You are on page 1of 35

�იდერში დეტალურად არის განხილული ქართული პოლიტიკური პარტიების

დამოკიდებულებანი ქალების პოლიტიკაში ჩართულობასთან დაკავშირებით.

პოლიტიკური პარტიების როლი ქალთა პოლიტიკურ ჩართულობასა და მათი

წარმომადგენლობის გაფართოებაში

პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა მონაწილეობის უფლება ადამიანის ერთ-ერთ

ფუნდამენტურ უფლებათაგანია, ხოლო გენდერული ბალანსის არსებობა

წარმომადგენლობით ორგანოებში, დემოკრატიის ძირითად პრინციპს წარმოადგენს.

საქართველოს, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში უაღრესად

მნიშვნელოვანია ქალთა და მამაკაცთა პარტნიორობა სოციალური და პოლიტიკური

გადაწყვეტილებების მიღების დროს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში

საქართველოში ქალთა როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვნად გაიზარდა,

სამწუხაროდ ქალთა მონაწილეობა ქართულ პოლიტიკაში კვლავაც დაბალი რჩება.

გენდერული თანასწორობის საკითხს საქართველოში მთელი რიგი საკანონმდებლო აქტები

არეგულირებს. მათ შორის უმთავრესია საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-3


პუნქტში,

რომელიც კანონის წინაშე ორივე სქესის თანასწორობასა და მათ თანაბარუფლებიანობას

აკანონებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმიანობაში. “ სახელმწიფო უზრუნველყოფს


თანაბარ უფლებებსა და შესაძლებლობებს მამაკაცებისა და ქალებისათვის. სახელმწიფო იღებს
განსაკუთრებულ ზომებს მამაკაცებისა და ქალების არსებითი თანასწორობის
უზრუნველსაყოფად და უთანასწორობის აღმოსაფხვრელად.“

დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესი გენდერული თანასწორობისა


და სამართლიანობის პრინციპების დამკვიდრებას გულისხმობს. საქართველოს

დემოკრატიული საზოგადოების პროცესში უაღრესად მნიშვნელოვანია ქალთა და მამაკაცთა

თანაბარი მონაწილეობა პოლიტიკაში. ქალების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების

პროცესში აქტიურად შეუწყობს ხელს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური და სოციალური

პროცესების წარმატებით განხორციელებას. სამწუხაროდ ამ მხრივ ჩვენს ქვეყანაში არც თუ

სახარბიელო მდგომარეობაა. ეუთოს წევრ სახელმწიფოთა შორის საქართველო ბოლო

ადგილზეა საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატის წევრ ქალთა რაოდენობრივი

მაჩვენებლით. პოლიტიკაში ქალთა აქტიურობა სამომავლოდ ხელს შეუწყობს ისეთი

უმნიშვნელოვანესი საკითხების წინ წამოწევას, როგორიც არის ეკოლოგიის, ჯანდაცვის,

სოციალური დაცვის, განათლების და დასაქმების სფეროები. სწორედ ქალთა ჩართულობა

პოლიტიკაში და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ამ სფეროებში პრობლემების

აღმოფხვრის ახლებურ და შესაძლოა, უფრო ეფექტურ ხედვას შემოიტანს.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიების

გენდერული ანალიზი

საქართველოს ლეიბორისტული პარტია

პარტიული სიის ანალიზი

ლეიბორისტული პარტიის მიერ რეგისტრირებულ პროპორციულ სიაში 57 ქალია,

სრული სიის (168) 33.5%, რაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის

რეგისტრირებულ პროპორციულ სიასთან შედარებით გაუარესებული მაჩვენებელია.


პროპორციული სიის პირველ ათეულში 2, ხოლო ოცეულში 5 ქალია, ხოლო პარტიის

მაჟორიტარულ სიაში (10 ოლქი) არცერთი ქალი არ არის.

პროგრამის ანალიზი

ლეიბორისტული პარტიის პროგრამაში ცალკეა გამოყოფილი ქალთა პოლიტიკაში

მონაწილეობის მაქსიმალური ხელშეწყობისთვის პარტიის მიერ დაგეგმილი

ღონისძიებები, რომლებიც გულისხმობს საგრანტო პროგრამების ფარგლებში

პოლიტიკური სკოლების შექმნს ქალებისთვის, სადაც“ ახალგაზრდა ქალებს

ასაკიდანვე მიეცემათ შესაძლებლობა, მიიღონ პოლიტიკური განათლება და

გამოცდილება, გაიუმჯობესონ და განავითარონ ინდივიდუალური

შესაძლებლობები“, თუმცა იქვეა საკანონმდებლო ორგანოში გენდერული

კვოტირების გაუქმების დაპირებაც, რომელიც პარტიის აზრით ხელს უშლის ქალთა

პოლიტიკაში „ბუნებრივ მონაწილეობას“ - ვინაიდან წარმოადგენს ხელოვნურ

ჩარევას. ერთი სიტყვით, მიუხედავად იმისა, რომ ლეიბორისტული პარტია საჭიროდ

მიიჩნევს ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მაქსიმალურ წახალისებას და

შესაბამისი პოლიტიკების განხორციელებას, იმავდროულად ეწინააღმდეგება ამ

პოლიტიკებიდან საერთაშორისო გამოცდილებით ერთ-ერთი ყველაზე ბაზისური

მექანიზმის დანერგვას.

ზოგადად, გენდერულ კვოტირებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილების

პროცესში, პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებები საკმაოდ

არაკორექტული იყო - მან საარჩევნო რეგულაციებს, რომლის მიხედვითაც სიებში

გათვალისწინებული უნდა იყოს ქალთა მინიმალური კვოტა, „სასქესო ორგანოების“


არჩევნები უწოდა: „იქნებ მინდა, რომ 10-ივე ჩავწერო ქალი, მაგრამ არცერთი ქალი არ

არის, ვისაც პოლიტიკური მონაწილეობის სურვილი აქვს. ვერ გავიგე, საარჩევნო სიაა

ეს თუ სასქესო ორგანოების არჩევნები“ - განაცხადა მან. პარლამენტარების და სხვა

პარტიებიდან პოლიტიკოსების გამოხმაურება ამ განცხადებაზე ძირითადად

მოიცავდა იმის შესახებ მინიშნებას, რომ ნათელაშვილი არ არის „სერიოზული

პოლიტიკოსი“ და ამიტომ, არ ღირს მასზე ყურადღების გამახვილება.

ცალკე აღნიშვნის ღირსია, ასევე, ნათელაშვილის მიერ 2020 წლის არჩევნებისთვის

პარტიული სიის წარდგენისას საკრებულოებში წევრობის კანდიდატებად სამი

ქალის წარდგენისას წარმოთქმული სიტყვები: "გემრიელი ლუკმა, ულამაზესი

ლუკმა შემოვინახეთ ბოლოსთვის. სამ უმშვენიერეს გოგონას, ახალგაზრდას

ვასახელებთ საკრებულოებში წევრობის კანდიდატად - ონში მარიამ გოჩალეიშვილს,

თელავში თამარ მენაბდიშვილს, მანგლისში თათია მაისურაძეს. მარტო ამ სილამაზის

გამო მოგვცემდნენ ხმას."

საკმაოდ სკანდალური განცხადებები გვახსოვს 2019 წლის მაისში შალვა

ნათელაშვილისგან გაუპატიურების საკითხზეც - სექსუალური ძალადობის

სისხლისსამართლებრივ რეგულირებასთან დაკავშირებით, ნათელაშვილმა Facebookზე


დაწერა საჯარო სტატუსი, რომლის თანახმადაც: „ესაა სრული იდიოტიზმი. ჯერ

გაუპატიურების მუხლით აღძრულ უამრავ საქმეზე, იგივე ჩემი გამომძიებლობის

პერიოდში საბოლოოდ დგინდებოდა, რომ ე.წ მსხვერპლი თვითონ იყო

მაპროვოცირებელი, ან პროვოკატური რაიმე სარგებლის გამოსაძალად ან ცოლად

გასაყოლად. ამ ფორმულირებით კანონის მიღება გამოიწვევს იმას, რომ ნებისმიერი

მამაკაცი შეიძლება დაიჭირონ თუ ე.წ „დაზარალებულს" ნებისმიერ დროს ეს


მოეხასიათება.“ აღნიშნულთან დაკავშირებით საჩივარი შევიდა საქართველოს

სახალხო დამცველთან, რომელმაც ნათელაშვილს ოფიციალური წერილით

მოუწოდა „თავი შეიკავოს დისკრიმინაციული შინაარსის განცხადებებისგან და

თავისი საქმიანობის განხორციელებისას ხელი შეუწყოს გენდერული თანასწორობის

დაცვას“, რაზეც ნათელაშვილის რეაქცია იყო შემდეგი: "სამმა დედალმა ქოცმა

მიჩივლა. იღებდნენ კანონს იმის თაობაზე, რომ თუ ცოლმა უჩივლა ქმარს, რომ ერთი

წლის წინ მას ეძინებოდა და ღამით შეაწუხა, დაიჭერდნენ გაუპატიურებაზე. ამაზე

განვაცხადე, რომ ერი, სადაც შობადობა და ქორწინება არ არის, ითხოვს დემოგრაფიის

ხელშეწყობას და არა სისხლის სამართლის კოდექსის ლოგინში შედებას. ამისთვის

მიჩივლა სასამართლოში სამმა დედალმა ქოცმა აქტივისტმა". ამ განცხადების

საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ნათელაშვილი არამხოლოდ სექსისტური

განცხადებებით შემოიფარგლება და გაუპატიურების შემთხვევებში მიდრეკილია

მსხვერპლის დანადანაშაულებისაკენ, არამედ ამართლებს, მათ შორის, ოჯახში

სექსუალურ ძალადობას და ამას ასაბუთებს ქვეყანაში დემოგრაფიული დისბალანსის

არსებობით.

პროგრამის თემატური საკითხები

კვოტირებასთან მიდგომის მსგავსი წინააღმდეგობრივი და ორაზროვანი პოლიტიკა

გვხვდება ლეიბორისტული პროგრამის სხვა ნაწილებშიც, სადაც, ერთის მხრივ ცალკე

გამოყოფილია ქალთა საკითხი, ხოლო მეორეს მხრივ, სრულიად საპირისპიროდაა

გაგებული კონკრეტული პოლიტიკების არსი - და შესაბამისად, გენდერული

თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპების წინააღმდეგაა მიმართული


პარტიის პოლიტიკური ინიციატივები.

მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ საპენსიო სისტემის რეფორმირების ნაწილში

ლეიბორისტების ხედვა ორიენტირებულია მეტ სოციალურ სარგებელზე: პენსიის

გაორმაგებაზე, საპენსიო სესხების საპროცენტო განაკვეთის განულებაზე და

„მეცამეტე პენსიის“ შემოღებაზე, რაც მნიშვნელოვანი სოციალური შედეგის მომტანი

იქნებოდა პენსიონერთათვის, რომელთა უდიდესი უმრავლესობაც საქართველოში

ქალია, მეორე მხრივ, ნათელაშვილი გამოდის ინიციატივით შეიცვალოს კანონით

დადგენილი საპენსიო ასაკის ზღვარის შესახებ ჩანაწერი და ქალებისა და მამაკაცების

საპენსიო ასაკში გასვლის ვადა გაუთანაბრდეს ერთმანეთს, რაც პირდაპირ

მიმართულია იმ გენდერული/სოციალური სამართლიანობის გადამანაწილებელი

მექანიზმის წინააღმდეგ, რომელიც ქალთა საპენსიო ასაკში უფრო ადრე გასვლას

ითვალისწინებს, ვიდრე მამაკაცების, ვინაიდან ზოგადად, ქალებს მშრომელობის

ასაკში, ძირითადად უფრო ნაკლები ანაზღაურება აქვთ, უფრო დიდი

წყვეტები შრომის ბაზარზე რეპროდუქციული ფუნქციის გამო და ა.შ - ამიტომ, ეს

გადამანაწილებელი მექანიზმი საერთაშორისო გამოცდილებით ემსახურება

სოციალური და გენდერული სამართლიანობის პრინციპის ინსტიტუციონალიზებას

საპენსიო ასაკში.

ნათელაშვილის აზრით, მსგავსი მიდგომა დისკრიმინაციულია მამაკაცების მიმართ

და ის დისკრიმინაციის შესახებ საკონსტიტუციო ჩანაწერების შესაბამისად უნდა

გაანალიზდეს. ამ ინიციატივის საჯაროდ გახმოვანებისას, ნათელაშვილი ამბობს,

რომ „ჩვენს ქვეყანაში ტოტალური ლაშქრობაა გამოცხადებული ყველას უფლებათა

დასაცავად, გარდა მამაკაცებისა“, რომ „მამაკაცი და ქალი თანასწორია ყველკაფერში,


თანასწორად უნდა იღებდნენ პასპორტს, თანაბრად უნდა მუშაობდნენ და

შესაბამისად, პენსიაზეც უნდა გადიოდნენ თანაბრად“. ამ არგუმენტის

გასამტკიცებლად ნათელაშვილი უფრო შორს მიდის, და აკეთებს მინიშნებას იმის

შესახებ, რომ არათუ თანაბრად, არამედ „მამაკაცები უფრო მძიმედ შრომობენ,

სტრესები უფრო მეტი აქვთ რადგან ოჯახი აქვთ შესანახი“ და მისი აზრით, სწორედ

ეს იწვევს ხანმოკლე სიცოცხლის ციკლს მამაკაცებში ქალებთან შედარებით.

მეორე მხრივ, ლეიბორისტული პარტიის პროგრამაში გვხვდება ჩანაწერები ისეთი

მნიშვნელოვანი სოციალური ინიციატივების შესახებ, რომლებიც, განხორციელების

შემთხვევაში, შესაძლოა დადებით გავლენას ახდენდეს ქალთა და განსხვავებული

გენდერული იდენტობის მქონე პირთა ყოველდღიურ ცხოვრებაზე და რასაც ვერ

ვხედავთ არსებული პოლიტიკური პარტიების პროგრამათა უმრავლესობაში - ესაა

ჩანაწერები მინიმალური ხელფასის განსაზღვრისა (სრულ განაკვეთზე 540 ლარის

ოდენობით) და ღირსეული დეკრეტული შვებულების შესახებ, რომლებსაც პარტიის

საიტზე პროგრამის განყოფილებაში ცალკე პარაგრაფები ეთმობა.

დეკრეტულ შვებულების ანაზღაურებისთვის პარტია საჭიროდ მიიჩნევს ზედა

ზღვარის დაწესებას, რომელიც დასაქმებულის არსებული ხელფასის მოცულობით

განისაზღვრება, ასევე, კერძო სექტორის 50%-იან თანამონაწილეობას

სახელმწიფოსთან ერთად დეკრეტული შვებულების ანაზღაურებაში, ვინაიდან

არსებული დეკრეტული შვებულების ნორმა „მძიმე მდგომარეობაში აყენებს

ქალებს“ - თუმცა, ორივე სქესის მშობლისთვის დეკრეტული შვებულების

უზრუნველყოფაზე ჩანაწერში არ არის საუბარი, რაც გვაფიქრებინებს, რომ პარტია

აღნიშნულ ინიციატივას მხოლოდ ქალის რეპროდუქციული როლის კიდევ უფრო


გასამტკიცებლად აყენებს.

ლეიბორისტული პარტია გეგმავს ჯანდაცვისა და ფარმაცეფტული სისტემის

დემონიპოლიზაციას და მედიკამენტებზე ფასების რეგულირებას, თუმცა, მეორე

მხრივ, არც ჯანდაცვის და არც განათლების ნაწილში პარტია არ საუბრობს ისეთ

სექტორებში ხელფასის ზრდაზე, რომლებშიც ზრუნვისა და სოციალური

კვლავწარმოების სამუშაო ხორციელდება და ძირითადად დასაქმებული არიან

ქალები - მასწავლებლები, ბაღის აღმზრდელები, ექთნები და სხვა; და რომელთა

საშუალო ანაზღაურებაც დაბალია, პროგრამაში არსად არაა ნახსენები მისაწვდომობა

რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებზე და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ პარტიების უმრავლესობისგან განსხვავებით, პროგრამაში ცალკეა

გამოყოფილი ცხოველთა უფლებების დაცვის საკითხი; ასევე, პარტია გამოკვეთილად

ეწინააღმდეგება დიდი ჰესების მშენებლობას და პროგრამაში ერთ-ერთი ყველაზე

დიდი მოცულობის თავი ეძღვნება ეკოლოგიას და გარემოს დაცვას. ეს

მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ჰესების წინააღმდეგ ბრძოლისა და გარემოს

შენარჩუნებისთვის ბრძოლაში დღეს საქართველოში ძირითადად ქალები არიან

ჩართული სხვადასხვა ადგილობრივი თემებიდან.

მიუხედავად ამისა, სხვა თემატურ ნაწილებში, პარტიას უფრო აგრესიული და

ქალების მხრიდან არგაზიარებული პოლიტიკური ხედვები აქვს, მაგალითად

ეროვნული უსაფრთხოების ნაწილში ნაკლებად ორიენტირებულია მშვიდობაზე და

მეტად ულტიმატუმის პოლიტიკაზე, აუცილებლად მიიჩნევს საქართველოში აშშ-ს

სამხედრო ბაზების შემოსვლას თანაც ბირთვული შეიარაღებით და ა.შ.

პარტიის ძირითადი სახეები და ლიდერები არიან კაცები, შესაბამისად, პარტიის


საჯარო რეპრეზენტაცია ძირითადად აგებულია ლიდერზე - ნათელაშვილზე და

რამდენიმე კაცზე, ქალი სახე ამ ეტაპზე და მიმდინარე საარჩევნო კამპანიაში პარტიას

საერთოდ არ ჰყავს.

მთლიანობაში, პარტიის პროგრამა საკმაოდ ამბივალენტური და წინააღმდეგობრივია.

პროგრამის სოციალური პოლიტიკის ნაწილში არსებული ცალკეული ინიციატივების

მიუხედავად, რომელიც შესაძლოა სასარგებლო იყოს ქალებისა და ქვიარ

ადამიანებისთვის, პარტიის ლიდერის მიზოგინიური და სექსისტური გამოსვლები

ცხადად მიგვანიშნებს, რომ აღნიშნული პოლიტიკის განხორციელების მიზანი

გენდერული თანასწორობის მიღწევა საერთოდ არ არის. გირჩი - საარჩევნო პროგრამის


ანალიზი

პარტიული სიის ანალიზი

გირჩის პარტიული სიის შედგენის საკითხი ცალკე განმარტებას მოითხოვს:

პარტიული სიის ფორმირებისთვის მათ გამოიყენეს ხმის ონლაინ მიცემის სისტემა.

კერძოდ, “გირჩის” საიტზე რეგისტრირებულ მხარდამჭერებს შეეძლოთ, პარტიის

მიერ შექმნილი ციფრული ფულის, GeD-ის (Georgian Dollar, ე.წ. “ჯედი”) დახმარებით

ხმა მიეცათ სასურველი კანდიდატითვის. ამ ფულს მხარდამჭერები პარტიისთვის

შემოწირულობის ჩარიცხვის ხარჯზე იღებენ. (100 GeD =1 USD)

სიის შედგენაში მონაწილეობდა 5000-მდე ადამიანი (გირჩის პორტალზე

დარეგისტრირებული მხარდამჭერები), რომელებსაც, ჯამში, 131 მილიონი GeD

ჰქონდათ საკუთრებაში. გადანაწილებისას კი – რაც მეტი ჯედი აქვს “გირჩის” წევრს

საკუთრებაში, მით უფრო მეტი “წონა” აქვს მას.


იმის გამო, რომ “გირჩი” ეწინააღმდეგეოდა პარლამენტის მიერ პარტიებისთვის

სავალდებულო გენდერული კვოტირების დაწესებას, მათ ეს წესი საკონსტიტუციო

სასამართლოში გაასაჩივრეს.

ცესკოში მათ მიერ წარდგენილი სია არ აკმაყოფილებდა კანონის მოთხოვნებს,

რომლის მიხედვითაც, პარტიის პროპორციულ სიაში ყოველი მეოთხე

განსხვავებული სქესის წარმომადგენელი უნდა იყოს. ცესკომ ასეთი სია არ

დაარეგისტრირა, ამიტომ, როდესაც პარტიას სია ხარვეზის გამო დაუბრუნდა, მათ

მოუწიათ კანონის გათვალისწინება, რათა მიეღოთ მონაწილეობა არჩევნებში. თუმცა,

როგორც ცნობილია, მათ აქვთ შიდა პარტიული შეთანხმება, რომლის ძალითაც

ქალები, პარლამენტში შესვლის შემთხვევაში უარს იტყვიან თავიანთ ადგილებზე და,

შესაბამისად, ის სია იქნება მოქმედი, რომელიც მხარდამჭერების საშუალებით შედგა.

ზურაბ გირჩი ჯაფარიძესთან ინტერვიუს დროს ვიკითხეთ, თუ როგორ აპირებდნენ

ამის განხორციელებას, როცა ერთი სქესის მეორეთი ჩანაცვლება კანონით

დაზღვეულია. აღმონდა, რომ ყოველ მეოთხე ადგილას ჩასმული ქალები ჯერ

ერთმანეთს დაუთმობენ ადგილს და მას შემდეგ, რაც მათ სიაში ქალი აღარ დარჩება,

ადგილი კაცებს გაუთავისუფლდებათ.

პარტიის რეგისტრირებულის სია ამ ეტაპზე ასე გამოიყურება:

პარტიის პროპორციულ სიაში (129 რეგისტრირებული წევრი) სულ 32 ქალია (25%).

სიის ათეულში 2 ქალია, ოცეულში - 5. პარტიის მიერ დასახელებული მაჟორიტარი

კანდიდატებიდან არც ერთი არ არის ქალი.


პროგრამის ანალიზი

დოკუმენტი, რომელსაც კლასიკური საარჩვნო პროგრამის სახე ექნება, “გირჩს” არ

აქვს. მათს საიტზე დევს მათი ხედვა რამდენიმე საკითხზე, რომელიც მათთვის

საარჩევნო პროგრამაა. ეს ხედვა თემატურადაა დალაგებული და თითოეულ თემას

გირჩის წევრი რომელიმე პოლიტიკოსი წარმოგვიდგენს.

სულ 7 თემატური საკითხია გამოყოფილი. მათ შორის, პრივატიზაციის,

მართლმსაჯულების, განათლების, ეკონომიკური თავისუფლებისა და

ნარკოპოლიტიკის გარდა, არის ისეთი ყოვლისმომცველი, ზოგადი და ამიტომ ცოტა

ბუნდოვანი საკითხი, როგორიც არის “ნორმალური საქართველო”.

პრივატიზაციის, ეკონომიკური თავისუფლებისა და ნარკოპოლიტიკის თემების ქვეშ

მოკლე აღწერაა იმ პრობლემური საკითხებისა, რომელთა დღის წესრიგში დასმასაც

“გირჩი” ეცდება და რომელთა მოგვარების გზებიც აქვთ დასახული. შედარებით მეტი

კონკრეტიკა გვხვდება მართლმსაჯულებისა და განათლების საკითხების ქვეშ.

რაც მთავარია, ამ ბმულის ქვეშ, რომელსაც “გირჩი”, როგორც თავის საარჩევნო

პროგრამას, ისე აზიარებს, არსად არცერთხელ არ არის ნახსენები არც გენდერული

თანასწორობა, არც უმცირესობებისა და არც ქალთა უფლებები. თუმცა, იმისთვის,

რომ პარტიის ხედვა ამ საკითხებზე აგვესახა, “იკითხე პოლიტიკამ” გაანალიზა

სხვადასხვა პლატფორმებზე პარტიის მიერ გადმოცემული ხედვები, რომელიც

სხვადასხვა თემატურ საკითხს შეეხებოდა, მათ შორის პოლიტიკაში ქალთა

მონაწილეობისა და უმცირესობების უფლებებს. ამასთან, პროგრამული საკითხების

ანალიზისთვის “იკითხე პოლიტიკამ” ინტერვიუ ჩაწერა “გირჩის”

წარმომადგენელთან, ზურაბ გირჩი ჯაფარიძესთან.


პროგრამის თემატური საკითხები:

პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის საკითხის შესახებ “გირჩის” პასუხად partiebi.geზე


ვკითხულობთ: ვფიქრობთ, საკანონმდებლო ორგანოში უნდა იყვნენ

პოლიტიკოსები სქესის მიუხედავად. ჩვენ გვაქვს „გირჩის“ პოლიტიკოსების შერჩევის

მერიტოკრატიული სისტემა, რომლის მიხედვითაც ნებისმიერს აქვს წარმატების

თანაბარი შანსი. პოლიტიკოს ქალთა უფლებებს ყველაზე მეტად არღვევს ე. წ.

კვოტირება, რომელიც ახლახან მიიღო ქვეყნის პარლამენტმა. ეს კანონი გავასაჩივრეთ

საკონსტიტუციო სასამართლოში და ყველაფერს გავაკეთებთ მის გასაუქმებლად.

რაც იმას ნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე პარტიამ ჩაასწორა

საკუთარი სია, თუ გირჩის წარმომადგენლები პარტიაში მოხვდნენ, ისინი შესაძლოა

ამ თემაზე ეთანამშრომლონ კვოტების მოწინააღმდეგე სხვადასხვა პარტიას (მაგ.

ევროპულ საქართველოს, პატრიოტთა ალიანსს, ლეიბორისტებს და ა.შ.) კვოტების

გაუქმების მიზნით.

პროგრამაში არსად არის ნახსენები გენდერული თანასწორობა. ეს ფაქტი, რა თქმა

უნდა, თავისთავადაც იძლევა დასკვენის გამოტანის საშუალებას, მით უმეტეს, რომ

გირჩის პოზიცია ამ საკითხზე ზოგადად გაცხადებულია. “გირჩში” ამბობენ, რომ

პირველი და მეორე ტალღის ფემინისტებმა უკვე მოიპოვეს კანონის წინაშე

თანასწორეობა, ამიტომ, მათთვის ეს ბრძოლა დამთავრებულია. ისინი თვლიან,

სახელმწიფოს როლი გენდერული თანასწორობის დაცვის საქმეში კანონმდებლობის

დარღვევისას ეფექტური ღონისძიებებით უნდა განისაზღვროს, რომ კანონით ისედაც

უზრუნველყოფილია თანასწორობა.
პარტიაში მიაჩნიათ, რომ თანაბარი ეკონომიკური მონაწილეობის მიზნით

სახელწიფომ ხელშემწყობი პირობები არცერთ ჯგუფს არ უნდა შეუქმნას, რადგან,

თანაბარი სასტარტო პირობები არ არსებობს და ყველანი სხვადასხვა

გამოცდილებითა და უნარებით, ქონებითა და აზროვნებით შემოვდივართ

ცხოვრებაში, ვიღებთ გადაწყვეტილებებს და იმ ყველაფერზე, რაც ჩვენს ცხოვრებაში

ხდება, ინდივიდუალური პასუხისმგებლობა გვენიჭება. მაგალითად, “გირჩის” მეათე

ნომრის, გიორგი ლომინაძის ბლოგში ვკითხულობთ, რომ დეკრეტული შვებულება

პრობლემაა, რადგან ქალებს დამსაქმებლებისთვის ნაკლებად მიმზიდველად

წარმოაჩენს.

ამის შესახებ ინტერვიუში ზურაბ ჯაფარიძესაც ვკითხეთ. ისიც მიიჩნევს, რომ თუკი

სახელმწიფო კერძო სექტორს დაავალდებულებს დეკრეტული შვებულების ფული

გადაუხადოს დასაქმებულს, მაშინ კიდევ უფრო მეტად გაიზრდება უმუშევრობა

რეპროდუქციული ასაკის ქალებში. ის თვლის, რომ ნებისმიერი მსგავსი საკითხი

დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის დადებული ხელშეკრულებით უნდა

გადაწყდეს.

კითხვაზე, თუ რა მექანიზმით შეიძლება უზრუნველველვყოთ ასეთ ვითარებაში

ქალის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება, ზურაბ ჯაფარიძე პასუხობს, რომ

ღირებული კადრის შემთხვევაში კომპანია მის შენარჩუნებას ეცდება, ასევე, თუ

მდიდარი ქვეყანა გვექნება, იქნება მეტი არჩევნი დასაქმებულისთვის და ის წავა იქ

სადაც მას დეკრეტს აუაზღაურებენ.

პარტიაში არ სჯერათ გენდერული სახელფასო სხვაობის არსებობის, ხოლო სხვა

თანაბარი ეკონომიკური მონაწილეობის ხელშემწყობ მექანიზმებზე, მაგ. ზრუნვის


ტვირთის განაწილებასა და ა.შ. პარტიას პოზიცია არ დაუფიქსირებია.

რაც შეეხება გენდერულად დაბალანსებულ საგანმანათლებლო პროგრამების

არსებობას, ამაზე გირჩი პროგრამულად არ საუბრობს. მათი მიზანი სავალდებულო

სასკოლო განათლებისგან ბავშვების გათავისუფლებაა. ისინი მიიჩნევენ, რომ

სახელმწიფო მხოლოდ მშობლის ძალადობის შემთხვევაში უნდა ჩაერიოს მშობლისა

და ბავშვის ურთიერთობაში და უნდა შეიქმნას ისეთი სისტემა, სადაც, ისეთი

ბავშვებიც შეძლებენ ეროვნული გამოცდების ჩაბარებას, რომლებიც სკოლაში არ

ივლიან.

ამ დებულების საწინააღმდეგო არგუმენტი თვითონ მოჰყავს ვახტანგ მეგრელიშვილს,

რომელიც განათლების საკითხების შესახებ წერს პროგრამაში. კერძოდ ის, რომ

სახელმწიფო რეგულაციების არსებობის გარეშე იქმნება ბევრი რელიგიური სკოლის

შექმნის საფრთხე, რამაც თავის მხრივ, თეოკრატიული მმართველობის წახალისება

შეიძლება გამოიწვიოს. ის ასახელებს ამ პრობლემას და მისი გადაჭრის გზად

სასულიერო პირებთან და სხვადასხვა კერძო სკოლების მფლობელებთან

მოლაპარაკებას მიიჩნევს, რაც ამ საკითხის მოგვარების გზას ბუნდოვნად ტოვებს.

ინტერვიუს ფარგლებში ზურა ჯაფარიძესთან დასმულ კითხვაზე, სადაც მშობლეთა

ნაწილის განათლების საკითხებში სავარაუდო არაკომპეტენტურობა ვახენეთ და

ვიკითხეთ, თუ როგორ უნდა იყოს ბავშვი დაცული უხარისხო განათლებისგან, თუკი

სახელმწიფო გვერდზე გადგება და განათლების საკითხებში არ ჩაერევა, მან გვითხრა,

რომ ბავშვები ახლაც უხარისხო განათლებას იღებენ სკოლებში და მშობლების

შემთხვევაში უმრავლესობის კეთილ განზრახვებში მაინც შეიძლება ვიყოთ

დარწმუნებულნი.
“გირჩს” ასევე არსჯერა ქალთა მიმართ ძალადობის. ისინი აღიარებენ, რომ ქალი

უფრო ხშირად ხდება ძალადობის მსხვერპლი, მაგრამ ამას იმით ხსნიან, რომ კაცები

ფიზიკურად უფრო ძლიერები არიან, და იმის შანსი, რომ კაცი ქალს მოერევა,

სტატისტიკურად მაღალია.

საინტერესოა პარტიის პოზიცია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ადრეულ ასაკში

ქორწინება და აბორტის უფლება. პარტიის მეათე ნომერი, გიორგი ლომინაძე,

აბორტის წინააღმდეგია და ასევე, მისი ჩანაწერები, იმასთან დაკავშირებით,

რომ “ბავშვობა მთავრდება იქ, სადაც ადამიანი შთამომავლობის შექმნის უნარს

იძენს” შესაძლოა ასევე მივიჩნიოთ ადრეულ ასაკში ქორწინების წახალისებად.

ამის შესახებ ინტერვიუში ვკითხეთ ზურაბ ჯაფარიძესაც, რომელმაც გვიპასუხა, არ

ემხრობა ადრეულ ასაკში ქორწინებას და არ მიესალმება ამის წახალისებას, თუმცა,

ამის პრევენცია მხოლოდ ამ თემაზე ბევრი ლაპარაკითა და აგიტაციით

წარმოუდგენია და სხვების გადაწყვეტილებებში ჩარევას სწორად არ მიიჩნევს.

გარდა ზემოთ თქმულისა, “გირჩის” წევრების მხრიდან საჯარო

გამოსვლებსა და ბლოგებში იყო ტრანფობიური სიძულვილის ენის გამოყენების


შემთხვევებიც.
ევროპული საქართველო - საარჩევნო პროგრამის მოკლე ანალიზი

პარტიული სია

ევროპული საქართველოს მიერ 16 მაჟორიტარულ ოლქში რეგისტრირებული

კანდიდატიდან 4 ქალია - მთელი სიის 20%. პარტიის პროპორციულ სიაში 50 ქალია -

33%. ამასთან, პროპორციული სიის ათეულში 3 ქალია, ოცეულში - 5

ქალია. აღსანიშნავია, რომ პარტია გენდერული კვოტირების მოწინააღმდეგეთა

სიაშია.

პროგრამის ანალიზი

ევროპული საქართველოს საარჩევნო პროგრამის დოკუმენტში ცალკე გამოყოფილია

ქვეთავი, სახელით „ქალთა მონაწილეობა პოლიტიკაში“ რომელიც ერთი აბზაცის

მოცულობის ტექსტს მოიცავს. აღნიშნულ ტექსტში გვხვდება ზოგადი განაცხადი

იმის შესახებ, რომ პარტიის ამოცანაა „საზოგადოების ყველა წევრისთვის თანაბარი

უფლებების უზრუნველყოფა და მათთვის თავიანთი შესაძლებლობების

რეალიზაციისთვის პირობების შექმნა“ თუმცა, მთელ რიგ თემატურ განყოფილებებში

პარტია არ აღიარებს/ასხვავებს ქალთა და სხვა მოწყვლად ჯგუფთა განსხვავებულ


საჭიროებებს, რაც მათ წინაშე არსებული სხვადასხვა ბარიერების / სხვადასხვა

სასტარტო პირობების აღიარების წინაპირობაა იმისთვის, რომ შესაძლებელი

გახდეს „თანაბარი უფლებების“ ან „თანაბარი შესაძლებლობების“ რეალიზაცია.

აღნიშნულ ქვეთავში ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის წასახალისებლად პარტია

შემოიფარგლება მისი სტრუქტურული ერთეულის - ქალთა ორგანიზაციის

განვითარების საკითხით. ორგანიზაცია 2017 წელს შეიქმნა და როგორც პროგრამაში

ნათქვამია, აქ მობილიზებულია ათასობით აქტივისტი ქალი, საიდანაც მრავალი

ლიდერი ქალის იდენტიფიკაცია და ჩართვა განხორციელდა ადგილობრივ თუ

ეროვნულ პოლიტიკაში. ეს საქმიანობა, პარტიის ხედვით, არამხოლოდ პარტიულ

საქმიანობასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა ჩართულობის

წახალისებაზე მეტყველებს, არამედ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მეტი ქალის

�ართვაზე.

აღნიშნული ტექსტიდან ჩანს, რომ პარტია ქალთა საკითხს და ქალთა პოლიტიკას

ხედავს, როგორც მხოლოდ ჩართულობისა და მონაწილეობის საკითხს, რაც

საუკეთესო სცენარის შემთხვევაში შემოიფარგლება ლიდერი ქალების გამოკვეთითა

და მათი პარტიული/პოლიტიკური დაწინაურების გზით. თუმცა, პარტიის

პროგრამაში არ გვხვდება ქვეყანაში არსებული ქალთა ზოგადი თუ კონკრეტული,

სოციალური და ეკონომიკური გამოწვევების აღიარება და მათი გადაჭრისკენ

მიმართული კონკრეტული ინიციატივები.

პროგრამის თემატური საკითხები


პარტიის ზოგადი ეკონომიკური/სოციალური პროგრამა ეფუძნება სახელმწიფოს

მინიმალური მონაწილეობის იდეას ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის

დაგეგმვაში, თუ არ ჩავთვლით მიზნობრივი სოციალური დახმარებების გაცემის

ვალდებულების აღიარებას. პარტია არ ასხვავებს განსხვავებულ საჭიროებებს მკაცრი

მიზნობრივი სოციალური პოლიტიკის მიღმა რაც ასევე ჩანს პარტიის ლიდერების

საჯარო პოზიციონირებისას ეკონომიკის განვითარებისა თუ სოციალური

პოლიტიკის საკითხებზე.

“ევროპული საქართველო” არ აღიარებს ზოგადად სპეციალურ საჭიროებებს, დგას რა

მცირე სახელმწიფოს, მცირე ბიუროკრატიის, საჯარო სერვისების შეკვეცის იდეებზე,

იმ რწმენაზე, რომ შესაბამისი მიდგომები „ცუდი ძიძობაა“ სახელმწიფოს მხრიდან.

ვინაიდან პარტია ვერ ხედავს სპეციალური საჭიროებებისადმი სახელმწიფო

პოლიტიკის არსებობის საჭიროებას, არ გვხვდება შესაბამისი პოლიტიკები

პროგრამის თემატურ ნაწილებშიც.

პროგრამის ანალიზის შედეგად, ზოგადად შეიძლება საუბარი იმაზე, თუ რა გავლენა

შეიძლება იქონიოს ასეთმა იდეოლოგიურმა სულისკვეთებამ ქალებსა და მოწყვლად

ჯგუფებზე მთლიანობაში. მაგალითად, განაცხადი იმის შესახებ, რომ პარტიის

მიზანია „სახელმწიფომ შექმნას პირობები, რათა ყველამ საკუთარი შრომით შეძლოს

საკუთარი კეთილდღეობის გენერირება“ - საკმაოდ პრობლემურია, რადგან

ისტორიულად, ქალებსა და სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფებს განსაკუთრებით

უჭირდათ და უჭირთ მსგავს პოლიტიკაზე მორგება, „საკუთარი შრომით

კეთილდღეობის მოპოვება“ ირიბი მინიშნებაა იმის შესახებ, რომ ადამიანი მარტოა


არსებული უთანასწორობების და ბაზრის რისკების პირისპირ.

ქალთა საკითხებთან მიმართებაში, პარტიის მოსაზრებები საკმაოდ რადიკალურია

სწორედ ეკონომიკური თავისუფლების რადიკალური იდეიდან გამომდინარე

- მაგალითად, პარტია არ ემხრობა გენდერულ კვოტირებას და მის გასაუქმებლად

იბრძოლებს მომდევნო მოწვევის პარლამენტში. პარტიის ლიდერი, გიგა ბოკერია

თვლის, რომ „გენდერული კვოტირება არა მხოლოდ საჭირო არ არის, არამედ

ქალებისთვის შეურაცხმყოფელიცაა“, რადგან მისი აზრით მათ მიერ თავისუფალ

კონკურენციაში ჩაბმის პროცესში სახელმწიფო ხელოვნურად ერევა. ეს ნიშნავს, რომ

პარტია ეწინააღმდეგება კვოტირებას სწორედ ამ იდეებიდან გამომდინარე, ისევე,

როგორც, სოციალურ/საზოგადობრივ საკითხებში არ გააჩნია სპეციალური

საჭიროებების დანახვის/აღიარების სურვილი სახელმწიფოს არამონაწილეობრივ

იდეაზე დაყრდნობით.

საინტერესოა, რომ მიუხედავად ხისტი შეხედულებებისა, რომლებიც ვლინდება

„თავისუფალი ბაზრისა“ და ღია კონკურენციის იდეებზე ყველა სხვა

საზოგადოებრივ/სოციალურ/პოლიტიკური სფეროს დაყვანის მცდელობაში,

ლიბერალურ არასამთავრობო და აქტივისტურ წრეებში პარტიის პოლიტიკა

ქალებთან და უმცირესობებთან მიმართებაში აღიქმება შედარებით უფრო

ლიბერალურად, ვიდრე სხვა პარტიების/პოლიტიკური ძალების, მათ შორის, ქალთა

ორგანიზაციების მხრიდან; ცენტრისტ ან კონსერვატიულ პარტიებთან შედარებით,

მათი პოპულისტური და ხშირად სიძულვილის ენაზე აგებული რიტორიკის გამო,

მიუხედავად იმისა, თუ რა კონკრეტული სოციალური კომპონენტი ან

საზოგადოებრივი რეფორმა შეიძლება ჰქონდეთ გათვალისწინებული მათ


ეკონომიკურ/სოციალურ პროგრამაში, რომელიც ზოგადად, არსებითად

მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს ქალთა თუ სხვა მოწყვლად ჯგუფთათვის.

მაგალითად, შესაბამისი საჯარო ინსტიტუტებისა და სერვისების როლის

შემთხვევაში, ევროპული საქართველოს ხედვები ასევე რადიკალურია - ძირითადად

მიმართულია მათი შეკვეცისა და გაუქმებისკენ.

იმ შემთხვევაშიც, თუ პარტია ახსენებს რომელიმე მოწყვლად ჯგუფს, ის არ აღიარებს

მისთვის სპეციალური საჯარო სერვისის საჭიროებას. მაგალითად, მიმდინარე

არჩევნებში მონაწილე პარტიების უმრავლესობისგან განსხვავებით, ევროპულ

საქართველოს პროგრამაში ცალკე აქვს გამოყოფილი უმცირესობების ჩამონათვალში

სექსუალური უმცირესობები. პროგრამაში ნათქვამია, რომ „დაუსჯელს არ

დავტოვებთ დისკრიმინაციის, ჩაგვრის, ძალადობისა და ძალადობისკენ მოწოდების

შემთხვევებს, რაც ამ უმცირესობებისთვის საზოგადოებაში ინტეგრაციაში ერთ-ერთი

დიდი ხელისშემშლელია. სახელმწიფო უწყებებში უზრუნველვყოფთ სიტუაციას,

რათა უმცირესობები არ დაიჩაგრონ და მათთვის სხვა მოქალაქეებივით

ხელმოსაწვდომი იყოს სახელმწიფო სერვისები.“ - ტექსტიდან ჩანს, რომ პარტია

მოწოდებულია სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვისაკენ და იმ

ბარიერების აღმოფხვრისკენ, რამაც შეიძლება მსგავს ჯგუფებს არსებულ სახელმწიფო

სერვისებზე წვდომაში შეუშალოს ხელი, თუმცა არ მიიჩნევს საჭიროდ მათი

სპეციფიკური საჭიროებების მიხედვით სახელმწიფო სერვისების

გარდაქმნას/დამატებას.

ერთი შეხედვით, პარტია ამოსავალ პრობლემებად სახავს შინამეურნეობებისთვის

მგრძნობიარე სოციალურ პრობლემებს, როგორიცაა სიღარიბე, უმუშევრობა, ფასების


ზრდა და სხვა და სწორედ ამისკენ მიმართავს საკუთარ პროგრამას, თუმცა, მეორე

მხრივ მხრივ, მთლიანად პროგრამა და განსაკუთრებულად მისი ეკონომიკური

ნაწილი მიმართულია არა ამ საკითხების გადაწყვეტისკენ, არამედ პირიქით,

სახელმწიფოსთვის ნაკლები ბერკეტის დატოვებისკენ, იმუშაოს აღნიშნულ

საკითხებზე. მეტიც, ეკონომიკური პროგრამა ასახავს რწმენას განვითარების შესახებ,

რომელიც ზემოთჩამოთვლილი პრობლემების მოგვარებისთვის აღიარებს მხოლოდ

ერთ პრინციპს, „ქვეყნის გამდიდრებას“ - ეკონომიკური ზრდის გზით, რასაც პარტია

ხედავს გადასახადებისა და რეგულაციების შემცირებით და ბიზნესისთვის კიდევ

უფრო მიმზიდველი გარემოს შექმნით - ერთი სიტყვით, იმ გზებით, რაც

საერთაშორისო პრაქტიკითა და პოლიტიკური გამოცდილებით ითვლება

გადანაწილების მექანიზმებზე უარის თქმად.

რეგულაციების ნაწილში, მათ შორის, ევროპული საქართველო აპირებს საბანკო

რეგულაციების გაუქმებასაც და ეწინააღმდეგება სესხების პოლიტიკაში

შემამსუბუქებელი სახელმწიფო რეგულაციების არსებობას იმ არგუმენტით, რომ

მათი შემოღების შემდეგ „მოქალაქეებს გაურთულდათ სესხის აღება“, მაშინ როცა

უპასუხისმგებლო დაკრედიტება და სესხებზე დამოკიდებულება საქართველოში

ერთ-ერთი უმწვავესი სოციალური პრობლემაა (რომელიც, შემდეგ სხვა პრობლემებსა

და ხშირად ტრაგედიებს იწვევს) და განსაკუთრებით მძიმეა ის შინამეურნეობის

მოწყვლადი სუბიექტებისთვის, როგორებიცაა ქალები და ბავშვები.

განათლების სფეროში - ევროპული საქართველოს სტრატეგიაა კერძო განათლების

გათავისუფლება სახელმწიფო რეგულაციებისგან და საჯარო

სკოლებისთვის ფინანსური და მმართველობითი ავტონომიის მინიჭება. რაც


გაუგებარია, როგორ აისახება განათლების სფეროში არსებულ იმ ზოგად

პრობლემებზე, რომლებიც პარტიას აქვს ჩამოთვლილი (სტატუსშეჩერებული

სტუდენტები, წიგნიერების დაბალი დონე და ა.შ). სტერეოტიპებისგან დაცლილ

განათლების უფლებაზე თანაბარი მისაწვდომობა, განსაკუთრებით სექსუალური და

რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ განათლებაზე, რაც

ქალებისა და გოგოებისთვის, გენდერულად თანასწორი საზოგადოების

ჩამოყალიბებისთვიზ ბაზისური საჭიოებაა, პარტიას პროგრამული განაცხადი ან

დაპირება არ აქვს.

ჯანდაცვის სექტორში პარტია ახსენებს ჯიბიდან გადასახადების შემცირების

აუცილებლობას და მედიკამენტებზე წვდომის პრობლემას. ზოგადად, პარტია

ეწინააღმდეგება უნივერსალური ჯანდაცვის სისტემის იდეას - მათი აზრით ეს

უსამართლო და არახარჯთეფექტური სისტემაა. სოციალური დახმარებების,

პენსიების გაორმაგებას, დევნილებისთვის ბინების გადაცემას, პარტია გეგმავს,

როგორც ვთქვით „მცირე მთავრობის“ პრინციპით ბიუროკრატიის, საჯარო

სააგენტოების და ა.შ შეკვეცის ხარჯებით.

პარტია საჭიროდ მიიჩნევს დაგროვებით საპენსიო სისტემაში სავალდებულობის

პრინციპის გაუქმებას, რაც არსებულ საპენსიო სისტემაში, შეიძლება ითქვას,

ერთადერთი მექანიზმია საგადასახადო სამართლიანობისა. ევროპული

საქართველოს ხედვა საპენსიო სისტემასთან მიმართებაში ეფუძნება ინდივიდუალურ

პასუხისმგებლობას: ნებაყოფლობითობის პრინციპის შემოტანით, „რამდენს

გადაიხდის შენატანად საკუთარი ნებაა“ - და ა.შ. სოციალური თვალსაზრისით,

შეიძლება ითქვას ეს უარესი ვერსიაა არსებული დაგროვებითი საპენსიო სისტემისა,


რადგან მიმართულია მხოლოდ ისეთ ფენაზე, რომელიც ნებაყოფლობით დააზღვევს

საკუთარ სიბერეს - და არა დაბალშემოსავლიანებსა და მოწყვლად ჯგუფებზე,

მიუხედავად იმისა, რომ პროგრამის ამავე ქვეთავში

ცალკე გამოყოფილია სიტყვები „მასწავლებელი ქალი“, როგორც შემოთავაზებული

სისტემის სავარაუდო ბენეფიციარი.

გამონაკლილისის სახით, პარტია სპეციალურ საჭიროებებს აღიარებს

ნარკოპოლიტიკის მიმართულებით. მისასალმებელია, რომ პარტია საჭიროდ თვლის

ნარკოდამოკიდებულთათავის რეაბილიტაციის პროგრამების არსებობას სოციალური

და ჯანდაცვის მიმართულებით.

ზოგადი დაკვირვებები

პროგრამის ძირითადი სულისკვეთება გამოხატულად ევროატლანტიკური,

სამხედრო-ლიბერალურია. აღსანიშნავია, რომ ევროპული საქართველოს „საარჩევნო

კომპასი“, რომელიც მათ საარჩევნო რგოლებში გვხვდება, ვიზუალური ანალოგია

ნატოს (ჩრდილოატლანტიკური ალიანსის) სიმბოლოსი. პროგრამის ყველაზე

მოცულობითი თავი ეროვნული უსაფრთხოების ნაწილია. პოლიციის ნაწილში

პარტია გეგმავს ახალი, დეცენტრალიზებული მოდელის შემოღებას, „შერიფების“

სისტემას - პროგრამაში საუბარია პოლიციელის ხატის, ფიგურის გაძლიერებაზე.

რეპრეზენტაციის მხრივ პარტია აქტიურად იყენებს „ახალგაზრდა ქალს“ საკუთარ

სახედ, ახალგაზრდა სპიკერი 23 წლის თათია ვახტანგაძეა, რომელსაც შეხვდებით


ევროპული საქართველოს საარჩევნო ვიდეორგოლების უმეტესობაში, ასევე ის ხსნის

ევროპული საქართველოს სიის წარდგენის ცერემონიალს. თათია არ არის

პოლიტიკური თანამდებობის პირი, პარტიული სიის პირველი ოცეულის წევრი ან

პარტიის რომელიმე ლიდერი, თუმცა ამ არჩევნებში სწორედ ისაა ევროპული

საქართველოს ერთ-ერთი ძირითადი სახე. ახალგაზრდა ქალების სახეები შეინიშნება

ევროპული საქართველოს სხვა ვიდეორგოლებშიც, რომლებიც პარტიის

მხარდაჭერისაკენ მოგვიწოდებენ.

პარტიის პოლიტიკური სახეები ასევე დაბალანსებულია გენდერულად. პარტიის

ერთ-ერთი კანდიდატი და პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია არანაკლები

ინტენსივობით იკავებს საჯარო ტრიბუნას, ვიდრე, მაგალითად ლიდერი ბოკერია,

თუმცა, თუ მათი საჯარო პოზიციონირებიდან ვიმსჯელებთ, პროგრამაში ასახული

შეხედულებები, მათ შორის ეკონომიკური და სოციალური განვითარების შესახებ,

უფრო მეტად ეხმაურება ბოკერიას მიერ გახმოვანებულ იდეებს და დაწერილია მისი

საჯარო პოზიციონირების ანალოგიურად, ვიდრე, ხოშტარიას ან პარტიის სხვა

წევრების საჯარო გამოსვლების ანალოგიურად.

საინტერესოა ისიც, რომ ხოშტარიას, როგორც ქალ პოლიტიკოსს აქვს მცდელობები

საარჩევნო კამპანიაში შეიტანოს ქალებთან კომუნიკაციის ელემენტები, მაგალითად,

ის ხვდება ქალთა მოძრაობის გაფართოებული ჯგუფის წევრებს, სადაც საუბრობს

იმაზე, რომ ქალთა საკითხების მიმართ მას აქვს გარკვეული პრიორიტეტები,

თუმცა,ამავე შეხვედრაზე ამბობს, რომ ამ პრიორიტეტების დიდი ნაწილი არ არის

გაზიარებული პარტიის მიერ, რის საფუძველზეც ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ

პარლამენტში ამ პრიორიტეტების დაყენების შემთხვევაშიც კი, მათ ადვოკატირებას


არ გაუწევენ, მაგალითად, მისი პარტიის წევრები.

ქართული ოცნების პროგრამის ანლიზი

პარტიული სია

ქართული ოცნების მაჟორიტარულ სიაში სულ 1 ქალია, მთელი სიის 3%.

პროპორციულ სიაში 37 ქალია - 25%. ამასთან, პროპორციული სიის ათეულში 3

ქალია, ოცეულში-5. 2016 წლის არჩევნების პროპორციულ სიასთან შედარებით ეს

მაჩვენებელი გაუარესებულია - წინა საპარლამენტო არჩევნებზე, მაშინ როდესაც

პროპორციული სიის გენდერული კვოტირება ვალდებულებას არ წარმოადგენდა,

მმართველი პარტიის ათეულში იყო 4, ხოლო ოცეულში 6 ქალი. ასევე, აღსანიშნავია,

რომ სრული პარტიული სიის გენდერული პროპორციის მაჩვენებლით, წინა

არჩევნებზე ქართული ოცნება ბოლო ადგილზე იყო საპარლამენტო არჩევნებში

რეგისტრირებულ იმ პარტიებს შორის, რომელთა ანალიზიც “იკითხე პოლიტიკამ”

2016 წელს გაკეთა - 155 წევრიან პარტიულ სიაში მხოლოდ 18 იყო ქალი.

პროგრამის ანალიზი

ქართულ ოცნებას 2020 წლის სრული საარჩევნო პროგრამის დოკუმენტი ჯერ არ

გამოუქვეყნებია, თუმცა, პარტიის ოფიციალურ საიტზე წარმოდგენილი პროგრამის

ძირითადი თეზისების ანალიზის შედეგად გამოიკვეთა თემატური პრიორიტეტები,

რა მიმართულებითაც პარტია გეგმავს საქმიანობის გაგრძელებას. საინტერესოა, რომ

პროგრამის წარდგენის 12 თემატური სპიკერიდან 6 იყო ქალი, მათი უმრავლესობა

ამავდროულად წარმოადგენს ქვეყანაში ამავე თემატურ მიმართულებებზე


პასუხისმგებელ პირებს: ეკონომიკა და ენერგოპოლიტიკა, ტურიზმი, იუსტიცია,

ინფრასტრუქტურა და რეგიონული განვითარება, ჯანდაცვა/სოციალური დაცვა,

ეკოლოგია/გარემოს დაცვა.

პროგრამის ძირითადი თეზისების წარდგენისას, ისევე როგორც პარტიის მიერ

გამოქვეყნებულ დოკუმენტში არ არის ნახსენები ტერმინი “გენდერი” ან “გენდერული

თანასწორობა”, პარტია არ საუბრობს ქალთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებულ

პოლიტიკაზე ან რაიმე სხვა კონკრეტულ საკითხთან დაკავშრებით. წარდგენაზე

არათემატური სპიკერების გამოსვლები მოიცავდა თანასწორობის, ადამიანის

უფლებების განუხრელი დაცვისა და სხვა ზოგადი ღირებულებების გახმოვანებას,

რაც „ქართულ ოცნებას“ პარტიის ძირითად ღირებულებებად მიაჩნია, თუმცა არ

გვხვდება ამ მიმართულებით კონკრეტული საკითხების/ჯგუფების/პრობლემების

დასახელება, ქალების თუ განსხვავებული გენდერული იდენტობის მქონე

ადამიანების განსხვავებულ საჭიროებებზე დავიწროების მცდელობა - არც ძირითადი

სპიკერების და არც თემატური გამომსვლელების მხრიდან. გარდა ამისა, წარდგენის

ცერემონიის არცერთ გამომსვლელს არ მიუმართავს კონკრეტულად ქალი


ამომრჩევლებისადმი.

აღსანიშნავია, რომ 2016 წლის საარჩევნო პროგრამის როგორც

მიღწევების/განხორციელებული საქმიანობის, ისე გეგმების/დაპირებების ნაწილში

გვხვდება ტერმინი გენდერული თანასწორობა, რომელიც პარტიას ესმის,

როგორც „საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, განსაკუთრებით

პოლიტიკურ და ეკონომიკურ საქმიანობაში და გადაწყვეტილების მიღების

დონეზე“ დასაცავი მიზანი. პროგრამა საუბრობს მიღწევებზე ქალთა მიმართ


ძალადობის აღმოფხვრის, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის გამოვლენისა და

აღმოფხვრის ინსტიტუციური მექანიზმების დანერგვის სახით. ასევე, ნახსენებია

იძულებითი ქორწინების კრიმინალიზაცია, მოცემულია დაპირება ქორწინების ასაკის

გაზრდაზე და ნათქვამია, რომ გამკაცრდება სანქციები ოჯახში ძალადობასთან

დაკავშირებული დანაშაულების მიმართ. ამავე საარჩევნო პროგრამის სამომავლო

დაპირებებში საუბარია გენდერული თანასწორობის დარღვევის თითოეულ ფაქტზე

სწრაფი და ქმედითი რეაგირების უზრუნველყოფაზე; ასევე, გენდერული

თანასწორობის საკითხებზე ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობაზე.

2016 წლის პროგრამაში, ასევე, ცალკე გამოყოფილია ოჯახში ძალადობის გარშემო

რეფორმების გაგრძელების დაპირება, დაპირებები ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა

სამართლებრივი დაცვისა და რეაბილიტაციის შესახებ თავშესაფრის

უზრუნველყოფის, სახელმწიფო კომპენსაციის და ოჯახში ძალადობის შესახებ

ცნობიერების ამაღლების კამპანიის სახით. ამ თვალსაზრისით, ძველი პროგრამა,

შეიძლება ითქვას, ითვალისწინებს ქალთა სპეციალურ გამოცდილებებსა და

საჭიროებებს. გარდა ამისა, 2016 წლის პროგრამა დაწერილია იმგვარად, რომ

გვხვდება გენდერული უთანასწორობის საკითხის დანახვის მცდელობა სხვა

თემატურ ნაწილებშიც, მაგალითად, სპორტის განვითარების ნაწილში ცალკეა

ნახსენები ქალთა ფეხბურთის განვითარება და ხელშეწყობა. 2016 წლის პროგრამაში

ნახსენებია, ასევე ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა და პირადი ცხოვრების

ხელშეუხებლობის საკითხები.

საგულისხმოა, რომ ქართულმა ოცნებამ 2016 წლის პროგრამული დაპირებები

გენდერული თანასწორობის კუთხით, დიდწილად შეასრულა, თუმცა, 2020 წელს,


პარტია არ საუბრობს იმ მიღწევებზე, რომელიც მათ ჰქონდათ გასული საპარლამენტო

საქმიანობის მანძილზე - მათ შორის, არ საუბრობს ისეთ მნიშვნელოვან მიღწევებზე,

როგორებიცაა სტამბულის კონვენციის რატიფიცირება და გენდერული კვოტების

შემოღება.

პარტიის 20-ეულში მყოფ მარიამ ლაშხთან საუბრისას გამოიკვეთა, რომ ეს შესაძლოა

იყოს პარტიის საკომუნიკაციო გეგმის პრობლემა, რადგან, მისი თქმით, გენდერული

თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით, მათ პარტიაში პოზიციები

შეთანხმებულია. ნებისმიერ შემთხვევაში, ის, რომ გენდერული თანასწორობის

კომპონენტი არ წარმოადგენს პარტიის პირველადი საკომუნიკაციო სტრატეგიის

მნიშვნელოვან ნაწილს, პარტიაში გენდერული მეინსტრიმინგის ნაკლებ

პრიორიტეტულობაზე მიუთითებს.

პროგრამის თემატური საკითხები:

2020 წლის საარჩევნო პროგრამის ძირითადი თეზისების წარდგენისას არ ყოფილა

ცალკე გამოკვეთილი ქალების ეკონომიკურად გაძლიერების საკითხი. ზოგადი

საუბარი შეეხო დაწყებული ეკონომიკური კურსის გაგრძელებას (დაბალი

გადასახადების შენარჩუნებას), სახელმწიფოს მიერ კერძო სექტორის და ბიზნესის

ხელშეწყობის პროგრამების შენარჩუნებას და განვითარებას, ტურიზმის

განვითარებას და სხვა. ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებასთან დაკავშირებული საკითხი


არ არის

წარმოდგენილი არც 2020 და არც 2016 წლის საარჩევნო პროგრამაში. მნიშვნელოვანია,

ასევე, რომ 2019-2020 წელს მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის


განხილვისას, რომელიც ახალ შრომით კანონმდებლობას გულისხმობს,

ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების პირობების გაუმჯობესების საკითხი

ამოღებულ იქნა კანონპროექტიდან.

განათლებისა და მეცნიერების განვითარებასთან დაკავშირებულმა თემატურმა

სპიკერმა პროგრამის წარდგენისას ცალკე ახსენა ბაგა-ბაღებში მომუშავე

პერსონალისთვის ანაზღაურების ზრდის გეგმა, ასევე მიღწევები ბაგა-ბაღებში უფასო

კვებისა და ამ კვების რაციონის მნიშვნელოვანი გაუმჯობესების შესახებ, რაც

შეიძლება, ჩაითვალოს ზრუნვის ტვირთის შესამსუბუქებელ ინსტრუმენტებზე

საუბრად. მიხეილ ჩხენკელმა ასევე, წარმოადგინა დაპირება მასწავლებლების

ხელფასების ზრდის შესახებ.

აღსანიშნავია, ასევე, რომ „ქართული ოცნება“ 2020 წლის საარჩევნო პროგრამის

წარდგენისას პოზიციონირებს, როგორც „მზრუნველი და პასუხისმგებლიანი

სახელმწიფოს“ იდეის ერთგული პოლიტიკური ძალა და ის სახელმწიფოს აქტიური

მონაწილეობის აუცილებლობას ხედავს თითქმის ყველა სფეროში, რაც ქალებისთვის

და მოწყვლადი ჯგუფების ცხოვრების/საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში

თანამონაწილეობისთვის მნიშვნელოვანი პირობაა - თუ არ ჩავთვლით ეკონომიკაში

პასიური მონაწილეობით და საგადასახადო ტვირთის სიმცირით სიამაყეს სპიკერების

მხრიდან, რაც, თავის მხრივ, ეწინააღმდეგება მზრუნველი სახელმწიფოს ეკონომიკურ

მოდელს.

ჯანდაცვის და სოციალური პოლიტიკის ნაწილში ქართული ოცნება ცალკე არ

გამოყოფს რეპროდუქციული ან სექსუალური ჯანმრთელობის საკითხებს ან

გენდერულ იდენტობებთან/განსხვავებულ გენდერულ საჭიროებებთან


დაკავშირებული საკითხებს და არ საუბრობს ამ მიმართულებით ჯანდაცვის

სფეროში დაგეგმილი მომავალი ღონისძიებების შესახებ.

ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ, წინასაარჩევნოდ, კოვიდ-19 თან შემხებლობაში

მყოფ სამედიცინო პერსონალს 50% იანი დანამატები დაუწესდათ, პარტიის

პროგრამულ პრიორიტეტებში არაფერია ნახსენები ძირითადად ქალებით

დაკომპლექტებულ, ზრუნვის სექტორში დასაქმებული ექთნებისა და ექიმების

ანაზღაურების ზრდის კომპონენტზე.

ქართულმა ოცნებამ პრიორიტეტულად გამოყო ონკოლოგიური დაავადებების

დიაგნოსტირებისა და მკურნალობის საკითხები, უნივერსალური

ხელმისაწვდომობის მიღწევა. მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულების

წარდგენისას პარტიას ცალკე არ უსაუბრია თუნდაც ქალთა ჯანდაცვისთვის არსებით

საკითხებზე, უნივერსალური ხელმისაწვდომობის პრინციპის აღიარება და მიზნად

დასახვა, შეიძლება ჩაითვალოს ქალებისა და სხვა მოწყვლადი ჯგუფებისთვის

მნიშვნელოვან პოლიტიკად, ვინაიდან უნივერსალური დაფარვის, უნივერსალური

ხელმისაწვდომობის პოლიტიკები ხშირად მოქმედებს ყველაზე მოწყვლადი

ჯგუფების ცხოვრების გაუმჯობესებაზე.

თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკის განხორციელების პროცესში იმ

სპეციფიური ჯგუფების ინტერესების გათვალისწინება, მათი ინფორმირება და

ჩართულობა, რომლებიც ამჟამად, დიდ წილად საბაზისო ჯანდაცვის სერვისების

მიღმა არიან - მაგალითად, ქვეყანაში არ არსებობს ტრანსსპეციფიური ჯანდაცვის

სერვისები, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანდაცვის სერვისები დიდწილად

მიუწვდომელია შშმ ქალებისა და გოგონებისთვის, ხოლო კონფლიქტით


დაზარალებულ ქალებს არ აქვთ მათზე მორგებულ ფსიქოლოგიური ჯანდაცვის

სერვისებზე მისაწვდომობა.

აქვე სოციალური დაცვის ნაწილში პარტია არ ახსენებს მარტოხელა დედებისთვის

სოციალური შემწეობის დანიშვნის, ან რაიმე სხვა თემატურად დაკავშირებულ

საკითხს. პროგრამა მხოლოდ საბაზისო პენსიის ეტაპობრივ ზრდას შეეხო 300

ლარამდე და 13,000 დევნილი ოჯახის ბინებით უზრუნველყოფას, თუმცა, აქაც,

ზოგადი საუბრის მიღმა, არ გამოკვეთილა, მაგალითად, კონფლიქტებით

დაზარალებული გოგონებისა და ქალების სპეციალური საჭიროებები, რომლებიც,

ხშირად, საბინაო პოლიტიკის მიღმა რჩებიან.

უმცირესობებთან დაკავშირებით გაიჟღერა მხოლოდ ეთნიკური უმცირესობებისთვის

განათლების ფართო ხელმისაწვდომობისა და სახელმწიფო ენის სწავლის პროგრამის

დანერგვის საკითხმა, სხვა უმცირესობებზე ოცნებას არ უსაუბრია და არც უხსენებია

პროგრამის წარდგენისას. აღსანიშნავია, რომ 2016 წლის პროგრამაშიც სიტყვა

“უმცირესობა” გამოყენებულია მხოლოდ ეთნიკური/ეროვნული უმცირესობების

აღნიშვნის მიზნით.

მისასალმებელია, რომ თავდაცვის ნაწილში წარმოდგენილი გეგმა სხვა ოპოზიციური

პარტიების ამავე თემატური ნაწილისთვის დამახასიათებელი მიდგომისგან

განსხვავებით, ამოდის მშვიდობის პრინციპიდან, ტოტალური თავდაცვის

სტრატეგიიდან და არ მოიცავს აგრესიულ მილიტარისტულ რიტორიკას.

გარდა ამისა, სხვა ოპოზიციური პარტიების (მაგ: ევროპული საქართველო)

პროგრამებში/გამოსვლებში ხშირად განმეორებადი ცნებების - კონკურენცია, კერძო

საკუთრება, საკუთარი შრომით ცხოვრების მოწყობისთვის სასტარტო პირობების


შექმნა და ა.შ - ოცნების საარჩევნო რიტორიკაში ჭარბობს ცნებები: კეთილდღეობა,

სოლიდარობა, მშვიდობა, პასუხისმგებლიანი სახელმწიფო და სხვა.

„პატრიოტთა ალიანსის“ პროგრამის გენდერული ანალიზი

პარტიული სიის ანალიზი “პატრიოტთა ალიანსის” პროპორციულ სიაში დასახელებული 132


კანდიდატიდან 61 ქალია (46%), ათეულში 3 ქალია, ოცეულში - 6. 2016 წელთან შედარებით,
პარტიაში ქალთა წარმომადგენლობა გაუმჯობესებულია და 46%-ს შეადგენს, თუმცა, პირველ
ოცეულში, 2016 წელს, 9 ქალი იყო რეგისტრირებული. დასახელებული მაჟორიტარი
კანდიდატებიდან (30) 4 ქალია (13%). პროგრამის ანალიზი “პატრიოტთა ალიანსი” მკვეთრად
გამოხატული ანტიფემინისტური და ჰომოფობიური იდეოლოგიის მქონე პარტიაა. მათი
რიტორიკა სავსეა სიძულვილის ენით ქალების, სექსუალური და გენდერული ნიშნით
ჩაგრული ჯგუფების მიმართ. ასევე ისლამოფობიური, ეთნიკური და ნაციონალისტური
მოწოდებებით. როგორც საარჩევნო პროგრამაში, ისე ცალკეული წევრების მხრიდან, ხშირია
ქალების და ლგბტქი+ ადამიანების უფლებებზე თავდასხმები. 2016 წლის საპარლამენტო
არჩევნების წინ, ჰომოფობიური და სიძულვილის ენა ხშირად იყო გამოყენებული იყო მათ
კამპანიაში, დეპუტატების გამოსვლებსა და ინიციატივებში. მათ პროგრამაში ქალების
საჭიროებები საერთოდ გამქრალი იყო, გარდა დედებისა, რომელთაც შვილები უნდა
აღეზარდათ ტრადიციების შესაბამისად. 2020 წლის არჩევნებში ჰომოფობიური და
ტრანსფობიული სიძულვილი ნაკლებად არის გამოკვეთილი. თუმცა პარტია ღიად გეგმავს
გენდერული ძალადობის შემთხვევებში მოძალადის დასჯის შემსუბუქებას. სქესობრივი
დაყოფის და იერარქიის შენარჩუნებას როგორც საჯაროდ, ისე ინიციატივების დონეზე
ემხრობიან: “უპირველეს ყოვლისა, კანონმა უნდა გამიჯნოს ერთმანეთისგან კრიმინალური,
პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური დანაშაული. ამის შესაბამისად, ცალ-ცალკე,
გამიჯნულად და იზოლირებულად უნდა იხდიდნენ დამნაშავენი სასჯელს. მაგალითად, თუ
კაცი შიმშილის გამო საკვებს იპარავეს, ეს სოციალური დანაშაულია. ოჯახური დანაშაულიც,
სოციალური დანაშაულია, ოღონდ თუ მას არ მოჰყვა მძიმე შედეგი” (პატრიოტთა ალიანსის
პროგრამა, გვ. 7) პატრიოტთა ალიანსი ერთ-ერთი ყველაზე კონსერვატიული პარტიაა,
რომელიც მუდმივად თავს ესხმის ქალების და უმცირესობების უფლებებს, მაგალითად,
პარტია აბორტის უფლების შეზღუდვის მომხრეა. �მასთან, პარტიის წევრები ქორწინების
მხოლოდ ქალის და კაცის ერთობად განსაზღვრას ემხრობიან. მათი ეკონომიკური პოლიტიკა
შედარებით ცენტრისკენ იხრება, თუმცა ფრაგმენტულია. ოჯახში ზრუნვის არსებულ
გადანაწილებას არ აპრობლემებს და ადრესატი მათთვისაც ჰეტერო ოჯახია, განსაკუთრებით,
ახალშექმნილი, მრავალშვილიანი ოჯახი. დედობის მიღმა ქალის ფუნქცია და ინტერესები
უგულებელყოფილია. მხოლოდ ირიბად ბაღებში უფასო სადილის სახით ეხებიან ზრუნვის
პოლიტიკას. “მარჩენალის” მოდელს ემხრობიან, კაცს და ოჯახურ ბიზნესს სახავენ სიღარიბის
დაძლევის გზად. პროგრამის თემატური საკითხები ზოგადად პატრიოტთა ალიანსის
წინასაარჩევნო კამპანია ბოლო პერიოდში მათ ირგვლივ წარმოქმნილ სკანდალებს
მიემართება. ერთიანი ღერძის და კონკრეტული სამოქმედო გეგმის პოვნა ძნელია, თუმცა
გარკვეული ტენდენციები იკვეთება. �არტიის ძირითადი საკომუნიკაციო წყარო
“ობიექტივია”. წინ წამოწეული ზოგადი თემებია: სამხედრო ნეიტრალიტეტი, აფხაზებთან და
ოსებთან, რუსეთთან დიალოგი, თურქეთის მიერ აჭარის ანექსიის დასახვა საფრთხედ,
ეკონომიკური სიდუხჭირე. პატრიოტთა ალინსი კულტურულად მკვეთრად მემარჯვენე
პარტიაა. თავის პროგრამაში, დაპირებებში, გამოსვლებში ისინი ხშირად მიმართავენ
სიძულვილის ენას ეთნიკურად არაქართველი და სექსუალური თუ გენდერული ნიშნით
არანორმატიული ადამიანების მიმართ. ერთნაირსქესიანთა ქორწინება საქართველოს
მტრობად სახელდება (პატრიოტთა ალიანსი, საარჩევნო პროგრამა) პროგრამულად
გამოტანილი კომპონენტები აქცენტს დიდწილად ეკონომიკური პრობლემების აღმოფხვრაზე
და საგარეო პოლიტიკაზე აკეთებს. ძირითადი საკითხებია: მუნიციპალური
ბინათმშენებლობა, პენსია, ჯანდაცვა, წყალი და გაზით მომარაგება, სოფლის მეურნეობა,
ხელმოკლე ოჯახებზე ზრუნვა, ანაბრების დაბრუნება, ოჯახური ბიზნესი, განათლება და
მეცნიერება, მეწარმის გადასახადი, მეცნიერება და ტექნოლოგიები, ვეტერანები. ეკონომიკური
ცვლილებების ადრესატად ძირითადად ოჯახები მოიაზრება. მაგ. ბინათმშენებლობა
გამოყოფს ახლადშექმნილ ოჯახებს, დევნილებს, ვეტერანებს. ჯანდაცვა შშმ ადამიანებს.
განხორციელების თვალსაზრისით პატრიოტთა ალიანსი განსხვავდება ბევრი პარტიისგან,
ვინაიდან შედარებით მეტ აქცენტს აკეთებს სახელმწიფოს როლზე ეკონომიკაში. მართალია, ის
მაინც ბიზნესის და კერძო საკუთრების უფლებიდან ამოდის, ნაკლებად ემხრობა
ინვესტირების პოლიტიკას. ეკონომიკური რეფორმებიდან ძირითადად საუბრობენ
სახელმწიფოს მიერ მცირე ბიზნესების შექმნაზე და ოჯახებისთვის გადაცემაზე. თავისი
გეგმის საფუძვლად “ეკონომისტების მიერ დათვლილ” ქმედებებს აცხადებენ. თუმცა
ზოგადად სრულიად გაუგებარია როგორ გამონახავენ თანხებს ამ პროექტების
გასახორციელებლად. ზოგადად პროგრამა ფრაგმენტულია და ძირეულ ცვლილებებს არ
მიემართება. ერთადერთი განსხვავება სახელმწიფოს როლის ზრდაა ჯანდაცვაში,
ბინათმშენებლობაში და მათ მიერ გამოყოფილი მოწყვლადი ჯგუფების (შშმ ადამიანები,
დევნილები) დახმარებაში. დასჯაზე ორიენტაცია: მთავარ მტრად “სააკაშვილი-ბოკერია”
ცხადდება. ყველა პრობლემის საფუძვლადაც სწორედ ეს სუბიექტები სახელდებიან და მათი
მხილება და დასჯა ცხადდება მთავარ პრიორიტეტად. “ქართული ოცნება” პერიოდულად
ჩნდება თუმცა მათ მიმართ კრიტიკა ბევრად ნაკლებია და ძირითადად წინა რეჟიმის
დაუსჯელობას და იმედის გაცრუებას მოიცავს. (დასჯა მნიშვნელოვანი კომპონენტია ერთიანი
ნაციონალური მოძრაობის პროგრამაშიც, თუმცა მათ შემთხვევაში მოწინააღმდეგე
ექსკლუზიურად “ქართული ოცნებაა”.) საგარეო პოლიტიკა: ალიანსი ღიად პრორუსული
ორიენტაციის პარტიაა და ანტიდასავლური და თურქოფობიული განწყობების გაღვივებაში
ხშირად არიან შემჩნეული. თუმცა წინასაარჩევნოდ და გაცხადებულად ევრკავშირთან
თანამშრონლობაზე ან მის შესაძლო წევრობაზე უარს არ ამბობენ. არ ემხრობიან ნატო-ში
გაწევრიანებას და კონფლიქტების მოგვარება სურთ რუსეთთან დიალოგის რეჟიმში.
სპეციფიკური საკითხები პარტია სექსუალური განათლების მიღებას ეთანხმება სკოლის
ზედა საფეხურებზე, ამავდროულად, გარკვეულწილად ეთანხმებიან აბორტის აკრძალვას. 
პარტია აცხადებს, რომ ყველას უფლებები უნდა იყოს დაცული (უმრავლესობის მორალი არ
უნდა იყოს დაკანონებული), თუმცა ემხრობიან რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის
მუხლით გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას და ეწინააღმდეგებიან ერთი და იმავე
სქესის ადამიანების ქორწინების რეგისტრაციას. რა არის პატრიოტთა ალიანსისთვის
გენდერულ ძალადობასთან ბრძოლა? სოციალური დანაშაული, რომელიც შიმშილის დროს
პურის მოპარვის ტოლფასია: “უპირველეს ყოვლისა, კანონმა უნდა გამიჯნოს ერთმანეთისგან
კრიმინალური, პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური დანაშაული. ამის შესაბამისად,
ცალ-ცალკე, გამიჯნულად და იზოლირებულად უნდა იხდიდნენ დამნაშავენი სასჯელს.
მაგალითად, თუ კაცი შიმშილის გამო საკვებს იპარავეს, ეს სოციალური დანაშაულია.
ოჯახური დანაშაულიც, სოციალური დანაშაულია, ოღონდ თუ მას არ მოჰყვა მძიმე შედეგი”
(პატრიოტთა ალიანსის პროგრამა, გვ. 7) ზოგადად, ოჯახში ძალადობის თემაზე პარტიის მიერ
გაკეთებული განცხადებები (მათ შორის, 2020 წლის ივლისში ყოფილი პატრიოტთა ალიანსის,
თელავის საკრებულოს წევრის მიხეილ გრემელაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით
გაკეთებული განცხადება ოჯახში ძალადობის და მუქარის ბრალდებით) ნათლად წარმოაჩენს,
რომ პარტიის მიერ გაცხადებული “ძალადობა მიუღებელია” მხოლოდ შაბლონურ ხასიათს
ატარებს და კაცის მიერ ოჯახში ძალადობა ჩვეულებრივ მოვლენად სახელდება. აქცენტი
ოჯახზეა გადატანილი, ვინაიდან ზოგადად ეს ინსტიტუტი წარმოადგენს პატრიოტთა
ალიანსისთვის ცენტრალურ ფასეულობას. ქალი და ძალადობის გენდერული ასპექტი
მიზანმიმართულად არის გამოტოვებული, “ოჯახის წევრის” გამოყენება და “განსკუთრებით
ოჯახის და შვილების” გამოყოფა სწორედ იმას ემსახურება, რომ ძალადობა ცუდია რადგან ის
ბავშვებს და ოჯახის სიმტკიცეს ვნებს და არა იმიტომ რომ ქალზე ძალადობა მიუღებელია.

You might also like