You are on page 1of 3

ეგვიპტური მითოლოგია

ოსირისი – ეგვიპტური მითოლოგიის უძველესი ღმერთი, რომლის


კულტი ყველაზე გავრცელებული იყო მთელს ეგვიპტეში ცივილიზაციის
არსებობის 3000 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. ღმერთი, რომლის
სახელის ხსენებაზე ყველას ეგვიპტე, ნილოსი, გარდაცვლილის
სამსჯავრო და მიცვალებულთა წიგნი ახსენდება. ოსირისი ძველი
ეგვიპტის სიმბოლოა. ალბათ, ყველას გვაინტერესებს თუ როგორ
უწოდებდნენ ღმერთს ეგვიპტელები, ზუსტად არავინ იცის, თუმცა მისი
იეროგლიფების ტრანსკრიფცია შემდეგნაირია „უსირ“, რაც
ეგვიპტურად „ძლევამოსილს“ ნიშნავს. ჰელიოპოლისის მითის
მიხედვით, ღმერთმა ატუმმა საკუთარი თავი შექმნა, შემდეგ კი ღმერთი
შუ (ჰაერი) და ქალღმერთი ტეფნუტი (სინოტივე). თავისთავად, ორმა
ღმერთმა შექმნა გები (მიწა) და ნუტი (ცა), რომლის შვილებად
მოიაზრებოდნენ ოსირისი, სეთი, ისისი და ნეფთისი.
ძველი ეგვიპტელების წარმოდგენით, ოსირისი ეგვიპტის პირველი
ფარაონი და მმართველი იყო, სწორედ მან გადასცა ადამიანებს
საჭირო ცოდნა და გამოცდილება; ასწავლა მიწათმოქმედება,
ირიგაცია, მესაქონლეობა, სამართალი, რელიგია და ასტორნომია.
მისი მართველობისას ეგვიპტე აყვავდა და დიდებულ ქვეყანად იქცა,
ყველა ბედნიერი იყო, ყველა, მაგრამ არა სეთი. შურით
დაბრმავებულმა სეთმა, გადაწყვიტა საკუთარი ძმა მოეკლა და
თავიდან მოეცილებინა.
სეთმა ყველაფერი საგანგებოდ დაგეგმა და ეშმაკური გეგმა შეიმუშავა.
საკუთარ ხელოსნებს ულამაზესი სარკოფაგი დაამზადებინა, რომელიც
მხოლოდ და მხოლოდ ოსირისის ტანს იყო მორგებული. სასახლეში
დიდი ლხინი გამართა და ცოტა ღვინო დალეულ სტუმრებს სარკოფაგი
აჩვენა, თან დაამატა რომ სარგკოფაგს გადასცემდა მას, ვის სხეულსაც
იდეალურად დაემთხვეოდა. სტუმრებმა სათითაოდ მოსინჯეს ბედი,
ბოლოს ოსირისმა სცადა ბედი და ჩაწვა სარკოფაგში. სწორედ ამ
დროს, სეთმა სახურავი დააფარა, ჩაკეტა და კუბო მდინარე ნილოსში
გადააგდო. მდინარემ სარკოფაგი ზღვამდე ჩაიტანა და ბოლოს
ფინიკიის სანაპიროზე, ბიბლოსთან გამორიყა, ამ დროისათვის
ოსირისი უკვე გარდაცვლილი იყო. დამწუხრებული ისისი მის სხეულს
ყველგა ეძებდა, ბოლოს მიაგნო ფინიკიაში და ეგვიპტეში დააბრუნა,
სადაც ცდილობდა რომ მისი გაცოცხლების საშუალება მოეძებნა.
შეშფოთებულმა სეთმა ძმის სხეული 14 (ზოგ მითში 16) ნაწილად
დაანაწევრა და ეგვიპტის ტერიოტრიაზე მიმოფანტა. ქალღმერთ ისისს,
არც მაშინ დაუყრია ფარ-ხმალი, დასთან ქალმერთ ნეფთისთან ერთად
მთელს ეგვიპტეში დაიწყო მოგზაურობა და სხეულის ნაწილების
შეგროვება. საბოლოოდ ყველა ნაწილი იპოვეს, გარდა ერთისა,
ოსირისის ფალოსი, რომელიც მდინარეში სეთის წმინდა თევზმა
შეჭამა. ისისისა და ნეფთისის გოდებამ შეძრა სამყარო; ღმერთ რას
შეებრალა მგლოვიარე დები და ანუბისს დაავალა ოსირისის სხეული
პირველი მუმიფიცირებისათვის მოემზადებინა; თოტს, ისისსა და
ნეფთისს კი დაწვრილებით აუხსნა როგორ შეერთებინათ სხეული.
ისისი ძერად გადაიქცა და ახალი სიცოცხლე შთაბერა ღმერთს.
სწორედ ამ დროს ისახება ღმერთი ჰორუსი. მკვდრეთით აღმდგარმა
ოსირისმა, მიცვალებულთა სამყაროში გადაინაცვლა და მისი
მმართველი, სულების მთავარი მსაჯული ხდება.უძველეს ტექსტებში
ოსირისი მოხსენიებულია, როგორც სამართლიანი, ადამიანების შემწე
ღმერთი. მის სამსჯავროზე მოსახვედრად მიცვალებულს ანუბისთან
ერთად უნდა გაევლო დუატი და პილონების დარბაზი, ამ
მოგზაურობისას აუცილებელი იყო გარკვეული რელიგიური
შელოცვების ცოდნა; მდიდარი ეგვიპტელები მათი დამახსოვრებით
მაინც და მაინც თავს არ იწუხებდნენ და სწორედ ამიტომ დეტალურად
ჩაწერეს ეს ყველაფერი „ჭიშკრების წიგნში“ და „მიცვალებულთა
წიგნში“. ოსირისის წინაშე წარმსდგარი გარდაცვლილი, ყველანაირად
ცდილობს ღმერთი დაარწმუნოს რომ სიცოცხლის განმავლობაში მას
არ ჩაუდენია არანაირი ცოდვა და ღირსია მოიპოვოს სამუდამო
ცხოვრება იალუს მინდვრებზე. ანუ, აქ დიდი მნიშვნელობა არ ენიჭება
იმას, თუ რა გაგიკეთებია ცხოვრებაში, არამედ რამდენად კარგად იყო
მომზადებული სამსაჯვროსათვის. ალბათ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით
რომ ოსირისს როგორც მიწათმოქმედების ღმერთსაც
ეთაყვანებოდნენ. მიწისქვეშ ჩაბრძანებული ღმერთი როგორ უნდა
იყოს პასუხისმგებელი უხვ მოსავალზე? თუ ამ საკითხს ისე დავინახავთ,
როგორც ძველი ეგვიპტელები, მაშინ ყველაფერი ცხადია.
გარდაცვლილი და მკვდრეთით აღმდგარი ღმერთი პირდაპირ
კავშირშია მიწათმოქმედების ციკლთან, სადაც ზამთარში მიწა
უნაყოფოა, შემდეგ კი იწყება თესვა და ნოყიერი, განახლებული
მინდვრებიდან მოსავლის აღება.
გარდაცვლილი და მკვდრეთით აღმდგარი ოსირისი ეგვიპტის
მთავარი ღმერთი და სიმბოლო ხდება. ტაძრები, სამარხები,
სარკოფაგები, პაპირუსები და სვეტები მისი რელიეფებით იფარება,
მას ვხვდებით ყველგან და ყოველთვის.

You might also like