You are on page 1of 5

ნიკოლაი ბერდიაევი

სისასტიკისა და ტკივილის შესახებ

ბევრს საუბრობენ ჩვენი დროის, ჩვენი ეპოქის სისასტიკის შესახებ, შესახებ


შეუძლებლობისა აიტანო ტკივილი, რომელიც ჩვენს თაობას ხვდა წილად. მრავალს
ჩვენი დრო უფრო სასტიკადაც კი ეჩვენება, ვიდრე ისტორიული წარსული, მაგრამ ეს
ილუზია და თავის მოტყუებაა. ჩვენ მცირედ აღვიქვამთ ცხოვრების სისასტიკეს და,
საერთოდაც, ძალიან მივეჩვით ყოველდღიური ცხოვრების ტკივილს. ამდენად, ჩვენი
სულისთვის ჭრილობის მიყენებისა და ჩვენი წარმოსახვის გაოცებისთვის სისასტიკის
განსაკუთრებული გამოვლინებაა საჭირო. ომისა და მისი საშინელების დაწყებამდე ჩვენ
ყოველდღიურად მრავალ სისასტიკეს ჩავდიოდით და მრავალ ტკივილს განვიცდიდით.
ყოველი ცხოვრების პროცესი სასტიკი და მტკივნეულია. მაგრამ ჩვენი აღქმადობა
დაჩლუნგდა, ჩვენი კანი კი გასქელდა. ჩვენ თავზარი გვეცემა ომის საშინელებისგან,
ხოლო თანაგრძნობის ჩვენეულ პათოსში არის წილი გაუცნობიერებელი
თვალთმაქცობისა. ცხოვრების ზრდას ყოველთვის ტკივილი ახლავს. როდესაც
ცხოვრებას ვქმნით, მრავალ სისასტიკეს ჩავდივართ და მრავალ სისასტიკეს ჩაიდენენ
ჩვენს მიმართ. ჩვენ არა მხოლოდ მაშინ ვკლავთ, როდესაც ხიშტს ვასობთ ან თოფიდან
ვისვრით. არსებითად ის, ვინც იღებს მსოფლიო პროცესსა და ისტორიულ განვითარებას,
იღებს სისასტიკესა და ტკივილს და ამართლებს მათ. არის სისასტიკე და ტკივილი
განვითარების ყოველ პროცესში, ყოველ გამოსვლაში სიმშვიდისა და უძრაობის
მდგომარეობიდან, ყოველ ზეასვლაში. გმირული დასაწყისი სასტიკი დასაწყისია. თავად
მოძრაობაა მტკივნეული. მტკივნეულია ყველაზე ელემენტარული მექანიკური ბიძგი,
რომელიც მოძრაობას წარმოშობს. და ასე გრძელდება სულიერი ცხოვრების უზენაეს
გამოვლინებამდე. ვისაც კაცობრიობის ისტორიული ბედ-იღბლის გადაწყვეტა, მისი
განვითარება სურს, ის ვალდებულია მიიღოს სისატიკე და ტკივილი, ვალდებულია
ჯავშანში ჩაჯდეს. მას კი, ვისაც არანაირი სისასტიკე და ტკივილი არ სურს, - არ სურს
თავად სამყაროსა და სამყაროული პროცესის წარმოქმნა, მოძრაობა და განვითარება,
სურს, რომ ყოფა დარჩეს საწყისი სიმშვიდისა და უძრაობის მდომარეობაში, რომ
არაფერი შეიქმნას. ასეთია გარდუვალი მეტაფიზიკური დასკვნა

II

ისტორიულ ცხოვრებაში ყოველგვარი მოძრაობა წინ შეგუებისა და წონასწორობის


დამკვიდრებული სისტემის რღვევიდან, შედარებითი ჰარმონიის მდგომარეობიდან
მტკივნეული გამოსვლით იწყება. მტკივნეულად რთულია ცხოვრების ჩვეულ წყობასთან
განშორება, იმასთან, რაც უკვე ორგანულად მარადიულად გვეჩვენებოდა. აუცილებელია
რღვევისა და დისჰარმონიის ეტაპის გავლა. ეს კი ყოველთვის მტკივნეულია. მაგრამ ეს
ტკივილი, ეს სისასტიკე ყოველი მოძრაობის დაწყებისა უნდა მიიღოს ყველამ, ვისაც არ
სურს მუდმივი უძრაობა და სიმშვიდე, ვინც განვითარებასა და ახალ ცხოვრებას ეძებს.
სასტიკი და მტკივნეულია ცხოვრების პატრიარქალური წყობიდან გადასვლა სხვა, უფრო
რთულ წყობაზე, რომელშიც მანამ მთვლემარე პირადი გამოდის წინა პლანზე.
მტკივნეული და სასტიკია პირველადი მთლიანობისა და ორგანულობის ყოველგვარი
რღვევა. გამოღვიძებული, მზარდი და საკუთარი თავის შემცნობელი პიროვნება
ყოველთვის სასტიკია გარემომცველი სამყაროსა და მასში გაბატონებული შეგუების
სისტემისადმი, და შეუძლებელია, მან ტკივილი არ მიაყენოს. რამდენი სისასტიკე და
ტკივილია პიროვნების განშორებისას ოჯახთან, რომელიც ყველაფერს ახშობს შეგუების
სისტემის წნეხით! რამდენი სისასტიკე და ტკივილია ყოველგვარ ბრძოლაში
ფასეულობისთვის, რომელიც სიკეთეზე მაღლაა დაყენებული! მტკივნეული და
მტანჯველია ნატურალური მეურნეობის ჩანაცვლება ფულადით, მტკივნეული და
მტანჯველია თემის დაშლა, ოჯახის ძველი წყობის მოშლა, მტკივნეული და მტანჯველია
ყოველგვარი განშორება ცხოვრების დამკვიდრებულ საფუძვლებთან, ძველ იდეებთან,
მტკივნეული და მტანჯველია სულიერი და იდეური კრიზისი. უმტკივნეულო -
სიმშვიდესა და უძრაობაში დარჩენაა. ადამიანებისა და მათი თაობებისადმი
თანაგრძნობიდან, ტკივილისა და სისასტიკის შიშიდან გამომდინარე, უმჯობესია
შეგუების ძველ სისტემაში დარჩენა, არაფრის ძიება, არანაირი ფასეულობისთვის
ბრძოლა. სისასტიკე ახლავს ყოველ ახალჩასახულ მოძრაობას, ყოველ რღვევას, რაც
შემოქმედებით პროცესს უსწრებს წინ.

თანაგრძნობის უკიდურესი რელიგია, რომელიც ყველა სახის ტკივილსა და სისასტიკეს


უფრთხის, მაგ., ბუდიზმი, გახლავთ უძრაობის და სიმშვიდის აღმსარებლობა.
ქრისტიანობაში ეს არ არსებობს, ქრისტიანობა გარდუვალად თვლის ცხოვრებაში
ტანჯვის გავლას, ქრისტიანობა უფრო მაღალ ფასეულობებს ცნობს, ვიდრე სიმშვიდე და
უმტკივნეულობაა. ქრისტიანობას სწამს გამოსყიდვითი სატანჯველი, ის
ნებაყოფლობითი გოლგოთისკენ მოხმობაა. ქრისტიან ხალხთა ბედი დინამიური და არა
სტატიურია, როგორც აღმოსავლეთის ხალხებისა. ქრისტიანული კაცობრიობა ისტორიას
ქმნის. უზენაეს სიკეთედ ადამიანთა ბედნიერების, კეთილდღეობის, უმტკივნეულო
მდგომარეობის, მოცემული თაობის პირდაპირ ინტერესთა აღიარებამ უძრაობასთან,
შემოქედებითი მოძრაობისა და ისტორიის შიშთან უნდა მიგვიყვანოს. ყველა სახის
შემოქმედება და ყველა ისტორია არის შორეულის და არა ახლობლის სიყვარული,
სიყვარული ფასეულობისა და არა კეთილდღეობის. შემოქმედება და ისტორია არ
არსებობს ტანჯვისა და ტკივილის მომენტების გარეშე, უშუალოდ ცხოვრების სიკეთის
მსხვერპლად გაღების გარეშე. შორეულის, ამაღლებულის, ზეადამიანური ფასეულობის
ყოველგვარ სიყვარულში არის მისთვის დამახასიათებელი სისასტიკე. ამ სიყვარულის
მშრალი სიცხე ნთქავს სიცოცხლის სიგრილეს და ტანჯვა მოაქვს ყველაფრისთვის, რაც
ახლოს არის, რაც ზედაპირზეა. მეტად უმტკივნეულო და თანაგრძნობით აღსავსე
იქნებოდა შორეული და მაღალი ფასეულობების დაუცველობა, მათი დათმობა
ადამიანთა სასიკეთოდ, ისტორიის შეუქმნელობა. თავად ფასეულობის თვალსაზრისშია
ჩადებული სისასტიკე და ტკივილი. კეთილდღეობის თვალსაზრისში -
უმტკივნეულობას სიმშვიდისა და შეგუების, კმაყოფილებისა იმით, რაც არის და
მათთვის, ვინც არიან. მაგრამ ცხოვრებისადმი ასეთი დამოკიდებულების პირობებში
დიდი ისტორიის შექმნა შეუძლებელი იქნებოდა.

III

ყოველივე ზემოთქმული ომის მიმართაც შეიძლება იქნას გამოყენებული. ომი სასტიკი


და ტკივილის მომტანია. არავინ შეუდგება იმის მტკიცებას, რომ ომი, თავისთავად,
სასურველი სიკეთეა. რთული არ არის ყოველი ადამიანი მიიყვანო გაცნობიერებამდე
ყველა ომის შეწყვეტისა და და-ძმურ ერთობაში კაცობრიობის დაზავების
სასურველობისა. მაგრამ ასეთი განყენებული ჭეშმარიტებები მცირედ გვეხმარებიან
ცხოვრებისეული სირთულეებისთვის თავის დაღწევაში. კითხვა იმაში მდგომარეობს,
იცავს თუ არა ომი რაიმე ფასეულობებს, რომლებიც უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე
ადამიანის კეთილდღეობა, ვიდრე თანამედროვე თაობის სიმშვიდე და კმაყოფილება?
ხორციელდება საშინელ და სასტიკ ომში ისტორიული სიმაღლისთვის რაიმე
მნიშვნელოვანი? ომის იდეოლოგიური ქება ყოველთვის შეიცავს რაღაც უსიამოვნოსა და
არასაჭიროს. ომის მიღება მხოლოდ ტანჯულად, ტრაგიკულად შეიძლება. მაგრამ ეს
ჩვენზე გარდამოვლენილი ომი, შესაძლოა ყველა უწინდელ ომზე საზარელი, ყველა
შემთხვევაში არის ტანჯვითი გამოცდა თანამედროვე კაცობრიობისთვის, რომელიც
გარყვნილია ბურჟუაზიული კეთილდღეობითა და სიმშვიდით, რომელმაც მშვიდობიანი
გარეგნული ცხოვრება ირწმუნა შინაგანი განხეთქილების პირობებში. ეროვნული და
პირადი ღირსების ფასი უფრო მაღალია, ვიდრე კეთილდღეობისა და მშვიდი
კმაყოფილების. ისტორიული ცხოვრების, მსოფლიო ამოცანათა გადაწყვეტის მიღწევა
ჩაკეტილ-ეგოისტურ, პირად და ოჯახურ ცხოვრებაზე მაღლა დგას. ასეთი ცნობიერების
გარეშე არ გამოიწრთობა ეროვნული ხასიათი. თუკი ერში თანამედროვე თაობის მშვიდი
და კმაყოფილი ცხოვრების ინტერესები იმარჯვებს, ასეთ ერს ვეღარ ექნება ისტორია, მას
აღარ ექნება სამყაროში რაიმე სახის მისიის შესრულების ძალა. ომისა და ჩვენი ეპოქის
სისასტიკე არ არის უბრალოდ ადამიანთა, პიროვნებების სისასტიკე არ არის უბრალოდ
ადამიანთა, პიროვნებების სისასტიკე, ბოღმა და უგულობა, თუმცა ეს ყველაფერი
შეიძლება თანამდევი მოვლენები იყოს. ეს - ისტორიული ბედის სისასტიკეა,
ისტორიული მოძრაობის, ისტორიული გამოცდის სისასტიკე.

ადამიანის სისასტიკე ამაზრზენია. ჩვენ სამართლიანად გვაშფოთებს გერმანელთა


სისასტიკე. ამის უკან ჩვენ ვგრძნობთ ადამიანის გადაქცევას მექანიკურ იარაღად
სახელმწიფო მიზნების მისაღწევად, სულის სიკვდილს სრულყოფილ მასობრივ
დისციპლინაში. გულის გაქვავების, ნირის სისასტიკის წინააღმდეგ მთელი ძალით
ბრძოლაა აუცილებელი. ომს, რასაკვირველია, თან ახლავს ბარბარიზაციისა და
გაუხეშების საფრთხე. იგი ჩამოგლეჯს კულტურის საფარველსა და ადამიანის ჭარმაგ
ბუნებას აშიშვლებს. მაგრამ სისასტიკის მორალურ და ფსიქოლოგიურ პრობლემას მეორე
მხარეც გააჩნია. მშვიდი ბურჟუაზიული ცხოვრებით განაზებული, რბილი და
განებივრებული თანამედროვე ადამიანები ვერ უძლებენ ვერც ადამიანის გულის ამ
სისასტიკეს - მათი გულები მშვიდობიან ცხოვრებაშიც საკმაოდ სასტიკია - ვერ უძლებენ
სისასტიკეს გამოცდის, სისასტიკეს მოძრაობის, რასაც სიმშვიდიდან გამოჰყავს,
სისასტიკეს ისტორიისა და ბედისწერის. მათ არ სურთ ისტორია მისი მაღალი მიზნებით,
მისი შეწყვეტა სურთ კმაყოფილებისა და კეთილდღეობის სიმშვიდეში. და სწორედ
სისასტიკისა და ტკივილის ეს შიში არ წარმოადგენს მაღალი სულიერების მაჩვენებლს.

ყველაზე მოყვარულ, გულითად და კეთილ ადამიანს უშიშრად შეუძლია


განხორციელებადი ისტორიის ტანჯვის, ისტორიული ბრძოლის სისასტიკის მიღება.
სიკეთე ეწინააღმდეგება სიმტკიცეს, სიმკაცრესაც კი, როდესა ამას ცხოვრება მოითხოვს.
ხანდახან თავად სიყვარული ავალდებულებს ადამიანს იყოს მტკიცე და სასტიკი, არ
შეუშინდეს სატანჯველს, რომელიც ბრძოლას მოყვება იმისათვის, რაც გიყვარს. საკითხი
ეხება ცხოვრებისადმი უფრო მამაც და არა გულჩვილ დამოკიდებულებას. ბოლოს და
ბოლოს, გარდუვალი სისასტიკის მომენტთა უშიშრად მიღება იწვევს იმას, რომ მრავალი
სატანჯველისთვის თავის არიდება ხდება. ხომ საჭირო ხდება ოპერაცია, რათა
სასიკვდილო სენისგან განიკურნოს ადამიანი კიდევ უფრო საზარელი სატანჯველის
თავიდან ასაცილებლად?! ოპერაციის სისასტიკე და მტკივნეულობა ისტორიულ
ცხოვრებაშიც უნდა იქნას მორალურად გამართლებული. ის უმზადებს კაცობრიობას
განუზომლად დიდ სატანჯველს, ვინც დამფრთხალი არიდებს თვალს ასეთ ოპერაციათა
აუცილებლობას, და გულჩვილობისა და სიკეთის გამოისობით ნებას რთავს ადამიანს
ჩირქგროვებისგან დაიღუპოს.

ჩვენ, რუსები, ძალის წინაშე შიშს განვიცდით, მუდმივიე ეჭვი გვაქვს, რომ ყოველივე
ძალა ეშმაკისგანაა. რუსები სულით წინააღმდეგობის არგამწევები არიან. ძალა
ყოველთვის სისასტიკითა და ძალადობით წარმოდგება. შესაძლოა რუსები იმიტომ
იქცნენ ასეთებად, რომ ისტორიის მანძილზე ძალიან ბევრი ტანჯვა განიცადეს
მოძალადე, მათ თავს მყოფი ძალისგან. ჩვენ არ ვართ ჩვეული ძალას მორალური
თვალსაზრისით ვუმზიროთ, როგორც სულის დისციპლინას, როგორც ხასიათის
წრთობას. თვითგადარჩენის ინსტინქტიდან გამომდინარე რუსი ხალხი მიეჩვია
დაემორჩილოს გარე ძალას, რათა მან არ გასრისოს იგი, მაგრამ შინაგანად ძალის
მდგომარეობას ის არა უმაღლეს, არამედ უმდაბლესად თვლის. ასეთად აქცია რუსი
ხალხი ისტორიამ. არის სიმართლე ძალის მიერ გამოწვეულ ზნეობრივ დაეჭვებაში. ლ.
ტოლსტოის კითხვები არ შეიძლება გაუგებრად მოვნათლოთ. მათში მთელი რუსი ერის
კითხვები, მისი ზნეობრივი წყობა იგრძნობა. მაგრამ რუსულ წინააღმდეგობის
არგაწევაში არის სახიფათო, დამასუსტებელი გადახრა, გადახრა ქრისტიანობიდან
ბუდიზმისკენ. სულის სიძლიერის შენარჩუნება, ცხოვრების გამოცდათა და
საშინელებათა წინაშე უშიშრობა, გარდუვალი და განმწმენდი სატანჯველის მიღება,
ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლა - ჭეშმარიტი ქრისტიანული ცნობიერების
იმპერატივად რჩება. რუსებს ყველაზე მეტად ხასიათის წრთობა სჭირდებათ. რუსული
სიკეთე ხშირად რუსული ხასიათის არარსებობა, ნებისყოფის სისუსტე, პასიურობა,
სატანჯველის წინაშე შიშია. ეს პასიური სიკეთე, რომელიც მუდამ მზად არის დათმოს და
გასცეს ნებისმიერი ფასეულობა, არ შეიძლება განსაკუთრებულ თვისებად ვაღიაროთ.
არსებობს სიკეთე აქტიური, რომელიც მტკიცეა ფასეულობათა დაცვისას. მხოლოდ ასეთი
სიკეთისკენ უნდა ვილტვოდეთ, და წინააღმდეგობა გავუწიოთ ცხოვრების სისასტიკისა
და შიშის წინაშე დამასუსტებელ და ამაჩვილებელ საშინელებას.

You might also like