You are on page 1of 24

თურქ-სელჯუკთა სახელმწიფო

მე-11 საუკუნისათვის ისლამური სახელმწიფოსა და თემის არაერთი სისუსტე გახდა


თვალსაჩინო. ეს სიმპტომები უფრო ადრეც იყო შესამჩნევი: იმპერიის ფრაგმენტაცია
მთელ რიგ ავტონომიურ რეგიონულ ერთეულებად; ხალიფების ძალაუფლებისა და
პრესტიჟის დაკნინება მათ საკუთარ დედაქალაქ ბაღდადშიაც კი; ბიზანტიისა და
სასანიანთა ირანისაგან მემკვიდრეობით მიღებული და ისლამური იმპერიის მიერ
განვითარებული პოლიტიკური და ადმინისტრაციული სისტემის კოლაფსი . მაშინ, როცა
ხალიფების რეალური ძალაუფლება ხელთ ეპყრათ სამხედრო ავტოკრატებს, რომლებიც
მმართველობას ახორციელებდნენ საკუთარი ჯარების წყალობით, ხალიფათა , როგორც
სუნიტური ისლამის წინამძღოლების რელიგიური სტატუსიც კი უკიდურესად დაკნინდა .
მოსახლეობას მნიშვნელოვანი სეგმენტები სხვადასხვა უკიდურესი სექტების მიმდევარი
იყო და იმპერიის უმეტესი ნაწილი
- ირანიდან ეგვიპტემდე, ხალიფათა სატახტო ქალაქის ჩათვლით - შიიტი სარდლებისა და
პრინცების მმართველობას ექვემდებარებოდა.
ეკონომიკური ცხოვრების გაუარესების ნიშნები შედარებით გვიან
გამოიკვეთა.
ბუიდებმა დროებით აღადგინეს წესრიგი და კეთილდღეობა ცენტრალურ პროვინციებში .
ფატიმიანების ეპოქა შუა საუკუნეების ეგვიპტის ისტორიაში ყველაზე დიდი
კეთილდღეობის ხანა იყო. მაგრამ სირთულეები სულ უფრო თვალსაჩინო ხდებოდა
აღმოსავლეთში და მოგვიანებით ეგვიპტეშიც. ერთდროს მომგებიანი ვაჭრობა ჩინეთთან
დაკნინდა და საერთოდაც მოისპო, ნაწილობრივ საკუთრივ ამ ქვეყანაში შექმნილი
შინაგანი სირთულეების გამო. ვაჭრობა რუსეთთან და ბალტიის ქვეყნებთან , რომელიც
ყვაოდა მე-8, მე-9, მე-10 საუკუნეებში, შემცირდა და გაქრა მე-11 საუკუნის მანძილზე,
იმავდროულად კი ძვირფასი ლითონების სულ უფრო მზარდი ნაკლებობა იწვევდა
კომერციის შეზღუდვას თვით იმპერიის შიგნითაც და აჩქარებდა კვაზი-ფეოდალური
ეკონომიკის განვითარებას.
კულტურულ ცხოვრებაში, მე-9-მე-11 საუკუნეები აყვავების ხანაა. იმდროინდელი
ეკონომიკური ექსპანსია ხელს უწყობდა ქალაქების ზრდას. ქალაქის მოსახლეობას
უყალიბდებოდა დახვეწილი გემოვნება, ის იჩენდა ცოდნისადმი დაინტერესებას .
ბერძნული სამეცნიერო და ფილოსოფიური ლიტერატურის არაბულად თარგმნამ
საფუძველი ჩაუყარა ე.წ. „ისლამურ აღორძინებას“, იმავდროულად ტრადიციულმა და
სუნიტურმა ისლამმაც კი, განაახლა და გაამდიდრა ძველი არაბული ჰუმანიტარული
აზროვნება. მაგრამ ეს იყო ქალაქების კულტურა, ლიმიტირებული თავისუფალი დროის
მქონე ურნაბული კლასების ნაწილით.
მე-11 ს-სა და მე-12 ს-ის დასაწყისში, დასუსტებული იმპერია დაუცველი იყო შინა და
გარე მტრების თითქმის ერთდროული თავდასხმებისგან ყველა მიმართულებიდან.
ევროპაში, ქრისტიანობის ძალები წინ მიიწევდნენ ესპანეთსა და სიცილიაში. მათ
რეკონკისტას ტალღაზე მუსლიმებს ვრცელი ტერიტორიები წაართვეს. ამ პროცესის
კულმინაცია გახდა საკუთრივ ახლო აღმოსავლეთში ჯვაროსანთა გამოჩენა. აფრიკაში
ბერბერთა შორის ახალი რელიგიური მოძრაობის შედეგად შეიქმნა ახალი
ბერბერული
იმპერია ესპანეთის ნაწილსა და ჩრდ. აფრიკაში. აღმოსავლეთით ჰილალისა და
სულაიმის ორმა დიდმა არაბ ბედუინთა ტომმა გაარღვია ზემო ეგვიპტის მიჯნები , მათი
ბინადრობის ადგილი და შეესია ლიბიასა და ტუნისს. მათ გაანადგურეს და იავარქმნეს
ყველაფერი და ამ კატასტროფის შემდეგ არაბული ჩრდ. აფრიკა მთლიანად აღარასოდეს
აღმდგარა. სახალიფოს ჩრდილოეთ საზღვარზე, რომელიც უკვე დასუსტებული იყო
ბიზანტიელთა შეტევითა და ხაზართა რეიდებით წინა საუკუნეებში , ქრისტიანმა
ქართველებმა მოახერხეს ქართული იმპერიის შექმნა, რომელიც გადაშლილი იყო შავი
ზღვიდან დაღესტნის მთების მისადგომებამდე და ისინი წარმატებით უტევდნენ მუსლიმთა
სამფლობელოებს.

მომთაბარე თურქების
გამოჩენა

ამ მოვლენეთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი იყო დამპრობელთა ტალღის აგორება


აღმოსავლეთიდან - დიდი აზიური სტეპების, ალტაის თურქული მოდგმის ხალხებიდან.
თურქების საერთო სახელით ცნობილი მომთაბარე ტომები წარმომავლობით
სავარაუდოდ ალტაის მთებიდან იყვნენ. ცენტრალურ აზიაში ისინი მე-4-მე-6 საუკუნეში
გადმოვიდნენ და დაიწყეს თავდასხმები სასანიანთა აღმოსავლეთის რეგიონებზე .
სასანიანთა მმართველობის ბოლო პერიოდში კი თურქები ჩაენაცვლენ სხვა
მომთაბარეებს და ანგარიშგასაწევ სამხედრო ძალად იქცნენ.
მუსლიმები თურქებს პირველად იმპერიის აღმოსავლეთ საზღვრებზე შეხვდნენ და
გარკვეული დროის მანძილზე მათი მონების სახით იმპორტირებას ახდენდნენ -
განსაკუთრებით მათი, ვისი გაწვრთნაც ბავშვობიდანვე შეიძლებოდა სამხედრო წესით .
ისინი მოგვიანებით მამლუქების სახელით გახდნენ ცნობილი - ეს არაბული სიტყვა ნიშნავს
„მას, ვისაც ფლობენ“ იმ დაბალი რანგის მონებისგან განსასხვავებლად, რომლებიც
შინასამსახურისთვის და ეკონომიკური მიზნებისათვის გამოიყენებოდნენ . დროდადრო
თურქი მონები ჩნდებოდნენ იმპერიაში ადრეული აბასიანების დროს და უფრო ადრეც კი ,
მაგრამ ისინი მიზანმიმართულად პირველად ხალიფა ალ-მუთასიმმა (833-842) გამოიყენა ,
რომელმაც შეკრიბა თურქი სამხედრო მონების დიდი ძალა ჯერ კიდევ ტახტზე ასვლამდე
და მოგვიანებით დაადგინა ყოველწლიურად მათი დიდი რაოდენობით შემოყვანა
აღმოსავლეთ პროვინციების ხარკის სახით. მისი მემკვიდრეების დროს სახალიფო სულ
უფრო მეტად ეყრდნობოდა თურქულ ჯარებსა და მათ მეთაურებს, რომლებმაც დროთა
განმავლობაში გამოდევნეს სპარსელები და არაბები სამხედრო სფეროდან და
შესაბამისად, გადაუკეტეს მათ გზა პოლიტიკური ჰეგემონობისაკენ. რამდენადაც
სამხედრო კასტა დიდწილად თურქული გახდა, და რამდენადაც ისლამური რეჟიმები
დიდწილად სამხედროდ იქცა, თურქებმა დაამყარეს თავიანთი დომინირება , რომელიც
ათასი წლის მანძილზე გაგრძელდა.
ჯერ კიდევ 868 წელს მუსლიმურ ეგვიპტეში დაარსდა პირველი დამოუკიდებელი
დინასტია თურქი სამხედრო მონის მიერ და ეგვიპტის შემდგომი რეჟიმების უმრავლესობა
მსგავსი წარმომავლობისა იყო. ირანში ეროვნული დინასტიების არსებობა
გარკვეული დროის მანძილზე გაგრძელდა, მაგრამ მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი და
ხანგრძლივი სამანიდების სპასრული დინასტია თა ნდათანობით თურქ ჯარისკაცებზე
დამოკიდებული
გახდა და შემდგომ შეიცვალა ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო თურქული დინასტიის -
ღაზნევიდების (962-1186) მიერ, რომლის დამაარსებელიც იყო სამანიანთა სამსახურში
მყოფი თურქი მონები ალფთეგინი და სებუქთეგინი. თუმცა, ღაზნევიანთა სახელმწიფოს
შექმნა არ უკავშირდებოდა თურქული ურდოების მასობრივ მიგრაციას სპარსეთსა და
უფრო შორს დასავლეთში. ეს ბედად სელჯუკებს ერგოთ, რომლებმაც შემდგომი
მიგრაციისა და და შეტევებისთვის ნიადაგი მოამზადეს. მომდევნო საუკუნეებში სწორედ
მათ მიგრაციას მოჰყვა ირანულ ცივილიზაციაში მნიშვნელოვანი ლინგვისტური და
ეთნიკური ცვლილებები.
თავდაპირველად, დაწინაურებული თურქები წარმოადგენდნენ ცალკეულ მეომრებს
ან მეომართა ჯგუფებს, რომელიც მუსლიმური სახელმწიფოების სამსახურში დგებოდნენ ,
როგორც მონები ან დაქირავებულები და შემდეგ ხელში იღებდნენ ძალაუფლებას . 960
წლისათვის კი საკმაოდ განსხვავებული მნიშვნელობის მოვლენა მოხდა, ეს იყო
ყარახანიდების თურქული დინასტიისა და მათი ხალხის მოქცევა ისლამზე , რომლებიც
ისლამური სამყაროს საზღვრებს გარეთ ცხოვრობდნენ. მანამდე ისლამზე მოიქცეოდნენ
მხოლოდ ინდივიდები ან ინდივიდთა ჯგუფები. ახლა კი პირველად თავისუფალმა თურქმა
ხალხმა, რომელთა რიცხვიც, არაბული წყაროს თანახმად 200 ათასი „კარავი“ იყო, მიიღო
ისლამი და შექმნა პირველი მუსლიმური თურქული სამეფო მდ. სირდარიის გადაღმა
მხარეებში. მოქცევის შემდეგ ყარახანიდებმა თითქოსდა დაივიწყეს თავიანთი
ისლამამდელი თურქული წარსული და საკუთარი თავის იდენტიფიცირებას ახდენდნენ
მთლიანად ახლო აღმოსავლეთის ისლამურ ცივილიზაციასთან.
თურქული ისლამის გამორჩეული თვისება, მისი საწყისი ხანებიდანვე, იყო ის სისრულე ,
რომლითაც თურქები მორჩილებას უცხადებდნენ თავიანთა ახალ რელიგიას.
ნაწილობრივ რწმენის უბრალოების გამო, რომელსაც ისინი ხვდებოდნენ ისლამისა და
წარმართობის საზღვარზე, ნაწილობრივ კი იმის გამო, რომ ისლამზე მოქცევამ გამოიწვია
მათი საღვთო ომში ჩაბმა წარმართ თანამემამულეებთან, თურქებმა იმდენად ჩართეს
თავიანთი ნაციონალური იდენტობა ისლამში, როგორც არაბებსა და სპარსელებს
არასოდეს უქნიათ. არ არსებობს თურქული ეკვივალენტი არაბული მეხსიერებისა
წარმართული არაბეთის ჰეროიკული დღეების შესახებ, ან სპარსული სიამაყისა ძველი
ირანის დიდებით. ფოლკლორული პოეზიისა და გენეალოგიური ლეგენდების მცირე
ფრაგმენტების გარდა, წინაისლამური თურქული წარსულის ცივილიზაციები ,
სახელმწიფოები, რელიგიები და ლიტერატურა მეხსიერებიდან წაიშალა და დავიწყებას
მიეცა. საკუთრივ სიტყვა თურქიც მუსლიმის სინონიმი გახდა, როგორც თურქებისთვის,
ისე დასავლელთათვის. ისლამისადმი თავგადაკლული ერთგულების თვალსაზრისით ,
თურქებს ვერც ერთი ხალხი ვერ გაუტოლდება. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არაა,
რომ დიდი სუნიტური რევაივალიზმი (აღორძინება) ჩაისახა და განვითარდა თურქული
დინასტიების მფარველობით.
მომთაბარე თურქული ტომების ცენტრალური აზიის სტეპებიდან დასავლეთისაკენ
დაძვრის ერთ-ერთი მიზეზი საძოვრების ნაკლებობა იყო. თურქების ელჩები მომავალ
მოწინააღმდეგეებთან მოლაპარაკებების დროს აღნიშნავდნენ, რომ „მათ
დედამიწაზე ადგილი არა აქვთ.“ ბინადარი მიწათმოქმედი მოსახლეობისათვის
თურქების შემოსევებს მეტად მძიმე შედეგები მოჰქონდა. მომთაბარე თურქები
ინტენსიური მეურნეობისათვის
გამოყენებულ მიწებს საძოვრებისათვის იყენებდნენ, ხოლო დამარცხებული
ბინადარი მოსახლეობა მთებსა და ხეობებში იხიზნებოდა.

სელჯუკთა დაპყრობები. თოღრულ ბეგი

თურქი ხალხების ორმა დიდმა მიგრაციამ შეცვალა ახლო აღმოსავლეთის სახე და


დროებით აღმოსავლეთ ევროპისაც. ჩრდილოეთში, სირდარიის გადაღმა მიწებზე ,
მომთაბარეობდნენ ოღუზი თურქები. მათ მიღმა კი, მდ. ირტიშის მიდამოებში - ყივჩაღები .
ეს უკანასკნელები გამოემართნენ ირტიშიდან სირდარიისაკენ და აიძულეს ოღუზები
გადაადგილებულიყვნენ. ყივჩაღები შემდეგ დასავლეთით გაემართნენ - სამხრეთ
რუსეთიდან აღმოსავლეთ ევროპაში, სადაც ისინი ცნობილი იყვნენ სხვადასხვა
სახელებით - პოლოვცები, კუმანები და ა.შ. საკუთარი სამშობლოდან გამოდევნილი
ოღუზები კი შეიჭრნენ ისლამურ ტერიტორიებზე. განხორციელდა მიგრაციის
რამდენიმე ტალღა. ყველაზე ცნობილი იყო სელჯუკებისა (სელჯუყების, სელჩუკების)
(სახელი ეწოდათ საგვარეულოს მეთაურის მიხედვით). დაახლ. 985 წელს სელჯუკის კლანი
გამოეყო 9 ტომისგან შემდგარ თოქუზ-ოღუზის კონფედერაციას. სელჯუკი და მისი
ოჯახი, როგორც ჩანს, ისლამურ მიწებზე შეიჭრნენ მე-10 საუკუნის მიწურულს,
დაფუძნდნენ მდ. სირდარიის (იაქსარტის) ქვედა წელზე, ბუხარას პროვინციაში . ისინი
ნაწილობრივ საზღვრების დამცველი ძალების ფუნქციას ასრულებდნენ სამანიდების ,
ხოლო შემდეგ ღაზნევიდებისათვის. სელჯუკის ვაჟები ემსახურებოდნენ მრავალ
მუსლიმურ დინასტიას, რომელთაგან უკანასკნელი ზემოთ ნახსენები ღაზნევიდები იყვნენ .
სელჯუკის ვაჟების სახელები საკმაოდ უცნაურია - მიკაილი, იუნუსი მუსა და ისრაილი .
ზოგიერთი მკვლევარი აქედან გამომდინარე თვლის, რომ სელჯუკი იუდეველი იყო,
გამომდინარე ოღუზების მჭიდრო ურთიერთობიდან იუდეველ- ხაზარებთან. ზოგი კი
ქრისტიანადაც მიიჩნევს. თუმცა, ეჭვს არ უნდა იწვევდეს, რომ ოღუზთა ძირითადი მასა
წარმართი იყო. მათი ისლამიზაცია მე-10 საუკუნის შუა ხანებში უნდა
განხორციელებულიყო.
თოღრული და ჩაღრი (დავუდი) მიკაილის შვილები იყვნენ. ისინი თურქულ არმიებს
შეუძღვნენ ხორასანში (ირანი) და დაამარცხეს ღაზნევიანები. 1037 წელს თოღრულმა
დაიკავა მერვი, ხორასნის სხვა უმნიშვნელოვანესი ქალაქები და თავი ხორასნის
სულტნად გამოაცხადა. 1037 წელს თოღრულისა და ჩაღრის სახელზე ხუტბა წარმოითქვა
მერვისა და ნიშაბურის მეჩეთებში. მასუდ ღაზნეველმა საპასუხო შეტევა წამოიწყო და
მოახერხა მერვის დაბრუნება. თუმცა, 1040 წელს დანდანაკანის ბრძოლაში სელჯუკებმა ის
დაამარცხეს და ღაზნევიდებმა ხორასანი საბოლოოდ დაკარგეს. საგულისხმოა , რომ
მასუდ ღაზნეველის ჯარები რაოდენობით ბევრად აღემატებოდნენ სელჯუკთა ძალებს (50
ათასი 16 ათასის წინააღმდეგ). ღაზნევიდები გარკვეული დროის მანძილზე ისევ
ფლობდნენ ღაზნას, თუმცა ისინი იქცნენ უმნიშვნელო ლოკალურ დინასტიად დასავლეთ
ინდოეთში. დანდანაკანთან გამარჯვება სელჯუკთა პირველი მნიშვნელოვანი გამარჯვება
იყო, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა მათ შემდგომ წინსვლას ერაყის, სირიის, მცირე აზიის
მიმართულებით. ამ ბრძოლაში გამარჯვების შედეგად მალე ისინი სპარსეთის ბატონ -
პატრონებად იქცნენ. 1050-51 წწ. ალყის
შემდეგ თოღრულ ბეგმა ისფაჰანიც აიღო და ამგვარად ირანის დაპყრობა
პრაქტიკულად
დასრულდა.
ბაღდადის ხალიფა, რომელიც ამ
პერიოდში, პოლიტიკური და სამხედრო
ხელისუფლების დაკარგვასთან ერთად,
პრაქტიკულად შიიტების მძევლად იყო
ქცეული, მიესალმა სუნიტი თურქების
წინსვლას დასავლეთისაკენ, რადგან
იმედოვნებდა მათი საშუალება საკუთარი
ძალაუფლების თუნდაც ნაწილობრივ
თოღრულ ბეგის ოქროს მონეტა აღდგენას.
1055 წელს თოღრულ-ბეგი
უბრძოლველად
შევიდა ბაღდადში. ამგვარად დასრულდა სახალიფოს სატახტო ქალაქში შიიტ ბუიდთა
ასწლოვანი ბატონობა. მალე ხალიფამ მას უბოძა სულტნის ტიტული, შემდეგ კი
თოღრულმა დამატებით მიიღო „აღმოსავლეთისა და დასავლეთის“ ამირას ტიტულიც,
რომელიც მის ძალაუფლებას ფორმალური თვალსაზრისით ავრცელებდა იმ
ტერიტორიებზეც, რომლებზეც ეგვიპტის ფატიმიანების სამფლობელოს წარმოადგენდა .
სწორედ თოღრულ ბეგი (1037-1063) ითვლება „დიდ სელჯუკთა“ სახელმწიფოს
დამაარსებლად. ხალიფას ცოლი გახდა ჩაღრი ბეგის ქალიშვილი. თოღრულსაც
ხალიფას ქალიშვილი უნდა მოეყვანა ცოლად, მაგრამ ქორწილის წინ 70 წლის ასაკში
გარდაიცვალა. ის რეიში დაკრძალეს, სადაც დღემდე დგას მის საფლავზე აღმართული
კოშკი.
სულტნის ტიტულს თურქი მონარქები შემდგომშიც ატარებდნენ. ზოგიერთი
მკვლევარი ცდილობს ამ მოვლენაში დაინახოს ხალიფასა და სულტნის ხელისუფლების
გამიჯვნა, ანუ ეკლესია-სახელმწიფოსა და რელიგიურ-სეკულარულის გამოცალკევება .
ეს უკიდურესად არასწორი ინტერპრეტაციაა. თოღრულისათვის სულტნის ტიტულის
მინიჭებისას შეუძლებელია, რომ ხალიფას მსგავსი გეგმა ჰქონოდა. სახალიფო არ
შეიძლება შეედაროს ქრისტიანულ ეკლესიას. ხალიფას არ აქვს პაპის მსგავსი
დოქტრინული ავტორიტეტი. ახალი სულტნის ხალიფასაგან დამოუკიდებელი
ხელისუფლება კი ბევრად არაფრით განსხავდებოდა მანამდელი ბუიდებისა თუ
ღაზნევიანებისაგან.
თურქების ეს ძლევამოსილი წინსვლა და თავბრუდამხვევი სამხედრო წარმატებების
განმაპირობებელი ფაქტორებიდან უპირველესად აღსანიშნავია მათი მობილურობა
– თვისება, რომელიც დაკარგული ჰქონდათ მათ მოწინააღმდეგეებს: ორგანიზებულ
სახელმწიფოთა თავდაცვა დამოკიდებული იყო საყრდენ პუნქტებზე , სადაც ხდებოდა
სურსათ-სანოვაგის და მათი არმიის აღჭურვილობის მარაგის კონცენტრაცია . სწორედ
ამიტომაც ძლიერი და კარგად შეიარაღებული, მაგრამ ნაკლებად მობილური
ღაზნევიანთა არმიები არაერთხელ დამარცხდნენ სწრაფ და მსუბუქ თურქულ
მხედრობასთან ბრძოლაში, რომელიც ერთი ხელის დარტყმით ანადგურებდა ყოველივეს,
რაც გზად შეხვდებოდა და აიძულებდა მოწინააღმდეგეს ემოქმედა გაუკაცრიელებულ
სივრცეებზე. დიდი ქალაქების მოსახლეობა, ჩვეულებრივ უბრძოლველად
ემორჩილებოდა სელჩუკებს, რადგანაც არ ჰქონდა ყოფილი მბრძანებლებისაგან
დახმარების მიღების იმედი. ამასთან ერთად, ეს უკანასკნელები, მაღალი
გადასახადების დაწესების გამო, არ სარგებლობდნენ მოსახლეობის
მხარდაჭერით. მიწათმოქმედებსა და
ვაჭრებს, თუნდაც რომ სელჩუკების
შემოსევებს მათი გაკოტრება გამოეწვია,
ფაქტობრივად დამორჩილების გარდა
სხვა გზა არ რჩებოდათ და იმ იმედით
იყვნენ, რომ შეინარჩუნებდნენ სავაჭრო
კავშირებს ცენტრალურ აზიასთან, რაც
საუკუნეთა მანძილზე მათი კეთილდღეობის
წყაროს წარმოადგენდა.

იმპერია
ძლიერების
ზენიტში

სელჯუკთა იმპერია კიდევ უფრო თოღრულ ბეგის კოშკი


გაფართოვდა სულტნების ალფ არსლანისა
(1063-1072) და მალიქშაჰის (1072-1092)
მმართველობის პერიოდში. ალფ
არსლანის მთავარ დამსახურებას
წარმოადგენს ბიზანტიის
თავდაცვითი ხაზის განადგურება,
რომელიც უკვე
მორყეული იყო თურქული ბანდების რეგულარული თავდასხმების
შედეგად.
ალფ არსლანი ჩარღი ბეგის ვაჟი იყო. ის 1059 წელს მამამისის სიკვდილის
შემდეგ ხორასნის გამგებელი გახდა. თოღრული 1063 წელს გარდაიცვალა და მას ვაჟი არ
დარჩენია. თოღრულის გარდაცვალებას არეულობა მოჰყვა. ალფა არსლანის უმცროსი
ძმა სულეიმანი თოღრულს უკვე ჰყავდა დასახელებული მემკვიდრედ. მას მხარს უჭერდა
გონიერი და ძლიერი ვაზირი ამიდ ალ-მულქ ქუნდური. თუმცა, პირველობისთვის
ბრძოლაში ჩაებნენ ალფ არსლანი და ბიძამისი ყუტალმიში. აბ ბრძოლებიდან
გამარჯვებული ალფ არსლანი გამოვიდა და იმპერიის ერთპიროვნული მმართველი
გახდა. მან ახალი ვაზირის, ნიზამ ალ- მულქის რჩევით მისი წინამორბედი მოაკვლევინა.
ალფ არსლანი გამორჩეული მხედარმთავარი და გამჭრიახი პოლიტიკოსი იყო.
ახალი
სულტანი ყოველმხრივ ცდილობდა მშვიდობის შენარჩუნებას თავის სამფლობელოებში .
ტახტზე ასვლიდან ერთი წლის შემდეგ მან აიღო ჰერათი, შემდეგ კი ჯენდი (აქ მისი
წინაპრის სელჯუკის საფლავი იყო). მან სიმშვიდე აღადგინა ფარსისა და ქერმანის
პროვინციებში. შემდეგ კი ფატიმიანებს წაართვა წმინდა ქალაქები მექა და მედინა , ასევე
ალეპო სირიაში. მისი ვაჟის დაქორწინებით ფატიმიან პრინცესაზე მშვიდობა
უზრუნველყო ეგვიპტესთან. ამგვარად, სელჯუკთა იმპერია უკვე გადაჭიმული იყო
ავღანეთიდან ეგვიპტემდე. დასავლეთით მხოლოდ ბიზანტია წარმოდგენდა სელჯუკთა
სამფლობელოების გაფრთოებისათვის ზღუდეს.
აღმოსავლეთში ამ წარმატებების მიღწევის შემდეგ ალფ არსლანი უკვე
დასავლეთისკენ შემობრუნდა და აღმოსავლეთ ანატოლიაში მოთარეშე ოღუზები
დააშოშმინა. ალფ არსლანი ბიზანტიის ტერიტორიაზე პირველად 1066 წელს, შემდეგ 1068
წელს შეიჭრა. თუმცა ბიზანტიელებმა სამ ბრძოლაში მოახერხეს თურქების დამარცხება და
1070 წელს ეს პირველი შეტევა მოიგერიეს. 1071 წელს მანაზკერტთან, ვანის ტბის
ჩრდილოეთით შედგა გადამაწყვეტი ბრძოლა. ბიზანტიელთა ლაშქარი 30 ათასი კაცისგან
შედგებოდა და ბევრად აღემატებოდა თურქებისას. ბიზანტიელთა არმიაში, თურქების
გარდა, იყვნენ ვიკინგები,
ფრანკები, სლავები, თურქი მეომრები. ბრძოლამდე ალფ არსლანმა ზავიც კი
შესთავაზა იმპერატორ რომანოზ დიოგენეს, რომელმაც ის უარყო. ბრძოლის
დაწყების წინ ბიზანტიელთა ლაშქრაში მყოფი დაქირავებული თურქული მოდგმის
კუმანები, ოღუზები და პაჭანიკები განუდგნენ იმპერატორს და სელჯუკების
მხარეს

გადავიდნენ. ფრანკებმა კი უარი თქვეს ბრძოლაზე.


ბრძოლა სელჯუკთა სრული გამარჯვებით დასრულდა.
დატყვევებული იმპერატორის განთავისუფლებისთვის
ნახევარი მილიონი დინარი გადაიხადეს. ზავის
პირობები ითვალისწინებდა 50 წლიან მშვიდობას,
ყველა ტყვე მუსლიმის გათავისუფლება და საჭიროების
შემთხვევაში ბიზანტიელთა მხრიდან ჯარით
სელჯუკების
დახმარებას
.
მანაზკერტის ბრძოლა ალფ არსლანის გამარჯვებამ
შეცვალა ძალთა ბალანსი ახლო
აღმოსავლეთში თურქ-სელჯუკთა და
სუნიტ მუსლიმთა სასარგებლოდ. ბიზანტიის იმპერიამ კიდევ რამდენიმე საუკუნე იარსება ,
ჯვაროსნულმა ომებმაც გარკვეული დროის მანძილზე მუსლიმებს პრობლემები შეუქმნეს,
მაგრამ მანაზკერტის გამარჯვება მოასწავებდა თურქული დომინირების დასაწყისს
ანატოლიაში. არაერთი ისტორიკოსი, მათ შორის ედვარდ გიბონი, მანაზკერტის მარცხს
ბიზანტიის იმპერიის დასასრულის დასაწყისად მიიჩნევს. მართლაც თურქების შეჭრამ
ანატოლიაში ბოლო მოუღო იმპერიისთვის ცოცხალი ძალისა და სიმდიდრის დინებას ამ
რეგიონიდან.
ანატოლია ღია აღმოჩნდა მომთაბარეთა შემოსევებისათვის,
რომლებმაც
თანდათანობით ფეხი მოიკიდეს დეზორგანიზებულ ქვეყანაში, რომელსაც უკვე აღარ
ჰყავდა ადმინისტრაცია და ადგილობრივი მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს ის უკვე
მიეტოვებინა. ამგვარად ჩაეყარა საფუძველი თანამედროვე თურქეთის დასახლებას .
მთელ რიგ რეგიონებში შეიქმნა საამიროები, რომელთაც სათავეში ედგნენ დიდი
სელჯუკთა ნათესავები ან მათი მხედართმთავრები. თუმცა, სელჩუკთა დინასტიის
დასუსტების პირობებში ეს რეგიონებიც ანარქიამ მოიცვა . მხოლოდ XII საუკუნის შუა
ხანებში მოახერხა სელჯუკიანმა ყილიჩ არსლანმა რუმის სელჯუკიანთა სახელმწიფოს
დაარსება: რუმი ეწოდებოდა ტერიტორიას, რომელიც ოდითგანვე ბიზანტიის, რომის
იმპერიის მემკვიდრის შემადგენლობაში შედიოდა. თანდათანობით მოხდა რეგიონის
სრული თურქიზაცია მომთაბარე თურქების ახალი ტალღების მოდინებით.
ალფ არსლანის ბოლო სამხედრო კამპანია ცენტრალურ აზიაში ხორეზმის
გამგებლების
წინააღმდეგ იყო მიმართული. აქ იგი ერთ-ერთი ციხესიმაგრის აღების შემდეგ , მისმა
დატყვევებულმა გამგებელმა მოკლა.
ტახტზე ავიდა ალფ არსლანის ვაჟი მალიქშაჰი. მალიქშაჰის პერიოდში
სელჩუკთა
სახელმწიფომ თავისი ძლიერების მწვერვალს მიაღწია. მას შორეული იემენიც კი
ემორჩილებოდა. თუმცა, მალიქშაჰის მეფობის დასაწყისი საკმაოდ დაძაბული გამოდგა .
მას
დაპირისპირება მოუხდა საკუთარ ბიძა ქავურთ ბეგთან, რომელსაც თავი ქერმანის
პროვინციის მეფედ ჰქონდა გამოცხადებული. 1073 წელს მან მოახერხა ბიძის დამარცხება
ჰამადანთან ბრძოლაში. ცენტრალურ აზიაში მალიქშაჰს აუჯანყდნენ მოძლიერებული
ყარახანიდები. თუმცა მან მოახერხა მათი დამარცხება და შემოიმტკიცა რეგიონი .

სულტანი
მალიქშაჰი

მალიქ შაჰი პრაქტიკულად არ ერეოდა სახელმწიფო მმართველობაში,


რომელიც
მთლიანად ნიზამ ალ-მულქს, ალფ არსლანის დროს დაწინაურებულ სპარსული
წარმოშობის პირველ ვაზირს ჰქონდა გადაბარებული. მალიქ შაჰის დროს
განხორციელდა კალენდრის რეფორმა, რის შედეგადაც ჰიჯრის მთვარის კალენდრის
გვერდით დამკვიდრდა ახალი, იმ დროისათვის გასაოცრად ზუსტი მზის კალენდარი. ამ
კალენდარს ჯალალის (მალიქშაჰის ერთ-ერთი სახელი) ან ომარ ხაიამის (გადმოცემით ,
ცნობილი მათემატიკოსი, ასტრონომი და პოეტი კალენდარზე მომუშავე ჯგუფს ედგა
სათავეში) მოიხსნიებენ.
ნიზამ ალ-მულქი წარმოშობით თუსიდან, ხორსანიდან იყო, როგორც ფირდოუსი და
დიდი მისტიკოსი თეოლოგი ალ-ღაზალი, რომელიც ერთი პერიოდი ასწავლიდა ნიზამ
ალ- მულქის მიერ დაარსებულ ნიზამიიას მადრასაში ბაღდადში. ნიზამ ალ-მულქმა
არაერთი მეჩეთი ააგო და მადრასა დააფუძნა. მათ შორის ისფაჰანის საკრებული მეჩეთი
(მასჯედ-ე ჯამე’), იმ დროს სელჯუკთა სატახტო ქალაქში. ის ითვლება იმდროინდელი
არქიტექტურის ყველაზე გამორჩეულ ნიმუშად. ნიზამ ალ-მულქი ასევე მფარველობდა
ზემოთ ნახსენებ ომარ ხაიამს.
ნიზამ ალ-მულქი ვერ გაექცა იმ ბედს, რაც მანამდელ და მის შემდგომ მოღვაწე
არაერთ ირანელ ვაზირს ეწია. ის 80 წლის იყო, როდესაც სულტანმა გადააყენა
თანამდებობიდან და ბრალი დასდო ზედმეტ აროგანტობასა და სულტნის თანასწორად
თავის გასაღებაში. ვაზირმა საბედისწერო შეცდომა დაუშვა - ის ისეთივე მდიდარი და
ყოვლისშემძლე გახდა,
როგორიც სულტანი იყო. მას თაჯ ალ-მულქი ჩაენაცვლა - სულტნის საყვარელი ცოლის,
თორქან ხათუნის ფავორიტი. გადაყენებიდან სულ მალე ნიზამ ალ-მულქი ასასინი
მკვლელის ხანჯლის მსხვეპლი გახდა. თუმცა არსებობს ეჭვი, რომ მისი მკვლელობა თაჯ
ალ- მულქმა დაგეგმა სულტნის ჩუმი თანხმობით.
მალიქშაჰი 37 წლის ასაკში, ნიზამ ალ-მულქის მკვლელობიდან სამი კვირის შემდეგ
1092 წელს გარდაიცვალა. არსებობს ეჭვი, რომ ის ბაღდადელი ხალიფას ბრძანებით, ან
ნიზამ ალ-მულქის შევიწროებულმა მომხრეებმა მოკლეს. ნიზამის მომხრეებმა ოთხი თვის
შემდეგ მოკლეს თაჯ ალ-მულქიც. სამეფო ოჯახის წევრებს შორის დაიწყო ბრძოლა
მემკვიდრეობისათვის. ამგვარად დასრულდა „დიდ სელჯუკთა“ ეპოქა.
მალიქშაჰი ერთ-ერთ ყველაზე სამართლიან მმართველად ითვლება ირანის
ისტორიაში,
ხოლო ნიზამ ალ-მულქი - ყველაზე გამორჩეულ
ვაზირად.

სელჯუკთა იმპერიის მოწყობა და


მმართველობა

სელჯუკთა იმპერიამ, როგორც პოლიტიკური, ისე რელიგიური თვალსაზრისით,


ძლიერი ზეგავლენა მოახდინა ისლამურ სამყაროზე. სელჯუკთა პერიოდში შექმნა
მადრასეების (ისლამური სასწავლებლების) ქსელი, სადაც ზრდიდნენ სახელმწიფო
ადმინისტრატორებსა და რელიგიის სწავლულებს. სელჯუკთა იმპერიაში ყვაოდა
სპარსული კულტურა. რამდენადაც თურქ-სელჯუკებს არ ჰქონდათ არანაირი ისლამური
ტრადიცია და ძლიერი ლიტერატურული მემკვიდრეობა, მათ გაითავსეს ისლამში მათი
სპარსელი მასწავლებლების კულტურული ენა. ლიტერატურული სპარსული ამგვარად
მთელ ირანში გავრცელდა, არაბული ენა კი გაქრა, თუ არ ჩავთვლით რელიგიურ
თხზულებებს. სელჯუკებმა დიდი როლი ითამაშეს ე.წ. თურქულ-სპარსული ტრადიციის
ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.
ეს მომთაბარეთა შემოსევების შედეგად შექმნილი იმპერია , რომლის მსგავსიც
აღმოსავლეთში არ ყოფილა არაბთა დაპყრობების შემდეგ, მიუხედავად სისუსტეებისა ,
რომლებმაც საბოლოოდ განაპირობა მისი დაცემა, თავბრუდამხვევი სისწრაფით შეიქმნა .
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ თვალსაზრისით ირანელ მოხელეთა როლი,
რომელიც სელჯუკმა სუვერენებმა მოიწვიეს და საშუალება მისცეს ამ უკვე კარგა ხნის
ისლამიზებულ არისტოკრატიას აღჭურვილიყო საკმაოდ მნიშვნელოვანი ხელისუფლებით
და გამოევლინა საკუთარი ტალანტი. „დიდ სელჯუკების“ სახელმწიფოს განმტკიცების
საქმეში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ალფ არსლანისა და მალიქშაჰის სპარსული
წარმომავლობის ვაზირმა, ზემოთ ნახსენებმა ნიზამ ალ-მულქმა.
ნიზამ ალ-მულქმა საკუთარი 12 ვაჟი სხვადასხვა პროვინციების გამგებლებად
დანიშნა ცენტრისადმი ლოიალობისა და მართვის ეფექტურობის უზრუნველყოფის
მიზნით. გამოიყენებოდა ღაზნევიანთა და უფრო ადრინდელი დინასტიების
მმართველობის ელემენტები. სელჯუკთა იმპერიის მმართველობის სისტემა ემყარებოდა
სხვადასხვა დივანებს, მუსტოუფებს (გადასახადების ამკრეფლებს) და ა.შ. ზოგადად ეს
სისტემა ირანში
არსებობდა მე-19 საუკუნის შუა ხანებამდე, სანამ ევროპული ზეგავლენის შედეგად
მმართველობის ახალი ფორმები არ დამკვიდრდა.
დივანის გარდა, არსებობდა ასევე სულტნის დარღა. ხშირ შემთხვევაში ეს იყო
მობილური, კარვებში განლაგებული საბჭო, რომლის წინაშეც, თეორიულად მაინც,
ნებისმიერ დაზარალებულ პირს შეეძლო წარედგინა პეტიცია სამართლიანობის
მოთხოვნით. არმიას თურქები მეთაურობდნენ. ტომობრივი დაქირავებული ლაშქრის
გარდა, ალფ არსლანის დროიდან არსებობდა რჩეული პროფესიული არმიაც,
რომელშიც 15 ათასი მეომარი იყო გაერთიანებული.
ეს უზარმაზარი იმპერია, პრაქტიკულად ყოველგვარი წინასწარი გეგმის გარეშე,
დროის
მეტად მცირე პერიოდში შეიქმნა ძირიოთადად ნომადი ხალხის მიერ . ნაწილობრივ ამ
მიზეზის გამო, სამფო კარი მუდივად გადაადგილდებოდა, უფრო მეტადაც - ვიდრე
ღაზნევიანთა პერიოდში, რაც განპირობებული იყო იმპერიის სიდიდით და მისი
მმართველების ნომადური კულტურით.
ნიზამ ალ-მულქმა განავითარა და სისტემატიზებული სახე მისცა გეზს სპეციფიკური
ფეოდალიზმისაკენ, რომელიც უკვე გამოხატული იყო წინა პერიოდში მიწის გამოსყიდვის
სისტემის დანერგვით. წინა პერიოდის შეცდომები ახალი სოციალური და
ადმინისტრაციული წესრიგის წესებად იქცა, რომელიც დამყარებული იყო მიწაზე და არა
ფულზე. მიწები ეძლეოდათ სამხედრო პირებს, რომლებიც სანაცვლოდ ვალდებულები
იყვნენ გარკვეული რაოდენობის მეომრები გამოეყვნათ სულტნის ლაშქრობებისას.
ამგვარი ეკონომიკური პოლიტიკა სახელმწიფოს არ აძლევდა რეალურ შემოსავლებს. ამ
მიზეზით, წესდებოდა ახალი გადასახადები და მოსაკრებლები (შარიათით დაშვებული
მიწისა და სულადობრივი გადასახადების გარდა).

სელჯუკთა იმპერია მაქსიმალურ საზღვრებში


ამგვარი რადიკალური ცვლილების პერიოდში ირანულმა მიწისმფლობელმა
არისტოკრატიამ თავი გარიყულად და დაჩაგრულად იგრძნო ახალი თურქული
სამხედრო მიწისმფლობელი კლასის წინწამოწევის პირობებში . მათ დიდი ზიანი მიადგათ
ახალი არარეზიდენტი მბრძანებლების გამოჩენით. მოჭრილი ფული იშვიათობად იქცა ,
რაც მეტად საზიანო იყო ვაჭრებისა და ხელოსნებისთვის.
თურქები ძირითადად დასახლდნენ საზღვრისპირა რეგიონებში – მაგ., აზერბაიჯანსა
და ანატოლიაში. დაქირავებული ჯარი, ასევე ძირითადად თურქული, რომლის
შენარჩუნებაც სელჩუკებს სურდათ, მკაცრ იერარქიას ემყარებოდა . მისი
მხედართმარვრები ვალდებულნი იყვნენ თვითონვე შეენახათ საკუთარი ჯარი და
ამისათვის დროებით სარგებლობაში იღებდნენ სამფლობელოებს მიწის განსაზღვრული
გადასახადების აკრეფის უფლებით. ამ გზით მოხდა უზარმაზარი არმიის შენახვის
პრობლემის გადაწყვეტა, რომელიც ზოგიერთი ცნობით, 70 ათასს აღწევდა. ეს
ფეოდალური სისტემა, რომელიც უპირველესად ირანულ ადმინისტრაციულ ტრადიციებს
ეყრდნობოდა, საშუალებას იძლეოდა ერთდროულად დაკმაყოფილებულიყო არმიის
მოთხოვნები, უზრუნველყოფილი ყოფილიყო მისი მეთაურების ერთგულება და
მომხდარიყო სოფლების აღორძინება.
ე.წ. იქტა წარმოადგენდა მიწის ბოძების ფორმას, რომელიც გამოიყენებოდა
არაბული დაპყრობების შემდეგ და ნაწილობრივ ემყარებოდა
ისლამამდელ მოდელებს. მოგვიანებით, მონღოლთა
პერიოდში, დამკვიდრდა მსგავსი სისტემა, სახელად
სოიურღალი.
ამ სისტემით, მიწების ფლობა არ გადადიოდა
მემკვიდრეობით და არც მისი ფლობის გარანტია
არსებობდა. მიწის მფლობელი, იქტადარი, თავის პოსტს
ინარჩუნებდა სულტნის ნებიდან გამომდინარე. ირანში
არსებულ წყობას არ შეიძლება ეწოდოს ფეოდალიზმი
ტრადიციული ევროპული გაგებით. ცენტრალური
ხელისუფლების სისუსტის შემთხვევაში, პროვინციების
გამგებლები პრატიკულად დამოუკიდებლობით
სარგებლობდნენ.
ზემოთმულის შესანიშნავი მაგალითია ხივეს (ხივა
ხვარაზმში) შემთხვევა. 1077 წელს მალიქშაჰმა ამ
აღმოსავლური პროვინციის იქტა უბოძა თავის ფავორიტ
მერიქიფეს, დაბალი წარმომავლობის ანუშთეგინს.
შემდგომში პროვინცია ავტომატურად გადავიდა მისი
შთამომავლების ხელში, სანამ ერთ-ერთმა
მისმა
შთამომავალმა, სულტან სანჯარის
დროს
დამოუკიდებლობაზე არ განაცხადა სელჯუკთა ეპოქის
პრეტენზია. მალე მათ ხვარაზმშაჰების მინარეთები იაზდში
ტიტული მიიღეს და ხანმოკლე დროის
მანძილზე საკმაოდ ვრცელი იმპერიაც შექმნეს, სანამ ისინი მონღოლებმა არ
გაანადგურეს.
ცენტრალურმა ხელისუფლებამ ძირითადად შეინარჩუნა აბასიანთა მიერ შექმნილი
სტრუქტურები. კიდევ უფრო დაიხვეწა პროვინციების მართვის სისტემა სამოქალაქო და
სამხედრო ხელისუფლების მკვეთრი გამიჯვნით. ქალაქების გარნიზონების მეთაურებს
არანაირი ძალაუფლება არ გააჩნდათ საგადასახადო უწყებების მეთაურებზე . ამასთან
ერთად უზენაესი მართლმსაჯულების აღსრულება, რაც ისლამური კანონით სუვერენის
პრივილეგიას წარმოადგენდა და ამასთან ერთად თურქული ტომების ჩვეულებასაც
შეესაბამებოდა, ევალებოდათ ამ მიზნისათვის სპეციალურად შერჩეულ პირებს . მათი
საშუალებით სელჩუკი სულტანი ახორციელებდა სასამართლო ხელისუფლებას და
ასევე აქტიურად მონაწილეობდა რელიგიურ ცხოვრებაში.
ეს ძლიერი სამხედრო და ადმინისტრაციული სტრუქტურის მქონე სახელმწიფო
სუნიტური იყო და ებრძოდა სხვადასხვა შიიტური მიმართულებების წარმომადგენლებს
როგორც ქვეყნის გარეთ, ისე შიგნით. გარდა სამხედრო მოქმედებებისა , სახელმწიფოს
იდეოლოგიური და პოლიტიკური განმტკიცებისათვის ღვთისმეტყველთა და მოხელეთა
მოსამზადებლად, ნიზამ ალ-მულქმა შექმნა სასწავლებლების, მადრასეების სისტემა ,
რომელშიც მასწავლებლებს სახელმწიფო ნიშნავდა. სახელმწიფო უზრუნველყოფდა
მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ხელფასითაც და ამგვარად სრულ კონტროლს
ახორციელებდა სასწავლო პროცესზე. მადრასეებში მზადდებოდნენ რელიგიისა და
სამართლის სპეციალისტები, რომლებიც შემდეგ იკავებდნენ სახელმწიფო
თანამდებობებს (მოსამართლეები, ნოტარიუსების, მასწავლებლები, სხვა პროფესიები ,
რომელთათვისაც განათლება აუცილებელი იყო).
ნიზამ ალ-მულქის კალამს ეკუთვნის „სიასეთ-ნამე“ (მმართველობის წიგნი). ეს არის
„უფლისწულთა სარკის“ დიდაქტიკური ჟანრის თხზულება. ამ ჟანრისათვის
დამახასიათებელი ნებისმიერ საკითხზე რჩევის გაცემისას ძველი (როგორც
ისლამამდელი, ისე ისლამის პერიოდის) მმართველების მაგალითების მოყვანა (ხშირად
ავთენტურობა ეჭვს იწვევს).

„დიდ სელჯუკთა“ ვაზირი ნიზამ ალ-


მულქი
ამ ენერგიული და განსწავლული მოღვაწის მიერ დაარსდა არა მხოლოდ უმაღლესი
სასწავლებლები, არამედ ობსერვატორია და ბიბლიოთეკებიც. მისი აქტიური
მონაწილეობით გატარდა სამხედრო, სასამართლო და კალენდრის რეფორმები . მანვე
დაწერა პოლიტიკური ტრაქტატი „სიასეთ ნამე“.
„სიასეთ ნამეში“ უხვადაა მოტანილი ირანული კულტურულ-პოლიტიკური
ტრადიციების მკაფიო მაგალითები (უპირატესად სასანური ირანის ისტორიიდან ) და
ხაზგასმულია ამ ტრადიციების გამოყენების მნიშვნელობა თურქ-სელჩუკთა სახელმწიფოს
მშენებლობაში.
ნიზამ ალ-მულქის რჩევების მიხედვით, სულტანმა „უნდა გაიყვანოს მიწისქვეშა
რუები, გათხაროს მთავარი სარწყავი არხები, ააგოს ხიდები დიდ მდინარეებზე , სადაც
გზები ერთმანეთს ხვდებიან; განავითაროს სოფლები, გაამაგროს ციხეები , დაარსოს
ახალი ქალაქები
და კეთილმოწყობილი ნაგებობანი, ფანჩატურები და თავშესაფრები მთავარ გზებზე.“
ყველაფერი ეს სოფლის მეურნეობის, ქალაქების, ვაჭრობისა და ხელოსნობის
განვითარებას გულისხმობდა.
ნიზამ ალ-მულქი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა სახელმწიფოს ცენტრალიზებას და ამ
მხრივ გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებდა მუდმივ ჯარს. სწორედ მისი თაოსნობით
შეიქმნა ცენტრალური ხელისუფლების კონტროლს დაქვემდებარებული მუდმივი ჯარი .
წიგნიდან ნარკვევები მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიიდან
(ვ. გაბაშვილის რედაქციით)

ნიზამ ალ-მულქის რჩევები სელჩუკი მბრძანებლისადმი:


„ხელმწიფე არასოდეს უნდა იყოს უყურადღებო საკუთარი მოხელეების
საქმიანობისამდი; და ყოველთვის უნდა იცოდეს ყველაფერი მათი ცხოვრების და
საქმეების შესახებ. როგორც კი გამოჩნდება რაიმე არასწორი და ორგულობა მათ
ქმედებაში, მაშინვე უნდა გადააყენოს და დასაჯოს დანაშაულის სიმძიმის მიხედვით , რაც
მაგალითი იქნება სხვებისათვის, რომ ბოროტი განზრახვა არ ჩაიდონ გულში მბძანებლის
მიმართ. ყველას, ვინც ინიშნება მაღალ თანამდებობაზე, ხელმწიფემ უნდა მიუჩინოს
ერთგული კაცი მეთვალყურედ, ისე რომ თანამდებობის პირმა ეს არ იცოდეს და მან უნდა
შეატყობინოს ხელმწიფეს მისი საქმიანობის შესახებ.
არისტოტეტელე ასე არიგებდა ალექსანდრე მაკედონელს: თუ შენ აწყენინე ვინმეს,
ვისი კალამსაც გავლენა აქვს შენს სახელმწიფოში, აღარ დანიშნო ის თანამდებობაზე ,
რადგან ის მიემხრობა შენს მტრებს და მოინდომებს შენს დაღუპვას.“
„ხელმწიფე თითოეული მოსამართლის საქმიანობას კარგად უნდა იცნობდეს. ისინი
უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ მაღალი ყოველთვიური ჯამაგირით, რომ არ ჰქონდეთ
მიზეზი ღალატისა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგანაც მათ გადაწყვეტილება
გამოაქვთ მუსლიმთა სიცოცხლისა და ქონების შესახებ. თუკი მავანი მოსამართლე
უსამართლო განაჩენს გამოიტანს სიბრიყვის, სიხარბის ან დაინტერესების გამო , სხვა
მსაჯულებმა ხელი არ უნდა მოაწერონ ამ ცუდ განაჩენს და შეატყობინონ მის შესახებ
ხელმწიფეს. ეს პირი უნდა გადააყენონ თანამდებობიდან და დასაჯონ.“
„უნდა გაიგზავნოს მსტოვრები ყველა ადგილზე ვაჭრებად, მოგზაურებად,
სამკუნალო ბალახების გამყიდველებად, მათხოვრებად გადაცმულები ; და მათ უნდა
შეატყობინონ ყველაფერი ხელმწიფეს, რასაც გაიგებენ, რომ არაფერი დარჩეს
დაფარული, და თუ რაიმე მოვლენა მოხდება, დროულად იქნეს მიღებული სათანადო
ზომები.“
„საჭიროა მალემსრბოლების სამსახურის დაწესება ჩაყენება ყველაზე მნიშვნელოვან
გზებზე და მათთვის ყოველთვიური ჯამაგირის დანიშვნა, რომ ერთ დღეში გახდეს
ცნობილი ის, რაც მოხდა 50 ფარსანგის (1 ფარსანგი – 6-7 კმ) შორს.“
„მეზობელი ქვეყნების ელჩების მიმართ ქვეყნის საზღვრებში შემოსვლისთანავე
პატივისცემა უნდა გამოიხატოს. ყველაფერი, კარგი თუ ცუდი, რასაც მათ მიმართ
აკეთებენ, იგივეა, ხელმწიფის მიმართ რომ აკეთებდნენ. ხელმწიფეები კი
ერთმანეთის მიმართ
ყოველთვის ამჟღავნებდნენ დიდ პატივისცემას, უფრთხილდებოდნენ ელჩებს, რადგანაც
ამ გზით იზრდებოდა მათი პატივი და ღირსება. როცა ხელმწიფეებს შორის მტრობა იყო
და ელჩები მოდიოდნენ, მათ არავინ აყენებდა ზიანს და ისინი ელჩობის მიზანს , როგორც
მათ ნაბრძანები ჰქონდათ, ასრულებდნენ ისე, რომ არ იცვლებოდა მათდამი ჩვეულებრივი
კარგი
დამოკიდებულება.

ნიზამ ალ-მულქი, სიასეთ ნამე

„დიდ სელჯუკთა“ სახელმწიფო და საქართველო. „დიდი თურქობა“ საქართველოში

კავკასიაში სელჯუკები 1048 წელს შეიჭრნენ და იმ დროს ბიზანტიის კუთვნილი


სომხეთი დაიკავეს. დასაწყისში ბიზანტიელები წარმატებით ეწინააღმდეგებოდნენ
თურქებს. ან ბრძოლებში მათ ლიპარიტ ბაღვაშიც ეხმარებოდა. მაგრამ
მანაზკერტის ბრძოლამ სიტუაცია მკვეთრად შეცვალა და 1074 წლის ხელშეკრულებით
ბიზანტიამ თავისი აღმოსავლეთი პროვინციების დიდი ნაწილი თურქებს დაუთმო.

დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი თურქებთან ბრძოლებში ბიზანტიის


მარცხისა და საქართველოსათვის ამ მარცხის მნიშვნელობის შესახებ:
„ხოლო განძლიერებასა თურქთასა დაუტევნეს ბერძენთა ქუეყანანი მათნი, ციხენი და
ქალაქნი, რომელ აღმოსავლეთს ჰქონდეს, და წარვიდეს. რომელნიცა აიხუნეს თურქთა
და დაემკვიდრნეს მას შინა. და ვინათგან მეზობლობით მოეახლნეს საზღვართა ჩუენთა ,
განმრავლდა შიში და ჭირი მათგან ჩუენზედა. რამეთუ იწყეს მიერითგან რბევად , ტყუენვათ
და მოოხრებად, წუად, სრვად და ტყუეობად ჩუენ ქრისტიანეთა.“

სელჯუკები საქართველოში ალფ არსლანის მმართველობის ხანაში


გამოჩდნენ.
თავდაპირველად ალფ არსლანმა საკუთარი ვაჟი გამოაგზავნა დასაზვერად, ხოლო 1064
წელს თავად ჩაუდგა უზარმაზარ ლაშქარს სათავეში და სამხრეთ საქართველოში
შემოიჭრა. მან აიღო ახალქალაქი ქალაქის მცველთა დიდი წინააღმდეგობის
მიუხედავად და სასტიკად გაუსწორდა ადგილობრივ მოსახლეობას. ამ პირველი
შემოსევის შედეგად სამხრეთ საქართველომ დიდი ზარალი განიცადა. ამ რეგიონიდან
ლტოლვილი მოსახლეობა ქართლის შიდა რეგიონებს აფარებდა თავს, შედეგად,
ქვეყანაში გაცნობიერებული იყო ის საფრთხე, რაც სელჯუკების წინსვლას ახლდა თან და
თავდაცვისათვის მზადყოფნის აუცილობლობა. პირველი ლაშქრობა ალფ არსლანს
აღარ გაუგრძელებია და პირიქით, დამოყვრებაც კი შესთავაზა ბაგრატ IV-ს.
მართლაც, ბაგრატმა საკუთარი დისწული მიათხოვა სელჯუკ სულტანს, თავისი ასული კი
ბიზანტიაში გაათხოვა. ამ შემთხვევაში ბაგრატი ცდილობდა ორივე პოტენციურ მტერთან
შეენარჩუნებინა კეთილმეზობლური ურთიერთობა.
თუმცა, სიტუაცია მალე შეიცვალა და 1067 წელს ალფ არსლანმა ისევ ილაშქრა
საქართველოში. როგორც ჩანს სწორედ ამ დროიდან დაიწყო მომთაბარე თურქების
ჩამოსახლება ქართულ მიწებზე, რასაც ხელს უწყობდა ანატოლიის დაპყრობა თურქების
მიერ და მათი იქ დასახლება.
„არა იყო მათ ჟამთა შინა თესვა და მკა, მოოხრდა ქვეყანა და ტყედ გადაიქცა, და
ნაცვლად კაცთა მხეცნი და ნადირნი ველისანი დაემკვიდრნეს მას შინა... წმიდანი
ეკლესიანი შექმნეს სახლად ჰუნეთა თვისთა, ხოლო საკურთხეველნი ღმრთისანი
ადგილად არაწმიდებისა მათისა. და მღვდელნი რომელნიმე თვით შეწირვასავე შინა
საღმრთოსა მსხვერპლისასა მუნვე მახვილითა შეწირულ იქმნეს... მოხუცებულნი არა
შეწყალებულ იქნეს, ხოლო ქალწულნი გინებულ, ჭაბუკნი დაკუეთებულ, ხოლო ჩვილნი
მიმოდატაცებულ. ცეცხლი უცხო და მბრძოლი, რომლითა მოიწუა შენებული ყოველი,
მდინარენი სისხლთანი, ნაცვლად წყლისა ნაკადულთა, მრწყეველნი ქუეყანისანი.“
დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი თურქების შემოსევების შედეგების
შესახებ.

სელჯუკთა ასეთ სისასტიკეს ადასტურებენ სხვა, უპირველესად სომეხი,


ისტორიკოსებიც.
მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა მალიქშაჰის მმართველობის ხანაში . გიორგი II
თავდაპირველად აქტიურ წინააღმდეგობას უწევდა თურქებს, მაგრამ მალე აშკარა გახდა ,
რომ ძალები მეტად არათანასწორი იყო.

„...და მოვიდა სულტანი მალიქშა მტერად ყოველთა ქრისტიანეთა... და დაიჭირა


სამშვილდე სულტანმან და მუნ დგომასა მოარბია ქართლი, თან წაიყვანა მრავალი ტყვე
და ურიცხვი ნადავლი.“
მატიანე ქართლისაი

1080 წლიდან საქართველოში დაიწყო ე.წ. „დიდი თურქობა“. სელჯუკებმა ამ


პერიოდიდან წესად შემოიღეს ყოველწლიური შემოსევა საქართველოში.
ისინი გაზაფხულიდან ზამთრის დადგომამდე თარეშობდნენ და არბევდნენ ქვეყანას .
განსაკუთრებით მძიმე შედეგების მომტანი იყო თურქული მომთაბარე ტომების
ჩამოსახლება. სამეურნეოდ ვარგისი მიწების საძოვრებად გადაქცევის შედეგად
ნადგურდებოდა საუკუნოვანი ტრადიციების მქონე ინსტენსიური სოფლის მეურნეობა .
თურქთა დასახლების ერთ-ერთი მიზეზი იყო ირანში შექმნილი სიტუაციაც. მომთაბარული
ელემენტების სიჭარბისაგან ქვეყნის გაწმენდის მიზნით მალიქშაჰი და მისი ვაზირი ნიზამ
ალ-მულქი მომთაბარულ მასებს ბიზანტიისა და საქართველოს საზღვრებისაკენ
ერეკებოდნენ.
გიორგი II იძულებული გახდა თავი დამარცხებულად ეცნო და 1083 ის ეახლა
სულტანს და, მორჩილება გამოუცხადა და ყოველწლიური ხარკის საფასურად ზავი და
მშვიდობა ითხოვა. თუმცა ამ ზავმაც ვერ მოუტანა ქვეყანას მშვიდობა. მომთაბარეთა
თარეში კვლავაც გრძელდებოდა. დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი აღნიშნავს, რომ
მომთაბარეთა რაზმები არ ექვემდებარებოდნენ სულტანს და თავიანთი ნება -სურვილის
მიხედვით მოქმედებდნენ. ეს ცნობა მიუთითებს რომ უკანასკნელი „დიდ სელჯუკი“
სულტნის გამგებლობის მიწურულს ცენტრალური ხელისუფლება უკვე ვეღარ
აკონტროლებდა ცალკეული მომთაბარე თურქი ტომების მოქმედებას. საქართველოს
მეფის ხელისუფლება უკვე დასავლეთ საქართველოს ფარგლებს ვეღარ სცილდებოდა.
აღმოსავლეთ საქათველო კი
სელჯუკებს პრაქტიკულად საძოვრებად და სანადირო ადგილებად ჰქონდათ
გადაქცეული. გიორგი II-მ მალიქშაჰთან ზავის დადებისა და ხარკის გადახდის პირობის
დადების შემდეგ მალე ტახტი თავის ვაჟს, 16 წლის დავით IV-ს დაუთმო.

სელჯუკთა სახელმწიფოს დაკნინება და


დაცემა

სელჯუკთა სახელმწიფოს მკაცრი ორგანიზაციის მიუხედავად, არ მომხდარა


ზოგიერთი თურქული ტრადიციის მოსპობა, მათ შორის ძალაუფლების საოჯახო
კონცეფციისა, რომლის თანახმადაც ხელისუფლება შეიძლებოდა ერთდროულად
გაენაწილებინათ გარდაცვლილი მბრძანებლის ვაჟებს. ამ მიზეზით გამუდმებით
მიმდინარეობდა ქიშპი და ბრძოლა ხელისუფლებისათვის. დიდი სელჯუკთა ვაზირმა ნიზამ
ალ-მულქმა მოახერხა სამეფო ტახტზე ჯერ ალფ არსლანის, ხოლო შემდეგ მისი ვაჟის
მალიქშაჰის უფლებების დაცვა. მაგრამ მისი სიკვდილის შემდეგ სულ მალე
მალიქშაჰიც გარდაიცვალა, რამაც გამოიწვია დინასტიის კრიზისი და საბოლოოდ
ერთდროს ძლევამოსილი იმპერიის დაშლა. სელჯუკთა სახელმწიფოში შინააშლილობით
ისარგებლეს ჯვაროსნებმაც, რომლებმაც ორი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს
თურქულ ჯარზე, ჯერ მცირე აზიაში (1097 წ. დორილეასთან ბრძოლა), ხოლო შემდეგ
სირიაშიც (1098 წ. ანტიოქიასთან ბრძოლა). XII საუკუნის დასაწყისიდან მომძლავრებულმა
ქართულმა სამეფომ თანდათანობით შეავიწროვა სელჯუკები და საკუთარი
მმართველობა დაამყარა სამხრეთ კავკასიასა და მიმდებარე ტერიტორიებზე.
მალიქ შაჰის სიკვდილის შემდეგ თორქან ხანუმმა ისფაჰანში თავისი უმცროსი ვაჟი
მაჰმუდი გამოაცხადა ტახტის მემკვიდრედ. უფროსი ვაჟი ბარქიაროყი რეიში გაიქცა და იქ
სულტნად გამოაცხადა საკუთარი თავი. ისფაჰანზე თავდასხმის ნაცვლად, ის ჰამადანში
გაემართა. მალე მას აუჯანყდა დედის მხრიდან ბიძა, რომლის დამარცხებაც მოახერხა .
ამის შემდეგ ის ბაღდადში გადავიდა და იქ გამოაცხადეს სულტნად . მაგრამ მას აუჯანყდა
კიდევ ერთი ბიძა, ამჯერად მამის მხრიდან, რომელმაც მოახერხა მისი დამარცხება ,
შეიპყრო და და ისფაჰანში წაიყვანა. მას აქ დაბრმავებას უპირდებდნენ , მაგრამ ამ დროს
ყვავილის ავადმყოფისგან გარდაიცვალა მის ძმა და ის მის მემკვიდრედ იქცა. კიდევ
ერთი ამბოხებული ბიძა მისმა საკუთარმა მონამ მოკლა. მოკლეს თორქან ხათუნიც. 1099
წელს ბაქრიაროყს კიდევ ერთი უმცროსი ძმა მოჰამადი აუჯანყდა. 1003-4 წლისათვის
თითქოს მათ შორის მშვიდობა დამყარდა, ამასობაში კი მოჰამადმა მოკლა ბარქიაროყის
დედა, ხოლო ბაქრიაროყმა მოკლა მისი ვაზირი მო’აეიდ ალ-მოლქი. მალე ბარქიაროყი
გარდაიცვალა და მას ჩაენაცვლა მისი 5 წლის ვაჟი მალიქშაჰ II. თუმცა, ის შეიპყრეს და
დააბმავეს, ტახტზე კი ავიდა მოჰამადი.
ამ მოვლენებიდან განზე იდგა მალიქშაჰის კიდევ ერთი ვაჟი სანჯარი. 1096 წელს ის
მისმა ძმამ ბარქიაროყმა ხორასნის გამგებლად დანიშნა. 1118 წელს სელჯუკთა
სამფლობელოების სულ უფრო მზარდ ფრაგმენტაციის პირობებში, სანჯარი აღიარეს
ირანის სელჯუკთა დიდ სულტნად (ფორმალურად მეფედ ბაღდადში გამოცხადდა).
მაგრამ ამასთან ერთად, ის იძულებული გახდა საგვარეულოს გვერდითი შტოებისათვის
დაეთმო დასავლეთის რეგიონები.
ანატოლიაში, როგორც ჩანს, თურქული ოკუპაცია განხორციელდა უფრო
მიგრირებული თურქების მიერ, ვიდრე დიდი სელჩუკების მიზანმიმართული პოლიტიკის
შედეგად. თუმცა, დაპყრობის შემდეგ სელჩუკი პრინცი სულეიმან იბნ კუტლუმუში იქ
გააგზავნეს ახალი პროვინციის ორგანიზებისათვის და მე-12 საუკუნის ბოლოსათვის მისმა
მემკვიდრეებმა ანატოლიაში შეძლეს ძლიერი თურქული მონარქიის შექმნა რომლის
დედაქალაქი კონია გახდა (ძველი იკონიუმი). ანატოლიელი სელჯუკების მმართველობის
პირობებში, რაც სხვადასხვა ფორმით გაგრძელდა მე-14 საუკუნის დასაწყისამდე ,
ცენტრალური და აღმოსავლეთი ანატოლია თანდათანობით თურქულ მიწად იქცა .
აღმოსავლეთიდან წამოსული თურქი ემიგრანტების მასები მკვიდრდებოდნენ ქვეყანაში
და მუსლიმურმა თურქულმა ცივილიზაციამ შეცვალა ბერძნული ქრისტიანული.
სანჯარის ყველაზე დიდ საზრუნავს მერიქიფე ანუშთეგუნის შთამომავლები ღოზი და
ასტეზი წარმოადგენდნენ. ასთეზი ხივის მმართველად ანუშთეგინს 1127 წელს ჩაენაცვლა .
სანჯარმა დაამარცხა ის და 1138 წელს აიძულა გაქცეულიყო, ხივა კი იქტად თავის
ერთგულ პირს უბოძა. თუმცა საკუთარ სატახტო ქალაქ მერვში დაბრუნების შემდეგ,
ასთეზი კიდევ ერთხელ დაეუფლა ხივას.
იმავდროულად, სელჯუკთა სახელმწიფო აღმოსავლეთში, დასუსტებული მუდმივი
ქიშპითა და შინაბრძოლებით, ახალი შინა და გარე მტრების წინაშე აღმოჩდა .
ჩრდილო- აღმოსავლეთში, სტეპების კიდევ ერთი ხალხი, ყარახატაელები, გამოჩნდა
ისლამური სამყაროს საზღვრებთან. ისინი ჩინეთიდან იყვნენ ემიგრირებულები ,
წარმოადგენდნენ მონღოლთა განშტოებას, იყვნენ წინამორბედები იმ ახალი ძალისა ,
რომლის შემოსევებიც მალე ელოდა ისლამურ სამყაროს. მე-12 საუკუნის შუა
ხანებისათვის მათ დაამარცხეს ყარახანიდები, დაიპყრეს ტრანსოქსიანა და

შექმნეს ვრცელი იმპერია ამუდარიიდან


ენისეიმდე და ჩინეთის მიჯნებამდე. მათი,
როგორც ურწმუნო დამპყრობლების
წინააღმდეგ გამოცხადებულ ჯიჰადს მოჰყვა
სელჯუკი სულტნის სანჯარის მარცხი 1141
კატვანის სტეპის ბრძოლაში. მუსლიმური
არმიების ამ განადგურების ექომ ქრისტიანულ
ევროპასაც მიაღწია და ააღორძინა ჯვაროსანთა
დაკნინებული სულისკვეთება.
ყველაზე დიდი კატასტროფა კი 1153 წელს
სულტან სანჯარის მავზოლეუმი მოხდა, როდესაც სანჯარი ხვარაზმელმა
ღოზმა დაამარცხა და ტყვედაც შეიპყრო.
ხორასანი კი
გაიძარცვა. სანჯარმა ტყვეობიდან თავი 3 წლის შემდეგ იხსნა, მაგრამ ის უკვე მოხუცებული
და ძალაგამოცლილი იყო და მალე გარდაიცვალა. მასთან ერთად წარსულს ჩაბარდა
ირანის დიდ სელჯუკთა სასულტნო.
ნომადი თურქი ტომების ამბოხებები აჩქარებდა სელჩუკთა ძალაუფლების
დაკნინებას და 1157 წელს, სანჯარის სიკვდილის შემდეგ, განადგურებული სამეფო
დაიშალა მრავალ
მცირე სახელმწიფოდ, რომელთაც სათავეში სელჯუკთა სარდლები ედგნენ.
უკანასკნელი ირანელი სელჯუკი 1194 წელს ბრძოლის ველზე დაიღუპა, 1200 წლისათვის კი
მათი ძალაუფლება მხოლოდ ანატოლიაში იყო შემორჩენილი.
სელჯუკების ინოვაციას წარმოადგენდა მცირეწლოვანი უფლისწულების
პროვინციების გამგებლებად დანიშვნა აღმზრდელის - ათაბეგის (ათაბაქის)
მეთვალყურეობის ქვეშ. ცენტრალური ხელისუფლების დასუსტების პირობებში
ათაბეგებმა თანდათანობით დამოუკიდებლობა მოიპოვეს და საკუთარი დინასტიებიც
დააფუძნეს. მათგან ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია სოლღორიდების დინასტია ფარსში ,
რომელიც მე-12 საუკუნის შუახანებიდან 1260-იან წლებამდე არსებობდა. მათი სახელი
იმითაც გაითქვეს, რომ ორი უკანასკნელი ათაბეგი მფარველობდა დიდ სპასრელ პოეტს
საადი შირაზელს.
ანატოლიის რუმის სასულტნოს სულტან ‘ალა’ ად-დინ ქეიყობადის მიერ 1230 წელს
ხორეზმშაჰის წინააღმდეგ წამოწყებულმა ომმა რუმის სასულტნოს დაშლა გამოიწვია .
ხორეზმშაჰთა სახელმწიფოს განადგურების შემდეგ მონღოლთათვის ანატოლიისაკენ
გზა გახსნილი იყო. 1243 წელს ქიოზე დაღის ბრძოლაში სელჯუკები დამარცხდნენ.
სელჯუკთა დინასტია წარსულს ჩაბარდა, თუმცა რამდენიმე თურქი ამირა
დამოუკიდებლობას ინარჩუნებდა მიუდგომელ მთიან ადგილებში. სპარსეთის სელჯუკებმა
კი სამუდამოდ დატოვეს ისტორიის ასპარეზი.
აბასიანმა ხალიფამაც კი მოახერხა დროებით საკუთარი დამოუკიდებლობის და
რელიგიური ძალაუფლების აღდგენა ეფემერულ სახელმწიფოში - სუნიტური ისლამის
ძველ დედაქალაქში. უფრო აღმოსავლეთით, ხვარაზმის, არალის ზღვის სამხრეთით
მდებარე პროვინციის თურქმა გამგებელმა დაიწყო ახალი (მოკლევადიანი ) იმპერიის
აღმშენებლობა, რომელიც გარკვეული დროის მანძილზე ჩანდა, რომ თითქოს
მემკვიდრეობით მიიღებდა დიდი სელჩუკების ტერიტორიებსა და ძალაუფლებას . თუმცა ,
ხვარაზმშაჰების, მუჰამადისა და ჯალალ ად-დინის ძლიერების ხანა ხანმოკლე გამოდგა .

პოლიტიკური ტერორიზმის სათავეებთან: ასასინები


(ისმაილიტები)

ისმაილიტები შიიტთა ერთ-ერთ განშტოებას წარმოადგენენ. შიიტი იმამიტებისაგან


(დღვანდელ ირანში იმამიტური შიიზმი წარმოადგენს სახელმწიფო რელიგიას ), ისინი
მეშვიდე იმამად არა მუსა ალ-კაზიმს, არამედ მის ძმა ისმაილს აღიარებენ. ადრეულ შუა
საუკუნეებში ისმაილიტები ბევრად აღემატებოდნენ რაოდენობრივად და ძალით სხვა
შიიტურ დაჯგუფებებს. ეგვიპტეში ხანგრძლივი დროის მანძილზე აღმსარებლობით
ისმალიტი ფატიმიანთა დინასტია იყო გაბატონებული. მე-11 საუკუნის მიწურულს მოხდა
განხეთქილება ეგვიპტელ და ირანელ ისმაილიტთა შორის.
1090 წელს ირანელ ისმაილიტთა ლიდერმა ჰასან საბაჰმა დაისაკუთრა მიუვალი ციხე -
სიმაგრე ალამუთი ირანის ჩრდილოეთ ნაწილში. მალე ისმაილიტთა ხელში გადავიდა
სხვა ციხე-სიმაგრეებიც ირანისა და სირიის ტერიტორიებზე ხმელთაშუა ზღვის
სანაპიროების ჩათვლით. ისმაილიტები საკუთარი არსებობისა და სამფლობელოების
შესანარჩუნებლად აწარმოებდნენ დაუსრულებელ ბრძოლებს სელჩუკთა წინააღმდეგ .
ჰასან საბაჰს კარგად ესმოდა, რომ მის ხელთ არსებული მცირე ძალებს არ შეეძლოთ
წინ აღდგომოდნენ სელჩუკთა ძლევამოსილ არმიას და დაემარცხებინათ იგი. მან
გამოძებნა ახალი გზა, რომლითაც მცირე, მაგრამ დისციპლინირებული და თავდადებული
ძალების საშუალებით შეძლო ეფექტურად დაპირისპირებოდა მრავალრიცხოვან მტერს
და განეხორციელებინა საკუთარი მიზნები. ეს გზა მოქმედების ტერორისტული მეთოდის
გამოყენება იყო.
საკუთარი არსებობის შენარჩუნებისათვის ისმაილიტებს აუცილებლად
ესაჭიროებოდათ „დიდ სელჩუკთა სახელმწიფოს“ დასუსტება და დეზინტეგრაცია. ამ
მიზნის მისაღწევად მათ 1092 წელს მოკლეს ვაზირი ნიზამ ალ-მულქი, რომელიც
პრაქტიკულად მთავარ როლს ასრულებდა სელჩუკთა სახელმწიფოს
ერთიანობის
შენარჩუნების საქმეში. ამ ერთი მკვლელობით ისმაილიტებმა სელჩუკებს გაცილებით
უფრო

ალამუთის
ნანგრევები

მძიმე დარტყმა მიაყენეს, ვიდრე ეს რიგითი მარცხის შედეგად იქნებოდა ბრძოლის ველზე .
პოლიტიკური მკვლელობა ისმაილიტებს არ გამოუგონიათ, მაგრამ ტერორი –
მოწინააღმდეგეების დაშინება და მკვლელობა, მათთვის გახდა მოქმედების მთავარი
და ერთადერთი იარაღი. ისმაილიტები უპრეცედენტონი არიან ტერორის, როგორც
პოლიტიკური ბრძოლის საშუალების სისტემატური გამოყენებით.
ნებისმიერი მკვლელობის გამართლება, ბუნებრივია, ხდებოდა რელიგიის
საშუალებით. მკვლელობა რიტუალის დონემდე იყო აყვანილი. ისმაილიტები ყოველთვის
იყენებდნენ ხანჯალს, არასოდეს საწამლავს, არასოდეს სატყორცნ იარაღს, თუმცა ხშირად
მათი გამოყენება უფრო გაუადვილებდათ საქმეს და უფრო საიმედოც იყო. მათ
ძირითადად ან დანაშაულის ადგილზე კლავდნენ, ან ისინი ტყვედ ვარდებოდნენ და
ჩვეულებრივ გაქცევის სურვილს არ ავლენდნენ. ცოცხლად დარჩენა სამარცხვინოდაც კი
ითვლებოდა. არსებობს ლეგენდა, რომ დავალების შესრულების შემდეგ უვნებლად
დაბრუნებული მებრძოლის დედამ გლოვის ნიშნად ძაძებიც კი ჩაიცვა .
ჰასან საბაჰმა გამოიჩინა შესაშური ადმინისტრაციული და სტრატეგიული ნიჭი ამ
ტერორისტული მოღვაწეობის დაგეგმვაში. წარმატებისათვის აუცილებელი იყო მკაცრი
ორგანიზაციული სტრუქტურა ყოველგვარი ექსცესების თავიდან ასაცილებლად და იგი
განმტკიცებული უნდა ყოფილიყო იდეოლოგიური საფუძვლებით. სასიკვდილოდ
განწირული ასასინი დარწმუნებული უნდა ყოფილიყო საკუთარი ქმედების
სამართლიანობაში რელიგიური თვალსაზრისით. მათ მოქმედებაში იყო როგორც ცივი
გაანგარიშება, ისე ფანატიკური თავგამოდება.
ევროპული ისტორიული წყაროები ისმაილიტებს ასასინების სახელით მოიხსენებენ .
საგულისხმოა, რომ სიტყვა „ასასინი“ მთელ რიგ ევროპულ ენებში მკვლელის
მნიშვნელობით შევიდა. ერთ-ერთი ვარაუდით, იგი მოდის არაბული ჰაშიშინიდან , ჰაშიშის
მწევლიდან. ევროპელ და აღმოსავლელ ავტორებს უჭირდათ ასასინთა ასეთი
თავგანწირვისათვის ახსნის მოძიება. იმ ხანებში შექმნილი ლეგენდის მიხედვით ,
დავალების შესასრულებლად გაგზავნილ ასასინებს წინასწარ აბრუებდნენ
ნარკოტიკებით. XIII ს.-ის ევროპელი მოგზაური, მარკო პოლო წერს, რომ ისმაილიტთა
მბრძანებელმა თავის სამფლობელოში შესანიშნავი, სამოთხის მსგავსი ბაღი გააშენა ,
რომელშიც შეჰყავდათ ჰაშიშით გაბრუებული ასასინები. გამოფხიზლებულნი , ისინი უკვე
შორს იმყოფებოდნენ ამ ბაღიდან და უდიდესი იყო მათი სურვილი ხელახლა
აღმოჩენილიყვნენ იქ. მბრძანებელი დავალების შესრულების შემთხვევაში ისმაილიტებს
ამგვარ ბაღში მოხვედრას აღუთქვამდა.
ტერორისტი ისმაილიანები იწოდებოდნენ ფიდაებად. სიტყვა `ფიდაიმ~
მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა თანამედროვე მუსლიმ ტერორისტთა ლექსიკონში .
არაბულად ის ნიშნავს ადამიანს, რომელიც მზად არის თავგანწირვისათვის.
მათი მსხვეპლების დაყოფა სამ ჯგუფად შეიძლება. პირველში შედიან ხალიფები,
სულტნები, ვაზირები, მხედართმთავრები; მეორეში – ის თანამდებობის პირები ,
რომლებსაც დანაშაული მიუძღოდათ ისმაილიტთა წინაშე და ებრძოდნენ მათ რელიგიას .
მესამეში კი – რენეგატი, განდგომილი ისმაილიტები.
მკვლელობისათვის ისმაილიტები დიდხანს და გულდასმით ემზადებოდნენ, ზოგჯერ
თვეობით და წლობით ელოდნენ შესაფერის მომენტს მსხვერპლის გასანადგურებლად .
ფიდაებს არ ეთაკილებოდათ განსხვავებული მრწამსის ვაჭრის, ხელოსნის, ყურანის
მკითხავის ნიღაბქვეშ ამოფარება, რათა მოხვედრილიყვნენ თავიანთი მომავალი
მსხვეპლის უახლოეს გარემოცვაში. ქრისტიან ბერებად გადაცმული ორი ფიდაი ექვსი
თვის განმავლობაში ცხოვრობდა ჯვაროსანთა ბანაკში, სანამ არ მიეცათ ჯვაროსანთა
ერთ-ერთი მეთაურის, მარკიზ კონრად მონფერატის მოკვლის საშუალება. სწორედ
ჯვაროსანთა საშუალებით გაიცნო ევროპამ ასასინები.
ისმაილიტები კარგად იყვნენ ცნობილი საქართველოშიც. ჟამთააღმწერელი მათ
შესახებ წერს: „რომელნი არიან კაცნი მკვლელნი მიპარვითა.“ ასასინების მსხვერპლთა
შორის არის თბილისის მუსლიმი მოსამართლე, რომელიც 1134 წელს მოკლეს
შურისძიების მიზნით, ვინაიდან მან რამდენიმე ისმაილიტს სასიკვდილო განაჩენი
გამოუტანა.
საბოლოოდ ისმაილიტთა სახელმწიფო გაანაგურეს მონღოლებმა, რომლებმაც
ხანგრძლივი ალყის შემდეგ, 1256 წელს აიღეს ალამუთის ციხე-სიმაგრე. აღსანიშნავია ,
რომ ამ ალყის დროს მონღოლთა ჯარში ქართველებიც იყვნენ. მალე ასასინებმა შური
იძიეს. ერთ- ერთმა გადარჩენილმა ფიდაიმ მოკლა მონღოლთა მხედართმთავარი
ჩაღატა-ნოინი. საინტერესოა, რომ ჟამთააღმწერლის ცნობით, თავდაპირველად
მონღოლებმა ეჭვი ამ მკვლელობაში ქართველებზე მიიტანეს და მზად იყვნენ მათ
ჩასახოცად. მაგრამ უეცრად ლერწმოვანიდან კაცი გამოვიდა, აღმართა სისხლით
შეღებილი ხანჯალი და დაიძახა: „მე მოვკალი ჩაღატა“. დატყვევებულმა მკვლელმა
ამაყად განაცხადა, რომ ის იყო ფიდაი და შური იძია თანამოძმეთა განადგურებისათვის .
ამით მან ქართველებიც გადაარჩინა გარდაუვალ სიკვდილს.
მონღოლთა დაპყრობების შემდეგ ასასინების არსებობა დასრულდა , მაგრამ მათ
მიერ შემუშავებული პოლიტიკური ტერორიზმის მეთოდი დღეს აქტიურად გამოიყენება
მუსლიმ ტერორისტთა მიერ.

ძირითადი თარიღები:
1037-1063 - თოღრულ ბეგის ზეობა
1040 - დანდანაკანის ბრძოლა
1055 - თოღრულ ბეგის შესვლა ბაღდადში
1063-1072 - ალფ არსლანის ზეობა
1064, 1067 ალფ არსლანის ლაშქრობები საქართველოში
1071 მანაზკერტის ბრძოლა
1072-1092 მალიქ შაჰის ზეობა
1090 ირანის ისმაილიტთა სახელმწიფოს შექმნა
1141 კატვანის სტეპის ბრძოლა
1157 სელჯუკთა სახელმწიფოს საბოლოო დაშლა

You might also like