Professional Documents
Culture Documents
13:20, 09.07.2019
თეორიული ასპექტი, ზოგადად, ზნეობრივია და ის შემდეგ დაშვებას ეყრდნობა: მშვიდობა არის სიკეთე,
ხოლო ომი – ბოროტება. მაგალითად ყურანის მეორე სურა ამბობს: “იბრძოლეთ მტრებთან, სანამ არ
დამკვიდრდება ისლამი. . . [ხოლო ამის შემდეგ] დაე, შეწყდეს მტრობა, ვინაიდან ღმერთს სძულს, ვინც თავს
ესხმის”. ამ მოსაზრებას ისიც უნდა ამყარებდეს, რომ ომის თავი და თავი მიზეზი არა რაიმე
მატერიალურის უკმარისობაა, როგორც ეს ხშირად გონიათ, არამედ სურვილი: მაგალითად, პირველი
მკვლელობა (აბელის და კაენის ამბავი ძველი აღთქმიდან) შიმშილის გამო კი არ მოხდა, არამედ შურის
გამო. ასევე ძნელად დასაჯერებელია ის ვითარებაც, როდესაც ომი ახსნილია დარვინის
მოძღვრების ტერმინებში: ასე რომ იყოს, მაშინ რითი ავხსნათ ის ფაქტი, კითხულობს სოლოვიოვი, რომ
უიარაღო ებრაელებმა თავი შეინარჩუნეს, ხოლო შეიარაღებულმა რომაელებმა ვეღარ?
გაცილებით მნიშვნელოვანია ომის ისტორიული ასპექტი: ომი ქმნის ცივილიზაციას. ომი არის ყველაზე
ძლიერი ფაქტორი შიდა კავშირების გაძლიერებისათვის ხალხებისა და კულტურების შიგნით და რაოდენ
პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, ის ასევე ხელს უწყობს კულტურების ურთიერგავლენას და
მოწინააღმდეგე მხარეების ურთიერთდაახლოებას. მაგალითები საყოველთაოდ ცნობილია:
ომი ტროასთან დასაბამს აძლევს ელინურ სამყაროს, ხოლო ომი სპარსელებთან და ალექსანდრეს
ლაშქრობანი – ელინისტურს. რომ არა რომაელთა დაპყრობანი და pax romana ქრისტიანობა ვერასოდეს
გასცდებოდა იერუსალიმს. და ბოლოს, ეროვნულ სახელმწიფოთა ქმნადობა ასევე ომის, როგორც მოვლენის
შედეგია. შესაბამისად, ომის ზეგავლენა ისტორიულ პროცესზე სამი მიმართულებით ვლინდება:
ერების ქმნადობა
ერთაშორისი ურთიერთობების ქმნადობა
კულტურული ერთობის გეოგრაფიული გავრცობა.
სხვა სიტყვებით, ადამიანი, პრაქტიკულად, ნებისმიერი საბაბით ომობს, ხოლო თუ რა მიზეზს ნიღბავს ეს
საბაბი, ხშირად, ძალიან რთული გამოსაცნობია. მაინც, რა ვითარებაა ომი, რა არის მასში ის არსებითი, რაც
მას სხვა საქმიანობისგან გამოარჩევს და რატომ არის ის ასე მნიშვნელოვანი?
ალბათ, ყველაზე ადვილი იქნებოდა ამთავითვე ომის განსაზღვრება მოგვეცა და შემდეგ, მასზე
დაყრდნობით გვეცადა დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა. თუმცა აქ ერთ სირთულეს ვაწყდებით,
რომელიც სრულებითაც არ არის ტრივიალური: პირველი, არ არსებობს ომის ისეთი განსაზღვრება,
რომელიც ყველას მიერ, სანდოობის ერთნაირი ხარისხით, განსაზღვრებადაა მიჩნეული. მათ შორის,
ყველაზე პოპულარული, კლაუზევიცისეული ომი, როგორც პოლიტიკის გაგრძელება, სინამდვილეში არის
არა განსაზღვრება, არამედ განსაზღვრების ფრაგმენტი და მისი განსაზღვრებად მიჩნევა მხოლოდ
ისტორიულ გაუგებრობას უნდა მივაწეროთ.
მეორე პრობლემა უფრო ზოგად მოსაზრებებთან არის დაკავშირებული:
ჩვეულებრივ, განსაზღვრებისას ადამიანები ცდილობენ განსასაზღვრი ცნების ადეკვატური შინაარსის
დადგენას. მაგრამ ასეთი რამ, ხშირ შემთხვევაში, ერთი სხარტი ფრაზის ან წინადადების, ანდა სულაც რაიმე
ნაცნობი შინაარსის მოხდენილად გამოყენებით ვერ ხერხდება. სამაგიეროდ, შესაძლებელია განსასაზღვრი
ცნების იმდაგვარი აღწერა, რომ მისი შინაარსის ადეკვატური აღქმა შევძლოთ. ვფიქრობ, ომის შემთხვევაშიც
ასეა და ეს კარგად ჩანს, თუ კი იმავე კლაუზევიცს ოდნავ სიღრმისეულად ჩავუკვირდებით.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენ, ამ ეტაპზე მაინც, ვეცდებით თავიდან ავიცილოთ ომის
ყოვლისმომცველი განმარტება, თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენსავე ცნობიერებაში ინტუიციურად ომს
მიკუთვნებული ვითარებების აღწერა უფრო თავისუფლად შევძლოთ. თუმცა, ისიც უნდა შევნიშნოთ, რომ
ომის ფენომენის ყველაზე სრულ აღწერას, და შესაბამისად, ზემოთ დასმულ კითხვებზე ყველაზე სრულ
პასუხს, თავად ომების ისტორია იძლევა. სხვათა შორის, ეს არის ერთ-ერთი, თუმცა არა ერთადერთი,
ძლიერი არგუმენტი იმისათვის, რომ სამხედრო ისტორია ზოგადად, და ომების ისტორია კერძოდ, ჩვენი
ცნობისმოყვარეობის ობიექტად ვაქციოთ. სამწუხაროდ, ისტორიას განსაზღვრებად ვერ მივიჩნევთ, მაგრამ
ის მშვენიერი გზამკვლევი შეიძლება აღმოჩნდეს ადამიანურ დაპირისპირებათა მრავალფეროვნებიდან ომი
რომ გამოვაცალკევოთ.
სხვა სიტყვებით, ომად მიჩნეულია კარგად ორგანიზებული, ერთ ნებასა და მიზანს დამორჩილებული
მასების კონფლიქტი, სადაც ერთი ორგანიზებული და შეიარაღებული მასა ცდილობს თავს მოახვიოს
თავისი ნება მეორეს და რომელიც გარკვეული ხანგრძლივობისა და მოცულობის მქონე მიზანმიმართული
ძალადობით ხასიათდება. ხოლო ვინაიდან მასის ნება სინამდვილეში
პოლიტიკურ მიზანდასახულობად ფორმდება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ომი არის პოლიტიკის გაგრძელება.
თუ კი ომს ამდაგვარად დავინახავთ, შეგვიძლია აგრეთვე ვთქვათ ისიც, რომ ომს ადამიანთა პოლიტიკური
გაერთიანებები აწარმოებს, მაგალითად ისეთი, როგორიცაა სახელმწიფო, ან სახელმწიფოთა ალიანსები,
ანდა სხვა რომელიმე ორგანიზაციულად ჩამოყალიბებული სტრუქტურა.
თუმცა აქვე უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ ომის პოლიტიკაზე ამდაგვარი მიბმა ასევე შეიცავს სირთულეებს
და მოითხოვს, სულ ცოტა, თავად პოლიტიკის, როგორც ტერმინის დაზუსტებას. სად გადის ის ზღვარი,
როდესაც შეიარაღებულ ადამიანთა ერთობლივ მიზანდასახულ მოქმედებას შეგვიძლია ვუწოდოთ
პოლიტიკური ნების გამოვლენა და ამ მხრივ, განვასხვავოთ ის სხვა ძალადობრივი, მაგრამ არანაკლებ
მიზანდასახული ქმედებებისგან?
სამწუხაროდ, სტატიის ფორმატი არ გვაძლევს საშუალებას ამ და ომის რაობასთან დაკავშირებული სხვა,
უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანი, საკითხების განხილვისა. ეს ბუნებრივიცაა, რადგან აღნიშნული
საკითხები შეადგენს სამხედრო თეორიის (გნებავთ, სამხედრო ფილოსოფიის), მეცნიერების ამ მეტად
საინტერესო დარგის, ძირითად შინაარსს. საკმარისია დავიმახსოვროთ, რომ სხვა მოვლენებისა და
პროცესებისაგან განსხვავებით, ისინი ხასიათდებიან შეიარაღებულ ადამიანთა ჯგუფების
დაპირისპირებით, რის საშუალებითაც მავანნი თავიანთი მიზნების რეალიზაციას ფიქრობდნენ. სწორედ აქ
(ამ განზომილებაში) უნდა ვეძიოთ ომის ბუნების გასაღები. აქედან, სხვათა შორის, გამოდის ისიც, რომ
რაიმე ვითარების აღწერისას, თუ ეს აღწერა შეიარაღებულ ადამიანთა ორგანიზებული ჯგუფების
დაპირისპირებას არ ეხება, სიტყვა ომის გამოყენება სათუოა.
მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ჩამონათვალი არც სრული, და შესაძლოა, არც საუკეთესო იყოს, მაგრამ
ერთი რამ უდავოა: ნებისმიერი მათგანის ცოდნა საგანზე კვალიფიციური მსჯელობის სრულ
შესაძლებლობას იძლევა.
თუმცა, ომის ფენომენის სრულად გასააზრებლად, ზოგადად, საჭიროა ვიცოდეთ იმ გეოსტრატეგიული
გარემოს თავისებურებანი, რომელშიც ესა თუ ის საომარი მოქმედებები ვითარდება. სხვა სიტყვებით, უნდა
ვფლობდეთ ცოდნას გეოგრაფიული, ეკონომიკური და პოლიტიკური რეალიების შესახებ. ასევე,
სასურველია კონკრეტული დაპირისპირების პრეისტორიის ცოდნა. მეორეს მხრივ, ასეთივე აუცილებლობას
წარმოადგენს ვიცოდეთ თუ რა შეიარაღებას ფლობდნენ დაპირისპირებული მხარეები, როგორ
უდგებოდნენ ისინი ზოგადი სტრატეგიისა და ტაქტიკის საკითხებს, რა მიაჩნდათ ძირითად სამხედრო
ამოცანად და რა გზებით ცდილობდნენ მის გადაჭრას. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ქვეყნის სამხედრო
მოწყობა, ჯარების დაკომპლექტებისა და უზრუნველყოფის საკითხები და როგორ უდგებოდნენ ისინი
ქვეყნის საომარ მზადებას საერთოდ. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საზოგადოების პოლიტიკური
მოწყობის ხასიათს, ვინაიდან ეს უკანასკნელი განსაზღვრავს თავად საომარი მოქმედების ხასიათსაც. რაღა
თქმა უნდა, ეს ყველაფერი წარმოადგენს იმ ფონს, რომელზედაც კონკრეტული საომარი კამპანიები და
გადამწყვეტი ბრძოლები ვითარდებოდა. ამ უკანასკნელთა აღწერაც, რის გარეშე ვერ შევიქმნით სამხედრო
ხელოვნების განვითარების სრულ სურათს, ზოგადად განსხვავდება ჩვეულებრივი თხრობისაგან და
დამატებით გამოყენებული საბრძოლო სივრცისა და მანევრის დაწვრილებით აღწერას მოითხოვს. დიდი
მნიშვნელობა ენიჭება ასევე მხედართმთავართა და პოლიტიკურ მოღვაწეთა ქმედებებს, მათ ხასიათსა და
მისწრაფებებს, ყველაფერ იმას, რაც ომის სუბიექტურ მხარეს განსაზღვრავს. ცხადია, ყველა ეს თემა აქ ვერც
მოხვდებოდა: ამას წიგნი (წიგნები) და სულ სხვა შრომა სჭირდება და რასაც, სავარაუდოდ, აუცილებლად
გამოუჩნდება თავისი მკვლევარი.
რაც შეეხება წინამდებარე სტატიას, მისი ამოცანა იყო ბიძგი მიეცა იმაზე დაფიქრებისთვის, თუ რა
სახის მოღვაწეობაა ომი და ახალგაზრდების ინტერესი გაეღვივებინა სამხედრო-მეცნიერული,
კონკრეტულად, სამხედრო-ფილოსოფიური და სამხედრო-ისტორიული ცოდნის მიმართ, რადგანაც
მიუხედავად მცდელობებისა, ჩვენი, ქართული სინამდვილისათვის, ორივე სფერო ჯერჯერობით
გაუვლელი ყამირია.