You are on page 1of 14

ვალერიან გაფრინდაშვილი

(1890—1941)

ლექსი მისთვის ბედისწერად იქცა, ლექსი იყო მისი ცხოვრებისა


და ყოფის სტიქია, სხვაგვარად ცხოვრება არც უცდია, მთელი
სიცოცხლე პირველი აღთქმის ერთგული და პირველი სიყვარულის
ტყვე დარჩა. XX საუკუნის პოეტური პარნასის ისტორიაში ვალერიან
გაფრინდაშვილი ლირიკული პოეზიის ჭეშმარიტ ქურუმად
მოიაზრება. მისი ცხოვრება დიდი სულიერი მხსვერპლშეწირვის
და ამასთან ერთად, ილუზიათა მსხვრევის ისტორია იყო.
ვალერიან გაფრინდაშვილი არასდროს მდგარა პოეტურ
შეხედულებათა გზაჯვარედინზე და, არც ფეხისწვერით უსინჯავს
შემოქმედებითი ნიადაგის სიმკვრივე. იგი იმთავითვე
უკანმოუხედავად დაადგა სიმბოლისტური პოეზიის გზასავალს.
ამ მშვენიერი და გაბედული არჩევანისთვის მან ეკლის გვირგვინის
სიმწარეც იგემა და გულზედ დადგმული უღლის სიმძიმეც.
მაგრამ უსაზღვრო იყო სიყვარული და უკომპრომისო იყო მიზანი
— ქართული სიტყვაკაზმული მწერლობის აღორძინებისა,
ლექსის კვლავ ცისკენ ამაღლებისა, ცისფერთან, პირველქმნილთან
ზიარებისა, იმთავითვე, როცა თავის უმრწემეს ძმებ195
თან, თანამოაზრეებთან ერთად ფრთხილად ასწია პოეტური
სცენის ფარდა ყველაზე არტისტულმა, ყველაზე ესთეტურმა
და ყველაზე ბოჰემურმა „სიმბოლისტურმა წმინდა სამებამ“
ქართული მწერლობის ისტორიაში.
„ჩვენ ვუყურებთ პოეზიას, როგორც ერთს, მძლავრ მოვლენას
ქვეყნის რიტმისას, ქვეყნის გარდასაქმნელად. არ გვეშინია
არც ერთი განსაზღვრულობა ამ მხრით: მივიღებთ ყოველს,
თუკი იგი იმავ რითმით იქნება გამართლებული. ჩვენი დევიზია
მარადისობა, — და არა მარტოდ-მარტო წარსული, როგორც
ამას ბევრი დახავსებული ებღაუჭება — და არც მარტო მომავალი...
თავი და თავი ჩვენ უნდა გამოვკვეთოთ ამ საერთო რკალ-
ში. ჩვენი ქართული პროფილი, ქართველობის ძირეული განცდა
ჩვენი მთავარი მოთხოვნაა. აქ იქნება ჩვენი ტემპერამენტი, ჩვენი
გონება, ჩვენი იერი. ჩვენ შევაერთებთ დასავლეთის სიმახვილეს
და აღმოსავლეთის მზიურ მოდუნებას, დასავლეთის მხატვრული
ნებით გამოვსჭრით აღმოსავლეთის ნამზეურის ჭვრეტას“.
1 ვალერიან გაფრინდაშვილის ამ სტრიქონებს, პათოსითა

და სტილით გრიგოლ რობაქიძის ესსეს რომ გვაგონებს, ალბათ


ყველაზე „დემოკრატი“ კრიტიკოსიც უყოყმანოდ მოაწერდა
ხელს, რადგან მასში იმ ყბადაღებული რადიკალიზმის, გაცნობიერებული
ორთოდოქსალიზმისა თუ ემოციური უტაქტობის
ნიშანწყალიც კი არ არის, რასაც პოეტსა და მის მეგობრებს
ბრალდებად უყენებდნენ ლიტერატორი ოპონენტები; თუმცა
ორთოდოქსალიზმი ვალერიან გაფრინდაშვილის პოეზიის ერ-
თგვარ სავიზიტო ბარათად მიიჩნევა.
ვალერიან გაფრინდაშვილი ქუთაისში დაიბადა და მიუხედავად
იმისა, რომ იქ მხოლოდ ყმაწვილკაცობის წლები გაატარა,
ქუთაისი მაინც დარჩა მისთვის პოეტურ მექად და თუკი მისი
თაობის პოეტთათვის „თბილისი იყო ლექსის მასწავლებელი“
ვალერიანს თბილისშიც ქუთაისი ენატრებოდა.
„საოცნებოა ქუთაისი საფირონ ქარში,
ქალაქის სახე უცნაურობს მრავალ პირბადით
და იზმორება აღტაცებულ ნისლის სიზმარში,
სანამ თარეშობს ეს გრიგალი მედიდურ ნალით.
და ჩემი ცქერა — ანთებული უცხო კვალებით,
ვით ცისარტყელას, რაგინდნაფერ ლანდებს ემონა:
მტევრის რაშებზე მიქროლავენ ამორძალები —
თვით ჯოკონდა, კორდელია და დეზდემონა“.
(„ქუთაისი ქარში“)
1 ვ. გაფრინდაშვილი, "ლექსები, წერილები, თარგმანები, ესსეები", თბილისი 1990, გვ. 693.
196
ეს ლექსი ვალერიან გაფრინდაშვილს 1917 წელს დაუწერია,
სიმბოლისტური აპოლოგიის ხანაში, მოგვიანებით, 1935
წელს, მან კიდევ ერთი ლექსი უძღვნა ქუთაისს:
„მე განახლებულს ვხედავ ქუთაისს,
ვუცქერ ყველაფერს ახალი განცდით,
ნაცნობ მდინარეს ქუჩას თუ დაისს,
ჩემთვის რომ იყო ნამდვილი განძი.
მოგონებები ტკბილი და მწუთხე,
მე თითქოს გზაზე გადამეღობა
და ახლა ჩემთვის ნამდვილი კუთხე
უდრის უეცრად ნახულ მეგობარს“.
ამ მაგალითით აშკარავდება, თუ როგორ იცვლებოდა პოეტის
შემოქმედებითი ფორმა და სტილი სიმბოლისტურ ვნებათა
დაცრომის შემდეგ, რამდენად განსხვავებულია ერთ თემასთან,
ერთ პრობლემასთან მისასვლელი გზის პოეტისეული არჩევანი
„ცისფერყანწელობაში“ და „მიწასთან დაბრუნების“ შემდეგ.
რაც არ უნდა ითქვას, უდავოა, რომ ვალერიან გაფრინდაშვილის
პოეტური სტიქია მხოლოდ სიმბოლიზმი იყო, სხვა ყველაფერი
კი დროისა და ვითარების მიერ თვალის მოსატყუებლად
დაკრული იარლიყი, დარჩა კიდევაც ასეთად: თხემით ტერფამდე
შემოქმედი, მოდერნისტულ სახეთა და სიმბოლოთა მუდმივი
მაძიებელი და თაყვანისმცემელი.
მიზიდულობა თუ სიმპათია მოდერნისტული მსოფლაღქმისადმი,
როგორც ჩანს, ადრიდანვე გაჩნდა. თუმცა, ეს დამოკიდებულება
საბოლოოდ მოსკოვის უნივერსიტეტში სწავლისას
გააცნობიერა; აქ, ტიციან ტაბიძესთან ერთად იგი ახლოს გაეცნო
არა მხოლოდ ევროპულ და რუსულ სიმბოლისტურ მიმარ-
თულებებს, არამედ მათ უშუალო შემოქმედებს. ამ ურთიერთობებმა
კი, ძალიან მალე იჩინეს თავი და პირველი ლექსებიც მოსკოვშივე
შეიქმნა, რუსულ ენაზე (რუსულ ლექსებს პაოლო იაშვილიც
წერდა). მოსკოვიდან ვალერიან გაფრინდაშვილი და ტიციან
ტაბიძე 1914 წელს დაბრუნდნენ ქუთაისში, ამავე დროს
დაბრუნდნენ გერმანიიდან გრიგოლ რობაქიძე და პარიზიდან —
პაოლო იაშვილი, მაშინ ქუთაისში იყო გალაკტიონიც და ლიტერატურული
ვნებათაღელვის ამპლიტუდამაც უცებ აიწია, უფრო
სწორად უცებ ავარდა; ლიტერატურულმა ცხოვრებამ სუნ-
თქვა მოუხშირა და ქუთაისი ათიან წლებში იქცა შემოქმედები-
თი ცხოვრების ცენტრად, სამწერლო ყოფის არენად.
ამ პროცესის მთავარი გმირები კი ქართველი სიმბოლისტები
იყვნენ ანუ "ცისფენრყანწელთა ლიტერატურული კორპორა197
ცია" და მისი ლიდერები: პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე, ვალერიან
გაფრინდაშვილი. მიუხედავად ცნობილი ფაქტისა — პაოლო
იაშვილის ყანწელთა ლიდერობის შესახებ, გადაუჭარბებლად შეიძლება
ითქვას, რომ საზოგადოდ ამ ჯგუფს სამი ლიდერი ჰყავდა,
ერთი აზრითა და ერთი მიზნით შეკრული სამი ახალგაზრდა
კაცი: ტიციანი, პაოლო და ვალერიანი. მათ ერთნაირად გაინაწილეს
საკმაოდ მძიმე მოვალეობაც, შრომაც და პასუხისმგებლობაც
იმ დროის პოეტისა და თანაც „ცისფერყანწელი“ პოეტისა,
რაც ამ ყოველივეს კიდევ უფრო მძაფრად შეგრძნებას გულისხმობდა,
რადგან არავის ისე არ უწვნევია ლიტერატურული კრიტიკის
სიმწვავე, დაპირისპირება, მიუღებლობა და შეურაცხყოფაც
კი, როგორც ცისფერყანწელებს; ისინი კი ცდილობდნენ იმ
დროისათვის ყბადაღებული საზოგადოებრივ-საპოლემიკო, თუ
სატირული პერიოდიკის ფურცლებზე ნომრიდან ნომერში გადასული
კრიტიკის ქარცეცხლისთვის, უტაქტო ბრალდებებისა და
ირონიისათვის მხოლოდ ლიტერატურულ ფასეულობებზე საუბრითა
და დასაბუთებით ეპასუხათ. ამ იდეურ-პუბლიცისტური
ბრძოლის წინა ხაზზე ვალერიან გაფრინდაშვილიც იდგა, ვითარცა
სიმბოლისტური ესთეტიკის ერთ-ერთი იდეოლოგი: „დღეს
პოეზია ქმნის რეალურ სახეებიდან სიმბოლოებს, ქმნის ახალ მი-
თებს. წარმართულმა და ქრისტიანულმა მითოლოგიამ დაკარგა
თავისი კავშირი ჩვენს შეგნებასთან და პოეტიც სხვა ობიექტებს
ეძებს თავისი შემოქმედებისთვის. ძველი მითები აღარავის არ
სწამს, ამავე დროს, ჩვენ გვინდა მითი, ჩვენ გვწყურია მითი.
დღეს პოეზიაში თვალსაჩინოა ერთი ხაზი, ერთი ტენდენცია, რომელიც
თანდათან უფრო პოპულარული ხდება. ...ქართულმა პოეზიამ
უნდა შექმნას რუსთაველის მითი“ 1.
ამ განცხადებათა პოეზიაში განხორციელება ავტორმა შემოქმედებით
გზაზე პირველი ნაბიჯებიდანვე დაიწყო და როდესაც
სიტყვაკაზმული მწერლობის ისტორიის კარი შეაღო, არჩევანი
უკვე გაკეთებული იყო, გადაწყვეტილებაც მკაცრად განსაზღვრული
და საბოლოო, სიმბოლისტური მსოფლმხედველობის
სასარგებლოდ. ვალერიან გაფრინდაშვილი — პოეტი — საქართველომ
მისი მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ გაიცნო. მის
კრებულებში პირველი ლექსებიც 1914—1915 წლებით თარიღდება
და მათში ჩამოყალიბებული სიმბოლისტური ხედვაც იმ-
თავითვე ცნაურდება, საკუთარივე თაობის ზოგიერთი თანამოკალმისაგან
განსხვავებით:
1 ვ. გაფრინდაშვილი "ლექსები, წერილები, თარგმანები, ესსეები", თბილისი, 1990, გვ. 544.
198
„მისი ფეხის ხმა მაგონდება მე წვიმის ხმაზე,
მის კაბის წრიალს მე მაგონებს ფოთოლთ შრიალი,
შენ, სულო ჩემო დაღლილო და მოხეტიალე,
ჩუმად გიმღერის დამკოდველი მისი სინაზე.
ვნახე თეატრში, წამწამების გამოფენაზე,
ის წუთი მახსოვს... მეოცნებე გულად ვიალე,
გავიდა ჟამი, დამავიწყდა ჩემი ტრფიალი,
და ისევ აღსდგა ამ წვიმაში ის სილამაზე“.
(„ოცნება წვიმაში“)
თუმცა პირველ ლექსებში დატეხილ რითმათა თუ სიმბოლურ
სახეთა ფონზე მკრთალად, მაგრამ მაინც ჩნდება ანარეკლი
ქართული კლასიკური ლექსთაწყობისა:
„მთვარე, ვით სატრფოს ნაზი საყურე,
სხივით უმღერის ვარსკვლავთა კრებულს,
დაღლილმა სევდით მე მივაშურე,
ადგილს, ჩრდილებით გაწამწამებულს."
(„თარეში“)
აქედან კი ორიოდ ნაბიჯია — აზრობრივად და სულ ერთი წელი
ქრონოლოგიურად სიმბოლისტურ „სიმაღლეთა ხილვამდე“:
„ვინ არის სარკის უფსკრულიდან რომ მევლინება,
ვისი თვალები ემუქრება ჩემს ფერმკრთალ თვალებს?
ნუთუ მიცქერის საკუთარი ჩემი ჩვენება?
ნუთუ ჩემს გულში მისტიური შიში იალებს?
მისი ღიმილი ჩემში ბნელად გაიშრიალებს,
უშიშარი დღის დაიკარგა ცხადი ხსენება,
თეთრი ოცნება გადარჩენის თოვლივით დნება,
დამწვარ სხეულის ჩემს გარშემო სუნი ტრიალებს“.
(„მე — სარკეში“)
ეს ლექსი 1916 წლით თარიღდება, რაც იმაზე მიანიშნებს,
რომ ამ დროიდან ვალერიან გაფრინდაშვილის შემოქმედებაში
უკვე საბოლოოდ იკვეთება სიმბოლისტური მსოფლმხედველობის
კლასიკური სახეები და ფორმები. მათ შორისაა სარკისა და
ორეულის ცნებათა სიმბოლურ-პერსონიფიცირებული აღქმა,
რომელმაც განსაკუთრებული ადგილი დაიკავა პოეტის შემოქმედებაში.
სტეფანე მალარმეს პოეზიის უმნიშვნელოვანესმა
სიმბოლომ ვალერიან გაფრინდაშვილის ლექსებში უცვლელი
მნიშვნელობით გადმოინაცვლა: „სარკე ხომ უდიდესი სიმბოლოა
ჩვენი ყოფნისა არაფერი ისე მისტიურად არ გამოხატავს
ჩვენი ყოფნის ლანდურობას, ჩვენს ორობას, ჩვენს კავშირს წარსულთან
და მომავალთან, როგორც სარკე“. — წერდა ვალერიან
199
გაფრინდაშვილი.1 ამდენად, სარკისადმი „ტრფობა განუკურნელი“
და „ოცნება სარკის დაისებზე“ მისი პოეზიის სიმბოლოდ
იქცა; სარკეში საკუთარი ორეულის ხილვის თეორიამ ვალერიან
გაფრინდაშვილის შემოქმედებაში თანდათან კიდევ უფრო ხაზგასმული
სახე მიიღო და „ლანდური ყოფის“ „გრძნეულ სარკეებში
ასახვის“ თემა საკუთარი შემოქმედებითი პორტრეტის
ასახვის ფორმად და „სინამდვილის უამრავ სახეებად“ წარმოჩენის
შესაძლებლობად მიიჩნია:
„მივდივართ ერთად თეთრ ქუჩაში — მორიდებულნი
და ჩვენზე ადრე ერთდებიან ჩვენი ლანდები,
მოულოდნელად გვაფეთებენ სახლთა კრებულნი
და სიჩუმეში ხმობის შემდეგ ჩვენ ვგვიანდებით.
ჩვენი ლანდები გვასწავლიან სინაზეს წყნარად
და სპეტაკდება მათ თრთოლვაში ჩვენი სურვილი
ეს თეთრი ღამე ჩვენს ხსოვნაში იქნება მარად,
როგორც მადონა — ზამბახებით ჩამობურვილი“.
(„ჩვენი ლანდები“)
ორეულის — საგნის ლანდის სარკეში გამოსახულების გააზრების
სიმბოლისტური თეორია სამყაროს იდეალისტური აღქმის
ერთი დამახასიათებელი ნიშნის — დუალისტური ფილოსოფიური
მსოფლმხედველობის პირდაპირი მხატვრული რეალიზაციაა. ვალერიან
გაფრინდაშვილის შემოქმედებაში ამგვარი მხატვრული
განსახოვნებისადმი პოეტის ინტერესს სხვადასხვა დროს შექმნილი
ლექსებიც ადასტურებენ: „ცეცხლიან სარკეებში“, „სურნელი
სარკე“, „ხელის ორეული“, „დუელი ორეულთან“, „ორეულები ანდროგინი“,
„ორეულებთან შეხვედრა ხიდზე“ და სხვა.
ორეულების ციკლი ერთი შემადგენელი ნაწილია პოეტის
1915—1925 წლებში შექმნილი ლირიკული ლექსებისა, რომელთა
შორის კიდევ რამდენიმე დამახასიათებელი მხატვრული განზოგადების
ნიმუში იკვეთება. მათ შორის განსაკუთრებული სიმბოლური
დატვირთვა აქვს დაისების ციკლის ლექსებს. თავისი პირველი
პოეტური კრებულის სახელადაც პოეტმა „დაისები“ აირჩია, როგორც
ჩანს, ჩამავალი მზის, „გარდაცვლილი დღის“, „მზის მილევის“
სევდიანმა რეალობამ ფრანგი და რუსი სიმბოლისტების ბოდლერის,
ვერლენის, მალარმეს, ბლოკის, გიპიუსის პოეტურმა შეხედულებებმა,
— „დღის დასასრულის“, „მზის რომანტიკული ჩასვენების“
„ნაცრისფერი ბინდისა“ თუ „ცისფერი მწუხრის“ პოეტურმა
ხილვებმა ვალერიანის პოეტურ სამყაროშიც დაივანა, თუმცა
1 ვ. გაფრინდაშვილი "ლექსები, წერილები, თარგმანები, ესსეები", თბილისი, 1990, გვ. 475.
200
ზემოაღნიშნულ პოეტთა მხატვრული ინიციაციები: ბუნების პეიზაჟურობა,
ბუნების სურათის აღწერა რომანტიკული მნიშვნელობით,
მისი წარმოსახვა, როგორც სამყაროს ფენომენი და პოეტის
სულიერი განწყობილების ანარეკლი, ვალერიან გაფრინდაშვილის
პოეტურ სამყაროში განსხვავებით მოიაზრება. „დაისი“ არის სიმბოლო
პოეტური, სულიერი ტკივილის და მისტიური მეტამორფოზებისა,
ირეალური სამყაროს შესაცნობი განწყობილებისა, თუ
მდგომარეობისა. დაისების უმრავლესობა დანომრილია, (დაისი
მეორე, მესამე და ა.შ.) მხოლოდ რამდენიმე მათგანი არის ტრადიციულად
დასათაურებული: „დაისი აშორდია“, „დაისების სვინაქსარი“,
„დაისების ასოთამწყობი“... „დაისური“ განწყობილებანი ამ
ლექსებში სტრიქონიდან სტრიქონში გადადის:
„კეკლუცთა ჯარი თეთრ გედებზე მიცურავს ნელა,
შავ ნირვანაში დაალურობს დღე ფერწასული
— ის ჭკნება, როგორც მშვენიერი ჭლექის ასული,
ტიტველ მხედართა მკრთალ ეთერში გაისმის ხველა.
სრულდება ცაზე მზის ბრწყინვალე ყრუ აგონია,
მისცურვენ ბაღთა და იდუმალ სოფელთა შორის...
კოშკების ჩრდილში ის სიმღერა გაიმეორეს,
გვიანი ხველა ლანდებისთვის გასაგონია“.
(„დაისი“)
„დაისებში“ უკვე ერთმნიშვნელოვნად ცხადდება ვალერიან
გაფრინდაშვილის „სიმბოლისტური მემარცხენეობა“. მან განსაკუთრებულად
გაითავისა კლასიკური სიმბოლისტური სააზროვნო
სისტემის ყველაზე რადიკალური საწყისები და შეიძლება
ითქვას, რომ იგი „ცისფერყანწელთა ორდენის“ ყველაზე ორ-
თოდოქსალური ფიგურაა. სწორედ ვალერიან გაფრინდაშვილის
ლექსებში გამოჩნდა ყველაზე მკაფიოდ იმ დროის კრიტიკული
აზრისათვის განსაკუთრებით სადავო და საქილიკო ბოჰემის,
შეშლილობის, ჭლექიანობის, თვითგვემის, თვითმკვლელობის,
მთვრალთა ორგიების პოეტურ-სიმბოლური გაფეტიშება:
„სამარცხვინოა პოეტისთვის სხვა კარიერა,
გარდა თვითმკვლელობის,
არა მსურს ვიყო ვიქტორ ჰიუგო ან აკაკი,
მე მირჩევნია დავიღუპო, როგორც ბოჰემა.
სამარცხვინოა პოეტისთვის სხვა კარიერა,
გარდა სიგიჟის,
არ მსურს ვიყო ბედნიერი, როგორც გოეტე,
მე მირჩევნია დავიღუპო, როგორც როლლინა,
სამარცხვიანოა პოეტისთვის სხვა კარიერა,
გარდა ჭლექისა!“
(„ბოჰემის მონოლოგი“)
201
ამგვარი მსოფლმხედველობის ლექსები ვალერიან გაფრინდაშვილის
ოციანი წლების პოეტურ ბიოგრაფიაში გამონაკლისი
როდია, სამართლიანობა მოითხოვს, ისიც აღინიშნოს, რომ მიუხედავად
პოეტისათვის ჩვეული მხატვრული დახვეწილობისა,
განწყობილებისა და იდეის საინტერესო, პოეტური ხერხებით
გადმოცემის მცდელობისა, ვალერიან გაფრინდაშვილის სიმბოლისტური
ორთოდოქსალიზმი ნებსით თუ უნებლიეთ გარკვეულწილად
„სიმბოლისტ მამათა“ ეპიგონებადაც წარმოჩნდება,
მათში არც მანერულობა და გარკვეული პოეტური პოზაა ძნელად
სახილველი. ალბათ მხოლოდ ამგვარი პოეზია ვერ მოჰგვრიდა
აღფრთოვანებას ქართული მოდერნისტული სააზროვნო
სისტემის ანალიტიკოსებს — გრიგოლ რობაქიძეს, ლუიჯი მაგაროტოს
და სხვებს, რომელთაც ქართული მოდერნისტული სკოლა
თუმცა გვიანდელ, მაგრამ სრულიად ორიგინალურ მხატვრულ
მოვლენად მიიჩნიეს მთელი ევროპული მოდერნისტული
მოძრაობის ისტორიაში. თუმცა, როგორც ჩანს, ვალერიან გაფრინდაშვილი
ასე არ ფიქრობდა, ის ქართულ შემოქმედებით
სივრცეში ფრანგული სიმბოლისტური ფილოსოფიის საჭიროებასაც
ხედავდა და კრიზისსაც, ამ მიზნით იქმნებოდა მისი ლირიკული
მონოლოგები „ჭლექის ასული“, „პოეტების კუდი“,
„სხვანაირი ტრფობა“, ძონძებში“, „ქალს, ჩაჯენილი თვალით“...
ხოლო მკითხველისთვის ზოგჯერ ამ საკმაოდ ბუნდოვან პოეტურ
პოზიციაში, ცდილობდა ნათელი თავად შეეტანა და აეხსნა,
თუ როგორ შეიძლება სიმახინჯეში მშვენიერის გაცნობიერება,
ესთეტიკური იდეალის აღმოჩენა. 1921 წელს ესსეში
„თEღღOღ ANთIQUUშ“ იგი წერდა „ის, რაც ცხოვრებაში ლამაზია,
ხშირად პოეზიაში მახინჯია, და რაც სინამდვილეში მახინჯია,
ხელოვნებაში მშვენიერია. პოეზიაში ლამაზი მშვენიერს
უტოლდება, მაგრამ მეტ აქტივობას იჩენს ხელოვანი, რაც შეჰყავს
მახინჯი ხელოვნების სფეროში და მშვენიერ მოვლენად აქცევს...
ესთეტიურია ის ემოცია, რომელსაც ჩვენ ვიღებთ მახინჯიდან
ხელოვნებაში. ბუნებაში სიმახინჯეს ჩვენ ვაფასებთ
ფორმის თვალსაზრისით, ხელოვნებაში კი როგორც ფორმის,
ისე შინაარსის თვალსაზრისით... ჩვენს სულში ერთი წუთითაც
არ შერყეულა მშვენიერების გრძნობა, სიმახინჯე ჩვენ გვესმის
როგორც სიმბოლო და როგორც ირონია, მახინჯს ჩვენ ყოველ-
თვის ვგულისხმობთ, როგორც მოვლენის ზედაპირს, როგორც
ფანტასტიურ ნიღაბს. ჩვენ არ გვიტაცებს ის, რაც პირდაპირი
სახით გვევლინება — ჩვენ გვინდა ნიღაბი. ყველაზე უფრო საში202
ნელი და ირონიული ნიღაბი მშვენიერის არის სიმახინჯე“. 1 ამ
განმარტებათა ფონზე იკვეთება თავად ავტორის პოეტური არ-
ჩევანი — ბოჰემური ყოფის აპოლოგია, სამყაროს აღქმის კლასიკურ
კრიტერიუმთაგან განაპირების მუდმივი სურვილი, აქედან
გამომდინარე კი მისი არტისტული ბუნება, სინამდვილის განსაკუთრებული,
თეატრალიზებური გაანალიზებისაკენ სწრაფვა,
ყოფითობისაგან გამიჯვნის ხაზგასმული მონდომება, თუმცა
სიმბოლისტთა მაშინდელ „პოეტურ აღსარებებში“ არაერთხელ
ცხადდებოდა, რომ ვალერიან გაფრინდაშვილი პოზის შესანარ-
ჩუნებლად არ წერდა, მისთვის ლექსის წერა უფლის წინაშე წარდგომას
ნიშნავდა, მუდმივი და უკურნებელი შემოქმედებითი
ტკივილით შეპყრობილს სხვაგვარად ცხოვრება უბრალოდ არ
ძალუძდა:
„ღმერთო მაპატიე უმიზნო ცხოვრება!
ღმერთო მაპატიე პოეტობის სურვილი.
დღეს ჩემი ოცნება შენ მემათხოვრება,
სუსხიან უცრემლო ქვითინით დაბურვილი“.
(„ლოცვა“)
ამ განწყობილებათა პარალელურად, როგორც ჩანს, პოეტი
მშვენივრად აცნობიერებდა იმ რთულ და მძიმე ისტორიულ
პროცესებს, რომელიც მის სამშობლოში ხდებოდა, 1918 წლით
თარიღდება ერთი ლექსი, რომელიც პოეტის მძაფრ და არაორაზროვან
დამოკიდებულებას გამოხატავს არსებული ვითარებისადმი:
„მოქალაქის ვალს მე ავასრულებ,
თუმცა, მე მქვია პოეტი მხოლოდ...
სამშობლო! შვილებს ნუ ეხათრები,
იყავი მკაცრი და მიუდგომი,
გვემუქრებიან შმაგი თათრები,
მაგრამ ახსოვდეთ ასპინძის ომი,
როცა ერეკლემ თავის ამალით,
სძლია მტერების ბრბო უამრავი,
როცა ერეკლემ თავის ამალით
კვლავ ასახელა დიდი თამარი“.
ქართველი პოეტების შემოქმედებითი ბიოგრაფიის ერთმა
მთავარმა ხაზმა მშვენიერი ქალის, სიყვარულის თემამ განსაკუთრებული
ადგილი ჰპოვა ვალერიან გაფრინდაშვილის პოეზიაში.
ათიან წლებში შექმნილ ლექსებს შორის ამ თემით განსა-
1 ვ. გაფრინდაშვილი "ლექსები, წერილები, თარგმანები, ესსეები", თბილისი, 1990, გვ. 525.
203
კუთრებული გატაცება უკვე აშკარაა და თანაც ბუნებრივი, რამეთუ
შეუძლებელია სიმბოლისტის, ქართველი პოეტის, ახალგაზრდა
კაცის პოეტურ ბიოგრაფიაში იგი არ ეხილა მკითხველს.
თუმცა არც ისაა მოულოდნელი, რომ აქაც ლირიკული
გმირი საკუთარ გრძნობებს განსხვავებულ პოეტურ ფერებში
წარმოადგენს. „სხვანაირი ტრფობა“ ვალერიან გაფრინდაშვილის
პოეზიაში დამახასიათებული სახე-სიმბოლოებით არის
წარმოდგენილი.
საყვარელ და სასურველ ქალს პოეტმა თავიდანვე შეარქვა
სახელი; ოფელია — მისი პოეტური მუზა ლექსის სასურველ
სტუმრად და მუდმივ თანამგზავრად იქცა. ამ სახელის პოეტური
გასიმბოლურებით ავტორმა კიდევ ერთხელ განაცხადა განსაკუთრებული
მიზიდულობა არა მხოლოდ მისი თანამედროვე,
არამედ საზოგადოდ, ევროპული კლასიკური მწერლობის მიმართ,
აქედან წამოსულ ცნობილ პერსონაჟთა მხატვრულ-სიმბოლური
განსახოვნებით წარმოსახა პოეტმა ყველაზე სათუთი
ემოციები, უფაქიზესი გრძნობები და ელენე დარიანის, თამუნია
წერეთლის, მელიტა ჩოლოყაშვილის, მერის გვერდით გამოჩნდნენ
ოფელიას, ბეატრიჩეს, კოლომბინასა და კორდელიას უმ-
შვენიერესი სახეები.
„შექსპირის „ჰამლეტში“ პირველად მოგვევლინა ოფელია.
თეთრი და ჰაეროვანი ის საუკუნეებს ახლავს. ის მუდამ პირბადეშია,
მას შემდეგ, რაც წყალში ჩაიძირა. ის ამშვენებს პოეზიას
ისე, როგორც ნისლიანი ლურჯი ვარსკვლავი და პოეტის ოცნება
არასოდეს არ უღალატებს ოფელიას. ჟორჟ როდენმა ოფელია
სარკეში დაინახა. ინგლისელი პოეტი შელლი — ზღვაში დაიხრჩო,
თითქოს ოფელიას გავლენა განიცადა... წარსულ საუკუნეებს
ჰყავდა თავისი მშვენიერი ქალბატონი ბეატრიჩე, ჩვენც
შეგვიძლია რაინდული თავმდაბლობით ვაღიაროთ მშვენიერ
ქალბატონად ოფელია“ — წერდა ვალერიან გაფრინდაშვილი წერილში
„გედი პოეზიაში“.1 ამ სიტყვების მხატვრული გაანალიზების
არაერთი ნიმუშია გაბნეული ვალერიან გაფრინდაშვილის
პოეტურ კრებულებში და ისინი სხვადასხვა დროით თარიღდება:
„ხარ მოყვანილი და მაღალი, როგორც ეს ქარი,
ფეხების რხევით დააბრმავებ ვაჟის სიყვარულს,
ასე ლამაზად, თავმომწონედ სად მიიჩქარი,
იქნებ შორიდან ესალმები პაემანს ფარულს“.
(„შეხვედრა“ 1917 წ.)
1 ვ. გაფრინდაშვილი "ლექსები, წერილები, თარგმანები, ესსეები", თბილისი, 1990, გვ. 695.
204
„... ნუთუ არ მოვა ოფელია თეთრ როიალთან,
იმ კლავიშებზე ხელთათმანი ნუთუ დარჩება?
ცის ლურჯი კალთა
ვარსკვლავებით დაიფარჩება.
ბევრი ჰამლეტი უდარაჯებს ხელთათმანს ღამით
და მხოლოდ ჩემთვის გამოივლის თეთრი ასული,
მჯერა ჩაიცვამს მჭკნარ ხელთათმანს მეტ სითამამით
და შემომხედავს მშვენიერი და ფერწასული...“
(„როიალთან“ 1919 წ.)
„იანვრის ქარმა ხეივანში თეთრად დაბერა,
გრძნობენ განდაკნი თოვლიანი დღის მოვანებას
და შემოდგომამ თუთიყუში დღეს დააბერა,
არა აქვს ეშხი მის დაფერფლილ ბანოვანებას“.
(„ბეატრიჩე“ 1920)
„მხოლოდ ერთი დღე წელიწადში ვიუქმო მინდა —
ოფელიას დღე — საოცნებო, როგორც მირაჟი,
შემოდგომაზე გაფითრდება ჰაერი წმინდა,
მზეთუნახავი გამოჩნდება ცის დაირაში“.
(„ოფელიას დღესასწაული“ 1921)
ამ ციკლის ლექსების მხოლოდ რამდენიმე სტრიქონიანი
შეხსენებაც საკმარისია იმის დასტურად, რომ ისინი სულის
კარნახით დაწერილი სიტყვებია და მათი ლირიკული გმირიც
ემოციითა და იდუმალებით სავსე თვით პოეტია. პოეტი, რომელიც
მიუწვდომელსა და შორეულს ეტრფის და ცისფერ ყვავილ-
თა ფონზე, ზოგჯერ ბედნიერი თავდავიწყებისა და ილუზიური
აღმაფრენის საპირისპიროდ სულში ატეხილი ქარიშხალიც ხმიანობს.
ამ განწყობილებათა ორგანული ნაწილია ზამთრისა და
შემოდგომის სიმბოლური სახეები. შემოდგომის თბილი და სუსტი
მზე და ზამთრის „თეთრი გაფითრება“, პოეტის სულიერი
მყოფობის კიდევ ერთი დადასტურება:
„პირველი თოვლი მე მაგონებს პირველ სიყვარულს, იმ პირველ
ღამეს,
როცა მე ხარბად დავეწაფე მშვენებას ქალურს, ახალ სიამეს.
ციდან დაჰკიდა რეჟისორმა ფარდა უსწორი, ფარდა მთოველი
და მთელს ქვეყანას დაგვაშორა მხოლოდ ჩვენ ორნი, სდუმდა
ყოველი.
განმარტოებით ხმაურობდა სადღაც სარაჯი, შრიალი ქსელთა.
და იდგა თოვლი — საპატიო თეთრი დარაჯი ჩვენ სარეცელთან.
მაგრამ შეირხა თოვლიანი ფარდა მრავალი — ცა იმედების.
მოვიდა ქარი და გამართა სხვა კარნავალი თეთრი გედების“.
(„პირველი თოვლი“)
205
ამ პოეტურ ფანტაზმათა ესთეტიკური რაფინირებულობის
მიზეზი ბუნებრივია ავტორის სტილურ-ფორმალური არჩევანიცაა,
რომელიც თავიდანვე ერთპიროვნული, მკაცრი და შეუცვლელი
იყო — სონეტი და ტრიოლეტი — სიმბოლისტური განწყობილებისა
და ემოციის უპირველესი ფორმა. ეს გადაწყვეტილება
ვალერიან გაფრინდაშვილს არასოდეს შეუცვლია იგი ბოლომდე
დარჩა სონეტის აპოლოგეტად: „სონეტი არის არისტოკრატიული
ფორმა და მეფეებმაც მოიხადეს ვალი მის წინაშე —
სონეტი უკვდავია როგორც ფორმა და როგორც ნივთიერება
იარსებებს უკუნისამდე...მთელი დასი ქართული პოეტების
ავადმყოფია სონეტით, ამათ სონეტი ეჩვენებათ, როგორც უნივერსალური
ფორმა შემოქმედებისა... არც ერთ პოეზიაში არ
არის იმდენი მრავალსახეობა სონეტისა როგორც ჩვენს პოეზიაში“
— წერდა პოეტი წერილში „სონეტის პრობლემა“ 1919
წელს1. ვალერიან გაფრინდაშვილის პოეტურ კრებულებში სონეტად
დასათაურებული, თუ სონეტის ფორმით შექმნილ ათეულობით
მაგალითებს შორის ამ სალექსო ფორმის მრავალსახოვანი
მხატვრული სურათის არაერთი სახეა წარმოდგენილი: ყრუ
სონეტს კოჭლი სონეტი ცვლის, რასაც წვიმიანი და სენტიმენტალური
მაისის ტრიოლეტები ენაცვლებიან. ფაქტი ერთია,
1915-16 წლებში დაწერილი ეს პოეტური ქმნილებები განსაკუთრებული
მხატვრული სრულყოფილებით გამოირჩევიან:
„ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა,
ვით შემოდგომის ღამეებში თეთრი ვერსალი,
შენს სილამაზეს ჩემი ტრფობა უსაფეხურა.
ვარ მოწყენილი ვით ზამთარში ნაზი ბეღურა,
მე განშორების ცივი თოვლი დიდხანს მეხურა,
ვტიროდი ხარბათ — მარტოობით ნაალერსალი,
ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა
და შემოდგომის ღამეებში თეთრი ვერსალი.“
(„სენტიმენტალური ტრიოლეტი“ 1916 წ.)
თანაც, როგორც ჩანს „ამირსიფალის“ ავტორს სონეტიც
და ტრიოლეტიც პოეტური ვნებათაღელვის საუკეთესო გამოვლინების
ფორმად მიაჩნდა არა მხოლოდ „ცისფერ ყვავილთა
გაშლის ხანაში“, არამედ ცხოვრების მიმწუხრზეც:
„იგი ავდარში ვით უფსკრულში სჩანს დამხობილი,
იწვევს სულ მაღლა, აზიდული თეთრ ვარსკვლავებით
1 ვ.გაფრინდაშვილი "ლექსები, წერილები, თარგმანები, ესსეები", თბილისი, 1990,
გვ. 481—483.
206
ცა უწმინდესი სუნთქავს ნისლით და უკვდავებით,
მისთვის არ კმარა ათას ერთი საგალობელი“.
(„ზეციური სონეტი“ 1939 წ.)
ვალერიან გაფრინდაშვილის პოეტური ხელწერის ნიშნეული
ნაწილია ლირიკული გმირის პერსონიფიცირებულ სიმბოლოდ
დამკვიდრება: აშორდია ლირიკული გმირია, მისი პოეტური
ნიღაბი ავტორს საკუთარ პოეტურ მესთან — პერსონაჟთან
აიგივებს, აშორდია ვალერიანის არაერთი ლექსის ფრიად შთამაგონებელი
პერსონაჟია („აშორდია“, „დაისი აშორდია“, „აშორდია
ტენორით“, „სამგლოვიარო მარში აშორდიას").
შეუძლებელია ვალერიან გაფრინდაშვილის პოეტურ ბიოგრაფიაზე
საუბრისას ყურადღების მიღმა დარჩეს ლეგენდარული
„მეოცნებე ნეამორები“. ალმანახი, რომლის თერთმეტივე
ნომერი იყო პოეზიის, ესთეტიზმის, ლიტერატურული ფასეულობების
აგიტაცია, რომელშიც ფართოდ აისახა ცისფერი ორდენის
წევრთა შემოქმედებითი და ლიტერატურულ-კრიტიკული
საქმიანობა, სადაც პირველად გამოჩნდა ვალერიან გაფრინდაშვილის
პოეტური ფსევდონიმი — ტრისტან მაჩაბელი. ყველანი
აქ იყვნენ თავმოყრილნი და აქ, ცისფერყანწელთა ტრიუმფალურ
სვლას სწორედ ვალერიან გაფრინდაშვილი რედაქტორობდა.
„მეოცნებე ნეამორებმა“ განსაკუთრებული როლი შეასრულა
არა მხოლოდ მოდერნისტული აზროვნების პროპაგანდის
თვალსაზრისით, არამედ საზოგადოდ, ქართული პოეზიის ისტორიის
განვითარების გზის გასათვალისწინებლად, შემოუნახა
რა თაობებს სპექტრი იმ სიმბოლისტური რჩეულისა, რომელ-
თაც ეპყრათ მაშინდელი პოეტური ციტადელი, რაშიც აშკარაა,
ლომის წილი რედაქტორისა იყო.
მერე კი მოხდა ის, რასაც ალბათ თვით „ცისფერყანწელებიც“
ძნელად თუ უწინასწარმეტყველებდნენ საკუთარ ყოფას.
დაიწყო პოეტების „ციდან მიწაზე დაშვების ერთობლივი სეანსი“.
ეს პროცესი განსაკუთრებულად თვალშისაცემი ოცდაათიანი
წლების დასაწყისიდან გახდა. მიუხედავად იმისა, რომ სალიტერატურო
კრიტიკამ სხვადასხვა დროს სხვადასხვანაირად განმარტა
ამ მოვლენის მიზეზები, მაინც ბოლომდე გაუხსნელი რჩება
ამ შეთანხმებული პოეტური სახეცვლილების საფუძვლები.
იმდროინდელი სალიტერატურო კრიტიკა ბუნებრივია, ამ შემობრუნებას
მწერალთა იდეური გამოფხიზლებით ხსნიდა: საბჭოთა
ყოფის სიმართლემ სოციალისტური ცხოვრების ჰეროიკამ, საქართველოში
ბოლშევიკური წყობის წინსვლამ თუ შენებამ „გა207
მოაფხიზლა“ წვრილბურჟუაზიულ-მისტიკურ განწყობილებებს
აყოლილი, ბუნდოვან აზრებს გამოკიდებული პოეტებიო. ბოლო
წლების სალიტერატურო კრიტიკაში კი გაჩნდა აზრი, რომ ცისფერყანწელებმა
ვეღარ გაუძლეს იდეოლოგთა თითის ქნევას;
ცენზურულ ჩარჩოებს, ხალხის მტრად გამოცხადების პერსპეტივას
და დათმეს თავიანთი მსოფლმხედველობრივი პრინციპები.
პირველ შემთხვევაში ამგვარი განცხადება ქართველ სიმბოლისტთა
გულუბრყვილობაზე მეტყველებდა, ხოლო მეორე შემთხვევაში
კი ბრალდება კიდევ უფრო შეურაცხმყოფელ, პიროვნულ
სიმხდალეზე... გავდნენ კი სულ რამდენიმე წლის წინ მხატვრული
სიტყვის მცველებად შემოქმედებით იერიშზე წამოსული, უგემოვნობის
და უტილიტარიზმის შეურიგებელი ოპონენტი ყანწელები
მხდალებს და გულუბრყვილოებს?! ეს რომ ასე არ იყო, ისტორიამ
მალე დაამტკიცა, რადგან როგორც აღმოჩნდა სიმბოლისტებზე
„დიდი მტერი“ საბჭოთა მწერლობას არ ჰყავდა, რამე-
თუ ფორმალურმა სახეცვლილებამ „ვერ უშველა“ და ძველი მეგობრები
ერთხმად გამოაცხადეს მოწუწუნე, მანერულ და წითელი
იდეოლოგიისათვის მიუღებელ ვაიპოეტებად.
მაშინ, როდესაც „ცისფერი ბურუსი იფანტებოდა“ პაოლომ,
ტიციანმა და ვალერიანმა მოწყალე პოეტური თვალით გახედეს
საბჭოური ყოფის გზას და გადაწყვიტეს „მიწასთან დაბრუნება“
— ეს მათივე ინიციატივა იყო, თვით ლოზუნგი კი ვალერიან
გაფრინდაშვილს ეკუთვნოდა. ცისფერყანწელთა პოეტური
ორდენის დაშლის პროცესი ამ სიტყვებით დემონსტრაციულად
გაცხადდა, აშკარავდებოდა, რომ ისინი უარს ამბობდნენ
თავიანთ იდეურ-ესთეტიკურ მრწამსზე. რისი ძირითადი მიზეზიც,
უდავოა, იყო ახალი დრო, ფორმაცია და აზრობრივი ატმოსფერო,
რომელიც კარგა ხანია, პოეტს ახალ მოთხოვნებს
უყენებდა. ამ პროცესს ყველაზე ადრე ალღო გიორგი ლეონიძემ
აუღო, შემდეგ სხვებიც მიჰყვნენ, ვინც გადარჩნენ, რასაკვირველია.
ეს იყო ფრიად მტკივნეული, ურთულესი ფსიქოლოგიური
პროცესი, რომელიც შემოქმედთაგან სულიერ ძალთა საოცარ
დაძაბვას და მეტამორფოზას მოითხოვდა. ნელ-ნელა ქრებოდნენ
ილუზიები, იმსხვრეოდნენ ოცნებათა ცისფერი კოშკები და
ყანწელებმაც სოციალისტურ რეალიზმს მოუსინჯეს ნიადაგი.
ვალერიან გაფრინდაშვილიც მათ შორის იყო; „პოეტები...
ბრუნდებიან პოეზიის ელიზიუმებიდან... ეს არ ნიშნავს ჩვენი
წარსულის მიღწევების უარყოფას, ეს არის დაბრუნება მიწას-
თან...“ „...სიმბოლიზმი უკვე განვლილი ეტაპია ჩემთვის და ახლანდელ
ჩემს ლექსებში მინდა სრულიად თავისუფალი ვიყო ჩე208
მი წარსულის მეთოდებისაგან“ — წერდა იგი. ახალი შემოქმედებითი
იმპულსები ახალ თემებში გამოჩნდა მათ შორის კონუქტურული
რევერანსებიც იყო; ვალერიანმა ლექსებში ბელადებიც
მოიხსენია, „პარიზის კომუნასაც“ მიუძღვნა აღტაცებული
სტრიქონები და არც საბჭოური სინამდვილე დატოვა უემოციოდ,
მაგრამ ამ ლექსების წაკითხვის შემდეგ ნათელი ხდება რომ
ხელოვნურობა, მანერულობა და ნიღბის მორგება მართლა შეს-
ძლებია ვალერიან გაფრინდაშვილს, მაგრამ არა მაშინ, „ცისფერ
ყვავილთა შეგროვების ხანაში“...
სამართლიანობა მოითხოვს ისიც აღინიშნოს, რომ ახალმა
პოეტურმა საღებავებმა რიგ ლექსებში მშვენიერი ლირიკული
პალიტრა შექმნა, გაფართოვდა რა მხატვრული აღქმის, თემატური
რეგლამენტაციისა და ფორმალურ რეკვიზიტთა მასშტაბები.
ამ პერიოდის ლირიკული აზროვნების მშვენიერი სახეა პეიზაჟური
პოეზია („წყარო“, „ზღვას“, „ხეებს“, „წვიმიანი დღე საგურამოში“,
„ირონია“ და სხვ.) და მიძღვნითი ლექსები, რომელ-
თა დიდი ნაწილი სწორედ ზემოაღნიშნულ ხანაში შეიქმნა და
ისინი ვალერიანის პოეტური მემკვიდრეობის ერთ მნიშვნელოვან
ნაწილს შეადგენს, ვითარცა პოეტის თანამოკალმეთა, მეგობართა
თუ წინაპართა პოეტიზირებული პორტრეტების საკმაოდ
მოცულობითი გალერეა, რომელთა გაცნობაც კიდევ ერ-
თხელ ცხადყოფს მათი ავტორის მიერ ლირიკული პერსონაჟის
შემოქმედებით ანტურაჟში წარმოსახვისა და მხატვრული განზოგადების
უნარს. მაგრამ თუკი ადრინდელი მიძღვნითი ლექსების
ადრესატები ვერჰარნი, ვერლენი, არტურ რემბო, პაოლო
იაშვილი, ტიუტჩევი, ტიციან ტაბიძე, გრიგოლ რობაქიძე, სანდრო
ცირეკიძე, ნიკოლოზ მიწიშვილი და გიორგი ლეონიძე იყვნენ,
მოგვიანებით ამ სიას შოთა, აკაკი, ვაჟა, ილია, პავლე ინგოროყვა,
ეგნატე ნინოშვილი, პუშკინი, გერონტი ქიქოძე, ნიკოლოზ
ბარათაშვილი და სხვები შეემატნენ. ამავე დროს ვალერიან
გაფრინდაშვილი საკმაოდ ფართო და ნაყოფიერ მთარგმნელობით
საქმიანობას ეწეოდა, მის კალამს არაერთი მშვენიერი
პოეტური თარგმანი ეკუთვნის.
ასე რომ, ვალერიან გაფრინდაშვილი — პოეტი არც ოცდაა-
თიანი წლებიდან დაჰკარგვია მკითხველებს, მაგრამ გაქრა ის
ხაზგასმული ესთეტიზმი, სადღაც დაიკარგა ის ჯიუტი ჟინი გარკვეული
მიმართულებით წერისა, — გაფერმკრთალდა მკვეთრი
ფერები და ცეცხლიც მიინავლა — ეს ის პოეტი აღარ იყო.
1937 წლიდან ვალერიან გაფრინდაშვილის ცხოვრება ერ-
თი შეხედვით ცხოვრებაზე რითმაწყობილი პოეტის შემოქმედე209
ბით ბიოგრაფიას ჰგავდა, თუმცა სინამდვილეში, ფრთამოტეხილი
და მარტოდაშთენილი იყო. საწუთროს ერთმანეთის მიყოლებით
გაეცალნენ მისი სიმბოლისტი თანამოაზრენი: ალი არსენიშვილი,
სანდრო ცირეკიძე, ლილი მეუნარგია, ეს ყოველივე
ტიციანის დახვრეტით, პაოლის თვითმკვლელობით და გრიგოლ
რობაქიძის საქართველოდან გადახვეწით დაგვირგვინდა. ვალერიან
გაფრინდაშვილის სტრიქონებს სევდა და დაეჭვება დაეუფლა,
მარტოსული ახლა კი ნამდვილად გაემიჯნა ყოფიერებას
და ყველაზე გვიანდელ ლექსებში ყმაწვილკაცური იდეების და
პოეტური ფორმების ნოსტალგიამაც გაიჟღერა. პოეტმა საკუ-
თარი თავი დამშრალ წყაროს შეადარა და პოეზიასთან გამოთხოვების
ილუზიური სცენებიც კი წარმოადგინა. თუმცა ამ დიდი
ტკივილისა და სევდის მიუხედავად პოეტის ჭეშმარიტი მისიის-
თვის არასოდეს უღალატია და არც შემოქმედებითი საქმიანობის
იმ პრინციპებზე უთქვამს უარი, ჯერ კიდევ ათიან წლებში
რომ აღიარა, ესთეტიკური აზროვნებისა და მხატვრული ღირებულების
აპოლოგეტი იგი ბოლომდე იყო.
„და ერთხელ ლექსი მოაქროლებს ისეთ მუდარას,
რომ დაიკვნესებს ოკეანე მთელი სხეულით
გადიძრობს თავზე შორეული ტალღა სუდარას
და ჩუმად მეტყვის საიდუმლოს ცრემლმორეული“.
ვალერიან გაფრინდაშვილი 52 წლისა გარდაიცვალა, სულიერი
გოლგოთის გზას ის ჯერ კიდევ მიუყვებოდა და თან მიჰქონდა
ნაადრევად დაღუპულ მეგობართა გლოვა, საკუთარი
სათქმელის ბოლომდე ვერამოთქმის ტკივილი და თავისი თაობის
პოეტური სიტყვის ხიბლი. ცისფერყანწელთა ერთ-ერთმა
უკანასკნელმა მოჰიკანმა დიდხანს აღარ ალოდინა თავისი უმრწემესი
ძმები ზეციურ საუფლოში და მალე ეზიარა მარადისობას.
მომავალ მკითხველს კი სულისშემძვრელი პოეტური შეგონება
დაუტოვა, რადგან გრძნობდა, რომ დადგებოდა დრო, როცა
მკითხველი მის გულისტკივილს მიხვდებოდა და მის პოეტურ
სტრიქონებსაც გაითავისებდა:
„ვიყავი მხოლოდ ლექსით მდიდარი,
არ მიძებნია მეტი ქონება
და ლექსის გარდა, არავითარი
მე არ მხიბლავდა სხვა შთაგონება.
ისეთი ლექსი დავწერო მინდა,
რომ არ დამჭირდეს კვლავ ლექსის წერა,
მსურს დავიფერფლო ვით ცეცხლი წმინდა
და ეს იქნება გედის სიმღერა“.
(„ისეთი ლექსი“)

You might also like