You are on page 1of 2

ღვთისმშობლობა თენდება, გილოცავთ!

2021seqtembers jurnalshi davbewdet

გვიან ღამემდე არ ეძინა სოფელს. 2-3 საათამდე ვისი კარიც არ უნდა შეგეღოთ, ერთეულების
გარდა, ჯერ კიდევ ყველა ფეხზე იყო.

შემწვარ-მოხრაკულისა და გამომცხვარი პურ-ლავაშის სურნელი ჩამოწოლილი ღრუბელივით


თავს ადგა ქურთასა და ორივე აჩაბეთს. უფროსები ფაციფუცობდნენ , თან ერთმანეთთან
შეუსვენებლივ მასლაათობდნენ და საოჯახო საქმეებში გაწაფულები პირველ, მეორე და მესამე
თავ კერძს, თავის ,,დესერტიანად“ შარშანდელივით და შარშანწინდელივით საგულდაგულოდ
კმაზავდნენ. ზოგიერთები, ვისაც მაგალითად, ,,დროჟმა“ უღალატა და ცომი გვიან გაღვივდა,
საკუთარ ეზოში ფიცრისგან შეკრულ სათონეში დაღამებამდე ჯერ ისევ ფუსფუსებდნენ,
დროდადრო ასანთს ანთებდნენ და თონეში იყურებოდნენ, - ოჯახისთვის რო ვაცხობდეთ, კიდე
არაუშავს, მაგრამ ვინ იცის, იქნებ ვინმე საპატივსაცემო სტუმარი გვეწვიოს და ყუადამწვარ
ლიკნებს ხომ არ მივართმევთო?!

ზოგს კვლავ ნაცადი ხერხისთვის მიემართა და უკვე ჩანელებულ თონეში ნაირ-ნაირი ნამცხვრის
ფირფიტებს აცხობდა. ე.წ. ,,დენის პეჩკები“ თითქმის ყველას უკვე შეეძინა, თუმცა ისე, როგორც
ლავაშ-ლიკანსა და წითლად დაბრაწულ ნაზუქებს, შეშა-ფიჩხზე, თანაც სოფლის ნატურალური
კვერცხით, რძითა და სხვა ატრიბუტებით გამომცხვარი ნამცხვარი მართლაც პიკანტური იყო...
ალაგ-ალაგ ფიცხი ხასიათის დედების ჩხუბსაც ყურს მოჰკრავდით და პროტესტის ნიშნად
პატარების წრიპინსაც, - ქალები ბავშვებს გვიანობამდე ფეხზე ყოფნას ვერ პატიობდნენ და
საძინებლისკენ დაჟინებით მიუთითებდნენ, - ფეხებში ნუ მებლანდებით, გასცი, დაიძინეთ,
რაღა დროს თქვენი ფეხზე ყოფნაა, საცაა მამალი იყივლებსო...

სიმართლე რომ ითქვას, ამ მხრივ არც დედები ტყუოდნენ და არც - შვილები, რადგან ქალი როცა
მარტოა, ორმაგ საქმეს ასწრებს, მაგრამ თუ მის გარშემო ოჯახის წევრები ტრიალებენ, - პაპას
ტელევიზორი ბოლო ხმაზე აქვს აწეული, ბებო სათვალეს ეძებს, მამა ტელეფონზე ლაპარაკობს,
ბავშვები კი ერთმანეთს ეძიძგილებიან, ხან ტირიან და ხან იცინიან, - დრო ხელიდან ისე
გაურბის, როგორც - არაფერი. თავისებურად არც ბავშვები ტყუოდნენ, რადგან სჯეროდათ, რომ
ცოტ-ცოტას მშობლებს ისინიც ხელს წაახმარდნენ...

წელიწადის იმ დღეს, პურს, იმ ორ სოფელში თითქმის ყველა თონეში აცხობდა, უმრავლესობა, -


ნაზუქსაც. ის ხომ, ჰა, ჰა... წელიწადში სულ რაღაც ორჯერ ცხვებოდა და გემოვნურ თვისებებთან
ერთად სუფრის ლაზათიც ამიტომ იყო...

ლიახვის ხეობის ყველა სოფელში სადღეობო საკლავს - უმეტესად მსხვილფეხა საქონელს,


რამდენიმე ოჯახი ერთად იყიდდა, წინა დღეს დაკლავდა და ქალაქელებივით 2-3 კილოს კი არა,
10-15 კილოს ინაწილებდა. სუფრას დღეობის მეორე დღესაც შლიდნენ და სტუმრებს მხოლოდ
პურ-ღვინით ხომ არ დახვდებოდნენ?!

იმ დროს, როცა ქალები შეუსვენებლივ ტრიალებდნენ, მხარ-თეძოზე წამოწოლილები არც კაცები


იყვნენ - საკლავის განაწილების შემდეგ მათ ხორცის მოვლა ევალებოდათ, - დაჭრიდნენ,
გაასუფთავებდნენ, სხვადასხვა კერძისთვის გაანაწილებდნენ და კიდეც მოხარშავდნენ. მერე
ზედაშეს მოხდიდნენ. ტრადიცია წინაპართგან მოსდევდათ, - ღვთისმშობლობას ჯერ ამ ღვინით
დაილოცებოდნენ - ყურძნის დაწურვის დროს, სუფთა წვენს, პირველ რიგში ღვთის
სადიდებლად განკუთვნილ ქვევრში ან სხვა ჭურჭელში ინახავდნენ და პრეზიდენტიც რომ
სტუმრებოდათ, სხვა დღეებში არაფრით გახსნიდნენ - უფალს არ აწყენინებდნენ...

ასეთი დღეები იქ, ჩემს დალოცვილ ლიახვის ხეობაში, წელიწადში 3-ჯერ მაინც მეორდებოდა:
ახალ წელს, აღდგომასა და დღეობას. აგერ, 13 წელია, ყოველ 21 სექტემბერს რაღაცნაირად ისევ
იქ წასვლის მოლოდინში ვარ... ქურთაში, ზემო და ქვემო აჩაბეთში ოჯახი არ მეგულება, ვის
კარსაც სტუმარი არ შეაღებდა. დედაქალაქიდან, მეზობელი სოფლებიდან, ვიდრე ქართველებს
გამორეკავდნენ, 1990 წლამდე, ცხინვალიდან და საიდან გინდა, რომ ახლობელ-ნათესავები
ხეობაში არ ჩამოსულიყვნენ... ოჯახს ზოგჯერ უცნობიც კი ეწვეოდა: მეზობლის ნათესავი,
მეგობარი ან მეგობრის მეგობარი... მშრომელი და ხელბარაქიანი ქურთელები და აჩაბეთელები
კი,მათ, შინაურებთან ერთად საკადრისად მასპინძლობდნენ...

ახლა აღარც საკლავის განაწილება, აღარც ზედაშე, აღარც - ძველებურად გადახვეული ლავაშ-
ლიკანი და თონის ნაზუქი... კინაღამ ღვთისმშობლობაც გამოგვრჩეს და სხვა რელიგიური
დღეებიც... საკუთარ ნაჭუჭში მოვემწყვრიეთ და ჩვენ-ჩვენი საქმის ორომტრიალში მყოფებს,
გულახდილად რომ ვთქვათ, ზოგჯერ აღარც სტუმრისთვის გვცალია.

ვინ იცის, იქნებ ამითიც როგორ ვცოდავთ?! Nino kaxnia

You might also like