You are on page 1of 5

დღეისათვის ცნობილი პირველი ეპოსი მსოფლიო მწერლობაში და ასევე, პირველი

ლიტერატურული ნაწარმოებიც. საფუძვლად დაედო ძველი შუმერული თქმულებები


ურუქის I დინასტიის (ძვ. წ. III ათასწლეულის დასაწყისი) მეფის გილგამეშის შესახებ. ეპოსი
გავრცელებული იყო ახლო აღმოსავლეთში როგორც აქადურ, ასევე ხეთურ და ხურიტულ
ენებზე. დღემდე შემორჩენილია ეპოსის 12 ფირფიტა, თუმცა მეთორმეტე განსხვავებული
შინაარსისაა და ნაწარმოების საერთო კონტექსტიდან ამოვარდნილია.

მოთხრობა იწყება ურუქის მბრძანებლის – გილგამეშის აღწერით, რომელიც ⅔ ღმერთია და ⅓


ადამიანი. იგი ყველაზე ძლიერია ოდესმე არსებულ ხელმწიფეებს შორის. ავტორი ადიდებს
გილგამეშს და ქალაქ ურუქის მტკიცე აგურის კედლებს. მიუხედავად დიდებისა, ხალხი
გილგამეშის მმართველობით კმაყოფილი არაა, რადგან იგი თავის ძალაუფლებას ბოროტად
იყენებს, თხრობის დასაწყისშივე ურუქი წარმოდგენილია გილგამეშის ბარბაროსული
მოქმედების ასპარეზად. მაინც რას სჩადის ისეთს ურუქის მეფე, რომ მისი ქვეშევრდომნი
იძულებულნი გამხდარან, შეევედრონ ღმერთებს, შეუქმნან მას თანასწორი ძალის ორეული,
რომელიც წინ აღუდგება მის ძალადობას და შვება მიეცემა ურუქს? რაში გამოიხატება მისი
საქციელი? კერძოდ, ახალდაქორწინებულ ქალთან პირველ ღამეს სწორედ ის ატარებს და არა
ქმარი. ამით უკმაყოფილო ღმერთი ქალღმერთ არურუს ავალებს ნახევრად ველური არსების
– ენქიდუს შექმნას, რომელმაც გილგამეში უნდა „დააბალანსოს“. ენქიდუ ⅓ ადამიანია და ⅔
ცხოველი. იგი უდაბნოში ცხოვრობს და ხელს უშლის მწყემსებსა და მონადირეებს
ცხოველების მონადირებაში. ამით უკმაყოფილო ერთ–ერთი მწყემსი მიდის გილგამეშთან და
შესჩივლებს ენქიდუს შესახებ.

ურუქში მომზადდა შეთქმულება ველური მოყმის მიმართ, მაგრამ მონადირე თავისი


მარტივი გონებით ვერც იფიქრებდა, თუ რა მოვლენის ხელშემწყობი გახდებოდა მომავალში
მისდა უნებურად. მონადირეს მხოლოდ ერთი რამ სურდა: გაეთავისუფლებინა თავისი
სანახები სამონადირო საქმის მტრისაგან, ქალის დახმარებით მოეშინაურებინა ჯოგის
წინამძღოლი და დაუბრკოლებლად ენადირნა. გილგამეშის ფიქრებიც ამაზე შორს არ
წასულა. ამათ შორის ყველაზე ბრძენი და მიმხვდური ის მხიარული დიაცი იყო, რომელიც
გულდაჯერებით გაჰყვა მონადირეს უდაბნოსკენ, რათა აღესრულებინა თავისი მისია. არ
იქნებოდა სწორი იმის თქმა, თითქოს როსკიპ შამხათს მხოლოდ ეს „მხიარული“ საქმენი, ანუ
ხორციელი სიამოვნების მინიჭება ებარა იშთარისგან. ქალთან შეხვედრა სრულიად შეცვლის
ენქიდუს ფიზიკურ და სულიერ სახეს. დაიბადება ახალი არსება, რომელიც ვეღარ ივლის
ძველი ცხოვრების წესზე. ამ ფერისცვალებას იგრძნობს ჯოგის სული და მას ზურგს შეაქცევენ
მისი ბუნების თანაზიარი მხეცები. ამიერიდან ენქიდუს მოეჭრა უკან დასაბრუნებელი გზა,
სამაგიეროდ იგი განმზადდა ურუქში შესასვლელად. ქალი შექმნის მას, ქალი ზრუნავს მასზე
- შემოსავს, სცხებს ზეთს სურნელოვანს, დააპურებს, ასწავლის ქცევას „ქვეყნის წესისამებრ“,
ასწავლის ადამიანურ სიტყვას; უცბად არ წაიყვანს ხმაურიან ქალაქში, არამედ ჯერ
მწყემსების ბინებთან მიიყვანს, რათა ნელ-ნელა შეაჩვიოს ადამიანთა საზოგადოებას; აქ
უდაბნოდან მოსული კაცი უდაბნოს შემოტევისგან იფარავს მწყემსთა საბადებელს, - ხელში
იარაღი უპყრია და ლომებს უგერიებს მათ ფარას. გამოხდება ხანი და ქალი შეატყობს, რომ
დადგა დრო საძოვრებიდან მისი დაძვრისა, რომ მეტხანს მისი აქ გაჩერება აღარ იქნებოდა,
რომ აქ არ იყო მისი სამუდამო სამყოფელი, არამედ იქ, სადაც მეგობარს უნდა შეხვედროდა;
ქალი გაუმხელს მას გილგამეშის არსებობას და მეგობრობის ცნებას, ხელს ჩასჭიდებს და
„ღმერთივით წარუძღვება“ ურუქის გზაზე.

ურუქის გზაზე მომავალ ენქიდუს შეეყრება დაღვრემილი ურუქელი კაცი და კითხვაზე, - „რა
გაგჭირვებიაო“, ასეთ ამბავს მოახსენებს: „სანთიობოში ვერავინ დადის, // მორჩილებაა
მოკვდავთა ხვედრი. // ერს დაეკისრა გოდრების ზიდვა, // მხიარულ დიაცებს ერის გამოკვება.
// მხოლოდ გალავნიან ურუქის მეფისთვის // ხმიანებს საქორწილო დაფდაფი... // სხვათა
წილხვედრილ სასძლოს ეუღლება, // პირველად იგი, შემდგომად სასიძო...“ენქიდუს ფერი
ეცვლება ამ ამბის მოსმენისას. ეს მნიშვნელოვანი მომენტია: გულში მან უკვე მიიღო
გადაწყვეტილება, იგი მომზადებული შედის ურუქში, იცის, რა უნდა მოიმოქმედოს, იცის ამ
ადგილის ზუსტი მისამართიც, სადაც გილგამეშს უნდა შეხვდეს. მართლაც, მათი პირველი
შეხვედრა სანთიობოსთან ხდება, სადაც „გაშლილია იშხარასთვის სარეცელი“ და სადაც
გილგამეში აპირებს ჩვეულებისამებრ შესვლას, მაგრამ ამჯერად ვერ შევა, რადგან ენქიდუ
ღონიერი მუხლით გადაუღობავს სანთიობოს კარს. ამ აქტით ენქიდუმ გილგამეშის
წინანდელ ცხოვრებას გადაუღობა გზა და იშთარისთვის - ამორალურ კულტისთვის,
სამუდამოდ ზურგი შეაქცევინა. ენქიდუსთან დამეგობრებით მასში გაიღვიძა შამაშის,
მზიური ღმერთის, ზნეობრივმა საწყისმა, რადგან სწორედ შამაშია მეგობრობის
სულისჩამდგმელი, იგია ის ღმერთი, რომელიც „მარტოსულ მოყმეს მეგობარს აპოვნინებს“.
მის წინაშე იდება მეგობრობის ფიცი, გილგამეშ-ენქიდუს მეგობრობასაც შამაშის ხელი
იფარავს, შამაში მიუძღვება მათ სიკეთის დამკვიდრების გზაზე. ამ შემთხვევიდან გილგამეში
სიმამაცესთან და კეთილშობილებასთან ერთად სწალობს სიბრალულისა და თავმდაბლობის
ძალას. ენქიდუ და გილგამეში მეგობრები ხდებიან. ამით გილგამეში გარდაიქმნება უკეთეს
არსებად და პირიქითაც, ენქიდუც განიცდის ტრანსფორმაციას და იძენს კარგ თვისებებს.
ისინი ერთმანეთს მაგალითებს აძლევენ და ერთმანეთისგან სწავლობენ. ხანდახან გილგამეში
და ენქიდუ თავს ერთმანეთის ძმებადაც კი თვლიან.

რამდენიმე წლის შემდეგ, გილგამეში მოწყენილია ურუქში მშვიდობიანი ცხოვრებით.


საკუთარი სახელის კიდევ უფრო განდიდების სურვილით იგი გადაწყვეტს წავიდეს კედარის
ტყეში, მოჭრას რამდენიმე დიდი ხე და მოკლას ტყის მცველი – დემონი ხუმბაბა. გილგამეშს
ამის გაკეთება სურს დიდებისათვის და აგრეთვე კედარის მოსაპოვბლად, რათა მისგან
რამდენიმე დიდი საგანი გააკეთოს. ენქიდუ ამბობს, რომ კედარის ტყეში ღვთაებების სამეფოა
და იქ მოკვდავები არ უნდა მივიდნენ, მაგრამ მეგობრის გადარწმუნებას ვერ ახერხებს. ისინი
ეძებენ სიბრძნეს და რჩევას უხუცესთა საბჭოსაგან, მაგრამ გილგამეში ჯიუტობს და
საბოლოოდ ენქიდუც ნებდება მის სურვილს. ისინი ერთად ემზადებიან კედარის ტყეში
მოგზაურობისათვის. გილგამეში თავისი განზრახვის შესახებ უამბობს თავის დედას,
რომელიც თავიდან ჩივის, თუმცა შემდეგ მზის ღმერთს შამაშს სთხოვს დახმარებას და
ამავდროულად რჩევებს აძლევს ენქიდუს. ქალი ენქიდუს იღებს, როგორც მეორე შვილს.
ფირფიტაში აღწერილია გილგამეშისა და ენქიდუს მოგზაურობა კედარის ტყისაკენ. გზაში
გილგამეში ხედავს ხუთ ცუდ სიზმარს, ენქიდუ გილგამეშის სიზმრებს თითოეულ
შემთხვევაში აღწერს როგორც კარგ ნიშანს. როდესაც ისინი მიაღწევენ კედარის ტყეს,
ენქიდუს კვლავ შიში მოიცავს და გილგამეში ამხნევებს მას. როდესაც გმირები საბოლოოდ
მიაღწევენ დანიშნულების ადგილს, კედარის ტყის მონსტრი დემონი მცველი ხუმბაბა მათ
აშინებს. გილგამეშს შეშინდება, თუმცა ენქიდუს გამამხნევებელი სიტყვების შემდეგ ისინი
ორივენი იწყებენ ტყის მცველის წინააღმდეგ ბრძოლას. მათმა გააფთრებამ სირიის მთები
ლიბანისაგან განაცალკევა. გილგამეში ხუმბაბას შესაცდენად ხერხს მიმართავს: თავისი
დებისა და ცოლების საყვარლებად მიცემას სთავაზობს მას. ამით მოტყუებულ ხუმბაბას
ავიწყდება თავისი შვიდი ფენისაგან შემდგარი აბჯრის ჩაცმა, რაც გილგამეშსა და ენქიდუს
უპირატესობას ანიჭებს ბრძოლაში. საბოლოოდ, მზის ღმერთი შამაში გმირების
დასახმარებლად გზავნის თავის 13 ქარს, რის შემდეგაც ხუმბაბა მარცხდება. იგი სიცოცხლის
შენარჩუნებას შესთხოვს გილგამეშს და ეს უკანასკნელიც ინდობს მას. ენქიდუ ბრაზდება
მისი მეგობრის ამ გადაწყვეტილებით და დაჟინებით სთხოვს მას მონსტრის მოკვლას.
ხუმბაბა ენქიდუსკენ ტრიალდება და ამჯერად მას შესთხოვს დაარწმუნოს მისი მეგობარი,
რომ მას სიცოცხლე შეუნარჩუნოს. ენქიდუ არ ითვალისწინებს მის თხოვნას და კვლავ
იმეორებს თავის მოთხოვნას, რისი გამგონე ხუმბაბაც ორივე გმირს წყევლის.გაბრაზებული
გილგამეში კლავს ტყის მცველ მონსტრს. ამის შემდეგ ორი გმირი ჭრის დიდ კედარს,
რომლისგანაც ენქიდუ აკეთებს დიდ კარს ღმერთებისათვის და მას ტივტივით მდინარის
დინებას ატანს.

გილგამეში უარს ამბობს ცის ღმერთ ანუს შვილის – ქალღმერთი იშთარის მიერ
შემოთავაზებულ სასიყვარულო ურთიერთობაზე. ამის მიზეზი ქალღმერთის მიერ მისი
ყოფილი საყვარლების, მაგალითად მწყემსი დუმუზის, მიმართ გამოჩენილი
უპატივცემულობაა.

გილგამეშის გადაწყვეტილებით გაბრაზებული იშთარი მამამისს, ანუს სთხოვს სამოთხის


ხარის გაგზავნას, რათა ამით მან შური იძიოს ურუქის მბრძანებელზე. თავდაპირველად ანუ
უარზეა, თუმცა მას შემდეგ, რაც იშთარისაგან მკვდრების გაცოცხლების და მათ მიერ
ცოცხალი ადამიანების განადგურების მუქარას მოისმენს, თანხმდება მას. სამოთხის ხარს
უბედურება და გასაჭირი მოაქვს ქვეყნიერებისათვის. ეპოსის თანახმად, იგი იწვევს გვალვას,
რის შედეგადაც წყალი ქრება და მცენარეულობა ნადგურდება. გილგამეში და ენქიდუ
ღმერთების დახმარების გარეშე კლავენ სამოთხის ხარს და მის გულს მსხვერპლად სწირავენ
მზის ღმერთ შამაშს.

ენქიდუს სიზმარში, ღმერთები გადაწყვეტენ, რომ სამოთხის ხარისა და ხუმბაბას


მკველობისათვის ვინმე უნდა დაისაჯოს. მათი გადაწყვეტილებით ეს სწორედ ენქიდუა,
მიუხედავად იმისა, რომ შამაში ამის წინიააღმდეგია. ენქიდუ გილგამეშს ამცნობს ღმერთების
ამ გადაწყვეტილებას და შემდეგ წყევლის მის მიერ ღმრეთებისათვის კედარისაგან
გაკეთებულ კარს. სასოწარკვეთილი გილგამეში მიდის ტაძარში და თავისი მეგობრის
ჯანმრთელობისათვის ლოცულობს შამაშის სახელზე. ამის შემდეგ ენქიდუ წყევლის
მონადირესა და შამჰათს, რადგანაც იგი უკვე ნანობს იმ დღეს, როდესაც ადამიანი გახდა.
შამაში სამოთხიდან ესაუბრება ენქიდუს – უსამართლოდ მოქცევაში ადანაშაულებს მას და
ასევე ამცნობს, რომ მისი სიკვდილის შემდეგ გილგამეში სევდისაგან ძალიან შეიცვლება.
ენქიდუ ივიწყებს თავის წყევლას და შამჰათს ემადლიერება. იგი თანდათანობით უფრო და
უფრო ავად ხდება და სიკვდილის პირას მისული აღწერს მის ჩასვლას საშინელ ქვესკნელის
სამყაროში, რომელსაც იგი მტვრის სახლს უწოდებს, სადაც მკვდრებს ჩიტების მსგავსად
ფრთები აქვთ. ისინი თიხას ჭამენ და სინათლის გარეშე არსებობენ. გილგამეში გოდებს
ენქიდუს სიკვდილის გამო. იგი უამრავ საჩუქარს სთავაზობს ღმერთებს იმის სანაცვლოდ,
რომ მათ ექიდუსთან ახლოს ყოფნის საშუალება მისცენ ქვესკნელის სამყაროში. გილგამეში
ბრძანებს, რომ ურუქის მთელმა მოსახლეობამაც – უბრალო გლეხებიდან დაწყებული მაღალი
წოდების ტაძრის ქურუმებით დამთავრებული – იგლოვოს ენქიდუ. იგი ასევე ბრძანებს, რომ
ქალაქში აიგოს ენქიდუს ქანდაკებები. გილგამეში იმდენად სავსეა დარდითა და
მწუხარებით, რომ ექვსი დღისა და შვიდი ღამის განმავლობაში არ ტოვებს ენქიდუს გვამს და
ამ ხნის განმავლობაში არავის აძლევს მის დაწვის საშუალებას. გილგამეში გადაწყვეტს
თავიდან აიცილოს ენქიდუს ბედი და იწყებს სახიფათო მოგზაურობას უთნაფიშთიმისა და
მისი ცოლის სანახავად, რომლებიც ერთადერთი ადამიანები არიან, რომლებიც დიდ
წარღვნას გადაურჩნენ და ღმერთების მიერ უკვდავობა მიენიჭათ. გილგამეშს იმედი აქვს,
რომ თავადაც გახდება უკვდავი. იმოსება ლომის ტყავით.

ეს უკვე გილგამეშის ისტორიაა, რომელსაც ენქიდუ ვერ გაივლიდა. უთნაფიშთიმი და მისი


ცოლი ცხოვრობენ მშვენიერ ქვეყანაში – დილმუნში, რომელიც სხვა სამყაროშია. გილგამეში
აღმოსავლეთით მიემართება მათი ადგილსამყოფელისაკენ და გზად უამრავ მდინარეს,
ოკეანეს და მთას გადის. უკიდურეს აღმოსავლეთით, ქვეყნიერების დასასრულში იგი
ებრძვის და კლავს მთის ლომებს, დათვებს და სხვა არსებებს. საბოლოოდ, იგი მიაღწევს
მთის ტყუპ მწვერვალს, საიდანაც მზე ამოდის და ახალი სამყარო იწყება. აქ მას უწევს მიიღოს
შესასვლელის მცველი ორი მორიელის მსგავსი საშინელი არსების ნებართვა, რომ მას გზის
გაგრძელების საშუალება მისცენ. მას შემდეგ, რაც გილგამეში არწმუნებს მათ, თუ როგორი
მოწადინებული და შემართულია იგი უთნაფიშთიმის სანახავად, მორიელები მას შესვლის
ნებას აძლევენ. გილგამეში ბნელ გვირაბში შედის, სადაც მზე მოგზაურობს ყოველ ღამით.
ზუსტად იმ დროს, როდესაც სადაცაა გილგამეშს მზე წამოეწევა და ჩრდილოეთის ქარი და
ყინვა აწუხებს, გმირი გვირაბის გასასვლელს მიაღწევს და გასაჭირს თავს დააღწევს. სამყარო,
რომელსაც გილგამეში გვირაბის მეორე მხარეს იხილავს, ულამაზესი და ბრწყინვალეა. ის
სავსეა ხეებით, რომლებსაც ფოთლებად ძვირფასი ქვები ასხიათ. გილგამეში ხვდება ქალს,
სახელად სიდურს, რომელსაც იგი მისი გარეგნობის გამო თავდაპირველად მკვლელი ჰგონია.
გილგამეში უყვება მას თავის მოგზაურობის შესახებ. ქალი ცდილობს გადაარწმუნოს იგი და
შეაცვლევინოს მისი გადაწყვეტილება, თუმცა ამაოდ. სიდური გილგამეშს გზავნის მებორნე
ურშანაბისთან, რომელიც გმირს ზღვის გადალახვაში უნდა დაეხმაროს, რათა მან
უთნაფიშთიმამდე მიაღწიოს. ურშანაბი ქვის გოლიათებთან ერთად იმყოფება, რომლებსაც
გილგამეში მტრებად მიიჩნევს და კლავს. როდესაც ურუქის მეფე მებორნეს აუხსნის თავისი
მოგზაურობის მიზანს, ურშანაბი მას აუწყებს, რომ მხოლოდ ახლახანს მოკლულ ქვის
არსებებს შეეძლოთ სიკვდილის წყლების გადალახვა. ამ წყლების გადაცურვა თითქმის
შეუძლებელია, რადგან მათი ოდნავი შეხებაც კი სიკვდილს იწვევს. მიუხედავად
საშიშროებისა, ურშანაბი თანხმდება გილგამეშის დახმ არებას და სთხოვს მას მოჭრას 300 ხე,
რომლებიც ისე უნდა დაალაგოს, რომ წყალზე გადასასვლელად გამოიყენონ, ხოლო აფრის
ფუნქციას კი ტანისამოსი შეასრულებს. საბოლოოდ, გილგამეში და ურშანაბი მიაღწევენ
დანიშნულების ადგილს, დილმუნს. უთნაფიშთიმი ამჩნევს, რომ ნავში ურშანაბისთან ერთად
სხვაც იმყოფება და მას ვინაობის გამხელას სთხოვს. გილგამეში უამბობს თავის
მოგზაურობის მიზანს და დახმარებას სთხოვს მას. უთნაფიშთიმი საყვედურობს ურუქის
მეფეს, რადგან ,მისი თქმით, ადამიანის ბედის წინააღმდეგ ბრძოლა ამაოა და ცხოვრებისაგან
სიამოვნების მიღებას ხელს უშლის. გილგამეში ამჩნევს, რომ უთნაფიშთიმი მისგან არაფრით
განსხვავდება და სთხოვს მას მოყვეს თავისი ისტორია და განმარტოს, თუ რატომ აქვს
განსხვავებული ბედი. უთნაფიშთიმი უამბობს მას დიდი წარღვნის შესახებ, რომელსაც
მხოლოდ იგი გადაურჩა და ამის შემდეგ ღმერთების მიერ უკვდავება აქვს მინიჭებული. იგი
ეჭვობს, თუ რატომ უნდა დასდონ ღმერთებმა იგივე პატივი გილგამეშს, თუმცა უხალისოდ
მაინც თანხმდება მისცეს უკვდავობის შანსი მას, მაგრამ, ჯერ გამოცდის სახით სთხოვს ექვსი
დღისა და შვიდი ღამის განმავლობაში ძილის გარეშე გაძლოს. როგორც კი უთნაფიშთიმი
თავის სათქმელს დაასრულებს, გილგამეშს ჩაეძინება. უთნაფიშთიმი სასაცილოდ იგდებს
ურუქის ხელმწიფეს თავისი ცოლის თანდასწრებით და სთხოვს მას გილგამეშის
გამოფხიზლებამდე ყოველდღე ერთი ახალი პური დააცხოს, რათა შემდგომ გილგამეშმა ვერ
უარყოს საკუთარი წარუმატებლობა. როდესაც შვიდი დღის შემდეგ ურუქის ხელმწიფე
იღვიძებს და საკუთარ მარცხს აღმოაჩენს, უთნაფიშთიმი გააფთრებულია და მას და
ურშანაბის, რომელიც მის მიერ განდევნილ იქნა, ქალაქ ურუქში დასაბრუნებლად გზავნის.
გამგზავრების მომენტში უთნაფიშთიმის ცოლი სთხოვს მის ქმარს წყალობა გამოიჩინოს
გილგამეშისადმი, რადგან მან ხანგრძლივი გზა განვლო მათთან მისასვლელად.
უთნაფიშთიმი თანხმდება და ურუქის ხელმწიფეს მცენარის შესახებ უამბობს, რომელიც
ოკეანის ფსკერზე ხარობს და მისი გამოყენების შემდეგ ახალგაზრდობის დაბრუნება
შეიძლება. გილგამეში მართლაც იპოვის მცენარეს ფეხებზე მიბმული ქვების დახმარებით,
რაც მას საშუალებას აძლევს ოკეანის ფსკერზე გადაადგილდეს, თუმცა არ სჯერა მცენარის
ძალის და გადაწყვეტს ურუქში დაბრუნების შემდეგ მოხუც კაცზე გამოცადოს ის.
საუბედუროდ, ცურვის დროს, გილგამეში მას ტბის ნაპირზე ტოვებს, სადაც მცენარეს გველი
იპარავს. ქვეწარმავალი კანს იცვლის და ახალგაზრდავდება. ამის შემყურე ურუქის ხელმწიფე
ტირილს იწყებს ურშანაბის თანდასწრებით, რადგან მან სიკვდილთან ბრძოლის უკანასკნელი
შესაძლებლობაც დაკარგა. საბოლოოდ, გილგამეში ბრუნდება ურუქში და აქებს ქალაქის
მასიურ და მტკიცე გალავანს. ეს ფირფიტა ეპოსის საერთო შინაარსისაგან განსხვავდება და
კონტექსტიდან ამოვარდნილია. იგი, სავარაუდოდ, სხვა ავტორის მიერ მოგვიანებითაა
დაწერილი.

You might also like