Professional Documents
Culture Documents
ემიგრანტის სამაჯური
ბრეტანი
ალექსანდრე გოკიელმა თვალი გაახილა და დედა დაინახა, ზუსტად
ისეთი, როგორც ძველ ფოტოსურათზე _ გაქცეული წარბებითა და მონა
ლიზას იდუმალი ღიმილით თხელ ტუჩებზე. ცოცხალი დედა არ უნახავს
ალექსანდრეს _ მასზე მშობიარობას გადაჰყვა. მამა დედას ამსგავსებდა.
ოდესღაც, შეიძლება მართლა ჰგავდა, ახლა კი... ახლა ჩვეულებრივ
მომაკვდავს ჰგავს, რომ იტყვიან, ცალი ფეხით სამარეში. ოჯახის წევრები
ამხნევებდნენ _ ნუ გეშინია, გამოძვრებიო, მაგრამ ალექსანდრე ზუსტად
იცოდა _ რაკიღა დედამ მოაკითხა, სიკვდილი გარდუვალია. არც
ეშინოდა. აბა, ცას ხომ არ გამოეკერება 90 წლის ბერიკაცი?!
დედის გამოცხადებას წინ ბიძამისი უძღოდა _ თეთრგვარდიელი
გენერალი ყარამან გოკიელი. ვითომ, მდინარის გაღმა იდგა ცხენოსანთა
პოლკით და რიხიანად გასცემდა საბრძოლო განკარგულებებს. მზეზე
ლაპლაპი გაუდიოდა ოქროსფერ ეპოლეტებს, მედიდურ ქილვაშზე ნიავი
დასთამაშებდა... ისე მხნედ გამოიყურებოდა, ისე ცოცხლად,
ალექსანდრესაც მოუნდა მის გვერდით ყოფნა, მაგრამ რამდენჯერაც
შეეცადა მდინარის გადალახვას, იმდენჯერ დინებამ უკან წამოიღო.
ესეც კიდევ ერთი ნიშანი, ოღონდ უკანა რიცხვით.
სიკვდილი კი აგვიანებდა. უფრო სწორედ, სადღაც ახლომახლო
ტრიალებდა და გარდაცვლილი წინაპრებით აშანტაჟებდა. არა უშავს,
ოდესმე ხომ დასდევს პატივს.
ალექსანდრემ კიდევ ერთხელ გადაავლო თვალი განვლილ
ცხოვრებას, იქნებდა რამე გამორჩა...
შთამომავლობის წინაშე პირნათელია. ანდერძი ჯერ კიდევ
ჟულიეტის სიცოცხლეში დაწერა, მისივე ლოცვა-კურთხევით და სეიფში
შეინახა. სეიფი აქვეა, საძინებელ ოთახში, ოსტატურად შენიღბული
ნახატის უკან. ვრუბელის `დემონი~ ზეთში. მჯდომარე ვარიანტი.
ტრაგიკულად გადაჭდობილი ხელებითა და სივრცეში მიმართული
სევდიანი მზერით. ასლი. ორიგინალს ვინ მიაშავებდა? თუმცა ყარამან
ბიძია პირადად იცნობდა რუსული მოდერნის მამას მიხაილ ვრუბელს.
`დემონი~ ცოლის ახირება იყო. რატომ უყვარდა ჟულიეტს ეს
შიშველტორსიანი მისტიკური პერსონაჟი, ალექსანდრემ არ იცოდა. მგონი
ჟულიეტმაც არ იცოდა. დაინახა, შეუყვარდა, შეიძინა. ჯიუტი ქალი იყო
ცხონებული, თავისნათქვამა... მაგრამ წინდახედული, ოოო, ძალზე
წინდახედული. ისე არ მოკვდა, ვიდრე ქმარს ანდერძის დაწერა არ
გამოსტყუა. სწორედაც მოიქცა, თორემ ალექსანდრე, ქართული
ხასიათიდან გამომდინარე, ალბათ ვერასოდეს დაადგამდა საშველს, რაც
შემდგომში უთუოდ გახდებოდა შვილებს შორის განხეთქილების
მიზეზი.
მაშ ასე: ბინა პარიზში, მონმარტის გორაზე უფროს ვაჟიშვილს
შარლს; ვენახები ფინისტერის დეპარტამენტში ქალიშვილს _ ელენს;
კერძო სახლი აღმოსავლეთ ბრეტანში, სადაც ოჯახის უფროსი ამჟამად
სულს ღაფავს, საყვარელ შვილიშვილს _ კატრინს. რატომ კატრინს და არა
კლოდს, ფილიპს ან ვევას? იმიტომ, რომ კატრინი ერთადერთია,
რომელმაც ბაბუის ხათრით ცოტაოდენი ქართული ისწავლა. მაშინ, როცა
შვილებმა ორი ღერი ქართული არ იციან. გოგოს აინტერესებს საკუთარი
ფესვები!
ფესვები, ფესვები... ბოლო რამდენიმე წელი ალექსანდრე სხეულის
ყველა უჯრედით გრძნობდა ამ ფესვების არსებობას. უცნაური,
ფანტომური ტკივილები დასჩემდა, ალბათ ასე ტკივა ინვალიდს დიდი
ხნის წინ მოჭრილი ფეხი. განა ადრე არ იცოდა, რომ ქართველია, იცოდა
კიდეც და ეამაყებოდა კიდეც, მაგრამ ზერელედ, სადღეგრძელოს დონეზე.
არ ჰქონდა ნოსტალგიის ფუფუნება, დროის ქრონიკულ დეფიციტს
განიცდიდა. სხვა ქვეყანაში დამკვიდრება ემიგრანტისგან ათმაგ
ძალისხმევას მოითხოვდა და ისიც თავდაუზოგავად შრომობდა,
შრომობდა...
ფიქრისთვის მხოლოდ სიბერეში მოიცალა. ისიც, ლოგინს რომ
მიეჯაჭვა, მაშინ. მეხსიერების შორეულ პერიფერიაზე დალექილი
მოგონებები ისეთი სიცხადით შემოუტევდა ხოლმე, თითქოს გუშინ
ავიდა სტამბულისკენ მიმავალ გემზე, შორს წითელი ტერორისგან,
დაბნეული მთავრობისგან, ორად გახლეჩილი ბრბოსგან...
`ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო, ჩემო სამშობლო მხარეო...~ გულში
მანტრასავით იმეორებდა, თითქოს იმქვეყნად მონატრებული სამშობლო
დახვდებოდა, და არა სამოთხე ან ჯოჯოხეთი. ანდა რითია მისი `ცა-
ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტი~ მიწის ნაგლეჯი სამოთხეზე ნაკლები?!
ოთახში კატრინმა შემოიხედა. ალექსანდრეს გული გაუნათდა,
საყვარელ შვილიშვილს არც ფრანგული შარმი აკლია, არც ქართული
ეშხი. საშუალოზე მაღალი, შავთმიანი, დახვეწილი კიდურებით და
დიდედასავით გაქცეული წარბებით.
_ შემოდი, შვილო...
_ როგორც ხარ, ბაბუა? _ კატრინმა სახე მიუახლოვა.
ალექსანდრეს სიფრიფანა ნესტოები შეუთრთოლდა. კატრინს
ვანილისა და გამომცხვარი ვაშლის არომატი შემოჰყვა. რულეტს თუ
აკეთებდა, ჟულიეტის რეცეპტით. კარგი გოგო. იმიტომაც უყვარს
გამორჩეულად.
_ მივდივარ...
_ საით გაგიწევია?
_ ბებიაშენთან.
_ მე არ გაგიშვებ. _ კატრინმა ბალიში გაუსწორა და მისი გალეული
ხელი თავისაში მოიქცია.
_ ადამიანი რომ აჩრდილს დაემსგავსება, უნდა წავიდეს... ან რა
ხეირია ასეთ სიცოცხლეში, კლოზეტში ვერ შევდივარ დახმარების გარეშე.
აბა, ეს ხელი ხელია? მზეზე გამომშრალი ხის ქერქი. შეხედვა მძაგს. რაც
შეიძლება მალე უნდა წავიდე, ჩემო გოგონი, სანამ შემრჩენია
თავმოყვარეობის ნასახი, მერე შეიძლება ისე გამოვთაყვანდე, ლოგინში
მოვისაქმო.
_ არც კი ვიცი, რა გიპასუხო...
_ განა ყველა კითხვაზე არსებობს პასუხი?... ზოგჯერ, გაჩუმებას
მეტი ფასი აქვს, ვიდრე არაფრისმთქმელ პასუხს. შენ არასოდეს
გღალატობდა ტაქტი, კატრინ... თანაც მე არაფერი მიკითხავს, უბრალოდ
დაგიძახე. საქმე მაქვს შენთან. _ ალექსანდრემ ოდნავ ასწია თავი და
მოჭუტული მზერა კარისკენ გააპარა. _ ვინ არის შინ?
_ არავინ. მშობლები ელენის დასახვედრად წავიდნენ.
_ კეთილი. ე.ი. მარტოები ვართ? _ გადაამოწმა ალექსანდრემ.
კატრინმა თავი დაუკრა.
_ კეთილი. როდის, თუ არა ახლა... რაღაც მინდა გადმოგცე, ჩემო
გოგონი, საგვარეულო ნივთია, დედაჩემის ნაქონი...
_ სამაჯური?
_ უყურე შენ, არ გამომივიდა სიურპრიზი! _ ეწყინასავით
ალექსანდრეს.
_ კაი, რა ბაბუა, მაგ სამაჯურის ამბავი მე კი არა, მთელმა
სანათესავომ იცის! მინდა გითხრა, ცალკე დედაჩემი და ცალკე
მამიდაჩემი კაი ხანია კბილებს ილესავენ.
_ ვითომ?
_ არც მალავენ.
_ ილესონ რამდენიც ენებოთ! _ ალექსანდრე მრისხანედ გააელვა
ფოსოებში შეწეული თვალის კაკლები, თუმცა მალევე დამშვიდდა. რა
დროის ენერგიის ხარჯვაა, სული კბილით უჭირავს. _ კიდევ რას
ამბობენ?... თქვი, ნუ გერიდება.
_ მამამ თქვა, ბაბუაშენს ჭკუა რომ მოეკითხებოდეს, სამაჯურს
დაშლიდა და შთამომავლობას თანაბრად გადაუნაწილებდაო.
_ მამაშენს ჭკუა რომ მოეკითხებოდეს, მსგავს სისულელეს არ
ამოუშვებდა პირიდან. რას მიქვიან `დაშლიდა!~ ე.ი. ალმასი _ შენ,
ამეთვისტო _ ელენს, ზურმუხტი _ შარლს, ლალი _ ვევას, აქატი _ კლოდს,
ოქრო _ ფილიპს... ეს ხომ უნიკალური ექსპონატია, თუ დათხრი და
დაჯიჯგნი, რა ფასი აქვს?! რა ფასი აქვს მე შენ გეკითხები?! სული რომ
ძვრებოდა შიმშილით, მაშინ არ გაყიდა მამაჩემმა, ესენი კი... უჯიშოები! _
ხელი ჩაიქნია ალექსანდრემ.
_ კარგი რა, სიტყვას ნუ გამოეკიდები. _ კატრინი მიხვდა, რომ
ზედმეტი დააყრანტალა.
_ ნუ იცავ! თორემ გადავიფიქრებ და დაგტოვებ ხახამშრალი.
_ არც მაგაზე მოვიკლავ თავს! 28 წელი მშვენივრად ვცხოვრობდი
სამაჯურის გარეშე.
_ ვიცი, ვიცი... იმიტომაც მინდა შენ გადმოგცე. არ ხარ სხვებივით
დაფეთებული. ადექი და ჩამოხსენი ეს `დემონი!~
_ ბაბუა, იქნებ...
_ ხმა, კრინტი! ჩამოხსენი მეთქი! _ ალექსანდრემ საჩვენებელი
თითი ნახატისკენ მიმართა. _ `ჭკუა რომ მოეკითხებოდესო...~ ენა აქვს
მოსაძრობი!
კატრინი ნახატთან შედგა.
_ როგორ ფიქრობ, ბაბუა, რატომ ჰქონდა ვრუბელს გართულება
დემონზე? იმდენი ჰყავს დახატული, თვლა ამერია. მფრინავი,
დაწოლილი, დამჯდარი... ზეთში, აკვარელში, თიხაში...
_ ვრუბელის ტვინში რა ხდებოდა, არ ვიცი, აი, ბებიაშენმა რატომ
მომისაჯა ამის ყურება, დღემდე არ მესმის.
] _ რას ერჩი, ძალიანაც სიმპათიური დემონია.
_ მაგაშია საქმე. მეტისმეტად სიმპათიური, და ახალგაზრდა.
_ ეჭვიანობ?
_ კაი დროსია...
კატრინმა ნახატი ჩამოხსნა და ერთი ნაბიჯით უკან დაიხია. კედლის
მოთეთრო კვადრატის ფონზე სეიფის შავი კვადრატი თავისუფლად
შეიძლება ჩაითვალოს პოპ არდის ნიმუშად. სხვენში ძველი ფირსაკრავი
და დაჩქაპნილი ფირფიტები ეგულება. ორიგინალური რეტრო კუთხის
მოწყობა შეიძლება. `დემონის~ ადგილი კი ნამდვილად სხვენშია.
_ ბაბუა, სეიფის კოდი შემახსენე, რა? _ ჩამოსძახა სკამზე შემდგარმა.
_ კოდი კი არა, კოდექსის ცოდნა მომთხოვე კიდევ ამ ხნის კაცს?!
შარშანდელს აქეთია აღარ მაქვს კოდზე დაყენებული, გამოქაჩე
სახელური და გაიღება.
_ მართლა?... მე არ ვიცოდი.
სეიფი უპრობლემოდ გაიღო. სამაჯურის ძებნაში კატრინმა ხელი
მოაფათურა.
_ აქ მხოლოდ ქაღალდებია...
_ ქაღალდები კი არა, ანდერძის ასლი. ორიგინალი ნოტარიუსთან
ინახება. ანდერძს თავი დაანებე, რაც არ უნდა იყოს, ჯერ ცოცხალი ვარ.
რაც გითხარი, ის მომაწოდე. დაუჩქარე კატრინ, რაღას იქექები, არ მინდა
იმ სვავებმა მოგვისწრონ, არ მაქვს მამიდაშენთან თავისმართლების
ნერვები...
_ არ არის.
_ რა `არ არის?~
_ სამაჯური.
_ ნუ მეხუმრები, კატრინ.
_ არ ვხუმრობ.
_ გობელენის შინდისფერი ქისაშია. გაიგე?
კატრინმა ყველაფერი კარგად გაიგო, მაგრამ არც ქისა ჩანდა, არც
სამაჯური. ყოველ შემთხვევაში, კიდევ ერთხელ მოაფათურა ხელები.
ამაოდ.
ალექსანდრე დაძაბულ თვალებს არ აშორებდა შვილიშვილს. ჯერ
კიდევ იტოვებდა იმედს, რომ კატრინი უკბილოდ ხუმრობს. არ
ეკადერება. მაგრამ აი, ის ჩამოხტა სკამიდან და შეწუხებული სახით შედგა
საწოლთან.
_ არ არის სამაჯური, ალექსანდრე ბაბუა.
_ შენ... შენ გესმის ახლა რა თქვი?
_ სამწუხაროდ, კი.
_ ამიხსენი.
_ მგონი... მგონი მოიპარეს.
ალექსანდრემ თავი უკან გადააგდო და ბალიშზე გადაესვენა.
_ ბაბუა...
_ გადი, კატრინ. მარტო დამტოვე.
_ ბაბუა...
_ მე თვითონ დაგიძახებ... მერე.
კატრინმა შეწინააღმდეგება ვერ გაბედა.
პარიზი
საგიჟეთი. ასეთი დასკვნა გამოიტანა კატრინმა ყოველკვირეული
ჟურნალის `ექსკლუზივის~ რედაქციაში შესვლისთანავე. იდგა და
ელოდა, როდის შეამჩნევდნენ ერთ მაგიდასთან შექუჩული და ერთ ხმაში
აყაყანებული ჟურნალისტები. არადა, დიდი ამბით გამოიპრანჭა, გზაში
შესავალ ტექსტს აყალიბებდა, რომ ვარსკვლავებთან ინტერვიუებით
გათამამებულ ჟურნალისტებზე სათანადო შთაბეჭდილება მოეხდინა.
თურმე ვის დაჰკარგვია?!
უცებ მინის კარი მოფრიალდა და კაბინეტიდან, როგორც გუგულმა
საათიდან, მომცრო ტანის ახალგაზრდა კაცმა ისკუპა:
_ კმარა! _ დაიყვირა მჩხავანა ხმით. _ ბირჟზე ხომ არ გგონიათ თავი?
აბა, ყველანი ადგილებზე!
ყაყანი მომენტალურად ჩაცხრა. ჟურნალისტები თავიანთ სამუშაო
მაგიდებს მიუბრუნდნენ, მარტო კატრინი არ იძროდა. ცოცხალი
ექსპონატივით იდგა შუა ოთახში და არ იცოდა, ვისთვის მიემართა.
სწორედ ამ დროს შეამჩია `გუგულმა~.
_ რა უნდა უცხო ადამიანს რედაქციაში?
მთელმა რედაქციამ კატრინის მიმართულებით მოღრიცა კისრები.
საბრალო აილეწა, თუმცა პირზე ჯერ ისევ დასთამაშებდა წინასწარ
აკრული თავაზიანი ღიმილი.
_ ვინმე იცნობს ამას? _ არ ცხრებოდა `გუგული~, თანაც მესამე
პირში, რაც ორმაგად შეურაცხმყოფელია, თითქოს მართლა უსულო
საგანი შემოუგდეს რედაქციაში.
_ მე დიმიტრი ძნელაძეს ვეძებ. _ ძლივს ამოღერღა კატრინმა.
`გუგულმა~ გამოიდარა. დაუფარავი ინტერესით შეათავალიერა
კატრინი და ტუჩები ააწკლაპუნა:
_ რა სამწუხაროა... რა სამწუხაროა, რომ მე არ მეძებთ...
აქა-იქ თავშეკავებული ფხუკუნი გაისმა. `ის დროა 180 გრადუსიანი
ბრუნი გავაკეთო და კარისკენ ერთი-ორი,~ გაიფიქრა კატრინმა, მაგრამ
მამაკაცი ისე სწრაფად მოუახლოვდა, მიტრიალება ვერ მოასწრო.
_ ალენ ნოგარე. _ საქმიანად ჩამოართვა ხელი, თუმცა ჩიტივით
მრგვალ თვალებში უსაქმური ჭინკები დაუდიოდნენ.
_ კატრინ ბუკე.
_ რა გნებავთ?
_ სალაპარაკო მაქვს დიმიტრი ძნელაძესთან.
_ მე მითხარით. მთავარი რედაქტორის სანქციის გარეშე მაინც
ვერაფერს დაბეჭდავს.
_ არა, არა, _ თავი გააქნია კატრინმა. _ მე ჟურნალთან შეხება არ
მაქვს, პირადი საქმეა.
_ პირად საქმეზე შეგიძლიათ სხვაგან დაელაპარაკოთ _ კაფეში,
პარკში, სასტუმროს ნომერში... (ისევ ფხუკუნი) აქ რედაქციაა! კარზე
თეთრზე შავით... არა, ოქროსფერზე შავით წერია: ყოველკვირეული
ჟურნალი `ექსკლუზივი~. ზეგ ჟურნალი გამოდის, ვერ ხედავთ, ცეცხლი
გვიკიდია!
_ იქნებ... იქნებ მეც ცეცხლი მიკიდია. _ ჩაილაპარაკა კატრინმა და
მიხვდა. ერთი სიტყვაც და ბავშვივით აღრიალდება.
ამათაც მეტი არ უნდათ, ფხუკუნს არ დასჯერდებიან, ხმამაღლა
ახარხარდებიან, უკან გადავარდილი კისრებითა და ათახთახებული
მუცლებით. ახია მასზე. ჭკვიანი ქალი რომ უწიგნურ დამლაგებელს
დაუჯერებს, სიცილის დაყრის კი არა, პანღურის ღირსია.
უსიტყვოდ მიტრიალდა კარისკენ.
_ მოიცათ. _ იდაყვზე წაეპოტინა ალენი.
კატრინმა ხელი აიქნია, მაგრამ ის ხელმეორედ წაეპოტინა და
წიწილასავით უბიძგა კაბინეტისკენ.
კაბინეტში 35 წლამდე ასაკის ხორბლისფერთმიანი მამაკაცი
დახვდა. რომელმაც მათ დანახვაზე ელიფსების გამოხაზვას თავი
მიანებდა და გასაპარსი ნიკაპი მუჭში მოიმწყვდია.
_ დიმიტრი, იცნობ ამ მშვენიერ არსებას? _ კატრინზე ანიშნა ალენმა.
ხორბლისფერთმიანმა თავი გააქნია უარყოფის ნიშნად. კატრინი კი
შემცბარი მიაჩერდა. ქართველი მამაკაცი შავგრემანი და რატომღაც
ულვაშიანი წარმოედგინა, როგორც წინაპართა ფოტოებზე. პრინციპში,
კარზე 21-ე საუკუნეა, ვიზუალიც შესაბამისად იცვლება, მაგრამ მაინც. ეს
გრძელთმიანი, თაფლისფერთვალება ფრანტი სულ არ ჰგავდა მის
წარმოდგენაში დახატულ ქართველს. ის ვრუბელის დემონს ჰგავდა.
უბრალოდ შავი ბლეიზერი ეცვა და გამოხედვაც არ ჰქონდა მაინცდამაინც
მისტიკური.
_ ეს დიმიტრია? _ კატრინმა რატომღაც ალენს მიმართა.
_ გახლავთ. საკუთარი პერსონით. დაბნეული ჩანხართ, არ
მოგეწონათ?
_ მოწონება არაფერ შუაშია... უბრალოდ საქმე მქონდა.
_ გისმენთ, მადამ. _ დიმიტრი ფეხზე წამოდგა და სკამი გამოუწია.
ფრანგ კოლეგასთან შედარებით მაღალიც იყო და სპორტულიც.
თუმცა რაღაცნაირი მოთენთილი. როგორც იმდღევანდელი ამინდი. არც
მზე, არც წვიმა. ცვალებადი მოღრუბლობა. სკამიც ისე უხალისოდ
გამოუწია...
_ მადამ ბუკე, ნუ წელავთ დროს. _ თქვა ალენმა. _ რაც შეიძლება
სწრაფად გადაეცით თქვენი სათქმელი და როგორც იტყვიან,
მშვიდობიანად მიბრძანდით. დიმიტრის იმდენი საქმე აყრია თავზე,
ამაღამ გათენება მოუწევს.
_ სწრაფად არ შემიძლია. სარეკლამო აგენტი კი არ ვარ?...
_ ვინ ხართ? _ ჰკითხა დიმიტრიმ. კარგი ფრანგულით
მეტყველებდა, ოდნავ შესამჩნევი აქცენტით.
_ ბაბუაჩემი ქართველი იყო. ორი კვირის წინ დავასაფლავეთ.
_ ვიზიარებ.
_ თქვენი დახმარება მჭირდება. _ კატრინმა მორიდებულად გახედა
ყურებდაცქვეტილ ალენს. _ მუსიე ნოგარე, შეგიძლიათ დაგვტოვოთ
რამდენიმე წუთით?
ალენმა სწრაფი მზერა ესროლა დიმიტრის:
_ ბარემ დაგითმობ კაბინეტს და შენ იყავი მთავარი რედაქტორი!
არა, უკეთესი. შეთავსებით კერძო დეტექტივი. დარწმუნებული ვარ მადამ
ბუკეც კრიმინალური ისტორიით გეახლა. კი, კი, თვალებში ეტყობა, რომ
ასეა. მართალი ვარ?
კატრინმა ტუჩი მოიკვნიტა. სულ სხვანაირად წარმოედგინა ეს
შეხვედრა. იფიქრა, დიმიტრი რომ ბაბუამისის ქართველობას გაიგებს,
თანაგრძნობით განიმსჭვალება, დახმარების ხელს გაუწვდის. მართლა და
მართლა, სამძიმრის მოსასმენად ხომ არ გამოცხადდა რედაქციაში?!
თითქოს მისი ფიქრის ძაფი დაიჭირაო, დიმიტრი ალენს
მიუბრუნდა:
_ წეღან კრუასანებზე ოცნებობდი, არა?
ალენმა ნისკარტა ცხვირი შეჭმუხნა, მაგრამ გაბრაზება გადაიფიქრა.
ეტყობა მართლა შიოდა. სწრაფად ჩამოხსნა ქურთუკი და კარისკენ
წავიდა:
_ ჯანდაბას თქვენი თავი! ოც წუთს გაძლევთ.
კარი გაიხურა.
_ თქვენი კოორდინატები მიამ მომცა... _ დაიწყო კატრინმა.
_ აბა, მია?
_ თქვენი და ჩემი დამლაგებელი.
დიმიტრი დაიძაბა. მართალაც, ჰყავდა ჩინელი დამლაგებელი
სახელად მია, რომელიც სწრაფად ალაგებდა სახლს და კიდევ სწრაფად
იხდიდა ტანსაცმელს.
_ მერე? _ ჰკითხა დაეჭვებულმა.
_ მიამ მითხრა, რომ ქართველი ხართ.
_ კიდევ რა გითხრათ? _ დიმიტრიმ მიას პატარა, უძირო პირი
წარმოიდგინა და უსიამოვნოდ გააჟრჟოლა.
_ მითხრა, რომ ჩემი დახმარება შეგიძლიათ.
_ როგორ?
დიმიტრის ეჭვებმა პიკს მიაღწია. მიასთან ერთჯერადი სექსის
გარდა არაფერი აკავშირებდა. ნუთუ ამ მომხიბვლელ ქალიშვილს კრიალა
პირისკანითა და კონიაკისფერი თვალებით ამ კუთხით სჭირდება მისი
დახმარება? თუ ასეა, დელიკატური უარით გაისტუმროს თუ ღირს
მოსინჯვა?... მძიმე სამუშაო დღის შემდეგ სექსი რელაქსაციის საუკეთესო
საშუალებაა.
საბედნიეროდ, საქმე ბანალურ ქურდობას ეხებოდა. ალექსანდრე
გოკიელის სახლიდან გამქრალა საგვარეული სამაჯური, რამაც ასაკოვანი
მოხუცის სიკვდილი დააჩქარა. დამნაშავის გამოსავლენად კატრინს
დიმიტრის დახმარება სჭირდება.
დიმიტრის წეღანდელი ფიქრების შერცხვა. მაინც რა გარყვნილია
მამაკაცის ფსიქიკა. ლამაზ ქალში პირველ რიგში სექსუალურ პარტნიორს
ხედავს და არა ბაბუაზე მგლოვიარე შვილიშვილს.
_ სევდიანი ისტორიაა, _ თქვა ხმამაღლა. _ მაგრამ მე რით შემიძლია
დაგეხმაროთ? მე ჟურნალისტი ვარ, თქვენ კი გამომძიებელი გჭირდებათ.
_ თქვენ ქართველი ჟურნალისტი ხართ.
_ ეს რამეს ცვლის?
_ დიახ. ქართველზე კარგად არავინ იცის მომაკვდავის სარეცელთან
დადებული ფიცის ფასი. მე მას პირობა მივეცი. დამეხმარეთ, გთღოვთ... _
ბოლო სიტყვა კატრინმა ქართულად წარმოთქვა.
დიმიტრის გაეღიმა. ეტყობა, ემიგრირებული ბაბუა სიბერეში
მითოლოგიაში გადავარდა და შვილიშვილიც იოლად დააჯერა
ქართველი მამაკაცის ყოვლისშემძლეობაში. ვაი, რომ წინ დიდი
იმედგაცრუება ელის.
_ რატომ არ გინდათ, სამართალდამცავებს მიმართოთ?
_ თუკი დამნაშავე ოჯახის წევრია?
_ მითუმეტეს, უნდა იცოდეთ.
_ მირჩევნია, მარტო მე ვიცოდე.
_ კატრინ, ოჯახის რეპუტაცია უფრო გაღელვებთ თუ ნამდვილი
დამნაშავის პოვნა გნებავთ?
კატრინი ჩაფიქრა. ოჯახის რეპუტაცია რომ აღელვებდა, იმიტომაც
მოვიდა დიმიტრისთან. მაგრამ თუკი ქურდობაში მისი ოჯახის წევრი
ურევია, რა თავში იხლის რეპუტაციას? ეს ხომ თავის მოტყუება იქნება.
მექანიკურად წაეპოტინა მაგიდის კუთხეში დადებულ მალაქიტის
საფერფლეს. სუფთა იყო. გაკრიალებული. ეტყობა აქ არ ეწევიან. არადა,
მოწევდა ადამიანი.
_ დამნაშავის პოვნა. _ ჩაილაპარაკა დაღმავალი ენთუზიაზმით.
_ გეთანხმებით.
_ დამეხმარებით?
_ რას მთავაზობთ, საქმე მივატოვო და ვირტუალური დამნაშავის
საპოვნელად დინანში წავიდე? _ დიმიტრიმ გაკვირვება ვერ დამალა.
_ ჩემი ოჯახი პარიზში ცხოვრობს. დინანში სტუმრად ჩავდიოდით
ხოლმე, ბაბუასთან.
_ მოდი ასე შევთანხმდეთ. დააკვირდით ოჯახის წევრებს, თუკი
რამე საეჭვო შენიშნეთ, დამიკავშირდით. დღისა და ღამის ნებისმიერ
დროს. აი, ჩემი კოორდინატები. _ დიმიტრიმ მიიხედ-მოიხედა,
ელიფსებით აჭრელებულ ფურცელს კიდე მოახია და ტელეფონის ნომერი
მიაწერა.
_ უარს მეუბნებით. ზრდილობიან უარს.
_ კატრინ, შედით ჩემ მდგომარეობაში... დღედღეზე ჟურნალი უნდა
ჩავუშვათ, თავის მოსაფხანად არ გვცალია. მართლა! საკუთარი თვალით
ნახეთ, რა ხდება რედაქციაში...
_ ჰო, მესმის...
კაბინეტის კარი მოფრიალდა და ალენიც გამოჩნდა. კარგ ხასიათზე
ჩანდა, ეტყობა გაახარა მუცლის ჭია, კრუასანებიც ჩახეთქა და რძიანი
ყავაც მიაყოლა. აბა, დიმიტრისთვის თუ გამოაყოლა ენის
გასასველებელი? დილის აქეთია კაბინეტში ჰყავს დამწყვდეული და უკვე
დაწერილი სტატიის კორექტირებას აძალებს, აქაოდა, ჩვენი პარტნიორის
ბიზნეს-ინტერესს ეხებაო.
_ ნახევარი საათი გავიდა, ბატონები. დამაფასეთ. თუ ვერც
შეატყვეთ ნაჩუქარი ათი წუთი?
_ მადლობა, მუსიე. _ კატრინი წამოდგა.
_ რატომ ჩამოგტირით სახე, მადამ, ვერ მოილაპარაკეთ?
_ ვერა. თქვენი ჟურნალისტი უარს მეუბნება დახმარებაზე.
_ არ მჯერა, ასეთმა ქალმა რომ მთხოვოს, ფანჯრიდან გადავხტები! _
არტისტულად შესძახა ალენმა და ხელი ფანჯრისკენ გაიშვირა. თუმცა
იქვე შენიშნა გადაადგილებული საფერფლე.
აი, რასაც ვერ იტანდა, ეს იყო მისი ნივთების გადაადგილება.
კბილის ჯაგრისი რომ კბილის ჯაგრისია, ზუსტად იქ უნდა
დახვედროდა, სადაც ჩადო. დახრის კუთხის გათვალისწინებით. ცოლიც
ამ მიზეზით არ მოჰყავდა. რომელი ქალი გაუძლებს მის მანიაკალურ
ახირებას, სხვა თუ არაფერი, მტვრის გადაწმენდას ხომ ვერ აუკრძალავს.
_ თხოვეთ რა, კატრინ, _ შეეხვეწა დიმიტრი _ იქნებ მართლა
გადახტეს და თავი დამანებოს.
ალენმა საფერფლე თავის ადგილზე დადო, დიმიტრი კი თვალებით
დაანამუსა.
_ მუსიე რედაქტორთან მე სხვა თხოვნა მექნება... _ მორიდებულად
თქვა კატრინმა. _ მათხოვეთ ცოტა ხნით თქვენი ჟურნალისტი.
ალენმა პირი დააღო და იქვე მომუწა.
_ მაშინ მომყიდეთ! _ სულ გათავხედდა კატრინი.
_ ეს უკვე სხვა ლაპარაკია, მინდა გითხრათ, ფრიად
დამაინტრიგებელი. _ ალენმა ჰაერი შეისრუტა და კაბინეტში გაიარ-
გამოიარა. _ ფრიად დამაინტრიგებელი. _ გაიმეორა. _ ასეთი რამ ჩემს
პრაქტიკაში არ ყოფილა. მაინც, რამდენს გადამიხდით?
კატრინი ვერ მიხვდა, ხუმრობს მუსიე ნოგარე თუ სერიოზულად
დაინტერესდა. ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა აჰყვეს თამაშში, მით უფრო
გარკვეული თანხა მართლაც ჰქონდა ანგარიშზე. ცხადია, თუ მილიონებს
არ მოსთხოვენ.
_ ჯერ თქვენი ფასი თქვით.
_ მე უკეთესი იდეა მაქვს! _ ხალისიანად აიტაცა დიმიტრიმ. _ მოდი,
თანამშრომლებს დავუძახოთ და აუქციონი გავმართოთ! ვინც მეტს
გადაიხდის, `საქონელიც~ იმისი იქნება.
_ ვინც არა! _ გახალისდა ალენიც.
_ ჰა, როგორია?! ჩაქუჩის მაგივრობას, აი, ეს პრეს-პაპიე გაგვიწევს. _
დიმიტრიმ ალენის პრეს-პაპიე აიტაცა და მსუბუქად დაჰკრა მაგიდას. _
აბა, სასტარტო ფასზე შევთანხმდეთ და დავიწყოთ!
ალენი ხელებში ეცა, პრეს-პაპიე ადგილზე დააბრუნა და სიცილით
დაეხეთქა სკამზე.
კატრინი უყურებდა კაცების ტაკიმასხარაობას და თვალები
ცრემლებით ევსებოდა. ის, რაც მისთვის ღირსების საქმე იყო, ამ
ცინიკოსებმა აბუჩად აიგდეს. ეს კი მოვიდა და მომაკვდავის სარეცელთან
დადებულ ფიცზე ელაპარაკება. აბა, რაიმე სენსაციური ინფორმაცია
მოეტანა, ეთქვა, რომ მადონა და პატრიცია კაასი საყვარლები არიან,
ზედაც კომპრა აეფრიალებინა. ალბათ სიხარულით დორბლს
გადმოყრიდნენ, ხელებში ეცემოდნენ, ფეხებს დაუკოცნიდნენ, აქეთ
გადაუხდიდნენ...
კატრინი ტყვიასავით გავარდა კაბინეტიდან. კაცებმა სიცილი
შეწყვიტეს.
_ ეწყინა. _ აღნიშნა დიმიტრიმ.
_ რა უნდოდა?
_ უჰ, გრძელი ისტორიაა.
_ შენც მოკლედ მომიყევი, ორ სიტყვაში.
_ მერე მოგიყვები. სამ სიტყვაში. თუ გინდა, ოთხში. _ დიმიტრი
ჩქარი ნაბიჯით გაემართა კარისკენ.
_ საით? _ დაადევნა ალენმა.
_ უნდა დავეწიო, სანამ შორს წასულა.
ალენმა ხელი ჩაიქნია და სამუშაო მაგიდა შეამოწმა. ყველაფერი
ადგილზეა. შეუძლია მშვიდად განაგრძოს მუშაობა, მაგრამ რაღაც
უშლიდა ხელს აზრების მობილიზებაში. ნუთუ ეს უცნაური ქალიშვილი
არანაკლებ უცნაური წინადადებით?!
უცებ ქალის ხელჩანთა დაინახა. ირიბად გადაკიდებული სკამის
საზურგეზე. ცხადია, მადამ ბუკეს დაავიწყდა. დიდხანს არ უფიქრია,
ხელჩანთა დაითრია და ისეთი სისწრაფე განავითარა, დიმიტრის დაეწია
და გაასწრო კიდეც.
დინანი
დიმიტრის ფირუზისფერი `პეჟო~ დინანის ვიწრო ქუჩებში
მოძრაობდა. გვერდით ალენი ეჯდა, უკანა სალონში _ კატრინი. პატარა,
საპორტო ქალაქში დღესაც დაჰკრავდა შუა საუკუნეების მსუბუქი
შლეიფი.
_ არ გამიკვირდება, რომელიმე მოსახვევიდან დაშნიანმა
მუშკეტერმა ისკუპოს. _ თქვა ალენმა.
_ მუშკეტერების რა გითხრათ, მაგრამ იყო დრო, როცა აქაური
კორსარები შიშის ზარს სცემდნენ მტრის ხომალდებს.
_ ანუ ძარცვავდნენ. _ შეუსწორა ალენმა.
_ და მიუხედავად ამისა, ძეგლი დავუდგით. თუ დრო დაგვრჩა,
დაგათვალიერებინებთ დინანის ღირსშესანიშნაობებს. მდინარის გადაღმა
ბტერონელი ჰერცოგების რეზიდენციაა, მე-12 საუკუნეში აგებული
ბაზილიკა...
_ ოჰო!
_ ახლა მარჯვნივ გაუხვიეთ და პირდაპირ იარეთ.... ეს კი
ალექსანდრე ბაბუას აპარტამენტებია. _ კატრინმა თაღოვან ხიმინჯებზე
შემდგარ ქვის სახლზე მიუთითა.
მანქანა ტროტუარზე გააჩერეს და დეკორატიული ჭიშკრის გავლით
პატარა ხეხილიან ეზოში შეაბიჯეს. სახლის ფანჯრები შიგნიდან
დარაბებით იყო დაგმანული, მხოლოდ სხვენის სამკუთხა ფანჯარა
ირეკლავდა დღის სინათლეს. იქ ვადაგასული, მაგრამ გადასაყრელად
ვერგამეტებული ნივთები ინახებოდა: ძველი სათამაშოები, ბებიას ნაქონი
საკერავი მანქანა, ფირსაკრავი, საქსაფონი, გაქექილი გლობუსი...
ბავშვობაში კატრინს საათობით შეეძლო იქ ჯდომა. არც ეხლა იტყოდა
უარს, დრო რომ ჰქონდეს. და ხალისი.
_ ამას პატრონი არ ჰყავს? _ ალენმა ნაყოფით დახუნძლულ ვაშლის
ხეზე მიუთითა.
_ მე ვარ ამის პატრონი. _ კატრინმა ხელჩანთიდან გასაღების აცმა
ამოიღო და რამდენიმე საფეხური აირბინა.
დღეს სამგზავროდ იყო გამოწყობილი, შემოდგომის ფერებში.
მოყვითალო დაბალყელიანი შუზები, მდოგვისფერი ჯემპრი, ჭრელი
შარფი, ჯინსი... უხდებოდა. როცა გაქვს სიმაღლის შესაფერისი წონა და
პროპორციული სხეული, ყველაფერი გიხდება.
_ მერე, მოსავალს აღება არ უნდა?
_ უნდა. ხომ მომეხმარებით?
_ ჩვენ? _ ალენმა მხრები აიჩეჩა და დიმიტრის შეხედა, რომელსაც
ვაშლის მოწყვეტაც მოესწრო და ჩაკბეჩაც. _ მე მეგონა ქურდის
გამოსავლენად მოვედით, ჰოლმსისა და უოტსონის ამბავში, ამას კი
თურმე მუშახელი სჭირდება. რას იტყვი, კოლეგა?
_ თქვენ შორის ჰოლმსი რომელია? _ ცბიერად იკითხა კატრინმა.
_ აი ეს, ვაშლის მჭამელი. დარწმუნებული ვარ, გულის ჯიბეში
ჩიბუხსაც მალავს, რომ მერე ბუხართან მიეცეს დედუქციურ ფიქრებს.
კატრინ, ბუხარი გაქვს?
_ მაქვს. _ კატრინმა კარი გააღო და სტუმრები სახლში შეიპატიჟა. _
ბუხარიც მაქვს და ერთი ბოთლი ბურგუნდიულიც უნდა მქონდეს.
ალექსანდრე ბაბუას კოლექციიდან.
_ ოჰო!
ქალაქის არ იყოს, ალექსანდრე გოკიელის სახლშიც იგრძნობოდა
დაკონსერვებული დროის სურნელი, რომელსაც ალბათ წინაპართა
ფოტოებითა და ნახატებით მოფენილი კედლები გამოსცემდა. ნახატებში
მთაგორიანი პეიზაჟები ჭარბობდა.
_ საქართველოა, არა? _ მიხვდა ალენმა.
_ ჰო. კახეთი. შუამთა. _ უპასუხა დიმიტრიმ. _ ეს კი სვანეთია.
_ ოჰო, კოშკებიც გაქვთ?
_ კოშკებიც გვაქვს და ციხე-კოშკებიც.
_ მართლა ასეთი ლამაზია თუ მხატვარის ფანტაზიის ნაყოფია?
_ ერთხელ წაგიყვან და შენი თვალით ნახე.
_ მეც შემიამხანაგეთ, რა-ა?... _ ინატრა კატრინმა და სიძველისგან
გამომშრალ-განაცრისფერებული ხის დარაბები გააღო. ოთახი მზის
სინათლით, სუფთა ჰაერითა და მოფუთფუთე ჩრდილებით აივსო.
_ ამ სახლში თავისებური აურაა. _ ალენმა ფოტოსურათებთან
გადაინაცვლა.
_ ალბათ ჩემი წინაპრები აფრქვევენ.
_ კატა შეიძლება ჩაითვალოს შენს წინაპრად?
კატრინმა ვერ გაიგო ალენის იუმორი, მაგრამ როცა მის მზერას
თვალი გააყოლა, მართლაც დაინახა ჩარჩოში ჩასმული კატის კნუტი.
_ უცნაურია, ადრე აქ საოჯახო ფოტო იდო. საინტერესოა, ვინ
ჩაკვეხა კატის სურათი.
_ რას ერჩი, ლამაზია, ფუმფულა... ოჰო, ეს დიდებული ქალბატონი
ვინ არის?...
_ ჩემი დიდი ბებიაა ქეთევან ჩოლოყაშვილი, ალექსანდრე ბაბუას
დედა. ხელზე სწორედ ის სამაჯური უკეთია, რომელმაც ამდენი
გაუგებრობა გამოიწვია.
ფოტოსურათი სიძველისგან იმდენად იყო გაცრეცილი, მხოლოდ
დაკვირვებული თვალი თუ შეამჩნევდა ქალის მარჯვენა ხელზე
ძვირფასთვლებიან სამაჯურს.
_ მართლა ასეთი უნიკატია თუ უბრალოდ, როგორც ოჯახურ
რელიქვიას აქვს ფასი?
_ ერთიც და მეორეც. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს
სამაჯური ყველაზე ცოტა ორ საუკუნეს ითვლის და მხოლოდ ამიტომ
შეიძლება ჩაითვალოს უნიკალურად. დიდ ბებიას თავისი წინაპრისგან
ერგო, უფრო იქით არ ვიცი. ბაბუამ იუველირთანაც გადაამოწმა. დამღა ან
ავტორის ინიციალები არა ახლავს, როგორც გასული საუკუნეების
ევროპულ ან რუსულ სამკაულებს, მაგრამ დარწმუნებით შეიძლება
ითქვას, რომ გაკეთებულია ირანში, შაჰის კარის ოქრომჭედლის მიერ. ასე
რომ, ორმაგად ძვირფასია. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის.
_ კატრინ, მოიხედეთ. _ დაუძახა დიმიტრიმ. _ შეიძლება ერთი
წუთით თმა გადაიწიოთ?
_ რატომაც არა! _ კატრინმა შუბლი მოიშიშვლა და გაღიმებული
შედგა. ამათ თუ ჰგონიათ, ამერიკა აღმოაჩინეს, ცდებიან. სხვებსაც
არაერთხელ აღუნიშნავთ მისი ბებიასთან მსგავსება.
_ ალენ, ხედავ მსგავსებას? _ დიმიტრიმ ქეთევანის ფოტოზე ანიშნა.
ალენმა თავისი ახლომხედველი თვალები კატრინიდან ქეთევანზე
გადაიტანა და პირიქით:
_ აი, რას ნიშნავს გენეტიკა! კატრინ, თქვენს ადგილზე ჩოლკას
გადავიწევდი, დასანანია ასეთი თვალ-წარბის თმაში დამალვა. ვერ
უყურებთ თქვენს წინაპარს? წარბების მოხაზულობა ტავისთავად
მეტყველებს, რომ ეს უბრალო ქალი არ იყო.
_ არც იყო უბრალო, თავადის ქალი გახლდათ.
_ უყურე შენ! თავადის ქალი... და ეს ქორისთვალება გენერალი
ვიღაა?
_ ბაბუაჩემის ბიძა. ყარამან გოკიელი.
_ აჰაა, მე კი გენეალოგიური ხეც არ გამაჩნია. ჩემი ცოდნა ამ
საკითხის გარშემო ბებია-ბაბუაზე ჩერდება. ისიც დედის მხრიდან. მამა
ხომ თვალითაც არ მინახავს... არადა, კატრინის ნათესავების შემხედვარე,
მეც მომინდა მეც მყავდეს სახელოვანი წინაპარი. სამაჯურიანი,
უსამაჯურო... სულერთია.
_ მომინდომა! _ ჩაიფხუკუნა ფანჯარასთან ზურგშექცევით მდგარმა
დიმიტრიმ.
_ რა გაცინებს?... იცი, რას გეტყვი, კოლეგა, ვინც არ უნდა
ყოფილიყო ჩემი წინაპარი _ ორდენოსანი კავალერი თუ პლებეი,
აყვავებული ქვეყანა დამიტოვა, შენმა კი საკუთარი ქვეყნიდან
გამოგაგქცია, შენც და აგერ, კატრინის ბაბუაც. აწ განსვენებული
ალექსანდრე.
_ `ორ ზღვას შუა ძველისძველად საომარი იყო ლელო...~ _
ქართულად ჩაილაპარაკა დიმიტრიმ.
_ რაო, რას ამბობს? _ ალენი ეჭვით დაეკითხა კატრინს. _ ხომ არ
იგინება თავის ენაზე?
_ არა, არა, _ იუარა კატრინმა და სიტუაციის განმუხტვა ცადა. _
ბატონებო, მოდით, თითო ჭიქა დავლიოთ. _ ალექსანდრე ბაბუას წესად
ჰქონდა სტუმრების დალოცვა. ქართველებზე ხომ პირდაპირ ჭკუა
ეკეტებოდა, მათი შემხედვარე რაღაც რელიგიურ ექსტაზთან
მიახლოვებული განცდა ეუფლებოდა ხოლმე. თვალსა და ხელს შუა
აკლდებოდა წლები. მართლა, მართლა... ერთხელ ფილიპმა პარიზიდან
ჩამოიყვანა ორი ქართველი... უნდა გენახათ, რა დღეში იყო. არ უშვებდა,
ლამის ჩაისახლა. დამელოდეთ, ერთი წუთით.
კატრინი ღვინის მოსატანად გაიქცა, ალენი კი დიმიტრის აეტუზა:
_ ხომ არ გეწყინა?
_ მიდი, რა...
_ მოგწონს?
_ ვინ?
_ ვითომ არ იცი, კატრინი. _ ალენმა ქურდულად მიმოიხედა.
_ რატომ მეკითხები?
_ შენ ოდეტიც გეყოფა.
_ ვინ ოდეტი?
_ აბა შენ იცი, გამოიშტერე თავი, იქნებ დაგიჯერო?! ოდეტი _ ქალა-
ბიჭა კორესპონდენტი ფერად-ფერადი დრედებით. გგონია ვერ ვხედავ რა
თვალებით გიყურებს?
_ რა თვალებით? _ დიმიტრი დაინტერესდა.
_ მშიერი თვალებით. ეტყობა კარგად ვერ აკმაყოფილებ.
_!
_ სხვათა შორის, მე უარი მითხრა. მე, მთავარ რედაქტორს! _ ალენმა
გულზე მჯიღი მიირტყა, ფანჯარას მოშორდა და ჯიბეებში
ხელებჩაწყობილმა გაიარ-გამოიარა. _ იმ დრედებით უნდა მეთრია...
ქალების შესაბმელად მთავარი რედაქტორობა არ კმარა, გაიფიქრა
დიმიტრიმ. სხვა საკითხია, რაში სჭირდება ალენს ერთი თავით მაღალი
ოდეტი? იმასაც ვერ ხვდება, რომ კატრინთან ფეხი არ ჩაუვა. არც მას და
ალბათ არც დიმიტრის. სიმართლე ითქვას, დიმიტრის თავში არ მოსვლია
კატრინის შებმა. შეიძლება ერთი-ორჯერ წარმოიდგინა რაღაცები,
ზერელედ, ინსტიქტის დონეზე. ნორმალურ კაცს რომ ეკადრება. ალენი კი
სულ ტყუილად მისტირის ოდეტს, სექსისთვის მეტისმეტად მაღალი და
მოუქნელია. თან ფრჩხილებს იკვნეტს. იმ დრედებსაც ყველაფრის სუნი
აქვს თმის გარდა. ოდეტს მიაც კი ჯობს, ბუნებრივი მაინც არის.
_ რას მიედ-მოედები, ალენ, თუ მოგწონს პირდაპირ მითხარი.
_ არ მომწონს. დღეს არ მომწონს, ხვალ შეიძლება მომეწონოს. მერე
კი გვიან იქნება. ლოგინში ხომ შემოგეჭრები? და საერთოდ, ვერ გავიგე,
ყველგან შენ რატომ უნდა დამასწრო? _ ალენი თაროზე გამოდგმულ
არწივის ფიტულთან შედგა. _ რა გჭირთ ამ ქართველებს, ასიგმატიზმი
გემართებათ ქალის დანახვაზე...
_ მგონი პირიქითაა.
_ ბებიაშენისა!
_ გგავს ხო იცი...
_ რა, ეს ფიტული?
_ ეს არწივი.
_ მამშვიდებ თუ მამცირებ? _ ისევ აიჭრა ალენი.
_ ბევრს თუ გაახურებ, დავიხურავ ქუდს და წავალ. _ გაბრაზდა
დიმიტრი. _ ჰოდა, დაგრჩებათ ბურთი და მოედანი შენ და... _
წინადადების დასრულება ვერ მოასწრო, ოთახში კატრინი შემოვიდა
ღვინის ბოთლით ხელში. შავ თმაზე, მარგალიტის მძივივით ეკიდა
ობობას თეთრი ძაფი წვრილად ასხმული ბურთულებითურთ.
_ ესეც ჩვენი ბურგუნდიული. 1975 წლის ჩამოსხმა. _ გამოაცხადა
საზეიმოდ და დამტვერილი ბოთლი მაგიდაზე შემოდო.
_ ესეც აბლაბუდა. ვერ გეტყვი, რომელი წლის ჩამოსხმისაა, მაგრამ
სიმყარის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, კორსარების დროინდელი უნდა
იყოს. _ დიმიტრი დელიკატურად დაიხარა კატრინის თავთან და
ორიგინალური `მძივის~ ჩამოხსნას შეეცადა.
_ ოი! _ კატრინი შეფრთხა. _ ეტყობა სარდაფში წამოვეგე. ფუ, რა
საზიზღრობაა! წავიდეთ, ხელები დავიბანოთ...
დიმიტრიმ გაფუყულ ალენს გახედა და მხრები აყარა, ვითომ, მე რა
შუაში ვარო და გრძელი ნაბიჯებით დაედევნა კატრინს.
`ბარემ კუდი გაშალე, მამალი ფარშევანგივით, და სარიტუალო
ცეკვაში დაბზრიალდი~, ჩაიბურტყუნა ალენმა და ბოლთის ცემა
განაგრძო.
მზერა მაგიდის ქვეშ ფარჩის ფეხსადგამზე შეაჩერა. ასეთი
საკომისიო მაღაზიებში უნახავს, შეიძლება მუზეუმშიც. თვითონ მაგიდაც
ძველია, თეთრი მარმარილოს ზედაპირით, ალაგ-ალაგ ჩაყვითლებული,
მაგრამ უხდება. ეს ადამიანს არ უხდება თეთრი თმა და ყვითელი
კბილები, თორემ რარიტეტებს მხოლოდ კეთილშობილებას მატებს. ამ
თემაზე კარგი სტატიის დაწერა შეიძლება, თანდართული
ფოტომასალით. `ემიგრანტის პორტრეტი ინტერიერში.~ წაიპლაგიატებს,
მაგრამ არც ესაა პრობლემა, ალუზიის ვარიანტში წავა.
კატრინმა ბოთლს დაქანებული გვერდები სუფთა ტილოთი
გაუწმინდა, ფრთხილად მოხსნა ქაღალდი და ხრახნიანი გასახსნელი
საცობში შეაცურა:
_ ალენ, ჭიქები მომაწოდეთ, გეთაყვა... აი, იქ, ბუფეტში...
ალენმა მზადყოფნით გამოაღო ბუფეტის აჟურული კარი და
სიამოვნებით შეიყნოსა ამ უცნაური სახლის არომატი.
_ ესენი არა, ალენ... გვერდზე რომ დევს, ისინი. წვრილ ფეხებზე.
დიახ, დიახ...
_ აქვს მნიშვნელობა?
_ ძალიან დიდი. ღვინის ჩამოსხმა ლიმონათის ჭიქებში არ
შეიძლება. ისევე, როგორც უბრალო საცობის გაკეთება ძვირფას ღვინოზე.
_ ბრალიანი საცობიც არსებობს? _ გაუკვირდა დიმიტრის.
_ ეს ბრალიანია. _ კატრინმა თავმომწონედ დაანახა ორივეს ხრახნზე
წამოცმული საცობი. _ განსაკუთრებული მუხის ქერქისგან მზადდება. და
ეს განსაკუთრებული მუხა უნდა იყოს არა უმცირეს 30 წლისა. ცხადია,
თუ ყველა წესის დაცვით აპირებ ღვინის შენახვას, თორემ ისე ქიმიაც კი
წავა.
_ საიდან იცი?
_ პროფესიიდან გამომდინარე. ღვინის ექსპერტი გახლავარ.
ალენმა და დიმიტრიმ ერთმანეთს გადახედეს და პატივისცემის
ნიშნად თავები ააკანტურეს.
_ სომელიე? _ ჰკითხა ალენმა.
_ დიახ.
_ ქართულად, ჭაშნაგირი. _ თქვა დიმიტრიმ.
_ უი, რა რთული სიტყვაა?! _ თავი გააქნია კატრინმა. _ ღვინის
მიმართ ინტერესი ბაბუაჩემმა გამიღვივა. ახალგაზრდობაში, ბაბუა
მიმტანად მუშაობდა ერთ-ერთ რესტორანში, სადაც გაიცნო და
შეუყვარდა ბებიაჩემი, ჟულიეტ ბუკე _ იმავე რესტორნის მეპატრონის
ქალიშვილი. ეყოლათ ორი შვილი. მამაჩემი შარლი და მამიდაჩემი ელენი.
ჩვენი ქონების დიდი ნაწილი ბებიაჩემის მზითვია. ერთადერთი, რაც
ბაბუიამ საკუთარი სახსრებით შეიძინა ეს სახლია. აქვე ააწყო ბიზნესი. იმ
პერიოდში რანსზე სატვირთო ხომალდები მიმოდიოდნენ, პლედიენიდან
სენ-მალოში ხის მასალა გადაჰქონდათ. ბაბუა ერთ-ერთი ხომალდის
მეპატრონე გახლდათ. ოცი წლის წინ, როცა ტვირთბრუნვა შემცირდა,
ხომალდი გაყიდა და საშუალო გაბარიტების კატერი შეიძინა, რომელიც
დღესაც ფუნქციონირებს _ რანსის სანაპიროზე გასეირნების მსურველებს
ემსახურება. ზაფხულობით აქ ბევრი ტურისტია. _ კატრინმა ფრთხილად
ჩამოასხა წითელი ღვინო, ჭიქა ცხვირთან მიიტანა, სიამოვნებით დაყნოსა
და თავი ასწია. _ მუსიე დიმიტრი, მუსიე ალენ, შეიძლება, ერთი
სადღეგრძელო?
კაცებმა კიდევ ერთხელ ააკანტურეს თავები.
_ ნათელში იყოს ჩემი ბაბუა ალექსანდრე. მართალია გულნატკენი
წავიდა ამქვეყნიდან, მაგრამ მე ყველაფერს გავაკეთებ მისი სულის
დასამშვიდებლად. თქვენი დახმარებით, ბატონებო. ასე არაა? _ დაამატა
მორიდებულად.
დიმიტრის და ალენს ამდენი კანტურისგან კინაღამ მოსძვრათ
თავები. კატრინს ჭიქები მიუჭახუნეს, რის მერეც შემართებით გაეშურნენ
ალექანდრე გოკიელის საძინებელი ოთახისკენ, იქ, სადაც მოხდა
დანაშაული.
კატრინმა პირველ რიგში სეიფი გამოაღო:
_ აი, აქ ინახებოდა სამაჯური და ანდერძი. დღეის მდგომარეობით
არც ერთია, არც მეორე.
_ ანდერძს რაღა მოუვიდა? _ დაინტერესდა დიმიტრი.
_ გიპასუხებთ, თუ არ დამძრახავთ... _ კატრინმა ღვინო მოსვა და
შეფაკლული ლოყებით ჩამოჯდა საწოლის კიდეზე. _ შეიძლება ადრეც
უნდა მეთქვა, მაგრამ შემეშინდა, მერკანტილობაში არ ჩამთვლოდა. საქმე
იმაშია, რომ დამნაშავის გამოვლენამდე ანდერძი ვერ შევა ძალაში. ანუ,
ვერც მამაჩემი, ვერც მამიდაჩემი ვერ იქნებიან მშობლების მიერ
დატოვებული ქონების სრული განმკარგავები. იმ ინციდენტის შემდეგ
ბაბუამ გული აიცრუა ოჯახის წევრებზე, ყველას ეჭვის თვალით
გვიყურებდა, მათ შორის მე, რომელისთვისაც სულს არ დაიშურებდა.
სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე მან ნოტარიუსი დაიბარა და
ახალი ანდერძი შეადგენინა.
დიმიტრიმ კედელთან მიდებული ნახატი ამოაბრუნა, `დემონი~
აღნიშნა ხმამაღლა და სეიფს მიაზომა.
_ სწორედ მიხვდით, _ აღნიშნა კატრინმა. _ ბაბუას სიცოცხლეში
მანდ ეკიდა.
_ რა მიხვედრა უნდა, ნახატის უკან შპალიერი ნაკლებად არის
გახუნებული, ვიდრე კედლის დანაჩენ ნაწილში. ე. ი. რაღაც მართკუთხა
ფორმის საგანი ეკიდა. კატრინ, პირადად თქვენ, ვინმეზე გაქვთ ეჭვი?
_ ნათესავებს გულისხმობ?
_ პირველ რიგში.
_ დაუშვათ, რომელიმე ოჯახის რომელიმე წევრს დაცდა ხელი და
მოიპარა. მეორე ანდერძის გაცნობის შემდეგ უსათუოდ შემოაგდებდა. არ
მგონია, მამაჩემისთვის სამაჯური უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე
პარიზის სახლი; იგივე შემიძლია ვთქვა მამიდაჩემზე, რომელსაც
მშობლებისგან ერგო ვენახები ფინისტერის დეპარტამენტში.
_ რძალი, სიძე, ძმები... _ ჩამოთვალა დიმიტრიმ.
_ დედაჩემი მე ხომ არ მომპარავდა, საკუთარ შვილს?! ჩემი უფროსი
ძმა, კლოდი პროფესიით ორნიტოლოგია, რამდენიმე თვეა თვალით არ
გვინახავს, გადამფრენ ჩიტებზე ფილმს იღებენ და ჯგუფთან ერთად
გადაადგილდება მსოფლიო მასშტაბით. კლოდს ისე სჭირდება
გოკიელების საგვარეულო სამაჯური, როგორც მომაკვდავს, ოყნა. კლოდს
არაფერი აინტერესებს ფრინველების გარდა. მრცხვენია ამის თქმა, მაგრამ
ბაბუას გასვენებაშიც ვერ ჩამოვიდა, ინდოეთში იყო.
_ კეთილი, კლოდი გამოვრიცხეთ. დანარჩენები?
_ რაც შეეხება ბიძაჩემს, მამიდაჩემის ქმარს, ორი წელიწადია
დინანში ფეხი არ მოუკარებია, ბაბუაზე იყო ნაწყენი.
_ მიზეზი?
_ ამ სახლს უმიზნებდა. შარლის ქალიშვილს თუ ეკუთვნის, ჩემმა
ქალიშვილმა რა დააშავაო. შარლი მამაჩემია.
_ პირველი ეჭვმიტანილიც გამოიკვეთა. _ გაუხარდა დიმიტრის,
რაზეც კატრინმა ხელები აასავსავა:
_ ჩემი მამიდაშვილი? არა, არა! ვევა ნანტში მუშაობს. აქ მხოლოდ
დასაფლავებაზე გამოჩნდა, სამი თვის წინ კი სამაჯური ადგილზე იყო,
ბაბუა _ ლოგინში. საპირფარეშოში თუ გავიდოდა ხოლმე, თორემ ამ
ოთახიდან ფეხს არ იცვლიდა.
_ ყოველ შემთხვევაში, ვინც მოიპარა, უკვე გაყიდდა. _ აღნიშნა
ალენმა.
_ შავ ბაზარზე თუ გაიტანდა, თორემ ანტიკვარულ ნივთს
თანდართული დოკუმენტაციის გარეშე არც ერთი პატიოსანი იუველირი
არ მიიღებს.
_ იქნებ დაშალა და ისე გაყიდა, ნაწილ-ნაწილ?... ჰა, დიმიტრი, რას
გკარნახობს შენი დედუქციური ალღო? ცარიელი სეიფის სანახავად ხომ
არ გამოვცხენდით ამხელა გზაზე?
_ იმას, რომ ოჯახის წევრები აქ არაფერ შუაშია. _ დიმიტრიმ ღვინო
დაცალა და ცარიელი ჭიქა ხელში შეათამაშა. _ კატრინ, ოჯახის წევრების
გარდა, ვინმეს ნანახი ჰქონდა სამაჯური?
_ კი, როგორ არა! საქართველოდან ჩამოსულ სტუმრებს,
მაგალითად. იცით, სამაჯური ფრანგებისთვის მხოლოდ საიუველირო
ღირებულებას წარმოადგენს, ქართველებისთვის კი მთელი ისტორიაა.
ბაბუა ძალიან ამაყობდა თავისი წარმომავლობით, მიუხედავად იმისა,
რომ საქართველოდან გაქცევა მოუწია, ძვირს ვერ დააცდენინებდი თავის
ქვეყანაზე, პირიქით, იქიდან ჩამოსულებს დაწვრილებით გამოკითხავდა
ხოლმე ყველაფერს, რა აშენდა, რა დაინგრა...
_ სტოპ, სტოპ, სტოპ! _ ხელის აწევით გააჩერა დიმიტრიმ. _ თემას არ
გადაუხვიო. გაიხსენე, ბაბუაშენთან სტუმრად ჩამოსული ქართველები.
ვინ იყვნენ, როგორ მოხვდნენ აქ, ვის მოჰყვნენ... პირდაპირ ქუჩიდან ხომ
არ შემოუვარდებოდნენ? ვინ-რა იცის, რომ დინანში ქართველი
ემიგრანტი ცხოვრობს?!
კატრინი შუბლშეჭმუხნული ჩაფიქრდა. ოთახში ბუზის გაფრენის
ხმა არ ისმოდა.
_ მე მოგეხმარები. _ სიჩუმე დაარღვია დიმიტრიმ. _ წეღან შენი ძმა
ახსენე, ფილიპი, რომელმაც პარიზიდან ორი ქართველი ჩამოიყვანა. ასე
არაა?
_ ჰო. დაახლოებით სამი თვის წინ.
_ რას წარმოადგენდა ის ქართველები?
_ ახალგაზრდა გოგო იყო და ასე 30-35 წლის მამაკაცი. ულვაშიანი. _
კატრინმა ზედა ტუჩზე თითი გადაისვა და უცებ სახე გაუნათდა. _
გამახსებდა, გოგონა ფილიპთან ერთად სწავლობს ნატიფ ხელოვნებათა
აკადემიაში.
_ დაურეკე ფილიპს. გამოჰკითხე.
_ ჰო, რასაკვირველია... მობილური ხელჩანთაშია... ხელჩანთა
მისაღებში... ფიგარო იქ, ფიგარო აქ...
კატრინი აღელვებული გავარდა ოთახიდან. კაცებიც მიჰყვნენ.
ფილიპმა დას სამწუხარო ამბავი ამცნო. მისი კურსელი ქართველი
გოგონა, თამუნა მილორავა, სამი კვირის წინ მოკლეს. ცხედარი უკვე
გადასვენებულია საქართველოში. რაც შეეხება თანმხლებ მამაკაცს,
ფილიპმა მხოლოდ სახელი იცის _ ოთარი. კიდევ ერთი საყურადღებო
ინფორმაცია: ბაბუას ამ წყვილისთვის სამაჯური არ უჩვენებია, მხოლოდ
საოჯახო ალბომი და წინაპართა ფოტოები, რომლებიც ისედაც გამოსაჩენ
ადგილზე ეკიდა. თუ არ ჩავთვლით კატის კნუტიან პასპარტუს.
_ გამოდის, კვალი პარიზში მიდის. _ თქვა ალენმა.
_ რომ არა ვთქვათ, თბილისში. _ ამოიოხრა დიმიტრიმ.
_ თბილისი... _ გაიმეორა კატრინმა.
პარიზი
პარიზში ჩასვლისთანავე დიმიტრიმ პირადად დაურეკა ფილიპს და
თამუნა მილორავას შესახებ დაჰკითხა. მან დიდი არაფერი იცოდა
მოკლული ჯგუფელის შესახებ, გარდა იმისა, რომ ეს უკანასკნელი რაღაც
საერთაშორისო პროგრამით იმყოფებოდა საფრანგეთში. სამაგიეროდ
დაჰპირდა მეორე ქართველის, ვინმე თიკას გაცნობას, რომელიც
თამუნასთან ერთად ცხოვრობდა საერთო საცხოვრებელში.
შეხვედრა ნაშუადღევს დათქვეს. სენ მარტენის არხის სიახლოვეს,
იქ, სადაც იპოვეს თამუნას თავგაჩეჩქვილი გვამი.
ფილიპი აღმოჩნდა ხალისიანი ახალგაზრდა წეროს ბუდესავით
აფეთქებული თმითა და ქართული ცხვირით, თიკა _ მილიტარისტულ
სტილში გამოწყობილი ქალიშვილი ყბაში მოქცეული საღეჭი რეზინით.
ამდენი ტყავი, ჯაჭვი, ძეწკვი, რკინა და ლატექსი ერთად დიმიტრის
მეტალისტებზეც არ უნახავს.
_ ფილიპ, რამდენიმე კითხვა და თავისუფალი ხარ. სამაჯურის
შესახებ თამუნასთან გქონია ლაპარაკი?
_ მგონი კი... ყოველ შემთხვევაში, იცოდა ჩემი ქართული ფესვების
შესახებ და კითხვებით მატერორებდა ხოლმე. მეც რაღაცებს ვუყვებოდი,
როცა ხასიათზე ვიყავი.
_ დინანში რა მიზნით წაიყვანე?
_ გაჟიმვა მინდოდა. _ ალალად უპასუხა ფილიპმა.
თიკამ ხმამაღლა გადაიხარხარა, დიმიტრიმ უხერხულად ჩაახველა:
_ რომანი გქონდათ?
_ რომანი არა ისა! _ სასაცილოდ არ ეყო ფილიპს, _ უბრალოდ
გაჟიმვა მინდოდა. ამბობდნენ, ქალიშვილი არისო და მაინტერესებდა,
რა...
_ თვითონ უარზე იყო?
_ ბრეტანში გასეირნებაზე დიდი სიამოვნებით დამთანხმდა, მაგრამ
რად გინდა?... ვიღაც საფრთხობელა არ მომაყენა ავტობუსის გაჩერებაზე?
`ეს კაცი ოცნებობს ბაბუაშენის გაცნობაზე და წინააღმდეგი ხომ არ ხარ
ჩვენთან ერთად უნდა წამოვიდესო.~ ფაქტის წინაშე დამაყენა, რა...
ძალიან, ძალიან უტაქტოდ მოიქცა. გავსკდი გულზე, მაგრამ მომერიდა
ამოპანჩურება, ჰოდა, წავფსერდით სამივე. ჩამსხამდა მთელი დასვენება,
აი, ალექსანდრემ კი გაიხარა, ქართულად ამჭერმეტყველდა საწყალი... _
სინანულით დაასრულა ფილიპმა. ეტყობა გაახსენდა, ახლახან რომ
დამარხა ბაბუა.
დიმიტრიმ ფილიპო გაუშვა და თიკასთან ერთად არხის ნაპირას,
ხის ძელსკალმზე ჩამოჯდა. თიკამ ფეხი ფეხზე გადაიდო და
დემონსტრაციულად მოუკიდა სიგარეტს. ყველანაირად ცდილობდა
თავი დამოუკიდებელ, უკომპლექსო გოგოდ გაესაღებინა. პარიზს რომ
შეეფერება, ისეთი. ხედავდეს დედამისი!
_ თიკო, გაქვს რაიმე ვერსია თამუნას მკვლელობასთან
დაკავშირებით?
_ არანაირი.
_ როგორი გოგო იყო, მომიყევი...
_ იცით, ცოტა მერიდება გარდაცვლილ ადამიანზე ჭორაობა. _
თიკომ `საყვარლად~ დაბერა პომადით ალაპლაპებული ტუჩები.
_ თუ არ `ვიჭორავეთ~ მკვლელზე ვერ გავალთ. არ გაინტერესებს,
ვინ მოკლა შენი მეგობარი?
_ არ ვყოფილვართ მეგობრები, თბილისში ზედაც არ ვუყურებდით
ერთმანეთს, აქ, პარიზში დავუახლოვდი...
თიკას მონაყოლიდან:
თამუნა და თიკო თბილისის სამხატვრო აკადემიის
ხელოვნებასმცოდნეობის ფაკულტეტზე სწავლობდნენ. თიკა
ზარმაცობდა, ლექციებს აცდენდა, თამუნა პირიქით, დისციპლინით და
სიბეჯითით გამოირჩეოდა. არც ნიჭი აკლდა. პარიზის ნატიფ
ხელოვნებათა აკადემიაში მოხვდა როგორ კონკურსის გამარჯვებული,
მაშინ, როცა თიკას სწავლა-განათლება მდიდარმა მამიკომ დაყფინანსა.
პარიზში თამუნა თითქოს გამოცვალეს. რომ იტყვიან, აიწყვიტა. კაბა
დაიმოკლა, წელზე სვირინგი გაიკეთა, ჭიპზე საყურე, თავზე _ აფრიკული
ნაწნავები... მოკლედ, ფრიადოსანი გოგონა იაფფასიან მეძევს დაემსგავსა.
თაყვანისმცემლებიც რომ გამოუჩნდნენ, სულ გადაირია. პირადად თიკა,
კლოზეტში არ შევიდოდა იმ სუნიან ალჟირელთან, ვისთანაც თამუნამ
ხანმოკლე რომანი გააბა. ის სიხარულით კი მეცხრე ცაზე იყო. ცხოვრებაში
პირველად მოეწონა ვიღაცას. მერე იყო პოლონელი როკერი, მერე კიდევ
ვიღაც... მერე თამუნა ცოტა არ იყოს დაიბნა. საქმე ისაა, რომ 2-3 პაემნის
შემდეგ თაყვანისმცემლები ქრებოდნენ. მიზეზი _ ქალწულობა,
რომელსაც პურიტანულ ოჯახში გაზრდილი გოგონა ვერაფრით შეელია.
სიამოვნების მიღების სხვა მეთოდებზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია.
ბოლოს და ბოლოს, მასაც ეწვია ნამდვილი სიყვარული. კი გამოჩნდა
ის, ვისთვისაც ყველაფერი ემეტებოდა. ყველა მეთოდით. მამაკაცი
სახელად ოთარი თამუნამ აფრიკის ხალხთა მუზეუმში გაიცნო და
იმდენად მოიხიბლა, რომ გულის სიღრმეში თიკას შეშურდა კიდეც _ რაღა
იმ დღეს დამეზარა მუზეუმში წასვლაო, ეგებ მე გამომეკრა ხელი
ქართველი ინტელექტუალისთვისო.
რაოდენ დიდი მისი იმედგაცრუება, როცა თამუნას ნაქები
ინტელექტუალი ერთ ერთი უშნოდ აწოწილი, მელანქოლიური სუბიექტი
აღმოჩნდა, ძველმოდურად დაყენებული ულვაშითა და საცრისხელა
სევდიანი თვალებით. კი, წიგნები ჰქონდა წაკითხული, მაგრამ აშკარად
განიცდიდა ტესტოსტერონის დეფიციტს.
თამილამ ახალი მეტამორფოზა განიცადა. უფრო სწორედ ძველ
სტანდარტებს დაუბრუნდა. ნაწნავები შეიკრა, მინი კაბები და
კოსმეტიკის ქისა თიკას გადაულოცა, ჭიპიდან რგოლი გამოიძრო... აი,
სვირინგს კი ვერაფერი მოუხერხა. რა არ ცადა _ საპონი, სოდა, წყალბადის
ზეჟანგი... მაგრამ იისფრად ამოტვიფრული ბიზონი მკვიდრად
ჩასახლებულიყი ქალიშვილის კანში.
გოგოებმა ორკვირიანი არდადეგები თბილისში გაატარეს და ისევ
პარიზს დაუბრუნდნენ. თიკოს ეგონა, თამუნას გადაუვლის ამ უცნაური
სუბიექტით აღფრთოვანება, მაგრამ მკვლელობამდე რამდენიმე დღით
ადრე მან გაამხილა, რომ გათხოვებას აპირებს.
თიკამ თხრობა დაასრულა და რაღაცნაირად მოიწყინა. ყბის
ჟლაჭუნიც კი შეწყვიტა. ფილიპის არ იყოს, თითქოს ხელახლა
გააცნობიერა დანაკარგი.
_ ოთარი რა გვარია? _ დაინტერესდა დიმიტრი.
_ იაშვილი. არა, რა... ოთარი გამორიცხეთ. თიკოს მკვლელობის
დროს ის დროს თბილისში იმყოფებოდა. თანაც არ ჰგავს მკვლელს. ბერს
ჰგავს. სამოქალაქო ტანსაცმელში. მკვლელობასაც ერთი ადგილი უნდა,
არა?..
_ შეიძლება. თბილისელია?
_ ჰო. თამუნაც თბილისში აპირებდა ჩასვლას, ჩემოდნებზე იჯდა
საბრალო, ოთარის ზარს ელოდა. ღელავდა ძალიან.
_ მიზეზი?
_ არ ვიცი. ბოლო რამდენიმე დღე თითქოს ჩაიკეტა, შევატყვე, არ
უნდა ჭორაობა და აღარ ჩავციებივარ. სიმართლე გითხრათ, არც
მაინტერესებდა ვიღაც ჭკნობაშეპარული ტიპის სასიყვარულო ამბები.
`ტიპი კი იქნება ჩემი ასაკის,~ გაიფიქრა დიმიტრიმ, `ნეტავ მეც
ჭკნობაშეპარული ვგონივარ?~
_ პარიზში რაღა მოარბენინებდა, თუკი ისევ თბილისში აპირებდა
გამგზავრებას? _ იკითხა ხმამაღლა.
თიკამ მხრები აიჩეჩა.
_ ოთარი რას წარმოადგენს?
_ ისტორიკოსია. ლექციებს კითხულობს თბილისის რომელიღაც
უნივერსიტეტში. ჰმ, მეცნიერებათა კანდიდატი, რომელსაც სახლში
ტელეფონი არა აქვს. კომედია.
დიმიტრის გამაფრთხილებლად აეწვა ბეჭები. ეს იყო კვანძის
მოსალოდნელი გახსნის პირველი სიგნილი. ვიღაცას გული უგრძნობს
ხოლმე, ვიღაცას ინტუიცია კარნახობს. მას კი მგრძნობიარე ბეჭები
აღმოჩნდა.
_ როგორ თუ არა აქვს? _ იკითხა სხაპასხუპით. _ რატომ?
_ მეც ეგ ვუთხარი თამუნას? გაიკითხ-გამოიკითხე, იქნებ ვინმე
გაღლეტილია და გაბოლებს მეთქი. მერე რა, რომ ორი წიგნი აქვს
წაკითხული... იცით, პარიზში რამდენი ნაკითხი კლოშარია? განა
შეიძლება დღეს ადამიანს ქალაქის ტელეფონი არ ჰქონდეს? თამუნამ კი
ისე შემომხედა, მივხვდი, კამათი უაზრობაა. მონუსხულივით იყო,
თითქოს ჯადო ჰქონდა გაკეთებული.
_ მაინც სად შეიძლება ოთარის პოვნა?
_ ახლა არ ვიცი, მაგრამ ადრე რომელ სასტუმროში გაჩერდა,
გეტყვით.
სასტუმრო `მარლი~ დაიმახსოვრა დიმიტრიმ, თიკოს
გამოემშვიდობა და ავტოსადგომისკენ გაიქცა.
...
___
თბილისი
ერთადერთი ქალიშვილის სიკვდილის შემდეგ რუსუდან მილორავა
სახლიდან იშვითად გადიოდა. მხოლოდ პურზე. ისიც ინიტომ, რომ
შიმშილით გული არ წასვლოდა. ჩაი და თაფლი სახლში ჰქონდა, ჯერ
კიდევ თამუნას სიცოცლეში მომარაგებული. მთელი დღეები იწვა
ტახტზე და შვილის გადიდებულ ფოტოსურათს ელაპარაკებოდა. ხან
ხმამაღლა, ხან დისტანციურად, და ერთადერთ რიტორიკულ კითხვას
სვამდა: რატომ? რატომ თამუნა და არა სხვა, რატომ მაინცდამაინც
უსაფრთხო პარიზში და არა ომგამოვლილ თბილისში, სადაც კვირა არ
გავა ვიღაცას დანა არ გაუყარონ... რატომ, რატომ, რატომ? ვისთვის რა
უნდა დაეშავებინა მის უწყინარ გოგონას... ალბათ, ასეთი კარგი რომ იყო,
იმიტომ წაიყვანა ღმერთმა. სხვებს კი არ ჰგავდა, უზრდელებს, უხამსებს,
ვულგარულებს... უფროსის პატივისცემა იცოდა, სწავლაში ტოლი და
სწორი არ ჰყავდა, სხვები რომ ბიჭებს ეზომებოდნენ, თამუნა წიგნებს
ჩაჰკირკიტებდა... მშობელი დედის შერჩეულ ზნეკეთილ წიგნებს და არა
გლამურულ ჟურნალებს ავხორცად გადაზნექილი ქალებითა და
თვალებგამოციებული ჭაბუკებით. რუსუდანის სკოლა. განა ყველა დედა
დადაა?... დილით კარს რომ გაიხურავენ საღამომდე არ მოეკითხებად
შვილის ავან-ჩავანი. რუსუდანს კი კონტროლზე ჰყავდა აყვანილი
თამუნას ყოველი წუთი, რომ დრო უქმად არ დაეკარგა, რომ სახლში არ
ამოეყვანა ზნეობრივ-ესთეტიკურ დისციპლინას მოკლებული
კლასელები, სიგარეტი არ მოეწია, ალკოჰოლურ სასმელი არ გაესინჯა...
სამსახურიც კი დათმო, რომ თვალთახედვის არეში ჰყოლოდა. ქმარი
საყვედურობდა _ მკაცრად ექცევი, არჩევანის საშუალება მიეცი, თითქოს
რუსუდანი დესპოტი მშობელი ყოფილიყო და არა ერთადერთ
ქალიშვილზე გადაფოფრილი დედა. რა სისულელეა. როცა სიყვარულია
ამოსავალი წერტილი, აღზრდის ნებისმიერ მეთოდს აქვა გამართლება,
მათ შორის, სიმკაცრეს. შედეგიც სახეზე იყო: თამუნა აღმოჩნდა
ერთადერთი სტუდენტი, ვისაც სახელწიფომ სწავლა დაუფინანსა!
პარიზი, რომელიც უნდა გამხდარიყო თამუნას კარიერული
ნახტომის ტრამპლინი, მისი სიკვდილის მომსწრე გახდა. მარტო არ უნდა
გაეშვა, სახლი უნდა გაეყიდა და თან წაჰყოლოდა. ეტყობა, ცუდ წრეში
ჩაითრიეს დედის ერთა, შეიტყუეს, გაკოჭეს, უმწიკვლო წელზე ეშმაკი
ნიშანი ამოუსვირინგეს. ნეტავ, სულ არ დაენახა...
ამ განსჯებში იყო რუსუდანი, როდესაც კარზე დააკაკუნეს.
შუშაბანდის ფანჯრიდან გაიჭყიტა. აქედან კარგად ჩანდა იტალიური
ეზოს მთელი პერიმეტრი და ნებისმიერ მეზობელთან მოსული სტუმარი.
მის კიბესთან ხორბლისფერსმიანი მამაკაცი და ელეგანტურად ჩაცმული
ქალი იდგა. უცხოელებს ჰგავდნენ.
რუსუდანმა ნაჩქარევად გადაივარცხნა თმა და ქვედაკაბის ნაკეცები
გაისწორა. მგლოვიარე დედის პირობაზე ფრიად დამაკმაყოფილებლად
გამოიყურება. მისი ცრემლის მომსწრე მხოლოდ და მხოლოდ ბალიში
უნდა იყოს, და არა უცხო ადამიანები, რომლებიც ვერასოდეს მიხვდებიან
შვილმკვდარი დედის განცდებს. არც არის საჭირო ძაძებით
სპეკულირება. მთავარია, თამუნამ გაუგოს. უგებს კიდეც, ამასწინათ,
თითქოს თვალებით დაეთანხმა.
_ ქალბატონი რუსუდანი ბრძანდებით? _ გამართული ქართულით
იკითხა მამაკაცმა.
_ გახლავარ.
_ დიმიტრი ძნელაძე. _ გაეცნო მამაკაცი. _ ეს კატრინ ბუკეა. _ ქალიც
წარუდგინა. _ საფრანგეთიდან ჩამოვედით.
_ იცნობდით, ჩემს თამუნას? _ რუსუდანს დაწყობილი ნაკვთები
გაექცა, თვალებში იმედი ჩაესახა, თითქოს დასტურის შემთხვევაში, მისი
გოგო გაცოცხლდებოდა.
_ სამწუხაროდ, არა.
_?
_ სალაპარაკო გვაქვს.
რუსუდანი სახლში შეუძღვა. ისედაც დაბალჭერიან ოთახებს
კედლებზე ნოხები და ფარდაგები კიდევ უფრო ადაბლებდა. სასტუმრო
ოთახში გამოსაჩენ ადგილზე თამუნას რეტუშირებული ფოტო ეკიდა.
არაფერით დასამახსოვრებელი სახე. ტიპური გოგონა მასიდან.
მაგიდას მიუსხდნენ.
_ ქალბატონო რუსუდან, ვიცი, გიჭირთ შვილზე საუბარი,
რისთვისაც წინასწარ გიხდით ბოდიშს... _ დაიწყო დიმიტრიმ.
_ არა, არ მიჭირს. მე ისეთი შვილი მყავდა, მკვდარიც კი ზოგიერთ
ცოცხალს სჯობია. _ რუსუდანმა მოწყალე ღიმილით გახედა კატრინს,
რომელსაც მთელი არსებით ცდილობდა არაფერი გამოჰპარვოდა.
_ ოფიციალური ვერსიით თამუნას მკვლელობა გაუხსნელია. მაგრამ
მე არაოფიციალურ გამოძიებას ვაწარმოებ და მაქვს ეჭვი, რომ ეს იყო
განზრახ მკვლელობა.
_ რა გაძლევთ ეჭვის საფუძველს?
_ სწორედ ამის შესახებ მინდოდა მეკითხა. იქნებ თქვენ, მშობელმა,
რაღაც ისეთი იცით თამუნას შესახებ, რაც დაეხმარება გამოძიებას.
_ მე მხოლოდ ის ვიცი, რომ ვიღაც ხულიგნებმა წიწილასავით
დამიკლეს ერთადერთი შვილი. თუმცა მოგისმენთ, რაოდენ უსიამოვნოც
არ უნდა იყოს გარეშე პირებთან პირადზე ლაპარაკი.
ჵ_ ცოტა შორიდან დავიწყებ, _ თქვა დიმიტრიმ. _ აღმოსავლეთ
საფრანგეთში, ბრეტანის რაიონში საპორტო ქალაქი დინანი. იქ
ცხოვრობდა და უკვე აღესრულა კატრინის ბაბუა ალექსანდრე გოკიელი...
ქალბატონი რუსუდანი გულისყურით უსმენდა. რაც უფრო მეტს
იგებდა, მით უფრო შეუვალ ნიღაბს ირგებდა, თუმცა სიტყვა ერთხელაც
არ გაუწყვეტინებია.
_ ჩვენი აზრით, უნიკალურ სამაჯურსა და თამუნას მკვლელობას
შორის არსებობს გარკვეული კავშირი. _ დაასრულა დიმიტრიმ და
შვებით ამოისუნთქა.
ამ ქალის პროტესტის ნიშნად მოკუმული ტუჩები კარგა არაფერს
უქადდა ენთუზიაზმით დაწყებულ საქმეს. რა წესია, შენ ქადაგად ხარ
დაცემული, მოსარჩელე მხარე კი განყენებული ფიზიოთი ზის, ვითომ მას
არ ეხება.
თურმე რუსუდანი გამანადგურებელი დარწყმისთვის ემზადებოდა,
როგორც ლომი პრერიებში.
_ თვითონაც არ იცით, რას, მაპატიეთ და, როშავთ! თამუნა
ქურდობას გულშიც არ გაივლებდა! _ დასცხო გამკივანი ხმით და
აცახცახებული თითების დამალვას შეეცადა.
_ ასეთი რამ არც გვიფიქრია, ჩემი აზრით ის შეყვარებულმა ჩაითრია
ავანტიურაში. _ თავი იმართლა დიმიტრიმ და საშველად კატრინს უხმო,
რომელმაც ისარგებლა მომენტით და ქართულ ენაზე ორიოდე სიტყვა
ჩააკვეხა:
_ შეყვარებული ცუდი კაცი.
_ რა შეყვარებული ხალხო, როგორ გეკადრებათ?! ნუ აიგივებთ ჩემს
გოგოს სხვებთან, შეყვარებული რომ ჰყოლოდა პირველ რიგში მე
მეცოდინებოდა, მე, მშობელ დედას.
_ თაყვანისმცემელი. _ გამოასწორა დიმიტრიმ.
_ მე მისი ყველა თაყვანისმცემელი ზეპირად ვიცოდი. _
მფარველური ღიმილით მოუჭრა რუსუდანმა და ყელი მოიღერა, აქაოდა,
რა საამაყო შვილი გამიზრდიაო.
_ შეგიძლიათ ერთი მაინც დაასახელოთ?
_ იცით, ახალგაზრდავ, არ მომწონს თქვენი ტონი. თუ ძალიან
გაინტერესებთ, ჩემთვის სულერთია ვინ მოკლა თამუნა: უცნობმა
ხულიგანმა თუ ნაცნობმა თაყვანისმცემელმა. ის აღარასოდეს შემოაღებს
ამ სახლის კარს, აი, ეს არის მთავარი.
_ ანუ, ვიღაც ნაძირალას უნდა შერჩეს თქვენი შვილის მკვლელობა.
ასეა? _ ჩაეკითხა დიმიტრი.
ქალბატონი რუსუდანი საკუთარ თავს ჩაუფიქრდა, მერე შვილის
სურათს შეხედა, თითქოს ნებართვა ითხოვა და მხოლოდ გარკვეული
პაუზის შემდეგ აღირსა პასუხი:
_ არა, არ უნდა შერჩეს. ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ მამაკაცი,
რომელიც თქვენ აღწერეთ, არ შეიძლება ჩემი შვილის რჩეული
ყოფილიყო. გამორიცხულია. გვარი შემახსენეთ, გეთაყვა...
_ მურმან შიუკაშვილი, რომელიც შესაძლოა თამუნას ოთარ
იაშვილად გაეცნო.
რუსუდანს ღიმილი ჩამოერეცხა, ტიკიანივით შეუხტა ტუჩის
კუთხე, თუმცა მაქსიმალურად შეეცადა ემოციების მოთოკვას.
კატრინმა ნაჩქარევად გახსნა ხელჩანთა და დინანში გადაღებული
ფოტოსურათი გადააწოდა, სადაც თამუნას გვერდს უმშვენებდა ცრუ
ოთარი და ფილიპი.
_ ბაბუაჩემთან სტუმრობის დროსაა გადაღებული. მარჯვნივ ჩემი
ძმაა, ფილიპი. დიმიტრი, უთარგმნე.
_ არ არის საჭირო თარგმნა. ფრანგულის პედაგოგი გახლავარ.
წარსულში. _ ცივად დაამატა და სურათს დახედა. _ რაღაც გაუგებრობაა.
მსგავს ეგზემპლართან ჩემი თამუნა კლოზეტშიც არ შევიდოდა. ის
შეიძლება კალმით ნახატი არ იყო, მაგრამ მარგალიტი წყალში უნდა
ეძებო, ბატონები, სიღრმეში. წყლის ზედაპირზე კი მხოლოდ ასეთი
სუბსტანცია დაცურავს. _ რუსუდანის თითი ცრუ ოთარის სახეზე
აკაკუნდა.
_ ამბობენ, ძალიან განათლებულია, ნაკითხი, ზრდილობიანი...
სრულიად შესაძლებელია ნორჩ, გამოუცდელ თამუნას რაიმე გრძნობა
გასჩენოდა.
რუსუდანმა პასუხი არ აღირსა. მისი გაქვავებული მზერა სადღაც
სივრცეში იყო მიმართული. რას ხედავდა იმ სივრცეში ან რას მალავდა,
დიმიტრიმ არ იცოდა და ამ კლიშეებით მოაზროვნე ქალის ბუნებიდან
გამომდინარე, ალბათ ვერასოდეს გაიგებდა. გოგონა აფრიკული
ნაწნავებით, წელზე ამოსვირინგებული ბიზონითა და გაურკვეველი
წარსულით მისთვის სილის გაწვნის ტოლფასი იყო. ის არასოდეს
აღიარებს თამუნას პარიზულ წარსულს. ურჩევნია დაივიწყოს. არა,
წაშალოს. დელეტე-ს დააჭიროს, როგორც კომპიუტერში არასასურველ
ინფორმაციას, რომ ცხოვრება გაარძელოს, ილუზიაში, მაგრამ ეს მისი
არჩევანია. ამიტომ დაკითხვის მეორე რაუნდზე გადავიდა:
_ შეიძლება საფრანგეთიდან გამოგზავნილი ფოტოსურათები
დავათვალიეროთ? იქნებ ეს კაცი მართლა არაფერ შუაშია, ჩვენ კი
ტყუილად ვაბრალებთ.
_ არავითარი სურათები კატრინს საფრანგეთიდან არ
გამოუგზავნია!
_ ნუთუ ეიფელის კოშკთან ერთი ფოტო არ გადაიღო? _
ვერ მოითმინა კატრინმა. _ ასეთი მნიშვნელოვანი ვიზავი...
_ შეიძლება გადაიღო, მაგრამ არ მინახავს. _ მოაკეტინა რუსუდანმა.
_ არ მჯერა.
_ მადმუაზელ ბუკე, თქვენ პირველად ხართ ჩემს ოჯახში და მეტი
კორექტულობა გმართებთ. თუ არ გჯერათ, შეგიძლია მიბრძანდეთ. ეს
საქართველოა, ტრადიციების ქვეყანა და არა აღვირახსნილი საფრანგეთი,
სადაც სოდომ-გომორის ცოდვასაც ამართლებენ. აღარაფერს ვამბობ
ქალიშვილობის ინსტიტუტზე.
_ პარდონ... დიდი ბოდიში... არ მინდოდა თქვენი წყენინება...
_ კეთილი, გაპატიებთ. _ მოწყალე ღიმილით მიუგო რუსუდანმა და
ძვლოვანი იდაყვი მაგიდაზე ჩამოდო. _ მხოლოდ იმიტომ, რომ
ბაბუათქვენი ჩემთვის ფრიად პატივსაცემი ქალბატონის მოგვარეა.
_ მართლა? _ გაუხარდა კატრინს. _ ვინ არის?
_ ამალია გოკიელი.
`ამალია~, გულში გაიმეორა კატრინმა. მან არ იცოდა, რა ერქვა
ბაბუამისის დას, მაგრამ ყურმოკვრით იცოდა, რომ ალექსანდრე ბაბუას
საქართველოში გათხოვილი და დარჩა. ეს თემა ჯერ კიდევ დიდი ბაბუის
სიცოცხლეში იყო ტაბუირებული და ტრადიციას არც ალექსანდრე
ღალატობდა. ერთადერთხელ წამოცდა, რომ უფროსმა დამ ოჯახი წითელ
კომისარში გაცვალა და ამით საკუთარ თავს გამოუტანა განაჩენი.
_ ამალია გოკიელი წარსულში საკმაოდ ცნობილი ბავშვთა
პედიატრი ბრძანდებოდა. _ ქალბატონი რუსუდანი მზადყოფნით
გადაერთო სხვა თემაზე. _ ნამდვილი პროფესიონალი. მახსოვს, რიგები
იდგა მასთან მიღებაზე. საავადმყოფოში მუშაობდა, მაგრამ სახლშიც
იღებდა პაციენტებს. ცხადია, გარკვეულ საფასურად, რაც კომუნისტების
დროს კანონდარღვევად ითვლებოდა. მაგრამ ამალის ხელს ვინ
ახლებდა?! მოგეხსენებათ, პარტიულ ბოსებსაც ჰყავდათ შვილები,
შვილიშვილები... სხვათა შორის, ორ გვარს ატარებდა, რაც მაშინ დიდი
იშვიათობა გახლდათ. არისტოკრატული ახირება, ასე ვთქვათ, მაგრამ
ამალიას ამასაც პატიობდნენ. ეჰ, ალბათ აღარც არის ცოცხალი, მე რომ
ბავშვი ვიყავი, ის უკვე მაშინ იყო სოლიდურ ასაკში...
___
___
___
___
___
კატრინ ბუკე ლოგინში ბორგავდა. შეიძლება ღვინის ბრალი იყო, ან
მარიამის სიმღერამ იმოქმედა, ან ოთართან გატარებულმა რამდენიმე
საათმა... დიმიტრიმ უთხრა, ამ კაცის უნდა გეშინოდესო, მას კი
რატომღაც არ ეშინოდა. შეიძლება იმიტომ, რომ ყოველ ნაბიჯზე
გრძნობდა დიმიტრის ატორღიალებულ ლანდს. ერთადერთხელ დაიძაბა,
როდესაც ოთარმა საფრანგეთში ვიზიტი ახსენა. ლაპარაკისას გაირკვა,
რომ დროის ამ პერიოდში მოკლეს თამუნა მილორავა. წესით, კატრინს
აფრები უნდა გაეშალა და თავპირისმტვრევით გამოქცეულიყო. მან ეს არ
გააკეთა. პირიქით, ორი საათი იბორიალა წინაპართა საფლავებზე.
ოთარი გატაცებით ჰყვებოდა ამ ადამიანების წვლილზე ქვეყნის
ისტორიაში, კატრინი უსმენდა და თვალწინ ბაბუამისი ედგა. საწყალი
ალექსანდრე, რა ბედნიერი იყო ხოლმე, თუკი ვინმეს გამოიჭერდა
საქართველოზე სალაპარაკოდ, მაგრამ ოჯახის წევრებს ნაკლებად
აინტერესებდათ ისტორიული სამშობლო თავისი განუმეორებელი
გმირებით. ცოდვა გამხელილი სჯობს, არც კატრინი იკლავდა თავს,
თუმცაღა ბაბუას ხათრს ვერ უტეხდა, უსმენდა. ეჰ, დროის დაბრუნება
რომ შეიძლებოდეს, გვერდიდან არ მოშორდებოდა აუდიტორიას
მოწყურებულ მოხუცს. მადლობა ღმერთს, დანარჩენი
შვილიშვილებისგან განსხვავებით, მოსაგონარი მაინც დარჩა.
`რა ყოფილა მოგონებააა, ლალა-ლალა-ლალა- ლალააა...
სიყმაწვილის ბილიკებზე ერთი გოგო დამეკარგა, ერთი გოგო
დამეკარგააა...~
კატრინს ეჩვენებოდა, რომ უპრეტენზიო სიმღერა მასზეა...
მოგონებამ უსიამოვნო ტალღად დაუარა სხეულში, მექანიკუარდ
შეატყუპა მუხლისთავები, როგორც მაშინ, სიყმაწვილეში, როცა ორმა
ნორჩმა არაკაცმა ერთი ნორჩი გოგო გააუპატიურა.
ეს მოხდა ლაშქრობაში, ლანიონის ყურესთან... კატრინს დაავიწყდა
მათი სახეები, შეგრძნებას კი ვერაფერი მოუხერხა. მამაკაცთან სიახლოვე
ჩუმ ისტერიკაში აგდებდა ხოლმე, სიამოვნების მიღებაზე ლაპარაკიც
ზედმეტია. ისეთი შეშინებული შეჰყურებდა ხოლმე ტემპში აქოშინებულ
პარტნიორს, თითქოს ვინმე მოკვლას უპირებდა. დაბრეული მამაკაცები
ლამის ჩახდილები ტოვებდნენ მის საწოლს და სამუდამოდ
იკარგებოდნენ. ფსიქოთერაპევტმა, ეს ნორმალური რეაქცია არის, დრო
ყველაფრის მკურნალიაო. ტყუილია. ამდენი წელი გავიდა და არაფერი
შეცვლილა.
გამთენიისას ჩაეძინა.
დილით მარიამი სემინარზე წავიდა, ასე რომ საუზმის გამზადება
კატრინს მოუწია. გასამზადებელიც დიდი არაფერი იყო. თადარიგიანმა
მარიამმა გუშინდელი ხაჭაპური ტაფაზე დაახვედრა. ასე რომ კატრინს
მხოლოდ შეცხელება და ჩაის დასხმა მოუწია.
_ ბიჭებო, ხომ არ დაგავიწყდათ, დღეს ამალიასთან ვართ
დაპატიჟებულები. _ შეახსენა კატრინმა, როცა ნაბახუსევი `ბიჭები~
სამზარეულოში შემოლაგდნენ.
_ მე პას! _ იუარა ალენმა. _ ორ საათზე მარიამს უნდა დავხვდე.
ძეგლთან.
_ რომელ ძეგლთან? _ ჰკითხა დიმიტრიმ.
_ ცხენიანი მხედარი გიგანტური კვერცხებით.
_ რაღაც გეშლება. ასეთი ძეგლი არ მახსენდება.
_ პარდონ, კვერცხები ცხენს ეკუთვნოდა, და არა მხედარს. აქვე
დგას, პატარა მოედანზე. _ ალენმა ხელით ანიშნა.
_ გიორგი სააკაძე. _ მიხვდა დიმიტრი და შეეცადა მეხსიერებაში
აღედგინა ცხენის პიკანტური ადგილები.
_ მერე კი მცხეთაში მივდივართ. მარიამმა, უძველესი ტაძრები უნდა
დაგათვალიერებინოო.
_ აბა, თქვენ იცით, იქნებ ჯვარი დაიწეროთ.
_ გაგვიჭირდება. მე კათოლიკე ვარ, ის _ მართლმადიდებელი.
_ ისე გამოდის, გოკიელების სამაჯური მარტო მე დამკარგვია! _
ცალყბად ჩაიცინა დიმიტრიმ და ჩაიში შაქარი ჩაიყარა.
კატრინი მიხვდა, ვის ბოსტანში ისროლა კენჭი ქართველმა
ჟურნალისტმა და საყვედურით შეხედა.
_ ნუ მიყურებ წმინდანის თვალებით. ვინ აგებდა პასუხს იმ მანიაკ
ექსპერტს რომ მოეკალი. არა, მიპასუხე, ვინ აგებდა?
_ ვინ დაამტკიცა, რომ ოთარი მანიაკია?
_ არავინ, მაგრამ გვაქვს ორი გვამი, რომლებიც ციდან არ
ჩამოფრენილა.
_ მეორე გვამი ვიღასია?
_ შვიდი წლის მოკლლული ქეთევან რაზმაძის, რომელიც საცოლედ
ეკუთვნოდა ოთარ იაშვილს. იმის გათვალისწინებით, რომ თამუნას
მკვლელობის დროს პატივცემული ექსპერტი საფრანგეთში იმყოფებოდა,
დიდი ალბათობაა, რომ სწორედ მისი ხელი ურევია სამაჯურის
ისტორიაში. რაღაც ბევრი დამთხვევაა, არა?
_ ჩემი აზრით, საქმის კურსში უნდა ჩავაყენოთ ამალია...
_ ჰოდა, ჩააყენე. _ გააწყვეტინა დიმიტრიმ. _ მე ქალბატონ
რუსუდანთან მივდივარ.
ალენს და კატრინს ლუკმა ყელში გაეჩხირათ.
_ წუხელ დამირეკა. სალაპარაკო მაქვსო. _ განმარტა დიმიტრიმ და
მადიანად ჩაკბიჩა ხაჭაპური.
_ მეც წამოვალ. _ სურვილი გამოთქვა კატრინმა. _ იქიდან ერთად
წავიდეთ ამალიასთან.
_ მარტო მირჩევნია.
_ მე რა გავაკეთო?
_ ალენს შეუამხანაგდი. ანტიკვარიატთან ერთად. _ ხაზგასმული
ირონიით დააყოლა დიმიტრიმ.
_ რა ლაპარაკია ეს?... გინდა მაწყენინო, არა? ჩათვალე, რომ მეწყინა.
_ კატრინმა დასვრილ ჭურჭელს ხელი დაავლო და გრიხინით ჩაუძახა
ნიჟარაში.
_ ნუ კამათობთ, მეგობრებო, შეხედეთ, რა მშვენიერი დღეა... _
ალენი ზანტად გადაწვა სკამის საზურგეზე, სახე მზის სხივებს მიუშვურა.
_ იცით, რას დავაკვირდი? აქაური ჰავა ნარკორიკივით ჩემს ნერვულ
სისტემაზე. თითქოს კაიფში ვარ, არც მუშაობა მინდა და გამოგიტყდებით,
აღარც ჰოლმსობა.
_ სიყვარულს ახლავს ხოლმე გამოთაყვანების მომენტები. _
ჩაურტყა დიმიტრიმ.
_ ნუ იკბინები, თუ ძმა ხარ. _ ალენმა მთქნარებით ამოიღო
პორტმანე. _ სჯობს ევრო დამიხურდავე ლარებში.
დიმიტრიმ მაგიდაზე გააცურა ლარების რამდენიმე კუპიურა.
_ თამარ მეფე! _ იცნო ალენმა.
_ ეს კი შოთა რუსთაველია.
_ მეფე?
_ არა. ნომერ პირველი პოეტი.
_ ის წვერულვაშიანი კაცი ვინ არის, ლარიანს რომ ახატია?
_ ფიროსმანი. ნომერ პირველი მხატვარი.
_ აწი ნომერ პირველი პრეზიდენტიც დაგესკუპებინათ სადმე,
როგორც ამერიკელებს. რა, ცუდად სხედან დოლარზე?
_ ჩვენ სულ ორი გვყავდა, აქედან ერთი ცოცხალია და მოქმედი,
უხერხულია ცოცხალი კაცი ფულის კუპიურაზე გამოპრანჭო.
_ მაშინ ევროს მიბაძეთ, ხიდები, რუკები მიახატეთ...
_ რას გადამეკიდე, ადამიანო, ვინ მეკითხება მე ქართული ფულის
დიზაინს?! _ დიმიტრი მკვეთრად წამოდგა და სამზარეულოდან გავიდა.
_ რა ბზიკმა უკბინა? _ ინერტული ხმით იკითხა ალენმა.
_ ჩემზეა ნაწყენი. _ ამოიოხრა კატრინმა.
_ მე რაღას მერჩის?
_ შენც მიგაყოლა, ქათმის ამბავში.
_ რომელი ქათმის? _ ალენი წამში გამოფხიზლდა, დაიძაბა.
_ არის ასეთი ქართული ანდაზა: ქათამმა თქვა: ცხვარი დაკლეს, მე
წამაკლესო, ძროხა დაკლეს, მე წამაკლესო, ღორი დაკლეს, მე წამაკლესო.
_ ააა... მაშინ არა უშავს.
___
___
___
___
მოსახდენი მოხდა. კატრინი ოთარს დანებდა და ახლა მის სახლში
იმყოფებოდა, მის ლოგინში, მის გვერდით. წერტილი დაესვა
მრავალწლიან ირაციონალურ შიშს სექსუალური აქტის მიმართ. მან
მიიღო მაქსიმალური სიამოვნება და თუ ინტუიცია არ ღალატობს,
პარტნიორიც არ დარჩა უკმაყოფილო. ყოველ შემთხვევაში, ისე
დაათენდათ თავზე დაღლა არ უგრძვნიათ.
მზის სხივებმა არა მხოლოდ ოთარის ერთოთახიანი ბინა, არამედ
კატრინის გონებაც გაანათა. წუხელ არ ჰქონდა აღქმის თავი, დღეს კი
თვალნათლივ დაინახა, რომ დაუდევარი ოსტატის სახელოსნოში მოხვდა
და არა საცხოვრებელ ფართში. აქ გამეფებული ქაოსი მარტოხელა
მამაკაცსაც კი არ ეპატიება.
გარშემო თაროები, სადაც წიგნების გარდა იდო ხელში
მოხვედრილი ნებისმიერი ნივთი _ სამხატვრო ტუბებით დაწყებული
გასარეცხი ყავის ჭიქებით დამთავრებული. ასეთივე მდგომარეობაში იყო
სიმძიმისგან ჩაზნექილი ფანჯრის რაფები, აქა-იქ ჩაკვეხებული ქოთნის
ყვავილებითურთ. ოთახის მესამედი განიერ სამუშაო მაგიდას ეკავა,
რომლის ზედაპირზეც უწესრიგოდ ეყარა ფურცლები, ფაილები,
ჟურნალები, ფანქრები, ფუნჯები, პოსტერები... კუთხეში მიყუჟული
ახალთახალი კომპიუტერი შემთხვევით შემოხეტებულ საპატიო სტუმარს
ჰგავდა.
_ ეს რომ თავზე დაგვეცეს, სულს გაგვაფრთხობინებს. _ ქოთანზე
აღნიშნა კატრინმა.
_ შენი არ ვიცი, პირადად მე სიკვდილისაც აღარ მეშინია. _ ოთარმა
მკლავები მოხვია და ხარბად დაყნოსა თმაზე.
ის მამაკაცების იმ კატეგორიას განეკუთვნებოდა, ვინც სურნელით
აღიქვამს თავის ქალს. ჯერ კიდევ როდის წერდა ნაპოლეონი ძვირფას
ჟოზეფინას: `ხვალ პარიზში ვარ. არ დაიბანო!~ აფრიკის ერთ-ერთ ტომში
კი დღესაც სუნის მიხედვთ არჩევენ ცოლს. ეთნოლოგები თვლიან, რომ
ასეთი მიდგომა ამართლებს.
_ ამაში რა არის? _ კატრინმა მოზრდილ, სარეკლამო პოსტერებით
აჭრელებულ ყუთზე ანიშნა.
_ უნიკალური, მაღალტექნოლოგიური აპარატია. ახლახანს
ჩამომივიდა მიუნხენიდან. ამის ფასი აქ არაფერია. რკინის კარი უნდა
დავაყენო, რომ არ მომპარონ.
_ რატომ არის უნიკალური?
_ სკანირებით ადგენს ნახატის წლოვანებას. ზედმეტი ანალიზის
გარეშე. იცი, კატრინ, მსოფლიო ბაზარი გადავსებულია
ფალსიფიცირებული ხელოვნების ნიმუშებით. შესრულების ხარისხი
ზოგჯერ ისეთი მაღალია, გამოცდილი ექსპერტებიც კი ტყუვდებიან.
ამასწინათ, ერთმა ბატონმა მოიტანა სრულიად შესანიშნავი ტილო.
აინტერესებდა: ნახატი ჰანს გოლბეინ უმცროსის მიერ არის
შესრულებული თუ საარაკო ფასი ფალსიფიცირებულ საქონელში უნდა
გადაიხადოს? ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ხელწერა გოლბეინისაა,
შესრულება კი სხვისი.
_ სპეციალუარდ დააძველეს?
_ არა, მართლა ძველი იყო. მე-18 საუკუნის შუა წლები, თუ სწორედ
მახსოვს... რაც იმთავითვე გამორიცხავს გოლბეინის ავტორობას.
_ ანუ, მაინც ჰქონდა ღირებულება.
_ ჰქონდა, მაგრამ ისეთი არა, როგორც გოლბეინს. ვან გოგის სტილში
ხატვა დღეს ბევრს შეუძლია, მაგრამ რა ხეირი? _ ოთარმა კატრინის სახე
ხელებში მოიქცია და ცხვირი ცხვირზე გაუხახუნა. _ სულ მე რომ
მალაპარაკებ, მეც მინდა ვიცოდე შენ შესახებ...
_ მეც ექსპერტი ვარ.
_ რა-ა?
_ ღვინის. _ გაიცინა კატრინმა და მობილურის ზარს მიაყურადა. _
მგონი მობილური რეკავს.
_ რეკოს.
_ რა იცი, ვინ არის?
_ ვინც არ უნდა იყოს.
_ იქნებ, ამალია გახდა შეუძლოდ?
ოთარი უხალისოდ გადმოძვრა ლოგინიდან და დედიშობილა
წატანტალდა მობილურის მოსაძებნად. კატრინს ყოველთვის ეგონა, რომ
სიშიშვლის ურცხვად დემონსტრირება კუნთმაგარი მაჩოების ან პატარა
ბავშვების პრეროგატივაა. ოთარისთანა აწოწილი, არასპორტული
აღნაგობის მამრი წესით ზეწარაფარებული კედელ-კედელ უნდა
დადიოდეს, მაგრამ ეს დიდი ბავშვი არავითარ უხერხულობას არ
განიცდიდა. ანტიკვარიატზე მუშაობამ თუ გახადა ასეთი ლაღი და
ბუნებრივი.
_ ნეტავ ვიცოდე, სად რეკავს? _ ოთარმა ძირს დაგდებულ
ტანსაცმელს გადააბიჯა და ახლომხედველი თვალები გააცეცა. _ ჰმ, აღარ
რეკავს, გაჩუმდა.
_ ახლოს უნდა დაიდო ხოლმე, უცებ რომ მიაგნო. მე ყოველთვის
ტუმბოზე მიდეს.
_ მე კი ყოველთვის ვკარგავ. ბოლოს პარიზში დავკარგე.
გადავაბრუნე მთელი ნომერი, მაგრამდშენც არ მომიკვდე! ორი დღის
მერე პიჯაკის ჯიბეში ვიპოვე. წარმოგიდგენია?
_ იქნებ ვიღაცამ მოგპარა და მერე შემოგიგდო? _ ჩაეჭიდა კატრინი.
ვნება ვნებად და სიფრთხილეს თავი არ სტკივა. რაც არ უნდა იყოს, ეს
კაცი ეჭვმიტანილია. თუმცა მის დანაშაულთან ასოცირებული სცენები
კატრინის წარსახვაშიც ვერ ჯდებოდა. არასოდეს, არავისთან უგრძვნია
თავი ასე მშვიდად. იოტისოდენა განგაშის გარეშე.
_ მომპარა? _ გაიმეორა ოთარმა. _ არა, არა, მე უბრალო მობილი
მაქვს, ნახმარი ვიყიდე. იაფად. ქურდი ჰაი კლასის მობილურებს ეძებს,
რომ მერე სარფიანად გაყიდოს. ყავას ხომ დალევ? ლოგინში მორთმევით.
კატრინმა სიამოვნებით დაუქნია თავი. ოთარმა წელზე პირსახოცი
შემოირტყა და სამზარეულოში გატყაპუნდა.
_ მე გაჩუქებ ახალ მობილურს. _ გასძახა კატრინმა.
_ არააა... _ დაუყვირეს სამზარეულოდან. _ შენ გგონია ფული არ
მაქვს? უბრალოდ მირჩევნია სხვა რამეში დავხარჯო.
_ მაგალითად, ამ სახლის ფასი აპარატურა გამოიწერო
მიუნხენიდან.
იქიდან გულიანი სიცილით უპასუხეს.
`ცოტა დარეხვილია, მაგრამ მაინც მომწონს,~ კატრინმა ოთარის
პერანგში გაუყარა მკლავები და მოთენთილი გაემართა საპირფარეშოში.
ოთახთან შედარებით სააბაზანო მოწესრიგებული იყო. მომწვანო
კაფელი, სუფთა უნიტაზი, გარეცხილი პირსახოცები...ჱთუ არ ჩავთვლით
საპარსი ქაფით დაშხეფილ სარკეს, სადაც კატრინმა თავისი გაწეწილი
ფიზიონომია შეათვალიერა. მოეჩვენა, რომ გალამაზდა. თუ კაცის
პერანგი უხდებოდა... თუ იმავე კაცის ალერსი. ჯანმრთელი სექსი რომ
დადებითად აისახება ქალის გარეგნობაზე საყოველთაოდ ცნობილი
ფაქტია. კარგია, როცა საკუთარ თავზე გამოცდი...
კატრინმა პირზე წყალი შეისხა, საჩვენებელ თითზე კბილის პასტა
გამოტუმბა, კბილები გაიწმინდა და საკუთარ თავს შეჰღიმილა. უცებ
სარკეში ნაცნობ ქისას მოჰკრა თვალი. ის პირსახოცების უკან პატარა
ნიშაში ეგდო ქაღალდის რულონების გვერდით. კატრინი რობოტივით
მოტრიალდა. აკანკალებული ხელით ჩამოიღო ქისა, იმ იმედით, რომ
უბრალოდ მიამსგავსა. არა. ბაბუამისის შინდისფერი ქისა იყო. ცარიელი.
საგვარეულო სამაჯურის გარეშე.
გაფითრებული ჩამოჯდა უნიტაზზე. ქისა მომუჭა. პულსმა
აიწყვიტა. მოეჩვენა, რომ საკანალიზაციო მილი შეისრუტავს და
ჯოჯოხეთში გააქანებს. წამოხტა. რაც შეიძლება სწრაფად უნდა წაიღოს
ფეხები აქედან. და არა მხოლოდ აქედან, ამ ქალაქიდან, ამ ქვეყნიდან, ამ
კონტინენტიდან...
___
___
___
___