You are on page 1of 16

ჰაგიოგრაფია (აგიოგრაფია)

ჰაგიოგრაფია არის ჟანრი სასულიერო მწერლობისა და ნიშნავს წმინდანთა ცხოვრებისა თუ


წამების აღწერას.

ჰაგიოგრაფიას ორი დიდი მიზანი აქვს: პირველი – აღიწერება ამბები, რათა ისინი დროთა
განმავლობაში დავიწყებას არ მიეცეს და მეორე – წმინდანის ღვაწლი (არ აქვს მნიშვნელობა,
მისი ღირსად ცხოვრება თუ წამება) მაგალითად უნდა იქცეს სხვებისთვის: თუკი მან,
მართალია, გამორჩეულმა, მაგრამ მაინც ჩვეულებრივმა მოკვდავმა, შეძლო და დაითმინა,
,,შიში კაცობრივი განაგდო“ და თავისი თავი მიუძღვნა უფალს, უფრო ზუსტად თუ ვიტყვით,
საკუთარი სულის ცხოვრებას, მაშინ შენც, ამ ნაწარმოების წამკითხველი თუ მომსმენი შეძლებ
ამას ნებისყოფის, მონდომების ხარჯზე, ჯილდო კი ძალიან მნიშვნელოვანი და ყველა
ქრისტიანისთვის სანატრელია: სულის საუკუნო სიცოცხლე.

აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ჰაგიოგრაფიული გმირი ყველასთვის


სამაგალითო და მისაბაძია, რადგან თვითონ ის ემსგავსება უფალს და ხდება შუამავალი კაცსა
და ღმერთს შორის.

ჰაგიოგრაფია ენციკლოპედიური განმარტებით (ბერძნ. άγιος – ,,წმინდანი“ და γράφω – ,,ვწერ“)


სამეცნიერო დისციპლინაა, რომელიც წმინდანთა ცხოვრების, ღვთისმეტყველებისა და
წმინდანობასთან დაკავშირებულ ისტორიულ-ეკლესიურ ასპექტებს შეისწავლის.

ეროვნული გამოცდების პროგრამიდან ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებებია:

1. ,,შუშანიკის წამება“
ავტორი: იაკობ ცურტაველი
დაწერის პერიოდი - მეხუთე საუკუნე
ნაწარმოების ავტორი არის ხუცესი, შუშანიკთან დაახლოებული პირი და თვითონვეა
ერთ-ერთი პერსონაჟიც.
2. ,,აბო თბილელის წამება“
ავტორი: იოანე საბანისძე
დაწერის პერიოდი: მე-8 საუკუნე
ნაწარმოები დაწერილია ქართლის კათოლიკოსის, სამოელის, დავალებით.
თხზულება ოთხი თავისგან შედგება: 1. შესავალის მსგავსი ნაწილი 2. აბოს ქართლში
შემოსვლა და მონათვლა 3. აბოს წამება 4. ქება, ხოტბის შესხმა (ჰიმნოგრაფიული
ნაწილი, ჰიმნოგრაფია არის ჟანრი, რომელიც მიზნად ისახავს კონკრეტული
პიროვნებისა თუ მოვლენისადმი ხოტბის შესხმას, ქებას)
3. ,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“
ავტორი: გიორგი მერჩულე
დაწერის პერიოდი - მეათე საუკუნე (951 წელი)
მოქმედება მიმდინარეობს მე-8-მე-9 საუკუნეებში.
ნაწარმოები ზემოჩამოთვლილთაგან იმით განსხვავდება, რომ ეს არა წამება, არამედ
ცხოვრებაა წმინდანისა, მისი ღვაწლია ასახული.

კლასიკური ხანის მწერლობა


საგმირო-სამიჯნური ეპოსი
კლასიკური ხანის მწერლობა მე-11-მე-13 საუკუნეებს მოიცავს და იყოფა ორ ძირითად
ჟანრად, ეპოსად და ლირიკად.
,,ვეფხისტყაოსანი“ კლასიკური ხანის მწერლობის თვალსაჩინო ნიმუშია, ჟანრულად
ეპოსს წარმოადგენს, პოემას, და ის ამ კუთხით შერეული ხასიათისა და შინაარსისაა,
თან საგმიროა და თან სატრფიალო, ე.ი. საგმირო-სამიჯნურო ეპოსია.
გამიჯნურებული ჭაბუკები შეპყრობილნი არიან უსაზღვრო სიყვარულის გრძნობით
და სატრფოს გულისთვის წარმოუდგენელ სადევგმირო საქმეებს ჩადიან.
ვეფხისტყაოსანში წინა პლანზე იწევს სიყვარულისა და მეგობრობის, ერთგულების
კულტი.
,,ვეფხისტყაოსანი“ დაწერილია მე-12 საუკუნეში შოთა რუსთაველის მიერ.

სტილი – „ვეფხისტყაოსნის ქართული“

ვეფხისტყაოსნის ენა წარმოადგენს გარდამავალ საფეხურს ძველ ქართულსა და ახალ


ქართულ ენას შორის; მასში მოიპოვება როგორც ძველი, ისე ახალი ქართულისათვის
დამახასიათებელი ნიშნები.
ვეფხისტყაოსნის ენისათვის განსაკუთრებით დამახასიათებელია ის, რომ აქ ერთმანეთის
გვერდით გვხვდება ერთი და იმავე სიტყვის როგორც ახალი, ისე ძველი ფორმები.
ვეფხისტყაოსნის ქართულს, ძველი ენისაგან განსხვავებით, ახასიათებს მიდრეკილება
სინტაქსური სიახლისა და სიმარტივისადმი. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია
მოთხრობითი ბრუნვის ნიშნის ახალი ხმარების წესი პოემაში. მიუხედავად ამ სიახლეებისა,
რუსთაველის ენა ინარჩუნებს ძველ წესებსაც, ძველი და ახალი ფორმები მის პოემაში
პარალელური ფორმების სახით გვხვდება.
ვეფხისტყაოსნის ქართული მეტად თავისუფალი ენაა; ავტორი ხშირად ქმნის ახალ სიტყვებს,
ნეოლოგიზმებს (მაგალითად ნაგუშინდლევი, უმისჟამისო), სახელებს კი ხშირად ზმნებად
აქცევს (იირმოს, ითხოს, ეაგეთა და სხვა). რუსთაველის მიერ გამოყენებული უჩვეულო
სიტყვები ზოგ შემთხვევაში გამოწვეულია ლექსის საჭიროებით, რითმისა და რიტმის უკეთ
შეწყობისათვის, თუმცა ხშირად პოეტი სიტყვების უჩვეულო ფორმებს სალექსო
მოთხოვნილებების ყოველგვარი აუცილებლობის გარეშეც
როგორც მკვლევარები აღნიშნავენ, რუსთველის ენა იმდენადაა დაახლოებული ხალხის
მეტყველებასთან, რომ იგი მარტივად გასაგებია და სპეციალურ განმარტებას არ საჭიროებს.
თუმცა არის იშვიათი გამონაკლისებიც, როდესაც ცალკეული სიტყვებისა და გამოთქმების
შინაარსი დაუდგენელია და მათ შესახებ სპეციალისტებიც ვერ თანხმდებიან.

მხატვრული ენა
პოეტი ხშირად იყენებს ისეთ მხატვრულ ხერხებს, როგორიცაა მეტაფორა, შედარება,
გამეორება, ალიტერაცია, ბუნების აღწერები და სხვა. რუსთაველის ენისათვის
დამახასიათებელია აფორიზმების სიმრავლე.

მეტაფორები

ვეფხისტყაოსანში მეტაფორები იმდენად უხვადაა, რომ პოემის მხატვრულ ენის სტილად


ხშირად სწორედ მეტაფორულობას თვლიან. 

რუსთაველის სიტყვათშემოქმედების ტალანტი განსაკუთრებით ძლიერად მის ბგერწერასა
და ალიტერაციაში ვლინდება. მხატვრულ ეფექტს აძლიერებს რიტმისა და რითმის ცვალებად
ობა, დაბალი და მაღალი 16-მარცვლოვანი შაირის მონაცვლეობა.

“ვეფხისტყაოსნის” პოეტური მეტყველება დიდწილად ფერით ხატვა, ფერით მეტყველება
ა. რუსთაველის ფერითი სიმბოლიზმი მრავალგვარია -
რელიგიურ ფერთა, სახელმწიფოებრივ და პოლიტიკურ-სოციალურ ფერთა, ეროვნულ ფერთ
ა ესთეტიკა. ტექსტში ვხვდებით ნაირფერ დროშებს, მაღალი წოდების თეთრ-წითელ-შავ ფერ
ებს, სხვადასხვა წოდების სამოსელის ფერებს...  პოემში სილამაზე ხშირად ფერითაა წარმოსახ
ული,  გმირების სულის მოძრაობასაც ფერი ახლავს (ვ. ნოზაძე).  მაგალითად, ლურჯი და მწვ
ანე ფერების პალიტრა ასე წარმოგვიდგენს ავთანდილის განწყობას:
“ მუნ შიგან მყოფსა ემოსა ტანსა ლურჯი და მწვანები,
ავთანდილისთვის ყველაი ცრემლითა არს ნაბანები”.

პოეტური სინტაქსის სფეროში (მოქმედების ექსპრესიულობის გამოსახატავად ზმნური


ფორმების სიუხვე და მაკავშირებელ სიტყვათა მოკვეცა ახასიათებს: „მტერთა ექადდა,
წყრებოდა, იგინებოდა, ჩიოდა“ – 596; „მიღწვიან, მომიგონებენ, დამლოცვენ, მოვეგონები“ -
805). 

ვეფხისტყაოსნის პოეტური სამყაროს მიმზიდველობა მეტწილად მაღალი აზრობრივი


ღირებულების და გამომსახველობითი სრულყოფილების ჰარმონიითაცაა განპირობებული,
რაც პოეტის აფორისტულ მეტყველებაშიც ვლინდება. აფორისტული მეტყველება შუა
საუკუნეებში ფილოსოფიური აზრის ყველაზე გავრცელებული ფორმაა. (აფორისტული -
აფორიზმი)

აღორძინების ხანის ლიტერატურა

აღორძინების პერიოდი იწყება მე-16 საუკუნიდან და გრძელდება მე-18 საუკუნის


ბოლომდე.

აღორძინების ხანას მეორენაირად რენესანსს უწოდებენ, რენესანსი მთელ მსოფლიოში


გაბატონებული მიმდინარეობა იყო, რენესანსის ეპოქაში ადამიანი ექცევა სამყაროს ცენტრში
და ჩნდება თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის სრულიად ახლებური გააზრება, სამყარო
ახალ დანიშნულებას იძენს, ამ დროს ადამიანმა უნდა აღმოაჩინოს ყველაფერი, რენესანსის
დროს განვითარდა მეცნიერება.
ისტორიული მიმოხილვა:

ამ პერიოდში ფეოდალური კლასი ორად იყოფა - საეროდ და სასულიეროდ. საერო


ფეოდალური კლასი, თავის , მსხვილ და წვრილმამულიან აზნაურობად იყოფა. თავადებს,
რომლებიც სარგებლობდნენ ე.წ. ,,შეუვალობით“, ჰყავდათ თავიანთი აზნაურები, მსახურები
და გლეხები. მსახურებს გლეხებთან შედარებით უკეთესი უფლებრივი მდგომარეობა
ჰქონდათ, მაგრამ საერთო არეულობის დროს ისინიც ძალიან იჩაგრებოდნენ. გლეხების
მდგომარეობა ძალიან უნუგეშო და აუტანელი იყო, ცნობილი მოგზაური შარდენი
აღწერს: ,,მებატონეებს დიდი უფლება აქვთ ყმებზე, ისინი მთელი თვეების განმავლობაში
რამდენიც სურთ, ამუშავებენ ყმებს და არც ჯამაგირს, არც საზრდოს აძლევენ მათ. მათ ხელი
მიუწვდებათ ყმების ქონებასა, თავისუფლებასა და სიცოცხლეზედაც კი. ბატონები ჰყიდიან
ყმების შვილებს, ანდა მონებად ჰყავთ სახლში.“ მაინცდამაინც სანატრელი არც იმ გლეხის
მდგომარეობა იყო, რომელიც ეკლესიას ეკუთვნოდა, რადგანაც ეკლესია უფრო მეტად
სარგებლობდა ,,შეუვალობით“, ვიდრე თავადაზნაურობა, რაც მეტი ექსპლოატაციის
(განმარტება, აქ: ექსპლოატაცია/ექსპლუატაცია -  მესაკუთრის მიერ სხვისი შრომის ნაყოფის
მითვისება, ყვლეფა (ადამიანისა ადამიანის მიერ) საშუალებას აძლევდა. ამით აიხსნება, რომ
მე-18 საუკუნეში გლეხთა მასობრივი პროტესტი განსაკუთრებით საეკლესიო-სამონასტრო
მიწათმფლობელების წინააღმდეგაა მიმართული.

პოლიტიკურად ამ პერიოდში საქართველო სამ სამეფოდ - ქართლი, კახეთი, იმერეთი


და ოთხ სამთავროდ: გურია, აფხაზეთი, სამეგრელო, სვანეთი - იყო დაყოფილი. ამ სამეფო-
სამთავროებს დაუსრულებელი ქიშპობა (განმარტება: ქიშპი - ჯიბრი, მეტოქეობა) ჰქონდათ
ერთმანეთთან, რასაც ართულებდა გაუგებრობა ეკლესიასთან, რომელიც ,,შეუვალობის“
პრინციპის წყალობით წინანდებურად ,,სახელმწიფოს სახელმწიფოში“ წარმოადგენდა.
ამიტომ ამ პერიოდის დასაწყისიდანვე თავს იჩენს გაერთიანების იდეა. მთლიანობის
აღსადგენად საჭირო იყო სამეფო-სამთავროების გაერთიანება. ამ აზრს გაბედულად ქადაგებს
მწერლობა დავით გურამიშვილის ენით.

იმდროინდელ საქართველოს შიდა არეულობაზე მეტად ასუსტებდა გარე მტრების


თარეში (სპარსეთი, ოსმალეთი, კავკასიის მთიელები). გარე მტერი მაჰმადიანური იყო და
ქართველები დახმარებას ევროპისგან ან რუსეთისგან ელოდნენ, რუსეთი უფრო ახლო გზა
გამოდგა და საბოლოოდ რუსული ორიენტაცია იმარჯვებს ჩვენში, 1783 წელს ქართველები
შედიან რუსეთის ,,მფარველობაში“, ხოლო 1801 წელს ამას სრული ინკორპორაცია
(განმარტება: ინკორპორაცია - ერთი სახელმწიფოს მიერ მეორე სახელმწიფოს შემოერთება)
ცვლის. რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა დაქუცმაცებული საქართველო.

მიმდინარე პერიოდში საქართველოში თავი იჩინა საკმაოდ ძლიერმა კულტურულ-


საგანამანთლებლო მოძრაობამ, გამოცოცხლდა სასკოლო საქმე, გაფართოვდა
ლიტერატურულ მოღვაწეთა წრე, გამოცოცხლებას ვამჩნევთ მწერლობას როგორც შინაარსის,
ისე ფორმის თვალსაზრისით.
ამ პერიოდისთვის სულხან-საბა ორბელიანი საქართველოს ელჩი გახლდათ და ძალიან
საჭირო დიპლომატიურ მისიებს ახორციელებდა.

ლიტერატურული მიმოხილვა

ზემოთ აღნიშნულმა მოვლენებმა განსაზღვრეს ხასიათი იმდროინდელი


ლიტერატურისა, აღორძინების ხანის მწერლობის დამახასიათებელი ნიშნებია:

1. ეროვნული მოტივისა და ორიგინალური შემოქმედების გაძლიერება.


2. თემატიკის გაფართოება - საჭირო იყო თემატიკის გაფართოება იმდენად, რამდენადაც
ახლა გარკვეულ ადგილს თხოულობდნენ ის სოციალური წრეები, რომლებითაც
მანამდე არ ინტერესდებოდა მწერლობა - ვაჭრები, ხელოსნები, გლეხები, მუშები.
ჩნდებიან ვაჭრულ-ხელოსნური წრიდან გამოსული პოეტებიც, მაგალითად,
საიათნოვა. ვაჭრულ-ხელოსნურსა და გლეხურ მოტივებს ეხებიან ფეოდალური
წრიდან გამოსული პოეტებიც, მაგალითად, არჩილი, დავით გურამიშვილი.
3. ახალი ლიტერატურული მიმართულების გაჩენა - ჩნდება რეალისტური
მიმართულება და სტილი, ოღონდ არა ის რეალიზმი, რომელიც მე-19 საუკუნეში
ჩამოყალიბდა, არამედ უბრალოდ ,,მართლის თქმა“, რომელიც დაუპირიდპირდა
ფანტასტიკას, ხალხი თხოულობდა სიმართლის მიწოდებას, რომელიც
გადმოიცემოდა საისტორიო პოემებსა და ზნეობრივ თხზულბებში, აღარ უნდოდათ
გამონაგონი ამბების კითხვა, რომელიც არასდროს მომხდარა. ,,მართლის თქმის
პრინციპი“ ძალიან მნიშვნელოვანი მახასიათებელია აღორძინების ხანის
ლიტერატურისთვის.
4. ამ ხანის ლიტერატურაში განსაკუთრებული ადგილი უკავია ოდას (განმარტება: ოდა -
სახოტბო ლექსი, რომელშიც შექებულია რომელიმე ისტორიული ამბავი ან პირი.) -
რომელიც ქებათაქებას ასხამს იმდროინდელ მეფეებს, სარდლებს.
5. ყველაზე მეტად სამეფისკარო არისტოკრატიული კლასიციზმი თავს იჩენს ახლად
ჩასახულ დრამატურგიაში თავისი კლასიკური თემებით.
6. ზრუნვა ენის პურიზმისთვის (განმარტება: პურიზმი - ენაში უცხო სიტყვათა
შემოსვლის წინააღმდეგ ბრძოლა).
7. ახალ სტილთან ერთად გაჩნდა ახალი ლიტერატურული ჟანრები:
საისტორიო ეპოსი - მე-18 საუკუნიდან პოეტები მიმართავენ მშობლიურ სიუჟეტებს
და წერენ წარსულიდან ამა თუ იმ ეპოქაზე, ამბავსა თუ პირზე;
იგავ-არაკი - ამ პერიოდის სოციალურმა რეჟიმმა ყველაზე კარგი ნიადაგი შექმნა იგავ-
არაკის აღმოცენებისთვის, იგავ-არაკები ცხოველების, მათ შორის მელიის
გამოყენებით გვასწავლიან ხერსა და საზრიანობას, ანუ გვასწავლიან, რომ მოაზროვნე
ადამიანი მოხერხებით უნდა გადარჩეს;
სატირა - ცხოვრების მესვეურთა სივერაგემ და სამღვდელოების ანგარებამ ხელი
შეუწყო სატირის (განმარტება: სატირა - ლიტერატურული ხერხი; უარყოფით
მხარეების ჩვენება, მათი სასტიკად დაცინვა და მასხრად აგდება) წარმოშობას;
მოგზაურობა-მემუარები - ამ პერიოდში ქართველთა წარმომადგენლებს უწევდათ
მოგზაურობა და უცხო ადგილების ნახვით გამოწვეულ შთაბეჭდილებებს, ამ ხალხზე
თავიანთ მოსაზრებებს წერდნენ;
ქება - წინა პლანზე წამოიწია სხვადასხვა საგნისა თუ პირის ქებამ;
გაბაასება - მოქმედ პირებად გამოყვანილია ალეგორიული ფიგურები, მაგალითად:
სიცოცხლე, სიკვდილი, გაჭირვება, სიღარიბე, წუთისოფელი. ეს გამოწვეული იყო იმ
პერიოდში გაბატონებული დიდაქტიკურ-მორალური ტენდენციით ( განმარტება:
დიდაქტიკური - მსწავლებლური), რომელიც მიზნად ისახავდა ცხოვრების
გარდაქმნას ამა თუ იმ მიმართულებით.
8. ამ პერიოდში პოეზიას მიენიჭა უპირატესობა პროზასთან შედარებით, ასე აიხსნება
ისიც, რომ საისტორიო ამბებიც კი ლექსად იწერებოდა.
9. ცხოვრების ახალი ნაკადი ხელს უწყობს პროზაული სტილის დემოკრატიზაციასა და
ახალ მიღწევებს ლექსწყობის დარგში - ენა ხალხურდება (ეს ტენდენცია გამოიკვეთა
სულხან-საბას იგავებში), ჩნდება ახალი ფორმები ვერსიფიკაციისა (განმარტება -
ლექსთწყობა) და აღარ არის გაბატონებული რუსთველური შაირი თუ ჩახრუხაული
ლექსი (ისე მოიცვა ვეფხისტყაოსანმა აღორძინებამდელი ეპოქის მწერლობა, რომ
ყველას უნდოდა, რუსთველური შაირით ეწერა, აღორძინების ეპოქაში ამ გავლენისგან
თავისუფლდებიან). ჩნდება ლექსწყობის მრავალფეროვანი საზომი, შემოდის
ლიტერატურაში ხალხური სიმღერების კილო და გამოყენებულია ქართული
ხალხური სიმღერები ქართული ვერსიფიკაციის გასამდიდრებლად, ამ მხრივ
გამოირჩევა დავით გურამიშვილი, ბესიკი და საიათნოვა, რომლის მუხამბაზები
გამოხმაურებას პოულობს მე-19 საუკუნის პირველი ნახევრის პოეზიაში.
10. პესიმიზმი (უიმედობა), ფიდეიზმი (იდეალისტური შეხედულება, რომელიც
მეცნიერულ ცოდნასთან შედარებით უპირატესობას ანიჭებს რწმენას) , დიდაქტიზმი
(ჭკუის დამრიგებლობა), ეროტიზმი (ვნებიანობა) - მიმდინარე მოვლენები წყალს
უყენებდა ფეოდალთა კლასის მდგომარეობას და ეს არ რჩებოდა შეუმჩნეველი
ლიტერატურაში. პესიმიზმს, ფიდეიზმსა და დიდაქტიზმს შეგნებულად აღვივებდა
ფეოდალურ-კლერიკალური (განმარტება, კლერიკალიზმი - კაპიტალისტურ
ქვეყნებში – პოლიტიკური მიმდინარეობა, რომლის მიზანია ეკლესიისა და
სამღვდელოების ბატონობის დამყარება ქვეყნის პოლიტიკურსა და კულტურულ
ცხოვრებაში.) რეაქცია, ეს იყო მათი მცდელობა, შეენარჩუნებინათ ბატონობა, მაგრამ
ეს რეაქცია, რა თქმა უნდა, უძლური გახდა და ფეოდალურ-კლერიკალური
საზოგადოება წარსულს ჩაბარდა, მათი ნაკარნახევი ლიტერატურა კი მხოლოდ
ისტორიული შესწავლის საგანსღა წარმოადგენს.

ეროვნული გამოცდების პროგრამიდან აღორძინების ხანის ლიტერატურაში შედის


დავით გურამიშვილის ,,დავითიანი“ და სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკები.
დავით გურამიშვილის ,,დავითიანი“ განეკუთვნება დიდაქტიკური ეპოსის ჟანრს.
სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკები - დიდაქტიკური პროზის ჟანრს.
რომანტიზმი
რომანტიზმი, როგორც საერთო ევროპული მოვლენა, თითქმის ერთდროულად
აღმოცენდა ევროპის წამყვან ქვეყნებში.

მართალია, რომანტიზმის ეროვნული გამოვლინებები ერთმანეთისაგან საკმაოდ


განსხვავდება, მაგრამ მათ ახასიათებთ საერთო ტიპოლოგიური ნიშნები, რაც
საშუალებას იძლევა, ვისაუბროთ რომანტიზმზე, როგორც დასრულებულ მხატვრულ
მეთოდზე.

ხელოვნების ისტორიაში რომანტიზმის რამდენიმე კონცეფცია ჩამოყალიბდა და


თვით ტერმინიც სხვადასხვა მნიშვნელობით მოიაზრება. ამ კონცეფციათა
უმრავლესობა რომანტიზმის არსს მისი ერთი რომელიმე თვისების მიხედვით ხსნის.
ესენია: კლასიციზმის ესთეტიკასთან დაპირისპირება, შემოქმედებითი
თავისუფლება, იდეალიზმი, ინდივიდუალიზმი, სუბიექტივიზმი, სინამდვილიდან
გაქცევა, ოცნების სამყაროსკენ სწრაფვა, იმის შეგნება, რომ რეალურ ცხოვრებაში
იდეალი განუხორციელებელია, პესიმიზმი და ა.შ.

ტერმინი „რომანტიკული“ ნიშნავდა არაჩვეულებრივს, საიდუმლოებით მოცულს,


სასწაულებრივს, ფანტასტიკურს, ე.ი. იმას, რაც „რაციონალურს“ (გონებაზე
დაფუძნებულს) უპირისპირდებოდა.

გავიაზროთ რომანტიზმის მახასიათებლები:

1. საზოგადოებრივი ცხოვრების უპერსპექტივობა რომანტიკოსთა შემოქმედებაში


სევდიან განწყობილებებს ბადებდა, რაც თანდათან „კოსმიურ პესიმიზმსა“
(შენიშვნა: კოსმიური მცდარი ფორმაა, კოსმოსურია სწორი, მაგრამ ეს ტერმინია
და ბრჭყალებით გამოიყენეთ ხოლმე) და „სამყაროულ სევდაში“ გადაიზარდა.
2. „ჩაუღრმავდი საკუთარ თავს, მოაცილე შენი მზერა ყველაფერს, რაც გარს
გახვევია, და მიმართე საკუთარი თავისკენ“. ფილოსოფიური იდეალიზმი,
რომელმაც სამყაროს ცენტრად ადამიანის პიროვნული „მე“ გამოაცხადა,
რომანტიზმის იდეოლოგიური წინამძღვარი იყო.
3. წინარერომანტიკულ ანუ XVIII საუკუნის მეორე ნახევრის ევროპულ
ლიტერატურაში ჩაისახა ის ძირითადი ტენდენციები, რომლებმაც
განვითარებული და დასრულებული სახე რომანტიკოსთა შემოქმედებაში
მიიღო. კერძოდ,
 ინტერესი ბუნებისადმი და მისი დაპირისპირება ცივილიზაციასთან
(ბუნება რომანტიკოსთა შემოქმედებაში ორგანულად არის
დაკავშირებული იდეალთან, მაგრამ რადგან რომანტკული იდეალი
არსებითად მიუწვდომელია, რომანტიკოსი ვერც ბუნებაში პოულობს
საბოლოო ნავთსაყუდელს ( გავიხსენოთ ნიკოლოზ ბარათაშვილი:
"გულისთქმა ჩემი შენს იქითა ეძიებს სადგურს");
 გრძნობებისა და ადამიანის ინდივიდუალობის კულტი;
 წარსულის პოეტიზაცია და ეროვნულ სიძველეებთან (ისტორია,
ფოლკლორი) მიბრუნება.
4. რომანტიკული მსოფლაღქმის და მხატვრული მეთოდის საფუძველია ორი
სამყაროს- რეალურისა და იდეალურის არსებობის დაშვება. ამასთანავე,
რომანტიკოსთა აზრით, რეალურ და იდეალურ სამყაროს ანუ სინამდვილესა
და იდეალს შორის უზარმაზარი უფსკრულია. რომანტიკოსებისათვის იდეალი
განუსაზღვრელია, უსასრულო, აბსოლუტური, სრულყოფილი, მშვენიერი,
საიდუმლოებით მოცული და შეუცნობელი; ხოლო სინამდვილე არის
მდაბალი, არამდგრადი, დენადი და წარმავალი, მაშინ, როცა
კლასიცისტებისთვის სინამდვილე მყარი და ერთხელ და სამუდამოდ
დადგენილი წესების მიხედვით მართვადი რეალობა იყო. რომანტიკოსთა
აზრით, სინამდვილეში იდეალის განხორციელება შეუძლებელია, რადგან
იდეალი, რომელიც მხოლოდ სულიერ სფეროში ანუ ადამიანის წარმოსახვაში
არსებობს, მატერიაში ხორცშესხმისას აუცილებლად მახინჯდება.
5. კლასიცისტური ლიტერატურის საზოგადოებრივ გმირს რომანტიკოსებმა
საზოგადოებისაგან გარიყული მეოცნებე დაუპირისპირეს; გონების კულტს -
გრძნობებისა და წამოსახვის კულტი; საერთოს, საზოგადოებრივს, გარეგანს -
ინდივიდუალური, სუბიექტური, შინაგანი. რომანტიკული ხელოვნების
ცენტრში დგას მარტოსული გმირი, რომელიც კონფლიქტშია გარემომცველ
სამყაროსთან.
6. რომანტიკული მსოფლაღქმის თანახმად, რეალობასა და იდეალს შორის
უზარმაზარი უფსკრულია. რეალობა არასრულყოფილი, წარმავალი და
ქაოსურია, ხოლო იდეალი მშვენიერი, ამაღლებული, განუსაზღვრელი და
უსასრულო. რეალურ ცხოვრებაში იდეალი განუხორციელებელია , იგი
მხოლოდ სულიერ სფეროში ანუ ადამიანის წარმოსახვაში არსებობს. ამგვარი
თვალსაზრისი განაპირობებდა რომანტიკოსთა შემოქმედებაში როგორც
"მსოფლიო სევდას" ( იდეალის მიუწვდომელობის გამო), ისე უსაზღვრო
რწმენას ადამიანის სულიერი ძალებისადმი ( იდეალი ხომ სულიერ სფეროში,
ადამიანის წარმოსახვაში არსებობს). აქედან გამომდინარეობდა ის, რომ
რომანტიზმმა მთელი ყურადღება ადამიანის სულიერი სამყაროსაკენ მიმართა,
გონებასა და აღქმას გრძნობა და წარმოსახვა დაუპირისპირა. აზრი ზოგადია,
გრძნობა კი ინდივიდუალური, კერძო, განუმეორებელი . სწორედ კერძო
ინდივიდის განუმეორებელი სულიერი სამყარო მოექცა რომანტიზმის
ყურადღების ცენტრში.

რითმა - ქართველმა რომანტიკოსებმა შეგნებულად გადაიტანეს ყურადღება ლექსის


ფორმალური ელემენტებიდან სათქმელის შინაარსზე, დაამკვიდრეს ღარიბი რითმა
( "გმირი-ძლიერი", სადაც სარითმო ერთეულების მხოლოდ ბოლო მარცვალი
ერთიმება ერთმანეთს), პირველად გაჩნდა ქართულ პოეზიაში ( საეკლესიო
იამბიკოების სემდეგ) საერთო ურითმო (თეთრი) ლექსი ( გრ. ორბელიანის "მუშა
ბოქულაძე"). ამით გამოხატეს მათ ლექსწყობის დონეზე შინაგანის პრიმატი
გარეგანზე, ის, რაც რომანტიკული მსოფლაღქმის ერთ-ერთი არსებითი ნიშანი იყო.
მაშინ, როდესაც ევროპულ რომანტიზმში პირიქით მოხდა, იქ ფორმის ხაზგასმულ
პირობითობაში, ფანტასტიკური და უცნაური ფორმებისაკენ სწრაფვაში გამოიხატა ის
მთავარი სათქმელი, რაც რომანტიკოსებს სურდათ, ეთქვათ კაცობრიობისათვის:
მშვენიერია ის, რაც არაჩვეულებრივია!

ქართულ ლიტერატურაში რომანტიზმის წარმომადგენლები არიან: გრიგოლ


ორბელიანი, ალექსანდრე ჭავჭავაძე და ნიკოლოზ ბარათაშვილი.

ალექსანდრე ჭავჭავაძე – „გოგჩა“ ;

გრიგოლ ორბელიანი – „თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში“, „საღამო


გამოსალმებისა“, „პასუხი შვილთა“;

ნიკოლოზ ბარათაშვილი – „არ უკიჟინო, სატრფოო...“, „მერანი“, „ცისა ფერს“, „ფიქრნი


მტკვრის პირას“, „შემოღამება მთაწმინდაზე“, „ხმა იდუმალი“, „სულო ბოროტო“,
„ვპოვე ტაძარი“, პოემა „ბედი ქართლისა“.
კასპარ დავიდ ფრიდრიხი – „მოგზაური ღრუბელთა ზღვაზე“ – რომანტიზმი

რეალიზმი

მოდერნიზმი
მოდერნიზმი (modernus- თანამედროვე, ბოლოდროინდელი)– კულტურული
მიმდინარეობა, რომელიც მეოცე საუკუნის დასაწყისში აღმოცენდა. ჩაისახა
საფრანგეთში და მისი იდეა იყო ცხოვრებისეული ტრადიციული ფორმების უარყოფა
და ახალი ფორმების ძიება.

მოდერნიზმის ჟანრებია: იმპრესიონიზმი, სიმბოლიზმი, ექსპრესიონიზმი და ა.შ.

იმპრესიონიზმი – (impressionisme, impression – შთაბეჭდილება) მიმდინარეობა


ხელოვნებაში, ჩაისახა საფრანგეთში. იმპრესიონისტებმა ახალი სილამაზე და პოეზია
აღმოაჩინეს ადამიანის ყოვედღიურ ცხოვრებაში, ბუნებისა და ადამიანის ჰარმონიულ
ერთიანობაში. იმპრესიონისტთა ნაწარმოებებში ასახულია არა მხოლოდ ობიექტური
ცხოვრებისეული სინამდვილე, არამედ თვით მისი ამსახველიც, ადამიანი,
შემოქმედი, მოაზროვნე, მათი ჟანრული კომპოზიციები, პეიზაჟები, პორტრეტები
თავისი შინაარსითა და ფორმით ისახავდნენ სილამაზის, ბედნიერებისა და
სიხარულის ესთეტიკურ განცდას. იმრესიონიზმს მკითხველში შემოაქვს განცდა,
შიშველი ემოცია, მძაფრი შეგრძნებები და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება გააზრება.

ქართულ ლიტერატურაში იმპრესიონიზმის წარმომადგენელია ნიკო ლორთქიფანიძე.


ნაწარმოები – „შელოცვა რადიოთი“.

პირველი იმპრესიონისტული ნახატი: კლოდ მონე – მზის ამოსვლა, შთაბეჭდილება.

ექსპრესიონიზმი – სუბიექტურობის გამოვლინება, რაც მიზნად ისახავს რეალობის


დეფორმირებას, რათა პუბლიკაში ემოციური რეაქცია გამოიწვიოს. ახასიათებს
რეალობის სტილიზება, ფორმაცვალება და ამით აღწევს ექსპრესიულ ინტენსივობას.
ამის მიზეზია პესიმისტური ხედვა, რომელიც ექსპრესიონისტებს თავისი ეპოქის
შესახებ გააჩნიათ. წინაა წამოწეული ინდივიდის ემოციები, საზოგადოების, გარემოსა
და სოციუმის მიმართ დამოკიდებულება, პიროვნულობის მაღალი განცდა.

ქართულ ლიტერატურაში ექსპრესიონიზმის წარმომადგენელია გურამ


რჩეულიშვილი. ნაწარმოები – „ალავერდობა“.
ექსპრესიონისტული ნახატი – ედვარდ მუნკი – კივილი

სიმბოლიზმი – (simbolisme) მიმდინარეობა, რომელიც ჩამოყალიბდა მე–19 საუკუნის


ბოლოს საფრანგეთში ( შარლ ბოდლერი, არტურ რემბო, პოლ ვერლენი, სტეფან
მალარმე და ა.შ.) დამახასიათებელია კონკრეტული სახის სიმბოლოთი შეცვლა,
ირეალური სინამდვილის ძიება, მაქსიმალური ყურადღება სიტყვაზე, ფორმაზე და
მუსიკალურობის შექმნაზე. საქართველოში სიმბოლიზმი ჩამოყალიბდა მე–20
საუკუნის 10–იან წლებში. ქუთაისში შექიმნა სიმბოლისტთა ჯგუფი
„ცისფერყანწელები“, რომელთა წარმომადგენლებიც არიან: პაოლო იაშვილი, ტიციან
ტაბიძე, ვალერიან გაფრინდაშვილი, გიორგი ლეონიძე, სანდრო ცირეკიძე, კოლაუ
ნადირაძე, შალვა კარმელი და სხვა.

დასკვნის სახით რომ ვთქვათ სიმბოლიზმისთვის დამახასიათებელი ნიშნები, ესენია:

1. რეალური სამყაროს ირეალურად ქცევა, ფანტაზიისა და ინტუიციის, მისტიციზმის


გააქტიურება;
2. სიმბოლოს წინა პლანზე წამოწევა;
3. ფერებისთვის სიმბოლური მნიშვნელობის მინიჭება
4. ლექსში მუსიკალური მხარისთვის განსაკუთრებული ფუნქციის მინიჭება;
5. ყურადღების გადატანა ლექსის ფორმაზე, ზრუნვა ახალ რითმათა დამკვიდრებისკენ;
6. ალიტერაციისა (თანხმოვნების გამეორება) და ასონანსის (ხმოვნების გამეორება) გზით
ტექსტში მუსიკალურობის შექმნა.

ნაწარმოებები:

პაოლო იაშვილი – „პოეზია“

ტიციან ტაბიძე – „ლექსი მეწყერი“, „ანანურთან“

გიორგი ლეონიძე – „ნინოწმინდის ღამე“, „ყივჩაღის პაემანი“.

სიმბოლისტური ნახატი – გუსტავ კლიმტი – სიკვდილი და სიცოცხლე.

პოსტმოდერნიზმი
პოსტმოდერნიზმი – (modernus „თანამედროვე“, post „შემდეგი) მე–20 საუკუნის
ბოლოს ჩამოყალიბებული მიმდინარეობა. მიმდინარეობამ უარი თქვა მოდერნიზმის
პირობითობაზე და ახალი ფორმების ძიება დაიწყო. დამახასიათებელია წარსული
მოტივებისა და ეკლექტიზმისაკენ ( თეორიათა, იდეურ მიმართულებათა ნებისმიერი,
უპრინციპო შეერთება ) მიბრუნება. პოსტმოდერნიზმის მახასიათებელია არსებული
ფორმების ხელახლა გამოყენება. თუკი მოდერნიზმი თავისი ესთეტიკის ცენტრში
ავტორსა და შემოქმედებას ათავსებს, პოსტმოდერნიზმი ინტერპრეტაციას
(თავისებურად, სხვანაირად, ახლებურად აღქმა, გაკეთება, გადაკეთება, შექმნა,
შესრულება) ანიჭებს უპირატესობას.

პოსტმოდერნიზმისთვის მთავარი რგოლია მკითხველი. მისთვის „ავტორი


მკვდარია“. როდესაც ავტორი წერტილს სვამს ნაწარმოების ბოლოს, ტექსტი უკვე მას
აღარ ეკუთვნის, ის მკითხველის „საკუთრებაა“. მკითხველს აქვს უფლება, რომ
სხვადახვანაირი ინტერპრეტაცია გაუკეთოს. მკითხველის (აუდიტორიის) ცოდნაზე,
ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე, ესთეტიკის აღქმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ
აღიქვამს იგი მხატვრულ ნაწარმოებს.

ქართულ ლიტერატურაში (ეროვნული გამოცდების პროგრამიდან)


პოსტმოდერნიზმის წარმომადგენლები არიან გურამ დოჩანაშვილი და ჯემალ
ქარჩხაძე.

ნაწარმოებები – გ. დოჩანაშვილი „ კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“.

ჯ. ქარჩხაძე – „იგი“.

პოსტმოდერნისტული ნახატი – ენდი ვორჰოლი –


მერლინ მონრო.
დრამა
დრამა ერთ–ერთი უძველესი ლიტერატურული ჟანრია. ის ჩაისახა ძველ
საბერძნეთში. დრამაში ერთიანდება რამდენიმე ჟანრის ტექსტი: ტრაგედია, კომედია,
ტრაგიკომედია, სატირული დრამა.

დრამატურგიული ტექსტი იწერება სცენისთვის. მისთვის დამახასიათებელია


დიალოგი, მონოლოგი. ჩართულია რემარკაც (მოქმედების ადგილი, პერონაჟების
გარეგნობაც, მოქმედების დრო, სიტუაცია და ა.შ.).

ტრაგედიის წარმოშობა დიონისეს კულტს უკავშირდება. ეს არის ტექსტი, რომელიც


მაყურებელში (მკითხველში) ცრემლს იწვევს. ტრაგედიის ფატალური დასასრული
გარდაუვალია.

კომედია არის ტრაგედიის საპირისპირო ჟანრი, რომელიც აუდიტორიაში სიცილს


იწვევს. კომიკურობას ქმნის შეუსაბამო სიტუაციები, პერსონაჟის არაადეკვატური
გადაწყვეტილებები, მოსწრებული სიტყვა–პასუხი, ნაკლის გაძლიერება და დაცინვა.
ახასიათებს გროტესკიც (მხატვრული ხერხი, რომელიც დამყარებულია მეტისმეტ
გაზვიადებაზე, მკვეთრი კონტრასტების - რეალობისა და ფანტასტიკის,
ტრაგიკულისა და კომიკურის შეხამებაზე; ასეთი ხერხით შექმნილი ნაწარმოები).

ტრაგიკომედია –დრამატული ჟანრის ერთ-ერთი სახე, რომელშიც წარმოდგენილია,


როგორც ტრაგიკული, ასევე კომიკური სიტუაციები. პერსონაჟთა ბედი ასეთი
ხასიათის ნაწარმოებში თანაგრძნობას იწვევს. ამავე დროს არის კომიკური სცენებიც,
რაც სიცილს იწვევს.

ქართულ ლიტერატურაში ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომედიოგრაფოსია


პოლიკარპე კაკაბაძე. ყველაზე ცნობილი ტექსტია „ყვარყვარე თუთაბერი“.
რომანი
დიდი მოცულობის პროზაული ტექსტი, რომელსაც რთული სიუჟეტი აქვს.
მოთხრობისგან გასხვავებით, რომანში ასახულია ცხოვრებისეული მოვლენების
დიდი წრე, ბევრი მოქმედი პირის მრავალმხრივი ცხოვრება.

თემატიკის მიხედვით გვხვდება ისტორიული, სოციალური, ფილოსოფიური,


ყოფითი, სათავგადასავლო, ფანტასტიკური...

რომანი თავისი აგებულებით უკავშირდება ეპოსს. ორივე ჟანრისთვის


დამახასიათებელია მოვლენათა ვრცელი დიაპაზონი.

ისტორიული რომანი –  ლიტერატურული ჟანრი, რომელიც აღწერს მოვლენებსა და


ფაქტებს ისტორიულ თემაზე. როგორც წესი, ამ ჟანრის მწერლები ცდილობენ
აღწერონ ისტორიული პირების ზუსტი მანერები, ქცევები, ხასიათი, სოციალური
პირობები და ამით მიიპყრონ მკითხველის ყურადღება.

ქართულ ლიტერატურაში ისტორიული რომანის ჟანრის წარმომადგენელია


კონსტანტინე გამსახურდია.

მნიშვნელოვანი ტექსტებია დიონისოს ღიმილი, მთვარის მოტაცება, დავით


აღმაშენებელი და დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა.

შეიძლება ითქვას, რომ დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა არის ისტორიული


რომანის კლასიკური მაგალითი.

You might also like