You are on page 1of 3

განვითარების ფსიქოლოგია II

თემა III - მოზარდის სასწავლო საქმიანობა და კოგნიტური განვითარება

დავალება

სტუდენტი - ნიკო ქარცივაძე

 დაწერეთ სასკოლო ასაკის ფსიქოლოგიური პრობლემების შესახებ. რა როლს


თამაშობს მასწავლებელი ბავშვის ფსიქიკის განვითარებაში? როგორ
ვითარდება აღქმა? როგორ ვითარდება მეხსიერება? როგორ ვითრდება
აზროვნება?
მოზარდობა თავისი კარდინალური ცვლილებებით, რიგ შემთხვევებში, იწვევს
სრულიად მოულოდნელ მეტამორფოზებს, მაგალითად, ხშირად მოზარდები
სრულიად კარგავენ ინტერესს სწავლისადმი, თუმცა შესაბამისი
გულმოდგინებითა და მოწიწებით ეკიდებიან კლასგარეშე გატაცებებს (ე.წ.
‘’ნიჭიერი ზარმაცები’’). საკლასო პროცესისადმი დამოკიდებულება შესამჩნევი
არასტაბილურობით ხასიათდება - შესაძლოა ერთ დღეს სრულად იყვნენ
მობილიზებულნი აკადემიური დავალებების შესასრულებლად და მასალის
ასათვისებლად, ხოლო მეორე დღეს რადიკალური პროტესტი გამოხატონ
უყურადღებობითა და ზოგადი უინტერესობით. მათგან ზოგიერთი მიმართავს
ზედაპირულ სწავლას მშობლებისა თუ მასწავლებლებისგან
‘’განთავისუფლების’’ მიზნით, შედარებით ცუდი აკადემიური მოსწრების
მქონე მოზარდები იყენებენ ‘’შპარგალკებსაც’’. ცუდი აკადემიური მოსწრება
შეიძლება უკავშრდებოდებს მკვეთრად გამოხატულ ფიზიკურ ნაკლსაც (მაგ:
მცირედმხედველობა, სმენის დაქვეითება, ენაბლუობა და ა.შ.). პირადად მე
მქონდა მსგავსი გამოცდილება: მახასიათებს ენის ბორძიკი, რისი კომპლექსიც
მქონდა და არასდროს არ ვერთვებოდი საკლასო პროცესში, შედეგად კიდევ
თვითშეფასებაც საგრძნობლად დამიქვეითდა.
მოზარდების ერთ-ერთი მამოტივირებელი ფაქტორია შემეცნებითი
მოთხოვნილება, რომლის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაშიც სასკოლო
საგნების ‘’საინტერესოდ’’ და ‘’არასაინტერესოდ’’ დაყოფა ხდება. მსგავსი
სიტუაციის პრევენცია, ვფიქრობ, მასწავლებელზეა დამოკიდებული. თვით
მასწავლებლისადმი დამოკიდებულებას მოზარდებში ძირითადად
განაპირობებს საგნის ფლობა, პატივისცემა, სამართლიანობა (მოზარდისთვის
ერთ-ერთი წამყვანი მოთხოვნილებაა თანატოლებში თანაბარი უფლებების
ქონა, პრივილეგირებული მოსწავლეები ანდა, პირიქით, მოზარდზე
‘’გადაკიდებული’’ მასწავლებლები მნიშვნელოვნად ცვლის გარშემომყოფთა
მიმართ დამოკიდებულებას, ხშირად ნეგატიურადაც), მასალი ახნის უნარი,
მოსწავლეების მსჯელობების შეწყნარების უნარი. უპირატესობას ანიჭენებ
ისეთ მასწავლებლებს, რომლებიც რიგ შემთხვევაში სიმკაცრეს იჩენენ, თუმცა
დარწმუნებულნი არიან საკუთარი მოსწავლეების უნარებში. უფროსი
მოზარდები, განსხვავებით უმცროსებისგან, უფრო მეტად არიან
შემწყნარებელნი და ადვილად პატიობენ მასწავლებლებს გარკვეულ საკითხში
კომპეტენციის არქონას.
იზრდება მოზარდის აღქმის მოცულობაც, იგი ხდება უფრო მეტად
მიზანმიმართული და ყოველმხრივი. უმცროსკლასელებთან შედარებით,
მოზარდებს შეუძლია რთული ინფორმაციის სინთეზი და ანალიზი, რაც
უშუალოდ მოცემული, ზედაპირული მონაცემების სიღრმისეულად დაშლის
საშუალებას იძლევა. ხდება ლოგიკური აზროვნების ჩასახვაც, რაც
მნიშვნელოვნად აუმჯობესებს აღქმას. მოზარდის აღქმა არ არის მდგრადი და
სტაბილური, მასზე ძირითადად მოქმედებს მოზარდის ემოციური
მდგომარეობა და განაპირობებს ზედაპირულად, არაზუსტად ყურადღების
წარმათვას. ყურადღება, თავის მხრივ, შერჩევით ხასიათს ატარებს, ხშირადაა
გაფანტული, რაც დაკავშირებულია სქესობრივი და პიროვნული მომწიფებით
გამოწვეული უუნარობით წინააღმდეგობა გაუწიოს ყურადღებაზე მოქმედ
სუბიექტურ ფაქტორებს.
მეხსიერება მოზარდობაში თვისობრივად ვითარდება: უმჯობესდება
სიტყვიერი და ხატოვანი მასალის დამახსოვრება, იზრდება დამახსოვრების
სისწრაფე, მოცულობა და ხარისხი. ინფორმაციის ლოგიკური ანალიზის უნარი
განაპირობებს გააზრებულ დამახსოვრებას. ხშირად მოზარდები შეგნებულად,
თვითონვე ცდილობენ გამოიყენონ დახსომების სხვადასხვა ხერხი, რათა
აღდგენის ხარისხი გააუმჯობესონ, რიგ შემთხვევებში კი მასალას (სირთულისა
თუ სხვა ფაქტორის გათვალისწინები) მექანიკურად იმახსოვრებენ.
მნიშვნელოვან როლს იძენს აბსტრაქტული აზროვნება, შესაბამისად
აბსტრაქტული მასალის შენახვაც. ზოგიერთი მკვლევარის (მაგალითად,
სმირნოვი) მიხედვით, ამ ასაკში უნებლიე მეხსიერება უფრო მეტადაა
პროდუქტიული, ვიდრე ნებისმიერი.
მოზარდები აზროვნების განვითარების თვალსაზრისით, პიაჟეს მიხედვით,
იმყოფებიან ფორმალური ოპერაციების სტადიაზე, რაც უპირველესად
აბსტრაქტული აზროვნების განვითარებასთანაა ასოცირებული. ისინი იწყებენ
აბსტრაქტული, იდეალისტური შეხედულებების ფორმირებას სხვადასხვა
საკითხთან დაკავშირებით, იქნება ეს პოლიტიკა, ეთიკა, სოციალური
წყობილება თუ სხვა. ზოგიერთი მათგანი სოციალური პრობლემების
აღმოსაფხვრელად და საკუთარი იდეებისთვის ‘’ხორცის შესასხმელად’’
ვოლუნტირულ საქმიანობაშიც ერთვება, რაც უდავოდ მისასალმებელია,
თუმცა რიგ შემთხვევებში ეს იდეალიზებული პრობლემების გადაჭრის გზები
არაპრაქტიკულ ფანტაზიაში გადაიზრდება ხოლმე. ფორმალური ოპერაციების
სტადიაზე მოზარდებს შეუძლია ჰიპოთეტურად აზროვნება (მსჯელობა ისეთ
სიტუაციებზე და გარემოებებზე, რაც სუბიექტური გამოცდილების გარეთაა),
მაგალითად, მათ შეუძლიათ ფორმალურ დებატებში შესვლა და ისეთი
მოსაზრების დაცვა, რომელიც არ არის მათთვის ნაცნობი, იშვიათად
მიუღებელიც კი სუბიექტურ მე-კონცეპციასთან. მოზარდები საკმარისად
არიან კომპეტენტურნი ჰიპოთეზების ჩამოყალიბებისა და მათი
გამოცდისთვის, რაც საფუძველს წარმოადგენს ისეთი მათემატიკური და,
ზოგადად, მეცნიერული ცნებების გასაგებად, როგორებიცაა უარყოფითი
რიცხვი, უსასრულობა, სიჩქარე, პოლუსი, წონა, გრძედი, განედი და ა.შ.
აბსტრაქტულ აზროვნებასთან ერთად ხდება ანალიზურ-სინთეზური
მიდგომის სრულყოფაც: მოზარდები იწყებენ ინფორმაციის შინაარსობრივად
დაშლას, გამოყოფენ არსებით და არაარსებით მონაცემებს, ეძებენ მიზეზ-
შედეგობრივ კავშირებს. აბსტრაქტული აზროვნების ათვისება
დაკავშირებულია სიძნლეებთანაც: ზოგიერთ მოზარდს უჭირს კონკრეტულ
ფორმით მოცემული ინფორმაციის სხვა სიტუაციაზე გადატანა ანდა სხვა
სიტუაციაში მისი იდენტიფიცირება.

You might also like