You are on page 1of 2

ხორხე ლუის ბორხესი

ასტერიუსის სახლი

„და შვა დედოფალმა ქვეყნად ვაჟი, რომელსაც ასტერიუსი უწოდეს“


აპოლოდორი, ბიბლიოთეკა, III. 1

ვიცი, ქედმაღლობას დამწამებენ და იქნებ, ადამიანების სიძულვილსაც,


შესაძლოა, სიშმაგესაც. ეს ბრალდებები (რომლების გამოც თავის დროზე
პასუხს მოვითხოვ) სასაცილოა, მართალია, რომ სახლიდან არ გამოვდივარ,
მაგრამ ისიცმართალია, რომ მისი კარები (რომელთა რაოდენობა უთვალავია)
დღედაღამ ღიაა ადამიანებისთვის თუ მხეცებისთვის. ვისაც უნდა შემოვიდეს.
აქ ვერ აღმოაჩენთ ვერც გამრყვნელ ფუფუნებას, ვერც სასახლეების ფუჭ
დიდებულებას, მხოლოდ სიმშვიდესა და მარტოობას. და სახლს რომლის
დარიც მთელ დედამიწაზე არ არსებობს (ცრუობს, ვინც ამტკიცებს, რომ
მსგავსი სახლი ეგვიპტეშიც არის). ჩემს ცილისმწამებლებსაც კი მოუწევთ იმის
აღიარება, რომ სახლში არავითარი ავეჯი არ არის. კიდევ ერთი სიბრიყვეა,
თითქოს მე, ასტერიუსი, პატიმარი ვარ. გავიმეორო, რომ აქ არც ერთი
დაკეტილი კარი და არც საკეტი არ არის? გარდა ამისა, ერთხელ შებინდებისას,
ქუჩაში გავედი; და თუ ღამის დადგომამდე დავბრუნდი შინ, მხოლოდ
იმიტომ, რომ ტეტია ხალხის სახეებმა შემაშინა - უფერულმა და ბრტყელმა,
ხელისგულებივით მზე უკვე ჩასულიყო, მაგრამ ბავშვის უწყვეტი ბღავილი
იმას ნიშნავდა, რომ ამომიცნეს. ხალხი ლოცულობდა, გარბოდა, მუხლებზე
ემხობოდა, ზოგიერთი ორმაგი ცულის ტაძრის ფერხთით მიცოცავდა, სხვები
ქვებს სწვდებოდნენ. ვიღაცა, მგონი ზღვაშიც გადაეშვა. ტყუილად როდი იყო
დედაჩემი დედოფალი, არ ძალმიძს მასაში გარევა, თუნდაც თავმდაბლობის
გამო მომენდომებინა. საქმე ის არის, რომ მე განუმეორებელი ვარ. არ
მაინტერესებს, რა შეუძლია ერთ კაცს უამბოს სხვებს. როგორც ფილოსოფოსს,
მიმაჩნია, რომ წერილის მეშვეობით არაფრის გადაცემა არ არის შესაძლებელი.
ეს გამაღიზიანებელი და მდარე წვრილმანები არ უთავსდება ჩემს სულს,
რომელიც დიადისთვის არის განკუთვნილი. ვერასდროს ვახერხებდი ერთი
ასოს გარჩევას მეორისგან. რაღაც კეთილშობილური მოუთმენლობა მიშლის
ხელს, კითხვა ვისწავლო. ხანდახან ამის გამო ვდარდობ კიდეც - დღეებ და
ღამეები ისეთი გრძელია.

რათქმა უნდა, გასართობი საკმარისი მაქვს. რქენისთვის მზად მყოფი


ერკემალივით დავხეტიალობ ქვის გალერეებში, სანამ ძალა გამოცლილი მიწას
არ დავენარცხები. წყალსატევთან ჩრდილში ან დერეფნის მოსახვევთან
ვიმალები და თავს ვიტყეუბ, თითქოს ვუნმე მეძებდეს.

ზოგიერთი სახურავიდან გადმოვმხტარვარ და თავიც მიმინარცხებია.


ხანდახან თავს ვიმძინარებ, თვალებდახუჭული ვწევარ და ღრმად ვსუნთქავ
(ისეც ხდება, მართლა ჩამეძინება და თვალებს რომ გავახელ, ვხედავ დღის
ფერი როგორ შეცვლილა). მაგრამ ყველა თამაშზე მეტად სხვა ასტერიუსობანა
მიყვარს. ვითომ ის მესტუმრა, ჩემს სახლს ვათვალიერებინებ.

1
საოცარი მოწიწებით ვეუბნები : „ მოდი იმ კუთხეში დავბრუნდეთ“, ან „ ახლა
სხვა ეზოში გავიდეთ“, ან „ ასეც ვფიქრობდი, რომ ეს კარნიზი მოგეწონებოდა“,
ან „ ახლა ნახავ როგორ იტოტება მიწისქვეშა გასასვლელი“. დროდადრო
მეშლება კიდეც რაღაცეები და მაშინ ორივე ერთად გულიანად ვიცინით.

მარტო ამ თამაშებს კი არ ვიგონებ, სახლზეც ვფიქრობ. სახლის ყველა ნაწილი


ბევრჯერ მეორდება, ერთი ნაწილი ზუსტად მეორისნაირია. არ არის ერთი
წყალსატევი, ეზო, ვარცლი, გუბე, არამედ უამრავი ვარცლი, ეზო, წყალსატევი,
გუბე, სახლი სამყაროს ჰგავს, უფრო სწორად, ის არის სწორედ სამყარო. თუმცა
მბეზრდება ეზო გუბით და მტვრიანი ნაცრისფერი ქვით ნაგები გალერეები,
ქუჩაში გამოვდივარ და ორმაგი ცული ტაძარს გავყურებ, ან ზღვას. ამას ვერ
ვხვდებოდი , სანამ ერთ ღამესაც არ მომეჩვენა, რომ არსებობს უსასრულობის
ზღვა და ტაძარი. ყველაფერი მრავალჯერ მეორდება, უამრავჯერ, მაგრამ ორი
რამ არის სამყაროში განუმეორებელი: ზემოთ - გაუგებარი მზე; ქვემოთ - მე
ასტერიუსი. შეიძლება, ვარსკლავები, და მზე და ეს უშველებელი სახლი, ჩემ
მიერაა შექმნილი, მაგრამ ამაში არ ვარ დარწმუნებული.

ყოველ ცხრა წელიწადში ერთხელ სახლში ცხრა ადამიანი ჩნდება, რათა


ბოროტებისგან გავათავისუფლო, მათი ნაბიჯები ან ხმები მესმის ქვის
გალერეების სიღრმეში და სიხარულით მივეშურები მათ შესახვედრად, მთელი
პროცედურა სულ რამდენიმე წუთი გრძელდება. ერთმანეთის მიყოლებით
ეცემიან, სისხლით გასვრასაც კი ვერ ვასწრებ. სადაც ვარდებიან, იქვე რჩებიან
და მათი სხეულები მეხმარება , ეს გალერეა სხვათაგან გავარჩიო. არ ვიცი, ვინ
არიან, მაგრამ ერთმა მათგანმა სიკვდილის წინ მიწინასწარმეტყველა, რომ
ოდესმე ჩემი განმათავისუფლებელიც მოვა.

მას მერე არ მტანჯავს მარტოობა, ვიცი რომ ჩემი განმათავისუფლებელი


არსებობს და ბოლოს და ბოლოს ის ჩემს მტვრიან იატაკზეც დადგამს ფეხს.
ნეტავ ჩემს ყურთასმენას ამქვეყნად ყველა ხმა სწვდებოდეს, მის ნაბიჯებს
გავარჩევდი. კარგი იქნებოდა, სადმე წავეყვანე, სადაც ნაკლები გალერეა და
ნაკლები ეზოა. როგორი იქნება ჩემი განმათავისუფლებელი?

- საკუთარ თავს ვეკითხები. ხარი იქნება თუ ადამიანი? ან იქნებ


ადამიანისთავა ხარი? ან ისეთი როგორიც მე ვარ?

დილის მზე თამაშობდა ბრინჯაოს ხმალზე, მასზე სისხლი აღარ


დარჩენილიყო.

- დამიჯერებ არიადნა? - თქვა თეზევსმა, - მინოტავრს თითქმის არ


გაუწევია წინააღმდეგობა.

ასტერიუსი - მინოტავრის სახელი.

You might also like