You are on page 1of 5

ზურაბ კიკნაძე

გილგამეშის ეპოსი
გილგამეშის ეპოსის ფესვები შორეულ წარსულში იკარგება. შუმერის ხალხს,
შუამდინარეთში უძველესი ცივილიზაციის შემქმნელთ, ბუნდოვნად ახსოვდათ მათი ერთ-
ერთი ქალაქის, ურუქის, მეფე, რომელსაც გადმოცმა მრავალ საგმირო საქმეს მიაწერდა:
ძლევამოსილ ბრძოლებს ურუქის მტრების წინააღმდეგ, ბრძოლებს ურჩხულებთან,
ცეცხლისმფრქვეველ ზეციურ ხართან, ლაშქრობას მარადიული სიცოცხლის ქვეყნისაკენ;
მსგავსად ბერძენთა ჰერაკლესი, მისგან დავალებული ყოფილან არა მარტო მოკვდავნი, არამედ
ღმერთებიც. და კვლავ ჰერაკლეს მსგავსად ხალხის წარმოდგენებმა გააღმერთა იგი და აქცია
ქვესკნელის ბინადართა მსაჯულად, ალბათ საზღაურად იმ ტანჯვისა, რაც მას გადახდა
უკვდავების ძიების გზაზე.
უფრო გვიან, როდესაც ხალხების სამოქმედო ასპარეზი გაფართოვდა, როდესაც
შუამდინარეთის ცაკლეული ქალაქები პირველ იმპერიაში გაერთიანდა, რომლის მეფე სამყაროს
მეფედ იწოდებოდა, შუმერული კულტურის მემკვიდრე აქადელებმა ასევე გააერთიანეს ეს
ლეგენდები და შექმნეს დიდი ეპოსი. ლეგენდები დაუქვემდებარეს ერთი იდეას, რომელიც
ყველაზე მძაფრად აღელვებდა მათ. ეს იყო სიკვდილ-სიცოცხლის მარადილი საკითხი. როგორც
თვით გმირი, ისე მისი ამბავი შევიდა აქადელთა კულტურის საგანძურში და მათ ეროვნულ
ეპოსად იქცა. თავდაპირველად იგი დაიწერა აქადური ენის ბაბილონურ დიალექტზე, შემდგომ
გავრცელდა და გადამუშავდა ასურელებს შორის. ძველი შუამდინარეთის სახელმწიფოთა
არსებობის ყოველ ხანაში იქმნებოდა ეპოსის ახალი ვერსიები და პარალელურად
ვრცელდებოდა ასურეთ-ბაბილონეთის ფარგლებს გარეთაც; ითარგმნებოდა და
დამოუკიდებელ ვარიანტებად იწერებოდა წინა აზიის ენებზე.
განსაკუთრებით დიდი ყურადღება მიექცა ამ პოემას ასურეთის ერთ-ერთი უკანასკნელი
მეფის აშურბანიპალის მეფობის ხანაში (VII ს. ჩვენს ერამდე). ამ დროს დასამხობად
გამზადებულმა ასურეთმა უკანასნელად შეისვენა სისხლიანი ომებისგან და დადგა დრო
კულტურულ მონაპოვართა შეჯამებისა. ქვეყანა დაწყნარდა და როგორც ძველი პოეტი,
აშურბანიპალის მეხოტბე, ამბობს:
მახვილები და შუბები უსაქმოდ ეწყო,
მთელი ხმელეთი მშვიდობიან სახლად იქცა,
და იყო ზეთივით სუფთა სამყაროს ოთხივე კუთხე.

აშუპბანიპალი, ხელოვნებისა და მეცნიერებათა დიდი მეცენატი, განსწავლული მეფე,


გულმოდგინედ კრებდა შუამდინარეთში ათასი წლების მანძილზე შექმნილ წერილობით
ძეგლებს. იგი აგზავნიდა თავის მოხელეებს იმპერიის სხვადასხვა ოლქებში, რათა მოეძებნათ
და ნინევიაში ჩამოეტანათ თიხის „წიგნები“. აი, რას წერს იგი ერთ მოხელეს, სახლად შადანუს:
„იმ დღესვე, როცა ამ წერილს მიიღებ, შენთან ერთად წაიყვანე შუმუ, მისი ძმა ბელეთირი, აპლა
და ბარსიპელი მხატვრები, ვისაც კი იცნობ, და შეაგროვე ყველა დაფა, რაც ინახება მათ
სახლებსა და ეზიდას ტაძარში… ძვირფასი დაფები, რომელთა ასლები ასურეთში არ მოიპოვება,
დაძებნეთ და მომიტანეთ მე. მე უკვე მივწერე მთავარ ქურუმსა და ბარსიპას მმართველს, რომ
შენ, შადანუ შეინახავ ამ დაფებს შენს საწყობში; და ვთხოვე მათ, რომ უარი არავინ გითხრას ამ
დაფების გადმოცემაზე“.
დიდი გატაცებით მუშაობდნენ სასახლის გადამწერები. თიხის სველ დაფებზე ხის
იარაღებით მათ გამოჰყავდათ რთული და ლამაზი ნიშნები. მორჩებოდნენ ერთ დაფას და ქვეშ
მიაწერდნენ ნაწარმოების სახელს და შემდეგ სიტყვებს: „დაფა პირველი. თანახმად ძველი
დედნისა დაწერილია და შემოწმებული“. ხშირად თავისი შრომით გატაცებული გადამწერი
დაფის ბოლოს თავის სახელსაც მიაწერდა: „გადაწერა აშურ-რაიმ-ნაფიშთიმ, რომლის ფიქრები
1
მიმართულია ნაბუსა და თაშმეთუსადმი“ (ეს ღვთებანი მწერლობის საქმე მფარველობდნენ).
ამით არ მთვრდებოდა „წიგნის“ მომზადების საქმე. თიხის სველი დაფები ცეცხლში უნდა
გამომწვარიყო სააგურე ალიზის მსგავსად, რადგან უცეცხლოდ გამხმარი თიხა მყიფე იქნებოდა
და დიდხანს ვერ შეინახებოდა.
ამგვარად შექმნა აშურბანიპალმა იმ დროის კულტურულ სამყაროში უმდიდრესი
ბიბლიოთეკა, რომლის საცავებში ინახებოდა 30 ათასამდე დაფა-წიგნი. აქ ნახავდით ეპოსებს,
ჰიმნებს, მითებს, ლაშქრობათა მატიანეებს, ლექსიკონებს, სამეცნიერო და რელიგიური
ხასიათის ტექსტებს. ამ ბიბლიოთეკაში დამუშავდა უკანასკნელ რედაქციად თორმეტდაფიანი
თხზულება, რომელიც სათაურს დასაწყისი სიტყვების მიხედვით ატარებდა და ასევე
იცნობდნენ მას იმ დროის განათლებული პირები: „რომელმა სიღრმე იხილა“. როგორც
აშურბანიპალის ბუბლიოთეკის ყველა წიგნს, ისე ამ ეპოქის თითოეულ დაფას ბოლოში აზის
ბეჭედი: „სასახლე აშურბანიპალისა, სამყაროს მეფისა, აშურის მეფისა“.

ეპოსი იწყება პროლოგით, სადაც ანტიკური პოემების მსგავსად შექებულია თხზულების


გმირი და მოკლედ არის ჩამოთვლილი მისი საგმირო საქმენი. პოეტი აქებს ურუქის კედლის
განსაცვიფრებელ ნაგებობას, რომელიც გილგამეშმა ააგო. ამავე ქებით მთავრდება პოემა:
მრავალტანჯული გმირი უბრუნდება ურუქის კედლებს, მის მიერ შექმნილთ გიგანტური
შრომის შედეგად და საკუთრი სახელის უკვდავსაყოფად.
დასაწყისიდანვე გვამცნობს პოეტი გილგამეშის უჩვეულო ენერგიის შესახებ, რომლის
გამო ურუქუს ხალხს მოსვენება არ აქვს, აღშფოთებული მოსახლეობა მიმართავს ურუქის
მფარველ ღმერთს, ანუს, შუქმნას გილგამეშს მეტოქე, რომელიც გაფანტავს მის ძალას და
ურუქიც მოისვენებს.
ანუს ბრძნებით, ქალღმერთმა არურუმ შექმნა ველური ენქიდუ, ისევე, როგორც შექმნა
მან პირველი კაცი უხსოვარ დროში, უცხო ყოველგვარი კულტურისა და ადამიანური
საზოგადოებისა. იგი შეიქმნა უაგულ ველზე გარეულ ჯოგებს შორის და გახდა მათი მწყემსი და
მფარველი. იმ ადგილებში, სად კი იგი გამოჩნდებოდა, შეუძლებელი იყო გარეული ჯოგის
მონადირება. პოეტის ყურადღება გადადის მონადირეზე, რომელმაც პირველად შენიშნა
უჩვეულო სახის ეს ველური კაცი. მისი მეშვეობით ამბავი გილგამეშამდე მიდის. ბრძენმა
გილგამეშმა იცის, რომ ამ ველურის მოთვინიერება მხოლოდ ქალს შეუძლია. აღმოჩნდება
ასეთი ქალი, როსკიპი, ხალისიანი სახელის მქონე, შამხათი („მხიარული“), რომლის მეოხებით
ენქიდუ პირველად შეიცნობს ქალის სიყვარულს და ადამიანურ ცხოვრებას. ქალისადმი
სიყვარულმა ჩამოაშორა იგი თავის ჯოგს, რომელმაც ვეღარ იცნო მათი წინანდელი პატრონი და
ზურგი შეაქცია, გაუუცხოვდა. ენქიდუს დაემართა მსგავსი ამბავი, რაც ვაჟას მინდიას,
რომელმაც დაარღვოა აღთქმა და დაშორდა ბუნების ძალებს. მაგრამ თუ მინდიას ეკარგება
გრძნეული ძალა და კვლავ ჩვეულებრივ ადამიანად იქცევა და ეს არის მისი ტრაგედიის
მიზეზი, ენქიდუ ცხოველთა ენის ნაცვლად იძენს ახალ სიბრძნეს და განსჯას, რომლის
საშუალებითც იგი ეზიარება ადამიანური ცხოვრების სიკეთეს. შამხათის შთაგონებით, იგი
უარყოფს გარეულ მეგობრებს და მეგობრად გილგამეშს ეძებს, „მხიარულ და ღვთის მსგავს
კაცს“.
მაგრამ არც ამაყი გილგამეშისათვის იყო უცნაური ამ ველურის გამოჩენა, გრძნეულ
სიზმრებში იგი - აქამდე უმეგობრო მეფე - ხედავს თვის მომავალ მეგობარს, მისი გულის დიდი
ხანია ელის მეტოქეს. და აი, ურუქის ქუჩებში გამოჩნდება უჩვეულო აღნაგობის კაცი,
რომელსაც წინ ურუქელი ქალი შამხათი მიუძღის. მათ მეგობრობას, როგორც ზღაპრებში, წინ
უძღვის ორთაბრძოლა. მათი ძალები თანაბარი აღმოჩნდა და ამიეროდან ენქიდუ გილგამეშის
ღვიძლ ძმად და მეგობრად იქცევა. უხეშმა, ველურობიდან ახლახან გამოსულმა ენქიდუმ
გააკეთილშობილა გილგამეში. ამიერიდან იწყება გილგამეშის ცხოვრების მეორე ხანა.

2
მეგობრის შეძენით აღფრთოვანებული გილგამეში მიიწევს საგმირო საქმეებისაკენ. მისი
სურვილია ურუქის ფარგლებს გარეთ გამოავლინოს თავისი ძალა. შორეულ მხარეში მას
ეგულება ძვირფასი კედრის ტყე, რომლის დაცვა ღმერთთა განჩინებით საზარელ ურჩხულ
ხუმბაბას აკისრია. იგი ოცნებობს, დაამხოს ხუმბაბა - ბოროტება, რომელიც სძულს შამაშს, მის
მფარველ ღვთაებას და დაიმკვიდროს მარადიული სახელი. იგი დაიყოლიებს მფრთხალ,
თუმცა საქმეში ჩახედულ ენქიდუს, რომელიც გრძნობს, რომ კედრის ურჩხულის წინააღმდეგ
ლაშქრობა მისთვის კეთილად არ დამთავრდება.
ორი გმირი ამარცხებს ხუმბაბას და ძლევამოსილი ბრუნდება ურუქს, მაგრამ აქ ხვდება
გილგამეშს ახალი განსაცდელი: ომგადახდილი გილგამეშის მშვენებას თვალი დაადგა
სიყვარულის ქალღმერთმა იშთარმა და შეეცადა ჩაეთრია სიყვარულში, რომელიც
მრავალთათვის დამღუპველი აღმოჩნდა. ეს იცის გილგამეშმა და მოურიდებელი სიტყვებით
უარყოფს მის ტრფობას. შეურაცხყოფილი იშთარის თხოვნით, ღმერთი ანუ შექმნის ზეციურ
ხარს და მიწაზე ჩამოუშვებს, რათა დაღუპოს გაკადნიერებული გილგამეში. ეს არის
ცეცხლისმფრქვეველი ხარი, მსგავსი ქართული მითოლოგიის „წითელი ხარისა“, რომლის
ნაძოვარზე ბალახი არ ამოდის. თავისი ცეცხლოვამი სუნთქვით ხარი ანადრურებს ასობით
ურუქელ ვაჟს, საშველი მისგან არ არის. მხოლოდ ორი მეგობარი დაამარცხებს ზეციურ ხარს,
მის მოოქრულ რქებს ნადავლად წამოიღებენ და ლუგალბანდას მიართმევენ. იშთარი კვლავ
შეურაცხყოფილია. ეს არის უმაგალითო ამბავი ძველ ლიტერატურაში, როდესაც
დამარცხებული ღმერთი უკან იხევს ადამიანის წინაშე. მაგრამ დროებით; შურისგება მოხდება
ენქიდუს მიმართ, რომალმაც გამარჯვებით აღფრთოვანებულმა სიტყვიერად შეურაცხყო
მგლოვიარე ქალღმერთი და მოკლული ხარის ბარკალიც კი ესროლა მას.
მეექვსე დაფა ეპოსის კულმინაციაა: ადამიანის სითამამე ძლიერ შორს წავიდა და ამის
გამო უნდა დაისაჯოს იგი. უნდა დაისაჯოს ორში ერთი. ღმერთების კრება, რომელიც სიზმრად
მოევლინება ენქიდუს, გადაწყვეტს მის სიკვდილს. ახლა უკვე ნანობს ენქიდუ, რომ ჩამოშორდა
ველების უზრუნველ ცხოვრებას. იგი წყევლის შამხათს, რომელმაც გააცნო მას ადამიანური
საზოგადოება და გააბა მის ხლართებში. მაგრამ შამაში, მზის ღმერთი, შთააგონებს მას ამგვარი
ცხოვრების უპირატესობას. სიკვდილის შემდეგ მას მოელის დიდი პატივით დაკრძალვა,
გილგამეში, მისი ღვიძლი ძმა, მასზე აატირებს ურუქის მხიარულ ხალხს, ხოლო თვით მხეცების
ტყავით შეიმოსება და ველად გაიჭრება.
საშინელი წინათგრძნობით შეპყრობილ ენქიდუს ესიზმრება მკვდართა სამეფოში
ჩასული საკუთრი თავი. შეშფოთებული უამბობს იგი გილგამეშს თავის სიზმარს, მაგრამ
მეგობარს მისი შველა აღარ ძალუძს. ენქიდუს დღეები დათვლილია. მას შეეყრება უკურნებელი
სენი, რომელიც თორმეტ დღეში ბოლოს მოუღებს.
მოკვდა ენქიდუ, როგორც კვდება ყოველი მოკვდავი. მაგრამ გილგამეშისთვის მისი
სიკვდილი არაჩვეულებრივ მოვლენად იქცევა, თითქოს მისი მეგობარი პირველად მომკვდარი
ადამიანი იყოს, მხოლოდ ახლა შეიცნობს იგი გარდუვალი სიკვდილის საშინელებას და თავისი
სახელის უკვდავებაშიც ეჭვი ეპარება. რა არის სახელი, თუკი მისი მატარებელი კაცი მიწად
იქცევა, როგორც გადიქცა მიწად ენქინუ? ნუთუ არ არსებობს ხსნა სიკვდილისგან?
ამიერიდან იწყება გილგამეშის ცხოვრების მესამე ხანა. მეგობრის სიკვდილის შემდეგ
გილგამეშის მთელი ენერგია მიმართულია სიკვდილ-სიცოცხლის საიდუმლოების
ამოხსნისაკენ. მან უნდ გაიაროს მზის ღმერთის, შამაშის გზა, და მიაღწიოს ნეტართა კუნძულს,
სადაც ცხოვრობს მისი დიდი წინაპარი უთანაფიშთი, რომელმაც, გადმოცემის თანახმად, რაღაც
გზით უკვდავება მოიპოვა. მას უნდა გამოჰკითხოს გილგამეშმა სიკვდილ-სიცოცხლის ამბავი
და სული დაიმშვიდოს.
ამ შორეულ გზაზე მრავალი განსაცდელი ხვდება გილგამეშს, განსაცდელი და ცდუნება.
იგი ვერ შეაკრთო ზღაპრული მორიელ-კაცების საზარელმა ხილვამ, შეუპოვრად გადალახა
შამაშის გზა, რომელიც გადიოდა წყვდიადით მოცულ გვირაბში, მთებს შორის, გაიარა

3
ღმერთების წალკოტი, სადაც შეხვდა თვით შამაშს, რომელიც შეეცადა შთაეგონებინა მისთის
მისი ძიების ამაოება: „სად მიდიხარ, გილგამეშ, სიცოცხლეს, რასაც შენ ეძებ, ვერასდროს
მიაგნებ“! მაგრამ შუა გზამდე მისული გილგამეში უკან არ ბრუნდება და გზას განაგრძობს.
ღმერთების მეღვინე ქალი, ნიმფური არსება, ცდილობს შთააგონოს მას ამქვეყნიური,
თუნდაც წარმავალი ცხოვრების უპირატესობა. რა აზრი აქვს უკვდავების ძიებას, თუკი იგი
მხოლოდ ღმერთების თვისებაა, ხოლო კაცთა მოდგმის აუცილებელი ხვედრი სიკვდილია? ასე
დაუწესებია ადამიანის გაჩენისთანავე დიდ ღმერთებს. ადამიანის დღენი დათვლილია, და ამ
დღეთა განმავლობაში, დაე, გაიხაროს მან ამქვეყნიური სიხარულით. მაგრამ გილგამეშს არ
აკმაყოფილებს კაცის ჩვეულებრივი ხვედრი, და თუმცა მას წინ უძნელესი განსაცდელი
მოელის, შეუპოვრად განაგრძობს სვლას.
მეზღვაური ურ-შანაბი, რომელმაც ერთხელ გაუკვდავებული უთანაფიშთი გადაიყვანა
ნეტართ სამყოფელში, გადაალახვინებს გილგამეშს სიკვდილის წყლებს. გავლილია უკანასნელი
წინააღმდეგობა, და აი, გილგამეში წარდგა უთანაფიშთის წინაშე. მაგრამ აქ გილგამეშს ელის
იმედის უდიდესი გაცრუება. აღმოჩნდა, რომ უთანაფიშთის უკვდავება არ გამოწვეულა მისი
პირადი ძიების შედეგად. უძველეს დროში ღმერთებმა მოახდინეს წარღვნა ბოროტების გზაზე
მდგარი კაცობრიობის დასაღუპად. მოწყალე ღმერთმა ეამ უთანაფიშთი, თავისი ტაძრის
ქურუმი და შურუფაქის მეფე, იხსნა დაღუპვისაგან და როგორც კიდობანს შეხიზნული
ბიბლიური ნოე, გადაარჩნა მსოფლიო კატასტროფას. ერთადერთი გადარჩენილი კაცი მისი
მეუღლითურთ ღმერთების კრებულმა უკვდავყო და დაასახლა „შორეთში, წყლების
დასაბამთან“. აწ ვინ იქნება ღმერთთაგან ისეთი, რომელიც მოიწვევს ღმერთების კრებულს
გილგამეშისათვის მსგავსი განაჩენის გამოსატანად? ამგვარი გზით უკვდავების მიღწევა
შეუძლებელია.
მაგრამ არსებობს სხვა საშუალება: ძილის - სიკვდილის ორეულის - დაძლევა. ეს
უკანასკნელი განსაცდელი ყველაზე მძიმე აღმოჩნდა გილგამეშისთვის, რომელმაც ესოდენ
სახიფათო და გაუვალი გზა განვლო. ეს უდიდედი გმირი და ბრძენი მეფე - ერთი მესამედი
კაცი, ორი მესამედი ღმერთი - ბავშვივით ზის უთანაფიშთის წინაშე და უკვირს, როგორ
დაჯაბნა იგი ძილმა. მაგრამ ეს იყო გრძნეული ძილი, ისეთივე ღრმა და დაუძლეველი
ადამიანის მიერ, როგორც სიკვდილი. საშველი სიკვდილისაგან არ ყოფილა: იგი კაცთა
მოდგმისთვის დაუდგენიათ ღმერთებს. მაგრამ არსებობს საშუალება, რომლის საიდუმლოებას
მას შემბრალებელი უთანაფიშთ გაუმხელს. ეს არის ოკეანის სიღრმეში აღმოცენებული
განმაჭაბუკებელი ბალახი.

მაგრამ იმას შემდეგ, რაც ბალახი ხელში ჩაიგდო და შინისაკენ გზას დააგდა, მას იპყრობს
ადამიანური სისუსტე - უყურადღებობა - და ტანჯვით მოპოვებულ ერთადერთ იმედს გველი
გამოსტაცებს, ადამიანის უძველესი და უბოროტესი მტერი, როგორც მან ერთხელ მან
ბიბლიური გადმიცემის თანახმად, მარადიული და უზრუნველი ცხოვრება წაართვა პირველ
ადამიანებს - ადამსა და ევას.
აქ, უდაბნოში, სამშობლოდან შორს, გამოიგლოვს გილგამეში სასწაულმოქმედ ბალახს და
სასიკვდილოდ განწირულ საკუთარ თვს. ამ დრამატიულ ვითრებაში ასრულებს იგი თავის
მოგზაურობას, მაგრამ მას მოაქვს რაღაც, რითაც შეუძლია იამაყოს და რასაც პროლოგშივე
უმღერის პოეტი:

საუნჯე იხილა, დაფარული გახსნა,


ცნება მოიტანა წარღვნამდელ დღეთა.

იმედგაცრუებული, მაგრამ ახალი ცოდნით აღსავსე გმირი უბრუნდება მშობლიურ


ურუქს, მისი ამქვეყნიური ცხოვრების ასპარეზს.

4
ეს არის ბუნებრივი დასასრული გილგამეშის ძიებისა და თვით ეპოსის. მაგრამ მას
მოსდევს კიდევ ერთი დაფა გილგამეშის სერიის მეთორმეტე დაფის სახელწოდებით, რომელიც
ასურულ ენაზე ძველი შუმერული ლეგენდის სიტყვასიტყვით თარგმანს წარმოაგდენს.
აშურბანიპალის ბიბლიოთეკის გადამწერმა თუ მწერალმა, რომელიც იყო ეპოსის რედაქტორი,
გაურკვეველი მიზნით დაუმატა გილგამეშის ეპოსს ეს მეთორმეტე დაფა, სადაც ენქიდუ კვლავ
ცოცხალია და ჩადის ქვესკნელში, რათა ამოუტანოს გილგამეშს იქ ჩავარდნილი მისი
მუსიკალური საკრავები. მაგრამ ენქიდუ ვერ ასრულებს ქვესკნელში ჩამავალ ცოცხალ
ადამიანთათვის დადგენილ წესებს და ქვესკნელის ტყვეობაში მოექცევა. იგი უკვე მკვდარია.
ღმერთებს შორის მხოლოდ ეა - კაცთა მოდგმისადმი მუდამ მოწყალედ განწყობილი ღვთაება -
იშუამდგომლებს ქვესკნელის მეფე-ღმართის ნერგალის წინაშე მკვდარი ენქიდუს სულს
დროებით ამოუშვებს ბნელეთიდან, რათა ამცნოს მეგობარს თვისი და სხვა იქაურ მკვიდრთა
ხვედრი. უკანასნელად ხვდებიან ერთმანეთს მეგობრები. გილგამეში შეიტყობს სიკვდილის
ნამდვილ არსს და საბოლოოდ შეურიგდება მოკვდავი ადამიანის ბედს.
ასე მთავრდება მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი უდიდესი ნაწარმოები -
გილგამეშის ეპოსი - რა სახითაც იგი ინახებოდა აშურბანიპალის ბიბლიოთეკაში. ეს არის
უკანასკნელი ვერსია ამ თხზულებისა, რომელმაც გაიზიარა ასურეთის ბედი. VII საუკუნის
ბოლოს ჩვენს ერამდე, აშურბანიპალის სიკვდილიდან ორი ათეული წლის შემდეგ, დაემხო
ასურეთი, გადაიწვა ნინევიაში მეფის სასახლე და ნანგრევებად იქცა ბიბლიოთეკაც. მაგრამ
ცეცხლმა, რომელიც დაუნდობლად შთანთქავს ყოველივეს, რაც მასში იწვის, ვერაფერი დააკლო
ამ უჩვეულო წიგნებს. პირიქით, კიდევ უფრო მეტი სიმტკიცე შესძინა მათ. აქ კიდევ ერთხელ
გამოიწვა თიხის წიგნი, რონელიც ყველაზე უკეთ გამოხატავდა ძველი შუამდინარეთის
ადამიანის ზნეობრის და სულიერ სახეს. მხოლოდ ამ ცივილიზაციის შეწყვეტიდან ორი ათას
ხუთასი წლის შემდეგ გამოტანილ იქნა დღის სინათლეზე ბიბლიოთეკის ნანგრევებს შორის
მიმოფანტული ფრაგმენტები, რომელთაც ამ ხნის განმავლობაში მიწა ფარავდა. სწორედ, ძველი
ნინევიის ადგილას, კუიუნჯიკის ბორცვის სიღრმეში, შუამდინარეთის არქეოლოგიის
პიონერმა, ლეიარდმა, აღმოაჩნა მრავალი დაფა, რომელთაც შემდეგ ადგილი ჰპოვეს
ბრიტანეთის მიზეუმის დარბაზებში.
ხოლო 1872 წელს გრავიორმა და შემდეგში გამოჩენილმა ასირიოლოგმა ჯორჯ სმითმა ამ
მუზეუმში დაცულ ლურსმულ ძეგლებს შორის აღმოაჩნა დაფის ნატეხი, რომელის შინაარსი
საოცრად ემთხვეოდა ბიბლიურ ლეგენდას წარღვნის შესახებ. მალე ბედნიერი სემთხვევის
შედეგად თვით ბიბლიოთეკის ნანგრევებში მანვე იპოვა გატეხილი დაფის მეორე ნაწილი და
ამრიგად აღადგინა წარღვნის შუამდინარული ამბავი. როგორც შემდეგში გამოირკვა, იგი
ეკუთვნოდა აქადური ეპოსის XI დაფას. ამ საინტერესო მითის სენსაციური აღმოჩენით იწყება
გილგამეშის ეპოსის კვლევისა და აღდგენის ისტორია. მეცნიერთა დაუცხრომელი შრომის
შედეგად შეიქმნა ძველი ეპოსის მიახლოებითი სურათი. მხოლოდ მიახლოებითი, რადგან
მიუხედავად შემორჩენილი ფრაგმენტების სიმრავლისა (ძველი ბაბილონური,
ახალბაბილონური, ასურული, ხეთური, ხურიტული), მათი ერთობლიობა მაინც არ იძლევა
სრულყოფილ წარმოდგენას ეპოსის შესახებ, ისე, როგორი სახითაც იგი თავის დროზე შეიქმნა.
ამის გამო წინამდებარე ქართული თარგმანი, როგორც ყველა მისი თანამედროვე გამოცემა,
შეიძლება იყოს მხოლოდ აჩრდილი იმ წიგნისა, რომელის საუკეთესოდ ითვლებოდა მის
შემქმნელ ხალხში და საუკუნეების განმავლობაში აღელვებდა მათს გონებას.

შესავალ ი წერილ ი წიგნიდ ან - გილ გამეში, აქად ურიდ ან თ არგმნა ზურაბ კიკნაძემ,
„ნაკად ულ ი“, თ ბილ ისი, 1963.

You might also like