You are on page 1of 11

სასამართლო ხელისუფლება (განხორციელების ფორმა)

სასამართლო ხელისუფლება არის ის დამოუკიდებელი და


მიუკერძოებელი ორგანო, რომლის მეშფვეობითაც მოქალაქეები ცდილობენ
სხვა ხელისუფლების ორგანოთა მიერ დარღვეული უფლებების აღდგენას.
განსხვავებით საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისგან,
რომლებიც ფუნქციონირებენ უმაღლესი ორგანოების სახით, სასამართლო
ხელისუფლება, როგორც ერთიანი სისტემა, წარმოდგენილია სხვადასხვა
სახისა და დონის სასამართლო ორგანოთა მიერ, რომლებიც
დამოუკიდებლად იღებენ გადაწყვეტილებებს ქვეყნის სახელით.
საზღვარგარეთის ქვეყნებში სასამართლო ხელისუფლება ძირითადად
ხორციელდება მართლმსაჯულების ორგანოების მეშვეობით. ხშირად
საკონსტიტუციო კონტროლი მოიაზრება სასამართლო ხელისუფლებაში,
თუმცა ზოგჯერ ის გამოტანილია სასამართლო ხელისუფლების გარეთ.
ხანდახან მართლმსაჯულებისა და საკონსტიტუციო კონტროლის
ორგანოთა ერთმანეთისგან გამიჯვნა შეუძლებელია და კონსტიტუციაშიც
არაა ამის შესახებ მითითება, თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში სტრუქტურულად
კონსტიტუციაში რა ადგილას არის განხილული საკონსტიტუციო
კონტროლის საკითხი, მოცემულია სასამართლო ხელისუფლების
რეგულირების თავში, ზოგიერთი ქვეყნის კონსტიტუციით კი
საკონსტიტუციო კონტროლის ორგანო გამოყოფილია სასამართლო
ხელისუფლებიდან და ცალკე თავის სახით არის განხილული.
სასამართლო ორგანოთა სისტემა
სასამართლო ორგანოთა სისტემის ერთიანობის თვალსაზრისით,
არსებობს მისი ორი სახე:
1)ანგლო-საქსური მოდელი - გამოიყენება საერთო იურისდიქციის
სასამართლოების სახით წარმოდგენილი სასამართლო სისტემა, რომლის
სათავეში დგას უზენაესი სასამართლო და წარმოადგენს ბოლო
სასამართლო ინსტანციას(აშშ).
2)პოლისისტემური მოდელი - ერთმანეთის გვერდით იქმნება საერთო
და სპეციალური იურისდიქციის მქონე სასამართლოთა სისტემა თავისი
უმაღლესი სასამართლოებითა და ქვემდგომი
სასამართლოებით(ძირითადად კონტინენტური ევროპის ქვეყნებში).
უნიტარულ სახელმწიფოებში სასამართლო სისტემა ერთიანია, მარტივი,
ორ ან სამ დონიანი(უზენაესი, სააპელაციო, საოლქო/რაიონული, შეიძლება
სპეციალურიც). ფედერაციებში კი ფედერაციის სუბიექტებს გააჩნიათ
საკუთარი სასამართლო სისტემები(ფედერალური, ფედერაციის
სუბიექტთა), საბოლოო ინსტანციას კი ქვეყნის ფედერაციული
სასამართლოები წარმოადგენს. მაგალითად, აშშ-ში ცალკეული შტატების
სასამართლო სისტემები უნიკალურია. მათ საერთო ის აქვთ, რომ
სასამართლო სისტემის სათავეში დგას შტატის უზენაესი სასამართლო. აშშ-
ის სასამართლო სისტემას ართულებს შტატების სპეციალური
იურისდიქციის სასამართლოები(მემკვიდრეობის, საგზაო მოძრაობის
უზრუნველყოფის, ობლობის საქმეთა და სხვა). აშშ-ში სულ დაახლოებით
17 ათასი სასამართლო ფუნქციონირებს. ასევე ფედერალური სახელმწიფოა
რუსეთი, სადაც ასევე ფედერაციის სუბიექტების სასამართლოები
მოქმედებს.
აღსანიშნავია, რომ რომანული სამართლის სისტემის მქონე ქვეყნებში
სასამართლო ხელისუფლების სისტემაში შეიძლება შედიოდეს, ასევე,
აუდიტორული პალატა/სასამართლო(იტალია), ხოლო ისლამური ქვეყნების
ნაწილში კი სახელმწიფო სასამართლოების გვერდით არსებობს
რელიგიური - შარიათის სასამართლოები.
ინსტანციურობის თვალსაზრისით, სასამართლო ორგანოთა პირველ
დონეს წარმოადგენს პირველი ინსტანციის სასამართლოები, სადაც
შეტანილ უნდა იქნეს თავდაპირველი საჩივარი/სარჩელი. მის მიერ
მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მეორე ინსტანციაში
სააპელაციო წესით, ხოლო შემდგომ - საკასაციო წესით მესამე ინსტანციაში.
თავის მხრივ, გამონაკლის შემთხვევებში უზენაეს სასამართლოსაც
შეიძლება ჰქონდეს პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვის უფლება
ზოგიერთი კატეგორიის საქმეებზე(აშშ).
ზოგიერთ ქვეყანაში გვხვდება სასამართლო კონტროლის კიდევ ერთი
ფორმა - რევიზია, როცა ზემდგომი სასამართლო იხილავს არა ქვემდგომი
სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებას, არამედ ასევე მის
დასაბუთებულობას.
ჯამში, სასამართლო ინსტანციურობაში მთავარი ის არის, რომ
სასამართლო გადაწყვეტილებების გასაჩივრებისას სასამართლო
ხელისუფლების დამოუკიდებლობის უპირველეს ამოსავალ წერტილს
წარმოადგენს მისი გასაჩივრება მხოლოდ სასამართლო წესით და არც ერთ
სხვა ორგანოს არ აქვს უფლება, გააუქმოს სასამართლო გადაწყვეტილებები,
გარდა თვით სასამართლოსი.
სასამართლოები
დამოუკიდებელი ადმინისტრაციული იუსტიცია სპეციალური
სასამართლოების საქმიანობის ყველაზე უფრო გავრცელებული ფორმაა.
პირველი მოდელის მიხედვით, არსებობს მხოლოდ ქვედა დონის
ადმინისტრაციული სასამართლოები, ხოლო მათ ზედა ინსტანციას
უზენაესი/უმაღლესი სასამართლო წარმოადგენს, რომელიც საბოლოო
ინსტანციის სასამართლოა სხვა სახის საქმეებზეც(პოსტსაბჭოთა ქვეყნები:
ესტონეთი, რუსეთი).
მეორე მოდელის მიხედვით, რომელიც უფრო მეტადაა გავრცელებული,
არსებობს ადმინისტრაციული სასამართლოების მთელი სისტემა, რომლის
სათავეში დგას უმაღლესი ინსტანციის ადმინისტრაციული
სასამართლო(შვედეთი, ჩეხეთი, პოლონეთი, პორტუგალია, ლუქსემბურგი).
შესაძლოა, ამ უმაღლეს ადმინისტრაციულ სასამართლო ორგანოს
შევხვდეთ სახელმწიფო საბჭოს სახელითაც.
ადმინისტრაციული სასამართლოების უფლებამოსილება ძირითადად
შემოიფარგლება ადმინისტრაციული დავების გადაწყვეტით, კერძოდ,
ფიზიკურ-იურიდიულ პირთა და სახელმწიფო ორგანოთა შორის.
ადმინისტრაციული სასამართლოები იხილავენ ამ ორგანოებისა და
თანამდებობათა პირების აქტთა კანონიერებას.
ვხვდებით, ასევე, საგანგებო სასამართლოებსა და ტრიბუნალებს,
რომელთა შექმნა აკრძალულია დემოკრატიულ ქვეყნებში. მრავალი ქვეყნის
კონსტიტუციაში ეს პირდაპირაა მითითებული, ყოველგვარი გამონაკლისის
მიუხედავად.
სამხედრო სასამართლოების არსებობის პერიოდულობასთან
დაკავშირებით ორი მოდელი გვხვდება. პირველი მოდელის მიხედვით, ის
მოქმედებს მუდმივად, ჩვეულებრივი იურისდიქციის სასამართლოთა
გვერდით(თურქეთი, ბულგარეთი, ბრაზილია). მეორე მოდელის მიხედვით
კი, ის შეიძლება შეიქმნას მხოლოდ დროებით და განსაკუთრებულ
პირობებში(ლატვია, ავსტრია, პორტუგალია). სამხედრო სასამართლოები
იხილავს სამხედრო ხასიათის საქმეებს, დანაშაულებს, დავებს და სხვა.
უზენაესი სასამართლოს უფლებამოსილება და ფორმირების წესი
უზენაესი სასამართლო არის უმაღლესი და საბოლოო ინსტანცია საერთო
სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე, ასევე განიხილავს
ზოგიერთ საქმეს პირველი ინსტანციითაც. ზოგჯერ მას გააჩნია
საკონსტიტუციო იურისდიქცია. საბოლოო ჯამში, უზენაესი სასამართლო
წარმოადგენს სასამართლო სისტემის ზედა რგოლს.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესი
განსხვავებულია სხვადასხვა ქვეყნებში და მის ფორმირებაში მონაწილეობენ
ხელისუფლების უმაღლესი ორგანოები:
1.წევრთა დანიშვნა პრეზიდენტის მიერ სენატის რჩევა-თანხმობით,
თავმჯდომარისა - პრეზიდენტის მიერ(აშშ);
2.პარლამენტის მიერ პრეზიდენტის წარდგინებით(ლიტვა);
3.კაბინეტის მიერ ხალხის გადასინჯვის უფლებით(იაპონია);
4.პარლამენტის მიერ მაიგსტრატურის უმაღლესი საბჭოს
წარდგინებით(მოლდოვა);
5.პრეზიდენტის მიერ უმაღლესი სასამართლო საბჭოს
წარდგინებით(ბულგარეთი) და სხვა.
ხშირად უზენაესი სასამართლოს წევრთა არჩევის წესი და
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნებიც განსხვავებულია საერთო
სასამართლოების ქვემდგომი მოსამართლეებისგან, რაც უზენაესი
სასამართლოს მაღალი სტატუსიდან და მნიშვნელოვანი როლიდან
გამომდინარეობს.
რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციურ სტატუსს, ის
განსხვავებულადაა ფორმულირებული სახელმწიფოთა კონსტიტუციებში:
1)უზენაესი სასამართლო არის უმაღლესი სასამართლო ინსტანცია ყველა
საქმეზე, გარდა კონსტიტუციური გარანტიების შესახებ
საქმეებისა(ესპანეთი);
2)უზენაესი სასამართლო არის უმაღლესი სასამართლო ორგანო, რომელიც
უზრუნველყოფს სასამართლოთა მიერ კანონების ერთგვაროვან
გამოყენებას(მაკედონია);
3)უზენაეს სასამართლოს გააჩნია პირველადი და გადასინჯვითი
იურისდიქცია(ალბანეთი);
4)უზენაეს სასამართლოს აქვს ბევრი კომპეტენცია, კერძოდ(ისრაელი):
1.გაათავისუფლოს პირი პატიმრობიდან ან წინასწარი დაკავებიდან;
2.მიუთითოს სახელმწიფოს თანამდებობის პირებს თავიანთი
უფლებამოსილების სამართლიანად განხორციელების შესახებ;
3.მიუთითოს სასამართლო ორგანოებს, განახორციელონ თავიანთი
უფლებამოსილება სამართლიანად, კანონის შესაბამისად;
4.დაავალოს რელიგიურ სასამართლოებს მხოლოდ მათ კომპეტენციაში
შემავალი საქმეების განხილვა და სხვისაში ჩარევისგან თავის შეკავება.
სპეციალური სასამართლო ორგანოები
სპეციალური სასამართლო ორგანოები იქმნება ზოგიერთ მაღალ
თანამდებობის პირის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის
დაკისრების ან მათ ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობის შესახებ
დასკვნის მომზადების მიზნით.
სპეციალური სასამართლოები სხვადასხვანაირად იწოდება, თუმცა მათი
კომპეტენცია სასამართლო უფლებამოსილების განხორციელებაში
გამოიხატება. საფრანგეთში ასეთი სახის ორი ორგანოა -
მართლმსაჯულების უმაღლესი პალატა(იხილავს პრეზიდენტის მიერ
თავისი ვალდებულებების შესრულებისას სახელმწიფო ღალატის ჩადენის
საქმეს) და რესპუბლიკის მართლმსაჯულების სასამართლო(იღებს
გადაწყვეტილებებს მთავრობის წევრთა მიერ დანაშაულის ან დელიქტის
ჩადენის საქმეზე). პოლონეთში ასეთი ორგანოა ტრიბუნალი, რომელიც
იხილავს უმაღლესი თანამდებობის პირების მიერ თანამდებობრივი
ვალდებულების შესრულებისას კონსტიტუციისა და კანონის დარღვევის
საკითხებს და უფარდებს შესაბამის სასჯელებს. ფინეთში კი შექმნილია
იმპიჩმენტის უმაღლესი სასამართლო, რომელიც განიხილავს ბრალდებებს
ასევე უმაღლესი თანამდებობის პირების მიერ თავიანთი სამსახურებრივი
მოვალეობების შესრულებისას კანონიერების დარღვევის საქმეებზე, ასევე,
პრეზიდენტის მიერ სამშობლოს ღალატის ან დანაშუალის ჩადენის
შემთხვევაში.
სპეციალური სასამართლო ორგანოები უფრო ხშირად გვხვდება ე.წ.
ძველი დემოკრატიის ქვეყნებში. ნაკლებადაა დამახასიათებელი
აღმოსავლეთ ევროპისა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის, ვინაიდან ამ
ქვეყნებში მათი უფლებამოსილება უზენაეს და საკონსტიტუციო
სასამართლოებს ეკისრებათ.
მოსამართლის თანამდებობაზე განწესება
მოსამართლის თანამდებობაზე განწესების 3 მოდელი არსებობს:
1)განსაზღვრული ვადით განწესება(დამახასიათებელი იყო სოციალისტური
ქვეყნებისთვის, რათა მაქსიმალურად კონტროლირებული ყოფილიყო
სასამართლო სისტემა, შემორჩენილია ტაჯიკეთში, სადაც მოსამართლის
უფლებამოსილების ვადა 10 წელია);
2)უვადოდ განწესება(მსოფლიოს დემოკრატიული ქვეყნების
აპრობირებული მოდელი, რომლითაც ყველაზე მეტადაა გარანტირებული
მოსამართლის დამოუკიდებლობა):
1.უვადოდ სიცოცხლის ბოლომდე;
2.უვადოდ საპენსიო/კანონით განსაზღვრული ასაკის მიღწევამდე.
3)შერეული მოდელი(თავდაპირველად მოსამართლე ინიშნება
განსაზღვრული ვადით, ხოლო შემდგომ უვადოდ, მაგალითად, გერმანიაში,
სერბეთში).
მოსამართლის თანამდებობაზე განწესებაზე უფლებამოსილი
ორგანოების სხვადასხვანაირი მოდელი არსებობს. ყველაზე
გავრცელებულია მათი დანიშვნა ქვეყნის პრეზიდენტის მიერ, თუმცა, რაც
უფრო დემოკრატიულია ქვეყანა, მასში უფრო დაბალია პრეზიდენტის
რეალური მონაწილეობის ხარისხი და ის მხოლოდ დანიშვნის აქტს აწერს
ხელს. რიგ ქვეყნებში მოსამართლეთა დანიშვნაზე უფლებამოსილი
ორგანოები არიან შესაბამისი კომპეტენციის მქონე ორგანოები, იქნება ეს
პარლამენტი(ლატვია), იუსტიციის უმაღლესი ორგანო(ბულგარეთი),
მონარქი(ლუქსემბურგი), მთავრობა(იაპონია).
იუსტიციის უმაღლესი ორგანო
ამ სახის ორგანოთა ძირითად ფუნქციას წარმოადგენს მოსამართლეთა
წარმომადგენლობა და ინტერესების დაცვა, ასევე მონაწილეობს
მოსამართლეთა კანდიდატურების შერჩევაში, წახალისებასა და მათ მიმართ
დისციპლინური ზომების გამოყენებაში.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო განსხვავებული სახელმწოდებებით
გვხვდება: მართლმსაჯულება, იუსტიცია, სასამართლო/მაგისტრატურა,
მაგისტრატურის უმაღლესი საბჭო, მაგისტრთა საბჭო, მართლმსაჯულების
საბჭო, სასამართლო საბჭო...
იუსტიციის უმაღლესი ორგანოს ფორმირებაში, როგორც წესი,
მონაწილეობს ხელისუფლების ყველა შტო(პოლიტიკური შტოებიც და
სასამართლოს წარმომადგენლობაც), რათა მაქსიმალურად იყოს
უზრუნველყოფილი მოსამართლეთა დამოუკიდებლობა და ობიექტურობა.
ის შედგება ორი კატეგორიის წევრებისგან: თანამდებობითი(საბჭოს
წევრებად ითვლებიან, სანამ თანამდებობას იკავებენ, მაგ., უზენაესი
სასამართლოს თავმჯდომარე, იუსტიციის მინისტრი) და
არჩევითი/დანიშვნითი(თანამდებობაზე განწესდებიან განსაზღვრული
ვადით, სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოთა მონაწილეობით -
რასაკვირველია, კომპეტენციური პირებით; თანამდებობაზე რჩებიან 4
წლის ვადით და არ აირჩევიან მომდევნო ვადით).
ხელმძღვანელობას რაც შეეხება, გვხვდება იუსტიციის უმაღლესი
ორგანოს ხელმძღვანელობის ორი ფორმა: 1)როცა მას ხელმძღვანელობს
ქვეყნის ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი(პრეზიდენტი, უზენაესი
სასამართლოს თავმჯდომარე, იუსტიციის მინისტრი) და 2)როცა თვით ეს
ორგანო ირჩევს თავის წევრთაგან თავმჯდომარეს.
იუსტიციის უმაღლესი ორგანოს უფლებამოსილება გამომდინარეობს
ზოგადი სტატუსიდან. ის რეგულირებულია კონსტიტუციებში.
აღსანიშნავია სლოვაკეთის კონსტიტუცია იუსტიციის უმაღლეს საბჭოს
უფლებამოსილებებთან დაკავშირებით, სადაც დეტალურადაა
ჩამოთვლილი მისი ძირითადი ფუნქციები. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
უმთავრეს უფლებამოსილებებს განეკუთვნება:
1)პრეზიდენტისთვის მოსამართლეთა კანდიდატურების
წარდგენა(სლოვაკეთი);
2)მოსამართლეთა დანიშვნა-გადაადგილების შესახებ გადაწყვეტილება;
3)დისციპლინური კოლეგიების წევრებისა და თავმჯდომარეების არჩევა-
დანიშვნა;
4)საკასაციო და სააპელაციო მოსამართლეების დანიშვნის
წინადადება(საფრანგეთი);
5)მოსამართლეთა უფლებამოსილების საკითხის გადაწყვეტა(მაკედონია);
6)მოსამართლეთა საქმიანობის ზედამხედველობა-შეფასება;
7)მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხის
გადაწყვეტა და სხვა.
მოსამართლის იმუნიტეტი, შეუთავსებლობა, თანამდებობიდან
გათავისუფლება და გადაყვანა
მოსამართლის საქმიანობის ერთ-ერთ გარანტიას წარმოადგენს მისი
ხელშეუხებლობა - იმუნიტეტი, რაც გულისხმობს მოსამართლის დაცვას
მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საპროცესო მოქმედებების
განხორციელებისგან. მოსამართლე არ შეიძლება, დაკავებულ ან
დაპატიმრებულ იქნას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მას დანაშაულის
ადგილზე წაასწრებენ და თუ მისი დაკავება აუცილებელია წარმოების
მიმდინარეობის სათანადოდ უზრუნველსაყოფად. მოსამართლე
სარგებლობს ინდემნიტეტითაც, რაც გულისხმობს იმას, რომ მოსამართლე
პასუხს არ აგებს გამოთქმული მოსაზრების გამო, გარდა იმ შემთხვევისა,
როცა ის კანონის დარღვევით ჩაიდენს დანაშაულს.
მოსამართლის შეუთავსებლობას რაც შეეხება, მოსამართლეთა მიერ სხვა
საქმიანობის განხორციელება მკაცრადაა განსაზღვრული, რათა
მოსამართლე ყველა სხვა შესაძლო ზემოქმედებისგან დაცული იყოს და არ
გაუჩნდეს სხვა ინტერესი სამოსამართლო საქმიანობის განხორციელების
დროს. როგორც წესი, მოსამართლეებს ეკრძალებათ სახელმწიფო,
ტერიტორიული ან თვითმმართველობის ორგანოებში რაიმე თანამდებობის
დაკავება, პოლიტიკური, სამეწარმეო ან სხვა ანაზღაურებადი საქმიანობის
განხორციელება. გამონაკლისები ძირითადად გვხვდება მხოლოდ
სამეცნიერო ან პედაგოგიურ საქმიანობასთან დაკავშირებით.
მოსამართლეთა თანამდებობიდან გათავისუფლებისა და გადაყვანის
პროცედურა მკაცრადაა შეზღუდული. მათი თანამდებობიდან
გათავისუფლების საფუძველი შეიძლება იყოს დანაშაულის ან
მოსამართლის სტატუსთან შეუფერებელი ქმედების ჩადენა, გარკვეული
ასაკის მიღწევა, გარდაცვალება, ქმედუნარიანობის დაკარგვა.
მოსამართლის გადაყვანა ნიშნავს მის გადაყვანას სხვა სასამართლოში.
ძირითადად, როგორც წესი, აუცილებელია მოსამართლის თანხმობა, მაგრამ
ზოგიერთ შემთხვევაში ეს თანხმობაც არაა აუცილებელი პირობა.
მოსამართლის გადაყვანა არ შეიძლება უფრო დაბალი ინსტანციის
სასამართლოში. გადაყვანის ძირითადი საფუძვლებია სასამართლო
სისტემის რეორგანიზაცია, მისი უკეთ ფუნქციონირება და აუცილებლობა.

You might also like