Professional Documents
Culture Documents
ჰგავდე სხვას
პოლიტიკურად მშვიდი, სექსუალურად მხნე,
ვუმღერი ყველა გოიმს, ეი მომისმინე მე…
არც სიყვარული მართობს, არც სიძულვილი მკლავს,
ხედავ თეთრად ათოვს, ჩემ გადახოტრილ თავს,
ავტოპორტრეტი
მე ვდგავარ დიდი, როგორც ხეოფსი
არ ველოდები არაფერს.
მსახური ცათა, პრომეთეოსი,
ვინც მოუტანა ცეცხლი ქალაქებს.
როცა მე წავალ
ქარვისფერ ყანათა ღელვა დარჩება
მეწამულ მზის წვა, მდუმარება,
ფრთამოტეხილი მერცხლის საშველად,
მე მარტო წავალ!
გაკურთხოთ ღმერთმა და დამივიწყეთ,
დაე სხვა გემები მორეკოს წყალმა,
გემუდარებით იცინეთ, იცინეთ,
როცა მე წავალ!
სულ ახალგაზრდათ
ქრონოლოგია გარდასულ წელთა,
საუკუნეთა მაცივარშია.
მოგონებები ჭერიდან წვეთავს,
მხოლოდ სიმართლე გვწყურია, გვშია.
გემუდარები,
ნუ ხოცავ ტარაკნებს, დედა,
დაე, იცოცხლონ.
ხომ იცი, როგორ უყვართ გათბობის მილები,
იქნებ ერთმანეთიც უყვართ?
მათ გაზურაზე უწევთ ცხოვრება,
ჩვენ დედამიწაზე,
მერე რა?
ერთიმეორისგან ვერ გაარჩევ,
სახელებიც არ ჰქვიათ,
როგორ ახარებთ სითბო და ტკბილი ჯემი,
რა მათი ბრალია, რომ არ იციან თავიანთი არსებობის შესახებ,
პლანეტებმაც ხომ არ იციან შერქმეული სახელები,
მაგრამ ბრუნავენ უმიზნოდ,
სივრცეში.
გემუდარები,
ნუ ხოცავ ტარაკნებს, დედა,
დაე, იცოცხლონ.
დღე
დილით არა გვაქვს პური...
გინდა რომ მზე ამოვიდეს...
გაყინული ხელებით კიდიხარ
ტროლებუსის ყურებს
და მიგორავ...
საცურაო აუზთან ისევ ბენზინს
ყიდიან.
ცირკთან ლილიპუტები
თათბირობენ.
ჩელუსკინელების ხიდზე
ხალხმრავლობაა
თეატრის კარი დაკეტილია და
კონცერტი გადაიდო.
გზაში ნაცნობი შეხვდება და მოგესალმება,
შენ კი სახლში კატა გელოდება,
რომელსაც შია.
ჯიმ მორისონს
ტანი ტამტამი,
დაწყვეტილი ჩემი გიტარა,
ხორცის ატამი,
გახლეჩილი როგორც სიმართლე,
მარადისობამ,
უდაბნოდან ჩამოიტანა,
მწვანე კანაფის,
იდუმალი ლურჯი სინათლე.
რა კარგია
რა კარგია რომ ბარათაშვილი ხიდია და ჭავჭავაძე
პროსპექტი.
რა კარგია რომ რუსთაველი მეტროა და წერეთელი გამზირი.
რა კარგია რომ ვაჟა-ფშაველა გრძელია და ნიკოლაძე მოკლე.
რა კარგია რომ კომკავშირი ხეივანია და სტალინი სანაპირო.
რა კარგია რომ ყაზბეგი კინოა და გურამიშვილი ქანდაკება.
რა კარგია რომ მელიქიშვილი ქუჩაა და ნუცუბიძე პლატო.
რა კარგია რომ ირაკლი ჩარკვიანია და კოტე ყუბანეიშვილი.
მაიმუნები ვართ
P.S
თოვლიან ქართა დევნით დაღლილი,
გადაუქროლებს ჩემს ქანდაკებას მერცხალთა
გუნდი,
მე ისევ მოვალ,
მხოლოდ არავის არ გაუმხილო,
რომ მე დავბრუნდი.
არა
არა,არ ღირან ეპოქები, რომ მათთან დარჩე
და ან დაარქვა გარდასულ სივრცეს შენი სახელი,
ერთი,მოკვდავის სევდა,უფრო სრულია,ვიდრე
სამყარო,
შენც ხომ პატარა ყვავილი გერჩივნა,ქარიან
სატურნს,
მიყვარხარ,მიყვარხარ,მიყვარხარ.აი ჩვენი
ხვედრი.
მერე სიჩუმე.
***
ეძღვნება მათ, ვინც ზხიდამდე მიაღწია
წარწერა ფილმზე
"სამი ნაბიჯი უფსკრულში"
მთვარე ვერ გასცდა რუბიკონს,
ჰანიბალს თავი დაუკრა,
რომაელ ლეგიონების
კარავზე სხივი აუცვდა.
თავქვე წაიღო სიმძიმემ,
დაგორდა დედამიწისკენ,
თანდათან დაპატარავდა,
თავი დახარა მიწისკენ.
თეთრ ბურთად გადაქცეული,
თეთრკაბიანთან მიგორდა,
პატარა ბავშვის თვალები,
ათინათებად მიკრთოდა.
ჩატეხილ ხიდთან გოგონამ,
მთვარის ალერსში გართულმა,
მარტოობისგან გვემული
იხმო მესამე ნაპირთან.
მთვარე მიწაზე დაუშვა,
თავს მოეფარა დაგდებულს,
და თვალი ავლი სისხლისგან
თოკზე წითელ კვალს გავლებულს.
არ დაივიწყოთ სატანა,
ბავშვის თვალებში ნახული,
იცოდეთ,რომ რუბიკონი
არ არის გადალახული.
1980
თბილისი
მთვრალო თუშებო,ცაო პირქუშო,
კოშკებო! წარსულის სიზმრად იქეცით,
რა დამრჩენია სახლს მივაშურო,
მომწყინდა თქვენთან, ვეღარ გიცქერით.
გუშინ ღამე
ალბათ არ იცი,რომ გუშინ ღამე გელოდი,
მარტო ვიჯექი,ჩემს ძველ ოთახში,ვწერდი,
ლოთი კაცები მრავალჟამიერს ჩუმად
მღეროდნენ,
ხომ იცი,სულ ქეიფობენ აქვე,ჩემს გვერდით.
უძილობა
კვლავ უძილობამ გუშინ ღამით მომისამძიმრა,
ჭექა-ქუხილით,დასეტყვილი ქუჩების სუნით,
ბეჭჩამოტეხილ,მერცხალთა ბუდეს ჰგავდა
მთაწმინდა,
ბალიშზე იდო შავი ბიბლია და თეთრი პური.
მოგიტან წყალს
ისეთი სახლი მინდა გაჩუქო,
შენ რომ იცხოვრებ,
ისეთი სიტყვა მინდა დავწერო,
შენ რომ გაიგებ,
ისეთი შუქი მინდა აგინთო,
შენ რომ გაგათბოს,
ისეთი წყალი მინდა გწყუროდეს,
მე რომ მოგიტან,მე მოგიტან წყალს,
შენ იცხოვრე ჩემთან,
მე მოგიტან წყალს.
შავი ფერი
შავი ფერი შევიფერე, მოვიარე მთა-მთა,
ყაყაჩოთი ამოვავსე ჩემი ძველი ჩანთა,
მოვადუღე, გავიკეთე, შემეცვალა ფერი,
სიგარეტი ვერ ვიშოვე ვეღარც-ერთი ღერი.
იმედი მაქვს გაზაფხული კიდევ ერთხელ მოვა,
დავიღალე, ვერ ვიძინებ, აღარ მინდა გლოვა,
აღარ მჯერა გამარჯვების, ვერ ვიწამე ბუდა,
ცა ქალამნად დავიხურე, დედამიწა ქუდაღ!
დავინახე შენი სახე, მომერია სევდა,
სიყვარულის მთვრალი მახე წელზე ხელებს მხვევდა,
მოვერიდე, გავიქეცი, შველა ვთხოვე ალაჰს,
მოსახვევში წავიქეცი, მოვეჭიდე ბალახს.
მოვუკიდე,გავაბოლე,დამავიყდა დარდი,
მზეზე ფრთები დავიწვი და წყალში გადავარდი.
ჩემი ცუდი საქციელი,არარაფერს არ ჰგავს,
ვინც ახლა არ გაიღვიძებს,
ის სამშობლოს კარგავს.
ერთი კოცნა
ისევ დაბრუნდება ჩვენი გაზაფხული,
ისევ გამოჩნდება გზა;
ისევ გაანათებს სითბო არნახული,
ისევ გალურჯდება ზღვა.
სანამ მე ვცოცხლობ,
სანამ მე ვსუნთქავ,
სანამ მე ვგრძნობ.
სანამ მე მიყვარს,
სანამ მე მახსოვს,
სანამ მე გცნობ.
მე მინდა შენი კოცნა,
ერთი კოცნა.
საქართველო
მოვიდა დრო,რომ კიდევ ერთხელ მოერიო თავს,
მე გაძლევ ფიცს,რომ სიყვარული კინოს აღარ გავს.
ვიცი, ყოველთვის და ყველგან ვატარებდი ცდებს,
მე მოგცემ ძალას მოერიო დაჟანგებულ ფრთებს.
ხომ ხედავ, შენი გაბზარული გული ჩემით ცემს,
შენ იცი სიყვარული,აზრი აღარა აქვთ წლებს.
მითხარი, რომ ეს განცდა ანარქიას აღარ გავს,
მე აღარ წავალ, ისევ მოგაბეზრებ თავს.
მე ძველ ფოტოებს ჩემი ქურის ცეცხლზე ვწვავ,
მე შენი მთების გარდა აღარაფრის აღარ მწამს,
ამდენი ხანი ვამბობ, რასაც არ ანდობენ სხვას,
მე უკვე აქ ვარ აღარ გადმოვცურავ ზღვას,
მე აღარ გადმოვცურევ ზღვას!
ჩვენ განშორებას,როგორც სიკვდილს გული ვერ იტევს,
და ტელეანძა როგორც ჯვარი საფლავს დაადგეს.
დრო იტყვის ყველაფერს,რასაც ვერ მოვასწრებ რომ ვთქვა,
თქვენ იზამთ ყელაფერს,რასაც ვერ მოვასწრებ,რომ ვქნა!
და ჩემგან დარჩენილ,დაფლეთილ ათას ტომს,
ბავშვები ნახავენ, თუ ოდესმე მოვიგებთ ომს,
ჩვენ მოვიგებთ ომს!
აქ ხარ
ვიცი ისეც უსწრებ დროს,
მოხვედი, მაგრამ მე ვერ გხედავ,
ამ სიმღერით თუ გაგათბობ,
შენ კი კვლავ დამავიწყებ სევდას,
შენ აქ ხარ, შენ აქ ხარ,
შენ აქ ხარ, ჩემთან.
ეს ხალხი ძველ სიმღერებს მთხოვს,
მე კი ჯიუტად ვმღერი ახალს,
მე მხოლოდ შენ სიყვარულს ვგრძნობ,
ყველაზე ღვთაებრივს და მართალს.
შენ აქ ხარ, შენ აქ ხარ,
შენ აქ ხარ ჩემთან
***
მე უფრო მეტი ყვავილი მოგიწყვიტე,
ათასი სიტყვით,სახით დაგამძიმე,
ხომ ვერ მოვპარავ საკუთარ თავს იმას,რაც ვარ.
შენ დაგავიწყდა,რომ შტორმს,შტილი მოჰყვება.
და შენი ნავი მალე მშვიდად იცურებს,სულ სხვაში.
საშიში ის არის,ვინც იმდენ ყვავილს ვერ მოწყვიტავს,
რამდენიც უნდა,
ვინც საკუთარი შიშის ტუსაღია
და სხვის თვალებში,როგორც სარკეში იჭყიტება,
ივარცხნის თმას,
შეშინებულმა,შენი ქოხი სხვაგან გადადგი,
იქ მხოლოდ სურნელიღაა დაღლილი შტორმის,
გეგონა დაანგრევდა შენს სახლს მოლხენა,და სიყვარული
შტორმს ხომ გითხარი,შტილა მოჰყვება
და ჩემი გემი დაცურავს ახლა სულ სხვაში,
მე უფრო მეტი ყვავილი მოგოწყვიტე,ვიდრე გეგონა.
***
ნასახლარები ჩემი წარსულის,წალეკა წყალმა.,
მიწას დაემხო აშენებული ოცი სართული,
ვიცი გიყვარვარ და აღარ მინდა შენი წვალება,
ჯერ არ დაიხა ჩემი სულის ძველი საფულე,
კვლავ ამოვხედავ შენს აივანს კუთხესთან
მდგომი,
ოცი წლის გავხდი და შენს ფანჯრის წინ
დაემხო რომი.
***
დროთა უტყუარ სიბრძნეში ვიშვი,
როგორც კენტავრი ღმერთის საშოდან,
გარყვნილების და გაქრობის შიშში
გავჩნდი,ეპოქის წარმოსაშობად.
მეცხრამეტე
დღეს მეცხრამეტე თოვლია
და მეცხრამეტე ლექსი,
ჩემი წარსულის ტოლი ვარ,
გავდგი ცხრამეტი ფესვი.
სტუმრები ჩემი მხოლოდ წლებია,
დღესასწაული ცხრამეტი ლანდის
და ავსებს გვერდებს ჩუმს და სევდიანს
ეს უსასრულო,ცხრამეტი დარდი.
მჯერა
ისევ მარტო დავრჩი,
შენზე ფიქრით ვირთობ თავს,
მე ჩემ ოთახში ვზივარ,
რომელიც ციხის საკანს გავს.
მე ვიცი,რომ შენ მოხვალ,
ვიცი არ დაუთმობ მტერს,
შენ ქანდაკებს ჩემსას
ყოველთვის გადაწმინდავ მტვერს,
მე მჯერა,შენი ნდობის,
მჯერა,რომ შენ მოხვალ დღეს.
და ცივ ლოგინში მომცემ
სიყვრულით დაღლილ ხელს.
პოეტს
/გ.ტაბიძის ხსოვნას/
უძილო ფურცელს მან მისი აზრი,
დაღად დაასვა ვით თავის მონას.
დაღად დაასვა გრძნობები ნაზი,
რომელიც შექმნა და მოიგონა.
და იმ ოცნებით შექმნილ მხარეში,
სადაც სულები არსებობს მხოლოდ,
სადაც ღმერთების უკვდავ თარეშს
და ხელოვნებას არ ააქვს ბოლო,
იქით წაიღეს იგი ქარებმა,
მხოლოდ მათ ენდო იგი ვნებული,
მხოლოდ იმ ქვეყნად დაიფარება
ოცნება მისი,დამონებული.
მუხლმოდრეკილი,
გარშემორტყმული ჩვენი ცოდვებით
ჩვენგან წასული,ის ჩვენზე ფიქრობს
და ვეცოდებით.
ალბათ კვლავ მარტო,
ალბათ კვლავ ნატრობს,
ალბათ კვლავ ქმნის...
დღეს ხომ დილიდან ქარიშხალია,
ქარი ქრის,ქარი ქრის,ქარი ქრის.
3 მაისი 1978 წელი
მიქელანჯელო ანტონიონის
ვიღაცა გადმოხტა,
ქვევით მიჰქონდა სხეული ქარებს,
მოხუცი კაცი კითხულობდა__ ნეტავ რა მოხდა?
ქალაქი სდუმდა,
მხოლოდ მილების ფშვენა აღმოხდათ
და შავი ბოლი გაატარეს.
ჩუმად
ჩუმად გარდავისახოთ საგნებში,
შევიცნოთ მათი მდუმარება
და ანარელთა სავდა სარკეში.
გაწვრთნილ აფთართა დავეუფლოთ
თვინიერებას,
საცირკო ცხენის უნაგირზე ვისწვლოთ თვლემა,
მიწის ქვეშეთის წყაროებივით ჩუმად შეხვედრა
და ვიჩურჩულოთ,
როგორც ბალახმა და ფოთოლცვენამ.
ცოლს
ორი ხე,
ერთიმეორეზე უფრო შიშველი,
ორი სიკვდილი,
დაღლილმა მიწამ იშვილა,
გაჩნა მესამე,
ალბათ იმ ორის საშველად
და ერთს შესწირა
სული თვისი სავსე სიმშვიდით.
ზამთარია
და ყოველ მათგანს ცალ-ცალკე ათოვს,
ორნიღა დგანან გაშიშვლებულნი,
ორივე მარტო.
ქარი
თბილისის ვერცხლისფერ მტვერში,
ბურთივით დაგორავს ქარი,
უსმენენ ქალები გერშვინს,
მეც მინდა ვიყო ქალი.
ცები--დაფლეთილი,ძველი ქოლგები,
აირეკლავენ ვერცხლისფერ უდაბოს,
ჯვარცმულ წმინდნთა წინმორბედის
მიხმობს ყვირილის ხმა უზოუკვლო.
მე კვლავ ვარსებობ!ანგელოზებით
გაწბილებული,
ჯიუტი ბავშვის სული - ჯოხით ნაცემი.
კედელთა ტუსაღი,ისევ ლექსებს ვწერ,
უწინდებურად.
ავადმყოფური,ქალური ჟინით და გატაცებით.
"ხორცი"
კენწეროებით მთვარეს სწვდებიან,
ფესვებით სწოვენ სისხლს დედამიწას,
და ათრთოლებენ აზრებს სევდიანს,
ვინც სიკვდილისგან მარადჟამს მიცავს.
კოცნა
ძუნწო მეფეო სიღრმეთა მიწის,
მწყემსო კაცთა და იმპერატორთა,
ორსულ მარცვალთა საშოთა სიცხეს,
მოკვდავი ხორცის აქცევ საწოლად.
ზღვის ფსკერზე ვეშაპთა მძინარე ჩონჩხებს,
გადაავიწყდა შიში და მოცდა,
უდროოდ ჩაძირულ,დიდებულ გემებს,
ლოკოკინათა მიეკრო კოცნა.
ივლისი
ივლისი ხვნეშოდა; ორთქლისფრად,ურცხად,
ქარვის ალებში დნებოდა თბილისი,
დაღლილს ალერსით,ქალს მაგონებდა,
ჩემი ქალაქი ძილის წინ.
გაგოდარება
ნუთუ შენია,რასაც განიცდი?
ტერიტორია არ გაგაჩნია,
შენ ხარ ვინც ამჩნევს
და უნდა მიხვდე,
თუ სად იწყება ის,
რაც დასრულდა.
ბედნიერება აღარ გეკუთვნის,
რადგან არ იმჩნევ უბედურებას.
გული ნუ გწყდება,
დეკორაციებს ყოველდღე ცვლიან,
მოდის უზნეო დასაწყისი,
სიზმრებით სავსე
და არ ნახული
სისასტიკით გიმასპინძლდება.
წარმოდგენაში მირბიხარ,
რომელიც უშენოდ დადგეს,
ნახავ ყველაფერს,
რაც დაგავიწყდა,
კვლავ შეიყვარებ
კომუნიკაციას ანარეკლთან,
მოგზაურობის ვიტრინაში,რეკლამას
-მომავალი თვითმკვლელობით გაზავებულს,
საყვარელს,
რომელიც მიგატოვებს,
ისევ წაგიღებს საძულვილი
თავისუფლების,
და შეშლილ კოსმოსს
გადაუფრენ,როგორც კომეტა.
თითქოს უყვარხართ,
როცა იწყებენ ლაპარაკს,
რადგან ივნისში მარტოა მთვარე,
პლასმასის ჭაღივით კიდია ჭერზე
ყვითელი ტილო,დღევანდელობის.
უნდა ისწავლო
პურის დაგდება,
როცა დაძღები
ცოდნით და ხორცით.
შეშლილ ველასკესს
ნურაფერს ეტყი მილიტარიზმზე,
ჩვენთან წამოდი,
საყოველთაო არჩევნებზე სიამოვნების.
ისევ სიზმარი დაგაძალეს
მარადიული კატასტროფის
მოლოდინში,
სირცხვილის ზღვარზე,
როცა არ იცი,სად მთავრდება
შენი ლოგინი.
პატიოსნების დაკარგვის სიტკბო,
იქ თვრამეტ წლამდე კვლავ ირძალება
სმენა ხორცის და კითხვა მარქსის,
მასათა ღელვა უკუდინების შემთხვევაში,
პროპორციულია სისხლის,
რადგან ფილმში ხარ
და არ გიღებენ კარს.
უარს ნუ იტყვი
საკუთარ ქმარზე,
თუ არ მოგწყინდა,
გარდაუვალი კვირის ბოლოს,
უკანასკნელი ქალაქგარეთ გასეირნება.
კულტურულია შიში რევოლუციის,
მავზოლეუმის დერეფანში,
როცა მშვიდობის გამზირზე
ცხოვრობ--
აღარ არსებობ.
მაოს ყვითელი ამაოებით,
დაგყურებს რუქა,
როგორც სარკმელი,
მაიაკოვსკიმ რომ გამოაღო.
და ერთი დუბლიც:
ჩინელი ქალი გაგიღებს კარებს,
შენ კი წაყვები,
როგორც კადრებს
მომავალ ფილმში,
სოციალიზმის განტოლების
ამოსახსნელად.
თავისუფლებამ
სხლერპლის ფასად
აზრი დაკარგა,
ნუ გეშინია,მარტო ყოფნის,
მაინც სხვების ხარ,
და აღარ იმჩნევ,
როგორ მოგწყინდა განცდა,
შეშინებული მარტორქასავით,
უკანასკნელ ამოსუნთქვამდე,
ანელებ სიკვდილს,
რომლის ლოდინში,
კიდევ ერთხელ გაგეღვიძება.
ომის-ღარიბებს სწამთ,
გამარჯვების უცხო სხეულზე,
ისევ ყველაფრის უფლება გაქვს,
როგორც ფილმში,
რომელსაც პირველად უყურებ.
გვამთა სიმრავლე -
უაზრო სიხარულს ბადებს
საფოსტო ყუთში,
შენი სამოთხის.
ატალახებულ სოფლის გზაზე,
რომ მიატოვე და გაემგზავრე
მოსალოცი ბარათების შესაგროვებლად.
შენ აღარ იბრძვი,
მხოლოდ უყურებ,
როგორ ინგრევა შენი სახლი
ყოველდღიურად,
რადგან მსხერპლი ხარ,
მარადიული სისულელის
საკურთხეველთან.
კვლავ გაურბიხარ
იმას,რაც მოგდევს
და ვერ გეწევა.
ჩამქრალ დარბაზში,
როგორც საკუთარ თავში
ზიხარ და უხმოდ
ელოდები გაგოდარებას.
დრო _II
დრო.
დო_რე,
რე_დო,
დმ_ტა,
დმ_ტა,
დგდნ,დგდნ,
ტა,
დგდნ,დგდნ.
დმ,
დმ,
დმ_ტა,
დმ,
დმ_ტა
დმ
ხო,
დგდნ,დგდნ,
დრო.
სირცხვილი
ქარვის ფურცელი,
არ ინდობდა სიზმრიან სიცხეს,
დაღლილი მთვარე
ეტყობოდა დღეთა სიბერეს,
მათხოვარივით დარჩენილი,
ვარსკვლავებს გარეთ,
ღონემიხდილი და ბედნიერი
იწვა სირცხვილი .
წერილი პლატონს
ყველა პოეტი მატყუარაა_ პლატონი
რჩევა პოეტს
ისე უნდა გახურდე,რომ გადაიწვა,
ისე უნდა გაანათო,რომ დაბნელდეს,
ისე უნდა იცხოვრო,რომ მოგკლან,
ისე უნდა მოკვდე რომ დაიბადო.
შოპენს
ვუსმენდი შოპენს,მერე ათოვდა ქაშვეთს,
მახსოვს ზამთარმა შემაყვარა მარტო დარჩენა,
ცოცხით დასდევდა მეეზოვე თოვლიან ბავშვებს,
ცოცხით,რომელიც ჰგავდა ფარშევანგს.
ჰამლეტი
რატომ აღარ რეკავს?
ყველაფერი მექანიკაა.
წყურვილის დიფუზია მუსიკაში,
უზუსტობათა შეხება ლეონარდოსთან,
ელეგიურობა დღის,
საგნების სენტიმენტალური დგომა,
საფლავებივით.
ჩემი ოთახი შენი ოთახია,
ყველას ოთახია! მოითმინე და
ტელეფონიც აღსდგება მკვდრეთით,
დაიწყებს წითელი დინგით ტრიალს,
დაგირეკავენ როზენკრანცი და გილდესტერნი,
თუ არ მოკვდნენ.
ყველაფერი მექანიკაა,
ისიც, რომ გენატრება
და რომ თითქოს გადის დრო.
კომუნიკაცია საკუთარ მუცელთან,
შიგნიდან ვიღაც რეკავს,
ჩემ ფაშვში ცხოვრობს გონოიუბუ:
დაჭრილი,
აფრიკული სიყვარული.
შეხვედრა
ეპიგრაფი " ნაწყვეტი ძველი ლექსიდან"
ტანს გეტმასნება სველი ალერდი,
გამჭირვალე კაბა გიმზერს თეძოებს,
და აზიდული, მაღალი მკერდით,
მიეფინები მწვანე ეზოებს.
***
***
***
მოდი ჩემთან.
შენ ერთად ფიქრობ, შენ ამ სითბოს გრძნობ.
მოდი მალე, მოდი მალე
მოდი ჩემთან, მოდი ჩემთან.
მე არ ვიცოდი რა მეთქვა, გრძნობები როგორ გამეთვა
შენ რას იტყოდი, რას იტყოდი.
შენგან არაფერს ვითხოვდი, მე მხოლოდ შენზე ვფიქრობდი
მხოლოდ ვფიქრობდი, სიმღერა არ მანებებდა თავს.
შენ ერთად ფიქრობ, შენ ამ სითბოს გრძნობ.
მოდი მალე, მოდი მალე
..მოდი ჩემთან, მოდი ჩემთან…
***
***
***
***
***
***
***
***
***
***
***