დიდი-დიდი, ლაპარაკი და სიარული თუ შემეძლო.
მაინც რას ელოდით ჩემგან? სიკეთით მეპყრობოდით, რაც მაბადია, ყველაფერი
თქვენგან მაქვს, ვაღიარებ. მაშ, რაღას ელით ჩემგან ამაზე მეტს?

– სიყვარულს, – უპასუხა ქალმა.

– ისედაც გაქვთ.

– არ მაქვს, – თქვა მის ჰევიშემმა.

– ჩემო დედობილო, – ესტელას მშვიდი და მოდუნებული პოზა არ შეუცვლია,


არც მის ჰევიშემივით აუმაღლებია ხმა, არც ბრაზი, სინაზე თუ სხვა განცდა
გამოუხატავს, – ჩემო დედობილო, ხომ უკვე ვთქვი, რაც მაბადია, თქვენგან
მაქვს-მეთქი. და მთელი ჩემი ქონება კვლავაც თქვენია. თუკი მოგესურვებათ,
ყოველწამს შეგიძლიათ, დაიბრუნოთ. ამის გარდა არც არაფერი მაქვს. ხოლო
თუკი იმას მთხოვთ, რაც არასოდეს მოგიციათ, ბოდიშის მოხდით გეტყვით, ჩემს
მადლიერებასა და მოვალეობის გრძნობას სასწაულების მოხდენა არ ძალუძს.

– როგორ? სიყვარული არასოდეს მომიცია?! – მის ჰევიშემი გაშმაგებით


მომიბრუნდა, – რას მეუბნება? ნუთუ არ მიყვარდა ისეთი ცხარე სიყვარულით,
რომელიც ყოველწამს ეჭვიანობითა და ტკივილით იყო გამსჭვალული?! ბარემ
გიჟად შემრაცხოს!

– რად უნდა შეგრაცხოთ გიჟად? – მშვიდად მიუგო ესტელამ, – შორს ვარ ამ


აზრისაგან! განა ცოცხალთა შორის ვინმემ ჩემზე უკეთ იცის, რა უზუსტესად
მიიწევთ მიზნისკენ? ან რა დროგამძლე მახსოვრობა გაქვთ? ეს მე ვიცი ყველაზე
უკეთ; მე, რომელმაც ბავშვობის წლები ამ კერასთან გავატარე, იმ პატარა სკამზე
მჯდომმა, ახლაც წინ რომ გიდგათ. ვიდრე მმოძღვრავდით, თვალებში
შემოგციცინებდით, ვთრთოდი, გიფრთხოდით და მაინც გაოცებით გიგდებდით
ყურს!

– რა სწრაფად დამივიწყე! – ამოიკვნესა მის ჰევიშემმა.

– სულაც არ დამვიწყებიხართ, თქვენს ყოველ სიტყვას გულში სათუთად


ვინახავ. მაინც როდის ვუღალატე თქვენს მოძღვრებას? როდის შემატყვეთ, რომ
თქვენს გაკვეთილებს ყურს არ ვუგდებდი? როდის შეგინიშნავთ, აქ, – მკერდზე
ხელი დაიდო, – ისეთი რამ, რაც თქვენ ამიკრძალეთ? გთხოვთ, სამართლიანად
განმსაჯეთ.

– რა ამაყი ხარ, რა შეუვალი! – ამოიგმინა მის ჰევიშემმა და ორივე ხელი


ჭაღარა თმაში შეიცურა.

– ვინ მასწავლა შეუვალობა? – მიუგო ესტელამ, – ვინ მაქებდა, როდესაც ეს


გაკვეთილი ზედმიწევნით ავითვისე?

– ასეთი მკაცრი როგორ ხარ? – მოხუცი ქალი ისევ თმას იჩეჩდა.

– ვინ მასწავლა სიმკაცრე? – მიუგო ესტელამ, – ხომ კარგი მოსწავლე


ვყოფილვარ?

– კი მაგრამ, განა ის გასწავლე, მეც მკაცრად და შეუვალად მომექცე! – მის


ჰევიშემმა ათრთოლებული მკლავები გამოუწოდა, – ესტელა, ესტელა, ესტელა!
ჩემ მიმართ ნუ იქნები მკაცრი და შეუვალი!

ესტელა წამით მშვიდად და გაოცებით მიაჩერდა, მაგრამ სხვა მხრივ არ


შემკრთალა. ამ წამმა რომ ჩაიარა, კვლავ ცეცხლს ჩახედა.

– ვერ ვხვდები, – დუმილის შემდეგ მიუბრუნდა მის ჰევიშემს, – რატომ


იქცევით ასე უგუნურად, როდესაც დიდი ხნის შემდეგ გესტუმრეთ. თქვენი
შეცდომები და მათი შედეგები არასოდეს დამავიწყდება. თუმცა არც თქვენ და
თქვენს მოძღვრებას ვუღალატებ. თავს ვერ დავიდანაშაულებ, ერთხელაც არ
გამომიჩენია სისუსტე.

– სიყვარულზე სიყვარულით რომ მიპასუხო, ეს სისუსტეა? – შესძახა მის


ჰევიშემმა, – თუმცა ამას, ალბათ, სისუსტეს უწოდებ!

– მგონი, ვხვდები, საქმე აქამდე როგორ მივიდა, – ხანმოკლე დუმილის


შემდეგ მშვიდად წარმოთქვა ესტელამ, – წარმოიდგინეთ, თქვენი შვილობილი
მთლიანად ამ ოთახების წყვდიადში გაგეზარდათ და არასოდეს გეთქვათ
მისთვის, რომ ქვეყნად მზის შუქი არსებობს, არც ოდესმე ამ შუქში თქვენი სახე
გეჩვენებინოთ; და ამ ყველაფრის შემდეგ რაღაც გაურკვეველი მიზეზით
მოგეთხოვათ მისგან, მზის შუქს ჩასწვდომოდა და შეეყვარებინა – მაშინაც
გაბრაზდებოდით? მაშინაც გაგიცრუვდებოდათ იმედი?

მის ჰევიშემი ხელისგულებში თავჩარგული იჯდა, ნელა ირწეოდა და


ხმადაბლა მოთქვამდა.

– ანდა, – არ ჩერდებოდა ესტელა, – ასეთი მაგალითი უფრო გამართლებული


მგონია: მისთვის სიყრმიდან, მთელი გულისყურითა და გზნებით
შთაგეგონებინათ, რომ არსებობს ასეთი რამ – მზის შუქი, მაგრამ ის თქვენი
მოსისხლე მტერია და სასიკვდილოა თქვენთვის, ამიტომაც მას ბოლომდე
შეებრძოლებით, რადგან თქვენც დაგღუპათ და მასაც დაღუპავს – ასე რომ
მოქცეულიყავით და მერე უეცრად, რაღაც მიზეზით მოგეთხოვათ, მზის შუქი
შეიყვაროს და, თუკი ეს ვერ შეძლო, რას იზამთ: გაბრაზდებით? იმედი
გაგიცრუვდებათ?

მის ჰევიშემი ყურს უგდებდა, ყოველ შემთხვევაში, ასეთი შთაბეჭდილება


დამრჩა, რადგან სახე არ უჩანდა.

– ასე რომ, – დაასკვნა ესტელამ, – რადაც შემქმენით, ისეთი უნდა მიმიღოთ.


ეს არც ჩემი დამსახურებაა და არც ჩემი ბრალი; რაც ვარ, ისა ვარ.

ვერ შევნიშნე, მის ჰევიშემი როდის და რანაირად ჩამოცურდა ძირს, მაგრამ


ახლა პატარძლის ფატის ნაფლეთებს შორის გართხმულიყო. დრო ვიხელთე –
რახანია სული მეხუთებოდა – და ოთახიდან გავედი, მანამდე კი ესტელას
ვანიშნე, ქალისთვის მიეხედა. ვიდრე გავიდოდი, შევნიშნე, ესტელა ისევ
გაუნძრევლად იდგა ბუხართან, მის ჰევიშემის ჭაღარა თმა კი გაყვითლებულ
ნაფლეთებს შორის ძირს ჩამოშლილიყო და გულისშემძვრელ სანახაობად
ქცეულიყო.
გულდამძიმებულმა ერთ საათს თუ მეტხანს ვიხეტიალე ვარსკვლავების
შუქით განათებულ ეზოში, ლუდსახდელსა და გავერანებულ ბაღში. როცა
გამბედაობა მოვიკრიბე და კვლავ ოთახში შევბრუნდი, ესტელა მის ჰევიშემის
ფერხთით იჯდა და ძირს მიმოფანტული ძველი ჭინჭებიდან რომელიღაცას
კემსავდა. მას მერე ტაძრებში სიძველისაგან ჩამოკონკილ ბაირაღებს რომ
ვხედავ, მუდამ მის ჰევიშემის ოთახი მაგონდება. გვიან საღამოს მე და ესტელამ
ძველი დრო გავიხსენეთ და ბანქო ვითამაშეთ, ოღონდაც ამ დროისათვის ორივე
გაწაფული ვიყავით და ფრანგულ თამაშებს ვთამაშობდით – ის დღე ამგვარად
მიიწურა და დასაძინებლად წავედი.

ეზოს გადაღმა ფლიგელში ვიწექი. ეს პირველი შემთხვევა იყო, სატისის


სახლში ღამის გათევა რომ მიწევდა და ძილი არ მეკარებოდა. მის ჰევიშემის
ათასობით ლანდი გამომეცხადა: ხან ბალიშთან ამომიდგა, ხან საწოლის
თავთით და ფერხთით, ხანაც საგარდერობო ოთახის შეღებულ კარს უკან, თვით
საგარდერობოში, ხანაც ზედა და ქვედა სართულზე... ყველგან. ბოლოს და
ბოლოს, როდესაც ღამის წუთები უსასრულოდ ნელა მიადგა ორ საათს, ვიგრძენი,
რომ ამ კედლებში არამცთუ ძილს, უბრალოდ წოლასაც ვეღარ შევძლებდი.
ავდექი, ტანთ ჩავიცვი და ეზოში გასასვლელად ქვის გრძელ დერეფანში
ამოვყავი თავი. დერეფანს გავუყევი, მაგრამ სულ მალე სანთელი ჩავაქრე,
რადგან ჩემ წინ მის ჰევიშემი დავლანდე, მოჩვენებასავით; ხმადაბალი
ქვითინით მიბარბაცებდა. მცირე მანძილზე უკან გავყევი, რომელიღაც კიბეზე
ავიდა, ხელში უშანდლო სანთელი ეკავა, რომელიც, შესაძლოა, თავისი ოთახის
კედლიდან ჩამოხსნა, და მის მქრქალ შუქში მართლაც მიღმიერ არსებას ჰგავდა.
კიბის ძირში შევჩერდი და, მართალია, კარის გაღების ხმა არ გამიგონია, მაგრამ
შმორის სუნი მეცა და მივხვდი, იმ დარბაზში შევიდა, სადაც საქორწინო სუფრა
იყო, იქიდან – თავის საძინებელში, მერე კვლავ დარბაზში დაბრუნდა ისე, რომ
ქვითინი არ შეუწყვეტია. დრო გადიოდა, ეზოში გასვლაც ვცადე და ჩემს
საძინებელში დაბრუნებაც, მაგრამ ორივე – ამაოდ. მხოლოდ მაშინ გავაგნე
ფათურით, როდესაც სახლში რიჟრაჟის პირველი ბინდი შემოიპარა. მთელი ამ
ხნის განმავლობაში, როცაკი კიბეს ვუახლოვდებოდი, მისი ნაბიჯების ხმა და
ჩუმი ქვითინი მესმოდა.

მეორე დღეს, ვიდრე გავემგზავრებოდით, ესტელასა და მის ჰევიშემს აღარ


უკამათიათ, არც შემდგომი სტუმრობებისას შემინიშნავს ეს. რამდენადაც
მახსოვს, კიდევ ოთხჯერ ვესტუმრეთ. არც ესტელას მიმართ მის ჰევიშემის
ქცევაში შემიმჩნევია რამე ცვლილება, გარდა იმისა, რომ მომეჩვენა, თითქოს
შიშის სუსტი ელფერი შეერია.

არ შემიძლია, ჩემი ცხოვრების ეს ფურცელი ისე გადავშალო, ბენტლი დრამლი


რომ არ ვახსენო; თუმცა მისი ხსენება სულაც არ მსიამოვნებს.

ერთხელ, როდესაც "სკვინჩები" სრული შემადგენლობით შეკრებილიყვნენ და


კეთილმა ურთიერთგაგებამ, როგორც ყოველთვის, თავის მწვერვალს, ანუ
საყოველთაო შეურიგებლობას, მიაღწია, თამადამ "კორომს" სიჩუმისაკენ
მოუწოდა, რადგან მისტერ დრამლს ჯერ კიდევ არ წარმოეთქვა ქალბატონის
სადღეგრძელო, როგორც ამას, საზოგადოების პათეტიკური წესისამებრ,
იმდღევანდელი პირობა ითხოვდა. როცა სასმელი წრეზე ჩამოასხეს, მომეჩვენა,
თითქოს დრამლმა ღვარძლიანი მზერა მესროლა, მაგრამ ყურადღება არ
მიმიქცევია, რადგან ერთმანეთი დიდად ისედაც არასოდეს გვეხატებოდა გულზე.
როგორ გავოცდი და აღვშფოთდი, როდესაც ყველას გასაგონად ესტელას სახელი
წარმოთქვა!

– რა გვარია ესტელა? – ვკითხე მაშინვე.


– ეგ თქვენი საქმე არ არის, – მომიგო მკვახედ.

– სად ცხოვრობს? – ჩავეკითხე, – ვალდებული ხართ, მიპასუხოთ, –


"სკვინჩების" წესისამებრ, მართლაც ვალდებული იყო.

– რიჩმონდში, ჯენტლმენებო, – ყურადღება არ მომაქცია და ყველას


გასაგონად თქვა, – და უმშვენიერესი ქალიშვილია.

უბადრუკი იდიოტი! თითქოს მშვენიერებისა რამე გაეგებოდა!

მას მერე, რაც ყველამ შესვა სადღეგრძელო, დრამლის პირისპირ მჯდომმა


ჰერბერტმა განაცხადა:

– ამ ქალბატონს ვიცნობ!

– მართლა? – ზიზღით გამოსცრა დრამლმა.

– მეც ვიცნობ, – დავძინე აჭარხლებულმა.

– თქვენც?! – აიმრიზა დრამლი, – ღმერთო ჩემო!

ამ ტლუ იდიოტმა სხვა ვერაფერი მოიფიქრა პასუხად – ამას გარდა მხოლოდ


თეფშს ან ჭიქას თუ გვესროდა. მაგრამ ამ პასუხმა ისე გამაცხარა, თითქოს
ენამახვილობისა და სისხარტის მწვერვალი ყოფილიყო, იმწამსვე წამოვხტი და
განვაცხადე, დარბაისელ "სკვინჩას" არ ეკადრება ამ "კორომში" სიტყვით
გამოსვლა – ასეთი პარლამენტარული გამოთქმები ძალიან გვიყვარდა – და იმ
ქალბატონის სადღეგრძელოს თქმა, რომელსაც სინამდვილეში არც კი
იცნობს-მეთქი. მისტერ დრამლი, თავის მხრივ, ფეხზე წამოიჭრა და მომახალა,
ამით რას გულისხმობთო. რაზეც მძაფრად ვუპასუხე, თუკი ჩემთან შეხვედრას
ისურვებთ, იცით, სადაც მომძებნოთ-მეთქი.

მომხდარის შემდეგ შეიძლებოდა თუ არა ქრისტიანულ საზოგადოებაში


სისხლისღვრის თავიდან აცილება – ამის შესახებ "სკვინჩების" აზრები გაიყო.
კამათი იმდენად გაცხარდა, რომ, სულ ცოტა, ექვსმა დარბაისელმა წევრმა კიდევ
ექვს არანაკლებ დარბაისელს განუცხადა, იცით, სადაც მომძებნოთო. ასე თუ
ისე, საბოლოოდ გადაწყდა ("კორომი" ღირსების სასამართლოს ფუნქციასაც
ითავსებდა), რომ, თუკი მისტერ დრამლი პატიოსან საზოგადოებას იმის
დამაჯერებელ საბუთს წარუდგენდა, რომ აღნიშნულ ქალბატონს მართლაც
იცნობდა, მისტერ პიპი ვალდებული იქნებოდა, ბოდიში მოეხადა იმ "წამიერი
სიფიცხისათვის, რომელმაც..."

საბუთის წარდგენის ვადად შემდეგი დღე დასახელდა (მეტი გადავადების


შემთხვევაში ვნებები დაცხრებოდა) და დრამლიც მეორე დღეს ესტელას ხელით
ნაწერი პატარა ბარათით გამოგვეცხადა, რომელშიც ქალიშვილი თავაზიანად
იუწყებოდა, რომ პატივი ჰქონდა, მასთან რამდენჯერმე ეცეკვა. სხვა რა გზა
მქონდა: საჯაროდ ვაღიარე, რომ ვწუხვარ იმ "წამიერი სიფიცხისათვის,
რომელმაც..." და, ზოგადადაც, უკან წავიღე ჩემი სიტყვები იმის შესახებ, რომ
ვინმეს შეიძლებოდა სცოდნოდა, სად მოვეძებნე. ამის შემდგომ, ვიდრე "კორომი"
ყაყანით ივსებოდა, მე და დრამლი ერთი საათის განმავლობაში ერთიმეორეს
ვუღრენდით; საღამოს დასასრულს ერთხმად გადაწყდა, რომ კეთილ გრძნობებს
ასეთი ბრწყინვალე გამარჯვება ჯერ არასოდეს უზეიმია.

ამას ლაღი კილოთი მოგითხრობთ, თუმცა იმ წუთებში ლაღად ნამდვილად არ


ვგრძნობდი თავს. ვერ აღგიწერთ, როგორ მტანჯავდა იმის გაფიქრებაც კი, რომ
ესტელას შეიძლებოდა ამ ამაზრზენი, ტლანქი, ყოყოჩა ბრიყვისთვის ყურადღება
მიექცია. დღემდე ვფიქრობ, რომ დიდსულოვნება და ჩემი სიყვარულის სრული
უანგარობა არ მაძლევდა საშუალებას, დამეშვა, ჩემს რჩეულს თავი ამ მხეცთან
დაემცირებინა. ცხადია, სულ ერთია, ვის უწყალობებდა – თავს მაინც უბედურად
ვიგრძნობდი, მაგრამ ღირსეული მეტოქე სულ სხვა დონისა და სახის ტანჯვას
მომგვრიდა.

ამის გაგება არ გამჭირვებია (ძალაუნებურად მალევე შევიტყობდი): დრამლი


გვერდიდან არ სცილდებოდა და ესტელა ამის უფლებას აძლევდა. ცოტაც და
დრამლი მის მუდმივ მეგზურად გადაიქცა, ჩვენი გზებიც ყოველდღიურად
იკვეთებოდა. თავისი სულელური დაჟინებით, ყველგან დაჰყვებოდა, ესტელა კი
ხან აქეზებდა, ხან, პირიქით, ცივად ეპყრობოდა; ხან ლამის ქათინაურებს
ეუბნებოდა, ხანაც საჯაროდ ამცირებდა; ხან ახლობლად დაიგულებდა, ხანაც ვერ
ცნობდა.

თუმცა ობობა, როგორც მას მისტერ ჯეგერსმა შეარქვა, საფარში ჯდომასა და


ლოდინს შეჩვეული აღმოჩნდა; მოთმინების უნარიც ჰქონდა. ამას ისიც
დავუმატოთ, რომ თავის ფულსა და გვარიშვილობაში იმდენად მტკიცედ იყო
დარწმუნებული, ეს ხშირად ნებისყოფისა და მიზანსწრაფულობის მაგივრობას
უწევდა. ასე რომ, ობობა ესტელას გაფაციცებით სდარაჯობდა და არაერთი
ჭრელ-ჭრელი მწერიც დააფრთხო, რადგან თვითონ საჭირო დროს თავისი
ქსელით წამში ძირს ეშვებოდა და ქალიშვილის გვერდით ჩნდებოდა.
რიჩმონდის საკრებულოს მეჯლისზე (იმხანად ქალაქის საკრებულოებში
მეჯლისების გამართვა იყო მიღებული), სადაც ესტელამ ყველა სხვა ლამაზმანი
დაჩრდილა, სულელი დრამლი ისე ეტმასნებოდა და ისიც იმდენად მოწყალედ
ეპყრობოდა, ბოლოს და ბოლოს, გადავწყვიტე, ქალიშვილს ამ თაყვანისმცემლის
შესახებ დავლაპარაკებოდი. ეს მაშინ მოვახერხე, როცა შინ წასასვლელად
გამზადებული მოშორებით, ყვავილების ქოთნებთან იჯდა და მისის ბრენდლის
ელოდებდა.

– დაიღალეთ, ესტელა?

– საკმაოდ, პიპ.

– დიახ. წესით, დაღლილი უნდა იყოთ.

– ჯობდა, გეთქვათ, წესით, არ უნდა იყოთო. რადგან, ვიდრე დავწვები,


სატისის სახლში წერილი მაქვს გასაგზავნი.

– ალბათ, ანგარიშს ჩააბარებთ დღევანდელ გამარჯვებაზე, – შევნიშნე, –


თუმცა ამ გამარჯვებას შესაშურს ვერ ვუწოდებ, ესტელა.

– რას გულისხმობთ? არც კი ვიცოდი, თუ გავიმარჯვე.


– ესტელა, – ვუთხარი, – იქით, კუთხეში მდგომ ახალგაზრდას შეხედეთ,
დაჟინებით რომ შემოგვყურებს.

– და რატომ უნდა შევხედო? – მკითხა ესტელამ ისე, რომ ჩემთვის არ


მოუცილებია თვალი, – მაინც რას წარმოადგენს, თქვენი სიტყვებით თუ ვიტყვი,
იქით, კუთხეში მდგომი ახალგაზრდა ისეთს? რით იმსახურებს ჩემს
ყურადღებას?

– მეც სწორედ ეს მსურს, გკითხოთ, – ვუპასუხე, – რადგან ის მთელი საღამოა,


გარს გიტრიალებთ.

– ანთებულ სანთელს ათასგვარი ფარვანა და ამაზრზენი მწერი


დასტრიალებს, – უდრტვინველად მომიგო ესტელამ, – რა ქნას სანთელმა?

– სანთელი ვერაფერს იღონებს, მაგრამ ეს განა არც ესტელას ძალუძს?


– რა ვიცი, – წამით დადუმდა, მერე გაიცინა, – იქნებ ძალუძს კიდეც. როგორც
გენებოთ, ისე იფიქრეთ.

– კი მაგრამ, ესტელა, ყური დამიგდეთ. გული მისკდება, როდესაც


დრამლისთანა უღირს და ყველასგან მოძულებულ კაცს აქეზებთ. ხომ იცით,
ყველას რომ სძულს?

– მერედა, რა? – მკითხა ესტელამ.

– მშვენივრად იცით, რომ შინაგანადაც ისე უსიამოვნოა, როგორც


გარეგნულად: მოსაწყენი, ბოღმიანი, მდაბალი და სულელი ადამიანია.

– მერედა, რა? – გაიმეორა მშვიდად.

– ისიც ხომ იცით, რომ ფულისა და დიდგვაროვანი წინაპრების ყბადაღებული


ნუსხის გარდა სხვა ვერაფრით დაიკვეხნის?

– მერედა, რა? – მესამედაც გაიმეორა და ყოველ ჯერზე ლამაზი თვალები სულ


უფრო უფართოვდებოდა.

ეს ერთფეროვანი პასუხი როგორმე რომ შემეჩერებინა, გავიმეორე და მთელი


ჩემი სასოწარკვეთაც ჩავაქსოვე:

– მერედა ის, რომ ამის გამო გული მისკდება!

გულახდილად გითხრათ, რომ მცოდნოდა, დრამლს მხოლოდ ჩემი გულის


გასახეთქად სწყალობდა, ასე უბედური არ ვიქნებოდი, მაგრამ ესტელა
ყოველწამს მაგრძნობინებდა, რომ არაფრად მაგდებდა, ამიტომ ეს ვეღარ
მოვიაზრე.

– პიპ, – მითხრა მას მერე, რაც ოთახს თვალი შეავლო, – გთხოვთ, ამ


სისულელეებს თავი დაანებოთ და აღარ მიხსენოთ, ეს თქვენზე რამდენად
მოქმედებს. იქნებ სხვებზეც მოქმედებს. იქნებ სწორედ ეს მინდა. აღარ ღირს
ამაზე ლაპარაკი.

– ღირს! რადგან ვერ ავიტან, თქვენზე ვინმემ თქვას, არარაობას თავს


უყადრებსო.
– მე კი ავიტან, – მიპასუხა ესტელამ.

– ოჰ, ესტელა! ასეთი ამაყი და შეუვალი ნუ იქნებით!

– წეღან მითხარით, არარაობას თავს უყადრებო, – ხელები გაშალა ესტელამ,


– ახლა კი ამაყსა და შეუვალს მიწოდებთ?

– რომ უყადრებთ, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, რადგან ამ საღამოს


დავინახე, ისეთი ღიმილიანი სახით უცქერდით, როგორც ჩემთვის არასოდეს
შემოგიხედავთ.

ესტელა უეცრად მომიბრუნდა და დაჟინებული, მკაცრი კილოთი მკითხა:

– მაშ, ესე იგი, გინდათ, მოგატყუოთ და მახეში გაგაბათ?

– თქვენ მას ატყუებთ და მახეში აბამთ, ესტელა?

– დიახ! მასაც და ბევრ სხვასაც – თქვენ გარდა ყველას. აგერ, მისის


ბრენდლიც მოდის, ამაზე მეტს აღარაფერს ვიტყვი.

მას მერე, რაც ერთი თავი იმ თემას დავუთმე, უსასრულო ტკივილს რომ
მაყენებდა, შემიძლია დაუბრკოლებლად გადავიდე იმ მოვლენაზე, რომელიც
კიდევ უფრო დიდხანს აწვა ჩემს ბედისწერას და ჯერ კიდევ მაშინ მზადდებოდა,
როცა ესტელას არსებობაზე წარმოდგენაც კი არ მქონდა. მის ჰევიშემს კი ჯერ
ის-ის იყო, დაეწყო თავისი მჭკნარი ხელებით მისი ბავშვური პიროვნების ძერწვა
თუ მსხვრევა.

ერთ აღმოსავლურ ზღაპარში(იგულისხმება ზღაპარი "ჯადოქარი, ანუ


ინდოეთის სულთანი მისნარი" – ვითომდა სპარსული ზღაპრების კრებულიდან
"ჯინების ზღაპრები", რომლის ავტორიც სინამდვილეში პასტორი ჯეიმს რიდლი
(1736-65) იყო. ) ქვის მძიმე ფილას, რომელიც ხელმწიფის სარეცელს უნდა
დასცემოდა, დიდხანს, დიდხანს კვეთდნენ სამტეხლოში. იმ თოკისათვის,
რომელზეც ფილა უნდა მიემაგრებინათ, დიდხანს, დიდხანს ამტვრევდნენ
კედელში გვირაბს. ფილა ნელა ასწიეს და ჭერზე ჩამოკიდეს, მრავალმილიან
გვირაბში გატარებული თოკი რკინის დიდ რგოლში გაუყარეს. დიდი ძალისხმევის
შედეგად ყველაფერი მომზადდა. ხელმწიფე შუადამისას გააღვიძეს და ხელში
ალესილი ნაჯახი მისცეს, რომლითაც თოკი უნდა გაეჭრა. მან ნაჯახი მოიქნია,
თოკი გადაჭრა და ჭერი ჩამოემხო. მეც სწორედ ასე დამემართა. მთელი ახლო
და შორი სამუშაო, რაც საქმის დაგვირგვინებას სჭირდებოდა, წინდაწინ
შესრულდა. მერე კი ყველაფერი წამში მოხდა და ჩემი ციხე-კოშკის ჭერი ზედ
ჩამომექცა.
39

ერთი კვირის წინ ოცდასამი წელი შემისრულდა. ჩემს სამომავლო იმედებთან


დაკავშირებით ისევ არაფერი ვიცოდი. წელიწადზე მეტი გავიდა მას მერე, რაც
ბერნარდის ფუნდუკიდან წამოვედით და ტემპლში ვცხოვრობდით. ჩვენი ბინა
მდინარის პირას, გარდენ-ქორტში მდებარეობდა.

არცთუ ცოტა დრო იყო გასული, რაც მისტერ პოკეტთან მეცადინეობა


დავასრულე, თუმცა კვლავაც განვაგრძობდით თბილ ურთიერთობას. მართალია,
ვერანაირ საქმეს ხელი ვერ მოვკიდე – იმედს ვიტოვებ, ამის მიზეზი ჩემი
მატერიალური მდგომარეობისა და ზოგადად მომავალი ცხოვრების სრული
გაურკვევლობა უნდა ყოფილიყო – სამაგიეროდ, წიგნების კითხვა შემიყვარდა და
ყოველდღიურად რამდენიმე საათს ვკითხულობდი. ჰერბერტის საქმე წინ
მიდიოდა, ჩემთან დაკავშირებით კი ყველაფერი ისევ ისე იყო, როგორც წინა
თავში მოგახსენეთ.

ჰერბერტი სამსახურის საქმეზე მარსელში გაემგზავრა. შინ მარტო დავრჩი და


სულიერად გამიჭირდა – გამუდმებით აღელვებული და სასოწარკვეთილი ვიყავი.
ვიმედოვნებდი, ხვალ ან ერთ კვირაში ჩემი ბედი გაირკვეოდა და ეს იმედი
ყოველწამს მეწურებოდა. ამგვარ მდგომარეობაში დიდად მაკლდა ძვირფასი
მეგობრის სიახლოვე.

საშინელი ამინდი იდგა: ავდარი, თქეში; ქუჩებში – წარღვნა და ტალახი.


დღიდან დღემდე ლონდონს აღმოსავლეთიდან ღრუბლების სქელი ფარდა
უტევდა, რომელსაც ბოლო არ უჩანდა, თითქოს აღმოსავლეთი ქარიშხლისა და
წვიმის უსასრულობად ქცეულიყო. ისეთი ძლიერი ქარი ქროდა, ქალაქის არაერთ
მაღალ შენობას ახადა სახურავი; სოფლად კი ხეები ამოძირკვა და წისქვილებს
ფრთები მოსტაცა. პორტებიდან გემების დაღუპვის სავალალო ცნობები აღწევდა.
დამანგრეველ ქარიშხალს წვიმის ნიაღვრები ემატებოდა, ხოლო ის საღამო,
როდესაც წიგნს ვუჯექი, სხვებზე უარესი დღის დასასრული იყო.

მას მერე ტემპლის უბანი შესამჩნევად შეიცვალა – ახლა ისეთი უკაცრიელი


აღარ არის, მაშინ რომ იყო, აღარც მაშინდელივით გადაჰყურებს მდინარეს.
ბოლო სახლის ზედა სართულზე ვცხოვრობდით და ქარი სახლს ისე
აზანზარებდა, ყოველ ჯერზე გეგონებოდათ, ზარბაზანმა დასჭექა, ანდა ზღვა
ადიდდაო. როდესაც ქარი ფანჯრის მინას წვეთებს ახლიდა, წიგნიდან
ამოვიხედავდი და წარმომედგინა, თითქოს ზღვის სანაპიროს შუქურის კოშკზე
ვმჯდარიყავი შტორმის დროს. დროდადრო ბუხრიდან ოთახში კვამლის ქულა
შემოდიოდა, თითქოს ასეთ ღამეში გასვლას ვერ ბედავდა. კვამლის გასაშვებად
კარი გავაღე და დავინახე, რომ სადარბაზოში ქარს ფარნები ჩაექრო. თვალები
ხელისგულებით მოვიჩრდილე და ბნელ ფანჯარაში გავიხედე (ასეთ ქარსა და
თქეშში ფანჯარას ოდნავადაც კი ვერ გამოვაღებდი). გავარჩიე, რომ ეზოს
ფარნებიც ჩამქრალიყო, ქუჩაშიც ბჟუტავდა, ხოლო მდინარის ბარჟებზე
ანთებული კოცონების ალს ქარი წითელ შხეფებად ფანტავდა.

ვკითხულობდი და მაგიდაზე ჩემი ჯიბის საათი მედო – თერთმეტ საათზე


ვაპირებდი წიგნის დახურვას. კითხვა დავასრულე თუ არა, სენტ-პოლისა და
ქალაქის სხვა ტაძრების ზარებმა – ზოგმა პირველი, ზოგმა კი თანმხლები ხმებით
– თერთმეტი საათი ჩამორეკეს. ქარი უცნაურად უცვლიდა ხმას და, ვიდრე იმას
ვუკვირდებოდი, ზარის ბგერები ქარში როგორ წყდებოდა, კიბეზე ნაბიჯების ხმა
მომესმა.

ვერ გეტყვით, რა უეცარმა ახირებამ შემაკრთო და ეს ნაბიჯები ჩემი


გარდაცვლილი დის ფეხის ხმას რად მივამსგავსე. წამში მოვეგე გონს,
მივაყურადე და გავიგონე, ვიღაც ბარბაცით როგორ ამოუყვა კიბეს. მაშინ
მომაგონდა, სადარბაზოში სინათლე ჩამქრალი რომ იყო. ავდექი, მაგიდის ლამპა
ავიღე და კიბის ბაქანზე გავედი. ის, ვინც ქვევიდან ამოდიოდა, ლამპის შუქის
დანახვაზე შეჩერდა. ჩამიჩუმი აღარ გამიგია.

– არის ვინმე ქვევით? – დავიყვირე და კიბის ძირში ჩავიხედე.


– დიახ, – მიპასუხეს სიბნელიდან.

– რომელი სართული გინდათ?

– ბოლო. მისტერ პიპი.

– მე ვარ. ხომ ყველაფერი რიგზეა?

– ყველაფერი რიგზეა, – გამომეხმაურა კაცი და ამოსვლა განაგრძო.


მოაჯირისკენ გაშვერილი ლამპით ვიდექი და კაცი ნელა ამოვიდა სინათლის
არეში. აბაჟურიანი ლამპა იყო და უაღრესად ვიწრო სინათლის წრე ჰქონდა.
უცნობის სახე წამით მოხვდა ამ წრეში და მერე კვლავ ბნელში გაუჩინარდა.
თუმცა ამ ერთ წამში მასზე ჩემი ნახვით მოგვრილი სიხარული და გულაჩუყება
ამოვიკითხე. გავოცდი.

ლამპა კაცის მოძრაობას გავაყოლე და გავარჩიე, მეზღვაურის


ტანსაცმელივით თბილი, თუმცა უხეში სამოსი ეცვა. ლითონისფერი ჭაღარა
მხრებზე ეფინა. ასაკით სამოციოდე წლის იქნებოდა. დაკუნთული, ბრგე კაცი
ჩანდა, ფეხზე მედგრად იდგა და სახე ქარისა და მზისაგან
გარუჯულ-გაუხეშებული ჰქონდა. როდესაც ბოლო ორი საფეხურიც ამოიარა და
ჩემთან ერთად სინათლის წრეში მოექცა, გაოცებულმა დავინახე, რომ ორივე
ხელს ჩემკენ იწვდიდა.

– იქნებ მითხრათ, რამ მოგიყვანათ? – ვკითხე.

– რამ მომიყვანა? – გაიმეორა და წამით შეყოვნდა, – ჰო, აგიხსნით, რამაც


მომიყვანა.

– იქნებ შემოხვიდეთ?

– დიახ, ბატონო, შემოვალ.

შეკითხვა ფრიად არასტუმართმოყვრულად დავუსვი, რადგან აღმაშფოთა და


ზიზღიც კი მომგვარა მისმა გაბრწყინებულმა გამომეტყველებამ, თითქოს დიდი
ხნის უნახავს შემხვდა. იმიტომ აღმაშფოთა, რომ ჩემგანაც, მგონი, საპასუხო
სიხარულს ითხოვდა. რა მექნა – იმ ოთახში შევუძეხი, რომლიდანაც ის-ის იყო
გამოვედი. ლამპა მაგიდაზე დავდგი და შეძლებისდაგვარად თავაზიანი კილოთი
ვთხოვე, მოსვლის მიზეზი აეხსნა. ნაცვლად ამისა, უცნობმა კვლავაც ორივე
ხელი გამომიწოდა.

– გამაგებინეთ, რა გსურთ? – იმწამს ისიც კი ვიეჭვე, ჭკუიდან შეშლილი ხომ


არ იყო.

დაჟინებით მიყურებდა, მერე შეჩერდა და მარჯვენა ხელისგული თავზე


გადაისვა.

– გულსატკენია, – წარმოთქვა დაბალი, ჩახრინწული ხმით, – კაცი ამდენ ხანს


როცა ელოდები შეხვედრას და ასე შორიდან მოდიხარ. მაგრამ ეგ თქვენი ბრალი
არ არის, არცერთი ჩვენგანის ბრალი არ არის. ნახევარ წუთში ყველაფერს
აგიხსნით. გთხოვთ, ნახევარი წუთი მადროვეთ.

ბუხრის წინ, სკამზე ჩამოჯდა და ვეება, ძარღვიანი ხელები შუბლზე აიფარა.


დავაკვირდი, ოდნავ უკანაც კი დავიხიე. მაგრამ ვერ ვიცანი.

– აქ თქვენ გარდა ხომ არავინაა? – მკითხა და მიმოიხედა.

– რა უფლება გაქვთ, სრულიად უცხო კაცს, ჩემს ბინაში ასეთ დროს რომ
შემოდიხართ და ამ კითხვას მისვამთ?

– ყოჩი ყოფილხარ! – კაცმა ისეთი აშკარა სიყვარულით გაიქნია თავი,


საბოლოოდ დამაბნია და აღმაშფოთა, – მიხარია, ასეთი ყოჩი რომ გაიზარდე!
მაგრამ ჯობია არ მომეკარო, თორემ სანანებელი გაგიხდება.

ვიდრე ამას ამბობდა, თავდასხმაზე ფიქრი უკვე მივატოვე, რადგან უეცრად


ვიცანი! ჯერ მის ერთ ნაკვთსაც კი ვერ ვიხსენებდი, მაგრამ ვიცოდი, ვინც იყო!
ქარსა და წვიმას მთელი ჩავლილი წლები რომ წარეხოცა, დახვავებული
ნივთები, სურათები და დროის შლამი რომ ჩაერეცხა და კვლავ იმ სასაფლაოზე
გავეჩინეთ, სადაც პირველად შეგვყარა ბედმა, ჩემს პატიმარს მაინც იმაზე
ცხადად ვერ ამოვიცნობდი, ვიდრე ახლა, ჩემს ოთახში, ჩემი ბუხრის წინ მჯდომს.
სულ არ სჭირდებოდა ჯიბიდან ქლიბის ამოღება და ჩვენება. არც დაგრეხილი
ცხვირსახოცის ყელიდან შეხსნა და თავზე წაკვრა; არც მკლავების ტანზე
შემოხვევა და ცახცახით ოთახის შემოვლა, თან ყოველწამს უკან მოხედვა, აბა,
მიცნო თუ არაო. ვიდრე ამ მინიშნებებს მომცემდა, მანამ ვიცანი, არადა, წამის
წინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, ვინ იყო.

მომიახლოვდა და ისევ გამომიწოდა ხელები, მე კი გაუცნობიერებლად


ვმოქმედებდი – სახტად დარჩენილი თავს ვეღარ ვერეოდი – და უხალისოდ,
მაგრამ მაინც ჩავკიდე ხელები. თითები აღტყინებით მომიჭირა, ჩემი ხელები
ტუჩებთან მიიტანა, ემთხვია და არც მერე გაუშვა.

– კეთილი საქმე ქენი, პიპ, – მითხრა, – მადლიანი საქმე, ჩემო ბიჭო. ეს


არასოდეს დამვიწყებია!

მომეჩვენა, რომ ჩემი გულში ჩაკვრაც კი დააპირა – ეს უკვე ვეღარ ავიტანე,


ხელისგული მკერდზე მივაბჯინე და შევაჩერე.
– კმარა! გამეცალეთ! თუკი ჩემი მადლობელი ხართ იმისათვის, რაც
ბავშვობაში გავაკეთე, იმედი მაქვს, თქვენი მადლიერება იმით გამოხატეთ, რომ
ცხოვრების წესი გამოისწორეთ. თუკი აქ მადლობის სათქმელად მოხვედით, ეს
საჭირო არ იყო. არ ვიცი, როგორ მომძებნეთ, მაგრამ, ალბათ, კეთილი გრძნობა
გამოძრავებდათ, ამიტომაც ხელს არ გკრავთ, მაგრამ, ვფიქრობ, უნდა
გესმოდეთ, რომ... მე...

ამ დროს ისეთი უცნაური მზერა მომაპყრო, სიტყვა ბაგეზე შემეყინა.

– რას ამბობდი? – მკითხა, როცა კვლავ მდუმარედ გავუსწორეთ ერთმანეთს


თვალი, – რა უნდა მესმოდეს?

– ის, რომ ახლანდელ შეცვლილ ვითარებაში ამ შემთხვევითი ნაცნობობის


გაგრძელება არ მსურს და ამას ვერც მომთხოვთ. გულწრფელად მიხარია, რომ
დანაშაული მოინანიეთ და გამოსწორდით. მახარებს, რაკი ამის თქმის
საშუალება მომეცა. ისიც მახარებს, რომ ჩათვალეთ, მადლობას ვიმსახურებდი
და ამის სათქმელად საგანგებოდ მოხვედით. მაგრამ ჩვენი გზები სრულიად
განსხვავებულია. დასველებულხართ, დაღლილიც ჩანხართ, ალბათ, რამის
დალევას ისურვებთ, ვიდრე წახვალთ?

კაცმა ცხვირსახოცი ისევ ყელზე შემოიხვია, ოღონდ არ შეუკრავს და ცალ


ბოლოს კბილები ჩაავლო. ისევ კბილებში ედო, როცა გამოცრა:

– მგონი, მართლაც ვისურვებ დალევას... გმადლობ... ვიდრე წავალ.

კედელთან პატარა მაგიდაზე გამზადებული ლანგარი მედგა. ბუხართან


გადმოვიტანე და ვკითხე, რას დალევდა. ერთ-ერთ ბოთლს უსიტყვოდ შეახო
ხელი, ზედ არც კი შეუხედავს. ვიდრე რომს ცხელ წყალში ვუზავებდი,
ვცდილობდი, ხელის კანკალი შემეკავებინა, მაგრამ, საზურგეზე გადაწოლილი,
ისე მომშტერებოდა და ისეთი შემაშფოთებელი სანახავი იყო კბილებში გაჩრილი
ცხვირსახოცის დაძენძილი ბოლოთი, რომლის გამოღებაც, როგორც ჩანს,
დაავიწყდა, რომ დამშვიდება გამიჭირდა. როცა ჭიქა წინ დავუდგი, გაოცებით
შევნიშნე, რომ თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე.

აქამდე ფეხზე ვიდექი – არ დამიმალავს, მსურდა, რაც შეიძლებოდა მალე


წასულიყო. მაგრამ კაცის სათნო გამომეტყველებამ გული მომილბო. სასწრაფოდ
მეც რაღაც ჩავისხი ჭიქაში და ბუხრის წინ, მაგიდასთან, სკამი მივიდგი.
– იმედი მაქვს, ჩემი წეღანდელი სიტყვები საწყენად არ მიგიღიათ. ასე არ
მიგულისხმია და, თუკი გული გატკინეთ, გთხოვთ, მაპატიოთ. სიკეთისა და
ბედნიერების მეტს არაფერს გისურვებთ!

ჭიქა ტუჩებთან მივიტანე. ჩემმა სტუმარმა გაოცებით დაიხედა ცხვირსახოცის


ბოლოზე, რომელიც პირიდან გადმოუვარდა. მერე ხელი გამომიწოდა და, როცა
ჩამოვართვი, მანაც მოსვა ჭიქიდან. მერე თვალები და შუბლი სახელოთი
მოიწმინდა.

– როგორ ცხოვრობთ? – ვკითხე.

– მეცხვარეც ვიყავი, მესაქონლეც, სხვა მრავალი ხელობაც ვცადე, იქით, ახალ


კონტინენტზე, აქედან ოკეანის აბობოქრებული ტალღების მრავალი მილი რომ
გვაშორებს.

– იმედი მაქვს, წარმატებას მიაღწიეთ?

– არაჩვეულებრივად დიდ წარმატებას. ჩემთან ერთად წასულებიდან ბევრმა


მიაღწია წარმატებას, მაგრამ ჩემნაირად – არავინ. სახელიც კი გავითქვი.

– მიხარია ამის გაგონება.

– იმედი მქონდა, ასე იტყოდი, ჩემო ბიჭო.

ამ სიტყვებში ჩადებული აზრის ამოკითხვა აღარ მიცდია და იმას


მივუბრუნდი, რაც უეცრად მომაგონდა:

– ოდესმე კიდევ თუ შეხვედრიხართ იმ კაცს, ერთხელ ჩემთან რომ


გამოგზავნეთ?

– ერთხელაც არ მინახავს. ან კი როგორ ვნახავდი.

– თქვენი დანაბარები პატიოსნად შეასრულა და ორი, თითო გირვანქა


სტერლინგიანი ბანკნოტი მომიტანა. მაშინ, როგორც იცით, ღარიბი ბიძი ვიყავი
და ჩემთვი ეს ორი კუპიურა მთელ სიმდიდრეს ნიშნავდა. მაგრამ მას მერე,
თქვენი არ იყოს, მეც გამიმართლა, გავმდიდრდი და ნება მომეცით, ვალი
დაგიბრუნოთ. იქნებ სხვა რომელიმე ღარიბ ბიჭს მოახმაროთ, – ამ სიტყვებით
საფულე ამოვიღე.

მაგიდაზე დავდე, გავხსენი და იქიდან ორი თითო გირვანქა სტერლინგიანი


ბანკნოტი ამოვიღე. დაჟინებით მადევნებდა თვალს. ახალთახალი, სუფთა
ბანკნოტები იყო, რომლებიც, ვიდრე გავუწვდიდი, ხელითაც გავასწორე. კაცს
ჩემთვის თვალი არ მოუცილებია, ისე აიღო ფული, გულდაგულ დაკეცა, მერე
ხელში აიქნია, სანთლის ალზე ცეცხლი მოუკიდა და ფერფლი ლანგარზე
მიმოფანტა.

– ნება მომეცი, გავკადნიერდე და გკითხო, – წარბშეჭმუხნილმა, უცნაური


ღიმილით მკითხა, – მაინც როგორ გამდიდრდი მას მერე, რაც ერთმანეთს იმ
უკაცურ და სუსხიან ჭაობებზე დავშორდით?

– როგორ?

– ჰო!

ჭიქა დაცალა, ზეზე წამოდგა და ცეცხლის წინ დადგა. მძიმე, გარუჯული ხელი
ბუხრის თაროზე ჩამოდო. გისოსზე გასათბობად ფეხი შემოდგა და სველ ჩექმას
ორთქლი აუვიდა. მაგრამ თვითონ არც ცეცხლისათვის შეუხედავს და არც
ფეხსაცმლისათვის; ისე დაჟინებით მიცქერდა, ავცახცახდი.

როგორც იქნა, ბაგე გავხსენი, თითქმის უხმოდ ამოვთქვი სიტყვები და ვამცნე


(ამაზე დაწვრილებით ვერ ვეტყოდი), რომ გარკვეული ქონების მფლობელი
გავხდი.

– შეიძლება მდაბიო ტუსაღმა იკითხოს, რა ქონებაზეა ლაპარაკი?

– არ ვიცი, – ამოვილუღლუღე.

– ის თუ შეიძლება იკითხოს მდაბიო ტუსაღმა, ვის ქონებაზეა ლაპარაკი?

– არც ეს ვიცი, – კვლავ ამოვილუღლუღე.

– მაშ, ვცდი და გამოვიცნობ, – მითხრა პატიმარმა, – რამდენი გაქვს


ყოველწლიური შემოსავალი მას მერე, რაც სრულწლოვანი გახდი. ხუთასი?

გული მძიმე უროსავით მიცემდა, სკამიდან წამოვხტი, საზურგეს ნერვიულად


ჩავჭიდე ხელი და გაშმაგებით მივაშტერდი.

– მეურვეს რაც შეეხება, – განაგრძო სტუმარმა, – რადგან მოზარდობაში ხომ


უნდა გყოლოდა მეურვე, ან ვიღაც მსგავსი. ვინმე ვექილი იქნებოდა. მისი გვარის
პირველი ასო "ჯ" ხომ არ იყო?

ჩემი მდგომარეობის მთელი ჭეშმარიტება ერთბაშად მომეძალა; მთელი


განცდილი იმედგაცრუებები, საფრთხეები, დამცირებები, მთელი შესაძლო
შედეგები წამში ისეთი სიმრავლით ჩამომემხო და ამ გაუსაძლისმა სიმძიმემ ისე
გამსრისა, სუნთქვა შემეკრა.
– ვთქვათ, – განაგრძო კაცმა, – გვარი რომ "ჯ-თი" ეწყება და, ბარემ ვთქვათ,
შეიძლება ჯეგერსიც ერქვას. ამ ვექილის დამქირავებელმა, ვთქვათ, ოკეანე
გადმოიარა და პორტსმუტში მოადგა ნაპირს. შენი მონახულება უნდოდა. წეღან
რომ თქვი, არ ვიცი, როგორ მომძებნეთო. როგორ მოგძებნე და პორტსმუტიდან
ერთ პიროვნებას მივწერე და შენი მისამართი ვთხოვე. ეს პიროვნება გვარად
უემიკია.

სიკვდილით რომ დამმუქრებოდნენ, მაინც ვერ წარმოვთქვამდი თუნდაც ერთ


სიტყვას. გაშეშებული ვიდექი, ცალი ხელი ისევ სკამის საზურგეზე მედო, მეორე –
მკერდზე, რომელიც, მეგონა, სადაცაა გამისკდებოდა, და ვაშტერდებოდი, როცა
უეცრად მომეჩვენა, ოთახი ამოყირავდა. სკამს წავეპოტინე. სტუმარმა ხელები
შემაშველა და ტახტის ბალიშებზე გადამაწვინა. თვითონ ცალ მუხლზე დაიჩოქა
და ნაცნობი სახე მომიახლოვა.

– ჰო, პიპ, ჩემო ბიჭო, ჯენტლმენად მე გაქციე! ეს მე ჩავიდინე! მაშინვე პირობა


მივეცი ჩემს თავს: თუ ოდესმე ერთ გინეას ვიშოვიდი, ეს გინეა შენ გერგებოდა.
რამე საქმეს თუ გავჩარხავდი და გავმდიდრდებოდი, მთელ ამ სიმდიდრეს შენ
გარგუნებდი. ჩემი ცხოვრება თუ უხეშია, სამაგიეროდ, შენი იქნება დახვეწილი. მე
თუ მძიმე ჯაფა დამაწვა, შენ მუშაობა არ მოგიწევს. ნუ გეგონება, ჩემო ბიჭო,
ამას იმისთვის ვამბობდე, თავი ჩემ მოვალედ იგრძნო. ასე არ არის. ამას იმიტომ
გეუბნები, რომ იცოდე: ის ქანცგაწყვეტილი ძაღლი, რომელსაც სიცოცხლე
შეუნარჩუნე, ისე ამაღლდა, რომ ჯენტლმენად გაქცია. შენ მართლაც ჯენტლმენი
გახდი, პიპ!

ამ კაცის მიმართ უფრო მეტ ზიზღსა და ძრწოლას იმ შემთხვევაშიც ვერ


ვიგრძნობდი, ადამიანი კი არა, ველური მხეცი რომ ყოფილიყო.
– მომხედე, პიპ. შენი მეორე მამა ვარ. შვილად მიგიღე – შვილზე მეტიც ხარ.
მთელ ჩემს შემოსავალს შენთვის ვზოგავდი. მაშინაც, როცა დაქირავებული
მეცხვარე ვიყავი და უკაცრიელ ტრამალზე ქოხში ვცხოვრობდი, გარშემო კი
ცხვრების გარდა სულიერის ჭაჭანება არ იყო და დამავიწყდა კიდეც, მამაკაცის
ან ქალის სახე როგორია, მაგრამ შენი სახე მაშინაც თვალწინ მედგა.
რამდენჯერაც იმ ქოხში წახემსებისას დანა დამივარდებოდა, იმდენჯერ
ვამბობდი: აი, ჩემი ბიჭი ისევ მიცქერს, როგორ ვჭამ და ვსვამ-მეთქი. სულ
მეცხადებოდი, ისე მკაფიოდ, როგორც მაშინ, ჭაობებზე რომ გნახე. ღმერთო,
მომკალი-მეთქი, ვიტყოდი, ვდგებოდი და გარეთ გავდიოდი. იქაც ვიდექი და ამას
ვიმეორებდი: გავთავისუფლდები, ფულს ვიშოვი და ბიჭს ჯენტლმენად
ვაქცევ-მეთქი. ჰოდა, ეს შევძელი კიდეც! ნახე, როგორი გახდი! ნახე, რა ბინაში
ცხოვრობ! ლორდს რომ ეკადრება, ისეთი! თუმცა, რა ლორდი! ლორდებს რომ
შეეჯიბრო, მათაც აჯობებ სიმდიდრით!

ისე გაცხარებით ლაპარაკობდა და საკუთარი გამარჯვებით ისე ტკბებოდა,


რომ არც კი შეუნიშნავს, მისი სიტყვები ჩემზე რა გავლენასაც ახდენდა. ვერც ის
შენიშნა, ლამის გული რომ მიმდიოდა და ეს სულ მცირედი, მაგრამ მაინც შვება
იყო ჩემთვის.

– ამას შეხედე! – ჯიბიდან საათი ამომიღო და შეათვალიერა, მერე ბეჭდიან


ხელზეც წამავლო ხელი, მე კი მისი ყოველი მიკარებისგან გველნაკბენივით
ვკრთებოდი, – ოქროა, თანაც რა ლამაზი – აი, ჯენტლმენს რა ეკადრება!
ლალებში ჩასმული ბრილიანტი – აი, ჯენტლმენს რა ეკადრება! რა პერანგი –
დახვეწილი და ქათქათა! რა ტანისამოსი – კაცი უკეთესს ვერც კი ისურვებს!
წიგნები კიდევ, – ოთახს თვალი შეავლო, – მთელი თაროები სავსე! ასობით
წიგნი! და ყველა წაკითხული გაქვს, ასე არ არის? ვხედავ, მაშინაც კითხულობდი,
მე რომ შემოვედი. ჰა-ჰა-ჰა! მეც წამიკითხე, ჩემო ბიჭო! და თუკი ჩემთვის
გაუგებარ ენაზე ეწერება, ისე ვიამაყებ და გავიხარებ, გეგონება, ყოველი სიტყვა
მესმოდეს!

ჩემი ორივე ხელი ისევ ტუჩებთან მიიტანა, რამაც ძარღვებში სისხლი


გამიყინა.

– ლაპარაკით თავს ნუ შეიწუხებ, პიპ, – მითხრა მას მერე, რაც თვალები და


შუბლი ისევ სახელოთი შეიწმინდა და ყელიდან უცნაური ხროტინი ამოუშვა –
როგორ მეცნო ეს ხმა! და, ასეთი აღტყინებით რომ მელაპარაკებოდა, ამის გამო
კიდევ უფრო შემძაგდა, – ჯობია, იყუჩო, ჩემო ბიჭო. შენ ამ წუთს ჩემსავით არ
ელოდებოდი. დიდხანს არ ემზადებოდი ამ შეხვედრისათვის, მე კი დღეებსა და
საათებს ვითვლიდი. მაგრამ ნუთუ არასოდეს მოგსვლია აზრად, რომ ეს
შეიძლებოდა მე ვყოფილიყავი?

– ო, არა, არა, არა, – ვუპასუხე, – არასოდეს, არასოდეს!

– ახლა ხომ ხედავ, რომ მე ვყოფილვარ. და ამის შესახებ ჩემსა და მისტერ


ჯეგერსის გარდა ძეხორციელმა არ იცოდა.

– სხვა არავინ? – ვკითხე.

– არა, – გაოცებით გააქნია თავი, – სხვა ვის უნდა სცოდნოდა? მაინც რა


მშვენიერი ვაჟკაცი გაზრდილხარ! მითხარი, სადმე თუა ლამაზი თვალები,
რომლებზეც ფიქრობ?

ო, ესტელა, ესტელა!

– არ იდარდო, ჩემო ბიჭო, თუკი ფულს მათი ყიდვა შეუძლია, შენი იქნება!
იმის თქმა როდი მინდა, რომ შენისთანა წარმოსადეგი ჯენტლმენი ქალს ფულის
გარეშე ვერ მოხიბლავს; მაგრამ ფული ზურგს გაგიმაგრებს! მოდი, რაც დავიწყე,
იმის თხრობას დავასრულებ, ჩემო ბიჭო. იმ ქოხში რომ ვცხოვრობდი, ჩემი
მეპატრონის სიკვდილის შემდეგ (ისიც ჩემისთანა გადასახლებული იყო) მთელი
მისი ფული მერგო, რის შემდეგაც გავთავისუფლდი და საკუთარი საქმე
წამოვიწყე. რასაც კი ხელს ვკიდებდი, ყველაფერს შენთვის ვაკეთებდი.
ღმერთმა დაწყევლოს ეს ჩემი წამოწყება, რასაც ვიშოვი, მას თუ არ
მოვახმარე-მეთქი, წინდაწინ მუდამ ამას ვამბობდი. და ყველაფერში საოცრად
მემართებოდა ხელი. როგორც უკვე გითხარი, ჩემი წარმატებით საქვეყნოდაც
გავხდი ცნობილი. რაც მისტერ ჯეგერსს პირველად გავუგზავნე წერილთან
ერთად, რომლითაც შენ მოძებნას ვთხოვდი, ის ფული იყო, ჩემმა მეპატრონემ
რომ დამიტოვა, და, ამას გარდა, პირველი წლების მოგებაც.

ო, ნეტავ მისტერ ჯეგერსს არასოდეს მოვეძებნე! ნეტავ ძველებურად


სამჭედლოში დავეტოვებინე – ჩემი ბედით უკმაყოფილო, მაგრამ,
დღევანდელთან შედარებით, უსაზღვროდ ბედნიერი!

– ამის შემდგომ, ჩემო ბიჭო, ნუგეშად მექცა იმაზე ფიქრი, რომ ყველასაგან
საიდუმლოდ ნამდვილ ჯენტლმენს ვზრდიდი. ფეხით დავდიოდი, კოლონისტები
კი ჯიშიანი ცხენებით ჩამიქროლებდნენ და მტვერს სახეში მაყრიდნენ; ამ დროს
გულში ვამბობდი: ნებისმიერ თქვენგანზე უფრო დახვეწილ ჯენტლმენს
გავზრდი-მეთქი. როცა ერთიმეორეს ჩემზე მიუთითებდნენ – ეს გუშინდელი
პატიმარი, უმეცარი ხეპრეაო, მაშინაც გულში ვამბობდი: მართალია, ჯენტლმენი
არ ვარ, არც ოდესმე მისწავლია, სამაგიეროდ, ჩემი გაზრდილი ჯენტლმენი
მეყოლება. თქვენ ყველა მიწებსა და საქონელს ფლობთ, მაგრამ, აბა, რომელ
თქვენგანს შეუძლია, ჩემსავით დაიკვეხნოს, ლონდონში კარგად აღზრდილი და
ნასწავლი ჯენტლმენი მყავსო? წლების განმავლობაში ეს ფიქრი მაძლებინებდა.
და მთელი ეს ხანი ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან ჩემი ბიჭის სანახავად
ჩამოვიდოდი და გამოვემცნაურებოდი.

მხარზე ხელი დამადო, მე კი გამაჟრჟოლა იმის გაფიქრებისაგან, რომ ეს


ხელი, შესაძლოა, სისხლით ყოფილიყო მოთხვრილი.

– იქიდან წამოსვლა იოლი არ ყოფილა, პიპ, და არც უსაფრთხო. მაგრამ


ჩემსას არ ვიშლიდი: რაც უფრო მიძნელდებოდა, მით მეტად ვცდილობდი და
ბოლოს ჩემი მაინც გავიტანე, ჩემო ბიჭო!

გონების მოკრება ვცადე, მაგრამ თავგზააბნეული ვიყავი. გამუდმებით


მეგონა, ამ კაცის სიტყვების ნაცვლად ქარისა და წვიმის წვეთების ხმები
ჩამესმოდა, თუმცა პირველი ხმადაბლა ლაპარაკობდა, მეორენი კი
ყურისწამღებად ღრიალებდნენ.

– სად მომათავსებ? – მკითხა უეცრად, – სადმე უნდა მომათავსო, ჩემო ბიჭო.

– დასაძინებლად? – ვკითხე.

– ჰო. ხანგრძლივი და მშვიდი ძილი მჭირდება, – მიპასუხა სტუმარმა, –


რადგან თვეების განმავლობაში ზღვის ტალღები მქანცავდნენ და მრეცხავდნენ.

– ჩემი მეგობარი და კომპანიონი შინ არ არის, – ვთქვი და ტახტიდან


წამოვდექი, – მის ოთახს დაგითმობთ.

– არც ხვალ დაბრუნდება? – მკითხა.

– არა, – მექანიკურად ვპასუხობდი, თუმცა გონს მოსვლას ამაოდ ვცდილობდი,


– არც ხვალ.

– იმიტომ, რომ, ყური დამიგდე, ჩემო ბიჭო, – ხმას დაუწია და თითი მკერდში
მომაბჯინა, – სიფრთხილეა საჭირო.
– რას გულისხმობთ? რა სიფრთხილე?

– ღმერთმანი, სიკვდილი მემუქრება!

– სიკვდილი?

– მე ხომ სამუდამოდ გადამასახლეს. ქვეყანაში დაბრუნება ჩემთვის


სიკვდილს ნიშნავს. ბოლო წლებში მეტისმეტად ბევრი დაბრუნდა და, თუ
დამაკავეს, უეჭველად ჩამომახრჩობენ.

ეგღა მაკლდა. ეს ღვთის პირიდან გადავარდნილი კაცი ამდენი წელია თავის


ოქრო-ვერცხლის ჯაჭვებსა და ბორკილებში მხლართავდა, მერე, ჩემი ნახვის
გულისათვის, სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდო და ეს სიცოცხლე ბოლოს ჩემს
ხელთ აღმოჩნდა! მის მიმართ ზიზღის ნაცვლად სიყვარული რომ მეგრძნო;
ძრწოლის ნაცვლად სითბოთი და სიმპათიით რომ გავმსჭვალულიყავი, ამაზე
უარეს მდგომარეობაში ვერ ჩავვარდებოდი. პირიქით, მაშინ უფრო
გამიადვილდებოდა, რადგან გულწრფელად და ბუნებრივად ვეცდებოდი,
საფრთხისაგან დამეცვა.

პირველი, რაც გავიფიქრე, დარაბებს დავკეტავ-მეთქი, გარედან სინათლე რომ


არავის შეენიშნა, მერე კარიც ჩავრაზე. ამასობაში ჩემი სტუმარი მაგიდასთან
იდგა და რომსა და ბისკვიტს შეექცეოდა. ამ დროს თვალი შევავლე და ისევ
ჭაობებში მობორიალე ჩემი დამშეული პატიმარი დავინახე. ისიც კი გამეფიქრა,
სადაცაა, ბორკილის გასახერხად დაიხრება-მეთქი.

ჰერბერტის ოთახში შევედი და იქიდან სადარბაზოში ყველა გასასვლელი


გადავკეტე, გარდა იმ ოთახის კარისა, რომელშიც ცოტა ხნის წინ ვსაუბრობდით.
ამის შემდეგ სტუმარს დავუბრუნდი და ვკითხე, დაწოლა თუ სურდა. დასტურით
მიპასუხა, ოღონდაც მთხოვა, მისთვის "ჯენტლმენის პერანგი" მეთხოვებინა,
რათა დილით ჩაეცვა. ჩემი ერთ-ერთი პერანგი გამოვუტანე და დავუდე.
დამშვიდობებისას ისევ ჩამომართვა ორივე ხელი და ცივმა ოფლმა დამასხა.

არ ვიცი, როგორ დავცილდი და როგორ დავბრუნდი იმ ოთახში, სადაც


ვსაუბრობდით. ბუხარში ცეცხლი გავაჩაღე და დავჯექი, დასაძინებლად წასვლისა
მეშინოდა. საათზე მეტხანს სრულიად თავზარდაცემული ვიჯექი. როგორც კი
ფიქრის უნარი დავიბრუნე, მაშინვე გავაცნობიერე, რომ ჩემმა გემმა კატასტროფა
განიცადა და ნაფოტებად იქცა.
მის ჰევიშემის ჩემთან დაკავშირებული გეგმები სულ ჩემი ზმანება აღმოჩნდა.
ესტელა ჩემთვის განკუთვნილი არასოდეს ყოფილა. სატისის სახლში მხოლოდ
ხარბი ნათესავების გასაწბილებლად მკადრულობდნენ. მას მექანიკური გულით
აღჭურვილ ერთგვარ თოჯინად მივაჩნდი, რომელზეც პრაქტიკის გავლა
შეიძლებოდა, რაკი ახლომახლო სხვა არავინ იყო – სწორედ ასეთმა აზრმა
გამიელვა პირველად. მაგრამ გულს იმაზე ფიქრი მიკუმშავდა, რომ ამ პატიმრის
გამო, რომელსაც, ღმერთმა უწყის, რა დანაშაული ჰქონდა ჩადენილი და
რომელიც ყოველ წუთს შეიძლებოდა ჩემს ბინაში დაეკავებინათ, მერე კი
ოლდ-ბეილის ჭიშკართან ჩამოეხრჩოთ – აი, ასეთი კაცის გამო ჯო მივატოვე.

ალბათ, ვეღარავინ დამიყოლიებდა, ჯოსთან და ბიდისთან


დავბრუნებულიყავი – თუნდაც იმიტომ, რომ მათ წინაშე ჩემი უღირსი საქციელის
განცდა ამის უფლებას არ მომცემდა. დედამიწის ზურგზე ვერანაირი სიბრძნე ვერ
მაღირსებდა ისეთ სიმშვიდესა და ბედნიერებას, რასაც მათი უბრალოება და
ერთგულება მგვრიდა. მაგრამ მათ წინაშე ჩემს დანაშაულს ვერასოდეს,
ვერასოდეს გამოვისყიდდი.

ქარის ყოველ დაბერვასა და წვიმის ყოველი წვეთის დაცემაში მდევრების


ხმები მელანდებოდა. შემეძლო დამეფიცა, რომ სახლის კარზე კაკუნი და
მოგუდული ხმები მესმოდა. ამ შიშით ატანილმა თანდათან გავიხსენე, რომ მის
გამოჩენამდე არაერთ იდუმალ გაფრთხილებას წავაწყდი. გასული კვირების
განმავლობაში ქუჩაში გამვლელის სახე რამდენჯერმე მივამსგავსე მისას. ეს
უცნაური შეხვედრები გახშირდა, ვიდრე ის, როგორც ახლა შევიტყე, გემით ჩვენს
ნაპირს უახლოვდებოდა. მისი უკეთური სული ამ მაცნეებს ჩემს დამფრთხალ
სულს უგზავნიდა, რაც ამ ქარიშხლიანი ღამით დაგვირგვინდა, როცა მან პირობა
შეასრულა და გამომეცხადა.
ამ ანარეკლებს მისი ის სახე დაემატა, პატარაობიდან რომ მახსოვდა, რადგან
უკიდურესად ბოროტ კაცად ჩავთვალე და მეორე პატიმარიც ამავეს
ადასტურებდა, როცა ამტკიცებდა, რომ ჩემი პატიმარი მოკვლას უპირებდა.
მაშინვე თვალწინ დამიდგა ისევ ის სურათი, მეორეს ხევში როგორ ურტყამდა და
მხეცივით გლეჯდა. ამ მოგონებებმა ბუხრისპირა სივრცე, მერე კი მთელი ოთახი
იმ ბუნდოვანი შიშით გამსჭვალა, რომ ასეთ ადამიანთან ღამით ერთ ბინაში
თავის გამოკეტვა სახიფათო იყო. ბოლოს ვეღარ გავუძელი, სანთელი ავიღე და
გვერდით ოთახში ჩემს თავს მოხვეულ და შიშის მომგვრელ სტუმარს დავხედე.

ცხვირსახოცი თავზე შემოეხვია და ეძინა, სახე მკაცრი და პირქუში, მაგრამ


მშვიდი ჰქონდა. თავის გვერდით, ბალიშზე, პისტოლეტი დაედო. ცოტათი
გულდაწყნარებულმა კარისკენ დავიხიე და, ვიდრე ბუხრისკენ წავიდოდი,
გასაღები შიგნითა მხრიდან გამოვაძრე და გარედან გადავატრიალე. მერე
ბუხარს მივუჯექი. სავარძელში ჩამეძინა და თანდათანობით ძირს ჩამოვცურდი.
ძილში წამითაც არ დამვიწყებია ჩემი უბედურება და როდესაც გამომეღვიძა,
ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში ეკლესიის ზარებმა ხუთჯერ ჩამორეკეს,
სანთლები ჩანავლულიყო, ცეცხლი ჩამქრალიყო, ქარსა და წვიმას კი უკუნეთი
სიბნელე შემატებოდა.

აქ მთავრდება პიპის იმედების მეორე ნაწილი.


40

კიდევ კარგი, როგორც შემეძლო, ვიცავდი ჩემს სტუმარს. ახალგაღვიძებულს


მაშინვე ეს დარდი შემომაწვა და სხვა ყველა დარდი დაჩრდილა.

ოთახებში მუდამ ვერ გამოვამწყვდევდი. ასე უფრო მეტი ეჭვი აღიძვრებოდა.


მართალია, იმხანად შურისმაძიებელი აღარ მემსახურებოდა, მაგრამ ბინას ერთი
აშარი დედაბერი მილაგებდა. მას მოსიარულე ძონძების ტომარა ეხმარებოდა,
რომელსაც დედაბერი თავის დისშვილად ასაღებდა. თუკი რომელიმე ოთახში არ
შევუშვებდი, ჭორების მთელ კორიანტელს დააყენებდნენ. ორივეს თვალთ
აკლდა, რასაც კარის ჭუჭრუტანებში თვალთვალის მრავალწლიანი ჩვევით
ვხსნიდი, და მუდამ ჩემ სიახლოვეს ტრიალებდნენ, მნიშვნელობა არ ჰქონდა,
მჭირდებოდნენ თუ არა. ეს მათი ერთადერთი უცვლელი ჩვევა იყო, თუ არ
ჩავთვლით წვრილმან ქურდობას. ამ ადამიანებს რამე რომ არ ეყნოსათ,
გადავწყვიტე, დილითვე გამომეცხადებინა, მოულოდნელად სოფლიდან ბიძა
მესტუმრა-მეთქი.

ეს გამოსავალი მაშინ მოვძებნე, როცა უთენია, სიბნელეში სინათლის


ასანთებად ვფათურობდი. რაკი ტალ-კვესი ვერ ვიპოვე, იძულებული გავხდი,
მეზობელ ჭიშკართან გავსულიყავი და იქიდან ფარნიანი ღამის დარაჯი
მომეყვანა. ჩაბნელებულ კიბეზე გზას მივიკვლევდი, უეცრად რაღაცას დავეტაკე
და წავბორძიკდი. ეს რაღაც კუთხეში მოკუნტული ადამიანი აღმოჩნდა.

ამ უცნობს ვკითხე, თუ რას აკეთებდა აქ, მაგრამ ის უხმოდ გამეცალა.


სასწრაფოდ ჭიშკრისკენ გავიქეცი და დარაჯს დავუძახე. გზად ამ შემთხვევის
შესახებ ვუამბე. ქარი ისევ ისე ბობქრობდა, მაგრამ მაინც გავრისკეთ და
სადარბაზოს ჩამქრალი ფარნების ასანთებად მისი ლამპა გამოვიყენეთ. შემდეგ
მთელი კიბე გავჩხრიკეთ, მაგრამ ვერავინ ვიპოვეთ. ვიფიქრე, რომ ის კაცი
შეიძლებოდა ჩემს ბინაში შეპარულიყო, მაშინ დარაჯის ფარნიდან სანთელს
გადავუკიდე, მას კართან დაცდა ვთხოვე, მე კი ბინაში შევედი და გულდაგულ
ყველა კუნჭული შევამოწმე; მათ შორის, ის ოთახიც, სადაც ჩემს შიშის
მომგვრელ სტუმარს ეძინა. სრული სიმშვიდე სუფევდა: ცხადი იყო, ჩემთან
არავინ შემოსულიყო.
მაწუხებდა იმაზე ფიქრი, რომ ჩემს კიბეზე ჯაშუში მაინცდამაინც ამ ღამით
გამოჩნდა, ამიტომ დარაჯს ჭიქა სასმლით გავუმასპინძლდი და ვკითხე, წუხელ
ღამით ჭიშკარში შეზარხოშებული ჯენტლმენი ხომ არ შემოუშვია. მან დასტურით
მიპასუხა. ღამის სხვადასხვა საათში სამი ასეთი მომსვლელი ყოფილა. ერთი
ფაუნტეინ-ქორტში ცხოვრობდა, დანარჩენი ორი კი – ჩემს ქუჩაზე. დარაჯმა
თავისი თვალით ნახა, სამივე შინ როგორ შევიდა. ჩემი ერთადერთი მეზობელი
რამდენიმე კვირით ქალაქგარეთ გაემგზავრა. უეჭველია, ამ ღამით შინ არ
დაბრუნებულა, რადგან კიბეზე ამოსვლისას მის კარზე ბოქლომი შევნიშნეთ.

– ამ ღამით ისეთი ავდარი იყო, სერ, – მითხრა დარაჯმა, როცა ჭიქას


მიბრუნებდა, – ჭიშკართან უჩვეულოდ ცოტა ადამიანმა ჩამოიარა. ამ სამის
გარდა არავინ მახსენდება, თუ არ ჩავთვლით თერთმეტ საათს, როდესაც ერთმა
უცნობმა გიკითხათ.

– დიახ, ეგ ბიძაჩემი იყო, – ჩავურთე ენის ბორძიკით.

– მაშ, შეხვდით, სერ?

– დიახ, რა თქმა უნდა.

– ის კაციც ნახეთ, მას რომ მოჰყვა?

– მას რომ მოჰყვა? – გავიმეორე.

– ჩავთვალე, რომ მას მოჰყვებოდა, – მიპასუხა დარაჯმა, – როდესაც


ბიძათქვენი შეჩერდა და გიკითხათ, ის კაციც შეჩერდა, ხოლო როცა გზა
განაგრძო, იმანაც განაგრძო გზა.

– როგორი კაცი იყო?

დარაჯმა მიპასუხა, რომ კარგად ვერ შენიშნა, მაგრამ, სავარაუდოდ, მუშა


იქნებოდა. მონაცრისფრო-მოყავისფრო ტანისამოსი ეცვა და მუქი ქუდი ეხურა.
დარაჯს ამ შემთხვევისათვის დიდი მნიშვნელობა არ მიუნიყებია, რაც
ბუნებრივია, რადგან, ჩემგან განსხვავებით, აღელვების მიზეზი არ ჰქონია.

აღარაფრის ახსნა-განმარტება აღარ მსურდა, ამიტომ დარაჯი სასწრაფოდ


თავიდან მოვიშორე და ამ ორ გარემოებას დაჟინებით ჩავუფიქრდი. ცალ-ცალკე
თითოეული უვნებლად გამოიყურებოდა – ვთქვათ, რომელიმე დაგვიანებული
მოქეიფე, რომელსაც დარაჯისთვის არ ჩაუვლია, ჩემს სადარბაზოში შემოეხეტა
და იქ ჩაეძინა; ანდა, ვთქვათ, ჩემს უსახელო სტუმარს შეეძლო გზის
საჩვენებლად ვიდაც თან წამოეყვანა – ასე თუ ისე, ორივე ეს შესაძლებლობა
ერთად ფრიად უსიამოდ მოქმედებდა ჩემისთანა კაცზე, რომლის გონებაც წინა
ღამის მოვლენებს შეეშფოთებინა და ეჭვებით აევსო.

ბუხარი დავანთე – რიჟრაჟის შუქზე ცეცხლი მკრთალად და უსიხარულოდ


ბჟუტავდა – და იქვე ჩამთვლიმა. მეგონა, მთელი დამე მეძინა, როცა საათმა
ექვსჯერ ჩამოჰკრა. გათენებამდე საათ-ნახევარი რჩებოდა და კვლავ დავიძინე.
დროდადრი ხან მჭახე, წყვეტილი ლაპარაკი ჩამესმოდა, ხან საკვამურში ქარის
გრგვინვა ელჭექად მელანდებოდა. ბოლოს და ბოლოს, ღრმა ძილში ჩავიძირე,
რომლიდანაც დღის შუქმა გამომაღვიძა და შემკრთალი წამოვფრინდი.

მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩემი მდგომარეობის აწონ-დაწონა ვერ


მოვახერხე და ეს არც ახლა შემეძლო. საამისოდ ძალა არ გამაჩნდა. სრულიად
გასრესილი და განადგურებული ვიყავი. სამომავლო გეგმების დაწყობა ისევე
გამიჭირდებოდა, როგორც ერთმანეთზე დაწყობილი ქვებისაგან სპილოს შექმნა.
დარაბები გამოვაღე და აწეწილ, სველ ႣႠ ტყვიისფერ დილას გავხედე. მერე
ოთახებში ბოლთის ცემას მოვყევი, ბოლოს კი აცახცახებული დავუბრუნდი
ბუხარს და მოსამსახურის მოლოდინში ჩამოვჯექი. მთელი ამ ხნის განმავლობაში
ჩემს უბედურებაზე ვფიქრობდი, იმას კი ვეღარ ვიხსენებდი, თუ რამ
გამაუბედურა, როდის ან როგორ დამატყდა თავს ეს უბედურება, ან კვირის
რომელ დღეს შევნიშნე, ან, საერთოდაც, ვინ ვიყავი.

ბოლოს და ბოლოს, დედაბერი თავის დისშვილთან ერთად გამოჩნდა, ამ


უკანასკნელის ვარცხნილობა მისივე მტვრიანი ცოცხისაგან არაფრით
განსხვავდებოდა. გაუკვირდა, როცა დანთებულ ბუხართან მჯდომი დამინახა.
ვამცნე, რომ უეცრად ღამით ბიძა ჩამომივიდა და ახლა ეძინა; ვთხოვე, საუზმე
ამის შესაბამისად მოემზადებინათ. ვიდრე ავეჯს ხმაურით გადააადგილებდნენ
და მტვრის ბუღს აყენებდნენ, პირი დავიბანე და ტანთ გამოვიცვალე.
ძილბურანში ვმოქმედებდი და ვერც კი შევნიშნე, ისე აღმოვჩნდი ისევ ბუხართან:
ვიჯექი და ველოდი, ის როდის გაიღვიძებდა და სასაუზმოდ გამოვიდოდა.

როგორც იქნა, კარი გააღო და გამოვიდა. მისი ცქერა ჩემთვის ყოვლად


აუტანელი იყო. მგონი, დღის სინათლეზე კიდევ უფრო შემზარავად
გამოიყურებოდა.
– არც კი ვიცი, რა სახელით მოგმართოთ, – წამოვიწყე ხმადაბლა, როდესაც
მაგიდას მიუჯდა, – ყველას ვუთხარი, რომ ჩემი ბიძა ხართ.

– სწორად მოქცეულხარ, ჩემო ბიჭო! ბიძა დამიძახე.

– გემით მგზავრობისას რამე გვარი ხომ უნდა დაგესახელებინათ?

– როგორ არა, ჩემო ბიჭო. პროვისი დავირქვი.

– მომავალშიც ამ გვარის ტარებას აპირებთ?

– ჰო, ჩემო ბიჭო, სხვაზე უარესი რითია? ან იქნებ სხვა გირჩევნია?

– თქვენი ნამდვილი გვარი რა არის? – ჩურჩულით ვკითხე.

– მეგუიჩი, – ასევე ხმადაბლა მიპასუხა, – ნათლობის სახელი – ეიბელი.

– რა ხელობა შეისწავლეთ?

– ტუსაღის ხელობა, ჩემო ბიჭო.

სრულიად სერიოზულად მიპასუხა, ისე, თითქოს მართლაც რომელიმე


პროფესია დაესახელებინოს.

– წუხელ ტემპლში რომ მოხვედით... – წამოვიწყე და გაოცებისაგან


დავდუმდი, რადგან ასე მეგონა, ეს წუხელ კი არა, დიდი ხნის წინათ მოხდა.
– მერე, ჩემო ბიჭო?

– ჭიშკართან რომ ჩამოიარეთ და დარაჯს ჩემი მისამართი ჰკითხეთ, ვინმე


თუ გახლდათ?

– მახლდა? არა, ჩემო ბიჭო.

– ქუჩაში თუ იყო ამ დროს ვინმე?

– ყურადღება არ მიმიქცევია, – მიპასუხა ჩაფიქრებულმა, – აქაურობას არ


ვიცნობ. მაგრამ, მგონი, შორიახლო მართლაც მომყვებოდა ვიღაც.
– ლონდონში ვინმე თუ გიცნობთ?

– იმედი მაქვს, არა! – ეს რომ თქვა, ცერათითი ისე მოისვა ყელზე, უსიამო
გრძნობამ ლამის შემაღონა.

– არც ადრე გიცნობდნენ?

– არასოდეს, ჩემო ბიჭო. მეტწილად პროვინციაში ვცხოვრობდი.

– მაშ, იქნებ ლონდონში... გაგასამართლეს?

– რომელ ერთს გულისხმობ? – გამჭოლი მზერა მესროლა.

– ბოლოს.

დასტურის ნიშნად თავი დამიკრა.

– მისტერ ჯეგერსი პირველად მაშინ გავიცანი. ჩემი ადვოკატი ჯეგერსი იყო.

ენაზე მადგა კითხვა, თუ რა დანაშაულისათვის გაასამართლეს, მაგრამ


სტუმარმა სწორედ იმ წუთას ამოიღო დანა, ჰაერში მოიქნია და თქვა:

– ხოლო, რაც დავაშავე, ის რახანია გამოვისყიდე კიდეც! – რის შემდეგაც


საუზმეს შეუდგა.

ჭამის ტლანქი და უსიამო მანერა ჰქონდა, ყველა მოძრაობა – უმსგავსო,


ხარბი და ხმაურიანი. მას მერე, რაც ჭაობებზე დავაპურე, ბევრი კბილი
დასცვენოდა; როცა საჭმელი პირთან მიჰქონდა, თავს გვერდზე ხრიდა, რათა
შერჩენილი ეშვები ჩაევლო და ამ დროს ბებერ, დამშეულ ქოფაკს ჰგავდა.
ხალისითაც რომ მივჯდომოდი მაგიდას, მის შემხედვარეს მადა გამიქრებოდა და
მაინც უძრავად ვიჯდებოდი სუფრის გადასაფარებელს მიშტერებული, ამ კაცის
აღუწერელი ზიზღით გასრესილი.

– რა ვუყო, ჩემო ბიჭო, კარგი მჭამელი ვარ, – მომიბოდიშა დანაყრების


შემდეგ, – ჭამა მუდამ მიყვარდა. უჭმელი რომ ვყოფილიყავი, იქნებ
განსაცდელიც ნაკლები მრგებოდა. ასევეა ჩემთვის თამბაქოც. როცა ახალ
კონტინენტზე მეცხვარეობა დავიწყე, თამბაქო რომ არა, იმ ქოხში, იმ ტრიალ
მინდორში, ალბათ, თვითონაც ცხვრად ვიქცეოდი.

ეს თქვა, მაგიდიდან წამოდგა და ქურთუკის გულის ჯიბიდან მოკლე, შავი


ჩიბუხი და ერთი მუჭა მსხვილი თამბაქო ამოიღო, იმ ჯიშისა, რომელსაც "ზანგის
თავს" უწოდებენ. ჩიბუხი გაავსო და მორჩენილი თამბაქო ჯიბეში ისე ჩაიყარა,
თითქოს უჯრაში ინახავსო. ბუხრიდან მაშით მუგუზალი ამოიღო და ჩიბუხს
მოუკიდა, მერე ცეცხლს ზურგი შეაქცია და, გუშინდელივით, ორივე ხელი
გამომიწოდა.

– ესაა ის ჯენტლმენი, ჩემი ხელით რომ შევქმენი, – ხელები მაგრად ჩამჭიდა


და ჩემი ხელები ზევით-ქვევით დაარწია, – ნამდვილი ჯენტლმენი! როგორ
მახარებს შენი ცქერა, პიპ! სხვა არაფერი მინდა, მხოლოდ განზე გავდგე და
გიცქირო!

როგორც კი შევძელი, ხელები მაშინვე გავითავისუფლე და მივხვდი, რომ ჩემს


მდგომარეობას თანდათან ვაცნობიერებდი. როცა შევხედე მის დანაოჭებულ,
მელოტ თავს, რომელსაც ჭაღარა თმა არშიასავით შემოვლებოდა, გავიაზრე,
რასაც მივეჯაჭვე და რა მძიმე ტვირთიც წამოვიკიდე.

– არ მინდა ვხედავდე, თუ როგორ დაიარება ჩემი ჯენტლმენი ქუჩის


ორომტრიალში ფეხით. მის ფეხსაცმელს მტვერი არ უნდა მიეკაროს. ჩემს
ჯენტლმენს ცხენები უნდა ჰყავდეს, პიპ! საჯირითოდაც, ეტლში შესაბმელადაც,
მისმა მსახურმაც ცხენითა და ეტლით უნდა იაროს. მაშ, კოლონისტებს ცხენები
უნდა ჰყავდეთ (თანაც ჯიშიანი, ჩემო ბატონო!), და ჩემს ლონდონელ ჯენტლმენს
– არა?! ვერ მოგართვით! მაგათ ვუჩვენებთ სეირს, არა, პიპ?

ჯიბიდან სქელი, ბანკნოტებით გაბერილი საფულე ამოიღო და მაგიდაზე


დააგდო.

– ამ საფულეში იმდენია, დახარჯვა რომ არ შეგრცხვება, ჩემო ბიჭო. სულ


შენია. რაც კი მაბადია, ჩემი კი არა, შენია. დარდი ნუ გექნება. ეს საიდანაც
მოვიტანე, იქ კიდევ ბევრია დარჩენილი. ჩემს ქვეყანაში იმისათვის მოვბრუნდი,
საკუთარი თვალით მენახა, ჩემი ჯენტლმენი ფულს როგორ ხარჯავს. ისე ხარჯე,
ჩემო ბიჭო, როგორც ჯენტლმენს შეშვენის. ჩემი უდიდესი სიხარულიც ეს იქნება.
ამის ცქერაზე მეტად დედამიწის ზურგზე ვერაფერი გამახარებს. და ეშმაკმაც
დაგლახვროთ სულყველა! – ოთახს შემოუარა და თითები ხმამაღლა გაატკაცუნა,
– სულყველა – პარიკიანი მოსამართლით დაწყებული და ცხენზე ამხედრებული
კოლონისტით დამთავრებული! იმასაც ვნახავ, ჩემმა ჯენტლმენმა ყველას თუ არ
გაჯობოთ!

– შეჩერდით! – ზიზღისა და ძრწოლისგან ლამის ჭკუიდან შეშლილმა


შევყვირე, – თქვენთან სალაპარაკო მაქვს. მინდა ვიცოდე, როგორ მოვიქცე,
საფრთხე როგორ აგარიდოთ, რამდენ ხანს აპირებთ დარჩენას, რა გეგმები
გაქვთ.

– მომხედე, პიპ, – მკლავზე ხელი წამავლო და ერთბაშად შეცვლილი,


თვინიერი კილოთი ალაპარაკდა, – წუთით დამიგდე ყური. წეღან თავში
ამივარდა. რაც ვთქვი, უღირსი იყო. მდაბალი და უღირსი, ხომ გამიგე, პიპ? ეს
აღარ მოხდება.

– პირველ რიგში, – ამოვიგმინე, – მითხარით, რა ზომების მიღება შეგვიძლია


საიმისოდ, რათა არ ამოგიცნონ და არ დაგაკავონ.

– არა, ჩემო ბიყო, – ისევ იმ სინანულით მომიგო კაცმა, – პირველ რიგში ეგ კი


არა, ის უნდა გითხრა, რომ ამდენი წელია ჯენტლმენს ვზრდიდი და ისიც ვიცი,
რა
ეკადრება და რა არა. უღირსად მოვიქეცი, მაგრამ, გთხოვ, ეგ დაივიწყე, ჩემო
ბიჭო!

დამცინავი, მწარე სიცილი ამიტყდა.

– ჩათვალეთ, დავივიწყე და, თუ ღმერთი გზამთ, ამას ნუღარ გამიმეორებთ!

– ჰო, მაგრამ, ეგ იცოდე, ჩემო ბიჭო: ამსიშორეზე იმიტომ არ წამოვსულვარ,


რომ უღირსად მოვიქცე. მაგრამ განაგრძე, ჩემო ბიჭო, რას ამბობდი?

– როგორ დაგიცვათ იმ საფრთხისაგან, რომელშიც თავი ჩაიგდეთ?

– საფრთხე, კაცმა რომ თქვას, დიდი არც არის. თუკი ვინმემ არ დამასმინა,
საფრთხე არც მემუქრება. ჩემი ჩამოსვლის შესახებ მხოლოდ ჯეგერსმა იცის,
უემიკმა და შენ. სხვა არავინ. ვიღა გამცემს?

– იმის შესაძლებლობა ხომ არ არსებობს, ვინმემ შემთხვევით ქუჩაში


გიცნოთ? – ვკითხე.

– არა მგონია, – მიპასუხა, – თითქმის არავინ მიცნობს. არც გაზეთში ვაპირებ


განცხადების გამოქვეყნებას, რომ ა. მ. ბოტანი-ბეიდან(პატიმართა დასახლება
ავსტრალიაში.) დაბრუნდა. თანაც ამდენი წელი გავიდა, დრო არავის ინდობს,
ასე არ არის? მაგრამ იცი, რას გეტყვი, პიპ? ასჯერ უფრო დიდი საფრთხის
შემთხვევაშიც კი ჩამოვიდოდი შენთან.

– რამდენ ხანს აპირებთ დარჩენას?

– რამდენ ხანს? – კაცმა შავი ჩიბუხი პირიდან გამოიღო, ყბა ჩამოუშვა და


მომაშტერდა, – უკან გაბრუნებას არ ვაპირებ, სამუდამოდ ჩამოვედი.

– სად უნდა იცხოვროთ? რა გავაკეთო თქვენთვის? სად იქნებით


უსაფრთხოდ?

– ჩემო ბიჭო, – მიპასუხა, – გარეგნობის შეცვლა პარიკითაც შეიძლება, თმის


პუდრითაც, სათვალითაც, კიდევ ათასი რამით; ფული თუ გაქვს, ათასნაირ
ტანაცმელსაც იყიდი: თუნდაც მოკლე ბრიჯს. თუკი ეს აქამდე სხვებსაც
არაერთხელ უქნიათ, მე რატომ ვერ უნდა მოვახერხო? რაც შეეხება იმას, თუ სად
და როგორ ჯობია მომათავსო, ჩემო ბიყო, ამაზე შენი აზრი მინდა მოვისმინო.

– დღეს ასე მსუბუქად ლაპარაკობთ, – შევნიშნე, – წუხელ კი სრული


სერიოზულობით იფიცებოდით, თუ დამაკავეს, სიკვდილი არ ამცდებაო.

– ახლაც იმავეს დავიფიცებ, – მიპასუხა და ჩიბუხი კვლავ პირში ჩაიდო, –


სიკვდილი ჩამოხრჩობით, ღია ცის ქვეშ, ამ ქუჩის შორიახლოს. მინდა, კარგად
გაიაზრო, ეს რამდენად სერიოზულია. მე კი რა მენაღვლება? უკვე აქ ვარ. უკან
დაბრუნება აქ დარჩენაზე უფრო სახიფათოა. თანაც, პიპ, აქ იმიტომ ვარ, რომ
ამას წლების განმავლობაში ვაპირებდი. გამბედაობაზე თუ მიდგა საქმე, ბებერი
ფრინველი ვარ და, რაც შევიღინღლე, მას მერე ათასნაირ მახეში გავბმულვარ.
აღარაფერი მაშინებს და საფრთხობელაზეც უშიშრად ჩამოვჯდები. და, თუ მაგ
საფრთხობელაში სიკვდილი ჩასაფრებულა, რა ვუყოთ; ვიდრე არ გამოვა და არ
დამენახვება, არ დავიჯერებ. ახლა კი აქ მოდი, მინდა, ჩემს ჯენტლმენს
ერთხელაც შევავლო თვალი.

ამ სიტყვებითა და უკვე ჩვეული ჟესტით ორივე ხელი ჩამჭიდა და მესაკუთრის


აღტაცებული მზერით შემათვალიერა, თან ჩიბუხს შეუჩერებლად აბოლებდა.

გადავწყვიტე, საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა, მისთვის იქვე, ჩემ


გვერდით, რამე მშვიდი და მოფარებული ბინა მომეძებნა, სადაც ჰერბერტის
ჩამოსვლისთანავე გადავიდოდა, ჰერბერტს კი ორ-სამ დღეში ველოდებოდი.
კარგად ვიცოდი, მეგობრისთვის ამ საიდუმლოს თქმა აუცილებლად მომიწევდა,
აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ მისთვის განდობა უდიდეს შვებას მომგვრიდა.
მაგრამ მისტერ პროვისისათვის (გადავწყვიტე, სწორედ ამ გვარით მეხსენებინა)
ეს სულაც არ იყო ცხადი; ჰერბერტს მანამ ვერ ენდობოდა, სანამ პირადად არ
გაიცნობდა და გარეგნობისა და ქცევის მიხედვით არ შეაფასებდა.

– მაგრამ ამის შემდეგაც კი, ჩემო ბიჭო, – ჯიბიდან პატარა, გაქონილი,


შავყდიანი ბიბლია ამოიღო, – ამაზე უნდა დავაფიცებინოთ.

მართალია, დარწმუნებით ვერ ვიტყოდი, ჩემი შიშის მომგვრელი


მწყალობელი ამ პატარა წიგნს დედამიწის ზურგზე მხოლოდ იმიტომ დაატარებს,
რომ საჭიროების შემთხვევაში ადამიანებს მასზე დაფიცება აიძულოს-მეთქი,
მაგრამ არ მინახავს, ოდესმე სხვა დანიშნულებით გამოეყენებინოს. წიგნი
სასამართლო დარბაზიდან მოპარულს ჰგავდა და, შესაძლოა, მისი
თავდაპირველი დანიშნულება და, ამას გარდა, საკუთარი გამოცდილებაც, კაცს
ამ საგნის ერთგვარ ჯადოსნურ ძალაში არწმუნებდა. ახლა, როცა ჩემი
თანდასწრებით პირველად ამოიღო, მაშინვე მომაგონდა ის, თუ როგორ
მომთხოვა დაფიცება დიდი ხნის წინათ, სასაფლაოზე; და წინა დღესაც, როცა
განმარტოებისას მიღებულ თავის გადაწყვეტილების შესახებ მიყვებოდა, თქვა,
რომ ყოველ ჯერზე საკუთარ თავს ფიცს აძლევდა.

ჯერ ისევ მეზღვაურის ტანისამოსი ეცვა, თითქოს თუთიყუშებსა და სიგარებს


ჰყიდდა. მაშინვე ვკითხე, რას ჩაიცვამდა. პროვისს რატომღაც სჯეროდა, რომ
ბრიჯი გარეგნობას შეუცვლიდა და თავისთვის ისეთი კოსტიუმი მოიგონა,
რომელშიც ტაძრის წინამძღვარსა თუ კბილის ექიმს დაემსგავსებოდა. დიდი
გაჭირვებით დავიყოლიე, რომ შეძლებული ფერმერის მსგავსად ჩაეცვა, ასევე
შევთანხმდით, თმას შეიმოკლებდა და ზედ ოდნავ პუდრს დაიყრიდა. დაბოლოს,
რადგან ჩემს დამლაგებელსა და მის დისშვილს ჯერ ნანახი არ ჰყავდათ,
ვთხოვე, ვიდრე ახალ ტანისამოსს არ მოვიტანდი, არ დანახვებოდა.

ყველა ეს საქმე რთული შესასრულებელი არ ყოფილა, მაგრამ გონება


იმდენად მქონდა დაქანცული, ამ ყველაფერს დღის ორ-სამ საათამდე თავი ვერ
მოვუყარე. სტუმარს ვთხოვე, ჩემს დაბრუნებამდე ბინაში ჩაკეტილიყო და კარი
არავისთვის გაეღო.

გაგონილი მქონდა, ესექს-სტრიტზე კეთილმოწყობილი სახლი იდგა; შენობის


უკანა მხარე ტემპლისკენ გამოდიოდა, ჩემი ფანჯრებიდან იქამდე ლამის ხმასაც
კი მიაწვდენდით. სწორედ ამ სახლს მივაშურე. გამიმართლა და მესამე
სართულის ბინა ჩემი ბიძის, მისტერ პროვისისათვის დავჯავშნე. მერე მაღაზიები
შემოვიარე და მისი გარეგნობის შესაცვლელად საჭირო ნივთები შევუკვეთე.
როცა ამ ყველაფერს მოვრჩი, ჩემი პირადი საქმისთვის ლიტლ-ბრიტანში
შევიარე. მისტერ ჯეგერსი თავის საწერ მაგიდას უჯდა, მაგრამ როგორც კი
დამინახა, მაშინვე წამოხტა და ბუხართან დადგა.

– პიპ, – მკაცრად მითხრა, – ფრთხილად იყავით.

– ასეც ვაპირებ, სერ, – ვუპასუხე, რადგან გზად სათქმელი გულდაგულ


ავწონ-დავწონე.

– ზედმეტს ნურაფერს იტყვით, – მითხრა მისტერ ჯეგერსმა, – ნურც საკუთარ


თავზე და ნურც სხვაზე. ნურაფერს შემატყობინებთ. არ მსურს, რამე ვიცოდე.
ცნობისმოყვარე არ ვარ.

რა თქმა უნდა, ეჭვი არ შემპარვია, რომ იმ კაცის ჩამოსვლის ამბავი იცოდა.

– მხოლოდ ის მინდა, მისტერ ჯეგერს, – ვუპასუხე, – რომ დავრწმუნდე: რაც


მითხრეს, სიმართლეს შეესაბამება თუ არა. იმის იმედი არ მაქვს, რომ შეიძლება
ტყუილი აღმოჩნდეს, მაგრამ მაინც მსურს დავაზუსტო.

მისტერ ჯეგერსმა თავი დამიკრა.

– როგორ თქვით? "გითხრეს" თუ "შეგატყობინეს"? – მკითხა და თავი გვერდზე


გადახარა, თან მე კი არა, იატაკს დაჰყურებდა და პასუხს გაფაციცებით ელოდა,
– პირველი პირად საუბარს გულისხმობს. ხოლო ადამიანს, რომელიც ახალ
სამხრეთ უელსში იმყოფება, პირადად ვერ გაესაუბრებოდით.

– მაშინ ვიტყვი, შემატყობინეს-მეთქი, მისტერ ჯეგერს.

– კეთილი.

– ვინმე ეიბელ მეგუიჩმა შემატყობინა, რომ სწორედ ისაა ჩემი მწყალობელი,


რომლის ვინაობაც ჩემთვის ამდენ ხანს უცნობი იყო.

– და სწორედ ისაა ის პიროვნება, რომელიც ახალ სამხრეთ უელსში


იმყოფება, – დამიზუსტა მისტერ ჯეგერსმა.
– და მხოლოდ ის?.. – იმედით ვკითხე.

– დიახ, მხოლოდ ის, – დამიდასტურა მისტერ ჯეგერსმა.

– სერ, იმდენად უგუნური არ ვარ, ჩემს შეცდომებსა და მცდარ დასკვნებში


ბრალი თქვენ დაგდოთ, მაგრამ მთელი ამ ხნის განმავლობაში მეგონა, ეს მის
ჰევიშემი იყო.

– როგორც ეს წუთია მითხარით, პიპ, – ცივი თვალები მომაპყრო ჯეგერსმა და


საჩვენებელ თითზე იკბინა, – ამაზე არანაირად არ ვარ პასუხისმგებელი.

– არადა, ყველაფერი ამაზე მეტყველებდა, სერ, – ვთქვი თავზარდაცემულმა.

– ამის არანაირი დამამტკიცებელი საბუთი არ არსებობს, პიპ, – ჯეგერსმა


თავი გააქნია და სერთუკის კალთები აიკრიფა, – ნურასოდეს ენდობით იმას, რაც
გეჩვენებათ. მხოლოდ ფაქტებს ენდეთ. ამაზე უკეთესი წესი არ არსებობს.

– სერ, სათქმელი აღარაფერი მაქვს, – ამოვიოხრე მას მერე, რაც ერთხანს


მდუმარედ ვიდექი, – ცნობა გადავამოწმე და კმარა.
– ახლა, როდესაც მეგუიჩმა... ახალ სამხრეთ უელსში... როგორც იქნა, თავისი
ვინაობა გაამხილა, – განაგრძო ჯეგერსმა, – შეგიძლიათ დარწმუნდეთ, პიპ,
თავიდანვე როგორი სიზუსტით მივყვებოდი უტყუარ ფაქტებს. ხომ ცხადად
აცნობიერებთ ამას?

– სრულებით, სერ.

– მეგუიჩს... რომელიც ახალი სამხრეთ უელსიდან დამიკავშირდა... მაშინვე


მივწერე... ახალ სამხრეთ უელსში... რომ მუდამ ფაქტების ერთგული
დავრჩებოდი. და კიდევ ერთ რამესთან დაკავშირებით გავაფრთხილე. თავის
წერილში ბუნდოვნად მიმანიშნა, რომ თქვენ სანახავად ინგლისში ჩამოსვლა
სურდა. გავაფრთხილე, ეს თემა ჩემთან აღარასოდეს ეხსენებინა. ავუხსენი, რომ
შეწყალება მისთვის გამორიცხულია; გადასახლება სიცოცხლის ბოლომდე აქვს
მისჯილი და სამშობლოში მისი გამოჩენა ახალ დანაშაულს გაუტოლდება,
რომელსაც დაუყოვნებლივ მოჰყვება კანონის მხრიდან უმკაცრესი ზომა. ამის
შესახებ მეგუიჩი გავაფრთხილე, – ამ სიტყვებით ჯეგერსმა მკაცრად შემომხედა,
– ეს ახალ სამხრეთ უელსში მივწერე. ეჭვი არ მეპარება, რომ ჩემი გაფრთხილება
გაითვალისწინა.
– უეჭველად, გაითვალისწინა, სერ.

– უემიკმა მამცნო, – განაგრძო მისტერ ჯეგერსმა ისე, რომ ჩემთვის მკაცრი


მზერა არ მოუცილებია, – რომ პორტსმუთიდან წერილი მიიღო, რომლის
დამწერიც ვინმე კოლონისტია, გვარად, თუ არ ვცდები, პარვისი...

– იქნებ პროვისი? – ვუკარნახე.

– იქნებ პროვისიც. გმადლობთ, პიპ. შესაძლოა, პროვისიც იყოს. იქნებ ეს


დანამდვილებითაც იცოდეთ?

– დიახ, – ვუპასუხე.

– მაშ, იცით, რომ პროვისია. მაშ, წერილი პორტსმუთიდან, რომელიც ვინმე


კოლონისტმა პროვისმა მეგუიჩის დავალებით დაწერა და რომელშიც უემიკს
თქვენს მისამართს სთხოვდა. რამდენადაც ვიცი, უემიკმა სასურველი ცნობა
პირველივე ფოსტით გაუგზავნა. იქნებ სწორედ პროვისმა გამცნოთ ის, რომ ახალ
სამხრეთ უელსში მცხოვრები მეგუიჩი თქვენი მწყალობელია?

– დიახ, სწორედ პროვისმა, – ვუპასუხე.

– მაშ, კარგ დღეს გისურვებთ, პიპ, – ხელი გამომიწოდა ჯეგერსმა, – თქვენი


ნახვა გამიხარდა. როდესაც მეგუიჩს... ახალ სამხრეთ უელსში...
დაუკავშირდებით, ანდა პროვისის შუამავლობით მიაწვდენთ ხმას, გთხოვთ,
ჩემგან გადაეცით, რომ ჩვენი მრავალწლიანი საქმიანი ურთიერთობის ყველა
ჩანაწერსა და ვაუჩერს თქვენ გამოგიგზავნით, ასევე დარჩენილ ბალანსსაც,
რადგან თქვენ კიდევ გრჩებათ ბალანსი, პიპ. კეთილად ბრძანდებოდეთ.

ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით. ვიდრე გასასვლელისკენ მივდიოდი,


დაჟინებით მაკვირდებოდა. კარის ზღურბლიდან მივიხედე – ისევ მიყურებდა,
თაროზე აყუდებული შემზარავი ნიღბები კი შეწებებული ქუთუთოების გახსნას
ცდილობდნენ და, ასე მეგონა, სადაცაა, ერთხმად ამოიხრიალებდნენ: "რა კაცია!
რა კაცი!"

უემიკი გასული იყო, თუმცა კანტორაში რომც ყოფილიყო, მაინც ვერაფერს


მიშველიდა. სასწრაფოდ ტემპლში დავბრუნდი, სადაც საძულველი პროვისი
მშვიდად და უსაფრთხოდ დამხვდა – წყალგარეულ რომს წრუპავდა და შავ
თამბაქოს ეწეოდა.

მეორე დღეს ჩემ მიერ შეკვეთილი ტანისამოსი მოიტანეს. მაგრამ რაც უნდა
ჩაეცვა, ძველ ტანსაცმელზე გაცილებით ნაკლებად უხდებოდა. აზრად მომივიდა,
რომ რაღაც გაუგებარი თავისებურების გამო მისი შენიღბვის ნებისმიერი
მცდელობა მარცხით სრულდებოდა. ნაირნაირი ტანისამოსი მოვარგე და, რაც
უფრო უკეთ ვაცმევდი, მით უფრო ძლიერ ჰგავდა ჭაობებში მიმალულ პატიმარს.
ვფიქრობ, ჩემ აღტყინებულ წარმოსახვაზე ამგვარ ზეგავლენას იმის გამო
ახდენდა, რომ მისი დაბერებული სახის ნაკვთები და მიმიკა თანდათან სულ
უფრო უკეთ მაგონდებოდა და მეცნობოდა; მაგრამ, ამას გარდა, გამუდმებით
მეჩვენებოდა, თითქოს ცალ ფეხს ისე ითრევს, გეგონება, კვლავაც ბორკილი
ამძიმებსო. ეჭვი არ მეპარებოდა, რომ ეს კაცი მთლიანად, თავისი არსით,
პატიმარი იყო და მუდამ ამად დარჩებოდა.

ამას უკაცურ ქოხში გატარებული წლების ღრმად გამჯდარი ჩვევაც ემატებოდა;


ისეთ პირქუშ იერს რომ ანიჭებდა, რასაც ვერცერთი კოსტიუმი ვერ
მოარჯულებდა. მეორე მხრივ, დიდხანს მოუწია დაღდასმულ დამნაშავედ ხალხში
ყოფნა და ყველაფერს ის აგვირგვინებდა, რომ ამჟამად კვლავ ხალხისაგან
დამალვა უწევდა. ყველა მანერით – იმით, თუ როგორ ჭამდა, სვამდა, იდგა თუ
იჯდა; დროდადრო როგორ გაირინდებოდა ხოლმე, მობუზული და ჩაფიქრებული;
როგორ ამოიღებდა თავის რქისტარიან ვეება დანას, შარვალზე შეიწმენდდა და
საჭმელს ჭრიდა; როგორ მიჰქონდა ტუჩებთან მსუბუქი ჭიქები და ფინჯნები ისე,
თითქოს უხეში ტოლჩები ყოფილიყო; როგორ გლეჯდა პურს და ამ ნაგლეჯით
თეფშზე მორჩენილ საწებელს ისე წმენდდა, თითქოს რაც ერგო, იმის ერთი
წვეთიც კი არ სურდა, ვინმესთვის დაეთმო, ბოლოს ამავე ნაგლეჯს თითებს
შეაწმენდდა და გადასანსლავდა – და კიდევ ათასგვარი სხვა დიდი თუ მცირე
მოძრაობით, რასაც დღის განმავლობაში ყოველწამს ვამჩნევდი, მასში ცხადზე
უცხადესად ამოიცნობოდა დამნაშავე, პატიმარი, გადასახლებული.

თმის დაპუდრვა მისი იდეა იყო, რომელზეც მას მერე დავყაბულდი, რაც
ბრიჯის ჩაცმა გადავაფიქრებინე. მაგრამ ამის შედეგს სხვას ვერაფერს
შევადარებ, თუ არა ფერუმარილწასმულ მკვდარს. ყველაფერმა, რისი დამალვაც
მასში ყველაზე მეტად გვსურდა, უცნაურად იცოდა თხელი ნიღბის ქვეშიდან
გამონათება და თავზე მოყრილი პუდრიც მის ნამდვილ არსს უფრო
ამკვეთრებდა. მალევე თქვა უარი პუდრზე და მოკლედ შეჭრილი თმა
ძველებურად ისევ გაქონილი ჰქონდა.

ვერ აღგიწერთ, რამდენად შემზარავ საიდუმლოდ წარმომიდგა ეს ადამიანი.


ერთ საღამოს სავარძლის სამკლავურებს ჩაფრენილს ჩაეძინა და ღრმა
ნაოჭებით დასვირინგებული მელოტი თავი მკერდზე ჩამოუვარდა, მე კი ვიჯექი
და ვაკვირდებოდი, თან წარმოსახვაში ყველა შესაძლო დანაშაულს ვდებდი
ბრალად, ვიდრე ისე არ შევძრწუნდი, რომ მისგან გაქცევის დაუოკებელი
სურვილი მომეძალა. ძრწოლა წუთი წუთზე მიძლიერდებოდა, ამ ტანჯვის ატანა
უკვე აღარ შემეძლო; მართალია, ამდენ რამეს ვუმადლოდი და მის სიცოცხლეს
საფრთხე ემუქრებოდა, მაგრამ მაინც უსათუოდ გავიქცეოდი, რომ არა ჰერბერტი,
რომელიც მალე მობრუნდებოდა. ერთხელ, შუაღამისას, საწოლიდან წამოვხტი
კიდეც და, რაც კი მქონდა, ყველაზე საშინელი ტანისამოსის ჩაცმას შევუდექი.
ნაჩქარევად გადავწყვიტე, ჩემი მწყალობელი მთელ მის სიმდიდრესთან ერთად
მიმეტოვებინა და ინდოეთში მოხალისე ჯარისკაცად ჩავწერილიყავი.

არა მგონია, ჩემს განმარტოებულ ბინაში, სადაც გრძელ საღამოებსა და


უსასრულო ღამეებში მხოლოდ ქარი და წვიმა ხმაურობდა, აჩრდილი რომ
შემოსულიყო, იმაზე მეტად შევეშინებინე, ვიდრე ახლა ვშიშობდი. აჩრდილს ჩემ
გამო არავინ დააპატიმრებდა და არ ჩამოახრჩობდა, სტუმართან დაკავშირებით
კი ეს შესაძლებლობა გამუდმებით მტანჯავდა და შეშფოთებას მიასმაგებდა.
მეტწილად ან ეძინა, ან თავისი ბანქოს დაფლეთილი დასტით ყოვლად უცნაურ
პასეანსს შლიდა – არც მანამდე, არც მერე არ მინახავს, ვინმეს მსგავსი რამ
ეთამაშა – და მოგების შემთხვევაში დანის წვერს მაგიდაში ასობდა. როდესაც ამ
ორიდან რომელიმეთი არ იყო დაკავებული, მთხოვდა, მისთვის ხმამაღლა
წამეკითხა – "უცხოურ ენაზე, ჩემო ბიჭო!" – და ვიდრე ვუკითხავდი, საგამოფენო
გალერეის მეპატრონესავით თვითკმაყოფილი სახით იდგა ბუხრის წინ; ერთი
სიტყვაც კი არ ესმოდა, მაგრამ სახეს რომ ვიჩრდილავდი, თითებს შორის
ვხედავდი, გაშლილი ხელით სკამებსა და სავარძლებს როგორ მოუწოდებდა,
ჩემი განათლებით აღფრთოვანებულიყვნენ. ის გამოგონებული მეცნიერი, მის
მიერ შექმნილი უმსგავსო არსების მიერ დევნილი(იგულისხმება მერი შელის
რომანის, "ფრანკენშტეინის" პერსონაჟი.), ჩემზე უბედური ვერ იქნებოდა – მე
ძრწოლით გავურბოდი იმ ურჩხულს, რომელმაც შემქმნა; და რაც მეტ სითბოსა და
აღტაცებას ამჟღავნებდა ჩემ მიმართ, მით მეტად მეზიზღებოდა იგი.

ამას რომ ვწერ, კაცს შეიძლება ეგონოს, ამგვარად მთელი წელიწადი


გავატარე. არადა, სულ ხუთი დღე გასულიყო. ყოველწუთს ველოდებოდი
ჰერბერტს, რის გამოც გარეთ გასვლას ვერ ვბედავდი; მხოლოდ შებინდებისას
გავდიოდი, როცა პროვისი სასეირნოდ გამყავდა. ერთ დღესაც, სადილის შემდეგ,
ჩამთვლიმა, რადგან ღამე შფოთიანი და კოშმარებით სავსე მქონდა, და კიბეზე
ნანატრი ნაბიჯების ხმამ გამომაღვიძა. პროვისი, რომელსაც ასევე ჩასძინებოდა,
ბარბაცით წამოხტა; მის ხელში დანის პირმა გაიელვა.
– დამშვიდდით! ჰერბერტია! – შევაჩერე, მეორე წამში ჰერბერტი მართლაც
შემოვიდა კარში და საფრანგეთიდან ჩამოყოლილი ექვსასმილიანი გზის
კამკამა, სუსხიანი ჰაერიც შემოიტანა.

– ჰენდელ, ძვირფასო მეგობარო! გესალმები, კიდევ და კიდევ გესალმები!


როგორ ხარ? ასე მგონია, მთელი წელია, რაც არ მინახიხარ! მგონი, მართლაც
ასეა, რადგან ჩემი წასვლის შემდეგ გამხდარხარ და ფერი წაგსვლია! ჰენდელ,
ჩემო... ოჰ, გამარჯობა! მომიტევეთ.

მოირბინა და ხელს გაცხარებით მართმევდა, როდესაც უეცრად პროვისი


შენიშნა. პროვისი ყურადღებით უცქერდა, თან დანას ნელა კეცავდა და მეორე
ხელით ჯიბიდან კიდევ რაღაცას იღებდა.

– ჰერბერტ, ჩემო ძვირფასო მეგობარო, – ვუთხარი, ვიდრე ბინის კარის ორივე


ფრთას ვხურავდი, გაოცებული ჰერბერტი კი იდგა და აქეთ-იქით იყურებოდა, –
შენ არყოფნაში ძალზე უცნაური რამ მოხდა. ეს... ჩემი სტუმარია.

– ყველაფერი რიგზეა, ჩემო ბიჭო! – პროვისი მოგვიახლოვდა, ხელში პატარა,


დაფლეთილი ბიბლია ეჭირა. ჰერბერტს მიმართა, – ეს მარცხენა ხელში
დაიკავეთ. ღმერთმა დაგწყევლოთ, თუ აქ ნანახსა და გაგონილს ოდესმე ვინმეს
გადასცემთ. ემთხვიეთ!

– შეასრულე, რასაც გეუბნება, – ვუთხარი ჰერბერტს და ისიც, გაოგნებული და


ჩემ გამო გვარიანად შეწუხებული, დაემორჩილა. პროვისმა მაშინვე ხელი
ჩამოართვა.

– გახსოვდეთ, ფიცი რომ გაქვთ დადებული. და ფიცის გამტეხად ჩამთვალეთ,


თუკი პიპმა თქვენც ჯენტლმენად არ გაქციოთ!
41

სამივენი ბუხარს მივუსხედით და ჰერბერტს ჩემი საიდუმლო გავანდე. არც კი


შევეცდები ჰერბერტის წუხილისა და შეძრწუნების გადმოცემას. საკმარისი
იქნება, თუ ვიტყვი, რომ მის სახეზე ჩემი გრძნობების ანარეკლი დავინახე, მათ
შორის – ჩემი ზიზღი იმ კაცის მიმართ, რომელმაც ამდენი რამ გამიკეთა.

ჩვენსა და ამ კაცს შორის სხვა გამმიჯნავი გარემოება რომც არ ყოფილიყო,


ერთი რამ მაინც აღგვიძრავდა ძრწოლას – ეს ის კმაყოფილება იყო, რომლითაც
იგი ჩემს თხრობას ისმენდა. გარდა იმ ერთადერთი შემთხვევისა, როცა
ჩათვალა, რომ "უღირსად" მოიქცა – რის შესახებაც ჰერბერტს მაშინვე ამცნო,
როგორც კი თხრობა დავასრულე – სხვა ვერანაირ მიზეზს ვერ ხედავდა, ჩემი
გამდიდრებით თავი ბედნიერად არ მეგრძნო. როცაკი იკვეხნიდა, რომ
ჯენტლმენად მაქცია და იმისთვის ჩამოვიდა, რათა საკუთარი თვალით ენახა,
მის ფულს როგორ ვირგებდი – ამას ჩემი სახელითაც ამბობდა – სრულიად
დარწმუნებული იყო, რომ ეს ორივე ჩვენგანისათვის საამაყო და დასაკვეხნი
ამბავი იქნებოდა.

– ოღონდაც, ყური დამიგდე, პიპის მეგობარო, – მიუბრუნდა ჰერბერტს მას


მერე, რაც ერთხანს ამაზე ისაუბრა, – კარგად მესმის, რაც დავბრუნდი, მას მერე
ერთხელ, ერთადერთხელ მოვიქეცი მდაბიურად. პიპსაც ასე ვუთხარი, ვიცი,
როგორც მოვიქეცი-მეთქი. მაგრამ თქვენ დარდი ნუ გაქვთ. იმისთვის როდი
ვაქციე პიპი ჯენტლმენად და პიპიც იმისთვის როდი გაქცევს ჯენტლმენად, რომ
ორივეს უღირსი საქციელი გაკადროთ და არ ვიცოდე, თქვენი საკადრისი რა არის.
ჩემო ბიჭო და შენც, პიპის მეგობარო, ყური დამიგდეთ: ამიერიდან თავს
შევიკავებ. იმ წუთიერი უღირსი სიტყვების შემდეგ თავს ვიკავებდი და მერეც ასე
მოვიქცევი.

– რა თქმა უნდა, – ისეთი კილოთი დაეთანხმა ჰერბერტი, რომ ჩანდა, ამაში


დიდად მანუგეშებელს ვერაფერს ხედავდა. სახეზე კვლავაც წუხილი და
დაბნეულობა ეწერა. ერთი სული გვქონდა, ახალ ბინაში როდის გადავიდოდა და
ერთიმეორის პირისპირ როდის დაგვტოვებდა. მაგრამ, როგორც ჩანს, ეჭვიანობის
გამო, ჩვენ მარტო დატოვებას არ ჩქარობდა და გვიანობამდე შემორჩა. შუაღამე
შესრულდა, როცა, როგორც იქნა, ესექს-სტრიტზე მივაცილე და ბინის კართან
დავტოვე. როცა ეს კარი მიხურა, მისი ჩამოსვლის შემდეგ პირველად ვიგრძენი
ოდნავი შვება.

გამუდმებით მახსოვდა ის კაცი, რომელსაც კიბეზე შევეფეთე, ამიტომაც ჩემს


სტუმართან ერთად სეირნობისას მუდამ აქეთ-იქით ვიხედებოდი. ახლაც
ფრთხილად მიმოვიხედე. დიდ ქალაქში ძნელია არ მოგეჩვენოს, თითქოს ვიღაც
გითვალთვალებდეს, მით უმეტეს, როდესაც საფუძველი გაქვს, მაგრამ ახლა
ჩემით დაინტერესებული ვერავინ შევნიშნე. ერთი-ორი გამვლელი თავ-თავის
გზაზე მიიჩქაროდა. როცა ტემპლზე შევუხვიე, იქაც სიცარიელე დამხვდა. ჩვენთან
ერთად ჭიშკარში არავინ გასულა და არც შიგნით შემომყოლია ვინმე. ეზოს
შადრევანს რომ ჩავუარე, პროვისის ბინის უკანა ფანჯრებში სინათლე დავინახე,
ერთხანს ჩემი შენობის ზღურბლზე გავჩერდი და გარდენ-ქორტი ისეთივე მშვიდ
ძილში ჩაფლული მეჩვენა, როგორშიც კიბე, რომელიც წუთის შემდეგ ავიარე.

ჰერბერტი მკლავებგაშლილი შემომეგება და იმ წუთებში არნახული


სიმძაფრით განვიცადე, რაოდენ დიდი მადლია ნამდვილი მეგობრის ყოლა. მას
მერე, რაც საღი და მშვიდი სიტყვებით გამომიხატა თანაგრძნობა და
ნუგეშისცემა, იმის მოსაფიქრებლად დავსხედით, თუ რა უნდა მეღონა.

პროვისმა, როგორც ციხეში იციან, ერთი სავარძელი თავისად დაიგულა –


მუდამ იქ იჯდა, ოთახს ერთი და იმავე კუთხიდან აკვირდებოდა, თან შავი
თამბაქოთი დატენილ ჩიბუხს აბოლებდა, იქვე ედო თავისი დანა და ბანქოს
დაფლეთილი დასტაც, თითქოს ეს ერთხელ და სამუდამოდ დაუწესესო. ეს
სავარძელი თავის ძველებურ ადგილას იდგა და ჰერბერტმა დაუფიქრებლად
დააპირა შიგ ჩაჯდომა, მაგრამ წამშივე შემკრთალი წამოხტა, გვერდზე გასწია და
სხვა მოიჩოჩა. მას მერე არასოდეს უთქვამს, რომ ჩემი მწყალობელი
ეზიზღებოდა, არც მე გამინდია ჩემი გრძნობა, მაგრამ ერთიმეორეს ისე
მივუხვდით, სიტყვის თქმაც კი არ დაგვჭირდა.

– მაშ, ახლა რა უნდა ვიღონო? – ვკითხე ჰერბერტს, როცა მეორე სავარძელში


ჩაჯდა.

‒ ჩემო საბრალო ჰენდელ, – მიპასუხა და თავზე ხელები შემოიწყო, –


იმდენად თავზარდაცემული ვარ, ფიქრიც კი მიჭირს.

– მეც სწორედ ასე ვგრძნობდი თავს, ჰერბერტ, როცა ეს ამბავი თავს


დამატყდა. მაგრამ რაღაც მაინც უნდა ვიღონო. ეს კაცი კიდევ უამრავი ხარჯის
გაღებას აპირებს – ცხენებიო, ეკიპაჟებიო, ფუფუნების საგნებიო. რაღაცნაირად
უნდა შევაჩერო.

– იმის თქმა გსურს, რომ მისგან ამ ყველაფერს ვეღარ მიიღებ?..

– რანაირად მივიღო? – ჰერბერტს გაუბედავი შეკითხვის დასმა ბოლომდე არც


ვაცალე, – შეხედე ამ ადამიანს! დაფიქრდი, რას წარმოადგენს!

ორივეს უნებლიეთ გაგვაჟრჟოლა.

– მაგრამ, ვშიშობ, ჰერბერტ, შემაძრწუნებელი სიმართლე ისაა, რომ ეს


ადამიანი ჩემდამი უცნაურად ძლიერი სიყვარულითაა გამსჭვალული. განა
ჩემისთანა ბედს ოდესმე ვინმე წარმოიდგენს?

– ჩემო საბრალო, ძვირფასო ჰენდელ! – გაიმეორა გაოგნებულმა ჰერბერტმა.

– მეორე მხრივ, – განვაგრძე, – დღეიდან ამას წერტილიც რომ დავუსვა და


ერთი პენსიც აღარ ავიღო მისგან, რა მეშველება? წარმოგიდგენია, უკვე რამდენი
მაქვს მისგან მიღებული? გარდა ამისა, ვალებში ვარ ჩაფლული, თანაც
საშინლად, იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ სამომავლო იმედები აღარ
მაქვს, და არანაირი პროფესია არ შემისწავლია, არაფრად ვვარგივარ!

– არა, არა, ეს მეტისმეტია, – შემეკამათა ჰერბერტი, – ნუ იტყვი, არაფრად


ვვარგივარო!

– მე ხომ არაფერი შემიძლია! ერთადერთი, რისთვისაც ვვარგივარ, სამხედრო


სამსახურია. უკვე დავაპირე ჯარში წასვლა, მაგრამ შენი მეგობრული რჩევისა და
ნუგეშისცემის იმედმა შემაჩერა, ჩემო ჰერბერტ.

რა გასაკვირია, რომ ამის შემდეგ ცრემლები წამსკდა. თუმცა ჰერბერტმა,


რომელმაც წუთის წინ მეგობრული ჟესტით ჩამჭიდა ხელი, ეს არ შეიმჩნია.

– რაც უნდა იყოს, ჩემო ჰენდელ, – მითხრა ცოტა მოგვიანებით, – ჯარში


წასვლა გამოსავალი არ არის. თუკი მის წყალობაზე უარის თქმას აპირებ, რაღაც
იმედი მაინც უნდა გქონდეს იმისა, რომ მომავალში მის ვალს გაისტუმრებ, ხოლო
რიგით ჯარისკაცად თუ ჩაეწერები, ეს იმედი ფრიად შემცირდება. თანაც, ეს
სრული აბსურდია. ამას ათასჯერ გიჯობს, კლერიკერის ფირმაში თუნდაც მცირე
შემოსავლის სანაცვლოდ იმუშაო. ხომ იცი, სულ მალე პარტნიორი გავხდები.
ჩემს საბრალო მეგობარს წარმოდგენაც არ ჰქონდა იმაზე, თუ ვის ხარჯზე
აპირებდა ამას.

– აქ კიდევ ერთი საკითხია, – დასძინა ჰერბერტმა, – ეს თავზე ხელაღებული,


უმეცარი კაცია, რომელიც დიდხანს ცხოვრობდა ერთადერთი აკვიატებული
იდეით. ამასთან, თუმცა, შესაძლოა ვცდები, მრისხანე და უმოწყალო მგონია.

– ნამდვილად ასეა, – ვუპასუხე, – იმ შემთხვევას გიამბობ, როცა ამაში


თვალნათლივ დავრწმუნდი, – ამის შემდეგ მეორე პატიმართან შეხვედრის
შესახებ მოვუყევი, რაც აქამდე არ მიხსენებია.

– ხედავ? – მითხრა ჰერბერტმა, – წარმოიდგინე, საკუთარი სიცოცხლე გარისკა


და აქ ჩამოვიდა, რათა თავისი აკვიატებული, განხორციელებული იდეა საკუთარი
თვალით ენახა. და სწორედ ამ სანატრელ წამს, ამდენი ძალისხმევისა და
მოლოდინის შემდეგ, ფეხქვეშ საყრდენი თუ გამოაცალე, ეს იდეა ფეხით
გაუთელე და მთელ მის მიღწევებს აზრი დაუკარგე, არ გიფიქრია, რა შეიძლება
ჩაიდინოს გამწარებულმა?

– როგორ არ მიფიქრია, ჰერბერტ, კოშმარებიც მესიზმრება ყოველდამ, მისი


საბედისწერო ჩამოსვლის შემდეგ! გამუდმებით მეფიქრება იმაზე, რომ შეიძლება
საკუთარი ნებით ჩაბარდეს პოლიციას.

– დარწმუნებული იყავი, – დამეთანხმა ჰერბერტი, – ამის დიდი საშიშროება


არსებობს. ვიდრე ინგლისშია, ამით შენზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია და,
თუკი მიატოვებ, სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი, ალბათ, სწორედ ასე
მოიქცევა.

ჰერბერტის აზრმა, რომელიც თავიდანვე უმძიმეს ტვირთად მაწვა და რომლის


გააზრებამაც თავი ამ კაცის მკვლელად მაგრძნობინა, ახლა სრულიად
დამაკარგვინა მოსვენება. სავარძლიდან წამოვხტი და ოთახში ბოლთის ცემა
დავიწყე. ჰერბერტს ვუთხარი, რომ პროვისი განგებ კი არა, თავისდაუნებურადაც
რომ მოხვედრილიყო მართლმსაჯულების ხელში, ამაში მაინც თავს
დავიდანაშაულებდი და უსაზღვროდ უბედურიც ვიქნებოდი. დიახ, უბედური
ვიქნებოდი, მიუხედავად იმისა, რომ ამ კაცის გვერდით გატარებული ყოველი
წუთი მტანჯავდა; ასეთ ხვედრს ათასჯერ მერჩივნა, სიცოცხლის ბოლომდე
სამჭედლოში მემუშავა!
და მაინც ვერ ავუვიდოდი ამ კითხვას: რა მეღონა?

– პირველი და მთავარი, რაც უნდა გაკეთდეს, – მითხრა ჰერბერტმა, –


პროვისი ინგლისიდან უნდა გაამგზავრო. შენც მასთან ერთად მოგიწევს წასვლა.
ასე უფრო დაითანხმებ.

– კი მაგრამ, სადაც უნდა გავამგზავრო, უკან დაბრუნებისაგან როგორ


შევაკავო?

– ჩემო კარგო ჰენდელ, განა ვერ ხედავ, რომ აქ, სადაც ნიუგეიტის ციხისგან
ერთადერთი ქუჩა გაშორებს, შენი გულახდილობით მისი გამწარება ბევრად
უფრო სახიფათოა, ვიდრე ნებისმიერ სხვა ადგილას? დაუყოვნებლივ უნდა
მოიგონო მისი გამგზავრებისათვის რამე საბაბი: თუნდაც ის მეორე პატიმარი, ან
მისი ცხოვრების რამე სხვა გარემოება.

– აი, კიდევ ერთი სირთულე! – ჰერბერტის პირისპირ ხელებგაშლილი


გავშეშდი, თითქოს მსურდა, მისთვის მთელი ჩემი უიმედობა მეჩვენებინა, – მისი
ცხოვრების შესახებ სულ არაფერი ვიცი. ლამის ჭკუიდან შემშალა საღამოობით
მის პირისპირ ჯდომამ და იმაზე ფიქრმა, რომ მთელ ჩემს იღბალსა თუ უბედობას
ამ კაცს ვუმადლი და, ამავდროულად, სრულებით არ ვიცნობ. მხოლოდ ის ვიცი,
რომ ამ შესაბრალისმა ავაზაკმა ბავშვობის ორი დღე შიშით მომიწამლა.

ჰერბერტი წამოდგა, ხელკავი გამიყარა და ასე, გვერდიგვერდ, ბოლთის


ცემასა და ნოხის თვალიერებას მოვყევით. მერე შემაჩერა და მკითხა:

– ჰენდელ, თავს ვალდებულად მიიჩნევ, მისგან არანაირი წყალობა აღარ


მიიღო, ხომ ასეა?

– ნამდვილად. ჩემს ადგილას შენც ხომ ამას გადაწყვეტდი?

– იმაშიც ხომ დარწმუნებული ხარ, რომ მასთან ყველანაირი კავშირი უნდა


გაწყვიტო?

– ჰერბერტ, ამას რა კითხვა უნდა?

– უეჭველად, მისი სიცოცხლის შენარჩუნების სურვილიც უნდა გქონდეს; მან


ხომ შენ სანახავად გარისკა, ამიტომ ყველანაირად უნდა ეცადო, საფრთხე
ააცილო, ხომ ასეა? ჰოდა, ვიდრე მისგან გათავისუფლებას შეეცდები,
ინგლისიდან უნდა გაამგზავრო. როგორც კი აქაურობას მოსცილდებით, ღვთის
გულისათვის, ერთხელ და სამუდამოდ გათავისუფლდი ამ კაცისაგან და ამის
მერე ერთად აუცილებლად მოვახერხებთ რამეს, ჩემო ძვირფასო მეგობარო!

ამ გადაწყვეტილების დასტურად ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით და დიდი


შვება ვიგრძენი. ერთხანს კიდევ ვცემდით ბოლთას.

– ჰერბერტ, – ვუთხარი მერე, – მისი ცხოვრების ამბავს რაც შეეხება, სხვა


გამოსავალს ვერ ვხედავ: პირდაპირ უნდა გამოვკითხო.

– გამოჰკითხე, – დამეთანხმა ჰერბერტი, – ხვალვე, როცა ერთად ვისაუზმებთ.

ვიდრე დაგვემშვიდობებოდა, პროვისი დაგვპირდა, რომ საუზმეზე მოვიდოდა.


ეს დავგეგმეთ და დასაძინებლად წავედით. მთელი ღამე ჩემი პატიმარი
მესიზმრებოდა. შფოთიანი ძილის შემდეგ დაღლილს გამომეღვიძა.
გაღვიძებისთანავე ღამით დამცხრალი შიში განმიახლდა, ვაითუ
გადასახლებიდან მისი დაბრუნება გამოაშკარავებულიყო და დაეკავებინათ.
ვიდრე ვფხიზლობდი, ეს შიში წამითაც კი არ მტოვებდა.

ის კაცი დანიშნულ დროს მოვიდა, ჯიბის დანა ამოიღო და სუფრას მიუჯდა.


გეგმები გადმოგვილაგა იმასთან დაკავშირებით, თუ "მის ჯენტლმენს თავი
ჯენტლმენის საკადრისად როგორ უნდა წარმოეჩინა" და დაჟინებით მთხოვა,
ახლავე დამეწყო იმ ფულის ხარჯვა, რომელიც ჩამოიტანა. ჩვენიცა და თავისი
ბინაც დროებით საცხოვრებლად მიაჩნდა და მირჩია, ჰაიდ-პარკის სიახლოვეს
რამე "მდიდრული დარბაზი" მომეძებნა, სადაც მისთვისაც იქნებოდა საწოლი,
რათა, სურვილის შემთხვევაში, ჩემთან დარჩენილიყო ხოლმე. როცა საუზმეს
მორჩა და დანა შარვალზე შეიწმინდა, ყოველგვარი შესავლის გარეშე წამოვიწყე:

– როცა წუხელ წახვედით, ჩემს მეგობარს იმ ჩხუბის შესახებ ვუამბე,


ჭაობებზე რომ მოგივიდათ, როდესაც ჯარისკაცებმა დაგაკავეს. ხომ გახსოვთ?

– მახსოვსო? – მიპასუხა, – როგორ არ მახსოვს!

– იქნებ იმ კაცისა და თქვენ შესახებაც უფრო მეტი გვიამბოთ? მართლაც


უცნაურია, თქვენზე ასე ცოტა რამ ვიცი. ვფიქრობ, ახლა სავსებით შესაფერისი
დროა საიმისოდ, რომ თქვენი ცხოვრების ამბავი მოგვითხროთ.
– მაშ, კარგი, – ხანმოკლე დაფიქრების შემდეგ თქვა პროვისმა, – ხომ არ
გავიწყდება, რომ ბიბლიაზე დაიფიცე, პიპის მეგობარო?

– რა თქმა უნდა, არა, – მიუგო ჰერბერტმა.

– ეგ ფიცი ყველაფერს ეხება, რასაც კი გიამბობთ, – დააზუსტა კაცმა.

– დიახ, მესმის.

– და, ყური მიგდეთ! რაც კი ჩავიდინე, ყველაფერი გამოვისყიდე, გესმით?

– ასე იყოს.

თავისი შავი ჩიბუხი ამოიღო, უკვე თამბაქოს ჩაყრას აპირებდა და უეცრად


შეჩერდა, როგორც ჩანს, გაიფიქრა, რომ მოწევა თხრობაში ხელს შეუშლიდა.
თამბაქო ისევ ჯიბეში ჩაიყარა, ჩიბუხი ქურთუკის საკინძეში გაიყარა,
ხელისგულები მუხლებზე დაილაგა. ერთხანს ცეცხლს მდუმარედ და მრისხანედ
ჩასცქეროდა, მერე მოგვიბრუნდა და შემდეგი ამბავი მოგვითხრო.
42

– ჩემო ბიჭო და შენც, პიპის მეგობარო, არ ვაპირებ, ჩემი ცხოვრება ისე


მოგითხროთ, როგორც წიგნებში წერენ, ანდა მღერიან. მოკლე და გასაგები ენით
აგიხსნით. ციხიდან ციხეში, ციხიდან ციხეში – აი, მთელი ჩემი ცხოვრება, ვიდრე
გემით ოკეანის იქით არ წამიყვანეს – ეგ უკვე მას მერე, რაც პიპს დავუმეგობრდი.
რაც კი რამ სასჯელი არსებობს, ყველაფერი გამოვიარე, თუ ჩამოხრჩობას არ
ჩავთვლით. ვირის აბანოშიც ვყოფილვარ. ბადრაგის თანხლებით ხან სად და ხან
სად გადავყავდი, ხან რომელი ქალაქიდან გამაძევებდნენ და ხან რომლიდან.
ხუნდებიც დაუდიათ, გავუწკეპლივარ კიდეც, ნადირივითაც ვუდევნივარ. როგორც
თქვენ არ იცით, სად დავიბადე, ისე მე არ მაქვს ამაზე წარმოდგენა. პირველი,
რაც მაგონდება, ესაა: სადღაც ესექსში ვცხოვრობდი და შიმშილით რომ არ
მოვმკვდარიყავი, კვლებიდან თალგამს ვიპარავდი. ვიდაცა გაიქცა, მიმატოვა,
ვიღაც კაცი იყო – მკალავი – ქურა თან წაიღო და ძალიან მციოდა. ვიცოდი,
გვარად მეგუიჩი ვარ, ეიბელის სახელით მონათლული. საიდან ვიცოდი? ზუსტად
ასევე ვიცოდი, რომ ბუჩქებში მოჭიკყიკე ჩიტებს ნიბლია, ბეღურა თუ შაშვი
ჰქვიათ. ყველაფერი ტყუილი მეგონებოდა, მაგრამ, რაკი ჩიტების სახელები
მართალი გამოდგა, მაშ, ჩემიც მართალი უნდა იყოს.

არ მახსოვს, ვინმეს ენახა ეიბელ მეგუიჩი – დამშეულ-ჩამოკონკილი ყმაწვილი


– და არ დამფრთხალიყო, ანდა ხელი არ დაევლო და პოლიციაში არ წაეთრია.
იმდენჯერ დამიჭირეს, ციხის გარდა ჩემი დღე და მოსწრება არაფერი მინახავს.
ჰოდა, ამგვარად მოხდა, რომ სიყრმიდანვე, როცა ციცქნა მაწანწალა ვიყავი და
ისეთი საბრალო, ჩემი თავი რომ მენახა, ალბათ, თვითონვე შემებრალებოდა
(მხოლოდ ეს არის: სარკე თვალით არ მენახა, რადგან წესიერ სახლში თითქმის
არასოდეს შემიდგამს ფეხი), მაშინვე გავუხეშდი და გავხისტდი. ციხის
მნახველებს ჩემზე მიუთითებდნენ ხოლმე და ასე ეტყოდნენ: ეს დიდი თავზე
ხელაღებული ვინმეა. ეგ ბიჭი, შეიძლება ითქვას, ციხეებში გაიზარდაო.
მათვალიერებდნენ, მეც ვათვალიერებდი, ერთხელ თავის ქალა გამიზომეს –
ამას ჯობდა, ჩემი მუცელი გაეზომათ – სხვები წიგნებს მჩუქნიდნენ, რომლის
წაკითხვაც არ შემეძლო, ანდა სიტყვებს მეუბნებოდნენ, რომლებიც არ მესმოდა.
სულმუდამ ეშმაკის ცდუნებაზე მიჩიჩინებდნენ. მაგრამ, აბა, რა ეშმაკი უნდა
მექნა? მუცელი ხომ უნდა ამომეყორა? აი, ისევ უღირსი სიტყვები წამომცდა. ნუ
გეგონებათ, არ ვიცოდე, ჯენტლმენებს როგორ უნდა ველაპარაკო. ჩემო ბიჭო და
შენც, პიპის მეგობარო, ნუ შიშობთ, უღირსს აღარაფერს ვიტყვი.

ერთი სიტყვით, დავწანწალებდი, ვმათხოვრობდი, ვქურდობდი, ზოგჯერ,


როცაკი შემეძლო, ვმუშაობდი – თუმცა ისე იშვიათად, რომ ვერც კი
წარმოიდგენთ; და ვიდრე გაიკვირვებდეთ, დაფიქრდით, თქვენ თვითონ თუ
მოინდომებდით ჩემ დასაქმებას – ცოტ-ცოტა ბრაკონიერიც ვიყავი, მოჯამაგირეც,
მეფორნეც, მთიბავიც, წვრილმანი მოვაჭრეც. ცოტ-ცოტა ვცადე ყველა ის ხელობა,
რასაც მოგება არ მოაქვს, მაგრამ ადვილად შეუძლია, შარში გაგხვიოს. ასე
დავკაცდი. ერთმა დეზერტირმა ჯარისკაცმა, რომელიც გზისპირა დუქანში
კარტოფილის გროვას აფარებდა თავს, კითხვა მასწავლა. მერე ერთ მოხეტიალე
გოლიათს გადავეყარე, რომელიც ბაზრებზე გამოდიოდა და თავის ხელწერას
თითო პენსად ჰყიდდა – მისგან შევისწავლე წერა. უწინდელივით ხშირად არ
მიწევდა ციხეში ჯდომა, თუმცა ციხის დარაჯებს მაინც გვარიანად გავაცვეთინე
გასაღებები.

ოც წელიწადზე მეტი ხნის წინათ ეპსომის დოღზე ერთი ჯეელი გავიცანი –


ახლა აქ რომ იყოს, აი, ამ საჩხრეკით თავს ისე გავუხეთქავდი, გეგონება, ზღვის
კიბოს მარწუხი ყოფილიყოსო. კომპეისონი ერქვა. სწორედ ის კაცია, ჩემო ბიჭო,
შენ თვალწინ თხრილში რომ ჩავაყუდე, რაც გუშინ საღამოს სრულიად
სამართლიანად უამბე შენს მეგობარს. ეს კომპეისონი ჯენტლმენობაზე დებდა
თავს. სახალხო სკოლაში დადიოდა და ნასწავლი იყო. ლაპარაკიც წესიერი
იცოდა და ქცევაც კეთილშობილური ჰქონდა. შესახედავადაც ლამაზი იყო. დიდი
დოღის წინა საღამოს ერთ დუქანში გადავეყარე, სადაც დროდადრო შევდიოდი
ხოლმე. რამდენიმე სხვა კაცთან ერთად უჯდა მაგიდას და, როცა შევედი,
მედუქნემ (მიცნობდა, კარგი კაცი იყო) დაუძახა და ჩემზე მიუთითა, მგონი, ეს
სწორედ ის კაცია, თქვენ რომ გამოგადგებათო. კომპეისონი დამაკვირდა, მეც
დავაკვირდი. ძვირფას ძეწკვზე საათი ეკიდა, ბეჭედიც ეკეთა და საყელოს
ქინძისთავიც; სამოსიც მშვენიერი ეცვა.

"შენი გარეგნობით თუ ვიმსჯელებთ, ბოლო დროს ბედი არ გწყალობს", –


მითხრა კომპეისონმა. "ასეა, ბატონო, დიდად არც ოდესმე მწყალობდა", – მივუგე
მე. ცოტა ხნის წინათ ვიყავი კინგსტონის ციხიდან გამოსული, სადაც
მაწანწალობისათვის ვიჯექი. სხვა მიზეზითაც შეეძლოთ ჩემი დაკავება, მაგრამ
მაშინ სხვა მიზეზი არ აღმოაჩნდათ. "ბედი ცვალებადია. შეიძლება
გამოიცვალოს", – მითხრა კომპეისონმა. "ამის დიდი იმედი მაქვს", – ვუპასუხე,

"რახანია ველოდები". "რისი კეთება გეხერხება?" – მკითხა კომპეისონმა.
"ჭამა-სმა, თუ შესაფერის მასალას მიშოვით“", – ვუპასუხე.
გაეცინა, მრავალმნიშვნელოვნად შემომხედა, მერე ხუთი შილინგი მომცა და
ხვალისთვის იმავე ადგილას დამიბარა.

მეორე საღამოს კომპეისონს ისევ იქ შევხვდი და იმ დღიდან მისი დამხმარე


და პარტნიორი გავხდი. მკითხავთ, რას საქმიანობდა, რა საქმეში ვიყავით
პარტნიორები? მისი საქმე თაღლითობა, ხელმოწერების გაყალბება, მოპარული
ბანკნოტების გასაღება და მისთანები იყო. ყველანაირი მახე, რისი დაგებაც
შეეძლო კომპეისონს თავისი მოხერხებულობით, რასაც საკუთარ თავს
ააცილებდა და რაშიც სხვას გააბამდა, რისგანაც, რაც შეიძლება, მეტ ხეირს
ნახულობდა – აი, რით იყო დაკავებული. გული რკინის ქლიბივით უგრძნობი
ჰქონდა, სიკვდილივით ცივი იყო და სახით სწორედ იმ ეშმაკს ჰგავდა,
რომლითაც სულ მაშინებდნენ.

კომპეისონს კიდევ ერთი დამქაში ჰყავდა, რომელსაც ართურს ეძახდნენ,


ოღონდ ეგ ნათლობის სახელი არ ყოფილა – გვარი ჰქონდა ასეთი. მძიმე
სენისაგან კვდებოდა, შესახედად აჩრდილს ჰგავდა. მან და კომპეისონმა
რამდენიმე წლით ადრე ერთი მდიდარი ქალბატონი გააცურეს და ამით დიდი
ფული იშოვეს, მაგრამ კომპეისონი დოდღსა და ბანქოს თამაშით მართლაც მეფურ
თანხებს ფლანგავდა, ართური კი საცოდავ დღეში იყო – სიღარიბეში კვდებოდა,
ცოტაც და ჭკუიდან გადაცდებოდა, მუდამ შიში ტანჯავდა. კომპეისონის ცოლი კი
(რომელსაც კომპეისონი მეტწილად უმოწყალოდ სცემდა), როცაკი შეეძლო,
იბრალებდა ართურს; თვითონ კომპეისონს კი დედამიწის ზურგზე არავინ
ებრალებოდა.

წესით ართურის მდგომარეობა გაფრთხილებად უნდა მიმეღო, მაგრამ როგორ


გგონიათ, ჩემო ბიჭო და იმის მეგობარო, დიდი არჩევანი თუ მქონდა? სხვა გზა
აღარ დამრჩენოდა, კომპეისონთან ერთად საქმეების გაჩარხვა დავიწყე და მის
ხელში იარაღად ვიქეცი. ართური კომპეისონის სახლის ზედა სართულზე
ცხოვრობდა (ბრენტფორდის მახლობლად) და კომპეისონი ბინის ქირასა და
ჭამის ხარჯებს უმკაცრესად უთვლიდა, აქაოდა, ვინ იცის, ოდესმე ბედს ეწიოს და
ფული გამოუჩნდესო. მეორედ თუ მესამედ მაშინ ვნახე ართური, როცა გვიან
ღამით პერანგისამარა, თმააბურძგნილი და ოფლში გაწურული კომპეისონის
ბინაში ჩამოვიდა და მის ცოლს უთხრა:

– სალი, გეფიცები, ჩემს ოთახში დგას და თავიდან ვერ მოვიცილე, თეთრი


კაბა აცვია, თმაშიც თეთრი ყვავილები აქვს ჩაწნული და სულ მთლად
შეშლილია: მკლავზე მკვდრის სუდარა აქვს გადაკიდული და მეუბნება, დილის
ხუთ საათზე ეს სუდარა უნდა შემოგახვიოო.
კომპეისონმა უთხრა:

– შე ბრიყვო! განა არ იცი, რომ ცოცხალი და ხორციელია? მაშ, როგორ იდგება


შენს ოთახში, თუკი კარში არ შემოსულა, არც ფანჯარაში შემომძვრალა, არც კიბე
ამოუვლია?

– არ ვიცი, იქ როგორ მოხვდა, – უპასუხა ართურმა, შიშით სულ ერთიანად


ცახცახებდა, – მაგრამ საწოლის ფერხთით დგას, კუთხეში და სულ მთლად
შეშლილია. და იმ ადგილას, სადაც გული აქვს – რომელიც შენ დაუმსხვრიე! –
თეთრ ქსოვილზე სისხლის წვეთები ამჩნევია.

კომპეისონი მკაცრად კი ელაპარაკებოდა, მაგრამ მუდამ ლაჩარი იყო და


ახლოს არასოდეს ეკარებოდა. ამიტომ ცოლს უთხრა:

– ეს გადარეული ისევ თავის ოთახში აიყვანე. შენ კი, მეგუიჩ, – მომიბრუნდა,


– იქნებ დაეხმარო?

კომპეისონის ცოლთან ერთად ავადმყოფი გავაცილე და საწოლში ჩავაწვინე.


სულისშემძვრელად ყვიროდა და ბოდავდა:

– აგერ, შეხედეთ! სუდარას როგორ მიფრიალებს! ნუთუ ვერ ხედავთ? მის


თვალებს დააკვირდით! განა საშინელება არ არის, ასე რომ შეიშალა? – მერე
აყვირდა – ეგ თუ შემომახვია, მორჩა, დავიღუპები! წაართვით, წაართვით! –
ხელი ჩაგვჭიდა, არ გვიშვებდა, იმ ქალის ლანდს ელაპარაკებოდა, პასუხს
სცემდა და ბოლოს თვითონაც მომეჩვენა, თითქოს ვხედავდი.

კომპეისონის ცოლი მის საქციელს შეჩვეული იყო; რაღაც ხსნარი დაალევინა,


რომელიც შიშს უცხრობდა, და კაცი თანდათან დამშვიდდა.

– ოჰ, როგორც იქნა, წავიდა! მცველმა მოაკითხა? – კომპეისონის ცოლმა


უთხრა, დიახო, – ხომ უთხარი, დაამწყვდიოს და კარგად ჩაკეტოს? – ქალმა ისევ
დასტური უთხრა, – ის საშინელი სუდარა რომ წაართვან, ისიც ხომ უთხარი?

– ჰო, მშვიდად იყავი.

– რა გულკეთილი ხარ! – უთხრა კაცმა, – გთხოვ, რაც უნდა მოხდეს, ნუ


მიმატოვებ! გმადლობ.

მშვიდად ჩაიძინა, მაგრამ დილის ხუთს რომ წუთები აკლდა, ისევ წამოხტა და
აყვირდა:

– აქ არის, ისევ აქ არის! სუდარა ისევ თან აქვს. აი, გაშალა. კუთხიდან
გამოდის. საწოლს უახლოვდება. აქეთ-იქიდან ხელი მომკიდეთ, ორივემ!
საშუალება არ მისცეთ, შემომახვიოს! აჰ! ამჯერად ამაცდინა. დაუშალეთ, თორემ
შემდეგში მხრებზე მომასხამს! დამაკავეთ, რომ ზევით არ წამომწიოს და სუდარა
არ შემომახვიოს! აი, უკვე მწევს! დამაკავეთ! – უეცრად წამოიწია, მერე კი აღარ
განძრეულა, სული დალია.

კომპეისონმა მისი სიკვდილი ორივესთვის შვებად მიიჩნია. მე და მას მალე


ბევრი საქმე გამოგვიჩნდა, მაგრამ, რაკი მუდამ ცბიერი იყო, მანამდე ჩემს
ბიბლიაზე დამაფიცა – აი, ამ პატარა შავ წიგნზე, ჩემო ბიჭო, რომელზეც შენმა
მეგობარმა დაიფიცა.
წვრილად აღარ გიამბობთ ყველაფერს, რასაც კომპეისონი გეგმავდა, მე კი
ვასრულებდი. მხოლოდ იმას ვიტყვი, ჩემო ბიჭო და შენც, პიპის მეგობარო, რომ
ამ კაცმა ისე გამაბა ხლართებში, საბოლოოდ თავის ყურმოჭრილ მონად მაქცია.
სულ მუდამ მის ვალში ვიყავი, მუდამ მუჭში ვყავდი მომწყვდეული, მისთვის
ვშრომობდი და თავს საფრთხეში ვიგდებდი. ჩემზე ახალგაზრდა კი იყო, მაგრამ
სწავლა-განათლებითაც მჯობდა, ცბიერებითაც და ათასჯერ ჩემზე უმოწყალოდაც
იქცეოდა. ჩემი დედაკაცი, ვისთანაც მაშინ სიძნელეები გამიჩნდა... თუმცა კმარა!
აქ სულ ტყუილად ვახსენე...

(პროვისმა ისეთი დაბნეული იერით მიმოიხედა, თითქოს წიგნში ის ადგილი


დაკარგა, სადაც გაჩერებული იყო. ცეცხლს ჩახედა, მუხლებზე დაწყობილი
ხელების თითები გაშალა, ორივე ხელი ჩამოუშვა, მერე კვლავ მუხლებზე
დაილაგა. ბოლოს ერთხელაც მიმოიხედა და თხრობა განაგრძო).

– ამის მოყოლა აუცილებელი არ არის. ერთი სიტყვით, კომპეისონთან ერთად


ჩემი ცხოვრების უმძიმესი დრო გავატარე და ამით უკვე ყველაფერია ნათქვამი.
გითხარი, რომ ვიდრე მასთან ერთად ვიყავი, თაღლითობისათვის
გამასამართლეს, თანაც მარტო?

(არა-მეთქი, ვუპასუხე).
– ასე იყო, და პატიმრობაც მომისაჯეს. იმ ოთხი თუ ხუთი წლის განმავლობაში
ორჯერ-სამჯერ დამაკავეს, როგორც ეჭვმიტანილი, მაგრამ ჩემ წინააღმდეგ
სამხილი დააკლდათ. როცა საბოლოოდ მეც და კომპეისონიც მოპარული
ბანკნოტების გავრცელებისას დაგვაკავეს, სხვა ბრალდებებიც გამოგვიჩიჩქნეს.
მაშინ მითხრა, ცალ-ცალკე ადვოკატები ავიყვანოთ და ერთმანეთთან
ურთიერთობა გავწყვიტოთო. მე კი ისეთი გაჭირვებული ვიყავი, იმის გარდა, რაც
ზედ მეცვა, მთელი ტანისამოსი გავყიდე, რათა ჯეგერსი დამექირავებინა.

როცა სასამართლოს დარბაზში შეგვიყვანეს, პირველად მაშინ შევნიშნე, რომ


კომპეისონი ნამდვილი ჯენტლმენივით გამოიყურებოდა – კულულებით, შავი
კოსტიუმითა და გულის ჯიბეში თეთრი ცხვირსახოცით. მე კი უბადრუკ გლახაკს
ვგავდი და ვიყავი კიდეც. როდესაც სხდომა დაიწყო და სამხილები ჩამოთვალეს,
მაშინვე ცხადად დავინახე, ბრალდება მე მძიმედ დამაწვა, მას კი – მსუბუქად.
როცა მოწმეების გამოძახებაზე მიდგა საქმე, სულ ისე გამოდიოდა, თითქოს
მთავარი დამნაშავე მე ვყოფილიყავი – ფულსაც მე ვიღებდი, მთავარი
წამომწყებიც მე ვიყავი და მოგებაც მე მრჩებოდა. მისმა ადვოკატმა რომ აიღო
სიტყვა, მთლად ცხადად დავინახე, საქმეს რა პირიც უჩანდა. მან განაცხადა:
"ბატონო მოსამართლევ, ჯენტლმენებო, თქვენ წინაშე ორი პიროვნებაა,
რომლებსაც თქვენი თვალი იოლად განასხვავებს. პირველი შედარებით
უმცროსია, თანაც კარგად აღზრდილი და შემდგომშიც ასე მოვიხსენიებ; მეორე
უფროსია, ცუდად აღზრდილი და მასაც ამგვარად მოვიხსენიებ. აქ განხილულ
მაქინაციებში უმცროსი იშვიათად და მეტწილად ეჭვმიტანილის როლში
ფიგურირებს; უფროსი კი მუდამ ფიგურირებს და მისი დანაშაული მუდამ
აშკარაა. ამის შემდეგ კიდევ გეპარებათ ეჭვი, თუ რომელი ერთია დამნაშავე,
თუკი ერთადერთი დამნაშავე უნდა ვეძებოთ და რომელს უფრო მიუძღვის
ბრალი; თუ ბრალს ორივეს დავდებთ?" ამისთანა კიდევ ბევრი ილაპარაკა.
დახასიათებაზე თუ მიდგა საქმე, განა კომპეისონის სკოლის ამხანაგებს არ
ეკავათ ზოგს რა თანამდებობა და ზოგს რა, განა მოწმეები მას სხვადასხვა
კლუბში თუ საზოგადოებაში არ შეხვედრიან, რაც მის საწინააღმდეგოდ
ნამდვილად არ მეტყველებდა? მე კი – განა მე არ ვყოფილვარ ლამის ყველა
ქალაქში დაკავებულ-გასამართლებული, განა მე არ ვმჯდარვარ ქვეყნის
სხვადასხვა ციხეში? სიტყვის წარმოთქმა გინდა? – ამაშიც მჯობდა: თავდახრილი
ლაპარაკობდა, ლამაზ სიტყვებში ათასგვარ ლექსს ჩაურევდა და ქათქათა
ცხვირსახოცი წამდაუწუმ სახესთან მიჰქონდა. მე კი, ერთადერთი, ამის თქმა
შემეძლო: "ჯენტლმენებო, გვერდით რომ მიდგას, ის კაცი უკანასკნელი
გარეწარია!" და როცა განაჩენის დრო დადგა, განა კომპეისონი არ შეიწყალეს,
როგორც ცუდი ზეგავლენის ქვეშ ჩავარდნილი პატიოსანი კაცი, რომელიც
გამოძიებას იმით დაეხმარა, რომ, რაც შეეძლო, ჩირქი მომცხო? მე კი
ერთადერთი სიტყვა მაღირსეს: "დამნაშავეა". კომპეისონს ვუთხარი, ამ
დარბაზიდან როგორც კი გავალთ, ცხვირ-პირს დაგილეწავ-მეთქი. მან
მოსამართლეს ჩემგან დაცვა სთხოვა და ორი ბადრაგი ჩაგვიყენეს შუაში. განა
მას მხოლოდ შვიდი წელიწადი არ მიუსაჯეს, მე კი თოთხმეტი? და განა სწორედ
მასზე არ თქვა მოსამართლემ სინანულით, ეს შეცდომა რომ არა, უთუოდ ბევრს
მიაღწევდაო, ჩემზე კი – მოურჯულებელი და სასტიკი დამნაშავეა და ამაზე
უარესსაც ჩაიდენდაო?

(ამას რომ ამბობდა, აღელდა, მაგრამ თავისი მდგომარეობა გააცნობიერა,


ორჯერ-სამჯერ ჩაისუნთქა, ამდენჯერვე გადაყლაპა ნერწყვი, მერე
დამამშვიდებელი ჟესტით ხელი გამომიწოდა და მითხრა: "უღირსად აღარ
მოვიქცევი, ჩემო ბიჭო!" მაგრამ თხრობისას ისე გაცხარდა, ოფლმა დაასხა და,
ვიდრე შუბლზე, თმაზე, კისერსა და ხელებზე ცხვირსახოცი არ მოისვა, თხრობა
ვერ განაგრძო).

– კომპეისონს დავპირდი, ცხვირ-პირს დავულეწავდი და ჩემს თავს შევფიცე,


ამას თუ არ ვიზამ, ღმერთმა მე დამილეწოს ცხვირ-პირი-მეთქი. სასჯელს ერთსა
და იმავე მცურავ ციხეში ვიხდიდით. ბევრს ვეცადე, მაგრამ კარგა ხანს ვერ
მივეკარე. როგორც იქნა, ერთხელაც უკნიდან მივუახლოვდი და წამოვარტყი,
რათა ცხვირ-პირით ჩემკენ შემობრუნებულიყო, მაგრამ ამ დროს დამაკავეს. ის
წყალზე მცურავი კლოაკა, თავის მსგავსთა შორის, ყველაზე მყარი არ ყოფილა,
ამიტომ ნაპირზე გაქცევა მოვახერხე, სასაფლაოზე ვიმალებოდი და იქ სამარეში
მწოლიარეთა შურით ვსკდებოდი; ჩემი ბიჭი პირველად მაშინ ვნახე!

(ისეთი ალერსით შემომხედა – მიუხედავად მისდამი უსაზღვრო


სიბრალულისა – ზიზღისა და ძრწოლის ახალმა ტალღამ გადამიარა).

– ჩემმა ბიჭმა მამცნო, რომ კომპეისონიც გაქცეულიყო და ჭაობების მიდამოში


იმალებოდა. ღმერთმანი, ლამის ვირწმუნო, ჩემი შიშით გაიქცა, რადგან
წარმოდგენაც არ ჰქონდა იმაზე, რომ მასზე ადრე გავიქეცი და მის სიახლოვეს
ვიმყოფებოდი. მოვძებნე. და ცხვირ-პირი დავულეწე. მერე ვუთხარი: ახლა კი,
რადგან ჩემი თავი სულ არ მადარდებს, ისევ ციხეში წაგათრევ-მეთქი.
ჯარისკაცებს რომც არ მოვეძებნეთ, თმით წავათრევდი, ცურვა-ცურვით
მივაღწევდი გემს და უკან დავაბრუნებდი.

რა თქმა უნდა, ამჯერადაც იოლად გამოძვრა: იმიტომ გაიქცა, რომ ჩემმა


მუქარამ შეაშინა და ჭკუიდან შეშალა; სასჯელიც მსუბუქი ერგო. მე კი ხუნდები
დამადეს, ხელმეორედ გამასამართლეს და სამუდამოდ გადამასახლეს
კოლონიებში. მაგრამ, ჩემო ბიჭო და პიპის მეგობარო, როგორც ხედავთ,
სამარადისოდ იქ არ დავრჩენილვარ და ახლა აქ ვარ.

ცხვირსახოცით ოფლი ისევ შეიწმინდა. მერე ჯიბიდან მუჭით ნელა ამოიღო


თამბაქო, საკინძიდან ჩიბუხიც ამოაძვრინა, მოუკიდა და გააბოლა.

– ახლა მკვდარია? – ვკითხე რამდენიმე ხნის შემდეგ.

– ვინ, ჩემო ბიჭო?

– კომპეისონი.

– ერთი რამ დანამდვილებით ვიცი: თუ ცოცხალია, დიდი იმედი ექნება იმისა,


რომ მე მოვკვდი, – მრისხანედ წარმოთქვა, – მაგრამ მას მერე ამ კაცზე არაფერი
მსმენია.

ჰერბერტმა წიგნის ყდის შიდა მხარეს რადაც მიაწერა, მერე წიგნი უჩუმრად
გამომიცურა და, ვიდრე პროვისი იდგა და ცეცხლს ჩაჰყურებდა, წავიკითხე:

"უმცროს ჰევიშემს ართური ერქვა. კომპეისონი კი ის კაცია, მის ჰევიშემმა


თავის საქმროდ რომ გამოაცხადა".

წიგნი დავხურე, ჰერბერტს ოდნავშესამჩნევად დავუქნიე თავი და წიგნი


გვერდზე გადავდე; ორივე ვდუმდით და ჩიბუხით ხელში ცეცხლთან მდგომ
პროვისს ავყურებდით.
43

რა საჭიროა იმის აღწერა, ესტელას სიყვარულის გამო რაოდენ მაძრწუნებდა


პროვისის გვერდით ყოფნა? ან რას მარგებს, თხრობა შევაყოვნო და გავიხსენო,
ესტელას დილიჟანსის ლოდინისას რა გზნებით ვცდილობდი, ნიუგეიტის მტვერი
ჩამომებერტყა, რათა ჩემი ეს განცდა ახლანდელს შევადარო, როდესაც
ესტელასა და ჩემს შეკედლებულ კატორღელს შორის გაწოლილ უფსკრულზე
ვფიქრობ? ამით გზას მაინც ვერ გავისწორებ, ვერც მის დასასრულს
გავაუმჯობესებ; ვერც პროვისს ვუშველი და ვერც თავს გავიმართლებ.

მისმა მონათხრობმა ახალი შიში გამიჩინა; უფრო სწორად, მისმა ამბავმა


ჩემში ისედაც დაბუდებულ შიშს ფორმა და მიმართულება შესძინა. თუკი
კომპეისონი კვლავ სააქაოს დააბიჯებდა და პროვისის დაბრუნების ამბავს
გაიგებდა, რთული მისახვედრი არ იყო, რაც მოხდებოდა. ლამის ორივე მათგანზე
უკეთ ვიცოდი, რომ კომპეისონს მასზე მეტად ქვეყანაზე არაფრისა ეშინოდა. და
არც იმაში მეპარებოდა ეჭვი, რომ ისეთი ადამიანი, როგორიც პროვისმა
დაგვიხასიათა, მოსისხლე მტრის თავიდან მოსაცილებლად უმარტივეს ხერხს –
დასმენას რომ მიმართავდა.

გადავწყვიტე, ესტელას შესახებ პროვისისთვის ერთი სიტყვაც კი არ მეთქვა.


ჰერბერტს კი, როგორც კი მარტონი დავრჩით, ვუთხარი, ვიდრე ქვეყნიდან წავალ,
ესტელა და მის ჰევიშემი უნდა ვინახულო-მეთქი. ეს იმავე დღის საღამოს
ვუთხარი, როდესაც პროვისმა თავისი ამბავი მოგვითხრო. რიჩმონდში წასვლა
მეორე დღესვე გადავწყვიტე და წავედი კიდეც.

მისის ბრენდლის კარს მივადექი. ესტელას მოახლემ მითხრა, რომ მისი


ქალბატონი პროვინციაში გაემგზავრა. სად-მეთქი, რომ ვკითხე, მიპასუხა,
როგორც ყოველთვის სატისის სახლშიო. როგორც ყოველთვის არა-მეთქი,
შევნიშნე, რადგან მანამდე იქ უჩემოდ არასოდეს გამგზავრებულა. ვკითხე, უკან
როდის დაბრუნდებოდა. მოახლის პასუხში უხერხული თავშეკავება შევნიშნე,
რამაც გაოცება გამიათმაგა. მისი აზრით, ქალბატონი აქ მხოლოდ და მხოლოდ
მცირე ხნით თუ დაბრუნდებოდა. ვერაფერი გავიგე, გარდა იმისა, რომ, როგორც
ჩანს, არც სურდათ, რამე გამეგო და სრულიად თვზარდაცემული დავბრუნდი შინ.
43

რა საჭიროა იმის აღწერა, ესტელას სიყვარულის გამო რაოდენ მაძრწუნებდა


პროვისის გვერდით ყოფნა? ან რას მარგებს, თხრობა შევაყოვნო და გავიხსენო,
ესტელას დილიჟანსის ლოდინისას რა გზნებით ვცდილობდი, ნიუგეიტის მტვერი
ჩამომებერტყა, რათა ჩემი ეს განცდა ახლანდელს შევადარო, როდესაც
ესტელასა და ჩემს შეკედლებულ კატორღელს შორის გაწოლილ უფსკრულზე
ვფიქრობ? ამით გზას მაინც ვერ გავისწორებ, ვერც მის დასასრულს
გავაუმჯობესებ; ვერც პროვისს ვუშველი და ვერც თავს გავიმართლებ.

მისმა მონათხრობმა ახალი შიში გამიჩინა; უფრო სწორად, მისმა ამბავმა


ჩემში ისედაც დაბუდებულ შიშს ფორმა და მიმართულება შესძინა. თუკი
კომპეისონი კვლავ სააქაოს დააბიჯებდა და პროვისის დაბრუნების ამბავს
გაიგებდა, რთული მისახვედრი არ იყო, რაც მოხდებოდა. ლამის ორივე მათგანზე
უკეთ ვიცოდი, რომ კომპეისონს მასზე მეტად ქვეყანაზე არაფრისა ეშინოდა. და
არც იმაში მეპარებოდა ეჭვი, რომ ისეთი ადამიანი, როგორიც პროვისმა
დაგვიხასიათა, მოსისხლე მტრის თავიდან მოსაცილებლად უმარტივეს ხერხს –
დასმენას რომ მიმართავდა.

გადავწყვიტე, ესტელას შესახებ პროვისისთვის ერთი სიტყვაც კი არ მეთქვა.


ჰერბერტს კი, როგორც კი მარტონი დავრჩით, ვუთხარი, ვიდრე ქვეყნიდან წავალ,
ესტელა და მის ჰევიშემი უნდა ვინახულო-მეთქი. ეს იმავე დღის საღამოს
ვუთხარი, როდესაც პროვისმა თავისი ამბავი მოგვითხრო. რიჩმონდში წასვლა
მეორე დღესვე გადავწყვიტე და წავედი კიდეც.

მისის ბრენდლის კარს მივადექი. ესტელას მოახლემ მითხრა, რომ მისი


ქალბატონი პროვინციაში გაემგზავრა. სად-მეთქი, რომ ვკითხე, მიპასუხა,
როგორც ყოველთვის სატისის სახლშიო. როგორც ყოველთვის არა-მეთქი,
შევნიშნე, რადგან მანამდე იქ უჩემოდ არასოდეს გამგზავრებულა. ვკითხე, უკან
როდის დაბრუნდებოდა. მოახლის პასუხში უხერხული თავშეკავება შევნიშნე,
რამაც გაოცება გამიათმაგა. მისი აზრით, ქალბატონი აქ მხოლოდ და მხოლოდ
მცირე ხნით თუ დაბრუნდებოდა. ვერაფერი გავიგე, გარდა იმისა, რომ, როგორც
ჩანს, არც სურდათ, რამე გამეგო და სრულიად თვზარდაცემული დავბრუნდი შინ.
საღამოს, როცა პროვისი კვლავ თავის ბინაში მივაცილე (მუდამ ვაცილებდი
და ქუჩაში მუდამ ყურადღებით ვიხედებოდი აქეთ-იქით), ჰერბეტს კიდევ
ერთხელ მოვეთათბირე და გადავწყვიტეთ, საზღვარგარეთ წასვლა მას შემდეგ
დამეგეგმა, როცა მის ჰევიშემისგან დავბრუნდებოდი. ამასობაში ორივეს უნდა
მოგვეფიქრებინა, თუ რისი თქმა ჯობდა პროვისისათვის: ჩემი შიში განგებ
გაგვეზვიადებინა და გვეთქვა, მტრები უთვალთვალებდნენ; ან იქნებ, რაკი
არასოდეს ვყოფილვარ საზღვარგარეთ, მოგზაურობის სურვილი გამომეთქვა.
ორივემ ვიცოდით, საკმარისი იყო, რამე მომესურვებინა, მაშინვე
დამთანხმდებოდა. არც იმაში გვეპარებოდა ეჭვი, რომ ახლანდელ სარისკო
მდგომარეობაში პროვისის დიდხანს გაჩერება არამც და არამც არ შეიძლებოდა.

მეორე დღეს ყოვლად უნამუსოდ მოვიტყუე, რომ სასწრაფოდ ჯო უნდა


მომენახულებინა. თუმცა რა უნამუსობა გინდათ, რასაც ჯოსთან მიმართებაში არ
ჩავიდენდი იმის მერე, რაც უკვე ვიკადრე. ჩემი არყოფნისას პროვისს დიდი
სიფრთხილე უნდა გამოეჩინა, ჰერბერტს კი მისი პატრონობის მოვალეობა ეთავა,
რასაც მანამდე მე ვასრულებდი. პროვისს ერთადერთი ღამით ვტოვებდი და მისი
მოთმინების ასანაზღაურებლად დავპირდი, დაბრუნებისთანავე დავიწყებდი
ისეთ ხელგაშლილ ჯენტლმენურ ცხოვრებას, როგორიც მას სურდა. მაშინ მეც და,
როგორც მოგვიანებით შევიტყვე, ჰერბერტსაც, გაგვიელვა აზრმა, რომ ინგლისის
დასატოვებლად პროვისის დაყოლიება ყველაზე ადვილად ვითომდა
საყიდლებზე გამგზავრების საბაბით შეიძლებოდა.

ამგვარად, გზა ხსნილი მქონდა მის ჰევიშემისკენ. მეორე დილით, რიჟრაჟზე,


დილიჟანსში ჩავჯექი. და როცა სუსხისაგან აცახცახებული დღე გათენდა,
ნისლისა და ღრუბლების ძონძებში მათხოვარივით გახვეული უკვე სოფლის
მინდვრებში ვიდექი. როცა თქორვაში "ლურჯ ტახს" მივადექით, როგორ
ფიქრობთ, ვინ გამოვიდა სასტუმროს ჭიშკრიდან კბილის საჩიჩქნით ხელში და
დილიჟანსს შეეგება? ვინ და, ბენტლი დრამლი!

რადგან თავი ისე დაიჭირა, თითქოს არ დავუნახივარ, არც მე შევიმჩნიე.


ორივეს მხრიდან ეს ძალზე უსუსური თვალთმაქცობა იყო, მით უფრო, რომ ორივე
ერთსა და იმავე სასადილო ოთახში შევედით, სადაც მას საუზმე დაესრულებინა,
მე კი შესვლისთანავე შევუკვეთე. ჩემს ქალაქში მისი ნახვა გულს მიკლავდა,
რადგან შესანიშნავად ვიცოდი, რატომაც ჩამოვიდა.

მაგიდას ვუჯექი და, ვიდრე დრამლი ბუხრის წინ იდგა, დასრესილ,


ძველისძველ გაზეთს ჩავაშტერდი, სადაც ადგილობრივ სიახლეებს შორის
ყველაზე თვალში საცემი იყო უცხო წარმოშობის რაღაცები: ყავა, მწნილი,
თევზის სოუსი, საწებელი, მდნარი კარაქი თუ ღვინო, რომლითაც მისი
ფურცლები ისე იყო გაწუწული, თითქოს ადგილ-ადგილ ჩუტყვავილა შეყრიაო.
რაც მეტი დრო გადიოდა, უფრო ვგრძნობდი, რომ დრამლის ცეცხლთან დგომა
ჩემთვის სრულიად შურაცხმყოფელი იყო და ავდექი, რათა ჩემი წილი სითბო
მრგებოდა. ბუხრის საჩხრეკის ასაღებად დავიხარე და მის ფეხებს ლამის ხელით
შევეხე, მაგრამ მაშინაც კი თავი ისე მეჭირა, თითქოს ვერ ვცნობდი.

– განგებ არ მიმჩნევთ? – მკითხა მისტერ დრამლმა.

– ოჰ, თქვენ ხართ? – საჩხრეკმომარჯვებული წელში გავიმართე, – სალამი. მე


კი ვფიქრობდი, ნეტავ ცეცხლს ვინ მიჩრდილავს-მეთქი.

ეს ვთქვი და ნაკვერჩხლები მრისხანედ ამოვჩხრიკე, მერე მხრებში


გავსწორდი, ცეცხლს ზურგი ვაქციე და დრამლს გვერდით მივუდექი.

– ეს წუთია, ჩამოხვედით, ხომ? – მკითხა დრამლმა და მხრით ჩემი გვერდზე


გაწევა სცადა.

– დიახ, – ვუპასუხე და მეც ოდნავ გავკარი მხარი.

– ამაზრზენი ადგილია, – ჩაილაპარაკა დრამლმა, – თქვენ, თუ არ ვცდები,


აქაური ხართ?

– დიახ, – მივუგე, – როგორც მსმენია, აქაურობა ძალიან ჰგავს თქვენს


შროპშირს.

– ცდებით, მასთან საერთო არაფერი აქვს, – მიპასუხა დრამლმა.


ამის შემდეგ თავის ჩექმას დახედა, მე კი – ჩემსას. მერე ჩემს ჩექმაზე
გადაიტანა მზერა, მე კი – მისაზე.

– დიდი ხანია, რაც ჩამოხვედით? – ვკითხე. მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი,


მისთვის ბუხრისპირა ტერიტორიის ერთი დუიმიც არ დამეთმო.

– საკმაო ხანია, საიმისოდ, რომ აქაურობა მომბეზრებოდა, – ნაძალადევი


მთქნარებით მიპასუხა დრამლმა, თუმცა ეტყობოდა, იგივე გადაწყვეტილება
მიეღო.
– დიდხანს აპირებთ დარჩენას?

– ვერ გეტყვით, – მიპასუხა, – თქვენ?

– ვერც მე გეტყვით.

სისხლი ისე მიდუღდა, ვიგრძენი, მისტერ დრამლს მხარი ჩემკენ თმის


სიმსხოზეც რომ წამოეწია, ფანჯრიდან გადავისვრიდი. ამავდროულად, ვიგრძენი,
მსგავსი რამ რომ ჩამედინა, მისტერ დრამლიც ასევე მომექცეოდა. სტვენა
დაიწყო. მეც ავყევი.

– აქ, მგონი, დიდ ფართობზე ჭაობებია, ხომ? – მკითხა დრამლმა.

– დიახ. მერედა რა?

მისტერ დრამლმა შემომხედა, ისევ ჩექმაზე დამხედა, "ოჰ!" თქვა და გაიცინა.

– რამ გაგახალისათ, მისტერ დრამლ?

– არაფერმა, – მიპასუხა, – ცხენით ვაპირებ გასეირნებას. სწორედ თავის


გასახალისებლად ვაპირებ ამ ჭაობების დათვალიერებას. როგორც მითხრეს, აქ
პატარ-პატარა მიყრუებული სოფლებია მიმოფანტული. საინტერესო პატარა
ლუდხანები... სამჭედლოები... მიმტანო!

– დიახ, სერ.

– ჩემი ცხენი მზადაა?

– კართან იცდის, სერ.

– კარგი. ჰო, კიდევ. ქალბატონი დღეს ცხენით გასეირნებას აღარ აპირებს.


ამინდის გამო.

‒ კეთილი, სერ.

– და დღეს აქ არ ვისადილებ, რადგან ქალბატონთან ერთად ვარ


დაპატიჟებული.
– კეთილი, სერ.

დრამლმა ისეთი გამარჯვებული მზერა მესროლა, მახინჯ სახეზე ისეთი


კმაყოფილება ეწერა, რისხვამ და ბოღმამ ლამის დამახრჩო და ყველაზე მეტად
ის მინდოდა, ამეყვანა და (როგორც წიგნის გმირმა ავაზაკმა – დედაბერი)
ცეცხლში ჩამესვა.
ერთი რამ ორივე ჩვენგანისათვის ცხადი იყო: ვიდრე გარეშე ძალა არ
დაგვეხმარებოდა, ვერც ერთი და ვერც მეორე ცეცხლისპირს ვერ დავთმობდით.
ასე ვიდექით გვერდიგვერდ და მხარდამხარ, ტერფებიც ერთიმეორის გასწვრივ
გვედგა, ზურგით ცეცხლს ვეფიცხებოდით, ხელები ზურგზე გვქონდა დაკრეფილი
და ოდნავადაც კი არ ვიწეოდით გვერდზე. ღია კარში, თქორის ბურუსში
შეკაზმული ცხენი მოჩანდა. საუზმე უკვე მაგიდაზე მელოდა, მიმტანს დრამლის
ნასუფრალი აელაგებინა და მაგიდასთან მიმიპატიჟა. თავი დავუქნიე, მაგრამ
ორივე ძველებურად ვიდექით და პოზიციების დათმობას არ ვაპირებით.

– მას მერე თუ ყოფილხართ "კორომში"? – მკითხა დრამლმა.

– არა, ბოლოს რომ ვიყავი, "სკვინჩებმა" საკმარისად მომაბეზრეს თავი.

– ეს მაშინ იყო, როდესაც შელაპარაკება მოგვივიდა, ხომ?

– დიახ, – მოკლედ ვუპასუხე.

– ჩათვალეთ, რომ, რაკი არ გაგაძევეს, იოლად გადარჩით, – ჩაიცინა


დრამლმა, – ტყუილად დაკარგეთ მოთმინება.

– მისტერ დრამლ, – ვუთხარი, – უფლება არ გაქვთ, ამასთან დაკავშირებით


რჩევა მომცეთ. როდესაც მოთმინებას ვკარგავ (თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ იმ
კონკრეტულ შემთხვევაში სულაც არ დამიკარგავს მოთმინება) ჭიქებს არ ვისვრი.

– მე კი ვისვრი, – მიპასუხა დრამლმა.

ერთი-ორჯერ მზარდი მრისხანებით შევავლე თვალი, მერე ვუთხარი:

– მისტერ დრამლ, ეს საუბარი მე არ წამომიწყია და არა მგონია, ის რომელიმე


ჩვენგანს გვსიამოვნებდეს.
– რა თქმა უნდა, არა, – მედიდურად მიპასუხა, – ამაზე ორი აზრი არც
არსებობს.

– და ამიტომ, თუ წინააღმდეგი არ იქნებით, თქვენთან ყოველგვარ


ურთიერთობას გავწყვეტ.

– ამას სავსებით მივესალმები, – მომიგო დრამლმა, – ამას თვითონვე


შემოგთავაზებდით ან, რაც უფრო საფიქრალია, შემოთავაზების გარეშეც
გავაკეთებდი. მაგრამ მოთმინებას მაინც ნუ დაკარგავთ. განა ისედაც უკვე ბევრი
არ დაკარგეთ?

– ამით რისი თქმა გსურთ, სერ?

– მიმტანო! – დაიძახა დრამლმა პასუხის ნაცვლად.

მიმტანი ისევ ეახლა.

– ყური დამიგდეთ. ხომ კარგად დაიხსომეთ, რომ ახალგაზრდა ქალბატონი


დღეს ცხენით გასეირნებას არ აპირებს და რომ დღეს ახალგაზრდა
ქალბატონთან ერთად ვსადილობ?
– დიახ, სერ.

მას მერე, რაც მიმტანმა ჩემი შეგრილებული ჩაიდანი ხელით მოსინჯა,


მუდარით შემომხედა და გავიდა, დრამლმა ჯიბიდან სიგარა ისე ამოიღო, მხარი
უკან არ გაუწევია, ბოლო მოაკვნიტა და კვლავ გაშეშდა. ბრაზი მახრჩობდა,
ვგრძნობდი, რომ ერთმანეთში თითო სიტყვასაც კი ვეღარ გავცვლიდით ისე, რომ
ესტელას სახელი არ გვეხსენებინა, მაგრამ მის მიერ ამ სახელის წარმოთქმას
ვერ ავიტანდი. ამიტომაც გაქვავებული, მდუმარედ ვიდექი და მოპირდაპირე
კედელს ვაშტერდებოდი, თითქოს ოთახში ჩემ გარდა არავინ ყოფილიყო. ვერ
გეტყვით, ამგვარ სასაცილო მდგომარეობაში როდემდე ვიდგებოდით, ოთახში
სამი გათოშილი და გაწუწული ფერმერი რომ არ შემოსულიყო. მათ ქურთუკები
შეიხსნეს და, რაკი გასათბობად ცეცხლთან მისვლა სურდათ, იძულებულები
გავხდით, განზე გავწეულიყავით.

ფანჯრიდან დავინახე, ცხენის ფაფარს როგორ დასწვდა და მოუხერხებლად


შეახტა. მისი წონისაგან ცხენი წაბარბაცდა და უკან დაიხია. უკვე წასული
მეგონა, როცა კარისკენ დაიძახა, სიგარისათვის ცეცხლი მიეწოდებინათ, რადგან
მოკიდება დაავიწყდა. საიდანღაც – ვერ ვიტყვი, სასტუმროს ეზოდან, ქუჩიდან
თუ კიდევ საიდან – მონაცრისფრო-მოყავისფრო სამოსიანი კაცი გამოჩნდა და
ცეცხლი მიაწოდა. დრამლი უნაგირიდან გადაიხარა, სიგარას მოუკიდა და
გადაიხარხარა, თან თავი სასადილოს ფანჯრებისკენ გააქნია. ჩემკენ
ზურგშექცევით მდგარი კაცის მობუზულმა მხრებმა და აბურძგნილმა თმამ
ორლიკი მომაგონა.

იმ წუთებში ისე ვიყავი აღელვებული, რომ სულ არ მადარდებდა, ის იყო თუ


არა. ვერც საუზმეს მივეკარე. წვიმა და გზის ჭუჭყი ხელ-პირიდან ჩამოვიბანე და
იმ ძველი და ღირსსახსოვარი სახლისაკენ გავემართე, რომელიც, ჯობდა,
ცხოვრებაში არასოდეს მენახა და არც მის ზღურბლზე შემედგა ფეხი.
44

მის ჰევიშემი და ესტელა იმ ოთახში დამხვდნენ, სადაც ტუალეტის მაგიდა


იდგა და ცვილის სანთლები ენთო. მის ჰევიშემი ცეცხლის პირას, სავარძელში
იჯდა, ესტელა კი მის ფერხთით – ბალიშზე. ესტელა რაღაცას ქსოვდა, მის
ჰევიშემი კი დაჰყურებდა. როცა შევედი, ორივემ ამომხედა. მაშინვე შენიშნეს
ჩემში ცვლილება, ამას მივხვდი, რადგან ერთიმეორეს გადახედეს.

– აქ რა ქარმა გადმოგაგდო, პიპ? – მკითხა მის ჰევიშემმა.

დაჟინებით მიყურებდა და უხერხულობა შევატყვე. ესტელამ წუთით შეწყვიტა


ქსოვა და მზერა მომაპყრო, შემდეგ კვლავ ხელსაქმეს მიუბრუნდა. ჩემს
წარმოსახვაში ქალიშვილის თითების მოძრაობამ მამცნო, თითქოს მუნჯური
ანბანით მატყობინებდა, რომ ჩემი მწყალობლის ვინაობა მისთვის ცნობილი
გამხდარიყო.

– მის ჰევიშემ, – წამოვიწყე, – გუშინ ესტელას სანახავად რიჩმონდში ჩავედი;


და, რაკი იქ მითხეს, რომ რაღაც ქარმა ის აქ გადმოაგდო, მეც აქეთ გამოვეშურე.

მის ჰევიშემმა უკვე მესამედ თუ მეოთხედ მანიშნა, ტუალეტის მაგიდასთან იმ


სავარძელში დავმჯდარიყავი, რომელშიც ჩემი თანდასწრებით თვითონ ხშირად
მჯდარა. მეც ჩამოვჯექი. ჩემს ფერხთით და გარშემო ისეთი იავარქმნა სუფევდა,
ეს ადგილი დღეს სწორედაც რომ შემეფერებოდა.
– ესტელასთვის რის თქმასაც ვაპირებდი, იმას თქვენი თანდასწრებით
ვეტყვი, მის ჰევიშემ, მხოლოდ ორიოდე წუთი მადროვეთ. ჩემი სიტყვები არც
გაგაკვირვებთ, არც გულს გატკენთ. სწორედ ისეთი უბედური ვარ, როგორც ეს
თავიდანვე გქონდათ ჩაფიქრებული.

მის ჰევიშემი თვალს არ მაშორებდა. ესტელას თითების მოძრაობაზე


ვატყობდი, ყურს მიგდებდა, თუმცა თავი არ აუწევია.

– ჩემი მფარველის ვინაობა შევიტყვე. ეს სასიხარულო სიახლე სულაც არ


ყოფილა. არა მგონია, ამან ოდესმე ჩემს სახელს, სიმდიდრეს თუ
საზოგადოებრივ მდგომარეობას რამე შესძინოს. საიმისო მიზეზები მაქვს, ამის
შესახებ მეტი აღარაფერი გამცნოთ, რადგან ეს ჩემი კი არა, სხვისი საიდუმლოა.

დავდუმდი, ესტელას შევყურებდი და სათქმელს თავს ვეღარ ვუყრიდი. მის


ჰევიშემმა გაიმეორა:

– ეს შენი კი არა, სხვისი საიდუმლოა. მერე?

– მის ჰევიშემ, როცა აქ პირველად გამომიძახეთ, ჯერ კიდევ იმ სოფლის


ნაწილი ვიყავი, რომლიდანაც ნეტავ არასდროს წამოვსულიყავი და, მაშასადამე,
აქ ჩემ ნაცვლად შეიძლებოდა სხვა შემთხვევითი ბიჭიც მოხვედრილიყო –
როგორც მსახური, რომელსაც სურვილისა თუ ახირების შესრულებისათვის
გადაუხდიდნენ? ასეა?

– ასეა, პიპ, – დაჟინებით დამიკრა თავი მის ჰევიშემმა, – სწორედ ასეა.

– და მისტერ ჯეგერსი...

– მისტერ ჯეგერსს, – მკაცრად გამაწყვეტინა მის ჰევიშემმა, – ამასთან საქმე


არ ჰქონია, ამის შესახებ არც არაფერი სცოდნია. ის რომ ერთდროულად ჩემი
ვექილიც იყო და თქვენი მფარველიც, უბრალო დამთხვევაა. მსგავს სამსახურს
ბევრ ადამიანს უწევს და სულაც არაა გასაკვირი, ასე რომ მოხდა. ეს მოხდა
შემთხვევით და არა – განგებ.

ქალის გალეული სახის შემხედვარე, მის გულწრფელობაში ეჭვს ვერავინ


შეიტანდა.

– მაგრამ როდესაც არარსებული ვირწმუნე და ამდენ ხანს ასეთი შემცდარი


ვრჩებოდი, თქვენც ამას მიდასტურებდით.

– ჰო, არ მიცდია, შენთვის თვალი ამეხილა, – კვლავ დაჟინებით დამიკრა


თავი მის ჰევიშემმა.

– განა კეთილად მომექეცით?

– ვინ ვარ, – ჯოხი იატაკს დაჰკრა ქალმა და ისეთი რისხვით შეჰყვირა,


ესტელამ გაოცებით ახედა, – ღმერთო დიდებულო! ვინ ვარ, სიკეთე რომ
მომეთხოვებოდეს?

ჩემი ბრალდება, რომელიც უნებლიეთ აღმომხდა, სულმოკლეობის გამოვლენა


იყო. ეს ვუთხარი კიდეც და გაცხარების შემდეგ ერთხანს მდუმარედ,
ჩაფიქრებული იჯდა. მერე ისევ მომიბრუნდა.

– მაშ, კარგი, კარგი. მერე?

– ჩემი სამსახურისათვის უხვადაც დამაჯილდოვეთ, – ვუთხარი, რათა


დამემშვიდებინა, – თქვენი წყალობით ხელობის შესწავლას შევუდექი. ახლა ამ
ყველაფერს იმიტომ გეკითხებით, რომ უკეთ გავერკვიო. ხოლო რასაც ახლა
გეტყვით, იმედი მაქვს, უფრო უანგარო გრძნობით იქნება ნაკარნახები. ჩემი
ცდომილების წაქეზებით მიზნად გქონდათ, დაგესაჯათ... ან იქნებ ჭკუა
გესწავლებინათ... თქვენვე შეარჩიეთ ის სიტყვა, რომელიც თქვენი ხარბი
ნათესავებისათვის შეურაცხმყოფელი არ იქნება.

– სწორედ ასე ვიქცეოდი. ეს თვითონვე გამოიწვიეს. შენც. ჩემი ცხოვრების


მთელი სატანჯველის შემდეგ, რატომ უნდა შევწუხებულიყავი იმით, რომ
რომელიმე თქვენგანის მცდარი აზრები გამეფანტა? მე არაფერ შუაში ვარ.
თვითონვე გაებით მახეში.

ეს სიტყვები ისევ ცხარედ წარმოთქვა. დაველოდე, ვიდრე დამშვიდდებოდა,


და განვაგრძე.

– მის ჰევიშემ, ბედმა თქვენი სანათესაოს ერთ-ერთ ოჯახში გადამისროლა


და, ვიდრე ლონდონში გადავიდოდი, მათთან ვცხოვრობდი. ვიცი, ისინიც ჩემს
ცდომილებას იზიარებდნენ. ახლა კი უმადურად და მდაბლად მოვიქცევი, ჩემი
სათქმელი რომ არ გითხრათ, სულ ერთია, გესიამოვნებათ ეს, თუ – არა; და
გაითვალისწინებთ თუ არა ჩემს სიტყვებს. მისტერ მეთიუ პოკეტსა და მის
ვაჟიშვილ ჰერბერტს უკიდურესად უსამართლოდ ექცევით, თუკი გულწრფელ,
კეთილშობილ და დიდსულოვან ადამიანებად არ მიგაჩნიათ და მათგანაც
საძაგელ ფანდს მოელით.

– ისინი თქვენი მეგობრები არიან, – შენიშნა მის ჰევიშემმა.

– ისინი მაშინ დამიმეგობრდნენ, – მივუგე, – როდესაც დარწმუნებულები


იყვნენ, რომ მათი კუთვნილი მე მერგო, ხოლო სარა პოკეტი, მის ჯორჯიანა და
მისის კამილა, თუ არ ვცდები, პირიქით, სწორედ ამის გამო გადამემტერნენ.
აშკარა იყო, დანარჩენებთან შედარებამ მამა-შვილს მის თვალში წონა
შემატა. ერთხანს გამჭოლად მიმზერდა, მერე კი მკითხა:

– რას ითხოვ მათთვის?

– მხოლოდ იმას, რომ დანარჩენებს არ გაუტოლოთ. სისხლით ერთნი არიან,


მაგრამ ხასიათით, მერწმუნეთ, განსხვავდებიან.

მის ჰევიშემი დაჟინებულ მზერას არ მაცილებდა.

– რა გსურს მათთვის?

– ხომ ხედავთ, – ვუთხარი და ვიგრძენი, როგორ გავწითლდი, – ცბიერება არ


მყოფნის საიმისოდ, რომ დაგიმალოთ, მართლაც რაღაც რომ მსურს მათთვის.
მის ჰევიშემ, თუკი ფულს არ დაინანებთ საიმისოდ, რათა ჰერბერტს კარგი
კარიერა და სვეკეთილი მომავალი ჰქონდეს, მე გიჩვენებთ, ეს როგორ უნდა
გაკეთდეს; ოღონდაც, გარემოებათა გამო, მან ამის შესახებ არაფერი უნდა
შეიტყოს.

– რატომ არ უნდა შეიტყოს ამის შესახებ? – ქალმა ხელები ჯოხს დააყრდნო


და წამოიწია, რათა უკეთ დავენახე.

– რადგან, – ავუხსენი, – ეს საქმე ორი წლის წინათ მისგან საიდუმლოდ


დავიწყე და თავის გამჟღავნება არ მსურს. თუ რატომ ვერ ვახერხებ მის
დასრულებას, ამას ვერ აგიხსნით. ესეც იმ საიდუმლოს ნაწილია, რომელიც მე არ
მეკუთვნის.

ქალმა ნელა მომაცილა მზერა და ცეცხლს ჩააცქერდა. სიჩუმისა და


სანთლების მბჟუტავი სინათლის გამო მომეჩვენა, თითქოს ძალიან დიდხანს
იჯდა ასე უძრავად, უეცრად ნაკვერჩხლების გროვა შიშხინით ჩაიშალა და ქალი
შეაკრთო. კვლავ ამომხედა – ჯერ ისე, თითქოს ვერ მცნობსო, მერე თანდათან
გამოერკვა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ესტელას ხელსაქმე არ შეუწყვეტია.
მის ჰევიშემმა ისეთი კილოთი მკითხა, თითქოს საუბარი არც შეგვიწყვეტია:

– კიდევ რა?

– ესტელა, – ქალიშვილს მივუბრუნდი და შევეცადე, ხმაში ცახცახი


შემეკავებინა, – მიყვარხართ და ეს იცით კიდეც. იცით, რომ დიდი ხანია, მთელი
გულით მიყვარხართ.

როცა მივმართე, ქალიშვილმა ისე ამომხედა, ხელსაქმე არც ამჯერად


შეუწყვეტია. უდრტვინველად მიცქერდა. შევნიშნე, მის ჰევიშემს მზერა ხან ჩემზე
გადაჰქონდა, ხან ესტელაზე.

– ჩემი ხანგრძლივი შეცდომა რომ არა, ამას ადრევე გეტყოდით. საკუთარ


თავს დავაჯერე, თითქოს მის ჰევიშემს ჩვენი დაქორწინება გადაეწყვიტა. რაკი
ვფიქრობდი, რომ იძულებული იყავით, მის ნებას დამორჩილებოდით, ვშიშობდი,
თავს მოგაბეზრებდით, ამიტომაც ვდუმდი. მაგრამ ახლა უნდა გითხრათ.

ესტელას უდრტვინველი გამომეტყველება არ შეუცვლია, არც მის თითებს


შეუწყვეტიათ საქმე. თავი გააქნია.

– ვიცი, – ვუთხარი ამის პასუხად, – ვიცი. იმის იმედი არ მაქვს, რომ ოდესმე
ჩემი გახდებით, ესტელა. წარმოდგენა არ მაქვს, ახლო მომავალში რა ბედი
მეწევა, საით გავემგზავრები; შესაძლოა, გავღარიბდე კიდეც. და მაინც
მიყვარხართ. იმ დღიდან მიყვარხართ, რაც ამ სახლში პირველად გნახეთ.

კვლავ გაქვავებული მიმზერდა, მხოლოდ თითებს ამოძრავებდა და თავს


მიქნევდა.

– მის ჰევიშემის მხრიდან, თუკი მას გააზრებულად ეცოდინებოდა, რასაც


სჩადიოდა, უკიდურესი სისასტიკე იქნებოდა საბრალო ბიჭის გრძნობებით
თამაში, ამდენი წლის განმავლობაში ცრუ იმედით მისი წაქეზება. მაგრამ
ვფიქრობ, მის ჰევიშემი ამას არ იაზრებდა. ვფიქრობ, საკუთარი ტანჯვით
გართულს, ჩემი ტანჯვა არ შეუნიშნავს, ესტელა.

მის ჰევიშემმა ხელი გულზე მიიკრა და კვლავაც ხან მე შემომხედავდა, ხან –


ესტელას.
– მგონი, – ცივად მითხრა ესტელამ, – ქვეყნად ისეთი გრძნობები... თუ
ფანტაზიები არსებობს, არ ვიცი, რა ვუწოდო, რისიც სულ არაფერი მესმის.
მეუბნებით, მიყვარხარო, მესმის, რასაც ნიშნავს ეს სიტყვა, მაგრამ სულ ეს არის.
ეს სიტყვა ჩემს გულში არაფერს ეხმიანება, არაფერს ეხება. რასაც ამბობთ,
სრულებით არ მაღელვებს. ხომ ვცადე ამასთან დაკავშირებით თქვენი
გაფრთხილება?
– დიახ, – ვუპასუხე განწირული კილოთი.

– მაგრამ თქვენ ჩემი გაფრთხილება არ შეისმინეთ, რადგან ჩათვალეთ, რომ


ამას სერიოზულად არ ვამბობდი, ხომ ასეა?

– მართლაც ვფიქრობდი და ვიმედოვნებდი, რომ შეუძლებელი იყო თქვენ, ასე


ახალგაზრდას, გამოუცდელსა და ასე მშვენიერს ეს სერიოზულად გეთქვათ,
ესტელა! ეს ხომ ბუნების კანონს ეწინააღმდეგება.

– ჩემს ბუნებას კი სწორედ ეს შეესაბამება, – მერე უფრო აღელვებით


ალაპარაკდა, – ეს იმ ბუნების კანონია, რომელიც ჩამომიყალიბდა. ამის თქმით
ყველა სხვა ადამიანს შორის გამოგარჩევთ. მეტს ნუღარ მომთხოვთ.

– განა მართალი არ არის, რომ ბენტლი დრამლი ქალაქში იმყოფება და


თქვენი ნახვა სურს?

– სავსებით მართალია, – გულგრილად მიპასუხა და ხმაში ზიზღი გაუკრთა.

– ისიც მართალია, რომ აქეზებთ, მასთან ერთად ჯირითობთ და დღეს მასთან


ერთად სადილს აპირებთ?

– მართალია, – მშვიდად თქვა, თუმცა ოდნავ გაკვირვებული ჩანდა იმით, რომ


ამდენი ვიცოდი.

– ნუთუ გიყვართ, ესტელა?

– ამ წუთას განა არ გითხარით? ყველაფრის მიუხედავად, მაინც გგონიათ, ეს


არასერიოზულად ვთქვი?

– კი მაგრამ, ხომ შეუძლებელია მასთან იქორწინოთ, ესტელა?

ქალიშვილმა მის ჰევიშემს გადახედა და საქსოვით ხელში წამით დაფიქრდა.

– რისთვის დაგიმალოთ სიმართლე? დიახ, მასზე დაქორწინებას ვაპირებ.

სახეზე ხელები ავიფარე, თუმცა, მისი სიტყვებით მოგვრილ ტკივილს თუ


გავითვალისწინებთ, იმაზე უკეთ შევძელი თავის ხელში აყვანა, ვიდრე
მოველოდი. როცა თავი ავწიე, ჩემი სასოწარკვეთილებისა და მრისხანების
მიუხედავად, მის ჰევიშემის გამომეტყველებამ შემზარა.

– ესტელა, ჩემო სანუკვარო ესტელა, მის ჰევიშემს ნუ მისცემთ საშუალებას,


ამ საბედისწერო ნაბიჯისაკენ გიბიძგოთ! ჩემთვის არ ვამბობ, ვიცი, არასოდეს
ჩაგიგდივართ სათვალავში, მაგრამ გევედრებით, დრამლზე უფრო ღირსეული
პიროვნება შეარჩიეთ. მის ჰევიშემს თქვენი მასთან დაქორწინება იმისთვის
გადაუწყვეტია, რათა უკიდურესად შეურაცხყოს და მიწასთან გაასწოროს უამრავი
ღირსეული კაცი, რომელიც თქვენ გეთაყვანებათ და, მათ შორის, ის ერთი-ორი,
ვისაც გულწრფელად უყვარხართ. ამ მცირედთა შორის, შესაძლოა, ისეთიც
აღმოჩნდეს, ვისაც ჩემზე ცოტა ხანს, თუმცა მაინც ჩემნაირად ძლიერ ეყვარებით.
ის აირჩიეთ და თქვენ გამო გულდამშვიდებული ვიქნები!

ჩემმა დაჟინებულმა შეგონებამ გააოცა. თუკი ჩემს შინაგან მდგომარეობას


სრულად ჩასწვდებოდა, შესაძლოა, თანაგრძნობითაც მომკიდებოდა. უფრო
ლმობიერი კილოთი გაიმეორა:

– მასზე დაქორწინებას ვაპირებ. ქორწილისათვის მზადება დაწყებულია და


ეს მალე მოხდება. რატომ შეურაცხყოფთ ჩემი დედობილის სახელს? ის არაფერ
შუაშია, თავად გადავწყვიტე.

– თავად გადაწყვიტეთ, ამ ხეპრეს ჩამოეკონწიალოთ?

– მაშ, სხვა ვის ჩამოვეკონწიალო? – მომიგო ღიმილით, – ისეთ კაცს,


რომელიც მალევე მიხვდება (თუკი ადამიანები ასეთ რამეს ხვდებიან), რომ
მისთვის არაფერი მაქვს მისაცემი? მორჩა! უკვე გადავწყვიტე. მეც და ჩემი
მეუღლეც შესანიშნავად ვიცხოვრებთ. რაც შეეხება თქვენს ვარაუდს, თითქოს,
თქვენი სიტყვებით, ამ საბედისწერო ნაბიჯის გადასადგმელად მის ჰევიშემმა
მიბიძგა, მას, პირიქით, ერჩივნა, არ მეჩქარა და ერთხანს კიდევ არ
გავთხოვილიყავი, მაგრამ იმ ცხოვრებამ, რასაც აქამდე ვეწეოდი, დამღალა.
ასეთ ყოფაში ცოტა რამაა ჩემთვის მიმზიდველი და სიხარულით გამოვიცვლი.
ამაზე მეტს ნუღარაფერს მეტყვით. ერთმანეთს მაინც ვერ გავუგებთ.

– ასეთ არამზადას, ასეთ ბრიყვს!.. – აღმომხდა სასოწარკვეთილს.

– ნუ გეგონებათ, მისთვის ღვთის კურთხევა ვიყო, – მითხრა ესტელამ, – ამას


ნამდვილად არ ვაპირებ. კმარა, მომეცით ხელი. ამით დავცილდეთ ერთმანეთს,
მეოცნებე ბიჭო, თუ მეოცნებე კაცო.
– ოჰ, ესტელა! – თავს ვერ მოვერიე და ცხარე ცრემლები ხელზე დავაპკურე, –
რომც შემეძლოს ინგლისში დარჩენა და ხალხისათვის თვალის გასწორება, იმას
როგორ ავიტან, რომ დრამლის მეუღლე გერქმევათ?!

– სისულელეა, – მიპასუხა, – სისულელეა. მალევე დაგავიწყდებათ.

– არასოდეს, ესტელა!

– ერთ კვირაში ჩემზე ფიქრს თავიდან ამოიგდებთ.

– თავიდან ამოვიგდებ?! თქვენ ჩემი სიცოცხლის, ჩემი არსების ნაწილი ხართ,


ესტელა. სრულიად უბრალო, უმეცარ ბიჭს აქ პირველად რომ გამომეცხადეთ,
მაშინვე შეძელით ჩემი გულის განგმირვა. მას მერე თითოეულ წაკითხულ
სტრიქონში თქვენს სახეს ვხედავდი. ყველა სურათსა თუ პეიზაჟშიც თქვენ
მეცხადებოდით – მდინარე, გემის იალქნები, ჭაობები, ღრუბლები, დღის
სინათლე თუ ღამის წყვდიადი, ქარი, ტყე, ზღვა თუ ქუჩები – ყველაფერი თქვენს
თავს მაგონებდა. ყველა მომხიბლავი ფანტაზია, რასაც კი ჩემი გონება მისწვდა,
თქვენზეა დამყარებული. ის ქვები, რომლითაც ლონდონის უმძლავრესი
შენობებია ნაგები, ნაკლებად მყარი და ხელშესახებია და უფრო იოლი
გასანადგურებელია, ვიდრე ჩემს პიროვნებაზე თქვენი ზეგავლენა, რომელიც
მუდამ თან დამყვება და მომავალშიც ასე იქნება. ესტელა, ჩემი ცხოვრების
უკანასკნელ წუთებამდე თქვენ ჩემი არსების განუყოფელ ნაწილად დარჩებით –
იმ მცირედი სიკეთისაც, რაც ჩემში არის, და ბოროტისაც, ჩემში ფესვი რომ
გაიდგა. მაგრამ მაინც მხოლოდ სიკეთესთან გაკავშირებთ, რადგან, რაგინდ
უბედური ვიყო ახლა, თქვენ მაინც სიკეთე უფრო მეტი მიყავით, ვიდრე ზიანი და
ეს მუდამ ერთგულად მემახსოვრება. ო, ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა
შეგინდოთ, ესტელა!

თვითონაც არ ვიცი, ეს თავდავიწყებული სიტყვები რა ტანჯვამ


ამომათქმევინა. ეს გლოვის ზარი ფარული ჭრილობიდან დაწრეტილი სისხლივით
დაგუბდა ჩემში და ერთბაშად ამოხეთქა. ერთხანს მის ხელს ტუჩებით მივეკარი,
მერე გავეცალე. მაგრამ მას შემდეგ – და რაც დრო გადიოდა, სულ უფრო
მძაფრადაც – მახსოვდა ის, რომ, ვიდრე ესტელას მზერა მხოლოდ გამოუთქმელ
გაოცებას იტევდა, ჯერ ისევ მკერდზე ხელმიდებული, გაქვავებული მის ჰევიშემი
ამ ბოლო წუთებში ერთთავად სიბრალულითა და თანაგრძნობით მომჩერებოდა.

მორჩა, დასრულდა! იმდენ რამეს დაესვა წერტილი, გარეთ გასულს მეგონა,


დღის სინათლე ერთბაშად მოქუფრულიყო. ერთხანს მოფარებულ ქუჩებსა და
ბილიკებზე ვხეტიალობდი, ბოლოს კი ლონდონში ფეხით წასვლა გადავწყვიტე,
რადგან იმ დროისათვის იმდენად გამოვერკვიე, რომ ცხადად მივხვდი:
სასტუმროში დაბრუნება და დრამლთან მორიგი შეხვედრა ჩემთვის სრულიად
წარმოუდგენელი იყო, ასევე – დილიჟანსში ჩაჯდომა და თუნდაც ერთი
სულიერისთვის ხმის გაცემა; ასე რომ, ახლა ჩემთვის ყველაზე მარგებელი
განმარტოება და სიარულით დაქანცვა იქნებოდა.

შუაღამეს გადაცილებული იყო, როცა ლონდონის ხიდზე გადავედი. იმ ქუჩების


ვიწრო ლაბირინთში გავიკვლიე გზა, რომლებიც იმხანად მდინარის მიდლსექსურ
ნაპირს მიუყვებოდა და ტემპლს უახლოესი გზით, კვლავაც ნაპირის მხრიდან
უაიტფრაიერის გავლით მივადექი. ჰერბერტი ხვალამდე არ მელოდა, მაგრამ ჩემი
გასაღები მქონდა და იგი უკვე რომც დაწოლილიყო, შინ ისე შევიდოდი და
დასაძინებლად ისე დავწვებოდი, მისი შეწუხება არ მომიწევდა.

ტემპლში ამ მხრიდან არასოდეს შევსულვარ, თანაც დიდი ხნის ნავალი და


ტალახში ამოთხვრილი ვიყავი, ამიტომ არ გამკვირვებია, რომ ღამის დარაჯი,
რომელმაც ჭიშკარი გამიღო, ჩვეულებრივზე დაჟინებით დამაკვირდა. თავი
შევახსენე და ჩემი ვინაობა ვუთხარი.

– ასეც ვიფიქრე, სერ, თუმცა მთლად არ ვიყავი დარწმუნებული. თქვენთვის


ბარათი მაქვს გადმოსაცემი. ვინც მოიტანა, დაგიბარათ, თუ არ შეწუხდებით,
აქვე, ჩემს ფარანთან წაიკითხოთ.

ამგვარი თხოვნით გაკვირვებულმა, ბარათი გამოვართვი. ის "ფილიპ


პიპისთვის, ესკვაირისათვის(ესკვაირი – საპატიო ტიტული ინგლისში. )" იყო
განკუთვნილი, ზემოთ ეწერა: "გთხოვთ, დაუყოვნებლივ, აქვე წაიკითხოთ".
ვიდრე დარაჯი ფარნით მინათებდა, კონვერტი გავხსენი და უემიკის ხელით
ნაწერი შემდეგი სიტყვები წავიკითხე: "შინ ნუ მიხვალთ".
45

როგორც კი ეს გაფრთხილება წავიკითხე, მაშინვე გავბრუნდი ტემპლის


ჭიშკრიდან. სასწრაფოდ მივედი ფლიტ-სტრიტამდე, სადაც შეგვიანებული
ეკიპაჟი გავაჩერე და კოვენტ-გარდენში სასტუმრო "ჰამამზს" მივაშურე. იმხანად
იქ დღე-ღამის ნებისმიერ დროს შეიძლებოდა ოთახის დაქირავება და შვეიცარმა
ჩვეული თავაზიანობით შემიშვა, ჩვეული ჟესტით დამიდგა დახლზე ანთებული
სანთელი და თავისუფალი ნომერიც მაჩვენა – ეს შენობის უკანა მხარეს, პირველ
სართულზე მდებარე ერთგვარი აკლდამა აღმოჩნდა, რომელიც დესპოტურად
დაეპყრო უშველებელ, კვადრატულ საწოლს: ცალი ფეხი მოურიდებლად ჩაედგა
ბუხარში, მეორე შესასვლელში გამოეყო, საცოდავი, ციცქნა პირსაბანი კი
ყოვლად უმოწყალოდ მიეჭყლიტა კედელთან.

ღამისათვის გასანათებელი მოვითხოვე და შვეიცარმა ძველი, პატიოსანი


დროის გამოგონება, ლერწმის სანთელი შემომიტანა – ეს უცნაური საგანი
წვრილი ხელჯოხის აჩრდილს მოგაგონებდათ, მიკარებისთანავე ტყდებოდა,
ვერაფერს ანთებდა და დამწყვდეული იყო კალის ერთგვარ დასვრეტილ კოშკში,
რომელიც კედლებზე ნათელ წინწკლებს აფრქვევდა. საწოლში დაქანცული,
ტერფებდამტვრეული და ყოვლად უბედური ჩავწექი. მივხვდი, თვალს ისევე ვერ
მოვხუჭავდი, როგორც ამ ბრიყვ არგუსს(არგუსი (ბერძნ. მით.) – გოლიათი,
რომელსაც ბევრი თვალი ჰქონდა და ამიტომ ყოველთვის ფხიზლად იყო – ზოგი
თვალით ეძინა, ზოგით კი ფხიზლობდა ხოლმე.) ვერ მოახუჭინებდი უთვალავ
თვალს. ასე ვუცქერდით ერთიმეორეს ღამის გულისშემძვრელ წყვდიადში.

რა ბედკრული დამე იყო! რა შფოთიანი, რა სევდიანი, რა უსასრულო! ოთახში


ცივი ნაცრისა და ცხელი მტვრის არასტუმართმოყვრული სუნი იდგა. ჩემს
თავზემოთ საწოლის გავალაკის კუთხეებს რომ ავხედე, გავიფიქრე, აქაურობას,
ალბათ, ბაზრის რამდენი ბუზი, ყასბის დახლიდან რამდენი ყურბელა და
გარეუბნების რამდენი ჭიაღუა შეეკედლებოდა ზაფხულის მოლოდინში. ფიქრი
განვაგრძე და შევეცადე მივმხვდარიყავი, ეს მდგმურები ხშირად ცვიოდნენ თუ
არა საწოლზე. მაშინვე მომეჩვენა, თითქოს სახეზე რაღაც შემეხო, რასაც ზურგსა
და კისერში ფრიად უსიამოვნო შეგრძნებებიც დაემატა. ერთხანს ფხიზლად
ვიწექი და სიჩუმისათვის დამახასიათებელი ხმები მესმოდა: კარადა
ჩურჩულებდა, ბუხარი ოხრავდა, პირსაბანი ჭრიჭინებდა, კომოდში გიტარის
ერთადერთი სიმი შეუჩერებლად ჟღარუნებდა. დაახლოებით, ამავე დროს
კედლებზე არეკლილმა სინათლის თვალებმა ახალი გამომეტყველება შეიძინა
და თითოეულ ამ ნათელ წრეში წარწერა ამოვიკითხე: "შინ ნუ მიხვალთ".

იმ ღამის ხილვები და ხმები განუწყვეტლივ ამ ერთადერთ ფრაზას


უტრიალებდა: "შინ ნუ მიხვალთ". სულ ერთია, რაზეც უნდა მეფიქრა, ეს
ფრაზა,
ფიზიკური ტკივილის მსგავსად, ყველაფერს მსჭვალავდა. ცოტა ხნის წინათ
გაზეთში წავიკითხე, ერთი ჯენტლმენი "ჰამამზში" როგორ გაჩერდა, საწოლში
ჩაწვა, ღამით კი სიცოცხლე მოისწრაფა და დილით სისხლის გუბეში იპოვეს.
აზრად მომივიდა, რომ ეს შეიძლება სწორედ ამ ჩემს აკლდამაში მომხდარიყო,
და საწოლიდან წამოვფრინდი, რათა მენახა, სადმე სისხლის კვალი ხომ არ
შერჩა. მერე კარი გავაღე და დერეფანში გავიხედე, რათა მის ბოლოში იმ
სანთლის შუქს მაინც ვენუგეშებინე, რომელთანაც მთვლემარე შვეიცარი იჯდა.
ამასთან, მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩემს გონებაში განუწყვეტლივ
ფუთფუთებდნენ შეკითხვები: რატომ არ უნდა მივსულიყავი შინ, ან შინ რა
მოხდა, ან როდის შევძლებდი შინ მისვლას, ან პროვისი უსაფრთხოდ თუ იყო; და
სხვა თემაზე ფიქრისთვის თავში თითქოს ადგილი აღარ უნდა მქონოდა. მაშინაც
კი, როდესაც ესტელაზე ვფიქრობდი – ვიხსენებდი, სამუდამოდ როგორ
გამოვეთხოვე; მაგონდებოდა მისი ყველა მზერა, კილო და ქსოვისას თითების
მოძრაობა – განუწყვეტლივ, ყველგან, ყველაფერში ისევ შინ არმისვლის
გაფრთხილება მელანდებოდა. როგორც იქნა, ჩამთვლიმა, რადგან სხეულიცა და
გონებაც უკიდურესად გადამექანცა. ძილ-ბურანში ეს ფრაზა საუღლებელ ზმნად
გადამექცა და უსასრულოდ ვიმეორებდი – ბრძანებითი კილო, აწმყო დრო: შენ ნუ
მიხვალ შინ, ის ნუ მივა შინ, ჩვენ ნუ მივალთ შინ, თქვენ ნუ მიხვალთ შინ,
ისინი
ნუ მივლენ შინ. მერე კავშირებითი კილო: მე რომ არ და ვერ მივიდე შინ; მე არ
და ვერ მივიდოდი შინ; მე არ უნდა მივსულიყავი შინ; თურმეობითი: მე არ და
ვერ
მივსულვარ შინ. ბოლოს ვიგრძენი, რომ გონება მეფანტებოდა, ბალიშზე
გადავბრუნდი და კედელზე სინათლის წინწკლებს ისევ მივაშტერდი.

დავიბარე, შვიდზე გავეღვიძებინე. დილას, პირველყოვლისა, უემიკი უნდა


მენახა, თანაც ასეთი შემთხვევისათვის მხოლოდ და მხოლოდ მისი
უოლუორთული შეხედულებები გამომადგებოდა. ნამდვილ შვებად მექცა იმ
ოთახიდან გამოსვლა, რომელშიც ასეთი წყეული ღამე გავათენე. ჩემი უსიამო
საწოლიდან წამოსახტომად მეორედ დაკაკუნება აღარ დამჭირვებია.

ციხესიმაგრის გალავნები ჩემ წინაშე დილის რვა საათზე აღიმართა. მსახური


სწორედ მაშინ მოადგა კარიბჭეს, ხელში ორი ცხელ-ცხელი ფუნთუშა ეჭირა, ასე
რომ, ჩამოსაწევ ხიდზე მასთან ერთად გადავედი და გაუფრთხილებლად
დავაცხერი თავს უემიკს, რომელიც თავისთვის და მოხუცისათვის ჩაის
ამზადებდა. ღია კარს იქით საწოლში მწოლიარე მოხუცი დავლანდე.

– სალამი, მისტერ პიპ! – მომეგება უემიკი, – შინ დაბრუნებულხართ!

– დიახ, – ვუპასუხე, – მაგრამ შინ არ შევსულვარ.

– სწორად მოქცეულხართ, – კმაყოფილების ნიშნად ხელები მოისრისა, –


ყოველი შემთხვევისათვის, ტემპლის ყველა ჭიშკართან დაგიტოვეთ ბარათი.
საიდან შეხვედით?

ვუპასუხე.

– დღის განმავლობაში დანარჩენებს ჩამოვუვლი და ბარათებს გავანადგურებ,


– თქვა უემიკმა, – გონივრული წესია: თუკი ეს შესაძლებელია, ნურასოდეს
დატოვებ საბუთებს, რადგან არავინ იცის, როდის და როგორ შეიძლება
გამოიყენონ. გთხოვთ, თავხედობად ნუ ჩამითვლით, იქნებ მოხუცისათვის ეს
სოსისი შეწვათ?

სიამოვნებით-მეთქი, ვუპასუხე.

– მაშინ შეგიძლიათ, თქვენს საქმეს შეუდგეთ, მერი ენ, – უთხრა უემიკმა


მოახლეს და, როგორც კი გავიდა, თვალი ჩამიკრა, – ეს კი პირისპირ გვტოვებს,
მისტერ პიპ.

მეგობრული გაფრთხილებისათვის მადლობა გადავუხადე. ვიდრე


მოხუცისათვის სოსისს ვბრაწავდი, ხოლო უემიკი მოხუცის ფუნთუშას კარაქს
უსვამდა, დაბალი ხმით ვსაუბრობდით.

– ხომ იცით, მისტერ პიპ, – წამოიწყო უემიკმა, – მე და თქვენ ერთმანეთის


გვესმის. ახლა როგორც კერძო პირები, ისე ვსაუბრობთ. ადრეც გვქონია
ერთმანეთთან ფარული საქმე. სამსახურებრივი შეხედულებები სულ სხვა რამაა.
ეს კერძო საუბარია.
მგზნებარედ დავეთანხმე. იმდენად ვღელავდი, მოხუცის სოსისს
ჩირაღდანივით წავუკიდე ცეცხლი და იძულებული გავხდი, სულის შებერვით
ჩამექრო.
– გუშინ, დილით, შემთხვევით მოვისმინე, – განაგრძო უემიკმა, – ეს იმ
ადგილას მოხდა, სადაც ერთხელ თან წაგიყვანეთ – სახელების ხსენებისაგან,
თუნდაც ჩვენ ორს შორის, ჯობია, შეძლებისდაგვარად შევიკავოთ თავი...

– დიახ, ასე ჯობია, – დავუდასტურე, – მესმის თქვენი.

– გუშინ დილით შემთხვევით მოვისმინე, – გაიმეორა უემიკმა, – რომ მავანმა


პიროვნებამ, რომელსაც გარკვეული კავშირი აქვს კოლონიებთან და გარკვეულ
მოძრავ ქონებასაც ფლობს... დანამდვილებით არ ვიცი, ეს ვინ შეიძლება იყოს
და ნურც ჩვენს საუბარში დავასახელებთ...

– ეს მართლაც არ არის საჭირო, – ჩავურთე.

– ...მცირე აურზაური გამოიწვია მსოფლიოს იმ ნაწილში, საითაც ადამიანები


არცთუ იშვიათად საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ და, გარკვეულწილად,
სახელმწიფო ხარჯებით მიემგზავრებიან...

ისე გაფაციცებით ვუცქერდი სახეში, მოხუცის სოსისი ხელში ფეირვერკივით


ამიალდა და მეც და მისტერ უემიკსაც ყურადღება გაგვიფანტა, რისთვისაც
ბოდიში მოვუხადე.

– ...აურზაურის მიზეზი ის გახდა, რომ ეს პიროვნება იქიდან ისე გაუჩინარდა,


მასზე არავის არაფერი სმენია. რის გამოც, – განაგრძო უემიკმა, – არაერთი
ვარაუდი თუ თეორია გამოითქვა. შევიტყვე ისიც, რომ ტემპლში, თქვენ
გარდენ-ქორტის ბინაში გითვალთვალებდნენ და, შესაძლოა, ამჟამადაც
გითვალთვალებენ.

– ვინ?

– ამას არ დავაკონკრეტებდი, – ორჭოფულად მიპასუხა უემიკმა, – ეს,


შესაძლოა, ჩემს სამსახურებრივ მოვალეობებს შეეწინააღმდეგოს. ამის შესახებ
ისევე მოვისმინე, როგორც სხვა დროს იმავე ადგილას ბევრი სხვა საინტერესო
რამეც მსმენია. მინდა, იცოდეთ, რომ პირადად ჩემთვის მოწვდილ ცნობას კი
არა, ყურმოკრულ ამბავს გადმოგცემთ.

ჩანგალზე წამოგებული სოსისი გამომართვა და მოხუცისათვის გამზადებული


საუზმე პატარა სინზე კოხტად დაალაგა. ვიდრე მოხუცს შეუტანდა, მის ოთახში
ქათქათა ხელსახოცით შევიდა და ბერიკაცს ყელზე შემოაბა, საწოლზე წამოსვა
და ღამის ჩაჩი გვერდზე გადაუწია, რითაც ყმაწვილბიყური იერი შესძინა. მერე
საუზმე დიდი სიფრთხილით წინ დაუდგა და ჰკითხა:

– ხომ ყველაფერი რიგზეა, მოხუცო?

რაზეც ბერიკაცმა მხნედ მიუგო:

– ყველაფერი რიგზეა, ჯონ, ჩემო ბიჭო!

რაკიღა უსიტყვოდ იგულისხმებოდა, რომ მოხუცი სტუმრის მისაღებად მზად


არ იყო და თითქოსდა უჩინარი უნდა დარჩენილიყო, თავი ისე დავიჭირე, ვითომ
არაფერი დამინახავს და არაფერი ვიცოდი.

– ჩემი ბინის თვალთვალი, – რისი ეჭვიც თვითონაც გამიჩნდა, – იმ


პიროვნებას უკავშირდება, წეღან რომ ახსენეთ? – ვკითხე ბუხართან
დაბრუნებულ უემიკს.

– ამას ჩემ ხელთ არსებული ცნობების საფუძველზე ვერ გეტყვით, – ძალზე


ფრთხილად და სერიოზულად მითხრა უემიკმა, – უფრო სწორად, ვერ გეტყვით,
რომ თავიდანვე იყო დაკავშირებული. მაგრამ მომავალში დიდი ალბათობით
შეიძლება დაუკავშირდეს, თუ უკვე არ არის დაკავშირებული.

ვიცოდი, რომ ყველაფრის თქმას ლიტლ-ბრიტანთან პროფესიული კავშირი


უშლიდა; ისიც კარგად მესმოდა და უსაზღვრო მადლიერებით მავსებდა, რომ რაც
მითხრა, ამითაც თავის უფლებებს დიდად გადააჭარბა, ამიტომაც დაჟინებით
აღარ გამომიკითხავს. თუმცა მას მერე, რაც ერთხანს ცეცხლს ჩავცქეროდი,
ვუთხარი, რომ ერთი კითხვის დასმა მსურდა, რაზედაც შეეძლო არ ეპასუხა – მის
გადაწყვეტილებას უსიტყვოდ მივიღებდი. მან საუზმეს თავი ანება, ხელები
მკერდზე გადაიჯვარედინა და პერანგის სახელოებს თითები მოუჭირა (შინ
სიმყუდროვისათვის, როგორ წესი, სერთუკს არ იცვამდა), მერე შეკითხვის
მოლოდინში თავი დამიკრა.

– თუ გსმენიათ ერთი უზნეო კაცის შესახებ, რომლის გვარიც კომპეისონია?

უემიკმა თავის დაკვრით მიპასუხა.

– ცოცხალია?
კვლავ თავი დამიკრა.

– ლონდონშია?

ერთხელაც დამიკრა თავი და სასწრაფოდ მოკუმა თავისი საფოსტო ყუთი.


მერე საუზმეს დაუბრუნდა.

– ახლა, რაკიღა შეკითხვები დასრულდა, – ხაზგასმით წარმოთქვა, რათა


ამაზე ორი აზრი აღარ გამჩენოდა, – იმაზე გადავალ, მოსმენილის შემდეგ თუ რა
მოვიმოქმედე. გარდენ-ქორტს მივაშურე თქვენ სანახავად; იქ რომ არ დამხვდით,
მისტერ ჰერბერტის სანახავად კლერიკერის კანტორაში წავედი.

– ჰერბერტი ხომ დაგხვდათ? – აღელვებით ჩავეკითხე.

– დამხვდა. ყოველგვარი სახელისა თუ წვრილმანის ხსენების გარეშე


მივანიშნე: თუკი მან იცის, რომ თქვენს ბინაში თუ მის სიახლოვეს ვინმე – ტომი,
ჯეკი თუ რიჩარდი – იმყოფება, ჯობია, თქვენ ჩამოსვლამდე ეს ტომი, ჯეკი თუ
რიჩარდი სადმე გადამალოს.

– წარმომიდგენია, რა საგონებელში ჩავარდებოდა!

– მართლაც საგონებელში ჩავარდა, რადგან ვუთხარი, რომ არსებულ


ვითარებაში ამ ტომის, ჯეკის თუ რიჩარდის მეტისმეტად შორს გადამალვა არ
ღირდა. მისტერ პიპ, ერთ რამეს გეტყვით: დღეს თქვენთვის დიდ ქალაქზე
უკეთესი ადგილი არ არსებობს, მით უმეტეს, რომ ისედაც უკვე აქ იმყოფებით.
სოროდან ამოსვლას ნუ იჩქარებთ. დაიმალეთ. ვიდრე რამეს მოიმოქმედებდეთ,
ვითარებას დამშვიდება აცალეთ და უცხოეთის სიშორეებისგანაც ჯერჯერობით
თავი შეიკავეთ.

ამ დასაფასებელი რჩევისათვის მადლობა ვუთხარი და ვკითხე, ჰერბერტმა


რა ქნა.

– მისტერ ჰერბერტმა, – განაგრძო უემიკმა, – ნახევარ საათს იფიქრა და


ბოლოს გეგმა შეიმუშავა. საიდუმლოდ გამანდო, რომ ერთ ახალგაზრდა
ქალიშვილს ეარშიყება, რომელსაც, როგორც უთუოდ მოგეხსენებათ, ლოგინად
ჩავარდნილი მამა ჰყავს. ეს მამა, რომელიც წინათ გემის მნედ მსახურობდა,
თაღიან ფანჯარასთან წევს, საიდანაც მდინარეზე მოცურავე გემების ცქერა
შეუძლია. შესაძლოა, ამ ახალგაზრდა ქალს იცნობდეთ კიდეც?

– პირადად არ ვიცნობ, – ვუპასუხე.

სიმართლე ის იყო, რომ ჰერბერტის რჩეული ჩემ მიმართ უარყოფითად


განეწყო, რადგან, მისი აზრით, ჰერბერტს მფლანგველობისკენ ვუბიძგებდი და
მასზე ცუდ გავლენას ვახდენდი. როცა ჩემმა მეგობარმა პირველად შესთავაზა
ჩემი გაცნობა, ქალიშვილი ამას იმდენად თავშეკავებულად შეხვდა, ჰერბერტი
იძულებული გახდა, ვითარება ჩემთვის აეხსნა და ეთხოვა, მისი დანიშნულის
გაცნობა სამომავლოდ გადამედო. როცა მალულად დავიწყე ჰერბერტის კარიერის
მოწყობა, ამ ვითარებას ფილოსოფიური იმედით შევხედე. შეყვარებულები კი,
ბუნებრივია, თავიანთ ერთადყოფნაში მესამე პირის შემოყვანას არ
ჩქარობდნენ. ამგვარად, თუმცა დავრწმუნდი, რომ კლარას თვალში ავმაღლდი
და მე და ის ერთმანეთთან მუდმივად ვაბარებდით ჰერბერტს მოკითხვებს,
ჯერჯერობით ერთხელაც არ მყავდა ნანახი. თუმცა ახლა უემიკი ამ
წვრილმანებით არ შემიწუხებია.

– რადგანაც თაღიანი ფანჯრით აღჭურვილი სახლი, – განაგრძო უემიკმა, –


პორტის ქვევით, ლაიმჰაუზსა და გრინვიჩს შორის არის, ხოლო მისი მეპატრონე,
ერთი ფრიად პატივსაცემი ქვრივი ქალბატონი, ავეჯით გაწყობილ ზედა სართულს
აქირავებს, მისტერ ჰერბერტმა გამოთქვა აზრი, რომ ტომი, ჯეკი თუ რიჩარდი
დროებით სწორედ იქ დაგვებინავებინა. ეს აზრი მისასალმებლად ჩავთვალე
სამი მიზეზის გამო, რომლებსაც ახლავე მოგახსენებთ: ჯერ ერთი, ის სახლი
თქვენს ჩვეულ მარშრუტებსაც სრულიად მოწყვეტილია და დიდ-პატარა
ხალხმრავალ ქუჩებსაც. მეორე: პირადად იქ მისვლა არ დაგჭირდებათ, რადგან
მუდამ შეძლებთ ტომის, ჯეკის თუ რიჩარდის ამბავი მისტერ ჰერბერტისგან
შეიტყოთ. და მესამე: გარკვეული ხნის შემდეგ, როცა ეს გონივრული იქნება,
თუკი
გადაწყვეტთ, ტომი, ჯეკი თუ რიჩარდი მალულად აიყვანოთ უცხოური ხომალდის
ბორტზე, ეს ადვილი იქნება – ხომალდიც სახლთან დახვდება!

ამ მოსაზრებებით გულდამშვიდებულმა, უემიკს რამდენჯერმე გადავუხადე


მადლობა და თხრობის გაგრძელება ვთხოვე.

– მოკლედ, სერ, მისტერ ჰერბერტი მაშინვე დიდი მონდომებით შეუდგა საქმეს


და საღამოს ცხრა საათისათვის ტომი, ჯეკი, რიჩარდი თუ ვინც არის – ამის
ზუსტი
ცოდნა არ გვჭირდება – ახალ ადგილას დააბინავა. ძველ ბინაზე ამბავი
დატოვეს, დოვერში მიემგზავრებაო და, მართლაც, დოვერის გზით წაიყვანა. ამ
ამბის კიდევ ერთი დიდი უპირატესობა ის არის, რომ საქმე თქვენ არყოფნაში
მოგვარდა და, თუკი ვინმე თქვენ მიმოსვლას აკვირდება, დარწმუნებული იქნება,
რომ თქვენ ამ დროს სულ სხვაგან იმყოფებოდით და სხვა რამით იყავით
დაკავებული. ეს ყოველგვარ ეჭვებს მოხსნის და მოთვალთვალეებს თავგზას
აუბნევს. ამავე მიზნით ვარჩიე, თუკი წუხელ ღამით დაბრუნდებოდით, შინ არ
მისულიყავით. ეს კიდევ უფრო დამაბნევლად იმოქმედებს, ხოლო
მოწინააღმდეგის დაბნევა ხელს გაძლევთ.

ამ დროისათვს უემიკს საუზმე დაესრულებინა, თხრობას რომ მორჩა, საათს


დახედა და სერთუკის ჩაცმას შეუდგა.

– ახლა კი, მისტერ პიპ, – მითხრა, ვიდრე ხელებს სახელოებიდან გამოყოფდა,


– მგონი, რაც კი შემეძლო, ყველაფერი ვიღონე. თუმცა, თუკი ოდესმე მეტის
გაკეთებასაც შევძლებ (ცხადია, უოლუორთული პოზიციიდან, უკიდურესად
კერძოდ და საიდუმლოდ), ამით დიდად გავიხარებ. ეს მისამართია,
გამომართვით. ვფიქრობ, არაფერი დაშავდება, თუკი დღეს საღამოს, ვიდრე შინ
მიხვიდოდეთ, ამ მისამართზე მიხვალთ და დარწმუნდებით, რომ ტომი, ჯეკი თუ
რიჩარდი მშვიდობითაა დაბინავებული. ეს კიდევ ერთი მიზეზია საიმისოდ, რომ
წუხანდელი ღამე შინ არ გაგეტარებინათ. ჯობია, თქვენი ბინიდან ამ მისამართზე
არ მიხვიდეთ, – ამ დროისათვის სახელოებში ხელები გამოაძვრინა და ორივე
ხელი მგზნებარედ ჩამოვართვი, – არაფრის, მისტერ პიპ, არაფრის. ბოლოს კი
მინდა ერთი ძალზე მნიშვნელოვანი რჩევა მოგცეთ, – ხელები მხრებზე დამილაგა
და ჩურჩულზე გადავიდა, – ამავე საღამოს ეცადეთ, მისი მოძრავი ქონება ხელში
ჩაიგდოთ. არავინ იცის, რა ბედი ეწევა, მაგრამ ქონება მაინც გადაარჩინეთ.

რადგან არავითარი იმედი არ მქონდა, უემიკი ამასთან დაკავშირებით ჩემს


აზრს გაიზიარებდა, მისი დარწმუნება არც მიცდია.

– დროა, – მითხრა უემიკმა, – წასასვლელი ვარ. თუკი სხვა სასწრაფო საქმე


არ გაქვთ, გირჩევდით, შეღამებამდე აქ დარჩეთ. ძალიან აღელვებული ჩანხართ
და, ვფიქრობ, მოგიხდებათ, თუკი მოხუცთან ერთად მშვიდ დღეს გაატარებთ –
სადაცაა ადგება; და, გარდა ამისა... ჩვენი ღორი ხომ გახსოვთ?

– რა თქმა უნდა, – ვუპასუხე.

– ...ჰოდა, მასაც გასინჯავთ. თქვენ რომ შეწვით, ის სოსისიც მისგან იყო


დამზადებული. ყოველმხრივ ღირსეული ღორი იყო და გთხოვთ, თუნდაც ძველი
ნაცნობობის ხათრით, გასინჯოთ. მოხუცო მშობელო, კარგად მეყოლე! –
ხალისიანად შეუძახა გასვლისას.
– კარგად, ჯონ, ჩემო ბიჭო, კარგად! – გაისმა საძინებლიდან ბერიკაცის
წრიპინი.

უემიკის ბუხართან მალევე ჩამთვლიმა. მე და მოხუცმა მთელი დღე ასე


მშვიდად და ტკბლად გავატარეთ. ცეცხლთან ხან ჩავთვლემდით, ხან
შევიღვიძებდით. სადილად ღორის ხორცი და უემიკის ნაკვეთში მოყვანილი
ბოსტნეული მოგვართვეს. მოხუცს ხან ნებით ვუქნევდი თავს, ხანაც ძილ-ბურანში
ჩავქინდრავდი. ჩამობნელდა, მოხუცი ტოსტისათვის ცეცხლს ამზადებდა, როცა
დავემშვიდობე. ჩაის ფინჯნების რაოდენობითა და იმით, დროდადრო კედლის
პატარა ფიცრებს რომ აჰყურებდა, დავასკვენი, რომ მის სკიფინზს სტუმრად
ელოდებოდა.
46
რვა საათი შესრულდა, ვიდრე იმ ადგილებს მივადექი, სადაც ნავის
სახელოსნოებისათვის დამახასიათებელი ნახერხისა და ბურბუშელას, ასევე
გემსართავის, ნიჩბებისა და ფისის არცთუ უსიამო სუნი მეცა. ზემო და ქვემო
პულის მთელ ამ წყლისპირა უბანს, ლონდონის ხიდს ქვევით, საერთოდ არ
ვიცნობდი. როცა მდინარეს მივადექი, მივხვდი, რომ ის ადგილი, რომელსაც
ვეძებდი, სულ სხვაგან ყოფილა, ვიდრე მეგულებოდა, და საკმაოდ რთული
საპოვნელიც აღმოჩნდა. ამ ადგილს წისქვილის ტბორის სანაპიროზე მდებარე
ჩინკზის ყურეს უწოდებდნენ. ამ ყურისაკენ ერთადერთ გზამკვლევად "ძველი,
მწვანე სპილენძის ბაგირის საამქრო" მომევლინა.

წვრილად აღარ გიამბობთ, სანაპირო დოკებში შესაკეთებლად მდგარ რა და


რა გემებს შორის დავიკარგე, რამდენ დასამტვრევად განწირულ ხომალდს თუ
მოქცევით დაგროვებულ შლამის გროვებს შორის ვიხეტიალე, გემთმშენისა თუ
გემთსამტვრევების რამდენი იარდი გამოვიარე, მიწაში ჩასობილ რამდენ
უფუნქციოდ დარჩენილ, დაჟანგულ ღუზასა და რამდენ ბაგირის საამქროს
ჩავუარე, "ძველი მწვანეს" ნაცვლად სხვა რომ გამოდგა. რამდენჯერმე გავცდი
დანიშნულების ადგილს, რამდენჯერ ნაადრევად შევუხვიე მდინარისაკენ და,
როგორც იქნა, წისქვილის ტბორის ნაპირზე გავედი. ადგილმდებარეობიდან
გამომდინარე, აქაურობა ცივი და მიუსაფარი იყო, რადგან მდინარის ქარს აქ
სატრიალოდ საკმაო ადგილი ჰქონდა. აქ მხოლოდ ხის, ძველისძველი, წაქცეული
ორი წისქვილი იყო და ასევე – ის "ძველი, მწვანე სპილენძის ბაგირის საამქრო",
რომელიც მთვარის შუქში გრძელ, ვიწრო ბილიკად მიიკლაკნებოდა მიწაში
ჩასობილი ხის ჩარჩოების ორ რიგს შუა და შორიდან ყოვლად უცნაურ,
სიძველისაგან კბილებდაცვენილ ფოცხს წააგავდა.

ნაპირზე მდგომ უცნაურ სახლებს შორის ხისფასადიანი სახლი ამოვარჩიე,


რომელსაც სამივე სართულზე თაღიანი ფანჯრები ჰქონდა. კარის ფირფიტაზე
"მისის უიმპლი" წავიკითხე. სწორედ ამ გვარს ვეძებდი, დავაკაკუნე და ხანში
შესულმა, თუმცა ჯან-ღონით სავსე, სანდომიანმა ქალბატონმა გამიღო კარი.
წამის შემდეგ მას ჰერბერტი შეენაცვლა, მისაღებ ოთახში შემიძღვა და კარი
მოხურა. მეუცნაურა, რომ ასე ახლობელი სახე ჩემთვის უცხო გარემოში ვნახე,
სადაც ის აშკარად გაშინაურებული უნდა ყოფილიყო. ჩემს მეგობარს იმავე
ცნობისმოყვარეობით ვათვალიერებდი, როგორც მინისა და ფაიფურის ჭურჭლით
სავსე კუთხის სერვანტს, ბუხრის თავზე გამოფენილ ზღვის ნიჟარებსა და
კედლებზე ფერად გრავიურებს, რომლებიც კაპიტან კუკის დაღუპვისა და
ხომალდის გამგზავრების სცენებს ასახავდა, ერთზე კი უინძორის სასახლის
ტერასაზე მდგარი მისი უდიდებულესობა მეფე ჯორჯ მესამე გამოესახათ,
მეეტლის ფაშფაშა პარიკით, ტყავის ბრიჯითა და ჩექმით.

– ყველაფერი რიგზეა, ჰენდელ, – დამამშვიდა ჰერბერტმა, – ყველაფრით


კმაყოფილია, მხოლოდ ერთი სული აქვს, როდის გნახავს. ჩემი ძვირფასი გოგონა
თავის მამასთანაა. თუკი მოიცდი, ვიდრე აქ ჩამოვა, გაგაცნობ, მერე კი ზედა
სართულზე ავიდეთ. გესმის? ეს მამამისია.

ზევიდან შემაშფოთებელი ღრიალი მოისმა და, როგორც ჩანს, სახეზე გაოცება


შემეტყო.

– ვშიშობ, საძაგელი ბებერი არამზადაა, – ღიმილით მითხრა ჰერბერტმა, –


თუმცა დღემდე არასოდეს მინახავს. რომის სუნი თუ მოგდის? სულ ამ დღეშია.
– რომს სვამს?

– ჰო. არადა, ნიკრისის ქარი აწუხებს, რასაც რომი ნამდვილად არ უხდება.


გარდა ამისა, ასეთი ახირება სჭირს: სურსათის მთელ მარაგს თავისთან, ზედა
სართულზე, ინახავს და მცირე ულუფებით გასცემს. ყველაფერი საწოლის თავზე,
თაროებზე, უწყვია და ყველაფერს წონის! მისი საძინებელი, ალბათ, საბაყლოს
ჰგავს.

საუბრის დროს ღრიალი თანდათან გაძლიერდა, მერე კი უეცრად შეწყდა.

– სხვა, აბა, რაა მოსალოდნელი, როდესაც მაინცდამაინც თვითონ სურს


ყველის დაჭრა? როდესაც კაცს მარჯვენა ხელში – და ყველა სხვა კიდურშიც –
ნიკრისის ქარი აქვს, გლოსტერულ ყველს ისე როგორ ჩამოჭრის, რამე არ
იტკინოს?

როგორც ჩანს, მართლაც ძლიერად იტკინა, რადგან მეორე წამს კვლავ


გაშმაგებით დაიღრიალა.

– ზედა სართულზე პროვისის დაბინავება მისის უიმპლისათვის ნამდვილი


ღვთის კურთხევაა, – შენიშნა ჰერბერტმა, – რადგან ასეთ ხმაურს ვერცერთი
მდგმური ვერ უძლებს. უცნაური სახლია, არა, ჰენდელ?

მართლაც უცნაური, მაგრამ შესამჩნევად მოვლილი და სუფთა სახლი იყო.


როდესაც ეს აზრი ხმამაღლა გამოვთქვი, მითხრა:

– მისის უიმპლი საუკეთესო დიასახლისია და ნამდვილად არ ვიცი, ჩემს


კლარას მისი დედობრივი მზრუნველობის გარეშე რა ეშველებოდა. რადგან არც
ღვიძლი დედა ჰყავს, ჰენდელ, და მთელ ქვეყანაზე არც ვინმე ნათესავი ბებერი
ბუზღუნას გარდა.

– ჰერბერტ, ნუთუ მართლა ასე ჰქვია?

– არა, არა, ეგ სახელი მე შევარქვი. სინამდვილეში მისტერ ბარლი ჰქვია. ვერ


წარმოიდგენ, ჰენდელ, ჩემისთანა ადამიანისათვის რა შვებაა ისეთი
ქალიშვილის სიყვარული, ვისაც ნათესავები არ ჰყავს და ოჯახური პრობლემებით
არც თვითონაა შეწუხებული და არც სხვას შეაწუხებს!

ჰერბერტმა წინათ მიამბო, ახლა კი შემახსენა, რომ მის კლარა ბარლი ჯერ
კიდევ იმხანად გაიცნო, როცა გოგო ჰემერსმითში, ერთ პანსიონში სწავლას
ამთავრებდა. შემდეგ კლარა იძულებული გახდა მამის ავადმყოფობის გამო
ლონდონში ჩამოსულიყო. ახალგაზრდებმა თავიათი სიყვარულის ამბავი
მზრუნველ მისის უიმპლს გაანდეს. მას მერე მისი კეთილი და წინდახედული
მფარველობის ქვეშ იყვნენ. თავიდანვე გადაწყდა, რომ არ ღირდა მოხუცი
ბარლისათვის ამ რომანტიკული გრძნობების გამხელა, რადგან ნიკრისის ქარის,
რომისა და საკუჭნაო მარაგის გარდა რამე უფრო ამაღლებულის წვდომა სულ არ
შეეძლო.

ვიდრე ამ ხმადაბალ საუბარში გართულები, სახურავის კოჭს ავყურებდით,


რომელიც ბებერი ბარლის ღრიალისაგან ზანზარებდა, კარი გაიღო და კალათით
ხელში ძალზე მომხიბვლელი, წერწეტა, შავთვალა გოგო შემოვიდა, რომელსაც
ჰერბერტმა მაშინვე მზრუნველად ჩამოართვა ტვირთი და, აჭარხლებულმა,
კლარად გამაცნო. მართლაც კოხტა ქალიშვილი იყო – დატყვევებულ ფერიას
ჰგავდა, რომელიც მრისხანე კაციჭამია ბარლის თავის სამსახურში იძულებით
ჩაეყენებინა.

– ამას შეხედე, – ჰერბერტმა ხანმოკლე საუბრის შემდეგ თანაგრძნობითა და


სინაზით გამსჭვალული ღიმილით კალათაში ჩამახედა, – აი, საბრალო კლარას
ვახშამი – ყოველ საღამოს ამდენს იღებს. ესაა მისი პურისა და ყველის ნაჭრები,
და ესეც – რომი, რომელსაც მე ვსვამ. ეს კი მისტერ ბარლიმ თავისთვის
გამოატანა, რათა ხვალისათვის საუზმე მოუმზადოს: დაბეგვილი ცხვრის ხორცის
ორი ნაჭერი, სამი ცალი კარტოფილი, ცოტაოდენი დარჩეული მუხუდო,
ცოტაოდენი ფქვილი, ორი უნცია კარაქი, ერთი მწიკვი მარილი და ეს ამდენი შავი
პილპილი. ეს ყველაფერი ერთად იშუშება და ცხლად იჭმევა – ღმერთმანი,
ნიკრისის ქარს საუკეთესოდ მოუხდება!

ამ დროს ძალზედ უშუალო და გულის ამაჩუყებელი იყო ის, თუ როგორ


აყოლებდა თვალს კლარა ჰერბერტის მიერ ჩამოთვლილ სურსათს; რა მიმნდობი
და უმწიკვლო იერით ეკვროდა ჰერბერტს და ნებას რთავდა, მხრებზე ხელი
შემოეხვია. ქალიშვილს იმდენად სჭირდებოდა მფარველობა აქ, წისქვილის
ტბორის ნაპირზე, ჩინკზის ყურეში, "მწვანე სპილენძის ბაგირის საამქროს"
მახლობლად, სადაც ზედა სართულიდან ბებერი ბარლის ღრიალი ისმოდა, რომ
არაფრის დიდებით არ ვისურვებდი, მისი და ჰერბერტის ქორწინება ჩაშლილიყო
– მთელი იმ ფულის ფასადაც კი, პროვისის სქელ საფულეში რომ ელაგა და
რომელსაც არ გავკარებივარ.

მაშინაც აღტაცებით შევყურებდი ამ წყვილს, როდესაც ზემოდან გაბმული


გმინვის ნაცვლად კვლავ ყურისწამღები ღრიალი ჩამოისმა, რასაც საშინელი
ბრაგვანიც მოჰყვა, თითქოს ხისფეხა გოლიათი ჭერის ჩამოგრევას და ჩვენთან
ჩამოსვლას ცდილობდა. კლარამ ჰერბერტს უთხრა:

– მამა მეძახის, ძვირფასო! – და გაიქცა.

– ამ უნამუსო ბებერ ზვიგენს ვერ უყურებ?! – შეჰყვირა ჰერბერტმა, – როგორ


ფიქრობ, ჰენდელ, ამჯერად რაღა უნდა?

– რა ვიცი, – ვუთხარი, – დალევა?

– სწრედაც! – ისეთი აღტაცებით შესძახა ჰერბერტმა, თითქოს გასაოცარი რამ


აღმომეჩინოს, – გროგი პატარა კასრში უსხია და მაგიდაზე უდევს. ცოტა მოიცადე
და გაიგონებ, კლარა საწოლზე როგორ წამოსწევს დასალევად. აი, გესმის? –
გაისმა ახალი ღრიალი, ბოლოში ხანგრძლივი ყმუილით, – ახლა, – შენიშნა
ჰერბერტმა ჩამოვარდნილ სიჩუმეში, – სვამს; ახლა კი, – ამჯერად მოგუდული
ყმუილი გაისმა, – ისევ ზურგზე წევს.

კლარა მალევე დაბრუნდა, მე და ჰერბერტი კი ზედა სართულზე ჩვენი


ტუსაღის სანახავად ავედით. მისტერ ბარლის ოთახს რომ ჩავუარეთ, მისი
ხრინწიანი ხმა გავიგონეთ, უცნაურ სიმღერასავით, ხან დაბალ, ხან მაღალ ხმაზე
იმეორებდა ერთსა და იმავე სიტყვებს. თუკი ზოგიერთ ფრაზას კეთილი
სურვილებით, ანუ მისი სრულიად საპირისპირო რამით შევცვლით, რაღაც
მსგავსი გამოვა:

– ყველანი გემბანზე! ღმერთმა თვალისჩინი გაგიმრთელოთ, ბებერ ბილ


ბარლის შეხედეთ. ნახეთ, ბებერი ბილ ბარლი, ღმერთმა დაგლოცოთ. ბებერი
ბილ ბარლი ზურგზე წევს გაშოტილი, ღმერთს გეფიცებით. აგერ, თქვენი ბებერი
ბილ ბარლი, მკვდარი კამბალასავით გაბრტყელებული წევს, დალოცვილნი
იყავით, ეჰეი! ღმერთმა დაგლოცოთ!

როგორც ჰერბერტმა მითხრა, უხილავი მისტერ ბარლი დღე და ღამე ამგვარი


დიალოგით იქცევდა თავს; დღისით ზოგჯერ ცალი თვალით იცქირებოდა
ტელესკოპშიც, რომელიც საწოლთან ჰქონდა მიმაგრებული, რათა მდინარე
დაეთვალიერებინა ხოლმე.

პროვისი მყუდროდ მოწყობილიყო სახურავქვეშ, ორ ოთახში. აქ მისტერ


ბარლის ყვირილი უფრო სუსტად აღწევდა, ვიდრე ქვედა სართულზე. შეშფოთება
და წუხილი არ გამოუთქვამს, არც ემჩნეოდა; თუმცა შევატყვე, რომ რაღაცნაირად
მოლბა – ვერც მაშინ ავხსნიდი ზუსტად, რასაც ვგულისხმობ, და ვერც ახლა
ავხსნი, მაგრამ ეს ცვლილება აშკარად ემჩნეოდა.

მთელი დღის დასვენებული ვიყავი და მშვიდად ფიქრი შემეძლო, ამიტომ


გადავწყვიტე, მისთვის კომპეისონის შესახებ არაფერი მეთქვა, რადგან არ
ვიცოდი, რას იზამდა, თუკი სიმართლეს შეიტყობდა. შესაძლოა, მის საძებნელად
წასვლა განეზრახა და თავი საფრთხეში ჩაეგდო. ამიტომ, როდესაც მე და
ჰერბერტი მასთან ერთად ბუხარს შემოვუსხედით, პირველყოვლისა, ვკითხე,
უემიკის განსჯასა და ცნობას რამდენად ენდობოდა.

– ჰო, ჩემო ბიყო, ჰო! – მტკიცედ დამიკრა თავი, – ჯეგერსს არ ეშლება.

– მაშინ სწორედ უემიკის გაფრთხილება და რჩევა უნდა გადმოგცეთ, რადგან


ვესაუბრე, – ვუთხარი.

ზემოთ ხსენებულის გარდა ყველაფერი წვრილად გადავეცი; ვუამბე, რომ


უემიკს ნიუგეიტის ციხეში მოუსმენია (ოფიცრებისაგან თუ პატიმრებისგან, ეს არ
ვიცოდი), რომ პროვისი გარკვეულ ეჭვქვეშ იმყოფება და რომ ჩემს ბინას ვიღაც
უთვალთვალებდა; რომ უემიკი ურჩევს, ერთხანს მიიმალოს, მე კი, ჯობია,
ჯერჯერობით ახლოს არ გავეკარო; ისიც გადავეცი, რაც უემიკმა საზღვარგარეთ
მის გამგზავრებასთან დაკავშირებით მითხრა. დავძინე, რომ, ცხადია, დრო რომ
მოვიდოდა, მეც მასთან ერთად გავემგზავრებოდი ან მალევე გავყვებოდი, რაც,
უემიკის აზრით, უფრო გონივრული იქნებოდა. ამის შემდეგ რა მოხდებოდა,
ამაზე არაფერი მითქვამს. ამასთან დაკავშირებით ვერც გონებაში დავაწყვე
გეგმა და უწინდელზე მეტადაც კი მეწურებოდა გული, რადგან ახლა ჩემ გამო
სრულიად აშკარა საფრთხე ემუქრებოდა, თანაც უეცარი და საგრძნობი სილბოც
შეეტყო. იმაზეც მივანიშნე, რომ ამჟამინდელ გაურკვეველ მდგომარეობაში, თუკი
ფუფუნებით ცხოვრებას დავიწყებდი, ეს ეჭვს დაბადებდა და სახიფათო
იქნებოდა. ვერ შემეკამათა და ჩემი ნათქვამი ძალზე შეგნებულად მიიღო.
აღიარა, რომ დაბრუნება რისკიანი ნაბიჯი იყო, თუმცა თავიდანვე იცოდა, რაზეც
მიდიოდა. დამპირდა, რომ მეტად აღარ გარისკავდა; ჩვენისთანა მეგობრების
დახმარებით კი ყველანაირ საფრთხეს გაუმკლავდებოდა.

ჰერბერტი ერთხანს ჩაფიქრებული უცქერდა ცეცხლს, მერე კი თქვა, უემიკის


სიტყვებმა ერთი მოსაზრება გამიჩინა, რომელიც, შესაძლოა, გამოგვადგესო.

– ორივე კარგი ნიჩბოსნები ვართ, ჰენდელ, და, დრო როცა მოვა, ჩვენვე
შევძლებთ პროვისის მდინარეზე ჩაყვანას, არც ნავის დაქირავება დაგვჭირდება
და არც ნიჩბოსნების; ეს თუნდაც ერთ ეჭვს მოგვაცილებს, ხოლო ჩვენს
მდგომარეობაში ეს შანსიც კი სახარბიელოა. წელიწადის დროს მნიშვნელობა
არა აქვს. ხომ არ აჯობებს, ახლავე იშოვო ნავი ტემპლის ნაპირთან და მდინრეზე
სეირნობა ჩვევად იქციო? როცა ეს მუდმივი გახდება, ვიღა მიაქცევს
ყურადღებას? რასაც ოცჯერ თუ ორმოცდაათჯერ გააკეთებ, ოცდამეერთედ თუ
ორმოცდამეთერთმეტედ აღარავის გააკვირვებ.

ეს გეგმა მომეწონა, პროვისიც აღფრთოვანდა. შევთანხმდით, რომ


დაუყოვნებლივ ასეც მოვიქცეოდით. პროვისი დავარიგეთ, თუ წისქვილის ტბორის
ნაპირთან ნავით მოსეირნეებს დაგვინახავდა, ჩვენთან ნაცნობობა არ
გაემჟღავნებინა. მოგვიანებით ისიც მოვიფიქრეთ, რომ ყველაფერს აჯობებდა,
როცაკი მდინარეზე ჩამოვივლიდით, აღმოსავლეთის ფანჯრის დარაბები
დაეხურა.

რაკი ჩვენი თათბირი დასრულდა, ავდექი და წასვლა დავაპირე. ჰერბერტს


ვუთხარი, რომ ჯობდა, შინ ერთად არ მივსულიყავით და მისთვის ნახევარი
საათით მაინც დამესწრო.
– არ მსურს თქვენთან დამშვიდობება, – მივმართე პროვისს, – თუმცა ეჭვი არ
მეპარება, აქ უფრო უსაფრთხოდ იქნებით, ვიდრე ჩემთან. ნახვამდის!

– ჩემო ბიჭო, – ორივე ხელი ჩამჭიდა, – არ ვიცი, ერთმანეთს როდისღა


შევხვდებით, მაგრამ დამშვიდობება არ მიყვარს. ამიტომ გეტყვი: ღამე
მშვიდობისა!

– ღამე მშვიდობისა! ჰერბერტი მუდმივად მოგაწვდით ჩემს ამბებს, ხოლო


დრო როცა მოვა, დარწმუნებული იყავით, მზად ვიქნები. ღამე მშვიდობისა!

ვიფიქრეთ, აჯობებდა, გარეთ არ გავეცილებინეთ, ამიტომაც თავისი კარის


წინ, კიბის ბაქანზე გამოსულს დავემშვიდობეთ. მოაჯირის ზემოდან სანთლით
გზას გვინათებდა. მისი მოსვლის ღამე მომაგონდა, როდესაც პირიქით ვიდექით.
მაშინ რას ვიფიქრებდი, რომ ამ კაცს ასე გულდამძიმებული გამოვეთხოვებოდი.

ბებერი ბარლის კარს ჩავუარეთ; ისევ ის გმინვა და ბუტბუტი მოგვესმა. მგონი,


ამ ხნის განმავლობაში ერთხელაც არ დადუმებულიყო და ეტყობოდა, არც
მომავალში აპირებდა ამას. კიბე ჩავიარე და ჰერბერტს ვკითხე, პროვისმა ეს
გვარი თუ დაიტოვა-მეთქი. რა თქმა უნდა, არაო, მიპასუხა – მდგმურმა თავი
მისტერ კემპბელად წარადგინა. ასევე მითხრა, რომ მისტერ კემპბელის შესახებ
მხოლოდ შემდეგი იცოდნენ: იგი ჰერბერტის მფარველობის ქვეშ იმყოფებოდა და
ის, ანუ ჰერბერტი, ძალზედ დაინტერესებული იყო იმით, რომ მდგმურს არაფერი
მოჰკლებოდა და არავის შეეწუხებინა. ამიტომაც, როდესაც სასტუმრო ოთახში
ხელსაქმით დაკავებული მისის უიმპლი და კლარა დაგვხვდნენ, არ მიხსენებია,
რომ მისტერ კემპბელის ბედით ვიყავი დაინტერესებული.

მერე კოხტა, ფაქიზ შავთვალა გოგონასა და სანდომიან ქალბატონს


დავემშვიდობე. მისის უიმპლს ეტყობოდა, რომ შეყვარებული წყვილის
მფარველობის გულწრფელი წყურვილი ჯერაც არ განელებოდა. და როცა გარეთ
გამოვედი, უეცრად მივხვდი, რომ "ძველი მწვანე საამქრო" სულ სხვა ადგილი
ყოფილა, ვიდრე თავიდან მეგონა. ბებერი ბარლი თუნდაც მთებივით ბებერი
ყოფილიყო და ბილწსიტყვაობით ჯარისკაცების მთელი რაზმი დაეჩრდილა,
ჩინკზის ყურეში, ამ სახლის ქვედა სართულზე მის გადასაწონად ნორჩი რწმენა
და მოზღვავებული სასოება დავანებულიყო. მერე კი ესტელასთან განშორება
მომაგონდა და შინ ძალზე დაღონებული მივედი.

ტემპლში სიმშვიდე სუფევდა. ჩემი მოპირდაპირე ბინის ფანჯრებიდან, სადაც


გუშინდლამდე პროვისი ცხოვრობდა, სინათლე არ იღვრებოდა, გარდენ-ქორტშიც
არავინ იყო. ვიდრე ბინაში შევიდოდი, ეზოს შადრევანს რამდენჯერმე
შემოვუარე, მაგრამ არავინ შემინიშნავს. იგივე მითხრა ჩემს საწოლთან
მოსულმა ჰერბერტმაც. სასოწარკვეთილი და ქანცგამოლეული, შინ
შესვლისთანავე საწოლში ჩავწექი. მერე ჰერბერტმა ფანჯარა გამოაღო, შუაღამის
ეზოში გაიხედა და მომახსენა, ქვაფენილი ისევე ცარიელია, როგორც ამ დროს
ნებისმიერი ტაძრის გალავანიო.

მეორე დღესვე ნავი შევიძინე. ეს საქმე სწრაფად მოვაგვარე და ნავი


ნაპირთან, ტემპლის საფეხურებთან, ისე დავაბინავე, რომ შიგ ჩაჯდომა ორ
წუთში შემძლებოდა ხოლმე. თანდათან დავიწყე ნავით აღმა-დაღმა სრიალი –
ვითომდა გასასეირნებლად ანდა სავარჯიშოდ – ხან მარტო, ხანაც ჰერბერტთან
ერთად. ხშირად სუსხში, თოვლ-ჭყაპსა და წვიმაშიც ვცურავდი. რამდენიმე
ამგვარი გასეირნების შემდეგ ჩემთვის განსაკუთრებული ყურადღება აღარავის
მოუქცევია. თავიდან ბლეკფრაიერის ხიდის გარშემო ვტრიალებდი, ხოლო როცა
მოქცევის დრო შეიცვალა, ლონდონის ხიდისკენ გადავინაცვლე. იმხანად ეს ჯერ
კიდევ შუა საუკუნეების დროინდელი ძველი ხიდი იყო და მოქცევის ზოგიერთ
წუთებში წყალი აქ ისეთ სიმაღლეს აღწევდა და ისეთ მორევებს ქმნიდა, რომ
ხიდს ცუდი სახელი ჰქონდა გავარდნილი. მაგრამ საშიში ადგილებისათვის
გვერდის ავლა ვისწავლე, როცაკი ვნახე, ამას სხვები როგორ აკეთებდნენ. ასე
რომ, რამდენიმე ხანში უკვე პულზეც დავცურავდი და ერითამდეც ვაღწევდი.
როცა წისქვილის ტბორის ნაპირს პირველად ჩავუარე, ჰერბერტი ჩემთან ერთად
უსვამდა ნიჩბებს და ავლა-ჩამოვლისას შევნიშნეთ, სამხრეთისკენ გამავალ
ფანჯარაზე დარაბები როგორ დაიხურა. ჰერბერტი ამ სახლში კვირაში სამჯერ
მაინც მიდიოდა და ოდნავადაც საგანგაშო ცნობა არცერთხელ არ მოუტანია.
მიუხედავად ამისა, საფრთხეს წუთითაც კი არ ვივიწყებდი და გამუდმებით თან
მდევდა განცდა, თითქოს ვიღაც მითვალთვალებდა. მსგავსი აზრი ერთხელ თუ
დაგებადა, მისი თავიდან მოცილება შეუძლებელია; ვერც კი ჩამოგითვლით,
რამდენ უწყინარ ადამიანზე მივიტანე ეჭვი.

ერთი სიტყვით, მუდმივ შიშში ვცხოვრობდი იმ თავზე ხელაღებულის გამო,


რომელსაც ვმალავდით. ჰერბერტს უთქვამს ჩემთვის, როგორ უყვარდა
შებინდებისას ჩვენი ფანჯრიდან მდინარისკენ ცქერა და იმაზე ფიქრი, რომ მის
დინებას ყველაფერი, რაც კი წყალში იყო, კლარასკენ მიჰქონდა. მე კი ძრწოლით
მეფიქრებოდა, რომ დინება მეგუიჩისკენ მიექანებოდა და წყლის ზედაპირზე
მცირე ლაქაც კი შეიძლებოდა მისი მდევარი ყოფილიყო, მის შესაპყრობად
უხმოდ, სწრაფად და მარჯვედ რომ მიიწევდა.
47

რამდენიმე კვირის განმავლობაში არაფერი შეცვლილა. უემიკს ველოდით,


მაგრამ არავითარ ნიშანს არ გვაძლევდა. ლიტლ-ბრიტანის გარეთ რომ არ
მცნობოდა და მის ციხესიმაგრეში გაშინაურებული რომ არ ვყოფილიყავი,
შესაძლოა, მასში ეჭვი შემპარვოდა; მაგრამ კარგად ვიცნობდი და ვენდობოდი.

ჩემი მატერიალური მდგომარეობა გაუარესდა – ბევრი მევალე მთხოვდა


ვალის დაბრუნებას. ჯიბეში ფული შემიმცირდა, ამიტომ ისეთი ძვირფასეულობის
გაყიდვა დავიწყე, რომლებიც არ მჭირდებოდა. ამის მიუხედავად, მტკიცედ
გადავწყვიტე, რაკი ფიქრებიც არეული მქონდა და გეგმებიც – ბუნდოვანი,
უგულობა და სიმდაბლე იქნებოდა ჩემი მფარველისაგან იმაზე მეტი ფულის
აღება, რაც უკვე მარგუნა. ამიტომაც გაუხნელი საფულე ჰერბერტს მასთან
გავატანე და ერთგვარი კმაყოფილებაც განვიცადე – ვერ გეტყვით, ეს
გულწრფელი თუ ყალბი განცდა იყო. მას მერე, რაც თავი გამოააშკარავა, ჩემი
მწყალობლის დიდსულოვნებით აღარ მისარგებლია.

დრო გადიოდა და ესტელას დაქორწინების ფიქრი უფრო მეტად მამძიმებდა.


ამ ფიქრის რამე დამადასტურებელ საბუთს ვუფრთხოდი, რის გამოც გაზეთებს
ვერიდებოდი და ჰერბერტსაც (რომელსაც ჩვენი ბოლო საუბრის წვრილმანები
გავანდე) შევევედრე, სიახლეს თუ შეიტყობდა, ჩემთვის არაფერი ეთქვა.
რისთვის ვინახავდი დაგლეჯილი და ქარწაღებული იმედის ამ უკანასკნელ
ნაფლეთს? აბა, რა ვიცი! იქნებ შენ, ამის მკითხველო, მითხრა, რად ჩაიდინე
მსგავსი წინდაუხედაობა შარშან, წინა თვეში, წინა კვირას?

ბედკრულ ცხოვრებას ვეწეოდი; ჩემი მრავალი შიშის თავზე ერთი მთავარი


შიში მთასავით აღმართულიყო და წამითაც არ ეფარებოდა თვალს. თუმცა
განგაშისათვის ახალი მიზეზი არ გამჩენია. მიუხედავად ამისა, უეცრად
გამძაფრებული შიში მაღვიძებდა და საწოლიდან წამოვხტებოდი ხოლმე იმაში
დარწმუნებული, რომ პროვისს მიაგნეს და შეიპყრეს. საღამოს ძრწოლით
გაქვავებული ვიჯექი და შინ მობრუნებული ჰერბერტის ნაბიჯებს ვაყურადებდი,
ვაითუ ჩვეულებრივზე აჩქარებული და ავი სიახლით თავზარდაცემული
ყოფილიყო. ამ და სხვა მსგავს სატანჯველში გადიოდა დღეები.
უმოქმედობისათვის, მუდმივი დაძაბულობისა და შფოთისათვის განწირული,
ჩემი ნავით მდინარეზე მიმოვდიოდი და ვიცდიდი, ვიცდიდი, ვიცდიდი.

მდინარის ქვედა ნაწილში ზოგჯერ ისეთი სწრაფი დინება იყო, ნავით შინ
ვეღარ ვბრუნდებოდი; იძულებული ვხდებოდი, საბაჟოსთან დამეტოვებინა და
დამებარებინა, მოგვიანებით ტემპლში მოეყვანათ. ამგვარი შემთხვევები ხელს
მაძლევდა კიდეც, რადგან სანაპიროს ხალხი უფრო და უფრო მეჩვეოდა. ამ
შემთხვევებმა ორი შეხვედრა განაპირობა, რომელთა შესახებაც უნდა გიამბოთ.

თებერვლის ერთ დღეს ნავმისადგომზე შებინდებისას გადმოვედი. მიქცევის


წყლებს გრინვიჩამდე გავყევი, ხოლო მოქცევა როცა დაიწყო, უკან მოვტრიალდი.
მზიანი დღის შემდეგ ბინდთან ერთად ნისლიც წამოვიდა და გემებსა და ნავებს
შორის ფრთხილად მიწევდა გზის გაკვლევა. ჩავლის დროსაც და უკანა გზაზეც
ნაცნობი ბინის მოხურულმა დარაბამ მამცნო, რომ ყველაფერი რიგზე იყო.

ძალიან დავიქანცე და შემცივდა. გადავწყვიტე, სადმე, ახლომახლო,


მესადილა და, რაკი შინ მარტოსული და ნაღვლიანი საღამო მელოდა, მერე
თეატრშიც წავსულიყავი. თეატრი, სადაც მისტერ უოპსლმა საეჭვო დიდება
მოიხვეჭა, სწორედ იმ სანაპიროს ახლოს იყო (ამჟამად კი აღარ არსებობს) და
იქით გავეშურე. ახლა ჩემთვის უკვე ცხადია, რომ მისტერ უოპსლმა არათუ დრამა
ვერ ააღორძინა, არამედ მის დაკნინებასაც შეუწყო ხელი. აფიშები საბედისწერო
ფაქტს იუწყებოდა: ის თურმე "ერთგული ზანგის" როლს ასრულებდა ერთ-ერთ
სპექტკლში, რომელშიც დიდგვაროვანი ქალიშვილი და მისი მაიმუნიც
თამაშობდნენ. ჰერბერტმა ერთხელ ქუჩის კომიკური წარმოდგენა ნახა, სადაც
უოპსლი აგურისფერსახიან და ქუდზე ეჟვნებიან ველურ თათარს
განასახიერებდა.

ერთ სასადილოში შევედი, რომელსაც მე და ჰერბერტი გეოგრაფიულს


ვუწოდებდით, რადგან სუფრები მსოფლიო რუკებს ჰგავდა – თითოეულ
მტკაველს პორტერის კათხის კვალი ფარავდა, ყოველ დანას კი მიმხმარი
საწებლის სქემები და დიაგრამები ამშვენებდა – ჩვენი ლორდ-მერის
სამფლობელოში დღემდე ვერ ნახავთ თუნდაც ერთ არაგეოგრაფიულ
სასადილოს. მერე კი დრო იმით გავიყვანე, რომ ნამცეცებზე ვთვლემდი, გაზის
ნათურებს ვაშტერდებოდი და სადილების ოხშივარში ვიხარშებოდი. ბოლოს და
ბოლოს, თავი გამოვიფხიზლე და სპექტაკლის სანახავად წავედი.

სცენაზე ხელმწიფის ფლოტის ღირსეული ბოცმანი ვიხილე – ნამდვილი


ვაჟკაცი, ოღონდაც ვისურვებდი, შარვალი ზოგ ადგილას ნაკლებად მოტკეცილი
ჰქონოდა, ზოგ ადგილებში კი ჩვარივით არ ჩამოჰკიდებოდა. იგი ჩია კაცებს
ქუდებს თვალებზე უფხატებდა, თუმცა სხვამხრივ დიდსულოვანი და მამაცი იყო.
მას იმის გაგონებაც კი არ სურდა, რომ ვინმე შეიძლება გადასახადებს იხდიდეს,
თუმცა გულმხურვალე პატრიოტი კი იყო. ჯიბეში პუდინგისხელა ფულის ქისა ედო
და ამ სახსრებითა და დიდი ზარზეიმით ზეწარში გახვეულ ერთ ნორჩ არსებაზე
იქორწინა. პორტსმუთის მთელი მოსახლეობა (უკანასკნელი აღრიცხვით, ცხრა
კაცი) სანაპიროზე შეკრებილიყო, სიხარულით ხელებს იფშვნეტდა, ერთმანეთს
ხელს ართმევდა და "ჩამოასხი! ჩამოასხის!" მღეროდა. ხოლო ვიღაც ერთი
გამურული ცეცხლფარეში განზე იდგა, არც არაფერს ასხამდა და არც სხვა რამეს
აკეთებდა სხვებთან ერთად. ბოცმანმა ამ კაცის ხასიათი განჭვრიდა და
საჯაროდ განაცხადა, გული ისეთივე შავი აქვს, როგორც პირისახეო. ამ შავმა
კაცმა კიდევ ორი ცეცხლფარეში დაიყოლია, რათა კაცობრიობისათვის
სირთულეების შესაქმნელად ეღვაწათ; ეს ისეთი წარმატებით განახორციელეს
კიდეც (ცეცხლფარეშთა კლანს მნიშვნელოვანი პოლიტიკური გავლენა ჰქონია),
რომ ვითარების განმუხტვას ნახევარი საღამო დასჭირდა; ისიც მხოლოდ იმის
ხარჯზე გახდა შესაძლებელი, რომ თეთრი ქუდითა და შავი გეტრით შემოსილი
ერთი ტანმორჩილი, პატიოსანი, წითელცხვირა ბაყალი, ხელში ღუმლის
ცხაურით, საათში შეიმალა; გადამწყვეტი საუბარი მოისმინა; მერე საათიდან
გამოვიდა და ვინც კი მოსმენილის ჭეშმარიტებაში ვერ დაარწმუნა, ყველას
ცხაურა ჩასცხო თავში. დასასრულს მისტერ უოპსლი (რომელიც მანამდე
ერთხელაც არ გამოჩენილა) მხარზე გადაკიდებული ლენტითა და ვარსკვლავით
მკერდდამშვენებული გამოვიდა – აშკარად, უშუალოდ საადმირალოდან
მოვლენილ ძლევამოსილ ჩინოსანს განასახიერებდა – და განაცხადა, რომ
ცეცხლფარეშებს დაუყოვნებლივ ციხეში ჩასვამდნენ, ხოლო ბოცმანს
სამშობლოსათვის გაწეული ღვაწლისათვის მოკრძალებულ ჯილდოდ ინგლისის
დროშა გადასცა. ბოცმანს, მგონი, ცხოვრებაში პირველად აუჩუყდა გული,
დროშაზე ცრემლი შეიმშრალა, მისტერ უოპსლს "თქვენო ღირსებათი" მიმართა
და ხელის ჩამორთმევის უფლება სთხოვა. მისტერ უოპსლმა დიდსულოვანი
ღირსებით გაუწოდა ხელი, რის შემდეგაც მტვრიან კუთხეში მიაჭყლიტეს, რადგან
დანარჩენებს სტვირის ჰანგზე უნდა ეცეკვათ. იმ მტვრიანი კუთხიდან
მაყურებლებს უკმაყოფილოდ გადაავლო თვალი და სწორედ ამ დროს შემნიშნა.
მეორე პიესა უახლესი საშობაო კომედიური პანტომიმა გამოდგა, რომლის
პირველივე სცენაში გულისტკივილით ამოვიცანი მისტერ უოპსლი. მას ფეხები
წითელი ქსოვილით ჰქონდა შემოსილი, ვეება ფოსფორისფერი ნიღაბი და
ფარდის წითელი ფოჩის პარიკი ეკეთა. ის რაღაც მღვიმეში ჭექა-ქუხილებს
ჭედავდა და ძალზე შეშინდა, როდესაც შინ სადილად თავისი ბატონი,
ხმაჩახრინწული გოლიათი მობრუნდა. კიდევ კარგი, მოგვიანებით – როდესაც
ერთ ნორჩი ტრფობის გენიას დახმარება დასჭირდა ტლანქ ფერმერთან
ბრძოლაში, რომელიც თავისი ქალიშვილის გულის სწორის წინააღმდეგი იყო –
უფრო ღირსეულად წარდგა. ეს ფერმერი ფქვილის ტომარაში ჩაძვრა და
არასასურველ სასიძოს მეორე სართულიდან განგებ დაეცა თავზე. მის
წინააღმდეგ ძლევამოსილი ჯადოქარი გამოიძახეს, ისიც მაშინვე ბარბაცით
ამოიმართა მიწისქვეშეთიდან, როგორც ჩანს, თავბრუდამხვევი მგზავრობის
შემდეგ, და მაღალი ქუდით შემკული მისტერ უოპსლი აღმოჩნდა, იღლიაში
მისნობის წიგნი ჰქონდა ამოჩრილი. ჯადოქრის მიწიერი საქმე ძირითადად ის
იყო, რომ მას სხვები მიმართავდნენ, უმღეროდნენ, შეჰღაღადებდნენ, მის წინ
ცეკვავდნენ და ფერად-ფერად ცეცხლს ანთებდნენ, ასე რომ, დრო თავსაყრელი
ჰქონდა და ამ ხნის განმავლობაში სულ მე მიცქერდა, თანაც ძალზე გაოცებული
სახით.

თვალები ისე უცნაურად უბზინავდა, თითქოს დიდი ხნის ჩავლილ ამბებს


იხსენებსო და ვერაფრით მივხვდი, ეს რას ნიშნავდა. მას მერე, რაც ის ვეება
საათის ყუთით ცად ამაღლდა და ღრუბლებში გაუჩინარდა, ვიჯექი და ამ
უცნაურობაზე ვფიქრობდი, მაგრამ დასკვნა ვერ გამოვიტანე. ერთი საათის
შემდეგ, იმავე ფიქრში ჩაფლული, თეატრიდან რომ გამოვედი, კართან
მელოდებოდა.

– როგორ გიკითხოთ? – მივმართე, ხელი ჩამოვართვი და მასთან ერთად


ქუჩას გავუყევი, – მივხვდი, რომ დამინახეთ.

‒ დიახ, დაგინახეთ, მისტერ პიპ! – მიპასუხა, – რა თქმა უნდა, დაგინახეთ.


მაგრამ თქვენთან ერთად ვინ იყო?

– ვინ?

– ძალზე უცნაური ამბავია, – ისევ წეღანდელი დაბნეული სახით მითხრა, –


მაგრამ შემიძლია დავიფიცო, რომ ის იყო.

შევშფოთდი და მისტერ უოპსლს ვთხოვე, დაუყოვნებლივ განემარტა, რას


გულისხმობდა.

– არ ვიცი, თქვენ რომ იქ არ ყოფილიყავით, მაშინაც თუ ვიცნობდი, – იმავე


დაბნეული იერით ალაპარაკდა, – მაგრამ, ვფიქრობ, მაშინაც უნდა მეცნო.

უნებლიეთ უკან მივიხედე, როგორც შინ დაბრუნებისას ვიხედებოდი ხოლმე.


ამ იდუმალმა სიტყვებმა შემაძრწუნა.

– არა, ახლა ვეღარ დაინახავთ, – მითხრა მისტერ უოპსლმა, – ვიდრე


გამოვიდოდი, მაშინვე წავიდა. დავინახე, დარბაზიდან როგორ გავიდა.

რაკი ეჭვის საკმაო საბაბი მქონდა, საბრალო მსახიობშიც კი დავეჭვდი, ჩემ


გამოსატეხად მოწყობილი ერთგვარი ფანდიც კი ვივარაუდე, მაგრამ თავი
შევიკავე და მის გვერდიგვერდ მდუმარედ განვაგრძე გზა.

– გაგეცინებათ, მაგრამ თავიდან ვიფიქრე, თქვენთან ერთად ხომ არ მოვიდა,


მისტერ პიპ, მაგრამ მერე მივხვდი, რომ მის იქ ყოფნაზე წარმოდგენაც კი არ
გქონდათ, ის კი თქვენ ზურგს უკან მოჩვენებასავით იჯდა.

წეღანდელმა ძრწოლამ ძვალ-რბილში გამიარა, მაგრამ გდავწყვიტე, ხმა არ


ამომეღო და არანაირი ვარაუდი არ გამომეთქვა, რადგან ვიფიქრე, ამ
მინიშნებებით პროვისის ხსენებას ხომ არ მაიძულებს-მეთქი. თვითონ პროვისი
თეატრში რომ არ ყოფილა, ამაში მტკიცედ ვიყავი დარწმუნებული.
– ვხედავ, გაოცებული ხართ, მისტერ პიპ. რასაკვირველია, გაოცებული
იქნებით. მართლაც ყოვლად უცნაურია! რომ გეტყვით, ალბათ, არც კი
დამიჯერებთ. თქვენ რომ იგივე ამბავი მოგეთხროთ, არც მე დავიჯერებდი.

– მართლა?

– დიახ, ასეა. მისტერ პიპ, თუ გახსოვთ, დიდი ხნის წინათ, ერთ შობა დღეს,
თქვენ რომ ჯერ სულ მთლად ბავშვი იყავით, მე კი სწორედ გარჯერისთან
ვსადილობდი, კარზე სამხედროებმა დააკაკუნეს და ხელბორკილების შეკეთება
მოითხოვეს?

– ეს შემთხვევა კარგად მახსოვს.

– ისიც თუ გახსოვთ, ჯარისკაცებს ორი გაქცეული პატიმრის საძებნელად


გავყევით, გარჯერიმ ზურგზე შეგისვათ, მე წინ გაგიძეხით და თქვენც, როგორც
შეგეძლოთ, უკან მომყვებოდით?

– ყველაფერი კარგად მახსოვს, – იმაზე უკეთაც, ვიდრე უოპსლს ეგონა,


უკანასკნელ ფაქტს თუ არ ჩავთვლით.
– ისიც თუ გახსოვთ, ორივენი თხრილში რომ ვიპოვეთ, ერთმანეთში უჩხუბიათ
და ერთ-ერთს მეორე უმოწყალოდ უცემია, სახე სულ დასისხლიანებული
ჰქონდა?

– ახლაც თვალწინ მიდგას.

– მერე ჯარისკაცებმა ჩირაღდნები რომ აანთეს, ორივენი შუაში ჩაიყენეს და


ჩვენც ჭაობების გავლით გავყევით, რათა გვენახა, როგორ დააბინავებდნენ.
ჩირაღდნები სახეში უნათებდათ, ამას საგანგებოდ ვუსვამ ხაზს. დიახ, გარშემო
უკუნეთი ჩამწოლილიყო, მაგრამ სახეები ჩირაღდნების ალით ჰქონდათ
განათებული.

– დიახ, – დავუდასტურე, – ყველაფერი მახსოვს.

– ჰოდა, მისტერ პიპ, ამ ორი პატიმრიდან ერთ-ერთი ამ საღამოს თქვენ უკან


იჯდა. თქვენ მხარს უკან გავარჩიე.

მშვიდად-მეთქი, თავს შევუძახე, ხმამაღლა კი ვკითხე:

– რომელი დაინახეთ?

– რომელიც ნაცემი იყო! – ხალისით მიპასუხა, – გეფიცებით, მართლაც ის იყო!


რაც მეტს ვფიქრობ, მით უფრო ვრწმუნდები, რომ ის უნდა ყოფილიყო.

– ეს მართლაც ძალზე უცნაურია! – მთელი ღონე ვიხმარე, რათა მეჩვენებინა,


რომ ეს ამბავი ამ შეცხადებაზე მეტს არაფერს ნიშნავდა ჩემთვის, – ძალზე
უცნაური.

ვერაფრით გადავაჭარბებ, თუკი ვიტყვი, რომ ამ ცნობამ უკიდურესად


შემაშფოთა და ცივმა ჟრუანტელმაც კი დამიარა იმის გაფიქრებაზე, რომ
კომპეისონი ჩემს ზურგს უკან "მოჩვენებასავით იჯდა". მას მერე, რაც პროვისის
დამალვას შევუდექი, მხოლოდ რადენიმე წუთით შევწყვიტე მასზე ფიქრი და ეს
სწორედ ის წუთები აღმოჩნდა, როცა ეს მტარვალი ყველაზე ახლოს ყოფილა
ჩემთან. მთელი სიფრთხილის მიუხედავად, ასე უდარდელი და დაუდევარი რომ
აღმოვჩნდი, ამის გამო ისეთი განცდა დამეუფლა, თითქოს მისგან თორმეტ კარს
მიღმა ჩავიკეტე, წამის შემდეგ კი ჩემ გვერდით აღმოვაჩინე. ეჭვიც კი არ
მეპარებოდა, რომ თეატრში მხოლოდ ჩემ გამო მოვიდა და, რაოდენ მცირეც უნდა
ყოფილიყო მისი მხრიდან თავდასხმის შესაძლებლობა, საფრთხე მაინც
გამუდმებით ფეხდაფეხ მდევდა.

მისტერ უოპსლს ვკითხე, თუ როდის შემოვიდა ეს კაცი. ვერ მიპასუხა. როგორც


კი შევუნიშნივარ, ისიც მაშინვე დაუნახავს ჩემ უკან. მართალია, მაშინვე ვერ
უცნია, მაგრამ პირველი შეხედვიდანვე მე დამიკავშირა, ბუნდოვნად იგრძნო,
რომ ამ კაცსაც, ჩემსავით, სოფელში დიდი ხნის წინანდელ ცხოვრებასთან რაღაც
ჰქონდა საერთო. ვკითხე, თუ რა ეცვა. თუ არ ვცდები, შავი კოსტიუმიო –
მდიდრული, თუმცა არა თვალში საცემიო. სახე თუ ჰქონდა
დასახიჩრებული-მეთქი? მისი ვარაუდით, სრულებით არ ჰქონია. მეც ასე მეგონა.
მართალია, ფიქრებში ვიყავი გართული და ჩემ უკან მსხდომთ არ
დავკვირვებივარ, მაგრამ რამე თვალში საცემი სიმახინჯის მქონე ადამიანს,
ალბათ, ყურადდღებას მივაქცევდი.

მას მერე, რაც მისტერ უოპსლმა ყელაფერი გაიხსენა, რაც კი შეძლო, და მეც,
შეძლებისდაგვარად, გამოვკითხე, დამღლელი საღამოს შემდეგ მცირე სასმელზე
დავპატიჟე და მალევე დავემშვიდობე. როცა ტემპლს მივადექი, დრო ღამის
თორმეტსა და პირველს შორის უნდა ყოფილიყო და ჭიშკარი დაკეტილი
დამხვდა. როდესაც შევედი, გარშემო ვერავინ შევნიშნე.

ჰერბერტი თავისი ოთახიდან გამოვიდა და ცეცხლის პირას უაღრესად


სერიოზული თათბირი გავმართეთ. თუმცა ვერანაირი გამოსავალი ვერ ვიპოვეთ
გარდა იმისა, რომ ეს შემთხვევა უემიკისათვის გვეცნობებინა და ისიც
შეგვეხსენებინა, მისგან ნიშანს რომ ველოდით. რაკი ვიფიქრე, ციხესიმაგრეში
ხშირი სტუმრობით შეიძლებოდა ისიც საფრთხეში ჩამეგდო, მომხდარის შესახებ
მივწერე. ვიდრე დავწვებოდი, დაუყოვნებლივ დავწერე, გარეთ გავედი და
საფოსტო ყუთში ჩავაგდე. გარშემო კვლავ არავინ დამინახავს. მე და ჰერბერტი
შევთანხმდით, რომ ამაზე მეტს ვერაფერს ვიღონებდით, უკიდურეს
სიფრთხილეს თუ არ ჩავთვლით. ვინარჩუნებდით კიდეც სიფრხილეს –
უწინდელზე მეტად, თუკი ეს შესაძლებელი იყო. ჩინკზის ყურეს ახლოს აღარ
გავკარებივარ – მხოლოდ ნავით თუ ჩავუვლიდი, აი, მაშინ კი წისქვილის ტბორის
ნაპირს გაფაციცებით ვაკვირდებოდი.
48

წინა თავში ნახსენები ორი შეხვედრა ერთი კვირის შუალედით შედგა.


მაშინდელივით, ნავი ხიდის იქით, ნავსადგომზე დავტოვე, თუმცა იმ დღესთან
შედარებით ამჯერად დაახლოებით ერთი საათით ადრე გადმოვედი ნაპირზე.
სად მესადილა, ჯერაც არ მქონდა გადაწყვეტილი, უმიზნოდ დავეხეტებოდი
ჩიპსაიდზე – იქ მოფუსფუსე გამვლელთა შორის უსათუოდ ყველაზე მოცლილი
ვიყავი. უეცრად ვიღაც წამომეწია და ვეება ხელი უკნიდან მხარზე დამადო. წამის
შემდეგ მისტერ ჯეგერსმა ხელი ჩამოიღო და ხელკავი გამიყარა.

– რაკი ერთი მიმართულება გვაქვს, პიპ, ბარემ ერთად ვიაროთ. საით


გაგიწევია?

– ვფიქრობ, ტემპლისკენ, – ვუპასუხე.


– ზუსტად არ იცით? – ჩამეკითხა მისტერ ჯეგერსი.

– რა გითხრათ, – ერთგვარი კმაყოფილება ვიგრძენი იმის გამო, რომ ამჯერად


ის მისვამდა კითხვებს, – მართლაც არ ვიცი, რადგან ჯერ არ გადამიწყვეტია.

– სადილს ხომ აპირებთ? – მკითხა მისტერ ჯეგერსმა, – ეს მაინც შეგიძლიათ


დამიდასტუროთ?

– დიახ, – ვუპასუხე, – ამას გიდასტურებთ.

– ვინმესთან ხომ არ ხართ შეთანხმებული?

– იმასაც გიდასტურებთ, რომ არავისთან არ ვარ შეთანხმებული.

– თუკი ასეა, – მითხრა მისტერ ჯეგერსმა, – წამოდით, ჩემთან ისადილეთ.

უკვე თავაზიანი უარის თქმა დავაპირე, როდესაც დასძინა:


– უემიკიც მოდის.

ფრაზა, რომელიც წამოვიწყე, ორივე შემთხვევისათვის ივარგებდა, ამიტომ


მობოდიშების ნაცვლად თანხმობა ვუთხარი და ლიტლ-ბრიტანისაკენ
გავეშურეთ. გზადაგზა ვხედავდით, მაღაზიების ვიტრინები როგორ
კაშკაშდებოდა. ქუჩის მეფარნეები, ნაშუადღევის ორომტრიალში, კიბის
დასადგამ ადგილს გაჭირვებით პოულობდნენ, ხალხში გზას იკვლევდნენ და
ჩამოწოლილ ბურუსში იმდენივე წითელ თვალს ანთებდნენ, რამდენსაც
სასტუმრო "ჰამამზის" ნომერში ჩემი ლერწმის სანთელი თეთრად აჭყეტდა.

ლიტლ-ბრიტანის კანტორაში ჯეგერსი და მისი კლერკი, სამუშაო დღის ჩვეული


დასასრულის ნიშნად, წერილების წერას, ხელების ბანას, სანთლების ჩაქრობასა
და კარის საიმედოდ დაკეტვას შეუდგნენ. ბუხრის წინ უსაქმოდ ვიცდიდი და
ცეცხლის მოციმციმე შუქზე ორი სულისშემძვრელი ნიღაბი თაროდან თვალის
ჩაკვრობანას მეთამაშებოდა. მისტერ ჯეგერსი კი კუთხეში ნაჩქარევად წერდა და
მის აქეთ-იქიდან მბჟუტავი ორი სანთლის მღვრიე ნაღვენთი ტილოში გახვეულ
გვამებს მაგონებდა, თითქოს ჩამომხრჩვალი კლიენტების ხსოვნას ინახავსო.

სამივენი გერარდ-სტრიტზე ეტლით გავემგზავრეთ. სადილი მისვლისთანავე


მოგვართვეს. ვიცოდი, აქ უადგილო იქნებოდა უემიკის უოლუორთულ განწყობაზე
თუნდაც ოდნავი მინიშნება, მაგრამ მისგან დროდადრო მეგობრულ მზერას მაინც
ველოდი. როგორც აღმოჩნდა, ამაოდ. როცა კი სუფრიდან ამოიხედავდა, მისტერ
ჯეგერსს მიუბრუნდებოდა, ჩემთან კი ისე უცხოდ და ცივად ეჭირა თავი, თითქოს
უემიკის ტყუპისცალი ყოფილიყო, რომელსაც არ ვიცნობდი.

– უემიკ, მის ჰევიშემის ბარათი მისტერ პიპს თუ გაუგზავნეთ? – ჰკითხა


მისტერ ჯეგერსმა, როგორც კი სადილს შევუდექით.

– არა, სერ. ფოსტით ვაპირებდი გაგზავნას, როდესაც მისტერ პიპი კანტორაში


მოიყვანეთ. აგერ არის, – კონვერტი ამოიღო, მაგრამ მე კი არა, თავის უფროსს
გაუწოდა.

– სულ რაღაც ორსტრიქონიანი ბარათია, პიპ, – თავის მხრივ გადმომაწოდა


კონვერტი ჯეგერსმა, – მის ჰევიშემმა გამომიგზავნა, რაკი თქვენი მისამართი
ზუტად არ იცოდა. მწერს, რომ თქვენი ნახვა სურს იმ მცირე საქმესთან
დაკავშირებით, მასთან საუბრისას რომ ახსენეთ. აპირებთ გამგზავრებას?

– დიახ, – ვუთხარი, თან ბარათს თვალი გადავავლე, თუმცა ახალი ვერაფერი


ამოვიკითხე.

‒ მაინც როდის გაემგზავრებით?

– ერთი აუცილებელი საქმე მაქვს, – თვალი უემიკისკენ გავაპარე, რომელმაც


სწორედ ამ დროს გადაუშვა თევზის ნაჭერი თავის საფოსტო ყუთში, – რის გამოც
ჩემს დროს მთლად თავისუფლად ვერ განვკარგავ. მაგრამ, ვფიქრობ,
დაუყოვნებლივ გავემგზავრები.

– თუკი მისტერ პიპი დაუყოვნებლივ აპირებს გამგზავრებას, – უთხრა უემიკმა


მისტერ ჯეგერსს, – მაშინ, მგონი, პასუხის მიწერა საჭირო აღარაა.

ეს იმის ფარულ მინიშნებად მივიღე, რომ გადადება არ ღირდა და


გადავწყვიტე, ხვალვე გავმგზავრებულიყავი. ასეც ვთქვი, რის შემდეგაც უემიკმა
ღვინო მოწრუპა და ჩემკენ კვლავაც არ მობრუნებულა, მაგრამ უდრტვინველი
კმაყოფილებით შეხედა მისტერ ჯეგერსს.

– მაშ, ასე, პიპ! ჩვენმა მეგობარმა ობობამ ნაბიჯი გადადგა და მთავარი


პრიზიც მოიგო.

მხოლოდ ის შევძელი, დასტურის ნიშნად თავი დამეკრა.

– მრავლისაღმთქმელი ახალგაზრდაა – ცხადია, თავისებურად, მაგრამ


სავსებით შეიძლება, ბოლომდე თავისი ვერ გაიტანოს. საბოლოოდ ძლიერი
გაიმარჯვებს, ოღონდ ჯერაც გასარკვევია, ძლიერი ვინ არის. თუკი მეუღლეს
უხეშად მოეპყრობა...

– ნუთუ, – გულდამწვარმა და აჭარხლებულმა გავაწყვეტინე, – ასეთ


არამზადად მიგაჩნიათ, მისტერ ჯეგერს?!

– ეს არ მითქვამს, პიპ. უბრალოდ დავუშვი. თუკი მეუღლეს უხეშად მოექცევა,


გამარჯვებული თვითონ დარჩება; მაგრამ თუკი ჭკუა-გონებაზე მიდგა საქმე, ეჭვი
არ მეპარება, მეუღლე აჯობებს. ამაო გარჯა იქნება მარჩიელობა, საბოლოოდ რას
მოიმოქმედებს, რადგან მისნაირი ადამიანებისათვის ორი გამოსავალი
არსებობს.

– შეგიძლიათ მითხრათ, რა და რა?


– ჩვენი ობობასნაირი ადამიანი, – მიპასუხა მისტერ ჯეგერსმა, – ან ჩაგრავს,
ან იჩაგრება; შეიძლება უხმოდ დაუხაროს თავი, შეიძლება გმინვითა და
კბილების ღრჭენით დაემორჩილოს, მაგრამ ორიდან ერთია: ან სხვას
დაჩაგრავს, ან თვითონ დაიჩაგრება. შეგიძლიათ უემიკის აზრიც მოისმინოთ.

– ან დაჩაგრავს, ან დაიჩაგრება, – კვლავაც ისე დაუდასტურა უემიკმა,


თითქოს მე ვერ მამჩნევდა.

– ასე რომ, მისის ბენტლი დრამლს გაუმარჯოს, – განაცხადა ჯეგერსმა,


გვერდით მოდგმული ბორბლებიანი მაგიდიდან გრაფინი გადმოიღო და ნარჩევი
ღვინო ჩამოგვისხა, – დაე, უპირატესობა ქალის მხარეს აღმოჩნდეს! რადგან
ყოვლად შეუძლებელია, უპირატესობა ქალსაც ჰქონდეს და მამაკაცსაც. მოლი,
მოლი, დღეს რა ნელი ხარ! – ამას რომ ამბობდა, ქალი მის გვერდით იდგა და
სუფრაზე მომდევნო კერძის შემოსადგმელად ემზადებოდა. როდესაც დადგა,
სინს ნელა მოაცილა ხელები, ორი ნაბიჯით უკან დაიხია და ოდნავგასაგონად
მოუბოდიშა. ყურადღება მივაქციე, ლაპარაკისას თითებს უცნაურად
ამოძრავებდა.

– რა დაგემართათ? – მკითხა მისტერ ჯეგერსმა.

– არაფერი. უბრალოდ ჩემთვის ფრიად მტკივნეულ თემაზე ვსაუბრობდით.

ქალი თითებს ისე ამოძრავებდა, თითქოს ქსოვდა. იდგა, თავის ბატონს


მისჩერებოდა და არ იცოდა, წასულიყო თუ მოეცადა, ვაითუ ჯეგერსს კიდევ რამე
ეთქვა და უკან მოებრუნებინა. ქალს დაჟინებული მზერა ჰქონდა. ვაი, რომ ცოტა
ხნის წინათ, ჩემთვის ავადსახსოვარ დღესაც ასეთი თვალები და თითები
ვიხილე!

ჯეგერსმა მოსამსახურე დაითხოვა. მოლი წავიდა, თუმცა ჯერ ისევ ცხადად


მედგა თვალწინ. მისი თვალები, მისი ხელები, თმის უხვი კონა გონებაში სხვა
თვალებს, სხვა ხელებსა და თმას შევადარე და წარმოვიდგინე, ამ ყოველივეს
უხეში ქმრის გვერდით ოცწლიანი ქარიშხლიანი ცხოვრება როგორ შეცვლიდა.
კვლავ მოსამსახურის ხელები და თვალები წარმომიდგა და მაშინვე ჩემი
ყოვლად აუხსნელი განცდა მომაგონდა, როდესაც ერთ პიროვნებასთან ერთად
გავერანებულ ბაღსა და მიტოვებული ლუდსახდელის ირგვლივ უკანასკნელად
ვსეირნობდი. მომაგონდა, რომ იგივე განცდა მაშინაც დამეუფლა, როდესაც
დილიჟანსის ფანჯრიდან დამიძახეს და ხელი დამიქნიეს; როგორ დამიბრუნდა ეს
განცდა, უფრო სწორად, ელვისებურად გამკრა მაშინ, როდესაც, ამავე
პიროვნებასთან ერთად, ღამით, ფარნების შუქის ზოლებში ეტლით მივდიოდი.
მომაგონდა, ასოციაციური ჯაჭვის ერთადერთი რგოლი როგორ დაეხმარა მისტერ
უოპსლს პატიმრის ამოცნობაში და დავრწმუნდი, ამდენი ხნის განმავლობაში მეც
ერთადერთი რგოლი რომ მაკლდა, ახლა კი ესტელას სახელის ხსენების ამ
სურათთან დამთხვევამ მაპოვნინა: თითები ქსოვენ, თვალები გაფაციცებით
იცქირებიან. ერთბაშად სავსებით დავრწმუნდი, ეს ქალი ესტელას დედა იყო.

მისტერ ჯეგერსს ვუნახივარ ესტელასთან ერთად და უეჭველად უნდა


შეენიშნა მისდამი ჩემი გრძნობა, რომლის დამალვა არც მიცდია. როდესაც
ვთქვი, ეს თემა ჩემთვის მტკივნეულია-მეთქი, გაგების ნიშნად თავი დამიქნია,
ზურგზე ხელი მომითათუნა და ჭიქები შეგვივსო, მერე კი სადილს მიუბრუნდა.

იმ საღამოს მოსამსახურე მხოლოდ ორჯერდღა შემოვიდა, ისიც ძალზე ცოტა


ხნით. მისტერ ჯეგერსი მკაცრად ეპყრობოდა. მაგრამ მისი ხელები ესტელას
ხელები იყო, მისი თვალები – ესტელას თვალები და ასჯერაც რომ
გამოჩენილიყო, ჩემი აღმოჩენის ჭეშმარიტებაში ვერც მეტად დავრწმუნდებოდი
და ვერც ნაკლებად.

მოსაწყენი საღამო გამოდგა, რადგან უემიკი, როცაკი ღვინოს უსხამდნენ, ისე


საქმიანად წრუპავდა, გეგონება, ამაში ხელფასს უხდიდნენ; თავის უფროსს
თვალს არ აცილებდა, თითქოს ეჭვმიტანილის დაკითხვისათვის მუდმივ
მზადყოფნაში იყო. თავისი საფოსტო ყუთით ისე გულგრილად და მორჩილად
ნთქავდა სასმელს, როგორც ნებისმიერი საფოსტო ყუთი – აუარება წერილს.
ჩემთვის ის კვლავ რჩებოდა უოლუორთელი უემიკის უცხო ტყუპისცალად,
რომელსაც მხოლოდ გარეგნულად ჰგავდა.
მასპინძელს ადრე გამოვემშვიდობეთ და ერთად წამოვედით. ჯერ კიდევ
მისტერ ჯეგერსის საკიდთან, ჩვენ-ჩვენს ქუდებს რომ ვირგებდით, შევატყვე,
ჩემიანი ტყუპისცალი ბრუნდებოდა. როცა გერარდ-სტრიტზე უოლუორთის
მიმართულებით ხუთიოდე იარდი გავიარეთ, უკვე დავრწმუნდი, ჩემ გვერდით
ჩემიანი ტყუპისცალი მოაბიჯებდა, ის მეორე, უცხო კი საღამოს ჰაერში
აორთქლებულიყო.

– ესეც ასე! – ამოიოხრა უემიკმა, – როგორც იქნა, დასრულდა! დიდებული


კაცია, მოკვდავთა შორის ბადალი არ ჰყავს, მაგრამ მასთან ერთად როცაკი
ვსადილობ, შებოჭილი ვარ, მე კი ლაღად მირჩევნია სადილობა.

სავსებით დავეთანხმე და იგივე ვუთხარი.


– ამას თქვენ გარდა ვერავის ვეტყოდი, – მიპასუხა, – რადგან ვიცი, ჩვენ
შორის ნათქვამი სხვაგან აღარ გავრცელდება.

ვკითხე, ოდესმე თუ ენახა მის ჰევიშემის შვილობილი, მისის ბენტლი


დრამლი. არასოდესო, მიპასუხა. მეტისმეტად უცაბედი გადასვლა რომ არ
გამომსვლოდა, მოხუცი მშობელი და მის სკიფინზი მოვიკითხე. მის სკიფინზის
ხსენებისას ეშმაკურად გამომხედა, შუა ქუჩაში გაჩერდა და ცხვირი მოიხოცა,
თან ფარული თვითკმაყოფილებით აიქნია თავი.

– უემიკ, – ვუთხარი მერე, – გახსოვთ, ვიდრე მისტერ ჯეგერსს შინ პირველად


ვესტუმრებოდი, როგორ გამაფრთხილეთ, მის მოსამსახურეს ყურადღებით
დავკვირვებოდი.

– ასე გითხარით? – გაიკვირვა, – რაღაც ვერ ვიხსენებ. თუმცა, ეშმაკმა


დამწყევლოს, – უეცრად შეიცვალა კილო, – მართლაც გაგაფრთხილეთ. მგონი,
ჯერ ისევ შებოჭილი ვარ.

– მაშინ მითხარით, მოთვინიერებული მხეციაო.

– თქვენ თვითონ როგორ შეაფასებთ?

– ასევე. როგორ შეძლო მისტერ ჯეგერსმა მისი მორჯულება, უემიკ?

– ეს მისი საიდუმლოა. ეს ქალი უკვე მრავალი წელია, ემსახურება.

– გთხოვთ, მისი ამბავი მომითხროთ. ამ ინტერესისათვის საგანგებო მიზეზი


მაქვს. ხომ იცით, ჩვენ შორის ნათქვამი სხვაგან არ გავრცელდება.

– რა გითხრათ? – მიპასუხა უემიკმა, – მისი ამბავი არ ვიცი. ყოველ


შემთხვევაში, მთლიანად. რაც ვიცი, გიამბობთ. რა თქმა უნდა, ეს სავსებით
არაოფიციალური საუბარი იქნება.

– რა თქმა უნდა.

– ასე, ოციოდე წლის წინ ეს ქალი ოლდ-ბეილიში მკვლელობისათვის


გაასამართლეს და უდანაშაულოდ სცნეს. მაშინ ძალზე ლამაზი იყო, ვფიქრობ,
ბოშური სისხლი ურევია. ასე თუ ისე, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, იმხანად რა
შმაგი და თავზე ხელაღებული ქალი უნდა ყოფილიყო.
– კი მაგრამ, ხომ გაამართლეს?

– მისტერ ჯეგერსი იცავდა, – მრავალმნიშვნელოვნად შემომხედა უემიკმა, ‒


და ამ საქმეს გასაოცარი გულისყურით მიუდგა. სრულიად უიმედო საქმე ჩანდა,
თვითონაც ჯერ გამოუცდელი იყო, მაგრამ თავი ისე გაართვა, ყველა გააოცა.
შეიძლება ითქვას, ამ საქმემ გაუთქვა სახელი. დილიდან საღამომდე პოლიციის
განყოფილებაში იჯდა, თავიდან ბოლომდე ყველაფერი თვითონ დაამუშავა,
ლამის სულაც დაახურინა საქმე. ხოლო სასამართლოში, სადაც თვითონ
ვეღარაფერს წარმართავდა, პრეზიდიუმში მოკალათდა და, როგორც ყველამ
იცოდა, პროცესი მისი წინასწარი გეგმის მიხედვით მიმდინარეობდა. მოკლული
ქალი იყო; მსჯავრდებულზე ათიოდე წლით უფროსი, ბევრად უფრო ტანსრული
და ღონიერი. მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა. ორივე ქალი მომთაბარე
ცხოვრებას ეწეოდა და ეს, რომელიც ახლა გერარდ-სტრიტზე ცხოვრობს, ძალზე
ახალგაზრდა იყო, როცა თავისნაირ მაწანწალას გაჰყვა ცოლად, როგორც
იტყვიან, საყდარს გარეთ, ბუჩქის ძირას. ეს ქალი ისეთი ეჭვიანი ყოფილა –
ნამდვილი სატანა. მოკლული ქალი – რაღა დაგიმალოთ, ასაკით იმ კაცს ეგ
უფრო შეეფერებოდა – ჰაუნსლაუს მინდვრის შორიახლო, ერთ ფარდულში
იპოვეს. იქაურობას ჩხუბის კვალი ეტყობოდა. მოკლული სახედაკაწრული და
ნაცემი იყო, ბოლოს კი დაუხრჩვიათ. ამ ქალის გარდა ეჭვი სხვა ვერავისზე
მიიტანეს. მისტერ ჯეგერსმა კი საქმე ძირითადად იმაზე ააწყო, რომ
ეჭვმიტანილი ამგვარი მკვლელობის ჩადენას ფიზიკურად ვერ შეძლებდა.
გარწმუნებთ, – მკლავზე ხელი შემახო უემიკმა, – იმ დროს მისტერ ჯეგერსს
თავისი კლიენტის ფიზიკურ ძალაზე არავისი ყურადღება არ გაუმახვილებია,
თუმცა ახლა ზოგჯერ ამახვილებს ხოლმე.

ვუთხარი, რომ იმ დღეს, მასთან პირველად როცა ვისადილე, ჯეგერსმა ქალს


უბრძანა, ჩვენთვის ხელები ეჩვენებინა.

– მოკლედ, – განაგრძო უემიკმა, – მას მერე, რაც საქმეს მსვლელობა მიეცა, ამ


ქალს იმდენად ოსტატურად მორგებული კაბები ეცვა, რომ იმაზე ბევრად თხელს
აჩენდა, ვიდრე სინამდვილეში იყო. განსაკუთრებით სახელოები ისე უფარავდა
მკლავებს, სუსტი და ფაქიზი მოგეჩვენებოდათ. ტანზე სულ ორიოდე
დაბეჟილობა ემჩნეოდა, რაც ჩხუბის საბუთად ვერ ჩაითვლებოდა, მაგრამ ხელის
მტევნები დაკაწრული ჰქონდა და ეს კი ბუნებრივ კითხვას ბადებდა:
ფრჩხილებით ხომ არ დაკაწრეს? მისტერ ჯეგერსმა დაამტკიცა, რომ ქალმა
კვრინჩხის ბუჩქებით გაიკვლია გზა. მართალია, ბუჩქები სახემდე ვერ
სწვდებოდა, თუმცა ხელები დაუკაწრა. ამასთან, ქალის კანში მართლაც
რამდენიმე ხიჭვი აღმოაჩინეს და სხვა ნივთმტკიცებებს დაურთეს. კვრინჩხის
ბუჩქებშიც აშკარად ვიღაცას გაევლო, ადგილ-ადგილ დამტვრეული იყო და ზედ
ამ ქალი კაბის ნაგლეჯები და მისი სისხლის კვალიც კი აღმოაჩინეს. მაგრამ მისი
ყველაზე ძლიერი სვლა ეს არ ყოფილა. ქალის ეჭვიანობას იმით ამტკიცებდნენ,
რომ, როგორც ვარაუდობდნენ, მან ქმარზე შურის საძიებლად მისგან შეძენილი
სამიოდე წლის ბავშვი მოკლა. მისტერ ჯეგერსმა ეს ბრალდება შემდეგნაირად
გააცამტვერა: "ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ეს ნაკაწრები მსჯავრდებულს ფრჩხილებმა
კი არა, ეკლებმა მიაყენა და ამ ეკლებს გიჩვენებთ კიდეც. თქვენ კი მაინც
ამტკიცებთ, რომ ფრჩხილებითაა დაკაწრული და ამას ჰიპოთეზით გვისაბუთებთ,
თითქოს ამ ქალმა საკუთარ ბავშვს სიცოცხლე მოუსწრაფა. თუ ასეა, ამ
ჰიპოთეზის ყველა შესაძლო შედეგიც უნდა გაითვალისწინოთ. ვინ იცის, იქნებ ამ
ქალმა მართლაც მოკლა თავისი ბავშვი და ხელებიც სწორედ ბავშვმა
დაუფხაყნა, თავს როცა იცავდა? მაშ, რა გამოდის? რატომ არ ასამართლებთ ამ
ქალს საკუთარი ბავშვის მკვლელობისათვის? ხოლო თუკი ჩვენს საქმეს
დავუბრუნდებით და, თუკი ისევ ამტკიცებთ, რომ ამ ქალს ხელები ფრჩხილებით
დაუფხაყნეს, როგორც ჩანს, ამ გარემოებას თქვენ სასარგებლოდ უპირებთ
გამოყენებას, თუკი, არგუმენტის სახით, არ დავუშვებთ, რომ თქვენი ვერსია
თავიდან ბოლომდე შეთითხნილია!". მოკლედ, – დაასკვნა უემიკმა, – მისტერ
ჯეგერსმა მსაჯულებს ისე აუბნია თავგზა, ბოლოს და ბოლოს ფარ-ხმალი
დაყარეს.

– ქალი მას მერე მისტერ ჯეგერსს ემსახურება?

– დიახ, მაგრამ მთავარი ეგ არ არის, – მითხრა უემიკმა, – მასთან სამსახური


მაშინვე დაიწყო, როგორც კი გაამართლეს. თავიდანვე ასეთი მოთვინიერებული
იყო, როგორსაც ახლა ხედავთ. მას მერე მხოლოდ დიასახლისის ზოგიერთი
მოვალეობის შესრულება ისწავლა, მაგრამ თვინიერება თავიდანვე და
ერთბაშად ასწავლეს.

– მისი ბავშვის სქესი ხომ არ გახსოვთ?

– ამბობენ, გოგონა იყოო.

– დღეს სხვა არაფერი გაქვთ ჩემთვის სათქმელი?

– არაფერი. თქვენი წერილი მივიღე და გავანადგურე. სხვა არაფერი.


ერთმანეთს გულითადად ვუსურვეთ მშვიდობიანი ღამე. მერე შინისაკენ
გავეშურე ახალი საფიქრალით, თუმცა ვერც ძველი დარდები გადავიყარე
გულიდან.
49

მის ჰევიშემის ბარათი ჯიბეში ჩავიდე, რათა თავის გასამართლებლად


გამომეყენებინა, თუკი, ჩვეული დაბნეულობის გამო, ქალი გაიკვირვებდა, რატომ
დავბრუნდი ასე სწრაფად სატისის სახლში, და მეორე დღეს დილიჟანსს გავყევი.
ოღონდაც შუაგზის სადგურზე ჩავედი და იქვე ვისაუზმე, რადგან მინდოდა,
ქალაქში ყველასაგან შეუმჩნევლად შევსულიყავი და მერე წამოვსულიყავი.

უკვე ბინდდებოდა. ქალაქის მთავარი ქუჩის უკან მდუმარე ეზოები გამოვიარე.


ძველი სამონასტრო სათავსოებისა და სატრაპეზოების ნანგრევები, რომელთა
გარშემო ბერებს წინათ ბაღები ჰქონდათ გაშენებული, ფარდულებად და
საჯინიბოებად გადაეკეთებინათ და ლამის სამარეებში მწოლიარე ბერებივით
დუმდნენ. ტაძრის ზარების ხმა ასე ნაღვლიანად და ყრუდ არასოდეს
აჟღერებულა, როგორც ახლა, როდესაც ვჩქარობდი, რათა არავის შევენიშნე.
ძველი ორგანის ჰანგებმა სამგლოვიარო მუსიკა მომაგონა, ხოლო მონასტრის
რუხი სამრეკლოს გარშემო და ბაღის მაღალი ხეების რტოებში მოწრიალე
ყჭილყვავები თავიანთი ყვირილით თითქოს მახსენებდნენ, რომ აქაურობა
შეიცვალა და ესტელა აღარასოდეს დაბრუნდებოდა.

ჭიშკარი ხნიერმა მსახურმა ქალმა გამიღო, რომელიც ადრეც მინახავს და


ვიცოდი, რომ ფლიგელში ცხოვრობდა. ბნელ დერეფანში უწინდელივით დამხვდა
ანთებული სანთელი, რომელიც ავიღე და კიბეს მარტო ავუყევი. მის ჰევიშემი
თავის ოთახში არ იყო. იგი კიბის ბაქნის მეორე მხარეს, დიდ ოთახში ვიპოვე.
ამაოდ ვაკაკუნე, მერე კარი შევაღე და დავინახე, ბუხართან ახლოს მიდგმულ,
გაცრეცილ სავარძელში იჯდა და ჩანავლულ ცეცხლს აშტერდებოდა.
როგორც წინათაც გამიკეთებია, ახლაც უხმოდ შევედი და ბუხართან დავდექი,
რათა, თავს როგორც კი ასწევდა, დავენახე. ისეთი მარტოსული მეჩვენა,
შევიბრალებდი, თავისი ნებით იმაზე მეტი რომ არ დაეშავებინა ჩემთვის, ვიდრე
ბრალად ვდებდი. მაინც თანაგრძნობით დავყურებდი და გავიფიქრე, რომ მეც
მისი იავარქმნილი სახლის ნაწილად ვიქეცი. ამომხედა და ერთხანს გაოცებული
მაკვირდებოდა, მერე კი ხმადაბლა ამოთქვა:
– ცხადია თუ სიზმარი?

– მე ვარ, პიპი. მისტერ ჯეგერსმა თქვენი ბარათი გუშინ გადმომცა და მაშინვე


ჩამოვედი.

– გმადლობ. გმადლობ.

ცეცხლთან მეორე გაცრეცილი სავარძელი მივდგი და ჩავჯექი. მის სახეზე


რაღაც სხვა გამომეტყველება შევნიშნე – თითქოს ჩემი ეშინოდა.

– მინდა ის საქმე მოვაგვარო, რომელიც ჩვენი უკანასკნელი შეხვედრისას


ახსენე და ამით დაგიმტკიცო, რომ მთლად ქვის გული არა მაქვს. თუმცა, ალბათ,
მაინც არ დაიჯერებ, რომ ადამიანური გრძნობები გამაჩნია, არა?

ამის საწინააღმდეგოდ რაღაც ამოვილუღლუღე და ხელი ისე გამომიშვირა,


თითქოს სურდა, შემხებოდა, მაგრამ ვიდრე გამოვერკვეოდი და საპასუხო
ჟესტისათვის მოვემზადებოდი, უკან წაიღო.

– შენს მეგობართან დაკავშირებით მითხარი, რომ მირჩევდი, როგორ


გამეკეთებინა მისთვის საჭირო და სასარგებლო რამ, რის გაკეთებასაც თავად
ისურვებდი, ასე არ არის?

– დიახ, რის გაკეთებასაც ძალიან, ძალიან ვისურვებდი.

– მაინც რა არის?

ჰერბერტის საქმიანი პარტნიორობის საიდუმლოს მოყოლას შევუდექი.


თხრობა ახალი დაწყებული მქონდა, როცა სახის გამომეტყველებაზე შევატყვე,
ყურს არ მიგდებდა. საუბარი შევწყვიტე და ამაში საბოლოოდ დავრწმუნდი –
ერთხანს კიდევ გარინდული იჯდა, ვიდრე შენიშნავდა, რომ აღარ
ველაპარაკებოდი.

– იმიტომ დადუმდი, – წეღანდელი შეშინებული სახით მკითხა, – რომ


გძულვარ და ჩემთან ლაპარაკიც კი არ შეგიძლია?

– არა, არა, – ვუპასუხე, – ეს რამ გაფიქრებინათ, მის ჰევიშემ? იმიტომ


გავჩერდი, რომ მეგონა, ჩემს მონათხრობს არ უსმენდით.
– იქნებ არც გისმენდი, – წამით თავზე დაიდო ხელი, – თავიდან დაიწყე და
სხვაგან თუ გავიხედავ, არ გაგიკვირდეს. მოიცადე! ახლა დაიწყე.

თავის ჯოხს იმ მტკიცე ჟესტით დაეყრდნო, ზოგჯერ რომ სჩვეოდა, და ცეცხლს


ისე ჩააკვირდა, აშკარა იყო, ყურადღების მოკრებას ცდილობდა. ჩემი
ახსნა-განმარტება განვაგრძე და ვუამბე, თუ როგორ ვაპირებდი საქმის ბოლომდე
მიყვანას, ისიც ვუთხარი, რომ ამაში ხელი მომეცარა. შევახსენე, რომ ჩემს
შესაძლებლობებს რაც შეეხებოდა, სხვის საიდუმლოს უკავშირდებოდა,
ამიტომაც ვერაფერს გავამხელდი.

– მაშ, ასე, – თავი ასწია, თუმცა ჩემთვის თვალი არ გაუსწორებია, – რა თანხა


დასჭირდება საქმის ბოლომდე მიყვანას?

– ცხრა ათასი გირვანქა სტერლინგი, – გამოვუტყდი შიშით, რადგან დიდ


თანხად მეჩვენებოდა.

– თუ ამ ფულს მოგცემ, ჩემს საიდუმლოსაც ისევე შეინახავ, როგორც შენსას


ინახავდი?

– ისევე ერთგულად.

– და ეს ოდნავ მაინც დაგამშვიდებს?

– ეს დიდად დამამშვიდებს.

– ახლა ძალიან უბედური ხარ?

ეს რომ მკითხა, არც მაშინ მოუხედავს, მაგრამ ხმაში მოულოდნელი სილბო


გაუკრთა. მაშინვე ვერ ვუპასუხე, რადგან ხმამ მიმტყუნა. ქალი ჯოხზე
ჩამოდებულ ხელს შუბლით დაეყრდნო.

– ბედნიერებისგან ნამდვილად შორს ვარ, მის ჰევიშემ, მაგრამ წუხილის სხვა


მიზეზებიც მაქვს, რომლის შესახებაც არაფერი იცით. ესეც იმ საიდუმლოს
ნაწილია.

ორიოდე წამში თავი ასწია და კვლავ ცეცხლს ჩააცქერდა.

– წუხილის სხვა მიზეზებიც მაქვსო, ეს დიდსულოვანი ნათქვამია. მართალს


ამბობ?

– ვაი, რომ მართალს ვამბობ.

– მხოლოდ ის შემიძლია, რომ შენი მეგობრისთვის დაგეხმარო, პიპ?


ჩათვალე, ეს უკვე გავაკეთე, მაგრამ პირადად შენთვის რა ვიღონო?

‒ არაფერი. გმადლობთ ამ შეკითხვისთვის. კიდევ უფრო მადლობელი ვარ იმ


კილოსთვის, რითაც ეს კითხვა დამისვით. მაგრამ თქვენ ვერაფრით
დამეხმარებით.

რამდენიმე ხანში წამოდგა და ოთახს გადახედა. საწერ მოწყობილობებს


ეძებდა, მაგრამ ვერ აღმოაჩინა. მაშინ ჯიბიდან გამუქებულ ოქროს ყდაში
ჩასმული მოყვითალო სპილოს ძვლის ფირფიტები ამოიღო და მოოქრული
ფანქრით, რომელიც ძეწკვით ყელზე ეკიდა, წერას შეუდგა.

– მისტერ ჯეგერსთან ისევ მეგობრობ?

– დიახ. გუშინ მასთან ვისადილე.

– ამით უფლებამოსილებას ვაძლევ, ეს ფული გადაიხადოს, რათა შენს


მეგობარს მოახმარო. აქ ფულს არ ვინახავ. მაგრამ თუ გირჩევნია, მისტერ
ჯეგერსმა ამის შესახებ არაფერი გაიგოს, მითხარი და გამოგიგზავნი.

– გმადლობთ, მის ჰევიშემ. არაფერი მაქვს იმის საწინააღმდეგო, ეს ფული


მისტერ ჯეგერსისგან მივიღო.

დაწერილი წამიკითხა. მარტივად და ცხადად ეწერა. შეეცადა იმის


ყოველგვარი ეჭვი გაექარწყლებინა, რომ ამ ფულით შეიძლებოდა თვითონ
მესარგებლა. ფირფიტები გამოვართვი. ხელი უცახცახებდა. უფრო მეტად მაშინ
აუცახცახდა, როცა ოქროს ძეწკვი მოიხსნა და ფანქარი ხელში ჩამიდო. მთელი ამ
ხნის განმავლობაში ერთხელაც არ გაუსწორებია ჩემთვის თვალი.

– ჩემი სახელი პირველ ფირფიტაზე წერია. თუკი ოდესმე შეძლებ, მის ქვეშ
დაწერო: "ვპატიობ" – თუნდაც მაშინ, როცა ჩემი გაბზარული გული დიდი ხნის
დაფერფლილი იქნება – გთხოვ, ეს გააკეთე.

– ოჰ, მის ჰევიშემ, – ვუპასუხე, – ამას ახლაც ვიზამ. ძალზე მტკივნეული


შეცდომები დავუშვი. ბრმად და უმადურად ვიცხოვრე. რა უფლება მაქვს, არ
გაპატიოთ, თუკი თვითონაც პატიება და დარიგება მჭირდება?

მთელი ამ ხნის განმავლობაში პირველად შემომხედა და ჩემდა გასაოცრად –


მეტიც: ჩემდა შესაძრწუნებლად – მუხლებზე დაეცა. გადაჭდობილი ხელები ისე
გამომიშვირა, როგორც, ალბათ, ბავშვობაში, დედის გვერდით მუხლმოყრილი,
ზეცისაკენ აღაპყრობდა მაშინ, როცა გული ჯერ კიდევ ნორჩი, მრთელი და საღი
ჰქონდა.

ჩემ წინაშე დაჩოქილი ამ ჭაღარათმიანი, სახედაღარული ქალის ხილვამ ისე


შემზარა, ძვალ-რბილში სუსხმა დამიარა. ხელზე ჩამომეკიდა, მერე ზედ თავი
დამადო და ატირდა. მანამდე არასოდეს მენახა მის თვალზე ცრემლი და
ვიფიქრე, ეს შვებას მოჰგვრიდა, ამიტომ მისკენ დავიხარე, თუმცა არაფერი
მითქვამს. ახლა უკვე მუხლებზე კი აღარ იდგა, ძირს იყო გართხმული.

– ოჰ! – სასოწარკვეთილი ქვითინებდა, – რა ჩავიდინე! რა ჩავიდინე!

– თუკი იმას გულისხმობთ, მე რაც დამიშავეთ, გეტყვით. ძალზე მცირედი.


ესტელა ნებისმიერ შემთხვევაში შემიყვარდებოდა. უკვე დაქორწინდა?

– ჰო.

შეკითხვა ზედმეტი იყო, რადგან მისი უსასოო სახლის ახალმა უსასოობამ ეს


მისვლისთანავე მამცნო.

– რა ჩავიდინე! რა ჩავიდინე! – ხელებს იმტვრევდა, თმას იგლეჯდა და


განუწყვეტლივ იმეორებდა: – რა ჩავიდინე!

არ ვიცოდი, რა მეპასუხა, როგორ მენუგეშებინა. კარგად მესმოდა, რა მძიმე


ცოდვა ჩაიდინა, როცა მგრძნობიარე ბავშვის სულს დაეპატრონა და ისეთნაირად
დაამახინჯა, რასაც მისი ველური რისხვა, გასრესილი სიყვარული და შებღალული
თავმოყვარეობა შურისძიების სახით ითხოვდა. მაგრამ ისიც ვიცოდი, რომ დღის
სინათლის დახშობით უსასრულოდ ბევრი რამ დაიხშო; თავის კარჩაკეტილობაში
უამრავ ბუნებრივ და კეთილისმყოფელ გავლენაზე თქვა უარი. ასევე კარგად
ვიცოდი, რომ მარტოსულ ფიქრებში გამომწყვდეული მისი გონება დაავადდა, რაც
გარდუვალად შეემთხვეოდა ნებისმიერ სხვა გონებას, თუკი წინ აღუდგებოდა
შემოქმედის წესსა და კანონს. ან როგორ შემეძლო, სიბრალულის გარეშე მენახა,
თავი როგორ გაინადგურა, დარდი ამპარტავნებად როგორ ექცა – ამ დარდმა
მოწყვიტა იმ მიწიერ ყოფას, რომელიც გამჩენმა დაუწესა; თან აკვიატებულ
აზრად, მანიად ექცა ისევე, როგორც აკვიატებულ აზრად იქცევა ხოლმე
სინანული, სირცხვილი თუ თავის დამდაბლება, რომელიც კაცობრიობას
დაღუპვისაკენ მიაქანებს?!

– იმ დღემდე, როდესაც გული გაუხსენი და შენში, როგორც სარკეში, ის ტანჯვა


ვიხილე, რაც წინათ თვითონ გამოვიარე, არ ვიცოდი, რამდენად დიდი
დანაშაული ჩავიდინე. ღმერთო, რა ჩავიდინე! რა ჩავიდინე! – და ასე მოჰყვა
კვლავაც ოცჯერ თუ ორმოცდაათჯერ იმაზე გლოვას, რაც ჩაიდინა.

– მის ჰევიშემ, – მივმართე, როცა ხმა ჩაუწყდა, – ჩემ გამო თავს ნუღარ
იძრახავთ. მაგრამ ესტელა სულ სხვაა და თუკი ოდესმე თქვენს ხელთ იქნება იმ
დანაშაულის თუნდაც ერთი მისხლის გამოსწორება, რაც მაშინ ჩაიდინეთ,
როდესაც ხასიათის კეთილი მხარეები ჩაუკალით, ჯობია, ეს გააკეთოთ, ვიდრე
უკვე ჩადენილზე უსასრულოდ იგლოვოთ.

– ვიცი, პიპ, ვიცი, მაგრამ... პიპ, ჩემო კარგო! – ჩემდამი გამომჟღავნებულ


ახალ სითბოს მის ხასიათში რაღაც ღრმა და წრფელი ქალური სინაზე შეერია, –
ჩემო კარგო! დამიჯერე: როდესაც პირველად მოვიყვანე, მხოლოდ ის მინდოდა,
მისთვის ის ტანჯვა ამეცილებინა, რაც წილად მხვდა. თავიდან მხოლოდ ეს
მინდოდა, გესმის?

– კარგი, კარგი, – ვუპასუხე, – იქნებ მართლაც ასე იყო.

– მაგრამ რაც მეტად იზრდებოდა, მით მეტად ემჩნეოდა, ულამაზეს ქალად


რომ დადგებოდა და მეც თანდათან სულ უფრო მეტად ვცოდავდი ჩემი ქებით,
ჩემი სამკაულებით, ჩემი დარიგებებით, ჩემი საშინელი სახით, მუდამ თვალწინ
რომ ედგა უმკაცრეს გაფრთხილებად, რათა ჩემი გაკვეთილები არ დაევიწყებინა
– ამ ყველაფრით მკერდიდან გული ამოვაცალე და სანაცვლოდ ყინულის ლოდი
ჩავუდე.

– უმჯობესი იქნებოდა, ადამიანური გული დაგეტოვებინათ, თუნდაც


ტკივილისა და დამსხვრევისათვის გაგეწირათ, – აღმომხდა ჩემდაუნებურად.

ქალი ერთხანს მონუსხული მიცქერდა, მერე ისევ წამოიწყო გოდება.

– თუკი ჩემი ამბავი იცი, – მითხრა მუდარით, – მაშინ ჩემი უნდა გესმოდეს და
ოდნავ მაინც თანამიგრძნობდე.
– მის ჰევიშემ, – რაც შემეძლო, მორიდებულად დავიწყე, – მგონი, შემიძლია
ვთქვა, რომ თქვენი ამბავი ვიცი: მაშინვე შევიტყვე, როგორც კი მშობლიური
ადგილები მივატოვე. თქვენ მიმართ უდიდესი თანაგანცდა დამეუფლა და,
ვფიქრობ, ცხადად მესმის, თქვენს არსებაზე რა გავლენაც უნდა მოეხდინა.
მითხარით, რაც ჩვენ შორის მოხდა, უფლებას თუ მანიჭებს, ესტელას შესახებ
რაღაც გკითხოთ, რაც მის აწმყოს კი არა, მის წარსულს ეხება?

ძირს იჯდა, მკლავები გაცრეცილ სავარძელზე შემოეწყო და თავი ზედ


ჩამოეყრდნო.
– მკითხე, – მითხრა და თვალი გამისწორა.

– ვისი შვილია ესტელა?

პასუხის ნაცვლდ თავი გააქნია.

– არ იცით?

კვლავ გააქნია თავი.

– მაგრამ ხომ მისტერ ჯეგერსმა მოგიყვანათ, ან გამოგიგზავნათ?

– თვითონ მომიყვანა.

– იქნებ მიამბოთ, ეს როგორ მოხდა?

ხმადაბალი და მფრთხალი ჩურჩულით მიპასუხა:

– უკვე დიდი ხანი გასულიყო მას მერე, რაც თავი ამ ოთახებში გამოვიკეტე (არ
ვიცი, რამდენ ხანს, ხომ იცი, ეს საათები რა დროსაც უჩვენებენ), როდესაც
მისტერ ჯეგერსს ვუთხარი, მინდა პატარა გოგონა ვიშვილო, რათა ვეალერსო,
გავზარდო და ჩემი ბედი ავაცილო-მეთქი. ჯეგერსი პირველად მაშინ ვნახე,
როდესაც გამოვიძახე და ვთხოვე, ამ კარ-მიდამოს მთელი მოწყობილობა
გაეყიდა. მის შესახებ გაზეთში წავიკითხე ჯერ კიდევ მანამ, ვიდრე ქვეყნიერებას
სამუდამოდ გამოვეთხოვებოდი. მითხრა, რომ ასეთ ობოლ ბავშვს მოძებნიდა.
ერთ საღამოს მძინარე მომიყვანა. ესტელა დავარქვი.
– რამდენი წლის იყო მაშინ?

– ორის თუ სამის. თვითონ არაფერი ახსოვს, გარდა იმისა, რომ დაობლდა და


ვიშვილე.

იმდენად ვიყავი დარწმუნებული, ის ქალი ესტელას დედა რომ იყო, მეტი


დამამტკიცებელი საბუთი არ მჭირდებოდა. ჩემი აზრით, ამ კავშირს სხვაც
ცხადად დაინახავდა.

კიდევ რას ველოდი საუბრის გაგრძელებისაგან? ჰერბერტის საქმე


წარმატებით მოვაგვარე; მის ჰევიშემმა ყველაფერი მიამბო, რაც კი ესტელას
შესახებ იცოდა; მეც, რაც შემეძლო, სინდისის ქენჯნა შევუმსუბუქე. რაღა
მნიშვნელობა აქვს, დამშვიდობებისას რა ვთქვით; ერთმანეთს დავემშვიდობეთ.

ქვედა სართულიდან სუფთა ჰაერზე გავედი. ბინდდებოდა. მოახლეს გავძახე,


რომ ჯერჯერობით არ შევაწუხებდი, რადგან ეზოში გასეირნებას ვაპირებდი. გული
მიგრძნობდა, აქაურობას მეტად ვეღარ ვნახავდი და მინდოდა, საღამოს ბინდში
უკანასკნელად შემევლო თვალი.

კასრების უდაბნო გამოვიარე, რომლებზედაც პატარაობაში დავძვრებოდი, მას


მერე კი, წლების განმავლობაში, წვიმა ეცემოდა, თანდათან ალპობდა და მათ
ხუფებზე გუბეებსა და ჭაობებს ტოვებდა; მერე კი ბაღში შევედი. მთლიანად
შემოვუარე. ყველაფერი ცივი, მარტოსული და მოღუშული იყო – ის კუნჭულიც,
სადაც მე და ჰერბერტმა ორთაბრძოლა გავმართეთ; ის ბილიკებიც, სადაც
ესტელასთან ერთად ვისეირნე.
უკანა გზაზე ლუდსახდელთან მივედი, ბაღის მხარეს პატარა კარის
დაჟანგული ურდული ძლივს ავწიე და ცარიელი შენობა გავიარე. მეორე მხარეს
ხის კარს მივადექი, რომლის გაღებაც ასევე გამიჭირდა, რადგან ნესტიანი
ფიცრები დაიბრიცა, ანჯამები მოეშვა, ზღურბლი კი ობის სქელმა ფენამ დაფარა;
ვიდრე გავიდოდი, უკან მივიხედე. წამით ბავშვური წარმოსახვა უძლიერესი
სიმძაფრით გამიცოცხლდა და ისევ მომეჩვენა, თითქოს ჭერის ნივნივზე მის
ჰევიშემი ეკიდა. ზმანება იმდენად მძლავრად დამეუფლა, მთელი ტანით
ავკანკალდი და წამის მეათასედში ჭერის ქვეშ ვიდექი, მაგრამ მაშინვე მივხვდი,
რომ მომეჩვენა.

ადგილიც და დროც იმდენად მრუმე და სევდიანი იყო, რომ თუნდაც წამიერი


ზმანებით მოგვრილმა შიშმა ღრმად შემაძრწუნა. იმ ფიცრულ კარიბჭესთან
გავედი, სადაც ოდესდაც ვტიროდი და თმას ვიგლეჯდი, მას მერე, რაც ესტელამ
გული დამიფლითა. წინა ეზოში შევყოვნდი, რადგან არ ვიცოდი, ჭიშკრის
გასაღებად მსახური ქალი გამომეძახა თუ ჯერ ზედა სართულზე
ავბრუნებულიყავი და მენახა, რა ხდებოდა მის ჰევიშემის თავს. ბოლოს
გადავწყვიტე, სახლში შევსულიყავი.

იმ ოთახში შევიხედე, სადაც დავტოვე. ჩემგან ზურგშექცევით იჯდა, ბუხართან


ძალზე ახლოს, გაცრეცილ სავარძელში. კიბის ბაქნისკენ დავიხიე და წასვლა
დავაპირე, როცა დავინახე, ბუხრის ალი უეცრად როგორ აბრიალდა. იმავე წამს
ვიხილე, ჩემკენ კივილით როგორ მორბოდა, ერთთავად ცეცხლში გახვეული –
რამსიმაღლეც იყო, ალი ერთი იმდენით მის თავზემოთ ადიოდა.

ორპელერინიანი პალტო მეცვა, მკლავზე ლაბადა მქონდა გადაკიდებული.


ორივე ჩამოვიძრე, ქალი ძირს დავაგდე და ესენი ზედ გადავაფარე; მერე დიდი
მაგიდიდან სუფრა ჩამოვქაჩე და ქსოვილთან ერთად იატაკზე მოეფინა მაგიდის
შუაში შემოდგმული ის სიდამპლის გორგალიცა და მასში ჩაბუდებული ამაზრზენი
არსებებიც; გაშმაგებით ვიბრძოდი, ძირს ვგორავდით და რაც მეტ ქსოვილში
ვახვევდი ქალს, მით უფრო შემზარავად კიოდა და თავის გათავისუფლებას
ცდილობდა – თუმცა არ ვიცი, ეს ყველაფერი როგორ მოვახერხე, რა ფიქრი და
განზრახვა მამოძრავებდა, მხოლოდ შედეგი ვიცი – გრძელ მაგიდასთან ძირს
ვიწექით, გაბოლილ ოთახში ჭვარტლის ნაფლეთები დაფრინავდა; ეს მისი
გაყვითლებული საქარწინო სამოსის ნაფლეთები იყო.

მიმოვიხედე, დამფრთხალი ობობები და ხოჭოები აქეთ-იქით გაიფანტნენ,


კარში კი უკვე აქოშინებული და შეშფოთებული მსახურები შემორბოდნენ. ისევ
მთელი ძალით მეჭირა მისი მკლავები, თითქოს მეშინოდა, რომ ტყვეობიდან
გამექცეოდა. არ მგონია, იმწამს ის მაინც მცოდნოდა, ვინ იყო, რატომ ვებრძოლე,
ან ის, რომ ცეცხლი ეკიდა, ახლა კი ჩაქრა; ბოლოს შევნიშნე, საქორწინო კაბის
ჭვარტლის ნაფლეთები აღარ ფარფატებდა, ჩვენ გარშემო შავი თოვლივით ძირს
ეცემოდა.

ქალი უგონოდ იყო, მე კი მისი ხელიდან გაშვებისა მეშინოდა, არავის


ვაკარებდი. დასახმარებლად სხვებს დაუძახეს და, ვიდრე მოვიდოდნენ, მანამ
მყავდა მკლავებში მომწყვდეული, თითქოს უსაფუძვლოდ მჯეროდა (მგონი,
მართლაც მჯეროდა), ხელს თუ გავუშვებდი, ცეცხლი ისევ აალდებოდა და
დაწვავდა. მხოლოდ მაშინ წამოვდექი, როცა სხვა დამხმარეებთან ერთად
ქირურგი შემოვიდა და მაშინღა გაოცებით აღმოვაჩინე, რომ ორივე ხელი
დამწვარი მქონდა, თუმცა ტკივილი სრულებით არ მიგრძნია.
შემოწმების შემდეგ ექიმმა დაადგინა, რომ მის ჰევიშემი სერიოზულად
დაშავდა, მაგრამ დამწვრობები მთლად საგანგაშო არ ყოფილა; ნერვული შოკი
ბევრად საშიში აღმოჩნდა. ქირურგის მოთხოვნით, ქალის საწოლი შემოიტანეს
და გრძელ მაგიდაზე დადგეს, რადგან ეს მისი დამწვრობების გადახვევას
გააიოლებდა. ერთი საათის შემდეგ მოვინახულე, მართლაც იქ იწვა, სადაც ჯოხი
დაანარცხა და განაცხადა, ერთ მშვენიერ დღეს აქ ვიწვებიო.

თუმცა, როგორც მითხრეს, უკლებლივ ყველა ძაფი დაიწვა იმ კაბისა,


რომლითაც თავის შემზარავ, პატარძლურ იერს ინარჩუნებდა. მთელი მისი
სხეული თეთრ ბამბაში გაეხვიათ, ზედ თეთრი ზეწარი გადაეფარებინათ, რის
გამოც მის ჰევიშემი ისევ წასულის აჩრდილს ჰგავდა.

მსახურებისაგან შევიტყვე, რომ ესტელა პარიზში იყო და ქირურგს პირობა


ჩამოვართვი, ფოსტით მისთვის მიეწერა. მის ჰევიშემის ნათესაობა ჩემს თავზე
ავიღე. გადავწყვიტე, მომხდარის შესახებ მხოლოდ მისტერ მეთიუ პოკეტისთვის
შემეტყობინებინა, დანარჩენებს კი თავისი ნება-სურვილის მიხედვით ამცნობდა.
მეორე დღესვე ქალაქში დავბრუნდი და ჰერბერტის პირით შევატყობინე.

იმ საღამოს მის ჰევიშემი ერთხანს სრულიად დალაგებულად ლაპარაკობდა


იმის შესახებ, რაც შეემთხვა, თუმცა ერთგვარი უსიამო აღტყინება ემჩნეოდა.
შუაღამის მერე სიტყვები აურია, უფრო მოგვიანებით კი მხოლოდ ხმადაბლა და
გაუთავებლად იმეორებდა: "რა ჩავიდინე!" ან "პირველად რომ მომიყვანეს,
მხოლოდ ჩემი უბედობისგან დაცვას ვუპირებდი", მერე ამასაც ამბობდა:
"ფანქარი აიღე და ჩემი სახელის ქვეშ დაწერე: "ვპატიობ". ამ სამი წინადადების
თანმიმდევრობა ერთხელაც არ შეუცვლია, მაგრამ დროდადრო რომელიმეში ერთ
ან მეტ სიტყვას ტოვებდა, თუმცა სხვა სიტყვით არ ცვლიდა და სიცარიელეს
მომდევნო სიტყვით აგრძელებდა.

რაკი იქ მაინც ვერავის დავეხმარებოდი, შინ კი მეორე, ძლიერი სადარდებელი


მეგულებოდა, რომელიც მის ჰევიშემის ბოდვამაც კი ვერ დამავიწყა, ღამით
გადავწყვიტე, დილაადრიან დილიჟანსს ლონდონში გავყოლოდი – ქალაქს ერთი
მილით და ცოტა მეტით ფეხით გავცდენოდი და გზაზე რომ წამომეწეოდა,
ჩავმჯდარიყავი. დილის ექვსი საათი იქნებოდა, მის ჰევიშემისკენ რომ დავიხარე
და ტუჩებზე ვაკოცე, მან კი ჩემი შეხება ვერ იგრძნო და სწორედ მაშინ
წარმოთქვა: "ფანქარი აიღე და ჩემი სახელის ქვეშ დაწერე: "ვპატიობ".
50

იმ ღამით ორჯერ თუ სამჯერ გადამიხვიეს ხელები, ერთხელაც – დილით.


მარცხენა ხელი იდაყვამდე ძლიერად მქონდა დამწვარი, იდაყვიდან მხრამდე –
უფრო მსუბუქად. ძალიან მტკიოდა, მაგრამ ამ მხარეს ცეცხლი უფრო დიდი იყო
და ჩავთვალე, რომ იოლად გადავურჩი. მარჯვენა ხელი ძალიან არ მქონდა
დამწვარი, თითების მოძრაობა შემეძლო. ცხადია, ისიც შემიხვიეს, მაგრამ
მარცხენაზე ნაკლებად იყო შებოჭილი და მაინც ვამოძრავებდი მტევანს,
რომელიც თასმით მქონდა ჩამოკიდებული; რაკი პალტოში მკლავებს ვერ
ვუყრიდი, მანტიასავით მხრებზე მომასხეს და ყელზე შემიკრეს. თმაც გვარიანად
შემეტრუსა, თუმცა, მადლობა ღმერთს, ცეცხლი თავსა და სახეზე არ მომდებია.

ჰერბერტი მამასთან სალაპარაკოდ ჰემერსმითში ჩავიდა, დაბრუნების


შემდეგ კი მთელი დღე ჩემზე ზრუნავდა. მასზე სათუთი ექთანი არ მეგულება:
დოლბანდებს დანიშნულ დროს მხსნიდა, წინასწარ მომზადებულ გამაყუჩებელს
სითხით ჟღენთდა და კვლავ ისე მოთმინებითა და ფაქიზად მიხვევდა
დამწვრობებს, უსასრულოდ ვემადლიერებოდი.

ტახტზე უძრავად ვიწექი, რაც თავიდან წარმოუდგენლად მიჭირდა, მეტიც:


შეუძლებლად მესახებოდა იმ განცდისაგან თავის დაღწევა, თითქოს ჩემ წინ
ისევ მხურვალე ალი ამოდიოდა, მისი მძვინვარე გუგუნი ჩამესმოდა, დამწვრის
გამაბრუებელი სუნი მომდიოდა. ჩავთვლემდი თუ არა, მაშინვე მის ჰევიშემის
კივილი მაფრთხობდა, ისევ თვალწინ მედგა, ჩემკენ როგორ მორბოდა, თავზე კი
ალი მოსდებოდა. ეს სულიერი ტანჯვა ხორციელზე ბევრად მძიმე ასატანი იყო.
ჰერბერტი ამას ამჩნევდა და ჩემი ყურადღების გადასატანად ყველა ღონეს
ხმარობდა.

არცერთ ჩვენგანს ნავი არ უხსენებია, მაგრამ ორივემ მის შესახებ ვიფიქრეთ.


ამის დასტური ჩვენი დუმილი იყო და უსიტყვო შეთანხმებაც, ჩემი ხელები
ორიოდე კვირაში კი არა, ორიოდე დღეში მოგვერჩინა.

ჰერბერტის დანახვისთანავე, ცხადია, პირველად ის ვკითხე, მდინარის ქვედა


ნაწილში მშვიდობა თუ იყო. მან დადებითი პასუხით მანუგეშა და ამ თემას
საღამომდე აღარ შევხებივართ. მერე კი, როდესაც ჩამოწოლილ ბინდში ბუხრის
შუქზე მიცვლიდა საფენებს, ისევ მასზე ალაპარაკდა.

– გუშინ საღამოს ლამის ორი საათი ვიჯექი პროვისთან.

– კლარა სადღა იყო?

– საბრალო ბავშვი! – მითხრა ჰერბერტმა, – ბუზღუნამ მთელი საღამო


ზევით-ქვევით არბენინა. წუთითაც არ გაუჩერებია ჯოხი, შეშლილივით ურტყამდა
იატაკს. თუმცა, ვფიქრობ, დიდი დრო აღარ უწერია. ამდენი რომი და პილპილი

პილპილი და რომი – მაგ ბრახუნს მალე გადააჩვევს.

– ეს რომ მოხდება, იქორწინებ, ჰერბერტ?

– აბა, სხვაგვარად საბრალო გოგოს როგორ ვუპატრონო?.. აა, მკლავი ტახტის


საზურგეზე შემოდე, ჩემი მეგობარო, მე კი აქ ჩამოვჯდები და დოლბანდს ისე
ნელა მოგხსნი, ვერც გაიგებ. პროვისს ველაპარაკე. იცი, ჰენდელ, ის
უკეთესობისკენ იცვლება.

– ხომ გითხარი, ბოლო შეხვედრისას უფრო თვინიერი მომეჩვენა-მეთქი.

– ჰო, მითხარი. არ მოგჩვენებია. გუშინ საუბრის ხასიათზე მოვიდა და თავისი


ცხოვრების შესახებ ისეთი რამ მიამბო, რაც არ ვიცოდით. გახსოვს, ადრე რომ
წამოსცდა, ერთი ქალის გამო დიდ განსაცდელში ჩავვარდიო?.. გატკინე?

მართლაც შევკრთი, მაგრამ მისმა შეხებამ კი არა, მისმა სიტყვებმა


შემაკრთო.

– სულ არ მახსოვდა, ჰერბერტ, მაგრამ ახლა მომაგონე.

– თავისი ცხოვრების ეს ეპიზოდი მიამბო, ძალიან მძიმე და გულისშემძვრელი


ეპიზოდია. მოგიყვე თუ ახლა ისედაც აღელვებული ხარ?

– რაც უნდა იყოს, მიამბე, ერთი სიტყვაც არ გამოტოვო.


ჰერბერტი ჩემკენ დაიხარა – აშკარა იყო, ჩემი პასუხი ამგვარი
შემთხვევისათვის მეტისმეტად ნაჩქარევი და აღტყინებული ეჩვენა.
– შუბლი გრილი გაქვს? – მკითხა და ხელი შემახო.

– სრულებით, – დავარწმუნე, – გთხოვ, მიამბე, პროვისმა რა გითხრა, ჩემო


ჰერბერტ!

– როგორც დავასკვენი, – წამოიწყო ჰერბერტმა, – ...აი, ეს დოლბანდი სულ


ადვილად მოგხსენი და ახლა დასველებულს დაგადებ. საბრალო მეგობარო,
პირველად მწარეა, ხომ? არაფერია, ახლა გეამება... მოკლედ, როგორც
დავასკვენი, ეს ქალი მასზე ბევრად უმცროსი ყოფილა და ძალზე ეყვიანიც;
ყველაზე საშინელი შურისძიების წინაშეც კი არ დაიხევდა უკან.

– ყველაზე საშინელში რას გულისხმობ?..

– მკვლელობას... ამ მგრძნობიარე ადგილას ძალიან ხომ არ გტკენ?

– არა, ვერ ვგრძნობ. რა მკვლელობას? ვინ მოკლა?

– მოკლედ, საბოლოოდ, მკვლელად არავის გამოუცხადებია, მაგრამ


მკვლელობისათვის გაასამართლეს და მისტერ ჯეგერსი სასამართლოში იცავდა.
ამ პროცესით ისე გაითქვა სახელი, რომ მისი ოსტატობის შესახებ პროვისმაც
გაიგო. მხვერპლიც ქალი იყო, ამ პირველზე ბევრად ღონიერი, რაღაც ფარდულში
უჩხუბიათ. ბრძოლა ვინ წამოიწყო ან რამდენად პატიოსნად იბრძოდნენ – ახლა
ვიღა დაადგენს; საბოლოო შედეგი კი დადგინდა: მხვერპლი გაგუდული იპოვეს.

– განსასჯელი დამნაშავედ სცნეს?

– არა, გაამართლეს... ჩემო საბრალო ჰენდელ, გატკინე?

– ჰერბერტ, ამაზე ფაქიზად დოლბანდის მოხსნა შეუძლებელია. მერე? მერე


რა მოხდა?

– ახალგაზრდა ქალსა და პროვისს პატარა შვილი ჰყავდათ და ეს ბავშვი


პროვისს განსაკუთრებულად უყვარდა. იმავე საღამოს, როცა ქალმა თავისი
ეჭვიანობის მიზეზი გაგუდა, ის პროვისთან მივიდა და დაემუქრა, რომ ბავშვს
მოკლავდა (ბავშვი ამ დროს ქალს ჰყავდა) და შვილს ვეღარასოდეს ნახავდა.
ამის შემდეგ უკვალოდ გაქრა... ასე, მძიმედ დაზიანებული მკლავი ჩამოვკიდეთ
და დავაბინავეთ, ახლა მარჯვენაღა დაგვრჩა, ეს კი ბევრად იოლი საქმეა. ამ
შუქზე უკეთ ვართმევ თავს, ვიდრე უფრო ძლიერზე, რადგან ამ დაბუშტულ კანს
კარგად როცა ვხედავ, ხელები მიკანკალებს. ხომ არ გეჩვენება, რომ ბოლმა
ფილტვები დაგიზიანა, მეგობარო? მგონი, სუნთქვა გაქვს აჩქარებული.

– არ ვიცი, ჰერბერტ. ქალმა მუქარა თუ შეასრულა?

– აქ პროვისის ამბის ყველაზე შემზარავი ნაწილი მოდის. ქალმა ეს მართლაც


ჩაიდინა.

– ამას პროვისი ამბობს?

– რა თქმა უნდა, ჩემო მეგობარო, – ჰერბერტი გაოცებული სახით კვლავ


დაიხარა და მომაჩერდა, – ამ ყველაფერს პროვისი ამბობს, მე სხვა ცნობა არ
გამაჩნია.

– ჰო, ცხადია.

– ასე თუ ისე, – განაგრძო ჰერბერტმა, – პროვისს არ უთქვამს, ბავშვის დედას


კარგად ექცეოდა თუ ცუდად, ის კი მითხრა, რომ ამ ქალმა მასთან ერთად იმ
ბედკრული ცხოვრების ოთხი თუ ხუთი წელიწადი გაიზიარა, რომელიც მე და შენ
ბუხართან აღგვიწერა. მგონი, ეს ქალი ებრალებოდა და მისი გაწირვა არ სურდა.
ამიტომ, რაკი შიშობდა, ბავშვის მკვლელობასთან დაკავშირებით
სასამართლოში არ გამოეძახათ და ამგვარად ქალის სიკვდილის მიზეზად არ
ქცეულიყო, პროვისი მიმალულა (მით უფრო, რომ ბავშვის სიკვდილს გლოვობდა),
როგორც თვითონ ამბობს, ფსკერზე გაწვა, არც გამოძიებისას გამოჩენილა, არც
სასამართლოზე, მხოლოდ გაკვრით ახსენეს, როგორც ვინმე სახელად ეიბელი,
რომლის გამოც ქალმა იეჭვიანა. სასამართლოს შემდეგ ქალი გაუჩინარდა და,
ამგვარად, პროვისმა ცოლიც დაკარგა და შვილიც.

– მინდა გკითხო...

– ერთი წუთი მადროვე, მეგობარო, და თხრობას დავასრულებ, – მომიგო


ჰერბერტმა, – ამ ბოროტმა სულმა კომპეისონმა – მსგავსი არამზადა ჯერ არ
დაბადებულა – იცოდა, რომ პროვისმა ჩვენების მიცემას თავი აარიდა; ცხადია,
ამის მიზეზიც მოეხსენებოდა და თავისი ცოდნა საიმისოდ გამოიყენა, რათა
პროვისი უწინდელზე მეტად გაეღატაკებინა და მისთვის ადრინდელზე მეტი
სარისკო დავალება დაეკისრებინა. გუშინ მივხვდი, რომ ეს მის მიმართ პროვისის
სიძულვილის მთავარი მიზეზია.
– მინდა ვიცოდე, – ჩავურთე, – თანაც ზუსტად ვიცოდე, ჰერბერტ, გითხრა თუ
არა, ეს როდის მოხდა?

– ზუსტად? მადროვე, გავიხსენო, რა თქვა. მგონი, რაღაც ამდაგვარი: ოციოდე


წლის წინათ, დიდი ხანი არ იყო გასული, რაც კომპეისონთან დავიჭირე საქმეო.
შენ რამდენი წლის იყავი, როდესაც სასაფლაოზე გადაეყარე?

– ვფიქრობ, მეშვიდე წელში ვიქნებოდი.

– ჰოდა, ეს ამბავი მაშინ სამი თუ ოთხი წლის მომხდარი იყოო, ასე მითხრა,
და შენ მისი ტრაგიკულად დაკარგული გოგონა გაახსენე, რომელიც შენი ასაკისა
უნდა ყოფილიყო.

– ჰერბერტ, – ცხარედ ვუთხარი ხანმოკლე დუმილის შემდეგ, – ფანჯრიდან


შემოსულ სინათლეზე უფრო უკეთ მხედავ თუ ბუხრის შუქზე?

– ბუხრის შუქზე, – მიპასუხა და კვლავ მომიახლოვდა.

– შემომხედე.

– გიყურებ, მეგობარო.

– ხელი დამადე.

– აი, ხელსაც გადებ, მეგობარო.


– როგორ გგონია, ციება თუ მჭირს, ან წუხანდელმა მოვლენებმა გონება თუ
ამირია?

– ა-არა, მეგობარო, – მიპასუხა მას მერე, რაც გულდასმით დამაკვირდა, –


ერთობ აგზნებული ხარ, მაგრამ სრულ ჭკუაზე უნდა იყო.

– მერწმუნე, სრულ ჭკუაზე ვარ. და გეუბნები, რომ კაცი, რომელსაც ვმალავთ,


ესტელას მამაა.
51

ვერ გეტყვით, რატომ ვცდილობდი ასე დაჟინებით ესტელას წარმომავლობის


დადგენას. მალე მიხვდებით, რომ ეს კითხვა ჩემი თავისთვის მკაფიოდ არც კი
დამისვამს, ვიდრე ჩემზე ბევრად ბრძენმა ადამიანმა არ მკითხა.

ასეა თუ ისე, ჰერბერტთან ამ ღირსშესანიშნავი საუბრის შემდეგ


აფორიაქებულმა გადავწყვიტე, ჭეშმარიტებისათვის მიმეკვლია. დარწმუნებული
ვიყავი, რომ ამის გადადება არ შეიძლებოდა და რომ მისტერ ჯეგერსი
სასწრაფოდ უნდა მენახა, რათა მისგან გამეგო სიმართლე. მართლა ვერ
გეტყვით, ამას ესტელასთვის ვაკეთებდი, თუ მსურდა, ჩემი რომანტიკული
გრძნობის შუქი, რომლითაც რახანია ესტელა შევბურე, ნაწილობრივ იმ კაცსაც
დასცემოდა, ვის გადარჩენაზეც ამდენს ვზრუნავდი. მგონი, ეს მეორე უფრო
შეეფერებოდა ჭეშმარიტებას.

ლამის იმ საღამოსვე გავეშურე გერარდ-სტრიტისკენ. ჰერბერტმა მხოლოდ იმ


არგუმენტით შემაკავა, რომ ამაღამ თუ გავიდოდი, უეჭველად ლოგინად
ჩავვარდებოდი და, თუკი ჩვენი პატიმრის უეცარი გამგზავრება გახდებოდა
საჭირო, უძლური აღმოვჩნდებოდი. მოუთმენლობა თანდათან იმით დავიოკე,
რომ მტკიცედ გადავწყვიტე, ხვალ, რადაც უნდა დამჯდომოდა, მისტერ ჯეგერსი
მენახა, დღეს კი შინ დავრჩენილიყავი და ჩემს მომვლელს ჩავბარებოდი. მეორე
დილით, უთენია ერთად გავედით და ჰერბერტს სმითფილდთან,
გილტსპარ-სტრიტის კუთხეში დავემშვიდობე. მან სიტისკენ აიღო გეზი, მე კი
ლიტლ-ბრიტანს მივაშურე.

დროდადრო მისტერ ჯეგერსი და უემიკი კანტორის ხარჯთაღრიცხვას


აწარმოებდნენ, ყველა ქვითარს სათითაოდ ამოწმებდნენ და ახარისხებდნენ.
ასეთ შემთხვევებში უემიკს თავისი საბუღალტრო წიგნები და საბუთები მისტერ
ჯეგერსის კაბინეტში შეჰქონდა, მიმღებში კი მის ადგილს ზედა სართულზე
მომუშავე რომელიმე კლერკი იკავებდა. იმ დილითაც უემიკის პოსტზე სხვა
კლერკი დამხვდა და მივხვდი, რაც ხდებოდა. ორივეს ერთად
დაველაპარაკებოდი, რაც ხელს მაძლევდა, რადგან უემიკი დარწმუნდებოდა
იმაში, რომ მის გასამჟღავნებელს არაფერს ვიტყოდი.
რაკი ჩამოკიდებული ხელითა და მხრებზე მოსხმული პალტოთი გამოვეცხადე,
დიდი ინტერესით მიმიღეს. ქალაქში ჩამოსვლისთანავე მისტერ ჯეგერსს მოკლედ
მივწერე, რაც მოხდა, მაგრამ ყველაფერი მაინც წვრილად მომაყოლა. ამ
განსაკუთრებული შემთხვევის წყალობით ჩვენი საუბარი მეტად თბილად და
კეთილგანწყობილად წარიმართა, თითქმის არ ჰგავდა ჩვეულ დაკითხვას. ვიდრე
უბედურ შემთხვევას აღვწერდი, მისტერ ჯეგერსი, როგორც ყოველთვის, ბუხრის
წინ იდგა. უემიკი სკამის საზურგეს ეყუდებოდა, საფოსტო ყუთში კალამი გაეჩარა
და გაფაციცებით მიმზერდა. ორი მახინჯი ნიღაბი, რომლებიც ჩემს წარმოსახვაში
საქმიანი საუბრების განუყოფელ ნაწილად ქცეულიყვნენ, თითქოს ჰაერს
ყნოსავდნენ, აქაოდა, ახლაც დამწვრის სუნი ხომ არ დგასო.
როცა თხრობა დავასრულე და მათაც შეკითხვები ამოეწურათ, ის
მინდობილობა ამოვიღე, რომელიც მის ჰევიშემმა გასცა ჰერბერტის ცხრა ათას
გირვანქა სტერლინგთან დაკავშირებით. მისტერ ჯეგერსმა, სპილოს ძვლის
ფირფიტები გავუწოდე თუ არა, თვალები ჭყიტა, თუმცა ფირფიტები წამშივე
გადასცა უემიკს და ხელმოსაწერად ჩეკის გამზადება დაავალა. უემიკის
საქმიანობას თვალს ვადევნებდი, მისტერ ჯეგერსი კი გაპრიალებული ჩექმით
შემოსილ ტერფებზე წინ და უკან ირწეოდა და დაჟინებით მიყურებდა. მას მერე,
რაც ჩეკს ხელი მოაწერა და ჯიბეში ჩავიდე, მითხრა:

– ვწუხვარ, პიპ, რომ უშუალოდ თქვენთვის ვერაფერს ვაკეთებთ.

– მის ჰევიშემმა გულითადად მკითხა, ხომ ვერაფრით დამეხმარებოდა,


მაგრამ ვუთხარი, არაფერი მსურს-მეთქი.

– ყველამ თავისი საქმისა იცის, – შენიშნა მისტერ ჯეგერსმა, უემიკმა კი


ტუჩებით უხმოდ გამოსახა სიტყვები: "მოძრავი ქონება".

– შენს ადგილას უარს არ ვეტყოდი, – განაგრძო მისტერ ჯეგერსმა, – მაგრამ


ყველამ თავისი საქმისა იცის.

– კაცს, პირველყოვლისა, მოძრავი ქონება უნდა აინტერესებდეს, –


საყვედურის კილოთი მითხრა უემიკმა.

რაკი ჩავთვალე, ჩემთვის მნიშვნელოვანი თემის წამოჭრის დრო მოსულიყო,


მისტერ ჯეგერსს მივუბრუნდი:
– რაღაც მაინც ვთხოვე მის ჰევიშემს: ვთხოვე, თავისი შვილობილის
წარმომავლობის შესახებ მოეთხრო და, რაც კი იცოდა, ყველაფერი მითხრა.

– მართლა? – მისტერ ჯეგერსმა ჩექმაზე დაიხედა და კვლავ წელში გაიმართა,


– ჰმ, მის ჰევიშემის ადგილზე ასე არ მოვიქცეოდი, მაგრამ კვლავაც გავიმეორებ:
ყველამ თავისი საქმისა იცის.

– მის ჰევიშემის შვილობილის შესახებ იმაზე მეტი ვიცი, ვიდრე თვით მის
ჰევიშემმა იცის, სერ. ვიცი, მისი დედა ვინცაა.

– მისი დედა? – მომაჩერდა მისტერ ჯეგერსი.

– მისი დედა ამ ბოლო სამი დღის განმავლობაში ვნახე.

– ნუთუ? – მკითხა მისტერ ჯეგერსმა.

– თქვენც ნახეთ, სერ. კიდევ უფრო ცოტა ხნის წინათ.

– ნუთუ? – გაიმეორა მისტერ ჯეგერსმა.

– შესაძლოა, ესტელას ამბავი თქვენზე უკეთაც კი ვიცოდე, – განვაგრძე, –


რადგან ისიც ვიცი, მისი მამა ვინაა.

მისტერ ჯეგერსი წამის მეათასედით შეცბა: მეტისმეტად თავდაჭერილი იყო


საიმისოდ, რათა გამომეტყველება შეცვლოდა, მაგრამ აფორიაქება ოდნავ მაინც
დაეტყო, რამაც მიმახვედრა, რომ მამის ამბავი არც მან იცოდა. ასეც მეგონა,
რადგან ჰერბერტმა როგორც გადმომცა, პროვისი "ფსკერზე გაწვა"; თანაც
პროვისი მხოლოდ ოთხიოდე წლის შემდეგ გახდა მისტერ ჯეგერსის კლიენტი და,
ბუნებრივია, არ ისურვებდა თავისი ვინაობის გამჟღავნებას. ვეჭვობდი, იცოდა
თუ არა მისტერ ჯეგერსმა ეს ამბავი, ახლა კი დავრწმუნდი, რომ არ იცოდა.

– მაშ, ამ ახალგაზრდა ქალბატონის მამას იცნობთ, პიპ? – ჩამეკითხა მისტერ


ჯეგერსი.

– დიახ. ეს ახალ სამხრეთ უელსში მცხოვრები მისტერ პროვისია.

თვით მისტერ ჯეგერსიც კი გაოგნდა ამის გაგებით. გრძნობების შეკავებასა და


სიფრთხილეს შეჩვეული იყო და მაინც შეკრთა, თუმცა ეს მაშინვე ჯიბიდან
ცხვირსახოცის ამოღებით შენიღბა. ხოლო უემიკმა როგორდა მიიღო ეს
განცხადება, არ ვიცი; იმწუთას მისკენ გახედვა ვერ გავბედე; ვაითუ გამჭრიახი
მისტერ ჯეგერსი მიმხვდარიყო, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ფარული
კავშირი გვქონდა.

– კი მაგრამ, რა საფუძველზე ამტკიცებს ამას პროვისი? – ხაზგასმით ცივად


მკითხა მისტერ ჯეგერსმა და ცხვირთან მიტანილი ცხვირსახოცი შუა გზაზე
გააჩერა.

– ის ამას არ ამტკიცებს, – ვუპასუხე, – არც ოდესმე უმტკიცებია და


წარმოდგენაც კი არ აქვს იმაზე, რომ მისი ქალიშვილი ცოცხალია.

ყოვლისშემძლე ცხვირსახოცი ამ ერთადერთხელ დამარცხდა. მისტერ


ჯეგერსი ჩემმა პასუხმა იმდენად გააოცა, ჩვეული პანტომიმის ჩაუტარებლად
ცხვირსახოცი ჯიბეში ჩაიდო, ხელები გულზე დაიკრიფა და გაფაციცებით, თუმცა
უდრტვინველი სახით მომაცქერდა.

რაც ვიცოდი, ყველაფერი ვუამბე, ისიც ვუამბე, ეს ყველაფერი როგორ


შევიტყვე, იმ სხვაობით, რომ, რაც უემიკმა მამცნო, ისიც მის ჰევიშემს მივაწერე.
ამ თვალსაზრისით სიფრთხილე გამოვიჩინე და მისკენ მხოლოდ მას მერე
მივიხედე, როცა თხრობა დავასრულე და რამდენიმე წამს მისტერ ჯეგერსის
მდუმარე მზერას გავუძელი. უემიკს კალამი საფოსტო ყუთიდან გამოეღო და
თავის წინ, მაგიდაზე, დაედო.

– ჰმ, – დუმილის შემდეგ მისტერ ჯეგერსი მაგიდაზე გაშლილ საბუთებს


მიუბრუნდა, – რა საბუთზე იყავით გაჩერებული, უემიკ, მისტერ პიპი რომ
შემოვიდა?

მაგრამ მე ამგვარ გაძევებას ვერ მოვითმენდი, ამიტომ მტკიცედ,


აღშფოთებითაც კი მოვითხოვე, უფრო გულწრფელი და პირდაპირი ყოფილიყო
ჩემთან. შევახსენე, თუ რამდენ ხანს ვიყავი ფუჭი იმედებით ფრთაშესხმული და
უეცარმა თვალის ახელამ როგორ შემძრა. იმ საფრთხეზეც მივანიშნე, დღე და
ღამე მოსვენებას რომ არ მაძლევდა. ვუთხარი, ჩემი გულახდილობის საპასუხოდ
უეჭველად მისგანაც თუნდაც ოდნავ მეტ გულახდილობას ვიმსახურებდი.
დავარწმუნე, რომ არაფერში ვდებდი ბრალს, არც ეჭვი მქონდა მის მიმართ, არც
უნდობლობა, მაგრამ მისგან დასტურს ველოდი, რომ ჩემი ვარაუდები
ჭეშმარიტებას შეესაბამება. და, თუკი მკითხავდა, რად მინდა ამის გაგება, ან რა
უფლება მაქვს, პასუხს ველოდო, ვეტყოდი, თუმცა მსგავს ბეჩავ ოცნებებს
არაფრად აგდებს, რომ ესტელა ძალიან დიდხანს მთელი გულით მიყვარდა და,
თუმცა დავკარგე და მარტოობისთვის ვარ განწირული, ყველაფერი, რაც კი მას
ეხება, მაინც ამქვეყნად უახლოესი და უსათუთესია ჩემთვის. მისტერ ჯეგერსი
უძრავად და მდუმარედ იდგა, ისე, თითქოს ჩემი მოხმობა არც გაეგონა. მაშინ
უემიკს მივუბრუნდი:

– უემიკ, ვიცი, რომ ფაქიზი სულის ადამიანი ხართ. თქვენი მყუდრო სახლი და
მოხუცებული მამა ვნახე და ყველა ის ხალისიანი, ბავშვური თავშესაქცევიც
დავაფასე, რითაც თქვენ საქმიან ცხოვრებას აწონასწორებთ, გთხოვთ, სიტყვა
შემაწიოთ მისტერ ჯეგერსთან და ჩააგონოთ, რომ, ყველა გარემოებიდან
გამომდინარე, ჩემთან ცოტათი მაინც გულახდილი უნდა იყოს!

არასოდეს მინახავს, ორ კაცს ერთმანეთისთვის ასეთი გაოგნებით შეეხედოს,


როგორც ჩემი ამ ტირადის შემდეგ მისტერ ჯეგერსმა და უემიკმა შეხედეს
ერთმანეთს. პირველ წამს იმის შიშმა გამიელვა, რომ უემიკი დაუყოვნებლივ
დაკარგავდა სამსახურს; თუმცა ეს შიში გამიქრა, როდესაც მისტერ ჯეგერსის
სახეზე ღიმილის მაგვარი რაღაც გაიშალა და შევატყვე, უემიკიც რომ გათამამდა.

– ეს რას ნიშნავს? – ჰკითხა უემიკს, – თქვენ და მყუდრო სახლი და


მოხუცებული მამა? თქვენ და ხალისიანი, ბავშვური თავშესაქცევი?

– რა მოხდა მერე? – არ დაიბნა უემიკი, – თუკი ეს ყველაფერი აქ არ მომაქვს,


რა შავდება?

– პიპ, – მისტერ ჯეგერსმა მკლავზე ხელი ჩამომადო და ძალზე გულღიად


გაიღიმა, – მგონი, ეს კაცი მთელ ლონდონში უდიდესი თვალთმაქცია.

– სულაც არა, – კიდევ უფრო გათამამდა უემიკი, – ვფიქრობ, არც თქვენ


აკლებთ.

კვლავ ისეთი უცნაური მზერები გაცვალეს, თითქოს ერთმანეთისაგან რაღაც


ფანდს ელოდნენ.

– თქვენ და მყუდრო სახლი?! – არ ცხრებოდა მისტერ ჯეგერსი.

– თუკი ეს საქმეს ხელს არ უშლის, – არ დანებდა უემიკი, – რა მოხდა მერე?


ახლა რომ გიყურებთ, სერ, სულაც არ გამიკვირდება, თუკი თქვენც ფიქრობთ
მყუდრო სახლის მოწყობას იმ დროისათვის, როდესაც საქმით დაიღლებით.
მისტერ ჯეგერსმა ორჯერ-სამჯერ ფიქრიანად დაუქნია თავი და, თქვენ
წარმოიდგინეთ, ამოიოხრა. მერე მომიბრუნდა:

– პიპ, "ბეჩავ ოცნებებზე" არაფერს ვიტყვი, ამგვარ რამეებს თქვენ ჩემზე უკეთ
იცნობთ, რადგან ამასთან უფრო ნედლი მოგონებები გაკავშირებთ. მაგრამ
მეორე თემას რაც შეეხება, მაგალითს მოგიყვანთ. დაუკვირდით: ფაქტებს როდი
გიამბობთ.

ამ სიტყვების შემდეგ დადუმდა და დამელოდა, ვიდრე გარკვევით


განვაცხადებდი, რომ ვაცნობიერებ: არანაირ ფაქტებს არ მიამბობს.

– ახლა კი, პიპ, ასეთი შემთხვევა წარმოიდგინეთ, – დაიწყო მისტერ ჯეგერსმა,


– დავუშვათ, თქვენ მიერ აღწერილ მდგომარეობაში მყოფი ქალი თავის ბავშვს
მალავს, მაგრამ იძულებულია, თავის ადვოკატს გაენდოს, რადგან საქმეს
კომპეტენტურად რომ გაუძღვეს, ის მისგან ბავშვის შესახებ ცნობას ითხოვს.
დავუშვათ, ამავე დროს, ადვოკატს დაკისრებული აქვს ვალდებულება, ერთი
თავქარიანი, მდიდარი ქალისათვის პატარა ობოლი გამოძებნოს, რათა ქალმა ის
იშვილოს და გაზარდოს.

– გასაგებია, სერ.

– დავუშვათ, ეს ადვოკატი სიბოროტისა და დანაშაულის გარემოცვაში


ცხოვრობდა და რაც კი თავის სიცოცხლეში ბავშვები ენახა, სატანჯველად და
დასაღუპად იბადებოდნენ. დავუშვათ, არაერთხელ უნახავს სასამართლოში
ქვეყნის გასაკიცხად დამნაშავის მერხთან დაყენებული ბავშვები; დავუშვათ
ისიც, რომ უკვე შეეჩვია ყოველდღიურად ათასი ამბის მოსმენას
დაპატიმრებული, ნაცემი, მოტაცებული, სახლიდან გაგდებული, უპატრონოდ
მიგდებული ბავშვების შესახებ, რომელთა გარდუვალი ბოლო სახრჩობელა იყო.
დავუშვათ, მცირე გამონაკლისის გარდა, ყველა ბავშვი, ვისაც თავისი
საქმიანობისას გადაჰყრია, სხვა არაფერს წარმოადგენდა, თუ არა წვრილ-წვრილ
თევზს, რომელიც გაიზრდებოდა და მის ბადეში ამოჰყოფდა თავს – თითოეულ
მათგანს ბრალდება-გამართლება, მიტოვება, ობლობა, ყოველგვარი დამცირება
და აბუჩად აგდება ელოდა.

– გასაგებია, სერ.

– ახლა ისიც დაუშვით, პიპ, რომ ამ კაცს საშუალება მიეცა, მთელი ამ


სიმრავლიდან ერთი პატარა, საყვარელი ბავშვი გადაერჩინა; მამას
გარდაცვლილი ეგონა და ამის შესახებ კრინტის დაძვრასაც ვერ ბედავდა; დედა
კი ადვოკატს მუყში ჰყავდა მომწყვდეული. ასე უთხრა: "ვიცი, რაც ჩაიდინე და
ისიც ვიცი, როგორ ჩაიდინე. ასე და ასე მიხვედი, თავს ასეთნაირად დაესხი, უკან
ამა და ამ გზით წახვედი, ეჭვის თავიდან ასაცილებლად ესა და ეს მოიმოქმედე.
შენი თითოეული ნაბიჯი გამოვიკვლიე და ამას გეუბნები კიდეც. ბავშვზე უარი
უნდა თქვა, ვეღარასოდეს ნახავ, თუკი სასამართლოში მისი წარდგენა არ გახდა
საჭირო. ბავშვი მე ჩამაბარე და შენ გასამართლებლად ყველა ღონეს ვიხმარ. თუ
გადარჩი, ბავშვიც გადარჩება, თუ ვერ გადარჩი, ბავშვი მაინც გადარჩება".
დავუშვათ, ყველაფერი ასეც მოხდა და ქალი გაამართლეს.

– ყველაფერი კარგად გავიგე.

– ისიც თუ გაიგეთ, რომ თქვენთვის არცერთი ფაქტი არ მომიყოლია?

– არცერთი ფაქტი არ მოგიყოლიათ.

– არცერთი ფაქტი, – გაიმეორა უემიკმაც.

– დავუშვათ ისიც, პიპ, რომ ვნებამ და სიკვდილის შიშმა ქალს ერთგვარად


შეურყია გონება და ციხიდან გამოსული იმდენად უფრთხოდა გარე სამყაროს,
სხვა საშველი რომ ვერ ნახა, ამ ადვოკატს შეეკედლა. დავუშვათ, ადვოკატმა ის
თავისთან დატოვა და, როცაკი ქალის ძველი, მძვინვარე ბუნება თავს
წამოყოფდა, თრგუნავდა, რადგან კვლავაც მუჭში ჰყავდა მომწყვდეული.
შეგიძლიათ მსგავსი შემთხვევა დაუშვათ?

– სავსებით.
– ახლა დაუშვით ისიც, რომ ბავშვი გაიზარდა და მდიდარზე იქორწინა. რომ ამ
დროს დედაც ჯერ ისევ ცოცხალია და მამაც. რომ დედამ და მამამ ერთურთის
შესახებ არაფერი იციან და ერთმანეთისაგან ამდენი და ამდენი მილის,
ფარლონგის ან, თუ გნებავთ, იარდის მოშორებით იმყოფებიან. ამდენად
საიდუმლო საიდუმლოდვე დარჩა, იმას თუ არ ჩავთვლით, რომ თქვენ მის კვალს
მიაგენით. ეს ყველაფერი წვრილად წარმოიდგინეთ.

– წარმოვიდგინე.

– უემიკს ვთხოვ, მანაც წვრილად წარმოიდგინოს.


– წარმოვიდგინე, – თქვა უემიკმაც.

– მაშ, ვის სასარგებლოდ გსურთ ამ საიდუმლოს გამჟღავნება? მამის


სასარგებლოდ? არა მგონია, შვილის დედასთან შეხვედრამ რამე არგოს. დედის
სასარგებლოდ? ვფიქრობ, თუკი ასეთი დანაშაული ჩაიდინა, ჯობია, სადაც
ახლაა, იქვე დარჩეს. ქალიშვილის სასარგებლოდ? არა მგონია, მისი
წარმომავლობის დაზუსტებამ ქმრისა და საზოგადოების თვალში აამაღლოს,
უფრო მგონია, ეს კვლავ იმ სამარცხვინო მდგომარეობაში ჩააგდებს, რასაც ოცი
წლის წინათ და, საფიქრალია, სიცოცხლის ბოლომდე დააღწია თავი. ამ
წარმოსახვით სურათს ისიც დაუმატეთ, პიპ, რომ თქვენ ეს ქალიშვილი
გიყვარდათ, იმ "ბეჩავი ოცნების" საგნად აქციეთ, რომელიც თავის დროზე
ბევრად უფრო მეტ მამაკაცს აღელვებდა, ვიდრე გგონიათ, და აი, რას გეტყვით:
ამ საიდუმლოს გასაჯაროებას გიჯობთ, ეგ თქვენი შეხვეული მარცხენა შეხვეული
მარჯვენით მოიკვეთოთ, მერე კი ნაჯახი უემიკს გადასცეთ, რათა მარჯვენაც
მოგკვეთოთ.

უემიკს შევხედე. უკიდურესად სერიოზული სახით საჩვენებელი თითი


ბაგესთან მიიტანა. მეც იგივე გავაკეთე. მისტერ ჯეგერსმაც იგივე გააკეთა. მერე
კი ჩვეული კილოთი თქვა:

– ახლა კი, უემიკ, რომელ საბუთზე იყავით გაჩერებული, მისტერ პიპი რომ
შემოვიდა?

ორიოდე წამს ვიდექი და მათ მუშაობას თვალს ვადევნებდი. შევნიშნე,


რადენჯერმე კვლავაც უცნაურად რომ შეხედეს ერთმანეთს, ოღონდ ამჯერად
თითოეული მათგანი, მგონი, საკუთარ თავში დაეჭვებულიყო, რამე სისუსტე ხომ
არ გამოიჩინა, ანდა რამე ხომ არ შეეშალა. ამის გამო ურთიერთობა დაეძაბათ:
მისტერ ჯეგერსი ჩვეულზე უფრო მკაცრად და მბრძანებლურად ეპყრობოდა,
ხოლო უემიკი ჯიუტად ცდილობდა თავის მართლებას და კამათის უმცირეს
საბაბსაც არ ტოვებდა. მათ შორის ამგვარი ქიშპი არასოდეს მენახა. სხვა დროს
ერთურთს მუდამ კარგად ეწყობოდნენ.

საბედნიეროდ, ვითარება მაიკის მოულოდნელმა შემოსვლამ განმუხტა. ეს ის


ბეწვისქუდიანი კლიენტი იყო, რომელსაც სახელოთი ცხვირის მოხოცვა სჩვეოდა
და რომელიც ამ კედლებში ჩემი პირველი სტუმრობის დღეს ვიხილე. ეს ადამიანი
– ან თავისი დაუდევრობით, ან ოჯახის წევრების წყალობით – გამუდმებით
ვარდებოდა სირთულეებში (რაც, ამ შემთხვევაში, ნიუგეიტთან იგივდება) და
ამჯერადაც იმის სათქმელად მოვიდა, რომ მისი ქალიშვილი მაღაზიის გაძარცვის
ბრალდებით დაეკავებინათ. ეს სამწუხარო ცნობა უემიკს მიაწოდა, ვიდრე
მისტერ ჯეგერსი, როგორც სჩვეოდა, ბუხრის წინ გოროზად იდგა და საუბარში
მონაწილეობას არ კადრულობდა. უემიკის თვალში ცრემლმა გაიბრწყინა.
– ეს რას ჰგავს? – უკიდურესი ზიზღით დაუყვირა უემიკმა, – როგორ ბედავ აქ
სლუკუნით შემოსვლას?

– არ მინდოდა, მისტერ უემიკ.

– მაშ, არ გინდოდა? როგორ ბედავ?! – უტევდა უემიკი, – ასეთ მდგომარეობაში


აქ რას მოდიოდი? დგახარ და უვარგისი კალამივით წვეთავ. ამით რის მიღწევას
აპირებ?

– ჩემისთანა კაცსაც ხომ აქვს გრძნობები, მისტერ უემიკ, – მუდარით უთხრა


მაიკმა.

– რა აქვსო? – განრისხდა უემიკი, – რა თქვი? გაიმეორე!

– გეთაყვა, იცი რას გეტყვი, – მისტერ ჯეგერსმა ერთი ნაბიჯი წინ გადადგა და
მაიკს კარისკენ მიუთითა, – აქედან წადი. აქ გრძნობები არ მჭირდება. გარეთ
გაბრძანდი.

– ახია შენზე, – კვერი დაუკრა უემიკმა, – გაბრძანდი.

საცოდავი მაიკი მორჩილად გავიდა. მისტერ ჯეგერსმა და უემიკმა კი, ჩანდა,


ერთურთის ნდობა და სიმპათია აღიდგინეს და საქმეს ისეთი გადახალისებული
სახეებით დაუბრუნდნენ, გეგონებოდათ, ის-ის იყო, გემრიელად ესაუზმათ.
52

ლიტლ-ბრიტანიდან მის სკიფინზის ძმასთან, ბუღალტერთან, გავეშურე.


ჯიბეში ჩეკი მედო. მის სკიფინზის ძმა მაშინვე წავიდა და კლერიკერი მოიყვანა,
რის შემდეგაც უდიდესი კმაყოფილებით, როგორც იქნა, დავასრულე
წამოწყებული საქმე. ეს ერთადერთი კარგი საქმე იყო, რაც გავაკეთე და
ერთადერთი საქმე, რომელიც ბოლომდე მივიყვანე მას მერე, რაც ჩემი დიდი
იმედების შესახებ შევიტყვე.

კლერიკერმა შემთხვევით ისარგებლა და მიამბო, რომ მისი ფირმა ძალას


იკრებდა და ახლა აღმოსავლეთში პატარა ფილიალის გახსნასაც კი შეძლებდა,
რაც ბიზნესის გაფართოებას ძალიან წაადგებოდა. ჰერბერტი კი, როგორც ახალი
პარტნიორი, ამ ფილიალს გაუძღვებოდა. მივხვდი, რომ მეგობართან
დაშორებისათვის ნებისმიერ შემთხვევაში მზად უნდა ვყოფილიყავი, თუნდაც
ჩემი მდგომარეობა ბევრად უფრო დალაგებული ყოფილიყო. ახლა კი მართლაც
ვგრძნობდი, ჩემი უკანასკნელი ღუზა როგორ მოეშვა და მალე გრიგალი და
ბობოქარი ტალღები გამიტაცებდნენ.

თუმცა იმ სიხარულის მოლოდინი მანუგეშებდა, რომლითაც ჰერბერტი ერთ


მშვენიერ დღეს შინ მოვიდოდა და ამ სიახლეს მამცნობდა ისე, რომ აზრადაც არ
მოუვიდოდა, ეს ჩემთვის სულაც რომ არ იყო სიახლე. მერე ჰაეროვან ოცნებებში
წავიდოდა: აღმიწერდა, კლარა ბარლის ათას ერთი ღამის ზღაპრების სამყაროში
როგორ წაიყვანდა, მეც თან როგორ გავყვებოდი (საფიქრალია, აქლემების
მთელი ქარავნით), ყველანი ერთად ნილოსზე ვიმოგზაურებდით და სასწაულებს
ვიხილავდით. ამ კაშკაშა გეგმებში ჩემი როლით აღტყინებული არ ვყოფილვარ,
აი, ჰერბერტის ამბავი კი მახარებდა და მწამდა, ბებერი ბარლი მომავალშიც თუ
დარჩებოდა რომისა და პილპილის ერთგული, მის ქალიშვილს სულ მალე
მზრუნველი პატრონი გამოუჩნდებოდა.

დადგა მარტი. მარცხენა მკლავი, მართალია, არ გამირთულდა, თუმცა ისე


ნელა მირჩებოდა, რომ პალტოს ჩაცმა ჯერაც არ შემეძლო. მარჯვენა კი
დამიმახინჯდა, მაგრამ კარგად აღდგა და ჩვეულებრივად ვხმარობდი.
ერთხელ, ორშაბათ დილით, ჰერბერტთან ერთად საუზმობისას, უემიკისგან
წერილი მივიღე:

"უოლუორთი. როგორც კი წაიკითხავთ, დაწვით. კვირის პირველ ნაწილში,


ანდა ოთხშაბათს, თუკი გსურთ, შეგიძლიათ გააკეთოთ ის, რაც მე და თქვენ
ვიცით. ახლა კი დაწვით".

წერილი ჯერ ჰერბერტს წავაკითხე; ორივემ დავიზეპირეთ და მერე ცეცხლში


ჩავაგდე. ამის შემდეგ დავსხედით და დავფიქრდით. ცხადი იყო, ჩემს
ხეიბრობაზე თვალს მეტად ვეღარ დავხუჭავდით.

– ამაზე გამუდმებით ვფიქრობდი, – გამომიტყდა ჰერბერტი, – და მგონი ისეთი


რამ მოვიფიქრე, ტემზაზე მენავის აყვანას რომ აჯობებს. სტარტოპი წავიყვანოთ.
კარგი ახალგაზრდაა, გაწაფული ნიჩბოსანიცაა და ჩვენც მოვწონვართ. მხნე და
პატიოსანი ადამიანია.

ამაზე მეც არაერთხელ მიფიქრია.

– ჰო, მაგრამ რამდენად უნდა ვენდოთ, ჰერბერტ?

– სულაც არ არის აუცილებელი, ბევრი რამ გავანდოთ. თავიდან ყველაფერი


თამაშად გავასაღოთ, თუმცა საიდუმლო თამაშად. დილამდე მეტს ნურაფერს
ვეტყვით, მერე კი ადგილზევე ვუთხრათ, რომ აუცილებელია, პროვისი
სასწრაფოდ გაიყვანოს ქვეყნიდან. შენც მიჰყვები?

– რა თქმა უნდა.

– საით?

რამდენჯერაც ამ თემას მშფოთვარე გონებით ვუახლოვდებოდი,


მეჩვენებოდა, რომ სულ ერთი იყო, რომელი პორტისაკენ გავემართებოდით –
ჰამბურგში, როტერდამში თუ ანტვერპენში – ადგილს მნიშვნელობა არ ჰქონდა,
მთავარი იყო, ინგლისიდან გავსულიყავით. ნებისმიერი უცხოური ხომალდი
მაწყობდა, რასაც პირველად გადავეყრებოდით, ოღონდაც თან წავეყვანეთ.
ვფიქრობდი, რომ ნავით კარგა შორს უნდა ჩავყოლოდით მდინარეს –
გრეივზენდს უეჭველად უნდა გავცდენოდით, რადგან რამე ეჭვის შემთხვევაში,
დაკითხვისა და ჩხრეკის საფრთხე იქ ყველაზე მაღალი იყო. რაკი უცხოური
გემები ლონდონიდან მიქცევის დროს გადიოდნენ, ამიტომაც საუკეთესო გეგმა
იქნებოდა, წინა მიქცევას ჩვენ გავყოლოდით, სადმე მოფარებულ ადგილას
დაგვეცადა და შემდეგ რომელიმე გემის ბორტზე ავსულიყავით. თუკი წინასწარ
გავიკითხავდით, ზუსტად შეიძლებოდა დროის დადგენა.

ჰერბერტი ყველაფერში დამეთანხმა და საუზმის შემდეგ დაუყოვნებლივ


წავედით ცნობების შესაგროვებლად. შევიტყვეთ, რომ ჰამბურგში მიმავალი
ერთ-ერთი გემი ჩვენს გეგმებს საუკეთესოდ შეესაბამებოდა და გეზი მისკენ
ავიღეთ. თუმცა ამავე დროს მიმავალი სხვა უცხოური გემების შესახებაც
გავიკითხეთ და მანამ არ დავმშვიდებულვართ, ვიდრე თითოეულის მონაცემები
და გარეგნობა არ დავიხსომეთ. ამის შემდეგ ორიოდე საათით ერთურთს
დავცილდით: მე – აუცილებელი საბუთების შესაგროვებლად წავედი, ჰერბერტი
კი – სტარტოპის სანახავად. ორივემ დაბრკოლების გარეშე შევასრულეთ საქმე.
პირველი საათისათვის ერთმანეთს შევხვდით და ანგარიშიც ჩავაბარეთ. მე
საბუთები შევაგროვე; ჰერბერტი კი სტარტოპს ესაუბრა და ეს უკანასკნელი
ხალისით დასთანხმდა წამოსვლაზე.

რამდენიმე საკითხზე შევთანხმდით – ჩემი ორი მეგობარი ნიჩბებს


მოუსვამდა, მე კი საჭეს მივუჯდებოდი; ჰერბერტი ამ საღამოს წისქვილის ტბორის
სანაპიროზე წასვლამდე შინ სადილად არ მოვიდოდა; ხვალ, ანუ სამშაბათ
საღამოს, იქ საერთოდ არ მივიდოდა; ჰერბერტი პროვისს დაარიგებდა, რომ
ოთხშაბათს სახლთან ახლოს მდებარე კიბით ნაპირთან მაშინ ჩასულიყო,
როდესაც ფანჯრიდან დაგვინახავდა, და არავითარ შემთხვევაში – მანამდე.
ასევე გადავწყვიტეთ, რომ პროვისისთვის ყველაფერი იმავე დღეს
შეგვეთანხმებინა და მერე იქამდე აღარ დავკავშირებოდით, ვიდრე ბორტზე არ
ავიყვანდით.

ამ უსაფრთხოების ზომების მნიშვნელობა ორივემ გავაცნობიერეთ და შინ


გულდამშვიდებული წავედი.

ბინის კარი ჩემი გასაღებით გავაღე და საფოსტო ყუთში ჩემთვის


განკუთვნილი ბარათი ვიპოვე. საშინლად ბინძურ ქაღალდზე ეწერა, თუმცა
ორთოგრაფიის მხრივ ურიგო არ იყო. ვიღაცას პირდაპირ ბინაზე მოეტანა
(ცხადია, მას მერე, რაც სახლიდან გავედი).

ეწერა:

"თუკი დღეს ან ხვალ საღამოს ცხრა საათზე ძველ ჭაობებზე, რაბის პატარა
ქოხთან, კირის გამოსაწვავი ღუმლის ახლოს მოსვლისა არ გეშინიათ, გიჯობთ,
მოხვიდეთ. თუკი გსურთ, თქვენი ბიძია პროვისის შესახებ ცნობები მიიღოთ,
ნურავის ნურაფერს ეტყვით და ნურც დროს დაკარგავთ. მარტო მოდით. ეს
წერილი თან წამოიღეთ".

ამ ყოვლად უცნაური წერილის მიღებამდეც საკმაო ტვირთი მაწვა გულზე და


ახლა კი თავგზა საერთოდ ამებნა. ყველა სიკეთესთან ერთად, სასწრაფოდ თუ
არ გადავწყვეტდი რამეს, ნაშუადღევის დილიჟანსს გამოვტოვებდი, რომელიც
საღამოსთვის ჩემს მშობლიურ მხარეში ჩამიყვანდა. მომდევნო დღის საღამოს
ვეღარ ჩავიდოდი, რადგან ჩვენ გაქცევამდე უკვე ძალზე ცოტა დრო იქნებოდა
დარჩენილი. მეორე მხრივ, ისიც შესაძლებელი იყო, რომ ჩემთვის
შემოთავაზებულ ცნობებს თვით გაქცევასთან დაკავშირებითაც გადამწყვეტი
მნიშვნელობა ჰქონოდა.

საფიქრალი დრო რომც მქონოდა, ალბათ, მაინც წავიდოდი. ახლა კი დრო


საერთოდ არ მქონდა, ჩემი საათი მატყობინებდა, რომ დილიჟანსი ნახევარ
საათში გავიდოდა, ამიტომ დაუფიქრებლად გადავწყვიტე გამგზავრება. ცხადია,
წერილში ჩემი "ბიძია პროვისი" რომ არ ეხსენებინათ, არავითარ შემთხვევაში არ
წავიდოდი; მაგრამ უემიკის წერილისა და დღევანდელი სამზადისის
გათვალისწინებით, სხვა გზა აღარ მრჩებოდა.

სიჩქარისა და მღელვარებისას ნებისმიერი წერილიდან რთულია აზრის


გამოტანა; მეც მხოლოდ მეორედ გადაკითხვისას გავაცნობიერე, რომ წერილის
ავტორი ამ ამბის გასაიდუმლოებას მთხოვდა. ამ მოთხოვნას მორჩილად მივყევი
და ჰერბერტს ბარათი დავუტოვე – მივწერე, რაკი ქვეყნიდან გაურკვეველი
დროით მივდივარ, გადავწყვიტე, მის ჰევიშემი მოვინახულო-მეთქი. ამის შემდეგ
ისღა მოვასწარი, რომ პალტო მოვისხი, ბინა ჩავკეტე და დილიჟანსების
სადგურისაკენ მოკლე გზებით გავეშურე. ეტლი რომ ამეყვანა და მთავარი
ქუჩებით მევლო, დამაგვიანდებოდა. გზა მოვჭერი და სადგურიდან
გასასვლელად გამზადებულ დილიჟანსს ერთი ფეხით მივუსწარი. გონს როცა
მოვედი, აღმოვაჩინე, რომ სალონის ერთადერთი მგზავრი ვიყავი და
მუხლებამდე თივაში ჩაფლული ვიჯექი.

დიახ, რაც ეს წერილი მივიღე, გონზე არ ვყოფილვარ; დილის ფორიაქის


შემდეგ ამ მოულოდნელობამ მთლად გამომიყვანა წყობილებიდან. დილის
შფოთვა და ალიაქოთიც ძალზე დამოლელი აღმოჩნდა, რადგან, თუმცა უემიკის
ნიშანს დიდი ხნის განმავლობაში მოთმინებით ველოდი, ის სააბოლოოდ მაინც
მოულოდნელი აღმოჩნდა. ახლა კი ჩემი თავისა მიკვირდა, დილიჟანსში როგორ
აღმოვჩნდი, ან რა ისეთი მიზეზი მქონდა გასამგზავრებლად. უკვე იმასაც
ვფიქრობდი, პირველივე სადგურზე ჩავსულიყავი და უკან დავბრუნებულიყავი.
ვკიცხავდი კიდეც ჩემს თავს, ანონიმურ წერილს ასე ქარაფშუტულად რომ ვენდე.
მოკლედ, თავგზააბნეულობისა და ორჭოფობის ყველა ეტაპი გამოვიარე, რასაც,
ვფიქრობ, ბევრი იცნობს, ვისაც სიჩქარეში მიუღია გადაწყვეტილება. მაგრამ
პროვისის ხსენებამ ყველაფერი განსაზღვრა. ვიდრე ამას გავაცნობიერებდი, უკვე
ვიცოდი – თუკი ამას ცოდნა ჰქვია – ჩემი არწასვლით მას რამე რომ დაშავებოდა,
საკუთარ თავს ვერასოდეს ვაპატიებდი!

გზაში ჩამოგვადამდა. ეს გზა არასოდეს მომჩვენებია ისე ბნელი და


გაუსაძლისი, როგორც ამჯერად, რადგან შიგნით ვერაფერს ვხედავდი, ზევით
ჯდომა კი ჩემი მტკივანი მკლავის გამო ვერ შევძელი. "ლურჯ ტახს" მოვერიდე,
ქალაქის ერთ მოკრძალებულ სამიკიტნოში შევედი და სადილი მოვითხოვე.
ვიდრე მზადდებოდა, სატისის სახლში მივედი და მის ჰევიშემი მოვიკითხე.
მითხრეს, ისევ ძალიან ცუდად არის, თუმცა შედარებით უკეთესობა დაეტყოო.

ჩემი სამიკიტნო ოდესღაც სამონასტრო კომპლექსის ნაწილი იყო. ავზის


მაგვარ პატარა რვაკუთხა ოთახში ვსადილობდი. რადგან დანა-ჩანგლის ხმარება
მიჭირდა, ხნიერმა, მელოტმა მიკიტანმა ხორცი დამიჭრა და ამ შემთხვევამ
საუბარში ჩაგვითრია. ჩემ გასართობად მიკიტანმა ჩემივე საკუთარი ამბავი
მომითხრო – ცხადია, იმ საქვეყნოდ გავრცელებული დანამატით, თითქოს
პამბლჩუკი ჩემი პირველი მფარველი და წარმატების მიზეზი იყო.

– თქვენ თუ იცნობთ ამ ახალგაზრდას? – ვკითხე.

– როგორ არ ვიცნობ! – შეიცხადა მიკიტანმა, – სულ ერთი ციცქნა რომ იყო,


მაშინაც ვიცნობდი!

– მშობლიური ადგილების მოსანახულებლად თუ ბრუნდება ხოლმე?

– ბრუნდება, როგორ არა, – მიპასუხა მიკიტანმა, – თავის წარჩინებულ


მეგობრებს სტუმრობს. იმ კაცს კი, ვისაც ყველაფერს უნდა უმადლოდეს, აღარ
კადრულობს.

– ვის?
– წეღან ვინც ვახსენე, – მითხრა მიკიტანმა, – მისტერ პამბლჩუკს.

– სხვა არავის მოპყრობია უმადურად?


– რომ შეეძლოს, უსათუოდ მოეპყრობოდა, მაგრამ იმიტომ არ შეუძლია, რომ
მისტერ პამბლჩუკმა მისთვის ყველაფერი გააკეთა.

– ამას პამბლჩუკი ამბობს?

– ამბობსო? ამას ხომ თქმაც არ უნდა!

– ჰო, მაგრამ თვითონ თუ ამბობს ამას?

– მისი საუბარი რომ მოისმინოთ, ძარღვებში სისხლი გაგიჩერდებათ, სერ, –


დამარწმუნა მიკიტანმა.

გავიფიქრე: "ჯო, ჩემო ჯო, შენ ეს არასოდეს გითქვამს! ამდენს ითმენ და


ერთხელაც არ დაგიჩივლია, გული ისევ სიყვარულით გაქვს სავსე! შენც, სათნო
და თვინიერო ბიდი!"

– როგორც ჩანს, ჭრილობა მადას გიფუჭებთ, სერ, – ბერიკაცმა ჩემს


გადახვეულ ხელზე მიმითითა, – იქებ ეს რბილი ნაჭერი გასინჯოთ.

– არა, გმადლობთ, – მაგიდას ზურგი შევაქციე და ბუხარს მივუბრუნდი, – მეტს


ვეღარ შევჭამ, გთხოვთ, გაიტანეთ.

ჯოს მიმართ უმადურობა ასე მძაფრად არასოდეს მიგრძნია, როგორც ახლა,


ფარისეველი პამბლჩუკის ხსენების შემდეგ. რაც უფრო ყალბი იყო პამბლჩუკი,
მით უფრო წრფელად მეჩვენებოდა ჯო; ის რაც მეტ სულმდაბლობას იჩენდა, მით
მეტად ჩანდა ჯოს დიდსულოვნება.

სინდისი გაუსაძლისად და დამსახურებულად მქენჯნიდა. ერთ საათს ან


მეტხანს ვიჯექი ცეცხლთან ჩაფიქრებული, ვიდრე საათმა არ გამომაფხიზლა.
თუმცა მწარე სინანული ვერ გამინელა. ავდექი, პალტო მოვისხი, ყელზე შევიკარი
და ჯიბეებში წერილის ძებნა დავიწყე. ვერ მივაგენი და შევწუხდი, ვაითუ
დილიჟანსის იატაკზე დაფენილ თივაში ჩამივარდა-მეთქი. თუმცა ადგილი
ზედმიწევნით მახსოვდა: კირის ღუმლის მახლობლად, რაბის პატარა ქოხი;
შეხვედრის დრო – ცხრა საათი; და, რაკი დრო აღარ იცდიდა, პირდაპირ
ჭაობებისკენ გავემართე.
53

ბნელი ღამე იყო, თუმცა, ვიდრე შემოღობილი ბაღ-ბოსტნებიდან ჭაობებზე


გავიდოდი, სავსე მთვარემ გამოანათა. მუქი ჰორიზონტის თავზე სინათლის
ზოლი გაფენილიყო – იმდენად თხელი, რომ ვეება წითელ მთვარეს ვერ
აკავებდა და ისიც ორიოდე წუთში დაბლა ჩამოსულ ღრუბლებში შეცურდა.

ქარი უსასოოდ ყმუოდა. ჭაობებიც ისე პირქუში და ბნელი იყო, ამ მიდამოს


შეუჩვეველი ადამიანი აქ ყოფნას ვერ აიტანდა. მეც კი შემზარა, წამით
შევყოვნდი და ლამის უკან გავბრუნდი. მაგრამ რაკი ჭაობებს ჩემი ხუთი
თითივით ვიცნობდი, უფრო ბნელ ღამეშიც კი გავიკვლევდი გზას. უკან
დაბრუნებით თავს ვერაფრით გავიმართლებდი, ამიტომაც, როგორც უხალისოდ
მოვედი, ისევე უხალისოდ განვაგრძე სვლა.
არც ჩემი ძველი სახლისკენ მივდიოდი და არც იქით, სადაც ოდესღაც
პატიმრებს ვეძებდით. მცურავი ციხეებისგან ზურგშექცევით მივაბიჯებდი და
სანაპიროზე სინათლის დასანახად უკან უნდა გამეხედა. კირის გამოსაწვავ
ღუმელს ისევე კარგად ვიცნობდი, როგორც ძველ სამხედრო სანგარს, თუმცა
ისინი ერთმანეთისგან რამდენიმე მილით იყო დაშორებული. იმ ღამით ორივე ამ
წერტილში ვინმეს სინათლე რომ აენთო, ამ მანათობელ წერტილს შორის
უგრძესი ხაზი გაიჭიმებოდა.

რამდენიმე ჭიშკარი გავიარე. რამდენჯერმე შევჩერდი, ჩემი მოსვლით


დამფრთხალ ნახირს წამოდგომა და ლელიანისკენ წასვლა ვაცალე. თანდათან
მთელ მიდამოში ჩემ გარდა სულიერის ჭაჭანება აღარ იყო.

კიდევ ნახევარი საათი დამჭირდა, ვიდრე ღუმლამდე მივაღწევდი. დამწვარი


კირი მძაფრ სუნს უშვებდა. ღუმელში ცეცხლი დამხვდა გაჩაღებული,
ახლომახლო კი მუშები არ ჩანდნენ. იქვე ქვის პატარა სამტეხლო იყო. ახლოს
ჩავუარე და, რაკი სამუშაო იარაღი ჯერ ისევ გარს ეწყო, მივხვდი, იმ დღეს აქ
ვიღაცას უმუშავია.

როგორც კი ამ ორმოდან, რომელსაც ბილიკი კვეთდა, კვლავ ჭაობების


დონეზე ავედი, ქოხში სინათლე დავინახე. ნაბიჯს ავუჩქარე და კარზე
დავაკაკუნე. ვიდრე პასუხს ველოდი, მიმოვიხედე და შევნიშნე, რაბი უპატრონოდ
მიგდებული და ჩამონგრეული იყო. კრამიტით გადახურული ხის ნაგებობა სულ
ოდნავ თუღა აკავებდა წვიმასა და ავდარს, მაგრამ მალე ამასაც ვეღარ
შეძლებდა. ტალახსა და გუბეებზე კირის თხელი აპკი ეფინა, დამწვრის
სიმყრალე კი ლანდივით მეპარებოდა. არავინ გამომეპასუხა და ისევ
დავაკაკუნე. კვლავაც სიჩუმე. კარის ურდული მოვსინჯე. კარი გაიღო. შევიხედე,
მაგიდზე ანთებული სანთელი დავინახე, იქვე იყო ხის მერხი და ლეიბდაგებული,
დაბალი, ბორბლებიანი საწოლი. ზევით სხვენი შევნიშნე და დავიყვირე:

– არის აქ ვინმე? – მაგრამ ხმა არავინ გამცა, – საათს შევხედე, ცხრას


გადასცილდა. უფრო ხმამაღლა დავიყვირე, – არის აქ ვინმე? – პასუხი ვერც
ამჯერად მივიღე და გარეთ გამოვბრუნდი. თავგზაბნეული ვიდექი.

წვიმამ დასცხო. გარეთ ახალი ვერაფერი შევნიშნე. ქოხში შევბრუნდი, უფრო


სწორად, ზღურბლზე დავდექი და ერთხანს ღამეს გავყურებდი. გულში ვამბობდი,
რომ სულ ცოტა ხნის წინ ვიღაც უნდა ყოფილიყო აქ და, როგორც ჩანს, ისევ
მობრუნებას აპირებდა, თორემ სანთელს ანთებულს არ დატოვებდა. მერეღა
მომაფიქრდა, ძაფის სიგრძე შემემოწმებინა. შიგნით შევტრიალდი და სანთელი
ხელში ავიღე, მაგრამ უეცრად ძლიერმა ბიძგმა ჩააქრო, მერე კი ვიგრძენი, ტანზე
უკნიდან მარყუჟი როგორ ჩამომაცვეს.

– ახლა კი დაგიჭირე! – გამოცრა ხრინწიანმა ხმამ და ლანძღვა-გინება


მიაყოლა.

– ეს რა არის? – გავიბრძოლე, – ვინ ხართ? მიშველეთ, მიშველეთ!

მარყუჟშემოვლებული ხელები ფერდებზე მიმაჭირა და დამწვარი მკლავი


გაუსაძლისად მატკინა. დროდადრო პირზე მამაკაცის ვეება ხელისგულის ან
მძლავრი მკერდის ზეწოლას ვგრძნობდი; ასევე – მის ცხელ სუნთქვას. უცნობი
ჩემ გაჩუმებას ცდილობდა. ამაოდ ვეწინააღმდეგებოდი, ვერაფერს გავხდი.
კედელზე მიმაბა.

– ახლა კი, – გამოცრა უცნობის ხმამ და ისევ შეიგინა, – ერთხელაც თუ


დაიყვირებ, წამში გაგათავებ!

მოულოდნელი თავდასხმით დარეტიანებული ვიყავი და დამწვარი მკლავი


გაუსაძლისად მტკიოდა, მაგრამ მაინც გავაცნობიერე, რა ადვილი იქნებოდა ამ
მუქარის შესრულება, ამიტომ გავჩუმდი. შევეცადე, მკლავი ოდნავ მაინც
გამეთავისუფლებინა, მაგრამ მარყუჟი ძლიერად იყო მოჭერილი. წინათ ეს
მკლავი დამეწვა, ახლა კი ისეთი განცდა მქონდა, თითქოს მომეხარშაო.

ბნელ ოთახში უეცრად კიდევ უფრო ჩამობნელდა და მივხვდი, რომ კაცმა


დარაბები მოხურა. მერე ერთხანს იფათურა, ვიდრე ტალ-კვესს არ მიაგნო და მის
ანთებას შეუდგა. თვალი დავძაბე, მაგრამ აბედზე მოხვედრილი ნაპერწკლების
შუქში, რომლებსაც სულს უბერავდა, მხოლოდ მისი ტუჩები და ასანთის ლურჯი
თავი გავარჩიე, ისიც გაჭირვებით. აბედი ნესტიანი იყო – ასეთ ადგილას ეს
გასაკვირი სულაც არაა – ამიტომ ნაპერწკლები გამუდმებით ქრებოდა.

კაცი არ ჩქარობდა, კვლავაც და კვლავაც აკვესებდა. გარშემო დაცვენილი


ნაპერწკლების შუქში წამიერად მის ხელებსა და სახის ნაწილს ვარჩევდი.
მხოლოდ ის დავინახე, რომ მაგიდისაკენ დახრილი იჯდა, სხვა ვერაფერი. მერე
კი გავარჩიე, ფერმკრთალი ტუჩებით აბედს როგორ უბერავდა, უეცრად ალი
აბრიალდა და ორლიკი მიჩვენა.

არც კი ვიცი, ვის ველოდი, მაგრამ მას ნამდვილად არა. როგორც კი დავინახე,
მაშინვე გავაცნობიერე, რა საფრთხეც მელოდა და გაფაციცებით მივაჩერდი.

ცეცხლმოკიდებული ასანთი სანთელთან ფრთხილად მიიტანა და წაუკიდა,


მერე ძირს დააგდო და ფეხით ჩააქრო. სანთელი მაგიდაზე მოშორებით გადადგა,
ისე, რომ მე დავენახე. მკლავები მაგიდაზე დააწყო და მომაჩერდა. დავადგინე,
რომ კედლისაგან ორიოდე დუიმით დაშორებულ, სხვენში ასასვლელ კიბეზე
ვიყავი მიბმული.

– როგორც იქნა, ჩემ ხელთა ხარ, – მითხრა მას მერე, რაც ერთმანეთი
მდუმარედ ვათვალიერეთ.

– თოკი ამხსენი, გამიშვი!

– ჰო, როგორ არა! – მომიგო, – გაგიშვებ, მთვარეზე გაგიშვებ, ვარსკვლავებზე!


ოღონდაც მადროვე.

– აქ რისთვის მომიტყუე?

– ვერ ხვდები? – სიძულვილით შემომხედა.


– რატომ დამესხი თავს სიბნელეში?

– იმიტომ, რომ მინდა, ყველაფერი თვითონ გავაკეთო. ორ მოწმეს ერთი


ჯობია. ოჰ, შე მტარვალო, მტარვალო!

მკლავები ტანზე შემოიხვია და ისეთი ღვარძლიანი სიხარულით აქნევდა თავს


და შებოჭილს მაკვირდებოდა, გამაჟრჟოლა. მდუმარედ ვადევნებდი თვალს.
ხელი გვერდზე გასწია და კუთხეში დამალული სპილენძის კონდახიანი თოფი
ამოიღო.

– ამას თუ ცნობ? – მკითხა და დამიმიზნა, – გახსოვს, სად ნახე პირველად?


თქვი, მგლის ლეკვო!

– ჰო, – ვუპასუხე.

– ის ადგილი შენ დამაკარგვინე. ხომ ასეა, ხმა ამოიღე!

– სხვა რა გზა მქონდა?

– სხვა თუ არაფერი, ეგეც საკმარისი იქნებოდა. როგორ გაბედე და ჩემსა და


იმ გოგოს შორის ჩადექი, მე რომ მომწონდა?

– როდის?

– როდისო! როცა მასთან ბებერ ორლიკზე აუგი თქვი.

– ეგ შენს თავს დააბრალე; მასთან თავი ცუდად წარმოაჩინე. მე ვერაფერს


დაგიშავებდი, შენ თვითონ რომ არ დაგეშავებინა.

– მატყუარა ხარ. ყველა ღონეს იხმარდი და მთელ შენს ფულს დახარჯავდი,


ოღონდაც აქაურობისთვის მოგეცილებინე, ხომ?! – ბიდისთან უკანასკნელი
საუბრისას წარმოთქმული ჩემივე სიტყვები გაიმეორა, – ახლა კი ერთ რამეს
გეტყვი. ჯერ არასოდეს ყოფილა ისეთი დღე, ჩემი აქაურობიდან მოცილება ისე
ძალიან რომ გამოგდგომოდა, როგორც ამაღამ. ჰო! ღმერთმანი, ღირდა,
საამისოდ მართლაც უკანასკნელ ფარტინგამდე მთელი ფული დაგეხარჯა და
ოცჯერ მეტიც! – ვეება თავი გააქნია, კბილები მტაცებელივით დაკრიჭა და
მივხვდი, რომ არ ხუმრობდა.
– რას მიპირებ?

– რას გიპირებ და, – მაგიდას მუშტი ძლიერად დაარტყა და ზეზე წამოდგა, –


სიცოცხლე უნდა მოგისწრაფო!

წინ გადმოიხარა და თვალი გამისწორა, მუშტი ნელა გაშალა და ხელი პირზე


ისე გადაისვა, თითქოს ჩემი ცქერისას დორბლი ჩამოუვიდა, მერე კვლავ დაჯდა.

– შენ ბებერ ორლკს მუდამ უღობავდი გზას, ჯერ კიდევ მაშინ, როცა სულ ერთი
ბეწო ღლაპი იყავი. მაგრამ ამაღამ სამუდამოდ გაეცლები გზიდან. ხელს ვეღარ
შეუშლი. ჩათვალე, მკვდარი ხარ.

ერთბაშად ვიგრძენი, როგორ მივადექი სამარის კარს. წამიერად მოვავლე


თვალი ჩემს საპყრობილეს, თავის დაღწევის რამე გზას ვეძებდი, მაგრამ
არაფერი ჩანდა.

– მეტსაც გეტყვი, – ხელები ისევ მაგიდაზე დააწყო, – შენს ერთ ნაგლეჯსაც,


ერთ ძვალსაც არ დავტოვებ დედამიწის ზურგზე. შენს გვამს კირის ღუმელში
დავწვავ – იქამდე საკუთარი მხრებით შენისთანას ორასს მივათრევ. რაც უნდა,
ის იფიქროს ხალხმა, შენს კვალს ვერასოდეს მიაგნებენ!

ჩემმა გონებამ ამგვარი სიკვდილის ყველა შესაძლო შედეგი წარმოუდგენელი


სისწრაფით განჭვრიტა. ესტელას მამა უთუოდ იფიქრებდა, მიმატოვაო,
შესაძლოა, დაეპატიმრებინათ და თავის დაღუპვაში მე დავედანაშაულებინე.
ჰერბერტიც კი დაეჭვდებოდა ჩემში, როდესაც ჩემ მიერ დატოვებულ წერილს იმ
ფაქტს შეუჯერებდა, რომ მის ჰევიშემის კართან მხოლოდ ერთი წუთით მივედი.
ჯო და ბიდი ვერასოდეს შეიტყობდნენ, ამ საღამოს რა სინანულმა ამავსო.
ვერავინ ვერასოდეს გაიგებდა, რა ტანჯვა გამოვიარე, როგორ მსურდა,
გულწრფელი ვყოფილიყავი და რა შემზარავად ამომხდა სული. მოსალოდნელი
სიკვდილი მაშინებდა, მაგრამ მასზე ბევრად უფრო მზარავდა ფიქრი, რომ ისე
მოვკვდებოდი, ბოლომდე ვერავინ გამიგებდა. წარმოსახვით იმდენად წინ
გავუსწარი ამ არამზადის სიტყვებს, ვიდრე მათ წარმოთქმას დაასრულებდა,
უკვე წარმოვიდგინე, მომავალი თაობები, ესტელას შვილები, ზიზღით როგორ
მომიგონებდნენ.

– ახლა კი, მგლის ლეკვო, – მითხრა, – ვიდრე ჩაგაძაღლებდე – იმიტომაც


დაგაბი, რომ ძაღლივით ამოგხადო სული – მინდა, ერთხელაც კარგად შეგხედო
და ჯავრი ამოვიღო. უჰ, შე მტარვალო!
ფიქრებმა ჩამიქროლეს და კვლავ საშველად მოხმობა დავაპირე; თუმცა ამ
უკაცურ ადგილას ყვირილის უიმედობა ჩემზე უკეთ ვის ეცოდინებოდა. თანაც
ორლიკისადმი აღუწერელმა ზიზღმა სიმამაცე შემმატა და დამადუმა.
გადავწყვიტე, რაც უნდა მომხდარიყო, თავი არ დამემცირებინა და ბოლომდე,
ვიდრე შევძლებდი, შევწინააღმდეგებოდი. თუმცა ამ საბედისწერო წუთებში
ყველა ადამიანის მიმართ მომილბა გული. უფალს გულში თავმდაბლად
შევთხოვდი ცოდვების მიტევებას. სინანულით ვფიქრობდი, რომ ძვირფას
ადამიანებს ვერ გამოვეთხოვე და ამიერიდან ვეღარასოდეს გამოვეთხოვებოდი,
ვერც ჩემს გულისნადებს გავუზიარებდი და ვერც ჩემი შეცდომების გამო
ვთხოვდი პატიებას. მას კი მაინც სინანულის გარეშე მოვკლავდი, თუნდაც
საკუთარი სიცოცხლის ფასად.

ეტყობოდა, მთვრალი იყო. თვალები ჩასისხლიანებული და აცრემლებული


ჰქონდა. ყელზე ზონრით ეკიდა კალის მათარა. წინათაც ხშირად მინახავს,
საჭმელ-სასმელი უბით დაჰქონდა. მათარა პირთან მიიტანა და გვარიანი ყლუპი
მოსვა. სასმლის მძაფრი სუნი მეცა, მას კი სახე უფრო მეტად აუწითლდა.

– მგლის ლეკვო, – ხელები ისევ მაგიდაზე დააწყო, – ბებერ ორლიკს სურს,


ერთი რამ გაგანდოს. შენს დას რაც შეემთხვა, შენი ბრალი იყო.

ვიდრე ორლიკი ამ სიტყვებს ზანტად და ბორძიკით წარმოთქვამდა, ჩემმა


გონებამ წეღანდელი თავბრუდამხვევი სისწრაფით გადასინჯა ჩემს დაზე
თავდასხმის, მისი სნეულებისა და სიკვდილის სურათები.

– ეს შენ ჩაიდინე, არამზადავ, – ვუთხარი.

– ხომ გითხარი, შენი ბრალია-მეთქი, ეგ შენ გამო მოხდა, – თოფს დასწვდა


და ცხვირწინ ამიქნია, – როგორც ამაღამ უკნიდან მოგეპარე, ისევე მივეპარე
მასაც. დავარტყი და მერე როგორ დავარტყი! მეგონა, მოვკალი და იქ
ახლომახლო ასეთივე ღუმელი რომ ყოფილიყო, ვერ იცოცხლებდა. მაგრამ ეგ
ბებერ ორლიკს არ ჩაუდენია, ეგ შენ ჩაიდინე. შენ გაფუფუნებული იყავი, ბებერ
ორლიკს კი ჩაგრავდნენ და სცემდნენ. ჩაგრავდნენ და სცემდნენ, გესმის? ჰოდა,
ახლა გაზღვევინებ, ყველაფერს გაზღვევინებ!

ისევ მოსვა და კიდევ უფრო გაცხარდა. მათარა ისე მსუბუქად მიიყუდა,


შევატყვე, შიგ ბევრი აღარაფერი დარჩენილიყო. კარგად მესმოდა, განგებ
ეტანებოდა სასმელს, რომ ჩემ მოსაკლავად გამბედაობა მოეკრიბა. ვიცოდი,
ფსკერზე დარჩენილი თითოეული წვეთი ჩემი სიცოცხლის წამი იყო. ისიც კარგად
ვიცოდი, რომ ჭაობის ბურუსად და კვამლად ვიქცეოდი – იმ კვამლად, სულ ცოტა
ხნის წინ, ჩემივე აჩრდილივით, ავის მომასწავებლად რომ მომეპარა. ორლიკი კი
ისევე მოიქცეოდა, როგორც ჩემს დაზე თავდასხმის შემდეგ – საჩქაროდ ქალაქს
მიაშურებდა და იქ ლუდხანებში ლოთობას მოჰყვებოდა. აჩქარებულმა გონებამ
ქალაქის ქუჩა და ზედ მიმავალი ორლიკი დამიხატა; ქუჩის სინათლე საოცარ
სხვაობას ქმნიდა ბნელ ჭაობებზე გაწოლილ რუხ კვამლთან, რომელსაც სულ
მალე შევერეოდი.

ვიდრე ორლიკი ორიოდე სიტყვას ამბობდა, მხოლოდ წლების განმავლობაში


განვითარებული მოვლენების წარმოდგენა კი არ შემეძლო, არამედ მისი
თითოეული სიტყვა თავისი მნიშვნელობის გარდა მკაფიო სურათებსაც
მიხატავდა. გონება იმდენად მქონდა აღგზნებული, რომ ამა თუ იმ ადგილის
ხსენებაზე ეს ადგილი დაუყოვნებლივ წარმომიდგებოდა, ადამიანიც
ხსენებისთანავე თვალწინ მეცხადებოდა. შეუძლებელია, კაცს ამაზე ცოცხალი
და მკაფიო ხილვები ეწვიოს; ამავდროულად ბოროტმოქმედს ისე გაფაციცებით
ვაკვირდებოდი – ასე ნახტომისათვის მომზადებულ ვეფხვს თუ აკვირდებიან –
რომ მისი თითების უმცირეს გატოკებასაც კი ვამჩნევდი.

სასმელი მეორედაც მოიყუდა, მერე მერხიდან წამოდგა და მაგიდა გვერდზე


გააჩოჩა. სანთელი აიღო, ხელით მოიჩრდილა, უკეთ რომ დავენახე და სახეში
შემომანათა. იდგა, მიცქერდა და ჩემი ტანჯვით ტკბებოდა.

– კიდევ ერთ რამეს გეტყვი, მგლის ლეკვო. იმ ღამით კიბეზე ბებერ ორლიკს
შეეფეთე.

ჩაბნელებული კიბე თვალწინ დამიდგა. ცხადად დავინახე მასიური მოაჯირის


ჩრდილები, რომლებიც დარაჯის ფარანმა კედელს მიაფინა. ჩემი ბინაც
დავინახე, რომლის ნახვაც აღარასოდეს მეღირსებოდა – აქეთ – სანახევროდ
შეღებული კარი; იქით – მოხურული; ავეჯიც ცხადად წარმომიდგა.

– და რა უნდოდა იქ ბებერ ორლიკს? ამასაც გეტყვი. შენი და იმ ქალის


წყალობით, ჩემს მხარეში მართლაც აღარ დამედგომებოდა, ყოველ
შემთხვევაში, ლუკმა-პურის შოვნა გამიჭირდა, ჰოდა, ახალი ამხანაგები და
ახალი ბატონებიც გავიჩინე. ზოგი მათგანი ჩემ მაგივრად წერილებსაც წერს,
როცაკი მჭირდება, გესმის, ლეკვო? ორმოცდაათი სხვადასხვა ხელწერით მაინც
შეუძლიათ წერა, შენსავით ერთი საცოდავი ხელწერით კი არ მოაქვთ თავი! შენი
დის დაკრძალვაზე მტკიცედ გადავწყვიტე, რომ მომესპე. ამის უსაფრთხოდ
გაკეთების გზებს ვეძებდი და ამ ხნის განმავლობაში შენი ყოფა-ცხოვრება სულ
წვრილად შევისწავლე. ბებერმა ორლიკმა თავის თავს უთხრა: ბოლოს და
ბოლოს, ასე თუ არა, ისე მაინც მოვიხელთებო და შენს თვალთვალში შენს ბიძია
პროვისს არ მიაგნო?

წისქვილის ტბორის სანაპირო, ჩინკზის ყურე და "ძველი მწვანე სპილენძის


ბაგირის საამქრო" – რა ცხადად დავინახე ეს ყველაფერი! თავის ბინაში
გამოკეტილი პროვისი, აწ უკვე უსარგებლო სიგნალი, ლამაზი კლარა,
სანდომიანი ხნიერი ქალი, ზურგზე გაშოტილი ბებერი ბილ ბარლი – ყველამ
ჩამიქროლა, თითქოს ჩემი ცხოვრების დინების ტალღებს ბობოქარი ზღვისკენ
მიჰყვებოდნენ!
– შენ და ბიძია? გარჯერისთან ისე პატარაობიდან გიცნობდი, ყელში ორი
თითი რომ წამეჭირა, წამში მოგგუდავდი. რამდენჯერ მიფიქრია ამაზე,
კვირაობით სოფლის გაღმა მარტო როცა დატანტალებდი. ჰოდა, მაშინ არანაირი
ბიძა არ გყოლია! მერე და მერე შეიტყო ბებერმა ორლიკმა, რომ შენს ბიძია
პროვისს, როგორც ჩანს, წლების წინათ ის რკინა ჰკეთებია ფეხზე, რომელიც
ჭაობებზე მოიქლიბა და დააგდო. ორლიკმა კი იპოვა და იმ დრომდე შეინახა,
ვიდრე შენს დას არ ჩასცხო, ახლა კი შენც ჩაგცხებს და გაგათავებს... გესმის შენ,
ბებერმა ორლიკმა ეს რომ შეიტყო, რას იფიქრებდა?..

ამ მძვინვარე სიტყვებით მიტევდა და თან სანთელს სახეში მჩრიდა; ალს


რომ მოვრიდებოდი, იძულებული გავხდი, სახე გამეწია.

– ჰა! – დაიღრიალა მას მერე, რაც კვლავ ჩამჩარა სახეში სანთელი, – ერთხელ
დაიწვი და მეტი აღარ გსურს, ხომ? ბებერმა ორლიკმა იცის, რომ დაიწვი. ბებერმა
ორლიკმა ისიც იცის, შენი ბიძია პროვისის გაპარებას რომ აპირებ. ბებერ ორლიკს
შენ რას მოატყუებ: იცოდა, იცოდა, ამაღამ რომ მოხვიდოდი! კიდევ ერთ რამესაც
გეტყვი, მგლის ლეკვო, და გაგათავებ. ისეთი ადამიანებიც არსებობენ, შენი
ბიძია პროვისი ისევე რომ სძულთ, როგორც შენ სძულხარ ბებერ ორლიკს. ჰოდა,
დისშვილი რომ აღარ ეყოლება, მერე ვნახოთ, როგორდა დაუსხლტება! მისი
ძვირფასი ნათესავის ძვალსაც, ნაკუწსაც რომ ვერსად ნახავენ, მაშინ რაღას
იზამს?! არიან ისეთებიც, მეგუიჩთან – დიახ, მისი ნამდვილი გვარი ვიცი! – ერთ
ქვეყანაში ყოფნას რომ არ მოითმენენ და, ვიდრე შორეულ მხარეებში
ცხოვრობდა, მუდამ თვალყურს ადევნებდნენ, ამიტომაც მათ თავის დაბრუნებას
ვერ გამოაპარებდა, ვერც მოულოდნელად დააცხრებოდა თავს. სწორედ ისინი
არიან, ორმოცდაათ ხელწერას რომ ფლობენ, განა შენსავით ერთით მოაქვთ
თავი! კომპეისონს უფრთხილდი, მეგუიჩ, რაგინდ ეცადო, შენი ბოლო მაინც
სახრჩობელაა!

სანთლის ბოლით სახე გამიჭვარტლა და წამით დამაბრმავა კიდეც, მერე


ღონიერი ზურგი შემაქცია და სანთელი მაგიდაზე დადგა. ვიდრე სახით ჩემკენ
შემოტრიალდებოდა, ლოცვაც მოვასწარი და ჯოსთან, ბიდისა და ჰერბერტთან
დამშვიდობებაც.

მაგიდასა და ჩემ მოპირდაპირე კედელს შორის რამდენიმე ფუტის სივრცე


ცარიელი იყო. იქ მოჰყვა ბოლთის ცემას. არასოდეს ისე არ ემჩნეოდა სხეულში
ჩაღვრილი ძალა, როგორც ახლა, ფერდების გასწვრივ მკლავებჩამოკიდებული
აქეთ-იქით რომ დაძრწოდა და თვალებს მიბრიალებდა. იმედის მისხალიც კი
აღარ დამრჩა. რაგინდ გაშმაგებით ექროლა ჩემს გონებას და რაგინდ გასაოცრად
მკვეთრი სურათები ჩაენაცვლებინა მასში ფიქრებს, მაინც ვაცნობიერებდი, რომ
ორლიკი არასოდეს მეტყოდა იმას, რაც მითხრა, თუკი მტკიცედ არ ექნებოდა
გადაწყვეტილი ჩემი მოკვლა.

უეცრად გაყუჩდა, მათარას საცობი ამოაძრო და მოისროლა. მსუბუქი კი იყო,


მაგრამ მომეჩვენა, თითქოს იატაკის ფიცრებზე ტყვიის ბურთულასავით
ბრაგვანით გაგორდა. ნელა სვამდა, მათარას სულ უფრო მეტად აპირქვავებდა
და აღარ მიყურებდა. უკანასკნელი წვეთები პეშვში ჩაისხა და ალოკა. მერე
უეცარი მძვინვარებით მათარაც მოისროლა და წაბარბაცდა. მის ხელში გრძელ
და მძიმეტარიანი ქვის სატეხი ურო დავლანდე.

ჩემი გადაწყვეტილების ერთგული დავრჩი, მუდარის ერთი ბგერაც კი არ


დამცდენია, რაც ძალი და ღონე მქონდა, ვიღრიალე და, რაც ძალი და ღონე
მქონდა, თავის გათავისუფლებას შევეცადე. თავისა და ფეხების გარდა სხვას
ვერაფერს ვამოძრავებდი და მიკვირდა, ამის ძალაც რომ შემრჩენოდა. მეორე
წუთში გარედან საპასუხო ყვირილი მომესმა და სანთლის მბჟუტავი სინათლე
უფრო კაშკაშა შუქმა გადაფარა; კარში შემოცვენილი ფიგურები დავინახე.
ორლიკმა მაგიდიდან იარაღი აიღო, მოწინააღმდეგეები ზღვის ტალდღებივით
გააპო და ერთი ნახტომით ღამეში გაუჩინარდა.

ერთხანს უგონოდ ვიყავი, მერე კი აღმოვაჩინე, რომ იმავე ნაგებობის იატაკზე


ვიწექი, თავი კი ვიღაცის კალთაში მედო. გონს მოვედი, თვალწინ კედლის
გასწვრივ ამავალი კიბე დავინახე – ვიდრე გონება ბინდისაგან დამეწმინდებოდა,
მანამდე გავუსწორე თვალი – და სწორედ ამან მიმახვედრა, რომ ისევ იმ
ადგილას ვიყავი.
თავიდან ისიც კი არ მაღელვებდა, თუ ვის კალთაში მედო თავი – უგრძნობი
მზერით ვაშტერდებოდი კიბეს, როცა მას უეცრად ვიდაცის სახე გადაეღობა:
ტრების ბიჭის სახე!

– მგონი, არაფერი უჭირს, – საქმიანი კილოთი თქვა მან, – ცოტა ფერმკრთალი


კია!

ამ სიტყვების შემდეგ მან, ვისაც ჩემი თავი ეკავა, სახე დახარა და ვიცანი:

– ჰერბერტ! ღმერთო დიდებულო!

– ნელა, – მითხრა ჰერბერტმა, – დამშვიდდი, ნუ აღელდები.

– და ჩვენი ძველი მეგობარი სტარტოპი! – შევყვირე, როცა ისიც ჩემკენ


დაიხარა.

– გაიხსენე, რა საქმეში აპირებს დაგვეხმაროს, და დამშვიდდი, – მითხრა


ჰერბერტმა.

ამ მინიშნებამ ზეზე წამომახტუნა, თუმცა მკლავში გაუსაძლისი ტკივილისაგან


მაშინვე ისევ დავვარდი.

– დათქმული დრო ჯერ არ გასულა, ჰერბერტ? ახლა რომელი ღამეა? აქ


რამდენი ხანი გავატარე? – შევყვირე, რადგან მომეჩვენა, თითქოს აქ დიდხანს
ვიწექი, ასე – ერთი დღე-ღამე, იქნებ ორი ან მეტიც.

– ჯერ არ გასულა, ჯერ ისევ ორშაბათი საღამოა.

– მადლობა ღმერთს!

– მთელი ხვალინდელი დღე ანუ სამშაბათი გაქვს გონს მოსასვლელად, –


დამამშვიდა ჰერბერტმა, – მაგრამ რა მძიმედ კვნესი, ჩემო ჰენდელ? სად ხარ
დაჭრილი? წამოდგომა შეგიძლია?

– როგორ არა, – დავარწმუნე, – სიარულიც შემიძლია. დაჭრილი არ ვარ,


მხოლოდ დამწვარი მკლავი მტკივა.

მკლავი გამიშიშვლეს და, რაც კი შეეძლოთ, მიშველეს. ჯერაც მოუშუშებელი


დამწვრობა საშინლად გამიღიზიანდა და დამისივდა. ჭრილობაზე ოდნავი
შეხებაც კი აუტანელ ტკივილს მაყენებდა. მათ ცხვირსახოცებისაგან ახალი
დოლბანდი გააკეთეს და ფრთხილად გადამიხვიეს, ვიდრე ქალაქში
ჩავაღწევდით და გამაყუჩებელ წამალს წავისვამდი. ცოტა ხანში ჩაბნელებული
და ცარიელი რაბი მივატოვეთ და ქვის სამტეხლო გამოვიარეთ. ტრების ბიჭი –
უფრო სწორად, უკვე ზრდასრული ახალგაზრდა – ფარნით წინ მიგვიძღოდა;
სწორედ ამ შუქმა შემოანათა ნაგებობაში. მას მერე, რაც აქ მარტომ გამოვიარე,
ორიოდე საათი გასულიყო, მთვარე ბევრად მაღლა ასულიყო ცაზე და, თქორვის
მიუხედავად, ღამე უფრო განათდა. კირის გამოსაწვავი ღუმლის კვამლი უკან
მოვიტოვეთ და, თუკი ცოტა ხნის წინათ ზეცას ლოცვით შევღაღადე, ახლა
სამადლობელი ვუთხარი. ჰერბერტს გამოვკითხე, თუ როგორ მომაგნეს. თავიდან
პასუხის გაცემა არ სურდა, რადგან, მისი აზრით, სიმშვიდე მჭირდებოდა. მაგრამ
დაჟინებით ვთხოვე და შევიტყვე: გახსნილი წერილი სიჩქარეში ჩვენს ბინაში
დამვარდნია, სადაც ჩემი წასვლის შემდეგ მალევე მისულა ჰერბერტი და უპოვია;
სტარტოპი მანამდე ქუჩაში შეხვედრია და ისიც შინ წამოუყვანია. წერილის
სტილმა შეაშფოთა; მით უფრო, რომ მისთვის ნაჩქარევად მიწერილ ჩემს
ბარათს შინაარსობრივად არაფრით შეესაბამებოდა. თხუთმეტიოდე წუთი
იფიქრა, კიდევ უფრო მეტად შეშფოთდა და დილიჟანსების სადგურისაკენ
გასწია, სტარტოპიც თან გაჰყვა. ნაშუადღევის დილიჟანსი წასული დახვდათ და,
ამგვარი დაბრკოლებების წინაშე ჰერბერტმა შფოთვის ნაცვლად განგაშის ცემა
დაიწყო. გადაწყვიტა, ეტლი ექირავებინა. ის და სტარტოპი "ლურჯ ტახს"
მიადგნენ, რაკი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ იქ ან თვითონ დავხვდებოდი, ან
ჩემ შესახებ ცნობებს მიიღებდნენ. ვერც ერთი რომ ვერ ნახეს, მის ჰევიშემის
სახლისკენ გაეშურნენ, სადაც ჩემი კვალი საბოლოოდ დაკარგეს. ამის შემდეგ
სასტუმროში დაბრუნდნენ (უეჭველად სწორედ იმ დროს, როდესაც მიკიტნის
მონათხრობ, ჩემი ცხოვრების ადგილობრივ ვერსიას ვისმენდი), რათა წაეხემსათ
და ჭაობებზე წასასვლელად ვინმე მეგზური ენახათ. "ლურჯი ტახის" ჭიშკარში
სხვა უსაქმურებს შორის ტრების ბიჭს გადაეყარნენ – თავის ჩვეულებას არ
იშლიდა და ისევ მუდამ იქ იყო, სადაც არაფერი ესაქმებოდა – რომელმაც ამცნო,
მის ჰევიშემის სახლიდან ჩემი სამიკიტნოსკენ მიმავალი რომ დამინახა. რაბის
ნაგებობისკენ მეგზურობაც სწორედ ტრების ბიჭმა გაუწია. თუმცა მათ, ჩემგან
განსხვავებით, ჭაობებს ქალაქის გავლით მიაღწიეს. გზად ჰერბერტი დაფიქრდა,
რომ, შესაძლოა, ჩემი აქ მოხმობა პროვისისათვის სასარგებლო რამე საქმეს
გულისხმობდა და ასეთ შემთხვევაში ხელის შეშლა არ ივარგებდა, ამიტომ
მეგზური და სტარტოპი განაპირას დატოვა, თვითონ კი ქოხს მარტო მიუახლოვდა
და ორჯერ თუ სამჯერ ჩუმად შემოუარა. იმაში დარწმუნებას ცდილობდა, რომ
შიგნით სიმშვიდე სუფევდა. ერთადერთი ხრინწიანი ხმა რომ მოესმა (ვიდრე ჩემი
გონება ელვის სისწრაფით მუშაობდა), ივარაუდა, მე იქ შეიძლებოდა არც
ვყოფილიყავი, მერე უეცრად ჩემი ყვირილი გაიგონა და შემოვარდა.
დანარჩენებიც ფეხდაფეხ მოჰყვნენ.

როდესაც ჰერბერტს ნაგებობაში მომხდარი ვუამბე, მითხრა, რომ


დაუყოვნებლივ უნდა მივსულიყავი ქალაქის ხელისუფლებასთან და
ბოროტმოქმედის დაკავება მომეთხოვა. მაგრამ ვიფიქრე, რომ ამას ჩვენი
ასავალ-დასავლის საჯაროდ გამოაშკარავება და, შესაძლოა, ჩვენი ქვეყანაში
შეყოვნებაც მოჰყოლოდა, ეს კი პროვისის დაღუპვას ნიშნავდა. ჰერბერტი ჩემს
მოსაზრებას დაეთანხმა და ჯერჯერობით ორლიკის დაჭერაზე ხელი ჩავიქნიეთ.
არსებულ ვითარებაში ასევე გადავწყვიტეთ, ტრების ბიჭისთვის არაფერი
გაგვენდო. ვფიქრობ, იმედი გაუცრუვდებოდა, თუკი გაიგებდა, რომ მისი
წყალობით კირის ღუმელს გადავურჩი. ვერ ვიტყვი, ტრების ბიჭი მაინცდამაინც
ბოროტი იყო-მეთქი, უბრალოდ, უამრავი ენერგია ჰქონდა დაუხარჯავი და მუდამ
უხაროდა სხვის ხარჯზე გართობა და თავგადასავალი. დამშვიდობებისას ორი
გინეა ვაჩუქე (რამაც, აშკარად, გაახარა) და ვუთხარი, ვწუხვარ, წინათ შენზე
ცუდი აზრისა რომ ვიყავი-მეთქი (რასაც მასზე არავითარი შთაბეჭდილება არ
მოუხდენია).

რაკი ოთხშაბათი ახლოვდებოდა, გადავწყვიტეთ, ლონდონში სამივე იმავე


ღამით ფოსტის ეტლით დავბრუნებულიყავით. ჯობდა, იქაურობას მანამ
გავცლოდით, ვიდრე ღამის თავგადასავლის შესახებ მითქმა-მოთქმა
ატყდებოდა. ჰერბერტმა გამაყუჩებელი წამალი იქვე მიშოვა, მთელი გზა ამ
წამალს ჭრილობაზე ვიდებდი და ტკივილს ასე ვუმკლავდებოდი. ტემპლს უკვე
გამთენიისას მივაღწიეთ, მაშინვე საწოლში ჩავწექი და მთელი დღე ვიწექი.

იმდენად ვშიშობდი, ავად არ გავმხდარიყავი და ამის გამო დაგეგმილი


მოგზაურობა არ ჩაგვშლოდა, რომ მიკვირს, მხოლოდ ამ შიშმა როგორ არ
გამხადა ცუდად. უსათუოდ ასეც მოხდებოდა – რადგან უკვალოდ არც გადატანილ
შიშს ჩაუვლია – რომ არა ხვალინდელი დღის დაძაბული მოლოდინი. ამ დღეს
ძლიერი მღელვარებით ველოდით; მოახლოებული შედეგი კი განუჭვრეტელი
ჩანდა!

ცხადი იყო, ამაზე დიდ სიფრთხილეს ვერ გამოვიჩენდით – მთელი ამ დღის


განმავლობაში პროვისი არ უნდა გვენახა, თუმცა ამ სიფრთხილემ კიდევ უფრო
ამაფორიაქა. ყოველ გაფაჩუნებაზე ვკრთებოდი. მზად ვიყავი, დამეჯერებინა,
რომ პროვისი შეიპყრეს და ამის სათქმელად მოსულიყვნენ. ლამის დავირწმუნე
თავი, რომ უკვე დააკავეს; რომ ჩემი შფოთვის მიზეზი შიში კი არა, ცოდნა იყო;
რომ რაღაც იდუმალი ძალით თუ გუმანით განვჭვრიტე მომხდარი ფაქტი. ბოლოს
და ბოლოს, დღე სიახლეების გარეშე მიილია და ჩამობნელდა კიდეც. ხვალამდე
შეუძლოდ გახდომის შიში მთლიანად დამეპატრონა. მკლავი მეწვოდა და
მწიწკნიდა, თავიც მიგუგუნებდა და ასე მეგონა, ბოდვა უნდა დამეწყო. თავის
შესამოწმებლად ათასამდე თვლას შევუდექი, მერე პოეზიიდან და პროზიდან
ნაცნობი პასაჟების გამეორება დავიწყე. რამდენჯერმე ჩემი გადაღლილი გონება
მოდუნდა და ორიოდე წუთით ჩამთვლიმა, მაგრამ ყოველ ჯერზე მაშინვე
წამოვფეთიანდებოდი და გავიძახოდი: აი, დამეწყო, ვბოდავ!

მეგობრები მთელი დღის განმავლობაში მივლიდნენ, საფენებს მიცვლიდნენ


და დამამშვიდებელ სასმელს მასმევდნენ. რამდენჯერაც ჩამეძინა, იმავე
გრძნობით გავიღვიძე, რაც რაბში დამეუფლა: თითქოს ძალზე დიდი ხანი
გასულიყო და პროვისის გადარჩენის შესაძლებლობა გამოვტოვე. შუაღამე იყო,
როდესაც საწოლიდან ავდექი და ჰერბერტის ოთახს მივაშურე იმაში
დარწმუნებულმა, რომ ოცდაოთხ საათს მეძინა და ოთხშაბათმა უკვე ჩაიარა. ეს
ჩემი შიშის უკანასკნელი დამქანცველი გაბრძოლება იყო, რომლის შემდეგაც,
როგორც იქნა, ღრმად ჩამეძინა.

ფანჯარაში გავიხედე, ოთხშაბათი თენდებოდა. ხიდზე მბჟუტავი სინათლეები


უკვე გამკრთალებულიყო, ჰორიზონტი მზის შუქით აალებულიყო. მდინარე ჯერაც
მუქად და იდუმალად მოჩანდა, მას თანდათან სულ უფრო ბაცად აჩნდა ხიდების
რუხი ზოლები, აქა-იქ აისის შუქს რომ ირეკლავდა. სახურავებსა და კრიალა
ცისკენ აზიდული კოშკების წვეტებს რომ გავყურებდი, მდინარეს ერთბაშად
თითქოს ფარდა გადახადესო და წყლის ზედაპირი ათასი ნაპერწკლით
ალიცლიცდა. მეც თითქოს საფარველი ჩამომხადესო: თავი მხნედ და ღონივრად
ვიგრძენი.

ჰერბერტს თავის საწოლში ეძინა, ჩვენს ძველ ამხანაგს კი – ტახტზე. სხვისი


დახმარების გარეშე ტანთ ჩაცმა არ შემეძლო, სამაგიეროდ, ჯერაც მბჟუტავი
ცეცხლი გავაღვივე და ყავა გავამზადე. ისინიც დროულად ადგნენ ღამის ძილით
მოღონიერებულნი; ფანჯრებში დილის სუსხიანი ჰაერი შემოვუშვით და
მოქცევასთან ერთად წყლის მატებას დავაკვირდით.

– ცხრა საათზე, როგორც კი წყალი პირს იბრუნებს, მოემზადე და წისქვილის


ტბორის ნაპირზე დაგველოდე! – იმედიანად შესძახა ჰერბერტმა.
54

მარტის ჭირვეული დღე იყო – მზე აცხუნებდა და თან ცივი ქარი ქროდა –
როდესაც მზეში ზაფხულია, ჩრდილში კი – ზამთარი. თბილი ქურთუკები
წამოვიღეთ. მე ჩანთაც მქონდა. იქიდან, რაც კი ამქვეყნად მებადა, მხოლოდ
რამდენიმე აუცილებელი ნივთი ავიღე და ერთ ჩანთაში ჩავატიე. საით
მივდიოდი, რა უნდა მეკეთებინა, ან როდის დავბრუნდებოდი, არ ვიცოდი.
მსგავსი ფიქრებით თავს არც ვიცხელებდი, რადგან ჩემთვის ახლა მთავარი
პროვისის უსაფრთხოება იყო. მხოლოდ წამით გავჩერდი ზღურბლზე, უკან
მივიხედე და გავიფიქრე, ნეტა კიდევ თუ ვნახავ ამ ბინას ან რა მდგომარეობა
იქნება-მეთქი მაშინ.

ტემპლის კიბე ჩავიარეთ და ისე გაუბედავად დავდექით ნაპირზე, თითქოს


წესიერად არც გვქონოდა გადაწყვეტილი წყალზე ჩასვლა. რა თქმა უნდა,
წინასწარ ვიზრუნე იმაზე, რომ ნავი მზად ყოფილიყო. ჩვენ მიერ გათამაშებულ ამ
სპექტაკლს მოწმე არ ჰყოლია, თუ არ ჩავთვლით ტემპლის ნაპირის ბინადარ
რამდენიმე ამფიბიას. შემდეგ ნავში ჩავსხედით და გავცურეთ. ჰერბერტი
ნიჩბებს უსვამდა, მე საჭეს ვუჯექი. წყალი ზევით იწევდა. ცხრის ნახევარი იყო.

ასეთი გეგმა გვქონდა – რადგან მიქცევა ცხრაზე დაიწყებოდა და სამ


საათამდე გაგრძელდებოდა, გავყოლოდით, ხოლო მისი დასრულების შემდეგ
დინების საწინააღმდეგოდ გაგვეგრძელებინა ცურვა, ვიდრე ჩამობნელდებოდა.
იმ დროისათვის უკვე გრეივზენდზე ბევრად ქვევით უნდა ვყოფილიყავით,
სადღაც კენტსა და ესექსს შორის, სადაც მდინარე ფართოა, ნაპირები –
უკაცრიელი, მხოლოდ მცირერიცხოვანი მობინადრეებითა და აქა-იქ
სამიკიტნოებით, რომელთაგან ერთ-ერთში დავისვენებდით. მთელ ღამეს
წყალზე გავატარებდით. ჰამბურგსა და როტერდამში მიმავალი ორი დიდი გემი
ლონდონიდან ხუთშაბათს, დილის ცხრა საათისათვის უნდა გასულიყო. იმისდა
მიხედვით, რა ადგილას ვიქნებოდით, დაახლოებით გვეცოდინებოდა, რა დროს
უნდა გამოჩენილიყვნენ და მათგან პირველივეს მივცემდით ნიშანს. ამგვარად,
თუკი პირველი რამე მიზეზით ბორტზე არ აგვიყვანდა, მეორეს
დაველოდებოდით. ორივე გემის განმასხვავებელი ნიშნები ვიცოდით.
როგორც იქნა, ჩანაფიქრის განხორციელებას შევუდექით და ამან იმდენად
დიდი შვება მომგვარა, ორიოდე საათის წინანდელი დაძაბულობა უკვე აღარც
მახსოვდა. სუფთა ჰაერმა, მზემ, მდინარეზე ნელმა სვლამ და თვით მდინარის
დინებამ – გზამ, რომელიც ჩვენთან ერთად მოგზაურობდა, თითქოს
თანაგვიგრძნობდა, გვამხნევებდა და გვეხმარებოდა – ახალი იმედით ამავსო.
საშინლად მრცხვენოდა იმის, რომ ნავში უსარგებლოდ ვიჯექი, მაგრამ ჩემს ორ
მეგობარზე უკეთესი მენიჩბეები არ მეგულებოდა და, მართლაც, მთელ დღეს
შეეძლოთ მძლავრი, უწყვეტი რიტმით მოესვათ ნიჩბები.

იმ დროისათვის ტემზაზე ბევრად ნაკლები გემი დადიოდა, ვიდრე ამჟამად,


ნიჩბიანი ნავი კი – გაცილებით მეტი. ბარჟები, მენახშირის ნავები და
საკაბოტაჟო ნავები მაშინაც მრავლად იყო, აი, ორთქლის ძრავით მოცურავე გემს
დღევანდელზე ათჯერ ან ოცჯერ ნაკლებს ნახავდით. ჯერ ადრიანი დილა იყო,
მაგრამ მდინარეზე უკვე დაძრწოდნენ ნიჩბიანი ნავები და ბარჟებიც
მიჰყვებოდნენ მიქცევას. ხიდებს შორის ღია ნავით გაცურვა იმხანად ბევრად
უფრო გავრცელებული იყო, ვიდრე ახლაა. ჩვენც სწრაფად მივაპობდით წყალს
უამრავ ორჩხომელსა და ბარჟას შორის.

მალევე უკან მოვიტოვეთ ლონდონის ძველი ხიდი, ხამანწკების ნავებითა და


ჰოლანდიელებით გადატენილი ბილინგსგეიტის ძველი ბაზარი, თეთრი ტაუერი,
"მოღალატეთა ჭიშკარი" და საზღვაო ტრანპორტით ყველაზე მეტად
გადატვირთულ მონაკვეთს მივადექით. აქ იყო ლითში, აბერდინსა და გლაზგოში
მიმავალი გემები, რომლებსაც ცლიდნენ და ახალი ტვირთით ავსებდნენ. როცა
გვერდით ჩავუარეთ, წყლის ზედაპირიდან უსაშველოდ მაღლები მოგვეჩვენა.
ასევე იყო ათეულობით მენახშირის ნავი, რომლის ტრიუმებიდანაც მტვირთავებს
ნახშირი ამოჰქონდათ და გემბანზე გრუხუნით ყრიდნენ, შემდეგ კი ბარჟებზე
ანაწილებდნენ. აქ იდგა ის გემიც, რომელიც მეორე დღეს როტერდამისკენ
მიცურავდა. ის საგულდაგულოდ შევათვალიერეთ. აქვე იყო ჰამბურგში მიმავალი
გემიც, რომლის ბუშპრიტის ქვეშაც გავიარეთ. ბოლოს, როგორც იქნა, ჩემი
კიჩოდან წისქვილის ტბორის ნაპირი და წყლისკენ ჩამავალი კიბეები დავლანდე
და გული ამიჩქარდა.

– იქ არის? – მკითხა ჰერბერტმა.

– ჯერ არა.

– სწორიცაა! ვიდრე არ დაგვინახავს, არც უნდა გამოვიდეს. მის ნიშანს თუ


ხედავ?
– აქედან კარგად არ ჩანს, მაგრამ, მგონი, ვხედავ... აგერ თვითონაც
გამოჩნდა! მიაწექით! ნელა, ჰერბერტ! ნიჩბები ასწიეთ!

სულ ერთი წამით მივუახლოვდით საფეხურებს, პროვისი ბორტზე ამოვიდა და


მაშინვე განვაგრძეთ სვლა. მეზღვაურის სქელი პალტო ეცვა, შავი ქსოვილის
ჩანთა ჰქონდა და ნამდვილ ლოცმანს ჰგავდა.

– ჩემო ბიჭო! – როგორც კი დაჯდა, მხარზე მკლავი შემომხვია, – ჩემო


ერთგულო ბიჭო, ყოჩაღ. გმადლობ, გმადლობ!

კვლავაც დიდ-პატარა გემებსა და ნავებს შორის დავცურავდით,


ვერიდებოდით ჟანგიან ჯაჭვებს, დაძენძილ ბაგირებს, მოტივტივე ქერქეჭელებს,
წყალში წამით ვძირავდით მცურავ დამტვრეულ კალათებს, შეშის ღერებს,
ვსერავდით წყალზე გაფენილ ნახშირის ლაქებს, აქეთ-იქით ვუხვევდით, ქვეშ
გავუძვერით სანდერლენდელი "ჯონის" ფორშტევენზე დამაგრებულ ფიგურას,
რომელიც ქარს სიტყვით მიმართავდა (რაც მრავალი "ჯონის" ხვედრია), და
იარმუთელ "ბეტსის" – მკვრივ და მკერდსავსე ქალბატონს, თვალები ორი
დუიმით რომ გადმოსცვენოდა ფოსოებიდან. აქეთ და იქით, გემის
სახელოსნოების ჩაქუჩების ხმაურში, სადაც ხერხები ზუზუნით სერავდნენ
ფიცრებს, ძრავები გუგუნებდნენ, ტუმბოები დაზიანებულ გემებში შემოჟონილ
წყალს ტუმბავდნენ, ჭრიალებდნენ ჯალამბრები, საიდანაც გემები ზღვაში
გადიოდნენ და ფალშბორტზე გადმოყუდებული ზღვის უცნაური ურჩხულები
მეზღვაურებს ლანძღვა-გინებას აყრიდნენ, სულ აქეთ და იქით; და, როგორც
იქნა, ამ ორომტრიალიდან გავედით თავისუფალ წყლებში, სადაც იუნგები მაღლა
სწევდნენ ბურთ-ბალიშებს, მანამდე მღვრიე წყალში რომ ეთრეოდა, და სადაც
მოჩვარული იალქნები ქარის ლაღი მონაბერით ივსებოდა.

იმ კიბესთან, საიდანაც პროვისი ბორტზე ავიყვანეთ, და მას მერეც, ნაპირს


ფრთხილად ვაკვირდებოდი, ვინმე ხომ არ გვითვალთვალებდა, მაგრამ საეჭვო
ვერაფერი შევნიშნე. უეჭველი იყო, არანაირი ნავი არ მოგვყვებოდა. თუკი
შევამჩნევდი, რომ რამე ნავი ჩვენ ჩამოვლას ელოდებოდა, ნაპირზე გადავიდოდი
და ვაიძულებდი, ჩვენთვის გაესწრო, ანდა თავისი განზრახვა გაემჟღავნებინა.
მაგრამ მიზნისაკენ სვლაში ხელს არავინ გვიშლიდა.

როგორც ვთქვი, პროვისს მეზღვაურის პალტო ჩაეცვა და ნავით


მგზავრობისთვის სრულიად ბუნებრივად გამოიყურებოდა. თვალში მეცა (ალბათ,
ეს ბედკრული ცხოვრების დროს გამომუშავებული ჩვევა იყო), რომ ყველა
ჩვენგანზე ნაკლებად ღელავდა. გულგრილობას ვერ დავწამებდი, რადგან
მითხრა, იმედი მაქვს, იქამდე ვიცოცხლებ, ვიდრე ჩემი ჯენტლმენი უცხო
ქვეყანაში ყველა სხვა ჯენტლმენს აჯობებსო. ვერც მორჩილება და თვინიერება
შევატყვე, უბრალოდ, საფრთხის გამო დროზე ადრე აღელვება არ სურდა. როცაკი
საფრთხე მიუახლოვდებოდა, დახვდებოდა და გაუმკლავდებოდა, მაგრამ
მანამდე არ აღელდებოდა.

– რომ იცოდე, ჩემო ბიჭო, – მითხრა, – ჩემთვის ახლა რა შვებაა შენ გვერდით
ჯდომა და თუთუნის მოწევა მას მერე, რაც ამდენ ხანს ოთხ კედელში ვიყავი
გამომწყვდეული, ჩემი შეგშურდებოდა. მაგრამ შენ ამას ვერ წარმოიდგენ.

‒ ვფიქრობ, მეც ვიცი, რა ტკბილია თავისუფლება, – ვუპასუხე.

– არა, – მტკიცედ გააქნია თავი, – ჩემნაირად მაინც არ გეცოდინება. საამისოდ


საკანში უნდა გამოგამწყვდიონ, ჩემო ბიჭო... მაგრამ არ მინდა, მდაბიოდ და
უხეშად გელაპარაკო.

გამეფიქრა, თუკი ასეა, როგორღა გადაწყვიტა, ამა თუ იმ იდეის გამო


არამცთუ საკუთარი თავისუფლება, სიცოცხლეც საფრთხეში ჩაეგდო. თუმცა
მივხვდი, მისნაირი ადამიანისათვის საფრთხის გარეშე თავისუფლება
აზრსმოკლებული უნდა ყოფილიყო. ამ ფიქრებში დიდხანს არ ვყოფილვარ, როცა
ბოლი ამოუშვა და თქვა:

– ხომ გესმის, ჩემო ბიჭო, იქით, ოკეანის გადაღმა როცა ვიყავი, გული სულ
აქეთ მომიწევდა; რაგინდ გავმდიდრებულიყავი, იქაურობა მაინც ყელში
ამომივიდა. მეგუიჩს ყველა იცნობდა, მეგუიჩს აქეთ-იქით სიარული შეეძლო და
მის გამო ძეხორციელი არ იცხელებდა თავს. აქ კი ასე არ არის. რომ იცოდნენ,
სადაც ვარ, იოლად არ გამიშვებენ.

– თუკი ყველაფერი კარგად იქნება, – ვუთხარი, – რამდენიმე საათში ისევ


თავისუფლად და უსაფრთხოდ იგრნობთ თავს.

– ჰო, – ღრმად ჩაისუნთქა და მომიბრუნდა, – იმედი მაქვს.

– დარწმუნებული არ ხართ?

ხელი წყალში ჩაყო და იმ მშვიდი სახით მითხრა, ბოლო დროს რასაც


ვამჩნევდი:
– ჰო, ალბათ, დარწმუნებულიც ვარ, ჩემო ბიჭო. ამაზე წყნარად და
უდარდელად მოგზაურობას ვერც კი ვინატრებდით. მაგრამ მაინც გავიფიქრე...
ალბათ, სწორედ იმიტომ, ამ მდინარეზე ასე საამოდ და მშვიდად რომ
მივცურავთ... მაგრამ წეღან, როცა ჩიბუხს ვეწეოდი, გავიფიქრე, უახლოეს
ორიოდე საათში რაც მოგვივა, ამის დანახვა ისევე არ ძალგვიძს, როგორც ამ
მდინარის ფსკერისა, რომელშიც ახლა ხელსა ვყოფ. რაც გვიწერია, ისევე ვერ
შევაჩერებთ, როგორც ამ წყლის მიქცევის შეჩერება არ შემიძლია. ხედავ?
თითებს შორის გამიარა და წავიდა! – პროვისმა ხელი ჰაერში ასწია, თითებიდან
წყალი წურწურით ჩამოსდიოდა.

– თქვენი სახის გამომეტყველება რომ არა, მეგონებოდა, დაღონდით, –


ვუთხარი.

– სრულებითაც არა, ჩემო ბიჭო! ეგ იმის ბრალია, ასე მშვიდად და საამოდ


რომ მოვცურავთ, კიჩოსთან წყალი კი ისე ჩუხჩუხებს, გეგონება, საკვირაო
გალობა ისმისო. თანაც, ალბათ, ცოტათი ვბერდები კიდეც.

ჩიბუხი კვლავ პირში ჩაიდო; ისეთი მშვიდი და კმაყოფილი სახით იჯდა,


თითქოს ინგლისი უკვე უკან მოგვეტოვებინა. თუმცა ჩემს რჩევას ისე თვინიერად
ემორჩილებოდა, გეგონებოდა მუდმივ შიშში ყოფილიყო – ცოტა ხნით ნაპირს
მივადექით, რათა ბოთლებით ლუდი მოგვეტანა. მანაც ჩვენთან ერთად დააპირა
გადმოსვლა, მაგრამ მორიდებულად ვუთხარი, რომ ჯობდა, ნავში დარჩენილიყო;
მაშინვე შეჩერდა, მკითხა: "ასე ფიქრობ, ჩემო ბიჭო?" და თავის ადგილს
დაუბრუნდა.

მდინარეზე სუსხიანი ნიავი ქროდა, თუმცა მზე კაშკაშებდა. დინება ძლიერი


იყო, ვცდილობდით, მას გავყოლოდით. ჩემი მეგობრებიც შეუჩერებლივ
უსვამდნენ ნიჩბებს და წინ სწრაფად მივიწევდით. წყალი თანდათანობით
იკლებდა და სანაპირო ტყეები და ბორცვები სულ უფრო მეტად ეფარებოდა
თვალს, ჩვენი ნავი ატალახებულ ნაპირებს შუა სულ უფრო დაბლა ეშვებოდა,
თუმცა, გრეივზენდს რომ ჩავუარეთ, მიქცევა კვლავაც ზღვისკენ მიგვაქანებდა.
რაკი ჩვენი მგზავრი მეზღვაურის პალტოში საიმედოდ იყო გახვეული, განგებ
ახლოს გავიარე და დინებას გავყევი, ჩავუარე ემიგრანტებით სავსე ორ გემსა და
მძიმე სამხედრო ტრანსპორტს, რომლის ცხვირიდანაც ჯარისკაცები
ჩამოგვყურებდნენ. სულ მალე კი მოქცევა დაიწყო და ყველა ღუზაჩაშვებული
გემი თანდათან შემოტრიალდა. ის გემები კი, რომლებიც პორტში შესვლას
ელოდებოდნენ, ჩვენკენ დაიძრნენ დიდი ფლოტილიის მსგავსად და ისღა
დაგვრჩენოდა, ავკვროდით ნაპირს, სადაც მოქცევის ძალა ნაკლებად
იგრძნობოდა და მეჩეჩებსა და თავთხელებს მოვრიდებოდით.

ჩვენი მენიჩბეები ჯერაც მხნედ იყვნენ – რამდენჯერმე, ორიოდე წუთით, ნავი


დინებაზე მიუშვეს და ამის ხარჯზე სული მოითქვეს. ახლაც თქვეს, რომ თხუთმეტ
წუთზე მეტი არ სჭირდებოდათ დასასვენებლად. სლიკინა ქვებით მოფენილ
ნაპირზე გადმოვედით და, რაც თან გვქონდა, იმით წავიხემსეთ. მიდამო ჩემს
მშობლიურ ჭაობებს წააგავდა – ბრტყელი და ერთფეროვანი იყო, ნისლში
გახვეული ჰორიზონტით. მდინარე უსასრულოდ იკლაკნებოდა, მასზე მოტივტივე
ქერქეჭელები შეუჩერებლად ტრიალებდნენ, ნაპირზე კი ყოველივე უძრავად
გარინდულიყო. ფლოტის უკანასკნელი გემი იმ ბოლო კონცხის იქით გაუჩინარდა,
რომელსაც შემოვუარეთ; თივით დატვირთული და ყავისფერიალქნიანი მწვანე
ბარჟაც თან გაჰყვა. ორიოდე ბრტყელძირა სატვირთო ნავი, რომლებიც ბავშვის
გაუწაფავი ხელით გამოჭრილებს ჰგავდნენ, და ღია ხიმინჯებზე შემდგარი
დაბრეცილი შუქურა შლამში იყო ჩაფლული. ყოარტიდან ამოშვერილიყო
შლამიანი სარები, ქვები და სარყეები(სარყე – სანაოსნო ვითარების ნიშანი;
გამოიყენება სანაოსნო საფრთხეების შემოსაღობად.). ძველი ნავსაბმელის
საფეხურები და სახურავახდილი შენობებიც ყოარტში ჩაფლულიყო. ჩვენ
გარშემო ყველაფერს შლამი მოსდებოდა და ლპობა შეჰპაროდა.

ცურვა განვაგრძეთ და, რამდენადაც შეგვეძლო, დინების საწინააღმდეგოდ


მივაპობდით წყალს. ეს ბევრად რთული იყო, მაგრამ ჰერბერტი და სტარტოპი
დაღლას არ ეპუებოდნენ – მზის ჩასვლამდე უსვამდნენ და უსვამდნენ ნიჩბებს.
ამ დროისათვის მდინარემ ცოტათი მაღლა აიწია და ჩვენც ნაპირებს იქით
რაღაცების დანახვა შევძელით. წითელი მზე სულ დაბლა იყო, ღვინისფერ
ბურუსში გახვეული, და სწრაფად მუქდებოდა; უდაბური ჭაობები ბრტყლად
გაწოლილიყო; შორს ფერდობები ადიოდა, ჩვენსა და მათ შორის კი სიცოცხლის
ნიშანწყალი არ ჩანდა, ძირს ჩამომჯდარ რამდენიმე ნაღვლიან თოლიას თუ არ
ჩავთვლით.

სწრაფად ბნელდებოდა, მთვარეც კლებას იწყებდა და კარგა ხანს არ


ამოვიდოდა, ამიტომ თათბირს შევუდექით. თუმცა სათათბირო ბევრი არაფერი
გვქონდა – თავიდანვე ვაპირებდით, რომელიმე წყლისპირა, უკაცრიელი
სამიკიტნოსთვის შეგვეფარებინა თავი და მოგვეცადა. ასე რომ, მეგობრებმა ისევ
მოუსვეს ნიჩბები, მე კი შენობის ძებნა დავიწყე. თითქმის არ ვლაპარაკობდით.
ასე მძიმედ და ერთფეროვნად გავიარეთ ოთხი თუ ხუთი მილი. ძალიან ციოდა
და შემხვედრი მენახშირის ბარჟა, რომლის კამბუზიდანაც ღუმლის ცეცხლი
მოჩანდა და კვამლი გამოდიოდა, მყუდრო თავშესაფრად გვეჩვენა. ამ
დროისათვის უკვე გვარიანად დაბნელდა. მცირედი სინათლე თითქოს ციდან კი
არა, უფრო მდინარიდან იღვრებოდა, როდესაც ნიჩბები, წყალში
ჩადგაფუნებისას, კანტიკუნტად მოციმციმე ვარსკვლავების ანარეკლებს
აკრთობდნენ.

ამ პირქუშ წუთებში, მგონი, ყველა ჩვენგანს თან გვდევდა იმაზე ფიქრი, რომ
ვიღაც მოგვყვებოდა. მოქცევის ტალღები დროდადრო ხმაურით ეხლებოდა
ნაპირს და ასეთ დროს რომელიმე ჩვენგანი აუცილებლად კრთებოდა და იქით
იყურებოდა. დინებას ზოგან ვიწრო ყურეები გაეთხარა; ასეთ ადგილებს
ეჭვნეულად ვუყურებდით და ვერიდებოდით. ხან ერთი, ხან მეორე ხმადაბლა
ვსვამდით შეკითხვას, ეს რამ გაიტყლაშუნათ, ანდა ხელს გავიშვერდით, იქით
ნავი ხომ არ მოჩანსო. ამის შემდეგ კვლავ სრული დუმილი ჩამოწვებოდა და
დაძაბული ვფიქრობდი, ნიჩბები ორკაპებში რა ხმამაღლა ჭრიალებდა.

კარგა ხნის შემდეგ სახურავი და მის ქვემოდან გამომავალი სინათლე


შევნიშნეთ და მალევე პატარა ნავსაბმელს მივადექით, რომელიც გარშემო
მიმოფანტული ქვებით იყო გაწყობილი. სხვები ნავში დავტოვე, ნაპირზე
გადავედი და ვნახე, რომ სინათლე სამიკიტნოს ფანჯრიდან გამოდიოდა. ძალზე
ბინძური ადგილი იყო და არც კონტრაბანდისტებისათვის ჩანდა უცხო; მაგრამ
სამზარეულოს ბუხარში ცეცხლი გიზგიზებდა, კვერცხი, ბეკონი და სასმელი უხვად
იყო. გარდა ამისა, სამიკიტნოს ორი ორსაწოლიანი საძინებელი ჰქონდა. როგორც
მიკიტანმა მითხრა: "როგორც არის, ეგ არის". სტუმრად არავინ ჰყავდათ.
სამიკიტნოში მეპატრონისა და მისი ცოლის გარდა მხოლოდ ნავსაბმელის მუშა
იყო – ასეთებს ზოგადად "ჯეკს" ეძახდნენ – მამრობითი სქესის
თმაგათეთრებული, ბინძური, ერთიანად შლამში ამოსვრილი არსება, გეგონება,
ხიმინჯის ნაცვლად წყალში თვითონ დგებოდა.
ამ მუშასთან ერთად ნავთან დავბრუნდი. მისი დახმარებით ყველა ნაპირზე
გადმოვიდა, ნიჩბები, საჭე და ბარჯი გადმოვიტანეთ და ნავი საიმედოდ
დავაბით. სამზარეულოს ბუხართან ძალზე სასიამოვნოდ ვივახშმეთ, შემდეგ
საძინებლები დავათვალიერეთ. ერთი ჰერბერტმა და სტარტოპმა დაიკავეს,
მეორე კი – მე და ჩვენმა მგზავრმა. ორივე საძინებელი ისე იყო ჩახუთული,
თითქოს სუფთა ჰაერი სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიდა. საწოლების ქვეშ კი
იმდენი ბინძური თეთრეული და მუყაოს კოლოფი აღმოვაჩინე, გავიკვირვე კიდეც,
მეთქი, რამდენი რამ ჰქონიათ ოჯახში. მიუხედავად ამ ყველაფრისა,
კმაყოფილები ვიყავით, რადგან ამაზე უკაცრიელ ადგილს ძნელად თუ
ვნახავდით.
ვახშმის შემდეგ ცეცხლთან ვისვენებდით. კუთხეში მჯდომმა ჯეკმა,
რომელსაც სისველისაგან დაბრეცილი ფეხსაცმელი ეცვა (სხვათა შორის, როცა
კვერცხსა და ბეკონს ვჭამდით, ეს ფეხსაცმელი ამაყად გვიჩვენა და გვითხრა,
ნაპირზე გამორიყულ, დამხრჩვალ მეზღვაურს გავხადეო), მკითხა, ზევით
მოქცევას აყოლილი ოთხნიჩბიანი გალერა ხომ არ დაგინახავსო. უარით რომ
ვუპასუხე, შენიშნა, ქვევით ჩავიდოდაო, თუმცა დაუმატა, აქედან ზევით აუხვია
და მოქცევას აჰყვაო.

– როგორ თქვი, ოთხნიჩბიანიო? – ჩავეკითხე.

– დიახ, ოთხი წყვილი, – მიპასუხა, – ორიც მგზავრი ჰყავდათ.

– ნაპირზე თუ გადმოვიდნენ?

– როგორ არა, თიხის ორგალონიანი ტოლჩა ჰქონდათ, ლუდით შეავსეს, –


მიპასუხა ჯეკმა, – ჩემი ნება რომ იყოს, მაგ ლუდში შხამს ჩავუყრიდი, ან რამე
საწამლავს ჩავუსხამდი.

– რატომ?

– ეგ მე ვიცი, – ისეთი ბუყბუყით ლაპარაკობდა, თითქოს ბლომად შლამიანი


წყალი ჰქონდა ნაყლაპი.

– ამ ხალხზე ისეთ რამეს ფიქრობს, – ჩაერთო ფერმკრთალი, ზანტი,


წყალწყალათვალებიანი მიკიტანი, რომელსაც, ჩანდა, ჯეკი საიმედო დამხმარედ
ეგულებოდა, – ისეთ რამეს ფიქრობს, რაც სიმართლე ვერ იქნება.

– რასაც ვფიქრობ, ეგ მე ვიცი, – უპასუხა ჯეკმა.

– შენ გგონია, საბაჟოს ხალხია, ჯეკ?

– ჰო, – თქვა ჯეკმა.

– ჰოდა, ცდები.

– მაშ, ვცდები, არა?

ამ მრავალმნიშვნელოვანი პასუხის შემდეგ ჯეკმა საკუთარ შეუცდომლობაში


დარწმუნებული იერით გაიხადა ცალი ფეხსაცმელი, შიგ ჩაიხედა, სამზარეულოს
იატაკზე რამდენიმე კენჭი გადმობერტყა და ისევ ჩაიცვა. ეს ისეთი სახით ქნა,
აქაოდა, ცამდე მართალი ვარ და სრული უფლება მაქვს, რაც მომეგუნება, ის
გავაკეთოო.

– კი, მაგრამ, როგორ ფიქრობ, რკინის ღილები რაღა უყვეს, ჯეკ? – სუსტად
შეეკამათა მიკიტანი.

– ღილები რა უყვეს?! – შეუღრინა ჯეკმა, – ბორტს იქით გადაყარეს.


გადაყლაპეს. სხვა, აბა, რა უნდა ექნათ?

– ნუ გათავხედდები, ჯეკ, – სევდიანად შეაჩერა მიკიტანმა.

– საბაჟოს თანამშრომელი როგორმე მოიფიქრებს, რა მოუხერხოს თავის


ღილებს! – ჯეკმა ეს საძულველი სიტყვა უსაზღვრო ზიზღით გამოცრა, – თუკი არ
სურს, რომ სხვებმა იცნონ. აბა, სხვა რა მიზეზით გაჰყვება ოთხი მენიჩბე და ორი
მგზავრი მიქცევ-მოქცევას აღმა-დაღმა, საბაჟოს ხალხი რომ არ იყოს? – ეს თქვა
და ამაყად გავიდა. მიკიტანმაც, საკამათო რომ აღარავისთან ჰქონდა, ამ თემას
თავი ანება.

ამ საუბარმა ყველანი შეგვაშფოთა, განსაკუთრებით – მე. ქარი სევდიანად


ზუზუნებდა სახლის გარშემო, ტალღები ნაპირს ეხლებოდა და ამ ბგერებმა იმის
განცდა გამიძლიერა, რომ მახეში ვიყავით მომწყვდეულნი და გარდუვალი
საფრთხე გვემუქრებოდა. ოთხნიჩბიანი გალერა ისე თვალში საცემად დაძრწოდა
აქეთ-იქით, რომ ამ ადამიანების ყველაფერს შეჩვეული მზერაც კი მიიპყრო – ეს
მეტად არასასიამოვნო ჩანდა და მასზე ფიქრი თავიდან ვერ ამოვიგდე. მას მერე,
რაც პროვისი დავარწმუნე, საძინებელში ასულიყო და დაწოლილიყო, ჩემ ორ
მეგობართან ერთად გარეთ გავედი (ამ დროისათვის სტარტოპმა უკვე იცოდა
ჩემი ამბავი) და ისევ ვითათბირეთ. დავფიქრდით, აქ დავრჩენილიყავით
უცხოური გემის მოახლოებამდე, ანუ დაახლოებით ნაშუადღევის პირველ
საათამდე, თუ დილაადრიანვე გავდგომოდით გზას. მას მერე, რაც ყველაფერი
ავწონ-დავწონეთ, გადავწყვიტეთ, ჯობდა, აქვე შევჩერებულიყავით და გემის
გამოჩენამდე ერთი საათით ადრე გავყოლოდით დინებას. ამაზე შევთანხმდით
თუ არა, შიგნით შევბრუნდით და დასაძინებლად დავწექით.

თითქმის ჩაცმული დავწექი და რამდენიმე საათი ღრმად მეძინა. როდესაც


გამეღვიძა, ქარი წუხანდელზე ძლიერად უბერავდა და სამიკიტნოს აბრას
(რომელზეც გემი იყო გამოსახული) ხმამაღალი ჭრიალით აქანავებდა. ამ ხმაურმა
შემაკრთო, ფრთხილად წამოვდექი, რადგან პროვისს მშვიდად ეძინა, და
ფანჯარაში გავიხედე. იქიდან სწორედ ნავსაბმელთან მდგარი ჩვენი ნავი ჩანდა
და, როგორც კი რიჟრაჟის რუხ სინათლეს თვალი შევაჩვიე, ორი კაცი დავინახე,
რომლებიც ჩვენს ნავში იყურებოდნენ. ფანჯარას ისე ჩაუარეს, სხვა
არაფრისთვის შეუხედავთ, და არც წყალთან ჩასულან, სადაც, როგორც მივხვდი,
არავინ იყო. ჭაობებისკენ, ნორის მიმართულებით, წავიდნენ.

ერთბაშად მოვისაზრე, რომ ჰერბერტი გამეღვიძებინა და ჭაობებისკენ


მიმავალი ორი კაცი მეჩვენებინა, მაგრამ ვიდრე ჩემი ოთახიდან მისი
საძინებლისკენ წავიდოდი, გავიფიქრე, რომ მასა და სტარტოპს ჩემზე ბევრად
მძიმე დღე ჰქონდათ და დაღლილებს, დასვენება სჭირდებოდათ. ჩემს
ფანჯარასთან დავბრუნდი და შორს მიმავალი ის ორი ისევ დავინახე. თუმცა
რიჟრაჟის მკრთალ შუქში მალევე დავკარგე. რაკი ძალზე ციოდა, ისევ ჩავწექი,
მომხდარზე დაფიქრება მინდოდა, მაგრამ ჩამეძინა.

ადრე ავდექით. ოთხივე ერთად ვიყავით და, ვიდრე საუზმეს ველოდებოდით,


აუცილებლად ჩავთვალე, ნანახის შესახებ სხვებისთვის მეთქვა. ჩვენს მგზავრს,
როგორც ყოველთვის, სხვებზე მშვიდად ეჭირა თავი. მისი თქმით, სავსებით
შესაძლებელია, ის ორი კაცი საბაჟოს თანამშრომლები ყოფილიყვნენ და
ჩვენთან არავითარი საქმე არ ჰქონოდათ. შევეცადე, ჩემი თავი იმაში
დამერწმუნებინა, რომ ასე იყო და კიდეც ჰგავდა სიმართლეს. ამის მიუხედავად,
მაინც შევთავაზე, მე და ის ფეხით მივსულიყავით შორეულ კონცხამდე, რომელიც
სამიკიტნოდან ჩანდა, ჩვენი ნავი კი დაახლოებით შუადღისათვის იქიდან
აგვიყვანდა. ყველამ ჩათვალა, ეს სიფრთხილის ზომა ურიგო არ იქნებოდა,
ამიტომაც საუზმის შემდეგ მე და პროვისი გზას გავუყევით, თანაც ისე, რომ
სამიკიტნოში არაფერი გვითქვამს.

მთელი გზა ჩიბუხს ეწეოდა, ზოგჯერ ჩერდებოდა და მხარზე ხელს


მითათუნებდა. ვინმეს ეგონებოდა, საფრთხე მას კი არა, მე მემუქრებოდა და ჩემ
გამხნევებას ცდილობდა. თითქმის არ გვილაპარაკია. კონცხს რომ მივადექით,
შევეხვეწე, ნაპირს მორიდებოდა, ვიდრე მე გავიხედავდი და ჩვენს ნავს
მოვძებნიდი, რადგან ის ორი კაცი გათენებამდე სწორედ ამ მიმართულებით
წავიდა. დამიჯერა, ნაპირს მარტო მივადექი. შორიახლოს არანაირი ნავი არ
ჩანდა, ვერც ვინმეს ნაპირზე გადმოსვლის კვალს მივაგენი. მაგრამ წყალი ძალზე
მაღლა იყო ამოსული და, შესაძლოა, ფეხის ნაკვალევიც დაეფარა.

როცა თავისი საფრიდან გამოიხედა, ქუდი დავუქნიე და ვანიშნე, ახლოს


მოსულიყო. ერთად ვიცდიდით, ხან, პალტოებში გახვეულები, ძირს ვიწექით,
ხანაც გასათბობად ნაპირზე დავდიოდით, ვიდრე ჩვენს ნავს არ მოვკარით
თვალი. ბორტზე ადვილად დავსხედით და გემის კვალს გავუყევით. პირველს
ათი წუთი უკლდა და ყოველწამს ველოდით, რომ წინ მისი კვამლი
გამოჩნდებოდა.

ვიდრე მის კვამლს შევნიშნავდით, ორის ნახევარი გახდა, ხოლო მის უკან
მალევე მეორე გემის კვამლიც გამოჩნდა. ორივე გემი სწრაფად მიცურავდა,
ჩვენ-ჩვენი ჩანთები გავამზადეთ და ჰერბერტსა და სტარტოპთან
დასამშვიდობებლად დრო ვიხელთეთ. ერთურთს გულითადად ჩამოვართვით
ხელი და მეც და ჰერბერტსაც თვალზე ცრემლი გვქონდა მომდგარი, როდესაც
დავინახეთ, რომ ჩვენ წინ, არცთუ შორ მანძილზე, ნაპირს სწრაფად მოსწყდა
ოთხნიჩბიანი ნავი და შუა მდინარისაკენ აიღო გეზი.

აქამდე გემს ნაპირის ზოლი ეფარებოდა და მხოლოდ მის კვამლს


ვხედავდით, მაგრამ, როგორც იქნა, ისიც გამოჩნდა – პირდაპირ ჩვენკენ
მოდიოდა. ჰერბერტსა და სტარტოპს ვუთხარი, დინება გადაეჭრათ, რათა
გემიდან დაენახათ, როგორ ვუახლოვდებოდით. პროვისს კი ვთხოვე, თავის
პალტოში გახვეული, უძრავად მჯდარიყო. დარდი ნუ გექნება, ჩემო ბიჭოო,
გამამხნევა და ქანდაკებასავით გაქვავდა. ამასობაში გალერამ, რომლის
მენიჩბეები ძალზე მარჯვედ მოქმედებდნენ, გზა გადაგვიკვეთა, გაგვატარა და
გვერდით გამოგვყვა. ჩვენ შორის მხოლოდ იმდენ მანძილს ტოვებდა, ნიჩბების
მოსასმელად რომ იყო საჭირო და მეტად აღარ ჩამოგვრჩენია. როცაკი სვლას
შევანელებდით, ისიც ანელებდა; როცა ვუჩქარებდით, უჩქარებდა. ორი
მგზავრიდან ერთ-ერთი საჭეს მართავდა და, მენიჩბეების მსგავსად, თვალს არ
გვაცილებდა. მეორე პროვისივით პალტოში გახვეული იჯდა და, როგორც ჩანს,
დანარჩენებს ხმადაბალ განკარგულებებს აძლევდა. არცერთ ნავში ხმამაღალი
სიტყვა არ წარმოთქმულა.
ცოტა ხანში სტარტოპმა გაარჩია, ორი გემიდან უფრო წინ რომელი მოდიოდა
და, რაკი ჩემ პირისპირ იჯდა, ოდნავ გასაგონად ჩამჩურჩულა: "ჰამბურგი"; გემი
უსწრაფესად გვიახლოვდებოდა, მისი ლაპოტების ხმა სულ უფრო
ძლიერდებოდა. ვგრძნობდი, მისი ვეება ჩრდილი თანდათან როგორ გვფარავდა.
ბოლოს გალერიდან გამოგვძახეს. მეც ხმა გავეცი.

– ნავში გადასახლებიდან გაქცეული პატიმარი გყავთ, – დაიძახა საჭესთან


მჯდომმა კაცმა, – ეს ისაა, პალტოში რომაა გახვეული. მას ეიბელ მეგუიჩი ჰქვია,
სხვაგვარად – პროვისი. უფლებამოსილი ვარ, ეს კაცი დავაპატიმრო. მოვუწოდებ,
დაგვნებდეს. თქვენ კი მოგიწოდებთ, დაგვეხმაროთ.
ამავდროულად, თუმცა არ გაგვიგონია, ეკიპაჟისათვის განკარგულება მიეცა,
გალერა ჩვენს ნავს მოუახლოვა. ვიდრე გამოვერკვეოდით, ერთადერთი უეცარი
ბიძგით მოგვადგნენ, მერე ნიჩბები შეინახეს და ჩვენს ნავს ხელები ჩასჭიდეს.
ამან გემზე საშინელი შეშფოთება გამოიწვია, გავიგონე ბრძანება, გაეჩერებინათ.
მართლაც, გაჩერდა, მაგრამ გემი ჯერაც გარდუვალად განაგრძობდა ჩვენკენ
მოძრაობას. იმავე წამს დავინახე, გალერის მესაჭემ დაპატიმრებულს ხელი
მხარზე როგორ დაადო, და ვიგრძენი, რომ ორივე ნავი ტალღებზე აქანავდა.
მეზღვაურები სასწრაფოდ წინა გემბანზე მოგროვდნენ. მაშინვე დავინახე,
დაპატიმრებული როგორ წამოდგა და პალტოთი შებურულ მგზავრს კალთაში
ჩაავლო ხელი, ქსოვილი გადახადა და, როგორც კი სახე გამოუჩნდა, მაშინვე
ვიცანი წლების წინათ ჭაობებში ნანახი მეორე პატიმარი. იგი ისეთი
წარმოუდგენელი შიშით გადაფითრდა და უკან წაიწია, არასოდეს რომ არ
დამავიწყდება, ამავდროულად გემიდან ყვირილი მომესმა, მერე – წყლის
ძლიერი ჩქაფანი და ვიგრძენი, ნავი ქვეშიდან როგორ გამომეცალა.

მხოლოდ ერთი წამით მეგონა, წისქვილის ათას ფრთასა და შუქის ათას


გაელვებას ვებრძოდი. მეორე წამში გალერის ბორტზე ამიყვანეს. ჰერბერტიც იქ
იყო და სტარტოფიც, მაგრამ ჩვენი ნავი და ორივე პატიმარი უკვალოდ
გამქრალიყვნენ.

გემიდან ისეთი გნიასი ისმოდა, მილები ორთქლს ისეთი ყურისწამღები


სტვენით უშვებდნენ, გემიცა და გალერაც ისე მკვეთრად მოძრაობდნენ, რომ
პირველ წამებში თავზარდაცემულმა წყალი ცისგან ვერ გავარჩიე და ერთი
ნაპირი მეორისაგან. მაგრამ მენიჩბეებმა სულ რამდენიმე ძლიერი და სწრაფი
ბიძგით მალევე გაასწორეს გალერა, ნიჩბებს მიაწვნენ და ყველანი მდუმარედ
და გაფაციცებით ჩააკვირდნენ წყალს. ცოტა ხნის შემდეგ რაღაც მუქი
შევნიშნეთ, დინებას ჩვენკენ მოჰყვებოდა. არავის არაფერი უთქვამს, მაგრამ
მესაჭემ ხელი ასწია და ყველამ თანდათან გააჩერა ნიჩბები. მუქი საგანი
მოგვიახლოვდა და მეგუიჩი გავარჩიე. მძიმედ, შებოჭილად მოცურავდა.
გალერაზე ამოიყვანეს და იმწამსვე მაჯებსა და კოჭებზე ბორკილები დაადეს.

გალერა გაასწორეს და კვლავ უხმოდ ჩააკვირდნენ წყალს. მაგრამ ამ დროს


როტერდამში მიმავალი გემიც წამოგვეწია და, რაკი, როგორც ჩანს, ვერ გაარკვია,
რა მოხდა, სწრაფი სვლით გვიახლოვდებოდა. პირველი გემიდან ეძახდნენ,
ანიშნებდნენ, შეჩერებულიყო, მაგრამ ცოტა ხანში უკვე ორივე გემი გაგვცდა და
აღელვებულ ტალღებზე დაგვტოვა. წყალში ცქერა და ლოდინი კიდევ კარგა ხანს
განვაგრძეთ. ამასობაში გემებიც თვალს მიეფარნენ და წყალიც დამშვიდდა.
ბოლოს ყველა მივხვდით, რომ ლოდინს აზრი არ ჰქონდა.

ლოდინი შევწყვიტეთ, ნაპირს მივადექით და იმ სამიკიტნოში შევედით,


საიდანაც დილით წამოვედით. ჩვენი დაბრუნებით დიდად გაოცდნენ. მეგუიჩს
შეძლებისდაგვარად დავეხმარე (ამიერიდან პროვისს აღარ ვუწოდებ). მან
მკერდში ძლიერი დარტყმა მიიღო და თავზეც დიდი ჭრილობა ჰქონდა.

მითხრა, რომ, როგორც ჩანს, გემის კილის ქვეშ მოხვდა და ზევით


ამოსვლისას თავი მიარტყა. მკერდი კი, მისი აზრით, გალერასთან შეჯახების
გამო დაებეჟა და სუნთქვისას აუტანლად სტკიოდა. ისიც დასძინა, რომ უჭირდა
თქმა, თუ რას უპირებდა კომპეისონს, მაგრამ იმწამს, როდესაც ხელი ჩაავლო,
რათა მისი სახე დაენახა, ბოროტმოქმედმა უკან წაიწია და გაიბრძოლა, რის
გამოც ორივენი წყალში ჩაცვივდნენ. მოწინააღმდეგესთან ბრძოლაში მეგუიჩმა
ჩვენს ნავს ფეხი ჰკრა, რის გამოც ის გადატრიალდა. გარდა ამისა, ჩურჩულით
მიამბო, რომ ერთურთს შეჭიდებულნი ჩაიძირნენ წყალში და იქაც განაგრძეს
ბრძოლა, მერე კი თავის გათავისუფლება შეძლო და ამოყვინთა.

წამითაც არ დავეჭვებულვარ მისი სიტყვების სიმართლეში. იმ ოფიცერმაც,


რომელიც საჭესთან იჯდა, მათი წყალში ჩაცვენის გარემოებები მსგავსად
აღწერა.

ოფიცერს ვთხოვე, უფლება მოეცა, პატიმრისთვის სველი ტანსამოსი გამეხადა


და რამე მშრალი ჩამეცმია, რაც სამიკიტნოში მოიძებნებოდა. მან მაშინვე
დამრთო ნება, მხოლოდ აღნიშნა, რომ ვალდებული იყო, მეგუიჩისთვის
ყველაფერი ჩამოერთმია, რაც კი თან ჰქონდა. ამგვარად, საფულე, რომელიც
ოდესღაც ხელში მეჭირა, ოფიცერთან აღმოჩნდა. მან ნება დამრთო, პატიმარი
ლონდონში გამეცილებინა, მაგრამ ჩემს ორ მეგობარს წამოსვლა აუკრძალა.

სამიკიტნო "გემში" მომუშავე ჯეკს აუხსნეს, თუ სად დაიხრჩო მეგუიჩის


მოწინააღმდეგე, და იმ ადგილებში ძებნას შეუდგა, სადაც ის შეიძლებოდა
დინებას გამოერიყა. ვფიქრობ, მისი გულმოდგინება ერთიორად გაიზარდა, როცა
გაიგო, რომ დამხრჩვალს წინდები ეცვა. თავიდან ფეხებამდე მის გამოწყობას
დაახლოებით ათიოდე დამხრჩვალი სჭირდებოდა; ალბათ, სწორედ ეს იყო იმის
მიზეზი, ჯეკის ტანისამოსს ხრწნის სხვადასხვა დონისათვის რომ მიეღწია.

მოქცევის დაწყებამდე სამიკიტნოში დავრჩით, მერე კი მეგუიჩი გალერასთან


ჩაიყვანეს და ბორტზე ასვეს. ჰერბერტი და სტარტოპი, როგორც კი
მოახერხებდნენ, ლონდონში სახმელეთო გზით ჩამოვიდოდნენ. ერთურთს
სევდიანად გამოვეთხოვეთ, მე კი, როცა მეგუიჩს გვერდით მივუჯექი, ვიგრძენი,
რომ ამ წუთიდან მისი სიცოცხლის ბოლომდე ეს ჩემი უცვლელი ადგილი
იქნებოდა.

მის მიმართ ზიზღი და გაღიზიანება ერთბაშად უკვალოდ გამიქრა; ამ


დევნილ, დატყვევებულ, დაჭრილ არსებაში, რომლის ხელიც ახლა მეჭირა,
მხოლოდ იმ კაცს ვხედავდი, ჩემი გაბედნიერება რომ სურდა და ვინც ჩემდამი
მადლიერებისა და უანგარო სითბოს განცდა წლების განმავლობაში შეინარჩუნა.
ამ კაცმა ბევრად უკეთესი მეგობრობა გამიწია, ვიდრე მე გავუწიე ჯოს.

მოსაღამოებულზე სულ უფრო გაუჭირდა სუნთქვა. ტკივილმა ისე შეაწუხა,


რომ დროდადრო გმინვას ვეღარ იკავებდა. მხრებქვეშ ჯანსაღი მკლავი ამოვუდე,
რათა მისთვის ოდნავ მაინც შემემსუბუქებინა მდგომარეობა. მაგრამ მზარავდა
იმაზე ფიქრი, რომ მისი მძიმე ჭრილობები სადარდებლად არ მიმაჩნდა, რადგან
სიკვდილი მეგუიჩისთვის ახლა ხსნა იქნებოდა. ეჭვი არ მეპარებოდა იმაში, რომ
ჯერ საკმაოდ ბევრი კაცი რჩებოდა ცოცხალი, ვისაც მისი ვინაობის დადასტურება
შეეძლო და სურდა კიდეც. არც იმის იმედი მქონდა, რომ სასამართლო
ლმობიერად მოეპყრობოდა. მისი დანაშაული პირველივე სასამართლოზე
ყველაზე არასახარბიელოდ წარმოჩინდა, შემდეგ ჯერ ციხიდან გაიქცა და მერე
არაერთხელ გაასამართლეს; ბოლოს კი სამუდამო გადასახლებიდანაც
დაბრუნდა და, ამასთან, იმ კაცის სიკვდილის მიზეზი გახდა, რომელმაც მის
დაკავებას შეუწყო ხელი.

პირი ვიბრუნეთ ჩამავალი მზისკენ, რომელიც გუშინ ზურგს უკან მოვიტოვეთ,


და ასე მეგონა, ჩემი იმედების მდინარებაც შემობრუნდა და ახლა პირუკუ
მიედინებოდა. მივუბრუნდი და ვუთხარი, რომ უზომოდ ვწუხდი, ჩემ გამო
სამშობლოში რომ დაბრუნდა.

– ჩემო ბიჭო, – მიპასუხა, – კმაყოფილი ვარ, რომ გავრისკე და ბედს


შევეჭიდე. ჩემი ბიჭი ვნახე და ვიცი, ის უჩემოდაც გახდება ნამდვილი
ჯენტლმენი.

ცდებოდა. ამაზე მაშინ ვიფიქრე, ნავში გვერდიგვერდ როცა ჩავსხედით.


მეგუიჩი ცდებოდა. ჩემს გადაწყვეტილებაზე რომ არაფერი ვთქვათ, უემიკის
მინიშნებას ახლაღა მივუხვდი. მისი დაპატიმრების შემთხვევაში მთელი მისი
ქონება გვირგვინს გადაეცემოდა.

– ყური დამიგდე, ჩემო ბიჭო, – მითხრა მერე, – აჯობებს, რაკი ჯენტლმენი ხარ,
ამიერიდან ახლოს აღარ გამეკარო. მხოლოდ სანახავად მოდი, ისე, თითქოს
უემიკს სულ შემთხვევით მოჰყევი. დარბაზში, უკვე მერამდენედ და
უკანასკნელად რომ დამაფიცებენ ბიბლიაზე, ისე დაჯექი, გხედავდე. მეტს
არაფერს გთხოვ.

– არა, გვერდიდან არასოდეს მოგცილდებით, თუკი არ ამიკრძალავენ.


ღმერთს ვფიცავ, თქვენი ისევე ერთგული ვიქნები, როგორც თქვენ მიერთგულეთ!

ვიგრძენი, ხელი როგორ აუცახცახდა. ნავის ფსკერზე მიწოლილმა სახე


გვერდზე მიაბრუნა და მის ყელში დიდი ხნის ნაცნობი ისევ ის ხმა გავიგონე –
ახლა უკვე თვით მასავით მომბალი. გამიხარდა, რომ, მისი სიტყვების
წყალობით, დროულად მივხვდი იმას, რასაც, შეიძლება, ამის გარეშე ვერც
მივმხვდარიყავი: არ უნდა შეეტყო, რომ ჩემი გამდიდრების იმედებს ასრულება
არ ეწერა.
55

მეორე დღესვე საპოლიციო სასამართლოში მიიყვანეს და დაუყოვნებლივ


დაუნიშნავდნენ სხდომას, მისი ვინაობის დასადასტურებლად მცურავი ციხის ის
ხნიერი ოფიცერი რომ არ გამოეძახებინათ, რომელსაც ოდესდაც გაექცა. მის
ვინაობაში ეჭვი არავის ეპარებოდა, მაგრამ კომპეისონი, რომელმაც
თავდაპირველად დაასმინა, მდინარის ფსკერზე უსულოდ იწვა, ლონდონში კი
ციხის თანამშრომლებიდან არავინ აღმოჩნდა, მის განაცხადს რომ
დაამოწმებდა. წინა საღამოს, დაბრუნებისთანავე მისტერ ჯეგერსს შინ
მივაკითხე და დახმარება ვთხოვე. იგი დამპირდა, რომ კლიენტის
ინტერესებიდან გამომდინარე, მის ვინაობას არ გაამჟღავნებდა. ეს ჩვენი
უკანასკნელი იმედი იყო, რადგან, მისტერ ჯეგერსის თქმით, მოწმის პოვნის
შემთხვევაში სასამართლო პროცესი ხუთ წუთში დასრულდებოდა და ამ საქმეს
ამქვეყნად ვერანაირი ძალა ვეღარ მოგვაგებინებდა.
მისტერ ჯეგერსს ჩემი ჩანაფიქრი გავუზიარე, რომ მეგუიჩისთვის მისი ქონების
ბედი დამემალა. მისტერ ჯეგერსი საშინლად გამიბრაზდა იმის გამო, რომ ეს
სიმდიდრე "ხელიდან გავუშვი". მითხრა, განცხადებას თუკი დროულად
შევიტანთ, იქნებ ნაწილი მაინც შევინარჩუნოთო. თუმცა არც ის დაუმალავს, რომ,
მართალია, ყველა საქმე არ ითვალისწინებს ქონების კონფისკაციას, მაგრამ ამ
შემთხვევაში ის, როგორც ჩანს, გარდუვალი იქნებაო. ეს ისედაც კარგად
მესმოდა. დამნაშავე არც ჩემი ნათესავი ყოფილა, არც სხვა რამე ოფიციალური
კავშირი მქონდა მასთან; არც ჩემ სასარგებლოდ რამე საბუთზე მოუწერია ხელი,
ვიდრე დააპატიმრებდნენ. ახლა კი ამის გაკეთებას აზრი აღარ ჰქონდა. მის
ქონებაზე არანაირი უფლება არ გამაჩნდა და პირობა დავდე – რომელიც არ
დამირღვევია – რომ ამგვარი უფლების მოპოვებას არასოდეს ვეცდებოდი.

ვფიქრობ, წყალში დამხრჩვალი დამსმენი იმედოვნებდა, რომ დაჭერილის


ქონება მას ერგებოდა. კომპეისონს საგულდაგულოდ შეესწავლა მეგუიჩის
ფინანსური მდგომარეობა. მისი გვამი შემთხვევის ადგილიდან მრავალი მილის
მოშორებით იპოვეს. იმდენად იყო დასახიჩრებული, რომ ამოსაცნობად ჯიბეების
გაჩხრეკა გახდა საჭირო. კომპეისონის საქაღალდეში შენახული ზოგიერთი
საბუთი დაზიანებული არ იყო და მათი წაკითხვა შეიძლებოდა. საბუთებში ეწერა
ახალი სამხრეთ უელსის ერთ-ერთი ბანკის სახელი, სადაც მეგუიჩი ფულს
ინახავდა; იქვე იპოვეს ძვირად ღირებული მიწის ნაკვეთების დოკუმენტებიც.
ორივე ეს საკითხი მეგუიჩის მიერ მისტერ ჯეგერსისათვის ციხეში გადაცემულ
სიაშიც იყო შესული და, მისი გეგმის თანხმად, ეს ყველაფერი მე უნდა მიმეღო
მემკვიდრეობით. საბრალო გლახა! ამ ერთადერთხელ მაინც გამოადგა თავისი
უმეცრება – წამითაც არ შეჰპარვია ეჭვი იმაში, რომ, მისტერ ჯეგერსის
შემწეობით, მის ქონებას საფრთხე არ ემუქრებოდა.

სამდღიანი ლოდინის მერე ბრალდების მიერ მცურავი ციხიდან გამოძახებული


მოწმე ჩამოვიდა და თავისი მარტივი მოვალეობა შეასრულა. მას დაევალა, იგივე
განეცხადებინა სასამართლო სხდომაზეც, რომელიც ერთი თვის შემდეგ
დაინიშნა.

ჩემი ცხოვრების ამ უბედურ მონაკვეთში, ერთ საღამოს, ჰერბერტი შინ


დაღონებული მოვიდა და მითხრა:

– ძვირფასო ჰენდელ, ვშიშობ, სულ მალე შენი მიტოვება მომიწევს.

რაკი მისმა პარტნიორმა ამ წუთისათვის შემამზადა, იმაზე ნაკლებად დამეცა


თავზარი, ვიდრე ჰერბერტი მოელოდა.

– თუკი კაიროში გამგზავრებაზე უარს ვიტყვი, შესანიშნავ შესაძლებლობას


დავკარგავ, არადა, ჰენდელ, გული მტკივა, რომ სწორედ იმ დროს უნდა
მიგატოვო, როდესაც ასე გჭირდები.

– ჰერბერტ, ყოველთვის დამჭირდები, რადგან ყოველთვის მეყვარები, მაგრამ


შენი აქ ყოფნა ახლა ისეთივე საჭირო არაა, როგორც ადრე იყო.

– თავს მარტოდ იგრძნობ.

– ახლა ამისთვის სად მცალია? – მივუგე, – ხომ იცი, რამდენის უფლებაც


მაქვს, მთელ დროს მასთან ვატარებ და საშუალება რომ მქონდეს, წუთითაც არ
მოვშორდებოდი. ხოლო როცაკი შინ მოვდივარ, ფიქრებით მაინც სულ მასთან
ვარ.

მეგუიჩის უმძიმესი მდგომარეობა ორივეს იმდენად გვთრგუნავდა, მასზე


უფრო მკაფიო სიტყვებით ლაპარაკს ვერ ვბედავდით.
– ჩემო მეგობარო, – მითხრა ჰერბერტმა, – მოახლოებული განშორება,
რომელიც, მართლაც, ძალზე ახლოა, ვფიქრობ, საპატიო მიზეზია საიმისოდ, რომ
გავთამამდე და შენი გეგმების თაობაზე გკითხო. შენს მომვალზე თუ გიფიქრია?

– არა, მომავალზე ფიქრი ჯერჯერობით მაშინებს.

– ადრე თუ გვიან, მოგიწევს ამაზე ფიქრი, ჩემო კარგო ჰენდელ. სხვაგვარად


ვერ იქნება და ძალიან მინდა, მეც წაგეშველო. თუ ნებას დამრთავ, ერთ-ორ
მეგობრულ სიტყვას გეტყვი.

– კარგი, – ვუთხარი.

– ჰენდელ, ახალდაარსებულ განყოფილებაში აუცილებლად დაგვჭირდება... –


მივხვდი, რომ ხათრიანობს გამო საჭირო სიტყვის წარმოთქმას ვერ ბედავდა და
ვუკარნახე:

– კლერკი.

– დიახ, კლერკი. და, დიდი იმედი მაქვს, მას მომავალში შესაძლებლობა


მიეცემა (ერთი შენი ნაცნობი კლერკისა არ იყოს) პარტნიორამდეც დაწინაურდეს.
მოკლედ, ჰენდელ, მეგობარო, ჩემთან ერთად წამოხვალ?

რაღაც საოცრად თბილი და გულის ამაჩუყებელი იყო მის მანერაში, როდესაც


საქმიანი წინადადებასავით წამოიწყო "მოკლედ, ჰენდელ...", მერე კი უეცრად
კილო შეიცვალა და სკოლის მოწაფესავით ალალად გამომიწოდა ხელი.

– მე და კლარამ ამაზე ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ, – მარწმუნებდა


ჰერბერტი, – და ჩემი პატარა სწორედ ამ საღამოს თვალცრემლიანი შემეხვენა,
შენთვის მეთქვა, რომ, თუ ჩვენი შეუღლების შემდეგ ჩვენთან ერთად ცხოვრებას
გადაწყვეტ, შენი კარგად ყოფნისათვის არაფერს დაიშურებს, და იმაში
დამერწმუნებინე, რომ მისი მეუღლის მეგობარი მისი მეგობარიცაა. ჰენდელ,
ერთად ისე ბედნიერად ვიცხოვრებთ!

ორივეს გულითადი მადლობა გადავუხადე, მაგრამ ისიც ვაღიარე, რომ ამ


მეგობრულ წინადადებაზე ახლავე ვერ დავთანხმდებოდი. ჯერ ერთი, ჩემი
გონება მთლიანად ჩვენთვის ცნობილ ვითარებას მოეცვა და სხვა ვერაფერზე
ვფიქრობდი; მეორეც... დიახ! მეორეც ის, რომ ჩემს გონებაში ბუნდოვანი რამ
ჩაისახა, რასაც ამ უბრალო ამბის ბოლოსკენ გაგანდობთ.
– მაგრამ, ჰერბერტ, თუკი ფიქრობ, რომ ცოტა ხნით ამ საკითხის ღიად
დატოვება შენს საქმეს არ დააზარალებს...

– ცოტა ხნით?! – შესძახა ჰერბერტმა, – ექვსი თვით, ერთი წლით!

– ამდენი ხანი არ დამჭირდება, – ვუპასუხე, – ორი-სამი თვე იკმარებს.

ამაზე შევთანხმდით და ჰერბერტმა სიხარულით ჩამომართვა ხელი. მერე კი


აღიარა ის, რის თქმასაც აქამდე ვერ ბედავდა – სავარაუდოდ, ამავე კვირის
ბოლოს უწევდა გამგზავრება.
– და კლარა? – ვკითხე.

– ჩემი ძვირფასი პატარა მამას ბოლომდე უერთგულებს, – მიპასუხა


ჰერბერტმა, – თუმცა მას დიდი ხანი აღარ უწერია. მისის უიმპლი ამბობს, პირი
იმქვეყნისკენ აქვსო.

– არ მინდა, სისასტიკე ვთქვა, – ვუთხარი, – მაგრამ ჯობია, იმქვეყნად


სწრაფად წავიდეს.

– ვშიშობ, მეც უნდა დაგეთანხმო, – მიპასუხა ჰერბერტმა, – და მაშინ ჩემს


პატარასთან დავბრუნდები, მერე მშვიდად და უხმაუროდ შევალთ უახლოეს
ეკლესიაში. ნუ დაგავიწყდება, ჰენდელ, რომ ჩემი ძვირფასი გოგონა ვერც
გვარიშვილობით დაიკვეხნის, არც პერების წიგნში ჩაუხედავს და წარმოდგენაც
კი არ აქვს იმაზე, თუ ვინ იყო მისი ბაბუა. როგორი არჩევანია დედაჩემის
ვაჟისათვის?

ამავე კვირა დღეს დავემშვიდობე ჰერბერტს – რომელიც მომავალს


აღტაცებით უცქერდა, თუმცა ჩემთან განშორება ასევდიანებდა – და პორტისკენ
მიმავალ დილიჟანსში ჩავსვი. მერე ახლოს მდებარე კაფედან კლარას პატარა
ბარათი მივწერე, სადაც შევატყობინე, რომ ჰერბერტი მშვიდობით გაემგზავრა;
კვლავაც და კვლავაც სიყვარულსა და მოკითხვებს უთვლის. ამის შემდეგ ჩემს
მარტოსულ ბინას მივაშურე, ამ განსაზღვრებას ახლა უკვე სრულად რომ
იმსახურებდა. კაცმა რომ თქვას, ჩემი ბინა არც იყო და, საერთოდ, დედამიწის
ზურგზე არსად მქონდა ბინა.

კიბეზე ჩამომავალ უემიკს შევეფეთე, რომელიც ჩემს კარზე უშედეგო კაკუნის


შემდეგ უკან ბრუნდებოდა. ჩვენი ჩაშლილი გაქცევის მერე პირისპირ აღარ
მინახავს. ახლა კი, როგორც კერძო პირი, სწორედ ამ მარცხთან დაკავშირებით
რაღაცის განსამარტად მოსულიყო.

– გარდაცვლილი კომპეისონი, – წამოიწყო უემიკმა, – თითქმის ყველა იმ


საქმეს წარმართავდა, რასაც ჩვენ ვიძიებთ და რაც წინათ გაგანდეთ, ციხეში
მოხვედრილი მისი ხელქვეითებისაგან მოვისმინე (მისი ხელქვეითებიდან
რომელიმე გამუდმებით ხვდება ციხეში). ყურები დაცქვეტილი მქონდა, თუმცა,
ცხადია, არაფერს ვიმჩნევდი, ვიდრე არ შევიტყვე, რომ რაღაც საქმეზე წასულა
და სწორედ ეს ჩავთვალე გაქცევისათვის ხელსაყრელ დროდ. ახლა ვხვდები,
რომ ესეც ამ გაიძვერას გეგმის ნაწილი უნდა ყოფილიყო: თუ საქმეს
სჭირდებოდა, საკუთარი დამქაშებიც კი შეცდომაში შეჰყავდა. იმედი მაქვს,
ჩემზე არ ბრაზობთ, მისტერ პიპ? დამიჯერეთ, თქვენ დახმარებას ვცდილობდი.

– ამაში ისევე მტკიცედ ვარ დარწმუნებული, როგორც თქვენ, უემიკ, და მთელი


გულით გმადლობთ მეგობრობისა და თანადგომისათვის.

– გმადლობთ, გმადლობთ. ცუდი ამბავია, – კეფა მოიფხანა უემიკმა, –


დამიჯერეთ, ასე შეწუხებული დიდი ხანია აღარ ვყოფილვარ. სულ ამაზე
ვფიქრობ: რამდენი მოძრავი ქონება დაიკარგა, ღმერთო დიდებულო!

– მე კი, უემიკ, ამ ქონების საბრალო მფლობელი მაფიქრებს.

– დიახ, რა თქმა უნდა, – მითხრა უემიკმა, – არ მიკვირს, რომ გებრალებათ და


მე თვითონაც ხუთ გირვანქა სტერლინგს არ დავიშურებდი მის გადასარჩენად.
მაგრამ აი, რას ვფიქრობ. რაკი გარდაცვლილმა კომპეისონმა მეგუიჩის
დაბრუნების ამბავი წინდაწინ შეიტყო და მისი პოლიციისათვის გადაცემაც
წინასწარვე ჰქონდა გადაწყვეტილი, მაშასადამე, მისი გადარჩენა მაინც
შეუძლებელი იყო. აი, მისი მოძრავი ქონების გადარჩენა კი შეიძლებოდა.
სწორედ ამაში მდგომარეობს ქონებასა და მის მფლობელს შორის განსხვავება,
ახლა ხომ გესმით?

უემიკი ჩემთან ჭიქა გროგზე შევიპატიჟე, რათა უოლუორთში ფეხით


წასვლამდე ძალა მოეკრიბა. დამთანხმდა. ვიდრე თავის ზომიერ ულუფას
სვამდა, სრულიად მოულოდნელად და ერთგვარი მორიდებით მკითხა:

– რას იტყვით, ორშაბათს შვებულება რომ ავიღო, მისტერ პიპ?


– რა გითხრათ, მგონი, ასეთი რამ ბოლო თორმეტი თვეა, არ გიქნიათ.

– ბოლო თორმეტი წელია, – შემისწორა უემიკმა, – დიახ, შვებულების აღებას


ვაპირებ. მეტიც – გასეირნებასაც. და უფრო მეტიც, ჩემთან ერთად გასეირნება
უნდა გთხოვოთ.

უკვე ბოდიშის მოხდა დავაპირე იმ მიზეზით, რომ ამ მდგომარეობაში


სასიამოვნო თანამგზავრად ვერ ვივარგებდი, მაგრამ უემიკმა დამასწრო:

– ვიცი, რითიც ხართ დაკავებული. იმასაც ვხვდები, ახლა მაინცდამაინც კარგ


გუნებაზე ვერ იქნებით. მაგრამ თუ შეძლებთ და პატივს დამდებთ, ამას დიდ
სიკეთედ ჩაგითვლით. შორს წასვლას არ გთხოვთ, თანაც მხოლოდ დილის
საათებს წაგართმევთ. მთლიანობაში (თუკი საუზმესაც ჩავთვლით),
დაახლოებით, რვიდან თორმეტამდე შეგაყოვნებთ. იქნებ ეს დრო როგორმე
გაითავისუფლოთ?

უემიკი იმდენჯერ დამხმარებოდა, ამ მცირედზე უარს ვერ ვეტყოდი. ვუთხარი,


რომ ვეცდებოდი დროის გამონახვას, უფრო სწორად, აუცილებლად
გამოვნახავდი და გავყვებოდი. ჩემმა თანხმობამ იმდენად გაახარა, რომ მეც
ხალისიან გუნებაზე დავდექი. შევთანხმდით, ორშაბათს დილით, ცხრის
ნახევარზე ციხესიმაგრეში გავუვლიდი. და ერთმანეთს დავემშვიდობეთ.

ორშაბათს დათქმულ დროს არ გადავაცილე და ციხესიმაგრის ჭიშკრის ზარი


დავრეკე. უემიკი გამომეგება. ჩვეულებრივზე უფრო კოპწიად ჩაცმული
მომეჩვენა, გულდაგულ გაპრიალებული ქუდიც დაეხურა. მაგიდაზე რძიანი რომი,
ორი ჭიქა და ორი ბისკვიტი იდო. მოხუცს, როგორც ჩანს, ტოროლებისათვის
დაუსწრია ადგომა, რადგან ღია კარის ჭრილში რომ შევიხედე, მისი საწოლი
ცარიელი დამხვდა.

მას მერე, რაც რძიანი რომითა და ბისკვიტით წავიხემსეთ, გასეირნებისათვის


მზადებისას ძალიან გავიკვირვე, როდესაც უემიკმა საიდანღაც ანკესი გამოიღო.
ვკითხე:

– ეს რად გინდათ? სათევზაოდ ხომ არ მივდივართ?

– არა, მაგრამ ანკესით სიარული მსიამოვნებს, – მიპასუხა უემიკმა.

მეუცნაურა, მაგრამ არაფერი მითქვამს. გავედით და გეზი კემბერუელის


მინდვრისაკენ ავიღეთ. როდესაც მივუახლოვდით, უემიკმა უეცრად წამოიძახა:

‒ შეხედეთ! ეკლესია!

ამაში თავისთავად საოცარი ვერაფერი ვნახე, მაგრამ გავოცდი, როდესაც


უემიკმა ხალისიანი კილოთი ბრწყინვალე იდეა გამოთქვა:

– მოდით, შევიდეთ!

ანკესი კართან მიაყუდა, შიგნით შევედით და მიმოვიხედეთ. ამავდროულად,


უემიკმა ქურთუკის ჯიბეში ხელი ჩაიყო და ქაღალდში გახვეული რაღაც
ამოაძვრინა.

– შეხედეთ! ორი წყვილი ხელთათმანი! მოდით, ჩავიცვათ!

რაკი ხელთათმანები ქათქათა ლაიკისა იყო, უემიკს კი საფოსტო ყუთი


ჩვეულებრივზე ფართოდ ჰქონდა გაღებული, რაღაცაში დავეჭვდი. ეს ეჭვი მალე
გაცხადდა – გვერდითი კარიდან უემიკის მოხუცი მშობელი ვინმე ქალბატონის
თანხლებით შემოვიდა.

– შეხედეთ! მის სკიფინზი! მოდით, ვიქორწინოთ!

ამ კდემამოსილ ქალიშვილს თავისი ჩვეული სამოსი ეცვა, ოღონდაც მწვანე


ლაიკის ხელთათმანი ამ შემთხვევისათვის თეთრით შეეცვალა. ჰიმენეს(ჰიმენე –
ქორწინების ღმერთი ბერძნულ მითოლოგიაში.) საკურთხეველზე
მსხვერპლშეწირვისათვის მოხუციც ზუსტად ასე მომზადებულიყო. მაგრამ ხნიერ
ჯენტლმენს ისე ძალიან გაუჭირდა ხელთათმანის ხელზე წამოცმა, რომ უემიკმა
ბოლოს საშველს მიაგნო: მოხუცი ზურგით სვეტზე ააყუდა, თვითონ სვეტის უკან
დადგა და სათითაოდ აცმევდა, ვიდრე მე მოხუცს წელზე ვეჭიდებოდი, რათა
თავი შეემაგრებინა და არაფერი დაშავებოდა. ამ ღირსშესანიშნავი სცენის
შედეგად ხელთათმანი უნაკლოდ მოვარგეთ.

როდესაც პასტორი და მისი თანაშემწე გამოვიდნენ, უკვე იმ მოაჯირთან


ვიყავით ჩამწკრივებულნი, სადაც ურიცხვი თაობის ბედისწერა აღსრულებულა.
უემიკი თავდაპირველი ჩანაფიქრის ერთგული დარჩა, აქაოდა, ყველაფერი
შემთხვევით მოხდაო, ჯიბიდან რაღაც ამოიღო და გავიგონე, როგორ
ჩაილაპარაკა:
‒ შეხედეთ! ბეჭედი!

მე ნეფის მეჯვარე ვიყავი, ხოლო ჩია მნათე ქალმა, რომელსაც ბავშვის ჩაჩის
მაგვარი თეთრი ქუდი ეხურა, თავი მის სკიფინზის ახლო მეგობრად გაასადა.
პატარძლის საკურთხეველთან მიცილების საპასუხისმგებლო მისია მოხუც
მშობელს დაეკისრა, რაც პასტორის აღშფოთების მიზეზი გახდა და, აი, როგორ:
როდესაც მან განაცხადა: "ვინ ათხოვებს ამ ქალბატონს ამ ჯენტლმენზე?"
მოხუცი, რომელსაც არანაირი წარმოდგენა არ ჰქონდა იმაზე, თუ ცერემონიის
რომელ მომენტს მივადექით, არხეინად იდგა და ათი მცნების დაფას კმაყოფილი
სახით შეჰყურებდა. პასტორმა გაიმეორა: "ვინ ათხოვებს ამ ქალბატონს ამ
ჯენტლმენზე?" რადგან ბერიკაცი ისევ ისე ნეტარად გარინდული იდგა, ნეფემ
ჩვეულ ხმაზე უღრიალა: "მიდი მოხუცო, ხომ იცი: ვინ ათხოვებს?.." რაზეც
მოხუცმა ხალისით უპასუხა, მე გავცემო, მანამდე კი თავი დაუკრა: "კარგი, ჯონ,
კარგი, ჩემო ბიჭო!" ამის შემდეგ პასტორი ისე დადუმდა, კიდეც დავეჭვდი, დღეს
თუ გვეღირსება-მეთქი ცერემონიის დასრულება.

ასე თუ ისე, ცერემონია მშვიდობით დასრულდა და გარეთ გასვლისას უემიკმა


ნაკურთხი წყლით სავსე ემბაზს თავი მოხადა, თავისი თეთრი ხელთათმანები
შიგ ჩააწყო და ისევ დაახურა. მისის უემიკი უფრო პრაქტიკულად მოიქცა: თეთრი
ხელთათმანი წაიძრო და ჯიბეში ჩაიდო; მის ნაცვლად კი ყოველდღიური მწვანე
ჩაიცვა.

– აბა, მისტერ პიპ, – უემიკმა გამარჯვებული სახით მოიქნია ანკესი, –


მითხარით, ვინმეს აზრად თუ მოუვა, რომ ახალშეუღლებულები ვართ?

საუზმე მდელოდან ერთი მილის მოშორებით, შემაღლებულზე მდებარე


პატარა, მყუდრო ტავერნაში შეეკვეთათ, იქვე ბილიარდის სათამაშო მაგიდა
იდგა იმ შემთხვევისათვის, თუკი საზეიმო ცერემონიის შემდეგ განტვირთვას
მოვინდომებდით. სიხარულით შევნიშე, რომ მისის უემიკი აღარ იშორებდა
უემიკის მკლავს, როცაკი ის წელზე შემოეხვეოდა. ქალი კედელთან მიდგმულ
მაღალზურგიან სკამზე ისე იჯდა, როგორც ვიოლონჩელო თავის ბუდეში და
კანონიერი მფლობელის ხვევნას ამ ტკბილხმოვანი საკრავივით მორჩილად
ეგუებოდა.

ჩვენთვის დიდებული საუზმე გაეწყოთ, ხოლო თუკი ვინმე ამა თუ იმ კერძის


გადმოღებას უარობდა, უემიკი ეუბნებოდა:

– ესეც საერთო ფასში შედის, დარდი ნუ გაქვთ!


ჯერ ახალშეუღლებულთა სადღეგრძელო შევსვი, მერე – მოხუცისა და მერე
ციხესიმაგრის ჭერი დავლოცე. დამშვიდობებისას პატარძალს ერთხელაც მთელი
გულით მივულოცე და, რაც შემეძლო, ვცდილობდი, მათი სიხარული
გამეზიარებინა.

უემიკმა კარამდე მიმაცილა, კიდევ ერთხელ ვუსურვე ბედნიერება და ხელი


ჩამოვართვი.

– გმადლობთ! – მითხრა და კმაყოფილი იერით მოიფშვნიტა ხელები, –


ქათმების მოვლაში ბადალი არ ჰყავს, დამიჯერეთ. ერთხელ კვერცხს
გაგასინჯებთ და თავად დარწმუნდებით. კიდევ ერთი რამ, მისტერ პიპ! – უკვე
წასვლისას მომაბრუნა და ხმადაბლა მითხრა, – ხომ გესმით, ეს მთლიანად
უოლუორთულ ამბებს მიეკუთვნება.

– მესმის, ესე იგი, მისტერ ჯეგერსთან ამაზე ერთი სიტყვაც არ უნდა


წამომცდეს.

უემიკმა თავი დამიკრა.

– მას მერე, რაც იმ დღეს წამოგცდათ, აჯობებს, მისტერ ჯეგერსმა არაფერი


იცოდეს. თორემ შეიძლება იფიქროს, რომ რბილი და გულჩვილი ვხდები.
56

სასამართლომდე დარჩენილი მთელი თვის განმავლობაში მეგუიჩი ციხეში


მძიმედ ავადმყოფობდა. ორი ნეკნი ჰქონდა ჩამტვრეული, ამის შედეგად ცალი
ფილტვი დაუზიანდა და სუნთქვისას საშინლად სტკიოდა, რაც დღითი დღე
უარესდებოდა. ტკივილისგან ძლივსღა ლაპარაკობდა. მეტწილად დუმდა. თუმცა
მუდამ ხარობდა, როცა მისმენდა. მეც ჩემს უპირველეს მოვალეობად მიმაჩნდა,
მისთვის ის ყველაფერი მეთქვა და წამეკითხა, რაც კი, ჩემი აზრით,
აუცილებლად უნდა მოესმინა.

იმდენად შეუძლოდ იყო, საკანში ვერ გააჩერებდნენ და პირველივე დღეებში


ლაზარეთში გადაიყვანეს. ამის წყალობით შემეძლო, მის გვერდით ბევრად მეტი
დრო გამეტარებინა. გარდა ამისა, ჯანმრთელად რომ ყოფილიყო, აუცილებლად
დაადებდნენ ბორკილს, რადგან მანამდე არაერთხელ გაქცეულა ციხიდან.

მის სანახავად ყოველდღე მივდიოდი, თუმცა ცოტა ხანს ვჩერდებოდი. რაკი


დროის თანაბარი შუალედებით ვნახულობდი, მის სახეზე მკაფიოდ ვამჩნევდი,
თუ როგორ უუარესდებოდა ჯანმრთელობა. არ მახსოვს, ერთხელ მაინც
დასტყობოდა უკეთესობა. მას მერე, რაც ციხის კარს მიღმა აღმოჩნდა, დღითი
დღე დნებოდა და სუსტდებოდა.

ცხოვრებით დაქანცული კაცის თვინიერება და გულგრილობა ეტყობოდა.


ზოგჯერ მისი გამომეტყველება, ანდა ჩურჩულით წარმოთქმული ორიოდე სიტყვა,
მამცნობდა, რომ გამუდმებით უფიქრდებოდა, უკეთესად რომ ეცხოვრა, მისგან
უფრო კარგი ადამიანი ხომ არ დადგებოდა. მაგრამ თავი არასოდეს
გაუმართლებია და არც თავის სასარგებლოდ უცდია წარსულის შეცვლა.

ორჯერ თუ სამჯერ ისე მოხდა, რომ იქ მომსახურე ადამიანებმა ჩემი


თანდასწრებით მისი დანაშაულებრივი რეპუტაცია ახსენეს. ასეთ დროს სახეზე
ღიმილი გადაურბენდა და ისეთ მიმნდობ მზერას მომაპყრობდა, თითქოს სურდა
ეთქვა, შენ ხომ მაინც ბავშვობიდანვე გახსოვს, სიკეთეც რომ ძალმიძსო. სხვა
დროს თვინიერი და სულგრძელი იყო და არ მაგონდება, ერთხელ მაინც
დაეჩივლოს.
როცა სასამართლო სხდომა მოახლოვდა, მისტერ ჯეგერსმა განცხადება
შეიტანა, რომ მისი საქმე მომდევნო სხდომამდე გადაედოთ. ყველასათვის
აშკარა იყო, ასე იმიტომ მოიქცა, რომ ფიქრობდა, მეგუიჩი მანამდე ვერ
იცოცხლებდა, ამიტომ უარი უთხრეს. მალევე მეგუიჩი იძულებული გახდა,
სასამართლოს წინაშე წარმდგარიყო, თუმცა დგომა არ შეეძლო და სკამზე
ჯდომის ნება დართეს. მე კი უფლება მომცეს, მოაჯირის მეორე მხარეს
დავმდგარიყავი და მისთვის ხელი ჩამეკიდა.

საქმის განხილვა ცოტა ხანს გაგრძელდა და არავითარი ეჭვი არ აღძრულა.


ყველაფერი, რაც შეიძლებოდა მის სასარგებლოდ თქმულიყო, ითქვა კიდეც – ის,
რომ გადასახლებაში მეურნეობას მიჰყო ხელი და პატიოსნად შრომობდა. მაგრამ
გადასახლებიდან მისი გამოპარვის ფაქტს მაინც ვერაფერი გააბათილებდა და
ესეც მოსამართლისა და მსაჯულების წინაშე ცალსახად ითქვა. საბოლოო
განაჩენი ნათელი იყო – დამნაშავედ სცნეს.

იმხანად ასეთი წესი იყო (როგორც იმ სასამართლოს საშინელმა


გამოცდილებამ მამცნო) – სხდომების ბოლო დღეს განაჩენთა გამოცხადებას
უთმობდნენ და სასიკვდილო განაჩენი შთაბეჭდილების გასაძლიერებლად
ყველაზე ბოლოს ცხადდებოდა. ეს მოგონება მეხსიერებაში წარუშლელად რომ
არ ჩამბეჭდოდა, ახლა, ამას როცა ვწერ, ვერაფრით დავიჯერებდი, რომ ჩემ
თვალწინ მოსამართლემ სწორედ ეს განაჩენი ოცდათორმეტ კაცსა და ქალს
გამოუტანა. ამ ოცდათორმეტს შორის ერთ-ერთი პირველი მეგუიჩი იყო.
ამჯერადაც იჯდა, რადგან ფეხზე დგომისას სუნთქვას სულ ვერ შეძლებდა.
მთელი ის სცენა სრული სიცხადით მაგონდება. სასამართლოს დარბაზის
ფანჯრებზე აპრილის წვიმის წვეთები მიედინებოდა და მათ შორის მზის სხივი
იჭრებოდა. მოაჯირით შემოღობილში ოცდათორმეტი კაცი და ქალი იყო
დამწყვდეული. მე მოაჯირის გარეთ, კუთხეში ვიდექი და მეგუიჩის ხელი მეკავა.
ზოგი შეუპოვრად იდგა, ზოგი – დაზაფრული, ზოგი ქვითინებდა, ზოგს ხელები
სახეზე აეფარებინა, ზოგიც პირქუშად იყურებოდა. პატიმარი ქალები აქა-იქ
კიოდნენ, მაგრამ მათ სიმშვიდისაკენ მოუწოდეს და თანდათან სიჩუმე
ჩამოვარდა. მძიმე ჯაჭვებ- და მედლებასხმული შერიფები, სასამართლოში
მომუშავე სხვა ჭიაღუები თუ ურჩხულები, შიკრიკები, კარისკაცები,
მოქალაქეებით სავსე დარბაზი თეატრის მაყურებლებივით შეჰყურებდნენ
მოსამართლის პირისპირ მდგარ ოცდათორმეტ ადამიანს. მოსამართლემ მათ
მიმართა. ამ შესაბრალის არსებებს შორის ერთ-ერთი გამორჩეულად მოიხსენია
– ის, ვინც კანონს სიყრმიდანვე განუდგა; ვისაც არაერთგზისი პატიმრობის
შემდეგ გრძელვადიანი გადასახლება მიესაჯა; და ვინც, უდიდესი ბრძოლისა და
რისკის ფასად გაიქცა, რის შემდეგაც უკვე სამუდამოდ გადაასახლეს. თავისი
დანაშაულის ადგილებს მოცილებული ეს ბედკრული კაცი – თითქოს ცოდვებიც
მოინანია – დროებით დაცხრა; პატიოსან და მშვიდ ცხოვრებას შეუდგა. მაგრამ
საბედისწერო წუთში კვლავ აჰყვა იმ უკეთურ მისწრაფებას, რომლის გამო
საზოგადებამ ადრევე გარიყა. მშვიდი სავანე მიატოვა და, აკრძალვის
მიუხედავად, სამშობლოში დაბრუნდა. აქ ერთხანს მალულად ცხოვრობდა,
ვიდრე დაასმენდნენ. დაპატიმრებისას მართლმსაჯულებას შეებრძოლა და –
განგებ თუ ბრმა მრისხანებით, ეს თვითონ უკეთ იცის – თავისი დამსმენი
სიცოცხლეს გამოასალმა. გადასახლებიდან ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში
სიკვდილით დასჯა ელოდა და მისი დანაშაულიც სწორედ ის იყო, რომ თავის
ქვეყანაში მალულად დაბრუნდა, მაშასადამე, სიკვდილისთვისაც უნდა
მომზადებულიყო.

წვიმით გალუმპულ, დიდ ფანჯრებში მზის სხივები ატანდა და გრძელ


ზოლებად სერავდა დარბაზს, საბედისწერო ზღვარს ავლებდა
სიკვდილმისჯილთა და მსაჯულთა შორის. დამსწრეებს კი სხვა, მარადიულ,
ყოვლისმცოდნე და შეუცდომელ სამსჯავროდ წარმოაჩენდა. პატიმარი წუთით
წამოდგა და მისი სახე მზის სინათლის ზოლში მოექცა.

– მილორდ, მე თვით უფალმა გამომიტანა განაჩენი, მაგრამ თქვენი განაჩენის


წინაშეც ვიხრი ქედს, – ეს თქვა და ისევ დაჯდა.

დარბაზს ხმადაბალმა ჩოჩქოლმა გადაურბინა. მოსამართლე კი დანარჩენ


განსასჯელებს მიუბრუნდა. საბოლოოდ ყველას ოფიციალურად მიესაჯა
სიკვდილით დასჯა. ზოგი გაიყვანეს, ზოგმა თავი გაიმაგრა და ამაყად გავიდა,
რამდენიმემ ახლობლებს დაუკრა თავი, სხვებმა ერთმანეთს ჩამოართვეს ხელი,
ბევრმა კი დარბაზში დაწყობილი სურნელოვანი, ხმელი ბალახის ღეჭვით
დატოვა იქაურობა. მეგუიჩი ყველაზე ბოლოს გავიდა, რადგან სკამიდან სხვისი
დახმარების გარეშე ვერ დგებოდა და ფეხსაც ძალზე ნელა ადგამდა. სანამ
სხვები გაჰყავდათ, მისთვის ხელი მქონდა ჩაკიდებული. მაყურებლები
წამოდგნენ და ტანისამოსს ისე ისწორებდნენ, თითქოს ეკლესიაში წირვაზე
მსხდარიყვნენ, ხან ერთი პატიმრისკენ გაიშვერდნენ თითს, ხან მეორისაკენ,
სხვებზე მეტ ყურადღებას კი ჩვენ ვიპყრობდით.

მთელი გულით ვნატრობდი და ღმერთსაც შევთხოვდი, მეგუიჩს მანამ


განეტევებინა სული, ვიდრე განაჩენის აღსრულებაზე ხელს მოაწერდნენ. მაგრამ
ვშიშობდი, ვაითუ მანამდე გაეძლო, ამიტომ შინაგან საქმეთა სახელმწიფო
მდივანს თხოვნის წერილი გავუგზავნე, სადაც ყველაფერი ვუამბე, რაც მის
შესახებ ვიცოდი და ისიც მივწერე, რომ ინგლისში მხოლოდ ჩემ გამო დაბრუნდა.
ყველაფერი ეს, რაც შეიძლებოდა, შთამბეჭდავად და პათეტიკურად აღვწერე. ეს
წერილი გავგზავნე. მერე გავიკითხე, თანამდებობის პირთაგან მოწყალებით ვინ
გამოირჩეოდა და მათაც მსგავსი თხოვნით მივმართე, რომ მეგუიჩი
შეეწყალებინათ. თვით მეფის სახელზეც კი დავწერე წერილი. განაჩენის
გამოტანის შემდეგ რამდენიმე დღე-ღამე ამით ვიყავი დაკავებული. არც
დამისვენია, მხოლოდ სკამზე მჯდომს თუ ჩამეძინებოდა. ხოლო მერე იმ
დაწესებულებებს, სადაც წერილები გავგზავნე, გარს ვუტრიალებდი – ასე მეგონა,
ახლომახლო თუ ვიქნებოდი, წარმატების უფრო მეტი შანსი მექნებოდა. ამ
მოუსვენრობასა და უგუნურ შფოთში ზოგჯერ მთელ საღამოს დავბორიალებდი
ლონდონის ქუჩებში, იმ მოხელეთა სახლების შორიახლო, რომელთაც
წერილობით მივმართე. ამ მძიმე მოგონებების გამო ლონდონის დასავლეთი
ნაწილის მტვრიანი ქუჩები, დარაბებჩარაზული სახლები და ფარნების მკაცრი
რიგები გაზაფხულის ცივ საღამოს დღემდე დარდითა და გულისტკივილით
მავსებს.

ამიერიდან მასთან ჩემი სტუმრობის ხანგრძლივობა შემცირდა, რადგან


რეჟიმი გაუმკაცრეს. შევნიშნე ან, შესაძლოა, მომეჩვენა, რომ ეჭვით
მიყურებდნენ, აქაოდა, შხამით არ მოწამლოს პატიმარიო, ამიტომ მოვითხოვე,
ყოველ მისვლაზე გავეჩხრიკე, ვიდრე მის საწოლს მივუახლოვდებოდი. ოფიცერი,
რომელიც ჩვენს შეხვედრებს მუდამ ესწრებოდა, დავარწმუნე, რომ უკანონოს
არაფერს ვაპირებდი. არც მე და არც მას უხეშად არავინ გვეპყრობოდა. მხოლოდ
მოვალეობას იხდიდნენ, სისასტიკე კი არავის გამოუჩენია. ოფიცერი
ყოველდღიურად მატყობინებდა, რომ სნეულის მდგომარეობა უარესდებოდა.
ამავეს ადასტურებდნენ სხვა ავადმყოფი პატიმრები და ის პატიმრებიც,
რომლებიც მოსავლელად ჰყავდათ მიჩენილნი (მადლობა ღმერთს, ამ
ბოროტმოქმედებსაც შერჩენოდათ სიკეთის კეთები უნარი!).

დღიდან დღემდე ვამჩნევდი, რომ სულ უფრო მეტხანს იწვა მშვიდად და


თეთრ ჭერს აუღელვებელი სახით აჰყურებდა. დროდადრო ჩემ მიერ
წარმოთქმული რომელიმე სიტყვა თვალებს გაუნათებდა, მერე ისევ ფიქრებს
მიეცემოდა. ზოგჯერ ლაპარაკი თითქმის, უფრო სწორად კი, სრულებით აღარ
შეეძლო. ასეთ დროს ხელზე თითების ოდნავი მოჭერით მპასუხობდა. ამ
მინიშნებების განმარტება მალევე ვისწავლე.

სასამართლოს სხდომიდან ათი დღე იყო გასული, როდესაც ჩვეულებრივზე


უფრო მკვეთრი ცვლილება შევატყვე. თვალები კარისკენ ჰქონდა მიპყრობილი
და, რომ დამინახა, გაუნათდა.

– ჩემო ბიჭო, – მითხრა, როცა საწოლთან ჩამოვუჯექი, – მეგონა,


დაიგვიანებდი, თუმცა ვიცოდი, ეს არ მოხდებოდა.

– სწორედ მონახულების დროა, – ვუპასუხე, – ჭიშკართან ვიცდიდი.

– მუდამ ჭიშკართან იცდი, ხომ, ჩემო ბიჭო?

– ჰო, არ მინდა, ნებადართული დროის ერთი წუთიც კი მოგვაკლდეს.

– გმადლობ, ჩემო ბიჭო, გმადლობ, რომ არ მიმატოვე! ღმერთმა დაგლოცოს,


ჩემო ბიჭო!

ხელზე ხელი მოვუჭირე, თუმცა არაფერი მითქვამს, რადგან არ დამვიწყებია,


ოდესღაც მის მიტოვებას რომ ვაპირებდი.

– ყველაზე კარგი კი ის არის, რომ მას მერე, რაც ჩემს თავზე ცა მოიქუფრა,
უფრო თბილად მეპყრობი, ვიდრე მაშინ, როცა მზე დამნათოდა. აი, ესაა
ყველაზე ძვირფასი.

გულაღმა იწვა და დიდი გაჭირვებით სუნთქავდა. რაგინდ ებრძოლა, რაგინდ


ვყვარებოდი, უკვე ვეღარაფერი უშველიდა. სახეზე სამუდამოდ მიწისფერი
დაედო, ჭერში აპყრობილ მშვიდ თვალებზე კი ლიბრი გადაეფარა.

– დღეს ძალიან გაწუხებთ ტკივილი?

– ტკივილს არ ვუჩივი, ჩემო ბიჭო.

– თქვენ არასოდეს დაგიჩივლიათ.

ეს მისი უკანასკნელი სიტყვები იყო. გამიღიმა და თითები ისე მომიყირა,


მივხვდი, უნდოდა, მისთვის ხელი მკერდზე დამედო. ასეც მოვიქეცი. ისევ
გამიღიმა და ორივე ხელისგული ზედ მომაფარა.

ასე ვიყავით, ვიდრე ჩემი სტუმრობის დრო არ ამოიწურა. როცა უკან მივიხედე,
იქვე მდგარი ციხის უფროსი დავინახე, რომელმაც ჩამჩურჩულა:
– შეგიძლიათ, კიდევ დარჩეთ.

გულითადი მადლობა მოვახსენე და ვთხოვე:

– თუკი ჩემს სიტყვებს გაიგონებს, მინდა, დაველაპარაკო.

უფროსმა უკან დაიხია და ოფიცერიც ხელით გამოიხმო. ლიბრგადაკრულ


თვალებს ეს უხმაურო ცვლილება არ გამოჰპარვიათ, მათში ნათელი გაკრთა და
ახლა უდიდესი სიყვარულით მიმზერდნენ.

– ძვირფასო მეგუიჩ, როგორც იქნა, რაღაც უნდა გითხრათ. ჩემი ხომ გესმით?

თითები ხელზე ოდნავ მომიჭირა.

– ოდესდაც შვილი გყავდათ, რომელიც გიყვარდათ და რომელიც დაკარგეთ.

თითები უფრო ძლიერად მომიჭირა.

– ის არ მომკვდარა, გავლენიანმა ადამიანებმა იზრუნეს მასზე. ახლაც


ცოცხალია. ჭეშმარიტი ლედია, უმშვენიერესი. და მე ის მიყვარს!

უკანასკნელი უღონო ძალისხმევით, უჩემოდ რომ ვერას გახდებოდა, ჩემი


ხელი ტუჩებთან მიიტანა. მერე ისევ ნელა მიიკრა მკერდზე და ხელები დააფარა.
ისევ ჭერისკენ აღაპყრო აუღელვებელი მზერა, რომელიც წამის შემდეგ ჩაქრა და
თავი მკერდზე ჩამოუვარდა.

მომაგონდა, რაც სულ ცოტა ხნის წინათ წავუკითხე და იმ ორ კაცზე


გავიფიქრე, რომლებიც ტაძარში სალოცავად შევიდნენ. ვიცოდი, მის
სარეცელთან ამაზე უკეთეს სიტყვებს ვერ წარმოვთქვამდი: "უფალო, შეიწყალე
ცოდვილი!"(ალუზია ლუკას სახარებიდან, 18:9-14.)
57

ჩემს თავთან სულ მთლად მარტო დავრჩი და გადავწყვიტე, ტემპლის


ბინიდან მაშინვე წავსულიყავი, როგორც კი ქირის ვადა ამოიწურებოდა, მანამდე
კი თვითონვე გამექირავებინა, რადგან ფული აღარ მქონდა, ვალიც დამიგროვდა.
ფანჯრებზე დაუყოვნებლივ განცხადებები გავაკარი. ჩემი მდგომარეობა ძალიან
მაღელვებდა. უფრო სწორად, უნდა დამეწერა, ძალიან ამაღელვებდა-მეთქი,
საიმისო ძალა და ფიქრის უნარი რომ შემრჩენოდა; ანდა კიდევ რამე
ჭეშმარიტება გამეაზრებინა, გარდა იმისა, რომ მძიმე სნეულება მომძალებოდა.
ბოლო დროის დაძაბულობამ ეს სნეულება ცოტა მიმავიწყა, მაგრამ ვერ ამარიდა.
უკვე ვიცოდი, რომ მიახლოვდებოდა. მეტს ვეღარაფერს ვაცნობიერებდი და არც
მინდოდა, გამეცნობიერებინა.

ერთი თუ ორი დღის განმავლობაში ხან ტახტზე ვიწექი, ხანაც ძირს – სადაც კი
უძლურად ჩავიკეცებოდი. ხელს მაღლა ვერ ვწევდი, კიდურებში მტეხდა, არც
ფიქრი შემეძლო და არც – რამის კეთება. ამის მერე დადგა ღამე, რომელიც
უსასრულოდ მომეჩვენა. მთლიანად შფოთვამ და შიშმა მომიცვა. დილით, როცა
საწოლში წამოჯდომა და ღამის აწეწილი ფიქრების განსჯა დავაპირე,
აღმოვაჩინე, რომ ეს არ შემეძლო.

არ ვიცი, ღამით მართლა თუ ჩავედი გარდენ-ქორტის ნაპირზე ნავის


საძებნელად, რომელიც იქ მეგულებოდა; ორჯერ-სამჯერ მართლა თუ მოვედი
გონს სახლის კიბეზე საშინლად შეშინებული, რადგან არ მახსოვდა, საწოლიდან
როგორ ავდექი; ჩემდა მოულოდნელად მართლა თუ ავანთე ლამპა, რადგან
დარწმუნებული ვიყავი, ის ჩაბნელებულ კიბეზე ამოდიოდა; მართლაც თუ არ
მასვენებდა ვიღაცის უთავბოლო საუბრის ნაწყვეტები, სიცილი, კვნესა,
რომელსაც, ეჭვი მაქვს, თვითონვე გამოვცემდი; მართლაც თუ იდგა ოთახის
ბნელ კუთხეში რკინის დახურული ღუმელი და ვიღაცის ხმამ მართლაც თუ
მიყვირა, ამ ღუმელში მის ჰევიშემი იწვისო. ამ ყველაფრის გარკვევასა და
გონებაში მოწესრიგებას ვცდილობდი იმ დილით საწოლში. მაგრამ ამ ფიქრებს
კირის გამოსაწვავი ქურის კვამლი მიფარავდა და გარკვეული დროის შემდეგ
სწორედ ამ კვამლში გახვეული ვიღაც კაცები დავინახე.
– რა გინდათ ჩემგან? – წამოვიძახე შემკრთალმა, – არ გიცნობთ.

– სერ, – ერთ-ერთი მათგანი ჩემკენ დაიხარა და მხარზე ხელი დამადო, –


ეჭვი არ მეპარება, რომ ამ საქმეს მალევე მოაგვარებთ, მაგრამ იძულებულნი
ვართ, დაგაპატიმროთ.

– რამდენი მაქვს ვალი?

– ას ოცდასამი გირვანქა სტერლინგი, ორმოცდაათი შილინგი და ექვსი პენსი.


თუ არ ვცდები, იუველირის ანგარიშია.

– რა ვქნა?

‒ ჩემს სახლში უნდა მესტუმროთ, – მითხრა კაცმა, – მშვენიერი სახლი მაქვს.

საწოლიდან ადგომა და ჩაცმა ვცადე. როცა ცოტა ხნის შემდეგ მათი იქ ყოფნა
მომაგონდა, დავინახე, განზე რომ იდგნენ და მიყურებდნენ. ისევ ისე ვიწექი.

– ხომ ხედავთ, რა მდგომარეობაშიც ვარ, – ვუთხარი, – რომ შემეძლოს,


წამოგყვებოდით; მართლა ვერ ვდგები. ახლა თუ წამიყვანთ, გზაში მოვკვდები.

მგონი, რაღაც მიპასუხეს, ან შემეკამათნენ, ან დამამშვიდეს, ისე ცუდად არ


ხარ, როგორც გგონიაო. რაკი გონებაში მათთან დაკავშირებული აღარაფერი
შემრჩა, ისღა ვიცი, რომ არსად წავუყვანივარ.

ციება მქონდა და ჩემთან მოახლოებას ერიდებოდნენ. გამოუთქმელად


ვიტანჯებოდი, ხშირად ვკარგადი გონებას და ჩემი თავი რაღაც არარსებულ
სულდგმულად თუ საგნად წარმომედგინა. სახლის კედელში ჩატანებული აგური
ვიყავი, მაგრამ მშენებლებს ვევედრებოდი, იმ თვალუწვდენი სიმაღლიდან
ჩამოვეხსენი, სადაც ამიტანეს. რაღაც ვეება ძრავის ფოლადის ლილვი ვიყავი,
უფსკრულის თავზე ვტრიალებდი, მაგრამ მევე ვივედრებოდი, ძრავა
გაეჩერებინათ და იქიდან მოვეშორებინე. მახსოვს, ავადმყოფობისას ყველა ეს
მდგომარეობა გამოვიარე; გარკვეულწილად ამ ყველაფერს მაშინაც
ვაცნობიერებდი. ისიც მახსოვს, რომ დროდადრო რეალურ ადამიანებს
ვეწინააღმდეგებოდი, რადგან ისინი მკვლელები მეგონნენ, მაგრამ მეორე წუთში
ვხვდებოდი, რომ ჩემი დახმარება სურდათ. მათ მკლავებში უღონოდ ვეშვებოდი
და ვემორჩილებოდი. პირველყოვლისა ის ვიცოდი, რომ ყველა ეს ადამიანი –
რომელთაც, განსაკუთრებით ცუდად როცა ვიყავი, გარეგნობისა და ზომის
ყოვლად სასწაულებრივი გარდასახვა შეეძლოთ – უსასრულო სახეცვლის შემდეგ,
ადრე თუ გვიან, გარდუვალად ერთსა და იმავე სახეს იღებდნენ და ჯოს
ემსგავსებოდნენ.

ბოლოს, როცა ავადმყოფობის კრიზისული წერტილი გადავლახე, შევნიშნე,


რომ ჩემ გარშემო მოლივლივე უამრავი სახიდან ყველა გაქრა, ეს ერთი სახე კი
არ გამქრალა. ვიღაც მივლიდა და ეს ვიღაც ბოლოს მაინც ჯო აღმოჩნდებოდა
ხოლმე. შუაღამისას მეღვიძებოდა და საწოლის გვერდით სავარძელში ჯოს
ვხედავდი. დღისით როცა მეღვიძებოდა, ფარდაჩამოფარებულ ფანჯარასთან
ჩიბუხით ხელში კვლავაც ჯო იჯდა. გამაგრილებელი სასმელი ვითხოვე და ისევ
ჯოს სათუთმა ხელმა მომაწოდა. დავლიე და კვლავ ბალიშებში ჩავესვენე. სახე,
რომელიც იმედიანად და უსაზღვრო სინაზით დამყურებდა, ჯოსი იყო.

ბოლოს და ბოლოს, ერთ დღეს გამბედაობა მოვიკრიბე და ვკითხე:

– შენ ხარ, ჯო?

და ძველისძველმა, ახლობელმა და უძვირფასესმა ხმამ მიპასუხა:

– სწორედაც, ძმობილო.

– ო, ჯო, გთხოვ, გულს ნუ მიფლეთ! გამიბრაზდი, დამარტყი, მითხარი, რომ


უმადურად მოგექეცი. ასე თბილად ნუ მეპყრობი!

ჯომ ბალიშზე თავი გვერდით დამიდო და ყელზე მკლავი მომხვია. გაუხარდა,


რომ ვიცანი.

– რას ამბობ, ჩემო პიპ, ჩემო ძმობილო, – მითხრა ჯომ, – მე და შენ ხომ სულ
მუდამ მეგობრები ვიყავით. და როცა ისე მომჯობინდები, რომ გარეთ
გასეირნებას შეძლებ, რა სიხარული გვექნება!

მაშინვე ფანჯარასთან მივიდა, იქ ჩემკენ ზურგშექცევით დადგა და თვალები


შეიწმინდა. ასე დაუძლურებული რომ არ ვყოფილიყავი, ავდგებოდი და მასთან
მივიდოდი; თავის აწევაც კი მიჭირდა, ვიწექი და ვჩურჩულებდი:

– ღმერთო, შენ დალოცე! ღმერთო, შენ დალოცე ეს ჭეშმარიტი ქრისტიანი!

ამის შემდეგ მომიახლოვდა, თვალები გაწითლებული ჰქონდა, მაგრამ ხელი


ჩავჭიდე და ორივემ თავი ბედნიერად ვიგრძენით.

– რამდენი ხანია, ჩემო ჯო?..

– იმას მეკითხები, პიპ, შენი ავადმყოფობა რამდენ ხანს გაგრძელდა,


ძმობილო?

– ჰო.

– მაისი იწურება, პიპ. ხვალ პირველი ივნისია.

– და შენ მთელი ამ ხნის განმავლობაში აქ იყავი, ჯო?

– თითქმის, ძმობილო. ბიდისაც ასევე ვუთხარი, შენი ავადმყოფობის ამბავი


როცა შევიტყვეთ; ეგ ამბავი კი ფოსტით გვამცნეს, ფოსტალიონმა წერილი
მოგვიტანა; ჰო, მართლა, ეს ჩვენი ფოსტალიონი სულ უცოლო იყო, ახლა კი
ცოლი შეირთო, გასამრჯელოს კი ცოტას უხდიან, არადა, სიარულიც ბევრი უწევს
და ფეხსაცმელიც მალე უცვდება, მაგრამ ფული არასოდეს აღელვებდა,
სამაგიეროდ, ოჯახი უნდოდა, ჰოდა, ახლა ცოლიანი კაცია...

– რა ბედნიერებაა შენი საუბრის მოსმენა, ჯო! მაგრამ გაგაწყვეტინე. მაშ, რა


უთხარი ბიდის?

– რა ვუთხარი და, – განაგრძო ჯომ, – უცხო ხალხშია, ცუდად არის, მე და ის


სულ მუდამ მეგობრები ვიყავით, ჰოდა, ასეთ დროს რომ ვესტუმრო, არ
ეწყინება-მეთქი, ასე ვუთხარი. ბიდიმ კი მითხრა, ახლავე წადი, დროს ნუღარ
დაკარგავო. სწორედ ეს სიტყვები მითხრა, – საკუთარი სიტყვები თავის დაკვრით
დაადასტურა, როგორც სჩვეოდა, – ახლავე წადიო, ასე მითხრა, და დროს ნუღარ
დაკარგავო. მოკლედ, რომ არ მოგატყუო, – წამიერი დაფიქრების შემდეგ კიდევ
ერთხელ გაიმეორა, – აი, ეს იყო მისი სიტყვები: წადი და ერთ წუთსაც ნუღარ
დაკარგავო.

ამის შემდეგ თხრობა შეწყვიტა, ისღა მითხრა, რომ ბევრის მოსმენა ჩემთვის
ჯერ არ შეიძლებოდა, რომ განსაზღვრულ დროს ცოტ-ცოტა უნდა მეჭამა, თუნდაც
ამის სურვილი არ მქონოდა, და, ზოგადად, მისი მითითებები უნდა
შემესრულებინა. ხელზე ვაკოცე და ხმა აღარ ამომიღია, ის კი ბიდისთვის
წერილის მისაწერად დაჯდა, ჩემგან მოკითხვა უნდა გადაეცა.
მივხვდი, რომ ბიდის მისთვის წერა უსწავლებია. საწოლიდან ვუყურებდი, რა
სიამაყით შეუდგა წერას და დასუსტებული გული ისე ამიჩუყდა, თვალზე ცრემლი
მომადგა. ჩემი საწოლისათვის ფარდები მოეხსნათ და ჩემთან ერთად სასტუმრო
ოთახში გადაეტანათ, რადგან იქ მეტი სივრცე იყო. ხალიჩაც აეღოთ. ოთახი კი
სუფთა და განიავებული იყო. ჩემი საწერი მაგიდა გვერდზე მიედგათ, ზედ
წამლის ბოთლების ჯარი იდგა და სწორედ მას მიუჯდა ჯო თავისი დიდი საქმის
აღსასრულებლად. ჯერ სინზე დაწყობილი კალმები ისეთი სახით შეამოწმა,
თითქოს ხელსაწყოების ყუთში იქექებაო და, როგორც იქნა, ერთი ამოარჩია;
მერე მკლავები დაიკაპიწა, გეგონებოდათ, წერაქვით ან უროთი აპირებსო
მუშაობას. წერის დასაწყებად აუცილებლად ჩათვალა, მარცხენა იდაყვი
მაგიდისთვის დაეყრდნო, ხოლო მარჯვენა ფეხი უკან გადაედგა. მერე კი,
როდესაც წერას შეუდგა, ზევიდან ქვევით ისე დიდხანს უსვამდა კალამს,
თითქოს ექვსი ფუტის სიგრძის ხაზს ავლებსო, ქვევიდან ზევით კი ისე
გულდაგულ აჰყავდა, კალმის წრიპინი მთელ ოთახში ისმოდა. რატომღაც, სულ
ავიწყდებოდა, სამელნე რომელ მხარეს იდგა და კალამს ხშირად სიცარიელეში
აწობდა, თუმცა შედეგით ფრიად კმაყოფილი ჩანდა. დროდადრო ყოვნდებოდა,
რაღაცას ვერ წერდა. საბოლოოდ თავი ყოჩაღად გაართვა და როცა ხელიც
მოაწერა, ფურცლის ძირში დაღვენთებულმა მელანმა ჯერ ჯოს თითებზე, იქიდან
კი კინკრიხოზე გადაინაცვლა. ჯო ზეზე წამოდგა და თავის ნახელავს ხან იქიდან,
ხან აქედან დაუფარავი სიამაყით გადახედა.

არ მინდოდა, ბევრი საუბრით ჯო ამეღელვებინა, თანაც ლაპარაკი მიჭირდა


კიდეც, ამიტომ მეორე დღემდე მის ჰევიშემის ამბავი არ მიკითხავს. როცა,
ბოლოს და ბოლოს, ვკითხე, ხომ არ მომჯობინდა-მეთქი, ჯომ თავი გააქნია.

– გარდაიცვალა, ჯო?

– საქმე ისაა, ძმობილო, – ფრთხილად დაიწყო ჯომ: ეტყობოდა, სურდა,


სიახლე თანდათანობით გამეგო, – ეგ გადამეტებული ნათქვამია, ასე რომ,
ვიტყოდი, მის ჰევიშემი აღარ...

– აღარ არის ცოცხალი?

– ჰო, ეგ უფრო სწორი იქნება, – გულზე მოეშვა ჯოს, – ცოცხალი აღარ არის.

– როდის გარდაიცვალა, ჯო?

– შენ რომ ავად გახდი, შეიძლება ითქვას (თუ მაინცდამაინც ზუსტად გინდა),
სადღაც, ერთ კვირაში, – როგორც იქნა, ამოთქვა ჯომ, რომელიც, ჩანდა, ჯერაც
ცდილობდა, ჩემთვის სიმართლე თანდათანობით შეეპარებინა.

– ძვირფასო ჯო, ხომ არ გაგიგია, მისი ქონება ვის დარჩა?

– როგორც აღმოჩნდა, ძმობილო, – მითხრა ჯომ, – ქონების დიდი წილი მის


ესტელასთვის დაუტოვებია. ეს კარგა ხნის წინათ ჰქონია დაკანონებული. მაგრამ
იმ უბედურ შემთხვევამდე ორიოდე დღით ადრე ანდერძისათვის საკუთარი
ხელით ჩაუმატებია რამდენიმე საკითხი და მისტერ მეთიუ პოკეტისთვის სრული
ოთხი ათასი გირვანქა სტერლინგი დაუტოვებია. მაგრამ, რაც მთავარია, პიპ,
როგორ ფიქრობ, ეს რითი ახსნა? "ზემოთაღნიშნულ მეთიუსთან დაკავშირებით
პიპის აზრის საფუძველზე" – სწორედ ასე ეწერაო, ბიდიმ მითხრა, – აღტაცებით
თქვა ჯომ და ოფიციალური ფრაზა დიდი სიამოვნებით გაიმეორა, –
"ზემოთაღნიშნულ მეთიუსთან დაკავშირებით პიპის აზრის საფუძელზე".
წარმოგიდგენია, სრული ოთხი ათასი, პიპ!

ჩემთვის საიდუმლოდ დარჩა, თუ ვისგან შეიტყო ჯომ მეთიუსთვის


დატოვებული თანხის "სისრულის" შესახებ, აშკარა კი იყო, ამ სიტყვის
გამეორებით თანხას მისთვის წონა და, ერთგვარად, რაოდენობაც ემატებოდა.

ამ ამბავმა დიდად გამახარა და ხაზი გაუსვა იმ ერთადერთ სიკეთეს,


რომელიც ჩემს სიცოცხლეში ვქენი. ჯოს ვკითხე, ხომ არ იცოდა, დანარჩენ
ნათესავებს თუ ერგოთ რამე.

– მის სარა, – მითხრა ჯომ, – ყოველწლიურად ოცდახუთ გირვანქა სტერლინგს


მიიღებს აბების შესაძენად, რადგან ნაღველი აწუხებს და ამის გამო ხშირად
ღვარძლს ანთხევს. მის ჯორჯიანას ოცი გირვანქა სტერლინგი ერგება. მისის... იმ
კუზიან ცხოველებს რა ჰქვიათ, ძმობილო?

– აქლემები! – გავიკვირვე, ამის ცოდნა რაში შეიძლებოდა დასჭირვებოდა.


ჯომ თავი დამიკრა.

– მისის აქლემს, – მივხვდი, რომ კამილას გულისხმობდა, – ხუთი ფუნტი


დაუტოვა სანთლებისათვის, ღამღამობით გაღვიძებულს ძალიან რომ არ
მოეწყინოს.

ანდერძის ეს პუნქტები იმდენად უტყუარად შეეფერებოდა ამ პიროვნებებს,


რომ ჯოს ნათქვამში წუთითაც არ შემპარვია ეჭვი.
– ახლა კი, – დაასკვნა ბოლოს, – ჯერ ისევ სუსტად ხარ, ძმობილო, ამიტომ
მხოლოდ ერთ, ბოლო ულუფას დაგიმატებ. ბებერმა ორლიკმა სახლი გაძარცვა.

– ვისი? – ვკითხე.

– ამ კაცს ყოყოჩობა კი სჩვევია, რაც მართალია, მართალია, – ბოდიშის


კილოთი თქვა ჯომ, – მაგრამ ყოველი ინგლისელის სახლი მაინც ციხესიმაგრეა
და ციხესიმაგრეში შემოჭრა მშვიდობიან დროს მაინც დიდი დანაშაულია. თანაც,
რაგინდ მტყუანი ყოფილიყოს, ხორბლეულით მაინც პატიოსნად ვაჭრობს.

– ნუთუ პამბლჩუკის სახლი გაძარცვა?

– ასეა, პიპ, – მითხრა ჯომ, – მთელი ნავაჭრი წაიღეს, სალარო ყუთიც, ღვინოც
დაულიეს, საჭმლის მარაგიც ჭამეს, თვითონაც გალახეს და ცხვირით ათრიეს,
მერე საწოლზე მიაბეს და, რომ არ ეყვირა, პირი ბაღის ყვავილების თესლით
გამოუტენეს. მაგრამ ორლიკი მაინც იცნო, ასე რომ დაიჭირეს და ახლა ციხეში
ზის.

ასე, თანდათან, ახალი ამბებიდან გულითად საუბარზე გადავედით. ჯერ ისევ


სუსტად ვიყავი, ძალას ნელა ვიკრებდი, მაგრამ ჯო ჩემთან იყო და თავს ისევ
პატარა პიპად ვგრძნობდი.

ჯომ ზუსტად იცოდა, რა და როგორ მჭირდებოდა და მის სათუთ ხელში


მართლაც ბავშვად ვიქეცი. საწოლთან მეჯდა და ისევ იმ ძველი, განდობილი და
უბრალო კილოთი მესაუბრებოდა, ისევ იმ არამომაბეზრებელი მზრუნველობით
მეპყრობოდა და ლამის დავრწმუნდი, რომ მთელი ცხოვრება ჩვენი
სამზარეულოს ბუხარს არ მოვცილებივარ, ყველაფერი დანარჩენი კი
ავადმყოფობის გამო მეზმანა. გარდა სახლის საქმისა, ყველაფერს მიკეთებდა,
საამისოდ კი ერთი პატიოსანი ქალი დაიქირავა იმ ჩემი მსახურის ნაცვლად,
რომელიც ჩამოსვლისთანავე დაითხოვა.
– დამიჯერე, პიპ, – არაერთხელ უთქვამს ამ თავნებობის გასამართლებლად, –
ჩემი თვალით ვნახე, მეორე ბუმბულის საბანი ლუდის კასრივით როგორ ამოხაპა,
ბუმბულები კი სათლში ჩაყარა და გასაყიდად წაიღო. ამას რომ ბოლომდე
გაზიდავდა, შენს საბანსაც მიადგებოდა და მერე მთელ საწოლს გაყიდდა
შენიანად. მთელ ნახშირს წვნიანის ქვაბებითა და ჯამებით გაიტანდა, ღვინოს კი
შენს ჩექმაში ჩაასხამდა და შინ წაიღებდა.
ისევე მოუთმენლად ველოდი იმ დღეს, როდესაც სასეირნოდ გასვლას
შევძლებდი, როგორც ოდესღაც ჩემ შეგირდობას ველოდით. ხოლო როცა ეს დღე
დადგა და სახლის წინ ქუჩაში თავგადახდილი ეტლი გველოდა, ჯომ თბილად
გამახვია, ხელში ამიყვანა; მერე ისე ჩამიყვანა და ჩამსვა ეტლში, თითქოს ისევ
ის ციცქნა, უსუსური არსება ვყოფილიყავი, ვისაც თავისი დიდებული სულის
საუნჯე ასე უხვად დააფრქვია.

ჯოც გვერდით მომიჯდა და ქალაქგარეთ გავწიეთ, სადაც ხეები და ბალახი


უკვე საზაფხულოდ ამწვანებულიყო და ჰაერშიც ზაფხულის საამო სურნელი
ტრიალებდა. ეს დღე, ყველაფერთან ერთად, კვირა აღმოჩნდა; თვალი შევავლე
უმშვენიერეს ბუნებას, გავიფიქრე, ყველაფერი დღითი დღე, მზისა და მთვარის
შუქზე როგორ იცვლება-მეთქი – როგორ ამოყვეს თავები მინდვრის ყვავილებმა,
რა თამამად აიმაღლეს ხმა ფრინველებმა, ვიდრე მე საბრალო საწოლში
ვიწვოდი და ვბორგავდი. ჩემი ავადმყოფობის მოგონება ძლიერ მომაწვა და
სიმშვიდე დამირღვია. მაგრამ როდესაც კვირა დღის ზარების ხმა მომესმა და
კიდევ ერთხელ დავინახე გარშემო გადაშლილი ბუნების მშვენება, ვიგრძენი,
რომ ჯერ კიდევ არ შემწევდა იმის ძალა, ეს ყოველივე სათანადოდ
დამეფასებინა და მადლიერებით აღვსილიყავი; ამიტომაც ჯოს მხარზე ჩამოვდე
თავი ისე, როგორც ბავშვობაში ვიქცეოდი, როცა მას ბაზრობაზე ან სხვაგან სადმე
მივყავდი და შთაბეჭდილებებით სავსეს, სუნთქვა მეკვროდა.

თანდათან მოვსულიერდი. მე და ჯომ ისევ ძველებურად ვისაუბრეთ, როგორც


ოდესღაც ძველ სანგართან. ჯო სრულებით არ შეცვლილიყო. უწინდელივით
ჩანდა ჩემს თვალში – ისევე უბრალოდ ერთგული და მართალი.

როცა შინ დავბრუნდით, კვლავაც მსუბუქად ამწია და კიბეზე ამიყვანა. ის


ღირსშესანიშნავი შობა დღე მომაგონდა, ჭაობებში ზურგზე შესმული რომ
მატარა. ჯერ ერთხელაც არ გვეხსენებინა ჩემს ფინანსურ მდგომარეობაში
მომხდარი ცვლილება, და არც ის ვიცოდი, ჩემი ბოლოდროინდელი
თავგადასავლებიდან რომელი ეპიზოდები იყო მისთვის ცნობილი. ჩემს თავს არ
ვენდობოდი, ჯოში კი ეჭვი ოდნავადაც კი არ მეპარებოდა, ამიტომ ვერ
გადამეწყვიტა, დამეწყო თუ არა ამ თემაზე ლაპარაკი მანამ, ვიდრე თვითონ არ
შეეხებოდა.

– ჯო, შეიტყვე, ჩემი მწყალობელი ვინ აღმოჩნდა? – ვკითხე იმავე საღამოს,


როცა ფანჯარასთან ჩიბუხს ეწეოდა.
– შევიტყვე, რომ მის ჰევიშემი არ ყოფილა, – მიპასუხა ჯომ.

– ის თუ შეიტყვე, ვინაა?

– თქვეს, ის კაცია, ვინც იმ მეორე კაცს "მხიარულ მეზღვაურებში" შენთვის


ფული გამოატანა.

– ასეა.
– საოცარია, – სრულიად უდრტვინველი სახით შენიშნა ჯომ.

– მისი გარდაცვალების ამბავიც გაიგე, ჯო? – ხანმოკლე დუმილის შემდეგ


ვკითხე სულ მთლად გაუბედავად.

– ვინ? ფული ვინც გამოატანა?

– ჰო.

– მგონი, – კარგა ხნის შემდეგ ისე თქვა, თითქოს პასუხს თავს არიდებდა, –
მგონი, გავიგონე, რაღაც ამის მსგავსი რომ შეემთხვა.

– მისი ამბავი იცი, ჯო?

– დაწვრილებით არა, პიპ.

– თუ სურვილი გაქვს, ყველაფერს გიამბობ... – წამოვიწყე, მაგრამ ჯო წამოდგა


და ჩემს ტახტს მოუახლოვდა.

‒ ყური დამიგდე, ძმობილო, – მითხრა და ჩემკენ დაიხარა, – მე და შენ ხომ


მუდამ საუკეთესო მეგობრები ვიყავით?

სირცხვილით ვერ გავეცი პასუხი.

– ძალიანაც კარგი, – ისე თქვა, თითქოს დავეთანხმე, – ასეა და ერთხელ და


სამუდამოდ ამაზე შევთანხმდეთ. ჰოდა, თუ ასეა, რად გვინდა ისეთ საკითხებზე
ლაპარაკი, ჩვენს მეგობრობას რომ არ ეხება? განა ისედაც ბევრი არ გვაქვს
სალაპარაკო? ღმერთო ჩემო! თუნდაც შენი საბრალო და რომ ავიღოთ, და მისი
გამძვინვარების შეტევები! საღიტინო თუ გახსოვს?
– როგორ არ მახსოვს, ჯო.

‒ ყური დამიგდე, ძმობილო, ყველა ღონეს ვხმარობდი, ეგ საღიტინო შენ არ


მოგკარებოდა, მაგრამ ჩემი ღონე ჩემს სურვილს მუდამ როდი ემთხვეოდა.
როცაკი საბრალო ქალი დაგეტაკებოდა და შენი გამოსარჩლება მიცდია, რა
გამოდიოდა? – თავისი საყვარელი მსჯელობის კილოთი ამბობდა ჯო, – მეც რომ
მხვდებოდა, ეგ კიდევ არაფერი, მაგრამ შენ ამის მერე ორმაგად გხვდებოდა. ეგ
შემჩნეული მქონდა. განა ბაკენბარდზე მოქაჩვა ან კედელზე თავით მინარცხება
ჯან-ღონით სავსე კაცს იმისგან შეაჩერებდა, პატარა ბავშვი გალახვისგან ეხსნა?
არა, ბატონო! მაგრამ, თუკი ამის მერე ბავშვს ორმაგად ხვდება, კაცი ადგება და
დაფიქრდება: "გგონია, სიკეთეს აკეთებ? აბა, სადაა სიკეთე? მხოლოდ ავს
ვხედავ. მიჩვენე, ბატონო, სადაა სიკეთე?" – ასე იტყვის ეს კაცი.

– მაშ, ასე იტყვის? – გავიმეორე მას მერე, რაც ჯო დადუმდა.

– ჰო, სწორედ ასე. მითხარი, ტყუის?

– ჩემო ჯო, ეს კაცი არასოდეს ტყუის.

– ჰოდა, თუ არ ტყუის, ძმობილო, ასემც იყოს. და, თუკი არ ტყუის (თუმცა


ჭკვიანურსაც ბევრს არაფერს ამბობს), მაშ, არც ამაში ტყუის: დავუშვათ,
პატარაობაში ერთი რამ წვრილმანი ყველას დაუმალე, არავისთვის გაგიმხელია
და რად მოიქეცი ასე? იმად, რომ იცოდი: ჯო გარჯერის გულით სურს,
საღიტინოსაგან დაგიცვას, მაგრამ მისი ღონე მის სურვილს მუდამ როდი
ემთხვევა. ჰოდა, ამის შემდეგ ისეთ რამეებზე ნუღარ ვილაპარაკებთ, ჩვენს
მეგობრობას რომ არ ეხება. ვიდრე აქეთ წამოვიდოდი, ბიდიმ დიდხანს იწვალა,
რომ ეს ყველაფერი შეეგნებინებინა ჩემთვის (ხომ იცი, რა სულელიც ვარ), მერე
კი, როცა შევიგნე, ისიც მასწავლა, შენთვის ეგ როგორც უნდა მეთქვა. და რაკი
ყველაფერი გითხარი, – ჯო საკუთარი მსჯელობით სავსებით კმაყოფილი ჩანდა,
– ახლა ამასაც გეტყვი, მეგობრულად. არ ღირს, ზედმეტად გადაიღალო, ახლა
ივახშმე, წყალგარეული ღვინოც მიაყოლე და საწოლში მოკალათდი.

იმ სისათუთემ, რითაც ჯომ ამ საკითხს ერთხელ და სამუდამოდ დაუსვა


წერტილი, და იმ გულისამაჩუყებელმა ტაქტმა და სიკეთემ, რითაც ბიდიმ
დაარიგა (თავისი ქალური ალღოთი, რახანია, ჩემი გულისთქმა ამოიკითხა)
უდიდესი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე. მაგრამ მაინც ვერ გავიგე, იცოდა თუ
არა ჯომ ჩემი გაჭირვების ამბავი და ის, რომ ჩემი დიდი იმედები სულ მთლად
განქარდა, სწორედ ისე, ჩვენი ჭაობების ნისლი რომ იფანტება მზის ამოსვლისას.

აი, კიდევ ერთი რამ, რაშიც ჯოს თავიდან ვერ გავუგე, მერე და მერე კი
ჩავწვდი და დავსევდიანდი: რაც უფრო უკეთ და მხნედ ვგრძნობდი თავს, ჯო
ჩემთან ურთიერთობაში სულ მეტად იძაბებოდა და თანდათან მშორდებოდა.
ვიდრე უძლური და მთლიანად მასზე დამოკიდებული ვიყავი, ეს ალალი კაცი
ძველი, ბავშვური მიმართვებით მესაუბრებოდა, გამუდმებით მესმოდა: "ჩემო
პიპ, ჩემო ძმობილო" და ჩემს ყურს მელოდიად ჩაესმოდა. მეც ძველებური
ჩვევები გავიხსენე და ამისთვის უსაზღვროდ ვემადლიერებოდი. მაგრამ
თანდათან დავინახე, ამ ჩვევებს ხელს როგორ უშვებდა, მე კი ისევ ძველებურად
ვეჭიდებოდი. თუმცა ეს თავიდან მაოცებდა, მალევე მივხვდი, რომ ამის მიზეზი
ჯო კი არა, მე თვითონ ვიყავი.

ოჰ, განა საკმაო მიზეზი არ მივეცი ჯოს, ჩემს ერთგულებაში ეჭვი შეეტანა,
ეფიქრა, გამოჯანმრთელებისთანავე მისდამი გრძნობები გამიცივდებოდა და
ზურგს შევაქცევდი? განა ჯოს უცოდველი გული სულ უმიზეზოდ გრძნობდა, რაც
უფრო მოვღონიერდებოდი, ჩემთან ურთიერთობა მით უფრო გაუცივდებოდა და
განა ტყუილად სურდა, ვიდრე ეს მოხდებოდა, პირველი გამცლოდა?

მის მკლავზე დაყრდნობილი მესამედ თუ მეოთხედ რომ გამოვედი ტემპლის


ბაღში სასეირნოდ, მასში მომხდარი ცვლილება თვალნათლივ დავინახე. მზის
გულზე ვისხედით და მდინარეს გავყურებდით, მერე, როცა წამოვდექით,
ვუთხარი:

– შეხედე, ჯო! უკვე სულ მთლად კარგად დავდივარ. აი, ნახავ, უკან შენი
დახმარების გარეშე დავბრუნდები.

– ზედმეტიც ნუ მოგივა, პიპ, – მითხრა ჯომ და დაუმატა, – თუმცა ამის ნახვა


უზომოდ გამიხარდება, სერ.

ამ ბოლო სიტყვამ ცეცხლივით დამწვა, მაგრამ როგორ ვუსაყვედურებდი?


ბაღის ჭიშკრამდე ჩემით ვიარე, მერე, ვითომ ძალა გამომეცალა, ჯოს დახმარება
ვთხოვე და მანაც ხელი შემომაშველა, თუმცა ფიქრიანი ჩანდა.

მეც ბევრი რამ მაფიქრებდა, მეტწილად კი ის, თუ როგორ შემეჩერებინა ჯოს


ეს გაუცხოება. მაგრამ გულახდილი საუბარი მაშინებდა, მრცხვენოდა მისთვის
იმის განდობა, თუ სადამდე დავეცი, რა სავალალო ყოფაში აღმოვჩნდი, თუმცა
ეს რიდი ერთგვარად შემიძლია გავამართლო კიდეც. ვიცოდი, ჯო აუცილებლად
მოინდომებდა თავისი მცირედი დანაზოგით დამხმარებოდა და ისიც ვიცოდი, ეს
არავითარ შემთხვევაში არ უნდა დამეშვა.

ეს საღამო ორივემ ასე ფიქრიანად გავატარეთ, თუმცა, ვიდრე ძილის დრო


მოვიდოდა, გადავწყვიტე, ხვალინდელი დღეც მომეცადა, რადგან ეს დღე კვირა
იყო, ახალი კვირიდან კი ახალი ცხოვრება დამეწყო. ჯოსთან ამ ცვლილების
შესახებ მელაპარაკა, ჩვენ შორის ყველანაირი კედელი დამენგრია და ის ჩემი
გადაწყვეტილებაც კი გამენდო (ის "მეორე"!), რომლის შესახებაც ჯერ არავისთვის
არაფერი მეთქვა და რომლის გამოც ჰერბერტს პასუხი გადავუდე. ამის შემდეგ,
იმედი მქონდა, ჯოს ცვლილება უკვალოდ და სამუდამოდ გაქრებოდა. ამან
გუნება გამომიკეთა და ჯოსაც აშკარად გამოუკეთდა გუნება, თითქოს ისიც რაღაც
სასიკეთო გადაწყვეტილებამდე მისულიყო.

კვირა დღე მშვიდად და სასიამოვნოდ გავატარეთ, ქალაქგარეთ ეტლით


ვისეირნეთ და მინდორშიც ვიარეთ ფეხით.

– ახლა მადლიერებასაც ვგრძნობ იმის გამო, რომ ავად გავხდი, ჯო, –


ვუთხარი.

– ჩემო პიპ, ჩემო ძმობილო... უკვე თითქმის გამოკეთდით, სერ.

– ეს დრო არასოდეს დამავიწყდება, ჯო.

– არც მე, სერ.

– შენთან ერთად გატარებულმა ამ დღეებმა უზომოდ ბევრი მასწავლა, ჯო.


წინათაც გვქონდა ასეთი დღეები, მაგრამ ისინი დროებით დავივიწყე. აი, ამას კი
აღარასდეს დავივიწყებ, დამიჯერე.

– პიპ, – ნაჩქარევად და თითქოს უხერხულად მიპასუხა ჯომ, – ამ დღეებში


ერთად ძალზე გავიხარეთ. მაგრამ რაც იყო, იყო, სერ, იყო და არა იყო რა.

ღამით, როცა საწოლში ჩავწექი, ჯო ჩემს ოთახში შემოვიდა, ისე, როგორც


ჩემი გამოჯანმრთელების პერიოდში შემოდიოდა ხოლმე, და მკითხა,
დილანდელივით კარგად თუ ვგრძნობდი თავს.

– ძვირფასო ჯო, სავსებით.


– და ხომ დღითი დღე გემატება ძალა, ძმობილო?

– ჰო, ჩემო ჯო, ამას სულ ვგრძნობ.

ჯომ საბანგადაფარებულ მხარზე ვეება, კეთილი ხელი დამადო და, როგორც


მომეჩვენა, ჩახრინწული ხმით მითხრა:

– ღამე მშვიდობისა!

მეორე დილით კიდევ უფრო მხნედ და გახალისებული ავდექი და მტკიცედ


გადავწყვიტე, ჯოსთვის ყველაფერი დაუყოვნებლივ მეთქვა. ეს საუზმემდე უნდა
გამეკეთებინა. სწრაფად ჩავიცვამდი, მის ოთახში შევიდოდი და გავაკვირვებდი;
რადგან ეს პირველი დღე იყო, ასე ადრე რომ ავდექი. მის ოთახში შევედი,
მაგრამ იქ არ დამხვდა. არამხოლოდ თვითონ, მისი სკივრიც გამქრალიყო.
მაშინ სასადილო მაგიდასთან მივირბინე და იქ წერილი აღმოვაჩინე. სულ ეს
ეწერა:

"რადგან ისევ კარგად ხარ და ხელის შეშლა არ მინდოდა, გავემგზავრე, ჩემო


პიპ, ყოველივე კარგს გისურვებ

ჯო.

P.S. მარად შენი საუკეთესო მეგობარი".

წერილს ზედ დართული ჰქონდა იმ ვალის გადახდის ჩეკი, რისთვისაც


დაპატიმრებას მიპირებდნენ. ამ წუთამდე ბუნდოვნად ვვარაუდობდი, ჩემმა
მევალემ თავი დამანება, ან, უფრო სწორად, გადაწყვიტა, მანამ მოეცადა, ვიდრე
საბოლოოდ გამოვჯანმრთელდებოდი. მაგრამ წამითაც კი არ მომსვლია აზრად,
რომ ჯოს შეიძლებოდა ეს ვალი დაეფარა. სწორედ ასე მოქცეულა და ჩეკიც მის
სახელზე იყო გამოწერილი.

რაღა მრჩებოდა? ერთადერთი: გავყოლოდი ჩვენს საყვარელ, მშობლიურ


სამჭედლოში და ყველაფერი მეთქვა – საყვედურიც, მადლობაც, სინანულიც –
და, ბოლოს და ბოლოს, გული და გონება იმ "მეორის" აღიარებითაც
გამეთავისუფლებინა, ბუნდოვან სწრაფვად რომ ჩამესახა და თანდათან მტკიცე
გადაწყვეტილებაში გადაიზარდა.
ასე გადავწყვიტე: ბიდისთან მივსულიყავი, თავმდაბლად და უდიდესი
სინანულით დავბრუნებულიყავი და მეთქვა, რომ ერთბაშად ყველა იმედი
გამიცრუვდა და ყველაფერი დავკარგე; ჩვენი უწინდელი გულახდილობა და ჩემი
ბედკრული შფოთვა შემეხსენებინა. მერე კი მეთქვა: "ძვირფასო ბიდი, მგონი,
ოდესღაც ჩემდამი კეთილგანწყობას იჩენდი, როცა ჩემი მოუსვენარი გული
ყველაზე მშვიდად შენ გვერდით იყო და მაინც შენგან შორს იწევდა. თუკი
სანახევროდ მაინც შეინარჩუნე ის კეთილგანწყობა, თუკი შეძლებ, მიმიღო
მთელი იმ დანაშაულითა და იმედგაცრუებით, რაც ტვირთად მაწევს, თუკი ცელქი
ბავშვივით მომიტევებ (მერწმუნე, ბიდი, მართლაც ბავშვივით ვნანობ ჩემს
საქციელს და ასევე მჭირდება ნუგეში და დამშვიდება), ვფიქრობ, ახლა სულ
ოდნავ უფრო ღირსი ვარ შენი, ვიდრე წინათ – ბევრად არა, მაგრამ სულ ოდნავ
მაინც. და კიდევ, ბიდი, შენ განდობ იმის გადაწყვეტას, თუ როგორ მოვიქცე:
ჯოსთან სამჭედლოში სამუშაოდ დავრჩე, სოფელში სხვა რამე ხელობა ვცადო
თუ იქნებ შორეულ ქვეყანაში გავემგზავროთ, სადაც თანამდებობა მელოდება,
რომელიც შენგან პასუხის მიღებამდე გვერდზე გადავდე. ახლა კი, ძვირფასო
ბიდი, თუკი მეტყვი, რომ მზად ხარ, ეს ცხოვრება ჩემ გვერდით გაატარო,
მერწმუნე, ამ ცხოვრებასაც დამიმშვენებ და მეც უკეთეს კაცად მაქცევ, ჩემი
მხრივ მეც ყველა ღონეს ვიხმარ, რათა ეს ცხოვრება დაგიმშვენო".

აი, ჩემი ჩანაფიქრი. კიდევ სამ დღეს დაველოდე ძალების მოკრებას, მერე კი
მის განსახორციელებლად მშობლიურ ადგილებს მივაშურე. ისღა დამრჩა
მოსათხრობი, ეს რამდენად გამომივიდა.
58

ჩემი თავბრუდამხვევი ზეასვლა ასეთივე თავბრუდამხვევი დაცემით


დაგვირგვინდა და ეს ჩემს მშობლიურ მხარეში მანამ გახდა ცნობილი, ვიდრე იქ
ჩავიდოდი. "ლურჯი ტახიც" უკვე გათვითცნობიერებული ბრძანდებოდა და ამ
ნადირის ქცევაში მკვეთრი ცვლილება თვალში მეცა. მას შემდეგ, რაც
გავმდიდრდი, "ტახი" მუდამ სასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებდა ჩემზე. ხოლო
ახლა, გაღარიბებულს, უკიდურესად ცივად შემხვდა.

მოსაღამოებულზე ჩავედი და ნაცნობმა გზამ, რომელიც მილიონჯერ მქონდა


გავლილი თვალის დახამხამებაში, ძალიან დამღალა. "ტახმა" ჩვეულ ნომერში
ვერ დამაბინავა, რადგან დაკავებული აღმოჩნდა (ვინ იცის, იქნებ ისევ ვინმე
დიდი იმედების მქონე ცხოვრობდა). ძალზე მოკრძალებული ოთახი
შემომთავაზა. ფანჯრები ეზოს მხარეს, სამტრედესა და ეტლების სადგომისკენ
ჰქონდა. მიუხედავად ამისა, ამ ოთახშიც ისე მშვიდად მეძინა, როგორც
საუკეთესო აპარტამენტებში, და სიზმრებიც ისეთივე მესიზმრა.

დილაადრიან, ვიდრე საუზმეს მიმზადებდნენ, სატისის სახლისკენ


გავისეირნე. ჭიშკარსა და ფანჯრიდან გადმოკიდებულ ხალიჩების ნაგლეჯებზე
ნაბეჭდი განცხადებები გაეკრათ და იტყობინებოდნენ, რომ მომდევნო კვირას აქ
ავეჯისა და ნივთების აუქციონი გაიმართებოდა. სახლის დანგრევასა და
მეორეულ საშენ მასალად გაყიდვასაც აპირებდნენ. ლუდსახდელის კედელზე
კირით აცაბაცად ეწერა: "ობექტი 1", ხოლო მთავარი შენობის იმ ნაწილს, ამდენ
წელიწადს რომ იყო ჩარაზული – "ობიექტი 2". შენობის სხვა ნაწილებიც
დაენომრათ. კედლებზე ასული სურო კი ჩამოეგლიჯათ და იქვე დაეყარათ – უკვე
გამხმარიყო. ეზოში მორიდებით შევიხედე, როგორც უცხომ, რმელსაც იქ
აღარაფერი ესაქმებოდა, და დავინახე, აუქციონის კლერკი კასრებზე როგორ
დადიოდა და აღრიცხვას აკეთებდა. რიცხვებს კალამმომარჯვებულ მიდვანს
ჰკარნახობდა, რომელსაც ბორბლებიანი სავარძელი დროებით საწერ მაგიდად
ექცია – სწორედ ის სავარძელი, ასე ხშირად რომ მიგორებია "ბებერი კლემის"
ღიღინით...

როცა "ტახის" საერთო ოთახში სასაუზმოდ შევბრუნდი, იქ მეპატრონესთან


საუბარში გართული მისტერ პამბლჩუკი დამხვდა. თურმე ნუ იტყვით და, მე
მელოდებოდა (სხვათა შორის, ვერ ვიტყვი, რომ ბოლოდროინდელი ღამის
თავგადასავალი მის გარეგნობას მოუხდა) და ამგვარი სიტყვებით მომმართა:

– ახალგაზრდავ, თქვენი მარცხის გამო ძალზე ვწუხვარ. თუმცა, აბა, რა


გეგონათ? ეს სავსებით მოსალოდნელი იყო!

ამის შემდეგ დიდსულოვნად მიმტევებლური იერით გამომიწოდა ხელი და მეც


ჩამოვართვი, რაკი, ავადმყოფობითა და მგზავრობით დაქანცულს, კამათის თავი
არ მქონდა.

– უილიამ, – მიმართა მისტერ პამბლჩუკმა მიმტანს, – თბილი ფუნთუშა


მოიტანე. ოჰ, სადამდე მივიდა საქმე, სადამდე!..

წარბებშეკრული მივუჯექი მაგიდას. მისტერ პამბლჩუკი გვერდით დამიდგა


და, ვიდრე ჩაიდანს ავიღებდი, ისეთი იერით დამისხა ჩაი, თითქოს მეუბნებოდა,
მუდამ გწყალობდით და ჭირშიცა და ლხინშიც თქვენი ერთგული დავრჩებიო.

– უილიამ, – ჭირისუფლის კილოთი გასძახა მიმტანს, – მარილი მოიტანე, –


მერე მომიბრუნდა, – ამაზე უფრო სვეკეთილ ჟამს, თუ არ ვცდები, შაქარს
იყრიდით, ხომ? რძესაც ისხამდით? როგორ არა. შაქარი და რძე. უილიამ, წყლის
წიწმატი მოიტანე.

– გმადლობთ, – მოვუჭერი, – მაგრამ წყლის წიწმატს არ ვყამ.


– აჰ, არ ჭამთ, – ამოიოხრა მისტერ პამბლჩუკმა და რამდენჯერმე ააკანტურა
თავი, აქაოდა, ამას თვითონაც უნდა მივმხვდარიყავიო, თან ისეთი სახე ჰქონდა,
თითქოს წიწმატზე ჩემი უარის თქმა ჩემ გაღარიბებასთან უშუალო კავშირში
ყოფილიყო, – რა თქმა უნდა. ეს ხომ მიწის უბრალო ნაყოფია. არა, ნუღარ
მოიტან, უილიამ.

მთელი საუზმის განმავლობაში მისტერ პამბლჩუკი თავზე მადგა – როგორც


ყოველთვის, გადმოკარკლული თვალებითა და ხმამაღალი ქოშინით.

– ცარიელი ძვალი და ტყავია! – ვითომდა თავისთვის ჩაილაპარაკა


პამბლჩუკმა, – არადა, აქედან რომ მიდიოდა (გავკადნიერდები და ვიტყვი, მაშინ
სწორედ მე დავულოცე გზა), ჩემი მოკრძალებული მარაგი გულმოდგინე
ფუტკარივით გადავუშალე, ოჰ, მაშინ ატამივით პირმრგვალი იყო!
ამ სიტყვებმა თვალსაჩინოდ დამიხატა, რა მკვეთრად განსხვავდებოდა მისი
მლიქვნელური იერი, როდესაც ორივე ხელს მიწვდიდა და, ნება მიბოძეთო,
მეხვეწებოდა, იმ ნიშნის მოგებისგან, ამჯერად კოტიტა თითები რომ
გამომიწოდა.

– ჰო, მართლა! – პური და კარაქი შემომთავაზა, – ჯოზეფთან ხომ არ


მიდიხართ?

– ღვთის გულისათვის! – ვეღარ მოვითმინე და, უნებურად, ვიფეთქე, – რაში


გენაღვლებათ, საით მივდივარ? ჩაიდანს ხელი გაუშვით!

ჩემი მდგომარეობიდან ეს ყველაზე ცუდი გამოსავალი აღმოჩნდა, რადგან


პამბლჩუკსაც სწორედ ეს უნდოდა.

– დიახ, ახალგაზრდავ, – მითხრა და აღნიშნულ საგანს ხელი უშვა, მერე


მაგიდას ორი ნაბიჯით მოშორდა და კართან მდგარი მეპატრონისა და მიმტანის
გასაგონად ხმას აუწია, – დიახ, ჩაიდანს აღარ გავეკარები. მართალი ხართ,
ახალგაზრდავ. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ამჯერად მართალი ხართ.
ტყუილად გაგიყადრეთ თავი და თქვენს საუზმეზე ზრუნვას შევუდექი, რადგან
მთელი გულით მინდოდა, თავაშვებული ცხოვრებით დაუძლურებული სხეული
თქვენი მამა-პაპის მარგებელი სანოვაგით მოგეღონიერებინათ. და მაინც, –
მეპატრონესა და მიმტანს მიუბრუნდა, გაშლილი მკლავის მანძილზე გადამიდგა
და თითი ჩემკენ გამოიშვირა, – და მაინც ის არის, სიყმაწვილის ბედნიერ
დღეებში მეგობრად რომ მთვლიდა. ნუ მეტყვით, ეს შეუძლებელიაო! სწორედ
ისაა!

პასუხად ორივეს ხმადაბალი ბუტბუტი მომესმა. განსაკუთრებით, მეპატრონე


ჩანდა პამბლჩუკის განცდებით აღელვებული.

– სწორედ ისაა! – არ ცხრებოდა პამბლჩუკი, – ისაა, ჩემი ორთვალათი რომ


ვასეირნებდი. ისაა, ჩემს თვალწინ რომ გაზარდეს, ისაა, ვისი დაც ჩემი რძალია,
რომელსაც დედის სახელი ჯორჯიანა მარია დაარქვეს. ის ამას ვერ უარყოფს,
რაგინდ ეცადოს!

მიმტანიც დარწმუნებული ჩანდა იმაში, რომ ამას ვერაფრით უარვყოფდი და


ამან ვითარებას შავბნელი ელფერი შემატა.
– ახალგაზრდავ, – თავის ჩვეული კანტურით მომმართა პამბლჩუკმა, –
გეტყვით: ჯოზეფთან მიემართებით. თქვენ კი მითხარით, ეგ რაში
გენაღვლებათო, მაგრამ მე მაინც გეტყვით, სერ: თქვენ ჯოზეფთან მიემართებით!

მიმტანმა ჩაახველა, თითქოს მარწმუნებდა, ამ ამბავს მორჩილად


შევგუებოდი.

– ახლა კი, – ისეთი გამანადგურებელი თავდაჯერებით წამოიწყო მისტერ


პამბლჩუკმა, თითქოს სამართლიანობას მასზე პირუთვნელი მოსარჩელე
სამყაროს გაჩენის დღიდან არ ჰყოლია, – გეტყვით, ჯოზეფს რაც უნდა უთხრათ.
აგერ, "ტახის" მეპატრონეც დამემოწმება – ჩვენი ქალაქის ღირსეული და
პატივსაცემი მკვიდრი – და აგერ ეს მიმტანიც, რომლის მამაც, თუ არ ვცდები,
გვარად პოტკინსია.

– არ ცდებით, სერ, – დაუდასტურა უილიამმა.

– ჰოდა, ორივეს თანდასწრებით, – განაგრძო პამბლჩუკმა, – მოგახსენებთ,


ახალგაზრდავ, რაც უნდა უთხრათ ჯოზეფს. "ჯოზეფ, დღეს ჩემი პირველი
მწყალობელი და აღმზრდელი ვნახე. სახელს არ ვიტყვი, ჯოზეფ, მაგრამ ქალაქში
ყველა ასე იცნობს და სწორედ ეს კაცი ვნახე დღეს".

– გეფიცებით, ასეთ კაცს აქ ვერ ვხედავ, – მივუგე.

– ეგეც უთხარით, – არ დაბნეულა პამბლჩუკი, – უთხარით და ნახავთ, თვით


ჯოზეფიც კი როგორ გაიკვირვებს.

– ცდებით, მე მას უკეთ ვიცნობ, – ვუპასუხე.

– უთხარით, – ვითომც აქ არაფერიაო, განაგრძო პამბლჩუკმა, – "ეს კაცი ვნახე


და მინდა იცოდე, რომ ის შენზე ნაწყენი არ არის, და არც ჩემზეა ნაწყენი. ის
კარგად იცნობს შენს ხასიათს, ჯოზეფ, შენს სიჯიუტესა და უმეცრებას. ჩემი
ხასიათიც მშვენივრად გაეგება, ჯოზეფ, და ისიც, რომ მადლიერების უნარი არ
შემწევს. განა შეიძლება ეს მასზე უკეთ ვინმეს ესმოდეს, ჯოზეფ? ამგვარი
სინატიფე შენ არც მოგეთხოვება, ამ კაცს კი აქვს და რაც აქვს, იმას ვერ
წაართმევ".

მუდამ კი ვიცოდი, თვითკმაყოფილი ბრიყვი რომ იყო, მაგრამ ასეთ ლაპარაკს


თუ გამიბედავდა, მაინც ვერ წარმოვიდგენდი.
– უთხარით: "ჯოზეფ, შენთან ერთი რამ დამაბარა და ახლა უნდა გადმოგცე:
ჩემ დაცემაში მან განგების ხელი განჭვრიტა. როგორც კი დამინახა, იმწამსვე
ცხადად ამოიცნო, ჯოზეფ. რადგან შუბლზე მაწერია: "ეს ჩემი პირველი
მწყალობლისა და აღმზრდელისადმი უმადურობისათვის სასჯელია". მაგრამ ამ
კაცმა ისიც მითხრა, ჯოზეფ, რომ თავის ამაგს წუთითაც კი არ ნანობს. ერთი
წუთითაც კი. რაც სიკეთეც ვქენი, ალალიმც იყოს და კიდევაც რომ მომიწიოს,
იმავეს ვიზამო, ასე მითხრა, ჯოზეფ".

– დასანანია, – ვთქვი გულმოსულმა და დავასრულე საუზმე, რომელიც არც კი


შემარგეს, – რომ ამ კაცს საბოლოოდ მაინც არ დაუზუსტებია, ასეთი რა ქნა; და,
კიდევაც რომ მოუწიოს, რას იზამს.

– "ტახის" მეპატრონევ! და შენ, უილიამ! – მიუბრუნდა ორივეს პამბლჩუკი, –


არაფერი მაქვს იმის საწინააღმდეგო, რომ მთელ ქალაქს უამბოთ ის, თუ რა
ამაგი მაქვს ამ ახალგაზრდაზე, თუ რა ვქენი და, კიდევაც რომ მომიწიოს, რას
ვიზამ.

ამ სიტყვებით თაღლითმა პამბლჩუკმა ორივეს საზეიმოდ ჩამოართვა ხელი


და გავიდა, მე კი დავრჩი – მისი ამაგით არამცთუ ნასიამოვნები, არამედ
გაოგნებულიც. მაინც "რა ქნა" ასეთი? თითქმის მის ფეხდაფეხ მეც გავედი
"ტახიდან". მთავარ ქუჩას მივუყვებოდი და უცებ თავისი მაღაზიის კართან
დავინახე: მოქალაქეთა მცირე ჯგუფის წინაშე სიტყვით გამოდიოდა
(დარწმუნებული ვარ, ისევ იმ თემაზე). როცა ქუჩის მოპირდაპირე მხარეს
ჩავიარე, ბევრმა მათგანმა საყვედურით სავსე მზერა შემავლო.

ამის გამო უფრო დიდი სიხარულით ჩავფიქრდი ჯოსა და ბიდიზე, რომელთა


სიწრფელე და სისადავე, ამ უნამუსო ფარისევლობასთან შედარებით, კიდევ
უფრო გაკაშკაშდა, თუკი ასეთი რამ შესაძლებელია. თავს სუსტად ვგრძნობდი
და მათკენ ნელა მივაბიჯებდი, მაგრამ რაც მეტად ვუახლოვდებოდი, მით მეტი
შვება მეუფლებოდა; ვგრძნობდი, თვალთმაქცობასა და ამაოებას სულ უფრო
შორს ვტოვებდი.

ივნისის საამო დღე იდგა. ცა ლურჯი იყო. ამწვანებული მინდვრის თავზე


ტოროლები დაქროდნენ. მთელი მიდამო იმაზე ბევრად მშვენიერი და მშვიდი
მეჩვენა, ვიდრე მახსოვდა. გზად მრავალი ტკბილი სურათი მეზმანა, თუ როგორ
ვიცხოვრებდი აქ და რა სასიკეთოდ შემეცვლებოდა ხასიათი, რაკი გვერდით
საიმედო მეგობარი მეყოლებოდა. იგი მრჩევლად მეგულებოდა, რადგან მის
უბრალო რწმენასა და ცხოვრებისეულ სიბრძნეში არაერთხელ დავრწმუნდი.
უსაზღვრო სინაზემ მომიცვა. შინ დაბრუნებამ გული მომილბო და შინაგანად ისე
შევიცვალე, თითქოს ფეხშველა მივაბიჯებდი მშობლიური სახლისაკენ
მრავალწლიანი უგზო-უკვლო ხეტიალის შემდეგ.

არასოდეს მინახავს იმ სკოლის შენობა, სადაც იმჟამად ბიდი ასწავლიდა.


მაგრამ იმ ერთ-ერთმა ქუჩამ, რომლითაც სოფელში შევედი და რომელიც
მხოლოდ იმიტომ ავირჩიე, რომ არავის შევენიშნე, სწორედ მასთან მიმიყვანა.
გული დამწყდა, კვირა დღე რომ დაემთხვა. ეზოში ბავშვები არ დარბოდნენ და
ბიდის სახლიც დაკეტილი იყო. არადა, მინდოდა, ვიდრე შემამჩნევდა, იგი თავის
ყოველდღიურ საქმეში გართული მენახა.

აქედან სამჭედლო ახლოს იყო და მწვანე ცაცხვების ჩრდილში მისკენ


გავეშურე. გული მიკრთოდა, რადგან ჯოს უროს დარტყმის გაგონებას ყოველ წამს
ველოდი. კარგა ხანს ვიარე, რამდენჯერმე თითქოს მომესმა, მაგრამ სიჩუმე იყო.
გავჩერდი და მივაყურადე. ცაცხვებიც უცვლელად იდგა, ნარეკლის ბუჩქებიცა და
წაბლის ხეებიც საამოდ შრიალებდნენ. ჯოს უროს ჟღარუნი კი ზაფხულის ჰაერს
არ შერევია.

სამჭედლოს უკვე გამოუცნობი შიშით ვუახლოვდებოდი. ჩაკეტილი დამხვდა.


არც ცეცხლის ბრიალი, არც ნაპერწკლების ტკაცანი, არც საბერვლის ღრიალი.
ყველაფერი მდუმარე და ჩარაზული იყო.

მაგრამ სახლი ღია იყო და სასტუმრო ოთახსაც ეტყობოდა გამოცოცხლება –


ფანჯრებზე თეთრი ფარდები ფრიალებდა და ფერადი ყვავილები მოჩანდა.
ნელა მივედი ფანჯარასთან და ყვავილებს შორის ჩახედვა დავაპირე, როდესაც
ჩემ წინ ხელიხელჩაკიდებული ჯო და ბიდი გაჩერდნენ.
ბიდიმ ჯერ ისე შეჰყვირა, თითქოს ჩემი აჩრდილი დაინახაო, მაგრამ მეორე
წამს უკვე მეხვეოდა. მისმა დანახვამ ამატირა, ისიც ატირდა. მე იმის გამო
ავტირდი, ასე კოხტად და სათნოდ რომ გამოიყურებოდა, ის კი – ჩემი
ჩამომდნარი და ფერმკრთალი სახის შემხედვარე.

– ძვირფასო ბიდი, რა საზეიმოდ ხარ გამოწყობილი!

– ჰო, ძვირფასო პიპ.

– და შენც, ჯო, რა მშვენივრად გამოიყურები!


– ჰო, პიპ, ჩემო ძმობილო.

ხან ერთს შევცქეროდი, ხან მეორეს, მერე კი...

– დღეს ჩემი ქორწილის დღეა, – ბედნიერი ხმით შესძახა ბიდიმ, – მე და ჯომ


ვიქორწინეთ!

სამზარეულოში შემიყვანეს და ხის ძველ მაგიდაზე თავი ჩამოვდე. ბიდიმ


ჩემი ხელი ტუჩებთან მიიტანა, ჯო მხარზე ხელს მისვამდა.

– ჯერ ისევ სუსტადაა, ძვირფასო, შენ კი ასე უცბად გააკვირვე, – უთხრა ჯომ.

– ეგ ვეღარ მოვიფიქრე, ჩემო ჯო, ისე გამიხარდა, – თავის მართლებას მოჰყვა


ბიდი.

ჩემმა მოსვლამ ორივე უსაზღვროდ გაახარა. ესიამოვნათ და გულები


აუჩუყდათ იმის გამო, რომ სწორედ მათი ცხოვრების უბედნიერეს დღეს
ვესტუმრე, თანაც სრულიად შემთხვევით, და ეს დღე კიდევ უფრო გავულამაზე.

ერთბაშად გავიფიქრე და ღმერთს უდიდესი მადლი შევწირე იმისათვის, რომ


ჯოსთან ერთი სიტყვაც არ დამცდენია ჩემი უკანასკნელი იმედის შესახებ.
ავადმყოფს როდესაც მივლიდა, ამის თქმა რამდენჯერმე დავაპირე! ლონდონში
კიდევ ერთი საათით რომ შეყოვნებულიყო, ეს სიტყვები ხომ ბაგიდან
მომწყდებოდა და საშინლად ვატკენდი გულს.

– ძვირფასო ბიდი, – ვთქვი, – მთელ მსოფლიოში საუკეთესო მეუღლე გყავს


და ის რომ ჩემი ავადმყოფობის დროს ჩემს საწოლთან გენახა... მაგრამ არა,
უფრო მეტად მაინც ვერ შეიყვარებდი!

– მართალი ხარ, უფრო მეტად ვერ შევიყვარებდი, – მითხრა ბიდიმ.

– შენ კი, ჩემო ჯო, საუკეთესო ცოლი გერგო და ვიცი, სწორედ ისეთ დიდ
ბედნიერებას მოგიტანს, როგორსაც იმსახურებ, ჩემო ძვირფასო, კეთილო,
ღირსეულო ჯო!

ჯომ შემომხედა, ტუჩები აუთრთოლდა და თვალებზე სახელო აიფარა.


– ჩემო კარგო ჯო და ბიდი, რადგანაც დღეს ეკლესიაში იყავით, მთელ
ქვეყანას შეურიგდით და ყველა გიყვართ, გთხოვთ, მიიღეთ ჩემი მოკრძალებული
მადლობა ყველაფრისათვის, რაც გამიკეთეთ და რასაც ასეთი უმადურობით
ვუპასუხე! ახლა გეტყვით, რომ ერთ საათში უნდა წავიდე, რადგან მალე
უცხოეთში მივემგზავრები. იქ მანამ არ მოვისვენებ, ვიდრე სრულად არ
გამოვიმუშავებ და არ გამოგიგზავნით იმ ფულს, რითაც ციხისგან მიხსენით.
თუმცა ნუ გეგონებათ, ძვირფასო ბიდი და ჯო, რომ ან ამით, ან ნებისმიერი
რამით ოდესმე შევძლებ და თქვენს სიკეთეს სათანადოდ ვუპასუხებ!

ჩემმა ამ სიტყვებმა ორივეს გული აუჩუყა. მთხოვეს, ამაზე აღარაფერი


მეთქვა.

– მაგრამ ჯერ არ დამისრულებია. ჩემო ჯო, იმედი მაქვს, შვილები გეყოლებათ


და მთელი გულით გეყვარებათ კიდეც. იქნებ ზამთრის ერთ საღამოს ამ ბუხრის
კუთხეში მჯდარმა პატარა ბიჭუნამ სხვა პატარა ბიჭუნა მოგაგონოს, აქაურობა
სამუდამოდ რომ მიატოვა. ნუ ეტყვი, ჯო, უმადურად რომ მოგექეცი. ბიდი,
ნურც
შენ ეტყვი, სულმდაბალი და უსამართლო რომ ვიყავი. მხოლოდ ის უამბეთ, რომ
ორივეს უზომოდ გცემდით პატივს, რადგან გულკეთილები და გულწრფელები
ხართ; ჩემი სიტყვებიც გადაეცით: რადგანაც თქვენი შვილია, მისგან ჩემზე
ბევრად უკეთესი კაცი დადგება.

– არაფერიც, პიპ, – მიპასუხა ისევ სახელოაფარებულმა ჯომ, – მსგავსს


არაფერს ვეტყვი. არც ბიდი ეტყვის. და არც არავინ.

– ახლა კი, თუმცა ვიცი, რომ თქვენმა კეთილმა გულებმა უკვე მაპატიეს,
გთხოვთ, ეს ხმამაღლა მითხრათ! გევედრებით, ეს სიტყვები გამაგონეთ, რათა
თან წავიღო და, მათი წყალობით, ვირწმუნო, რომ მართლაც შეიძლება
მომავალში ჩემი გწამდეთ და ჩემზე კეთილად იფიქროთ!

– ო, ჩემო პიპ, ჩემო ძმობილო, – თქვა ჯომ, – ღმერთია მოწმე, რახანია


გაპატიე, თუკი საერთოდ მქონდა რამე საპატიებელი!

– ამინ! ღმერთია მოწმე, მეც გაპატიე! – აჰყვა ბიდიც.

– ახლა კი ნება მომეცით, ჩემს პატარა ოთახში ავიდე და იქ რამდენიმე წუთს


სულ მარტომ მოვისვენო. მერე კი, ძვირფასო ჯო და ბიდი, ერთად ვჭამოთ პური
და ჩვენი სოფლის საგზაო ნიშნამდე გამაცილეთ. ერთანეთს იქ დავემშვიდობოთ!
რაც კი მქონდა, ყველაფერი გავყიდე და რამდენიც შევძელი, ჩემი
მევალეების ნაწილობრივ დასაკმაყოფილებლად გადავდე. მთელი ვალის
გადასახდელად კი დრო მომცეს. ამის შემდეგ ჰერბერტთან გავემგზავრე. ზემოთ
აღნიშნული მოვლენებიდან ერთი თვეც არ გასულიყო, რაც ინგლისიდან წავედი;
ხოლო ორ თვეში უკვე "კლერიკერისა და კომპანიის" კლერკი ვიყავი; კიდევ ოთხ
თვეში პირველად ვითავე სრული პასუხისმგებლობა. რადგან წისქვილის ტბორის
ნაპირზე მდებარე სახლის ჭერმა, როგორც იქნა, ბებერი ბილ ბარლის
დარტყმებისაგან ზანზარი შეწყვიტა და ჰერბერტიც სამშობლოში ჩავიდა
კლარასთან დასაქორწინებლად, მე კი, ვიდრე ერთად ჩამოვიდოდნენ,
აღმოსავლური განყოფილების ერთადერთ მუშაკად დავრჩი.

მრავალი წელი გავიდა, ვიდრე ფირმის პარტნიორი გავხდებოდი. თუმცა


ჰერბერტსა და მის ცოლთან ერთად ბედნიერად ვცხოვრობდი. დიდ
მომჭირნეობას ვიჩენდი და ყველა ვალი გავისტუმრე. ჯოსა და ბიდის მუდმივად
ვწერდი წერილებს. ვიდრე ფირმის მესამე მფლობელი არ გავხდი, კლერიკერს
ჰერბერტისთვის ჩემი წვლილის შესახებ სიმართლე არ გაუმხელია; მაშინ კი
აღიარა, რომ ჰერბერტის პარტნიორობის საიდუმლო სინდისზე მძიმე ტვირთად
აწვა და ყველაფერი უამბო. ვერ აღგიწერთ, ძვირფასი ჰერბერტი როგორ გაოცდა
და აღელდა, თუმცა ჩვენი მეგობრობა ამის შემდეგ კიდევ უფრო განმტკიცდა. ვერ
გეტყვით, რომ მაინცდამაინც დიდი ფირმა გვქონდა და ბევრ ფულს
ვშოულობდით. არასოდეს მიგვიღწევია გრანდიოზული წარმატებისთვის, მაგრამ
კარგი სახელი გავითქვით, მოგებაც გვქონდა და კარგადაც ვმუშაობდით. ჩვენს
საქმეში ჰერბერტის ოპტიმიზმსა და უშრეტ გულმოდგინებას იმდენად დიდი
წვლილი მიუძღოდა, რომ ხშირად მიკვირდა, წინათ მის უნიათობაში ასე რატომ
ვიყავი დარწმუნებული. საბოლოოდ კი გონება გამინათდა: იქნებ ეს უნიათობა
მისი კი არა, ჩემი ნაწილი იყო?
59

თერთმეტი წლის განმავლობაში ჯო და ბიდი თვალით არ მენახა – თუმცა


გონების თვალით ხშირად ვხედავდი, ვიდრე აღმოსავლეთში ვიმყოფებოდი.
დეკემბრის ერთ საღამოს კი, როცა ის-ის იყო ჩამობნელდა, ძველი სამზარეულოს
კარის სახელურს ფრთხილად შევეხე. ისე ფრთხილად და უხმაუროდ, ვერავინ
შემნიშნა, შიგნით რომ შევიხედე. ანთებული ბუხრის წინ ჩიბუხით ხელში
ძველებურად ბრგე და ღონიერი, თუმცა ოდნავ გაჭაღარავებული ჯო იჯდა. ხოლო
ბუხრის კუთხეში – მის ფეხს საიმედოდ ამოფარებული, ჩემს ძველისძველ პატარა
სკამზე – ისევ მე ვიჯექი!

– პიპი შენ პატივსაცემად დავარქვით, ძმობილო, – მითხრა გახარებულმა ჯომ,


როცა ბიჭუნას გვერდით, მეორე სკამზე ჩამოვჯექი, ოღონდაც, მისთვის თმა არ
ამიჩეჩავს! – იმედი გვქონდა, ცოტათი მაინც დაგემსგავსებოდა და, მგონი,
დაგემსგავსა.

მეც ასე ვფიქრობდი. მეორე დღეს სასეირნოდ წავიყვანე. ძალიან ბევრი


ვილაპარაკეთ და ერთმანეთს საოცრად გავუგეთ. მერე სასაფლაოზე მივიყვანე
და ერთი საფლავის ქვაზე შემოვსვი. მან კი ამ შემაღლებიდან მიჩვენა, თუ
რომელი ქვა მიეძღვნა ფილიპ პირიპის ხსოვნას, ამ სამწყსოს წევრს, და აგრეთვე
ჯორჯიანას, მეუღლეს ზემოთმოხსენიებულისას.

– ბიდი, პიპი უნდა გამაყოლო, დროებით მაინც, – ვუთხარი სადილის შემდეგ,


როდესაც მის პატარა გოგონას დედის კალთაში ჩაეძინა.

– არა, არა, – მშვიდად მითხრა ბიდიმ, – ცოლი უნდა შეირთო.

– ჰერბერტი და კლარაც ასე მეუბნებიან, მაგრამ არა მგონია, ეს მოხდეს,


ბიდი. მათ სახლში უკვე ისე მოვიკიდე ფეხი, რომ ცხოვრების შეცვლა
გამიჭირდება. ბერბიჭად ვიქეცი.

ბიდიმ პატარას დახედა და მისი ციცქნა ხელი ტუჩებთან მიიტანა, მერე კი


თავისი სათუთი, ქალური ხელი, რომლითაც, ის-ის იყო, ბავშვს შეეხო, ხელზე
რბილად მომიჭირა. ამ ჟესტსა და მისი ჯვრისწერის ბეჭდის შეხებას
განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა.

– ძვირფასო პიპ, მასზე ნამდვილად აღარ დარდობ?

– ოჰ, არა, რას ამბობ!.. მგონი, აღარ, ბიდი.

– მითხარი, როგორც ძალიან ძველ მეგობარს. სულ მთლად დაივიწყე?

– ჩემო ბიდი, არაფერი დამვიწყებია, რასაც კი ჩემს ცხოვრებაში ოდესმე


მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა. მაგრამ ის ბეჩავი ოცნება, როგორც ერთხელ
ვუწოდე, წასულია, ბიდი, წასულია ერთხელ და სამუდამოდ.

თუმცა, როცა ამ სიტყვებს ვამბობდი, ვიცოდი, რომ იმ ძველ სახლს ვნახავდი,


თანაც იმავე საღამოს, რაღა თქმა უნდა, მის გამო. დიახ, ესტელას გამო.

შევიტყვე, ძალზე უბედურად ცხოვრობდა – გაშორდა ქმარს, რომელიც


სასტიკად ეპყრობოდა და რომელმაც საჯაროდ დაიმკვიდრა ყოვლად
ამპარტავანი, ძუნწი, სულმდაბალი და ტლანქი კაცის სახელი. მერე მისი ქმრის
სიკვდილის ამბავიც შევიტყვე, რომლის მიზეზიც ცხენთან მისი სასტიკი
მოპყრობის შედეგად მომხდარი უბედური შემთხვევა გახდა. ორი წელიწადი
იქნებოდა გასული, რაც ესტელა თავისუფალი ქალი გამხდარიყო, მაგრამ მას
მერე აღარაფერი მსმენია. შესაძლოა, მეორედაც გათხოვდა.

ჯოს სახლში ადრე სადილობდნენ, რამაც საშუალება მომცა, ბიდისთან


მშვიდი საუბრის შემდეგ დაბნელებამდე აუჩქარებლად წავსულიყავი ძველი
სახლის სანახავად. მაგრამ გზადაგზა იმდენჯერ გავჩერდი ნაცნობი ადგილების
დასათვალიერებლად, იმდენჯერ დამრია ხელი მოგონებებმა, რომ როცა მიზანს
მივაღწიე, უკვე მწუხრი ჩამოწოლილიყო.

აღარც სახლი იდგა, აღარც ლუდსახდელი თუ სხვა რამ ნაგებობა, გარდა


ბაღის გალავნისა. მოსუფთავებული ადგილი უხეში ფიცრის ღობით იყო
შემოსაზღვრული. მასზე რომ გადავიხედე, შევნიშნე, სუროს ახალი ყლორტები
ამოეყარა და ნანგრევების დაბალი ბორცვები სულ მთლად დაეფარა. ღობის
ჭიშკარი ღია იყო, ამიტომ ხელი ვკარი და შევედი.

სუსხიანი, მოვერცხლისფრო ბურუსი ჩამოწოლილიყო, მთვარე კი მის


გასაფანტად ჯერ მაღლა არ ასულიყო. თუმცა ბურუსში ვარსკვლავები მოჩანდა,
მთვარეც უკვე ამოდიოდა, ამიტომაც საღამო უკუნი არ ყოფილა. მაშინვე
გავიხსენე, თუ სად იდგა წინათ ძველი სახლის თითოეული ნაწილი,
ლუდსახდელის ადგილიც ამოვიცანი, ჭიშკრისაც და კასრებისაც. ამის შემდეგ
ვიდექი და გავერანებული ბაღის ბილიკს გავყურებდი, როცა უეცრად მასზე
მომავალი ფიგურა დავლანდე.

ამ ფიგურისკენ წავედი და შევატყვე, მანაც შემნიშნა. ისიც ჩემკენ


მოაბიჯებდა, მაგრამ ერთბაშად შედგა. გავარჩიე, ქალი იყო. როცა მივუახლოვდი,
თითქოს წასვლა დააპირა, მაგრამ შეყოვნდა და დამელოდა. მერე გაოცებულმა
შეიცხადა და ჩემი სახელი წარმოთქვა. მეც შევყვირე:

– ესტელა!..

– ძალიან შევიცვალე. მიკვირს, როგორ მიცანით.

პირველი ქორფა მშვენება, მართლაც, გაუქრა, მაგრამ ისევ შერჩენოდა ამ


მშვენების ენით აღუწერელი მეფური ხიბლი – ყოველივე, რაც მასში წინათ
მიზიდავდა. რაც წინათ არასოდეს მინახავს, ეს იყო ოდესღაც გოროზ თვალებში
ჩამდგარი სევდიანი და ნათელი სილბო; არც ოდესღაც უგრძნობი ხელის თბილი,
მეგობრული შეხება განმიცდია მანამდე, როგორც ახლა განვიცადე.

იქვე ახლოს, მერხზე ჩამოვსხედით და ვუთხარი:

– ამდენი წლის შემდეგ განა საკვირველი არ არის, ესტელა, ერთურთს ასე


შემთხვევით სწორედ იქ რომ გადავეყარეთ, სადაც პირველად შევხვდით? აქ
ხშირად მოდიხართ?

– მას მერე აქ აღარასოდეს ვყოფილვარ.

– არც მე.

მთვარე უფრო მაღლა ამოვიდა და მომაკვდავი კაცის ჭერში აპყრობილი,


აუღელვებელი მზერა მომაგონდა. მთვარე უფრო მაღლა ამოვიდა და მისი ხელის
მსუბუქი შეხება მომაგონდა, როდესაც ამქვეყნად წარმოთქმული მისი
უკანასკნელი სიტყვები გავიგონე.

ჩვენ შორის ჩამოწოლილი დუმილი ესტელამ დაარღვია.


– ძალიან ხშირად მინდოდა აქ დაბრუნება, მაგრამ ბევრი რამ მიშლიდა ხელს.
საბრალო ძველი სახლი, საცოდავი აქაურობა!

მთვარის პირველმა სხივებმა მოვერცხლისფრო ბურუსი გამსჭვალა და მისი


თვალებიდან წამსკდარი ცრემლები ააბრდღვიალა. ეგონა, ეს ცრემლები ვერ
შევნიშნე, თავს მოერია და განაგრძო:

– როცა აქ დადიოდით, ალბათ, გიკვირდათ, ყველაფერი ისევ ხელშეუხებელი


როგორ დარჩა.

– დიახ, ესტელა.

– მიწა მე მეკუთვნის. ეს ერთადერთი ქონებაა, რაც შევინარჩუნე. დანარჩენი


ყველაფერი თანდათან გავფლანგე, ეს კი შემრჩა. მთელი ამ უბედური წლების
განმავლობაში ეს ერთადერთი იყო, რასაც მტკიცედ ჩავებღაუჭე და ხელიდან არ
გავუშვი.

– ამ ადგილას ახალი სახლი აშენდება?

– ჰო, როგორც იქნა. ახლა აქ იმიტომ მოვედი, რომ აქაურობას მანამ


დავემშვიდობო, ვიდრე სახეს იცვლის. თქვენ კი, – ხმაში თანაგრძნობა გაუკრთა,
რაც მიუსაფარი მგზავრის გულს ეამა, – თქვენ ისევ უცხოეთში ცხოვრობთ?

– დიახ.

– როგორც ვიცი, წარმატებასაც მიაღწიეთ?

– ბევრს ვშრომობ, არაფერი მაკლია და – დიახ, შეიძლება ითქვას, რომ


წარმატებული ვარ.

– ხშირად ვფიქრობ თქვენზე, – მითხრა ესტელამ.

– მართლა?

– ბოლო დროს – ძალიან. მძიმე დრო გამოვიარე, როდესაც ვცდილობდი,


იმაზე არ მეფიქრა, რაც მედიდურად მოვისროლე და არ დავაფასე. მაგრამ მას
მერე, რაც ეს მოგონებები ჩემს მოვალეობას აღარ ეწინააღმდეგება, მიმაჩნია,
რომ უფლება მაქვს, ისინი ჩემს გულში შემოვუშვა.
– თქვენ კი ჩემს გულში მუდამ გეკავათ ადგილი, – ვთქვი და ორივე
დავდუმდით.

– რას ვიფიქრებდი, – ცოტა ხნის შემდეგ ალაპარაკდა ესტელა, – რომ ამ


ადგილთან დამშვიდობება, ამავდროულად, თქვენთან დამშვიდობებაც
იქნებოდა ჩემთვის. მიხარია, რომ ასე მოხდა.

– გიხარიათ, რომ ერთმანეთს ისევ უნდა დავემშვიდობოთ, ესტელა? ჩემთვის


დამშვიდობება ძალზე მტკივნეულია. ჩვენი მაშინდელი გამოთხოვების მოგონება
კი გამოუთქმელად მასევდიანებს.

– მაგრამ თქვენ ხომ მითხარით, – ძალზე წრფელი კილოთი მითხრა ესტელამ,


– ღმერთმა დაგლოცოს და ღმერთმა მოგიტევოსო. და, თუკი მაშინ შეძელით
ჩემთვის ამ სიტყვების თქმა, ვიცი, არც ახლა მეტყვით ამაზე უარს, რადგან ახლა
ჩემმა ტანჯვამ ყველა სხვა რჩევა-დარიგებაზე უკეთ მასწავლა, თქვენმა გულმა
რაც გამოიარა. ცხოვრებამ მომდრიკა და გამტეხა, თუმცა, იმედი მაქვს, ამით
ჩემგან იმაზე უკეთესი რამ გამოძერწა, ვინც წინათ ვიყავი. მუდამ კეთილი და
მომთმენი იყავით და, გთხოვთ, ახლაც ასე მომექცეთ. მითხარით, რომ
მეგობრები ვართ.

– დიახ, მეგობრები ვართ, – ვუთხარი და როცა მერხიდან წამოდგა, მეც


ავდექი და მისკენ დავიხარე.

– და მუდამ მეგობრებად დავრჩებით, – მითხრა ესტელამ.

ხელი ჩავკიდე და სახლის ნანგრევები უკან მოვიტოვეთ. და, როგორც დიდი


ხნის წინათ, როცა სამჭედლოს პირველად ვტოვებდი, ჩემ წინ დილის ბურუსი
გაიფანტა, ახლაც ასევე იფანტებოდა საღამოს ნისლი. მთვარემ მიდამოსა და
ჩვენ მშვიდი ნათელი მოგვფინა. მასთან ამ განშორების ჩრდილი გულს აღარ
მტკენდა.

You might also like