You are on page 1of 13

ა ლა ფურშეტი პრემიერის შემდეგ

შავი კომედია

მოქმედი პირები:
ოტელო
იაგო
კასიო
ლოდოვიკო
დეზდემონა
ემილია
ბიანკა

დეზდემონას საძინებელი; სცენის სიღრმეში დგას საწოლი


ნახევრადდგამჭვირვალე ფარდით; ავანსცენასთან ახლოს - მაგიდა
და რამდენიმე სკამი; აღორძინების ეპოქის კოსტუმებში
გამოწყობილი მსახიობები თამაშობენ „ოტელოს“ საფინალო სცენას;
დეზდემონას ღამის პერანგი აცვია, სარკესთან ზის და თმას
ივარცხნის; მას ემილია ეხმარება
დეზდემონა: ემილია, რული არ მეკარება,
გული ცუდს მიგრძნობს, ავი რამ მოხდება თითქოს!
ემილია: აი, ეს ნაყენი დაგაწყნარებთ და მშვიდ ძილს მოგგვრით!
დეზდემონა (სვამს): მადლიერი ვარ შენი, ძვირფასო!
ემილია: ტკბილ ძილს გისურვებ, ქალბატონო, ღამე მშვიდობის!
ემილია გადის. ოტელო შემოდის
ოტელო: ხომ ილოცე ამაღამისთვის, დეზდემონა?!
დეზდემონა: დიაღ, ბატონო!
ოტელო: მოიგონე, თუ ცოდვა რამ გაქვს
და ზეცისგან მოტევება არ გითხოვია.
ითხოვე ახლავ, მოგიტევოს!
დეზდემონა: რაო, სიკვდილზედ ლაპარაკობ?!
ოტელო: შენი ცოდვები მოიგონე!
დეზდემონა: ჩემი შენდამი სიყვარულია ჩემი ცოდვა!
ოტელო: ის ხელსახოცი, მე რომ მიყვარდა და მოგეცი, შენ კასიოსთვის
გიჩუქებია!
დეზდემონა: არა, ვფიცავ სულს და სიცოცხლეს!
ოტელო: კეთილმა იაგომ მიამბო ეს მე!
დეზდემონა: ისევ ხვალ მომკალ, ერთი ღამე კიდევ მაცოცხლე!
ოტელო: ამაოდ ცდილობ!
დეზდემონა: დამაცადე ნახევარ საათს!
ოტელო: არ შეიძლება გადადება!
დეზდემონა: ლოცვისთვის მაინც ხანი მომეცი!
ოტელო: დაგვიანდა, დრო აღარ არის!
(ახრჩობს)
ემილია: (კულისიდან) ბატონო ჩემო, გამიგონეთ, კარი გამიღეთ!
ოტელო: ვინა ხმაურობს? - არ მომკვდარა... ჯერ სული უდგას...
თუმც სასტიკი ვარ, მაგრამ გული კი მოწყალე მაქვს:
მე არ მინდა, რომ დიდხანს გტანჯო! აგრე... ჰო, აგრე.
(დეზდემონას ხანჯალს ჩასცემს და ფარდის უკან მიაგდებს)
ემილია: (შემოვარდება) ვინა ჰყვიროდა?
ოტელო: რაო, ჰყვიროდა?!
დეზდემონა:(ფარდის უკნიდან, სუსტი ხმით) ოჰ, უსამართლოდ
მომაკვდინეს!
ემილია: ვაი, ჩემს თავს! ეს ქალბატონის ხმა იყო სწორედ.
ოჰ, გვიშველეთ, ჩქარა, გვიშველეთ! –
სულზედ უტკბესო დეზდემონა, ჩემო სიცოცხლევ,
სთქვი რამე კიდევ, სთქვი, სთქვი-მეთქი, ხმა ამოიღე!
(ფარდას მიაწყდება)
დეზდემონა: (ფარდის უკნიდან)
უბრალოდ ვკვდები!
ოტელო: მკვლელი მე ვარ, მე მოვკალ!
კასიოს ჰყავდა ის საყვარლად, თუნდ შენს ქმარს ჰკითხე!
ემილია: სულმდაბლობამ იზეიმა სიყვარულზედ!

შემოდიან იაგო, კასიო, ბიანკა და ლოდოვიკო


ლოდოვიკო: რა ამბავია, რა მოხდა აქ, დიდო სარდალო?!
ემილია: მოხველ, იაგო? აბა, კარგად კი მოქცეულხარ,
რომ კაცისმკვლელნი თავიანთ ბრალს შენ გაკისრებენ.
შენ მაგისთანა ავაზაკი ხომ არ იქნები, ხმა ამოიღე,
ეს გული ჯავრით გამეტენა!
იაგო: მე იგი ვუთხარ, რასაც ვფიქრობდი და მეტი არა მითქვამს რა!
შენ კი, სჯობს, ცოტა ენა შეიმოკლო!
ემილია: ვერ დამაჩუმებ; მე ვალი მაწევს, რომ ყველა ვთქვა!
აქ თავის საწოლში მკვდარი წევს ჩემი ქალბატონი...
. ყველა შეძრწუნებულია
ოტელო: რისთვის გაშტერდით?! ეგ მართალია, რასაც ამბობს!
ემილია: ოჰ, უგუნურო, სულელო მავრო!
შენ რომ ამბობ, ის ხელსახოცი
მე თვით ვიპოვე უცაბედად და ჩემს ქმარს მივეც,
რადგან რამდენჯერ უთხოვნია, შემომხვეწნია,
რომ მომეპარა, მერე ისეთ მკაცრის კილოთი,
რაიც სრულიად იმ უბრალო საგანს არ ჰფერობს!
იაგო: ოჰ, საზიზღარო, უნამუსო! სტყუი, მიჰქარავავ!
ემილია: არა, არ ვსტყუი!
ოტელო: ნუთუ ზეცაში არ მოინახვის ქვა-კლდე თუ არ მეხის სატეხლად!..
ენით უთქმელო ავაზაკო!..
ოტელო აპირებს იაგოს მოკვლას, მაგრამ კასიო მავრს განაიარაღებს. იაგო
ემილიას კლავს და გარბის, სცენას აქეთ-იქით აწყდება, მიმალვას
ცდილობს; კასიო და ლოდოვიკო იჭერენ იაგოს და ხელებს
გაუკავებენ
ემილია: ჩემი ქალბატონის გვერდით დამდეთ; ოჰ, მართლა ვკვდები!
(კვდება)
კასიო: თქვენ, ლოდოვიკო, მთავრის ნაცვალო
და სენატორო ვენეციისა,
გვიბრძანეთ, როგორ მოვიქცეთ,
გემორჩილებით, ჩემო ბატონო!
ოტელო: მითხარ, კასიო, შენ ჩემის ცოლის ხელსახოცი როგორ ჩაიგდე?!
კასიო: ის ჩემს ოთახში ვიპოვე მე. ეს არის ახლა,
თვითონ იაგოც კი გამოტყდა, რომ ის ხელსახოცი
იქ დაუგდია ეშმაკურის სხვა რამ განზრახვით!
მე კი ხელსახოცი ბიანკას ვაჩუქე ...
ბიანკა: კი, აგრე იყო!
კასიო: და რომ მცოდნოდა, ვისი იყო ეს ხელსახოცი,
გავბედავდი კი, მისთვის (ბიანკასთვის) მეჩუქებინა?!
ოტელო: უგუნური ვარ!
ლოდოვიკო (ოტელოს): თქვენი უფლება და ჯართ-უფროსობა
ჩამორთმეული გაქვთ დღეიდამ;
თქვენ ეს სახლი უნდა დასტოვოთ
და ჩვენ წამოგვყვეთ! აქ მმართველად კასიო რჩება;

ხმალამოღებული კასიო ოტელოს გვერდით დგება


ოტელო: ჯერ შეიცადეთ, ვიდრემდის წახვალთ,
მათქმევინეთ ეს ორი სიტყვა!
ერთხელ ალეპოში ოსმალი ვინმე
ვენეციელსა სცემდა ერთსა და უშვერი სიტყვით აგინებდა.
მივწვდი ყელში მე იმ ქოფაკ ძაღლსა წინ- დაცვეთილს და
დავკალ ასე!.. (ხანჯალს ჩაიცემს)
ყველა შეძრწუნებულია
ლოდოვიკო: ოჰ, რა სისხლისღვრის დრო დაგვიდგა!
კასიო: აქ ყოველივე სიტყვა უქმია!
ოტელო: ვიდრე მოგკალ, მე გაკოცე შენ, ახლა თავს ვიკლავ და მინდა,
კოცნით დაგაკვდე!
ოტელო საწოლზე ეცემა, კვდება; სპექტაკლი მთვრდება; ფარდა,
აპლოდისმენტი; ოვაცია
**********************************************************************************
დასი გამოდის კარგად დადგმულ „პაკლონზე“ აპლოდისმენტი,
ყვავილები; მსახიობები უხმობენ რეჟისორს (იგი ლოდოვიკოს
თმაშობს); აპლოდისმენტი ნელ-ნელა მიწყნარდება;
იგულისხმება ,რომ მაყურებელი დარბაზიდან გავიდა; ფარდა
ეშვება. მსახიობები სცენაზე ერთმანეთს ეხვევიან, კოცნიან,
ულოცავენ; ოტელოსა და იაგოს გარდა ყველა გადის
************************************************************************************

ოტელო: რეჟისორმა, მთავარი როლების შემსრულებლები არ წახვიდეთო;


გითხრეს?
იაგო: ჰო, ვიცი - გვექნება განხილვა და ა ლა ფურშეტი
ოტელო: ჯობია, პირდაპირ ა ლა ფურშეტი დავცხოთ, განხილვის გარეშე
იაგო: აბა, რა! მაგრამ ჩვენი ლოდოვიკო გაჩერდება ისე, რომ ჭკუა არ
დაგვარიგოს და არ დაგვმოძღვროს?!
ოტელო: ილაპარაკოს, რა გენაღვლება; ჩვენ თან მოვუსმენთ, თან შევჭამთ.
ისე, პრემიერა ხომ უნდა დავასველოთ
იაგო: დიდი სიამოვნებით გავტყვრებოდი!
ოტელო: რამეზე გაბრაზებული ხარ?
იაგო: არა, საიდან მოიტანე?
ოტელო: რაღაც უცნაური სახე გაქვს
იაგო: სახეა, რა
ოტელო: იმის გამო ხარ ასე? (ოტელო თავს გაიქნევს სცენის სიღრმისკენ)
იაგო: ვის გამო?
ოტელო: ისე გკითხე
იაგო: მეც ისე გიპასუხე
შემოდის ლოდოვიკო-რეჟისორი. მეტყველებაზე და მანერაზე
ეტყობა, რომ „უფროსობა“ უყვარს
ლოდოვიკო: მეგობრებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ პრემიერას!(ოტელოს
და იაგოს ხელს ართმევს)
ემილია (შემოდის): მუშებს აინტერესებთ, საწოლი და დეკორაცია
ავალაგოთო?
ლოდოვიკო: არა, ხვალაც „ოტელო“ გვაქვს, იდგეს ყველაფერი, როგორც
არის-თქო
ემილია: მაშინ ვეტყვი, სახლში წავიდნენ. (გადის)
ლოდოვიკო: მოდით, ცოტა გავისაუბროთ დღევანდელ სპექტაკლზე
შემოდიან ემილია და ბიანკა, შემოაქვთ საჭმელი-სასმელი,
ერთჯერადი ჭურჭელი, მაგიდაზე იმპროვიზებულ სუფრას შლიან
იაგო: და ხვალ რომ ვილაპარაკოთ და დღეს უბრალოდ დავლიოთ?
ლოდოვიკო: ხვალ დეტალურად განვიხილავთ ყველაფერს, დღეს ერთი-
ორი სიტყვა მინდა, გითხრათ, სანამ ჩვენი ქალბატონები სუფრას
გაშლიან
იაგო: ზვიადს შეხედეთ, ფეხზე ძლივს დგას, ისე დაიღალა!,
ლოდოვიკო: ასჯერ გითხარით, რომ სანამ ამ სპექტაკლზე ვმუშაობთ,
დავივიწყოთ, რომ ოტელოს ზვიადი ჰქვია, დეზდემონას - მარიამი,
კასიოს - მერაბი; სცენაზეც და მის გარეთაც ისინი არიან ოტელო,
დეზდემონა და კასიო! ეს კიდევ უფრო დაგეხმარებათ, რომ როლს და
სპექტაკლს მაქსიმალურად შეესისხლხორცოთ. ეს ჩემი მეთოდია!
იაგო: ჰოდა, იმას ვამბობდი: ოტელო ძლივს დგას ფეხზე!
ოტელო: არა უშავს, კაცო, არ დავღლილვარ მაინც და მაინც
ლოდოვიკო: ყოჩაღ, ოტელო! ისე, დღეს სცენაზე ძალიან მაგარი იყავი
ოტელო (იშმუშნება) : გმადლობთ
ლოდოვიკო: მაგრამ, როგორც ყოველთის, ცოტა ტემპერამენტმა
გადაგწონა. ხანდახან კონტროლს კარგავ ხოლმე.
ოტელო: ვიცი, როცა შევიჭრები...
იაგო: ჰო, მაგრამ, მეორე მხრივ, სად გაგონილა ოტელო ტემპერამენტის
გარეშე?
ლოდოვიკო: ვიცი, თქვენ მეგობრები ხართ და მაგიტომაც გამოესარჩლე.
მაგრამ ახლა მას ეს სულაც არ სჭირდება
იაგო: უკაცრავად, დამავიწყდა, რომ ჩვენთან განხილვა ეწოდება იმას, რომ
მხოლოდ თქვენ ლაპარაკობთ
ლოდოვიკო: სხვათაშორის, იაგო, შენი თამაში, სამწუხაროდ,
ჯერჯერობით შორსაა იდეალურისგან. ავიღოთ, თუნდაც, ბოლო
სცენა; შენ იქ უნდა გამოხატო შიში მხილების მოლოდინში,
გაბოროტება და ბრაზი კარგად გათვლილი ინტრიგის ჩაფლავების
გამო, სინანული და სირცხვილი ჩადენილი საქციელის გამო! ჩვენ კი
რა ვიხილეთ? - სცენაზე ხტუნვა და უნიათო წამოძახილები; აშკარად
სხვა რამეზე ფიქრობდი; უფრო შინაგანად უნდა ითამაშო, ვიდრე
გარეგნულად
იაგო: ამ სცენაში არ მინდოდა, აქცენტი ჩემზე გადმომეტანა; მაყურებლის
მთელი ყურადღება ხომ ოტელოსკენ უნდა იყოს მიპყრობილი.
ლოდოვიკო: არ ხარ მართალი: ჩემთვის ამ პიესის მთავარი გმირი ოტელო
კი არა, იაგოა. სწორედ იაგოა მთელი ამ ამბის, ასე ვთქვათ, ზამბარა.
გავიხსენოთ, რით იწყება პიესა: ოტელოს გამოჩენით?-არა.
დეზდემონას მონოლოგით?- არა. იაგოსა და როდრიგოს სცენით.
იაგოს შურს მავრის, რომელმაც მიიღო მთვარსარდლის პოსტი, და
იწყებს ინტრიგის ხლართვას მის გარშემო. მაგრამ ოტელოს პირველი
მოადგილეც ჰყავს - კასიო, ამიტომაც იაგომ ინტრიგაში ისიც უნდა
გააბას. მას აქვს მზაკვრული გეგმა, რომლითაც ორი კურდღლის
დაჭერას აპირებს: ოტელოში კასიოს მიმართ ეჭვიანობას აღვივებს,
უნდა, ისინი ერთმანეთს წაჰკიდოს და ორივე დაღუპოს. ამ პიესას,
ყოველთვის თამაშობენ, როგორც ოტელოს ტრაგედიას, არადა,
არანაკლებ ტრაგიკულია იაგო. მამაცმა, ჭკვიანმა, ერთგულმა
ჯარისკაცმა ვერ შეძლო იმის ატანა, რომ მას ამჯერადაც გვერდი
აუარეს და მთვარსარდლობა მიანიჭეს მავრს, მისი მოადგილეობა კი
ქარაფშუტა ლამაზ პიჟონს - კასიოს; ნეპოტიზმი! და იაგო ირჩევს
გზას, რომელზეც იღუპება მისი ცოლიც, როდრიგოც, ოტელოც,
დეზდემონაც, და თვითონაც! ჩემთვის, პირველ რიგში ეს არის არა
ეჭვიანობის და მოტყუებული ნდობის, არამედ შურის ტრაგედია!
ოტელო:(ის და იაგო გულისყურით უსმენდნენ რეჟისორს) ამ გახსენებაზე,
კასიო სად არის?
იაგო: ალბათ ჩვენი „კრასავჩიკი“ გასასვლელთნ დგას და ავტოგრაფებს
არიგებს. მალე მოვა
ლოდოვიკო: ჰოდა, იმას ვამბობ: შური - აი, რა ამოძრავებს სამყაროს.
მაგრამ ჩვენ არ გვშურს, ვიღაც, ვთქვათ, როკფელერის მილიარდების,
იმიტომ, რომ მას არ ვიცნობთ და თანაც ის შორსაა ჩვენგან; ჩვენ
გვშურს ჩვენი ახლობლების რაღაც წვრილმანების გამო; რატომ აქვს
ჩემს თანამშრომელს ორი ლარით მეტი ხელფასი, როცა მე არც
ნაკლებს არ ვმუშაობ და არც უარესად? რატომ აქვს ჩემს მეზობელს
კარგი ბინა? რატომ აქვს ჩემს მეგობარს ახალი მანქანა? აი, რა არ
გვაძლევს მოსვენებას და რა გვიბიძგებს უმსგავსო საქციელისკენ,
ოღონდაც პირველი ვიყოთ ჩვენს გარემოცვაში!
იაგო: მერედა, რა არის ამაში გასაკვირი? იულიუს კეისარიც ამას ამბობდა:
„გერჩივნოს, იყო პირველი სოფელში, ვიდრე მეორე ქალაქშიო“
ოტელო: მე რაც შემეხება, მე არავისი მშურს; თუმცა სხვისი წარმატება
ცოტა მთრგუნავს
ლოდოვიკო: მეც მაგას ვამბობ: ჩვენ კონკურენციის ხანაში ვცხოვრობთ;
ადამიანი ადამიანის მტერია; ჩვენ ინსტინქტურად გვეშინია
გარშემომყოფების და უკვე მეგობრებსაც აღარ ვენდობით. აგრესია
ჩასაფრებულია თითოეულ ჩვენგანში და რაღაც დროს ამოხეთქავს
ხოლმე. აი, ამაზეა ჩემი სპექტაკლი
იაგო: ჩვენი სპექტაკლი
ლოდოვიკო: ჰო, რა თქმა უნდა, ჩვენი სპექტაკლი
შემოდის კასიო. სიმპათიური, კომინიკაბელური ახალგაზრდა
მამაკაცი
კასიო: ხომ არ დავაგვიანე?
იაგო: არა, ჯერ არ დაგვიწყია
ლოდოვიკო: როგორ არ დაგვიწყია: ამდენი ხანია, სპექტაკლს ვარჩევთ
იაგო: (ირონიულად) მე სპექტაკლს კი არა, ა ლა ფურშეტს ვგულისხმობდი
ლოდოვიკო: ა, ჰო, მართალია, პრემიერა ხომ უნდა დავასველოთ;
გოგოებო, როგორ არის საქმე?
ბიანკა: მზად არის ყველაფერი, დასხედით!
ყველანი სხდებიან მაგიდის გარშემო. ლოდოვიკო ჭიქას იღებს
ლოდოვიკო: მოდით, მეგობრებო, წარმატებულ პრემიერას გაუმარჯოს! და
ჩვენს სპექტაკლს დღეგრძელობა ვუსურვოთ!
ოტელო: გაუმარჯოს! წარმატება მსახიობის ცხოვრებაში მთავარი რამ არის!
ბიანკა: და კიდევ უფრო მთავარი ქალის ცხოვრებაში !
უჭახუნებენ ერთმანეთს, სვამენ, აყოლებენ
ოტელო (კასიოს) მერაბ, მომაწევინე, რა
ლოდოვიკო: რა „მერაბ, მომაწევინე“?! ხომ შევთნხმდით, რომ ვართ არა
კოლეგები, არამედ „ოტელოს“ გმირები! და არა მარტო სპქტაკლის
დროს. უნდა გეთქვა: „პირმშვენიერო კასიო, ნება მიბოძე,
დავაგემოვნო უტკბესი კვამლი შენი სიგარისა!“
კასიო: (ჭიქით ხელში ფეხზე წამოდგება.) ბოდიშს გიხდით, რომ
განხილვას ვერ დავესწარი. ალბათ ჯერ ყველაფერი ბოლომდე კარგად
არ გამოგვივიდა დღეს, ჩვენი გაკრიტიკება შეიძლება და საჭიროცაა.
მაგრამ, მთვარი ისაა, რომ დღეს ჩენ გავიმარჯვეთ, გამარჯვებულებს
კი არ ასამართლებენ! მოდით, გამარჯვებისა იყოს!
ყველანი უერთდებიან სადღეგრძელოს; გარემო სუფრასთნ ნელ-
ნელა თბება
ლოდოვიკო: აბა, კიდევ ვის უნდა, რამე გვითხრას?
ბიანკა: მოდით, საუკეთესო სადღეგრძელოს კონკურსი ჩავატაროთ
იაგო: საუკეთესო სადღეგრძელო, ყველაზე მოკლე სადღეგრძელოა;
იმდენი ვიქაქანეთ სცენაზე; მოდი, ახლა დავლიოთ
ოტელო: (ჭიქით ხელში) მაშინ მე ვიტყვი. თეატრი ხელოვნების ტაძარია.
მან ჩვენ ერთ დიდ ოჯახად გვაქცია. მე მინდა, ჩვენი
კეთილშობილური პროფესიის სადღეგრძელო შევსვა, მსახიობებს
გაგვიმარჯოს!.
მსახიობები სადღეგრძელოს უერთდებიან
ლოდოვიკო: აი, წეღან კასიომ თქვა, გამარჯვებულებს არ ასამართლებენო.
კი, ბატონო, პრემიერამ წარმატებით ჩიარა, თუმცა, უნდა ვაღიაროთ,
რომ ამ ღვინოში ცოტა, ბოდიში და, მთხლეც ერია. მე, როგორც
რეჟისორს, მინდა სპექტაკლის ზერელე განხილვა დავამთავრო.
ოტელოზე და იაგოზე უკვე ვისაუბრეთ. შენ, კასიო, არა გიშავდა,
თუმცა ზედმეტად, ასე ვთქვათ, ტკბებოდი საკუთარი თავით. უნდა
გახსოვდეს, რომ მთვარსარდლის მოადგილეს თამაშობ, მეომარს და
არა ქალების „ლუბიმჩიკს“
კასიო: და მეომარი არ შეიძლება, ქალების „ლუბიმჩიკი“ იყოს?
ლოდოვიკო: ახლა ლოდოვიკო... თუმცა ლოდოვიკოს მე ვთამაშობდი
იაგო: და, რასაკვირველია, უზადოდ. საუკეთესო, მე ვიტყოდი,
ცენტრალური როლი სპექტაკლისა. უცნაურია, რომ სპექტაკლს
„ოტელო“ ჰქვია, და არა „ლოდოვიკო“
ლოდოვიკო: ირონიისგან თავი შვიკავოთ, თუ შეიძლება. მშვენივრად
მოგეხსენება, რომ მე რეჟისორი ვარ, და არა მსახიობი. და ამ როლს
იმიტომ ვთამაშობდი, რომ მისი შემსრულებელი ავად გახდა
იაგო: ნუ თავმდაბლობთ. მართალია, სულ ორი-სამი ფრაზა წარმოთქვით,
მაგრამ მაშინვე ნათელი გახდა, რომ მსახიობად ხართ დაბადებული,
და არა - რეჟისორად
ლოდოვიკო: (იაგოს რეპლიკას „გაატარებს“. ქალებს მიმართავს.) ემილია,
შენთან პრეტენზიები არ მაქვს. ბიანკა, შენ მშვენიერი იყავი.
ერთადერთი, ვისითაც უკმაყოფილო ვარ, დეზდემონაა. ჯერ კიდევ
ანტრაქტის დროს ვუსაყვედურე. და სად არის დეზდემონა? აქ რატომ
არ არის?
მსახიობები აქეთ-იქით იხედებიან. ახლაღა შეამჩნიეს, რომ
დეზდემონა მათთან ერთად არ არის
ემილია: ალბათ იცვლის.
ლოდოვიკო: მიდი, ნახე, რა, გეხვეწები
ემილია გადის. ლოდოვიკო აგრძელებს
ავიღოთ, თუნდაც, მისი ბოლო ფრაზა: „უბრალოდ ვკვდები“. ასჯერ მაინც
ვუთხარი, ეს არის ეფექტური სცენა-მეთქი. როცა ყველა ფიქრობს, რომ მან
სული განუტევა, უეცრად გამოჩნდება ფარდის უკნიდან, ფერმკრთალი,
თმაგაშლილი, ამოიკვნესებს: „უბრალოდ ვკვდები“. ეს კიდევ რაღაც
ბუტბუტებს ფარდის უკან, მაყურებელს არაფერი ესმის! რას ჰგავს ეს?!
მოკლა სპეკტაკლის „კანცოვკა“. ეს ყოვლად დაუშვებელია!
იაგო: რომ მოვა, თვითონ მას მიეცით შენიშვნა
ლოდოვიკო: მივცემ, ნუ ღალავ!
იაგო: არ გეშინიათ?
ლოდოვიკო: კაცო, სულ რატომ „მკბენ“? შემარგე, რა, ეს საღამო და ხვალ
დაგელაპარაკები. ვიცი შენი საყვარელი ფრაზა: „მე ამ სპექტაკლს
სხვანაირად დავდგამდი“. იცი, რას გეტყვი: ყველამ იცის, როგორ არ უნდა
დაიდგას სპექტაკლი, მაგრამ არავინ არ იცის, როგორ უნდა დაიდგას
ემილია: (ბრუნდება) საგრიმიოროში არ არის
ბიანკა: „პაკლონზეც“ არ გამოსულა
ოტელო: (ლოდოვიკოს ) ალბათ, ანტრაქტის დროს რომ უსაყვედურეთ,
იმაზე გაბრაზდა
კასიო: ხვალ წავა და დირექტორთან „ჩაგიშვებთ“
ლოდოვიკო: ჰო, მაგრამ ეს საყვედურიც არ იყო... უბრალოდ შენიშვნა,
საკმაოდ ტაქტიანი ფორმით...
იაგო: ჰოდა, აი, ეგ ხვალ ბატონ დირექტორს უთხარით , როცა გამოგიძახებთ
კასიო: ან როცა ქალბატონი დეზდემონა გამოგიძახებთ
ლოდოვიკო: ბიანკა, მიდი, რა, მოძებნე მარიამი. უხერხულია მის გარეშე
პრემიერის აღნიშვნა. ეწყინება
იაგო: მარიამი კი არა, დეზდემონა. (ირონიული ხაზგასმით) ერთმანეთს
მხოლოდ სასცენო სახელებით უნდა მივმართოთ, რომ მთლიანად
შევისისხლხორცოთ როლიც და სპექტაკლიც. ეს თქვენი მეთოდია
ლოდოვიკო არ იმჩნევს. ბიანკა გადის. პაუზა
კასიო: არ ინერვიულოთ. როდესაც დეზდემონა გამოგიძახებთ, ბოდიშს
მოუხდით მასსაც და დირექტორსაც ძალიან ტაქტიანად; და
ქალბატონიც გაპატიებთ
ლოდოვიკო: (გაღიზიანებული) ფეხებზე მკიდია დირექტორიც და მისი
კაპრიზებიანი საყვარელიც! აღარ ვაპირებ მაგათ ხუშტურებზე
სიარულს!
იაგო: თქვენ ადგილას თავს შევიკავებდი ასეთი ლაპარაკისგან მოწმეების
თანდასწრებით
ბიანკა ბრუნდება
ბიანკა: არსად ჩანს
ლოდოვიკო: დარაჯს ჰკითხე?
ბიანკა: დარაჯს ძინავს
ლოდოვიკო: გააღვიძე და ჰკითხე, ხომ არ უნახავს
ბიანკა გადის. პაუზა. ლოდოვიკო ნერვიულობს
კასიო: სანამ ბიანკა ჩვენს შეუდარებელ დეზდემონას ეძებს, მინდა ერთი
შარადა შემოგთავაზოთ: სიტყვის პირველი სიტყვის ასაგდები
ადგილია, მეორე ნახევარი - ჯოხი, მთლიანად კი ქეიფის
ნაირსახეობაა; რა არის?
ოტელო: ახლა ტვინი არ მიმუშავებს. პირდაპირ გვითხარი, რა არის.
კასიო: იგო, ვერც შენ მიხვდი?
იაგო მხრებს იჩეჩავს. კასიო საზეიმოდ აცხადებს
„ბანკეტი“!
ოტელო: „ბანკეტი“? რატომ?
კასიო: კეტი- ჯოხი, ბანი - სიტყვა ბანზე ამიგდოო; ბან-კეტი -- ქეიფი, რა;
ჰოდა, ჩვენს პატარა, მოკრძალებულ პურისჭამას გაუმარჯოს!
ოტელო, იაგო და კასიო ჭიქებს უჭახუნებენ და სვამენ
ლოდოვიკო: და მე რატომ გამომტოვეთ?
იაგო: თქვენ ჩვენზე იმდენად მაღლა დგახართ, რომ მოკრძალებული
პურისჭამა ვერ გაკადრეთ
ბიანკა ბრუნდება
ლოდოვიკო: სად ხარ ამდენი ხანი?!
ბიანკა: დარაჯს ვაჯანჯღარებდი, ძლივს გავაღვიძე. ასე თქვა, დეზდემონა
სხვებთან ერთად წავიდაო
ლოდოვიკო: დაუძახე, ერთი, მაგას!
ბიანკა: ისიც შინ წავიდა, აი, მთხოვა, გასაღები გადაეციო
ლოდოვიკო: (გასაღების ასხმას ართმევს) ჰო, დიდ მსახიობს უფლება აქვს,
ისე მოიქცეს, როგორც მოისურვებს. მოდით, ჩვენს სახელოვან
დეზდემონას გაუმარჯოს!
ემილია: სიამოვნებით - შესანიშნავი მსახიობი და გადასარევი ადამიანია
ოტელო: საინტერესოა, რატომ წავიდა
კასიო: ჩვენ აქ პრემიერის აღსანიშნავად შევიკრიბეთ თუ დეზდემონაზე
სალაპარაკოდ? წავიდა და წავიდეს. შემომაქვს წინადადება: მეტად ამ
თემაზე აღარ ვისაუბროთ
ლოდოვიკო: სწორია
ოტელო: კი, ბატონო
იაგო: (კასიოს) ეს არ უნდა შემოგეთავაზებინა
კასიო: რატომ? გინდა, რომ დეზდემონაზე ჩავიციკლოთ?
იაგო: არა, მაგრამ ამაზე შეთანხმება არ იყო საჭირო. ის იგავი ხომ იცი, ერთ
კაცს რომ უბრძანეს, ერთი საათის განმავლობაში მაიმუნზე არ
იფიქროო? მანამდე სულ არ გახსენებია მაიმუნი, მაგრამ მერე
უნებლიედ სულ მაგაზე ფიქრობდა
კასიო: მართალი ხარ. ყოველგვარი შეთნხმების გარეშე ვეცადოთ, არ
ვიფიქროთ ჩვენს მაიმუნზე. დავლიოთ და ვიმხიარულოთ ჩვენს
მშვენიერ მანდილოსნებთან ერთად (ბიანკას უჭახუნებს.)
ბიანკა: კარგი, რა, დაანებეთ მაიმუნზე საუბარს თავი, არ არის ლამაზი
კასიო: მეტს აღარ ვიზამ. მაგრამ მე ყველაზე მეტად მწყდება გული იმაზე,
რომ დეზდემონა ჩვენთნ არ არის; ჩვენს პატარა მოკრძალებული
სუფრა მანდილოსნების ნაკლებობას განიცდის. თქვენ მხოლოდ
ორნი ხართ, ჩვენ კი - სამნი. (ლოდოვიკოს გადახედავს) უფრო
სწორად, ოთხნი
ემილია: არა უშავს, ჩვენ თითო ორს ვუდრით
კასიო: ე.ი. შეგიძლიათ, ორ-ორი კაცი აიღოთ თქვენს თვზე?
ბიანკა: თუ საჭირო იქნა, მეტიც
იაგო: ოჰო, თამამი განცხადებაა!
ოტელო: მოდით, ჩვენს მშვენიერ მანდილოსნებს გაუმარჯოს!
ლოდოვიკო: მშვენიერ მანდილოსნებს და, ამავე დროს, შესანისნავ
მსახიობებს
კასიო: სილამაზეს, ხიბლს და ნიჭს გაუმარჯოს!
მანდილოსნები სხედან, მამაკაცები ფეხზე მდგარი სვამენ
ემილია: ახლა ის-ღა დაგვრჩენია, მამაკაცების სადღეგრძელო შევსვათ
კასიო: რადგან ქალბატონებმა გადაწყვიტეს, ჩვენი სადღეგრძელო შესვან,
მე მათთვის სურპრიზი მაქვს: ნამდვილი ფრანგული კონიაკი!
ოტელო: აბა, სად არის?
კასიო: საიმედო ადგილას, ახლავე მოვიტან
კასიო მიემართება სცენის სიღრმეში, საწოლის გვერდით
ჩავლისას ავტომატურად ფარდას გადაწევს, დახედავს საწოლს,
ჩერდება, რაღაცას დააკვირდება, და რამდენიმე წამში კოლეგებთან
ბრუნდება
ოტელო: რატომ დაბრუნდი?
კასიო ჩუმადაა
იაგო: რა გჭირს? სახეზე ფერი არ გადევს
კასიო: იქ... საწოლზე... დეზდემონა...
ლოდოვიკო: რა „დეზდემონა“?
კასიო: არაფერი, წევს
ბიანკა: ძინავს?
კასიო: არ ვიცი
ლოდოვიკო: ბიანკა, წადი, ნახე
ბიანკა: მეშინია
ლდოვიკო: რისი?
ბიანკა: არ ვიცი, უბრალოდ, მეშიანია
ლოდოვიკო: ემილია, მიდი, შენ ნახე
ემილია: ვერ მივალ
ლოდოვიკო: შენც გეშინია?
ემილია: თქვენ თვითომ მიდით. ჩვენ რატო გვიშვებთ, თქვენ ხომ კაცები
ხართ
ლოდოვიკო ყოყმანობს
იაგო: ვერ გავიგე, თქვენც გეშინიათ?
ლოდოვიკო: არა, მაგრამ... ქალს ჩახედო.. ლოგინში...
იაგო: კარგი, რა, ეს ხომ სცენაა და არა ქალის საძინებელი
იაგო გაბედულად უახლოვდება საწოლს, გადაწევს ფარდას.
საკმაო ხანს ყოვნდება, უკან ბრუნდება. ყველანი დაძაბულნი
ელიან, რას იტყვის
ემილია: რა ხდება?
იაგო: მკვდარია
ყველა შოკშია
***************************************************************************************
ლოდოვიკო: დარწმუნებული ხარ? მართლა მკვდარია?
იაგო: წყალი არ გაუვა
ოტელო: შეუძლებელია! აგერ ახლა ცოცხალი არ იყო? ახლახან არ
ვახრჩობდი?
იაგო: მგონი, კარგად გამოგივიდა
ოტელო: რანაირი ხუმრობაა ეს?!.
იაგო: არ ვხუმრობ
ლოდოვიკო მიდის საწოლთან და დათრგუნული ბრუნდება
ლოდოვიკო: ჰო, მკვდარია
ოტელო: რამ მოკლა?
ლოდოვიკო: მგონი, შენ ისევ ვერ მოთოკე შენი ტემპერამენტი. ხომ
გაფრთხილებდი! დილის რეპეტიციაზეც კინაღამ დაახრჩე!
ოტელო: არა, კაცო, სულ ოდნავ შევეხე!
ლოდოვიკო: „ოდნავ“... ხელებზე დაიხედე და მერე გაიხსენე, ქალს რა ნაზი
სხეული აქვს
ოტელო: იქნებ ინფარქტმა დაარტყა... ბოლო დროს სულ გულს უჩიოდა
ლოდოვიკო: თავს ნუ იტყუებ, ოტელო, კისერზე შენი თითების კვალი
ტყვია, სულ დალურჯებული აქვს
ბიანკა: ღმერთო, რა ვქნათ?
იაგო: პირადად მე უნდა დავლიო!
ლოდოვიკო: მეც
ემილია: არც მე ვიტყვი უარს
ოტელო: მეც
იაგო: კასიო, მოიტა შენი კონიაკი
კასიო ფრთხილად, დიდ წრეზე შემოუვლის საწოლს და სცენის
მიღმა უჩინარდება
ოტელო: და მაინც, მე არაფერ შუაში ვარ
ემილია: გამოძიება დაადგენს
კასიოს კონიაკი მოაქვს და ჭიქებში ასხმას
ლოდოვიკო: აბა, ხსოვნა იყოს
ყველა სვამს. სიჩუმეა
ოტელო: რა იქნება აწი?
კასიო: ნუ გეშინია, არაწინასწარგანზრახული მკველობაა, ბევრს არ
მოგცემენ
ოტელო: შენი აზრით, მაინც, რამდენს?
კასიო:(მხრებს იჩეჩავს) არ ვიცი... ერთი ათ წელს, ალბათ
ოტელო: (გამწარებული) და ეს არ არის ბევრი?!
კასიო: ათ წელს ხომ ჯობია? თუმცა, უნდა დაამტკიცო, რომ მკვლელობა
არაწინასწარგანზრახული იყო
იაგო: წინასწარგანზრახული თუ მოგაკერეს, ოც წელსაც მოგცემენ
ოტელო: ათი?! ათი წელი არაფრის გულისთვის!
კასიო: აბა, რა გეგონა? იაგო, ცოტა დამისხი
ემილია: კონიაკს არა უშავს
კასიო: ხომ ვთქვი - ფრანგულია
ბიანკა: „პაკლონიცამ“ გაჩუქა?
კასიო: შესაძლებალია
ბიანკა: ვინ?
კასიო: მე დელიკატური ადამიანი ვარ და სხვის საიდუმლოს არ გავცემ
ოტელო: რა დროს კონიაკია?! არ გრცხვენიათ?!.. მიდი, ერთი, მეც დამისხი!
ლოდოვიკო: ერთ რჩევას მოგცემ: თუ მოასწრებ, სანამ დაგაპატიმრებენ,
ფული და ძვირფასეულობა სადმე გადამალე; თორემ სანამ ციხეში
იქნები, შენი ცოლი გათხოვდება და რომ გამოხვალ, დარჩები
ცარიელი
ოტელო: თქვენ, რა, გაგიჟდით?!
კასიო: ლოდოვიკო მართალია; დაუჯერე ჭკვიან ადამიანს
ოტელო: ჩემი ცოლი ეგეთი არ არის!!
კასიო: ამაზე ანეკდოტი გამახსენდა: ერთი პატიმარი ეკითხება მეორეს: „არ
გეშინია, სანამ ზიხარ, ცოლმა რომ მიგატოვოს?“ ის პასუხობს:
„საერთოდაც არ მეშინია: ჯერ ერთი - ჩემი ცოლი წესიერი ადამიანია,
მეორეც - ძალიან ვუყვარვარ, და მესამე - ისიც ციხეში ზის“

You might also like