You are on page 1of 7

ლექცია #5

სამართლის ნორმის ცნება


სამართლის ნორმა არის სახელმწიფოს მიერ დადგენილი ან სანქციონირებული სავალდებულო
ქცევის წესი, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია სახელმწიფოებრივი იძულებით.

სახელმწიფოს მიერ ქცევის წესის დადგენა ნიშნავს, რომ სახელმწიფოს შემოაქვს ქცევის ახალი
წესი (ახალი ნორმა).

სახელმწიფოს მიერ ქცევის წესის სანქცირება ნიშნავს, რომ სახელმწიფო ანიჭებს სამართლებრივ
ხასიათს უკვე არსებულ რაიმე ქცევის წესს. (მაგალითად დამკვიდრებულ ჩვეულებას).

სამართლის ნორმის სახეები

არსებობს სამართლის ნორმების სხვადასხვა სახეები, რომელთა დაყოფა შესაძლებელია


სხვადასხვა ნიშნის მიხედვით.

მოთხოვნის სავალდებულო ძალის მიხედვით გამოიყოფა:

 იმპერატიული
 დისპოზიციური
 სარეკომენდაციო ნორმები

იმპერატიული ნორმები კატეგორიულ ხასიათს ატარებენ. მათი შინაარსი მოცემულია ზუსტად


და კონკრეტულად და ურთიერთობის მონაწილეებს არ შეუძლიათ მათი მოთხოვნების შეცვლა.
სამართლის ნორმათა უმრავლესობა სწორედ იმპერატიულ ნორმებს წარმოადგენენ.

დისპოზიციური ნორმებისათვის დამახასიათებელია ავტონომიური ხასიათი, ანუ


განსხვავებით იმპერატიული ნორმებისაგან ისინი მხარეებს აძლევენ შესაძლებლობას თავად
განსაზღვრონ თავიანთი უფლება-მოვალეობების შინაარსი კონკრეტულ შემთხვევაში. ნორმა კი
იმ შემთხვევაში დაადგენს ამ უფლება-მოვალეობებს, თუ მხარეები არ ისარგებლებენ
შესაძლებლობით და თავად არ დაადგენენ მათ. ამგვარი ნორმები უმთავრესად გვხვდება
სამოქალაქო სამართალში, ქონებრივი ხასიათის ურთიერთობების რეგულირებისას. მაგალითად,
სამოქალაქო კოდექსის თანახმად, თუ მასალის გადამუშავების შედეგად იქმნება ახალი მოძრავი
ნივთი, მაშინ მწარმოებელი და მასალის მესაკუთრე ახალი ნივთის თანამესაკუთრენი ხდებიან,
ხოლო მათი წილი განისაზღვრება მასალის ღირებულებისა და წარმოების ხარჯების
პროპორციულად, თუ შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

სარეკომენდაციო ნორმები ადგენენ სახელმწიფოსათვის სასურველი ქცევის ვარიანტებს და


როგორც წესი გამიზნულია არასახელმწიფო დაწესებულებებისათვის.
სამართლის ნორმები იყოფიან მატერიალურ და პროცესუალურ ნორმებად.

მატერიალური ნორმები არეგულირებენ ურთიერთობათა შინაარსობრივ მხარეს, განსაზღვრავენ


ურთიერთობის მონაწილეთა უფლება-მოვალეობებს.

პროცესუალური ნორმები აწესრიგებენ სახელმწიფო ორგანოების საქმიანობას მატერიალური


ნორმების რეალიზაციის პროცესში.

მოქმედების სფეროს მიხედვით არსებობენ:

 ზოგადი მოქმედების
 შეზღუდული მოქმედების
 ლოკალური ნორმები

ზოგადი მოქმედების ნორმები მოქმედებენ სახელმწიფოს მთელ ტერიტორიაზე და მათი


მოქმედება ვრცელდება ყველა მოქალაქეზე.

შეზღუდული მოქმედების ნორმების მოქმედება იზღუდება კონკრეტული ტერიტორიით,


დროის მონაკვეთითა და სუბიექტებით. როგორც წესი ეს არის სახელმწიფოს შემადგენლობაში
შემავალი ავტონომიური რესპუბლიკების მიერ მიღებული ნორმატიული აქტები.

ლოკალური ნორმები მოქმედებენ ცალკეული სახელმწიფო, საზოგადოებრივი და კერძო


ორგანიზაციების ფარგლებში.

მოთხოვნების ფორმის მიხედვით ნორმები იყოფიან დეფინიციურ და რეგულაციურ ნორმებად.

დეფინიციური ნორმები აყალიბებენ სამართლებრივ განსაზღვრებებსა და ცნებებს. მაგალითად,


დანაშაულის ცნება სისხლის სამართალში; გარიგების ცნება სამოქალაქო სამართალში და ა.შ.

რეგულაციური ნორმები შეიძლება იყოს:

 მავალებელი ნორმები ავალებენ ადამიანს კონკრეტული მოქმედების შესრულებას.


 ამკრძალავი ნორმები უკრძალავენ ადამიანს რაიმე მოქმედების შესრულებას
 აღმჭურველი ნორმები უფლებას აძლევენ ადამიანს შეასრულოს გარკვეული მოქმედება
სამართლის ნორმის სტრუქტურა (აგებულება)

ტრადიციულად სამართლის ნორმის აგებულებაში მოიაზრებენ 3 ელემენტს:

 ჰიპოთეზა
 დისპოზიცია
 სანქცია

ჰიპოთეზა ნორმის ის ნაწილია, რომელშიც ასახულია თუ რა პირობების დადგომისას იწყებს


იგი მოქმედებას. მაგალითად, სამოქალაქო კოდექსის თანახმად პირს წარმოეშობა სრული
ქმედუნარიანობა სრულწოვანების მიღწევისთანავე. სრულწლოვანია პირი, რომელმაც მიაღწია
18 წლის ასაკს. ამ შემთხვევაში ჰიპოთეზას წარმოადგენს სრულწლოვანების, ანუ 18 წლის ასაკის
მიღწევა. კიდევ ერთი მაგალითი, იმავე სამოქალაქო კოდექსის თანახმად: „ბინის
დამქირავებელს, რომელმაც სამ წელზე მეტხანს იცხოვრა ბინაში, აქვს ბინის უპირატესი
შესყიდვის უფლება“. ამ შემთხვევაში ჰოპითეზას შეადგენს ნორმის ის ნაწილი, სადაც საუბარი
ბინაში 3 წელზე მეტხანს ცხოვრებაზე.

დისპოზიცია ნორმის ის ნაწილია, რომელშიც ასახულია ქცევის წესის შინაარსი, ანუ რა


უფლებები და მოვალეობები გაუჩნდებათ ურთიერთობის მონაწილეებს ნორმის ამოქმედებისას,
ანუ ჰიპოთეზაში ასახული პირობების დადგომისას. მაგალითად, „თუ გამქირავებელი აყოვნებს
ნივთის ნაკლის გამოსწორებას, დამქირავებელს შეუძლია თვითონ აღმოფხვრას იგი და
მოითხოვოს ხარჯების ანაზღაურება“. ამ შემთხვევაში დისპოზიციას წამროადგენს
დამქირავებლის უფლება ანაზღაურების მოთხოვნაზე.

სანქცია ნორმის ის ნაწილია, სადაც საუბარია დასჯის ფორმასა და ზომაზე. მაგალითად,


საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად მკვლელობა ისჯება თავისუფლების
აღკვეთით ვადით 7–დან 15 წლამდე. სანქცია არის ის ნაწილი სადაც საუბარია თავისუფლების
აღკვეთაზე 7–დან 15 წლამდე.

 ჰიპოთეზის სახეები:

ჰიპოთეზა შეიძლება იყოს: ზოგადი და კონკრეტული.

ზოგადია ჰიპოთეზა, რომელიც ნორმის ამოქმედების პირობებს განსაზღვრავს აბსტრაქტულად,


საერთო ხასიათის ნიშნებით და შესაძლოა მოიცავდეს სხვადასხვა შემთხვევებს. მაგალითად,
საქართველოს შრომის კოდექსის თანახმად ადმინისტრაციას შეუძლია დროებით გადაიყვანოს
მუშაკი სხვა სამუშაოზე საწარმოო აუცილებლობის შემთხვევაში. „საწარმოო აუცილებლობა“
ზოგადი ჰიპოთეზაა. იგი საკმაოდ ფართო ცნებაა და შესაძლოა ბევრ სიტუაციას მოიცავდეს,
მაგალითად: საწარმოს რეორგანიზაციას, მენეჯერის ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას და ა.შ.

კონკრეტულია ჰიპოტეზა, რომელიც ნორმის ამოქმედების პირობებს განსაზღვრავს


ინდივიდუალური ხასიათის ნიშნებით და შესაძლოა მოიცავდეს მხოლოდ ერთ კონკრეტულ
შემთხვევას. მაგალითად, ნორმა საოჯახო სამართლიდან: „თუ მეუღლეთა შორის არის დავა,
განქორწინების საქმეს განიხილავს სასამართლო“. მეუღლეთა შორის დავა ან არსებობს ან არა,
სხვა ვარიანტი ვარიანტი ვერ იქნება.

ჰიპოთეზა ასევე შესაძლოა იყოს: მარტივი, რთული, ალტერნატიული.

მარტივია ჰიპოთეზა, რომელიც გვეუბნება, რომ ნორმის ამოქმედებისათვის საკმარისია ერთი


პირობის დადგომა. მაგალითად, საოჯახო კანონმდებლობიდან: „თუ მშობლებს ჩამოერთმევათ
მშობლის უფლება (მარტივი ჰიპოთეზა), ბავშვი მზრუნველობისათვის გადაეცემა მეურვეობისა
და მზრუნველობის ორგანოს.“ ანუ იმისათვის, რომ ეს ნორმა ამოქმედდეს, საკმარისია ერთი
პირობის დადგომა - მშობლებს უნდა ჩამოერთვათ მშობლის უფლება.

რთულია ჰიპოთეზა, რომელიც გვეუბნება, რომ ნორმის ამოქმედებისათვის საჭიროა ერთზე


მეტი პირობის ერთდროულად არსებობა. მაგალითად: სანივთო სამართლიდან: დაზღვეული
ქონების დაღუპვის შემთხვევაში პირს უჩნდება უფლება სადაზღვეო კომპანიას მოსთხოვოს
ზიანის ანაზღაურება. ანუ, ერთზე მეტი პირობის დადგომაა საჭირო - ქონება უნდა იყოს
დაზღვეული და ის უნდა დაიღუპოს.

ალტერნატიულია ისეთი ჰიპოთეზა, რომელშიც აღნიშნული რამდენიმე პირობიდან ერთ–ერთის


არსებობა საკმარისია იმისთვის, რომ ნორმა ამოქმედდეს. მაგალითად, „კანონი კარგავს ძალას,
თუ ამის შესახებ პირდაპირ უთითებს ახალი კანონი, ან ძველი ეწინააღმდეგება ახალს, ან თუ
აღარ არსბებობს ის ურთიერთობა, რომელსაც აწესრიგებდა კანონი“. ჩამოთვლილი სამი
პირობიდან ერთერთის არსებობა საკმარისია რომ ამოქმედდეს კანონი.

 დოსპიზიციის სახეები:

დისპოზიცია შეიძლება იყოს: მავალებელი, ამკრძალავი, აღმჭურველი.

მავალებელი დისპოზიცია ავალებს ადმაიანს კონკრეტული მოქმედების შესრულებას. იგი


გამოიხატება შემდეგი სიტყვებით: „მოვალეა, ვალდებულია, უნდა და ა.შ.

ამკრძალავი დისპოზიცია უკრძალავს ადამიანს რაიმე მოქმედების განხორციელებას.

აღმჭურველი დისპოზიცია ანიჭებს ადამიანს უფლებას რაიმე მოქმედების


განსახორციელებლად. მაგალითად: „მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის
უკან დაბრუნება“.

დისპოზიცია ასევე შეიძლება იყოს: მარტივი, აღწერილობითი, მითითებითი, ბლანკეტური.

მარტივ დისპოზიციაში ასახულია მხოლოდ ქმედების სახელწოდება, მისი ნიშნების აღწერის


გარეშე. მაგალითად: „მოხელისათვის ქრთამის მიცემა ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების
აღკვეთით ვადით ორ წლამდე.“ მარტივი დისპოზიციაა „ქრთამის მიცემა“.
აღწერილობითი დისპოზიცია შეიცავს არა მხოლოდ ქცევის წესის სახელწოდებას, არამედ მის
აღწერასაც. მაგალითად, „ხულიგნობა, ესე იგი მოქმედება, რაც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ
წესრიგს და გამოხატავს აშკარა უპატივცემულობას საზოგადოებისადმი“.

მითითებითი დისპოზიცია ქცევის წესის შინაარსის აღწერისათვის მიუთითებს სხვა ნორმის


დისპოზიციაზე. მაგალითად, „ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მკურნალობა შეიძლება
დაინიშნოს ამ კოდექსის 101-ე მუხლის გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას“.

 სანქციის სახეები:

სანქციები იყოფა 4 ძირითად ჯგუფად:

 სისხლისსამართლებრივი
 ადმინისტრაციული
 დისციპლინური
 ქონებრივი სანქციები

სისხლის სამართლის სანქციები გამოიყენება პირის მიმართა სისხლის სამართლის ნორმის


დარღვევის შემთხვევაში. ასეთ სანქციებად დადგენილია სასჯელის შემდეგი სახეები:
თავისუფლების აღკვეთა გარკვეული ვადით ან უვადოთ, თანამდებობის დაკავების ან
საქმიანობის უფლების ჩამორთმევა, საზოგდოებისათვის სასარგებლო შრომა, ჯარიმა და სხვ.
სიხსლის სამართლებრივ სანქციებს სასჯელი ეწოდება.

ადმინისტრაციული სანქციები გამოიყენება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის, ანუ


ადმინისტრაციული გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში. ადმინისტრაციული სახდელის
ყველაზე გავრცელებული სახეა ჯარიმა. ამას გარდა შესაძლოა გამოყენებულ იქნას:
გაფრთხილება, სპეციალური უფლების ჩამორთმევა (მაგ. ავტომობილის მართვის),
ადმინისტრაციული პატიმრობა (30 დღემდე), უცხოელის გაძევება ქვეყნიდან და ა.შ.
ადმინისტრაციულ სამართლებრივ სანქციებს სახდელი ეწოდება.

დისციპლინური სანქციები გამოიყენება ამა თუ იმ ორგანიზაციის თანმშრომელთა მიმართ


შრომის დისციპლინის დარღვევის შემთხვევაში. სანქციის შეფარდებას ახორციელებს
ორგანიზაციის ხელმძღვანელობა (ადმინისტრაცია), ზემდგომი ქვემდგომის მიმართ.
დისციპლინურ სანქციებს განეკუთხვნება: შენიშვნა, საყვედური, უფრო დაბალხელფასიან
თანამდებობაზე გადაყვანა, სამუშაოდან დათხოვნა და ა.შ.

ქონებრივი სანქციები გამოიყენება უმთავრესად სამოქალაქო სამართლებრივი ნორმის


დარღვევის დროს. როგორც წესი მათი შეფარდება ხდება მიყენებული ზიანის ანაზღაურების
მიზნით ან ხელშეკრულებით შეუსრულებელი ვალდებულების გამო და სხვ. ქონებრივი
სანქციების შეფარდება შეუძლია როგორც სასამართლოს ასევე არბიტრაჟს და ზოგიერთ სხვა
სახელმწიფო ორგანოს.
განსაზღვრულობის თვალსაზრისით სანქციები იყოფიან:

 აბსოლუტურად განსაზღვრულ
 შედარებით განსაზღვრულ
 ალტერნატიულ
 კუმულაციურ
 მითითებით სანქციებად

აბსოლუტურად განსაზღვრული სანქციებში ზუსტადაა განსაზღვრული ზემოქმედების ზომა


ნორმის დამრღვევის მიმართ. მაგალითად, თუ სანქციაში გათვალისწინებულია მხოლოდ
მიყენებული ზიანის ანაზღაურება, ან მხოლოდ ხელშეკრულების გაბათილება და სხვ.

შედარებით განსაზღვრულ სანქციებში მითითებულია ზემოქმედების ფარგლები ნორმის


დამრღვევის მიმართ. ამასთან, ასეთი სანქციები შეიძლება ადგენდეს სასჯელის მხოლოდ
მინიმუმს (მაგალითად, თავისფლების აღკვეთა არანაკლებ სამი წლისა), მაქსიმუმს (მაგალითად,
თავისუფლების აღკვეთა 5 წლამდე), ან ერთდროულად მინიმუმსაც და მაქსიმუმსაც
(მაგალითად, ჯარიმა 50–დან 100 ლარამდე). მართალია, ზოგჯერ სანქციაში მხოლოდ მინიმუმი
ან მაქსიმუმია მითითებული, მაგრამ რეალურად მიუთითებელი მინიმუმი ან მაქსიმუმი მაინც
განსაზღვრულია. ასეთ განსაზღვრებებს ადგენს კანონმდებლობა. მაგალითად, ვადიანი
თავისუფლების აღკვეთისათვის მინიმუმი დადგენილია 6 თვე, მაქსიმუმი 20 წელი.

ალტერნატიული სანქციები შეიცავს ერთზე მეტ ზემოქმედების ზომას, რომელთაგან სანქციის


შემფარდებელმა უნდა აირჩიოს მხოლოდ ერთი. მაგალითად, „მკვლელობა აუცილებელი
მოგერიების ფარგლების გადაცილებით, ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ
წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე.

კუმულაციური სანქციები შეიცავს ერთზე მეტ ზემოქმედების ზომას და დამრღვევს ყველა


შეეფარდება. მაგალითად, თავისუფლების აღკვეთა გარკვეული ვადით და ამავე დროს
პროფესიული საქმიანობის შეჩერება რაიმე ვადით.

მითითებითია სანქცია, რომელიც სხვა ნორმის სანქციის გამოყენებაზე მიუთითებს.

სამართლის ნორმის სტრუქტურის განხილვისას მხედველობაში უნდა ვიქონიოთ, რომ


უმრავლეს შემთხვევაში ნორმის სამივე ელემენტი მასში არ იქნება გამოკვეთილად
წამროდგენილი. ეს არ ეხება დისპოზიციას, რამდენადაც მხარეთა უფლება–მოვალეობის
განსაზღვრის გარეშე ნორმა ვერ იარსებებს. მაგრამ ჰიპოთეზა ზოგჯერ მხოლოდ იგულისხმება
ნორმაში და გამოკვეთილი სახით არ არებობს. მაგალითისათვის სისხლის სამართლის კერძო
ნაწილის ნორმები როგორც წესი ორი ელემნეტისაგან შედგება: დისპოზიცია (რომელშიც
აღწერილია კონკრეტული დანაშაულის შემადგენლობა) და სანქცია ( სადაც მითითებულია
სასჯელის ზომაზე ამ დანაშაულისათვის). ასეთ ნორმებში ჰიპოთეზა ცალკე არ არის, ის
ფაქტობრივად შეერთებულია დისპოზიციასთან, რამდენადაც ეს ნორმა კონკრეტულ
დანაშაულებრივ ქმედებას აღწერს და ამით თავისი გამოყენების პირობებსაც განსაზღვრავს.
იურისპრუდენციაში არსებობს განსხვავებული მოსაზრებაც სამართლის ნორმის სტრუქტურის
თაობაზე, რომლის თანახმადაც ნორმა შედგება არა სამი, არამედ ორი ნაწილისაგან: ფაქტობრივი
შემადგენლობა და იურიდიული შედეგი.

You might also like