You are on page 1of 3

წმინდა წერილი

აქა ამბავი გოლიათების გადაშენებისა

მიფიქრია, რომ შესაძლოა, წმინდა წერილი ლიტერატურული ჟანრი, ან სემიოტიკის სფეროა -


როგორც წმინდა ტექსტი, რომელიც მისი ფორმის მიღმა იბადება. აბრამიც ასე დაიბადა.

ნინო სამშობიაროს პალატაში იწვა და თითქოს ბებიამისის, ანჟელას, ხმა ჩაესმოდა, ნინოს
ბიძის, გიორგის, დაბადების პერიპეტიებს რომ იხსენებდა ვიშვიშით. ნინო 35 წლის იყო უკვე,
გიორგი კი - დედამისის ძმა - მასზე მცირედ პატარა, სადღაც ოცდაათის. ამის მიუხედავად,
გიორგი ნინოს ნახევარი იქნებოდა სიმაღლეში. ბავშვი იმდენად პატარა დაიბადა, მთელი
სამშობიარო და ლამის მთელი ქალაქი ამაზე ლაპარაკობდა. მეორე დღესვე რამდენიმე გაზეთში
დაწერეს და სატელევიზიო სიუჟეტების მომზადებაც დაიწყეს: ასეთი პატარა ჩვილის დაბადების
პირველი შემთხვევა ყოფილა მსოფლიოში. ბავშვი აბსოლუტურად პროპორციული და
სრულყოფილი იყო, მაგრამ ძალიან პატარა.

ანჟელას ძალიან უნერვიულია. პალატაში კიდევ ერთი ქალი იწვა და იმან მითხრა, ახლა ბავშვს
გააწამებენ ექსპერიმენტებით და ჭკუით იყავიო. ექიმსაც უკითხავს, წინააღმდეგი ხომ არ ხართ,
რომ ბავშვი კარგად შევისწავლოთო. ამუნათებდა, თურმე, გაუგონარი ამბავია და
მეცნიერებისთვის ფრიად მნიშვნელოვანი, იქნება დაგვთანხმდეთო.

ქალაქში ხმები დადიოდა, ანჟელა ცნობილი ბოზი იყოო. ყოველ შემთხვევაში, გიორგი რომ
დაიბადა, ანჟელას არც ქმარი ყავდა და არც საყვარელი. მარტო მივიდა სამშობიაროში და
მარტომ იმშობიარა. ნინოს არასოდეს უნახავს მისი არც ნათესავი და არც ძველი მეგობარი ვინმე.
ბებიის მხრიდან ოჯახს ნათესავი არ ყავდა და ეს ყველამ იცოდა. „მაგათი სინსილა გაწყდაო“, -
რამდენჯერმე რომ კითხეს, ასე უპასუხა ანჟელამ და მაგ საკითხზე არასოდეს დამელაპარაკოთო,
გამოაცხადა ბოლოს მკაცრად.

მოკლედ, გიორგი კი დაიბადა ასეთი საოცრება, მაგრამ მისი ამბავი ჯერ წესიერად სამშობიაროს
კედლებს არ გასცდენოდა, რომ ზუსტად მეორე დღეს მთელი მსოფლიოდან წამოვიდა ამბები
მცირე ზომის ჩვილების დაბადების შესახებ. ჩვეულებრივი ზომის ბავშვი საერთოდ აღარ
იბადებოდა თურმე. მსოფლიოს ყველა ქვეყანაში დაიწყო მხოლოდ და მხოლოდ მიკრო
ჩვილების დაბადება. რა პანიკა იყო, წარმოიდგინეთ.

ყველა სამეცნიერო ცენტრი გადაერთო ამ უბედურების კვლევაზე. ეძებდნენ მუტაციის მიზეზებს


და მექანიზმს, ეძებდნენ პასუხებს მითოსში და ფილოსოფიაში, ასტროლოგიაში, მაგიებში და
უცხოპლანეტელებში. სარწმუნო პასუხი ბევრი წლის განმავლობაში ვერავინ ნახა.

ამასობაში პანიკამ გაიარა და მსოფლიო მიეჩვია, რომ ამიერიდან ადამიანები მხოლოდ ჩვეული
ზომის ნახევრები დაიბადებიან, რადგან სხვანაირი, ჩვეულებრივი ბავშვი მთელი ამ წლების
განმავლობაში არ დაბადებულა. ეს კიდევ რა, წამოიზარდნენ ეს ბავშვები, უკვე სადაცაა სკოლებს
დაამთავრებენ, რომლებსაც ასევე დასჭირდა საფუძვლიანი გადაკეთება... ქუჩაში მოძრაობისას
ყველგან ეს ჭიანჭველები გხვდებიან.. მოკლედ, შეიცვალა მსოფლიო, თუმცა პროცესზე
დაკვირვება აქტიურად გრძელდებოდა.

როცა ნინო სამშობიაროში მოვიდა და პალატაში მოეწყო, რამდენიმე წუთში საავადმყოფოს


მთავარი ექიმი მოვიდა და აცნობა, რომ ნინო ბოლო ჩვეულებრივი ადამიანი იყო, რომელსაც ჯერ
შვილი არ გაუჩენია. მთელი მსოფლიოს ყურადღება ახლა შენსკენაა მოქცეულიო. ჰოდა, იწვა და
ფიქრობდა ნინო, ნეტავ, მე მაინც თუ მეყოლება ჩვეულებრივი შვილიო. იმასაც ფიქრობდა,
ბებიაჩემი რომ ჩვეულებრივს ეძახის, ეგეთი ბავშვი ცხოვრებაში არ მინახავს და ძალიან
საყვარლები კი არიან ეს პაწაწინა ბავშვუკებიო.

ამ ფიქრებში იყო, რომ პალატის კარი გაიღო და მამაკაცმა შემოიხედა. ნინოს დააქცერდა,
ერთხანს მშვიდად უყურა, ოდნავ შესამჩნევი ღიმილით. მერე უფრო შესამჩნევად გაიღიმა, თავი
დახარა, იატაკზე რაღაც ქაღალდი დააგდო და კარებში გაუჩინარდა. ნინო, თითქოს ხმალი
ჩასცესო, ისე წამოიკეცა და პირი დააღო. მკაფიოდ დაინახა, რომ ამ კაცს მარცხენა თვალი ხასხასა
მწვანე ქონდა, მარჯვენა კი - ვარდისფერი. მაგრამ მთავარი ეს არ იყო. ნინომ იცნო ეს კაცი! უფრო
სწორად, გაახსენდა მისი უცნაური და დაუვიწყარი სახე, რომელიც თვეების განმავლობაში
თითქმის მიავიწყდა და საერთოდ უცნაურ სიზმრად თუ მოჩვენებად მიიჩნია. ახლა კი კვლავ
უცნაურად გამოეცხადა ასეთ უცნაურ დროს და ადგილას!

ნინო და მისი მომავალი შვილის მამა უკვე ორი-სამი თვე ხვდებოდნენ ერთმანეთს, ნინომ რომ
ეს კაცი პირველად ნახა. იმ დღეს შეყვარებულს შეხვდა და ღამე სახლში ბრუნდებოდა, როცა
ცენტრალურ პარკში გადაეყარა მას. თითქოს მიწიდან ამოიზარდაო, სკამიდან წამოდგა და ნინოს
წინ გადაუდგა. მწვანე თვალი სიბნელეში ანათებდა, ნინომ კი შიშის ნაცვლად საოცარი ლტოლვა
იგრძნო და გონება დაკარგა.

როცა გამოფხიზლდა, ცენტრალური პარკის სკამზე იჯდა, სრულიად უვნებელი და საღ-


სალამათი. ახსოვდა ეს კაცი, მაგრამ მის რეალურ არსებობაზე არაფერი მიუთითებდა. ამიტომ
ერთხანს კი იჯდა ჩაფიქრებული, მაგრამ ბოლოს გადაწყვიტა, ცუდად გავხდი და მომელანდაო.
ამ ფიქრით ადგა და დაბრუნდა სახლში.

მოკლედ, პალატაში მარტო დარჩენილი ნინოს მზერა იატაკზე დაგდებულმა ქაღალდმა


მიიზიდა. აშკარად სავიზიტო ბარათი იყო. ნინო ძლივს, თუმცა მაინც სასწრაფოდ წამოდგა და
ბარათს დაწვდა. მასზე მხოლოდ ერთ მხარეს, ნაბეჭდი ასოებით დიდად ეწერა „მე ვარ, რომელი
ვარ“. ხოლო მეორე მხარეს ხელით იყო მიწერილი“ „ბავშვს აბრამი დაარქვით“.

ბავშვი პაწაწინა დაიბადა.


ანდრო ბ. 2018

You might also like