You are on page 1of 5

ქართული მიწების ერთ სახელმწიფოდ გაერთიანების ტენდენცია ჯერ კიდევ ფარნავაზის

ეპოქას უკავშირდება. შემდგომშიც ყოფილა საქართველოს გაერთიანების მცდელობები,


თუმცა უშედეგოდ, რასაც უამრავი მიზეზი ჰქონდა. უმთავრესი იყო საგარეო ფაქტორი.
საქართველოსთან ურთიერთობაში რომაული „დაყავი და იბატონეს“ პრინციპი ყველა
ძლიერი დამპყრობლის ამოსავალი წერტილი იყო. არაბთა ორსაუკუნოვანმა ბატონობამ
ძლიერ დაასუსტა ქვეყანა. ბუნებრივი პოლიტიკური ცენტრი მოიშალა. პოლიტიკური
მოღვაწეები და ქვეყნის მესვეურები იძულებულები იყვნენ, რომ დედაქალაქს გასცლოდნენ
და რეგიონებში გაეგრძელებინათ საქმიანობა.

საქართველოში არაბთა ბატონობის სიმძიმე ყველაზე მეტად ქართლში იგრძნობოდა. ეს


გასაკვირი არ იყო, რადგან იგი იყო ქვეყნის ცენტრი და სტრატეგიულად ძალიან
მნიშვნელოვანი რეგიონი. ნებისმიერი შემოსევის დროს პირველ დარტყმას არაბებისგან
სწორედ ქართლი იღებდა. არაბებმა ვერ შეძლეს მტკიცედ მოეკიდებინათ ფეხი დასავლეთ
საქართველოში, ასევე უჭირდათ კახეთის მთიანეთის შენარჩუნებაც. არაბთა სახალიფო
უზარმაზარ ტერიტორიაზე იყო გადაჭიმული: ევროპაში, აფრიკასა და აზიაში. უზარმაზარი
იმპერიის ერთი ცენტრიდან მართვა შეუძლებელი გახდა.VIII საუკუნის ბოლოს დაიწყო
სახალიფოს დასუსტება, რაც საქართველოშიც შესამჩნევი გახდა. არაბთა წინააღმდეგ
წარმოებული ბრძოლების პერიოდში საქართველოში იწყება სამეფო-სამთავროების
ჩამოყალიბება, რასაც თავის მხრივ ბიზანტიაც ხელს უწყობდა. მეტიც, იგი მათთან
სამხედრო-პოლიტიკურ კავშირსაც ამყარებდა, რაც ორივე მხარისთვის მისაღები იყო,
ვინაიდან ის საერთო მტრის- არაბთა სახალიფოს წინააღმდეგ იყო მიმართული.

VIII-IX საუკუნეთა მიჯნაზე საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა ახალი


პოლიტიკური ერთეულები: ტაო-კლარჯეთის სამეფო, აფხაზთა სამეფო, კახეთის სამთავრო,
თბილისის საამირო. ისინი იბრძოდნენ კავკასიის რეგიონში პირველობისთვის. ამ ბრძოლაში
ასევე ჩართულნი იყვნენ მეზობელი სომხური და ალბანური სამეფოები.

კახეთის სამთავრო ერთ-ერთი პირველი ჩამოყალიბდა, რაც წანართა მათავრის, გრიგოლ


ქორეპისკოპოსის სახელთან არის დაკავშირებული. წანარები იყო ქართული ტომი, რომელიც
თავდაპირველად დარიალის ხეობაში ცხოვრობდა. მათ წინააღმდეგ ბრძოლა განსაკუთრებით
უჭირდათ არაბებს. VIII ს-ის 70-იან წლებში წანარებმა არაბების წინააღმდეგ დიდი აჯანყება
მოაწყვეს, რომელშიც ასევე მონაწილეობდნენ მეზობელი გარდაბნის, კახეთ-კუხეთისა და
სხვა მთავრები. VIII ს-ის ბოლოს კახეთი უკვე არაბთა ბატონობისგან თავისუფლდება და
სწორედ ამავე პერიოდში ხდება სამთავროს ცენტრის გადატანა თიანეთში. კახეთის სამთავრო
ჩამოყალიბებისთანავე აქტიური პოლიტიკის გატარებას იწყებს, კერძოდ იბრძვის არაბთა
წინააღმდეგ, მონაწილეობს საქართველოს გაერთიანებისთვის წარმოებულ ბრძოლაში და
აფართოებს თავის საზღვრებს. XI ს-ის დასაწყისში კვირიკე III დიდმა (1010-1037) დაიპყრო
კახეთის აღმოსავლეთი მდებარე ჰერეთის სამეფო და შექმა „რანთა და კახთა სამეფო“.
დედაქალაქიც თელავში გადაიტანა. საბოლოოდ, კახეთ-ჰერეთი ერთიან საქართველოს
დავით აღმაშენებელმა შეუერთა 1104-1105 წლებში.

კახეთის აღმოსავლეთით VIII ს-ის მეორე ნახევარში არაბთა ხელშეწყობითა და


მხარდაჭერით ჩამოყალიდა ჰერეთის სამეფო. ჰერეთი ჯერ კიდევ ვახტანგ გორგასლის დროს
წარმოადგენდა ქართლის სამეფოს ერთ-ერთ საერისთავოს. 837 წ ადარბადაგანში
აჯანყებული ბაბექის დამარცხებაში დახმარებისთვის ხალიფამ მთავრის ტიტული
უწყალობა ჰერეთის მფლობელს საჰლ იბნ-სუმბატს. შემდგომშიც არაბები მეტად
სწყალობდნენ ჰერეთს, რადგან სხვა ქართული სახელმწიფოებისგან შეწუხებულნი იყვნენ.
ჰერეთის პირველ მეფედ იხსენიება ჰამამი (893წ). უკვე X საუკუნიდან ჰერეთი
პრობიზანტიურ კურსს ირჩევს. შედეგად არაბობა სუსტდება ჰერეთის მმართველები კი
ბიზანტიურ ტიტულებს იღებენ. XI ს-ის დასაწყისში კახეთის მთავარმა მიერთა ჰერეთის
სამეფო და შეიქმნა „ერთიანი რანთა და კახთა სამეფო“.

დასავლეთ საქართველომ არაბთა ბატონობის სიმძიმე შედარებით ნაკლებად განიცადა.


სწორედ ამიტომ აქ მოსახლეობამ სწრაფად იწყო მომრავლება, კერძოდ დიდი იყო რიცხვი
აღმოსავლეთ საქართველოდან გადმოსახლებულებისა. ეს კი ბუნებრიად იწვევდა დასავლეთ
და აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობის კულტურულ და ეთნიკურ დაახლოებასა და
შერწყმას. დასავლეთ საქართველოს სამთავროების ერთიან სახელმწიფოდ შეკავშირება
აუცილებელი იყო როგორც არაბთა ახალი შემოსევების აღსაკვეთად, ისე ბიზანტიის
ბატონობის თავიდან მოსაშორებლად.

ეგრისში მეფობის გაუქმების შემდეგ დასავლეთ საქართველოს სამეფოებს შორის ყველაზე


მეტად დაწინაურდა აბაზგიის საერისთავო, რომელსაც ქართულ წყაროებში აფხაზეთის
სამეფო ეწოდება. საქართველოს უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთში არაბთა ბატონობა
თითქმის არ დამყარებულა, მურვან ყრუმაც კი ვერ მოახერხა ანაკოფიას გასცდენოდა. აქ
ძირითად მოწინააღმდეგედ ბიზანტია წარმოადგენდა. VIII საუკუნის დასაწყისიდან იწყება
აფხაზეთის სამთავროს გაძლიერება, რასაც თავდაპირველად ბიზანტიელებიც კი უწყობდნენ
ხელს, რათა გაძლიერებული საერისთავო არაბების წინააღმდეგ ბრძოლაში გამოეყენებინათ.
აფხაზეთის საერისთავო ნელ-ნელა აფართოებს თავის საზღვრებს და იერთებს აფშილეთს.
სამთავროს გაძლიერება-გაფართოებისთვის განსაკუთრებით აქტიურად მოღვაწეობდა ლეონ
I-ის ძმისწული ლეონ II. მან ისარგებლა VIII ს-ის მეორე ნახევარში ბიზანტიის დასუსტებით,
რაც რელიგიური ბრძოლებითა და საშინაო არეულობით (ხატმებრძოლეობით) იყო
გამოწვეული, დაიხმარა თავისი სიმამრი- ხაზართა ხაკანი, თავისი სამეფო გაათავისუფლა
ბიზანტიელთა ბატონობისგან და თავისი ხელისუფლება გაავრცელა მთელ დასავლეთ
საქართველოზე. მან თავი გამოაცხადა „მეფედ აფხათზა“. სამეფოს დედაქალაქი ქუთაისში
იყო. ლეონმა სამეფო საერისთავოებად დაყო. აფხაზეთის სამეფო მკაცრად
ცენტრალიზებული იყო, მისი მეფეები აქტიურად იბრძოდნენ საქართველოს
გაერთიანებისთვის და წარმატებებსაც აღწევდნენ. აქ არსებული ექარქიები
(საეპისკოპოსოები) კონსტანტინოპოლის პატრიარქს ექვემდებარებოდა. აფხაზთა მეფეებს
დიდი ძალისხმევა დასჭირდათ იმისთვის, რომ IX-X საუკუნეების მიჯნაზე, რომ ეკლესიას
დამოუკიდებლობა მოეპოვებინა და მცხეთის კათალიკოსს დამორჩილებოდა. შედეგად
საეკლესიო ენად დამკვიდრდა ქართული, გაუქმდა ბერძნული ეპარქიები, მათ ნაცვლად
შეიქმნა სრულიად ახალი ეპარქიები და აშენდა ახალი ეკლესიები. აფხაზეთის მეფენი ასევე
აქტიურ საგარეო პოლიტიკას აწარმოებდნენ და ხშირად ფლობდნენ შიდა ქართლს, სამცხის
ციხეებსა და ჯავახეთს.
საქართველოს პოლიტიკურ გაერთიანებას წინ უძღოდა ქვეყნის ეკლესიური გაერთიანება.

ყველაზე გვიან ჩამოყალიბდა ტაო-კლარჯეთის სამთავრო. არაბებთან წინააღმდეგობის გამო


IX ს-ის დასაწყისში ქართლის ბოლო ერისმთავარმა აშოტ ბაგრატიონმა ქართლი მიატოვა და
თავის ოჯახთან ერთად და მომხრეებთან ერთად თავი შეაფარა სამხრეთ-დასავლეთ
საქართველოს, კლარჯეთს. მან აღადგინა ვახტანგ გორგასლის მიერ დაარსებული არტანუჯი
და თავის რეზიდენციად აქცია. ბაგრატიონთა საგვარეულო წარმოშობით ისტორიული
სამხრეთქართული პროვინცია სპერიდან იყვნენ. მე-8 საუკუნის ბოლოს ისინი ქართლის
მეფეთა შთამომავალ ფარნავაზიანებს დამოუმოყვრდნენ. აშოტ ბაგრატიონზე შედარებით
ადრე დაიწყო მოღვაწეობა ამ მხარეში უდიდესმა სასულიერო მოღვაწემ, გრიგოლ ხანძთელმა.
სწორედ მათმა საქმიანობამ ჩაუყარა საფუძველი ტაო-კლარჯეთის სამთავროს ძლიერებას.
შეიძლება ითქვას, რომ სწორედ მათი მოღვაწეობიდან იწყება ბრძოლა საქართველოს
გაერთიანებისა და აღორძინებისთვის. ბიზანტიის იმპერატორმა აშოტს კურაპალატის
ტიტული მიანიჭა. აშოტის დროს სამთავროს შემადგენლობაში შედიოდა: შავშეთი,
კლარჯეთი, ტაო, სამცხე, ჯავახეთი, არტაანი. მან ასევე შიდა ქართლის შემოერთებაც შეძლო.
მიუხედავად ამისა, მის პოლიტიკას ქვეყნის შიგნით მოწინააღმდეგეები გამოუჩნდნენ.
სუმბატ დავითის გადმოცემით აშოტი ღალატით მოკლეს 826 წელს. მას დარჩა სამი ძე:
ადარნასე, ბაგრატი და გუარამი. კურაპალატობა და ტაო-კლარჯეთის მმართველობა ბაგრატს
ერგო. აშოტის შთამომალობა გაიყო ორ შტოდ: არტანუჯელ, კლარჯეთელ (ადარნასეს
მემკვიდრეები) და ტაოელ ბაგრატიონებად (ბაგრატის შთამომავლობა, მომავალი ერთიანი
საქართველოს მეფეები). რაც შეეხება გუარამს, მან მამფალის წოდება მიიღო, თუმცა მისი
შთამომავლობა ბაგრატიონთა საგვარეულოს შიგნით ამტყდარი შინაომის დროს ამოწყდა.
აშოტის გარდაცვალების შემდეგ სამთავრო დასუსტდა და გარკვეული ტერიტორიები
დაკარგა კიდეც. 888 წელს ბაგრატ კურაპალატის შვილიშვილმა ადარნასე II-მ „ქართველმა
მეფის“ ტიტული მიიღო. სწორედ ამ დროიდან ტაოს სამეფოს ქართველთა სამეფოც ეწოდა.
იგი შედგებოდა რამდენიმე პატარ-პატარა სამთავროსგან. ყველა ბაგრატიონს ჰქონდა თავისი
კუთვნილი სამფლობელო. ტაელი ბაგრატიონები ინარჩუნებდნენ „ქართველთა მეფობას“,
ხოლო კლარჯი ბაგრატიონების ხელში დარჩა ერისთავთერისთავობა, მამფალობა და ისინი
მხოლოდ ნომინალურად აღიარებდნენ ტაოელი ბაგრატიონების უზენაესობას. ქართველთა
სამეფომ განსაკუთრებულ ძლიერებას მიაღწია დავით III დიდის (961-1001წწ) დროს.

თბილისის საამირო ცალკე პოლიტიკურ ერთეულს წარმოადგენდა, რომელიც არაბობის


ბატონობისას დაარსდა 744 წელს. მის სათავეში იდგნენ ამირები, რომლებიც ხალიფებს აღარ
ემორჩილებოდნენ და თბილისსა და ქვემო ქართლს ისევე განაგებდნენ, როგორც სხვა
ქართველი მეფე-მთავრები თავიანთ სამფლობელოებს. ამირას დასამორჩილებლად ხალიფამ
გამოგზავნა დიდი ჯარი, რომელსაც ცნობილი სარდალი, ბუღა თურქი მეთაურობდა. იგი
თბილისს 853 წლის აგვისტოში მოადგა. დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად ბუღა თურქმა
მაინც მოახერხა თბილისის აღება. თბილისის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი
განადურდა, ურჩი ამირა კი შეიპყრეს და სიკვდილით დასაჯეს. მიუხედავად ამისა, ამირები
IX ს-ის დამლევიდან აღარ ემორჩილებოდნენ ხალიფებს. გარეგნული მორჩილება მხოლოდ
იმაში გამოიხატებოდა, რომ ამირები ერთხანს ფულს ისევ ხალიფას სახელით ჭრიდნენ.
თუმცა მალე, არაბთა ხელისუფლების დასუსტებასთან ერთად ასევე მცირდებოდა საამიროს
ტერიტორია. შიდა ქართლის დაკარგვის შემდეგ ამირას მხოლოდ თბილისი და მისი
შემოგარენი ემორჩილებოდა.

შუა საუკუნეებში პოლიტიკური და ეკონომიკური უპირატესობის მოსაპოვებლად დიდი


მნიშვნელობა ჰქონდა სავაჭრო გზების, სამხედრო მაგისტრალებისა და იქ არსებული
ციხეების ფლობასა და გაკონტროლებას. ქართული სამეფოების დამაკავშირებელი ძირითადი
გზები ქართლზე გადიოდა. შიდა ქართლს ხელსაყრელი სამხედრო-სტრატეგიული
მდებარეობა ჰქონდა, რადგან საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ თითქმის ყველა დიდ
პოლიტიკურ ერთეულს ესაზღვრებოდა. სწორედ ამიტომ კავკასიის რეგიონში
ჰეგემონიისთვის ბრძოლა ნიშნავდა ბრძოლას ქართლისთვის. ამ მხარით ასევე
დაინტერესებულნი იყვნენ სომხეთი და არაბები.

ქართლს სხვადასხვა დროს სხვადასხვა სამეფო-სამთავროს მმართველები ფლობდნენ, რაც


შეეხება ქართლის ფეოდალურ საგვარეულოებს, ისინი პოლიტიკური ვითარების
შესაბამისად ხან ერთ ძალას უჭერდნენ მხარს, ხან მეორეს.

IX-X საუკუნეებში შიდა ქართლისთვის ბრძოლაში უპირატესობას აფხაზთა მეფეები


ფლობდნენ. 904 წელს მეფე კონსტანტინემ ქართლი დაიკავა, გიორგი II დიდმა (922-957) კი
იგი ეგრის-აფხაზეთის სამეფოს მყარად შემოუერთა. აფხაზებმა ეს რეგიონი ჯავახეთთან
ერთად საუფლისწულო მამულებად აქციეს, სადაც ტახტის მემკვიდრეს სვამდნენ
მმართველად.

ეგრის-აფხაზეთის სამეფოს გაძლიერებასთან ერთად ასევე იზრდებოდა ქართველთა


სამეფოს გავლენაც, რომელსაც X საუკუნეში ბაგრატიონთა გვარის წარმომადგენლები
მართავდნენ. მათგან ყველაზე გამორჩეული იყო დავით III კურაპალატი (961-1001წწ),
რომელმაც კუთვნილი ტაოს სამფლობელოები სამხრეთის მიმართულებით მნიშვნელოვნად
გაზარდა და ქართველ მეფე-მთავრებს შორის ყველაზე დიდი ავტორიტეტიც მოიპოვა. იოანე
მარუშისძემ, რომელიც აფხათზა მეფის ერისთავი იყო კარგად იცოდა, რომ საქართველოს
გაერთიანება სწორედ დავითს შეეძლო, რადგან ჰქონდა საამისო ძალაცა და ავტორიტეტიც.
დავითი X საუკუნის 70-იანი წლებიდან აქტიურად ჩაერთო შიდა ქართლისთვის ბრძოლაში.
ამაში მას ხელი შეუწყო აფხაზთა სამეფოს დასუსტებამაც, სადაც გიორგი II-ს შვილებს შორის
მიმდინარეობდა ბრძოლა სამეფო ტახტისთვის. აფხაზეთის უკანასკნელ მეფე თეოდოსს
შვილი არ ჰყავდა. აფხაზეთის სამეფო ერთადერთი მემკვიდრე იყო გიორგი II-ის
ქალიშვილის ვაჟი ბაგრატ ბაგრატიონი.

ბაგრატ ბაგრატიონი დავით კურაპალატის შვილობილი, ქართველთა მეფის- გიორგი II-ის


შვილიშვილი და აფხაზთა უსინათლო და უმემკვიდრეო მეფის დისშვილი იყო. იგი სამი
ტახტის მემკვიდრე იყო, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ
ბაგრატი იმ დროისთვის სრულწლოვანი არ იყო, დავით კურაპალატი დასთანხმდა იოანე
მარუშისძის შეთავაზებას, გაემეფებინა ბაგრატი. 975 წელს დავით კურაპალატმა ქართლში
მმართველად ბაგრატ III დასვა. 978 წელს კი იოანე მარუშის ძის ინიციატივით ბაგრატი
დასავლეთ საქართველოში გადავიდა და ქუთაისში მეფედ ეკურთხა. „მეფე აფხაზთა“- ეს იყო
პირველი ტიტული, რომელიც მან მიიღო. ბიძამისი თეოდოსი კი ბაგრატმა ტაოში გაგზავნა.
978 წელს ბიზანტიის იმპერატორს თავისი ვასალი ბარდა სკლიაროსი აუჯანყდა. მან მოკლე
ხანში მცირე აზიის დიდი ნაწილი დაიქვემდებარა. ბიზანტიის სამეფო კარმა დახმარება
დავით კურაპალატს სთხოვა. ტაოში ელჩად გაგზავნეს ათონის მთაზე მყოფი ქართველი ბერი
იოვანე- ერისკაცობაში დავით კურაპალატის გამოჩენილი სარდალი თორნიკე. დავითმა
ბიზანტიის იმპერატოტს 12 000-იანი ლაშქარი გაუგზავნა, რომელსაც ერისთავი ჯოჯიკი და
იოვანე-თორნიკე მეთაურობდნენ. გადამწყვეტი ბრძოლა მდინარე ჰალისთან გაიმართა.
აჯანყებული სკლიაროსი დამარცხდა. მადლიერმა იმპერატორმა დავით კურაპალატს
აღმოსავლეთში მიწები უბოძა.

1001 წელს დავით კურაპალატი გარდაიცვალა. ბიზანტიის იმპერატორი ბასილი II


სასწრაფოდ შევიდა ტაოში და დავითის სამფლობელოები დაიკავა. ამის გამო ურთიერთობა
დაიძაბა ბაგრატ III-სა და იმპერატორს შორის, მაგრამ საქმე კონფლიქტამდე არ მისულა.
ბაგრატმა დათმობა და საქმის დიპლომატიურად მოგვარება ამჯობინა. მისი ეს ნაბიჯი
საკმაოდ გონივრული იყო, რადგან ქვეყნის შიგნით ჯერ კიდევ ბევრი რამ იყო
მოსაგვარებელი და ძლიერ ბიზანტიასთან ბრძოლა მას ამჯერად არ შეეძლო. ბასილმა მას
კურაპალატის, ხოლო მამამისს, გურგენს კი უფრო დაბალი ტიტული- მაგისტროსობა უბოძა.
ამით იმპერატორი მამა-შვილს შორის შუღლის ჩამოგდებას აპირებდა, თუმცა ეს ვერ
მოახერხა.

1008 წელს გურგენ ბაგრატიონი გარდაიცვალა და ბაგრატმა მისი უშუალო სამფლობელო


დაიკავა. საქართველოს მიწებიდან მისი მფლობელობის გარეთ რჩებოდა თბილისის საამირო
და კახეთ-ჰერეთი.

1010 წელს ბაგრატი კახეთში ჯარით შევიდა, მისი მეფე კვირიკე III დაატყვევა, რომელიც
ბოჭორმის ციხეში იყო გამაგრებული და სამეფო დაიკავა.

საქართველოს ასეთი გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში არ შედიოდა არაბ დამპყრობთა


დარჩენილ ხელისუფალთა ინტერესებში. განძის ამირა ფადლონი განუწყვეტლივ თავს
ესხმოდა კახეთ-ჰერეთის ტერიტორიას და აქედან ბაგრატის განდევნას ცდილობდა. თუმცა
ბაგრატმა იგი სასტიკად დაამარცხა იგი და მისი სამსახური და მოხარკეობა დააკისრა.

საბოლოოდ ერთიანი საქართველოს პირველი მეფის ტიტულატურა ასე ჩამოყალიბდა: „მეფე


აფხაზთა, ქართველთა, რანთა და კახთა“.

1014 წელს ბაგრატი გარდაიცვალა და იგი მის მიერ აგებულ ბედიის ტაძარში დაკრძალეს.

You might also like