You are on page 1of 17

ლალი ეზუგბაია

ქართველური ენები

1. ქართველური ენების ოჯახი

1.1. საერთო წყაროდან, ფუძეენიდან მომდინარე ისტორიულად


დადასტურებული ენები ქმნიან მონათესავე ენათა ოჯახს. თანამედროვე სპეციალურ
ლიტერატურაში განიხილება მსოფლიო ენების ამგვარი დაახლოებით 22 ოჯახი, მათ
შორის, ქართველური ენების ოჯახი. ქართველური ენებია: ქართული, სვანური და
ლაზურ-მეგრული (იგივე ზანური), რომლებიც ჰქმნიან დამოუკიდებელ ოჯახს და არ
ენათესავებიან სხვა ენებს. თუმცა არსებობს მეორე თვალსაზრისიც, რომლის
თანახმად ეს ენები შედის იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახის სამხრეთ-კავკასიურ
(იბერიულ) ჯგუფში, ე.ი. ივარაუდება ქართველური (იბერიული) ენების ნათესაობა,
გენეტიკური კავშირი ჩრდილოეთ კავკასიაში გავრცელებულ კავკასიურ ენებთან
(დაღესტნური, ჩეჩნურ-ინგუშური, ჩერქეზულ-ადიღეური, მათ შორისაა აფხაზური
ენაც). გასათვალისწინებელია მოსაზრება ქართველური ენების უძველეს აღმოსავლურ
არაინდოევროპულ ენებთან (ხათური, შუმერული...) და ხმელთაშუა ზღვის აუზის
ენებთან (პელაზგური, ეტრუსკული, ბასკური...) შესაძლო ნათესაობის შესახებ.
ენათა გენეზისის კვლევა დაიწყო მე-19 საუკუნის შუა წლებში, როცა ფრანც
ბოპმა საფუძველი ჩაუყარა ინდოევროპეისტიკას, ანუ ისტორიულ-შედარებით
ენათმეცნიერებას. ქართული ენაც იმთავითვე მოექცა კვლევის ობიექტებს შორის.
სამეცნიერო ლიტერატურაში გაჩნდა ქართველური ენების აღსანიშნი სინონიმური
ტერმინები: ქართველური/იბერიული, ზანური/კოლხური, ლაზური/ჭანური. ტერმინი
„კოლხური“ გახაზავს მეგრელ-ლაზთა ენა-ტომობრივ ერთიანობას კოლხური
ეპოქიდან. დასაშვებია, რომ მეგრელ-ლაზის აღმნიშვნელი ზოგადი ტერმინი
ქართულში კოლხ-ი იყო, რომლის შესატყვისი ზანური ფორმა უნდა
ვლინდებოდეს კულხ-ა / კილხ-ა ვარიანტებში. ივ. ჯავახიშვილმა ამ ტერმინის
წარმომავლობა დაუკავშირა ისტორიული ქართული პროვინციის კოლა-ს (კოლა-
არტაანი) სახელს.
ლაზების აღსანიშნავად გამოიყენება ტერმინები ლაზი და ჭანი, შესაბამისად,
ლაზური და ჭანური. „ტერმინი ლაზ-ი ისტორიულად აღნიშნავდა ზღვის სანაპიროზე
მცხოვრებ მეგრელ-ლაზს, ხოლო ჭან-ი მიემართებოდა უფრო მთისწინა ზოლში ან
მთაში მცხოვრებ კოლხებს. ამის კვალი უნდა ჩანდეს თანამედროვე ლაზურშიც,
როდესაც არცერთი ლაზი საკუთარ თავს ჭან-ად არ მოიხსენიებს, მაგრამ მისი
საცხოვრისიდან მოშორებით, მთაში მცხოვრებს, იმავე ლაზს ზღვისპირელი ლაზი
ჭან-ს უწოდებს, ხოლო ის, ვისაც ზღვისპირელი ჭანს ეძახის, მასზე მაღლა სოფელში
მოსახლე ლაზს ასევე ჭან- სახელით მიმართავს.... სახელები ლაზი და ჭანი

1
საუკუნეების მანძილზე ურთიერთმონაცვლეობდა, მაგრამ, ცხადია, ისტორიულად
ტერმინ ჭანს უფრო ვიწრო მნიშვნელობა ჰქონდა, როგორც ეტყობა, თავდაპირველად
ჭანი მიემართებოდა მთაში მცხოვრებ ზანს (ანუ ჭანი = მთიელი კოლხი)“( ჭ. ქირია, ლ.
ეზუგბაია, ო. მემიშიში, მ. ჩუხუა, 2014, გვ. )

ივანე ჯავახიშვილის აზრით ტერმინები „ქართველი“, ძვ. ქართ. „ქართუელი“ და


„ქართლი“ „შუშანიკის წამების“ დაწერამდე შვიდი საუკუნით ადრე უნდა
დამკვიდრებულიყო. მეგრულად ქართველი იწოდება ეთნონიმით „ქორთუ“, რაც
ლინგვისტური კანონზომიერებით (ბგერათშესატყვისობებით) სრული შესატყვისია
ქართვ-ელ-ი ფორმის“ ქართვ“ ფუძისა. ვ თანხმოვნის ადგილას ისტორიულად უ
ხმოვანი იყო: ქართველი<ქართუელი. შესაბამისად, მეცნიერები ქართულ-ზანური
ერთიანობის პერიოდისათვის (ივარაუდება ჩვ. წელთაღრიცხვის მიჯნა) აღადგენენ
*ქართუ სახელს (თ. გამყრელიძე, ). *ქართუ სიტყვაში აშკარად გამოიყოფა უ
ბოლოსართი, ისევე როგორც ქართლი ნაწარმოებია ქართ- ძირზე -ლ- ბოლოსართის
დართვით. აღსანიშნავია, რომ მეგრელები და სვანები თბილისის აღსანიშნავად
იყენებენ სიტყვას „ქართ“.

1.2. ქართველური ენების წარმოშობის, ანუ ამოსავალი ენის დიფერენციაციის


შესახებ ძირითადად ორი თვალსაზრისია მიღებული. პირველი ეკუთვნის არნ.
ჩიქობავას და შეიქმნა მე-20 საუკუნის 30-იან წლებში. ამ მოსაზრების მიხედვით
ქართულის დიფერენციაციის პროცესში (უფრო ზუსტად იმ ენის დაშლისას, რომლის
გაგრძელება ისტორიულ ქართულშია მოცემული) წარმოიშვა ზანური დიალექტური
განშტოება, საიდანაც შემდეგი დაშლის შედეგად ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი
ენები - სვანური და ზანური. ეს უკანასკნელი აერთიანებს მეგრულსა და ლაზურს,
რომლებიც ერთმანეთის მიმართ დიალექტებია, თუმცა მეცნიერთა ნაწილი მათ
დამოუკიდებელ ენებად მიიჩნევს. საკუთრივ ზანურის დაშლა მეგრულ და ლაზურ
ერთეულებად ახალი მოვლენაა, კერძოდ, ივ. ჯავახიშვილის აზრით, ეს პროცესი
დაიწყო ახ. წ. მე-8 საუკუნეში არაბობის დროს, როცა სამხრეთ-აღმოსავლეთ
საქართველოდან დაიწყო ქართულენოვანი მოსახლეობის მასობრივი მიგრაცია
დასავლეთით.

მეორე თვალსაზრისი ეკუთვნის გერმანელ მეცნიერს გერჰარდ დეეტერსს, რომელმაც


ქართველურ ენათა ურთიერთმიმართება სქემატურად ასე გამოხატა:

2
საერთოქართველური

ქართულ-ზანური

ზანური

სვანური ლაზური მეგრული ქართული

ამ თვალსაზრისის მიხედვით, საერთოქართველურ/წინარექართველურ ფუძეენას


ძვ. წ. მე-2 ათასწლეულში გამოეყო სვანური ენა, ხოლო 1-ლ ათასწლეულში დაიშალა
ქართულ-ზანური ერთობაც ქართულ და ზანურ ენებად. მეცნიერის აზრით, სვანურის
გრამატიკისა და ლექსიკის არქაული ხასიათი გვავარაუდებინებს მის ადრეულ ეტაპზე
გამოყოფას ფუძეენიდან.

ზემოთ ნახსენები ტრადიციული თვალსაზრისებისაგან განსხვავებული


მოსაზრებები გამოითქვა ბოლო პერიოდში. ერთ-ერთის თანახმად, დეეტერსის
„სქემის რეალურობა ცხადი ხდება მის სვანურ ნაწილში, რაც სვანური ენის (resp.
დიალექტის) ფუძეენიდან დამოუკიდებელ ენობრივ ერთეულად ჩასახვა-გამოყოფას
გულისხმობს, მაგრამ იმავე სქემის ქართულ-ზანური შემადგენელი (ერთიანობა?) ვერ
ასახავს პრეისტორიულ სურათს, რადგანაც ბგერათშესატყვისობათა ჩვენება (როგორც
სიბილანტებში (შიშინა და სისინა თანხმოვნები), ისევე ხმოვნებში)) მხარს უჭერს
საერთოქართველური ენის წიაღში სულ მცირე სამი დამოუკიდებელი ენობრივი
ერთეულის (ქვესისტემის) არსებობას; ესენია: ქართული, ზანური და სვანური“ (ჭ.
ქირია, ლ. ეზუგბაია, ო. მემიშიში, მ.ჩუხუა 2014, ). მაშასადამე, დასაშვებია,
ერთდროულად დაწყებულიყო სამივე დიალექტის დამოუკიდებელ ენებად
ჩამოყალიბების პროცესი.

ქართველურ სინამდვილეში ამოსავალი (საერთოქართველური) ფონოლოგიური


(ბგერითი) სისტემის გარდაქმნა სამ ქვესისტემად ნიშნავს სამი ენობრივი ერთეულის
(თავიდან დიალექტის, შემდგომ ენის) წარმოქმნას და წარმომშობი ენის
(პროტოქართველურის) თავდაპირველ ქართველურ დიალექტებში
რეალიზება/კვდომას. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ქართველურ ენათა
ურთიერთმიმართება, შესაძლებელია შემდეგი სქემით გამოიხატოს:

საერთოქართველური

3
ზანური ქართული სვანური

ანუ, ამოსავალში, დიფერენციაციის წინა საფეხურზე, საერთოქართველურ


ფუძე-ენას ჰქონდა სულ მცირე სამი დიალექტი – ქართული, ზანური, სვანური,
საიდანაც შემდგომში, როდესაც თავი იჩინა ძირეულმა მორფოლოგიურ-ლექსიკურმა
სხვაობებმა, მოხდა ამ დიალექტთა დამოუკიდებელ (ისტორიულად ფიქსირებულ)
ენებად ჩამოყალიბება.
ასევე ახლახანს გამოითქვა მოსაზრება, რომ დასაზუსტებელია არნ. ჩიქობავას
თვალსაზრისიც: სავარაუდოდ, ქართულს ზანური შტო კი არ გამოეყო, არამედ
ზანურ-სვანური ენობრივი წრე, რომელიც შემდგომში დაიშალა ზანურად და
სვანურად (რ. აბაშია).

1.3. ლინგვისტური თვალსაზრისით, ქართველურ ენებს შორის საზღვრებს


ადგენს ამ ენობრივი ჯგუფის წევრებს შორის გამოვლენილი რეგულარული,
კანონზომიერი და სისტემური ბგერათშესატყვისობების არსებობა.

რა არის რეგულარული ბგერათშესატყვისობა?

ამონარიდი №1: ენაში არსებული ბგერები დროთა განმავლობაში იცვლებიან,


მაგრამ იცვლებიან არა ნებისმიერად და ქაოსურად, არამედ კანონზომიერად და
სისტემურად. მაგალითად, თუ რომელსამე ენაში შეიცვალა ზ და მოგვცა, ვთქვათ, ჟ,
მაშინ მისი წყვილეული ს ბგერაც ამავე მიმართულებით უნდა შეიცვალოს და მოგვცეს
შ და მისთ.
სანიმუშოდ: ამ კანონის საფუძველზე ქართველური ენების მონაცემებით
დადგინდა, რომ ძირეულ მასალაში ქართულის ძ ც წ (წინაენისმიერ, სისინა) სამეულს
ზანურში რეგულარულად შეესატყვისება ჯ ჩ ჭ (უკანაენისმიერი, შიშინა), ანუ თუ
ქართულში რომელიმე ძირეულ სიტყვაში გვაქვს ძ (ძელი), ზანურში შესაბამის
სიტყვაში იქნება ჯ (ჯალი). რაც მთავარია, თუ სხვა ხელისშემშლელი ფაქტორები არ
შეხვდა, ასევე მოიქცევიან სამეულის დანარჩენი წევრებიც: ც (ცოლი) და ჩ (ჩილი), წ
(წითელი) და ჭ (ჭითა) და მისთ“
(ა. არაბული, 204 28).

ამონარიდი №2. „ბგერათშესატყვისობათა სისტემა განსაზღვრავს ასევე


ლაზურისა და მეგრულის, როგორც ლინგვისტური ერთეულების,
ურთიერთმიმართებას, კერძოდ, იმას, არის თუ არა დამოუკიდებელი ენები
ქართველურ ენობრივ ჯგუფში ლაზური და მეგრული.

4
ვინაიდან ლაზურსა და მეგრულს ერთი და იგივე ფონეტიკური შესატყვისობები
გააჩნია ქართულ-სვანურის მიმართ, ისინი ერთი ენის ორ დიალექტს წარმოადგენენ,
ანუ საერთოქართველური ფუძე-ენიდან კოლხური (ზანური) ენის ცალკე ენად
ჩამოყალიბებას სიბილანტურ გადაწევასთან (მაგალითად, სისინა → შიშინა: ძ>ჯ, ზ>ჟ,
წ>ჭ და ა. შ) ერთად ხელი შეუწყო საერთოქართველური ვოკალური სისტემის
ტრანსფორმაციამ ზანურში ( ა>ო/ კაც->კოჩ-; ე>ა/ ერთ->ართ-), რასაც სამართლიანად
ეწოდა არტიკულაციის უკან გადაწევა (არნ. ჩიქობავა), იმავე ხმოვანთა ზანური
გადაწევა (თ. გამყრელიძე, გ. მაჭავარიანი). როგორც ხმოვნებში, ისე თანხმოვნებში
ლაზური და მეგრული ერთნაირ სურათს აჩვენებენ, ენობრივი (ფონოლოგიური)
სისტემა აქ ერთია“

(ჭ. ქირია, ლ. ეზუგბაია, ო. მემიშიში, მ. ჩუხუა, ლაზურ-მეგრული გრამატიკა. I.


მორფოლოგია, თბ., 2015)

როგორ დგინდება ენათა ნათესაობა?

ამონარიდი №3. „შედარების გზით დგინდება მონათესავე ენათა რეგულარული


ბგერათშესატყვისობანი. შედარების დროს:

1. არ გამოდგება სრულიად განსხვავებული სიტყვები მონათესავე ენებისა. მაგ. ქართ.


თეთრი და მეგრ. ჩე/ქჩე;

2. არ გამოდგება სავსებით ერთნაირი მასალა: კისერი, ცხენი, კარი, ტრაქტორი;

3. გამოსადეგია შესადარებელი ენებისათვის საერთო მასალა, რომელმაც


დიფერენციაცია განიცადა: კაცი-კოჩი, ძმა-ჯიმა.

შედარების მიზანია დაადგინოს მონათესავე ენათა განვითარების მეცნიერული


ისტორია ამ ენებზე მილაპარაკე ხალხების ისტორიასთან დაკავშირებით. ამგვარი
კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ქართული ენის მონათესავე ენებია: სვანური და
ზანური/კოლხური (მეგრულ-ლაზურ/ჭანური)“.

(არნ. ჩიქობავა, ენათმეცნიერების შესავალი, 2008 წ. გვ. 268-270)

2.ენის ცვლილება დროსა და სივრცეში

როგორც ზემოთ ითქვა, ენის ცვლილება ხდება დროსა და სივრცეში. ენის ცვლილება
დროში აჩვენებს, რომ ენა ისტორიული კატეგორიაა. ენის ისტორიულ ჭრილში
შესწავლას დიაქრონული კვლევა ეწოდება. ენის ცვლილება სივრცეში დიალექტების
(კილოების) წარმოქმნის საფუძველია. ენის შესწავლას კონკრეტული დროისა და

5
სივრცის მიხედვით (მაგ. კახურის თავისებურებანი თანამედროვე ეტაპზე)
სინქრონული კვლევა ეწოდება.

ენა იცვლება ორი მიმართულებით: დიფერენციაცია/დივერგენცია/დანაწევრება -


ცვლილების შედეგად იზრდება განსხვავება დიალექტებს/ ენებს შორის; ინტეგრაცია/
კონვერგენცია/ შერწყმა - ცვლილების შედეგად იზრდება საერთო, მსგავსი ნიშნების
რაოდენობა. ერთი ენის დიალექტების განმასხვავებელი ნიშნების ისეთი რაოდენობა,
რაც იწვევს გრამატიკული წყობისა და ძირითადი ლექსიკური ფონდის ცვლას, არის
საფუძველი ახალი ენების ჩამოყალიბებისა. საერთო წარმოშობის ენები მონათესავე
ენათა ოჯახს ქმნიან.

ერთი ენის დიალექტების დამოუკიდებელ მონათესავე ენებად ქცევის პროცესი


წარმოადგენს ენათა ოჯახის წარმოქმნის პროცესს. ამ პროცესს დროსთან ერთად ხელს
უწყობს სივრცითი ცვლილებები, ანუ ხალხის ამა თუ იმ ჯგუფების მიგრაცია და
იზოლაცია ერთმანეთისგან.

ისმის კითხვა: რა არტეფაქტები - წერილობითი თუ არქეოლოგიური - ადასტურებს


ზემოთ აღწერილი ლინგვისტური დიფერენციაციის ქრონოლოგიურ და სივრცულ
ჩარჩოებს?

უძველესი ქართული წერილობითი ძეგლები მე-5 საუკუნიდან მოგვეპოვება,


შესაბამისად, ჩვენთვის საინტერესო კითხვაზე პასუხი უძველეს აღმოსავლურ
(ხეთური, ურარტული, ხურიტული...) და დასავლურ (ბერძნული, ლათინური)
წერილობით მასალაში უნდა ვეძებოთ.

ხეთური წერილობითი ნიმუშების მიხედვით, ძვ. წ. მე-2 ათასწლეულში


ცენტრალურ ანატოლიაში ინდოევროპელი ხეთები ჩაენაცვლებიან ადგილობრივ
ხათებს, რომელთა შესახებ სწორედ ხეთური ძეგლები მოგვითხრობენ. კვლევების
თანახმად, იწყება ხათების მიგრაცია ჩრდილო-დასავლეთით - რკინის მადნის ძიებაში
„აუყვებიან შავიზღვისპირეთს და აჭარისა და გურიის, კოლხეთის დაბლობის შემდეგ
კი - ბზიფის, კოდორის, ენგურის, ცხენისწყლისა და რიონის ხეობების აღმა, რაჭა-
სვანეთის გავლით - გადადიან ჩრდილოეთ კავკასიაში - ითვისებენ ადგილობრივ
საბადოებს, რაც მკაფიოდ დასტურდება დასავლეთ საქართველოს არქეოლოგიური
მონაპოვრით“ ( ე. ასტახიშვილი, ნ. ახმეტელი, მ. ღამბაშიძე 2018, 31). ამიტომაც
ხათური ენის გენეალოგიური ლინგვისტური კვლევა ორი მიმართულებით
წარიმართა: ხათური ენათესავება ჩრდილო-კავკასიურ, კერძოდ, ჩერქეზულ-
ადიღეური ენების ოჯახს; ხათური ენათესავება ქართველური ენების, კერძოდ,
ზანური ჯგუფის ოჯახს. ხათურ-ჩერქეზულის კავშირს ადასტურებს სუბეთნონიმები,
როლებიც დღესაც დასტურდება: ჩერქეზული ხათუქა, შდრ, ხათუსა; ფახუა „უბიხის“
აღმნიშვნელი, შდრ. ხათური ფახუვა, აბეშლა, შდრ. თანამედროვე აბაზა აფხაზურში.
სავარაუდოდ, ხათები აუცილებლად შეერეოდნენ ადგილობრივ ქართველურ

6
ეთნოსებს, რაც გამოიწვევდა ენების ურთიერთშეღწევას სუპერ- თუ სუბსტრატების
სახით. ამის ყველაზე თვალშისაცემ საილუსტრაციო ენობრივ მასალას ტოპონიმები,
ჰიდრონიმები და ანთროპონიმები წარმოადგენს. ერთი მხრივ, დასავლეთ
საქართველოში გვაქვს -ფსა, -ყვა სუფიქსზე დამთავრებული ტოპონიმები და
ჰიდრონიმები: სუფსა, მალთაყვა, ბობოყვათი, ჯურუყვეთი..., მეორე მხრივ,
ანთროპონიმები: ინგოროყვა, როყვა, ჭანუყვაძე... ერთი სამეცნიერო თვალსაზრისით,
ამგვარი წარმოება ჩერქეზული, იგივე წინარე სინდური (ხათურ-ჩერქეზული) ენის
ნაკვალევია, ხოლო მეორე თვალსაზრისით, უძველესი ქართველური (ზანური)
წარმოებისაა (მ. ბუკია 2016, 139-149). არ გამოირიცხება ამ სუფიქსების არა მხოლოდ
ზანური ან ჩერქეზული წარმომავლობა, არამედ საერთო წარმომავლობაც, თუ
გავიზიარებთ პალეოკავკასიური ფუძე-ენისგან წინარესინდური (ხათურ-
ჩერქეზულის ფუძეენა) და წინარექართველური ფუძე-ენების წარმოშობას (მ. ჩუხუა,
2018, 75). ხათური ენის შესახებ კვლევა უდაოდ ასაბუთებს, ძვ. წ. მე-2 ათასწლეულის
ბოლოსთვის პროტოქართველური ენის დიფერენციაციას, მათ შორის,
შავიზღვისპირეთშიც და ანატოლიის მიმდებარედ ზანური დიალექტის არსებობას.

ასურულ, ურარტულ, ლივიურ წერილობით წყაროებსა და ბერძნულ-რომაულ


ტექსტებში, მათ შორის ბიბლიაშიც მოცემულია ქართველთა აღმნიშვნელი
ეთნონიმები. ესაა მუსქი/მოსხ/მოსოხ ტერმინები. მე-19 საუკუნიდან მოყოლებული
როგორც უცხოელი, ასევე ქართველი მეცნიერები ამ ეთნონიმს უკავშირებენ ქართულ
ეთნონიმს „მესხი“, განსხვავებული ეტიმოლოგიით. ერთი ვარაუდით, მესხ- ფუძეში
გამოიყოფა სხ>ცხ ძირი, რაც გვაქვს სა-მ-ცხ-ე, მ-ცხ-ეთ-ა ტოპონიმებში, მეორე
თვალსაზრისით, მესხი სიტყვაში -ხი წარმომავლობის სუფიქსია, რომელიც გვაქვს
შემდეგ ტერმინებში: კოლ-ხი, დიაო-ხი, ტაო-ხი... ხოლო ქართველურ ენათა
ბგერათშესატყვისობების საფუძველზე გამოითქვა მოსაზრება, რომ *მოსოხ/მოსხ- და
მესხ- ფორმები გარკვეული ტრანსფორმაციის შედეგია: კერძოდ, ორივე ფორმისთვის
ამოსავლად უნდა ვივარაუდოთ *მასხ- ფორმა, რომელიც წინარექართველურის
დაშლის შემდეგ ზანურში მოგვცემდა მოსხ- ფორმას, ხოლო სვანურსა და ქართულში
*მასხ ფორმა დარჩებოდა. მოგვიანებით, ქართულში მასხ>მესხ ფონეტიკური
გარდაქმნა განხორციელდა, ხოლო ზანურში მოსხ>მუსხ ცვლილება (შდრ. გვარები
მუსხელი, მუსხელიშვილი...) (ნ. ხაზარაძე 21-42). იმის გათვალისწინებით, რომ
მუსქების სავარაუდო განსახლების არეალი უნდა ყოფილიყო იმიერტაოს
ტერიტორია, რომელიც სამხრეთიდან უშუალოდ ეკვროდა ჭოროხის ხეობას, ხოლო
ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ქასქებისათვის ნავარაუდებ მხარეს, შესაძლებელია ძვ. წ.
მე-9 საუკუნეში ურარტელების დაპყრობითი ომების გამო მუსქებმა ჩრდილოეთით
ამოიწიეს, დღევანდელი მესხეთის ტერიტორიაზე დასახლდნენ.

ცხადია, ხანგრძლივ დროსა და დიდ სივრცეში - ანატოლიიდან კავკასიამდე (და


შესაძლოა ხმელთაშუა ზღვის აუზიდან შუამდინარეთამდე) მიმდინარე მიგრაციების

7
კვალდაკვალ ჩამოყალიბდა ქართველური ენობრივი სინამდვილე - ქართველური
ენები, რომლებიც ჩვენი უდიდესი კულტურული მემკვიდრეობა და იდენტობის
მარკერია.

3. ქართველური ენების თანამედროვე გავრცელების არეალი და კილოები

3.1. სვანური

სვანური ენა ერთ-ერთი ქართველური ენაა. ის გავრცელებულია ისტორიულ


სვანეთში, კერძოდ, მესტიისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში, კოდორის ხეობაში,
ასევე ქვემო ქართლის რეგიონში (ძირიტადად ეკომიგრანტები), სამეგრელოში,
იმერეთსა და გურიაში.

მესტიის მუნიციპალიტეტი, იგივე ზემო სვანეთი შედგება 15 საზოგადოებისაგან ანუ


ისტორიული თემისაგან. ესენია: უშგული, კალა, იფარი, მულახი, მესტია, ლენჯერი,
ლატალი, ბეჩო, ეცერი, ცხუმარი, ფარი, ჩუბეხევი, ჭუბერი, ლენხერა და ლახამულა.

ლენტეხის მუნიციპალიტეტი, იგივე ქვემო სვანეთი შედგება დაახლოებით18


საზოგადოებისაგან ანუ ისტორიული თემისაგან. ესენია: ზესხო, ცანა, ნაცული, მელე,
შგედი, ჩიხარეში, ახალშენი, ჟახუნდერი, სასაში, ჩოლურის საზოგადოება (13
სოფლით), ბაბილი, გულიდა, წანაში, ბავარი, ხელედი, ხოფური, ყვედრეში,
რცხმელური.

დღეისათვის მესტიის რაიონში დაახლოებით 20000-მდე ადამიანი ცხოვრობს,


ლენტეხის რაიონში - 15000 - მდე. მათი აბსოლუტური უმრავლესობა თავისუფლად
ფლობს სვანურ ენას. სვანები 2008 წლამდე შედარებით მცირე რაოდენობით (5000
სული) ცხოვრობდნენ კოდორის (resp. დალის) ხეობაში.

სულ სვანურად მოლაპარაკეთა რიცხვი დღეისათვის დაახლოებით 45000 კაცით


განისაზღვრება. ოცდაათი ათასამდე ადამიანი ფლობს სვანურ ენას.

სვანურში გამოიყოფა ოთხი დიალექტი: ბალსზემოური, ბალსქვემოური, ლენტეხური


და ლაშხური. ბალსზემოური და ბალსქვემოური ზემოსვანურის სახელწოდებითაა
ცნობილი (ამ ორ დიალექტს ერთმანეთისაგან ყოფს ლატალსა და ბეჩოს შორის
მდებარე ბალის მთა), ხოლო ლაშხური და ლენტეხური - ქვემოსვანურისა. ეს
დიალექტები ერთმანეთს უპირისპირდება უმლაუტის, ხმოვანთა სიგრძის,
რედუქციის, გრამატიკულ (ბრუნება-უღლების პარადიგმატული სისტემა, სინტაქსი)

8
თუ ლექსიკურ თავისებურებათა არსებობა-არარსებობით. ტრადიციულად ცნობილი
დიალექტების გარდა, სვანურში მეცნიერთა ერთი ნაწილი ცალკე დიალექტად
გამოყოფს, აგრეთვე, ჩოლურულს, როგორც გარდამავალ დიალექტს (ქვემოსვანურ
დიალექტთა შერწყმის შედეგად მიღებულს) ქვემო სვანეთში.

ბალსზემოური კილო მესტიის რაიონის უშგულ-ლატალის ტერიტორიაზეა


გავრცელებული.

ბალსქვემოური კილო მესტიის რაიონის მცხოვრებთა მეტყველებაა სოფელ ბეჩოდან


(ლენხერის ჩათვლით) სამეგრელოს საზღვრამდე.

ლაშხური და ლენტეხური კილოები ცხენისწყლის ხეობაშია გავრცელებული.

3.2. მეგრული

დღევანდელი მდგომარეობით მეგრულად საუბრობენ სამეგრელოში (აბაშა,


ზუგდიდი, მარტვილი, სენაკი, ქ. ფოთი, ჩხოროწყუ, წალენჯიხა, ხობი)
სამურზაყანოში (გალი, ოჩამჩირე, ტყვარჩელი).
მეგრული ისტორიულად ცხენისწყალ-რიონ-ფიჩორიდან მდინარე ფსოუმდე
ვრცელდებოდა. ჩრდილო-აღმოსავლეთით მეგრული მეტყველება ვრცელდება მდ.
ღალიძგამდე, ჩრდილო-აღმოსავლეთით საზღვარია ეგრისის ქედი (სოფლები თოთანი
და ხუბერი მესტიის რ-ნში), სამხრეთ-აღმოსავლეთით – იმერეთ-ლეჩხუმი,
ცხენისწყალი და რიონის მარცხენა სანაპირო (აბაშის რ-ნის სოფლები: გაღმაკოდორი,
გულეიკარი, კეთილარი), ხოლო სამხრეთით მდინარე ფიჩორი მიჯნავს მეგრულს
გურულისაგან.

მეგრულში სამი კილო-კავი გამოიყოფა: სენაკურ-მარტვილური, ზუგდიდურ-


ჯვარული და სამურზაყანოული. სენაკურ-მარტვილური კილოკავი მოიცავს აბაშა-
სენაკის, ფოთის, ხობის, მარტვილისა და ჩხოროწყუს მოსახლეობის მეტყველებას. აქ
ცალკე თქმებად გამოიყოფა ბანძა-მარტვილისა და ჩხოროწყუს მეტყველება;
ზუგდიდურ-ჯვარული კილოკავი გავრცელებულია ზუგდიდისა და წალენჯიხის
რაიონებში, სადაც ჯვარული მეტყველება (თქმა) ტრადიციულად გამოიყოფა.
მეგრულის მესამე კილოკავს ქმნის ენგურს გაღმა სამეგრელოს (სამურზაყანოს)
მეტყველება, იგი გავრცელებულია თანამედროვე საქართველოს ოკუპირებულ
რეგიონში, აფხაზეთში და მთლიანად მოიცავს გალის რაიონს, ნაწილობრივ –
ოჩამჩირესა და ტყვარჩელს. ოკუპაციამდე აფხაზეთში მეგრული მეტყველება
ვრცელდებოდა გულრიფშისა და სოხუმის რაიონებში, სადაც ეთნოწმენდამდე
მეგრელები კომპაქტურად სახლობდნენ. აფხაზეთიდან დევნილი მეგრელები

9
სამეგრელოს გარდა კომპაქტურად ცხოვრობენ ქუთაისში, ბათუმში, თბილისში, ასევე
საზღვარგარეთ (ძირითადად რუსეთსა და უკრაინაში).

2014 წლის აღწერის მიხედვით, სამეგრელო-ზემო სვანეთში 331 145.0 ადამიანი


ცხოვრობს, მაშინ როცა 2002 წლის აღწერით 466 100.0 ადამიანი ცხოვრობდა. ათ
წელიწადში მოსახლეობის შემცირება 29% -ით მოხდა, რაც რეგიონებში რაჭა-
ლეჩხუმთან ერთად ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. რაც შეეხება მეგრელების
რაოდენობას ოკუპირებულ აფხაზეთში, დეფაქტო ხელისუფლების მიერ ჩატარებული
აღწერის მიხედვით 48 000.0 -ს აღწევს. ცხადია, რომ სამეგრელოდან მიგრაციის
მაღალი დონე მეგრულის მატარებელთა რაოდენობის კლების მიზეზიცაა.

მეგრული მეტყველების გავრცელების არეალი ისტორიულად ვრცელი იყო.


სავარაუდოდ, მეგრულსა და ლაზურს შორის გარდამავალი დიალექტი (ნარევი
მეტყველება) ვრცელდებოდა თანამედროვე გურია-აჭარაში, რასაც სამხრეთ-
დასავლეთით საკუთრივ-ლაზური მეტყველება ემეზობლებოდა, ხოლო მეგრული
გავრცელებული იყო იმერეთში შორაპნამდე (გ. მაჭავარიანი), რასაც ამოწმებს
მეგრული ტიპის ფუთ-ი ტოპონიმი შორაპანთან (შდრ. ქ. ფოთ-ის მეგრული
დასახელება – ფუთ-ი/ფუთ-უ, რომელიც ლაზურად ფონთ-ო( → უკუსესხებით
პონტო) უნდა ყოფილიყო – ქ. ლომთათიძე), მეგრულივე მოიცავდა თანამედროვე
ლეჩხუმის რეგიონს, შავი ზღვისპირეთიდან ვიდრე რაჭა-სვანეთ-აფხაზეთის მთიან
ზოლამდის (შდრ. სვან. დალ- : მეგრ. დოუ „უღელტეხილი აფხაზეთში“).
შემთხვევითი არც ის არის, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
თითქმის ყველა მსხვილი ტოპონიმი მეგრულის მეშვეობით იხსნება.

3.3. ლაზური

ლაზეთის ტერიტორიის საერთო ფართობი მოიცავს 7 000 კვ. კილომეტრზე მეტს. მისი
საზღვრებია: ჩრდილოეთით შავი ზღვა, ჩრდილო-დასავლეთით და აღმოსავლეთით _
მდინარე ჭოროხი, სამხრეთით და სამხრეთ-დასავლეთით _ მდინარე სამანსუ. ამ
ტერიტორიის ძირითადი ნაწილი მოქცეულია თურქეთის საზღვრებში, ხოლო
საქართველოს ეკუთვნის სოფელი სარფის ნაწილი.

თანამედროვე ლაზური მეტყველების გავრცელების არეალი, მეგრულთან


შედარებით, მცირეა. ლაზები (ჭანები) მოსახლეობენ შავი ზღვის სანაპირო ზოლში
სარფიდან ქემერამდის, მდ. ჩხალის ხეობა მურღულისაკენ წარმოდგენილია ასევე
ლაზური მეტყველებით (რვა სოფელში). ლაზური მოსახლეობა კომპაქტურია
სარფიდან ქემერამდის. ისტორიულ ლაზიკას (ბერძნულად ლაზიკე, ხოლო
საკუთრივ-ლაზურად ლაზონა „ლაზეთი“) ეჭირა შავი ზღვის სანაპირო ზოლის
მნიშვნელოვანი ნაწილი.

10
განსაკუთრებით უნიკალურია მთიანი ლაზეთი, კერძოდ ბეღლევანის, ჩხალისწყლისა
და მურღულის ხეობებში (მდ. ჭოროხის აუზის ქვედა წელი) ქართული სოფლების
გვერდით მდებარეობს ლაზური სოფლები, რის გამოც შეხვდებით შერეულ, ლაზურ-
გურჯულ ოჯახებს. ხშირად ასეთი ოჯახების ლაზი დიასახლისები ერთნაირად
თანაბრად ფლობენ ლაზურ და ქართულ („ჩვენებურების ქართული“) ენებს და
საინტერესოდ უნაცვლებენ ამ სამეტყველო კოდებს.
საქართველოში XX საუკუნეში სარფის გარდა ლაზური მოსახლეობა
ფიქსირდებოდა აფხაზეთშიც: გუდაუთა, ოჩამჩირე, სოხუმი, ასევე სოფლები:
შაწკვარა, ფაჩანთა, ხარუტა, ფშალთილუღი, წარაშუბარა, აძიუბჟა ნაწილობრივ
ლაზურად მეტყველებდნენ. საკმაოდ იყო ამ დროისათვის ლაზური წარმოდგენილი
კურორტ ანაკლიაში. საკუთრივ საქართველოში ცხოვრობს 2000.0 -მდე ლაზი.

ლაზური დასახლებული პუნქტებისა და ხეობების მიხედვით იყოფა ათინურ, ვიწურ,


არქაბულ და ხოფურ კილოკავებად. ათინურში გამოსაყოფია ბულეფურ-არტაშენური
თქმა, ხოლო ხოფურში ცალკე თქმას წარმოადგენს ჩხალური მეტყველება.
1965 წლის შემდეგ თურქეთის რესპუბლიკის სტატისტიკური
ორგანოებისთვის დამახასიათებელი მეორე ენის აღნუსხვის პრაქტიკა აიკრძალა, რაც
აძნელებს ლაზურენოვანი მოსახლეობის ზუსტი რაოდენობის დადგენას, მაგრამ, თუ
ავიღებთ ლაზური მოსახლეობის 1965 წლის საერთო რაოდენობას (85,1 ათასი) და
მოვახდენთ მის ექსტრაპოლაციას თურქეთის მოსახლეობის მატების საშუალო
კოეფიციენტის გამოყენებით, 50 წლის შემდეგ ლაზურენოვანი მოსახლეობის საერთო
რაოდენობა, ალბათ, ნახევარმილიონიან ზღვარს მიუახლოვდებოდა.

4. ქართველური ენების ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობა

4.1. ლინგვოკულტურული მნიშვნელობა

სვანური

ქართველური ენების მონაცემებს დიდი მნიშვნელობა აქვს ქართული


სალიტერატურო ენის ისტორიულ-შედარებითი კვლევისთვის, ასევე ლექსიკის
ეტიმოლოგიური შესწავლისთვის, ტერმინოლოგიური ქმნადობისა და ენობრივი
გავლენების დადგენისთვის.
მნიშვნელოვანია არქაიზმებით გამორჩეული სვანური ენის მონაცემთა როლი
ქართველური ენების ისტორიულ-შედარებითი კვლევისა და არქეტიპთა
რეკონსტრუქციისათვის, რადგან სტრუქტურულად სვანური საკმაოდ ახლოს დგას
საერთოქართველურ ფუძეენასთან. ერთი მხრივ, არქაიზმები, მეორე მხრივ,
ინოვაციები, რომლებიც მეზობელი ენების (აფხაზურ-ადიღეური) გავლენას
უკავშირდება, უძველესი გრამატიკული კატეგორიები (ინკლუზივ-ექსკლუზივის
გარჩევა პირის ნაცვალსახელებსა და პირის ნიშნებში), მდიდარი დიალექტური

11
ლექსიკა, უმლაუტიანი ხმოვნები სვანურში დღემდე რჩება მეცნიერული კვლევის
საგნად.

არანაკლებ საყურადღებოა სვანეთში დაცული ისტორიული ძეგლების


წარწერები და ხელნაწერთა ანდერძ-მინაწერები, სადაც დაცულია ქართული
სალიტერატურო ენის არაერთი მნიშვნელოვანი გრამატიკული თუ ლექსიკური
ფორმები, რომლებსაც სვანურის გავლენა ეტყობა. გარდა ამისა, რაჭა-ლეჩხუმის, ზემო
იმერეთისა და მთიანი სამეგრელოს ტოპონიმებში (გეოგრაფიული სახელები) აშკარად
შეინიშნება სვანური ენის კვალი, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ აქ ოდესღაც სვანებს
უცხოვრიათ.

სვანურში მზის კულტის გადმონაშთია სიმღერა ლილე, რომელიც,


სავარაუდოდ, უკავშირდება შუმერთა სინათლის ღვთაება ენლილეს (Enlil, Elil),
რომელიც სვანურ მითოლოგიაში ქალღვთაებად იქცა. მზის და მთვარის კულტი,
მნათობთა მიხედვით დღეების სახელდება საუკეთესოდ ჩანს საერთო ძველ
ქართულ, ზანურ და სვანურ ლექსიკაში: ქართ. მზისა, ზან. ჟაშ(ხა), სვან. მიჟლადეღ
(მზის დღე) „კვირა“; ქართ. მთოვარისა, ზან. თუთაშ(ხა), სვან. დოშდიშ „ორშაბათი“;
ქართ. ჯიმაღისა, ზან. ჯუმაშ(ხა), სვან. ჯიმაშ „ოთხშაბათი“; ქართ. მთიებისა, ზან.
ცაშ(ხა), სვან. ცაშ „ხუთშაბათი“...(დაბოლოება ხა მეგრულში მომდინარეობს დღა
„დღე“ სიტყვისგან).

მეგრულ-ლაზური

მეგრული ყოველთვის იყო ქართული სალიტერატურო ენის ერთ-ერთი


მასაზრდოებელი წყარო, რაც ლექსიკისა თუ სახისმეტყველების დონეზე აისახა
საერთო-ეროვნულ კულტურულ სამყაროში. კერძოდ, მეგრული ზეპირსიტყვიერება
პოეზიისა და ზღაპრების, შელოცვებისა და ლოცვების სახით, მეგრული სიმღერები,
კოლხურ წარმართულ თუ ქრისტიანულ რელიგიასთან დაკავშირებული რიტუალები
და ნარატივები დღემდე რჩება ქართული მწერლობისა და ჰუმანიტარული
აზროვნების უშრეტ წყაროდ. აღსანიშნავია, რომ ქართველურ ენებზე არსებული
ხალხური ზღაპრებიდან და მითოსიდან მხოლოდ მეგრულში დასტურდება „ოქროს
საწმისის“ მითის ვარიაციები, რაც მიანიშნებს რეალურ ვითარებაზე, რომელიც არა
მხოლოდ ბერძნულ მითოლოგიაში აისახა, არამედ ზანურშიც.

მეგრული და ლაზური ლექსიკა ასახავს შავიზღვისპირეთისა და კოლხეთის


დაბლობის/ჭაობის ფაუნისა და ფლორის უნიკალურ სახეობათა სახელებს, მათ
თვისებებს, გამოყენებისა და მოვლის წესებს. ესაა ამ ეკოსისტემების შესახებ
დაგროვილი ცოდნა, ათასწლეულების განმავლობაში თაობიდან თაობას რომ

12
გადაეცემოდა მეგრულის საშუალებით. ამ უძველესი ცოდნის გამოძახილია მედეას,
როგორც მკურნალის სახე-სიმბოლო „ოქროს საწმისის“ მითში.

მეგრულისა და ლაზურის გრამატიკულმა სისტემამ შემოინახა ისეთი ზმნური


კატეგორია, როგორიცაა პოტენციალისი - მოქმედების შესაძლებლობის გამოხატვა
გრამატიკული სიტყვაფორმით: ვამაჭკომე „ვერ შემძლებელ ვარ ვჭამო“, მაკეთებე
„შემიძლია ვაკეთო“. ასევე მხოლოდ მეგრულშია სახელდებული აკრძალული
ქმედება/ლაპარაკი, იგივე ტაბუ შესაბამისი ტერმინით „ვაშინერს“, რომლის ზუსტი
თარგმანი შეუძლებელია. მეგრული მდიდარია ზმნისწინებით (60-მდე მარტივი და
რთული ზმნისწინებია), რის წყალობითაც ერთი სიტყვა მთელ წინადადებას
წარმოადგენს.

მეგრული და ლაზური ერთიან ენობრივ ქსოვილს ჰქმნიან, რომელიც საერთო


გრამატიკითა და ლექსიკით დასტურდება. ეს ჩანს საერთო კოსმოგონიური ხედვის
ამსახველი ლექსიდანაც:

მეგრული: „ბჟა დიდა რე ჩქიმი, თუთა - მუმა ჩქიმი,

ჭიჭე-ჭიჭე მურიცხეფი - და დო ჯიმა ჩქიმი“.

ლაზური: „ მჟა დიდა ორე ჩქუნი, მთუთა - ბაბა ჩქუნი,

ჭუტა-ჭუტა მურუცხეფე - და დო ჯუმა ჩქუნი“

ქართული: „მზე დედაა ჩემი, მთვარე - მამა ჩემი,

და წვრილ-წვრილი ვარსკვლავები და და ძმაა ჩემი“.

4.2. ეთნოკულტურა და იდენტობა

ლაზური

ისტორიული ლაზეთის შავიზღვისპირა ზოლი დღემდე ინახავს როგორც


ლაზურ მეტყველებას, ასევე ლაზების ყოფისთვის დამახასიათებელ ტრადიციებს,
რიტუალებს, ჩვეულებებს.

ლაზური ასახავს იმ ყოფით კულტურას, რომლის გარეშე წარმოუდგენელია


ლაზი და, საერთოდაც, საქართველო: თუ შეიძლება ჩვენი ქვეყანა და ხალხი
ისტორიულად მოიაზრებოდეს საზღვაო კულტურის ქვეყნად, ეს ლაზების
დამსახურებაა. სწორედ ისინი იყვნენ სახელგანთქმული ზღვაოსნები;
ნავმშენებლობისა და თევზჭერის საუკუნოვანი ტრადიცია, გამოცდილება და
რიტუალები ასახულია ლაზურ ზეპირსიტყვიერებაში, ცალკეულ სიტყვებსა თუ

13
გამონათქვამებში. ნაოსნისა და მებადურის თემა თავისი „ფელუკათი“ (ნავი), ქსლის
ბადითა და „ქაფშია“ თევზით ზღვისპირა ლაზის სიმბოლოა, მისი ყოფის განუყრელი
ატრიბუტია. ლაზურ ფოლკლორში და, შესაბამისად, ქართულ ლიტერატურაში
ასახულია ლაზური ყოფის კიდევ ერთი თავისებურება: მიმინოთი ნადირობა (კ.
გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენა“); მიმინოს მოთვინიერებისა და ნადირობის
ხილვა ჯერ კიდევ შესაძლებელია ლაზეთში.

ლაზები იყვნენ განთქმული მშენებლები - ხუროები, რასაც ღაღადებს ლაზური ხის


ოდა-სახლები საოცარი ტრადიციული ჩუქურთმებით. უფრო მეტიც, მიუხედავად,
ისლამის მიღებისა, დღემდე ვაზის საოცარი ორნამენტებით ამკობენ ხის აივნებსა თუ
შუშაბანდებს, რითაც ადასტურებენ კულტურულ კავშირს ისტორიულ
საქართველოსთან. სხვადასხვა დროს ჩაწერილი ლაზური ტექსტები ეხება ლაზებისა
და მეგრელების ერთიანობას, ასევე თამარ მეფის ლაზეთში მოგზაურობის ამბებს.

ქართულ-ლაზურ, იგივე გურჯულ-ლაზურ ურთიერთობას დღესაც


უფრთხილდებიან თურქეთში, კერძოდ, ლაზეთის მთიანეთში, ბორჩხისა და ჩხალის
სოფლებში. მაგალითად, სოფელ მარადიდში ასაკოვანი ლაზი ქალბატონი შუქრიე
გვიყვებოდა, რომ ქართული მას შემდეგ ისწავლა, რაც „გურჯების“ რძალი გახდა.
კითხვაზე, შვილებმა თუ იციან ლაზური, მოგვიგო: ოჯახში ქართულად
ლაპარაკობდნენ, ვისთან მელაპარაკა, ამიტომაც არ ვასწავლეო. ზოგადად, კითხვაზე,
გურჯებიც/ქართველები/ თუ სწავლობდნენ ლაზურს, გვიპასუხა: „გონთხუმერი ენან,
დიგუიეს ლაზური“/ლაზებზე გათხოვილები სწავლობენ ლაზურს/. როცა მის რძალზე
ჩამოვარდა საუბარი, გულდაწყვეტით თქვა, მხოლოდ თურქულად ლაპარაკობს,
თურქი არისო...

ცხადია, თურქეთში ლაზებისა და გურჯების შერეული ქორწინება არის


წინაპირობა ლაზურის და ქართულის თანაარსებობისა. ალბათ ამით აიხსნება ის
კეთილგანწყობა, რაც იგრძნობა ლაზებისა და გურჯების ურთიერთობაში.
სამწუხაროდ, ზღვისპირა ლაზებში გურჯების მიმართ გაუცხოება დიდია, რადგან
ინტენსიური ურთიერთობა აქვთ ჰემშინებთან, ქურთებთან და თურქებთან. ამავე
დროს ძლიერი ასიმილატორული პოლიტიკა, რომელიც ყველაზე მწარედ ბარის
ლაზებმა იწვნიეს, ხელს უწყობდა გურჯებისგან იზოლაციას და გაუცხოებას. რა თქმა
უნდა, ამ ბზარს კარგად ხედავდა მეორე მხარეც. თურქეთელი ქართველისგან
ქართულ-ლაზური ურთიერთობის ასეთი შეფასებაც მოგვისმენია: „ლაზები... ერთი
ფურ წუუხდენია ამაი და შუაში ხარების არაბას (ურემს) გუუვლია, ერთ .. კენ ლაზი
ყოფილა, ერთ.. კენ გურჯი. იცით ესა?“ ლაზები ჩვენი განაყრები არიანო, გეტყვიან
მურღულელი, ბორჩხელი, თუ შავშელი გურჯები, ხოლო ლაზებისთვის „ხილლი
კოჩეფეთე“/კეთილი, სასიამოვნო კაცები/ არიან გურჯები. როგორც ჩანს, საერთო
კოლექტიური მეხსიერება ჯერ კიდევ ფეთქავს ამ მხარეში.

14
მეგრული

მეგრული ასახავს იმ ყოფით კულტურას, რომლის გარეშე წარმოუდგენელია


მეგრელი კაცი და საერთოდაც, საქართველო: ესაა სახლისა და ეზოს მოწყობის
კულტურა, სამზარეულოსა და კერძების კულტურა, ცხენოსნობასთან
დაკავშირებული თამაში-შეჯიბრების მრავალფეროვნება, მათ შორის მეცხენეობა-
მესაქონლეობის მდიდარი ლექსიკა...

აღსანიშნავია მეგრულის როლი აფხაზურ ეთნოსთან ურთიერთობაში.


ისტორიული თანაცხოვრების შედეგად ჩამოყალიბებული ნათესაური კავშირები
ხელს უწყობდა საერთო ტრადიციების, რიტუალების ჩამოყალიბებას. აფხაზურ ენაში
დასტურდება ქართველური ენებიდან, განსაკუთრებით მეგრულიდან ნასესხები
ლექსიკა და პირიქით, აფხაზური სიტყვები გვხვდება მეგრულში. ქართულ-აფხაზური
რელიგიური ერთიანობის მთავარი სალოცავი იყო ილორის (ოჩამჩირის რაიონი)
წმინდა გიორგის „ჯერგეს“ტაძარი, რომელსაც უკავშირდება ,,ტაძრის მონების/ყმების“
სისტემის ჩამოყალიბება. ანალოგიური რიტუალი დასტურდებოდა მთიან
სამეგრელოშიც, კერძოდ, მე–20 საუკუნის მწერლის ლეო შენგელაიას, იგივე ლეო
ქიაჩელის განმარტებით, მისი გვარის წრმომადგენლები ისტორიულად ყოფილან მის
მშობლიურ სოფელში, ობუჯში არსებული წმინდა გიორგის, მეგრული
სახელით ,,ქიაჩის“ ტაძრის მცველები...ამიტომაც აუღია ამგვარი ფსევდონიმი.
აფხაზურ-მეგრული ყოფა ზოგადქართული ეთნოგრაფიის ნაწილია და საუკეთესოდ
აისახა ქართველი მწერლების შემოქმედებაში.

მეგრული საშემსრულებლო ხელოვნება ისეთივე უნიკალური მოვლენაა,


როგორც საქართველოს სხვა კუთხეების ხალხური სიმღერები და ცეკვები.
სამწუხაროდ, მათი უმრავლესობა მივიწყებულია, ზოგიც მხატვრულ ნაწარმოებებშია
აღწერილი, ზოგიც აღდგენილია ცალკეული კოლექტივების მიერ. გამოჩენილი
კომპოზიტორის ოთარ თაქთაქიშვილის მიერ მეგრულ მოტივებზე დაწერილი
„კოლხური სუიტა“ საუკეთესოდ ადასტურებს, რომ მეგრული სასიმღერო მელოდია
ზოგადქართული კულტურისა და ხელოვნების ნაწილია.

სვანური

სვანეთში შემორჩენილია უძველესი საყოფაცხოვრებო რიტუალები,


საფერხულო, ღვთაებათა სადიდებელი სიმღერები და ცეკვები. რიტუალთა შორის
გამოირჩევა „ლამპრობა“, რომელიც მირქმის დღესასწაულზე აღინიშნება სვანეთში.
ერთი მოსაზრებით, ეს რიტუალი ტარდებოდა მამაკაცთა რიცხვის დასადგენად, თუ

15
რამდენი მეომრის გამოყვანა შეეძლო თემს, მეორე მოსაზრებით, ამ რიტუალს უფრო
შორეული და მისტიური საფუძველი აქვს და ამინდის გამოთხოვას, საქონლისა და
ადამიანის გამრავლებას უკავშირდება. რიტუალის მთავარი სიმბოლო ანთებული
ლამპარი ღვთაებას უკავშირდება, რასაც ადასტურებს ამ რიტუალთან
დაკავშირებული საგანგებო ყველიანი ღვეზელების, სეფისკვერების სახელი
„ლემზირე“.

წარმართული ღვთაებისა და ქრისტიანობის სინთეზის მაჩვენებელია


ლამარიას ტაძარი უშგულში, რომელიც მე-10 საუკუნით თარიღდება. როგორც
სპეციალისტები ვარაუდობენ, ლამარია წარმართული ქალღვთაება იყო (შდრ.
შუმერული ენლილე), რომელიც გაქრისტიანების შემდეგ მარიამ ღვთისმშობლის
სახელთან გაიგივდა. ეს ტაძარი იმითაც გამოირჩევა, რომ მის გარე პერიმეტრზე
გუმბათის ფერდზე ქართული ანბანის ნუსხურიდან მხედრულში გარდამავალი
საფეხურის დამადასტურებელი წარწერაა.

უდიდესია სვანეთის როლი ქართული საგანძურის შენახვა-დაცვის


თვალსაზრისით. სვანეთის ტაძრებში საუკუნეების განმავლობაში დაცული იყო
უძველესი ხელნაწერები. მათ შორის აღსანიშნავია სოფელ ადიშში დაცული ოთხთავი,
რომელიც ჩვენამდე მოღწეული უძელესი ხელნაწერია, რომელიც შეიქმნა ტაო-
კლარჯული სალიტერატურო სკოლაში (შატბერდის ლავრაში) და თარიღდება 897
წლით. ოსმალთა მიერ სამხრეთ საქართველოს ანექსიის შემდეგ, ხელნაწერი გურიაში
წაუღიათ ჯუმათის ტაძარში, ხოლო მოგვიანებით სვანეთში გაუხიზნავთ.

სვანეთში ჩამოყალიბდა ხატწერისა და ოქრომჭედლობის სრულიად


ორიგინალური სკოლა, რომლისთვისაც დამახასიათებელია ხასხასა ფერები და
ფართოდ გახელილი თვალები, რის გამოც სვანეთის ტაძრებსა და მუზეუმში დაცულ
მე-10-მე-14 საუკუნეების ხატებს თუ ჯვრებს სპეციალისტები „სვანური სახელოვნებო
სკოლის“ ძეგლებს უწოდებენ.

გამოყენებული ლიტერატურა:

ა. არაბული, ქართული მეტყველების კულტურა, თბ., 2004

ერეკლე ასტახიშვილი, ნ. ახმეტელი, მ. ღამბაშიძე, ქართველები და გარე სამყარო, ძვ. წ.


XV -ძვ. წ. III სს. თბ., 2008

16
მ. ბუკია, ჩერქეზულ-ქართული ენობრივი შეხვედრები, თბ. 2016

ჭ. ქირია, ლ. ეზუგბაია, ო. მემიშიში, მ. ჩუხუა, ლაზურ-მეგრული გრამატიკა. I.


მორფოლოგია, თბ., 2015

არნ. ჩიქობავა, ენათმეცნიერების შესავალი, თბ., 2008

მ. ჩუხუა, ქართულ-ჩერქეზულ-აფხაზური ეტიმოლოგიური ლექსიკონი, თბ. 2018

ნ. ხაზარაძე, „მესხი“ ეთნიკური ტერმინის ისტორიისათვის, კრებული: საქართველოსა


და ქართველების აღმნიშვნელი უცხოური და ქართული ტერმინოლოგია, გამომც.
„მეცნიერება“, თბილისი, 1993, გვ. 41-42

17

You might also like