You are on page 1of 6

სივრცე, საზოგადოება.

რა განსაკუთრებული მახასიათებლები გამოარჩევდა სასანიანთა ირანს?

დასავლური სამყარო ირანისადმი ინტერესს მუდამ იჩენდა. ხშირ შემთხვევაში ამ


ინტერესს დაპირისპირების სახე (მაკედონელის ლაშქრობა, პართია-რომის ომები,
ბიზანტია-ირანის ომები) ჰქონდა. ირანის მდებარეობამ იმთავითვე მიანიჭა მას
ეკონომიკური ხიდის როლი შორეულ აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, რადგან
სწორედ ირანზე გადიოდა უმნიშვნელოვანესი სავაჭრო (როგორც სახმელეთო, ისე
საზღვაო) გზები. აღნიშნულმა ფაქტორებმა განაპირობა ირანის კულტურულ-
ეკონომიკური დაწინაურებაც. სასანური ირანი III-VII საუკუნეებში კულტურათა
შეხვედრის ადგილად იქცა.
ამ პარაგრაფში გაიგებ, როგორ ჩამოყალიბდა სასანიანთა ირანი, რა
განსაკუთრებული რელიგიური და პოლიტიკური მახასიათებლები ჰქონდა მას და,
ზოგადად, რა წვლილი შეიტანა მსოფლიო ისტორიაში.

როგორ შეიქმნა სასანური ირანის იმპერია?


სასანური დინასტია ირანში 224-651 წლებში არსებობდა. აჯანყების გზით მოვიდა
ხელისუფლებაში არდაშირ I (226-241), რომელიც ახალი დინასტიის პირველი შაჰი
იყო. იგი, ისევე როგორც მისი წინაპრები, ერთ-ერთი ღვთაების ტაძრის ქურუმი იყო.
არდაშირს დიდი მხარდაჭერა ჰქონდა სპარსული არისტოკრატიისა და ჯარის
მხრიდან, რამაც გაუადვილა პართიის უკანასკნელი მეფის, არტაბან V-ის (209-224)
დამარცხება. მან აიღო ქალაქი ქტესიფონი, მიიღო შაჰინ-შაჰის (მეფეთ-მეფე)
ტიტული და საფუძველი ჩაუყარა ახალ ირანულ დინასტიას.

1
ჩანართი სასანური დინასტიის წარმომავლობა
ისტორიული ტრადიციით, სასანიანთა დინასტია წარმოშობით ირანის სამხრეთი
პროვინციიდან, ფარსიდან იყო და მაღალ სოციალურ ფენას განეკუთვნებოდა. დინასტიას
სახელი ეწოდა სასანის – ფარსის ერთ-ერთი ტაძრის ქურუმის სახელის მიხედვით. სწორედ
მან ჩაუყარა საფუძველი ახალ დინასტიას და ამ საგვარეულოს ეკუთვნოდა არდაშირ I.

პართიის სახელმწიფოს არსებობის დროს მაზდეანობა, როგორც რელიგია ძალიან


იყო დაკნინებული, მთელი აქცენტი გადატანილი იყო მითრას კულტის
აღორძინებაზე. ირანის ახალმა მმართველმა ელიტამ, როგორც სასულიერო, ისე
საერომ, მაზდეანობა გამოაცხადა სახელმწიფო რელიგიად. მაზდეანობა ირანის
სოციალური და საგარეო პოლიტიკური კურსის შემადგენელ ნაწილად იქცა.
მაზდეანურ რელიგიას ირანის შაჰები პოლიტიკურ იარაღად იყენებდნენ,
განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ქრისტიანობა ფართოდ გავრცელდა რომში,
კავკასიაში და მესოპოტამიაში.

ჩანართი რა არის მაზდეანობა?


მაზდეანობა ანუ ზოროასტრიზმი ძველი სპარსული რელიგიაა. იგი სახელმწიფო რელიგიას
წარმოადგენდა აქემენიანთა ირანში. რელიგია ძვ.წ. VI საუკუნეში ჩამოყალიბდა, რომლის
შემქმნელად ზარატუშტრა (ზოროასტრი) არის მიჩნეული. მაზდეანობის არსი, მოძღვრება
გადმოცემულია წიგნში, რომელსაც ზენდ-ავესტა (სიცოცხლის წიგნი) ეწოდება.
ზოროასტრიზმის მოძღვრებაში ერთმანეთს უპირისპირდება სიკეთე და ბოროტება, შავი და
თეთრი, სინათლე და სიბნელე. მაზდეანობის უმაღლესი ღვთაება არის აჰურამაზდა,
რომელიც სინათლისა და სიკეთის საწყისია. მას უპირისპირდება ღვთაება არიმანი, სიბნელის
სული, რომელსაც სურს ყველაფერი გაანადგუროს. ამიტომ ეს ორი ღვთაება ერთმანეთს
ებრძვის.
მაზდეანობის, როგორც რელიგიის, არსი სინათლისა და სიკეთის განდიდებაა. სწორედ
ამიტომ მას ცეცხლთაყვანისმცემლობასაც უწოდებენ, რადგან ცეცხლი აჰურამაზდას კეთილ
და ნათელ ბუნებას განასახიერებს.

სასანიანთა ირანის სახელმწიფო, აღმოსავლურ სამყაროში, ეკონომიკურად,


პოლიტიკურად და კულტურულად ძლიერ სახელმწიფოებრივ გაერთიანებას
წარმოადგენდა. მას ჰქონდა მონოთეისტური რელიგია, რომელიც ასევე
სახელმწიფოს მმართველებსა და კანონებს რელიგიურ ლეგიტიმაციას სძენდა.

2
სახელმწიფოს მმართველობა მყარ დინასტიურ პრინციპზე დამყარებულ მონარქიას
წარმოადგენდა. სასანიანი შაჰების დინასტიის სიმყარე და ძალაუფლება ნაწილობრივ
რელიგიურ ლეგიტიმაციას, ნაწილობრივ კი მოწესრიგებული სახელმწიფოს მართვის
ადმინისტრაციულ სისტემას ემყარებოდა. V-VI საუკუნეებში, სასანიანთა ირანი
რომის იმპერიის მთავარ მოწინააღმდეგედ განიხილებოდა ეკონომიკურად და
სტრატეგიულად მდიდარი სირიისა თუ ჩრდილოეთ მესოპოტამიის რეგიონისთვის
მიმდინარე კონფლიქტებში.

რა პოლიტიკა ჰქონდათ სასანიანებს ქრისტიანების მიმართ?


სასანიანთა ირანის და რომის (შემდგომ ბიზანტია) ურთიერთობა რადიკალურად
იცვლება რომის გაქრისტიანების შემდეგ (IV ს.). ირანის მმართველი ელიტა ეჭვის
თვალით უყურებდა ქრისტიან თემებს, რომლებიც ძირითადად სასაზღვრო და
სადავო ტერიტორიებზე (სამხრეთი კავკასია, სირია, მესოპოტამია) ცხოვრობდნენ.
ქრისტიანობა სწრაფად ვრცელდებოდა ირანის დაბალ სოციალურ ფენაშიც (ვაჭრები,
ხელოსნები, მონები). რასაკვირველია, ირანში მცხოვრები ქრისტიანების
დამოკიდებულება რომის (შემდგომ ბიზანტიის) მიმართ კეთილგანწყობილი
იქნებოდა, ამიტომ ირანის ხელისუფლებისთვის ქრისტიანობა სოციალური და
პოლიტიკური თვალსაზრისით საშიში აღმოჩნდა.

შაპურ II-ის ბრძანება ქრისტიანების შესახებ

1. ქრისტიანებს ეკრძალებათ ლაშქრობაში მონაწილეობა;


2. ქრისტიანებმა ორმაგად გადაიხადონ გადასახადი;
3. გადასახადის აკრეფა დაეკისროს ირანის ქრისტიანთა კათალიკოსს.

ირანის შაჰი შაპურ II-ის (309-379) მეფობა ქრისტიანთა სასტიკი დევნით


გამოირჩევა. მან გამოსცა ბრძანება, რომლითაც მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ
ქრისტიანები. ირანში სიკვდილით სჯიდნენ ქრისტიან რელიგიურ პირებს,
ანგრევდნენ ქრისტიანთა ტაძრებს. ირანი იდეოლოგიურ ბრძოლას აწარმოებდა

3
რომთან (შემდეგ ბიზანტიასთან) დაახლოებულ ქვეყნებთან. ირანს პოლიტიკური
ბატონობის აუცილებელ პირობად ქართლში, სომხეთსა და ალბანეთში მაზდეანობის
გავრცელება მიაჩნდა.
მეოთხე საუკუნეში, განსაკუთრებით კონსტანტინეს სიკვდილის შემდეგ (337),
ირანის გავლენა კავკასიაში და მათ შორის ქართლის სამეფოში უფრო და უფრო
ძლიერდებოდა. რომის კრიზისი ირანს კავკასიაში ფეხის მოკიდების საშუალებას
აძლევდა. ქართლის სამეფო ირანის გავლენის სფეროში აღმოჩნდა. ქართული
წყაროების მიხედვით, გაქრისტიანების შემდეგ, მეფე მირიანის შთამომავლებს
ირანელებთან ბრძოლა არაერთხელ მოუწიათ. ჩნდებიან ირანელი მოხელეები
ქართლში და ქართლის სამეფოს ხარკის გადახდაც უწევს.

ჩანართი ირანის სოციალური წყობა

შაჰრდარები – ამ კრებით სახელში ერთიანდებოდნენ თვით ირანის შაჰი, ირანის ვასალი


სახელმწიფოების (ქართლი, სომხეთი, ალბანეთი და სხვ.) მმართველები, რომლებიც
ვალდებულნი იყვნენ, გამოეყვანათ ლაშქარი.
ვისფურები – ისინი წარმოადგენდნენ ირანულ არისტოკრატულ გვარებს. მათი ძირითადი
ფუნქცია შაჰინშაჰის ხელდასხმაში გამოიხატებოდა. მათ ხელში იყო იმპერიის ყველაზე
მაღალი თანამდებობები, ამიტომაც დიდი გავლენები ჰქონდათ სახელმწიფოში.
ვეზურგანები – მათ ხელში იყო ძირითადად სამხედრო და სამოქალაქო თანამდებობები.
აზატნი – აზატები ანუ თავისუფალი ხალხი მოსახლეობის უმრავლესობას მოიცავდა. აზატთა
უდიდეს ნაწილს ძირითადად მიწათმოქმედები შეადგენდნენ, თუმცა ამ ფენაში ვაჭრები და
ხელოსნებიც შედიოდნენ. აზატები ქმნიდნენ იმპერიის ლაშქარს და იმპერიის მთელი
სიძლიერე მათ ეყრდნობოდა.
სასანიანთა ირანში მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს მონებიც შეადგენდნენ. მონები
ძირითადად სამხედრო ტყვეები იყვნენ.

რა როლს ასრულებდა სავაჭრო გზები ირანში?


ირანს განსაკუთრებული მდებარეობა აქვს. უძველესი დროიდან აქ გადიოდა
სავაჭრო-სახმელეთო გზები. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი „აბრეშუმის დიდი გზა“
იყო. სასანიანთა დინასტიის ყველა შაჰი დიდ ყურადღებას აქცევდა როგორც სავაჭრო
გზების უსაფრთხოებას, ისე მის კეთილმოწყობას. „აბრეშუმის გზის“ მარშრუტებს

4
ირანი საიდუმლოდ ინახავდა. მას დაუშვებლად მიაჩნდა, რომ ბიზანტიას პირდაპირი
კავშირი ჰქონოდა ჩინეთსა და ინდოეთთან. აქდან გამომდინარე, ირანი საუკუნეების
განმავლობაში ინარჩუნებდა გზაგამტარის როლს შორეულ აღმოსავლეთსა და
დასავლეთის ქვეყნებს შორის.
ვაჭრობისა და ხელოსნობის განვითარების მიზნით სასანიანი შაჰები სავაჭრო
გზებზე აარსებდნენ ახალ-ახალ ქალაქებს, რომელთაც საკუთარ სახელებს
არქმევდნენ ხოლმე, მაგალითად: ვეჰ-არდაშირი, ნევ-შაპური, ვეჰ-კავადი, რამ-
პეროზი და ა.შ. მნიშვნელოვანი ეკონომიკური, კულტურული და პოლიტიკური
ცენტრი იყო იმპერიის დედაქალაქი ქტესიფონი, რომელიც მდ. ტიგროსზე იყო
გაშენებული და საკვანძო-სტრატეგიულ პუნქტს წარმოადგენდა.
V-VI საუკუნეებში სასანიანებმა მოახერხეს და კავკასიის რეგიონზე პოლიტიკური
გავლენა გაავრცელეს: რიგრიგობით გააუქმეს მეფობა სომხეთში, ქართლში,
ალბანეთში და ხელში ჩაიგდეს კავკასიის რეგიონზე გამავალი სატრანზიტო გზები.
ირანული სამყარო საუკუნეების განმავლობაში ითავსებდა სხვადასხვა სივრცესა
და კულტურას შორის გზაგამტარის როლს და ეს მის კულტურულ წინსვლას
განაპირობებდა. დასავლეთით რომაული და აღმოსავლეთით ინდური
ცივილიზაციების გარდა, ირანს მჭიდრო კონტაქტი ჰქონდა ევრაზიული სტეპების
მცხოვრებებთან, სადაც წამყვანი პოზიციები თურქულენოვან ჯგუფებს ეკავათ.
ევრაზიის სტეპური სივრცე, თავის მხრივ, მნიშვნელოვანი სამყარო იყო, რომელიც
ყველა ეპოქაში განსაკუთრებულ გავლენას ახდენდა მსოფლიოს ისტორიის
განვითარებაზე. ისტორიის ამა თუ იმ ეპოქაში აღნიშნული სივრციდან მიგრირებული
ხალხები სადაც გამოჩნდებოდნენ, იქაურ ისტორიულ წესრიგს და მომავალ
განვითარებას მთლიანად ცვლიდნენ. სხვადასხვა დროს ასეთები იყვნენ: სკვითები,
მასაგეტები, ჰუნები და სხვ. სასანიანთა ეპოქაში ირანის იმპერიის ჩრდილოეთ
საზღვარი, რომელიც კასპიისა და არალის ზღვას შორის მდებარე ტერიტორიებს
მოიცავდა, ირანელებისა და სტეპის ბინადარი თურქულენოვანი ხალხების
დაპირისპირების სივრცე იყო.
ირანისთვის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა იმ სავაჭრო
არტერიების უსაფრთხოებას, რომლებიც მას უკიდურესი აღმოსავლეთით ჩინურ
სამყაროსთან აკავშირებდა. ამ გზების არსებობას მიაწერენ აღნიშნული სივრცის
ეკონომიკურ განვითარებას და ევრაზიულ სივრცეში თურქულენოვანი ხალხების
მიერ პოლიტიკური ერთეულების – ხაკანატების – ჩამოყალიბებას. რომაულ
სამყაროსთან მუდმივი დაპირისპირების გარდა, სასანიანთა ეპოქაში ირანის

5
მმართველებს ხშირად უწევდათ კასპიის აღმოსავლეთიდან შემოჭრილი ჰეფთალების
წინააღმდეგ ომი.

You might also like