You are on page 1of 4

განვითარების ფსიქოლოგია II

თემა II - მოზარდობა, ფიზიკური და ფიზიოლოგიური განვითარება

დავალება

სტუდენტი - ნიკო ქარცივაძე

1. როგორ გესმით სიტყვა ‘’მოზარდობა’’?


მოზარდობა არის გარდამავალი პერიოდი მოწიფულობასა და ბავშვობას
შორის. იგი ასაკობრივად მოიცავს 10-11 წლიდან 15-16 წლამდე დროით
მონაკვეთს. ამ დროს მოზარდის როგორც ფიზიკური, ისე ფსიქიკური
განვითარება კარდინალურად იცვლება და სრულყოფილი სახის მიღებისკენ
მიისწრაფვის. ხშირად მოზარდობა ასოცირებულია კრიზისულ პერიოდთანაც,
რადგან ინდივიდი ამ დროს იცვლება მთლიანპიროვნულად და ეს კარგ
საფუძველს ქმნის სტრესისა და სხვადასხვა სახის ტრამვებისთვის, თუმცა
პროცესების ამგვარი ნეგატიური განვითარება იშვიათობას წარმოადგენს და
მეტწილად მითოლოგიზებულია (ხშირად პოპულარულ კულტურაში
მოზრდილობას აკავშირებენ თავაშვებული და გაუგონარი მოზარდების
ცხოვრების სტილთან, რაც უმეტეს შემთხვევაში არ შეესაბამება რეალობას).
2. რომელია ზრდის ჰორმონი და რა როლს ასრულებს იგი მოზარდის
ორგანიზმში?
ზრდის ჰორმონს ეწოდება სომატოტროპინი, რომელსაც ჰიპოფიზი
გამოიმუშავებს. იგი აჩქარებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს (რაც იწვევს
სხეულის მასის ზრდას) და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის განვითარებას.
სომატოტროპინის დეფიციტი იწვევს ზრდის შეფერხებასა და, შესაბამისად,
ჯუჯა ადამიანების ფორმირებას. ისინი არ არიან სქესობრივად
მომწიფებულნი, თუმცა მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა ნორმალურია.
ამის საპირისპიროდ, სომატოტროპინის ჭარბი გამოყოფა ასოცირებულია
გიგანტიზმთან. გიგანტებს ახასიათებთ გრძელი კიდურები, სქესობრივი
მომწიფების შეფერხება და ამტანობის დაქვეითება.
3. დაახასიათეთ ცალკეული ჰორმონები და ის თუ რა როლს ასრულებენ ისინი
ორგანიზმში.
1) ჰიპოფიზის მიერ გამომუშავებული სომატოტროპინი, როგორც უკვე
ავღნიშნე ზემოთ, განაპირობებს ნივთიერებათა ცვლისა და ძვლოვანი
სისტემის განვითარების დაჩქარებას, რაც იწვევს ორგანიზმის ფიზიკურად
გაზრდას; 2) ფარისებრი ჯირკვლის მიერ გამომუშავებული თიროქსინი
აკონტროლებს ნივთიერებათა ცვლას (ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების
გადამუშავებას). ამასთან, იგი დიდ ზეგავლენას ახდენს ცენტრალურ ნერვულ
სისტემაზე: თიროქსინის დისფუნქცია ადრეულ ბავშვობაში აფერხებს როგორც
ფსიქიკურ, ისე სქესობრივ და ფიზიკურ განვითარებას; 3) თირკმელზედა
ჯირკვლის მიერ გამოყოფილი ადრენალინი განაპირობებს სისხლის
მიმოქცევისა და გულის კუნთის მუშაობის დაჩქარებას, აუმჯობესებს
სუნთქვას, აჩქარებს შაქრის გადასვლას სისხლში და ა.შ. ადრენალინის
გამოყოფა ექსტრემალურ სიტუაციებში გარდაქმნის ორგანიზმს და სწრაფი
მოქმედების საშუალებას აძლევს მას; 4) პანკრეასი გამოჰყოფს ჰორმონ
ინსულინს, რომელიც პასუხისმგებელია ნახშირწყლების შენახვაზე
(განსხვავებით ადრენალინისგან, რომელიც პირიქით, სწრაფად ამუშავებს
მათ). ინსულინის დეფიციტი 6-12 წლის ბავშვებში ზრდის შაქრიანი დიაბეტის
განვითარების ალბათობას; 5) სასქესო ჯირკვლების ანუ სათესლეების მიერ
გამომუშავდება მამაკაცის სასქესო ჰორმონები - ანდროგენები (ტესტოსტერონი
და ანდროსტერონი). მათი ფუნქციონირების ხარჯზე ხდება სასქესო
აპარატებისა და მეორადი სასქესო ნიშნების განვითარება. სასქესო ჯირკვლის
ჰიპერფუნქცია იწვევს ადრეულ სქესობრივ მომწიფებას, ხოლო ანდროგენების
დეფიციტი ანდა სათესლეების კასტრირება სასქესო ორგანოს, გათმიანების,
სექსუალური ლტოლვის, ხმის ტემბრის და სხვა სასქესო ნიშნების
განვითარების შეფერხებას; 6) ქალის სასქესო ჯირკვლებში ანუ საკვერცხეებში
ხდება ქალის სასქესო ჰორმონების - ესტროგენების (ესტრადიოლი და
პროგესტერონი) გამოყოფა. ესტროგენების გავლენით ფორმირდება სასქესო
ორგანო და კვერცხუჯრედები. საკვერცხეების ჰიპერფუნქცია იწვევს
ნაადრევად სექსუალურ მომწიფებასა და მენსტრუალური ციკლის დაწყებას.
ამასთან, ქალის ორგანიზმში გამომუშავდება გესტაგენის ჰორმონიც, რომელიც
დაკავშირებულია ორსულობასთან.
4. სხეულის მომწიფება რამდენ ეტაპს გაივლის?
ფიზიკური მომწიფება გაივლის 5 ეტაპს: 1) წინაპუბერტატი არის პერიოდი,
რომელიც უსწრებს სქესობრივ მომწიფებას. ამ დროს არ შეინიშნება მეორადი
სასქესო ნიშნები; 2) პუბერტატის დასაწყისი - ბიჭებს ეზრდებათ სათესლეები
და ეწყებათ მცირედი გათმოვანება ბოქვენზე, ხოლო გოგონებს ეზრდებათ
მკერდის ზომა. ასევე, აქტიურდება ჰიპოფიზი (უმეტესად გოგონებთან) და
ძლიერდება სასქესო ჰორმონების გამოყოფა და თირკმელზედა ჯირკვლების
ფუნქციონირება; 3) ბიჭებთან გრძელდება სათესლეებისა და სასქესო ორგანოს
ზრდა, ბოქვენის გათმიანება და, ასევე, სიმაღლეში ზრდა, ხოლო გოგონებთან
სარძევე ჯირკვლების განვითარება. ძლიერდება სასქესო ჯირკვლების
ფუნქციონირებაც; 4) ბიჭებთან იცვლება ხმის ტემბრი, სახისა და იღლიების
გათმოვანება და, რაღა თქმა უნდა, სიმაღლეც. გოგონებთან განაგრძობს
განვითარებას სარძევე ჯირკვლები. ორივე სქესის წარმომადგენლებთან
ინტენსიურ ხასიათს ღებულობს ანდროგენებისა და ესტროგენების გამოყოფა;
5) ბიჭებსაც და გოგონებსაც უვითარდებათ პირველადი და მეორადი სასქესო
ორგანოები და ნიშნები. გოგონებთან სტაბილურ ხასიათს იღებს
მენსტრუალური ციკლი.
5. დაახასიათეთ მე-ს ხატი.
მოზარდების მიერ განცდილი ფიზიოლოგიური ცვლილებები ძალიან დიდ
გავლენას ახდენს მათ მე-კონცეპციაზე და რიგ შემთხვევებში სრულიად ცვლის
მათ სულიერ სამყაროს. მაგალითად, ნაადრევად მომწიფებულ ბიჭებს აქვთ
უფრო პოზიტიურად განვითარებული თვითშეფასება (რადგან ისინი უფრო
მეტად არიან ძლიერნი და მაღლები გვიან მომწიფებულებთან შედარებით),
რაც განაპირობებს მათ პოპულარობასაც. ამასთან, ისინი გამოირჩევიან
დადებითი პიროვნული მახასიათებლებითაც. გვიან მომწიფებულ მოზარდებს
აქვთ უარყოფითი თვითშეფასება და მე-კონცეპცია, რაც მათ მიმზიდველობასა
და პოპულარობას სერიოზულ დარტყმას აყენებს. განსხვავებული სიტუაციაა
გოგონებთან: ადრე მომწიფებული გოგონა საკუთარი განსხვავებული
ფიზიკური აღნაგობიდან გამომდინარე ვერ ერგება მის სოციალურ წრეს,
ხშირად სცხვენია საკუთარი თავის, რაც შესაძლოა სტრესის საფუძველიც
გახდეს. გვიან მომწიფებულნი კი განიცდიან საკუთარ ‘’პატარა’’ სხეულებრივ
პროპორციებს და უკმაყოფილონი არიან ამით. საკუთარი ფიზიკურობის აღქმა
და, საერთოდ, ფიზიკური მიმზიდველობის იდეა ძალიან მტკივნეულად
მოქმედებს მოზარდებზე და ხშირად ხდება ნეგატიური გუნება-
განწყობილების აღმოცენების მიზეზი. მე-კონცეპციას ასევე ძალიან დიდ
დარტყმას აყენებს მოზარდის ჭარბი წონა, ჭორფლი და კანის ჯირკვლების
ინტენსიური მოქმედებით გამოწვეული მუწუკები, ამით პროვოცირებულმა
შფოთვამ კი შესაძლოა პათოლოგიური სახეც კი მიიღოს.
6. განიხილეთ მოზარდის ნევროზული დაავადებები (შეგიძლიათ გასცდეთ
სალექციო მასალას).
კვებით დარღვევებთან დაკავშირებული მეტად გავრცელებული ნევროზული
აშლილობებია ნერვული ანორექსია და ბულემია. ნერვული ანორექსია
ვლინდება არაობიექტურ დამოკიდებულებაში კვებასა და საკუთარ წონას
შორის. ანორექსიით დაავადებულებს ჩვეულებრივ მიაჩნიათ რომ ბევრს ჭამენ,
რის გამოც მკაცრ დიეტას იცავენ ‘’ფიგურის’’ დასაცავად. ეს ყველაფერი
გადაიზრდება ხოლმე ფანატიკურ შიმშილში, რაც იწვევს სხეულის
გამოფიტვასა და ხელოვნურად ზრდა-განვითარების შეფერხებას. მათ სხეულს
ეკარგება ნორმალური სიმრგვალე, ამასთან უქრებათ სექსუალური ლტოლვა,
წყდება მენსტრუალური ციკლიც. ნერვული ანორექსია ძირითადად გვხვდება
25 წლამდე ქალებში. არ არსებობს მკურნალობის რაიმე სპეციფიკური გზა, რის
გამოც საბოლოოდ დღის წესრიგში დგება პაციენტის ჰოსპიტალიზებისა და
ხელოვნურ კვებაზე გადაყვანის საკითხი. ხოლო ბულემიით დაავადებულებს
მეტ-ნაკლებად ახასიათებთ მათი ობიექტური მდგომარეობის გაცნობიერება.
ისინი, ანორექსიით დაავადებული ადამიანებისგან განსხვავებით,
მიდრეკილნი არიან ერთიანად დიდი რაოდენობით საჭმლის მიღებისკენ,
ღორმუცელობისკენ, რაც ძირითადად გამოიხატება ნახშირწყლებით
გაჯერებული ტკბილეულების ჭამაში. საბოლოოდ, ამით შერცხვენილნი
ცდილობენ ხელოვნური პირღებინების გზით ამოიღონ საკვები კუჭიდან.
მათი ფიზიკური გარეგნობით უკმაყოფილება ფსიქიკურად ვლინდება
შფოთვაში, დეპრესიასა და დაბალ თვითშეფასებაში.

You might also like