You are on page 1of 11

დანტე ალიგიერი

ღვთაებრივი კომედია
1321

პოემის მოკლე შინაარსი


კითხვის დრო 30-40 წთ.

ჯოჯოხეთი

„უსიერ ტევრში, ამ ცხოვრების ნახევარგზაზე“ მე, დანტე, „ანაზდეულად გამოვფხიზლდი


გზადაკარგული“. შიშმა ამიტანა, ჩემს ირგვლივ მხეცებია — მანკიერებათა ალეგორიები:
ლეოპარდი (განცხრომა), ლომი (ამპარტავნება) და მგელი (ანგარება), რომელთაც ვერსად
წაუხვალ. აქ ჩნდება მოჩვენება, რომელიც ჩემი საყვარელი ძველი რომაელი პოეტის,
ვერგილიუსის აჩრდილი აღმოჩნდება. მას ვთხოვ დახმარებას. იგი მპირდება, რომ აქიდან
გამიყვანს და გამატარებს საიქიოს, რათა მოვიხილო ჯოჯოხეთი, განსაწმენდელი და სამოთხე.
მეც მზად ვარ, გავყვე.
დიახ, მაგრამ შემიძლია კი ასეთი მოგზაურობა? შევდრკი და შევყოყმანდი. ვერგილიუსმა
მისაყვედურა და მომითხრო, რომ თვით ბეატრიჩე (ჩემი გარდაცვლილი სატრფო) თავად
ჩასულა მასთან სამოთხიდან ჯოჯოხეთში და უთხოვნია, ჩემი მეგზური ყოფილიყო საიქიო
მოგზაურობაში. თუკი ასეა, ყოყმანი არას მარგებს, სიმტკიცეა საჭირო. გამიძეხი, ჩემო
მასწავლებელო და მოძღვარო! ჯოჯოხეთის შესასვლელზე წარწერაა: „თქვენ, აქ მოსულნო,
იმედები დატოვეთ ყველა!“ შევედით. აქ ზედ კარიბჭესთან კვნესიან მათი საბრალო სულები,
ვისაც ცხოვრებაში არც სიკეთე უთესიათ და არც ბოროტება არ ჩაუდენიათ. ასეთებისთვის
უფალს ჯოჯოხეთის კარიც არ გაუხსნია: „არარაობას ბოროტებამ შეხედა ზიზღით“. შემდეგაა
მდინარე აქერონი, რომელზეც მძვინვარე ქარონს ნავით მკვდრები გადაჰყავს. ჩვენ მასთან
მივდივართ. „შინ რაღა გინდა ამათ შორის, ცოცხალო სულო?!“ — შემომძახა მკაცრად ქარონმა.
ვერგილიუსმა დაამშვიდა იგი. გავცურეთ. შორიდან ისმის გრუხუნი, ქარი ქრის, ცეცხლი ელავს.
გრძნობას ვკარგავ...
ჯოჯოხეთის პირველი გარსია ლიმბი. აქ იმყოფებიან მოუნათლავ ჩვილთა და
სახელგანთქმულ წარმართთა — მეომართა, ბრძენთა, პოეტთა (მათ შორისაა ვერგილიუსიც)
სულები. ისინი არ იტანჯებიან, მხოლოდ დრტვინავენ, რომ მათი, როგორც არაქრისტიანების,
ადგილი არ მოიძებნა სამოთხეში. მე და ვერგილიუსს შემოგვეგებენ ძველი დროის უდიდესი
პოეტები, მათ შორის პირველი იყო ჰომეროსი. ნელ-ნელა მივდიოდით და ვსაუბრობდით
არაამქვეყნიურზე.
მიწისქვეშა სამეფოს მეორე გარსში ჩასასვლელთან დემონი მინოსი განსაზღვრავს,
რომელი ცოდვილს ჯოჯოხეთის რომელი ადგილი უნდა მიეჩინოს. ჩემს დანახვაზე ისევე შეცბა,
როგორც ქარონი და ვერგილიუსმა ისიც დაამშვიდა. ჩვენ დავინახეთ ჯოჯოხეთის გრიგალი
როგორ მიაქანებდა ავხორცთა (კლეოპატრას, მშვენიერი ელენეს) სულებს. მათ შორისაა
ფრანჩესკაც, რომელიც აქაც არ დაშორდა თავის საყვარელს. ერთმანეთისადმი უზომო ვნებამ
მიიყვანა ისინი ტრაგიკულ აღსასრულამდე. მათი საცოდაობით გული მომიკვდა და ისევ
დავკარგე გრძნობა.
მესამე გარსში მძვინვარებს მხეცისებრი ძაღლი ცერბერი. ყეფა დაგვიწყო, მაგრამ
ცერგილიუსმა ისიც დააწყნარა. აქ ტალახში, კოკისპირულ წვიმაში ჰყრიან ღორმუცელათა
სულები. მათ შორისაა ჩემი თანაქალაქელი, ფლორენციელი ჩაკო. წამოვიწყეთ მშობლიურ
ქალაქზე საუბარი. ჩაკომ მთხოვა, ცოცხლებისთვის შემეხსენებინა იგი, როდესაც მიწაზე
დავბრუნდებოდი.
ის დემონი, რომელიც იცავს მეოთხე გარსს, სადაც ისჯებიან მფლანგველები და ძუნწები
(რომელთა შორის ბევრია სასულიერო პირი — პაპები, კარდინალები), არის პლუტოსი.
ვერგილიუსს მისი დაშოშმინებაც მოუწია და მანაც თავი დაგვანება. მეოთხედან გადავედით
მეხუთე გარსში, სადაც იტანჯებიან მრისხანენი და ზარმაცნი. მივუახლოვდით რომელიღაც
კოშკს.
ეს მთელი ციხე-სიმაგრეა, მის ირგვლივ ვრცელი წყალსაცავია, ნავი მოცურავს და
მენიჩბედ დემონი ფლეგიასია. მცირე შეხლა-შემოხლის შემდეგ ნავში ვუსხდებით და
მივცურავთ. რომელიღაც ცოდვილი მოადგა ნავს, მე ვაგინე, ხოლო ვერგილიუსმა ხელი ჰკრა და
მოიცილა. ვერგილიუსმა დამტოვა და წავიდა გასაგებად, რა ხდებოდა და მობრუნდა
შეწუხებული, მაგრამ იმედიანი.
ჯოჯოხეთის ფურიები მოგვევლინენ და გვემუქრებოდნენ. გვიხსნა მოულოდნელად
მოსულმა ზეციურმა წარგზავნილმა, რომელმაც მათ ბრაზი ჩაუცხრეს. შევედით დიტეში.
ირგვლივ ალმოდებული საფლავებია, რომელთაგანაც მოისმის ერეტიკოსთა გმინვა. ვიწრო
ბილიკით გზას ვიკვლევთ საფლავებს შორის. ერთ-ერთი საფლავიდან ამოიმართა მძლავრი
ფიგურა. ეს იყო ფარინატა, ჩემი წინაპრები მისი პოლიტიკური მოწანააღმდეგენი იყვნენ.
ვერგილიუსთან ჩემს საუბარს მოჰკრა ყური და მიხვდა, სადაურიც ვიყავი. ამაყი იყო და
ჯოჯოხეთი სძულდა, ჩვენ კამათში შევედით და ამ დროს მეზობელი საფლავიდან თავი ამოჰყო
ჩემი მეგობრის, გვიდოს მამამ! ჩემზეც და თავის შვილზეც იფიქრა, მომკვდარანო და უკანვე
ჩავარდა. ფარინატას ვთხოვე, გადაეცა მისთვის, რომ გვიდო ცოცხალია.
მეექვსე გარსიდან მეშვიდეს ჩასასვლელში, ერეტისოსი პაპის, ანასტასეს საფლავთან
ვერგილიუსმა ამიხსნა, როგორ იყო მოწყობილი ჯოჯოხეთის დარჩენილი სამი გარსი,
რომლევიც ქვევითკენ, დედამიჭის ცენტრისკენ, ვიწროვდებოდა დაამიხსნა, რომელი გარსის
რომელ წრეში რა ცოდვები ისჯებოდა.
მეშვიდე გარსი მთებითაა შემოზღუდული და მას იცავს დემონი-ნახევრადხარი
მონოტავრი. მინოტავრმა დაგვიღრიალა, ვერგილიუსმა უყვირა და ჩვენც სწრაფად გავეცალეთ.
ვიხილეთ სისხლით ადუღებული ნაკადი, რომელშიც იხარშებიან ტირანები და ავაზაკები,
რომელთან კენტავრები ნაპირიდან ისრებს უშენდნენ. კენტავრი ნესოსი გახდა ჩვენი მეგზური,
მან მოგვითხრო დასჯილი მოძალადეების ამბავი და მდუღარე მდინარეზე ფონით
გადაგვიყვანა.
ირგვლივ ეკლიანი და უფოთლო მცენარეებია. რაღაც ტოტი მოვტეხე და მისგან შავი
სისხლი გადმოედინა, ხოლო ღერომ დაიკვნესა. როგორც გაირკვა, ეს ბუჩქები თვითმკვლელთა,
საკუთარ სხეულზე მოძალადეთა სულები ყოფილა. მათ კორტნიან ჯოჯოხეთის ფრინველები
ჰარპიები, ფეხით თელავენ მორბენალი მკვდრები და აუტანელ ტკივილს აყენებენ. ერთმა
გათელილმა ბუჩქმა მთხოვა მოტეხილი რტოები შემეგროვებინა და მისთვის დამებრუნებინა.
გაირკვა, რომ ეს უბედური ჩემი თანამოქალაქე ყოფილა. შევუსრულე თხოვნა და გზა
განვაგრძეთ. ვხედავთ — ქვიშაა, ზემოდან ცეცხლის ალი მოფრინავს და წვავს ცოდვილებს,
რომლებიც ყვირიან და გმინავენ — ყველანი, ერთის გარდა: ის ერთი მდუმარედ წევს. ვინ არის?
მეფე კაპანევსი, ამაყი და პირქუში უღმერთო, თავისი სიჯიუტისთვის რომ დასაჯეს ღმერთებმა.
ახლაც ერთგულია საკუთარი თავის: ან დუმს ან ხმამაღლა აგინებს ღმერთებს. „საკუთარ თავს
თავად ტანჯავ“ — დაუძახა მას ვერგილიუსმა.
და აი, ჩვენს შესახვედრად, ცეცხლით გაწამებული ახალი ცოდვილების სულები მოდიან.
მათ შორის ძლივს ვიცანი ჩემი მაღალპატივცემული მასწავლებელი ბრუნეტო ლატინი. იგი
იმათ რიგებშია, ვისაც ერთსქესიანი სიყვარულიდსადმი მიდრეკილება ედება ბრალად.
დავილაპარაკეთ. ბრუნეტომ მიწინასწარმეტყველა, რომ ცოცხალთა სამყაროში დიდება
მელოდა, მაგრამ რომ ბევრ გაჭირვებაც ჩამისაფრდებოდა, რომლებიც უნდა გადამეტანა.
მასწავლებელმა მთხოვა, გავფრთხილებოდი მის მთავარ თხზულებას, „საუნჯეს“, რომელშიც
იგი ცოცხლობს.
კიდევ სამი ცოდვილი (მათი ცოდვაც იგივეა) ცეცხლში ცეკვავს. ყველანი
ფლორენციელები არიან, ყოფილი ღირსეული მოქალაქეები. გავესაუბრე მათ ჩვენი მშობლიური
ქალაქის განსაცდელზე. მთხოვეს, ცოცხალი თანაქალაქელებისთვის გადამეცა, რომ ვნახე ისინი.
შემდეგ ვირგილიუსმა მიმყვანა მერვე გარსის ჯურღმულთან. იქ ჯოჯოხეთის მხეცმა უნდა
ჩაგვიშვას და ეს მხეცი უკვე იქიდან მოძვრება ჩვენსკენ.
ეს საზარელი არსება ჭრელი და კუდიანი გერიონია. სანამ ის ჩასვლისთვის ემზადებოდა,
კიდევ იყო დრო მეშვიდე გარსის წამებულთათვის შემევლო თვალი — ესენი იყვნენ მევახშეები,
რომელთაც ყელზე სხვადასხვა ფერის სხვადასხვა გერბიანი ქისები ეკიდათ და ალმოდებული
მტვრის გრიგალში იტანჯებოდნენ. მათთან საუბარი არ დამიწყია. წინ! ვერგილიუსთან ერთად
ვსხდებით გერიონის ზურგზე და ისიც მიგვაფრენს ჯურღმულში ახალი ტანჯვისკენ.
დავეშვით. გერიონი უმალ გაფრინდა.
მერვე გარსი იყოფა ათ თხრილად. პირველ თხრილში იტანჯებიან მაჭანკლები და
ქალების მაცთუნებელნი, მეორეში — მლიქვნელნი. მაჭანკლებს მხეცურად ამათრახებენ რქიანი
ეშმაკნი, მლიქვნელნი კი სხედან მყრალი განავლის თხევად მასაში — აუტანელი სუნი დგას.
სხვათა შორის, ერთი კახპა აქ არა თავისი კახპობისთვის ისჯება, არამედ იმისთვის, რომ
ეპირფერებოდა საყვარელს, როცა ეუბნებოდა, კარგად ვარ შენთანო.
მესამე თხრილი მრგვალ ნახვრეტებიანი ქვებითაა ამოყვანილი და ამ ნახვრეტებიდან
გამოყოფილია მაღალი თანამდებობის სულიერი პირების ფეხები; ეს პირები საეკლესიო
თანამდებობებით ვაჭრობდნენ. თავი და ტანი ქვის კედლის ნაპრალებში აქვთ გაჩხერილი.
როცა მოკვდებიან, მათი მემკვიდრეებიც აქ აღმოჩნდებიან, ფეხების ქნევას მოჰყვებიან და კიდევ
უფრო შეავიწროვებენ თავის წინამავალთ. ასე ამხსნა პაპმა ორსინიმ, რომელსაც თავისი
მემკვიდრე ვეგონე.
მეოთხე თხრილში იტანჯებიან მისნები, ვარსკვლავთმრიცხველები და კუდიანები.
კისერი ისე აქვთ მოგრეხილი, რომ ქვითინისგან ცრემლებით მკერდს კი არა, ზურგს რწყავენ. მე
თავადაც ცრემლი მომერია, ადამიანთა ასეთი ტანჯვა რომ ვიხილე, ხოლო ვერგილიუსმა
შემარცხვინა: ცოდვილთა შეცოდება ცოდვაა! თუმცა თავადაც თანაგრძნობით მომითხრო თავის
თანაქალაქელზე, მისან მანტოზე, რომლის სახელიც უწოდეს მანტუას — ჩემი
სახელგანთქმული მოძღვრის სამშობლოს.
მეხუთე თხრილი სავსეა ადუღებული ფისით, რომელშიც შავი და ფრთოსანი ეშმაკები
ყრიან მექრთამეებს და თვალყურს ადევნებენ, რომ არ ამოძვრნენ, ჩანგლებით ძირში აბრუნებენ.
დარჩენილი გზის ნაწილი ამ ეშმაკების კამპანიაში უნდა გავიაროთ. ისინი იმანჭებიან, ენას
გვიყოფენ, ხოლო მათმა მეთაურმა უკანალიდან საზიზღარი უხამსი ხმა გამოსცა. ასეთი ჯერ არ
მსმენოდა! მათთან ერთად მივყვებით თხრილის ნაპირს, ცოდვილნი ფისში ყვინთავენ —
იმალებიან, ერთი შეყოვნდა და ჩანგლებით ამოათრიეს, წამებას უპირებდნენ, მაგრამ მანამდე
გასაუბრების უფლება მოგვცეს. ბედშავმა ცბიერებით მოადუნებინა ყურადღება ეშმაკს და ისევ
ფისში ჩაყვინთა — დაჭერა ვერ მოასწრეს. გაღიზიანებულმა ეშმაკებმა ერთმანეთს დაუწყეს
ჩხუბი და ორი მათგანი ფისში ჩავარდა. ამ აურზაურში გაქცევა ვცადეთ, მაგრამ ეშმაკები
ჩვენსკენ გამოფრინდნენ.
ვერგილიუსმა ამიყვანა და ძლივს მივაღწიეთ სირბილით მეექვსე თხრილს, სადაც
ეშმაკების საუფლო აღარაა. აქ პირფერები ეწამებიან ტყვიის ოქროცურვილ ტანსაცმელში. აქვეა
ჯვარცმული (მიწაზე პალოებით მიჭედილი) იუდეველი მღვდელმთავარი, რომელმაც ქრისტეს
წამების ბრძანება გასცა. მას ფეხებით თელავენ ტყვიით დამძიმებული პირფერები.
ძნელი გადასასვლელი გადავიარეთ კლდოვანი გზით მეშვიდე თხრილამდე. აქ
იმყოფებიან ქურდები, რომელთაც ურჩხულოვანი გესლიანი გველები კბენენ. ამ ნაკბენისგან
ცოდვილი ფერფლად იქცევა, მაგრამ უმალვე აღდგება ისევ იმ ლანდად, რაც მანამდე იყო. მათ
შორის იყო ვანი ფუჩი, რომელმაც საკურთხევლიდან მოიპარა და სხვას დასწამა თავისი
ქურდობა. ეს იყო უხეში და მკრეხელი კაცი: სამი თითით ბრანწი გააკეთა და ღმერთს აჩვენა.
იმავწამს დაესხნენ თავს გველები (ამისთვის ლამის შევიყვარე). ამის შემდეგ გაინახე, ერთმა
გველმა როგორ მიიღო ერთ-ერთი ქურდის იერი და ფეხზე წამოდგა, ქურდი კი გაძვრა
მოსრიალე გველად ქცეული. სასწაულია! ასეთ მეტამორფოზას ვერ ნახავთ ოვიდიუსთან,
გაიხარე, ლორენციავ, ეს ქურდები შენი პირმშოები არიან! სირცხვილია...
მერვე თხრილში მზაკვარი მრჩევლები არიან. მათ შორისაა ულისე (ოდისევსი), რომლის
სული მოლაპარაკე ცეცხლში გახვეულა. ასე გვესმა ულისეს მონათხრობი თავის აღსასრულზე:
უცნობის შეცნობის წყურვილით ერთ მუჭა ვაჟკაცებთან ერთად გაუცურავს სამყაროს კიდისკენ,
ხომალდი ჩაეძირა და თანამგზავრებთან ერთად ჩაიძირა ადამიანთა მიერ დასახლებული
სამყაროდან შორს. მეორე მოლაპარაკე ალი, რომელშიც დამალული სული მოგვიყვა თავისი
ცოდვის შესახებ: იგი დაეხმარა რომის პაპს ერთ უწმინდურ საქმეში იმის იმედით, რომ პაპი
ცოდვას აპატიებდა. მიამიტ ცოდვილს ზეცა უკეთ ექცევა, ვიდრე მონანიების იმედზე მყოფთ.
გადავედით მეცხრე თხრილში, სადაც ინატჯებიან შფოთის ჩამომგდებნი. აი, ისინი,
სისხლიანი გარჩევებისა და რელიგიური შფოთის წამომწყებნი. ეშმაკი მძიმე ხმლით ასახიჩრებს
მათ, ჰკვეთს ცხვირებს და ყურებს, თავს ულეწს. აქაა მუჰამედი, სამოქალაქო ომისკენ კეისრის
წამქეზებელი კურიონი, უთავო მეომარი-ტრუბადური ბერტრან დე ბორნი (თავი ხელით მოაქვს
ჩირაღდანივით და ისიც იძახის „ვაი!“).
შემდეგ ჩემი ნათესავი შემოგვხვდა, რომელიც ჩემზე გაბრაზებული იყო, რადგან მისი
მკვლელობისთვის შური არ ვიძიე.
შემდეგ გადავედით მეათე თხრილში, სადაც მარადიული ქავილით იტანჯებიან
ალქიმიკოსები. ერთი მათგანი კოცონზე დაწვეს, რდგან ხუმრობით ტრაბახობდა, ფრენა
შემიძლიაო და დასმენის მსხვერპლი გახდა. ჯოჯოხეთში ამიტომ კი არ მოხვდა, არამედ
იმიტომ, რომ ალქიმიკოსი იყო. აქვე ისჯებიან ისინი, ვინც თავს სხვა ადამიანებად ასაღებდნენ,
ყალბი ფულის მომჭრელნი და, საერთოდ, მატყუარები. ორი მათგანი ერთმანეთს წაეკიდა და
დიდხანს აგინებდნენ ერთმანეთს (ოსტატი ადამი, რომელმაც ოქროს მონეტებს სპილენძი
შეურია და ძველი ბერძენი სინონი, რომელმაც ტროელები მოატყუა). ვერგილიუსმა გამკიცხა იმ
ცნობისმოყვარეობისთის, რომლითაც მე მათ ვუსმენდი.
მთავრდება ჩვენი მოგზაურობა თხრილებში. მივუახლოვდით ჭას, რომელსაც მერვე
გარსიდან მეცხრეში გადავყავართ. იქ დგანან ძველი გიგანტები, ტიტანები. მათ შორისაა
ნებროთი, რომელიც რაღაცას გვიყვიროდა გაუგებარ ენაზე და ანტეოსი, რომელმაც,
ვერგილიუსის თხოვნით, თავისი უზარმაზარი პეშვით ჭის ძირში ჩაგვსვა, თვითონ კი წელში
გაიმართა.
ამრიგად, ჩვენ სამყაროს ძირში ვართ, დედამიწის სფეროს ცენტრის მახლობლად. ჩვენს
წინაშე ყინულის ტბაა, რომელშიც ჩაყინული არიან თავისი ახლობლების მოღალატენი. ერთ-
ერთს შემთხვევით თავზე ფეხი დავაბიჯე და მან ბღავილი მორთო, თუმცა თავი არ დაასახელა.
მაშინ თმებში წავავლე ხელი და ვიღაცამ დაუძახა სახელით. არამზადავ, ახლა ვიცი და
მოვუყვები ხალხს. „იცრუე, რამდენიც გინდა ჩემზე და სხვებზე!“ — დამიყვირა. და აი, ყინულის
ორმო და მასში ერთი მკვდარი მეორეს თავის ქალას უღრღნის. ვეკითხები: რატომ? მსხვერპლს
თავი ანება და მიპასუხა. იგი, გრაფი უგოლინო, სამაგიეროს უხდის თავის მოღალატე
თანამოაზრეს, არქიეპისკოპოს რუჯერის, რომელმაც ის და მისი შვილები შიმშილით მოკლა,
როცა პიზის კოშკში დაამწყვდია. აუტანელი იყო მათი წამება, ბავშვები კვდებოდნენ მამის
თვალწინ, იგი მოკვდა უკანასკნელი. სირცხვილი პიზას! მივიწევთ წინ. ვინ არის ჩვენს
თვალწინ? ალბერიგო? იგი ხომ, რამდენადაც ვიცი, არ მომკვდარა, როგორღა აღმოჩნდა
ჯოჯოხეთში? ასეც ხდება: ავაზაკის სხეული კიდევ ცოცხალია, მისი სული კი უკვე საიქიოშია.
დედამიწის ცენტრში ყინულში ჩაყინულია ჯოჯოხეთის ბატონ-პატრონი ლუციფერი,
ზეციდან ჩამოგდებული და ვარდნაში უფსკრულის გამთხრელი, სახეშერყვნილი, სამსახოვანი.
მის პირველ ხახაში გაჩხირულია იუდა, მეორეში — ბრუტუსი და მესამეში — კასიუსი. იგი
ღეჭავს მათ და ბრჭყალებით აწამებს. ყველაზე უფრო მძიმე დღეშია ყველაზე საძაგელი
მოღალატე — იუდა. ლიუციფერიდან მიდის ნაპრალი, რომელიც დედამიწის საპირისპირო
ნახევარსფეროს ზედაპირზე ადის. ჩვენ მასში შევძვერით, ავედით ზედაპირზე

და გამოვედით, რომ გვეხილა კვლავ ვარსკვლავები.

განსაწმენდელი

დაე მუზები დამეხმარონ, რომ აღვწერო მეორე სამეფო! მისი დარაჯია მოხუცი კატონი,
რომელიც მტრულად დაგვხვდა: ვინა ხართ? როგორ გაბედეთ აქ მოსვლა? ვერგილიუსმა აუხსნა
და მისი გულის მოსაფებად, თბილად მოიხსენია მისი მეუღლე მარცია. რა შუაშია აქ მარცია?
წადით ზღვის ნაპირთან, უნდა დაიბანოთ! წავედით. აი, ზღვის სანაპიროც. სანაპირო ბალახში
უხვად ცვარია. სწორედ ამ ცვრით ჩამომბანა ვერგილიუსმა მიტოვებული ჯოჯოხეთის
ჭვარტლი.
ზღვიდან ჩვენსკენ ანგელოზი ნავს მოაცურებს. მასში მიცვალებულთა სულებია,
გაუმართლათ და ჯოჯოხეთში არ მოხვდნენ. მოადგნენ ნაპირს, გადმოვიდნენ და ანგელოზმა
უკან გასცურა. ახალმოსულების აჩრდილები ჩვენს ირგვლივ მოგროვდნენ, ერთი მათგანი ჩემი
მეგობარი, მომღერალი კაზელა აღმოჩნდა. მინდოდა ჩავხვეოდი, მაგრამ აჩრდილი ხომ
უსხეულოა — საკუთარ თავს ჩემოვაჭდე ხელები. კაზელამ ჩემი თხოვნით მშვენიერი
სატრფიალო სიმღერა წამოიწყო, რომელსაც ყველა გარინდებული უსმენდა, მაგრამ ამ დროს
გამოჩნდა კატონი, ყველას გვიყვირა და ჩვენც გავეშურეთ განსაწმენდლის მთისკენ.
ვერგილიუსი საკუთარ თავს საყვედურობდა, კატონს ყვირილის საბაბი მივეციო. ახლა
გვჭირდება გზის გაგნება. შევხედავთ, საით დაიძვრებიან ჩამოსული აჩრდილები. მათ კი
მხოლოდ ახლა შეამჩნიეს, მე რომ აჩრდილი არ ვარ: ლანდი არ გამდის. გაუკვირდათ.
ვერგილიუსმა ყველაფერი აუხსნა. „მოგვყევით“, — მიგვიპატიჟეს. ამრიგად, მივიჩქარით
განსაწმენდლის მთის ძირისკენ. ყველა ჩქარობს, ყველა მოუთმენლადაა. აგერ, დიდი ლოდის
ახლოს მთელი ჯგუფია, რომელიც მთაზე ასვლას არ ჩქარობს, მოეწრებაო; ის აძვრეს, ვისაც
ეჩქარებაო. ამ ზარმაცებს შორის ჩემი ნაცნობი ბელაკვაც შევნიშნე. სასიამოვნო სანახავია, რომ
იგი ცოცხალიც მტერი იყო ყოველგვარი სიჩქარისა და მკვდარიც საკუთარი თავის ერთგული
დარჩენილა.
განსაწმენდლის მთისძირში ძალადობის შედეგად მოკლულთა სულებში მომიწია
ტრიალი. ბევრი მათგანი ცოდვილი იყო, მაგრამ სიცოცხლესთან განშორებისას გულწრფელად
მონანიება მოასწრეს და ამის გამო ჯოჯოხეთს თავი დააღწიეს. გული დაწყვიტეს ეშმაკს,
საკბილო გამოაცალეს ხელიდან! მან მაინც იპოვა თავისი საქმე: რაკი მონანიებული და
დაღუპული ცოდვილის სულზე ვერ მოიპოვა ძალაუფლება, მის მოკლულ სხეულზე იყარა
ჯავრი. შორიახლოს დავინახეთ სორდელოს მეფურად დიდებული აჩრდილი. მან და
ვერგილიუსმა, როგორც მანტუელმა პოეტებმა, ერთმანეთი იცნეს და ძმურად ჩაეხუტნენ
ერთმანეთს. ეს მაგალითი იყოს შენთვის, იტალიავ, ბინძურო საროსკიპო, სადაც ძმობის
კავშირები დაწყვეტილია! განსაკუთრებით შენ, ჩემო ფლორენციავ, გამოირჩევი, ვერაფერს
იტყვი... გამოფხიზლდი, საკუთარ თავს შეხედე...
სორდელო თანახმაა, მეგზურობა გაგვიწიოს განსაწმენდელში. მისთვის დიდი პატივია,
დიდ ვერგილიუსს დაეხმაროს. წყნარი საუბრით მივადექით აყვავებულ და სურნელოვან ველს,
სადაც ძილისთვის ემზადებოდნენ წარჩინებულ არსებათა, ევროპელ ხელმწიფეთა სულები.
შორიდან ვადევნებდით თვალს და ვუსმენდით მათს შეთანხმებულ სიმღერას.
დადგა საღამო, როდესაც სურვილები მოსულებს უკან, საყვარელ არსებებთან უხმობენ
და გახსენდება განშორების მწარე წამი; როდესაც პილიგრიმს სევდა ეუფლება და ესმის
შორეული ქვითინი სამუდამოდ დაკარგულ დღეზე. მიწიერ მბრძანებელთა სავანეში ის იყო,
უნდა შემძვრალიყო ცდუნების მზაკვარი გველი, რომ მოფრენილმა ანგელოზებმა გააძევეს.
ბალახზე წამოვწექი, ჩამეძინა და ძილში გადავედი განსაწმენდლის კარიბჭესთან. მისმა
მცველმა ანგელოზმა შვიდგზის დამიწერა შუბლზე ერთი და იგივე ასო — სიტყვა „ცოდვის“
პირველი ასო (შვიდი სასიკვდილო ცოდვა; ეს ასოები რიგ-რიგობით წაიშლება ჩემი შუბლიდან
განსაწმენდლის მთაზე ასვლისას). შევედით საიქიოს მეორე სამეფოში და კარიბჭე დაიხურა
ჩვენს უკან.
დაიწყო აღმასვლა. ჩვენ განსაწმენდლის პირველ წრეში ვართ, სადაც ცოდვას ინანიებენ
ამპარტავანნი. ამპარტავნობის დასათრგუნად აქ აღმართულია ქანდაკებები, რომლებიც
განახორციელებენ მაღალი გმირობის — მორჩილების იდეას. გამოჩნდნენ განსაწმენდელი
ამპარტავნების აჩრდილებიც: სიცოცხლეში ქედუხლრელნი, აქ ისინი თავისი ცოდვის
სასჯელად წელში მოხრილნი არიან უზარმაზარი ლოდების ქვეშ.
„მამაო ჩვენო...“ — ამ ლოცვას გალობდნენ წელში მოხრილი ამპარტავნები. მათ შორისაა
მხატვარი-მინიატურისტი ოდერიზი, სიცოცხლეში რომ თავი მოჰქონდა თავისი ხმამაღალი
დიდებით. ახლა მივხვდი, სატრაბახო არაფერი მქონდაო: ყველანი თანასწორნი ვართ
სიკვდილის წინაშე — ჯაბანი მოხუციც და „აღუ-აღუს“ მთქმელი ჩვილიც, ხოლო დიდება
მოდის და მიდის. რაც უფრო ადრე გაიგებ ამას და იპოვი თავში ძალს, რომ დააოკო შენი
ამპარტავნება და დაწყნარდე, — მით უკეთესია.
ჩვენს ფერხთაა დასჯილი ამპარტავნების სიუჟეტზე შექმნილი ბარელიეფები: ზეციდან
ჩამოგდებული ლუციფერი და ბრიარევსი, მეფე საული, ოლოფერნი და სხვები. სრულდება
ჩვენი ყოფნა პირველ წრეში. გამოცხადდა ანგელოზი და წამიშალა შუბლიდან ერთ-ერთი შვიდ
ასოთაგან — იმის ნიშნად, რომ ამპარტავნების ცოდვა ჩემს მიერ დაძლეულია. ვერგილიუსმა
გამიღიმა და ავედით მეორე წრეში. აქ იმყოფებიან შურიანები, ისინი დროებით დაბრმავებული
არიან და მათი ყოფილი „შურიანი“ თვალები ვერაფერს ხედავენ. აი ქალი, რომელსაც
შურისაგან ცუდი უნდოდა თანამემამულეებისთვის და მათი მარცხი ახარებდა. ამ გარსში მე
სიკვდილის შემდეგ ცოტა ხანს დავყოფ, რადგან იშვიათად გამჩენია ვინმეს მიმართ შური, აი,
პირველ წრეში კი დიდხანს მომიწევს დარჩენა. აი ისინიც, დაბრმავებული ცოდვილნი,
რომელთაც ოდესღაც სისხლს უწამლავდა შური. სიჩუმეში ხმამაღლა გაისმა პირველი
შურიანის, კაენის სიტყვები: „ყოველი შემხვედრი მომკლავს მე!“ შიშით მივეკარი ვერგილიუსს
და ბრძენმა ბელადმა მწარე სიტყვები მითხრა მასზე, რომ უზენაეს სინათლეს ვერ იხილავენ
შურიანები, რომლებსაც მიწიერი ცდუნებები იტაცებენ.
გავიარეთ მეორე წრე. ისევ გვეწვია ანგელოზი და აი ჩემს შუბლზე დარჩა მხოლოდ ხუთი
ასო, რომლებიც შემდგომში უნდა ჩამოვიშორო. მესამე წრეში ვარ. ჩვენი მზერის წინაშე
ადამიანური მრისხანების სასტიკი სანახაობა წამოიმართა (ბრბომ ქვებით ჩაქოლა საბრალო
ჭაბუკი). ამ წრეში განიწმინდებიან რისხვას აყოლილი ცოდვილები. ჯოჯოხეთის წყვდიადშიც
კი არ იყო ისეთი სიბნელე, როგორიც ამ წრეშია, სადაც ცოდვილთა მრისხანებას აცხრობენ.
ერთი მათგანი, ლომბარდელი მარკო დამელაპარაკა და აზრი გამოთქვა, რომ ყველაფერი, რაც
ხდება დედამიწაზე, არ შეიძლება განვიხილოთ როგორც შედეგი უზენაესი ციური ძალების
მოქმედებისა: ეს იქნებოდა ადამიანის ნების თავისუფლების უარყოფა და ადამიანის მის მიერვე
ჩადენილისათვის პასუხისმგებლობისგან განთავისუფლება.
მკითხველო, ხომ გივლია მთაში ნისლიან საღამოს, როდესაც მზე არც კი ჩანს? ასე ვართ
ჩვენც... ვიგრძენი, რომ ანგელოზის ფრთა შემეხო შუბლზე — კიდევ ერთი ასო წაიშალა.
გადავედით მეოთხე წრეში, რომელსაც დაისის უკანასკნელი სხივი ანათებდა. აქ
განიწმინდებიან ზარმაცნი, რომელთა სიყვარული სიკეთისადმი მეტისმეტად ნელი იყო. აქ
ზარმაცები ვადებული არიან თავქუდმოგლეჯით ირბინონ და არაფერი დაუთმონ თავის
ცხოვრებისეულ ცოდვას. დაე შთაგონებული იყვნენ უწმიდესი ღვთისმშობლის მაგალითით,
რომელიც ხშირად ჩქარობდა ხოლმე ან მაგალითით კეისრისა, რომელიც განთქმული იყო
გასაოცარი სისწრაფით. ჩაგვირბინეს, თვალს მიეფარნენ. მეძინება. მძინავს და სიზმარში ვარ...
დამესიზმრა, საზიზღარი ქალი ჩემს თვალწინ როგორ გადაიქცა მზეთუნახავად, რომელიც იქვე
შეარცხვინეს და აქციეს კიდევ უფრო მახინჯად, ვიდრე თავიდან იყო (აი ისიც, ცოდვის ცრუ
მომხიბვლელობა!). კიდევ ერთი ასო გაქრა ჩემი შუბლიდან: ეს ნიშნავს, რომ მე დავამარცხე
ისეთი ცოდვა, როგორიც სიზარმაცეა. ავდივართ მეხუთე წრეში — ძუნწებთან და
მფლანგველებთან. სიძუნწე, სიხარბე, ოქროს წყურვილი — საზიზღარი ცოდვაა. ოდესღაც ერთ
სიხარბით შეპყრობილ კაცს გამდნარი ოქრო ჩაასხეს ხახაში: შესვი, გაამოს! ისედაც ცუდად
ვგრძნობ თავს ძუნწების გარემოცვაში და აქ მიწისძვრაც დაემატა. რატომ? უმეცარი ვარ, არ
ვიცი... გაირკვა, რომ მთა შეძრა ყიჟინამ იმის გამო, რომ ერთ-ერთი სული განიწმინდა და
ამაღლებისთვის მზადაა: ესაა რომაელი პოეტი სტანციუსი, ვერგილიუსის თაყვანისმცემელი,
რომელმაც გაიხარა, რომ ამიერიდან განსაწმენდლის მწვერვალიკენ გზაზე თანამგზავრი
იპოვნა.
კიდევ ერთი ასო წაიშალა ჩემს შუბლზე. სხვათა შორის, ნუთუ სტანციუსი, რომელიც
მეხუთე წრეში იტანჯებოდა, ძუნწი იყო? პირიქით, მფლანგველი ბრძანდებოდა, მაგრამ ეს ორი
უკიდურესობა ერთად ისჯება. ახლა მეექვსე წრეში ვართ, სადაც განიწმინდებიან
ღორმუცელები. აქ უნდა გახსოვდეს, რომ ქრისტიანი მოღვაწეებისთვის უცხო იყო
ღორმუცელობა. ყოფილ ღორმუცელებს აქ ელით შიმშილის ტანჯვა: ცარიელი ძვალი და ტყავი
არიან. მათ შორის აღმოვაჩინე მეგობარი და თანამოქალაქე ფორეზე. დავილაპარაკეთ, ვაგინეთ
ფლორენციას, ფორეზემ ამ ქალაქის ბანოვანები გაკიცხა. მე მეგობარს ვერგილიუსზე ვუთხარი
ორიოდ სიტყვა და იმ იმედეზე, რომ საიქიოში საყვარელი ბეატრიჩეს ხილვა მეღირსებოდა.
ერთ-ერთ ღორმუცელას, ძველი სკოლის ყოფილ პოეტს ლიტერატურაზე გავესაუბრე. აღიარა,
რომ ჩემმა თანამოაზრეებმა, „ახალი ტკბილი სტილის“ მომხრეებმა სატრფიალო პოეზიაში
მასზე და მასთან დაახლოებულ ოსტატებზე მეტს მიაღწიეს. ამასობაში ბოლოსწინა ასო წაიშალა
ჩემს შუბლზე და გამეხსნა გზა განსაწმენდლის უმაღლესი, მეშვიდე წრისკენ.
მე კი სულ მახსენდება გამხდარი და მშიერი ღორმუცელები: როგორ გაძვალტყავდნენ
ასე? ეს ხომ აჩრდილებია, მათ რა აშიმშილებთ? ვერგილიუსი მიხსნის: მართალია, აჩრდილებს
სხეული არ გააჩნიათ, მაგრამ ისინი ზუსტად იმეორებენ ნაგულისხმები სხეულის
მოხაზულობას (სხეული კი გახდებოდა საკვების გარეშე). აქ კი, მეშვიდე წრეში, განიწმინდებიან
განცხრომის ცეცხლშენთებული მოყვარულები. ისინი იწვიან, მღერიან და განადიდებენ
თავშეკავებისა და ქალწულობის მაგალითებს. განცხრომის ალმოდებული მოყვარულები ორ
ჯგუფად იყოფიან: ერთსქესიანი სიყვარულის მომხრენი და ორსქესიანი სიყვარულით
გაუმაძღარნი. მათ შორის არიან პოეტი გვიდო გვინიცელი და პროვანსალელი არნალდი,
რომელიც თავაზიანად მოგვესალმა თავის კილოზე.
ახლა კი ჩვენ თვითონ უნდა გავიაროთ ცეცხლის კედელში. შემეშინდა, მაგრამ ჩემმა
მოძღვარმა მითხრა, რომ ეს გზაა ბეატრიჩესკენ (ამქვეყნიური სამოთხისკენ, რომელიც
განლაგებულია განსაწმენდელი მთის მწვერვალზე). და ჩვენ სამნი (სტანციუსიც ხომ გვახლავს)
მივდივართ ალმოდებულები.
გავიარეთ, წინ მივიწევთ, საღამოვდება, ვჩერდებით დასასვენებლად, მეძინება;
მეღვიძება, ვერგილიუსი მომმართავს უკანასკნელი დარიგებით და გამხნევებით, ამის შემდეგ
ის დადუმდება.
ჩვენ მიწიერ სამოთხეში ვართ, ჩიტების ჭიკჭიკით გაყრუებულ აყვავებულ ჭალაში.
დავინახე მშვენიერი დონა; მღეროდა და ყვავილებს კრეფდა. მომითხრო, რომ აქ ოქროს
საუკუნე იყო, იცავდნენ უმანკოებას, მაგრამ შემდეგ, ამ ყვავილებსა და ხეხილს შორის ცოდვაში
დაიღუპა პირველი ადამიანების ბედნიერება. ეს რომ გავიგონე, ვერგილიუსს და სტაციუსს
შევხედე: ორივენი ნეტარად იღიმოდნენ.
ო, ევა! აქაურობა, ეს სამოთხე შენი საქციელით როგორ მოსპე! ჩვენს შორის დაცურავს
ცოცხალი ცეცხლის ალები, მათ ქვეშ კი დადიან სპეტაკ სამოსლიანი მხცოვანი მართალნი,
მორთულნი ვარდითა და შროშანით, ცეკვავენ ზღაპრული მზეთუნახავები. ვერ ვძღები ამ
განსაცვიფრებელი სურათის ხილვით. და უეცრად დავინახე ის — ის, ვინც მიყვარს.
გაოგნებული უნებლიეთ დავიძარი, ვერგილიუსს უნდა მივკრობოდი; მაგრამ იგი გაქრა, ჩემი
მამა და მხსნელი! ავქვითინდი. „დანტე, ვერგილიუსი არ დაბრუნდება; მაგრამ მასზე ქვითინი
არ მოგიწევს. შემომხედე, ეს მე ვარ, ბეატრიჩე! შენ კი როგორ მოხვდი აქ?“ — მრისხანედ მკითხა
მან. აქ რაღაც ხმამ ჰკითხა, ასე მკაცრი რატომ ხარ მასთანო. უპასუხა, რომ განცხრომის
სატყუარათი ცდუნებულმა ვუღალატე მას სიკვდილის შემდეგ. ვაღიარებ თუ არა ჩემს
დანაშაულს? დიახ, მახრჩობს სირცხვილისა და მონანიების ცრემლი და თავს დაბლა ვხრი. „აწიე
წვერი!“ — მკვეთრად მითხრა მან, გამისწორე თვალიო. გრძნობა დავკარგე და გამოვფხიზლდი
ლეთეში ჩაძირული — მდინარეში, რომელიც მჩუქნის ჩადენილი ცოდვების დავიწყებას.
ბეატრიჩე, ახლა შეხედე მას, ვინც ასე ერთგულია შენი და ასე მოგელტვის შენ. ათი წლის
განშორების შემდეგ მე მას თვალებში ვუყურებდი, ჩემი მზერა დროებით დაიბნიდა მათი
თვალისმომჭრელი ელვარებით. რომ გამოვფხიზლდი, მრავალი მშვენიერი რამ ვნახე მიწიერ
სამოთხეში, მაგრამ უეცრად ამას ყველაფერს ჩაენაცვლა სასტიკი ხილვები: ურჩხულნი,
შეგინებული სიწმინდე, გარყვნილება.
ბეატრიჩე ღრმად მწუხარებდა, ესმოდა, რამდენი სიავე იმალებოდა ამ ხილვებში, მაგრამ
დარწმუნებული იყო, რომ სიკეთის ძალები საბოლოო ჯამში დაამარცხებდნენ ბოროტებას.
მივუახლოვდით მდინარე ევნოეს, რომლის წყლის შესმის შემდეგ შენგან ჩადენილი სიკეთის
ხსოვნა გიძლიერდება. მე და სტანციუსი განვიბანეთ ამ მდინარეში. მისი უტკბესი წლის
ყლუპმა ახალი ძალა ჩამიღვარა. ახლა სუფთა ვარ და ღირსი ვარ ვარსკვლავებამდე ავმაღლდე:

და გამოვედი წმინდა წყლისგან ხელახლად ქმნილი


ვითა მცენარე განძარცული ძველ ფურცელთაგან,
სპეტაკი სრულად, განმზადილი სულის შეფრინვით

ცად აღსავლენად, მისაწევნად ვარსკვლავებისა.

სამოთხე

მიწიერი სამოთხიდან მე და ბეატრიჩე გავფრინდებით ზეციური, მოკვდავის გონებისთვის


მიუწვდომელი სიმაღლეებისკენ. ვერ შევამჩნიე, ისე ავფრინდით მზისკენ თავამართულნი.
ნუთუ მე ცოცხალი დავრჩი და ამის შემძლე ვარ? ბეატრიჩეს არაფერი აკვირვებს: განწმენდილი
ადამიანი სულიერია, ხოლო ცოდვებით დაუმძიმებელი სული ეთერზე მსუბუქია. მეგობრებო,
მოდი, აქ დავშორდეთ ერთმანეთს — ღირს კი მეტი წაიკითხოთ და დაიკარგოთ მიუწვდომლის
სიღრმეებში? მაგრამ თუ დაუოკებლად გწყურიათ სულიერი საზრდო — მაშინ წინ, მომყევით!
ჩვენ სამოთხის პირველ ცაზე ვართ — იმ მთვარის ცაზე, რომელსაც ბეატრიჩემ პირველი
ვარსკვლავი უწოდა; შევაღწიეთ მის წიაღში, თუმცა ძნელი წარმოსადგენია ის ძალა, რომელსაც
შეუძლება ერთი შეკრული სხეული მეორე შეკრულ სხეულში მოათავსოს. მთვარის წიაღში
შემოგვხვდნენ მონაზონთა სულები, რომლებიც მონასტრიდან მოუტაციათ და ძალად
გაუთხოვებიათ. თავისდა უნებლიეთ მათ ვერ დაიცვეს მონაზვნად აღკვეცისას მიცემული
ქალწულობის პირობა, ამიტომ მათთვის უფრო მაღალი ცა მიუწვდომელია. ნანობენ ამას? არა!
სინანული ხომ უზენაეს მართალ ნებასთან დაუთანხმებლობა იქნებოდა.
და მაინც ვერ ვხვდები, რა დააშავეს, როდესაც ძალადობას დაემორჩილნენ? რატომ ვერ
ამაღლდებიან მთვარის სფეროს ზემოთ? ბრალი ხომ მსხვერპლს კი არა, მოძალადეს უნდა
დაედოს! მაგრამ ბეატრიჩე მიხსნის, რომ მსხვერპლიც გარკვეულ პასუხისმგებლობას ატარებს
მასზე განხორციელებუი ძალადობის გამო, თუკი, წინააღმდეგობის გაწევისას, გმირული
სიმტკიცე ვერ გამოავლინა. პირობის ვერშესრულება, ამტკიცებს ბეატრიჩე, ფაქტობრივად
შეუძლებელია კეთილი საქმით გამოვისყიდოთ (იმდენი კეთილი საქმე უნდა გააკეთო, რომ
სიცოცხლე არ გეყოფა ცოდვის გამოსასყიდად). ავფრინდით მეორე ცაზე — მერკურიზე. აქ
პატივმოყვარე მართალთა სულებია. ეს, საიქიოს სხვა მცხოვრებთაგან განსხვავებით, უკვე
აჩრდილები კი არა სინათლეებია: ბრწყინავენ და სხივოსნობენ. ერთ-ერთმა მათგანმა
განსაკუთრებით მკაფიოდ იელვა, მე რომ დამინახა. ეს რომაელი იმპერატორი და
კანონმდებელი იუსტინიანე აღმოჩნდა. იგი ხვდება, რომ მერკურის სფეროში ყოფნა და უფრო
მაღლა ვერ აფრინდება, რადგან, როგორც პატივმოყვარე, კეთილ საქმეებს თავისი
დიდებისთვის აკეთებდა და ღვთის ჭეშმარიტი სიყვარულის სხივი ეკარგებოდა. იუსტინიანეს
ნათელი შეუერთდა სინათლეთა გუნდს — მართალთა სულებს; მე დავფიქრდი და ფიქრის
მსვლელობამ მიმიყვანა კითხვასთან: რატომ დასჭირდა მამა-ღმერთს შვილის შეწირვა? ხომ
შეიძლებოდა ისე, უზენაესი ნებით, ეპატიებია ადამიანებისთვის ადამის ცოდვა! ბეატრიჩე
მიხსნის: უზენაესი სამართლიანობა მოითხოვდა, რომ კაცობრიობას თავად უნდა გამოესყიდა
თავისი დანაშაული. მას ამის უნარი არ აღმოაჩნდა და უფალს მოუხდა მიწიერი ქალი
გაენაყოფიერებია, რომ ძეს თავის თავში მოეცვა ადამიანური და ღვთაებრივი და გამოესყიდა
პირველი ცოდვა.
ავფრინდით მესამე ცაზე — ვენერაზე, სადაც ნეტარებენ ჭარბსიყვარულიანთა სულები,
რომლებიც ბრწყინავენ ამ ვარსკვლავის წიაღში. ერთ-ერთი ასეთი სული — უნგრელი მეფე
კარლ მეტელი გამომელაპარაკა და გამოთქვა აზრი, რომ ადამიანს შეუძლია თავისი
შესაძლებლობების გამოვლენა მხოლოდ იმ სარბიელზე მოღვაწეობისას, რომელიც მის ბუნებას
შეესაბამება: ცუდია, თუკი მეომრად დაბადებული კაცი მღვდელი გახდება...
საამოა სხვა უხვსიყვარულიანის სულთა ელვარება. რამდენი ნეტარი სინათლეა აქ,
რამდენი ღვთაებრივი სიცილი! ხოლო ქვემოთ, ჯოჯოხეთში, გაუხარლად და პირქუშად
მუქდებოდა ჩრდილი... ერთი ნათელი გამესაუბრა და გაჰკიცხა საეკლესიო ხელისუფლება,
ანგარებიანი პაპები და კარდინალები. ფლორენცია — ეშმაკის საუფლოა. მაგრამ არა უშავსო,
მეუბნება, მალე ყველაფერი უკეთ იქნებაო.
მეოთხე ვარსკვლავი — მზეა, ბრძენთა სავანე. აი, ელვარებს დიდი ღვთისმეტყველის,
თომა აკვინელის სული. იგი სიხარულით მომესალმა და სხვა ბრძენნი წარმომიდგინა. მათმა
შეთანხმებულმა მღერამ საეკლესიო ზარების რეკვა მომაგონა. თომა მომიყვა ფრანცისკ
ასიზელზე — სიღატაკის მეორე (ქრისტეს შემდეგ) მეუღლეზე. მან მისცა მონაზვნებს, მათ
შორის მის უახლოეს მოსწავლეებს, ფეხშიშველი სიარულის მაგალითი. მან წმინდა ცხოვრებით
იცხოვრა და მოკვდა — შიშველი კაცი შიშველ მიწაზე — სიღატაკის წიაღში. სიმღერა შეწყვიტეს,
წრე შეკრეს ბრძენთა სულებმა და ჩემთან ერთად უსმინეს თომას სიტყვას. შემდეგ სიტყვა აიღო
ფრანცისკანელმა ბონავენტურამ. დომინიკელი თომას მიერ თავისი მასწავლებლის ქების
პასუხად მან შეაქო თომას მასწავლებელი — დომინიკე, მიწათმოქმედი და ქრისტეს მსახური.
ვინღა გააგრძელებს მის საქმეს? ღირსეულნი არ არიან. და ისევ თომამ იღებს სიტყვა. იგი
განსჯის მეფე სოლომონის დიად ღირსებებს: მან თავისთვის ღმერთს გონება და სიბრძნე
სთხოვა არა ღვთისმეტყველური საკითხების გადასაწყვეტად, არამედ ხალხის გონივრულად
სამართავად; მან ითხოვა სამეფო სიბრძნე და მას მიეცა. ადამიანებო, სწრაფად ნუ განსჯით
ერთმანეთს! ეს სიკეთეს აკეთებს და ის — ბოროტებას, მაგრამ იქნებ პირველი დაეცეს და მეორე
ადგეს?
რა მოუვათ მზის მკვიდრთ, როდესაც სულები ისევ შეიმოსებიან ხორცით? ისინი ისე
ელვარე და სულიერი არიან, რომ მათი განსხეულებული წარმოდგენა ძნელია. დასრულდა
ჩვენი ყოფნა აქ და ჩვენაც მივფრინავთ მეხუთე ცაზე — მარსზე, სადაც რწმენისთვის
მებრძოლთა მოელვარე სულები ჯვრის სახით დაჯარდნენ და ტკბილ ჰიმნის გალობა დაიწყეს.
ამ საოცარი ჯვრის ერთი სანთელი ჯვრიდან გამოუსვლელად გადმოიხარა ჩემსკენ. ეს
ჩემი ვაჟკაცი პაპის პაპის, მეომარ კაჩაგვიდას სულია. მომესალმა და იმ სახელოვან დროს შეასხა
ხოტბა, როდესაც დედამიწაზე ცხოვრობდა და, რომელმაც, ვაი რომ, ჩაიარა და უარესი დროით
შეიცვალა. ვამაყობ ჩემი წინაპრით, ჩემი წარმომავლობით (თურმე არა მხოლოდ ამაოებით სავსე
დედამიწაზე შეიძლება ასეთი გრძნობა განიცადო, არამედ სამოთხეშიც!) კაჩაგვიდამ მომითხრო
საკუთარ თავზე და ფლორენციაში შობილ თავის წინაპრებზე, რომელთა გერბი — თეთრი
შროშანი — ამჟამად სისხლით შეღებილია. მინდა მას, როგორც ნათელმჭვრეტს, ჩემს შემდგომ
ბედზე ვკითხო. რა მელის წინ? მიპასუხა, რომ ფლორენციიდან გამაძევებენ, რომ ვიხეტიალებ
და სხვისი პურის სიმწარესა და უცხოთა კიბის ფრიალოს შევიცნობ. ჩემდა საპატიოდ, არ
მექნება საქმე უწმინდურ პოლიტიკურ დაჯგუფებებთან, მაგრამ თავად ვიქნები საკუთარი
თავის პარტია. ბოლოს და ბოლოს, ჩემი მოწინააღმდეგეები შერცხვებიან და მე ტრიუმფი
მელის. კაჩაგვიდამ და ბეატრიჩემ მომიწონეს მომავალი. დასრულდა ჩვენი ყოფნა მარსზე.
ახლა მეხუთე ციდან მეექვსეზე, წითელი მარსიდან თეთრ იუპიტერზე უნადა
გადავინაცვლოთ, სადაც ფრინავენ სამართლიანთა სულები. მათი სინათლე ასოებად იქცევა,
ასოები ჯერ სამართლიანობის მოწოდებად, შემდეგ კი — არწივის ფიგურად, სამართლიანი
საიმპერიო ძალაუფლების სიმბოლოდ, რომელიც უცნობი, ცოდვილი და ტანჯულია მიწაზე,
მაგრამ დამტკიცებულია ზეცაში. ეს დიადი არწივი გამესაუბრა. იგი თავის თავს „მეს“ უწოდებს
და მე „ჩვენ“ მესმის (სამართლიანი ძალაუფლება კოლეგიურია!). მას ესმის ის, რისი გაგებაც მე
არ შემიძლია: რატომაა სამოთხე ღია მხოლოდ ქრისტიანთათვის? რითია ცუდი კეთილი
ინდუსი, რომელიც ქრისტეს საერთოდ არ იცნობს? ეს არ მესმის. ეს მართალია, — აღიარებს
არწივი, — ცუდი ქრისტიანი სახელოვან სპარსზე ან ეთიოპზე უარესია. არწივი განასახიერებს
სამართლიანობის იდეას და მასში არა ბრჭყალები ან ნისკარტია მთავარი, არამედ
ყოვლისმხედი თვალი, რომელიც ყველაზე ღირსეულ ნათელ-სულთაგან შედგება. გუგა —
მეფისა და ფსალმუნთა მომღერლის დავითის სულია, ხოლო წამწამებში ელავენ ქრისტემდელ
მართალთა სულები (მე კიდევ ახლახან უაზროდ ვმსჯელობდი „მხოლოდ ქრისტიანთა“
სამოთხეზე, ასე ხდება, ეჭვებს რომ ნებაზე მიუშვებ!).
ავმაღლდით მეშვიდე ცაზე — სატურნზე. ეს მჭვრეტელთა სავანეა. ბეატრიჩე კიდევ
უფრო ლამაზი და ნათელი გახდა. არ მიღიმოდა, თორემ საერთოდ დამფერფლავდა და
დამბრმავებდა. მჭვრეტელთა ნეტარი სულები დუმდნენ, არ მღეროდნენ, თორემ
დამაყრუებდნენ. ეს წმინდა სანთელმა — ღვთისმეტყველმა პიეტრო დამიანომ მითხრა. სული
ბენედიქტესი, რომელის სახელით მოიხსენიება ერთ-ერთი სამონაზვნო ორდენი, მრისხანედ
განიკითხავს თანამედროვე ანგარებიან მონაზვნებს. ვუსმინეთ მას და გავეშურეთ მერვე ცაზე,
ტყუპების თანავარსკვლავედზე, რომელთა ნიშანშიც დავბადებულვარ, პირველად მიხილავს
მზე და ჩამისუნთქავს ტოსკანური ჰაერი. მისი სიმაღლიდან დაბლა დავიხედე და ჩემი მზერა,
რომელმაც ჩვენგან გავლილი სამოთხის შვიდი სფერო გაიარა, დაეცა სასაცილოდ პატარა
დედამიწის სფეროს, ამ ერთ მუჭა მტვერს თავისი მდინარეებითაა და მთიანი ქედებით.
მერვე ცაზე იწვის ათასი ცეცხლი — ეს დიად მართალთა მოზეიმე სულებია. მათგან
გათანგულს მზერა გამიძლიერდა და ახლა ბეატრიჩეს ღიმილიც კი ვერ დამაბრმავებს. მან
ღვთაებრივად გამიღიმა და ისევ მანათობელი სულებისკენ გამახედა, რომლებმაც ზეცათა
დედოფლის, ქალქული მარიამის ჰიმნი წამოიწყეს. ბეატრიჩემ მოციქულებს სთხოვა,
დამლაპარაკებოდნენ. რამდენად ჩავწვდი წმინდა ჭეშმარიტებათა იდუმალებას? პეტრე
მოციქულმა მკითხა რწმენის არსის შესახებ. ჩემი პასუხია: — რწმენა საბუთია უხილავის
სასარგებლოდ; მოკვდავთ არ ძალუძთ თავისი თვალით იხილონ ის, რაც იხსნება აქ, სამოთხეში,
— მაგრამ დაე ირწმუნონ სასწაული, თუნდაც არ ჰქონდეთ მისი ჭეშმარიტების თვალსაჩინო
მტკიცებულებები. პეტრეს მოეწონა ჩემი პასუხი. ვიხილავ მე, წმინდა პოემის ავტორი,
სამშობლოს? დაფნით შემამკობენ იქ, სადაც მომნათლეს? იაკობ მოციქულმა მკითხა იმედის
არსზე. ჩემი პასუხია: იმედი — მომავალი დამსახურებული და ღვთივბოძებული დიდების
მოლოდინია. გახარებული იაკობი გაბრწყინდა. ამას მოჰყვა კითხვა სიყვარულზე. იგი დამისვა
იოანე მოციქულმა. პასუხისას არ დამავიწყდა ისიც მეთქვა, რომ სიყვარული ღმერთისკენ,
სიმართლის სიტყვისკენ მიგვაბრუნებს. გამოცდა (რა არის რწმენა, იმედი, სიყვარული?)
წარმატებით დასრულდა. დავინახე სხივოსანი სული ჩვენი წინაპრის, ადამისა, რომელმაც ცოტა
იცხოვრა დედამიწის სამოთხეში და იქიდან დედამიწაზე გააძევეს; სიკვდილის შემდეგ
დიდხანს იტანჯებოდა ლიმბში, მერმე კი ამაღლდა აქამდე.
ოთხი სინათლე იწვის ჩემს თვალწინ: სამი მოციქული და ადამი. უეცრად პეტრე
წითლად შეიღება და შესძახა: „ჩემი მიწიერი ტახტი დაპყრობილია, ჩემი ტახტი, ჩემი ტახტი!“
პეტრეს სძულს მისი მემკვიდრე — რომის პაპი. ჩვენ კი დაგვიდგა დრო, გამოვეთხოვოთ მერვე
ცას და ავმაღლდეთ მეცხრეზე, უზენაესზე და კრისტალურზე. არამიწიერი სიხარულით,
სიცილით გამტყორცნა ბეატრიჩემ თავბრუდამხვევად მბრუნმავ სფეროში და თავადაც
ამაღლდა.
პირველი, რაც დავინახე მეცხრე ცის სფეროდან — ეს იყო დამაბრმავებელი წერტილი,
უფლის სიმბოლო. მის ირგვლივ ტრიალებს ცეცხლი — ანგელოზთა ცხრა კონცენტრირებული
წრე. ღმერთთან ყველაზე ახლო და ამიტომ მცირენი არიან სერაფიმები და ქერუბიმები,
ყველაზე დაშორებულები და ვრცელნი — მთავარანგელოზები და უბრალოდ ანგელოზები.
დედამიწაზე მიჩვეული არიან ფიქრს, რომ დიდი პატარაზე მეტია, მაგრამ აქ, როგორც ჩანს,
ყველაფერი პირიქითაა.
ანგელოზები, მიყვება ბეატრიჩე, სამყაროს შესაქმის თანატოლები არიან. მათი
თავბრუდამხვევი ბრუნვა — ყველა იმ ბრუნვის წყაროა, რაც სამყაროში ხდება. მათი გუნდიდან
გასვლის მსურველნი ჯოჯოხეთში ჩავცივდნენ, ხოლო დარჩენილები თავდავიწყებით ბრუნავენ
სამოთხეში, და არ სჭირდებათ მათ ფიქრი, სურვილი, ხსოვნა: სრულიად კმაყოფილი არიან!
ემპირეაში აღმასვლა — სამყაროს უზენაეს უბანში — უკანასკნელია. მე ისევ შევხედე მას,
რომლის სამოთხეში ზრდადი სილამაზე მაღლა და მაღლა მწევდა. გარს გვერტყმის წმინდა
ნათელი. ირგვლივ ელვა და ყვავილებია — ანგელოზები და ნეტარი სულები. ისინი ერთდებიან
რაღაც მოელვარე მდინარეში და შემდეგ იღებენ უზარმაზარი სამოთხის ვარდის ფორმას.
ვუჭვრეტ ვარდს და ვწვდები სამყაროს საერთო გეგმას, მინდა რაღაც ვკითხო ბეატრიჩეს, მაგრამ
ვხედავ არა მას, არამედ თვალსხივოსან მოხუცს თეთრებში. მან ზემოთ მიმითითა. ვუყურებ —
თვალშეუდგამ სიმაღლეში ნათობს იგი და მე ვუხმე: „ო, დონა, შენ ჯოჯოხეთში დატოვე კვალი,
რომ ჩემთვის დახმარება გეჩუქებინა! შენ მოგყვებოდი და მოვდიოდი მონობიდან
თავისუფლებამდე. დამიფარე მომავალშიც, რომ ჩემი სული შენი ღირსი იყოს, როდესაც
ხორცისგან გათავისუფლდება!“ შემომხედა ღიმილით და მიბრუნდა მარადი სიწმინდისკენ.
მორჩა.
თეთროსანი მოხუცი — წმინდა ბერნარდია. დღეიდან იგი ჩემი მოძღვარია. მასთან
ერთად ვუჭრეტთ ემპირეის ვარდს. მასში ელავენ უმანკო ჩვილთა სულები. ეს გასაგებია, მაგრამ
რატომ იყო ჯოჯოხეთში აქა-იქ ჩვილთა სულები — ხომ არ შეიძლება ისინი, ამათგან
განსხვავებით, მანკიერი იყვნენ? უფალმა უწყის, როგორი პოტენცია — კეთილი თუ ბოროტი —
არის ჩადებული ჩვილის სულში. ასე ამიხსნა ბერნარდმა და ლოცვა დაიწყო. ბერნარდმა
ქალწულ მარიამს ჩემი თავი შეავედრა. შემდეგ ნიშანი მომცა, ზემოთ ამეხედა. ვუჭვრეტ და
ვხედავ უზენაეს და უნათლეს სინათლეს. და არ ვბრმავდები, არამედ ვიძენ უზენაეს
ჭეშმარიტებას. ვუჭვრეტ ღმერთს მის ნათელ სამებაში. და მისკენ მიმაქანებს სიყვარული,
რომელიც ამოძრავებს მზეს და ვარსკვლავებს.

You might also like