You are on page 1of 5

ნიცშე - მხოლოდ მასხარა! მხოლოდ პოეტი!

ჰაერში შუქის მიმოფენის ჟამს,

როცა ცვარ-ნამის ნუგეში უკვე

დედამიწისკენ მოიჩქარის,

უჩინო და უჩამიჩუმო

– რაკი ნატიფი ხამლით მოსილა

ნუგეშისმცემი ცვარ-ნამი, მსგავსად გულმოწყალე ყველა ნუგეშის –,

თუ გახსენდება, თუ იხსენებ, მხურვალე გულო,

რარიგ მწყურვალი ჰგიებდი ერთ დროს,

დაღლილ-დათუთქულს ცრემლნი ციურნი

და მოწანწკარე ცის ნამი როს მოგწყურებოდა,

ბალახმოყვითლულ ბილიკებზე კი

შავ ხეებს შორის გამოცხრილულ მწუხრის მზის მზერებს

ავი განზრახვით გაემართათ შენს ირგვლივ როკვა,

მზის ღვარძლით სავსე, ჩინისწამგვრელ, ცეცხლოვან მზერებს.

„შენ ხარ სასიძო ჭეშმარიტების?" – ქირქილებდნენ ისინი ასე –

"არა! პოეტი მხოლოდ და მხოლოდ!

ნადირი, ფლიდი, მტაცებელი, პარვით მცოცავი,

რომელიც მიწყივ უნდა ცრუობდეს,

განზრახ, ნებისად უნდა ცრუობდეს,

ნადავლის წვდომით ატანილი,

ჭრელნიღბიანი,

თვისივ თავისთვის ქცეული ნიღბად,


თვისივ თავისთვის მსხვერპლად ქცეული,

ეს სასიძოა ჭეშმარიტების?...

მხოლოდ მასხარა! მხოლოდ პოეტი!

მხოლოდ და მხოლოდ ჭრელმოუბარი,

მასხარაული ნიღბებიდან გამოუბარი,

ცრუსიტყვაობის ხიდებზე რომ ასწრაფდება ხვიარ-ხვიარით,

რიოშ ზეცაში,

ტყუილების ცისარტყელაზე,

მოხეტიალე, მიმომხოხავი –

მხოლოდ მასხარა! მხოლოდ პოეტი!

ეს სასიძოა ჭეშმარიტების?...

არა მდუმარი, შეუძრავი, სწორი და ცივი,

ხატად ქცეული,

სვეტად უფლისა,

არაღმართული ტაძართა წინ,

მცველად ღვთის ბჭეთა:

არა! სიკეთის ასევითარ ქანდაკთა მტერი,

იმაზე მეტად შინაური უშენ ალაგთა, ვიდრე – ტაძართა,

მთლად კატისებრი თავნებობით

გადამხტომი ყველა სარკმლიდან,

ნებისმიერ შემთხვევაში თავის ამწყვეტი!

გეშაღებული ნებისმიერ უსიერ ტყეში,

რომ შენ ხელუხლებ იმ უღრანებში


ჭრელად დაბანჯგვლულ მტაცებელთა შორის ერიე

უღვთოდ ჯანმრთელი და ლამაზი, ჭრელად მარები,

ავხორცი დინგით,

მონეტარედ დამცინავი, მონეტარედ გეენური, მონეტარედ სისხლის მწყურვალი,

მიდმორბენალი მტაცებელი, მიმპარველი, მომტყუებელი...

ან სულაც მსგავსი არწივისა, გარინდებული

რომ ჩასცქერს დიდხანს, დიდხანს უფსკრულებს,

თავის უფსკრულებს...

– ო, აქ ისინი, ქვედამართულნი,

ქვემორე, შიგნივ,

სულ უფრო უღრმეს სიღრმეებში მაინც რარიგ იგრაგნებიან! –

მერე,

ანაზდად,

ფრენა მისრული,

სვლა წაისრული,

დაკვრა კრავთათვის,

დაშვება მყისი, მძაფრი შიმშილი,

კრავთა და კრავთა ხარბად მსურველი,

ყოველთა კრავთა სულს შემომწყრალი,

სასტიკად მწყრალი ყველაფერზე, რაც გამოიმზერს

სათნოდ, ცხვარივით, დახუჭუჭებულ-დაბამბულივით,

სულელურად და ცხვრის რძისადმი კეთილგანწყობით...


მაშ,

არწივისებრს, პანტერისებრს

ელტვის პოეტი,

ეს ლტოლვებია შენეული, ათას ნიღაბქვეშ,

ვინც მასხარა ხარ! ვინც ხარ პოეტი!...

შენ, ადამიანს ვინც უმზერდი

ვით ღმერთს და ვით ცხვარს –,

ადამიანში ღმერთის დამფლეთი,

ვით ცხვრის დამფლეთი ადამიანში,

და სიცილით მათი დამფლეთი –

ეს არის შენი ნეტარება, სწორედ ეს არის,

ნეტარება პანტერასი და არწივისა,

ნეტარება პოეტისა და მასხარასი!"...

ჰაერში შუქის მიმოფენის ჟამს,

და როცა უკვე მთვარის ნამგალი

მეწამულთ შორის მწვანედ ჩენილი

და შურით სავსე მიიძურწება,

– იგივ დღის მტერი,

თითოეული ბიჯით ფარულად

მომნამგლავი ვარდთა-ფარდაგთა,

დაეშვებიან ვიდრე ისინი,

გაფითრებულნი წყვდიადისკენ დაქანდებიან:


ასე დავქანდი თავად ოდესღაც

ჭეშმარიტების ჩემეული შეშლილობიდან,

დღენათლიერში ჩემეული ყველა ჟინიდან,

დღით დაქანცული, ნათლით სნეული,

– თავქვე დავქანდი, მიმწუხრისკენ და ჩრდილებისკენ,

ჭეშმარიტებით

დამწვარი და მოწყურებული

– კვლავაც თუ გახსოვს, თუ იხსენებ, მხურვალე გულო,

რარიგ მწყურვალი ჰგიებდი შენ იქ? –

რომ მე დევნილად ვექეც

ყველა ჭეშმარიტებას!

მხოლოდ მასხარა! მხოლოდ პოეტი!...

თარგმნა დათო ბარბაქაძემ

You might also like