You are on page 1of 3

მკვდარი

მობილურმა რომ დარეკა, დედაჩემის გამომცხვარ ღვეზელს შევექცეოდი. ნომერს


დავხედე და ვერ ვიცანი, ამიტომ აუჩქარებლად გავაგრძელე უგემრიელესი
ღვეზელით თავის შექცევა. სანამ ჭამას დავამთავრებდი, კიდევ დარეკა იმავე
ნომერმა, თუმცა ისევ არ მიპასუხია. შემდეგ, უკვე ხელებს ვიბანდი, რომ ისევ
დარეკა.
- გისმენთ - ავიღე ცოტა გაღიზიანებულმა. - ანდროოო! - მომაძახა იქიდან
ნაცნობმა ხმამ. მაშინვე ვიგრძენი, რომ რაღაც წარმოუდგენელი ხდებოდა,
ოღონდ, თავიდან უცებ ვერც გავაცნობიერე, რა ხდებოდა კონკრეტულად.
- როგორ ხააარ?? - კიოდა ისევ ნაცნობი ხმა და უცებ გონება გამინათდა: - მოიცა,
შენა ხარ? შენ ხომ მოკვდი, გოგო. ვუთხარი სიცილით და მეორე მხრიდანაც ისეთი
ხარხარი წამოვიდა, მკვდარს რომ გააცოცხლებდა. დიდხანს ასე ვიცინეთ.
ბაბისთან არ შეიძლებოდა, არ გეცინა. სულ ასე, დარეკავდა, ხან რაღაც ამბავს
მოყვებოდა (დიდი ალბათობით, თავის მოგონილს), ხან - ანეგდოტს, ან რამე
ძველ ამბავს გაიხსენებდა, რაც ყოველთვის მარტო მას ახსოვდა და, მგონი,
საერთოდ ამ ძველ ამბებსაც თვითონ იგონებდა. მოკლედ, დიდი მხიარულება
გვქონდა ხოლმე ყოველი მისი დარეკვისას.
საქმე ის იყო, რომ ბაბი მართლა მოკვდა ცოტა ხნის წინ. ყველა პანაშვიდზე ვიყავი.
გასვენებაზე იმდენ ხანს ვიდექი, ნაოპერაციები თიაქარი გამიმიზეზდა.
- რაღა ახლა მოკვდა ეს ოხერი, - ვფიქრობდი ჩემთვის. - მომკლა აქ დგომით.
მომკვდარიყო რა, როცა ან ქვეყანაში არ ვარ, ან - როცა ავად ვარ, მაგრამ ავადაც
რომ არ ვხდები, ესაა. ოდესმე ხომ უნდა მომკვდარიყო? მოკლედ, არაა მისი
ბრალი. მოკვდა რა, ერთხელ ხდება, გავუძლებ. აი, ორ საათზე დავასაფლავებთ,
მერე ყველა რესტორანში წავა, რომ ბაბი ცოცხლად ადღეგრძელონ და ცოცხლად
ემუსაიფონ, მე კი გოგირდის აბანოს მივაშურებ, რომ ცოტა გამოვშუშდე. მე,
ბატონო ჩემო, ჯერ არ შემირჩევია ჩემი სიკვდილის დღე, ასე რომ, თავს უნდა
მივხედო. - ასეთ რამეებს ვფიქრობდი, გასვენებაზე რომ ვიდექი. ვიღაცები
მესალმებოდნენ, რაღაცებსაც მეკითხებოდნენ, თუმცა ესენი არ მახსოვს. მგონი,
არც მესმოდა და ისე ვუქნევდი თავს.
სასაფლაოდან რომ წამოვედი, უცნაური ფიქრები ამეკვიატა. "მოიცა, კაცო. ბაბი
ახლა მოკვდა თუ კაი ხანია უკვე?" - ეს კი ვიფიქრე, მაგრამ პასუხი ვერ მოვძებნე.
"ფაქტია, სასაფლაოდან მოვდივარ. ნათლად მახსოვს, მანამდე მთაწმინდაზე
ვიყავი პანაშვიდზე. ვინმე მწერალი ან მუსიკოსი ხომ არ მოკვდა, ნეტავ? აბა
მთაწმინდაზე რა უნდოდა? თუმცა არა, ეს ხომ პანთეონი არ იყო, ჩვეულებრივი,
ადამიანებით დასახლებული მთაწმინდა იყო, ბევრი მკვდრით. რა შუაშია... თანაც,
სასაფლაო საბურთალოზეა, იქიდან მოვდივარ. ნეტავ, ვინ მოკვდა? ერთი რამ
ცხადია, რომ ბაბი მკვდარია, მაგრამ მგონი ეგ ადრევე მოკვდა და ახლა სულ
სხვაგან ვიყავი. მკვდრებს რა დალევს. აბა, მეორედ ხომ არ მოკვდებოდა?
მოკლედ, ვერაფრით ვიხსენებდი, ვინ მოკვდა დღეს, მაგრამ ბაბი რომ ცოცხალი
აღარაა, ეგ ზუსტად მახსოვს.
სანამ ბაბი ყურმილში კიოდა, ეს ყველაფერი გამახსენდა. ის კი არა, გოგირდებში
რომ მივედი და ჩაისთან ერთად კონიაკი შევუკვეთე, ეგეც კარგად მახსოვს. მარტო
ვიჯექი იმპერატორსკიში ორი საათის განმავლობაში. გახვრეტილ გუმბათს
ვუყურებდი, სანამ არ დაბნელდა და ვარსკვლავები არ გამოჩნდა. სამი ჭიქა
კონიაკი და ერთი ჩაიდანი ცხელი ჩაი დავლიე, კარგადაც ვიბანავე. აბანოში
მარტო ყოფნას თავისი მუღამი ქონია, მაშინ დავაფიქსირე პირველად. "რა
უბედრებაა, რა სულ სიკვდილი დამდევს"-მეთქი, ამასაც ვფიქრობდი. გოგირდის
და კუპრის აბანოში არ მოვსულიყავი და სახლში მშვიდად მებანავა, ან რედისონში
წავსულიყავი, ან მერიოტში, მასაჟს გამიკეთებდნენ, რაღაც ცივილიზებული
გარემოა. აქ რამ მომიყვანა-თქო, ამას ვფიქრობდი კიდევ.
მოკლედ, ბაბი რეკავდა. "გოგო, საიდან მირეკავ გამაგებინე ბოლო-ბოლო" -
ვუთხარი, როცა ხარხარისგან ცოტა შევისვენეთ. "საიდან და აქედან. დაგირეკავ
ხოლმე" - მიპასუხა ძალიან ჩვეულებრივად. "ვა, რა მაგარია, ბაბი, ანუ მაგთი
მანდაც იჭერს?" "იჭერს, იჭერს, ყველაფერი მშვენივრად იჭერს" - მითხრა ბაბიმ,
ამაზეც ვიცინეთ და მერე ეგრევე საქმეზე გადავიდა:
"აუ, გახსოვს? ჩემი პაკლონიკი რომ იყო, ცალთვალა" - ისევ ახარხარდა.
"კი მახსოვს" - ვუთხარი მე. "ერთხელ შენთან ვიყავი, ვარდებით რომ მოგადგა".
"ჰაჰაჰაა რა სასაცილო იყოოო" - არ ცხრებოდა ბაბი და მერე უცებ - "რატომ გააგდე
შე იდიოტოოო" იკივლა და გადაყირავდა სიცილით.
"გავაგდე?" "ვაჰ, მე საერთოდ არ მახსოვს" - ვუთხარი სერიოზულად. "რატომ
გავაგდე?"
"იდიოტი ხარ და იმიტოოოომ" - იკივლა ბაბიმ და ისევ გაირღვა სიცილით.
"არა, მართლა. მართლა მე გავაგდე?" - ვკითხე მე და თან გონება დავძაბე, რომ
იქნებ გამეხსენებინა რამე. ეს ტიპი მართლა მახსოვს, ცალი თვალი ქონდა და ამას
კორექტულობის ამბავში არ ვიმჩნევდით ხოლმე. ისიც მახსოვს, ვარდებით რომ
ამოადგა და რაღაცას იტყლარჭებოდა. ბანკში დაუწყია მუშაობა იმ დღეებში და
გვევაჟნებოდა უმუშევარ ბომჟებს. მოკლედ, ეს სცენა მახსოვს. მერე რაღაც კი
მოხდა და ტიპი მალე წავიდა, მაგრამ რა მოხდა, საერთოდ აღარ მახსოვს ეგ.
"ალბათ, გავაგდე. აბა რატომ წავიდოდა?" - დავასკვენი ჩემთვის.
"როგორ გავაგდე?" - ჩავეკითხე მერე მკვდარ ბაბის.
"აჰაჰააა შე იდიოტო" - ბაბი ვეღარ სუნთქავდა სიცილისგან. "არ არსებობს, როგორ
არ გახსოოოვს!"
"მითხარი რა" - უკვე ვეხვეწები მე. "ბიჭო, ბოკალი აუვსე და შენთან საქმე მაქვსო,
გარეთ გაიყვანე უსერიოზულესი სახით. მერე იქ გითქვამს, ოჯახში გლოვაა და ვერ
გეუბნებიანო. ბებიაჩემის შესანდობარი დაგილევინებია და ისე გაუშვი, უკანაც არ
შემოუშვი დასამშვიდობებლად"
ახლა უკვე მე ავკივლდი: "მართლა? აჰაჰაჰაა! მე საერთოდ არ მახსოვს. მაგრამ შენ
საიდან იცი, იქ რა ვუთხარი?"
"ორი დღის მერე დამირეკა ბოდიშებს მიხდიდა არ ვიცოდი ბებიაშენის ამბავიო" -
ამიხსნა ბაბიმ და ისევ გადაყირავდა.
"ეგეც კაი მკვდარი ყოფილა, ბაბი, კარგად მიქნია, რომ გამიშვია იქიდან" -
ვუთხარი მე სიცილით. "როგორ არიან შენები?" - დავამატე მერე, მაგრამ
გამახსენდა, რომ მკვდარი იყო და აღარ ჩავეძიე. თანაც, ზოგი სულ მკვდარია,
ზოგი სულ ცოცხალი, რა მნიშვნელობა აქვს ამ მოკითხვებს.
"კარგი, წავედი ახლა მე და არ დამეკარგო" - ვუთხარი ბოლოს. თან ვფიქრობდი,
ახლა მეც თუ მკვდარი არა ვარ, ან თუ სიკვდილიც ბლეფი არაა, ეს როგორ
მირეკავს-თქო.
ბაბი ისევ იცინოდა. "კარგი, გკოცნი იდიოტოოო" - დამემშვიდობა თვითონაც და
ასე სიცილ-კისკისში გათიშა.
მე საათს დავხედე. თავს სავსედ ვგრძნობდი. "მკვდრის კოცნაღა მაკლდა" -
გავიფიქრე ჩემთვის და თასმები შევიკარი.

You might also like