You are on page 1of 53

ვალენტინო მონტეროსსი

ლაშა სურმავა

ა ლა ფურშეტი პრემიერის შემდეგ

შავი კომედია
მოქმედი პირები:

ოტელო
იაგო
კასიო
ლოდოვიკო
დეზდემონა
ემილია
ბიანკა
დეზდემონას საძინებელი; სცენის სიღრმეში დგას საწოლი
ნახევრადდგამჭვირვალე ფარდით; ავანსცენასთან ახლოს - მაგიდა
და რამდენიმე სკამი; აღორძინების ეპოქის კოსტუმებში
გამოწყობილი მსახიობები თამაშობენ „ოტელოს“ საფინალო სცენას;
დეზდემონას ღამის პერანგი აცვია, სარკესთან ზის და თმას
ივარცხნის; მას ემილია ეხმარება
დეზდემონა: ემილია, რული არ მეკარება,
გული ცუდს მიგრძნობს, ავი რამ მოხდება თითქოს!
ემილია: აი, ეს ნაყენი დაგაწყნარებთ და მშვიდ ძილს მოგგვრით!
დეზდემონა (სვამს): მადლიერი ვარ შენი, ძვირფასო!
ემილია: ტკბილ ძილს გისურვებ, ქალბატონო, ღამე მშვიდობის!
ემილია გადის. ოტელო შემოდის
ოტელო: ხომ ილოცე ამაღამისთვის, დეზდემონა?!
დეზდემონა: დიაღ, ბატონო!
ოტელო: მოიგონე, თუ ცოდვა რამ გაქვს
და ზეცისგან მოტევება არ გითხოვია.
ითხოვე ახლავ, მოგიტევოს!
დეზდემონა: რაო, სიკვდილზედ ლაპარაკობ?!
ოტელო: შენი ცოდვები მოიგონე!

დეზდემონა: ჩემი შენდამი სიყვარულია ჩემი ცოდვა!

ოტელო: ის ხელსახოცი, მე რომ მიყვარდა და მოგეცი, შენ კასიოსთვის


გიჩუქებია!

დეზდემონა: არა, ვფიცავ სულს და სიცოცხლეს!

ოტელო: კეთილმა იაგომ მიამბო ეს მე!

დეზდემონა: ისევ ხვალ მომკალ, ერთი ღამე კიდევ მაცოცხლე!

ოტელო: ამაოდ ცდილობ!

დეზდემონა: დამაცადე ნახევარ საათს!


ოტელო: არ შეიძლება გადადება!

დეზდემონა: ლოცვისთვის მაინც ხანი მომეცი!

ოტელო: დაგვიანდა, დრო აღარ არის!

(ახრჩობს)

ემილია: (კულისიდან) ბატონო ჩემო, გამიგონეთ, კარი გამიღეთ!

ოტელო: ვინა ხმაურობს? - არ მომკვდარა... ჯერ სული უდგას...


თუმც სასტიკი ვარ, მაგრამ გული კი მოწყალე მაქვს:
მე არ მინდა, რომ დიდხანს გტანჯო! აგრე... ჰო, აგრე.

(დეზდემონას ხანჯალს ჩასცემს და ფარდის უკან მიაგდებს)

ემილია: (შემოვარდება) ვინა ჰყვიროდა?

ოტელო: რაო, ჰყვიროდა?!

დეზდემონა:(ფარდის უკნიდან, სუსტი ხმით) ოჰ, უსამართლოდ


მომაკვდინეს!

ემილია: ვაი, ჩემს თავს! ეს ქალბატონის ხმა იყო სწორედ.


ოჰ, გვიშველეთ, ჩქარა, გვიშველეთ! –
სულზედ უტკბესო დეზდემონა, ჩემო სიცოცხლევ,
სთქვი რამე კიდევ, სთქვი, სთქვი-მეთქი, ხმა ამოიღე!

(ფარდას მიაწყდება)

დეზდემონა: (ფარდის უკნიდან)


უბრალოდ ვკვდები!

ოტელო: მკვლელი მე ვარ, მე მოვკალ!


კასიოს ჰყავდა ის საყვარლად, თუნდ შენს ქმარს ჰკითხე!

ემილია: სულმდაბლობამ იზეიმა სიყვარულზედ!


შემოდიან იაგო, კასიო, ბიანკა და ლოდოვიკო
ლოდოვიკო: რა ამბავია, რა მოხდა აქ, დიდო სარდალო?!

ემილია: მოხველ, იაგო? აბა, კარგად კი მოქცეულხარ,


რომ კაცისმკვლელნი თავიანთ ბრალს შენ გაკისრებენ.
შენ მაგისთანა ავაზაკი ხომ არ იქნები, ხმა ამოიღე,
ეს გული ჯავრით გამეტენა!

იაგო: მე იგი ვუთხარ, რასაც ვფიქრობდი და მეტი არა მითქვამს რა!


შენ კი, სჯობს, ცოტა ენა შეიმოკლო!

ემილია: ვერ დამაჩუმებ; მე ვალი მაწევს, რომ ყველა ვთქვა!


აქ თავის საწოლში მკვდარი წევს ჩემი ქალბატონი...

. ყველა შეძრწუნებულია

ოტელო: რისთვის გაშტერდით?! ეგ მართალია, რასაც ამბობს!


ემილია: ოჰ, უგუნურო, სულელო მავრო!
შენ რომ ამბობ, ის ხელსახოცი
მე თვით ვიპოვე უცაბედად და ჩემს ქმარს მივეც,
რადგან რამდენჯერ უთხოვნია, შემომხვეწნია,
რომ მომეპარა, მერე ისეთ მკაცრის კილოთი,
რაიც სრულიად იმ უბრალო საგანს არ ჰფერობს!

იაგო: ოჰ, საზიზღარო, უნამუსო! სტყუი, მიჰქარავავ!

ემილია: არა, არ ვსტყუი!

ოტელო: ნუთუ ზეცაში არ მოინახვის ქვა-კლდე თუ არ მეხის სატეხლად!..


ენით უთქმელო ავაზაკო!..

ოტელო აპირებს იაგოს მოკვლას, მაგრამ კასიო მავრს განაიარაღებს. იაგო


ემილიას კლავს და გარბის, სცენას აქეთ-იქით აწყდება, მიმალვას
ცდილობს; კასიო და ლოდოვიკო იჭერენ იაგოს და ხელებს
გაუკავებენ
ემილია: ჩემი ქალბატონის გვერდით დამდეთ; ოჰ, მართლა ვკვდები!
(კვდება)

კასიო: თქვენ, ლოდოვიკო, მთავრის ნაცვალო


და სენატორო ვენეციისა,
გვიბრძანეთ, როგორ მოვიქცეთ,
გემორჩილებით, ჩემო ბატონო!

ოტელო: მითხარ, კასიო, შენ ჩემის ცოლის ხელსახოცი როგორ ჩაიგდე?!

კასიო: ის ჩემს ოთახში ვიპოვე მე. ეს არის ახლა,


თვითონ იაგოც კი გამოტყდა, რომ ის ხელსახოცი
იქ დაუგდია ეშმაკურის სხვა რამ განზრახვით!
მე კი ხელსახოცი ბიანკას ვაჩუქე ...

ბიანკა: კი, აგრე იყო!

კასიო: და რომ მცოდნოდა, ვისი იყო ეს ხელსახოცი,


გავბედავდი კი, მისთვის (ბიანკასთვის) მეჩუქებინა?!

ოტელო: უგუნური ვარ!

ლოდოვიკო (ოტელოს): თქვენი უფლება და ჯართ-უფროსობა


ჩამორთმეული გაქვთ დღეიდამ;
თქვენ ეს სახლი უნდა დასტოვოთ
და ჩვენ წამოგვყვეთ! აქ მმართველად კასიო რჩება;

ხმალამოღებული კასიო ოტელოს გვერდით დგება


ოტელო: ჯერ შეიცადეთ, ვიდრემდის წახვალთ,
მათქმევინეთ ეს ორი სიტყვა!
ერთხელ ალეპოში ოსმალი ვინმე
ვენეციელსა სცემდა ერთსა და უშვერი სიტყვით აგინებდა.
მივწვდი ყელში მე იმ ქოფაკ ძაღლსა წინ- დაცვეთილს და
დავკალ ასე!.. (ხანჯალს ჩაიცემს)
ყველა შეძრწუნებულია
ლოდოვიკო: ოჰ, რა სისხლისღვრის დრო დაგვიდგა!
კასიო: აქ ყოველივე სიტყვა უქმია!

ოტელო: ვიდრე მოგკალ, მე გაკოცე შენ, ახლა თავს ვიკლავ და მინდა,


კოცნით დაგაკვდე!
ოტელო საწოლზე ეცემა, კვდება; სპექტაკლი მთვრდება; ფარდა,
აპლოდისმენტი; ოვაცია
**********************************************************************************
დასი გამოდის კარგად დადგმულ „პაკლონზე“ აპლოდისმენტი,
ყვავილები; მსახიობები უხმობენ რეჟისორს (იგი ლოდოვიკოს
თმაშობს); აპლოდისმენტი ნელ-ნელა მიწყნარდება;
იგულისხმება ,რომ მაყურებელი დარბაზიდან გავიდა; ფარდა
ეშვება. მსახიობები სცენაზე ერთმანეთს ეხვევიან, კოცნიან,
ულოცავენ; ოტელოსა და იაგოს გარდა ყველა გადის
************************************************************************************

ოტელო: რეჟისორმა, მთავარი როლების შემსრულებლები არ წახვიდეთო;


გითხრეს?
იაგო: ჰო, ვიცი - გვექნება განხილვა და ა ლა ფურშეტი
ოტელო: ჯობია, პირდაპირ ა ლა ფურშეტი დავცხოთ, განხილვის გარეშე
იაგო: აბა, რა! მაგრამ ჩვენი ლოდოვიკო გაჩერდება ისე, რომ ჭკუა არ
დაგვარიგოს და არ დაგვმოძღვროს?!
ოტელო: ილაპარაკოს, რა გენაღვლება; ჩვენ თან მოვუსმენთ, თან შევჭამთ.
ისე, პრემიერა ხომ უნდა დავასველოთ
იაგო: დიდი სიამოვნებით გავტყვრებოდი!
ოტელო: რამეზე გაბრაზებული ხარ?
იაგო: არა, საიდან მოიტანე?
ოტელო: რაღაც უცნაური სახე გაქვს
იაგო: სახეა, რა
ოტელო: იმის გამო ხარ ასე? (ოტელო თავს გაიქნევს სცენის სიღრმისკენ)
იაგო: ვის გამო?
ოტელო: ისე გკითხე
იაგო: მეც ისე გიპასუხე
შემოდის ლოდოვიკო-რეჟისორი. მეტყველებაზე და მანერაზე
ეტყობა, რომ „უფროსობა“ უყვარს
ლოდოვიკო: მეგობრებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ პრემიერას!(ოტელოს
და იაგოს ხელს ართმევს)
ემილია (შემოდის): მუშებს აინტერესებთ, საწოლი და დეკორაცია
ავალაგოთო?
ლოდოვიკო: არა, ხვალაც „ოტელო“ გვაქვს, იდგეს ყველაფერი, როგორც
არის-თქო
ემილია: მაშინ ვეტყვი, სახლში წავიდნენ. (გადის)
ლოდოვიკო: მოდით, ცოტა გავისაუბროთ დღევანდელ სპექტაკლზე
შემოდიან ემილია და ბიანკა, შემოაქვთ საჭმელი-სასმელი,
ერთჯერადი ჭურჭელი, მაგიდაზე იმპროვიზებულ სუფრას შლიან
იაგო: და ხვალ რომ ვილაპარაკოთ და დღეს უბრალოდ დავლიოთ?
ლოდოვიკო: ხვალ დეტალურად განვიხილავთ ყველაფერს, დღეს ერთი-
ორი სიტყვა მინდა, გითხრათ, სანამ ჩვენი ქალბატონები სუფრას
გაშლიან
იაგო: ზვიადს შეხედეთ, ფეხზე ძლივს დგას, ისე დაიღალა!,
ლოდოვიკო: ასჯერ გითხარით, რომ სანამ ამ სპექტაკლზე ვმუშაობთ,
დავივიწყოთ, რომ ოტელოს ზვიადი ჰქვია, დეზდემონას - მარიამი,
კასიოს - მერაბი; სცენაზეც და მის გარეთაც ისინი არიან ოტელო,
დეზდემონა და კასიო! ეს კიდევ უფრო დაგეხმარებათ, რომ როლს და
სპექტაკლს მაქსიმალურად შეესისხლხორცოთ. ეს ჩემი მეთოდია!
იაგო: ჰოდა, იმას ვამბობდი: ოტელო ძლივს დგას ფეხზე!
ოტელო: არა უშავს, კაცო, არ დავღლილვარ მაინც და მაინც
ლოდოვიკო: ყოჩაღ, ოტელო! ისე, დღეს სცენაზე ძალიან მაგარი იყავი
ოტელო (იშმუშნება) : გმადლობთ
ლოდოვიკო: მაგრამ, როგორც ყოველთის, ცოტა ტემპერამენტმა
გადაგწონა. ხანდახან კონტროლს კარგავ ხოლმე.
ოტელო: ვიცი, როცა შევიჭრები...
იაგო: ჰო, მაგრამ, მეორე მხრივ, სად გაგონილა ოტელო ტემპერამენტის
გარეშე?
ლოდოვიკო: ვიცი, თქვენ მეგობრები ხართ და მაგიტომაც გამოესარჩლე.
მაგრამ ახლა მას ეს სულაც არ სჭირდება
იაგო: უკაცრავად, დამავიწყდა, რომ ჩვენთან განხილვა ეწოდება იმას, რომ
მხოლოდ თქვენ ლაპარაკობთ
ლოდოვიკო: სხვათაშორის, იაგო, შენი თამაში, სამწუხაროდ,
ჯერჯერობით შორსაა იდეალურისგან. ავიღოთ, თუნდაც, ბოლო
სცენა; შენ იქ უნდა გამოხატო შიში მხილების მოლოდინში,
გაბოროტება და ბრაზი კარგად გათვლილი ინტრიგის ჩაფლავების
გამო, სინანული და სირცხვილი ჩადენილი საქციელის გამო! ჩვენ კი
რა ვიხილეთ? - სცენაზე ხტუნვა და უნიათო წამოძახილები; აშკარად
სხვა რამეზე ფიქრობდი; უფრო შინაგანად უნდა ითამაშო, ვიდრე
გარეგნულად
იაგო: ამ სცენაში არ მინდოდა, აქცენტი ჩემზე გადმომეტანა; მაყურებლის
მთელი ყურადღება ხომ ოტელოსკენ უნდა იყოს მიპყრობილი.
ლოდოვიკო: არ ხარ მართალი: ჩემთვის ამ პიესის მთავარი გმირი ოტელო
კი არა, იაგოა. სწორედ იაგოა მთელი ამ ამბის, ასე ვთქვათ, ზამბარა.
გავიხსენოთ, რით იწყება პიესა: ოტელოს გამოჩენით?-არა.
დეზდემონას მონოლოგით?- არა. იაგოსა და როდრიგოს სცენით.
იაგოს შურს მავრის, რომელმაც მიიღო მთვარსარდლის პოსტი, და
იწყებს ინტრიგის ხლართვას მის გარშემო. მაგრამ ოტელოს პირველი
მოადგილეც ჰყავს - კასიო, ამიტომაც იაგომ ინტრიგაში ისიც უნდა
გააბას. მას აქვს მზაკვრული გეგმა, რომლითაც ორი კურდღლის
დაჭერას აპირებს: ოტელოში კასიოს მიმართ ეჭვიანობას აღვივებს,
უნდა, ისინი ერთმანეთს წაჰკიდოს და ორივე დაღუპოს. ამ პიესას,
ყოველთვის თამაშობენ, როგორც ოტელოს ტრაგედიას, არადა,
არანაკლებ ტრაგიკულია იაგო. მამაცმა, ჭკვიანმა, ერთგულმა
ჯარისკაცმა ვერ შეძლო იმის ატანა, რომ მას ამჯერადაც გვერდი
აუარეს და მთვარსარდლობა მიანიჭეს მავრს, მისი მოადგილეობა კი
ქარაფშუტა ლამაზ პიჟონს - კასიოს; ნეპოტიზმი! და იაგო ირჩევს
გზას, რომელზეც იღუპება მისი ცოლიც, როდრიგოც, ოტელოც,
დეზდემონაც, და თვითონაც! ჩემთვის, პირველ რიგში ეს არის არა
ეჭვიანობის და მოტყუებული ნდობის, არამედ შურის ტრაგედია!
ოტელო:(ის და იაგო გულისყურით უსმენდნენ რეჟისორს) ამ გახსენებაზე,
კასიო სად არის?
იაგო: ალბათ ჩვენი „კრასავჩიკი“ გასასვლელთნ დგას და ავტოგრაფებს
არიგებს. მალე მოვა
ლოდოვიკო: ჰოდა, იმას ვამბობ: შური - აი, რა ამოძრავებს სამყაროს.
მაგრამ ჩვენ არ გვშურს, ვიღაც, ვთქვათ, როკფელერის მილიარდების,
იმიტომ, რომ მას არ ვიცნობთ და თანაც ის შორსაა ჩვენგან; ჩვენ
გვშურს ჩვენი ახლობლების რაღაც წვრილმანების გამო; რატომ აქვს
ჩემს თანამშრომელს ორი ლარით მეტი ხელფასი, როცა მე არც
ნაკლებს არ ვმუშაობ და არც უარესად? რატომ აქვს ჩემს მეზობელს
კარგი ბინა? რატომ აქვს ჩემს მეგობარს ახალი მანქანა? აი, რა არ
გვაძლევს მოსვენებას და რა გვიბიძგებს უმსგავსო საქციელისკენ,
ოღონდაც პირველი ვიყოთ ჩვენს გარემოცვაში!
იაგო: მერედა, რა არის ამაში გასაკვირი? იულიუს კეისარიც ამას ამბობდა:
„გერჩივნოს, იყო პირველი სოფელში, ვიდრე მეორე ქალაქშიო“
ოტელო: მე რაც შემეხება, მე არავისი მშურს; თუმცა სხვისი წარმატება
ცოტა მთრგუნავს
ლოდოვიკო: მეც მაგას ვამბობ: ჩვენ კონკურენციის ხანაში ვცხოვრობთ;
ადამიანი ადამიანის მტერია; ჩვენ ინსტინქტურად გვეშინია
გარშემომყოფების და უკვე მეგობრებსაც აღარ ვენდობით. აგრესია
ჩასაფრებულია თითოეულ ჩვენგანში და რაღაც დროს ამოხეთქავს
ხოლმე. აი, ამაზეა ჩემი სპექტაკლი
იაგო: ჩვენი სპექტაკლი
ლოდოვიკო: ჰო, რა თქმა უნდა, ჩვენი სპექტაკლი
შემოდის კასიო. სიმპათიური, კომინიკაბელური ახალგაზრდა
მამაკაცი
კასიო: ხომ არ დავაგვიანე?
იაგო: არა, ჯერ არ დაგვიწყია
ლოდოვიკო: როგორ არ დაგვიწყია: ამდენი ხანია, სპექტაკლს ვარჩევთ
იაგო: (ირონიულად) მე სპექტაკლს კი არა, ა ლა ფურშეტს ვგულისხმობდი
ლოდოვიკო: ა, ჰო, მართალია, პრემიერა ხომ უნდა დავასველოთ;
გოგოებო, როგორ არის საქმე?
ბიანკა: მზად არის ყველაფერი, დასხედით!
ყველანი სხდებიან მაგიდის გარშემო. ლოდოვიკო ჭიქას იღებს
ლოდოვიკო: მოდით, მეგობრებო, წარმატებულ პრემიერას გაუმარჯოს! და
ჩვენს სპექტაკლს დღეგრძელობა ვუსურვოთ!
ოტელო: გაუმარჯოს! წარმატება მსახიობის ცხოვრებაში მთავარი რამ არის!
ბიანკა: და კიდევ უფრო მთავარი ქალის ცხოვრებაში !
უჭახუნებენ ერთმანეთს, სვამენ, აყოლებენ
ოტელო (კასიოს) მერაბ, მომაწევინე, რა
ლოდოვიკო: რა „მერაბ, მომაწევინე“?! ხომ შევთნხმდით, რომ ვართ არა
კოლეგები, არამედ „ოტელოს“ გმირები! და არა მარტო სპქტაკლის
დროს. უნდა გეთქვა: „პირმშვენიერო კასიო, ნება მიბოძე,
დავაგემოვნო უტკბესი კვამლი შენი სიგარისა!“
კასიო: (ჭიქით ხელში ფეხზე წამოდგება.) ბოდიშს გიხდით, რომ
განხილვას ვერ დავესწარი. ალბათ ჯერ ყველაფერი ბოლომდე კარგად
არ გამოგვივიდა დღეს, ჩვენი გაკრიტიკება შეიძლება და საჭიროცაა.
მაგრამ, მთვარი ისაა, რომ დღეს ჩენ გავიმარჯვეთ, გამარჯვებულებს
კი არ ასამართლებენ! მოდით, გამარჯვებისა იყოს!
ყველანი უერთდებიან სადღეგრძელოს; გარემო სუფრასთნ ნელ-
ნელა თბება
ლოდოვიკო: აბა, კიდევ ვის უნდა, რამე გვითხრას?
ბიანკა: მოდით, საუკეთესო სადღეგრძელოს კონკურსი ჩავატაროთ
იაგო: საუკეთესო სადღეგრძელო, ყველაზე მოკლე სადღეგრძელოა;
იმდენი ვიქაქანეთ სცენაზე; მოდი, ახლა დავლიოთ
ოტელო: (ჭიქით ხელში) მაშინ მე ვიტყვი. თეატრი ხელოვნების ტაძარია.
მან ჩვენ ერთ დიდ ოჯახად გვაქცია. მე მინდა, ჩვენი
კეთილშობილური პროფესიის სადღეგრძელო შევსვა, მსახიობებს
გაგვიმარჯოს!.
მსახიობები სადღეგრძელოს უერთდებიან
ლოდოვიკო: აი, წეღან კასიომ თქვა, გამარჯვებულებს არ ასამართლებენო.
კი, ბატონო, პრემიერამ წარმატებით ჩიარა, თუმცა, უნდა ვაღიაროთ,
რომ ამ ღვინოში ცოტა, ბოდიში და, მთხლეც ერია. მე, როგორც
რეჟისორს, მინდა სპექტაკლის ზერელე განხილვა დავამთავრო.
ოტელოზე და იაგოზე უკვე ვისაუბრეთ. შენ, კასიო, არა გიშავდა,
თუმცა ზედმეტად, ასე ვთქვათ, ტკბებოდი საკუთარი თავით. უნდა
გახსოვდეს, რომ მთვარსარდლის მოადგილეს თამაშობ, მეომარს და
არა ქალების „ლუბიმჩიკს“
კასიო: და მეომარი არ შეიძლება, ქალების „ლუბიმჩიკი“ იყოს?
ლოდოვიკო: ახლა ლოდოვიკო... თუმცა ლოდოვიკოს მე ვთამაშობდი
იაგო: და, რასაკვირველია, უზადოდ. საუკეთესო, მე ვიტყოდი,
ცენტრალური როლი სპექტაკლისა. უცნაურია, რომ სპექტაკლს
„ოტელო“ ჰქვია, და არა „ლოდოვიკო“
ლოდოვიკო: ირონიისგან თავი შვიკავოთ, თუ შეიძლება. მშვენივრად
მოგეხსენება, რომ მე რეჟისორი ვარ, და არა მსახიობი. და ამ როლს
იმიტომ ვთამაშობდი, რომ მისი შემსრულებელი ავად გახდა
იაგო: ნუ თავმდაბლობთ. მართალია, სულ ორი-სამი ფრაზა წარმოთქვით,
მაგრამ მაშინვე ნათელი გახდა, რომ მსახიობად ხართ დაბადებული,
და არა - რეჟისორად
ლოდოვიკო: (იაგოს რეპლიკას „გაატარებს“. ქალებს მიმართავს.) ემილია,
შენთან პრეტენზიები არ მაქვს. ბიანკა, შენ მშვენიერი იყავი.
ერთადერთი, ვისითაც უკმაყოფილო ვარ, დეზდემონაა. ჯერ კიდევ
ანტრაქტის დროს ვუსაყვედურე. და სად არის დეზდემონა? აქ რატომ
არ არის?
მსახიობები აქეთ-იქით იხედებიან. ახლაღა შეამჩნიეს, რომ
დეზდემონა მათთან ერთად არ არის
ემილია: ალბათ იცვლის.
ლოდოვიკო: მიდი, ნახე, რა, გეხვეწები
ემილია გადის. ლოდოვიკო აგრძელებს
ავიღოთ, თუნდაც, მისი ბოლო ფრაზა: „უბრალოდ ვკვდები“. ასჯერ მაინც
ვუთხარი, ეს არის ეფექტური სცენა-მეთქი. როცა ყველა ფიქრობს, რომ მან
სული განუტევა, უეცრად გამოჩნდება ფარდის უკნიდან, ფერმკრთალი,
თმაგაშლილი, ამოიკვნესებს: „უბრალოდ ვკვდები“. ეს კიდევ რაღაც
ბუტბუტებს ფარდის უკან, მაყურებელს არაფერი ესმის! რას ჰგავს ეს?!
მოკლა სპეკტაკლის „კანცოვკა“. ეს ყოვლად დაუშვებელია!
იაგო: რომ მოვა, თვითონ მას მიეცით შენიშვნა
ლოდოვიკო: მივცემ, ნუ ღალავ!
იაგო: არ გეშინიათ?
ლოდოვიკო: კაცო, სულ რატომ „მკბენ“? შემარგე, რა, ეს საღამო და ხვალ
დაგელაპარაკები. ვიცი შენი საყვარელი ფრაზა: „მე ამ სპექტაკლს
სხვანაირად დავდგამდი“. იცი, რას გეტყვი: ყველამ იცის, როგორ არ უნდა
დაიდგას სპექტაკლი, მაგრამ არავინ არ იცის, როგორ უნდა დაიდგას
ემილია: (ბრუნდება) საგრიმიოროში არ არის
ბიანკა: „პაკლონზეც“ არ გამოსულა
ოტელო: (ლოდოვიკოს ) ალბათ, ანტრაქტის დროს რომ უსაყვედურეთ,
იმაზე გაბრაზდა
კასიო: ხვალ წავა და დირექტორთან „ჩაგიშვებთ“
ლოდოვიკო: ჰო, მაგრამ ეს საყვედურიც არ იყო... უბრალოდ შენიშვნა,
საკმაოდ ტაქტიანი ფორმით...
იაგო: ჰოდა, აი, ეგ ხვალ ბატონ დირექტორს უთხარით , როცა გამოგიძახებთ
კასიო: ან როცა ქალბატონი დეზდემონა გამოგიძახებთ
ლოდოვიკო: ბიანკა, მიდი, რა, მოძებნე მარიამი. უხერხულია მის გარეშე
პრემიერის აღნიშვნა. ეწყინება
იაგო: მარიამი კი არა, დეზდემონა. (ირონიული ხაზგასმით) ერთმანეთს
მხოლოდ სასცენო სახელებით უნდა მივმართოთ, რომ მთლიანად
შევისისხლხორცოთ როლიც და სპექტაკლიც. ეს თქვენი მეთოდია
ლოდოვიკო არ იმჩნევს. ბიანკა გადის. პაუზა
კასიო: არ ინერვიულოთ. როდესაც დეზდემონა გამოგიძახებთ, ბოდიშს
მოუხდით მასსაც და დირექტორსაც ძალიან ტაქტიანად; და
ქალბატონიც გაპატიებთ
ლოდოვიკო: (გაღიზიანებული) ფეხებზე მკიდია დირექტორიც და მისი
კაპრიზებიანი საყვარელიც! აღარ ვაპირებ მაგათ ხუშტურებზე
სიარულს!
იაგო: თქვენ ადგილას თავს შევიკავებდი ასეთი ლაპარაკისგან მოწმეების
თანდასწრებით
ბიანკა ბრუნდება
ბიანკა: არსად ჩანს
ლოდოვიკო: დარაჯს ჰკითხე?
ბიანკა: დარაჯს ძინავს
ლოდოვიკო: გააღვიძე და ჰკითხე, ხომ არ უნახავს
ბიანკა გადის. პაუზა. ლოდოვიკო ნერვიულობს
კასიო: სანამ ბიანკა ჩვენს შეუდარებელ დეზდემონას ეძებს, მინდა ერთი
შარადა შემოგთავაზოთ: სიტყვის პირველი სიტყვის ასაგდები
ადგილია, მეორე ნახევარი - ჯოხი, მთლიანად კი ქეიფის
ნაირსახეობაა; რა არის?
ოტელო: ახლა ტვინი არ მიმუშავებს. პირდაპირ გვითხარი, რა არის.
კასიო: იგო, ვერც შენ მიხვდი?
იაგო მხრებს იჩეჩავს. კასიო საზეიმოდ აცხადებს
„ბანკეტი“!
ოტელო: „ბანკეტი“? რატომ?
კასიო: კეტი- ჯოხი, ბანი - სიტყვა ბანზე ამიგდოო; ბან-კეტი -- ქეიფი, რა;
ჰოდა, ჩვენს პატარა, მოკრძალებულ პურისჭამას გაუმარჯოს!
ოტელო, იაგო და კასიო ჭიქებს უჭახუნებენ და სვამენ
ლოდოვიკო: და მე რატომ გამომტოვეთ?
იაგო: თქვენ ჩვენზე იმდენად მაღლა დგახართ, რომ მოკრძალებული
პურისჭამა ვერ გაკადრეთ
ბიანკა ბრუნდება
ლოდოვიკო: სად ხარ ამდენი ხანი?!
ბიანკა: დარაჯს ვაჯანჯღარებდი, ძლივს გავაღვიძე. ასე თქვა, დეზდემონა
სხვებთან ერთად წავიდაო
ლოდოვიკო: დაუძახე, ერთი, მაგას!
ბიანკა: ისიც შინ წავიდა, აი, მთხოვა, გასაღები გადაეციო
ლოდოვიკო: (გასაღების ასხმას ართმევს) ჰო, დიდ მსახიობს უფლება აქვს,
ისე მოიქცეს, როგორც მოისურვებს. მოდით, ჩვენს სახელოვან
დეზდემონას გაუმარჯოს!
ემილია: სიამოვნებით - შესანიშნავი მსახიობი და გადასარევი ადამიანია
ოტელო: საინტერესოა, რატომ წავიდა
კასიო: ჩვენ აქ პრემიერის აღსანიშნავად შევიკრიბეთ თუ დეზდემონაზე
სალაპარაკოდ? წავიდა და წავიდეს. შემომაქვს წინადადება: მეტად ამ
თემაზე აღარ ვისაუბროთ
ლოდოვიკო: სწორია
ოტელო: კი, ბატონო
იაგო: (კასიოს) ეს არ უნდა შემოგეთავაზებინა
კასიო: რატომ? გინდა, რომ დეზდემონაზე ჩავიციკლოთ?
იაგო: არა, მაგრამ ამაზე შეთანხმება არ იყო საჭირო. ის იგავი ხომ იცი, ერთ
კაცს რომ უბრძანეს, ერთი საათის განმავლობაში მაიმუნზე არ
იფიქროო? მანამდე სულ არ გახსენებია მაიმუნი, მაგრამ მერე
უნებლიედ სულ მაგაზე ფიქრობდა
კასიო: მართალი ხარ. ყოველგვარი შეთნხმების გარეშე ვეცადოთ, არ
ვიფიქროთ ჩვენს მაიმუნზე. დავლიოთ და ვიმხიარულოთ ჩვენს
მშვენიერ მანდილოსნებთან ერთად (ბიანკას უჭახუნებს.)
ბიანკა: კარგი, რა, დაანებეთ მაიმუნზე საუბარს თავი, არ არის ლამაზი
კასიო: მეტს აღარ ვიზამ. მაგრამ მე ყველაზე მეტად მწყდება გული იმაზე,
რომ დეზდემონა ჩვენთნ არ არის; ჩვენს პატარა მოკრძალებული
სუფრა მანდილოსნების ნაკლებობას განიცდის. თქვენ მხოლოდ
ორნი ხართ, ჩვენ კი - სამნი. (ლოდოვიკოს გადახედავს) უფრო
სწორად, ოთხნი
ემილია: არა უშავს, ჩვენ თითო ორს ვუდრით
კასიო: ე.ი. შეგიძლიათ, ორ-ორი კაცი აიღოთ თქვენს თვზე?
ბიანკა: თუ საჭირო იქნა, მეტიც
იაგო: ოჰო, თამამი განცხადებაა!
ოტელო: მოდით, ჩვენს მშვენიერ მანდილოსნებს გაუმარჯოს!
ლოდოვიკო: მშვენიერ მანდილოსნებს და, ამავე დროს, შესანისნავ
მსახიობებს
კასიო: სილამაზეს, ხიბლს და ნიჭს გაუმარჯოს!
მანდილოსნები სხედან, მამაკაცები ფეხზე მდგარი სვამენ
ემილია: ახლა ის-ღა დაგვრჩენია, მამაკაცების სადღეგრძელო შევსვათ
კასიო: რადგან ქალბატონებმა გადაწყვიტეს, ჩვენი სადღეგრძელო შესვან,
მე მათთვის სურპრიზი მაქვს: ნამდვილი ფრანგული კონიაკი!
ოტელო: აბა, სად არის?
კასიო: საიმედო ადგილას, ახლავე მოვიტან
კასიო მიემართება სცენის სიღრმეში, საწოლის გვერდით
ჩავლისას ავტომატურად ფარდას გადაწევს, დახედავს საწოლს,
ჩერდება, რაღაცას დააკვირდება, და რამდენიმე წამში კოლეგებთან
ბრუნდება
ოტელო: რატომ დაბრუნდი?
კასიო ჩუმადაა
იაგო: რა გჭირს? სახეზე ფერი არ გადევს
კასიო: იქ... საწოლზე... დეზდემონა...
ლოდოვიკო: რა „დეზდემონა“?
კასიო: არაფერი, წევს
ბიანკა: ძინავს?
კასიო: არ ვიცი
ლოდოვიკო: ბიანკა, წადი, ნახე
ბიანკა: მეშინია
ლდოვიკო: რისი?
ბიანკა: არ ვიცი, უბრალოდ, მეშიანია
ლოდოვიკო: ემილია, მიდი, შენ ნახე
ემილია: ვერ მივალ
ლოდოვიკო: შენც გეშინია?
ემილია: თქვენ თვითომ მიდით. ჩვენ რატო გვიშვებთ, თქვენ ხომ კაცები
ხართ
ლოდოვიკო ყოყმანობს
იაგო: ვერ გავიგე, თქვენც გეშინიათ?
ლოდოვიკო: არა, მაგრამ... ქალს ჩახედო.. ლოგინში...
იაგო: კარგი, რა, ეს ხომ სცენაა და არა ქალის საძინებელი
იაგო გაბედულად უახლოვდება საწოლს, გადაწევს ფარდას.
საკმაო ხანს ყოვნდება, უკან ბრუნდება. ყველანი დაძაბულნი
ელიან, რას იტყვის
ემილია: რა ხდება?
იაგო: მკვდარია
ყველა შოკშია
***************************************************************************************
ლოდოვიკო: დარწმუნებული ხარ? მართლა მკვდარია?
იაგო: წყალი არ გაუვა
ოტელო: შეუძლებელია! აგერ ახლა ცოცხალი არ იყო? ახლახან არ
ვახრჩობდი?
იაგო: მგონი, კარგად გამოგივიდა
ოტელო: რანაირი ხუმრობაა ეს?!.
იაგო: არ ვხუმრობ
ლოდოვიკო მიდის საწოლთან და დათრგუნული ბრუნდება
ლოდოვიკო: ჰო, მკვდარია
ოტელო: რამ მოკლა?
ლოდოვიკო: მგონი, შენ ისევ ვერ მოთოკე შენი ტემპერამენტი. ხომ
გაფრთხილებდი! დილის რეპეტიციაზეც კინაღამ დაახრჩე!
ოტელო: არა, კაცო, სულ ოდნავ შევეხე!
ლოდოვიკო: „ოდნავ“... ხელებზე დაიხედე და მერე გაიხსენე, ქალს რა ნაზი
სხეული აქვს
ოტელო: იქნებ ინფარქტმა დაარტყა... ბოლო დროს სულ გულს უჩიოდა
ლოდოვიკო: თავს ნუ იტყუებ, ოტელო, კისერზე შენი თითების კვალი
ტყვია, სულ დალურჯებული აქვს
ბიანკა: ღმერთო, რა ვქნათ?
იაგო: პირადად მე უნდა დავლიო!
ლოდოვიკო: მეც
ემილია: არც მე ვიტყვი უარს
ოტელო: მეც
იაგო: კასიო, მოიტა შენი კონიაკი
კასიო ფრთხილად, დიდ წრეზე შემოუვლის საწოლს და სცენის
მიღმა უჩინარდება
ოტელო: და მაინც, მე არაფერ შუაში ვარ
ემილია: გამოძიება დაადგენს
კასიოს კონიაკი მოაქვს და ჭიქებში ასხმას
ლოდოვიკო: აბა, ხსოვნა იყოს
ყველა სვამს. სიჩუმეა
ოტელო: რა იქნება აწი?
კასიო: ნუ გეშინია, არაწინასწარგანზრახული მკველობაა, ბევრს არ
მოგცემენ
ოტელო: შენი აზრით, მაინც, რამდენს?
კასიო:(მხრებს იჩეჩავს) არ ვიცი... ერთი ათ წელს, ალბათ
ოტელო: (გამწარებული) და ეს არ არის ბევრი?!
კასიო: ათ წელს ხომ ჯობია? თუმცა, უნდა დაამტკიცო, რომ მკვლელობა
არაწინასწარგანზრახული იყო
იაგო: წინასწარგანზრახული თუ მოგაკერეს, ოც წელსაც მოგცემენ
ოტელო: ათი?! ათი წელი არაფრის გულისთვის!
კასიო: აბა, რა გეგონა? იაგო, ცოტა დამისხი
ემილია: კონიაკს არა უშავს
კასიო: ხომ ვთქვი - ფრანგულია
ბიანკა: „პაკლონიცამ“ გაჩუქა?
კასიო: შესაძლებალია
ბიანკა: ვინ?
კასიო: მე დელიკატური ადამიანი ვარ და სხვის საიდუმლოს არ გავცემ
ოტელო: რა დროს კონიაკია?! არ გრცხვენიათ?!.. მიდი, ერთი, მეც დამისხი!
ლოდოვიკო: ერთ რჩევას მოგცემ: თუ მოასწრებ, სანამ დაგაპატიმრებენ,
ფული და ძვირფასეულობა სადმე გადამალე; თორემ სანამ ციხეში
იქნები, შენი ცოლი გათხოვდება და რომ გამოხვალ, დარჩები
ცარიელი
ოტელო: თქვენ, რა, გაგიჟდით?!
კასიო: ლოდოვიკო მართალია; დაუჯერე ჭკვიან ადამიანს
ოტელო: ჩემი ცოლი ეგეთი არ არის!!
კასიო: ამაზე ანეკდოტი გამახსენდა: ერთი პატიმარი ეკითხება მეორეს: „არ
გეშინია, სანამ ზიხარ, ცოლმა რომ მიგატოვოს?“ ის პასუხობს:
„საერთოდაც არ მეშინია: ჯერ ერთი - ჩემი ცოლი წესიერი ადამიანია,
მეორეც - ძალიან ვუყვარვარ, და მესამე - ისიც ციხეში ზის“
ყველა, მათ შორის ოტელოც, იცინის
ემილია: მე მოგიყვებით ანეკდოტს, რომელიც ამტკიცებს, რომ არსებობენ
ქალები, რომლებსაც შეუძლიათ, ბოლომდე დაელოდონ ქმარს, სანამ
ციხიდან გამოვა. ცოლი მიდის ქმართან ციხეში პაემანზე და ეუბნება: -
„სანამ გამოხვალ, შენს საყვარელ კუბოკრულ პიჯაკზე გარღვეულ
ჯიბეს ამოგიკემსავ“
ყველა იცინის
ბიანკა: მოსამართლე ეკითხება ბრალდებულს: „ბრალდებულო, რატომ
გაგუდეთ თქვენი ცოლი და რატომ არ მოკალით იგი პისტოლეტით?“
ბრალდებული პასუხობს: „არ მინდოდა, ბავშვები გამეღვიძებინა“
იცინიან
ოტელო: (ოტელოც იცინის, უცებ ახსენდება, რომ ყველაფერი ეს მას ეხება
და მკვეთრად ჩუმდება) რა უაზრო ანეკდოტებია, საერთოდაც არ
მეცინება!.. და არ ვარ დამნაშავე!
კასიო: (ვერ ჩერდება) „ბრალდებულო, თავს დამნაშავედ ცნობთ?“ -
მოსამართლე ეკითხება. ბრალდებული პასუხობს: „დრო მჭირდება
პასუხის მოსაფიქრებლად“; მოსამართლე: „კი, ბატონო. მე მგონი, ოცი
წელის საკმარისი იქნება“
ყველა იცინის
ოტელო: თქვენ გეცინებათ, მე კიდე, შეიძლება, ხვალ დამაპატიმრონ
კასიო: ნუ ღელავ: ციხეში დრო შეუმჩნევლად გარბის; ოცი წელი ისე
გაიფრენს, როგორც ერთი დღე
იაგო: ჩვენი დეზდემონა, ალბათ, უკვე სამოთხეშია
ბიანკა: სამოთხეში?
იაგო (ირონიულად): მოწამეობრივად აღესრულა
ემილია: და უმანკო ქალს თამაშობს
ბიანკა: და უკვე ახალ საყვარელს დაადგა თვალი
კასიო: გულწრფელად რომ გითხრა, ოტელო, შენ მე დიდი სამსახური
გამიწიე. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველას ძალიან გვიყვარდა დეზდემონა,
მაგრამ სამართლიანი იყო, რომ ყოველ სპექტაკლზე უფრო მეტ
გასამრჯელოს იღებდა, ვიდრე ჩვენ ყველა ერთდ?
ბიანკა: და ეს იმიტომ, რომ დირექტორის აზრით მაყურებელი თეატრში
მის გამო დადის
ემილია: ჯობია, ის თქვას, რამდენი ფული დახარჯა, რომ იმ თავისი
დეზდემონასგან ვარსკვლავი გამოეთალა. მხოლოდ მას აპიარებენ,
ინტერვიუებსაც მხოლოდ ის იძლევა, თითქოს თეატრში მის გარდა
მსახიობი არ იყოს. შემოსავლის ნახევარი და მთელი დიდება მას, ჩვენ
კი უსახელო ბრბო!
იაგო: ემილია, მე შევამჩნიე, რომ თეატრში ყველაზე მეტად შენი
წარუმატებლობა კი არა, სხვისი წარმატება გიკლავს გულს
ემილია: შენ ხომ მეცხრე ცაზე ხარ სიხარულით ლოდოვიკოს წარმატების
გამო
იაგო: შენ ამ სპექტაკლს წარმატებად თვლი?
ემილია: თავიდან ხომ გინდოდა, „ოტელო“ შენ დაგედგა და სპექტაკლზე
მუშობაც დაიწყე, მაგრამ დეზდემონამ გადააყენებინა შენი თავი იმ
საბაბით, რომ შენ მსახიობი ხარ, და არა რეჟისორი
ლოდოვიკო: და ის მართალიც იყო
იაგო: უბრალოდ, მან იცოდა, რომ დეზდემონას როლს არ მივცემდი.
ემილია: არ უნდა წაჩხუბებოდი. თავიდან ვნებიანი სიყვარული იყო თქვენ
შორის, მერე ის ასეთივე მძაფრ სიძუვილში გადაიზარდა
ბიანკა: ყოველთვის ასე ხდება
იაგო: შეიძლება, რომ ერთმა საღამომ მაინც ჩაიაროს ჭორაობის გარეშე?
ლოდოვიკო: ვაღიარებ, რომ სპექტაკლში ყველაფერი ისე არ გამოვიდა,
როგორც საჭიროა; მაგრამ ჩემი ბრალია, რომ სინამდვილეში
ყველაფერს დეზდემონა მართავდა?
იაგო: არ იყოს საჭირო მის დაკრულზე ცეკვა
ლოდოვიკო: შენთვის ადვილია თქმა. მაგრამ აწი, მას მერე, რაც, მადლობა
ღმერთს, და წერილი წაიღო, სპექტაკლს ჩემებურად გადავაკეთებ.
ანუ, „მადლობა ღმერთს“ ისე ვთქვი... სხვა რამეს ვგულისხმობდი...
მოკლედ, სამწუხაროა, რომ ის ჩვენთან აღარ არის
ოტელო: მგონია, რომ ეს ყველაფერი საშინელი სიზმარია. სულ რაღაც
ნახევარის საათის წინ საფინალო სცენას ვთამაშობდით, ცოცხალი
იყო... მიჩურჩულებდა, შენი თამაშით მაყურებლის ყურადღება ჩემგან
შენზე არ გადაიტანოო; ნუთუ, ასე უბრალოდაა ყველაფერი: იყო
ადამიანი და... აღარ არის!
ემილია: ყველაფერი უფლის ნებაა
ოტელო: აი, მგონია, რომ ახლა გამოვა ფარდის უკნიდან და ყველაფერი
ისევ ძველებურად იქნება
კასიო: ჰო, კარგი, თავს ნუ იტანჯავ!.. უკვე ვეღარ დააბრუნებ
ოტელო: ყველაფერი კარგად იყო, სპექტაკლში კარგად ვითამაშე,
ვაპირებდი, კინოშიც მეთამაშა, ტელევიზიაშიც... და ახლა რა - ციხე
და ზონა?!
ემილია: გახსოვს მაინც, როგორ მოკალი?
ოტელო: საქმეც მაგაშია, რომ არა! თითქოს რაღაც ბურუსში ვიყავი. აი, ეს
არის ყველაზე ცუდი: ჩაგსვამენ და არც იცი, რისთვის. რომ
მცოდნოდა, რაც მოხდებოდა, შეგნებულად და გემრიელად
დავახრჩობდი. სიამოვნებას მაინც მივიღებდი... აწი რაღას ვიზამ..
გამოიძახეთ პოლიცია
ემილია: ჯობია, შენი ფეხით მიხვიდე პოლიციაში. ნაკლებს მოგცემენ
ოტელო: ვითომ?
ემილია: რა თქმა უნდა... გულწრფელი აღიარება და მონანიება.. ხომ
გესმის?
ოტელო: (დგება) ავდგები და წავალ. სჯობს საშინელი დასასრული, ვიდრე
უსასრულო საშინელება. (საზეიმოდ) მავრამ ჰქმნა საქმე თვისი, მავრი
მიდის! აბა, კარგად!
*******************************************************************************************************
ავანსცენაზე გადის
მშვიდობით საუკუნოდ სულის სიმშვიდევ,
მშვიდობით, ჩემო მხიარულო კმაყოფილებავ!
მშვიდობით, სპანო ჯიღოსანნო, დიდნო ბრძოლანო,
თავმოყვარების სათნოებად გარდამქცეველნო!
მშვიდობით, ჩემის თავმომწონე ცხენის ჭიხვინო,
გულის აღმძვრელო დაფდაფებო, ბუკის მკვეთრო ხმავ,
ყურთა-გამგმირო სალამურო. სამეფო დროშავ,
დაუდგრომლობავ, მღელვარებავ დიდებულ ომთა,
ბრძოლის შვენებავ, სიამაყევ თვალის მიმტაცო.
ოჰ, თქვენც, მშვიდობით, მანქანანო სიკვდილის მბადნო,
რომელთ ყელიდან გამოჰქუხს ხმა სმენად საშიში,
როგორც უკვდავის იუპიტრის საზარო გრგვინვა!
ოტელოს ჩარხი ბედ-უკუღმა გადატრიალდა!
(სასოწარკვეთილი) აფსუს, რა არტისტი იღუპება!

კასიო: (მხარზე ხელს ადებს ოტელოს.) მისმინე, იდეა დამებადა, როგორ


აიცილო ციხე
ოტელო: (იმედიანად) მართლა?
კასიო: რა ვიფიქრე, იცი: თავი რომ მოიკლა? ხანჯალი გაიყარო
ოტელო: სერიოზულად ამბობ?
ემილია: ეგრე ჯობია წლობით ციხეში ლპობას. შექსპირის სტილში იქნება-
ეფექტური დასასრული; ყველა გაზეთი შენზე დაწერს სტატიებს;
„სიკვდილი - შესაფერისი დიადი არტისტისა!“
ოტელო: (მცირედი განსჯის შემდეგ.) მართალი ხარ. მასე მოვიქცევი.
ვინმეს ხანჯალი გაქვთ?
კასიო: ის აიღე, სცენაზე რომ ყელს იღადრავდი
ოტელო: ის რად ვარგა, ბუტაფორიული კი არა, ნამდვილი ხანჯალი
მჭირდება
ბიანკა: აგერ მაგიდაზე დევს დანა. წეღან ძეხვი დავჭერი. კარგი დანაა,
ბასრი, აჰა! (დანას აწვდის)
ოტელო: (დანას პირს უსინჯავს) გმადლობ
ბიანკა: ოღონდ მერე დამიბრუნე, კარგი? კიდევ დამრჩა დასაჭრელი
რაღაცები
ოტელო: კარგი (თვითმკვლელობის მიზანსცენას იხსენებს) როგორ იყო?
„...მივწვდი ყელში მე იმ ქოფაკ ძაღლსა წინ- დაცვეთილს
და...“

ლოდოვიკო: (აწყვეტინებს.) შენ მანდ არა, ცოტა მარჯვნივ იდექი. და არ


დაგავიწყდეს ყელზე ხელის წაჭერა
ოტელო: ჰო, მართალია. (სცენის სხვა ადგილას გადაადგიდება.)

„..მივწვდი ყელში მე იმ ქოფაკ ძაღლსა წინ- დაცვეთილს


და დავკალ ასე!..“
(ოტელო ჩერდება. სახე უნათდება)
გამახსენდა!
ლოდოვიკო: რა გაგახსენდა?
ოტელო: არ დამიხრჩვია! არ დამიხრჩვია... ხანჯალი გავუყარე!
ლოდოვიკო: მერე?
ოტელო: არ გახსოვთ? მას შემდეგ, რაც დავახრჩე, მან ამოიკვნესა „უმანკო
მომკლეს, ბრალის გარეშე“, მერე კიდევ, ხანჯალი რომ გავუყარე,
თქვა, „უმანკოდ ვკვდები“, ე.ი. ცოცხალი იყო!
ლოდოვიკო: ჰო, მაგრამ ახლა მკვდარია
ოტელო: მერე, მე რა შუაში ვარ?! ყველაფერი გამახსენდა. როცა მის
დახრჩობას მოვრჩი, მან ჩურჩულით მთხოვა, პერანგი არ
დამიჭმუჭნო, „პაკლონზე“ ხომ უნდა გავიდეო
ლოდოვიკო: და კისერზე კვალი?
ოტელო: ეგ დილის რეპეტიცისაა, მაშინ მართლა გავერთე
კასიო: დაახრჩე თუ ახანჯლე, რა მნიშვნელობა აქვს?
ოტელო: ბოდიში, მაგრამ ბუტაფორიულ ხანჯალს ადამიანს ვერ გაუყრი.
კარგად მოგეხსენება, მუყაოსია
კასიო: და ჩვენ რა ვიცით, რომ შენი ხანჯალი ბუტაფორიული იყო?
ოტელო: აბა, რა იყო? აი, ნახეთ! (ქარქაშიდან ხანჯალს იღებს და კასიოს
უწვდის)
კასიო: (ხანჯლის პირს ამოწმებს) ეს ხანჯალი ნამდვილია
კასიო ხანჯალს იატაკისკენ ისვრის, ხანჯალი ხეში ესობა.
ყველანი ოტელოს შეხედავენ, რომელიც ყველაზე უფრო
გაოცებულია
ოტელო: არ არსებობს! მე არ ამიხანჯლავს!
პაუზა
ლოდოვიკო: ახლავე შევამოწმებთ. ვის უნდა, სხეული დაათვალიეროს?
იაგო: ოღონდ მე არა
ბიანკა: მე მიცვალებულების მეშინია
კასიო: თუ სხეულია შესამოწმებელი, მე თანახმა ვარ
ემილია: თორემ, სანამ ცოცხალი იყო, არ გინახავს
კასიო: შენ წარმოიდგინე, არ მინახავს
ემილია: მე მეგონა, ამის ბედნიერება ჩვენი თეატრის ყველა მამაკაცს
ჰქონდა
იაგო: ემილია, მორჩი ლაქლაქს
ლოდოვიკო: ემილია და კასიო, წამომყევით
ლოდოვიკო ფარდის უკან შედის. ემილია და კასიო ფეხათრევით
მიჰყვებიან. ცოტა ხნის შემდეგ ბრუნდებიან
ოტელო: აბა, რა ხდება?
ლოდოვიკო: თქვენ წარმოიდგინეთ, არის სხეულზე ხანჯლით
მიყენებული ჭრილობა და სისხლიც, თანაც ნამდვილი და არა
პომიდვრის საწებელი
ოტელო: მე ნუღარ მტენით ამ საქმეს. მე არ დამიხრჩვია, ესაა მთავარი; და
დანის ჩარტყმა ნებისმიერ თქვენგანს შეეძლო
ლოდოვიკო: რას ნიშნავს „ნებისმიერ თქვენგანს“?
ოტელო: რასაც ნიშნავს
პაუზა
ლდოვიკო: მოდით, გავერკვეთ სიტუაციაში; გავიხსენოთ, ვინ სად იდგა
და რას აკეთებდა საფინალო სცენის დროს
იაგო: ვშიშობ, სინიორ ლოდოვიკო, რომ ეს მოგონებების საღამო არაფერს
მოგვიტანს; საფინალო სცენა თქვენს მიერ ისე უხეიროდაა
დადგმული, რომ მასში რამის გარკვევა შეუძლებელია
ლდოვიკო: შენ, რა თქმა უნდა, უკეთ დადგამდი
იაგო: ეჭვგარეშე. თქვენს დადგმაში მსახიობები ყოვლად უაზროდ
დაფორიაქობდნენ აქეთ-იქით, ხელებს იქნევდნენ, ყვიროდნენ; და
ამას ეძახით თქვენ რეჟისურას!
ლდოვიკო: მე ეს მიზანსცენა იმიტომ გავადინამიურე, რომ პერსონაჟების
აღელვება გადმომეცა, და არა იმიტომ, რომ მერე საგამოძიებო
ექსპერიმენტი ჩამეტარებინა! მოდით, მშვიდად გავარკვიოთ, ვინ რას
აკეთებდა სცენაზე, როცა ოტელო დეზდემონას ახრჩობდა
ოტელო: ისევ? ხომ გითხარით, მე არ დამიხრჩვია-მეთქი?!
ლოდოვიკო: დაწყნარდი, თეატრალური კუთხით დაახრჩობას
ვგულისხმობდი
ოტელო: არ მსურს ამის გაგონება არც ერთი კუთხით
ლოდოვიკო: შენ ხმა ნუ ამოიდგი! შენთვის ბრალდება ჯერ არ მოგვიხსნია
ოტელო: და არც არავის წაუყენებია ჩემთვის ბრალი. თქვენ, რა,
პროკურორი ხართ? არ დამიხრჩვია და მორჩა!.
ბიანკა: მე კი ვფიქრობ, რომ შენ დაახრჩე. ამის მერე ერთი-ორი ფრაზა
ამოიხავლა და საბოლოოდ გაფშიკინდა
ლოდოვიკო: ბიანკა, შენ არავინ გეკითხება, რას ფიქრობ. გირჩევნია, თქვა,
რას აკეთებდი ამ დროს სცენაზე.
ბიანკა: მე? არაფერს. კასიოს გვერდით ვიდექი და მაყურებელს ჩემს ფეხებს
ვუმარიაჟებდი, როგორც თქვენ დამავალეთ რეპეტიციაზე
ლოდოვიკო: მსგავსი არაფერი დამივალებია. უბრალოდ, შეგახსენე, რომ
სცენაზე მეძავივით მოქცეულიყავი
ბიანკა: ჰოდა, მეც ვიქცეოდი
ლოდოვიკო: შენ რას აკეთებდი, ემილია?
ემილია: იაგოს ვამხელდი, სანამ მიმასიკვდილებდა
იაგო: ჰო, მაგრამ მანამდე შენ დეზდემონასთან შეიძურწე ფარდის უკან.
იქნებ, ამ დროს მიახრჩე?
ემილია: და თან დანაც გავუყარე, ხომ? დანა ხომ შენ გქონდა? ის დანა,
რომლითაც უკან მომდევდი
იაგო: ის დანა რეზინის იყო, შენც ხომ კარგად იცი. ახლაც აგერ
მაქვს (ქამრიდან ბუტაფორიულ დანას იღებს და ყველას აჩვენებს)
ემილია: მე თეატრალური დანით მომკალი, ის კი - ნამდვილით. მას მერე,
რაც გიღალატა, ხომ გძულდა
იაგო: თქვენ ხომ გულზე გეხატებოდათ ყველას
ლოდოვიკო: გეყოფათ კინკლაობა! კასიო, შენი ჯერია
კასიო: ყველამ დაინახეთ, რომ გამოვედი სცენაზე. შემდეგ ვიშიშვლეთ
დაშნები და შევიპყარით იაგო. სულ ეს იყო
ლოდოვიკო: მაგრამ, სანამ იაგოს კვალდაკვალ მივსდევდით, შეგეძლო
დეზდემონასთვის დაშნა გაგეყარა. მან ხომ შენ, ნომერ პირველ
სიმპათიურ მამაკაცს, უარი გითხრა. თან ოტელოს ასე სასურველი
როლი მის გამო ვერ მიიღე
კასიო: თქვენც გძულდათ და გინდოდათ, აგეკუწათ. თქვენ ხომ ყველას
თანდასწრებით გამცირებდათ ყოველ რეპეტიციაზე
ოტელო: (კასიოს) შენ გინდოდა ჩემი როლი? აი, სურპრიზი. აი, თურმე
რატომ კერავდი იმ ძუკნას
კასიო: და ვინ მოგახსენა, რომ ეს როლი შენია? შენი თამაშის მიხედვით
თუ ვიმსჯელებთ, გაგებაში არ ხარ, ოტელო რა არის და ვინ არის.
ბიანკაც კი შენზე უკეთესად ითამაშებდა ამ როლს
მცირე პაუზა
იაგო: სადღაც სხვაგან წავედით. თითო დავლიოთ და დავმშიდდეთ
კასიო: საქმიანი შემოთავაზებაა
ოტელო: კონიაკი დარჩა?
კასიო: მარტო არაყი
ბიანკა: ეგ ჯობია, დაასხი!
კასიომ ჩამოასხა. ყველამ ჩუმად დალია. პაუზა
ოტელო: (ჩაფიქრებული) რატომ არის, რომ წყალს დალევ და აღარ გინდა,
არაყს კიდევ, რაც მეტს სვამ, მით მეტი გინდება?
კასიო: ეს ის საკითხია, რომელზეც აგერ უკვე რახანია თავს იმტვრევს
კაცობრიობის განათლებული ნაწილი
პაუზა
ემილია: რა უნდა გითხრათ. სპექტაკლამდე დეზდემონას საგრიმიოროში
მოაკითხა მისმა... ასე ვთქვათ, მფარველმა
ბიანკა: დირექტორმა?
ემილია: არა, მეორემ, მთავარმა. აი, იმან, რა, ბობოლამ
ბიანკა: ვერ ვიხსენებ. ის, რა, დირექტორთან არ იწვა?.
ემილია: საყვარელო, შენ ჯერ გამოუცდელი ხარ და არ იცი, რომ თუ
წესიერ მსახიობ ქალს წარმატების მიღწევა სურს, მინიმუმ ორი
მფარველი უნდა ჰყავდეს: ერთი - დირექტორი ან სამხატვრო
ხელმძღვანელი; და მეორე - ვინმე მდიდარი მაყურებელი. ერთი
იძლევა როლებს, მეორე - ფულებს. ან ერთის ან მეორის გარეშე შორს
ვერ გაფრინდები
კასიო: ემილია, შენმა ნორჩმა მეგობარმა შენზე უკეთ იცის, როგორ უნდა
იცხოვრო. განაგრძე, რის თქმა გინდოდა?
ემილია: მოკლედ, მაგრად იჩხუბეს
ლოდოვიკო: დარწმუნებული ხარ?
ემილია: აბა, რა! ამ ჩვენმა ნაზმა დეზდემონამ ისეთი ნარჩევი ლექსიკით
აგინა, რომ არც დაგესიზმრებათ.
კასიო: (ლექსად)
მტერს უნდოდა, დაეტანჯა დეზდემონა;
დაუპირა ნაზ არსებას მოხრა ქედის;
მაგრამ დეზდემონა მტერს არ დაემონა;
და აგინა ტრაკი, თანაც, დედის!
იაგო: (ემილიას) ჰო, წაიჩხუბეს, წაკინკლავდნენ. მერე რა? რა ჩვენი საქმეა?
რატომ გვიყვები ამ ყველაფერს?
ემილია: იმიტომ გიყვებით, რომ შეიძლება იმ მფარველმა გაუსწორა
დეზდემონას ანგარიში, ჩვენ კიდევ აქ ვმარჩიელობთ.
ლოდოვიკო: და როგორ? როგორ უნდა გასწორბოდა?
ემილაი: ძალიან მარტივად. სანამ ჩვენ საფინალო სცენაში ვიგრიხებოდით
და ვნებებს ვაფრქვევდით, კულისიდან შევიდა ფარდის უკან და
საქმეც მოათავა. ან თვითონ იყო, ან ქილერი მოაგზავნა
კასიო: როდის მოასწრო?
ემილია: რა მოსწრება უნდოდა? ყველაფრის მოსაფიქრებლად იმდენი
დრო ჰქონდა - ორსაათნახევარი
იაგო: არა, რაღაც თითიდან გამოწოვილ ამბავს გავს. რატომ უნდა მოეკლა?
შეეძლო, ფული აღარ მიეცა და მორჩა
ემილია: ეგ მისი მხრიდან დიდი სისასტიკე იქნებოდა
ბიანკა: მე, იცით, რისი მეშინია? იმ ტიპმა რომ იფიქროს, რომ მისი ტურფა
ჩვენ მოვკალით და ყველას არ ჩამოგვიაროს
კასიო: დაგვხოცოს?
ბიანკა: რა ვიცი მე, იქნებ დაგვხოცოსკიდეც, თუ ასეთი ბობოლაა
ყველა ერთმანეთს გადახედავს
იაგო: სისულელეს ნუ ლაპარაკობთ! რატომ უნდა დაგვხოცოს? უფრო
მარტივია, პროკურორს ჩაუგდოს ჩვენი თავი თათებში და ჰოპ,
გისოსებში
ოტელო: ამბობენ, ახლა ციხეებში თეატრიც არისო
იაგო: ჰოდა, მაგ თეატრში ვითამაშებთ ერთი ათი წელი
ემილია: ვერ გავიგე, სერიოზულად ამბობთ თუ ხუმრობთ ?
იაგო: სერიოზულად ვხუმრობთ
კასიო: მე ვიტყოდი, ჩვენ ხუმრობით გამოვთქვმთ აზრებს სერიოზულ
თემებზე
ლოდოვიკო: მოკლედ, აი, რა, ბატონებო: დროა, შევწყვიტოთ საუბარი.
ფარდის უკან მკვდარი ქალი წევს, ჩვენ კიდევ ენას ვიფხანთ.
რომელიღც ჩვენგანმა მოკლა იგი და არ უნდა გამოტყდეს, და მე
ვაპირებ, ეს საქმე გამოვიძიო, თანაც ახლავე, ცხელ კვალზე
ბიანკა: რატომ რომელიღაც „თქვენგანმა“ და არა „ჩვენგანმა“; იქნებ , თქვენ
მოკალით? თქვენ ხომ ის ყველაზე მეტად გძულდათ
იაგო: და რატომ გადაწყვიტეთ, რომ თქვენ უნდა გაუძღვეთ გამოძიებას?
ლოდოვიკო: იმიტომ, რომ მე ყველაზე უფროსი ვარ - ასაკითაც და
თანამდებობითაც
იაგო: მერე რა? როგორც რეჟისორს, გემორჩილებით, მაგრამ აქ არც სცენაა
და არც თეატრი
ლოდოვიკო: სწორედაც რომ სცენაა აქ და თეატრიც. და თქვენ ჩემი
მსახიობები ხართ და ეს ჩემი სპექტაკლია
იაგო: მაგრამ ეს სულ სხვა სპექტაკლი და სულ სხვა თეატრია; და თქვენ აქ
უფროსი აღარ ხართ
ლოდოვიკო: გინდათ, თქვენ უხელმძღვანელოთ გამოძიებას? კი, ბატონო!
იაგო: მე არაფერი არ მინდა. უფრო სწორად, დალევა მინდა
ოტელო: ო, ეგ ყველად გვინდა
ბიანკა: მე სახლში მინდა
ლოდოვიკო: არა, სანამ ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ, აქედან ფეხს
ვერავინ მოიცვლის. თეატრის გასაღები მე მაქვს
იაგო: აი, რას გთავაზობთ: ოცი წუთით ყველანი შევიდეთ ჩვენ-ჩვენ
საგრიმიოროში, და ცალ-ცალკე მშვიდად გავიაზროთ შექმნილი
სიტუაცია. შემდეგ ისევ შევიკრიბოთ და გადავწყვიტოთ, რა ვქნათ
ყველა ერთმანეთს გადახედავს
ლოდოვიკო: კი ბატონო, გონივრულია
ემილია: მეც თანახმა ვარ
ბიანკა: მე მეშინია
კასიო: მარტო ყოფნის თუ გეშინია, ჩემს საგრიმიოროში წამოდი
ბიანკა: მეშინია
კასიო: რისი გეშინია, რომ ოცი წუთი არ გეყოფა?
ბიანკა: ნუ ღადაობ! არ მინდა შენთან წამოსვლა და მორჩა
კასიო: რატომ?
ბინკა: იქნებ, შენ ხარ მკლველი?
ემილია: ბიანკა, კარგი, რა, ისედაც ცუდად ვართ
ოტელო: წავედით?
ლოდოვიკო: წავედით
მსახობები ნელ-ნელა იშლებიან

**************************************************************
ბიანკა გამოდის სცენაზე და ჯდება. შეშინებული იყურება აქეთ-
იქით. ყოველ გაფაჩუნებაზე კრთება. ისმის ნაბიჯების ხმა. ბიანკა
წამოხტება, ფარდის უკან დამალვას აპირებს, მაგრამ საბედისწერო
ადგილის კიდევ უფრო შეეშინდება და მაგიდის უკან იმალება.
შემოდის კასიო
კასიო: ბიანკა, მანდ რას აკეთებ?
ბიანკა: მე?
კასიო: შენ
ბიანკა: არაფერს
კასიო: ასე თუ გეშინია, საგრიმიოროში დარჩენილიყავი
ბიანკა: იქ მარტოს უფრო მეშინია. ამიტომაც გამოვედი
კასიო: ახლა მარტო აღარ ხარ, ჩემთან ერთად ხარ... ნუ გეშინია, თუ
გაგგუდავ, მხოლოდ ჩახუტებისგან
ბიანკა: არ მეშინია. დანა მაქვს, ძეხვს რომ ვჭრიდი, ის
კასიო: ჭკვიანურია. ოღონდ მოაშორე აქედან. დაწყნარდი?
ბიანკა:(კასიოსგან მოშორებით ჯდება) ჰო
კასიო: ბიანკა, იცი, რა ვიფიქრე? რატომ ხარ ჩემი საყვარელი მხოლოდ
სცენაზე? ცხოვრებაშიც ხომ არ გვეცადა?
ბიანკა: მითხარი, თუ არის ამ თეატრში მსახიობი ქალი, რომლისთვისაც
იგივე არ შეგეთავაზებინოს
კასიო: რა შუაში აქ სხვები? ჩვენ ხომ ახლა პარტნიორები ვართ?
ლოდოვიკო ჩვენგან როლთან შეზრდას მოითხოვს. ჰოდა,
შევასრულოთ რეჟისორის მოთხოვნა. სცენაზე უმღლესი კლასის
მეძავი ხარ. და ცხოვრებაში როგორაა საქმე?
ბიანკა: ცხოვრებაშიც მშვენივრად ვარ. ხალხი კმაყოფილია
კასიო: და ჩვენ რატომ არ ვქნათ ეს? ნუთუ შენ არ გინდა ეს?
ბიანკა: მინდა, ძალიან მინდა. ოღონდ, შენთან არა
კასიო: რით დავიმსახურე ასეთი უმოწყალობა?
ბიანკა: (პრანჭვით) მოწყალება ჯერ არ დაგიმსახურებია
კასიო: თუ საქმე საჩუქრებში და მსგავს რაღაცებშია, უკან არ დავიხევ
ბიანკა: (თბილად) საინტერესოა, ამ ყველაფრისთვის ფული საიდან გაქვს?
შენ ხომ მსახიობი ხარ
კასიო: მე დიდი ხანია, მივხვდი, რომ მთავრობას ხელოვნება უყვარს
მხოლოდ სიტყვით, სინამდვილეში კი მხოლოდ ბიზნესი
აინტერესებს. ჰოდა, მეც ბიზნესი წამოვიწყე
ბიანკა: ვაა... და რა ბიზნესი?
კასიო: სტრიპტიზ-კლუბი მაქვს. გინდა, ჩემთან იმუშაო? ტანი კარგი გაქვს,
ფეხები -უკეთესი… ერთ ღამეში იმდენს იშოვი, რამდენსაც თეატრში
თვეში შოულობ. ცოტას დატრენინგდები და წავიდა!
ბიანკა: მე სხვა საქმიანობაც ვიცი, სადაც ერთ ღამეში კიდევ უფრო მეტის
შოვნა შეიძლება. და ტრენინგიც არ არის საჭირო.
კასიო: და შენ უკვე ეწევი მაგ საქმიანობას?
ბიანკა: ეს უკვე შენი საქმე არ არის
კასიო: ერთი მეორეს ხელს არ უშლის (ბიანკას გვერდით ჯდება.)
ბიანკა: შენი აზრით, დეზდემონა ვინ დაბრიდა? ნუთუ ოტელომ? ის ხომ
ასეთი საყვარელი დათუჩაა
კასიო: სწორედაც რომ დათვი. დაფიქრდი: პიესას „ოტელო“ ქვია, ყველგან
კიდევ დეზდემონაზე საუბრობენ, წერენ; ჰოდა, ისიც გამხეცდა
ბიანკა: მგონი, ოტელოს ვერ იტან. რატომ?
კასიო: მე მას არ ვერ ვიტან. მშურს მისი. თუ ხვალ ის ჩაფლავდება, ისევ
მეყვარება, როგორც საკუთარი ძმა, შემეცოდება, გავამხნევებ. მაგრამ
თუ ისევ წარმატებულ იქნება, მაშინ მიფრთხილდეს
ბიანკა: და ეს იმიტომ, რომ შენ გინდოდა ოტელოს თამაში?
კასიო: ვითამაშებ კიდეც. აი, ნახავ. იმუშავებ ჩემთან კლუბში?
ბიანკა: არ ვიცი, მოვიფიქრებ
კასიო: როგორც გინდა, ძალას არ დაგატან
ბიანკა: ჩემთვის ძალის დატანება შეუძლებელია; მე თვითონ, ჩემი ნებით
ვეძლევი, როცა საჭიროა
კასიო: და რატომ არ უნდა მომეცე მე? მე, ანუ ჩემს კლუბს
ბიანკა: ჯერ შევხედავ, ვის ერგება დეზდემონას როლი
კასიო: (გაკვირვებით) დეზდემონას თამაში გინდა?
ბიანკა: რატომაც არა? ადგილი ვაკანტურია
კასიო: რა ამბიციური გოგო ყოფილხარ
ბიანკა: სხვანაირად ვერ გაიქაჩები. მხარი დამიჭირე და, თუ დეზდემონა
გავხდები, მოვითხოვ, რომ ოტელო შენ იყო
კასიო: და შენი მოწყალების იმედი მქონდეს?
ბიანკა: (თბილად) ასეთ წვრილმანებზე ლაპარაკი ღირს? ყოველთვის
შეიძლება მორიგება
კასიო ბიანკას ეხვევა, ამ დროს შემოდიან ოტელო და იაგო
************************************************************************************
იაგო: არის რამე ახალი?
კასიო (ბიანკას ხელს უშვებს) არაფერი. ახალი რა უნდა იყოს
შემოდიან ემილია და ლოდოვიკო
ლოდოვიკო: აბა, ყველანი ვართ? (ყველანი ჩუმად არიან, განაგრძობს) აბა,
ვინმეს რამის თქმა სურს?
ყველა ჩუმადაა
მაშინ ასე დავსვამ შეკითხვას: რა წინადადებები გაქვთ?
იაგო: მე ასე ვფიქრობ: ჩვენ რატომ უნდა ვიქექოთოთ ამ საქმეში?
არსებობენ კომპეტენტური ორგანოები, პროფესიონალები - მათ
მიხედონ ამ სააქმეს
ლოდოვიკო: მოკლედ რომ ვთქვათ, პოლიცია გამოვიძახოთ?
იაგო: დიახ. თვიდანვე ასე უნდა მოვქცეულიყავით
ოტელო: და სასწრაფოც გამოვიძახოთ
იაგო: აბა, რა
ლოდოვიკო: არის სხვა წინადადება?
ყველა ჩუმადაა. ლოდოვიკო იღებს მობილურს
ვინ დარეკავს?
პაუზა
იაგო: თქვენ დარეკეთ, თქვენ ხომ აქ მთავარი ხართ. (ამატებს) პასუხიც
თქვენ უნდა აგოთ
ლოდოვიკო ტელეფონს დაუშვებს
ლოდოვიკო: მე რატომ? რა შუაში ვარ აქ მე? და რატომ, მაგალითად, არა
ოტელომ?
იაგო: დარეკეთ, პოლიცია გაარკვევს
ლოდოვიკო კვლავ აპირებს დარეკვას
კასიო: მოიცადეთ. წინადადება მაქვს. რა მოხდება, თუ პოლიციას
გამოვიძახებთ? მოვლენ გამომძიებლები, ფოტოგრაფები,
ჟურნალისტები... დაიწყება შეკითხვები, დაკითხვები, ოქმები... რას
აკეთებდი ამ დროს, სად იდექი, გქონდა თუ არა ინტიმური კავშირი
დაზარალებულთან... აგორდება სკანდალი. გვინდა ჩვენ ეს?
ლოდოვიკო: აბა, არ დავრეკო?
იაგო: არა, რატომ... დავრეკოთ. ოღონდ ახლა არა. ამ ყველაფრის
დილამდე გადადებაც შეიძლება
ემილია: სწორია, საჩქარო არაფერია . მართალია, დეზდემონა იმ ქვეყნად
გაემგზავრა, მაგრამ ეს არ უნდა გახდეს იმის მიზეზი, რომ პრემიერა
არ აღვნიშნოთ. ამდენი თვე ოფლი ვღვარეთ რეპეტიციებზე, ამხელა
წარმატებას მივაღწიეთ და აღარც აღვნიშნოთ?
ოტელო: მართალია: ვჭმოთ, ვსვათ და მერე შევატყობინოთ; და მერე
მოვიდნენ.
ბიანკა: ბოლოს და ბოლოს, ამდენი შრომის მერე ხომ გვაქვს გართობის
უფლება?
კასიო: დარწმუნებული ვარ, დეზდემონაც მხარს დაუჭერდა ამ
გადაწყვეტილებას; ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ხომ მის წარმატებასაც
აღვნიშნავთ
ემილია: ჩავთვალოთ, რომ აზრობრივად იგი ჩვენთნაა
ოტელო: მშვენიერია!(წამოდგება ჭიქით ხელში) მოდით, დეზდემონას
წარმატებას გაუმარჯოს!
ყველანი მხიარულად სვამენ
ლოდოვიკო: მოიცათ! მერე, როგორ ავუხსნით პოლიციას, რომ მაშინათვე
არ გამოვიძახეთ?
იაგო: არც არაფერი არ იქნება ასახსნელი. ჩვენ მშვიდად ვისხედით
დილამდე და წყნარად ვსვამდით. როცა დაშლას ვაპირებდით,
შევამჩნიეთ, რომ დეზდემონა გაუნძრევლად წევს საწოლზე, მაშინვე
დავრეკეთ, მორჩა და გათავდა
ლოდოვიკო: თუ მასეა... (ჭიქას წევს) დეზდემონას გაუმარჯოს!
ჯანმრთელობა და დღეგრძელობა ვუსურვოთ!
ყველა შესამჩნევად გამხიარულდა
ემილია: მოდი, ჩვენს რეჟისორს გაუმარჯოს, რომელმაც ერთ დიდ
შემოქმედებით მუშტად შეგვკრა და მიგვიყვანა დამსახურებულ
წარმატებამდე!
ბიანკა: ბრავო!
ქალები კოცნიან ლოდოვიკოს, მამაკაცები ხელს ართმევენ
ოტელო: (ფეხზე წამოდგომით.) ჩვენს სამსახიობო საძმოს გაუმარჯოს!
იაგო: ეგ უკვე დავლიეთ
ოტელო: მართლა? არა უშავს, კიდევ დავლიოთ. ხომ იცით, ეს ჩემი
საყვარელი სადღეგრძელოა. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ცოტა მომეშვა.
მერაბ, მომაწევინე, რა... უფრო სწორად, ძვირფასო კასიო... ნება
მიბოძე... სიგარის უტკბესი კვამლით... მოკლედ. სიგარეტი მომე, რა
კასიო: გატყობ, უკვე მოგეკიდა სასმელი
ოტელო: აბა, რა, რატომაც არა? ასეთი სასიხარულო დღეა: პრემიერა,
მთვარი როლი, წარმატება... ხვალ უკეთესად ვითამაშებ
იაგო: „ხვალ“... ჯერ არ ვიცით, ხვალ რა იქნება. შეიძლება დილით შენც და
ჩვენც დაგვაპატიმრონ. ამ შემთხვევაში სპექტაკლის მოხსნა მოგვიწევს
ლოდოვიკო: (დარდიანად) მოხსნა? ამხელა წარმატების შემდეგ?
იაგო: პროკურორს არ აინტერესებს არც შენი წარმატება და არც შენი
ჩაფლავება... სანამ ბოლომდე გაერკვევიან ვითარებაში, ვირის
აბანოდან არ გამოგვიშვებენ.
ლოდოვიკო: რას გავს ეს?! ხვალინდელ სპექტაკლზე მოვიწვიე
კრიტიკოსები, ტელევიზია, ერთი ჟურნალისტი თბილისიდანაც
ჩამოდის. ჩემზე ერთ-ორ სიტყვას დაწერდნენ, იტყოდნენ, ბოლოს და
ბოლოს ვეღირსებოდი ჩემს თეატრს...
იაგო: ნუ ღელავთ, თქვენზე იმდენს ილაპარაკებენ...
ლოდოვიკო: არა, არა, სპექტაკლის მოხსნა ყოვლად დაუშვებელია
ემილია: არავითარ შემთხვევაში! მეც ჩემთის ძალიან მნიშვნელოვანი
ხალხი დავპატიჟე!
ბიანკა: მეც მინდა სცენაზე გასვლა. ისეთი მაგარი კოსტუმი მაქვს.
ტყუილად შემიკერეს?! ვერ გავიგე!
ოტელო: არ ვიცი, დამიჭერენ თუ არა, მაგრამ მაგრად მინდა კიდევ ერთი
სპექტაკლის თამაში.
კასიო: ახალი იდეა დამებადა! გაინტერესებთ?
ყველა ჩუმდება
ემილია: აბა?
კასიო: რა იქნება, რომ არავის არაფერი არ შევატყობინოთ? ბოლოს და
ბოლოს, ჩვენ არ ვიყავით ვალდებული, მის ლოგინში ჩაგვეხედა.
დარაჯმა თქვა, დეზდემონა თეატრიდან გავიდაო და მორჩა. ჩვენ
არაფერი ვიცით. აღვნიშნეთ პრემიერა და დავიშალეთ
პაუზა. ყველანი გაიაზრებენ კასიოს ნათქვამს
ლოდოვიკო: და ეს რას მოგვცემს?
კასიო: დეკორაცია დგას და სცენაზე არავინ შემოვა. დეზდემონას გვამს
მხოლოდ ხვალ საღმოს აღმოაჩენენ. სანამ გადახარშვენ, რა მოხდა,
სანამ დირექტორს შეატყობინებენ, სანამ გამომძიებელს გამოიძახებენ,
სანამ ის-ეს, სპექტაკლის მოხსნას ვეღარ მოასწრებენ და, მინიმუმ
ერთხელ კიდევ ვითამაშებთ ამ ჩვენს „ოტელოს“ !
ემილია: არ არის ცუდი აზრი
კასიო: გარდა ამისა, ხვალ ყველანი მოვასწრებთ პირადი საქმეების
მოწესრიგებას. რა იცი, რა მოხდება, როცა ყველაფერი გაირკვევა...
თავის დაზღვევა არ გვაწყენს
იაგო: იდეა კარგია, მაგრამ ვიღაცას სადღაც მაინც წამოცდებაც ეს ამბავი.
ბიანკა როგორ მოითმენს, რომ სამ-ოთხ დაქალს არ ჩაუჟღურტულოს
ყველაფერი. სხვანაირად ხომ გასკდება საიდუმლო ინფორმაციის
გადაჭარბებული დოზისგან
ბიანკა: მე, რა, შტერი ვარ?
კასიო: მოდი, დუმილის ფიცი დავდოთ
ლოდოვიკო: ის, თუ რა შეიძლება მოყვეს ამ ამბის გამჟღავნებას, ფიცის
გარეშეც კარგად უნდა გვესმოდეს. თუ გაირკვევა, რომ ყველაფერი
ვიცოდით და არ ვთქვით, ყველას დაგვიჭრენ დანაშულის
დაფარვისთვის და თანამონაწილეობისთვის
კასიო: რა გადავწყვიტოთ?
ოტელო: არ შეატყობინოთ
კასიო: ვინ არის წინააღმდეგი?
ყველა ჩუმადაა
მიღებულია ერთხმად!
ოტელო: ძალიან კარგი. აი, ასეა, ვსხედვართ, ვსვამთ და თავში ნელ-ნელა
ნათელი აზრები მოგვდის (ჭიქას არყით ივსებს და ბოლომდე სვამს)
ემილია: მეც მომივიდა ერთი აზრი; არ ვიცი, ნათელია თუ არა...
კასიო: აბა, გისმენთ
ემილია: არ ვიცი, ღირს თუ არა თქმა
ოტელო: მიდი, ამოალაგე
ემილია: ისე უნდა ვქნათ, რომ დეზდემონა თეატრიდან გაქრეს
ყველა შოკირებულია
ოტელო: რაღაც ვერ მივხვდი. ეს შესაძლებელია?
ემილია: რატომაც არა.. გვამი აქედან უნდა წავიღოთ და მორჩა
კასიო: სად?
ემილია: არ ვიცი. მთავარია არა სად, არამედ საიდან. მთავარია, რომ ის აქ
არ იყოს
ლოდოვიკო: აგვიხსენი
ემილია: თუ ხვალ გვამს აქ აღმოაჩენენ, ჩვენ, ასე თუ ისე, გარეული
ვიქნებით ამ საქმეში. დაკითხვა ფიცის ქვეშ, გემომძიებელთან
საუბრები, სასამართლოში გამოძახებები, გაზეთებში ხმაურიანი
სტატიები... და თუ გვამი აქ არ იქნება, ჩვენც არაფერ შუაში ვიქნებით;
არ არის დეზდემონა - არ არის პრობლემა
ლოდოვიკო: ეს, მართლაც, ნათელი აზრია. დეტალები უნდა განვიხილოთ
ოტელო: და გვამი სად წავიღოთ? დავმარხოთ?
იაგო: ჩვენ ქალაქში ვართ. წერაქვი და ძალაყინი გაქვს, რომ ასფალტი
ვამტვრიოთ?
კასიო: და გუდრონი, რომ საფლავი ისევ მოვაასფალტოთ
ბიანკა: მდინარეში რომ გადავაგდოთ?
იაგო: აი, რას გთავაზობთ. ჩენი პრიმადონა თეატრში ძვირფასი კაბით და
პალტოთი მობრძანდა.
ემილია: რომელიც საყვარელმა აჩუქა
იაგო: ეგ რა შუაშია?
ემილია: იმის თქმა მინდოდა, რომ ასეთ რამეებს შენ ვერ აჩუქებდი
ლოდოვიკო: ემილია, ნუ აწყვეტინებ (იაგოს) მერე?
იაგო: ოტელოს მანქანა ყავს. დეზდემონას ტანსაცმელს გავხდით, აქედან
წავიყვანთ და დავტოვებთ ქუჩაში, თავის სახლთან. ყველას ეგონება,
რომ ქუჩაში მოკლეს, გაძარცვის მიზნით
ოტელო: გენიალურია! ვიცოდი, რომ იაგო ჩვენში ყველაზე ჭკვიანი იყო
კასიო: და, შენი აზრით, ყველაზე სულელი ვინ არის ჩვენში?
ოტელო: ვის გულისხმობ?
კასიო: არავის არ ვგულისხმობ, ვკითხულობ
ლოდოვიკო: კასიო, გეყოფა. მასხრობის დრო არ გვაქვს
იაგო: ანუ, ეს გეგმა მიღებულია?
ემილია: ერთხმად
იაგო: მაშინ მივხედოთ გვამს. ქალებო, მაგიდა გაათავისუფლეთ,
მამაკაცებო გვამი მოიტანეთ!
***********************************************************************************************
ემილია და ბიანკა მაგიდიდან ჭიქებს, თეფშებს და ბოთლებს
აალაგებენ. კასიო, ლოდოვიკო და ოტელო მიდიან ფარდის უკან
საწოლთან და იქიდან დეზდემონას გვამს მოათრევენ. ღამის
პერანგზე სისხლის ლაქებია
ოტელო: აბა, საით წავიღოთ?
იაგო: მაგიდაზე დადეთ
მამაკაცები გვამს მაგიდაზე დებენ
კასიო: ახლა რა ვქნათ?
იაგო: ახლა გრიმი უნდა მოვაშოროთ და პერანგი გავხადოთ. ბიანკა, მიდი,
სველი სალფეთქები, წყალი და პირსახოცი მოიტანე
ემილია დეზდემონას პარიკს - ლამაზ ოქროსფერ დალალებს -
ხსნის
ემილია: პარიკი გადავაგდოთ?
იაგო: არა. ხვალ ახალ დეზდემონას გამოადგება
ემილია პარიკს იკეთებს და სარკეში საკუთარი თავით ტკბება.
მამაკაცები დეზდემონას პერანგს ხდიან. ბიანკა მოდის სველი
ხელსახოცების შეკვრით, წყლით და პირსახოცით
ბიანკა: სისხლი ჩამოვბანოთ?
იაგო: არა, მხოლოდ გრიმი
ბიანკა: პერანგი გადავაგდოთ?
იაგო: არავითარ შემთხვევაში! უნდა გავრეცხოთ, დავაუთოვოთ და
პარიკთან ერთად დეზდემონას საგრიმიოროში დავდოთ, ვითომ
ხვალინდელი სპექტაკლისთვის მოამზადა
ბიანკა: მაშინ ბრილიანტის ბეჭედიც უნდა მოვხსნათ
ემილია: და საყურეებიც
ბიანკა: თეთრეულიც მენანება. თეატრისაა?
ემილია: არა, თავისია. სულ ტრაბახობდა, ძალიან ძვირფას სექსუალურ
თეთრეულს ვატარებო
ლოდოვიკო: გოგოებო, ნუ გაუტიეთ. თეთრეულს ხელს არ ვახლებთ
ბიანკა: ბეჭედი და საყურეები უნდა მოვხსნათ, თორემ ვინ დაიჯერებს,
რომ გაძარცვეს?
იაგო: ჯანდაბას, მოხსენით
ქალები დეზდემონას ძვირფასეულობას ხსნიან. ბეჭედი არ
ძვრება
ლოდოვიკო: (უყურებს, როგორ წვალობენ ქალები) საინტერესო
სპექტაკლია
იაგო: არ გინდათ, სცენაზე დადგათ? რეჟისორი ბრძანდებით, ბურთი და
მოედანიც თქვენია
ლოდოვიკო: არა, ბატონო, თქვენ უკეთ გამოგდით. განაგრძეთ განკარგვა!
კასიო: (ქალებს) ამდენი ხანი რას ჩალიჩობთ? დრო ისედაც ცოტა გვაქვს.
მალე გათენდება
ემილია: ბეჭედი ვერაფრით ვერ მოვხსენით
კასიო: დატოვეთ, როგორც არის
ბიანკა: გაგიჟდი შენ? ბრილიანტებია
ოტელო: თითი მოაჭერით და ეგაა
კასიო: ვანდალი ხარ
ოტელო: რა მოხდა? თითი მაინც აღარ დაჭირდება
ემილია: აი, მოვხსენით (ბეჭედს თითზე იკეთებს) ხო ლამაზია?
ბიანკა: მე საყურეებს დავიტოვებ
იაგო: გაგიჟდით, ქალო, თქვენ?! ვინმემ რომ ამ ძვირფასეულობით გნახოთ,
ხომ დაგვერხა ყველას!
ემილია: ნუ გეშინია, კარგად გადავმალავთ
იაგო: ოტელო, გამოართვი ბეჭედი და საყურეები, თორემ ყველას
ჩაგვსვამენ
კოპშეკრული ოტელო ქალებისკენ მიემართება. ისინი
უხალისოდ აწვდიან ძვირფასეულობას. ოტელო საყურეებს და
ბეჭდს იაგოს გადასცემს. ის ჯიბეში იდებს
ემილია: რა უნდა უყო მაგ ბეჭედს და საყურეებს?
იაგო: ნუ გეშინია, არ მივითვისებ. ჯერჯერობით დავმალავ და მერე
ვნახოთ. აბა, მზადაა? ოტელო, მიდი, მანქანა შემოსასვლელთან
მოაყენე. ლოდოვიკო. თეატრის გასაღები მიეცით, რა
ლოდოვიკო: მთვრალმა მანქანა როგორ უნდა ატაროს?
ოტელო: მართალია, შეიძლება „პრავა“ ამახიონ. მერე სოფელში ვეღარ
წავალ
კასიო: მარტო ეგ განაღვლებს?
იაგო: დეზდემონას სახლამდე ნახევარი კილომეტრია. ორი წუთის
სავალიც არაა. თან ღამით პატრულიც არ დადის
ოტელო: მეშინია. მიცვლებული არასდროს მიტარებია
ლოდოვიკო: ნუღარ სვამ. შენთვის გეუბნები
ოტელო: კარგი. მოდი, გამზავრების წინ თითო დავლიოთ,
გასამხნევებლად
ემილია: გეყოფა, გათიშული ხარ უკვე
ოტელო: ნუ ნერვიულობ, კრისტალივით ვარ
ყველანი მაგიდასთნ სხდებიამ და ჭიქებს ავსებენ
ბიანკა: გვამი ცოტა გაწიეთ, თეფში სად დავდო?
გვამს მაგიდის კიდეში ჩააჩოჩებენ
ემილია: ოტელო, დააყოლებ რამეს?
ოტელო: კაი ძეხვზე უარს არ ვიტყოდი.
კასიო: (ჭიქას აწევს) აბა, საქმის წარმატებით დაგვირგვინებისა იყოს
ყველანი სვამენ და ძეხვს აყოლებენ
იაგო: მიდი, ოტელო, მანქანა გაამზადე
ოტელო გადის
ბიანკა, მიდი, მალე ამორეცხე პერანგი და დააოთოვე!
ბიანკა: უთო სად ვნახო?
იაგო: გარდერობში
ბიანკა გადის
ემილია, დეზდემონას საგრიმიოროში წადი და მისი კაბა, პალტო და
ჩანთა წამოიღე. და ფეხსაცმელებიც - ვითომ სახლში წავიდა
ემილია გადის
კასიო, გვამი მანქანამდე მიმათრევინე, რა,
კასიო: მეც მოვდივარ?
იაგო: არა, ჯობია ქალებს მიხედო, რომ რამე სისულელე არ ჩაიდინონ. მე
იმ დათვს გავაკონტროლებ, თორემ, ხომ იცი... აბა, ავწიეთ!
იაგო და კასიო დეზდემონას ხელ-ფეხში ჩაავლებენ და ასწევენ,
თან ამ დროს ჭურჭელს გადაყრიან მაგიდიდან
ლოდოვიკო: ნელა! არაყი არ დააქციოთ!
კასიო: (გვამს ხელს უშვებს.) ერთი წამი! (სიგარეტს იღებს და უკიდებს)
ბრუნდება ბიანკა დეზდემონას გარეცხილი პერანგით და
უთოთი, მაგიდაზე იწყებს დაუთოვებას. იაგო და კასიო
დეზდემონას გვამს მიათრევენ, გზადაგზა რაღაცებს ედებიან,
ამტვრევენ. სცენაზე რჩებიან ბიანკა და ლოდოვიკო
****************************************************************
ბიანკა: აქ დავაუთოვებ, რა... იქ მარტოს მეშინია
ლოდოვიკო: რა თქმა უნდა
ბიანკა: (აუთოვებს) რა უნდა გკითხოთ: დეზდემონას ვინ ითამაშებს?
ლოდოვიკო: მეც ამაზე ვფიქრობ
ბიანკა: და ვინ შეარჩიეთ?
ლოდოვიკო: ემილიას შევპირდი ამ როლს...
ბიანკა: როდის მოასწარით?
ლოდოვიკო: რამდენი ხანია... უფრო სწორად... ახლახან…
ბიანკა: და მე რომ მომცეთ ეს როლი?
ლოდოვიკო: შენ?
ბიანკა: ხო, რით ვარ ემილიაზე ნაკლები?
უთოს თავს ანებებს, ლოდოვიკოს პირდაპირ ჯდება, თავის
უზადო ფეხებს გამოაჩენს
ლოდოვიკო: არაფრით ნაკლები არ ხარ, მაგრამ...
ბიანკა: აბა, რაშია საქმე? (უფრო მომნუსხველ პოზაში ჯდება.)
ლოდოვიკო: ხვალ უკვე სათამაშოა... იცი მაინც ეს როლი?
ბიანკა: ზეპირად ვიცი! (ლოდოვიკოს ეტმასნება) მე სხვანაირი
დეზდემონა ვიქნები. არა ფერმკრთალი და უბედური, არამედ,
მაცდუნებელი, სექსუალური, ეროტიკული... (ლოდოვიკოს მჭიდროდ
ეკვრის) არ ინანებთ, აი, ნახავთ!
ლოდოვიკო: კარგი, თუ თანახმა იქნები, რომ ხანდახან ვირეპეტიციოთ
ხოლმე... ჩემთან... სახლში...
ბიანკო: რასაკვირველია. აბა, რა? მე ყველაფერი მესმის
ლოდოვიკო: მაგრამ ადრე არ იყავი თანახმა
ბიანკა: ახალგაზრდა და გამოუცდელი ვიყავი, და მაშინ ვერ ვხვდებოდი,
რომ ძალიან მომწონხართ (ლოდოვიკოს ეხვევა)
ლოდვიკო: მოიცა... და ბიანკას ვინ ითამაშებს?
ბიანკა: მე
ლოდოვიკო: შენ?! ორივე როლს?!
ბიანკა: რატომაც არა: ისინი ხომ ერთდროულად სცენაზე არ არიან; აბა, რას
იტყვით? ოღონდ არ მითხრათ „არა“. ისე ვღელავ... ნახეთ!
(ლოდოვიკოს ხელს მკერდზე დაიდებს) გრძნობთ, როგორ ფეთქვს ჩემი
გული?
ამ დროს შემოდის ემილია, ხელში დეზდემონას კაბა, პალტო,
ფეხსაცმელები და ჩანთა უჭირავს.ლოდოვიკო და ბიანკა სწრაფად
შორდებიან ერთმანეთს
ემილია: სად წავიღო ესენი?
ბიანკა: მართლა მაგარი კაბაა... მოვირგებ, რა... ლოდოვიკო, თუ შეიძლება,
მიტრიალდით
ლოდოვიკო მიტრიალებას ვერ მოასწრებს და ემილია - აზრზე
მოსვლას, რომ ბიანკა თავის კოსტუმს სწრაფად შემოიძარცვავს,
დეზდემონას კაბას დასტაცებს ხელს და ჩაიცმევს
ბიანკა: (სარკის წინ ტრიალებს) როგორია?
ემილია: ჩამოკიდებული გაქვს, მე ზუსტად მომერგება
ბიანკა: შეიძლება, ცოტა ჩაიკეროს.. შენ არ ჩაგეტევა, ძალიან სავსე ხარ
ემილია: მე ვარ სავსე?! ზოგიერთივით გაჩხიკინებული არ ვარ, მაგრამ არც
სქელი ვარ. მომეცი, ჩავიზომო, და მიყურე! (ცდილობს, ბიანკას კაბა
გახადოს)
ბიანკა: გეუბნები, ვერ ჩაეტევი შიგ! (განაგრძობს სარკის წინ გრეხვას)
ემილია თავს ანებებს ბიანკას, დეზდემონას პალტოს და
ფეხსაცმელებს იცმევს და ლოდოვიკოს მიმართავს
ემილია: აბა, შემომხედეთ, მიხდება?
ლოდოვიკო: ძალიან
ბიანკა: (ემილიას შურის თვალით უყურებს.) ცოტა გრძელი გაქვს
ემილია: საერთოდაც არა, ზუსტად ჩემი ზომაა (სარკის წინ ტრიალებს.)
ბიანკა: (პალტოს ეპოტინება) კაბა აიღe და ჩaიზომე, არ გინდა?
ემილია: რა ჯანდაბად მინდა ეგ ძონძი? პალტოს დავიტოვებ
ბიანკა: ჩანთა სად არის? ალბათ, ძვირფასი კოსმეტიკა უდევს შიგ. ხომ არ
გადავყრით
ორივე ქალი დეზდემონას ჩანთაში იქექება. შემოდის კასიო
ლოდოვიკო: აბა, რა ხდება, სად ხარ ამდენ ხანს?
კასიო: ვერაფრით ვერ ჩავტენეთ ობიექტი მანქანაში. იმ ლოთი ოტელოს
ბრალია
ლოდოვიკო: რა ჩაიდინა?
კასიო: როცა გვამს მანქანაში ვდებდით, ოტელომ ხელი ამოუგდო ჯერ,
მერე იდაყვი ხია თვალში, მერე კარში ფეხი მოაყოლა,
ემილია: არა უშავს, ეგრე ჯობია კიდეც. ძალადობის კვალი ექნება ძარცვის
დროს წინააღმდეგობის გაწევის გამო
ლოდოვიკო: ახლა სად არიან?
კასიო: გზაში. 5-10 წუთში დაბრუნდებიან ალბათ
ლოდოვიკო: საჭესთნ ვინ ზის? იმედია, ოტელო - არა
კასიო: არა, იაგო. ოტელო გვერდით უზის და არიებს მღერის, ვერაფრით
ვერ გავაჩუმეთ, თქვენთნ რა ხდება?
ლოდოვიკო: აი, ქალბატონები ძონძებს იზომავენ
ბიანკა: (კასიოს) როგორ მოგწონს ჩემი კაბა?
კასიო: გადაირიეთ თქვენ?! ჩქარა გაიხადეთ! ეს ხომ ნივთმტკიცებებია! აი,
ამეების გამო მოკლეს დეზდემონა! პალტო და კაბა მძარცველებმა
წაიღეს! დაგავიწყდათ?!
ბიანკა: უი, მართალია! (სწრაფად იხდის კაბას და თეთრეულის ამარა
რჩება)
კასიო: სადმე დამალეთ. და ჯობია, საერთოდ დაწვათ
ემილია: არა, რა, დილამდე მაინც მეცმევა, რაა (ბიანკას ჯიბრზე
დეზდემონას კაბას იცმევს)
კასიო: ბიანკა, ღამის პერანგი დააუთოვე?
ბიანკა: არა, ვერ მოვასწარი
კასიო: ჩქარა!
ბიანკა: აქ ვერ ვაუთოვებ კარგად. საგრიმიოროში წავიდეთ, რა. ჩემთან
იყავი, რა, მარტოს მეშინია. (ჩუმად) არ მოგაწყენ
კასიო: (ჩუმად) იმედია
ბიანკა: (ჩუმად) ოღონდ ჩემთან კი არა, შენს საგრიმიოროში წავიდეთ. შენ
ცალკე საგრიმიორო გაქვს, ჩემთან კიდევ ემილიაცაა. შეიძლება,
ნებისმიერ დროს შემოვიდეს
კასიო: (უთოს იღებს) კარგი. გელოდები
კასიო გადის, ბიანკა მიჰყვება. გზად ლოდოვიკოს თეძოს
გაჰკრავს და ინტიმურად გადაუჩურჩულებს
ბიანკა: მზად ვარ, რეპეტიციები დავიწყო ნებისმიერ დროს. თუნდაც
ამაღამ (გადის)
სცენაზე რჩებიან ემილია და ლოდოვიკო
***************************************************************************
ემილია: ახლა, როცა მარტონი ვართ, შეიძლება, გკითხო, შენ და ბიანკა რას
აკეთებდით?
ლოდოვიკო: (შეიშმუშნება) მე და ბიანკა? არაფერს, რა უნდა გვეკეთბინა?
ემილია: არ იცი? ის, რასაც ახლა კასიო და ბიანკა აკეთებენ
ლოდოვიკო: (იმ მხარეს გაიხედავს, საითაც ბიანკა და კასიო
გავიდნენ) კასიო დაუთოებაში ეხმარება
ემილია: ვიცი, ვინ ვის და როგორც აუთოებს. თავს ნუ ისულელებ
ლოდოვიკო: ძალიან გთხოვ, ცოტა წესიერი ტონით მელაპარაკე. ჩვენ,
უბრალოდ, ვრეპეტიციობდით
ემილია: დეზდემონას როლს ხომ არა?
ლოდოვიკო: და ასეც რომ იყოს, რა?
ემილია: შენ ხომ მე შემპირდი ამ როლს?!
ლოდოვიკო: როგორ უნდა შეგპირებოდი, როცა ეს როლი უკვე
დაკავებულია?
ემილია: შენ ხომ თქვი, თუ დეზდემონა მოგვშორდებოდა, ეს როლი ყველა
შემთხვევაში ჩემი იქნებოდა. ჰოდა, აჰა, ისიც ჩამოგვშორდა და ახლა,
რა?!
ლოდოვიკო: ვნახოთ, ვიფიქროთ
ემილია: ყურების და ფიქრის დრო აღარ არის. ხვალ სპექტაკლია. და ერთი
გაბედე და ამ როლზე ბიანკა დანიშნე; ინანებ!
ლოდვიკო: რით ხარ უკმაყოფილო? მე რომ არ მექციე მსახიობად, ახლა
ისევ შენს უბადრუკ აფთიაქში იქნებოდი და პრეზერვატივებით
ივაჭრებდი
ემილია: მე სულაც არ ვვაჭრობდი პრეზერვატივებით
ლოდოვიკო: ჰოო? დაგავიწყდა, შენ თვითონ რომ მომყიდე ორი შეკვრა? და
მასე გაგიცანი და ვახშმზეც დაგპატიჟე?
ემილია: რა ვიცოდი მაშინ, რომ ის 6 ცალი პრეზერვატივი 3 თვე
გეყოფოდა.
ლოდოვიკო: ასეა თუ ისე, მე გამოგიყვანე ხალხში
ემილია: შენ გგონია, უმაღლეს კატეგორიის აფთიაქში ფარმაცევტად
მუშობას ჯობია პროვინციული ქალაქის ნესტიან თეატრში
მეორეხარისხოვანი როლების თამაში? იქ შემოსავალი მაინც იყო
წესიერი!
ლოდოვიკო: რატომ „მეორეხარისხოვანი როლები“? შარშან დედოფალს
თამაშობდი. თანაც თამაშობდი გულგრილად და მოსაწყენად. იმ
დროს ალბათ როლზე კი არ ფიქრობდი, არამედ იმაზე, თუ ვის
ერგებოდა ყველაზე მეტი აპლოდისმენტი
ემილია: ტყუილია! ამ დროს ჩემს მათხოვრულ ხელფასზე ვფიქრობდი!.
დედოფალს ვთმაშობდი და პალტოს საყიდელი ფულიც არ მქონდა.
შიშველი დავდიოდი. აი, ასე ექცევიან ჩვენს ქვეყანაში ხელოვან
ადამიანს!
ლოდოვიკო: შენ გგონია, მე, ვენეციელ სენატორს და დოჟის
წარმომადგენელს, მეტს მიხდიან?
ემილია: რაში მაინტერსებს, რამდენს გიხდიან? პირდაპირ მითხარი: ვინ
ითამაშებს დეზდემონას?
ბრუნდებიან კასიო და ბიანკა, ძალიან კმაყოფილები. კასიოს
მუნდირი არ აქვს ბოლომდე შეკრული, ბიანკას თმა აჩეჩილი აქვს,
კაბას ისწორებს. ემილია გვერდზე გადის. ლოდოვიკოს და ბიანკას
ჩუმი დიალოგი
ლოდოვიკო: დააუთოვე პერანგი?
ბიანკა: (დარცხვენილად) ვერ მოვასწარი. უთო არ გაცხელებულა ჯერ
ლოდოვიკო: სამაგიეროდ შენ გახურებულხარ ძალიან სწრაფად
ბიანკა: ტყუილად ბრაზობთ
ლოდოვიკო: სულაც არ ვბრაზობ. მაგრამ ახლა მგონია, რომ დეზდემონას
როლს ვერ გაქაჩავ. მეძავის როლში დარჩი, ძალიან შეგეფერება
ნაწყენი ბიანკა ტუჩს იკვნეტს. შემოდის იაგო, ყველა მას
უყურებს
ემილია: როგორაა საქმე?
იაგო: ყველაფერი წესრიგშია, სახლთან დავაგდეთ
ლოდოვიკო: ვინმემ დაგინახათ?
იაგო: მგონი, არა; დარწმუნებული არ ვარ
ლოდოვიკო: ოტელო სადაა?
იაგო: დარაჯის ტახტზე დავტოვე. ცოტა გამოიძინოს. საერთოდ არ უნდა
წამეყვანა. ხელს მიშლიდა. როცა დეზდემონა მანქანიდან
გადმოგვქონდა, თავი კაპოტზე დაარახუნებინა. კიდევ კარგი, კაპოტს
არაფერი დაეტყო
ბიანკა: ე.ი. აღარაფერი გვემუქრება?
იაგო: ეგრე გამოდის!
ბიანკა: ვაშა! (ტაშს შემოკრავს)
კასიო: ახლა მშვიდად შეგვიძლია, გავაგრძელოთ ჩვენი ფურშეტი
ემილია: (ჩაის ასხმამს) იაგო, ჩაი დალიე. ალბათ, ძალიან დაიქანცე გვამის
აქეთ-იქით თრევით
ბიანკა: ნამცხვარს მოგიჭრი
იაგო: კასიოსაც მოუჭერი, მანაც იშრომა
ლოდოვიკო: ვიცით, ვიცით, როგორც იშრომა.
კასიო: „ნამიოკები“ არ გვინდა, რა, თუ შეიძლება! (ჭიქას აწევს) როგორც
ჩვენი მამა შექსპირი იტყოდა, უილიამი, „დასასრული აგვირგვინებს
საქმეს“ ; ჰოდა, ჩვენს „ჰეფი ენდს“ გაუმარჯოს!
ლოდოვიკო: საქმე სრულიადაც არ დასრულებულა; მთავარი პრობლემა
გადასაჭრელია
კასიო: რა პრობლემა?
ლოდოვიკო: მთელი საღამო ერთ რამეზე ვფიქრობ, ვინ ითამაშებს
დეზდემონას?
ემილია: და რა არის აქ საფიქრალი? ცხადია, რომ მე ვითამაშებ
დეზდემონას. ეს საკითხი, ხომ დიდი ხანია, გადავწყვიტეთ.
ბიანკა: საინტერესოა, ერთი, ვინ გადაწყვიტა და როდის? დეზდემონას
სიკვდილამდე ხომ არა? ეს უკვე საეჭვოა
ემილია: ახლახან გადავწყვიტეთ, მე და რეჟისორმა! (ლოდოვიკოს) ხომ
მართალია?
ლოდოვიკო დუმილს ამჯობინებს
ბიანკა: ვეღარ გავიგე, დიდი ხანია, რაც გადაწყვიტეთ თუ ახლახან?
ემილია: და შენი რა საქმეა? შენ ახალი შემოზელილი ხარ თეატრში. შენი
საქმე მხოლოდ ესაა: მოკეტო და მოისმინო
ბიანკა: ჩემი საქმე დეზდემონას თამაშია
ემილია: შენ სრულ ჭკუაზე ხარ? შენ ხომ სრული, სრულყოფილი,
ასპროცენტიანი, აბსოლუტური უნიჭობის განსახიერება ხარ!
ლოდოვიკო: ემილია, დაწყნარდი
ემილია: (მიმართავს იაგოს და კასიოს) რას გაჩუმებულხართ?! ნუთუ
გინდა, რომ დეზდემონა ამ კახპამ განასახიეროს? ეს ხომ სპექტაკლის
ჩავარდნა იქნება!
კასიო: (ემილიას) იცი... როგორ გითხრა… დეზდემონა ახალგაზრდა და
ლამაზი უნდა იყოს. არც შენ ხარ ასაკოვანი და ლამაზიც ხარ... შენი
ასაკისთვის...
ემილია: (აწყვეტინებს) და ჩვენი აწგარდაცვლილი პრიმადონა
ახალგაზრდა და ლამაზი იყო, არა?! ის ჩემზე უფროსი იყო! და უფრო
სქელიც! ბოლო სცენაში კორსეტსაც იცვამდა, რომ წელი ჰქონოდა
კასიო: ჰოდა, ამიტომაც გადაწყდა მისი შეცვლა. და როცა ყველაფერი ასე
იღბლიანად...
ემილია: როცა ყველაფერი ასე იღბლიანად მოხდა, მე სხვის ბედნიერებას
ვუცქირო?!
კასიო: ბიანკაც... უდაოდ ნიჭიერია
ემილია: საინტერესოა, სხეულის რომელ ნაწილში აღმოუჩინე ნიჭი და
როდის? წეღან ხომ არა, საგრიმიოროში რომ ჩაიკეტეთ?!
ლოდოვიკო: დაგვეთანხმე, რომ ასაკი...
ემილია: (აწყვეტინებს) და ამას რა მნიშვნელობა აქვს? მსახიობს, თუ
გინდათ იცოდეთ, სამი ასაკი აქვს!
ბიანკა: მართლა? რა საინტერესოა. გისმენთ. მიყვარს უფროსების მოსმენა
ემილია: პირველი - ასაკი საბუთების მიხედვით, რომელსაც
სინამდვილეში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს; მეორე - როგორც
გამოიყურება - ეს, როგორც წესი 10-15 წლით ნაკლებია პირველ
ასაკზე; და მესამე- სასცენო ასაკი; მე 42-ის ვარ, გამოვიყურები 32-
ისად, და სცენაზე, სადაც მეხმარება გრიმი, პარიკი, კორსეტი,
განათება - 22, 22 წლის ვარ!
ბიანკა: ჯერ ერთი 42-ის კი არა, 50-ის ხართ, მეორეც - გამოიყურებით 50-
ისად და მესამეც, სცენაზე ყველას 60-ის გონიხართ!
ემილია: ბიანკა, ხმა გაკმინდე. შენ ახალგაზრდა ხარ. კიდევ მოასწრებ
თამაშს. ეს კი ჩემი უკანასკნელი შანსია. და მე მას ხელიდან არ
გავუშვებ, გასაგებია?!
პაუზა
*****************************************************************************
იაგო: გთავაზობთ, მოვაწყოთ კასტინგი. ემილიამ და ბიანკამ გვაჩენონ,
როგორ ითამაშებენ დეზდემონას. ჩვენ გავარკვევთ, რომელი მათგანი
შეეფერება ამ როლს
ემილია: (ამრეზით) ვიღაც ბიანკას უნდა გავეჯიბრო?
იაგო: ამაზეც შევთანხმდეთ: ვინც უარს ამბობს კასტინგზე, ის უარს ამბობს
როლზეც...
ემილია: (მცირეოდენი ყოყმანის შემდეგ) კარგი, თანახმა ვარ
ბიანკა: მეც
ლოდოვიკო: ვინ დაიწყებს?
ბიანკა: მე!
ემილია: რატომ შენ?
ბიანკა: იმიტომ, რომ მე!
კასიო: იყოს ბიანკა; რა მნიშვნელობა აქვს?
ლოდოვიკო: ბოლო სცენა წარმოგვიდგინე – დეზდემონას სიკვდილი
სამი მამაკაცისგან შემდგარი „სამხატვრო საბჭო“ ბიანკას
სანახავად ემზადება. ბიანკა მიდის საწოლთან
კასიო: ამ სცენაში ოტელოც საჭიროა
იაგო: გავაღვიძო?
ბიანკა: არა! მისი მეშინია, დამახრჩობს!
ლოდოვიკო: ნუ სულელობ!
ბიანკა: არა, არა! მასთან ერთად ვერ ვითმაშებ! კასიო იყოს მის მაგივრად
ლოდოვიკო: ნუ კაპრიზობ!
ბიანკა: (ჯიუტად) კასიო მინდა!
ემილია: წეღან არ გყავდა საგრიმიოროში? უკვე ისევ გინდა?
ლოდოვიკო: ბიანკა, პერანგი ჩაიცვი და დაიწყე
ბიანკა: (იშმუშნება.) პერანგი სველია
იაგო: არ დააუთოვე?
ბიანკა: არა
ლდოვიკო: რას აკეთებდით კასიოს საგრიმიოროში?.
ემილია: ვერ მიხვდით ჯერ? ბიანკამ წარმოუდგინა, როგორ უნდა ითამაშო
შიშველი მახა
ლოდოვიკო: ბიანკა, თუ პერანგს არ ჩაიცვამ, დეზდემონას ითამაშებს
ემილია
ბიანკა პერანგს იღებს და გადის
ემილია: (ლოდოვიკოს, ჩუმად) გაფრთხილებ: ამ როლს თუ არ მომცემ,
ინანებ!
ლდოვიკო: ნუ მემუქრები და წესიერად მოიქეცი. შენ თვითონ არ ინანო
ბრუნდება დეზდემონას პერანგში გამოწყობილი ბიანკა, სარკის
წინ ტრიალებს
იაგო: დაიწყეთ, რა!
მსახიობი ქალები საწოლთან განაწილდებიან
ბიანკა: (დეზდემონას როლში)
ემილია, რული არ მეკარება,
გული ცუდს მიგრძნობს, ავი რამ მოხდება თითქოს!

ემილია: (ემილიას როლში)


აი, ეს ნაყენი დაგაწყნარებთ და მშვიდ ძილს მოგგვრით!

ბიანკა: (დეზდემონას როლში)


მადლიერი ვარ შენი, ძვირფასო!
ემილია: (ემილიას როლში)
ტკბილ ძილს გისურვებ, ქალბატონო, ღამე მშვიდობის!
ემილია განზე გადის
ბიანკა: ოტელოს ვინ ითამაშებს? მე კასიო მინდა!
ლოდოვიკო: კასიოს ვერ მოგცემ. ვერც - იაგოს. ისინი ჩვენი პატარა
სამხატვრო საბჭოს წევრები არიან. ოტელოც ემილიამ ითამაშოს
ბიანკამ: ემილიამ, რატომ?
ემილია: მეკაიფებით, თუ რა არის?!
იაგო: რა მნიშვნელობა აქვს, რეპლიკებს ვინ იტყვის: ჩვენ ხომ ახლა ბიანკა-
დეზდემონას ვუყურებთ? ნუ ყაყანებთ, დრო მიდის!
ემილია: (მოღუშული) კარგი. (მოსასხამს მოიცვამს და ბიანკა-
დეზდემონასთნ შედის)

ემილია: (ოტელოს როლში) „ხომ ილოცე ამაღამისთვის, დეზდემონა?!“

ბიანკა: (დეზდემონას როლში) „დიაღ, ბატონო!“

ემილია: (ოტელოს როლში, მუქარით) „მოიგონე, თუ ცოდვა რამ გაქვს


და ზეცისგან მოტევება არ გითხოვია.
ითხოვე ახლავ, მოგიტევოს“ .
ბიანკასკენ იხრება, მისი ყელისკენ ხელებს იშვერს
ბიანკა: (დეზდემონას როლში, „ოტელოსგან“ უკან იხევს)
რაო, სიკვდილზედ ლაპარაკობ?
(როლიდან გამოდის) არ მინდა ამასთან ერთად თამაში! მართლა მეშინია!
ლოდოვიკო: ნუ კაპრიზობ! შენ, უბრალოდ, არ იცი მიზანსცენა. რატომ არ
დალიე ნაყენი, რომელიც ემილიამ მოგიმზადა?
ბიანკა: მეშინია: მომწამლავს! როგორც დეზდემონა მოწამლა!
ლოდვიკო: აზრზე მოდი, ბიანკა, რაებს ლაპარაკობ?
ბიანკა: იმას ვამბობ, რაც ვიცი. დავინახე, შხამი როგორ ჩაასხა ნაყენიან
ჭიქაში (ხვდება, რომ ზედმეტი წამოროშა და ტუჩს იკვნეტს.)
კასიო: რა? რა დაინახე?
ბიანკა: არაფერი
კასიო: რადგან დაიწყე, თქვი!
ბიანკა: ემილიამ ჭიქაში ფლაკონიდან რაღაც ჩააწვეთა. რა არის-მეთქი,
ვკითხე და თავი მტკივა და წამალი უნდა დავლიოო. არადა, ის ჭიქა
დეზდემონას მისცა
ემილია: იტყუები! არც ფლაკონი ყოფილა და არც არაფერი ჩამიწვეთებია!
ბიანკა: ხოო? აბა, ეს რა არის? (კორსაჟიდან იღებს და ყველას აჩვენებს
ფლაკონს)
ემილია: საიდან აიღე?! მომეცი აქ! (ფლაკონის წართმევას აპირებს, მაგრამ
კასიო გამოსტაცებს.)
კასიო: ემილია, ეს რა არის?
ემილია: ძილის წამალია ჩეულებრივი
კასიო: დეზდემონას რატომ დაალევინე?
ემილია დუმს
მიპასუხე!
ემილია: მინდოდა, სცენაზე ჩასძინებოდა და სპექტაკლი ჩაეგდო
იაგო: ჰოდა, დაიძინა კიდეც. სამუდამოდ
ემმილია: მაგრამ მე არფერ შუაში ვარ. მართალია, საკმაოდ ძლიერი
პრეპარატია, მაგრამ მცირე დოზით სრულიად უვნებელია. ნებისმიერ
ექიმს აჩვენეთ და დაგიდასტურებთ
იაგო: (ფლაკონს ათვალიერებს) ფლაკონი ცარიელია. საჩვენებელი
არაფერია
ემილია: რას ქვია, „ცარიელია“?! (ბიანკას) სად გადაღვარე დარჩენილი
სითხე?
ბიანკა: (გაუბედავად) მეც მტკიოდა თავი და გადავწყვიტე, რამდენიმე
წვეთი დამელია
ემილია: „რამდენიმე წვეთი“! ნახევარი ფლაკონი იყო! ნუ გვაბოლებ. არ
შეიძლება, ცარიელი თავი გტკიოდეს! სად გადაღვარე დარჩენილი
წამალი?!
იაგო: იმავე ჭიქაში. აბა, სად წაიღებდა?
ბიანკა: დიახ, იმავე ჭიქაში. მერე რა?
კასიო: რა მოხდება, თუ ამ წამალს დიდი დოზით მიიღებს ადამიანი?
ემილია: გაშეშება, სხეულის გაციება, პულსის გაქრობა და... თუ დოზა
საკმარისია... (ჩუმდება)
პაუზა
ლოდოვიკო: შენ და ბიანკას ამის გამო პასუხისგება მოგიწევთ
ემილია: მე? ვინ მთხოვა, დეზდემონა მწყობრიდან გამოიყვანეო? თქვენ
ხომ არა, პატივცემულო სინიორ ლოდოვიკო?
ლოდოვიკო: მე… მართლა მინდოდა დეზდემონას მოხსნა როლიდან და
ამისთვის საბაბი მჭირდეობდა
ემილია: როლი უნდა წაგერთმიათ, რომ მერე ბიანკასთვის მიგეცათ? და
ამიტომ დაგიჯერეთ და ავიღე ჩემს თავზე მთელი ეს სიბინძურე?
ლდოვიკო: მაგრამ შენ მსუბუქ საძილე საშუალებაზე ლაპარაკობდი და არა
ძლიერ შხამზე. ვწუხვარ
ემილია: არა, ძვირფასო, თუკი პასუხს ვაგებთ, ყველანი ერთად ვაგებთ...
პასუხს
იაგო: (ლოდოვიკოს) თქვენ თურმე გაცილებით კარგი რეჟისორი
ყოფილხართ, ვიდრე მეგონა
ლოდოვიკო არ პასუხობს
ბიანკა: მაგრამ ხომ ყველამ ვიცით, რომ საბოლოო ჯამში დეზდემონა
ოტელომ მოკლა. ხანჯლით. ჭრილობა ხომ ყველამ ვნახეთ
კასიო: მაგრამ მას ხომ ბუტაფორიული ხანჯალი ჰქონდა
იაგო: არა, კასიო, ხანჯალი ნამდვილი იყო და ეს შენ ძალიან კარგად იცი
კასიო: და რატომ გადაწყვიტე?
იაგო: იმიტომ, რომ დავინახე ბოლო სცენის დაწყებამდე, ისე ოსტატურად
შეუცვალე ხანჯალი, რომ საბრალო ოტელომ ვერაფერი შეამჩნია.
როლში ისე იყო შესული, რომ შეეძლო, საკუთრი თავიც გამოეხანჯლა
კასიო: ვაღიარებ, მე შევუცვალე ხანჯალი. ღადაობის პონტში
იაგო: მაგარი ღადაობაა!
კასიო: შენც კაი ვინმე ხარ, ყველაფერი დაინახე და ხმა არ ამოიღე!
იაგო არ პასუხობს. პაუზა
ლოდოვიკო: ერთი რამ ვერ გავიგე, მას მერე, რაც მოწამლეს, დაახრჩეს,
გამოშიგნეს, როგორ შეძლო დეზდემონამ ამოეთქვა: „უბრალოდ
ვკვდები“?
ემილია: ეგ მე ვთქვი კულისიდან
სიჩუმე
ბიანკა: და რატომ განვიცდით? რაც მოხდა, მოხდა. ყველას ერთი რამ
გვინდოდა: დეზდემონას მოხსნა როლიდან - და ყველაფერი
მშვენივრად დამთავრდა. მისი გვამი აქ აღარ არის, ჩვენ არაფერი
დაგვინახავს და არაფერი ვიცით. და საერთოდ, არაფერი მომხდარა
ლოდოვიკო: მართალია. რა საჭიროა დანაშულის ერთმანეთისთვის
გადაბრალება, ჩხუბი? რას მოგვცემს ეს?
იაგო: არაფერს
ემილია: რა ვქნათ?
კასიო: რა უნდა ვქნათ? დავსხდეთ და ფურშეტი გავაგრძელოთ.
ბიანკა: მშვენიერი აზრია
ყველანი მაგიდასთან სხდებიან
კასიო: (ჭიქას აწევს) დავლიოთ და ყველაფერი დავივიწყოთ!
ყველანი სვამენ
ლდოვიკო: რაც შეეხება ხვალინდელ დღეს. მე კიდევ ერთხელ მინდა ხაზი
გავუსვა ჩემი სპექტაკლის იდეას
იაგო: ჩვენი სპექტაკლის
ლოდოვიკო: იყოს, ბატონო, ჩვენი იყოს. ჩვენს საზოგადოებაში
გამეფებულია შური, აგრესიულობა, რომელიც ხშირად
ფარისევლური ურთიერთკეთილგანწყობის ქვეშ იმალება. აი, ამ
კუთხით უნდა ვითამაშოთ პიესა
იაგო: (გულგრილად და თავაზიანად) დიახ, დიახ, მასე ვითამაშებთ
ლოდოვიკო: შეიძლება, ეს იდეა თქვენ არ გხიბლავთ, მაგრამ ჩემთვის ის
ძალიან ძვირფასია
კასიო: (ძეხვით პირგამოტენილი) აუცილებლად გავატარებთ ამ იდეას
ემილია: პირადად მე ფეხებზე მკიდია იდეა. ანუ, ჩემთვის სულ ერთია, რა
იდეა იქნება. ჩემთვის გაცილებით მნიშვნელოვანია ვიცოდე, ვინ
ითამაშებს ხვალ დეზდემონას
ბიანკა: ძვირფასო, ეს უკვე გადაწყვეტილია. დეზდემონას მე ვითამაშებ.
შენ კი, როგორც აქამდე, ემილია იქნები. ხანდახან კარგადაც გამოგდის
ეგ როლი. ოღონდ, ნაყენს ნუ მომართმევ
ემილია: ლოდოვიკო, ჩვენთან როლებს ვინ ანაწილებს, თქვენ თუ ეს
ორმოცფეხა?
ბიანკა: ცნობისათვის, მე ორი ფეხი მაქვს
ემილია: სამაგიეროდ, დღეში ოცჯერ პლაკავ!
ბიანკა: ჩემზე, შენგან განსხვავებით, დიდი მოთხოვნილებაა. მეცოდები!
ვფიქრობ, ადრე, ძალიან დიდი ხნის წინ, როცა ახალგაზრდა და
მომხიბლავი იყავი, კაცები არც შენზე ამბობდნენ უარს
ემილია: იცინე, შტერო. ვნახავ, როგორ გაიცინებ ხვალ, როცა მე
დეზდემონას ვითამაშებ
ბიანკა: ცდები, ძვირფასო, დეზდემონა მე ვიქნები!
****************************************************************************************************
კოჭლობით შემოდის რუხ, გაღეღილ ხალათში ჩაცმული ქალი.
შუბლზე პლასტირმიკრული, თვალჩალურჯებული,
ცალხელჩმოვარდნილი, ფეხშეხვეული
ქალი: ორივენი ცდებით. დეზდემონა ვიქნები მე!
ყველა შოკშია
ემიმლია: დეზდემონა?!
ბიანკა: დეზდემონა!
ყველა: (ერთად) დეზდემონა!!!
დეზდემონა: (საზეიმოდ) დიახ, დეზდემონა!
ლოდოვიკო: (ამოიბუტბუტებს.) როგორ მიხარია თვქვენი დანახვა!
დეზდემონა: ლოდოვიკო, უნიჭო რეჟისორი რომ ხართ, ყველამ იცის,
მაგრამ არც მსახიობად უქნიხართ ღმერთს. ისიც კი არ შეგიძლიათ,
რომ ჩემი დანახვით გამოწვეული სიხარული ითამაშოთ
ბიანკა: ე.ი. ცოცხალი ხართ?
დეზდემონა: დროზე გაიხადე ჩემი პერანგი, კახპა!
ბიანკა: (შეშინებული) მერე მე? თეთრეულიც არ მაცვია
დეზდემონა: გინდა, დავიჯეროთ, რომ გრცხვენია?
ბიანკა: არა, რა თქმა უნდა. (საწყლად) მაგრამ მცივა
დეზდემონა: (იხდის საავადმყოფოს ხალათს - ამ დროს სისხლიანი იარა
გამოუჩნდება - და ბიანკას ესვრის) მოკეტე და რასაც გეუბნებიან, ის
გააკეთე! მალე!
ბიანკა იხდის პერანგს, იცმევს ხალათს. პერანგს დეზდემონას
აწვდის
კასიო: (უდარდელად) ჩვენ კიდევ ვზივართ აქ, აღვნიშნავთ პრემიერას და
გვიკვირს: სად დაიკარგა ჩვენი ძვირფასი დეზდემონა!
დეზდემონა: მე კიდევ უკვე აღარაფერი მიკვირს. ვიცოდი, რა ნაგვებიც
იყავით, მაგრამ დღეს ყოველგვარ მოლდინს გადააჭარბეთ.
იაგო: იქნებ გვითხრათ, რა შეგემთხვათ?
დეზდემონა: არ იცით?
იაგო: საიდან უნდა ვიცოდეთ?
დეზდემონა: მართლაც და, საიდან. კარგი, მოგიყვებით. საფინალო სცენაში
ვიგრძენი, რომ ძილი მომაწვა საშინლად და მხოლოდ იმაზე
ვფიქრობდი, როგორმე სპექტაკლის ბოლომდე გამექაჩა. ბოლო, რაც
მახსოვს, ხანჯალი მატაკეს. კიდევ კარგი, კორსეტი მეცვა და ხანჯალი
გვერდზე გაცურდა. მერე გონება დავკარგე. როცა გრძნობაზე მოვედი,
გახდილი ვიწექი ქვაფენილზე, ვიყინებოდი და სისხლისგან
ვიცლებოდი; საბედნიეროდ, ვიღაც გამვლელმა შემამჩნია და
სასწრაფოს გამოუძახა. ამან გადამარჩინა.
ემილია: რა ბედნიერებაა!
დეზდემონა: (ტკბილად) სხვათაშორის, ემილია, ძვირფასო, ძალიან
ლამაზი კაბა გაქვს. არ გინდა, მაჩუქო? (ხისტად) ახლავე!
ემმილია: (შეშინებული.) ჰო, რა თქმა უნდა (სწრაფად იხდის დეზდემონას
კაბას)
დეზდემონა: იქნებ პარიკიც მოგეხსნა?.
ემილია: უი, კიდე მე მიკეთია? უკაცრავად, დამავიწყდა (პარიკს იხსნის)
დეზდემონა: სადაა ჩემი ბრილიანტები?
იაგო ჯიბიდან იღებს ბეჭედს და საყურეებს და დეზდემონას
აწვდის
გმადლობთ, დანარჩენი ნივთები ჩემს საგრიმიოროში შეიტანეთ!
ემილია: იმიტომ ავიღეთ, რომ ვინმეს არ მოაპარა
დეზდემონა: მესმის. სანამ ერთმანეთში ამბებს არკვევდით, კულისში
ვიდექი და გისმენდით. ასე რომ ახლა ვიცი, როგორ გიყვარვართ; ჯერ
მომწამლეთ, მერე დამჭერით, მერე თავი კაპოტზე მარტყმევინეთ,
მერე ტროტუარზე მიმაგდეთ. ასეთი სიუჟეტის შექსპირსაც კი
შეშურდებოდა. ამ ყველაფერს მაგრად განანებთ!
კასიო: გაგვცემთ?
დეზდემონა: რატომ? უფრო სასტიკად ვიძიებ შურს
ბიანკა: (დაფეთებული) ნუთუ გვაიძულებთ, თქვენი მკურნალობის
საფასური დავფაროთ?
დეზდემონა: ეგ თავისთავად. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის
ემილია: ე.ი. დაგვაბეზღებთ?
დეზდემონა: თუ დაგაბეზღებთ, ყველას დაგიჭერენ და სპექტაკლიც
დაიხურება. მე კი თამაში მინდა. თვეების მანძილზე იმისთვის
შევდიოდი „ობრაზში“, ვეძებდი ახალ ფერებს ჩემი გმირის
ხასიათისთვის, რომ ბოლოს დავკარგო ეს სანუკვარი როლი? და
საავადმყოფოდან ტყუილად გამოვიქეცი? ნურას უკაცრავად! ხვალ
ვთამაშობ! უფრო სწორად დღეს, იმიტომ, რომ უკვე დილაა.
დეზდემონა ვიქნები მე. მე ვიქნები დეზდემონა! დეზდემონა ვიქნები
მე!
ლოდოვიკო: ეს შეუძლებელია! როგორ ითამაშებთ დეზდემონას ასეთ
მდგომარეობაში? ჩალურჯებული თვალით, ნაღრძობი ფეხით,
კოჭლობით...
დეზდემონა: აი, ზუსტად ასე ვითმაშებ
ლოდოვიკო: რას იფიქრებს მაყურებელი?
დეზდემონა: მაყურებელი იფიქრებს, რომ ოტელო ყოველდღე ცემდა
თავის ცოლს და ბოლოს გადაწყვიტა, რომ დაახრჩოს... როგორც
ცხოვრებაში ხდება ხოლმე
ლოდოვიკო: მაგრამ მე სულ სხვა იდეა მაქვს ჩადებული...
დეზდემონა: სულ ცალ ფეხზე მკიდია შენი ჩადებული იდეა. ჩემი ჯობია
იაგო: და ეს არის თქვენი შურისძიება?
დეზდემონა: აბა, რა! მე ყოველ საღმოს ვითამაშებ მთავარ როლებს. თქვენ
კი ნელ-ნელა ჩაძაღლდებით, ბოღმისგან გასკდებით და შური
დაგახრჩობთ, მე კიდევ ამით დავტკბები... მე მოვხსნი და დავნიშნავ
ხოლმე რეჟისორს, და, საერთოდ, იმას ვიზამ, რასაც მოვისურვებ. და,
აბა, გაბედეთ და რამე საწინააღმდეგო წამოიკნავლეთ, მაშინათვე
გაგაცამტვერებთ! (ტონს იცვლის) დამალევინეთ რამე, ამის დედა
ვატირე! ვერ ხედავთ, ფეხზე ძლივს ვდგავარ!
ყველა დაფაცურდება, დეზდემონას ადგილს უთავისუფლებს.
ლოდოვიკო სკამს მიაწვდის, კასიო ჭიქას შეუვსებს, ბიანკა თეფშს
და ჩანგალს დაუდებს, ემილია საჭმელს გადაუღებს
იაგო: აბა, რას გაუმარჯოს?
ემილია: რას კი არა, ვის - დეზდემონას გაუმარჯოს!
კასიო: ჩვენს უმშვენიერეს პრიმადონას, უსაყვარლეს და უძვირფასეს
დეზდემონას გაუმარჯოს!
შემოდის ოტელო. ცოტათი დაბნეული, მაგრამ მხნე და
მხიარული
ოტელო: აზრზე ხართ, რა მომივიდა? ვიღვიძებ, და რატომღაც დარაჯის
ოთახში ვარ, ტახტზე. როგორ აღმოვჩნდი იქ? მოვდივარ აქ - და
რატომღაც ყველანი აქ ხართ... (დეზდემონას მეგობრულად და
აუღლვებლად) გამარჯობა, დეზდემონა, როგორ ხარ?
იაგო: შენ, რა, არაფერი გახსოვს? ჩვენ ხომ ა ლა ფურშეტი გვქონდა
პრემიერის შემდეგ
ოტელო: (ჩაფიქრებული.) მართლა? მარტო ის მახსოვს, რომ ბევრი, ბევრი
დავლიეთ და ძალიან, ძალიან ვმხიარულობდით. კარგად
მოვილხინეთ, არა?
დეზდემონა: საოცრად! ახლა დროა, სახლებში წავიდეთ. სპექტაკლის წინ
დასვენება მჭირდება
ყველა წამოდგება
ოტელო: უკვე? მოიცათ! ერთიც დავლიოთ, რა!
ლოდოვიკო: იმედია, ბოლო
ოტელო: მერე გამოჩნდება. (ჭიქით ხელში დგას) ჩვენ ერთი ოჯახი ვართ.
და საერთოდ, ადამიანები ერთმანეთის ძმები არიან. მოდით, ძმობას,
სიკეთეს, და ყველაფერს იმ საუკეთესოს გაუმარჯოს, რაც ჩვენ
გვაერთიანებს! მოკლედ რომ ვთქვათ, სიყვარულს გაუმარჯოს!
ბიანკა: სიყვარულს გაუმარჯოს!
ყველანი უჭახუნებენ და სვამენ
დეზდემონა: და მაინც... დეზდემონა ვიქნები მე!

სპექტაკლის დასასრული. მსახიობები გამოდიან „პაკლონზე“


იმავე სქემით, ოღონდ, ამჯერად, დეზდემონასთნ ერთად

You might also like