You are on page 1of 43

რაღაცეები ჰემინგუეის შესახებ

1.დანამდვილებით ვერ ვიტყვი, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ როცა ბიჭი თვრამეტი-
ცხრამეტი წლისაა და ცოტ-ცოტა წიგნებსაც კითხულობს, ჰემინგუეი მსოფლიოში
საუკეთესო მწერალი ჰგონია.
მგონი მეც ასე ვიყავი.
მისი კარგა მოზრდილი სურათიც მქონდა, რომელიც მეცხრე საავადმყოფოს მიწისქვეშა
გადასასვლელში ვიყიდე, კრუგთან, როგორც მაშინ ამბობდნენ.
კრუგი იმ ადგილს იმიტომ ერქვა, რომ ოდესღაც ტრამვაი უხვევდა. ასე მითხრეს ძველმა
ვაკელებმა, იქ თავდებოდაო.
მაგრამ ეს ჰემინგუეის არ ეხება. მიწისქვეშეთში უზარმაზარ ფოტოქაღალდებზე
დაბეჭდილი ბუნდოვანი პლაკატები იყიდებოდა _ “ბიტლზი”, ხელიხელგადახვეული
სიუზი კვატრო და კრის ნორმანი, “პინქ ფლოიდი”. ვერ იყო ღირსეული გამოსახულებები,
მაგრამ სულ არაფერს ჯობდა ხოლმე. ჰოდა, ჰემნიგუეიც ამათში იყო.

მგონი მეცხრე კლასში ვიყიდე.


ეს იყო საბჭოთა კავშირში ჰემინგუეის ყველაზე გავრცელებული ფოტო, რომლისთვისაც
პერანგის ზედა ღილები და საყელო რეტუშით შეესწორებინათ.
ჰემინგუეის ხელი ჩამოედო რაღაცაზე და სევდიანი ღიმილით უყურებდა ობიექტივს. რახან
სრულიად განუმეორებელი გამოხედვა ქონდა, ჰემინგუეი ძალიან პოპულარული იყო.
ამ ფოტოს ბავშვობიდან ვიცნობდი: ასეთი სერიის წიგნაკი გვქონდა: ერთი მოთხრობის
ბიბლიოთეკა და ყდაზე ყოველთვის მწერლების ფოტოები იყო. ერთი მოთხრობა და ფოტო.
ჰოდა, გვქონდა “კილიმანჯაროს თოვლიანი მთა”, ზედ კი ეს ფოტო, რომელიც მერე
გადიდებული ვიყიდე. ოღონდ წიგნაკის ყდაზე მას კუბოკრული პერანგი ეცვა,
გადიდებულზე კი _ უფერო; ანუ იქაც რეტუში იყო.
ახლა, როცა ვეღარც იმ წიგნს ვპოულობ და ის სურათიც სადღაც გაქრა, რატომღაც მგონია,
რომ სურათი ჰემინგუეის წიგნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
ის იერი გაკითხებდა. თეთრწვერა ჰემინგუეი ძალიან მაგარია სურათებზე. სულ სხვანაირი,
ვიდრე სინამდვილეში იყო.

თუმცა, აქვე უნდა გამოვტყდე, რომ “კილიმანჯაროს თოვლიანი მთა” ეგრეც ვერ წავიკითხე,
ვერც მაშინ (ალბათ იმიტომ, რომ 13-14 წლის ვიყავი და ძალიან მოსაწყენი და ბუნდოვანი
რამ იყო ჩემთვის, თუ იმას გამოვაკლებთ, რომ მოქმედება აფრიკაში ხდება) და ვერც მერე.
ამ წიგნს ჯადოსნური ეპიგრაფი აქვს. სრულიად გადასარევი. არც ვიცი სხვა წიგნი, ასეთი
მაგარი ეპიგრაფი რომ ჰქონდეს. მერე რომ ვცდილობდი “კილიმანჯაროს” წაკითხვას,
მეჩვენებოდა, რომ ეპიგრაფი ბევრად ჯობია თვითონ წიგნს. არ ვიცი, ეს რისი ბრალი იყო,
მაგრამ მაინც ვეღარ წავიკითხე. ეგებ იმიტომ, რომ ჰემინგუეის კითხვა ისე აღარ მიყვარდა,
როგორც ოცი წლის წინათ.
არის ასეთი სულელური ფილმი “კილიმანჯაროს” მიხედვით, თვითონ ჰემინგუეისაც არ
მოსწონდა: გრეგორი პეკი თამაშობს. იქ ესპანეთის ომის ამბებიცაა ჩამატებული.

ის ფილმი რომ ვნახე, მერე კიდევ ვცდილობდი “კილიმანჯაროს” წაკითხვას და მაინც


არაფერი გამომივიდა.
ერთი დრო იყო და ჰემინგუეის ნაწერებით ვცხოვრობდი და მეგონა, რომ იმ ნაწერებში
ვიყავი და ცხოვრებაც ისეთია, როგორც იმათში იყო აღწერილი. მეტს არც არაფერს
ვკითხულობდი და რახან რაღაცეების წერა მინდოდა, მეგონა, რომ მასზე უკეთ ამას ვერავინ
ახერხებდა. საერთოდ, ახლაც მგონია, რომ ჰემინგუეიმ უამრავი რამ შეცვალა ნაწერში.
ოღონდ ისე მოხდა, რომ რომანები მოსაწყენი გამოუვიდა, მოთხრობები კი, მგონი,
მსოფლიოში საუკეთესო.
ასევე მგონია, რომ მოთხრობას, ნოველასაც რომ ეტყვიან, მან აზრი დაუკარგა. უფრო
სწორად, მის სერიოზულად წერას, იმიტომ, რომ სრულიად წარმოუდგენელია, კაცმა ისეთი
სერიოზულობით დაწეროს მოთხრობა, როგორც ამას ჰემინგუეი ახერხებდა. არ გამოუვა და
მორჩა. თუ მის გამოთვლებს და წერის მანერას გაჰყვება, ეს უბრალოდ გამეორება იქნება და
მორჩა.

სხვანაირად კი ისეთი არ გამოვა.


როგორ ვთქვა, არ ვიცი, ამ ჭკვიანურ ლაპარაკებში მოვისუსტებ. გვერდების იმ
მოცულობაზე, ჰემინგუეის მოთხრობა რომაა განფენილი, შეუძლებელია სხვამ იმდენი
დატიოს, რამდენსაც ის ტევდა. ჩვენს ბავშვობაში მოარულ ფანტასმაგორიებს შორის, ერთ-
ერთი ასეთი იყო, რომ იაპონელებმა თითის სიგრძე ბოთლი გააკეთეს, რომელშიც სამი
ლიტრი ეტევაო. აი, რაღაც ასეთია. თვითონაც რომ ლაპარაკობდა, აისბერგიო. დღეს ცოტა
უბრალო შედარებად ჩანს, მაგრამ მაინც, ეგრეა და მორჩა.
სხვა ვერავინ შეძლებს ასეთი ნოველების წერას. ეს კაცი დილის ექვს საათზე დგებოდა და
ფეხზე მდგომი წერდა საწოლ ოთახში, მაღალ მერხთან, ფანქრით ხელში.

ითვლიდა და ხაზავდა. თუ თავი მოვაბი, მერე დავწერ, როგორ წარმომიდგენია მისი


სამოთხრობე მუშაობა.

2. ჰემინგუეის პირველი მოთხრობა, რომელიც წავიკითხე, ისეთი იყო, რომ ავტორს


მნიშვნელობა არ ჰქონდა. მაშინ სკოლაში ვსწავლობდი და ჩემმა კაი ამხანაგმა გამოაძვრინა
წიგნი გაკვეთილზე.
მოთხრობის წაკითხვის არსი ერთადერთი იყო _ იქ აღწერილი ეროტიკული სცენა.
მოთხრობას ერქვა “იქ, მიჩიგანში”, “უ ნას ვ მიჩიგანე,” “აფ ინ მიჩიგან” და თუ არ ვცდები, ეს
იყო პირველი მოთხრობა, რომელიც ცხოვრებაში გამოუქვეყნეს ჰემინგუეის.
მოთხრობამ მოულოდნელად ვიღაცის აღმოჩენით მოიპოვა პოპულარობა ჩვენს კლასში და
ზოგიერთები იმასაც კი ეშმაკობდნენ, რომ ცდილობდნენ, გოგოებისთვის წაეკითხინებინათ.
ამ მოთხრობიდან რაც მახსოვს, სიცივეა, მიჩიგანის ტბის პირად რომ დგას. გოგოს მგონი
ლიზი ჰქვია, ბიჭს კი _ მჭედელი ჯიმი, ან რამე სხვა. იქ მათი სექსია აღწერილი.

გოგოსთვის ეს პირველია. ეს არის მთელი მოთხრობა. ახლა რომ ვფიქრდები, კიდევ რა


მახსოვს, პირველ რიგში რაღაცნაირი სისველე მაგონდება, ნესტი, თუ რაღაც ასეთი,
ფიცრები და ის, რომ შემთვრალ ჯიმს თმა გასწეწოდა. საუცხოოდ დაწერილი მოთხრობაა,
ოღონდ ეს იყო საბჭოთა კავშირი და ეროტიკა _ თუ ფოტოებს და სასწაულით ხელში
მოხვედრილ ჟურნალს, ან იატაკქვეშა ფოტოებს არ ჩავთვლით, იძებნებოდა თვით
“დეკამერონსა” და “დიდოსტატის მარჯვენაში”, ასევე, ნებისმიერი ფილმის ნებისმიერ
კადრში _ რავი, ყველგან. ამიტომ, დიდად არ ვთვლი, რომ ეს ჩემი ნამდვილი ნაცნობობა
იყო ჰემინგუეისთან. თანაც, მოთხრობა ეროტიკის დასამახსოვრებლად ძალიან პირქუში
იყო და გოგოც წარმოუდგენლად საცოდავი; ანუ, ავტორმა თავისი საქმე გააკეთა და იმან
აბა, რა იცოდა, როცა ანასტას მიქოიანთან ერთად არაყს სვამდა, რომ სამხრეთ საბჭოეთში
(და ეგებ სხვაგანაც) მისი პირველი მოთხრობა ეროტიკულ შთაგონებათა წყარო შეიქნებოდა
ყმაწვილთა შორის.
ჰემინგუეის პირველი წიგნი, რომელიც წავიკითხე, იყო “ჰარი მორგანი”. ცალხელა შკიპერის
ამბავი, კი უესტსა და ჰავანას შორის რომ დაცურავს, კონტრაბანდისტებთან,
რევოლუციონერებთან, ემიგრანტებთან ერთად, და შინ ცოლი და სამი ქალიშვილი რომ
ჰყავს.
აქვე უნდა გამოვტყდე, რომ ეს არის ჰემინგუეის ერთადერთი რომანი, რომელიც თავიდან
ბოლომდე და იმავდროულად, ბევრჯერ წამიკითხავს და თან, ფურცლები არ
გამომიტოვებია.

მაგრა მომწონდა “მშვიდობით, იარაღო”, მაგრამ იქაც კი გამომიტოვებია რაღაცეები.


“ფიესტაზე” აღარაფერს ვამბობ. რა თქმა უნდა, ეს ჩემს სასახელოდ არაფერს ამბობს, მაგრამ
აქვე დავამატებ, რომ “ვის უხმობს ზარში” ყველაზე მეტი გამომიტოვებია და თუ იმასაც
გავითვალისწინებთ, რომ კომუნისტების დროს ეს წიგნი კუპიურებით იყო გამოცემული,
შეიძლება ითქვას, რომ, ფაქტობრივად, არც წამიკითხავს.)))))))
ახლა მინდა გამოვტყდე, რომ ჰემინგუეის ომისშემდგომი წიგნებიდან ყველაზე უფრო
“მარადიული დღესასწაული” მომწონს. ბოლო დროს არქივში ნაპოვნი “სამოთხის ბაღი” ვერ
დავამთავრე, “მდინარის გაღმა, ხეთა ჩრდილებში” ორ საღამოს მომევლინა სატანჯველად,
ხოლო “სახიფათო ზაფხული” მაინც უბრალო ჟურნალისტური წიგნი მგონია, ისევე როგორც
“აფრიკის მწვანე ქედები”, რომელიც ამას მირჩევნია.
მოკლედ, ამის წამკითხველი იტყვის, რომ თუკი რამე მეჯავრება ქვეყნად, ჰემინგუეის
რიმანებია.
ოღონდ აქვე უნდა ვთქვა, რომ ის ჩემი საყვარელი მწერალია და თუ ვეღარ ვკითხულობ,
უფრო ჩემი ბრალი უნდა იყოს, ვიდრე მისი. მიზეზები არ მიძებნია. მოსაწყენობა _ იოლი
სიტყვაა.
ის კი ზუსტად ვიცი, რატომ ვკითხულობ “ჰარი მორგანს” ხშირად (ოღონდაც მწერლის და
მისი ქალის ამბების გამოტოვებით): იმიტომ, რომ ამბავი მომწონს და ისიც, რომ
რაღაცნაირად, მგონი, ჰემინგუეისთვის სრულიად მოუწესრიგებლადაა დაწერილი.
ოღონდაც, ეს სულ არაფერს ნიშნავს, რადგან ჰემინგუეის მოთხრობებზე არაფერი მითქვამს.
თავიდან “ნიკ ადამსის მოთხრობებს” ვკითხულობდი, ისევ მიჩიგანურ ამბებს. იმათში
ყველაზე მაგარი ჩემთვის “ათი ინდიელი” იყო: როცა ნიკს მამა უამბობს, რომ მისი ინდიელი
მიჯნური, პრუდი ვიღაცასთან დაინახა ტყეში.

ისე დახვეწილად უამბობს, ისე დგას გზაში, სხვადასხვა ადგილას ათი მთვრალი
ინდიელი… ჰემინგუეის დედა არ უყვარდა. მამამისმა თავი მოიკლა სანადირო თოფით,
მერე თვითონაც _ სანადირო თოფით. ნიკის მოთხრობებში ყველგან მამაა. როცა თვრამეტი
წლის ხარ და ათასი პრობლემა გაქვს, ხშირად თავი ნიკი ადამსი გგონია. თუ, რა თქმა უნდა,
კითხულობ მის ამბებს. თან, მგონი, წარმოიდგენ კიდეც, რომ ბარე ორმოცი წლის
ჰემინგუეი ხარ და ეს ყველაფერი დაწერე. თან ისიც გგონია, რომ ეს ყველაფერი გაიარე,
რაღაც ამის მსგავსი შენც გემართება.

ნიკი ადამსის ამბებში არაფერი ისეთი არ არის, თვრამეტი წლის ბიჭისთვის უცნობი რომ
იყოს, ოღონდაც, რას ნიშნავს ეს ამბები _ თვრამეტი წლის ბიჭი გვიანღა ხვდება. იმ დროს
კი, როცა კითხულობს, თავგადასავლებშია გახვეული: სვამს კიდეც, უარესებსაც სჩადის
ხოლმე და, რა თქმა უნდა, გოგოს ეძებს. იქ, ჰემინგუეის ბიჭს პირველი გოგო ჰყავს
აღწერილი: ეს ინდიელი პრუდი. არ ვიცი, სხვა ვინ მოიფიქრებდა პირველი გოგოს აღწერას,
თუმცა, ალაბთ, ყოველ კაცს ახსენდება თავისი პრუდი. ასეთი რამ, მგონი, არც ჯეკ
ლონდონს გაუკეთებია და არც ვინმე სხვას, თუნაც ისეთებს, სულ ქალებზე რომ წერენ.
გავიცინოთ: მარკიზ დე სადსაც არ მოფიქრებია. საერთოდ, კიდევ, ჰემინგუეი ქალებში
ძალიან მაგრად ერკვეოდა.

მთელი ცხოვრება მათთან მარცხდებოდა, მაგრამ ერკვეოდა. ალბათ ბევრს ფიქრობდა


მათზე. “ვის უხმობს ზარში” ერთი ადგილია, უმაგრესი. წეღან რო ეროტიკულ სცენას
ვიხსენებდი მიჩიგანიდან, ის არაფერია ამასთან შედარებით. სრულიად არაფერი. იქ,
უბრალოდ, დიალოგია. “ჰარი მორგანში” ასეთი დიალოგები ცოტა უხამსია, ჰარის ცოლი
ვერ ითმენს))))))), აქ კი, გაქანებულ ომში… რა ვიცი, უამრავ მაგარ ლექსს სიყვარულზე ეს
ადგილი ჯობია.

მე მირჩევნია და სხვას კი არ ვეხვეწები.

3. ყველაფერ იმაში, რაც ჰემინგუეის დაუწერია, ჩემი პირველი უსაყვარლესი ნაწერია


მოთხრობა “ფრენსის მაკომბერის ხანმოკლე ბედნიერება”. იმის მერე _ “მკვლელები” და
“მარადიული დღესასწაული”, მაგრამ ამაზე ახლა არ მოვყვები.
“ფრენსის მაკომბერის ხანმოკლე ბედნიერება” არის უსასტიკესი, უსაშინლესი, უმძიმესი
ამბავი კაცზე, რომელიც ბედნიერების წამს მოკვდა. თუ თავისუფლების წამს. თუ მაშინ,
როცა იფიქრა, რომ ღირსებამ არ მიატოვა.
“მოხუცსა და ზღვაში” ჰემინგუეი წერდა, კაცი დამარცხებისთვის არ დაბადებულა,
შეგიძლია მოსპო, მაგრამ ვერ დაამარცხებო. მაკომბერი კი ოცი წლით ადრინდელია. მგონი
ოცით, ჰო.
ახლა ამ მოთხრობის შინაარსის მოყოლა სისულელეა.
უბრალოდ, პირველად რომ წავიკითხე, სწორედ მაშინ ვიფიქრე, რომ მოთხრობების წერას
აზრი არა აქვს.
აქა-იქ წამიკითხავს, რომ ჰემინგუეის სიუჟეტების პრობლემა ჰქონდა.
მგონი უფრო ბოლო 15-20 წელიწადს.

ეს მოთხრობა კი იმ დროისაა, როცა ის ყველაზე კარგად წერდა.


მერე და მერე, სულ ვფიქრობდი, როგორ მოიფიქრა მან ასეთი დასასრული, როცა ქალი
გაისვრის და თავის კაცს დააჭედებს შუბლში. რა თქმა უნდა, თავიდანვე იცოდა. საერთოდ,
როგორ იგონებდა ასეთ მოთხრობებს?
ტორეროებზე რომ არის კიდევ, “50 ათასი” ჰქვია და კიდევ სხვებიც. უბრალოდ, ეს
“მაკომბერი” ძვალსა და რბილში ატანს. არის კიდევ ერთი ეგეთი მოთხრობა, “სამდღიანი
უამინდობა”, “კატა წვიმაში” და კიდევ “თეთრი სპილოების მსგავსი მთები” და კიდევ _
“ბატონი და ქალბატონი ელიოტი” და ამ ნაწერებში ყველაფერი ქალზე და კაცზეა. ერთგან
უშვილობა, მეორეგან შვილის მოლოდინი, მესამეგან სასტუმროს ოთახი, მეოთხეგან კი,
მაკომბერის ამბავში _ ტყვია შუბლში. არანაირი რომანტიკა და სირბილე ამ მოთხრობებში
არ არის.

კი არა, ისიც მეეჭვება, რომ მის საომარ და სანადირო თავგადასავლებში არის რაიმე
რომანტიკა. ის ლოთი იყო. ნამდვილი, კულტურული ლოთი, რომელიც დილიდან ნელ-
ნელა შეუდგება საქმეს. მას უყვარდა ტურგენევი და ჯოისი და მისი საუკეთესო
მოთხრობები რაღაცით გავს ჯოისის “დუბლინელებს” და ტურგენევის “მონადირის
ჩანაწერებს”. მაგრამ მისი კაცები ხშირად რაღაცით გვანან ჯეკ ლონდონის კაცებს. მგონი
ბედისწერის ამბავში, ხოლო ნიკი ადამსი უღიმილო ტომ სოიერი თუ იქნება. ეს რომანტიკა
კი რატომ ვახსენე, ვერ მივხვდი: თითქოს ჩვეულებრივ ამბებშიც კი დამალულია დიდი
თავგადასავალი.

ასეთი გამოდის ჰემინგუეის მოთხრობები. დიდი დრამების, დიდი ტრაგედიების სიჩუმით


თხრობა. ფაქტიურად, სიჩუმით. იმიტომ, რომ მან ყველაზე უბრალო ინსტრუმენტები
აირჩია და ისინი ხელიდან აღარ გაუგდია.
რომანებში ეს რატომღაც იკარგება. ალბათ იმიტომ, რომ რომანი სქელია, მოთხრობა კი
თხელი. საერთოდ, რომანებიც მოთხრობებია. თუკი რამ არის იქ კარგი, გადასარევი
მოთხრობა იქნებოდა, ოღონდ რახან რომანშია მოქცეული და ტერიტორიის პრობლემა აღარ
აქვს, იჩაგრება.
“მაკომბერი” კიდევ… _ ეგ მე მგონი მაგ კაცის ცხოვრებაა.

უფრო სწორად, კოშმარი, რომელიც ქალებში გახლართულ ჰემინგუეის ეწვევოდა ხოლმე.

ცოლი სულ ოთხი ჰყავდა, მანამდე აგნესა ფონ კიროვსკი, ბოლოს კი ადრიანა ივანჩიჩი
უყვარდა. ჯავრობდა და ნერვიულობდა. მგონია, რომ ბევრ კოშმარულ რამეს ფიქრობდა.
ფრენსის მაკომბერიც ერთი ასეთი კოშმარია. ოღონდ კოშმარი რომ დრამად გადააქციო,
ძალიან მაგარი მწერალი უნდა იყო. ჰოდა, ჰემინგუეი იყო ის მწერალი, რომელსაც ედგარ
პოს მსგავსი ამბები მოსდიოდა თავში.
პო ბრწყინვალედ წერდა.

მის მოთხრობებში მათემატიკაცაა, ისევე, როგორც ჰემინგუეის მოთხრობებში, მაგრამ პოს


მოთხრობებში იქაური დახვეწილი კოშმარების მიუხედავად, არ არის ტრაგედიის
შეგრძნება; ანუ ის, რაც ასე მაგარია პოსავე ლექსებში. ჰემინგუეისთან კი არის, ოღონდ
კოშმარს რომანტიკული იერი დაკარგული აქვს და ყოფით ამბადაა ქცეული. ასე რომ
მივყვე, გავაჭრელებ და ძალიან შორს წავალთ.
ისე კიდევ, რაღაც მომენტში, განსაკუთრებით ბიჭობაში, ის შენი ასაკის ტკივილების და
განცდების კონსპექტს გაწვდის. ოღონდ მაშინ არ იცი, რომ სამყარო ამას იქითაც არსებობს.

4. საიდან იწყება ჰემინგუეის არწაკითხვა?


თავს ვერ დავდებ, მაგრამ მგონი ოცდაათ წელიწადს რომ მიუახლოვდები.
მგონი, ნაბოკოვი ამბობდა, ჰემინგუეი საყმაწვილო ლიტერატურააო. არ ვიცი, იმან ეგრე
იცოდა ხოლმე თქმა, ისე გამოსდიოდა, მარტო მე ვიცი სწორად წერაო.
მაგას მოვეშვათ.
საბჭოთა კავშირში ხო როგორ იყო?
საინტერესო ადამიანების პორტრეტები მითებით იყო სავსე. მით უმეტეს, თუ მაინცდამაინც
ინტელექტუალი არ იყავი და იმაზე უკეთესი წიგნები არ გქონდა, რაც სხვას.
ახლა გავიხსენებ, რა ვიცოდი ჰემინგუეის შესახებ.
მონადირე, მოკრივე, ყველა ომში პირველი გარბოდა, პირველ მსოფლიოში მძიმედ დაიჭრა,
მერე ნობელის პრემიის მისაღებად თავისი ძმაკაცი, კოხიმარელი მეთევზეები წაიყვანა,
მერე თავი მოიკლა.
კიდევ რა? არც მახსოვს.

ზოგჯერ ესპანეთის ომის ქრონიკაში გამოაჩენდნენ კომუნისტები და მორჩა. მაგრამ იქ


იმდენად უცხო იყო, რომ სახესაც ვერ დაიმახსოვრებდი, პოლ რობსონთან ერთად
ახსენებდნენ.
ამ ამბებიდან მართალი თითქმის არცერთი არ იყო; ანუ, იყო მთლიანი ტყუილები და
ნაწილობრივიც. ნობელის პრემიის ასაღებად ჰემინგუეი საერთოდ არ წასულა. კოხიმარელი
მეთევზე კი პრეს-კონფერენციაზე გამოიყვანა, რათა ამ უკანასკნელს დაედასტურებინა,
მწერალს ჩემი თავგადასავალი არ მოუპარავსო.
დაჭრით მართლა დაიჭრა, მთელი ორასი ნამსხვრევი ჰქონდა ფეხში, მაგრამ არა ბრძოლაში,
არამედ იმიტომ, რომ სიმშვიდეში მოწინააღმდეგის მხარეს ინტერესისთვის გაისროლა და
ამას უაზრო ბრძოლის დაწყება მოჰყვა. ის სანიტარულ ბატალიონში იყო და იმ დღეს მგონი
პირველად მივიდა ფრონტის ხაზზე.
მონადირე და მეთევზე მართლაც კარგი ყოფილა, ასე ამბობენ. თუმცა, არ მგონია, რომ
ომების დროს ადამიანებს ხოცავდა. მეორე მსოფლიო ომის მიწურულს, ლონდონში მყოფმა,
მეორე ფრონტის გახსნის წინ, მთვრალმა ფეხი მოიტეხა და მესამე ცოლმა, მაგარმა
ჟურნალისტმა მარტა გელჰორნმა სასტიკად დასცინა, როგორც მეომარს.

მერე ანდრე მალროსთან მოუხდა ჩხუბი (მალრო მაგრა იბრძოდა და რაღაცეები მგონი
იმანაც შეახსენა) ერთ-ერთი ფრანგული სასტუმროს ნომერში, რის შემდეგაც მისი ძმაკაცი,
შოტლანდიელი სერჟანტი მალროს მისაღების ნებართვას სთხოვდა.
ეს უარყოფითები უფრო უყვართ, თუმცა, სადაც იყო, პატიოსნად იყო და ბევრი კარგიც
გაუკეთებია, დაჭრილების მოვლით დაწყებული, იახტით კარიბის ზღვაში გერმანელთა
სუბმარინების ძებნით დამთავრებული.
მე ძალიან შევშფოთდი, როცა ახალგაზრდა ჰემინგუეის ფოტო ვნახე პირველად, ბორის
გრიბანოვის წიგნში. სწორედ იმ დროის, როცა ის საუკეთესო მოთხრობებს წერდა. ერთი
ჩამრგვალებული, ულვაშიანი ჯეილი, გადაკვანწილი თმებით, არაფრით არ გავდა იმ ადრე
დაბერებულ, წარმოუდგენელი მომხიბვლელობით სავსე კაცს, რომელიც კუბაზე
ფეხშიშველა დატანტალებდა, შორტებსა და ჩაღეღილ პერანგში გამოწყობილი. საერთოდ,
მგონი, რაც უფრო ბერდებოდა, ჰემინგუეი მეტს და მეტს ფიქრობდა თავის გარეგნობაზე:
ნერვიულობდა თმაზე, რომელიც გასცვივდა და ის უკნიდან ჰქონდა წამოფარებული.
ისე კი ამ ორ სურათს შორის საერთო მაინც იყო _ თვალები. ზუსტად ისე, როგორც “მოხუცი
და ზღვაში” დაწერა, მოხუცს ყველაფერი ბერული ჰქონდა, გარდა თვალებისაო. ამ წიგნს
რომ წერდა, ორმოცდაათი წლის იქნებოდა და უკვე მოხუცს ჰგავდა. ეს ის დრო იყო, როცა
სასმელს ჩაის ფინჯნებში ისხამდა, რადგან დღის განმავლობაში ნორმირებული ჰქონდა და
ამ ფინჯნებით ატყუებდა თავის ბოლო ცოლს, მერის.
ჰო, როდის იწყება ჰემინგუეის არწაკითხვა?
მგონი მაშინ, როცა მოთხრობების ყველაფერი იცი და მის რომანებზე გადახვალ.

რომანები კარგია, მაგრამ მათსა და მოთხრობებს შორის ერთი სხვაობაა:


ისეთი რომანებია, რომ შეგიძლია გადადო და დიდხანს არ დაუბრუნდე, ხშირად კი ეს
დიდხანს სამუდამოდ გამოდის, მერე კი აღარც მოთხრობებს უბრუნდები. ისინი ზეპირად
იცი და სიახლის შეგრძნება დაკარგული გაქვს.
მაგრამ ამასთან ერთად, ჰემინგუეის არწაკითხვა იქედანაც შეიძლება დაიწყოს, როცა მისი
ცხოვრების შესახებ წიგნების ფურცვლას იწყებ.
ჩვეულებრივ, ეს იმის შემდეგ ხდება, როცა მისი მოთხრობები უკვე ზეპირად იცი და აღარც
ცხრამეტი წლისა ხარ.
სიმართლე რომ ვთქვა, ჰემინგუეის შესახებ ოთხი წიგნი მაქვს წაკითხული. აქედან ორი _
რუსების დაწერილი. ერთი გრიბანოვის, ბიოგრაფია, მეორე პაპოროვის “ჰემინგუეი
კუბაზე”. პაპოროვი ჟურნალისტად იყო კუბაზე და წიგნი კარგია. რა ვიცი, მე მომწონს. იქ
ბევრი ისეთი ამბავია, სხვაგან რომ ვერ შეხვდები და მთელი წიგნი ჰემინგუეის მსახურების
და კუბაზე დარჩენილი მისი ძმაკაცების მოგონებებითაა სავსე.

წიგნი კეთილგანწყობილია, ამბები დამაფიქრებელი და მძიმე.


მოკლედ, ამ წიგნის წაკითხვისას მიხვდები, რომ მას მძიმე ცხოვრება და რაღაც
სისულელეებით შეჭმული ხასიათი ჰქონდა, საკუთარ თავთან გამკლავებას კი ძალიან
იშვიათად ახერხებდა. ასევე, აქედან ამოიცნობ, რომ ბრძენიც არ იყო და მის შესახებ
დაწერილ ყოველ სტრიქონს საშინლად განიცდიდა.
ბოლო ათ წელიწადს ის იშვიათად ერეოდა რამეს, თვით საკუთარ წიგნებსაც კი.
ხოლო თუ გინდათ, რომ ის საბოლოოდ განადგურებული და გაბურთავებული იხილოთ,
ენტონი ბერჯესი უნდა წაიკითხოთ.
მე რაც ვიცი, ბერჯესს ორი წიგნი აქვს ჰემინგუეიზე, ერთი _ “ერნესტ ჰემინგუეის სამაყარო”,
რომელიც 80-იანი წლების ბოლოს ქართულადაც გამოვიდა, ოდნავ გრძელი სათაურით. ამ
ქართულ წიგნზე ჰემინგუეის ფოტოა, რომელშიაც ის ფიდელ კასტორს ჰგავს, იმიტომ, რომ
მეორე მსოფლიო ომის დროს ჰემი, კუბელთათვის კი პაპა, გრძელი წვერით დაიარებოდა და
არც მოხუცურად გათეთრებული ჰქონდა.
ეს სწორედ ის დრო იყო, როცა მარტა გელჰორნთან მოუხდა უვარგისობა.

მარტა მაგარი ამერიკელი ჟურნალისტი იყო, მგონი ახლახანს გარდაიცვალა. ის შიგნიდან


იცნობდა პაპას და ხშირად დასცინოდა კიდეც, განსაკუთრებით ბოლო დროს. როცა
ჰემინგუეიმ ლონდონში ჩააკითხა, ამბავიც იქ მოხდა. ადრე კიდევ, ჰემი მარტას მეგობარ
მაგარ-მაგარ და ელიტურ ჟურნალისტებთან სმას ვერ იტანდა და იმათთან ლაპარაკსაც.

მას სმა სხვა ხალხში უყვარდა. ჰოდა, მარტასთან ჩხუბ-ჩხუბში გადაეყარა მერის. მერის
მშობლებს ის არ მოსწონდათ.
მას ლოთის და მაწანწალა კაცის სახელი ჰქონდა, ამერიკულ გაზეთებს თუ გაადევნებდი
თვალს. მარტას ის არ დანანებია. უზარმაზარი ხორცის ნაჭერი, რომელსაც სპირტის სუნი
უდის. ერთ ფილმში ასეთი ფრაზაც კია, ხანდახან მაინც დაიბანეო.
მისი ბიოგრაფია უცნობი და მომხიბვლელი იყო. სინამდვილეში კი არ არსებობდა იმ
სახით, როგორითაც ნებისმიერ, მისი წიგნებით აღფრთოვანებულ კაცს შეეძლო
წარმოედგინა და პრობლემაც აქვე იწყებოდა.
მე, პირადად, ძალიან ვბრაზობდი, როცა ერთი-ორი ჭკვიანი უფროსი რაღაც ამნაირს
იტყოდა, გაბერილი და გაბუქულიაო, თვითონ ბევრი არაფერი საერთო აქვს იმასთან, რასაც
ამბობენ და ბევრად უსუსური და რთული კაციაო.
აბა, ჩვენ რა ვიცოდით…
ჰო, ამასობაში კიდევ, ბერჯესისი მეორე წიგნი: “ჰემინგუეი”, რომელიც მის პირად
ცხოვრებას აღწერს.

ბერჯესს იუმორი აქვს. მას დაცინვაც ეხერხება. ცინიკურობაც გამოუვა. ტიპიური


ინგლისური რამეები ბიოგრაფიული წიგნისთვის. წიგნი ქართულად არ არის, არც
რუსულად, მგონი. იქ ჰემინგუეი უბედური, მდაბალი, სახელს, ტრაბახს გამოკიდებული და
საცოდავია. მერე ძნელია “ვის უხმობს ზარის” კითხვა.
ომის შემდეგ, ჰემინგუეიმ ამერიკული მედალი დაიწუნა, უფრო მაღალი ჯილდო
მერგებოდაო, ოღონდ მაინც მიიღო.
საერთოდ, ჰემინგუეის დრამატულ ამბებში და მის შინაგან სიმძიმეებში, რომელთაც
საგულდაგულოდ მალავდა (ვინ არ დამალავს) მთავარი ის იყო, მას წარმოედგინა, რომ
რაღაც უნდა დაემტკიცებინა.

როგორც ნაწერებში, ასევე ცხოვრებაში. პრობლემა მაშინ იწყებოდა, როცა ორივე უჭირდა _
წერაც და ცხოვრებაც. ცხოვრება სულ უბრალო რამეთა გამო წაუხდებოდა ხოლმე, წერა კი
უფრო და უფრო გავდა სატანჯველს. წერაში სისხარტე დაკარგა. ბევრს მუშაობდა, მაგრამ
ყველაფერი მოსაწყენი და ტლანქი ჩანდა. ცხოვრებაში სიმშვიდე რომც მოეპოვებინა, წერა
მაინც არ გამოსდიოდა.
მის ცხოვრებაში სიახლე აღარ იყო: ნადირობა აფრიკაში, სმა ჰავანაში და ახალი რა?
ადრიანა რომ შეუყვარდა, ხვდებოდა, რომ მერის ვეღარ მოშორდებოდა. ჯერ
ორმოცდაათისაც არ იყო, მაგრამ უკვე მოხუცი, რომელიც გრძნობს, რომ ვეღარაფერს
შეცვლის.

და უცებ, ამას მოჰყვა “მოხუცი და ზღვა”. მაინც მოახერხა. ჟურნალმა “ლაიფმა” დაბეჭდა.
ტირაჟი მთელ კვირას იზრდებოდა. უცებ ნობელის პრემია მიიღო. მაგრამ ცხოვრება
ძველებურად გაგრძელდა.
მგონი მას უნდოდა, რომ ერთხელ და სამუდამოდ, ყველას ერთად ეთქვა, რომ ის არა
მხოლოდ დიდი მწერალია, არამედ მამაცი და სრულიად განუმეორებელი ადამიანი. ის დონ
კიხოტი ნამდვილად არ იყო, თუმცა მხეცებთან გალიაში ნამდვილად შესულა.
ეს ჰავანაში მოხდა.

ცირკის გაქნილმა იმპრესარიომ მისი გვარი აფიშას დააწერა, რათა წარმოდგენა გადაერჩინა.
მხეცების მომთვინიერებელი ავად გახდა. სისულელე იყო, მაგრამ იმპრესარიო მის
ვაჟკაცობას გაეთამაშა და ცოლის პროტესტის მიუხედავად, ჰემინგუეი გალიაში შევიდა და
ვეფხვები ახტუნავა. ეს მართლა გამაოგნებელი ამბავია სამოცს მიტანებული კაცისგან. მას
სწორედ ეს უნდოდა.
მეტიც უნდოდა, მას უნდოდა ბელადი ყოფილიყო:
ერთხელ, აფრიკიდან დაბრუნებულმა, თავის მეგობარს უამბო, რომ ერთ იქაურ ტომში
ვაჟკაცების შეჯიბრში გაიმარჯვა, რითაც ტომის ბელადის ქალიშვილი დაიმსახურა და ამ
ქალისგან ახლა ბიჭი შეეძინა, რომელიც ტომის ბელადი გახდება.
ჰო, ამ მეგობარს რაღაც ძვირფასი დანა გაატანა აფრიკაში, ეს ჩემს შვილს გამოადგება,
ბელადი რომ გახდებაო.
კაცი გაოგნებული იყო: რის ტომის ბელადი, რა ქალი, რომელი შვილი…
უფრო სწორად კი მეგობარი ექიმი იყო და ყველაფერს მიხვდა. დანა თვითონ შეინახა და
პაპასაც აღარაფერი უკითხავს.
ასეთი ამბავი უამრავია.
მისი ფრაზა _ კაცს არა აქვს ლოგინში სიკვდილის უფლება: ან ბრძოლაში, ანდა ტყვია
შუბლში, _ ვაჟკაცობის აუცილებლობის დამტკიცებას გულისხმობს.
მისი თვითმკვლელობა ელექტროშოკით ნამკურნალევი მძიმე ავადმყოფის საქციელი იყო.
მაგრამ მან ამით ის დაამტკიცა, რის გამოძერწვასაც ბოლო ოც წელიწადს ცდილობდა: რომ
ვაჟკაცი იყო.
არ ვიცი, ამბობენ, ბოლოს დევნის შიში ჰქონდაო, ფედერალური ბიუროს აგენტები
ელანდებოდაო, ვეღარ გაუძლო და ამიტომაც მოიკლა თავიო.

თუ ასეა, ეს უბედურებაც ისევე გამოუვიდა, როგორც წიგნები და ცხოვრება. თავი მოიკლა


და ეს მის სიმამაცეს უჩვენებდა, ღრმა მიზეზები კი სხვა იყო. თვითონ გასროლა და მისი
აისბერგი ერთმანეთს არაფრით გავდნენ.
არ ვიცი.
ისიც არ ვიცი, მოქმედებს თუ არა ეს ამბები მის ვეღარწაკითხვაზე, მაგრამ როგორღაც მისი
ცხოვრება ცხადი ხდება. მგონი, არც ვიცი სხვა მწერალი, მისი პირადი ცხოვრების შესახებ
ამდენი რომ წამეკითხოს და მესმოდეს. ალბათ ამის ბრალიცაა. ძალიან ცხადად ადარებ მის
წიგნებსა და ცხოვრებას. ცხოვრებას კი ისეთი თვისება აქვს, რომ წიგნებს გააფერმკრთალებს
ხოლმე.

ეს რომ მარკიზ დე სადი ყოფილიყო, პრობლემა არ იქნებოდა: რასაც წერდა, იმას


ცხოვრობდა და რასაც ცხოვრობდა, იმას წერდა. მაგრამ ეს ჰემინგუეია. ის ცდილობდა
ეცხოვრა ისე, როგორც ესმოდა და რაღაც აკლდა, წიგნებში ეს რაღაც შუბლით გაჰქონდა,
ცხოვრებაში კი ნაკლებად. ჰოდა, გასაჭირიც ეს იყო.
მერე წიგნებშიც გაუჭირდა.

5. წაკითხვა-არწაკითხვა… ვერწაკითხვა… საერთოდ ერთია, როცა ცოცხალ მწერალს


კითხულობ და მეორე, როცა ძველს. ეს სისულელეა. იმიტომ, რომ არ იცი, როდის
მიუბრუნდები და როდის შეძლებ ჰემინგუეის ხელახლა წაკითხვას.
ეგებ უცებ ისევ დაგიახლოვდეს, სწორედ იმ დროში, რომელიც წინ გაქვს, და რომელიც მის
ერთ მოთხრობაშია აღწერილი _ დაუძლურებული მწერალი რომ ძლივსღა დაჩოჩავს
სახლში.
ჰემინგუეი ამბობდა, რომ ცხოვრება ტრაგედიაა, რადგან მისი ავი ბოლო თავიდანვეა
ცნობილი. სიკვდილზე ყურადღების გამახვილება მისთვის ჩვეული რამ იყო. სიკვდილთან
შეხვედრა, მგონი, საერთოდაც უმნიშვნელოვანესი რამ.
“მკვლელებში” არის სრულიად გასაგიჟებელი ადგილი, როცა შვედი მოკრივე ოლე
ანდერსონი სახლში წევს, კედლისკენ გადაბრუნებული და მკვლელებს _ ელს და მაქსს
ელოდება. ნიკი აფრთხილებს, გეძებენო. ის კი წევს და ელოდება.
რატომ?
დაიღალა?
მოთხრობა ადრინდელია, მაგრამ ჰემინგუეი ადრიდანვე გრძნობდა დაღლას.
ისე კიდევ, თავის საუკეთესო წლებში ის ვირტუოზი გახლდათ.

წერის სისტემა, რომელიც მან მოიგონა, სრულიად უნივერსალურია, თუმცა


ფასდაკარგული, რადგან სულ სხვა წიგნებში, სულ სხვა ავტორების ნაწერებში მისი
არამოცნობა შეუძლებელია. იქ კი მათ ფასი არა აქვს.
ეს მთელი ჯადოა: კითხულობ რაღაც წიგნს და ჰოპ! უცებ თეთრი წვერი, ნაღველში
ჩაფლული თვალები… _ აი, ეგ არი მისი სისტემა.

ასლების კეთებაზე კი არ ვამბობ, კაი მწერალს რომ უცებ გაეპარება. ისე მოახერხა, რომ
ვეღარსად წაუხვალ. კი, არის კაფკიანური რომანები, ფოლკნერიანული, ჯოისიანური,
პრუსტიანულიც იქნება… _ გასაგებია, ასეთი საუკუნე იყო.
მაგრამ ჰემინგუეის ნაწერი სხვანაირად მოიპარება. მან მოიგონა საუკუნის ტემპი, საუკუნის
დიალოგი, საუკუნის ნოველა. თან ის ისე მოიპარება, რომ ძალაუნებურია და არა
წინასწარგანზრახული, რომ აი, მე ჯოისი მიყვარს და ასე ვწერ.

ცოტა რამ პოს შესახებ

ედგარ პოს შემორჩენილი, სამიოდე დაგეროტიპიდან ყველაზე მაგარია უკანასკნელი,


რომელზეც ის, შავ სერთუკსა და თეთრ ყელსახვევშია აღბეჭდილი, არის გამხდარი,
უზარმაზარი შუბლით, ჩაცვენილი თვალებით, ოდნავ მოღრეცილი ტუჩითა და ნიკაპით.
ულვაშიც კი, მარჯვენა მხარეს, ოდნავ ჩამოგრძელებული აქვს, უპეები ჩამოკიდებული.

გამხდარია, მაგრამ რაღაცნაირად დასიებული.


ეს, ალბათ, სასმელის ბრალია. სვამდა, და თან, როგორც ამბობენ, ოპიუმსაც ეტანებოდა.
ეს დაგეროტიპი კი, პირდაპირ რომ ვთქვათ, ფოტოს წინამორბედი რამ, ასე კარგად იმიტომ
ვიცი, რომ მისი ასლი კედელზე მაქვს ჩაჭიკარტებული, მისთვის სრულიად მოულოდნელ
გარემოში. პოს გარშემო სხვადასხვა საფეხბურთო მატჩების სააკრედიტაციო ბარათები
ჰკიდია.
არ ეწყინება, მისთვის ასეთი რამეები, მგონი, სულერთი იყო.
ამ გამოსახულებაზე პო ოცდაცხრამეტი წლისაა, თუმცა, იერი ისეთი აქვს, რომ ასაკს
ყოველგვარი მნიშვნელობა ეკარგება. არანაირი აზრი არა აქვს: იმიტომ, რომ მისი იერი
სრულიად მარადიულია.
ედგარ პო ბალტიმორის ქუჩაში იპოვეს დაგდებული და წაიყვანეს ჰოსპიტალში, სადაც
გარდაიცვალა კიდეც. ეცვა სხვისი ტანსაცმელი და, როგორც მახსოვს, იძახდა სახელს,
რომელიც მისგან მანამდე არავის გაეგონა.
თუ არ ვცდები, შეჰყვირებდა ხოლმე: რეინოლდს, რეინოლდს! იმასაც ამბობენ, ღმერთს
შესთხოვდა, ჩემი საბრალო სული მიიღეო.
მისი მკურნალობის ქაღალდები დაკარგულია, ამიტომ, უცნობია რა დაემართა და რატომ
დაეგდო ქუჩაში: ეგებ ლოთური უძლურების გამო, ან ტვინის ანთებისო, ასე ამბობენ.
მაგრამ იმავდროულად, ისიც უცნობია, სად გაატარა დღეები ამ წაქცევამდე. ასე მოკვდა.
ჩვენს დროში, ამ ასაკის კაცს, ახალგაზრდა ჰქვია, თუმცა, როგორც მოგახსენეთ, ასაკს მის
შემთხვევაში არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა.
ბოლოს, ისეთი ღატაკი იყო, რომ აღარც კი იცოდნენ, სად ცხოვრობდა.
ორმოცი წელი რა დიდი ამბავია, ახლა ვარ ორმოცი წლის, არა, უფრო მეტისაც.

სულ არაფერია: გგონია, რომ დიდხანს იცოცხლებ და გგონია, რომ ბიჭი ხარ. მას როგორ
ეგონა, არ ვიცი და საერთოდ, რაებს ფიქრობდა თავის მდგომარეობასთან დაკავშირებით,
ამასაც ვერ მოვყვები.
ასეთ ადამიანებს უბედური ადამიანები ჰქვიათ: ყველანი რომ უკვდებიან გარშემო, ანდა,
ყველანი რომ უარს ეუბნებიან მისთვის მნიშვნელოვან და გადამწყვეტ რამეებზე. ხომ იცით,
როგორც არის, სხვა რომ ერთი მიწოლით შეაღებს კარს, ის ათჯერ უნდა მიაწვეს და შიგნით
რაღა დახვდება, ის კიდევ, ცალკე ამბავია.
ამას წინათ, ძველი ჟურნალები გამოცვივდა საიდანღაც, ერთი ათი წლის წინანდელები, ან
მეტის და ერთ "ინასტრანკაში” ხულიო კორტასარის დაწერილი ედგარ პოს ცხოვრება
ვიპოვე. იმ დროსაც წავიკითხე და ახლაც გადავათვალიერე. ეტყობა, რაღაც
ჟურნალისთვისაა დაწერილი, შეკვეთით, საინტერესო კია.
მისი ცხოვრების ძირითადი ამბები, მკითხველმა ხალხმა ისედაც იცის.
ბოლო სიყვარული, თავისი კუზინა ცამეტი წლისა შეირთო და ეს გოგო მოკვდა. ვირჯინია
ერქვა, ასე მახსოვს. ის რომ ავადმყოფობდა, პოს შეშის ფული არ ჰქონდა და კოტეჯს ვერ
ათბობდა.
ყინვები იყო და რაც რამ გააჩნდა, ავადმყოფს აფარებდა. ეს მახსოვს ყველაზე შთამბეჭდავად
მისი ცხოვრებიდან. თვითონ კი, დადიოდა მშიერი და გათოშილი. მაშინ ერთ კოტეჯში
ცხოვრობდნენ, მგონი, იქ ახლა მუზეუმია, ბრონქსში.
საერთოდ, პო, ალბათ, ვერც კი წარმოიდგენდა, რომ სამყაროზე ამხელა გავლენას
მოახდენდა. ასეთი უკვდავი და მარადიული შეიქნებოდა.
ის ძალიან ჭკვიანი კაცი იყო, მგონი, გასაოცრად მათემატიკურად მოაზროვნე, მაგრამ, მაინც
გაუჭირდებოდა იმის გამოცნობა, რომ დღემდე ისეთი ვინმე იქნებოდა, გვერდს რომ ვერ
აუქცევ.
მისი წარმატებები და პოპულარობა სიცოცხლის წლებში სულაც არ განაპირობებდა, რომ მას
შეეძლო თავისი ნაწერებით ეცხოვრა. თანაც, ეს უმძიმესი დრო იყო ამერიკის საგამომცემლო
საქმეში.
მაგალითად, "ყორანი” რომ დაწერა, ერთგან ცხრა დოლარი აიღო, მეორეგან თხუთმეტი, ამ
ლექსმა კი სახელი გაუთქვა. ბევრგან გადაბეჭდეს, მთელი ამერიკის სიგრძეზე.

გინდა ლექსი ეძახე, გინდა ბალადა, მოთხრობასაც ასევე დაუძახებ და რომანსაც. არა აქვს
მნიშვნელობა, ისევე, როგორც მის ასაკს.
ახლა, სულაც არ მინდა, რომ მისი ბიოგრაფიის მოყოლით შევიქციო თავი და
წამკითხველიც შევაქციო. უბრალოდ, იმის გახსენებას ვცდილობ, როდის წავიკითხე
პირველად პო და, მგონი, გამახსენდა.
მგონი, ეს ზუსტია: დედაჩემის ამხანაგმა, დაბადების დღეზე, პოს რუსული კრებული
მაჩუქა. ახლა ის კრებული აღარ მაქვს, სროლების დროში, სხვა მრავალ წიგნთან ერთად
გავყიდე. მაგრამ მახსოვს, ტილოს ყდა ჰქონდა და შავი და ლურჯი რუსული ასოებით ეწერა
ზედ: ედგარ პო. შარშანწინ ეს წიგნი ერთი მონასტრის ერთ ოთახში, სულ მაღლა თაროზე
დავინახე. რაღაცნაირი წაგრძელებული, არასტანდარტული იერისა იყო.
პირველი, რაც ამ წიგნში წავიკითხე იყო მატცენგერშტეინი: უნგრელი გრაფის საშინელი
ამბავი.

მაშინ, რა თქმა უნდა, არ ვიცოდი, გოთიკა რა იყო, და გვარიანადაც შევშინდი. შევშინდი


როგორ, წარმოსახვის ამბავში, იმიტომ, რომ ამ ყაიდის რამე არასდროს წამეკითხა. სრული
საშინელება და ძრწოლვა იყო.
მეორე მოთხრობა გამომძიებელ დიუპენის პარიზული ამბავი იყო, დედა-შვილს რომ
გორილა დაგლეჯს, თუ ორანგუტანგი, ახლა აღარც მაგონდება. ეს ცხოველი ბულონის ტყეს
აფარებს თავს. მახსოვს ქალების ბღუჯა- ბღუჯა დაგლეჯილი თმები და ასეთი რამეები.
მკვლელობა მორგის ქუჩაზე.
საერთოდ, მოგვიანებით ვიფიქრე, რომ რახან პოს უნდოდა, როგორმე გაეყიდა თავისი
მოთხრობები, ძალიან ითვალისწინებდა მკითხველთა მისწრაფებებს და ბევრ თემას
სწორედ ამის მიხედვით ირჩევდა.
ბოსტონი, ნიუ-იორკი, რიჩმონდი, ფილადელფია, ძველი ამერიკის რაღაცნაირი ქალაქები.
ამ უნახავ ქალაქებზე ფიქრისას, რაღაც პირქუში მომყვებოდა ხოლმე.
თუმცაღა, პო ხან პარიზში ამოყოფდა თავს, ხან ლონდონში: პარიზში, მგონი, ნამყოფი არც
იყო, რუკებით იცნობდა. ლონდონში კი, ბავშვობისას მამინაცვლის ოჯახთან ერთად
ცხოვრობდა.
არის ასეთი ცნობილი ტილო, ამერიკული გოთიკა. მგონი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე
საცნობი ამერიკული ტილო, რომელიც გრანტ ვუდმა დახატა. ამ ტილოზე, ხნიერი წყვილის
უკან ამერიკული ხის სახლი ჩანს, რომელიც თითქმის ისეთია, როგორიც პოს კოტეჯი
ბრონქსში. ეს ტილო რომ ვნახე, მივხვდი, ვისთვისაც წერდა პო, თუმცა, ჩემს წარმოსახვაში
მისი ნაწერები ბევრად უფრო პირქუშ სურათებს ქმნიდა, ვიდრე ეს ერთი შეხედვით
სიმშვიდის მფრქვეველი წყვილი. ამის მიუხედავად, რატომღაც მეგონა, რომ ამ ტილოს
სიღრმეში, სადღაც უკან, რაღაც ურჩხული დადის და სამკაპი, რომელიც კაცს უჭირავს,
საბრძოლო იარაღი უფროა, ვიდრე სამუშაო.
აკი მოგახსენეთ, გოთიკა სულაც არ ვიცოდი, რა იყო-მეთქი, მაგრამ რატომღაც ეს სურათი
პოსთან დავაკავშირე.

მგონი, რომელიღაც მოთხრობა იყო დამნაშავე.

ჰო, მახსოვს იმ მოთხრობის სათაურიც და მერე წაკითხული მისი ისტორიაც: "მარი როჟეს”
მკვლელობა.
ეს მოთხრობა პომ სრულიად ნამდვილი ამბის გამო დაწერა, გოგო მოკლეს, მერი როჯერსი
და მისი სახელი გააფრანგულა. მთლიანად შეისწავლა ეს საქმე, ის ადგილები, სადაც გვამი
იპოვნეს და მერე დაწერა იმგვარად, რომ ყველაფერი გამოძიებულია სრულიად
წარმოუდგენელი სიზუსტითა და კვლევის უნარით. მგონი, მკვლელი რომ დაიჭირეს,
გამომძიებლებს ეგონათ, რომ ის პოს მოთხრობას ყვებოდა: ყველაფერი ზუსტად ისე იყო,
მან რომ აღწერა.
მას ასეთი ტვინი ჰქონდა. უფრო სწორად, ასეთიც. მოთხრობები წარმოუდგენელი
სიზუსტითაა დაწერილი. სიზუსტეში შესრულების ოსტატობას ვგულისხმობ. ეს
საშინელებანი და შავი რომანტიზმი, რასაც პო ასეთი ოსტატობით მისდევდა და, მგონი,
მისი ნაწერი დიდად არც განირჩეოდა მისი ცხოვრების გამო წარმოშობილი
განწყობილებებისგან, ძალიან ჩამოსხმული და ზუსტია.
სიმართლე რომ გითხრათ, არ მგონია, რომ პოს მოთხრობები მსოფლიო ლიტერატურის
შედევრები იყოს, მაგრამ, მეორე მხრივ, მის პროზას ერთი უცნაური უკვდავება აქვს: ხან
სად გადააწყდები მის კვალს, ხან სად.

არ არსებობს, კაცი ასეთ რამეებზე წერდეს და ამით, დიკენსის და ბალზაკის გვერდით იყოს.
მაგრამ მას აქვს რაღაც სხვა. ის, რაც ფოტოზეა. მისი ნაწერები ყველა დროისაა. არ ჟანგდება.
მარადიულია.
საერთოდ, პომ რამდენიმე ჟანრი დაიწყო, დეტექტივიდან მოკიდებული, სათავგადასავლო
მოთხრობით გაგრძელებული, ჰორორით დამთავრებული. თუმცა, დამთავრება
სრულიადაც ადრეა, იმიტომ, რომ ეს კაცი, შავით მოსილი რომ დადიოდა აღმოსავლეთის
სანაპიროს დიდი ქალაქების რედაქციებში და ხშირად ისტერიულ ჩხუბებს ტეხდა
ფილოსოფიურ საკითხთა გამო, მანამდე წარმოუდგენელი სალიტერატურო გონების
ადამიანი იყო.

რა ვიცი, მე ასე მგონია.


ჟანრებს რომ თავი დავანებოთ, მისი კვალი იმდენ ადგილასაა, რომ ვერ წარმოიდგენ. იმ
დღეს, რაღაც არხზე გადავრთე და "კუკუშკა” იყო, ის განთქმული ფილმი, გრძელი სათაური
რომ აქვს. მაკმერფი, ბელადი და მთელი ამბავი. დიდი ხანი იყო, არ მენახა. ჯერ კიდევ
კომუნისტების დროს ვუყურებდით: ის მიყვარდა, კრისტოფერ ლოიდის გმირი რომ
დაიღრიალებს უცბად. ჰოდა, ცოტა ხნით შევყოვნდი, ბოლო ხუთი წუთი ძალიან მიყვარს.
უცებ ვიფიქრე, რომ მთელი ეს საგიჟეთები ლიტერატურაში და კინოში და, მგონი,
საერთოდ ყველაფერში, პოს დაწყებულია.
აქვს ასეთი მოთხრობა, "დოქტორ კუპროსა და პროფესორ ბდღვერის სისტემა”.

ეს სათაური სწორედ რომ ქართულად მახსოვს, იმ ერთადერთი ქართული კრებულიდან,


რომელიც ასე, ოცდახუთი წლის წინათ იქნება გამოცემული. თხელი, ცისფერყდიანი
წიგნია. გუშინ დიდხანს ვეძებდი, მაგრამ ვეღარ ვიპოვე. მთარგმნელი ყოველთვის
მახსოვდა, მაგრამ, მგონი, ეს ასაკი, წეღან რომ ბიჭურად დავსახე, სულაც არ არის სახუმარო.
იქ გვარები და გეოგრაფიული ადგილები ერთგვარად მოულოდნელადაც კია თარგმნილი.
ანუ, ისე, როგორც პო ადგენდა ინგლისურად. მაგალითად, ჰოლანდიურ სოფელს, ერთ
მოთხრობაში ჰქვია, ღა-დღო-იქნებისი...

კარგი, ამას მოვეშვათ.


იმას მოგახსენებდით, რომ იმ მოთხრობაში გამოირკვევა, რომ საგიჟეთში გიჟები
აჯანყებულან, გაუმარჯვიათ და ექიმები თავად შექნილან, ხოლო ნამდვილი ექიმები
გიჟებად დაუსვამთ.
პოს ასეთ კვალს იმდენს იპოვი ყველგან, რომ ბოლოს, დაგეზარება კიდეც.
"შიფრები”, "წერილები ბოთლებში”, "აღმდგარი მკვდრები”, "ამონტილაიდოს კასრი”, "შავი
კატა” ეს ის მოთხრობებია, სადაც ამბავს თვით მკვლელი ჰყვება. ეს გაუგონარი ამბავი იყო
პოს დროში, ოღონდ, ამით პოს დუხჭირ ცხოვრებას არ ეშველა. საერთოდ, სულ ის მგონია,
რომ პო მეცნიერივით იყო.
აი, ხომ იყო აღმოჩენების ეპოქა და გასაგიჟებელი, ხუჭუჭათმიანი ევროპელი მეცნიერები,
რომლებმაც რა აღარ გამოიგონეს. პოც ასევე იყო, ოღონდ, ლიტერატურაში. რა აღარ
გამოიგონა. თანაც, უამრავ ესეს წერდა ლიტერატურაზე, კომპოზიციაზე, ყველაფერზე.
"ამონტილაიდოს კასრი” ძალიან ოსტატური მოთხრობაა ცოცხალი კაცის კედლის ნიშაში
ჩაშენებაზე, რაც პოს სხვა იმ დროის ათასნაირ მოთხრობაში ჰქონდა წაკითხული და
საერთოდ, პო უამრავ ისეთ ამბავს იყენებდა, მაშინ რომ მოდაში იყო სათხრობადაც და
საწერადაც. იმ დროში პლაგიატობაზე ლაპარაკი მეტად ხშირი იყო და ლიტერატურული
მტრობაც.

მაგალითად, პომ ლონგფელო დაადანაშაულა და ასე შემდეგ. ამის უამრავი ეპიზოდი


არსებობს.
აქ მთავარი ის კი არ არის, რომ პო უამრავ იმ დროს ნაცნობ ამბავსა და მოთხრობას
იყენებდა, რაც შეიძლება ითქვას, ნაცნობიც კი იყო იმ დროის მკითხველებისთვის, არამედ
ის, თუ როგორ წერდა მოთხრობას პო, როგორ იკითხება იგი და, როგორაა გამოთვლილი
მანძილები, მოქმედებები და წერისთვის აუცილებელი ასეთი რამეები. ამას ოსტატობაც
აღარ ჰქვია. რასაც ის აკეთებს თავის საშინელ სიუჟეტებში, არის გროსმაისტერობა. კუზიანი
სკუპ-სკუპო და წითელი სიკვდილის ნიღაბი, მეფე ჭირი, ლიგეა და ასეთები, იმგვარი
ხილული საშინელებითაა ნაწერი, რომ თუ მიჰყვები, გული გაგიჩერდება. მიჩერდებოდა
მაშინ, როცა ვკითხულობდი და ახლა კი, პოს მოთხრობებს ვეღარ ვკითხულობ.
რასაც ვკითხულობ და, ალბათ, სულ წავიკითხავ, პოს ლექსებია.
ღმერთო ჩემო, რა მაგარი ლექსებია, ისე, ჩვენებურად რომ ვთქვათ.
ერთი საბჭოთა გამოცემის ინგლისურენოვანი ანთოლოგია მქონდა, ინგლისელი და
ამერიკელი პოეტებისა და პოს ლექსი პირველად იქ წავიკითხე. ის პირველი ლექსი იყო
ანაბელ ლი.
როგორ ვთქვა, არ ვიცი, ალბათ, ისევ უბრალოდ.

ეს ჩემი საყვარელი ლექსია. ისე მიყვარს, რომ ერთხელ, ვთარგმნე კიდეც და საკუთარ
წიგნში ჩავტენე.
ეს ლექსი მაშინებდა კიდეც, მაგრამ მისი წაკითხვა მაინც მინდოდა. მგონი, ისე, ხალხურად,
პოს ნაწერებში სწორედ ეს არის მთავარი, ძრწოლვა, რომელსაც ვერ წყდები. ოღონდ, ეს ის
კი არ არის, ვთქვათ, სტივენ კინგის წიგნებსა და სუნთქვისშემზღუდველ დეტექტივებში
რომაა, არამედ, ასჯერ მაღალი და ასჯერ ძლიერი, პოს მუსიკით გამდიდრებული. ამათ,
საერთოდ, პოსგან ისწავლეს, ყველამ პოსგან ისწავლა ეს სუნთქვის შემზღუდველობა,
ოღონდ, პო ჟანრული არასდროს ყოფილა. მის დროს მისი ჟანრები არ არსებობდა.
ყველაფერს ისწავლი, მაგრამ გაიმეორებ პოს მუსიკას? რაღაცას, ბახსა და ბლექ საბათს
შორის?
ხშირად ადამიანები რბილად ფიქრობენ სიყვარულზე, პო არასდროს.
ანაბელ ლიც ეს არის, რა თქმა უნდა. ავის დანახვის ხელოვნება.

დასასრულის დანახვის ხელოვნება. აკლდამაში მიჯნურს მიწოლილი ბიჭის ამბავი.


პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი გახსოვთ? იქ უფრო ფრანგულადაა ეს ყველაფერი, პოსთან
კი...
ახადეთ პოს თავის ქალა. ერთ მისი დროის რომანში პოს პაროდიული პროტოტიპია
გამოყვანილი და მას, როგორც მახსოვს, ჰემერჰედი ჰქვია. ჩაქუჩისთავა. პოს, ალბათ, არ
შეეძლო ნაბიჯი უკან.

მას საშინელებიდან გამოძრომა კი არა, იქ ტრიალი და იქვე ბრძოლა უნდოდა. იქვე ბრძოლა
და ამ ბრძოლის ჩვენება. რომანტიკოსი ისედაც მებრძოლია, ის რომ საშინელებაში
მოხვდება, კაცი თვალს ვეღარ მოწყვეტს. პოს ფერები, პოს სახეები... ამ სამყაროს, მისი
თავის ქალის ქვეშ დაბუდებული რამეების აღწერა შეუძლებელია. სრულიად შეუძლებელი.
ეს საინტერესო რომანი იქნებოდა: ედგარ პოს თავი.

შიგ მიმდინარე ამბები და მოძრავი, ღამითა და ჩრდილოეთის ციალით გაჯერებული


სამყარო. ამერიკელი რომ ვიყო, გავბედავდი და ვეცდებოდი ამის დაწერას.
უილიამ უილსონი, ორად ქცეული სტუდენტი.
ვირჯინიის უნივერსიტეტის ძველი კამპუსის ვიწრო სტუდენტური ოთახი, რომლის
შემინულ კართანაც, ერთ დროს, ფოტო გადაგვიღეს ზურა ქარუმიძეს და მე.
იქ მთელი ორი სემესტრი გაატარა ედგარ პომ, რომელსაც ბანქოს ვალები დაედო და მერე
ჯარისკაცად ჩაეწერა. ფოტო კი, უცნაური გამოვიდა. ერთადერთხელ ვნახე და როგორც
მახსოვს: შუშის კარი, რომლის იქითაც პოს ოთახია, სრულიად შავად აღბეჭდილიყო.
მგონი, ეგრეც უნდა იყოს, იმ შუშის ტიხარს იქით, პოს ტვინია, რომელზეც ზემოთ
მოგახსენებდით. საგნები მრუმედ ჩანს ოთახში, რაფაზე კი, ყორანი დგას.
"ყორანი" პოს დღევანდელი პასპორტია: ყორნის ფიტული ყველგანაა.
"ყორნის" გმირი, ალბათ, ვირჯინიის უნივერსიტეტის სტუდენტია. სავარაუდოდ, ის
ისედაც სტუდენტია. ასე ამბობენ მკვლევარები.
იცით რა? “ყორნის” ყოველდღე კითხვა ნამეტანი იქნება, მაგრამ ხანდახან, ერთ მძიმე ღამეს,
უნდა გადმოიღოთ და ეგებ, ამ ბალადამ რაღაცებს უპასუხოს.

შვებას ვერ მოგგვრით, მაგრამ პასუხებს კი გამოიმეტებს. სიბნელის მხარეს გადახრილნი,


სწორედ პოს ჩირაღდნით დაინახავთ რა არის სიბნელე. ხომ მიგიწევთ ხოლმე გონება
სიბნელისკენ? არის ეგეთი რამეები. მაგრამ, თქვენი გონება ვერა ხედავს რა არის იქ. ჰოდა,
პო დაგანახებთ. სიყვარული და უბედურება, ბოროტი და მტვრით დაფარული მაგიური
წიგნები, კაკუნი კარზე...
მოლაპარაკე ყორანი დიკენსისგან მოვიდა პოსთან: გრიპი, ბერნები რეჯს რომ ჰყავს.
ლექსთწყობაც ვიღაცისგან მოსულა, როგორც ამბობენ.

მე ვერ ვარ ინტერესიანი ამ ამბავში, მაგრამ მთავარი, იქ პოს ხმააა. პოს უბედური, ძლიერი,
ფერადი, რაღაცნაირად მოლიცლიცე ხმა.
ნევერმორ, ნევერმორ, ნევერმორ.
ღმერთო, როგორი სუნთქვაა ამ "ყორანში”. ვაჟა ფშაველამაც კი თარგმნა. უამრავი თარგმანი
არსებობს ქართულად. ცალკე წიგნიც კი გამოვიდა რამდენიმე წლის წინათ: "ყორნის”
ქართული თარგმანები.
საერთოდ, პოს ქართველებთან დაკავშირება, ცოტა არ იყოს, ძნელია. ერთადერთი
გალაკტიონი. რამდენჯერ უხსენებია თავის ლექსებში, ახლა ვერ მოვყვები, სახელით,
სახელითა და გვარით, მინიშნებით.

მაგრამ ხმა, ხმა, მოისმის ხოლმე. ხმა და სურათი. არსებობს ეს კავშირი ზოგიერთ ადგილას.
ეს ხილვები, პოს საშინელი ხილვები. მაგრამ ასეთი მხატვრული, სრულიად არარიგითი.
ულალუმ, ულალუმ... ის გენიოსი იყო. ყველაფერს გადაუსწრო ისე, რომ ვერავინ შეამჩნია.

შეიძლება ის ცოცხალიც არ იყო. მკვდარი იყო. ან სადღაც, სხვა სამყაროში. რაღაც მესამე:
ესეც ცნობილია ჩვენს პოეზიაში.
როცა პო მოკვდა, ერთმა გამომცემელმა, რომელსაც მის მოთხრობებზე უფლებები ჰქონდა,
გვარად გრისვოლდმა, დაწერა ნეკროლოგი და დაწერა იმ ნეკროლოგში დღეს განთქმული
ფრაზა: ბალტიმორში მომკვდარა ედგარ პო. ამ ცნობამ ეგებ ბევრი კი გააოცა, მაგრამ, ცოტა
თუ დაამწუხრა.
ეს ენამწარე ფრაზა სრულად გამოხატავს პოსადმი მისი თანამედროვეების
დამოკიდებულებას. ამ გრისვოლდმა პოს მოთხრობები ხელიდან არ გაუშვა, მათ ხელახლა
ბეჭდვას გზა გადაუკეტა და წიგნიც კი დაწერა მის შესახებ, სადაც პო სრულ შეშლილად,
ლოთად, ნარკომანად და გიჟად გამოიყვანა. სიმართლე რომ ითქვას, ეს დღემდე ყველაზე
პოპულარული წიგნია პოს შესახებ.
ეგებ, პო, მართლაც, ასეთი იყო, მაგრამ მისი სამყარო, უბრალო სიტყვით რომ ვთქვათ,
ძალიან დიდი სამყაროა.

ეს არ არის მარტო სიშავის სამყარო. თუნდაც, ოსტატური სიშავისა. მას ისეთი მოდელები
აქვს, რომ დღემდე თანამედროვედ რჩება. როგორც მანქანას ყოველთვის ექნება ოთხი
ბორბალი და ძრავა, ისევე, პოს მოდელებს ვერავინ ვერსად წაუვა. ვერც პოს სახეებს და
ვერც მის განწყობებს.
მგონი, მეასედ ვამბობ: ეს ძალიან უცნაურია. აკი გითხარით, ჩემთვის პოს მოთხრობები
ბევრი არაფერია, მის ლექსებთან შედარებით-მეთქი, მაგრამ, ის, რაც პომ წერით
დაინტერესებული ადამიანებისთვის გააკეთა, ერთეულებს თუ გაუკეთებიათ.
აიღეთ პოს ნებისმიერი მოთხრობა და მის აგებულებაზე დაწერეთ მოთხრობა სულ სხვა
სიუჟეტით, თუ გინდათ, კომიკურითაც. უნივერსალურია, სრულიად.
რასაც ახლა ვწერ, ბორხესთან მაქვს წაკითხული, უკვე პერესტროიკის დროს, როცა
ბორხესის წიგნები გამოჩნდა ჩვენში.
საერთოდ, პოსადმი ინტერესი მან შემომიბრუნა. მისმა ერთმა ლექციამ, ამერიკაში რო
კითხულობდა და რომელიც, თუ არ ვცდები, ასე იწყებოდა: არის ასეთი წიგნი, ვან ვიკ
ბრუკსისა, "ახალი ინგლისის აყვავება”...
მაშინ სულ სროლები იყო და რაღაც მსგავსი, ბნელი ღამით, სამზარეულოში და ნავთის
ლამპის შუქზე მეც გავაკეთე "ამონტილიადოს კასრის” და "სკუპ-სკუპოს” აგებულების
მიხედვით. ისინი კი არ გამომიქვეყნებია, უბრალოდ, საინტერესო იყო. მაშინ კი
საერთოდაც არ ვაქვეყნებდი მოთხრობებს. არც ვიცოდი ასეთი რამეები.
ისე, ყველა ერჩოდა ამ საწყალ პოს. უოლტ უიტმენის დედამ ბოლო იმედი, ბოლო
ქორწინება ჩაუშალა და დაბოდიალობდა მარტო, ანთებული, ბრაზიანი თვალებით.
რედაქციებში ერიდებოდნენ მის გამოჩენას, მასთან კამათი ომს ნიშნავდა.
მინდოდა უფრო მაგრად დამეწერა "ყორანზე”, მთელი გვერდები გამევსო.

მივხვდი, რომ აზრი არ აქვს. იმიტომ, რომ ეს მხოლოდ სურათი იქნება და თან, არა
მხოლოდ არასრული, არამედ არასრულფასოვანიც. წარმოსახვის ნამდვილი ომი და უკვე
რაღაც მართლა შემოქმედებითი უნდა ყოფილიყო და ეგ კი, შორს წაგვიყვანდა. წიგნი,
მოკლედ. ესეც პოს ერთგვარი მიღწევაა, მისი სამყაროს წარმოსახვაში ვარჯიში. საერთოდ
მგონია, რომ ადამიანისთვის ყველაზე დიდი საჩუქარი, ფანტაზიაა. წარმოსახვის უნარი.

იგი პოს, მგონი, წარმოუდგენლად დიდი ჰქონდა, იმხელა, რომ არსად ეტეოდა. არსად, მის
უზარმაზარ შუბლს უკანაც კი. ეს წარმოსახვა ნათელი დიდად არ იყო. თუმცა, პო
სატირასაც წერდა და იუმორსაც.
ეს იყო, ალბათ, ყველაზე დიდი წარმოსახვის უნარის მქონე ადამიანი იმ დროში.

ამას სხვა დიდი ნიჭიც ერთვოდა. მას მეცნიერის ტვინი ჰქონდა.


პოს ერთადერთი რომანი, "ნანტაკეტელი არტურ გორდონ პიმი”, სადაც ყველაფერია
პინგვინების ცხოვრების წყობიდან კანიბალიზმამდე, ძალიან ოსტატური წიგნია. გასაოცარი
სიმეტრიის.

როცა წერ, ზომები უნდა გახსოვდეს. ეს ასეა. მის შინაარსსაც ვერ მოვყვები. ქართულად არ
არსებობს. რუსულ ორასტომეულში წამიკითხავს და არც ინგლისურად გადავყრივარ ცალკე
წიგნად. მელვილი მოგზაურობდა და ყველაფერი იცოდა ვეშაპების ჭერისა. პო არასდროს
ყოფილა გემზე, ბავშვობის შემდეგ.

პოს არც კანიბალები უნახავს ოდესმე, მელვილისგან განსხვავებით. არც სამი ადამიანისგან
ერთის მკვლელობა წილისყრის შემდეგ. ის ითხოვდა სამხრეთ პოლუსის თვალუწვდენელი
სითეთრისკენ ცურვას. მგონი, უსასრულობის შესწავლას ითხოვდა ეს არტურ გორდონ
პიმი, რომელსაც, კარგა ხანია, პოსთან აიგივებენ, რადგან ედგარ პო ისევე ჟღერს, როგორც
არტურ გორდონ პიმი. ეს ცნობილი ამბავია და ყველა საიტზე წერია, ალბათ. ბორხესიც ასე
ამბობს.
წერა მაგიური რამეა. ამას ხვდები, როცა ამ არტურ გორდონ პიმს კითხულობ.

რომ წერის ერთ-ერთი კაიფი ნაწერში ავტორის, როგორც უხილავი გმირის, მონაწილეობაა.
არა რაღაც სისულელეები, პროტოტიპებზე რომ ეკითხებიან ხოლმე დამწერს, არა
ავტორობა, როგორც ხელობა და სტილი და ასეთი რამეები, არამედ, უხილავი შრეები,
რომლებზეც თავად ავტორი გიჟდება, იმიტომ, რომ წიგნში მხოლოდ ესაა მხოლოდ მისი.
დანარჩენი ყველაფერი, ყველასია, მკითხველების. ესეც ბევრია პოსთან.
როგორ ფიქრობთ, დალევდით პოსთან ერთად? ვთქვათ, ჯინს.
ცუდი სიმთვრალე ჰქონდაო, ამბობენ, ნამდვილი ლოთისო, ხო წაიქცა ბოლოს ბალტიმორის
სადგურთან.
ჰა, დალევდით პოსთან ერთად? ვთქვათ, ჯინს. მაშინ არ იყო ტონიკები და ეგეთი რამეები,
ჯინში ცხელ წყალს ურევდნენ და ცოტა შაქარს.
როცა საუბარი ედგარ პოზეა...

რაღაცეები ჩესტერტონის შესახებ

სიმართლე რომ ვთქვა, არც კი ვიცი, თარგმნილია თუ არა ჩესტერტონის წიგნები ქართულად. ისიც
არ ვიცი, მოთხრობები თუა თარგმნილი.

მოთხრობების ორი საქვეყნოდ განთქმული ციკლია, მამა ბრაუნის შესახებ და ჰორნ ფიშერის
თავგადასავლებზე.
მგონი, არაფერია. თუ ერთ-ორ მოთხრობას არ ჩავთვლით და ალბათ ისიც არ არის. (ეს ბოლო
წინადადება ცოტათი თვითონ ჩესტერტონივით გამომივიდა: თან არის და თან არ არის. ალბათ
უფრო არ არის, მაგრამ თითქმის წარმოუდგენლია, რომ არ იყოს, ისევე როგორც წარმოუდგენელია,
რომ ჭექა-ქუხილის და სეტყვის დროს გაისეირნო, თუმცა კი მინახავს, რომ მავანს გაუსეირნია კიდეც
და შინ დაბრუნებულს მუჭით მოუტანია სეტყვის მარცვლები, თითქოს მარგალიტზე მონადირე
ყოფილიყოს და ეს წუთია ამოეყვინთოს ინდოეთის ოკეანის ფსკერიდან :-) ბოდიში ამ
ჩესტერტონული გადახვევისთვის).
მოკლედ, ქართულად არ არის. ჩესტერტონის წიგნებს 80-იანი წლების ბოლოდან ვაგროვებდი: როცა
წავიკითხე და შემიყვარდა, აღარსად ვმაზავდი. იქედან ბევრი აღარ დამრჩა, განსაკუთრებით
ინგლისურები, რადგან 90-იანებში ჩავარბენინე ბუკინისტურში დეიდა იზოსთან და მაიასთან.

ხო იცი, როგორც იყო, უცებ საერთოდ გაგითავდებოდა ფული და არსაიდან ხმა, არსით ძახილი.
ძირითადად “პინგვინის” გამოცემული ჩესტერტონები იყო, რამე განსაკუთრებული კი არა, მაგრამ
საბჭოთა დროში და ერთხანს მერეც, ფასი ჰქონდა. ჩაიდებდი თუმანს. გაიყიდა, სხვათა შორის და
თან მალევე. თუმცა, გული არ დამწყვეტია, რადგან სახლში ბლომად მქონდა: ვერაზე, სასტუმრო
“საქართველოს” პირდაპირ ერთი პატარა ბუკინისტური იყო, ჩილინგაროვის სახლში, იქ მოხუცი
ბუკინისტი მუშაობდა, გვარად მახაური. იმასთან სამი-ოთხი 20-იანი წლების რუსული ჩესტერტონი
მქონდა ნაყიდი. სულ დაფლეთილი კრებულები იყო, ცოტა მოსაწყენი თარგმანით, მაგრამ 20-იანი
წლების ხო იყო, ანუ იმ დროის, როცა ჩესტერტონი ცოცხალი იყო.

ნეტა ვინ გაყიდა? ერთი ეგეთი მერე ლონდონშიც ვიყიდე, მისი სიცოცხლისდროინდელი, სულ ორ
ფუნტად. ასე რომ, “პინგვინის” წიგნები დიდად არ დამნანებია, თან ფულიც მჭირდებოდა. როგორც
ვხვდები, კომუნისტების დროს, ჩესტერტონის წიგნებს დიდად არ გამოსცემდნენ. ანუ, 20-იანი
წლების შემდეგ, როგორც ყველაფერი, ისიც უკუაგდეს. არ იყო საკომუნისტო მწერალი. ალბათ
იმიტომ, რომ რაღაც სხვანაირად ხითხითებდა. იქნებოდა სადღაც 70-იანებში ერთი კრებული მამა
ბრაუნის ცხოვრებიდან და მეტი არაფერი.
მისი გამოცემა პერესტროიკის დროს დაიწყო რუსულად და მიაწვნენ მაგრად.
ყველაზე კარგი, ჩესტერტონის სამტომეულია, ტრაუბერგის რედაქციით და თარგმანებითაც.

ეტყობა, მთელი ცხოვრება ამზადებდა ეს ქალი. ტრაქტატები ცალკე: ფრანცისკ ასიზელით


დაწყებული და ოროთოდოქსიით დამთავრებული და ჟურნალისტიკა კიდევ ცალკე, “პროგრესის”
გამოცემული. ეს წიგნი სულ შემომეხა, ძალიან მიყვარდა თავიდანვე. ქართული კი არსად
შემხვედრია. ჩესტერტონის პირველი წიგნი, რომელიც ხელში ჩამივარდა, ჟურნალს გავდა და ზედ
ეწერა “რასსკაზი”-ო. მამა ბრაუნიც იქავე ეხატა თავის შავ სუტანასა და შლაპაში. დეტექტიური
მოთხრობების კრებული იყო.

საშინელ ამბებს მამა ბრაუნი იძიებდა. დამნაშავეს კი ხშირად ფლამბო ერქვა: ეს იყო ორმეტრიანი
გასკონელი, რომელიც ვერსად იმალებოდა.
შერლოკ ჰოლმსზე გაზრდილ მოქალაქეს, დიდად არ მომეწონა და გულიც ვერ დავუდე. ნელი ტემპი
იყო და დეტექტივი არც ეთქმოდა, თუ ძალიან მიაწვებოდი. ოღონდ რაღაცა იყო იქ ისეთი, რაც
სხვაგან არსად შემხვედროდა. მგონი, ეს ფერები იყო. იუმორი და ოდნავ გაწელილი, დუნედ
მიმდინარე ამბები. მაშინ, რა თქმა უნდა, არ ვიცოდი, რომ ხშირად მამა ბრაუნის მოთხრობებს
ჩესტერტონი თავისი ძმის გაზეთში ცარიელი ადგილის შესავსებად წერდა და ხშირადვე დიდად არ
ზრუნავდა ფორმასა და რაიმე საიუველირო სამუშაოებზე.

იქამდე ჩესტერტონის ერთადერთი რამ მქონდა წაკითხული: ლექსი, რომელიც გიორგი ნიშნიანიძის
ამერიკული და ინგლისური პოეზიის თარგმანებში იყო გამოქვეყნებული.
ლექსს ერქვა: “ინგლისური ოკრობოკრო გზები” და ლექსი კი არა, ლამის მოთხრობა იყო. მერეღა
ამოვიცანი ეს ლექსი, როგორც ჩესტერტონის ერთ-ერთი რომანის ეპიგრაფი. ისეთი უცნაური ლექსი
იყო, ყველაფერი დაგამახსოვრდებოდა. ლექსებს საერთოდ ვერ ვიმახსოვრებ და ამის პირველი
სტრიქონი კი მახსოვს: ვიდრემდე რაის მოადგებოდა რომაელების ამაყი მოდგმა, ეს გზა...
(რაღაცნაირი) და ოკრობოკრო მანამდე გაჭრა ვიღაცა ლოთმა... და ამ ლოთის უტკბილესი ამბავი იყო
მოთხრობილი. ძაან ტკბილად.
ჰოდა, მოთხრობები უფრო ნაკლებად მომეწონა. მაგრამ ჰოი.
იმ პერესტროიკის დროს, “ინოსტრანნაია ლიტერატურამ” თავისი დამატებების გამოცემა დაიწყო:
სულ კაი-კაი მწერლების პატარა წიგნების და კიროვის პარკში, წიგნის ტალკუჩკა რომ ზეობდა, იქ
ვიყიდე ამ სერიის ჩემთვის ყველაზე მაგარი ჩესტერტონი. რომანი: “კაცი რომელიც იყო ხუთშაბათი”.
აი, იქ დაიწყო.
ჩემთვის ასე გამოვიდა: მწერლობა ჩესტერტონამდე და ჩესტერტონის შემდეგ.
არა საყოველთაო და მსოფლიო ლიტერატურის ამბავში, არამედ ჩემთვის.
უბრალოდ, სანამ მის “ხუთშაბათს” წავიკითხავდი, მწერლობა სულ სხვა რამ მეგონა. უფრო
დალაგებულად როგორ ავხსნა ეს ამბავი, არ ვიცი. ცოტ-ცოტას, რაღაცეებს ხომ ვწერდი და მინდოდა
მეტი და მეტი მეწერა, მაგრამ ჯერ ეგ ერთი, რომ ოციოდ წლისას პროზის წერისა არაფერი გაგეგება
და მხოლოდ მისწრაფება და სურვილი გაქვს, რის მიუხედავადაც წამდაუწუმ მარცხდები და
მეორეც, შენზე ძალიან ზემოქმედებენ დიადი მწერლები, რომელთა წიგნებსაც კითხულობ... ეჰ, იმ
ასაკში სრულიად შეცდომით ფიქრობ, რომ ლევ ტოლსტოი მწერალია, პროსპერ მერიმე კი _ არა,
იმიტომ, რომ მერიმე ცამეტი წლისამ წაიკითხე, ტოლსტოი კიდევ ცხრამეტისამ. ანდა დოსტოევსკი.

ცოტა მაინც რო ვიხუმროთ, რას გვიშვებოდა ეს დოსტოევსკი? იმასთან ტომ სოიერი ხმას როგორ
ამოიღებდა? ჩვენ, ჰეკ ფინი და ტომ სოიერი, ფიცსა ვდებთ, რომ პირში წყალს ჩავიგუბებთ... და ა.შ.
მე შეიძლება სანიმუშო იდიოტად გამოვჩნდე, მაგრამ გულში ყოველთვის მარკ ტვენის მხარეს
ვიყავი, იმის მიუხედავად, რომ “ეშმაკებს” ახლაც წავიკითხავ. ხო, მაგრამ ეს ხომ იდიოტობაა, ყველა
იტყვის, სად დოსტოევსკი და სად ტვენიო... ცნობილ ამბავში, თორემ ისე, რა თქმა უნდა, კუნძულზე
რო ეგდო, ქვიშაში “ძმები კარამაზოვების” პოვნა უფრო გაგეხარდება, თუ ჰაკ ფინისა? შესაბამისად,
რადგან ცხრამეტი-ოცი წლისას თავს გახვევიან დიადნი აჩრდილნი, ჰუმანურნი ურჩხულნი,
გოლიათნი სიტყვისა, მაღაროელნი აზრისა და კიდევ მეტიც, თუ მთლად ინტელექტუალი ხარ იმ
ასაკში, უკვე გძულს რაღაცეები და ფეხბურთის ყურებას კაფკას კითხვა გირჩევნია
და უკვე მთლიანდ შეუჭამიხარ სვანის მიმართულებით სვლას, “ულისეს” შესატკბობად საჭირო
წიგნები ჯერ არ აგითვისებია, მაგრამ უკვე “ულისეს” კომენტარებს იზეპირებ, ხოლო ყოველივე ამას
ემატება ის, რომ რუსეთის იმპერიაში აღიზარდე და საიდანღაც ჩეხოვი და ტურგენევიც დაგცქერიან,
მითხარი, წერა რომ გინდა, როგორ შეძლებ წერას?
ეს კეთილშობილი გენიოსები ამის საშულებას არ მოგცემენ.
იზილებიან ერთმანეთში და თავს გაწვებიან.

შენ კი თავში იმდენი ტვინი


არ გაქვს, რომ მიხვდე: წიგნების წერას სულაც არ სჭირდება გენიოსთა შესახებ ფიქრი, გინდა
მოდერნისტები იყვნენ, გინდა მეცხრამეტე საუკუნის დიადნი, მით უმეტეს, რომ პირველთ
საერთოდ ვერ ამუღამებ იმ ასაკში, მეორენი კი გაშინებენ თავიანთი სქელტანიანობით და
აუცილებელი მისაბაძობით, რაც რა თქმა უნდა, ამ ხელობაში სრული გაუთვითცნობიერებულობის
ბრალია. ამას მოაქვს საბრალობელი მიბაძვა, ზედ კი ერთვის ის, რომ ოცი წლის ადამიანი ძნელად
მოიგონებს მეტ-ნაკლებად გამართულ სიუჟეტს, რომლის აღწერაც თუნდაც სამ-ოთხ გვერდს
გადასწვდეს.
ჰოდა, მერე აგრძელებს ისევ ამ დოსოტევსკის რომანების კითხვას, უღრმავდება მათ, ესმის მთელი
განუმეორებლობა და სისასტიკე მათი, ათიოდ წელიწადში კი აღმოაჩენს, რომ ვერასდროს ვერაფერს
დაწერს. ისინი კი, ვინც ბიჭობისას უყვარდა, საცოდავად დგანან კუთხეში, რადგან მოჭაბუკებულს
ჰგონია, რომ ეს კეთილშობილი, ხშირად ულვაშა და იმპოზანტური ძიები, ამდენი რამ რომ აჩუქეს
ჭაბუკობაში შებიჯებამდე, მეორეხარისხოვანი ვინმეები არიან იმ წვერგაბურძგნულ ღმერთებთან
შედარებით, ვისი მიბაძვაც სწადია და ბაძავს კიდეც, თუმცა აქედან ხეირი არ გამოვა. არ გამოვა და
ეგდები ეგრე, ცოტას იჰემინგუეებ სრულიად უბადრუკად და წერა კი ჩვევაში ვერ გადაგივა. როგორ
შეიძლება “ომი და მშვიდობა” ჩვევაში გადაგივიდეს? დოლოხოვის თვალები, ბალკონსკის
სიკვდილი... ვერ ხვდები, რომ ასეთს ვერასდროს მოახერხებ. ორი ჰუსარი. ჯანდაბა.

კაფკა, საიდანღაც კაფკა გამოძვრება: ერთადერთი საბჭოთა გამოცემა. შავი, მომცრო და სქელი.
იცი, რა ხდება? შეგიძლია ასეთი რამეებიც, მარა ის ულვაშიანი ანგლო-საქსები რომ ჩამწკრივებულან
კუთხეში, რაღაცით მაინც გექაჩებიან და შეიძლება თავს არ უტყდები, რომ ისინი გირჩევნია ამ
უშველებელ ლოდებს, მაგრამ... და ამ დროს გამოძვრება ჩესტერტონი.
და თუ თავი გაბია, ხვდები, რომ წერა სხვანაირადაც შეიძლება. რომ წერა შეიძლება სულ სხვა რამეც
იყოს, ვიდრე დიადი რომანი, ოცი ერთმანეთში გადაჯაჭვული ცხოვრება, სამი ძმის კოშმარები,
პატარა ადამიანების ტრაგიკული ალუბლის ბაღები, კბილამოღებული კაცის ტკივილები და სხვა
გაუცინარი ხელმწიფეები, რომელთა სიდიადესაც საერთოდ არ გავეკარები, მაგრმა ჰა, ნეპალშიც არ
ვყოფილვარ და იმ თოთხმეტ რვაათასიანსაც არ გავკარებივარ, მაგრამ მთები ძალიანც მიყვარს:
აქედან რა?
აქედან:
“კაცი რომელიც იყო ხუთშაბათი”.
მე იცი რას მივხვდი იმ შუა მიტინგების დროს და საბჭოების ხმამაღალ ყრილობათა დღეებში? რომ
წერა შეიძლება თამაში იყოს. არასდროს დამავიწყდება დოლოხოვის თვალები, მაგრამ ესეც
არასდროს დამავიწყდება: მოხუცი კაცი ფილოსოფოსი არ იყო, მაგრამ მთელი მისი იერი
განგაწყობდათ ფილოსოფიისათვის. ეს არაფერი. ანდა: გემიდან გადმოვიდა კაცი, რომელიც
არაფერით გამოირჩეოდა ბრბოსგან და არც უნდოდა, რომ მისგან გამორჩეული ყოფილიყო, თუმცა
ჩაცმულობით მიანც გამოირჩეოდა.…ეს არ არის სუკეთესო მაგალითები, უბრალოდ, უცებ
გამახსენდა.
ჰო, რახან მივხვდი, რომ წიგნის წერა შეიძლება თამაში იყოს, ამის შემდეგ აღარაფერი მიშავდა.

წიგნის წერა ჯერ არ შემეძლო, მაგრამ უკვე მიხვედრილი ვიყავი, რომ ის ტანჯული შრომა და
ოფლის ღვრა კი არ არის, არამედ სიამოვნება: თამაში.
თამაში შეიძლება იყოს სერიოზული. აგე, კაზინოში ხალხს გულები უსკდება. მაგრამ ბოლომდე
სერიოზული ვერ იქნება, რადგან თამაშია. სიმართლე რომ ვთქვა, ამ მიხვედრისთვის რომელიც
სხვამ, შესაძლოა, ზიზღით უკუაგდო, მე მადლობის თქმა მხოლოდ ჩესტერტონისთვის შემიძლია.
იმიტომ, რომ სხვები მერე ვნახე, უკვე მიხვედრილზე.
ეს რომ ამოვიცანი, მერე მისი ვითომ დეტექტივების არსსაც ჩავწვდი. 20-იან წლებში, როცა
ჩესტერტონი რომანების წერას საერთოდ შეეშვა და კათოლიკედ მონათლული რელიგიურ ესეებისა
და წიგნების ავტორი შეიქნა, ის დიდად აღარავის მოსწონდა.

უცებ აღმოაჩინეს, რომ ეს თამაშ-თამაშა კაცი ბრძენიც ყოფილა, მრწმენიც ყოფილა, ქადაგებაც
ყვარებია, მტკიცებაც და კამათიც. ამბობდნენ კიდეც, ბრბოს მოუწოდებს რწმენისაკენო. ეზრა
პაუნდსაც მაშინ უთქვამს, კარგი ერთი, რა ბრბოს მოუწოდებს, ბრბო ხომ თვითონ არისო... აი, ხომ
ხედავთ? ამ უკეთილეს ეზრას, ამ დიად პოეტს და სიახლეს (მხეცია, ჩემი მოკლე ჭკუით, თავის
ამბავში), რომელიც მერე ისეთ რამეებს მოუწოდებდა ბრბოს, რომ საგიჟეთიდან ძლივს გამოიყვანეს.
ამ უცნაურ ნათქვამზე რომ ვფიქრობ, მგონია, რომ პაუნდი იმას გულისხმობდა, რომ სიცოცხლის
ბოლო თხუთმეტ წელიწადს ჩესტერტონი გამუდმებით ქრისტიანობაზე ლაპარაკობდა და წერდა. ეს
მას შემდეგ დაიწყო, რაც ორმოცი წლისა იდუმალი და ამოუხსნელი სენით შეპყრობილი და
სასიკვდილოდ გადადებული, მოულოდნელად გამოჯანმრთელდა. ოციან წლებში მისი თემები
მართლაც ძველმოდური იყო. მაგრამ ისინი მარადიული გამოდგა.
მართლაც ძნელი წარმოსადგენია: 20-იანი წლები და ფრანცისკ ასიზელი.

ლათინური კვარტალი, ჩიკაგოელი ბუტლეგერები... კარგი, რა... ხო, ცხადია, ომის მერე... იქ
რევოლუცია, აქ რევოლუცია...
ეგ იქეთ იყოს. ჩესტერტონის კითხვა მისი ამ ესეებით არ დამიწყია და არ დამიმთავრებია, უფრო
რომანებისას მოგახსენებთ. 900-იან წლებში არ წერდნენ ასეთ წიგნებს.

მხოლოდ ის წერდა. “ნოტინგჰილელი ნაპოლეონი” და “მფრინავი დუქანი”. აი, კიდევ რომლები


მომწონს. ერთი მადლობა ხომ ვთქვი. და ვითარცა იმ დროში უმეცარმა და თვითნასწავლმა
ადამიანმა, კიდევ ერთი მადლობა უნდა წარმოვთქვა ჩესტერტონის მიმართ.
თამაშთან ერთად, იმასაც მივხვდი, თუ როგორ უნდა იცინო წერის დროს: მნიშვნელობა არა აქვს,
ვის და რის გამო. ეს დაცინვა კი არ არის, უბრალოდ, სიცილია.

უნდა მიხვდე, რომ ჭიანჭველა ხარ. ისე, როგორც “ხუთშაბათის” გმირები მიხვდებიან. ამისთვის
აუცილებელი არ არის, გრეგორ ზამზა გერქვას. შეგიძლია ადამიანად დარჩე, უბრალოდ, უნდა
წარმოიდგინო, რომ აი, წეღან, ვიღაცას რომ ხელში ცხელი ხაჭაპური დაუნახე, შეგშურდა და ღორად
გადაიქეცი. წარმოდგენას საზღვარი არ უნდა ჰქონდეს, ყველაზე პარადოქსულიც კი, თუ გაგაცინებს,
მისაღებია. უნდა ეცადო, რომ არაფრით განსხვავდებოდე შენი გმირებისგან, არც უარესი უნდა იყო
და არც უკეთესი. ნატაშა როსტოვა კი არ უნდა მორბოდეს და იძახდეს, მე, ასეთი თვით ტოლსტოიმ
გამაკეთაო, არამედ ამბობდეს _ მე, შენ და ტოლსტოი ერთად ვსვამთ ჩაის და ისედაც დაინახავ,
როგორი გოგო ვარო.

აი, ესეც შეიძლება, რომ ჩესტერტონიდან ამოძვრეს. ალბათ, ასეთი სასარგებლო რამეები
ჩესტერტონის წიგნებიდან იმიტომ მოძვრება, რომ ის მწერალი არ ყოფილა. დიახ. ის მწერალი არ
იყო.
ყოველთვის იმეორებდა ჟურნალისტი ვარო. ჟურნალისტი იმ დროში ცოტათი სხვა კალიბრი იყო.
ვთქვათ, ჩერჩილი...

საოცარი ჟურნალისტი იყო. როდესაც მოკვდა, ბერნარდ შოუმ თქვა, ეს დიდი კაცი, პრინციპში,
მხოლოდ ჟურნალისტი იყო, მაგრამ იმდენი რამ დაიტია და მოახერხა, რომ მთელს სახელმწიფოებს
არ შეუძლიათო. მე თუ მკითხავთ, ის ისეთივე ჟურნალისტი იყო, როგორც ერაზმ როტერდამელი.
მაგრამ მადლობათა სიის გაგრძელება შეიძლება. მადლობა არ უნდა დაგეზაროს.
საიდუმლო. ყველგან, ყოველ ნაბიჯზე უნდა იყოს რაღაც პატარა საიდუმლო.

მისი სიავე სავალდებულო არ არის. პირიქით, კეთილი უკეთესია. ოღონდ, საიდუმლოთა


უწყვეტობა. ამბის არსი საიდუმლოშია. ეს არცერთ გენიალურ მწერალთან არ შემხვედრია. უფრო
სწორად, ყოფილა, მაგრამ არა ისე, რომ მწერალს ეთქვას _ აი, ნახე და დაიმახსოვრეო. თანაც,
საიდუმლო სრულიად დაუჯერებელი, მოგონილი, ნაკალმარი შეიძლება იყოს, ვინაიდან შეგიძლია
ისე მიაწოდო წამკითხველს, რომ ის აღარც დაფიქრდეს, რომ ასეთი რამ დაუშვებელია.

როგორ? როგორ და ფერები. ფერები. დაუჯერებლობის აღწერა დაუჯერებელი, გამომრიცხავი


ფერებით...
მინუსი და მინუსი გამოიყვანს პლიუსს:))) ის მართლა არ იყო პროფესიონალი რომანისტი, თუმცაღა
ექვსი რომანი დაწერა. რომ მოსწყინდა, შეეშვა. მისი ესეები არაფრით განსხვავდება რომანებისგან.
ფერები ისეთივეა... რაც უფრო დიდი გონებისაა ადამიანი, მით უფრო ხანგრძლივია მისი ბავშვობა.

ასე ამბობდა. პირველი რომანი მაშინ დაწერა, როცა ცოლმა, მგონი ფრენსისმა, უთხრა, ფული
გვითავდებაო. წავიდა, კარგად ისადილა და ერთ გამომცემელს რომანის სიუჟეტი უამბო. იმან
მოიწონა: ჰოდა, მანამდე არ დავწერ, სანამ 20 ფუნტს არ გადამიხდიო. 20 ფუნტი რაღაცა ფული იყო
იმ დროში.
მის რომანებში არ არის დიდი სიყვარულები, დიდი განცდები, მეხთატეხები და სოციალურ-
პოლიტიკური და სულიერი პრობლემები. ვერც იტყვი იქ რა არის. მაგრამ იქ განუწყვეტელი
ფერადოვანი თამაშია პაწაწინა და დიდი საიდუმლოებებით და ბოლოს ხვდები, რომ მათი დამწერი,
რომელიც ხშირად ვერც კი ზრუნავდა თავისი რომანების აგებულებასა და სიმწყობრეზე, უდიდესი
გონების და თვალის ადამიანი იყო.

მას წარამარა ახსენებს ბორხესი. რა თქმა უნდა, არა შემთხვევით. უწოდებს მახვილგონიერ
საიდუმლოთა მხლართველს, მასწავლებელს და ასეთ რამეებს. ბორხესთან, რა თქმა უნდა,
ყველაფერი დაწმენდილია. არა მგონია, ბორხესს ისე ბავშვივით ყვარებოდა რაღაცეები, როგორც
ჩესტერტონს.
ჰოდა, ეგრე იყო, კიროვის პარკში რომ წიგნი ვიყიდე და ზედ რომ ეწერა _ გილბერტ კიტ
ჩესტერტონი, “კაცი რომელიც იყო ხუთშაბათი”, ძალიან გამომადგა. ეს იმხელა თავისუფლება იყო...
თანაც, რო მიხვდები, ისეთი. მოკლედ, მივხვდი, წერა შესაძლებელი ყოფილა და თან სულ
სხვანაირად-თქო: ისე, როგორც სინამდვილეში მინდოდა, მაგრამ ვერ წარმომედგინა.
იმიტომაც ვაგროვებ იმის შემდეგ მის წიგნებს.
მაღალი, ძალიან მსუქანი კაცი იყო, ერთთავად გაცინებული. უმიზეზოდ გალოთება შეეძლო, ისე
ხარობდა რაღაცეებითო, იხსენებენ თანამედროვეები. როგორც მკითხველი, ისე თუ წაიკითხავთ მის
რომანებს, არ გადაირევით. ნამდვილად. უფრო სწორად, აღარ გადაირევით. მაგრამ ისე თუ
წაიკითხავთ, როგორც ხანდახან ზაფხულში, აგარაკზე, სავარძელში ჩახვავებულს, ბავშვების
გაუფრთხილებლობით ბურთი მოგხვდებათ თავში და ყვირილის ნაცვლად, წამოხტებით და მათთან
თამაშში ჩაებმებით, ბალახზე გაკოტრიალდებით და ჭიდაობასაც გააბამთ, ამაზე უკეთესი დამწერი
არ არსებობს.
ახლა არ მითხრა, იმ კიროვის პარკში მგონი ბიტნიკებიც იყიდებოდა უკვე და თავისუფლება თუ
გინდოდა...

იქ ფერები არ არის. იქ სხვა რამეა.


ჰოდა, კიდევ არ დაიწყოთ, მხატვრული ძალა და ასეთი შტუკები. აქ სულ სხვა რამეზეა ლაპარაკი და
არა იმაზე, ვინ უფრო მაგარია. შეკითხვა, ვინ უფრო მაგარია, იდიოტობაა, ჩესტერტონს თუ
დავუჯერებთ. მგონი ვიღაცას, უფრო იდუმალებით მოცულსაც.

რაბლე... რაბლეს კი გავს რაღაცით, ხო იცი, ჩესტერტონი..

ჯადოსნური ნივთები

რა თქმა უნდა, ისინი შენს გარშემო და ხელის გაწვდენაზე არაა. ჯადოსნური ნივთების პოვნა
ძნელია და მრავალ თავგადასავალსა და ფათერაკს მოითხოვს.
ასეა ზღაპრებში და მეზღაპრეები არ ტყუიან.
ჯადოსნური ნივთების შესანახი ადგილები ამ ქვეყანაზე ჯერ არ უპოვიათ.

ისინი პარალელურ სამყაროებშია დამალული, ოღონდ იმ პარალელურ სამყაროთა მმართველები, ან


ბინადარნი ზოგჯერ გადაწყვეტენ ხოლმე, რომ ეს ნივთები აქეთა, ჩვეულებრივ ქვეყანაში
გადმოისროლონ. რატომ გადაწყვეტენ ხოლმე ამას, ძნელი სათქმელია. როგორც ვარაუდობენ,
იქაურები ასე იმიტომ იქცევიან, რომ რომელიმე აქაური თავიანთ მხარეში შეითრიონ.
შეთრევა უცბად არ ხდება, შეიძლება ათწლეულებიც დასჭირდეს. იქაურები ნაბიჯ-ნაბიჯ, ნელნელა,
ფიქრისა და განსჯის შემდეგ ითრევენ ხალხს ამ სამყაროდან. ქვეყნად არსებობს ჯადოსნური
სიტყვებიც, რომლებიც უცნაურ და ურყევ კავშირშია იქედან გადმოსროლილ ჯადოსნურ
ნივთებთან. ამ ჯადოსნური სიტყვების გარეშე წარმოუდგენელია პარალელური სამყაროდან
გადმოსროლილი ჯადოსნური ნივთების პოვნა.
იმ უხილავი სამყაროს მმართველები არანაირად მიგანიშნებენ, აქა და აქ ჯადოსნური ნივთი დევს
და ეს ნივთი და მიდი და აიღეო. ერთადერთი მინიშნება ჯადოსნური სიტყვაა, რომელიც მხოლოდ
იმ კაცისთვის არის ჯადოსნური სიტყვა, ვისთვისაც ჯადოსნური ნივთის გადაცემა გადაუწყვეტიათ.
გადაცემა პირობითი სიტყვაა, რადგან სინამდვილეში ისინი არაფერს გადმოგცემენ და უნდა იპოვნო.
თუმცა, ისიც არ იცი, რომ ეძებ. მხოლოდ ის იცი, რომ კარგი იქნებოდა, ამ ჯადოსნურ სიტყვას,
რომლის ჯადოსნურობასაც ძალიან დიდი ხანია გრძნობ, რაიმე შემატებოდა.
რა დასამალია, და რამდენიმე ასეთი ჯადოსნური სიტყვა მეც ვიცი.
არ იფიქროთ, რომ ეს ისეთი განთქმული სიტყვებია, ყოველ ფეხის ნაბიჯზე რომ გვხვდება.

ვთქვათ, სიყვარული, სიძულვილი, სიცოცხლე და სხვა ასეთი რამეები. საქმე ისაა, რომ ასეთ
სიტყვებს კარგახანია ჯადოსნურობა გამოეცალათ და რაც მთავარია, იმ, იქითა ქვეყანაში მათ
ნივთიერი გაგრძელება არა ჰქონიათ. ანუ, როგორც იტყოდა შერლოკ ჰოლმსი, თავს უფლებას
როგორ მივცემ ვინმე შემიყვარდეს, ან შემძულდეს. შამწუხაროდ, ასეთი რამ ჯადოსნურ სიტყვებში
გამორიცხულია.
ჯადოსნური სიტყვები უფრო შეუმჩნეველ, ძალიან ჩვეულებრივ საგნებს აღნიშნავს, ოღონდ ისე
წარმოითქმის, რომ შეიძლება მთელი მოვლენაც გამოიწვიოს. ჯადოსნური ნივთი კი ზუსტად ისაა,
რასაც ჯადოსნური სიტყვა აღნიშნავს.
რახან ამის დროც მოსულა, გავამხელ ერთ ჩემთვის ჯადოსნურ სიტყვას.

მითუმეტეს, რომ შესაბამისი ჯადოსნური ნივთიც უკვე ხელთა მაქვს.


ამ სიტყვამ არანაკლებად იმოქმედა ჩემზე, ვიდრე იმ ადამიანზე, რომელსაც სიბერემდე ჩაესმოდა
ძილში და გამოაღვიძებდა ხოლმე. იმ კაცს, ვისაც ეს სიტყვა ჩაესმოდა, ჯიმ ჰოკინსი ერქვა.
პიასტრი.
აი, ეს სიტყვა.
სხვანაირად, რვიანის ნატეხი (piece of eight), სხვანაირად, უბრალოდ რვიანი, კიდევ სხვანაირად
ესპანური ვერცხლის დოლარიანი.
ახლა მოგახსენებთ, რომ პიასტრი ესპანური ვერცხლის ფულია, კარგა გვარიანი ზომისა.

ზედ რა ამოუტვიფრავთ, ამის მოთხრობას არ მოვყვები, მოგახსენებთ, რომ იმ სამასი წლის წინათ
ფულის სინაღდე უფრო წონით და ლითონის სიწმინდით განისაზღვრებოდა. რახან წონა მთავარი
იყო, ეს გვარიანი პიასტრი ერთდროულად ერთი მონეტაც იყო და ნახევარიც, მეოთხედიც და
მერვედიც. ანუ, პიასტრს კუნძზე დადებდნენ და ნაჯახს დაჰკრავდნენ. ასე გაჭრიდნენ ორად და
ხურდასაც დაგიბრუნებდნენ. მოკლედ, რვა ნაწილადაც იჭრებოდა და რვა ნატეხით ერთ პიასტრს
შეადგენდი.
ამიტომაც ერქვა ასე ინგლისურად მოლაპარაკე ხალხის ადგილებში.
ინგლისელი მეკობრეები, ესპანელ ვაჭართა გემები და პიასტრები.

ალბათ, ყველაფერი გასაგებია.


პიასტრი კი იმიტომ არის ჯადოსნური სიტყვა ჩემთვის, რომ ამ სიტყვამ ძალიან ბევრი რამ
შემიცვალა და გადამაწყვეტინა კიდეც. ბევრს ეხსომება, როგორ მთავრდება სტივენსონის განძის
კუნძული.
გამდიდრებულ ჯიმ ჰოკინსს მძინარეს ჩაესმის ხოლმე ცალფეხა მეზღვაურის თუთიყუშის, კაპიტან
ფლინტის მჭახე ხმა:
- piece of eight, piece of eight!
ყოველთვის, როცა ეს ხმა ჩამესმისო, ამბობს ჩვენთან გამოთხოვების წინ ჰოკინსი, შეშლილივით
წამოვჯდები ხოლმე ლოგინშიო.
თქმა არ უნდა, ეს ჯადოსნური სიტყვაა. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის. რადგან ოდესღაც, ამ
შეძახილმა წერის სურვილი გამიჩინა.

პირდაპირ არ ვიცი, რა უნდა მეკეთებინა, იმ თუთიყუშს რომ არ დაეჩხავლა, პიასტრები,


პიასტრებიო. ალბათ, ფეხბურთის ყურების მეტს ვერაფერს გავაკეთებდი. თუ ეს რაიმეს კეთებად
ჩაითვლება, რა თქმა უნდა.
ასე რომ, მართლაც ჯადოსნური სიტყვაა. ამ აზრს ის უფრო განმიმტკიცებს, რომ უკვე პიასტრიც
მაქვს და რაც მთავარია, სწორედ ისე, რვად გაკვეთილი, იქ და იმ დროს რომ ჰქონდათ. ასეთი
რამეები კი ტყუილად არ ხდება. სად უნდა მიხვიდე, რომ პიასტრს გადააწყდე? მსოფლიოს რომელ
ქალაქში? შენით რომ ეძებო, რა თქმა უნდა, კოლექციონერებს მიადგები და თუ ფული გაქვს, იყიდი
კიდეც, მაგრამ ჯადოსნური ნივთების და სიტყვების ურთიერთკავშირის მთავარი პირობა ხომ ის
არის, რომ ჯადოსნური ნივთი არ უნდა ეძებო, ნივთს თავად წაეყრები, როცა ისინი ამის საჭიროებას
დაინახავენ.

აბა, წარმოიდგინეთ:გადაფრინდი ოკეანეზე, ჩაფრინდი ერთ ქალაქში, იქედან კვლავ იფრინე და


ჩაფრინდი მეორე ქალაქში. ამ მეორე ქალაქში ჩაჯექი ავტობუსში და წახვედი მესამე ქალაქში. იმ
ქალაქში მანქანაში გადაჯექი და წახვედი ერთ სოფელში, უფრო კი მამულში. იმ სოფელში შეხვედი
პატარა მაღაზიაში, ყოვლად უმიზნოდ, სუვენირის, ან რაიმე ასეთის საყიდლად და ამ მაღაზიის
ყველაზე ბნელ, შეუხედავ და მოფარებულ კუთხეში გადააწყდი პატარა ქისას, რომელშიაც რვად
დაჩეხილი პიასტრი დევს.
თქვენთვის ეგებ სუვენირიც იყოს, თანაც, შეუხედავი და უაზრო , ჩემთვის კი ჯადოსნური ნივთია,
რადგან ვნახე ის, რაც ძალიან ბევრ რამეში მეხმარება. საერთოდ კი, წერაც ამ ჯადოსნური სიტყვების
ნივთებთან დაკავშირებას ჰგავს. იმათ ყველაფერი მშვენივრად იციან.

იციან, რომ ეს შეძახილი ჩემში არასოდეს გაცვდება და ამიტომაც პიასტრი გამომიგზავნეს. ალბათ,
თქვენც წააწყდებით თქვენს ჯადოსნურ ნივთებს, თუკი ჯადოსნურ სიტყვებს ინახავთ და არ
გავიწყდებათ, სად შეინახეთ:
- piece of eight! piece of eight!.
სიკვდილი ქალაქი

1914 წლის 7 დეკემბერს 74 წლის თავადი აკაკი წერეთელი, ყველაზე განთქმული და უსაყვარლესი
პოეტი, რომელსაც ბუები, ღამურები და თხუნელებიც კი ცნობდნენ სახეზე, ჩავიდა ქუთაისში
მატარებლით, თბილისიდან.
მას ეცვა ძველი, ერთ დროს საუცხოო, შვიდთუმნია¬ნი პალტო შავი ფერისა და ეყრდნობოდა
ხელჯოხს. პალტო იყო ცამეტი წლისა, რუსეთის რევოლუციამდე ნაყიდი და მას მეტად უხდებოდა
გულისპირზე დაფენილი სავსებით თეთრი წვერი ამ ზამთრის დასაწყისში, რადგან ნოემბრის
ბოლოდან თბილისში ორჯერ მოთოვა და როცა აკაკი ქუჩაში დადიოდა, ფიფქი ისე ეფინებოდა
ძველი შავი პალტოს კრაველის საყელოს, რომ საზღვარს აკაკის თეთრ თმა-წვერსა და ფიფქს შორის
ძნელად იპოვიდი.
იმ თოვლიანობაში აკაკის ბევრი სიარული უწევდა: პეტერბურგიდან (თუ უკვე პეტროგრადიდან)
ვაჟიშვილის წერილი მოუვიდა, მე და დედაჩემს, ანუ შენს ცოლს, ფული გვჭირდება, თორემ
შიმშილით დავიხოცებითო.

ერთი თვის წინ ვაჟი თბილისში ჰყავდა და რაც კი რამ შეეძლო, ყველაფერი ჩაუკეცა საფულეებში.
ამიტომ წერილი ელდის დამცემი იყო.
აკაკის არ უყვარდა ზამთარში წოწიალი, მაგრამ მთელს ქვეყანაში ყველაზე განთქმული და
გამოცდილი მსესხებელი იყო. ის ასე ცხოვრობდა: სესხულობდა და ისტუმრებდა. იცოდა, ვისგან
ესესხა და იოლად სესხების ხერხებიც ძველთაგანვე შეესწავლა.
მაგრამ ეს ზამთრის დასაწყისი გამოდგა ოხერი, ძუნწი, ვერაგი და ულმობელი. აკაკი უყურებდა
თავის სველ პალტოს, გრძნობდა მის სუნს: როცა შრებოდა ეს პალტო, ბუხრის წინ მიფენილი, და
ისმენდა უარს. მერე თავად ამბობდა უარს ჩაიზე და ხელჯოხის ბიჯგებით ჩადიოდა სველ კიბეზე.
ერთი კვირის სიარულმა კაპიკიც არ მოიტანა. ეს იყო დიდი ომის პირველი ზამთარი.

ამიტომ თავადი აკაკი წერეთელი გაემგზავრა ქუთაისში, თავის საყვარელ ქალაქში, რომელიც
ერთიათად პატარა იყო, ვიდრე თბილისი. ოღონდაც ქუთაისში ყოველ მესამე სახლში მდიდარი
ვაჭარი ცხოვრობდა, წინა ორში კი — აკაკის მოსიყვარულე, მისი ლექსების ზეპირად თქმის
შეჯიბრებებში სამუდამოდ გამარჯვებული ქალი ან კაცი.
აკაკიმ იმგზავრა ერთი პატარა ჩემოდნით და ერთი დიდი, ჩალურსმული ყუთით: ავიდა მეორე
კლასის ყვითელ ვაგონში ისე, რომ მთელი თბილისის სადგური უყურებდა და ასევე — მთელი
მეორე კლასის ვაგონი.
კონდუქტორს ბილეთი არ მოუთხოვია, მხოლოდ ოდნავ დარცხვენილმა გაუწოდა გალეული
ფანქარი და წინ გადაუშალა წიგნაკი ხელის მოსაწერად. აკაკიმ ჩვეულებრივ მოაწერა: „აკაკი“.
კონდუქტორმა შესთავაზა ლოგინის გაშლა, თუმცა პოეტმა მხოლოდ ბალიში მოითხოვა. მერე
გაიხადა პიჯაკი და ფეხსაცმელები, მიწვა ხის მაგარ კოიკაზე და თავისი პალტო მიიფარა კედლისკენ
გადაბრუნებულმა.
სანამ მარტო იყო კუპეში, ამის მოსწრება უნდოდა. არ უნდოდა თანამგზავრებთან ლაპარაკი.
ქუთაისში არ იყო თოვლი და იყო ქარი.
ცივი ქარი იყო. აკაკიმ სადგურშივე დაიჭირა ეტლი და მისცა აბაზი, რაც იმას ნიშნავდა, რომ
მეეტლეს ორი სხვა მგზავრიც უნდა აეყვანა.

მეეტლემ ქუთაისის სადგურის წინ ჩამოატარა ეტლი ქარში, მოედანზე და თან დასძახოდა:
— ორი აბაზი! ორი აბაზი!..
— ორ აბაზზე მეტი არ ვღირვარ? — გაიცინა აკაკი წერეთელმა, — ჰა, ბიჭო... რა გასაყიდი
ბაღდადივით ჩამომატარე...
„გრანდ ოტელი“ იყო ორსართულიანი, მგონი, სამოცდაორფანჯრიანი შენობა, ყველაზე გრძელი
ქუთაისში, ყალბი კორინთული სვეტებით ისე, როგორც ისედაც უგემოვნო იერის ტორტია ხოლმე
დამახინჯებული ბეზეს ჩუქურთმებით.
„გრანდ ოტელის“ მეორე სართულზე, სამხრეთის დერეფნის სულ ბოლოში, იყო ოთხი გაუთბობელი
ოთახი, რომელთაგან ერთ-ერთიც დაიჭირა თავადმა აკაკი წერეთელმა. ფანჯარა გადიოდა ქუჩაზე,
მაგრამ ფანჯარა ამოგმანეს პოეტის თხოვნით, რათა როგორმე შეეკავებინათ ოთახში ჩამომდგარი
ლიგვი. თბებოდა მხოლოდ პირველი სართული.
ქუთაისში ყინავდა, განსაკუთრებით ღამით. აკაკი მაინც არ გაჩერდა პირველ სართულზე. ღუმელიან
ოთახზე ფული ათ დღეს ეყოფოდა, უღუმელოზე — ჩვიდმეტ დღეს.

ეს ნიშნავდა, რომ აკაკის არც ქუთაისში ჰქონდა ფულის შოვნის იმედი. ოთახის ფასში მოქცეული
იყო დილის ჩაი და თბილი წყალი ხელ-პირის დასაბანად. კვირის შვიდი დღიდან აკაკიმ მხოლოდ
ორ დღეს დაანიშვნინა სადილი, სამშაბათს და პარასკევს (დანარჩენ დღეებს ვიზიტად სადილობას
ვარაუდობდა), გადაიხადა ერთი კვირის ფული, მოითხოვა ჩაქუჩი და გაზი და სასტუმროს ბიჭს
აახდევინა თავისი შეჭედილი ყუთი, რომელიც გამოდგა პირთამდე სავსე ქაღალდებით.
აკაკიმ ამოალაგა ათიოდე ფურცელი, ჩაიკეცა შავი პალტოს ჯიბეში და გავიდა ოთახიდან.
იმ ოთახში მხოლოდ ღამის გასათევად თუ შევიდოდა.
ეს ფურცლები იმისთვის სჭირდებოდა, რომ თუ სადმე თბილ ადგილას მოიცლიდა, შვიდი ლექსი
ჩაესწორებინა. ცივ ოთახში ამის ხალისი და ჯანი არ ექნებოდა, ქუთაისში კი მისთვის ყველა ოჯახის
კარი ღია იყო. სადმე მოახერხებდა, იმ დღესვე.
ეს შვიდივე ლექსი ომს შეეხებოდა.
დიდმა ომმა გვარიანად იმოქმედა აკაკიზე. ის დაუზარელად წერდა გამამხნევებელ წერილებს
გაზეთ „თემში,“ გერმანიისა და მისი მოკავშირეების დამარცხებას წინასწარმეტყველებდა. მთელი
ამდენი წელიწადის, თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში მან პირველად მოიხსენია რუსები
რაგინდარა დადებითი სიტყვათა შეთანხმებით, „გმირი რუსებიო,“— მაგრამ, ეს ომს შეEხებოდა.
ამიტომ ლექსებიც ომზე გამოსულიყო.
ყოველგვარი გასწორების გარეშეც დაიბეჭდებოდა, მაგრამ აკაკის არ უნდოდა უჰონორაროდ ან
იაფად გამოექვეყნებინა ისინი. არ უნდოდა, იმიტომ, რომ ახლა ამგვარ განწყობაზე იყო: ფული
სჭირდებოდა და როცა აკაკის ფული სჭირდებოდა, ის შეიქნებოდა საცოდავი, დაუნდობელი,
კეთილი და მტკიცე.
ქუთაისის მთავარ ადგილად მაშინ იყო ბულვარი, გულვარდად წოდებული. საქმე იქ იჩარხებოდა.
მაგრამ ახლა იყო ზამთარი, ქარი და იქ გავლას აზრი არ ჰქონდა. იქ ვერავის ნახავდი იმ პირველი
ხუთი კანდიდატიდან, ვისგანაც შეიძლებოდა ფულის სესხება. ამ ხუთიდან ნამდვილი იყო ორი,
ხოლო სამი კი — სამარქაფო. აკაკის არ უნდოდა მევახშეებისგან სესხება.

არც თბილისში და არც აქ. პროცენტი საბოლოოდ გასწყვეტდა წელში, თამასუქი ჯიბეს დასწვავდა.
პოეტმა ჯერ არ იცოდა, რომ არც ერთი ამ ორთაგანი, ვისაც ამხანაგობით უნდა ესესხებინა ფული, იმ
ზამთარს ქუთაისში არ იყო.
იდგა მარხვა.
აკაკი ბოლოს მარხულობდა გიმნაზიაში შესვლამდე.
ანუ მაშინ, როცა მამისეულ სახლში ცხოვრობდა. ახლა მოდიოდა ქარის ქუჩაზე და გულში
ხუმრობდა:
— მარხვა მიჭირავს, ბატონო...
ეს იქნებოდა სავარაუდო პასუხი პირველსავე გამომლაპარაკებლის კითხვაზე, რასა იქმ,
საქართველოს ბულბულო, ჩვენო აკაკი, როგორ ხარო.
თორემ ცნობით ქუთაისში აკაკის ყველა იცნობდა.

საქმე გამომლაპარაკებელი იყო.


— ვმარხულობ. მგონია, ბოლოჯერ ცხოვრებაში. რომ ფეხი გავფშიკო...
სრულ შუადღისას აკაკი შევიდა საქალაქო ფოშტის შენობაში, სადაც მიუჯდა მაგიდას და მისწერა
წერილი თავის მოურავს კოტე აბდუშელიშვილს სოფელ სხვიტორში.

აბდუშელიშვილს მოურავად მხოლოდ გარეშენი თუ მოიხსენიებდნენ და ისიც ზურგს უკან.


მოურავად აკაკი მას არ ცნობდა, „ჩემი მიწების გამრიგეს“ უწოდებდა და მისდამი მიწერილი ყოველი
წერილი ერთნაირად იწყებოდა: „ძმაო კოტე... “
ამგვარი ერთნაირობით აკაკი მხოლოდ თავის ნამდვილ და-ძმებს თუ მიმართავდა წერილებში.
აკაკიმ მისწერა კოტე აბდუშელიშვილს მთელი ვითარების გარემოებანი წვრილად და მოახსენა ისიც,
რომ ფულის სესხებას აპირებს ხელთუფლიშვილებისგან ან ერთი წერეთლისგან, მერე კი
ქუთაისიდანვე გადაგზავნის ფულს პეტერბურგში, რის შემდეგაც მატარებლით მივა საჩხერემდე,
სადაც ეგებ ეტლი ან ურემი დაახვედ¬რონ სხვიტორამდე სავალად, ანდა მარხილი, თუ თოვლს
მოელიან. მაგრამ ამისთვის წინდაწინვე დაგიკრავ ტელეგრამასო.
აკაკიმ არ იცოდა, რომ ის ხელთუფლიშვილები, რომლების იმედიც ჰქონდა, ქალები თბილისში
ყოფილიყვნენ საზამთროდ და თავისი გულმავიწყობის გამო აკაკიმ არც მოიკითხა; ეგებ
გულმავიწყობის გამო არა და იმიტომ, რომ მეორე ნუმრად ეყენა მსესხებლებში. კაცები კიდევ
კომერციაზე ყოფილიყვნენ შორს.
ის წერეთელი და იმისი კოხტა ცოლი კიდევ სოფელში მდგარიყვნენ, ასევე საზამთროდ.
მაგრამ აკაკიმ ესენი არ იცოდა, კოხტად დაბეჭდა წერილი და კალამიც მოხდენილად გაჰკრა
რუსულად: „საჩხერი, სხვიტორი, იმენიე კნ. აკ. ცერეტელი, კოტე“.
წერილს კაპიკიანი მარკა დაუკრეს, რაზეც აკაკი სიცილით მოკვდა:
— ფეხით რო გაუშვა ეგ წერილი, თქვენ ფოშტას მიასწრებს...
ფოსტის მოხელემ ისე შესცინა, როგორც ოლიმპოდან დაძრულს და წამოიწყო მორიდებით და
ტკბილად:
— ჩემო ციცინათელა, რად მიფრენ ნელა-ნელაააა, შენმა შორით ნათებაამ...

აკაკიმ უკან გადააგდო თავი, რათა დამძიმებულ, უმოქმედო ქუთუთოებს ქვემოდან უკეთ
შეეთვალიერებინა მოხელე.
— აჰ, ძმობილო, — უცებ აიქნია ხელი, — უკანა მისამართი დამავიწყდა... მიუწერე შენს გახარებას,
„გრანდ ოტელი“.
— უკაცრავათ არ ვიყო, — შემოესმა უკნიდან, — ჩემო ბატონო...
— ჰო, ბატონო... — აკაკი მობრუნდა მთელი ტანით და დაინახა გამხდარი კაცი, ასე ოცდათორმეტი
წლისა, ხავერდის საყელოთი, შარფით.
— მესხი... სარდიონ მესხი...
— მესხი! — ჩაიქირქილა აკაკიმ, — მესხი. სარდიონ მესხი.

შვილიშვილი. სარდიონის... მიხაკოსი თუ გრიგოლის...


— გრიგოლის, — მაღალი კაცი მღელვარედ ართმევდა ცივ, ღონიერ ხელს, — ექიმი... რა
გასახარებელი დღეა ჩემთვის, ბატონო.
სარდიონ მესხი აკაკის ძველი კარგი ნაცნობის შვილიშვილი იყო. აკაკის ენახა მხოლოდ პატარა
ბიჭობაში. მერე მესხი ბევრგან დაეუფლა დოქტორობას და ახლა ექიმობდა კერძო პრაქტიკით; ხოლო
რაც ომი დაიწყო, საქალაქო ლაზარეთშიც, რომელიც სამხედრო ვითარების გამო ხელქვეით მისცეს
ქუთაისის მთავარ სამხედრო ექიმს, სხვანაირად კი ჰოსპიტალს.

ამ ორი სამკურნალოს გარდა, ქუთაისში იყო უკვე გარდაცვალებული სამსონ თოფურიას


სამკურნალო, სადაც ერთხელ აკაკი სიკვდილის კარიდან გამობრუნდა. კერძო პრაქტიკის
მიმდევრებში ყველზე განთქმული იყო ივანე გომართელი, რომელიც მუქთაზეც მკურნალობდა,
რევოლუციონერიც იყო, ლამაზიც, მწერალიც და კაი ექიმიც. მასზედ ლექსს ამბობდნენ: „მე გავყვები
გომართელსო, უკეთესად მომარჩენსო“.
აკაკიმ და სარდიონ მესხმა ილაპარაკეს ომზე, ფოშტის შენობაშივე, და ქარში გამოვიდნენ გარეთ.
მესხმა სახვალიოდ სადილად მიიპატიჟა. აკაკიმ იუარა, ეგება სულაც არ ვიყო ქუთაისშიო. თუმცა,
სადილზე არაერთგზის მიპატიჟებას, ცხადია, მოელოდა ამ პატარა ქალაქში.
— ლაზარეთში წამიყვანე... — უთხრა უცებ, — წამიყვანე ლაზარეთში, დაჭრილებს ვნახავ.
მესხი გაოცდა, უფრო კი აღტაცდა.
ისინი წავიდნენ ეტლით.
ლაზარეთში იყო სითბო და იდგა წამლების სუნი. აკაკიმ არ იცოდა: საქალაქო ლაზარეთში
ოსმალეთის ფრონტის ტყვეები იწვნენ, რუსის ჯარისგან ბრძოლის ველიდან წამოკრეფილი მტრის
დაჭრილები.
აკაკი შევიდა ერთ პალატაში, სადაც ოცდაათი კაცი იწვა, იმათგან ნახევარი — იატაკზე.
ბურჟუიკის ახლო, თხელ ლეიბებზე, ზეწრებში გამოხვეული მთლად გამხდარი ეყარნენ შავგვრემანი
ახალგაზრდები, შიშვლები, თვალებდასივებულები, სიკვდილის ნიშნით. ესენი იყვნენ ტიფიანები
და როგორც მესხმა თქვა შეწუხებით, არ იყვნენ ოსმალები, არამედ ოსმალთაგან ომში ძალათ
წაყვანილი არაბეთის შვილები, ბედუინები.
აკაკი კარგა ხანს იდგა ვიწრო გასასვლელში და უყურებდა ამ საბრალო მომაკვდავებს. შეკრული
პალტო მოძრაობას უშლიდა. თავი, უკვე მიჩვეულად, უკან გადაეგდო.
უცებ მან ღვინო მოითხოვა.
მესხი დაფაცურდა. მოიტანეს ლიტრიანით, ნაკლული, ვარდისფერი ღვინო.
აკაკიმ ბურჟუიკასთან მიფენილი მიტკალი აიღო და ღვინოში გაალბო, მუჭში გამოწურა.
მერე, კიდევ უფრო მოულოდნელად, გადაფორთხდა სკამებსა და ფეჩზე, და ასე, ბოთლით და
ღვინით სველი მიტკლით ხელში და საბრალო ბედიუნებს შუა აღმოჩნდა.
იმათ არ ჰქონდათ წამოჯდომის ან ხეირიანი მოძ¬რაობის ილაჯი, აკაკი კიდევ, ამ მძიმე პალტოსა და
სიბერის მიუხედავად, როგორღაც მოქნილობით ყველა იმათგანს სწვდებოდა. კიდევ და კიდევ
გაავლებდა ღვინოში მიტკლის ნახევს და შუბლსა და სახეზე უსვამდა საბრალო ბედუინებს.
მესხი გაოცებული უცქერდა მის ამგვარ საქმიანობას.
აკაკი ელაპარაკებოდა ამათ არაბულათ, რომელიც ესწავლა ბარე ორმოცდათხუთმეტი წლის წინათ,
აღმოსავლეთის ენათა ფაკულტეტზე სტუდენტობისას და რომელიც არასოდეს მოეხმარა იმ
სტუდენტობის შემდეგ.
მათ კი ესმოდათ მისი და პასუხობდნენ უღონოდ, თუმცა, მაინც გაკვირვებით და ერთგვარი
სიხარულითა...

ფრაგმენტი მეორე
მერე საექიმო ოთახში ისხდნენ, სადაც ექიმი მესხი ცდილობდა ელაპარაკა რაღაც
მოულოდნელობები, თუმცა აკაკი წერეთელმა ყოველივე იცოდა.
ასე ირკვეოდა ლაპარაკიდან, რაც იწვევდა მესხის სრულ შინაგან აღტაცებას, გაკვირვების შემდეგ.
მერე აკაკი წერეთელმა მოისურვა წასვლა, რათა დაეწყო თავისი სიით შემოვლა ფულის
სასესხებლად.

მესხმა არაფრით გაუშვა ფეხით. ფაიტონი სამკურნალოს ახლოს ვერ ნახეს.


ნახეს მხოლოდ ბალდახინი, რომელიც მოსულიყო მკვდრის გადასასვენებლად. მკვდარი კი არ იყო:
უკვე წაესვენებინათ. აკაკი გემრიელი ხითხითით დაუჯდა მებალდახინეს ნოტიო კოფოზე, ქარში.
— ესე იგი შენ უნდა წამასვენო, — უთხრა ხალისით, — მეფისაშვილებისას წამასვენე, გორისკენ...
არ შევუდგებით სადილების აღწერას, ყველაფერი იყო ქუთაისურათ.
აკაკი წერეთელი ბუხართან იჯდა და თავის მთელ დღეს უბით ნატარებ ხელნაწერებს
ჩაჰკირკიტებდა. ფული კვლავ არ ჰქონდა. ოღონდაც იფიქრა, რომ ლექსების დაწერა მაინც
შეიძლებოდა.

სწორედ ამ დროს მოვიდა მეფისაშვილებისას კაცი ქარში: შლაპის ფარფლები ქარს დაეგრიხა,
ულვაში კი სველი ჰქონდა ცინგლით.
აკაკის ამ დროს ბუხართან ეჭირა თავისი ხელთნაწერები, ანუ ის ლექსები, რომლებიც ხელახლად
უნდა დაეწერა. ასე ჰქონდა გადაწყვეტილი.
ოღონდ, აკაკის ჩასძინებოდა: იცოდა ხოლმე სადილის შემდეგ, განსაკუთრებით, თუ რაგინდარა
ნაწერს ან ასოებს დაინახავდა.
მოსულს კი ეცვა დიდი პალტო და ამიტომ უჩანდა მხრები პატარა, ხელში ეჭირა მოზრდილი ტყავის
ჩანთა და იყო თხაწვერა.
იმას მეფისაშვილები იცნობდნენ. ეს გახლდათ ასევე ექიმი ქუთათელაძე, ექიმ გომართელის ახლო
ამხანაგი, რევოლუციონერობით ცნობილი. თვალები — დიდი და ბრაზიანი, დამალული დიდი
სათვალის შუშებს იქით, თუმცა, იმავდროულად საშიშრად გადიდებული და ისე გამომზირალი იმ
შუშებიდან.
გამოირკვა, რომ მას უნდოდა აკაკის ნახვა და მობოდიშებით უქლასუნებდა ფეხებს წინკარის
ტილოს. კალოშების გახდას ჯერეთ ვერ ბედავდა.
— დილიდან დავეძებ... უპირველესი საჭიროების საქმეა, — უხსნიდა მეფისაშვილებს, იმათ, ვინც
სახლში დაუხვდა აკაკის და ასადილა, თუმც კი ფულით ვერ მიეხმარა, — გავიგე, დილით ჩამოსულა
და ხვალევე მიდისო.

სასტუმროში არ დამიხვდა... უპირველესი საჭიროების საქმეა...


— მობძანდით, მობძანდით... მოიშორეთ ეს პალტო...
ის ხელს არ უშვებდა თავის დიდ ჩანთას. პალტოს რომ იხდიდა, ჩანთა გაჭირვებით ფეხებშუა
დაიჭირა. მეფისაშვილებმა ამაზე ჩაიღიმეს. ამნაირი მოუხერხებელი იერის კაცი ძნელი სანახავი იყო
მაშინ ქუთაისში.
რაც გინდა სთქვი და, რევოლუციის დროს ბომბებს კი აკეთებდა მოხერხებულათ.
— აკაკი...

უფ, ძინებია... — შეცბნენ ყველანი, როცა სასტუმრო ოთახში ცეცხლმინათებული მოხუცი დაინახეს
ქაღალდებით ხელში.
— აუჰ... — აღმოხდა ექ. ქუთათელაძეს. ჩქარათ მოტრიალდა და გავარდა, თითონ არ იცოდა, სად...
— უკაცრავათ...

არ მინდოდა შეუტყობინებლივ მოსვლა, მაგრამ აუცილებელმა საჭიროებამ...


უკვე თავის პალტოსთან იყო...
— ღვიძავს, ღვიძავს... — მოედევნენ მეფისაშვილები, — მაგან მასე იცის.
აკაკი იჯდა ნამძინარევი, სრულიად გამოურკვეველი, ტუჩებაბუზული, მისცქეროდა რაღაც
ადგილს.
ქუთათელაძე იყო კარში გახიდული. მოუთმენელ ცხენსავით ისევ უქლასუნებდა ფეხებს იატაკს,
თითქოს ფლოქვსა სცემსო...
— სამსონ, — თქვა უცებ აკაკიმ, — სამსონ... ვკვდები, ბიჭო, გონია... გლახა სიზმარი ვნახე...
იმ ნახევარბნელში საერთოდ არ ჩანდა მისი წვერი თეთრი და პირისახე — ნათელი, რაღაცა ცეცხლის
ფერი უთამაშებდა სახეზე.

მეფისაშვილები დაუნანებლად ანთებდნენ. ყოველთვის ასე იყო, წლები.


— სამსონ... — გაიმეორა აკაკიმ, — აჰ...
მერეღა დაინახა კარებში გაჩერებული ჩანთიანი კაცი...
— აჰ... ბოდიში, ჩემო ბატონო, — თითქოს უცებ გამოერკვა აკაკი წერეთელი, — თქვენ, ჩემო
ბატონო... სამსონ...
სამსონ თოფურია იყო უდიადესი ქუთაისელი ექიმი, იმისთვის, რომ ექიმობა ესწავლა,
ნავსადგურებში მუშადაც კი იყო.

აკაკი და ბევრი სხვაც სიკვდილისგან გამოეხსნა არაერთხელ. თუკი რამე იყო ქუთაისი აკაკისთვის,
იმის დიდი და დაუნანებელი ნაწილი — სამსონ თოფურია.
ოღონდაც სამსონ თოფურია ზუსტად ათი წლის მკვდარი იყო.
— ა, დაწყევლოს ღმერთმა, ა, სიბერე, — აკაკიმ აღარ იცოდა, სამსონ თოფურია ესიზმარა თუ ძილ-
ღვიძილში ეგონა, რომ სამსონ თოფურია ცოცხალი იყო. ეს მისი ძველი დაძახილი იყო ქუთაისში,
ჩავიდოდა თუ არა, შესძახებდა ვაგზლის ან სულ პატარა კამპანიის გასაგონათ:
— სამსონ თოფურია... ჩამოვედი და მომხედე ახლა!!!.. დამაცალე მოგროვილი შხამები...
ეს იყო, თითქოს ქუთაისში რამე რომ გაუჭირდებოდა, ახსენდებოდა ექიმი თოფურია.
— უკაცრავათ ვარ...

უკაცრავათ... — კვლავ უქლასუნებდა ფეხებს ექიმი ქუთათელაძე.


— მე ვარ უკაცრავათ... — აკაკიმ წამოდგომა დააპირა, ოღონდაც ამ წამს ქუთათელაძემ მიაგდო
თავისი დიდი ჩანთა, რაც ალბათ გასაოცარია, გაქანდა აკაკისკენ, დაებღაუჭა მხრებში, ჩამოუგდო
მიფარებული შალი და შესთხოვა:
— არ წამოდგეთ... არ გეინძრეთ, ჩემო ბატონო...
— კაი... კაი... კააი...

— ჩურჩულებდა აკაკი წერეთელი.


ამ დროს კი ექიმი ქუთათელაძე გასწორდა წელში და ისე, რომ ჩანთა აღარ გახსენებია, წარუდგა:
— ექიმი ქუთათელაძე...
— სულ ექიმები მეხვევიან დღეს... ვკვდები ნამდვილად... — გაიცინა აკაკიმ და სახეზე მოისვა
ხელები, — ვისი ხარ?
— ქუთათელაძეების...
— ვანო გომართელის ამხანაგი ხარ?.. რო დამიწყო ლანძღვა გაზეთებში, — აკაკის შეუცდომლად
ახსოვდა ეს ყველაფერი, — კაი, კაი...
— გადაუდებელ საჭიროებამ მომიყვანა თქვენთან. დილით სადგურზე მითხრეს, რომ აქა
ბძანდებით. ფოსტიდან ფეხათ გამოგისწრიათ, სამკურნალოდან ორი ნაბიჯით, — ამ სიტყვებზე
გაქანდა შემოსასვლელისკენ, სადაც დაეგდო ჩანთა.
— ფულის სასესხებლად ჩამოვედი, — თქვა უცებ აკაკიმ.
ქუთათელაძე წამით შეყოვნდა.
— უსახსრობამ...

ორი თვე ვცდილობდი თბილისში მოსვლას თქვენ მოსანახულებლათ, — ჩანთიდან კი ამოსწია


დიდი საქაღალდე. სულ თოკებით გადანასკვული. ასე მობრუნდა ბუხართან და ჩამოჯდა მეორე
სავარძლის კიდეზე ჩანთა-საქაღალდით და მოულოდნელად წარმოთქვა. საერთოდაც არ უჩანდა
თვალები იმ დიდ სათვალეებში და ბუხრის ცახცახზე:
— ქუთაისი მოჰკვდება... სულ მალე...
აკაკიმ მოიწყინა.
„ეუჰ, გიჟი...“ — სწორედ ასე გაიფიქრა და ნაცად ხერხით დადუმდა. ჯობს, გიჟმა ბოლომდის თქვას
სათქმელი, ამას გვასწავლის ჩვენი ძველი სიბრძნე. სწორედ ასე ამბობდა ხოლმე აკაკი მთელი
სიცოცხლე, ნაირგვარ შეკრებულებებზე, სადაც საქვეყნო საქმეები წყდებოდა...

— ქუთაისი მოჰკვდება... 1917 წლის ზამთარში, — თქვა უფრო მტკიცედ ექ. ქუთათელაძემ, — მე
მკურნალი გახლავართ და ასეთია ჩემი გამოკვლევა. მე ყველაფერი შევისწავლე ავადმყოფისა. ეს
დასანანი არის, რომ მიექანება მთელი ქალაქი გარდაუვალ სიკვდილისკენ და თანაც თარიღობრივ.
აკაკიმ ჩაამთქნარა მუჭში.
— გისმენ, ბატონო, გისმენ, — თქვა თითქოს თავისთვის.
ქუთათელაძემ, როგორც იყო, ამოიღო თოკებით გადანასკვული საქაღალდე.
— თქვენ ხომ გიყვართ ქუთაისი... მე ვიცი, რომ თქვენ უქუთაისოთ არ ხართ აკაკი. ეს ნამდვილია...

ამიტომ თქვენ გაწუხებთ. ავადმყოფის გადარჩენა არის შესაძლებელი და ეს შეუძლია აკაკი


წერეთელს. დიახ!
— ოჰ!
— კუჭი, ფილტვები, თირკმლები უკვე მოწამლულია! — ხმა ჰქონია ექ. ქუთათელაძეს, — მუშაობს
მხოლოდ გული და თუკი ამ სხვა ორგანოებს ვუმკურნალებთ, გული გასძლებს და გადაარჩენს
ქუთაისს.

ყოველივე გამოკვლეულია. ამიტომ ჯერ გულს უნდა მივხედოთ, რათა შეგვეძლოს სხვა ორგანოების
მკურნალობა.
მან კვლავ ჩაჰყო ხელები ჩანთაში და იქიდან ამოიღო კარგა მოზდილი დაგრაგნილი ქაღალდი,
რომელიც ჩამოშალა ცეცხლის პირად.
ეს გამოდგა ადამიანის ანატომიური სურათი.
აკაკიმ გაიცინა.
— ადამიანი სულაც არ არის ლამაზი.
— ეს არ არის ადამიანი. ეს არის ქუთაისი, — მტკიცედ გამოაცხადა ქუთათელაძემ.
აკაკიმ გაჭირვებით შეათვალიერა ქაღალდი.

თავი უკან გადააგდო და გვერდულად შემოხედა სისხლძარღვებით დასერილ სხეულს.


— დასწყევლოს ღმერთმა, — კვლავ ძალიან ხმადაბლათ თქვა.
— აგერ მაქვს შეკრებილი ყველაფერი, რაც სჭირდება ამ საქმეს. ეს არის გამოკვლევა მთლიანი,
ისტორია სამკურნალო და მიზეზები ავადმყოფობის, რომელიც გამოიწვევს უცილობელ სიკვდილს.
მან ფრთხილად დაუდო მსუქანი საქაღალდე აკაკი წერეთელს ფეხებთან.
— თხოვნა მაქვს უმორჩილესი, წაიკითხოთ ეს ყველაფერი.
აკაკიმ სცადა აეღო საქაღალდე, მაგრამ ვერ მოიხარა. ამის დამნახავი ქუთათელაძე წამოხტა, ეტაკა
საქაღალდეს და მუხლებზე დაუდო:
— მერესთვის დავდე... მერესთვის...
კაი სქელი იყო.
პოეტი აკაკი წერეთელი დააცქერდა საქაღალდეზე გამოყვანილ ასოებს.
„სიკვდილი. ქუთაისი. აკაკი“ ეწერა იქ.
— ეს რომანათ ხო არ გაქვს, თქვენი ჭირიმე, დაწერილი? — ჰკითხა უაზროდ.
— ეს არის გამოკვლეული...

წერა მეხერხება, — წაიბურტყუნა ქუთათელაძემაც.


— დაგებეჭდა გაზეთებში... ყველა გაიგებდა, ქუთაისი რომ კვდება, იტირებდნენ, — რჩევასავით
თქვა აკაკი წერეთელმა, — მარტო მე რატო მეუბნები ამ გლახა ამბავს? ყოლიფერი ორ კაცში ვერ
დაიმარხება. ამხელა ამბავი.
ქუთათელაძე ვერ მიუხვდა ოხუნჯობას: ამოიღო პორტსიგარი და ჩაიდო ისევ ჯიბეში. მერე ისევ
ამოიღო და ისევ ჩაიდო.
— იმიტომ თქვენ... რომ... იმიტომ თქვენ, რომ თქვენ, ყველანაირ გამოთვლით, ხართ ქუთაისის
გული...
აბა, რა უნდა ეთქვა თავად აკაკი წერეთელს, ვისაც ჭოტებიც კი ცნობდნენ დღისით?
— თქვენ ხართ ქუთაისის გული! — უფრო მტკიცედ თქვა ქუთათელაძემ, — ექიმობა არ უნდა,
თავად გამოსთვალეთ, რა დღეშია ქუთაისი, როცა ყველაფერი უკვდება, გარდა გულის.

და გულიც მუშაობს, თუმც კი როგორ, მე თქვენ ამას ვერ მოგიყვებით. თავად მოთვალეთ... და
გულმა უნდა გადაარჩინოს ქუთაისი, რომელსაც არცა ფილტვი, არცა კუჭი... ამ ომმა დაასნებოვნა და
ეს ვითომ დროებით სნეულებაა... ეს ტყუილია. ყველაფერი მედიცინურად გამოვიკვლიე ამ სამ
თვეს. მიტომ, ჯერ რაც საღი აქვს და საფრთხილო, იმას ვმკურნალოფ...
და ექ.
ქუთათელაძე წამოდგა, დაუკრა მდაბლად თავი და ახლაღა მიხვდა, პალტო რომ დატოვა
შემოსასვლელში და კალოშები, შლაპა სულაც არ მოუხდია.
აკაკი იჯდა ოდნავ წაფერდებულ სავარძელში.
მუხლებზე ესვენა სქელი საქაღალდე, თოკებით გადაკრული. ზედ ეწერა სიკვდილი.
— ბოდიშის მოხდით... მოგნახავთ... — ქუთათელაძემ თავის ქარისგან დაჯღანულ შლაპაზე მოისვა
თითები და შეეტყო, კიდევ უფრო აღელდა.
— საერთოთ ასეა, როცა ქალაქი ალყაშია ანაც როცა კვდება, იქიდან ჩქარობენ, რომ გაიტანონ
ყველაზე ძვირფასი... ეს ასეა...
ქუთაისიდანაც უნდა გავიტანოთ ყველაზე ძვირფასი!!!
— რა? — ჰკითხა აკაკიმ, მოხალისებულმა იმით, რომ ქუთათელაძეს წასვლა გადაუწყვეტია.
— ყველაზე ძვირფასი ქუთაისისთვის არის თქვენი კუბო... გული, თუნდაც გაჩერებული, უნდა
დარჩეს ქალაქში და მაშინ ქუთაისი არ მოკვდება.

ამიტომ, გეხვერწებით, დარჩით ქუთაისის გულათ ცოცხალიც და მკვდარიც. ვერ გავიტანთ...


აკაკი მიხვდა, რომ ახლა ქუთათელაძე სულ სხვა ჭრილში ლაპარაკობს, ავადმყოფობის და გულის
ისტორიაც დავიწყებია და სურს, პოეტი დაკრძალოს ქუთაისში, როგორც განძი.
არ ჰკითხა, გიჟი ხარ შენო? არამედ ჰკითხა:
— რომელი ქუთათელაძეების ხარ, თუ მეტყვი?
— გადაღმელების, — თავი დაუკრა მღელვარე ექიმმა, რომელიც ალბათ გაფითრებული იყო, ოღონდ
იმ ცეცხლის შუქში არ ჩანდა.
— აჰ... კი, კი... და ექიმი ხარ... გამახსენდა, გომართლის ამხანაგი. იმასთან ერთად მინახავხარ...
— დიახ...

კი... გნახავთ სასტუმროში, თუ არ დამძრახავსთ...


— მნახე, კი... შვილო... — აკაკიმ კვლავ სცადა წამოდგომა, ოღონდაც იმან არ აცალა და გავარდა
ოთახიდან უჩანთოთ, მერე კი შემობრუნდა, აიღო ბუხრის პირას მიგდებული დახვეული ქაღალდი
ადამიანის შინაგან ორგანოთა გამოსახულებით, ჩატენა ჩანთაში და გავარდა უკანმოუხედავათ.
— ე, ჰე... ჰეი... — ამოიოხრა აკაკი წერეთელმა და კვლავ მილულა თვალები, — გასვენების
უფროსიც დავნიშნე...

სადღა ვისესხო? კოტეს უნდა მივწერო... ან….

აკაკის სიკვდილი
სანამ გარდაიცვლებოდა, აკაკი მთელ თვეს იწვა სხვიტორში, თავის სახლში. დამბლაც იქავე
მოუვიდა შობა ღამეს და ერთი თვის თავზე კი გაუმეორა. იქ უამრავი მნახველი მიდიოდა,
თბილისიდანაც კი, იმ შუა ზამთარში.

ეს იყო 1914-15 წლის დეკემბერ-იანვარი, მსოფლიო ომის პირველი ზამთარი, რუსეთ-


თურქეთის ფრონტის სიახლოვე და გაჭირვება. დიდი გაჭირვება მხოლოდ დაწყებულიყო,
აკაკი კი მთელს შემოდგომას საკმაოდ ბევრს წერდა ომზე, თითქოს რაღაც დიდ
ცვლილებებს გამოელოდა ამ ომისგან. თავში ჰქონდა პოემაც და ამ პოემისთვის რამდენიმე
ლექსიც დაეწერა. ჰოსპიტლებშიც კი დადიოდა, დაჭრილებს ამხნევებდა, მტრის ტყვედ
ჩავარდნილ ჯარისკაცებსაც კი გადაეყრებოდა ხოლმე, იმათაც ელაპარაკებოდა. ერთხელ
ბედუინები ნახა, ციებ-ცხელებით მიყრილნი ჰოსპიტლის კუთხეში. ამ საწყლებს რაღა
უნდათ ომშიო, უთქვამს, გამოლაპარაკებია, ნაშთები აღმოსავლეთმცოდნის განათლებისა
ეხმარებოდა ამაში.

ადრიანი შემოდგომით აკაკის შვილი, ალექსი ჩამოუვიდა რუსეთიდან. მისი ჩამოსვლა


ყოველთვის უხაროდა. დიდი მღელვარება იპყრობდა, როცა მის მეუღლესა და ვაჟს რაღაც
უჭირდათ და ფული აკლდათ ხოლმე.

უცნაური კაცი ვარ, ოჯახი მყავს და არა მყავს, სახლი მაქვს და არა მაქვს, პენსია მაქვს და
არა მაქვს, ასე ამბობდა ხოლმე აკაკი და მართლაც ასე იყო, თითქოს ყველაფერი ჰქონდა და
ბოლომდე კიდევ არაფერი, მაგრამ ასეთ ცხოვრებას მიჩვეული იყო და სხვანაირი, ალბათ,
ვეღარც წარმოედგინა. ეგ სხვა ამბავია, აკაკის პირადი ცხოვრება. მაგ ამბის წამოწყება და
თხრობა სად წაგვიყვანს, ვინ იტყვის.

რახან აკაკის ერთადერთი სამსახური იყო ხოლმე ჟურნალი, რომელსაც თვითონ


დაარსებდა, ანდა რაიმე საზოგადოებრივი საქმე, ვთქვათ, თეატრში ან სადმე სხვაგან, მისი
შემოსავლები მის ნაწერებზე იყო დამოკიდებული. ეს კი არ ჰყოფნიდა.

ერთი, რომ რუსეთში ოჯახის შენახვა უწევდა, და მეორეც, ის, რომ არიან ადამიანები,
რომლებიც არაფერს არ ყიდულობენ, სიმდიდრეს და ფუფუნებას არ ეძებენ, მაგრამ
რამდენი ფულიც არ უნდა მოიგდონ ხელში, მაინც არ ჰყოფნით. აკაკიც ასეთი იყო. უკვე
სიბერეში მას ჰქონდა რამდენიმე პენსია დანიშნული ქართული საზოგადოებრივი
ორგანიზაციებისგან, მაგრამ, როგორც წესი, ეს პენსიები თვეობით ადრე ჰქონდა
გამოჭმული და მერე იწყებდა სესხებას, ანდა რაღაც პროექტების მოგონებას, რათა ავანსი
ეშოვნა. ცნობილი იყო, რომ აკაკი თამაშობდა და ეს ფულის შოვნის ერთ-ერთ საშუალებად
მიაჩნდა. ის თამაშობდა უმარტივეს სამორინე თამაშებს, ყოველთვის კლუბებში და, რაღა
თქმა უნდა, უმთავრესად აგებდა. თუმცა, კარგადაც მოიგებდა ხოლმე. სანდრო
შანშიაშვილი იგონებს, ერთხელ ღამით შევბოდიალდი ქართულ კლუბში და დავინახე
აკაკი, რომელსაც ფული აღარ ჰქონდა და მაგიდიდან ადგომა კი არ უნდოდაო. მქონდა
ოცდახუთი მანეთი და მორიდებით შევთავაზე, უსიტყვოდ გამომიწოდა ხელი და იმწამსვე
დადო და წააგოო. ასეთი მოგონებები ხშირია.

ექვთიმე თაყაიშვილი იხსნებს, ერთხელ მოვიდა საზოგადოებაში და მშვენიერი პროექტი


შემომთავაზა, ქვეყანას მოვივლი, ფოლკლორი კვდება და შევკრებ ნიმუშებს და
მოგართმევთო, ამისითვის წინასწარ მოითხოვა ფული და, რა თქმა უნდა, მივეცითო. მერე
აღარც ფოლკლორი შეუკრებია და არც ამაზე ჩამოუგდია სიტყვაო.

აკაკის ვალები ცნობილი იყო: საყვარელო ანდრია, ფულის თხოვა ადრეა, ადრე ჭკვიანი
იყავ, ახლა რამ გადაგრია.

ჩვენთან ასეა მიღებული, რომ ამბობენ, აკაკის სტანჯავდა ცოლ-შვილისთვის გასაგზავნი


ფულის გროვება და ის დეპეშები, პეტერბურგიდან რომ მოსდიდოდა ხოლმე, ამდენი და
ამდენი გამოგვიგზავნეო. თითქოს ეს რაღაც ისეთი ტვირთი იყო მისთვის, რომელიც არ
ერგებოდა. არადა, საქმე სხვანაირად იყო. აკაკის უყვარდა თავისი ოჯახი და მის შენახვას
აუცილებელ მოვალეობად თვლიდა. სხვანაირად როგორ გამოვიდოდა, მის სიცოცხლეშივე,
ახალგაზრდობაშივე დადიოდა ჭორი, რომ აკაკიმ ნატალია ბაზილევსკაია სიმდიდრის გამო
შეირთო. ეს პეტერბურგის ქართველი სტუდენტების ამბავი იყო. ერთი ანეკდოტი
მოგვითხრობს, როგორ მიაყენეს კედელთან მეგობრებმა აკაკი და აღიარებინეს, რომ ფულის
გამო იქორწინა. დაქორწინების შემდეგ აკაკი მართლაც კარგახანს ცხოვრობდა
პეტერბურგში, მერე კი ხშირად დადიოდა იქ. მთელი ბაზილევსკების სიმდიდრიდან კი მას
ხეირი არ უნახავს, რადგან მისი სიმამრის გარდაცვალების შემდეგ ქონების აპეკუნად აკაკის
ქვისლი გამოცხადდა, რომელმაც ქონება ბანქოში გაანიავა და ბოლოს ტყვიაც დაიკრა
შუბლში. ქვისლიც ქართველი იყო, ასევე თავადიშვილი, სუმბათაშვილი. რამდენიმე საათს
იცოცხლა და აკაკის კი შესტირა, შენ კი დაგღუპე, ძმაოო. ესეც ცალკე და გრძელი ისტორიაა.
აკაკის ცხოვრება გრძელი იყო და მდიდარი. თვითონ ასე ამბობდა, მეო საერთოდ ცოლის
შერთვას არ ვაპირებდიო და ამ საკითხსაც ზერელედ ვუყურებდი, მაგრამ ჩავარდა მომენტი
და შევირთეო. ეს ნათქვამიც ხელს უწყობდა ჭორებს.

ნატალია კი ჩამოდიოდა ხოლმე საქართველოში, მაგრამ ეს მაინც ცალცალკე ცხოვრება იყო.


აკაკის უყვარდა ცოლი, მაგრამ მისი გადამეტებული ზრუნველობა აღიზიანებდაო, ასე
იხსენებენ. ხოლო როცა შვილი ჩამოდიოდა, აკაკის სახიდან ღიმილი ძნელად თუ
გაქრებოდა. როგორც კი დაიბადა, პოემა “ალექსი” დაწერა, ოღონდაც სულ ამბობდა,
ქართული ვერ ვასწავლე ხეირიანადო. ალექსიმ ქართული სალაპარაკოდ არ იცოდა, მაგრამ
საქართველოში ჩამოსვლა და მამასთან ყოფნა უყვარდა. ქართველებს დიდად არ
მოსწონდათ ალექსი, გარეგნობითაც კი, მაღალიაო, სულ ცაში იყურებაო, მხრებში
მოხრილიაო და ასეთებს ამბობდნენ. გრიგოლ რობაქიძე იხსენებს, ერთხელ როგორღაც
წამომცდა აკაკისთანო, რომ შვილში მამის ჯიში არ გადასულაო და აკაკიმ არ მიპასუხა,
მხოლოდ უსიამოდ შეირხაო, წავხდი, ამ ნათქვამს რაღა გამოასწორებდაო. ასე იყო თუ ისე,
ფულის თემა აკაკის მთელს ცხოვრებას გასდევდა და ხუმრობის საგანიც იყო და დარდის
და წვალებისაც. უშველებელი სტატიებიც კი აქვს, მე და ჩემი პენსია და ასეთები. საერთოდ,
აკაკის უყვარდა, რომ უვლიდნენ, ოღონდაც მკვეთრ მზრუნველობას ვერ იტანდა. ბოლო
წლებში თავის ჯანმრთელობას დიდ ყურადღებასაც აქცევდა და არცთუ ტყუილად, სულ
პირველმა სისხლის ჩაქცევამ გარეგნობაზეც იმოქმედა, ცალ ქუთუთოს ვეღარ ამოძრავებდა
და ამიტომ, ყოველთვის თავაწეული უყურებდა მოსაუბრეს. მომვლელები ყოველთვის
ბევრი ჰყავდა. ასე ხუმრობდნენ, აკაკი მეგობრობს ბავშვებთან, ქალებთან და ექიმებთანო.
მართალიც იყო. ოღონდ ესეც გრძლად სათხრობი ამბავია.

სხვიტორის გარდა მას სახლი არსად ჰქონდა, თბილისშიც და ქუთაისშიც ან ჩერდებოდა


სასტუმროებში ან ახლო მეგობრებთან. თბილისში მაჩაბლებთან ანდა ექიმ ვახტანგ
ღამბაშიძესთან, ხოლო ქუთაისში უფრო უყვარდა ნიკოლაძეების ძველ სახლში დგომა. იქ
ასევე ეიმედებოდა ექიმი სამსონ თოფურია, რომელმაც მისი ორგანიზმისა ყველაზე კარგად
იცოდა და ერთხელ სიკვდილსაც კი გამოგლიჯა. ოღონდ სამსონ თოფურია აკაკიზე ათი
წლით ადრე გარდაიცვალა.

მოკლედ, აკაკი ბოლო დროს ხშირად ავადმყოფობდა. იმ ზაფხულს კიდევ, სანამ მსოფლიო
ომი დაიწყებოდა, აკაკის თითქოს არა უშავდა. მომჯობინებული, სიხარულით დაუხვდა
ალექსის შემოდგომაზე და მშვიდობითაც გაისტუმრა რუსეთში. რაღაც თავისი საქმეებით
იყო გართული და ზამთრის პირზე მოუვიდა ალექსის დეპეშა, სასწრაფოდ ორი ათასი
მანეთი გვჭირდებაო.

აკაკი სრულიად უფულოდ იყო იმ დროს. ეს ის შემთხვევა იყო, რომ დაგეკეტება ხოლმე.
თბილისში იწრიალა და საჭირო თანხა ვერ იშოვა, ამიტომ გადაწყვიტა ქუთაისში წასვლა,
ეგებ იქ გამოვიდეს რამეო. თან ჰქონდა ახალი ლექსები და ცდილობდა, რაიმე
გაზეთისთვის მიეყიდა ანდა გამომცემლებისთვის. ვერავინ იპოვნა. ქუთაისშიც ამ თანხის
შოვნა შეუძლებელი აღმოჩნდა.

აკაკი მაინც დარჩა იქ, დადგა სასტუმრო “გრანდ ოტელში”. ეს იყო გრძელი, ორსართულიანი
შენობა, რომლის შესახებაც ათას პირქუშ რამეს ყვებიან ხოლმე. სასტუმრო არ თბებოდა.
იდო თოვლი და ყინავდა. აკაკიმ დაიჭირა გაუთბობელი ოთახი პირველ სართულზე, სადაც
დღისით ვერ ჩერდებოდა სიცივის გამო. დღეებს ის ატარებდა ნაცნობ-მეგობრების
სახლებში, სადაც სადილობდა კიდეც. მისწერა საჩხერეში მოურავ კოტე აბდუშელიშვილს,
იმ თოვლებში ფიქრობდა როგორმე მიეხედა ამ ახალი ლექსებისთვის, ღამღამობით იმ
გაუთბობელ ნომერში იჯდა და მუშაობდა, ამ ლექსებისგან პოემას აგებდა და ხარობდა, რომ
გამოსდიოდა. ეს იყო პოემა “ომი”, მისი პირველი ნაწილი სამოცდათოთხმეტი წლის აკაკიმ
გაყინულ ოთახში, ორ კვირაში დააასრულა და იმედიანადაც იყო, რომ პოემაში საჭირო
თანხას მიიღებდა.
სწორედ ამ დროს მოვიდა “გრანდ ოტელში” განმეორებითი დეპეშა, უკიდურესად გვიჭირს,
ფული მოგვაშველეო. ამან ძალიან წაახდინა, როგორღა უნდა აჩქარებულიყო არ იცოდა,
ფული მანამდე სჭირდებოდა, სანამ პოემას დაასრულებდა და ვინმეს მიყიდდა.

ამ დროს ჩამოვიდა ქუთაისში კოტე აბდუშელიშვილი. სახლში იცოდნენ, რომ აკაკი


ქუთაისშია და ხასიათზე ვერ არის. აკაკის და ანა დიდი მეთვალყურე იყო აკაკის ცხოვრების
და იოლად მიხვდებოდა, რომ ძმას ძლიერ უჭირდა.

ცხადი იყო, რომ აბდუშელიშვილი აკაკის შინ წასაყვანად იყო ჩამოსული. სხვიტორში
მოაკეთებდნენ და ეგებ, იქ გამოეზამთრა კიდეც. მოურავი არწმუნებდა, ფულს იქედანაც
ვიშოვითო და აკაკიც დაჰყაბულდა. 21 დეკემბერს უკვე სხვიტორში იყო.

სხვიტორი ერთადერთი სახლი იყო მისთვის, სახლი რომელიც მამამისმა როსტომმა ააშენა
და რომელშიც და იბადა. იქაურობა უყვარდა, ეს იყო ყველაზე ბუნებრივი გარემო მისთვის.

შობა საღამოს აკაკის დამბლა დაეცა, მარცხენა ხელ-ფეხი წაერთვა. წინდაწინვე ჩაწვა
ლოგინში, იმიტომ, რომ ცუდად იყო. ოღონდაც, ეს დამბლა მაინც ისეთი ჩანდა, რომ
სასიკვდილო არ უნდა ყოფილიყო, მეტიც, ორი კვირის თავზე აკაკის მეტყველებაც
გამოუსწორდა და ჩვეული ხუმრობებიც დაიწყო. ალექსიც კი ჩამოვიდა პეტროგრადიდან,
რაც მამისთვის ძალიან სასიხარულო იყო.

თბილისის გაზეთები უკვე მისი ჯანმრთელობის ამბებით იყო აჭრელებული. მნახველები


მოდიოდნენ საქართველოს ყოველი კუთხიდან. თავთან ეჯდა ანეტა იუტკევიჩი,
ახლაგაზრდა მასწავლებელი ქალი და უკითხავდა ხოლმე მის ნაწერებს. აკაკის უამრავი რამ
აღარ ახსოვდა, ეს როდი ს და ვწერეო, იკითხავდა ხოლმე, ანდა როგორ დამიწერიაო.
ერთხელ „გამზრდელის“ სმენისას ცრემლიც კი მოადგა. ალექსიც უკითხავდა,
ორმოცდახუთი წლის ჭაღარაშერეული მელოტი კაცი, იმდენი იძახეს, ქართული არ იცისო,
რომ ქართულად უკითხავდა. აკაკი ხუმრობდა. სანახავად კი ვინ აღარ მოდიოდა, ახალ
წელს მთელი საჩხერის გლეხობა იქ იყო საახალწლო ძღვენით, ერთი ბეითალიც ეწვია და
ამან გაახარა, სულ ვირივით ვმუშაობდი და შენ თუ მომარჩენო. გარშემო იმედიანი ხალისი
იყო, ყველაზე საოცარი კი ის იყო, რომ თანხა, რომელიც ამდენ ნერვებად დაუჯდა, შინ
მიუტანეს და თავთან დაუდეს. იაკობ ფანცხავამ ჩაუტანა ქუთაისიდან და ისეთი
მოწადინებული იყო, რომ აკაკი მხნედ ენახა, რომ ხშირხშირად და ხმამაღლა ეკითხებოდა,
როგორა ხარ, როგორა ხარ, რას უჩივიო. ანამ იხუმრა, ეგ საერთოდ, უფულობას უჩივის,
მეტს არაფერსო. იმავე დღეებში ეზიარა კიდეც, ოღონდ უკვე იმ განწყობაზე იყო, რომ
თბილისში წავალო, ამბობდა. ითხოვდა, სასტუმროში დამაწვინეთ, საავადმყოდოში
მნახველებს არ შემოუშვებენ და მოვიწყენო. მნახველი კი ბევრი იყო, ექიმებიც ერთმანეთს
ენაცვლებოდნენ. საერთოდ, ყველაფერს კარგი პირი უჩანდა, მაგრამ ასე არ მოხდა.
ზუსტად ერთი თვის თავზე აკაკის დამბლა გაუმეორდა და იმავე ღამეს გარდაიცვალა,
ალექსის ხელში დალია სული. ვინ იცის, ეგებ ასეც უნდოდა, ალექსი გვერდით ჰყავდა.

რა თქმა უნდა, არავინ შეასრულა აკაკის ანდერძი, სხვიტორში დამმარხეთო, თბილისში


წამოასვენეს.

მისი მრავალწლიანი ირონია სამგლოვიარო გვირგვინების შესახებ კი ასე თუ ისე


გაიზიარეს. აკაკი ყოველთვის ბევრს ხუმრობდა გვირგვინების შესახებ. ერთხელ, გრიგოლ
ორბელიანი რომ გარდაიცვალა, აკაკი ქუთაისში იყო და თბილისში მოდიოდა. ქუთაისელმა
გიმნაზიელებმა მიაკითხეს, რახან მიემგზავრებით, ფული შევაგროვეთ და გვინდა,
სამგლოვიარო გვირგვინი გაგატანოთ ორბელიანის პანაშვიდისთვისო. წავიღებო, აკაკიმ
უთხრა, ოღონდ ერთ რამეს გთხოვთ, მე რომ მოკვდები, გვირგვინი არ მოიტანოთ,
უმჯობესია, ჩემი გვირგვინის ფული სიცოცხლეშივე მომცეთო.

გვირგვინი მაინც იყო, ოღონდ - ერთი. ზედ ეწერა – აკაკის საქართველო.

სახლიდან საჩხერელმა წერეთლებმა გამოასვენეს, თბილისისკენ მომავალი სამგლოვიარო


მატარებელი კი ჩერდებოდა ყველგან და ყველგან იყო გლოვა და ზარების რეკვა, მთელი
საქართველო რკინიგზის რელსების გასწვრივ იყო ჩამწკრივებული. ახლა ძნელია ამის
წარმოდგენა, იმ უტელეეკრანო დროში აკაკი იყო ყველაზე მეტად ნაცნობი სახე
საქართველოში. იყო დარაჯობა მის დანახვაზე, ვაგონის ფანჯარაში, ეტლში, ქუჩაში,
ყველგან. საზღვრები მისი პოპულარობისა დღეს ძალი ან ძნელად განსასაზღვრია. ძალიან
ძნელი იყო მეორე ასეთი სახალხო პერსონის პოვნა, ამოუცნობი დადებითი მუხტით რომ
აღავსებდა ყველას.

თბილისში დაკრძალვას დაესწრო ასი ათასი კაცი. მთაწმინდაზე კი, როცა ყველა წავიდ-
წამოვიდა, საფლავთან დარჩნენ ყარაჩოღლები, ძველებურად დაუნთეს სანთლები და
იჯდნენ იქ შუაღამემდე ღვინოსთან ერთად, რას ლაპარაკობდნენ კიდევ, ვიღას ახსოვს.

და მაინც, ეგ არ იყო მთავარი. საქართველოში დაკრძალვა არ არის მთავარი, დაკრძალვა აქ


ყოველთვის მაგარია. აკაკის სიკვდილში სხვა სურათი უფრო დარჩება: თუ როგორ ზის
სამოცდათოთხმეტი წლის კაცი, რომელსაც საქართველოს უგვირგვინო მეფეს უწოდებენ,
სასტუმროს გაყინულ ოთახში და როგორ ცდილობს, დაასრულოს პოემა, რომელსაც ჯერ
კაცმა არ იცის, ვინ იყიდის და რამდენად, და როგორ წაადგება პოემით ნაშოვნი ფული მის
ოჯახს შორეულ ქალაქში.

You might also like