You are on page 1of 8

დისტოპია

ნაწილი პირველი: დასაწყისი


გიგი
დილა დღის ყველაზე უსიამოვნო ნაწილი იყო გიგისათვის, ყველაზე საშინელი ხმა კი მაღვიძარას ხმა
და აგერ უკვე მერამდენედ ხვდებოდა გამთენიის ხანს თავისი ტელეფონის მაღვიძარის გამაღიზიანებლად
აუტანელი მელოდიით. ბიჭმა უსიამოვნოდ გაახილა თვალები, მაღვიძარა გამორთო და ჭერს მიაშტერდა.
გიგისთვის ჯერ კიდევ გაუგებარი იყო, თუ რატომ ატარებდნენ ადამიანები მთელს ცხოვრებას უსიამოვნო
წეს-ჩვეულებების დაცვაში, მაგალითად ისეთის, როგორიც გახლდათ სკოლაში სიარული. ბიჭი ფიქრობდა,
რომ საერთოდ არაფერს ღირებულს არ ასწავლიდა სკოლა ბავშვებს. პირიქით, ის მათ არავისგან გამორჩეულ
ადამიანებად აყალიბებდა. „წესები და კიდევ უფრო მეტი წესები, ნეტავ ვინ მოიგონა“ - გაიფიქრებდა ხოლმე.
თუმცა გიგი ხვდებოდა, რომ მხოლოდ ფიქრი შეეძლო ასეთ საკითხებზე, მაგრამ როდესაც საქმე საკუთარი
იდეების განხორციელებასთან მივიდოდა, ის ყოველთვის უკან იხევდა. სიმართლე, რომ გეთქვათ რა
განასხვავებდა გიგის სხვა ბავშვებისგან? თავისი ფიქრები? მაგრამ ფიქრები ხომ აბსტრაქტულია და მანამ არ
არსებობს ფიზიკურ სამყაროში, სანამ შენ თვითონ არ შეასხამ მათ ფრთებს? თუ ასე იყო, მაშინ გიგიც ყველა
სხვა თავის თანატოლს გავდა, მიუხედავად ყველაფრისა ისიც იღვიძებდა დილას ადრე, თავისი საშინელი
მაღვიძარის მელოდიით, ემზადებოდა და მიდიოდა სკოლაში. ბიჭი ამას გულის სიღრმეში ხვდებოდა და
საშინლად არ მოსწონდა ეს ფაქტი, ერჩივნა წამებულ გმირად წარმოედგინა თავი და არა მომდევნო
ჩვეულებრივ ახალგაზრდად, რომელიც არაფერს აკეთებდა სამყაროს შესაცვლელად.
მსგავსი ფიქრებით იწყებოდა გიგის ყოველი დილა, მაგრამ მას იმედი ჰქონდა, რომ სკოლის
დამთავრების შემდეგ მიაღწევდა თავის ოცნებას. სიმართლე, რომ ვთქვათ გიგის არ გააჩნდა ერთი რაიმე
კონკრეტული გეგმა, მას უბრალოდ უნდოდა, რომ სამყარო უკეთესობისკენ შეეცვალა, უნდოდა
განსაკუთრებული ყოფილიყო და მის სიცოცხლეს რაიმე აზრი ჰქონოდა. აი სამყაროს შეცვლას კი, მისი
აზრით, უაღრესად ორიგინალური და სტრატეგიულად კარგად გათვლილი გეგმა სჭირდებოდა და რა თქმა
უნდა დროც. რაც შეეხება დროს, გიგი ხომ ჯერ მხოლოდ 17 წლის გახლდათ და ფიქრობდა, რომ საკმაოდ
მაღალი ალბათობით ჯერ კიდევ დიდი ხნის სიცოცხლე დარჩენოდა დედამიწაზე. რა თქმა უნდა, არ
გამორიცხავდა რაიმე უბედურ შემთხვევას, რომელსაც შეეძლო ნაადრევად მოესწრაფებინა მისთვის ჩვენ
პლანეტაზე სტუმრობის პერიოდი, თუმცა ბიჭი რატომღაც თავს განსაკუთრებულად თვლიდა. გიგისთვის,
რომ გეკითხათ არ გიპასუხებდათ, მაგრამ ყოველთვის გრძნობდა შინაგან ხმას, რომელიც გამუდმებით
ახსენებდა მის განსაკუთრებულობას. ასე, რომ გიგი ნაადრევ სიკვდილს გამორიცხავდა, ბოლო-ბოლო
სამყარო უნდა გადაერჩინა და ზეციური ძალები არაფერს დართავდნენ ნებას, რომ ბიჭს რამე მოსვლოდა.
ჭერის ყურებით დაღლილმა გიგიმ გაანალიზა, რომ დროზე უნდა წამომდგარიყო თავისი თბილი
ლოგინიდან და სკოლისთვის სამზადისს შედგომოდა. თუმცა ნოემბრის თვე საკმაოდ სუსხიანი გამოდგა 2019
წლის წყალტუბოში და ამის გამო ბიჭს ძალიან უჭირდა საწოლიდან სხეულის აწევა. ალბათ დილის, თავისი
მაღვიძარას ხმისა და სკოლის შემდეგ ყველაზე მეტად თბილი საწოლიდან სიცივეში წამოდგომა სძაგდა
გიგის. ასე, რომ დიდ ბრძოლებში იყო საკუთარ თავთან, ყოველ წამს იმეორებდა თავში უნდა ავდგეო, თუმცა
ჯიუტი სხეული არაფრისდიდებით არ ემორჩილებოდა. ისიც კი გაიფიქრა რა მოხდება დღეს, რომ გავაცდინო
სკოლა, ან ერთი გაკვეთილის დაგვიანებით მივიდეო, იცოდა ვერავინ შეუშლიდა ხელს ამ გეგმის
განხორციელებაში, რადგან მას შემდეგ რაც დედამისი საზღვარგარეთ წავიდა სამუშაოდ, გიგი სულ მარტო
ცხოვრობდა. მამა სამი წლისას გარდაეცვალა, არც ბებია-ბაბუა ყავდა ცოცხალი და უწევდა ბიჭს მარტო
ცხოვრება. გიგის ახლაც ახსოვდა ოთხი თვის უკან, როცა დედამ უთხრა, რომ თურქეთში უნდა წასულიყო,
რადგან წყალტუბოში ვერ შოულობდა სამსახურს, მაშინ პირველად იგრძნო თავისი პატარა ქალაქის მიმართ
სიძულვილი. როგორ შეიძლებოდა ერთი ქალისთვის სამუშაო ადგილი არ ყოფილიყო ამ უბადრუკ და
არაფრის მაქნის ქალაქში. თავიდან უჭირდა დამოუკიდებელი ცხოვრება, მაგრამ პირველი კვირის შემდეგ
მიხვდა, რომ მოწონდა კიდეც მარტოობა. გიგი არასოდეს ყოფილა ადამიანებთან ურთიერთობის დიდი
მოყვარული და ახლა დედამისიც აღარ უშლიდა ხელს უაზრო შენიშვნებით. იცოდა სკოლაში არ
წაუსვლელობას შეიძლებოდა გამაღიზიანებელი პრობლემები მოყოლოდა მისთვის, მაგრამ არა ფატალური.
ასე, რომ დიადი ბრძოლის შემდეგ ბიჭი თავის სხეულს დანებდა და სკოლაში წასვლას ამჯობინა თბილ
საწოლში ძილის განუსაზღვრელი ვადით გაგრძელება...

გვანცა
სკოლაში სწავლის მეთორმეტე წელი გახლდათ გვანცას ცხოვრებაში, თუმცა შეეძლო ამაყად ეთქვა,
რომ ერთხელაც კი არ დაუგვიანებია გაკვეთილზე. ახლაც წელში გამართული იჯდა საკლასო ოთახში წინა
მერხზე და ისტორიის მასწავლებელს გულმოდგინებით ელოდა. ერთი სული ჰქონდა, როდის დაიწყებდა
საუბარს საქართველოს უძველეს ისტორიაზე. ნელ-ნელა საათზე 9 სრულდებოდა და საკლასო ოთახიც
ივსებოდა ბავშვებით, თუმცა გვანცა დიდად არავის ემეგობრებოდა თავის კლასში. მხოლოდ ერთი მეგობარი
ყავდა და რატომღაც ეს მეგობარიც უჩვეულოდ აგვიანებდა მოსვლას. „სად არის ნეტავ“ ფიქრობდა გვანცა და
გამუდმებით საკლასო ოთახის შემოსასვლელს უყურებდა. ის და გიგი დაწყებითი კლასებიდან
მეგობრობდნენ. ზუსტად არ იცოდა გვანცამ რა მოწონდა გიგიში, უბრალოდ იცოდა, რომ ძალიან უგებდნენ
ერთმანეთს და შესაბამისად თავისი დიდი ხნის მეგობრის გარეშე სკოლის დღე მოსაწყენი იყო. გოგონა
მიხვდა, რომ გიგი დღეს სკოლაში მოსვლას არც აპირებდა, სხვა შემთხვევაში არ დააგვიანებდა. ამან
უჩვეულოდ გაუფუჭა ხასიათი, რადგან ერთი სული ჰქონდა როდის დაელაპარაკებოდა მეგობარს თავის
ახალ თაყვანისცემელზე, თუმცა არა უშავს სკოლის შემდეგაც შეეძლო სახლში მიეკითხა გიგისთვის ცოტა
ხნით. გვანცას არასდროს აკლდა თაყვანისცემლები, რადგან გარდა იმისა, რომ სკოლაში ერთ-ერთი ყველაზე
ჭკვიანი და საყოველთაოდ აღიარებული მოსწავლე იყო, ასევე შემქმნელს მისთვის მშვენიერი გარეგნობაც არ
დანანებია. გოგონას ულამაზესი სახის ნაკვთები, ღია მწვანე ფერის თვალები და მოხდენილი წვრილი ტანი
არავის გამოეპარებოდა თვალთახედვიდან. გვანცას არასდროს აკლდა ყურადღება, ყოველდღე უამრავი
ადამიანი ეუბნებოდა კომპლიმენტს და ამიტომაც ადრეული ასაკიდან მისი თავდაჯერებულობა საკმაოდ
მაღალ ნიშნულებს აღწევდა. გოგონა ყოველთვის განსაკუთრებულად გრძნობდა თავს, რადგან ყველა
ზედმეტად გამორჩეულად ექცეოდა ირგვლივ. ჯეროდა, რომ ბევრ ადამიანზე უკეთესი იყო და ამისთვის
დიდი შრომის გაწევა არც სჭირდებოდა. ეამაყებოდა, რომ მაკიაჟის ხშირი მოხმარება საერთოდ არ
ესაჭიროებოდა სილამაზისთვის და მისი უამრავი თანატოლისგან განსხვავებით, თავის ასაკთან შედარებით
ბევრად მეტი ცოდნაც გააჩნდა. უყურებდა თავის კლასელებს და შეპარვითი ზიზღის გრძნობა უჩნდებოდა,
უსამართლობა ეგონა ის ფაქტი. რომ მისნაირ ადამიანს იგივე ქალაქში უწევდა ცხოვრება, როგორც ამ
დანარჩენ არაფრით გამორჩეულ და მოსაწყენად ერთფეროვან ბავშვებს. თუმცა ამ გრძნობას თავის შინაგან
სამყაროში ინახავდა, კარგად ესმოდა თავისი ოქროს გოგონას იმიჯის შესანარჩუნებლად თავმდაბალი
ადამიანის როლი უნდა ეთამაშა. გვანცამ კარგად იცოდა, რომ კლასში ბევრი თვლიდა თავის მეგობრად,
რადგან ყველას თავაზიანად ეპყრობოდა და ყოველთვის მზად იყო დახმარების ხელი გაეწვდინა, თუმცა
სძულდა ადამიანების დახმარება და ისიც სძულდა, რომ გამუდმებით უნდა ეღიმა თავისი არაფრით
გამორჩეული გარემოცვისთვის. ამ ფიქრებში გახლდათ გართული გოგონა, როცა უცებ შინაგანი ხმა ვიღაცის
გამაღიზიანებლად მოთაფლულმა ხმის ტონმა გადაფარა:
-გვანცა დილა მშვიდობისა-იკითხა ქალბატონმა ირამ, გვანცას კლასის დამრიგებელმა.
-გამარჯობათ ქალბატონო ირა, როგორ ბრძანდებით?-უპასუხა გვანცამ ჩვეული ყალბი თავაზიანი
ტონით. როგორ ვერ იტანდა ამ ქალს. საერთოდ ვერ ხვდებოდა მასწავლებელი როგორ გახდა. გოგონას
აზრით, 17 წლის ასაკშიც კი ამ უტვინო დედაბერზე მეტი რამ იცოდა.
-კარგად ჩემო მშვენიერო, თავად როგორ გიკითხო?-შეუბრუნა კითხვა დამრიგებელმა.
-არაჩვეულებრივად-გაუღიმა გვანცამ და გაიფიქრა, ნეტავ რატომ არის ყოველთვის კარგად ეს
უბედურიო.
-გვანცა, გიგი ხომ არ იცი სად არის? უკვე მეორე დღეა სკოლაში არ ყოფილა, ცოტას ვნერვიულობ-
-როგორც ვიცი ავად არის, ისეთი არაფერი უბრალოდ სიცხე აქვს-საერთოდაც არ იცოდა რა ჭირდა
გიგის, თუმცა მოიტყუა, რომ ბიჭი გამოეძვრინა სიტუაციიდან.
-კარგი, მადლობა გვანცა ჩემო კარგო. წარმატებულ დღეს გისურვებ-ისევ მოთაფლული ხმით უპასუხა
ქალბატონმა ირამ და საკლასო ოთახიდან წასასვლელად მოემზადა. თითქოს ამით უნდა დამთავრებულიყო
დიალოგი, მაგრამ არა ეს შინაბერა უტვინო დედაბერი უცდიდა გვანცას, თითქოს თხოვდა, რომ დიალოგი
გოგონას უნდა დაესრულებინა. რა გაეწყობოდა...
-მადლობა ირა მას, თქვენც წარმატებულ დღეს გისურვებთ-ყველაზე ყალბი ღიმილი ესროლა
მასწავლებელს გვანცამ, უკვე გულიც კი ერეოდა ამდენი სიყალბისგან. ხანდახან უნდოდა, რომ ყველასთვის
პირში მიეხალა რას ფიქრობდა მათზე, მაგრამ ამას ვერასდროს გააკეთებდა. ვერ ეგუებოდა იმ აზრს, რომ
როდესმე შეიძლებოდა თავაზიანი გოგონას რეპუტაცია გაფუჭებოდა.
გვანცამ უყურა, თუ როგორ გავიდა ირა საკლასო ოთახიდან, თანაც გზად რამდენიმე მოსწავლეს
რჩევა-დარიგებებსა და შენიშვნებს აძლევდა, ალბათ კარგი იქნებოდა საკუთარ თავსაც თუ ურჩევდა
რამდენიმე კარგ რამეს და როგორც კი მასწავლებელი თვალთახედვის არედან გაუჩინარდა, ტელეფონი
ამოიღო და გიგის მიწერა: „თუ რამე სიცხე გაქვს! ირამ გიკითხა და მოვატყუე “...
გიგი
გიგი ტელეფონზე sms-ის მოსვლის ხმამ გამოაღვიძა. არადა რა ტკბილად ეძინა და წამებში დაერღვა
ძილით გამოწვეული ბედნიერება. რა სულელი ვარ, ხმას რატომ არ ვურთავ ძილის დროს ამ ტელეფონსო
გაიფიქრა და გაღიზიანებულმა გაიშვირა ხელი თავისი მობილურისკენ. უი გვანცას მოუწერიაო ხმამაღლა
წარმოთქვა, მაგრამ ვერ მიხვდა რატომ და წერილი გახსნა: „თუ რამე სიცხე გაქვს! ირამ გიკითხა და მოვატყუე
“. გიგის გაეღიმა, ყოველთვის შეიძლებოდა გქონოდა გვანცას იმედი. ბიჭი მთელს სამყაროში მხოლოდ
გვანცასთან გრძნობდა კომფორტულად თავს. გოგონა ხომ ყველაზე საყვარელი, ჭკვიანი, თავაზიანი და
კეთილი არსება იყო დედამიწაზე. გამოღვიძებისგან გამოწვეული გაღიზიანება წამში შეიცვალა სიხარულით.
ძილის გაწყვეტას მარტო გვანცას აპატიებდა და ალბათ კიდევ ბევრ სხვა რამესაც გიგი. მართალია ისინი
უბრალოდ მეგობრები იყვნენ, მაგრამ გიგი კარგად ხვდებოდა გულის სიღრმეში, რომ გვანცას მიმართ
უბრალოდ მეგობრულ სიყვარულს არ გრძნობდა. როცა გოგონასთან იყო, მხოლოდ მაშინ გრძნობდა თავს
ბედნიერად. მარტო მაშინ არ ადარდებდა სამყაროს ბედი და საერთოდ არავინ აღიზიანებდა, გვანცას
თაყვანისცემლებიც კი. ზუსტად არ იცოდა რატომ უყვარდა ასე ძალიან, გოგონას მშვენიერება იზიდავდა, თუ
მისი შინაგანი სამყარო, იქნებ ორივე? გიგი ფიქრობდა, რომ გვანცას ძალიან კარგად იცნობდა, როგორც
იტყვიან ხუთი თითივით. იცოდა, რომ გოგონა ყველაზე კეთილი, თავაზიანი და დავმდაბალი ქმნილება
გახლდათ მთელს სამყაროში და ალბათ უფრო ეს იყო მიზეზი ამ დიადი სიყვარულისა. ერთი პრობლემა კი
იყო, გიგი ალბათ ვერასდროს გაუმხელდა თავის ნამდვილ გრძნობას, რადგან კარგად ხვდებოდა, გვანცას
უბრალოდ მეგობრულად უყვარდა ბიჭი. სიმართლე, რომ ითქვას ეს აკმაყოფილებდა კიდეც და მისთვის
გვანცას გვერდით ყოფნა, როგორც მეგობარიც საკმარისი გახლდათ. თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად, ბიჭს
მაინც ჰქონდა უამრავი სასიამოვნო ფანტაზია საკუთარ თავში შექმნილი. გიგის ცხოვრების დიდი ნაწილი
ეკავა თავის წარმოსახვით სამყაროს, სადაც ის და გვანცა ორმხრივად გრძნობდნენ მხურვალე სიყვარულს
ერთმანეთის მიმართ. წარმოიდგენდა ხოლმე როგორ ევლებოდა თავს გოგონას, იცავდა ყველანაირი
საფრთხისგან და ყველა უხეში ადამიანისგან. გიგისთვის ეს სამყარო შესანიშნავი გახლდათ, ბევრად უფრო
ლამაზი და საინტერესო, ვიდრე რეალობა.
იწვა გიგი საწოლში გულაღმა და ტელეფონს მიშტერებოდა. გვანცას გარდა არაფერი უტრიალებდა
გონებაში, დიდი ხანი არჩევდა სიტყვებს პასუხისათვის, რომელიც გოგონასთვის უნდა გაეგზავნა. „მადლობა
ყველაზე საუკეთესო ხარ“-ს, „შენ, რომ არ მყავდე რა მეშველებოდა“-ს და კიდევ უამრავი დაწერილი და
წაშლილი ტექსტის შემდეგ, მხოლოდ ამის გაგზავნა მოახერხა ბიჭმა: „მადლობა გვანც, არ დაგივიწყებ”. Sms-
ის გაგზავნის შემდეგ, გიგი თავისდა უნებურად გადაეშვა წარმოსახვითი სამყაროს დამატყვევებელ
ისტორიაში. ყოველ ჯერზე ერთი და იგივე სცენარით ვითარდებოდა მოვლენები გიგის წარმოსახვით
რეალობაში. პირველად სიყვარულს უხსნიდა გვანცას, რაზეც პასუხად გვანცას „მეც ძალიან მიყვარხარ“-ს
იღებდა. შემდეგ ერთბაშად იცვლებოდა სიტუაცია და გონებაში წამის მეასედში გავლილი რამდენიმე წლის
შემდეგ, ის და გვანცა ეკლესიაში იდგნენ, ერთმანეთს სიყვარულს და სამუდამო ერთგულებას ეფიცებოდნენ.
თავისი ფიცის ტექსტი ყოველთვის აღმაფრთოვანებელი და გულის ამაჩუყებელი გახლდათ. თვითონ
ტექსტის სიტყვებს ვერ წაროიდგენდა ხოლმე, მაგრამ გონებაში მკაფიოდ ხედავდა გულაჩუყებულ და
აცრემლიანებულ გვანცას, შემდეგ გოგონა მთელი ძალით ეხუტებოდა ბიჭს და აქვითინებული
ჩასჩურჩულებდა ყურში: „შენ ხარ ჩემი ცხოვრების უდიდესი შენაძენი“. ამის შემდეგ ბეჭდებს გაცვლიდნენ
და კოცნიდნენ. ამ სცენის შემდეგ პირდაპირ პირველი ღამის სიუჟეტი ირთვებოდა გიგის თავში. როგორც კი
ამის წარმოდგენას იწყებდა, ბიჭი ყოველთვის ძალიან იღგზნებოდა და საკუთარ თავზე კონტროლს
კარგავდა. წამის მეათასედში გარბოდა გიგის ფიქრები ამ დროს. ხედავდა, თუ როგორ ნაზად და მოწიწებით
ხდიდნენ ერთმანეთს ტანისამოსს, ამის პარალელურად არ წყდებოდა მხურვალე კოცნა. შეიგრძნობდნენ
ერთმანეთის ბაგეს, გიგისთვის გვანცას ტუჩებს ყველაზე ტკბილი ალუბლის არომატი ჰქონდათ. ამის შემდეგ,
ბიჭი ნელ-ნელა მიიწევდა დაბლა, უხსნიდა გოგონას ბიუსჰალტერს და მკერდზე სათუთად უწყებდა
მოფერებას... დაწოლილმა გიგიმ იგრძნო, თუ როგორ ააწითლა მთლიანად თავისმა ფიქრებმა და უნებლიედ
წაიღო ხელი ტრუსისაკენ. რა თქმა უნდა, ამის პარალელურად არ წყვეტდა გვანცასთან პირველი ღამის
სცენებზე ფიქრს, ახლა მთლიანად მოწყვეტილი გახლდათ რეალობას, საერთოდ არ ახსოვდა ვინ იყო და აი
უცებ ერთბაშად გამოვიდა გიგი ტრანსიდან, ტელეფონზე გაისმა შემომავალი ზარის ხმა. გიგი შეშინებული
წამოიმართა საწოლიდან, თითქოს გამოიჭირეს უმსგავს საქციელშიო და როგორც ყოველთვის იცის, ასეთი
ტრანსიდან გამოსვლის შემდეგ, მას სირცხვილის და გულისრევის შეგრძნება დაეუფლა. ბოლო-ბოლო
დახედა ტელეფონს, შემომავალ ზარს ირა მასწავლებელი ეწერა. ახლა რა უნდა ექნა? ტყუილი არასდროს
გამოსდიოდა, თან ირას ხომ თითქმის მთელი ცხოვრება იცნობდა. ირა და დედამისი ძალიან ახლო
მეგობრები იყვნენ. ასე, რომ სანამ ირა გიგის დამრიგებელი გახდებოდა, მანამდეც ჰქონდა ქალთან
ურთიერთობა. რაც დედამისი საზღვარგარეთ წავიდა, ირა გახლდათ ბიჭის მთავარი მეთვალყურე. გარდა
იმისა, რომ სკოლაში გამუდმებით თვალს ადევნებდა, დედამისის თხოვნით კვირაში ერთხელაც
შემოუვლიდა გიგის დასაზვერვად სახლში. თუ რამე მიულაგებელი ჰქონდა, დაალაგებდა და წავიდოდა.
გიგიმ იგრძნო, თუ როგორ ვარდებოდა პანიკაში. უკვე წარმოიდგინა შენიშვნების კორიანტელი, რომელსაც
ირა და შემდეგ დედამისი დააყრიდა ინტერნეტიდან და გულის რევის შეგრძნება დაეუფლა. გიგი ვერ
იტანდა, როცა რამეს მიუთითებდნენ. როგორც ყველა ადამიანს, მასაც თავი გამუდმებით ყოველთვის
მართალი ეგონა და არასდროს იღებდა შენიშვნებს, იმ შემთხვევაშიც კი, როცა ხვდებოდა შენიშვნა
დაიმსახურა. ბიჭმა ერთი ღრმად ჩაისუნთქვა და გადაწყვიტა გვანცას ტყუილი გაეგრძელებინა და მედგრად
დახვედროდა ირას შეტევას.
-გისმენ ირა-როგორც იქნა უპასუხა ტელეფონს ბიჭმა.
-გიგი შეგიძლია ამიხსნა, რატომ არ დამირეკე სიცხე თუ გქონდა?-პირდაპირ საქმეზე გადავიდა ქალი,
გამარჯობის და მოკითხვის გარეშე.
-არ მინდოდა გენერვიულა ირა, არც შენ და არც დედაჩემს-თავი იმართლა გიგიმ, მაგრამ ხვდებოდა,
რომ ეს საკმაოდ იაფფასიანი ტყუილი გახლდათ.
-და შენი აზრით იმაზე უფრო არ ვინერვიულე, რომ მეორე დღეა სკოლაში არ ხარ?-ხმის ტონს აუწია
ირამ-არც ისე დამაჯერებელია ეგ შენი სიცხის ამბავი, დღეს სკოლის შემდეგ ამოვივლი, წამლებს წამოვიღებ
და სიცხეს გაგიზომავ-
-ირა არაა საჭირო. უკვე გადამიარა თითქმის. სიცხე აღარც მაქვს, 10 წუთის უკან გავისინჯე, უბრალოდ
ყელი მტკივა და ზოგჯერ მახველებს-გიგის თავზარი დაეცა. ირა, რომ ამოსულიყო დიდი ალბათობით
მიუხვდებოდა ტყუილს.
-ოხ გიგი, ახლავე გაემზადე და სკოლაში მობრძანდი იცოდე-ირამ ძალიან მკაცრი ტონი დაიჭირა.
ხმაში ეტყობოდა, რომ უკვე მიუხვდა გიგის ტყუილს.
-ირა ცუდად ვარმეთქი არ გესმის?-არ გაიტეხა ბიჭმა, თან ფიქრობდა იმაზე, თუ როგორი
გამაღიზიანებელი გახლდათ ირა. 45 წლის გაუთხოვარი და უშვილო ქალი, რომელიც სხვის შვილზე
ზრუნვით იკლავდა მარტოობას. რა საცოდაობააო გაიფიქრებდა ხოლმე დრო და დრო ბიჭი, მაგრამ
სინამდვილეში არ ეცოდებოდა ქალი, უბრალოდ აღიზიანებდა.
-სიცხე ხომ აღარ გაქვს და ვინ გამაცდენიებდა მე ყელის ტკივილის გამო სკოლას? ახლავე მობრძანდი
სკოლაში გიგი, თორე ნინოს დავურეკავ და მოვახსენებ ყველაფერს-ყრუდ გაიგო ხმა გიგიმ ტელეფონიდან,
როგორც ჩანს რაღაც პრობლემა ჰქონდა სატელეფონო ხაზს.
-ვაიმეე-გაღიზიანებული ტონით წარმოთქვა გიგიმ-კარგი ხო, მოვდივარ ირა-საძაგელმა ქალმა კარგად
იცოდა, რომ დედამისთან დარეკვის მუქარა ყოველთვის ჭრიდა ბიჭზე. გიგის უბრალოდ არ უნდოდა უაზრო
რამეებზე ენერვიულა დედამისს და ირა ამას თავისდა სასიკეთოდ იყენებდა.
-ძალიან კარგი, გელოდები!-ესღა უთხრა ქალმა და ტელეფონი გაუთიშა...

გვანცა
ისტორიის მასწავლებელი ზუსტად 9 საათზე შემოვიდა კლასში. გვანცასთვის, რომ გეკითხათ
ქალბატონი ეკატერინე ყველაზე დალაგებული მასწავლებელი გახლდათ მთელს სკოლაში. ეკატერინე
დაბალი, მაგრამ მოხდენილი ქალი იყო. გვანცამ კარგად იცოდა, რომ თავის უამრავ კლასელ ბიჭს ჰქონდა
უცნაური ფანტაზიები ეკატერინეს მიმართ, რომელსაც არც მალავდნენ და საკლასო ოთახში შესვენებებზე
ლაპარაკობდნენ ხოლმე. გოგონასთვის, რომ გეკითხათ ბიჭებზე საზიზღარი, უცნაური და უტაქტო არსებები
არ არსებობდნენ დედამიწაზე. მხოლოდ მამრობითი სქესის ადამიანთა წარმომადგენელს შეეძლო ეფიქრა
თავის თავაზიან, განათლებულ და უაღრესად პატივსაცემ მასწავლებელზე ასეთი გულისამრევი რამ და
ამასთანავე ამაზე ღიად ესაუბრა. მართალია გოგონა თვითონაც ხვდებოდა, რომ თავისი ახალგაზრდა
მასწავლებელი საკმაოდ ლამაზი ქალი გახლდათ, მაგრამ იმას ვერ ხვდებოდა, თუ როდის შემდეგ დაკარგა
სილამაზემ და მოწიწებულმა ბუნებამ იმუნიტეტი ასეთი გარყვნილი აზრების წინააღმდეგ.
ეკატერინე მშვიდად მივიდა მასწავლებლის მერხთან და ბავშვებს მიესალმა. ბავშვების სიის
ამოკითხვის შემდეგ კი გაკვეთილის ჩაბარებას შეუდგა.
-აბა ვინ მოყვება დღევანდელ გაკვეთილს?-გაწონასწორებული სათუთი ხმით იკითხა ეკატერინემ და
კლასს მოავლო თვალი. გვანცამ რაც შეიძლებოდა სწარაფად აწია ხელი.
-მოდი პირველი გიორგიმ დაიწყოს-მიიღო თავისი გადაწყვეტილება ეკატერინემ და გვანცას იმედი
გაუცრუვდა, მას უნდოდა პირველი მოეყოლა, მაგრამ რა გაეწყობოდა. ეკატერინეზე მაინც ვერ
გაბრაზდებოდა, რადგან ზედმეტად დიდ პატივს სცემდა და თან ხშირად იძახებდა ხოლმე ისედაც
მასწავლებელი. ახლა გვანცამ ყურადღება თავის არაფრით გამორჩეულ კლასელს მიაპყრო, რომელმაც ისე
დაიწყო გაკვეთილის მოყოლა, რომ აშკარად მიხვდებოდი დაზუთხული ჰქონდა და საერთოდ ვერ გამოეტანა
აზრი მოცემული მასალისგან.
-შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორია იწყება ქართლის სამეფოს ჩამოყალიბებით ძვ. წთ. IV-III
საუკუნეებში-ამბობდა გიორგი და გვანცაც დრო გამოშვებით უგდებდა ბიჭს ყურს. რადგან თვითონ არ
აირჩიეს გაკვეთილის წარსადგენად, ახლა გოგონას შეეძლო ღრმა ფიქრებში გადაშვებულიყო. მან თავის ახალ
თაყვანისცემელზე, სანდროზე დაიწყო ფიქრი. რა სიმპატიური და ახოვანი გახლდათ სანდრო, გვანცას
მუცელში პეპლები აუთამაშდებოდა ხოლმე, როდესაც ბიჭს გაიხსენებდა. წინა კვირაში მოწერა Facebook-ზე
და უკვე ემოციურად ამდენად იყო სანდროზე დამოკიდებული. სიმართლე ითქვას, ბიჭის გარეგნობა უფრო
მოსწონდა, ვიდრე ხასიათი. მაგრამ სანდროს ცისფერი თვალები და გრძელი ქერა თმა ყველა მის უარყოფით
თვისებას ფარავდა გვანცასთვის. საერთოდ გოგონა არ აძლევდა საკუთარ თავს უფლებას ასე მოსწონებოდა
ვინმე, მითუმეტეს საკმაოდ გაუნათლებელი და ცოტა არ იყოს ხეპრე სანდრო, მაგრამ თავისდა უნებურად
თავს ვერაფერს უხერხებდა. როდესაც ფიქრისთვის თავისუფალი დრო რჩებოდა, მხოლოდ ამ ბიჭზე
ფიქრობდა. რა თქმა უნდა, გოგონას ასეთი მოწონებისდა მიუხედავად, ის მაინც აწვალებდა სანდროს და
ცდილობდა მათი ურთიერთობა მხოლოდ ფლირტის ეტაპზე დაეტოვებინა, თუმცა ხვდებოდა, რომ მალე
ვეღარ შეძლებდა თავის შეკავებას. უკვე ერთი სული ჰქონდა, როდის აკოცებდა ბიჭს და გაიგებდა მისი
ტუჩების გემოს. ზოგჯერ, როდესაც მარტო რჩებოდა უნებურად უფრო ინტიმურ რაღაცეებზეც იწყებდა
გვანცა ფიქრს. მისთვის უნცაურიც იყო საკუთარი თავის ასეთ სიტუაციაში დანახვა, რადგან სანდრომდე
არცერთი ბიჭის მიმართ უგვრძნია დიდი მიზიდულობა. რა თქმა უნდა, გიგის არ თვლიდა. გიგი ხომ ძალიან
უყვარდა და ერთადერთ თანასწორ ადამიანად თვლიდა, მაგრამ გიგი ხომ ძმასავით იყო გვანცასთვის.
სანდრო კი არასოდეს იქნებოდა ძმასავით, მასთან სულ სხვა ურთიერთობა უნდოდა. ამ ფიქრებში გახლდათ
გვანცა, როდესაც ტელეფონის ბზუილის ხმამ გამოაფხიზლა. გოგონამ ჩუმად ამოიღო ჯიბიდან მობილური
და გიგის მონაწერი გახსნა: „მადლობა გვანც, არ დაგივიწყებ“. არც უნდა დამივიწყოო გაიფიქრა ხუმრობით
და უნებლიეთ ისევ მოესმა თავისი კლასელის ხმა:
-როგორც მოგეხსენებათ, საქართველო ევროპისა და აზიის გასაყარზე მდებარეობს და ამის გამო...-
განაგრძობდა გიორგი გაკვეთილის მოყოლას. „ვაიმე ვის ადარდებს“- გვანცამ უნებურად გაიფიქრა და
თვალები გადაატრიალა, შემდეგ კი ისევ დაუბრუნდა სანდროზე ფიქრს...
ფიქრებში გართული გვანცასთვის გაკვეთილმა საკმაოდ შეუმჩნევლად განვლო. ზარის დარეკვის ხმა
არც გაუგია, მაგრამ როდესაც მასწავლებელი საკლასო ოთახიდან გავიდა და ბავშვებმა ნებაყოფლობით
დაიწყეს აქეთ-იქეთ გადაადგილება, გოგონა მიხვდა, რომ პირველი გაკვეთილი დასრულდა. გვანცამ იგრძნო,
რომ სულაც არ ჰქონდა სურვილი შესვენება გამოეყენებინა, ძალიან ეზარებოდა მერხიდან ადგომაც კი და
უკვე სანდროზე ოცნებაც მობეზრდა. საერთოდ ძალიან მალე ბეზრდებოდა ხოლმე ყველაფერი, გვანცას
ყველაზე დიდი პრობლემა ხომ საზიზღარი მოწყენილობა გახლდათ. ვერაფრით უდებდა გულს დიდი ხნით
ერთ საკითხს, ალბათ მაგიტომაც არ ჰქონდა საყვარელი საგანი და ყველას თანაბრად კარგად სწავლობდა.
მიუხედავად იმისა, რომ სანდრო ჯერ კიდევ აინტერესებდა, აი ბიჭზე ფიქრი უკვე ნამდვილად აღარ. გოგონა
მიხვდა, რომ რეალურად უნდოდა სანდროსთან ურთიერთობა და არა თავის წარმოსახვაში. ხოდა იჯდა ახლა
მერხზე და არ იცოდა რა გაეკეთებინა. გიგის ხომ არ მივწეროო გაიფიქრა, მაგრამ ეგეც დაეზარა და უაზროდ
გაუშტერდა თვალები. ვინმეს, რომ დაენახა ალბათ ეგონებოდა რამე სერიოზულზე ფიქრობსო, მაგრამ ახლა
გვანცას თავი ისეთივე ცარიელი გახლდათ ფიქრისგან, როგორც მისი გაშეშებული თვალები ემოციებისგან.

You might also like