You are on page 1of 17

სახელმწიფოს მეთაური

სახელმწიფო აპარატის მრავალფეროვან სისტემაში წამყვანი,


ცენტრალური ადგილი უკავია სახელმწიფო მეთაურს - მონარქსა
(მონარქიებში) და პრეზიდენტს (რესპუბლიკებში).
სახელმწიფო მეთაურის სტატუსი, როგორც წესი, გასნაზღვრულია და
რეგულირდება სახელმწიფოს ძირითადი კანონით - კონსტიტუციით.
როდესაც ვსაუბრობთ სახელმწიფოს მეთაურზე, უპირველესად
იგულისხმება კონკრეტული პირი. იშვიათად გვხვდება კოლეგიური
სახელმწიფოს მეთაური, კომბინირებული სახელმწიფოს
მეთაური(როდესაც სახელმწიფოს მეთაურის უფლებამოსილებები
გადანაწილებულია რამდენიმე სახელმწიფო ორგანოზე), ორწვეროვანი
სახელმწიფოს მეთაური(როდესაც ორი პირი ერთდროულად წარმოადგენს
სახელმწიფოს მეთაურს). გვხვდება დროებითი მეთაურის ფორმაც,
რომელიც ძირითადად საომარი მდგომარეობის ან სახელმწიფო
გადატრიალების დროს იქმნება.
სახელმწიფოსა თუ ადამიანების ცნობიერებაში სახელმწიფოს მეთაური
აღქმულია, როგორც სახელმწიფოს პირველი პირი, რომელსაც
განსაკუთრებული ავტორიტეტი და მნიშვნელოვანი სახელისუფლებო
ბერკეტები გააჩნია. რიგ თანამედროვე სახელმწიფოებში სახელმწიფოს
მეთაური შეუზღუდავი ძალაუფლებითაა აღჭურვილი, ზოგიერთს კი
საკმაოდ შეზღუდული უფლებამოსილებები გააჩნია.
სახელმწიფოს მეთაური წარმოადგენს უმაღლეს თანამდებობის პირს,
იშვიათად კოლეგიურ სახელმწიფო ორგანოს, რომელიც სახელმწიფო
ინსტიტუტების იერარქიაში ფორმალურად უმაღლეს საფეხურს იკავებს და
ახორციელებს სახელმწიფოს წარმომადგენლობას შიდაპოლიტიკურ
ცხოვრებასა თუ საერთაშორისო ურთიერთობებში.
სახელმწიფო მექანიზმში სახელმწიფოს მეთაურის ცენტრალური
ადგილი განპირობებულია იმ გარემოებითაც, რომ, როგორც წესი, ის
იმავდროულად შეიარაღებული ძალების მთავარსარდალსაც წარმოადგენს.
ტერმინი „სახელმწიფო მეთაურის“ წარმოშობა ისტორიულად მონარქის
როლს უკავშირდება. ეს სახელი გამოიყენება როგორც იმ მონარქების
მიმართ, რომლებიც რეალურად „მართავენ“, ასევე იმ მონარქების მიმართ,
რომლებიც მხოლოდ „მეფობენ“.
სახელმწიფო მეთაურის ინსტიტუტის სამართლებრივი ანალიზისას
გვერდს ვერ ავუვლით ამ ინსტიტუტის ფაქტობრივ მახასიათებლებს,
რადგან სახელმწიფოს მეთაურის სამართლებრივი მდგომარეობა და
სახელმწიფოში არსებული რეალური სინამდვილე არც თუ ხშირად არის
შესაბამისობაში ერთმანეთთან.
ხელისუფლების შტოთა ტრიადაში სახელმწიფოს მეთაური არაა
ყოველთვის მკაფიოდ და ნათლად განსაზღვრული. ცალკეული
სახელმწიფოების კონსტიტუციების მიხედვით, სახელმწიფოს მეთაური
წარმოადგენს ან მხოლოდ აღმასრულებელ ხელისუფლებას, ან როგორც
საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ ხელისუფლებას, ან არც ერთ შტოს
მიეკუთვნება. სახელისუფლებო სისტემაში მისი ადგილის განსაზღვრა
დამოკიდებულია კონკრეტული სახელმწიფოს მმართველობის ფორმის,
კონსტიტუციური წყობის თავისებურებებისა და სახელმწიფო
ინსტიტუტების ფუნქციონირების პრაქტიკის ანალიზზე.
სახელმწიფოს მართვის საქმესა და პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში
სახელმწიფოს მეთაურის მონაწილეობის ხარისხი უპირველესად
დამოკიდებულია აღმასრულებელი ხელისუფლებით მისი აღჭურვის
დონეზე. აღმასრულებელი ფუნქციები გააჩნიათ სახელმწიფოს მეთაურებს
საპრეზიდენტო რესპუბლიკებში, შერეული მმართველობის ფორმის
სახელმწიფოებში, დუალისტურ და აბსოლუტურ მონარქიებში, არ გააჩნიათ
საპარლამენტო რესპუბლიკებსა და საპარლამენტო მონარქიებში.
საპარლამენტო მმართველობის სახელმწიფოებში სახელმწიფოს მეთაურს
სიმბოლური ფუნქცია ეკისრება. დუალისტურ მონარქიებში,
საპრეზიდენტო და ნახევრად საპრეზიდენტო რესპუბლიკებში კი ის
ამავდროულად აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურიცაა. რაც
შეეხება აბსოლუტურ მონარქიებსა და სუპერსაპრეზიდენტო
რესპუბლიკებს, სახელმწიფოს მეთაური ერთმმართველია, ის გვევლინება
ხელისუფლების წყაროდ.
სახელმწიფოს მეთაურის ფორმა და კლასიფიკაცია
თანამედროვე ეტაპზე სახელმწიფოს მეთაური შემდეგი ძირითადი
ფორმებითაა წარმოდგენილი: ერთპიროვნული მონარქი(მემკვიდრეობით
ან სამეფო ოჯახის მიერ დანიშნული, ფედერაციულ სახელმწიფოში
ფედერაციის სუბიექტების მიერ არჩეული), პრეზიდენტი(არჩეული
ხალხის, პარლამენტის ან წარმომადგენლობითი კოლეგიის მიერ),
უმაღლესი კოლეგიური ორგანო, ერთპიროვნული ან კოლეგიური
სახელმწიფოს მეთაური...
მონარქი: მისი სამართლებრივი სტატუსი იმ თავისებურებით
ხასიათდება, რომ მონარქის ხელისუფლება თავისთავადია და არ არის
წარმოებული რომელიმე ხელისუფლების, ორგანოს ან ამომრჩეველთა
კორპუსისგან. ის განიხილება, როგორც სუვერენი, ხელისუფლების
უზენაესი წარმომადგენელი.
1)ერთპიროვნული მონარქი (მაროკო, ქუვეითი, იორდანია) -
აღმოსავლეთის არაერთი ქვეყნისთვის, რომლებიც დუალისტურ
მონარქიებად გვევლინებიან, დამახასიათებელია მონარქის აქტიური როლი
სახელმწიფო საქმეების ხელმძღვანელობასა და მართვაში. შეუზღუდავი
ძალაუფლებით სარგებლობენ მონარქები აბსოლუტურ მონარქიებში.
ხშირად ისინი არა მხოლოდ საერო, არამედ სასულიერო ხელისუფლების
მეთაურებადაც გვევლინებიან(თეოკრატიული მონარქია). ერთპიროვნული
მონარქის ფაქტობრივი მდგომარეობა სახელმწიფოთა უმრავლესობაში
მნიშვნელოვნად განსხვავდება კონსტიტუციითა და კანონებით
ფორმალურად დადგენილი გარემოებებისგან. დუალისტურ და
აბსოლუტურ მონარქიებში მონარქი ერთპიროვნული მმართველია. ის
საკუთარი შეხედულებით ნიშნავს და ათავისუფლებს მთავრობის წევრებს,
მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საკანონმდებლო ორგანოს ფორმირებასა
და საქმიანობაზე. მონარქს გააჩნია საკუთარი ინიციატივით პარლამენტის
დათხოვნისა და ვეტოს უფლება. მონარქი ქმედით და გადამწყვეტ როლს
ასრულებს საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის განსაზღვრასა და
განხორციელებაში. მონარქი ხელშეუხებელია, ის არაა პასუხისმგებელი
საკუთარი საქმიანობისთვის პარლამენტის წინაშე, სარგებლობს
მნიშვნელოვანი შეღავათებითა და პრივილეგიებით.
3)კოლეგიური მონარქი (არაბთა გაერთიანებული ემირატები) - ემირთა
საბჭოს შემადგენლობაში შედის შვიდი ფედერაციის სუბიექტის
(ემირატების) შვიდი მემკვიდრეობითი მმართველი. საბჭო
გადაწყვეტილებას იღებს კონსენსუსის წესით და ახორციელებს
ერთპიროვნული მონარქის ფუნქციებს.
3)კვაზიმონარქი (ავსტრალია, კანადა, ახალი ზელანდია) - გენერალ-
გუბერნატორი ერთა თანამეგობრობის წევრ სახელმწიფოებში, რომელიც
შესაბამისი სახელმწიფოს კონსტიტუციის შესაბამისად ფორმალურად
ინიშნება დიდი ბრიტანეთის მონარქის მიერ და მისი წარმომადგენლის
სტატუსით სარგებლობს, რეალურად კი მის კანდიდატურას შეარჩევს
კონკრეტული სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრი.
4)არჩევითი მონარქი (მალაიზია, ვატიკანი) - მალაიზიის 13 შტატიდან 9-
ს ხელმძღვანელობენ მემკვიდრეობითი სულთნები, რომლებიც ქმნიან
მმართველთა საბჭოს. ვატიკანში კი რომის პაპი, ეკლესიის მეთაურთან
ერთად, წარმოადგენს ქალაქ-სახელმწიფოს სუვერენს და აირჩევა
სიცოცხლის ბოლომდე კარდინალთა კოლეგიის მიერ.
5)პარიტეტული/დუალისტური მონარქი (ანდორა) - ანდორის
სახელმწიფო მეთაურის ფუნქციებს ასრულებს ორი მმართველი - ესპანეთის
ეპისკოპოსი და საფრანგეთის პრეზიდენტი. თითოეული მათგანი ნიშნავს
ანდორაში პირად წარმომადგენელს. თანამმართველები სახელმწიფოს
მეთაურის უფლებამოსილებებს ახორციელებენ როგორც ერთდროულად,
ასევე ცალ-ცალკე.
პრეზიდენტი: რესპუბლიკური მმართველობის ფორმის სახელმწიფოებში
ხელისუფლების ორგანოთა სისტემაში განსაკუთრებული ადგილი უკავია
არჩეულ პრეზიდენტს. როგორც წესი, რესპუბლიკებში გვხვდება
ერთპიროვნული სახელმწიფოს მეთაურის ინსტიტუტი. რაც შეეხება სხვა
ფორმებს, მათ ერთეულ სახელმწიფოებში ვხვდებით.
1)ერთპიროვნული პრეზიდენტი - წარმოადგენს რესპუბლიკური
სახელმწიფოს მეთაურს, რომელიც აირჩევა განსხვავებული წესითა თუ
პროცედურებით. ეს შეიძლება იყოს საყოველთაო სახალხო არჩევნები,
პარლამენტის მიერ, სპეციალური საარჩევნო კოლეგიის მიერ. აშშ-ში კი
პრეზიდენტი განსაკუთრებული წესით, ირიბი არჩევნების გზით აირჩევა -
შტატების ამრჩევების მიერ. საპრეზიდენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტი
სახელმწიფოს მეთაურთან ერთად აღმასრულებელი ხელისუფლების
მეთაურიცაა, ის აღჭურვილია ფართო უფლებამოსილებებით.
საპარლამენტო რესპუბლიკის პრეზიდენტი არაა აღჭურვილი
აღმასრულებელი ხელისუფლების ფუნქციით და, შესაბამისად, მისი როლი
სახელმწიფოებრივი საკითხების მართვა-გადაწყვეტაში შემცირებულია.
პრეზიდენტის სამართლებრივ აქტებს ესაჭიროება კონტრასიგნაცია
მთავრობის მხრიდან. რაც შეეხება ნახევრადსაპრეზიდენტო რესპუბლიკებს,
პრეზიდენტი საკმაოდ ქმედითი უფლებამოსილებებით, მათ შორის,
სამთავრობო ფუნქციებითაა აღჭურვილი.
2)ფედერალური საბჭო (შვეიცარია) - აღჭურვილია ერთდროულად
სახელმწიფო მეთაურისა და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოს
ფუნქციებით. საბჭო ერთი წლის ვადით ირჩევს საბჭოს პრეზიდენტსა და
ვიცე-პრეზიდენტს, რომელთაც არ გააჩნიათ დამოუკიდებელი, საბჭოსგან
განცალკევებული სახელისუფლებო უფლებამოსილებები. ფედერალური
საბჭოს მეთაური არ წარმოადგენს სახელმწიფო მეთაურს.
3)სახელმწიფო საბჭო (კუბა) - მისი უფლებამოსილებები გაცილებით
ფართოა, ვიდრე ერთპიროვნული სახელმწიფოს მეთაურისა, რადგან
დამატებით ასრულებს პარლამენტის ფუნქციებს სესიებს შორის პერიოდში.
სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე იმავდროულად მთავრობის
თავმჯდომარეცაა.
4)პრეზიდიუმი (ბოსნია-ჰერცოგოვინა) - შედგება ეროვნული ნიშნით 4
წლის ვადით არჩეული სამი წევრისგან(ბოსნიელი, ხორვატი, სერბი).
პრეზიდიუმი ახორციელებს სახელმწიფო მეთაურის უფლებამოსილებებს -
წარმოადგენს სახელმწიფოს, წყვეტს საგარეო პოლიტიკის საკითხებს,
ნიშნავს ელჩებს, პარლამენტის თანხმობით დებს საერთაშორისო
ხელშეკრულებებს, წარადგენს ბიუჯეტს.
5)კომბინირებული პრეზიდენტურა (ვიეტნამი, ჩინეთი) - ამ
სახელმწიფოთა კონსტიტუციები ითვალისწინებენ პრეზიდენტისა და
რესპუბლიკის თავმჯდომარის თანამდებობებს, რომელთა არჩევა ხდება
საკანონმდებლო ორგანოს მიერ. სახელმწიფოს მეთაურის ფუნქციებს
კომბინირებულად ახორციელებენ პრეზიდენტი/რესპუბლიკის
თავმჯდომარე და მუდმივი კომიტეტი.
6)ბიცეფალური/ორწვეროვანი პრეზიდენტურა (სან-მარინო, ირანი) - სან-
მარინოს ორი კაპიტან-რეგენტი, დანიშნულნი დიდი გენერალური საბჭოს
მიერ 6 თვით, ერთობლივად ახორციელებენ სახელმწიფოს მეთაურის
ფუნქციებს და, იმავდროულად, აღმასრულებელ ხელისუფლებას. ირანში
კი პრეზიდენტურა ორი პირისგან შედგება - სახელმწიფოს სულიერი
ხელმძღვანელი და რესპუბლიკის პრეზიდენტი. პრეზიდენტი ქვეყნის
უმაღლესი მთავარსარდალი და აღმასრულებელი ხელისუფლების
ხელმძღვანელია, თუმცა უპირატესობა მაინც სულიერ ლიდერს ენიჭება.
სახელმწიფოს მეთაურის განწესება, უფლებამოსილების შეწყვეტა
მონარქის თანამდებობის დაკავება და უფლებამოსილების შეწყვეტა:
ერთპიროვნული მონარქის მიერ ტახტის დაკავება ხორციელდება
შესაბამისი სახელმწიფოს კონსტიტუციით დადგენილი
პროცედურებით(ტახტის მემკვიდრეობით მიღება, მონარქის არჩევა),
თუმცა ხშირია მონარქის მიერ არაკონსტიტუციური გზით თანამდებობის
დაკავება(სახელმწიფო გადატრიალება, მონარქის ტახტიდან ჩამოგდება).
ერთპიროვნული მონარქის თანამდებობა უვადოა და, როგორც წესი,
გრძელდება გარდაცვალებამდე. შესაძლოა, ცალკეული ქვეყნის
კონსტიტუცია ითვალისწინებდეს მონარქის უფლებამოსილების შეწყვეტას
გარდაცვალების, ავადმყოფობის, სარწმუნოების შეცვლის, არასამეფო
წევრზე დაქორწინების, სახელმწიფო ღალატის შემთხვევაში. არჩევითი ან
კოლეგიური მონარქის უფლებამოსილების შეწყვეტის ძირითადი
საფუძველი კი არის უფლებამოსილების ვადის გასვლა.
ტახტის მემკვიდრეობის წესით დაკავება: მონარქი თანამდებობას იკავებს
ავტომატურად, ქვეყანაში მოქმედი ტახტის მემკვიდრეობის წესის
შესაბამისად. არსებობს ტახტის მემკვიდრეობის განსხვავებული სისტემები:
1)სალიკური - ტახტის მემკვიდრედ ითვლება ასაკით უფროსი ვაჟი, ხოლო
თუ ვაჟი არ არის, უახლოესი მამაკაცი ნათესავი. ქალი ვერ ხდება
მონარქი(იაპონია, ტაილანდი).
2)კასტილიური - უპირატესობა ენიჭება ასაკით უმცროს ვაჟს, თუმცა მეფის
ქალიშვილიც შეიძლება გახდეს მონარქი, თუ მეფეს ვაჟი არ ჰყავს(ესპანეთი).
3)სკანდინავიური - ტახტის მემკვიდრე ქალიშვილი თანაბარ პირობებშია
მემკვიდრე მამაკაცთან მიმართებით. უფროს ქალიშვილს უპირატესობა
ენიჭება უმცროს ვაჟთან შედარებით(ნორვეგია, შვედეთი).
4)მუსლიმური - ითვალისწინებს მხოლოდ ვაჟის მემკვიდრეობას. თუ ვაჟი
არ არის, მემკვიდრეა მისი რომელიმე ნათესავი მამაკაცი(იორდანია).
5)ტომობრივი - მთავარი ბელადის გარდაცვალების შემთხვევაში მისი
მრავალრიცხოვანი ვაჟებიდან ტახტის მემკვიდრის შერჩევის საკითხს
წყვეტს ტომის ბელადთა საბჭო, რომელსაც ხელმძღვანელობს დედა-
დედოფალი(ლესოთო, სვაზილენდი).
თუ ტახტის მემკვიდრე ასაკით
მცირეწლოვანი/ქმედუუნარო/შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონეა,
ზოგიერთ ქვეყანაში მონარქის უფლებამოსილებებს ახორციელებს რეგენტი
ან რეგენტთა საბჭო. ის შეიძლება იყოს როგორც ერთპიროვნული, ისე
კოლეგიური.
ტახტის არჩევნების წესით დაკავება: მონარქის რეგულარული არჩევნები
გამოიყენება ერთადერთ ქვეყანაში - მალაიზიაში, სადაც 9 ფედერაციის
სულთნები თავიანთი საბჭოდან ირჩევენ სახელმწიფოს მეთაურს - მონარქს,
რიგითობის პრინციპით, 5 წლის ვადით. მსგავსი წესი გამოიყენება არაბთა
გაერთიანებულ საემიროებში, სადაც კოლეგიური სახელმწიფოს მეთაური -
ემირთა საბჭო ახორციელებს შესაბამის უფლებამოსილებებს.
პრეზიდენტის არჩევა და უფლებამოსილების შეწყვეტა: ერთპიროვნული
პრეზიდენტისა თუ კოლეგიური პრეზიდენტურის ინსტიტუტის
ფორმირება ხდება განსაზღვრული ვადით, არჩევნების შედეგად.
ერთპიროვნული პრეზიდენტის არჩევა ხორციელდება ოთხი ძირითადი
პროცედურის მეშვეობით - პარლამენტის მიერ, მოქალაქე-ამრჩევთა მიერ,
სპეციალური საარჩევნო კოლეგიის მიერ და უშუალოდ მოქალაქე-
ამომრჩევლების მიერ.
პრეზიდენტი აირჩევა გარკვეული ვადით, თუმცა ისტორიას ახსოვს
უვადო, სიცოცხლის ბოლომდე განწესებული დიქტატორი
პრეზიდენტებიც.
პრეზიდენტობის კანდიდატების მიმართ დადგენილია განსხვავებული
ასაკობრივი ცენზი. სახელმწიფოთა უმრავლესობაში პრეზიდენტობის
მინიმალური ასაკია 35 წელი.
დადგენილია, ასევე, გადარჩევასთან/ხელახლა არჩევასთან
დაკავშირებული ცენზები. ზოგიერთ ქვეყანაში ის აირჩევა ერთი ვადით და
მისი ხელახლა არჩევა დაუშვებელია(თურქეთი), ზოგში - ორგზის
(უკრაინა) ან ზედიზედ ორჯერ, ზოგშიც კი შეუზღუდავია ერთი და იმავე
პირის ახალი ვადით პრეზიდენტად არჩევა, რაც ამ სახელმწიფოების
დემოკრატიულობის დაბალი ხარისხის მანიშნებელია(სენეგალი).
პრეზიდენტობის კანდიდატების მიმართ სახელმწიფოთა
უმრავლესობაში დადგენილია მოქალაქეობის ცენზი. ეს ცენზიც ყველა
სახელმწიფოში განსხვავებულია. არსებობს რელიგიური, ენობრივი,
კვალიფიციური მოთხოვნებიც და სხვა.
პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნები, როგორც წესი, ტარდება
საპრეზიდენტო და ნახევრად საპრეზიდენტო რესპუბლიკებში, თუმცა ეს არ
ნიშნავს იმას, რომ საპრეზიდენტო მმართველობის სისტემებში არ ხდება
პრეზიდენტის ირიბი წესით არჩევა ან საპარლამენტო რესპუბლიკებში არ
გამოიყენება პირდაპირი არჩევის წესი.
კოლეგიური პრეზიდენტის ინსტიტუტის ფორმირება ხორციელდება
პარლამენტის მიერ ამ ორგანოს არჩევნების შედეგად. მაგალითისთვის,
კუბის სახელმწიფო საბჭო აირჩევა ერთპალატიანი პარლამენტის მიერ.
ახალარჩეული პრეზიდენტის უფლებამოსილების დაწყებისთვის
სავალდებულო წინაპირობაა ფიცის დადება(ინაუგურაცია).
პრეზიდენტის უფლებამოსილების შეწყვეტას რაც შეეხება, ის
შესაძლებელია კონკრეტული გარემოებებისა და საფუძვლების არსებობის
შემთხვევაში: საპრეზიდენტო ვადის ამოწურვა, გადადგომა, იმპიჩმენტის
წესით თანამდებობიდან გადაყენება, გარდაცვალება... პრეზიდენტის
მანდატის ვადამდე შეჩერების შემთხვევაში დგება პრეზიდენტის
უფლებამონაცვლეობის საკითხი. საპრეზიდენტო რესპუბლიკებში მის
მოვალეობებს დარჩენილი უფლებამოსილების ვადით ასრულებს ვიცე-
პრეზიდენტი, რომელიც პრეზიდენტთან ერთად აირჩევა. საპარლამენტო
და ნახევრად საპრეზიდენტო რესპუბლიკებში კი რიგგარეშე
საპრეზიდენტო არჩევნებამდე შეიძლება განსხვავებული იყოს დროებით
მონაცვლე სუბიექტი - პრემიერ-მინისტრი, პალატის თავმჯდომარე,
ხელისუფლების სხვადასხვა შტოს ხელძღვანელი...
სახელმწიფოს მეთაურის პასუხისმგებლობა
მონარქის პასუხისმგებლობა: მონარქის სამართლებრივი სტატუსი ორი
განსაკუთრებული თავისებურებით ხასიათდება:
1.მონარქი, შეუზღუდავი უფლებამოსილებით აღჭურვილი
სახელმწიფოს მეთაური, არ არის პასუხისმგებელი თავისი
საქმიანობისთვის საკანონმდებლო ორგანოს წინაშე;
2.მონარქიული სახელმწიფოების კონსტიტუციებით აღიარებულია
მონარქის ხელშეუხებლობა, რომელსაც ზღვარი არ გააჩნია. მონარქი
დაცულია არა მხოლოდ ფიზიკური ხელშეხებისგან, არამედ
კანონმდებლობის შესაბამისად მას არ ეკისრება პოლიტიკური თუ
სამართლებრივი პასუხისმგებლობა.
პრეზიდენტის პასუხისმგებლობა: რესპუბლიკური მმართველობის
ფორმის სახელმწიფოების საკონსტიტუციო სამართალი ითვალისწინებს
პრინციპს, რომლის თანახმად პრეზიდენტს, როგორც წესი, არ ეკისრება
პოლიტიკური პასუხისმგებლობა საკანონმდებლო ორგანოს წინაშე.
მონარქისგან განსხვავებით, მას ეკისრება სამართლებრივი
პასუხისმგებლობა, რომლის საფუძვლები და საზღვრები შესაბამისი
სახელმწიფოების კონსტიტუციებითაა დადგენილი, თუმცა მხოლოდ
გარკვეული მოქმედებისათვის. მასზე არ ვრცელდება ადმინისტრაციული
პასუხისმგებლობა, სისხლისსამართლებრივი ვრცელდება ნაწილობრივ,
ხოლო სამოქალაქოსამართლებრივი - სახელმწიფოსთვის მიყენებული
მნიშვნელოვანი ზიანისთვის.
პრეზიდენტისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის
დაწესება, როგორც წესი, მისი თანამდებობიდან გადაყენების შემდგომ
ხდება, რაც იმპიჩმენტის პროცედურითაა ცნობილი. იმპიჩმენტი არის
სახელმწიფო მეთაურის/უმაღლესი თანამდებობის პირის სამართლებრივი
პასუხისმგებლობის ფორმა, რომლის შედეგია თანამდებობიდან გადაყენება.
არსებობს იმპიჩმენტის პროცედურის სამი ძირითადი ფორმა:
1)საპარლამენტო იმპიჩმენტი - პრეზიდენტის თანამდებობიდან
გადაყენების საკითხის ინიცირება და გადაწყვეტა ხდება პარლამენტის
წევრთა ჯგუფის მიერ და საბოლოო პროცედურასაც პარლამენტი
ასრულებს;
2)საპარლამენტო-სასამართლო იმპიჩმენტი - იმპიჩმენტის დაწყების
თაობაზე საკითხს განიხილავს პარლამენტი და პროცედურას საბოლოოდ
ასრულებს ერთ-ერთი უმაღლესი ინსტანციის სასამართლო;
3)საპარლამენტო-პლებისციტური იმპიჩმენტი - საბრალდებო დასკვნას
იხილავს და ამტკიცებს პარლამენტი, შემდგომ კი ბრალდება წარედგინება
ამომრჩეველს „სახალხო კენჭისყრისთვის“, ანუ კენჭისყრით ხდება
პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი.
სახელმწიფოს მეთაურის წარმომადგენლობითი, მაკომპლექტებელი,
კონსტიტუციური წყობის დაცვისა და არბიტრის უფლებამოსილებები
თანამედროვე სახელმწიფოთა კანონმდებლობა სახელმწიფოს მეთაურის
მრავალფეროვან უფლებამოსილებებს ითვალისწინებს საზოგადოებრივი
ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. უფლებამოსილებათა განხორციელების
პრაქტიკაში ორი ძირითადი ტენდენცია შეინიშნება: როცა სახელმწიფოს
მეთაურის უფლებამოსილებები მთავრობის მხრიდანაა შეზღუდული და
როცა სახელმწიფოში მიმდინარეობს სახელმწიფოს მეთაურის
უფლებამოსილებების გაფართოების პროცესი.
წარმომადგენლობითი უფლებამოსილებები: სახელმწიფოს მეთაური
არის სახელმწიფოს იურიდიული განსახიერება, მისი სიმბოლო, რომელიც
განასახიერებს სახელმწიფოს უფლება-მოვალეობებს. ნებისმიერი
სახელმწიფოს კონსტიტუცია ამა თუ იმ ფორმით ადგენს, რომ სახელმწიფოს
მეთაური წარმოადგენს სახელმწიფოს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე
საერთაშორისო ურთიერთობებში. მაშასადამე, სახელმწიფოს მეთაური არის
სახელმწიფოს წარმომადგენელი. ის ყოველწლიურად მიმართავს ხალხსა და
საკანონმდებლო ორგანოს, ნიშნავს ელჩებსა თუ სხვა დიპლომატიურ
წარმომადგენლებს, აწარმოებს მოლაპარაკებებს, დებს საერთაშორისო
ხელშეკრულებებს, წყვეტს მოქალაქეობის მინიჭება-შეწყვეტის საკითხებს,
ახორციელებს შეწყალების უფლებას, გადასცემს სახელმწიფო ჯილდოებს,
უმაღლეს სამხედრო თუ საპატიო წოდებებს, მონაწილეობს ცერემონიულ
და სადღესასწაულო ღონისძიებებში და მრავალი სხვა.
მაკომპლექტებელი უფლებამოსილებები: სახელმწიფოს მეთაური
მონაწილეობს სახელმწიფო ორგანოთა ფორმირებისა და უმაღლესი
თანამდებობის პირთა განწესების პროცესში. აქ უმთავრესია მთავრობის
ფორმირება, რისი უფლებამოსილებაც სახელმწიფოს მეთაურს გააჩნია
საპარლამენტო რესბუბლიკებსა თუ მონარქიებში, თუმცა ხშირად ამგვარი
მონაწილეობა ნომინალურ ხასიათს ატარებს და პრაქტიკიდან ჩანს, რომ
საპარლამენტო რესპუბლიკების უმრავლესობაში პრემიერ-მინისტრის
პოსტს თითქმის ავტომატურად იკავებს საპარლამენტო არჩევნებში
გამარჯვებული პოლიტიკური პარტიის ლიდერი. რაც შეეხება
საპრეზიდენტო რესპუბლიკებსა თუ აბსოლუტურ მონარქიებს, აქ
მთავრობის ფორმირება უკვე სრულადაა დამოკიდებული სახელმწიფოს
მეთაურზე. დუალისტურ მონარქიებსა და ნახევრადსაპრეზიდენტო
რესპუბლიკებში კი ეს უფლებამოსილება გადანაწილებულია სახელმწიფოს
მეთაურსა და პრემიერ-მინისტრს შორის. სახელმწიფოს მეთაური
თანამდებობაზე ნიშნავს ასევე სხვადასხვა რანგის სახელმწიფო
მოხელეებსაც და სხვა თანამდებობის პირებს.
კონსტიტუციური წყობის დაცვა: კონსტიტუციური წყობისა და
ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული უფლებამოსილებები
არის სახელმწიფოს მეთაურის უმთავრესი პრეროგატივა. პირველ რიგში,
სახელმწიფოს მეთაური არის შეიარაღებული ძალების უმაღლესი
მთავარსარდალი. ის წარმოადგენს კონსტიტუციის დაცვის გარანტს, რაც
გამოიხატება, თუნდაც, სამართლებრივი აქტების გაუქმების,
სასამართლოსადმი მიმართვის, ვეტოს უფლებისა და სხვა
უფლებამოსილებებით. ასევე, კონსტიტუციური დაცვის ერთ-ერთი
ქმედითი უფლებამოსილებაა მის მიერ საგანგებო და საომარი
მდგომარეობის შემოღება, ზავის გადაწყვეტა. სახელმწიფოს მეთაური
ხელმძღვანელობს უშიშროების საბჭოსაც(სათათბირო ორგანო).
საარბიტრაჟო უფლებამოსილებები: სახელმწიფოს მეთაური
ისტორიულად გვევლინება, როგორც უმაღლესი თანამდებობის პირი,
რომელიც წყვეტს სადავო საკითხებს ცალკეულ პირებსა და პირთა ჯგუფს
შორის, კოორდინაციას უწევს სახელმწიფო ორგანოთა საქმიანობას.
მაშასადამე, ის ასრულებს არბიტრის როლსაც, რითაც სახელმწიფოს
მეთაური უზრუნველყოფს სახელმწიფო ორგანოთა სტაბილურ
ფუნქციონირებას და სახელისუფლებო კონფლიქტების გადაჭრას.
სახელმწიფოს მეთაური უფლებამოსილია, განახორციელოს მათ შორის
შემთანხმებელი პროცედურები.
სახელმწიფოს მეთაურის უფლებამოსილებები ხელისუფლების შტოებთან
მიმართებაში
საკანონმდებლო ხელისუფლებასთან: აღიარებულია, რომ სახელმწიფოს
მეთაური არ არის კანონმდებელი(არც ისეთ ქვეყნებში, სადაც
კონსტიტუციები არაა და საზოგადოება „ყურანით“ ხელმძღვანელობს -
საუდის არაბეთი, ომანი). ის სხვადასხვა ფორმით მონაწილეობს
პარლამენტის ფორმირების პროცესში. მაგალითად, იგი ნიშნავს
პარლამენტის ზედა პალატების წევრთა ნაწილს(ბრიტანეთი). სახელმწიფოს
მეთაურის აქტებით ინიშნება წარმომადგენლობითი ორგანოებისა თუ
თანამდებობების მორიგი და რიგგარეშე არჩევნებიც. რიგ ქვეყნებში
სახელმწიფოს მეთაურს უფლება აქვს, დაითხოვოს პარლამენტი ან მისი
ქვედა პალატაც. ის იწვევს და ესწრება პარლამენტის სხდომებს,
პარლამენტს მიმართავს ყოველწლიური თუ საბიუჯეტო მოხსენებით,
აღჭურვილია საკანონმდებლო ინიციატივის, ვეტოს დადებისა თუ კანონის
კონსტიტუციურობაზე სასამართლოსადმი სარჩელის მიმართვის
უფლებებით და სხვა.
განასხვავებენ აბსოლუტურ (ჯიბის) და სუსპენზიურ (შეყოვნებით)
ვეტოს. აბსოლუტური ვეტოს დროს სახელმწიფოს მეთაური საბოლოოდ
უარყოფს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს, უარს ამბობს მასზე
ხელმოწერასა და გამოქვეყნებაზე. სუსპენზიური ვეტოს დროს კი
სახელმწიფოს მეთაური მისთვის გადაცემულ კანონს შენიშვნებით
უბრუნებს პარლამენტს ხელახალი განხილვისთვის. სახელმწიფოს
მეთაურს ვეტოს გამოყენება შეუძლია როგორც მთლიანი კანონის, ისე
კანონის ცალკეული ნაწილის მიმართ. პარლამენტი უფლებამოსილია,
ვეტოს სახით ჩამოყალიბებული შენიშვნები კენჭისყრით დაძლიოს ან,
წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფოს მეთაურის შენიშვნები აისახება
კანონში.
აღმასრულებელ ხელისუფლებასთან: აღმასრულებელ
ხელისუფლებასთან მიმართებით სახელმწიფოს მეთაურის
უფლებამოსილებები დაკავშირებულია სახელმწიფოს მმართველობის
ფორმასთან. რიგ ქვეყნებში სახელმწიფოს მეთაური უფლებამოსილია,
მოიწვიოს და თავმჯდომარეობდეს მთავრობის სხდომებს, მისი
სამართლებრივი აქტები შესასრულებლად სავალდებულოა მთავრობისა და
მათი წევრებისთვის. ასევე, სახელმწიფოს მეთაური უფლებამოსილია,
გააუქმოს ან შეაჩეროს აღმასრულებელი ხელისუფლების სამართლებრივი
აქტები. მაკომპლექტებელი უფლებამოსილებებიდან გამომდინარე კი,
სახელმწიფოს მეთაური მონაწილეობას იღებს მთავრობის ფორმირების
პროცესშიც.
სასამართლო ხელისუფლებასთან: ზოგადად, სასამართლო
ხელისუფლება დისტანცირებულია სახელმწიფოს მეთაურისა და
ხელისუფლების სხვა შტოებისაგან. სახელმწიფოს მეთაური არ ერევა
სასამართლოს საქმიანობაში, განსხვავებით შორეული წარსულისგან, როცა,
მაგალითად, სოლომონ მეფე უფლებამოსილი იყო, განესაჯა მოქალაქეები.
თანამედროვეობაში დამკვიდრებულია სასამართლოს დამოუკიდებლობის
პრინციპი, რომლის დაცვა სახელმწიფოს მეთაურის ვალდებულებაცაა.
სახელმწიფოს მეთაურს გააჩნია უფლებამოსილება, დანიშნოს
მოსამართლეები(როგორც წესი, ეხება უმაღლესი ინსტანტიის
სასამართლოსა და საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებს), შეიწყალოს ან
სასჯელი შეუმსუბუქოს მსჯავრდებულს, სასამართლოს მიმართოს
სარჩელით. მას არ შეუძლია მოსამართლეთა გათავისუფლება ან სხვა
თანამდებობაზე გადაყვანა. შეწყალების უფლება სათავეს იღებს ძველი
ეპოქიდან, როცა მონარქი უმაღლესი მსაჯულის ფუნქციასაც ითავსებდა.
ამასთანავე, სახელმწიფოს მეთაურს შეუძლია, სარჩელი შეიტანოს საერთო
სასამართლოებში და საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს
კონკრეტული სამართლებრივი აქტის კონსტიტუციასთან შესაბამისობის
დადგენის საკითხზე.
სახელმწიფოს მეთაურის სამართლებრივი აქტები
სამართალშემოქმედების სფეროში სახელმწიფო მეთაურს გააჩნია
ნორმატიული და ინდივიდუალური აქტების გამოცემის უფლებამოსილება.
ასეთ აქტებს მიეკუთვნება ბრძანებები, ბრძანებულებები. ისინი
რაოდენობით საკმაოდ აღემატება პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებს.
მუსლიმური სახელმწიფოების მონარქის მიერ გამოცემულ
სამართლებრივ აქტებს კანონის ძალა გააჩნია, ოღონდ ის აუცილებლად
უნდა შეესაბამებოდეს ისლამის მოთხოვნებს. საპარლამენტო
სახელმწიფოებსა და ნახევრადსაპრეზიდენტო რესპუბლიკებში კი,
სახელმწიფო მეთაურის აქტის ძალაში შესასვლელად, მოქმედებს
კონტრასიგნაციის მექანიზმი.
კონტრასიგნაცია გულისხმობს სახელმწიფოს მეთაურის სამართლებრივ
აქტებზე პრემიერ-მინისტრის ხელმოწერას, რის შედეგად აქტი იურიდიულ
ძალას იძენს და მის აღსრულებაზე სამართლებრივი თუ პოლიტიკური
პასუხისმგებლობა ეკისრება პრემიერ-მინისტრს.
კონტრასიგნაციის ინსტიტუტი სათავეს იღებს 1701 წლიდან, ინგლისის
„მოწყობის აქტით“, რომელმაც საბოლოოდ შეზღუდა მონარქის
აბსოლუტური ძალაუფლება და დაამკვიდრა დუალისტური მონარქია.
კონტრასიგნაციის ინსტიტუტი აღმოცენდა ორი სამართლებრივი
პრინციპის დაპირისპირების შედეგად, ესენია - მონარქის სუვერენობა და
პარლამენტის უზენაესობა.
ამ ინსტიტუტის რეალურ სამართლებრივ შინაარსს წარმოადგენს არა
სახელმწიფოს მეთაურის აქტებზე თანახელმომწერ პირზე
პასუხისმგებლობის გადატანა, არამედ აღმასრულებელი ხელისუფლებისა
და სახელმწიფოს მეთაურის ფუნქციებისა და კომპეტენციების გამიჯვნა.
კონტრასიგნაცია, როგორც წესი, დამკვიდრებულია აღმასრულებელი
ხელისუფლების ფუნქციური დუალიზმის პირობებში, საპარლამენტო და
შერეული მმართველობის მოდელებში.
ხაზგასასმელია, რომ კონტრასიგნაციას არ ექვემდებარება სახელმწიფოს
მეთაურის ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც მხოლოდ სახელმწიფოს
მეთაურის კომპეტენციას მიეკუთვნება, მაგალითად, ის აქტები, რომლებიც
უკავშირდება სახელმწიფო მეთაურის მიერ საარბიტრაჟო
უფლებამოსილებების განხორციელებას. კონტრასიგნაციას ექვემდებარება
სახელმწიფოს მეთაურის იმ უფლებამოსილებების რეალიზაცია, რომლებიც
გარკვეულწილად აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელებას
უკავშირდება.
კონტრასიგნაციის მექანიზმი დამკვიდრებულია მხოლოდ იმ
სახელმწიფოებში, სადაც არსებობს პარლამენტის წინაშე მთავრობის
პოლიტიკური პასუხისმგებლობის მექანიზმი. ეს ინსტიტუტი წარმოადგენს
მთავრობის დამოუკიდებლობისა და ავტონომიურობის კონსტიტუციურ
გარანტიას, რაც, საბოლოო ჯამში, ხელისუფლების დანაწილების პრინციპის
უზრუნველყოფას ემსახურება.

You might also like