You are on page 1of 12

სახელმწიფოს ცნება, მისი ძირითადი ნიშნები

რა არის სახელმწიფო ?

თანამედროვე იურიდიულ ლიტერატურაში სახელმწიფოს ერთიანი ცნება არ არსებობს.


სხვადასხვა ავტორები სახელმწიფოს ცნებას ერთმანეთის მსგავსად, თუმცა არაიდენტურად
გადმოგვცემენ. ანუ ეს ცნებები ძალიან ჰგავს ერთმანეთს, თუმცა ზუსტად ერთი და იგივე არ
არის.

გამოჩენილი ავსტრიელი მეცნიერი, ჰანს კელზენი აღნიშნავდა, რომ სახელმწიფოს ცნების


ჩამოყალიბების სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ ამ ტერმინით აღინიშნება სხვადასხვა
საგნები და მოვლენები. მაგალითად, ქვეყანა, საზოგადოება, მოსახლეობა, კანონმდებლობა და
ა.შ.

არსებულ ცნებებს შორის ყველაზე გავრცელებულს წარმოადგენს გერმანელი მეცნიერის


მ ა ქ ს ვ ე ბ ე რ ი ს განმარტება, რომლის მიხედვითაც:

სახელმწიფო არის საზოგადოების პოლიტიკურ ორგანიზაცია, რომელსაც გააჩნია


ცენტრალიზებული მმართველობის ორგანოები და მონოპოლია ლეგიტიმური ძალის
გამოყენებაზე.

ის რაც განასხვავებს მაქს ვებერის განმარტებას სახელმწიფოზე, არის „მონოპოლია ლეგიტიმური


ძალის გამოყენებაზე“. გერმანელი მეცნიერი ხაზს უსვამდა, რომ მხოლოდ სახელმწიფოა ის
ერთადერთი, რომელსაც გააჩნია ექსკლუზიური უფლება გამოიყენოს ლეგიტიმური (კანონიერი)
ძალა საკუთარ ტერიტორიაზე.

სახელმწიფოს შესახებ არსებული ცნებებიდან საინტერესოა ასევე 1933 წლის მ ო ნ ტ ე ვ ი დ ე ო ს


კ ო ნ ვ ე ნ ც ი ა შ ი მოცემული განმარტება, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოს უნდა გააჩნდეს
შემდეგი ძირითადი ელემენტები: მოსახლეობა, ტერიტორია, მმართველობის ორგანოები და
უნარი დამოუკიდებლად დაამყაროს ურთიერთობა სხვა სახელმწიფოებთან.

სხვადასხვა ეპოქაში გამოჩენილ მოაზროვნეებს გააჩნდათ განსხვავებული წარმოდგენები


სახელმწიფოს არსის შესახებ. ძველი ბერძენი ფილოსოფოსი დემოკრიტე აღნიშნავდა, რომ
სახელმწიფო უნდა იყოს საყოველთაო სიკეთისა და სამართლიანობის განსახიერება.
აღორძინების ეპოქის გამოჩენილი მოაზროვნე ნ.მაკიაველის აზრით, სახელმწიფოს ძირითადი
დანიშნულებაა პოლიტიკური მოღვაწეობა, რაც გამოიხატება მმართველ წრეებსა და ხალხს
შორის ურთიერთობის დადგენაში, პოლიტიკური ხელისუფლების ორგანიზებაში, კანონისა და
იუსტიციის ორგანოების არსებობაში. გამოჩენილი ინგლისელი ფილოსოფოსი თომას ჰობსი
აღნიშნავდა, რომ სახელმწიფო ხელისუფლება უნდა იყოს მშვიდობისა და ადამიანის ბუნებრივი
უფლებების დამცველი.

სახელმწიფოს არსის უკეთ შემეცნების მიზნით გავიაროთ მისთვის დამახასიათებელი ნიშნები:


1. ტერიტორია

სახელმწიფოს ტერიტორიის ქვეშ იგულისხმება სივრცე, რომლის ფარგლებში ხორციელდება


საჯარო პოლიტიკური ხელისუფლება. ეს არის ერთგვარი მატერიალური ბაზა ნებისმიერი
სახელმწიფოსათვის. ტერიტორია შეიძლება იყოფოდეს ქალაქებად, რაიონებად, ოლქებად,
გუბერნიებად და ა.შ.

სახელმწიფოს ტერიტორიას წარმოადგენს:

• მიწა, სივრცე მიწის ქვეშ (მაღაროები, გვირაბები, გამოქვაბულები) და სივრცე მიწის


თავზე, ანუ საჰაერო სივრცე;
• წყლები, შიდა ტერიტორიული წყლები (ტბები, მდინარეები) და სანაპირო წყლები (12
მილის სიღრმით);
• საელჩოს ტერიტორია სხვა სახელმწიფოში
• სამხედრო ნაწილების განლაგების ტერიტორია სხვა სახელმწიფოში
• საზღვაო და საჰაერო ლაინერები, რომლებიც სახელმწიფო დროშით დაცურავენ
თუ დაფრინავენ
• სამხედრო გემები და ლაინერები. რაც შეეხება არასამხედრო ხომალდებს
(სამგზავრო, სავაჭრო, სატვირტო) ღია ზღვაში ყოფნისას მათზე ვრცელდება
თავისი ქვეყნის კანონები, მაგრამ სხვა ქვეყნის ტერიტორიულ წყლებსა და
ნავსადგურებში ვრცელდება სანაპირო სახელმწიფოს კანონები.
• კოსმოსური ხომალდები

დღეისათვის დედამიწის მთელი სახმელეთო ნაწილი გადანაწილებულია სხვადასხვა


სახელმწიფოების მიერ. ადგილებს, რომლებიც არც ერთ სახელმწიფოს არ ეკუთვნის,
განეკუთვნებიან: ღია ზღვები და ოკეანეები, კოსმოსური სივრცე, მთვარე და სხვა ციური
სხეულები, ანტარქტიდა.

სახელმწიფოს ტერიტორიის მითვისება ან სხვაგვარი ხელყოფა დაუშვებელია, რაც დაცული და


აღიარებულია საერთაშორისო სამართლით. ყველა სახელმწიფოს აქვს უფლება და ეკისრება
მოვალეობა დაიცვას თავისი ტერიტორია და მოქალაქეები ყოველგვარი ხელყოფისაგან.

2. მმართველობის ორგანოები

სახელმწიფო ახორციელებს საჯარო პოლიტიკურ ხელისუფლებას სახელმწიფო მმართველობის


ორგანოების მეშვეობით, რასაც სახელმწიფო აპარატს ეძახიან. სახელმწიფო აპარატის ძირითადი
ორგანოებია:

• საკანონმდებლო ხელისუფლების ორგანოები


• აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები
• სასამართლო ხელისუფლების ორგანოები და ა.შ.
3. სახელმწიფოს გააჩნია იძულების უნარი და იძულების სპეციალური აპარატი

სახელმწიფოს გააჩნია იძულების გამოყენების უფლება და ბერკეტები. სახელმწიფო იძულებას


ახორციელებს სპეციალური აპარატის მეშვეობით, რომლის შემადგენლობაში შედიან ისეთი
ორგანოები როგორიცაა: პოლიცია, ციხეები, შეიარაღებული ძალები, და ა.შ. სახელმწიფო
ერთადერთი ორგანიზაციაა საზოგადოებაში, რომელსაც შეუძლია ჰყავდეს გასამხედროებული
ფორმირებანი (არმია, პოლიცია).

4. სამართლის სისტემა

ყველა სახელმწიფოს აქვს თავისი სამართლის სისტემა, რომლის მეშვეობითაც სახელმწიფო


უზრუნველყოფს ქვეყანაში წესრიგის დამყარებას, მისი გადაწყვეტილებებისათვის
სავალდებულო ძალის მინიჭებას.

5. ლეგიტიმაცია

სახელმწიფოს არსებით ნიშანს წარმოადგენს ლეგიტიმურობა („ლეგის“ ლათინური სიტყვაა და


ნიშნავს „კანონს“). სახელმწიფო ხელისუფლების ლეგიტიმურობა გამოიხატება მისი შექმნისა და
ფუნქციონირების კანონიერ საფუძველში. მხოლოდ კანონიერი გზით შექმნილი საჯარო
ხელისუფლებაა უფლებამოსილი დაადგინოს ქცევის წესები და უზრუნველყოს მათი
შესრულება.

6. გადასახადების სისტემა

სახელმწიფოს ერთერთი ნიშანია გადასახადების სისტემა. გადასახადი არის სავალდებულო


მოსაკრებელი, რომელსაც სახელმწიფო უწესებს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს (ადამიანებს
და ორგანიზაციებს). გადასახადები არის სახელმწიფო ბიუჯეტის შვსების მთვარი წყარო.
ბიუჯეტიდან თანხები ნაწილდება სახელმწიფოს მიერ ეკონომიკური, სოციალური,
კულტურული და სხვა სფეროების დასაფინანსებლად.

7. სახელმწიფო სიმბოლოები

ყველა სახელმწიფოს აქვს თავისი ოფიციალური სახელწოდება, ჰიმნი, გერბი, დროშა,


სახელმწიფო დღესასწაულები. სახელმწიფოს სიმბოლიკა განასახიერებს მის
დამოუკიდებლობას, თვითმყოფადობას და სუვერენიტეტს.

8. სუვერენიტეტი

სახელმწიფო სუვერენიტეტი გულისხმობს მის შესაძლებლობას სრულუფლებიანად აწარმოოს


საშინაო და საგარეო საქმეები და არ დაუშვას თავის საქმიანობაში სხვა სახელმწიფოების ან
სახელმწიფოს შიგნით არსებული სხვა ძალების ჩარევა.

ე.ი. სუვერენიტეტი ნიშნავს სახელმწიფოს უზენაესობას ქვეყნის შიგნით და დამოუკიდებლობას


სხვა ქვეყნებთან ურთიერთობაში. განასხვავებენ საშინაო და საგარეო სუვერენიტეტს.
საშინაო სუვერენიტეტი. სუვერენულ სახელმწიფოს ქვეყნის შიგნით გააჩნია უზენაესი
იურიდიული ძალა, შეუზღუდავია და შეუზღუდავად ახორციელებს ხელისუფლებას; ადგენს
ყველასათვის სავალდებულო ქცევის წესებს, უზრუნველყოფს კანონიერებასა და
მართლწესრიგს, განსაზღვრავს მოქალაქეთა უფლება–მოვალეობებს და ა.შ. საშინაო
სუვერენიტეტის განხილვისას საინტერესოა იმის გარკვევა თუ ვინაა სუვერენიტეტის
მატარებელი ? ვის ეკუთვნის და ვინ ახორციელებს სახელმწიფო ხელისუფლებას. მე–16
საუკუნის ფრანგი იურისტი – ჟან ბოდენი სუვერენული უფლებების მატარებლად თვლიდა
მეფეს, აბსოლუტურ მონარქს. მე–18 საუკუნის ასევე ფრანგი მოაზროვნე და განმანათლებელი
ჟანჟაკ რუსო კი თვლიდა, რომ სუვერენიტეტის მატარებელი მისი აზრით უნდა ყოფილიყო
ხალხი და არა მონარქი.

საგარეო სუვერენიტეტი ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო არის საერთაშორისო ურთიერთობის


დამოუკიდებელი სუბიექტი და ახორციელებს თავის პოლიტიკას სხვა სახელმწიფოებისაგან
დამოუკიდებლად. ეს დებულება ისე არ უნდა იქნას გაგებული, თითქოს სუვერენიტეტი აქვს
მხოლოდ ეკონომიკურად და სამხედრო თვალსაზრისით მძლავრ სახელმწიფოებს. სახელმწიფო
სუვერენიტეტი წამროადგენს საერთაშორისო სამართლით აღიარებულ პრინციპს, რომელიც
ჩაწერილია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებაში და რომლის მიხედვითაც ყველა
სახელმწიფოს (დიდსა თუ პატარას) აქვს დამოუკიდებლობის, უშიშროების, ტერიტორიული
ხელშეუხებლობის უფლება.

სუვერენიტეტი ასევე შესაძლებელია იყოს ფორმალური ან შეზღუდული.

ფორმალური სუვერენიტეტი გულისხმობს იმას, რომ მართალია იურიდიულად და


პოლიტიკურად იგი აღიარებულია, მაგრამ ფაქტიურად ვერ ხორციელდება იმის გამო, რომ
სახელმწიფოზე სხვა სახელმწიფო მოქმედებს.

შეზღუდული სუვერენიტეტი შეიძლება იყოს იძულებითი და ნებაყოფლობითი.


სუვერენიტეტის იძულებით შეზღუდვას შეიძლება ჰქონდეს ადგილი ომში გამარჯვებული
სახელმწიფოს მხრიდან დამარცხებულ სახელმწიფოზე. სუვერენიტეტის ნებაყოფლობითი
შეზღუდვა დაიშვება სახელმწიფოთა შორის შეთანხმების საფუძველზე განსაზღვრული, საერთო
მიზნების მისაღწევად.

სახელმწიფო სუვერენიტეტის ცნებასთან ერთად არსებობს სახალხო და ეროვნული


სუვერენიტეტების ცნებები.

სახალხო სუვერენიტეტი ეწოდება ამა თუ იმ ქვეყნის მთელი მოსახლეობის უფლებას თვითონ


გადაწყვიტოს საკუთარი ცხოვრებისა და ქვეყნის ბედის საკითხები, მისთვის სასურველი
მიმართულება მისცეს მის მიერვე შექმნილ სახელმწიფო ხელისუფლების საქმიანობას.

ეროვნული სუვერენიტეტი თავისი შინაარსით ერის თვითგამორკვევის უფლებას ნიშნავს, ე.ი.


მის შესაძლებლობას, დამოუკიდებლად განსაზღვროს თავისი მდგომარეობა სხვა ერებთან
ურთიერთობაში, სათანადო პირობების არსებობისას კი ცალკე სახელმწიფოდ გამოყოფაც კი
შეუძლიათ. ერთეროვან სახელმწიფოებში სახალხო და ეროვნული სუვერენიტეტი
ფაქტობრივად გაიგივებულია. მრავალეროვან დემოკრატიულ სახელმწიფოებში კი სახელმწიფო
უზრუნველყოფს თითოეული ერის სუვერენული უფლებების დაცვას.

იმ მრავალეროვან სახელმწიფოებში, რომლებიც არადემოკრატიულ იძულებით გაერთანებებს


წამროადგენენ, სახელმწიფო სუვერენიტეტი ერების ამ იძულებითი კავშირის შენარჩუნებას
ემსახურება და უზრუნველყოფს მმართველი ერის ბატონობას ჩაგრულ ერებზე, ე.ი.
მიმართულია მათი ეროვნული სუვერენიტეტის წინააღმდეგ.

რა ხდებოდა სახელმწიფოს წარმოშობამდე, უძველეს დროში ?

პირველყოფილი თემური წესწყობილება და მისი რღვევა.

სახელმწიფო ყოველთვის არ არსებობდა. პირველყოფილი თემური წყობილება იყო ადამიანთა


საზოგადოების პირველი ფორმა სახელმწიფოს წარმოშობამდე. ამ ეპოქის ადამიანებისათვის
დამახასიათებელი იყო კოლექტივიზმი, რაც ფაქტობრივად ყველაფრის ერთად კეთებას
გულისხმობდა. ადამიანები ცხოვრობდნენ ერთად, ერთობლივი ძალებით მოიპოვებდნენ
ყველაფერს რაც საჭირო იყო ცხოვრებისათვის: საკვები, ტანსაცმელი, იარაღი, საცხოვრებელი
ადგილი და ა.შ. ყველაფერი რაც მათ გააჩნდათ იყო მათი საერთო საკუთრება.

კაცობრიობის განვითარების პირველ საფეხურზე, ათეული და ასეული ათასი წლების მანძილზე


ადამიანები ცხოვრობდნენ პირველყოფილი ჯოგების სახით. ეს პირველყოფილი ჯოგი
წარმოადგენდა ადამიანთა მცირერიცხოვან მოხეტიალე ჯგუფს, რომელიც თავს ირჩენდა
პრიმიტიული ნადირობით და ღამეს ხეებზე ან გამოქვაბულში ათევდა. შემდეგ კი, როდესაც
მეთევზეობა და ნადირობა განვითარდა, ჩამოყალიბდა ადამიანთა უფრო მყარი და უფრო
მრავალრიცხოვანი გაერთიანება - გვარი.

დასაწყისში გვარი იყო მატრიარქალური, ანუ დედამთავრული, რაც იმას ნიშნავდა, რომ გვარში
წამყვან როლს ქალი ასრულებდა და ნათესაობაც ქალის ხაზით განისაზღვრებოდა. მოგვიანებით
კი, ადამიანებმა დაიწყეს ლითონის გამოდნობა და იარაღების დამზადება, განვითარდა
მიწათმოქმედება და მეჯოგეობა. მოთხოვნა კაცის შრომაზე გაიზარდა და მატრიარქალური
გვარი შეიცვალა პატრიარქალურით, ანუ მამამთავრულით. გვარის თავში დგებიან მამაკაცები და
ნათესაობაც მამის ხაზით განისაზღვრებოდა.

გვარის წევრები იყვნენ თავისუფალი და თანასწორი ადამიანები, რომლებიც მნიშვნელოვან


საკითხებს წყვეტდნენ საერთო კრებაზე, რომლის წევრებიც როგორც მამაკაცები ასევე ქალები
იყვნენ. აღნიშნულ კრებაზე ნებისმიერს შეეძლო გამოეთქვა თავისი აზრი და წამოეყენებინა
რაიმე წინადადება. გვარის წევრები კრებაზე ირჩევდნენ თავიანთ მეთაურს, რომელიც როგორც
წესი გამოირჩეოდა გამოცდილებითა და ნიჭით. გვარის წევრები ანგარიშს უწევდნენ მის რჩევებს
და საერთო შეთანხმების საფუძველზე ასრულებდნენ. კრებას ყოველთვის შეეძლო
გადაეყენებინა ბელადი და ახალი აერჩია მის ნაცვლად.
რამდენიმე მონათესავე გვარი უკვე შეადგენდა ტომს. ცალკეულ ტომებს შორის ხდებოდა
შეტაკებები და ომები, მეტწილად უკეთესი მიწების ან სათევზაო ადგილების ხელში
ჩასაგდებად. ტომის საქმეები წყდებოდა ტომის საბჭოში, რომელშიც შედიოდნენ გვარის
მეთაურები და წინამძღოლები.

ამრიგად, გვაროვნული წყობილების დროს არ არსებობდნენ ადამიანები, რომელთაც სხვა


ადამიანთა მართვა შეეძლოთ. არ არსებობდნენ პოლიციელები, ჯარისკაცები, თავადაზნაურები,
მეფეები და ა.შ. ყოველგვარი უთანხმოება წესრიგდებოდა იმ კოლექტივის მიერ, ვისაც იგი
ეხებოდა.

იმ პერიოდში არ არსებობდა რაიმე დაწერილი ქცევის წესები, კანონების სახით. ადამიანები


დაუწერელი ქცევის წესებით - ჩვეულებების (ადათების) საფუძველზე მოქმედებდნენ, რომელთა
შესრულება ხდებოდა არა რაიმე იძულების აპარატის, არამედ დამკვიდრებული ტრადიციების,
უხუცესებისა და ბელადების ავტორიტეტის საფუძველზე.

დამკვიდრებული ტრადიციების თანახმად გვარის წევრები ვალდებულნი იყვნენ ერთმანეთს


დახმარებოდნენ, დაეცვათ ერთმანეთი და შური ეძიათ გვარის წევრისათვის მიყენებული
ზიანისათვის და ა.შ. თავიდან არ არსებობდა ზომიერება შურისძიების დროს. მაგალითად,
ქურდი შეიძლებოდა ადგილზევე მოეკლათ. მოგვიანებით კი დამკვიდრდა ე.წ. ტალიონის
პრინციპი („თვალი თვალისა წილ, კბილი კბილის წილ“), რაც იმას გულისხმობდა, რომ
საპასუხო ქმედება ისეთივე უნდა ყოფილიყო როგორიც ზიანის მიყენებისას. უფრო გვიან კი
შესაძლებელი გახდა შურისძიებისაგან თავის დაღწევა დაზარალებულის ან მისი ახლო
ნათესავების სასარგებლოდ რაიმე ქონებრივი სასყიდლის გადაცემით, შემდეგ კი საზღაურის
გადახდით (ე.წ. კომპოზიციის პრინციპი).

შემდგომ ეპოქაში იწყება შრომის საზოგადოებრივი დანაწილება, რაც იმას ნიშნავდა, რომ
ადამიანთა ცალკეულმა ჯგუფებმა დაიწყეს მხოლოდ გარკვეული საქმის შესრულება.
მაგალითად, ზოგი გვარი მესაქონლეობას მისდევდა, ზოგი მიწათმოქმედებას, ზოგი იარაღების
დამზადებაზე მუშაობდა და ა.შ.

შრომის პირველი დიდი საზოგადოებრივი დანაწილება იყო ადამიანთა მასისაგან მეჯოგე


ტომების გამოყოფა, რომლებიც აწარმოებდნენ დიდი რაოდენობით ხორცს, რძის პროდუქტებს,
ტყავს და ა.შ.

შრომის მეორე დიდ საზოგადოებრივ დანაწილებას წარმოადგენდა ხელოსნობის გამოყოფა


სოფლის მეურნეობისაგან, როდესაც ადამიანები ეუფლებოდნენ ხელოსნობის სხვადასხვა სახეს:
მჭედლობას, დურგლობას, იარაღებისა და ინსტრუმენტების დამზადებას და ა.შ.

აღნიშნულმა პროცესებმა საზოგადოებაში გაცვლა-გამოცვლა გააცოცხლა, რამდენადაც ერთნი


მეორეთა მიერ წარმოებულ პროდუქციას საჭიროებდნენ.

შრომის საზოგადოებრივ დანაწილებასთან ერთად ადამიანები თავს ანებებენ საერთო შრომას და


საგვარეულო თემი იყოფა დიდ პატრიარქალურ ოჯახებად, რომელნიც დამოუკიდებელ
მეურნეობას ეწევიან. ეს არის ფაქტობრივად საოჯახო თემი, რომლის სათავეში დგას ოჯახის
უფროსი - მამა. ოჯახს უკვე საკუთრებაში ჰყავს შინაური ცხოველები და ფრინველები, აქვს
საცხოვრებელი სახლი, სახელოსნო, წარმოების იარაღები და ა.შ. ამ პერიოდში ხდება კერძო
საკუთრების გაჩენის პროცესი და შრომის მესამე დიდი საზოგადოებრივი დანაწილება, როდესაც
ყალიბდება ვაჭრების განსაკუთრებული ფენა, რომლებიც უშუალოდ არ მონაწილეობენ
წარმოების პროცესში და აღებ-მიცემობის პროცესში მდიდრდებიან. ამ დროისათვის უკვე
ჩნდება ფული, როგორც ისეთი განსაკუთრებული საქონელი, რომლითაც ხდება ყველა სხვა
საქონლის შეფასება და რომელიც შუამავლის როლს ასრულებს გაცვლის დროს. იქმნება აგრეთვე
ქალაქები, როგორც ხელოსნობისა და ვაჭრობის ცენტრები.

ოჯახებისა და ცალკეული პირების მიერ სიმდიდრის დაგროვების შესაძლებლობამ გაზარდა


მისწრაფება გამოეყენებინათ სხვისი შრომა და ექსპლუატაცია გაეწიათ ადამიანებისათვის.
პირველი ასეთი ადამიანები იყვნენ მონები. მონებად აქცევდნენ სამხედრო ტყვეებს. თუ წინათ
მათ ხოცავდნენ, ან თემის თანასწორუფლებიან წევრებად იღებდნენ, ახლა მათ ექსპლუატაციას
უწევენ, მათი შრომის ხარჯზე მდიდრდებიან. მონებად ხდებოდნენ აგრეთვე თემის წევრები
ვალის გადაუხდელობის გამო და ა.შ.

ამრიგად, გარკვეულმა ეკონომიკურმა მოვლენებმა განაპირობეს პირველყოფილი თემური ანუ


გვაროვნული წესწყობილების რღვევა და საზოგადოების დაყოფა მკვეთრად დაპირისპირებულ
ფენებად, რომლებსაც შემდგომში სხვადასხვა თეორიასა და საზოგადოებრივ მეცნიერებაში
კლასები დაარქვეს.
ძირითადი თეორიები სახელმწიფოს წარმოშობის შესახებ

• თეოლოგიური თეორია

თეოლოგიური თეორიის თანახმად სამყაროში ყოველივეს შემქნელი, მათ შორის სახელმწიფოსი,


ღმერთია. სახელმწიფოს მმართველები კი მიიჩნეოდნენ ღვთის ნების აღმსრულებლებად. ძველი
ბაბილონის მეფე ჰამურაბის კანონების თანახმად მისი სამეფო ხელისუფლება ღვთაებრივი
წარმოშობის იყო და ამიტომ ღმერთები მფარველობდნენ და ეხმარებოდნენ მას სახელმწიფოს
მართვა-გამგეობაში. „ადამიანი წარმოადგენს ღვთის აჩრდილს, მონა არის ადამიანის აჩრდილი,
ხოლო მეფე ღმერთის თანასწორია“ – ადგენდა სამართლის წიგნი. მეტიც, ძველ ეგვიპტეში
ფარაონები მიჩნეულნი იყვნენ მიწიერ ღმერთებად, რომლებსაც მფარველობდნენ ზეციური
ღმერთები.

თეოლოგიური თეორია განსაკუთრებით გავრცელებული იყო ფეოდალიზმის ეპოქაში მეფეებისა


და იმპერატორების ავტორიტეტის ასამაღლებლად და მათი შეუზღუდავი ძალაუფლების
დასასაბუთებლად. გაბატონებული კლასის იდეოლოგები ხშირად მიმართვადნენ თეოლოგიურ
თეორიას და ღვთის მიერ დაწესებულად აცხადებდნენ არსებულ წყობილებას, სოციალურ
უთანასწორობას.

მოგვიანებით სახელმწიფო ხელისუფლების ღვთაებრივი წარმოშობის იდეა განავითარა


ქრისტიანულმა რელიგიამ. ამ თეორიის ცნობილი წარმომადგენელი იყო კათოლიკური
ეკლესიის სწავლული ღვთისმეტყველი თომა აქვინელი, რომელიც უმდაბლესის
უმაღლესისადმი მორჩილებას ღვთის ნებად მიიჩნევდა.

• ხელშეკრულების თეორია

ხელშეკრულების თეორიის ცალკეული ელემენტები ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთსა და ძველ


რომში მუშავდებოდა, თუმცა თეორიის სახით ის მე-17 - მე-18 საუკუნეებში ჩამოყალიბდა.
თომას ჰობსი მიიჩნევდა, რომ სახელმწიფოს წარმოშობამდე ადამიანთა საზოგადოებაში ყველა
ყველას ებრძოდა და მშვიდობისა და წესრიგის დასამყარებლად ადამიანებმა გადაწყვიტეს
დაედოთ ხელშეკრულება და შეექმნათ სახელმწიფო. ადამიანებმა იკისრეს ვალდებულება
დამორჩილებოდნენ სახელმწიფოს, რომელსაც თავის მხრივ უნდა დაეცვა ადამიანის უფლებები,
კერძოდ საკუთრების უფლება, უშიშროება და ა.შ.

ხელშეკრულების თეორიას ხანდახან ანტი-ისტორიულს უწოდებენ, რამდენად იგი ვერ


პასუხობს კითხვებზე - სად, როდის და როგორ დადეს ადამიანებმა საზოგადოებრივი
ხელშეკრულება, ვინ იყვნენ მისი მონაწილენი, თუმცა ეს ვერ აკნინებს მის მეცნიერულ
მნიშვნელობას, მან პირველმა გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ სახელმწიფო წარმოიშვა
ადამიანთა შეგნებული საქმიანობის შედეგად.
• ძალმომრეობის თეორია

ძალმომრეობის თეორია წარმოიშვა და გავრცელდა მე-19 საუკუნის ბოლოს და 20-ე საუკუნის


დასაწყისში. აღნიშნული თეორიის თანახმად სახელმწმიფოს წარმოშობის მიზეზი ომი,
დაპყრობა და ძალმომრეობაა. ძალმომრეობის თეორიის ერთერთი გამოჩენილი
წარმომადგენელი, წარმოშობით პოლონელი იურისტი და პროფესორი, ლუდვიგ გუმპლოვიჩი
ამტკიცებდა, რომ ისტორიის მამოძრავებელი ძალა რასებსა და ეთნიკურ ჯგუფებს შორის
ბრძოლაა. ამ ბრძოლის შედეგად უფრო ძლიერი ეთნიკური ჯგუფები იპყრობენ სუსტებს და ამის
შედეგად იქმნება სახელმწიფო, როგორც გამარჯვებულთა ძალაუფლების განმახორციელებელი
ორგანო დამარცხებულთა მიმართ. მისი აზრით ისტორიაში ვერ მოიძებნება ვერც ერთი
მაგალითი, რომ სახელმწიფო ძალადობის გარდა სხვა რაიმე მიზეზით შექმნილიყო.

გუმპლოვიჩის აზრით, ამ ბრძოლას ეთნიკურ–რასობრივი ხასიათი ჰქონდა. ძლევამოსილი


უმცირესობა ყოველთვის უცხოეთიდან მოსული ხალხი იყო. ერთი ეთნიკური ჯგუფი სხვა
ეთნიკურ ჯგუფს იმონებდა.

ძალმომრეობის თეორიაში ორი განსხვავებული ფრთა არსებობდა. ერთის მხრივ სახელმწიფოს


წარმოშობა საგარეო ძალადობას ემყარებოდა, მეორე მხრივ კი - შიდა ძალადობას.

ცნობილი ქართველი პოლიტიკური მოღვაწე და სამართალმცოდნე, არჩილ ჯორჯაძე, არ


ეთანხმებოდა გუმპლოვიჩს და აღნიშნავდა, რომ ეთნიკური ელემენტი არ იყო სახელმწიფოს
წარმოშობის შემოქმედი ძალა. მისი აზრით სახელმწიფო კლასთა ბრძოლის შედეგს
წარმოადგენს, იგი იზიარებს მოსაზრებას, რომ სახელმწიფო უმცირესობის მიერ უმრავლესობაზე
ბატონობის ნაყოფია, მაგრამ უმცირესობა ყოველთვის არაა ეთნიკურად გამორჩეული
უმრავლესობისაგან.

ძალმომრეობის თეორიას აქტიურად აკრიტიკებდა ფრიდრიხ ენგელსი. მისთვის მიუღებელი


იყო, რომ ეს თეორია განადიდებდა მხოლოდ ძალმომრეობის თეორიას და გამორიცხავდა
სოციალურ–ეკონომიკურ ფაქტორს. სახელმწიფოს წარმოსაქმნელად საჭიროა ეკონომიკური
განვითარების ისეთი დონის არსებობა, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო აპარატის
შენახვას და შესაბამისი საომარი აღჭურვილობის წარმოებას. ასეთი ეკონომიკური პირობების არ
არსებობის შემთხვევაში კი ვერავითარი ძალადობა ვერ შექმნის სახელმწიფოს.

• პატრიარქალური თეორია

პატრიარქალური თეორია ასევე გავრცელებული იყო ძველ საბერძნეთსა და რომში. აღნიშნული


თეორიის წარმომადგენლები იყვნენ არისტოტელე და პლატონი , რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ
ადამიანები მიისწრაფოდნენ პატრიარქალური ოჯახების შექმნისაკენ, ხოლო ასეთი ოჯახების
მომრავლება და მათი გაერთიანება იწვევდა სახელმწიფოს წამროქმნას. ისინი სახელმწიფოს
ხედავდნენ ოჯახის გაზრდაში და მის განვითარებაში, სადაც ოჯახში მამის ხელისუფლება
გადაიზრდება მონარქის ხელისუფლებაში. ფაქტობრივად სახელმწიფო შედარებული იყო დიდ
ოჯახთან, ხელმწიფე კი - ოჯახის მეთაურთან.
პატრიარქალური თეორიის თანახმად სახელმწიფო სხვა არაფერია, თუ არა ოჯახის გაზრდისა
და განვითარების შედეგი. თავდაპირველად იყვნენ ცოლი, ქმარი და ბავშვები. მამა ოჯახის
სათავეში იდგა. დროთა განმავლობაში ოჯახი გადაიზარდა გვარში, რომელიც თავის მხრივ
განვითარდა და შექმნა კიდევ უფრო დიდი გაერთიანება - ტომი. ამგვარ ტომებს უკვე გააჩნდათ
განსაზღვრული ტერიტორია და სოფლის მაგვარი დასახლება, მათ ჰყავდათ მეთაური.
რამოდენიმე სოფლის მსგავსი გაერთიანება ერთიანდებოდა და ქმნიდა კიდევ უფრო მსხვილ
დასახლებას, რომელსაც არისტოტელე პირველ სახელმწიფოებრივ წარმონაქმნს უწოდებს.
შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფო წარმოადგენს დიდ და განვითარებულ ოჯახს, ხელმწიფე კი
დიდი ოჯახის მამის როლში გვევლინება.

• ორგანული თეორია

ორგანული თეორია სახელმწიფოს აიგივებს ცოცხალ ორგანიზმთან. პლატონი და არისტოტელე


მიიჩნევდნენ, რომ სახელმწიფო მრავალ ურთიერთობაში გვაგონებს ცოცხალ ორგანიზმს და
როგორც ადამიანის სხეულისაგან მოკვეთილ ხელებსა და ფეხებს არ შეუძლიათ
დამოუკიდებლად ფუნქციონირება, ისე ადამიანს არ შეუძლია არსებობა სახელმწიფოს გარეშე.
ინგლისელი მეცნიერი სპენსერი ამტკიცებდა, რომ სახელმწიფო არის საზოგადოებრივი
ორგანიზმი, რომელიც შედგება ცალკეული ადამიანებისაგან. აღნიშნული თეორიის თანახმად
სახელმწიფო იქმნება ადამიანის გაჩენისთანავე და იარსებებს მანამ, სანამ იარსებებს
კაცობრიობა.

• მატერიალური (მარქსისტული) თეორია

მატერიალისტური (მარქსისტული) თეორია სახელმწიფოს გაჩენას უკავშირებს კერძო


საკუთრების გაჩენას, საზოგადოების დაყოფას დაპირისპირებულ კლასებად და კლასებს შორის
შეურიგებელ ბრძოლას. აღნიშნული თეორია სრულყოფილად მოცემულია ფრიდრიხ ენგელსის
შრომაში „ოჯახის, კერძო საკუთრებისა და სახელმწიფოს წარმოშობა“, რომელიც დაწერილია
ამერიკელი მეცნიერის ლუი მორგანის გამოკვლევების საფუძველზე.

• ფსიქოლოგიური თეორია

ფსიქოლოგიური თეორიის ფუძემდებელი და ერთერთი გამოჩენილი წარმომადგენელი -


პეტრაჟიცკი, სახელმწიფო ხელისუფლების წარმოშობას ხსნიდა ადამიანთა ფსიქიკაში მომხდარი
მოვლენებით, განსაკუთრებული განცდებით რაც ახასიათებთ ადამიანებს.

ფსიქოლოგიური თეორიის თანახმად სახელმწიფოს წარმოშობა განპირობებულია ადამიანის


ფსიქიკის მისწრაფებით იცხოვროს ორგანიზებულ საზოგადოებაში. აღნიშნული თეორიის
თანახმად ადამიანები იყოფიან 2 ჯგუფად:

I ჯგუფს მიაკუთვნებენ ადამიანებს, რომლებიც მიდრეკილნი არიან დაემორჩილონ რაიმე


ავტორიტეტს, აქვთ მოთხოვნილება მიბაძონ სხვას.
II ჯგუფს მიაკუთვნებენ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ მიდრეკილება დაიმორჩილონ სხვები და
გასცენ განკარგულებები. სწორედ მეორე ჯგუფის წარმომადგენლებისაგან ხდება ფორმირება
ჯგუფებისა, რომლებიც სახელმწიფო ორგანოთა მმართველობას ახორციელებენ.

• რასობრივი თეორია

რასობრივი თეორიის ერთერთი დამფუძნებელია გერმანელი ფილოსოფოსი ფრიდრიხ ნიცშე


(1844-1900), რომელიც ადამიანებს 3 კატეგორიად ყოფდა:

I - გენიოსები

II - გენიოსების იდეების შემსრულებელი ადამიანები, მათი საუკეთესო მოსწავლეები,


რომლებიც სამართლისა და წესრიგის დამცველებად გვევლინებიან

III - ადამიანთა მასა

ამავე თეორიის მიმდევარი ასევე იყო ფრანგი ჟოზეფ გობინო (1816-1882). იგი ადამიანებს
უმაღლეს და უმდაბლეს რასებად ჰყოფდა და მიაჩნდა, რომ სწორედ სახელმწიფოა
მოწოდებული უზრუნველყოს უმაღლესი რასის უმდაბლესზე ბატონობა. ანთროპოლოგიური
მეცნიერების თანახმად სხვადასხვა რასის ადამიანებს შორის არავითარი მორალური და
ინტელექტუალური განსხვავება არ არსებობს.
შეკითხვები ქვიზისათვის

1. მაქს ვებერის სახელმწიფოს განმარტება


2. მონტევიდეოს კონვენციის მიხედვით რა ელემენტებს უნდა ფლობდეს სახლმეწიფო ?
3. ჩამოთვალეთ სახელმწიფოს ნიშნები (აღწერების გარეშე)
4. რა შედის სახელმწიფოს ტერიტორიაში ?
5. რას ნიშნავს ლათინურად სიტყვა „ლეგის“ ? რაში გამოიხატება ხელისუფლების
ლეგიტიმურობა ?
6. რა არის გადასახადი ?
7. განმარტეთ სუვერენიტეტი
8. განმარტეთ საშინაო და საგარეო სუვერენიტეტი
9. განმარტეთ ფორმალური სუვერენიტეტი
10. განმარტეთ სახალხო და ეროვნული სუვერენიტეტი
11. რას გულისხმობდა ტალიონისა და კომპოზიციის პრინციპები გვაროვნულ წყობილებაში?
12. თეოლოგიური თეორია
13. ხელშეკრულების თეორია
14. ორგანული თეორია
15. ძალმომრეობის თეორია
16. პატრიარქალური თეორია
17. მატერიალური (მარქსისტული) თეორია
18. ფსიქოლოგიური თეორია
19. რასობრივი თეორია

You might also like