You are on page 1of 5

3.

ქართული ენის ლექსიკა

ძველი ქართული ლექსიკა;


სიტყვის მნიშვნელობის შეცვლა;
ხმარებიდან გასული სიტყვები

სხვადასხვა ძველი ქართული ლექსიკა.


როდესაც ძველი ქართულის ლექსიკაზე ვმსჯელობთ, მხედველობაში გვაქვს V-XI
საუკუნეთა ძეგლების სიტყვობრივი არსენალი. აქ იგულისხმება ჩვენი მდიდარი და შესანიშნავი
ეპიგრაფიკული, საერო და სასულიერო, საისტორიო და ფილოსოფიური მწერლობა,
ორიგინალური და ნათარგმნი ძეგლები. უაღრესად მრავალფეროვანი და დახვეწილია ამ
ძეგლების ლექსიკა. მართალია, ის თავისუფალი არ არის დიალექტური ნაშრევებისაგან, მაგრამ
მტკიცედაა დადგენილი სიტყვათა სემანტიკური ფუნქცია და მართლწერა. უდიდესი ნაწილი ამ
ლექსიკისა დამკვიდრდა ხალხში, როგორც საფუძველი ქართული სალიტერატურო ენისა და
ამჟამადაც ინარჩუნებს თავის ტრადიციულ სემანტიკას. ხსენებული ძეგლების ლექსიკის ის
ნაწილი, რომელიც ასახავდა ადამიანსა და მის სამეურნეო-კულტურულ მოსაქმეობას, დღესაც
ძალაშია და მომავალ ეპოქებსაც გაუძლებს, მაგრამ მნიშვნელოვანი რაოდენობა ამ სიტყვარისა
გამოვიდა ხმარებიდან და დღეს სპეციალური ლექსიკოგრაფიული ცნობარების გარეშე კაცს
გაუჭირდება მისი მნიშვნელობის გაგება.
V-XI საუკუნეთა ძეგლებში დამოწმებული ასეულობით სიტყვა მომდევნო ეპოქებში აღარ
უხმარიათ და დავიწყებას მისცემია. მაგალითად, ძველი ქართული ბღუარი დღეს აღარ
იხმარება, გასულია ხმარებიდან. აღნიშნავდა იგი სამხრეთს და ამ მნიშვნელობით მოხსენებულია
ფსალმუნთა უძველეს თარგმანში: „მოაქციე, უფალო, ტყეი ჩვენი, ვითარცა ღვარნი ბღუარითა“
(125, 3).
ეგევე ითქმის ხორშაკზე –– გავრცელებულ სიტყვაზე ძველ ქართულ ძეგლებში. ოშკის
ბიბლიაში. იკითხება: „და აჰა კუალად მერმე შვიდნი თავნი აღმოსცენდეს მათ თანა, წულილნი
და ხორშაკეულნი“ (დაბ., 41, 6); „და შეჭამნეს შგდთა მათ თავთა წულილთა და ხორშაკეულთა
შჯკდნი იგი თავნი რჩეულნი“ (დაბ., 41, 7); ადიშის ოთხთავში: „რაჟამს სამხრით ქრინ, სთქჯკთ,
ვითარმედ ხორშაკი იყო“ (ლუკ., 12, 55). ოთხთავის სხვა რედაქციებში ამ ადგილას
მოხსენებულია „სიცხეი“. „მუშანიკის მარტვილობაში“ ხსენებული სიტყვა ასეთ კონტექსტში
გვაქვს: „ჟამსა ზაფხულისასა ცეცხლებრ შემწუელი იგი მკურვალებაი მზისაი, ქარნი ხორშაკნი და
წყალნი მავნებელნი“ (ილ. აბულაძის გამოც., თბ., 1938, 39); „გრიგოლ ხანძთელის ცხორებაში“:
„ამას მიწასა ზედა ვერ ეგების მარხვა» სულისაგან ხორშაკისა მაკუდინებელისა“ (ნ. მარის გამოც.,
სპბ., 1911, კგ, 43); „არამედ განწესებით დგას თვსსა საზღვარსა უნოტიოი, უხორშაკოი, უმიწოი
მზუარეი“ (იქვე, კდ., 12);
სადაურობას თავი რომ დავანებოთ, ხორშაკი ძველ ქართულში პოპულარული სიტყვა
ყოფილა, დღეს კი მივიწყებულია. მწერალმა კ. გამსახურდიამ სცადა მისი აღდგენა „დავით
აღმაშენებელში“, მაგრამ საეჭვოა, ფეხი მოიკიდოს. თუმცა აქა-იქ მაინც ხმარობენ. აი,
მაგალითად, ერთი მოთხრობის თარგმანში გვხვდება ასეთ პოზიციაში: „ქარი ზაფხულობით
ხორშაკია და ზამთრობით სუსხიანი“ (,,მნათობი“, 4, 1963, 42).
ძველი ქართული ლექსიკიდან ასეთი თავგადასავალი განუცდია ასეულობით სიტყვას,
რომელთა ერთად თავმოყრა და აღნუსხვა ისტორიული ლექსიკონის საქმეა. სანიმუშოდ
დავიმოწმებთ კიდევ რამდენიმე ძველ სიტყვას, რომელიც ახალ ქართულში აღარ იხმარება და
თანამედროვეობა სპეციალური ლექსიკონების მოუშველებლად მას ვერ გაიგებს.
აგარ – მწირი; აეშაგი – მსტოვარი; ავლი – ფერფლი; აზავერი – ხარი საკიდარი (საბა), ბავთი -
ბოროტი მოამბე; ბაო – მცირე ჩრდილი; ბიჟიკი – მომცრო; ბოლცომი – მომაღლო ადგილი;
ბრპენი ტყვია, გურაპანი - საყელო გარდაფენილი (საბა); დიდროა –– ადიდება მდინარისა; ეტიკი
- გზის მცოდნე; ვაშტი - მოლაშქრე; ზაპილო – სნეული, უღონო; ზეჰარი- ამპარტავანი; კონჩო -
დამპალი შეშა; კუბასტი - ლეჩაქი; ნიჯგორი – საისრე დიდი კაპარჭი (საბა); ძნობი - შეწყობილი
ხმა...

სიტყვის მნიშვნელობის შეცვლა.


ენის განვითარების პროცესში სიტყვთა აბსოლუტური უმრავლესობის თავდაპირველი
მნიშვნელობა უცვლელი დარჩა და დასაბამიდან დღემდის ერთი ფუნქციით ემსახურება
ადამიანთა ურთიერთდამოკიდებულების ინტერესებს. მოძველებული ლექსიკა ხმარებიდან
გამოვიდა, ხოლო სიტყვათა გარკვეულ წყებას შეეცვალა პირვანდელი მნიშვნელობა.
კაცი, ქალი, დედა, მამა, შვილი, ძე, ხელი, ფეხი, ჭამა, სმა, ხე, მთა, ქვა, შენება, კეთება,
გრძნობა, გონება, ენა, პირი, რიცხვი, ქება, მე, შენ, ჩემი, შენი, ერთი, ორი, თეთრი, დიდი და
მისთანა სიტყვები ქართული ენის ისტორიის მთელ მანძილზე მნიშვნელობის შეუცვლელად
მოქმედებს და თავიანთი პირვანდელი მნიშვნელობით ვიყენებთ დღესაც. ეს სავსებით
ბუნებრივი და კანონზომიერია, რადგან სიტყვის მნიშვნელობა მეტად გამძლეა და ეპოქებს
სწვდება.
კანონზომიერი პროცესია სიტყვათა მნიშვნელობის შეცვლაც, რამდენადაც ამას
ხმარებულობის პრაქტიკა განაპირობებს. ძველი ქართულის ზოგიერთი სიტყვა ახალ ქართულში
სულ სხვა ფუნქციით გადმოვიდა. უცვლელი დარჩა ბგერითი კომპლექსი, მნიშვნელობა კი
რადიკალურად შეიცვალა. რიგ შემთხვევაში ეს გარემოება გამოწვეულია სიტყვის
გამომსახველობის პოტენციური შესაძლებლობით, მაგრამ ეს ითქმის მხოლოდ რამდენიმე
სიტყვის მიმართ, არსებითად კი ყოველი სიტყვის მაგალითზე მნიშვნელობის ამისთანა შეცვლის
შინაგანი მიზეზების დამაჯერებელი ახსნა არა თუ ძნელია და ჭირს, შეუძლებლადაც გვესახება.
სიტყვათა მნიშვნელობის შეცვლის მრავალი ნიმუშიდან აქ დავიმოწმებთ რამდენიმეს.
აგარაკი მაგალითად, ძველ ქართულში სახნავ-სათეს ადგილს, მიწას ნიშნავდა: „ესე არს
ადგილი საყანური, გინა სავენახე, გინა დაბა“ (საბა); „დაბა, ანუ სახნავი, გინა სავენახე ადგილი (ნ.
ჩუბინაშვილი). დღევანდელ ქართულში კი საზაფხულო დასასვენებელ ადგილს გვაჩვენებს:
„ზაფხულობით საცხოვრებელი ადგილი ქალაქს გარეთ“ („ქართული ენის განმარტებითი
ლექსიკონი“, IL, 88).
აზნაური ძველ ქართულში თავისუფალს ნიშნავდა. ადიშის ოთხთავში იკითხება: „აწ უკუე
აზნაურ არიან შვილნი იგი“ (მათე 17, 26). ახალ ქართულში სიტყვას მხოლოდ ერთი
მნიშვნელობა აქვს, მიუთითებს წოდებას, რომელიც ხარისხით თავადზე დაბლა დგას:
„აზნაურის მოკითხული სუფრაზე არ დაიდება“, „აზნაურის სტუმრობაო, ნუ გგონია ხუმრობაო“
(ანდაზ.)
აღორძინება ნიშნავდა მცენარის ზრდას, აგრეთვე გაზრდას, გამრავლებას. ახლა
ყოველდღიური ტრადიცია ამ სიტყვას იცნობს აყვავების, სამეურნეო და კულტურული
წარმატების მნიშვნელობით: „აღორძინებული კულტურა“, „აღორძინდა მეცნიერება“. მაგრამ
არავინ იტყვის „ხე ალორძინდაო“ – გაიზარდას მნიშვნელობით. '.
დამარხვა ნიშნავდა შენახვას, დაცვას. ოშკის ბიბლიაში ვკითხულობთ: „და იყავნ საზრდელი
დამარხულ ქუეყანისათვს შუდთა მათ წელთა სიყმილისათა“ (დაბ., 41, 36); „ქებაიში“:
„დამარხულ არს ენაი ქართული დღედმდე მეორედ მოსლვისა მისისა საწამებელად“ (ი.
იმნაიშვილი, ქრესტ., 305, 1); „ყოველი საიდუმლოი ამას ენასა შინა დამარხულ არს“ (იქვე)... ახალ
ქართულში დამარხვა იხმარება დასაფლავების, დაკრძალვის, დაფვლის მნიშვნელობით.
„ვეფხისტყაოსანშიც“, ამ თანამედროვე მნიშვნელობითაა დამოწმებული. „მო, მოყვარეთა
დამმარხეთ, მიწანი მომაყარენით!“ (882, 4); „თუ მკვდარი მნახოს, დამმარხოს, თქვას ვაგლახი და
უები“ (852, 3); ნ. ბარათაშვილი წერდა: „ნუ დავიმარხო ჩემსა მამულში, ჩემთა წინაპართ
საფლავებს შორის“ (თხზ., თბ., 1945, 33, 17); სიტყვამ კანონზომიერად შეიცვალა მნიშვნელობა.
შენახვა გააზრებულ იქნა დაკრძალვად. ხალხში მიცვალებულზე დღესაც ამბობენ: „უნდა
შევინახოთო“. მიცვალებულის შენახვა – დამარხვაა. ხალხურ ტრადიციას პირვანდელი
მნიშვნელობა შემოუნახავს.
მკვირცხლი ნიშნავდა ქვეითად მავალს: „ესე არს ქუეითი ფრხივ მავალი“, „უმკვირცხლესობა
უმალ ქვეითობა“ (საბა); თანამედროვე ქართულში სიტყვის მნიშვნელობა სხვაა: „მკვირცხლი
ძალიან მოძრავი, სიცოცხლით სავსე, ცოცხალი, ცქვიტი“ („განმარტებითი ლექსიკონი“, V). ახალი
მნიშვნელობა კანონზომიერი განვითარებაა ხსენებული სიტყვის თავდაპირველი ფუნქციისა.
მსოფლიო გულისხმობდა საეროს, სოფლისაგანს, არასასულიეროს; „სოფლელი, სოფელში
მდგომი. „გრიგოლ ხანძთელის ცხორებაში“ ნათქვამია: „და არცა მსოფლიონი ერისკაცნი
ახლვიდეს ახლად შენებისა თვის მათ ქუეყანათაისა“ (ნ. მარის გამოც., ზ, 43); ახლა ამ სიტყვის
მნიშვნელობა გაფართოებულია, გულისხმობს სამყაროს, დედამიწას, ქვეყნიერებას (შდრ.:
„სასიხრულო ცნობა მთელ მსოფლიოს მოედო“; „მსოფლიოს ჩემპიონი ჭადრაკში“...).
გავრცელებულ სიტყვას მღერა ძველად სამი მნიშვნელობა ჰქონდა.
ა) თამაში: „მეფესა ესე ამბავი უჩნს, ვითა მღერა ნარდისა („ვეფხისტყაოსანი“, 82, 1)...
ბ) დაცინვა: „შეთხზეს გვირგვინი ეკალთაგან და დაადგეს თავსა მისსა და ლერწამი მისცეს
მარჯუენესა კელსა მისსა და მუხლნი დაიდგნეს მის წინაშე, ემღერდეს მას და ეტყოდეს:
გიხაროდენ“... (08 მათე, 27, 29).
გ) გალობა: „რა ესმოდის მღერა ყმისა, სმენად მხეცნი მოვიდიან“ („ვეფხისტყაოსანი“, 967, 1);
„მეფე სმასა და მღერასა იქმს, მეტად მოილხინებდა“ (იქვე, 51, 3).
ახალ ქართულში მღერას შემორჩა მხოლოდ მესამე მნიშვნელობა, აღნიშნავს გალობას: „ჩვენი
ხუმრობა, მღერა, სიცილი ხეზედა მძინარ ფრინველს აფრთხობდა“ (ილია, ტ. I, 166);
ასევე ძველ ქართულში კუბო კაცთა ან ქალთა სატარებელს ნიშნავდა: „კუბო კიდობანი,
ქეჯაო, შესაჯდომი კაცთა ანუ ქალთა, საკიდები აქლემთა ანუ ხელით სატარებელი“ (ნ.
ჩუბინაშვილი). დღევანდელ ქართულში კი - საკაცე კაცთა ხელით სატარებელი ან
მიცვალებულის ჩასასვენებელი ყუთია;
მედგარი მცონარსა და მზაკვარს ნიშნავდა: „მედგარი მცონარი და მოუძლურებული...
მსოფლიოთა ენითა მზაკუარად ითქმის“ (საბა), დღეს კი მედგარი აღნიშნავს შეუპოვარს,
ძლიერს, მამაცს, მტკიცეს;
ცხედარი საწოლს, ტახტს აღნიშნავდა: „ცხედარი საწოლი, ტახტი, კრავატი“ (ნ.
ჩუბინაშვილი). ახლა ამ სიტყვით აღინიშნება მიცვალებულის გვამი...
აქ დამოწმებული ერთეული შემთხვევები სიტყვის მნიშვნელობის შეცვლისა ოდნავადაც ვერ
ამოწურავს მის ფაქტობრივ რაოდენობას. მაგალითების განგრძობა კიდევ შეიძლება. სიტყვათა
მნიშვნელობის შეცვლა ფართოდ გავრცელებული მოვლენაა ენაში.

ხმარებიდან გასული სიტყვები.


ენის ლექსიკური მარაგის ცვლილების ერთი სახეა მოძველებულ სიტყვათა ხმარებიდან
გასვლა. ლექსიკას სისტემატურად ემატება ახალი სიტყვები და გამოთქმები და აკლდება
სათანადო ეპოქისათვის უკვე გამოუსადეგარი, არასაჭირო, მოძველებული სიტყვები, რომელთაც
ხალხი ღრმა დავიწყებას აძლევს. ენის ისტორია გვეუბნება, რომ ლექსიკას ყოველ ეპოქაში
გაცილებით მეტი სიტყვა ემატება, ვიდრე აკლდება. ამიტომ მისი მარაგი განუწყვეტლივ ივსება
და მდიდრდება.
„ვეფხისტყაოსნის! დაწერის ეპოქაში, მაგალითად, იხმარებოდა და დამოწმებულიცაა
პოემაში ამილახორი (მეჯინიბეთუხუცესი), ამირბარი (ფლოტის უფროსი), ამირსპასალარი
(მთავარსარდალი), ვაზირი (მინისტრი) სავაზირო (სათათბირო, საბჭო) სპასალარი (ჯარის
უფროსი), სპასპეტი (ჯარის წინამძლოლი), სპა (ჯარი), სრა (სასახლე), აჯაბი (ოინი), წავარნა
(ნაპრალი), ჭაშნაგირი (მეჭაშნიკე), ჯუბაჩა (მოკლე კაბა) და მისთ., მაგრამ მომდევნო ეპოქებში ეს
სიტყვები დავიწყებას მიეცა და დღეს მათ მნიშვნელობას მხოლოდ ისტორიული ლექსიკონების
მეშვეობით ვეცნობით ხოლმე.
ძველ ქართულ ძეგლებში დამოწმებული სიტყვებიდან რომლებიც ხალხის მეხსიერებამ
დაივიწყა და მხოლოდ ისტორიულ ლექსიკონებს შემორჩნენ, აქ დავასახელებთ შემდეგს:
არგანი (ჯოხი), არმენაკი (ბამბის ქსოვილი), არდაგი (მანდილი, წელზე მოსაფენი
ფეშტამალი), არძანი (დიდი ლოდი ან მარილის ქვა), ასმანაკი (ნადირთ მაზე), ბაზიერი
(ფრინველთა დამგერშველი და ზედამხედველი), ბალანტი (ჩანთა, მცირე პარკი), ბასრობა
(დაცინვა, გმობა, კიცხვა), ბისონი (ბამბის წმინდა ქსოვილი თეთრი ფერისა), ბონდი (გაბმული
ხიდი), გუდარაკი (სადუღებელი ჭურჭელი), დიდროვა (წყალდიდობა), ერგასი (ორმოცდაათი,
ნახევარასი), ერისაგანი (ჯარისკაცი), ეტიკი (გზის მცოდნე), ვარშამანგი (თავმოსახვევი,
მანდილი), ვარჯი (ქოჩორი კაცთა), ზერგნა (ტკეპნა), ზოხოა (მხიარულება), კარაული (ვირი),
კოლტი (ღორის ჯოგი), კორნატი (ძროხის ვეგი, კოჭი), კუართი (პერანგი), ლაპოტი (დიდი
ციცხვი ან ჩამჩა), მამონა (სიმდიდრე, ქონება), მებოძირი (გზაჯვარედინი), მოპება (მოგლეჯა,
მოზევა), მრწემი (უმცროსი), მტილი (ბაღი), პინაკი (ჯამი), როჭიკი (ჯამაგირი), რუდუნი (გარჯა,
შრომა), სირი (ჩიტი), ტაგარი (ახლად დაწურული ტკბილის აუზი საწნეხლის ქვეშ), ტაგრუცი
(საფლავი), ტაკვი (ხელმოკვეთილი მკლავი), ტეზი (ნედლი შეშა), ფრდა (გაყიდვა), ქსესტი
(ძველი ლიტრ-ნახევარი), შნიში (მამიდის ან დეიდის შვილი), წათი (გრძელი შუბი, კეტი), ჭეო
(კლდე ფიქალიანი), ჯიროლა (პატარა ბეღელი)...
თანამედროვე ქართულში ამისთანა და მსგავსი სიტყვები აღარ იხმარება და არც შეაქვთ
ახლანდელ ლექსიკონებში.

You might also like