You are on page 1of 34

platoni

sokrates apologia

Tbilisi 2018
Πλάτων

Ἀπολογία Σωκράτοσς

Τιφλίδα 2018
1

(საბრალდებო სიტყვების წარმოთქმის შემდეგ[1])

არ ვიცი, როგორი შთაბეჭდილება მოახდინა თქვენზე, ათენელნო, ჩემი


ბრალმდებლების[2] სიტყვებმა; მე კი, ღმერთმანი, კინაღამ თავი არ დამავიწყდა, ისე
დამაჯერებლად ლაპარაკობდნენ, მთელი ამ მიეთ-მოეთიდან ყველაზე მეტად იმან
გამაკვირვა, რომ ისინი დაჟინებით გირჩევდნენ თქვენ: ფრთხილად იყავით, ამ
კაცის მჭევრმეტყველების მომნუსხველმა ძალამ არ გაცდუნოთო. უტიფრობაც
ამასა ჰქვია: ნუთუ იმისი მაინც არ რცხვენიათ, რომ მე შემიძლია საქმით ვამხილო
მათი სიცრუე, დიახ, საქმით, რადგან ორ სიტყვას ვიტყვი თუ არა, წამსვე აშკარა
გახდება თქვენთვის, რომ დიდი ვერაფერი მჭევრმეტყველი გახლავართ, თუკი, რა
თქმა უნდა, ისინი დიდ მჭევრმეტყველად არ თვლიან იმას, ვინც სიმართლეს
ამბობს. თუ ამას გულისხმობენ, მაშინ მეც ვაღიარებ, რომ მჭევრმეტყველი ვარ.
მაგრამ არა მათნაირი მჭევრმეტყველი: მათ ხომ სიმართლის ნატამალიც არ
უთქვამთ, მე კი დაუფარავად მოგახსენებთ მთელს სიმართლეს. თუმცა, ვფიცავ
ზევსს, თქვენ ვერ მოისმენთ, ათენელნო, მათი სიტყვებივით მორთულ-
მოკაზმულსა და ზიზილ-პიპილებით შემკულ სიტყვას; მე ვლაპარაკობ უბრალო,
ენის წვერზე სახელდახელოდ მომდგარი სიტყვებით[3], რადგან ურყევად მწამს
ჩემი სიმართლე, - და სხვას ნურაფერს მოელით ჩემგან. ეგეც არ იყოს, არც
შემფერის ხანდაზმულ კაცს საგანგებოდ შეთხზული სიტყვით გამოვიდე თქვენს
წინაშე, ათენელნო, უწვერული ჭაბუკის მსგავსად.
მხოლოდ ერთ რამესა გთხოვთ, ერთ რამეს გევედრებით, ათენელნო: როცა
დარწმუნდებით, რომ იმავე სიტყვებით ვიცავ თავს, როგორითაც ვლაპარაკობ
ხოლმე მოედნებზე თუ ზარაფთა დახლებთან[4], ისევე როგორც ბევრ სხვა
ადგილას, სადაც თითქმის ყველას მოგისმენიათ ჩემთვის, ნუ გაოცდებით ამის
გამო, ნურც აღშფოთდებით. საქმე ისაა, რომ მე, სამოცდაათი წლის კაცს[5],
პირველად მიწევს მსაჯულთა წინაშე გამოსვლა და ამიტომ ჩემთვის უცხო
ენასავით უცნობია სამსჯავროს ენა. ხომ მომიტევებდით, მე რომ მართლაც
უცხოელი ვიყო და იმ კილოკავზე, იმ ენაზე ვლაპარაკობდე, რომელსაც
ბავშვობიდანვე მშობლიურად ვთვლიდი. ამიტომ ახლაც, მე მგონი, უფლება მაქვს
მოგთხოვოთ, ყურადღებას ნუ მიაქცევთ ჩემს კილოს, მიუხედავად იმისა, მოგწონთ
თუ არა იგი, და მხოლოდ იმას დაუკვირდით, მართალს ვამბობ თუ არა, რადგან
მსაჯულის ღირსება - სიმართლის დანახვაა, ხოლო მჭევრმეტყველისა -
სიმართლის თქმა.
ასე და ამრიგად, მართებული იქნება, ათენელნო, თუ თავდაპირველად
შევეცდები თავი დავიცვა პირველი ყალბი ბრალდებისა და პირველი
ბრალმდებლებისგან[6], ხოლო შემდეგ ახლანდელი ბრალდებისა და
[7]
ბრალმდებლებისგან . აგერ უკვე რამდენი წელია ათასი ვინმე მდებს ბრალს
თქვენს წინაშე, მაგრამ ერთსაც არ უთქვამს მართალი. სწორედ მათ ვუფრთხი
უფრო მეტად, ვიდრე ანიტოსს და მის თანამზრახველთ, თუმცა ამ უკანასკნელთაც
უნდა უფრთხოდეს კაცი, მაგრამ პირველნი უფრო საშიშნი არიან, ათენელნო!
სწორედ ისინი გამხედრებდნენ ჩემს წინააღმდეგ ჯერ კიდევ მაშინ, როცა თქვენ
ბავშვები იყავით, და ათას ყალბ ბრალდებას თითხნიდნენ ჩემს გასასვრელად,
რომლებშიაც ერთი სიტყვაც არ იყო მართალი: არის ვინმე სოკრატე, ამბობდნენ
ისინი, რეგვენი ბრძენი[8], რომელიც იკვლევს ყველაფერს, რაც მიწის ზემოთაა და
რაც მიწის ქვეშაა; კაცი, რომელიც მდაბალს მაღალად გვაჩვენებს და სიმართლედ
ასაღებს ტყუილს[9]. დიახ, სწორედ ამნაირი მითქმა-მოთქმის გამავრცელებელნი
2

მიმაჩნია, ათენელნო, ყველაზე საშიშ ბრალმდებლებად, ვინაიდან მათ მიამიტ


მსმენელებს ჰგონიათ, რომ კაცს, რომელიც იკვლევს ყოველივე იმას, რასაც მე
ვიკვლევ, ალბათ, ღმერთებიც არა სწამს. ეგეც არ იყოს, ისინი ძალზე ბევრნი არიან
და მერე რამდენი ხანია მდებენ ბრალს: იმ დროიდან მოყოლებული, როცა თქეენ
ჯერ კიდევ ყმაწვილები და ყრმები იყავით და ამიტომ ადვილად იჯერებდით
ყველაფერს. არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ დაუსწრებლად მდებდნენ ბრალს და,
ცხადია, არ შემეძლო მემართლა თავი. მაგრამ ყველაზე დიდი უაზრობა მაინც ის
არის, რომ მე მათი სახელებიც კი არ ვიცი, ერთი კომედიოგრაფის გარდა[10]. რაც
შეეხება დანარჩენებს, რომლებიც შურის, ღვარძლის ან კიდევ იმის გამო
გამხედრებდნენ ჩემს წინააღმდეგ, რომ გულუბრყვილოდ დაიჯერეს ჩემი სახელის
ირგვლივ ატეხილი მითქმა-მოთქმა და მერე სხვების დაჯერებაც სცადეს, - ისინი
ხომ საერთოდ მიუწვდომელნი და მოუხელთებელნი არიან ჩემთვის: მათ ვერც
სასამართლოში დაიბარებ და ვერც სიცრუეში ამხილებ, ასე რომ, თავის დასაცავად,
იძულებული ხარ ეომო უხილავ მტერს, იძულებული ხარ ებრძოლო აჩრდილებს.
მაშ, დამეთანხმეთ იმაში, რომ ორნაირი ბრალმდებლები მყავს. ახლანდელნი და
ადრინდელნი, რომელთა შესახებაც ეს-ესაა მოგახსენეთ, - დიახ, დამეთანხმეთ და
აღიარეთ, რომ თავდაპირველად ამ უკანასკნელთაგან უნდა დაიცვა თავი,
ვინაიდან მათი ბრალდება უფრო ადრე და უფრო ხშირად მოგისმენია, ვიდრე
ახლანდელი ბრალმდებლებისა.
ასე რომ, მე მმართებს თავი დავიცვა, ათენელნო და მოკლე ხანში უარვყო
ის ცილისწამება, რომელიც ამდენ ხანს ბუდობს თქვენს სულში. ნეტა კი შევძლო,
ნეტა ეს სასარგებლო აღმოჩნდეს როგორც ჩემთვის, ისე თქვენთვისაც, - უკეთესს
რას მივაღწევ თავის მართლებით? მაგრამ ჩემთვის არც ისაა საიდუმლო და
დაფარული, რომ ეს ძალიან ძნელი საქმეა, მეტიც, თითქმის შეუძლებელი, თუმცა,
დაე, ყველაფერი ისე მოხდეს, როგორც ღმერთს[11] ნებავს; მე კი მხოლოდ ერთი რამ
მმართებს: დავემორჩილო კანონს და თავი ვიმართლო.
დავიწყოთ თავიდან: რაში მდგომარეობს ბრალდება, რომელმაც დასაბამი
მისცა ჩემს წინააღმდეგ მომართულ ცილისწამებას და რომელზე დაყრდნობითაც
მელეტოსმა[12] თქვენს წინაშე მიჩივლა? ვნახოთ, რა სიტყვებით მწამებენ ცილს ჩემი
ბრალმდებელნი. მოვიტანოთ სიტყვასიტყვით მათი ბრალდება, როგორც
ახლანდელი ბრალმდებლის ფიცით დამოწმებული საჩივარი: „სოკრატე
მკრეხელობს და ფეხქვეშ თელავს კანონს, თავხედურად ცდილობს ჩაწვდეს
ქვესკნელის და ზესკნელის საიდუმლოს; სიცრუეს სიმართლედ ასაღებს და
სხვებსაც ამასვე აჩვევს[13]“. ბრალდებაც ამას ჰქვია! თქვენ ყველას გინახავთ,
არისტოფანეს კომედიაში, როგორ წრიალებს მოქანავე გოდორში ვიღაც სოკრატე
და თან გაჰყვირის: ჰაერში დავქრივარო[14]. ეს კიდევ რაა: ღმერთმა იცის, რას მიედ-
მოედება. მადლობა უფალს, მთელი ამ ჩმახვისა არც თავი მესმის და არც ბოლო,
თუმცა ამას იმ მიზნით როდი ვამბობ, რომ ესოდენ დიდებულ მეცნიერებას ჩირქი
მოვცხო და მოვაყივნო; - ნეტავი იმას, ვისაც რაიმე ესმის მისი! - ისღა მაკლია,
მელეტოსმა ახალი ბრალდება წამომიყენოს! მე მხოლოდ იმის თქმა მსურს,
ათენელნო, რომ ამ საქმის არა გამეგება რა. მოწმედ შემიძლია მოვიყვანო ბევრი
თქვენგანი. მე ვთხოვ ყველას, ვისაც ერთხელ მაინც მოუსმენია ჩემი საუბარი,
ხოლო თქვენს შორის რამდენია ჩემი მსმენელი! - გაიხსენოს და გულდასმით აწონ-
დაწონოს ყველაფერი, ჰკითხეთ ერთმანეთს, ოდესმე მაინც თუ სმენია რომელიმე
თქვენგანს, რაიმე ამგვარი მეთქვას ამ საკითხთან დაკავშირებით, და თავად
3

დარწმუნდებით, რამდენად შეესაბამება სიმართლეს ყოველივე ის, რასაც ჩემზე


ამბობენ და რასაც მაბრალებენ.
ეს ხომ მტკნარი სიცრუეა, მაგრამ თუ ვინმესგან გაგიგონიათ, თითქოს მე
ვცდილობ აღვზარდო ხალხი და ამ გზით ფულს ვაკეთებ, მერწმუნეთ არც ეს არის
მართალი[15]. თუმცა, ისიც უნდა გითხრათ, რომ შევნატრი ყველას, ვისაც შეუძლია
ასწავლოს და აღზარდოს ხალხი. დაგისახელებთ თუნდა გორგია ლეონტინელს,
პროდიკე კეოსელსა და ჰიპია ელიდელს[16]. თვითეული მათგანი, ათენელნო,
ქალაქ-ქალაქ დადის და არწმუნებს ჭაბუკებს, რომლებსაც კაცმა რომ თქვას,
არაფერი უშლით ხელს უფასოდ ისარგებლონ თავიანთი თანამოქალაქეების რჩევა-
დარიგებით, ზურგი აქციონ თავისიანებს და მაინცდამაინც მას დაუდგეს
შეგირდებად, ხოლო სანაცვლოდ ფული უხადონ და ფულს მადლობაც ზედ
მიუსართონ[17]. მე გავიგე, რომ ამჟამად აქ იმყოფება ერთი სხვა აღმზრდელიც -
პაროსელი ბრძენი[18]. ამას წინათ კი შემთხვევით შემხვდა კაცი, რომელმაც უფრო
მეტი ფული გადაუხადა სოფისტებს, ვიდრე ყველა თქვენგანმა ერთად, - კალიასი,
ჰიპონიკეს ძე[19]. კალიასს ორი ვაჟი ჰყავს, და მე ვკითხე მას:
- ერთი ეს მითხარი, ჩემო კალიას, შენი ვაჟები რომ კვიცები იყვნენ ანდა
მოზვრები, ხოლო ჩვენ დავალებული გვქონდეს მხედნელი მოგვეძებნა მათთვის,
რომელიც შეძლებდა სათანადოდ გაეწვრთნა და გაეხედნა ისინი, ცხადია, მას
მხედართა და მხვნელ-მთესველთა შორის ამოვარჩევდით, არა[20]? მაგრამ რაკი
ისინი ადამიანები არიან, როგორ გგონია, ვის ავირჩევით მათ აღმზრდელად? ვინ
არის ადამიანური თუ სამოქალაქო სიქველის მცოდნე? შენ, ალბათ, გიფიქრია ამ
საკითხზე, რაკი ვაჟების მამა ხარ. რას იტყვი, გეგულება თუ არა ასეთი კაცი?
- რა თქმა უნდა,- მომიგო მან.
- ვინ არის? - ვკითხე, - სადაურია და რამდენს იღებს სწავლის საფასურად?
- ევენე გახლავს, პაროსელი, ხოლო სწავლის საფასურად ხუთ მნას
მოითხოვს[21], სოკრატე.
მაშინ ვიფიქრე, რა ბედნიერი კაცია ეს ევენე, თუკი მართლაც ფლობს
ამნაირ ხელობას და ასე ცოტას იღებს-მეთქი სწავლის ქირად. რომ შემეძლოს, მეც
სიამოვნებით ვიკისრებდი ახალგაზრდობის აღზრდას და ვიამაყებდი კიდეც ამით,
მაგრამ ვაი რომ არ შემიძლია, ათენელნო.
იქნებ ზოგმა თქვენგანმა მკითხოს: „კი მაგრამ, შენ რაღა საქმეს მისდევ,
სოკრატე? მაინც რატომ გწამებენ ცილს? რადგან შენ რომ იმავე საქმეს ადგე, რასაც
ადგას ყველა ჩვენგანი, უეჭველად აგცდებოდა ამდენი მითქმა-მოთქმა. მაშ,
გვითხარი, რა ხელობის კაცი ხარ, რათა ტყუილად არ ვიმტვრიოთ თავი“.
ჩემის აზრით, ასეთი კითხვა დროული და მართებული ჩანს, და მე
ვეცდები განგიმარტოთ, რას უნდა ვუმადლოდე ჩემი სახელის მოყივნებას, ან
რატომ გავხდი ცილისწამების მსხვერპლი. მაშ, მისმინეთ: იქნებ, ზოგ თქვენგანს
ისიც მოეჩვენოს, რომ ვხუმრობ, მაგრამ მერწმუნეთ, სიმართლეს მოგახსენებთ.
ჩემს სახელს სხვა რამეს კი არა, მხოლოდ და მხოლოდ ერთგვარ სიბრძნეს
უნდა ვუმადლოდე, ათენელნო. მაინც რა სიბრძნეს, გაინტერესებთ? შესაძლოა,
ადამიანურს, თუკი არსებობს ადამიანური სიბრძნე. ზემოხსენებული სოფისტები
კი, როგორც ჩანს, რომელიღაც სხვა, ადამიანურ სიბრძნეზე უფრო მაღალი
სიბრძნით არიან ბრძენნი; არც კი ვიცი, რა სახელი ვუწოდო მას, არ ვიცი იმიტომ,
რომ არა გამეგება რა მისი, ხოლო ვინც სხვა რამეს ამტკიცებს, ცრუობს, რათა
ურცხვად დამწამოს ცილი.
4

გემუდარებით, ნუ ყაყანებთ, ათენელნო, ნურც გგონიათ, თითქოს თავი


მომაქვს მაღალფარდოვანი სიტყვით. ჩემი სახელით კი არ ვილაპარაკებ, არამედ
დავიმოწმებ მას, ვისიც გწამთ და ვისაც ენდობით. ჩემი სიბრძნის მოწმედ, თუკი
საერთოდ გამაჩნია სიბრძნე, მოვიყვან დელფოსელ ღმერთს[22]. თქვენ ყველანი
იცნობდით ქერეფონს[23], - ის ხომ ჩემი, ისევე როგორც ბევრი თქვენგანის სიყრმის
მეგობარი იყო, მას თქვენთან ერთად დაატოვებინეს სამშობლო და თქვენთან
ერთად დაბრუნდა მშობლიურ ქალაქში, თქვენ ისიც იცით, რა ფიცხი კაცი იყო
ქერეფონი, რა მხნე, ერთგული და საქმისთვის თავდადებული. ერთხელ,
დელფოსში ჩასულმა გაბედა და ამნაირი კითხვით მიმართა მისანს[24]...
აკი გთხოვეთ, ნუ ყაყანებთ-მეთქი, ათენელნო!
დიახ, ამნაირი კითხვით მიმართა: ვინ არის ამ ქვეყნად სოკრატეზე უფრო
ბრძენიო, რაზედაც პითიამ უპასუხა: არავინო. მართალია, ქერეფონი ცოცხალი
აღარ არის, მაგრამ მისი ძმა გვესწრება აქ[25] და ის დამიმოწმებს, რომ მართალს
ვამბობ.
იცით, რად გეუბნებით ამას? მე ხომ ვაპირებ აგიხსნათ, რატომ გავხდი
ცილისწამების მსხვერპლი.
როცა პითიას სიტყვა მაუწყეს, ასეთი ფიქრი მომეძალა: „რისი თქმა სურდა
ღმერთს? რას გულისხმობდა იგი? მე ხომ აზრადაც არ მომსვლია ოდესმე, რომ,
თურმე ნუ იტყვით და, ბრძენი ვარ? მაშ, რას ნიშნავს ეს გამოცანა, რატომ მიწოდა
ყველაზე ბრძენი? მაგრამ არც ის შეიძლება, რომ ღმერთი ცრუობდეს; არ ეკადრება
მის ღირსებას-მეთქი“.
დიდხანს ვიყავი ამ საგონებელში და ვერასგზით ვერ ამეხსნა მისნური
სიტყვის აზრი. ბოლოს, როგორც იქნა, რის ვაივაგლახით მივაკვლიე მისი ამოხსნის
ხერხს: მივადექი ერთს იმ კაცთაგან, რომლებსაც ბრძენ მოძღვრებად იცნობენ
ჩვენში, მივადექი, რადგან ვფიქრობდი, რომ, ყველა ყველა და, მის წინაშე მაინც
შევძლებდი მემხილებინა მისნის სიცრუე და ასეთი სიტყვა მეკადრებინა მისთვის:
„აი, ჭეშმარიტი ბრძენი, შენ კი ბრძენთა-ბრძენად მე გამომაცხადე-მეთქი“. მაგრამ
როცა კარგად დავუკვირდი ამ კაცს - სახელს არ გეტყვით, ათენელნო; დასჯერდით
იმასაც, რომ ის, ვისაც ფარული მიზნით ვეწვიე, სახელმწიფო მოღვაწე იყო, - და
გული ვიჯერე მასთან საუბრით, დავრწმუნდი, რომ მხოლოდ მოყვასთა და,
უწინარეს ყოვლისა, საკუთარ თვალში ჩანდა ბრძენი, სინამდვილეში კი სიბრძნისა
არა ეცხო რა. ამის შემდეგ, მე ვცადე დამემტკიცებინა მისთვის, რომ მხოლოდ თავს
გვაჩვენებდა ბრძენკაცად, სინამდვილეში კი არ იყო ბრძენი, რისთვისაც მისი, ისევე
როგორც ბევრი თქვენგანის სიძულვილი დავიმსახურე. უკან გამობრუნებულმა
უკვე ვიცოდი, რომ მასზე ბრძენი ვარ, თუნდაც იმიტომ, რომ, მართალია,
არცერთმა არაფერი არ ვიცით, მაგრამ მას, არაფრის მცოდნეს, ჰგონია, რომ
ყველაფერი იცის, მე კი, რადგან არა ვიცი რა, არც ვიჩემებ რაიმეს ცოდნას. სწორედ
ამ მცირედით ვარ უფრო ბრძენი, სახელდობრ, იმით, რომ რაკი არაფერი არ ვიცი,
არც მგონია, რომ რაიმე ვიცი.
მერე, ის იყო, მეორე კაცს მივადექი კარზე, რომელიც პირველზე უფრო
ბრძენი ჩანდა, და კვლავ იგივე განმეორდა. იქაც შემიძულეს, თვითონაც და ბევრმა
სხვამაც.
ამის შემდეგ, რიგ-რიგობით თითქმის ყველას ჩამოვუარე, ვგრძნობდი, რომ
საძულველი ვხდებოდი, ვწუხდი და მეშინოდა ამის, მაგრამ რა მექნა. ისიც
ვიცოდი, რომ ღმერთის სიტყვა ყველაზე და ყველაფერზე მაღლა უნდა
დამეყენებინა.
5

მისნობის აზრს რომ ჩავწვდომოდი, არავინ არ უნდა გამომრჩენოდა, ვისაც


ბრძენის სახელით იცნობენ ჩვენში. და მე - ვფიცავ ძაღლს[26], სიმართლეს
მოგახსენებთ, ათენელნო, - ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა: ისინი, ვისაც ყველაზე
დიდი სახელი ჰქონდა მოხვეჭილი, ბრძენკაცებად კი არა, ლამის შტერებად და
ყეყეჩებად წარმომიდგნენ, ხოლო ისინი, რომელთა სახელსაც აშკარად ჩრდილავდა
პირველთა დიდება, უფრო ჭკუადამჯდარი მეჩვენენ. მაგრამ ბოლომდე უნდა
გიამბოთ, როგორ დავეხეტებოდი, გატანჯული და გაწამებული, თითქოს მძიმე
ტვირთი რამ მაწვა მხარზე, რათა, ამრიგად, გამეცხადებინა მისნობის ფარული
აზრი.
სახელმწიფო მოღვაწეების შემდეგ მე მივადექი პოეტებს - ტრაგიკოსებს,
დითირამბისტებს[27] და სხვა დანარჩენთაც, რათა აქ მაინც მემხილებინა თავი და
დავრწმუნებულიყავი, რომ მათზე უვიცი ვარ. მე ვიღებდი იმ ნაწარმოებებს,
რომლებიც მათ, ჩემის აზრით, ყველაზე უფრო დახვეწილი და უკეთ
დამუშავებული ჰქონდათ; მსურდა გამეგო, რისი თქმა სურდათ ამ ქმნილებებით,
რათა ცოტა რამ მაინც მესწავლა მათგან. მე მრცხვენია, კაცნო, სიმართლის თქმა,
მაგრამ მეტი გზა არ არის, სათქმელი უნდა ითქვას. ერთი სიტყვით, თითქმის
ყველა იქ მყოფი უკეთ ახსნიდა ამ პოეტების ქმნილებებს, ვიდრე თვით მათი
შემოქმედი, და მე მოკლე ხანში დავრწმუნდი, რომ პოეტები სიბრძნით კი არ ქმნიან
მას, რასაც ქმნიან, არამედ ერთგვარი ბუნებრივი ნიჭისა და ღვთიური სიშმაგის
წყალობით, მსგავსად ღმრთივშთაგონებული მისნებისა და
წინასწარმეტყველებისა, რომლებიც ბევრ მშვენიერ რამეს გვიცხადებენ სიტყვით,
მაგრამ თვითონ კი არ იციან, რას გვიცხადებენ[28]. მე მომეჩვენა, რომ რაღაც
ამდაგვარს განიცდიან პოეტებიც. ისიც შევნიშნე, რომ, რაკი ლექსების თხზვა
შეუძლიათ, ჰგონიათ, თითქოს სხვა მხრივაც ყველას აღემატებიან სიბრძნით,
თუმცა ერთია, რაც მათ ჰგონიათ და მეორეა ის, რაც არის და როგორც არის
სინამდვილეში. დავშორდი პოეტებს და ისეთი გრძნობა გამომყვა, რომ მათაც
იმითვე აღვემატები, რითაც სახელმწიფო მოღვაწეებს.
ბოლოს ჯერი ხელოვნებაზე მიდგა. მე ხომ ვიცი, რომ არას შემძლე და
არაფრის მაქნისი ვარ; მით უფრო ღრმად ვიყავი დარწმუნებული, რომ სწორედ მათ
შორის ვპოვებდი ბევრი მშვენიერი ხელობის მცოდნეთ. არც შევმცდარვარ. მათ
იცოდნენ ბევრი ისეთი რამ, რაზედაც წარმოდგენაც არ მქონდა, ასე რომ, ამ მხრივ,
თქვენს მონა-მორჩილს აშკარად აღემატებოდნენ სიბრძნით, მაგრამ მე მომეჩვენა,
ათენელნო, რომ ეს დიდებული ოსტატებიც ისევე სცოდავდნენ, როგორც პოეტები:
რაკი სრულყოფილად ფლობდნენ თავიანთ ხელობას, რაკი ზედმიწევნით იცოდნენ
თავიანთი საქმე, თვითეულ მათგანს ყველა სხვა მხრივაც, ცოდნის ყველაზე
დიდმნიშვნელოვან დარგშიაც, ყველაზე ბრძენად მოჰქონდა თავი, და ეს
ბრიყვული შეცდომა აშკარად ჩრდილავდა მათ სიბრძნეს. ასე რომ, მისნობის აზრში
საწვდომად, ამ კითხვით მივმართავდი საკუთარ თავს: რას ამჯობინებ - დარჩე
იმად, რაც ხარ და არ იყო ბრძენი მათი სიბრძნით, არც უმეცარი მათი უმეცრებით,
თუ გსურს მათსავით ბრძენიც იყო და უმეცარიც? ხოლო ამ კითხვის პასუხად ასე
მივუგებდი მისანსაც და საკუთარ თავსაც: მე მირჩევნია დავრჩე იმად, რაცა ვარ-
მეთქი.
სწორედ ამ კვლევა-ძიების ბრალია, ათენელნო, რომ ერთის მხრივ, ბევრმა
თქვენგანმა შემიძულა უმძაფრესი და უსასტიკესი სიძულვილით, რამაც დასაბამი
მისცა ამდენ მითქმა-მოთქმას, ხოლო, მეორეს მხრივ, ბრძენის სახელი გამივარდა
ხალხში, ვინაიდან ჩემი მსმენელნი ერთავად იმას ფიქრობდნენ, რომ, რაკი მე
6

ვამტკიცებ - მავანსა და მავანს სიბრძნისა არა ცხია-მეთქი, ეს მხოლოდ იმას უნდა


ნიშნავდეს, რომ თავად ვიჩემებ ბრძნობას.
სინამდვილეში კი ბრძენი მხოლოდ ღმერთია, ათენელნო, და მისნის
პირით იმის თქმა სურს, რომ კაცის სიბრძნეს ჩალის ფასი აქვს. როგორც ჩანს, ის
სოკრატეს კი არ გულისხმობს, არამედ ჩემი სახელი სანიმუშოდ სჭირდება
მხოლოდ, თითქოს სურს გვითხრას: „თქვენს შორის, კაცნო, ყველაზე ბრძენია ის,
ვინც, სოკრატეს მსგავსად, იცის, რომ მისი სიბრძნე ჭეშმარიტად უბადრუკია და
უფასური“.
ასე და ამრიგად, დღემდე დავეხეტები და, ღმერთის სიტყვის თანახმად,
დღენიადაგ ვეძებ და ვჩხრეკ, ვინ ვაღიარო ბრძენკაცად თანამოქალაქეთა თუ
უცხოელთა შორის, და, ამდენი მცდელობის მიუხედავად, ხელმოცარული და
იმედგაცრუებული ვცდილობ ყველას დავუმტკიცო, რომ ღმერთი მართალია, და
რომ დედამიწის ზურგზე არ მოიძებნება არცერთი ბრძენი. აი, რამ შეიწირა ჩემი
დღე და წუთისოფელი; აი, რატომ ვერ მოვაბი თავი რაიმე ღირსსახსოვარ,
საზოგადო თუ პირად საქმეს. ღმერთის სამსახურს ვუმადლი იმას, რომ დღემდე
ვერ დავაღწიე თავი უკიდურეს სიღატაკეს და სიგლახაკეს[29].
ეგეც არ იყოს, ჩემი მიმდევარი ათენელი ჭაბუკები, ყველაზე მდიდარ
მოქალაქეთა შვილები, რომლებსაც თავისუფალი დრო თავზე საყრელად აქვთ,
სიამოვნებით ისმენენ, როგორ ვცდი ხალხს და, ჩემი მიბაძვით, ხშირად თვითონაც
სცდიან სხვებს. მე მგონია, მათ ანკესზეც ბლომად ეგებიან ისეთნი, რომლებსაც
ჰგონიათ რაღაც ვიცითო, თუმცა სინამდვილეში არაფერიც არ იციან, მაგრამ მათ
მიერ გამოცდილნი თავიანთ თავზე კი არა, რატომღაც ჩემზე ბრაზობენ და
გაჰყვირიან: ვინ გდია ეს ოხერი სოკრატე, ახალგაზრდობას რომ გვირყვნისო,
მაგრამ, აბა, ჰკითხეთ მათ, ვინ არის ეს სოკრატე და რას ასწავლის
ახალგაზრდობას? მერწმუნეთ, ფეტვის მარცვალივით დაიბნევიან და თავიანთი
დაბნეულობა რომ დამალონ, ერთხმად მოჰყვებიან ლანძღვა-გინებას, რომლითაც
საერთოდ უმასპინძლდებიან ფილოსოფოსებს: ისევ გამოჩხრეკენ „ზესკნელისა და
ქვესკნელის საიდუმლოს“, ისევ ამოიჩემებენ „მკრეხელობას“, ისევ შეაჩვენებენ
„სიცრუის სიმართლედ გამსაღებელს“, და ასე შემდეგ. სიმართლის თქმა კი არა და
არ სურთ, მე მგონია, იმიტომ, რომ მაშინვე ფარდა აეხდება მათ საიდუმლოს,
მაშინვე გამოაშკარავდება, რომ მხოლოდ თავს გვაჩვენებენ მცოდნეებად,
სინამდვილეში კი არაფერიც არ იციან, ხოლო რაკი ისინი, ჩემის აზრით,
პატივმოყვარენი, ძლიერნი და მრავალრიცხოვანნი არიან და, თანაც, ასე
დაჟინებით და დაბეჯითებით ლაპარაკობენ ჩემზე, ალბათ რა ხანია გამოგიჭედეს
ყურები ჩემი ცილისწამებით და ლანძღვა-გინებით.
მათ რიცხვს ეკუთვნიან ჩემი დამსმენნიც - მელეტოსი, ანიტოსი, ლიკონი[30].
მელეტოსი პოეტების გამო მძვინვარებს, ანიტოსი ხელოსნებსა და სახელმწიფო
მოღვაწეებს იცავს, ხოლო ლიკონი - რიტორებს. ამიტომ, როგორც თავში
მოგახსენეთ, ძალიან გამიკვირდებოდა, თუ ესოდენ მოკლე დროში შევძლებდი ამ
უსაშველოდ გაბერილი და გაზვიადებული ცილისწამების უარყოფას.
ასეთია, ათენელნო, შეუფარავი და შეულამაზებელი სიმართლე, არც რამ
გამიყალბებია და არც რამ გადამისხვაფერებია, თუმცა ვიცი, რომ სანაცვლოდ
მხოლოდ თქვენს სიძულვილს მოვიმკი, მაგრამ სწორედ ეს მოწმობს, რომ
სიმართლეს ვამბობ, სწორედ ამიტომ მწამებენ ცილს და სწორედ ეს გახლავთ
ცილისწამების მიზეზიც. ასე რომ, როცა არ უნდა გაგერჩიათ ჩემი საქმე, უფრო
7

ადრე თუ უფრო გვიან, სულერთია, ამით არაფერი შეიცვლებოდა, სურათი ერთი


და იგივე იქნებოდა ყოველთვის.
რაც შეეხება ჩემს პირველ ბრალმდებელს, ვფიქრობ, თქვენთვის თავის
ასეთი მართლება საკმარისი უნდა იყოს. ახლა კი შევეცდები მელეტოსისგან, ამ,
როგორც თვითონ ამტკიცებს, კეთილი და მშობლიურ ქალაქზე თავგადაკლული
კაცისაგან[31], ისევე როგორც დანარჩენი ბრალმდებლებისაგან დავიცვა თავი. ისინი
ადრინდელ ბრალმდებლებს როდი ჰგვანან, ამიტომ, მოდი, გავიხსენონთ მათი
ფიცით დამოწმებული საჩივარი, რომელიც დაახლოებით ასეა ჩამოყალიბებული:
„სოკრატე ფეხქვეშ თელავს კანონს, ვინაიდან რყვნის და აფუჭებს ახალგაზრდობას,
არა სცნობს ღმერთებს, რომელთაც თაყვანსა სცემს ქალაქი, არამედ აღიარებს
რომელიღაც ახალ ღვთაებებს[32]. ასეთია ბრალდება. განვიხილოთ მისი თვითეული
მუხლი ცალ-ცალკე.
აქ ნათქვამია, რომ სოკრატე უკანონოდ იქცევა, ვინაიდან რყვნის და
აფუჭებს ახალგაზრდობას, მე კი ვამტკიცებ, რომ უკანონოდ იქცევა მელეტოსი,
ვინაიდან ამასხრებს იმას, რაც სულაც არ არის სამასხრო და დაუდევრად იბარებს
ხალხს სასამართლოში, თანაც, თავს ისე გვაჩვენებს, თითქოს მართლა გული
შესტკივა იმ საქმეზე, რისი გულისთვისაც არასოდეს შეუწუხებია თავი. ვეცდები
დაგიმტკიცოთ, რომ მართალს ვამბობ.
მომიახლოვდი, მელეტოს, და მიპასუხე[33]: შენ ხომ ყველაფერზე მაღლა
აყენებ იმას, რომ ჩვენი ჭაბუკები დღითი-დღე უფრო ზნესრულნი და
სრულყოფილნი ხდებოდნენ?
- რა თქმა უნდა.
- მაშ მოახსენე საკრებულოს, ვინ სრულყოფს მათ? შენ, ალბათ, იცი, რაკი ამ
საქმეზე გული შეგტკივა. გამრყვნელი, შენ თუ დაგიჯერეთ, უკვე აღმოაჩინე: აქ
დამიბარე და ბრალსა მდებ. ახლა კი, კეთილ ინებე და მათი სრულმყოფიც
დაგვისახელე. აი, ხომ ხედავ, შენ სდუმხარ, მელეტოს, სდუმხარ იმიტომ, რომ არ
იცი, რა თქვა. ვაი სირცხვილო! განა ეს არ მოწმობს ჩემს სიმართლეს? განა ეს არ
არის საუკეთესო დასტური იმისა, რომ ამ საქმით არასოდეს აგიტკიებია თავი?
მაგრამ მიპასუხე, კეთილო კაცო, მაინც ვინ სრულყოფს მათ?
- კანონები.
- მე განა მაგას გეკითხები, ღირსეულო? მე მსურს გავიგო, ვინ არის ის კაცი,
რომელმაც, უწინარეს ყოვლისა, შესანიშნავად იცის კანონები?
- აი, ესენი, სოკრატე, - მოსამართლენი.
- რას მეუბნები, მელეტოს, ნუთუ ამათ შეუძლიათ აღზარდონ და სრულყონ
ჩვენი ჭაბუკები?
- შეუძლიათ და მერე როგორ!
- ყველას? თუ ზოგს შეუძლია, ზოგს კი არა?
- ყველას.
- დიდებული პასუხია, ვფიცავ ჰერას[34]! ეს რამდენი საჭირო და
სასარგებლო ხალხი გვყოლია! ჩვენს მსმენელებზე რაღას იტყვი, ნუთუ ისინიც
სრულყოფენ ჭაბუკებს?
- დიახ, ისნინიც.
- სათათბიროს წევრებიც[35]?
- რაღა თქმა უნდა.
- კი მაგრამ, მელეტოს, ვინღა აფუჭებს ამ ჩვენს ჭაბუკებს? იქნებ სახალხო
საკრებულოს მონაწილენი? თუ ისინიც უკლებლივ სრულყოფენ მათ?
8

- ცხადია ისინიც.
- როგორც ჩანს, ჩემს გარდა, ყველა ათენელი სრულყოფს ჩვენს ჭაბუკებს და
მარტო მე ვრყვნი მათ. ამას ამტკიცებ?
- სწორედ მაგას.
- რაღა მეშველება მე უბედურს! მაგრამ ერთი ამ კითხვაზეც მიპასუხე: შენ
გგონია, რომ იგივე შეიძლება ითქვას ცხენებზეც? ყველა სრულყოფს და მხოლოდ
ერთი კაცი აფუჭებს მათ გაწვრთნილობას? თუ პირიქით, ცხენების სრულყოფილი
ხედნა მხოლოდ ერთს, ან ძალიან ცოტას თუ შეუძლია, სახელდობრ, მხედრებს,
მაშინ როდესაც ყველა დანარჩენი მხოლოდ აფუჭებს მათ? განა იგივე არ ითქმის,
მელეტოს, ყველა სხვა ცხოველის მიმართ? რა თქმა უნდა. მითხარი, შენ და
ანიტოსიც იზიარებთ თუ არა ამ აზრს? რა ბედნიერი იქნებოდა ჩვენი
ახალგაზრდობა, მხოლოდ ერთი კაცი რომ რყვნიდეს, ყველა დანარჩენი კი
სრულყოფდეს და აკეთილშობილებდეს მას, თუმცა შენ ეჭვმიუტანლად
დაგვიმტკიცე, მელეტოს, რომ არასოდეს აგიტკიებია თავი ახალგაზრდობაზე
ზრუნვით და თვალნათლივ გვიჩვენე შენი გულგრილობა მის მიმართ. მეც ასევე
გულგრილად და დაუდევრად დამიბარე სასამართლოში.
ზევსის გულისთვის, ერთი ესეც მითხარი, მელეტოს: ვის შორის გირჩევნია
ცხოვრება - კეთილშობილთა თუ ავკაცთა შორის? მიპასუხე, ჩემო ძვირფასო, არც
ისე ძნელ კითხვას გთავაზობ. განა ავკაცნი შავ დღეს არ აყრიან თავიანთ მოყვასთ,
ხოლო კეთილშობილნი კეთილისმყოფელნი არ არიან მათი?
- რა თქმა უნდა.
- მერედა, განა ჩვენს შორის მოიძებნება ვინმე ისეთი, ვისაც
ბოროტისმყოფელი ურჩევნია კეთილისმყოფელს?
- რასაკვირველია, არა.
- კეთილი და პატიოსანი; შენ ბრალად მდებ, თითქოს ახალგაზრდობას
ვრყვნი. როგორ გგონია, შეგნებულად ვიქცევი ასე თუ შეუგნებლად?
- შეგნებულად.
- ვითომ, მელეტოს? ნუთუ შენ - ყმაწვილი კაცი - უფრო ჭკვიანი ხარ,
ვიდრე ბებერი სოკრატე? ნუთუ შენ მიხვდი, რომ ავკაცნი შავ დღეს აყრიან
თავიანთ მოყვასთ, ხოლო კეთილშობილნი კეთილისმყოფელნი არიან მათი, - მე კი
- ბერიკაცი - იმდენად უგუნური გგონივარ, რომ დღემდე ვერ მივხვედრილვარ,
ვერ შემიგნია ესოდენ მარტივი ჭეშმარიტება: თუ მე არამზადად ვაქცევ რომელიმე
მოყვასს, თვითონვე უნდა მეშინოდეს მისი სიავის, და შენ გგონია, როგორც შენივე
სიტყვები მოწმობენ ამას, რომ მე შეგნებულად ჩავდივარ ამ გაუგონარ ბოროტებას?
როგორ გერწმუნო, ჩემო მელეტოს, ანდა როგორ გერწმუნონ სხვები? ასე რომ, მე ან
საერთოდ არ ვრყვნი, ანდა, თუ ვრყვნი, შეუგნებლად ვრყვნი მათ. ამრიგად, შენ
ორსავე შემთხვევაში ცრუობ. ხოლო თუ მე შეუგნებლად ვრყვნი ახალგაზრდობას,
ამ უნებლიე შეცოდების გამო, საცა სამართალია, სახალხოდ კი არ უნდა მომაყივნო,
არამედ ცალკე უნდა გამიხმო, დამანახო ჩემი შეცდომა, ჭკუა მასწავლო, დამარიგო.
რადგან, თუ ჩემს შეცდომას შევიგნებ, რასაკვირველია, ხელს ავიღებ იმაზე, რასაც
შეუგნებლად ჩავდივარ, შენ კი ერთხელაც არ მოსულხარ ჩემთან, არ
დაგირიგებივარ და პირდაპირ იქ მომიყვანე, სადაც მხოლოდ განსასჯელი მოჰყავთ
და არა ისინი, ვისაც ჭკუა უნდა ასწავლო. განა ეს თავისთავად არ მოწმობს,
ათენელნო, რომ მელეტოსს, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, არასოდეს აუტკიებია
თავი ამ საქმით?
9

მაგრამ გვითხარი მელეტოს: შენის აზრით, მაინც როგორ ვრყვნი


ახალგაზრდობას? თუ შენს ბრალდებას ვერწმუნებით, მე თითქოს ვასწავლი
ათენელ ჭაბუკებს უარყონ ის ღმერთები, რომლებსაც თაყვანს სცემს ქალაქი და მათ
ნაცვლად ახალი ღვთაებები თუ დემონები აღიარონ. ხომ ამას გულისხმობ, როცა
ამტკიცებ, რომ მე ჩემი მოძღვრებით ვრყვნი ახალგაზრდობას?
- დიახ, სწორედ მაგას ვგულისხმობ.
- მაშ, გაფიცებ სწორედ ამ ღმერთებს, რომლებიც, ეს-ესაა ვახსენეთ,
მელეტოს, უფრო ნათლად და როგორც ჩემთვის, ისე, აი, ამ ხალხისთვისაც უფრო
გასაგებად ილაპარაკე, რადგან მე ვერასდიდებით ვერ მივმხვდარვარ, რისი თქმა
გსურს: იმას ამტკიცებ, თითქოს მე ვმოძღვრავ ახალგაზრდობას აღიაროს
რომელიღაც ახალი ღვთაებანი და, მაშასადამე, თვითონვე ვაღიარებ ღმერთების
არსებობას. ასე რომ, არ შეიძლება პირწავარდნილი უღმერთო მეწოდოს, და,
ამრიგად, ამ მხრივ როდი ვცოდავ. მხოლოდ ეგაა, ვაღიარებ არა იმ ღმერთებს,
რომლებსაც თაყვანს სცემს ქალაქი და სწორედ ამაში მდებ ბრალს, - თუ იმის
დამტკიცება გსურს, რომ მე საერთოდ უარვყოფ ღმერთებს და არა მარტო თავად
უარვყოფ, არამედ სხვებსაც ამასვე შევაგონებ?
- მე ვამტკიცებ, რომ შენ საერთოდ არა სცნობ ღმერთებს.
- საოცარი კაცი ხარ, მელეტოს! რატომ ამტკიცებ მაგას? მაშასადამე, მე,
სხვებისაგან განსხვავებით, ღმერთებად არ ვცნობ, ღმერთებად არ ვთვლი არც მზეს
და არც მთვარეს[36]?
- ვფიცავ ზევსს, მართლაც ასეა, მოსამართლენო: ის ამტკიცებს, რომ მზე -
ქვაა, მთვარე კი მიწა[37].
- როგორც ჩანს, ანაქსაგორას ადანაშაულებ, ჩემო ძვირფასო მელეტოს, და
ისე უბადრუკებად, ისე უვიცებად მიგაჩნია ჩვენი მოსამართლენი, რომ გგონია,
თითქოს მათ არ იციან, ანაქსაგორა კლაძომენელის წიგნები ამნაირი აზრებით
რომაა სავსე[38]. ჩვენი ჭაბუკებიც, თურმე ნუ იტყვით და, ჩემი წყალობით იგებენ
ამას, თუმცა შეუძლიათ ორქესტრაში, სულ დიდი, ერთი დრამის ფასად შეიტყონ
იგივე[39], რათა შემდეგ მასხრად აიგდონ სოკრატე, თუ ის მართლაც მიითვისებს და
თავისად გაასაღებს მთელ ამ სისულელეს. მაგრამ მითხარი, ზევსის გულისთვის,
ნუთუ მართლა გგონია, რომ მე არ ვიცნობ არავითარ ღმერთს?
- აგრეა, ვფიცავ ზევსს.
- დაუჯერებელია, ჩემო მელეტოს, და მე მგონია, შენ თვითონაც არ გჯერა
შენი სიტყვები. ჩემის აზრით, ეს კაცი, ათენელნო, შარიანია და შლეგი. ჩემი
ბრალდებაც სწორედ თავისი შარიანობისა და სიშლეგის, თავისი ახალგაზრდობისა
და გამოუცდელობის გამო შეთხზა, მაგრამ ეს ბრალდება გამოცანას უფრო ჰგავს:
„აბა, ვნახოთ, თუ გამოიცნობს ეს ჩვენი ბრძენი სოკრატე, რომ მე ვხუმრობ და
ჩემსავე თავს ვეწინააღმდეგები, - თუ შევძლებ გავაცურო ისიც და დანარჩენი
მსმენელებიც?“ რადგან მე მართლა მგონია, რომ ის თავის თავს ეწინააღმდეგება,
თითქოს ამის თქმა სურსო: „სოკრატე მკრეხელობს არა იმიტომ, რომ არ აღიარებს
ღმერთებს, არამედ იმიტომ, რომ აღიარებს ღმერთებს“. ოინიც, თუ გნებავთ, ესაა
სწორედ!
მაშ, ჩემთან ერთად დაუკვირდით, ათენელნო, მართლა იმის თქმა სურს
თუ არა, რასაც მე ვფიქრობ? გვიპასუხე, მელეტოს, თქვენ კი ნუღარ
გამამეორებინებთ თხოვნას: ნუ აყაყანდებით, თუ ჩემებურად ვილაპარაკებ.
მოიძებნება თუ არა, მელეტოს, ამ ქვეყნად ისეთი კაცი, რომელიც აღიარებს
ადამიანთა მოქმედებას და შემოქმედებას, თვით ადამიანების არსებობას კი არ
10

აღიარებს? დაე, მიპასუხოს, მოქალაქენო, თქვენ კი გთხოვთ, ნუ ყაყანებთ აგრე


უაზროდ და უმიზეზოდ. მოიძებნება თუ არა ამქვეყნად კაცი, რომელიც არ
აღიარებს ცხენების არსებობას, ცხენოსნობას კი აღიარებს? ანდა კაცი, რომელიც არ
აღიარებს ავლეტისტებს[40], ავლეტობას კი აღიარებს! არ მოიძებნება, ჩემო
უკეთილშობილესო მელეტოს. თუ არ გსურს მიპასუხო, შენც და ყველა აქ
დამსწრესაც მე გეტყვით ამას. მაგრამ იქნებ ამ კითხვაზე მაინც ინებო პასუხის
გაცემა: მოიძებნება თუ არა კაცი, რომელიც აღიარებს დემონიურობას, თვით
დემონებს[41] კი არ აღიარებს?
- არა, არ მოიძებნება.
- მადლობა ღმერთს, ძლივს არ გაიძულეს ათენელებმა პასუხი გეღირსებინა
ჩემთვის? ამრიგად, შენ ამტკიცებ, რომ მე ვაღიარებ და სხვებსაც ვაღიარებინებ
დემონიურობას, სულ ერთია, ახალია თუ ძველი ეს მრწამსი; მთავარი ისაა, რომ მე
ვაღიარებ დემონიურობას, და რომ შენ ფიცით დაუმოწმე აქ შეკრებილთ შენი
ბრალდების ეს მუხლი. ხოლო თუ მე ვაღიარებ დემონიურობას, შეუძლებელია არ
ვაღიარებდე თვით დემონებსაც, ასეა, არა? რა თქმა უნდა, ასეა. ხომ გაგიგონია,
დუმილი თანხმობის ნიშანიაო. კი მაგრამ, განა დემონებს ღმერთებად და
ღმერთების ნაშიერებად არა ვთვლით?
- ცხადია ვთვლით.
- ამრიგად, თუ მე ვაღიარებ დემონებს, რასაც არც თავად უარყოფ და
დემონები იგივე ღმერთებია, მაშასადამე, მართალი მითქვამს: შენ ხუმრობ და
გამოცანას გვთავაზობ, რახან ამტკიცებ, რომ მე უარვყოფ ღმერთებს და,
იმავდროულად, ვაღიარებ მათ, რაკიღა ვაღიარებ დემონებს. მეორეს მხრივ, თუ
დემონები ღმერთების ნაშიერნი არიან, სულერთია, ვინც უნდა იყვნენ მათი
დედები - ნიმფები თუ, როგორც ამბობენ, მოკვდავი ქალები, - მითხარი, ვინ
გეგულება ისე დამთხვეული, რომ აღიაროს ღმერთების ნაშიერნი და არ აღიაროს
თვითონ ღმერთები? ეს ხომ ისეთივე სიბრიყვე იქნებოდა, როგორც, ვთქვათ, ერთის
მხრივ, იმის აღიარება, რომ არსებობენ ჯორები - ცხენებისა და ვირების ნაშიერნი,
ხოლო მეორეს მხრივ, ცხენებისა და ვირების არსებობის უარყოფა. არა, მელეტოს,
შეუძლებელია, რომ ჩვენს გამოსაცდელად არ შეგეთხზა და შეგეთითხნა ეგ
ბრალდება, ან არა და, ალბათ, არ იცოდი, რაში დაგედო ჩემთვის ბრალი. ისე კი,
თუ გგონია, რომ შეძლებ გააცურო თუნდაც ერთი ჩვენგანი, ვისაც ჭკუის ნასახი
მაინც მოეძებნება, და დაარწმუნო იმაში, თითქოს ერთი და იგივე კაცი აღიარებს
ღვთაებრივს თუ დემონიურს და, იმავდროულად, უარყოფს ღვთაებებისა თუ
დემონების არსებობას, მერწმუნე, თავს იტყუებ მხოლოდ და მხოლოდ.
მოკლედ, ათენელნო, მე რომ უდანაშაულო ვარ იმაში, რაშიც ბრალსა მდებს
მელეტოსი, ჩემის აზრით, მტკიცებას და დასაბუთებას აღარ მოითხოვს: საკმარისია
ისიც, რაც ითქვა. ხოლო ის, რომ, როგორც ადრევე მოგახსენეთ, ბევრ თქვენგანს
ვძულვარ უმძაფრესი სიძულვილით, მერწმუნეთ, სრული ჭეშმარიტება გახლავთ.
ამიტომ, თუ დამღუპავს, მელეტოსი და ანიტოსი კი არ დამღუპავს, არამედ ბრბოს
სიძულვილი და ცილისწამება, რამაც უკვე დაღუპა არა ერთი და ორი პატიოსანი
კაცი და, ჩემის აზრით, კვლავაც დაღუპავს, ვინაიდან არავითარი საფუძველი არა
მაქვს ვიფიქრო, რომ მაინცდამაინც მე ვიქნები უკანასკნელი.
მაგრამ იქნებ რომელიმე თქვენგანმა მკითხოს: „როგორ არა გრცხვენია,
სოკრატე, რამ გაიძულა იმ საქმეში გარევა, სიკვდილს რომ გიქადის დღეს?“
მართალი ვიქნები, თუ ამ კითხვის პასუხად ასე მივუგებ მას: „არასწორად
მსჯელობ, ჩემო მეგობარო, თუ გგონია, რომ კაცი მხოლოდ სიკვდილ-სიცოცხლის
11

საფრთხეს უნდა უწევდეს ანგარიშს და არა იმას, თუ როგორ იქცევა


სამართლიანად, როგორც შეშვენის კეთილს, თუ უსამართლოდ, როგორც შეჰფერის
უკეთურს. შენის აზრით, სულმოკლე ყოფილა ტროასთან დაცემული ყველა
ნახევარღმერთი და, მათ შორის, თეტიდას ვაჟიც[42], რომელსაც ისე ეშინოდა
სახელის გატეხვისა, რომ არად ჩააგდო სიკვდილის საფრთხე და როცა
ქალღმერთმა დედამ, რომელმაც გაიგო, ჰექტორის მოკვლას აპირებსო, თუ არა
ვცდები, ამ სიტყვებით გააფრთხილა: „ჩემო ვაჟკაცო, თუ შენი მეგობრის
პატროკლეს შურის საძიებლად მოჰლავ ჰექტორს, თავადაც მოკვდები: პრიამოსის
ძის სიკვდილის შემდეგ აღარც შენ გიწერია დიდი დღე[43], - მან გულმშვიდად
მოისმინა დედის სიტყვები, არ შეუდრკა საფრთხეს და არ შეუშინდა სიკვდილს,
ვინაიდან ათასწილ უფრო ეშინოდა მხდალის სახელი არ შერქმეოდა, თუ არ
აიღებდა მეგობრის სისხლს: „დაე, მოვკვდე, ოღონდ სანაცვლო მივუზღო
თავგასულს, ოღონდ არ დავრჩე აქ, ნამგალა ხომალდთა გვერდით, კაცთა
სამასხროდ და მიწის სირცხვილად[44]“. როგორ გგონია, განა მას აშინებდა საფრთხე
და სიკვდილი?“
დიახ, ასეა, ჭეშმარიტად ასეა, ათენელნო; ვისაც რა ადგილი უჭირავს
მწყობრში, სულერთია, იმიტომ, რომ თავისთვის ყველაზე უკეთესი და შესაფერისი
ჰგონია იგი, თუ იმიტომ, რომ სწორედ ეს ადგილი მიუჩინა არქონტმა[45], ჩემის
აზრით, იქვე უნდა დარჩეს და არად ჩააგდოს არც საფრთხე, არც განსაცდელი, არც
სიკვდილის შიში, ერთი სიტყვით, არაფერი, გარდა სირცხვილისა, ხოლო მას
შემდეგ, რაც თქვენს მიერ არჩეულმა არქონტებმა მომიჩინეს მწყობრში ადგილი,
რათა მათი წინამძღოლობით შევბმოდი მტერს, - ასე იყო პოტიდეასთან, ასე იყო
ამფიპოლისთან, ასე იყო დელიონთან[46], - დიახ, მას შემდეგ, რაც მე, ისევე როგორც
ბევრი თქვენგანი, ათასგვარი განსაცდელისა და სიკვდილის საფრთხის
მიუხედავად, მტკიცედ და ნირშეუცვლელად ვიდექი ჩემს ადგილას, - თავად
განსაჯეთ, რას ემგვანებოდა ჩემი ქცევა, ათენელნო, თუკი ამჟამად, როცა თვით
ღმერთმა ჩამაყენა მწყობრში და მიბრძანა, მისდიე ფილოსოფიას და გამოსცადე
როგორც შენი თავი, ისე სხვებიცო, ანაზდეულად შემაკრთობდა სიკვდილისა თუ
სხვა რამის შიში და ლაჩრულად დავტოვებდი მწყობრს. ამ უღირსი საქციელის
გამო ჩემთვის მართლაც უნდა გეჩივლათ სასამართლოში და ბრალად დაგედოთ,
რომ მე ანგარიშს არ ვუწევ მისნობის აზრს, უარვყოფ ღმერთებს, მეშინია
სიკვდილის და, თუმცა სიბრძნისა არა მცხია რა, ბრძენკაცად მომაქვს თავი, რადგან
სიკვდილის შიში, არსებითად, სხვა არა არის რა, მოქალაქენო, გარდა იმისა, რომ
ბრძენკაცად მოგქონდეს თავი და იჩემებდე იმის ცოდნას, რაც, სინამდვილეში, არ
იცი. მართლაცდა, ვინ იცის, რა არის სიკვდილი? იქნებ, ის უდიდესი სიკეთეა
ადამიანისათვის, თუმცა ისე კი ეშინიათ მისი, თითქოს დაბეჯითებით იცოდნენ,
რომ ის უდიდესი ბოროტებაა, მაგრამ მხოლოდ სრულიად უვიცი და უმეცარი თუ
დაიჩემებს იმის ცოდნას, რაც არ იცის. მე კი, მოქალაქენო, სწორედ იმით
განვსხვავდები უმრავლესობისაგან და იმიტომ ვჩანვარ, თუკი ვისიმე თვალში
მართლა ვჩანვარ, სხვებზე უფრო ბრძენი, რომ, რაკი ჰადესზე[47] ბევრი არა ვიცი რა,
არც მგონია, თითქოს რაიმე ვიცი, ხოლო კანონის დარღვევა და შენზე უმჯობესის
(სულერთია, ღმერთის თუ კაცის) უგულვებელყოფა რომ სამარცხვინოა და
საძრახისი, მერწმუნეთ, ამაში არასოდეს შემპარვია ეჭვი. ამიტომ არ შევუკრთები
იმას, რაც, შესაძლოა, სიკეთეც იყოს ჩემთვის, და არ შევუშინდები უფრო მეტად,
ვიდრე იმას, რასაც ჩემთვის აშკარა ბოროტებად ვთვლი.
12

ახლა კი, რომც ადგეთ და გამამართლოთ, ისე რომ ყური არ ათხოვოთ


ანიტოსს, რომელიც გაჰყვირის, რომ ან საერთოდ არ უნდა გამოვცხადებულიყავი
სასამართლოში, ანდა, რაკი გამოვცხადდი, დაუშვებელია ჩემი დაუსჯელად
გაშვება, და რომელიც ერთავად იმას გიმტკიცებთ, რომ თუ გამამართლებთ, მაშინ
თქვენი შვილები, სოკრატეს ფეხის ხმას აყოლილნი, შეიძლება საბოლოოდ
წავიდნენ ხელიდან, - დიახ, რომც ადგეთ და ასე მითხრათ: „ამჯერად ჩვენ
ვაწბილებით ანიტოსს და გამართლებთ, სოკრატე, მხოლოდ იმ პირობით, რომ
თავი ანებო ამ უაზრო კვლევა-ძიებას და ხელი აიღო ფილოსოფიაზე, მაგრამ თუ
მაინც აგვიხირდები და შენსას არ დაიშლი, ვეღარაფერი გისხნის სიკვდილისაგან",
- მერწმუნეთ, ამ პირობით კიდევაც რომ გამამართლოთ, მაინც ასე გეტყოდით
თქვენ:
„მე თქვენ პატივს გცემთ, მე თქვენ მიყვარხართ, ათენელნო, მაგრამ მაინც
ღმერთის უფრო მჯერა, ვიდრე თქვენი, ამიტომ, სანამ პირში სული მიდგას და
ძალა მერჩის, ხელს არ ავიღებ ფილოსოფიაზე, არ დავმშვიდდები, არ დავცხრები
და ვეცდები იგივე შთავაგონო თითოეულ თქვენგანს, რასაც აქამდე შთავაგონებდი:
„ეჰა, უკეთილშობილესო კაცთა შორის, ეჰა ათენელო, უდიდესი და სიბრძნითა თუ
ძალმოსილებით ყველაზე სახელგანთქმული ქალაქის მოქალაქევ, ნუთუ არა
გრცხვენია, რომ მხოლოდ ოქრო-ვერცხლზე გიჭირავს თვალი, მხოლოდ ფულის
მოგებაზე გელევა სული? ნუთუ მხოლოდ სახელისა და პატივის მოხვეჭაა შენი
საზრუნავი და არა სიბრძნე, ჭეშმარიტება, სული? ნუთუ არ გინდა, რომ შენი სული
უფრო წმინდა იყოს, უფრო მშვენიერი, უფრო ზნესრული? ხოლო თუ რომელიმე
თქვენგანი შემედავება და დაიწყებს იმის მტკიცებას, თითქოს დიახაც ზრუნავს
სულისთვის, იმ წამსვე კი არ დავეხმარები და გავეცლები, არამედ კითხვას
გავუმეორებ, გამოვცდი, გამოვააშკარავებ, და თუ შევატყვე, რომ სიქველის ნასახიც
არ გააჩნია და მხოლოდ თავს გვაჩვენებს ქველად, დავგმობ, შევარცხვენ, შევაჩვენებ
იმის გამო, რომ არაფრად აგდებს ყველაზე ძვირფასს, ხოლო ყველაზე უფასური
თავს ურჩევნია. ასე მოვექცევი ყველას, ვისაც შევხვდები, - მოხუცსა თუ
ახალგაზრდას, უცხოელს თუ ჩვენებურს, მით უმეტეს, - თქვენ, ათენელნო,
ვინაიდან თქვენა ხართ ჩემი სისხლი და ხორცი. მერწმუნეთ, ამას მიბრძანებს
ღმერთი, და მე მგონია, მთელს ქალაქში არ მოგეძებნებათ უფრო დიდი სიკეთე,
ვიდრე ეს ჩემი სამსახური ღმერთის მიმართ. მე ხომ სხვას არას ვაკეთებ, გარდა
იმისა, რომ დავდივარ ქალაქში და ვარწმუნებ ყველას, მოხუცსაც და
ახალგაზრდასაც, უმეტეს და უწინარეს ყოვლისა, სხეულსა და გულზე კი არა,
სულზე იზრუნოს, რათა ის უფრო სრულქმნილი გახდეს. დიახ, მე ვამტკიცებ, რომ
ფული კი არ ბადებს სიქველეს, არამედ სიქველე ანიჭებს კაცს ფულსაც და ყველა
სხვა სიკეთესაც, როგორც პირად, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც. თუ ამნაირი
სიტყვებით ვრყვნი ახალგაზრდობას, რა თქმა უნდა, დამნაშავე ვარ, ხოლო ვინც
ამტკიცებს, თითქოს ამას კი არა, სხვა რამეს ვასწავლი ათენელ ჭაბუკებს, წყალს
ნაყავს მხოლოდ. ამიტომ, კვლავ გიმეორებთ, ასე გეტყოდით თქვენ: „მიუხედავად
იმისა, ერწმუნებით თუ არა ანიტოსს, მიუხედავად იმისა, გამამართლებთ თუ არა,
მე ჩემსას არ მოვიშლი, ათენელნო, ერთხელ კი არა, ათასჯერაც რომ
მომაკვდინოთ“.
ნუ ყაყანებთ, ათენელნო, შემისრულეთ ეს სათხოვარი; ნუ კი ყაყანებთ ჩემს
ყოველ სიტყვაზე, არამედ ყურადღებით მისმინეთ, მე მინდა გითხრათ რაღაც
ისეთი, რის გამოც თქვენ, ალბათ, უფრო ხმამაღლა აყაყანდებით, მაგრამ კვლავ
გემუდარებით, ნუ იზამთ ამას. მერწმუნეთ, თუ მომკლავთ, დიახ, თუ მომკლავთ
13

ისეთს, როგორიცა ვარ სინამდვილეში, ამით თქვენს თავს უფრო ავნებთ, ვიდრე მე.
რას დამაკლებენ მელეტოსი და ანიტოსი? ბუზსაც ვერ ამიფრენენ, რადგან არა
მგონია უარესს ნება ჰქონდეს ავნოს უკეთესს. რა თქმა უნდა, მას შეუძლია
მოჰკლას, გააძევოს, ღირსება აჰყაროს. შესაძლოა, ის ამას დიდ ბოროტებად თვლის,
ის და მისი მსგავსნი, მაგრამ არა მე: ჩემის აზრით, გაცილებით უფრო დიდი
ბოროტებაა ის, რასაც ახლა ჩადის, რაკიღა ცდილობს ასე განუკითხავად
სასიკვდილოდ გაწიროს კაცი. ამრიგად, მე ახლა თავს კი არ ვიცავ, ათენელნო,
როგორც შეიძლება ერთი შეხედვით მოეჩვენოს კაცს, არამედ თქვენ გიცავთ, დიახ,
თქვენ, რადგან ვშიშობ, თუკი სიკვდილით დამსჯით, არ დაკარგოთ უფლის მიერ
ბოძებული ღვთიური ნიჭი. მართლაც, თუ მომკლავთ, სადღა ჰპოვებთ ჩემნაირ
კაცს, რომელიც - სასაცილოა, ღმერთმანი, - თვითონ უფალმა მიუჩინა ჩვენს
ქალაქს, როგორც ძლიერსა და კეთილშობილ, მაგრამ მეტისმეტი სიმსუქნისაგან
გაზარმაცებულსა და გაზულუქებულ ცხენს, რომელსაც უჭირს განძრევა, თუ
აბეზარი კრაზანა თავისი ბასრი ნესტრით, როგორც წვეტიანი დეზებით, არ
უწყლავს ფერდებს. მე მგონია, ღმერთმაც სწორედ იმ მიზნით წარმომგზავნა ამ
ქალაქში, რომ მთელი დღე მუხლჩაუხრელად ვიარო კარდაკარ, გამოგაფხიზლოთ,
მოსვენება არ მოგცეთ, ყვედრებით აგავსოთ. სხვას ჩემისთანას აგრე იოლად ვეღარ
იპოვით, ათენელნო, მე კი, თუ მერწმუნებით, შეგიძლიათ შემინარჩუნოთ, თუმცა,
ადვილი შესაძლებელია, ისედაც მოხდეს, რომ ერწმუნოთ ანიტოსს, გაგულისდეთ
და, როგორც ძალად გამოღვიძებულმა და თავგაბეზრებულმა კაცმა - აბეზარი
მწერი, ხელის ერთი მოსმით გამსრისოთ. მაშინ კი მოგიწევთ მთელი თქვენი
სიცოცხლე თვლემაში გალიოთ, თუ ღმერთმა მოწყალე თვალით არ გადმოგხედათ
და სხვა ჩემნაირი არ მოგივლინათ ვინმე. ხოლო მე რომ მართლა ისეთი ვარ,
როგორიც ღმერთმა წარმომგზავნა ამ ქალაქში, აი, ამის უტყუარი საბუთი:
მითხარით, სად გინახავთ ან გაგიგონიათ, რომ კაცმა ხელი აიღოს თავის თავზე,
ამდენი წელი გაჭირვებაში ამოხადოს სული საკუთარ ოჯახს, და მხოლოდ თქვენი
საქმე აკეთოს, თავისებურად მიუდგეს თვითეულ თქვენგანს, როგორც უფროსი ძმა
ან მამა, და სიქველისთვის დაუცადებელი ზრუნვა შთააგონოს. მე რომ რაიმე
გამორჩენა მქონდეს ან სწავლის საფასურს მოვითხოვდე, კიდევ ჰო, კაცს შეიძლება
ეფიქრა, რომ ანგარების კარნახით ვიქცევი ასე, მაგრამ ხომ თქვენი თვალით
ხედავთ, ჩემს ბრალმდებლებს, რომლებიც ყველაფერში ასე ურცხვად მდებდნენ
ბრალს, აქ უკვე აღარ ეყოთ უტიფრობა და ვერცერთი მოწმე ვერ დაასახელეს იმის
დასადასტურებლად, თითქოს ოდესმე ამეღოს, ან თუნდაც ვინმესთვის
მომეთხოვოს სწავლის საფასური. მე კი, მათგან განსხვავებით, შემიძლია ჩემი
სიმართლის სავსებით სანდო მოწმე დაგისახელოთ, - ჩემი სიღატაკე.
იქნებ უცნაურად მოგეჩვენოთ ის ამბავი, რომ მხოლოდ კერძოდ, ცალკეულ
პირებს ვაძლევ რჩევას, ყველას კარდაკარ ვუვლი და ყველაფერში ვეჩრები,
თავყრილობაზე საჯაროდ გამოსვლას და ქალაქისთვის რჩევის მიცემას კი თავს
ვარიდებ. ამის მიზეზი არაერთგზის და არაერთგან გსმენიათ ჩემგან; მე ვგრნობ
ჩემში რაღაც ღვთაებრივს თუ დემონურს[48], რასაც მელეტოსმა ასე მწარედ დასცინა
თავის ბრალდებაში, მაგრამ, რა ვქნა, თუ სიყრმითვე აშკარად ვგრძნობ, როგორ
მეჩურჩულება რაღაც იდუმალი ხმა, რომელიც ყოველთვის მიშლის იმის კეთებას,
რისი გაკეთებაც მსურს, წაქეზებით კი არასოდეს არაფრისთვის არ მაქეზებს. აი,
სწორედ ეს ხმა მიკრძალავს სახელმწიფო მოღვაწეობის, საზოგადო საქმის კეთებას,
და ჩემის აზრით, კარგსაც შვრება, რომ მიკრძალავს. დამერწმუნეთ, მოქალაქენო, მე
რომ ოდესმე მეცადა და საზოგადო საქმისათვის მიმეყო ხელი, დიდი ხანია ჩემი
14

სახსენებელიც აღარ იქნებოდა ამ ქვეყნად. ტყუილუბრალოდ დავიღუპებოდი, ისე


რომ ვერც თავს ვარგებდი რასმე და ვერც ქალაქს. ნუ შემრისხავთ სიმართლის
თქმითვის. ჯერ კიდევ არ დაბადებულა ისეთი კაცი, ამ უკუღმართ ქვეყანაში
ამდენი უსამართლობის აღმოფხვრისა თუ უკანონობის აღკვეთის მიზნით აშკარად
რომ არ დაგიპირისპირდეთ თქვენ არ რომელიმე სხვა უმრავლესობას და...
ცოცხალი დარჩეს. არა და არა; ვინც მართლა სამართლიანობისათვის იბრძვის, თუ
სურს ცოტა ხანს მაინც გაუძლოს მტრებს, ბოლომდე კერძო პირად უნდა დარჩეს:
საზოგადოებრივი ასპარეზი მისი სარბიელი არ არის. ამის დასტურად მე
წარმოგიდგენთ უტყუარ საბუთს: არა მაღალფარდოვან სიტყვას, არამედ იმას,
რასაც ყველაზე მეტად აფასებთ, საქმეს. მაშ, ისმინეთ, რა შემემთხვა ერთხელ, და
დარწმუნდებით, რომ სიკვდილის შიშმაც ვერ მაიძულა ვისიმე საამებლად
მეღალატა სამართლიანობისათვის, რამაც კინაღამ წამაგებინა თავი.
რასაც ახლა გიამბობთ, მოსაწყენია და მძიმე მოსასმენი. სამაგიეროდ
სრული ჭეშმარიტება გახლავთ. არასოდეს, ათენელნო, არ მჭერია ქალაქში რაიმე
თანამდებობა, მაგრამ სათათბიროს წევრი კი ვიყავი. ჩვენი, ესე იგი, ანტიოქიდის
ფილეს პრიტანობის ჯერმა[49] სწორედ იმ დროს მოაწია, როცა ვაპირებდით ერთად
დაგვესაჯა ათი სტრატეგი, რომლებმაც ვერ შეძლეს მოეკრიბათ საზღვაო
ბრძოლაში დაღუპულთა გვამები[50]. მაგრამ ეს იყო უკანონო გადაწყვეტილება,
როგორც შემდგომ ერთხმად აღიარა ყველამ. პრიტანებს შორის მაშინ მე
ერთადერთმა არ დავუშვი კანონის დარღვევა და ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ
მივეცი ხმა, რის გამოც ორატორებმა ლამის ღალატი დამწამეს და ჩემი
დაპატიმრება მოითხოვეს. სხვათა შორის, თქვენ მაშინაც ასე ყვიროდით და
ერთხმად მოითხოვდით ჩემს დასჯას. მაგრამ მე მტკიცედ გადავწყვიტე, რომ,
განსაცდელის მიუხედავად, ჩემი ვალი, უმალ, კანონისა და სამართლიანობის
დაცვა იყო, ვიდრე ის, რომ დაპატიმრებისა და სიკვდილით დასჯის შიშით
შემკრთალს მხარი ამება თქვენთვის - მრუდედ განმსჯელთა და უსამართლოდ
გამრიგეთათვის. ეს ჯერ კიდევ მაშინ მოხდა, როცა ქალაქს ხალხი მართავდა.
ხოლო როცა ოლიგარქიის დრო დადგა, ოცდაათმა ტირანმა[51], თავის მხრივ,
თოლოსში[52] დამიბარა, ოთხ სხვა მოქალაქესთან ერთად, და მიბრძანა ლეონ
სალამინელი ჩამომეყვანა სალამინიდან, ვინაიდან მისი სიკვდილით დასჯა
ჰქონდათ გადაწყვეტილი. ამნაირი ბრძანება მაშინ ბევრმა სხვამაც მიიღო, ვინაიდან
ტირანიას სურდა ამ გზით გაეზარდა დამნაშავეთა რიცხვი[53]. მაგრამ მე ამჯერადაც
სიტყვით კი არა, არამედ საქმით დავამტკიცე, რომ სიკვდილი, თუ შეიძლება ასე
ითქვას, არაფრად მიჩანს, ხოლო უსამართლობისა და უკეთურობისაგან განზე
დგომა ყველაფერია ჩემთვის. ხომ ასე ძლიერი და სასტიკი იყო ეს მმართველობა,
მაგრამ ვერ შემაშინა და ვერ მაიძულა უსამართლობა ჩამედინა. თოლოსიდან რომ
გამოვედით, ოთხივე ჩემი თანამზრახველი სალამინს გაემგზავრა და ლეონი
ჩამოიყვანა, მე კი შინისკენ გავწიე. ალბათ, სიკვდილით დამსჯიდნენ ამ
ურჩობისთვის, მაგრამ ტირანია მალე დაემხო[54]. რამდენი თქვენგანია ყოველივე
ამის მოწმე.
იქნებ გგონიათ, ამდენ ხანს გავძლებდი, სახელმწიფო სამსახური რომ
მეტვირთა და, თანაც, ისე მეტვირთა, როგორც შეშვენის წესიერ კაცს: შემწეობა
აღმომეჩინა მართალთათვის და, როგორც ჯერ არს, სწორედ ეს დამესახა ჩემი
მოღვაწეობის უმთავრეს მიზნად? ვერა, ღმერთმანი, ვერ გავძლებდი, ათენელნო! ან
კი ვინ გაძლებდა? ხოლო მე ყოველთვის ასეთი ვიყავი, - სახელმწიფო
სამსახურშიც, თუკი სადმე მიმსახურია, და კერძო საქმეშიც: სამართლიანობის
15

საზიანოდ არავისთვის დამიკრავს კვერი,- არც იმათთვის, ვისაც ჩემი მოწაფეები


უწოდეს ჩემმა ბრალმდებლებმა[55], და არც სხვა ვინმესთვის.
თუმცა მე არავის მასწავლებელი არ ვყოფილვარ არასდროს. ხოლო თუ
ვინმეს, სულერთია მოხუცსა თუ ახალგაზრდას, მოუსურვებია მოესმინა ჩემი
საუბარი და დამკვირვებოდა, როგორ ვაკეთებ ჩემს საქმეს, არასოდეს არავისთვის
მითქვამს უარი. ვერავინ იტყვის, რომ მხოლოდ ფულის გულისათვის ვსაუბრობ,
ხოლო უფულოდ არასოდეს მისაუბრია; ყველას, მდიდარსა თუ ღარიბ-ღატაკს,
უფლება აქვს მკითხოს, რაც უნდა, ანდა, თუ სურს, თავად მიპასუხოს ჩემს
კითხვებზე. და თუ ვინმე ამის გამო უკეთესი ხდება ან უარესი, საცა სამართალია,
მე რად უნდა ვაგო პასუხი? ვინაიდან არასოდეს არავისთვის არ აღმითქვამს -
გასწავლი-მეთქი და არც არასოდეს მისწავლებია, ხოლო თუ ვინმე ამტკიცებს,
თითქოს ოდესმე კერძოდ უსწავლია ჩემთან, ანდა ჩემგან მოუსმენია რაიმე
იმგვარი, რაც არასოდეს სმენიათ სხვებს, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ,
ცრუობს.
მაგრამ რატომ ასე სულგანაბული მისმენს ზოგიერთი დილიდან
საღამომდე? ხომ გესმით, ათენელნო, სიმართლეს მოგახსენებთ, ისინი
სიამოვნებით ისმენენ, როგორ ვცდი ყველას, ვისაც ბრძენკაცად მოაქვს თავი,
თუმცა სიბრძნისა არა სცხია რა. რომ იცოდეთ, რა საამო მოსასმენია. ხოლო ამას
თვითონ ღმერთი მიბრძანებს მისნის პირით, სიზმარეული ჩვენებით, ერთის
სიტყვით, ყოველგვარი საშუალებით, რომლითაც ოდესმე გამოვლენილა უფლის
ნება და ზეგარდმო მინდობია კაცს მისი აღსრულება.
ეს არა მარტო სწორია, არამედ ადვილად დასამტკიცებელიც, ათენელნო.
თუ ახალგაზრდობის ნაწილს ვრყვნი, ნაწილი კი უკვე გავრყვენი, ზოგი მათგანი
მაინც ხომ უნდა მიმხვდარიყო, რაკი ხანში შევიდა და ჭკუა ისწავლა, რომ
ოდესღაც, სიჭაბუკის ჟამს, ცუდად ვწერთნიდი და ვასწავლიდი, ხოლო თუ
მიხვდა, რატომ აქ არ გამოცხადდა ბრალმდებლად, რათა იქვენს წინაშე
შევერცხვინე და შევეჩვენებინე? ვთქვათ, მათ თავი აარიდეს ამას, სად არიან მათი
ახლობლები - მამები, ძმები, ნათესავები? განა ისინი დამივიწყებდნენ სიავკაცეს,
ჩემი გამოისობით რომ ავი რამ შემთხვეოდათ მართლაც? ბევრი მათგანი დღეს აქ
გახლავთ, მე ვხედავ მათ: აი, უწინარეს ყოვლისა, კრიტონი, ჩემი თანამოასაკე და
თანადემოსელი, ამ ჩვენი კრიტობულეს მამა; აქვეა ლისია სფეტიელი, თქვენს
შორის მყოფი ესქინეს მამა; აი ანტიფონ კეისელი, ეპიგენეს მამა, აგერ ისიც, ვისი
ძმებიც ერთავად ჩემთან იყვნენ, - ნიკოსტრატე, თეოძოდიტეს ძე და თეოდოტეს
ძმა; თვით თეოდოტე ცოცხალი აღარ არის, ასე რომ ვერაფერს დაუშლიდა ძმას; აი,
ჰარალე, დემოდორეს ძე, რომელსაც თეაგე ძმად მოხვდებოდა, აგერ ადიმანტე,
არისტონის ძე, ამ ჩვენი პლატონის ძმა; აქვე ვხედავ აიანტოდორეს, აპოლოდორეს
ძმას[56]; სხვაც ბევრი შემიძლია დაგისახელოთ, და მელეტოსს თავის სიტყვაში,
უწინარეს ყოვლისა, სწორედ ერთ-ერთი მათგანი უნდა მოეხმო მოწმედ. თუ მაშინ
დაავიწყდა, ახლა გაიხსენოს, მე ნებას ვრთავ, მოიხმოს მოწმედ რომელიც ნებავს და
უთხრას, რაც სურს, თუკი რაიმე აქვს სათქმელი, მაგრამ თქვენ სულ სხვა სურათი
გადაგეშლებათ თვალწინ, ათენელნო, თქვენ ნახავთ, რომ მე - მათ გამრყვნელს -
ყველა ერთხმად დამიჭერს მხარს. მე, ვინც ესოდენ დამნაშავე ვარ მათი
ახლობლების წინაშე, როგორც ამტკიცებენ მელეტოსი და ანიტოსი, თუ
მიკერძოებით განვსჯით, კაცმა შეიძლება იფიქროს, თითქოს ჩემს მიერ
გარყვნილნი გარკვეული მიზნით გამოვლენ ჩემს დასაცავად, მაგრამ რა რჯის, რა
აიძულებს მათ ნათესავებს, გაურყვნელსა და უკვე ხანში შესულ ხალხს, ერთხმად
16

დამიჭიროს მხარი, თუკი გულწრფელად არ სჯერათ, თუკი ღრმად არ სწამთ, რომ


მელეტოსი ტყუის, ხოლო მე მართალს ვამბობ. მაგრამ კმარა, მოქალაქენო! აი,
ყველაფერი, რითაც ასე თუ ისე შემიძლია ვიმართლო თავი.
შესაძლოა, ზოგი ვინმე განარისხოს იმის გახსენებამ, რომ, როცა მისი,
არცთუ ესოდენ მნიშვნელოვანი საქმე ირჩეოდა, ცრემლების ფრქვევით სთხოვდა
შეწყალებას მოსამართლეებს და მათი გულის მოსალბობად და ასაჩუყებლად
თავისი შვილები და მრავალრიცხოვანი ნათესავები თუ მეგობრები მოჰყავდა აქ, -
მე კი არაფერ ამის მსგავსს არ ვაპირებ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი საქმე,
როგორც ვატყობ, უკუღმა შეტრიალდა. დიახ, შეიძლება ვინმემ გაიხსენოს ეს და,
განრისხებულმა და ღირსებაშელახულმა, იმით იყაროს ჯავრი, რომ კენჭისყრისას
ჩემს წინააღმდეგ მისცეს ხმა. არ მინდა ეს დავიჯერო, მაგრამ თუ ზოგი თქვენგანი
მართლა ამნაირადაა განწყობილი, ვფიქრობ, არ შევცდები, თუ ამ სიტყვებით
მივმართავ მას:
„არც მე ვარ უთვისტომო და სახლ-კარ გადაშენებული, ჩემო ძვირფასო. მე
კაცი ვარ და, ჰომეროსის თქმისა არ იყოს, მუხას და კლდეს კი არ ვუშვივარ, არამედ
ადამიანები იყვნენ ჩემი მშობლები; მეც მაქვს ოჯახი, ათენელნო, მყვანან ვაჟები,
დიახ, დიახ, სამი ვაჟი: ერთი მათგანი მოზრდილია, ორი - პატარა[57], მაგრამ
არცერთს არ მოვიყვან აქ, თქვენს წინაშე, და არ გთხოვთ შეწყალებას“.
მაგრამ რატომ არ ვიზამ ამას? არა ქედმაღლობის, არა თქვენს მიმართ
ზიზღის გამო, ათენელნო. მოდით, ნუ გამოვეკიდებით იმას, მეშინია თუ არა
სიკვდილის, მაგრამ, მე მგონია, ჩემი, ისევე როგორც თქვენი და მთელი ქალაქის
ღირსებისათვის სამარცხვინო იქნებოდა, ჩემი ასაკისა და ჩემი სახელის კაცს[58] -
სულერთია, ღირსი ვარ თუ არა ამ სახელისა, - დიახ, ჩემი ასაკისა და ჩემი სახელის
კაცს რომ ჩამედინა რამე უღირსი. ხომ ყველას ჰგონია, რომ სოკრატე განსხვავდება
უმრავლესობისაგან, და განა სამარცხვინო არ იქნება, ასე რომ მოიქცეს ყველა, ვინც
სიბრძნით, სიმამაცით ან სხვა რამ სიქველით გამოირჩევა თქვენს შორის? მე
არაერთხელ ვყოფილვარ იმის მოწმე, როგორ წამხდარა სასამართლოს წინაშე
ბევრი ვითომ პატიოსანი და ყველას მიერ პატივცემული კაცი. თითქოს რაღაც
არნახული საშინელება უნდა დაეთმინათ, თუკი სასიკვდილო განაჩენს
გამოუტანდით და თითქოს უკვდავნი გახდებოდნენ, თუკი სიკვდილით არ
დასჯიდით. ჩემის აზრით, ასეთი ხალხი არცხვენს ჩვენს ქალაქს და მათმა
შემხედვარე უცხოელმა შეიძლება იფიქროს, რომ ათენში თავიანთი სიქველით
სახელგანთქმულნი კაცნი, რომლებსაც, სახელმწიფო თუ სხვა საპატიო
თანამდებობაზე დანიშვნისას, თვით ათენელები ანიჭებენ უპირატესობას,
არაფრით არ განსხვავდებიან დიაცთაგან. ეს, ათენელნო, მიუხედავად იმისა,
მართლა ღირსეულნი ხართ თუ მხოლოდ სხვებს აჩვენებთ თავს ღირსეულად,
არამცთუ არ უნდა ჩაიდინოთ, არამედ არც დაუშვათ ამის ჩადენა. პირიქით,
თქვენი ვალია მაგალითი მისცეთ ყველას და უჩვენოთ, რომ უმალ იმას დასჯით,
ვინც ამ ცრემლიან წარმოდგენებს მართავს და, ამრიგად, არცხვენს ჩვენს ქალაქს,
ვიდრე იმას, ვისაც ღირსეულად უჭირავს თავი.
ღირსებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, არც ის მგონია მართებული,
მოქალაქენო, რომ თხოვნით მოაბეზრო თავი მსაჯულებს და ვედრებით
გამოსძალო შეწყალება, ნაცვლად იმისა, რომ დაწვრილებით აუხსნა საქმის
ვითარება და შენს სიმართლეში დაარწმუნო ისინი. მსაჯული იმისთვის კი არ
გვიზის, რომ თვითნებურად შეგვიწყალოს, არამედ იმისთვის, რომ წესისამებრ
განგვსაჯოს და სამართალი გაგვიჩინოს. სიმართლის ერთგულებაზეც იმიტომ
17

როდი დაიფიცა, რომ შეიწყალოს, ვინც მოეპრიანება, არამედ იმიტომ, რომ კანონის
მიხედვით გაგვიკითხოს და კუთვნილი მოგვაგოს. ამიტომ არც ჩვენ უნდა
მივაჩვიოთ ფიცის გატეხას და არც თქვენ უნდა მიეჩვიოთ ამას, ვინაიდან ორივე
მხარეს მკრეხელობაში ჩამოგვერთმევა ეს. ნუ ელით, ათენელნო, რომ თქვენს
წინაშე ჩავიდენ იმას, რაც უკეთურობად, უსამართლობად და ღვთისმგმობლობად
მიმაჩნია, - მით უმეტეს, ვფიცავ ზევსს, ახლა, როცა მელეტოსი მკრეხელობას მდებს
ბრალად. თავისთავად ცხადია, მე რომ თხოვნით გამომეძალა შეწყალება და
იძულებით გამეტეხინებინა თქვენთვის ფიცი, სხვას რას ჩაგაგონებდით ან
გაფიქრებინებდით, თუ არა იმას, რომ ღმერთები არ არსებობენ და, ნაცვლად იმისა,
რომ თავი მემართლა, თვითონვე გამოვიდოდი საკუთარი თავის ბრალმდებლად
და თვალნათლივ გიჩვენებდით, რომ ღმერთები არა მწამს, მაგრამ სინამდვილეში
სულ სხვაგვარადაა საქმე: ღმერთებს მე უფრო ვცემ თაყვანს, ათენელნო, ვიდრე
რომელიც გნებავთ ჩემი ბრალმდებელი, და ამიტომ სწორედ ღმერთს და თქვენ
განდობთ, ისე განსაჯოთ, როგორც თვითონ მიიჩნევთ უმჯობესად, როგორც
ჩემთვის, ისე თქვენთვისაც.

(სოკრატეს დამნაშავედ ცნობის შემდეგ)

ბევრი რამ არ მაძლევს იმის ნებას, ათენელნო, რომ თქვენმა


გადაწყვეტილებამ აღმაშფოთოს. მართალი გითხრათ, ეს მოულოდნელი არც
ყოფილა ჩემთვის. პირიქით, მე გაცილებით უფრო გამაკვირვა
ურიერთსაპირისპირო ხმების რაოდენობამ. არ მეგონა, თუ მათ შორის ესოდენ
უმნიშვნელო განსხვავება იქნებოდა: გაცილებით მეტს მოველოდი. ახლა კი,
როგორც ირკვევა, საკმარისი იქნებოდა სულ რაღაც ოცდაათი კენჭი აქეთ
ჩაგეგდოთ და არა იქით, რომ სამართლის სასწორი ჩემსკენ გადმოხრილიყო[59].
მელეტოსს, როგორც ჩანს, უკვე დავაღწიე თავი, და არა მარტო დავაღწიე; ანიტოსს
და ლიკონს რომ თავიანთი ბრალდებებით არ დაეჭირათ მისთვის მხარი,
იძულებული იქნებოდა ათასი დრაქმა გადაეხადა ჯარიმად, ვინაიდან საჭირო
ხმების მეხუთედიც ვერ მოაგროვა[60].
მაშ, ასე, ეს კაცი სიკვდილს მისჯის; კეთილი და პატიოსანი, მაგრამ მე
რაღას მივუსჯი, ათენელნო, საკუთარ თავს? ალბათ, იმას, რისი ღირსიცა ვარ.
მერედა, რისი ღირსი ვარ მაინც? რას ვიმსახურებ, ან რა სახის ჯარიმა უნდა
გადავიხადო იმისთვის, რომ მთელი ჩემი სიცოცხლის მანძილზე მოსვენებას არ
ვაძლევდი საკუთარ თავს და არაფრად ვთვლიდი ყოველივე იმას, რასაც ასე
ელოლიავება უმრავლესობა, - ანგარებას, ოჯახის კეთილდღეობას,
მხედართმთავრობას, ბელადობას, ძალაუფლებასა და ყველა იმ შეთქმულებასა თუ
ამბოხებაში მონაწილეობას, რაც ესოდენ ხშირია ჩვენს ქალაქში, - ვინაიდან
მეტისმეტად წესიერ კაცად მიმაჩნდა თავი და იმედი არა მქონდა, რომ ცოცხალი
გადავრჩებოდი, თუ ყველაფერ ამას ვიტირებდი ან ყოველივე ამაში მივიღებდი
მონაწილეობას; რას ვიმსახურებ იმისთვის, რომ თავს ვარიდებდი ყველაფერს,
რითაც ვერც თქვენ გარგებდით რასმე და ვერც საკუთარ თავს, და ყოველთვის
ვილტვოდი იქით, სადაც განზე გამდგარსა და განკერძოებულს შემეძლო, როგორც
მოგახსენეთ, უდიდესი სიკეთე გამეწია თვითოეული თქვენგანისათვის და ცალ-
ცალკე ჩამეგონებინა ყველასთვის, - უწინარეს ყოვლისა, თქვენს საქმეებზე კი არა,
თქვენს თავზე იზრუნეთ, რათა, შეძლებისამებრ, უფრო სრულქმნილნი გახდეთ-
მეთქი, და, ზუსტად ასევე, ქალაქის საქმეზე კი არა, უმალ, თვით ქალაქზე ზრუნვა
18

მერჩია თქვენთვის? დიახ, რას ვიმსახურებ ყოველივე ამის სანაცვლოდ? მე მგონია,


კეთილ საზღაურს, ათენელნო, თუკი კაცს დამსახურებისამებრ უნდა მიეზღოს
მისი კუთვნილი; და, თანაც, ისეთ საზღაურს, რაც საჭიროა ჩემთვის. მაგრამ რა
სჭირდება ჩემსავით კეთილისმყოფელსა და ჩემსავით ღატაკ კაცს, რომლისთვისაც
აუცილებელია მოცალეობა თქვენს დასამოძღვრად? ამნაირი კაცისთვის,
ათენელნო, სწორედ რომ მისწრება იქნებოდა ყოველდღიური სადილი
პრიტანეიონში. მერწმუნეთ, ეს მისთვის უფრო უპრიანია, ვიდრე ოლიმპიურ
თამაშებში ცხენოსანთა მარულასა თუ ორ ან ოთხცხენიანელთა შეჯიბრში
გამარჯვებულისათვის[61]. ვინაიდან ის მხოლოდ მოჩვენებითს ბედნიერებას
განიჭებთ, მე კი- ჭეშმარიტს; ის უზრუნველყოფილია და უფასო სადილი არა
სჭირდება, მე კი მჭირდება, ასე რომ, თუ სათანადოდ განვსჯიდი ჩემს
დამსახურებას, მხოლოდ ერთ რასმე მივუსჯიდი საკუთარ თავს: ყოველდღიურ
სადილს პრიტანეიონში.
იქნებ ეს ჩემი სიტყვები ისეთივე ქედმაღლობად მოგეჩვენოთ, როგორც
ჩემი მსჯელობა ცრემლების ფრქვევისა და ვედრებისათვის. არა, ათენელნო,
ქედმაღლობა კი არა, სულ სხვა რამ მალაპარაკებს ამას: მე მწამს, რომ არავის
შეურაცხვყოფ შეგნებულად, მაგრამ ამის დამტკიცება არ შემიძლია, ვინაიდან
სასაუბროდ ძალზე ცოტა დრო დაგვრჩა. და მაინც ვფიქრობ, შევძლებდი თქვენს
დარწმუნებას, თქვენი კანონი სხვებისას რომ ჰგავდეს და სისხლის სამართლის
საქმის გარჩევას ერთს კი არა, რამდენიმე დღეს ანდომებდეთ[62]. ახლა კი, დროის
სიმცირის გამო, თითქმის შეუძლებელია ესოდენ საშინელი ცილისწამების
უარყოფა, თუმცა, რაკი მწამს, რომ არავის ვაყენებ შეურაცხყოფას, სულაც არ მსურს
შეურაცხვყო ჩემივე თავი, დავიბრალო დანაშაული და თვითონვე გამოვუტანო
განაჩენი საკუთარ თავს. რატომ და რისთვის? იმის შიშით, რასაც ჩემს სასჯელად
მოითხოვს მელეტოსი და რაც, კვლავ ვიმეორებ, არ ვიცი, ბოროტებაა თუ სიკეთე
ჩემთვის? თუ ამის ნაცვლად სხვა რამეს ავირჩევ სასჯელად და თავს გავწირავ
უეჭველი ბოროტებისათვის? მერედა, მაინც რას ავირჩევ? საპყრობილეს? კი მაგრამ,
რად ვეგდო ბნელ დილეგში ყოველ წელს ხელახლა არჩეული თერთმეტი
მბრძანებლის[63] მონად? ფულად ჯარიმას, რომელიც თუ არ გადავიხადე, ისე ვერ
გამოვალ საპყრობილედან? მაგრამ ეს ჩემთვის იგივე სამუდამო პატიმრობას
ნიშნავს, ვინაიდან ჯარიმის გადასახდელი ფული ვინ მომაშავა? გაძევებას? ამას კი,
ალბათ, სიამოვნებით მომისჯიდით, მაგრამ რა გამწარებით უნდა ვებღაუჭებოდე
სიცოცხლეს, ათენელნო, რომ ისე წავხდე, უბრალო რამ ვერ მოვისაზრო: თუკი
თქვენ, ჩემმა თანამოქალაქეებმა, ვერ აიტანეთ ჩემი საუბრები და შეგონებანი, თუკი
ისინი იმდენად მძიმე და აუტანელი შეიქმნენ თქვენთვის, რომ ცდილობთ
სამუდამოდ ჩამაკმედინოთ ხმა, როგორღა ამიტანენ უცხოელნი? ვერა, ღმერთმანი,
ვერ ამიტანენ, ათენელს! რაღა აჯობებს ჩემს ყოფას, თუ ამ სიბერის ჟამს ათენიდან
გაძევებული ქალაქ-ქალაქ დავიწყებ წანწალს, ყველას მიერ დევნილი და
მოძულებული! მე ხომ ვიცი, სადაც უნდა მივიდე და დავიწყო საუბარი, იქაური
ჭაბუკები, ჩვენი ახალგაზრდობისა არ იყოს, ბუზებივით დამეხვევიან. რა ვქნა,
გავყარო ისინი? უფროსებს დაუჯერებენ და თვითონვე განმდევნიან. არ გავყარო
და, მაშინ უფროსები განმდევნიან მათი გულისთვის.
შეიძლება ვინმე ადგეს და მითხრას: „კი მაგრამ, ნუთუ ჩვენგან წასულიც
ვერ შესძლებ, სოკრატე, ჩუმად და მშვიდად იცხოვრო?“
აი, სწორედ ამ საკითხში ძნელად თუ დაარწმუნებ ზოგიერთ თქვენგანს,
რადგან თუ გეტყვით, რას ნიშნავს ურჩობა ღმერთის მიმართ, ხოლო ურჩი
19

ვერასოდეს ეზიარება სიმშვიდეს და აუმღვრევლობას, - თქვენ არ დამიჯერებთ და


იტყვით, რომ მე ვპირფერობ. მეორეს მხრივ, თუ გეტყვით, რომ კაცისათვის
უდიდესი სიკეთეა საუბარი სიქველისა და ყოველივე იმის შესახებ, რაზედაც
ყოველდღე გესაუბრებით და, ამრიგად, ვცდი ჩემს თავსაც და სხვებსაც, ხოლო ამ
გამოცდის გარეშე სიცოცხლეს სიცოცხლე არ ეთქმის[64], - დიახ, თუ გეტყვით ამას,
თქვენ უფრო უნდოდ მოეკიდებით ჩემს სიტყვებს. მაგრამ ეს სრული სიმართლე
გახლავთ, ათენელნო, თუმცა ძნელად თუ დაგარწმუნებთ კაცი ამაში.
ეგეც არ იყოს, მე არ მჩვევია იმაზე ფიქრი, თითქოს ვიმსახურებ რაიმე
ბოროტს. ფული რომ მქონდეს, სათანადო თანხის გადახდას მივუსჯიდი საკუთარ
თავს, რადგან კაცმა რომ თქვას, რას დავკარგავდი? მაგრამ ვაი რომ ფული არა
მაქვს, თუკი, რა თქმა უნდა, იმდენს არ გადამახდევინებთ, რამდენის გადახდაც
შემიძლია; შეძლებით კი ძალიან ცოტა შემიძლია: სულ დიდი, ერთი ვერცხლის
მნა; სწორედ ამას ვუსჯი ჩემს თავს! თუმცა, აგერ, ეს ჩვენი პლატონი, ათენელნო,
ისევე როგორც კრიტონი, კრიტობულე და აპოლოდორე მთხოვენ - ოცდაათი მნა
თქვიო და თვითონვე მიდგებიან თავდებად. კეთილი, იყოს ოცდაათი მნა[65]. ჩემი
თავმდებნი ღირსეული ხალხია, მოქალაქენო!

(სასიკვდილო განაჩენის გამოტანის შემდეგ)

ახლა, როცა ორიოდე დღეღა დამიტოვეთ სასიცოცხლოდ ათენელნო,


სახელი გაგიტყდებათ და ჩვენი ქალაქის მტრები და ავისმდომელნი ბრალად
დაგდებენ იმას, რომ სიცოცხლე მოუსწრაფეთ სოკრატეს - ბრძენკაცს; დიახ,
ავისმდომელნი ერთხმად დაიწყებენ იმის მტკიცებას, რომ მე ბრძენი ვარ, თუმცა ეს
სიმართლეს არ შეეფერება. ისე კი, ცოტა რომ დაგეცადათ, სიკვდილი თავად
მომიკაკუნებდა კარზე: ხომ ხედავთ, რა ხნისა ვარ, ცალი ფეხი სამარეში მიდგას
უკვე. ამას ყველას გასაგონად როდი ვამბობ, მხოლოდ მათ მივმართავ, ვინც
სიკვდილი გადამიწყვიტა. მათვე მინდა ვუთხრა შემდეგი: ხომ არ გგონიათ,
ათენელნო, თითქოს იმიტომ მომესაჯა სიკვდილი, რომ სიტყვები არ მეყო, დიახ,
სიტყვები, რომლებითაც შევძლებდი თქვენს მოლბობას და ჩემს მხარეზე
გადმობირებას, თუკი საჭიროდ მივიჩნევდი, არაფრის წინაშე არ დამეხია უკან,
რათა თავიდან ამეცილებინა ასეთი განაჩენი? არ დაიჯეროთ, მოქალაქენო. მე
ბევრი რამ არ მეყო მართლაც, მაგრამ არა სიტყვები, არამედ თავხედობა,
უტიფრობა და იმის თქმის სურვილი, რაც ასე საამოდ ელამუნება თქვენს სმენას; არ
ვიკადრე ცრემლების ფრქვევა, მდუღარება, მოთქმა-გოდება, ერთი სიტყვით,
ყოველივე ის, რასაც ასე შეგაჩვიეს სხვებმა, მაგრამ რაც, კვლავ ვიმეორებ, არ
შემშვენის მე. დიახ, მაშინაც, როცა საფრთხე მემუქრებოდა, უღირსად მივიჩნიე
მონური ქცევა და არც ახლა ვნანობ, რომ ამნაირად ვიცავდი თავს, რადგან მე
მირჩევნია ასე ვიმართლო თავი და მოვკვდე, ვიდრე ცრემლების ფრქვევით
გამოგძალოთ შეწყალება[66]. ვინაიდან, არც სამსჯავროში და არც ბრძოლის ველზე,
არც სოკრატეს და არც სხვა ვინმეს არ ეკადრება სირცხვილის ფასად დააღწიოს
თავი სიკვდილს. ბრძოლაშიც ხშირად აშკარაა, რომ შეგიძლია ცოცხალი დარჩე, თუ
იარაღს დაყრი ან ფეხქვეშ ჩაუვარდები მდევარს, არსებობს საფრთხიდან
დაძვრენისა და თავის გადარჩენის ბევრი სხვა ხერხიც, მხოლოდ ეგაა, კაცმა ხელი
უნდა აიღოს სინდისზე.
არა, ათენელნო, არც ისე ძნელია სიკვდილისაგან თავის დაღწევა;
გაცილებით უფრო ძნელია თავი დააღწიო სულიერ სიკვდილს: ის უფრო სწრაფია
20

და უფრო მალე ეწევა თავის საბრალო მსხვერპლს. აი, ახლაც მე - საპყარი ბერიკაცი,
- უფრო ზანტი მტრის მსხვერპლი გავხდი, მაშინ როდესაც ჩემი მხნე და
მკვირცხლი ბრალმდებლები უფრო სწრაფი მტრის - სულიერი სიკვდილის წერა
შეიქნენ. მალე ყველანი წავალთ აქედან: მე - თქვენს მიერ განწირული და
სიკვდილმისჯილი, ისინი - თვით სიმართლის მიერ ვერაგობასა და
უსამართლობაში მხილებულნი. მე ჩემი განაჩენის ანაბარა ვრჩები, ისინი -
თავიანთი სასჯელის ამარა. მოხდა, რაც უნდა მომხდარიყო: მაშ, მოხდეს, რაც
მოსახდენია.
ახლა კი, ათენელნო, მე მინდა მომავალი გიწინასწარმეტყველოთ თქვენ -
ჩემს გამწირველთ[67]. უკვე მოაწია დრომ, როცა კაცში თითქოს მისნობის ნიჭი
იღვიძებს, - ასე სჩვევია სიკვდილის სიახლოვეს. მაშ, იცოდეთ, ათენელნო, რომ
ჩემს გამწირველთ სულ მალე საშინელი უბედურება დაგატყდებათ თავს, უფრო
მძიმე, ვფიცავ ზევსს, ვიდრე სიკვდილი, რომელიც მომისაჯეთ. ხომ ასე გამწირეთ
და შვებით ამოისუნთქეთ, რადგან გგონიათ თქვენს სიცოცხლეში აღარ მოგიწევთ
ანგარიში ჩააბაროთ ვინმეს. პირიქით მოხდება, ვფიცავ ზევსს: მოგევლინებათ
ასჯერ მეტი მამხილებელი, - აქამდე მათ მე ვაკავებდი; და ეს მით უფრო მძიმე და
აღმაშფოთებული იქნება თქვენთვის, რაც უფრო ახალგაზრდები არიან ისინი.
სასტიკად ცდებით, თუ ფიქრობთ, რომ სიკვდილის მაშით ამოსწვავთ და
ამოძირკვავთ თქვენი უსამართლობისა და უკეთურობის მამხილებელთ. ცუდი
ხერხი აგირჩევიათ თავდასაცავად, ცუდი და არასაიმედო, ხოლო თუ გნებავთ, მე
გასწავლით ყველაზე სანდო და ყველაზე მარტივ ხერხს: სხვას ნუკი სჩრით პირში
ბურთს, ეცადეთ თავად გახდეთ უკეთესნი, ამ წინასწარმეტყველებით
გემშვიდობებით ჩემს გამწირველთ.
რაც შეეხება ჩემს გამმართლებლებს, სიამოვნებით ვესაუბრებოდი მათ
ყოველივე იმის შესახებ, რაც ახლა მოხდა, სანამ არქონტებს[68] არ სცალიათ და ჯერ
კიდევ არ წავუყვანივართ იქ, სადაც უნდა მოვკვდე. ნუ მიმატოვებთ მთელი ამ ხნის
განმავლობაში, ჩემო ძვირფასნო[69]! მოდით, ვისაუბროთ, სანამ ხელს არავინ
გვიშლის, სანამ ნებას გვრთავენ. თქვენ, ჩემს მეგობრებს, მინდა გაგიმჟღავნოთ იმის
ფარული აზრი, რაც ახლა დამემართა. ჩემს თავს, ძვირფასო მოსამართლენო, -
თქვენ კი უყოყმანოდ შემიძლია მოსამართლენი გიწოდოთ, - უცნაური რამ მოხდა.
მაშ, რას უნდა მივაწეროთ ის ამბავი, რომ თუ ადრე არსებული ხმა გამუდმებით
მეჩურჩულებოდა, გასაქანს არ მაძლევდა თვით ყველაზე უმნიშვნელო განზრახვის
აღსრულებისას და უკუღმართი ნაბიჯის გადადგმის ნებას არ მრთავდა, ახლა,
როცა თავს დამატყდა ის, რასაც ხედავთ და რასაც ყველა ერთსულოვნად მიიჩნევს
უდიდეს უბედურებად - ღმერთის სიტყვამ თუ ღვთიურმა გამოცხადებამ
ერთხელაც არ შემიშალა ხელი არც დილით, როცა სახლიდან გამოვდიოდი, არც
სამსჯავროში შემოსვლის დროს და არც სიტყვის წარმოთქმისას, მიუხედავად
იმისა, თუ რის თქმას ვაპირებდი. უწინ ხომ, რაც უნდა მეთქვა, წამდაუწუმ
მაწყვეტინებდა სიტყვას, ახლა კი ერთხელაც არ ამიკრძალა არც ერთი ნაბიჯი,
ერთხელაც არ აღმიკვეთა არც ერთი სიტყვა. რას მივაწერო ეს? მოგახსენებთ: მე
მგონია, ყოველივე ეს ჩემ სასიკეთოდ მოხდა და, როგორც ჩანს, ცდება ის, ვინც
ფიქრობს, რომ სიკვდილი ბოროტებაა. მე ხელთა მაქვს ამის უტყუარი საბუთი. განა
ასე უღვთოდ გამწირავდა უფლის ხმა, მართლა უკეთური ზრახვა რომ მდებოდა
გულში?
ამასაც დაუკვირდით; რამდენი რამ გვიმტკიცებს იმის რწმენას, რომ
სიკვდილი სიკეთეა! მართლაცდა, ორში ერთია. სიკვდილი ან არარაობად ქცევაა,
21

ასე რომ, მკვდარი ვერაფერს ვერ გრძნობს, ანდა, თუ ძველ გადმოცემებს


ვერწმუნებით, სიკვდილი სხვა არა არის რა, თუ არა გარდაცვალება, სულის
ფერისცვალება და აქედან სხვა ქვეყნად გადასახლება[70]. თუკი ვერაფერს იგრძნობ,
რაღა სიკვდილი და რაღა ტკბილი ძილი, როცა მტანჯველი სიზმრები არ
გიმღვრევენ სულს; დიახ, თუკი მართლა ასეა, სიკედილი უფლის წყალობაა
სწორედ. მე მგონია, ვინმე რომ დაგვეყენებინა ასეთი არჩევანის წინაშე: ჯერ
გაეხსენებინა ღამე, როცა ისე ტკბილად ეძინა, რომ სიზმრები არ აშფოთებდნენ,
მერე შეედარებინა ის ყველა თავისი დანარჩენი დღე-ღამისათვის და ბოლოს
პირუთვნელად გადაეწყვიტა, მთელი სიცოცხლის განმავლობაში რამდენ დღე-
ღამეს იყო უფრო ბედნიერი, ვიდრე იმ ღამეს, - ვფიქრობ, არა მარტო ბეჩავი
მდაბიორი, არამედ თვით დიდებული მეფეც უყოყმანოდ გადაწყვეტდა, რომ
მთელი მისი სიცოცხლე სხვა არა ყოფილა რა, თუ არა გამუდმებული ტანჯვა-ვაება,
ამ ორიოდე ნეტარ ღამესთან შედარებით, და თუ სიკვდილი ესაა, რაცაა, ალბათ არ
ვცდები, როცა უფლის წყალობას ვუწოდებ მას, ვინაიდან, ამ შემთხვევაში,
მარადისობა მხოლოდ ერთ ასეთ ღამედ წარმოგვიჩნდება.
მეორეს მხრივ, თუ სიკვდილი მხოლოდ გარდაცვალებაა და სულის სხვა
ქვეყნად გადასახლება, და თუ მართალს გვაუწყებს გადმოცემა, რომ იქ ერთად
იყრიან თავს მიცვალებულნი, რა შეიძლება იყოს ამაზე დიდებული,
მოსამართლენო? თუ ჰადესს ჩასული საბოლოოდ თავისუფლდება ამ თვითმარქვია
მოსამართლეებისაგან, რათა იქ ჭეშმარიტ მსაჯულთა წინაშე წარსდგეს, რომლებიც,
გადმოცემით, განიკითხავენ მიცვალებულთა სულებს, - მინოსის, რადამანთისის,
ეაკეს, ტრიპტოლემოსისა[71] და ყველა იმ ნახევარღმერთის წინაშე, რომელთაც
ამქვეყნიურ სიცოცხლეშიაც ვერავინ შეედრებოდა სამართლიანობით, რას იტყვით,
განა ბოროტება ეთქმის ამნაირ გადასახლებას?
ეგეც არ იყოს, რა დიდი პატივია თვითეული ჩვენგანისათვის ორფევსის,
მუსეოსის, ჰესიოდეს, ჰომეროსის გვერდით ყოფნა[72]! მე მზადა ვარ ათასჯერ
მოვკვდე, თუკი ეს მართალია, რადგან, სხვისი რა მოგახსენოთ და, ჩემთვის
ენითუთქმელი ბედნიერება იქნებოდა შევხვედროდი და მესაუბრა იქ, ვთქვათ,
პალამედესთან, აიანტთან, ტელამონის ძესთან[73], თუ რომელიმე სხვა წინაპართან,
რომელიც მათსავით უსამართლო მსჯავრის მსვერპლი გახდა. ვფიქრობ,
სასიამოვნო იქნებოდა ჩემი ხვედრის შედარება მათ ხვედრთან.
და, რაც მთავარია, - ჩემებურად გამეტარებინა დრო, ესე იგი, ზუსტად
ისევე გამომეცადა ისინი, როგორც თქვენ გცდიდით, რათა, ამრიგად, გამერკვია,
ვინაა ჭეშმარიტად ბრძენი და ვინ მხოლოდ თავს გვაჩვენებს ბრძენად,
სინამდვილეში კი სიბრძნისა არა სცხია რა. რას არ მისცემდით მოსამართლენო,
რომ გამოგეცადათ ის, ვინც ურიცხვი ლაშქარი მიაყენა ტროას გალავანს[74], ან
ოდისევსი[75], სიზიფე და ბევრი სხვა სახელოვანი კაცი თუ ქალი; რა ნეტარება უნდა
იყოს მათი სიახლოვე, მათთან საუბარი, მათი გამოცდა, - მარტო ის რად ღირს, რომ
ამის გამო სიკვდილით არ დაგსჯიან. ეგეც არ იყოს, სულეთის მკვიდრნი ჩვენზე
უფრო ბედნიერნი არიან, ვინაიდან, თუ გადმოცემა მართალს გვაუწყებს, მათთან
ხელი არა აქვს სიკვდილს.
მაგრამ თქვენ, ჩემო მოსამართლენო, ნურაფერს ავს ნუ მოელით
სიკვდილისაგან, რადგან თუ ამქვეყნად რამეა მართალი, უწინარეს ყოვლისა, ის,
რომ კეთილი კაცის ხვედრი კეთილია როგორც სიცოცხლეში, ისე სიკვდილის
შემდეგაც, და რომ ღმერთები მზრუნველობას არ აკლებენ მას. აი, ახლაც, ჩემი
ხვედრი თავისთავად როდი გამორკვეულა; მე მწამს, რომ ჩემთვის უმჯობესია
22

მოვკვდე და თავი დავაღწიო ამ გაუთავებელ ტანჯვა-ვაებას. სწორედ ამიტომ


ერთხელაც არ შემაჩერა უფლის გრძნეულმა ხმამ; სწორედ ამიტომ არა ვრისკავ ჩემს
ბრალმდებელთ და ჩემს გამწირველთ, თუმცა ამ მიზნით როდი წამომიყენეს
ბრალდება და გამომიტანეს სასიკვდილო განაჩენი. არამედ სურდათ რაიმე ევნოთ
ჩემთვის, - მხოლოდ ესაა მათში გმობის ღირსი, და მაინც, ერთი სათხოვარი მაქვს
მათთან. როდესაც ჩემი ვაჟები წამოიზრდებიან, მოიძულეთ ისინი, ათენელნო, თუ
შეატყობთ, რომ ფულისთვის უფრო ზრუნავენ, ვიდრე სიქველისათვის; ზიზღით
ჰგმეთ და უღირსნი უწოდეთ, ზუსტად ისევე, როგორც მე გგმობდით თქვენ; დიახ,
თუ შეატყობთ, რომ, თუმცა არარანი არიან, ზვაობენ და ცუდმედიდობენ,
შერისხეთ, თავს ლაფი დაასხით, შეაჩვენეთ, როგორც მე გრისხავდით თქვენ.
სწორედ ამით მოგვაგებთ კუთვნილს მეც და ჩემს ვაჟებსაც.
თუმცა უკვე დროა წავიდეთ: მე - რათა მოვკდე, თქვენ - რათა იცოცხლოთ,
ხოლო ვისი ხვედრია უკეთესი, არავინ უწყის, გარდა უფლისა.
23

განმარტებები

1. სოკრატეს საქმე ირჩეოდა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს (,,ჰელიეა) ერთ-ერთ


კოლეგიაში (სულ ათი კოლეგია გახლდათ). ჰელიეა შედგებოდა 6000 ნაფიცი
მსაჯულისაგან („ჰელიასტები“), რომელთაგანაც 5000 - ძირითადი, ხოლო 1000
სათადარიგო წევრი იყო. ჰელიასტებს ყოველწლიურად კენჭისყრით ირჩევდნენ
ატიკის ათივე ფილეს მცხოვრებნი. ასე რომ, იმ კოლეგიის სხდომას, რომელზედაც
ირჩეოდა სოკრატეს საქმე, 500 ჰელიასტი ესწრებოდა. ამ ლუწ რიცხვს კენჭისყრისას
დაემატა კიდევ ორი ნაფიცი მსაჯული, რათა ხმები თანაბრად არ გაყოფილიყო.
თავის მსმენელებს „ათენელებს“ რომ უწოდებს, სოკრატე მარტო ჰელიასტებს კი არ
გულისხმობს, არამედ დამსწრე საზოგადოებასაც, ე.ი. ათენის სახალხო
სათათბიროს წევრებს.
2. სოკრატეს ბრალმდებლები იყვნენ უნიჭო ტრაგიკოსი პოეტი მელეტოსი,
მდიდარი ათენელი მოქალაქე, სადაბაღო სახელოსნოების მფლობელი ანიტოსი, იმ
დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთი მონაწილე, რომელმაც 401 წ. ძვ.წ.ა.
ოცდაათი ტირანის ბატონობისაგან გაათავისუფლა ათენი (იხ. ქსენოფონტე,
„საბერძნეთის ისტორია“, II, 3, 42-44), აგრეთვე ორატორი ლიკონი. მართალია,
ფორმალურად პირველი ბრალმდებელი იყო მელეტოსი, მაგრამ მთავარი როლი
სოკრატეს ბრალდებაში მაინც ანიტოსს ეკუთვნოდა, რომელმაც ჯერ არისტოფანე
და მისი მეგობრები მიუსია სოკრატეს, ხოლო შემდეგ დაითანხმა მელეტოსი,
ახალგაზრდობის გარყვნისათვის სასამართლოში ეჩივლა მისთვის. ბრალდებით
გამოვიდა მელეტოსი, სიტყვა წაიკითხა პოლიევქტემ... ხოლო დაწერა იგი
სოფისტმა პოლიკრატემ... ან, სხვა ცნობებით, ანიტოსმა... ანიტორი ხელოსნების
გამო დრტვინავდა, ლიკოსი - რიტორების, ხოლო მელეტოსი - პოეტების გამო,
ვინაიდან სოკრატე ერთთაც დასცინოდა, მეორეთაც და მესამეთაც“ (დიოგენე
ლაერტელი, II 38-39).
3. სოკრატე არც ამ კრიტიკულ მომენტში ღალატობს თავის თავს: პირდაპირ
აცხადებს, რომ „უბრალო, ენის წვერზე სახელდახელოდ მომდგარი სატყეებით“
ილაპარაკებს და არა იმ სოფისტ მჭევრმეტყველთა მსგავსად, ხშირ შემთხვევაში
ხატოვანი სტროფებითა და რიტორიული ფიგურებით რომ ნიღბავენ აზრის
სიმწირეს. შდრ, დიოგენე ლაერტელი, II, 40-41: „თავის დასაცავი სიტყვა
სოკრატესათვის დაწერა ლისიამ. ფილოსოფოსმა წაიკითხა ის და თქვა:
დიდებულია ეგ შენი სიტყვა, ლისია, მაგრამ მე რომ არ შემფერის?" რადგანაც ამ
სიტყვას აშკარად სასამართლო ხასიათი უფრო ჰქონდა, ვიდრე ფილოსოფიური.
„თუკი სიტყვა დიდებულია, - ჰკითხა ლისიამ. - ვითომ რატომ არ შეგფერის?" „კი
მაგრამ, განა ჩემი შესაფერი იქნებოდა მდიდრული მოსასხამი ან ხმლები?"- მიუგო
სოკრატემ.
4. ზარაფთა დახლებთან. იხ. კომენტ. „მცირე ჰიპია“, II.
5. სოკრატე დაიბადა 469 წ. ძვ. წ.ა.; გაასამართლეს 399 წელს.
6. თავის ადრინდელ ბრალდებასა და ბრალმდებლებზე რომ ლაპარაკობს, სოკრატე
გულისხმობს იმ ცილისმწამებლურ მითქმა-მოთქმას, რასაც ათეული წლების
მანძილზე ავრცელებდნენ მის წინააღმდეგ როგორც სოფისტები, ისე ის ათენელი
მოქალაქეები, რომლებსაც მავნედ და ტრადიციული ეთიკური თუ რელიგიური
დოგმების უარმყოფელ მკრეხელობად ეჩვენებოდათ მისი ფილოსოფიური
საუბრები.
7. იხ. აქვე, კომენტ. 2.
24

8. დედანში სიტყვა „რეგვენი" არაა, მაგრამ სოკრატე, თავის თავს რომ უყურებს მის
წინააღმდეგ ამხედრებულ თანამოქალაქეთა თვალით, უთუოდ გულისხმობს იმ
სარკაზმს, რომელსაც მისდამი დამოკიდებულებაში აქსოვდნენ ათენელები. თვით
სიტყვა „ბრძენი“ („სოფოს“) აქ აშკარად გაიგივებულია „სოფისტთან“, რადგანაც
მტრები, თავიანთი სიბეცის გამო, სოფისტებისაგან არ ასხვავებდნენ სოკრატეს,
ვისი სიტყვა, თუ საქმეც, უწინარეს ყოვლისა, სწორედ სოფისტების წინააღმდეგ
იყო მიმართული.
9. როგორც ჩანს, აქ იგულისხმება სოკრატეს მოწინააღმდეგეთა კრიტიკული
დამოკიდებულება ნატურფილოსოფოსთა მოძღვრების, კერძოდ, პერიკლესა და
სოკრატეს მასწავლებლის, ანაქსაგორას (იხ. კომენტ. „პირველი ალკიბიადე“, 26)
კოსმოლოგიის, აგრეთვე ე.წ. „მეტეოროსოფისტთა“ (ჰიპია ელიდელი, პროტაგორა
აბდერელი და სხვა) ასტრონომიული კონცეფციის მიმართ, თუმცა ნაკლები
მგმობელი და განმქიქებელი როდი ჰყავდა სოფისტთა ლოგიკასაც, რომლის
ბოროტად გამოყენების წყალობით ისინი ცდილობდნენ ამომწურავი მნიშვნელობა
მიენიჭებინათ აშკარად არასაკმარისი და მანკიერი არგუმენტებისათვის (არ
დაგვავიწყდეს, რომ სოკრატე სოფისტად მიაჩნდა ბრბოს).
10. იგულისხმება კომედიოგრაფი არისტოფანე (დაახლ. 444-380 წ. ძვ. წ.ა.),
რომელიც თავის კომედიებში „ღრუბლები" (423 წ.), „ფრინველები" (414 წ.) და
„ბაყაყები“ (405 წ.) მწარედ დასცინის და ამასხრებს სოკრატეს. ეს ფაქტი ერთხელ
კიდევ გვიმოწმებს იმას, თუ რა უკუღმართად ესმოდათ თანამედროოვეებს დიდი
ბერძენი მოაზროვნის ეთიკური მოძღვრების მნიშვნელობა.
11. „ღმერთის“ მხოლობით რიცხვში ხმარება სხვა არა არის რა, თუ არა უფრო
გვიანდელი მონოთეიზმის აბსტრაქტული და ბუნდოვანი წინათგრძნობა თუ
ანტიციპაცია.
12. იხ. აქვე, კომენტ. 2.
13. შდრ. ქსენოფონტე, „მოგონებები სოკრატეზე“, I, I: „მის წინააღმდეგ...
დაახლოებით ასეთი ბრალდება აღძრეს: უკანონოდ მოქმედებს სოკრატე, რამეთუ
არ აღიარებს ღმერთებს, რომელთაც სახელმწიფო თაყვანსა სცემს და შემოჰყავს
სხვა, ახალი დემონები; უსამართლობას სჩადის აგრეთვე, ახალგაზრდებს რომ
რყვნისო“ (თარგმანი აკ. ურუშაძისა). შდრ. აგრეთვე დიოგენე ლაერტელი, II, 40:
„საჩივარი შეიტანა და ფიცი დადო მელეტოსმა, მელეტოსის ძემ, პიტთეელმა,
სოკრატეს, სოფრონისკეს ძის, ალოპეკელის წინააღმდეგ. სოკრატეს ბრალად ედება
ის, რომ თაყვანს არ სცემს ღმერთებს, რომლებსაც თაყვანს სცემს ქალაქი, არამედ
შემოჰყავს ახალი ღვთაებები; ბრალად ედება ისიც, რომ ახალგაზრდობას რყვნის,
ხოლო სასჯელად უნდა მიესაჯოს სიკვდილი“.
14. არისტოფანე, „ღრუბლები“, V, 218 და შმდ.
15. შდრ. ქსენოფონტე, „მოგონებები სოკრატეზე“. I, 2, 5-7: „მასთან ყოფნის
მსურველს არასოდეს ფულს არ ახდევინებდა... სწავლებისათვის ქირის
მომხვეჭელთ თავისი თავის მონებს ეძახდა, ვინაიდან იძულებულნი ხდებოდნენ,
მუდამ იმათთან ესაუბრათ და ემსჯელათ, ვისგანაც გასამრჯელოს იღებდნენ.
უკვირდა კიდეც, ფულს რომ მოითხოვდა ის, ვინც სათნოების მასწავლებლად
ასაღებდა თავს“ (თარგმანი აკ. ურუშაძისა).
16. გორგია ლეონტინელი - იხ. კომენტ. „თეაგე“, 25; პროდიკე კეოსელი - იხ.
კომენტ. „ლახესი“, 29; ჰიპია ელიდელის შესახებ იხ. „მცირე ჰიჰიას“ წინათქმა.
17. შდრ. „დიდი პიპია“, 282b-d: „...გორგია, ლეონტინელი სოფისტი, მისმა ქალაქმა
წარმოგზავნა ათენში ელჩად. მან სახალხო სათათბიროში გამოიჩინა თავი, როგორც
25

უებრო მჭევრმეტყველმა და, ამასთან, არც თავისი საქმეები დავიწყებია: დიდძალი


ფული მოხვეტა და წაიღო კიდეც ათენიდან. ანდა, თუ გნებავს, ჩვენს მეგობარს -
პროდიკეს დაგისახელებ, რომელიც უწინაც არაერთხელ ჩამოსულა ათენში
სახელმწიფოებრივი საქმეების მოსაგვარებლად, ხოლო უკანასკნელად, როცა
კეოსის ელჩად გვეწვია, საჯაროდაც დიდებული სიტყვა წარმოთქვა და კერძო
გაკვეთილებითაც პირდაპირ გაკეთდა კაცი. მარტო გორგიამ და პროდიკემ იმდენი
ფული მოხვეტეს, რამდენიც თვალითაც არ უნახავს ძველი დროის არცერთ
ხელოვანს, ხოლო მათზე ადრე ასევე იქცეოდა პროტაგორაც“. რაც შეეხება ჰიპიას,
პლატონის ამავე დიალოგში (282de) ის თვითონეე ამბობს: „რომ იცოდე, რამდენი
ფული გამიკეთებია ჩემი ხელოვნების წყალობით, უთუოდ დიდად გაგაკვირვებდა
ეს. ერთხელ (სხვებზე რომ არაფერი ვთქვა), სიცილიაში მომიხდა ჩასვლა, და თანაც
მაშინ, როცა იქ იმყოფებოდა სახელგანთქმული პროტაგორა, რომელიც ჩემზე
გაცილებით უფროსი იყო, მაგრამ, შენ წარმოიდგინე, ჩემი გამოუცდელობის
მიუხედავად, სულ მოკლე ხანში შევძელი ასორმოცდაათ მნაზე მეტი შემექუჩებინა,
აქედან ოც მნაზე მეტი მარტო ერთ პატარა დაბაში - ინოკოსში ვიშოვე. შინ
დაბრუნებისას მთელი ეს თანხა მამაჩემს ჩავუთვალე, რომელიც ისევე, როგორც
ჩვენი თანამოქალაქენი, პირდაპირ გაშტერებული დარჩა. ჩემი ანგარიშით, მარტო
მე უფრო მეტი ფული მაქვს ნაშოვნი, ვიდრე ნებისმიერ ორ სოფისტს ერთად".
18. იგულისხმება ევენე პაროსელი, სოკრატეს თანამედროვე სოფისტი და პოეტი
ელეგიკოსი.
19. კალიასი, ჰიპონიკეს ძე - მდიდარი ათენელი მოქალაქე, რომელმაც ცოდნის
შეძენის მიზნით უზომო ფული გადაუხადა სოფისტებს (შდრ. პლატონი,
„კრატილე“, 391c).
20. შდრ. „თეაგე“, 123bc.
21. ევენე ხუთ მნას (დაახლ. 125-180 მან.) იღებდა სწავლის საფასურად, რაც
საკმაოდ მოკრძალებული თანხა იყო იმასთან შედარებით, რასაც სხვა ცნობილი
სოფისტები იღებდნენ.
22. დელფოელ ღმერთს - ე.ი. აპოლონს. დელფოს სამისნოს შესახებ იხ. კომენტ.
„პირველი ალკიბიადე“, 57.
23. იგულისხმება სოკრატეს თანამედროვე და თანამოაზრე ქერეფონ სტეფოსელი,
დემოკრატიის ერთ-ერთი თავგამოდებული დამცველი. ამ გარემოებას საკმაოდ
დიდი მნიშვნელობა ენიჭება სოკრატეს სიტყვაში: ქერეფონი, ისევე, როგორც
სოკრატეს მთავარი ბრალმდებელი ანიტოსი, ოცდაათი ტირანის მიერ განდევნილ
იქნა ათენიდან დემოკრატიის სხვა მომხრეებთან ერთად, რომელთა რიგებშიც
იბრძოდა დემოკრატიული წყობილების აღსადგენად, ხოლო გამარჯვების შემდეგ
მათთან ერთადვე დაბრუნდა მშობლიურ ქალაქში; ამდენად, ქერეფონის მოწმობა
ყურადსაღები უნდა ყოფილიყო სოკრატეს მტრებისათვის.
24. აქ იგულისხმება საიდუმლო მისნობის აქტი, რომელსაც ასრულებდა პითია -
დელფოს სამისნოს ქალწული ქურუმი. პითია იყო მედიუმი, რომელიც ღმერთის
(აპოლონის) ნებას უცხადებდა სამისნოში სამკითხაოდ მოსულ მორწმუნეთ.
სამისნო ადგილი („მანტეიონ“) წარმოადგენდა კლდის ვიწრო ნაპრალს, საიდანაც
შემზარავი შიშინით ამოდიოდა ცხელი და გამაბრუებელი გოგირდოვანი ორთქლი.
ნაპრალის თავზე იდგა ოქროს სამფეხი („ტრიპოდი“), ზედ შედგმული წმინდა
ფეშხუმით („ჰოლმოს"), რომელზედაც ადიოდა წინასწარ განბანილი და მხურვალე
ლოცვით განწმენდილი პითია თავისი ოქროს დიადემითა და გრძელი
მოსასხამით. ცოტა ხნის შემდეგ ცხელი ორთქლით ცნობამიხდილი და უცნაური
26

ექსტაზით შეპყრობილი მისანი ტრანსში ჩავარდნილივით იწყებდა ბოდვას,


გულშემზარავი კივილით ისროდა ბუნდოვან სიტყვებს („ფემე“) თუ ენიგმური
ფრაზების („მანტეუმა“) ნაწყვეტებს, რომლებსაც იქვე მდგარი ინტერპრეტატორები
(„პროფეტები“) ჰკრებდნენ, ალაგებდნენ, ლექსის ფორმას („ხრესმოდია“)
აძლევდნენ და ღვთაებისათვის მიცემულ კითხვას უსადაგებდნენ სიმბოლური
პასუხის სახით. დელფოს სამისნო დაახლ. 390 წელს გააუქმა ბიზანტიის
იმპერატორმა თეოდოსი I-მა (379-395წ.) რაც შეეხება ქერეფონის შეკითხვას, მასზე,
როგორც თავის ლექსიკონში გადმოგვცემს სვიდა (სუდა), რომელიც, თავის მხრივ,
არისტოფანეს კომედიის „ღრუბლების“ ძველი სქოლიასტის კომენტატორის ცნობას
ემყარება, პითიას შემდეგი ორი სალექსო სტრიქონით უპასუხნია: „ბრძენია
სოფოკლე, ევრიპიდე უფრო ბრძენია, მაგრამ კაცთა შორის სოკრატე ყველას
აღემატება სიბრძნით“. შდრ. დიოგენე ლაერტელი, II, 37.
25. ისტორიამ ქერეფონის ძმის სახელიც შემოგვინახა - ქერეკრატე. თავის
„მოგონებებში სოკრატეზე“ (II, 3) ქსენოფონტე გადმოგვცემს, რომ ერთხელ
სოკრატემ შეიტყო ქერეფონისა და ქერეკრატეს უთანხმოების ამბავი და ბრძნულად
დამოძღვრა ქერეკრატე, თუ როგორ უნდა უყვარდეთ ძმებს ერმანეთი.
26. ფიცის ფორმულა, რომელსაც მეორე ასეთივე ფორმულისაგან - „ვფიცავ ზევსს!"
- განსხვავებით, ირონიული ელფერი ჰქონდა.
27. დითირამბისტები - დითირამბების, დიონისეს სადიდებელი საკრალური
ჰიმნების მთხზველნი.
28. პოეტთა ირაციონალური ზეშთაგონების თემას პლატონი საგანგებოდ უძღვნის
მთელ დიალოგს - ესაა „იონი“.
29. სოკრატე მთელ თავის ავლადიდებას თვითონვე აფასებდა ხუთ მნად (იხ.
ქსენოფონტე, „ოიკონომიკოსი“, II, 3).
30. შდრ. აქვე კომენტ. 2.
31. ამ სიტყვებში აშკარად იგრძნობა სოკრატეს ირონია, რადგან მელეტოსი
ოცდაათი ტირანის მმართველობის დროს აქტიურად მონაწილეობდა
დემოკრატების დევნაში, ასე მაგალითად, ორატორ ანდოკიდეს (დაახლ. 468-394 წ.
ძვ.წ.ა.) მოწმობით („მისტერიებისათვის“, 94), სოკრატეს ბრალმდებელს დიდი
წვლილი მიუძღვის ლეონ სალამინელის სიკვდილით დასჯაში (შდრ.
„ევთიფრონი“, 2c, სადაც სოკრატე ასევე ხაზგასმით ნიშნავს მელეტოსის
„კეთილშობილებას“).
32. შდრ. აქვე, კომენტ. 13.
33. სოკრატეს მთელი მომდევნო დიალოგი მელეტოსთან ესაა სოკრატესეული
ირონიის საუცხოო ნიმუში, ირონიისა, რომელიც დიდი ბერძენი ფილოსოფოსის
დიალექტიკური ხელოვნების ნამდვილ შემოქმედებით მეთოდად უნდა
ჩაითვალოს. აქ, ისევე როგორც თითქმის ყველგან, თავისი ფილოსოფიური
საუბრებისას, სოკრატე კითხვას კითხვაზე აყრის თანამოსაუბრეს და
თანმიმდევრულად ააშკარავებს მისი პასუხების სიყალბეს, სანამ არ მიადგება
საბოლოო კონტრადიქციას, რომელიც შემდეგ სრულ აბსურდამდე დაჰყავს, რითაც
ხშირად განუმეორებელ კომიკურ ეფექტს აღწევს. სწორედ ესაა ე.წ. „სოკრატული
ირონია“ (იხ. აგრეთვე ქსენოფონტე, „მოგონებები სოკრატეზე“, IV, 2 და 4;
არისტოტელე, „ნიკომაქეს ეთიკა“, IV, 13, 1127a 14b 30; პლატონი, „ნადიმი“, 216 და
სხვა).
34. ფიცის ფორმულა. ჰერას შესახებ იხ. კომენტ. „ევთიფრონი“, 18.
27

35. იგულისხმებიან სასამართლოს სხდომაზე დამსწრე „ბულევტები“ - ათენის


ხუთასთა საბჭოს („ბულეს“) წევრები.
36. ბერძნული მითოლოგიური და რელიგიური კონცეფციით, მზეცა და მთვარეც -
ჰელიოსიცა და სელენეც ღვთაებები არიან და მათი ქვად და მიწად მიჩნევა
მიუტევებელ მკრეხელობად უნდა აღექვათ მსმენელებს. მაგრამ ამნაირი
შეხედულება, როგორც ქვემოთ აღნიშნავს სოკრატე, მას კი არა, ანაქსაგორას
ეკუთვნის... სოკრატე რომ თაყვანს სცემდა მზეს (ჰელიოსს), ამას ეჭვშეუვალად
გვიდასტურებს პლატონის „ნადიმი“ (220d).
37. ანაქსაგორა. იხ. კომენტ. „პირველი ალკიბიადე“, 26.
38. იგულისხმება სოკრატეს მასწავლებლის ანაქსაგორა კლაძომენელის
კოსმოგონია: თავდაპირველად ყველაფერი, ყველა საგანი ერთმანეთში
უთავბოლოდ ალუფხული იყო. „გონებამ“ („ნუს“), კოსმიური მოძრაობის
თვითმძვრელმა პირველმიზეზმა, დასაბამი მისცა იმ წრებრუნვებს, რასაც დღეს
ვაკვირდებით ცის ხილული მოძრაობისას. ეს მოძრაობა თანდათანობით
გავრცელდა მატერიის სულ უფრო და უფრო შორეულ ნაწილებზედაც და თავისი
სისწრაფით გამოიწვია მოძრავ ელემენტთა მექანიკური დაყოფა და დაჯგუფება-
დახარისხება. ნატიფი, ნათელი, თბილი და მსუბუქი ელემენტები შეეთრდნენ და
წრებრუნვის კიდეზე განლაგდნენ ეთერული სუბსტანციის სახით, ხოლო ნოტიო,
ცივი, ბნელი და მკვრივი ელემენტები ცენტრში შეჯგუფდნენ და დასაბამი მისცეს
ჰაერს, რომელსაც შემდგოშ გამოეყო წყალი, წყალს - მიწა, მიწას კი - ქვები.
ცალკეული ლოდები წრებრუნვის ძალით მოსწყდნენ მიწას, ეთერში გაიტყორცნენ,
დანაწევრდნენ და სითბოსა და სინათლის გამომასხივებელ ციურ სხეულებად
იქცნენ. მზეცა და მთვარეც ასევე ქვები - ვებერთელა მეტეორიტები არიან. ასე, მზე
გავარვარებული ლოდია, რომელიც „მრავალჯერ დიდია პელოპონესზე“, ხოლო
მთვარე მიწას წააგავს... აღსანიშნავია, რომ ისევე როგორც სოკრატეს, თავის დროზე
ანაქსაგორასაც, მისი მოძღვრების გამო ბრალი დასდეს მკრეხელობაში, მაგრამ ის
პერიკლეს ჩარევამ იხსნა: დიდმა პოლიტიკოსმა, რომელიც ანაქსაგორას მოწაფე
იყო, მოახერხა თავისი მასწავლებელი მალულად გაეპარებინა ათენიდან (იხ.
პლუტარქე, „პერიკლე“, 32).
39. ცოტა არ იყოს, ბუნდოვანი პასაჟია: ორქესტრა ეწოდებოდა სცენის წინ მდებარე
ნახევრად წრიულ მოედანს, რომელზედაც ქორო ასრულებდა თავის პარტიებს
(სცენაზე მსახიობები გამოდიოდნენ). თეატრში შესასვლელი იაფფასიანი ბილეთი
ორი ობოლი (დაახლ.4 კაპ.) ღირდა, ხოლო ძვირი ბილეთი ერთ დრაქმად (დაახლ.
36 კაპ.) ფასობდა. შესაძლოა, სოკრატეს იმის თქმა სურს, რომ თეატრში,
ტრაგიკოსებისა თუ კომიკოსების ქოროსაგან ძალზე იაფად, თითქმის სულ
მუქთად შეიძლება ათასი კურიოზული ამბის გაგება, მაგრამ ზოგიერთი
კომენტატორი, რომელსაც არ აკმაყოფილებს ამნაირი განმარტება, თვლის, რომ
შეიძლება ორქესტრა ერქვა ათენში ცნობილ ერთ-ერთ დუქანსაც, სადაც წიგნებით
ვაჭრობდნენ. ზოგიერთის ვარაუდით კი, შესაძლოა, ცალკეულ შემთხვევებში
თეატრის ორკესტრიდანაც ყიდიდნენ წიგნებს.
40. ავლეტისტი - ავლოსზე დამკვრელი. ავლოსი ერთგვარი მუსიკალური საკრავი
იყო, ფლეიტის მსგავსი. ავლეტობა - ავლეტისტთა ხელობა.
41. დემონები - ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, დაბალი რანგის ღვთაებები,
გენიები, სულები. აქ და ქვემოთ იგულისხმება ე.წ. „სოკრატეს დემონი“ (იხ. კომენტ
„ევთიფრონი“, 7).
28

42. იგულისხმება აქილევსი, ჰომეროსის „ილიადას“ მთავარი გმირი. თეტიდას


შესახებ იხ. კომენტ. „მცირე ჰიჰია“, 22.
43. „ილიადა“, XVIII, 95-96.
44. „ილიადა“, იქვე, ცოტა ქვემოთ; პლატონი ცვლის და ამოკლებს ჰომეროსის
ტექსტს.
45. იგულისხმება „არქონ პოლემარქოსი“. იხ. კომენტ. „ევთიფრონი“, 3.
46. სოკრატე უშუალოდ მონაწილეობდა პელოპონესის ომში (431-404 წ. ძვ.წ.ა.).
პოტიდეასთან (432 წ.), დელიონთან (424 წ.) და ამფიპოლისთან (422 წ.) გამართულ
ბრძოლებში მან დიდი სიმტკიცითა და სიმამაცით გამოიჩინა თავი. იხ. პლატონი,
„ნადიმი“, 219d, 22ld; იხ. აგრეთვე კომენტ. „ლახესი“, 9.
47. ჰადესი - სულთა საიქიო სამყოფელი, სიკვდილის ღმერთი და თვით
სიკვდილი.
48. იხ. აქვე, კომენტ. 41.
49. ანტიოქიდის ფილე - ატიკის ერთ-ერთი ადმინისტრაციული ერთეული (იხ.
კომენტ. „ევთიფრონი“, 5). სულ იყო ათი ასეთი ფილე, რომელთაგანაც თვითეული
ათ-ათ დემოსად იყოფოდა. ყოველი ფილე ორმოცდაათ წარმომადგენელს ირჩევდა
ათენის ერთ-ერთი უმაღლესი სახელმწიფო ორგანოს - „ხუთასთა საბჭოს“ („ბულე“)
წევრად. მთლიანი შემადგენლობით საბჭო იშვიათად, მხოლოდ საგანგებო
შემთხვევებში მართავდა სხდომებს; ამიტომაც ფილეთა რიცხვის მიხედვით
დაყოფილი იყო ათ „პრიტანეად", რომლის წევრებიც „პრიტანებად“ იწოდებოდნენ.
წლის განმავლობაში თვითეული პრიტანეის სესია რიგ-რიგობით ხუთ კვირას
გრძელდებოდა. ამრიგად, პრიტანეა იყო „ბულეს“ მუდმივი წარმომადგენლობა.
პრიტანები სხდომებს მართავდნენ საგანგებო შენობაში („ჰირტანეიონ“) და იქვე
უფასოდ სადილობდნენ სახელმწიფოს ხარჯზე. თავისი წრიდან ისინი
ყოველწლიურად ირჩევდნენ თავმჯდომარეს („ეპისტატეს“), რომელიც
თავმჯდომარეობდა ხოლმე „ბულეს“ საერთო სხდომებს; მასვე ებარა სახელმწიფო
ხაზინისა და არქივის გასაღები, აგრეთვე სახელმწიფო ბეჭედი... სოკრატე
პრიტანად აირჩიეს 406 წ. ძვ.წ.ა. ანტიოქიდის ფილეში შემავალი ალოპეკის
დემოსიდან.
50. 46 წ. ძვ.წ. ესე იგი, სოკრატეს პრიტანობის წელს, ათენელთა ფლოტმა ცხრა თუ
ათი სტრატეგის მეთაურობით იონიის სანაპიროსთან, არგინუსის კუნძულების
მახლობლად გამართულ საზღვაო ბრძოლაში დაამარცხა ლაკედემონის სამხედრო
ფლოტი, მაგრამ ბრძოლის შემდეგ ამოვარდნილმა ქარიშხალმა ათენელებს
საშუალება არ მისცა ხომალდებზე ამოეტანათ ზღვის ტალღებზე მოტივტივე
დაღუპულ თანამებრძოლთა გვამები, რათა შემდეგ დიდი პატივით დაეკრძალათ
ისინი (ასეთი იყო უმკაცრესი სამხედრო წესი). ამიტომაც ათენში გამარჯვებით
დაბრუნებული სტრატეგები, მათი პოლიტიკური მტრების მაქინაციების შედეგად,
სიკვდილით იქნენ დასჯილნი. იმ დღეს, როცა განაჩენი სისრულეში უნდა
მოეყვანათ, „პრიტანეის“ და, იმავდროულად, „ბულეს“ თავმჯდომარე იყო
სოკრატე, რომელიც გადაჭრით აღუდგა წინ ამ უსამართლო გადაწყვეტილების
ასრულებას და მხოლოდ მეორე დღეს, როცა თავმჯდომარე სხვა იყო, მოხერხდა
განაჩენის სისრულეში მიოყვანა. შდრ. ქსენოფონტე, „მოგონებები სოკრატეზე“, I, 1,
18: „...უხუცესთა საბჭოში ყოფნის დროს, რაკი ფიცი ჰქონდა დადებული, კანონთა
შესაბამისად იმოქმედებდა. ერთხელ სახალხო კრების თავმჯდომარედ აირჩიეს.
სწორედ მაშინ ხალხმა დაჟინებით მოითხოვა, უკანონოდ, მხოლოდ ერთჯერადი
კენჭისყრის საფუძველზე სიკვდილით დაესაჯათ ცხრა სტრატეგოსი - თრასილე,
29

ერასინიდე და მათი ამხანაგები. მიუხედავად იმისა, რომ ხალხი განურისხდა და


ბევრი გავლენიანი მოქალაქე კიდევაც დაემუქრა, სოკრატემ კენჭისყრას მხარი არ
დაუჭირა და სამართლიანობის საწინააღმდეგოდ ბრბოს გულის მოგებასა და
მუქარისაგან თავის დაღწევას დადებული ფიცის გაუტეხლობა ამჯობინა“
(თარგმანი აკ. ურუშაძისა).
51. 404 წ. ძვ. წ.ა. პელოპონესის ომში დამარცხების შემდეგ, ათენში დაემხო
დემოკრატია და ძალაუფლება გადავიდა ოლიგარქიული მმართველობის - ე.წ.
„ოცდაათი ტირანის“ ხელში, რომელთა სათავეშიც იდგნენ დემოკრატიის
დაუძინებელი მტრები - კრიტია და თერამენე... უფრო დაწვრილებით იხ. კომენტ.
„მენექსენე“, 51.
52. თოლოსი - თაღოვანი შენობა აგორაზე (ქალაქის მოედანზე), სადაც, ისევე
როგორც „პრიტანეიონში“ (იხ. აქვე, კომენტ. 49) სხდომებს მართავდნენ და
სახელმწიფოს ხარჯზე უფასოდ სადილობდნენ პრიტანები.
53. ოცდაათი ტირანი სასტიკ რეპრესიებს მიმართავდა დემოკრატიის მომხრეთა
წინააღმდეგ, რამაც სულ მოკლე ხანში ათიათასობით მოქალაქის სიცოცხლე
იმსხვერპლა. ერთი ამ მსხვერპლთაგანი იყო ლეონ სალამინელიც (იხ. დიოგენე
ლაერტელი, II, 24).
54. „ოცდაათთა ტირანია“ დამხობილ იქნა 403 წ. ძვ. წ.ა.
55. იგულისხმებიან ოცდაათი ტირანის ერთ-ერთი ბელადი კრიტია და
ავანტურისტი ალკიბიადე (მის შესახებ იხ. „პირველი ალკიბიადეს“ წინათქმა),
რომლებსაც სოკრატეს მოწაფეებად თვლიდნენ. შდრ. ქსენოფონტე, „მოგონებები
სოკრატეზე“, I, 1, 12: „...აი, რას ამბობდა ბრალმდებელი: განა სოკრატესთან არ
იყვნენ დაკაშირებულნი და მის საუბარს არ ისმენდნენ კრიტია და ალკიბიადე,
რომლებმაც სახელმწიფოს უდიდესი ზიანი მიაყენეს? კრიტია ოლიგარქიის
ბატონობის დროს იყო ყველაზე უდიდესი მოძალადე და პირსისხლიანი კაცი;
ხოლო დემოკრატიის მძლავრობის ჟამს ვერვის ნახავდით, ალკიბიადეზე
თავაწყვეტილს, გულზვიადსა და ძალმომრევსო“ (თარგმანი აკ. ურუშაძისა). იქვე,
ქეემოთ (13-47) ქსენოფონტე საქმის ღრმა ცოდნით ამხილებს და ააშკარავებს
სოკრატესათვის წაყენებული ბრალდების ამ პუნქტის სრულ უსაფუძვლობას.
56. სოკრატე ჩამოთვლის თავის მიმდევრებს და მოწაფეებს: კრიტონი - სოკრატეს
თანამედროვე ფილოსოფოსი, ვისი სახელიც ეწოდება პლატონის ერთ-ერთ
დიალოგს. დიოგენე ლაერტელის გადმოცემით (II, 12ა), კრიტონს დაუწერია
ჩვიდმეტი დიალოგი, რომელთაგანაც არცეთრს არ მოუღწევია ჩვენს დრომდე;
კრიტობულე - კრიტონის ძე; დიოგენე ლაერტელი (II, 121) სოკრატეს მოწაფეებად
იხსენიებს კრიტონის კიდევ სამ ვაჟს - ჰერმოგენეს, ეპიგენეს და ქტესიპეს.
ლისანიას შესახებ მხოლოდ ის ვიცით, რომ მისი შვილი ყოფილა ფილოსოფოსი
ესქინე (არ აგვერიოს სახელგანთქმულ ორატორ ესქინეში, რომელიც უფრო გვიან
ცხოვრობდა); დიოგენე ლაერტელის მოწმობით (II, 60-64), ესქინე წერდა
დიალოგებს; ერთხანს უცხოვრია სირაკუზის მბრძანებლების - დიონისიოს
უფროსის და უმცროსის სასახლის კარზეც; ათენში დაბრუნებული კერძო
გაკვეთილებითა და სასამართლო სიტყვების თხზვით ირჩენდა თურმე თავს.
ანტიფონი უცნობია (საერთო არა აქვს რა ორატორ ანტიფონ რამნუნტელთან).
ეპიგენეც ისევე უცნობია, როგორც მამამისი. არაფერი ვიცით ნიკოსტრატეს,
თეოძოტიდეს და თეოდოტეს შესახებაც. თეაგე და დემოდოკე პლატონის
დიალოგის „თეაგეს“ მოქმედი პირები არიან. პლატონი - დიალოგის ავტორი,
თვითონვე ასახელებს თავის თავს; აქვეა მისი უფროსი ძმა ადიმანტეც; დიოგენე
30

ლაერტელი გადმოგვცემს (II, 29), რომ სოკრატეს მიმდევარი ყოფილა პლატონის


მეორე ძმაც - გლავკონი. აიანტოდორე უცნობია, მისი ძმა აპოლოდორე სოკრატეს
ერთ-ერთი ყველაზე გულმხურვალე თაყვანისმცემელი იყო (პლატონი, „ნადიმი“,
172; „ფედონი“, 59; ქსენოფონტე, „მოგონებები სოკრატეზე“.. III, 2, 17; „სოკრატეს
აპოლოგია, 28). სოკრატეს მოწაფეების შესახებ იხ. აგრეთვე ქსენოფონტე,
„მოგონებები სოკრატეზე“, III, 2, 17; დიოგენე ლაერტელი, II, 17; სულას (სვიდას)
ლექსიკონი (სიტყვაზე - „სოკრატე“).
57. ეს ჰომეროსის სიტყვებია: იხ. „ოდისეა“, XIX, 162, სადაც პენელოპე ასე
მიმართავს შინ უცხო მწირად დაბრუნებულ ოდისევსს, რომელიც თავის ვინაობას
მალავს: „შენ კი, ყარიბო, უნდა მითხრა, ვინ ხარ და საიდან ხარ, - ძველთაძველი
თქმულებისამებრ მუხისა და კლდისაგან ხომ არ იქნები ნაშობი?“ (თარგმანი ზ.
კიკნაძისა და თ. ჩხენკელისა)... სოკრატეს სამი ვაჟი ჰყავდა. უფროსი - ლამპროკლე
და უმცროსები - სოფრონისკე და მენექსენე.
58. სოკრატე გულისხმობს ბრძენის სახელს (იხ. აქვე, კომენტ. 24).
59. ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სოკრატე უკვე დამნაშავედ სცნო ხმების
აბსოლუტური უმრავლესობით - 280 ხმა 220-ის წინააღმდეგ. ასე რომ
ბრალდებულს, როგორც თვითონვე ამბობს, გასამართლებლად დააკლდა სულ
რაღაც „ოცდაათი კენჭი“.
60. ბრალმდებელს, რომელიც ვერ მოაგროვებდა საჭირო ხმების ერთ მეხუთედს,
ჯარიმად უნდა გადაეხადა 1000 დრაქმა (დაახლ 240 ოქროს მანეთი); ამასთან, მას
ჩამოერთმეოდა იმის უფლება, რომ ოდესმე მსგავსი საჩივარი შეეტანა
სასამართლოში. სოკრატეს სამივე ბრალმდებელმა ერთად მოაგროვა 280 ხმა, ე.ი.
თვითეულმა საშუალოდ - 93. მაშასადამე, ბრალმდებელი მხოლოდ მელეტოსი რომ
ყოფილიყო, პროცესსაც წააგებდა და ჯარიმის გადახდაც არ ასცდებოდა.
მოსწრებულად ამბობს ერთი რუსი კომენტატორი: შეუძლებელია არ შევნიშნოთ
მსუბუქი ირონია სოკრატეს ამ არითმეტიკულ გამოთვლებში.
61. პრიტანებს გარდა პრიტანეიონში უფასოდ სადილობის უფლება ეძლეოდათ
მხოლოდ იმ პირებს, რომლებსაც განსაკუთრებული დამსახურება მიუძღოდათ
სახელმწიფოს წინაშე: მხედართმთავრებს, სახელმწიფო მოღვაწეებს, ქურუმებს,
ოლიმპიურ თამაშებში გამარჯვებულებს, აგრეთვე უცხოელ ელჩებს, საპატიო
სტუმრებს და სხვ.
62. სოკრატე შეფარვით გულისხმობს სამართალწარმოების ლაკედემონურ წესს (იხ.
თუკიდიდე, I, 132).
63. საპყრობილეს ზედამხედველებად ყოველწლიურად ირჩევდნენ თერთმეტ
არქონტს.
64. სოკრატეს უაზროდ მიაჩნდა სიცოცხლე ადამიანის ამქვეყნიური
დანიშნულების, მოყვასისა და თვით საკუთარი სულის გამუდმებული კვლევის
გარეშე (ტყუილად ხომ არ იქცა მთელი მისი სიცოცხლის დევიზად დელფოს
სამისნოს წარწერა: „შეიცან შენი თავი!''). შდრ. ქსენოფონტე, „მოგონებები
სოკრატეზე“, IV, 2, 24-29; პლატონი, „ლახესი“, 187c; „პირველი ალკიბიადე“, 133c;
„დიდი ჰიპია“, 304c; „სოფისტი“, 230b-d.
65. სოკრატე მზადაა თავის გამოსასყიდად გადაიხადოს ერთი ვერცხლის მნა
(დაახლ. 30 ოქროს მანეთი), მაშინ როდესაც მისი მეგობრები და მოწაფეები
(პლატონი, კრიტონი, კრიტობულე და აპოლოდორე - მათ შესახებ იხ. აქვე, კომენტ.
56) 30 მნას სთავაზობდნენ სასამართლოს. აღსანიშნავია, რომ დიოგენე
ლაერტელის მოწმობით, სოკრატეს პროცესზე პლატონს სიტყვის თქმაც
31

დაუპირებია მასწავლებლის დასაცავად, მაგრამ მსაჯულებს ნება არ დაურთავთ


მისთვის.
66. სასამართლოში სოკრატეს ქედუხრელობას და პირუთვნელობას შედეგად ის
მოჰყვა, რომ მის წინააღმდეგ მიცემული ხმების რაოდენობა, დიოგენე ლაერტელის
ცნობით (II, 42), კიდევ 80-ით გაიზარდა. ამრიგად, სოკრატეს სიკვდილით დასჯას
ხმა მისცა 360-მა მსაჯულმა, წინააღმდეგ - 141-მა. 67. შდრ. ქსენოფონტე, „სოკრატეს
აპოლოგია“, 30, სადაც სიკვდილმისჯილი სოკრატე ამ სიტყვებით მიმართავს
თავის გამწირველთ: ,,ჰომეროსი ზოგიერთ პირს სიცოცხლის აღსასრულის ჟამს
მყობადის განჭვრეტის უნარს მიაწერს ხოლმე. და აი, მეც მინდა ერთი რამ
ვიწინასწარმეტყველო“... (თარგმანი აკ. ურუშაძისა). ისევე როგორც პეტროკლე
უწინასწარმეტყველებს სიკვდილს ჰექტორს („ილიადა“, XVI, 851), ხოლო ჰექტორი
- აქილევსს („ილიადა“, XXII, 358), სოკრატეც თითქოს წინასწარ ჭვრეტს მისი
ჯალათების მომავალ უბედურებას. ჩვენ არ ვიცით, რამდენად მართალია არა ერთი
და ორი ბერძენი ავტორის ცნობა, მაგრამ, თუ მათ ვერწმუნებით, სოკრატეს
წინასწარმეტყველება თითქოს ახდა. ასე მაგალითად, დიოგენე ლაერტელი წერს
(II, 43): „სოკრატეს სიკვდილის შემდეგ ათენელებს ძალიან მალე სანანებლად
გაუხდათ საქმე, მათ დახურეს პალესტრები და გიმნასიონები, მელეტოსს -
სიკვდილი, ხოლო დანარჩენ ბრალმდებლებს განდევნა მიუსაჯეს. სოკრატეს
პატივსაცემად კი მისი ბრინჯაოს ქანდაკება აღმართეს, რომელიც ლისიპეს მიერ
იყო შესრულებული... როდესაც ანიტოსი ჰერაკლეაში ჩავიდა, ჰერაკლეელებმა
იმავე დღეს გააძევეს იგი“. დიოდორე სიცილიელის მოწმობით (XIV, 37), სოკრატეს
ბრალმდებლები გაუსამართლებლად დაუსჯიათ სიკვდილით, ხოლო პლუტარქე
გვაუწყებს („შურისა და ზიზღისათვის“, 6), რომ ბრალმდებლებმა თავი
ჩამოიხრჩეს, რადგანაც ვერ გაუძლეს ათენელთა ზიზღს, რომლებმაც „ცეცხლი და
წყალი“ აღარ მისცეს მათ (ოთხი საუკუნის შემდეგ ასე ჩამოიხრჩო თავი იუდა
ისკარიოტელმაც,- მათე, XXVII, 3-5).
68. იგულისხმება თერთმეტი არქონტი, იხ. კომენტ. 63.
69. თითქოს იესო მიმართავს თავის მოწაფეებს: „მაშინ ჰრქუა მათ იესო;
შეწუხებულ არს სული ჩემი სიკუდიდმდე; დაადგერით აქა და იღვძებდით ჩემ
თანა" (მათე, XXVI, 38).
70. ეს ესქატოლოგიური ალტერნატივა, ეს მერყეობა ინდივიდუალური სულის
უკვდავების უარყოფასა და ამ უკვდავების აღიარებას შორის, შემდგომში
მთლიანად გაიზიარა სტოიციზმმა; შდრ. სენეკა („წინასწარხედვისათვის“, VI, 6):
„სიკვდილისათვის: ან განბნევა და განქარება, თუ არსებობენ მხოლოდ ატომები, ან
დაქრობა და გარდაცვალება, თუ არსებობს მხოლოდ ერთობა“ („ფიქრები“,VII, 32)...
„შენ ახვედი ხომალდზე, გადაცურე ზღვა, მიაღწიე ნავთსაყუდელს: დროა
ჩამოხდე. თუ შენ სხვა სიცოცხლე გელის, რაკი ღმერთები ყველგან არიან, ისინი
იქნებიან იქაც. ხოლო თუ იქ უგრძნობლობაა მხოლოდ და მხოლოდ, სხვა არაფერი,
შენ აღარ მოგიწევს კვლავ დაითმინო სალმობა და სიხარული, აღარ მოგიწევს
კვლავინდებურად ემსახურო უბადრუკ გარსს - ათასწილ უარესს შენი არსების იმ
ნაწილზე, რომელიც ტყვედა ჰყავს მას, რადგან ეს უკანასკნელი სულია და ღვთაება,
გარსი კი - ტალახი და მტვერი" („ფიქრები“, III, 3).
71. მინოსი - კრეტის მეფე, ზევსისა და ევროპას ძე, რადამანთისის ძმა... ეაკე -
ზევსისა და ეგინას ძე, ეაკიდთა საგვარეულოს მამამთავარი. სამივე მითიური
გმირი, ამქვეყნიურ სიცოცხლეში უებრო სიბრძნისა და სიქველის გამო, სიკვდილის
შემდეგ, ჰადესში სულთა განმკითხველ მსაჯულებად აქციეს ღმერთებმა. პლატონი
32

ამ სამ მსაჯულს უმატებს მეოთხესაც - ტრიპტოლემოსს, ქალღმერთ დემეტრას


კულტთან დაკავშირებულ მითიურ გმირს, ელევსინელ უფლისწულს...
კომენტატორთა აზრით, მინოსი და რადამანთისი მჭიდროდ უკავშირდებიან
კრეტულსა და ორფიკულ მისტერიებს, ტრიპტოლემოსი ელევსინის მისტერიებთან
წილნაყარი გმირია, ხოლო ეაკეს კავშირი აშკარაა კუნძულ ეგინაზე არსებულ
გმირთა ორფიკულ კულტთან.
72. ორფევსი და მუსეოსი - მითიური მომღერლები, რომლებსაც აქ დიდი ბერძენი
პოეტების, ჰომეროსისა და ჰესიოდეს გვერდით იხენიებს სოკრატე.
73. პალამედესი - ტროას ომის ერთ-ერთი გმირი; მოკლულ იქნა ბერძნების მიერ
ოდისევსის ცილისმწამებლური დასმენის შედეგად... აიანტი (აიაქსი), ტელამონის
ძე, ტროას ომის ერთ-ერთი უდიდესი გმირი; თავი მოიკლა იმ უსამართლო
მსჯავრის შედეგად, რომელმაც დაღუპული აქილევსის საჭურველი მას - აქაველთა
შორის უმამაცესს კი არ მიაკუთვნა, არამედ ოდისევსს.
74. იგულისხმება აგამემნონი, არგოსისა და მიკენის მეფე, აქაველთა წინამძღოლი
ტროას ომში.
75. ოდისევსი - ტროას ომის ერთ-ერთი მონაწილე, ცნობილი თავისი ცბიერებითა
და გამჭრიახობით, ჰომეროსის „ოდისეას“ მთავარი გმირი.

სხვა ელექტრონული წიგნებისათვის გთხოვთ


ეწვიოთ ჩვენს ინტერნეტ-მაღაზიას: www.iBooks.ge

You might also like