You are on page 1of 8

$ mavritanelTa batonoba da rekonkista

დამოკიდებელი საემირო

დამპყრობლებს, რომლებიც აფრიკიდან მოვიდნენ და ბოლო მოუღეს ვესტგოთების


ბატონობას ჩვეულებრივ მავრებს უწოდებენ და ეს სახელი დღემდე გამოიყენება, მაგრამ
საჭიროა ტერმინის დაზუსტება. VIII სკ. დასაწყისში არაბებმა უკვე დაიპყრეს ჩრდილო-
დასავლეთ აფრიკა, რომელიც ადრე ბიზანტიის იმპერიას ეკუთვნოდა. აქ არაბებს დახვდა
ადგილობრივი მოსახლეობა -ბერბერები, რომლებსაც არაბების მსგავსად ტომობრივი
ორგანიზაცია ჰქონდათ. სწორედ ბერბერებია მავრების სახელით ცნობილი, ისინი
არაბებისგან დიდი ფანატიზმით გამოირჩეოდნენ.
მუსლიმანთა ჯარები რომლებიც 711 წელს ტარიკის სარდლობით ესპანეთში შევიდა
მეტწილად ბერბერებისგან შედგებოდა. მუსამ აქ არაბები მოიყვანა თანაც სხვადასხვა
ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილი ტომობრივი გაერთიანებების- კაისიტების და
ქელბიტების წარმომადგენლები.
სეგოიუელის ბრძოლის შემდეგ მუსამ განაგრძო ლაშქრობა სარაგოსას მიმართულებით.
გზად ხან წინააღმდეგობას აწყდებოდა, ხანაც დახმარებას ღებულობდა გოთი ბელადების
მხრიდან. ასე მაგალითად გრაფი ტარასონელი სხვა მაგნატების მსგავსად რომლებიც
საკუთარი ქონების და ხელისუფლების შენარჩუნებას ცდილობდნენ დანებდა არაბებს,
უარყო ქრისტიანობა და რიგი პრივილეგიები მიიღო. ასე ყველა არ იქცეოდა, ზოგიერთი
ენერგიულ წინააღმდეგობას უწევდა დამპყრობლებს, ამით ინარჩუნებდა თავის
სამფლობელოს. 713 წლამდე ომი შედარებით ჰუმანურად მიმდინარეობდა, მერიდის აღების
შემდეგ მუსამ იქაურ მცხოვრებლებს თავისუფლება და ქონება შეუნარჩუნა, არაბებმა
მხოლოდ მოკლულების, ემიგრანტების და ეკლესიის ქონების კონფისკაცია მოახდინეს,
მაგრამ 714 წლის სამხედრო კამპანია უფრო მკაცრი იყო.
ებროს გასწვრივ ტერიტორიების დალაშქვრის შემდეგ მუსა და ტარიკი ერთობლივად
იწყებენ ტერიტორიების დაპყრობას, რომელსაც შემდგომში ძველი კასტილია და კანტაბრია
ეწოდა. (მუსამ თითქოს შემდეგი შეფასება მისცა ესპანელებს, ,,ისინი ლომებივით იცავენ
თავიანთ სიმაგრეებს და არწივივით ეცემიან მტერს... ისინი არ უშვებენ მცირე
შესაძლებლობასაც კი თუ ეს მათთვის ხელსაყრელი იქნება, დამარცხების შემთხვევაში
მიუვალ ვიწრობებსა და ტყეებში იმალებიან, რათა შემდგომში მეტი სიმამაცით იბრძოლონ’’
- ამრიგად მუსა ხაზს უსვამს ადგილობრივების მიერ ომის წარმოების ორ ხერხს: ბრძოლას
გამაგრებულ დასახლებებში და პარტიზანულ ომს).
დაპყრობების განსამტკიცებლად არაბები ქმნიდნენ ამაიაში, ასტორგაში და სხვა
პუნქტებში სამხედრო კოლონიებს (ბანაკებს). ვალიადოლიდის პროვინციაში არაბები
მედგარ წინაღმდეგობას წააწყდნენ და იძულებული გახდნენ გარკვეულ პერიოდი აქ
შეჩერებულიყვნენ. აქედან მუსა ასტურების ტერიტორიისკენ გაემართა, ასტურები და
გოთები მთაში გაიხიზნენ (პიკოს დე ეუროპა).
ამასობაში მუსა ხალიფამ დაიბარა და ისიც იძულებული გახდა დამასკოში წასულიყო.
არაბთა ჯარების მეთაურად დატოვა თავისი ძე აბდალ აზიზი, რომელმაც რიგი
ექსპედიციები განახორციელა პორტუგალიაში, ანდალუსიის სამხრეთ და სამხრეთ
აღმოსავლეთ ნაწილში, დაიპყრო მალაგა, გრანადა. მურსიის ტერიტორიაზე იგი წააწყდა
მედგარ წინააღმდეგობას გრაფ ტეოდომიროს მხრიდან (მისი სამფლობელოს დედაქალაქი

1
იყო ორიუელა) ორივე მხარეს აწყობდა შეთანხმების მიღწევა (არაბები მცირერიცხოვანი
იყვნენ, ხოლო ტეოდომიროს იზოლაციის ეშინოდა). შეთანხმების თანახმად ტეოდომიროს
სამფლობელოები დამოუკიდებლად ცხადდებოდა, ქრისტიანები რელიგიურ თავისუფლებას
ინარჩუნებდნენ, მათი ქონება ხელშეუხებელი იყო, მხოლოდ მცირე ხარკს იხდიდნენ.
აბდალ აზიზმა ვერ დაასრულა ესპანეთის დაპყრობა. ცხოვრების წესის, რელიგიური
წესების დაუცველობის, როდრიგოს ქვრივ ეგილონაზე ქორწინების და სხვა მიზეზების გამო
მისადმი უკმაყოფილება იზრდებოდა და ბოლოს მოკლეს კიდეც. აბდალ აზიზის საქმის
გამგრძელებელი იყო ახალი მმართველი ალ-ხური. ალ-ხურმა ჩათვალა რომ ნ-კ დაპყრობა
უკვე დასრულებული იყო, პირინეები გადალახა და გალიაში შეიჭრა, მაგრამ ის ცდებოდა,
სწორედ ამ დროიდან დაიწყო არაბი დამპყრობლების წინააღმდეგ მედგარი ბრძოლა.
რამდენადაც ესპანეთი დაპყრობილ იქნა აფრიკული ჯარების მიერ ის ითვლებოდა
დამოკიდებულ საემიროდ, ანუ ემირი ემორჩილებოდა სახალიფოს აფრიკული
სამფლობელოს მეფისნაცვალს, ეს უკანასკნელი კი ხალიფას.
არაბები დაპყრობილ ადგილებში არ ცდილობდნენ დამორჩილებული ხალხების ისლამზე
მოქცევას. როგორც წესი ისინი სთავაზობდნენ ან ისლამის მიღებას ან დამატებით
გადასახადის გადახდას. რამდენადაც დადგენილი წესით ახლად მოქცეულები (რენეგატები)
იხდიდნენ ნაკლებ გადასახადს არაბები რელიგიურ ინტერესებზე მაღლა მიწიერ სარგებელს
აყენებდნენ (მასობრივი გამაჰმადიანება გამოიწვევდა ჯიზიის შემცირებას, მოგვიანებით არა
არაბული წარმოშობის გამაჰმადიანებულები, ქრისტიანების თანაბარ ჯიზიას იხდიდნენ
ამდენად დაიწყო მასობრივი გამაჰმადიანებაც). ძირითად გადასახადს ერთხანს
წარმადგენდა ხარაჯა, ეს იყო გადასახადი მიწაზე, ხარაჯის სიდიდე ზოგან გლეხის
შემოსავლის 1/3 ზოგან 1/5-ს უდრიდა. ხარაჯა ყველას უნდა ეხადა. ამ მხრივ სხვა ხასიათის
იყო მეორე გადასახადი- ჯიზია. იგი წარმოადგენდა სულადობრივ გადასახადს და ეხებოდა
მხოლოდ ქრისტიან მოსახლეობას (ჯიზია დიფერენცირებული იყო, შეძლებულთათვის 48
დირჰამი, საშუალო ფენისთვის- 24 ხოლო დაბლისთვის- 12).
ალ-ხურის დაპყრობების შემდეგ იზოლირებული რაიონები, რომლებმაც შეინარჩუნეს
დამოუკიდებლობა რაღაც დრომდე არ ქმნიდნენ პრობლემებს, ამდენად არაბები გალიაში
გაემართნენ. არაბი ემირები გამარჯვებას გამარჯვებაზე აღწევდნენ სანამ ერთ-ერთი მათგანი
აბდარაჰმანი არ იქნა დამარცხებული ფრანკთა მეთაურის კარლოს მარტელის მიერ
პუატიესთან 732 წელს. ამ დამარცხებას არ შეუწყვეტია არაბთა თავდასხმები გალიაზე,
სადაც ისინი რაღაც დროით ინარჩუნებდნენ რიგ დასახლებებს სეპტიმანიაში. ბერბერი
ტომების აჯანყებამ აფრიკაში 738 წელს მუსლიმანთა ძალები სხვა მხარეს გადმოისროლა.
ყველაზე სერიოზულ პრობლემას მუსლიმებს შინაომები უქმნიდა, პირველყოვლისა
მტრობა არაბებსა და ბერბერებს შორის. ემირ აბდარაჰმანის პუატიესთან დამარცხების
შემდეგ, შესაძლოა ცოტა ადრეც, ესპანეთში მოხდა ბერბერების აჯანყება შეიხ ოსმან იბნ აბუ
ნისის (მუნუსის) ხელმძღვანელობით, რომელიც დაუკავშირდა აკვიტანიის ჰერცოგს, და მის
დაზეც იქორწინა. მალე ამის შემდეგ 738 წელს როგორც ითქვა აფრიკელი ბერბერები
აჯანყდნენ. აჯანყებულებმა დაამარცხეს არა მხოლოდ აფრიკაში განთავსებული არაბული
ჯარი, არამედ ხალიფას მიერ გამოგზავნილი არმიაც.
ესპანეთში ბერბერების აჯანყების გამო ესპანეთის არაბი ემირი აბდალ მალიქი მძიმე
მდგომარეობაში აღმოჩნდა, იგი იძულებული გახდა დახმარება ეთხოვა სირიის არმიის
ნარჩენებისთვის, (აფრიკელი ბერბერების წინააღმდეგ ხალიფას მიერ გამოგზავნილი), ისინი

2
სეუტას აფარებდნენ თავს. სირიელები რომელთა შორის იყო ცნობილი სარდალი ბალჯი
თავის დროზე თხოვდა აბდალ მალიქს გემებს ესპანეთში გადასასვლელად, რათა აფრიკელი
ბერბერებისგან ეხსნათ თავი. ემირი მის თხოვნას იგნორირებდა, ეშინოდა რა
ხელისუფლების დაკარგვის, მაგრამ მალე თვითონ სთხოვა დახმარება. სირიელები
გადავიდნენ ესპანეთში, დაამარცხეს ბერბერები და სასტიკად გაუსწორდნენ მათ. როცა ომი
დასრულდა და აბდალ მალიქმა დანაპირები არ შეასრულა ისინი აჯანყდნენ ემირის
წინააღმდეგ, ჩამოაგდეს იგი და ემირად ბალჯი აირჩიეს. ამას მოჰყვა სისხლისმღვრელი
ბრძოლები სირიელებსა და არაბ-ქელბიტებს შორის. ომი დიდხანს გაგრძელდებოდა, რომ არ
ჩარეულიყო აფრიკელი ემირი. მან შუამავლობა იკისრა და გამოგზავნა ახალი მმართველი
აბუ ალ ხატარი, რომელმაც დაამშვიდა ესპანეთი. მან სირიელებს შესთავაზა მიწები. ამრიგად
სირიელი არაბები დაასახლეს ანდალუსიის და მურსიის სხვადასხვა ოლქებში. მალე ისევ
განახლდა ომი კაისიტებს და ქელბიტებს შორის. რომელიც 11 წელი გრძელდებოდა.
ხალიფები ხანგრძლივი დროის განმავლობაში იყვნენ ომაიანთა სახლის
წარმომადგენლები, მაგრამ დამასკოში არ წყდებოდა ბრძოლა პატივმოყვარე შეიხებს და
მოქიშპე ტომებს შორის. ომაიანების ჩამოგდების შემდეგ ტახტი აბასიანებმა დაიკავეს.
დინასტიის შეცვლამ გამოიწვია არაბულ სამფლობელოებში საყოველთაო არეულობა.
ომაიანების ოჯახის ახალგაზრდა წარმომადგენელი აბდარაჰმანი გაიქცა სირიიდან სადაც
მისი ნათესაობა ამოწყვიტეს. მიიმალა ჯერ ეგვიპტეში, შემდეგ ბერბერებთან, აქ ის
ცდილობდა შეექმნა დამოუკიდებელი სამეფო, მაგრამ უშედეგოდ, ამჯერად მან თავისი
მზერა ესპანეთისკენ მიმართა.
ესპანეთში იგი გამოვიდა აბასიანი იუსუფის წინააღმდეგ, დაამარცხა იგი და თვითონ
გახდა ემირი, დამოუკიდებელი აბასიანი ხალიფისაგან. ამ დროიდან (756) ესპანეთის
ისტორიაში ახალი ეპოქა იწყება. (დამოუკიდებელი საემიროს პერიოდი)

დამოუკიდებელი საემირო და კორდოვის სახალიფო


აბდარაჰმანის იუსუფზე და კაისიტებზე გამარჯვების შემდეგაც ესპანეთი არ
დაშოშმინებულა. დიდი ხნის განმავლობაში კაისიტები, ბერბერები, სხვადასხვა ტომების
შეიხები მეტოქეობდნენ ან არ აღიარებდნენ ახალი დამოუკიდებელი ემირის
ხელისუფლებას. აბდარაჰმან I-ის მმართველობის 32 წელი სავსე იყო მუდმივი ომებით.
ემირმა არამხოლოდ შინაური მტრები დაამარცხა არამედ ბასკების წინააღმდეგაც გაიბრძოლა
და მოხარკედ გაიხადა სერდანის გრაფი (სერდანია-ტერიტორია აღმოსავლეთ პირინეებში,
კატალონიის ჩრდილოეთით). ემირის წინააღმდეგ ორგანიზებულ ერთ-ერთი შეთქმულების
შედეგად ესპანეთში შეიჭრა ფრანკთა მეფე კარლოს დიდი, რაღაც შემთხვევითობის გამო
შეთქმულება ჩაიშალა და კარლოსი თავის სამეფოში დაბრუნდა, თუმცა მან დაიპყრო
რამდენიმე ქალაქი ესპანეთის ჩრდილოეთში და მიაღწია სარაგოსას. ფრანკთა ჯარის
არიერგარდი სრულად იქნა განადგურებული რონსევალის ხეობაში დაუმორჩილებელი
ბასკების მიერ. ამ ბრძოლაში დაიღუპა ფრანკი, ბრეტონის გრაფი როლანდი. ამ
დროინდელია ცნობილი ლეგენდა ,,სიმღერა როლანდზე”. კარლოსს არ დავიწყნია ესპანეთი.
შემდგომში ის დაეუფლა ესპანეთის ჩრდილო აღმოსავლეთ ნაწილს, მომავალი კატალონიის
ბირთვს. აბდარაჰმანმა შეძლო თავისი ხელისუფლების განმტკიცება და ქალაქების კვლავ
დაპყრობა, რომლებიც ფრანკებმა დაიპყრეს, მაგრამ ქვეყნის დამშვიდება საბოლოოდ ვერ
შეძლო.

3
აბდარაჰმანის მემკვიდრე იყო მისი ძე ჰიშამი (788-796) ის ღვთისმოშიში და
მოკრძალებული პიროვნება იყო. ჰიშამი თავიდან ომს აწარმოებდა დაუმორჩილებელ
მმართველებთან, შემდეგ ასტურიის და გალისიის ქრისტიანებთან. ბასკებთან, ფრანკებთან –
სეპტიმანიაში. 793 წელს დაამარცხა ტულუზის გრაფი, მაგრამ ყველაზე მეტად ჰიშამი
რელიგიური საქმეებით იყო დაკავებული. ის მფარველობდა თეოლოგ ფაკიჰებს.
ფანატიკოსთა პარტიამ მის დროს დიდი გავლენა მოიპოვა. ფანატიკოსების მოძალება
განსაკუთრებით შესამჩნევი გახდა ჰიშამის მემკვიდრის ალ ჰაკამის დროს (796-822) ახალი
ემირი მართალია მორწმუნე იყო, მაგრამ არ იცავდა ზოგიერთ მუსლიმანურ წესს (სვამდა
ღვინოს და ა.შ.) და რაც მთავარია შეზღუდა ფაკიჰების მონაწილეობა მმართველობის
საქმეში. რელიგიური პარტია დემაგოგიურ აგიტაციას შეუდგა. ხალხს განაწყობდა ემირის
წინააღმდეგ აწყობდა შეთქმულებებს. საქმე იქამდე მივიდა, რომ ემირს ქუჩაში ქვებს
უშენდნენ. 814 წელს ფანატიკოსებმა ალყაში მოაქციეს საკუთარ სასახლეში. ალ ჰაკამმა
შეძლო გასწორებოდა ამბოხებულებს ამის შემდეგ დაკავდა ტოლედოს პრობლემით.
ქალაქი ტოლედო თუმცა ნომინალურად ემორჩილებოდა ემირს, ფაქტობრივად
ავტონომიით სარგებლობდა, მის მოსახლეობას შეადგენდა ვესტგოთები და ესპანო-
რომაელები, რომელთა უმრავლესობა რენეგატი იყო. ტოლედოელებს არ ავიწყდებოდათ,
რომ მათი ქალაქი იყო დამოუკიდებელი ესპანეთის დედაქალაქი და ამაყობდნენ ამით,
იცავდნენ თავიანთ დამოუკიდებლობას. ჰაკამმა სცადა ბოლო მოეღო ამისთვის. ტოლედოში
გაგზავნა მმართველად რენეგატი რომელმაც სასახლეში მოიწვია ყველა დიდგვაროვანი და
მდიდარი მოქალაქე და ამოხოცა ისინი. ამრიგად ქალაქმა დაკარგა თავისი ყველაზე
გავლენიანი მოქალაქეები და ემირის მორჩილებაში აღმოჩნდა, მაგრამ 7 წელში კვლავ
გამოაცხადა დამოუკიდებლობა (829 წელი). ჰაკამის მემკვიდრე აბდარაჰმან II-ს იბრძოდა
ტოლედოსთან 8 წლის განმავლობაში. 837 წელს დაეუფლა ქალაქს, ქრისტიანებს და
რენეგატებს შორის დაწყებული უთანხმოებების წყალობით. სხვა ადგილებშიც ხდებოდა
მღელვარებები, ამის მიზეზი როგორც ჩანს აბდარაჰმან II მიერ ხარკის გაზრდა იყო.
სიმწვავე დაკარგა რელიგიურმა საკითხმა, მაგრამ მალე გაჩნდა ახალი საშიშროება ემირთა
ტახტისთვის. კორდოვის საემიროს- ესპანური წარმოშობის მუსლიმანი ქვეშევრდომები
ცდილობდნენ დამოუკიდებლობის მიღწევას. ამ მიმართულებით მნიშვნელოვან
წარმატებებს კვლავ ტოლედოელებმა მიაღწიეს. ლეონის სამეფოს მხარდაჭერით ემირისგან
873 წელს მიაღწიეს ხელშეკრულების დადებას. აღიარებულ იქნა მოქალაქეთა პოლიტიკური
დამოუკიდებლობა, დამყარდა მმართველობის რესპუბლიკური ფორმა. ტოლედოს
ერთადერთი კავშირი მუსლიმანურ სახელმწიფოსთან იყო ხარკის გადახდა. არაგონის
ოლქში ბენუ-ყაზის გვარმა (ვესტგოთური წარმოშობის რენეგატი) შექმნა კორდოვის
საემიროსგან დამოუკიდებელი სამეფო ამ სამეფოში შედიოდა ისეთი მნიშნელოვანი
ქალაქები როგორებიცაა: სარაგოსა, ტუდელა, უესკა. ესტრემადურაში გაჩნდა ახალი
დამოუკიდებელი სახელმწიფო რენეგატ იბნ-მერვანის მეთაურობით ის ქრისტიან მეფეს
დაუკავშირდა და ამით მიაღწია თავის დამოუკიდებლობის აღიარებას ემირისგან.
ამ წარმატებებმა რა თქმა უნდა რენეგატების და ქრისტიანების მეამბოხე გრძნობა გააღვიძა.
მნიშვნელოვანი იყო რონდის მთიანი ოლქის აჯანყება, რომელსაც სათავეში ჩაუდგა ომარ
იბნ ჰაფსუნი. წარმოშობით გოთმა ომარ იბნ ჰაფსუნმა აჯანყება მოაწყო 880 წელს,
პლაცდარმი სადაც ის მტკიცედ გამაგრდა იყო ძნელად მისადგომი მთიანი ადგილი
ბობასტრო. აჯანყების პირველი მცდელობა ჩაიშალა, მაგრამ იგი განახლდა 884 წელს და

4
სრულ წარმატებას მიაღწია. ბობასტროს ციხეში გამაგრებულმა თავის გარშემო გააერთიანა
ყველა რენეგატი და ქრისტიანი. ომი ემირთან დიდხანს გაგრძელდა. ომარი გახდა თითქმის
მთელი ანდალუსიის ბატონი, არაერთხელ მისულა კორდოვის კედლებთან. ემირები
მუნზირი (886-888) და აბდალაჰი (888-912) იძულებული იყვნენ მასთან ხელშეკრულებები
დაედოთ. მიუხედავად ომარის წარმატებებისა მისი სახელმწიფო თანდათან დაცემისკენ
მიდიოდა. ომარის სერიოზული შეცდომა ის იყო, რომ მას არ ჰქონდა ბრძოლის
განსაზღვრული გეგმა არ ფიქრობდა თავისი მოქმედებები შეეთანხმებინა სხვა
წინააღმდეგობის ცენტრებთან, ხშირად ცვლიდა გეგმებს (შემდგომში უარი თქვა
მუსლიმანთა და ქრისტიანთა გაერთიანებულ ბრძოლაზე, პატრიოტულმა ბრძოლამ მაშინ
წმინდა რელიგიური ხასიათი მიიიღო) ყველაფერმა ამან გამოიწვია ომარის დამარცხება და
მისი სამეფოს განადგურება.
ახალმ მმართველმა აბდარაჰმან III (912-961) დაიწყო ენერგიული პოლიტიკის გატარება,
მოკლე დროში დაამარცხა ცენტრალური ხელისუფლების ყველა მოწინააღმდეგე, დაამარცხა
ომარი ილაშქრა სევილიის და ნიებლის არისტოკრატების, ბერბერი დამოუკიდებელი
შეიხების წინააღმდეგ და ა. შ. დაიმორჩილა ისინი, დაიპყრო ტოლედო და აღადგინა
არაბული სახელმწიფოს პოლიტიკური ერთიანობა. 926 წელს აბდარაჰმან III-ემ თავი
ხალიფად გამოაცხადა და ამით ხაზი გაუსვა მტკიცე აბსოლუტური მონარქიის დაფუძნებას.
აბდარაჰმანი ქვეყნის შიგნით მიღწეული წარმატებებით არ დაკმაყოფილებულა და
ლაშქრობები მოაწყო ქრისტიანთა წინააღმდეგ, დაამარცხა ქრისტიანი მეფეები
ვალდეხუნკერესთან 920 წელს და დაეუფლა უამრავ ქალაქს, მათ შორის პამპლონასაც.
მისმა ჯარებმა დაიპყრეს ჩრდილო აფრიკაც. აბდარაჰმანის წარმატებებმა მის მიმართ მთელი
ევროპის ყურადღება გააძლიერა, ხალიფა თავისი ბრძნული პოლიტიკით საყოველთაო
პატივისცემას იმსახურებდა. ევროპელი მეფეები ხალიფას უგზავნიდნენ ელჩებს,
სთხოვდნენ კავშირის დადებას. არაბული ესპანეთი ევროპის პოლიტიკური და
კულტურული ცენტრი გახდა, კორდოვა კი ერთერთი ულამაზესი ქალაქი.
აბრადაჰმანის მემკვიდრე ჰაკამ II (961-970) აგრძელებდა მამის პოლიტიკას. სახალიფომ
ძლიერების ზენიტს ჰიშამი II დროს (976-1009) მიაღწია. ამ დროს სახალიფოს ძლიერება
დაკავშირებულია ნიჭიერი სარდლის და პირველი მინისტრის (ჰაჯიბი) ალ მანსურის
(გამარჯვებული) სახელთან მან მოახდინა არმიის რეორგანიზება, ჩართო მასში აფრიკიდან
მოყვანილი ერთგული ბერბერები. ალ მანსური წარმატებით იბრძოდა ქრისტიანული
ცენტრების წინააღმდეგ, რომლებმაც თავი ალ მანსურის ვასალად ცნეს. ფაქტობრივად
დამოუკიდებელი დარჩა მხოლოდ ასტურიის და გალისიის მიწები (ასევე კასტილიის
ზოგიერთი ნაწილი) ახალი კამპანიის დროს ალ-მანსურმა დაიპყრო ასტორგა და შეაღწია
გალისიაში ის დაეუფლა თითქმის მთელ ტერიტორიას მათ შორის ქალაქ სანტიაგო დე
კომპოსტელას. (კორდოვაში ჩაიტანა კარები და ზარი წმ. იაკობის ტაძრისა) შემდეგ ახალი
ლაშქრობა განახორციელა კასტილიაზე.
მალე კასტილიის კამპანიის შემდეგ ალ მანსური გარდაიცვალა 1002 წელს სახალიფოს
საშინაო და საგარეო ძლიერების განმტკიცებისთვის ზრუნვა დაევალა მის ძეს მუსაფერს.
რომელიც თუმცა ხაჯიბად იხსენიებოდა ფაქტობრივად ხალიფა იყო. ალ მანსურის გვარის
ბატონობა ბევრს აშფოთებდა. პირველი ეპიზოდი რომელმაც ამბოხების და შინაომების ეპოქა
გახსნა იყო ალ მანსურის მეორე ძის აბდარაჰმანის ჩამოგდება (1009) ამას მოჰყვა უსასრულო
დაპირისპირებები ტახტის პრეტენდენტებს შორის (თუმცა ხალიფა ჰიშამი ცოცხალი იყო)

5
ბოლოს ბერბერებმა მოიპოვეს გამარჯვება და დაარსეს ახალი დინასტია. არც ამ დინასტიას
მოუწია მშვიდად მეფობამ ქვეყანას ფიტავდა შინაომები.
1027 წელს როგორც ჩანს აღსდგა სიმშვიდე, ხალიფა გახდა ომაიანთა ოჯახის
წარმომადგენელი ჰიშამი III, მაგრამ 1031 წელს კორდოვის სახალიფომ შეწყვიტა არსებობა.
შეიქმნა უამრავი პატარა საემირო, ზოგან ოლიგარქიული რესპუბლიკა.

ქრისტიანული სახელმწიფოები
ცნობების თანახმად ვესტგოთური ელემენტები შეუწყვეტელ წინააღმდეგობას უწევდნენ
არაბებს მხოლოდ ერთ ოლქში- ასტურიაში. ასტურიას თავი შეაფარა სამხრეთ და
ცენტრალური ესპანეთის ზოგიერმა მაგნატმა, ეპისკოპოსმა, ჯარების ნარჩენებმა.
ასტურიის მეფედ აირჩიეს პელაიო (718-737). პირველ ხანებში პელაიო ვერანაირ
წარმატებას ვერ აღწევდა, რამდენადაც მცირერიცხოვანი ჯარი ჰყავდა. მუსას ჯარის
მოახლოებისას (714) მან თავი შეაფარა პიკოს დე ეუროპას, სადაც თავს იცავდა არაბებისგან.
შესაძლოა ის ხარკს უხდიდა მუსლიმებს. მალე როცა ემირი გახდა აბდალ აზიზი, რომელიც
ქრისტიანების მიმართ კეთილგანწყობილი იყო, პელაიო როგორც თვლიან კორდოვაში
ჩავიდა, სურდა რა ემირთან ხელშეკრულების დადება. როცა მმართველი გახდა ალ-ხური
მშვიდობიანი ურთიერთობები დასრულდა პელაიო და მისმა მომხრეებმა დაიწყეს
საბრძოლო მოქმედებები. კოვადონგასთან 718 (ან 722) წელს დაამარცხეს მათ წინააღმდეგ
გამოგზავნილი ჯარი ალ-ქამის მეთაურობით. კოვადონგასთან გამარჯვებას დიდი
მნიშვნელობა ჰქონდა თუმცა ის წყვეტდა მცირე ტერიტორიის ბედს, ამ ბრძოლით იწყება
რეკონკისტის ხანგრძლივი პროცესი. კორდოვის ემირები აგზავნიდნენ სამხედრო
ექსპედიციებს პელაიოს წინააღმდეგ, რომელიც როგორც ჩანს წარმატებით იგერიებდა
თავდასხმებს.
რაც შეეხება წინააღმდეგობის სხვა ცენტრებს, დაახლოებით 724 წელს არაგონის
ჩრდილოეთით და ბასკეთის რაიონის საზღვრებთან აღმოცენდა წინააღმდეგობის ახალი
ქრისტიანული ცენტრი, რომლის სათავეში იდგა ვინმე გარსია ხიმენესი. მან დაამარცხა
არაბები და დაეუფლა ქალაქ აინსას (უესკის ჩრდილო-აღმოსავლეთი). ტერიტორია
რომელიც დაიკავა გარსია ხიმენესმა და მისმა მემკვიდრეებმა იწოდებოდა სობრარბედ.
ნავარის ტერიტორიაზე არსებობდა სხვა დამოუკიდებელი ცენტრი, რომელიც
იმყოფებოდა მეტნაკლებად მჭიდრო კავშირში სობრარბეს ცენტრთან. ძველი დოკუმენტები
მიუთითებენ რომ პირველი ბელადი ან ხელმწიფე ამ მიწებისა იყო გრაფი ინიგო არისტა
(არსებული ცნობები ამ სახელმწიფოს წარმოშობის შესახებ წინააღმდეგობრივია და ამდენად
განსაზღვრული მტკიცება მის ადრეულ ისტორიაზე შეუძლებელია).
ასტურიის სამეფო კარი აგრძელებდა ტოლედოს კარის ტრადიციებს. აქაც გრძელდებოდა
ბრძოლები დიდებულებსა და მეფეს შორის. დიდებულები იბრძვიან მეფის არჩევაში მიიღონ
მონაწილეობა, მეფე იბრძოდა ხელისუფლების განმტკიცებისთვის, შეიძლება ითქვას რომ
მთელი VIII სკ. განმავლობაში ასტურიის ისტორია ამ ბრძოლებს მოიცავს.
პელაიოს უშუალო მემკვიდრე იყო მისი ძე ფავილა, რომელიც ორი წელი მართავდა და
როგორც ქრონიკები გვაუწყებენ გარდაიცვალა დათვზე ნადირობის დროს. მას არაფერი
გაუკეთებია სამეფო საზღვრის გაფართოებისთვის. ფავილას შემდეგ ტახტზე ავიდა
კანტაბრიის ჰერცოგი, პელაიოს სიძე ალფონსო I (739-756/7). მან ისარგებლა ბერბერებსა და
არაბებს შორის ომით (738-742) და განახორციელა რიგი მარბიელი ლაშქრობები გალისიაში,

6
კანტაბრიაში, ლეონში, დაიკავა რიგი მნიშვნელოვანი პუნქტები. მართალია მან ვერ შეძლო
მტკიცედ მოეკიდებინა ფეხი დაპყრობილ ტერიტორიაზე, მაგრამ მუსლიმებმა დაიხიეს,
დააწესეს რა ახალი სამხრეთ საზღვარი.
ალფონსო I გარდაცვალება დაემთხვა დამოუკიდებლი საემიროს შექმნას. ალფონსოს
შემდგომი მეფეები მსხვილ ლაშქრობას ვერ აწარმოებდნენ, ისინი ძირითადად შინაური
საქმეებით იყვნენ დაკავებულნი, მდგომარეობა შეიცვალა ალფონსო II უმწიკვლოს (el
Casto) (791-842) დროს. იგი იყო ემირ ჰაკამ I და აბდარაჰმან II თანამედროვე, რომლებთანაც
იბრძოდა. სამხედრო ლაშქრობები შეწყდა ემირებთან ხელშეკრულების დადებით, მაგრამ
მეფეს სურდა განემტკიცებინა თავისი ხელისუფლება ესპანეთში და ცდილობდა იმპერატორ
კარლოს დიდთან კავშირის დადებას. (ფრანკების იმპერია). ალფონსო II დიდ ყურადღებას
უთმობდა ქვეყნის შიდა ორგანიზაციას, აღადგინა დავიწყებული ვესტგოთების კანონები,
დაარსა ქალაქები, სამეფო კარი გადაიტანა ქალაქ ოვიედოში.
პერიოდი ალფონსო II გარდაცვალებიდან (842) კორდოვის სახალიფოს დაცემამდე
მთლიანობაში მაინც სერიოზული წარუმატებლობების დრო იყო ქრისტიანებისთვის.
მიუხედავად მეფეების მცდელობისა ,,ოვიედოს” სამეფო არ ფლობდა შიდა მდგრადობას და
ერთიანობას. თვალშისაცემი იყო წინააღმდეგობა ასტურია-ლეონის ოლქსა და გალისიას
შორის, რომელიც ალფონსო I დროს ოვიედოს სამეფოს შეუერთდა. გალისიელები მუდმივად
ჯანყდებოდნენ და დახმარებისთვის მუსლიმებს მიმართავდნენ. ამიტომ გასაკვირი არაა,
რომ ასეთი სერიოზული სირთულის ფონზე ისეთი მოწინააღმდეგე როგორიც ხალიფა იყო,
ხელს უშლიდა ქრისტიანული ცენტრების გაფართოებას.
ალფონსო III დიდის დროს (866-910) განახლდა გალისიის დიდებულთა გამოსვლა. მათი
დამარცხების შემდეგ ალფონსომ დაიწყო ომი არაბების წინააღმდეგ და გაზარდა საზღვრები
მონდეგომდე. აღმოსავლეთით შეაღწია კასტილიის ტერიტორიაზე. ვარაუდობენ, რომ
თავისი ბატონობის განსამტკიცებლად ამ ოლქში დაარსა ბურგოსი. მეფობის ბოლოს
ალფონსო III წინააღმდეგ ამხედრნენ შვილები და ცოლი. მეფე გადადგა, ხოლო სამეფოს
ტერიტორია დაიყო. გარსიას გადასცა ლეონის მიწები, ორდონიომ მიიღო გალისია და
ლუზიტანიის სამფლობელოები, ფრუელამ ასტურია. გაყოფას სავალალო შედეგი ჰქონდა
სამეფოსთვის. ამ დროს ტახტზე ადის აბდარაჰმან III და დაიწყო კორდოვის სახალიფოს
ოქროს ხანა. თუმცა ალფონსო III-ის მემკვიდრეები ცდილობდნენ გამოსვლას მუსლიმების
წინააღმდეგ, ისინი თითქმის სულ მარცხდებოდნენ, ფაქტობრივად ხალიფას მორჩილ
მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. მხოლოდ ორდონიო II გალისიის მეფე, რომელმაც თავისი
ხელისუფლების ქვეშ გააერთიანა გალისია და ლეონის მიწები, მოქმედებდა როგორც
დამოუკიდებელი ხელმწიფე. ორდონიო II (914-924) იბრძოდა აბდარაჰმან III წინააღმდეგ
და დაამარცხა კიდეც სან ესტევან დე გორმასასთან 917 წელს, მაგრამ მალე ხალიფამ
ორდონიოს და ნავარის მეფის ჯარები სასტიკად დაამარცხა ვალდეხუნკერესთან 920 წელს.
ორდონიო II-ის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ავიდა მისი ძმა ფრუელა II რომელიც
მალევე გარდაიცვალა კეთრით. მალე სამოქალაქო ომების ახალი ტალღა დაიწყო ტახტის
სხვადასხვა პრეტენდენტებს შორის, ხანგრძლივი ანარქიის გამო გაღრმავდა ახალი
სეპარატისტული ტენდენციები კასტილიაში.
ახალმა მეფემ რამირო II (931-951) როგორც კი დაასრულა სამოქალაქო ომი თავის
ძმასთან ალფონსო IV-თან, დაიწყო ბრძოლა არაბების წინააღმდეგ. რამირო დაუკავშირდა
სარაგოსას აჯანყებულ მმართველს და ნავარის მცირეწლოვან მეფეს, რომლის ნაცვლად

7
ქვეყანას მართავდა დედა დედოფალი ტოტა - აბდარაჰმან III წინააღმდეგ. ამ კამპანიის
შედეგი არ იყო მოკავშირეებისთვის წამატებული, რამაც ნავარის დედოფალი აიძულა
ხალიფასთვის პატიება ეთხოვა და ეცნო იგი თავის სენიორად, რამირო მარტო დარჩა, მაგრამ
ორ ბრძოლაში მან შეძლო ხალიფას დამარცხება, თუმცა ყველა ეს გამარჯვება პრაქტიკულად
გაანულა კასტილიის აჯანყებამ, რამაც ახალი სამოქალაქო ომი გამოიწვია.
კასტილიის გრაფმა ფერნან გონსალესმა მეფეს ომი გამოუცხადა, მაგრამ დამარცხდა და
ტყვედ ჩავარდა. რამირო II-მ იგი ციხეში გამოკეტა მაგრამ მალე მოუხდა მისი
გათავისუფლება.
რამირო II გარდაცვალების შემდეგ მისი სამეფო ხანგრძლივი დაცემის პერიოდს
განიცდიდა. ტახტისთვის იბრძოდნენ მისი შვილები სხვადასხვა ცოლებისგან: ორდონიო III
და სანჩო სქელი, ეს უკანასკნელი ჰყავდა ნავარის მეფის დისგან, ამდენად მას მხარს
უჭერდნენ უკვე ხსენებული ტოტა (ბებია) და კასტილიის გრაფი ფერნან გონსალესი.
ორდონიო III 955 წელს მოულოდნელად გარდაიცვალა. მისი მემკვიდრე გახდა სანჩო. ახალ
მეფეს უთანხმოება მოუვიდა დიდებულებთან, იგი ტახტიდან ჩამოაგდეს. სანჩო პამპლონაში
გაიხიზნა ბებიამისთან. სანჩომ ტახტი დაიბრუნა აბდარაჰმან III-ის დახმარებით, მეფემ
ტახტი კი დაიბრუნა მაგრამ დაარღვია ხალიფასთან დადებული ხელშეკრულების პირობები.
მეფე დიდებულებთან კვლავ აგრძელებდა ბრძოლას, ამან გამოიწვია გალისიელი მაგნატების
ახალი აჯანყება. გალისიის დიდებულების ერთ-ერთმა წარმომადგენელმა მოწამლა მეფე.
სანჩო სქელის (el Craso) გარდაცვალების შემდეგ ქვეყანა ანარქიაში იქნა ჩათრეული. მალე
დაიწყო ალ მანსურის ლაშქრობები და ამან კიდევ უფრო გააუარესა ქრისტიანული
სახელმწიფოების მდგომარეობა. ხელსაყრელი მდგომარეობა შეიქმნა ალფონსო V
კეთილშობილის (el Noble) (994-1027) დროს რამდენადაც მეფე მცირეწლოვანი იყო მის
მეურვედ დაინიშნა ქვრივი დედოფალი დონია მაიორი (ელვირა გარსია). მეფის ბიძები
იყვნენ კასტილიის გრაფი და ნავარის მეფე. ისინი გაერთიანებული ძალით იბრძოდნენ ალ
მანსურის წინააღმდეგ. კატალანოსორთან გამარჯვების შემდეგ 1002 წელს ნავარის მეფე
სანჩო დიდმა და ალფონსო V გააფართოვეს თავიანთი სამფლობელოები.
ალფონსო V გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ავიდა მისი შვილი ბერმუდო III (1027)
ოჯახური კავშირები ლეონს, ნავარის და კასტილიის მფლობელებს შორის უფრო
განმტკიცდა, მაგრამ ეს თანხმობა დაირღვა როცა კასტილიის გრაფი მოკლეს. ნავარის მეფე
სანჩო დიდმა დაიკავა კასტილიის მიწები, ამის შემდეგ საზღვრების გამო დაიწყო ომი
სანჩოსა და ბერმუდოს შორის. კასტილიელებმა და ნავარელებმა დაიპყრეს ლეონი,
ბერმუდოს დარჩა მხოლოდ გალისია. ამრიგად ნავარა გახდა ყველაზე მნიშვნელოვანი
ქრისტიანული სამეფო. სანჩომ ესპანეთის მეფის ტიტულიც კი მიიღო (ნავარა აერთიანებდა
ლეონის, კასტილიის, ნავარის, არაგონის, ბასკების მიწებს).
გარდაცვალებამდე სანჩომ სახელმწიფო შვილებს გაუნაწილა. გარსიას გადაეცა ნავარა და
ბასკების პროვინცია, ფერნანდოს კასტილია, რამიროს არაგონი. გონსალოს- სობრარნეს და
რიბაგორსის ოლქები. გალისიაში კვლავ ბერმუდო III მეფობდა.

You might also like