You are on page 1of 120

გენრიეტა ქუთათელაძე

რეკვიემი დევნილთათვის
(ლექსები)

2022

* * *

ისე ვიქცევი, როგორც ადამიანს შეჰფერის


და ამაში გასაკვირი არაფერია;
თუმც მაინც უკვირთ:
რატომ ვარ სევდიანი,
რატომ მისველებს წამწამებს ცრემლი,
რატომ ვპატიობ ცოდვილს,
რომელსაც ზურგი აქციეს გარეშეებმა და შინაურებმაც,
როგორ ვუძლებ სასტიკ რეალობას
და ფარ-ხმალს არ ვყრი,
რატომ ვუფრთხი მეზობელ ქვეყანას
(მან შეიძლება მთელი ცხოვრება შეცვალოს,
დაარღვიოს საზღვრები და თავისუფლება მოგვანატროს);
რატომ არ მომწონს აჟიტირებულ ქალაქში ცხოვრება,
(ვაიმე, ეს ხომ განტენბაინების ქალაქია),
სადაც შეხმატკბილებულან სიძულვილი და ზიზღი,
ბოროტება და ვერაგობა,
ღალატი და ფარისევლობა,
ანგარება და მომხვეჭველობა...
მართლა აბსურდის ბილიკზე დავაბიჯებ,
ვსვამ საწამლავს, ჩვენში წამალს რომ ეძახიან
და ყველაზე მაღალ ფასში ყიდიან...
ვეძებ სამართალს, მაგრამ ამაოდ,
იდეალები დამეფშვნა თავზე,
ო, ეს ჩვენებური დემოკრატიაც
კროსვორდებს მთავაზობს...
მაინც არ ვპუობ,
ვლამობ ამოხსნას, მაგრამ ამაოდ,
ვინ მაცლის...
ხმიანებს ზუმერი: შეტყობინებები,
შეტყობინებები...
ო, ამ დაგროვების ბარათებმა სული შემიწუხა;
არა, არ ვიყიდი არაფერს,
არ მინდა არაფერი,
დამანებეთ თავი,
ნუ მიგზავნით შეტყობინებებს,
მაინც არ წავალ ბანკში,
არ ავიღებ კრედიტს,
არც პაუ ბარათს გავააქტიურებ,
არც ბაზრობაზე წავალ,
არა, დღეს არ ვიყიდი არაფერს...
დღეს მე გელათს ვეწვევი,
ჩემს საქართველოს აღმოვაჩენ –
დიადს, დავითის დროიდან მომზირალს...
მერე ისევ რეალობას დავუბრუნდები,
ტაძრის შესასვლელთან ხელგაწვდილ მოხუცს მივეახლები
და ჩემს დანაზოგს ვუწილადებ,
გავამხნევებ და მადლობას ვეტყვი გაძლებისათვის;
დიახ, მოვიქცევი ისე, როგორც ადამიანს შეჰფერის
და ამაში განსაკუთრებული არაფერია.

ხმა ლოტოფაგების ქვეყნიდან

ხედავ, რა ღვთიურ სილამაზეს აფრქვევს ყვავილი,


ან რა ფერი აქვს,
რა სურნელი,
ანდა რა გემო...
ვითარც ფუტკარი
დახვევია ჩემი ტომი ლოტოსის ყვავილს
და გაბრუებულს გაქრობია შიში და წყენა,
აღარც ღმერთი სწამს, აღარც მამული და აღარც ენა...
მეც მაგიური მისი წვენი მიყუჩებს ტკივილს,
მინელებს დარდებს, სევდას, კაეშანს...
წარსულს მავიწყებს,
მასაც მავიწყებს, თავზე მეტად მიყვარდა ვინაც,
ვინც მოკვდა, მაგრამ გულში მიზის ვითარც ცოცხალი
და სიფხიზლისთვის მომიწოდებს მუდმივად ღვიძილს,
მიქადაგებს ვინაც სიყვარულს
და უკვდავების გზას მანიშნებს ჩაფიქრებული...
მე მავიწყდება ჟამდაჟამ ეს ყველაფერი –
ეზო, სახლ-კარი და ბავშვობის ხანა შრიალა,
სიყრმის, სიმწიფის საცალფეხო ყველა ბილიკი,
იდუმალებით რომ დაბურა თვითონ უფალმა,
მე მავიწყდება სუყველაფერი,
რასაც მეობა და მამული ჰქვია სახელად...
შევცქერი ყვავილს, ამ უცხოფერ, მშვენიერ ყვავილს
და გარინდებულს უცაბედად ჩამესმის ხმაი:
ფრთხილად, ბავშვებო, ჰეი, თქვენაც, დიდო ბავშვებო,
არ გაეკაროთ ლოტოსის ყვავილს,
განა არ იცით, რა საშიშია,
როს ბოროტება
აყვავილდება სიკეთესავით?!

მე ისევ აქ ვარ

თავს იწონებდა მეფურ იერით


დიდი მთის ძირას
უცხო ყვავილი,
ის ლაღი იყო და დიდებული,
თუმც არაამქვეყნიურ მის სილამაზეს
თავს დასდგომოდა სიკვდილის ჩრდილი...
– მალე ვულკანი ამოიფრქვევა, აქაურობას სჯობს გაეცალო!
მეძახდა ვიღაც სასომიხდილი.

სად, სად წავიდე,


სად ვეძებო მყუდრო სავანე,
როგორ დავტოვო სიზმარეთის ჩემი საუფლო,
ანდა ფიქრები – ჩემი სიზმრები
ვით გავიყოლო უცხო მხარეში,
რომ დამეკარგონ, ან არ ისურვონ ჩემთან დარჩენა?
მაცხოვარმაც რომ ჩამიაროს გულგრილად კარზე,
გულის კარები რომ დამეხშოს,
ან გადამეკრას თვალებზე ლიბრი,
ერთი ყარიბის დაპურებაც რომ ვერ შევიძლო,
მაშინ რაღა ვქნა?
არა, არა, აქაურობას ვერ მივატოვებ,
განსაცდელს მაინც ვერ გავექცევი,
როგორც წიწილა თავს ვერ დააღწევს
მტაცებლის კლანჭებს,
ვერც მე საწუთროს...
ჰო, გადარჩენის იმედი მაქვს ძალიან მცირე...
ჩემს სიკვდილამდე იქნებ სიკვდილმა
თვითონ მოიკლას თავი...

ბედისწერამ ჩვენ გვარგუნა ცხოვრება მკაცრი,


ბასრი სიცივე ისადგურებს სხეულში, სულში,
რომელსაც ხშირად უყალბესი ღიმილით ვფარავთ;
დიახ, ღიმილით,
ღიმილი ჩვენი ავგაროზია,
მეხამრიდია, მაგრამ დროებით,
რადგან სიღრმეში ვინც ჩახედა ყოფიერებას,
ვერ წაიყარა თავზე ნაცარი და დასვა კითხვები:
მაინც რა არის ამ მიწის იქით,
ან ამ მიწაზე ყოფნა რა არის,
ან არყოფნა სად მიგვაქანებს, რომელ ნაპირზე,
დიდ დასაბამში? იქ, იმ საწყისში,
სადაც აფეთქდა და დაიბადა მთელი სამყარო?
იქნებ უსასრულო სივრცეთა მიღმა,
პარალელურ თუ სულ სხვა განზომილებაში,
სად ზენაარს გაუშლია აზრის კარავი
და დიდიხანია ატარქსიული სიმშვიდე სუფევს...
დალივლივებენ ლეპტონები,
დაცურავენ და მბრძანებლობენ
და ჩემს გულს, სიტყვის მალამოთი
ძლივს მოშუშებულს
ისევ დასჩემდა ტკივილის შიში –
ვაითუ სამყარო ენტროპიას დაუბრუნდეს!
დრო დამეკარგა? დროს დავეკარგე –
უსასრულობას ვერ შევენივთე, ცად ვერ ავმაღლდი!

მალე, სულ მალე ამოხეთქავს ვიცი, ვულკანი,


ბუდეებს მალე დატოვებენ, ალბათ, ჩიტებიც,
მე არსად წავალ, მე ისევ აქ ვარ
და აქ ვიქნები,
დაუსაბამო და ხელთუქმნელი.

* * *

მგზავრი ვარ, მგზავრი,


ყარიბი და მიუსაფარი,
უმისამართო გზებს დავდგომივარ,
რადგან მისამართს არ მიმხელენ ფარისევლები...
სამაგიეროდ, რჩევებს მაძლევენ:
– სჯობს ჩვენებური წესით იცხოვრო,
ნეტავ რას ეძებ,
აუტკივარ თავს რას იტკივებ, არ გვეპუები,
საით ისწრაფვი, რა გრჯის, რა გინდა,
სურვილებს მაინც ვერ გაექცევი,
საკუთარი სხეულის ტყვე ხარ, იცოდე!
ფარისევლებო, ყურს არ გიგდებთ დიდიხანია,
მივდივარ გზაზე,
უცნობ გზაზე უმისამართოდ,
დამეწყრილია ირგვლივ ყველა და ყველაფერი,
სასიამოვნოს ვერ დავარქმევ ჩემს ამ მგზავრობას.
სადღაც შორს მოსჩანს ჩემნაირი ვიღაც ეული,
ვეძახი, მაგრამ ამაოდ, ძახილი ვერა, ვერ გავაგონე.

ჰოდა, მარტო ვარ ისევ ისე საკუთარ თავთან,


მცირე ხნითაც რომ ვეღარ ვრჩებოდი!
აღარ გავურბი ჩემს ალტერ-ეგოს,
საკუთარ ფიქრებს
და ვიძირები საკუთარ „მეში“...
მე დავინახე ჩემი პორტრეტი,
სიმართლე გითხრათ, არ მომეწონა –
უსამართლო და სასტიკი ცხოვრების
შედევრი...
შიშისგან გული გადამიქანდა,
ქვეცნობიერი საგანგაშო სიგნალს გამოსცემს,
რაღა ვქნა ახლა, რა ვიღონო, რა გზას დავადგე...
სჯობს რომ გავიქცე!
და მეც გავრბივარ,
უცებ რიყეზე დამიცდა ფეხი,
წავიბორძიკე,
მაგრამ დაცემას ამარიდა რაღაცა ძალამ
(მფარველმა ანგელოზმა?!)
გზა განაგრძეო, მომწვდა ჩურჩული,
ვინაც დაეძებს, პოულობს კიდეც,
დააკაკუნე და გაგეღება,
მოითხოვე და მოგეცემა,
ნუ სწუხარ,
მისამართები არ სჭირდებათ უფლის რჩეულებს.

* * *

ყამარ! გამოიქეც ზღაპრიდან,


აუ, რა ხანია გელი,
იჩქარე, ელვას გამოასწარი,
მიწაზე დაადგი ფეხი.
ბალახი მოძებნე, გრძნეული ბალახი,
სახეზე მომისვი-მეთქი,
იქნებ, გავცოცხლდე და თვალები გავახილო,
იქნება აღვსდგე მკვდრეთით.
ყამარ! სადა ხარ აქამდე,
ხედავ, გათავხედდა მტერი,
ყამარ, გამოიქეც ზღაპარიდან,
ყამარ, მომეშველე, გვედრი!
შიში

დღეს მე დავრწმუნდი, რომ დევნილი ვარ,


მდევარი ჩემი მხოლოდ შიშია,
მე მეშინია ათასი რამის –
წარღვნის და მეწყრის, ვულკანის, ცეცხლის,
კაცის და მხეცის,
ზოგჯერ ჩვილისაც,
რომელსაც არადა არ ეძინება და
მშიერი ისე გამალებით წოვს საწოვარას,
ვით დედის ძუძუს...
დედას კი კარგა ხანია რძე გაუშრა და
თვალები ჩაუღამდა...
მე მეშინია ამ გალეული, სუსტი დედისა...
უფრორე მეტად მეშინია საკუთარ თავის;
ვაითუ სული გამებზაროს – გულში გამკრავს
და ძილგატეხილი უიმედოდ შევყურებ ღამეს,
რა გაათენებს...
მარტოდ შთენილი ავადმყოფივით ვბორგავ და ვკვნესი,
ღმერთო, მიშველე,
შემიწყალე, უფალო ჩემო,
ნუ გამიცივებ გრძნობებს და სხეულს
ვადამდე ადრე,
ვადამდე ადრე, ნუ მომკლავ, ღმერთო!

* * *

დარდმა და მწუხარებამ დააჭკნო ეს ქალი,


ეს ქალი, წარსულში რომ ჰგავდა ყაყაჩოს,
სასტიკმა ცხოვრებამ დასეტყვა,
დამეხა, დაცეცხლა დააზრო და დააბერა, ლამის დაახრჩო
(ეჰ, რა ძნელია დევნილის ხვედრი).
შიში შეეყარა სახადივით
და ფიქრებს ცომივით აფუებულს რას მოთოკავდა...
ბულვარში ძელსკამზე თავჩაქინდრულს
თავს ახსენებდა დავიწყებული ჰანგები,
წარსულის ლანდები,
მოგონებების ტყეში სოკოებივით რომ ამოზრდილიყვნენ
და ცეკვა სურდათ მასთან –
ერთ დროს შუქმფინარსა და მშვენიერთან,
ახლა გალეულსა და დამფრთხალთან,
მოწყვეტილი ვარსკვლავის ტყუპისცალთან,
ჩამქრალი ოცნებების ხეივანში ჩრდილდაკარგული,
ყოველ გაზაფხულზე, წითელი ვარდების კარნავალზე
ცეცხლის სიმხურვალით რომ იწვის...
რადგან ლექსები ფარფატით ეშვებიან დედამიწაზე
და ქალს აღარ ძალუძს დააფრთხოს ყვავი,
რომელიც უპირებს ლექსების მოტაცებას...
ამიტომ უსაშველოდ მოიწყინეს გვირილებმა,
მინდორში მობიბინე გვირილებმა...
იქნებ მათაც სინამდვილიდან გაქცევა სურთ?
თავი რომ დააღწიონ ბათუმური წვიმების მისტერიას,
ქალის ჩანავლულ თვალებს –
ჩამავალი მთვარის სევდას,
ნაცნობ ხმებს – სასწრაფო დახმარების სიგნალს,
ანდა მედიდური მოქალაქის მზერას,
ახალგამდიდრებულის
დაკმაყოფილებულ ამბიციას:
– ყველაფერი ვიყიდე, რაც მინდოდა:
მანქანა, აგარაკი, სასახლე, დიპლომი, ოფისი...
ო, ეს სიტყვები, სიცილი, მზერა!
ხმა ნაცნობია,
მაინც არ ესმის, ჰო, არ სურს გაიგოს,
ან რას გაიგებს ტალღის ხმაურში,
ზღვა ღელავს, ღელავს...
აქაურობის არა, არ ესმის,
ის ზეცაშია სულით და გულით
და მაინც, უფრო მაღლა სურს ფრენა!

* * *

გაფაციცებით გავყურებ შარას, გზები იშლება


ნარ-ეკლიანი, საით წავიდე? რა გზას დავადგე?
აქ ყველაფერი ისე უცხოა,
ჩამოთესილი როგორც სტურმარი,
დავალ მიწაზე, ვითომ ჩემია,
სინამდვილეში ჩემი არ არის,
ეჰ, სამშობლოში გავხდი ხიზანი...
გამისასტიკდა ლტოლვილის ბედი
და მოგონების ამარა დავალ,
დავტირი მამულს, უღმერთოდ დაჭრილს,
ომში დაკარგულ ბიჭებს დავეძებ...
ჰოი, მამულო, მკერდდაჩეხილო, როგორ გიშველო
თავად სნეულმა, გიწამლო ვითარ...
ცაზე ღრუბლები მოთქმით ტირიან, ეს რა ხანია წვიმს,
გამოიდარებს როდის?

* * *

შეკრთნენ სიზმრები და სადღაც შორს, მიღმა გადაიხვეწნენ


და იმედებიც წაიყოლიეს.
გამოვიღვიძე,
ვაი ჩემს ყოფას (ნეტა მარტო მე ვიყო დევნილი)
აწმყო წარსულად მექცა უცაბედ
და მონატრებით არ ველი ხვალეს;
მოგონებებად დარჩა ბავშვობა,
ახლა სიბერეს ვუკმევ საკმეველს...
გარდაიცვალნენ თითქოს ფიქრები
და იმალება გაქრობის შიში,
დედა მზემ ჩემზე ხელი აიღო,
არც მთვარე მიწევს მამობას მიწყივ,
და-ძმა ვარსკვლავმაც ზურგი მაქცია
არ მინათებენ ცას ციმციმ-ციმციმ...
აქ უცხოები რიხით დადიან
და გნიასია სხვადასხვა ხალხის...
არ გადაიღო დელგმამ და თქეშმა,
აწვიმს ქალაქებს, სოფლებს, მთა-გორებს,
ჩემს სამშობლოში მე უცხო გავხდი,
ეჰ, დედინაცვლად მექცა ქვეყანა,
ლაბირინთში ვარ, გზას ვეღარ ვაგნებ,
არც თეზევსი ჩანს, არც არიადნე,
ვინ გამომიყვანს?
ვაი, სიცოცლეს ვემშვიდობები...

* * *

ჩემს ჩრდილსაც ისე ვერიდებოდი,


როგორც შარაზე ბრაზიან ძაღლებს,
წელში მოხრილი და დატანჯული
არ მსურდა ვინმეს რომ დავენახე...
შევცოდებოდი იქნება ვინმეს,
იქნება ხელიც გამოეწვდინა,
მაგრამ მითხარით, ეს სიბრალული
მეტარებინა ამ გულით როგორ!
იქნებ, სხვას უფრო სჭიროდა შველა,
სულით უსუსურს და მომტირალეს...
მე კი ამ გზაზე ის მომყვებოდა,
ზეცნობიერი, მარადმღვიძარე,
მინთებდა სულში ჩაუმქრალ კანდელს
და მირონს მცხებდა უჩინარ ხელით,
ღვთის საუფლოში გასაგზავნ ლოცვებს
მიკარნახებდა ნაზად და სევდით...
და როს მზე დაჯდა ტახტზე მეფურად,
მე დავინახე
აყვავებული კვერთხი აარონის;
თავი ავიღე, გავსწორდი წელში,
ტკივილებიდან ხელახლა ვიშვი,
მე დავიბადე
და ჩემი ჩრდილიც დაგრძელდა გზაზე.

* * *

ძალიან დიდხანს ველოდი სასწაულს,


მოჩანდა ღრუბლის ბლონდებში სხივი,
სხივი, რომელიც გულში ჩასახლდა
უცებ, ერთ წამში ჩაქრა სრულებით
და დავრჩი ასე ბნელს შეყუჟული,
ძირსჩამოცვენილ ფოთლებივით
მოცახცახე და ფერწართმეული...
მზე ჩაესვენა ჩემს ჰორიზონტზე,
მზემ მიმატოვა, დიახ, სრულებით;
ვეღარ ვიგუებ ამიერ ნიღბებს,
უწინ ღიმილით რომ ვატარებდი...
დრო გამიბრაზდა, გამინაწყენდა,
რომ ვერ ვისწავლე მე მისი მართვა,
აღარ დამინდო ჟამმა უჟამომ,
თავს დამატეხა სასტიკი ხვედრი,
ვაიმე, შვილო,
სიკვდილს ჰქონია მსახვრალი ხელი...
შენს მონატრებას
ჩემი სიზმრების ჩავაცვი კაბა
და სასოებით გელი...
წუხელ ძილში გამომეცხადე,
ცას გახედეო, ჩამჩურჩულებდი,
სადაც ვარსკვლავი მონიშნე ერთი...
აწი იმ ვარსკვლავს ვესაუბრები
მე ყოველ ღამე.

* * *

მიზეზი?
მიზეზს რა დალევს ამ ქვეყანაზე,
რაც დავიბადე, მას მერე
ხანაც ვტირი და ხანაც ვიცინი...
ფარსაგთან ყოფნა ძნელი არის,
სჯობს ვიყო მარტო;
ფარისევლებს მირჩევნია სულაც ბოროტი,
ცხადად რომ მოჩანს....
მოყვარე მტერი? – ჩემს მტერს, ბატონო!
გლოვა და ლხინი –
ჩვენი ყოფის ორი პოლუსი,
ეს ორი ფერი – შავი და თეთრი
მადგას გვირგვინად...
რაც წლები გადის, მისი სიმძიმე
მაკრთობს, მაწუხებს, მხრებში ვიხრები,
მაინც ჩუმად ვარ,
რა წესია სხვა შევაწუხო,
მაგრამ სიჩუმე თვითონ ყვირის
და მშველელს უხმობს...
ჰო ცის გახსნას ველოდები
მე ყოველ ღამე.

ისე დიადი

ბავშვობის დღეებს დავუბრუნდი


წუხელ სიზმარში,
მე მინდორ-მინდორ ვკრეფდი იებს
გზნებით და ვნებით,
და სიყვარულით ვკრავდი თაიგულს.
წუთები იყო დაუვიწყარი,
საოცნებო და სასიხარულო,
დღე ჩამოჰგავდა პეპლებს ჭრელფრთიანს.
მზე კიაფობდა,
სხივი მჩქეფარე იწრიტებოდა
ტოტებში ნაძვის
და ბარბაცებდა შემთვრალი ნაძვი...
ტოტიდან ტოტზე ფრინავდა ჩიტი
და ნაღვლიანად სტვენდა,
მერე მოფრინდა უცხო ფრთოსანიც და
აჭიკჭიკდნენ ერთხმად.

გალობა მათი ჩამესმოდა უტკბეს სიმღერად.


ქარი არ ქროდა,
ცაზე ღრუბელის არ ჩანდა ერთი ფთილაც,
ცა სარკისფერი და უსამანო
გულში მიკრავდა ფრთხილად,
ისე დიადი და მომხიბვლელი
ჩანდა ფაქიზი დილა,
რომ შემაშინა ამ სილამაზემ
და გამეღვიძა.
* * *

ჰო, ამაღამაც ვერ დავიძინე,


ძლივს გავექეცი ფიქრთა ტორნადოს,
ჩამოვუქროლე უსახელო ვარსკვლავთა ხომლებს,
ღმერთო, ერთმაც კი არ შემიპატიჟა...
ფრთები დავკეცე და მთვარის ბილიკზე ჩამოვისვენე;
მესმოდა ხმები ირეალური – აბზუ მიხმობდა,
თითქოს გალობდა სიკვდილი, ჩუმად გალობდა...
ჩემს უთქმელ დარდთან გავინაპირე,
რა დამრჩენია სიკვდილის გარდა...
შენ კი... ისე შორსა ხარ, ხან ისე ახლოს,
რომ აღარ მჯერა, ნუთუ ეს შენ ხარ!
ჰოდა, მარტო ვარ, აქ, ამ სიზმრების სამფლობელოში,
რა გაათენებს დილას ხვალინდელს,
ვით, ვით ვპოვო უფლის ნუგეში...
მათხოვარი ვარ – წყალობას ველი,
სასუფეველის გამიხსენ კარი,
ჰო, მე ვარ, მე ვარ – დევნილი და მიუსაფარი...
აქ, ამ მიწიდან რა ხანია ვითვლი ვარსკვლავებს
(ისინი ჩემი შორეული ახლობლებია)
ფეხშიშველა დავდივარ და უხმოდ ვმღერი,
ღამით გზას მინათებენ ციცინათელები
და მამხნევებენ: – საცაა მიხვალ!
არადა, არ ჩანს ნავსაყუდელი,
მივაღწევ ვითომ?
ვპოვებ სავანეს, რასაც ველტვოდი?
ვინ გამიკარებს უცხოს, უსახოს,
ელვის მათრახით ზურგაჭრელებულს?!
ვერ გამოვფინე ცისარტყელები მშვიდობის ნიშნად
და სიყვარულის მარადიულ ომში
მარტოკა დავრჩი...
რა გაათენებს!
ველი მაინც ცისკრის დადგომას,
რამეთუ ხარ სასო ჩემდა,
შენ, ვის სახელსაც ვაღმერთებ გულში
და ვისაც ეკლის გვირგვინით გხედავ!

* * *

მრავალჯერ გავჩნდი ამ ქვეყანაზე,


მრავალჯერც მოვკვდი,
მზემაც ბევრჯერ გამიღიმა და წვიმამ გამლუმპა,
აღმოვაჩინე ეს სამყარო
საკუთარ თავში და
მრავალ ახალ დაბადებას კიდევ მოველი...
ჭეშმარიტების საძიებლად აღმართს შევუდექ,
გზა არის ძნელი,
ძალიან ძნელი...
ცისფერ სივრცეებს გადასწვდა მზერა,
უსაზღვროებამ ამბორი მიძღვნა და
როცა ყველა სიტყვა გახუნდა,
მე გავიხედე სულ იქით, მიღმა...
რაღაც აენთო და საოცრად განათდა ჩემში და აღარ მაშინებს
სომატური დაბადება
და სომატური სიკვდილი ჩემი!

* * *

თუ ცოცხალი ხარ და სული გიდგას


გაგიელვებს ათასი ფიქრი,
ბევრი ძველი და ბევრიც – ახალი...
ჯერ კიდევ მაშინ, წლების წინათ,
როცა დავიწყე შეგროვება მე ამ ფიქრების,
უცხო ბილიკზე დაიღვარა სინათლის ჩქერი...
დავლანდე ფიქრი ფერმიხდილი,
მისუსტებული,
მოჩანდა კიდევ ეკლიანი, ძალზე საშიში,
ზოგიც ვამსგავსე ყვავილს საამურს,
ახალგაფურჩქვნილს...
და ამ ფიქრების კარნავალზე
როს ავირჩიე მე ერთი ფიქრი,
ცას შემოეხსნა ცხრაივე კარი,
წამის წამებში გადავლახე დროცა და სივრცეც...
აი პლანეტა, ეგზოპლანეტა –
ეს ჩვენი მომავალი დედამიწაა,
ახალ სიცოცხლის აკვნად ირწევა,
აქ ხეები შეფოთლილან უცხო ფერებით
და წვიმას გადასდის ვარდის სურნელი;
მესმის გალობა, იდუმალი,
ყოვლისმომცველი...
და ჩემი გული, ფიქრებით რომ გათანგულა,
უცებ დამშვიდდა,
ჰო, ფიქრს შევეთვისე საკეთილოს და იმედიანს –
ჩვენ გადავრჩებით!
ახლა ფიქრს ვართავ უწყვეტ ძაფებად და ქსოვას ვიწყებ...
რას ვქსოვ?
გულთმისანი ხარ, თავად მიხვდები.

* * *

ჩაესვენება მზე მიმწუხრისა საცაა ზღვაში,


დღეც დასრულდება ხვალის ანონსით: –
პორტში მალე ჩამოდგება ხელმწიფის ნავი!
ათასჯერ თქმულა –
არ ჩაჯდეო ხელმწიფის ნავში,
სულის სიმშვიდეს გაუფრთხილდი,
თუ გიყვარს თავი.
თავს რას ვიწუხებ,
ვინ მიმიშვებს ხელმწიფის ნავთან,
არც მაქვს სურვილი, რა ჭირად მინდა!
მე სულ სხვა ნავის ვარ მოლოდინში,
დიახაც, მისით მგზავრობა მინდა.
და ველოდები,
მთელი ცხოვრება ჩრდილში მყოფი, ჩრდილდაკარგული...
მზეში რომ ვიყო, ვიქნებოდი ჩრდილი ღმერთისა
და თამამადაც ვიტყოდი: – მე ვხედავ ხვალეს.
დღეს კი...
დავდივარ ოცნებების უსიერ ტყეში,
სად ხეებს ავარაყებს მწუხრი ოქროსფრად
და ღრუბლებში მოციაგე სხივებს მიგზავნის,
რომელსაც უნდა მივახარო:
– დღეს ლექსებმა ყვავილივით გაიხარეს!
ლანდები სიზმრის ირეკლება ყველა სტრიქონში,
ფურცლებს მივანდე გაქვავებული ცრემლი და დარდი,
წიგნად ვაქციე და ვით ძვირფასი სამკაული
უჯრაში გამოვკეტე, წიგნი,
რომელიც ხვალის წიგნია და ელოდება დღის სინათლეს.

* * *

შემომაღამდა ეულად მავალს,


ჯერ შუა გზაზე ვარ,
მთვარის კელაპტარს ვნატრობ, მაგრამ...
მას ვინ ამინთებს?!
არ ამოვიდა ამეღამ მთვარე,
აღარც ვარსკვლავებს ძველებურად
უღიმით პირი...
შორით კი, შორით,
მოსჩანს ტყე ვრცელი,
ქარის ძახილით ამოვსებული: –
ცოცხალო მკვდრებო, რა გეშველებათ,
ვალი გაქვთ ქვეყნის!
უცებ ცა ისე ჩამოიწია,
ასე მგონია კიბე ჩამოდგეს;
მე ასვლას ვიწყებ, სანამ ჯერ დროა
სანამ გაავებულთ უბრძანებიათ:
– გადაურაზეთ სუყველა კარი!
შემომეგება ცა ნაცრისფერი ღრუბელის რაშით,
მე ეს მარულა უნდა მოვიგო...
გავყურებ მინდვრებს – ფერშეცვლილებს და მოწყენილებს,
მავთულხლართებით ჩახერგილებს
(ღმერთო ჩემო, ასე სანამდე?!)
ქართლის ველებს ჩაქრობოდათ თვალებში სხივი,
ვხედავდი მოხუცს ნამტირალევს,
მთლად გალეული ფეხზე ძლივს იდგა,
მხრებჩამოყრილი ახალგაზრდა,
ბავშვი დამფრთხალი...
ქალი ძაძებში გულს მიღონებდა;
– ვაიმე, შვილო, ტაძარიც რომ გამომიკეტეს,
ლოცვას მაინც ვერ მომიშლიან,
მართალის გული ტაძარი არის – მოთქვამდა ქალი.
ჰო, არ იყო ქალი მონური სულის,
მას სულიწმინდის ეფინა მადლი,
შვილი მოუკლეს, მაგრამ მაინც ვერ დააჩოქეს;
არც ყვავილები დაუფენია ფეხქვეშ მავანის,
როგორც ზოგიერთს...
დედამ ქართლისა კარგად იცის მამულის ფასი
და რომ არ თქვას, არ შეუძლია,
რომ უკეთურებს დაუპყრიათ აქ ყველაფერი,
დღითი დღე პატარავდება სამკვიდრო ჩვენი
და ღმერთმა გვაცილოს უარესი ხვედრი...
დედავ ძვირფასო,
მე მესმის შენი,
მადლობელი ვარ, რომ ტაძართან მელი;
ორის ლოცვას მეტი ძალა აქვსო –
ელვამ დასჭექა სათქმელი შენი...
და როს დაწურავს ზეცა მტევანებს მზისას,
ციდან გეწვევი მე ჩემი ქნარით;
ია და ვარდი ჰფენია გზაზე
ქვეყნის მოყვარეს,
ჯვარი სწერია ყველა ზნეკეთილს;
არ დაივიწყოთ, ახლოა ჟამი და
დრო გააცხადებს თუ ვინ ვინ არის.
ჰოდა, იმ დროის გეშინოდეთ, მედროვეებო!

ამოდი მზეო

ამოდი მზეო, ამოანათე,


ხედავ, უშენოდ რა ცივი დღეა,
უფერული და სხივებჩამქრალი;
ნაღველს ნაღველზე ართავს ამინდი,
ღრუბლებს საავდროდ შეუკრავთ პირი,
კოკისპირულად,
გადაუღებლად ალბათ იწვიმებს;
ბრაზობს ბუნება – გამწყრალა ჩვენზე,
ასეა, ასე, ასე იგრძნობა...
არ ჩანხარ მზეო,
ჩემო ოქროსთვალება ღმერთო,
უზეშთაესო და სიცოცხლის წყაროვ,
ჩემო მეგობარო და დიდო მეუფევ,
რად გამინაწყენდი,
მე ხომ შენზე ვლოცულობდი
ჟამსა წარმართობისას;
ახლაც ვილოცებ,
განა ნაკლებად წარმართული დროა,
მამონა კერპად ვაქციეთ,
ერთმანეთი შევიძულეთ,
ვირტუალურ რეალობაში ვცხოვრობთ –
და გვემუქრება გაუცხოების სინდრომი.
ეჰ, ძნელია ამის შეგუება,
არ მიგვატოვო,
არ დატოვო ცის კაბადონი,
გამოანათე ძველებურად
და ჩაჰბერე სიცოცხლეს სული,
თორემ ხომ ხედავ,
აღარც ბულბული გვიგალობს,
აღარც მერცხლების ისმის ჭიკჭიკი.
შაშვი კი, შაშვი,
შემალულა კიპარისებში და გალურსულა...
არადა, როგორ ლაღობდნენ უწინ;
ხომ გახსოვს, მათი ჟღურტული ლექსად რომ გარდავთქვი,
რა კეთილი იყო ის დღე!
ახლა კი, ახლა,
გარინდულა ირგვლივ ყოველი!
ყვავილები კი, ყვავილები –
შენი მარადი მოტრფიალენი
დარდობენ ძლიერ –
მზე სად დაიკარგაო,
ვაითუ დასრულდეს სუფევა ჩვენი.
მისმინე მნათობო,
უშენოდ ვინ თქვა სიცოცხლე ჩვენი,
ამოდი, გელით!

* * *

ეს მინდორი სახლია ჩემი,


ბალახები – ლოგინია მწვანე ზეწრებით,
შემოუნახავთ სისველე ნამის და ფესვს მირწყულებენ,
ოცნებას მჩუქნიან, როგორც ავგაროზს
და სიზმრის პლანეტაზე მეპატიჟებიან...
აი, ამოენთო მზე მეწამული და
ალიონის სხივი შვიდფერი მომესალბუნა:
– ამოიწვერე, ნუ გეშინია, აყვავდი დროზე!
ამოვისუნთქე და გავახილე ცისფერი თვალი...
ეს მე ვარ, კესანე.

* * *

ბიბლიური სახით რომ დააბიჯებს დედამიწაზე,


ალბათ, გეცნობათ...
დიახ, აქ, თქვენს გვერდით,
თქვენთან, სადაც ხართ...
ის გესალმება,
გიღიმის კიდეც,
გსტუმრობს კიდეც,
სტუმრადაც გიწვევს,
როცა გჭირდება, გზასაც გასწავლის...
საკუთარ დარდს გულდაგულ მალავს,
არც ტკივილს იმჩნევს,
არც იმას ამხელს, შიშს რომ უფრთხის,
შიშს, რომელსაც წამალივით გაწვდიან,
შიში, რომელიც ხან ძლიერდება,
ხანაც ნელდება და კითხვებად ლაგდება:
– ეს კორონავირუსი ბუნებრივია თუ ხელოვნური?
– იქნებ, ეს გამაფრთხილებელი სიგნალია სამყაროდან?
– იქნებ, სულაც მოდელირებული ქრონიკაა?
– კი მაგრამ, ვინაა პროგრამისტი,
ვინ ზეობს აქ, ამ კაცთა შორის,
როდის დაიწყო ჩვენი კირთება?
იქნებ მაშინ, როცა არ შევისმინეთ
უფლის ხმა,
ქრისტე ჯვარზე ვაცვით,
კიდევ რამდენი გავწირეთ,
სიბრძნისა და სიმართლის მაძიებელი,
ცოდნის გამავრცელებელი,
სიყვარულის მქადაგებელი...
უბედურება კოსმოსიდან კი არა,
მიწიდან დაგვატყდა თავს –
ჰიბრიდულ ომში ვართ ჩართული,
კაცთმოძულე მუტანტები გვიტევენ,
საცაა გადაგვყლაპავენ...
ნუთუ ვერა გრძნობთ,
როგორ იმცრევა სინათლის ხაზი,
პარალიზდება გონება,
ქვეითდება განწყობა
და თუ გონს არ მოვეგეთ,
მწვანე შუქი აგვენთება მიუსავლეთში...
ეს ასპერგერის სინდრომიაო,
სახეზეა განვითარების დარღვევა.
გამოსავალი?
კრიზისიაო, გაიჭედა მთელი დედამიწა,
უნდა გადავტვირთოთო –
ბრძანეს საჭისმპყრობელებმა.
– კი ბატონო, გადატვირთეთ,
ჩვენც გადავტვირთავთ ჩვენს ცნობიერებას,
ვნახოთ, თუ არ ვაჯობებთ თქვენს პროგრამას,
თქვენს პროგრამისტებს –
უსაზღვროდ გამდიდრებულებს და გაბატონებულებს...
ირწმუნეთ ხალხო, ირწმუნეთ,
თქვენი რწმენისამებრ მოგეგებათ თქვენ!
* * *

დიდი ხანია ჩაიარა ჩემმა მატარებელმა,


ფეხით მივუყვები გზას ქალაქისკენ.
აგერ ზღვაც მოჩანს...
გადაუფრინეს ზღვას თოლიებმა
ხავილ-ხავილით.
ეს ხმა მაშინებს...
ქუჩებს აწყდება მათი გუნდი,
ფრთა დაღლიათ ქარიშხალს გამოქცეულებს...
ვაი, ამ ფრთონას თუ გადავურჩით.
ტაძრის გზას ვეძებ,
ძლივს მივაგენი,
აგერ ტაძარიც.
მრევლი არსად ჩანს,
ხატი უსანთლოდ შეწუხებულა და თითქოს ტირის...
ჩიტი კი, ჩიტი, ფრთამალი ჩიტი,
მოფრენილი უცხო ქვეყნიდან,
აქ, ეკლესიის ეზოში,
ხიდან ხეზე დაფრინავს ლაღად
და როგორც ჩვენში ჩვევიათ,
რახან უცხოა, მოსწონთ გალობა მისი.
მე კი ყველას მირჩევნია ბეღურა –
ჩემი აივნის სტუმარი ჩიტი.
მერე რაა, რომ პატარაა და ნაცრისფერი,
სამაგიეროდ, ხმა აქვს წრფელი,
ის ამ ზამთარშიც არ მიმატოვებს.

* * *

გამოვექეცი სხეულს და სახელს


და უსხეულო სული ვარ ახლა
ცას შეყუჟული...
არც საყდრის ჩიტად ვინდომე ყოფნა
და არც მინდორში გაშლილ ყვავილად
(ბავშვობაში, ჰო, ჩიტობა მსურდა
და კიდევ რამდენი რამ მსურდა...)
ნისლის კაბაში მოცეკვავე
ვგავდი მთვარეულს
და ამ ფერხულში შემომაღამდა...
ქრისტე არ ჩანდა
(რას დაინახავ, თუ თვალები ჩაგიქრო წყენამ);
მერე კი ჟამმა უჟამომ
არ დაინდო ანარეკლი ჩემი სახისა,
ჩამოაჭკნო და ჩამოახმო პოეტის ფრთები,
ოცნების ბოლო საკინძეც ჩაკეტა
და შემატოვა ავდარს და ქარებს...
ქარი კი, ქარი, როგორც როკაპი,
ღრიალებს, წივის, რომ ვეღარ მხედავს...
კიდევ კარგი, უსხეულო სული ვარ-მეთქი,
გავიფიქრე და კიდეც გათენდა...
თუმცა ჩემთვის აღარც დილაა და აღარც საღამო,
გაქრა დრო-ჟამი,
წყალმა წაიღო ყველა ოცნება.
გარდავა ჟამი და ისევ მოვალ.

* * *

გამომეცხადა გზაგასაყარზე აჩრდილივით


მომავლის წიგნი,
ასე მგონია, ზღაპარში ვარ,
რა აღარ ხდება...
ცაში დაქრიან დროის მანქანები
და მათ მართავენ ერთი შეხედვით,
ჩვეულებრივი ადამიანები;
ვისაც სად სურს, იქ მიემგზავრება:
ზოგი წარსულში,
ზოგი მომავალში.
ერთი ცნობილი პერსონა ნონ-გრატა
სხვა გალაქტიკაში მიქრის;
მარსიდან კი საცაა გვეწვევიან
მასკის შთამომავლები –
მექანიკური გულითა და დაპროგრამებული ტვინით.
ეს ყველაფერი მაფრთხობს, მაშინებს,
თვალებს ძლივს ვახელ,
ვხედავ წიგნს – გადაშლილს 33-ე გვერდზე,
სანიშნედ ახლავს ვაზის გამხმარი ფოთოლი...
ეს წიგნი ჯერ არავის წაუკითხავს,
სულ ახლახან დაწერა იგი ერთმა მწერალმა,
ყველა ამოსუნთქვისას ფერს რომ იცვლის,
საუბრობს ისე, როგორც მოგვი
და წერს როგორც განდობილი...
დროის ხმა მესმის
აზვირთებული ხმების ძახილით,
გვიახლოვდება მომავალი და წარსულიც გვიახლოვდება.
მე რა ვქნა, სად წავიდე?
წარსულში თუ მომავალში?
იქნებ, ანდრომედადან ხომალდს დაველოდო?
– სჯობს საკუთარი სპეცმავალი იყიდო,
მიიღო კოდი და თავისუფლად იმგზავრო
გინდა ხმელეთზე,
გინდა ცაში,
თუ გინდა ზღვაში,
არ გირჩევნია? – ჭკუას მარიგებს ერთი ნაცნობი.
რა გინდა უთხრა,
რას შემომიჩდა,
როგორ მომრავლდნენ ჭკუის მასწავლებლები.
მე ჩემი გზა მაქვს და ჩემი კოდი –
ყოველ დილით დავაბიჯებ ცვრიან ბალახზე
და ვკითხულობ სტროფებს რუსთაველისას.
ღამით კი, ღამით
ყურს ვუგდებ ფოთლების შრიალს,
წყლის დგაფუნს,
ჭრიჭინობლების მისტიკურ ძახილს
მღერის ბუნება,
ეს კოსმიური მუსიკაა,
ვინაც შეიგრძნობს და გაითავისებს,
დროის სამანსაც გადააბიჯებს.
* * *

ახლა მე ისე ვძერწავ სტრიქონებს,


ვით ღმერთი თიხას,
როდესაც ქმნიდა ხატს თავისას –
შესაქმის გვირგვინს
და ჩრდილად მადგას
იმ შორეული დღის გაელვება,
ოდეს ადამმა ედემს მოავლო
პირველად თვალი:
ვერ დაინახა ძე ხორციელი,
არავინ ჩანდა,
ის მარტო იყო...
(ღმერთს არ ეცალა ადამისათვის,
ის ისვენებდა).
– ასეთი ყოფნა? – გაიფიქრა და ჩაღუნა თავი,
ხის ქვეშ ჩამოჯდა,
ჩაფიქრდა მწარედ,
საიდან გაჩდა ამქვეყანაზე,
წინ რა ელოდა...
მზე შუბის ტარზე შემომდგარიყო
და სხივებს ჰფენდა,
ზესამყაროდან ჩამონთებული,
ნაირფერი და სურნელოვანი
ჰყვაოდა ვარდი, იასამანი...
ვაშლის ყვავილზე დაბრძანებული
ერთი მზეწვიაც ისე გალობდა, გაგაოცებდათ...
მაგრამ ადამი ვერაფერს გრძნობდა;
ასეა, ასე, ვეღარც სამოთხე გაგახარებს,
თუკი ხარ მარტო...
ვეღარ გაუძლო ეულმა ტანჯვას
და ისე მწარედ ამოიკვნესა,
ღმერთს შეეცოდა და მისი ნეკნისგან შექმნა ქალი,
ვისაც თავისი სული ჩაუდგა...
ფეხზე წამოდგა ადამი და ქალს შეეგება.
აკაშკაშდა და გადანათდა სულ მთლად სამყარო.
* * *

ჩემს მდუმარებას მოგონებათა კვებავს ფიქრები,


სიტყვებმა კი, ვით ჩიტებმა, გადაიფრინეს
და შემატოვეს მკაცრი ზამთრის დიდ სიმარტოვეს...
მიიზლაზნება დრო ზარმაცივით,
თითქოს ფეხს ითრევს...
გათენებამდე დიდი დროა,
რა გაათენებს...
შუაღამის ცაზე ვითვლი ვარსკვლავებს,
რა სიგიჟეა,
ვინ დათვალა, მე რომ დავთვალო;
აი, გამოჩდა მთვარეც,
გადაიძრო პირბადე ღრუბლის,
დაშვენდა ღამეს...
ცის დასალიერს კი გარონინდა
ის უცხო სხივი,
სიზმრად რომ ვნახე.

* * *

ეს რა ხანია ზღაპარში ვცხოვრობ,


ვმეგობრობ დევებს, ქაჯებს და ჭინკებს,
შეღამებისას ტრიალ მინდორზე კოცონს ვაჩაღებ
და ცეკვას ვიწყებ...
ეს, რა თქმა უნდა, ბევრს, ბევრს არ მოსწონს,
რახან სმენიათ:
ბოროტი არის დევი ესოდენ,
უსამართლო და მოძალადე,
რისხვის მფრქვეველი...
მაგრამ, ძვირფასნო,
ჩემი ზღაპრის დევი, იცოდეთ,
სულაც არ არის გულბოროტი და ავზნიანი,
როგორც ამჟამად დედამიწაზე მობინადრე მრავალი დევი,
ადამიანის იერსახით და ეშმაკის სულით,
აი, როგორიც: გაქსუებული ბიზნესმენები,
ცრუ მწიგნობარნი, მოსამართლენი და კიდევ სხვა ბევრი,
განუსჯელად აღზევებულნი...
ყალბი ღიმილით და გამჭოლი მზერით,
კითხვებს რომ ბადებს,
თუმც კი, ცხადია, დროს სათავისოდ რომ მოაქცევენ.
ჰო, რა ხანია ზღაპარში ვცხოვრობ,
დავიმეგობრე ჭინკა და დევი,
მალე სიმღერას დავაგუგუნებთ და
ცხადში გეწვევით.

* * *

ნაბიჯს ვეღარ ვდგამ,


ჩავიძირე სულ მთლად წყვდიადში,
არ ვიცი რა ვქნა, თავს რა ვუშველო;
ჯანდაბას, რაც არის, არის, მაგრამ შენ,
ჯერაც რომ არ მოსულხარ ამ პლანეტაზე,
როცა მოხვალ, რა გეშველება,
რა დაგხვდება აქ სანუგეშო;
ფარისევლებს დადგომიათ დრო სანავარდო,
უმეცარნი და თავხედები გალაღებულან,
დიდი დარბაზი დაუპყრიათ ჰეტერა ქალებს,
ცრუ მწიგნობარნი, მოსამართლენი,
კიდევ სხვა ბევრნიც ყელყალაობენ...
მეორედ მოსვლას გვიქადისო ეს ყველაფერი,
ასეც ამბობენ... – რა გვეშველება?
წყალობა გვყავი, უფალო,
წყალობა გვყავი!
უფლის ხმა მესმა:
– მე რას მიყურებთ,
თავის უფალი თავად ხართ, თვითონ,
მოუხმეთ გონს და ისაქმეთ ისე,
როგორც შეჰფერის კაცს –
ხატს ღვთისას და თავისუფალს!
* * *

მეკითხებიან: – რაა სიახლე,


რას ვფიქრობ?
ეს უჩემოდაც ალბათ იციან...
რაა სიახლე?
ჩემს ცხოვრებაში?
აწი სიახლე რაღა დროსია;
სიკვდილს გულისხმობთ?
თუ ვემზადები?
მთელი ცხოვრება სამზადისია,
სხვადასხვა ფერის ნიღბით აკრული
და დანამული, უხილავ ცრემლით,
რომ უჩემოდაც ამოვა მთვარე,
როცა ამქვეყნად აღარ ვიქნები
და ვარსკვლავებიც უჩემოდაც გაიმცინარებს,
ყვავილს ექნება ისევ ისეთი ნაზი სურნელი,
ტყე იშრიალებს, იქროლებს ქარი,
იწვიმებს კიდეც... და მერე, როცა გამოიდარებს,
ცა აყვავდება უცხო ფერებით,
მიწა-ბალახით, ჰო, ყველაფერი იქნება ისე,
როგორც ბუნებას დაუწესია...
ოღონდ მე უკვე აქ არ ვიქნები,
ჰო, საწყენია, მაგრამ, ოღონდაც
მთვარემ გამოანათოს და მზემ იმზეოს,
ჩქეფდეს სიცოცხლე,
ჩემს მერე, დიდხანს...
სხვა არა მინდა!

* * *

მხოლოდ შენ იცი, უფალო ჩემო,


რა გზები განვვლე,
როგორ ვეწამე,
როგორ მესხმოდა ურდო ყაჩაღთა,
რომ ჩემს რწმენაზე ხელი ამეღო
და იმ ათას სხვას დავმსგავსებოდი,
ვინაც ცხოვრება გაიიოლა,
ვინაც მანქურთის მოირგო ქუდი,
ვინც დამცრობილმა, დამცირებულმა,
განტებაინის აირჩია როლი, რომ რეალობა არ დაენახა,
ასეთი, ღმერთო, იყო რამდენი...
ყოფიერების ამაოება
დიდ ხარკს ითხოვდა გაგულისებით –
თითო სურვილის ასრულებისთვის
სიცოცხლეს ათას დღით მიმოკლებდა...
როს, როგორც იქნა, დღე დავასრულე,
ოდეს შესაქმე გახდა ცნობილი,
მე კვლავ ვიყავი უკმაყოფილო,
მე კვლავ ვიყავი ამბოხებული.

ქადაგებს მოსე

ჩასძინებიათ საღათას ძილით


ქალებს და კაცებს, ბალღებს, მოწიფულთ,
დიდს თუ პატარას,
სუყველას სძინავს ამ სოფელში, დღისით, ღამითაც,
ო, ღმერთო ჩემო,
რა ხანია ძილქუში გვაწევს...
მხოლოდ სამად-სამ მწიგნობარს,
წიგნის ჭიას რომ ეძახიან ჩუმი ქირქილით,
არ ეძინებათ...
თვლემს ზეზეულად სამად-სამი კაცი მწერალი
და გაოცებით თავს იქნევენ უკმაყოფილოდ...
ჰე, გაიღვიძეთ,
მეგობრებო,
ამხანაგებო,
მტერო, მოყვარევ,
გეყოთ ამდენი ძილი და ძილი,
მალე, სულ მალე შეიცვლება აქ ყველაფერი,
გააღეთ თვალი,
დაუგდეთ ყური –
ქადაგებს მოსე მაყვლოვანში კვლავინდებურად...
...მძინარე კაცი რას გაარჩევს ღმერთის მოვლენილს!
ბიბლიიდან ვით გამოგიხმო

როგორ ჟღერს ქნარი,


რა ხმები ისმის, ჯადოსნური, გულთამპყრობელი,
სულის და გულის წამალია ეს სიმფონია
ყოვლისმომცველი... ქარსაც კი უკან დაახევინა
და გაარინდა ირგვლივ ყოველი...
მიხვდა საული, ეს არ იყო ოდენ მუსიკა,
სასწაული იყო, ღვთით მოვლენილი;
უცებ დამშვიდდა, განეშორა სული ბოროტი
და ბრძანა მეფემ:
– მომგვარეთო ის ჭაბუკი, ვინც ქნარზე უკრავს!
– ეს დავითია, თვალტანადი და ქველი კაცი,
უფლის მოყვარე და მისი წყალობით სავსე,
ვინაც მოისმენს მის ქნარზე დაკვრას,
სულით მშვიდდება, სიყვარულით გული ენთება,
ბოროტი შორით იხიზნება და იმალება,
მიწა ივსება სიხარულით, ზეცა ბრწყინდება,
გულზე მალამოდ გვეფინება ცის სიხასხასე.
– მაშ, ჩემთან დარჩეს, იყოს ჩემი სულის დარაჯი,
თავისი ქნარით მომგვაროს შვება,
რომ ჩემს ერს ჩემგან არ შეხვდეს წყენა!
...ეჰ, საულ, საულ,
ბიბლიიდან ვით გამოგიხმო,
იქნებ გვითხრა სად ვეძიოთ დავითის ქნარი,
იქნებ ქადაგად ახლა ბევრი უნდა დავარდეს,
უფალს შევთხოვოთ წყალობა და სულის სიმხნევე,
რომ ბოროტებას ჩაერაზოს სუყველა კარი.

ლოტის გზაზე

მე მიმქრალ ხანძარს ვამსგავსე მწუხრი,


როს ფერშეცვლილი მომასხა ტოგა შებინდებისას,
აღარ ამიტანს ამიერიდან თრთოლა და ბრაზი,
დავასამარე ხსოვნა წარსულის –
საზიზღარი მოგონებები სოდომ-გომორზე.
ეს მე ვარ, მე ვარ,
უფლის წყალობის გზაზე დამდგარი,
ოჰ, როგორც იქნა მოვშორდი სოდომს,
ბოროტების და სიძვის სავანეს,
უკეთურობას და უტიფრობას
(გალაღებულს და პატივდებულს)
სამარადჟამოდ ვაქციე ზურგი,
განვეშორე ამ მდიდრულ ქალაქს –
ცოდვილთა ბუდეს
და შევეხიზნე მთას პატარას, სიწმინდით სავსეს.
ჩემს ღარიბ კერას თავს დაადგა სულ სხვა ნათელი
და ჩემს ეზოში აშრიალდა ტყე მიმოზების,
ძღვენად მომიძღვნა გაზაფხულმა ეს ყვავილები...
მე გამიმრთელდა გაბზარული რწმენა სულისა,
არ შევრჩი სევდას ულმობელ ხელში,
გული გარდმეხსნა სიყვარულისა
და შევუყევი კიბეს უჩინარს
ცის ლაჟვარდებში სამოგზაუროდ
ჰო, მე ვარ, მე ვარ,
უფლის წყალობის კვლავ მომლოდინე.

შორია როგორ

გზა ქანაანამდე შორია როგორ,


ათასი ჭირით, ხიფათით სავსე,
დავეხეტები უდაბნოში მშიერ-მწყურვალი,
მომბეზრდა ჭამა ციურ მანანის,
არც წყურვილს მიკლავს უდაბნოს წყალი;
ვბერდები უკვე,
მომეძალა თმაში ჭაღარა,
მუხლებშიც ძალა გამომელია
და ძველებურად არ მიჭრის თვალი...
დარდმა და ეჭვმა ხელი დამრია და
სინაის მთასთან ვერ გავიგონე უფლის სიტყვანი...
მოსე კი ისევ, ძველებურად, კვლავ რწმენით სავსე,
უფლის ბოძებულ კვერთხით სასწაულებს ახდენს,
უფლის დიდებით, უფლის ნებით და უფლის რწმენით
ნირშეუცვლელად მიემართება ქანაანისაკენ...
აღთქმულ ქვეყანას სხვა ხიბლი აქვს,
სხვა ანდამატი,
თავისუფლებას ვერ მიაღწევ თურმე უმსხვერპლოდ,
თავგანწირვის და რწმენის გარეშე...
ღმერთო მიშველე, მომაფინე სიმშვიდე შენი,
ამინთე სულში შენი სინათლე,
რომ გზა განვაგრძო.

* * *

მხარ-ბეჭში გავიმართე და
როს ამაყად გავხედე ზეცას
(საკუთარ თავში დარწმუნებულმა ძალა მოვსინჯე),
სწორედ რომ მაშინ მიმუხთლა ბედმა,
თავისუფლება წამგვარა ღმერთმა
და ბორკილები დამადეს მძიმე.
მას მერე წლები ვეღარ დავთვალე,
აუ, რამდენი გასულა ხანი,
გული ეჭვებით გადავსებულა,
სული კვლავ შემრჩა ურჩი,
ამდენი ავის მნახველი მაინც სასწაულს ვუცდი...
– ჭკუა ვეღარ ისწავლე, – ვაი, შენს დაბადებას,
თავის დახრა ისწავლე, დაიდრიკე ქედი, –
წყენით მირჩევს ერთი (ვითომ მეგობარი)...
...ისევ ჯაჭვის ჟღარუნი,
ბორკილები მძიმე,
უძინარი ღამე,
კლდე პიტალო, სიპი,
ყვავები და ყორნები
ავად მომჩხივარნი...
მერე მთვარე დალალს შლის
და საჩუქრად მიგზავნის მოალერსე სხივს,
ნუგეშინინ, იყუჩე, – მანუგეშებს ქარი.
სიმღერა გვიმრაზე

ამოიზარდა ეზოში გვიმრა, ის უსაშველოდ იყო მაღალი,


ტოტები ისე ჰქონდა გაშლილი,
რომ იმ უხსოვარ დროს მაგონებდა,
როს ბუმბერაზი, ტანაშოლტილი ცასა წვდებოდა...
წუთები წუთებს ენაცვლებოდა
და დრო თავისას ამბობდა სათქმელს –
ახალი ერა იბადებოდა...
მე მომაგონდა შუაღამე ბნელი:
მიწა იძვროდა და ცახცახებდა,
ცადატყორცნილი ხეები უცებ
ისე ჩაყლაპა უფსკრულის ხახამ,
რომ დაყვირებაც ვერ მოვასწარი...
ბევრის მნახველს
და ბევრის გამგონეს სამყაროს ხელა მგონია თავი,
ამქვეყნიური განსაცდელები არ დამკლებია
ჟამიდან ჟამდე,
ნეოლითიდან გამოვაღწიე
და ჩემს სიმღერას სიყვარულს ვარქმევ...
როს იმედები მიცრუვდებოდა,
მაშინ ოცნებებს ვუხმობდი გზნებით,
მაგონდებოდი ტანაშოლტილი,
ფესვებმაგარი, ტოტებძლიერი,
სულ სხვა იყავი,
უცხო ნათელი ისე გშვენოდა მწვანეკაბიანს,
რომ მე ცოცხალი მეგონე კაცი,
უბოროტო და კეთილაღნაგი.
და სიყვარული უკიდეგანო
(მთელი შესაქმის თავი და ბოლო),
მე მავიწყებდა დღეებს სევდიანს,
როს უბედობა ლოგინად მეგო,
ვნატრობდი მნათობს, სხივებკაშკაშას
და ამოვსებას სამყაროს შენით...
გავშალე ფრთები ვითარც ფრინველმა
და შენს ტოტებზე ჩამოვისვენე...
შეჩერდა წამი...
* * *

მოსასხამი ჩამაცვეს შლეგიანი მენადის,


მხარში ამომიდგნენ სატირები და მეც უმალ ფერი ვიცვალე.
დიონისეს სუფრაზე მიმიწვიეს.
აგერ ბაკხებიც – დიონისეს სეფე ქალებიც,
აკიდოებითა და სუროს გვირგვინით თავშემკულნი,
მოკვდავთა მხიარულებას დაწაფებულნი...
– აღიარე, დიონისე, ტანჯული ღმერთი, მირჩია ერთმა.
მეორემ კი ტირიფის გვირგვინი მომაწოდა...
მშვენიერი იყო გვირგვინი, ცხოვრებისეულ ნეტარებას მპირდებოდა.
– დიონისეა ტანჯული ღმერთი, მას ვცე თაყვანი?
– თაყვანი? თაყვანი რაა, უნდა შეერწყა, სრული მორჩილება და ქედის მოდრეკა.
– ო, არა, წაიღეთ თქვენი მოსასხამი
და გვირგვინიც თქვენი,
არა მჭირდება, მე მაინც მე ვარ!

მე ვარ სტუმარი

მე ვარ სტუმარი, შორეული, უცხო სტუმარი,


ვერ მოიგონეს სახელი ჩემი და უცებ,
სრულიად შემთხვევით,
რაც პირზე მოადგათ,
ძალზე გავრცელებული
და ჩვეულებრივი სახელი მიწოდეს...
არ ვუჯერებდი ყურებს,
აქებდნენ როცა უსახო და პირქუშ კაცუნებს,
აი, ისეთებს, კისერზე ქონი რომ უთიმთიმებთ
და ბილწსიტყვაობენ...
ვერ მოვითმინე და ბოლოს ვიკითხე:
დიდი ხანია ასე ცხოვრობთ, ასე, ამგვარად?
– რაც თავი გვახსოვს, – იყო პასუხი, –
ვჭამთ, ვსვამთ და გვძინავს,
ვშრომობთ კიდევაც – ვყიდით, ვყიდულობთ,
სტუმარს თუ ველით, ვფხიზლობთ და ვიცდით...
– ამას სიფხიზლეს ეძახით თქვენა?
ეჰ, მასპინძლებო, რა გისაშველოთ,
ასე დაცემულთ და დამცრობილებს,
სულის ნათელი სულ ჩაგქრობიათ,
და მინავლულა ცეცხლიც სრულებით,
როგორ აგინთოთ მე თქვენ ბუხარი,
მითხარით ერთი,
ვით დავარღვიო სტუმრობის წესი,
არადა, მალე დაიჭერს ყინვა, გავითოშებით...
სხვა გზა არ არის, ისევ მე უნდა
შევუდგე საქმეს სადღეისოს და სახვალიოს.

მზის საჩუქარი

მზე ჩადიოდა რაღაც მოწყენით,


რაღაც მოწყენით მფიფქავდა ფიქრი
და დაფიონის სხივი მიმკრთალი
სამძიმრისათვის თაიგულს კრავდა,
მნათობის ნობათს მიძღვნიდა თრთოლვით...
უკანასკნელი ეს საჩუქარი
იყო წარმტაცი და საკრალური,
ვერც მომპარეს და ვეღარც წარმტაცეს,
მე მას ვხედავდი მომავლის ბინდშიც –
გოლგოთისაკენ გზად მიმავალი.
იქნებ ფრესკიდან გარდმოვსხეულდი,
თუ სიკვდილმისჯილი ვიყავ მისანი
და ამ შარაზე, მარტოობის სასტიკ შარაზე
მე დავრჩი მარტო,
დარდმა თავისი ტაბლა დამიდგა,
ვინ დავპატიჟო?
აქ იყო წყენაც, ეჭვიც და თმენაც,
შიშიც – სიძულვილს არ შევეპყარი,
აქ იყო მგონი თვითონ ეშმაკიც,
მაგრამ უფალო შენც აქ იყავი.
ეს შენ ხარ

შენი შვილი ვარ, უხილავო, იმანენტურო,


ვინაც ირეალური ძაფებით კრავ
პოლიფონიის ათასფერ კონას,
ტოტალურ ერთიანობას ვინც ასაზრდოებ,
ქრომოსფეროში მოფარფატემ ეგზისტენციით
მე მივაგენი შენკენ მომავალ გზას –
უხილავს და უნატიფესს;
მერე ყველა გზა ერთიან სივრცედ აღვიქვი, –
ეს კოსმოსია უკიდეგანო,
გალაქტიკები და კვაზარები – მთელი სამყარო.
შენივთებული მეც ხომ ვარ მასში,
როგორც შენ ჩემში,
ჰო, შენ მარადიული დაბადება ხარ ბუნებაში,
სულიერში და უსულოში,
ადამიანში და წვიმის წვეთშიც,
როს დასრულდები, დაიწყები ისევ თავიდან,
უსამანო ენერგია თუ ფარული მატერია,
როგორც ახლახან გიწოდეს,
(უფრო ადრე – ალბათური ტალღებიაო მაქს ბორნმა)
მე მწამს, რომ ეს შენ ხარ,
არა აბსტრაქტული, არამედ ცოცხალი,
სულის ენერგია, უზეშთაესი, უდასაწყისო
და უდასასრულო...
როგორ გავჭრა საკრალური არხები სულის,
შენ რომ გიხილონ (მიუტევე ურწმუნოთ),
ან როგორ ვპოვო ხე ოცნებისა,
მარადუჭკნობი, ათასნაირი ნაყოფით დახუნძლული,
რომელსაც შენი სახელი ჰქვია,
იქნებ, არიადნეს ძაფი დავრთო,
გალაქტიკების მეგალაბირინთიდან რომ გამოვაღწიო,
ხელი შემაშველე, გულთამხილავო,
ხელი არ გაუშვა ამ გორგალს,
ხელახლა რომ ვიპოვო გზა ჩემივე სულის ბარდნალში,
ან შევუერთდე მდინარეს და აორთქლებულ წყალს
ზეცისკენ ავყვე (ო, რა რბილია ღრუბლის ბალიში),
მინდა რომ წვიმად გადმოვიღვარო,
მიწა გავაცოცხლო,
ბალახს დავეპკურო,
ხე ავაშრიალო,
მწყურვალი დავარწყულო,
სიცოცხლე გავახარო.

* * *

გამოვიღვიძე, ღრმა ძილიდან გამოვიღვიძე


და საცნაური გახდა ყოველი,
მე გავიხსენე ვინცა ვარ, რაც ვარ...
რამდენი რამე განზრახ დავკარგე,
დავასამარე მწუხარება, ტკივილი, ეჭვი,
რომ უკუმეგდო სიამაყე, პატივი, ძალა...
როს შევიცანი ვინ არის ჩემში,
მყის სანეტარო გახდა ყოველი: –
– ყოველი წამი, ყოველი წუთი,
ცაზე ვარსკვლავი, მოღაღანე ბალახი ველად,
ყვავილთა სუნთქვა, ჭიკჭიკი ჩიტის...
ეს საოცარი არსებობა გასტანს სანამდი...

* * *

ბედნიერების გამოსაცნობად ტესტი შევავსო?


იტყვი რაღაცას,
ხომ იცი, ბედნიერება ჩიტივით არის,
მოფრინდება და გაფრინდება ისე უეცრად,
ვერც დაინახავ;
ტესტს ვერ შევავსებ, მაგ შეკითხვებს
ვერ ვუპასუხებ,
მე მაგ უჯრებში ვერ ჩავეტევი,
ისე კი გეტყვი, ბედნიერება მე როგორ მესმის,
მოგონებებს იმ დღეებსა და ღამეებზე ისე ვინახავ,
როგორც საჩუქარსა და თრთოლვით ვიხსენებ,
როგორ მიყვარდა თიბათვის ღამე,
როგორ მაწვიმდა ვარსკვლავების წვიმა ანკარა,
ან მთვარე როგორ მიგზავნიდა შროშანის ყვავილს,
ჯარი მეხვია ციცინათელას და
შევტრფოდი ჩურჩულს შრიალა ვერხვის;
გზნებით ველოდი მზის დაბადებას,
როს ეს სამყარო ხდებოდა ერთი...
მზეს მივყვებოდი ფეხაწყობილი,
მზე ქათინაურს მეუბნებოდა,
სხივებს დაჰკრავდა ოქროს ელფერი,
დაუვიწყარი იყო დღეები,
მე ყველაფერი მიყვარდა ძლიერ,
ჰო, ჩემთან იყო უფალი ღმერთი,
რა ბედნიერი ვიყავი მაშინ...
მითხარი, ტესტში ვით ჩავატიო ეს პასუხები?..

მიხმობს სამყარო

მიხმობს სამყარო და მირიადი გალაქტიკები,


გარიჟრაჟზე მოციაგე სხივებს მიგზავნის
შეკითხვების ვრცელი უსტარით;
რას ვუპასუხებ მე ამ შეკითხვებს,
ნათელღებული და განდობილი ჯერ კიდევ არ ვარ;
დედამიწაზე კი ფსიქოლოგიური ტესტებით
აპირებენ გამოიცნონ კაცთა ბუნება;
ვინა ვართ, რა ვართ, საით მივდივართ,
რა ხასიათი გვიბოძა ღმერთმა –
მხიარული თუ ნაღვლიანი,
ან იქნებ სულაც გულცივი, როგორც მრავალი?
ჰო, ალბათობა აინტერესებთ...
ჰორმონალური სიმფონია თითქოს ყალბად ჟღერს,
ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონი აჩქარებს რეაქციას
და ემოციური პალიტრაც მდიდრდება:
ამბივალენტური განცდები მიპყრობს –
სიცოცხლე მშვენიერია, არა, სიცოცხლე სასტიკია,
სიცოცხლე ბედნიერებაა, არა, სიცოცხლე სასჯელია...
და ჩემი სულის უკაცრიელ და უსიერ ტყეში
ვით გადაბურდულ ხეთა ჩრდილებში
ფესვებს ჩავცქერი, ფესვს ვაკვირდები არსებობისა,
საცნაურდება გენში ჩაქსოვილი ადამიანის მოდელი –
ძლიერს მომავლის დიდი რწმენა აქვს,
სუსტი კი ცხოვრობს მხოლოდ დროებით...
კიაფობს ჩემში იდუმალი სამყაროს სხივი...

* * *

ედემის ბაღის რომ იხილო ნუგბარი ხილი, თვალს აიხელო,


– მიბრძანა ერთმა.

ო, იმ მეორემ, მოშურნემ თუ მტერმა ნამდვილმა,


სიცილით მითხრა:
აი, მერე კი გეღირსებაო უზრუნველობა, სიმშვიდე, ძილი!

აი ნუგეში, გულნამცეცა კაცის ნუგეში


სიცოცხლეშივე ლეშად ქცევისა!
...ჰოდა, რად მინდა ასეთი ხილი...

* * *

ვერ დავემალე დინებას დროის, გავექეც ვერსად


და როგორც ქარი, როგორც მთის ქარი მე ისე გავქრი,
გავდნი, გავქარდი უცბად მოსული თოვლის წყალივით
და გავექეცი სხეულს ჩანავლულს...
სული ტკივილით, მწარე ტკივილით გაივსო ისე,
ვით შემოდგომის კვირაძალზე პირთამდე დოქი
და ისე უცებ დაიცალა, ვერც კი გავიგე...
მერე იმ გზას გავუყევი, საიდანაც ბრუნდება არვინ...
აქსიომაა

წუხელი მთვარე არ ამოვიდა, წუხელი ზეცა ვერ დავინახე:


გადმომხობოდა კუპრივით ღამე...
გახელებული ქარი მწივანა დაგმანულ სარკმელს
თავ-პირს ახლიდა,
დარდებს დაფარულს,
ვით შემოდგომის გადამხმარ ფოთლებს,
თავზე მაყრიდა...
წუხელი ვერა, ვერ დავიძინე!
ვიცი ატყდება დღეს ქარიშხალი, მერე იწვიმებს...
ეს დილამც იგრძნო,
როს ნაცრისფერი დღის პეიზაჟი გამოაჩინა.
აი, სურათიც:
ბეღურები წივ-წივ-წივწივებს,
ნესტარს საკბენად ილესავენ
ბუზანკალებიც,
საბუდრებისკენ მიმორბიან წიწილ-ქათმები,
შეშინებული კუდს იპრეხს კატა,
ბაყაყის ყიყინს ვეღარ ფარავს ძაღლების ყეფა...
ფუტკარი არ ჩანს,
ფუტკარი არ ჩანს;
როგორც სჩვევია, ასეთ ამინდში სკას არ დატოვებს!
აქსიომაა – ნამდვილ საქმეს აკეთებს ვინაც,
ყუჩობს ყოველთვის, ყოველგან და ყოველ დროში!
ესეც წესია – დარს ავდარი ცვლის, ავდარს კი – დარი
და გადაივლის ეს ქარიშხალიც!

აჰასფერის მონოლოგი

ო, ღმერთო ჩემო, რარიგ შეგცოდე,


თუმც უნებლიეთ, მაგრამ მაინც შევცოდე რარიგ,
ვერ შეგიცანი დაღლილი და ჯვარზე გაკრული,
ვეღარც სალბუნად დაგედე და ამას ვინ ჩივის,
ვერ მოგაწოდე მწყურვალეს წყალი.
სულს ძლივს ითქვამდი, ჩამოძონძილი და გაზინთული
ჩუმად ოხრავდი
თურმე მესია,
მე კი ყაჩაღი, ავაზაკი მეგონე ერთი...
მჭიდროდ დავგმანე გულის კარი და
ჭილოფის სკამიც გვერდზე მივწიე,
ეს რა ეშმაკი შემიჩნდა, ღმერთო!
გულაღრენილმა ამ ცხოვრებაზე და ბოღმით სავსემ
ჯავრი შენზე ამოვიყარე
და ხელი გკარი ჩემი სახლის კედელს მიყრდნობილს,
ვაიმე, ღმერთო,
რა უცნაური გქონდა თვალები,
როს განაჩენი გამომიტანე:
მეცხოვრა მარად, დამხშობოდა სიკვდილის კარი,
მეხეტიალა დედამიწაზე, მზეში თუ ბნელში,
ვყოფილიყავ ხანაც მეფე, ხანაც სარდალი,
ხანაც მეჯოგე, ხანაც გლეხი თუ სოვდაგარი,
ბრძენი თუ ხელი,
სულის სიმშვიდე კი ვერსით მენახა
შენს მეორე მოვლინებამდე ამ კაცთა შორის.
ო, რა ძნელია, სულს მიყინავს ეს განაჩენი, –
მარადი ყოფნა დედამიწაზე,
არასდროს რომ არ ხუცდები და არცა კვდები,
ვერ ეკონები დედამიწას უთბილეს გულში,
ეს რა გოლგოთა მომისაჯე, მაღალო ღმერთო!
ცოდვით დაცემას ამაღლება თუ არ მოჰყვება,
რაა სიცოცხლე...

ხვედრი

ბედისწერამ იდუმალმა და ამაზრზენმა


თავს მომახვია ლაოკოონის სასტიკი ხვედრი,
გაწამებული და დაგესლილი
ჩუმად ვკვნესი და ტანჯვას ვიოკებ...
სულს ვერ გავყიდი,
დახმარებას ვერ ვთხოვ ბევრასფის –
უფალს გველების,
მტრებს, დაფარულს თუ გამოჩენილს
ტუჩზე ღიმილით...
ვერ იყვავილა სიხარბემ ჩემში
და არც ანკესზე არ წამოვეგე,
ვითომ საშველად რომ გადმომიგდეს...
დიდი ხანია, უხილავი იქცა ხილულად,
ზოგჯერ ხილულიც უხილავია...
ტკივილმა გული გამიქვავა და
როგორც მინერვა, ასული ღმერთის,
მიწიდან ვიღებ ქვას უზარმაზარს
და ჩემი რწმენის ძალით აღვსილი
გაგულისებით ვებრძვი ჰიდრებს
ახლა უხილავთ,
აურა რომ მოუწამლავთ თავიანთ შხამით...
გამიორკეცე, უფალო, ძალა!

* * *

წვიმა არ იყო და მაინც წვიმდა,


მზეს ჩაჰქრობოდა სხივი ნათელი,
სადღაც, მინდორში ჭრელ პეპელას
ფრთა მოეკვეცა ყვავილის გულში,
კვდებოდა ჩუმად და შეუმჩნევლად...
ცისფერ ცრემლებს ღვრიდა ყვავლი,
მე გავიგონე კვნესა კესანეს...

* * *

რაც თავი მახსოვს, ნირუცვლელია


(სხვის თვალში ბეწვს ხედავს)
აგრესიული (ნამდვილი ენერგოვამპირი),
ყვავივით დამჩხავის თავზე და სევდას მიღვიძებს...
ჯერ კიდევ მაშინ,
ქარს რომ ვჯობდი სილაღესა და სისწრაფეში,
დონდლოს მეძახდა,
ჩემი არც ქცევა მოსწონდა და არც საუბარი.
– რამდენს ლაქლაქებ, სად პოულობ მაგ სიტყვებს ნეტა,
ახლა მასე ვინ ლაპარაკობს? ანდა ვინღა წერს?
– რა ტანადია, – თქვა ვიღაცამ, რომ დამინახა;
– შენ და ტანადი? – გაიკვირვა და გაიცინა,
– რა გახდარი ხარ, რა გეშველება;
მომემატა როცა ასაკი, როცა დავქალდი და რომ იტყვიან,
ხორცი შევიბი, სულ ამიხირდა:
– რამ გაგასუქა, დაიცავი ზოგჯერ დიეტა;
ერთხელაც, აღარ დავტოვე უპასუხოდ და წყნარად ვუთხარი:
– შენ თავს მიხედე, მე რას მიყურებ,
როგორიც ვარ, ვიყო ასეთი,
არ ვნაღვლობ სულაც, მთავარი არის გულში რა მიძევს,
არავინ არ მძულს, არ მშურს არავის, სუყველა მიყვარს...
– ვაი შენს პატრონს, ვერ ხარ ჭკუაზე, ღმერთს ეჯიბრები,
ყველა რომ გიყვარს, ყველას რომ სწყალობ და ეფერები?
ისე იცოდე, უაზრო გამცემი არც უფალს უყვარს.
– ჰო, კარგი, კარგი, შენსას არ იშლი,
როგორაც გსურდეს, ისე იწამე,
მე რა გამგე ვარ, დაგიწესო ჩემი ნორმები...
– არ მჯერა შენი, არ ხარ გულწრფელი, ვითომ კეთილი,
როლს თამაშობ... ტკბილმოუბარი?
არა, უფრო პირფერი ხარ, თავს ვის აწონებ?
რა ვუპასუხო, აზრი არ აქვს,
მას სურს ასე დავინახო საკუთარი თავი,
სულ გამომწოვოს სულის ძალა და ყველა უნარი...
გვიან მივხვდი,
სხვათა გაკიცხვა მრავალთათვის სულის პურია,
ჰოდა, სხვის მისაწონს რას გააკეთებ.
სჯობს თავს საკუთარი თვალით შევხედოთ.

* * *

გვიან მოვიდა ეს გაზაფხული,


უფერული და სხივებჩამქრალი,
აღარც მზე მზეობს,
დღე გაცრეცილა,
ღამე? – სკვარამი,
ვარსკვლავებიც აღარ ბრწყინავენ;
ქარი კი, ქარი ქრის გამძაფრებით
და გადაუღებლად წვიმს,
უკვე რამდენი დღე და ღამეა,
ლამისაა წყალმა წაგვიღოს...
უშენოდ შვტლო,
გაზაფხული არ გაზაფხულობს...

* * *

მომკვდარიყავი, ჰო, ალბათ სჯობდა,


მყუდროდ და მშვიდად განვისვენებდი
და ჩემს საფლავზე ამოზრდილ იებს
იქნება ეთქვათ ჩემი სათქმელი...
რომ მე ვარსკვლავი ვიყავი ერთი,
შორეული და უცხოდ მბრწყინავი,
ნისლოვანებში ამონთებული,
მედროვეთაგან შეუნიშნავი...
რომ მე ვიღაცამ დამნომრა ცაზე,
თვითნებურად და სუბიექტურად,
ვერ გავექეცი შურს და სიძულვილს,
გზას მიღობავდნენ სიცილ-სიცილით,
განზრახ დუმდნენ და
არად მაგდებდნენ,
სამაგიეროდ, მბჟუტავ ვარსკვლავებს
ოდებს უძღვნიდნენ
და უგალობდნენ,
მათთან ნამდვილად არ იყო ღმერთი;
კვდება სატანა ჩუმი ხითხითით-
განა არ იცი? მე გავიმარჯვე,
მე ვარ ძლიერი!
– შენ ხარ ძლიერი? თუ პირიქით,
სუსტი ხარ, სუსტი,
მედროვე და უტიფარი,
მართლაც სატანა!
დადგება დრო და შეიცვლება
აქ ყველაფერი,
სიმართლე უძლეველია,
ისე ვით ღმერთი!

* * *

სხვისი გაკიცხვა
უმეცართა ჩვეულებაა;
გავითავისე ცოდნა რამდენიც,
შევიცვლე საბედნიეროდ,
აღარ ვგმობ არვის,
და არც არავის არ განვიკითხავ...
მადლობა ღმერთო, რომ ამავსე შენი წყალობით...
და ცხადი გახდა – სხვას რომ გაუგო,
არ გაკიცხო, არ განიკითხო
და მიუტევო,
უნდა გახდე გულით სავსე და
სავსე გონებით,
გაათავისუფლო მონა საკუთარ თავში...
კი, შეიცვლება ქვეყნად ყოველი,
თუ კაცი სულის ბორკილებს დაძლევს...
– შენ შეიცვალე, – მესმის ძახილი,
გწყალობს ზენაარი, ხედავ?!
ჰო, შევიცვალე,
შევიმეცნე და გულში ვახარე
მცნება მრავალი,
რა მდიდარი ვარ...
გიკვირთ? ნუ გიკვირთ,
ეს კანონია თავად ბუნების –
ცვლილება რაოდენობრივი
იწვევს ცვლილებებს თვისებრივს...
ახლა სამყაროს მუსიკაც მესმის!
მე და ის...

– ყოველი დღე სასწაულია,


გათენება,
დაღამება,
მზის ამოსვლა, მზის ჩასვლა,
ვარსკვლავიანი ცა,
მზე, მთვარე,
ადამიანის დაბადება,
მთელი სიცოცხლე,
მთელი ბუნება სასწაულია –
ღმერთის დიადი შემოქმედება!
– რა სასწაული,
არ არსებობს სასწაულები,
ეს ბუნების მოვლენებია,
მეცნიერ, მცოდნე ადამიანს შეუძლია
ბუნების შეცნობაც და შეცვლაც – მპასუხობს ის...
ვიღაცა? არა ბატონო, ერთი სწავლულია, ჭკუას მარიგებს:
– მიწიერ ზღუდეს რომ არღვევ,
ვინა ხარ შენ?
ჰოდა, იყავი ახლა მარტოსული და მიუსაფარი;
ღვთაებრივს გინდა ეზიარო?
ხალხი შეშლილად ჩაგთვლის...
ეს ჯერ კიდევ ოცდასამი საუკუნის წინათ იცოდა პლატონმა,
რა ვერ გაიგე?!
– ვერ გავიგე? მგონი პირიქით,
თავად ვერ გრძნობ ნატიფი სამყარო რომ გვიახლოვდება...
– ნატიფი სამყარო? – სულთა სამყარო?
– დიახ, მალე „გამყოფი კედელიც“ გადაიხსნება
და სიყვარული უკიდეგანო,
მთელი შესაქმის ანი და ჰოე,
ჩვენში რომაა კოდირებული,
შეგვაცნობინებს მთელ სამყაროს,
თავად უხილავს.
– ნეტარ არიან მორწმუნენი. – მპასუხობს ის.
– ნეტარ არიან, ნეტარ არიან,
რამეთუ ჩვენშია ღვთის სასუფეველი!
– ამ პასუხზე ირონიულად ჩაიღიმილა...
წყალობა ვუსურვე და გავეცალე.
წინ გზა მოჩანდა ჩამავალი მზის დიადემით.

* * *

რა საუცხოოდ გათენდა, ღმერთო,


გამომეცხადე როცა ამ დილით,
კარებთან იდგა ლერწამა გოგო,
ხელში ყვავილით...
– თქვენთვის დავკრიფე ეს ყვავილები,
გამოანათებს მზე მშვიდობისა,
არ დაიდარდო,
გამოიდარებს, – მითხრა ღიმილით.
ათასი სახე რომ გაქვს უფალო,
ასჯერ ათასი გამოცხადებით,
ასჯერც დავრწმუნდი: –
იაც ხარ, ვარდიც, ხეც მსხმოიარე,
პეპელა ჭრელი, ღაბუა ჩიტი...
ვინ, ვინ ჩამოთვლის!
მთელი ბუნება სულია შენი,
ფერად ნაირი და უსასრულო,
წყარო სიცოცხლის!

ოღონდ იწამე

გულის კარები რომ დაგმანე


და ცხრაკლიტულით გადარაზე,
მითხარი ერთი, ვით ჩავაღწიო შენს გულგრილ გულში,
როგორ დაგიხსნა სიკვდილისაგან,
და ჯოჯოხეთის საუფლოსგან როგორ დაგიხსნა,
ვით დაგანახო რომ დღეები მოგელის მძიმე,
თუ არ მიწამე...
მე არჩევანის გიბოძე ნება,
შენ შეგიძლია აირჩიო რაიც გულით გსურს –
სიკეთე და სიყვარული,
ანდა პირიქით, მხარი აქციო ამას ყველაფერს,
შეუდგე ბილიკს ამპარტავნების,
ააყვავილო ცოდვები შენში
და მიწიერი სიამით მთვრალმა
სულ მიმივიწყო თავდადრეკილი,
გოლგოთის შარას რომ მივყვები ეს რა ხანია,
და შენზე ვფიქრობ...
მზვაობარის ბილიკია მუდამ საშიში,
სად მხეცი ბუდობს მარადიული,
უფრთხილდი ამ გზას, მაცდურია ძალზე სატანა,
გადაგიბირებს ლამაზი სიტყვით...
ძღვენი კი ჩემი – მადლიანი და მთლად ციური
თვალით არა ჩანს –
წყარო სიცოცხლის მუდამ არის საძიებელი,
თუკი მოძებნი, დარწყულდები კიდეც მწყურვალე,
ოღონდ იწამე,
გაუღე რწმენას დახშული კარი და
მოეფერე სასურველ სტუმარს.

* * *

ეს სამსჯავროა, მოსამართლეა დიახ, თვით ღმერთი;


ვინ ხარო, მკითხა, რას საქმიანობ,
ეს შენ ნავარდობ ოცნების ფრთებით?
– ვინ ვარ?
ია ვარ, ია, დედაენაში გაღმერთებული,
ხანაც კი ვაზი, დახუნძლული და მსხმოიარე,
ხან მერცხალი ვარ, ხანაც ნიბლია,
ქართული ლექსის სავსე ვარ მთვარე.
ზეცა და მიწა, ჰაერი, წყალი,
ელვა და მეხი, ღრუბელი, წვიმა,
ჩემი ფიქრების იყო სათავე,
და ყველაფერი ამქვეყნიური
ჩემში ხარობდა და იზრდებოდა როგორც მცენარე.
დღეს ნათელი ვარ,
გამოვიდარე, გამოვნათდი, მზედ ამოვენთე,
ზეცის თავანზე ვერ იხილავ ჩემზე უკეთესს
და ნუ გამრიყავ, შენ გენაცვალე!
ბუნებისაგან მოვლენილო მწედ და მეოხედ,
ეს შენი სული ამოენთო ჩემს არსებაში,
გალობს ბულბული, ამოფრინდა ჩემი გულიდან;
ამ წყალობისთვის გმადლობთ, უფალო!

* * *

ღრუბლებო, ჰეი, ღრუბლებო,


საით გაგიწევიათ, საით მიიჩქარით,
ცხრა მთის იქით რა გესაქმებათ,
რა, პირი შეიკარით?
მალე ქარი შემოგიტევთ,
გაგფანტავთ და შეგაშინებთ,
ვერ დაემალებით მზეს – თაკარასა და მწველს,
გიჯობთ უაზრო ხეტიალს შეეშვათ,
მოიხსნათ ნისლის ქათქათა თავშალი,
და ჩემს ეზოში ჩამოიხედოთ –
საავდროდ კი არა, საკეთილოდ;
გადახრუკული მინდორი ხომ დაინახეთ,
გული არ დაგეწვათ, ტირილი არ მოგერიათ?
ჰოდა, ატირდით, ატირდით,
ჩამოიღვარეთ ცრემლებად,
გაწვიმდით...
აქ, ჩემს ეზოში, მასხურეთ უფლის ნაკურთხი წყალი,
მაჩუქეთ იმედის ავგაროზი (ავი თვალისაგან დამიცავს),
იქნება აღვდგე მკვდრეთით!
იქნება სამყარომ დამიგდოს ყური,
ჩემი ხმა მისწვდეს უშორეს გალაქტიკებს –
SOS, გადაარჩინეთ დედამიწა – ჩვენი პლანეტა!
წუხელის, გვიან

წუხელის გვიან, აჩრდილი ღამის


ლამობდა სახლში შემოპარვას,
ღია ფანჯრიდან გალეული მოჩანდა მთვარე,
უკანასკნელი მეოთხედის წამებს ითვლიდა...
სადღაც ძაღლები ისე ყეფდნენ,
ტანში მზარავდა,
ასე მეგონა, უბედურება ახლოვდებოდა;
უბედურება ყმუის? – მკენწლავდა ფიქრი,
რა ეშველება ჩვენს ცივილიზაციას,
ზეტექნიკურს, მაგრამ უგულოს,
აპოკალიფსის მომლოდინეს,
სხვა პლანეტაზე სიცოცხლის მაძიებელს,
ომებითა და კატასტროფებით შეწუხებულს,
იქნებ, წარსულში დაბრუნება სჯობს?
იმ სამასი მილიონი წლის წინ,
როცა პირველად ავიდგით ფეხი და
ცაში ავიხედეთ:
სამყარო ამოივსო ჩვენით,
მეწამულად აკაშკაშდნენ ვარსკვლავები,
ამოენთო მთვარე,
მისი ახლოს დანახვა მოგვინდა,
მაგრამ... ცას ვერ შევწვდით და ყვირილი დავიწყეთ,
გონების თვალმა იწყო ახელა...
მთვარეს მგლებიც შეყმუოდნენ
და ძაღლებიც უყეფდნენ,
დიახ, მაშინაც,
მაგრამ ჩვენს ყვირილს სხვა ძალა ჰქონდა,
სულ სხვა წადილი...
უცებ გამიწყდა ფიქრის გორგალი,
რა დამემართა?
დავლანდე, სიკვდილი დაიძურწებოდა ოთახში ქურდივით,
გავბრაზდი და ის გარეთ გავაგდე.
* * *

კეთილო სამარიელო,
ჰო, მე შენ კეთილი სამარიელი გიწოდე,
მერე რა, რომ მუდამ ჩრდილში ხარ და
მძიმე უღელს ეზიდები,
ისე ჩუმად ხარ, რომ ანგელოზები
ფეხაკრეფით დადიან შენს გარშემო,
შენ ღარიბ ტაბლას ამბროზიის ასდის სურნელი;
მადლობა უფალს,
არ დაემსგავსე უგუნურ მდიდარს,
თავისთვის რომ აგროვებდა განძს და
ღმერთი არ ახსოვდა,
ღმერთი დაივიწყა;
შენ კი ბედნიერი ხარ –
ყველა სტუმარი ღმერთია შენთვის,
მათხოვარისთვისაც გაქვს საგზალი გადანახული,
მზად ხარ, თუ უჭირს, მტერსაც ხელი გამოუწოდო,
შენს გულში ფეთქავს მთელი სამყარო,
ბობოქრობს, კივის და მირაჟებს ამრავლებს...
ჟამთცვენა, ქაოსი, ომი და სტიქია
შენ ვერ გაშინებს...
ფსალმუნებს მზისას ეწაფები ყოველი დილით,
ღამით ვარსკვლავებს ვით ყვავილებს
აწყობ ლარნაკში და ფიქრის ლამპრით გზას მიუყვები,
ებრძვი დევებს –
ხანაც ხილულს,
ხანაც უხილავს.
გავიგე, მივხვდი, რა გაძლევს ძალას –
ღმერთში ხარ მდიდარი,
ღმერთით ხარ სავსე!
* * *

სამოცდაექვსი საკრალური წიგნი – ბიბლია –


შემოქმედის ინსპირირებული სიტყვა,
პლანეტის ნამდვილი განძი და საუნჯე,
ხელთუქმნელი და უკვდავი,
საუკუნენი გადალახა და ჩვენამდე მოვიდა
ღრმადასაკოვანი;
3500 წელია ნირი არ შეცვლია სამანგამოღწეულს,
ორმოცი განდობილი და ნათელღებულის დაწერილს,
სიბრძნის უშრეტ წყაროს,
მძივებივით ასხმულ სტრიქონების კრიალოსანს,
მსოფლიოს ქრისტიანული ქვეყნების პინ-კოდს,
შესაქმის ჭეშმარიტ ისტორიას...
პირველი მწერალი – მოსე,
ბოლო მწერალი – იოანე,
პირველი შემოქმედი – ღმერთი,
პირველი ადამიანი – ადამი,
პირველი მეამბოხე – სატანა,
პირველი ქალი – ევა,
პირველი ცოდვილი – კაენი,
პირველი მსხვერპლი – აბელი,
ბოლო მსხვერპლი – ბოლო არ უჩანს...
ნანატრი მესია – ქრისტე,
ახალი მესია – ჯერ არ დაბადებულა;
ახალი ბიბლია – ჯერ არ დაწერილა,
მაგრამ ვიცი დაწერს ეს საუკუნე!

ნუგეში

ცას რომ ცრემლები ჩამოსდის,


ცა რომ მწუხარეა და მტირალი,
გული მეწურება –
ვაითუ ღვთისმშობელი ტირის...
ქარი ფანჯარას ერკინება,
ჰაერში ცახცახებს შუქი,
წვიმა მიკაკუნებს ფანჯრებზე –
სახლში შემომიშვი...
სტუმარი ღვთისაა,
მაგრამ სად თქმულა სტუმრობა წვიმის,
რომ შემოვუშვა,
ვაითუ სველი თითებით
ობობას მოქსოვილი კედლები დამინგრიოს
და წყალმა წაიღოს ეს ჩემი კერია,
მაშინ?!
ვით მივატოვო ეს ჩემი სახლი,
ლოკოკინას გამბედაობაც რომ სანატრელი მაქვს;
ჰო, შევეზარდე ამ სამყაროს ჩუმი მოთმენით
და სულის ხუნდებს დამიმძიმებს
წვიმა ნამდვილად...
ამიტომ წვიმავ, ვერ იქნები ჩემი სტუმარი!

მგონი გამიგო წვიმამ,


ისე შეანელა ტემპი,
მალე გადაიღებს ალბათ,
მესმის ჩურჩული გრძნეული წვეთის:
– მშვიდად იყავი,
ორფეოსმა დაკვრა შეწყვიტა,
სიკვდილის სიმებს ააჟღერებს
ახლა ვერავინ,
უფალმა დაგიცვა
და აგაცილა წარღვნა და მეხი.
შეხედე ზეცას
თავზე გადიკრავს ის ცისარტყელას,
ეს ნიშანია და ზეციური დიდი ნუგეში!

მზის საგალობელი

დავბრმავდი თითქოს, დამეშრიტა ნათელი თვალთა,


ალიონისას მაინც ვხედავ ვარსკვლავებს მიმცხრალს,
და გათენებას, ვით ღვთის წყალობას, ისე მოველი...
ფარშევანგივით შეიფრთხიალა ფიქრმა ობოლმა
და პალმის ტოტზე შემოსკუპდა მზის მოლოდინში...
ვიღაც მამხნევებს, მაგულიანებს ვიღაც ზეციდან:
– არ ჩაიმუხლო, არ შეშინდე, არ შეეპუო,
გაუძელი და დაითმინე დღეთა კირთება,
ღამე წკვარამი და ჩარაზული ოცნების კარი...
მალე, სულ მალე, მზე ამოვა, ამოანათებს,
მზე გაგიქარვებს ურვას და წუხილს,
სევდას და ნაღველს,
და შორეული ზმანებების უცხო პეიზაჟს
ფეხქვეშ გაგიფენს...

მე ვარ ბალახი

მე ვარ ბალახი, მობიბინე მწვანე ბალახი,


მზეს არ დაუდგამს ჯერ ჩემთვის თვალი.
წუხელი გვიან გავიღვიძე,
მომეალერსა და მომეთბო მე მთვარის ალი...
ნაზმა კესანემ დანანებით წამომკრა მხარი
და დარდიანმა ჩურჩულით მითხრა:
რა გაჩქარებდა, ყოფილიყავ მიწაში ჯერაც,
მალე ინანებ სულწასულობას,
ფეხს დაგადგამენ,
გადაგივლიან,
ათასი ვინმე მიმოდის გზებზე,
ეჰ, ჩემო კარგო, გვერდს ვინ აგიქცევს...
ფეხს დამადგამენ?
ღმერთმა შეუნდოთ,
რამეთუ კაცნი ბრმად დადიან
და უსულგულოდ,
ეჰ, საცოდავნი...
რას დამაკლებენ,
ვერ შემიცვლიან იოლად სახეს,
ახალი ძალით,
ახალი რწმენით,
ამოვიწოვ ნექტარს მიწიდან
და ისევ წელში გავიმართები,
მე, მობიბინე ბალახი მწვანე.
ეს მერამდენედ

ეს რა ხანია იმედების გადახმა ტოტი,


ვხედავ, ბარაბას ამჯობინებენ,
ეს მერამდენედ დამახურეს გვირგვინი ეკლის,
ეს მერამდენედ გამაკრეს ჯვარზე...
ბოლო არ უჩანს ამ მისტერიას...
მოციქულები, საით გაქრნენ მოციქულები,
ის მეთორმეტე, ღმერთო ჩემო, რა პატივშია...
ფარისევლებს და მებაჟეებს უდგათ დარები,
ფრაკით მოსილნი მოსაწვევებს ელოდებიან
„ტრავიატასი“...
რესპექტაბელურისო თუ არა გაქვს შეხედულება,
არ ჩაგაგდებენ პანტის ჩირადაც,
ნუ დაღონდებით,
თქვენთვის ქარი ახლა შეთხზავს „მთვარის სონატას“,
მიგიპატიჟებთ პრემიერაზე განთქმულ ბულვარში...
თქვენ კი, ბატონო,
დიდ თეატრში თუ წაბრძანდებით,
არ მოიწყენთ,
დამერწმუნეთ, გულით იცინებთ,
დღეს სპექტაკლია მარიონეტთა, ბოლო სპექტაკლი –
„ახალი დროის დონკიხოტების ჯვარცმა“...
ეს მერამდენედ დამახურეს გვირგვინი ეკლის,
ეს მერამდენედ გამაკრეს ჯვარზე!

რომელსაც ვესავ

სხეული ჩემი, გამოფიტული და მომჩვარული


ჯერ კიდევ სუნთქავს,
ჯერ კიდევ ებრძვის შემორჩენილ უცხო უჯრედებს,
სამოც ტრილიონს აღმატებულმა უჯრედმა ერთმა,
მან ერთადერთმა გამწირა როგორ...
დისჰარმონიით დამასაჩუქრა და მომადუნა,
ვინ იყო-მეთქი, ვისი გენი გამომყვა მეტად,
პაპის?
დიდედის?
დიდედის დედის?
გამოიღვიძეს რეცესიულმა გენებმა ჩემში,
აბობოქრდა ქრომოსომა და ბრძოლაში გამომიწვია...
მემკვიდრეობას შეცვლის ვერავინ,
დედამიწაზე სუყველანი ვულკანზე ვსხედვართ
და ამოფრქვევის ყრუ მოლოდინში
დნმ-ს ვშიფრავთ:
ცილები + ნუკლეინის მჟავები = ქრომოსომას,
ანუ ესაა მემკვიდრეობის მთელი მექანიზმი,
წამწამის ზომით,
თვალებით, სახით,
ტემპერამენტით და ხასიათით;
ხედავთ, ბატონო, ყველაფერი გავიგე სწორად
და მართლა მჯერა მემკვიდრეობის,
თუმც უფრო მჯერა ჩემი თავის,
ჰო, ჩემი ტვინის –
ღმერთის გონთან მიმსგავსებულის,
რომელსაც ახლა ბრძანებას ვაძლევ,
არ შეეპუოს ქრომოსომების უწესო ქცევას,
ჩემს ხვედრს განსაზღვრულს
და გაიმარჯვოს...
მეკავშირეა განწყობა ჩემი და ნებისყოფა,
რომელსაც ვესავ...
და დღეებს ჩემსას უფერმკრთალდება
წყვდიადის ჩრდილი.

საჩუქარი

ეს ქარები და ეს ქარაშოტი,
ეს გრიგალი და ეს მეხთატეხა,
ეს ზამთარი და ეს გაზაფხული,
ეს ყვავილები,
ეს ხეები, მთები და ზღვები, წყარო, მდინარე...
ეს ვარსკვლავები ასე შორი და ასე ახლო,
ჩემში იზრდება, ჩემში ხარობს და ჩემში სახლობს...
ცამ კარი გახსნა – იდუმალი სასახლის კარი,
დილის ბინდბუნდი შემომეგება,
უცხო ფრინველი შემოფრთხიალდა და აჭიკჭიკდა,
უცებ გათენდა...
მიწას ვარდისფრად შეეფაკლა ნაგვემი სახე,
სტუმრად მეწვია ტურფა მირკანი
და ღვთაებრივი საჩუქარი მომიძღვნა რიდით –
ია-იებით აყვავებული დიდი მინდორი.

გამოცდა

ფეხი შემოვდგი ამ პლანეტაზე ჟამსა უჟამოს


და დედამიწის ერთ პატარა, ზღაპრულ მხარეში
მე განვაცხადე ჩემი ღვთიური წარმომავლობა...
უცებ დაეჭვდნენ და უმალ მკითხეს:
რას გავაკეთებ,
რა მსურს,
რას ველი,
შევცვლი რაიმეს იმათ ყოფაში,
მე უასაკო, თითქმის უცნობი...
შემოქმედმა სამყაროისა კი მოისურვა
გამოცდა ჩემი –
სასწორზე დადო ორი განძი,
სიბრძნე,
სიმდიდრე...

გადასწონა სიმდიდრემ ძლიერ...


– ერთ-ერთს გაჩუქებ, რომელს აირჩევ?
– რომელს ავირჩევ? ეჰ, ამორჩევა ძნელი არის,
თითქმის სარისკოც...
ჩუმად ჩამესმა:
– ხედავ სიმდიდრეს, რაოდენია, დასტაცე ხელი...
– ო, არა, არა, განვედ სატანავ,
რა თავში ვიხლი სიმდიდრეს, როცა სიბრძნეა აქვე...
ზურგი ვაქციე სიმდიდრეს და
ვარჩიე სიბრძნე...
სიბრძნის არჩევით დავისაკუთრე სიმდიდრეც თურმე!
ჭეშმარიტება

დედამიწამ უნატიფესმა
და მორიალემ მწვანე ფერებით,
ვერ დაიტია ჩემი სული – გიზგიზა ცეცხლი...
ეს რა ხანია გავცდი ჰორიზონტს,
ამ პლანეტარულ აზროვნებას, წესებს და ზღუდეს
და ცაში ელვას დავემგზავრე ფრთებშეტრუსული;
სანამ კოსმოსში ჩემს სახლს მივაგნებ
მე – ციცქნა ხატი შემოქმედისა,
ვარსკვლავებს შორის დავძრწი და დავქრი...
და მსურს შევიცნო მთელი სამყარო,
თავად გონებაც უდიადესი;
მამაო ჩვენო,
მამცნე სრული ჭეშმარიტება,
ერთხელ მაინც მახილვინე სასუფეველი...
აი, ღრუბელი, ისე ვით დაფა განათებული,
წინ გამობრწყინდა ღვთიურ სიტყვებით:
აქ რას დაეძებ, შვილო ჩემო, აქ რას დაეძებ,
თავს ჩაუკვირდი, ჩაიხედე საკუთარ გულში
და შენი სულის შეისწავლე ყველა ანბანი,
ყველა ჯურღმულში ჩაიჭვრიტე,
ლაბირინთს ჩაჰყევ...
არ შეგეშინდეს,
უფრო თამამად ჩააბიჯე, ე, მაგ კიბეზე,
ხედავ საფეხურს, ბოლო საფეხურს,
თვალისმომჭრელად ციალებს ალი,
ჩაჰბერე სული, გააჩაღე კოცონი, ჩქარა!
ვინ ვარ?

ვინ ხარ, მკითხველო,


რომ კითხულობ ჩემს სიმღერებს
ასი წლის შემდეგ?
რაბინდრანათ თაგორი

ვინ ვარ? – მარადი შეყვარებული


და როგორც ყველა ნამდვილი შეყვარებული
ძალიან დიდხანს ვიყავი ჩუმად
და სიტყვებს შენსას,
ოქროცურვილ შენს გრძნეულ სიტყვებს,
ვავლებდი ფრთხილად ჩემი სულის სავსე ემბაზში.
მიხმობდი გზნებით,
მაგრამ შეხვედრას არ ვესწრაფოდი,
რადგან გზა იყო შორი და გრძელი;
ბოლოს კი მაინც დამძლია გულმა,
გზას დავადექი და
ასი წლის მერე, შუაღამისას გამოგეცხადე
შენი ბაღნარის უსიერ ტევრში
და გვირგვინოსანს მოგეახლე თავდადრეკილი.
ფერადოვანი ყვავილების შარავანდედში,
დაღლილი მთვარის შუქზე,
უცხოდ ბრწყინავდი...

მე სილამაზემ დამატყვევა სამარადისოდ.


გთხოვე ყვავილი ლოტოსისა,
ერთი მისხალი სიტყვათა ოქრო
და მოგონება სურნელოვან შემოდგომისა,
როს სულს გივსებდა
„წყაროს ჩურჩული და დეოდარის ფოთოლთ შრიალი“.
შენ გაიკვირვე:
– ო, სანატრელო,
მომაგენი ასი წლის მერე?
როგორ გელოდი,
გიგალობდი და სიმღერებს ვავსებდი შენით;
ახლაც გული კრთის და ცახცახებს შენს დანახვაზე,
მარტოობისას გეძებდი როგორ,
თავდავიწყებით გნატრობდი როგორ...
ეს ასი წელიც ჩაიფურცლა ვითარცა წიგნი,
მე ისევ ის ვარ,
შენაც ოცნებით გიბრწყინავს თვალი...
ჩახედე შენს გულს, რა ხანია განიხვნა ბჭენი,
ყვავილწნულს ელვის დაელოდე საკუთარ ბაღში,
საგზლად წაიღე ნობათი ჩემი –
„ასი წლის წინათ აფეთქებულ გაზაფხულისა“.

* * *

არ დამპატიჟეს, არ მიმიწვიეს ზღაპრულ ნადიმზე,


პელევსისა და თეტიდას ზღაპრულ ქორწილში,
სადაც სიმდიდრემ ათასფერად იჩინა თავი...
უსაჩინოსნიც ისე მრავლად შეკრებილიყვნენ,
რომ ულამაზესს აღარ დარჩა ადგილი თვისი...
მე ოქროს ვაშლი გავისროლე მენადიმეთკენ,
რომ უმშვენიერესს რგებოდა იგი...
სინამდვილეში ეს შემთხვევაც დამთავრდა მტრობით.
მე კი მომნათლეს ქალღმერთ ერიდად...

გზები მეძახის

ეს ის დრო იყო, როცა ჟამი იწყებდა ათვლას...


მე თავად მიკვირს,
ისე დავუსხლტი იმ საოცარი წამის არტახებს
და იდუმალ და გამოუცნობ ნისლოვანებში
ამოვიზარდე და ავენთე ლურჯ ვარსკვლავებად...
ეს ჩემი სული ჩაეხვია
ცის დედოფალთა მხურვალე გულებს...
როს ნოსტალგია მომეძალება იმ დიადი და გამოუცნობი
პირველი წამის,
სიზმრის ბილიკებს გავუყვები,
ვით მოკალმასე ბერი ეული...
მიმზიდველია ეს მწვანე ველი უსასრულობის...
დროც აღარ გარბის, შეჩერებულა ხეიბარივით...
ტანჯული ღმერთი რომ შეუდგა დიდიხანია,
ის უსასრულო და ულურჯესი გზები მეძახის...

* * *

ვით დანაიდთა ნაბოლარა ქალმა ლამაზმა,


ვერ გავიმეტე მე სიყვარული მოსაკვდინებლად
და სათნოებისათვის დამსაჯეს კიდეც,
რა უკეთური მერგუნა ბედი,
ყოველ ცისმარეს,
დანაიდივით უძირო კასრებს წყლით ვავსებ ხოლმე.
სიყვარულისათვის დამსაჯეს როგორ!

* * *

პეპელასავით გამიფრინდა დღე სიხარულის, –


როცა სიზმარი გამახსენდა ამ სისხამ დილით, –
ტყეს ბინდი აწვა, ხეებს მთვრალივით ჩაერგოთ თავი
და გაბმით ოხრავდნენ...

იელვა მთვარემ, ღრუბლის ფარდიდან გამომხედა


და რაღაც მანიშნა...
ხეს, ხეს შევხედე, ალვის ხეს, რხეულს,
ცად აზიდულს და უხვად დატოტვილს, –
ო, ღმერთო ჩემო, რა ხმებს გამოსცემს...
რა აშრიალებს ამ ალვას ასე, ლამის წაიქცეს...
ღმერთო, კეთილად ამიხდინე მე ეს სიზმარი!

* * *

გალაქტიკები, გალაქტიკები...
ვარსკვლავებით მოფენილი სამყარო ვრცელი,
დაუსაბამო და უსასრულო
მეპატიჟება ვით მასპინძელი და სტუმრად მიწვევს...
ძახილი მესმის, ძახილი მესმის...
თითქოს ვიღაცა ჩელას აკვნესებს
და შორეული ვარსკვლავთა ხომლი
მიახლოვდება ისე ძალიან,
ისე ახლოა ეს ყველაფერი და ისე შორი,
ისე თანდათან აიწია და ამაღლდა ეს ჩემი ჭერი,
ვერც შევიგრძენი, ცას რომ შევერთე...

* * *

თავზე მეღვრება ვარსკვლავების სხივების ჩქერი


და ფრთებშესხმულმა, როცა ირეალურის შევაღე ბჭენი,
ვერც სიხარული, ვერც გაკვირვება,
აღფრთოვანებაც ვერ შევიძელი...
ეჰ, ვინ ჩაწვდება სიღრმეებს ზეცის,
ან ვარსკვლავების იდუმალი ციმციმის მიზეზს...
აქ, არყოფნის მყინვარებაში
ვეღარ დაანთებ კოცონს ტრფობისას
და ვერ გაფანტავ ბურუსს ნაცრისფერს...
ვერ დაინახავ აისს და დაისს
და ყვავილებით ამოვსებულ კორდების უბეს...
აქ, არყოფნის მყინვარებაში...
ჰა, ირიჟრაჟა, ცამ თანდათან იცვალა ფერი,
ცა გამონათდა, ცას დაედო ფერი ვარდისა,
მიწამ დაისხა ტურფა ყვავილნი –
მე დავუბრუნდი ჩემს დედამიწას...

დიახ, მე ვარ!

„Ego vir videns“,


დიახ, მე ვარ კაცი მხედველი,
და სულაც არ ვგრძნობ თავს უბადრუკად
რახან მოვკვდები...
დღეს ცოცხალი ვარ,
დავაბიჯებ ამ მზისქვეშეთში
და ჩემი გონით ზეცას ვწვდები,
აზრებით ჩემით გადავსებულა სამყარო მთელი.

* * *

შენ შემაშფოთე, მზეო მაღალო,


როცა დავეშვი მთვარის გორიდან...
არ შემიძლია დავიჯერო,
მხოლოდ რიგითი რომ ხარ ვარსკვლავი
და იქნებ სიახლოვისათვის აღგიქვი დიდად?
ვერ გისწორებდი თვალებს კარგა ხანს,
მერე სათვალე შემომთავაზეს –
განსხვავებული, შავი მინებით და დაგაკვირდი –
ლაქები განუწყვეტლივ ადგილდებოდნენ და
ენთებოდნენ წითელ სვეტებად...
მერე გვირგვინიც გავარჩიე დიადი და მიუწვდომელი,
თვალისმომჭრელი... ეს მზიდან ამოფრქვეული
პროტონებიაო – მითხრეს.
მე გული დამწყდა, როცა დავაფიქსირე –
გავარვარებული მნათი ნივთიერებებისაგან
შემდგარი სფერო.
ასეა, როცა გლისპი ხარ მზერით,
ხელთ შეგრჩება გირჯაკი რამე.
მერე ვიაზრე:
არ მოგიხილო სხვების საზომით, თუ მსურს გიწამო,
შენი სხივების ვარ მოიმედე და შენთან ერთად
გზას მივუყვები ჰერკულესისკენ, რატომღაც მჯერა,
ზეახალი ვარსკვლავები გვერდით ჩაგვიფრენს და
უნებური აფეთქებები ჩვენ არას გვავნებს.
თუკი ვიწამე უხილავი, მიუწვდომელი და
გამაერთიანებელი არსება შენი.
* * *

ვერწმუნე ბარათს – ლამაზს, დაფერილს


და გეახელით ღამის ნადიმზე.
ფიანდაზებით მოფენილი ეს სრა-სასახლე,
მოჩარდახული ეს დარბაზები
ოქროსფრად ბრწყინავს, ციმციმებს...
კაცი თუ ქალი გახვეულა ატლას-ფარჩებში
და ნებიერად ცეკვავენ ვალსებს...
ო, აგერ ტახტიც, სასურველი ტახტი მეფისა
– მაგიური და მიუწვდომელი
ელის მეჯლისის სასურველ სტუმარს...
დამდეთ პატივი, გამორჩეული მართლაც პატივი
და ტახტზე დამსვით...
ძნელი ყოფილა ამ ტახტზე ჯდომა, უხერხული
და თანაც სარისკოც...
შემომეხვივნენ მოშურნეები, როგორც ღრუბლები...
რად არ ირწმუნეთ ჩემი სიტყვები –
რომ არ მიველტვი სოფლის დიდებას...
არა ვარ მტერი, არცა მოშურნე, არცა მეტოქე,
თვალი არ მიმდის არც თქვენს ტახტზე,
არც თქვენს გვირგვინზე,
მე თქვენ არც სატრფოს გეცილებით და არც სამეფოს...
ეს საპატიო ადგილია, თქვენ მე რომ დამსვით?
თქვენი ადგილი, ესე იგი, სამეფო სკამი?
და ახლა თქვენ გსურთ, რომ მადლობით მე მოგეახლოთ?
მერე მახვილი, ეს მახვილი ბასრი და მჭრელი
ასე სასტიკად რომ რიალებს ამ ტახტის ზემოთ,
სიკვდილს მიქადის... ვითომ არ იცით,
რა გაეწყობა, დე ასე იყოს,
ერთხელაც იქნება,
ჩამოვარდება ეს საშიშარი ბასრი მახვილი
და ვინ იცის, იქნებ, ჩემს მაგივრად ისევ თქვენ მოგხვდეთ!
იქამდე კი, მომაწოდეთ მაგ შარბათით სავსე ფიალა...
* * *

მე დავიღუპე ტროას ომში, შემოდგომაზე,


როცა ფოთლებს დაჰკრა სიყვითლემ.
იქამდე კი, საოცარი მქონდა ბავშვობა,
დედამ განმბანა ქვესკნელეთის თეთრ მდინარეში,
ვეჭირე ქუსლით, რომელსაც წყალი არ შეხებია.
უკვდავების წყლით ნასაზრდოებს რას დამაკლებდა
მტრის მახვილი, ანდა ისარი...
ო, მხოლოდ ქუსლი,
განუბანელი სუსტი ადგილი მქონდა სადარდოდ...
არცთუ უბრალოდ მინაღვლია თურმე ამაზე,
მტერმა შეიტყო ავბედითი ჩემი სისუსტე
და მისმა ისარმაც არ დაახანა...
ახლა დედაჩემს, ქალღმერთ თეტიდას ვთხოვ სასოებით,
თავისი ცრემლით ამოავსოს მდინარე სტიქსე;
აქილევსები ისევ მოვლენ ამ ქვეყანაზე,
გადასახდელი კიდევ ბევრი გვექნება ომი,
ჰოი, დედებო,
თეთრ მდინარეში თავით ფეხამდე განბანეთ შვილნი!

* * *

ვერ გამოვხსენი დახლართული კვანძი ცხოვრების,


ვერც საჩრდილობელი მოვნახე სადმე.
და დავალ ახლა ყარიბი და მწირი, ეული
და ვფიქრობ მასზე, ვინც პირველად ჩახლართა კვანძი;
მეფე გორდიას სურდა ეხილა ჭკუის ზეიმი,
მაგრამ სარდალმა კვანძი ხმლით გასჭრა
გამოხსნის ნაცვლად.

ესეც ქებული და საარაკო მაკედონელი!


ჩვენც ამ დღეში ვართ, ახლაც, ამჟამად,
ყოველ ცისმარეს ძალით გააქვთ ლელო ყოველგან...
ეჰ, სამწუხაროდ, ძალადობა მძლავრობს და ზეობს.
* * *

ვერ გავუძელი ცდუნებას და გავხსენი ყუთი,


ეს საქარწინო საჩუქარი მაღალი ზევსის.
არც გაფრთხილება მივიღე ყურად, არამც და არამც
არ გამეხსნა ეს ჭრელი ყუთი!
გახსნილ ყუთიდან მოფრინავდა რისხვა და სევდა,
ბრაზი, ვაება, სენი, სიბილწე ათასნაირი
და თოვლის ფიფქივით ეფინებოდა მთელ დედამიწას...
შეძრწუნებულმა ამ სიავით, დავხურე ყუთი,
მაშინ ჩამესმა უხმო ძახილი:
რად გამოკეტე იმედი ყუთში,
იმედი რატომ მიისაკუთრე,
ძრწოდე, პანდორა!

* * *

რა საოცნებოდ ჩუხჩუხებს წყარო ამ ზღაპრულ ველზე...


დაფერილა მზისა სხივებით
და მაცთუნებლად მიხმობს თავისკენ
დიდიხნის მწყურვალს...
მაგრამ ვერაგი მცველი წყაროსი,
მზაკვრულად მიმზერს...
– შემუსრე მტერი, რაღას აყოვნებ – ვიღაც ჩამძახის,
ვიღაც საომრად მაგულიანებს...
ნამიან ველზე, მოხასხასე მწვანე ბალახში
ამოიგრაგნა ულმობელი დიდი დრაკონი
და როს დაკეცეს შიშით ფრთები პეპლებმაც,
გაშმაგებული ვეკვეთე ურჩხულს...
ამოიხავლა ერთი დრაკონმა
და გამარჯვებულს იდუმალი ჩამესმა ხმაი:
ო, უბედურო, ვერ გრძნობ მომავალს,
რა განსაცდელსაც გიმზადებს ბედი,
გველად იქცევი,
დაიწინწკლები უცხო ფერებით და გააოცებ ადამიანებს...
გამოხდა ხანი და ამიცხადდა ეს საშინელი წინათგრძნობა,
სხეული ჩემი,
ჩემი უზადო ღმერთის სხეული უშნოდ დაგრძელდა,
ვხედავდი როგორ ვიცვლებოდი წამისწამებში
და ბოლოს მართლა გველად ვიქეცი.
როს ჩემი სატრფო ღმერთს შეევედრა,
თავადაც გველად ექციათ იგი,
მაშინ ვიგრძენი, განწირული ვიყავ მარადჟამს,
ვერ დავტკბებოდი ადამიანურ ბედნიერებით,
რაღას მარგებდა წყაროს წყალი,
ან გამარჯვებას რა აზრი ჰქონდა...
ურჩხული მოვკალ, მაგრამ თავადვე ვიქეც ურჩხულად –
ეჰ, ამაზრზენი დასასრული ჩემი გმირობის!
...ო, კადმოს, კადმოს, უშიშარო მეფისწულო ფინიკიისა,
ლეგენდებსა და ზღაპრებში შეხიზნულო ათასწლოობით,
დღესაც გიხსენებთ, დღესაც ჩვენში ხარ,
შუბშემართული და განწირული!

* * *

ჰო, ეს ქვეყანაც ჩამოჰგავს კრეტას,


აქაც მითები და ლეგენდები
ლუკმაპურივით გვკვებავენ როგორ...
აქ მეფის ნაცვლად რუხი ურჩხული –
მინოტავრი ასულა ტახტზე,
თავის ნებაზე მოაქცია ყველა სოფელი,
ყველა ბავშვი და ყველა კაცი მის სადიდებლად
აღავლენს ლოცვებს,
ღმერთს შეეტოლა სიდიადეში
და მრისხანებით აჯობა ცერბერს.
არ ჩანს თეზევსი, არც არიადნე...
ლაბირინთი კი უფრო მეტად ჩაეხვია მიწისქვეშეთში,
გზას ვინღა ჰპოვებს...
ღმერთო, სანამდის?
* * *

აქ, ამ ქალაქში ისე გზნებით და გამალებით მოისწრაფვიან,


თითქოს უკვდავების წყალი ეგულვით.
შემოსასვლელში კლდის თავზე ჩამოვჯექი
და აქ შემომსვლელ თითოეულ მგზავრს
ერთი სფინქსური კითხვა დავუსვი...
ჩამოიარა ათასობით მგზავრმა რჩეულმა,
ვერვინ ამოხსნა ეს გამოცანა.
ამ კაცებს ნეტა რამ დაუხშოთ გულისყური
და ფიქრის უნარი?
ჰადესის გზაზე გავისტუმრე ეს უმეცარნი
და დაღონებულმა ვიწყე ლოდინი –
ნუთუ ერთი მოაზროვნეც არ გამოჩნდება?
აი, ისიც, ჯერ უსახელო
და უჩინო ჭაბუკი ერთი ქალაქს ესწრაფვის,
კარიბჭესთან შეჩერდა და ეს მაუწყა:
– მე ამოვხსენი შენი ქარაგმა, დამშვიდდი, სფინქსო,
ჩვენ ჩვილობაში ოთხზე დავდივართ,
ვფორთხავთ და ვცოცავთ,
მაგრამ მოწიფულთ მყარად გვიდგას მიწაზე ფეხი,
როს მოვხუცდებით და სიძაბუნეს იგრძნობს მუხლები,
ყავარჯენს ვხმარობთ...
მაგრამ ზოგჯერ ასეც ხდება,
ეჰ, სავალალოდ,
მთელი ცხოვრება ფორთხავს და ხოხავს მლიქვნელი კაცი,
კუჭს ანაცვალებს ღირსებას და პატიოსნებას...
ავად მენიშნა ოიდიპოსის სიბრძნე გველური,
გავოგნდი და ძალაც დავკარგე,
მერე ქარაფებს გადავევლე და უფსკრულში გავუჩინარდი,
აღარ ვისურვე გამომეცადა ადამის მოდგმა –
გამოცანები კიდევ დარჩა ამოუხსნელი...
* * *

– შენ ცბიერი ხარ, მოხერხებული და გამჭრიახი,


ჰოდა, ამიტომ უნდა დაგსაჯოთ...
– შენ ჩვენ საქმეში ცხვირი ჩაჰყავი,
ცბიერებით შეიპყარი სიკვდილის ღმერთი და დაამწყვდიე,
სულ გათავხედდი, ჰადესიდანაც გამოიპარე
და თავს იკატუნებ,
თითქოს ყრმაი ხარ, უცოდველი და უეშმაკო...
– უნდა დაგსაჯოთ, სხვა გზა არა გვაქვს,
ვერ გაპატიებთ მაგ უღმერთობას,
მაგ სილაღეს და მაგ სივაჟკაცეს...
– თუ მაგარი ხარ, ახლავე ვნახავთ, გაგიჩენთ საქმეს;
იმ მთას ხომ ხედავ, იმის მწვერვალზე ამ ლოდს აიტან,
რა ვაჟკაციც ხარ, იქ გამოჩნდება...
დავიკაპიწე ხელი და უზარმაზარ ქვას დავეჭიდე,
ო, რა საზარლად მძიმეა იგი,
მაინც შევუდექ აღმართს წვალებით...
ერთი ნაბიჯი, რაღა დარჩა,
ერთი ნაბიჯი და გავიმარჯვებ, მაგრამ...
მომწვდა ხარხარი დამცინავი და სარკასტული –
ტყუილა ირჯები, სიზიფევ, სულ ტყუილა შრომობ...
ლოდი დამისხლტა ხელიდან და თავქვე დავეშვი...
მაინც არ ვპუობ, უთვალავჯერ უკან ვბრუნდები
და ხელახლა ვეზიდები ლოდს მწვერვალისკენ,
მჯერა, ოდესმე მაინც მივაღწევ...

* * *

ამ სიბინძურეს ვეღარ ავიტან, რას დაემსგავსა აქაურობა,


ლამისაა ნეხვმა წაგვიღოს...
უთვალავი პირუტყვი ჰყავს მძლეთამძლე მეფეს და
რა ხანია არ გაწმენდილა ეს სადგომი და ეს თავლები,
მთად აღიმართა ნაგვის გროვა
და მალე მგონი
მზის სხივებსაც მოვინატრებთ სუნთქვაშეკრული...
– ვინ გამოგვიხსნის გასაჭირიდან, კაცი თუ ღმერთი?
– აი, ჰერაკლეც, ღმერთის შვილი
და ღმერთის სწორი, მძლეთამძლე, გმირი...
– გმირს, გმირს ვნატრობდით და არენაზე,
გამოჩნდა ისიც, უნდა გვიშველოს...
– უნდა დაჰგავოს ეს საშინელი თავლა ერთ დღეში!
– მხოლოდ ერთ დღეში? – ჩაფიქრდა გმირი, –
ვერ დაისვრება ის ამ ნაგავში,
არ ეკადრება ღვთაებრივ გმირს,
ფეხი რომ შედგას უწმინდურ ალაგს...
რა გზას დაადგეს?
გზა, მრავალია, მაგრამ უფრო იოლი გზა არის ერთი
– ხერხი სჯობს ღონეს...
ორი მდინარე გადაღობა და თავლას მიუშვა,
წყალმა წარხოცა სიბინძურე, ნეხვი და მტვერი
და გაიწმინდა თავლა...
მხოლოდ დროებით!
დასაგველია ეს თავლა ახლაც.

მედეას

დროს არ ზომავდი, არ ითვლიდი წუთებს და წამებს


და დროზე მაღლა დადექი კიდეც,
ოდეს სიყვარულს გაუხსენი აღსავლის კარი...
ჩამოიტირა ღრუბელმა წვიმად და ჩამომესმა კივილი შენი,
როს მისტიკურად აჟღრიალდა ირგვლივ ყოველი...
საუკუნეთა მირიადიდან წამოიმართე
იდუმალი და მშვენიერი...
გილივლივებდა თვალებში ცრემლი...
მე საყვედური დავინახე შენს ლურჯ თვალებში,
მერე გოდებაც მომესმა შენი:
– ვინ გაამრუდა ქორონიკონი,
– ვინ დამაბრალა ღალატი მამის,
ქვეყნის ღალატი ვინ დამაბრალა,
ჩემი შვილები, ჩემი ვაჟები, ვინ, ვინ წამგვარა!
ოი, სიცრუით დაღდასმულო, სულო კოლხეთის,
გამოაღწიე, რა ცეცხლიდან გამოაღწიე,
არყოფნის ნისლებს გაუნგრიე სუყველა კარი,
სიმართლე რომ თქვა...
რომ ერთხელ კვლავ ჩამოუქროლო აიას ბაღებს,
და ის გრძნეული ვარდი იპოვო,
სულის იარას და სიძულვილს კურნავს რომელიც...

* * *

ევკალიპტებში მზემ ჩაიჭვრიტა


და ჩამოიქნა ფერად სხივებად.
ეს საოცარი შუქი ლაპლაპა მიწას ჩაეწნა.
ცხადად ვიხილე, აი, ისიც – მომიახლოვდა მგონი პითია,
თეთროსანი გრძნეული ქალი და ჩურჩულით მამცნო:
შენ გაუღებო სინათლეს სარკმელს,
თავად ფებოსი მოგართმევს ჩანგს
და აამღერებ შუმერების შორეულ შაირს,
ზღვას გამოსტაცებ ატლანტების მითიურ სონეტს,
შენ გამოიხმობ წარსულიდან ქალდეელთ სულებს,
მაგრამ მანამდე...
არ დაასრულა სიტყვა მისანმა და უცებ გაჰქრა...
ვდგავარ მინდორში, თვალშეუდგამ მწვანე მინდორში.
ამ ყვავილების მძაფრი სურნელი
და ბალახების ანდამატური აბიბინება
ფიქრებს მიშფოთებს...
გეზი ვიცვალე,
ზიგზაგა ბილიკს გავუყევი, ბილიკს ქვიშიანს...
დაჰქროლა ქარმა, დამემუქრა შეცვლით ტაროსის...
ქარს დავემგზავრე
და როს ნისლივით სადღაც ფერდობზე ჩამომაწვინა,
დრო-ჟამისაგან გადათქერილი ნანგრევების მომწვდა გოდება...
ქარს ქარიშხალის დაჰკრავდა ფერი...
ოი, ამ ფრთონას თუ გადავურჩი,
ღმერთო, მიშველე!
ხავსმოდებული ისტორიის ჟამში გარდასულს
შენ შემაშველე, ანგელოზო, ღვთიური ხელი...
* * *

ო, ეს ფოთოლი...
ქარის ქროლვისას უცხო ბილიკებს ადევნებული,
დაიღალა და მწვანე ბალახზე ჩამოდო თავი.
თეთრმა ღრუბლებმა დახედეს წამით,
ცვარიც აპკურეს ზეციური და სული ჩაუდგეს...
ეს სირინოზნი ამღერდნენ ალბათ:
ნუ გააქრობთო ქვეყნად ყვავილებს,
მზე და ვარსკვლავნი ამძლავრე ცაზე...
...ეს ლოცვა იყო აღვლენილი განთიადისას.

* * *

მრუმე სიზმრიდან თავი ავიშვი,


ასობით ციცინათელად გამოვეფინე ზაფხულის ღამეს
და ჯადოსნური ცეკვა დავიწყე...
მოვანებაა ახლა მთვარისა,
ჯერ არ გაქრება იგი ზეციდან,
მისი ნათელით გზაგაბრწყინებულთ
სხვა არ გადარდებთ?!
თვალანთებული გავემიჯნე გულგრილთა მოდგმას
და იმ ბნელ ბილიკზე ავკიაფდი,
ეული მგზავრი რომ მიუყვებოდა...

* * *

ედემის ბაღის რომ იხილო ნუგბარი ხილი, თვალს აიხელო


– მიბრძანა ერთმა.

ო, იმ მეორემ, მოშურნემ თუ მტერმა ნამდვილმა, სიცილით მითხრა:


აი, მერე კი გეღირსებაო უზრუნველობა, სიმშვიდე, ძილი!

აი ნუგეში, გულნამცეცა კაცის ნუგეში


სიცოცხლეშივე ლეშად ქცევისა!
...ჰოდა, რად მინდა ასეთი ხილი...

გამოღვიძება

მე მივაშურე წყალუხვ მდინარეს, როგორ მწყუროდა,


წყალი ვიხილე როცა ამდენი,
გამიქრა უცებ წყურვილის გრძნობა,
მოჩანდა წყალში ხატება ჩემი –
ელავდა უცხოდ თავსამკაული და ვერცხლისფერად
მორთული კაბა...
სულ ახლოს ჩემთან, თითქოს ჩემს მხრებთან
გაბადრულიყო მთვარე მაცდურად
და ხელს მიწვდიდა, მიწვევდა წყალში...
– ო, მშვენიერო, რა ლამაზი ხარ,
მე შენ მიყვარხარ! –
ეს მე ვიძახი,
ეს მე ვარ, მე ვარ!
მიყვარს, მაშასადამე, მე ცოცხალი ვარ,
მე ვარსებობ და რახან ვარსებობ,
ვმოქმედებ კიდეც:
წყალში ფეხს ვადგამ,
ცივია წყალი, როგორ დავსველდი,
არ ღირს შორს შესვლა, უნდა შევჩერდე,
მე რას მივწვდები ამ მთვარეს წყალში,
ვის გაუგია მთვარის დაჭერა,
თევზის ჰო, კიდევ, ჰო, მესმის!
ან მთვარის ყვავილს ვინ დაჰკრეფს წყალში?
არადა, ღამით ეს ილუზია ნამდვილს ჩამოჰგავს,
იდუმალება მიახლოვდება,
წამებს ჯადოსნურს მთავაზობს მთვარე
და დაფარულიც უცებ ცხადდება...

შენ, ემოციურს, მგრძნობიარეს მეტის და მეტად,


პატარა რაღაცას რომ უფრთხი და ასე გაშინებს,
ვიცი, იდარდებ, რომ შეიტყობ ჩემს სევდის მიზეზს,
როგორც ბეღურას, ჩამოგეყრება მსუბუქი მხრები,
ცივ სიჩუმეში ფოთლის შრიალიც აგაკანკალებს...
და არას იტყვი,
რამეთუ გული უბოძებია შენთვის მაღალ ღმერთს...
ასე, უსიტყვოდ ილაპარაკებ...

ჩემს წინ მოირთხა ფეხი მეფურად სხეულმა ერთმა,


გამძღარი და თვითკმაყოფილი იერი მისი შემზარავია,
ამ ღამის ბინდში, ამ მთვარის ჩრდილში, ამ მდინარეში
იებს კი არა, თევზებს დაეძებს,
თავგანწირული ისვრის ანკესს,
კმაყოფილია ნანადირევით,
ხვალ-ზეგ მეფურ სუფრასაც გაშლის,
ოცნება მისი ცხადზე ცხადია –
მიირთვას მეტი ნუგბარი კერძი.

მარჯვნივ რომ გიდგას, მაგ კაცსაც ვიცნობ,


ორატორია მართლაც უბადლო,
ო, რა ლამაზად ლაპარაკობს,
სულ ანდაზებით, აფორიზმებით,
კიდევ სხვადასხვა ჯურის იზმებით,
მაგრამ რად გინდა...
სულით ბრმა არის,
თუმც თვალხილული, მაგრამ უფრორე საცოდავი,
ვიდრე ბრმა კაცი...

ამ მეორე კაცსაც მეგობრად უხმობ?!


ეჰ, მართლაც გძინავს...
შეხედე ერთი, ო, ღმერთო ჩემო,
საქმოსანი და მედიდური, გაბღენძილი სახე-იერის,
ამბიციური, ამპარტავანი,
მართლა ნარცისი,
რა უბადრუკი სანახავია,
ო, ამაზრზენი...
ღმერთო, შემინდე ცოდვები ჩემი,
ეს სიძულვილიც, ღმერთო, შემინდე!
ჰო, მე ვდარდობ, ვდარდობ, ათას დარდს ჩემსას,
ათასმეერთედ ეს დაემატა –
ვით მრავალძარღვა მზიან მინდორში
რამ გაამრავლა ეს უბადრუკნი.
მარცხნივ რომ გიდგას, იმას მიხედე,
იმას გაუღე გულის კარები,
ხედავ, ნათელი გადმოსჩქეფს მისგან,
რა უბრალოა, რა საოცარი...
სულ ჩუმად არის, ენას არ იღებს,
მაგრამ თვალებით მეტყველი არის,
სიკეთით სავსე, ქველი და ბრძენი...

...მე ლეთარგიას დავაღწიე წუხელის თავი,


გამოვიღვიძე მდინარის პირას.

* * *

ნეტავ ფასკუნჯი ვყოფილიყავი – ზღაპრის ფრინველი...


ელდორადოში გავფრინდებოდი, ოღონდ მალულად,
არცა სასწაულის, არცა სიმდიდრის გზნებით მძებნელი...
ჰო, ყოველივეს დავთმობდი ქვეყნად, ოღონდ მეპოვნა
თავისუფლება – საუნჯე სულის!

მგზავრი მარადი

აგერ ეს ტყეც, მითიური, მართლაც ზღაპრული,


ჰყვავის წალკოტი,
ხის კენწერონი ეხვევიან მთათა მწვერვალებს,
ცა უძიროა, ცა უნაპირო, ცა გამჭვირვალე
კამკამებს ისე, ვითარცა წყალი...
მომწყურდა წყალი...
და მეც მწყურვალე დავეწაფე ლაჟვარდს ყანწებით.
ახლა მთვრალი ვარ (წყალი იქცა უცებ ღვინოდა),
ვიცი უფალმა წამაშველა თავისი ხელი
და უცხოფერი ზმანებებიც მიძღვნა საჩუქრად...
აი, დევგმირმა საზარელი მოჰკლა ურჩხული,
გმირს ძალგულოვანს
ნისლით მორთული მოაცილებენ წყლის ფერიები
და მწვანე კორდზე გაუშალეს ბროლის კარავი,
მზე სულ ახლოა, ართავს სხივებს ნაირ-ნაირად,
მთელი არსებით გაიღვიძა ბუჩქთან ბალახმაც,
გამოჩნდა იაც, აღაღანდა მინდორ-ტყე-ველი,
მოსჩქეფს მდინარე, რაკრაკებს წყარო,
გალობენ ჩიტნი...
აი, სამოთხე, მართლა სამოთხე.
მაგრამ აქ, ტყეში ვერ გავბედავ მაინც დარჩენას,
შორ გზას დავადექ, გამოვაღწიო ამ ტყიდან უნდა,
მგზავრი მარადი ვეძებ კვლავაც ახალ ნაპირებს.

სურათი

მე მოწიწებით დავხარე თავი,


ბედნიერი ვარ, უფალო ჩემო,
რა იშვიათი დამდე პატივი, დაუვიწყარი მაჩუქე წუთი...
ვითარ ყვავილნი მინდორს ხასხასას
ცას მოსდებოდნენ ვარსკვლავნი ისე ფერად ნაირნი:
ყვითელი, მწვანე, ცისფერი, ლურჯი...
ხალიჩას ზღაპრულს ჩამოჰგავდა წუხელის ზეცა...

* * *

ჩემი სკიპტრა და გვირგვინია


ლურჯი ლაჟვარდი,
გადაშლილი უკიდეგანოდ,
უჩინარ ფუნჯით მოხატული მთელი ბუნება,
ზოგჯერ პეპელაც,
ფრთასათუთი და ფრთახატულა

მინთებს ნაპერწკალს იმედისას –


რომ გავჩნდი ქვეყნად
არ მივაწერო მხოლოდ და მხოლოდ შემთხვევითობას.
სიცოცხლეა თავად გვირგვინი!
მე – ყოჩივარდა

საუკუნენი მზეზე გაფიცხდა და ჩაინავლა,


შენ კვლავ არ ჩანხარ,
აღარ დაბრუნდი მთვარის გორიდან
იისფერი მირაჟებით გადაპენტილი...
აქაურობას შენს არყოფნაში
სულ შეეცვალა მთელი ელფერი,
დინოზავრები ხომ გადაშენდნენ,
აღარც გვიმრები შრიალებენ ცადატყორცნილნი...
ნეოლითიდან გამოღწეული
ტირის ტირიფი – ბუჩქი პატარა,
ნაძვებს და ფიჭვებს შერჩენიათ ბავშვობის სახე.
ქარები ისევ ისე ჰქრიან,
თავგამეტებით,
ზოგჯერ მოწყენით,
წვიმა აპრილის ისევ უკრავს ჰანგებს ჯადოსნურს
მწვანე ფოთლებზე,
ჟღერს სიმფონია ზეციური,
შენ რომ გვიბოძე ვითარც წყალობა...
ღრუბლის ბლონდებში გაიელვა ხატებამ შენმა,
ცრემლები თბილი,
ცრემლები ცისა თავზე მეფრქვევა,
გარდმოსვლა წვიმით ვერ დავიჯერე უძღებმა შვილმა,
გთხოვ მომიტევო...
ჩამოვივარცხნე დალალი წვიმის და ავხედე ზეცას,
შეჩერდა წვიმა...
მადლობელი ვარ, ფერებით მამცნო ცისარტყელამაც –
ვიყო იმედით და ცის ტრფიალი არ მოვიშალო,
ფიქრები ცივი გადავაფინო ზამთარს სუდარად,
გაზაფხულზე კი ამოვიჭრე მიწის გულიდან
მართლა ყოჩივით
მე – ყოჩივარდა
და ფერი ვუცვალო ამ ჩვენს სამყაროს.
...ყვავილობს ზეცა,
ზეცის გუმბათზე ყვავილობს მზეი,
მინდვრად ბალახნი,
გაზაფხულია...
* * *

მზეო მაღალო!
კიდევ ცოტა და მგონი მოგწვდები,
მგონი ჩაგხედავ მხურვალე გულში
და შეშფოთებულ სულს დაგიამებ...
რა სათქმელია გრავიტაცია,
ან მატერია ან დრო, ან სივრცე,
მაინც მოვაღწევ, ვიცი შენამდე...
მე ველის ძაბვას ვაჯობე უკვე,
ახლა გზაში ვარ...
დროს შეყოვნებულს თუმც ვერ ვუსხლტები ასე იოლად
და მრუდე სივრცეც კანკალებს ისე,
ვით ზამთრის ღამეს გოგო ობოლი...
მაინც მოვაღწევ შენამდე, ვიცი,
მზეო, მაღალო!

სიზმარი

მე საპყრობილეს დავაღწიე წუხელის თავი,


დავუსხლტი სხეულს დიდი წვალებით,
გავისეირნე ფერად სიზმარში
და მწვანე კორდზე, ცაცხვის ჩეროში ჩამოვისვენე...
რა მშვენიერი იყო ყოველი,
რეალური და თანაც ზღაპრული,
ცა დამნათოდა მზეანთებული,
ოღონდ მზე იყო საოცრად ლურჯი,
დამჭიკჭიკებდნენ ჩიტები ხიდან,
ჰაერში იდგა ვარდის სურნელი,
მე უზრუნველად ვიჯექ ხის ძირას
და ცას შევცქეროდი...
მეფინებოდა უცხო ნათელი...
* * *

დღეს არ ავყევი მე გულისწყრომას,


სიტყვა ირიბი, ფიქრი ირიბი წყალს გავაყოლე,
სასოწარკვეთაც უცებ განქარდა –
მარადი სული სამყაროსი მომიახლოვდა და უცებ
მივხვდი, –
თავის დადრეკა ქედის მოდრეკას სულაც არ ნიშნავს!
მადლობა, ღმერთო, რომ მაჩუქე სიქველე შენი –
ბოროტებას სიყვარულის ზღუდეებს ვუგებ,
რათა სატანამ არ გადმოლახოს ეს გალავანი...

* * *

მთვარე „ქალწულის“ ზოდიაქოში


ისე გაივსო და გაიბადრა,
დღითაც გადმომყვა მისი ნათელი.
აჰა, გათენდა დღე მთოვარისა.
დადგა თუთაშხა, დაიწყო კვირა...
მგონი დასრულდა, რაც არ მომწონდა,
თავგზას მიბნევდა,
სასოს მართმევდა.
შიში და წყენა ძლივძლივ განვდევნე,
თავს შთავაგონე – დღეს მელოდება მე სიხარული...
გამოიდარა, მზე გაფოფინდა
და ერთი შეკვრა სხივი მაჩუქა,
ჩამომეღვარა სულში კონები იად და ვარდად,
სითბოდ, სინაზედ...
დადგა თუთაშხა, დაიწყო კვირა...
* * *

აზრები სტუმრებივით მეწვივნენ, მერე ამიხირდნენ ისე,


ხელი დამრიეს და მომიკვეთეს,
ღრუბლებივით ჩამოწვნენ და ჩამომხუთეს...
მერე ამიჯანყდნენ, ურცხვად აიწყვიტეს,
ეზოში გამოვარდნენ ისე,
ახეტიალდნენ და შუა გზაზე ჩაიმუხლეს.
გაგულისდნენ და სულ დამივიწყეს მასპინძელი...
ახლა ვიცქირები ცაში, მაგრამ არაფერს ვეძებ...

* * *

დღეა ცრიატი, ცივი, უფერო


და წარმართებმაც ეს ოთხშაბათი
მიტომ ამგვანეს ჯიმაღის კრთომას...
სად გაიკრიფნენ ნეტა ყველანი,
სულ მარტო დავრჩი საკუთარ თავთან...
არც თანაგრძნობა, აღარც იმედი...
გაქრა ყვავილი, გაქრა ფოთოლი,
ბუნებამ თალხი ჩამოიფარა,
გული ამოხტეს ლამის ბუდიდან...
შურისძიებით და სიძულვილით გათანგულების
ვიხილე ხროვა
და შემეშინდა: ღმერთი არ იყო, არ იყო ჩვენთან...

* * *

დღემ მთიებისა ენერგია და სითბო მომიძღვნა,


ზეცამ გადიკრა თავზე ხავერდი – ლურჯი, ხასხასა,
გამამხნევა და გამახალისა... ჭორებს გვერდს ვუვლი,
არც უსამართლო ლანძღვას
მივიტან გულთან სრულებით...
მე საქმეს ვხედავ, ძნელს და საჭიროს,
გაუკვალავი გზებით მივდივარ
და არად ვაგდებ ეკალს და ბარდებს...
დღეს დავწერ, ვიცი,
დღეს დავრგავ, ვიცი,
დღეს ხნულს გავავლებ...

* * *

თავი აღვიმაღლე ვარსკვლავივით,


ტანი ავიყარე ალვასავით,
გული გავიცივე ალმასივით...
და მერე, როცა დიდებას გავეყარე, უცებ დავიშრიტე,
ვითარცა ზაფხულს გზაწვრილის ღელე...
და დავემგვანე
მიტოვებულ ბეღურის ბუდეს...
ამიფართხალდა ჩიტის გული
და შეშინებულმა, როცა საწუთროს შევხედე თვალში,
გაოცებულმა და დაზაფრულმა ფართოდ გავაღე
ცისფერი თვალი...
კიდევ კარგი, რომ გამოვფხიზლდი
და აღვსდექ ძილიდან.

სასწაული

როცა მინდორში გაიღვიძებს ლურჯთვალა ია,


ათას ყვავილად აენთება ბუჩქი მოცხარის,
ბალახი რომ ამოსკდება მიწის გულიდან,
სასწაულია, რა საოცარი...
უზენაესის სიდიადეს ვჭვრეტ ბუნებაში.
* * *

პარასკევია...
ამ დღეს წამების და ტანჯვის იერი მოსავს დიდებით,
განრისხებული იუპიტერი წარბებშეკრული მკაცრად დაგვცქერის...
სისხლი მოწვეთავს,
კვნესა მომესმის,
იცრემლებიან მგონი ლოდებიც – ძეი უფლისა ჯვარს მიალურსმეს,
მიწა შეიძრა ჩუმი გოდებით...
მე მიახლდება გულის იარა და მოლოდინით ზეცას შევყურებ...

* * *

ზეცა ატირდა – წვიმს გამეტებით,


წვიმს კოკისპირულად...
ბალახს ჩაუცვამს სოველი კაბა
და გულყვითელა ციცქნა ყვავილებს
ფერი გაუკრთათ რაგვარ...
ვუცქერ და ვდარდობ,
ვუცქერ და ვდარდობ,
ვერ ვეხურები საბნად;
ოი, პაწია მინდვრის გვირილავ,
მოწყენა სულ არ გშვენის.

* * *

მრავალჯერ გავჩნდი ამ ქვეყანაზე,


მრავალჯერც მოვკვდი,
მზემაც ბევრჯერ გამიღიმა და წვიმამ გამლუმპა,
აღმოვაჩინე ეს სამყარო საკუთარ თავში და
მრავალ ახალ დაბადებას კიდევ მოველი...

ჭეშმარიტების საძიებლად აღმართს შევუდექ,


გზა არის ძნელი, ძალიან ძნელი...
ცისფერ სივრცეებს გადასწვდა მზერა,
უსაზღვროებამ ამბორი მიძღვნა და
როცა ყველა სიტყვა გახუნდა,

მე გავიხედე სულ იქით, მიღმა...


რაღაც აენთო და საოცრად განათდა ჩემში –
აღარ მაშინებს სომატური დაბადება
და სომატური სიკვდილი ჩემი!

* * *

დღეს შაბათია!
დღეა განწმენდის, დღე მიტევების, დღე ლოცვად დგომის!
ამ დღეს მორიგე დარაჯობს ცაზე!
და მეც მასავით დავცხრი, დავწყნარდი.
ილუზიები განვდევნე ჩემგან,
თავს ვეკითხები: ვინ ვარ, რატომ ვარ...
გამომზეურდა ჩემ წინ სამყარო...

* * *

კვირაც სრულდება, მზისად ხმობილი


დღე სხივიანი
წამოიმართა ბუმბერაზივით
და დამიკრა თავი...
ისე გაცხადდა ეს ყველაფერი,
ვით გათენება და ცარგვალზე მზის გაბრწყინება,
ანდა ღამეში ბადრი მთვარის გამონათება!
წუთისოფლის წუთიან გზაზე
ვინც წინ წავიდა, დაიხუნძლა ცოდვით და ბრალით,
მარჯვნივ წასულმაც ვერ გაიხარა,
ვერც მარცხნივ წასულს აუსრულდა გულის წადილი.
ვინც სულ გაჩერდა, იმან თავი დაისამარა,
ვერსად გაექცა ამაოების მცოცავ საცეცებს!
არის გზა ერთი – ბოლო კეთილით,
რომელსაც თვალით ვერ დაინახავ...
გულის თვალები აუხილე, ღმერთო, ყოველთა!

ისევ შენ

ბედშავს და ბედკრულს, სასომიხდილს არვინ მომხედა,


წყალობა გულით მოიღო არვინ...
ისევ შენ გსახავ, დედოფალო, სალბუნად სულის...
შენს ხსენებაზე ძალას იკრებს სულით საპყარიც
და ნატერფალზე ზამთარ-ზაფხულ ჰყვავის იები...
ქვრივთა და ობოლთ გამკითხავო,
დედაო, თამარ!
სათნო ხარ, თამარ!
ნეტარ ხარ, თამარ!
მე ფეხშიშველი მოვუყვები ეკლიან შარას,
ეს აღმართები ჩაგრეხილან ქვითა და ღორღით,
ჯოხი რკინისა გაიღუნა შენთან მოსვლამდე,
ძლივს მოვაღწიე შენამდე, თამარ!
სასახლის კართან ახლა ვდგავარ შიშით და თრთოლვით
ვაითუ მეფეს, მეფეთ-მეფეს, ზენაარს, ღვთიურს,
არ გაუმხილონ გასაჭირი უპოვარ ქალის...
განა ხმიადი, ანდა სამოსი მსურს რომ მიბოძო,
არა, მეფეო, სამართალს ვითხოვ,
სამართალს, მხოლოდ!

დადგება ჟამი

შემომიღო კარები ფიქრმა და


ათასი კითხვით მომაპყრო თვალი...
ნაღვერდალივით გავაღვივე ჩუმი ნაფიქრი,
ახმაურდა აზრი ისე, როგორც დოლაბი
და ჩამოიფქვა დილის ზმანებად...
მერე დადუმდა და დაიმალა საგულდაგულოდ,
წაიყარა თავზე ნაცარი...
დადგება ჟამი და აგიზგიზდება ეს ნაღვერდალიც!
ჰე, გამოფხიზლდით

ვისაც მეგობარს ვუწოდებ ჩემსას,


ვინც მოკეთედ და მოყვარედ მივის,
ჩასძინებიათ საღათას ძილით...
ჰე, გამოფხიზლდით, ჩაძინებულნო, –
ხმის ჩახლეჩამდე ვყვირი და ვყვირი,
თითქოს დაყრუვდნენ მეგობრები და
ყვირილი ჩემი უერთდება ქარების კივილს...
მტრებს კი არ სძინავთ, ფხიზლობენ მტრები,
იცვლიან აზრებს, როგორც სამოსელს
და არიგებენ არტისტულ ღიმილს...

* * *

ჩემს სასთუმალზე ჩამოისვენა ნაღველმა ცივმა,


ო, ამ ავსულმა, უჩინარმა და უასაკომ,
იყო დაღლილი, ღამენათევი,
მრუმე ფერებით გაფუებული
და გამთენიის სუსხი ხორკლავდა...
მე შემეშინდა –
ვაითუ, უცებ თავს დამაცხრეს და გადამყლაპოს...
სუნთქვა შემეკრა და გავილურსე,
ჰო, ვითომ მძინავს...
რა მოხდა მერე, ღამე სიჩუმეში თუ გაიელვა,
შუაღამის სიზმრებს თუ მოვიგონებ
და უცხოობას გავიიოლებ...
კი, ბატონო, მე არას ვიტყვი,
მაგრამ სიჩუმე ბავშვივით გაიბუტა და ტირილს აპირებს...
სარკმელთან მზის სხივი დალანდა
და მიხვდა, მოუწევს ადგილის დათმობა.
დუმილი

დუმილი ზოგჯერ ისე ყვირის, ისე ხმაურობს,


ვით ნახანძრალზე გაჩენილი აშარი ქარი...
რაღაც უცნობის, უსამანოს, რაღაც დიადის
მაცნე არის მუდამ დუმილი...
ან იქნებ, სულაც ლოცვა არის ტანჯული სულის,
აღვლენილი წინარე ღმერთის...

ოღონდ ეს გული

ადამიანის გზა პლანეტაზე


სქემით შეიძლება ასე გამოსახო –
დაბადება, ბავშვობა, სიჭაბუკე, სიმწიფე, სიბერე და
სიკვდილი ბოლოს!
ამ აუცილებელ და ბუნებრივ ექვს სიტყვას –
ექვს პერიოდს კაცის სიცოცხლის,
ვერსად წაუხვალ, ვერ გაექცევი...
ვერ გავექცევი?
ყურს თუ დავუგდებ ექიმის რჩევას?
– უკუაგდეო მწუხარება, ნაღველი, დარდი
და კაეშანი არასდიდებით არ გაიკარო,
არც შიშს გაუღო გულის კარები,
სტრესი მტერია, კარგს რას დაგმართებს...
გამოგილევს ძალას და ჭკუას
და თუ მაინც არ მოიშლი შენსას, იცოდე,
ადრე დაბერდები და მოკვდები კიდეც...
ეს როგორ, კაცო, როგორ ვიყო ასე უგულო,
დავიყრუო და დავიბრმაო თავი რაგვარად,
ვით არ დამაფრთხოს აღზევებამ სიძულვილისა
და ათასობით სამათხოვროდ გაწვდილმა ხელმა,
ან ნარკომანმა, ქურდმა ან მკვლელმა...
როგორ გავექცე დღეებს კოშმარულს,
ან საკუთარ თავს, შეძრწუნებულს ბოროტის ხილვით...
როს ანგარებას სათნოების ნიღაბს არგებენ
და საჭვრეტელად სააშკარაოზე გამოაქვთ ურცხვად...
გაისმის ტაში, დაფა-ზურნა, ვაშა, დიდება...
ვაიმე, ღმერთო...
ო, ვერ მივიღებ ექიმის რჩევას,
ცოცხალი უნდა ცოცხალსა ჰგავდეს,
დაე, დავბერდე, თავს მეხუროს სევდის გვირგვინი,
ოღონდ ეს გული, ჩემი პატარა დაღლილი გული,
არ ჩაინავლოს, არ ჩანაცრდეს დღეთა ღადარში,
არ ჩაიფერფლოს, არ გაცივდეს, არ გაგულგრილდეს...

კვლავ ამ მინდორში მოვალ

აქ ყველაფერი ისეა, როგორც ოდესღაც იყო,


ხეები გოლიათები ცას ეხებიან მხრებით,
შრიალებს, ისე შრიალებს, ეს აწოწილი ალვა
თითქოს სიმღერას მღერის...
ჯეჯილი ცეკვავს მინდორში, მიწას გახსნია პირი,
აგერ ბავშვივით მიცინის, რა ღვთიურია ია,
წინ ამიფრინდა ხოხობი, ცისფრად შეფერილ ფრთებით,
ასკილმა ლოყაწითელმა მორცხვად მომკიდა ხელი...
შაშვის გალობა ჩამესმა, თუ ანგელოზი გალობს,
კიდეც ჩათავდა მინდორი და მის გალევას ვნანობ...
გაივლის ხანი, ვიცი,
კვლავ ამ მინდორში მოვალ,
მზეს დავინახავ ბრიალას,
აელვარებულ დაისს,
ვილოცებ, ისე ვილოცებ, როგორც ვლოცულობ ახლა,
და ლოცვა ჩემი
გამოიღებს უნაზეს ყვავილს.

მე დავადექი

ახლა ნამდვილად მოვკვდი და ღიად დამრჩა თვალი,


ამ სიკვდილამდე ბევრჯერ შურმა მატკინა გული.
ჩუმად კვდებოდა ჩემში ოცნებები და ვნება,
მზე მშორდებოდა ფრთხილად და მინავლული სხივი
მწუხრის პირბადეს ქსოვდა...
ფარდას არხევდა ქარი, წყნარად, სულ წყნარად ქროდა,
არონინებდა ლანდებს, მოცისფროსა და თეთრსა,
მინანავებდა ვიღაც, ვიღაც ციური ხელით,
მინდორს მიხმობდა მოხუცი, თეთრი, სულ თეთრი წვერით;
ზღაპარში ვიყავ, მეგონა, ვიყავ და არცა ვიყავ,
ვითომ ფერია ვიყავ და ფარჩის კაბა მეცვა,
ვცეკვავდი, გზნებით ვცეკვავდი
ძალზე მშობლიურ ცეკვას...
მერე დაღამდა უცებ, დრო დადგა გამგზავრების,
მეძახდა მარადისობა, სახლში მიხმობდა ზეცა,
მელოდა მონატრებული იმქვეყნიური მზე და
მე დავადექი გზას უსასრულოს...

განთიადის ნიშანი

გაიშრიალა და გაშალა ფასკუნჯმა ფრთები,


როს მოგონება გამოვიხმე მე წარსულიდან,
ათასწლეულთა გადამეხსნა მყისვე სამანი,
სულ ერთი წამით, მაგრამ სჯობდა მთელ საუკუნეს.
ჩამოვიტოვე ყველა ჯებირი,
გამოვაღწიე ციხეს და ზღუდეს,
ათას ბარიერს გამოვაღწიე და ახლა აქ ვარ,
აქ, ამ მიწაზე,
სადაც ჯოჯოხეთს უწოდებენ ცივილიზაციას...
ჩვენთან სად მოვა ის ჯოჯოხეთი...
ტალღებს იქოჩრავს წყალი ლეთესი,
ფერს ნუ იკითხავთ, პასუხია ძალიან ძნელი,
შეაზავეს ათასი ფერით,
გამრიგეს მისას მხარს უმშვენებს ათასი მცველი,
ო, რა ძნელია ჯოჯოხეთის ცეცხლის დანთება,
თუხთუხებს ქვაბი, უკეთებენ მუგუზალს ლხენით,
ამ ქვაბში ახლა იხარშებიან უცოდველები,
ცოდვილთ კი, ცოდვილთ კი იქ მოელით სხვა ჯოჯოხეთი...
სამგლოვიაროს ასრულებენ წარმტაც მუსიკას,
დირიჟორია თვითონ სატანა.
მე ისევ ცისკენ გამირბის მზერა,
ვენერა მარტო ციალებს ცაზე,
ვით ამეთვისტოს ძვირფასი თვალი,
ეს განთიადის არის ნიშანი –
გამოიდარებს, დადგება დარი
და სხვა გამრიგე დაუკვეთავს სულ სხვა მუსიკას...

* * *

სულს რომ ხუთავდა, ის უხილავი თოკი დავწყვიტე,


მერმისიდან გამოვიხმე შთამომავალი – მსაჯული ჩვენი
და შორ წარსულში გავემგზავრე „ქართლის ცხოვრებით“...
გადავუქროლე საუკუნეებს მიწყობილს მიჯრით
და როგორც ჩიტებს, გაფრენილთ შორით
წამომეწია დელგმა და მეხი...
ავი ქიმერა გამომედევნა და მე სიკვდილი დავინახე
ტრიალ მინდორზე...
ო, ბაზალეთო,
ქართული სულის მოურჩენელი შენ ხარ იარა...
იელვა ელდამ,
ოდეს ვიხილე შუბშემართული ხელები სამტროდ,
და მე ავკივლდი:
– თქვენი დაჲ ვარ, ჰეი, შეჩერდით,
ნუ გამიშავებთ, ბიჭებო, მანდილს,
ჩააგეთ ხმლები!
არავის ესმის ძახილი ჩემი, არავის ესმის...
ო, ბედისწერავ!
ისევ აწივლდნენ ხმლები – გველები
და განგმირულნი ველზე დაცვივდნენ ამერ-იმერნი...
ვაი, სირცხვილო,
სად დავემალო მე თქვენს საფლავებს,
გათხრილს ძმის ხელით...
ახლა სიკვდილი წამალია, თუკი მომკლავენ,
ახლა სიცოცხლე ღალატია, მერე როგორი!
* * *

ამ სილაჟვარდეს არ აქვს სამანი, თავისკენ მიხმობს...


როს ღრუბლის რაშზე ამხედრებულმა
უსაზღვროებას ჩავხედე გულში,
უმალ ვიგრძენი, რომ მე ვარ არვინ და არაფერი
და როგორც წვეთი ოკეანეში, ანდა ფანტელი დედამიწაზე,
ცის თავანებში ისევე ვდნები და არაფერი არ რჩება ჩემგან.
მინდორს რომ აჩნდა, ის ნატერფალიც უკვე გამქრალა,
მაგრამ არ ვდარდობ, რადგან დავრწმუნდი,
ყოვლისმომცველი მთლიანობის რომ ვარ ნაწილი
და ფოლადივით შენივთებულს ღრუბლების გულს
ვინ დამაშორებს.
სიტყვას არ ძალუძს წარმოსახოს ეს განცდა ჩემი,
ო, უძლურია სიტყვა ყოველი,
მე მხოლოდ ვმღერი
და ვით მდინარე აზვირთებული ნაპირს მიველტვი.

* * *

დარიალებდა ქარი მწივანა,


ცაცხვის ხე იდგა წარბშეუხრელად,
ტოტებგაშლილი და გაფოფრილი.
შარიშურობდნენ მხოლოდ ფოთლები...
ვიდექ ხის ძირას,
ფოთლებივით ცახცახებდნენ აზრის ალები,
მინავლდებოდა, ხანაც მძლავრობდა,
მერე კი ლაღად აელვარდა როგორც კოცონი
და მოეფინა ეს სხივები არსებას ჩემსას.
ასეთი შუქი ანათებდა იმ ღამეს ყველას
– პეპელას, ბალახს,
ხეთა ჩეროს,
გუბეებს წყლისას...
გადადიოდა არსიდან არსში ეს
ცნობიერი თეთრი სინათლე
და იდგა წამი უბრწყინვალესი
– მე და ბუნება ერთი ვიყავით...

ჰყვაოდა მთვარე

წუხელის, იცი, მთვარე მეწვია


და ჩემს ეზოში, ცაცხვის ხეზე ჩამოისვენა,
სხივები ვერცხლის დაურიგა ტოტებს საჩუქრად
და გაბადრულმა გულიანი მითხრა სალამი.
მერე ღამემაც მოიშორა პირბადე შავი
და შემაფრქვია მკრთალი სინათლე...
ღიმილი მთვარის,
იდუმალი ღიმილი მთვარის,
შვენოდა ღამეს, ნაზობდა ღამე...
განაბულიყო მთელი ბუნება,
უკრავდა ვიღაც მთვარის არფაზე,
ვიღაც მღეროდა დამწუხრებული თავის დარდზე
და უბედობაზე...
ცა შორი იყო, თან ისე ახლო,
მესმოდა მთვარის ნაზი ჩურჩული...
ჰყვაოდა მთვარე – თეთრი ზამბახი.

* * *

ჰო, უჩვეულო წყალობა არის: –


თვალწინ გაბრწყინდა უზეშთაესი ფიქრის მქსოველი.
გაყუჩდა სული ნაგრიგალარი და ია-იამ იწყო გაკვირტვა...
აცეკვდა სხივი ღრუბლის მდელოზე,
სხივი უცხო და მიუწვდომელი.
ო, საოცრებავ,
მერე ლაჟვარდში ამოიქარგა მისი სახელი...
ცა აელვარდა, ცა აისარკა, ცამ მოიფინა პირზე ღიმილი,
რა საოცნებო სურათი იყო!

ახლა ფიქრს ვართავ, და გორგლად ვახვევ,


მერე კი მოვქსოვ,
ჰო, ხატაურა ფარდაგს საოცარს.

* * *

ეს ღრიანცელი ბაკხების,
ბაკქანალია...
სულ თავს გავიდნენ ეს თავხედები,
ვდგავარ ნაპირას, როგორც ერთ დროს თვით დიონისე –
და ნიღბების მიღმა ვიყურები...
ყოფიერების ეს უფსკრული რა ღრმაა, ღმერთო,
თვალუწვდენელი...
და მაინც, როგორ ლამაზია აქ ყველაფერი.

* * *

ღვთაება მაზდას ჩაენისლა ლურჯი თვალები,


საით წავიდე, საით ღვივის ცეცხლი ღვთიური?
გადამიკეტა გზა არიმანმა:
– საით გარბიხარ? – მკაცრი ხმა აქვს ამ მოძალადეს, –
ცეცხლს გააჩაღებ, შეგრაცხავენ იცოდე ეშმად,
გიჯობს აქ დარჩე და ლერწამი გათალო სტვირად.
– მე სადაც წავალ, ყველგან ჩემი მექნება ნება,
ჩემს ქუდს ვატარებ და ლოცვებსაც ისევ ვიკითხავ,
აეხილება, ვიცი, ბოლოს მაზდას თვალები.

* * *

უარყოფილს და დაჩაგრულს რად მდევდა შური,


როგორ მიკვირდა,
და ვით ნაყოფი დამწიფებული მოცვივა ხიდან,
მცვიოდა ისე ფიქრები მძიმე...
თუმც სხვა ხედავდა მათში მზის სხივებს.
და ამ ფიქრების შემგროვებელი
მოჩანდა ვიღაც, პაწია გოგო.
სხვამ რა უწყოდა სხვისი ტკივილი,
სხვა მხოლოდ ბაგეს ხედავდა მღიმარს,
გულისგულში კი დარდი ფუთობდა
და ფუთფუთებდა...
ღმერთო, იმ გოგოს ააცილე ეს ხვედრი ჩემი.

ის ერთადერთი

ლესტრიგონების ხმები მესმის ცხადშიც, სიზმარშიც,


ცოცხლდება მითი,
ზღვაზე ვხედავ თერთმეტ თეთრ ხომალდს,
აფრაჩალეწილს და განწირულს ჩასაძირავად,
სადაც ზღვაოსანთ, განგმირულთ შუბით,
მალე, სულ მალე შესანსლავენ ლესტრიგონები...
მე – ალალბედზე გადარჩენილი,
გულით, გონებით ვცდილობ ავმაღლდე ბედისწერაზე,
და გზებს ჩახერგილს, ვითარც ციკლოპმა გადავაბიჯო...
აი, ქვეყანა, სახელგანთქმული ლოტოფაგების –
რა სიმდიდრეა, რა სილამაზე, ო, რა ბუნება,
მღერიან როგორ, ცეკვავენ როგორ, პურობენ როგორ,
თვით დიონისეს შეშურდებოდა მოლხენა მათი.
ბედი გწყალობსო, – იდუმალი მესმის ჩურჩული, –
ბედი გწყალობსო...
– ბედი მას სწყალობს, არის ვინაც მართლა კეთილი,
უშიშარი და თავისუფალი,
არ ემონება არც მამონას, არც სხვა საცთურებს,
ბედნიერებას ვინაც ხედავს მხოლოდ სიბრძნეში...
რახან ასე მწამს, ვეღარ დავრჩები ლოტოფაგებში...
ისევ ისევე, შორზე შორი მიხმობენ გზები,
მიხმობს ქვეყანა – საოცნებო მხარე ვაზისა,
სადაც წყაროებს უკვდავების ამოსჩქეფს წყალი,
და ჭალის ქვასაც კი სილამაზით უბრწყინავს თვალი...
მაგრამ არც იქ ჩამიდგება გული საგულეს,
ითაკა ჩემი მელოდება, ვიცი, ითაკა,
ამ მონატრებამ ლამის გული გაგლიჯოს,
ბოლო სავანე ითაკაა, ჩემი ითაკა,
ის ერთადერთი და საოცნებო აღთქმის ქვეყანა.

მოლოდინი

წარსულის სხვენზე ბარათებს ცისფერს


დიდი ხანია გასვლიათ ფერი
და მოთენთილ მოგონებებში
ჰა, ჰა, საცაა ჩაიძინებენ,
თუმცა დრო დარჩა ჯერ საჭოჭმანო –
იქნება ღამემ დაიგვიანოს
და აღარ მტოვებს ეს მოლოდინი,
„სიშორის შენი სიახლოვე“, უფალო ჩემო!
ეკლის გვირგვინი ეჩვენება ბევრს
ოქროსფერი,
დაშარიშურებს შური თეთრი, შური მოშავო,
და გულზე მიჭერს ელდის საცეცებს...
ო, არა, არა, აღლუმს ჭინკების
არ დავესწრები ცოცხალი თავით,
უცებ მოვშორდი უფერულ აწმყოს
და მომავალსაც წინ გავუსწარი
ფიქრში შებმული ეტლის რაშებით;
ვუალს ვარდისფერს
მოიზომებს მალე ოცნება,
არ მტოვებს მოლოდინი
„სიშორის შენი სიახლოვე“, უფალო ჩემო!

ჰეი, სნობებო!

ვერ მოვასწარი სიყმაწვილიდან გამოფხიზლება,


მყის თავს წამადგა ზანტი სიბერე და
ათვალწუნებულს გამეტებით გამილაწუნა...
მაინც არ ვპუობ – თითქოს ევა ვარ
გამოდევნილი სამოთხედან,
ჩემს სამოთხეში მძინავს და მძინავს
და ვხედავ სიზმრებს ათასფეროვანს...
როს, როგორც იქნა, გამოვიღვიძე,
სულ სხვა თვალებით შევხედე ყველას –
ზოგს მხრებზე თავად ეშმაკი უზის,
აუ, რამდენი ბოროტია, ვიდრე კეთილი,
ქვებუდანი და ქვეგამხედვარე ყალბი ღიმილით...
სარკეში ვჩანდი ნატანჯი და ისე ეული,
ვითარც ზამთარში ხე დამეხილი...
ეჰ, ფილისტერებს ხმას რას მივაწვდენ,
თუმც მაინც ვყვირი ხმაჩახლეჩილი:
ჰეი, სნობებო, თქვენც, სეირის მაყურებელნო,
ვეღარ მიგიჩნევთ გულშემატკივრად,
თქვენს ყავლგასულ მზერას და ღიმილს
დიდი ხანია ჩაუქრა ჩინი...
თქვენი მზე მალე ჩაესვენება,
ამოანათებს უჩვეულოდ ხვალე აისი.

ნისლში

დღე იყო ისე გახუნებული, მოწყენილი და გარინდებული,


რომ შემეშინდა...
მოსაღამოვდა, ჩამოწვა ნისლი.
მე შევეხიზნე
კარავს ნისლისას და სველი ფიქრი გასაშრობად
ძლივს გადმოვკიდე განთიადისას.
მზარავდა სუსხი, მეყინებოდა სული ეული...
გულში ჩავმარხე სევდა და დარდი და რულმორეულს
კიდეც ჩამთვლიმა.
და მძინავს ახლა, ჰო, ზეზეურად.
ლამისაა ფეხზე ჩამოვხმე;
ძილი დამიფრთხო მერე ავდარმა...
ჰო, ეს ქარია, ჩურჩულებს ქარი:
„ჯვარს აცვი, ჯვარს აცვი, ჯვარს აცვი ეს ქალი“.
წინ გოლგოთაა, გასავლელია ეს გზა ბოლომდე...
თუ გადავურჩი ელვას და ჭექას,
ქარებს, გრიგალებს თუ გადავურჩი
(შენ შემეწიე, ღმერთო ძლიერო),
თუ მოვინელე ბრაზი და წყენა,
თუ სიძულვილი არ გავიკარე,
ვიცი, უფალო, რომ არ გამწირავ!
ახლა ნისლში ვარ, ავი სულების აქ გამართულა
დიდი მარულა,
ამაზრზენია მზაკვრის სიცილი, უფრო კი – მზერა –
რა თვალები აქვთ ამ ბოროტ სულებს,
რა თვალთა ელვა (ფუი, ეშმაკს!)..
ჟამი დადგაო – ნისლის კარავზე
იჭექა მეხმა (ასაკი ჩემი ვერ გავიხსენე, ვარ უასაკო).
გზა ჩაიხერგა, გზა ჩაიხერგა, გზას ვეღარ ვხედავ...
ვლივლივებ ნისლში მე შორეული სხივი ვარსკვლავის...
ცოტაც, სულ ცოტაც და წვიმად მოვალ...

ცა მეგებება

ცუდად ყოფის ათასი მიზეზი მაქვს,


აღმოვაჩინე ათასმეერთეც,
როცა ჩავფიქრდი საკუთარ თავზე
(ისე ძველია ეს განწყობა, როგორც სამყარო).
...ვერ გავიხარე,
ვერ ავისრულე გულის წადილი,
შორს ჩამიარა მთელმა ცხოვრებამ
და მარტოსული და გარიყული
სხვათა ტკივილის ვიყავ სალბუნი.
ბედმა მარგუნა ეს განსაცდელი,
განსაწმენდელი ალბათ უფრორე,
გმადლობ, უფალო, რომ გამაღვიძე
და სხვის ბანზედაც გადამახედე.
შავ დღეში მყოფი რომ დავინახე,
ჩემი ტკივილი გადამავიწყდა,
სხვას გავუწოდე მოკეთის ხელი
და მივუბოძე სულის მალამო,
სხვა თუ გადარდებს, მაშინ სიცოცხლე
არც უაზროა, აღარც ამაო,
ახლა ცაში ვარ, ცა მეგებება,
ცა გაიშალა, როგორც მარაო.
მეც, ერთი ტოტი

ადამის ნეკნიდან გაჩნდაო და


მოევლინა ამ ქვეყანას პირველი ქალი, –
ყვება ასე ბიბლია – პირველი წიგნი,
პატარებს სჯერათ, მოზრდილებს – არა;
ასეა, პატარებს მუდამ იტაცებთ ზღაპრები.
დგას გაზაფხული,
დილა არის მართლაც ზღაპრული,
ცის კაბადონზე შემომდგარა ტანდარახტული
მზე – შემოქმედი და
მაგიურ ფუნჯით მოუხატავს ეს სანაპირო;
ეს სამოთხეა, როგორც იქნა, გამოჩნდა ღმერთი...
ადამის ნეკნიდან გაჩენისა რა დავიჯერო,
მზის შვილი რომ ვარ, ნამდვილად მჯერა,
მე მზეს ვეკუთვნი მთელი გულით,
მთელი არსებით,
მე მასში ვარ და იგი ჩემშია,
მისით ვსუნთქავ, მისით ვივსები,
ეს მისი აზრით, სინათლით, ფერით
გადავსებულა სამყარო მთელი,
მეც – ერთი ტოტი შეფოთვლას ველი.

* * *

ალბათ, აღძრული ამ საოცრებით,


რასაც სიცოცხლე ჰქვია სახელად,
ვარ ანთებული!
გავყურებ ხეებს – ჩაეკონა სხივი კანკალით,
გვირილამც უცებ გაიღვიძა, ჩამიკრა თვალი,
ჯვარი დავწერე, საუფლოა რადგან უფლისა,
ვისთვის გზაწვრილი, ვისთვის კიდევ – ფართო სავალი.
* * *

მე ვიხედები საკუთარ გულში,


ვით უნაპირო ზეცის თავანებს მოეჯარება
ღრუბლის ფთილები,
შემომხვევია აზრები ისე და ჩაუხუთავს ჩემი არსება.
გადავიყარო ფიქრები მინდა, აზრებს კამკამას დავეპატრონო
და ჩემი სულის უძირო ზეცას გადავაფინო
ვით ცისარტყელა.

* * *

ვაზროვნებ, ესე იგი ვარსებობ,


დიახ, ასეა, ასე განსჯიდნენ ოდითგან ძველნი,
ჭეშმარიტების რომ შეაღეს დიდი კარები
და საპაექროდ მიგვიპატიჟეს...
ვაზროვნებ, ანუ ვაცნობიერებ
რა ხდება გარეთ და თავად ჩემში.
გარეთ? გრგვინავს და ზანზარებს ცაი,
თითქოს განკითხვის დღე ახლოვდება...
ჩურჩული მესმის, ჩურჩული მესმის:
– არ დამატეხო თავს რისხვად მეხი, –
ზეცას შესთხოვდა პატარა ვერხვი.
ჩემი ვედრებაც ესაა, ღმერთო,
ჩემი ვალი და სათქმელი ჩემი,
ყველა სულდგმული და თვით უსულოც
ერთიანია, ნაწილი შენი,
გადმოგვაფარე კალთა გრძნეული
და აგვაშორე ეს განსაცდელი.
ვიღაც მაფრთხილებს – Memento mori,
Viver memento, – მამხნევებს ბევრი,
მთელი ბუნება – მიწაც და ზეცაც
სიკვდილ-სიცოცხლის სიმღერას მღერის.
SOS!

მეწერა ალბათ მეორედ მოსვლა


და ისევ მოველ დედამიწაზე,
მესმოდა დედის უსასო კვნესა:
– რა სხვანაირი არის ეს ბავშვი,
ნეტავ რა უნდა, ნეტავ რას ელტვის,
რა არის მისთვის ნეტავ მთავარი?
იმთავითათვე, ჩემო ბატონო,
მიყვარდა ფიქრით ცაში ნავარდი,
დიახ, რომ ფრენა,
სწორედ რომ ფრენა იყო ყველაფრის თავი და თავი.
სწყურია როგორც მწყურვალეს წყალი,
მწყუროდა ისე მთვარის ცის ნამი,
სავალ გზებზე კი მუდამ ჩრდილებად მეღობებოდა
ნისლი და კვამლი.
ფერშელახული მემოსა კაბა,
გულში ტკივილი მქონდა ჩამდგარი
და ცოფიანი ძაღლის სიბრაზით ახლოვდებოდა
ცივი ზამთარი...
წვიმა და ნისლი, ნისლი და წვიმა...
ჰინომის ველზე კოცონი დიდი...
მაჟრიალებდა ტანში და დაღლილს
სულს მიხუთავდა იმ ცეცხლის ალი,
ჰო, მსხვერპლი ვიყავ, ეჰ, მერამდენე,
ეს მე გამწირეს სიკვდილისათვის.
ცას ასტკენოდა შუბლი მხურვალე, წვიმდა და ქუხდა, ქუხდა და წვიმდა,
არ ჩანდა ირგვლივ ძეხორციელი,
ითხოვდა ვიღაც შველას ვედრებით –
SOS, SOS, SOS!
ვერ დავადექი

გზები წვრილდება, გზები ხდება ნარ-ეკლიანი,


ვერ დავადექი გზებს იოლს და ია-სავარდოს,
არც ჩინ-მედლების ვარ მოსურნე და მგალობელი,
მაინც ძალიან მდიდარი ვარ, თუმც უქონელი...
სიზმრებს ვნახულობ ისე ლამაზს და ისე ფერადს,
კარგა ხანია გადავლახე დროცა და სივრცეც,
ვარ წარსულში და ამავე დროს ვარ მომავალში,
ოღონდ ეს არის – აწმყოში არ ვარ...

* * *

დღეს მე უფალმა გულში ჩამხედა,


დგება საღამო...
დიდიხანია ფსალმუნს ვკითხულობ,
პირჯვარს ვიწერ და აღვავლენ ლოცვას,
„ვეტყვი უფალს – ჩემი მფარველი
და სიმაგრეა ჩემი ღმერთი, რომელსაც ვესავ“.
უზენაესი და ყოვლისშემძლე
სივრცის და დროის ცნებებს მიშიფრავს:
– დრო ჩვენი მესაფლავეა, დრო – განმკითხველი ჩვენი,
დროსთან ხუმრობა მტრისას, დროს გაფრთხილება უნდა,
დროს ეზიზღება მტრობა, დროს სიყვარული უყვარს,
დრო უსასრულო ხდება, როდესაც გულით უყვართ...
დრო თვით ღმერთია, ალბათ, და თავად სიყვარული,
ღმერთო, რამ გაყო მართლაც, ღმერთი და სიყვარული.

* * *

სამყარო?
არც მოყვარეა, არც მტერი,
ნეიტრალურიაო,
არ ემორჩილება გონივრულ მოსაზრებას;
კი, მაგრამ... მიკვირს, ღმერთმანი,
გრავიტაციაზე გონიერი რა გეგულებათ,
ხომ ჰმორჩილებს ამ დიდ ძალას ყოველი...

გამოცხადება

ცეცხლი ეკიდა მაყვლოვანს,


ცეცხლი ეკიდა,
ო, საოცრება – არც მაყვლის ბუჩქი იწვოდა,
არც ბალახები,
ალში გახვეულ მაყვლოვანს შემორკალოდა
დიდი ნათელი,
უფლის დიდება მოჰფენოდა ირგვლივ ყველაფერს,
რა დიდებული სანახავი იყო ყოველი...
რატომ არ იწვის მაყვლოვანი, უცნაურია,
სად გაგონილა ცეცხლი უკვამლოდ,
ო, რა უცხოა, თვალისმომჭრელი
ცეცხლის სვეტები,
ნეტავ რას ნიშნავს ეს ყველაფერი?
ვინ, ვინ მეძახის,
რა უცხოდ ჟღერს ჩემი სახელი,
რა სიყვარული გამოკრთის ხმაში,
თვალით ვერ ვხედავ, მაგრამ ვგრძნობ, რომ ის აქ არის...
– ჰო, აქ ვარ, აქ ვარ, – მეც ვეძახი და მისკენ ვიწევ,
ა, მაყვლის ბუჩქი, ლამისაა შევახო ხელი,
მაგრამ ხმა მესმა, – მე ვარო ღმერთი,
არ გაბედო სულ ახლოს მოსვლა,
წმინდაა მიწა, არ დააბიჯო სამოსით ფეხი...
შემეშინდა და ავიფარე თვალებზე ხელი.
მეც მოსესავით ვდგავარ ახლა უფლის წინაშე,
მეც ვცახცახებ და თავდახრილი შენდობას ველი.
კვლავ ხმა ჩამესმა,
მამხნევებდა და რჩევებს მაძლევდა,
როგორ დამეხსნა გასაჭირიდან ერიც და ბერიც,
კვერთხიც მიბოძა (როცა ისურვა გველად აქცია)
და მომამადლა ნიჭი წინასწარჭვრეტის...
ძნელ გზას შევუდექ, განსაცდელის არ მეშინია,
ვიცი, სიმართლე იზეიმებს უფლის შეწევნით.

ანდერძი

ტივტივებს ფიქრი
და ოცნებების ვუალს იფარებს,
ჭეშმარიტ გრძნობას,
სიყვარულს ნამდვილს
ვერ გადარეცხავს დროის მდინარე...
ტივტივებს ფიქრი, ვით ტივი ტბაზე,
და მეც ვტორტმანებ...
სულ მალე ღრუბლებს შევუერთდები,
ალბათ, სულ მალე...
ახლა კი ზეცის სიმღერა მესმის,
მთვარის ყვავილი ნაზად შრიალებს,
ასე ღვთიურად ამონთებული,
ეს ალისფერი ტოტი გრძნეული
ჩამოჰგავს იელს...
გიტოვებთ, როგორც Carte visite-ს,
ეს ჩემი სული აყვავებულა,
გთხოვთ, არ დააჭკნოთ,
ასხურეთ წყალი!

* * *

ხარ ზვიადი და თავმომწონე,


არც სათნოებით გამოირჩევი,
არც ეთიკურად, არც ესთეტიკით;
ჰო, არ მომწონხარ,
მაგრამ ელემენტარული კულტურა მკარნახობს,
შეგიწყნარო, მიგიღო ისეთი, როგორიც ხარ.
ჰოდა, ამ ზამთარს გავაყოლე ფიქრები შენზე.
ძნელია შენი დაპურება,
ხუთი ქერის პური და ორი თევზი რა სათქმელია,
რას იმყოფინებ;
არც მსოფლიოა შავ სათვალეში მიმზიდველი,
გავიწყდება, რომ რეალობა ხანდახან აბსტრაქტულია
და ყველასთვის მისაღები კარგი ხელისუფლება მირაჟია.
ფანჯარა, რომელიც უნდა შეაღო, უკვე დაგმანეს
და რაღა დაგრჩა იმის მეტი, რომ თავი მოიგიჟიანო.
რას დალევ? უბრალოდ წყალს?
მიირთვი, შეგერგოს.
რაო, რას ამბობ,
მსოფლიოს ყველაზე დიდი კრიმინალი
დღეს აჟიტირებულია,
ის მდიდარია,
მას ტაშს უკრავენ,
ადიდებენ ვითარც მესიას?
განა ასე არ ხდებოდა ყველა დროში?
გადაუღებელი ფილმის პერსონაჟი ხარ ჩემთვის,
შენ, შენ რას ფიქრობ?
ალბათ მოგზაურობ საკუთარ თავში.
ჰო, იოცნებე, ოცნებას კაცი არ მოუკლავს,
პირიქით, დღეებს გვიხანგრძლივებს.
გახსოვდეს, თამაში ხუთ დაფაზე
ყოველთვის როდია წარმატებული
და ალბათ, ამიტომაც დასასრულისაკენ ვიხედებით
და უცებ ვაცნობიერებთ: – სიკვდილი შეიძლება
ყველაზე დიდი მოგზაურობა იყოს სამყაროში.
შენც ასე ფიქრობ?
მაშასადამე, ბევრ რამეში ვგავართ ერთმანეთს.
რამდენად ხილულია ეს მსგავსება?
ჩვენ კი არა, დნმ შედარება ცოცხალ ორგანიზმებში
გვარწმუნებს, რომ ცხოველების,
ფრინველებისა და ადამიანის
დნმ 80-60 პროცენტი იდენტურია;
ვინმემ რომ შიმპანზედ არ მიგიჩნიოს,
სჯობს სოციალურად გააქტიურდეო, – მირჩევ.
თანაც, ეს აქტიურობა აუცილებლად
კრეატიული უნდა იყოსო,
ანუ რესტავრაციას მოითხოვსო შენი სული.
კი ბატონო, მაგრამ იქამდე
ჯერ საკუთარი სული გადაარჩინე,
საკუთარი თავი გაათავისუფლე, თუ შეგიძლია.
* * *

როს არსს შევიგრძნობ ჩემი არსების


და როს გრძნობები ხმად იქცევიან,
მე დავადგები იმ გზას შორეულს,
საიდანაც კაცნი არ ბრუნდებიან,
მხოლოდ აზრები არ დამტოვებენ,
აზრები მარად ჩემთან რჩებიან,
ოდეს სამყარო ნათლისაი გამიღებს კარებს.

გარდასახვა

შუქმა იალა,
შუქმა იალა,
განხვნენ არენი ბნელი ცისანი,
მოაციაგებს სხივს იმედისას აისი ვნებით
და მგზნებარებით
და ჩემს სულში ისე ბიბინებს,
როგორც ბალახი;
როგორც ბალახი განეფინება მზესა და მთვარეს,
ანდა ფოთოლი, ლორთქო ფოთოლი აფეთქებული
ხეებზე მწვანედ,
ახლა ამ შუქში,
მზის უქრობ შუქში ის ილანდება და მოშრიალებს...
ეს დღეს დაიწყო,
ან იქნებ გუშინ,
იქნებ გუშინწინ...
ო, არა, არა, ჩემი მგზავრობა ამ საწუთროში
უკვე დაიწყო დიდიხანია,
დიდი ხანია...
დიდი ხანია...
ჩამომეშველე... ცაო ცისფერო, ჩამომეშველე!
და ჩემი კვნესა, სულის ძახილი
ისე ვით ექო გადაგუგუნდა,
გადაგუგუნდა...
– არ ჩამიქროო ბედია კანდელი,
სულთამბოძავი არ მიმატოვო,
ვის შეუძლია უნუგეშოს ნუგეშის ცემა,
დაჩაგრულიც და უბედურიც ქვეყნად ბევრია...
ვით მარგალიტი გაბრწყინდა ცრემლი,
ის უხილავმა გაიყოლია და სასუფეველში მიმიპატიჟა...
მერე ცა გაკრთა, ცა გასხივოსნდა,
სხივი აენთო ათასფერადი,
სახე ვიცვალე, სახე ვიცვალე
და გვირილაში გავახილე მზისფერი თვალი.

* * *

სული აივსო უსამანო შენი დუმილით,


შენი დუმილი – პირველსაწყისი,
დუმილი ოდენ განსაცვიფრები,
საცნაურდება შენი სახელით,
ალბათ ამიტომც, ბრძენი მუდამ დუმს...
სიტყვა კი, სიტყვა,
რომელსაც შენი სახელი ჰქვია,
ამოიფრქვა იმ უდიადეს, სასწაულ წერტილში
(სინგულარული რომ უწოდეს მეცნიერებმა)
და ამოავსო სამყარო მთელი...
მეც „შენში“ ვიყავ, მახსოვს ის წამი,
ოდეს ნათელმა განახვნა ბნელი.
შენი სარკეა ეს სამყარო, შენი ხატია,
ვიწყები შენით, ვმთავრდები შენით,
მე – სიჩუმეში ამოზრდილი
მინდვრის ყვავილი.
დაბადება

ჩემი დაბადება მახსოვს, ცაზე ენთებოდა სხივი,


ამოდიოდა მზე ყოვლისშემძლე,
მზე დიდებული, ფანტასტიკური,
და სილამაზეს, მართლა ზეციურს,
დაბლა მიწაზე დაედო ბინა,
ბაღში ვარდების იდგა სურნელი,
მზისკენ ილტვოდა ათასი ვარდი,
ეცეკვებოდა მზეს უსურვაზი
და მიხაროდა, რომ მზე მზეობდა,
ასე მეგონა მზეს მივწვდებოდი
და როს მნათობმა აზარფეშა გადმომაწოდა,
უმალ დავცალე, მერე თამამად გავშალე მხრები
და დედამიწას დაეფინა ეს ჩემი ჩრდილიც...
სული აივსო,
სული ადიდდა,
ჟამმა დაიწყო ათვლა,
ცამ მოწყალება გულით გაიღო,
დღე სასურველი დადგა –
გადანათდა არემარე და აციაგდა ბალახზე ცვარი,
ეს მირონცხება იყო მართლა ნამდვილი,
დააბიჯებდა ღმერთი მიწაზე,
ის იმ დღეს ბევრმა ვერ დაინახა,
ურწმუნო კაცი რას დაინახავს,
სიზმარივით განქარდება თვალწინ სასწაულიც...
ჰოი, უფალო, აუხილე კაცს გულის თვალი.

* * *

დიდი ხანია
სარკეს გავურბი, სარკეში თავი არ დამინახავს,
არ მინდა აწმყოს ჩავხედო თვალში,
გულის იარებს შევხსნა სახვევი,
გულგრილობით და პირქუში მზერით შეშფოთებული
სახე ვიხილო.
მე ახლა ვზივარ შავით მოსილი
და ძლივს ჩამესმის მწუხრის სიმღერა,
ფიქრმა გამასწრო, გაინავარდა
და ჩემს სიყრმეში ჩამოისვენა...
აენთო ლალი და საფირონი,
ვარდებს შვენოდა წითელი ფარჩა,
ულამაზესი მაისი იდგა (მაისი მართლაც არის ზღაპარი),
ვიდექ ხის ძირას, ყვავილთა წვიმას მოჰქონდა ცაცხვის
ნაზი სურნელი...
ველოდებოდი,
ის კი არ ჩანდა, მერე მოვიდა
და მომიტანა სამყარო მთელი.
ასეთი განცდა, ასეთი ღელვა,
აუ, რამდენი გასულა ხანი,
ასე რად მიხმობს წარსულის ლანდი ჩემი ბავშვობის
ლურჯ სავანეში,
იქნებ მომავლის საგზურს მპირდება?
მაგრამ ეს აწმყო,
დღე დღევანდელი თავისი ბასრი კბილებით მგესლავს:
– ნატვრის ბეჭედი შენ არ შეგფერის,
შენ ხარ ბებერი!
გული კი მაინც არ ეპუება,
სურს გაარღვიოს სამანი დღეთა,
ცაზე აენთოს ვითა ვარსკვლავი
და დაამარცხოს დარდი და სევდა.
– რა მეშველება, რა მეშველება?
– ღმერთი გიშველის, ღმერთი გიშველის!
მწედ და მეოხედ მოვუხმე უფალს
და ისევ ვპოვე მე ჩემი თავი...
გული განათდა, გული აენთო,
რა გამაჩნია ამ გულის გარდა,
ლოცვაზე ვდგები, როგორც ერთი კათაკმეველი,
უფლის ნებით და უფლის წყალობით
შემოდის ჩემში ზეცის ნათელი.
სიმფონია

დღეს, თქვენთან ერთად მე მოვისმენ ამ სიმფონიას,


ხომ გსურთ რომ დატკბეთ და მუსიკის შეიგრძნოთ ენა,
ჩუმად იყავით და სიჩუმეს მიუგდეთ ყური,
თქვენ გაიგონებთ პირველ ჩუმ ბგერას –
ტალღა მოიწევს ნაპირისაკენ, ჯერ ჩუმად, ნელა...
მერე ბრაზდება ზვირთი მაღალი და იქოჩრება,
ნაპირს აცხრება...
ქრება მინორი, მძლავრობს მაჟორი, ხმა ძლიერდება,
მძვინვარებს ქარი, ზღვა ღელავს, ღელავს,
ადამიანიც გაუთანგავს ფიქრებს მღელვარეს:
ვინა ვართ, რა ვართ, გავჩნდით რისთვის ამ ქვეყანაზე,
არსი სიცოცხლის რა არის ნეტავ?
ნუთუ სიკვდილი დასასრულია?
აკორდი მძაფრი და ბობოქარი, განცდა მშფოთვარე:
რას გვიმზადებს ჩვენ ბედისწერა?
ხმები ნელდება და მშვიდდება –
ალტის ხმა წყნარი, თბილი და ლაღი მელოდია
გრძნობებს ანაზებს და მე ვხედავ სურათს:
დილა საამო, მზე მხურვალე და ცა მოწმენდილი,
მშვენიერია მართლაც სიცოცხლე და საამური...
უცებ კლარნეტმა ტონი იცვალა,
მას მოთქმით აჰყვნენ სხვა საკრავებიც,
ორკესტრი ბობოქრობს და კვნესიან ვიოლინოები,
მესმის ქარის ხმა, ჭექა-ქუხილი,
ვიღაცა ზღვაში ქარიშხალს ებრძვის,
ტალღებთან ომი გაუმართავს უთანასწორო,
ნაპირამდე კი შორია ჯერაც,
მაგრამ იმედით მხნევდება გული,
არ გაგვწირავს მაღალი ღმერთი!
ძალას იკრებს მელოდია და ძლიერდება,
დიახ, იმედი სულ ბოლოს კვდება.
ისევ სიჩუმე, ირინდება ბუნება წამით,
დრო-ჟამის მაცნე რეკავს საათი –
იწყებაო ახალი დღე, ახალი განცდით...
ისე ლაღად ჩქეფს ვალსი ლაღი, რომანტიკული,
როგორც მთის წყარო,
მშვენიერია ცხოვრება:
მზე სხივმფინარე, ტყე მოშრიალე,
ყვავილებით მობიბინე მინდვრები ვრცელი,
წყარო, მდინარე,
ზღვა და ხმელეთი, ყველა სულდგმული,
კაცი თუ ჩიტი, თუ პეპელა ფრთამოხატული...
აკვნესდა უცებ ვიოლინო, ფრთხიალი მესმის,
ოჰ, ძირს დაეცა დაჭრილი ჩიტი...
ადამიანსაც ემუქრება საშიშროება,
ეჰ, ვინ რა უწყის...
ეს სევდიანი მუსიკის ხმები გულამდე ატანს,
ვიტირო ლამის.
მაგრამ, ო, არა, სევდას და ნაღველს
კვლავ ამოავსებს სიცოცხლის ხმები,
ჟღერს დიდი ვალსი, უშფოთველი, ალერსიანი...
მაგრამ დროებით,
ისევ იცვლება მელოდია, დრამა იწყება,
გაისმის მარში უჩვეულო, თითქმის გრძნეული,
ო, რა ხმებია, სული იწვის და იღვენთება,
კვნესის ფლეიტა,
გულისმომკვლელ ხმებს გამოსცემენ სხვა საკრავებიც:
ეს დასასრულის მობრძანდა ჟამი,
მესმის გოდება ვიოლინოსი
და ყრუ დარტყმას ტამტამისას
ერწყმის გუგუნი კონტრაბასების;
მერე შრიალი, ნელი შრიალი სმენას აწყნარებს და
მეც მეფინება სიმშვიდის ჩრდილი,
დგება სიჩუმე მრავლისმომცველი...
დასასრულია?
– დასასრულია და დასაწყისიც.
* * *

დღეს მე ევტერპემ დამიმარტოვა


და ჩურჩულით მითხრა,
მე ვარო შენი პოეზიის ანი და ბანი,
სული და გული, ტკივილი, დარდი,
სევდა, რომელიც მუდამ თან გდევდა,
და სიხარულიც... როს აღმაფრენის გჩუქნიდი წუთებს;
მერე კი, მერე, განშორების დაგვიდგა ჟამი,
ახლა კი ვნანობ, რომ მიგატოვე.
ნაადრევად ჩასულო მთვარევ,
შენი ავსების ვარ მოლოდინში,
მე დღეს დავბრუნდი,
იმედია, მაპატიებ და შემიყვარებ.
ჩამჭიდე ხელი,
ზეცისკენ ჩქარა!
იქ, ჩემს დობილებს გაუშლიათ სხივთა კარავი,
გვირგვინი მზისა დაგამშვენებს, იცოდე, მალე!

სულის ფორმულა

– კაცს კაცად აქცევს სულის სიმაღლე და სითამამე!


– ასე გგონია?
– მარტო მე განა, ასე ფიქრობდნენ ოდითგან ბრძენნი
და აი, ფორმულაც შემოგვთავაზეს:
სულის სიმაღლეს და სითამამეს როს წარმართავს
ვნება მძაფრი და ზეაღმტაცი,
დაფერილი კაზმული სიტყვით,
სახეზეა ზეშთაგონება,
ანუ ესაა ამაღლებულის ხარისხში აყვანილი ერთიანობა.
– უფრო მარტივად?
– მაგალითად, ბუნება ხომ გიზიდავს,
წარმოისახე ცა ღამეული,
ვარსკვლავებით ამონთებული სამყარო მთელი,
ხომ გრძნობ ბუნების სიდიადეს და აღმაფრენას
და სასიმღეროდ მიგიწევს გული,
იბადებიან და ფრთიანდებიან ისე სიტყვები
როგორც ჩიტები... სწორედ ესაა ზეშთაგონება.
– კი. ჭეშმარიტად, წუთებია დაუვიწყარი,
ცამ მოწყალება ჩემთვის მოიღო და ღვთაებრივი
ჩამესმა ენა,
მთვარე გაივსო და გაიბადრა,
უფრო დიდ სილამაზეს ვერ ვინატრებდი,
ასე მგონია, მთელი სამყარო აივსო ვარდით,
ცას მიწა უყვარს, მიწა კიდევ ისწრაფვის ცისკენ,
მე შენ მიყვარხარ,
შენთან ერთად მთელი სამყარო!
– ჰოდა, სწორედ ესაა ამაღლება – ღვთიური განცდა,
ოდეს შენს სულში უკეთური და უღირსი ფიქრები
უკვალოდ ქრება,
სიყვარულით და სიკეთით ივსება გული,
დიადი და ამაღლებული აზრები ნაყოფს მოისხამს
და სხვაც აჭაშნიკებს.
– ასეთი გულის პატრონი მაღალმხედი კაცია, მგონი.
– მაღლამხედია კაცი ყოველი,
თავისი სულის პრიზმაში რომ გარდატეხს
მთელ სამყაროს
და განბრძნობილს
აღაფრთოვანებს ეს საკრალური დიადი წესრიგი –
ბუნების ღვთაებრიობის გამოვლენა,
კაცის სულის მარადიული მოშანდაკე და შთამაგონებელი.

* * *

ტყემლის ყვავილით გადაფიფქულ ხეს დავემგვანე,


ოდეს სხივებმა კოსმოსურმა სულში გაზაფხული ააყვავეს;
ო, ეს სხივები, რელიქტური გამა სხივები,
მოლივლივე დროისა და სივრცის სიღრმიდან
მეცნიერთ ახალ თავსატეხს უჩენს...
რა სხივებია? რა სიგნალია?
მე კი მგონია, ღმერთი გვეძახის,
ღმერთი გვანიშნებს,
ეს მერამდენედ უკვე გვაფრთხილებს
(ხან ვაჟას გვიგზავნის, ხან გალაკტიონს):
– კაცნო, გიყვარდეთ ერთმანეთი!

ევას ნაკვალევზე

Manus animam pinxit,


ჰო, ხელი სულს ხატავს,
სულს, რომელმაც გამოაღწია მარადიული დასაბამიდან,
სულს, რომელსაც ხან წვიმა უტბორავს გასასვლელ გზას,
ხანაც მზე ისე აცხუნებს, რომ გათანგულა;
ხან ქარი უტევს გამძაფრებით და გაავებით...
სული, რომელიც ისე კანკალებს და იღვენთება,
ვითარც სანთელი უწმინდესი ხატის წინარე,
სულს, რომელშიც ახლა მწუხრი დავანებულა,
გაუღია დაგმანული ყველა სარკმელი,
მთვარით რომ აივსოს და გაიბადროს...
თითქოს მიმიხვდაო, თეთრი ღამის მბრძანებელი
იდუმალი სხივების გვირგვინს მიგზავნის
უჩინარ ხელით და სტუმრად მიწვევს...
უნდა ვეახლო ცის დედოფალს თავდადრეკილი,
ოდების წიგნიც უნდა მივართვა,
მადლობა ვუთხრა, რომ ამავსო ციურ წყალობით,
მომასმენინა მარადიული მუსიკის ხმები,
ღრუბლის მდელოზე ააყვავილა იასამანი,
შეახსნა ზეცას ყველა კარი, ყველა სამანი,
თუმცა წამებით, მაგრამ სჯობდა მთელ საუკუნეს.
მე დავდიოდი მარტოდმარტო ედემის ბაღში
და როს უცხო ხემ დახუნძლული ტოტი დახარა,
მოწყვიტეო – მესმა ჩურჩული მაცთუნებელი,
თვალწინ დამიდგა ევას აჩრდილი
და გამახსენდა გველის ამბავი...
ხე ცნობადისა ტოტებს არხევდა
და მის იდუმალ შრიალში
ედემის ამბები ჩამესმოდა გამაოგნები...
და მაინც, ხელი გავიწვდინე იმ ნაყოფისკენ.
გასაუბრება მეგობართან

ბრძენიაო – ამბობენ შენზე;


შენ არასოდეს არ შემცდარხარ, არ დაბნეულხარ,
პასუხი მზად გაქვს ყველა კითხვაზე;
გკითხე ამასწინ:
– ნეტა რა მჭირს, რა მემართება,
ამ დეპრესიამაც ხელი დამრია,
ხან ბრაზი მახრჩობს, ხანაც ცრემლები...
– მაგნიუმის ნაკლებობა იწვევს ბრაზსა და გადაღლას,
ვიტამინები B6 და C დაგჭირდება,
გლუციდებით მდიდარი საკვები მიიღე და
ნახავ, განწყობაც შეგეცვლება.
– ისიც მითხარი, რას მიმზადებს მე ბედისწერა?
– რასაც ფიქრობ, ყველაფერი აგიხდება.
– ამიხდება?
– აგიხდება არა ის, რაც გსურს,
არამედ ის, რისიც სულის სიღრმეში გჯერა.
– ბედნიერი ხარ? – გკითხე უცბად, დაუფიქრებლად,
ჩემს სიტყვებს თავად ვერ დავეწიე,
გაუხედნელ რაშებს ჩამოჰგვანან სიტყვები ზოგჯერ;
არ მიპასუხე,
თავშეკავებით გამორჩეულმა კლიტე დაადე
ბაგეს მშვენიერს
და დუმილს შენსას დაჰკრავს სიფრთხილის
მშვიდი იერი,
მაგრამ ძვირფასო, უწყი თავადაც,
ოდეს ბრძენი მხოლოდ ბრძენია, ესე იგი
ცხოვრებას ახლოს ჩაუარა და არ იცხოვრა
სავსე ცხოვრებით,
სული აკლია, მონანიე, თრთოლვით ავსილი...
ვერ ამაღლდები, თუ დაცემამ არ შეგაძრწუნა;
ჰო, ოდეს ბრძენი მხოლოდ ბრძენია,
ასე მგონია, კიბორგია ახალი თაობის...
ნაცარქექიას მონოლოგი

მგონი მზე სადღაც გადაიკარგა,


ცას ჩაუღამდა ლურჯი თვალები,
ატირდა მწარედ...
ჩვენი პლანეტა უჩვეულო რიტმს აყოლილა,
Animal planet, Animal planet...
ვთრთი და ვკანკალებ სუნთქვაშეკრული;
ჩემს კერიაზე რა ხანია მინავლდა ცეცხლი,
დაჰქროლა ქარმა და მოცახცახეს
შემომაყარა სახეში ფერფლი;
მაინც არ ვტოვებ ბუხარს მინავლულს,
საგულდაგულოდ ვქექავ ნაცარს,
ვეძებ ნაკვერჩხალს,
რომ გავაღვივო ისევე ცეცხლი...
ცეცხლი ღვთიური...
მისი ჭვრეტა სულს ასულდგმულებს,
სხვა სინათლე და სითბო ახლავს ამ ხილულ სასწაულს
და მე ხილულში უხილავს ვარ დანატრული,
დიახაც, სწორედ უხილავს ვეძებ...
ნაცარი ჩემთვის წმინდაა და სასურველი,
გარდასახული ენერგიის ვარ მოტრფიალე,
განა არ იცით, ნაცრის ჩხრეკა ცეცხლის არსია,
უდიადესის, უნაპიროს მე ვარ მძებნელი.
...................................
კი, მართალია, თქვენ მე დამცინით,
მაგდებთ სახლიდან, მაყვედრით ლუკმას,
მიძახით ზარმაცს, უგერგილოს და უნიათოს,
ნაცარქექიას,
ბრიყვსაც ხანდახან...
თქვენ მარწმუნებთ, რომ ზღაპარში ვცხოვრობ,
ცხოვრებამ თითქოს შორს ჩამიარა,
რომ არც ოქრო მაქვს, არც სხვა ქონება,
არც პატივს არ მცემს ქვეყნად არავინ,
დროა, ძველ ჩვევებს გადავეჩვიო და
ახალ ცხოვრებას ჩავუდგე კვალში.
არ გთხოვთ არაფერს,
თქვენი ქონების არ ვარ მსურველი,
ეჰ, სავალალოდ,
თქვენ ვერ გაიგებთ, რას ვეძიებდი მე იმ ნაცარში...
სამოგზაუროდ დავუყვები გზებს ჩახერგილებს,
თუნდ დევებს შევხვდე, არ შევშინდები,
ჰო, ჩემი თავის კი მაქვს იმედი,
წინ მელოდება მე ჰეპი ენდი;
თქვენ დაინახავთ, რას მიაღწევს მჭვრეტელი კაცი,
ვინ დაამარცხებს ხერხსა და ჭკუას,
ან ოცნების კაცს – შორსგამხედვარეს,
ბედნიერი ვარ, უფალო ჩემო, კამკამებს სული, შუქში კამკამებს,
ვხედავ სამყაროს შენით ავსებულს,
შენს უქრობ თვალებს – მზესა და მთვარეს.

* * *

შენი დუმილი?
საოცარი შენი დუმილი...
ასე მგონია ღვთაებას ვხედავ...
ვგრძნობ, ჩემი „მე“ როგორ შეგერწყა
და მე ახლა ამ სმენით გხედავ...
გხედავ ყველგან, მიწაზე, ცაში,
როს ჩამოწვება დიდი სიჩუმე,
ვუერთდები და ვილევი მასში.

* * *

მე დიოგენეს ფარანი გთხოვე,


ხელში მიჭირავს ანთებული სანათური
და გეძებ შენ, ადამიანო!
მინდა გიხილო მშვენიერი და ამაღლებული,
სიტყვანატიფი, კეთილაღნაგი,
მავანისთვის თავდადებული, მოსიყვარულე,
ქველი და ბრძენი,
მართლა ღვთიური, მაგრამ...
გეძებ ამაოდ, სუნთქვა მიჭირს, ფერი მეცვალა,
აქ არსად ჩანხარ,
არც ნაცნობებში, მოკეთეში, მტერში მით უფრო,
ალბათ, მომავალში ხარ დავანებული.
გავყევი ფიქრებს დაუსაბამოს,
აი, კოსმოსის კარიც შევაღე და გადავლახე
მილიონი სინათლის წელი...
უცებ ჩაირთო ცის ინტერნეტიც,
ცა ახლა ისე მშვენიერია, ისე ნათელი,
აღარ მჭირდება დიოგენე ფარანი შენი.
ეს ვარსკვლავებიც ვით ალმასი ისე ციმციმებს,
ანდრომედადან სხივებს მოაქვს აზრის კონები და
ფრთხილად აწყობს ჩემს ფანჯარასთან.
გული გამეხსნა და იმედიც ამოფართქალდა,
სიტყვები მიწას მოეფინენ ვით ყვავილები...
(მე გალაქტიკის ინფორმაცია ასე გავშიფრე):
– გაივლის ქვეყნად ბევრი თაობა,
შეიცვლება ეს ქვეყანა, მთელი პლანეტა, სამყაროც მთელი,
ღვთის ნაპერწკალი გაღვივდება ყველა თქვენგანში,
კაცში ღმერთი გაიღვიძებს,
დაფარული გახდება ცხადი, როგორც
ჰელიოტროპული სისტემა;
მაგრამ იქამდე, ჯერ დიდი დროა,
თაობას ასი თაობა შეცვლის, ჰიპოთეზები – ჰიპოთეზებს,
გზებს უსაშველოდ გაგიძნელებთ რწმენის სიმცირე
და შესაქმის საიდუმლოს ამოხსნაში ამაოდ დამშვრალნი
სხვა პლანეტებს მიაშურებთ, რომ გადალახოთ დროის სამანი
და სამყაროს გაიაზროთ ანი და ჰოე...

ნუ გეშინინ

იყავნ ნათელი! – დაირწა სიტყვა


და გამობრწყინდა სამყარო მთელი,
როგორც შესაქმის პირველ გრძნეულ დღეს
გარდმომაფინა ღმერთმა ნათელი,
ცით გარდმოვიდა, გაცისარტყელდა ბაგემდუმარი...
ძოწით შემოსილმა აისმა მამცნო:
ნუ გეშინინ, იყავი მშვიდად,
შენ არსებობას არ აქვს საზღვარი,
რაიცა ხარ, იყავი რაიც, იგივ იქნები...

დადგაო ჟამი
(მომავლის პოეტს)

სიტყვები ამოფრინდნენ ლექსებიდან,


ვდიე, მაგრამ გამექცნენ, ბოლოს ძლივს დავეწიე
და როცა იგრძნეს, გულით მეწადა მოხილვა მათი,
ჩემს წინ ფურცელზე გადმოცვივდნენ,
მე ეს სიტყვები ავკრიფე და
ჩემი ახალი ლეჩაქი მოვახვიე,
როგორ შეიშვენეს,
როგორ გალამაზდნენ,
როგორ მოიხდინეს,
სტრიქონებად ჩამოიქნენ და ჩამომწკრივდნენ...
ახმაურდნენ, აზვირთდნენ და ბოლოს
ზღვად დაიდინეს...
ახალი მოქცევის მოლოდინში
ელავდა მწვანედ სიტყვების ტალღა,
ნაპირს ელტვოდა აკვნესებული,
ელოდა თავის ერთგულ წამკითხველს...
და ყველა სიტყვა, შენ რომ იპოვე,
გასაღებია იმ საიდუმლოს,
ამოხსნას რომ ცდილობენ დიდიხანია.
შემომეფეთა შენეული სიტყვა მოთეთრო,
უცხოდ ანთებული,
სანუგეშოდ გამზადებული,
ბარძიმში გადანახული,
ზიარებისთვის მირონცხებული,
მაცოცხლებელი,
მეტაფორა უასაკო, უცხოფერი.,
ჰიპერბოლაა?
ღმერთმანი, არ ვაზვიადებ,
ლექსში ამოხსნილი საიდუმლოა,
შესაქმის ფორმულა – სიყვარული.
შენ ხარ პოეტი და მართლაც ღმერთი!
სიტყვამ „მიყვარხარ“
ამოავსო სამყარო მთელი
და როგორც მეხი, გადაგუგუნდა...
სულ ოდნავ ჟინჟლავს,
ასე მგონია, ცრემლია ღმერთის,
პეშვით ვაგროვებ,
რომ დავლიო და სული მოვითქვა,
იმედი ჩემი, მინავლული,
დაღლილი და დაჩრდილული სიმარტოვიდან
თვალსა და ხელს შუა ამოიწვერა და
ლექსმა მამცნო გზავნილი შენი –
მოდერნიც ძველდება,
დადგაო ჟამი poeta doctus-ის.
ახალი დროის მესიტყვევ,
სალამი ჩემი!

* * *

სამყარო მთელი – უსასრულო, ამოუხსნელი,


კითხვებს ბადებდა და ახლაც ბადებს;
ლამობთ ამოხსნას?
ამაოდ დაშვრებით...
ვერ შეიცნობთ ამ საიდუმლოს,
ვერ ამოხსნით ვერც ერთი ფორმულით,
ეს საიდუმლო შეიცნობა ღვთიურ წყალობით –
როცა შეიგრძნობ მთელ ბუნებას,
განიცდი და შეენივთები.

თანამედროვე რეცენზია
(სანდრო ბერიძის „მეილები ნატო ინგოროყვასთვის“)

ეს მეილები –
სიჩუმის შემდეგ დიდი რევანში,
ახალი რეკვიემი,
მჟღერი და ძლიერი
გალაქტიკებისაკენ მიიკვლევს გზას...
ჰო, მართალია, ჰყავს ადრესატი
(ნატო ინგოროყვა – ლექსის დედოფალი),
მაგრამ ახლა მას მეც ვკითხულობ,
ყველა სტრიქონის მესმის ხმაური
და შენი ლექსის გამჭვირვალე ბადეში
გამოჩნდა ჩემი ჭრელი სიზმარიც,
მიკროლეპტონები გზას მიიკვლევენ,
ტვინის ემოციური რუკაც
ივსება და ფართოვდება.
დაიძრა ფიქრების ახალი ტალღა,
სტარტზონაც ჩაირთო:
დადებითი უკუკავშირის მქონე სისტემის
აქტიური ნაწილი ვხდები და
ეს მერამდენედ ვკითხულობ შენს „მეილებს“...
რა განცდაა, ღრმა, უცხოფერი...
და ვით ჩვილი
დაეწაფება საწოვარას
ან თითს საკუთარს,
მეც ისე ვეწაფები
სტრიქონებს პოსტმოდერნულს.
რა შორს გაიჭერ –
ხან ცაში ხარ და ხან კიდევ სკნელში,
(ჰო, ლექსსაც აქვს თავისი სამოთხე და ჯოჯოხეთი).
რა სიხარულიც მომგვარა ლექსმა
(ეს აღმოჩენის იყო ტოლფასი),
ვშიშობ, წუხილით არ შემეცვალოს –
არ ამოქმედდეს ემოციათა მუდმივობის ქანქარა,
(ვისაც რამდენი სიხარული მიეცემა,
იმდენივე მწუხარება დაერთვის),
ტვინის ემოციურ მექანიზმშიც არისო რაღაც
ქანქარის მსგავსი);
შენი ლექსი – ქოქოსის მწიფე ნაყოფია
(ბევრისთვის უჩვეულო, ბევრისთვის – უცხოფერი).
მზე უხვად შეუსრუტავს,
იქნებ სულაც სარკეა მზისა,
ან იქნებ, შორეული ცის ვარსკვლავია
და შარავანდედი, მე რომ მიზიდავს,
სიტყვის ახლებური კონცენტრაციაა შენს ცნობიერში –
ფონემური სიმბოლო და გამოვლინება
ღვთაებრივი ლოგოსის,
მართლაცდა, სამოსელი პირველი.
შენი ლექსი? – მეილია კოსმოსში გაგზავნილი,
ელის წამკითხველს.

* * *

როცა ზღვა ღელავს,


დიდმა ტალღებმა გადმოხეთქოს თუნდაც ჯებირი,
არ მეშინია;
მე ზღვის სიმშვიდე უფრო მაშინებს.

სხვა ვერვინ იტყვის

ყველაფერია უკვე ნათქვამი,


და ყველაფერი დაწერილია?
ყველა რომანი და ყველა ლექსი?
თემა ძველია, გრძნობაც ძველია,
იდეაც ძველი?
გაცვეთილია სუყველა რითმა,
ვინ თქვას ახალი?
ჰომეროსის და რუსთველის მერე,
ბაირონის და გოეთეს მერე,
პუშკინის მერე, თაგორის მერე,
ტატოს, ვაჟას და აკაკის მერე
ვინ თქვას ახალი?
აი, მობრძანდა გალაკტიონი და
ლექსმაც ახალი დაიწყო სუნთქვა...
კიდევ რამდენი მობრძანდა მერე,
კიდევ რამდენი უთქმელი ითქვა,
მაგრამ... ჩემს სათქმელს სხვა ვერვინ იტყვის,
სათქმელი ჩემი მხოლოდ მე მიცდის.
* * *

ალბათ, სიხარბემ წამძლია, ჰოდა,


მაყვლოვანის გავუყევ ბილიკს,
ლორთქო ფოთლების ტკბილმა სურნელმა
ისე დამათრო და გამაბრუა,
ვეღარც კი მივხვდი,
ჯაგებში ისე ამოვყე თავი და გავიხლართე,
სადღა გავექცე ჩემს ბედს ულმობელს,
რაღას მიშველის მოთქმა-ტირილი,
თუმც უცოდველი ვარ ბატკანი,
ასე თეთრი და ასე პატარა,
მაინც უფალ ღმერთს გავუჩენივარ
სხვის მაგიერ შესაწირავად...
ჰა, საცაა ხელი კაცისა მძლავრად გამთოკავს
და სამსხვერპლოზე მიმიჩენს ადგილს,
დანდობილია ნანატრი შვილი,
მე კი მის ნაცვლად ღმერთს ვეწირები,
უდანაშაულო და საცოდავი...
ღმერთო მაღალო,
მოდგმას ადამის ამიერიდან ნუღარ გამოცდი,
ანგელოზს შენსას უმწეოსკენ ნუ მოახედებ,
ასეთ ზვარაკს ნუ მოითხოვ, უზენაესო!

You might also like