Professional Documents
Culture Documents
თავკვერის დასახელების წარმოშობა
თავკვერის დასახელების წარმოშობა
შესახებ
„თავკვერის“ დასახელების შესახებ სულ ორი თეორია არსებობს. ერთი (ივ. ჯავახიშვილი)
მას განმარტავს სიტყვიდან „კვერი“ (მრგვალი, ნაჩვრეტიანი გამომცხვარი ცომეული),
აქაოდა, თავკვერის მარცვალი კვერს მიაგავსო. მეორე თეორია კი თავკვერს უკავშირებს
თაკვერის საერისთაოს, ანუ ლეჩხუმს, და ამ ჯიშის ლეჩხუმური წარმომავლობის ვერსიას
გვთავაზობს. ჩემთვის ეს ვერსიები სარწმუნო არაა, რადგან, ჯერ ერთი, თავკვერის
მარცვალი სულაც არ წააგავს კვერს. მეორეს მხრივ კი, გაუგებარია, რატომ გაქრა ეს
ჯიში საკუთრივ ლეჩხუმში, ან რატომ გაჩნდა დამატებითი „ვ“ თავკვერის ამჟამინდელ
დასახელებაში (კეთილხმოვანება ამას არ მოითხოვს. პირიქითაც კია, დამატებითი „ვ“
შედარებით აძნელებს წარმოთქმას).
ესეც არ იყოს, ფუძე „თავ“ მრავალი სხვა ქართული ყურძნის დასახელებაში არასოდეს
აღნიშნავს მარცვალს, არამედ - მტევანს. ასეთებია: „თავდაკიდული“, „თავცეცხლა",
„თავწითელა“. ყველა ამ შემთხვევაში თავ- ფუძე მტევანს აღნიშნავს: მტევან-დაკიდული,
მტევან-ცეცხლა (ვარდისფერ-მარცვლოვანი ყურძენია), მტევან-წითელი (მზეზე
მიფიცხებული მხარე უწითლდება). გაუგებარია, რატომ უნდა აღნიშნავდეს „თავ“ ფუძე
მარცვალს მაინცდამაინც „თავკვერში“.
ფუძე კვერ- ქართულ ენაში, სულ მცირე, ორი მნიშვნელობით გვხვდება. ერთი - ესაა
ხსენებული ნაჩვრეტიანი პურები, მეორე კი - უროს, ჩაქუჩის მნიშვნელობით. პირველს რაც
შეეხება, ანუ ნაჩვრეტიან ნამცხვარს, მას, პირველივე შეხედვით, რიტუალური დანიშნულება
უნდა ქონოდა, თორემ არამგონია, ნახვრეტი და სიმრგვალე კულინარიული საჭიროებით
აიხსნებოდეს. კვერებს 20-ე საუკუნის შუახნებამდე აქტიურად აცხობდნენ სოფლებში,
ცხვებოდა თონეში, ჩვეულებრივ შოთებთან და ლავაშებთან ერთად, თუმცა მისი
მნიშვნელობა ბევრს არ ესმოდა. ფორმის მიხედვით კვერი მზის სარიტუალო ნამცხვარს
მოგვაგონებს. პური და მზე რომ ერთი მითოლოგიური პარადიგმის განუყოფელი
წევრებია, ეს ხომ ცხადია, მაგრამ როგორც ჩანს, მაინცდამაინც სარიტუალო პურს კვერის
ფორმას აძლევდნენ ხოლმე. სიტყვის ეტიმოლოგია უცნობია, თუმცა ჩვენ შეგვიძლია
ვივარაუდოთ, რომ ის ყველა შემთხვევაში მზესთან და სინათლესთან, ამ ამასთან
დაკავშირებულ ღვთაებასთან უნდა იყოს კავშირში. ასეთი კი არის კვირია, რომელიც ცის
კაბადონზე ოქროს ბურთს (მზეს) შემოაგორებს ხოლმე. ჩემი აზრით, კვერ- რომელიც პურს
მიემართება, სწორედ კვირიასთან უნდა იყოს კავშირში და სწორედ მის სარიტუალო პურს
უნდა აღნიშნავდეს. აქ შეგვიძლია გავიხსენოთ ბარბარობისთვის (ასევე მზის
ღვთაებისთვის) გამომცხვარი ლობიანები (კვერის ნაირსახეობა), რომლებსაც ასევე
ნაჩვრეტი უკეთდება შუაში). ასეა თუ ისე, მრგვალი, ნაჩვრეტიანი სარიტუალო კვერი
არანაირად არ გავს თავკვერის არც მარცვალს და არც, მითუმეტეს, მტევანს. თუმცა,
გასაგებია მისი მიმართება მზესთან და, სავარაუდოდ, საკუთრივ კვირიასთან ("კვირ-ი" /
"კვერ-ი"?).
თავკვერის დიდი და ტლანქი მტევანი სწორედაც რომ უროს, კვერს მოგვაგონებს. ამიტომ,
ხსენებული რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით (რომ თავ- ვერ იქნება მარცვალი,
რომ კვერ- არ ნიშნავს მაინცდამაინც სარიტუალო პურს), უნდა ვივარაუდოთ, რომ
„თავკვერი“ სწორედაც რომ „უროს თავას“ ნიშნავს და ამ ყურძენს დიდი, ტლანქი მტევნის
გამო დაერქვა.
ანდრო ბარნოვი