You are on page 1of 59

თემა I

ბიზანტიის ისტორია და ბიზანტინოლოგია. ბიზანტიის ისტორიის

ისტორიოგრაფია და წყაროები

ბიზანტია ძველი საბერძნეთის ნანგრევებზე აღმოცენებული ფეოდალური სახელმწიფოა. მის


ცენტრს წარმოადგენდა კონსტანტინეპოლი (ამჟამინდელი სტამბოლი), რომელიც, როგორც
რომის იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილის დედაქალაქი, დაარსდა დაახლ. 324-330 წლებში,
იმპერატორ კონსტანტინეს მიერ. საუკუნეების განმავლობაში იცვლებოდა ბიზანტიის
საზღვრები, მაგრამ მთელი თავისი ათასწლოვანი არსებობის მანძილზე, ის იყო მთავარი
პოლიტიკური წარმონაქმნი ევროპაში, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთსა და მის
მიმდებარე ტერიტორიებზე, ვიდრე საბოლოოდ არ იქნა დაპყრობილი ოსმალთა იმპერიის
მიერ 1453 წელს.

იმპერატორი კონსტანტინე I – ბიზანტიის იმპერიის დამაარსებელი


კონსტანტინე XI - ბიზანტიის უკანასკნელი იმპერატორი

სწორედ ამ სახელმწიფოს ისტორიასთან, სამართალთან, ენასა და კულტურულ


მემკვიდრეობასთან (ლიტერატურა, ფილოსოფია, ხელოვნება) დაკავშირებულ ჰუმანიტარულ
მეცნიერებათა კომპლექსს წარმოადგენს ბიზანტინისტიკა – მედიევისტიკის დარგი, რომელიც
შეისწავლის იმ განსაკუთრებულ მოვლენათა ჯგუფს, რამაც გამოიწვია ევროპის სამხრეთ და
აღმოსავლეთ ნაწილში უზარმაზარი იმპერიული სახელმწიფოს შექმნა, განვითარება და
დაცემა. ბიზანტინიზმი არის შედეგი რომანიზმის შერევისა (ძველი საბერძნეთის
ტერიტორიაზე) ძველ კულტურებთან – ელინურთან, ებრაულთან, სპარსულთან და ა. შ.
ბიზანტინიზმის ასეთი დეფინიცია ნათელ წარმოდგენას გვაძლევს იმაზე, რომ მის
შესასწავლად საჭიროა გავითვალისწინოთ ბიზანტიის თავისებურების განმსაზღვრელი
ფაქტორები: ელინურობა, რომაულობა, აღმოსავლურობა და ქრისტიანიზმი.

მსოფლიო კულტურის ისტორიაში ბიზანტიურ ცივილიზაციას სრულიად გამორჩეული


ადგილი უჭირავს. მან უდიდესი ზეგავლენა მოახდინა სამხრეთ და, განსაკუთრებით,
აღმოსავლეთ ევროპის ცივილიზაციაზე. იყო ბერძნულ-რომაული ანტიკური ხანის
ლოგიკური გამგრძელებელი, რომელიც დასავლური და აღმოსავლური სულიერების
ერთგვარ სინთეზს წარმოადგენდა. განსხვავებულ კულტურათა სინთეზის დადასტურებაა აქ
არსებული ადმინისტრაციული და ბიუროკრატიული სისტემის ხასიათი, ბიზანტიური
სამართალი და კულტურა. ლათინური ენის თანდათანობითი ჩანაცვლება ბერძნულით (VI-
VIII სს.), ეროვნებათა ბრძოლა პოლიტიკური უპირატესობის მოპოვებისათვის, ელინისტური
და აღმოსავლური ფილოსოფიური იდეების გავლენის მქონე ორიგინალური
მსოფლმხედველობა, მისტიკური და კონსერვატორული ტენდენციების არსებობა, – ამ
პრინციპების შერწყმამ განაპირობა ბიზანტიური კულტურის თავისებურება.
განსაკუთრებული როლი შეასრულა ბიზანტიის ისტორიაში ქრისტიანულმა იდეოლოგიამ,
რომელშიც აქტიურად იყო ჩართული ესთეტიზმის პრინციპები.

ბიზანტინიზმის ჩამოყალიბებისა და განვითარების მიხედვით, ბიზანტიის ისტორიის


პერიოდიზაციასთან დაკავშირებით არსებობს სხვადასხვა თვალსაზრისი.

ისტორიკოსთა ნაწილი მას 3 პერიოდად ყოფს:

I პერიოდი (IV ს. – VII ს. I ნახევარი) – მონათმფლობელური წყობის რღვევა, ფეოდალიზმის


თანდათანობით განვითარება. თემების წარმოქმნა, თავისუფალი მეთემეების სიმრავლე,
მიწების გაცემა მონებზე.

II პერიოდი (VII ს. II ნახ. – XIII ს. დასაწყისი) – ტერიტორიების შემცირება. ბიზანტია –


უპირატესად ბერძნული სახელმწიფოა. დეცენტრალიზაციის დასაწყისი.

III პერიოდი (1204–1453) – დეცენტრალიზაციის გაძლიერება. ჯვაროსანთა ექსპანსიის


შედეგად, ბიზანტიის ტერიტორიის ნაწილზე ფუძნდება ლათინთა იმპერია (1204–1261).
იტალიის ეკონომიკური წნეხი. ბიზანტიის ლათინთაგან დაუპყრობელ ტერიტორიაზე სამი
ბერძნული სახელმწიფო გაჩნდა: ნიკეის იმპერია, ტრაპიზონის იმპერია და ეპირის
სახელმწიფო. 1261 წელს მიხეილ VIII პალეოლოგოსმა გაათავისუფლა კონსტანტინეპოლი,
აღადგინა ბიზანტიის იმპერია, რომელმაც არსებობა განაგრძო თურქ დამპყრობთა
შემოსევამდე. ამის შემდეგ ბიზანტია, როგორც სახელმწიფო, აღარ არსებობს და მისი
ტერიტორია ოსმანთა იმპერიაში მოექცა.

სხვა თვალსაზრისით, ადგილი აქვს ბიზანტიის ისტორიის 5 პერიოდად დაყოფას:

პირველი პერიოდი (დაახლ. IV-VIII სს.) მოიცავს ისტორიულ ფაქტებს, რომლებმაც


საფუძველი ჩაუყარა ბიზანტინიზმს. უპირველესად, ეს არის უდიდესი ეთნიკური
„გადატრიალება“, რომელთან „თანაცხოვრება“ შედარებით წარმატებით შეძლო აღმოსავლეთ
რომის იმპერიამ (განსხვავებით დასავლეთ რომის იმპერიისგან, რომელიც მთლიანად
გადაეშვა გოთებთან ბრძოლაში). ამ პერიოდის ბიზანტიამ, ჩაურევლობის გარანტიით,
შეძლო მოწესრიგებული ურთიერთობის შენარჩუნება სლავურ ტომებთან, რომლებიც,
ფაქტობრივად, იცავდნენ მის საზღვრებს.

მეორე პერიოდი (VIII-IX სს.) ხასიათდება იდეათა დაპირისპირებით, რაც ხატთბრძოლობაში


გამოიხატა. ამ მოძრაობამ იმპერია ორ ბანაკად გაყო, რაშიც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა
ეროვნებათაშორისმა ანტაგონიზმმა. 842 წელს გაიმარჯვა ხატთაყვანისმცემლობამ, რაც
ელინური და სლავური ელემენტების გამარჯვებას ნიშნავდა აღმოსავლურ, ანუ აზიურ
ელემენტებზე.
მესამე პერიოდი (IX ს. ბოლო – XI ს.) ხასიათდება სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაზე
ბიზანტინიზმის გავრცელებით.

მეოთხე პერიოდი (XI ს. ბოლო – XIII ს. დასაწყისი) – დასავლეთის ბრძოლა აღმოსავლეთთან,


ჯვაროსნული ომები. თანდათან იცვლება ჯვაროსანთა მიზანი – წმინდა მიწის
გათავისუფლებისა და მუსულმანთა დასუსტების ნაცვლად, მათ გადაწყვიტეს
კონსტანტინეპოლის აღება. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ორი უდიდესი იმპერიის პოლიტიკის
მთავარი მიზანი იყო არ დაეშვა მეტოქის გაძლიერება, რათა შეენარჩუნებინა უპირატესობა.
შედეგად, 1204 წელს, ჯვაროსნებმა აიღეს კონსტანტინეპოლი და გაიყვეს იმპერია.

მეხუთე პერიოდი (XI ს. ბოლო – XV ს. დასაწყისი) – ნიკეის იმპერია. ამ პერიოდის მთავარი


პრობლემაა მართლმადიდებლობის დაცვა კათოლიკური ეკლესიისგან და ბიზანტიის
იმპერიის დაცემა თურქ დამპყრობთა მიერ.

ბიზანტიის ისტორიის კულტურული პერიოდიზაცია ასე გამოიყურება:

პირველი პერიოდი (IV ს. – VII ს. ბოლო) – ანტიკურ და ქრისტიანულ კულტურათა


დაპირისპირება, ქრისტიანული ღვთისმეტყველების ჩამოყალიბება.

მეორე პერიოდი (VII ს. ბოლო – IX ს. შუახანები) – კულტურული დაქვეითების პერიოდი,


დაკავშირებული ეკონომიკურ დაცემასა და ხატთმებრძოლობასთან.

მესამე პერიოდი (IX ს. შუახანები – X ს.) – კონსტანტინოპოლსა და პროვინციებში


კულტურული აღმავლობის ხანა.

მეოთხე პერიოდი (XI-XII ს.) – კულტურის ზეობა, განპირობებული მასიური


ქალაქთწარმოქმნით.

მეხუთე პერიოდი (XII ს. ბოლო – XIII ს.) – კულტურის დაცემის ხანა, ჯვაროსანთა თავდასხმა
და ნგრევა.

მეექვსე პერიოდი (XIV – XV ს.დასაწყ.) – ახალი აღმავლობა რეაქციასთან ბრძოლის


პირობებში; შეზღუდული ჰუმანიზმის ჩასახვა, რომელიც წარმოადგენს არა თავისუფალ
აზრს, არამედ იბრძვის ანტიკური განმანათებლობისათვის.

ბიზანტიის მეცნიერული შესწავლა კლასიკური ანტიკური ხანის სამყაროსადმი ინტერესს


უკავშირდება. ძველი საბერძნეთის შესწავლის გზას უთუოდ ბიზანტიაზე უნდა გაევლო,
რომელიც ძველი საბერძნეთის კლასიკურ მემკვიდრეობას მოიცავდა. ბერძნული წყაროების
მუდმივი ძიება და ბერძნული ენის შესწავლის მცდელობა თავისთავად იწვევდა შუა
საუკუნეების ბერძნული წყაროებისადმი/ ლიტერატურისადმი ინტერესს. ეს ინტერესი
განსაკუთრებით გააქტიურდა XVI საუკუნის საფრანგეთში, იტალიასა და გერმანიაში, რაშიც
დიდი როლი მიუძღვით ოსმანთა შემოტევების გამო სამშობლოდან დასავლეთში
ემიგრირებულ ბიზანტიელ ბერძენ მეცნიერებს. ამის კვალდაკვალ, XVI-XVII საუკუნეებიდან
საფრანგეთში, გერმანიაში, ჰოლანდიასა და იტალიაში აქტიურად დაიწყეს ბიზანტიელი
ავტორების თარგმნა და გამოცემა.

აღორძინების ხანაში, ანტიკურობისადმი გაღვიძებული ინტერესის შედეგად, დასავლეთ


ევროპაში ყურადღებას იქცევს ბიზანტიაც, განსაკუთრებით, კონსტანტინეპოლის დაცემის
(1453) შემდეგ. XVI-XVII სს. იტალიაში, გერმანიასა და საფრანგეთში ბიზანტინოლოგიური
კვლევა-ძიება წარმატებებს აღწევს. ხსენებულ პერიოდში და შემდგომშიც – XIX საუკუნემდე,
ძირითადი ყურადღების ცენტრშია წყაროთმცოდნეობა, ტექსტების გამოცემა და მათი
ფოლოლოგიური კვლევა. ქვეყნდება ბიზანტიური სამართლის ძეგლები, მიმდინარეობს
იურისპრუდენციის შესწავლა.

ბიზანტიის ისტორიოგრაფიის დასაწყისი ჰუმანიზმის ეპოქას უკავშირდება (ანუ ამ


სახელმწიფოს არსებობის ბოლო ასწლეულსა და მისი დაცემის პერიოდს) და მას
განმანათლებლობის პერიოდს უწოდებენ. მას წინ უძღოდა ბიზანტიის ფეოდალურ–
საეკლესიო ისტორიოგრაფია, რომელიც თავის თავში მოიცავს ანტიკური საბერძნეთის
ზოგიერთ ტრადიციას წყაროებისადმი კრიტიკული დამოკიდებულების ელემენტებით,
უფრო სანდო წყაროების ძიებით და მათი შედარება–შეპირისპირებით. ამ ტრადიციების
გააქტიურება იწყება XI-XII საუკუნეებში, რასაც, იმპერიის დაცემის მოახლოებასთან ერთად,
მოჰყვა ქვეყნის წარსულისადმი კრიტიკული დამოკიდებულების ელემენტების გაძლიერება.
ამგვარი კრიზისის ფონზე ბიზანტიაში თავისებური ფორმით თავი იჩინა ჰუმანისტური
ისტორიოგრაფიის ჩანასახებმა (ანტიკურობისადმი უფრო აქტიური დაინტერესება, მეტი
ყურადღების გამოჩენა საერო სიუჟეტებისადმი, პოლიტიკური და სოციალური
ისტორიისადმი), რასაც ფართო განვითარება არ მოჰყოლია. ბიზანტიის იმპერიის დაცემის
შემდეგ, მისი ისტორიის კვლევა მართლმადიდებლური ეკლესიის მონოპოლია გახდა და
ფეოდალური კლერიკალური ისტორიოგრაფიის ამოცანებს დაექვემდებარა, რის გამოც ახალი
ტენდენციები მასში ძნელად იკვლევდნენ გზას. ამიტომაც, ბიზანტიის ისტორიოგრაფიის
განვითარების სუსტმა დინებამ, რომელმაც XIV-XV საუკუნეებში იჩინა თავი, განვითარება
ევროპის ქვეყნების ჰუმანიტარულ ისტორიოგრაფიაში ჰპოვა.

პირველი სწავლული, ვინც ბიზანტიის ისტორიის განსაკუთრებულ მნიშვნელობას გაუსვა


ხაზი, იყო იერონიმ ვოლფი (1516–1580) – მელანხტონის მოწაფე, აუსბურგის წარჩინებული
გვარის, ფუგერების, ბიბლიოთეკარი, რომელიც გატაცებული იყო ბიზანტიის ისტორიითა და
კლასიკური მწერლობით. ანტონ ფუგერის დახმარებით, მან გამოაქვეყნა იოანე ზონარას
„ქრონიკა“, ნიკეტა ხონიატეს „ისტორია“ და ნიკიფორე გრიგორასის „ისტორიის“ ნაწილი.

ვოლფის მიერ დაწყებული საქმე სხვა სწავლულებმა განაგრძეს გერმანიაში, საფრანგეთში,


ნიდერლანდებში (ჰოლანდია), იტალიაში და სხვაგან.
ფრანგული სკოლა

საფრანგეთმა დამსახურებულად მოიპოვა სამეცნიერო ბიზანტინოლოგიის ფუძემდებლის


რეპუტაცია. ჯერ კიდევ ლუი XI-ის (1461-1483 წლები) მეფობის დროს, პარიზში, გიორგი
გერონიმი ასწავლიდა ბერძნულ ენას, ხოლო მისი მოსწავლეები, რომელთა შორის იყვნენ
ცნობილი ჰუმანისტები – გილიომ ბიუდე, რეიხლინი და ერაზმ როტერდამელი, ბერძნული
ხელნაწერების შეგროვებითა და მათი ასლების შექმნით იყვნენ დაკავებულნი. ეს ასლები
დიდი ხნის განმავლობაში კონკურენციას უწევდა ბეჭდურ გამოცემებს. ფრანცისკო I-ის
(1515-1547 წლები) მეფობის დროს საფრანგეთში დაარსდა სამეფო (ახლანდელი
ნაციონალური) ბიბლიოთეკა, რომელშიც წარმოდგენილი იყო მდიდარი ბერძნული
ხელნაწერების განყოფილება. XVI საუკუნეში საფრანგეთში გამოიცემოდა ბიზანტიელი
ისტორიკოსებისა და მწერლების მრავალრიცხოვანი ნაშრომები. დიდი წვლილი მიუძღვის
ბიზანტიის ისტორიის კვლევის საქმეში მეფე ლუდოვიკო XIV-ს (1643-1715 წლები). მის დროს
სამეფო ბიბლიოთეკა მნიშვნელოვნად შეივსო ბერძნული ხელნაწერებით, გამოქვეყნდა
გამოუცემელი ბიზანტიური წყაროები. თავდაპირველად, 1645 წელს, გამოიცა იოანე
კანტაკუზენის „ისტორია“, 1648 წელს კი – კონსტანტინე პორფიროგენეტის „Excerpta
legitionibis“, ფილიპ ლაბეს წინასიტყვაობით. ფ. ლაბემ მოუწოდა სხვადასხვა ქვეყნის
მეცნიერებს – ერთიანი ძალისხმევით შეესწავლათ ბიზანტიის ისტორია. ასე გაჩნდა „ვენის
კორპუსი“, „პარიზის კორპუსი“, „ბონის კორპუსი“ და სხვ.

ამ პერიოდის დასავლეთ ევროპის ისტორიოგრაფიაში გაჩნდა მიმართულება – „ერუდიტთა


სკოლა“, რომელიც მოიცავს პერიოდს XVI ს. ბოლოსა და XVIII ს. დასაწყისს შორის. მისი
ფეძემდებლები იყვნენ ე. წ. საეკლესიო ერუდიტები. შუასაკუნეების მანამდე უცნობ
ბიზანტიურ წყაროებზე დაყრდნობით, ისინი ქმნიდნენ ნაშრომებს, რომლებშიც
ცდილობდნენ ახალი სამეცნიერო არგუმენტებით გაემყარებინათ კათოლიკური ეკლესიის
შერყეული ავტორიტეტი. ამ მიზნით, ერუდიტები აქტიურად იყვნენ ჩართულნი წყაროთა
მოძიებაში, დიდ ყურადღებას აქცევდნენ წყაროთა კრიტიკულ ანალიზს, ზოგადად –
წყაროთმცოდნეობას, ლათინურ და ბერძნულ პალეოგრაფიას, ქრონოლოგიას. მიუხედავად
ერუდიტთა იდეურ–პოლიტიკური შეხედულებების რეაქციული ხასიათისა, მათმა
საქმიანობამ უზრუნველყო დამხმარე ისტორიული დისციპლინების წინსვლა არა მარტო
ეკლესიის ისტორიის, არამედ, ზოგადად, მედიევისტიკის თვალსაზრისით.

XVII ს. მეორე ნახევარსა და XVIII ს. დასაწყისში საფრანგეთში გამოიცა ბიზანტიური


ლიტერატურული ძეგლების მრავალტომიანი კორპუსი, რომელიც „პარიზის კორპუსის“
სახელითაა ცნობილი. „პარიზის კორპუსის“ გამოცემებში წვლილი შეიტანეს: ფ. ლაბემ (1607–
1667), პიერ პუსინმა (1609-1686), ჟაკ გოარმა (1601–1653), ფრანსუა კომბეფიმ (1605–1697),
შარლ ანიბალ ფაბრემ (1580–1659). „პარიზულ კორპუსს“ 1670 წელს შეუერთდა ცნობილი
მედიევისტი და ლექსიკოგრაფი, არქეოლოგი, ნუმიზმატი, ევროპაში ბიზანტინოლოგიის
ფუძემდებელი – შარლ დიუკანჟი (1610-1688), რომლის მოღვაწეობის პერიოდში საფრანგეთში
ბიზანტინოლოგიამ განსაკუთრებულ აყვავებას მიაღწია. მან გამოსცა კინნამის „ისტორია“ და
იოანე ზონარას „ქრონიკები“, რომელთაც დაურთო დეტალური კომენტარები. დიუკანჟს
ეკუთვნის მრავალი საინტერესო ნაშრომი ბიზანტიისა და საფრანგეთის ისტორიის შესახებ.
ის განსაკუთრებით დაინტერესებული იყო ჯვაროსანთა ლაშქრობებით; გამოაქვეყნა თავისი
დროისათვის საკმაოდ მნიშვნელოვანი წიგნი, რომელიც ეხებოდა კონსტანტინოპოლის
ისტორიას ლათინთა ბატონობის (1204-1261 წწ.) ხანაში. დიუკანჟის ნაშრომებს შორის
უმნიშვნელოვანესია შუა საუკუნეების ლექსიკის ბერძნული და ლათინური ლექსიკონები.
1678 წელს მან 3 ტომად გამოსცა უზარმაზარი ნაშრომი - „ლათინური ენის განმარტებითი
ლექსიკონი“, რომელსაც დღესაც არ დაუკარგავს აქტუალობა – მას აქტიურად იყენებენ შუა
საუკუნეების ლათინურ და ბერძნულ წყაროებზე მომუშავე სპეციალისტები.

შარლ დიუკანჟი

დიუკანჟის საქმე განაგრძეს მისმა უმცროსმა თანამედროვეებმა, რომელთა შორის იყო


ერუდიტთა სკოლის წარმომადგენელი, დომინიკანელი მიხეილ ლექვინი (1661-1733). მან
შეკრიბა და გამოაქვეყნა აღმოსავლეთის ქვეყნების საეკლესიო ისტორიის მასალები.
ლექვინმა ამ საკითხს მიუძღვნა თავისი მნიშვნელოვანი ნაშრომი „Orients Christianus“.

საფრანგეთში ბიზანტინისტიკა სამეფო კარის მფარველობის ქვეშ იყო და აბსოლუტიზმის


მიზნებს ემსახურებოდა: ბიზანტია მოიაზრებოდა, როგორც ცენტრალიზებული მონარქიის
ნიმუში. XVIII საუკუნეში ფრანგი ფილოსოფოს-განმანათლებლები, რომლებიც
აბსოლუტიზმის იდეას უპირისპირდებოდნენ, მკვეთრად კრიტიკულ დამოკიდებულებას
იჩენენ ბიზანტიის იმპერიის ისტორიისადმი და აქცენტს ძირითადად მის უარყოფით
მხარეებზე აკეთებენ. ცნობილი ფრანგი ფილოსოფოსები და იდეოლოგები – შარლ
მონტესკიე და ფრანსუა ვოლტერი ბიზანტიის ისტორიას წარმოადგენენ, როგორც
ბარბაროსული შუა საუკუნეების ყველაზე ბნელ ეპიზოდს. ამავე აზრს ავითარებდა XVIII ს.
ფრანგი ისტორიკოსი შარლ ლებო, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია, გამოეცა ბიზანტიის
ისტორიის მრავალტომეული (Histoire du Bas-Empire). რაკი ბერძნულს ვერ ფლობდა, ლებო
ძირითადად ბიზანტიური წყაროების ლათინურ თარგმანებს ეყრდნობოდა, ამასთან,
წყაროებს გადმოსცემდა კრიტიკული ანალიზის გარეშე, შესაბამისად, მისი „ისტორია“
დიდხანს ითვლებოდა ბიზანტიის იმპერიისადმი აგდებული დამოკიდებულების
სიმბოლოდ. „დაუსრულებელ დაცემად“ და „ბარბაროსობისა და რელიგიის ტრიუმფად“
მიიჩნევს ბიზანტიის იმპერიის ისტორიას განმანათლებლობის პერიოდის ერთ-ერთი
თვალსაჩინო წარმომადგენელი, ინგლისური ბიზანტინისტიკის ფუძემდებელი ედვარდ
გიბონი (1737-1794). ე. გიბონი ემხრობოდა აზრს, რომ ბიზანტია იყო რომის იმპერიის
ერთადერთი პირდაპირი მემკვიდრე.

თანამედროვე ბიზანტინისტიკა ნაკლებად ითვალისწინებს ლებოსა და გიბონის მიდგომებს


ბიზანტიის ისტორიისადმი. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ჭეშმარიტი ისტორიკოსები
იყვნენ, მათი დამოკიდებულება ფაქტებისადმი ზოგჯერ არაადეკვატურია. და მაინც,
ინტერესი შარლ ლებოსა და, განსაკუთრებით, ედვარდ გიბონის ნაწარმოებებისადმი, არ
იკლებს. XIX ს. ბოლოს ინგლისელმა ბიზანტინისტმა ჩარლზ ბიურიმ ხელახლა გამოსცა
გიბონის „ისტორია“ საკუთარი შენიშვნების, მითითებებისა და დამატებების თანდართვით.

ე. გიბონის სუბიექტური შეხედულებები ბიზანტიის იმპერიის შესახებ ერთგვარ


შემაფერხებელ ფაქტორადაც კი იქცა, რომელმაც მთელი ასწლეულით შეანელა ისტორიკოსთა
დაინტერესება ბიზანტიის ისტორიით. თუმცა ბიზანტინისტიკა არ გამქრალა: მისი კვლევის
მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ლაიპციგის მანუსკრიპტის –
„De ceremoniis“ აღმოჩენა და გამოქვეყნება, რომელსაც კომენტარები დაურთო ჰუმანისტური
პერიოდის ისტორიოგრაფიის თვალსაჩინო წარმომადგენელმა, ბერძნული და არაბული
წყაროების შესანიშნავმა მცოდნემ – იოან რაისკემ (1716–1774). აღსანიშნავია, რომ რაისკეს
აღნიშნული კომენტარები რამდენიმე ათწლეულის მანძილზე არ გამოქვეყნებულა, რაც
ეპოქის ჩვენ მიერ აღნიშნულ თავისებურებაზე მიუთითებს.
ბიზანტინისტიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ბიზანტიურ (ბერძნულ)
ენაზე დაწერილ ეკლესიის მამათა და სხვა საერო ავტორთა შრომების კრებულმა „Patrologia
Graeca“, რომელიც 1857–1866 წლებში გამოსცა ფრანგმა კათოლიკე მღვდელმა, რედაქტორმა
და გამომცემელმა ჟაკ პოლ მიგნემ (1800–1875). ამის გამო მას არაოფიციალურად „მიგნეს
პატროლოგიასაც“ უწოდებენ. მიუხედავად იმისა, რომ გამოცემას აქვს გარკვეული
ნაკლოვანებები, Patrologia Graeca–ს დღემდე არ დაუკარგავს თავისი მნიშვნელობა
(აკადემიური ციტირებისას გამოიყენება აბრევიატურა PG).

ჟაკ პოლ მიგნე

XIX საუკუნის ფრანგმა ბიზანტინოლოგმა გ. შლუმბერგმა ღირებული წვლილი შეიტანა


ნუმიზმატიკაში. მის სამეცნიერო ნაშრომებს შორის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა წიგნი
ბიზანტიური სფრაგისტიკის შესახებ (1884 წ.). ასევე, ფასდაუდებელია მისი მონუმენტალური
ნაშრომის – „ბიზანტიის ეპოპეას“ და სხვათა მნიშვნელობა, რომლებმაც ხელი შეუწყო
განათლებული ადამიანების დაინტერესებას ბიზანტიისადმი.

იმპერიალიზმის ეპოქის ბიზანტინოლოგიაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ფრანგ


ბიზანტინისტს პოლ ლემერლეს (1903–1989). მისი კვლევის საგანია ბიზანტიური კულტურა,
განათლება, იმპერიის შიდაპოლიტიკური და საგარეო ურთიერთობები. ლემერლეს ერთ–
ერთი მთავარი ნაშრომია „პირველი ბიზანტიური ჰუმანიზმი“, სადაც შესწავლილია
ბიზანტიის ინტელექტუალური ცხოვრება იმპერიის დასაბამიდან IX-X საუკუნეებამდე – ეს
არის მსოფლიო კულტურის განვითარების უმნიშვნელოვანესი პერიოდი, როცა ბიზანტიელი
სწავლულები წერდნენ შრომებს ანტიკური ხანის ბერძენ ავტორთა შესახებ და ამ გზით,
ფაქტობრივად, გადაარჩინეს უნიკალური მემკვიდრეობა.

XIX საუკუნიდან ადგილი აქვს მკვეთრ შემობრუნებას სამეცნიერო ბიზანტინოლოგიაში.


დაიწყო ბიზანტიის როგორც სოციალ-ეკონომიკური ისტორიის, ისე კლასობრივ-
იერარქიული წყობის სისტემური შესწავლა. საფრანგეთში გააქტიურდა მუშაობა
ბიზანტიური ცივილიზაციის საკითხებზე, ამ მიზნით, ისტორიულ-ლიტერატურულ
წყაროებთან ერთად, ფართოდ მიმართავდნენ არქეოლოგიურ, ეპიგრაფიკულ და
ნუმიზმატურ მასალებს. განსაკუთრებული აღიარება მოიპოვა შარლ დილის (1859–1944)
შრომებმა, რომლებიც დღემდე ითვლება ბიზანტიური ეპოქის ერთ-ერთ საუკეთესო
გამოკვლევებად. თავის თანამედროვეებთან ერთად, დილმა უდიდესი წვლილი შეიტანა
ბიზანტიის ისტორიის თითქმის ყველა სფეროს შესწავლაში, დაწყებული იმპერიის
სახელმწიფოებრივ-ადმინისტრაციული მოწყობითა და საგარეო პოლიტიკით,
დამთავრებული ბიზანტიური კულტურის ძეგლებითა და აგრარული საკითხებით.

შარლ დილი

შარლ დილი ბრწყინვალე პოპულარიზაციას უწევდა ბიზანტიის საკითხს თავისი შესანიშნავი


ნაწარმოებებით. იყო საოცრად მრავალმხრივი მეცნიერი, თავის შრომებში მოიცავდა
ბიზანტიის ისტორიისა და კულტურის ყველა საკითხს. შარლ დილის მეცნიერულმა
ნაშრომები 300-ს აღემატება. მათი უმრავლესობა მნიშვნელოვან მონოგრაფიას წარმოადგენს.
დილი პოზიტივისტური ისტორიოგრაფიის პრინციპებზე იდგა, რომლის მეთოდოლოგია
ლიბერალური ბურჟუაზიის ისტორიულ მსოფლმხედველობას ასახავდა. მრავალწლიანმა
სამეცნიერო და პედაგოგიურმა გამოცდილებამ შარლ დილს მისცა საშუალება, შეექმნა
აკადემიური ნაშრომები ბიზანტიის ისტორიის შესახებ. მათში გადმოცემულია ბიზანტიის
იმპერიის პოლიტიკური, სამხედრო და ადმინისტრაციული მოწყობის ანალიზი.
ბარბაროსული ელემენტების შერწყმა გაცილებით მაღალ, ბიზანტიურ კულტურასთან,
ბერძნული ენის იმპერიაში შემავალი ხალხების საერთო ენად გადაქცევის მცდელობა,
მართლმადიდებლური რელიგიის გავრცელება საეკლესიო მისიების ფართო ორგანიზების
გზით, – ყოველივე ეს, შარლ დილის აზრით, იყო ბიზანტიური პოლიტიკის მთავარი იარაღი
მოსახლეობის ბარბაროსული ელემენტების ასიმილაციის საქმეში.

ფრანგული ბიზანტინისტიკა XIX–XX საუკუნეებშიც ინარჩუნებდა წამყვან პოზიციებს. ფრანგ


ბიზანტინოლოგებს შორის, რომლებიც გერმანელ, რუს, ბერძენ კოლეგებთან ერთად
უაღრესად ნაყოფიერ სამეცნიერო საქმიანობას ეწეოდნენ, არიან ა. გრაბარი და ჟ. დაგრონი.

ანდრეი გრაბარი (1896–1990) – უკრაინული წარმომავლობის ფრანგი ისტორიკოსი.


ცხოვრების დიდი ნაწილი გაატარა საფრანგეთსა და შეერთებულ შტატებში. გრაბარის ყველა
ნაშრომი დაწერილია ფრანგულ ენაზე. ის ითვლება ბიზანტიური ხელოვნების ძეგლების
შესწავლის ფუძემდებლად. იყო საფრანგეთის ხელნაწერებისა და სიტყვიერების აკადემიის
წევრი, ბულგარეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი და სხვა მრავალი წოდების
მფლობელი.

ანდრეი გრაბარი

ჟილბერ დაგრონი (1932) – ფრანგი ბიზანტინისტი, პროფესორი, საფრანგეთის ხელნაწერთა


და ნატიფი სიტყვიერების აკადემიის პრეზიდენტი, მედიევისტიკისა და გვიანი
ანტიკურობის საფრანგეთის სამეცნიერო ასოციაციის წევრი, ათენის აკადემიის, რომის
ნაციონალური აკადემიის, ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი.
დაგრონის კვლევის საგანია ადრეული და შუა პერიოდის ბიზანტიის ისტორიის მრავალი
სფერო. მისი ნაშრომები შეეხება კონსტანტინეპოლის ისტორისა და კულტურას, IV-V
საუკუნეებში ბიზანტიის დედაქალაქის, როგორც ელინისტური და რომაული კულტურების
ცენტრის, ჩამოყალიბებას; თავად კონსტანტინეპოლელთა დამოკიდებულებას თავისი
ქალაქისადმი, რომელთათვისაც ისტორიული სინამდვილე ყოველთვის ერწყმოდა
ლეგენდებს. დაგრონის ინტერესთა სფეროს უცვლელად წარმოადგენს რელიგიის საკითხები
ბიზანტიაში, შუა საუკუნეების მართლმადიდებლური საზოგადოების მენტალობა, იმპერიის
სხვადასხვა რელიგიურ დაჯგუფებათა ურთიერთობა, ბიზანტიური ტრადიციული
ურთიერთობები აღმოსავლეთთან და დასავლეთთან; აგრეთვე, ბიზანტიის საერო და
საეკლესიო ხელისუფლებათა ურთიერთობის საფუძველზე, უფრო განზოგადებული
სურათის – საერო და სასულიერო კულტურათა დამოკიდებულების წარმოჩენა არა მარტო
ბიზანტიური, არამედ დასავლეთევროპული და რუსული საზოგადოებრივ-პოლიტიკური
ტრადიციების საფუძველზე.

ჟილბერ დაგრონი

გერმანული სკოლა

1828 წლიდან გერმანიაში, ქალაქ ბონში, დაიწყო „ბიზანტიის იმპერიის ისტორიის ავტორთა
კრებულის“ (ე. წ. „ბონის კორპუსი“) გამოცემა. ეს იყო საერთაშორისო გამოცემა ბიზანტიური
ლიტერატურული ძეგლებისა, რომელთა დიდი ნაწილი ფრანგულ კორპუსშიც იყო
წარმოდგენილი, თუმცა სწორედ ამ „ბონის კორპუსით“ გახდა ისინი ხელმისაწვდომი
თანამედროვე ბიზანტინისტებისთვის. სულ 1828–1897 წლებში გამოიცა 50 ტომი.

ბონის კორპუსის მნიშვნელოვანი წარმომადგენელი იყო ცნობილი გერმანელი ისტორიკოსი


ბარტოლდ ნიბური (1776–1831). მან შეადგინა ბიზანტიელ ისტორიკოსთა ნაშრომების სრული
კრებულის („Corpus scriptorum historiae Byzantinae“) გეგმა, სადაც, ნაშრომებთან ერთად,
წარმოდგენილი იქნებოდა მათი ლათინური თარგმანი, წინასიტყვაობანი, შენიშვნები და
კომენტარები. ამ საქმიანობაში მასთან ერთად ჩაერთვნენ ბეკერი, კლასენი, ძმები
დინდროფები და სხვ. ნიბურის გარდაცვალების შემდეგ გამოცემა განაგრძო ბერლინის
აკადემიამ.
ბარტოლდ ნიბური

პროგრესი ბიზანტიური ცივილიზაციის შესწავლაში, მისი მაღალი გავლენის აღიარება


მსოფლიო კულტურაზე და ბიზანტიის ისტორიის არსებითი თავისებურებების გამოვლენა
ხელს უწყობდა ბიზანტინოლოგიის სწრაფ განვითარებას. ამ თვალსაზრისით განუზომელია
გამოჩენილი გერმანელი ფილოფოგისა და ბიზანტინისტის, მიუნჰენის უნივერსიტეტის
პროფესორის – კარლ კრუმბახერის (1856–1909) ღვაწლი. კრუმბახერმა, რომელიც ბერძნულ
ენას ასწავლიდა მიუნჰენის უნივერსიტეტში, 1892 წელს დააფუძნა ყოველწლიური
სამეცნიერო ჟურნალი "Вуzantinische Zeitschrift", რომელიც დღემდე საერთაშორისო
ბიზანტინისტიკის უმთავრეს ცენტრს წარმოადგენს.

კარლ კრუმბახერი
ამ გამოცემამ ბიზანტიის ისტორიის მკვლევრები უზრუნველყო უნიკალური
ბიბლიოგრაფიით. გარდა ამისა, კ. კრუმბახერმა მიუნჰენის უნივერსიტეტთან დააარსა
ბიზანტიური კვლევების სემინარი, რომელიც ბიზანტიის შესწავლის ინტერნაციონალურ
ცენტრად იქცა. თავისი საქმიანობით ამ დიდმა მეცნიერმა უზრუნველყო ბიზანტინისტიკის
მნიშვნელოვანი წარმატება. 1897 წელს კ. კრუმბახერმა გამოაქვეყნა „ბიზანტიური
ლიტერატურის ისტორიის“ მეორე შევსებული გამოცემა (1891 წ. – I გამოცემა), რომელშიც
შევიდა იენის უნივერსიტეტის პროფესორის, ჰენრიხ გელცერის სტატია „ბიზანტიის
საიმპერატორო ისტორიის შესახებ“. მოგვიანებით მან კიდევ რამდენიმე სერიოზული
ნაშრომი მიუძღვნა ბიზანტიის ისტორიის საკითხებს, რითაც მნიშვნელოვანი წვლილი
შეიტანა გერმანიაში ბიზანტინისტიკის განვითარების საქმეში.

ბიზანტიურ ისტორიულ ძეგლებსა და ბიზანტიური დიპლომატიკის საკითხებს


შეისწავლიდა გერმანელი ბიზანტინისტი ფრანც დიოლგერი (1891–1968) – მიუნჰენის
უნივერსიტეტის პროფესორი, „მიუნჰენის სკოლის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი, "Вуzantinische
Zeitschrift"-ის რედაქტორი 1928–1963 წლებში. დიოლგერი ბიზანტინოლოგიაში
აღიარებულია, როგორც ფილოლოგიურ-იურიდიული მიმართულების ერთ-ერთი მთავარი
წარმმართველი.

ფრანც დიოლგერი

გარდა ბონისა და მიუნჰენისა, ბიზანტინისტიკის გერმანული სკოლებიდან აღსანიშნავია


ბერლინის, კიოლნის, ჰამბურგის, ბოხუმის, ლაიპციგისა და სხვა ცენტრები.

ინგლისური სკოლა

ინგლისური ბიზანტინისტიკის ფუძემდებლად მიიჩნევა ედვარდ გიბონი (1737-1794) –


განმანათლებლობის პერიოდის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი. მისი
საყოველთაოდ ცნობილი ნაშრომია „რომის იმპერიის დაცემისა და ნგრევის ისტორია“,
რომელიც 1776–1788 წლებში გამოიცა ლონდონში 6 ტომად. ე. გიბონი ემხრობოდა აზრს, რომ
ბიზანტია იყო რომის იმპერიის ერთადერთი პირდაპირი მემკვიდრე.
ედვარდ გიბონი

თუკი კ. კრუმბახერის მიერ გერმანიაში შეიქმნა ბიზანტიური ლიტერატურის საერთო კურსი,


შ. დილმა კი, საფრანგეთში, აღწერა ბიზანტიის იმპერიის მთელი ისტორია მისი ჩასახვიდან
საბოლოო დაცემამდე, – დიდ ბრიტანეთში ჯონ ბიურიმ (1861–1927) შექმნა ფუძემდებლური
ნაშრომები ბიზანტიური ადმინისტრაციული სისტემის შესახებ. კემბრიჯის უნივერსიტეტის
პროფესორი ჯ. ბიური მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული ბიზანტინისტია, კრიტიკული
ანალიზის განსაკუთრებული უნარის მქონე, გამჭრიახი, მაღალი რანგის მეცნიერი, შერჩეული
კვლევის მეთოდებისადმი განსაკუთრებით მკაცრი და თანმიმდევრული მიდგომით. ბიურიმ
პირველმა ჩაუყარა საფუძველი ბიზანტიის ისტორიის ადმინისტრაციული სისტემის
გეგმაზომიერ კვლევას. ბიზანტინისტიკაში შექმნილ რამდენიმე ნაშრომთან ერთად, მან
გამოსცა ბიზანტიის იმპერიის საერთო ისტორიის სამი ტომი, რომელთაც დიდი
გამოხმაურება მოჰყვა ბიზანტინისტიკის სამეცნიერო წრეებში. ამ წიგნში ავტორი არ
იფარგლება იმპერიის მხოლოდ პოლიტიკური ისტორიის წარმოჩენით: მთელი თავებია
მიძღვნილი ადმინისტრაციული მოწყობის, საზოგადოებრივი აზრის, ლიტერატურის,
კულტურის, გეოგრაფიის და სხვა საკითხებისადმი. აღსანიშნავია, რომ ჯ. ბიური იზიარებდა
ბიზანტინოლოგიაში დამკვიდრებულ თვალსაზრისს, რომლის მიხედვითაც, ბიზანტიის
იმპერია რომის იმპერიის პირდაპირი მემკვიდრე იყო, თუმცა ბიზანტინისტთა დიდი ნაწილი
მას მცდარ შეხედულებად მიიჩნევს.
ჯონ ბიური

დიდი ნაბიჯი გადაიდგა ბიზანტინისტიკაში ინგლისელი ისტორიკოსის, გეორგ ფინლეის


მიერ. მისი ერთ–ერთი მთავარი ნაშრომია „საბერძნეთის ისტორია რომაელების მიერ მისი
დაპყრობის ეპოქიდან დღემდე – ძვ. წ. 146 წლიდან 1864 წლამდე“. ისტორიკოსი ბერძენთა
ისტორიას 6 პერიოდად ყოფს , რაც მოგვიანებით მეცნიერთა კამათის საგანი გახდა, თუმცა
საკამათო არ არის ფინლეის ღვაწლი – მან პირველმა მიაქცია ყურადღება ბიზანტიის
სახელმწიფოს შიდა ისტორიას, აგრეთვე, მის იურიფდიულ, სოციალურ, ეკონომიკურ
მხარეებს. რა თქმა უნდა, მისი ყოველი შრომა არ იყო თანაბარი სიღრმისა და მნიშვნელობის,
მაგრამ უდიდესი დამსახურება ისაა, რომ მან განსაზღვრა და გამოკვეთა იმპერიის საშინაო
ისტორიის ბევრი საინტერესო საკითხი.
გეორგ ფინლეი

საკმაოდ ღირებულია ინგლისელი სტივენ რანსიმენის წიგნი „ბიზანტიური ცივილიზაცია“.


მასში ავტორმა ნათლად გამოკვეთა ქვეყნის პოლიტიკური ისტორია, იმპერიული
ორგანიზაცია, ადმინისტრაციული მოწყობა; წარმოაჩინა ბიზანტიისა და გარესამყაროს
ურთიერთობის პრობლემები; რელიგიისა და ეკლესიის, არმიისა და ფლოტის,
დიპლომატიისა და ვაჭრობის, ლიტერატურისა და ხელოვნების როლი; ქალაქისა და სოფლის
ცხოვრების სურათები; აღზრდისა და სწავლების პროცესი.

სტივენ რანსიმენი

არნოლდ ჯოზეფ ტოინბი (1889–1975) – ბრიტანელი ისტორიკოსი. ცივილიზაციათა


გენეზისის კვლევისას, მათი აღმოცენების სტიმულად მიიჩნევს „გამოწვევა – პასუხს“. ამ
თვალსაზრისით, ბიზანტიის იმპერიის ჩამოყალიბება უნდა განვიხილოთ, როგორც პასუხი
დასავლელ და აღმოსავლელ „ბარბაროსთა“გამოწვევაზე, რომლებმაც ძველი რომის იმპერიის
დაცემას შეუწყვეს ხელი. ამავდროულად, ეს ადასტურებს სხვა ისტორიულ კანონზომიერებას
– „წასვლა–დაბრუნებას“. წასვლა ელინურ-რომაული არქაიკიდან და დაბრუნება
აღმოსავლეთ რომის იმპერიის სახით, ახალი, ქრისტიანული ცივილიზაციით. არკვევს რა
ფუტურიზმისა და არქაიზმის ურთიერთდამოკიდებულებას, ტოინბი აღნიშნავს: „უსიამო
აწმყოდან ადამიანები უფრო მეტი მონდომებით მიილტვიან ნაცნობი წარსულისკენ, ვიდრე
უცნობი მომავლისკენ“. ამის მაგალითად ტოინბის მოჰყავს ევროპული რენესანსი, რომელიც
ელინურ-რომაულ ქრისტიანობამდელი არქაიზმისკენ იყო მიმართული, რითაც იქმნებოდა
პირობები ევროპის მომავლის – ფუტურუზმის ფორმირებისათვის.

არნოლდ ჯოზეფ ტოინბი

ბერძნული სკოლა

ბიზანტიის კვლევას საკმაო ძალისხმევა მიუძღვნეს ბერძნებმა – ბერძენი მეცნიერებისთვის


ხომ ბიზანტიის ისტორია მათივე ეროვნული ისტორიის შემადგენელი ნაწილია. თავიანთ
შრომებში დიდი ყურადღება დაუთმეს ბიზანტიის ისტორიას კ. პაპარიგოპულოსმა, ს.
ლამბროსმა, ა. ანდრეადისმა და სხვებმა.

XIX საუკუნეში ბიზანტინისტთა ყურადღებას იქცევს ცნობილი ბერძენი მეცნიერი, ათენის


უნივერსიტეტის პროფესორი – კონსტანტინოს პაპარიგოპულოსი. მან მთელი თავისი
ცხოვრება მიუძღვნა სამშობლოს წარსული ისტორიის შესწავლას. იყო უამრავი დიდი და
მცირე ნაშრომის ავტორი, რომელთა შორის უმთავრესია „ელინური ცივილიზაციის
ისტორია“ (1878).

კ. პაპარიგოპულოსი

სპირიდონ ლამბროსი – ბერძენი მეცნიერი, საბერძნეთის პრემიერმინისტრი 1916–1917


წლებში, ათენის უნივერსიტეტის პროფესორი, ხელნაწერი დოკუმენტებისა და ისტორიული
ტექსტების გამომცემელი, ათონის ბერძნულ ხელნაწერთა კატალოგის ავტორი. 1886–1908
წლებში გამოსცა ექვსტომეული წიგნი „დასურათებული საბერძნეთის ისტორია უძველესი
დროიდან კონსტანტინოპოლის აღებამდე“. თავის თხზულებებში, რომლებიც ძირითადად
გამიზნულია ფართო მკითხველი საზოგადოებისთვის, ლამბროსი ნათლად გადმოსცემს
მოვლენებს ბიზანტიის შექმნიდან – იმპერიის საბოლოო დაცემამდე. ლამბროსი ედგა
სათავეში 1893 წლიდან ათენში გამომავალ პერიოდულ გამოცემას, რომელიც ერთ–ერთი
უძველესია მსოფლიო ბიზანტინისტიკაში.

სპირიდონ ლამბროსი

ბიზანტიის იმპერიის ფინანსური და ეკონომიკური ისტორიის შესწავლის თვალსაზრისით,


მნიშვნელოვანი სიტყვა თქვა ანდრეას ანდრეადისმა. შესაბამისად, მას დამსახურებული
ადგილი უჭირავს მსოფლიოს ბიზანტინისტთა შორის.
ა. ანდრეადისი

იტალიური სკოლა

იტალიის ბიზანტინოლოგიური სკოლის წარმომადგენელია სილვიო ჯუზეპე მერკატია


(1877–1963) – იტალიელი ისტორიკოსი-ბიზანტინოლოგი და პალეოგრაფი, ასწავლიდა
ბიზანტიის ისტორიას ვატიკანის არქივთან არსებულ არქივისტიკისა და პალეოგრაფიის
სკოლაში. ს. მერკატია იყო ინიციატორი იტალიაში პირველი ბიზანტინისტური ჟურნალის
(„Studi bizantini e neoellenici“) დაარსებისა.

აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ბიზანტინისტები

XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ბიზანტიურ კვლევა-ძიებებში განსაკუთრებით აქტიურად


ჩაერთო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები. მათი უმრავლესობა, საკუთარი ქვეყნების ისტორიის
შესწავლის კვალდაკვალ, ეძიებდნენ და იკვლევდნენ ბიზანტიურ წყაროებს, არქეოლოგიურ
ძეგლებს, ბიზანტიური სამართლის, კულტურისა და ეკლესიის დოკუმენტურ თუ სხვა სახის
მასალას. ამ მხრივ გამორჩეული არიან ბულგარელი, სერბი, რუმინელი მეცნიერები.

ვასილ ზლატარსკი (1866–1935) – ცნობილი ბულგარელი არქეოლოგი და ისტორიკოსი-


მედიევისტი. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტი, სადაც შუა საუკუნეების ისტორიას
სწავლობდა ცნობილი რუსი ბიზანტინისტების – ვასილევსკის, ლამანსკის, ვასილიევის
ხელმძღვანელობით. ვ. ზლატარსკის მეცნიერული მემკვიდრეობა შეადგენს ადრეული
ისტორიიდან XIX ს. II ნახევრამდე პროტობულგარელებისა და სლავების პოლიტიკური და
კულტურული ისტორიის, არქეოლოგიის, ნუმიზმატიკისა და ეპიგრაფიკის შესახებ 200-ზე
მეტ პუბლიკაციას. მის ფუნდამენტურ ნაშრომს წარმოადგენს მონოგრაფია „ბულგარეთის
სახელმწიფოს ისტორია შუა საუკუნეებში“ (4 წიგნად გამოცემული სამტომეული), სადაც
განხილულია პერიოდი ევროპაში პროტობულგარელთა გამოჩენიდან 1280 წლამდე.
ვასილ ზლატარსკი

ივან დუიჩევი (1907–1986) – გამოჩენილი ბულგარელი ისტორიკოსი-მედიევისტი. ბიზანტიის


ისტორია შეისწავლა ჯერ სოფიის უნივერსიტეტში, შემდეგ რომში, ვატიკანის არქივთან
არსებულ არქივისტიკისა და პალეოგრაფიის სკოლაში, სილვიო ჯუზეპე მერკატიას
ხელმძღვანელობით. იყო ბულგარეთის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, რომის
პაპის არქეოლოგიის აკადემიის წევრი, ბრიტანეთის სამეფო საზოგადოების წევრ-
კორესპონდენტი, ბონის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ბიზანტიურ წყაროთა
კორპუსის გამოცემის საერთაშორისო კომისიის წევრი, არაერთი ბიზანტინისტური და
სლავისტური პერიოდული გამოცემის სარედაქციო კოლეგიის წევრი; 1941–1986 წლებში
უძღვებოდა ბიბლიოგრაფიის განყოფილებას ჟურნალში «Byzantinische Zeitschrift». მის
სახლში, რომელიც, უმდიდრეს პირად ბიბლიოთეკასთან ერთად, სოფიის უნივერსიტეტს
უანდერძა, 1986 წლიდან გაიხსნა მისივე სახელობის სლავურ-ბიზანტიურ კვლევათა
სამეცნიერო ცენტრი. ი. დუიჩევის სამეცნიერო ინტერესების სფერო მოიცავს ბიზანტიის,
ბულგარეთისა და სამხრეთის სლავების შუა საუკუნეების ისტორიასა და კულტურას. თავის
700-ზე მეტ ნაშრომში, რომლებიც ევროპის სხვადასხვა ენაზე გამოიცა, ავტორი ყურადღებას
ამახვილებს ბიზანტიისა და სლავური სამყაროს პოლიტიკურ, კულტურულ და საეკლესიო
ურთიერთობებზე. განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა დუიჩევი საარქივო
დოკუმენტებისა და წყაროების მოძიების, შესწავლისა და დამუშავების საქმეს.
ივან დუიჩევი

დუიჩევის სახელობის სლავურ-ბიზანტიურ კვლევათა სამეცნიერო ცენტრი – სახლი, რომელიც ი. დუიჩევმა


უანდერძა სოფიის უნივერსიტეტს

1940 წელს, ბიზანტინისტიკის თვალსაჩინო წარმომადგენელმა, რუსული წარმომავლობის


სერბმა მეცნიერმა გიორგი ოსტროგორსკიმ (რომელიც იმხანად უკვე ბელგრადში (სერბია)
ცხოვრობდა), გერმანულ ენაზე გამოაქვეყნა „ბიზანტიის სახელმწიფოს ისტორია“. ნაშრომი
პირველხარისხოვანი მნიშვნელობისაა და მასში განხილულია ბიზანტიის ისტორიის მთელი
პერიოდი, მისი დაარსებიდან საბოლოო დაცემამდე. წიგნში, მართალია, პოლიტიკური
ისტორია ჭარბობს, მაგრამ ყურადღების მიღმა არც სოციალური, ეკონომიკური და
კულტურული ფაქტორები დარჩენილა. ტექსტი აღჭურვილია უძვირფასესი წყაროებით, რაც
აღმოსავლეთის იმპერიის განვითარების სანდო სურათს იძლევა.
გიორგი ოსტროგორსკი

ბიზანტიის ისტორიას სამ პერიოდად ჰყოფს რუმინელი ბიზანტინისტი ნიკოლაე იორგა. 1934
წელს გამოცემულ ნაშრომში „ბიზანტიური ცხოვრების ისტორია. იმპერია და ცივილიზაცია“
(ფრანგულ ენაზე) ის ამ პერიოდებს შემდეგნაირად წარმოგვიდგენს: 1. იუსტიციანედან
ირაკლის გარდაცვალებამდე – „იღუმენისტური იმპერია“; 2. ირაკლიდან კომნენოსებამდე –
„ბერძნული ცივილიზაციის შუა იმპერია“; 3. კომნენოსებისა და პალეოლოგების ხანა –
„ლათინთა შემოჭრის ისტორია“. გარდა დიდი მოცულობის ინფორმაციისა ბიზანტიის
ისტორიის მრავალი საკითხის გარშემო, წიგნი მოიცავს მკვლევრის ფასეულ შენიშვნებსა და
ორიგინალურ, ზოგჯერ სადისკუსიო, იდეებს. ნაშრომს თან ერთვის მდიდარი და
მრავალფეროვანი ბიბლიოგრაფია.

ნიკოლაე იორგა
რუსული სკოლა
ევროპული ბიზანტინოლოგიური სკოლის განვითარების პარალელურად, აქტიურად
ვითარდებოდა რუსული ბიზანტინისტიკა. ზოგადად, უნდა ითქვას, რუსული
ბიზანტინოლოგიის საწყისები ჯერ კიდევ კიევის რუსეთიდან მოდის. რუსეთისა და
ბიზანტიის მრავალგვარი პოლიტიკური, ეკონომიკური, საეკლესიო და კულტურული
კავშირები განაპირობებდა რუსული ისტორიოგრაფიის ღრმა ინტერესს ბიზანტიის
ისტორიის პრობლემებისადმი. ქრისტიანობის გავრცელება და სლავური დამწერლობის
შექმნა ბიზანტიური კულტურის გავლენის გაძლიერებას უწყობდა ხელს. მისცა რა საწყისი
მასალა მსოფლიო ისტორიის კონცეფციის შესამუშავებლად (იოანე მალალას, მიქელ
პსელოსის, გიორგი ამარტოლის ქრონიკები), ბიზანტიურმა ისტორიოგრაფიამ გარკვეული
ზემოქმედება მოახდინა რუსული ისტორიოგრაფიის ფორმირებაზე.

ბიზანტიის, განსაკუთრებით კი – ბიზანტიური წყაროების მეცნიერული კვლევა რუსულ


ისტორიოგრაფიაში XVIII საუკუნიდან იწყება. პეტრე პირველის რეფორმებმა დიდი ბიძგი
მისცა რუსეთში მეცნიერებისა და კულტურის განვითარებას. დაიწყო სიძველეთა შეკრება–
შეგროვება, რომელთა შორის, ხელოვნების ნიმუშებისა და კულტურის ძეგლების გარდა,
ხელნაწერებიც იყო.

XIX საუკუნის მეორე ნახევარში ბიზანტინისტიკა უკვე ჩამოყალიბებული დარგი იყო


რუსეთში. ბიზანტინისტთა რუსულმა სკოლამ (ვ. ვასილევსკი, ფ. უსპენსკი, ნ. კონდაკოვი, ნ.
სკაბალანოვიჩი, ა. პანჩენკო, ა. ვასილიევი, პ. იაკოვენკო და სხვ.), რომელშიც იმთავითვე
სჭარბობდა ისტორიული მიმართულება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა
როგორც ბიზანტიის საშინაო საკითხების, ისე ძველი რუსეთის ისტორიის შესწავლაში, რასაც
ხელი შეუწყო ბიზანტიური წყაროების შესწავლა–გამოყენებამ.

ამ მხრივ დიდი დამსახურება მიუძღვის ვ. გ. ვასილევსკის (1838–1899) - რუსული


ბიზანტინისტიკის ფუძემდებელს. მისი შრომები ფასდაუდებელი მნიშვნელობისაა
თემატიკის ფართო სპექტრისა და კვლევათა სიღრმის გამო. 1894 წელს ვ. ვასილევსკიმ
დააარსა ყოველწლიური ჟურნალი "Византийский временник", რომელიც, "Byzantinische
Zeitschrift"-თან ერთად, მსოფლიო ბიზანტინისტიკის ცენტრად იქნა აღიარებული.
ვ. ვასილევსკი

ვასილევსკის სკოლას განეკუთვნებიან დიდი მეცნიერები – თ. უსპენსკი, ა. ვასილიევი, პ.


ბეზობრაზოვი და სხვები.

1895 წელს ფ. უსპენსკიმ, რომელიც კონსტანტინოპოლში ახლად დაარსებული რუსული


არქეოლოგიური ინსტიტუტის დირექტორი იყო, დაიწყო „კონსტანტინოპოლში რუსული
არქეოლოგიური მუზეუმის მაცნეს“ გამოცემა. ვასილევსკის შემდეგ, სწორედ უსპენსკის
უკავია გამორჩეული ადგილი რუსულ ბიზანტინისტიკაში. ძნელად მოინახება საკითხი
ბიზანტიის ისტორიაში, რომელსაც ის არ შეხებია. უსპენსკი არა მხოლოდ ზედმიწევნით
პროდუქტიული, არამედ ძალზე მრავალმხრივი მეცნიერი-ბიზანტინისტი იყო. მან შექმნა
მონუმენტური ნაშრომი – „ბიზანტიის იმპერიის ისტორია“ – ყველაზე დეტალური
თანამედროვე კვლევა ბიზანტიის ისტორიაში. ნაშრომი 3 ტომისგან შედგება, რომლებიც
დროის დიდი ინტერვალებით გამოიცა (1913, 1927 და 1948 წლები). ვასილევსკი და უსპენსკი
დიდ ყურადღებას უთმობდნენ ბიზანტიის აგრარულ პრობლემას, ზოგადად, აგრარული
საკითხი რუსი ბიზანტინისტების საყვარელი თემადაც შეიძლება ჩაითვალოს.

თ. უსპენსკი
რუსული ბიზანტინისტიკის განვითარებაში დიდია ისტორიკოს–არქეოლოგის – ნ. პ.
კონდაკოვის (1844–1925) წვლილი. მისი შესწავლის საგანს წარმოადგენდა ბიზანტიური და
ძველრუსული ხელოვნების საკითხები, განსაკუთრებით დაინტერესებული იყო
სიმბოლიკითა და იკონოგრაფიით. 1895 წელს, უსპენსკისთან ერთად, დააარსა რუსული
არქეოლოგიური ინსტიტუტი კონსტანტინოპოლში.

ნ. კონდაკოვი

რუს ბიზანტინისტთა განსაკუთრებული აქტივობა XIX–XX საუკუნეების მიჯნაზე სწორედ


ვასილევსკისა და უსპენსკის მიერ დაარსებული მეცნიერული სკოლით იყო განპირობებული.
მის მოწაფეებს შორის გამოირჩეოდნენ: ა. ვასილიევი, ბ. პანჩენკო, პ. იაკოვენკო, პ.
ბეზობრაზოვი და სხვები. ა. ვასილიევმა გამოაქვეყნა სოლიდური ნაშრომი ბიზანტიელთა და
არაბთა ურთიერთობების შესახებ IX–X საუკუნეებში (ბიზანტია და არაბები. 2 ტომად. 1900–
1902).
ა. ვასილიევი

ი. კულაკოვსკიმ დაწერა ბიზანტიის იმპერიის ისტორია 395 – 717 წლებში, 3 ტომად (კიევი,
1913–1915) – ერთი შეხედვით მშრალი, მაგრამ საოცრად ჭკვიანი და სასარგებლო წიგნი.

ამერიკული სკოლა

XX ს. დასაწყისიდან ბიზანტინისტიკის გეოგრაფიული არეალი მოიცავდა არა მხოლოდ


ევროპას, არამედ თითქმის მთელ მსოფლიოსაც. დიდ ინტერესს იჩენდა ბიზანტიური
ძეგლების ისტორიისადმი ამერიკის შეერთებული შტატების ბიზანტინოლოგია, რომელიც,
ბუნებრივია, ძირითადად ევროპულ ტრადიციებს ეყრდნობოდა.

კურტ ვაიცმანი (1904–1993) – ამერიკელი ისტორიკოსი, ბიზანტინოლოგი. მოღვაწეობდა


გერმანიაში, თუმცა ფაშიზმის წლებში იძლებული გახდა დაეტოვებინა სამშობლო და
შეერთებულ შტატებში გადასულიყო სამოღვაწეოდ. ვაიცმანის ნაშრომების თემაა
ბიზანტიური კულტურის ძეგლების ისტორია. იკვლევდა აღმოსავლურ-ქრისტიანულ
იკონოგრაფიას ანტიკურობასთან, ადრექრისტიანულ ხანასთან და კათოლიკურ (დასავლურ)
ხელოვნებასთან მიმართებაში, ასევე, სრულად შეისწავლა მართლმადიდებლობის სულიერი
მემკვიდრეობა. იყო 1977–1978 წლებში, ნიუ-იორკში, მეტროპოლიტენ-მუზეუმში შემდგარი
III-VII საუკუნეების ბიზანტიური ხელოვნების მსოფლიო მნიშვნელობის გამოფენის –
„სულიერების საუკუნის“ – აქტიური მონაწილე და ამ ღონისძიებასთან დაკავშირებული
სიმპოზიუმის მასალების რედაქტორი. ვაიცმანის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი
კვლევითი პროექტია ექსპედიცია სინას მთაზე. ხელმძღვანელობას უწევდა ძეგლის
ფოტოფიქსაციას, ხელნაწერთა მინიატურების შეკრებას, ეკლესიის აფსიდის მოზაიკის
რესტავრაციას, მისი ხატების კატალოგის შედგენას. ექსპედიციის შედეგები გამოსცა
ნაშრომის სახით («The Monastery of Saint Catherine at Mount Sinai» - Princeton, 1976). გარდა
ამისა, ვაიცმანს ეკუთვნის ბიზანტიურ ხელნაწერთა მრავალი გამოცემა. მან უდიდესი
წვლილი შეიტანა მართლმადიდებლური ხატწერისა და მინიატურების მნიშვნელობის
განმტკიცებაში, ზოგადად, XX საუკუნის ბიზანტინოლოგიური კვლევების განვითარებაში.

კურტ ვაიცმანი

ფრანტიშეკ დვორნიკი (1893–1975) – ჩეხური წარმომავლობის ამერიკელი მეცნიერი,


კათოლიკური ეკლესიის ისტორიკოსი, ბიზანტინისტი, სლავისტი, კარლოვის
უნივერსიტეტის ღვთისმეტყველების ფაკულტეტის პროფესორი. ბიზანტიის ისტორია
შეისწავლა სორბონეში, შ. დილის ხელმძღვანელობით. ფაშიზმის წლებში დატოვა ჩეხეთი და
შეერთებულ შტატებში გადავიდა საცხოვრებლად. აშშ-ში დვორნიკი ერთმანეთს უთავსებდა
სამეცნიერო-კვლევით და პედაგოგიურ საქმიანობას, ჰარვარდის უნივერსიტეტში
კითხულობდა სლავთა ისტორიას, რის საფუძველზეც გამოსცა 2 მონოგრაფია. მისი
სამეცნიერო ინტერესების სფეროები იყო: ადრეული კავშირები ბიზანტიასა და სლავებს
შორის; მართლმადიდებლური სამყაროსა და რომის ურთიერთობა, უპირველესად, IX
საუკუნეში; ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის შუა საუკუნეების ისტორია.

ფ. დვორნიკი
იგორ შევჩენკო – ამერიკელი ისტორიკოსი, ბრიტანეთის აკადემიის წევრ-
კორესპონდენტი. მისი სამეცნიერო მოღვაწეობა უკავშირდება ბიზანტინისტიკასა და
სლავისტიკას, უპირველესად, უკრაინის ისტორიასთან მიმართებით. შევჩენკოს
ნაშრომები ეძღვნება ბიზანტიურ წერილობით წყაროებს გვიანი ანტიკურობიდან
მოყოლებული, XV საუკუნემდე. იკვლევდა კონტაქტებს სლავ ხალხებსა და
ბიზანტიას შორის. მან შექმნა შრომები პალეოგრაფიაში, ეპიგრაფიკაში,
კოდიკოლოგიაში.

ი. შევჩენკო

* * *

XIX საუკუნეში თავი იჩინა ისტორიის უფრო ღრმად აღქმის ტენდენციამ, რამაც შეცვალა
განმანათლებლობის ეპოქაში ჩამოყალიბებული არამეცნიერული, ქედმაღლური
დამოკიდებულება ბიზანტიური სამყაროსადმი. დილი, ვასილევსკი, კრუმბახერი, ბიური –
თითოეულმა ამ მეცნიერთაგან საკუთარ ქვეყანაში ჩაუყარა საფუძველი ბიზანტინისტიკას,
როგორც დამოუკიდებელ სამეცნიერო დისციპლინას. რამაც ხელი შეუწყო თანამედროვე
ბიზანტინისტიკის ჩამოყალიბებას.

XIX ს. მეორე ნახ. – XX საუკუნის დასაწყისი იმპერიალიზმის ეპოქად იწოდება. ამ პერიოდის


ევროპული ისტორიოგრაფიისათვის შესამჩნევი წინსვლაა დამახასიათებელი. გრძელდება
ისტორიზმის პრინციპის დამკვიდრება. ბურჟუაზიული ისტორიული მეცნიერების საერთო
ტენდენცია მისი თემატიკის გაფართოებისკენ, სოციალური და ეკონომიკური ისტორიის
შესწავლისკენ, კვლევის ემპირიული მეთოდების ძიებისკენ იყო მიმართული.
XIX საუკუნის მეორე ნახევრის ბურჟუაზიულ ისტორიოგრაფიაში შეიძლება გამოვყოთ 3
ძირითადი მიმართულება: 1. პოლიტიკური; 2. ისტორიულ-სამართლებრივი; 3.
პოზიტივისტური. პირველი ორი თავისი ფესვებით XIX საუკუნის პირველ ნახევარში მიდის
და ეყრდნობა ისტორიის იდეალისტურ გაგებას. მეორე დიდ ყურადღებას უთმობს
სოციალურ-ეკონომიკურ მომენტებს. ბურჟუაზიული ისტორიული მეცნიერების
განვითარების საერთო ტენდენციები უფრო გარკვევით გამოიკვეთა პოზიტივისტურ
მიმართულებაში, რომელმაც განსაკუთრებული გავრცელება XIX ს. 70-90-იან წლებში ჰპოვა.
პოზიტივიზმი წარმოადგენდა ბურჟუაზიულ-ლიბერალურ მიმართულებას ისტორიულ
მეცნიერებაში და მხარს უჭერდა ისტორიული პროგრესის იდეას, აღიარებდა ობიექტურ
კანონზომიერებებს, ისტორიული წყაროების კრიტიკული ანალიზისა და ფაქტების
შემოწმების აუცილებლობას და მათ შესწავლას ისტორიულ-კრიტიკული მეთოდის
განვითარების გზით. მიუხედავად პოზიტივისტური ისტორიოგრაფიის იდეალისტური
პოზიციებისა, ის მაინც იყო რეალისტური, ესწრაფვოდა ისტორიული პროცესის ობიექტურ
შესწავლას.

პოზიტივისტურმა მეთოდოლოგიამ დიდი გავლენა მოახდინა იმპერიალიზმის ეპოქის


ბიზანტიოლოგიაზე. პოზიტივისტები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ ბიზანტიის
ისტორიაში სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების შესწავლას. პოზიტივიზმის გავლენის
ზრდამ ხელი შეუწყო ბიზანტინოლოგიური ნაშრომების თემატიკის გაფართოებას, შედეგად,
XIX ს. მეორე ნახევრიდან ბიზანტინისტიკა მედიევისტიკის უმთავრეს სფეროდ იქცა.

იმპერიალიზმის ეპოქის ბიზანტინოლოგიაში, ისევე, როგორც ადრინდელ პერიოდში, წამყვან


როლს ინარჩუნებენ ფრანგი და გერმანელი ბიზანტინისტები, თუმცა, არანაკლები
მნიშვნელობის შრომები იქმნებოდა რუსეთში, საბერძნეთში, აღმოსავლეთი ევროპის
ქვეყნებში.

გერმანელი ისტორიკოს-ბიზანტინისტების ყურადღების არეალში იყო წყაროთმცოდნეობა (კ.


კრუმბახერი, ფ. გირში), პოლიტიკური და ადმინისტრაციული ისტორიის საკითხები
(გელცერი, ნეიმანი, ჰერცბერგი). ბერძენი მეცნიერები ძირითადად დაინტერესებული იყვნენ
ახალი ისტორიული წყაროების გამოვლენითა და შესწავლით. მნიშვნელოვანი წვლილი
შეიტანეს ამ პირიოდის ბიზანტინისტიკაში ბულგარელმა და სერბმა ისტორიკოსებმა
(დრინოვი, ნოვაკოვიჩი), რომლებიც, თავიანთი ქვეყნების ისტორიის საკითხებზე
მუშაობისას, აქტიურად იკვლევდნენ უძვირფასეს ბიზანტიურ წყაროებს.

XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე, მიუნჰენის უნივერსიტეტის კვალდაკვალ, ევროპის ბევრ


უმაღლეს სასწავლებელში გააქტიურდა ბიზანტინისტიკასთან დაკავშირებული
სპეციალობების სწავლება (პარიზი, რომი, პრაღა, ბელგრადი). გაიზარდა ბიზანტიურ
წყაროთა კრიტიკული გამოცემების რიცხვი. სულ უფრო ხშირად მიმართავდნენ წარწერებს,
პაპირუსებს, არქეოლოგიურ მასალას. XX ს. დასაწყისისთვის აქტიურად ქვეყნდებოდა
ზოგადი შრომები ბიზანტიური ცივილიზაციის შესახებ (ჰესელინგი, გელცერი, დილი და
სხვები).

იმპერიალიზმის ეპოქის ბევრი ავტორი, მათ შორის ჯ. ბიური, ცდილობს აჩვენოს, რომ ესა
თუ ის ბიზანტიური ინსტიტუტი ძველი რომის მემკვიდრეობას წარმოადგენს. ამასთან,
ნაკლებად შუქდება ეკონომიკური ხასიათის და სახალხო მოძრაობის ამსახველი საკითხები.

ამ პერიოდის ნაშრომთა ერთ ნაწილში შეინიშნება მოდერნიზაციისკენ სწრაფვა (მაგალითად,


ლ. ბრენტანო – გერმ., გ. მიკვიცი – ფინ., რ. ლოპესი – აშშ).

XIX საუკუნის მიწურულს ევროპაში ბიზანტინოლოგია მეცნიერების დამოუკიდებელ


დარგად ყალიბდება. მის სათავეებთან დგას გამოჩენილი გერმანელი მეცნიერი კარლ
კრუმბახერი. ბიზანტიური ცივილიზაციის შესახებ ფუნდამენტური გამოკვლევები შექმნეს შ.
დილმა და პ. ლემერლიმ – საფრანგეთში, ჯ. ბიურიმ – ინგლისში, ჰ. გელცერმა – გერმანიაში,
ვ. ვასილევსკიმ, თ. უსპენსკიმ – რუსეთში და სხვ.

პირველი მსოფლიო ომის შემდგომი წლები ბიზანტინოლოგიის კიდევ უფრო გააქტიურებით


აღინიშნა. აშშ-ში და ევროპის მრავალ ქვეყანაში (საბერძნეთი, იტალია, ბელგია, საფრანგეთი
და სხვ.) დაარსდა ბიზანტიის ისტორიის შემსწავლელი სამეცნიერო ორგანიზაციები.
ბიზანტინისტიკით დაინტერესდნენ აზიელი და აფრიკელი ისტორიკოსები. მკვეთრად
გაიზარდა ბიზანტინოლოგიური პერიოდული გამოცემების რიცხვი. 1924 წლიდან იმართება
საერთაშორისო ბიზანტინოლოგიური კონგრესები. ფასდაუდებელი მიღწევები იქნა
მოპოვებული წყაროთმცოდნეობაში. მნიშვნელოვნად გაფართოვდა ბიზანტიურ წყაროთა
კვლევის არეალი. სისტემატური სახე მიიღო ბიზანტიური ძეგლების შესწავლამ.

საბჭოთა ბიზანტინისტიკა

უნდა აღინიშნოს, რომ XX საუკუნის დასაწყისიდან არნახული მასშტაბით გაიზარდა


ინტერესი ბიზანტინოლოგიის პრობლემებისადმი. დღის წესრიგში დადგა მანამდე ნაკლებად
საყურადღებო საკითხების განხილვა (სოციალური ურთიერთობები და მოძრაობები).
გააქტიურდა საერთაშორისო თანამშრომლობა. შეიქმნა ბიზანტინოლოგიის ეროვნული
ასოციაციები და საზოგადოებები; თუ პირველი მსოფლიო ომის დასასრულისთვის
გამოდიოდა ორი საერთაშორისო ბიზანტინოლოგიური ჟურნალი – „Byzantinische Zeitschrift“
(გერმანია) და „Византийский временник“ (რუსეთი), მალე მათ მოჰყვა სხვა არანაკლები
მნიშვნელობის პერიოდული საერთაშორისო გამოცემები (ათენი, ბერლინი, ბრიუსელი,
პარიზი, პრაღა). მეტი ორგანიზებით ხორციელდებოდა სხვადასხვა ქვეყნის სამეცნიერო
ჯგუფების ერთობლივი საქმიანობა და ამ საქმიანობის შედეგად გაჩნდა ერთობლივი
გამოცემები; საერთაშორისო მასშტაბი მიიღო „შუა და ახალბერძნული ენის ლექსიკონზე“
მუშაობამ.
1918 წელს შეიქმნა ბიზანტიურ კვლევათა ასოციაცია, რომლის ეგიდით სისტემატურად
იმართებოდა საერთაშორისო ბიზანტინოლოგიური კონგრესები. პირველი კონგრესი შედგა
1924 წელს, ბუქარესტში, შ. დილის და ნ. იორგას აქტიური მონაწილეობით, მეორე – 1927
წელს ბელგრადში, მესამე – 1930 წელს ათენში, მეოთხე – 1934 წელს სოფიაში, მეხუთე – 1936
წელს რომში. ბიზანტიის ისტორიისა და კულტურის პრობლემები განიხილებოდა, აგრეთვე,
საერთაშორისო ისტორიულ, არქეოლოგიურ, აღმოსავლეთმცოდნეთა, 1929 წლიდან კი –
სლავისტიკურ კონგრესებზე. 30-იანი წლების ბოლოდან, გერმანული ფაშიზმის აგრესიულმა
პოლიტიკამ და მის მიერ გაჩაღებულმა მსოფლიო ომმა მნიშვნელოვნად შეასუსტა
განვითარების გზაზე მდგარი საერთაშორისო თანამშრომლობა ბიზანტინოლოგიაში.

მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში კიდევ უფრო ღრმავდება კრიზისი დასავლურ
ისტორიოგრაფიაში, სადაც „საზოგადოებრივი პროგრესის“ ცნება ჩაანაცვლა ცნებამ –
„სოციალური ცვლილებები“ (ა. ტოინბი, პ. სოროკინი და სხვ.), თუმცა იგივე ომისშემდგომი
პერიოდი ხასიათდება საბჭოთა ბიზანტინისტიკის დიდი აღმავლობით. როგორც ცნობილია,
ეს არის სოციალიზმის მსოფლიო სისტემის შექმნის ხანა, რასაც თან მოჰყვა მარქსისტული
ისტორიოგრაფიის ავტორიტეტის გამყარება ამ სისტემის ქვეყნებში. აქტიურად დადგა დღის
წესრიგში ბიზანტიური ფეოდალიზმის პრობლემა. ბიზანტიური ფეოდალიზმის, როგორც
საზოგადოებრივი მოწყობისა და ეკონომიკურ ურთიერთობათა სისტემის, შესახებ
წარმოდგენების ჩამოყალიბებაში დიდი როლი შეასრულეს თავიანთი ნაშრომებით საბჭოთა
მეცნიერებმა: მ. ლევჩენკომ, ნ. პიგულევსკაიამ, გ. კურბატოვმა, ვ. უდალცოვამ, ე. ლიპშიცმა, მ.
სიუზუმოვმა, ა. კაჟდანმა, გ. ლიტავრინმა, რ. ნასლედოვამ და სხვებმა.

ზოგადად, საბჭოთა ბიზანტინისტიკა არსებობას იწყებს ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ –


1917 წლიდან. ამ პერიოდში საბჭოთა ბიზანტინოლოგია წარმოდგენილი იყო უფროსი და
საშუალო თაობის ბურჟუაზიულ-პოზიტივისტური სკოლის წარმომადგენლებით, თუმცა
ამას ხელი არ შეუშლია მათთვის – აქტიურად ჩართულიყვნენ „მარქსისტულ
ბიზანტინოლოგიად“ სახელდებულ სამეცნიერო საქმიანობაში. ფართო ბიზანტინოლოგიური
კვლევები გაიშალა უსპენსკის, ლატიშევის, მარის, რეგელის და სხვათა მიერ. პეტროგრადის,
ოდესის, ხარკოვის უნივერსიტეტების დაარსებას მოჰყვა ბიზანტიის ისტორიის გარშემო
პედაგოგიური და კვლევითი საქმიანობის გააქტიურება. თბილისის უნივერსიტეტის
დაარსებისთანავე აქ შეიქმნა ბიზანტინისტიკის კათედრა, რომელიც ერთგვარ ცენტრად იქვა
ამ მიმართულებით წარმოებულ კვლევებში (გ. წერეთელი, ს. ყაუხჩიშვილი). მეორე ასეთ
ცენტრს წარმოადგენდა პეტროგრადის უნივერსიტეტი, სადაც მოღვაწეობდნენ ცნობილი
ბიზანტინოლოგები – უსპენსკი, ვასილიევი, ბენეშევიჩი და სხვები. ბიზანტიური კვლევა-
ძიებისთვის მნიშვნელოვან ცენტრს წარმოადგენდა სსრკ მეცნიერებათა აკადემიასთან
არსებული ქრისტიანული და ბიზანტიური არქეოლოგიის განყოფილება, სახელმწიფო
ერმიტაჟი; 1918 წელს სსრკ მეცნიერებათა აკადემიასთან შეიქმნა უსპენსკის კომისია,
რომელშიც წამყვანი ბიზანტინისტები იკვლევდნენ ბიზანტიურ ძეგლებს და მასთან
დაკავშირებულ პრობლემებს. გრძელდება ძირითადი პერიოდული ორგანოს –
„Византийский временник“ – გამოცემა, ამასთან, დაარსდა ჟურნალები – „Анналы“, „Новый
Восток“, რომლებშიც სისტემატიურად იბეჭდებოდა ბიზანტიის ისტორიასთან
დაკავშირებული კვლევები, გამოიცემოდა მრავალტომეულები.

XX ს. 20–იანი წლებიდან მარქსისტული საბჭოთა ბიზანტინოლოგია გადაეშვა მწვავე


დაპირისპირებაში ე. წ. „ბურჟუაზიულ ბიზანტინოლოგიასთან“: ის მარქსიზმ-ლენინიზმის
პრინციპებიდან გამოდიოდა და აკრიტიკებდა ისტორიზმის ბურჟუაზიულ კონცეფციებს,
მეთოდებს, პრინციპებს. საბჭოთა ისტორიული მეცნიერების მიერ შემუშავდა ბიზანტიის
ისტორიის ახალი კონცეფციები, რასაც მოჰყვა საბჭოთა ბიზანტინოლოგიაზე მარქსისტული
იდეოლოგიის გაბატონება. აპელირებდა რა ბურჟუაზიული ისტორიოგრაფიის კრიზისზე,
მარქსისტულმა ბიზანტინისტიკამ მიზნად დაისახა გაეთავისუფლებინა ბიზანტიის ისტორია
იმ ნიჰილისტური დამოკიდებულებისაგან, რასაც დასავლეთის ბიზანტინისტიკა იჩენდა
ზოგადად ბიზანტიური სამყაროსადმი.

1945 წლიდან გამოდის „ბიზანტიური კრებული“, რომელმაც, ფაქტობრივად, განსაზღვრა


საბჭოთა ბიზანტინისტიკის მიზნები და ამოცანები. ამ პერიოდიდან რეგულარულად
იმართება საბჭოთა ბიზანტინისტების სამეცნიერო ფორუმები. სამეცნიერო–კვლევით
საქმიანობაში აქტიურად ჩაერთო მეცნიერთა ახალგაზრდა თაობა. ომისშემდგომი პერიოდის
საბჭოთა ბიზანტინისტიკამ მოიცვა ბიზანტიის არა მარტო სოციალურ-ეკონომიკური და
აგრარული, არამედ სოციალურ-პოლიტიკური ურთიერთობების პრობლემებიც.

ადრებიზანტიური ხანის ისტორიის კვლევის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია ლევჩენკოს,


პიგულევსკაიას, ლიფშიცის შრომები. სერიოზული მუშაობა მიმდინარეობდა
გვიანბიზანტიური ფეოდალიზმის შესწავლის თვალსაზრისით, რაშიც თავისი წვლილი
შეიტანეს ვ. უდალცოვამ, ბ. გორიანოვმა, ა. კაჟდანმა. ამ და სხვა ავტორების ნაშრომთა შუქზე
ნათლად იკვეთება ბიზანტიის დასუსტებისა და დაცემის საშინაო სოციალ-პოლიტიკური
მიზეზები. განსაკუთრებით ფართოა ნ. პიგულევსკაიას კვლევათა არეალი: მან თავის
შრომებში განიხილა ახლო აღმოსავლეთში მონათმფლობელობიდან ფეოდალიზმზე
გადასვლის მნიშვნელოვანი პრობლემები, ექსპლუატაციის ფორმების, ქალაქთმშენებლობის
საკითხები, ბიზანტიის დამოკიდებულება ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან და სხვ.
ბიზანტიური გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები შეისწავლეს და საკითხს სპეციალური
შრომების მიუძღვნეს ლ. მიცულევიჩმა და ა. ბანკმა; მნიშვნელოვანია ს. შესტაკოვის, ა.
ვიშნიაკოვას, ვ. ვალდენბერგის კვლევები ბიზანტიური კულტურისა და პოლიტიკური
აზროვნების კვლევის თვალსაზრისით; აგრარულ საკითხებს შეეხო მ. ფრეიდენბერგის
ნაშრომები. საეკლესიო დაპირისპირებებისა და ხატმებრძოლობის საკითხებს მიუძღვა
თავისი კვლევები მ. სიუზუმოვმა. არანაკლებ საყურადღებოა სახალხო მოძრაობის თემა
ბიზანტიაში. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ა. კაჟდანის, ვ. უდალცოვას, ა. დმიტრევისა და ნ.
მაშკინის კვლევები. რუსულ-ბიზანტიურ ურთიერთობებს იკვლევენ ვ. ბეპეშევიჩი, მ.
შანგინი, ლიფშიცი, იაკობსონი, ლევჩენკო, ტიხომიროვი, რიბაკოვი და სხვები.
XX ს. შუა წლებში აღმავლობას განიცდის არა მარტო რუსეთის, არამედ მოკავშირე
რესპუბლიკების ბიზანტინისტიკაც. განსაკუთრებით გაღრმავდა ბიზანტიურ-ქართული (გრ.
წერეთელი, ს. ყაუხჩიშვილი, კ. კეკელიძე, ნ. ლომოური, მ. ლორთქიფანიძე) და ბიზანტიურ-
სომხური (ერემიანი, არაქელიანი, იუზბაშიანი) ურთიერთობების კვლევა, რასაც
განაპირობებდა ბიზანტიური წყაროების საფუძლიანი დამუშავება საკუთარი ქვეყნის
ისტორიის შესწავლის მიზნით. ცალკეულ მნიშვნელოვან ბიზანტინოლოგიურ გამოცემებთან
ერთად, აღსანიშნავია სერია „გეორგიკა“ (თბილისი), „ისტორიულ-ფილოლოგიური
ჟურნალი“ (სომხეთი).

ამ პერიოდის საბჭოთა ბიზანტინისტიკის მიღწევების პირდაპირი შედეგია „ბიზანტიის


ისტორიის“ სამტომეული – კოლექტიური ნაშრომი, სადაც მოცემულია ბიზანტიის
განვითარების, მისი ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური ურთიერთობების,
იდეოლოგიისა და კულტურის სურათი. ამ ნაშრომმა ბიზანტინისტებს მისცა საშუალება –
უფრო ნათლად წარმოეჩინათ ბიზანტიის ისტორიული მნიშვნელობა, მისი როლი და
ადგილი მსოფლიო ისტორიაში. ბიზანტიური ფეოდალიზმის ტიპოლოგიის პრობლემები
დაისვა საბჭოთა ისტორიკოსების წინაშე ისტორიულ მეცნიერებათა XIII საერთაშორისო
კონგრესზე.

60-იანი წლებიდან კიდევ უფრო გააქტიურდა საერთაშორისო ბიზანტინოლოგიური


კვლევები. აღდგა ძირითადი საერთაშორისო გამოცემები, გაძლიერდა ეროვნული
ბიზანტინოლოგიური გაერთიანებები და ასოციაციები, რეგულარულად იმართებოდა
საერთაშორისო კონგრესები ბიზანტინოლოგიაში, მათ შორის, სლავისტთა კონგრესები.
ბიზანტიური კვლევების საერთაშორისო ასოციაციამ მოამზადა და გამოსცა 1939–1948
წლებში გამოქვეყნებულ ნაშრომთა (2800 გამოცემა) ბიბლიოგრაფია, ბიზანტიურ
სამართალთან დაკავშირებულ შრომათა მიმოხილვა, წყაროთა მიმოხილვა და სხვ. 1964 წელს
შეიქმნა სამხრეთ და აღმოსავლეთევროპულ კვლევათა ასოციაცია. გამოიცა მთელი რიგი
ახალი საერთაშორისო კვლევებისა, გაგრძელდა უკვე დაწყებული აქტების, სამონასტრო
წყაროების გამოქვეყნება, 1968 წლიდან გამოდის ბიზანტინისტიკის ცნობარი – Reallexikon der
Byzantinistik.

ქართული სკოლა

ქართულ-ბიზანტიური კულტურული ურთიერთობის პრობლემების მეცნიერული კვლევა


ქართულ სამყაროში ჯერ კიდევ XI საუკუნეში დაიწყო. ექვთიმე და გიორგი ათონელებმა,
ეფრემ მცირემ მიზნად დაისახეს, თავიდან ეთარგმნათ ბერძნული ბიბლიის კანონიკური
ვერსია და დაედგინათ ის განსხვავებანი, რაც შეინიშნებოდა ხსენებული პერიოდის ქართულ
სახარებათა ტექსტებში. ეს ჩანაფიქრი მათ ბრწყინვალედ განახორციელეს და მრავალ საკითხს
მოჰფინეს ნათელი.

საქართველოსა და ბიზანტიის მჭიდრო პოლიტიკურ-კულტურულმა ურთიერთობამ ჩვენში


განაპირობა ინტენსიური ბიზანტინოლოგიური კვლევა-ძიება, ბიზანტინოლოგიური სკოლის
შექმნა. სავსებით ბუნებრივია, რომ საქართველოს ისტორიის სპეციალისტები, ქართული
ფილოსოფიისა და ლიტერატურის მკვლევარნი ხშირად მიმართავენ ბიზანტიურ წყაროებს.
ჯერ კიდევ ისტორიკოსი ვახუშტი ბაგრატიონი ხშირად იხსენიებს ბიზანტიელთა
ცხოვრებიდან ამა თუ იმ მოვლენას. ბიზანტიური ცივილიზაციის საკითხებს ეხებიან მარი
ბროსე, დავით ჩუბინაშვილი, დიმიტრი ბაქრაძე, ნიკო მარი, ივანე ჯავახიშვილი, კორნელი
კეკელიძე და სხვანი.

1920 წელს თბილისის ახალდაარსებულ უნივერსიტეტში ბერძნული და ლათინური


ფილოლოგიის კათედრას სათავეში ჩაუდგა მსოფლიოში აღიარებული ელინისტი გრიგოლ
წერეთელი (1870–1939). ის არის ავტორი „ბერძნული ლიტერატურის ისტორიის“
სამტომეულისა. გრიგოლ წერეთელს ეკუთვნის არაერთი ბიზანტიელი ავტორის
თხზულებათა თარგმანი. თუკი დღეს შეიძლება ვიმსჯელოთ ქართული კლასიკური
ფილოლოგიის მსოფლიო ავტორიტეტზე, მისი საძირკვლის ჩამყრელი უთუოდ გრიგოლ
წერეთელი იყო, რომელსაც შემდგომ სიმონ ყაუხჩიშვილი ამოუდგა მხარში.

გრ. წერეთელი

ქართული ბიზანტინოლოგიური სკოლის დამაარსებლად სამართლიანად ითვლება სიმონ


ყაუხჩიშვილი – გამოჩენილი ქართველი მეცნიერი და პედაგოგი, აკადემიკოსი. თვალსაჩინოა
ს. ყაუხჩიშვილის ღვაწლი ბიზანტინოლოგიის, ისტორიოგრაფიის, პალეოგრაფიის,
ეპიგრაფიკის, თარგმანის ხელოვნების დარგში. შეიძლება ითქვას, რომ ათონელების შემდეგ
ქართულ-ბერძნულ კულტურულ კავშირს არ ჰყოლია ისეთი სიმაღლის ფიგურა, როგორიც
იყო აკადემიკოსი სიმონ ყაუხჩიშვილი.
სიმონ ყაუხჩიშვილი

ს. ყაუხჩიშვილის „ბიზანტიური ლიტერატურის ისტორია“ მსოფლიო ბიზანტინისტიკაში


მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენს. მასში სისტემურად, თანმიმდევრულადაა
განხილული მთელი ბიზანტიური ლიტერატურა და წარმოჩენილია ქართული სამყაროდან
მომდინარე არაერთი საგულისხმო ფაქტი. მსოფლიო ლიტერატურის ობიექტური გააზრების
თვალსაზრისით, პირველად სიმონ ყაუხჩიშვილის „ბიზანტიური ლიტერატურის
ისტორიაში“ ვხვდებით დებულებას, რომ ბიზანტიური მწერლობა არ არის ძველი ბერძნული
მწერლობის მონური მიბაძვა და მისი მკრთალი ანარეკლი. ამ ხანის მწერლობა არის
ორიგინალურად განვითარებული მწერლობა ბიზანტინიზმის პირობებში, რაც ოთხმა
საწყისმა განსაზღვრა: ელინურობა, რომაულობა, აღმოსავლურობა და ქრისტიანობა.

უდიდესია ს. ყაუხჩიშვილის დამსახურება ქართულ-ბიზანტიური ლიტერატურული


ურთიერთობის მრავალი პრობლემის მეცნიერულ შესწავლაში. ფასდაუდებელია
„გეორგიკის“ რვატომეული, რომელშიც წარმოდგენილია ბიზანტიელი ავტორების
თარგმანები, ცნობები საქართველოს შესახებ, თანდართული კომენტარებით. მანვე თარგმნა
და გამოსცა გრიგოლ ბაკურიანის ძის „პეტრიწონის ტიპიკონი“.
სიმონ ყაუხჩიშვილმა გ. წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში
დააარსა ბიზანტინოლოგიის განყოფილება და იყო მისი პირველი ხელმძღვანელი. წლების
მანძილზე აქ არაერთი მეცნიერი წარმატებით იკვლევდა ბიზანტინოლოგიის მრავალ
პრობლემას, გამოიცა თარგმანები, მონოგრაფიები. 1918 წელს, როცა გიორგი ამარტოლის
„ხრონოგრაფს“ ამზადებდა გამოსაცემად, ს. ყაუხჩიშვილმა მუშაობა დაიწყო „ბიზანტიურ-
ქართული დოკუმენტირებული ლექსიკონის“ გამოსაცემად. დამუშავდა ბიბლიის ტექსტები,
ჰაგიოგრაფიული თხზულებანი, ჰიმნოგრაფიის, ფილოსოფიისა და ეგზეგეტიკის ძეგლები და
სხვ. ამდენად, ხსენებული წიგნის გამოცემა ფასდაუდებელია ქართველოლოგიისა და
ბიზანტინისტიკისთვის. საგულისხმოა, რომ დიდი მეცნიერი ყველგან ხაზგასმით
აღნიშნავდა „ბიზანტიურ-ქართული დოკუმენტირებული ლექსიკონის“ მნიშვნელობას
ბიზანტიური პერიოდის კვლევისათვის. თავად აკადემიკოსი ვერ მოესწრო მის მიერ
წამოწყებული ლექსიკონის გასრულებას და გამოცემას. დიდი მეცნიერის მიერ განსაზღვრულ
პრინციპებზე დაყრდნობით, მისმა მოწაფეებმა და მოწაფეთა მოწაფეებმა მრავალწლიანი,
ძალზე ღირებული შრომის შედეგად, 2002 წელს, შეძლეს პირველი ტომის გამოცემა.

სიმონ ყაუხჩიშვილის შემდეგ ბიზანტინოლოგიის განყოფილებას სათავეში ჩაუდგა


თვალსაჩინო ქართველი მეცნიერი, პროფესორი ნოდარ ლომოური. მის შრომებში
ახლებურადაა გააზრებული ძველ ქართულ სახელმწიფო გაერთიანებათა კავშირი ანტიკურ
სამყაროსთან, ბიზანტიასთან. ყურადღებას იმსახურებს ნ. ლომოურის გამოკვლევები
პეტრიწონის სავანესთან და ბიზანტიურ წყაროებში საქართველოს აღმნიშვნელ ტერმინებთან
დაკავშირებით. უაღრესად ფასეულია მეცნიერის მიერ მონოგრაფიულად დამუშავებული
ისეთი პრობლემები, როგორიცაა პონტოს სამეფოს ისტორია, ქართლისა და ბიზანტიის,
დასავლეთ საქართველოსა და ბიზანტიის ურთიერთობა V საუკუნეში და სხვ.

ნოდარ ლომოური

ძველი ქართული კულტურის ისტორიის საკვანძო საკითხების შესწავლაში განუზომელია


აკადემიკოს კორნელი კეკელიძის ღვაწლი. მის მრავალრიცხოვან გამოკვლევებში
გაშუქებულია ბიზანტიურ-ქართული ლიტერატურული ურთიერთობის მრავალი ასპექტი.
მეცნიერმა შეისწავლა, გამოავლინა და აღნუსხა ბერძნული ენიდან ქართულად თარგმნილი
ბიზანტიური ლიტერატურის მთელი მემკვიდრეობა. ამ თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესია
მისი გამოკვლევა „უცხო ავტორები ძველ ქართულ მწერლობაში“ (1927). კორნელი კეკელიძემ
გამოავლინა, რა წიგნები შევიდა ქართული ლიტერატურიდან ბიზანტიურ მწერლობაში,
აგრეთვე, ქართული თარგმანები, რომელთა ბერძნული დედნები დაკარგულია და ამით
წარმოაჩინა ქართული მწერლობის მნიშვნელობა ბიზანტინისტიკისათვის (მაგალითად,
„თარგმანებაი ეკლესიასტისაი“, რომლის ავტორია ბიზანტიური მწერლობისთვის მანამდე
უცნობი მწერალი მიტროფანე სმირნელი).
ბიზანტინისტიკისათვის მნიშვნელოვანია კ. კეკელიძის მიერ ძველ ქართულ წყაროებში
მოძიებული ცნობები ბიზანტიელ ავტორებზე (მაქსიმე აღმსარებელი, სვიმეონ ლოღოტეთი,
იოანე ქსიფილინოსი). ამრიგად, კორნელი კეკელიძის კვლევის შედეგები გასცდა
ბიზანტიურ-ქართული ურთიერთობის დარგს და ამ შედეგების გაუთვალისწინებლად
შეუძლებელია ზოგადად ბიზანტიური ლიტერატურის ისტორიის სრულფასოვანი
წარმოდგენა.

კორნელი კეკელიძე

ბიზანტიური კულტურის საკითხებს მნიშვნელოვანი გამოკვლევები მიუძღვნა პროფესორმა


ალექსანდრე ალექსიძემ, რომელმაც საგრძნობლად განამტკიცა და აამაღლა
ბიზანტინისტიკის ქართული სკოლის საერთაშორისო ავტორიტეტი. ა. ალექსიძე იყო
საბერძნეთის კუნძულებზე გამართული ეგეოსური სიმპოზიუმების მუდმივი მონაწილე. 1979
წელს გამოსცა წიგნი „ათონი ათასწლოვანი“, რომელიც ეძღვნება საბერძნეთში, ხალკიდიკის
ნახევარკუნძულზე არსებული ქართული კულტურის უდიდესი ცენტრის – ათონის ივერთა
ლავრის 1000 წლისთავს. მასში აღწერილია ცდები ათონის ქართულ კულტურულ სიძველეთა
შესწავლისა. წიგნს საფუძვლად დაედო ავტორის მოგზაურობა, რომლის შედეგად
შესაძლებელი გახდა ძველქართულ ხელნაწერთა უნიკალური კოლექციის იმჟამინდელი
ვითარების შესწავლა.

ქართულ-ბიზანტიური ლიტერატურული ურთიერთობის და ქართული ფილოსოფიური


აზრის განვითარების პრობლემებს ეძღვნება ცნობილი მეცნიერისა და ფილოსოფოსის –
შალვა ნუცუბიძის შრომები. მან ღირსეული წვლილი შეიტანა ქართული ბიზანტინისტიკისა
და, ზოგადად, ქართული ფილოსოფიური აზრის განვითარებაში. შ. ნუცუბიძე ქართულ
ცივილიზაციას არ მოიაზრებს იზოლირებულ, საკუთარ თავში ჩაკეტილ მოვლენად. სხვა
კულტურებთან ერთად, ქართულ აზროვნებას, მათ შორის, ისტორიას, მეცნიერი განიხილავს
ბიზანტიურ ცივილიზაციასთან მჭიდრო კავშირში. მის მიერ წამოყენებული თეორიები
დღესაც აქტუალურია.

ბიზანტიელი ავტორები/წყაროები

ბერძნული საისტორიო მწერლობა არასდროს ყოფილა ისე პოპულარული და ისე მდიდარი


მრავალფეროვნებითა და წყაროების სიუხვით, როგორც ბიზანტიურ პერიოდში. IV-VI
საუკუნეების მრავალენოვანი და მრავალსახოვანი ბიზანტიური ისტორიოგრაფია, რომელიც
მოიცავს ბერძენ, ლათინ, სირიელ, კოპტ, სომეხ და სხვა ავტორთა ნაშრომებს და საოცრად
ჭრელია თავისი პოლიტიკური და რელიგიური შეფერილობით, ნათლად ასახავს ამ
პერიოდის სოციალურ-პოლიტიკური ბრძოლის მთელ სირთულეს.

პოლიტიკური შეხედულებების, განათლების, რელიგიური მრწამსის, გათვითცნობიერებუ-


ლობისა და წერის ტალანტის მიხედვით განსხვავების მიუხედავად, ადრეული პერიოდის
ბიზანტიელ ისტორიკოსებს აერთიანებს ზოგიერთი ზოგადი ნიშანი: უპირველეს ყოვლისა,
ისინი აღიზარდნენ ანტიკური ისტორიოგრაფიის საუკეთესო ნიმუშებზე – ბიზანტიელი
ავტორები არა მარტო კარგად იცნობდნენ და მაღალ შეფასებას აძლევდნენ ჰეროდოტეს,
თუკიდიდესა და პოლიბიოსს, არამედ ზოგჯერ ბაძავდნენ კიდეც მათ. მაგრამ ეს არ იყო
მონური კოპირება. ბიზანტიელ ისტორიკოსთა ნაშრომებში იგრძნობა ანტიკური და
ბიზანტიური ისტორიის ორგანული კავშირი, რომელიც განპირობებული იყო ანტიკური
მსოფლმხედველობით.

ადრებიზანტიური პერიოდი, განსაკუთრებით, IV-VI საუკუნეები, ბიზანტიური


ისტორიოგრაფიის აყვავების პერიოდად ითვლება. ბიზანტიურ საისტორიო ლიტერატურაში
სულ უფრო თვალსაჩინო ადგილს იკავებს ახალი მიმართულებები და ჟანრები, რომლებსაც
შუა საუკუნეების ბიზანტიაში მთავარი ადგილი უნდა დაეკავებინათ. სწორედ ამ პერიოდში
იქმნება ისტორიოგრაფიაში ქრისტიანულ-აპოლოგეტური მიმართულება, რომელმაც თავისი
გამოხატულება შუა საუკუნეებში ფართოდ გავრცელებულ მსოფლიო ქრონიკებში ჰპოვა.

IV-VI საუკუნეებიდან ჩვენ გვაქვს 3 სახე ბიზანტიური საისტორიო მწერლობის ძეგლებისა:


„ისტორია“, „საეკლესიო ისტორია“, „ქრონოგრაფია“.

ბიზანტიური საისტორიო პროზა, ანუ „ისტორია“ აგრძელებს როგორც ელინური და


ელინისტური, ისე რომაული ისტორიოგრაფიის ტრადიციებს. ბიზანტიურმა
ისტორიოგრაფიამ მოგვცა გამოჩენილი ისტორიკოსები: ამიანე მარცელინე, პრისკე პანიელი,
ზოსიმე, პროკოპი კესარიელი, აგათია სქოლასტიკოსი, მენანდრე პროტიქტორი და სხვები.
ამიანე მარცელინე (დაახლ. 330-395 წწ.) - ამიანე მარცელიანეს ცხოვრებისა და მოღვაწეობის
შესახებ ცნობები მისსავე თხზულებაში მოიპოვება. იგი დაიბადა 330 წელს ქ. ანტიოქიაში,
სირიაში, საკმაოდ წარჩინებული ბერძენის ოჯახში. მშობლიურ ქალაქში, რომელიც ამ
პერიოდში მნიშვნელოვან კულტურულ და ეკონომიკურ ცენტრს წარმოადგენდა, კარგი
განათლება მიიღო. ამიანეს მოღვაწეობა ემთხვევა კონსტანტინეს დინასტიის იმპერატორების
მეფობის პერიოდს. როგორც წარჩინებული გვარის წარმომადგენელი, იგი ადრევე მიიღეს
საიმპერატორო გვარდიაში. მეტწილად, სამხედრო სამსახურში იყო. 363 წელს იმპერატორ
იულიანესთან ერთად მონაწილეობა მიიღო სპარსულ ექსპედიციაში. ამის შემდგომ ერთხანს
მშობლიურ ანტიოქიაში ცხოვრობდა, შემდეგ – რომში, სადაც დაასრულა ნაშრომი Ras gestae.

როგორც ცნობილია, IV საუკუნე ქრისტიანობის საბოლოო გამარჯვების ხანაა, 382 წელს


გრაციანუსმა საგანგებო ბრძანებით აკრძალა ძველი წარმართული რელიგია. რაც შეეხება
ამიანეს, რელიგიის საკითხებში ის ტოლერანტობას იჩენს. ის ქრისტიანი არ არის, მაგრამ არც
მათი მოძულეა. თავის ნაშრომში ის კიცხავს კიდეც თავის საყვარელ იმპერატორ იულიანეს
ქრისტიანების დევნისათვის.

სპეციალისტების აზრით, ამიანემ თავისი დიდი ნაშრომი - „ისტორია“ - 392-393 წლებში


დაასრულა. ნაშრომიდან ჩანს, რომ ამიანეს დიდი მასალა აქვს გადამუშავებული, იგი ბევრ
გეოგრაფიულ-ეთნოგრაფიულ ექსკურსს უძღვნის ამა თუ იმ მხარეს, მათ შორის,
შავიზღვისპირეთს, უმთავრესად, ძველ მწერალთა თხზულებებზე დაყრდნობით, მაგრამ
ზოგჯერ ახალი მასალის შემატებითაც.

მოვლენების აღწერისას ის ობიექტურია: სადაც გასაკიცხია, იქ თავის საყვარელ გმირს -


იულიანესაც კი არ ინდობს. ამიანეს წერის განსაკუთრებული სტილი ჰქონდა, მძიმე და
ზოგჯერ ბუნდოვანიც. ეს გამოწვეული იყო იმით, რომ მას, როგორც არარომაელს,
მწიგნობრული გზით ჰქონდა შეთვისებული ენა. სწორედ ამის გამო საკმაოდ დიდხანს ამიანე
ჩრდილში იყო მოქცეული.
იულიანეს გამოსახულება ბრინჯაოს

მონეტაზე

გრაციანეს პორტრეტი ოქროს

მონეტაზე

ამიანეს „ისტორია“ წარმოადგენს ტაციტუსის „ისტორიის“ გაგრძელებას და მოიცავს


პერიოდს ნერვას გაიმპერატორებიდან (96 წ.) იმპერატორ ვალენტის დაღუპვამდე გუთებთან
ბრძოლაში ანდრიანოპოლთან (378 წ.). ნაშრომი შედგება 31 წიგნისაგან, რომელთაგან პირველ
13 წიგნს ჩვენამდე არ მოუღწევია. ჩვენამდე მოსულ 14-31 წიგნებში აღწერილია 353-378
წლების ამბები, ე.ი. ამიანეს თანამედროვე ვითარება, რაც მათ განსაკუთრებულ
მნიშვნელობას ანიჭებს.

აღიარებულია, რომ ტაციტუსიდან მოყოლებული დანტემდე, ამაზე უფრო დიდი მწერალი


არ იცოდა მსოფლიომ.

პრისკე პანიონელი. წარმოშობით თრაკიელი, მოღვაწეობდა თეოდოსი II-ის დროს. 448 წელს
მონაწილეობდა თეოდოსის მიერ ჰუნების მეფესთან (ატილასთან) გაგზავნილ დესპანობაში.
აქ ნანახი და განცდილი არის საგანი პრისკეს აღწერილობისა. პრისკეს შრომა წარმოადგენს
საგულისხმო წყაროს V საუკუნის შუა წლების ისტორიისთვის. ის ტერიტორია, რომელიც
დესპანებმა გაიარეს ჰუნებთან გამგზავრების დროს, შემდეგ სლავური ხდება. შესაძლებელია
ისიც, რომ ჰუნებს აქ უკვე დახვდათ სლავები, რომლებიც იმათ დაიპყრეს. პრისკე
ყურადღებას აქცევს იმ გარემოებას, რომ ჰუნების ჯარში შედიოდნენ ისეთებიც, რომლებიც
განირჩეოდნენ ჰუნებისგან თავისი ყოფაცხოვრებით. პრისკეს შრომის მეშვეობით, ბიზანტიამ
უკეთ გაიცნო სლავები.

პროკოპი კესარიელი (დაახლ. 507 – 562 წწ). ბიზანტიელი ჟამთააღმწერელი, იუსტინიანე I-ის
კარის ისტორიკოსი, იურისტი და დიპლომატი; წარმოშობით ებრაელი, დაიბადა პალესტინის
ქალაქ კესარიაში. ეკუთვნოდა წარჩინებულ და შეძლებულ ოჯახს. მიიღო ბრწყინვალე განათ-
ლება და მალე დაწინაურდა სასახლის კარზე. 527 წლიდან ის იუსტინიანე I-ის სარდალ
ველისარიუსს ახლდა, როგორც მისი პირადი მდივანი, ჩრდილოეთ აფრიკის, იტალიისა და
სპარსეთის ლაშქრობებში. 542 წელს ის კონსტანტინოპოლშია. ამის შემდეგ მის შესახებ
არავითარი ცნობა არ გვაქვს. პროკოპის ბიოგრაფიული ცნობები ძირითადად მოცემულია
სვიდას ლექსიკონში.

პროკოპი კესარიელის მთავარი ნაშრომია 8 წიგნად წარმოდგენილი „იუსტინიანეს ომების


ისტორია“ (პოლემიკა), რომელშიც აღწერილია ბიზანტიელთა ომები სპარსელებთან (De bello
persico – I-II), ვანდალებთან (De bello vandalico - III-IV) და გუთებთან (De bello gothiko - V-
VII), აგრეთვე, VI საუკუნის I ნახევრის პოლიტიკური მოვლენები (VIII). ნაშრომი დაიწერა
545- 550 წლებში. ბუნებრივია, როგორც ოფიციალური ისტორიკოსი, პროკოპი კესარიელი
იუსტიანეს მთავრობის საგანგებო ხაზს ატარებს თავის თხზულებებში და მის მიერ
მონათხრობის გაცხრილვა, ცხადია, აუცილებელია ყოველ კერძო შემთხვევაში.

პროკოპი კესარიელი აგრეთვე ავტორია თხზულებისა „შენობათა შესახებ“, რომელიც


მოგვითხრობს იუსტინიანე I-ის საამშენებლო საქმიანობაზე მთელი იმპერიის ფარგლებში.
სავარაუდოდ, დაიწერა 553 –555 წლებში.

მოგვიანებით დადგინდა, რომ პროკოპი კესარიელსვე ეკუთვნის „საიდუმლო ისტორია“


(„ანეკდოტა“) – ფარულად დაწერილი თხზულება, რომელშიც იუსტინიანესა და დედოფალ
თეოდორას მძაფრი კრიტიკაა მოცემული; აღწერილია, აგრეთვე, მათი დანაშაულებრივი
საქმიანობა. ამ ნაშრომის არსებობა მხოლოდ 1623 წელს გახდა ცნობილი, როცა ნ. ალემანიმ
აღმოაჩინა ის ვატიკანის წიგნსაცავში.

ველისარიუსი და იუსტინიანე I

დედოფალი თეოდორა

დეტალი სან-ვიტალეს ბაზილიკის მოზაიკიდან

აგათია სქოლასტიკოსი (536-582). აგათია მემნონის ძე, დაიბადა 536 წელს, ქალაქ მირინაში,
მცირე აზიის ეოლიდის ოლქში, ცნობილი რიტორის მემნონის ოჯახში. პირველდაწყებითი
განათლება მიიღო ალექსანდრიაში, შემდეგ სწავლა გააგრძელა კონსტანტინეპოლში, სადაც
იურისტის სპეციალობას დაეუფლა და შეუდგა ვექილობას. თავისუფალ დროს ის უთმობდა
ლიტერატურასა და პოეზიას, შექმნა არაერთი საინტერესო ნაშრომი. გარდაიცვალა 582 წელს,
46 წლის ასაკში.
ისტორიაში აგათია ცნობილია, როგორც პოეტი და ისტორიკოსი. ჩვენამდე ნაწყვეტების
სახითაა მოღწეული მისი სალიტერატურო სახის ეპიკური ნაწარმოები და შვიდი წიგნისგან
შემდგარი ეპიგრამების კრებული. როგორც VI საუკუნის მეორე ნახევრისთვისაა მიღებული,
ეს ეპიგრამები მოკლებულია ორიგინალობას და ხასიათდება გადამეტებული სიზვიადით.

იუსტინიანე კეისრის გარდაცვალების (565წ.) შემდეგ აგათია იწყებს საისტორიო ნაშრომის -


“იუსტინიანეს მეფობის შესახებ” - შექმნას, სადაც აღწერს იუსტინიანეს დროინდელ ამბებს.
იგი წერას იწყებს იმ დროიდან, სადაც პროკოფი კესარიელი შეჩერდა. მისი შრომა შედგება
ხუთი წიგნისგან და მოიცავს 552-558 წლების ამბებს. პირველი ორი წიგნი ეხება სარდალ
ნერსეს ლაშქრობებს დასავლეთის ფრონტზე, ხოლო დანარჩენ წიგნებში აღწერილია
აღმოსავლეთის ფრონტზე მომხდარი ამბები. სპარსელებთან ომების აღწერისას, აგათია სხვა
წყაროებთან ერთად იყენებს სპარსულ ქრონიკებსაც. წერის სტილით აგათია პროკოპი
კესარიელს ბაძავს, მაგრამ სამწერლობო ნიჭით ბევრად ჩამოუვარდება მას.

მენანდრე პროტიქტორი (VIს). VI საუკუნის ბიზანტიელი ისტორიკოსი და


დიპლომატი, დაიბადა კონსტანტინოპოლში, VI საუკუნის შუა წლებში. ზოგიერთ
ბიოგრაფიულ ცნობას თვითონ გადმოგვცემს თავისი თხზულების შესავალში,
რომლის ნაწყვეტები მოღწეულია ჩვენამდე სვიდას ლექსიკონში. მისი მამა -
ევფრატასი კონსტანტინეპოლის მცხოვრები იყო. თვითონ უსწავლელმა კაცმა
შვილებს იურიდიული განათლება მიაღებინა. მენანდრეს დაუმთავრებია უმაღლესი
იურიდიული სკოლა, მაგრამ არ მოისურვა ცხოვრებაში გამოეყენებინა თავისი
სპეციალობა და იურიდიულ სამსახურში დარჩენილიყო. ამის ნაცვლად ის გართობას
მიეცა და მუდმივი სტუმარი იყო იპოდრომისა და პანტომიმებისა. გარდატეხა
მენანდრეს ცხოვრებაში მაშინ მოხდა, როდესაც საბოლოოდ გაკოტრდა. ამ დროს
ბიზანტიის სამეფო ტახტზე ავიდა იმპერატორი მავრიკი (582-602), რომელიც
განსაკუთრებულ ყურადღებასა და სიყვარულს გამოხატავდა პოეზიისა და ისტორიის
მიმართ. მან მხარი დაუჭირა მენანდრეს, რომელმაც ხელი მოკიდა ბიზანტიის
ისტორიის შესახებ ახალი ნაშრომის შექმნას.

მენანდრეს საისტორიო შრომა შეიცავს 558-582 წლების ამბებს, ე.ი. მენანდრე ფაქტობრივად
აგრძელებს აგათია სქოლასტიკოსის „ისტორიას“ იქიდან, სადაც ეს უკანასკნელი შეჩერდა. ის
იწყებს იმ დროებითი ზავის აღწერით, რომელიც დაიდო ბიზანტიელებსა და ირანელებს
შორის 558 წელს და გადადის „ორმოცდაათწლიანი“ ზავის დადების ისტორიაზე. მთავარი
ადგილი მენანდრეს „ისტორიის“ ჩვენამდე მოღწეულ ნაწყვეტებში უჭირავს ამ „ზავის“
ამბებს, იმ ხანგრძლივ მოლაპარაკებას, რომელსაც აწარმოებდნენ ბიზანტიისა და ირანის
წარმომადგენლები 562 წლის ზავის წინ. შემდეგი ფრაგმენტები ეხება 571 წელს
პერსარმენიაში მომხდარ აჯანყებას და მის მომდევნო ამბებს. პარალელურად, მენანდრე
ეხება დასავლეთის ამბებსაც.
ჩვენამდე მოღწეულია სულ მენანდრეს „ისტორიის“ 77 ნაწყვეტი: ამათგან 15 ფრაგმენტი
სვიდას ლექსიკონშია ციტატების სახით მოყვანილი, დანარჩენი - კონსტანტინე პორფიროგე-
ნიტის თაოსნობით შედგენილ კრებულში. თუ რა წყაროებით სარგებლობდა მენანდრე
თავისი ისტორიისათვის, უცნობია. მართალია, ამბავთა ერთი ნაწილის მონაწილე ავტორი
თავად იყო, მაგრამ მისი მოთხრობა იწყება ისეთი ხანით, როდესაც ჯერ კიდევ ძალიან
ახალგაზრდა უნდა ყოფილიყო. ირანული ამბებისათვის შეიძლება თეოფანე ბიზანტიელი
იყო მისი წყარო.

„ისტორიების“ გვერდით, IV საუკუნიდან ჩნდება განსხვავებული სახე საისტორიო


მწერლობისა – „საეკლესიო ისტორია“. ესეც იგივე ზოგადი ისტორიაა, რომელიც აღწერს ამა
თუ იმ ეპოქის პოლიტიკურ, სამხედრო, ეკონომიკურ და სარწმუნოებრივ ცხოვრებას, თუმცა,
„ისტორიებისგან“ განსხვავებით, მოვლენებს აფასებს საეკლესიო თვალთახედვით და თავისი
ყურადღების არეალში აქცევს ისეთ ამბებს, რომლებიც ეკლესიის განმტკიცებას უწყობდა
ხელს და რომლებსაც საეკლესიო ცხოვრებისთვის გარკვეული (ნეგატიური თუ პოზიტიური)
მნიშვნელობა ჰქონდა. სხვა მხრივ, რაიმე მეთოდოლოგიური განსხვავება წმინდა
„ისტორიასა“ და „საეკლესიო ისტორიას“ შორის არ არსებობს.

საეკლესიო ისტორიკოსთაგან უძველესია ევსევი კესარიელი (მიახლ. 260–340 წწ.). ის, პირველ
რიგში, ცნობილია, როგორც „საეკლესიო მამა“, ავტორი მრავალი ისტორიული შრომისა.
დაიბადა პალესტინაში. განათლება მიიღო ქალაქ კესარიაში ცნობილი მასწავლებლის –
პამფილეს ხელმძღვანელობით. ევსევი დაახლოებული იყო კონსტანტინე მეფესთან, რომლის
დიდ ღვაწლს ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის მშვიდობიანი ურთიერთობის დამყარების
საქმეში დიდად აფასებდა. ევსევი კესარიელის საისტორიო ნაშრომთაგან ცნობილია
„ქრონიკა“ და „საეკლესიო ისტორია“. როგორც ერთი ადრინდელი „საეკლესიო
ისტორიათაგანი“, ევსევის „საეკლესიო ისტორია“ უფრო ეკლესიის ისტორიაა: შეიცავს
ცნობებს საქრისტიანო ორგანიზაციათა ეპისკოპოსებზე, საეკლესიო მოძღვართა და
მწერალთა შესახებ, მწვალებლებზე, ქრისტიანთა დევნასა და მოწამეებზე.

გელასი კესარიელი. ევსევის „საეკლესიო ისტორია“ განაგრძო გელასი კესარიელმა


(გარდაიცვალა 395 წელს). მართალია, მისი „საეკლესიო ისტორიის“ მხოლოდ ფრაგმენტებია
მოღწეული, მაგრამ მოგვიანო პერიოდის ბიზანტიელ ავტორთა (გელასი კვიზირელი–Vს.,
გიორგი ამარტოლი–IXს.) საისტორიო თხზულებებში გამოყენებული ყოფილა გელასი
კესარიელის „ისტორია“ და ამ გზით, ნაწილობრივ მაინც, შესაძლებელი ხდება გელასი
კესარიელის შრომის აღდგენა.

თეოდორიტე კვირელი (393-458). ცნობილია მრავალი საეკლესიო და ისტორიული შრომით.


მისი „საეკლესიო ისტორია“ 5 წიგნისგან შედგება და დაწერილია 449–450 წლებში.

ევაგრი სქოლასტიკოსი (მიახლ. 536–600). დაიბადა სირიის ქალაქ ეპიფანიაში


(კიოლესირიაში). ანტიოქიაში (თანამედროვე ანტაქია, თურქეთი) მიიღო იურიდიული
განათლება და იქვე ვექილობდა. ტიბერი კეისრისგან მიიღო კვესტორის საპატიო წოდება (580
წ.), ხოლო შემდეგ, მავრიკი კეისრისგან – ექსპრეფექტისა (590 წ.). ევარგის „საეკლესიო
ისტორია“, რომელიც 431–594 წლებს მოიცავს, 6 წიგნისგან შედგება. მისი მიზანია განაგრძოს
საეკლესიო ისტორია იქიდან, სადაც შეჩერდნენ ევსევი კესარიელი და თეოდორიტე
კვირელი. წყაროდ იყენებს პრისკე პანიონელს, პროკოპი კესარიელს, აგათია სქოლასტიკოსსა
და იოანე ეპიფანიელს. ევაგრის „საეკლესიო ისტორია“ მსგავსებას იჩენს მენანდრეს
„ისტორიასთან“, რის გამოც ზოგი მკვლევარი მიიჩნევს, რომ მან გამოიყენა მენანდრეს
თხზულება, თუმცა ევაგრის, როგორც სამეფო კართან დაახლოებულ პირს, თავადაც
მიუწვდებოდა ხელი იმ პოლიტიკურ ამბებზე და ოფიციალურ დოკუმენტებზე, რომლებსაც
მენანდრე აღწერს.

IV-VI საუკუნეებში ჩაისახა და განვითარდა საისტორიო მწერლობის მესამე სახეც –


ქრონოგრაფია. ის პირველი ორი სახისგან განსხვავდება შემდეგი ნიშნებით:

1. ქრონოგრაფია წარმოადგენს არა ამა თუ იმ ეპოქის ისტორიას, არამედ მსოფლიო ისტორიას


ქვეყნის გაჩენიდან ქრონოგრაფოსის დრომდე;

2. ძირითად წყაროს ქრონოგრაფიისათვის წარმოდგენს საღმრთო წერილი – ძველი და ახალი


აღთქმა.

3. განსხვავებით საეკლესიო ისტორიისაგან, რომლის ყურადღების არეში ხვდებოდა მხოლოდ


ეკლესიისთვის მნიშვნელოვანი ამბები, ქრონოგრაფია მიზნად ისახავდა კაცობრიობის
მთელი ისტორიის ასახვას ქრისტიანული თვალსაზრისით. მისი დანიშნულება იყო
მკითხველის აღზრდა ქრისტიანულ საფუძველზე. შესაბამისად, ქრონოგრაფიებს წერდნენ
ბერ–მონაზვნები, რომლებიც მთელი არსებით იცავდნენ ქრისტიანული იდეოლოგიის
პოზიციებს.

4. ისტორიოგრაფიულ ლიტერატურაში დამკვიდრებული ატიკური (კლასიკური


ძველბერძნული) სტილის ნაცვლად, ქრონოგრაფიისთვის დამახასიათებელია წერის
შედარებით მარტივი, ხალხური ენა, რაც თან მოიტანა მონასტერში დაბალი ფენებიდან
მოსულმა ბერ-მონაზვნობამ და ემსახურებოდა მიზანს – ქრისტიანული იდეები
გაევრცელებინა საზოგადოების ფართო მასებში.

5. ქრონოგრაფიებს ახასიათებს მასალისადმი „არამესაკუთრული“ მიდგომა: რადგან ძველი


საუკუნეების ამბებს ქრონოგრაფოსი აღწერდა საღმრთო წერილის მიხედვით, საღმრთო
წერილი კი ყველასთვის ერთნაირად ხელმისაწვდომი იყო, ამიტომ ყოველი მომდევნო
ქრონოგრაფოსი თავს მოვალედ თვლიდა წინამორბედისაგან მასალა გადმოეწერა (ამასთან,
საჭიროდ არ თვლიდა წყაროს მითითებას) და ეს სულაც არ ეთვლებოდა პლაგიატად.

ასეთია ქრონოგრაფიის დამახასიათებელი ნიშნები, რომლებითაც ის განსხვავდება საკუთრივ


„ჰისტორიისაგან“ და „საეკლესიო ისტორიისაგან“.
იოანე მალალა (491–578) – ავტორი ჩვენამდე მოღწეული პირველი ბიზანტიური
ქრონოგრაფიისა. იყო სირიელი, ანტიოქიიდან. ბიოგრაფიული ცნობები მის შესახებ არ
მოგვეპოვება, თუმცა მეტსახელი „მალალა“ (სირიული malal – რიტორი) მიგვითითებს, რომ
იგი ვექილი უნდა ყოფილიყო. იოანე მალალას საისტორიო თხზულება „ქრონოგრაფია“
წარმოადგენდა მსოფლიო ისტორიას დასაბამიდან ავტორის ეპოქამდე (553–574 წლებამდე)
და შედგება 18 წიგნისგან. I - XVII წიგნში მოთხრობილი ამბების ცენტრშია ანტიოქია, XVIII
წინში კი – კონსტანტინეპოლი; ეს ზოგიერთ მეცნიერს აფიქრებინებს, რომ ბოლო წიგნის
ავტორი არ უნდა იყოს იოანე მალალა. ამ მოსაზრებას ჰ. გელცერი იმით ასაბუთებს, რომ
პირველ 17 წიგნში ავტორი მონოფიზიტური მსოფლმხედველობისაა, მე-18-ში კი –
ორთოდოქსური. სხვა მკვლევრები ამ განსხვავებას იმით ხსნიან, რომ „ქრონოგრაფიის“
ავტორი იოანე მალალა – არის კონსტანტინოპოლის პატრიარქი იოანე III სქოლასტიკოსი,
რომელიც ჯერ ანტიოქიაში ცხოვრობდა, შემდეგ კონსტანტინოპოლში, და შუამავლის როლს
ასრულებდა მონოფიზიტურსა და ორთოდოქსულ მიმართულებებს შორის.

მალალას „ქრონოგრაფია“ ფართოდ იყო გავრცელებული საზოგადოებაში და მისით


აქტიურად სარგებლობდნენ იმდროინდელი და მერმინდელი ავტორები, მათ შორის, ევაგრი
სქოლასტიკოსი, იოანე დამასკელი, თეოფანე, გიორგი ამარტოლი, კედრენე და სხვები.

თეოფანე ჟამთააღმწერელი, იგივე თეოფანე აღმსარებელი (760–818) ბიზანტიური


ქრონოგრაფიის ერთ–ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. დაიბადა შეძლებული
კონსტანტინეპოლელი მოხელის ოჯახში. მიიღო საფუძვლიანი საერო განათლება და
დაწინაურდა კიდეც ლეონ VI-ის სამეფო კარზე, თუმცა, ჯერ კიდევ ახალგაზრდა, განუდგა
საერისკაცო ცხოვრებას და ბერად აღიკვეცა. დააარსა მრავალი მონასტერი. მიეკუთვნებოდა
ხატთაყვანისმცემელთა ბანაკს, რის გამოც ლეონ V-ის დროს დაატუსაღეს და გადაასახლეს
სამოთრაკის კუნძულზე, სადაც გარდაიცვალა 818 წლის 12 მარტს.
ყურადღებას იმსახურებს თეოფანე ჟამთააღმწერლის „ქრონოგრაფია“, სადაც აღწერილია
ამბები დიოკლეტიანედან (284 წლიდან) მიქაელ I რანგაბემდე (813 წლამდე). მართალია,
როგორც ბერი და ღვთისმეტყველი, თეოფანე თავისი ძირითადი საქმიანობით ისტორიკოსი
არ ყოფილა, მაგრამ ის ბიზანტიური ისტორიოგრაფიისათვის უდიდესი მნიშვნელობის
მოღვაწეა, განსაკუთრებით, როგორც წყარო VII-VIII საუკუნეთა ისტორიისათვის, რომლის
გარშემო სხვა წყაროები არ მოგვეპოვება, გარდა ნიკიფორეს „მოკლე ისტორიისა“. თეოფანეს
„ქრონოგრაფია“ ძალიან პოპულარული იყო როგორც ბიზანტიაში, ისე დასავლეთში.

IX-X სს. ბიზანტიური მწერლობიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია X ს. I ნახევრის


ისტორიკოსის, იმპერატორ კონსტანტინე პორფიროგენეტის ცნობები.

იესო ქრისტე აკურთხებს კონსტანტინე პორფიროგენეტს.

ბარელიეფი სპილოს ძვალზე

კონსტანტინე VII პორფიროგენეტი (905-959) – ბიზანტიის იმპერატორი 913-959 წლებში.


მაკედონელთა დინასტიის წარმომადგენელი. დაიბადა 905 წელს კონსტანტინოპოლში. იყო
იმპერატორ ბასილი I-ის შვილიშვილი და ლეონ VI ბრძენის ვაჟი მეოთხე ცოლისგან –
ზოიასგან. პირველი სამი ცოლისაგან იმპერატორს მემკვიდრე არ ჰყავდა. ბიზანტიური
კანონმდებლობით, მეოთხე ცოლის მოყვანას ეკლესია კრძალავდა, ამიტომ კონსტანტინეს
დაბადება უკანონო იყო. ლეონ VI-ს დიდი ძალისხმევა დასჭირდა იმისათვის, რომ თავისი
ერთადერთი, მაგრამ უკანონო ვაჟისათვის უზრუნველეყო სამეფო ტახტი. 908 წელს, 3 წლის
ასაკში, ლეონმა ის თანამმართველად დაისვა. მაგრამ ლეონი მალე გარდაიცვალა (912 წელს)
და კონსტანტინე ჩამოშორებულ იქნა რეალურ მმართველობას. 920 წლამდე მისი რეგენტები
(ჯერ ბიძა - ალექსანდრე, შემდეგ დედა) მართავდნენ ქვეყანას, 920-945 წლებში თვითონ
მართავდა მხოლოდ ნომინალურად, ვინაიდან ამ ფუნქციას ამჯერად მისი სიმამრი რომანოზ
ლეკაპინე ასრულებდა.

მონეტა რომანოზ ლეკაპინეს გამოსახულებით

რეალურ მმართველობას ჩამოშორებული იმპერატორი კულტურულ-საგანმანათლებლო


საქმიანობით იყო დაკავებული. მისი ინიციატივით და ზრუნვით იხსნებოდა ახალი
სკოლები, უნივერსიტეტი, გამოდიოდა კომპილაციური ხასიათის ენციკლოპედიური
კრებულები. გარდა ამისა, ის არის ავტორი რამდენიმე ორიგინალური თხზულებისა,
რომლებიც ბიზანტიის ისტორიის ძვირფასი წყაროა: „იმპერიის მართვის შესახებ“,
„ბიზანტიის სამეფო კარის ცერემონიებზე“, „თემების შესახებ“, „ბასილი მეფის ცხოვრება და
მოღვაწეობა“. 945 წლიდან, რომანოზ ლეკაპინეს გაძევების შემდეგ, ის უკვე იმპერიას
ერთპიროვნულად მართავს. ამ დროისათვის იმპერატორი უკვე 40 წლის იყო და მაშინდელი
ევროპის უგანათლებულეს ადამიანთა რიცხვს ეკუთვნოდა.

მდიდარია ბიზანტიური საისტორიო მწერლობა XI-XV საუკუნეებშიც. როგორც წინა


პერიოდებში, ახლაც იქმნება „ჰისტორიები“ და „ქრონოგრაფიები“, მაგრამ, როგორც ეს
შეეფერება ანტიკურობისადმი მიბაძვის ეპოქას, XI-XII საუკუნეებში გაბატონებულია
„ისტორიის“ სახეობა.
მიქელ პსელოსი (1018-1077) – XI საუკუნის ბიზანტიურ ისტორიოგრაფიის თვალსაჩინო
წარმომადგენელი, გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწე, მეცნიერი და მწერალი. ერისკაცობაში
კონსტანტინე, დაიბადა კონსტანტინოპოლში, ღარიბ ოჯახში. დედის, თეოდოტას დიდი
მცდელობით, მიიღო კარგი განათლება, შეისწავლა რიტორიკა, ფილოსოფია, სამართალი,
ლოგიკა და მრავალი სხვა მეცნიერება, გახდა უნივერსიტეტის პროფესორი. იყო კეისარ
კონსტანტინე მონომახოსთან დაახლოებული პირი (კანცელარიის უფროსი), რის
წყალობითაც დიდი ქონება შეიძინა. მოგვიანებით, პსელოსი კეისრის წინააღმდეგ ფარულ
ინტრიგაში გაება და იძულებული გახდა ბერად შემდგარიყო (ულუმბოს მონასტერი, 1055
წელი). სამონასტრო ცხოვრებას დიდხანს ვერ გაუძლო, დედაქალაქში დაბრუნდა და უკვე
ანაფორით განაგრძობდა სახელმწიფო საქმეებში მონაწილეობას. თავისი მოღვაწეობის
მანძილზე, მიქელ პსელოსმა ცხრა კეისარი გამოიცვალა და ყველასთან ახერხებდა არათუ
საპატიო ადგილის შენარჩუნებას, არამედ სულ უფრო მეტ აღზევებასაც. დიდი
პოპულარობით სარგებლობდა მიქელ პსელოსის საისტორიო ნაშრომი „ქრონოგრაფია“,
რომელიც მოიცავს 976-1077 წლების ბიზანტიის ისტორიას. პსელოსს ეკუთვნის, აგრეთვე,
თხზულება „განმარტება საეკლესიო წესთა მოქმედებათა და ნივთთა“. თხზულება ჩვენთვის
საინტერესოა იმითაც, რომ საქართველოს ხელნაწერთა მუზეუმში დაცულია მისი მე-15
საუკუნის დროინდელი ხელნაწერი.

გრიგოლ ბაკურიანის ძე – XI საუკუნის ქართველი საზოგადო მოღვაწე, ბიზანტიის იმპერიის


ჯერ აღმოსავლეთის, შემდეგ დასავლეთის დომესტიკოსი, სევასტოსი. ძე ერისთავთერისთავ
ბაკურიანისა. მისი სამშობლო – იმიერტაო დავით III დიდი კურაპალატის შემდეგ ბიზანტიის
პოლიტიკურ საზღვრებში მოექცა. იყო კარისა (ყარსის) და თეოდოსიოპოლის (კარნუქალაქი,
ახლანდელი ერზრუმი) განმგებელი. 1081 წელს მისი ხელშეწყობით ბიზანტიის სამეფო
კარზე მოხდა სახელმწიფო გადატრიალება, რის შედეგადაც ნიკიფორე III ბოტანიატე დაემხო
და ტახტი ალექსი I კომნენოსმა დაიკავა. 1083 წელს გრიგოლ ბაკურიანის ძემ ბიზანტიის
ერთ-ერთ მხარეში – პეტრიწონში (ახლანდელი ბაჩკოვო, ბულგარეთი) დააარსა ქართველთა
მონასტერი, სადაც სამოღვაწეოდ მიიწვია ქართველი ნეოპლატონიკოსი, მანამდე
კონსტანტინოპოლში მოღვაწე მეცნიერი იოანე პეტრიწი. გრიგოლ ბაკურიანისძემ მონასტერს
შეუდგინა „ტიპიკონი“, ანუ წესდება, რომელიც XI საუკუნის II ნახევრის საქართველოს,
ბულგარეთისა და საბერძნეთის ისტორიის საყურადღებო წყაროა. პეტრიწონის წესდება
შედგება 33 დასათაურებული და რამდენიმე დამატებითი თავისგან. მათში გარკვეულია
პეტრიწონის სავანის დაარსების მიზანი და ამოცანები, აღნუსხულია მისი სამფლობელო
მამულები და ქონება; რამდენიმე თავი ეხება ბერების ყოფაცხოვრებას, ცალკე თავი ეძღვნება
სავანესთან არსებულ სემინარიაში მოსწავლეებისა და მათთან მუშაობის საკითხს,
მასწავლებლის გასამრჯელოს და მოსწავლეთა კვებას. საგულისხმოა ტიპიკონის ის თავები,
სადაც გადმოცემულია ცნობები მოხუცთა თავშესაფრისა და სასტუმროების აგების შესახებ.
პეტრიწონის მონასტერს მდიდარი ბიბლიოთეკა ჰქონია. ერთი ნაწილი ამ წიგნებისა
მოუთავსებიათ სოფიის სინოდალურ ბიბლიოთეკაში. ამ კოლექციაში აღმოჩნდა ის
ქართული ხელნაწერი, რომელიც შეიცავს „პეტრიწონის ტიპიკონს“. ჩვენამდე მოაღწია
„ტიპიკონის“ XIII საუკუნეში გადაწერილმა ბერძნულმა და ქართულმა ტექსტებმა.

საინტერესო ცნობებს გვაწვდის XI ს-ის ბიზანტიელი ქრონისტების – გიორგი კედრენესა და


იოანე სკილიცეს „ისტორიული მიმოხილვა“. რომელიც მოიცავს მსოფლიო ისტორიას ქვეყნის
გაჩენიდან 1059 წლამდე.

იოანე სკილიცე, როგორც თავად ამბობს თავისი „ქრონოგრაფიის“ წინასიტყვაობაში, მიქელ


პსელოსის თანამედროვეა, მაშასადამე, მისი ცხოვრება და მოღვაწეობა უნდა მიეკუთვნოს XI
ს-ის II ნახევარს. იოანე სკილიცეს „ქრონოგრაფია“ წარმოადგენს თეოფანე ჟამთააღმწერლის
„ქრონოგრაფიის“ გაგრძელებას, ე. ი. იწყებოდა 811 წლით. სკილიცეს შრომის სრული
ბერძნული ტექსტი დღეისათვის გამოვლენილი არ არის. სამეცნიერო ლიტერატურაში
გამოთქმულია აზრი, რომ სკილიცეს „ქრონოგრაფიის“ ორი რედაქცია არსებობდა: ერთი,
უფრო მოკლე, მთავრდებოდა ისააკ კომნენოსის მეფობით (1059 წელი), მეორე კი შეიცავდა
ამბებს ნიკიფორე III ბოტანიატის გამეფებამდე (1078 წ.) და შესაძლოა, ალექსი I კომნენოსის
გამეფებასაც (1081 წ.) მოგვითხრობდა.

ისააკ კომნენოსის გამოსახულება ოქროს მონეტაზე

გიორგი კედრენე (XI ს). – XI საუკუნის ქრონოგრაფოსი. მისი ბიოგრაფიული ცნობები


დღეისათვის უცნობია. ვარაუდობენ, რომ ის სასულიერო პირი იყო. მისი სახელით
ჩვენამდე მოაღწია ნაშრომმა „ისტორიული მიმოხილვა“, რომლის სრული სათაურია:
„ისტორიული მიმოხილვა, დაწყებული Qქვეყნის გაჩენით და ვიდრე ისააკ კომნენეს
მეფობამდე, შედგენილი უფალ გიორგი კედრენეს მიერ სხვადასხვა წიგნების მიხედვით“.
გიორგი კედრენეს „ქრონოგრაფია“ წარმოადგენდა მსოფლიო ისტორიას ქვეყნის გაჩენიდან
1059-წლამდე. ეს იყო კომპილაციური ხასიათის შრომა, რომელიც ეყრდნობოდა იოანე
სკილიცეს, გიორგი სინგელოზის, თეოფანე ჟამთააღმწერელის და სხვათა ნაშრომებს.
თავისი შრომის შესავალში კედრენე აღნიშნავს, რომ „ბევრ ღვთის მოსავსა და ისტორიაში
გათვითცნობიერებულ მოღვაწეს უმუშავია ისტორიული მიმოხილვის შედგენაში“ და
პირველ რიგში იხსენიებს იოანე სკილიცეს, რომელსაც დაწერილი ჰქონდა 811-1079
წლების „ისტორიული მიმოხილვა“. სკილიცეს თხზულების ძირითადი ნაწილი შესულია
გიორგი კედრენეს „ისტორიულ მიმოხილვაში“.

ნიკიფორე ვრიენიოსი (1062–1147) – სამხედრო საქმის კარგად მცოდნე და სახელმწიფო


მართვის აქტიური მონაწილე, კეისრის ტიტულის მფლობელი, ალექსი I კომნენოსის
ქალიშვილის, ანა კომნენოსის მეუღლე. თავის „ისტორიაში“ აგვისახა ის ბრძოლა, რომელსაც
მეფის კარზე ჰქონდა ადგილი და რომლის თვითმხილველი და მონაწილე თავად იყო.

ანა კომნენოსი (1083–1153) – XII საუკუნის გამოჩენილი ისტორიკოსი, ბიზანტიელი


დედოფალი, ბიზანტიის იმპერატორ ალექსი I კომნენოსის უფროსი ქალიშვილი, კეისარ
ნიკიფორე ვრიენოსის მეუღლე. მოღვაწეობდა ლიტერატურული და ფილოსოფიური
რენესანსის ხანაში. მიიღო ფართო ბიზანტიური განათლება, შეისწავლა არა მხოლოდ
ორატორული ხელოვნება, პოეზია, მათემატიკა და ფიზიკა, არამედ არისტოტელესა და
პლატონის ფილოსოფიაც. ღრმა ცოდნა ჰქონდა მიღებული მეცნიერების სხვადასხვა დარგში
(ისტორია, გეოგრაფია, ფილოსოფია, ასტროლოგია, სამართალი, რელიგიური დოგმები,
სამხედრო საქმე და ა.შ.). კარგად იცნობდა ანტიკურ პოეზიასა და პროზას, ასევე, ისტორიასა
და გეოგრაფიას, უყვარდა წიგნები და სწავლულ ადამიანებთან საუბარი. ანნა კომნენე
თავადაც აღნიშნავს თავისი განათლების შესახებ: ,,ჩემთვის უცხო არ იყო მეცნიერება, ღრმად
მქონდა შესწავლილი ბერძნული ენა, დიდის მისწრაფებით ვსწავლობდი რიტორიკას,
წავიკითხე არისტოტელეს ,,ხელოვნებანი“, პლატონის ,,დიალოგები“ და გონება გავიწაფე
მეცნიერებათა ოთხეულით“ (ტერმინ ოთხეულში იგულისხმება: ასტროლოგია, გეომეტრია,
არითმეტიკა და მუსიკა)“. ის სამართლიანად ითვლება თავისი დროის უგანათლებულეს
ადამიანად.

ანა კომნენეს სახელს უკავშირდება ბიზანტიის ისტორიულ-მემუარული ლიტერატურის


ჟანრის განვითარება. ამ თვალსაზრისით, ყურადღებას იქცევს 15 წიგნისგან შემდგარი
საისტორიო თხზულება „ალექსიადა“, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ბიზანტიურ
თხზულებათა რიცხვს განეკუთვნება. ნაშრომი წარმოადგენს ავტორის მამის – იმპერატორ
ალექსი I კომნენოსის (1081–1118) მეფობის ისტორიას და მოიცავს 1069–1118 წლენის ამბებს.
„ალექსიადის“ წყაროებია თვით ავტორის მიერ ნახული და გაგონილი, მისი მამის ნაამბობი,
წერილები და სიგელ-გუჯრები, მის თანამედროვე სარდლებისა და დიდებულ-მოხელეთა
წრეში შეკრებილი ცნობები. გარდა ამისა, ანა კომნენოსი იყენებს ნიკიფორე ვრიენოსის,
მიხეილ ატალიატეს და მიქელ პსელოსის საისტორიო ნაშრომებს. თხზულება შეიცავს
მრავალ საინტერესო ცნობას ჯვაროსნულ ლაშქრობებზე. საინტერესოა, რომ ის პირველად
ბერძნულიდან თარგმნა შილერმა.

1097 წელს ანნა ცოლად გაყვა ასევე განათლებულ პიროვნებას, მეცნიერს – ნიკიფორე
ვრიენიოსს. ანნასა და მისი ქმრის განათლებაზე წერს ისტორიკოსი იოანე ზონარა. ანნა ქმარს
თავის ,,ალექსიადაში“ დიდი აღფრთოვანებითა და სიყვარულით ახასიათებს. ნიკიფორე
ვრიენოსი სამხედრო საქმის კარგი მცოდნეც იყო, მალე მიიღო კეისარობა და შემდეგ –
პანიპერსევასტოსობა. მამის გარდაცვალების შემდეგ ანნას იმედი ჰქონდა, რომ ტახტს ქმარს
მოუპოვებდა, მაგრამ იმედი არ გაუმართლდა (ტახტზე ავიდა ანნას უმცროსი ძმა იოანე II
კომნენოსი,1118-1143 წწ). სასოწარკვეთილი ანნა ჩამოშორდა საერო წრეებს და დაბინავდა
დედის მიერ დაარსებულ ,,მიმადლებულის მონასტერში“ (ღვთისმშობლის სახელობის
მონასტერი).

ალექსი I კომნენოსი – ანა კომნენოსის მამა


იოანე II კომნენოსი – ალექსი I კომნენოსის ვაჟი და ანა

კომნენოსის ძმა

იოანე ცეცე (1110–1180) – XII საუკუნის ცნობილი კომენტატორი, გრამატიკოსი და


ისტორიკოსი, ცხოვრობდა კონსტანტინეპოლში. როგორც თავად აცხადებს, მამის ხაზით
წმინდა სისხლის ბერძენი იყო, დედის მხრივ კი – იბერიულ-კავკასიური წარმომავლობისა.
მიიღო საფუძვლიანი ფილოლოგიური განათლება. ეწეოდა ლიტერატურულ მოღვაწეობას.
მის კალამს ეკუთვნის „ისტორიათა წიგნი“, წერილები, ალეგორიები „ილიადასა“ და
„ოდისეასთვის“, „ხილიადა“ და სხვ. თავის შრომებს უძღვნის წარჩინებულ ბიზანტიელებს
და კეისრებს: ისააკ კომნენოსს, მანუელ I კომნენოსს და მის მეუღლეს ირინეს, ვინმე
კონსტანტინე კოტერძეს, რომლის წყალობით შეადგინა ჰომეროსის „ალეგორიების“
გაგრძელება და გადაამუშავა „ხილიადები“. თავის ნაშრომებში ცეცე უდავოდ დიდ
ნაკითხობას ავლენს. ის კარგად იცნობს ჰომეროსს, ჰესიოდეს, პინდარეს, ბერძენ
ისტორიკოსებსა და ქრონოგრაფოსებს. ამავე დროს, ზოგჯერ ტლანქ შეცდომებსაც უშვებს:
მაგალითად, ერთმანეთში ურევს ევფრატსა და ნილოსს. ამის გამო ბიზანტინოლოგები
ერთგვარი სიფრთხილით ეკიდებიან ცეცეს მიერ მოწოდებულ ცნობებს.
ნიკეტა ხონიატე XII საუკუნის შუა წლების ისტორიკოსია. დაიბადა ხონეში. განათლება
მიიღო კონსტანტინეპოლში უფროსი ძმის, მიხეილ ხონიატეს ხელმძღვანელობით. იყოს
კეისრის მდივანი ისააკ ანგელოსის (1185–1195) დროს, ფილიპოპოლისის თემის სტრატეგოსი,
მიაღწია ლოგოთეტის წოდებას. მისი მთავარი ნაშრომია 21 თავისგან შემდგარი „ისტორია“,
რომელიც მოიცავს 1118–1206 წლების ბიზანტიურ ეპოქას. ნიკიტა ხონიატეს „ისტორია“
სრულად არის მოღწეული და მასში აღწერილია იმპერატორთა ცხოვრება იოანე
კომნენოსიდან (1118–1143) – ალექსი V დუკას (1204) ჩათვლით. შრომის ბოლოს
მოთხრობილია კონსტანტინეპოლის დაცემის შემდეგდროინდელ მოვლენათა შესახებ. გარდა
„ისტორიისა“, ნიკეტა ხონიატეს ეკუთვნის თხზულება იმ „ქანდაკებათა შესახებ“, რომლებიც
დაამსხვრიეს ლათინებმა (1204 წელს); აგრეთვე, 1185 წელს დაწერილი პოემა ისააკ
ანგელოსისა და მარგარიტას ქორწინებაზე.

გიორგი აკროპოლიტის (1217–1282) „ისტორია“ ნიკიტა ხონიატეს „ისტორიის“ გაგრძელებას


წარმოადგენს: მან აღწერა ბიზანტიის ისტორია ლათინთა ბატონობის წლებში (1204-1261).
გიორგი პახიმერე (1242-1310) – XIII საუკუნის ბიზანტიელი ისტორიკოსი. დაიბადა და
განათლება მიიღო ნიკეაში. მოღვაწეობდა კონსტანტინეპოლში, სადაც ეკავა მაღალი საერო
და საეკლესიო თანამდებობები. აქტიურად მონაწილეობდა უნიონის საკითხის გარშემო
წარმოებულ ბრძოლაში და იცავდა ეროვნულ თვალსაზრისს. გიორგი პახიმერეს „ისტორია“
გიორგი აკროპოლიტის საისტორიო ნაშრომის გაგრძელებაა და მოიცავს 1261–1308 წლების
ბიზანტიის ისტორიას, სადაც მიმოხილულია ორი კეისრის ეპოქა – მიხეილ VIII
პალეოლოგოსისა (1261–1282) და ანდრონიკე II პალეოლოგოსისა (1282–1328). პახიმერეს
თხზულების მნიშვნელობას ზრდის ის გარემოება, რომ ავტორი თავად ყოფილა მომსწრე და
თვითმხილველი ამბებისა, რომლებსაც კეთილსინდისიერად ამოწმებს, სწავლობს და აღწერს.
როგორც ფართო განათლების ისტორიკოსი, უხვად იყენებს ბერძნული ისტორიოგრაფიის
მიღწევებს. საინტერესოა ის ფაქტი, რომ გიორგი პახიმერე ტრაპიზონის იმპერიას ლაზურ
იმპერიას უწოდებს.

ნიკიფორე გრიგორასი (1295-1360) XIV საუკუნის ერთ-ერთი გამოჩენილი ბიზანტიელი


ისტორიკოსი და მწერალია. მისი ნაწერები ეხება ცოდნის მრავალ დარგს – თეოლოგიას,
ფილოსოფიას, ასტრონომიას, ისტორიას, რიტორიკასა და გრამატიკას. მისი მთავარი
ნაშრომია მემუარული ხასიათის საისტორიო თხზულება „რომაული ისტორია“, რომელიც
ავსებს და აგრძელებს გიორგი პახიმერეს „ისტორიას“. გრიგორასის „ისტორია“ მოიცავს 1204-
1359 წლების ამბებს და იწყება ჯვაროსანთა მიერ კონსტანტინეპოლის აღებით. მისი, როგორც
თვითმხილველის, პირადი დაკვირვებები ეხება 1351–1359 წლების ამბებს. მიუხედავად
ზოგიერთი საკითხის არასწორი ინტერპრეტაციისა, ნიკიფორე გრიგორასის „რომაული
ისტორია“ მაინც უნდა ჩაითვალოს ძირითად წყაროდ XIV საუკუნის პირველი
ნახევრისათვის.

საგანგებოდ უნდა მოვიხსენიოთ XV საუკუნის ბიზანტიელი ქრონოგრაფოსი მიქაელ


პანარეტოსი, რომელმაც თავისი „ტრაპიზონის ქრონიკის“ სახით დაგვიტოვა მნიშვნელოვანი
წყარო 1204-1426 წლების ისტორიისათვის. თხზულებაში შესულია მემუარული ნაწილიც,
რადგან მწერალი თავად მონაწილეობდა სახელმწიფოებრივ აქციებში, იმყოფებოდა რა
ტრაპიზონის იმპერატორ ალექსი III-ის კარზე და 1363 წელს იყო პროტოსევასტოსი და
პროტონოტარიუსი. „ქრონიკა“ წარმოადგენს მნიშვნელოვან წყაროს ტრაპიზონის სამეფოს
ისტორიის შესწავლისათვის. მასში მრავლადაა XIII–XIV სს-ში საქართველო-ბიზანტიის
ურთიერთობის ამსახველი ცნობები. მიქელ პანარეტოსის ქრონიკა განაგრძეს იოანე კანანემ
და მიქელ დუკამ, რომლებიც დრამატულად გადმოგვცემენ იმპერიის არსებობის უკანასკნელ
წლებს.

შეიძლება ითქვას, რომ ბიზანტიამ მთელი თავისი არსებობის მანძილზე დაგვიტოვა


საოცრად მდიდარი და მრავალფეროვანი მასალა მწერლობისა და ისტორიოგრაფიის
თვალსაზრისით. ეს მრავალფეროვნება ახარებს და აცვიფრებს მკვლევართ, თუმცა მათი
შესწავლა არ არის იოლი საქმე. ჩვენს წინაშეა მრავალრიცხოვანი და ზოგჯერ
პირველხარისხოვანი ნაშრომები ისტორიკოსებისა, ბიზანტიური ქრონიკების მთელი სერია,
ვრცელი პოლემიკური და საღვთისმეტყველო ლიტერატურა, წმიდანთა ცხოვრება, მდიდარი
ეპისტოლოგრაფია, ძვირფასი ტრაქტატები იმპერიის ადმინისტრაციული მოწყობის შესახებ,
საკანონმდებლო ძეგლები, ტიპიკონები, გეოგრაფიული ხასიათის შრომები, მოგზაურთა
ჩანაწერები. ეს არის ბიზანტიის პოლიტიკური და სოციალ-ეკონომიკური, სამართლებრივი
და კულტურული ვითარების ამსახველი ამოუწურავი სიმდიდრე, რომელთა შორის, გარდა
ისტორიული ხასიათის ნაშრომებისა, მრავლადაა დოკუმენტური მასალები: სამთავრობო
მითითებები, დიპლომატიური მიმოწერა, საეკლესიო კრებების აქტები და სხვა სახის
უამრავი დოკუმენტი. თუ ამას დავუმატებთ არქეოლოგიურ, ეპიგრაფიკულ და ნუმიზმატურ
ძეგლებს, მაშინ ნამდვილად იქმნება წყაროთა სიუხვის სრული სურათი, რომლის შესწავლა,
როგორც უკვე აღვნიშნეთ, დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული.

You might also like