You are on page 1of 22

ხშირად იწელება ღამეები, არ გვაძინებს უაზრო ფიქრები, რომელიც ხვალ დილით

ლანდივით გაქრება. თითქოს მზის ამოსვლა ჩრდილებს აქრობს და არაფერი რჩება.


ადამიანების ხმაურია ირგვლივ და ჩვენც ნელ-ნელა ამ ყველაფრის ნაწილი ვხდებით,
თუმცა სანამ ეს მოხდება, მაქამდე მაინც ბნელი ღამეა ჩვენი სტუმარი .

როცა ეს ნაწარმოები დავწერე, გვიანი ღამე იყო . შემაწუხებლად შემოსახლებული


სიჩუმე მაძალებდა ფიქრს, მეც ვერ ვწყდებოდი წრიულ აზროვნებას. ბოლოს პათოსმა
ამიტანა და დილამდე ვწერდი, შემდეგ გაქრა შთაგონება და ამის მერე აღარც წამიკითხავს
რა დავწერე .

შემთხვევით აღმოვაჩინე დოკუმენტი კომპიუტერში, გადავიკითე და ვიფიქრე : ცოტა


რამეს შევცვლი და ხალხსაც ვაჩვენებ - მეთქი .

ასე ერთი, ან ორი წლის წინ დავწერე და მაშინაც იმ ფიქრებში ვცხოვრობდი, როგორი
ფიქრებიც ახლა მაქვს, თუმცა სტილი სხვანაირი მქონია ადრე, მაგრამ ამ კონკრეტულ
სიტუაციაში, ვფიქრობ, მეტად ლაიტმოტივზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება .

ნაწერის მთავარი დანიშნულება ის იყო, რომ რაც არავისთვის მეთქმის, ნაწერში მეთქვა,
ამით ვსაუბრობდი ჩემ თავთან, ამიტომ მეტად ინტიმური გამომივიდა, თუ ასე ითქმის ...
თუმცა, როგორც სხვა ნაწერების დანიშნულება, ამ ნაშრომის „მისიაც“ ის არის, რომ
პერსონაჟი მკითხველში იმ კითხვებსა, თუ შეგრძნებებს გამოეპასუხოს, რაც არ ჩანს, ან არ
მჟღავნდება .

ამრიგად, არასდროს ვთხოვ ვინმეს, რომ ჩემი მოთხრობა/რომანი, თუ ესე წაიკითხოს


ხოლმე, რადგან, ვფიქრობ, რამდენადაც მე არ შემიძლია ადამიანებთან მორგება, იმდენად
არ სძალუძთ ეს ჩემ პერსონაჟებს . მიუხედავად ყველაფრისა, იმედი მაქვს ჩემსავით
მიწისქვეშეთში ცხოვრობს ვინმე, ვისი ყურებიც საკმაოდ დაღლილია გაწეილილი
ამბებით, ადამიანებითა და სიმარტივით .

ბოლოს კი ის ითქმის, რომ ეს ნაშრომი გამომშვიდობებაა ძველ აზროვნებასთან, როცა


აპათიაში ჩავარდნილი ლამის მატერიალიზმს შევეკედლე და მოვშორდი მეტაფიზიკას .
ახლა კი ახალი ეპოქაა დაწყებული ჩემ პიროვნებაში, თუმცა, ცხადია, წარსული ფიქრად
და დარდად თუ არა, დაფასებად მაინც ღირს .
ამოძახილი (ამო ძახილი)

შესავალი

მე იმდენად ამპარტავანი ვარ, რომ ჩვენნაირი, ან იქნებ უკეთესი ადამიანები -


არარაობებად, უმეცრებად, სულელებად მოვიხსენიო და ნაშრომიც მხოლოდ
რამდენიმე ადამიანისთვის დავწერო . თავს ამპარტავანი ვუწოდე, მაგრამ
რეალურად ისეთი ამპარტავანიც არ ვარ, როგორიც ამ ცნებასთან ასოცირდება
ძირითადად . უბრალოდ ვიცი რაღაცები და არ ვმალავ.

ნაშრომს დაახლოებით ხუთ ადამიანს ვუძღვნი, ვინც ზუსტად ვიცი, რომ ისე
გაიგებს, როგორ უნდა გაიგოს, დანარჩენები კი უბრალოდ არ მინდა ტალახში
ამოთხვრილი ფეხსაცმელებით შემოვუშვა სახლში, სადაც სითეთრეა და
სიბინძურეს ჯერ არ მოუღწევია .

პირველად ვწერ წერილს, ამბავს, თუ რაც ქვია ამას, რასაც მომდევნო გვერდებში
ამოკითხავთ, მაგრამ ზუსტად ვიცი, ეს ნაწერი როცა ქაღალდის მჭამელებს
ჩაუვარდებათ, შეჭამენ წაკითხვის მაგივრად, ბოლოს კი ასოებს ამოაფურთხებენ
და სიმხდალისაგან გამოწვეული გადამფასებელი, ყოვლად ბიძნური აზრიებით
შეკრავენ სიტყვებს .

ბევრი ჭამს წიგნებს, სწორედ ეს ხალხია ფურცლის მჭამელები . ეს საზარელი


არსებები ლიტერატურული იერარქიის სათავეში მოქცეულან დღეს და
ანადგურებენ ლიტერატურას; პროზასა და პოეზიას, ღმერთმანი ! ისეთ რაღაცებს
უწოდებენ შემოქმედებას, რასაც ადრე სირცხვილით ყველაზე დაბალი დონის
ჟურნალშიც კი არ დაბეჭდავდნენ .

ჩემო კეთილო მკითხველო, ან იქნებ ფურცლების მჭამელო, წამით დაფიქრდი და


უმალვე იგრძნობ საკუთარ ძალასა და დიდებულებას, შემდეგ სცადე მისცე ძალას
მიმართულება, შეისუნთქე სიდიადის ნისლი ! ფანტასმაგორიული სიწმინდე,
გაუგებრობა, აბსურდულობა, უცოდინრობაც კი და მას შემდეგ წაიკითხე გოეთეს,
ან ბაირონის ლექსი, მოუსმინე ბეთჰოვენს, ან შოპენს . როცა ამქვეყნუერ
უბედურებას, მღელვარებას, წამის სასრულობას, შენ უსუსურობასა და
ამქვეყნიურობის ყველაზე მეტად სულში ჩამწვდომ ემპირიულ ჭვრეტას
შეიგრძნობ, თავს საშუალება მიეცი, რომ ჯოჯოხეთიც იხილო . აუცილებელია,
უკიდურესობების გამოცდა, რათა აირჩიო სწორი და უკუაგდო არასწორი,
ამრიგად, მეგობარო ან იქნებ მტერო, გთხოვ წაიკითხო თანამედროვე პოეზიისა ან
პროზის „შედევრად“ აღიარებული ფურცლის ჭუჭყი .

თუ დამიჯერე, მაშ უკვე იპოვნე სისწორე. მოგესალმები კულტურის


დამანგრეველ, უგულებელმყოფელ, ჭუჭყის სიწმინდედ შემრაცხველ საუკუნეში !
შენ თუ იგრძენი ის, რაც მე გამოვცადე, უკვე ჩემი მეგობარი ხარ, უკვე იცი რასაც
დავწერ და ჩემ გოდებასა და სევდას შენი თვალები დაასრულებს. მაშ, უკვე ერთად
მოგვიწევს ჯვრის ზიდვა, ჩემ გამომშრალ პირს წყალი ეღირსება და შენ
ბედნიერებას უბედურება ჩაანაცვლებს, მაგრამ ეს დასაწყისი იქნება ახალი
ბრძოლის, რომელიც ერთად უნდა გადავიტანოთ . ჯვარს ერთად ავათრევთ
გოლგოთაზე და ერთად გავეკვრებით. ტანჯვას მოვითმენთ, მიმტევებლობით
ჩავახშობთ ბრაზს, თუმცა არა ზიზღს ! დაველოდებით ჟამს, როცა წამებულიდან
ღმერთად გადაიქცევა ჩაგრული .

წინასწარ ვიცი, რომ არ ვიცოდე აქამდე მოვიკლავდი თავს, მაგრამ ვიცი,


დარწმუნებულიც კი ვარ, აუცილებელია და სამართლიანი, სწორი და მიზეზ-
შედეგობრივი ის მომავალი, რაც დადგება .

იქნებ ვერ გაიგე მკითხველო, რისი თქმა მსურდა, მაგრამ იმედს ვიტოვებ
ბოლოს მიხვდები რა არის ჩემი მიზანი .

ეს მხოლოდ შესავალია და შემზადება იმისათვის, რომ გაგაფრთხილო; ბოლოს,


როცა დაასრულებ კითხვას, არ იქნები ბედნიერი, პირიქით უბედური იქნები,
ისეთივე ,როგორიც მე , ამიტომ ვაკეთებ შესავალს, ამიტომ ვჭერმეტყველებ და
ვეძებ თანამოძმეს .

მწერლები, პოეტები, ფილოსოფოსები და ათასი უსაქმური, ვინც დღეს


პათეტიკაში იხრჩობა, ხელოვნურობის სიმყრალე დასტრიალებს, პოპულისტური
მანია ამოძრავებს, ან სულაც ფულის შოვნის კარგი საშუალება იპოვნა, დღეიდან
უგულებელყოფილნი არიან ჩვენ მიერ, ცეცხლს მივცეთ მათი ფურცლები და ზედ
მივაყოლოთ ფურცლის მჭამელები .

თუ სიგიჟეა, რადიკალიზმია, იდეალიზმი, ან ეგოცენტრიზმი, მაშ ფრთები ისე


შევასხათ მას, რომ ზემოდან გადმოვხედოთ მოცეკვავე სულელებს, მოაზროვნე
ძროხებს, მოსიარულე ლეშებს, დაე ამ ნაწერშიც ამოიკითხონ სიგიჟე ! მათ აზრს რა
მნიშვნელობა აქვს ? მნიშვნელობა ხომ ადამიანური გამოგონებაა, ხოდა
მიმიფურთხებიამ მათთვის, რა ითქმის მათზე ?! სულაც ამდენი საუბარი ღირდა ?
ფიქრობენ შავ ღვინოს სვამენ, თუმცა სისხლია, ტუჩებზე რჩებათ კვალი და შემდეგ
ტუჩებს აერთებენ, რათა მეტად მოიტყუინ ვნებითა და ლტოლვით თავი .
შევიცოდოთ ? არა, ჩვენ ვართ ცოდონი, ჩვენ უმცირესობა ვართ. სულაც მარტო ვარ,
მაგრამ იმედს მაძლევს, მხოლოდ ის, რომ შეიძლება დღეიდან ორნი ვართ, ან სამნი
. ეგოცენტრიზმია, ბოროტებაა, რასაც ვაკეთებ, მაგრამ მე მარტო ვერ დავიცავ
კულტურას და განა მარტო კულტურაა ჩემი ნაწერის ლაიტმოტივი ? არა, რა თქმა
უნდა, არა . მე უნდა დავანახო ჩემი წარმოდგენა ადამიანებს, რათა იმ მწვერვალს
ისინიც შეეხონ, რომელზეც მე ხშირად დავძვრები და ხელს რომ არავინ
მაშველებს, მრავალჯერ ქათქათა თოვლზე ვენარცხები .

ლიტერატურისა და კულტურის კრიტიკა მარტივად ამოიკითხებოდა ჩემ


წერილში, თუმცა რთულად შესამჩნევი დეტალი დავტოვე ბევრი, რადგან არ
შემომეპაროს ვინმე ფურცლის მჭამელი, რომელიც სანამ ფურცლების ჭამასა და
გესლით მოთხრვას არ შეეშვება, არ იმსახურებს ამას . რთული შესამჩნევი რასაც
ვუწოდე, იმედი მაქვს, ის დაინახა ვინმემ და არ განვმარტავ, მხოლოდ იმას
ვიტყვი, რომ მე ვეცდები ცხოვრებაზე გარკვეული წარმოდგენები შეგიქმნათ, რაც
აწ უკვე შეთვისებულ აღქმას შეცვლის, ან გააძლიერებს, დაეხმარება, ნაპერწკალს
ცეცხლად აქცევს .

ვახსენე უკვე ტანჯვა და უბედურება, კიდევ ბევრჯერ წაიკთხავთ ამ სიტყვებს,


რამეთუ ტანჯვა, უსასოობა, პროტესტი, შეუგუებლობა და სხვა გრძნობები ქმნის
ნაწარმოებებს, რომლებიც გვაძლებინებენ . მე კი მხოლოდ ხელოვნურობას
ვებრძვი, მე იმას ვებრძვი, რაც იმიტომ კი არ იწერება, რომ სხვანაირად არ
შეიძლება, არამედ იმიტომ იწერება, რომ ავტორს უნდა დაიწეროს .

შემოქმედის ცხოვრების რეფრენია ლიტერატურა, არა მხოლოდ სხვების ნაწერი


და დიდებულება, არამედ მისიც - ამ დროს გარკვეული შემობრუნებაც ხდება.
ლიტერატურის საწყისი, შექმნის მიზანი - ცხოვრებისაგან
მოცემულის/განცდილის აღქმა უნდა იყოს, რაც ადამიანში ზემოთ ხსენებულ
გრძნობებს გამოიწვევს და პათოსად აქცევს, ბოლოს კი შექმნის შედევრს -
დიონისესთან ერთად შესვამს ღმერთივით შემოქმედი წითელ ღვინოს და
აპოლონთან ერთად ინადირებს ტყეებში .

ვინ ვარ მე ?

მე უილიამ უილსონი* ვარ და უილიამ უილსონი დამსდევს, ის მაიძულებს ამის


დაწერას. ყველას ყავს ეს თანმსდევი აჩრდილი, ვისაც არ ყავს, ის მწერალია,
ფილოსოფოსია, პოლიტიკოსია, მომღერალია, საზოგადოებრივი მოღვაწეა, ის
დღეს ისაა, ვინც ფასობს - ფასი აქვს, ხალხს უყვარს .

უილიამ უილსონი მკარნახობს, მომიწოდებს, მაცოცხლებს, ის ეროსია და


ეროსის წამართმეველი, როცა იმედი არ სდევს თან . როცა წიგნების მთარგმნელად
ვმუშაობდი, უილიამმა მე - უილიამს სამსახური დამაკარგვინა, იცით რატომ ?
ოდნავ სასაცილოა, თუმცა, არასდროს ეცინება იმას, ვინც თავზე გამოცდის
კომიკურობას, თუ ბევრს ვიფიქრებთ იუმორიც სევდასთანაა კავშირში .

ერთხელ, როცა სამსახურიდან სახლში დავბრუნდი, კარი შევაღე და


სიმყუდროვეში შევიჭერი მთელი ჩემი რუტინულობით. საათის წიკწიკმა მიიქცია
ყურადღება. ადამიანი იმდენად კომპლექსურია, ოდიდგანვე ეგონა; ჩემ ირგვლივ
ბრუნავს ყველაფერიო, დიდი მიზნები ჰქონდა ჩემ გაჩენას, ან ნიცშეანური ზეკაცი
ვარო. ამრიგად ხშირად ადამიანი თავის თავს სხვა ნივთებთან აიგივებს ხოლმე,
მაგალითად მე კალამი ვარ, ჩვენი ქვეყნის ლიტერატორ-მწერლები ჩვრები არიან
და ა.შ... რატომღაც საათთან გავაიგივე თავი, რადგან მისი ცხოვრება ისეთივე
რუტინული იყო, როგორიც ჩემი . როგორც საათს ვუცვლიდი ელემენტებს, ისე
მიცვლიდა მე უფროსი ელემენტებს. როცა ვირთვებოდი, ის ფულს მაძლევდა და
კლვავ ვწიკწიკებდი . ამ პარალელმა შემაშინა, სული გამიყინა, ფეხქვეშ
გაშავებული იატაკი გამომეცალა და ლამის დანტეს* სამყაროში ჩამითრია .

გამოვფხიზლდი . ოთახის კედლები თავის დროზე თეთრი იყო, როგორც ბავშვის


სინდისი, თუმცა მერე ბუნებამ უწია და რომ არ მოვუარე გაშავდა, გაყავისფრდა,
დამახინჯდა . კუთხეებზე მოჩუქურთმებული იყო რომანტიზმს მიცემული
კედელი, რომელიც სითეთრეს ნატრობდა . ოქროსფერი დაკლაკნილი
ჩუქურთმები, თითქოს ალამაზებდა ამ გადმონაშთ უსულო ფიზიკურ სხეულს,
რომელსაც წეღან სული შთავბერე და მეცხრამეტე საუკუნის ქართულ
რომანტიზმთან დავაახლოვე . ოთახში რვაფეხასავით დაკლაკნილი ჭაღი მეკიდა,
ცხადია ნათურებით და როცა შუქს ვანთებდი, ნათურებს უნდა სიკაშკაშე
მიენიჭებინათ ბრილიანტების მსგავსი შუშებისთვის, მაგრამ გასაწმენდი იყო მინა,
ამიტომ ვერც შუშები გამოყურებოდნენ კარგად .

შუქი ავანთე. დივანზე ჩამოვჯექი . ტელევიზორის ჩართვა არ მინდოდა, რადგან


წინასწარ ვიცი რამდენ პროპაგანდისტულ ნაგავსა და უცოდინარ პოლიტიკოსს
შევხვდებოდი იქ, ან ვიღაც მოლაყბე იდიოტის საუბრის მოსმენა მომიწევდა,
რომელიც თავის სიყვარულის ისტორიას უკვე მეშვიდეჯერ ყვება, საქართველოს
ყველაზე პოპულარულ საავტორო გადაცემაში .

მომინდა წიგნი წამეკითხა ან მუსიკისთვის მომესმინა, ან ორივე ერთად, ბოლოს


წიგნზე შევჯერდი . წიგნების თაროსაკენ წავედი, თარომდე სანამ მივიდოდი,
სარკეში ჩავიხედე, ჩემი გარეგნობა არასდროს მომწონდა, განა იმიტომ ,რომ
მახინჯად ვთვლი თავს ,არამედ იმიტომ, რომ ის მოცემულია, მონიჭებულია და
არა არჩეული . გარეგნობის კომპლექსი აბსოლუტურად ყველა ადამიანს აქვს, ჩემი
აზრით, რადგან ადამიანი ბუნებით ინკომპატილიზმის ერთ-ერთ განშტოებისკენ
მიიწევს, მას უნდა მისი ნებით იყოს მართული ყველაფერი, მაშასადამე მიზეზ-
შედეგობრიობა კანონივით მოქმედებდეს . სარკეს გავცდი და თაროზე წიგნებს
დავუწყე თვალიერება, ვტკბებოდი იმ სიდიადით, რაც ჩემ წინ იყო, ხომ მარტივი
წარმოსადგენია ადამიანი წიგნების თაროს წინ ?! მაგრამ საოცარია ამავდროულად,
რადგან შენ წინ საუკუნეების ცოდნა, წარმოდგენები და თავისებურებებია,
ამავდროულად უამრავი მწერალი, რომელიც პიროვნებებს ქმნის და
აუცილებლად, ყველაში დებს რაღაც ისეთ თვისებას, რაც თავში მოსწონს, ან
სძულს . ვიქტორ ჰიუგოს წიგნი ავიღე და გამახსენდა ბავშობაში როგორ ვტიროდი
ამ წიგნზე, თითქოს ჩემ წინ გაიშალა საბრძოლო ველი, მომღერალი ბავშვი
დროშით ხელში და მისი სიკვდილი, გამახსენდა „გავროშის“ ტანჯვა-წამება,
რომელიც მეც ისე შევიგრძენი, თითქოს ემპირიულად მქონოდა შეხება მასთან .

ცოტა ხანს გაშეშებული ვიდექი, შემდეგ ცრემლები წამომივიდა, წიგნი თავის


ადგილზე დავდე და შემრცხვა . მაგრამ ეს სირცხვილი მხოლოდ ცრემლების გამო
იყო გამოწვეული, რადგან მე სისუსტე ვუჩვენე თავს ... სარკესთან მივედი და
დავინახე დამპალი სახე, მატლები დამსეოდნენ სახეზე და დამჭკნარი კანი ჭიების
საჭმელი გამხდარიყო . წამში გამოსახულება შეიცვალა და დავინახე საფლავი,
წვიმა, ტირიფის ხის ქვეშ ქვა და ზედ ჩემი სახელი . ეზოში სარეველა ბალახი
ამოსულიყო, ეტყობოდა რომ ისე მივეცი დავიწყებას, როგორც დღეს კლასიკური
ლიტერატურა .

შემეშინდა. ბოლოს კი მივხვდი, რომ ჩემი ცხოვრება ისეთივე ნაგავი იყო,


როგორც ის რასაც მე ვაკეთებდი . ტირილი განვაგრძე, სახეში ვირტყამდი ხელებს
და ყვირილისაგან თავს ძლივს ვიკავებდი, უცბად გავაცნობიერე, რომ მე
სიბილწის წრეში ვიყავი ერთ-ერთი რგოლი . მე მთარგმნელი გახლდით, იმ
წიგნების მთარგმნელი, რა ნაგავსაც თქვენ ახლა კითხულობთ . მე ნაგავს
ვთარგმნიდი, როცა პრუსტი არაა ნათარგმნი, როცა იუნგის რამდენიმე წიგნია
მხოლოდ ნათარგმნი, როცა პოს მოთხრობების ნაწილია მხოლოდ ნათარგმნი,
როცა სიბილწე ლიტერატურადაა შეკაზმული და ლიტერატურა სიძველედ,
არაფრის მომცემ მაკულატურად .

ჩემი სიკვდილი დასრულდა და სიცოცხლე დაიწყო, როცა ეს გავაცნობიერე !

მეორე დღეს სამსახურში გამოვცხადდი და უფროსს ვუთხარი, რომ მე მძულდა


ის, ისევე როგორც ყველაფერი, რაც კი აქამდე მითარგმნია, და თავიც მძულდა
ჩემი, რადგან ბავშვებს იმას ვაძლევდი, რაც უნდოდათ და არა იმას, რაც საჭიროა .
განა სკოლაში უნდა რომელიმე ბავშვს მისვლა ?!

უკვე გითხარით ვინ ვარ, ახლა რამდენიმე ამბავს გიამბობთ, რომლებიც


მარტივად თუ ვიტყვი : რთული გასაგებია და ძირითადად ფსიქეს ფორმებზეა,
რაც მატერიალურ სახე-ფორმებს იღებს . თქვენ უნდა შეძლოთ და მიხვდეთ, თუ
რატომ არის მატერიალური საგნები, ნივთები, ურჩხულები და სხვა არსებული
რაღაცები ასეთი ფორმის და რა დატვირთვას ატარებს რეალურად .

მოდერნისტული ბიბლიოთეკა

გონზე მოვედი . ვერ დავარქმევ ამას გამოღვიძებას, ვერც სიზმრების ან


ოცნებების სამყაროში გადასვლას, უბრალოდ აუხსნელი მოვლენაა და სხვა არარა .

ჩემ უკან ბნელი ტყეა, მაღალი და სავსე ხეების მეტს ვერაფერს ვხედავ, ამას ისიც
ემატება, რომ ბნელი ღამეა . მთვარე ანათებს, თუმცა მხოლოდ ჩემ წინ
შემოსაზვრულ ტერიტორიაზე და უზარმაზარ სახლზე . რა გასაკვირიც არ უნდა
იყოს ; მთვარის სხივების არ ეკარება ხეებს .

სხვა გზა არ მაქვს, სახლში უნდა შევიდე . გოთიკუტი სტილის სახლი


შემოსაზღვრულია რკინის მაღალი ღობით, რომელზეც შეუძლებელია
გადაძვრომა, რადგან ოთხად დაყოფილ ფეხის დასაბიჯებლებზე ბასრი წვეტებია
აღმართული . ჩემდა საბედნიეროდ, ჭიშკარი ღიაა და შევდივარ ეზოში .

ეზოში შესვლისთანავე ჭიშკარი მიიხურა . უეცრად მოძრაობა დაიწყეს მიწიდან


ამოსულმა არსებებმა .

ერთ მხარეს ვიოლინოს ხმა გაისმა. შევნიშნე მუხლებზე დაჩოქილი მონსტრი,


რომელიც ჩონჩხს გავდა, თუმცა თავი მართკუთხედი ჰქონდა. ენას საზიზღრად
იქნევდა . ტანზე მეცხრამეტე საუკუნისთვის შესაფერისი კოსტიუმი ეცვა,
შიგნიდან კი თეთრი პერანგი, რომლის ბოლოებიც სახელურიდან და კოსტუმის
გახსნილი ღილებიდან მოუჩანდა . მის ირგვლივ ფურცლები დაფრინავდა . უკან
მისნაირი არსებების დასი იდგა და საზარელ მუსიკას უკრავდნენ, თუმცა
სიმპათიას მაინც ვერ ვთმობდი ამ შესრულების მიმართ .

საზარელმა არსებამ შეამჩნია როგორ ვაკვირდებოდი და გამომხდა ოვალური


თვალის ჭრილში არსებული, თვალზე ოდნავ დიდი გუგებით . მისი თვალები
სავსე იყო ბოროტებითა და ზიზღით, ვფიქრობდი, ჩემკენ გამოიქცეოდა და
მომკლავდა, თუმცა არ იძვრის . თვალებთან მიმართებაში კონტრასტული
ღიმილით უკრავს საკრავზე და თან მიმზერს .

თვალს ვერ ვაშორებდი სანახაობას და მალევე გამოჩნდა მოღუნული არსება,


თითქოს მოხუც ქალს გავდა შორიდან . რამდენიმე წამში მიუახლოვდა დასს და
კარგად დავინახე მისი აღნაგობა . დაახლოებით მეტრანახევარი იქნებოდა
სიმაღლეში . მოღუნული იყო და ნელა მოძრაობდა, გეგონებოდა ფორთხიალით
მოიწევდა . გამხდარი გახლდათ . ხელებზე და ფეხებზე სამ-სამი თითი ჰქონდა,
თითებს შორის კი აპკები გაბმოდა მწვანედ . ძალიან თხელი ხელები და ფეხები
ჰქონდა, ძალიან გამხდარი იყო, თითქოს ხორცი საერთოდ არ ეკროდა ხელ-ფეხზე
და ოდენ ტყავისა და ძვლის ერთობა იყო . ახლაღა შევნიშნე : ხერხემალზე ხორცი
საერთო არ ემჩნეოდა, ნეკნებს შორის ობობის ქსელები გაბმოდა და ხერხემლის
ძვლები წვეტებად ამოხეთქილიყო კანიდან . კისერი არ უჩანდა . სახეზეზ ვირთხას
ჰგავდა ცოტათი, მაგრამ ცხვირზე კაუჭი, გრძელი თმები და სისხლმდინარე
სკალპი განასხვავებდა მღნელისაგან . თვალები სახესთან შეუსაბამოდ დიდად და
გულუბრყვილოდ გამოიყურებოდა .

როცა დასთან მივიდა, სიმღერა დაიწყო ხრინწიანი ხმით. ნორმალურად არ მესმის


ხმა, თუმცა რაღაც მსგავს სიტყვებს ამბობს :

„მარად იცეკვებს დასი ჩონჩხების,

საკრავების ხმა ტყეს გააყრუებს,

ანგელოსების ტირილით მორწყულს,

არ ეღირსება აღდგენა ბაღებს .

ძვლები დარჩება მუდამ ცოცხალი,


ვერ შეეხება დრო მისი ძალით,

მუდამ გრძელდება საკრავის ხმები,

სამუდამოა განწირულობა,

აქ არ არსებობს წამი და დღენი .

არ უწერია შველა აქ ბაღებს,

სევდიანსა და მუდამ საშინელს,

დაიღუპება ოდესღაც ყველა,

ჩონჩხებს კი წამი ვერ შეაშინებს !

სისხლის მდინარე და ცრელმის წვიმა,

შემოდგომაზე ცვენა ფოთლების,

გოდება ბავშვის, ტირილი ხეთა,

არ გველოდება ჩვენ ეს არადრსოს,

არ გველოდება მეფობა დღეთა .

განწირულობა მარდჟამ დაგვსდევს,

ხედვა ხდის ამას განწირულობად . „

დაასრულა საშინელმა არსებამ სიმღერა და სახლისკენ წავედი . შენობას


გვერდებზე კოშკები ჰქონდა დაშენებული , ერთერთი კოშკის ფანჯარა
ჩამტვრეული იყო და თითქოს ვიღაც მიყურებს სიბნელიდან, თუმცა აღარ მიკვირს
ეს წეღან ნანახის შემდეგ .

სული ოთხსართულიანი იყო გოთური სტილის სასახლე . შესასვლელ კართან


ზარის დასარეკი ღილაკია, ვიმედოვნებ, არავინ იქნება შიგნით და ფანჯრის
გატეხვით შევალ. მაგრამ მაინც ვაწვები ღილაკს . მალევე კარი იღება . ჩემ წინ
ჩნდება შავებში გამოწყობილი არსება, სავარაუდოდ ქალი . სახე სულ შავი აქვს,
ტყავი არ უფარავს სახის ძვლებს, სიბნელის გამო მხოლოდ მყვრიმალებს, ცხვირის
ადგილას არსებულ სიცარიელეს და კბილებს ვხედავ, რადგან ტუჩები ამძვრალი
აქვს . უკან ვხტები შიშისაგან . არსება არ იძვრის . თვალებში შევხედე და
სიცარიელის გადა ვერაფერი დავინახე .
კარს ღიას ტოვებს და მიდის . სახლში შევდივარ . მალევე მივადექი დერეფანს .
გვერდებზე კარებები და ოთახებია, პირდაპირ კი ვრცელი კიბე და ორ მხარეს
გასასვლელი . ჩემთან ყველაზე ახლოს მყოფი მარცხენა კარი გავაღე და სიბნელეში
ორი ნათელი წერტილი შევნიშნე . ჭექა-ქუხილის ხმა მომესმა, ფანჯრიდან
განათება შემოვიდა და დავინახე ჩემსკენ ნელა მომავალი სრულიად შავი არსება
თეთრი თვალებით . მიხვდა რომ დავინახე, სიჩქარეს მოუმატა და კივილი მორთო.
კარი მივხურე და ხის ნაჭერს მიასკდა ნაზად ლანდი .

მარჯვენა კარი გავაღე . დავინახე როგორ ჭამდა თეთრი დაკუნთული არსება


კედელზე მიჭედებულ ადამიანს და უმალვე მივხურე . მომდევნო კარის გაღების
შემდეგ, ვხედავ ოთხხელა კაცს, რომელიც სახეს იგლეჯს . ერთ ხელში საკუთარი
თვალი უჭირავს, მეორეთი ცდილობს კბილები დაიგლიჯოს, მესამეთი ყური
მოიგლიჯა, მეოთხეთი კი სახეზე დარჩენილ ტყავის ნაჭრებს იგლეჯს .

სხვა ოთახის კარებს ვაღებ . მუხლებზე დგას სრულიად შიშველი თავხოტორა


კაცი. სახეზე კლოუნის გამომეტყველება აქვს მიხატული და პირზე ღიმილი . მისი
თვალები დიდ სევდას ატარებს. ეტყობა რომ ნაცემია, რადგან ცხვირის ადგილას
დალეწილი ძვლების გარდა არაფერი ჩანს, ტუჩების სისხლით აქვს მოსვრილი .
მის წინ დგას გაბრაზებული ყელგამოჭრილი, ჩაცმული კლოუნი, სახეზე ნაკვთები
გამოკვეთილად ეტყობა, ყელიდან სისხლი მოსდის ჩანჩქერივით და ტუჩებზე
იმდენად იჭერს წვეტიან კბილებს ბრაზისაგან, რომ სისხლი მოსდის იქიდანაც .
დავარდნილ კლოუნს უყვუირის : „შენ კლოუნი ხარ, ამას უნდა შეეგუი და სახეში
ურტყამს კვლავ“

ოთახს ვტოვებ და შემდეგში მივდივარ . იქ მხვდება ლანდის მაგვარი ურჩცხული,


ერთი შეხედვით ადამიანს გავს, მაგრამ როცა იცინის პირი უფართოვდება ძალიან
და მოუჩანს ზედმეტი კბილები, ხელიდან კლანჭები გამოსდის და თვალები
საზარლად უნათებს . თავზე წითელი ქუდი ახურავს და პალტო აცვია .
რამდენიმეჯერმე დაიყვირა : „სიცოცხლე“ და გამოვიქეცი .

საშინელებების ყურებით შიშმა ამიტანა, თითქოს, სიზმარში ვარ, რადგან შიშს ვერ
ვგრძნობ ისე ძალიან, როგორც უნდა ვგრძნობდე, თითქოს ამ ყველაფერს ვერ
აღვიქვამ ისე საშინლად, როგორც რეალურად არის . ზოგჯერ დროის
შეგრძნებასაც ვკარგავ, ვფიქრობ აწმყოდან მომავალში გადასვლის შემდეგ, კვლავ
უკან ვბრუნდები .

სად ვარ ვერ ვხვდები, ამიტომ გავრბივარ . ზემოთ ასასვლელ კიბეს ავუყვები და
მარცხენა შესასვლელში შევდივარ . კარს ვაღებ და სიცარიელეში ვეშვები,
ყველაფერი ტრიალებს, შავთეთრ ტრიალა სივრცეში ვარ და ჩემი სიცოცხლე
გრძელდება დროსა და სივრცეში, თუმცა სივრცე რამდენად ქვია ამას არ ვიცი .
სიძულვილი

თავი I : ზიზღის მდინარემდე მიმავალი გზა

ჩვენი მთავარი პერსონაჟი, ისევე როგორც სხვა მეტ-ნაკლებად ყველა ნაწარმოების


პერსონაჟი, არის ნაყოფი მწერლის ილუზიის და ეს ილუზიის ნაყოფი მწერლის
ჩანაფიქრით გამორჩეული და საინტერესო უნდა იყოს, თუმცა ისიც შეიძლება, რომ
ჩვეულებრივობით იყოს გამორჩეული, მაგრამ არა ამ სიტყვის იმ გაგებით,
რომლითაც თეზისის დისონანსური გახდება .

მისი ცხოვრება არ გავდა სხვების ცხოვრებას, ზოგადად ხშირია ცხოვრების


ერთნაირობა, უბრალოდ მისი აღქმაა სხვადასხვანაირი, ეს კი ნაკლებად ახდენს
თავად ცხოვრებაზე გალენას, თუ ცხოვრებას ადამიანური წარმოდგენების მიღმა
თვალით შევხედავთ. ამრიგად ცხოვრებისეული აღქმა ქმნის ცხოვრების ჩვენეულ
სურათს, რაც შემდგომში ადგენს არსს და ცხოვრების სტილსს, მხოლოდ ეს იმ
შემთხვევაში, თუ ინდივიდი უარყოფს რაღაც ინსტრუქციას . სამწუხაროდ, უნდა
ვაღიაროთ; ინსტრუქცია ყოველთვის არსებობს .

კონსტანტინე, დიდი „ბოროტების“ მატარებელი ადამიანი გახლდათ, ხშირად


ნარცისისა და ამპარტავანის იარლიყსაც აკრავდნენ ხოლმე. მისი რეალური სახე
რთული აღსაწერია, მაგრამ მეც არ ვარ მასზე ნაკლებად ქედმაღალი, რომ ამ
სირთულეს არ შევეჭიდო .

თავი II : ზიზღის მდინარემდე მიმავალი გზის აღწერა

კონსტანტინე ეძებდა ჭეშმარიტებას და ხშირად პოულობდა მას სხვადასხვა


ადგილებში, უფრო ზუსტად რომ ვთქვა; ხშირად პოულობდა აზრთა კონას,
რომელიც ახალგაზრდული სულისკვეთებით იყო გამოწვეული, შესაბამისად მას
ქონდა ხელოვნური გარსი - სულისკვეთება, ვნება, სურვილი და ათასი
ირაციონალური რაღაც, ამ ცნებების იქით კი ლამაზი შეფერილობის, საოცარი
სუნის მქონე ჭეშმარიტება იმალებოდა .

ყოველი შეხება ჭეშმარიტებასთან, იყო საფუძველი საკუთარი თავის სილამაზის


დანახვისა, რაც უტკბილესია სიამთა შორის და ეს ახალისებდა მაძებარს
ელოდრადოს ძიებისას . ძიების პროცესი ზოგჯერ დამღლელი იყო, ათასობით
დამტვერილი ადგილის ნახვა მოუწია ყმაწვილს, რომელსაც აქებდა უამრავი
ადამიანი, თუმცა ცოტა იცნობდა . საოცრად მტანჯველი იყო ზოგჯერ ძიება,
მაგრამ როცა მიზეზის მიერ დაგეგნილ ქმედებას მოსდევდა შედეგი, კონსტანტინე
თავს უბედნიერესად გრძნობდა .

და ადამიანის ბუნებაც მიილტვის ბედნიერებისაკენ, როცა ასე არაა, მაშინ იბადება


ტირანია, „ბოროტება“ , მართვის სურვილი და ათასი სიავე .

თავი III : ზიზღის მდინარის აღმოჩენა

კონსტანტინემ ლამაზი, საუცხოო, ნათელი და ბრჭყვიალა ჭეშმარიტებით შეკრა


ერთობა და ამ სინათლემ წარმოშა სიბნელე, მარტოობა, უბედურება და განკვეთა .

მას სძულდა ყველა, გარდა რამდენიმე ადამიანისა, თუმცა ზიზღს განაპირობებდა


სიყვარული, მაგრამ ეს რთული გასაგები იყო, რამდენადაც თქვენთვისაა რთული
გასაგები, თუ რას ვგულისხმობ .

კონსტანტინე მოსწყდა სამყაროს, მან საკუთარი თავი შეიგრძნო, იქნებ სულაც ისე
შეიგრძნო მან საკუთარი თავი, როგორც „მანფრედმა“, მაგრამ მას არ სურდა
ღმერთების მოხმობა, რამეთუ თავად ღმერთებს უტოლდებოდა და ხშირად
დასცინოდა მათ, არც წარსულის დავიწყება სურდა და თავდავიწყება, რათა
ბედნიერება ეპოვნა .

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს; რამდენიმე მეგობარიც ყავდა, ჩვენ პერსონაჟს და


მათთან თავს, თითქმის კარგად გრძნობდა, რამეთუ მათში ნაკლებად იყო
ხელოვნურობა, ვინაიდან ისინი არ ეწეოდნენ საკუთარი თავის გვემას, არამედ
აქებდნენ თავს და ტკბებოდნენ თავით . მაგრამ არცერთი იყო კონსტანტინეს
ტოლი, რამეთუ მათ ადამიანური ადამიანობის უარყოფა დასდევდათ ჩრდილად
და თავს უტოლებდნენ გამუდმებით სხვებს, რამეთუ ადამიანის გადაფასებულ
სურვილებს მორჩილებდნენ; ისინი მორჩილებდნენ სისუსტეს, სჭირდებოდათ
სხვა დასაყრდენი, საკუთარი თავის გარდა, შესაბამისად სჭირდებოდათ
ერთობა/სიყვარული, მაგრამ მათი სიყვარული სიბილწის სურნელით ჰყარდა,
რამეთუ ისინი ეჭიდებოდნენ ერთანეთისადმი შექმნილ ილუზიას და არა რეალურ
ადამიანს . რეალურ ადამიანთა ერთობა არის საკუთარ თავზე შეყვარებული ორი
ადამიანის ერთობა, რამეთუ მხოლოდ მას შეუძლია სხვისი სიყვარული, ვისაც
თავი უყვარს, ხოლო ვისაც არ უყვარს თავი მისი და იბრალებს სხვის სიყვარულს,
მას სძულს სხვა, რამეთუ იმეტებს საკუთარი თავისთვის, იმისთის ვინც თავად
თავის სიყვარული ვერ დაიმსახურა .

კონსტანტინე ეძიებდა სიყვარულს, ან იქნებ არც ეძიებდა, არც კი იცოდა, რამეთუ


ეს ტრფობა, მხოლოდ უეცრად შეიძლებოდა დაბადებულიყო . მას სძულდა
ცრუსიყვარული და მისგან შექმნილი პათეტიკა, ამიტომ დასცინოდა ამ
ყველაფერს .

გარდა ამისა მას უამრავი რამ ეზიზღებოდა, მაგრამ მე არ აღვწერ ამას .

თავი IV : ზიზღის მდინარის დინების მიმართულება, ანუ ჩანჩქერამდე მიმავალი


გზა

ყველაფრისგან დაღლილი კონსტანტინე სავარძელზე ჯდებოდა ხოლმე, შუქს


აქრობდა და ღია ფანჯრიდან შემოჭრილი ლამპიონის ნათებით სიბნელეში
დალანდულ ბუს ფიტულს ესაუბრებოდა .

- წაბილწულია და საზიზღრობით არის შემოსილი სოციუმი, საფუძვლად უდევთ


ტყუილი და საკუთარი თავის გმობა, გადაფასება ადამიანის და ღმერთბიდან
არარად ქცევა, ვერც კი ხვდებიან როგორ შეურაცხყოფენ საკუთარ გონებასა და
შესაძელებლობებს, მაგრამ კარგია, რომ ეს ყველაფერი გაუცნობიერებლად ხდება,
მაგრამ გაცნობიერებულადაც კია ხშირი შემთხვევაში . ზოგჯერ კი სულაც
იმდენად უპასუხისმგებლოა ადამიანი; საკუთარ ნებას გარემოების ზეგავლენას
მიაწერს და ინსტიქტურ ცხოველად აქცევს თავს, ვერც კი ხვდება
გაუცნობიერებლად ხიდის მეორე მხარეს რომ გადადის . გულისამრევია ამგვარი
შემობრუნება იმ დიდი გადატრიალებების შემდეგ, რაც ჩემმა მასწავლებელმა
მოახდინა, ვაი, რომ ისევ არასწორ მხარესაა ადამიანი და ისევ ადამიანობის
უარყოფას ახდენს .

გაჩერდა, დაფიქრდა ცოტა ხანს და შემდეგ განაგრძო :

- განა საკუთარი თავის უარყოფა, საწყისი არაა სიცოცხლის უარყოფის ?! განა


საკუთარი თავის ცუდად, დაცემულად, მცირედ აღიარება, როგორც სხვაზე
ნაკლებად აღიარება, უარყოფა არაა სიცოცხლის ?! ჩვენ აზროვნებას, ჩვენ
განვაპირობებთ, თუ ვამბობთ, რომ რაღაცას ვერ ვეწინააღმდეგებით თავში, ან არ
ვართ საუკეთესო, ან არ ვართ ჭკვიანი, მაშინ რა გამოდის ?! გამოდის ან სულელები
ვართ, ან მატყუარები . ნეტავ შემეძლოს ყველასთვის იმის თქმა, რომ მე იმას
ვამბობ, რასაც ყველა ფიქრობს და მალავს, ნეტავ წამით მისმინონ და შეიგრძნონ,
ნეტავ ის მაინც გაიგონ, რომ თავმდაბლობის ქადაგება, თავისთავად იმ
სუბიექტისგანაა ნაწარმოები, რომელსაც თავმდაბლობის საპირისპირო ცნება
ალაპარაკებს, მაშ თუ მდინარის საწყისი ბინძურია, შეიძლება მოძრაობამ ის
სუფთად აქციოს ?! ან სულაც თუ მდინარე ბინძურია და ლამობს შეიჭრას სუფთა
წყლებში, როგორ ფიქრობ მეგობარო, ის არ წაბილწავს წყალს ?! რა თქმა უნდა,
წაბილწავს და ამ სიბილწემ მოიცვა ყველაფერი .

ერთ-ერთი გზა

დიდი დროის მანძილზე ფიქრობდა იმ ქმედებაზე, რასაც ცოტა ხანში რეალურს


გახდიდა, ფიქრიდან ქმედებაში გადმოიტანდა და ფრთებს შეასხავდა: ერთი
შეხედვით, თითქოს ფიქციურს . ხის სკამი ფანჯრის რაფის წინ დადგა და
დაორთქლილ მინას მიაშტერდა, რომელიც გარეთ არსებულ მოყავისფრო-
მოღიავო ფერის ეზოს აჩენდა . გადათეთრებულიყო თოვლით ეზო, ერთადერთი
ხე იდგა ეზოში და ღობით შემოსაზრვრულიყო, თითქოს მის თავისუფლებას
ზღუდავდა ეს ღობე, თუმცა ხეს არ აქვს თავისუფლების შეგრძნება ან შიძლება
აქვს, მაგრამ რას გავიგებ ?! იმდენად ვერ გავიგებ, რამდენადაც მე ვერ გამიგებს
სხვა და სხვას ვერ გავუგებ მე, ჩვენ ყველანი ერთად კი ჩვენ პერსონაჟს ვერ
გავუგებთ ბოლომდე, რადგან ეს ბუნებაშია, რომ ჩვენ იმდენად ერთნაირები ვართ,
რომ განსხვავებულობის სურვილი მაპროვოცირებელი ხდება ჩვენ შორის
აღმართული ხიდის .

ფიქრებმა წაართვა თავი, თუ თავი თავად ფიქრი არ არის და წამიერი სახება, რაც
მდგომარეობას განაპირობებს . უამრავი აზრი იყრიდა თავს მის ფიქრებში, თუმცა
რეფრენად ის აზრი გასდევდა, რომ მესამე სართულიდან გადახტომით
შეიძლებოდა გადარჩენილიყო, მაგრამ გამოსავალი მალევე ჰპოვა - გადაწყვიტა
თავით გადამხტარიყო და ასფალტზე დაესხა ტვინი .

გონმა აიძულა ახსნა და გამართლება მოეძებნა იმისთვის, რასაც ჩაიდენდა,


რამეთუ ეროსი მთელი მისი სიბილწით აიძულებდა დანებებას და შთააგონებდა,
რომ სისუსტე სიძლიერე იყო და სიძლიერე სისუსტე, თითქოს ჰქონდა აზრი რამეს
და ილუზიური არ იყო თავად აზრის აზრი, მნიშვნელობის მნიშვნელობა და
წამიერი თვითდავიწყება, რომელსაც მუდამ მოსდევს საკუთარი თავის
დაბრუნება, კვლავ სევდა და სიხარული, ამ გრძნობების ერთმანეთში ცვლა და
ხელოვნური ძალაუფლება . საბოლოოდ მიდიოდა აზრამდე, თითქოს
ეგზისტენციალიზმი ძველი ღმერთის სიკვდილის შემდეგ გამოგონილი მისი
ალტერნატივაა, რომელიც ისეთვიე ილუზიურია როგორიც წინა, თუმცა მეტად
თავისუფლების მქადაგებელი და ჰუმანური, მაგრამ ილუზიური ! ხელოვნური,
თავად ადამიანის სისუსტისგან მომდინარე და სხვა არარა, თუ არა გაქცევა
რეალობიდან და შეფარება ფიქციურის, იულუზიურის, მოგონილის .

ადრე კიცხავდა მწერლებს, ვინც ამბობდნენ, რომ საწყისი დებულება, საწყისი


სუბსტანცია თუ მცდარია, მაშ არ ჰქონია აზრი არაფერს და ყველაფერი
შესაძლებელია, მაშასადამე სიცოცხლესაც არ აქვს ფასი ... ახლა კი ფერი იცვალა,
გადააფასა და მოიცვა რაღაც მდგომარეობამ, რომელსაც ვერც სისუსტეს დავარქმევ
და ვერც სიძლიერეს, უფრო მათ მიღმიერს ვუწოდებ და ახსნასაც ვერ შევძლებ,
ვგონებ .

საბოლოოდ კი ეძებდა მთავარ მაპროვოცირებელს, რაც იმას წაართმევდა, რაც


ერთადერთი და ალბათ, განუმეორებელია - სიცოცხლეს და იქამდე მივიდა, რომ
პრობლემა იყო ხიდებში, განსხვავებებში და ისეთ ფუნდამენტურ განსხვავებაში,
რომელიც აიძულებდა სკეპტიკურობას და ეს განსხვავება უფრო მძაფრდებოდა,
ძლიერდებოდა და იკვეთებოდა მის პიროვნებაში, რამეთუ ის ისეთივე იყო,
როგორიც ეზოში მარტოდ მდგარი, თოვლით გათეთრებული შიშველი ხე . გონმა
დასძლია თავი, გაჰკვეთა ეროსი და გაქრა ეროსი, როგორც მისი სამეფო, ადგილი
სადაც ის არსებობდა და იქნებ კეთილი მიზნით ატყუებდა მბრძანებელს - გონს .

ჩემი და უილიამ უილსონის შეხვედრა

ჭაში ჩაიხედა. სიბნელეში წყალი მთლად შავად მოეჩვენა . საუბარი წამოისყო :

- კვლავ მოგაკითხე, არ ვიცი მელოდი თუ არა, ან გიხარია თუ არა ჩემი სტუმრობა,


მაგრამ სხვა გზა არაა, როცა მარტო ვარ, შენსკენ მიზიდავს მარტოობა, რომელსაც
სიჩუმეს შთააგონებს და საკუთარი თავის აპოთეოზის შესაქმნელად მიხმობს, მეც
ვემორჩილები გარემოს, უფრო სწორად კი გარემოს ჩემზე ზემოქმედებას, უფრო
სწორად კი გარემოს ზემოქმედებას, რომელიც ჩემში გრძნობას აჩენს და პათოსით
მავსებს . მე თავისუფალი ვარ არჩევანში, თითქოს, მაგრამ ვერ ვეწინააღმდეგები
მიზიდულობის ძალას, შეიძლება ეს იმიტომ რომ შთაგონებული ვარ ჩემივე ნების
უძლურებით, მაგრამ ფაქტია ... - დაასრულა სათმქელი . ისე საუბრობდა, თითქოს
ვინმეს თავს აწონებდა, ან რად უნდოდა ეს სიტყვები, ხომ შეეძლო მარტივად და
შეულამაზებლად ეთქვა სათქმელი, მაგრამ ის არ საუბრობდა ასე, რათა
საზოგადოების წინაშე ასეთი “ხატი” შეექმნა, ის უბრალოდ ასეთი იყო და
მოსწონდა ასეთად ყოფნა, თუმც ამ მარტოობის დროს, მაინც შეუსახლდა
კრიტიციზმის ...

- მე ყველას სტუმრობას სიამოვნებით ვეგებები, რამეთუ ეს გზაა, ერთადერთი


სწორი გზა . თუ რამეს აზრი აქვს, ან მომავალში იძენს აზრს, ყველაფერი ჩემთან
საუბარში იბადება . უბედურებაა მხოლოდ ის, რომ მე მართული ვარ
სუბიექტისაგან, ამას ორნაირად შეიძლება შევხედოთ, როგორც სხვა ყველაფერს,
მაგრამ... მაგრამ, თავისუფალი ნებაც მნიშვნელოვანია, მიუხედავად იმისა, თუ
რამდენად არის ის სასარგებლო . - ამოსძახა რაღაც ძალამ სიბნელიდან .

- შენ ყველაზე ჭკვიანი ხარ, ჭკვიანთა შორის . ყველაფერში გეთანხმები,


შესაბამისად თუ გეთანხმები, ჩემი აზრით, ყველაზე ჭკვიანი ხარ, რამეთუ ჭკვიანს
იმას ვეძახით ადამიანები, რაც ჩვენთან ახლოსაა, მაგალითად წარმოიდგინე ახლა
რომ ჩვენი დიალოგის აზრს ვინმე უცხო მიხვდეს და დაგვეთანხმოს, მე და შენ
უმალვე ვიქცევით ჭკვიანებად, მაგრამ თუ ამის საპირისპირო მოხდება,
შეგვრაცხავენ სულელებად . ეს ასეა, შენც ასე ფიქრობ, დარწმუნებული ვარ .

- რა თქმა უნდა . ჩვენი ჭეშმარიტება ერთმანეთს ემთხვევა, ყველაზე კარგი ისაა,


რომ ჩვენ შეგვიძლია გადაფასება . ამისთვის ვარ მე, ამიტომ ვარ ყველაზე ჭკვიანი
და ამიტომ ხარ შენც ყველაზე ჭკვიანი .

- როგორ ფიქრობ, რატომ წარიმართება ჩემი ცხოვრება იმაზე ცუდიად, ვიდრე


სხვების ?! არა, წამით არ იფიქრო, თითქოს სხვისი ყოფა იყოს ჩემთვის
დამამძიმებელი, უბრალოდ საკუთარია ცუდი, რამეთუ ცუდის ცნებას, კარგის
ცნება ქმნის, ხომ ხვდები ... - გაუგებრად ჩაილაპარაკა .

- სხვებზე უარესად მხოლოდ იმიტომ ხარ, რომ ბევრს ფიქრობ, შესაბამისად


ხშირად მოდიხარ ჩემთან, მე არ ვარ სასრუველი, არც ბედნიერების მომტანი,
თუმცა როგორც უკვე ვთქვი გეხმარები, მაგრამ პრაქტიკულ ცხოვრებაში არ ჭრის
ჩემი დახმარება .
- მართალი ხარ, როგორც ყოველთვის, სხვანაირად არ შეიძლება. ახლა წავალ,
მადლობა საუბრისთვის .

- ნახვამდის, მალე ისევ დაბრუნდები . - გამოემშვიდობა სიბნელე .

წყალი ირეკლავდა მოსაუბრეს, თუმცა სიბნელის გამო არ ჩანდა მოსაუბრის სახე,


მხოლოდ ხმა ისმოდა, მხოლოდ ექო და სხვა არარა .

საბოლოო ჩანაწერები :

მე ხსნის ძიება ვარ . შავ ძაფებში გაჭედილი საოცდავი არსება . თვალთა ხედვის
ამაოების შეგრძნება . წარმოსახვის უნარისგან შთაგონებული პათოსი ვარ . ის ვარ
რასაც ვგრძნობ და მინდა ვიყო ის, რისი გრძნობაც ოცნებად ქცეულა .

ზღაპრის საწყისი

დასაწყისში მეტად მარტივი ჩანდა ყველაფერი . თვალის გუგები ჯერ კიდევ


შეიმჩნეოდა. ამ დროისთვის ძაფები არ იყო გაბმული თვალის ქუთუთოებს შორის
. იმედები საზრდოობდა, მაძლიერებდა და ნათელს ჰფენდა უკუნით ბნელს, ვით
ეროსის ბოლო ამოსუნთქვა თვითმკვლელის ფიქრებში. სამართალია დამნაშავის
მოკვლა, დასჯის ეს ყველაზე ამორალური გზა, მაგრამ მე სხვა რაღაცაზე ვსაუბრობ
. არანაირი დეტერმინისტული მიზეზ-შედეგობრიობა, არამედ ცხოველური
დამთხვევა, პრიმიტიული, აბსურდული, საძაგელი აქტი, მაშასადამე დაბადება .

პროცესის დასაწყისი . იქნებ დასასრულის მარცხი და საწყისის რეინკარნაცია, ან


სულაც დაგროვილი ზიზღის, შურის, სიყვარული, ბედნიერებისა და ყოველი
ამაოების ერთობლიობისაგან გამოწვეული საწყისი, რომელშიც წარსულში
დაბადებულ-განცდილის უნივერსალური აღქმა, მომავლის განმსაზღვრელი
გახდება . მაშ გაილაშქრებს ბედი ნებაზე და კუზს აღმართავს, მარადჟამ
მტანჯველს .
განა შემიძლია ვთქვა რასთან გვაქვს საქმე ? ! არა, მხოლოდ ვარაუდი შემიძლია და
ისიც მონა ლოგიკის, გონის, შესაძლებლობის, მაშასადამე აღიარებული ხედვების
და არა მის მიღმიერი გონის - ესეიგი დოგმატური, მექანიკური, ადამიანური
საწყისი ! საზარელი, მარტივი, პრიმიტიული - ადამიანური ! სავსე გრძნობით,
პათოსით, შიშით, კომპლექსით და არა ღვთაებრივით ნაწარმოები .

გონმა იფიქრა - გონი მაიძულებს ვიფიქრო ისე, როგორც მასში მოთავსებული


ლოგიკა მაიძულებსო, განა იგივე არაა; ადამნიამნა თქვას - ადამიანურობა
მაიძულებს, ადამიანურობისგან გამოწვეული იძულება შევიგრძნოო ?! ირონიაა
მთელი აზროვნების ფორმები, მიმდინარეობები, აღიერებული აზრები,
უნივერსალური ჭეშმარიტებები და ა.შ... მხოლოდ აბსურდია და სხვა არარა,
მაგრამ არა ისეთი, როგორსაც კამიუ განიხილავს .

ამოსნუთქვა . ტირილი . განვითარება . გაზრდა . პირველი ნაბიჯები . სურვილები


. საუბარი და ა.შ... უსუსურიდან მოაზროვნე, მეტად კრიტიკულ არსებად ქცევა .
იმპულსური ბუნების ცვლილება და მორჩულება საკთარი პიროვნებების და რახან
ირითმება; ვიტყვი - ვნებების . მეტაფიზიკურ სურვილებს შთანთქავს
მატერიალიზმი, რამეთუ მეტაფიზიკა მხოლოდ ლტოლვაა - ზესამყაროდან
მიწიერში ჩამოსვლის, მაგრამ მხოლოდ გონში არსებობს და სისულელეა მისი
რეალიზებისა და სხვა ალტერნატივის განხილვა . ასე რომ ბუნებრივია დარდი,
რომელიც წმინდა რომანტიზმს ქმნის, მისი საწყისი იმედის გაცრუებაა, მაშ
უსუსურობა და მდინარის დინებისაგან გამოწვეული გადაჩეხვა . დაცემა და
სურვილი ადგომის, მაგრამ გაცნობიერება ადგომის ამაოების .

ორი სამყაროს შეჯახების შემდეგ, იმარჯვებს რეალური, ესეიგი მოსაწყენი,


რუტინული, მარტივი, პრიმიტიული, თვალხილული . გამარჯვებული სახრით
დასდევს ბრძოლის ველს - ადამიანს, ასე აიძულებს იქცეს ბოროტებად, სიკეთედ,
უბედურად, ბედნიერად და იმად, რაც არის . თუმცა იქამდე სანამ ამ ყველაფერს
გააცნობიერებს. მხოლოდ გაცნობიერებაა ჭეშმარიტი გზა გაქცევისთვის, შემდეგ კი
გაძლიერება და დაღუპვა ძლიერი მტანჯველის, მჩაგვრელი მატერიალიზმის !

ყაყაჩოების ბაღში მორბენალი ბავშვი ჯერ კიდევ ვერ ხვდება, რომ შემოდგომაა
წინ, შემდეგ კი ზამთარი . ვერ წარმოუდგენია, რომ სიცივე და სითეთრე
გამეფდება, შთანთქავს სილამაზესა და ბედნიერებას . რთულია იფიქრო იმაზე,
რისიც გეშინია, მაგრამ შიში დომინირებს ოცნებისაგან შთაგონებულ აზროვნებაზე
და ლანდად დასდევს ყველა ბედნიერ მომენტს. ბედნიერ წამს უშლის, რომ წუთად
იქცეს და აჩქარებს ბედნიერების ამაოებად გაცხადებას .

უნებლიე გაგრძელება
ყველაფერი გრძელდება . სიმაღლეში ზრდამ და დღე-ღამის ცვლილებამ შექმნა
დრო და არა დრომ ცვლილება . რაც უფრო მეტად შორდები მიწას, მით მეტად
უახლოვდები ცას, მაგრამ შეუძლებელია ფრთების შესხმა და გაფრენა უკიდურესი
სინათლისაკენ, მაგრამ სურვილი კვლავ მტანჯველია, მუდამ გვინდა მეტი .
სამუდამო ზრდა გვსურს და ეს სურვილი ჯოჯოხეთის მცხუნვარებასთან
გვაახლოვებს და არა სერაფიმის გალობასთან, სულაც კონტრასტია ზემოთ სვლისა
და ქვემოთ სვლის დეფინიციებიც, როგორც მათი ბუნება .

ზრდა უნებლიე იყო, თავად თავის თავისგან განპირობებული, ან რუტინისაგან


გამოწვეული, მაგრამ ფაქტია ეს ასე მოხდა . მაშ დასაწყისი უნებლიე იყო, მაგრამ
გაგრძელების სურვილი ?! გაგრძელების სურვილი შთაგნოებული უნებლიე
საწყისისა და რეალიზების შემდეგ მიმდინარე პროცესისგან უნდა იყოს . მაგრამ რა
აზრი აქვს ?! ცეხლმა დაწვას ყველა ფურცელი და აზრთა კონა, დაგროვილი ცოდნა
და ცნობიერება - მხოლოდ ბედნიერება გვინდა, გვსურს საკუთარი ფრთები და არა
ცოდნა, რამეთუ ეს საზარელი რაციონალიზმი დამღუპველია .

ესეიგი რა გამოდის : საზრისი ფრთებია, რომელიც უნებლიედ, თავისით შეიქმნა ?!


მაშ, მაპროვოცირებელი თუ უნიბლიობა, დამთხვევითობა, შემთხვევა -
ინდეტერმინისტული აქტი იყო, მაშინ ამის გაცნობიერებამ უნდა გამოიწვიოს
ფრთების ილუზიურბის შეგრძნება და გადაფასება, არა ?! კი, რა თქმა უნდა, კი .
განა არ ვიცი თქვენ რას ფიქრობთ ? ვიცი, სწორედ ამიტომ გაისმის თქვენი ხმა
ბნელ ოთახში, ექოდ ჭაში, ზღვის ხმოვანებაში და უსასრულო გოდებაში .

იქნებ თქვათ, ვითომ მე ემპირიციზმის ბანალურობაში ჩაძირული მთვრალი


დიონისე ვარ ან პათეთიკანარევი მომღერალი, იქნებ კმაყოფილებითა და
ღვთაებრიობით სავსე აპოლონი ?! რა მნიშვნელობა აქვს ?! კვლავ ისმის ბრბოს
ყვირილი - არანაირი !

საინტერესოა, ფრთებისაკენ ლტოლვის არაცნობიერმა გამოვლინებამ რა შექმნა,


არა ?!

რა თქმა უნდა, საინტერსოა . ამ საზარელმა ლტოლვამ შექმნა უნივერსალური


აზრი, მაშ ფრთის შიგნით გაშენებული მასალა, რაც აღმაფრენაში გვეხმარება .
თავად ადამიანმა შექმნა უნივერსალური ახსნები, ყვეაფერი განსაზღვრა და
მთელი დახვეწილობისა და უსუსურობის სინთეზით შეიქმნა ახსნა ყველა
არსებულის . გაგიკვირდებათ, ყოველი ონტოლოგიური, რისი შექმნის რაობა და
მიზეზიც არ ვიცოდით, ყველაფერი არარსებულს მივაწერეთ . შემდეგ სისუსტემ
გვაიძულა დამონება ჩვენივე შექმნილის მიერ . დოგმატური მორჩილება და
დაჩოქება, სამაგიეროდ კი იმედი - ბავშვად ქცევა, დაბრუნება საწყისთან, მიწისკენ
თავის დახრა და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა .

რამ მოგვცა სიმშვიდე ? სწორედ საკუთარმა შექმნილმა პრაქტიკულმა არსებამ,


რომელიც ისევე არსებული გახდა, როგორც სამართალი . ჩვენში არსებული
გრძნობების ერთობლიობამ შექმნა სამართალიც და მმართველი არსებაც . მე თუ
მკითხავთ, გეტყვით - არ წაართვათ არსება სუსტებს, დაე სჯეროდეთ, იყვნენ
ბავშვები, იყურონ ძირს, თუ ეს ბენდიერებას მოუტანთ . ჩვენ კი ვიტანჯოთ, გონის
წყევლით შებყრობილები მუდამ ზემოთ ვიხედებით და გვავიწყდება, რომ
ბედნიერება ახლოსაა . ბედნიერება ფეხებქვეშაა, ისიც კმარა დავივიწყოთ
თვითკმაყოფილება, ავყვეთ ბრბოს თვითგვემას და ბედნიერება აგვიტაცებს,
მგონი, უფრო სწორი იქნება - ჩაგვიტაცებს ქვესკნელებში, რომელიც ჩანჩქერად
მოგვეჩვენება . მიგვიყვანს რქიან საზარელ არსებებთან , რომლებიც ფერიებად
გვეჩვენება . გველები დაგვკბენენ, მაგრამ გვესიამოვნება .

ბრძოლა არსებასთან, არასწორია, რამეთუ მან სიმშვიდე მოგვცა, იმის სანაცვლოდ,


რომ ჩვენ ის შევქმენით . სწორედ შექმნამ განაპირობა ის ილუზიაც, რომ მან
შეგვქმნა . ირონიულია, ერთობ ირონიული, თან სასაცილო, თან სატირალი .
ტირილში, გოდებაში, საცოდაობაში იბადება ჩვენი გზები და გზა გვიქადის
დროებით შესვენებას .

საბოლოოდ მნიშვნელოვანი გამიჯვნა უნდა გავაკეთოთ ძირს მაყურებელ ხალხსა


და ფრთებზე მეოცნებეთა შორის . როგორც უკვე ვთქვი : არსების
უნივერსალურობამ განაპირობა მოთხოვნილება ფრთების, რომელიც მისავით
უნივერსალური, ჭეშმარიტი და სწორია, მაგრამ არსება მხოლოდ საწყისია
ლტოლვის, მხოლოდ მაპროვოცირებელია და არა მიზეზი, რომელიც ჩანს . ის
გაუცნობიერებელია და ვერ ხვდებიან ფრთებზე მეოცნებეები, რომ მხოლოდ
ლანდია არსების უნივერსალური ფრთები, არადა მათ ხომ არ სწამთ არსება, მაშ
საწყისის ილუზიურობა ხომ სასრულის ამაოებას გამოიწვევს ?! განა რთულია ამის
მიხვედრა ?! ვაება, ტირილი და კედელზე თავის რტყმა გამოდის მთელი ეს
მცდელობები . არსების მორწმუნენი ძირს იყურებიან, მაშ ბედნიერები არიან .
არსება გაკარგვინებს საკუთარი თავის სიყვარულს, ამრიგად ის გაძლევს
ბედნიერებას - ეს გზაა .

არსების დანიშნულება არასდროს ყოფილა გნოსეოლოგიური შესაძლებლობების


გამომყენებელი ადამიანებისთვის ბედნიერების მიცემა, ის მხოლოდ
მაპროვოცირებელია იმის, რაც უბედურად აქცევს ინდივიდებს* . ამრიგად ეს
უსულო არსება იმდენადაა ადამიანურ ფესვებში შემალული, რომ სამაგიეროსაც კი
უხდის ადამიანს .

თუმცა ყველა გზა სიბნელისკენ მიგვიძღვება, გარდაუვალია ვარდნა


უსასრულობაში, არაცნობიერ მდგომარეობაში და გაქრობა . სასაცილოა ჩვენი
სახელი, ჩვენივე თავზე დიდხანს რომ გასტანს .

ამბავი ერთი კაცისა, რომელმაც ყველაფერზე უარი თქვა და ბოლოს თავად შექნა
ფრთების ილუზია .

მთელ მის სიდიადესთან; ამპარტავნებასთან და თვითკმაყოფილებასთან ერთად


ცხოვრობდა მთებში ულვაშიანი, მაღალი კაცი . მაღალ მთაზე მარტო განისვენებდა
და იყურებოდა საკუთარი თავის უფსკრულებში და აღმამფრენ სიდიადეებში,
მიზეზებში და შედეგებში .
თეთრ ფრთებზე უარი თქვა საკუთარ თავში მაძიებელმა ღმერთკაცმა . გააკრიტიკა
არსება, მისი მიმდევრები, მორალი, აღიარებული აზრები და ყელა, ვინც ამ
დოგმებს მისდევდა, ამრიგად ის გაემიჯნა ყველა შეხედულებას და თავიდან
დაიწყო კვლევა .

შეცდომა დაუშვა, როცა არსება გააკრიტიკა, არათუ იმიტომ, რომ ეს არასწორი იყო,
არამედ იმიტომ, რომ ეს არაპრაქტიკული იყო. მან სისწორე წინ დააყენა
საზოგადოებრივ ბედნიერებაზე და წაართვა ბედნიერება ხალხს, რომელთაც სხვა
ალტერნატივა დასჭირდათ და მიეჭიდნენ ახალ მქადაგებელს .

კაცი კვლავ მთაზე განმარტოვდა და წლები ფიქრობდა, ქმნიდა ახალ აზრებს და


პათოსით სავსე ტექსტებს წერდა, სადაც მისი გრძნობები იჩენდა თავს, რაც
მომხიბვლელს ხდიდა სიტყვებს, რომლებიც დიადი გრძნობების გარეშე ასოთა
წყობაა, მხოლოდ გამოხატვაა აზრის და მოსაწყენი ცხოვრების კიდევ უფრო
დამამაძიმებელი გარემოებაა .

მოაზროვნემ დაიჭრა ილუზიური ფრთები, ფრთათა სისხლიდან მომდინარე


პოეზიამ შექმნა შედევრები და დღესაც ვკითხულობთ ჩვენ მას . საბოლოოდ
თეთრი ფრთები, შეცვალა წითელმა ფრთებმა და ამის საწყისიც ისეთი იყო,
როგორიც უნივერსალური არსების, ამრიგად ახალი არსება იქმნებოდა და მის
სახელი უნივერსალური არსება იქნებოდა . ფილოსოფოსს გამორჩა ან არ მიაქცია
ყურადღება იმას, რომ ახალი უნივერსალურობის შექმნაც ადამიანურ საწყისებთან
იყო კავშირში, ამრიგად ეს საბოლოოდ გაცნობიერებას და კვლავ ნიჰილისტურ
მდინარეში გადაშვებას გამოიწვევდა .

შექმნილი ფილოსოფია ახალი ქადაგება იყო, ეს იყო გზა საკუთარ გზამდე


მისასვლელად, მაგრამ ფილოსოფოსის გზაში რომ შევიჭრათ, დავინახავთ დასანან
პეიზაჟს, რამეთუ მის ფილოსოფიაში შეჭრით, არათუ მის ფუნდამენტს - საკუთარი
ანარეკლის გამოსახულებას და სიყვარულს დავინახა, არამედ ახალ არსებას -
სინთეზს ადამიანისა და წინათ არსებული არსების .

ფილოსოფოსი ცხოვრობდა დიდხანს საკუთარ ფილოსოფიასთან ერთად, მაგრამ


მას ჩრდილად დასდევდა აზრი, რომ მან ახალი ილუზია შექმნა : ახალი
უნივერსალური, მორალური, დოგმატური, მორჩილი ადამიანი, რომელიც კვლავ
მოჩვენებითია . ცხოვრების დინებას მიჰყვებოდა, ხშირად ხედავდა თანმსდევს
სისულელეებსა და სისასტიკეებს, ბოლოს კი მასში დაგროვლილი სკეპტიციზმი
გააცოცხლა დანახულმა საცოდავობამ : პატრონისა და ცხენის პეიზაჟმა, კაცი
წკეპლას ურტყამდა ცხოველს, როგორც მას ურტყამდა წკეპლას კრიტიციზმი, რაც
მომდინარეობდა უნივერსალურობის პრობლემატიკიდან .

ჩაგრულ ცხოველთან მივიდა და ჩაეხუტა. აქ დასრულდა მისი ცხოვრება.


კრიტიციზმმა, სკეტპიციზმმა და სიგიჟემ, ტრიუმფი განიცადა . დამთავრდა
ფილოსოფოსის სიცოცხლე, თუმცა დაიწყო მისი ფილოსოფიის ფრთებშესხმა,
რომელსაც თუ შევცვლით საკუთარ გზას მივიღებთ .
ახალი დასაწყისი

ფრთების ილუზიურობის გაცნობიერების შემდეგ, გადავეშვით ნიჰლიზმში,


მაგრამ არა ცხოვრებისუარმყოფელში, არამედ გადამფასებელში . უარი ვთქვით
დაჩოქებაზე, ისევე როგორც ფრთებზე, ასევე უარი ვთქვით ყველანაირ
უნივერსალურზე .

ახლა არ გვაქვს გზა . დაკარგული დიდი ბავშვები ვართ, მაგრამ ბავშვები არა ისე,
როგორც დაჩოქილები, არამედ როგორც უსუსურები .

ეროსის დამსახურებაა ყველანაირი სულელობა, ყველანაირი პროგრესი, არსებობა,


გაძლება და ა.შ... აზრები, არსება, ფიქრი, შთაგონება, ხელოვნება, პოეზია, მუსიკა
და ა.შ... ყველაფერი რასაც აზრი არ აქვს .

ეროსის მონა ვარ ახლა მეც , როგორც სხვა ყველა . ვიცი, არაფერს არ აქვს
მნიშვნელობა და აზრი, მაგრამ თვითმკვლელობას ისევ სიცოცხლე სჯობს (კვლავ
ეროსი), მაგრამ თუ ერთ დღეს ცხოვრება არ ივარგებს, სიკვდილი არ იქნება
ამორალური .

მე მომავლის ვარაუდი ვარ . იმედების ერთობა ვარ . მე ვარ ყალბი პათოსი .


თვალების გახელის სურვილი ვარ, მაგრამ არ მიწერია, ვინაიდან ეს სურვილიც
აქამდე მოსულმა შეხედულებებმა შექმნეს . სამყარომ არასწორი გზა აირჩია
თავიდანვე, ან შეიძლება სწორი, თუმცა ჩემთვის ნამდვილად არა .

ავტორი : ლუკა ბაკურაძე

You might also like