You are on page 1of 10

სახელმწიფო და საერთაშორისო ურთიერთობები

სახელმწიფო წარმოადგენს მსოფლიო პოლიტიკის ძირითად აქტორს. მისი პოლიტიკა


განსაზღვრავს საერთაშორისო ურთიერთობების ბუნებას, პირდაპირ გავლენას ახდენს
თავისუფლების ხარისხზე და მოქალაქეთა კეთილდღეობის დონეზე, თვითონ ადამიანების
სოცოცხლეზე. საერთაშორისო ურთიერთობების სხვა სუბიექტების არსებობასაც კი
მნიშვნელოვნად განაპირობებს მათ მიმართ სახელმწიფოების დამოკიდებულება.
თანამედროვე მსოფლიოს ბუნებრივი მდგომარეობა, როგორც წარსულში ისე დღეს იდეალში
უნდა იყოს მშვიდობა, ხოლო რეალურად არის ომი. სწორედ ამიტომ, საერთაშორისო
ურთიერთობების სისტემის შინაარსი და მიზანი მდგომარეობს სახელმწიფოებსა და ქვეყნებს
შორის იმ კონფლიქტების მოგვარების გზებისა და საშუალებების ძიება, რომლებიც
წარმოიშვება ეროვნული ინტერესების დაცვის საფუძველზე: ,,ამ კონტექსტში საერთაშორისო
ურთიერთობები, დიდ ყურადღებას გადაწყვეტილების მიღების იმ მექანიზმებს უთმობს,
რომლებიც საერთაშორისო კონფლიქტების მოგვარების საქმეს და სახელმწიფოებს შორის
კონსესუსის მიღწევას ემსახურებიან” [1].
სახელმწიფო ისევ რჩება საერთაშორისო ურთიერთობების ძირითად სუბიექტად.
მსოფლიო არენაზე სახელმწიფოს ავტორიტეტსა და ძლიერებას, საკუთარი ინტერესების
დაცვის ხარისხი და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე გავლენის მოხდენის დონე
განსაზღვრავს. სახელმწიფოს ძლიერება, მისი ადგილი საერთაშორისო ურთიერთობების
სისტემაში, რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული. საუკუნეების მანძილზე
სახელმწიფოს სიძლიერის ერთ-ერთ ძირითად ინდიკატორად სამხედრო ძალა ითვლებოდა,
რომელიც სხვა მაჩვენებლებთან ერთად საერთაშორისო არენაზე სახელმწიფოს ადგილს
განსაზღვრავდა: ,,მათ შორისაა ტერიტორიის ზომა, ბუნებრივი და ადამიანური რესურსები,
ეროვნული ეკონომიკის სტრუქტურა, სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის
მოცულობა და ხარისხი, საზოგადოების ეკონომიკური უსაფრთხოების დაცვა და აგრეთვე
ქვეყნის შესაძლებლობა მოახდინოს პროგრესული გავლენა საერთაშორისო განვითარებაზე“
[2].
ევროპული სახელმწიფოების ოჯახი, ერთიანი რომის იმპერიის წიღში აღმოცენდა,
რომელიც ერთი სახელმწიფოს ბაზაზე ქმნიდა საყოველთაო მშვიდობის იდეალს - pax
Romana (რომაული მშვიდობა) Orbis terrarium-ისთვის, ანუ მთელი სამყაროსათვის. Ara Pacis
(მშვიდობის საკურთხეველი), აგებული იმპერატორ ოქტოვიანე ავგუსტუსის მიერ მარსის
საპატივცემულოდ და რომის გარშემო მსოფლიოს გაერთიანებას ეძღვნებოდა. მისი და
საყოველთაო მშვიდობის სიმბოლოდ რომაული ქალღმერთი - კოტა ითვლებოდა: ,,ფაქტია,
რომ საყოველთაო მშვიდობისა და მსოფლიო იმპერიის იდეა რომმა ანდერძით დაუტოვა
ევროპულ სამყაროს და მასზე იგებოდა წმინდა რომის იმპერიის პოლიტიკა, ცოცხლობდა
ფრანგულ აბსოლუტიზმის ეპოქაში და იქცა ვესტფალიის ზავის საფუძვლად. საყოველთაო
მშვიდობის დებულება ახლაც საერთაშორისო ურთიერთობების სფეროს სამართლებრივი
გაგების საფუძველია“ [3].
ამრიგად, მხოლოდ სამყაროს ევოლუციური განვითარების იდეის საფუძველზე, ჩვენ
შეგვიძლია აღვიქვათ, საერთაშორისო ურთიერთობების განვითარება როგორც ანტიკურ ისე
თანამედროვე სამყაროში. ამასთან ერთად უნდა გავითვალისწინოთ ორივე საყაროსათვის
დამახასიათებელი ერთი მნიშვნელოვანი ანტინომია (ორი წინაღმდეგობრივი მსჯელობა,
სადაც უპირატესობა არც ერთს არ მიეწერება, არამედ ისინი თანაბარდასაბუთებადი
მსჯელობებია. ერთის უარყოფით მეორე საბუთდება და პირიქით): ორივე სამყაროს
სახელმწიფოები მშვიდობის მიღწევას ორი გზის საშუალებით ცდილობდა და სწორედ მასზე
იგებოდა საერთაშორისო ურთიერთობები: ,,პირველი იყო ძალადობის გზა: ადამიანებს
ბრძოლაზე უარის თქმას აიძულებდნენ და ყოვლისშემძლე მსოფლიო სახელმწიფოში,
იმპერიაში აერთიანებდნენ, ხოლო თუ მისი რომელიმე ნაწილი პოლიტიკური
დამოუკიდებლობის სურვილს გამოთქვამდა, ამას იმპერია აჯანყების მცდელობად
განიხილავდა და ძალის გამოყენებით ახშობოდა. მეორე გზა იყო - ცალკეული
სახელმწიფოების მიერ მათი არსებობისა და დამოუკიდებელი განვითარების უფლების
ორმხრივი აღიარება. მის ბაზისზე ჩამოყალიბდა სახელმწიფოთა სისტემა, რომლებიც
ცდილობდა ერთმანეთის მიმართ ძალთა წონასწორობის შენარჩუნებას (balance of power)” [4.
Б. Жакье: გვ. 127-128].
საერთაშორისო ურთიერთობები ჩაისახა ძველ მსოფლიოში. სწორედ აქ პირველად
აღინიშნება სახელმწიფოების ჯგუფებს შორის ძალთა წონასწორობის არსებობის პირველი
პრეცენდენტები. ძველი მსოფლიოს საერთაშორისო ურთიერთობებში განსაკუთრებით დიდ
როლს რამდენიმე ზესახელმწიფო თამაშობდა. მესამე ათასწლეულში ძველი ეგვიპტესა და
ბაბილონის სამეფოს გავლენით, წინა და მცირე აზიში დიდი თუ პატარა სახელმწიფოების
მთელი ჯგუფი ჩამოყალიბდა. თანდათანობით იქმნებოდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა
ახალი სისტემა. მათ შორის ყალიბდებოდა ახალი ტიპის საერთაშორისო ურთიერთობები,
სხვადასხვა ფორმის სახელმწიფოთაშორისი კომბინაციები, რომლებსაც საერთაშორისო
ურთიერთობები ხარისხობრივად ახალ დონეზე გადაყავდა. სახელმწიფოებში
ფუნქციონირებდნენ საელჩოები, მიმდინარეობდა გაცხოველებული დიპლომატიური
მიმოწერა, იდებოდა ხელშეკრულებები, იქმნებოდა კავშირები და ფედერაციები. სწორედ ამ
პერიოდს უკავშირდება ერთი დიპლომატიური ენით სარგებლობის აუცილებლობის იდეა და
მრავალენოვან აღმოსავლეთში ასეთ ენად ბაბილონური იქცა.
1887 წელს მეორე ათასწლეულის დასასრულის ეგვიპტის სამეფოს დედაქალაქ თელ ელ-
ამარნაში (Tell el Amarna), სამეფო სასახლის ნანგრევებში მიმდინარე არქეოლოგიური
სამუშაოების დროს ნაპოვნი იქნა სამეფოს დიპლომატიური არქივი, ე. წ. თელ ელ-ამარნას
დიპლომატიური არქივი. 382 თიხის ფირფიტაზე დატანილია ეგვიპტის ფარაონების
ამენჰოტეპ III და ამენჰოტეპ IV მიმოწერა მითანიის, ასურეთის, ბაბილონის, ხეთების და სხვ.
სამეფოს მეფეებთან და აგრეთვე ეგვიპტის ქვეშევრდომ სირიისა და პალესტინის წვრილ-
წვრილი ტომების მმართველებთან. მოგვიანებით ასეთივე არქივი აღმოჩენილი იქნა ძველი
აღმოსავლეთის მეორე უძლიერესი სახელმწიფოს ხეთების დედაქალაქის ხატუშაშის -
დღევანდელი ბოღაზ-კეის არქეოლოგიური გათხრების დროს. ორივე დედაქალაქში
მოპოვებულ დიპლომატიურ დოკუმენტებს შორის უპირველეს ყოვლისა ჩვენ ყურადღებას
იპყრობს, ძვ-წ-აღ. 1280 წლით დათარიღებული, ეგვიპტის ფარაონ რამზეს II და ხეთების მეფე
ხათუსილ III შორის გაფორმებული, საერთაშორისო ურთიერთობებში პირველი
სახელმწიფოთაშორისი სამხედრო-პოლიტიკური ხელშეკრულება. ჩვ-წ-აღ პირველ
ათასწლეულში ეროვნული მონარქიების პერიოდი მსოფლიო მონარქიების პერიოდმა
ჩაანაცვლა. პირველი ასეთი მონარქია ასურეთი სამეფო გახდა, ხოლო უკვე I ათასწლეულის
შუა ხანებში სპარსეთის სამეფო. ერთი შეხედვით საერთაშორისო ურთიერთობების
წარმოებას აზრი დაეკარგა, რადგან მსოფლიოს ერთი იმპერია მართავდა, რომელსაც მეტოქე
არ ყავდა.
ჩვ.წ.აღ. პირველ ათასწლეულში, აღმოსავლური სამყაროს პერიფერიაში, მცირე აზიაში და
ბალკანეთის ნახევარკუნძულზე თანდათანობით ყალიბდება ახალი ბერძნული სამყარო,
სადაც ასობით ქალაქ-სახელმწიფო არსებობდა, რომლებსაც საკუთარი სახელმწიფოებრიობა
გააჩნდათ და ცხოვრობდნენ საკუთარი კანონებისა და ადათ-წესების მიხედვით:
,,მიუხედავად ამისა, ისინი აცნობიერებდნენ იმას, რომ მიეკუთვნებოდნენ ერთი და იმავე
ეთნიკურ ერთობას - ელინებს. ეჭვს გარეშეა, რომ თავს წარმოშობის, ენის, სოციუმის
სტრუქტურის, ისტორიული ბედის იდენტურობა იჩენდა. პერმანენტული ომის
მდგომარეობაში მყოფი ბერძნული პოლისები მაინც ცდილობდნენ ერთმანეთთან უფრო
მჭიდრო ურთიერთობების დამყარებას. პოლისების ასეთ დაახლოებას ხელს უწყობდა, ყველა
ბერძენის მიერ აღიარებული, პანელენისტური სტატუსის მქონე რელიგიურ-კულტურული
ინსტიტუტები: საერთო კულტები და მთელ საბერძნეთში ავტორიტეტული საკულტო
ცენტრები: აპოლონის ტაძარი დელფოსში და ზევსის - ოლიმპოში“ [5].
სხვადასხვა პოლისებს შორის, მუდმივი სახელმწიფოთაშორისი ომები დიპლომატიური
ურთიერთობების ფორმირებას ხელს არ უშლიდა. ჩამოყალიბდა ე. წ. პროქსენია -
სტუმართმოყვარეობის ინსტიტუტი - პოლისებს შორის კავშირის ფორმა. ამრიგად, ძველ
საბერძნეთში ქალაქ-სახელმწიფოებს შორის ისახებოდა სრულფასოვანი დიპლომატიური
ურთიერთობები, რომლის საფუძველს პოლისებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები
წარმოადგენდა. ის სხვადასხვა ხასიათისა იყო: საკამათო ტერიტორიული საკითხების
მოწესრიგების, მშვიდობიანი ურთიერთობების შესახებ და ა. შ: ,,წარმოიშვა ქალაქ-
სახელმწიფოების კავშირების ჩანასახები - რელიგიურ-კულტურული გაერთიანებები -
ამფიქტიონია და კავშირების უფრო მაღალი საფეხური - სიმახია - სამხედრო-პოლიტიკური
კავშირი, რომლებიც ფორმდებოდა პოლისებს შორის ან თანასწორობის ბაზისზე ან უფრო
ძლიერი პოლისის მეთაურობით“ [6].
სიმახიის ტიპიურ მაგალითს სპარტას მეთაურობით მოქმედი პელეპონესის კავშირი
წარმოადგენდა. ამასთან ერთად, ფართომასშტაბიანი და ხანგრძლივი კავშირების რაოდენობა
იშვიათობა იყო. პოლისები უპირატესობას მოკლევადიან და კონკრეტული სამხედრო
ღონისძიებებისთვის გამიზნულ შეთანხმებებს ანიჭებდნენ. სიმახია შეიძლება ჩაითვალოს
უკვე თანამედროვე ეპოქაში სახელმწიფოებს შორის ფორმირებული სხვადასხვა სამხედრო-
პოლიტიკური ორგანიზაციების (ანტანტა, სამთა კავშირი, ღერძის სახელმწიფოები,
ანტიჰიტლერული კოალიცია, ნატო, ვარშავის პაქტი და სხვ.) პროტოტიპად.
სახელმწიფოს ისტორიული ფორმები მრავალფეროვანია. ტერმინის ,,სახელმწიფოს
ისტორიული ტიპი“ საშუალებით აისახება საზოგადოების განვითარების ამა თუ იმ
ისტორიულ ეტაპზე, ყველა სახელმწიფოსათვის დამახასიათებელი ტიპიური თვისება:
,,სახელმწიფოებმა თავის განვითარებაში გაიარეს გზა მსოფლიო იმპერიებიდან, რომლებიც
წინ უძღოდნენ ანტიკურ პოლისებს, ახალი დროის ევროპულ მონარქიებამდე, XIX საუკუნეში
ეროვნული სახელმწიფოების (სახელმწიფო-ერი) წარმოშობამდე“. [7].
მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ XV-XVI საუკუნემდე სახელმწიფოები მკაცრად
განსაზღვრული ტერიტორიული საზღვრების არ არსებობისა და ცენტრალური
ხელისუფლების სისუსტის პირობებში, არ წარმოადგენდა სახელმწიფოს ამ სიტყვის
თანამედროვე გაგებით. სახელმწიფოებრიობის თანამედროვე ფორმა სუვერენიტეტს
უკავშირდება და ეს ცნება პირველად 1576 წელს, ფრანგული აბსოლუტიზმის პერიოდში
გამოიყენა ფრანგმა იურისტმა ჟან ბოდენმა ნაშრომში ,,ექვსი წიგნი სახელმწიფოს შესახებ“.
ბოდენის დეფინიციის მიხედვით: ,,სახელმწიფო იმართება მრავალი ოჯახით და იმით რაც
საერთოა ყველა მათგანისთვის, რომლებიც კანონის მიხედვით, სუვერენული
ხელისუფლებით ხორციელდება’ [8]. სახელმწიფო გაგებულია, როგორც სამართლებრივი
მმართველობა. ბოდენის აზრით, სახელმწიფოს ძირითად ელემენტს ოჯახი წარმოადგენს:
,,როგორც ქალაქი სახლების ან სახლი ფუნდამენტის გარეშე, ისე სახელმწიფო ოჯახების
გარეშე ვერ იარსებებს“ [8]. სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი ატრიბუტია სუვერენული
ძალაუფლება, რომელშიც ბოდენი გულისხმობს: ,,სახელმწიფოს მუდმივ, აბსოლუტურ და
განუყოფელ ძალაუფლებას“ [8]. ბოდენის სუვერენიტეტის თეორიის მიხედვით,
სახელმწიფოს სუვერენული ძალაუფლება - მუდმივი ძალაუფლებაა, რომელიც ძველი რომის
დიქტატორების დროებითი ძალაუფლებისაგან განსხვავდება. სახელმწიფოს სუვერენული
ძალაუფლება, როგორც ღმერთის - მუდამ აბსოლუტური და მუდმივია და ამიტომ ის უნდა
ეკუთვნოდეს აბსოლუტურ მონარქს, რომელიც თავის სახელმწიფოში შეუზღუდავ
ძალაუფლებას ფლობს და ღმერთის გარდა არავის ემორჩილება. სუვერენიტეტი, რომლის
შესახებაც წერდა ბოდენი, სახელმწიფოს შიდა სუვერენიტეტია.
XVIII საუკუნეში სახელმწიფოებრიობის განვითარების ისტორიაში ახალი ფაზა იწყება,
მონარქის სუვერენიტეტს ერის სუვერენიტეტი ანაცვლებს. XIX საუკუნის დასაწყისიდან
ევროპაში იქმნება სახელმწიფოებრიობის ისეთი ფორმა, როგორიც არის ერი სახელმწიფო:
,,თანამედროვე ფორმით სახელმწიფოებრიობის გენეზისი და არსებობა მჭიდროდ
უკავშირდება ისეთი სოციალური ერთობის ფორმირებას და განვითარებას, როგორიც არის
ერი. ,,სახელმწიფო“ ,,ერი“ ცნებების ურთიერთკავშირი საშუალებას გვძლევას მოვახდინოთ
მათი კონსტრუირება ერთ ცნებად ,,ერი-სახელმწიფო“” [9]. ე. სმიტი გვიჩვენებს თუ
რამდენად მნიშვნელოვანია ნაციონალურ იდენტობაზე დაყრდნობა პოლიტიკური
ინტეგრაციის პროცესებისთვის. ის იზიარებს მოსაზრებას, რომლის თანახმად, ,,ერები
თანამედროვე პოლიტიკური კონსტრუქციებია, მაგრამ არბილებს ამ არგუმენტს და ხაზს
უსვამს, რომ ერები საწყის ეთნიკურ საფუძველს ემყარება, მაშინაც კი, როდესაც ყველა
ეთნოსი ერებს უცილებლად არ მოიცავს. მართლაც, ნაციონალისტური დოქტრინები ხშირად
ძველ, რაციონალიზებულ მითებსა და სიმბოლოებზეა დაფუძნებული სახელმწიფოს
მშენებლობისა და განვითარების გასამართლებლად. სმიტი რამდენიმე დიდი ევროპული
ერის მაგალითს გვთავაზობს, ინგლისი, საფრანგეთი, ესპანეთი, შვედეთი და ჰოლანდია,
რომელიც ისტორიულად პერიფერიული რეგიონებისკენ სახელმწიფოს ადმინისტრაციული,
ფისკალური, სასამართლო და სამხედრო აპარატის გაფართოებიდან მომდინარეობს,
დომინანტური არისტოკრატიული ეთნიკური ჯგუფების ღირებულებათა და ტრადიციების
ასახვით“ [10].
ერი-სახელმწიფოს ფორმირების შედეგად, ყალიბდება საერთაშორისო ურთიერთობების
თანამედროვე სისტემა: ,,მისი საფუძველია ეროვნულობის პრინციპი ანუ სახელმწიფოების
სუვერენიტეტი. ამიტომ საერთაშორისო ურთიერთობების სისტემა ჩვეულებრივ
განისაზღვრება როგორც ნაციონალური ან სახელმწიფო ცენტრისტული“ [11]. ნაციონალიზმი
საერთაშორისო ურთიერთობებისთვის ორი მიზეზითაა საინტერესო. ერთის მხრივ, ყველა
მთავრობა თავისი სახელმწიფო სუვერენიტეტის ლეგიტიმაციისთვის ერს ეყრდნობა. მეორეს
მხრივ, ,,ნაციონალისტური იდეოლოგია პოტენციური კონფლიქტების წყაროა, რომელიც
მხედველობაშია მისაღები. თუმცა, ამ იდეოლოგიამ სხვადასხვა ფორმების მიღება შეძლო... ის
ძალის გამოსახატავად გამოიყენებოდა სახელმწიფოთშორის ურთიერთობებში და ხელს
უწყობდა რასისტული, ეთნიკური და რელიგიური გრძნობების გაღვივებას ან რომელიმე
ხალხის დაპყრობითი ამბიციების ფანატიკურ ეგზალტაციას. ისტორიულად, ნაციონალიზმი
XVIII საუკუნეში დამკვიდრდა როგორც დემოკრატიული პროექტი. ამავე დროს,
საფრანგეთის რევოლუციისა და იმპერიის პერიოდში, ნაციონალიზმმა მესიანური და
დამპყრობლური სახე მიიღო, იაკობინური იდეოლოგიისა და ნაპოლეონის ომების
გავლენით. შეხსენებას არ საჭიროებს ის ყველაზე დამანგრეველი უკუღმართობები, რომელიც
ფაშიზმმა და ნაციზმმა XX საუკუნეში გამოიწვია. ნაციონალიზმს ხალხისთვის
დამახასიათებელი სპეციფიკური თვისებების განმტკიცების პრეტენზია აქვს, მაგრამ
იმავდროულად სხვების სპეციფიკური თვისებების უარყოფა შეუძლია. პირველ რიგში,
სწორედ ეს უკანასკნელი შეუსაბამობა აინტერესებს საერთაშორისო ურთიერთობების
კვლევას“ [10].
თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობების სისტემის ფორმირების ათვლის
წერტილად, 1648 წელს ევროპაში 30 წლიანი რელიგიური ომების დამთავრების შემდეგ
გაფორმებული ვესტფალიის ზავი ითვლება, რომლის მიხედვით ეროვნული სახელმწიფო
საერთაშორისო ურთიერთობების სუვერენულ სუბიექტად იქცა. ამ მოვლენამ არა მარტო
მნიშვნელოვნად შეცვალა ევროპის პოლიტიკური რუკა (წმინდა რომის იმპერიის დაშლა
რამდენიმე ერი სახელმწიფოდ), არამედ გამოიწვია სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების
სერიოზული ტრანსფორმაცია: ,,მხოლოდ მონარქების ნება-სურვილზე აგებული
სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები, იცვლება ერთმანეთის მიმართ მოწესრიგებული და
ძირითადი ინტერესების მთელ კომპლექსზე დაფუძნებული კავშირებით“ [12].
ეროვნულ-სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი ეფუძნება ორ ძირითად ასპექტს - საშინაოს
და საგარეოს. თუმცა საერთაშორისო ურთიერთობებში სახელმწიფოს სუვერენიტეტის
პრინციპი არა ერთგვაროვან შედეგებს იწვევს: თითოეული სახელმწიფო იძულებულია
საკუთარ საგარეო პოლიტიკა ააგოს სხვადასხვა წინააღმდეგოებრივი ელემენტების
შერწყმაზე. ის შეიძლება ესწრაფვოდეს ეროვნული ექსპანსიისაკენ, ამ ტერმინის ყველაზე
ფართო გაგებით, რომელიც ტერიტორიების გაფართოებას, გავლენების, რესურსების,
მოკავშირეების რიცხვის გაზრდას არ გამორიცხავს. თითოეული სახელმწიფო საკუთარი
ეროვნული უსაფრთხოების დაცვისთვის იღწვის. ამასთან ერთად, ეს სურვილი
საერთაშორისო ურთიერთობების ყველაზე რთულ პრობლემას ე. წ. უსაფრთხოების დილემას
წარმოშობს. ერთი სახელმწიფოს უსაფრთხოების გაზრდა, შეიძლება ნიშნავდეს მეორე
სახელმწიფოს უსაფრთხოების შესუსტებას, რასაც მისი მხრიდან შესაბამისი რეაქცია მოყვება
გამალებული შეიარაღებიდან პრევენციული ომის ჩათვლით. საერთაშორისო სამართლის
მიხედვით სახელმწიფოების ფორმალური იურიდიული თანასწორება, არ ნიშნავს მათი
როგორც საერთაშორისო ურთიერთობების სუბიექტების რეალურ თანასწორობას
(,,ზოგიერთი მათგანი უფრო მეტად თანასწორია, ვიდრე სხვები“). ისინი განსხვავდებიან:
,,ტერიტორიის მოცულობით, მოსახლეობით, ბუნებრივი რესურსებით, ეკონომიკური
პოტენციალით, სოციალური სტაბილურობით, პოლიტიკური ავტორიტეტით, შეიარაღებით,
რომლებიც სახელმწიფოებს შორის არსებული უთანასწორობის ინდიკატორია. მისი შედეგია
საერთაშორისო სტრატიფიკაცია, (საზოგადოების დაყოფა იერარქიულ ფენებად სხვადასხვა
სოციალური მახასიათებლის საფუძველზე, რომლის შედეგია უფრო მაღალი და უფრო
დაბალი ფენების არსებობა), რომელიც საერთაშორისო არენაზე სახელმწიფოების ფაქტობრივ
იერარქიულობას აკანონებს“ [13].
საერთაშორისო (სახელმწიფოთაშორისი) სტრატიფიკაციის ერთ-ერთი ყველაზე
გავრცელებული სახეობაა სხვადასხვა სახელმწიფოს არათანაბარი უნარი, დაიცვას საკუთარი
სუვერენიტეტი, რომელსაც სახელმწიფოების ძლიერებას შორის უთანასწორობის ფაქტორი
განაპირობებს: ,,ძლიერი სახელმწიფოები სუვერენიტეტს ხშირად უგულებელყოფდნენ ცივი
ომის დროს, როგორც ამას მოწმობს საბჭოთა ინტერვენციები აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში
ან ავღანეთში და, ასევე, აშშ-ის ინტერვენციები ლათინურ ამერიკაში. სკკპ ცკ-ის
გენერალურმა მდივანმა ბრეჟნევმა საჯაროდ დოქტრინაც კი გამოაცხადა, რომელიც
ფრანგულ ენაზე „შეზღუდულ სუვერენიტეტად“ ითარგმნება სსრკ-ს მეურვეობის
გასამართლებლად „სოციალისტური ბანაკის“ ქვეყნებზე. კითხვა იბადება იმასთან
დაკავშირებით, შეუძლია თუ არა ყველა სახელმწიფოს თანაბრად იქონიოს პრეტენზია სრულ
დამოუკიდებლობაზე. სახელმწიფოები ერთმანეთისგან განსხვავდებიან თავიანთი ბუნებითა
და ტერიტორიის სიდიდით, გეოგრაფიული მდებარეობით, მოსახლეობის რაოდენობით,
სამხედრო ძალით, მატერიალური რესურსების ხელმისაწვდომობით“ [10.].
სწორედ ,,ძლიერი-სუსტი“ საფუძველზე ხდება სახელმწიფოების ტიპების კლასიფიკაცია:
ზესახელმწიფოები, დიდი სახელმწიფოები, საშუალო სახელმწიფოები, პატარა
სახელმწიფოები და მიკრო სახელმწიფოები. ზესახელმწიფოებს ახასიათებს შემდეგი ნიშნები:
- პლანეტარული მასშტაბის ნგრევის გამოწვევის შესაძლებლობა (სრულყოფილი ბირთვული
იარაღის ფლობა და მისი გამოყენება); კაცობრიობის არსებობაზე გავლენის მოხდენის
შესაძლებლობა; დიდი სახელმწიფოები მსოფლიო განვითარებაზე არსებით გავლენას
ახდენენ, მაგრამ არ ბატონობენ საერთაშორისო ურთიერთობებში. ისინი ასეთი როლის
თამაშს ცდილობენ, მაგრამ ამის საშუალებას რესურსების შეზღუდულობა არ იძლევა;
საშუალო სახელმწიფოები ახდენენ დიდ გავლენას თავის მეზობელ სახელმწიფოებზე.
სწორედ ეს მომენტი განასხვავებს მას პატარა სახელმწიფოებისაგან, თუმცა ისინიც ფლობენ
საკუთარი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საშუალებებს. მიკრო
სახელმწიფოებს პრინციპში თავისი სუვერენიტეტის დაცვა საკუთარი ძალებით არ
ხელეწიფებათ.
საერთაშორისო ურთიერთობებისა და მისი სისტემის გაგება ,,საგარეო პოლიტიკის“
კატეგორიასთან ურთიერთკავშირის გარეშე შეუძლებელია. საერთაშორისო ურთიერთობები
უპირველეს ყოვლისა მისი ძირითადი აქტორის - სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკური
საქმიანობის კომპონენტების ერთობლიობაა: ,,საგარეო პოლიტიკა არეგულირებს ერთი
სახელმწიფოს ურთიერთობას მეორე სახელმწიფოსთან, უზრუნველყოფს მისი
მოთხოვნილებებისა და ინტერესების დაკმაყოფილებას საერთაშორისო არენაზე. საგარეო
პოლიტიკა იმ ოფიციალური სუბიექტების საქმიანობისა და ურთიერთმოქმედების
ერთობლიობაა, რომლებმაც ლეგიტიმურად მიიღეს ან თვითონ მიისაკუთრეს
საზოგადოების სახელით საქმიანობის უფლება, ამ საზოგადოების ინტერესს იცავს და
საგარეო პოლიტიკური კურსის წარმოების მეთოდებსა და ხერხებს ირჩევს, იქნება ეს
პოლიტიკური, სამხედრო, ეკონომიკური თუ ინფორმაციულ-პროპაგანდისტული“ [14: გვ. 3].
საერთაშორისო ურთიერთობებში სახელმწიფოს ადგილის განსაზღვრის კონტექსტში,
საინტერესოდ გვეჩვენება შევეხოთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიც არის საგარეო
პოლიტიკის ანალიზის დონეები. ჯერ კიდევ XX საუკუნის 60-იან წლებში ამერიკელმა
მეცნიერმა დ. ზინგერმა პირველად მიმოიხილა საგარეო პოლიტიკის დონეების ანალიზი და
გამოყო ანალიზის ორი დონე: 1) საერთაშორისო სისტემა. ეს დონე დეტალებიდან
აბსტრაგირების მეშვეობით, საერთაშორისო ურთიერთობების სრული გამოკვლევისა და
გლობალური მნიშვნელობის მოვლენების არსის გაგების საშუალებას გვაძლევს; 2)
სახელმწიფო. სახელმწიფო, როგორც საერთაშორისო ურთიერთობების ძირითადი სუბიექტი,
საკუთარი საგარეო პოლიტიკური კურსის არჩევის ავტონომიურ უფლებას ფლობს, ღრმად
და დეტალურად აანალიზებს საერთაშორისო პოლიტიკას და აკეთებს შესაბამის დასკვნებს
[15].
ცნობილმა ამერიკელმა მკვლევარმა ჯ. როზენაუმ შეიმუშავა დონეების კიდევ უფრო
დეტალური ექვსი მოდელი,: 1). გადაწყვეტილების მიმღები ინდივიდის თავისებურებები. ამ
დონეზე ხდება გადაწყვეტილების მიღების პროცესის მონაწილის პერსონალური თვისებების
კვლევა; 2) გადაწყვეტილების მიმღები ინდივიდის როლური ფუნქცია. პიროვნების
მოქმედება არა მარტო ინდივიდუალურ თვისებებზეა დამოკიდებულია, არამედ იმ
ადგილზეც, რომელიც მას უკავია პოლიტიკურ სისტემაში; 3) მთავრობის სტრუქტურა. ამ
სტრუქტურაზეა დამოკიდებული ცალკეული პოლიტიკოსების უფლებამოსილებები; 4)
საზოგადოების დახასიათება. ამ შემთხვევაში მხედველობაშია მისაღები მთავრობის
გადაწყვეტილებებზე გავლენის მომხდენი ფაქტორები; 5) საერთაშორისო ურთიერთობები.
სახელმწიფოების ურთიერთმოქმდება დამოკიდებულია მათ შორის არსებულ
ურთიერთობებზე. მაგალითად, ძლიერი სახელმწიფოს პოლიტიკა სუსტი და ძლიერი
სახელმწიფოების მიმართ განსხვავებულად წარიმართება; 6) მსოფლიო პოლიტიკა. მსოფლიო
სისტემის სტრუქტურა განსაზღვრავს სახელმწიფოს მოქმედებას საერთაშორისო, რეგიონულ
და გლობალურ გარემოში [16].
პ. მორგანმა შემოგვთავაზა ხუთი დონისაგან შემდგარი მოდელი: 1) საბოლოო ჯამში
სახელმწიფოებს შორის ურთიერთობები ემყარება ინდივიდების მოქმედებებს და მათ მიერ
მიღებულ გადაწყვეტილებებს; 2) გარდა ამისა, სახელმწიფოებს შორის კავშირებს
განსაზღვრავს სხვადასხვა პოლიტიკური დაჯგუფებების მიერ მიღებული
გადაწყვეტილებები; 3) სახელმწიფოები საერთაშორისო პოლიტიკის დომინანტია. ამიტომ
აუცილებელია თითოეული მათგანის ქცევის გამოკვლევა; 4) სახელმწიფოები
დამოუკიდებლად არ მოქმედებს. ამიტომ აუცილებელია ყურადღება მივაქციოთ
რეგიონალურ დაჯგუფებებს, ალიანსებს, ბლოკებს და ა. შ.; 5) საერთაშორისო პოლიტიკა
აყალიბებს სისტემას, რომელიც სხვა ფაქტორებზე მეტად განსაზღვრავს სახელმწიფოებს
ქცევებს [15]. ზემოთ მოყვანილი მოდელები აჩვენებს საერთაშორისო პოლიტიკის რთულ და
კომპლექსურ ფენომენს, რომლის ერთ-ერთ ძირითადი შემადგენელი ნაწილი სახელმწიფოს
საერთაშორისო პოლიტიკური საქმიანობის ანალიზია.
სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკის ფორმირების სამ ძირითად მოდელზე მიუთითებს
ამერიკელი მკვლევარი ჰ. ალისონი. პირველი მოდელი - კლასიკური, როდესაც საგარეო
პოლიტიკა სახელმწიფოს მიზანმიმართული, შეგნებული და რაციონალური მოღვაწეობის
შედეგია; მეორე მოდელი - საგარეო პოლიტიკა, როგორც ორგანიზაციული აქტებისა და
პროცესების მთლიანი კომპლექსი; მესამე მოდელი - საგარეო პოლიტიკა, როგორც
მთავრობის შიგნით მიმდინარე სამინისტროებისა და მათი ლიდერების პოლიტიკური
ვაჭრობის შედეგი [10].
საერთაშორისო ურთიერთობებში სახელმწიფოების როლის ანალიზის ფუნდამენტურ
საკითხად მისი მსოფლიო პოლიტიკური აქტორობის სტრუქტურა ითვლება. აქტორობაში
იგულისხმება, მსოფლიო პოლიტიკის სტრუქტურაზე შეგნებული და მიზანმიმართული
გავლენის მოხდენის უნარი, რომლის ანალიზიც იძლევა საშუალებას გამოიყოს
სახელმწიფოების სხვადასხვა ტიპები. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოთა უმრავლესობა
აქტორია, მაგრამ მას ერთი ნაწილი აქტიურად, ხოლო მეორე ნაწილი პასიურად იყენებს.
სახელმწიფოების აქტივობა-პასივობის ფაქტორს არსებული მსოფლიო წესრიგის მიმართ
მათი დამოკიდებულება განსაზღვრავს. აქტორობა - ეს არა მხოლოდ ხარისხობრივი, არამედ
რაოდენობრივი მახასიათებელია. მისი მოცულობა ან დიდია ან მცირე.
შეუმდგარი სახელმწიფო აქტორობის ფაქტობრივად არც ერთ ელემენტს არ ფლობს:
,,მიუხედავად ამისა, ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ვერ ვიტყვით, რომ ასეთი ტიპის
სახელმწიფოები მსოფლიო პოლიტიკაზე გავლენას არ ახდენენ. პირიქით, ისინი მრავალი
რეგიონალური და გლობალური პრობლემის კატალიზატორი და წყარო ხშირად ხდებიან,
რადგან ცენტრალური მთავრობის მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიები
გლობალიზაციის ,,ბნელი მხარის“ აგენტებს იზიდავს“ [17]. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი
მკვლევარი, მაგალითად რ. ბასკარა, ე. ჰიდენსი მიუთითებენ აქტორობის სამი ფენის
თაობაზე: აქტორი, ნორმატიული სისტემა და ხელისუფლება. შესაბამისად, სახელმწიფოების
აქტორობაში შედის სამი ელემენტი: საკუთრივ სახელმწიფო, მისი ხელისუფლება და
საერთაშორისო ურთიერთობების ნორმატიული სისტემა.
ზემოთმოყვანილი ფორმულა სახელმწიფოების კლასიფიკაციას, მისი გენერატიული
(წარმოშობა, წარმოქმნა - ვ. ფ.) ინსტიტუტების მიმართ დამოკიდებულების კრიტერიუმებით
ახდენს. მსოფლიო პოლიტიკური სისტემის გენერატიული ინსტიტუტებს სამეცნიერო
ლიტერატურაში ,,მსოფლიო პოლიტიკის კონსტიტუციას“ [18.] უწოდებენ. ამ ინსტიტუტების
ტრანსფორმაცია მსოფლიო პოლიტიკის ერთი სისტემის მეორეში გადასვლას იწვევს.
აღნიშნულ კლასიფიკაციაში სახელმწიფოების ძირითად ტიპს მოდერნი (თანამედროვე)
სახელმწიფოები წარმოადგენენ. ისინი საერთაშორისო არენაზე მოდერნიზმის ძირითადი
ინსტიტუტების განმტკიცებას ცდილობენ: ეროვნული სუვერენიტეტი, ეროვნული
ინტერესების უზენაესობა, საშინაო და საგარეო პოლიტიკის განცალკავება, ნაციონალიზმი
და სხვ. ამ სახელმწიფოების სტაბილურობა მათ შორის ძალთა წონასწორობის პრინციპს
ემყარება. დღეს ასეთი სახელმწიფოები უმრავლესობას შეადგენს. მათ კლასიკურ
წარმომადგენლებად ბრიკს-ის (BRICS - ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთ
აფრიკა) ითვლებიან. პოსტმოდერნი (თანამედროვეობის შემდეგ) სახელმწიფოები მოდერნი
სახელმწიფოების ბევრ ნიშან-თვისებას (ეროვნული სუვერენიტეტი, საზღვრები და
ეროვნული იდენტურობა) ინარჩუნებენ, მაგრამ ისინი ამ ინსტიტუტების
პრიორიტეტულობას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ. მათი მსოფლიო პოლიტიკაში ქცევა
ურთიერდამოკიდებულებისადმი ლტოლვით, ერთმანეთის საშინაო საქმეებში და
გლობალური მმართველობის სისტემაში ერთობლივი მონაწილეობის სურვილით
ხასითდება. ტრადიციულად პოსტმოდერნი სახელმწიფოების მაგალითად ევროკავშირის
წევრი სახელმწიფოები, აშშ, კანადა და იაპონია ითვლებიან.
გლობალიზაციის პროცესები (სოციალურ ურთიერთობებში სახელმწიფოს საზღვრების
მნიშვნელობის შემცირების პროცესი, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარეობს და
ქვეყნების ურთიერთდამოკიდებულების ზრდას გამოხატავს. გლობალიზაციის თეორიის
მომხრეები მიიჩნევენ, რომ ცივი ომის შემდეგ სახელმწიფოს როლი საერთაშორისო
ურთიერთობებში განუხრელად კლებულობს [19]) მსოფლიოს პოლიტიკურ რუქას სწრაფად
ცვლის. ერთიანი მსოფლიო ეკონომიკური, პოლიტიკური, საიმიგრაციო სივრცის ფორმირება,
სახელმწიფოს ინსტიტუტის, მისი სახეობებისა და ტიპების ევოლუციას იწვევს. იქმნება
სახელმწიფოს ფორმების მრავალფეროვანი მოდელები: კვაზი სახელმწიფოები და
სახელმწიფო-მოჩვენება (ფანტომი), ასოცირებული სახელმწიფოები, სახელმწიფო-ერი და
რეგიონი-სახელმწიფო, კორპორაციული სახელმწიფო, ახალი ქალაქი-სახელმწიფოები და
სახელმწიფო ფუნქციებით აღჭურვლი მსოფლიო ფედერაცია. შ. კაფლენი გვთავაზობს
სახელმწიფოს ევოლუციის სამ სცენარს: ნაციონალური სახელმწიფოს გაქრობა (თავისებური
ახალი შუა საუკუნეები); მოქნილი ნაციონალური სახელმწიფო; შეცვლილი ნაციონალური
სახელმწიფო [20] განსაკუთრებულ ინტერესს პოსტსახელმწიფოებრივი წარმონაქმნების ის
ვარიანტები იწვევს, რომლებიც (თუნდაც თეორიის დონეზე) თანამედროვე სახელმწიფოების
რეალურ ალტერნატივად განიხილება. ასე მაგალითად ბ. გალი საუბრობს ახალი
სახელმწიფოს სამ მოდელზე: მსოფლიო ქსელი (ტრანსნაციონალური კორპორაციები, ყველა
შესაძლო ქსელების რთული გადაკვეთა), მსოფლიო იმპერია და მსოფლიო სახელმწიფო (ან
მსოფლიო ფედერაცია) [21].
როგორც ზემოთ ავღნიშნეთ სახელმწიფოებს შორის ომების, კონფლიქტების, აგრესიის
თავიდან აცილების ძირითად საშუალებას სუვერენული სახელმწიფოების საგარეო
პოლიტიკა წარმოადგენს. ის მოწოდებულია დაარეგულიროს ურთიერთობები
სახელმწიფოებს შორის შესაბამისი პრინციპების, მეთოდებისა და მექანიზმების
საფუძველზე. ყველაზე გავრცელებულ და საყოველთაოდ აღიარებულ მექანიზმად
დიპლომატია ითვლება. ამის თაობაზე საინტერესოდ გვეჩვენება რ. არონის მოსაზრება:
,,ტრადიციულმა დიპლომატიის ისტორიამ ფაქტობრივად უგულვებელყო საერთაშორისო და
ტრანსნაციონალური ურთიერთობები და თუ დიპლომატიის ისტორია
სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობებს განიხილავს, როგორც ძირითადს, მხოლოდ იმიტომ,
რომ ამ ურთიერთობების ბუნება სოციალურ მოვლენებს შორის ყველაზე უცნაური ხასიათს
ფლობს“ [22].
საერთაშორისო ურთიერთობების მნიშვნელოვან ფაქტორად ე. წ. ,,დიდი შვიდეულის“
წევრი სახელმწიფოების (აშშ, გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, იაპონია, იტალია,
კანადა) ყოველწლიური შეხვედრები იქცა, სადაც უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური და
საგარეო პოლიტიკური საკითხები განიხილება. ამ სახელმწიფოების ლიდერების პირველი
შეხვედრა 1975 წელს საფრანგეთში, პარიზის მახლობლად, ქალაქ რამბუეში შედგა, ამიტომ
,,შვიდეულს“ ხშირად ,,რამბუეს კლუბს“ უწოდებენ.
რ. არონი საერთაშორისო არენაზე სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებს უნიკალურ
სოციალურ მოვლენას უწოდებს, რომელშიც: ,,ძალის გამოყენება იყო და რჩება ლეგიტიმური
და გამართლებული. პოლიტიკურად დამოუკიდებელი სუბიექტებისაგან შემდგარ
მთლიანობას, იმ ერთიანი ცენტრის არ არსებობით განისაზღვრება, რომელსაც შეუძლია
ყველას საკუთარი არჩევანი დაუწესოს. ან: სუვერენული სახელმწიფოებისაგან შემდგარ
გაერთიანებაში, ლეგიტუმურ ძალადობაზე მონოპოლიას არავინ ფლობს. ეს ტრადიციულად
აღიარებული დახასიათება, რომელსაც ფილოსოფიის კლასიკოსები სახელმწიფოებს
შორის ,,ბუნებრივ მდგომარეობას“ უწოდებენ, დღესაც აქტუალურია“ [22].
ამრიგად, სახელმწიფოები საერთაშორისო ურთიერთობების ძირითადი სუბიექტია. XX-
XXI საუკუნეების მიჯნაზე, მსოფლიოში მომხდარმა ცვლილებებმა თანამედროვე
საერთაშორისო ურთიერთობების განვითარებაზე არსებითი გავლენა მოახდინეს. ,,ცივი
ომის“ დამთავრებამ, დაპირისპირების პოლიტიკაზე უარის თქმამ, ,,დემოკრატიზაციის
მესამე ტალღის“ სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სხვა სუბიექტების
რიცხვის ზრდამ, გლობალური სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებამ და სხვა
მოვლენებმა, საერთაშორისო ურთიერთობების თანამედროვე სისტემაში პოზიტიური
ცვლილებები გამოიწვია. ამასთან ერთად, მსოფლიოში არსებობენ ფაქტორები, რომლებიც
მთლიანად საერთაშორისო პოლიტიკაზე და კერძოდ, სახელმწიფოთაშორისო
ურთიერთობებზე ნეგატიურ გავლენას ახდენენ: დაპირისპირებულობა დასავლეთსა და
აღმოსავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის; ევროპული რეგიონის არასტაბილურობა,
რეგიონული კონფლიქტები; ბირთვული იარაღის მატარებელი სახელმწიფოების რიცხვის
ზრდა; საერთაშორისო ტერორიზმის აქტივიზაცია და ა. შ.

You might also like