You are on page 1of 2

21 სექტემბერი - რელიგიური დღესასწაული და ტრადიციული „დღეობა“ ჩვენს ხეობაში

ქართლში სოფელი არ მეგულება, სადაც წელიწადის რომელიმე დღეს სოფლის „დღეობა“ არ აღინიშნებოდა და
თითქმის დღმდე ასეა. ეს დღე ძირითადად რომელიმე რელიგიურ თარიღს უკავშირდებოდა, ასე იყო ლიახვის ორივე
ხეობაში.
დიდი ლიახვის ხეობაში „დღეობა“ ხეითიდან იწყებოდა და ქურთასა და აჩაბეთში სრულდებოდა. ხეითელები
სტუმრებს წელიწადის პირველივე სეზონზე, ზამთარში, თებერვალში პატიჟებდნენ. სოფლის დღეობად მათმა
წინაპარმა ,,ბოსლობა“ დააწესა, რაც ალბათ იესოს დაბადებას უკავშირდება. თამარაშნელები „მაცხოვრობას“
ზეიმობდნენ (იესო ქრისტეს საპატივსაცემოდ), კეხველები 20 მაისს - „შვიდმაისობას“ (შვიდმაისობა ცამეტი ასირიელი
მამის საქართველოში შემოსვლას უკავშირდება),,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,, - ქემერტელები, ძარწემლები და სვერელები -
„ამაღლებას“(მაცხოვარი აღდგომიდან მე-40 დღეს ზეცად ამაღლდა), ხოლო 21 სექტემბერს, ქურთაში, ასევე ზემო და
ქვემო აჩაბეთში - „ღვთისმშობლობას“.
სვერში სულ რამდენიმე ოჯახი ცხოვრობდა, თუმცა დღესაც ახსოვთ, რომ დღეობისთვის ყველა ისე გულმოდგინედ
ემზადებოდა, რომ მათთან სტომრობა დიდსაც მიუხაროდა და - პატარასაც.
ზოგიერთი რელიგიური დღესასწაული და მათ შორის „მაცხოვრობა“ და „ ამაღლება“ მოძრავია, წელიწადის ერთსა და
იმავე დღეს არ არის დაწესებული, ზოგი კი - მაგალითად, „შვიდმაისობა“ და „ ღვთისმშობლობა“ ყოველთვის ერთ
დღესაა.
21 სექტემბერი წმინდა მარიამის დაბადებას უკავშირდება და ქრისტიანებისთვის განსაკუთრებული
მნიშვნელობისაა.
რელიგიური დღესასწაულების დღეებში ეკლესია-მონასტრებში წირვა-ლოცვა აღევლინება. თუმცა გასული საუკუნის
მეორე ნახევარსა და 21-ე საუკუნის დასაწყისში ამ დღეებმა ეს მნიშვნელობა თითქოს დაკარგა და ძირითადად, ქეიფსა
და დროსტარებასთან ასოცირდება. სუფრა თითქმის ყველა ოჯახში იშლებოდა. სახლები და აივნები სტუმრებით
ივსებოდა და სხვათაშორის, ხშირად - უცხოებითაც. მასპინძელი სტუმრებს არ ცნობდა, თუმცა ქართული ადათ-
წესების თანახმად, თავს ვალდებულად თვლიდა, რომ მათთვის პატივი ეცა.
ქართული სუფრა ნაირფეროვანი კერძებისა და სადღეგრძელოების გარეშე წარმოუდგენელია. ყოველივე ეს, და
მათშორის ტრადიციული პურ-მარილი, მამაკაცების უმრავლესობას ძალიან მოსწონს.
მართალია, ქართველების სტუმართმოყვარეობა თითქმის მთელ მსოფლიოში ცნობილია, მაგრამ რადგანაც სუფრა და
ალკოჰოლი განუყოფელია, სამწუხაროდ, ხშირად უარყოფითი შედეგის მომტანია.
თუ დავფიქრდებით, ნასვამი მძღოლების მიერ სახიფათო შემთხვევით დამთავრებული არაერთი დღე გაგვახსენდება.
ნასვამი ახალგაზრდობა, თავს ვერ აკონტროლებდა , საკუარი თავის გარდა სხვასაც ზიანს აყენებდა და ზოგჯერ
სიტუაცია უმართავი ხდებოდა. ამიტომაც, დღეობა, ბევრი დიასახლისისთვის მიუღებელი იყო.
საზოგადოებრივი აზრი რაოდენ ორაზროვანიც არ უნდა იყოს, მიუხედავად ქართულ-ოსური კონფლიქტისა,
ეკონომიური სიდუხჭირისა და სხვა პრობლემებისა, ჩვენს სოფლებში დღეობები თითქმის ყოველთის იმართებოდა.
ჩვნებური სტუმართმასპინძლობა,,,,,,,,,,,,,,, ეშხს მაინც არ ჰკარგავდა და მამაპაპური,,,,,,,,,,,,,,,, სუფრები იშლებოდა.
12 წელია, იქიდან „ აყრილი“ (მაპატიეთ ამ სიტყვისთვის) ჩვენი ხალხი საქართველოოს სხვადასხვა რაიონში
ცხოვრობს, და თუ ახალი ცხოვრების ლაბირინთებში ჩაყოლილ-ჩათრეულმა ბევრმა ოჯახმა ახლებური სტილი არჩია
და ძველი წეს-ჩვეულებებისადმი ინტერესი დაკარგა, ბევრი კვლავ ტრადიციის მიმდევრად დარჩა. რაც არ უნდა
იყოს, მოგონებები ტრადიციების მიმდევრებსაც თავს გვახსენებს და ახალი ცხოვრების მოსურნეებსაც...
სოფელი ქეიფობდა, ზეიმობდა და ცუდის გარდა ამას კარგი მხარეც ჰქონდა, - ნათსავები, ახლობლები მეგობრები
თავს იყრიდნენ, მხიარულობდნენ, ლამაზად გაწყობილ მაგიდასთან სხვადასხვა გემრიელობებს ერთად შეექცეოდნენ
და ცუდსაც და კარგსაც ერთმანეთს უზიარებდნენ...
ქურთიდან და აჩაბეთიდან დევნილმა ბევრმა ოჯახმა ღვთისმშობლის შობის დღესასწაული მიმდინარე წლის 21
სექტემბერსაც აღნიშნა. კარალეთისა და ვერხვების დასახლებაში, წეროვანსა და წილკანში, გარდაბანსა და
მარნეულში, სკრასა და ბერბუკში, გორსა და თბილისში, მრავალ ოჯახში, მამაკაცების შეძენილ-დამარაგებული
სანოვაგით დიასახლისებმა ძველებურად აკურატული სუფრა გააწყვეს, ახლობლებმა, მეგობრებმა, ნათლიებმა და
ნათლულებმა ერთმანეთს „გული გაუთბეს“, როგორც ადრე იცოდნენ-ხოლმე, რა უჭირთ - ისეც თქვეს და ისიც - რა
არა, ჩვენი ნაცარტუტად ქცეული სოფლებიც გაიხსენეს, თვალზე ცრემლებმომდგარმა კაცებმაც და ქალებმაც
მხოლოდ სასმისით არა, ერთმანეთი გულით დალოცეს და საკუთარ ფუძეზე დაბრუნება უსურვეს.
21 სექტემბერს ფეისბუქი, როგორც გასულ წელს, ისევ მილოცვა-მადლობებით აჭრელდა. მათშორის რამდენიმე
საინტერესო გახსენებაც შემხვდა, თვალზე ცრემლი რომ მომგვარა და წუთიერად ისევ წარსულში დამაბრუნა...
დღეს ჩემი თანასოფლელისა და ბევრი ჩვენთაგანის მეგობრის, საზღვარგარეთ მყოფი გაგა( გივი) ელბაქიძის მიერ
გამოქვეყნებულ გახსენებას შემოგთავაზებთ.

* * *

ქურთაში, ჩემ სოფელში რამოდენიმე დღით ადრე იწყებოდა ფუსფუსი საღვთისმშობლო სუფრის გასამზადებლად.
რამოდენიმეჯერ გადაღებულო ღვინო ინაცვლებდა ცივ მარანში ან მაცივარში. 2 დღით ადრე 5-6 მეზობელი იყიდიდა
საერთო საკლავს და ხორცს იყოფდა. დიასახლისებისთვის მძიმე, თუმცა მაინც სასიამოვნო პროცესი იყო ნაირფერი
ინგრედიენტებით სალათების, მხლებისა და სუფრის სხვა კერძების მზადება. და იყო ერთი ამბავი...
მდიდრებთან მდიდრული სუფრა იშლებოდა, ღარიბებთან კი, შედარებით - მოკრძალებული, თუმცა ამ ულამაზეს
დღეს , მიუხედავად სოციალური მდგომარეობისა, ყველა ოჯახი იყენებდა .
დილით ყველა ცდილობდა ასულიყო სოფელ მონასტერში და მოელოცა დიდებული ღვთისმშობლის ტაძარი. შემდეგ
ქვემოთ, სოფლებში დაბრუნდებოდნენ და ეს სამზადისი გადადიოდა დასკვნით ეტაპზე-სუფრაზე.
გაუგებარი კამათებიც ხშირად იყო და ჩხუბებიც, რადგან ზოგან არეული საზოგადოება იკრიბებოდა.
ერთხელ, ჩემი სახლის წინ გაჩერდა მანქანა და გაგა სად ცხოვრობსო, - იკითხეს. ეს სახლია-მეთქი, - მივასწავლე და
მერე სუფრასთან რომ მიხილეს და გაიგეს, გაგა მე ვიყავი, ცოტა დაიმორცხვეს... თუმცა ყველა ერთად ქეიფის ეშხში
რომ შევედით და შევზარხოშდით, მერე დავძმაკაცდით.
2008 წლის რუსეთის ვერაგული თავდასხმის და ოკუპაციის შემდეგ დაგვინგრიეს ეს კუთხე. დაარბიეს, დაწვეს და
ნანგრევებიც კი გაიტანა ამ ხროვამ. მაგრამ ჩვენდა საიმედოდ, იქ ისევ დგანან ოდნავ მოწყენილი, სასწაულმოქმედი
ტაძრები და იციან, რომ ჩვენ ისევ დავბრუნდებით, ისევ ვადიდებთ უფალს ჩვენს წმინდა ადგილებში, ისევ მივალთ
ახლობელთა საფლავებთან და ვეტყვით, როგორ გვწყუროდა მათთან მიახლოვება, მათი მუდმივსამყოფელის მოვლა
და ჭიქის წაქცევაც...
დევნილობის პირველ წლებში საშინელი დეპრესია მქონდა და ყოველ ღვთისმშობლობას ტირილით ვხვდებოდი.
თუმცა ქარელში, ძმების: აკაკი სანდოძის, იურის, ზაზასი და მამუკას წყალობით მაინც ვადიდებდით უფალს ყოველ
21 სექტემბერს. მინდა მადლობა გადავუხადო მამა შიოს, რომელმაც ამ ულამაზესი დღისადმი საშინელი ნოსტალგია
გადამატანინა და ყველანაირად დამიდგა გვერდში.
თბილისსა და ქარელში ვიცხოვრე და თავს უბედურად ვთვლიდი, რადგან მოცილებული ვიყავი ჩემ კუთხეს და ვერ
ვაცნობიერებდი იმ ბედნიერებას, რომ ისევ ჩემს ქვეყანაში ვიყავი, სადაც პატარა და ძველი ხის სახლი შევიძინე...
წლების მანძილზე იქ ვეფერებოდი უპატრონო საფლავებს იმ იმედით, რომ ჩემიანების საფლავზეც ვინმე გააგორებდა
წითელ კვერცხს ან შენდობას ეტყოდა...
დღეს ემიგრაციაში ვარ და ახლა ვხვდები, რომ ასეთი მოწყენილი არასოდეს ვყოფილვარ, რადგან ტაძარიც არ არის
სიახლოვეს, რათა შევიდე და სულის დასამშვიდებლად სანთელი მაინც ავანთო...

* * *
გილოცავთ ყველას ღვთისმშობლობას. ბედნიერები ხართ, პირჯვარს რომ საქართველოში გადაიწერთ, აანთებთ
სანთელს და ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან ერთად შემოუსხდებით მაგიდას , ადიდებთ უფალს და
დედაღვთისმშობელს.
გფარავდეთ უბიწო ქალწულის მადლი ყველას. დედაღვთისამ დაგიფაროთ და გამრავლოთ!

თქვენი გაგა ელბაქიძე - უცხოეთიდან

You might also like